ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

არ დაგავიწყდეთ რომ კოშმარიც სიზმარია

არ დაგავიწყდეთ რომ კოშმარიც სიზმარია

არ მეგონა თუ ჩემი ამბის მოსაყოლად ოდესმე მაინც მეყოფოდა გამბედაობა. წლების მანძილზე დარდს გულში ვიმარხავდი, გასაჭირს უახლოეს მეგობრებსაც არ ვუზიარებდი და ვცდილობდი ცხოვრება ისე გამეგრძელებინა, ვითომ არც არაფერი მომხდარა. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობდი, რომ ძალადობის მსხვერპლი ჩემ გარდაც ბევრი იყო და ერთადერთი ქალი არ ვიყავი, ვიზეც იძალადეს. ‘’თუ მათ გაუძლეს, მეც გავუძლებ. საჭირო არ არის მთელმა ქვეყანამ გაიგოს ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ.’’ ასე ვეუბნებოდი საკუთრ თავს და ვაიძულებდი ენისთვის კბილი დამეჭირა. სიმართლე გითხრათ, არც საზოგადოების მხარდაჭერის იმედი მქონდა. ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, საქართველოში ქალების მიმართ სოლიდარობა უცხო ხილია. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ჩემი ყოფილი ქმარი ხალხის თვალში იდეალური მამაკაცი იყო და ზუსტად ვიცოდი ყველა მის მხარეს დაიჭერდა. ბევრს მისი ქმედებები ძალადობად არც კი მოეჩვენებოდა. ამ მიზეზების გამო ვდუმდი, მაგრამ ერთ დღესაც მივხვდი, რომ ასეთ შემთხვევაში დუმილი დანაშაულია. სანამ მე ჩუმად ვარ და მოძალადის მხილებაზე უარს ვამბობ, საქართველოში ფემიციდის შემთხვევები საგანგაშო სისწრაფით იზრდება. თუ ჩემი ისტორიის წაკითხვა ერთ გოგონას მაინც გადაარჩენს მოძალადის კლანჭებში ჩავარდნას, თავს ვალდებულად მივიჩნევ ყველაფერი დეტალურად მოგიყვეთ. თან კი მინდა, რომ მოძალადის ამოცნობის ათი ნიშანი გასწავლოთ. მაშ ასე. დავიწყოთ.                                                            I ნიშანი                                               ზედმეტი ყურადღება                                                                  თავი I - გაცნობა                     ყურადღება ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით კი იმ მამაკაცისგან, რომელიც მოგწონს ან გიყვარს. გაბედნიერებს მორთმეული ყვავილები, მოკითხვა, ტელეფონზე საუბარი, დილით მოსული ტექსტური შეტყობინება თუ თოთხმეტ თებერვალს მიღებული სასიყვარულო ბარათი. ხშირად, ვწუწუნებთ საყვარელი ადამიანების უყურადღებობაზე, მაგრამ არასდროს მსმენია ვინმეს პარტნიორის გადაჭარბებული მზრუნველობა ან საჩუქრების სიმრავლე გაეპროტესტებინოს. თავიდან ვერც მე ვხედავდი ამ ყველაფერში პრობლემას, პირიქით განგებას ყოველდღე მადლობას ვწირავდი რომ დემეტრეს თავი გამომიგზავნა. დემეტრე… ახლაც ჟრუანტელი მივლის მისი სახელის ხსენებაზე. ზიზღი, შიში, სასოწარკვეთა, პანიკა, შფოთვა - რაც რამ ნეგატიური გრძნობა არსებობს ყველაფერს ერთად ვგრძნობ. მინდა დროში ვიმოგზაურო, საკუთარი თავის ძველი, გამოუცდელი და გულუბრყვილო ვერსია გავაფრთხილო და ვუთხრა რომ გადამეტებული ყურადღება წითელი დროშაა. რადგან წარსულს ვეღარაფრით შევცვლი მინდა მომავალი მაინც გადავარჩინო. ამიტომ პირდაპირ გეუბნებით, რომ ერიდეთ კაცს, რომელიც თქვენ მიმართ ზომაზე მეტ ყურადღებას იჩენს. უნდა გიხაროდეთ თუ გკითხათ როგორ ჩაიარა თქვენმა დღემ, მაგრამ თუ ამას არ ჯერდება და ცდილობს გაარკვიოს კონკრეტულად რომელ საათზე რომელ კაფეში დალიეთ ჩაი, განგაშის სიგნალი ჩართეთ. ზუსტად ვიცი, ახლა სახეზე ირონიული ღიმილი დაგთამაშებთ რადგან ვერ ხვდებით საგანგაშო რა არის. ნება მომეცით უფრო კონკრეტულად აგიხსნათ და რჩევა საკუთრ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოგცეთ.      თავიდან ვერც მე ვხედავდი პრობლემას ზედმეტ ყურადღებაში, რადგან ეს უკანასკნელი მუდამ მაკლდა. დემეტრეს გამოჩენამდე ‘’ვარსკვლავ-გოგონა’’ არასოდეს ვყოფილვარ. არავის უთქვამს ჩემთვის რომ მაღმერთებდა, მაინცდამაინც არც საჩუქრებით მავსებდა ვინმე. ჩემი ცხოვრება ყოველთვის საინტერესო იყო-მეთქი რომ გითხრათ მაგაშიც მოგატყუებთ; მე კი სულაც არ მინდა ჩვენი ურთიერთობა სიცრუით დაიწყოს. ოცდაოთხი წლის ისე გავხდი მოსაყოლი არაფერი მქონია. არანაირი თავგადასავალი, არანაირი ვნებათა ღელვა და სისხლის ჩქროლა. გულდაწყვეტილი ვუსმენდი თანატოლების ზღაპრულ ისტორიებს. ერთი ლონდონში მოგზაურობისას შემთხვევით შეხვდა პირველ სიყვარულს, მეორე ტოკიოში გადავიდა სამუშაოდ, მესამემ წიგნი დაწერა და გამოსცა, მეოთხემ არაერთ პრესტიჟულ კონკურსში გაიმარჯვა… მე კი რა მქონდა სათქმელი? სკოლა ჩვეულებრივად დავამთავრე - ყოველგვარი მედლისა და წარჩინების გარეშე, ვერც უნივერსიტეტში მოვახერხე წითელი დიპლომის აღება. საზღვარგარეთ თუ ვყოფილვარ, მხოლოდ სამოგზაუროდ. სასიყვარულო ურთიერთობა თუ მქონია, მხოლოდ მოკლევადიანი, უღიმღამო და ყოველგვარ რომანტიკას მოკლებული. სწორედ ამიტომ ყოველ წელს იმას ვნატრობდი რომ ეს მოსაწყენი ყოფა როგორმე შეცვლილიყო. ხომ გაგიგიათ ‘’Be careful what you wish for’’? საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, რომ ეს ფრაზა სრული სიმართლე და სწორი გაფრთხილებაა. ჩემი ცხოვრება მართლაც შეიცვალა, თანაც ისე რომ მასში ჩვეულებრივი აღარაფერი დარჩა. ყველაფერი კი იანვრის სუსხიან საღამოს, თანამშრომლის დაბადების დღეზე დაიწყო.           ტრადიციული ქართული რესტორნები ხომ იცით? კედელზე გაკრული ხალიჩებით, ზურნითა და დოლის ბრაგაბრუგით? მსგავსს ნურაფერს წარმოიდგენთ. ბექას უზომოდ დახვეწილი ადგილი შეერჩია, ულამაზესი ხედითა და ორმოციანი წლების მუსიკით. ასეთი გარემო თავისთავად განგაწყობს რომანტიკისთვის. გგონია სამყარო მინიშნებებს გიგზვანის და რაღაც ჯადოსნურის მოლოდინი გაქვს. ჰოდა, აბა, რაღა გასაკვირია რომ დარბაზში შემოსული ‘’პრინცი ჩარმინგის’’ დანახვაზე სუნთქვა შემეკრა და თვალებში აღტაცების ნაპერწკლები ამითამაშდა. კლასიკური შავი შარვალი და ლურჯი პერანგი ეცვა, მაჯაზე ვერცხლისფერი საათი ეკეთა, თმა და წვერი კი უზადოდ ჰქონდა მოვლილი. იუბილარს პატარა ყუთი გაუწოდა, მიულოცა და ხელი მეგობრულად ჩამოართვა. მანაც დიდი მადლობა გადაუხადა და მაგიდისკენ ანიშნა. სასწრაფოდ ტელეფონი ამოვიღე, თითქოს, რაღაც მნიშვნელოვანს ვკითხულობდი, თან კი საკუთარი გულის ბაგაბუგი მესმოდა. ‘’ოღონდ ჩემ გვერდზე დაჯდეს, გთხოვ, რა მოხდება, რომ გვერდით დამიჯდეს.’’ ვფიქრობდი და ვცდილობდი მომხიბლავი უცნობისკენ მზერა გამეპარებინა. ახლა, ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რა მოხდებოდა მაშინ დემეტრე ორი სკამის დაშორებით რომ დამჯდარიყო. როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება მისი გაცნობის გარეშე. ზოგჯერ, მაგიჟებს იმაზე ფიქრი თუ რანაირად არის ყველაფერი ერთმანეთზე გადაჯაჭვული. მე რომ სახლიდან ათი წუთით გვიან გამოვსულიყავი ვერაფრით ავცდებოდი საშინელ საცობს, შესაბამისად, დაბადების დღეზეც დაგვიანებით მივიდოდი და ალბათ, დემეტრეს გვერდითაც ვეღარ აღმოვჩნდებოდი. ან ეს უკანასკნელი რომ მოსულიყო თხუთმეტი წუთით გვიან და არა ჩემ გვერდით, არამედ პირდაპირ დამჯდარიყო და ბექას რომელიმე ნათესავთან დაეწყო საუბარი. ვერ გავიცნობდი და ახლა იქ არ ვიქნებოდი სადაც ვარ. თუ ასეა, მაშინ გამოდის ამ სამყაროში ყველაფერი დაგეგმილი და ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. ხალხს ბედისწერის სჯერა, მაგრამ ყველას ავიწყდება რომ ასეთ შემთხვევაში არამარტო დიდი მოვლენები, უმცირესი დეტალებიც კი განსაზღვრულია ადამიანის ცხოვრებაში. ასე იყო თუ ისე, დემეტრე ჩემ გვერდით აღმოჩნდა და მეც გამალებით დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ როგორ დამეწყო საუბარი. ბოლოს, ვეღარაფერი მოვიფიქრე და ისეთი რამ გავაკეთე, ყველაზე მდარე ხარისხის რომანტიკულ კომედიაშიც რომ არ გინახავთ. სალათის თეფშს დავავლე ხელი და ხომ არ მიირთმევთ-მეთქი შევთავაზე. უარის ნიშნად თავი გააქნია და ისე გამიღიმა, პირდაპირი მნიშვნელობით თავბრუ დამეხვა. ისე დავიბენი, ბადრიჯნის გადაღებაც დამავიწყდა და ისევ მაგიდაზე დავდე, მაგრამ პროცესში ბოთლი გადავაყირავე. საბედნიეროდ დახურული იყო და ქათქათა სუფრა მსხლის ლიმონათში დალბობას გადაურჩა. დემეტრეს გაეღიმა, ფრთხილადო მითხრა და ვიგრძენი როგორ შემათვალიერა. გამიხარდა, რადგან მივხვდი, რომ მოუხერხებლობის მიუხედავად, მისი ყურადღების მიპყრობა შევძელი. დუმილი ჩამოვარდა. ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი და ველოდებოდი სიჩუმეს როდის დაარღვევდა. ამასობაში ანასტასიაც მოვიდა და გამომხედა თუ არა მიხვდა რაშიც იყო საქმე.           ანასტასია კაიშაური ჩემი თანამშრომელი და ახლო მეგობარია. პროფესიით დეტექტივს საოცარი ალღო, შეუდარებელი ინტუიცია და უზომოდ გამჭრიახი გონება აქვს. ორი წლის წინ მასზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა და ‘’ქართველი შავი ქვრივიც’’ კი შეარქვეს. პირველად ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც კაფეში ერთი ქალი მოძალადე ქმრისგან დაიცვა. არ იცოდა რომ ამ დროს უღებდნენ და მხოლოდ მაშინ მიხვდა როცა უკვე სოციალური მედიის ვარსკვლავი იყო. მალე, მეორე მსგავსი ინციდენტი მოხდა და დამნაშავესთან მებრძოლი ანასტასიას ვიდეო ისევ ვირუსულად გავრცელდა. ყველაფერი კი სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვამ და იდუმალებით მოცული მკვლელობის გამოძიებამ დააგვირგვინა. ჩემი მეგობრის სახელი მთელ ქვეყანას მოედო და უცხოურ მედიაშიც კი დაიწერა მის შესახებ. მასზე ამან ცუდად იმოქმედა, რადგან პროფესიით დეტექტივს არაფერში აწყობდა ზედმეტი ყურადღება. საბედნიეროდ, მალე ცხოვრებაც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. მეც სწორედ ამ დროს გავიცანი და მას შემდეგ ძალიან დავახლოვდით. ვიცოდი, რომ ყოველთვის შემეძლო მისთვის გული გადამეშალა. ისიც ვიცოდი რომ ყოველთვის მიერთგულებდა და ჩემს საიდუმლოს არასოდეს არავის გაუმხელდა. ყველაზე მეტად კი ის მომწონდა, როგორ უცბად ხვდებოდა გულში რა მედო. იმ საღამოსაც, დამინახა თუ არა როგორ ვიჯექი სკოლის მოსწავლესავით გამართული და როგორ ვარიდებდი გვერდით მჯდომს მზერას, იმწამსვე მიხვდა რაშიც იყო საქმე. ბექას მიუცლოცა, საჩუქარი გადასცა და ჩვენკენ წამოვიდა. დემეტრე წამოდგა და მისალმების ნიშნად თავი ოდნავ დაუკრა. მის ასეთ თავაზიანობაზე გული ამიჩუყდა და გავიფიქრე ნამდვილი ჯენტლმენი ყოფილა-მეთქი. ანასტასიას დავაკვირდი, მინდოდა მის სახეზეც წამეკითხა იგივე ემოციები, მაგრამ მსგავსი ვერაფერი შევნიშნე. ჩვეულებრივად გაუღიმა და გვერდით მომიჯდა.-თქვენ, ალბათ, ბექას თანამშრომლები ხართ, არა? - გვკითხა დემეტრემ და ისე გაგვიღიმა, კინაღამ პირდაპირი მნიშვნელობით დამეხვა თავბრუ.-როგორ მიხვდით? - ის ვკითხე, რაც პირველად მომივიდა თავში, მაგრამ მის მაგივრად ანასტასიამ გამცა პასუხი.-მარტივი დედუქციით. ბექას ნათესავები და მეგობრები რომ არ ვართ აშკარაა, რადგან თვითონაა მისი ნათესავი და ჩვენ შესახებ უთუოდ ეცოდინებოდა. გამორიცხვის მეთოდს თუ მივყვებით თანამშრომელიღა რჩება.   ჩემი მეგობრის მიხვედრილობამ ამჯერადაც გამაოცა, მაგრამ მერჩივნა იმ საღამოს შერლოკ ჰოლმსად არ გადაქცეულიყო და ეცდია მომხიბლავ უცნობთან მესაუბრა.-აი, ეს მესმის. მართლა ბექას ბიძაშვილი ვარ, დემეტრე გელოვანი. - თავი წარგვიდგინა და ჯერ მე გამომიწოდა ხელი, შემდეგ კი ანასტასიას. თვენც გავეცანით, მე კი შევეცადე რაც შეიძლება ნაზად გამეღიმა, თან ჩემს მეგობარს ოდნავ გავკარი ფეხი, რითიც მივანიშნე რომ როგორმე მარტო დავეტოვებინე.-თუ არ მიწყენთ, ცოტა ხნით დაგტოვებთ. - წამოდგა ანასტასია. - იუბილართან პატარა საქმე მაქვს.-როგორ გეკადრებათ. - თავაზიანობად დაიღვარა დემეტრე, მერე კი მე მომიბრუნდა:-ელენე, რამდენი წლის ხართ?-ძალიან გთხოვ, შენობით მომმართე.-კარგი, როგორც გინდა. რამდენი წლის ხარ?-ოცდაოთხის.-მართლა?-რა, უფრო მეტისას ვგავარ?-არა, პირიქით. - გამიღიმა და ღვინის დასხმა დააპირა, მაგრამ გავაჩერე.-ღვინოს არ ვსვამ.-ზოგადად ალკოჰოლი არ გიყვარს თუ, უბრალოდ, ღვინის დალევა არ გინდა? -ალკოჰოლური სასმელები დიდად არ მიყვარს, მხოლოდ ლიქიორს ვსვამ ხოლმე, ისიც იშვიათად.-მერე, მაგას რა ჯობია. ალკოჰოლი ჯანმრთელობისთვის ცუდია. არც მე ვსვამ ხშირად, თუმცა, ხანდახან ერთი-ორი ჭიქა ვისკის დალევა მსიამოვნებს.-მე, ზოგადად, ვცდილობ ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდიო. ზუმბაზე და ცურვაზე დავდივარ, არ ვეწევი, ბევრს დავდივარ ფეხით და ასე შემდეგ. - ვგრძნობდი, რომ ნელნელა უფრო და უფრო მიმარტივდებოდა მასთან საუბარი და თითქოს, თავდაჯერებაც მემატებოდა.-ცურვაზე სად დადიხარ?-’’ამფიტრიტეში’’. მოსაშვილზეა.-არ გამიგია. -შენ გიყვარს ცურვა? - ვკითხე და სალათის გადაღება დავაპირე, მაგრამ თეფშისკენ ხელი წავიღე თუ არა, გამომართვა და თვითონ გადმომიღო.-კი, მიყვარს, თუმცა, სამწუხაროდ, აუზზე სიარულის დრო არ მრჩება.-ბევრს მუშაობ? - ვკითხე თანაგრძნობით.-ძალიან. ხალხს ჰგონია, რადგან საკუთარი ბიზნესი მაქვს, უფრო თავისუფალი რეჟიმით ვცხოვრობ, მაგრამ ასე არ არის. ბიზნესის მართვაც საკმაოდ სტრესული და შრომატევადი საქმეა. - მითხრა და თვალებში სევდიანი მზერა ჩაუდგა.     მაშინ გულწრფელად შემეცოდა, ახლა კი ვხვდები ეს ყველაფერი იმიტომ მითხრა, უნდოდა მის მიმართ სიმპათიით განსვჭვალულიყავი, თან კი გამეგო რომ შეძლებული იყო და საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. თავს აღარ შეგაწყენთ ჩემი და დემეტრეს საუბრის დეტალურად გადმოცემით. მესაუბრა ცხოვრებაზე, ღირებულებებსა და ინტერესებზე. ლაპარაკის დროს ერთხელაც არ აუწევია ტონისთვის, მშვიდად და გრამატიკულად უნაკლოდ საუბრობდა. მისმა შეხედულებებმაც მომხიბლა და გულში გავიფიქრე, რომ იდეალურ მამაკაცს შევხვდი. საღამო დასასრულს უახლოვდებოდა და მეც ვითრგუნებოდი, რადგან დემეტრესთან დამშვიდობება არ მინდოდა. გავიფიქრე, სანამ დავიშლებით, უცბად თავს მოვიწესრიგებ, იქნებ ერთხელ მაინც მოვასწრო და ვეცეკვო-მეთქი. ანასტასიას ვუჩურჩულე გამომყოლოდა და საპირფარეშოში გავედით.-ნომერი ჯერაც არ გამოურთმევია. - შევჩივლე და ჩანთიდან თვალის ჩრდილების პალიტრა ამოვიღე.-სახლამდე რომ მიგაცილებს, მაშინ ჩაიწერს. - გაეცინა ჩემს მეგობარს.-დარწმუნებული ხარ?-რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ. მთელი საღამოა შენ გარდა ვერავის ამჩნევს.-როგორც ბებიაჩემი იტყოდა, შენს პირს შაქარი. - ვცადე მეხუმრა, მაგრამ არცერთს გაგვცინებია.-შენ და შენი დახვეწილი იუმორი. - თვალები აატრიალა ანასტასიამ. -კარგი, რა! ხომ იცი, ვღელავ. რამდენი ხანია ასე არავინ მომწონებია, თან მგონი, მართალი ხარ და მასაც მოვწონვარ. -მართლა კარგი ადამიანი ჩანს. გაწონასწორებული, მშვიდი, თავდაჭერილი, მაგრამ…-რა მაგრამ? - ვკითხე დაფეთებულმა, რადგან ჩემს ტვინს არ სურდა დემეტრეზე რამე უარყოფითი გაეგო.-თითქოს, ზედმეტად იდეალურია. - მხრები აიჩეჩა ანასტასიამ და მუქი შინდისფერი პომადა წაისვა.   ჩემს მეგობარს მართლა საოცარი ალღო აქვს და ერთ საღამოშივე შენიშნა, რომ რაღაც ისე არ იყო. ხშირად, ვნატრობ რომ მაშინ მისთვის მომესმინა. ვნატრობ მასზე არ გავბრაზებულიყავი და მივხვედრილიყავი, რომ ყველაფრით შემკული მამაკაცები რეალურ ცხოვრებაში არ არსებობენ და საეჭვოა, როცა ადამიანში უარყოფითს ვერაფერს ამჩნევ. ამას ახლა კი ვფიქრობ, მაგრამ მაშინ ანასტასიაზე გული მომივიდა.-შენ ხომ არ შეგიძლია ვინმეს რამე უარყოფითი არ უპოვო. უბრალოდ, რომ დამეთანხმო და მითხრა: ‘’კი, შესანიშნავი ბიჭია’’?-არც ვამბობ, რომ ცუდია. მართლა კარგი ადამიანი ჩანს, უბრალოდ…-არავითარი ‘’უბრალოდ’’. ძლივს, საოცნებო მამაკაცი გავიცანი.-ელენე, ასე მარტივად ნუ გააკეთებ დასკვნას იმ პიროვნებაზე, რომელსაც სულ რაღაც ორი საათია შეხვდი. გავიდეს დრო, უკეთ გაიცანი და მერე…-თუ იმ განწყობით ვიქნები, რომ აუცილებლად რამე ნაკლი უნდა ჰქონდეს, ვუპოვი კიდეც. - გავაწყვეტინე ჩემს მეგობარს.-კარგი, ნუ ბრაზობ.-დამღლელია ასეთი მიდგომა. გავიგე, რომ რეალისტი ხარ და ღრუბლებში არ დაფრინავ, მაგრამ ხომ შეგიძლია სხვას მაინც აცადო ბედნიერი იყოს.-ელენე, რა დაგემართა. ასეთი რა ვთქვი? ზედმეტად იდეალურია-მეთქი გითხარი. ასე რამ გაგაბრაზა?!  - ვატყობდი რომ სიცილს ძლივს იკავებდა, ამან უფრო გამაბრაზა, მაგრამ თავი მოვთოკე და ვუთხარი:-წავედი მე. დემეტრეს ვეცეკვები.-მეც მოვდივარ. სანამ შენ იცეკვებ ცოტა ხანი სუფთა ჰაერზე გავალ.           იმ საღამოს ცეკვა ვეღარ მოვასწარით, მაგრამ ჩვენი ვარაუდი გამართლდა და დემეტრემ თავი გაიგიჟა არავითარი ტაქსი ორივეს მე დაგტოვებთ სახლშიო. ჯერ ანასტასია მივიყვანეთ, მერე კი ჩემი ჯერი დადგა. მთელი გზა ვლაპარაკობდით, თან წყნარი, სევდიანი მუსიკა ჰქონდა დაბალ ხმაზე ჩართული. გარეთ ვარსკვლავები ციმციმებდნენ. ალბათ, ხვდებით როგორ მიფრიალებდა გული და როგორ მინდოდა ის ღამე არასოდეს დამთავრებულიყო, მაგრამ სურვილი არ ამისრულდა და მალე ჩემს ქუჩაზე მივედით. მანქანა შორიახლოს გააჩერა და სადარბაზომდე მიმაცილა. მერე კი მობილური ტელეფონი ამოიღო და გამომიწოდა.-ნომერი ჩამიწერე, რომ დაგირეკო და დავრწმუნდე, რომ სახლში მშვიდობით ახვედი. - გამეღიმა. ციფრები ავკრიფე და ზარი გავუშვი.- მეც უნდა დავრწმუნდე, რომ შინ უვნებელი დაბრუნდები.      იმ ღამეს საამო ფიქრებში გართულს ჩამეძინა, დემეტრემ კი მეორე დღეს კაფეში დამპატიჟა.