ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ორმაგი თამაში

ორმაგი თამაში

ორმაგი თამაში                                 პირველი ნაწილი                                                1  - ისევ ვარდი დატოვეს სცენაზე! - ქოშინით შემოვარდა საგრიმიოროში დამლაგებელი და სარკესთან მდგარ ქალს მაგიდაზე დაუდო.    ქალმა თმები შეისწორა. სარკიდან შეხედა სომეხ შავტუხა, კეხიან ასიას - რომელიც ისე ღრმად სუნთქავდა, თითქოს გული საგულედან ამოსდისო.- კარგი ასია... შეგიძლია წახვიდე! - ცოტა მკაცრად გამოუვიდა, მერე წამოდგა და უფრო დაუყვავა:- მაპატიე, ძალიან დაღლილი ვარ, ერთი სული მაქვს როდის მივალ სახლში და დავიძინებ. გოგონამ უხმოდ გაუღიმა, თვალით ისევ ვარდზე ანიშნა და საგრიმიოროდან სირბილით გაიჭრა.  ერთხანს სარკეში უცქერდა თავის ორეულს. მაინც როგორი სხვანაირი იყო ამ გრიმში, რომელიც სრულიად უფარავდა ნამდვილ სახეს. შავ ხვეულთმიან გრძელ პარიკს ისევ შეეთამაშა.მერე მზერა ვარდზე გადაიტანა.ისევ ულამაზესი შავი ვარდი...რომელიც სულ ახლახანს მოწყვეტილს ჰგავდა, რაღაც იდუმალ ამბავს ატარებდა. ერთ თვეზე მეტია ყოველღამით, მისი გამოსვლის შემდეგ, სცენაზე ვიღაც ტოვებს ერთ ვარდს და უჩინარდება.      რატომღაც ასია და დაცვაც იმას ფიქრობენ, რომ ეს მათი მომღერლის ანუ მისი ფარული თაყვანისმცემელია, რომელიც ჩუმად მოდის ყოველ საღამოს, ესწრება კონცერტს, ისმენს ერთი და იგივე რეპერტუარს და სრულიად შეუმჩნევლად ტოვებს სცენაზე ვარდს. ვარდი ხელში აიღო და ნელი ნაბიჯით ოთახის კუთხეში მდგარ ტუმბოსთან მივიდა. შეხედა ლარნაკს, სადაც ჯერ კიდევ ერთი კვირის მორთმეული ასეთივე ვარდები ეწყო. უცებ გადათვალა. ეს მერვე იყო. რატომღაც იმ შვიდიდან განსხვავებული. მეტად შავი და მეტად სურნელოვანი. შემდეგ ეს ვარდიც ჩააწყო. ქურქი ჩაიცვა, ხელჩანთა აიღო.     ოთახში შუქი ჩააქრო და კარები გამოიხურა.  დარბაზში გამოსულმა სწრაფად გაიარა მაგიდის მწკრივები, რომლებსაც ჯერ კიდევ ალაგებდა პერსონალი. ხელის დაქნევით დაემშვიდობა მათ და გარეთ გამოვიდა.სუსხმა უცებ სახე აუწვა.ძალიან შესცივდა. ჩანთიდან გასაღები ამოიღო და მანქანისკენ წავიდა.  ფეხსაცმლის ქუსლების მონოტური კაკუნით მიემართებოდა. უცებ შეცბა: მის მანქანასთან ორი ტიპი შეამჩნია, რომლებმაც რაღაც უცნაურად შეხედეს და გაუღიმეს.-„ კლეოპატრას“ ვარსკვლავი! - წამოიძახა ერთმა.- ახლომდებარე მეტროსთან ხომ გაგვიყვან ლამაზო?- ახლა მეორემ ამოიღო ხმა.   ქალს გული აუჩქარდა. სისხლი მოაწვა ძარღვებში. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ყველა ვენა და ძარღვი სადაცაა დაუსკდებოდა. სიცივე სულისმხუთავ სიცხედ შეეცვალა, უცებ თავიც ასტკივდა. თითქოს წონასწორობასაც ვერ ინარჩუნებდა.- ვაა...ხმას ვერ იღებ? არადა მთელი საღამო კი მღერი და არ ჩერდები, მშვენიერო! - ისევ წამოიძახა პირველმა და მისკენ წამოვიდა.- არ მომეკაროთ! - გამოცრა კბილებში - ახლავე დაცვას გამოვიძახებ! - საკუთარი ხმა ეუცნაურა. თითქოს მის სხეულში სხვა საუბრობდა, რაღაცნაირი ცივი და უხეში. თუმცა ასეთ სიტუაციაში არასდროს ყოფილა და შიშიც შეპარვოდა.მის მუქარაზე ორივეს გაეცინა.მაგრამ სიცილი უმალ შეწყვიტეს, რადგან მოულოდნელად, ვიღაც მაღალი, მხარბეჭიანი მამაკაცი მიუახლოვდათ. სახე არ უჩანდა. პალტოს საყელო უფარავდა და ჩამოფხატული ქუდი.- რა ხდება აქ? - ოდნავ ჩახლეჩილი, დაბალი ხმით იკითხა და ქალს ანიშნა მანქანაში ჩამჯდარიყო. მანაც ხელის კანკალით გააღო კარი და ჩახტა. ერთიანად ცახცახებდა. საჭეს დაეყრდნო, ყურები უწიოდა, მართალია გარედან კამათის ხმა ესმოდა, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდა. გააზრების უნარი დაკარგვოდა. ჯერ კიდევ აფექტში მყოფმა დაქოქა მანქანა და უკან მოუხედავად დატოვა ავტოსადგომი.მიდიოდა დაძაბული. ისე ძლიერად ჩაფრენოდა საჭეს რომ ხელები ეტკინა. ნელ-ნელა იგრძნო რომ კისერიც დაძაბვოდა, ფეხებიც... ისე მყარად ედო სატერფულებზე. მგრძნობელობა მთლიანად დაუბრუნდა, შოკმა გაუარა. მანქანა გადააყენა და გააჩერა. ვორონცოვზე იყო, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან. ღრმად ამოიოხრა, პირჯვარი გადაიწერა.-ღმერთო... - ხმა ამოიღო- ნეტავ ის მესამე რომ არ მოსულიყო, რა მელოდა წინ?... ნეტავ ვინ იყო?...ასე უცებ საიდან გაჩნდა? ან ისინი ვინ იყვნენ?... ღმერთო, ნეტავ რა ხდება იქ?!...რა კოშმარი ღამეა!!! - საათს დახედა. ორი ხდებოდა. მანქანა ავტოსადგომზე რომ დააყენა, სწრაფადვე გადმოვიდა, მანქანა დაკეტა, ირგვლივ მიმოიხედა, თითქოს ეძებდა იმ კოშმარის გაგარძელებას. სწრაფი ნაბიჯებით შევიდა სადარბაზოში და ლიფტი გამოიძახა. როცა დაკეტილ ბინაში აღმოჩნდა, მაშინ ამოისუნთქა. ქურქი გაიხადა და გარდირობში საკიდზე ჩამოკიდა.ზანტად გაიძრო ჩექმაც. ფეხზე არ ჩაუცვამს, ისე დაავლო ხელი ჩანთას და საძინებელში შევიდა.ბრჭყვიალა ქსოვილისგან შეკერილი კაბა გაიხადა და ხალათი ჩაიცვა. სარკეში შეხედა თავის ორეულს. თითქოს სრულიად სხვა ქალი იყო მის სახლში, მის ხალათში... და სწრაფად მოიძრო პარიკი. კოსად შეკრული ბუნებრივად ჩალისფერი თმა გაიშალა და მაკიაჟის მოხსნას შეუდგა. ნელ-ნელა უბრუნდებოდა საკუთარ თავს. შემდეგ სააბაზანოში შევიდა და შხაპით მოიცილა იმ ღამის შფოთვა და შიში.სრულიად სხვანაირი ჩანდა სარკეში, პიჟამოში ჩაცმული, ბევრად ბუნებრივი და ლამაზი, ვიდრე გრიმით და ვულგარული ტანსაცმლით. ჰოლში შუქი დატოვა. გადაღლილს და განერვიულებულს მალე ჩაეძინა.                                      2 ლედი მინდელი ოცდაცხრამეტი წლის წარმატებული ადვოკატი იყო. კერძო საადვოკატო ფირმაში მუშაობდა უნივერსიტეტის დამთავრების დღიდან. საკმაოდ პოპულარულობით სარგებლობდა ახალგაზრდა იურისტთა წრეში. ყველა საქმეს გულწრფელად ეკიდებოდა, ხშირად უწევდა სახაზინო ადვოკატად ბრალდებულის დაცვაც და ყოველ სასამართლო პროცესს გამარჯვებული ტოვებდა მის დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად.  ლედი მარტო ცხოვრობდა საბურთალოზე, ბუდაპეშტის ქუჩაზე მდებარე ოთხ ოთახიან კეთილმოწყობილ სახლში. მამა ადრე გარდაეცვალა. ძალიან პატარა იყო და ბუნდოვნად ახსოვს მამის სახე, ხმა. დედა წარმოშობით რუსი ჰყავდა, რომელიც ვერაფრით ვერ შეეგუა საქართველოში ცხოვრებას და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სამშობლოში მოინდომა წასვლა სამუდამოდ. რაზეც საშინელი წინაამღდეგობა მიიღო დედამთილ-მამამთილისგან, რადგან მათ არ სურდათ ლედისთან დაშორება.  ლედი ერთადერთი იყო, რომელიც მათ საკუთარი შვილისგან დარჩათ, მისი სისხლი და ხორცი, ბავშვსაც უზომოდ უყვარდა ბებია და ბაბუა. ახსოვს ის ავბედითი დღე…რომელიც ვერაფრით დაივიწყა: მაშინ ოჯახი უზარმაზარ კერძო სახლში ცხოვრობდა ვეძისში.  იმ საღამოს, შებინდებულზე, სასადილო ოთახში ლედი სახლობანას თამაშობდა ცალკე. ბებია ვახშამს ამზადებდა, ბაბუა გაზეთს კითხულობდა. ამ დროს დედა ოთახში შემოვიდა, დაავლო ხელი ლედის და ხელში აიყვანა. დამფრთხალი თვალებით იყურებოდა. ბებია და ბაბუას კი გაუკვირდათ მისი ასეთი რეაქცია, მაგრამ არაფერი უკითხავთ, დროებით შეწყვეტილი საქმე განაგრძეს.დედამ შვილი გულში ჩაიკრა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა დამტვრეული ქართულით: - ბილეთები ავიღე… მე და ჩემი შვილი ერთ კვირაში საქართველოდან მივდივართ. აქ ჩვენ არაფერი გვესაქმება და დედაჩემთან წავალთ მოსკოვში. - არსადაც არ წაიყვან ბავშვს!!! - დაუყვირა დედამთილმა - შენ სადაც გინდა წადი, ჩემი შვილი არასდროს გიყვარდა და ახლა თავისუფალი ცხოვრება მოინდომე. წადი….თავშიც ქვა გიხლია, ჯერ ერთი წელიც არ გასულა და ვერ ჩერდები. - მე არ მინდა წასვლა! -ატიტინდა ოთხი წლის ლედი - მე აქ მინდა, მამიკოს სახლში. - გესმის, რას ამბობს? არ უნდა წამოსვლა შენთან ერთად, შენ წახვალ… გათხოვდები და ეს ბავშვი დაგვეჩაგრება. - შენ აქედან თუ წახვალ… - ხმა ამოიღო მამამთილმა - აქეთ აღარც ჩამოხვალ და ამ ბავშვს ჩვენს თავს დააკარგვინებ, ქართულს დაავიწყებ, გვარს შეუცვლი. ჩვენ კი ლედის მეტი არავინ გვყავს შვილო… - მამაკაცი ქალისგან განსხვავებით თბილად ესაუბრებოდა რძალს.  - რა შვილო? …რას ეფერები? - ახლა ქმარს შეუტია ცოლმა - შენი შვილი ცოცხალი არაა, ეს რომ თავს ჩვენს შვილად თვლიდეს, ასე ახლა არ მიგვატოვებდა. მაგრამ ვერ ჩერდება. ვერ ჩერდება და წავიდეს. ოღონდ მარტო. ლედი აქ დარჩება! დედამ შვილი ჩამოსვა. მის წინ ჩაიმუხლა, დაბნეულ გოგონას ოქროსფერ კულულებზე მიეფერა და ისევ დამტვრეული ქართულით ჰკითხა:  - შენ დედასთან არ გინდა?  - არა…- დაუფიქრებლად უპასუხა გოგონამ. თან თვალს არ აცილებდა დედის ცრემლიან ლურჯ თვალებს და ქერა თმას, რომელსაც სულ ნაწნავით ატარებდა.  - მე მივდივარ და შენ აქ დარჩები? - ხმა გაებზარა დედას - ახლა ვალია ბებიასთან იცხოვრებ, მოსკოვში. - მე არ მინდა მოსკოვში! - ხმა აუკანკალდა ლედის და ატირდა - მე თბილისში მინდა, არ მინდა ვალია ბებია, მე ნუნუ ბებია მიყვარს! ქალი წამოდგა. თავჩაღუნული იქვე, პატარა სკამზე ჩამოჯდა, სახეზე ხელები აიფარა და ატირდა. ლედი იმის ნაცვლად რომ დედასთან მისულიყო, ბებიისკენ გაიქცა და მოეხვია, რაზეც დედამ უფრო უმატა ტირილს.-იქნებ მოიფიქრო შვილო… - მხოლოდ ეს თქვა ვერამ და ტუჩები აუთრთოლდა.-შენც არ წახვიდე დედა… აქ დარჩი, არ დამტოვო. თუ არა და მე არ წამოვალ! - ლედი კიდევ უფრო მიეკრა ბებიას, რომელიც ნიშნისმოგებით უყურებდა რძალს. ქალს…რომელიც ამ ოჯახში შემოსვლის დღიდან ვერ შეიყვარა, ვერ შეეგუა და შვილის სიკვდილის შემდეგ საერთოდ შეიძულა. თითქოს ყველა უბედურების სათავე ის იყო. არადა კარგად იცოდა რომ, ვერას არანაირი ბრალი არ მიუძღოდა ჯაბას სიკვდილში. იცოდა რომ ჯაბა ნარკოტიკებზე იჯდა, ვერას აწამებდა, ეჩხუბებოდა, სცემდა კიდეც. ამის შემხედვარე ზოგჯერ შვილს საყვედურობდა, ისიც უჯერებდა…მაგრამ რამოდენიმე ხანში ისევ თავიდან იწყებოდა ყველაფერი. საბოლოოდ ერთმა გადაჭარბებულმა დოზამ სიცოცხლეს გამოასალმა. სულიც ვერას ხელში დალია ჯაბამ…პირველად ვერას მოუხდა ამ საშინელი ამბის მცნობა. ნუნუ არ იჯერებდა რომ წამალმა იმსხვერპლა და უფრო გაბოროტდა ვერას მიმართ. ვერაფრით ვერ ინელებდა ერთადერთი ვაჟის გარდაცვალებას. ვერა იმ ღამესვე წავიდა სახლიდან. ერთი კვირა მეგობარმა შეიფარა და შემდეგ მარტომ დატოვა საქართველო და ამ საქართველოში - მისი ერთადერთი შვილი.  ლედი იმდენად პატარა იყო, რომ ეს ფაქტი სერიოზულად ვერ მიიღო, ვერც მამის გარდაცვალება გაიაზრა ბოლომდე. რომ გეკითხათ, გიპასუხებდათ რომ მამას დაეძინა და ცაში ავიდა.  გადიოდა წლები…იზრდებოდა გოგონა. პატარაობიდანვე საოცარი სიმღერის ნიჭი აღმოაჩნდა. ხელში დაიჭერდა რამე სათამაშოს, ვითომ მიკროფონი იყო და მღეროდა. სიტყვებს თვითონ იგონებდა. მღეროდა ყვავილებზე, დღეზე, ღამეზე, მზეზე, მთვარეზე. ბებია და ბაბუა არაფერს აკლებდნენ. საუკეთესო ტანსაცმელი, საუკეთესო ბაღი და მერე სკოლა. დასვენება ზამთრის და ზაფხულის კურორტებზე. ის სახლი ვეძისში, გაყიდეს და იმ ფულით ორი ბინა იყიდეს. ერთი, შედარებით პატარა ბინა გააქირავეს და ის ფული ლედის ანაბარზე ირიცხებოდა ბანკში. მეორე ბინა იყო ბუდაპეშტზე, დიდი, ნათელი, აივნებით. ლედის ყველაზე ლამაზი ოთახი ჰქონდა ამ სახლში, ფერადი ფარდებით, ჭაღით. იქვე ედგა ფირსაკრავი, უამრავი ფირფიტების კოლექციით. თითქმის მეხუთე კლასამდე, როცა საშინაო დავალებებს მოამზადებდა, კარებს შიგნიდან ჩაკეტავდა და კონცერტს ატარებდა. ეს ოთახი მისი სცენაც იყო, საკონცერტო დარბაზიც, სადაც მას უამრავი მსმენელი ჰყავდა. მომღერალიც იყო და წამყვანიც. ბაბუამ ერთხელ ნამდვილი მიკროფონი უყიდა. სიხარულით ცას ეწია და უფრო მოუხშირა კონცერტობანას. დაიჭერდა მიკროფონს, ხან ფეხზე მდგარი, ხან სკამზე ჩამომჯდარი მღეროდა - რაფაელა კარას, ჯო და სენის, ალ ბანო და რომინას, ადრიანო ჩელენტანოს, ტოტო კუტუნიოს, ალა პუგაჩოვას, სოფია როტარუს, ლაიმა ვაიკულეს, აბბას, ბონიემის და არაბესკას რეპერტუარებს. ყველა სიმღერა თითქმის ზეპირად იცოდა.  ჰყავდა უახლოესი დაქალი, ბაღიდან ერთად შეზრდილი თამთა. მათ მეზობლად, გვერდითა სადარბაზოში ცხოვრობდა.თამთა მხატვრების ოჯახიდან იყო და თვითონაც ხატავდა. სულ ერთად იყვნენ, ეზოშიც, ერთმანეთის სახლებშიც… მაგრამ მარტოობა ზოგჯერ ორივეს სჭირდებოდა. თამთა განმარტოვდებოდა და ხატავდა, ლედი კი მღეროდა. ეს ყველაფერი ყოველდღიურად ხდებოდა. თუმცა ბებია და ბაბუა ამას ლედის გატაცებად თვლიდნენ, ფიქრობდნენ გაიზრდება და გადაივიწყებსო.                                         3 პირველი დავა ბებია და შვილიშვილს პროფესიის არჩევის საკითხზე მაშინ მოუხდათ, როცა ლედიმ სკოლა დაამთავრა და უმაღლესი სასწავლებლისთვის მზადება უნდა დაეწყოთ. ნუნუს სურდა რომ სამედიცინო ინსტიტუტში ჩაებარებინა. ექიმი უნდა გამოხვიდეო - სულ ეჩიჩინებოდა. წარმოდგენილი ჰყავდა თეთრ ხალათში გამოწყობილი ერთადერთი სათაყვანო შვილიშვილი, სასახელო თერაპევტად ან ქირურგად. ბანკეტისთვის კაბა შეიკერა და სარკესთან იზომავდა ლედი, როცა ნუნუ მის ოთახში შევიდა. ჯერ უხმოდ, გაღიმებული შეცქეროდა ფერიასავით გამოწყობილ ლედის, მერე სკამზე ჩამოჯდა და ხმადაბლა დაიწყო: - ჩაიაროს ბანკეტმა და მერე მივხედოთ ინსტიტუტის საქმეებს, საბუთები თითქმის მზად გაქვს, რეპეტიტორები მოვიძიე, ისიც შევიტყვე რომ ივლისშია ღია კარის დღე.  - რა ინსტიტუტი, ბებო? - ინსტიქტურად ჰკითხა ჯერ ისევ კაბის თვალიერებით გართულმა. - როგორ თუ რა ინსტიტუტი? რა თქმა უნდა სამედიცინო… ქიმია და ბიოლოგიაში კი ხარ ძლიერი, რეპეტიტორებიც ვიპოვე, შენით ჩააბარებ უფასოზე, ხომ კარგი…თუ არა და ბაბუა იცნობს მანდ კათედრის გამგეს, ფული ჯოჯოხეთს ანათებს, ხომ იცი… თან იაფიც არაა სწავლა, მაგრამ გადავიხდით. მეც ვმუშაობ, ბაბუც. მთავარია შენ ისწავლო და სასახელო ექიმი გამოხვიდე. უნდა მოგვხედო ბებო, ვბერდებით უკვე, შენ ხარ ჩვენი პატრონი.ლედი პირდაღებული შემობრუნდა და დოინჯით დაუდგა. - რაო? უკვე გადაწყვიტეთ ვინ გამოვალ?  - როგორ მელაპარაკები! - აღშფოთდა ნუნუ. - მე ბევრჯერ გითხარი ბებო, რომ სამედიცინოზე არ ჩავაბარებ, ნემსის მეშინია, სისხლის მეშინია…ჩემგან ექიმი არ დადგება. - შეეჩვევი… იქ ისეთებს ნახავ და ისწავლი… - არა…- ჯიუტად გააწყვეტინა - ეგ ჩემი გადასაწყვეტია და ჩემს მომავალს ეხება.  - რომელ მომავალს? აბა რა გინდა? თამთა სამხატვრო აკადემიაში რომ აბარებს, არ თქვა რომ შენც იქ გინდა… ხატვის ნიჭი სად გაქვს? - მე ვთქვი რომ ხატვა მინდათქო? კონსერვატორია მინდა, ვოკალი. მე მომღერლობა მინდა, რომელიც ოცნებად მაქვს…სმენა მაქვს, ხმა მაქვს…მე სხვა არაფერი მინდა. - რა გინდა? … მომღერლობა? და სად უნდა იმღერო? რომელ ანსამბლში? რომელ სცენაზე? რას ამბობ, თუ ხვდები… შენი შემოსავალი რა იქნება? შოუ-ბიზნესი ისეთია, გაგაფუჭებს, საყვარლებს გაიჩენ და გულს გამიხეთქავ. - ვაიმე ბებო…რა დიდი ფანტაზიის უნარი გაქვს… - გაეცინა ლედის - უკვე დამიგეგმე, რა იქნება და როგორ… ეს ჩემი გადასაწყვეტია, მე სიმღერა მინდა…ასე რომ ივლისში კონსერვატორიაში შემაქვს განაცხადი. გამოცდისთვის სიმღერაც მოვამზადე. - კატეგორიული წინაამღდეგი ვარ! - ხელები გაასავსავა ნუნუმ და მერე ცალი ხელი გულზე იტაცა: - ვაიმე, გული…შენ მომკლავ მე! - ბებო…ბებო! - მივარდა ლედი და მის წინ ჩაიჩოქა.ხელებზე მიეფერა, მერე თითები დაუზილა - ცუდად ხარ? სასწრაფოს ხომ არ დავურეკო?  - არა…გულს ნუ მომიკლავ, მომღერალი რომ გახდე, გავგიჟდები. - რატომ ბებო? ჩემს კონცერტებზე ივლი, ჩემი სიმღერების კასეტები გექნება, კლიპებსაც უყურებ, რადიოშიც მომისმენ…აი ნახავ, საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებსაც დავიპყრობ. - ისევ აგრძელებ? ეს ყველაფერი გექნება თუ ვინმეს საყვარელი გახდები…ისე აქ არაფერი ხდება, ასე ვერავინ შეგამჩნევს. - ბებო, რას ამბობ აბა? დავიჯერო ჩვენს ესტრადაზე ვინც მღერის, ყველა საყვარელმა გაქაჩა? ნიჭი არაფერს შუაშია?  - პატრონი გინდა, პატრონი… - მომისმინე ბებო, ახლა გვეყოფა. თამთა უნდა მოვიდეს და არ მინდა ამ საუბარს შეესწროს. მე სამედიცინოზე არ ჩავაბარებ, იმიტომ რომ არ მინდა. ჩემით ვისწავლი ელემენტარულ მკურნალობას, რომ მოგხედოთ. წნევის გაზომვა ვიცი, წამლებს დაგალევინებთ, ნემსის გაკეთება თუ დაგჭირდებათ, სასწრაფოს გამოვიძახებ. ასე რომ, ნუ მწირავთ იმ პროფესიისთვის, რაც «ჩემი» არაა და არც იქნება.                                      4ისე მოხდა რომ, იმ ივლისს ლედიმ ვერ ჩააბარა კონსერვატორიაში.  ყველაფერი თავდაყირა დადგა. სრულიად მოულოდნელად, გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა ბაბუამისი. ჯერ გატაცებული ეგონათ, მერე მდინარეში გადამხტარი, ბოლოს ოთხ დღიანი ძებნის შემდეგ სადღაც, მცხეთის რაიონის რომელიღაც სოფელში, მიყრუებულ ადგილას ხეზე ჩამოხრჩობილი იპოვეს. რატომ? ვინ? როგორ? -ეს კითხვები უპასუხოდ დარჩა. გამოძიებაც დაიბნა, ბურუსით მოცული ამბავი, რომელსაც არც მოწმე ჰყავდა, არც ნივთმტკიცება, არანაირი კვალი... საიდუმლო თან წაიღო გარდაცვლილმა და საბოლოოდ საქმე დაიხურა, როგორც თვითმკვლელობის მოტივი.  ვინ რისთვის გაიმეტა? - ეს კითხვები მთელი საქმის წარმოებისას და მერეც აწვალებდა ლედის. ისე მოხდა რომ მთელ საგამოძიებო პროცესში იყო ჩართული, ყველა დეტალს არკვევდა და გამომძიებელთან ერთად განიხილავდა. ლედიმ რამდენადაც იცოდა, ბაბუას მტრები არ ჰყოლია, თუმცა არც ის იცოდა აქამდე, ამდენი ფული საიდან ჰქონდათ, ბებო ეუბნებოდა რომ ბაბუ დიდი ქარხნის დირექტორი იყო და მისი ყველას ეშინოდა იქ. ამას მხოლოდ ბავშვობისას ეუბნებოდა ცნობისმოყვარე ლედის. ისე გაიზარდა მერე აზრადაც არ მოსვლია გაერკვია...გარდაცვალების მერე კი დუმდა ნუნუ. გამომძიებელს უთხრა ლედის თანდასწრებით, რომ არ იცოდა მეუღლის საქმიანობის შესახებ და ამით იმიზეზებდა იმას, რომ მერაბ მინდელი ძალიან სიტყვაძუნწი იყო და ცოლს არაფერს უყვებოდა. რა თქმა უნდა ეს გარემოება ლედის არ ეცნო, მაგრამ გამომძიებლის თანდასწრებით ხმა არ ამოიღო. ამ გარემოებამ ბევრი კითხვის ნიშანი დაუსვა წარსულს, რომელიც უპასუხოდ დაიმარხა ბაბუსთან ერთად. ბევრი გაურკვეველი რამ დარჩა ლედის და თითქმის წლისთავამდე გადაწყვიტა იურიდიულზე ჩაებარებინა, რასაც ბებიაც დაეთანხმა და გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა. ამავდროულად დასამარდა ის ოცნებაც, რომ ოდესღაც სცენაზე დადგებოდა და იმღერებდა. წლები გადიოდა, რაც აღარ უმღერია. მეორე კურსზე იყო როცა პირველად შეუყვარდა. აქამდე კი ჰქონდა რამოდენიმე გატაცება, ისიც ცალმხრივად. ცალმხრივი გრძნობა ის გრძნობაა, რომელსაც არც აზრი აქვს და არც გაგრძელება.  ნიკა მისი ლექტორი იყო, რომელიც სამართალმცოდნეობას უკითხავდა. ისე შეეპარა გულში რომ თვითონაც უჭირდა გააზრება. ვერავის უტყდებოდა ჯგუფში, ჩუმად იჯდა ლექციებზე და იტანჯებოდა. მხოლოდ თამთამ იცოდა ყველაფერი, ისიც ანუგეშებდა, ამ ეიფორიაში გადიოდა კვირები და თვეები. დიპლომის დაცვის დღეს, რა თქმა უნდა ნიკაც იყო. წარმატებით სწავლის დასრულება მიულოცა უკვე კურსდამთავრებულებს და გზა დაულოცა. იმ დღეს გაიგო ლედიმ ჯგუფელი გოგონებისგან რომ ნიკას თურმე საცოლე ჰყავს და მალე ნიშნობას გეგმავენ. მიხვდა რომ უაზროდ გახარჯა ეს წლები, მოლოდინით იყო რომ სასწაული მოხდებოდა, მაგრამ არ მოხდა. იმ დღიდან ჩათვალა რომ პირველი სიყვარული ფიასკო იყო. რომელიც არ არსებობდა და საერთოდ „ადამიანის შეყვარება“ ცალმხრივად იყო ტანჯვა. ენანებოდა ყველა ის წუთი და განცდა, რაც უშედეგოდ უფიქრია. მხოლოდ ილუზიებში დარჩა. ამასთანავე საკუთარ თავსაც იდანაშაულებდა რომ ვერაფერი მოიმოქმედა ამ ურთიერთობის დასაწყებად, მინიმალური ყურადღება, მზერა, ემოცია, მოქმედება, ის სიგნალები გაეშვა, რითაც მამაკაცის ყურადღებას მიიქცევდა.იქნებ მიმხვდარიყო და ეფიქრა რამე. აბა ასე... მოგწონს და უყურებ - არაფერი გამოდის. შემდეგ იღლები, ცივდები, ქვავდები და ის გრძნობებიც ქრება, რაც გაგაჩნდა. უკვე იმაზე დაიწყო ფიქრი რომ ნაკლებად გაუმართლა კარიერაშიც და სიყვარულშიც. რომ არა, ბაბუის გარდაცვალება, მაშინ არ აირჩევდა იურიდიულს. როდესაც ნაცნობ სიმღერებს ისმენდა, ტანში ჟრუანტელი უვლიდა. თვითონ ვერ ბედავდა, თავისთვის, ჩუმად მაინც ემღერა რამე. ასევე უიღბლო აღმოჩნდა დედაშვილობა. ნუნუსგან აკრძალული ჰქონდა დედაზე რამე ეკითხა. არა და ძალიან აინტერესებდა დედამისს რა ბედი ეწია, როგორ დატოვა ასე იოლად და როგორ შეელია ერთადერთ შვილს, რომელიც ისე გაიზარდა, იმ ავბედითი დღის შემდეგ არაფერი სმენია მასზე. ლედის ახსოვდა დედის სუნი, თვალები და თმა... ეს ის იყო, რასაც ვერასდროს დაივიწყებდა. ზოგჯერ უცებ მოულოდნელად ცხვირში მოუღიტინებდა დედის სუნი... შეშლილივით აცეცებდა თვალებს, თითქოს ეძებდა ყველგან, ყველაში...მაგრამ ის ლურჯი თვალები და ოქროსფერი თმა არსად იყო. არცერთი ფოტო, ყველაფერი გამქრალიყო რაც დედას გაახსენებდა. ვერ ეკითხებოდა ბებიას, ასე რატომ სძულდა რძალი. ვერც საყვედურობდა...თორემ ძლიერი სურვილი კლავდა, ყველაფერი გაეგო. ვერა - ეს იყო სახელი, რომელიც მშობლიურიც იყო და შორეულიც. შეეგუა იმ აზრზსაც რომ დედას მისი ბაგეები არასდროს დაუძახებდნენ.  თამთასთან ერთი გულახდილი საუბარი ისე ეხმარებოდა, ყველაზე მეტად მასთან უყვარდა მისვლა, მის ოთახში ყოფნა, სადაც გოგონები განმარტოვდებოდნენ და ჭორაობდნენ. თამთა ხშირ შემთხვევაში სულ მეცადინეობდა და ხატავდა.ლედი კი იქვე სკამზე იჯდა და ხან თავის ამბებს უყვებოდა, ხან მენატურის როლს ირგებდა და საათობით ეჯდა მოდელად.  ლედი ძალიან დაიხვეწა გარეგნულად, დედისგან ერგო სლავური გარეგნობა, ტანი, სიმაღლე. მიუხედავად ასეთი ვიზუალისა, თაყვანისმცემლები თავზე საყრელად არ ჰყოლია, იყო რამოდენიმე... მაგრამ არასერიოზული, რადგან ყველას ნიკასთან აიგივებდა და პარალელს ვერ პოულობდა. ნიკა ყველას სჯობდა მაინც.  უნივერსიტეტის დამთავრების და დიპლომის აღებისთანავე ბებიასთან ერთად სარფში წავიდა დასასვენებლად. იქ მთელი დღეები ზღვის სანაპიროზე სეირნობდა, მზის ამოსვლას და ჩასვლას უყურებდა, ტკბებოდა ზღვით და დასვენებით. ნუნუ ძირითადად სასტუმროს ნომერში იყო და ტელევიზორით ირთობდა თავს.  რამოდენიმე დღით თამთამ ჩამოაკითხათ. მერე უფრო მეტ დროს ატარებდა გარეთ. ირუჯებოდნენ გოგონები, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მალე გაყავისფერდებოდა.                                     5 აგვისტოს მიწურულს დაბრუნდნენ თბილისში. იმავე საღამოს მისმა თანაკურსელმა დიმამ დაურეკა. მოიკითხა. ჯერ გაუკვირდა, საიდან გავახსენდიო. მერე ბიჭმა ჰკითხა: ერთ საადვოკატო ფირმაში ვარ, ერთი ადგილი გვაქვს თავისუფალი და თუ მოხვალო. სტაჟირებისთვისაც გამოგადგებაო. სიხარულით დაეთანხმა და სექტემბრის დასაწყისში მივიდა გასაუბრებაზე. დიმა შენობის შესასვლელ კარებთან დახვდა და უფროსთან შეუძღვა, ორიოდე სიტყვაც შეაწია ლედის სასარგებლოდ და სამსახურში აიყვანეს. იმ დღიდან მოყოლებული, ყოველ დილით დიმა აკითხავდა მანქანით სახლთან, მიდიოდნენ სამსახურში, მათი კაბინეტები ერთმანეთის მოშორებით იყო, მაგრამ აკითხავდნენ ერთმანეთს შესვენებაზე და ხან კოლეგებთან ერთად, ხან მარტოებიც გადიოდნენ სასადილოდ, საქმეებსაც ერთად განიხილავდნენ და საკუთარ მოსაზრებებს უცვლიდნენ ერთიმეორეს.  თებერვლის ერთ სუსხიან, პარასკევ დღეს, როცა სამსახურიდან გამოვიდნენ და სახლისკენ დაიძრნენ, დიმამ შესთავაზა:- ლედი, წამოდი სადმე დავსხდეთ, ყავა დავლიოთ... - რატომღაც არ ეუცნაურა ეს შეთავაზება, თან ციოდა და ცხელი ყავის სურვილი მოეძალა. უხმოდ დაუქნია თავი. დიმას უკვე ძალიან ახლობლად თვლიდა, უნივერსიტეტის პერიოდში ნაკლებად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს, სამსახურმა კი ძალიან დაახლოვა. მანქანა ისე მალე შეაჩერა რომელიღაც კაფესთან, გზისპირზე... რომ ლედიმ გაკვირვებულმა შეხედა: - იცოდი დაგთანმხდებოდი და ასე მალე აქ იმიტომ მომაგრიალე, ხო?  - კი... დარწმუნებული ვიყავი! პატარა კაფე იყო, მყუდრო და ბნელი. კუთხეში პატარა, წითელი როიალი იდგა. სუსტი განათების ფონზე, მოძებნეს ცარიელი მაგიდა და ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ.- აქ გემრიელი ყავა აქვთ! - თქვა დიმამ. - დესერტებიც არის? - დაინტერესდა ლედი და გარშემო მიმოიხედა, ინტერიერი მოეწონა.- კი...უამრავი! - ხელები გაშალა დიმამ და მათკენ მომავალ მიმტანს მენიუს ჟურნალი გამოართვა. ორივემ ერთდროულად ჩაიხედეს მენიუში და მათი შუბლები ერთმანეთს შეეხო. უხერხულად შეიშმუშნენ და გაეღიმათ. ლედი სკამზე შესწორდა და ჩაახველა.- ნახე… - ვითომ ამ ჟესტს ვერ მიხვდა დიმა - შოკოლადის მუსი აქვთ, გინდა? - არა… მეც ყავას დავლევ ისეთივეს, როგორც შენ.-რატომ? ხომ თქვი დესერტი გინდოდა? -მე არ მითქვამს რომ მინდოდა! - შეუბღვირა და თვითონაც ვერ მიხვდა რატომ ეუხეშებოდა. დიმაც დაიბნა და მენიუ დახურა.- აშკარად შეგეცვალა განწყობა, მოხდა რამე?- ალბათ დავიღალე! - არც შეუხედავს ბიჭისთვის, ისე აიღო მენიუს ჟურნალი და უღიმღამოდ დაიწყო დათვალიერება. ამასობაში მიმტანიც მოვიდა.- მოიფიქრეთ რას მიირთმევთ? - მიმტანს სახეზე სავიზიტო ღიმილი აეფარებინა, როგორ ვერ იტანდა ლედი ასეთ ნაძალადევად, ეტიკეტით გათვალისწინებულ ხალხს, რომელიც სულელურად იღიმიან. ახლა მთელი ნეგატივი და გაღიზიანება ამ კაფანდარა მიმტან გოგონაზე გადაიტანა და უმალვე მიხვდა რომ ცუდად იქცეოდა.- მე ერთი უნალექო, თქვენი საფირმო ყავა - უთხრა დიმამ - გოგონა შეარჩევს - ანიშნა ლედიზე. ლედი თითქოს გამოფხიზლდა, მიმტანი მენიუში ჩაახედა:- აი ეს მოგვიტანეთ, ორი…- თითით მიანიშნა და სწრაფად დახურა ჟურნალი.დიმას გაეღიმა და თავი გააქნია. როცა მიმტანი წავიდა, ლედიმ ისევ ჩაახველა და კითხვის ნიშნებით სავსე სახით მიაჩერდა მამაკაცს.- სიურპრიზია…სანამ არ მოიტანენ, არ გეტყვი.- იმედია დატენილი “ლიმონკა” არ შეუკვეთე…-“ ლიმონკა” რა შუაშია?- ირონიულად გაეცინა.- ისე შეგეცვალა ხასიათი და ისე მესაუბრები, მართლა რომ გედოს წინ, მესროდი - გაიცინა დიმამ. ლედისაც გაეცინა და დაემანჭა.პატარა პაუზა ჩამოვარდა. შემდეგ დიმა დასერიოზულდა და სერიოზული ტონით დაიწყო:- ლედი…- მისი ხმა იმდენად სხვანაირი ეჩვენა, რომ იგრძნო, როგორ შეაჟრჟოლა.- რაღაცის თქმა მინდა და ვფიქრობ ეს შესაფერისი დრო და ადგილია.- მოხდა რამე? - ხმა ძლივს ამოიღო.- კი, მოხდა და ახლაც ხდება...დიმა გაჩერდა, რადგან მიმტანმა ყავა მოუტანა. ეგრევე მოსვა და უცებ დადგა ყავის ჭიქა ლამბაქზე.- ცხელია... ყელს იწვავ?- ხელი აუქნია ლედიმ და თვალები დააჭყიტა.- ენას...ჯერ ენას! - სული ძლივს მოითქვა დიმამ და სიმწრით გაეცინა.- მოასწარი მაინც რას ამბობდი, რაღაც ვერ გავიგე, რა ხდება?- არვიცი როგორ დავიწყო, როგორ მოვძებნო საჭირო სიტყვები...ისე რომ არ გაბრაზდე...-რა იყო, სამსახურიდან ხომ არ მიშვებენ? - გული აუჩქარდა ლედის.- არა...არა... - უფრო აღელდა დიმა და წამოწითლდა სახეზე - შენ ხელს ვერავინ გახლებს მანდ, საუკეთესო ადვოკატთა სიაში ხარ და უფროსიც კმაყოფილია.- აბა რა ხდება დიმა?... ნუ დამტანჯე! - თვალები დაუბრიალა ლედიმ. დიმა ნერვიულად შეიშმუშნა და მიმტანს შეხედა, რომელმაც მაგიდაზე თეფშებით ორი ნაჭერი შოკოლადის ნამცხვარი დააწყო და გაუღიმა:- გემრიელად მიირთვით! - და ნაჩქარევად გაეცალა მაგიდას.დიმა თეფშს დააჩერდა და ლედის გაუღიმა:- მე არ მინდოდა დესერტი...- ყავასთან მიირთვი...გემრიელი ჩანს! - ნამცხვრის თეფში მისკენ მისწია და ჩანგალი ჩამოსვა ნამცხვარს.პირველივე ლუკმა სწრაფად გასინჯა და თვალები დახუჭა.- უგემრიელესია...ამის დაგემოვნება აუცილებელია...დიმამ უხალისოდ ჩამოაჭრა ჩანგლით ნამცხვარს რამოდენიმეჯერ.- რაღაცის თქმას აპირებდი...- გაახსენდა ლედის და მოსასმენად მოემზადა.- ახალი უფროსი გვეყოლება! - მხნედ ამოიღო ხმა დიმამ და ხარბად შეჭამა ზედიზედ სამი ლუკმა.- და ამაზე ნერვიულობ, როგორ მითხრა? - ლედიც მადიანად შეექცა ნამცხვარს.- იცი ვინ იქნება? მეც დღეს გავიგე. ლედიმ უარის ნიშნად თავი გააქნია.- ჩვენი ლექტორი, ნიკა ბარათელი.ლედის თითქოს თავში ჩაქუჩი ჩაარტყესო, რეტი დაესხა და თავში ძლიერი ტკივილი იგრძნო, რომელიც ხერხემალს ჩაუყვა და სადღაც ფეხებში გაუძვრა. გულზე მძიმედ დააწვა რაღაც. ეს რეაქცია დიმას არ გამოპარვია. -კი მაგრამ... ნიკას რა უნდა ჩვენთან?- ისე მოხდა რომ ჩვენმა უფროსმა გაყიდა და მან იყიდა. საკუთარ იურიდიულ დაწესებულებას გახსნის. საადვოკატო და საგამომძიებლო განყოფილებაც ერთად იქნება. დღეს მითხრა სოსომ, თანამშრომელთა სია უნახავს და გახარებია, ჩემი სტუდენტები ორივე აქ ყოფილანო.ასე რომ უსამსახურობა მე და შენ არ გვემუქრება, იმ თვიდან ჩაუდგება სათავეში.  ლედიმ ძალები მოიკრიბა, რომ საშინელი შეგრძნებები მოეშორებინა. რაღაც უკაწრავდა სხეულს, უფროსწორად სულს... ნიკა ბარათელი, კაცი, რომელიც მისი აუხდენელი ოცნება იყო, რომელსაც შეელია, თითქოს გადაავიწყდა და ახლა?...ისევ ნახავს, თან ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე. რა გაუძლებს ცდუნებას? დიმა თვალებგაშტერებული მიაჩერდა ლედის, მერე ისევ ზედიზედ რამოდენიმე ლუკმა გადაყლაპა.- დიმა...შენ ისეთი შესავალი გააკეთე, ისე დამძაბე, არა მგონია ეს ნიკას მოსვლის გამო იყო...- ნაწილობრივ კი...ნაწილობრივ არა.- დიმა, შენ მითხარი ისეთ სიტყვებს ვეძებ, რომ არ გაბრაზდეო. ნიკას მოსვლა უფროსად ნამდვილად არ გამაბრაზებს, პირიქით... იქნებ უკეთესიც იყოს, დაგვაწინაუროს.- მე კი მეგონა რომ ნიკა ბარათელი შენთვის სულერთი არაა, არც ყოფილა და ამ ამბავმა ახლა ძალიან იმოქმედა შენზე.ლედის ყელში ბურთივით გაეჩხირა რაღაც. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და ისე მიაჩერდა დიმას, თვალები კინაღამ ბუდეებიდან გადმოუცვივდა.- რა სისულელეს როშავ?... გეფიცები, ახლა მართლა „ლიმონკა“ რომ მქონდეს, გესვროდი...რას ამბობ?- აი უკვე ბრაზობ...ლედი, უნივერსიტეტიდან ვიცოდი რომ ნიკა ბარათელი გიყვარდა, ნუ უარყოფ, აზრი არაა. ამას თითქმის მთელი ჯგუფი ხვდებოდა, მაგრამ ჩემზე მეტად არავინ ხედავდა, როგორ იტანჯებოდი.- შენ რა...მართლა შეიშალე? დიმა, რას ამბობ? ან შენ რას ხედავდი ჩემს ტანჯვას? ნორმალურად არც გვისაუბრია ხუთი წლის განმავლობაში. მხოლოდ ერთმანეთის სახელი და გვარი ვიცოდით, მისალმება და დამშვიდობება იყო ჩვენი კონტაქტი... და რომელი ჩემი ტანჯვა იყო შენთვის დასანახი? მართლა მაოცებ და მაბრაზებ უკვე.- ხო, მაგრამ აღიარე რომ სიმართლეს ვამბობ... ახლა ხომ აღარ ვართ უცხოები, ახლა კოლეგები ვართ...იცი ოცი ჯგუფელიდან მხოლოდ შენ დაგირეკე სამსახურის თაობაზე...აბა თუ მიხვდები, რატომ?- იმიტომ რომ მთელი სტუდენტობა გებრალებოდი, ნიკა ბარათელზე შეყვარებული და დატანჯული რომ ვიყავი...ალბათ ამიტომ... - ლედის ირონია შეეპარა ხმაში და გაეცინა. მერე ეს სიცილი ისტერიულ სიცილში გადაუვიდა, ისეთში რომ გარშემომყოფთა ყურადღება მიიპყრო. მერე ახლოს მიიწია დიმასთან, თითქმის შუბლებით ეხებოდნენ ერთმანეთს. ერთმანეთის სუნთქვას გრძნობდნენ და თვალებში მისჩერებოდნენ.- იმიტომ რომ... - წამოიწყო დიმამ - პირველი კურსიდან მიყვარდი!ლედიმ მზერა მოარიდა, მოშორდა და სკამის საზურგეს მიეყუდა. ასე ეგონა, ფეხქვეშ მიწა გამოაცალეს. გულმა ისე დაიწყო ფეთქვა, ეგონა მკერდიდან ამოგლეჯდა. ნამცხვრის თეფში გვერდზე გასწია, თავი ხელებში ჩარგო, საფეთქლები დაიზილა და თავდახრილ დიმას ჩუმად ჰკითხა:- და შენ ამას ამდენი წელი მალავდი?- კი...არ ვამბობდი, რაღაც მეგონა მაშინ და ვთვლიდი, რომ შენ მე არასდროს შემამჩნევდი, ვერც ჩემს გულისთქმას გაიგებდი...ლედი, ნიკა ხომ ჩემზე ბევრად სიმპათიური, წარმატებული და შემდგარი იყო... დღემდე ასეა... დღემდე მე იმედი მქონდა რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვაღწევდი შენს გულამდე, მაგრამ ამ ამბავმა, რაც გავიგე, შემაშფოთა. ხომ შეიძლება ისევ გაგიჩნდეს მის მიმართ გრძნობა? უფროსწორად გაიღვიძოს მივიწყებულმა სიყვარულმა და ოცნება აიხდინო? მე ამ შემთხვევაში ხელს არ შეგიშლით...პირიქით, ბედნიერებას გისურვებთ...თუმცა ჩემი გრძნობები რომ ვერ დავმალე, ამას გთხოვ მაპატიო და დაივიწყო.  დიმამ უკვე შეგრილებული ყავა წყალივით გადაკრა.ლედი თვალს არ აცილებდა დიმას, აანალიზებდა ყოველივე სიტყვას და უჭირდა ამ ყველაფრის ასე სწრაფად გაანალიზება და გადახარშვა.ახლა ყველაზე მეტად განმარტოვება უნდოდა.- წასვლა მინდა...ანგარიში მოგვიტანონ - ეს თქვა და ხელჩანთას დაწვდა.                                       6 მთელი გზა, ვიდრე მანქანაში ისხდნენ, არცერთს ხმა არ ამოუღიათ. ორივე თავის ფიქრებში ჩართული იყურებოდა პირდაპირ...სადღაც... დიმას ოდნავადაც არ აწუხებდა ის გარემოება, რომ ყველაფერი უთხრა ლედის და დამშვიდდა რომ ეს ტვირთი გულიდან მოიშორა. ახლა ისე აღარ დაიტანჯებოდა, რაც მთავარია ლედიმ იცოდა, რას გრძნობდა მის მიმართ და თუ მისი სურვილი იქნებოდა, ურთიერთობა ისევ გაგრძელდებოდა. ან შეყვარებულები გახდებოდნენ ან მეგობრებად დარჩებოდნენ...ან უარესი: ამდენ სტრესს მოძალებული ლედი, საერთოდაც დაწერდა განცხადებას და სამსახურიდან წავიდოდა, რადგან დიმას არსებობის გარდა, ერთ კედლებს შორის, ნიკა ბარათელის არსებობაც შეაწუხებდა და დატანჯავდა.  ლედიმ კი არ იცოდა რაზე ეფიქრა და ენერვიულა. არც ის იცოდა, თუ ვინმეს უყვარდა საერთოდ, როგორც ქალი... სულ ცალმხრივი სიყვარულის უიღბლობას ჩიოდა, სულ ეგონა რომ რამე ნაკლი ჰქონდა, რითაც საპირისპირო სქესს ვერ ხიბლავდა. აღმოჩნდა რომ ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში შეიყვარეს და დღემდე უყვართ...და მისი შენარჩუნება სურთ. დიმა ნამდვილად არ იყო ცუდი ბიჭი. საკმაოდ სიმპათიური, განათლებული, კარგი ოჯახის შვილი. ამ ყველაფერს სტუდენტობის დროს ვერ ამჩნევდა, ან როგორ შეამჩნევდა როცა ყურებამდე შეყვარებული იყო ლექტორზე. თან სულ ტყუილად... სულ ამაოდ. ნიკა ბარათელი კი ვინ იცის, იქნებ არც კი შეეხედა მისთვის, არც ჩათვლები დაეწერა, არ ეკადრა ამ გოგოს სიყვარული. რა იმედი იყო მისგან. თან შეიძლება უკვე ოჯახიც ჰყავს. ის კი სხვისი უბედურებით ბედნიერებას ვერ აიწყობს და ასე დაენგრევა იმედის კოშკები. ფიქრებიდან მობილური ტელეფონის ხმამ გამოარკვია. სწრაფად გახსნა ჩანთა და ტელეფონს დახედა. ბებია ურეკავდა:-ხო ბებო... მაპატიე, ვერ დაგირეკე, შემაგვიანდა... თანამშრომელთან ერთად საქმეზე მომიწია წასვლამ, გზაში ვარ უკვე, მოვდივარ -ტელეფონი გათიშა და ჩანთაში ჩააგდო. როცა კორპუსს მიუახლოვდნენ და განშორების დრო მოახლოვდა, ლედიმ ჩანთა მხარზე გადაიკიდა. დიმამ მანქანა სადარბაზოსთან შეუჩერა. რამოდენიმე წამს ორივე უძრავად იყო. დუმილიც იმდენად მძიმე აღმოჩნდა, ბოლოს ლედიმ ამოიღო ხმა:-მადლობ, რომ მომიყვანე!-დამნაშავესავით გაიბუსხა ლედი და თავი დახარა. - არაფრის...ღამე მშვიდობის! - უპასუხა დიმამ, ისე რომ მისთვის არც შეუხედავს. ისევ პირდაპირ იყურებოდა და საჭეზე მარჯვენა ორ თითს აკაკუნებდა.- კარგია რომ ხვალ შაბათია, მერე კვირა... დრო მჭირდება, რაც მითხარი, იმაზე ვიფიქრო... ღამე მშვიდობის!- ლედიმ მანქანის კარი გააღო და ზანტად გადავიდა. დიმასგან ელოდებოდა საპასუხო სიტყვას ან რეაქციას, მაგრამ ის გახევებული იჯდა. კარები მიხურა თუ არა, მანქანა დაიძრა და სწრაფად წავიდა.  მთელი შაბათი მდუმარებაში და ფიქრებში გაატარა. მობილურიც გამორთო. ბებოს უთხრა რომ თავი სტკივა და სიწყნარე უნდა. შეიკეტა ოთახში და საწოლზე გაატარა მთელი დღე. ხან წიგნი წაიკითხა, ხან მუსიკას უსმინა ყურსასმენში, ხან იძინა...იფიქრა...მილიონჯერ გაიხსენა დიმას სიტყვები...თუმცა ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კვირა დილით, კარზე ზარის ხმამ გააღვიძა. მიაყურადა. ბებოს და თამთას ხმა შემოესმა. საწოლში წამოჯდა. საათს დახედა. თერთმეტი იყო. კარზე ფრთხილად დააკაკუნეს.-მოდი! - დაიძახა და საბანი შეისწორა.თამთამ კარი შემოაღო. ახალი ღია მწვანე მანტო ეცვა და თავზე წითელი ბერეტი ეხურა. ლედი აღაფრთოვანა მისმა ჩაცმულობამ და ტაში შემოკრა.-ვა...რა მაგარ ფერებში ხარ?!...ანათებ... ახალია? შეიკერე? - მიაყარა კითხვები და ტუჩები საკოცნელად მოკუმა.თამთამ გადაკოცნა და საწოლზე ჩამოჯდა. ნუნუ ღია კართან იდგა და უღიმოდა გოგოებს.-თამთა, ჩაის დალევ ბებო?-არა, ვისაუზმე უკვე, მადლობა.- ადექი გოგო, კიდევ უნდა იწვე? ახლა ლედის შეუტია და კარები გაიხურა. ლედიმ თავი გააქნია.-რამე მოხდა, ასე დილაადრიან რომ დამადექი?-გაიცინა და საწოლიდან წამოდგა. ფეხები ქოშებში შეაცურა და ხალათი მოისხა.- დილაადრიან...- გამოაჯავრა თამთამ- გუშინ მთელი დღე გირეკე, მობილური გამორთული გქონდა, მერე სახლში დაგირეკე, ბებიაშენმა თავი სტკივა, ძინავსო. რა გჭირდა? ...გამოფენაზე მინდოდა წამომყოლოდი.- უი, ვისი გამოფენა იყო?-დაამთქნარა ლედიმ და გაიზმორა.- რა გჭირდათქო? ტელეფონი რატომ გამორთე? - ახლაც გამორთული მაქვს. სიმართლე გითხრა, სრულფასოვნად დავისვენე!თამთას ბერეტი მოხადა, სარკესთან მივიდა და დაიხურა.-საოცრად მიხდება!- გაუღიმა ორეულს- ეჰ, რომ იცოდე, თავში რა ფიქრები მიტრიალებს, როგორ მაწუხებს... გუშინწინ დიმა სიყვარულში გამომიტყდა...- სარკიდან შეხედა თამთას. - რაო? დიმამ? -საწოლიდან წამოხტა და მის უკან დადგა.სარკეში უყურებდნენ ერთმანეთს.- ხო, დიმამ...ახლა არ მითხრა, ხომ გეუბნებოდიო...კი, მეუბნებოდი, მაგრამ მე არ მეგონა.- ამას რად უნდოდა ბევრი ფილოსოფია, ორჯერ შევხვდი მას და პირდაპირ ეტყობოდა რასაც გრძნობდა შენს მიმართ. თვალებში დიდი ასოებით „ლედი“ ეწერა.- და კიდევ...- უფრო დასერიოზულდა ლედი- დიმამ მანამდე მითხრა, მალე ახალი უფროსი გვეყოლება, ის კი...არც მეტი, არც ნაკლები ნიკა ბარათელია!- უი, ის ნიკა? შენი ლექტორი? - ხო, ჩემი ლექტორი...და აღმოჩნდა რომ ჩემი გრძნობების შესახებ ნიკასადმი დიმასაც სცოდნია, თვითონ მითხრა.- ვა, ეს მართლა საფიქრალი გაგჩენია... თამთამ თმებზე მოეფერა და სარკეს მოშორდა - მიდი, მოემზადე და სადმე გავისეირნოთ, არ გინდა? ლედიმ ბერეტი მოიხადა და თამთას გაუწოდა.-კარგი...-უმალ დათანმხდა- პირს დავიბან, ყავა დავლიოთ და წავიდეთ.ვაკის პარკში წავიდნენ. თითქმის ყველა ატრაქციონი მოიარეს, კისკისებდნენ, კიოდნენ, ერთმანეთს სირბილშიც შეეჯიბრნენ...ყველაფერს ისე აკეთებდნენ, როგორც ბავშვობაში. ის იყო მანქანაში ჩასხდნენ და სახაჭაპურისკენ დაიძრნენ რომ თამთას მობილურმა დარეკა.-აუ...საჭესთან ვარ...ვინაა? -აწუწუნდა და ყურთან ცალი ხელით მიიტანა ტელეფონი - დიახ...დიახ...ახლა?...ახლა არ მცალია, მნიშვნელოვან საქმეზე ვარ...ხვალ დამირეკე! -მოუჭრა მოკლედ და ტელეფონი კალთაში ჩაიგდო.- რა სიუხეშეა...ვინ იყო? - შესძახა ლედიმ და თვალები გაუფართოვდა.- ემზარი!...- დაიჭყანა თამთა- აი შემაწუხა, არ შემიძლია...ისე ლედი...რატომ არის რომ, ვინც არ გინდოდეს, ის გეძალებოდესო, ვინც გინდოდეს, ის გარბოდესო? ...ვინ თქვა ეს?...მართალია...- რაღაც მაგდაგვარი კი გამიგია, მაგრამ „ვინც გინდოდეს, ის გარბოდესო“...პირველად მესმის! თუმცა მართალია! - ხელები გაასავსავა.- ხოდა ეს ემზარი მეძალება, ირაკლი კი გარბის! - ორივეს სიცილი აუტყდა.- უფ...დღეს იმდენი ვიცინეთ...კარგი იყო, დღეს შენთან ერთად მყოფს არც დიმა მახსოვს და არც ნიკა...თუმცა ხვალ, ხვალ სამსახური, ისიც არვიცი როგორ შევხვდე დიმას, რაზე ვისაუბროთ, რა ვქნა, როგორ მოვიქცე.- სიტუაციის მიხედვით ძვირფასო! თამთამ მანქანა სადგომზე გააჩერა- წამოდი, ახლა ვჭამოთ და გონება უფრო გაგვეხსნება ორივეს. რომ გვშია, ტვინი არ მოძრაობს! - თითით დაიკაკუნა ბერეტიან თავზე.                                     7დილით არც უსაუზმია, ისე წავიდა სამსახურში. ძალიან ღელავდა დიმას გამო. როგორ უნდა შეხვედროდა, რა ეთქვა. თან რაც გაიგო რომ თურმე დიმას გულში ჩასახლებულა, ეს დღეები ეფიქრებოდა და რაღაც მომენტში, პასუხობდა კიდეც მის გრძნობას.სამსახურში ისე მივიდა, ფიქრებიდან არც გამორკვეულა. ვინ იცის, რამდენჯერ წარმოიდგინა ის მომენტი, როცა შენობაში შევიდოდა, იმ კაბინეტს ჩაუვლიდა, სადაც დიმა იჯდა. კარები სავარაუდოდ ღია დახვდებოდა, გვერდს ვერ აუვლიდა და პირველად ლედი უნდა მისალმებოდა...იქნებ დიმაც ჩასაფრებული ელოდებოდა მას და კარებში დახვედროდა? ან პირიქით, ჩაუვლიდა ლედი კაბინეტს, თითქოს გაცდა და ვერ შეამჩნია, დიმა გამოვიდოდა დერეფანში და შეაჩერებდა. მოკლედ მთელი ვერსიები განიხილა და საბოლოოდ იმ აზრზე მყოფმა შეაღო შენობის მძიმე კარები, რომ პირველად თვითონ მისალმებოდა, არ გაჩერებულიყო და პირდაპირ გაევლო დერეფანი თავის კაბინეტამდე. შესასვლელში სიჩუმე იყო და არც არავინ შეხვედრია. დაცვაც კი. გაიარა დერეფანი. პულსი აუჩქარდა, სადაცაა კაბინეტს მიუახლოვდება და უცებ...შედგა. კარები დახურული დახვდა. ანაზდად საათს დახედა. ზუსტად ათი საათი იყო და წესით, ამ დროს დიმა მაგიდასთან იჯდა და თავი საბუთებში ჰქონდა ხოლმე ჩარგული. კარების ურდული ჩამოსწია. აშკარად დაკეტილი იყო. თავდახრილი და ნელი ნაბიჯებით დაიძრა თავის კაბინეტისკენ. მისი კოლეგები ადგილზე დახვდა. მეგი და რუსა ყავას მიირთმევდნენ და რაღაც თემას ჩურჩულით განიხილავდნენ.-გამარჯობა გოგოებო! - გაუღიმა მათ და შევიდა. სალამზე ორივე გაჩუმდა და ღიმილი შეაგებეს.- გაუმარჯოს...ლედი ყავა გინდა? ცხელია ჩაიდანი - წამოდგა მეგი- კი...არ მისაუზმია...- ლედი თავის სამუშაო მაგიდასთან მივიდა, პალტო საკიდზე მიაკიდა და მაგიდის უჯრიდან საქაღალდეები ამოიღო.- თუ არ გისაუზმია, მაშინ ყავასთან ერთად დედაჩემის მომზადებული ფორთოხლის კექსი მიირთვი, უგემრიელესია - რუსამ მაგიდასთან მიართვა თეფშით კექსის ორი ნაჭერი.- მადლობა...რა მადისაღმძვრელად გამოიყურება- ტაში შემოკრა და მეგის გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება, რომელმაც ყავის ჭიქა მიაწოდა. თითქმის შუადღემდე საბუთებში იქექებოდა, რაღაცას წერდა. თან დროთა განმავლობაში საათს დახედავდა, ისრები თითქოს მის ჯიბრზე ძალიან ნელა გადაადგილდებოდნენ. ერთი სული ჰქონდა, შესვენებაზე გასულიყო რომ დიმა ენახა. თვითონაც უკვირდა, ასეთ მოუთმენლობას რატომ შეეპყრო, აქამდე ხომ ჩვეულებრივად მოდიოდა, არ ღელავდა, სულერთი იყო დიმა სამსახურში როგორ დახვდებოდა, არც სიტყვებს და მოქმედებებს სწონიდა. ახლა კი აშკარად, ის საუბრის შემდეგ, რაღაც გარდატეხა მომხდარიყო.„ ალბათ მართალია, როცა იგებ ადამიანი შენს მიმართ გულგრილი არაა და გამოგიტყდება რომ უყვარხარ, მიუხედავად იმისა საპირისპიროს არაფერს გრძნობ იმ ადამიანის მიმართ, მაინც იწყებ მასზე ფიქრს... და ეს ფიქრი იმდენად ღრმაა, რომ უცებ, შეიძლება ვერ აღმოაჩინო, მაგრამ შემდეგ მიხვდები რომ გაღელვებს, გადარდებს, გაშფოთებს, გენაღვლება. თითქოს ყველა მის საქციელს და სიტყვას ახსნას ახლა უძებნი, თითქოს ყველა კითხვის ნიშანს, წერტილი ცვლის.-ლედი... - ფიქრებიდან გამოარკვია რუსას ხმამ - გაიგე მალე ახალი უფროსი გვეყოლება?- კი...კი ვიცი...-უპასუხა დაბნეულმა და გაცივებული ყავის დარჩენილი წვეთები გადაკრა. ახლა შეამჩნია რომ ნიკაზე საუბარი და მისი გახსენება არ ესიამოვნა.- რა იყო, თავს ცუდად გრძნობ? - ისევ ჩაეკითხა რუსა.- არა...რაღაც დავიღალე, საქმეს ვაკეთებ, მაგრამ სხვაგან ვარ. სჯობს შესვენების შემდეგ შევუდგე - საბუთები დაალაგა, საქაღალდეში ჩადო და უჯრაში შეუძახა.- გოგოებო, ნახევარ საათში შესვენება გვეწყება, გარეთ ვისადილოთ თუ აქვე ბუფეტში?- როგორც გინდა! - მხრები აიჩეჩა რუსამ და მეგის კითხვიანი მზერა მიაპყრო.- ჩემთვის სულერთია!- ხელი აიქნია მეგიმ- მაშინ ჩვენს ბუფეტში...- თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა ლედიმ და წამოდგა. ფანჯარასთან მივიდა და ეზოში გაიხედა. თვალებით ავტოსადგომზე გადაინაცვლა. დიმას მანქანა არ იდგა. გულმა რეჩხი უყო.-„რა ხდება? ნეტავ რა შეემთხვა? ნუთუ სამსახურში არ მოსულა?“...არ უნდოდა გოგოებისთვის ეკითხა დიმას ამბავი, არ უნდოდა ეჭვი გასჩენოდათ, კი იცოდნენ რომ კურსელები იყვნენ ლედი და დიმა, მაგრამ გადაჭარბებული მოკითხვა კოლეგებთან ცოტა ეუხერხულა და აფორიაქებული ისევ მაგიდას მიუჯდა. თითების მონოტური კაკუნი დაიწყო მაგიდის ზედაპირზე, ჯერ ჩუმად...მერე ხმას მოუმატა. თვალი გაშტერებოდა და ფიქრებით ისევ იქ იყო: -„რატომ არ იდგა დიმას მანქანა სადგომზე და რატომ იყო მისი კაბინეტის კარი ჩაკეტილი“...ასეთი რამ პირველად ხდებოდა. კარგა ხნის ასე უმოძრაოდ ყოფნის მერე მზერა მეგიზე და რუსაზე გადაიტანა. მეგი მასზე ხუთი წლით უფროსი იყო, სამი შვილის დედა. ქმარს გაყრილი. ძალიან ადრე მოუტაცია ისეთ ადამიანს, რომელსაც ნორმალურად არც იცნობდა, ათი წელი ისე იცხოვრეს, სამი შვილი ისე გაჩნდა...ვერაფრით შეიყვარა მეგიმ ქმარი. მეგი ძალიან ენერგიული, მხიარული, თავისუფლების მოყვარე, უპრობლემო ქალი იყო...და ძალიან უბრალო, მარტივი... და ასე მარტივად გადაიტანა ქმრის ღალატი,უფრო მეტიც... თითქოს ამ მიზეზს ელოდა, ვითომ თავი დამცირებულად იგრძნო ღალატის გამო და გაყრა მოსთხოვა. სამი შვილით გადავიდა საცხოვრებლად ცალკე, რომელიც ქმარს აყიდინა და ალიმენტებიც სამ შვილზე დააკისრა. ახალი სიყვარულის ობიექტის და თავგადასავლების ძებნა დიდხანს არ დასჭირვებია, მალე იპოვა მეგობარი მამაკაცი, რომელიც საჩუქრებით ავსებდა და მატერიალურადაც კარგად უზრუნველი ჰყავდა. ერთმანეთი ერთ სასამართლო სხდომაზე გაიცნეს. კაცი პროკურორი იყო და მეგი ბრალდებულის ადვოკატი. კაცი მალე მოიხიბლა მეგის ქარიზმატული ბუნებით, ღიმილიანი და მზიანი სახით და დიდი მკერდით. ლედის არასდროს ახსოვს მეგი ცუდ ხასიათზე, დაღლილი, მოწყენილი, გაბრაზებული. რუსა მისი თანატოლი , გასათხოვარი იყო. წარმოშობით ქუთაისიდან. ისიც ძალიან პოზიტიური და ენერგიული ახალგაზრდა ადვოკატი. ჰყავდა ერთი თაყვანისმცემელი, მოსვენებას არ აძლევდა, ყვავილებს უგზავნიდა ხან სამსახურში - რომელსაც ყოველთვის დამლაგებელს ან მებუფეტეს ჩუქნიდა რუსა და სახლში მორთმეულს, თავის მარტოხელა მეზობელ ქალს. გოგო გაურბოდა, უსაქმურია, არაფერს საქმიანობსო და სულ მე დამსდევს კუდშიო. ამ ამბით ძალიან ერთობოდნენ და ხალისობდნენ ლედი და მეგი. ლედის კი არც მეგობარი მამაკაცი ჰყავდა და არც თაყვანისმცემელი. არადა ფიზიკურად ძალიან სასიამოვნო გარეგნობის იყო, ნიჭიერი, წარმატებული. სულ ფიქრობდა, ალბათ ის შარმი მაკლია, რაც მამაკაცებს იზიდავსო...თუმცა დღეს იმასაც მიხვდა რომ თურმე შესაძლებელია, ასე ფიქრობდე და ვინმეს კიდევ თავდავიწყებით უყვარდე და ვერ გეუბნებოდეს. ეს ორი დღე წვეთ-წვეთობით დაუგროვდა საფიქრალი და გრძნობდა რაც წუთები გადიოდა, უფრო მეტად აღელვებდა დიმა. მოსვენება დაკარგა.  დიმას ვერაფერს დაუწუნებდა, კარგი გარეგნობა, ოჯახი, განათლება, შემოსავალი. ასეთ მამაკაცზე არცერთი ნორმალური ქალი არ იტყოდა უარს, მის გრძნობებზე რომ ეპასუხა. თავის თავსაც კიცხავდა, ქაჯივით მოიქცა, თვალები უბრიალა, ეუხეშა, რაღაც დრამა დადგა...იმის ნაცვლად რომ მშვიდად მოესმინა მისთვის.დიმა ხომ ლედიზე მეტად ღელავდა იმ წუთებში, როცა სიმართლე უთხრა. ან ნიკა ბარათელის ხსენებამ რატომ ააფორიაქა? რით ვერ დაივიწყა ის ვნებები? მისი ცალმხრივი ვნებები, რომელიც არც არაფერი იყო და არც სჭირდებოდა ნიკას. ნიკაზე ფიქრი და ისევ თვითგვემა დიდი სისულელე იქნებოდა ხვდებოდა, ისიც რომ ცხვირწინ...ასეთი ბიჭი ედგა და რეალურად უყვარდათ. თუმცა ისიც აეჭვებდა რომ მისი ასეთი არაადვეკატური ხასიათი დიმას აზრს შეუცვლიდა და არაფერი არ გაგრძელდებოდა. „სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო“-გაახსენდა უცებ ეს გამოთქმა და ისიც გაახსენდა რომ ეს ბედისწერის დამთხვევა კი არა, მისი აქ მოსვლა დიმას დამსახურება იყო. როგორც იქნა სამივე კაბინეტიდან გამოვიდნენ და ბუფეტის მიმართულებით გასწიეს.გზად ისევ ჩაუარეს დიმას დაკეტილ კაბინეტს. სადილზე თანამშრომლების თითქმის ნახევარი ბუფეტში სადილობდა. დიმა აქაც არ ჩანდა.თვალებით უცებ დაზვერა ლედიმ იქაურობა. ყველაფერი უღიმღამო ეჩვენა რაღაც, თეფში აიღო და სადილებით სავსე დახლს უხალისოდ ჩამოუარა. ვიდრე ლედი თეფშზე კერძებს იწყობდა, მის გვერდით ასევე თეფშით ხელში სოსო ჩამოდგა, რომელიც ყველაზე ახლოს იყო დიმასთან თანამშრომლებიდან.  სოსომ გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. მერე ორი ნაჭერი პური დაიდო თეფშზე და ის იყო უნდა გაცლოდა, რომ ლედიმ შეაჩერა.-დიმას ვერ ვხედავ რაღაც...დილიდან არ ჩანს...არაა დღეს? - საკუთარი ხმა სხვანაირი ეჩვენა და პასუხის მოლოდინში, იგრძნო რომ გული აუჩქარდა და სახეზე გაწითლდა.- ერთი კვირა არ იქნება-უპასუხა სოსომ- დილით ადრე იყო მოსული, განცხადება დაწერა...გემრიელად მიირთვი ლედი- სოსომ მხარზე მოუთათუნა და მაგიდებისკენ წავიდა. ლედი გაშეშდა...მძიმე თეფში ბამბასავით ეჭირა, ვერც ძალას გრძნობდა და წამით თითქოს არც არაფერი ესმოდა. ეს იმდენად წამიერი იყო რომ ყურთასმენას უმალ მიწვდა ჭურჭლის ჩხარუნი და გარშემომყოფთა საუბარ-სიცილის ხმა. მერე გამოერკვა...ნელი ნაბიჯებით გაიარა და მაგიდას თავდახრილი მიადგა. უხმოდ დაჯდა და ჭამას შეუდგა. მეგიმ დაა რუსამ ჯერ ლედის შეხედეს გაოცებულებმა და მერე ერთმანეთს. თითქოს თვალებით გაისაუბრეს ერთმანეთში.  ლედიმ ჩუმად ისადილა ერთ წერტილს მიშტერებულმა. მექანიკურად მოქმედებდა გარეგნულად, მხოლოდ ტვინი უმუშავებდა ათასი აზრებით. რაც აქ მუშაობს, ეს პირველი შემთხვევა იყო რომ დიმამ დილით არ გამოუარა, არც გააფრთხილა რომ არ იქნებოდა. იქნებ ურეკავდა კიდეც? მთელი შაბათი და კვირა ტელეფონი გამორთული ჰქონდა რაღაც უაზრო კაპრიზის გამო, თუმცა ისიც გაახსენდა რომ როცა კვირას ღამე ჩართო, დიმასგან არც შეტყობინება და არცერთი დანარეკი არ იყო. არც დილით...არც თვითონ მოიკითხა ისე წამოვიდა სამსახურში. რაღაცნაირმა სევდამ მოიცვა.მერე ეს სევდა საკუთარი თავის სიბრაზემ შეცვალა. თავის უხეშობაზე და უჟმურობაზე ნერვები მოეშალა, სუნთქვა შეეხუთა და უცებ მიატოვა ჭამა. ხელები უკანკალებდა... წყალი გადაკრა და ღრმად ამოისუნთქა.-ლედი, ცუდად ხარ? -ხელი ხელზე შეახო მეგიმ და თვალებში ჩახედა- რაღაც სევდიანი და განერვიულებული ხარ მთელი დღეა, ხომ მშვიდობა გაქვს...რას ნერვიულობ...რატომ შფოთავ? - მეგის ხმამ ცოტა დაამშვიდა, თვალები აუცრემლდა მაგრამ სწრაფად შეიმშრალა ხელით. უხმოდ დაუქნია თავი. რა სჭირდა თვითონაც არ იცოდა, ხმას ვერ იღებდა, ის რაღაც გორგალი ისევ ახრჩობდა. - ლედი... -ახლა რუსამ ამოიღო ხმა- თქმა თუ არ გინდა, ნუ გვეტყვი...მაგრამ ეს ტირილი რაღაა? დამშვიდდი...- არვიცი გოგოებო...მე მაპატიეთ- ამოიხავლა ძლივს- მე მეტს ვერ შევჭამ, ცოტა ხნით გარეთ უნდა გავიდე სუფთა ჰაერზე და მერე კაბინეტში დაგხვდებით...გემრიელად ისადილეთ!  ამ სიტყვებით წამოდგა მაგიდიდან და ნაძალადევად გაუღიმა ორივეს.-გამოგყვები თუ გინდა...-წამოიწია სკამიდან რუსა, მაგრამ მეგიმ ხელით შეაჩერა.-არა...მადლობა რუს...მარტო მინდა ვიყო...მაპატიეთ რა გოგოებო!  სწრაფი ნაბიჯით დატოვა ბუფეტი და დერეფანში გამოვიდა.სული ეხუთებოდა. პალტოზე კაბინეტში ასვლა დაეზარა და თან ისიც გაახსენდა რომ გასაღები მეგის ჰქონდა. გარეთ რომ გამოვიდა, ერთიანად შეისუნთქა ცივი ჰაერი. თებერვლის ბოლო რიცხვები იყო, ოდნავ თბილი, მზიანი..მაგრამ სუსხიანი დღეებით. იქვე კედელს აეკრა და მობილური ამოიღო ჯიბიდან.დახედა ეკრანს.არცერთი ზარი და არც შეტყობინება. ნერვიულად ჩამოუყვა მენიუში კონტაქტებს და დიმა მოძებნა.სახელის წაკითხვამაც კი გული უფრო აუჩქარა და ჯერ კიდევ გაურკვეველი შფოთვა უფრო გაუასმაგა. ვერ გაბედა დარეკვა....მერე მოკლე ტექსტური შეტყობინების ველში აკრიფა ორად ორი სიტყვა: „როგორ ხარ“... და გააგზავნა. ძალიან შესცივდა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიგდო. შიგნით შევიდა და დერეფანში ბოლთის ცემას მოჰყვა. მთელი ყურადღება ტელეფონზე ჰქონდა, პასუხს ელოდებოდა ან ზარს.  ისე დამთავრდა სამუშაო დღე რომ დიმა არ შეხმიანებია. ფეხით გაუყვა გზას მარტო. პალტოს ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. საერთოდ სწრაფი სიარული იცოდა მაგრამ ახლა არ შეეძლო. ფეხებიც აღარ ემორჩილებოდა.უნდა ევლო და დადიოდა.  ავლაბრის მეტრომდე მილასლასდა. სახლში არ უნდოდა წასვლა. ეს ორი დღე რაც სახლში იყო, სასტიკად მობეზრებოდა. ასევე მოსაბეზრებელი იყო წამდაუწუმ ნუნუს დაკითხვები. «რა გჭირს? რა გათიშული ხარ…რამ გამოგაშტერა»…  « ალბათ აშკარად მეტყობა რომ რაღაც მაწუხებს.წესით უნდა დავფრინავდე რომ ვიღაცამ შემიყვარა…მერე გამომიტყდა…მე კი რას ვაკეთებ? ეს სასოწარკვეთა რაღაა…რას ვგავარ»…  მეტროში აპირებდა ჩასვლას და უცებ გადაიფიქრა. «ტაძარში წავალ…საუკუნეა არ ვყოფილვარ…ახლა ყველაზე მეტად უფალი მიმანიშნებს რა ვქნა» - გულში იმედის სხივი ჩაუდგა, სწრაფად გადაჭრა ქუჩა და მეტეხის ტაძრისკენ დაუყვა.                                          8მეტეხის ტაძარი ერთადერთი ტაძარი იყო, რომელიც ლედის თბილისში ყველაზე მეტად უყვარდა. ამას ძალიან ბევრი მიზეზი ჰქონდა…პირველი ის რომ მისმა მშობლებმა თურმე ჯვარი აქ დაიწერეს…მერე ლედი მოინათლა აქ…ახსოვს ბუნდოვნად, დედასთან ერთად რომ მოდიოდა, სანთელს ანთებინებდა და პირჯვრის გადაწერას ასწავლიდა. ეს ის ადგილი იყო, სადაც დედის სურნელიც სცემდა თითქოს, იმ ხატებთან იდგა საათობით, რომელთა წინაშე ვერა ლოცულობდა, თავის ენაზე, ჩუმად... როგორც კი ეზოში შეაბიჯა და პირჯვარი გადაიწერა, საოცარი სიმშვიდე დაეუფლა. თითქოს ფრთები შეესხაო. აქედან ხელისგულივით მოჩანდა ძველი თბილისი... ქვიან მოაჯირს მიუახლოვდა და ხელები ჩამოაყრდნო. თვალები დახუჭა და გაირინდა. აქ თითქოს არ გასულა დრო...თითქოს ისევ ისეთი პატარა, ონავარი, კეკლუცი გოგო იყო, ასკინკილით რომ დარბოდა ტაძრის ეზოში...დედა კი უკან დაჰყვებოდა და სთხოვდა არ ერბინა. -„დედა... ნეტა სად ხარ ახლა...როგორ ხარ? როგორი ხარ? ასე როგორ ძლებ უჩემოდ... ალბათ სხვა შვილებიც გყავს და მე აღარ გახსოვარ... მამაჩემთან ერთად მიმამარხე აქ და წახვედი...ისე წახვედი, რომ წინაამღდეგობა ვერ გაუწიე ბებოს...ისე დამტოვე, უკან არც მოიხედე. გეწყინა, რომ არ წამოგყევი? მე სულელმა რა ვიცოდი რომ მოსკოვი ასე შორს იყო და შენც სამუდამოდ მტოვებდი...დედა...როგორ მაკლია ეს სიტყვა ყოველდღიურად...როგორ მაკლია შენგან ნათქვამი : „შვილო...დე...“ თუნდაც რუსულად...“ მოაჯირს მოშორდა და ტაძარში ასასვლელ კიბეებს აუყვა. ისეთი ძალაგამოცლილი მოვიდა აქამდე... აქ კი საოცარი ძალებით და ენერგიით აივსო. მსუბუქად აიარა ქვის საფეხურები და ეკლესიის მინის კარი როგორც კი შეაღო... ღიმილმა გაუპო ტუჩები. ყნოსვას მოწვდა საკმევლის და თაფლის სანთლების სუნი. პირჯვარი გადაიწერა და ანალოგიაზე დასვენებულ ხატთან მივიდა. ემთხვია...ყოველი წამი ბედნიერს ხდიდა და იმ დარდს და კაეშანს, რასაც აქ მოეყვანა, უქარვებდა. სანთლები დაანთო...ყველაზე ბოლოს ღვთისმშობლის იმ ხატთან მივიდა და მუხლებზე დაიჩოქა, სადაც დედამისი იდგა წირვების დროს. იმდენი დეტალი აღარ ახსოვდა ასე პატარაობიდან, მაგრამ მეტეხში ყველაფერი ისევ ისე იყო, აქ დრო არ არსებობდა.   ჩანთიდან ტელეფონის ვიბრაცია იგრძნო. თუმცა არ უნახავს. რომ გამოვიდა და ეზოში, სკამზე ჩამოჯდა, მაშინ ამოიღო ჩანთიდან. სანამ ნახავდა, იმედი ჰქონდა რომ დიმამ გამოუგზავნა შეტყობინება, მაგრამ მეგი იყო. ეკითხებოდა როგორ მივიდა სახლში. პასუხი გაუგზავნა „მადლობა მეგი, სახლში არ წავსულვარ, ვსეირნობ...ახლა მეტეხის ეკლესიაში ვარ...მალე წავალ...უკეთ ვარ“...- ეკრანს დახედა და გაეღიმა. „რა კარგია იმის ცოდნა, რომ ედარდები ვინმეს, მოგიკითხავს, განუგეშებს...ნამდვილად დასაფასებელია ასეთი ადამიანები...არც ისეთი ახლობლები...მაგრამ შესაძლოა ახლობლებზე მეტად და მათზე ადრე და უკეთ დაგეხმარონ და განუგეშონ“.... ტელეფონის შენახვა დააპირა, მაგრამ კონტაქტებში ისევ დიმა მოძებნა. „დავურეკავ, ვკითხავ...მოვიკითხავ...ამით რა დაშავდება?“...და ყოველგვარი განსჯის გარეშე დარეკა. ზუმერის მოლოდინში გაირინდა, მაგრამ ქსელის ოპერატორმა ამცნო, რომ აბონენტი გასული იყო მომსახურეობის ზონიდან. „ასე რატომ მექცევა? ბოლოსდაბოლოს რა დავუშავე? ხომ უნდა გამიგოს? არ იყო ეს ჩემთვის ადვილი გადასახარში“- მთელი დღე საკუთარ თავთან მონოლოგი ჰქონდა გაჩაღებული.გადაწყვიტა სოსოსთან დაერეკა, ასეც მოიქცა.-სოსო...დიმას ვერ ვუკავშირდები, მობილური გათიშული აქვს, სასწრაფო საქმე მაქვს...გთხოვ სახლის ნომერი მითხარი... კი, მშვიდობაა სოსო...მადლობა!  არ უყოყმანია, ისე აკრიფა ქალაქის ნომერი. ყურმილი მალე აიღეს.- გისმენთ! - ქალის სასიამოვნო ხმის ტემბრი გაისმა- გამარჯობა...თუ შეიძლება დიმას დაუძახეთ...- ვინ ბრძანდებით? - გაამკაცრა ქალმა ხმა. ლედის არ ესიამოვნა ასეთი ტონი.- მე თანამშრომელი ვარ, ვერ ვუკავშირდები მთელი დღეა და...- დიმა ერთი კვირით მონასტერში წავიდა, თუ თანამშრომელი ხართ, გეცოდინებათ, დღეს დილით მოსული იყო და განცხადება დაწერა.- იცით მე არ მინახავს...განცხადების შესახებ კი გავიგე და მოვიკითხე. თან საქმე მქონდა.- მე ვერაფრით დაგეხმარებით...დაკავშირება მეც არ შემიძლია. სავარაუდოდ კვირას ჩამოვა...- კარგი, მადლობა...- ლედი აღარ დაელოდა ქალის პასუხს, გათიშა. „ალბათ დედამისი იყო, როგორი სიტყვაძუნწი და უხეში“...დიმასგან იცოდა, რომ დედამისი ძალიან მკაცრი იყო, მათემატიკოსი, კომაროვის სკოლაში ასწავლიდა. მამა ფილოლოგი ჰყავდა. ლედიმ დიმასგან ასევე იცოდა, რომ ვაკეში ცხოვრობდნენ, სადღაც თამარაშვილზე. ოჯახში კოკერსპანიელის ძაღლი ჰყავდათ - მიმი...რომელსაც დიმას დედა მეორე შვილად თვლიდა.დიმას ხშირად უშაყირია - ისეთი და მყავს, ოთხფეხა და რიჟაო...  მონასტერში წასვლა ალბათ უცებ გადაწყვიტა. ლედი მიხვდა რომ დიმასაც არანაკლებ უჭირდა სულიერად და ყველაფერს გაერიდა. ხომ უთხრა ლედიმ - დრო მინდაო...ჰოდა მისცა დრო საფიქრებლად.                                    9 მთელი კვირა უღიმღამოდ გაატარა. ისედაც, თებერვლის ბოლო დღეები ძალიან ცივი და სუსხიანი დაიჭირა. იმდენად მონოტური, ერთფეროვანი იყო ყოველი დღე…ისევე როგორც ამინდი. სამსახურშიც რეორგანიზაცია დაიწყო, მარტიდან ახალი უფროსი იკავებდა პოსტს. ყველაზე მეტად ეს ფაქტი ლედის ანაღვლებდა… ნიკა ბარათელი… აქეთ დიმა… როგორი დაბრუნდებოდა მონასტრიდან, ტელეფონს რომ ჩართავდა, შეეხმიანებოდა თუ არა, დილით გამოუვლიდა თუ არა, რომ სამსახურში ერთად წასულიყვნენ. იმასაც ხვდებოდა რომ ეს პერიოდი იმდენად ბევრს ფიქრობდა დიმაზე, შეყვარების ზღვარზე იყო. სხვანაირად ვერ ხსნიდა ფორიაქს და მის ასეთ “გამოშტერებულ” მდგომარეობას.  პარასკევს გადაწყვიტა მოქმედმა უფროსმა, რომ სანამ წავიდოდა, გამოსამშვიდობებელი საღამო მოეწყო თანამშრომლებისთვის და შაბათს დაიგეგმა რესტორანში ვახშამი.ამის შესახებ მოკლე თათბირი ჩაატარა, მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, ერთად თანამშრომლობისთვის და კოლეგიალობისთვის. საღამოს ლედიმ, სამსახურის შემდეგ ტანსაცმლის მაღაზიები დაიარა, რამე ახალი კაბა უნდოდა ეყიდა. ზოგის ფერი არ მოეწონა, ზოგის მოდელი, ბოლოს ის იყო ქანცგაწყვეტილი კიდევ ერთ მაღაზიაში შელასლასდა, უცებ შეამჩნია ძალიან ლამაზი, ბრჭყვიალა, ყვავილებიანი ქსოვილისგან შეკერილი კაბა, რომელიც მანეკენს ეცვა. კაბის შესაფერისი ფეხსაცმელიც ჰქონდა და წამით წარმოიდგინა თავისი თავი...აშკარად მოუხდებოდა მოდელიც, ფერიც...და ამ თავდაჯერებულობით, გამიზნული ნაბიჯებით მიუახლოვდა მანეკენს.ახლოდანაც ისეთივე იყო, როგორიც შორიდან.  გარშემო მიმოიხედა და კონსულტანტი იხმო. შემდეგ ჩაიზომა, სარკის წინ იბზრიალა და გასახდელი ოთახიდან რომ გამოვიდა, კონსულტანტს კაბის შეფუთვა სთხოვა. კმაყოფილმა დატოვა მაღაზია...“ სიმართლე ყოფილა, როცა დეპრესია გაქვს, რამე უნდა შეიძინო ან რამე გემრიელი ჭამო“ - ეს ლოზუნგი უცებ შეთხზა და საკონდიტროსკენ გადაუხვია, რაიმე გემრიელის საყიდლად და დეპრესიის მოსახსნელად.  სახლში რომ მივიდა ბებოს უამბო ხვალინდელი დღის შესახებ, კაბა ჩაიზომა, ფეხსაცმელიც მოარგო. ნუნუმ მოუწონა ჩაცმულობა. შემდეგ საინტერესო ფილმი მოიძია, ჩაი გაიმზადეს და ტკბილეულებით სავსე თეფშით მიუსხდნენ ტელევიზორს.  აშკარად ხასიათი გამოუკეთდა.ეს ნაწილობრივ იმის მიზეზიც იყო რომ, შესაძლოა დიმაც მოსულიყო ხვალ...  დილიდან მზადებაში გაატარა. სალონში თმა დაიხვია, ფრჩხილები გაიკეთა. საღამოს თამთამ მაკიაჟი გაუკეთა. ძალიან მოუხდა, თვითონ არ იცოდა და ყოველთვის ბუნებრივად, უმაკიაჟოდ დადიოდა. ბანკეტის მერე ასე არც გაპრანჭულა. ძალიან მოეწონა ეს ახალი იმიჯი, სარკეს მოშორდა და თამთას უთხრა: - მაკიაჟის გაკეთება უნდა მასწავლო...რაღაც საინტერესო პროცესია, მომწონს. შევიძენ რაც საჭიროა, ამდენ რამეს...და მასწავლე კარგი?- პროფესიონალურ დონეზე მეც არვიცი, კიდევ იმდენი ნიუანსია, მეც მინდა ვისწავლო...თუმცა რაც ვიცი, იმას კი გასწავლი...რა თქვი, რომელ რესტორანში მიდიხარ?- უცებ თემა შეცვალა თამთამ.- სახელი არ ვიცი, მაგრამ სანაპიროზეა... მეგი შემპირდა, სახლში გამომივლის მანქანით და წამიყვანს.- ხომ იცი, ირაკლი ერთ-ერთ რესტორანში მღერის და მგონია, ყველა იქ მიდის...იმიტომ გკითხე.- ვიზუალურად, ფოტოებით კი ვიცნობ...და თუ ასე ძალიან დაემთხვა, იმ რესტორანში აღმოვჩნდი სადაც ირაკლი მუშაობს, ფოტოებს გადავუღებ...სხვა რა ვქნა? - გულიანად გაიცინა ლედიმ. თამთასაც გაეცინა.- თუ დიმა მოვიდა, სულ ირაკლის თავი გექნება, აი...- თუ მოვიდა კი...რაღაც ეჭვი მაქვს, მოვიდეს....შესაძლოა მომავალი უფროსიც იყოს მოწვეული. თუმცა უკვე ვგრძნობ რომ ნიკა ბარათელის მიმართ აღარაფერს განვიცდი. უკვე ვიცი, როგორც თანამშრომელს უფროსისადმი და როგორც ყოფილ სტუდენტს ლექტორისადმი, ისეთი დამოკიდებულება მექნება. არანაირი ფლირტი და არანაირი მეგობრობაც კი. აი დიმას რაც შეეხება, ელვის სისწრაფით შემეცვალა მისადმი ინტერესი. ფაქტია მაღელვებს, ვფიქრობ და განვიცდი. იცი, თამთა….რაღაც სხვა კუთხით დავინახე დიმა, აქამდე რომ არც მიფიქრია იმ მხრიდან - ლედი ერთ წერტილს მიჩერებული, თვალგაშტერებული საუბრობდა და ახლა იგრძნო რომ, დიმა საუკეთესო ქმარი და მამა იქნებოდა., ვისთან ერთადაც შექმნიდა ოჯახს.                                       10ზუსტად ორ საათში მეგიმ გამოუარა მანქანით, რუსასთან ერთად. ორივემ ქათინაურებით შეამკო ლედი, მანქანაში ჩაჯდომამდე აბზრიალეს. რესტორანში მისულებს, კართან წითელი ხალიჩა დახვდათ.- რა დახვედრა მოგვიწყო ბატონმა თამაზმა...აი მესმის! - აღტაცებით წამოიძახა მეგიმ და მანქანა გააჩერა - აქ მაინც გავიაროთ წითელ ხალიჩაზე, ჰოლივუდში ჩვენ არ დაგვპატიჟებენ! - სამივეს გულიანად გაეცინა და მანქანიდან გადმოვიდნენ. დემონსტრაციულად გაიარეს ხალიჩაზე და რესტორანში შევიდნენ.  ბატონი თამაზ ნიკოლაძე შეეგებათ, რომელმაც სამივეს ხელზე ეამბორა და ხელით ანიშნა კიბეებზე, საიდანაც უზარმაზრ დარბაზში მოხვდნენ. მაგიდები ფურშეტისთვის გაეშალათ და ცალკე სკამები სცენასთან ახლოს ჩაემწკრივებინათ. თანამშრომლები ერთმანეთს ისე ხვდებოდნენ, თითქოს დიდი ხანი არ ენახათ ერთმანეთი. უბრალო დამლაგებლიდან დაცვის თანამშრომლამდე ყველა მოწვეული იყო და ერთობლივი საზეიმო განწყობა სუფევდა. ცოტახანში იმდენად ბევრი ადამიანი და ზოგი უცხო პერსონა მოგროვდა, ამაოდ ეძებდა თვალებით ლედი დიმას...არც ნიკა ბარათელი სჩანდა. სცენაზე ბატონი თამაზი ავიდა და სიტყვით გამოსვლა დაიწყო. წინასიტყვაობაში მადლობა გადაუხადა მთელ მის კოლექტივს, თითოეულ მუშაკს ერთგულად თანამშრომლობისთვის, ისიც უთხრა რომ მის ადგილს ძალიან ღირსეული ადამიანი რომ ანაცვლებდა და ყველა დააიმედა, რომ არცერთს შემცირება არ გემუქრებათო. თითოეულის საქმე შეისწავლა ბატონმა ნიკოლოზმა და ასეთ კადრებს პატივს მიაგებსო. ამ სიტყვებს მქუხარე ტაში მოჰყვა და უცებ, მოულოდნელად ლედიმ თამაზ ნიკოლაძის გვერდით თეთრ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი, ოდნავ თმაშევერცხლილი, ისევ სასწაულად სიმპათიური ნიკა ბარათელი დაინახა. უცებ თვითონვე გაუკვირდა რომ არც გული აუჩქარდა, არც აღელდა, არც პეპლები დაუტრიალდა მუცელში...როგორც ადრე ემართებოდა. ძალიან მშვიდად და ყურადღებით მოუსმინა მის სიტყვით გამოსვლას და ბოლოს ტაშიც დაუკრა.  სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფურშეტი დაიწყო. ლედიმ ღვინის ბოკალით ხელში დარბაზში ჩამოიარა. თან ღვინოს წრუპავდა, თან ყველას ათვალიერებდა და ამდენ სახეში მხოლოდ ერთს ეძებდა - დიმას. ბოლოს კართან შეჩერდა და დერეფანში გაიხედა. აშკარად გულმა უგრძნო, ინტუიციამ უკარნახა და კიბეებთან მივიდა თუ არა, შემოსასვლელ კარში დიმა შემოვიდა. ჩქარი ნაბიჯებით ამორბოდა. გაუპარსავი წვერი ძალიან უხდებოდა. ყავისფერი ვილვეტის პიჯაკი, შავი შარვალი და თეთრი ქათქათა პერანგი ეცვა. უცებ შედგა...შეანელა ნაბიჯები...ლედის დანახვაზე. თვალი ვერ მოწყვიტა მის სილამაზეს, უხერხულად გაუღიმა და გაწითლდა.- უცებ ვერ გიცანი, როგორ ხარ?- სწრაფად გადაკოცნა - წვერის გაპარსვა ვერ მოვასწარი, სახლში შემოვედი თუ არა, დედაჩემმა დამახვედრა ამ საღამოს შეკრების ამბავი, ეგრევე გამოვიცვალე და წამოვედი.- დიმა...მეგონა დამირეკავდი... მეც დაგირეკე, დედაშენისგან გავიგე მონასტერში რომ იყავი...- მაპატიე ლედი...მართალი ხარ...უნდა დამერეკა, მაგრამ მე ტელეფონი სახლში დავტოვე, იქ ნამდვილად არ მჭირდებოდა....- ორაზროვნად გაუღიმა და მერე თვალებით ანიშნა დარბაზისკენ - წავალ, მივესალმები ბატონ თამაზს! ისე უცებ გაუჩინარდა, ლედიმ თვალის გაყოლებაც ვერ მოასწრო. მარმარილოს კიბეებზე ჩამოჯდა და დიდი ყლუპით მოსვა ღვინო. ბოკალი ისე გამოცალა, ისევ დიმაზე ფიქრობდა. შემდეგ წამოდგა, ცარიელი ბოკალი მიმტანს, რომელმაც გამოძახებულივით სინით ჩაუარა, სავსე ბოკალით შეუცვალა და ისევ ჩამოჯდა საფეხურზე. კიბის გრილი მარმარილო მის ცხელ, გავარვარებულ სხეულს საამოდ აბრუებდა. ეს ღვინის ბრალიც იქნებოდა, რადგან ლუკმა არ შეუჭამია და მეორე ბოკალს ცლიდა....შემდეგ მესამე...მეოთხე....და მეხუთეს რომ ცლიდა, ზურგსუკან ხშირი სუნთქვა შემოესმა. თავი მოაბრუნა...უცებ თავბრუ დაეხვა და თვალები მოჭუტა.ვერ გაარჩია, ვინ იყო...რომ ნიკა ბარათელის ომახიანმა ხმამ მდგომარეობიდან გამოიყვანა: -ლედი მინდელი... ჩემი ყოფილი სტუდენტი... როგორ არის? რაღაც ბევრი დაულევია ვატყობ? - ჩაიცინა და ჩაიცუცქა -ისე ამგვარ შეხვედრას არ ველოდი, მეგონა მომილოცავდი პოსტის დაკავებას, მომესალმებოდი ბოლოსდაბოლოს...მგონი ისე დავშორდით უნივერსიტეტში, ჩათვლებს ყოველთვის გიწერდი, მიუხედავად, იმისა რომ ჩემს ლექციებზე სულ დაბნეული იყავი... ისე, მინდა ვთქვა რომ ძალიან გალამაზებულხარ, დამშვენებულხარ... ლედი თავდახრილი იჯდა და ყურს უწვავდა მისი ხავერდოვანი, ხმადაბალი საუბარი...თან იმასაც გრძნობდა რომ მამაკაცის მზერა მის სხეულზე დასრიალებდა. წამოდგომა სცადა მაგრამ თავბრუ ისევ დაესხა, კინაღამ წაიქცა. ნიკამ ადგომა ვერ მოასწრო, ჩაცუცქულმა რაც უცებ შეძლო ორივე ხელით ფეხები დაუჭირა და ისევ კიბეზე დასვა. მამაკაცის ხელის შეხებამ აქამდე ამოუცნობი თრთოლვა განაცდევინა. მთელ სხეულს ტალღასავით დაუარა ჟრუანტელმა, რომელიც მუცლის ქვემოდან გავრცელდა.-რამდენი დალიე....ასე რომ გაითიშე?-ახლა საყვედურზე გადავიდა ნიკა - ცუდი დასაწყისია ეს მინდელი, ძალიან ცუდი... უკვე სტუდენტი აღარ ხარ ჩემი და თუ თანამშრომლობა გვინდა, ამას დღეს არ ჩაგითვლი...  ლედის უნდოდა თავი ემართლებინა, რაიმე ეთქვა, მაგრამ თითქოს მეტყველების უნარი წართმეოდა. ენა გაბუჟებოდა და გონებაშიც სიტყვებს ვერ ალაგებდა. ამიტომ დუმილი არჩია. ბარათელმა ამოიოხრა და წამოდგა, მაგრამ არ წასულა, ვერ მიატოვა მოაჯირს ხელშემოხვეული, კიბის საფეხურზე მჯდარი გოგონა. უცებ დიმას მოკრა თვალი, რომელმაც დერეფანში გამოიხედა და ისევ უნდა შესულიყო დარბაზში, დაუძახა:-ჯაში...დიმა....- თან ხელით ანიშნა აქ ვარო. დიმა ჩქარი ნაბიჯებით მიუახლოვდა და ლედი ასეთ მდგომარეობაში რომ ნახა, ნიკასთვის არაფერი უთქვამს, ლედის მივარდა. მის გვერდზე კიბეზე ჩამოჯდა. - ლედი...რა მოგივიდა?...ცუდად ხარ? - სახე დაუჭირა და თავი მის მხარს მიაყრდნო -ლედი, გესმის? რა დაემართა? -ახლა ნიკა ბარათელს ჰკითხა და ქვემოდან ახედა. კაცმა ორაზროვნად ჩაიცინა და ხელები გაშალა- ბევრი დალია...ღვინომ დაათრო...ისე ჯაში, მინდელი შენი კურსელია და რადგან შენ ნახე ასეთ მდგომარეობაში, ძალიან გაუმართლა. თუ შეგიძლია წაიყვანე, აქ არაა ახლა გასართობი არაფერი, არავინ დაინახოს სხვამ...და ეს ჩვენს შორის მოკვდება. რომ გამოფხიზლდება, გთხოვ აუხსენი რომ არ უხდება ახალგაზრდა, იურისტ ქალს ასე დათრობა. დიმამ ზიზღით დამანჭა სახე და მოწოლილი ბრაზი ეგრევე უკუაგდო. უხმოდ დაუკრა თავი თანხმობის ნიშნად. წამოდგა, მხარზე ხელი ჩამოადებინა ლედის, თვითონ წელზე მოხვია და კიბეებს ნელა ჩაუყვა. გარეთ რომ გამოვიდნენ, გემრიელად შეიგინა ნიკას მისამართით და ბარბაცით წაიყვანა ლედი მანქანისკენ. როგორც იქნა უკანა სავარძელზე წამოაჯინა, პატარა ხელჩანთა გაუხსნა, შეუმოწმა ფული, მობილური და გასაღები ედო. სავარაუდოდ არაფერი არ ჰქონდა დაკარგული. ის იყო მანქანიდან უნდა გადასულიყო, რომ ლედის ხელჩანთიდან ტელეფონის ხმა მოესმა. სწრაფად გახსნა. მეგი ურეკავდა. ჯერ იფიქრა არ ეპასუხა, მაგრამ მესამე ჯერზე ისევ რომ დარეკა, მერე უპასუხა. მეგის აფორიაქებული ხმა ჰქონდა:- ალო...ლედი სად ხარ...მთელი საათია გეძებ...- მეგი დიმა ვარ...ლედის ახლობლის გარდაცვალება შეატყობინეს, ახლა არ შეუძლია ლაპარაკი და მიმყავს - უცებ შეთხზა სასწაული ტყუილი- უი რას ამბობ...მეც არ ვიფიქრე რა მოხდათქო...- ბებიამისმა არ იცის და სახლში არ დაურეკო. თვითონ დაგირეკავს რომ შეძლებს და იქ ისე მოიქეცი, ვითომც არც არაფერი იცი. წავიდა ლედი ადრე და მორჩა.- კარგი დიმა...რადგან შენც მასთან ხარ, სანდო ხელშია.- რა თქმა უნდა...- გაეღიმა დიმას და უგონო მდგომარეობაში მყოფ ლედის ღიმილიანი მზერა მიაპყრო. ტელეფონი გათიშა და ახლა იმაზე ფიქრი დაიწყო, ბებიამისთან ასეთი მთვრალი და გათიშული როგორ მიეყვანა. ვერც თავის სახლში წაიყვანდა, დედამისი პანიკას აუწევდა. გადაწყვიტა ოჯახის დაკეტილ აგარაკზე ასულიყვნენ არაგვისპირში. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო და სრულიად მისაღები. ისიც იცოდა რომ გამოფხიზლებული ლედი არ უსაყვედურებდა იქ რომ მიიყვანა და არა სახლში. ამავდროულად იმაზე დაიწყო ფიქრი რომ ბებიამისიც უნდა გაეფრთხილებინა, რომ სახლში ამაღამ ვერ მივიდოდა და არ ენერვიულა. თავის ტელეფონით მეგის დაურეკა.- მეგი... ლედიმ გთხოვა სახლში დარეკო და ბებიამისს უთხრა რომ გოგოები ღამისთევით მიდიხართ შენს აგარაკზე... ვითომ აგარაკზე, მეგი...ქალს ძმისშვილიშვილი გარდაეცვალა, ახალგაზრდა ბიჭი და ამაღამ არაფერს ეუბნება. გორში მიმყავს ახლა... ტირის მთელი გზაა და ლაპარაკი მართლა არ შეუძლია....შენ კი ბებიამისს უთხარი რომ ლედის ტელეფონი დაუჯდა, დატენის და დაურეკავს თუ დაიჭერს... გაიგე? ასე გავაკეთოთ...რომ არ დავრეკოთ და ინერვიულებს, გული და წნევა აწუხებს და რამე არ დაემართოს...კარგი, დროებით... დიმამ ტელეფონი გათიშა და მანქანიდან გადავიდა. სწრაფად შემოუარა მანქანას, საჭეს მიუჯდა. მანქანა არაგვისპირისკენ დაიძრა. გზიდან სახლში დარეკა და დედამისი გააფრთხილა, რომ ამაღამ ვერ მივიდოდა, რადგან სამსახურის კოლექტივი თანამშრომლის აგარაკზე ადიოდნენ ღამის გასათევად. ცოტახანს უსმინა დედის დარიგებას და უკმაყოფილებას, დაკითხვებს და მოიმიზეზა: ტელეფონი მიჯდებაო. აგარაკამდე გზად მაღაზიაში შევიდა. პროდუქტები იყიდა დილისთვის, ისიც არ იცოდა ლედი საუზმეზე რას მიირთმევდა მაგრამ ვარაუდით შეიძინა ყველაფერი.                                      11 დილით საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა ლედი. პირი უშრებოდა, ნერწყვის გადაყლაპვაც უჭირდა. თვალები ჯერ სიმწრით, ტკივილისგან მოჭუტა, მერე მარცხენა ხელის ცეცებით ტელეფონს დაუწყო ძებნა და ტუმბოს მაგივრად სიცარიელე რომ იგრძნო, თვალები დააჭყიტა.  მინის ჭერი და ბროლის ჭაღი თვალებში ეუცხოვა და ელდა ეცა, წამოდგომა სცადა , თავბრუ დაესხა, მაგრამ საწოლიდან წამოიწია. გაოცებულმა მიმოიხედა ოთახში. შიშმა მოიცვა უცებ...და წამოდგა. ბარბაცით მივიდა ტუალეტის მაგიდასთან და სარკეში ჩაიხედა. ისევ ის კაბა ეცვა, დახვეული კულულები დაშლოდა, თვალებზე ფანქარი და ტუში გადღაბნოდა, ტუჩზე პომადა...-ღმერთო რა მოხდა, სად ვარ? -ხმამაღლა ამოთქვა და ფეხსაცმელებს შეხედა, რომელიც კარების გვერდით იდო. ფეხსაცმელი ჩაიცვა და ფანჯარასთან მივიდა. საოცარი ხედი გადაეშალა თვალწინ. ჯერ კიდევ ზამთრის პირი იყო და მარტი ნელა შემოპარულიყო, აქა-იქ აკვირტებული თეთრი და ვარდისფერი ხეებით.მზიანი დილა იდგა, სადღაც საოცარ...ლამაზ, მთებში ჩაკარგულ სახლში იმყოფებოდა. ისევ ოთახს დაუბრუნდა. მდიდრული ავეჯით მოწყობილი საძინებელი ოთახი ძალიან მყუდრო იერსახეს აძლევდა ოთახს. დაბნეულმა გაიარ-გამოიარა, ხელჩანთა ვერ იპოვა, ისევ თავბრუ დაეხვა და საწოლზე დაჯდა.-აქ როგორ მოვხვდი...გუშინ რა მოხდა! -თვალები დახუჭა და სცადა გახსენება. ნათლად გაახსენდა ის საღამო, მერე დიმასთან შეხვედრა, მერე კიბეზე ჩამოჯდომა, ღვინის წრუპვა...მეორე ბოკალი...მესამე...მეოთხე...მეხუთე... და ნიკა ბარათელის ჩურჩული ყურთან: „ისე მინდა ვთქვა რომ ძალიან გალამაზებულხარ, დამშვენებულხარ“... უცებ თითქოს ცხელი წყალი გადაასხესო, მთელი ძალით წამოდგა და ოთახის კარს ეცა. რატომღაც იფიქრა ჩაკეტილი იქნებოდა, კარი ხმაურით გააღო და ჰოლში გავიდა. საიდანღაც შემწვარი კვერცხის სუნი სცემდა, წყლის ხმა და ჭურჭლის რაკარუკი.„ ნეტავ ვისთან ერთად ვარ აქ...სად ვარ...ბოლოს ნიკა ბარათელის გვერდით ვიყავი, მის სურნელს, სუნთქვას, მზერას ვგრძნობდი და მერე...არაფერი მახსოვს...საერთოდ არაფერი“ კვერცხის სურნელს სამზარეულოში შეჰყვა და ლამის უცნაური ხმა აღმოხდა, გულ-ღვიძლი ამოუბრუნდა როცა ქურასთან მოფუსფუსე დიმა დაინახა. თავით კარებს მიეყრდნო და რაღაც საოცარი, თბილი და სიყვარულით სავსე მზერით მიაჩერდა მისკენ ზურგით მდგარ მამაკაცს, რომელიც ამ მცირე დროში, იმდენად შეყვარებოდა...აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო.  გადაწყვიტა მიახლოვებოდა ჩუმად მაგრამ მეტლახზე ფეხსაცმლის ქუსლების კაკუნმა დიმა მოახედა. ლედის გამომეტყველება უფრო დაუთბა...- დილა მშვიდობისა, ლედი...როგორ ხარ?- თავი მისკდება, პირი მიშრება...დიმა, გთხოვ ამიხსენი სად ვართ? აქ რატომ ვართ? - ჰკითხა და სკამზე ჩამოჯდა. დიმას მოწოდებული ჭიქით წყალი სულმოუთქმელად გამოსცალა და ჭიქა რომ დადგა, დიმამ უპასუხა:- ნუ...გუშინ ღვინის დალევა ბევრი მოგივიდა...იმდენად ბევრი რომ, გაითიშე...ეს ჩემი აგარაკია, არაგვისპირში ვართ. დედაჩემმა და ბებიაშენმაც იციან რომ ახალგაზრდა თანამშრომლები სადღაც, ერთ-ერთი თანამშრომლის აგარაკზე დავრჩით, რომ შენ ტელეფონი დაგიჯდა...ისე მართლა დაგიჯდა და დაგიტენე - დიმამ მაგიდაზე დაუდო გამორთული მობილური - მეგიმ კი იცის რომ ვითომ ბებიაშენს ძმისშვილიშვილი, ახალგაზრდა ბიჭი გარდაეცვალა, შენ დაგირეკეს, მე გორში მიმყავხარ და შენ სთხოვ ჩემი პირით მეგის, ბებიაშენს დაურეკოს და მოატყუოს, სახლში რატომ ვერ მიხვალ... -დიმა გაჩერდა.- ამდენი რამის მოფიქრება არ დაგეზარა? -გაეცინა ლედის - ბებიაჩემს ძმა საერთოდ არ ჰყავს...ან მეგის რას ატყუებდი, დიმა... ახლა რა ვუთხრა, გაცოცხლდაო? - აბა რა მეთქვა? ....დათვრა და სადღაც მიმყავსო? მანქანაში რომ ჩაგსვი, დაგირეკა, ნერვიულობდა, რომ ვერ გიპოვა...- ვაიმე...რა სირცხვილია! -თავში ხელი იტაცა ლედიმ - ასე როგორ გავილეშე??? შენ როგორ მნახე? მახსოვს, ბოლოს კიბეებზე ვიჯექი...-შუბლი მოისრისა - რაღაც ბარათელიც მახსოვს, მელაპარაკებოდა....ბგერები არ მესმოდა.- ხო...ბარათელმა დამიძახა, შემთხვევით გამოვიხედე დარბაზიდან. შენ გეძებდი. ვერ დაგინახე და აზრადაც არ მომსვლია, ის რომ კიბეზე იჯექი და გეძინა.ლედის სიცილი აუტყდა, მერე დიმაც აჰყვა. თან მაგიდის გაშლა დაიწყო.-ალბათ ამის მერე აღარ გეყვარები....- დასერიოზულდა და ტუჩები გაბუსხა. დიმამ თავი გააქნია და ნაბეღლავით სავსე ჭიქა მიაწოდა.- გაზგასულია...დალიე....- რატომ არ მპასუხობ? -ჩააჯინდა ბიჭს. - არა მგონია, ამის გამო ადამიანების გადაყვარება შეიძლებოდეს!სიჩუმე ჩამოვარდა, უხერხული, მძიმე სიჩუმე. დიმამ ტელევიზორი ჩართო. რაღაც მულტფილმი გადიოდა. ლედიმ მოათვალიერა გემოვნებით მოწყობილი სამზარეულო და მერე სიჩუმე დაარღვია:-აქ შემიძლია შხაპი მივიღო? - კი...სადაც გეძინა, ეგ სტუმრების ოთახია. გარდირობშია პირსახოცი და ახალი საჭირო ნივთები.საწოლიდან მარჯვნივ კარებში აბაზანაა და შეგიძლია ისარგებლო.- გასაგებია...და ხალათი არის მანდ? ან ტანსაცმელი? - მხოლოდ ხალათი... თუ ტანსაცმელი გინდა, დედაჩემის ოთახში შეგიყვან და რასაც თითს დაადებ, ჩაიცვი...ოღონდ დიდი გექნება -გაეცინა დიმას. შხაპმა გამოაკეთა... ძალიან ეამა. თითქოს წყალს გააყოლა წუხანდელი უსიამოვნო გრძნობები...გარდა ერთისა. ნიკა ბარათელის მზერა და ბუტბუტი ყურთან...ისევ ჟრუანტელმა დაუარა ამის გახსენებაზე. აბაზანიდან რომ გამოვიდა, შიშველ ტანზე ხალათი მოისხა, ფუმფულა ჩუსტებში ფეხები ჩააწყო და მობილური ჩართო. შემომავალი ზარები დახვდა ბებოსგან, რუსასგან, მეგისგან, თამთასგან...ერთი შეტყობინებაც მეგისგან : „რა ხდება ლედი, ისევ გორში ხარო?“...ამაზე გაეცინა და მერე მიწერა: „ ყველაფერი რიგზეა, კომაში იყო, თითქმის მკვდარი და გამოვიდა მდგომარეობიდანო“.... მერე ბებოს დაურეკა, საღამოსკენ ჩამოვალო. პირველი შემთხვევა იყო რომ ლედიმ სახლში არ გაათია და ნუნუ გაბრაზებული ელაპარაკებოდა. გაუთიშა და საერთოდ გამორთო ტელეფონი. არ სჭირდებოდა ამ წუთში არავინ...დიმას გარდა.  ოთახის კარი გააღო თუ არა, კართან დიმა იდგა ფენით ხელში.-ვიფიქრე, თმის გაშრობა დაგჭირდებოდა...- მზერა მოარიდა და ფენი გაუწოდა. - დიმა...- ლედის უცნაური ხმა ამოუვიდა, თვითონვე გაუკვირდა. მერე ხელზე ხელი მოკიდა და ოთახში შეიყვანა. ფენი კომოდზე დადო და საწოლამდე ხელჩაკიდებულები მივიდნენ. ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ - დიმა, რომ იცოდე იმ საუბრის მერე, ჩემი სამყარო როგორ შეცვალე? ორშაბათს სამსახურში რომ მოვედი და არ დამხვდი... მე...ადგილს ვერ ვპოულობდი...- ლედის გულისცემა გაუხშირდა, რადგან დიმას ხელები შეეხნენ და ხალათი მხრებზე ჩამოუცურეს....  .... თვალდახუჭული ლედი თითქოს ზღვის ზედაპირზე ტივტივებდა.გარშემო თოლიები დასტრიალებდნენ....რაღაც საამური მელოდია ჩაესმოდა ყურში და ნეტარებდა. თითქოს ტალღები ადიდდა, აზვირთდა, გაშმაგდა....და ამ ტალღებში გაახვია, ააგდო და გაანავარდა ჰაეროვანი ქალთევზა....უძირო იყო ცა...ზღვა და ხმელეთიც...გავარვარებული ქვიშა....ქალ-თევზა ნარნარით დაეცა ქვიშაზე ... ორმაგი თამაში - პირველი ნაწილი                                         12   «რა საოცარია როცა სამყაროს სხვა თვალით უყურებ…თითქოს საღათას ძილით გეძინა აქამდე და ახლა ამჩნევ რომ ცა მხოლოდ ერთი ფერის არაა…დილიდან დაღამებამდე მთელ პალიტრას ხატავს, მთელ ცხოვრებას გადის ფერთა ცვლით და ბოლოს უკუნითში იმალება…სწორედ ისე, როგორც ძილის წინ თვალებს ხუჭავ და სიბნელე გიმალავს თვალებს.საოცარია მზე…მთვარე...მთელი გალაქტიკა… ან ხმელეთი…მთელი თავისი სისავსით და სინატიფით.» ლედი ბაღში დასეირნობდა და ყოველ ხეს, ყვავილს, ბალახს ღიმილით უყურებდა და ხელით ეფერებოდა. - ლედი…მოესმა დიმას ხმა - სად ხარ, დავკეტე სახლი! - მოვდივარ!!!- გასძახა და სასწრაფოდ მოკრიფა რამოდენიმე ენძელა და ია, დატრიალდა ეზოში, თვალი მოავლო იქაურობას და მანქანისკენ გაიქცა.   დიმა უკვე საჭესთან იჯდა და ლედი მის გვერდით დაჯდა თუ არა, მანქანა დაქოქა.   - როგორ მომწონს აქაურობა და როგორ არ მინდა წასვლა აქედან…- ლედიმ ტუჩები გაბუსხა და მანქანის წინა შუშიდან სახლს შეღიმა. დიმამ ხელით ხელზე მიეფერა, მერე მისი ხელი ტუჩებთან მიიდო და აკოცა. - ახლა მე მკითხე…მეც არ მინდა აქედან წასვლა, მაგრამ ხვალ სამსახურის გაცდენა არ შეიძლება…გპირდები აქ კიდევ მოგიყვან!  დიმამ მის ხელს ხელი გაუშვა და მანქანა დაძრა. ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ, სანამ მთავარ მაგისტრალზე არ გავიდნენ…მერე დიმამ მუსიკა ჩართო.  ქვინის რეპერტუარი…ეგრევე იცნო ლედიმ: «Radio -Ga Ga»…ენერგიული დასაწყისით მოედო მთელ მანქანის სალონში. ლედიმ ჯერ ფეხები ააყოლა, შემდეგ ხელები და როგორც კი ფრედი მერკურის ხმა გაისმა, ისიც მასთან ერთად ამღერდა. დიმა გაოცებული მიაჩერდა, საჭე ლამის გაექცა. იმდენად უშეცდომოდ, იმდენად სინქრონულად, ისე თავისუფლად მღეროდა რომ დუეტს ჰგავდა ნამღერი. მისამღერზეც ტაშის დაკვრა დაიწყო…მთელი ემოციებით… თვითონ ლედი მთელი არსებით შევიდა სიმღერაში და უღიმღამო შავ-თეთრი კლიპის ფონზე, მეხუთე წევრად დაინახა საკუთარი თავი…წითელ ბრჭყვიალა კაბაში, ფრედის გვერდზე მომღერალი…დიდ სცენაზე. დიმა აღფრთოვანებული იყო რომ ასეთი აღმოჩენა გამოუვიდა. ნამდვილად სიურპრიზი იყო ჯერ ის, რომ ლედი ასე არაჩვეულებრივად მღეროდა, თანაც ინგლისურად … და თანაც მისი საყვარელი და ფავორიტი ჯგუფის სიმღერას. სიმღერის დასასრულიც ისეთივე ენერგიული გამოვიდა, როგორც დასაწყისი და დამთავრდა თუ არა ეგრევე გამორთო. - ეს რა ვნახე და მოვისმინე…შენ...ლედი ასე რომ მღერი რატომ არვიცი? საოცრება იყო, თან მთლიანი ტექსტი ზეპირად იცი…სუფთა ინგლისურით…-ლედიმ გულიანად გაიცინა, მერე დასერიოზულდა და ჩვეული ტონით უპასუხა:  - სიმღერა ჩემი ოცნება იყო…ბავშვობიდან. უფროსწორად მომღერლობა მინდოდა, მთელი სკოლის პერიოდი და ლამის სკოლის დამთავრებამდე, ვიკეტებოდი ჩემს ოთახში, დავიჭერდი მიკროფონს, რომელიც ბაბუაჩემმა მიყიდა, მანამდე კი რასაც მოვიხელთებდი და  მიკროფონად აღვიქვამდი, ეგ იყო. ის კი ნამდვილი მიკროფონი იყო, რომელსაც ფირსაკრავის მერე, მაგნიტოფონს ვუერთებდი და ვმღეროდი…ისე საკმაოდ ფართო რეპერტუარი მქონდა: ქართული, რუსული, ინგლისური, იტალიური…ამ ყველაფერს იმდენად დაფარულად და ჩემთვის ვაკეთებდი, ბებიაჩემი თვლიდა რომ გადამივლიდა ეს ახირება, ნუ ასე თვლიდა…მაგრამ მერე ფაქტის წინაშე რომ დავაყენე, გადაირია. სამედიცინო ინსტიტუტში მაწყობდნენ, მაგრამ მე კატეგორიულად გავუწიე წინაამღდეგობა და ვთქვი, რომ კონსერვატორიაში ვაბარებდი ვოკალზე. თუმცა სანამ საბუთებს შევიტანდი საგამოცდოდ, ბაბუაჩემი გარდაიცვალა და ნამდვილად არ მემღერებოდა. - ხო მაგრამ, ერთი წლის მერე ხომ შეგეძლო ისევ?  - იცი დიმა…ბაბუაჩემი რამოდენიმე დღე გაუჩინარებული იყო. დილით ჩვეულებრივად ადგა, ისაუზმა, ჩაიცვა და წავიდა…არაფერი განსაკუთრებული არ შემიმჩნევია. პოლიცია და გამოძიება ჩაერთო და ყველგან ეძებდნენ. ბოლოს მცხეთაში, სოფელ ნატახტარში, მიყრუებულ ადგილას იპოვეს ხეზე ჩამოხრჩობილი.  - ვა რას მეუბნები!!! - დაინტერესდა დიმა - მერე? ვინმემ მოკლა თუ თავი მოიკლა?  - არანაირი კვალი არ იყო, არანაირი ხელჩასაჭიდი. რამოდენიმე მეტრში ბაბუას მანქანა იდგა, არც გაქურდული იყო, ფული და საბუთები თან ჰქონდა, ოქროს საათი ეკეთა და ქორწინების ბეჭედიც.   - ანუ თვითმკვლელობა იყო… - ჩაილაპარაკა დიმამ - და ალბათ საქმეც დაიხურა.  - კი. რამოდენიმე თვეში დახურეს.სასამართლო არც ჩატარებულა, ბრალდებული მხარე არ გვყავდა და ყველა მოტივი თვითმკვლელობამდე მიდიოდა. ვინც იყო გამომძიებელი, საქმეში მეც ჩამრთო და აი მაშინ მოვიდა, იმის სურვილი, რომ იურიდიულზე ჩამებარებინა. იმდენად საინტერესო აღმოჩნდა მსჯელობა და ვარაუდები. შემთხვევის ადგილზეც არაერთხელ მივსულვართ ერთად, თან მასწავლიდა იმდენ დეტალს, ახლაც მახსოვს...კარგი კაცი იყო...სხვათაშორის მან პირველმა გაიგო რომ იურიდიულზე ჩაბარება გადავწყვიტე, ისე გაუხარდა, ჩემი ბრალია ეგ ამბავიო... სამწუხაროდ მისი კოორდინატები დაგვეკარგა, მინდოდა შევხმიანებოდი, როცა ჩავაბარე. აი ასე დასამარდა ჩემი ოცნება....და იმდენი წელი არც მიმღერია. აი დღეს კი...ისე ავმღერდი, ტექსტი თუ მახსოვდა არც მეგონა. გიყვარს ქვინი?  - კი, ძალიან...თინეიჯერობის ასაკიდან.ალბათ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ჩემი ფავორიტი ჯგუფი იქნება ყოველთვის - დიმამ ისევ ჩართო დისკი, ოღონდ დაბალ ხმაზე ამჯერად და ლედის გახედა - რაღაც განსაკუთრებული დღეა...ბედნიერი. იცი, თითქოს მეშინია ამ განსაკუთრებული ბედნიერების, მგონია რომ დრო ცოტა მაქვს და ვიდრე მაქვს, მინდა ასეთი ბედნიერი ვიყო...შენთან ერთად... მე, ახლაც ვერ მოვსულვარ აზრზე რაც მოხდა, თითქოს ისე გადმობრუნდა ეს სამყარო, ცა და მიწამ ადგილები შეცვალა.თან მგონია სიზმარია და გამეღვიძება...შენ რას გრძნობ? - სერიოზული ტონი შეეპარა ხმაში. - მე რას ვგრძნობ და...მგონი რომ ავმღერდი, ეგ შენი ბრალია... დიმა, შენ საოცარი ადამიანი ხარ, ერთადერთი რასაც ვნანობ და ალბათ სულ ვინანებ, ისაა რომ აქამდე რატომ არ შეგამჩნიე? მაინცდამაინც შენი სიტყვების მერე დავფიქრდი, შეგაფასე, ყოველი შენი ნათქვამი სიტყვა, იქ...კაფეში, ავწონე, გადავხარშე...ისე შენმა მონასტერში წასვლამაც დიდი როლი ითამაშა...ის პერიოდი რაც შენ არ იყავი, საშინლად გავატარე და საშინლად მენატრებოდი...არვიცი ამ დილით რა დამემართა, ალბათ ერთიანად მოჭარბებული გრძნობები იყო...არვიცი... - ლედი...მე შენ მიყვარხარ! - თითქმის ჩურჩულით თქვა დიმამ, მერე მისი მარცხენა ხელი ისევ ტუჩებთან მიიტანა და აკოცა, ლოყაზე მიიხუტა და განაგრძო- მონასტერში სასწრაფოდ გავემგზავრე, შაბათი დილა როგორც კი გათენდა. ბორჯომში ვიყავი, მწვანე მონასტერში. იქ ჩემი მეგობარია მორჩილი, სადაცაა ბერად აკურთხებენ და მასთან წავედი. ეს ის ადგილი იყო სადაც ამაოებას სრულიად მოვწყდი, იქ სულ ლოცვაში გავატარე...მორჩილებაში. სამზარეულოში ტრაპეზარიც ვიყავი და ტრაპეზი გავუმზადე ბერებს....სხვათაშორის გემრიელი ბორშჩი გამომივიდა - თავმომწონედ გაიღიმა და ლედის თვალი ჩაუკრა - იქ ერთმა ბერმა, მამა თევდორემ გვერდზე გამიყვანა და მითხრა, რომ ჩემი აქ მოსვლის მიზეზი უთუოდ სიყვარულია ქალისადმი, რომ ეს მონასტრის ეზოში შესვლისას შეამჩნია...და ამიხსნა, რადგან აქ ხარ და ამაოებას გაექეციო, უფალს შესთხოვე შემწეობა ამ გრძნობებშიო. თუ ასარიდებელია, ეს თავისთავად არ გამოვა და არც დაიტანჯებიო... თუ უფლის ნებაა, აქედან წასვლის შემდეგ უფალმა მიგანიშნოს, როგორ მოიქცეო... ალბათ მისი ნება იყო ის,რაც მოხდა და მადლობა უფალს ამისთვის...თორემ მე ძალიან გამიჭირდებოდა, შენი და ბარათელის ერთ შენობაში ერთად ყურება, თქვენი უმნიშვნელო დიალოგიც საშინელ ეჭვებში ჩამაგდებდა. შენ ხომ შეიძლებოდა ძველი იარები გაგხსნოდა და... - დიმა, დიმა...- შეაჩერა ლედიმ - რა ბარათელი?...რა იარები? ...ამ ყველაფრის მერე კიდევ როგორ გგონია ისევ მასზე ფიქრს რომ გავბედავ? ის ჩემთვის ჩვეულებრივი უფროსია და ყოფილი ლექტორი. თანაც, ალბათ უკვე ოჯახი ჰყავს, ცოლი, შვილი...ჩვენ რომ დავამთავრეთ მაშინ მალე დაინიშნებაო ამბობდნენ. - არ დანიშნულა! -ჩაიცინა დიმამ - და ცოლიც არ ჰყავს, არც შვილები. თვითონ ამბობდა გუშინ საღამოზე, ნიშნობა ჩავშალე და მას მერე სერიოზულ ურთიერთობებს გავურბივარო. არც მცალიაო...ასე რომ... - ჩემთვის მართლა სულერთია დიმა... ან რა აჭორავებდა პირველივე შეხვედრაზე, თავის პირად ცხოვრებაზე...თბილისში შემოვიდნენ. რაც უფრო მოკლდებოდა გზა ლედის სახლამდე, მით უფრო ღელავდა ორივე. რაღაც ჩაჩუმებულები და ფიქრებში წასულები იყვნენ. მხოლოდ ფრედი მერკურის ხმა არღვევდა ამ სიჩუმეს „Show Must Go On“... ეს ის სიმღერა იყო, რომელსაც ყოველთვის ჩუმად უსმენდა ლედი, ყოველთვის ჩაფიქრებული.დიმამ მანქანა სადარბაზოსთან შეაჩერა და მუსიკას ხმა დაუკლო. -ხვალ დილით გამოგივლი, როგორც ყოველთვის, იმ დროს...- კარგი, მზად დაგხვდები...- უპასუხა ლედიმ და უკანა სალონიდან თავისი ჩანთა აიღო. მხარზე გადაიკიდა. ამ დროს დიმამ ღვედი მოიხსნა და ძლიერად ჩაეხუტა.  „ჩახუტება...ეს სულზე კოცნაა. ვერანაირი კავშირი ვერ შეცვლის ჩახუტებას, გულში ჩაკვრას, მოფერებას... ჩახუტება, ეს უხმო კივილია, გაუმხელელი გრძნობების, მონატრების, ემოციების...ჩახუტებისას საოცარი ძალა, ენერგია, ნუგეში და სითბო ერთიანად მოდის და ერთმანეთში ირევა. ჩახუტება, ეს გრძნობის ყველაზე ძლიერი გამხელაა და სიყვარულის აღიარება“.  ლედი ლიფტით არ ასულა. ფეხით აიარა კიბეები სახლამდე. სახლის კარებთან შეჩერდა და თვალები დახუჭა. „ახლა ბებოს შეკითხვებს რა გაუძლებს, ალბათ საყვედურებსაც...რადგან ღამე სახლში არ გავათენე...მომიწევს ტყუილების თქმა...არარსებული ამბების ისე მოყოლა რომ არ დაეჭვდეს“...აბა რომ გაიგოს, დალია წვეულებაზე, მერე დიმამ თავის აგარაკზე როგორ აიყვანა და იქ რა მოხდა, წარმოდგენაც არ უნდოდა ნუნუს რეაქციაზე. ღრმად ამოისუნთქა და ზარი დარეკა...მეორეჯერ...მერე დააკაკუნა. ხელჩანთიდან გასაღები ამოიღო და საკეტს მოარგო. ბებო სახლში არ დახვდა და ამოისუნთქა. სამზარეულოში შევიდა, წყალი მოუშვა ონკანიდან და შესვა.ქურაზე ქვაბით სადილი იდგა, თავსახური ახადა. ტოლმა იყო...ისევ დაახურა თავსახური და მაგიდაზე წერილი დაინახა. ბებო წერდა.„მე სასაფლაოზე მივდივარ, ხელოსანმა დამირეკა, მარმარილოთი მოპირკეთება დაუსრულებიათ და უნდა შევამოწმო. იმედია, რომ დავბრუნდები, შინ მოსული დამხვდები.“  წერილი ხელში შეათამაშა და ისევ მაგიდაზე მიაგდო. ერთადერთი რაც ახლა ყველაზე მეტად სურდა, ეს ძილი იყო. არც სააბაზანოში შესულა...მთელ სხეულზე დიმას სურნელს გრძნობდა, მისი ტუჩების და თითების კვალი ხილულად ეჩვენებოდა და არ სურდა მოშორებოდა. ფრთხილად გაიხადა ტანსაცმელი, პიჟამო ჩაიცვა და ლოგინში შეწვა.   ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა. ეკრანს რომ დახედა, გაეღიმა.დიმა იყო. არანაირი სიტყვები, მხოლოდ გრაფიკული გულები...ძილში მისი ოთახის კარის ხმა მოესმა და ნუნუს რეპლიკა: ოხ მობრძანებულა!...