კარს მიღმა
კარს მიღმა
კარს მიღმათავი პირველი ეს უნდა გამეკეთებინა! სხეული იატაკზე გდია, შუბლიდან სისხლი სდის, ან სულაც თავიდან. გაშტერებით ვუყურებ, ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვბედავ. ოდნავ შეირხა მისი დამანჭული სხეული, კიდევ უფრო შემეკრა სუნთქვა, მაგრამ მალევე შეწყვიტა. ხელი მივკარი, აღარც გამოძრავებულა. წესით არ უნდა მომკვდარიყო... ხელები მიკანკალებს, შიშს, ბრაზსა და ზიზღს მთელი სხეულით ერთიანად განვიცდი. ახლა დრო არ არის ყურადღება მივაქციო ემოციათა ტალღებს. იმაზე ძლიერი უნდა ვიყო ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. სასწრაფოდ დავავლე ხელი ნაცრისფერ ზურგჩანთას. ყველაფერი მზადაა, თუმცა ხის უძვირფასეს კომოდზე მდგარი ყულაბა არ გამხსენებია. ახლა როცა დავინახე, მივვარდი. ერთი ხელით აწევა გამიჭირდა, ორივე ხელით ავიღე და ვინილის ძვირადღირებულ იატაკზე დავახეთქე. სახლში მაინც არავინ არის, ამაზე ვიზრუნე. აქამდე ოდნავი ნაკაწრიც რომ დასტყობოდა ძვირფას ნივთებს კარგი დღე არ ამცდებოდა, თუმცა ახლა ყველაფერი სულერთია. მისი ნაწილები ერთიანად მიმოიფანტა, საჩქაროდ წამოვკრიფე ფული. მზად ვარ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიო, ხელებსა და მაისურზე სისხლის წვეთები მაქვს, სააბაზანოში შევვარდი, მოვწესრიგდი. ყველაფერი დავასუფთავე. წერილი ავიღე. მორჩა, დრო აღარ იცდის, უნდა წავიდე სანამ გვიანი არ არის. ოთახიდან გასვლამდე კიდევ ერთხელ მივკარი ფეხი, მაგრამ არანაირი რეაქცია. ესეიგი დრო ჯერ კიდევ მაქვს. დაბლა დავუყევი კიბეებს, სინათლე ჩამქრალია, ალბათ ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან შინ. მთავარ კარს მივუახლოვდი უნდა გამომეღო და შემებიჯებინა სიბნელეში, მასთან ერთად გადავქცეულიყავი უჩინრად, როდესაც რაღაც ხმა მოისმა. შევკრთი, გული გაასმაგებულად მიცემს, ვერც შემობრუნებას და ვერც წინ წასვლას ვბედავ. სახლში არავინ უნდა ყოფილიყო! ძალა მოვიკრიბე, ნელა შემოვტრიალდი და იატაკზე მჯდომი სხეული მოვლანდე, მისკენ წავედი, ამ დროს კი ტირილის ხმამ გამომარკვია. სახლში რატომაა?! მასთან ახლოს მივედი, ცრემლების კორიანტელს მისი ლამაზი სახე ერთიანად აეწითლებინა, თვალები კი სიცარიელეს მისშტერებიან. - ელენე, მაპატიე! ვიცი, რომ არასწორად მოვიქეცი, მაგრამ... ახლა უფრო გულამოსკვნით დაიწყო ტირილი, მთლიანად თრთის. მივიხუტე, მის ყავისფერ თმას ვეფერები, იასამნისა და ლავანდის სუნს ვიმახსოვრებ. სახე ხელებში მოვიქციე. ერთდროულად შეშინებული, გაბრაზებული და გაკვირვებული მზერით მიცქერიან მისი ზღვისფერი თვალები. წარბებშეკრული ჯიუტად მიყურებს. ჩემგან ერთი სიტყვის გაგონებაც არ უნდა. ძალა მოვიკრიბე, მის მზერას ძლივს ვუძლებ და ახლა უფრო მტკიცედ განვაგრძე საუბარი. - მივდივარ! არავის დაურეკო. - უკანასკნელად მინდა ვაკოცო, მან კი სახე ისევ სიბნელეს გაუსწორა. დრო მხოლოდ გადის, აქედან უნდა მოვშორდე. ფეხაკრეფით გამოვეცალე ადგილს, რომელსაც ოდესღაც სახლს ვუწოდებდი. სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ, შეიძლება ითქვას მივრბივარ კიდეც. გზას ფანრის შუქით მივიკვლევ თან გამუდმებით უკან ვიხედები, არადა საკმაოდ შორს ვარ. ბილიკით მივუყვები გზას, ასე უფრო უსაფრთხო იქნება. როცა საკმაოდ მოვცილდი იქაურობას, გავჩერდი და ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე. თვალი მოვავლე, კარგად ვერ ვარჩევ, მაგრამ მხრებში გამართულ, ამაყად მდგომ მუხაზე შევაჩერე არჩევანი. მის დიდ ფესვზე ჩამოვჯექი და ზურგით მივეყრდენი. მხოლოდ ახლა ვახერხებ იმის გააზრებას, რაც მოხდა. ისტერიკული სიცილი ამიტყდა, ეს ხომ სიგიჟეა. ახლა რა იქნება?! ამაზე კი მიფიქრია, მაგრამ ახლა, როცა მე ეს გავაკეთე და შემიძლია ჩემს გზას დავადგე, უფრო სხვანაირად ჩანს ვიდრე ჩემს წარმოსახვაში იყო. დასახულ გეგმას გონებაში ვატრიალებ. შემდეგი ნაბიჯი აქედან რაც შეიძლება მოშორებით წასვლაა. მომხდარი ჩემი ბრალი არც არის, უბრალოდ ის არ უნდა გამოჩენილიყო. მეც რა მექნა, სხვა გზა არ დამიტოვა ამიტომაც ყველაფერი ისე სწრაფად, მოულოდნელად მოხდა... ეს ტყე კვალდაკვალ შემომივლია, მაგრამ ასე შორსაც არ წამოვსულვარ თან სიბნელეში. - არჩევანი მხოლოდ ერთია, არა?! - ხმამაღლა აღმომხდა ეს სიტყვები. ჩემს თავზე გამეცინა, მგონი სულ შევიშალე, ხეს ველაპარაკები... წელიწადის ის სეზონია, რომელიც სიცოცხლის დაბადებას მაგონებს. გაზაფხული ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისთან ასოცირდება ჩემთვის. ყველაფერი ლამობს ზამთრის, საპატარძლო კაბის მოშორებას, გამოღვიძებასა და ცხოვრების ახალი გზით დაწყებას. ვინიცის მერამდენედ იწერება ახალი თავი ხეების, ყვავილების, ბალახის... ცხოვრებაში, ვინ მოსთვლის... ტანზე ხორკლებმა დამაყარეს, მესიამოვნა ეს სიგრილე, რომელიც ერთიანად მოხვდა ჩემს გახურებულ სხეულს. აქამდე ვერც კი ვგრძნობდი სუსხს, თითქოსდა სისხლის მაგივრად ლავა იფრქვეოდა მთელს სისხლძარღვებში. გული ისევ გამალებით მიცემს, ამჯერად სიხარულისგან. ერთდროულად თან ყველაფერზე ვფიქრობ თან ვერაფერზე... ზურგჩანთიდან ჰუდი ამოვიღე და გადავიცვი. ჰაერში ახალი თავგადასავლების სურნელი ტრიალებს. არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო, მაგრამ ნათელია, გზა უნდა განვაგრძო, ყველაფრის მიუხედავად ... ბილიკს გავუყევი, თან ფიქრები გზადაგზა ფსკერიდან ამოტივტივდნენ. იქნებ მართლა მოვკალი? რომ ვერ გადარჩეს? პასუხი მარტივია. ღმერთო ჩემო! ეს მართლა მე გავაკეთე ?! ჩემი თავით გაოცებული ვარ. დანაშაულის გრძნობას მაინც განვიცდიდე ან სინდისი მაწუხებდეს. ახლა ყველაფერს ვგრძნობ გარდა სინანულისა, არც მიკვირს. ვერაფერი შემაშინებს მას შემდეგ რაც გამოვიარე, ყველაფრისთვის მზად ვარ. მიმძინებია. სიგნალის ხმამ გადამარჩინა, თორე რამდენიმე საათიც ასე რომ დავრჩენილიყავი იმ ხეს მივეყინებოდი ზედ. გარიჟრაჟია, საავტომობილო გზა სულ რამდენიმე ნაბიჯშივეა. მანქანამ გაიქროლა, ჯერ კიდევ გამთენიის საათებია. საპირისპირო მიმართულებით დავდექი. ფეხებისა და ხელების გახურებას შევუდექი. იმედი მაქვს, ასეთ დროს ვინმე გამიჩერებს... რამდენიმე წუთი არ გასულა, წითელმა მანქანამ გააჩერა. მადლობა ღმერთს! თორე სადაცაა გავიყინებოდი. - სად მიდიხარ? - მკითხა საყვარელმა, თვალებციმციმა ქალბატონმა, უკნიდან კი ოქროსფერ კულულებიანი გოგონა შემომციცინებდა თაფლისფერი, დიდი თვალებით. თან თოჯინა მკერდზე ისე ჰყავდა მიკრობილი, თითქოს ვინმე უპირებს წართმევას. შემათვალიერა და ისევ თვითონ განაგრძო, - ბათუმში მივდივართ, იქ ვცხოვრობთ. თუ გინდა წამოდი ჩვენთან ერთად.- მისთვის არ მინდოდა მოტყუება, მაგრამ... - დიახ, მეც სწორედ ბათუმში მივდივარ. - თავი მტკიცედ დავიჭირე რომ არ დაეჭვებულიყვნენ. იქვე დავამატე - მეგობართან ჩამოვედი რამდენიმე დღით, თავს შეუძლოდ გრძნობდა და მოვინახულე, ახლა კი უკან ვბრუნდები - ხალხს სევდიანი ამბები, თანარძნობის გამოხატვა მოსწონს. თავს ძალა დავატანე და სევდნარევი ღიმილით დავასრულე წინადადება. გულში გამიელვა სიტყვა ბათუმმა, ეს საკმაოდ შორს არის, ინტერნეტში შემხვედრია რამდენჯერმე. ალბათ, ეს ნიშანიც იყო და თავის დროზე ვერც ვხვდებოდი. ზუსტადაც რომ მაწყობს! მანქანაში როგორც კი ჩავჯექი, ბავშვმა უცნაურად დაიწყო ჩემი თვალიერება. ნეტავ რა უნდა, ელენე არ მყოფნიდა და ახლა ესღა მაკლდა. არ მოეშვა ჩემს ყურებას, როდესაც თავისი პატარა თითები შუბლთან მოიტანა. - დედიკო შეხედე, მგონი ამ დეიდას სისხლი მოსდის - სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, როდესაც ქალმა მზერა ელვისსისწრაფით მესროლა. ხომ შეიძლება რაღაც მაინც წესიერად გამომსვლოდა. სიბრაზისგან ვიხრჩობი, თუმცა ამ მომენტში სულ არ მანაღვლებს ჩემი განცდები. - ეზოდან რომ მოვდიოდი ხის ტოტს გამოვედე, სავარაუდოდ მაგ დროს გამეკაწრა, ტკივილს ვერც კი ვგრძნობ. სერიოზული არაფერია - რაც შემეძლო თავდაჯერებულად ვუთხარი. - გააჩერე მანქანა, შევხედავ - მიუგო თავის ქმარს. ოღონდ ეს არა. - არაფერია, მე თვითონ მივხედავ. - ჩანთის პატარა ჯიბიდან ’’სანტავიკი’’ ამოვიღე და უცებ გადავიკარი. - კარგი, ძვირფასო, რადგან არ იშლი - ღიმილით მიპასუხა და უცნაურად გადახედა მამაკაცს, რომელიც მისი ქმარი უნდა ყოფილიყო. იმედია არაფერს ეჭვობენ. უსაფრთხოდ აღარ ვგრძნობ თავს, თან ვერაფერს მოვიმოქმედებ. რაც იქნება იყოს, იმაზე უარესს მაინც ვერ გადავეყრები რასაც გამოვექეცი. თვალები მეხუჭება, წინააღმდეგობას ძლივს ვუწევ ძილის სურვილს. არადა ისე მეწვის უძილობისგან. არვიცი რამდენ ხანს მეძინა. მანქანის გაჩერება ვიგრძენი. გონებაში ცელქად გაირბინა სიტყვა ‘’ თავისუფ...’’ და თვალები სიხარულით გავახილე, მაგრამ ბოლომდე დასრლება ვერც მოვასწარი ისე გადამეკრა თვალებზე ბინდი, ამას რას ვხედავ. ყველაფერს, მაგრამ ამას არ მოველოდი. გული ამოვარდნას მაქვს, ჰაერი აღარ მყოფნის. სისხლი ტვინში მომაწვა და სახე ერთიანად მიხურს. პირდაპირ პოლიციის შენობასთან ვდგავართ. მანქანიდან გადასული ცოლ-ქმარი პოლიციელ ქალბატონს ელაპარაკებიან. მგონი კარგ საკითხზე არ ლაპარაკობენ. ტუჩების მოძრაობით გავარჩიე ნათელას სიტყვები - ’’ ჩვენთან ერთად არის’’ - და ხელი მანქანისკენ გამოიშვირა. აი, ამჯერად მართლა დავიღუპე, დამთავრებულია. მანქანიდან რომ გადავიდე შეიძლება უარესიც მოხდეს. სავარძელს მივეკარი. უნდა დავმშვიდდე, ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. ჩანთა წინ დავიდე, ყოველი შემთხვევისთვის. სამივე ერთად მანქანისკენ ბრუნდებიან. საღი გონება მჭირდება. ჩანთას ჩავეჭიდე ორივე ხელით. ნათელას წკრიალა ხმა ელვასავით შემოიჭრა მანქანაში. - გაიცანი ეს ჩემი მეგობარია, სილვია.- და თვალები ისევ აუციმციმდა. თავს ძალა დავატანე პასუხის გასაცემად - გამარჯობა, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.- თავი ისე დავიჭირე თითქოს რამდენიმე საათის წინ არაფერი ჩამიდენია და მართლა სასიამოვნოა მისი გაცნობა. არამგონია იგივეს ჩემზეც ფიქრობდეს, სიმართლე თუ ეცოდინებოდა. იუმორის დრო ნამდვილად არ არის, მაგრამ... ყველაზე მეტად პოლიციას არ მინდოდა გადავყროდი გზად, მაგრამ რაც ყველაზე მეტად არ მინდა ის ხდება ყოველთვის ჩემს ცხოვრებაში. მანქანაში ჩასხდნენ, სილვია დაგვემშვიდობა. მგონი გამოვძვერი. ყველაფერი მტკივა დაძაბულობისგან. ამ სამყაროში ნათელას ხმამ დამაბრუნა. - სად ცხოვრობ? ჩვენ მიგიყვანთ. - მან და თავისმა ქმარმა თბილად გადმომხედეს, მათი თვალებიდან სიკეთე იფრქვევა. მეუცხოვა მათი ასეთი გულთბილი დამოკიდებულება. ძალიან კარგად მექცევიან სრულიად უცხო ადამიანს, რომელიც შეიძლება მკვლელიც კი აღმოჩნდეს. ამიტომ არ უნდა ენდო ლამაზ სახესა და ‘’გულიან’’ ღიმილს. - გმადლობთ, მაგრამ აქვე ჩამოვალ. - სანამ დააპირებდნენ კიდევ რაიმეს თქმას, დავამატე, - ჩემს საქმროს შევეხმიანე, უკვე მელოდება - საქმრო საიდანღა მომაფიქრდა. თურმე ტყუილის რამხელა ნიჭი მქონია და არ ვიცოდი. სასიყვარულო ამბები ყველას გულს უთბობს, არც ისინი აღმოჩნდნენ გამონაკლისები. მინდოდა ზედმეტი კითხვები ამერიდებინა, ეტყობოდათ ჩემი ქუჩაში მარტო დატოვება არ უნდოდათ. მიკვირს, ამხელა სიკეთე ერთ ადამიანში როგორ შეიძლება იყოს მოქცეული. ან ეს უბრალოდ ჩემთვის არის არარეალური, რადგან უსასყიდლოდ რამის გაკეთება არ გამიგია. თანხა გავუწოდე, არ მინდა ვინმესთან ვალში ვიყო. მათ გაოცებული სახეების შემჩნევას ათასი მეტრის მოშორებიდანაც კი შეძლებდით. ამჯერად ნიკოლოზმა მომიგო - ეს თანხა ჯიბეში ჩაიდე და დავივიწყებ რაც ახლა მოხდა - მის სახეზე პირველად შევამჩნიე სიმკაცრე და ცოტა განაწყენება. მერე კი ღიმილითვე დაამატა. - გეტყობა კარგი მშობლების გაზრდილი ხარ - ეჰ, ნეტავ იცოდეთ რაც ჩავიდინე, ამას სულ არ მეტყოდით. თქვენითვე გამაქანებდით ციხეში, ისე რომ ერთი სიტყვის საშუალებასაც არ მომცემდით. ადამიანებს ზედაპირული შეხედვით ვაფასებთ, გვგონია როგორებიც ჩვენ ვართ ისეთია სამყაროში ყველა სხვა დანარჩენიც. მანქანა ქუჩის კუთხეშივე გამიჩერეს. მადლობა მთელი გულით გადავუხადე, დავემშვიდობე და რამდენიმე წუთში ისევ საკუთარი თავის ანაბარად დავრჩი. გზას მივუყვები. ამასობაში ფიქრებმაც დრო იხელთეს, მარტო გამომიჭირეს და შეტევაზე გადმოვიდნენ. ნეტა გადარჩა? თუ ცოცხალია და თვითონ მეძებს. რა იქნება მართლაც რომ მოაძებნინოს ჩემი თავი ვინმეს? არც ეგ გაუჭირდება. საერთოდაც, ელენეს რომ პოლიციისთვის დაერეკა? არა, ამდენი გამბედაობა არ ეყოფოდა. ცოტა არ იყოს მეცოდება. მან თუ ნახა წერილი? ყველაზე მთავარი კითხვა, რომელიც ახლა უნდა მადარდებდეს არის სად წავიდე?! ადგილი მჭირდება ღამის გასათენებლად. ამას წინასწარ ვერ გავთვლიდი. გეგმაში სრულიად სხვა ქალაქი მეწერა. შეიძლება ეს ჩემი ამოუხსნელი ბედის ნაწილია. ასე უსასრულო კითხვების ზღვა ღელავს ჩემში... - ღმერთო ჩემო! - გაუაზრებლად ხმამაღლა აღმომხდა ეს სიტყვები, გამვლელმა ბიჭმა ისე გაოცებით შემომხედა, თითქოს რაღაც განსაკუთრებული ჩავიდინე. მერე კი ღიმილი აუთამაშდა სახეზე. ფეხს ავუჩქარე, ქუჩას სწორი გზით მივუყვები. არ ვიცი სად მივდივარ, მაგრამ თითქოს ვგრძნობ სადაც უნდა წავიდე. სწორედაც, ქაოსისგან მოშორებით. ცოტა ხნით შევისვენე. თვალი მოვავლე იქაურობას. ყველაფერი სრულიად უცხოა ჩემთვის, არც შენობები, ხალხი, ქუჩები, არაფერი არ მეცნობა. აურაც კი სრულიად სხვანაირია აქ. მარტო, გზააბნეული, ყველასგან შორს ვდგავარ ჩემი ცხოვრების გზაჯვარედინზე. მთავარი ის კი არაა სწორი მიმართულება ავირჩიო, არამედ მზად ვიყო ყველაფრის გადასალახად, რაც ამ გზაზე დამხვდება. არჩევანი არ იქნება მარტივი, მაგრამ არც წარმოუდგენლად რთული. ბოლომდე უნდა გავიდე თოკზე, შუაში ვერ გავჩერდები. თავს ამ სიტყვებით ვიმხნევებ. ვისწავლე, რომ უზარმაზარ სამყაროში მხოლოდ მე ვარ ჩემი თავის ერთადერთი იმედი და დასაყრდენი. ერთი სული მაქვს ცოტახნით მაინც საწოლზე წამოვწვე და მშვიდად ამოვისუნთქო. ფიქრებისგან გადამწვარი ვარ, დასვენება და ძალების აღდგენა მჭირდება ახალი იმპერიის ასაშენებლად. ჩემი იმპერიის ასაშენებლად. რამდენიმე სახლსა და შენობას ჩავუარე, ყველა მათგანზე HOTEL ან ქირავდება აწერია. რაიმე უფრო ნაკლებად თვალშისაცემი მირჩევნია მოვძებნო. ისევ გავუყევი ქუჩას, რომელიც მალე იქცა ბილიკად. როცა გამოვერკვიე ფიქრებისგან მაშინ შევნიშნე, რომ საკმაოდ შორს გამოვყოლოდი გზას. ძველმა ხის სახლმა მიიქცია ჩემი ყურადღება. იდგა თავისთვის მარტოდ და მტკიცედ. არც მიკვირს, მე ხომ ყოველთვის ისტორია გამოვლილი რაღაცები მიზიდავს. აი, ისეთი რაღაცები, რასაც განადგურებამდე სულ ცოტაღა უკლიათ ხოლმე. მას კი ნამდვილად ეტყობა რაღაც განსაკუთრებული. სარკმელი ძველ სტილში იყო მოჩუქურთმებული, მარჯვენა მხარეს კი მუქი შინდისფერი კარებია, რომელსაც დიდი ბოქლომი ადევს. ბოქლომის დანახვაზე ყველაფერი ახლიდან დატრიალდა გონებაში თან ისე რეალურს ჰგავს, თავბრუ დამეხვა და ხის ფიცარს მივეყრდენი წონასწორობის შესანარჩუნებლად. გული ამერია. წყლის ბოთლი ამოვიღე გვერდითა ჯიბიდან, მოვსვი, სახეზეც მოვისვი. მგონი გადავრჩები... აზრზე მოვედი და იქაურობას შევავლე ისევ თვალი. ხის ღობის იქით პატარა ეზო მოჩანს, იქვეა საქანელა, საყვარელი მაგიდა და სკამი. რამდენიმე კოტორიც გდია, ერთ-ერთ მათგანზე კი ცულია დარსობილი. ფანჯარაში შიგნიდან, გაცრეცილ ფურცელზე, გამოკრულია სიტყვა ,,ქირავდება’’ და ნომერი. მგონი ეს არც თუ ისე მარტივად მოსაგნები იქნება. ძებნაც რომ დამიწყონ აქ არავინ მოიფიქრებს ჩემს ნახვას, მითუმეტეს ისინი. ნომერი ავკრიფე. მითხრა, რომ დაახლოებით 15 წუთში მოვა და გასაღებს მომცემს. როგორც წარმომედგინა, ერთ პატარა ოთახშია სამზარეულო, ლეიბი იატაკზე, პატარა მაგიდა, სამი სკამი, ერთი დიდი ხის კარადა და კუთხეში ძველებური, რკინის ღუმელი. ამაზე უკეთესს ახლა ვერც ვინატრებდი, ალბათ. წინასწარ გადავუხადე თანხა. ეჭვის გასაქარვებლად ვუთხარი - შორიდან ჩამოვედი, მწერალი ვარ და ქაოსისგან მოშორებით მჭირდება ადგილი, ჩემს ახალ წიგნზე მშვიდად სამუშაოდ. ეს ქოხი ახალი ინსპირაციისთვისაც ძალიან დამეხმარება - დასვენება მინდა. ერთი სული მაქვს როდის აორთქლდება აქედან. ის კი რაღაცებს ბუტბუტებს, ბოდიშიც მომიხადა არეულობისთვის. ეტყობოდა, რომ უხარია ბოლოსდაბოლოს ვიღაცას მაინც შეაჩეჩა ეს ადგილი, ამ აღფრთოვანებას საერთოდ ვერ მალავს. არადა ჩემთვის ზუსტად ასეთი ადგილია საჭირო. როგორმე გადავრჩები. დავამთქნარე, თავი მოვაჩვენე თითქოს მეძინება, არადა მართლაც ძალიან მეძინება. მინდოდა მალევე წასულიყო და თავი ამერიდებინა მისგან გამოსროლილ უაზრო კითხვებს. არ მინდა ცუდი შთაბეჭდილების დატოვება, მისი კეთილგანწყობა აუცილებელია. იქნებ რამეში გამომადგეს. გასაღები მომცა, თან ნაჭრის გამოკრული ჩანთა დამიტოვა, დავემშვიდობე და ჩემს სახლს, უფრო სწორედ ოთახს დავუბრუნდი. მძიმე სუნი დგას. ეტყობოდა რომ დიდი ხანია აქ არცერთ სულიერს არ უცხოვრია. ზურგჩანთა მოვიხსენი. ერთი წუთით ამოსუნთქვა მჭირდება. მგონი არ მომკვდარა, ბრძოლის მიუხედავად მაინც მიტრიალებს გონებაში მასზე ფიქრები. შემეშინდა. ფანჯარაში გავიხედე, ვინმე ხომ არ გამომყვა. გარეთ არავინ არის, მანიაკი ძუკნასავით მხოლოდ მე ვიქცევი. ახალი თავი იწერება ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც წარმოსახვაში ძალიან ხშირად ვატრიალებდი. ძილის წინ, როგორც ხდება ხოლმე, ყოველთვის ვხედავდი ჩემს თავს იმ გალიის მიღმა. ნეტა ყველა ფიქრი ასე ამისრულდეს. უკვე შემიძლია ჩემი მიზნები რეალობად ვაქციო. ოღონდ მსხვერპლისა და ქაოსის გარეშე. შიმშილისგან მუცელი მეწვის. მისი მოტანილი ჩანთა ამოვალაგე. ჩაიდანი გაზქურაზე შემოვდგი, ნამდვილად კარგი გემოვნება ჰქონია ნანას, სახლის მეპატრონეს, ან უფრო ქოხის. აი ისეთს მაგონებს ბავშვობაში რომ მქონდა ხეზე აშენებული. ჰმმ, რა კარგი იყო. აქაფქაფებული წყალი დავასხი ყავას. ყველაფერს მტვრისა და ნესტის სუნი აქვს, ობობის ქსელები მოსდებია კუთხეებს. გარეთ გავედი და თან გავიყოლე ყავა და სენდვიჩი. ხის მორზე დავდე ფინჯანი, რომელიც მაგიდად იყო მოწყობილი. საქანელა სკამზე პლედი დავაფინე და ფუმფულა ჟაკეტში გავეხვიე. ცხელი ყავა მოვსვი და ყური დავუგდე სამყაროს. ვუსმენ თუ როგორ ერწყმის ქალაქის გამაყრუებელი ხმაური და ბუნების ჰარმონიული სიმშვიდე ერთმანეთს. ტალღების ხმის გარჩევაც შევძელი, ალბათ ახლოშივე უნდა იყოს. აქამდე არასდროს მინახავს, თუმცა მისი ხმა ვიცანი. მგონი ეს ქოხი მიყვარდება კიდეც. ჩემს დადარდიანებულ გულს მალამოდ მოედო აქაური გარემოს აურა. იქნებ ცოტა ხნით მაინც გადამავიწყოს რეალობა. სადღაც გულის სიღრმეში მჯერა, ყველაფერი რაღაცისთვის ხდება, კარგიც და ცუდიც. ჩვენს მიერ შეღებული კარი სადღაც მიგვაქანებს. ზოგჯერ ბილიკის ქვეშ უფსკრულიც კი იშლება, ფეხის ერთი დაცდენა და... მერე შენ წყვეტ ამოძვრები, სვლას განაგრძობ საკუთარი თავის ძლიერი ვერსიით თუ იქ დარჩები სამუდამოდ არსებობისთვის. მე პირველი ვარიანტი ავირჩიე! შენ რომელს ირჩევ ნაცრისფერ ბურუსში მოცული რომ ხარ ხოლმე?! რაღაც ხმა მოისმის ბუჩქების მეორე მხრიდან. შიშისგან თავზარდაცემულმა ყველაფერს დავავლე ხელი და შინ შევვარდი. ნუთუ ასე უცებ მომაგნეს? ოღონდ ეს არაა, და ახლა უკან დაბრუნება არ გამოვა. კარების უკან ავიტუზე, ფეხს არ ვდგამ, ვაიდა ძველი ხის ფიცრებმა გამცეს. ყრუდ, მაგრამ მაინც გასაგებად ისმის ფეხის ხმა. ამოდის პირველზე, მერე მეორე კიბეზე. მესამეზე ჭრაჭუნის ხმაც დაემატა. ერთი წამით შეაყოვნა და კარზე ძლიერი კაკუნია! სუნთქვასაც ვერ ვბედავ. ცხოვრებამ თვალწინ ელვისებური სისწრაფით ჩამიარა. გული შემტკივა, რადგან თუ მომაგნეს, ის დღეები რომლებიც თავგადასავლების მოგროვებაში უნდა გამეტარებინა, წუთი წუთზე ჩაანაცვლებს ციხის აყროლებული საკანი. ამჯერად ისეთი ძლიერია კაკუნია, რომ ზუგში ჩაცემასავით ვგრძნობ. ვიცი ვერსად გავიქცევი. ჯიბიდან დანა ამოვიღე, ყველაფერზე ვარ წამსვლელი ჩემი თავისუფლებისთვის. ვერავინ გადამეღობება გზაზე. რამდენიმე წუთში ხმა საერთოდ აღარ მოისმის. ეს რამდენიმე წუთი კი საათებად გადაიქცა. ვიფიქრე ხომ არ მომეჩვენა მეთქი. პოლიცია რომ დასდგომოდა ჩემს კვალს ასე მარტივად არ მომეშვებოდნენ. შეიძლება ვიღაც იდიოტებმა გახუმრება და გართობა მოინდომეს. ან სულაც ვიღაც აქაურია. ვინიცის იქნებ ნანა მობრუნდა, იფიქრა სძინავსო და უკანვე წავიდა. ფაქტია, ვიღაც იყო აქ ან ჯერ კიდევ არის. ნელა მივადე ყური კარზე, ხმა აღარ ისმის. ცოტა ხანიც შევყოვნდი. ფეხზე გავიხადე, თითის წვერებით თითქოს არც ვეხები იატაკს ისე მივუახლოვდი ფანჯარას. კიბეებისკენ გავიხედე, დაუჯერებელია! გარეთ არავინ არის. კარგად მოვათვალიერე იქაურობა, ნამდვილად არავინაა. ასე უცებ როგორ აორთქლდებოდა, სიგიჟეა. უკვე ბინდდება. რამდენიმე დღის უძილო, შეშინებული,გამოქცეული, სასოწარკვეთილი, დაღლილი, უბრალოდ არაადამიანურ მდგომარეობაში ვარ. ალბათ მომეჩვენა. წყლის გადავლება და საწოლი მომიხდება. კარი შევამოწმე, უკვე მესამედ. ჩაკეტილია. ყოველი შემთხვევისთვის იატაკის ჯოხი გამოვდე სახელურზე. ფანჯარა კიდევ შევამოწმე. საწოლიდან, თუ შეიძლება ამას საწოლი ვუწოდო, ავიღე სქელი ადიელა, ორჯერ გადავკეცე და კარგად ჩამოვაფარე ფანჯარას. ყოველი კუთხე დავფარე, რომ სინათლე ოდნავადაც არ გასულიყო გარეთ. ზურგჩანთიდან სანათი ამოვიღე, ავანთე და მაგიდაზე დავდე. სინათლის ანთებას ვერიდები. საწოლი მოვაწესრიგე, მტვერი და ობობის ქსელები მოვაშორე მხოლოდ ამ კუთხეს. დანარჩენს მერე ვიზამ. ახლა რაც მინდა, შხაპი და ძილია. ონკანი ოდნავ მოჟანგებულია, რამდენჯერმე გადავატრიალ-გადმოვატრიალე. გაყინული წყალი წამოვიდა, კიდევ ეს მინდოდა?! კანკალმა ერთიანად ამიყოლა. რამდენიმე წუთი ასე, ტანზე ხელებ შემოხვეული, ვიდექი. გაყინულ სხეულზე ცხელი წყალი სასიამოვნოდ მედება. ისეთი განცდა მაქვს თითქოს მთლიანად ჩამომერეცხა დაგროვილი დღეების სიბინძურე. საწოლში თბილად მოვკალათდი, ლეპტოპი გავხსენი. საბანი გადავიფარე და გამოსხივებას ბოლომდე ჩავუწიე. ვიმალებოდი, ისევე როგორც აქამდე. განსხვავება ის იყო რომ ხვალიდან ჩემი გადაწყვეტილებებით მაინც შევძლებდი ცხოვრებას. ინტერნეტი არ არის, რა თქმა უნდა, არც იქნებოდა. ჩემი მობილურიდან ვცადე გავრცელება, მაგრამ კავშირი ძალიან სუსტია. გამახსენდა, მარტო გარეთ დავიჭირე კარგად. ლეპტოპის ეკრანიდან ჩემი საყვარელი ფრაზა მოჩანს ,,If you want something you have never had, you must be willing to do something you have never done’’. ნამდვილად, რომ ახლა იმის გაკეთების დროა, რასაც მარტო ოცნებებად წარმოვიდგენდი. მჯეროდა ან უფრო სწორად მაჯერებდნენ, რომ განსხვავებულის კეთება ცუდია. ,,დაჯილდოვებული’’ ვარ ტრამვებით, რომლებიც დღითიდღე საძირკველს მაცლიან. ნეტავ ბედი რას მიმზადებს?! ისევ დაუსრულებელი ჭიდილი არსებობისთვის თუ ცხოვრება იმ გზით, რომელიც საკუთარი თავისთვის მემეტება. ფანჯრიდან ისევ მოვავლე ეზოს თვალი, შემდეგ შევამოწმე რამე ხმა ხომ არ ისმის. ამას უკვე მერამდენედ ვაკეთებ... ლეპტოპი გამოვრთე. უნდა დავიძინო, თვალები ძალიან მეხუჭება, მაგრამ დაძინებას ვერ ვბედავ. იქნებ და ეს უბრალოდ სიზმარია. მეშინია, ხვალ ძველ რეალობაში რომ გამომეღვიძოს, ისევ მისი სახე რომ დავინახო, ან მისი ხმა გავიგო. მეშინია. ელენეზე მაინც ვდარდობ, მას ხომ არაფერი დაუშავებია. ახალი ნომერი კი მაქვს, თუმცა ჯერ ვერ დავურეკავ. სიფრთხილე სჯობს. საკმარისია! საღი გონებით უნდა ვიმოქმედო და ემოციებს არ ავყვე. ანდაზა ‘’ზოგი ჭირი მარგებელიაო’’ ზუსტად ჩემზეა ახლა. ემოციები აღარ გამაჩნია. მარტო სიცარიელეს ვგრძნობ... გთხოვ გაჩუმდი! ცოტა ხნით მაინც შეწყვიტე ფიქრი. ისევ გავუმეორე ჩემს თავს, რაც იქნება იყოს. თვალები დავხუჭე, თბილად გამოვეხვიე საბანში და ძილი გავბედე. ჩაბნელებულ ოთახში, სარკმლის დაუფარავი პატარა ნაწილებიდან, სინათლის სხივები ძლივსძლივობით ცდილობენ შემოღწევას. სიმშვიდეა, მაგრამ გულის აჩქარებულმა რიტმა გამომაფხიზლა, ლამის ამომივარდეს საგულედან. უადგილოდ რაღაც მელოდიას ავუყევი ფიქრებში. თითქოს საიდანღაც მეცნობა. ჯანდაბა! სიზმარშიც კი არ მომცა მოსვენება, სიზმარი კიარა კოშმარი იყო, როგორც თვითონ. დამესიზმრა, თითქოს შუა, ბნელ ტყეში იდგა და რაღაც მელოდიას ღიღინებდა. სწორედ იმას, რასაც მე რამდენიმე წამის წინ. მისი ყავისფერი თმა სისხლს კიდევ უფრო გაემუქებინა. ბოროტ მზერას ამჯერადაც არ გავუკვირვებივარ. არეული ნაბიჯებით მოძრაობდა, ღიღინებდა და თან სახეზე კმაყოფილების განცდა ეტყობოდა. ამის გახსენებაზე გამაჟრჟოლა. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს. ბავშვობაში ბაბუა სიზმრების ჯადოსნობაზე ბევრს მიყვებოდა. ეჰ, ეს ხომ საუკუნეების წინ იყო... ადგომა არ მინდა. დამვიწყებია როგორი გრძნობაა საწოლში მშვიდად კოტრიალი. ხელით მობილური მოვძებნე, ცალი თვალით ძლივს დავხედე აკაშკაშებულ ეკრანს, მაშინვე მოვისროლე. რა მნიშვნელობა აქვს რომელი საათია. ზლაზვნით ავწიე სხეული, რომელიც თითქოს მიკრობილიყო საწოლზე და ერთი მთლიანი გამხდარიყო. იქვე მიგდებული ჰუდი გადავიცვი, რომელიც თითქმის მთლიანად მფარავს. წინდები მუხლებამდე ამოვიწიე და ფანჯარაში გავიხედე. მზე პირდაპირ თვალებში მაჭყიტებს. შიში მხოლოდ ემოციაა, რომელიც გადაჩენისკენ სვლას უნდა მაიძულებდეს და არა საწოლის ქვეშ დამალვას. მე და შენ ჩემო თავო, ყველასა და ყველაფრის წინააღმდეგ. ადიელა ჩამოვგლიჯე და სხივებმა ნარნარი დაიწყეს ოთახში. სიბნელე სინათლემ შთანთქა ერთიანად. ვნახოთ ერთი კიდე რა წამოიღო ნანამ. ყველაფერი მაგიდაზე ამოვყარე და აი ისიც, არ დავიწყებია. ყავა გავაკეთე, სიგარეტს დავავლე ხელი და გარეთ გავედი. ეტყობოდა მზემ უკვე გამოიღვიძა და დიდი ძალისხმევით გაყინული სულების გათბობასაც ლამობს. ვინიცის დღეს რა ბედი მელის. ამიტომაც სანამ შემიძლია საკუთარ თავს ღიმილის შანსი მივცე ასეც უნდა მოვიქცე. ფანჯრის რაფაზე მოვკალათდი, წესით გამიძლებს. სიგარეტს მოვუკიდე. მისი თითქოსდა საამური კვამლი ფილტვებში გადავუშვი, ეს პროცესი მაგრძნობინებს რომ მასთან ერთად მთელ ჩემს დარდს ერთიანად ვშთანთქავ და მალევე უკან, სიცარიელეში ვუშვებ. კი, მეც ვიცი რომ ცუდია სიგარეტი, მაგრამ ცხოვრება ხომ ასეთია, მომწამვლელი რაღაცებისადმი ლტოლვა ყოველთვის დიდია ხოლმე. რაც არის... ფიქრებით არ მინდა ამ სიმყუდროვის დარღვევა, მაგრამ ჩემს გონებას მხოლოდ ფიქრები თუ გამოკვებავს. გასაკვირია, მხოლოდ ერთი ფიქრი ამომჩემდა თვალების გახელვისთანავე და ისევ მასზე შევაჩერე არჩევანი საინტერესო ყოფილა ცვილებები, შემაშფოთებელი, ამაღელვებელი, დასაფიქრებელი, მაგრამ მაინც აღმაფრთოვანებლად სასიამოვნო. თავი მეორე ჩემი ზურგჩანთით ბილიკს გავუყევი. გზა არ მახსოვს, თუმცა ინსტიქტებს მივენდე. ამჯერად ვიმახსოვრებ. ხმაური უფრო და უფრო მატულობს. რაღაც ქუჩაზე გამოვედი, თვალი მოვავლე და იქვე დიდ სუპერმარკეტში შევედი. აქ ყველაფრის მოძიება შეიძლება, ბევრგან სიარული არ მომიწევს. პირველი კეპს დავავლე ხელი და დავიფარე, წინდახედულობა მმართებს, თორე თავადვე გავანადგურებ საკუთარ გეგმას. ხილ-ბოსტნეულის თაროებიდან დავიწყე და ტექნიკის ნივთებთან დავასრულე არჩევანი. იქაურობას ვათვალიერებ, ვინმე ხომ არ ამედევნა ან ვინიცის…ერთი სული მაქვს აქედან გავაღწიო. მეც დაღლილი სხეულების გრძელ რიგს შევუერთდი. ხალხმრავლობა უსუსურ არსებად მაგრძნობინებს თავს, თითქოს ჩემს ნაჭუჭში ვიკეტები და მცირე მტვრის ნაწილაკად გადავიქცევი ხოლმე. მეჩვენება რომ დამავიწყდა როგორ მესუნთქა, გაჭირვებით ვებღაუჭები ჰაერის უკანასკნელ აირს. ძლივს, ამოვისუნთქე. იქვე ყველაფრის დაყრა და ჩემს ქოხში გახიზვნა მინდა, თუმცა ასე არ გამოვა. ყოველთვის ჩემი სურვილითთ ვერ ვიმოქმედებ. ყურადღების გადასატანად ხალხს ვაკვირდები. მათ მზერას არანაირი სიცოცხლის ნაპერწკალი არ ემჩნევათ. გაშტერებულები, წარბებ შეკრულნი ერთ წერტილს მისშტერებიან. მოკლედ, ნამდვილად მოსიარულე გვამებს ჰგვანან. ყველაფერი ქრება, რაც ოდესმე ადამიანად გაგრძნობინებდა თავს. სადაც არ უნდა გავიხედო ყველგან სიყალბეს, ღალატს, თვალებში ჩამდგარ ზიზღსა და ბრაზს ვხედავ. საინტერესოა, როგორ აღმოვჩნდით ამ ადგილას, სადაც ყველაფერი წრფელი დღითიდღე უფერულდება. უკნიდან ქალბატონის ხელის კვრამ ბოლომდე დამარწმუნა რა სამყაროშიც ვცხოვრობ. ეს არ იკმარა და უკმეხად თან მოაყოლა - გოგონი, გაიარე დროით, რას გაშეშებულხარ. ვერ ხედავ მეჩქარება! - პასუხის გაცემა მინდა, მაგრამ ახლა ასეთ რაღაცებს უნდა მოვერიდო. ყოველი ჩემი ნაბიჯი ნაკლებად თვალშისაცემი უნდა იყოს. ვერავინ უნდა შეამჩნიოს ჩემი არსებობა! ჩემს ნივთებს გადავხედე, მგონი, არაფერი დამვიწყებია. დროით უნდა მოვცილდე ამ ადგილს, დიდხანს გაჩერება საშიშია. იქაურობას თვალი მოვავლე, ყველა მხარეს კამერებია. კეპი შევისწორე, სახეზე შეძლებისდაგვარად ჩამოვიფხატე. მეღირსა ჩემი რიგის მოსვლაც. კალათიდან ყველაფერი ამოვალაგე და ღიმილით მივესალმე. მან ჯერ ნივთებსა და პროდუქტებს გადახედა უცნაურად და მერე უკმაყოფილო სახით ამომხედა. გვერდით გავიხედე, ვიფიქრე სხვას უყურებს, თუმცა არა მისი არაფრისმთქმელი თვალები მე მომშტერებიან. რაღაც ჩაილაპარაკა, ვერ გავიგე დრო კი არ მაქვს მასთან დიალოგისთვის. ჩანთაში მათ ჩალაგებას შევუდექი. ამის დედაც, სიჩქარეში ძირს მოიფანტა თითქმის ყველაფერი. მუხლებზე დავიჩოქე და აკრეფა დავიწყე. ვგრძნობ როგორ მეცემა ხალხის მზერა ისრებივით მთელს ტანზე. მინდა მათთვის მეყვირა - ‘’რა მოხდა არასოდეს დაგყრიათ რამე’’ - თუმცა ისევ სიჩუმე ვამჯობინე. ვსწავლობ ბრაზის გაკონტროლებას. უცებ ჩემს თავზე მომეშალა ნერვები, მაინცდამაინც იმ დღეს ვერ შევძელი. უკანასკნელი ნივთი უნდა ჩავოდო ჩანთაში, როდესაც არსაიდან ტყავის, მუქი შინდისფერი ფეხსაცმელი გამოჩნდა. ზუსტად ჩემს პირდაპირ ფეხსაცმლის წვეტიანი თავები პირდაპირ სახეში მომშტერებიან. ეს ფეხსაცმელი არაფრით გამორჩეული უნდა იყოს, მაგრამ მათ დანახვამ მაინც რაღაც ამოუცნობი აღძრა ჩემში. ვერ ვხვდები ეს რომელი გრძნობაა. თითქოს ძველ მოგონებებში დამალული ბნელი კუთხეებიდან რაღაც იღვიძებს, რაღაც ისეთი, რაც ყოველთვის შეუმჩნეველ ადგილს იკავებდა ჩემში. მეუფლება განცდა, თითქოს ვიღაც მიყურებს, რაღაც მაკვირდება წარსულის სიღრმიდან და ჩემი შთანთქმა უნდა. არადა ეს ხომ ჩვეულებრივი ფეხსაცმელია. დაძაბულობას ვგრძნობ, მათი ყურება სუნთვქის რიტმს ერთიანად მიცვლის. სხეული მზადყოფნაშია, თუმცა არვიცი რისთვის. ჩანთაში ჩავტენე ბოლო ნივთიც და თავქუდმოგლეჯილი გავვარდი აქედან. შიშით გაბრუებულს ფეხებში სისწრაფე უფრო და უფრო მემატება. ჰაერი თითქოს არასაკმარისია. ზურგს მიღმა ნაბიჯების ხმას ველოდები. ასე მგონია უკან რომ მივიხედო დავინახავ, რასაც ან ვისაც გავურბივარ. გრძნობა, რასაც ამასთანავე განვიცდი, არის შინაგანი ძახილი—გაქცევა, რომელიც თავისუფლებისკენ მიმიძღვის. მჯერა, რომ სადღაც გზის ბოლოს სიმწრით მოპოვებულ ცხოვრების შანსი დამხვდება. იმედია დადგება დრო, როდესაც აღარ დამჭირდება გაქცევა. გონს რომ მოვედი ჩემს წინ ბობოქარი ზღვა გაწოლილიყო. შევჩერდი, უკან მივიხედე, საერთოდ არავინაა. ეს ხედი ადამიანს ყველაფერს დაავიწყებს. ის თამამი ტალღებით სიოს ჰანგებს აჰყოლია. ასეთი ზღვა ყველას შეაშინებს, მე კი პირიქით. გამძაფრებულ სურვილს მიჩენს მისი ნაწილი გავხდე, მასთან ერთად ვიცეკვო, ყური დამეგდო მელოდიისთვის, რომელსაც სამყარო ერთხმად ქმნის ჩვენთვის, ადამიანებისთვის. მასში ძალას, თავისუფლებას, სიმსუბუქეს ვხედავ ეს კი ყოველივე ის არის რაც მე ახლა ყველაზე მეტად მჭირდება. ალბათ, ყველაფერში იმას ვხედავთ, რაც ჩვენს სულს განსაკუთრებით აკლია... ესე იგი ბათუმი, მე უფრო ,,ტალღების ქალაქს’’ ვუწოდებ. ვინიცის რამხელა საიდუმლოს მალავს ისიც ჩემს მსგავსად. ამიტომაცაა, რომ ასე მიილტვის ჩემი სამყარო მასთან შესახვედრად. აი, მეც აქ ვარ... ტალღები ძლიერად ეხეთქებიან ნაპირს. წარმოდგენა არ მაქვს სად ჯანდაბაში ვარ, არც ის ვიცი სად უნდა წავიდე, რა გავაკეთო. იმის მაგივრად რომ აფორიაქება მეგრძნო, შედარებით სიმშვიდე მომგვარა ამ მდგომარეობამ. უსასრულობის წინ ვდგავარ, შევყურებ და გულიდან ვანთავისუფლებ სიბნელეს. ყოველი ტალღის ხმა სასიამოვნო ჰანგებივით ჩამესმის. თვალები დავხუჭე, განვიცდი როგორი სასიამოვნო იქნება მის ნაწილად ყოფნა. განცდა მეუფლება რომ მხოლოდ მას ვანდობ ჩემს ნაცრისფერ ფიქრებს. ვიცი, რომ ის არ გამთქვამს, უსაფრთხოდ არიან ჩემი საიდუმლოებები მასთან. მინდა გულიდან დარდი ჩამომეგლიჯა და ზღვის ფსკერზე მომესროლა, მაგრამ ვაითუ მასაც დავამძიმებდე, მერე ხომ ასე მოხდენილად ვეღარ გამოისვრიდა ტალღებს შუაგული ზღვიდან. ფაქტია, რადგან აქამდე მოვედი მეტიც შემიძლია. რამდენჯერმე გავუმეორე ბოლო სიტყვები ჩემს თავ, რათა ბოლომდე მერწმუნა მათი ჭეშმარიტება. ჩემს გარდა ვერავინ ვერ დაიჯერებს იმას თუ სადამდე შემიძლია სიარული, სირბილი ან თუნდაც ხოხვა. სამყაროს წინაშე ბოლოს მაინც მარტონი ვრჩებით. ამ დროს თითქოს თავიდან სწავლობ სიარულს, ლაპარაკს, ემოციების აღქმას და მთლიანად ყველაფერი სხვანაირი ხდება, მათ შორის შენც... ცდილობ საკუთარი თავი შეისწავლო, ცხოვრება გამოსცადო და რაღაც ღირებული გააკეთო ისევ შენთვის. დაღლილი ხარ სხვებზე ზრუნვითა და ფიქრით თუ როგორ შეგიძლია ასიამოვნო ყველა, საკუთარი თავის გარდა. სიტყვების არჩევა გიწევს, ვაიდა ვინმემ არასწორად გაგიგოს სათქმელი. უბრალოდ კარგავ საკუთარ თავს და როცა მარტო რჩები აღარ იცი უკვე ვინ ხარ, რისი კეთება მოგწონს, რა გაბედნიერებს... ფიქრებში შეყოლილმა სიგარეტს ბოლო ნაფაზი ძლიერად დავარტყი. კარგად გამაბრუა, ცოტა დამატრიალა კიდეც. -ჰეი, შენ. - იქაურობა მოვათვალიერე არავინ ჩანს. ცოტა ხანს დავაყოვნე, ვიფიქრე გამოჩნდება, აბა სად წავა მეთქი. - ვინ ხარ? - ისე ვკითხე თითქოს, რომც ეპასუხა მივხვდებოდი ვინ არის. - სანთებელა ხომ არ გექნება? -კი, მაქვს. - ახლა შევამჩნიე, მამაკაცი, რომელიც არც თუ ისე მოშორებით დიდ ქვაზე იყო ჩამომჯდარი. ნეტავ რამდენი ხანია აქ არის და მიყურებს. ვინიცის იფიქრა გიჟიაო. ძალიანაც კარგი, გიჟები არავის მოსწონს, თან არც გადამეკიდება. ცოტა შემაშფოთებელია ახლა ვინმესთან საუბარი, მაგრამ სადამდე უნდა ვიყო შიშის გალიაში გამოკეტილი?! ყოველი შემთხვევისთვის ჯიბეზე ხელი მოვიკიდე, შევამოწმე, ადგილზე მაქვს. წამოდგა და ჩემსკენ ნელი, მშვიდი ნაბიჯით წამოვიდა. მგონი უბრალოდ ქუჩის უსახლკარო უნდა იყოს. მან რა უნდა დამიშავოს. მოშვებული წვერი უფარავს სახეს, თმა კი მხრებამდე აქვს ჩამოზრდილი. თავისი ცხოვრების სტილის კვალობაზე ფიზიკურად საკმაოდ ძლიერად გამოიყურება. მომიახლოვდა. თვალებში ყურებისას დამეუფლა განცდა, თითქოს მისი მზერა სცდება ჩემს ზურმუხტისფერ თვალებს და შიგნით, სულამდე აღწევს. აზრზე მოდი, საკუთარ თავს შემოვუძახე. სიგარეტი ამოიღო. -შეიძლება? - ჯიბიდან სანთებელა ამოვიღე და გავუწოდე. შემდეგ კი ისევ ზღვას ვაკვირდები, ასეთი მომაჯადოებელი რამ ცხოვრებაში არ მენახა. სიჩუმე ისევ მან დაარღვია. - ასეთი ჯერ არ მინახავს. - ზღვისკენ გაიშვირა ხელი. - დღეს სულ სხვანაირია, უფრო ძლიერი ტალღები აქვს. - ზღვის შხეფებმა ჩვენამდეც მოაღწიეს, სახეზე რამდენიმე წვეთს ვგრძნობ. დღის განმავლობაში პირველად გამეღიმა. თითებით უყვება ტალღების მოძრაობას. მგონი ესეც არანაკლებ გიჟი უნდა იყოს. ყურებისას მის ტატუს მოვკარი თვალი საჩვენებელ თითზე. კარგად ვერ შევხედე, მაგრამ უცნაური გრძნობა გამიჩინა. დღეს მგონი ყველაფერი სხვანაირად მოქმედებს ჩემზე. ამჯერად საუბარი მე წამოვიწყე. - დიდი ხანია აქ ხარ? - მაინტერესებს ჩემი მოსვლიდან აქაა და მაკვირდება თუ ახლახანს მოვიდა, ან შემთხვევით ხომ არ გამომყვა. გამორიცხული არაფერია. - სანამ მოხვიდოდი მანამდეც აქ ვიჯექი, არც გამკვირვებია. ხალხი ძირითადად ვერ მამჩნევს, საბედნიეროდ. - ცოტა შემრცხვა, ვიგრძენი ლოყები როგორ შემეფაკლა. - უბრალოდ მინდოდა... - სიტყვა არც კი დამასრულებინა ისე გამაწყვეტინა საუბარი. - არ არის საჭირო რამის ახსნა. არ მაინტერესებს. აქამდე არ შემოგეჭერი შენს ფიქრებში, არ მინდოდა შემეშინებინე ისეც გიჟს ჰგავდი. - თავი ამაყად ეჭირა. გამაოცა მისმა ასეთმა დამოკიდებულებამ. როგორ ბედავს და კიდევ მე მეძახის გიჟს. აშკარად დავიწყებული აქვს სწორი მანერები. მართალიც იყო ერთ რამეში, რომ არ ვიყავი ვალდებული ამეხსნა ვიღაც უსახლკაროსთვის რაიმე, უბრალოდ ჩვევაში მქონდა გადასული. - ზრდილობაც დაგიკარგავს როგორც ვხედავ. - აღარ მინდა გაგრძელება, რადგან ვინიცის ბრაზს გავაკონტროლებ თუ არა. ამას კიდე კარგი არაფერი მოჰყვებოდა. ზურგჩანთა შევისწორე, ახლა ვიგრძენი მხრების ტკივილი. უკან უნდა დავბრუნდე ჩემს ქოხში, სანამ გვიანი არ არის. ერთი კიდე შევათვალიერე, ნაბიჯი გადავდგი. როდესაც მომაძახა. - ფრთხილად იყავი, მარტო სიარული არ არის ჭკვიანური გადაწყვეტილება. - ზედ არც შემოუხედავს ისე ატანდა ქარს სიტყვებს ჩემამდე. მანიაკურად ჟრერს მისი ნათქვამი, თუმცა ისიც მადარდებს, რომ უჭკუოც მიწოდა. კბილებს ძლიერად ვუჭერ ერთმანეთზე რომ სიტყვა არ ვუთხრა, თორე კარგად არ დასრულდება. საიდანაც მოვედი ისევ იმ მხარეს გავუყევი. კარგი თვალის მახსოვრობა მაქვს, ყველგან ყველაფერს ვკითხულობ და მარტივად მამახსოვრდება. დაახლოებით ვიცოდი საით უნდა წავსულიყავი. ქუჩის მარჯვენა მხარეს სანამ შევუხვევდი თვალი მოვავლე იქაურობას, იმ სუპერმარკეტის უნდა ჩავუარო გვერდით. ბევრი ხალხი მოძრაობს, ცალკე მანქანების გამაყრუებელი ხმა მაღიზიანებს. გამვლელებს ფეხსაცმელზე ვაკვირდები. კიდევ ერთხელ რომ დავინახო აუცილებლად ვიცნობ. ნელ-ნელა ეს ქუჩაც გავიარე და ბილიკს დავადექი. ასე მგონია, ზღვამ ჩემი სულის სულ მცირე ნაწილის განკურნება შეძლო. თითქოს მეტი გამბედაობა მომცა. სურვილი აღმიძრა დინების საპირისპიროდ დამეწყო ცურვა, ვიდრე მას გავყოლოდი უგზო-უკვლოდ. ამაზე ისევ ის არსება გამახსენდა, ხო არსება, რადგან ჩემს თვალში ადამიანის არანაირი კვალი არ დატოვა. მასზე გაფიქრებამაც კი არასასიამოვნო ემოცია მომიტანა. კი, ვიცი რომ ამ ადამიანის მიღმა იქნება ისტორია, რომელმაც აქამდე მოიყვანა, მაგრამ ახლა მისი თავი არ მაქვს. ფიქრებმა ისევ ზღვისკენ გამისროლეს, ერთი შეხედვით მუქი ლურჯი ფერი დაჰკრავს, როცა მიუახლოვდები კი მის საიდუმლოებას გიშლის წინ, სულში გახედებს. ადამიანებთანაც ხომ ასეა, შორიდან მათ გამოსახულებას ვამჩნევთ, როცა ახლოს მიხვალ მის შეცნობას ვიწყებთ. ბუნება და ადამიანი ერთმანეთში ისე ირეკლებიან, როგორც სარკეში საკუთარ სილუეტს ვხედავთ. თითქოს თითოეული მათგანი ერთი და იმავე მატერიის ნაწილია, მაგრამ განსხვავებული სახით. ქოხს რომ მივუახლოვდი, რაღაც უხილავმა ძალამ შემაჩერა. ჰაერში უცნაური სიმძიმე ტრიალებს. ირგვლივ ისეთი სიჩუმეა, თითქოს ბუნება ჩემს თითოეულ ნაბიჯს ისმენს, მე მელოდება. ქოხი ჩემს წინ იდგა, თუმცა ამჯერად მისმა იერსახემ შემაშფოთა – თითქოს ჩუმად მიმზერს, პასუხის მოლოდინში. ერთი წუთით გულში გამიელვა ფიქრმა, - "იქნებ მაინც უნდა დავბრუნდე?" - მაგრამ მალევე ისევ იქ გავისროლე საიდანაც მოვიდა. ან რატომ მომივიდა ეს აზრი თავში. ვიცი, რომ უკან დასაბრუნებელი გზა ყოველთვის იარსებებს, მაგრამ არა. რავითარ შემთხვევაში. მსგავსს აღღასოდეს გავიფიქრებ. რამდენიმე ნაბიჯი მრჩება სახლამდე, თუმცა რაღაც ამოუცნობ ძალას ვყავარ შეპყრობილი, უცნაურია. შიგნით შესვლისთანავე ეს გრძნობა გაასმაგდა. ვგრძნობ რომ მარტო აღარ ვარ. ბოქლომს ისევ ისე ძლიერად ჩავჭიდე ხელი. ჩუმი ხმაური გაისმა. კარს დროით თუ არ ჩავკეტავ ზურგში ხელს ჩამავლებს. სასწრაფოდ ასეც მოვიქეცი. გული ამიჩქარდა და ყველა გრძნობამ ერთიანად მომიცვა. შიშმა ძარღვებში გამიარა და ის სილუეტი ისევ გონებაში ამომიტივტივდა. თვალებში ნისლი ჩამეღვარა. მინდა ხმამაღლა, გაბედულად ვიკითხო - ჩემგან რა გინდა? - მაგრამ ჩემი ხმა მსუბუქი ამოძახილივით გაისმა გამაყრუებელ სიჩუმეში, რომელიც მეუცხოვა. - შენ გგონია ჩემგან გაქცევას ასე მარტივად შეძლებდი?! - ალბათ, სუპერმარკეტშიც თვითონ იყო. ირონიული ტონით განაგრძო - შენ მე მეკუთვნი! არსად არ გაგიშვებ. ტყუილად ნუ შემეწინააღმდეგები - მუხლებში ძალა აღარ მაქვს, ჩავიჩოქე. ყურებზე ავიფარე ხელი, არცერთი სიტყვის გაგონება არ მინდა. შიშის განცდამ მოიცვა ჩემი სხეული. მგონია მკრთალმა, უჩინარმა ხელებმა შემომხვიეს გაყინული თითები ტანზე. აქამდე რაც კი გაბედული ფიქრები მქონდა, ისევ ერთიანად გადაფარა უსუსურობის გრძნობათა ტალღებმა, როგორც ღრუბელი ანაცვლებს მზიან ცას, სინათლეს რომ არ ტოვებს და მხოლოდ მოზღვავებულ წვიმას ჰპირდება მიწას. ცრემლების ზღვაში ვიძირები. ხმა კი ისევ განაგრძობს - პასუხი უნდა აგო, შენ კი ცხოვრების ახალი გზით დაწყებას აპირებ?! - სიტყვებმა სულშიც ჩააღწიეს და შიგნით ჩაბუდება გადაწყვიტეს. მინდა შევეწინააღმდეგო, პასუხი გავცე, მაგრამ სიტყვები და ხმები ერთდროულად უჩინარდება. ყურებში უსიამოვნო წუილი ჩამესმის, თითქოს სამყარომ გარე ხმები ჩაახშო და მარტო დამტოვა იმ მელოდიასთან, რომელსაც მხოლოდ ჩემი გონება გამოსცემს. უბრალოდ მინდა ვისუნთქო, ვიცხოვრო და უკან ჩამოვიტოვო წარსულის ჯაჭვი, რომელიც მახრჩობს და გასაქანს არ მაძლევს. გულამოსკვნით ვტირი, რადგან დავიღალე, სული დამიმძიმდა. ყველა და ყველაფერი მეზიზღება, გამოსავალი არ დამიტოვეს. ახლა კი გადარჩენისთვის ბრძოლა მიწევს და ამასაც კი არ მაცდიან. ყველაფერი ასეთი რთული რატომ არის, ხომ შეიძლება მეც ჩემი ასაკის შესაფერისად უბრალოდ მშვიდი ცხოვრება მქონდეს, მაგრამ არა ყველაფერი ამოტრიალებულია ჩემს სამყაროში. მიწევს გამუდმებული ომი საკუთარ თავთან, სამყაროსთან. მე კი მხოლოდ ერთი სურვილი გამაჩნია, დავხურო ძველი წიგნი და გადავშალო სუფთა ფურცელი, სადაც საკუთარი ცხოვრების მწერალი მეთვითონ ვიქნები. ერთ წამში ათასობით ხმა, ფიქრი და განცდა ისე იბადება გონებაში, როგორც უღრუბლო ცაზე გავარდნილი მეხი. ფიქრები უწყვეტი, დაუსრულებელი კადრებივით ერთმანეთს ენაცვლებიან და აღარც კი მრჩება დრო, რომ რომელიმე გამოვყო—ყველაფერი ერთდროულად მოედინება. სახლის ყოველი კუთხიდან სიბნელე ზანტად მოიპარება და მთელს სივრცეს იმონებს. მთელი სახლი ტრიალებს... ძაღლის ყეფამ გამომაფხიზლა. ასე მგონია სადაცაა თავი გამისკდება. თვალები ერთმანეთზე მეკრობა, გაჭირვებით მოვათვალიერე იქაურობა ნახევრად გახელილი თვალებით. შინ შემოჭრილი სინათლე პირდაპირ მე მეგებება. მინდა დავრწმუნდე რომ მარტო ვარ. მოიცა, უკვე გათენდა? ან საწოლში როდის დავწექი? გონებას ვერ ვძაბავ, რადგან ტკივილი უარესდება. სასწრაფოდ ყავა მესაჭიროება. თავს ძალა დავატანე და თვალები გავახილე. ღმერთო ჩემო! რა მოხდა, აქ რას ვაკეთებ ?! კი, მაგრამ როგორ მოახერხა? ბოლოს ის მახსოვს, რომ სიცივისა და შიშისგან მთლიანად გათიშული ვიყავი და ვკანკალებდი. თვალებზე ტირილისგან შემორჩენილ კვალს ვგრძნობ. გასაოცარია, ეს ადგილი სულაც არ ჰგავს ჩემს სახლს, სადაც წესით უნდა გამღვიძებოდა. აქაურობა არც კი მეცნობა, გამოდის უკან ჯერ არ დავუბრუნებივარ. ფანჯარაში გავიხედე, ხეების ჯარი მიცქერის. ვითომდა საძინებელი მოკლე თეთრი ფარდითაა გამოყოფილი ავტობუსის წინა ნაწილისგან. ცოტა გაუბედავად, აფორიაქებულმა გადავწიე ფარდა. მალევე გავაანალიზე რომ ავტობუსში ვარ, რომელიც გადაკეთებული და მოწყობილია საცხოვრებელ სახლად. პატარა საწოლია, რომელზეც ვწევარ. ნამდვილად ერთი ადამიანისთვისაა განკუთვნილი. საბანთან ერთად რამდენიმე პლედიც მაფარია. რაც წუხელის მეცვა, ყელიანი ყავისფერი ზედა, ქურთუკი, ჯინსის შარვალი და ფეხსაცმელი, სწორედ იგივე მაცვია ახლაც. გაკვირვებული ვათვალიერებ იქაურობას. სამზარეულო და მისაღები ერთ სივრცეში ძალიან მყუდროდ და ლამაზად არის გაწყობილი. აქ ყველაფერია რაც ადამიანს სჭირდება საცხოვრებლად. წინ, მძღოლის სავარძელზე, მხოლოდ პლედი აგდია. ისე კი არავინ არ ჩანს. არვიცი ეს ფაქტი მიხარია თუ პირიქით. თან მინდა პირისპირ დავდგე მის წინ და საბოლოოდ ჩამოვიცილო გზიდან. ამასთანავე მაკრთობს ფაქტი, რომ შეიძლება ვერ გავუმკლავდე. პატარა მაცივრის კარზე გაკრულმა ფურცელმა მიიქცია ყურადღება, ალბათ იმიტომ რომ ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი ყველაფერს ვუყურებ, რისი წაკითხვაც შესაძლებელია. თან ამ ფურცლის გარდა არაფერია ზედ. ‘’ მალე დავბრუნდები. შეეცადე დამშვიდდე.’’ დიდი ასოებით მხოლოდ რამდენიმე მიჯღაბნილი სიტყვა მაფიქრებინებს, რომ ჩემი საქმე წასულია. ფეხზე ჩავიცვი და გასასვლელისკენ წავედი. სახელური ჩამოვწიე, ჩაკეტილია. აბა სხვას რას ველოდი. კარის ამ ნაწილს ფანჯარა არ აქვს. ვერ ვხედავ წინ რა უფსკრული იშლება. კარგი ვალერია, გონს მოდი. იქვე თაროზე სხვადასხვა ნივთებს ვათვალიერებ, ცოტა დრო მაქვს, რაც ხელში მომყვა თხელი, წვეტიანი დანაა. საჭიროა სიფრთხილე და მოთმინება. ეს ხომ მანამდეც გამიკეთებია. კარების გაღებისთანავე ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული ისევ მას გადავაწყდი. ამას აქ რაღა ესაქმება? ყველას, მაგრამ ამ ადამიანს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში. საინტერესოა, ასეთი უიღბლო დავიბადე თუ შემდეგ როგორც თვისება ისე დამჩემდა. ნუთუ სწორედ ისაა ვისაც უნდა გავურბოდე? სამყარომ უკვე მეორედ გადაკვეთა ჩვენი გზები. ახლა შიშზე მეტად ბრაზს ვგრძნობ. ნუთუ მისი სახით გამოაგზავნა ჩემს უკან დასაბრუნებლად. - კითხვა არ იცი? - ბედავს და ასე უხეში ტონით მეკითხება. მის თვალებში მხოლოდ სიცარიელეს ვხედავ. უცნაური მდგომარეობაა, როცა ადამიანს არ იცნობ და უკვე გეზიზღება. სწორედაც, მისი დანახვა სურვილს მიჩენს ძლიერად ვუთავაზო მუშტი სახეში. - მან გამოგაგზავნა, არა? ლაჩარი ნუ იქნები, პირდაპირ მითხარი. ხომ ხედავ ფაქტი სახეზეა, თამაში აღარ გჭირდება. - თავის გაკონტროლება ძალიან მიჭირს, არადა შიგნიდან ცეცხლი მიკიდია. ყელში ამომივიდა ამდენი გაქცევა და დამალვა. სახეზე ვაკვირდები, მისი ემოციების ამოკითხვა მინდა, მაგრამ უშედეგოდ. ისევ ისეთივე გაყინული მზერით მომჩერებია, როგორც მანამდე. - ხმა ამოიღე - ამჯერად უკვე ყვირილზე გადავედი, მას კი წარბიც არ შეუხრია. საერთოდ რა არსებაა! მისი მშვიდი და გაწონასწორებული სახე კიდევ უფრო მაღიზიანებს. - მგონი ისევ ავად ხარ - გაყინული ხმით მითხრა. მის წინ ვდგავარ, თვალებში დაჟინებით ვუყურებ. ვგრძნობ რომ ჩემი ლაპარაკი მისთვის მხოლოდ სიტყვების გასროლაა ჰაერში. - გავიყინე, შიგნით შევიდეთ. აშკარად გჭირდება დრო ბოლომდე გამოსაჯანმრთელებლად -მას თუ ჩემი სიტყვები არ ადარდებს, მე რა ვალდებული ვარ ვუსმენდე ადამიანს, რომელსაც ჩემი ოცნების განადგურება აქვს დავალებული. ჩემსას არ ვიშლი. ისევ გავუმეორე. - მითხარი, მან დაგავალა არა ჩემი მოძებნა? - ის თითქოს სხვაგანაა ფიქრებით — ან მართლა არ ესმის ან უბრალოდ არ უნდა რომ გაიგოს რასაც ველაპარაკები. მასთან მეორედ საუბრის განმავლობაში მხოლოდ ახლაღა ამოვიკითხე მის თვალებში გაკვირვება. ნეტა რა თამაშს თამაშობს?! უნდა გავიგო, რადაც უნდა დამიჯდეს. ორი არჩევნის წინაშე ვაყენებ საკუთარ თავს. პირველი, თავიდან მოვიშორო ყველა ვინც გზაზე გადამეღობება. მეორე, ვცადო და ავყვე მათ თამაშს და ღირსეულად დავამარცხო თავიან წამოწყებულ საქმეშივე. გადაწყვეტილებამდე ყოველთვის უკან ვახვევ ხოლმე ჩემს გამოვლილ გზას, თუნდაც ერთი წუთით მაინც. მინდა დავინახო საიდან დავიწყე, რისი გამოვლა შევძელი აქამდე მოსასვლელად. ამ გრძნობამ დაცარიელებული ადგილები იმედით შემივსო. შიში კუთხეში მიიმალა და ასპარეზს მეამბოხე ვალერიას უთმობს. საჭიროა, რომ მეც მივიღო მონაწილეობა მათ დადგმულ სპექტაკლში. ვნახოთ სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი. დრო დადგა გადავხტე და ვირწმუნო გამარჯვების, ვიდრე ფარ-ხმალი უბრძოლველად დავყარო. ყოველ წუთს საფრთხის მოლოდინით ცხოვრება ის არაა, რაც ჩაფიქრებული მქონდა. ჩემი ბრძოლა ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, ამიტომ უნდა გავაგრძელო, რათა ბოლოს გამარჯვება ვიზეიმო. ვენდობი ჩემს თავს, მჯერა რომ ოდესღაც ეს ტკივილიც გაივლის, რაც სამყარომ ნაადრევად მომიტანა. ცხოვრებას ხომ უსასრულო ბარიერები ამშვენებს, ისევე როგორც ვარდს მსუსხავი ეკლები. გონს მოვედი, როდესაც ჩემი მიმართულებით წამოიღო მისი დიდი ხელის მტევნები. მხრებზე თითქოს მსუბუქად შემეხო, თუმცა მალევე ვიგრძენი როგორ მომიჭირა თითები ძლიერად. მათ თან მოჰყვებოდათ გაურკვეველი სიმძიმე. მჯერა, რომ ხელებიც ინახავენ გამოუთქმელ ისტორიებს. თავი მივაბრუნე, რომ დავრწმუნებულიყავი ხომ არ მეჩვენება, ამ ბოლო დროს ჩემგან აღარაფერი არის გასაკვირი. უცნაურია, მისგან საშინელი სიგარეტის სუნი არც კი მიგვრძნია. მზად ვარ ყველა მისი მოულოდნელი მოქმედებისთვის. ზიზღის გრძნობა უფრო მეტად იმატებს, არ იკმარა აქამდე მისი ქმედებები და მოინდომა იმ წრეში შემოჭრა, რომელშიც არ უნდა შემოსულიყო. ხელი წავიღე რომ მომეშორებინა თავიდან, მაგრამ არც კი დამაცადა მოქმედება სისრულეში მომეყვანა, რომ წამში კარის გვერდით აღმოვჩნდი. ისე ამიტაცა ჰაერში გეგონება რაიმე მსუბუქი ნივთი ვყოფილიყავი და არა ადამიანი. რანაირად მოახერხა არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი ისეთი სისწრაფით გააკეთა შეწინააღმდეგებაც კი ვერ მოვასწარი. - უბრალოდ გეთქვა, ჩემითაც მოვახერხებდი გვერდით გაწევას. - აი, ისევ. არ ჩუმდები. - ვერ გავიგე?! შეურაცხყოფის მოყენება მეც შემიძლია, მაგრამ შენგან განსხვავებით ზრდილობაზე ბევრი თუარა ცოტა მაინც მსმენია რამე. სჯობს ის მითხრა, რას დამყვები? ჩემგან რა გინდა? - ცოტახნით მაინც გაჩუმდი, მომეცი საშუალება შევიდე შინ და ყავა მშვიდად დავლიო! დანარჩენს კი თუ დამაცდი გეტყვი. - მის ყოველ სიტყვას სიმკაცრე უფრო და უფრო ემატება. ამას რა ეგონა მისი სიხისტე უკან დამახევინებს. - ესეიგი აქ ცხოვრობ? გამიკვირდა, რადგან ვის გაუგია ავტობუსის სახლად მოწყობა. ან რანაირად ცხოვრობს აქ. არანაკლებ მკაცრი ტონით ვკითხე, მაგრამ პასუხი ხომ ნათელია. - არა აქ შენს წასაყვანად მოვედი. ამის დედაც, ასეც ვიცოდი. - ნუთუ... არც კი გამაგრძელებინა რომ სათქმელი დამესრულებინა. ამას ისევ აკეთებს. მინდა მოვახრჩო. - კარგი გეყოფა, ვხუმრობ. შენი სცენების თავი არ მაქვს. უკვე სასაცილო აღარ არის შენი საქციელები. გადაწყვიტე ან შემოხვალ და მომცემ უფლებას დაგეხმარო, ან ერთ დღესაც სიცივისგან გაყინულს გარეთ გიპოვნიან. - შენი საუბარი ყოველ ჯერზე მანიაკურად ჟღერს. - არ ვიცი, რაც გინდა ის უწოდე. მანიაკივით კი აქ მხოლოდ შენ იქცევი. საკეტისგან რაღა გინდოდა, გასაღები მაგიდაზე დაგიდე. მოკლედ, მე მეორედ აღარ გეტყვი, არც თხოვნას დაგიწყებ! ღია კარში ისე გაუჩინარდა პასუხის გაცემა არც მაცადა. ნეტავ გამაგებინა რას ხლართავთ. თან შეჰყვა ძაღლიც კმაყოფილი და აუჩქარებელი ნაბიჯებით, მასთან ლაპარაკში ისე გავერთე აქამდე არც შემინიშნავს. ჩემი გონება ისევ ნისლში გაუჩინარდა. მოიცა, რა თქვა ‘’ ერთ დღესაც სიცივისგან გაყინულს გარეთ გიპოვნიან.’’ სიტყვა სიტყვით გავიმეორე მისი ნათქვამი. მნიშვნელობას კი ვერ ვხვდები, რისი თქმა უნდოდა ამით. ან რატომ უნდა გავიღვიძო ‘’ისევ გარეთ’’. კითხვების კორიანტელი დაბრუნდა, თავი ლამის ამიფეთქდეს. ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი. მომენტალურად სიამაყისა და კმაყოფილების გრძნობამ გადამირბინა სახეზე. ასე მტკიცედ ვინმეს წინ როდის ვიდექი აღარც კი მახსოვს. მასთან საუბრის დროს კი ენა პირში მივარდებოდა ხოლმე, სიტყვას სიტყვაზე ვერ ვაბამდი. ან რა უნდა მეთქვა, ყოველ ჯერზე იმას ისმენდა ჩემგან რაც მას აწყობდა და თან მოჰგვრიდა სიამოვნებას. სათქმელს ასჯერ ვწონიდი, ცუდად რომ არაფერი მოხვედროდა ყურში. ახლა კი ასე მამაცურად ვიდექი ამ ვაჟბატონის წინ და უპასუხოდ არ ვტოვებდი. რასაც მინდოდა იმას ვეუბნებოდი და არ მადარდებდა საერთოდ თავს როგორ აგრძნობინებდა ჩემი სიტყვები. ვერ გამიგია სამყაროს რისი თქმა სურს. რატომ იქცევა ასე თუ იმისთვისაა მოსული რაზეც ვფიქრობ. ისიც არის, გასაკეთებელს აქამდეც თავისუფლად გააკეთებდა, მაგრამ დროს წელავს. თავისთან მოვყავარ და გასაღებს თან მიტოვებს. ნეტავ რა იმალება ამგვარი დამოკიდებულების უკან. სიო სასიამოვნოდ მომედო გახურებულ ლოყებსა და სულზე. ზღვამ იგრძნო თუ როგორ მჭირდებოდა მისგან წამოსული ნუგეში, ამიტომ საკუთარი გულიდან ჩემსკენ გამოაქანა ჰაეროვანი კოცნა. იგრძნო, როგორ მესიამოვნებოდა მასში მოქცეული მელოდია. ყური დავუგდე მსუბუქად ათამაშებულ ტალღებს. გასაოცარ ჰარმონიულობას ქმნიან ერთად. მისი თავისუფლების შემშურდა კიდეც. ვგრძნობ ჩემამდე უნდა ხმის მოწვდენა. სურს მითხრას, რომ აქ არის და მზადაა ჩემთან შესახვედრად ისევე როგორც მე. ვრწმუნდები, რომ მისი ნაწილი ვარ ის კი ჩემი. მწვანე ხეების მიღმა ლურჯი სილუეტი მოჩანს. ასე ახლოს ყოფილხარ ჩემთან, მე კი ჩემს ნაცრისფერ სამყაროში ვიკეტები. დღითიდღე ვსწავლობ როგორ გამოვიდე აქედან და დავინახო გარშემო არსებული ნამდვილი ფერთა სამყარო. ძირს დავიხედე, როდისღა მოვიდა. მას ჰგავს, სწორედ მაშინ ჩნდება როდესაც არ ელოდები. თუმცა პატრონისგან განსხვავებით ამ ძაღლის თვალებიდან ისეთი სითბო იღვრება, სრულიად უგულო ადამიანსაც კი თავს ერთი ნახვით შეაყვარებს. მის მზერაში ვხედავ ნდობასა და უპირობო ერთგულებას. როგორ შეიძლება მისნაირ ადამიანს ძაღლი ჰყავდეს, თან ისეთი როგორიც ესაა. ჩავიმუხლე და ხელი გადავუსვი, სიამოვნებისგან ფეხებთან გამიწვა, კუდის ქიცინით. საინტერესოა ადამიანის ბუნება. ემოციები ჯერ ქარბორბალასავით დამატყდებიან, ამაფორიაქებენ და მერე კი ისე გამოიდარებს ხოლმე, ვითომც არაფერი მომხდარა. რამდენჯერ გქონიათ სიტუაცია, როცა ჯერ საერთოდ არაფერი საინტერესო ხდება შენს ცხოვრებაში, ყველაფერი უღიმღამოდ მიედინება, გრძნობ რომ დანებება გინდა და მეტის ძალა აღარ შეგწევს ასე გააგრძელო, შემდეგ კი თითქოს არსაიდან ერთდროულად ათასი შანსი ჩნდება, რომელსაც თან მოჰყვება აქამდე არარსებული შეგრძნებები და იმედები. გინდა საკუთარ თავს მისცე უფლება რომ შეაბიჯო განსხვავებულ სამყაროში, რომელიც სრულიად უცხოა შენთვის. ბუნებრივია, მომენტალურად შიშიც გიპყრობს, მაგრამ გამბედაობა ებრძვის მას. მჯერა, როდესაც დიდია სურვილი გამოფხიზლების ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებ. გონებაში სიტყვები ‘’იქნებ გამომივიდეს’’ მოსვენებას არ გაძლევს. შიგნიდან რაღაც მოუსვენრობა გრღრნის, გრძნობ რომ შენს სულს მხოლოდ გამოცოცხლება აკლდა ამ ხნის მანძილზე. არასასიამოვნო მომენტები იმდენად გექაჩებიან ჭაობისკენ, რომ გავიწყდება როგორია სუფთა წყალში ცურვა. გადამწყვეტი მომენტი მხოლოდ მაშინ დგება შენს ცხოვრებაში, როდესაც სასწორზე დებ წინ ნაბიჯის გადადგმას ან ცდის გარეშე დანებებას. ცხოვრებაში სულ ცოტა ერთხელ მაინც იქნებოდი ამ მდგომარეობაში. ვერ ვიტყვი რომ ეს ჭიდილი ოდესმე სრულდება, ასე ხომ ფერებს დაკარგავს ცხოვრება. სულ გამარჯვებული სიარული ან პირიქით, მოსაწყენი და უინტერესო გახდება. გზად დახვედრილი გამოწვევების გადალახვა დღითიდღე გზრდის და გაძლიერებს. კვებავს შენს სულსა და გონებას. შეუჩერებელს გხდის. ამ ფიქრებში წასული გავცქერი ჰორიზონტზე გაწოლილ უსასროლობას, რომელიც უერთდება ცას. თითქოს ერთნი გამხდარიყვნენ. უდიდესი სიმშვიდე მოაქვს ჩემამდე. კარი მივხურე და ფიქრების უსასრულო ტალღები უკან, თავის ადგილას, გავუშვი... ~ „მეგობრები ახლოს უნდა გყავდეთ, ხოლო მტრები – კიდევ უფრო ახლოს” ეს გამოთქმა მიტივტივებს გონებაში, როცა მას ვუყურებ. თან მიკვირს ჩემი საქციელისაც. ძალიან აუღელვებლად კარადის კარი გამოაღო და შავი, საშუალო ზომის ფინჯნები გადმოიღო, არც გამკვირვებია. გაზქურაზე შემოდგა ჩაიდანი, აი ისეთი ადრე ბებოს რომ ჰქონდა. ბავშობის სასიამოვნო ჟრუანტელი მომიტანა მისმა დანახვამ. თან მის ხელებს ვაკვირდები დაჟინებით. ყველა გზას ვეძებ რითიც მის პიროვნებას ამოვიკითხავ. ჩემთვის ‘’უმნიშვნელო დეტალები’’ უფრო მეტის მთქმელია ვიდრე სხვა დანარჩენი. ცხოვრება თავის კვალს ტოვებს სხეულის ყველა ნაწილზე. გინდაც საუკეთესოები ვიყოთ მათ დამალვაში რაღაც მომენტში მაინც გამოვამჟღავნებთ საკუთარ თავს. ხოდა მეც ამ მომენტს ველოდები, რომ სადმე რაღაც შეეშლება და ერთი ნაბიჯით წინ აღმოვჩნდები. სიმშვიდე ვიქტორია, მხოლოდ ასე თუ გაიმარჯვებ. მკვეთრად გამოყოფილი ძარღვები ხელებზე მეუბნებიან, რომ ან მძიმე სამუშაოს ასრულებს ან ვარჯიშობს, არვიცი. მისი ხელების ყოველი მოძრაობა სიმტკიცესა და თავდაჯერებულობას ასხივებს. მის კვალობაზე ძალიან საეჭვოა. უსახლკაროსავით გამოიყურება, ძაღლი ჰყავს და ასეთ ადგილას ცხოვრობს. მე კი მის სამზარეულოსა და მისაღების გასაყარზე ძალიან აუღელვებლად ვზივარ დივანზე, და ამ მანიაკის თამაშში ვიღებ მონაწილეობას. გამოდის მეც არანაკლებ გავგიჟდი და ჭკუა სულ დავკარგე. ახლა მხოლოდ კითხვებს მინდა გაეცეს პასუხი, რომლებიც მჭამენ და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევენ. მხოლოდ ფიქრი, მოქმედების გარეშე, უაზროდ დაკარგული ძალისხმევაა. -შაქარი? - უცებ შევხტი მის ბოხ ხმაზე - თუ დაასრულე ჩემი თვალიერება, იქნებ მითხრა რამდენი კოვზი შაქარი გესიამოვნება - უხეში იდიოტი, ახლა შენი დალურჯება უფრო მესიამოვნება - უშაქრო - მეტი აღარფერი მითქვამს. უბრალოდ მის გონებაში მინდა შემეღწია და ყველაფერი ამომეკითხა. თვალებში მიყურებს. მისმა მზერამ რაღაც ნაცნობი განცდა გააღვიძა ჩემში, მაგრამ ვერაფრით ვერ ამიღწერია. არც მე ვაცილებდ თვალს. ბოლოს ისევ თვითონ დაარღვია ჩვენს შორის გაბატონებული სიჩუმე. - რაღაც აღარ სვამ კითხვებს.- ირონიულად ჩაიბუტბუტა. ადუღებული წყალი ჯერ ერთ ფინჯანში დაასხა, მერე მეორეში. უცებ მარჯვენა ხელი აუკანკალდა და მეორე ხელზე, რომლითაც ფინჯანი ეჭირა, გადაესხა მდუღარე წყალი. მის მაგივრად მე ვიგრძენი ამით გამოწვეული სიმწარე. წამოვიწიე მინდა მივეხმარო, თუმცა დახმარების განცდა ჩაანაცვლა სიამოვნების გრძნობამ. ასეც მოგიხდება, ჩემდა უნებურად გამეფიქრა. ოდნავ შეიშმუშნა, წარბები მძმედ შეკრა, კისერზე რამდენიმე ხაზად ძარღვები დაეჭიმა. სველი ხელი შეიმშრალა. სულ ეს იყო რაც გააკეთა. მგონი მართლა არ არის ადამიანი და რაღაც არაამქვეყნიური არსებაა. ასეთი რამ ვის გაუგია. ხელზე დავაკვირდი, წითლად დაეტოვებინა კვალი აქაფქაფებულ წყალს, უარესსაც ველოდი. არ მოკვდება. - მგონი აჯობებს მალამო წაისვა, მსუბუქ დამწვრობას არ ჰგავს. - აქ იმისთვის ხარ, რომ მე დაგეხმარო და არა შენ, პატარა ქალბატონო. ამიტომ ჩემს საქმეში ნუ ჩაერევი. - მხოლოდ დახმარება მინდა, რაც გინდა ის გიქნია. საერთოდაც ეს რა მიმართვაა. სიტყვები აკონტროლე. - ტკივილმა სახეზე გადაურბინა, უმნიშვნელოდ, თუმცა მოვასწარი ამის შემჩნევა. ვერაფერს გამომაპარებს. თავისი ყავა მოიტანა და ჩემი ფინჯნის მოპირდაპირედ დადო. თვითონ კი საწოლისკენ წავიდა, კარადა გამოაღო და სულ რამდენიმე წამში უკან დაბრუნდა შესახვევი ბინტითა და მალამოთი ხელში. რატომღაც მოუსვენრად აქეთ-იქით ვმოძრაობ. არვიცი რა უნდა გავაკეთო. ყოველი მცდელობისას ვაფუჭებ ყველაფერს და უბედურებას ვატრიალებ. მოსიარულე კატასტროფა ვარ. ახლა კი მასთან ერთად ყავასაც ვსვამ და დამწვრობა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც მადარდებს. იმდენი რაღაც მოხდა რამდენიმე დღეში, რომ გადახარშვა და მათი თანმიმდევრობით დალაგება მიჭირს. გონებაში კვანძივითაა აბლანდული ყველა ფიქრი. არ ვიცი რომელ ერთიდან დავიწყო. ალბათ დროდადრო ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე. მძმედ ამოვისუნთქე. ახლა წუწუნის დრო არ მაქვს. უბრალოდ ის მაწუხებს, რომ არ ვიცი რა არის სწორი და რა არა. იმედი მაქვს ამას პროცესში გავერკვევი. ახლა კი წინათგრძნობა მეუბნება რომ აქ უნდა ვიყო, რასაც უნდა ვაკეთებდე ბოლომდე მივიყვან, შუა გზაზე არ მივატოვებ, როგორც მჩვევია ხოლმე. -შემიძლია დაგეხმარო. - არ მინდა. თვითონაც ვუმკლავდები. - არც მიკითხავს. მეც ერთხელ ვამბობ და მეტჯერ არა. თხოვნას არ დაგიწყებ. - ჩემს სიტყვებს იმეორებ? - სამაგისოდ საკმაოდ დიდი ვარ. - ახლა კი კარგად ჩანს როგორ ჩაეღიმა. - ჩემი ხელი როგორ უნდა განდო, როცა ისეთი თვალებით მიყურებ თითქოს ჩემი მოკვლა გინდოდეს. რა ჭკვიანიც ყოფილა, ზუსტად გამოიცნო. - ჯერ უსაფრთხოდ ხარ, მერე ვნახოთ. - ისეთი ტონით ვუთხარი, რომ ნათქვამმა მეც კი შემაკრთო. ხელი გამომიწოდა. მალამო ამოვიღე და თხლად გადანაწილება დავიწყე. მგონი ვენები ახლა უფრო ამოსულიყო კანის ზედაპირზე. თითით ნაზად გადავუსვი გაწითლებულ ადგილას. მინდოდა ჩამეჭირა და არ გამეშვა მანამდე სანამ სიმართლეს არ დავაფქვევინებდი, თუმცა ამდენად მანიაკი წესით არ უნდა ვიყო. - ისევ გაყინული გაქვს ხელები. - რას ქვია ‘’ისევ?!’’ ამ სიტყვებმა გამომაფხიზლეს თუ საიდან უნდა დამეწყო ჩემი ფიქრების დალაგება. მართლაც რა ჯანდაბას ვაკეთებდი დილით მის საწოლში?! - შენ ხომ არ შეიშალე. თურმე ვერ შევამჩნიე ისე ჩავარსე ფრჩხილები. სულაც არ გამიკეთებია შეგნებულად. თავისით მოჰყვა ფიქრებს. - ძალით არ მინდოდა. - მეტის თქმის ღირსი არც არის. - ამას ყველაზე ნაკლებად დავიჯერებ ახლა. - არ მაინტერესებს. მოდი ჯერ იმის ახსნით დაიწყე თუ რას ვაკეთებ შენს სახლში?- ნუ თუ შეიძლება ამას სახლი ეწოდოს. გულში გავიფიქრე. - წესით ეგ შენ უნდა იცოდე. დამცინავად ჩაილაპარაკა. - პასუხი გამეცი. გუშინ უკანასკნელი რაც მახსოვს ჩემი სახლის კარზე კაკუნია. დილას კი აქ გავიღვიძე. როგორ შემოაღწიე? ან რა გესაქმებოდა იქ? ჩაფიქრებული თვალებით მიყურებს. ხელით წვერს შეეხო, ცოტა ხნით ასე ამოძრავებდა თითებს. რამდენიმე წამიც კიდევ მიყურა დაკვირვებით და როგორც იქნა პასუხი მაღირსა. - სადღაც გამთენიის პირველი ორი იქნებოდა როდესაც სანაპიროსთან ახლოს გიპოვე, სრულიად უგონო მდგომარეობაში. - სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა გულიანად ამიტყდა სიცილი. ამასობაში ბინტით გადავუხვიე ხელი. ბოლოს ასე როდის გავიცინე არც კი მახსოვს. ახლა რომ ყველაფრის ჩემზე გადმობრალებაც უნდა. ჭკვიანი ჰგონია თავი. - მორჩი მასხარაობას? - როცა მისი სახე კიდევ უფრო სერიოზული დავინახე სიცილი სახეზე შემახმა, ისევ მე გავაგრძელე - თავს ასეთი იაფფასიანი ტყუილით როგორ იმართლებ თავს, გრცხვენოდეს! - ხმაში ზიზღი უფრო მეტად ერია ვიდრე შიში. - გეყოფა! - ხმის ტონს აუწია - შეხვედრის მომენტიდან ერთი და იგივეს გაიძახი, საკმარისია! კარი ღიაა სადაც გინდა იქ წასულხარ! თუ არ გინდა დახმარება უბრალოდ ადექი და წადი. არავინ არ გაკავებს აქ - ეს საერთოდ რა იყო. ვერც კი ვაანალიზებ მის სიტყვებს. ერთ რამეში ნამდვილად მართალია. მაგ დროისთვის რა მესაქმებოდა სანაპიროსთან, ან როდის და როგორ მივედი იქამდე. ღმერთო ჩემო! ასეთი რამის მოტყუება და მოგონება როგორ შეიძლება. მოიცა, რა იქნება თუ სიმართლეს ამბობს. ფაქტია, რომ საერთოდ არაფერი მახსოვს. ისიც ერთი და იგივე სიტყვას ‘’დახმარება’’ გაიძახის. რა იქნება თუ ესეც სცენის ნაწილია. რაც უნდა იყოს ასე მარტივად ვერ ვენდობი. - შენი დასახმარებელი არაფერი არ მჭირს. - მაშინ მასეთ დროს რას აკეთებდი გარეთ, თან გათიშულ მდგომარეობაში. ვინიცის მე რომ მანდ არ ვყოფილიყავი დღეს საერთოდ თუ გაიღვიძებდი. ხო, მადლობის თქმა საჭირო არაა. მაინც ჩემი მოვალეობაა შენნაირების სიცოცხლის გადარჩენა. ცოტა მადლიერება მაინც გამოიჩინე და ყურადღება მიაქციე რას გელაპარაკები. შენთვისვე სჯობს ისევ. პირველად ვნახე, რომ წონასწორობა დაკარგა და მწყობრიდან გამოვიყვანე. - შენი საქმე ნამდვილად არაა რა მჭირს ან რა მომივიდა. ზედაპირულად სიტუაციისა და ადამიანის შეფასებაც არაა შენი მოვალეობა. სჯობს შენს თავს მიხედო. - ალმაცერად ავათვალიერე. იმის საპირისპიროს ვაკეთებ ახლა რაც მას ვუთხარი. მეც ზედაპირულად ვაფასებ, მეტი არცაა საჭირო. მან კი მხოლოდ ირონიულად ჩაიცინა. - მგონი რადგან ჩემამდეც მოვიდა საქმე, უნდა დავინტერესდე კიდეც. ნამდვილად არ მაქვს სურვილი ერთ დღესაც შენს უსიცოცხლო, გაყინულ სხეულს გადავაწყდე სადმე. - ამან რა უნდა გამიკეთოს, საკუთარ თავზე ნამეტანი დიდი წარმოდგენა აქვს. რატომ ჰგონია, ჩემს თავს მისნაირ პირფერ ადამიანს ვანდობ. უკვე სასაცილოდაც მეჩვენება. საცოდავი. კიდევ კარგი შეხედულება ოდნავ მაინც უვარგა თორე ნამეტანი იქნებოდა ყველაფერთან ერთად. ჩემს თავზე გამეცინა, რა დროს მისი გარეგნობაა. ჩემი სიტუაცია მთლად სახარბიელოდ არ გამოიყურება. აჰა, ისევ მართალია. ის რომ არ ყოფილიყო აქ არ ვიქნებოდი. ცოცხალი არ ვიქნებოდი. მან მართალია გადამარჩინა, მაგრამ ასევე მარტივად შეუძლია წამართვას სიცოცხლე, რადგან უკან დაბრუნება არანაკლებს ნიშნავს ჩემთვის. გადამარჩინა რომ ბოლო მომიღოს. ასეთი რამ რაში მჭირდება ან მე ან მას. - უბრალოდ მოკეტე. არაფერი არ მჭირდება შენგან. - მგონი იმიტომ ვბრაზობდი, რომ რაღაცაში მაიინც ვეთანხმებოდი. ნამდვილად არ მახარებს ეს ფაქტი. ასე თუ ერთხელ დამემართა, შანსები მეტია რომ კიდევ განმეორდეს. - მაშინ ჯერ კიდევ აქ რატომ ხარ? - მისი მზერა კმააყოფილების გრძნობამ აავსო. - პასუხებისთვის. მართალია უარყოფ ყველაფერს, მაგრამ სიმართლე... ისევ მაწყვეტინებს. - შენთვის სათქმელი არაფერი მაქვს. შენ თუ შენი მდგომარეობა არ გაინტერესებს მე სულ არ დამაინტერესებს. თან სულ ‘’ მას’’ გაიძახი, რა იყო შენი ყოფილი ხომ არ გადაგეკიდა. ჩაეცინა, მის ირონიულ ტონს კი უკვე მარტივად ვცნობ. - შენგან ნამდვილიად კარგი მსახიობი დადგება. - სხვათაშორის, შენზე საკმაოდ საინტერესო ამბავი გავიგე. - ახლა რაღა უნდა. მან ხომ ისეც იცის. რა თქმა უნდა, ყველაფერს არ მოუყვებოდა, მაგრამ არც დააკლებდა. - ეჭვიც არ მეპარება. - არანაკლებ ირონიით ვუპასუხე. მის ანკესს არ წამოვეგები. - ესეიგი შენ ხარ ადამიანი, რომელიც ტყის ქოხში ცხოვრობს. - სახეზე ოდნავი გაოცება ეტყობა. ჩემი სახლიც სცოდნია, ამიტომ ეჭვგარეშეა ეს ყველაფერი მისი მოწყობილია. იმის მაგივრად რომ შემეშინდეს და გავიქცე როგორც ამას ვაკეთებ ხოლმე, ძალიან მშვიდად ვზივარ მის წინ. მგონი მომწონს როდესაც ხიფათში ვყოფ თავს ხოლმე, თან მაგნიტივით სულ ვიზიდავ. თუ საჭირო გახდება მასზე ნაკლები მანიაკი არც მე ვიქნები. კმაყოფილებამ მომიცვა მთლიანად. კიდევ უფრო მეტი გამბედაობითა და თავდაჯერებულობით ვუპასუხე, ძალიან მშვიდად. ნუთუ ასეც შემძლებია. ჩემს თავზე გამეცინა მეთვითონვე. - რა თქმა უნდა, გეცოდინება სადაც ვცხოვრობ. ჩემს იქით წასასვლელი არსად გაქვს. ნუ ახლა თანაბარ მდგომარეობაში ვართ - თვალი მის ავტობუსს მოვავლე. - იუმორიც გქონია, პატარა ქალბატონო. - თავს იმდენის უფლებას აძლევს რომ ისევ ასე მომმართავს, მეზიზღება. - გამოდის მაგ სახლზე არაფერი გსმენია, რადგან მანდ გადაწყვიტე ცხოვრება. - რა უნდა ვიცოდე? - არ მინდოდა ამ კითხვის დასმა, თუმცა ცნობისმოყვარეობამ მძლია. ნეტავ რას ბოდავს. რა არის ამისთანა, რაც მან იცის. ის ერთი უბრალო, ხის მყუდრო სახლია, უფრო სწორად ქოხი. თან ნამდვილად არ მინდა იმის მოსმენა რაც მან უნდა თქვას. უკვე ვგრძნობ რომ არ მომეწონება. მისგან კარგი არაფერია მოსალოდნელი. - არ მინდა შეგაშინო. - ასეთი რის თქმას აპირებს. ან რატომ ჰგონია რომ დავუჯერებ მის ნათვქამს. - გისმენ. მეტჯერ არ გკითხავ. - ყავა მოსვა, ფანჯარაში ჩაფიქრებული, მრავლის მთქმელი თვალებით იყურება. ამ მზერით სრულიად სხვა ადამიანს ჰგავს. მუქი, შავი თვალები გარეთ, სივრცეში იცქირებიან. მისი ფიქრები კი სადღაც შორს დაფარფატებენ. მასში სულ სხვა ადამიანი დავინახე. აქამდე მტკიცე სახე წამებში ჩაანაცვლა სევდამ, რომლის სიღრმეც უსასრულოა. რა ისტორიაა ამისთანა, რომ მისნაირი ადამიანიც კი ასეთმა დარდმა მოიცვა და მასზე, როგორც ადამიანზე ისე დამაფიქრა. არ მინდა მის ფიქრებში შეჭრა. არც ეს ისტორია მადარდებს, ჩემს თავს კიდევ მე მივხედავ არავის დახმარება არ მჭირდება. არავინ არაფერს გააკეთებს შენთვის. არავის არ აინტერესებს შენი ჭრილობების სიღრმე. არავინ არ ფიქრობს შენზე. ამ ყველაფერს მხოლოდ თავად აკეთებ.ამიტომაც არავინ არ მოვა შენს გადასარჩენად. ასე რო რაც უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული ყველაფერს გავუმკლავდები. მჯერა საკუთარი ძალების. ქურთუკი ავიღე და გამოვეცალე, ნება მივეცი დარჩენილიყო იმ ფიქრებში, რომელიც ცოტახნით მაინც აგრძნობინებდა თავს ადამიანად. ხანდახან გამორიდება ყველაზე დიდი დახმარებაა, რაც კი შეიძლება ერთმანეთს გავუკეთოთ. საკუთარ თავთან დარჩენა ძალიან აუცილებელია. ამდროს მთლიანად საკუთარი თავი ხარ და არ გიწევს მოჩვენება ძლიერ ადამიანად. მართალია ბევრი კითხვა ისევ დამრჩა პასუხგაუცემელი, მაგრამ ამჯერად ასე აჯობებს. ცოტა დრო მაინც მინდა, რომ გავიაზრო ჩემი მდგომარეობა და დაფიქრებულად გადავდგა შემდეგი ნაბიჯი. გზას გამოვუყევი, საკმაოდ ცივა. ქურთუკი ბოლომდე შევიკარი და ქუდი წამოვიფარე. ისევ და ისევ არ ვიცი სად ვარ, მაგრამ ვხვდები საითაც წავიდე. გზას პირდაპირ მივუუყვები, ამჯერად ვიცი იქ რაც დამხვდება და ეს ყველაზე მეტად მახარებს. წარსულს ვერ ჩავეჭიდები, უნდა გავუშვა, რადგან ის მხოლოდ უკან მექაჩება. უმძიმესი ტვირთივითაა, რომელიც ზურგზე მაქვს მოკიდებული. ძლივსძლივობით მივღოღავ, ხშირად ვეცემი და წამოდგომა ყველაზე მეტად ჭირს. რაც შეიძლება მალე უნდა გადავდო გვერდით და მსუბუქად განვაგრძო გზა. ახლა ეს ყველაზე მეტად მინდა, მაგრამ ჩემი ტვირთი ხომ უმძიმესია. მის მოშორებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, თუნდაც რომ არ ვნანობდე. მობილურზე ელენეს ნომერი ავკრიფე. იქნებ ისიც გავიგო გადარჩა თუ სამუდამოდ მოვიშორე. იმიტომ კი არ მაინტერესებს მისი უბადრუკი სიცოცხლე, რომ დანაშაულის გრძნობა მაწუხებს, არამედ დამეზუსტებინა მან გამომიგზავნა ეს ადამიანი და ასევე პოლიციის შიში უნდა მქონდეს თუ არა. ასე შედარებით დალაგდება ჩემი გეგმების რაღაც ნაწილი მაინც. ამჯერად ზემოდან დავცქერი აბობოქრებულ ზღვას. აღელვებულ ტალღებს ერთი მეორის მიყოლებით ახეთქებს ნაპირს. მობილურს ვუყურებ მხოლოდ დაწოლაღა დამრჩა, მაგრამ ვყოყმანობ. ჩემი ერთი ნაწილი მეუბნება, მისი ხმის მოსმენა მესიამოვნება და თან ამბავსაც გავიგებდი. მეორე ნაწილი მარწმუნებს რომ თავს საფრთხეში ვიგდებ. გული და გონება საბრძოლო არენაზე ინაცვლებს. დიდი ბრძოლაა, ნეტავ რომელი გაიმარჯვებს... მზერა მოვაცილე ეკრანს. მობილურს თავიდან ვიშორებ. წყლისკენ ძალიან მსუბუქად მიემართება. წამიერად გაისმა შხაფუნის ხმა და სამუდამოდ იკარგება მასში, თითქოს ზღვამ გულში ჩაიკრა. ცას ავხედე. მზე ღრუბლებში მორიდებით იმალება. ქარი ისე ძლიერად უბერავს, როგორც ჩემი სული, რომელიც თავისუფლებისკენ მიილტვის. მინდა ფრენა შემეძლოს. ცაში ავიჭრა, აგორებულ ტალღებს მივუახლოვდე, მათ რიტმს ავაყოლო ფრთები. ხელები გავშალე, თავს ისე ცოცხლად და ნამდვილად ვგრძნობ. სულში სიამოვნებისგან გამეღიმა. ამჯერად თავი მზის, ღრუბლების, ქარისა და ტალღების ნაწილად მიმაჩნია. სხეული ისე შემიმსუბუქდა მგონია ტალღებზე ვიყავი გაწოლილი. მინდა ეს გრძნობა დიდხანს გამყვეს. ფიქრი შევწყვიტე და სმენად გადავიქეცი. ჩემს საყვარელ მელოდიას ვუსმენ, რომელსაც ბუნების ყოველი ნაწილი ერთმანეთთან შეთანხმებულად ქმნის. მძიმე ლოდი, რომელიც გულზე ტვირთად მაწვა და სუნთქვას მიკავებდა, ქარის ნაკადებმა ერთიანი ძალებით გადააგორეს და ისიც უსასრულობაში გაისტუმრეს. სხეული ქარის მიმართულებას ავაყოლე. მეც მასთან ერთად ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ ნელა ვირხევი, ისე თითქოს ვალსს ვცეკვავდე. მეგონა დრო გაჩერდა... წელზე შემოხვეულ ხელებს ვგრძნობ, ძლიერად მიჭერს. ისე ახლოს მიკრავს, მისი სხეულის სითბო ჩემამდეც აღწევს. გახშირებული სუნთქვისა და გულის ხმა რიტმულად ჩამესმის. ისე რეალურია შეგრძნება, ჩემი ფიქრების შემრცხვა. - გთხოვ, უბრალოდ უკან დაიხიე. - ნაცნობი ხმა ჩამესმის. ის ისე ახლოს არის ჩემთან, რომ მის გახურებულ ტუჩებს ვგრძნობ. ეს ხმა აღარ უნდა მეჩვენებოდეს. გავშეშდი, ნელი ნაბიჯით შევტრიალდი. ჩემს წინ მამაკაცის სხეულია. პირდაპირ ვიყურები, რადგან სახეზე შეხედვის მეშინია. შავი მანტო ფარავს მის განიერ და ძლიერ მხრებს. ნელნელა მზერამ მის სახემდეც მიაღწია. გამორიცხულია! - ისევ შენ?!- სიტყვებს ვერ ვპოულობ სიმწრისგან. მგონი ლატარიაში მოვიგე, მაგრამ რა ჯანდაბად მინდა. მისგან სარგებელს ვერ ვნახავ. - მომაშორე წყეული ხელები - მკერდზე ძლიერად მივკარი, მაგრამ მის ტანთან შედარებით ეს ბიძგი არაფერია. - გამიშვი! - უკვე ყვირილზე გადავედი. - კარგი, მშვიდად. უბრალოდ რამდენიმე ნაბიჯით გამოიწიე - მის ტონში რაღაც შეცვლილიყო, ისევ ისეთი ცივი და მტკიცე იყო, მაგრამ თითქოს რაღაც სხვაც ერია. - შენი საქმე არაა! შეწყვიტე ჩემი უკან დევნა! თუ გინდა, უკან დმაბრუნო მიდი აქ ვარ! რაღას ელოდები?! დაურეკე მას და გააბედნიერე ამ ამბით! ამ უკეთესი თავიდან თუ მომიშორებ, შეიძლება ძეგლიც კი დაგიდგას, აღფრთოვანებისგან! ნუღა წელავ დროს!- რამდენიმე წუთის წინ რაც სიმშვიდე მქონდა, ახლა მისგან აღარაფერი შემომრჩა. სიმწრის ნაკადებმა ამოხეთქეს ერთიანად. იმდენად გაცეცხლებული ვარ, კონტროლი მომენტალურად დავკარგე. ვხედავ, ტუჩიდან სისხლი მოსდის. ამის დანახვამ ისკოშმარი გამახსენა. ისევ მის სხეულს ვხედავ, საძინებლის იატაკზე გდია და სისხლი სდის. ბრაზი დიდ ბურთად გადაქცეულა, რომელიც ყელში მაქვს გაჩხერილი. ვეღარ ვსუნთქავ. - ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე- ასეც ვიქცევი. - ყველაფერი რიგზეა, მიდი ცოტაც - ზურგზე ხელს მსუბუქად მისვამს. ბოლო ამოსუნთქვაც და ვგრძნობ, დავბრუნდი. - ხელს გიშვებ - ისე მშვიდად მიყურებს ასე მგონია ადამიანის ეს მდგომარეობა სრულიად ნაცნობია მისთვის. მის ტუჩს ვუყურებ. - ტუჩზე რა მოგივიდა? - ნუთუ ეს მე ჩავიდინე? იმედი მაქვს რომ ვცდები. - არ გახსოვს? კარგი, არ იფიქრო ამაზე. დავიმსახურე კიდეც.- ისევ ვერ გავაკონტროლე ბრაზი?! კიდევ კარგი რომ უფრო სერიოზული არაფერი ჩავიდინე. საკმარისი ტვირთი მაწევს კისერზე. ვერ ვხვდები როდის იღვიძებს ჩემში მეორე ‘’მე’’ ან რა მემართება ხოლმე. რით ვერ სრულდება ეს გამუდმებული ომი. წარსულსა და აწმყოს შორის ვარ გაჭედილი. როცა ამოვისუნთქავ, თავს გაღიმების საშუალებას ვაძლევ მაშინვე მოდიან წარსულის აჩრდილები. ისიც ვიცი, ასეთი შეუდრეკელი და ძლიერი ვერ ვიქნებოდი რომ არ გამომევლო ის ყველაფერი. უბრალოდ მეც ადამიანი ვარ და სული მიმძიმს ყოველ ჯერზე, როცა ფიქრები უკან მაბრუნებენ. ის ჯერ კიდევ აქ დგას. ზემოდან დამცქერის, ისე თითქოს ჩემი ბედი ადარდებდეს. მე კიდე გაოცებული ვუყურებ. არადა პირიქით უფრო უნდა იყოს. წუთების წინ ჩემს თავს არ ვგავდი. - აქ რამ მოგიყვანა? მერე ისევ მე მიწოდებ მანიაკს, როდესაც წამით არ მაცდი მარტო დარჩენას. ვერ გავიგე ჩემგან რა გინდა. თუ არაფერი, უბრალოდ შემეშვი თუ რამის მოყოლას აპირებ მაშინ გისმენ. ბოლოჯერ გეუბნები. - აქ დგომით რის გაკეთებასაც აპირებდი, შემდეგში აღარ გაიმეორო. - პასუხი გამეცი. - უბრალოდ შენი გადარჩენა მინდოდა. - გადარჩენა? - არვიცი ასეთი რა მოხდა, მაგრამ ამაზე აღარასოდეს გაიფიქრო. გამოსავალი ყველაფრიდან არსებობს, დამიჯერე. მაშინაც კი თუ ამ ეტაპზე ვერ ხედავ, მენდე, აუცილებლად იპოვნი - მოიცა ამას ეგონა, გადახტომას ვაპირებდი? - სასაცილოდ არაფერი მითქვამს, მაგრამ კარგია თუ გამხიარულდი - ამაზე საკმაოდ დიდი ხანია აღარც მიფიქრია, მითუმეტეს ახლა. მომენტებში ისე იცვლება მისი სახე, დამოკიდებულება, რომ ვერ გამიგია მათ შორის რომელია რეალური. რაში მაინტერესებს. ნამეტანი ბევრს ლაპარაკობს. მგონი როლები გავცვალეთ. - იმედია სიმშვიდე ტყუილად არ დამირღვიე. გისმენ. - საწოლში ეს დაგრჩა, მინდოდა დამერუნებინა.- ხელში ჩემი საყვარელი ყელსაბამი ეჭირა მისი ნაჩუქარი.საუბარი ისევ თვითონ განაგრძნო - როცა დაგინახე კიდესთან მდგომი ... ახლა მე გავაწყვეტინე. - არაფერს არ ვაპირებდი. ასეთი უჭკუა არ ვარ. ახლა შეგიძლია მიბრძანდე ან საბოლოოდ ამოღერღო სათქმელი. - ჩემს ასეთ თავდაჯერებულობას არც ის და არც მე არ ველოდით. მის სახეზე ამის ამოკითხვამ სიამოვნება მომიტანა. თან მგონი პასუხმაც გაახარა. ცოტა ხანსაც ვაცდი. ვგრძნობ რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ ყოყმანობს. მისი დრო არ მაქვს. თუ რამის თქმას გადაწყვეტს იცის სადაც უნდა მომძებნოს. - მიდიხარ?- ახლა ყოველი ნაბიჯის გადადგმაზეც საქმის კურსში უნდა რომ ვამყოფო?! - მივდივარ! ცოტა ხნით მაინც მაცადეთ სუნთქვა! - ისე რომ აღარაფერი მითქვამს გზა გავაგრძელე. მანამდე არ შევწყვეტ წინ სიარულს სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევ. ცხოვრებას მანამ გავაგრძელებ, სანამ თითოეული წამი ჩემს ხელშია. დრო დაუნდობელი ჰგონია ყველას, მაგრამ იქნებ სინამდვილეში ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც დაუნდობლად ვეკიდებით ყოველ წუთსა და საათს, რომლებიც არასდროს დაბრუნდება. იქნებ დრო მხოლოდ გამაფრთხილებელია – ჩუმი შეგონება, რომ ყოველი წამი, ყოველი ამოსუნთქვა ღირებულია.