მამაკაცი მოსასხამით
მამაკაცი მოსასხამით
მამაკაცი მოსასხამით როგორ დაიწყო ყველაფერი თბილისში ჩავფრინდი. ოჯახმა არ იცოდა, რომ სახლში ვბრუნდებოდი. ჩემი გამოჩენა სასიხარულო ამბავი იყო, ორი წელი გასულიყო, რაც ჩემები არ მენახა. დედა დიასახლისი იყო, მამა - მხატვარი, ლექციებსაც ატარებდა სხვა და სხვა უნივერსიტეტში. სახლში არ მუშაობდა, კორპუსის სხვენში ჰქონდა სახელოსნო და ძირითადად, სულ იქ იყო. სახლში ძილისთვის, ან ჭამისთვის თუ ჩამოვიდოდა. კარი დედამ გამიღო, ჩემს დანახვაზე ხელიდან ლამის ყავის ჭიქა გაუვარდა, მოულოდნელობისგან ხმამაღლა შესძახა ,,ვაიმე!“ და ხელი პირზე აიფარა. გეგონება მოჩვენება დაინახაო, მე გამეცინა. კარებშივე ჩამეკრო, კარგა ხანს ხელი ვერ გავაშვებინე. ,,შემომიშვი ქალო!“ ვუთხარი და მერეღა მოვიდა გონს, შიგნით შევედით.¾ რატომ არ მითხარი რომ მოდიოდი, შვილო.¾ ყოველ წუთს რომ არ გერეკა! მამა სადაა?¾ სად იქნება! გშია შვილო? ეხლავე, აქ იჯექი. მითხრა და სამზარეულოში გავარდა.¾ მამასთან ავალ, მივაძახე და სახლიდან გამოვედი. სხვენში ავედი, ბენზინის და საღებავის სუნად ყარდა იქაურობა. მამაჩემმა ვერ შემნიშნა, ხატავდა, არ შევაწყვეტინე. ნამუშევარს დავაკვირდი, საოცარი რამე იყო: ზამთარი. დათოვლილი წიწვები, სიმძიმისგან ძირს დახრილი ტოტები. რამდენიმე სახლი, რომლებიდან კვამლი და მკრთალი სინათლე გამოდიოდა. ირგვლივ ბურუსი იყო, ჩაბნელებულ ქუჩას ლამპიონების ყვითელი შუქი ანათებდა, თოვლს დაეფარა ყველაფერი. არც ნაფეხურები ჩანდა, არც ადამიანის ჭაჭანება. მამაჩემის ნახატში ისეთი სიმშვიდე და ჰარმონია სუფევდა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არ არსებობდა. ნახევარმთვარეს ხატავდა, ფუნჯის წვერით ნაზად ეხებოდა ჩვენი თანამგზავრის რკალისებრ ფორმებს და მეც მშვიდად მივჩერებოდი ამ სანახაობას. მოულოდნელად ჩემკენ მოტრიალდა, თვალები შუბლზე აუვიდა. გაეცინა, თავის დიდ წვერზე ხელი მოისვა და ფეხზე წამოდგა. ,,აქ საიდან, როგორ როდის?!“ მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა. გადამეხვია. ,,რათ არ გვითხარი?!“ ,,რა ვიცი მამაჩემო, სიურპრიზი გაგიკეთეთ“, ვუთხარი და გულში ჩავიკარი. მალე მის ახალ ნახატს მივუახლოვდი. ¾ ნეტა შენი ნიჭი გამომყოლოდა... გამიღიმა, წინსაფარი მოიხსნა და იქვე დადო. ,,წამო, სახლში ჩავიდეთ“ მითხრა. სხვენიდან გამოვედით. დედას უკვე სუფრა ჰქონდა გაშლილი, ერთად ვივახშმეთ. მშობლებთან დროის გატარება ძალიან მიყვარდა. მე ჩემი თანატოლებისგან განსხვავებით ასაკიანი მშობლები მყავდა, მაგრამ მაინც სულ ვამჩნევდი, რომ მათთან იმაზე უფრო ახლოს ვიყავი, ვიდრე ჩემი მეგობრები თავიანთ მშობლებთან. მამა დედაზე ათი წლით უფროსი იყო. მათი შეხვედრის და სიყვარულის ისტორია ბევრჯერ მქონდა მოსმენილი, მაგრამ არასდროს მბეზრდებოდა და ყველა შესაძლებლობაზე თავიდან ვაყოლებდი ხოლმე ხან ერთს, ხან - მეორეს. ჩემები ჩემს მეგობრებსაც უყვარდათ, ჩვენი სახლი შეკრების ადგილი იყო და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სანამ მესტუმრებოდნენ, პირველი კითხვა, რასაც ისინი მისვამდნენ იყო: ,,შენებიც ხომ იქნებიან?!“ მამაჩემმა მაცივრიდან თავისი დაყენებული თეთრი ღვინო გამოიღო, სუფრაზე დადო. ,,ეს შენი ჩამოსვლისთვის.“ ტაში შემოვკარი! ¾ დათოს ხომ არ გავძახო?¾ გასძახე, მიდი სახლში იქნება. მიპასუხა დედამ. გარეთ გავედი და გვერდით კარზე მივაკაკუნე. დათო მამაჩემის ნათლული იყო, ჩემზე ერთი წლით დიდი. ბავშვობაში სოფელში ცხოვრობდნენ, შემდეგ ჩვენს მეზობლად გადმოვიდნენ. თითქმის ერთად ვიყავით გაზრდილები, მისი მშობლები რამდენიმე წელია, ემიგრაციაში წასულიყვნენ, ამიტომ ჩემებმა ის, ფაქტობრივად, იშვილეს. საჭმელსაც არ ვჭამდით უიმისოდ და ისიც ისე გვთვლიდა, როგორც თავის საკუთარ ოჯახს. კარგი გააღო თუ არა ხმამაღლა დაიყვირა და ხელში ამიტაცა, მისი დანახვა მეც არანაკლებ გამიხარდა. ¾ როდის ჩამოხვედი! ¾ ამ წამს! წამო ჩვენთან, ვუთხარი და ხელი მოვკიდე, სახლში შემოვიყვანე. დედაჩემს მაგიდაზე თეფში და ჭიქა მისთვისაც დაედო. მთელი საღამო ერთად გავატარეთ. უკვე გვიანი იყო, დათოც სახლში აპირებდა დაბრუნებას, ცოტა ხნით აივანზე გავიდა, მეც გავყევი. სიგარეტს მოუკიდა, მომიბრუნდა და ეჭვისთვალით მკითხა: ,,შენ აქ რაღაცისთვის ხარ ჩამოსული, რა მოხდა.“ დათოს არასდროს არაფერს ვუმალავდი, არც მოვატყუებდი.¾ მომენატრეთ.¾ დარწმუნებული ვარ, ამ ორი წლის მანძილზე ბევჯერ მოგენატრეთ.გავუღიმე.¾ კიდევ წახვალ?¾ არა, აღარ წავალ. ცხვირზე თითი მომარტყა, ბავშვობიდან ასეთი ჩვევა ჰქონდა. ახალი ცხოვრების ძიებაში გავერთე. სახლში ორი თვით დავრჩი, შემდეგ კი სამსახურის ძებნა დავიწყე. საქართველოში ეს ამბავი ისეთი მარტივი არ აღმოჩნდა, როგორიც ამერიკაში იყო. ან ხელფასი არ მომწონდა, ან სამუშაო საათები. ვერ ვიტან, როცა თავს რობოტივით ვგრძნობ! ძიება-ძიებამ ბათუმში ჩამიყვანა. თბილისური საღამოების, მეგობრების, ნათესავების და მეზობლების შეყრით დაღლილმა ცოტა ხანს განმარტოება გადავწყვიტე. მორიგი წარუმატებელი გასაუბრებიდან გამოვედი და კარი გამოვიხურე. უაზროდ დაბალ ხელფასს მთავაზობდნენ. გულახდილად ვუთხარი, რომ საუბრის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა და წამოვედი. სასტუმროსკენ ავიღე გეზი. გზაში შემცივდა, სუსხი იყო, ცამ ფანტელებიც გადმოყარა. გზად პატარა, მყუდრო კაფე შემხვდა, ლამაზი, ყვითელი განათებით და შიგნით დიდი პიანინოთი. გადავწყვიტე, ჩაი დამელია. შევედი თუ არა, ჩემს მაგიდასთან ახალგაზრდა გოგო გაჩნდა. ¾ რა მოგართვათ? მკითხა თავისი ნაზი, მშვიდი ხმით.¾ ჩაი თუ შეიძლება, ვუპასუხე და გავუღიმე.¾ ჩაი რისი? ჩამეკითხა.¾ პიტნის.¾ ბოდიში, პიტნა არ გვაქვს. ხილის?¾ იყოს ხილის.¾ ახლავე მოგართმევთ, მითხრა და გაბრუნდა, მომზადება თავად დაიწყო. გარეთ გავიხედე, მოყინული ქუჩები ლამპიონების შუქებს ირეკლავდნენ. ხალხი ფრთხილად დადიოდა, რამდენიმეს ფეხიც აუსრიალდა, ამაზე გამეცინა, მაგრამ შემრცხვა და მალევე გავჩუმდი. გოგონამ ჩაი მომიტანა, მაგიდაზე დამიდო, თავი არ დამანება, კიდევ გამომელაპარაკა:¾ აქ პირველად ხართ? აქამდე არ შემიმჩნევიხართ.¾ დიახ, დღეს ჩამოვედი, ცოტა ხნით ბათუმში გავჩერდები და ჩაი თუ მომეწონა თქვენი ხშირი სტუმარიც გავხდები. თვალები გაუნათდა.¾ მოგეწონებათ, ჩვენი ჩაი ყველას მოსწონს. მითხრა და გაბრუნდა, რამდენიმე წამში მაგიდაზე ნამცხვარი დამიდო ,,ეს საჩუქრად!“¾ რით დავიმსახურე?¾ ჩვენ ყველა პირველ სტუმარს ასე ვუმასპინძლდებით. მადლობა გადავუხადე და ხილის ჩაი მოვსვი. კაფეში მხოლოდ მე და მიმტანი გოგონა ვიყავით. იქაურობას თვალი მოვავლე. კედლები თეთრი იყო, იატაკი - ხის. ერთ კედელზე ვენის კლასიკოსების პორტრეტები იყო გაკრული: ბეთჰოვენი, ჰაიდნი და მოცარტი. მეორეზე სხვა დანარჩენი დიდი კლასიკოსები: შოპენი, შუბერტი, ბრამსი, შოსტაკოვიჩი, ჩაიკოვსკი, ვივალდი, ბახი, რახმანინოვი, ცალკე კედელს კი ქართველი კომპოზიტორები იკავებდნენ: გია ყანჩელი, სულხან ნასიძე, ზაქარია ფალიაშვილი და რევაზ ლაღიძე. ამ კედელზე მიდგმული ძველებური შავი პიანინო ახალივით პრიალებდა. მისი დანახვა მესიამოვნა. კაფეს ჭერზე ძველებური ჭაღი ეკიდა, ის მას უფრო მყუდროს ხდიდა, იქაურობის მთავარი ხიბლი კი ბუხარი იყო. მაგიდები ხის იყო, ისევე, როგორც ის ბარი, სადაც მიმტანი იჯდა. ¾ აქ ბევრი ხალხი მოდის? ვკითხე გოგონას.¾ კი, ხშირად სავსეა. მაგრამ მაინც, დღეს გააჩნია და დროს. შუა დღეს ძირითადად ცარიელია, საღამოს ივსება ხოლმე.¾ ახლა ხომ საღამოა, მარტო მე რატომ ვარ აბა?¾ დღეს სამშაბათია. პარასკევს, შაბათ და კვირას გაივსება.¾ ყველა სტუმარს იცნობთ?¾ აბა! ყველას, სახელებით. ყველა, ვინც აქეთ ცხოვრობს, აქ იყრის თავს.¾ მარტო თქვენ მუშაობთ?¾ მე და ჩემი ძმა. ერთმანეთს ვენაცვლებით ხოლმე. პარასკევს, შაბათ და კვირას - ორივე ერთად.¾ ესე იგი აქაურობა თქვენია.¾ ჩვენია. ¾ პორტრეტები მომეწონა, გარემოს უხდება. გოგონამ გამიღიმა. ფეხზე წამოვდექი და პიანინოს მივუახლოვდი. ,,შეიძლება?“ ვიკითხე. ,,რა თქმა უნდა!“ მიპასუხა. ინსტრუმენტს თავი ავხადე. რამდენიმე აკორდი ავიღე, ყურში ცუდად მომხვდა, პიანინო ასაწყობი იყო, მაგრამ იმდენად არა, რომ ვერ დამეკრა. სკამი უკან გავწიე და მის კიდეზე დავჯექი, მარჯვენა ფეხი პედალს ნელა შევახე და ბახის ,,სოლ მინორი“ დავიწყე. ბახი ტექნიკურად რთული შესასრულებელია, მაგრამ შვიდწლედზე სიარულის დროს საკმაოდ ბევრ ეტიუდს ვუკრავდი, ამიტომ სუსტი არ ვიყავი. როცა ვუკრავ მავიწყდება სად ვარ და ჩემ გარშემო რა ხდება. ვიკარგები ჩემს საკუთარ სამყაროში და რეალობის აღქმას ვკარგავ. ბახი დავასრულე თუ არა, გოგონას ხმამ გამომაფხიზლდა. ,,კიდევ რა, კიდევ!“ გამეღიმა და შოპენის ,,დო მინორი ვალსი“ დავიწყე. ეს მუსიკა ყველამ იცის, მიუხედავად იმისა, ერკვევიან თუ არა კლასიკაში. გოგონა პიანინოს კიდევ უფრო მოუახლოვდა, მისი დაჟინებული მზერა ვიგრძენი. შოპენი ჩემი საყვარელი კომპოზიტორია, ყველაზე მეტად მისი მუსიკის შესრულება მგვრის სიამოვნებას. ვალსი დავასრულე თუ არა, ინსტრუმენტი დავხურე და გოგონას ვუთხარი: ,,ვინმეს უნდა ავაწყობინოთ.“ მას გაეცინა, ტაშს შემოჰკრა, აღფრთოვანება ვერ დამალა. ,,რა მაგრად უკრავთ!“¾ მადლობა, ვუთხარი და რაღაცნაირად, შემრცხვა.¾ აქ ერთი სტუმარი მოდის ხოლმე, ერთი-ორჯერ იმანაც დაუკრა, მაგრამ თქვენსავით კარგად ვერა!¾ მუსიკოსია?¾ არა, მუსკოსი არ არის, ისე ისწავლა, თავისით.¾ ნიჭიერი ყოფილა! თქვენი მეგობარია?¾ დიახ! უფრო სწორად - ჩემი ნაკლებად, ჩემი ძმა უფრო კარგად იცნობს.¾ იმედია ერთხელ მის შესრულებას მოვუსმენ.¾ ხუთშაბათს მოდის ხოლმე! ¾ რომელ საათზე? ¾ ექვსზე.¾ ძალიან კარგი. ¾ ანგარიშს მომიტანთ? ¾ სამი ლარი!¾ სამი ლარი? გამიკვირდა.¾ დიახ, მარტო ჩაი. მაგიდაზე ათლარიანი დავდე და გოგონას დავემშვიდობე. ,,ხურდას მოგიტანთ“ მომაძახა, გავუღიმე. ,,ხურდა არ მინდა, შემდეგისთვის პიტნას თუ დამახვედრებთ გამიხარდება. აქ ხშირად მოვალ ხოლმე.“ ვუთხარი. დავემშვიდობე და გარეთ გამოვედი. მე და გოგონას დიალოგზე ვფიქრობდი. ხუთშაბათს, საღამოს ექვს საათზე აქ უნდა მოვსულიყავი და გამერკვია, ვინ იყო ის მამაკაცი, რომელიც ,,არც ისე კარგად“ უკრავდა ასაწყობ პიანინოზე. სამსახურის ძებნას ცოტა ხანს თავი დავანებე, დანაზოგი კარგა ხანს მეყოფოდა. დამსახურებული დასვენება გადავწყვიტე. ხუთშაბათი გათენდა. ეს ის დღე იყო, როცა კაფეში უნდა მივსულიყავი. როგორც მიმტანმა გოგონამ მითხრა, მამაკაცი, ექვსი საათისთვის იქ იქნებოდა. დილის საათებში ბულვარში ვისეირნე, მოგვიანებით კი საღამოსთვის სამზადისს შევუდექი. წითელი გრძელი კაბა შევარჩიე. წელში გამოყვანილი, შემდეგ კი გაშლილი და დავარდნილი. გრძელი სახელოებით და მოღერებული ყელით. თმა ზემოთ ავიწიე, ისე, როგორც ბალერინებმა იციან ხოლმე. წამწამები შავად შევიღებე და წითელი ტუჩსაცხი წავისვი. ექვსი სრულდებოდა, გრძელი კრემისფერი მანტო მოვისხი და გარეთ გავედი. ზამთრის სუსხი სახეზე მეცა, ფეხს ავუჩქარე. სულ რამდენიმე დღე გასულიყო, რაც ბათუმში დავსახლდი, მაგრამ მისი სილამაზე თვალში სულ სხვანაირად მეცა. როცა ზაფხულში ჩამოვდიოდი, ასეთი ლამაზი მაშინაც არ მეჩვენებოდა ხოლმე. ისიც კი ვიფიქრე, ოდესმე მამაჩემსაც ჩამოვიყვან, რომ აქაურობა დახატოს-მეთქი. კაფეს მივუახლოვდი, ჯერ არ შევედი. გარეთ დავდექი და დავაკვირდი, რა ხდებოდა ფანჯრის შიგნით. სამშაბათთან შედარებით, ბევრი ხალხი იყო. პიანინოს დავაკვირდი, მასზე არავინ უკრავდა, მაგრამ თავი ახდილი ჰქონდა. ცივი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და კაფეში შევედი. მიმტან გოგონას მივესალმე. თავადაც ხელი დამიქნია. მოსასხამი გავიხადე და იქვე, საკიდზე დავკიდე. ცარიელ მაგიდასთან მოვკალათდი, თვალი მოვავლე იქ მყოფებს. ერთ მაგიდასთან სამი გოგონა იჯდა, ერთი რაღაცას ემოციურად ყვებოდა, მთელი სხეულის ენით ცდილობდა მომხდარის აღწერას, დანარჩენები უსმენდნენ. მეორე მაგიდასთან მამაკაცი და ცოტა მასზე უფროსი ქალბატონი ისხდნენ, ჩუმად და თავაზიანად საუბრობდნენ. მესამე მაგიდასთან ახალგაზრდა ბიჭი იჯდა, დრო და დრო საათს ამოწმებდა, მივხვდი, რომ ვიღაცას ელოდებოდა. ხალხის თვალიერებაში გართულს, თავზე მიმტანი გოგონა დამადგა.¾ პიტნის ჩაი მოგართვათ? მომახარა.¾ პიტნის ჩაი და ის ნამცხვარი, რომელიც წინა მოსვლაზე გამასინჯეთ.¾ მშვენიერი, მალე იქნება. მითხრა და წავიდა. სანამ ბართან მივიდოდა იმ ბიჭს ჩაუარა, რომელიც მარტო იჯდა და რაღაც უთხრა. მომეჩვენა, რომ ჩემზე მიანიშნა. დარწმუნებული არ ვიყავი. წამიერად გავიფიქრე, რომ სწორედ ის იყო შემსრულებელი, რომელზეც მიმტანი მიყვებოდა. სანამ ნამცხვარს მომიტანდნენ შევამჩნიე, რომ ახალგაზრდა მამაკაცი თავისი ადგილიდან ნელა წამოდგა. ჩემსკენ წამოვიდა, დრო და დრო ვრწმუნდებოდი, რომ ჩემთან მოდიოდა. მომიახლოვდა და ხელი სკამს მოჰკიდა. ,,შეიძლება?“ მკითხა.¾ დაბრძანდით, ვუპასუხე.¾ ნიკოლოზი! მითხრა და ხელი გამომიწოდა. ხელი ჩამოვართვი და გავეცანი: ,,თინათინი.“¾ ესე იგი თქვენ ხართ ის პიანისტი სტუმარი, ვიზეც ჩემი და მიყვებოდა.¾ ჩემს თავს პიანისტს ვერ დავარქმევდი. ისე მე ვარ, კი.¾ აბა რას დაარქმევდით?¾ საშუალოზე კარგ შემსრულებელს! ვუპასუხე ცოტა ფიქრის შემდეგ.ნიკოლოზს გაეღიმა. ,,კარგი პასუხია, ეგრე იყოს.“ მოგვიანებით რამეს დაუკრავთ? მკითხა.¾ იცით, ბევრი ხალხი რომ მისმენს არ მომწონს. მაშინაც იმიტომ დავუკარი, რომ აქაურობა ცარიელი იყო. თან თქვენ ხომ გყავთ უკვე პიანისტი? თუ სწორად მახსოვს, თქვენი მეგობარია.¾ თომა?! წამოიძახა ნიკოლოზმა და გაიცინა.¾ თომას პიანისტს ვერ დავარქმევდი.¾ აბა რას დაარქმევდით? ვკითხე¾ საშუალოზე ცუდ შემსრულებელს! ორივეს გაგვეცინა. ¾ ჩემმა დამ მითხრა, რომ ამ ქალაქში ახლა გადმოხვედი.¾ კი, რამდენიმე დღის წინ. გოგონამ პიტნის ჩაი და ნამცხვარი მომიტანა.¾ ეს ჩემი ძმაა! მითხრა ჩემს წინ მჯდომ ბიჭზე და ხელი მოხვია მხარზე.¾ გავიცანი, ვუპასუხე და გავუღიმე. შემოგვიერთდი! მოვიპატიჟე მაგიდასთან.¾ ერთ მაგიდას მივხედავ და მოვალ, თქვენ ილაპარაკეთ იქამდე. ნიკოლოზს თავისი დის სახელი ვკითხე. როგორც გაირკვა, მას გაზაფხული ერქვა. გაოცება შემატყო, მაგრამ ალბათ უკვე მიჩვეული იყო, მშვიდად ამიხსნა საიდან მოდიოდა მისთვის ამ სახელის დარქმევის იდეა. მალე გაზაფხულიც შემოგვიერთდა. ნიკოლოზი და ის ერთმანეთს საერთოდ არ ჰგავდნენ. ნიკოლოზი ქერა იყო, გაზაფხული - შავგვრემანი. მათ დაწვრილებით გამოვკითხე თავიანთი ბარის გახსნის ამბები, როგორც მითხრეს, მშობლები არ ჰყავდათ, ამიტომ ერთმანეთზე თავად ზრუნავდნენ და ეს ბიზნესიც თავის გასატანად წამოუწყიათ. მოგვიანებით კი მათი კაფე ამ ქალაქში ხალხის საყვარელ თავშეყრის ადგილად გადაქცეულა. ¾ არ აპირებთ ვინმე დაამატოთ? მიმტანი, ან მზარეული, ორნი როგორ ასწრებთ?¾ ვფიქრობდით, მაგრამ ჯერ ვერ გადაგვიწყვეტია. ალბათ მოგვიწევს, თქვა ნიკოლოზმა.¾ მენიუ არ გაქვთ? ვკითხე.¾ არა, გარეთ, კართან წერია რისი შეკვეთა შეუძლიათ, მიპასუხა გაზაფხულმა. გამეღიმა.¾ მენიუ გააკეთეთ, ჩამოვწეროთ ვის რისი შეკვეთა შეუძლია და შემოსულ სტუმრებს მაგიდაზე დაულაგეთ ხოლმე. ¾ ეგ ჩვენც ვიცით, მაგრამ დიდი არჩევანი არ გვაქვს, ამიტომ არ ჩავთვალეთ საჭიროდ.¾ გასაგებია, ვუპასუხე. არ მინდოდა, ჩემი აზრები მათთვის თავს მომეხვია. არადა ვფიქრობდი, რომ დაბალ ხმაზე კლასიკური მუსიკის ჩართვაც არ იქნებოდა ცუდი აზრი, აქაურობა ხომ სავსე იყო კლასიკოსების პორტრეტებით. თუმცა, აღარაფერი ვთქვი.¾ აქ რისთვის ჩამოხვედი? მოგვიყევი შენზე! მკითხა ნიკოლოზმა. ¾ ბოლო ორი წელი ნიუ იორკში ვცხოვრობდი. ცოტა ხნის წინ დავბრუნდი.¾ ხალხი იქით მირბის და შენ უკან წამოხვედი?¾ ეგრე გამოდის.¾ რაზე მუშაობ?დამეზარა იმის ახსნა, რომ ყველაფერი მივატოვე და აღარსად ვმუშაობდი, ამიტომ მოვატყუე: ,,ცხოვრების ხარისხს ვიკვლევ, და რაღაც მსგავსი.“ მეც არ ვიცოდი, ეს რატომ ვუთხარი, ან როგორ უნდა გამომეკვლია ცხოვრების ხარისხი. ჩემი მიმართულება ფინანსები იყო, ჩამოსვლამდე ამერიკის ერთ-ერთი კომპანიისთვის სწორედ ამ დეპარტამენტში ვმუშაობდი.¾ ნიკოლოზმა გამიღიმა. ცოტა გავთამამდი და ვკითხე:¾ ამ კაფეში რომ ვიჯდე ხოლმე და აქედან ვიმუშაო, ხელს ხომ არ შეგიშლით? ანუ, მარტო ჩაის დასალევად რომ არ მოვიდე. თუ სავსე იქნება ადგილს ტყუილად არ დავიკავებ!¾ მოდი, როცა გინდა! პასუხი გაზაფხულმა დაასწრო. ამასობაში კარი გაიღო, და-ძმის მზერა მისკენ მიიმართა, მე არ მიმიხედავს, მალე ვიგრძენი, რომ ჩემს გვერდით ვიღაც იდგა. იქ მსხდომებს მიესალმა, სკამი გამოწია და ჩვენს მაგიდას შემოუერთდა. ¾ გაიცანი, ეს თინათინია. ჩემი თავი ნიკოლოზმა წარუდგინა. ¾ გამარჯობა თინათინ, თომა! მითხრა და ხელი გამომიწოდა.ასე გავიცანით ერთმანეთი. და შემდეგ შეუცვლელი გუნდი გავხდით: მე, გაზაფხული, ნიკოლოზი და თომა. მამაკაცი მოსასხამით მოსასხამიანი მამაკაცი კაფეში გავიცანი. გაზაფხულს ვეხმარებოდი, შეკვეთა მაგიდასთან მიმქონდა, როცა ჩემი უყურადღებობის გამო კიბესთან ერთმანეთს შევეჩეხეთ, კინაღამ ცხელი ჩაი გადავასხი. ბოდიში მოვუხადე, ავფორიაქდი. თავი დამიკრა, გამიღიმა და ადგილი დაიკავა. ჩემთვის სიტყვა არ უთქვამს.¾ ეს აქ ხშირად დადის? ვკითხე გაზაფხულს.¾ მგონი კვირაში სამჯერ-მაინც. ¾ კვირაში სამჯერ...¾ უკვე ერთი წელია... თუმცა, არავის ელაპარაკება. მოდის, სულ ერთსა და იმავეს უკვეთავს. საუზმობს, ხან წიგნს კითხულობს, ხან ლეპტოპშია თავით ჩარგული. მერე მიდის.¾ მარტო მოდის ხოლმე?¾ ერთი-ორჯერ ვიღაც გოგოც ჰყავდა მოყვანილი. არადა, თვითონაც გოგოსავით ლამაზია, არა? მითხრა გაზაფხულმა და ხმამაღლა გაიცინა. მართლა ლამაზი იყო. მაღალი, ტანადი. თავდაჯერებული სიარულის მანერა ჰქონდა, ქვეყანა მისი გეგონებოდათ. მისი სუნამოს სურნელი ახლაც კარგად მახსოვს. ღია წაბლისფერი თმა ჰქონდა, სწორი, დავარდნილი. გრძელი მოსასხამები უყვარდა, ხელებს ჯიბეებში ჩაიწყობდა ხოლმე და ისე დადიოდა. სახის ნაკვთები კი ისეთი დახვეწილი და პროპორციული, როგორსაც იშვიათად შეხვდებით. წარბები არწივის ფრთებივით ჰქონდა გაშლილი, თვალები პატარა და გიშერივით შავი. სულ არ იღიმოდა, სულ... ექვსი თვის განმავლობაში მისთვის შეკვეთა მხოლოდ მე მიმქონდა, ამ დროის მანძილზე ,,მადლობის“ გარდა, სიტყვა არ გამიგია მისგან. ,,ერთხელ მაინც შემომხედე“ გულში ვეტყოდი ხოლმე, თუმცა მისი მაგიდიდან ისევ იმედგაცრუებული ვბრუნდებოდი უკან. აკვიატებად მექცა, ჩემი მეგობრები თავიდან დამცინოდნენ, მერე გაბრაზდნენ, ბოლოს მიხვდნენ, რომ ჩემთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და თავი დამანებეს. ერთი ნახვით შეყვარება თუ მართლა არსებობს, სწორედ ის იყო, რაც მჭირდა. გაზაფხული სწორი იყო, ,,მოსასხამიანი მამაკაცი“ კვირაში სამჯერ მოდიოდა ხოლმე. შუადღის თორმეტ საათზე. უფრო ხშირად ლეპტოპი მოჰქონდა, ზოგჯერ - წიგნიც. დაჟინებით ვუყურებდი, ვაკვირდებოდი და თვალს ვერ ვაშორებდი იმის სერიოზულ მზერას. შემიყვარდა როგორ დადიოდა, მისი გაუღიმარი სახეც შემიყვარდა, მისი ჩაის სმის მანერაც. მიყვარდა, რომ არავის ზედ არ უყურებდა და სიცოცხლეს დავთმობდი, ჩემთვის რომ ერთხელ მაინც შემოეხედა. ოთხშაბათს კარი გაიღო და კაფეში შემოვიდა. გამიკვირდა, როგორც წესი ოთხშაბათობით არ მოდიოდა ხოლმე. მაგიდისკენ არ წასულა, მეგონა მომეჩვენა, მაგრამ როცა ძალიან ახლოს მოვიდა მივხვდი, რომ მართლა ჩემსკენ მოდიოდა. - გამარჯობა, მითხრა და გამიღიმა. კინაღამ გული გამიჩერდა, მისი ფეთქვა ხმამაღლა მესმოდა ყურებში.- გამარჯობა! ვუთხარი თვალებგაბრწყინებულმა.- შენთან ერთი სათხოვარი მაქვს.- რაც გინდა! ვთქვი და იმ წამსვე ვინანე.გაეცინა. პირველად ამდენი ხნის განმავლობაში. მეც გავუღიმე.- ხვალ აქ ჩემი მეგობარი მოვა. სამწუხაროდ მე ვერ ვახერხებ., მინდა, ეს გადასცე. თქვა და თავისი გრძელი მოსასხამის ჯიბიდან კონვერტი ამოიღო. აშკარად ჩემი გაცნობა უნდა! - გავიფიქრე. ოცდამეერთე საუკუნეში, საქართველოში მაინც, ვინღა გზავნის კონვერტებს. ან თუ არადა, ჩემზე ახლობელი არავინ ჰყავდა მეგობრისთვის მისი გადაცემა რომ ეთხოვა? სისულელე! რა სასაცილოა, შეყვარებულ ქალს ცხოვრება რომ მოპარო მაინც იმას იყტვის, რომ ეს მისი სიყვარულით ჩაიდინე.- გადავცემ, ვუთხარი და კონვერტი გამოვართვი. ისე, რატომ ელექტრონულად არ გაუგზავნიდი? ვინღა გზავნის დღეს ფურცლებს...- მე ესე მომწონს. - თინათინი, ვუთხარი და ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად.- სასიამოვნოა, თქვა და თავი დამიკრა. ხელი ჩამომართვა. თავისი სახელი არ უთქვამს.- მადლობა თინათინ, თქვა და გაბრუნდა. თვალი გავაყოლე, აღტაცებული ვიყავი. ხანგრძლივი ტრფობის შემდეგ ,,მამაკაცმა მოსასხამით“ პირველად შემომხედა. მეტიც, დამელაპარაკა... მან უკვე ჩემი სახელი იცოდა! მისი მოსასხამი კარგა ხანს ფრიალებდა, იქამდე ვუყურებდი, სანამ თვალს მოეფარა. კონვერტს დავხედე, თითებით კარგად მოვსინჯე, შიგნით მყარი ფურცლები უნდა ყოფილიყო, შეიძლება ფოტოებიც იდო. კარგად იყო დაწებებული, რომც მდომოდა ვერ გავხსნიდი. თუმცა ინტერესმა შემიპყრო, მაინტერესებდა შიგნით რა იდო. ცოტა შემეშინდა კიდეც. დიდ ხანს ვატრიალე კონვერტი ხელებში. აღარ დამცალდა, იქაურობა ხალხით აივსო და შეკვეთა-შევეთაზე მოვიდა. გაზაფხული გასული იყო, ამიტომ კონვერტი ბარის ქვედა უჯრაში შევინახე და გაბადრული სახით რეალობას დავუბრუნდი. ***- მე ის გავიცანი! მივახალე გაზაფხულს, როცა კაფეში მოვიდა.თვალები შუბლზე აუვიდა, ზუსტად იცოდა ვიზე ვსაუბრობდი.- მატყუებ.- ჩემს სიცოცხლეს გეფიცები.- მომიყევი, მომიყევი! წამოიძახა და გვერდით მომიჯდა. გაზაფხულისთვის კონვერტზე არაფერი მითქვამს. ვუთხარი, უბრალოდ ჩემს გასაცნობად მოვიდა-მეთქი. ალბათ იმიტომ, რომ მე მინდოდა ასე ყოფილიყო. ჩვენი რამდენიმეწამიანი შეხვედრა ათასჯერ გავამეორე გონებაში. დიალოგი, ყველა სიტყვა, წინადადება, მოქმედება და წამი თავიდან გავიხსენე. მისი სახე ასე ახლოდან მანამდე არასდროს მენახა. თვალებს ვხუჭავდი და ათასჯერ თავიდან ვიხსენებდი ,,მოსასხამიანი მამაკაცის“ შავ თვალებს. ერთი სული მქონდა, სახლში წავსულიყავი და მასზე მეფიქრა. დასაძინებლად დავწვებოდი და ათასგვარ ისტორიას გამოვიგონებდი ჩემსავე თავში. ,,მოსასხამიან მამაკაცთან“ ერთად იქ წავიდოდი, სადაც მენდომებოდა და იმას გავაკეთბდი, რაც მენდომებოდა. ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ღმერთმა ადამიანებს გვიბოძა, წარმოსახვის უნარია. კაფე დავკეტეთ და სახლის გზას გავუყევი. ჩანთაში ყვითელი კონვერტი მედო, მას მთელი ძალით ვებღაუჭებოდი. გეგონება ვინმე წამართმევდა... ნიუ იორკში დავდიოდი ხოლმე ზუსტად ასე, ამერიკაში ჩასვლის პირველი ორი თვე. ჩემს თავზე გამეცინა, ჩანთას მეორე ხელი გავუშვი და ცოტა დავმშვიდდი. სახლამდე მისული მივხვდი, რომ ყელი ამტკიებოდა, ისე სწრაფად დავდიოდი, ცივი ჰაერის სუნთქვამ ყველაფერი ჩამწვა. თბილ სახლში შევედი და ტანსაცმელი გავიხადე. თან მეჩქარებოდა, თან დროს ვწელავდი... ვიცოდი, რომ არასწორად ვიქცეოდი. ისიც ვიცოდი, რომ მას რომ ამის შესახებ შეეტყო ჩემზე სამუდამოდ დაეკარგებოდა წარმოდგენა, თუმცა ჩემი თავი ეშმაკზე მოხერხებულად მიმაჩნდა და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული კონვერტის ზუსტად ისევ ისე დაწებებას ვაპირებდი. ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. სავარძელზე მოვკალათდი და ძალიან ფრთხილად და ნელა კონვერტი გავხსენი. ვგრძნობდი, როგორ მიცახცახებდა სხეული, არ მინდოდა დაზიანებულიყო. მასში ორი ცალი დაბეჭდილი ფოტო იდო. ერთ ფოტოზე ყელსაბამი იყო აღბეჭდილი, მეორეზე კი იგივე ყელსაბამი, ოღონდ უფრო ახლოდან, აქცენტი ქვაზე იყო გაკეთებული. ქვა მწვანე იყო, არ ვიცი კამერამ შეუცვალა ფერი თუ მართლა, რეალურად არსებობდა ისეთი მწვანე, რომელსაც ფოტოზე ვუყურებდი. ორივე მათგანის უკანა გვერდი შევამოწმე. იქ არაფერი ეწერა. მხრები ავიჩეჩე. ,,რა სისულელეა, რა უაზრობაა.“ ხმამაღლა ვთქვი და ფოტოები კონვერტში დავაბრუნე. წებო ავიღე და ისევ ისე დავაწებე. საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ მოსასხამიანმა მამაკაცმა ჩემს გასაცნობად მეტად უცნაურ ხერხს მიმართა და ცოტა იმედგაცრუებაც ვიგრძენი. მეტის მოლოდინი მქონდა, მეგონა რამე საინტერესოს, ღირებულს ვიპოვიდი. კარზე კაკუნი გაისმა, კონვერტი საძინებელში შევიტანე, ბალიშის ქვემოთ შევაცურე და მის გასაღებად წავედი. - თომა? ამ დროს აქ რა გინდა... ვკითხე და სახლში შემოვუშვი.- თინათინო, შენი აზრით გაზაფხული ცოლად გამომყვება? მკითხა და სამზარეულოსკენ წავიდა.- შენ რა, ნასვამი ხარ? - თან როგორი, თინათინო... თან როგორი! - გაზაფხული გიყვარს? ვკითხე და აღტაცებისგან ხმამაღალი სიცილი ავტეხე.- ზაფხულზე მეტადაც კი! თინათინო, ყავას გამიკეთებ? მითხრა და დაამთქნარა.- გაგიკეთებ, აბა რას ვიზავ... ჩაიდანი დავდგი და თომას ათასი კითხვა დავუსვი. არ მპასუხობდა, როცა მოვტრიალდი დავინახე, რომ მაგიდაზევე ჩასძინებოდა. ძლივს გავაღვიძე, მისაღებში, ტახტამდე მივიყვანე და მეც დასაძინებლად წავედი. მისმა ნათქვამმა გამახარა. გაზაფხული ძალიან მიყვარდა, თომა და ის კარგი წყვილი იქნებოდა. ნეტავ აქამდე როგორ ვერ შევნიშნე... თომა მუდამ თავშეკავებული იყო, არაფერს იმჩნევდა. ალბათ ნიკოლოზისაც ერიდებოდა. ქართველ ბიჭებს მეგობრების დის შეყვარება გაურკვეველი კანონის ძალით, როგორც წესი, ეკრძალებათ. *** კაფეში ვიყავი, ვნერვიულობდი... ყველა შემოსულ სტუმარს ვაკვირდებოდი. ბართან ვიდექი, მეჩვენებოდა, რომ ყველა კონვერტის წასაღებად იყო მოსული. საღამოს ოთხ საათამდე არავინ მოვიდა. ოთხზე დიდი წონის სათვალიანი მამაკაცი შემოვიდა, პირდაპირ ბარისკენ წამოვიდა. წვერი ჰქონდა, სათვალე ეკეთა და თბილად ჩაცმული იყო. სახე კარგად არც უჩანდა.- თინათინი?- დიახ.- ყავა მომიტანეთ თუ შეიძლება, იმ მაგიდაზე დავჯდები. მითხრა და თითით მიმანიშნა. შემდეგ გარშემო მიმოიხედა და ისევ მე მომიბრუნდა: რამე ნამცხვარიც, რომელიც თქვენ გნებავთ. თეფშის ქვემოთ კონვერტი დადეთ. მისი ასეთი მითითება შიშისმომგვრელი იყო, მაგრამ ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მითხრა. ყავა დალია, ნამცხვრისთვის ხელი არ უხლია. კონვერტი აიღო, შეინახა, ადგა და წავიდა. ცნობისმოყვარეობა მკლავდა, თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა. ყველაფერი უაზრობად მიმაჩნდა, მომხდარს შორის ლოგიკური ჯაჭვები არ არსებობდა.- რა მიეცი? მომიახლოვდა ნიკოლოზი.- ნამცხვარი და ყავა.- რაღაც ფურცელიც მიეცი, დავინახე.- მოგეჩვენა.- სულელი გგონივარ? მიპასუხე, რა მიეცი.- შენ არ გეხება, დაწყნარდი რა!- რაც აქ ხდება ყველაფერი მე მეხება, კარგად დაიმახსოვრე. გამოდი! მითხრა და გარეთ გავიდა. გავყევი.- დაიწყე, ხალხში არ მინდოდა ლაპარაკი.- რა დავიწყო?- მოყოლა უნდა დაიწყო თინათინ, მოყოლა.- გუშინ დაუტოვეს რაღაც კონვერტი და მისთვის გადაცემა მთხოვეს.- ვინ დატოვა.- მოსასხამიანმა.- აესე, მოვიდა და კონვერტი დატოვა?- ხო.- სულელი ხარ?- არა.- აბა რა კონვერტებს დაატარებ გოგო, იცი მაინც შიგნით რა იდო?- ვიცი.- საიდან იცი?- გავხსენი.- გიჟია! ჩემზე წამოიძახა.- გიჟი არ ვარ.- რა იდო?- რაღაც ყელსაბამის ფოტოები. სრული დებილობა. ამხელა კაცებს მეტი საქმე არა აქვთ.- ფოტოები?- ხო, ჩვეულებრივი ყელსაბამის ფოტოები.- იცოდე, შარში არ გაგვხვიო.- არ გაგხვევთ. რომ არ გეკითხა ეს ამბავი ისე ჩაივლიდა, რომ ვერაფერს გაიგებდი.- აღარანაირი კონვერტი აღარ დაიტოვო. და საერთოდ, თუ კიდე მოვა მე მითხარი. ხმამაღლა გამეცინა. ნიკოლოზმა დათო მომაგონა, იმან იცოდა ხოლმე ბავშვობაში ასე თქმა: ,,თუ ვინმე გაგაბრაზებს მე მითხარი.”- რა გაცინებს? ნიკოლოზს გაბრაზება შეეტყო.- არაფერი, შევიდეთ. გავიყინე რა! ხალხი როცა წავიდა კაფეში თომა მოვიდა. მე და გაზაფხული დაღლილები ვიყავით. ნიკოლოზიც მთელი დღე პროდუქტებზე დარბოდა. - დღეს დავლიოთ! თქვა და მანტოდან ორი ბოთლი ღვინო ამოიღო.- კიდევ კარგი ღვინო მოიტანე, თორემ ბარში კი არა გვქონდა, გაიცინა გაზაფხულმა. - არა, ეს ჩემზეა!- დავლიოთ მაგის დედაც! დაიძახა ნიკოლოზმა. - დავლიოთ მაგის დედაც! გაიმეორა გაზაფხულმა. - რას ავღნიშნავთ? ვიკითხე.- ქართველებს რა დაგვილევს ასაღნიშნს!- მაინც? ეს თქვა თუ არა, კარი გაიღო და კაფეში მოსასხამიანი მამაკაცი შემოვიდა. ოთხივემ ერთმანეთს შევხედეთ. კარგად არ გამოიყურებოდა, თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, ტუჩი გახეთქილი და ტანსაცმელი აჩაჩული. ბიჭები შემოსვლაში დაეხმარნენ, გაზაფხული წყლის მოსატანად გავარდა. მოსასხამიანი მაგიდასთან დაჯდა, ერთხანს არაფერს ამბობდა. თუმცა მიხვდა, რომ დიდხანს ვერ გაჩუმდებოდა და საუბარი დაიწყო.- თქვენი შეწუხება არ მინდოდა.- რა მოხდა? იკითხა თომამ.- ეს იმ კაცის გამოა, აქედან კონვერტი რო წაიღო? ნიკოლოზს შევუბღვირე. არ მინდოდა მოსასხამიანი გამეთქვა. ჩემზე იფიქრებდა, რომ ენას კბილს ვერ ვაჭერ.- არა, ის არაფერ შუაშია. ბიძაჩემთან ვიჩხუბე.- რა კონვერტი, ან ვინ კაცი. რა ხდება თქვით! თომას გაბრაზება შევატყე.- იმდღეს ჩემი მეგობრისთვის კონვერტი დავტოვე, ეს ამ საქმესთან არაფერ შუაშია.- თუ არაფერ შუაშია, თქვა ნიკოლოზმა და წინ დაუჯდა: -მაშინ ჩუმად რატომ წაიღო? დასამალი რომ არ ყოფილიყო სპექტაკლებს კი არ დადგამდა...- ნიკოლოზ! დავუძახე და თვალები დავუბრიალე. მოსასხამიანმა შემომხედა, თავი დამიხარა, მის ამ ჟესტში ,,არაუშავს“ ამოვიკითხე. - ბიძაშენს რა უნდა? თომამ ვითარების განმუხტვა სცადა.- ბიძაჩემს ბევრი ფული უნდა, მე მაგაში ხელს ვუშლი.- ხოდა ღირსი ყოფილხარ! წამოიძახა გაზაფხულმა და გულიანად გაიცინა. მოსასხამიანს გაეღიმა. წყალი დალია და ფეხზე წამოდგა.- მადლობა, აღარ შეგაწუხებთ, უკეთ ვარ. წავალ უკვე...- დარჩი ცოტა ხანს, ჩვენ 1-2 ჭიქის დალევას ვაპირებდით. თქვა გაზაფხულმა მას შემდეგ, რაც ჩემი მზერა შენიშნა. ვიცოდი, ბიჭები არ დაპატიჟებდნენ, ამიტომ მას ვანიშნე. ნიკოლოზმა თავის დას წარბები შეუკრა.- ხო დარჩი, ერთი-ორი სიტყვა გავცვალოთ. გაზაფხულს თომაც აჰყვა. გამეღიმა. მოსასხამიანმა შემომხედა, ალბათ შეამჩნია როგორ მიციმციმებდა თვალები. ყველა მის პასუხს ველოდებოდით.- ღვინო გვაქვს? თავისი მშვიდი, გაწონასწორებული ხმით იკითხა. გულზე მომეშვა. მოსასხამიანი მამაკაცი იმდენად სასიამოვნო მოსაუბრე გამოდგა, რომ ჩემი მისდამი აღფრთოვანება ერთი-ორად გაიზარდა. ისეთი მშვიდი და თავდაჯერებული იყო, მის არც ერთ სიტყვაში ეჭვი არ შეგეპარებოდათ. მოსმენა ყურადღებით იცოდა, ყველა სიტყვას იაზრებდა, პასუხს კი მხოლოდ შეყოვნების შემდეგ იძლეოდა ხოლმე. მოსასხამიანის დინჯი საუბრის მანერა მისი ყოველი სიტყვის მიმართ უფრო მეტ ინტერესს იწვევდა. როცა ლაპარაკს იწყებდა სამარისებური სიჩუმე დადგებოდა ხოლმე და მანამ გრძელდებოდა, სანამ ცხადი არ იყო, რომ სათქმელი დაასრულა. ვერავინ შეაწყვეტინებდა, თუ მცდელობა იქნებოდა ისე მოიქცეოდა, ვითომ არაფერი გაუგია და გააგრძელებდა ხოლმე სათქმელს. შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონდა, თუმცა რამდენიმეჯერ ისე იხუმრა, ზოგი ჩვენგანი საერთოდ ვერ მხვდა რა იგულისხმა. ეს რომ შეამჩნია გაიღიმა და უხერხულობის განსამუხტად საკითხი შეცვალა. მოსასხამიანს დიდხანს ვაკვირდებოდი. მიხაროდა, რომ დამალვა აღარ მიწევდა, მისთვის ჩუმად ყურებაც აღარ იყო საჭირო, ის ხომ ჩვენს წინ იჯდა, ჩვენ გვესაუბრებოდა. ერთი საათი მაინც დავყავით ერთად. ჭიქებს ,,მოსასხამიანი“ გვივსებდა. ბიჭებთან საერთო ენა მარტივად გამოხატა, თუმცა შევატყე, რომ ნიკოლოზი დრო და დრო ალმაცერად გახედავდა ხოლმე. ბოლოს ფეხზე წამოდგა, მადლობა გადაგვიხადა და თავაზიანად დაგვემშვიდობა. ჩვენც ავდექით, უკვე გვიანი იყო. გაზაფხული და ნიკოლოზი დარჩნენ, მე და თომა გარეთ გამოვედით. - წავედით? მითხრა თომამ.- გაცილება არ მინდა, ხვალ გნახავ კარგი? მივაძახე და ნაბიჯს ავუჩქარე.- მოიცა, მოიცა! უკან გამომყვა. -მარტო როგორ გაგიშვა?- უნდა გამიშვა, არ მინდა-მეთქი! მხრები აიჩეჩა და თავისი სახლისკენ წავიდა. იქაურობას კარგად ვათვალიერებდი, ვიცოდი მოსასხამიანი საით წავიდა. უკან გავყევი. მისი სილუეტი დავინახე. თავის მოსასხამს ისევ ქარი აფრიალებდა. ოდნავ მივუახლოვდი, ვცდილობდი ჩუმად მემოქმედა...- რამე გაინტერესებს? მისი ხმა გავიგე, ჟრუანტელმა დამიარა. გავჩერდი. ისიც გაჩერდა, თუმცა ისევ ზურგით იდგა. ჩემსკენ ნელა მოტრიალდა.- რატომ მომყვები?- რაღაც უნდა გითხრა. ვუთხარი აღელვებული ხმით.- მითხარი.მასთან ახლოს მივედი, გზა განვაგრძეთ. - მე ვიცი რა იდო კონვერტში.- მერე?,,მერეს“ გარდა ყველა პასუხს ველოდი.- ვიცი, არ უნდა მენახა.- მაშინაც ხომ იცოდი?- როდის მაშინ?- როცა ხსნიდი.- ვიცოდი. - კარგი.- არ გაინტერესებს რატომ გავხსენი?- ვიცი რატომ გახსენი. ცნობისმოყვარეობამ გძლია.- ვისი ყელსაბამია? ან იმ კაცმა რატომ წაიღო?- მიჭირს სახელების დამახსოვრება, გამახსენე რა გქვია, მითხრა და ღიმილიანი სახით შემომხედა. მეწყინა, ჩემი სახელი არ ახსოვდა...- თინათინი.- თინათინ, ჩემთან სახლში წამოხვალ?- ახლა? ვთქვი და გარშემო მიმოვიხედე.- ხო, ახლა.- რამდენიმე წამის წინ მითხარი, რომ ჩემი სახელი არ გახსოვდა და ახლა გინდა სახლში წამოგყვე? თან ამ დროს?- ეგრეა, მითხრა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.- უარი რომ გითხრა?- უარს თუ მეტყვი მარტო წავალ.- წამოვალ. საკუთარი თავის შემეშინდა, მის მიმართ ასეთი უნდობლობა მანამდე არასდროს მიგრძვნია. მის სახლთან მივედით. მეშინოდა, გული სწრაფად მიცემდა. კარი გახსნა და ნაბიჯი უკან გადადგა, მე დამითმო გზა. სახლში ბნელოდა, ზღურბლს ვერ გადავაბიჯე. მისკენ მოვტრიალდი.- შეგიძლია ჯერ შუქი აანთო?- რა თქმა უნდა, მითხრა და შინ შევიდა. რამდენიმე წამში იქაურობა გაბრწყინდა. კედლები სპილოსძვლისფერი იყო, განათება - კაშკაშა თეთრი. უზარმაზარ მისაღებში დიდი შავი ტყავის დივანი იდო, იმის წინ შუშის მაგიდა. სახლი გადატვირთული არ იყო, მხოლოდ ის ავეჯი ეწყო, რომელიც ნამდვილად საჭიროა. - ჩაი? ყავა? კომფორტულად მოეწყე. მითხრა და ოთახიდან გავიდა. ,,იქნებ რამე ჩამიყაროს“ გაიფიქრა ჩემმა ერთმა ნაწილმა. ,,უარი რომ ვთქვა მიხვდება“. შემდეგ საკუთარ თავს შემოვუძახე: ,,იმაზეც მადლობელი უნდა იყოს, რომ სახლში გამოვყევი.“ ცოტა დავმშვიდდი. მოსასხამიანი მამაკაცი მანიაკს ნამდვილად არ ჰგავდა, ის იდეალური იყო. სწორედ ეს მაშინებდა ყველაზე მეტად.- ჩემი გეშინია? პირდაპირ მკითხა.- არა. მოვატყუე, ცოტა მართლა მეშინოდა. უცნაური იყო მოსასხამიანი მამაკაცი.- კარგია, არ მინდა ჩემი გეშინოდეს.- მარტო ცხოვრობ? ვკითხე.- ხო, მარტო ვცხოვრობ.- ახლა ის მკითხე, ყველაზე მეტად რაც გაინტერესებს. თქვა და ჩემკენ მოტრიალდა.მაგიდაზე ორი ჭიქა და ბოთლით ღვინო დადო. - სულ მავიწყდება! თქვა და თავი გაიქნია.- რა?- ღვინის გასახსნელის ყიდვა. რამდენჯერაც გავდივარ იმდენჯერ მავიწყდება. დამელოდე, მოვალ. ისევ გავიდა. უკან გავყევი. სამზარეულოს უჯრიდან დანა ამოიღო და ღვინის ბოთლს თავი წააცალა.- დავბრუნდეთ, მითხრა მოკლედ. მისაღებში დავბრუნდით.- სად გავჩერდით? ხო, მკითხე-მეთქი რაც გაინტერესებს.- შენ ხომ ყველაფერი იცი, ისიც ხომ იცი რა მაინტერესებს, რატომ პირდაპირ არ მეტყვი?- სწორია, გაიღიმა. თავწატეხილი ბოთლიდან ჭიქებში ღვინო ჩაასხა. ალბათ გაინტერესებს ვისთან ვიჩხუბე. ტყუილი არ მითქვამს, ტყუილს არასდროს ვამბობ. ბიძაჩემთან ვიჩხუბე. ჩხუბსაც ვერ დავარქმევდი, ცოტა შევლაპარაკდით. რომ გვეჩხუბა მაგრად მოხვდებოდა, იმასაც და მეც. ბიძაჩემზე ხელის აწევა არ მინდა... მამაჩემის ძმაა მაინც. მაგრამ არასწორი კაცია, ამიტომ დღეს მაინც გამომტყუა. ალბათ ისიც გაინტერესებს კონვერტი ამ საქმესთან კავშირშია თუ არა. ხო, არის. ის კაცი, რომელმაც კონვერტი წაიღო ჩემი პირადი გამომძიებელია. იმის პოვნა დავავალე, რაც ფოტოებზე ნახე. ბიძაჩემი მაგან გააგიჟა. მიხვდა, რომ ჩემი ხელი ერია მაგ საქმეში.- განა რა ყელსაბამია ეგეთი, ერთმანეთი რომ დახოცეთ მაგის გამო? ,,ყელსაბამი ფრანგებისთვის უნდა მიეყიდა. საფრანგეთის ეროვნული მუზეუმისთვის გაამზადა თურმე კაცმა.“ ამის თქმის შემდეგ ღვინო მოსვა. შემდეგ განაგრძო: ,,მე კიდე მოვპარე!“ წარბები ასწია.- შენ უნდა გაყიდო?- რას მეუბნები? გაბრაზებული მზერა ვიგრძენი. მე? მე უნდა გავყიდო? შენი აზრით ფულის გამო ასე მოვიქცეოდი?- არ ვიცი, მე ხომ არ გიცნობ.- მართალია, შენ არ მიცნობ. საკუთარმა სიტყვებმა დაამშვიდა.- ყელსაბამი იქ დაბრუნდება, სადაც მისი ადგილია. ოღონდ ჯერ ვერა.- სად? ფეხზე ადგა და ფოტოები მოიტანა. კონვერტში ჩაწყობილი ფოტოების ასლი იყო. გვერდით მომიჯდა. ,,დააკვირდი“ მითხრა და ყელსაბამის გულში ჩამაგრებულ პატარა ქვაზე მიმანიშნა. - ეს ქვის ნატეხი ერთ დროს ლაშა-გიორგის გვირგვინზე იყო. მისი ადგილი საფრანგეთში არ არის. ის საქართველოს ეროვნული საკუთრებაა.- და ახლა შენ გაქვს?- რაც მთავარია, ბიძაჩემს აღარ აქვს.- ახლა რა მოხდება?- ახლა ოჯახური უთახნმოება მოხდება. მის დაბრუნებას ყველანაირად ეცდება. ქვეყანას გადაატრიალებს.- კარგად დამალე?- ვერ იპოვის.- მაგის შემდეგ რა მოხდება?- მომკლავს. ალბათ ყველა ემოცია სახეზე აღმებეჭდა. მოსასხამიანმა სიცილი დაიწყო. მაშინ მისი სიცილი პირველად ვნახე. ,,ვხუმრობ, ვხუმრობ“, დამამშვიდა. მეც გავიცინე, ოღონდ ძალით. სულ არ მეცინებოდა. წარმოვიდგინე, რომ მოსასხამიანი მამაკაცი მკვდარი იყო. უცნაური გრძნობა დამეუფლა. ,,მართლა რომ მოკლან რა ვქნა?“ ვკითხე საკუთარ თავს. ის ჩემთან ძალიან ახლოს იჯდა, ჯერ კიდევ იცინოდა. ვუყურებდი და ვცდილობდი, მისი სიცილი კარგად დამემახსოვრებინა. ლოყაზე ნაჩხვლეტი შევამჩნიე, როგორც ჩანს, მხოლოდ სიცილის დროს უჩნდებოდა. მოსასხამიან მამაკაცს კარგად დავაკვირდი, მასთან ასე ახლოს ხომ მანამდე არასდროს ვყოფილვარ. ალბათ შეამჩნია, როგორ ვუყურებდი. სიცილი რომ დაასრულა სერიოზული სახე მიიღო. თავადაც შემომხედა, ერთი ხელი წელზე მომხვია, მეორე ხელით თმა გადამიწია. ,,ალბათ ახლა მაკოცებს“ გავიფიქრე. მოსასხამიანს გავუღიმე. სულ რამდენიმე წამით ვისხედით ასე, ეს წამები საუკუნედ იქცა ჩემთვის. საკუთარ თავს უგუნური არჩევანი მოვუწონე. შემდეგ ისიც გამახსენდა, სასმელი შემომთავაზა თუ არა, მაშინვე ეჭვებმა რომ შემიპყრეს... და მაშინ, იმ საღამოს საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ ჩაი, ღვინო და ყავა კი არა, ,,მოსასხამიან მამაკაცს“ ჩემთვის შხამით სავსე ჭიქა რომ მოეწოდებინა, იმასაც დაუფიქრებლად დავლევდი. რამდენიმე წამში ფეხზე წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა. - მარტო ცხოვრობ? მკითხა- ხო, ისე, როგორც შენ.- ესე იგი არავინ დაგირეკავს.- სულ არავინ. ის ოთახი მაჩვენა, სადაც დავიძინებდი. სახლში წასვლაზე სიტყვა არ დამიძრავს. ,,მოსასხამიანი მამაკაცის“ აღარ მეშინოდა. მისით მოხიბლული ვიყავი. მაშინ ის ჩემს თვალში უკვე გმირი იყო. თუმცა მაეჭვებდა და მაგიფქრებდა ის გარემოება, რომ ასე მარტივად გადაწყვიტა ჩემთვის გულის გადაშლა.- რატომ მომიყევი ყველაფერი? ვკითხე, სანამ დასაძინებლად თავის ოთახში წავიდოიდა. თავისებურად გაჩუმდა, ფიქრი დაიწყო. არ ვიცი, ტყუილის მოფიქრებას ცდილობდა თუ სიმართლის გადმოსაცემად სწორ სიტყვებს ეძებდა. - ვინმეს რომ ვუთხრა?- ვიცი, რომ არავის ეტყვი.- საიდან იცი?- შენი აქ ყოფნა იცი რას ნიშნავს?- რას?- იმას, რომ ან ძალიან მენდობი, ან კიდევ უფრო უარესი - გიყვარვარ. ნებისმიერ შემთხვევაში არავის არაფერს ეტყვი.- არც გენდობი, არც მიყვარხარ.- მაშინ რატომ წამომყევი?- ცნობისმოყვარეობის გამო.- ალბათ კოცნაზეც ცნობისმოყვარეობის გამო დამთანხმდი. მე არ მოვინდომე, თორემ შენც ხომ იცი, უარს არაფერზე მეტყოდი. ეს ცნობისმოყვარეობა არ არის, ეს უგუნურებაა! შემდეგ სახეში ერთი კარგი სილა ვუთავაზე, ხელის გულზე ძლიერი წვა ვიგრძენი. ყველაზე მეტად იმან გამაბრაზა, რომ სიმართლეს ამბობდა. - ღამემშვიდობის, თინათინ. მითხრა და კარი გაიხურა. ოთახში მარტო დამტოვა. საწოლში ჩავწექი, სახლში ციოდა. სქელი საბანი გადავიფარე და თვალები დავხუჭე. მაშინაც მოსასხამიან მამაკაცს ვხედავდი. მთელი დღე თავიდან გავიხსენე, ჩვენი ბოლო საუბარი გონებაში იმდენჯერ გავამეორე, სანამ ემოციებით და ფიქრებით დაღლილს არ ჩამეძინა. *** ლაშა-გიორგის გვირგვინზე მნიშვნელოვანი ვერაფერი მოვიძიე. მოსასხამიანის სიტყვებში ეჭვიც კი შევიტანე, მაგრამ ისინი მალევე გაიფანტა, ყელსაბამი რომ მნიშვნელოვან რამეს არ წარმოადგენდეს რატომ დასჭირდებოდა მას გამომძიებლის დაქირავება? ან რატომ თავად არ გადასცემდა ფოტოებს. ფაქტია, მოსასხამიანის ბიძა გავლენიანი კაცი იყო და ძვირფასი ქვის დამალვის ამბავიც მის ძალაუფლებას უკავშირდებოდა. რამდენჯერმე ვკითხე მოსასხამიანს, როდის გადასცემ-მეთქი მუზეუმს, მაგრამ კითხვაზე არც ერთხელ მიპასუხა. ამ ისტორიამ ისე ამიყოლია, რომ მასში მონაწილეობა მეც მომინდა. უფრო მეტად ალბათ იმიტომ, რომ იმის გვერდით დიდ დროს გავატარებდი, იქნებ მისი ნდობა და სიმპატიაც დამემსახურებინა... შემდეგ გამახსენდა, რომ მოსასხამიანზე გაბრაზებული ვიყავი. უკვე სახლში ვიყავი, მაგრამ მოსვენება მქონდა დაკარგული. რაც დრო გადიოდა, უფრო მეტის გაგება მინდოდა, უფრო მიღრმავდებოდა ინტერესი და მიმრავლდებოდა კითხვები. არადა თავმოყვარეობა მასთან დარეკვის, ან მის სახლში მიბრუნების საშუალებას არ მაძლევდა. შემდეგ გადავწყვიტე, რომ თავმოყვარეობას და სიყვარულს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ და მეორე საღამოს მასთან სახლში ისევ მივედი. არ გაჰკვირვებია, მივხვდი, რომ მელოდებოდა. შინ შევედი და დივანზე დავჯექი.- თუ გინდა რომ გუშინდელი საუბარი გაპატიო ყველაფერი მომიყევი. მივახალე პირდაპირ.- მე პატიება არ მითხოვია. ისეთს არაფერს ვიტყოდი, რომ ბოდიშის მოხდა დამჭირდეს. ჭკუიდან მშლიდა მისი სიამაყე!- თუ მომიყვები არავის არაფერს ვეტყვი.- ისედაც არავის არაფერს ეტყვი. შემდეგ სიჩუმე იყო.- მოგიყვები, ოღონდ იმიტომ არა, რომ ჩემი პირდაპირობა მაპატიო, არც იმიტომ, რომ შენგან ერთგულების და სიჩუმის გარანტია მივიღო. იმიტომ მოგიყვები, რომ მე თვითონ მინდა ასე. არაფერი მიპასუხია.- ყელსაბამი საიდან გაქვს? ვკითხე მოკლედ და მკაცრი ხმით.- აკაკი გუგეშიძე იცი ვინ არის?- ვინ არ იცის! მისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ტარდებოდა ჟურნალისტური გამოძიებები მაგ კაცის ჩადენილ დანაშაულზე. აკაკი რა შუაშია?- ყელსაბამი აკაკიმ მომცა.ფეხზე წამოვხტი! - როგორ, აკაკის საიდან იცნობდი?- მაგას მოგვიანებით გეტყვი. ჯერ იმაზე ვისაუბროთ, აკაკის საიდან ჰქონდა ის! ბიძაჩემმა, გია ლებანიძემ და თვითონ მან, აკაკი გუგეშიძემ ყელსაბამი ერთად მოიპარეს თელავის მუზეუმიდან. არც ისეთი ძვირფასი ეგონათ, როგორიც აღმოჩნდა. არავინ ამბობდა საიდან იყო, ან რა იყო, ესენიც ადგნენ და მოიპარეს. პირობა ესეთი იყო - აკაკის ყელსაბამი უნდა მომეპარა, მერე კი მე ბიძაჩემს მიეხმარებოდა ფულის შეგროვებაში, რომ ქალაქში გადასულიყო. ახალგაზრდები იყვნენ, ძლიერები, მეამბოხეები. ორივემ შეასრულა პირობა. დრო რომ გავიდა და იმ ნივთის დაკარგვის ამბავი გამჟღავნდა, ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი მუზეუმში. უფრო და უფრო ცხადი ხდებოდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი იყო წაღებული. მაშინ აკაკის შეყვარებული ჰყავდა, აქაური იყო ისიც. როგორც ჩანს, მაგისთვის უნდოდა ეჩუქებინა, რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება უნდოდა, ჩვეულებრივ საჩუქრებს ხომ ყველა ჩუქნის ერთმანეთს. ხომ წარმოგიდგენია, მუზეუმიდან წამოღებული ძვირფასი ქვის ჩუქება როგორი გმირული და რომანტიკული საქციელი იქნებოდა! გოგოს თავიდან ძალიანაც გაუხარდა, მაგრამ ყელსაბამს ძებნა რომ დაუწყეს შეეშინდა და აკაკის მისი უკან დაბრუნება სთხოვა. რას დააბრუნებდა! წავიდნენ ის და ბიძაჩემი და ძალიან ღრმად ჩაფლეს ერთ-ერთი პატარა სოფლის ნანგრევებში. ის ყელსაბამი ყველას დაავიწყდა, მათაც იმ იმედით, რომ ეს ამბავი მალე ხალხს აღარ გაახსენდებოდა და ამიტომ მიწიდანაც მალე ამოიღებდნენ, დამშვიდებულებმა ნელნელა მიივიწყეს ნადავლი. მერე კი გაირკვა, რომ ყელსაბამი ძვირფასი იმიტომ ყოფილა, რომ... თვით ლაშა-გიორგის გვირგვინის ქვის ნატეხი სდებია შიგნით. აკაკიმ შასრულა პირობა და ბიძაჩემს ფული აშოვნინა. ბატონი გია წავიდა ქალაქში, მოეწყო... არქეოლოგიაზე ჩააბარა. კარგა ხნის მერე, როგორც აკაკიმ თქვა, ეშმაკივით შეუჩნდა ის აზრი, რომ ყელსაბამი სხვაგან გადაემარხა. ხოდა ისიც ადგა და საგულდაგულოდ დამალა. ამის გამო თურმე ბიძაჩემი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაემტერა. როგორია, იცოდე რომ ლაშა-გიორგის გვირგვინის ქვა, რომლის მოპარვაშიც შენი ხელი ურევია, ახლა შენს მეგობარს აქვს შენგან დამალული?!- მაგ მონსტრს როგორ დაუჯერე. აკაკი გუგეშიძემ, კაცმა, რომელმაც საკუთარი ცოლი მოკლა ვითომ შენთვის გულის გადაშლა და სიმართლის მოყოლა გადაწყვიტა? მას რა ხეირი ამით?- ეგ კაცი, რომელსაც შენ მონსტრს ეძახი, სინამდვილეში მსხვერპლია. მას არც ცოლი მოუკლავს, არც შვილი. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ,,კეთილი ბიძები და დეიდები“ აცხადებენ შეშფოთებული სახეებით. მე აკაკის სამი თვის განმავლობაში ვიცნობდი და ის ისეთ მართალ კაცად გავიცანი, როგორსაც სამი ასეული წელი რომ ვიცხოვრო ალბათ ვეღარ გავიცნობ.- აკაკიმ დანაშაული საკუთარი პირით აღიარა.- ეგ იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდა.- რატომ დაუჯერე?- იმიტომ, რომ სიკვდილის წინ ადამიანები არასდროს ტყუიან.- შენ მასთან იყავი?- ჩემს ხელებში დალია სული. სანამ ეს მოხდებოდა ყელსაბამიც მაშინ მომცა. ,,სამი თვე იმ სოფელში გავატარე, სადაც აკაკი ცხოვრობდა. სახლში წამოსვლამდე მასთან შევიარე დასამშვიდობებლად. ხის კარი გავაღე და ეზოში შევედი. ჯერ გარედან დავუძახე, პასუხი არავინ გამცა. ოთახები ჩაბნელებული იყო, იატაკი - ჭუჭყიანი. ოთახში სიჩუმე იყო გამეფებული, ბუხარში ცარიელი ნაცარი ეყარა, კედლები - გაყინული. ჯერ სამზარეულო დავათვალიერე, იქ არავინ იყო. კარადა გამოვხსენი, ცარიელი იყო. შემდეგ მაცივარი შევამოწმე, რომელიც არ მუშაობდა. ერთი პატარა თავი ყველი იდო მხოლოდ შიგნით. იქიდან მისაღებში გავედი, ყველაფერი მტვრიანი და უსუფთაო იყო, იქაურობას ადამიანის ცხოვრების ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა. ბოლოს საძინებელი ოთახი მოვძებნე, რკინის საწოლზე მწოლიარე აკაკი შევნიშნე. დავაკვირდი, მინდოდა გამეგო ეძინა თუ არა. თვალები გახელილი ჰქონდა. ზღურბლთან მივედი და ჩუმად დავუძახე: ,,აკაკი, გძინავთ?“ კაცმა ამომხედა ,,არა, არა“ ჩაილაპარაკა.- შემოვიდე? აკაკიმ არაფერი მიპასუხა, საუბრის თავი არ ჰქონდა.- როგორ ხართ? ვკითხე და მივუახლოვდი მარტოხელა მოხუცს.- რავიცი, ეგრე რა...- რამე ხომ არ გჭირდებათ?აკაკიმ არაფერი თქვა.- წყალი ხომ არ მოგიტანოთ?- სკამი!- სკამი?- ხო, სკამი მოიტანე, მითხრა და ხელით ხის ფეხმოტეხილ სკამზე მიანიშნა, რომელზეც ტანსაცმელი იყო გადაკიდებული.- აქ დადგი, ახლოს და დაჯექი. თხოვნა უსიტყვოდ შევუსრულე.- რაო, რას გეუბნებიან?- ვინ?- ვინც! მივხვდი ვიზეც მეკითხებოდა მოხუცი, თავი დავხარე, შემეცოდა ყველასგან მიტოვებული და შეძულებული მარტოხელა კაცი.- ეგენი ვერ მიტანენ.- ხო, ხალხს არ უყვარხართ, გამოვუტყდი.- მითხარი მითხარი, რას იძახიან. ეგ ყველაფერი ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი, გაგონილი და ნანახი. შენგან გავიგო მინდა. აკაკი გულწრფელობისთვის მენანებოდა, არ მინდოდა გული უფრო მეტად მეტკინა მისთვის. არაფერი მიპასუხია, ცოტა ხანს ორივე ვდუმდით.- მე არაფერი დამიშავებია, საერთოდ არაფერი, თქვა დანანებით. შემდეგ ისევ გავჩუმდით. დაახლოებით ორ-სამ წუთში აკაკიმ ხმამაღლა დაიწყო საუბარი. ,,ცოლი არ უყვარდაო, რომ თქვეს - მართალია. არ მიყვარდა. თავიდან ცოტა მომეწონა, მაგრამ თანაცხოვრებაში ერთი უხასიათო ვინმე გამოდგა, ან შეიძლება ეგრეც არ იყო, უბრალოდ ჩემმა უგულობამ აქცია ეგეთად. არა, ოქროს ხასიათი მეც არა მქონია, მეც მძიმე ვიყავი, მაგრამ ალბათ ის უფრო რთული ხასიათის გახდა, რაც მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ემსგავსებოდა ბოღმით სავსე დედაბერს. მაგრამ რომ არ მიყვარდა იმას ხო არა ნიშნავს, რომ მე მოვკლავდი იმ უბედურს? ან შვილს რათ გავიმეტებდი? ჩვენ სულ ვჩხუბობდით, მაგრამ ბოლო ჩხუბი საბედისწერო აღმოჩნდა იმისთვისაც და ჩემთვისაც. კარგად იცოდა, ნერვები როგორ უნდა მოეწამლა ჩემთვის. სწორედ ის პერიოდი იყო, ყელსაბამი რომ მიწიდან ამოვიღე და სხვაგან ვაპირებდი დამალვას. ერთი დღე გავაჩერე სახლში, რა ვიცი, საიდან მიაგნო. გავიხედე მეორე დღეს და - აღარ არის! მივხვდი რომ მაგისი დამალული იყო. დამალვას რას ვჩივი, მთავარია ვინმესთვის არ ეჩვენებინა, თავად კი ვერაფერს მიხვდა, აქაური არ იყო და არც მუზეუმის ამბები იცოდა. ძებნა დავუწყე თუ არა, მაგის მზერა მენიშნა. ხმა არ გამიცია, თვითონ სანამ არ მოვიდა: ,,რაო, რამე ხო არ დაკარგეო?“ გამოვეკიდე და ეზოში გავედით. ის წინ მიდიოდა, მე უკან მივყვებოდი, იქნება როგორმე გამომეტეხა! ცოცხალი თავით არაფერი თქვა! ბოლოს გამწარებულმა მომაძახა: ,,ეგ შენი ძვირფასი სახსოვარი ბუხარში შევაგდეო“ ცეცხლი მომეკიდა კინაღამ. იმეორებდა და იმეორებდა: ,,ცეცხლი წაეკიდა და დაიწვა, აკაკი, ვსო აღარ არისო!“ მეც გაბრაზებულზე მივაძახე: ,,თუ ვერ ვიპოვი და კაცი არ ვიყო შენც მაგ ბუხარში თუ არ შეგაგდო მეთქი!“ რამ მათქმევინა! ხომ არ ვიყავი გამკეთებელი, მაგრამ ეგაა, ენა რომ მუდმივად წინ გვისწრებს ადამიანებს! (ამ ამბის გახსენებაზე ჩაეცინა) ერთი - ორ კვირაში ის ხანძარიც მოხდა. ჩვენი შარა გზაზე გამოტანილი ჩხუბი ჯერ კიდევ კარგად ახსოვდა სამეზობლოს, ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვების გამო ჩემი ოჯახის მკვლელად გამომაცხადეს და სამუდამოდ გამრიყეს ადამიანური ცხოვრებიდან.“ აკაკის თვალებზე ცრემლი მოადგა. თითქოს ის ყველა წყენა და ბრაზი, რასაც მთელი ეს წლები იგროვებდა ახლა მოაწვაო.- ესე იგი ხანძარი ძალით არ გაგიჩენიათ? აკაკიმ არაფერი მიპასიხა, გვერდულად გამომხედა, მერე თავი გააქნია. - აბა რაღატომ აღიარეთ რომ თქვენი გაჩენილი იყო?- მე ხომ გითხარი რომ ჩემი ცოლი არ მიყვარდა მეთქი, გულწრფელად გამოგიტყდი! მაგრამ არც ისეთი არაკაცი ვარ, მისთვის მიცემული სიტყვა გამეტეხა.- აბა სიტყვა? ,,იმ საწყალს ეზოსკენ მოვათრევდი, მინდოდა ხანძრიდან გამომეყვანა. მეც ვეღარ ვსუნთქავდი, ორივე წავიქეცით. ვხვდებოდი, რომ სულს ლევდა, ხელებში ჩამაკვდა. რაღაცას დუდღუნებდა თავისთვის, ჯერ ვერ გავარჩიე სიტყვები, მერე პირის მოძრაობაზე მივხვდი, ,,ჩემი ბრალიაო“. სანამ სულს დალევდა ძალა მოიკრიბა, გეგონება სააქაოს უბრუნდებაო, პირობის დადება მთხოვა.“- რა პირობის? „ჩემი ბრალია აკაკი, არ მინდოდა, ძალით არ მინდოდა. არ მინდა შვილის მკვლელ დედად შემრაცხონ, ჩემი სული ვერ დაისვენებს. არა თქვა რომ ჩემი ბრალია, გეხვეწები აკაკი.“ პირველად მთხოვა ცხოვრებაში რაღაცა. ან იმდენი სად მოიფიქრა სიკვდილის ზღვარზე მყოფმა, რომ იმაზე ეზრუნა, ხალხი რას იფიქრებდა მისი სიკვდილის მერე. არ უნდოდა, მკვლელი დედის სახელი დარჩენოდა, მე მთხოვა, რომ მისთვის არ დამებრალებინა. ან ვინ ადანაშაულებდა იმ უბედურს... იქამდე არ მომეშვა, სანამ პირობა არ დამადებინა.- ხო მაგრამ, თქვენ რატომ დაიბრალეთ, ეგ ხომ უბედური შემთხვევა იყო-მეთქი, ვკითხე.- არ იყო, გენაცვალე არ იყო. თავიდან კი მეც შემთხვევითობა მეგონა...როცა გამოძიება ჩაატარეს გაირკვა, რომ ხანძარი არ იყო შემთხვევით გაჩენილი.- როგორ, თქვენმა ცოლმა...- ხო, მაგან გააჩინა. ელდა მეცა. ფიქრებში ავირიე, აღარ ვიცოდი ვისთვის დამეჯერებინა. მეშინოდა, ოღონდ თავადაც არ ვიცოდი რისი უფრო: იმის, რომ აკაკი ტყუოდა, თუ იმის, რომ სიმართლეს ამბობდა...- ხოდა ჩაატარეს ეგ მოძიება, თუ როგორც ქვიან და გაარკვიეს, რომ ხანძარი გაჩენილი იყო ძალით. მე არაფერი არა ვთქვი, მაგრამ სოფელი დაუდგა მოწმედ ჩემს მკვდარ ცოლს. ყველამ ისა თქვა, როგორ ვემუქრებოდი გზაზე გამოსულს ბუხარში შეგდებით და ცეცხლში დაწვით. მე არ უარვყავი, ორი გზა იყო: ან იმ საწყალისთვის მიცემული ფიცი გამეტეხა, ან სიტყვა კაცურად შემესრულებინა და ეს ამბავი ჩემ თავზე ამეღო. არ ვიმსახურებდი განა? იმისი ცხოვრების დანგრევაში წილი მეც ხომ მიმიძღვოდა.- სიმართლე არავისთვის გითქვამთ? ვკითხე აკაკის.- არა, პირველად ვიხსენებ იმ ამბავს. ეხლაც არ ვიქცევი სწორად, აგე ხო ხედავ... მაინც გავტეხე ფიცი, მაგრამ... მომაკვდავ კაცს რაღა მომეთხოვება. ჩუმად დაამთავრა ბოლო სიტყვები.- აქამდე უნდა გეთქვათ. ბატონო აკაკი, მომეცით ნება, მე, მე! მე თვითონ მოვუყვები ყველას სიმართლეს. ვთხოვე, ვემუდარე...- ხმა! დამიყვირა ღონემიხდილმა. რისთვის?- ყველა მოვალეა, ბოდიში მოგიხადოთ.- ჰა-ჰა-ჰა! გაიცინა თუ არა, ხველება აუვარდა.- ვის რათ უნდა მაგათი ბოდიში. ახლა არა, მე როცა აღარ ვიქნები მერე ვისაც გინდა მოუყევი. არც მე მინდა ჩემი დამძიმებული სული ხალხის ზიზღმა კიდევ უფრო დაამძიმოს. მეც არ მინდა სიკვდილის მერე ისევე ვძულდე ხალხს, როგორც სიცოცხლეში შემიძულეს. მე პირობა შევასრულე, ხომ არ გამიტეხავს? მე როცა აღარ ვიქნები რაც მერე მოხდება ჩემი გადასახდელი არ არის, ხომ ეგრეა?- ეგრეა, ეგრე.- აკაკი, აქ რატომ გაჩერდით, სხვაგან რატომ არ დაბინავდით? როგორ იცხოვრეთ იმ საზოგადოებაში, რომელსაც არაფრად მიაჩნდით ერთი შეცდომის გამო, რომელიც თურმე თქვენი ბრალიც კი არ ყოფილა.- განა არ წავედი სხვაგან, ვერსად ვერ მოვისვენე. ადამიანებს რაღაც უხილავი ძაფები გვაკავშირებს იმ ადგილებთან, სადაც ყველაზე დიდი უბედურება, ან ბედნიერება შეგვიგრძნია ოდესმე. ერთი ხუთი წელი ესე ვიარე, წინ და უკან, ბოლოს ისევ აქ მოვედი. ისიც არ მადარდებდა, ხალხს რომ არ ვუყვარდი... ვუყურებდი და ვსწავლობდი ადამიანებს. განა ზოგს არ უნდოდა ჩემთან შემოსვლა და ერთი ორი სიტყვის თქმა? მაგრამ სხვების ეშინოდათ. ერთმანეთს შეჰყურებდნენ. ერთს მაინც, ერთს მაინც რომ შემოეხსნა ჭიშკარი იმას დანარჩენებიც გამოჰყვებოდნენ. ერთს მაინც რომ ხმამაღლა ეთქვა: ,,იქნებ არც ისეა საქმე, როგორც გარედან ჩანსო“, სხვებიც გაიზიარებდნენ ამ აზრს. მაგრამ ვერა, ვერავინ გაბედა. კაცობრიობის ყველაზე დიდი მტერი სიმხდალეა. ერთი მე არ შევუშინდი მემგონი.- არ ნანობთ?- მე რა მაქვს სანანებელი, განა არასწორი გავაკეთე რამე?! გავჩუმდი...- არ გშიათ? რამეს მოგიტანთ-მეთქი. არ ვიცოდი სხვა რა მეთქვა.- არა... ძლივს ამოთქვა ქოშინით.- ის უჯრა გამოაღე, ხელით მიმანიშნა. ჩემი ლექსებია, ისინი, რომელიც ჯერ არ გამიგზავნია ქალაქში. როცა წახვალ თან წაიღე და დაბეჭდე.უჯრა გამოვაღე და იქიდან გადმოყრილი ქაღალდები სათითაოდ წამოვკრიფე. - ყველას დავბეჭდავ, ყველას.- მე მალე მოვკვდები, თქვა აკაკიმ და თვალებში შემომხედა. ტანში გამცრა. შიში მაშინ პირველად ვიგრძენი.- არა, რას ამბობთ! თქვენ ჯერ კიდევ დიდხანს იცოცხლებთ.- ეე, არა... ვგრძნობ, რომ მალე მოვკვდები. კიდევ მიდი იმ უჯრასთან, კარგად მოძებნე, ის, რაც გაინტერესებს იქ არის. უსიტყვოდ მივუახლოვდი უჯრას, უაზრო ნივთებით სავსეს. ხელში მუზეუმიდან მოპარული ყელსაბამი ავიღე, გავშეშდი, არ ველოდა იმას, რაც ვნახე. - მე რა ვუყო? სად წავიღო? ვკითხა დაბნეულმა. აკაკიმ არაფერი მიპასუხა.- სად წავიღო? გავუმეორე.- სადმე, სადაც ვერავინ იპოვის. არ მინდა, ვინმეს ხელში ჩავარდეს... ძლივს თქვა.- ცუდად ხართ? ექიმს მოვიყვან, ჩემი ფეხით მოვძებნი. ვიცი სად ცხოვრობს, დამელოდეთ აკაკი, ექიმს მოვიყვან.- მომისმინე, არა. არ მინდა ექიმი, მითხრა და ხელი ჩამჭიდა. არ წახვიდე, არ დამტოვო. სიკვდილის არ მეშინია, მხოლოდ მარტოობაში სიკვდილის მეშინია... არ ვიცოდი რა მეთქვა... ხელი მაგრად მოვუჭირე. თვითონ ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა. - აქა ხარ? მკითხა აკაკიმ.- აქა ვარ... ვუპასუხე. მოხუცი ვეღარაფერს ხედავდა. ნელ-ნელა მის ზღვასავით ლურჯ თვალებს ბინდი გადაეკვრა.- აქა ხარ? მკითხავდა დრო და დრო...- აქა ვარ... ვპასუხობდი სტუმარი. მაშინ, როცა მოხუცმა აღარაფერი იკითხა მივხვდი, რომ მარტოხელა მამაკაცმა თავისი ადამიანებისგან ნატანჯი სული ღმერთს მიაბარა. მჭიდროდ ჩაჭიდული ხელი ძლივს გამოვაცალე, თვალები კანკალით დავუხუჭე. სკამიდან წამოვდექი და ცხედარს დავაკვირდი. მეუცნაურა, ასეთი მშვიდი სახე აკაკიზე აქამდე არ მქონდა შემჩნეული...- ბოდიში. ერთი ამის თქმაღა მოვახერხე და გარეთ გამოვედი. ეკლესიაში წავედი, რომ მღვდელი მომეძებნა... აკაკის ბოლო ლექსი რომელიღაც ჯურნალში დიდი ხვეწნით დაბეჭდეს. თან ავტორის გარდაცვალების ამბავი მოაყოლეს. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს, რამდენიმე ათეული მკითხველი სამძიმარზეც იყო ჩასული... მე აკაკის მონაყოლი მეზობლებს გადავეცი. ზოგმა დაიჯერა, ზოგმა არა... ზოგმაც დაიჯერა, მაგრამ ხმამაღლა არ აღიარა. თქვეს, რომ მოხუცმა ეს ყველაფერი თავის გადასარჩენად მოიგონა... ადამიანებს ყველაზე რთულად იმის აღიარება გვიჭირს, რომ უსამართოდ მოვიქეცით.- ხო, რაც შეეხება ყელსაბამს! ბიძაჩემს გაუგია ჩემი და აკაკის ასე დაახლოების ამბავი, რამდენიმე დღეში ყელსაბამი ჩემი სახლიდან გაქრა. როგორც იცი, ცოტა ხნის წინ ისევ დავიბრუნე. ვუსმენდი მოსასხამიან მამაკაცს და თვალწინ მთელი სურათი ცხადად წარმომიდგა. ყველაფერი გამახსენდა, რაც აკაკიზე მქონდა მოსმენილი. ჩვენს ქვეყანაში მაზე მეტად საძულველი ადამიანი არ არსებობდა. აკაკის ამბავი გახმაურებული და ბურუსით მოცული იყო. როცა ბავშვები საჭმელს არ ჭამდნენ, მშობლები მისი მოსვლით აშინებდნენ ხოლმე, ამიტომ ჩვენს თვალში ის მონსტრი, ცოლ-შვილის მკვლელი და ზიზღითა და ბოროტებით სავსე მოხუცი იყო. როგორც ჩანს, მას მხოლოდ მოსასხამიანი მამაკაცი იცნობდა. არ გამკვირვებია, სხვა მასთან სახლშიც კი არ შევიდოდა. რა სასტიკები ვართ ადამიანები... საზოგადოება მხოლოდ იმას დაიჯერებს, რაც უფრო მტკივნეული მოსასმენია. ბედნიერი დასასრული არავის უყვარს. ბრბო იმას გააღმერთებს, ვინც დაეცა, ვინც ვერ იბრძოლა, ვინც მსხვერპლად წარმოგვიდგა თვალწინ, რადგან არავისი ისე არ ეშინია ბრბოს, როგორც გამარჯვებულის...მე და მოსასხამიანმა იმ საღამოს ბევრი ვისაუბრეთ. სახლში გვიან გამომაცილა. *** გია ლებანიძე - საქართველოს დამსახურებული მოქალაქე. ასე იცნობდნენ ქართველები ,,მოსასხამიანის“ ბიძას. ყველა პოლიტიკურ ძალასთან ნახულობდა საერთო ენას და თავგამოდებით ეძებდა იმას, რაც თავისი ხელით მოიპარა ერთ დროს. ის იყო კაცი, რომელმაც მეგობარი გაწირა, სიტყვა არ შეასრულა და საკუთარი ძალაუფლებისთვის ყველანაირი ღირსება დაივიწყა. რაც შემეძლო ყველანაირი ინფორმაცია მოვიძიე მასზე. ფოტო და ვიდეომასალა. უამრავი ჯილდოს მფლობელი იყო, ეროვნული გმირის იარლიყიც კი მიაკრეს. არც ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება არ ჩატარებულა მის გარეშე. გავლენაც ჰქონდა, ფულიც და ძალაუფლებაც. ბოლო დროს საფრანგეთში ვიზიტებს მოუმატა. უკვე ცხადი იყო, რატომაც. ის, რაც დაკარგულად ითვლებოდა, მარტივად და ჩუმად გაიყიდებოდა და ის, რაც საქართველოს ეკუთვნოდა, სხვა ქვეყნის ეროვნული საკუთრება გახდებოდა. განა რამდენს სთავაზობდნენ სანაცვლოდ? მას ხომ შეეძლო კიდევ უფრო გაემტკიცებინა თავისი დიდება მისსავე ქვეყანაში... ბევრი კითხვა მქონდა, ბევრი რამ არ მესმოდა. რაც ზუსტად ვიცოდი ის იყო, რომ მოსასხამიანი არ მატყუებდა. მისი კიდევ უფრო მეტად მჯეროდა, ის ჩემს თვალში კიდევ უფრო დიდ ადამიანად იქცა. ვხვდებოდი, რომ შესაფერის დროს ელოდა. სიჩქარე როგორც საუბარში არ უყვარდა, ასევე საქმეში. ვხვდებოდი, რომ მენდობოდა, მაგრამ იმის ამოხსნა კი მიჭირდა, რატომ. მე და მოსასხამიანი კიდევ უფრო დავახლოვდით. მის სახლში ღამეებს ვატარებდი, თვითონაც მოდიოდა ხოლმე ჩემთან. კაფეში სიარულს მოვუკელი, მეგობრებთან დიდხანს აღარ ვრჩებოდი. სიყვარულმა მთელი ჩემი სხეული და სული დაიპყრო. ის ყინულის კედელი, რაც ,,მოსასხამიანს“ საკუთარი თავის გარშემო ჰქონდა აგებული, ნელ-ნელა ლღვებოდა. ჩემს მიმართ უფრო მეტად თბილი გახდა. ყველაფერს აკეთებდა ჩემს გასაცინებლად. ის სერიოზული ახალგაზრდა, რომლის ღიმილზეც უამრავი თვე ვიოცნებე ახლა მხოლოდ ჩემი იყო, ჩემს გვერდით იყო, ჩემთან იყო და რაც მთავარია, მენდობოდა. აპრილი დადგა, საგანგებოდ გამოვეწყე და მისი სახლისკენ წავედი. ერთ ხელში ყუთი მეკავა, მეორეში პატარა ჩანთა. კართან მივედი და ზარი რამდენჯერმე დავრეკე. - ამ დრომდე გეძინა? ვუსაყვედურე. საათს დახედა, არაფერი მითხრა. სახლში შევედი და ყუთი მაგიდაზე დავდე. შემდეგ მისკენ მოვტრიალდი და კისერზე ხელები მოვხვიე.- დაბადების დღეს გილოცავ! გამიღიმა, გაუკვირდა რომ მახსოვდა. ხელში ამიტაცა.- სტუმრები დავპპატიჟე.- ხო?- ხო.- საღამოს მოვლენ.- ხო?- ხო.- რავქნა, შენ ხალხი არ გიყვარს, შენს მეგობრებთან სულ არ ატარებ დროს.- ეგ ხომ კარგია შენთვის, მითხრა ნიშნისმოგებით.- ხო? ვკითხე- ხო. მიპასუხა.- საღამომდე რამეს მოვამზადებთ. - საჩუქარი მოგიტანე. ჩემი საჩუქრის ყუთი ხელში აიღო. კარგა ხანს ატრიალა, თითქოს გასახსნელად ენანებოდა. ხან მე შემომხედავდა, ხან პატარა ყუთს. როგორც იქნა დააყენა საშველი და გახსნა. მე მაგიდაზე ვიჯექი, მის რეაქციას ველოდებოდი.- ჰაჰაჰა! ხმამაღლა სიცილი დაიწყო.- მოგეწონა? ყუთიდან ღვინის გასახსნელი ამოიღო.- მომეწონა! - ძალიან კარგი.- სულ ეს არის?- კიდევ რას ელოდი? ტორტიც მოგიტანე. კიდევ გაიცინა. სამზადისს შევუდექით. საღამომდე ბევრი რამ მოვამზადეთ. გაზაფხული, თომა და ნიკოლოზი ერთად მოვიდნენ. სტუმრები მივიღეთ და მაგიდას შემოვუსხედით. ის საღამო საუკეთესო საღამო იყო, რომელიც ყველამ ერთად გავატარეთ. ,,მოსასხამიანი“ ჩვენი გუნდის ნაწილი იყო. ისე ვსაუბრობდით, თითქოს ათეული წლები გაგვეტარებინოს ერთად. დრო და დრო შემომხედავდა ხოლმე, ისეთი თვალებით, როგორითაც ადრე არასდროს მიყურებდა. გაზაფხული ჩვენი ურთიერთობით აღფრთოვანებული იყო და ხუმრობით მთხოვდა მისთვისაც მესწავლებინა ის ხრიკები, რითიც ყველაზე ცივ და თავდაჭერილ მამაკაცს თავი შევაყვარე. ამის მოსმენა მსიამოვნებდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსასხამიანი სიყვარულში არ გამომტყდომია, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ჩემზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული. კარადიდან ღვინის ბოთლები გადმოაწყო. ახალი გასახსნელი ჩემს მეგობრებს წარუდგინა და სასმისები შეუვსო. სტუმრებს გაეცინათ, ჩემი საჩუქრით გაკვირვებულები იყვნენ. მალე სასაუბრო თემა შეიცვალა და ის მოახლოვებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ჩაანაცვლა. ვიცოდი, რომ მოსასხამიანი ამ არჩევნებს ელოდებოდა, იმედი ჰქონდა, ახალი მთავრობა ბიძამისის გავლენას შეასუსტებდა. უფრო მეტად კარგ ხასიათზე დადგა, როცა მისი პროგნოზები ჩემმა მეგობრებმაც დაადასტურეს. გაზაფხული კარგად შეთვრა, ის ამ დროს უხამს ხუმრობებსაც არ ერიდებოდა ხოლმე, მაგრამ არავის მსგავსი ბილწი სიტყვები ისე არ უხდებოდა, როგორც მას! მოსასხამიანმა ბევრი იცინა, მიხაროდა, რომ ჩემს მეგობრებთან ასე კარგად ატარებდა დროს. როცა სტუმრები გავალიცეთ გვერდით მივუჯექი და ხელები შემოვხვიე. ნასვამი ვიყავი, ამიტომ გამბედაობას არ ვუჩიოდი.- მოსასხამიანო, შენზე ნაწყენიც კი ვარ... - სახელით რატომ არასდროს მეძახი? მკითხა ღიმილით.- არ მინდა და იმიტომ. მე სანამ გაგიცნობდი მაშინ უკვე გქონდა სახელი. და ეს სახელი არ შეიცვლება! ვუთხარი და გავიცინე.- შენ როგორც გინდა, დამთანხმდა და მაკოცა.- ესე იგი, მე როგორც მინდა ისე იქნება?- იქნება. თავი მხარზე დავადე. თვალებში აღარ ვუყურებდი, ამიტომ იმ სიტყვების წარმოთქმა, რაც მაშინ ვთქვი, ბევრად გამიადვილდა.- რატომ არც ერთხელ არ მეტყვი, რომ გიყვარვარ?