მართა
მართა
ისეთი ძლიერი ქარი იყო, სახლში დარჩენა გადავწყვიტე.ზოგადად სტიქიების არ მეშინია, მაგრამ დისკომფორტის შეგრძნების - ძალიან.ბებიაჩემის საყვარელ სკამზე დავჯექი, ღრმად ჩავისუნთქე და მაგიდაზე უმისამართოდ მიყრილი გვირილები იქვე ახლო-მახლოდ მდებარე, ცისფერ ლარნაკში მოვათავსე.არ ვიცი, ვინ ვიყავი და რომელი წელი იყო, მაგრამ მაგ წელს უამრავი გვირილები ვიყიდე.გვირილები უზომოდ მიყვარს. მამშვიდებს და მას მახსენებს...ბებიაჩემი რომ გარდაიცვალა, იმ დღესაც საშინელი ქარი იყო. როგორც ყოველთვის, მაშინაც მარტო ვიყავი სახლში. რადგან უკვე ათი საათი ხდებოდა და ბებია ისევ არ ჩანდა, მის ოთახში შევიჭყიტე. როცა შევედი, ზედმეტად მშვიდად მძინარე მეჩვენა. ზოგადად, სულ ასე, თოთო ბავშვივით გასუსულს ეძინა ხოლმე, მაგრამ მაგ დღეს, ფანჯრიდან შემოსული ქარის უსაზიზღერსი ხმაური და ბებიაჩემის უზომო სიმშვიდე, საეჭვოდ კონტრასტული მეჩვენა.რომ შევეხე, მიხვდი, წავიდა.მის საწოლთან ჩამოვჯექი, ძალიან დიდი ხანი მასსავით გაუძრევლად ვიჯექი და ვფიქრობდი, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მის გონებაში მოცურავე ბოლო აზრი.მერე ამ ფიქრებმა საკუთარ სიკვდილზე დამაფიქრა. ნეტა რა იქნებოდა ჩემი ბოლო აზრი? ვითომ შემეშინდება? საკუთარ ცხოვრებაზე გული დამწყდება? რამე ისეთს დავტოვებ, რისი დატოვებაც დამემანება? ბედნიერი ვიქნები? თუ არც ერთი მსგავსი აზრი არ მოვა ჩემთან.ყველაზე დიდი ტრაგედია მის გარდაცვალებაში ის არის რომ ვერც მე, ვერც ის და ვერც ვერავინ ვერ გავიგებთ, თუ რაზე ფიქრობდა ან რა ესიზმრებოდა სიცოცხლის ბოლო წამებში, ჩემს უსაყვარლეს, გამზრდელ ბებიას. სამი წლის ვიყავი, როდესაც მე, დედაჩემი და ბებიაჩემი შოტლანდის ულამაზეს სოფელ ვანლოკჰედში გადავედით საცხოვრებლად. ძალიან კარგად მახსოვს რამდენად დიდი და დაუსრულებელი იყო ვანკლოკჰედამდე მიმავალ გზა. მოუთმენლად ველოდი ჩემს მომავალ საცხოვრებელს და ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ მეგობრებს გავიჩენდი. მაშინ ვერაფრით წამოვიდგენდი, რომ ჩემს სახლთან ახლოს მხოლოდ ერთი სახლი იქნებოდა, სადაც ჩემი მომავალი საუკეთესო მეგობარი, ედი ცხოვრობდა. ვანლოკჰედში მშვენიერი ადგილები ბევრი იყო, მაგრამ მე მთელი ბავშვობა მხოლოდ იმ აზრის მწამდა, რომ ჩემზე ლამაზ სახლში არავინ ცხოვრობდა.შვიდ საათს იქნებოდა გადაცილებული სახლს რომ მივუახლოვდით. ვერ ვიტყვი რომ ბნელოდა, მაგრამ ცოტაც და ცა წაიღებდა იმ ვარდისფერ ღრუბლებს, ამ სახლს და მის ირგვივ ყველაფერს ასე უზომოდ რომ უხდებოდა. სახლი დიდი არ იყო, მაგრამ პატარასაც ვერ დაარქმევდი. პირველ სართულზე სამზარეულო, მისაღები ოთახი და ჩემი საძინებელი ოთახი იყო. მეორე სართულზე კი ორი დიდი ოთახი, საიდანაც კიტრისფერი მდელო, მშვიდად მოსეირნე მდინარე და დიდი ბრაზიანი მთები ჩანდა. ჩემი სახლის ეზოს პირველად დანახვის წამები ჩემს გონებაში ყოველთვის დარჩება სამყაროში ყველაზე დიდი სივცრის დანახვის იდეად. მართლაც დიდი იყო, ისეთი არა სამი წლისას როგორიც მეჩვენებოდა მაგრამ, კი აშკარად იყო.-მართა, ამას შეხედე, სახლის უკანა კარი პირდაპირ მდინარის პირასაა, ჩამოხტი ეზო დავათვალიეროთ - დამიძახა დედაჩემმა.- დედა, რამდენი ნაბიჯია სახლიდან მდინარემდე - მოუსვენრად ვეკითხებოდი დედას და თან ვიაზრებდი, რომ ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წამები იყო.- არ ვიცი, ალბათ ათი.-ჩემი ნაბიჯიებით თუ შენი?- ალბათ უფრო შენი.- ანუ ახლოსაა?-კი. ვერ ხედავ ლამის მდინარეში დგას სახლი - იცინოდა დედა.-ჩემს მეგობრებს ვეტყვი, რომ მდინარეში ვცხოვრობ, და მე შენ და ბებია თევზების ოჯახი ვართ!!ამაზე ბებიასაც გაეცინა, დედასაც და მეც. მერე ვიდექით და ვუყურებდით, როგორ ეპარებოდა სიმუქე ვარდისფერ ღრუბლებს, რომელიც ჩვენს მომავალ სახლზე მდორედ იყო გადაწოლილი.აი, ვარდისფერი ცის გამუქების სცენა და ბებიასთან და დედასთან ერთად სახლის შესასვლელთან დგომის კადრები, ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ყველაზე ბედნიერ წამებად დარჩება.ჩემი საყვარელი ფერი ყოველთვის მწვანესა და ვარდისფერს შორის იყო. ზუსტად არ ვიცი, რომელი უფრო მეტად მიყვარს. მგონი ამ ორი ფერის შერწყმა. ეს ხომ პირველი ბედნიერებასთან დაკავშირებული ფერებია. ვარდისფერი ცის და უზარმაზარი მწვანე მდელოს დაწყვილება არასოდეს, არასოდეს არ ამომივა გონებიდან.ჩემი ოთახიც ზუსტად ამ ფერებში იყო. იყო რა, არის. დედაჩემი ძალიან კარგად ხატავდა და როცა ყვავილებს ვუკრეფდი, მერე ამ ყვავილების დახატვას ვაძალებდი.. მას თუ რამდენიმე წამით უხაროდა ყვავილების დანახვა, მე ამ ემოციებს ნახატებით ვინახავდი. ზოგადად ყოველთვის მომწონდა პატარა დეტალებზე ჩაბღაუჭება.ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომლის ყველა ამოსუნთქვა მიყვარდა დედაჩემი იყო, მაგრამ ჩემთვის სრულიად უცნობი მიზეზით, ოთხი წლის რომ გავხდი, რამდენიმე დღეში სახლილდან სამუდამოდ წავიდა.მამა არასოდეს მინახავს და არც კითხვები დამისვამს მის შესახებ. თითქოს დაბადებიდან ვგრძნობდი რომ მისი ხსენება არ შეიძლებოდა, არც სურვილი მქონდა მცოდნოდა ვინ იყო და არც მისი არსებობის ინტერესი მახრჩობდა მაინც და მაინც. მაგრამ დედაჩემი ძალიან კარგად მახსოვს. ზუსტად არ ვიცი, ოთხი წლის ბავშვს რისი აღქმა შეუძლია სწორად და რისი არა, მაგრამ თუ როგორ გვიყვარდა მე და დედაჩემს ერთმანეთი, ამას ნამდვილად ვერ გამოვიგონებდი.მახსოვს, ულამაზესი იყო. გრძელი შავი თმები და მუქი ლურჯი თვალები ჰქონდა. ხელზე ვერცხლის დაწნილი ბეჭედი ეკეთა და თითებიც ისეთი გრძელი და სუსტი ჰქონდა, როგორიც ბებიაჩემის თქმით, პიანისტებს აქვთ.თვალები გამუდმებით ცრემლიანი ჰქონდა.. არ ვიცი სიხარულით თუ დარდით, მაგრამ ის ოდნავ ცრემლიანი თვალები, უზუსტესად მახსოვს.გრძელი კაბები უყვარდა, ულამაზესი ფეხები კი ჰქონდა, მაგრამ არასოდეს აჩენდა. ერთი კაბა ჰქონდა, მისნაირი ლამაზი ყვავილები ეხატა, გულზე ოდნავ მოღებული, ლავიწებთან რომ იშლებოდა. ამ კაბას რომ ჩაიცვამდა და თავის შავ თმებს ჩამოუშვებდა, გაოცებული ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა.დილაობით ჩემს საწოლთან მოდიოდა, შუბლზე მკოცნიდა და ისე გულწრფელად მიღიმოდა, როგორც მე წარმომიდგენია, რომ ფუტკრები ყვავილებს უღიმიან.როცა საწოლიდან ვდგებოდი, კვერცხს მიხარშავდა, რძეს ამიდუღებდა. შემდეგ იდეალურ ტემპერატურაზე შეციებულ რძეს ჭიქაში ჩამისხამდა, მაგიდასთან მომიჯდებოდა და ისევ იმ ულამაზესი, ლურჯი და ოდნავ წყლიანი თვალებით შემომცქეროდა როგორ ვჭამდი.მაშინ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, მემგონი იცოდა, რომ წასვლას აპირებდა. ჩემი დაბადების დღიდან იცოდა, უბრალოდ ვერ ბედავდა. მაგრამ, იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ მის სხეულსაც მოაკითხავდა სახლიდან სამუდამოდ წასვლის სითამამე, ამიტომ მგონია, რომ ყოველი მისი დილას ჩემთვის კვერცხის მოხარშვა და რძის ადუღება, ის დამშვიდობება იყო, რომელიც რეალურად არასოდეს გვქონია.ოქტომბერი იდგა, როცა წავიდა.. დილას რომ გამეღვიძა, საბანი სადღაც ძირს უსირცხვილოდ დავარდნილი ვიპოვნე. ავიზლაზნე, ნახევრად დახუჭული თვალებით რბილ ქსოვილს ხელი მოვკიდე, ავიღე და შეციებულმა თავზე გადავიფარე. ეს საბანი იყო, რომელიც ღამით ჩემგან გაიქცა..თვალები დავხუჭე და დედაჩემის მოსვლას დაველოდე. ხანდახან მის მოსვლამდეც მეღვიძებოდა ხოლმე, მაგრამ ამ სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარდა, როცა შუბლზე კოცნით მაღვიძებდა, ამიტომ თავი მოვიმძინარუნე და ვიცდიდი..ისე მოხდა, რომ ეს ლოდინი თოთხმეტი წელი გაგრძელდა.ქალი, რომელმაც დედაჩემი გააჩინა, ორი წელი გაუჩერებლად ეძებდა ქალს, რომელმაც მე გამაჩინა. მართალია, ჩემთან ერთად არასოდეს ტიროდა, მაგრამ ღამით მისი ოთახიდან ლოცვა და ტირილი წლების განმავლობაში მესმოდა. ეს ის ხმები იყო, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად არ უხდება ერთმანეთს და ყოველი ჩასული მზე და ყოველი საწოლთან მისვლის წამი მძულდა, როცა ვიცოდი ისევ იგივე უნდა მომესმინა. სულ მინდოდა მივსულიყავი და მეთქვა, რომ ბები, რადგან შვილი დაკარგე, მე ვიქნები შენი შვილი-თქო. მინდოდა მისთვის ცხოვრების გაგრძელების ხალისი მიმეცა. საკუთარი თავისთვის კი იმედი, რომ ოდესმე ტირილს და ლოცვას შეწყვეტდა. სამწუხაროდ, ვერ შევძელი. ყოველთვის როცა წამოდგომას, მის ოთახში შესვლას და ჩემი მიჩქმალული სურვილების განხორციელებას ვაპირებდი, საწოლზე ფეხები მეჯაჭვებოდა. მერე ის მითრევდა, ძალას მაცლიდა და იქიდან ადგომასთან ბრძოლაში ისე მეძინებოდა, ვერასოდეს ვახერხებდი ჩემი ამ წარმოდგენების რეალურად განხორციელებას.ბებია ძალიან თბილი ქალი იყო. გულში მიკრავდა, მეფერებოდა, მიმღეროდა. საჭმელს მიკეთებდა, ტანსაცმელს მიკერავდა.. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველაფერს აკეთებდა თავისი და ჩემი სიცარიელის ამოსავსებად. ბევჯერ მიფიქრია, რომელში უფრო მეტი სიცარიელე დატოვა დედამ თავისი წასვლით. სიმართლე თუ გაინტერესებთ ამაზე უფრო მეტი მაქვს ნაფიქრალი ვიდრე იმაზე თუ საერთოდ რატომ წავიდა, მაგრამ პასუხი ვერასოდეს ვიპოვნე. რომ დავაკვირდი, მივხვდი ორივე მხრიდან დედა-შვილობა იყო და დროთა განმავლობაში ამაზე ფიქრიც შევწყვიტე.ბებია ერთადერთი ადამიანი იყო ვინც მყავდა, ამიტომ მიყვარდა ისე როგორც უნდა მყვადებოდა დედა, მამა, და, ძმა და თვითონ ბებიაც. არასოდეს მომწონდა ის იდეა რომ დავიბადე, თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ბებიაჩემის იმ საბანივით და დედაჩემივით დაკარგვის შიში მქონდა სატარებელი.ეს დღე რომ დადგა უკვე თვრამეტი წლის ვიყავი. მისი ჩემი ცხოვრებიდან წასვლის ყველანაირი ვარიანტი გონებაში უკვე მილიონჯერ მქონდა წარმოდგენილი.. ვიცოდი რას ჩავაცმევდი, რომელ ყვავილებს დავადებდი გულზე, რას ვეტყოდი, სად დავასაფლავებდი, როდის მივიდოდი მის საფლავზე და რა ტემპერატურაზე გამომცხვარ კარტოფილის ღვეზელებს მივუტანდი ,რომელსაც ისევ მე შევჭამდი, რათქმაუნდა..სამ საათზე მეტ ხანს ვიჯექი ბებიაჩემის ძალიან ცივ სხეულთან. ვუყურებდი, უზომოდ თეთრ თმებზე, შიგადაშიგ ვეფერებოდი და თავს ვაჯერებდი, რომ ახლა ის ჩემზე უკეთ გრძნობდა თავს. იქ სადღაც, სხვა სამყაროში, სადაც ან ახლიდან დაიბადა ან ისევ თვითონ იყო, მაგრამ ამჯერად ყველა გაუცემელ კითხვაზეც ჰქონდა პასუხი.მერე ავდექი, მისი ძველი ჩემოდანი ავიღე, სადაც ყველაფერი უზუსტესი სიმეტრიით ჰქონდა ჩალაგებული. ამოვალაგე ტანსაცმელი, რომელიც ვიცოდი რომ მისთვის უნდა ჩამეცმია, გვერდით შევინახე წერილები, რომლებიც ვიცოდი რომ მისი გარდაცვალების მერე უნდა წამეკითხა, მოვიმარჯვე სავარცხელი და მისი მოწესრიგება დავიწყე.თმა ისედაც ულამაზესად ჰქონდა დაწნილი.. არასოდეს მინახავს სამყაროში ისეთი თეთრი და მოვლილი თმა როგორიც ბებიას ჰქონდა. სქელი და ძალიან გრძელი.ნაწნავი ისე ჰქონდა გაკეთებული, თითქოს იცოდა, რომ იმ ღამით წასვლას აპირებდა.. მაგრამ მე დავუშალე, მერე დავვარცხნე და ახლიდან დავუწენი. მერე ტანსაცმელი ჩავაცვი, ძალიან დამჭკნარ და ცივ ხელებზე ვაკოცე, გულზე თავი დავადე და მთელი სამყაროს ტკივილით ვიტირე. ყველაფერი რომ დავალაგე, ჩემს მეზობელ ანაბელს დავუძახე, რომელიც დედაჩემის მეგობარი იყო ოდესღაც. ვუთხარი, რომ ბებია გარდაიცვალა და ვთხოვე, მღვდლისთვის დაერეკა.ბებია რომ დავასაფლავეთ, ანაბელმა მასთან ცხოვრება შემომთავაზა. ანაბელის შვილი ჩემხელა ბიჭი იყო. მე და ედი ერთად გავიზარდეთ და ერთმანეთი და-ძმასავით გვიყვარდა. არც მას ჰყავდა და, და არც მე მყავდა ძმა. შესაბამისად, არცერთმა ვიცოდით, რეალურად როგორ უყვარდათ დედ-მამიშვილებს ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ, ჩვენს გრძნობას მაინც ასე ვეძახდით.ანაბელს მადლობა გადავუხადე, მაგრამ მათთან ცხოვრება ნამდვილად არ მინდოდა. ვერასოდეს დავტოვებდი სახლს, სადაც ამდენი მოგონება მქონდა, მთელ სამყაროში ყველაზე კეთილ ბებიასთან, და დედასთან, რომელიც შორი სიზმარით მახსოვდა..სიმარტოვის არ მეშინოდა. ბოლოსდაბოლოს ექვსი წლიდან ვამზადებდი თავს ამ დღისთვის. ისიც გავიფიქრე, რა უცნაურია, ჩემს წარმოდგენებზე ბევრად დიდ ხანს რომ იცხოვრა ამ ქალმა-მეთქი და საკუთარმა გამოთვლებმა, იმედები გამიცრუა. შემდეგ ჩემმა ფიქრებმა შემაშინა. ბოლოს გავბრაზდი, უბრალოდ ფანჯრები შევხსენი და რაც კი ჰაერი შემოვიდა, სულ ყველა ჩავისუნთქე.პირველ ღამეს, როცა სახლში ყველაზე შავი ფერის მსგავსი სიჩუმის ხმა გავიგე, საკუთარმა მარტოობამ გულში პატარა ცეცხლი გამიჩინა, რომელმაც ლოგინს რამდენიმე თვით მიმაჯაჭვა.არცერთ დღეს არ ჰქონდა ფერი, ყველა დღე ნაცრისფერი იყო, გრძელი, უინტერესო და როგორც არ უნდა მეცადა ლოგინიდან ადგომა, ის მაინც უკან მათრევდა.დაახლოებით ისე როგორც ბავშვობაში, მაგრამ ახლა ბევრად ძლიერად.მაშინ, როცა ანაბელი კარებაზე აკაკუნებდა და კარებიდან ყვიროდა, მართა ალუბლის ნამცვხვარი მოგიტანეო, საწოლი მთლიანად მყლაპავდა. ვცდილობდი, ანაბელისთვის დამეძახა და მეთქვა, აი აქ ვარ, ლოგინში.. ლოგინზე კი არა, მის შიგნით.. მაგრამ არავის, მათ შორის არც ანაბელს ჩემი ხმა არ ესმოდა.. ეს ის ხმა იყო, ჩემს შიგნით დამაყრუებლად რომ ყვიროდა, მაგრამ რატომღაც გარეთ ჩურჩულადაც კი არ გამოდიოდა.თვეების შემდეგ, რომელიღაც ისევ და ისევ ნაცრისფერ დილას საკუთარმა საწოლმა ძლიერად მოჭერილი ხელები ოდნავ გამიშვა და მცირედი სიმსუბუქე ვიგრძენი.შემდეგ ფანჯრიდან შემოსულ მზის სხივს რომ შევხედე, გამახსენდა, რომ თვეების უკან როცა გულში ცეცხლი გამიჩნდა, სახლში უამრავი ყვავილი დავტოვე და ეს ყვავილები მას მერე არ მომირწყავს. თითქოს საწოლმა ადგომის უფლება მომცა და ისე გამიხარდა, ცრემლები მომადგა.. რა კარგია, რომ ყვავილებს ვნახავ, რა კარგია, რომ ყვავილებს ვნახავ - ვიმეორებდი გაუჩერებლად და უცებ საწოლიდან ისე წამოვხტი, თითქოს არც წონა მქონდა და არ სამყაროს ჰქონდა გრავიტაცია..სანამ ოთახიდან გავედი, გული გამალებით მიცემდა. ამ დროს მეგონა, რომ - ბებიაც, დედაც და ეს ყვავილებიც - სულ ყველა მე მოვკალი.სანამ ყვავილებამდე მივედი, მომეჩვენა, რომ რამდენიმე წელი გავიდა. ყველა ოთახის კარები, რომელსაც წინ ვხედავდი უფრო და უფრო შორს მიდიოდა, მაშინ როცა მე მათთან მიახლოებას ვცდილობდი. და როცა ბოლომდე მივდიოდი, კედელი დიდდებოდა და იმდენად ახლოს მოდიოდა, მეგონა გადამყლაპავდა.დაუნდობლად მოქანავე კედლებს ვეყრდნობოდი და ისე ვცდილობდი ჩემს ყვავილებამდე მისვლას. მინდოდა მენახა, მართლა ისეთი მკვდრები თუ იყვნენ, როგორიც მეგონა.. მაგრამ იქამდე მისასვლელი გზა სამარადისოდ გამეწელა. თითქმის სამზარეულოსთან მისული ძირს დავეცი და უეცრად ყველაფერი გაყვითლდა. მანამდე გული არასოდეს წამსვლია და თუ ოდესმე ვიფიქრებდი, როგორი შეიძლებოდა გონების დაკარგვა ყოფილიყო, ყოველთვის შავ ფერებში წარმომედგინა. მაგრამ, რატომღაც ჩემთან მდოგვისფერ ფერებში მოვიდა და თავი ცუდად საერთოდ არ მაგრძნობინა.