მე-M-ორი
მე-M-ორი
მე-M-ორი მამაკაცმა წინ სწრაფი მოძრაობით წამოიწია, ცალი ხელი მართას მკლავში ჩაავლო, მეორე პირზე ააფარა და ძლიერად მიიზიდა. იქვე მყოფ ბიჭებს თავის დაქნევით რაღაც ანიშნა. სულ ორიოდე წამში მართა მანქანის უკანა სავარძელზე აღმოჩნდა. მისი კივილი ცას მისწვდა და დილის ნიავის ჩურჩული შუაზე გააპო. გაიტაცეს... ბედის ბორბალი მანქანის ბორბლებთან ერთად აგრძელებდა ბრუნვას... მართა იბრძოდა, ცდილობდა თავი დაეღწია გამტაცებლებისგან, წიხლებს ურტყამდა, განწირული ხმით ყვიროდა, შველას ითხოვდა... ძრავის გრუხუნს ქარის სისინი უერთდებოდა და შიშის მელოდიას ქმნიდა. მანქანა დანიშნულების ადგილისკენ მიზანმიმართულად მიიწევდა. დიახ, 1994 წელს, თხუთმეტი წლის ასაკში გაიტაცეს. ივნისის ერთი ჩვეულებრივი დღე იდგა. მზემ დილის ცაზე აგორება დაიწყო; თანდათან გაბრწყინდა და არემარე ოქროსფრად შეაფერადა. შორეული ბორცვების მიღმა, გრძელი ჩრდილები ტოტებად იშლებოდა. ფოთლების შრიალში ჩიტები მხიარულად ჭიკჭიკებდნენ. სამყარო ფხიზლდებოდა. მართას სახლის ეზოში ჭრელაჭრულა ყვავილები ყელყელაობდნენ, ჰაერი ახლად მოჭრილი ბალახის ტკბილი სურნელით გაჟღენთილიყო. თხუთმეტი წლის მწვანეთვალება მართას ქერა გრძელი თმა მხრებზე ჩამოშლოდა და ეზოში დასეირნობდა. სულით ათასფერი გოგონა, ნაირფერი ვარდების სურნელით ტკბებოდა, როცა დედიკოს ხმამ გამოაფხიზლა. ,,მართა, სწრაფად, გაგვიანდება... მალე გამოცდა გეწყება და თანაც ხომ იცი, ბიძაშენმა უნდა მოგვაკითხოს და წაგვიყვანოს სკოლაში. დროულად მოემზადე, არ ვალოდინოთ’’... მართამ კიბეები აირბინა და წიგნები ჩანთაში სწრაფად ჩატენა. რა იცოდა, რომ ეს მშვიდი დილა მალე ცხოვრების უწყვეტ ორომტრიალად ექცეოდა, და მის უდარდელ ბავშვობას სირთულეებით დახუნძლული ცხოვრების ფერხულში ჩააბამდა. 1990-იანი წლები საქართველოში… მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილებებისა და არეულობის პერიოდი... ეკონომიკური გაჭირვება... სიდუხჭირე... შიმშილი... სამოქალაქო არეულობა... პოლიტიკური არასტაბილურობა... კონფლიქტები სხვადასხვა პოლიტიკურ ფრაქციებსა თუ ეთნიკურ ჯგუფებს შორის... ძალადობა... ყაჩაღობა... განუკითხაობა... მასიური უმუშევრობა... საარსებო პროდუქტებისა და მომსახურების დეფიციტი... ბრძოლა გადარჩენისა და არსებობისათვის... გამოსასყიდის მიზნით გატაცებები... მოტაცებები (დიახ, დიახ, მოტაცებები და არა ერთი შემთხვევა)... ყაჩაღობა... მკვლელობა... უკანონო საქმიანობა და სხვა უამრავი დანაშაული... ბრძოლა გადარჩენისა და არსებობისთვის... მღელვარე და ბობოქარი პერიოდი იდგა საქართველოსთვის, მისი ერთი მუჭა მოსახლეობისთვის, რომელთაგანაც უმეტესი ნუგეშისა და ლუკმა-პურის საძიებლად თუ თავის გადასარჩენად ყველა ღონეს მიმართავდა. მთელ ქვეყანაში უიმედობა და სასოწარკვეთა გამეფებულიყო, მუქად შეფერილი ყოველდღიურობის და არეულობის ჩრდილები ადამიანების მეგზურები გამხდარიყვნენ. ჩვენი ქვეყანა მღელვარების მორევში იძირებოდა... შუადღის მზე უმოწყალოდ აცხუნებდა სოფლის მტვრიან ქუჩებს. მტვრის ნაწილაკები ჰაერში ირეოდნენ, ერთმანეთს რაღაცას გადასძახებდნენ და უსასრულოდ გადაჭიმულ ჯაჭვის სარტყელს ქმნიდნენ. დაძაბულობისგან თითქოს ჰაერიც გასქელებულიყო და დამძიმებულიყო. ჭორის ჩურჩული ყურიდან ყურამდე დაუნდობელი ქარივით ქროდა. მართას სამყარო მაშინ დაიმსხვრა, როდესაც იგი იძულებით გაათხოვეს... ჰო, როცა ნების წინააღმდეგ გიბიძგებენ, როცა არც კი იცი რას ნიშნავს გათხოვება... ან თხუთმეტი წლის ასაკში რატომ უნდა შეება ოჯახის უღელში?! ეს იყო ნამდვილი ძალადობა. ნაადრევად გადადგმული არასასურველი ნაბიჯი მის ცხოვრებაში. იძულებითი გათხოვება... მართას ბავშვური ოცნებები დილის მზესავით კაშკაშა და ნათელი იყო. სახლის აივანზე წამოსკუპებული, წიგნებით ხელში ხარბად შესცქეროდა ბუნების სილამაზეს, ჩიტების ჟღურტულს უსმენდა და სამყაროს სიმშვიდით ტკბებოდა. მისი სახლის აივნიდან მედიდურად მდგარი კავკასიონის ქედის ხედი იშლებოდა. თითქოს მის შორეულ ოცნებებს აღვიძებდა და გამეჯიბრეო, იწვევდა. ერთ დღეს, თავდაჯერებულმა და ამაყმა მართამ, ბავშვური ენთუზიაზმით ქედს გასძახა: ჩემი მიზნები შენს უმაღლეს მწვერვალებზე მაღლა დგანანო! მაგრამ, ბედისწერის დაუნდობელი ბორბალი მოულოდნელად უკუღმა დატრიალდა. ერთი მოქნევით გამოგლიჯა ხელიდან თავისუფლება. განგებას სხვა გეგმა ჰქონია მისთვის. ტრადიციების მძიმე ჯაჭვებითა და საზოგადოების მოლოდინებით დამძიმებული, უმწეო ბატკანივით მიიყვანეს სასაკლაოზე. მისი ოცნებები, მისწრაფებები, თავისუფლება და ლაღი ბავშვობა საზოგადოების მკაცრი ნორმების სამსხვერპლოზე შეწირეს. მართას ინტერესთა სამყარო და ცნობისმოყვარეობა ადრეული ასაკიდანვე უსაზღვრო იყო. ყველაფერს დაკვირვებით შესცქეროდა და ცდილობდა მისი არსი გაეგო. ერთი დაგემოვნებით ხვდებოდა, რა ინგრედიენტები შედიოდა ნამცხვარსა თუ კერძში და შემდეგ მოუთმენლად ელოდა მომენტს თავადაც მოემზადებინა. განსაკუთრებით უყვარდა ხანშიშესულებთან საუბარი, მათი ცხოვრებისეული ამბების მოსმენა დიდ ინტერესსა და სითბოს აღუძრავდა. ქსოვა ბებიასგან ისწავლა, ჯერ კიდევ ათი წლისაც არ იყო. ნარდის თამაში კი მეზობლად მცხოვრებმა მოხუცმა ცოლ-ქმარმა ასწავლა და მას შემდეგ, და-ძმა დაუღალავად თამაშობდნენ. რა სასაცილოები იყვნენ! ხშირად თამაშობდნენ სანაძლეოზე — წაგებულს წყალი უნდა მოეტანა ან სახლი დაელაგებინა. მათი ბავშვური გულწრფელობა და მიამიტობა ყველას ხიბლავდა. მართას მხოლოდ ბავშვური ოცნებები ამოძრავებდა. სერიოზულად არც მომავალზე უფიქრია, არც პროფესიაზე და მით უმეტეს, გათხოვებაზე. თუმცა, შოკისმომგვრელმა, სამარცხვინო და სატირელმა რეალობამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა: მან ისიც არ იცოდა რა ხდებოდა ქალსა და მამაკაცს შორის. მაგრამ, საზოგადოების აზრის პატივსაცემად და საამებლად, მართა გაათხოვეს. ის იმ ოჯახში დატოვეს, რომლის ერთადერთმა ვაჟმაც მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით, მზაკვრულად შემუშავებული გეგმის წყალობით მართა საკუთარი სახლის ეზოდან ძალით გაათრიეს და მანქანაში ტომარასავით ჩატენეს. გოგონას გამაყრუებელი კივილი მხოლოდ დედამ გაიგონა, რომელიც შორიახლოს ეზოში საქმიანობდა. უმალვე შვილის დასახმარებლად გაიქცა. მიუხედავად მისი დაჟინებული წინააღმდეგობისა, აფთარივით ჩაფრენილი ქალი ვერავინ მოიშორა. ისიც მანქანაში ჩატენეს და ატირებული უმცროსი ძმაც ზედ მიაყოლეს. ამ დაუნდობელ ბრძოლასა და ორომტრიალში ძრავის გუგუნი გაისმა. მანქანა ელვის სისწრაფით მოსწყდა ადგილს. ბნელ ოთხმოცდაათიანებში პატარა გოგონების ბედი მკაცრად იწერებოდა. სტერეოტიპები, ტრადიციები და ,,ხალხი რას იტყვის’’ მენტალიტეტი ახალგაზრდების ოცნებებს მახრჩობელა გველივით გუდავდა და ნისლის მძიმე საბურველივით ეხვეოდა. გარდამავალ პერიოდში მყოფ ქვეყანაში, ახალგაზრდა ქალების ცხოვრებას დაუნდობელი საზოგადოებრივი ნორმები განსაზღვრავდა. ტრადიციები და სტერეოტიპები უხილავი ბორკილებივით ზღუდავდა მათ მისწრაფებებს. ,,ხალხი რას იტყვის’’ — ეს ფრაზა ხშირად მუქარად და გაფრთხილებად გაისმოდა. ახალგაზრდებს მომავლის ნათელ ხედვას უბინდავდა. მართას ცხოვრების გზა უფროსთა ნება-სურვილით დაიგეგმა — იგი ოჯახის ქალად იქცა. საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ მყოფი, უფროსების გადაწყვეტილებას თავისად ასაღებდა. თანხმობაც კი საკუთარი ბაგით წარმოთქვა, თუმცა ეს უფრო გარემოებათა იძულებას ჰგავდა, ვიდრე ჭეშმარიტ სურვილსა და არჩევანს. ,,თინეიჯერი’’ გოგონების მომავალი უფროსი თაობის ხელში იყო. იმ დროს, ეს ტერმინი მათთვის ისეთივე უცხო ცნებას წარმოადგენდა, როგორც პიროვნული თავისუფლების იდეა. მათი ბედი, უსიტყვო ნარატივივით იწერებოდა. ივნისის ცხელი დღე იდგა. ლაჟვარდისფერ ცაზე რამდენიმე თეთრი ღრუბელი ილანდებოდა. ძველი, მაგრამ კარგად მოვლილი ეზოს კუთხეში, უზარმაზარი კაკლის ხის ჩრდილქვეშ ოჯახის მეგობრები, მეზობლები და ნათესავები ჟრიამულობდნენ — თვრამეტი წლის ბიჭის დაქორწინებას აღნიშნავდნენ და ოჯახს ულოცავდნენ. ეზოს ფართოდ გაღებული ჭიშკარი, დიდი სიხარულის დასტურად, თითქოს მთელ სოფელს ზეიმზე ეპატიჟებოდა. მაგრამ სახლის შიგნით სრულიად სხვა რეალობა სუფევდა. ჩაბნელებულ ოთახში, საწოლზე უგონოდ მყოფი მართას დედა იწვა. ოცდათხუთმეტი წლის ახალგაზრდა ქალი, სტრესისა და ნერვიულობისგან გამოწვეულმა სისხლდენამ თანდათან დაასუსტა. მის გვერდით, საწოლის კიდეზე ჩამომჯდარ მართას ხელები უნებურად უკანკალებდა. თვალები კი დედის ფერმკრთალ სახეს არ შორდებოდა. მისი გული ჩუმად ლოცულობდა — ღმერთს დედის სიცოცხლეს შესთხოვდა. მართას გონებაში შიში და იმედი ერთმანეთს ერწყმოდა. თითქოს ამ ბნელ ოთახში დრო გაჩერდა. არავის ახსოვდა ,,პატარა პატარძალი’’ - ყველა მხოლოდ დედის გადარჩენაზე ფიქრობდა. ეზოდან შემოსული მხიარული ხმები მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა ოთახის მძიმე სიჩუმესთან. მან ვერ შეძლო თავისი გოგონას დაცვა ნაადრევი ქორწინებისგან. ახლა კი, თითქოს თავადაც ბედის უსუსური მსხვერპლი გამხდარიყო. ისიც უძლური, უუნარო და უუფლებო იყო საზოგადოების მიერ დაწესებული წესების წინაშე. უეცრად, ავბედითი სიმყუდროვე კარის ჭრიალმა დაარღვია. ოთახში უცნობი, მაღალი, სასიამოვნო გარეგნობის ქალი შემოვიდა და მართას მიმართა, ,,ერთი წუთით მოდი, შვილო’’. მის ხმაში დაძაბულობა იგრძნობოდა. ქალმა სწრაფად გადასცა რაღაც და ოთახიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა, თითქოს ცდილობდა არავის შეემჩნია. მართა გაოგნებული მისჩერებოდა ხელში ჩამუჭულ ქაღალდს. ფრთხილად, შიშნარევი მოძრაობით, გაშალა ოთხად დაკეცილი რვეულის ფურცელი. თვალები აქეთ-იქით გააპარა, დარწმუნდა რომ არავინ უყურებდა. გულნატკენმა კიდევ ერთხელ გადაიკითხა წერილი. ცრემლის ორი მსხვილი კუნწულა ნელა ჩამოუგორდა ლოყებზე. მარილიანმა წვეთებმა წერილის ბოლოს, დიდი ასოებით მიწერილი სიტყვის ,, მიყვარხარ’’ მელანი გათხაპნა და ისე გადაფარა თითქოს მისი უკანასკნელი იმედიც თან წაიღო. ,,ჩემო საყვარელო მართა,გულდამძიმებული გწერ ამ წერილს. მტკივნეული სიმართლე უნდა გითხრა — ჩვენი ოჯახის ღირსება შეილახება, თუ მოტაცებულ ქალს უკან დავაბრუნებთ.ვიცი, ეს ამბავი შენთვის მოულოდნელი და მძიმე იქნება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ერთადერთი გზაა, რომ საზოგადოებისა და სოფლის თვალში ჩვენი პატივი და ღირსება შევინარჩუნოთ. თუმცა, გახსოვდეს ჩემო პატარა, მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.მარადიული სიყვარულით,შენი მამა"მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ მამის სიტყვების სიმძიმე მართას გულზე ლოდივით დააწვა. მისი ოცნებები იმაზე მეტი იყო ვიდრე ქორწინება კაცთან, რომელსაც არ იცნობდა. სული ეწვოდა იმის გაფიქრებაზე, რომ მთელი ცხოვრება სხვების მოლოდინებითა და კარნახით უნდა ეცხოვრა. მართამ მწარედ გააცნობიერა — უკან დასახევი გზა არ არსებობდა. სოფელში, სადაც რეპუტაცია უმთავრესი იყო, ტრადიციის უგულვებელყოფა მისი ოჯახის შერცხვენასა და დაუნდობელ კრიტიკას ნიშნავდა. ქორწი-ნების ნებას უნდა დაჰყოლოდა, სხვა არჩევანი არ ჰქონდა. გარეთ სოფელი კვლავ აგრძელებდა ხმაურს ჩურჩულით... ***,,ძალიან გვიანია, დაწექი. ხვალ დილით ადრე უნდა ადგე და ცხრაზე უკვე სკოლაში იყო. ნუთუ ყოველდღე ერთსა და იმავეზე უნდა გელაპარაკო?!’’ - განაწყენებული ხმით მიმართა დედამ მართას. ,,ცოტაც რა, დე... მალე დავწვები. რაღაცეებს მოვიმარაგებ და...’’ — მართა წიგნების კარადისკენ გაექანა. რამდენიმე სქელტანიანი წიგნი და ჟურნალი სწრაფად გადმოიღო. იქვე, საწერი მაგიდიდან რვეულები და კალმები წამოკრიფა. წიგნები აჩქარებით გადაათვალიერა, შემდეგ კი რაღაც იდუმალი თანმიმდევრობით დაალაგა და კედელთან მიდგმულ საწოლში წიგნების ბარიკადები ააგო. მეორე გზაზე ყაისნაღი და ძაფი მოიმარაგა... თითქოს ერთ ღამეში ყველაფრის მოსწრებას აპირებდა — კითხვის, ქსოვის, ძილისა და ადრე ადგომის. მართას ყოველ მოძრაობაში შინაგანი ბრძოლა აისახებოდა რეალობასა და მის მისწრაფებებს შორის. მისი თვალები დაუოკებელი ცნობისმოყვარეობით ანათებდა. მისი სურვილები ერთ ღამეში ვერ ეტეოდა, მაგრამ ის მაინც ჯიუტად ცდილობდა შეუძლებელის შეძლებას, თითქოს დროის საზღვრების გადალახვას ლამობდა. ,,შენ დასაძინებლად მიდიხარ თუ მანდ, საწოლში საგანმანათლებლო-გასართობი სივრცე მოიწყე? ხუთ წუთში გეძინოს!’’ - მიაძახა დედამ. მართას ადრეული ბავშვობიდან ჰქონდა ეს ჩვევა. დასაძინებლად მთელი ბიბლიოთეკით მიდიოდა. წიგნების დასტას მიათრევდა, კედლის მხარეს გულმოდგინედ ააკოკოლავებდა. შემდეგ მიუწვებოდა და ფიქრს მიეცემოდა — საიდან დაეწყო, რა წაეკითხა. ხშირად კი ისე ჩაეძინებოდა საკუთარ თავთან მსჯელობაში, რომ ფურცლის გადაშლასაც ვერ ასწრებდა. მეორე დილით ხელუხლებელ "წიგნების კოშკს" უკან აბრუნებდა მაგიდაზე, თან გეგმავდა, რომ მომდევნო ღამეს აუცილებლად წაიკითხავდა. წიგნები მართასთვის ჯადოსნური პორტალივით იყო — უსაზღვრო შესაძლებლობების კარიბჭე, რომელიც მას ყოვლისშემძლედ აქცევდა; შეეძლო შეექმნა, მიეღწია, დაეპყრო. წიგნებთან ძილიც კი ენერგიით ავსებდა, თითქოს ფურცლებიდან სიცოცხლის წყარო მოედინებოდა. მათთან ერთად უფრო მშვიდად გრძნობდა თავს, ტკბილად იძინებდა და წიგნებში მოთხრობილი უამრავი ამბის თანამონაწილე ხდებოდა. ოთახში კვლავ გაისმა დედის ხმა: ,,მართა, შვილო, დროა დაიძინო!’’ ფიქრებიდან გამოფხიზლებულმა მართამ წიგნის გაცრეცილი ფურცელი ნაზად მონიშნა. ფანქრით რაღაც მიაწერა და წამით შეყოვნდა, თითქოს ნაწარმოების გმირებს ემშვიდობებოდა. წიგნი ფრთხილად გადადო და სინათლე ჩააქრო. წიგნების ციხე-სიმაგრეში მოკალათებულს ქუთუთოები დაუმძიმდა. ამოიხვნეშა, საბანი შემოიკეცა და თვალები მილულა. ნელ-ნელა ძილს მიეცა, მაგრა მის გონებაში კვლავ ისმოდა წაკითხული ისტორიების ექო — თავბრუდამხვევი თავგადასავლების, ჭეშმარიტი სიყვარულისა და თავგანწირული გმირობის ნაზავი. ტკბილად ჩაეძინა. ***პატარა მართას ფანტაზია უსაზღვრო იყო. ერთხელ მას უჩვეულო ამბავი გადახდა. ერთ საღამოს ტელევიზორში მოისმინა: ,,სამყაროს შემოსავლელად წიგნებში უნდა ჩაჯდე’’. გაოცებისგან თვალებგაფართოებულმა გოგონამ ეს მეტაფორა სიტყვასიტყვით გაიგო. მის გულში მოგზაურობის სურვილის ნაპერწკლები აენთო და უმალვე მოქმედებას შეუდგა. მართამ თავის მყუდრო სამყოფელში, რომელსაც ოჯახში „უკანა ოთახს’’ ეძახდნენ, შეაბიჯა. კარადიდან წიგნები გადმოიღო და იატაკზე წრიულად დაალაგა. შემდეგ, მსუბუქი ნახტომითა და ღიღინით, წიგნებისგან გულმოდგინედ შემოხაზული წრის შუაგულში ისკუპა. თვალები დახუჭა და დაუვიწყარი მოგზაურობა დაიწყო — წარმოიდგინა, რომ ცაში აფრინდა, შორეულ ქვეყნებში დაეშვა, იქაურ ამბებს გაეცნო და ასე კმაყოფილი და ბედნიერი გადადიოდა ერთი ადგილიდან მეორეზე. სამსახურიდან დაბრუნებულმა დედამ მართა ვერსად შენიშნა. ქალიშვილის ოთახის უჩვეულო სიმშვიდემ ააფორიაქა. შეშფოთებული მართას ,,შტაბში’’ შევარდა და, ოი საოცრებავ... რას ხედავს — წიგნების წრეში მოკალათებულ მართას, სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებს და გაუნძრევლად ზის. ,,მართა, შვილო, რას აკეთებ?’’ - იკითხა გაოცებულმა დედამ. მის ხმაში სიბრაზისა და სიყვარულის უცნაური ნაზავი იგრძნობოდა. „ვმოგზაურობ, დედა,’’ - გაბრწყინებული თვალებითა და ტუჩებზე მოცეკვავე ღიმილით მიუგო მართამ. პატარა გოგონას ხმა იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ დედამ სიცილი ვერ შეიკავა. მართას „უკანა ოთახი’’ მისთვის სამყაროს ცენტრი იყო. თავისივე შექმნილ პატარა სამყაროში მასწავლებლობანას თამაშობდა — საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი იყო. ალბათ, წიგნებისა და პატარების სიყვარული დედისგან ერგო მემკვიდრეობით. როცა თოჯინები მოსწავლეებად არ ჰყოფნიდა, ტახტზე მუთაქებსა და ბალიშებს ამწკრივებდა. საგულდაგულოდ მოწყობილ „მასწავლებლის მაგიდასთან“ დასკუპდებოდა და დედის ნაჩუქარ საკლასო ჟურნალს სიყვარულით ფურცლავდა, თითქოს მართლაც დიდი სამყაროს მასწავლებელი ყოფილიყო. ***ერთ დღეს დედამ მართა ინსტიტუტში წაიყვანა. მაშინ ინსტიტუტი იყო — ძველი კედლები ცოდნითა და შრომით გაჟღენთილი სიჩუმეს ინახავდნენ. პატარა მართასთვის დედასთან ერთად ინსტიტუტში წასვლა ნამდვილი დღესასწაული იყო. კაბინეტები, ლაბორატორიები და ხმაურიანი დერეფნები მისთვის საიდუმლოებით მოცულ სამყაროს ჰგავდა. დედის წიგნებით სავსე ჩანთა მხოლოდ ამძაფრებდა შეგრძნებას, რომ აქ რაღაც ზეაღმატებული ხდებოდა. მართასთვის მასწავლებლობა ყველაზე კეთილშობილი და ამაღლებული საქმე იყო; სჯეროდა, რომ ამ კედლებში იბადებოდა ის სიმართლე, რომელსაც მომავალ თაობებს გადასცემდნენ. გოგონა გაფაციცებით აკვირდებოდა ლექციის მსვლელობას: როგორ კითხულობდა დედა სტუდენტების სიას, აღრიცხავდა მათ დასწრებასა და აკადემიურ მოსწრებას, როგორ ხსნიდა და წერდა დაფაზე განტოლებებსა და მაგალითებს. მართას ხიბლავდა ცარცის სრიალის ხმა და მისი თეთრი ნაკვალევი დაფაზე. ფერადი ცარცებიც დედასთან ნახა პირველად კაბინეტში, ისევე როგორც კოლბები და ფარგალი. უყვარდა უჯრაში ქექვა — მისთვის ბევრ საინტერესო და უცნაურ ნივთს აღმოაჩენდა ხოლმე. ასეთი ჟურნალი სწორედ მაშინ შეუყვარდა — ჩაკეცილი წინა ყდით, სადაც სტუდენტების სახელები და გვარები იყო ჩამოწერილი. მოსწონდა მისი გადაშლის პროცესი, სიის ამოკითხვის რიტუალი და რაღაცნაირად, მომრგვალებულად ჩაწერილი ,,არ’’, იმ სტუდენტების გვარ-სახელების გასწვრივ, რომლებიც ლექციას არ ესწრებოდნენ. მასაც უნდოდა მასწავლებლობა. თუმცა, არასოდეს უოცნებია ლექტორობაზე, მით უმეტეს ,,დედა უნივერსიტეტში’’. დოქტორის ხარისხი მხოლოდ ექიმების პრეროგატივად მიაჩნდა, ხოლო მეცნიერული კვლევები მის ცნობისმოყვარეობას არ აღვივებდა. რაც შეეხება ლინგვისტიკას, ეს სფერო მისთვის უცხო, იდუმალებით მოცულ სამყაროდ რჩებოდა. მასწავლებლობანას თამაშისას მართას თვალები უბრწყინავდა. განსაკუთრებით ხიბლავდა მოსწავლის სახელისა და გვარის გასწვრივ თითის ნელი გაყოლება. ცდილობდა, ნიშანი ზუსტად შესაბამის გრაფაში ჩაეწერა. ფრთხილობდა, შემთხვევით სხვისი შეფასება არასწორ ადგილას არ მოხვედრილიყო. მართა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პედაგოგის როლში შესანიშნავად გრძნობდა თავს. მისი წარმოსახვითი საკლასო ოთახი ცოცხლდებოდა როცა მოსწავლეებს გაკვეთილს გულმოდგინედ უხსნიდა, ზოგჯერ უწყრებოდა კიდეც, კითხვებს უსვამდა და პასუხებს მოთმინებით ელოდა. დრო კი ჩუმად მიიპარებოდა. საათები წუთებად, წუთები წამებად იქცეოდა და თამაშში გართული მართა ვერც კი ამჩნევდა, როგორ გადიოდა დღე. მისთვის ეს თამაშზე მეტი იყო. ერთ წვიმიან შუადღეს, სკოლიდან დაბრუნებულმა პატარა მართამ ,,უკანა ოთახი’’ საოცნებო საკლასო ოთახად გადააქცია. მისი მოსწავლეები თოჯინები, მუთაქა-ბალიშები და სხვა წარმოსახვითი ბავშვები მის გონებაში გააცოცხლა. ყველა მათგანს საკუთარი სახელი დაარქვა, ზოგს მოფერებითი ზედმეტსახელიც კი შეურჩია. ,,ეს ხომ მათი რეალური სახელებისა და გვარების დამახსოვრებას ამარტივებს,’’ — გაიფიქრა მართამ თავის პედაგოგიური მეთოდების გასამართლებლად. წიგნების კარადაზე მიყუდებული ცარცის დაფა მის წარმოსახვით სკოლას ნამდვილ ელფერს სძენდა. იქვე, მასწავლებლის ჩანთაში, წითელი პომადა, კალმების დასტა და ფურცლები იმალებოდა — მზად იყო ნებისმიერი საგაკვეთილო სიტუაციისთვის. მართამ იმპროვიზებული მასწავლებლის ქუდი მოიხადა, მაგიდას დახვეწილი მოძრაობით მიუჯდა და სათვალე წამოიმხო. მისმა გაბრწყინებულმა ღიმილმა მთელი ოთახი გაანათა. წარმოსახვით მოსწავლეებს ფეხზე ადგომით მიესალმა: ,,დილა მშვიდობის, ჩემო ძვირფასებო! დღეს ჩვენ ახალ თავგადასავალს ვიწყებთ ცოდნის სამყაროში! მზად ხართ დროში მოგზაურობისთვის?’’ — ოთახში მართას თბილი და ამავდროულად ავტორიტეტული ხმა გაისმა. მზერა კუთხისკენ მიმართა. ,,შენ, მანდ, კუთხეში რა გაწუხებს? რატომ ვერ ისვენებ?’’ — მკაცრად, მაგრამ თანაგრძნობით მიმართა წარმოსახვით მოუსვენარ მოსწავლეს. ,,ნუთუ ჩემმა გულისხმიერებამ გაგათამამა? არა, მგონი უფრო გაგათავხედა...’’ — მართა უფრო ღრმად შევიდა პედაგოგის როლში.,,კარგი, დროა დავიწყოთ. დღეს განსაკუთრებული დღეა — ვმოგზაურობთ დინოზავრების სამყაროში!’’ - მართამ ხმას აუწია. ,,შევისწავლით მათი აღმოჩენის ისტორიას და ვნახავთ, როგორ გამოიყურებოდნენ ისინი. მისი წარმოსახვითი მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ მასწავლებელს. მათი უსიცოცხლო თვალები მართას ფანტაზიაში ცნობისმოყვარეობით იყო სავსე. ,,ვბრუნდებით მილიონობით წლის წინ, როცა ეს უზარმაზარი არსებები დედამიწაზე უდარდელად დაბრძანდებოდნენ! წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი საკლასო ოთახი დროის მანქანაა!’’ — განაგრძო მართამ და ეფექტისთვის სათამაშო დინოზავრების ფიგურები ჰაერში ააფრიალა. მართა ცდილობდა, მისი გაკვეთილი არა მხოლოდ ინფორმატიული, არამედ მისტიურიც ყოფილიყო. მისი მიზანი წარმოსახვითი მოსწავლეების ცნობისმოყვარეობისა და ფანტაზიის უნარის განვითარება იყო. პარადოქსულია, წარმოსახვით მოსწავლეებში წარმოსახვის უნარის განვითარება... რაღაცნაირად ეს იმას ჰგავს ბავშვს რომ ბავშვის გაჩენას აიძულებენ და ყველა ხერხსა და ღონეს მიმართავენ, პირდაპირი თუ ირიბი გაგებით... ,,აბა, ვინ არის მზად დინოზავრად გადაიქცეს?’’ — იკითხა თვალებციმციმა მართამ ენთუზიაზმით. მისი წარმოსახვითი მოსწავლეები ერთმანეთის მიყოლებით განასახიერებდნენ დინოზავრებს. მართას საკლასო ოთახში პრეისტორიული სამყარო გაცოცხლდა — ისმოდა ტირანოზავრების ბრდღვინვა, სტეგოზავრების მძიმე ნაბიჯების ხმა, პტეროდაქტილების ფრთების ტყლაშუნი. გაკვეთილი წარმატებით დასრულდა. ბავშვებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. წარმოსახვითი მოსწავლეები თანდათან გაუჩინარდნენ. მართა კვლავ მარტო დარჩა თავის მყუდრო საკლასო ოთახში. აღფრთოვანებულ მასწავლებელს ღიმილი მოერია. ოთახს სიამაყით მოავლო თვალი სადაც ცოტა ხნის წინ დინოზავრების ბრდღვინვა და ფეხის ხმა ისმოდა. ახლა კი, სიჩუმეს მხოლოდ საათის წიკწიკი არღვევდა, თითქოს დროის დინებას ახმოვანებდა. მისივე შექმნილი სამყაროს პატარა კუთხეში დაუვიწყარი მოგზაურობა დაიწყო — მოგზაურობა დროში, სადაც ერთადერთი საზღვარი მისი უსაზღვრო ფანტაზია იყო. მართას გონებაში ახალი იდეები იბადებოდა — შემდეგი გაკვეთილისთვის, შემდეგი თავგადასავლისთვის. მისთვის ყოველი დღე ახალი შესაძლებლობა იყო. ალბათ, დასაწყისშივე გრძნობდა, რომ წიგნები მისი ცხოვრების ლაბირინთულ დერეფნებში მუდმივი მეგზურები იქნებოდნენ. მათთან უთქმელი ნათესაობა აკავშირებდა. ისინი მისთვის არა მხოლოდ მელნისა და ქაღალდის აკინძული ტომები, არამედ სიბრძნისა და სიმართლის მარადიული მცველები იყვნენ, რომლებსაც შეეძლოთ მისი არსებობის ყველაზე ბნელი უბნების განათება. ალბათ იმასაც გრძნობდა, რომ მასწავლებლობა მისი ნავსაყუდელი და თავშესაფარი გახდებოდა — დროისა და სივრცის შეზღუდვებზე აღმატებული. ეს პროფესია მხოლოდ მონდომებული სულებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებსაც სიბრძნის გაზიარების სურვილი და საკუთარი ინტელექტუალური ზრდის წყურვილი ამოძრავებდათ. მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ცხოვრების რთულ გზებზე სიარული მოუწევდა. მომავალში უამრავი გამოწვევა, მარცხი და იმედგაცრუება ელოდა; ბევრჯერ დაეცემოდა და უფრო მეტჯერ წამოდგებოდა. სწორედ ეს გამოცდილება გამოაწრთობდა და ჩამოაყალიბებდა იმ ადამიანად, როგორიც ახლაა — ძლიერი, მაგრამ თანაგრძნობით სავსე; ჭკვიანი, მაგრამ მუდამ სწავლის მსურველი. კარგია თუ ცუდი — ამას მნიშვნელობა არ აქვს, ყველა თავისებურად აფასებს. ადამიანს მოკეთეც უნდა ჰყავდეს და მტერიც — ეს ცხოვრების უცვლელი კანონია. მტრები კი მართას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვა ფორმითა თუ ნიღბით მრავლად გამოჩნდნენ. ყოველი მათგანი, საბოლოოდ, მისი ზრდისა და განვითარების საშუალებად იქცა. ***მართამ ბევრი რამის მართვა ისწავლა ცხოვრებაში... მაგრამ ვინ იყო მართა? ანდა ვინ არის ის ახლა?! წვიმდა. ცა ღრუბლებით იყო დაფარული. დილის სინათლე ამაოდ ცდილობდა ღრუბლების სქელი ფარდის გარღვევას. ციდან წვეთები სწრაფად ეშვებოდნენ, ასველებდნენ მიწას. ჰაერში მიწის სურნელი ტრიალებდა — სუნი, რომელიც ჩვეულებრივ, გულს სითბოთი და ნოსტალგიით ავსებდა. მაგრამ იმ დღეს, წვიმა არასასურველი სტუმარივით მოვიდა. ,,ალბათ სტუმრებს წვიმიან ამინდში სახლიდან გამოსვლა დაეზარებათ,’’ - გაიფიქრა მან. ,,თუმცა, ვისაც უყვარს და უნდა, აუცილებლად მოვა. არაერთხელ წავსულვარ მეც არასახარბიელო ამინდში... დიახ, თუ გიყვარს და გაინტერესებს, ასეა... ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებს." ამ ფიქრებით გამოეღვიძა. დილით ადრე ადგა — გაკვეთილი ჰქონდა ჩასატარებელი. ვეღარ გააცდენდა, უკვე იმდენჯერ მოუწია განრიგის შეცვლა ბოლო პერიოდში განვითარებული არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის გამო. ჩქარობდა, ყველაფერი უნდა მოესწრო. საგულდაგულოდ გამოეწყო და გამოიპრანჭა ,,მეორე დღისთვის’’. ჰო, პირველი რომელი იყო?! რამდენი პირველი, მეორე, მესამე და ვინ დათვლის... დღე ყოფილა მის ცხოვრებაში. უცნაური, ემოციური, სიხარულითა თუ სევდით სავსე, ცხოვრების მოულოდნელი სიურპრიზებიც ხშირად უგემია. მაგრადაც შემოულაწუნებია და გამოუფხიზლებია ცხოვრებას. მაგრამ იმ მომენტში... სულ სხვა სფეროში, სხვა რეალობაში აღმოჩნდა ... მართამ მანქანა გუდიაშვილის ქუჩის კუთხეში გააჩერა. თავდაჯერებულად გადმოვიდა, ფრთხილად მიხურა კარი, ქუჩა გადაკვეთა და სწრაფად აირბინა კიბეები. დაცვის სამსახურის თანამშრომლებს მოკრძალებით მიესალმა და წელში გამართულმა შეაბიჯა დიდ დარბაზში — იმ დარბაზში, რომელზეც ოდესმე ფიქრსაც კი ვერ გაბედავდა.საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში მართა საჯაროდ მესამედ წარსდგა, ამჯერად მხატვრის ამპლუაში. ეს სიტყვა ცოტა ეხამუშებოდა. ეს მისი პირველი მასშტაბური გამოფენა იყო. ადრე ოცნებებს ხატავდა, და აი ახლა, თითქმის ნახევარ საუკუნეს მიღწეული, ფერთა წერამ აიტანა. სულის ფერები ტილოზე გადმოჰქონდა. რა მშვენიერია ცხოვრება — საიდან სად წაგიყვანს, რას არ გამოგატარებს, აღმოგაჩენინებს, გასწავლის... ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ გააოცებს მართა საკუთარ თავსაც და მის გულწრფელ გულშემატკივრებსაც ახალი აღმოჩენებით. ბიბლიოთეკის შენობის არქიტექტურა ერის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას ასახავდა, თითქოს საუკუნეების სიბრძნე ქვაში გაცოცხლებულიყო. მორთულ-მოჩუქურთმებული სვეტები ზეცისკენ ისწრაფვოდნენ, გუმბათის დასაყრდენად აზიდული, ერთმანეთს იდუმალ ამბებს ჩასჩურჩულებდნენ. შიგნით მარადიული სიბრძნის აურა ტრიალებდა. უზარმაზარი საგამოფენო დარბაზის კუთხეში, გაპრიალებულ ხის მაგიდასთან მჯდომი მართას ფიგურა სივრცეში ჩაკარგულიყო, თითქოს დროის ნაკადს შთაენთქა. ქალი საკუთარ თავში წარსულის განუწყვეტელ ხმაურს ებრძოდა, ხანაც ეპოქათა მიჯნაზე გადამდგარი, მომავლის იდუმალ ძახილს აყურადებდა. მის თვალებში ათასწლეულთა სევდა და სიბრძნე ირეკლებოდა, თითქოს ყველა იმ წიგნის სულს შეეხიზნა, რომელთაც ოდესმე ამ კედლებს შორის დაედოთ ბინა. დარბაზის სიღრმიდან უცნაური ჩრდილები მოცოცავდნენ, წარსულისა და აწმყოს ზღვარზე მოცეკვავე მოჩვენებებივით. მართა თვალს ავლებდა გამოფენილ ტილოებს, რომლებიც მისი სულის ანარეკლად ქცეულიყვნენ. ფერთა ჰარმონია და ფუნჯის მონასმები, თითქოს უცხო ხელით შექმნილი, მაინც ნაცნობ მელოდიას აჟღერებდნენ მის გულში. ,,ნუთუ ეს ყველაფერი ჩემი ხელით შეიქმნა?" - გაუელვა აზრმა.თითოეული ფერი, ყოველი ხაზი მისი სულის ნაწილი იყო, მაგრამ ახლა, ამ დარბაზში გამოფენილი ნამუშევრები, თითქოს ახალ სიცოცხლეს იძენდნენ. მართას მზერა ერთი ნახატიდან მეორეზე გადადიოდა, თითოეულ ტილოსთან შეჩერებისას ახალ საიდუმლოს ამოიკითხავდა. ყოველი ნამუშევარი სარკეში დანახული საკუთარი ანარეკლივით იყო — ერთდროულად უცხოც და ახლობელიც, ნაცნობიც და მოულოდნელიც.გული აუჩქროლდა, სიამაყისა და მოწიწების უცნაური გრძნობით აივსო საკუთარი შემოქმედების წინაშე. ,,მართა, მიდი, დაიწყე, გაბედე,’’ - ჩაესმა ხმა. ირგვლივ არავინ იყო. კედლები წარსულის საიდუმლოებებს ჩურჩულებდნენ და მოუწოდებდნენ, კალამი აეღო და წერა დაეწყო. აზრები ქაოსურად ირეოდნენ გონებაში. არც ფორმა იცოდა და არც სტილი, არც ის, თუ როგორ მიიღებდა საზოგადოება მის ნაწერს. ეჭვები მოერია: ,,რაღა დროს ესაა? რატომ ვერ გამოვედი წარსულის ტრავმებისგან? რატომ უნდა განვუახლო ტკივილი და დავასევდიანო ოჯახის წევრები და მეგობრები?" შიში იპყრობდა, რომ მისი სიტყვები სალაპარაკო გახდებოდა, ჭორაობის საგნად იქცეოდა. რამდენჯერ დაიწყო და გადაიფიქრა, შინაგანი ხმა აჩერებდა: ,,მოიცადე, ჯერ არ დამდგარა ამის დრო.’’ ისევ ხალხზე ფიქრობდა, როგორ გაუგებდნენ, როგორ მიიღებდნენ. ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში მასში უნებურად დაფესვიანდა ,,სტერეოტიპი’’, რომელიც დროდადრო ჩასძახოდა ყურში, რომ ხალხის საამებლად უნდა ემოქმედა, მათი აზრი პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო. მართამ ღრმად ჩაისუნთქა და კალამს დასწვდა. ,,საკმარისია,’’ - გაიფიქრა მან, თვალები ოდნავ მოჭუტა და ჩაილაპარაკა. ,,დროა, ჩემი ხმა ბევრს გავაგონო, ჩემი ისტორია შესაძლოა სხვებსაც დაეხმაროს.’’ ჩანთიდან ძველი, რვეული ამოიღო და გაყვითლებულ ფურცლებს მიაშტერდა. მელნის სუსტმა არომატმა ააფორიაქა. მის გონებაში მოგონებები გაცოცხლდა. წამიერად გააცნობიერა, რომ მისი ცხოვრების ყოველი წუთი — ტკივილიცა და სიხარულიც ღირდა მოყოლად. ეს ხომ მხოლოდ მისი პირადი ისტორია არ იყო; ეს მთელი მისი თაობის ქრონიკა იყო. გადაწყვეტილება მიიღო. გაბედა. დაიწყო. კალამი ქაღალდს შეახო და პირველი სიტყვები დაიბადა. მართას თითები აუკანკალდა, მაგრამ ამჯერად არა შიშით, არამედ მღელვარებით. გული აუჩქარდა და ძარღვებში სისხლის ჩქეფა იგრძნო. წლების სიმძიმე ჩამოდიოდა მისი მხრებიდან. კალმის ყოველი მოსმით სიტყვების გობელენს ქსოვდა. იგრძნო, როგორ გაქრა შიში და ეჭვები, როგორ დაეუფლა თავისუფლების თავბრუდამხვევი გრძნობა. ის მზად იყო, მოეყოლა თავისი ამბავი — უშიშრად და გულწრფელად. მართას შეუპოვარი ბუნება მას ზედმეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა. ვერ მოისვენებდა, სანამ ფურცელზე არ გადაიტანდა ყველაფერს — წარსულის ჩრდილებს, აწმყოს ფიქრთა ქარიშხალსა და მომავლის იმედებს. მისთვის წერა და ფერწერა ერთ მთლიანობად იქცა; თითოეული სიტყვა მის გონებაში ფერად ტილოდ იშლებოდა. მართა გრძნობდა, რომ ეს შემოქმედებითი პროცესი არა მხოლოდ მისი ცხოვრების გზას ასახავდა, არამედ თავად მასაც ცვლიდა. ყოველი დაწერილი სტრიქონი მის არსებაში ახალ ძალას აღვივებდა, აძლიერებდა და ახალ პიროვნებად აყალიბებდა. წერას და ფერწერას ერთად აეტანა. *** და მაინც, ვინ არის მართა?!... მართა — ერთი ჩვეულებრივი, შრომისმოყვარე და დაუოკებელი ცნობისმოყვარეობის მქონე ქალია. ცხოვრებამ მას მრავალი გაკვეთილი ასწავლა, რასაც თავად ერთ წინადადებაში გამოხატავს: ,,დიდი გოგო ვარ უკვე’’. ეს მარტივი ფრაზა მთელ მის განვლილ გზას მოიცავს - გზას, რომელმაც ჩვეულებრივი საზღვრები გადალახა და იქ შეაღწია, სადაც მხოლოდ მტკიცე სულის ადამიანები ბედავენ სიარულს. მას ახასიათებს ღრმა დაკვირვების უნარი და ყველაფრის საფუძვლიანი ანალიზის გაკეთება. მართას მაქსიმალისტური ბუნება ხშირად აოცებს გარშემომყოფთ. ბევრი მას გამორჩეულად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მისი ჩვეულებრივი ,,არსებობის’’ მიღმა ბევრი საიდუმლო იმალება. ზოგისთვის მართა ჭეშმარიტების მაძიებელი მნათობია ამქვეყნიურობის გულში, სხვებისთვის — უბრალოდ სოფლელი ,,თავსაფრიანი ქალი’’. არიან ისეთებიც, ვინც მას გველს, უწმინდურს ან თვითმარქვიას უწოდებს. თუმცა, რეალურად, მართა ერთი უბრალო ადამიანია — ქალი, რომელმაც ცხოვრების რთული და ეკლიანი გზა გამოიარა და ამ გზაზე საკუთარი თავი იპოვა. ***ცნობისმოყვარეობა მისი ბუნების განუყოფელი ნაწილი იყო. ერთი შეხედვით უმნიშვნელო გარემოებები თუ საგნებიც კი ხშირად იქცეოდნენ მისი ფიქრისა და დაკვირვების ობიექტად. მართას ყოველთვის სწყუროდა სამყაროს შეცნობა და შესწავლა. რასაკვირველია, საკუთარი, თუმცა მოკრძალებული, შეხედულებები ყველაფერზე გააჩნდა. მაგრამ იქ, სადაც ტრადიციები ღრმად იყო ფესვგადგმული, ხალხის აზრი უპირველეს ღირებულებას წარმოადგენდა და უფროსების ნათქვამის პატივისცემა უმთავრესი იყო, მართა თავის აზრს იშვიათად თუ გამოთქვამდა. ყველაფერს გულში იკლავდა. კარგად ახსოვს, გათხოვებიდან სულ რაღაც ერთი წელი იქნებოდა გასული. ოჯახური სადილის დროს, როცა ყველა მშვიდად საუბრობდა ყოველდღიურ საკითხებზე, მან თავი ვერ შეიკავა, გაბედა და თავისი აზრი გამოთქვა. სუფრაზე ჩამოვარდნილი დანის ხმაურივით გაისმა დედამთილის მკვახე კომენტარი: „შეხედე ამას... რა გრძელი ენა ჰქონია... ასეა, ასე, მყრალმა ნიორმა მიწიდან ერთი წლის მერე ამოყო თავიო...’’ *** თხუთმეტი წლის მართა, სრულწლოვანებისა და ქმრის სახლის ზღურბლზე მდგარი, აივანზე სარეცხის გასაფენად ემზადებოდა. ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა მხრებზე დაწოლილი სიმძიმე — ნაწილი ბედისწერამ არგუნა, ნაწილი კი საკუთარი ნებით იტვირთა სხვათა საამებლად. გაურკვევლობა და შიში გულს უმძიმდებოდა. ქუჩაში მისი ყოფილი კლასელები ყიჟინით მიიჩქაროდნენ სკოლისკენ, ზუსტად ისე, როგორც რამდენიმე კვირის წინ, როცა მართაც მათ შორის იყო. გაახსენდა, როგორ უყვარდა მეგობრებთან ერთად სკოლაში სიარული. გზად ათასგვარ ამბავს ჰყვებოდნენ, იცინოდნენ, მასწავლებლების პაროდიებს აკეთებდნენ და ჟრიამულით აყრუებდნენ ქუჩას. ახლა კი, სველი თეთრეულით ხელში, უცხო სახლის აივანზე იდგა და ახალ ცხოვრებას შესცქეროდა. გოგონა, რომელიც გუშინ მერხთან იჯდა, დღეს უკვე ცოლი და რძალი გამხდარიყო. ეს მკვეთრი ცვლილება, ეს ნაადრევი ზრდასრულობა, მძიმე ლოდად აწვა მის ჯერ კიდევ ბავშვურ მხრებს. მართას ყურში დედის სიტყვები ჩაესმა: ,,ქალის ხვედრი ასეთია, შვილო. უნდა გაუძლო.’’ მაგრამ როგორ გაუძლოს, როგორ უნდა იყოს ცოლი და დიასახლისი, როცა თავად ჯერ ისევ ბავშვია?! მართა ერთ ადგილას გაშეშდა. მიხვდა, რომ ბავშვობის ნათელი ოცნებები და უდარდელი წლები ცხოვრების მკაცრმა რეალობამ შთანთქა. მისი მომავალი ორთა და ბევრთა ბრძოლამ გადაწყვიტა. ასაკით ახალგაზრდამ, მაგრამ სულიერად მომწიფებულმა პატარა გოგონამ მტკიცედ გადაწყვეტა — ღირსეულად შეესრულებინა ბედისწერის მიერ დაკისრებული მოვალეობა. მისი ცხოვრების მომდევნო დღეები, თვეები, წლები საოჯახო საქმეების დაუსრულებელ რუტინად იქცა. მართას ყოველი დილა, მზის პირველ სხივებთან ერთად იწყებოდა — საუზმე, რეცხვა, დალაგება, სადილის მომზადება, ეზოს მოვლა... საღამოს, სამუშაოდან სახლში დაბრუნებულ ოჯახის წევრებს მართა სიამოვნებით უმასპინძლდებოდა. ყოველდღიურობის მიღმა, მართას გულის სიღრმეში ოცნების ნაპერწკალი ბჟუტავდა — პატარა, მაგრამ მტკიცე ალი, რომელიც მას იმედს უსახავდა. აივანზე, სადაც ნიავი ფოთლებს ეჩურჩულებოდა და მზის სხივები ფაქიზად ეფინებოდნენ, მართა სულიერ სიმშვიდეს პოულობდა. ძველი ჟურნალების გაყვითლებულ ფურცლებზე მოთხრობილი ამბებით ირთობდა თავს. ***დილის მზე ჩუმად შეიპარა მართას ოთახში. ცისკრის სითბო სხეულში ჩაეღვარა. თვალი გაახილა და მეუღლე რომ ვერ დაინახა, მაშინვე გაახსენდა დედამთილის ნათქვამი: ,,ხვალ ჩვენ დილაადრიან წავალთ. აბა, შენ იცი.’’ მისი ახალი ოჯახი სამუშაოდ წასულიყო ,,ბოლოზე’’ — ასე ეძახდნენ სოფლის ბოლოს გაშენებულ ადგილ-მამულებს. მათი ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობა იყო, ეზოში კი ძროხა და ქათმები ჰყავდათ. საშუალო შესაძლებლობის ოჯახად ითვლებოდნენ, ლუკმა-პური ნამდვილად არ უჭირდათ. მართამ ოჯახური მოვალეობები შეუპოვრად მოირგო. თავს ისეთი საქმეებიც კი დააკისრა, რასაც მისგან არავინ მოელოდა. მისთვის გათხოვება პირდაპირ უკავშირდებოდა საოჯახო საქმის სრულყოფილად შესრულებას. რეცხვა, ხეხვა, წმენდა, დალაგება, კერძების მომზადება, ეზოს მოვლა, დაუთოება, საქონლის პატრონობა — სოფლის ცხოვრების ეს დაუსრულებელი ფერხული მის ყოველდღიურობად იქცა. მართამ გადაწყვიტა, ოჯახის წევრების დაბრუნებამდე ყველა საოჯახო საქმე მოეგვარებინა. ბავშვობიდანვე შეზრდილი იყო სახლის საქმეს — მუდამ დედის გვერდით ტრიალებდა, ყველაფერში ეხმარებოდა და იმაზე მეტ მონდომებასა და ინიციატივას იჩენდა, ვიდრე ეს მის ასაკს შეეფერებოდა. პატარა დიასახლისი მუდმივად ქათინაურებს იმსახურებდა მეზობელი ქალებისგან.,,შენს ოქროს ხელებს ვენაცვალე, რა მარჯვე ხარ. როგორ ატკიცინებ თეთრეულს...’’,,ყოჩაღ, შვილო, როგორ დაგისუფთავებია ეზო-ყურე...’’,,ნეტავ ჩვენმა ბიჭმაც შენნაირი მარიფათიანი გოგო მოიყვანოს...’’,,ასეთი პაწაწინაა და როგორი საქმიანია...’’ — გაიძახოდნენ მეზობელი ქალები. ქმრის ბებია კი მუდმივად მის ქება-დიდებაში იყო. თან აფრთხილებდა დედამთილზე: ,,რაც უნდა გითხრას, ნუ აჰყვები, შვილო. შენ მაინც ახალგაზრდა ხარ და მაგას ვერ მოერევი. თანაც, აუგს რომც იტყოდე, მაინც ვერავინ შეგიცვლის, რა აზრი აქვსო...’’ მაშინ მართა ვერ ჩასწვდა შეძენილი ბებოს ნათქვამის სიღრმეს. ტკბილი და საყვარელი მოხუცი ქალი მას მართლაც გულით შეუყვარდა. ბებოს დანაოჭებულ სახეზე სითბო და სიბრძნე იკითხებოდა, თითოეული ნაოჭი თითქოს ცხოვრებისეული გამოცდილების მატიანე იყო. მისი ხმა, დაბალი და ოდნავ ხრინწიანი, მართას გულისკენ მიმავალ გზას ადვილად პოულობდა. შექებით თავბრუდახვეულ მართას სულ უფრო მეტის კეთების სურვილი უჩნდებოდა. საქმეში ისე გაერთო, ვერც კი შეამჩნია, როგორ მოსაღამოვდა. მართა უზარმაზარი მსხლის ხის ტოტებს შორის იჯდა. ხე, რომელიც ამაყად იდგა სახლის წინ, დახუნძლული იყო მსუქანი, ოქროსფერი მსხლებით. ნაყოფი, ჩამავალი მზის შუქზე. ნათურებივით ანათებდა. მართა თავისი ნაზი ხელებით ყველა მიმართულებით სწვდებოდა ქარვისფერ მსხლებს და კალათაში აგროვებდა. უცებ ეზოს კართან მანქანის ძრავის ხმა გაისმა და მისმა გამუდმებულმა სიგნალმა სიმშვიდე დაარღვია. „მართა, არ გესმის? კარი გამიღე!’’ — დაუძახა ქმარმა გაბრაზებული ხმით. „არ შემიძლია, ვერ გავაღებ, დაბლა არ ვარ!’’ — უპასუხა მან. „მაშ ჩამოდი, რა დიდი საქმეა!’’ — მისი ბოლო სიტყვები მართამ წესიერად ვერც კი გაიგონა, როცა ეზოს კარი ჭრიალით გაიღო და მანქანა ეზოში შემოვიდა. „სად ხარ?" - გაოცებით იკითხა ქმარმა. ,,მსხლის ხეზე’’ „რას აკეთებ მანდ? არ ჩამოვარდე და ხათაბალა არ გახდე გოგო!" გაუკვირდა დედამთილს, „როგორ მოახერხე ამხელა ხეზე აძრომა?’’ მართამ გაიღიმა. ქმრის ბებიისგან იცოდა მსხლის ხის ისტორია. „პირველი ნაყოფი იმ წელს გამოისხა, მე რომ ამ ოჯახში მოვედი,’’ გაახსენდა მოხუცის სიტყვები. ახლა კი, ხემ ოჯახის მესამე პატარძალიც გაიცნო, გაიფიქრა მართამ და ფრთხილად მოწყვიტა მორიგი ოქროსფერი ნაყოფი. ***მართა, როგორც კი სახლის საქმეს მორჩებოდა, ხშირად სტუმრობდა დედას. ზოგჯერ დღეები ან კვირეებიც კი რჩებოდა მშობლების სახლში. მის ქმარსაც ძალიან უყვარდა მათთან ყოფნა. ხუმრობით იტყოდა ხოლმე: „არაჩვეულებრივი პურ-მარილი, სითბო და სიყვარულია ამ სახლში და უარი რატომ უნდა ვთქვა ამ შესაძლებლობაზე?" მერე სიცილით დაამატებდა: „გიჟი ქორწილში წავიდა და ჩემს სახლს ესა სჯობიაო...’’ ერთხელ, მშობლების სახლიდან დაბრუნებულ მართას, მოულოდნელი სტუმრები დახვდნენ.„ეს ჩემი პატარა ძმაა, მართა. ესენი ჩემი დეიდაშვილები არიან. ეს კი ჩემი ნახევარძმის უფროსი ქალიშვილი,’’ — დედამთილმა მართას სტუმრები წარუდგინა. სტუმართმოყვარეობა მართას სისხლში ჰქონდა. მისი ოჯახი უამრავი სტუმრის მასპინძელი იყო. ვისაც რამე უჭირდა, სჭირდებოდა ან უბრალოდ დასვენება და გართობა სურდა, ყველა მათთან იყრიდა თავს. ოჯახიც ხელგაშლილი ხვდებოდა სტუმრებს და სასმელ-საჭმელს, პატივისცემას არ აკლებდა. სტუმარ-მასპინძლობის კულტი მართას მშობლებს მაღალ რანგში ჰყავდათ აყვანილი. სამზარეულოსკენ მიმავალ მართას დედამთილის უმცროსი ძმის უკბილო ხუმრობა წამოეწია. ,,პური გიმწარდებოდათ, რა გეჩქარებოდათ?’’... მართამ შეუმჩნევლად შეანელა სვლა. ნათქვამის ბოლომდე ვერ გაიაზრა, მაგრამ გულში რაღაც მწარედ მოეკვეთა. „ალბათ, არ მოვეწონე,’’ — გაიფიქრა და სევდა დაეუფლა. ცოტა ხანში მართას ქმარი დაბრუნდა თავის „ასარ-ბასარა’’ მეგობრებთან ერთად, როგორც დედამთილი ხუმრობით მოიხსენიებდა მათ. იმ საღამოს კარგად მოილხინეს. მართამაც მალე დაივიწყა წყენა და ცოლქმრულ წვეულებაში გართულმა საღამო მხიარულად გაატარა. ***მზე ჩასასვლელად ემზადებოდა. გარემოს თბილ ნარინჯისფერ ელფერს აფრქვევდა. ეზოში გაშლილ ხის მაგიდასთან, ხეივნის ჩრდილქვეშ, ბიჭები ჯოკერს თამაშობდნენ. იქვე მართას მეგობრები და მეზობლის ახლადგაცნობილი რძლები საუბრობდნენ, მათი სიცილ-კისკისი ეზოს აყრუებდა. წალამი ტკაცატკუცით იწვოდა. ცეცხლის ალები მოუსვენრად იკლაკნებოდნენ, თითქოს დამწვრობისგან მიყენებულ ტკივილს ვერ უძლებდნენ. მართას ქმარს მკლავები დაეკაპიწებინა და გულმოდგინედ დამარინადებულ ხორცის ნაჭრებს შამფურზე აგებდა. ,,მართა, ხრეში მარილი მომაწოდე და ხახვიც გამიფცქვენი!’’ — გასძახა მან ცოლს. ხორცთან ურთიერთობა მართლაც კარგად გამოსდიოდა. ნებისმიერ ხორციან კერძს დიდი რუდუნებით ამზადებდა და უდაოდ გემრიელადაც. რაც მთავარია, ,,მზარეულობით’’ უდიდეს სიამოვნებას იღებდა. კულინარიასა და გემრიელ ჭამა-სმასთან ნამდვილი სიყვარული აკავშირებდა. მწვადის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი უბრალო გამვლელსაც კი ეზოსკენ იზიდავდა. ათკაციანი სუფრა თანდათან ორმაგდებოდა. ხორცის არომატი ჰაერში დატრიალდა. მაყალთან მდგარმა მართამ ღრმად ჩაისუნთქა.,,მმმ, შენს შემწვარ მწვადს წარმოუდგენელი სურნელი ასდის. ნამდვილი დიდოსტატი ხარ,’’ — აღფრთოვანებით წარმოთქვა მართამ. მართას ქმარმა სიამაყით გააქნია თავი, გაიღიმა და უპასუხა: ,,აბა რა, კაცს რაღაც ხომ უნდა შეეძლოს. შენ კი ისე ლაპარაკობ მწვადზე, თითქოს ჭამის დიდი მოყვარული მყავდე.’’ მართას ქმარი ოსტატურად ატრიალებდა ცეცხლზე მოციმციმე შამფურებს, ამასობაში მართამ მაგიდის გაწყობას მიჰყო ხელი. გოგონები ეხმარებოდნენ და ასე, საუბარ-გართობაში, თანდათან იშლებოდა სუფრა. მართას მამამთილს მათთან ერთად დროის გატარება ეხალისებოდა, რასაც ვერ ვიტყოდით დედამთილზე. მართამ რამდენჯერმე ყურიც კი მოჰკრა, როგორ ეჯიჯღინებოდა დედამთილი ქმარს ზიზღნარევი ხმით: ,,შენ რაღამ გამოგაშტერა და ასდევ ამათ ღრიანცელს?’’მართა გაქვავებული იდგა. გულაჩქარებული და გაოგნებული, უნებურად იმეორებდა დედამთილის ნათქვამ სიტყვებს გონებაში. ვერ იჯერებდა, როგორ შეეძლო ქალს ქმრისთვის ასეთი უპატივცემულო სიტყვები ეთქვა, თანაც ახალი პატარძლისა და სტუმრების თანდასწრებით. მართას მშობლების ოჯახში მსგავსი რამ არასდროს მოუსმენია. მამამისი ყოველთვის განსაკუთრებულ სიმაღლეზე იდგა - ყველა მორიდებითა და პატივისცემით ეპყრობოდა. სიყვარულით "მისტერასაც" კი ეძახდნენ. ფიქრებში ჩაძირული მართა ქმრის ხმამ გამოაფხიზლა: ,,დროა, თამაში შევწყვიტოთ და სუფრას მივუსხდეთ! ძმაო, იქნებ შენ ჩამოასხა და მოიტანო ღვინო?’’ — მიმართა მან მეგობარს. ქორწინების შემდეგ ასეთი შეკრებები გახშირდა: მეგობრების თავყრილობა, გულიანი სიცილი, ხუმრობა, მადისაღმძვრელი კერძები და უდარდელი დროსტარება. თუმცა, წლების გასვლასთან ერთად, ეს მხიარულება მართას აუტანელ ტვირთად დააწვა. ***მართას ცხოვრება ერთფეროვან რუტინად ჩამოყალიბდა. ყოველი დღე წინასწარ განსაზღვრული სცენარით მიმდინარეობდა, სადაც თითოეულ ოჯახის წევრს თავისი როლი ჰქონდა მინიჭებული. მართა ცდილობდა, თავი დაერწმუნებინა, რომ ეს ახალი ცხოვრების წესი მისთვის მისაღები იყო. ერთი შეხედვით, ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა. მართა ასე თუ ისე შეეგუა ახალი ცხოვრების რიტმს, მისგან დამოუკიდებლად დაწესებული როლი მოირგო და ცხოვრების გამოწვევებსაც მეტ-ნაკლებად კარგად უმკლავდებოდა. ის თავს იმხნევებდა, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. თუმცა, მის გულის სიღრმეში მუდამ რჩებოდა უცხოობის განცდა. ვერასოდეს ეგუებოდა იმ აზრს, რომ ეს მისი ოჯახი იყო. არასოდეს ამბობდა ,,ჩემი ოჯახი’’, ,,ჩემი სახლი’’ და ასე დარჩა ბოლომდე... ეს მისი ქმრის სახლი და ოჯახი იყო, სადაც მართა თავს სტუმრად გრძნობდა. ცხოვრებამ მრავალი პასუხისმგებლობა დააკისრა მართას. ახალი ოჯახის მოვლა, საოჯახო ტრადიციების შესწავლა და დაცვა, ქმრის ნათესავებთან ურთიერთობის აწყობა — ყველაფერი ეს მისთვის უცხო და რთული აღმოჩნდა. მართა ხშირად გრძნობდა, რომ ეს მოვალეობები მის შესაძლებლობებს აღემატებოდა. ყოველი ახალი დღე ახალ გამოცდას უმზადებდა — ხან სამზარეულოში უნდა დაემტკიცებინა თავისი უნარები, ხან კი ოჯახის უფროსი წევრების მოთხოვნებს უნდა გამკლავებოდა. თუმცა, ქმრის ოჯახში მან ბევრი საინტერესო რამ შეიტყო, ისწავლა და აღმოაჩინა. მისი ინტერესის სფერო და ცოდნის მასშტაბებიც თანდათან გაიზარდა. ***ერთ საღამოს, ცნობისმოყვარეობით შეპყრობილმა მართამ გადაწყვიტა, თავისი უნარები გამოეცადა. ,,შეიძლება მეც ვცადო? ძალიან მაინტერესებს, გამომივა თუ არა. თქვენ ისე ოსტატურად აკეთებთ...’’ — მიმართა მან ბოსელში ძროხის მოსაწველად შესულ დედამთილს. ,,რა თქმა უნდა, მართა, მაგრამ ეს არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს,’’ — დაეთანხმა დედამთილი. ,,ძროხას ჯერ ჯიქანი უნდა ჩამოვბანოთ. ნახირში ყოფნისას უჭუჭყიანდება. თუ არ დავბანეთ სიბინძურე რძეში მოხვდება.’’ ,,ზამთარში თბილი წყლით, ხომ’’ — იკითხა მართამ გონივრულად. ,,რა თქმა უნდა, თორემ სიცივისგან კანი დაეშაშრება და ეტკინება’’ — დაუდასტურა დედამთილმა. დაინტერესებული მართა შეუჩერებლად აგრძელებდა კითხვების დასმას, ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეღო ამ ახალი გამოცდილების შესახებ. ,,ყველის ამოყვანას და მაწვნის ჩადედებასაც ხომ მასწავლით?’’ — განაგრძობდა კითხვების დასმას მართა. დედამთილმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გაუღიმა, ეტყობა, კმაყოფილი იყო რძლის მონდომებითა და შემართებით. დადგა მართას ჯერიც. ფრთხილად ჩაიჩოქა ძროხის ცურთან, თითები ნაზად შემოხვია დაბანილ და გაკრიალებულ ძუძუებს და რიტმული მოზიდვით შეუდგა წველას. სახეზე სიამაყის ღიმილი გადაეფინა, როცა რამდენიმე წვეთი რძე გამოადინა. რუტინას მიჩვეული ძროხა თავდაპირველად უდრტვინველად იდგა. დიდრონი ყავისფერი თვალებით შორეულ სივრცეს გაჰყურებდა. ალბათ უჩვეულო ხელის შეხებამ შეაწუხა. შეირხა, კუდი უაზროდ აატრიალა ჰაერში და სანამ ახალბედა მწველავი რეაგირებას მოასწრებდა ნეხვიანი კუდი სახეში შემოჰკრა. შემკრთალმა მართამ უკან დაიხია, მაგრამ გულისწყრომა არ გამოუხატავს. პირიქით, თანაგრძნობით აღივსო ამ უწყინარი არსების მიმართ, რომელსაც უნებურად ტკივილი მიაყენა ამის შემდეგ მას ძროხის მოწველა აღარც უხსენებია, მით უმეტეს — არც უცდია. სამაგიეროდ, ყველის ამოყვანა, მაწვნის ჩადედება და ხაჭოს მომზადება მის ყოველდღიურ საქმიანობას შეემატა, რაშიც მალე დახელოვნდა და თავისი ახალი უნარები აღმოაჩინა.