ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

საგიჟეთი

საგიჟეთი

      საგიჟეთი თორნიკე არჯევანიძე               თავი პირველი     შაბათი დღე იყო, მეილის მოსვლის ხმა რომ გაისმა ლეპტოპში. ვერასდროს ვიტანდი ამ ხმას. ვერც ტელეფონის ხმას ვიტანდი ვერასდროს. სულ მგონია, რომ ვინმე ისეთი დამირეკავს ან მომწერს, ვისაც რაღაც უნდა ჩემგან ან რაღაც ისეთს შემატყობინებს, რაც გულს დამწყვეტს ან ნერვებს ზღარბის ეკლებივით ამიბურძგნის; რაც მაიძულებს კიდევ ერთხელ შევაგინო ამ ცხოვრების გამჩენს. მაგრამ იქნებ ამჯერად სხვანაირად იყო საქმე ? მაინც გავხსენი მეილი. გამომცემლობა „გალარდ ენდ მაუნტისგან“ იყო მოსული. მიდი, მიდი... იქნებ, როგორც იქნა, მეც გამივარდა. „სამწუხაროდ, თქვენი წიგნი ამ ეტაპზე არ შეესაბამება ჩვენი გამომცემლობის ინტერესებს. წარმატებას გისურვებთ თქვენს მომავალ შემოქმედებით საქმიანობაში.“ ჰაჰ... ამის დედაც. აბა, რა მეგონა ? სკამიდან ავდექი და ფანჯარასთან მივედი. კიდევ ერთ სიგარეტს მოვუკიდე. „ნიკო... გეყოფა რა მოწევა. ხომ იცი, მამაშენს რა ბედი ეწია ?“ - მუდამ დედაჩემის ხმა ჩამესმოდა სიგარეტის ყოველი ღერის პირში ჩადებისას. და რა ბედია ეწია, რომ მამაჩემს ? სამუდამოდ დაიძინა და დაისვენა. რა ენაღვლება მაგ ნაბიჭვარს ახლა. გარეთ ერთი შავთმიანი ლამაზმანი ასეირნებდა ძაღლს, მგონი ჩიხუახუას. აბა, ლამაზებს რაში სჭირდებათ სხვა ძაღლები ? ყველაზე ლამაზ ქალებს უმეტესად ჩიხუახუები ჰყავთ. პატარა ტრაკი გააქნია ძაღლმა და ნამცეცა კურკლები დაყარა ძირს. – გეხვეწები, ჩემკენ გადმოიხარე, რა, – ვთქვი ჩემთვის და ვიგრძენი როგორ დამიარა ჟრუანტელმა ფეხებს შორის. არის. ზუსტად ისე, როგორც ვინატრე. ქალი ძირს დაიხარა კურკლების ასაღებად ცელოფანმომარჯვებული. დაილოცოს დასავლეთის სამყარო. წესრიგი ძალიან უყვართ. აბა, ჩემს სამშობლოში ვინ გადააგდებდა თავისი ძაღლის მძღნერს ნაგავში ? საქართველოში ვინ იკადრებდა ამას ? იფ, იფ, როგორი ლამაზი და ჭორფლიანი მკერდი ჰქონდა. უჰ, რას არ მივცემდი, ამ ძუძუებში რომ ჩავმხრჩვალიყავი. ბედნიერი მისი საყვარელი თუ ქმარი, რომელიც ჰყავდა. ალბათ ძუძუდან ვერ იწყვეტდა ეს ქალი. მაგრამ მე რა ? ტანჯვის მეტი ახლა არაფერი მოჰქონდა ჩემთვის ამ ქალს. – ამის დედაც, – წინ გავიხედე ნიუ-ჰარლენის ბეტონის ჯუნგლებისკენ, სადაც მსოფლიოს უდიდესი იმპერიის ფულის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ტრიალებს. აქ მილიონობით ადამიანი, – ადგილობრივი თუ ემიგრანტი, – მუშაობს ლუკმა-პურის საშოვნელად. მილიონობით გული ძგერს იმის იმედით, რომ დადგება დრო, როცა მეტს იშოვის და საბოლოოდ მძღნერიდან ამოყოფს თავს. მაგრამ ალბათ ძალზედ ცოტა თუ ხვდება, სინამდვილეში მხოლოდ ნაღებ საზოგადოებას რომ ამდიდრებს თავისი შრომით. როდესაც აქეთ გამოვიქეცი, – ცივილიზაციისკენ, ოცდაოთხი წლის ვიყავი. მწვანე ბარათი მოვიგე და პატარა ბიჭივით იმედებით ვიყავი აღვსილი, რომ უკეთეს ცხოვრებას ვნახავდი, მაგრამ თხუთმეტი წლის განმავლობაში რა დავიჭირე ხელში საკუთარი სირის გარდა ? ვიჯექი ერთოთახიან სოროში, სადაც ყველაფერს ჭრიალი გაუდიოდა და ველოდი როდის გადმომაფრქვევდა თავზე იღბალს ქალღმერთი „ფორტუნა“. ეტყობა, ეგ ბოზიც თავის ქმართან ალერსით იყო გართული და ჩემთვის არ ეცალა. არასდროს ეცალა. ჰმმ... ზევსია მაგის ქმარი თუ ? ერთი მაგათიც. მობილურმა დარეკა. ჯანდაბა. მუდამ განუწყვეტელ, წყეულ ხმაურში ვართ ადამიანები ჩაფლული. როდემდე ? მაგიდისკენ წავედი. რატომ ? რა უნდა ეთქვათ ისეთი ? ჯიმი იყო. – გისმენ. – კაპა... ჩემო ძმაო, რას შვრები ?რა კითხვაა „რას შვრები“ ? რას უნდა შვრებოდე კაცი ? – არაფერს. შენ ? – მისმინე დღეს საღამოს ბლეინ მაგნუსის კონცერტზე არ წამოხვალ ? ჰეგვეის სტადიონზეა. – ჰა ?  – კონცერტზე-მეთქი. სინდის ვუთხარი და მოდის ეგეც. თავისი დაქალიც მოჰყავს... ლორა თუ, რაც ჰქვია. აი, ის ქმარს რომ გაშორდა, ხომ გახსოვს ? ოჰ, რა რომანტიკაა. მე ცოლს გავშორდი ოთხი წლის წინ, ის – ქმარს. ნამდვილად ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილები.  – კლარინს კოულის ცოლი რომ იყო, – აღტაცებულმა მახარა ჯიმიმ. – ეგ ვინღაა ? – ზეთისხილის ბიზნესი რომ ჰქონდა იტალიაში. საფოსტო ბიზნესიც. ელენა კრავიცკის საყვარელი რომაა ახლა. ტელევიზორს არ უყურებ ? – აჰ, ელენა კრავიცკის საყვარელი თუა მისი ყოფილი ქმარი, წამოვალ, აბა რა.ჯიმიმ სულელივით გაიცინა. – ჰო, იღადავე, იღადავე. თავისი ქმრის კომპანიიდან წილის მეოთხედი მიაკუთვნა სასამართლომ. ოღონდ მხოლოდ ზეთისხილის ბიზნესიდან. იცი, რა თანხაზეა საუბარი ? მუშაობა საერთოდ აღარ უწევს. – ჯიმი...  – ჰა, წამოხვალ თუ არა ? ბერნის დავურეკავ თუ არ გინდა. ბერნი. მეორე სულელი. ვაითუ მართლაც კარგი ქალი იყო ელენა კრავიცკის საყვარლის ყოფილი ცოლი ? ბერნი წარმომიდგა თვალწინ, თუ როგორ აკოცებდა თავისი მეჭეჭიანი ლოყით ჩემთვის უცნობ შეძლებულ ქალს და შემშურდა მისი. არა, ამას ვერ დავუშვებდი. აბა, რა ვიცი, რა იღბალი მეჭყანებოდა ? განა სულ იმას არ იძახის ყველა, რომ წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი ფორმულა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩენაა ? – წამოვალ. კარგი, წამოვალ. – ოქეი. შვიდზე შევხვდეთ ბილოუსა და ჰეგვუდის კვეთაზე... „ჩარლის კაფესთან“. – ოქეი.   ისევ სკამზე დავჯექი. ლეპტოპს მივაჩერდი. ახალი წიგნის წერა ხომ არ დავიწყო-მეთქი, ვიფიქრე. მაგრამ მაინც არავის მოეწონებოდა ალბათ. თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა ? ნამდვილი მწერალი არ ვიყავი ? ნამდვილი მწერლისთვის ხომ მთავარია არ გაჩერდეს და წეროს და წეროს სანამ თითები არ მოტყდება კლავიატურაზე კაკუნისგან. მისთვის ხომ მთავარი წერაა და არა ფული ? ასე არ იძახდა სტივ მენგოლდიც ? იქით გადავიხდიდი ფულს, ოღონდ კი ვწეროო. კი, მეც ასე უნდა მოვქცეულიყავი. იმედი მქონდა, ადრე თუ გვიან გამოდნებოდა რაღაც კარგი ჩემი გონების ჯურღმულებიდან. მაგრამ, ფული... ჯანდაბა, მაინც ძალიან საჭირო რამეა. ლეპტოპთან მივედი და „ვორდის“ ფაილი გავხსენი. ჰმ... რა უნდა დამეწერა ? ისევ სამეცნიერო ფანტასტიკა ? კვლავ ფენტეზი ? იქნებ ჩემი არ იყო ეს წყეული უცხოპლანეტელები და კოსმოსური ხომალდები, ელფები და ჯადოქარი რაინდები ? ვითომ ღირდა, რომ ისევ შემელია ჩემი ცხოვრების ერთი ან ორი წელიწადი მათთვის ? კი სარფიანი რამეა სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი, ყველაზე ძვირადღირებულ ფილმებსა და სერიალებს სწორედ ამ ჟანრში დაწერილი წიგნების მიხედვით იღებენ, მაგრამ... ყოველთვისაა ეს დამპალი „მაგრამ“. ჯანდაბა. ხომ არ სჯობს რამე უფრო ისეთი დავწერო-მეთქი, ვიფიქრე, რამე ცხოვრებისეული-მეთქი... ამქვეყნიური. „ნამდვილ ლიტერატურას“ რასაც ეძახიან. ისტორიები უიღბლო მნძრეველებზე, ანუ ჩემნაირებზე. განა ყოველთვის ის არ იყო მთავარი, რომ რეალურ და გულწრფელ ემოციებზე წერდე მწერალი ? თუ გულწრფელი ნამუშევარი იქნება, ძალაც მეტი ექნება, ასე არაა ? ჰოდა ძალა თუ მეტი ექნება, უფრო მეტი ადამიანიც იყიდის და მერე შეიძლება რომელიმე კინოკომპანიაც გადააწყდეს მას და დაინტერესდეს. მაგათ ხომ მხოლოდ ის პროდუქტი აინტერესებთ, რასაც ფართო მასებზე გასვლის პოტენციალი აქვს. კი. შეიძლება უფრო გულწრფელად ყოველდღიურ ცხოვრებისეულ ამბებზე დავწერო-მეთქი, უცბად გამიელვა აზრმა. შეიძლება მართლაც ამგვარად გამხსნოდა კარი შემოქმედებით ბაზარზე. კი მიყვარდა სამეცნიერო ფანტასტიკა, ფენტეზიც, მაგრამ რა აუცილებელია მაინცდამაინც ამ ჟანრით გამვარდნოდა ? ოცდაცხრამეტი წლის განმავლობაში წესით კი უნდა დამეგროვებინა გამოცდილებათა ისეთი მარაგი, რომ რიგითი ადამიანი ჩამეფიქრებინა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასე არაა ? თუ რა სირობაცაა ეს მასკარადი, რასაც ცხოვრებას ვეძახით. არა, მართლა მაგარი სირობაა ეს ცხოვრება. ჯერ არც კი გეკითხებიან ისე იბადები. მერე, სკოლასა და კოლეჯში ან უნივერსიტეტში სწავლობ რაღაც სირობებს და მერე იწყება ხელფასის მონობა, რაც შემდეგ იძულებულს გხდის, იოცნებო. იოცნებო, რომ ოდესმე რაიმე ისეთს მიაღწევ, რითაც თავს დააღწევ მონობას და რაიმე ღირებულს გააკეთებ. ჯანდაბა, სიგარეტი უხდებოდა ასეთ ფიქრებს. „მარლბოროს“ ნახევრად ცარიელი თუ ნახევრად სავსე კოლოფიდან ერთ ცალი სიგარეტი ამოვაძვრინე და პირში ჩავიჩარე. სიგარეტის პირში ჩადებამ ქალის ამდგარი ძუძუსთავი მომაგონა. კარგა ხანი იყო, ქალის ძუძუს არ შეხებოდა ჩემი პირი. ბოლოს სამი თვის წინ ვიყავი ქალთან; რომ არა მარჯვენა ხელი ალბათ ჭკუიდან გადავიდოდი. იმასაც მივხვდი ლეპტოპთან ჩამომჯდარი, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი კონცერტზე. რა იცი, რა ხდებოდა ? კლავიატურას თითები შევახე და პირველი სიტყვა დავწერე. შემდეგ მეორე. მესამე. და ასე შემდეგ. წერისას არასდროს ვფიქრობდი, რაზე მეწერა. რაც დაიწერებოდა იმას ვჯერდებოდი და შემდეგ უკვე ვასწორებდი და ვხვეწდი სიტყვებს. წინადადებებს. ერთი წარმატებული სცენარისტი, სახელად ჯეიმს ჰეინსი იძახდა ინტერვიუში, რომელმაც გასულ შემოდგომაზე მოიკლა თავი, რომ სწორედ ამგვარად წერდა. მედიტაციურს ეძახდა ამ მეთოდს. კბილებგაკრეჭილი იძახდა, სწორედ ესაა ნამდვილი შემოქმედებაო, რაც თავისით ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მოგდის გონებაში და მომენტალურად დაგაქ ფურცელზეო. აბა, უმრავლესობასავით თუ წინასწარ დავგეგმე ყველაფერი, რა უნდა ვწერო, სადღაა ხალისი და აღტაცება, რაც შემოქმედებითმა პროცესმა შეიძლება მოგიტანოსო. ჩემი ბოლო წიგნის ყოველი გვერდი, რომელიც გამომცემლობებში მქონდა გაგზავნილი, სწორედ ამგვარად დავწერე. ჰაჰ, ნამდვილი მწერალი მეგონა თავი. მაგრამ... ისევ ეს წყეული მაგრამ. მაინც ვერაფერი. გალარდ ენდ მაუნტი უკვე სულ ბოლო, მეთოთხმეტე, ამერიკული გამომცემლობა იყო, რომელმაც უარი მომწერა. ეტყობა არც ჰეინსს უშველა ამ მეთოდმა და კიდევ ვერც შემოქმედებითმა წარმატებამ. რას გაიგებ, რა იხარშება ამა თუ იმ ადამიანის ტვინში. ვინც ყველაზე ბედნიერი გგონია, ხშირად ყველაზე უბედურია. „ყველაზე ბედნიერი დღე ის იყო, როდესაც ჩემი შვილი დაიღუპა.“ – აკრიფა ჩემმა თითებმა. მართლაც კარგი წინადადება იყო, დამაინტრიგებელი. პირველივე წინადადებიდანვე უნდა ჩაიჭირო მკითხველი. ასე იძახდა, რობერტ ევერეტი. თუმცა საერთოდ ვერ ჩამიჭირა ვერც მისმა პირველმა და ვერც მეოცე წინადადებამ. – ყველაზე ბედნიერი დღე ის იყო, როდესაც ჩემი შვილი მოკვდა, – პირში სიგარეტგაჩრილმა გავიმეორე ჩემ მიერ დაწერილი პირველი წინადადება. ვაჰ, მარჯვენა თვალი დამწვა კვამლმა. არასდროს მესმოდა, რანაირად იჩერებენ სიგარეტს პირში ისე, რომ არც თვალები ეწვებათ და არც ცხვირში უძვრებათ კვამლი. ლეპტოპის ეკრანზე ჩემ მიერ დაწერილი სიტყვები ჩემსავე პირიდან ამოსულ ოხშივარში გავხვიე და კლავიატურაზე თითების კაკუნი გავაგრძელე. „როგორც იქნა აღარავინ მეკითხებოდა, თუ რატომ არ ვიღიმი.“ – ყველაზე ბედნიერი დღე ის იყო, როდესაც ჩემი შვილი მოკვდა. როგორც იქნა, აღარავინ მეკითხებოდა, თუ რატომ არ ვიღიმი, - ღრმა ნაფაზი დავარტყი და სიგარეტი საფერფლეში ჩავსრისე.მგონი, არაუშავდა. ჰმ, რა მალე იწვება ეს დამპალი სიგარეტი. ყველაფერი იმაზეა გათვლილი, რაც შეიძლება ბევრი ფული დაგცინცლონ. ვაჭრობა... ყველაფერი ვაჭრობაა. მეგობრობა და სიყვარულიც კი. რაღა გასაკვირია, რომ ხელოვნებაშიც შეაღწია ვაჭრობის მარწუხებმა ? როგორ გინდა რაიმეს გახდე ამ ჯუნგლებში სადაც ყველა გადარჩენისთვის იბრძვის ? ზედმეტად დიდი კონკურენციაა ყველაფერში, მითუმეტეს ხელოვნებაში. ხელოვნება ხომ ადამიანის სულის მოთხოვნილებაა ? ყველას უნდა ამ მხრივ წარმატების მიღწევა. ყველას უნდა თავი დააღწიოს იმგვარ საქმიანობას, რომელიც ნებისმიერის სულს მოწყენილობაში ამოალპობს. თითები თავისით პოულობდა შესაბამის კლავიშებს. ვწერდი და მაინც არ მომწონდა. დაიცა... აი, ასე სჯობს. არა, ასე. კი, ასე უფრო კარგად ჟღერს. ხუთი წუთი მაინც მოვანდომე მესამე წინადადების დაწერას. „ყველა ხვდება, რომ ვარდისფერი ფარდა არცერთი შვილმკვდარი მშობლის თვალებს აღარ ჩამოეფარება.“ – ვარდისფერი ფარდა... –  გავიმეორე და იქვე, მაგიდაზე დადებულ სიგარეტის კოლოფს მივაჩერდი. კიდევ მინდოდა გაბოლება. მაგრამ თან არ მინდოდა. არ მინდოდა, ტანჯვით მოვმკვდარიყავი. მანამდე სადღაც მქონდა წაკითხული, რომ მწეველები მტკივნეულად კვდებიანო. არაფერიც. მამაჩემს გულმა დაარტყა და წამებში მოკვდა. დიდი არაფერი უტანჯია. თუმცა, აი ბიძაჩემი კი... ჯანდაბა ! რატომაა ამ ცხოვრებაში ყველაფერი ასეთი რთული ? ზედმეტად ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილი და მისწრაფება იბრძვის ადამიანის სხეულში. სიკვდილი გინდა, მაგრამ მტკივნეული არა. სიგარეტი გინდა, მაგრამ დაკარიესებული კბილები არა. ქალთან დაწოლა გინდა, მაგრამ პასუხისმგებლობა არა. – ვარდისფერი ფარდა... ვარდისფერი აბი. ჰა ? ამის დედაც. მაშინვე საათს გავხედე. მოყანყალებულ ფეხებზე იდგა და დაჭრილი ჩიტივით ჭიკჭიკებდა. ოთხ საათზე ჩამოდიოდა თვითმფრინავი. ასე არ მითხრა დედაჩემმა ? ახლა სამის ნახევარი იყო. იქამდე ერთ საათზე მეტი მაინც დამჭირდებოდა მისასვლელად. სასწრაფოდ წამოვხტი ფეხზე და შარვალი ამოვიცვი. მერე აბაზანაში შევვარდი და კბილანაწატეხილი სავარცხელი გადავისვი გვარიანად შეთხელებულ თმაზე. დამპალი ღიპი. საიდან დამედო ? ამდენსაც არაფერს ვჭამდი, მგონი. თუმცა ვიცი, - ლუდის ბრალი იყო ყველაფერი. როდესაც აბაზანიდან გამოვედი, პირდაპირ კარისკენ გავვარდი და ელდანაკრავივით შევჩერდი. ოო, არა, არაფერი გამოგივა გულმავიწყობის ქალღმერთო-მეთქი, გავიფიქრე. ალბათ ეგონა იმ ძუკნას, რომ დამავიწყდებოდა და ჩემი უიღბლობის იმედად დავტოვებდი ჩემს „შედევრს“. ლეპტოპთან მივვარდი და ფაილის დამახსოვრებას დავაჭირე. შემდეგ, გამოვრთე და დერეფანში გავიქეცი.    თავი მეორე     აეროპორტამდე მანქანებით გადატვირთული ბლექსტრიტ ავენიუ და გლენდეილის პარკის მიმდებარე ტერიტორია უნდა გამევლო, შემდეგ, სანაპიროზე უნდა ჩავსულიყავი და კარგა ხანი მევლო ოთხმოცდამეექვსე ქუჩის შესახვევამდე, საიდანაც პირდაპირ აეროპორტისკენ მიმავალ ფართო მაგისტრალზე გავიდოდი. ვაგვიანებდი. ტელეფონს თუ დავუჯერებდი ოთხს ათი წუთი აკლდა. არადა ჯერ ისევ სანაპიროზე ვიყავი. წყეული მეგაპოლისები. ზედმეტად ბევრი მანქანაა. სადაც არ უნდა გაიხედო ყველგან რკინის ყუთში მოთავსებული ძრავა გუგუნებს. და კიდევ საცობები... დაუსრულებელი საცობები. გაკრიალებული შევროლეტის მძღოლმა როგორც იქნა წინ წაიწია და მეც ჩემი ჯაბახანის პედალს მივადგი ფეხი. ოპელი მყავდა, ასტრა, ყველაზე იაფად ეგ ვიშოვე თავის დროზე. ჯანდაბა; უნდა ვუთხრა დედაჩემს, რომ ექვსი თვის სამყოფი წამალი გამომიგზავნოს, თორემ ყოველ ორ თვეში ერთხელ ასეთი გადარბენა უკვე ყელში ამოვიდა-მეთქი, გავიფიქრე. ერთი ნაკლი ეს აქვს ამ დასავლეთის სამყაროს, რომ ფსიქოტროპულ წამლებს ისე ვერ იყიდი, ექიმმა თუ არ გამოგიწერა, ექიმი კი იმდენ ფულს დაგატოვებინებს თავისთან, რომ ვერანაირი ფსიქოტროპული ვეღარ გიშველის. ერთადერთი გამოსავალი დაზღვევაა, მაგრამ დაზღვევას კიდევ თავისი ფული მიაქვს და დიდი შემოსავალი თუ არ გაქვს ზარალი უფროა, ვიდრე სარგებელი. – რას გინდა, რომ გახდე ამ დედაშეცემულ სამყაროში ? –  დავიღრინე. როგორ გინდა, რაიმე შექმნა, როცა ყოველ ფეხის ნაბიჯზე წინააღმდეგობა გხვდება ? იქ სამსახური, გადასახადები, იდიოტი მეგობრები, აქეთ საცობები, სიცხე. კიდევ რა ? ჰო, კიდევ ბუასილი. ხშირად მეწვოდა ეს დამპალი ტრაკი. მადლობა დედაჩემს და მამაჩემს, რომ ამ მძღნერ სამყაროში შემომაგდეს და წესიერი ნიჩაბიც კი არ მომცეს მძღნერში ნორმალურად გაცურვა რომ შემძლებოდა. გასისინებულ შევროლეტს მივყვებოდი უკან. – გამატარე ! – დამიყვირა ლენდ როვერში მჯდომმა ვიღაც თმაგადაწკეპილმა ცინგლიანმა, რომელიც არსაიდან გაჩნდა. გვერდით ლამაზი ქერათმიანი ქალიშვილი ეჯდა. ნაბიჭვარი. რა ენაღვლებოდა. ალბათ მამიკოს ფულებით სეირნობდა დღე და ღამე და ამ ცხვირაბზუებულ თოჯინას ხმარობდა, როცა მოუნდებოდა. – გააჯვი, პედარასტო ! – დავუყვირე და კიდევ უფრო ძლიერად მივადგი პედალს ფეხი. ამის დედაც. ყველაფერში ბრძოლა როგორ გჭირდება კაცს ? ძალიან დაღლილი ვიყავი ამ სირობით: ამ გაპარსული მაიმუნების უაზრო ბრძოლით. დამპალი ევოლუცია. როგორც იქნა გავაღწიე სანაპიროს ბოლოში. უკვე ხუთის ხუთი წუთი იყო. გონებაში იმას ვითვლიდი თუ რამდენი ხანი დასჭირდებოდა პასპორტის კონტროლის გავლას და თუ იმ კაცის სიმსუქნეს გავითვალისწინებდით, ვისაც დედაჩემმა გამოატანა წამლები, თხუთმეტი წუთი კიდევ მქონდა, წესით. კალ გრემი. ნეტავ სად მოჩანგლა დედაჩემმა ვიღაც ამერიკელი ? სხვაში თუ არაფერში, ადამიანების მოჩანგვლაში კი მაგარი იყო დედაჩემი. კიდევ კარგი ინგლისურის მასწავლებელი მაინც იყო და კარგად იცოდა ინგლისური, თორემ ხომ დავრჩებოდი ჩემი ვარდისფერი აბების გარეშე ? მგონი, ერთ რაღაცაში მაინც გამიმართლა, თუ ამას გამართლება ერქვა. აეროპორტში ზუსტად ხუთის ოც წუთზე მივედი. ჩემი ჯაბახანა ავტოსადგომზე გავაჩერე და შეშლილივით გავქანდი აეროპორტის შენობისკენ. – 753... სად ტრაკშია ? – შიგნით შესვლისთანავე ზემოთ გამოკიდებულ მონიტორებს მივაჩერდი სადაც გაფრენა-ჩამოფრენის განრიგი იყო ჩამოწერილი. როგორც იქნა მივაგენი სასურველ წარწერას: „BK 753 – მეთორმეტე გამოსასვლელი“ მარცხნივ გავვარდი. ოხრად ხალხი ირეოდა ყველგან. გახარებულები, ატირებულები, უემოციოები, მსუქნები, გამხდრები, დიდტრაკიანები, ბრტყელტრაკიანები, ყველანაირ ადამიანს ნახავდი აქ. მეთორმეტე გასასვლელთან სასწრაფო დახმარების ექიმები ტრიალებდნენ. ხალხი მათ გარშემო იყო შექუჩებული და ვერ ვხედავდი, რა ხდებოდა. ერთ მომენტში, იატაკიდან ამოწეული უზარმაზარი მუცელი დავინახე და ადგილზე გავშრი. „ჰაჰ... ახლა არ მითხრათ, კალ გრემია ეს კაცი.“ გზა გავიკვლიე ხალხში და სასწრაფო დახმარების ექიმებს მივუახლოვდი. – აღარაფერი ეშველება მის... გთხოვთ... რუბენ, გაიყვანე, გთხოვ, – ლოყებღაჟღაჟა ქალმა ექიმმა მიმართა ახალგაზრდა კოლეგას და იქვე ჩამუხლულ სასიამოვნო შესახედაობის ქალიშვილზე მიანიშნა. – წამობრძანდით, მის... გვამს გამოგიგზავნით... მისამართი ჩაგვაწერინეთ, გეთაყვა.ქალიშვილმა უფრო ხმამაღლა დაიწყო ტირილი, ლამის კივილზე გადავიდა. – მამიკოო !... მამიკოო ! – გაჰკიოდა შეშლილივით. მივხვდი, რომ უნდა მემოქმედა და ხალხში გავიკვლიე გზა. შავტუხა ექიმთან ჩავიმუხლე. ალბათ ის იყო რუბენი. არ ვიცი. ვუთხარი, კალ გრემი ხომ არაა ეს კაცი-მეთქი, ჩემთვის წამალი უნდა ჩამოეტანა-მეთქი. მაგრამ ვიღაც ბუღასავით პოლიციელი გაჩნდა არსაიდან და უკან გადამაგდო. კიდევ რამდენჯერმე ვცადე შეკითხვის დასმა, მაგრამ არავინ მომისმინა. ყველას ფეხებზე ეკიდა ჩემი წამალი. კალ გრემიც. ის კაცი კალ გრემი აღმოჩნდა. ის გოგო, მამიკოს რომ ეძახდა მიცვალებულს, მომიახლოვდა, როცა ოდნავ დამშვიდდა და მკითხა, მამაჩემის ნაცნობი ხარ თუ რატომ გაიძახი მის სახელსო. მაღალი გოგო იყო. ჩემსიმაღლე ან ოდნავ უფრო მაღალიც კი იქნებოდა. – დედაჩემი იცნობდა შენს მამიკ... მამაშენს, – ვუპასუხე მე, – წამლები გამოატანა საქართველოდან. – დამპალი ქვეყანაა ეგ თქვენი საქართველო ! – უცბად სახე ჩამომკაწრა ფრჩხილებით იმ გოგომ, – იქ წასვლა რომ არ დასჭირვებოდა, ახლა ცოცხალი იქნებოდა ! დამპალი ქვეყანა ! სირი ქვეყანა ! – დაწყნარდი, გოგონა ! – მოვიშორე თავიდან და იქვე მდგომმა პოლიციელმაც გაგვაშველა. ყველა ჩვენ მოგვაჩერდა. მკვდარი აღარავის ახსოვდა. – დამპალო ! – გაჰკიოდა ქალი და თან პოლიციელი მიათრევდა მას, – სირო ! შევეცი შენს ქვეყანას ! – ბატონო, თუ შეიძლება გაეცალეთ აქაურობას, – ქერათმიანი პოლიციელი ჩამომიდგა უცბად ცხვირწინ, –  ამ კაცს იცნობთ ? გულის შეტევისგან გარდაიცვალა. არა-მეთქი, ვუთხარი და მართლაც გავეცალე იქაურობას. გაზეთების ერთ-ერთი ჯიხურის შვერილზე ჩამოვჯექი შორიახლოს და ვფიქრობდი, რა ჯანდაბა უნდა მექნა აწი. თან ნაკაწრებიდან წამოსულ სისხლს ვიწმენდდი ცხვირსახოცით. ვიცოდი, ანტიდეპრესანტების გარეშე გამიჭირდებოდა ამ „საგიჟეთში“ ცხოვრება. ვარდისფერი აბების პირობებშიც კი სულ დედას ვაგინებდი ამ ცხოვრებას და ისე რაღას ვიზამ-მეთქი, გავივლე გულში. „უეჭველი ჩამომხრჩვალს ან კროულის ხიდიდან გადამხტარს მიპოვნიან.“ კალ გრემის ჩემოდანი პოლიციამ წაიღო. ხვნეშით მივჩერებოდი, როგორ მიაგორებდა მის ადგილ-ადგილ ტალახმიმხმარ ბორბლებს ის ქერათმიანი პოლიციელი, აქაურობას გაეცალეო, რომ მითხრა. უეჭველი გრემის ოჯახში გაგზავნიდნენ ჩემოდანს. შეიძლება დედაჩემს სცოდნოდა მისი მისამართი და გადავწყვიტე მოგვიანებით დამერეკა მისთვის საქართველოში. მაგრამ რომც გამეგო კალ გრემის მისამართი, როგორ გინდოდა მის ოჯახში მისვლა და იმის თქმა, მისტერ გრემს ჩემთვის წამალი ჰქონდა ჩამოტანილი და გთხოვთ, მომეცით-მეთქი. მით უმეტეს თუ ის შეშლილი ძუკნაც სახლში იქნებოდა. სიგარეტი ამოვიღე კოლოფიდან და გარეთ გავედი. მოვწიე და შემდეგ ისევ სახლში დავბრუნდი. კონცერტზე წასასვლელად უნდა მოვმზადებულიყავი.   თავი მესამე   დედაჩემმა არ იცოდა კალ გრემის მისამართი და ამის გამო ძალიან ვეჩხუბე. დღემდე ვნანობ დედაჩემთან ყოველ ჩხუბს, განსაკუთრებით ახლა, როცა ცოცხალი აღარაა, მაგრამ იმ დროს სხვანაირად მოქცევა ვერ შევძელი. რაც იყო, ეგ იყო. კონცერტი დიდი მოსაწყენი რაღაც აღმოჩნდა. დღემდე არ მესმის, რა მოსწონს ხალხს ისეთ მომღერლებში, რომელთა ნამღერშიც არაფერი იგრძნობა. მაგრამ ჯიმიმ და გოგოებმა იცოცხლე მოილხინეს. კონცერტის შემდეგ ერთად შევედით კაფეში და ბურგერები ვჭამეთ. ჯიმიმ სინდის წელზე შემოხვია ხელი და ისე გაუყვა დროგერის ქუჩას, მე კი ლორასთან ერთად დამტოვა. საკმაოდ ლამაზი ქალი აღმოჩნდა ეს შენი ლორა. კანი სულ ლამაზ-ლამაზი მოყავისფრო ხალებით ჰქონდა გადავსებული და ამან ყველაზე მეტად მომხიბლა მასში. შეიძლება შეშლილად ჩამთვალოთ ზოგიერთმა, მაგრამ მკიდია. ხალები ოდითგან განსაკუთრებულად მაგიჟებდა ქალებში. თან დაბალი იყო. მოცუცქნულიც კი ეთქმოდა ალბათ. ყოველთვის დაბალი ქალები მომწონდა, არ ვიცი რატომ. მოკლედ ჩემი ტიპი იყო ჭეშმარიტად. ერთად გავუყევით მე და ლორა დროგერის ქუჩას, ოღონდ იმის საწინააღმდეგო მხარეს წავედით, საითაც ჯიმი და სინდი წავიდნენ. ჩუმად მივდიოდით. უხერხული სიჩუმე ორივეს გვახრჩობდა, მაგრამ დროდადრო სულ ძუძუებში ვუყურებდი. ერთ მომენტში შემამჩნია კიდეც და ჩაეცინა. – ეს ჩემი ქუჩაა, – თქვა მან წაბლის ხეებით გადავსებულ ქუჩაზე რომ შევუხვიეთ. როდესაც ერთ წითელსახურავიან, ხუთსართულიან სახლს მივუახლოვდით შედგა და თვალები დამიბრიალა. – ამოხვალ ? ჩაი დავლიოთ. გული ამიჩქარდა და ვიფიქრე, ეგაა, ამაღამ დასრულდება ჩემი ცელიბატობა-მეთქი. – ყავა მირჩევნია, – ვუპასუხე. მეოთხე სართულზე ცხოვრობდა ლორა. სამი დიდი ოთახი ჰქონდა. მისაღებ ოთახში, მუქ ლურჯ დივანზე მიმითითა და თვითონ სამზარეულოში გავიდა. მესმოდა როგორ დააწყებინა რახარუხი ჩაიდანსა და ჭიქებს, მე კი ისევ გული მიფართხალებდა მოსალოდნელი სიამოვნებისგან. სულ იმას წარმოვიდგენდი, რანაირი იქნებოდა, იმ ბრჭყვიალა კაბას და ლიფს რომ გაიხდიდა. – ესე იგი, ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობ, – გამომძახა სამზარეულოდან. – ჰო, ეგრეა, – გავძახე მეც. კედლებს მოვავლე თვალი. ყოველ კედელზე თითო ნახატი ეკიდა. მხოლოდ ვან გოგის ნახატის ასლი ვიცანი – მზესუმზირები. დიდი ტელევიზორი იყო დივნის მოპირდაპირე კედელზე დამაგრებული. გამორთული ეკრანის სიშავეში ერთგვარი დიდებულება ბრწყინავდა თითქოს. მუქი ყავისფერი ფარდა ნაწილობრივ გადაწეული იყო და სახურავების გადაღმა, შორს გაჩახჩახებული კროულის ხიდი მოჩანდა. – მოგწონს მერე ? – უჰ, ბავშვობიდან მაგაზე ვოცნებობდი. კეთილისმომასწავებლად ჩაეცინა ლორას. – და წიგნებს დიდი ხანია წერ ? – თინეიჯერობიდან. – მეც ვწერდი ერთ დროს. მერე დავიკიდე. რთული რამეა. ოთახში შემოვიდა და გვერდით მომიჯდა. კაბა ქვემოთ ჩაეწია განზრახ და დეკოლტე კიდევ უფრო მეტად უჩანდა. ძუძუების ჭრილის გარშემო სულ ლამაზ-ლამაზი პატარა ხალები ჰქონდა. მე ვთქვი, ეგაა, უკვე ხომ არ მივაფრინდე, ეს ჩაი და ყავა ხომ უბრალოდ საბაბია-მეთქი. – დღეს ახალ წიგნზე დავიწყე მუშაობა, – ძუძუებში ჩაძრომის ნაცვლად ვუთხარი ლორას და საკუთარ თავზე გავბრაზდი. – ჰო ? რაზეა ? – არ ვიცი. უცბად საკოცნელად გავიწიე და ჩვენი ტუჩები ელვის სისწრაფით შეეწება ერთმანეთს. საძინებელი საით გაქვს-მეთქი, ვკითხე ცოტა ხანში და ჩაეცინა. ხელი ჩამკიდა და თვითონ შემიყვანა საძინებელში. ოღონდ ჯერ ჩაიდანი გამორთო, რომელსაც დუღილი ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაწყებული. სამაგიეროდ ჩვენ ავდუღდით საძინებელში. კარგა ხანს ვზილეთ ფართო და რბილ საწოლში ერთმანეთი. ხან მე ვიყავი ზემოდან, ხან – ის. საქმეს რომ მოვრჩით, ერთად შევედით საშხაპეში და წყლის ერთად გადავლებას შევუდექით. თავიდან საძაგელ სიცარიელეს ვგრძნობდი გულში, ისეთს, როგორსაც ყოველთვის ვგრძნობდი ხოლმე სექსის შემდეგ, მაგრამ საშხაპეში ისევ გამიმაგრდა და ხელახლა გავჟიმე ლორა, უფრო სწორად თვითონ გამჟიმა. კარგი ქალი იყო ლორა. ძალიან კარგი. როდესაც აბაზანიდან გამოვედით, ჩავიცვით. თვითონ სპორტულები ჩაიცვა ამჯერად. უკანალზე კარგად ჰქონდა მომდგარი შარვალი და ვიფიქრე, თუ ხელახლა გამოიღვიძა ჩემმა ვაჟბატონმა, იქნებ კიდევ ერთხელ ვივაჟკაცო-მეთქი. ყავის დალევა შემომთავაზა. ამჯერად ჩაი მომინდა და ჩაი მომიდუღა. თავისთვისაც მოიდუღა და მაგიდასთან დავსხედით. ორი ყლუპის შემდეგ ლორა ატირდა. დამშვიდება დავუწყე. – აი, ასეთი ბოზი ვარ, – ცრემლების ღვარღვარით მომჩერებოდა, – მას შემდეგ, რაც ქმარს დავშორდი, ბევრ კაცთან მქონდა სექსი. არ ვიცი, ჩემი ჭკუით ქმარზე... ყოფილ ქმარზე შურისძიებას ვცდილობ, ალბათ. ახალი ქალი იშოვა იმ ნაბიჭვარმა. – სულელი ყოფილა. შენნაირ ქალთან ყოფნას ნებისმიერი ინატრებდა. მართლა. კარგი რა, რა გატირებს. დამშვიდდი ! – ტვინის ბურღვა მიყვარს. არ ვარ კარგი. – ნეტავ რომელ ქალს არ უყვარს ტვინის ბურღვა ? ჩემი ყოფილი ცოლიც ეგრე იყო. შენ ძალიან კარგი ქალი ხარ. – ცოლი გყავდა ? – ჰო. – რატომ დაშორდი ? – ტვინს მიბურღავდა. ლორამ ჩაიფხუკუნა და ჩაი მოსვა. ერთი ცრემლი შიგ ჩაეწვეთა. – ამერიკელი ცოლი გყავდა ? – კიდევ ერთხელ მოსვა ჩაი, – თუ ქართველი ? ქართველი ვარო, ასე მითხარი, არა ? ოდესმე აუცილებლად მოვინახულებ იქაურობას. გამიგია, ძალიან ლამაზიაო. – ამერიკელი იყო ჩემი ცოლი. წარმოშობით გერმანელი. ქართველი არ გამომყვა. ძალიან პრეტენზიულები არიან ქართველი ქალები. – პრეტენზიულები ? – ჰო. იქ მანქანა თუ არ გყავს, არცერთი ლამაზი ქალი არ მოგცემს. ცოლად გამოყოლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. – აქაც ბევრი ეგეთია. ახლა ხომ გყავს მანქანა ? – იქ არ მყავდა. ავტობუსით და მეტროთი დავჩანჩალებდი სულ. კარგი ქალებიც არიან საქართველოში, რა თქმა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ მე არ შემხვედრია ეგეთი და თან ლამაზი. ლორამ მხრები აიჩეჩა და აცრემლებული თვალები ამოიწმინდა. – კარგი, – თქვა ოდნავ აკანკალებული ხმით, – უჰ, არ შეიძლება ასეთი მგრძნობიარეობა. ჯიმის საიდან იცნობ ? – წერის კურსებზე გავიცანით ერთმანეთი ათი წლის წინ. სცენარისტების კურსებზე. – ვაუ, სცენარების წერაც იცი ? – ისე რა. რაღაცით ჰგავს წიგნების წერას, თუმცა მაინც ძალიან განსხვავდება. ლორა თავისქნევით მომაჩერდა. ლამაზი, ლურჯი თვალები ჰქონდა. იმ ქალთა კატეგორიას მიეკუთნებოდა აშკარად, რომელთაც ცრემლები მეტისმეტად ალამაზებს. – ვიმეგობროთ, კაპა, რას იტყვი ? – მეგობრობას რა სჯობია, – ვუპასუხე. უცბად კარზე კაკუნის ხმა გაისმა. – ჰა ? აქ მოიცადე, – მითხრა ლორამ და სამზარეულოდან გავიდა. მალევე შემობრუნდა უკან ვარდების თაიგულით ხელში. ოღონდ აშკარად უკმაყოფილო სახე ჰქონდა. – ნახე, ისევ მომართვა, – უგულოდ დააგდო ძირს თაიგული, – ერთი ტიპი ავიკიდე. ტომი ჰქვია. ერთხელ მქონდა მასთან სექსი და იმის მერე სულ ყვავილებს მიგზავნის... ლამის ყოველდღე. მიყვარხარო, ასე მეუბნება. შენ ხომ არ ხარ ეგეთი ? შემთხვევით, ხომ არ შეგიყვარდი უკვე ? – როგორ გეკადრება. დაიცა, თვითონ მოგართვა ? ეგ ტომი იყო ახლა აქ მოსული ? – არა. თავის ხელის ბიჭს გამოატანა. ბიზნესმენია ტომი, მაგრამ უჰ, ნამდვილი იდიოტია. ვაღიარებ, ლოგინში კარგი იყო... მმ, ძალიან კარგი. მაგრამ დამანებოს თავი, არ შეიძლება ? ხელახლა გათხოვებას არ ვაპირებ. არც სერიოზულ ურთიერთობას. რატომაა რომ ზოგიერთ კაცს არ ესმის ეს ? – კაცებს მარტოობის გვეშინია. ქალი გვინდა, რომელსაც ვეყვარებით, რომელიც ჩვენზე იზრუნებს. – ანუ დედა. მხრები ავიჩეჩე. – რამდენი ხნის წინ დაშორდი ქმარს ?  – გეტყვი. მმ, ნახევარი წელი შესრულდება ოქტომბერში. – ჯიმისგან ვიცი, რომ ბიზნესმენი იყო შენი ქმარი. ზეთისხილის ბიზნესი აქვს იტალიაშიო. ცალი წარბი აპრიხა ლორამ და ეშმაკურად გაიღიმა. – ესე იგი, ჩემზე ილაპარაკეთ შენ და ჯიმიმ. რაო, კიდევ რა გითხრა ? – კიდევ... კიდევ ის, რომ შენი ყოფილი ქმარი ახლა ელენა კრავიცკისთანაა. ლორამ ენა ლოყას მიაჭირა შიგნიდან. – იმ ჟღალ ძუკნასთანაა, კი. მაგრამ მალე სხვისკენ გაიწევს ის ქალი. იცი, მანამდე ვისთან იყო ? – ვისთან ?  – დოგერტისთან. ერნესტ დოგერტისთან. „მკერავთან“. – ეგ ვინღაა ? – ერნესტ დოგერტი. ცნობილი დიზაინერი, – ჩაიცინა ლორამ, – ჰეი, საიდან ხარ ? – დიზაინერებში ვერ ვერკვევი. ბოდიში. „მკერავს“ ეძახიან ? – ჰო. ცოტა ხანში ისევ გავიწიე ლორასკენ საკოცნელად, მაგრამ შემაჩერა და მითხრა, ახლა აღარ მცალია, ხვალ დილით ადრე უნდა ავდგე, იოგაზე მივდივარო. სამაგიეროდ ჩემი ტელეფონის ნომერი ჩაიწერა. როცა მწერალთან საქმის დაჭერა მომინდება, პირველ რიგში შენ დაგირეკავო. ქუჩაში გამოსულს ვიღაც მელოტი ახმახი მომვარდა და ნჯღრევა დამიწყო. ლორა უოლშთან იწექი თუ არაო, მიღრენდა ცოფიანი ძაღლივით. ვუთხარი, რომ ვიწექი; ერთხელ საძინებელში და ერთხელაც აბაზანაში მივარჭე-მეთქი. ქეჩოში ჩამავლო ხელი და იქვე ჩამომდგარ შუშებდაბურულ ლექსუსის ჯიპში შემაგდო ძალით. სადღაც წავედით. მის კეფაზე დაგროვებულ ნაკეცებს მივჩერებოდი და წარამარა ვეკითხებოდი, ძმაო სად მიგყავარ-მეთქი, ის კიდევ არაფერს მპასუხობდა. მხოლოდ დროდადრო მიბღვერდა სარკიდან. ომის ვეტერანთა სასაფლაოსთანღა ამოიღო ხმა და მითხრა, ძმა აღარ დამეძახა მისთვის, რადგან ამაზე თავისი ტყუპისცალი ძმა ახსენდებოდა, რომელიც თერთმეტი წლის ასაკში მოკლა იმის გამო, რომ დედამისი მხოლოდ მას აწოვებდა ძუძუს. ნამდვილი შეშლილია-მეთქი, ვიფიქრე და კრინტი აღარ დამიძრავს შეშინებულს. თუმცა იმაში დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ ტომთან მივყავდი, ლორამ რომ მითხრა. „ნაღდად ეს იქნება მისი ხელის ბიჭი.“ ქალაქგარეთ ერთ-ერთ ვილასთან გავჩერდით. გარეთ რომ გადმომიყვანა ახმახმა, ვიფიქრე, მაგარ შარში გავეხვიე-მეთქი. ასე მეგონა, ნარკობარონის სასახლეს მივადექით. ფილმებში რომ მიათრევენ ხოლმე მოვალეებს ნარკობარონებთან, ზუსტად იმ სიტუაციაში მეგონა თავი. გარშემო სხვა მდიდრული სახლებიც იყო ჩარიგებული, ერთი სიტყვით მდიდართა უბანი იყო აშკარად. რკინით შეჭედილ მუხის ჭიშკარში რომ შევედით, აღმოვაჩინე, რომ სულ მარმარილოს ქანდაკებებით იყო გამშვენებული ეზო და კიდევ პატარ-პატარა შადრევნებით. მეგონა, წუთი-წუთზე გამოჩნდებოდნენ ავტომატიანი მცველები, ისევე როგორც ფილმებში ხდება ხოლმე, მაგრამ მსგავსი არავინ შეგვხვედრია. მხოლოდ კარი გაგვიღო მთავარ, სამსართულიან შენობასთან მიახლოებისას ერთმა სახენაიარევმა კაცმა, ეგ იყო და ეგ. როიალით გამშვენებულ ოთახში შევედით თუ არა მაშინვე მუსიკის ხმა გაისმა. ვიღაც უკრავდა როიალზე, ოღონდ იმაზე არა, რომელსაც ვხედავდი. ირმის ფიტულებით გაწყობილი დარბაზიდან მუხის კიბეს ავუყევით და მეორე სართულზე, მოზრდილ ოთახში ავედით. ვიღაც ორმოც წლამდე კაცი იჯდა იქ და უკრავდა. ვიფიქრე, ეს იქნება ტომი-მეთქი. სიმპათიური კაცი იყო. თხელი. ნავარჯიშები. ქერა თმითა და ცისფერი, შუშისებრი თვალებით. ნეტავ რატომ არ უნდა ლორას მასთან ყოფნა-მეთქი, გავივლე გულში, ეს ქალები ნამდვილი გარეკილები არიან-მეთქი. ახმახმა სავარძელში ჩამაგდო და თითი ტუჩთან მიიდო, მანიშნა ჩუმად იყავიო. ტომი შოპენის რომელიღაც ნაწარმოებს უკრავდა, მაგრამ დღემდე ვერ ვიხსენებ რომელს. სანამ არ მორჩა დაკვრას, იქამდე არ შემოუხედავს მას ჩემთვის. – ეს კაცი ლედისთან იწვა, სერ, – მაშინვე ახარა ახმახმა, – ერთხელ საწოლში და ერთხელაც იმაში, რა ჰქვია... აბაზანაში. – ჰორას, – ცხვირზე ცერა და საჩვენებელი თითები მოიკიდა ტომმა, – დაგვტოვე, გეთაყვა. ბრიტანული აქცენტი ჰქონდა ტომს. მაშინვე დახვეწილი ინგლისელი ლორდი წარმომიდგა თვალწინ. წარმოგიდგენიათ ? მე, ერთმა მაჩანჩალა ქართველმა ემიგრანტმა, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობით პურის ფულს ძლივს შოულობდა ნიუ-ჰარლენში, ინგლისელ „ლორდს“ გულისსწორი გავუჟიმე. – თქვენი სახელი ? – მკითხა ტომმა, როგორც კი ჰორასი ოთახიდან გავიდა. – ნიკო, – ვუპასუხე მაშინვე, – მაგრამ კაპას მეძახიან. საქართველოდან ვარ, ოღონდ ქვეყნიდან და არა შტატიდან. ტომმა ტუჩები ჯერ მარჯვნივ გასწია, შემდეგ მარცხნივ და ძლივსშესამჩნევად, თუმცა ამაყად ჩაიღიმა.  – რა არის შენი საიდუმლო, კაპა ? – მკითხა. – ჰა ? – ვერ მივუხვდი. – რით მოაწონე თავი ლორას ? მე ერთი წელია ვეჩალიჩები. რას აღარ ვჩუქნი. თან გადავყევი. მისი ყოფილი ქმრის ცემაც კი შევთავაზე, მაგრამ  არაფერი. ერთხელ ვიწექი მასთან და ეგაა. მეტჯერ აღარ მიმიკარა. – მართალია მე ორჯერ მიმიკარა, ძმაო, – ვუთხარი მორიდებით, – მაგრამ არამგონია მეტჯერ მიმიკაროს. – ჰმ. ქალები უცნაურები არიან. ვერ გაიგებ, რის მიხედვით ირჩევენ კაცებს. ერთი მეგობარი მყავს მანჩესტერში. ფულიანი. გავლენიანი. ისიც ჩემს დღეშია. ერთი გოგო უყვარს. ოფიციანტი. მაგრამ იმას მეეზოვე ჰენკი ურჩევნია. ყოველ დღე აძლევს ჰენკსო, ასე მითხრა ჯიმიმ. ხან პაბის ტუალეტში და ხანაც სახლში მიჰყავსო. – ჯიმი ჰქვია შენს მეგობარს ?  – ჰო.   – ვაუ, ჩემსასაც. იცი, შეიძლება იმიტომ გჭირთ ეგ ამბავი შენც და იმასაც... აამ... – ჯიმისაც ? – ჰო. ჯიმისაც და შენც ალბათ გიყვართ თქვენ-თქვენი ქალები და იმიტომ. ანუ შენ, ლორა, და იმას ის გოგო... ოფიციანტი. ანუ უფრო არხეინად რომ მიუდგეთ... აამ, სადღაც წავიკითხე, რომ... – ანუ სინამდვილეში მხოლოდ მჟიმავები მოსწონთ ქალებს ? გამიგია მაგ თეორიის შესახებ, მაგრამ არ მჯერა. გათხოვება და სიყვარული ყველას უნდა. ქალებს. – არა. ჰო... აამ, არ ვიცი. – მოკლედ... კაპა, მომისმინე. ლორას ამიერიდან აღარ მიეკარები. იცოდე, ჩემი კაცი ყოველდღე დგას მის სახლთან და თუ დაგინახავს... ხომ ხვდები, რაც მოგივა ? უკეთეს შემთხვევაში მცემენ, უარესში – მომკლავენ-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ არაფერი მითქვამს ტომისთვის, მხოლოდ თავი დავუქნიე. – რას საქმიანობ ? – მკითხა ცოტა ხანში და ვისკი ჩამომისხა ბარიდან. სასმელი მინის სქელ, მრავალწახნაგიან ჭიქაში ხმაურიანად ჩარაკრაკდა, – ეს შოტლანდიური ვისკია. ორმოც წელზე მეტისაა. ყველაფერი მოვუყევი ჩემ შესახებ, – წერა. ემიგრაცია. ბენზინგასამართი სადგური. რატომღაც დეპრესიის შესახებაც კი არ დავუმალე არაფერი. წიგნები კი კარგი რამეა, მაგრამ სცენარების წერის გამოცდილება თუ გაქვსო, მკითხა ბოლოს.  – სცენარისტთა კურსები მაქვს გავლილი, – ვუპასუხე მაშინვე, – სხვა არაფერი. აღმოჩნდა, რომ ტომი ერთ-ერთ, მართალია არც ისე სახელგანთქმულ, მაგრამ საკმაოდ გამოცდილ კინორეჟისორს იცნობდა, – აარონ უაინბერგს. დაბალბიუჯეტიანი საშინელებათა ფილმების გადაღებით იყო დაკავებული მისტერ უაინბერგი. შემიძლია, მასთან გიშუამდგომლო, რათა შენი ნაწერები ნახოსო, მითხრა, თუ მოიწონებს, იქნებ ხელი წაგიკრას რამეშიო. რას ვიფიქრებდი, ასეთ რამეს თუ გამოვკრავდი ხელს ? კინოს სამყაროში შებიჯება, თუნდაც დაბალი დონის კინოში, მხოლოდ ნაცნობობითაა შესაძლებელი და ნუთუ როგორც იქნა შანსი მეძლეოდა ? არადა, როდესაც ტომთან ამიყვანა ახმახმა ჰორასმა (ასე ვეძახდი შემდეგ), ასე მეგონა ცუდად დამთავრდებოდა ჩემთვის ყველაფერი. – რატომ აკეთებ ამას ? – ვკითხე დაბნეულმა, – მე ხომ... მე ხომ... – ლორასთან იწექი ? ჩათვალე, იმის გარდა, რომ შეგაშინე, შენს მოსყიდვასაც ვცდილობ, – თავდაჯერებულად ჩაიღიმა ტომმა და ვისკი მოწრუპა როიალზე მიყუდებულმა, – მე ბიზნესმენი ვარ. ეგეთები არ მეშლება. რაც უფრო მეტი მიზეზი გექნება, რომ არ დამაღალატო, მით უკეთესი ჩემთვის. – იმ ქალს ძალიან ეშლება, უარს რომ გეუბნება, ძმაო, – ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი. ხელი ჩამოვართვი გახარებულმა, – ძალიან ეშლება. – ჰორას ! – რამდენიმე წამში ხმამაღლა დაიძახა ტომმა და მელოტი ახმახიც მაშინვე შემოვარდა ოთახში, – სახლში წაიყვანე ჩვენი სტუმარი, გეთაყვა !.. და ტელეფონის ნომერიც გამოართვი ! კაპა, მე თვითონ დაგიკავშირდები იმ რეჟისორთან დაკავშირებით.   თავი მეოთხე   სამსახურში, ტელეფონზე საუბრისას დედაჩემს ყველაფერი მოვუყევი, რაც თავს გადამხდა. ყველაფერი რა, სიმართლის შელამაზებული ვერსია, რომელშიც ლორასთან და მასთან გადახდენილი ამბის ხსენებაც კი არ იყო. ძალიან გაუხარდა, ამერიკელ კინორეჟისორთან დაკავშირების შანსი რომ მეძლეოდა. – აბა შენ იცი. როცა ნახავ, წელში გაიმართე და ხმამაღლა ილაპარაკე. ისე არ მოიკუნტო, შენ რომ იცი ხოლმე, – მითხრა გახარებულმა. ისიც მითხრა, რომ ჩემი ვარდისფერი აბების ახალ პარტიას ერთი თვის შემდეგ გამომიგზავნიდა, რადგან ჩვენი ოჯახის ახლობელი ზუსტად ხუთ ნოემბერს მოფრინავდა ამერიკაში. – მანამდე გაისეირნე ხოლმე ხშირად. ჰაერზე გავლა ამ ბოლო დროს ისეთ კარგ განწყობაზე მაყენებს, რა ვიცი. მამაშენი რომ ცოცხალი იყო, მაშინაც კი არ ვდგებოდი ხოლმე ასეთ კარგ განწყობაზე. – კარგი ერთი, – მობილურს თითები მოვუჭირე, – აბა, ერთი შენ იმუშავე ბენზინგასამართ სადგურზე და ოცნების ახდენა ვერასდროს მოახერხო, ვნახავ ერთი, როგორ განწყობაზე იქნები მერე. – ნიკო...  – რატომ გამაჩინე ? რა გინდოდა ? – აჰ, ისევ. ღმერთო, რაღა ახლა მოკვდა ის უბედური კაცი ? როგორ გჭირდება წამალი. აი, ერთი თვეც გაუძელი და... – საერთოდ რომ არ გაგეჩინე, არც წამალი დამჭირდებოდა და არც ამ აყროლებულ ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობა. – კარგი რა, ნიკო. ამხელა კაცი ხარ. რაღა დროს ეგეთებია ? პასუხისმგებლობა უნდა აიღ... ტელეფონი გავთიშე. ოჰ, ეს დედები. ბენზინგასამართ სადგურზე ერთი გასისინებული ლამბორჯინი შემოგრიალდა. ვიღაც თმაგადაწკეპილი ტიპი იჯდა რულთან. უცბად ტომს მივამგვანე, ლორაზე შეყვარებულ ტომს, მაგრამ ფანჯრიდან რომ დავაკვირდი, სხვა აღმოჩნდა. ამას უფრო დიდი ნიკაპი და თხელი ტუჩები ჰქონდა. ჩემი თანამშრომელი, ჩინელი ჯო გავიდა მის მოსამსახურებლად. უკან რომ დაბრუნდა, ასე მითხრა, თავის მოსაკლავად მიდიოდაო. – ქარაფიდან უნდა გადავაგდო მანქანა და მეც თან უნდა გადავყვეო, – თავის ფხანვით მითხრა ჯომ, – ვითომ მართალს ამბობდა, კაპა ? იცინოდა თან. – რა ვიცი. გავიგებთ, ალბათ... ახალ ამბებში. – პოლიციას არ შევატყობინოთ ? – დაიკიდე. მე არსად არ დავრეკავ. ხუთს ათი წუთი ეკლდა, ლურჯი ტოიოტა პრიუსი რომ გაჩერდა ჩვენს სადგურში. მე ვემსახურებოდი წინა კლიენტს და ვიფიქრე ამასაც მოვემსახურები ბარემ-მეთქი. ვინ შემრჩა ხელში ? ის გოგო. კალ გრემის ქალიშვილი. შეშლილი ძუკნა. მაშინვე საბრძოლო დგომში დავდექი (ბავშვობაში კარატეზე დავყავდი მამაჩემს). იცოდე, ისევ თუ მომვარდები-მეთქი, არ დაგზოგავ, ფეხებზე მკიდია, ქალი რომ ხარ-მეთქი, ვუთხარი. – დაწყნარდი, სირო, – მანქანიდან გადმოვიდა და დოინჯი შემოირტყა. შემდეგ სიგარეტი ამოიღო, – სამი გალონი ჩამისხი. მიდი, შეყავი !   უცბად ცეცხლი მომედო. უხ, შენ შეგიყოფდი-მეთქი, ვიფიქრე და მისი მანქანის ავზში ბენზინის ჩასხმა დავიწყე. – აქ მოწევა არ შეიძლება ! შეიძლება ავფეთქდეთ. – მკიდია, – პირში ჩაიდო სიგარეტი და რკინის სანთებელათი მოუკიდა, – თუ რამეა უცბად დავიძინებთ და ეგ იქნება. ღრმად ჩავისუნთქე და თავი ხელში ავიყვანე, ყვირილი რომ არ დამეწყო. ერთხელ კლიენტისთვის დაყვირების გამო უკვე მომცა შენიშვნა ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონემ, მისტერ მიაზაკიმ, და ისიც მითხრა, კიდევ ერთხელ თუ იზამ ეგრე, შეგიძლია ამ სამსახურს სამუდამოდ დაემშვიდობოო. – რაო, მოგწონვარ ? – წინ გადმოიხარა ქალიშვილი და ლავიწის ძვლები დამანახა. ძუძუებიც გამოუჩნდებოდა, უფრო მოღეღილი მაისური რომ ცმოდა. ჩემდა საუბედუროდ, ორი ხალი ჰქონდა მარცხენა ლავიწის ძვალზე. – აამ, მისმინე, წამლები მჭირდება. – ნარკომანი ხარ ?   – არა. დეპრესია მაქვს.   – ეგ მეც მაქვს. სირობაა. – მამაშენს უნდა ჩამოეტანა ჩემთვის. – მმ, ვერ ვიტანდი მამაჩემს. მინდოდა, მეკითხა, რანაირად გძულდა, როცა ასე ტიროდი-მეთქი, მაგრამ რა ჩემი საქმე იყო ?   – წამლები სადაა ? – რა წამლები ? – ჩემი წამლები. მამაშენმა ჩამომიტანა-მეთქი, ხომ გითხარი ? ჩემოდანში ექნებოდა ალბათ მამაშენს. – არც გაგვიხსნია ჯერ ის სულელური ჩემოდანი. ამასობაში რეზერვუარის ეკრანისთვის თვალის მიდევნება გამომრჩა და აღმოვაჩინე, რომ სამ გალონზე ხუთი ბარელით მეტი იყო. – ჯანდაბა. აამ, მაპატიე.   – მართლაც მაგარი სირი ხარ, – ისევ მანქანაში ჩაჯდომას შეუდგა კალ გრემის გოგო. – სად ცხოვრობ ? – რაო, პაემანზე გინდა დამპატიჟო ? – არა. აამ, წამალი... მჭირდება ჩემი წამალი. მოვალ და გამოგართმევ. – კარგი. ჯანდაბას შენი თავი. ჩაიწერ ?   – დავიმახსოვრებ. – ჯონსონის ქუჩა. 71 ნომერი. მიდლენდსში. „ჯონსონის ქუჩა. 71 ნომერი... მიდლენდსი“, – გავიმეორე გონებაში. ისე წავიდა გოგო, სახელის კითხვა დამავიწყდა. სამსახურის შემდეგ კალ გრემის ოჯახში გავლა გადავწყვიტე. ბეზინგასამართი სადგურის ავტოსადგომზე დაყენებულ ჩემს ჯაბახანაში ჩავჯექი და ქალაქის გადაკვეთას შევუდექი. როგორც ინტერნეტში მოვიძიე, ჯონსონის ქუჩა კროულის ხიდის გადაღმა, მეხუთე პარკთან მდებარეობდა. გვარიან საცობში გავიჭედე კარტერის ქუჩაზე, მაგრამ ბოლოს მაინც მივაღწიე მეხუთე პარკამდე. კარგი ქუჩა იყო ჯონსონის ქუჩა. ტიპიური ეზოიანი ამერიკული სახლებით იყო იქაურობა გადავსებული. ერთი მიტოვებული ბენზინგასამართი სადგურიც შემხვდა სკოლასთან ახლოს. ალბათ აქ სწავლობდა ეს ტუტუცი გოგო-მეთქი, სკოლის შენობაზე გამოკრულ დიდ წარწერას – „Go Goblins“ – მივაჩერდი. ნეტავ რამხელაა-მეთქი ის გოგო, გავიფიქრე. სკოლის მოსწავლეს ნამდვილად არ ჰგავდა, მაგრამ არც მთლად ჩემხელა იქნებოდა, – სადღაც ოციდან ოცდაშვიდ წლამდე მივცემდი. მეტს ვერა. 71 ნომერი ქუჩის ბოლოსთან ახლოს აღმოჩნდა. მანქანიდან გადმოვედი და ლურჯსახურავიანმა სახლმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ზუსტად იმავე ფერის პრიუსი იდგა ეზოში, ავტოფარეხთან, აღმართზე. იმ გოგოს პრიუსი. ბლომად თეთრი ვარდი ამშვენებდა ეზოს. სანამ სახლს მივუახლოვდებოდი, სიგარეტს მოვუკიდე და რამდენჯერმე გავაბოლე. შემდეგ სისხლისფერ კართან მივედი და ფაქიზად დავაკაკუნე. ცოტა ხანში კარი ხუჭუჭთმიანმა, დედაჩემის ასაკის ქალბატონმა გამიღო. ხუჭუჭა თმა ჰქონდა მას, ზემოთ აზრდილი, ზუსტად ისეთი ოთხმოციანი წლების ფილმებში რომ ჰქონდათ ქალებს. – მოგესალმებით, მისტერ გრემის ნაცნობი ვარ, – ვუთხარი როგორც კი ქალის დაბნეული იერი შევამჩნიე, – არ ვიცი, თქვენმა ქალიშვილმა გითხრათ თუ არა... – დედიკო, შემოუშვი, – კარს მიღმა გაისმა ნაცნობი ხმა, – ჩემთან არიან. სტივ, გეყო ! გეყო-მეთქი ! ქალმა შიგნით შემიპატიჟა. კიბეზე ის გოგო დავინახე, – კალ გრემის ქალიშვილი. ვიღაც დაკუნთულ ბიჭთან ერთად იყო, რომელიც წარამარა მუცელზე უსვამდა ხელებს. „სტივი.“ – გშორდები, – უცბად უთხრა ბიჭს. ამ უკანასკნელს გაოცება დაეტყო სახეზე. კალ გრემის ცოლსაც. ალბათ მეც. – ყოველთვის უფროსი მამაკაცები მომწონდა, – თქვა გოგომ და თვალებით გამიბურღა თავი, – ჭაღარა რომ აქვთ საფეთქლებთან ისეთები. მაშინვე საფეთქლებზე ავისვი ხელი. ახლაღა გამახსენდა, რომ ბლომად თეთრი თმა მქონდა მაგ ადგილებში. ნამდვილი შეშლილი ძუკნაა-მეთქი, გავიფიქრე იმ მომენტში. – ბეტი, რას როშავ, ბაჭია ? – სტივმა მკლავში გამოსდო ხელი, ბეტიმ კი მხრის ღონიერი გაქნევით მოიშორა მისი ხელი. – დავიღალე ბაჭიაობით. დიდი ქალი ვარ უკვე. ზრდასრული ურთიერთობები მინდა. ისეთი როგორიც ზრდასრულებს შეეფერებათ. – ბეტი... – დაახვიე !  – მისის გრემ, – ახლა ქალს მიაჩერდა ბიჭი. – დაახვიე-მეთქი ! – ხმას აუწია ბეტიმ და სტივიც მაშინვე დაეშვა კიბეზე. კარში გასვლისას ისე მომაჩერდა ბიჭი, როგორც მოსისხლე მტერს და ვიფიქრე, იმედია ახალ შარში არ გავეხვევი ამ შეშლილი ქალების გადამკიდე-მეთქი. მისის გრემმა აქეთ-იქით მიმოიხედა და შემდეგ თავაზიანად მომმართა: – ჩაის ხომ არ ინებებთ. – მეც მინდა, – კიბეზე ჩამოირბინა ბეტიმ და ხელი ჩამკიდა. ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მეთქვა, ხელი გამიშვი, შე შეშლილო ძუკნა-მეთქი. მისაღებ ოთახში შემიყვანეს და ტახტზე დამსვეს. ბეტი გვერდით მომიჯდა. მისის გრემმა კი ჩაიდანი და ონკანი აახმაურა. – იქაა მამაჩემი, – ბუხრის თავზე შემოდგმულ ყვავილებიან ვაზაზე მიმანიშნა ბეტიმ, – დავწვით. საოცარია, როგორ ჩაეტია ამ პატარა ვაზაში, არა ? იმხელა იყო. – კრემაცია ჩაუტარეთ ? – არა, დავჭერით და მისი ნაკუწები ჩავტენეთ შიგნით. მართლა მაგარი სირი ხარ, არა ? – შენ კიდევ ძალიან უზრდელი ხარ, არა ? – სამაგიეროდ ვნებიანი ვარ, – ენა გამომიყო ბეტიმ. – ჩემი წამლები სადაა ? მომეცი და ჩემს გზას გავუდგები. ბეტიმ ჭერს შეხედა და დედამისს გასძახა: – დედიკო, მე პიტნის ჩაის დავლევ. – უჰ, სულ დამავიწყდა მეკითხა, – მისის გრემის გაღიმებული სახე გამოჩნდა სამზარეულოს ზღურბლის თავზე, – თქვენ რომელს ინებებთ ? ჩაის ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. – მაპატიეთ, მაგრამ მე ვერ დავრჩები, მემ. უნდა წავიდე. – შავს დალევს, – უთხრა ბეტიმ და როდესაც დედამისი ისევ სამზარეულოში შევიდა, მე მომიბრუნდა, – ბოლოს როდის გქონდა სექსი ? – ჰა ? – მშვენივრად გაიგე, რაც. – გუშინ. საღამოს. – რაღაც არ გეტყობა. არ მოგწონვარ ? – მისმინე, გოგონა... – კი თუ არა, მიპასუხე. – არა ! – რატომ ? რახან სახე ჩამოგკაწრე ? – ჩემი ტიპი არ ხარ. დაბალი გოგოები მომწონს. მოცუცქნულებიც კი. შენ... შენ... ბეტიმ ჩაიფრუტუნა და თავი გააქნია. – სირი ხარ-მეთქი, ხომ გითხარი. – სირი შენ თვითონ ხარ ! – მოურიდებლად შევხედე თვალებში. – მმ, არაა ცუდი. რა გქვია ? – კაპა. – რა სულელური სახელია. – გვარია.  – კაპა ? – კაპანაძე. გაჭირვებით გაიმეორა ჩემი გვარი ბეტიმ და ატეხილი ცხენივით ჩაიხვიხვინა. – ოხ, კაპა, სახელს აღარ გკითხავ. არ მაინტერესებს. ჰა, როდის მკითხავ ? ცოტა არ იყოს დამღალა ამ უაზრო სიტყვიერმა გაცვლა-გამოცვლამ, მაგრამ მაინც ვკითხე, რას-მეთქი. – თუ რატომ მძულდა მამაჩემი.  – ისე, მართლა მინდოდა მაგის კითხვა. ისე ტიროდი აეროპორტში, გამიკვირდა, ეგ რომ მითხარი დღეს. – იმიტომ ვტიროდი, რომ მამაჩემი გვარჩენდა. დედაჩემი უმუშევარია. დიასახლისია. ახლა მე მომიწევს მუშაობა. აბა, მართლა მამაჩემის დარდი კი არ მქონდა ? უნდა ვიშოვო ახლა რამე იდიოტური სამსახური სადმე ოფისში და ვიღაც ნაბიჭვარი ვამდიდრო. – ოფისში მუშაობა ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობას სჯობს. პრესტიჟული მაინცაა. თუმცა მესმის შენი. – ჰო ? გესმის ? თავი დავუქნიე. – და მამაშენი რატომ გძულდა ? – დედაჩემის ფუჩუში რომ შემასხა იმიტომ. არც ის მიყვარს, – თავი სამზარეულოსკენ გააქნია, – არც კი დაფიქრებულან ისე შემომაგდეს ამ სირობაში. ახლა ვარსებობ ამ სამყაროში და ყველა კაცს ჩემი გაჟიმვა უნდა, – შემომხედა და თვალები ირონიულად აატრიალა, – ნუ ზოგ-ზოგიერთების გამოკლებით. კიდევ მუშაობა მომიწევს. სირობების სწავლა. გადასახადების გადახდა. კიბო. მენსტრუაცია. იმ მომენტში გაკვირვებამ შემიპყრო. პირველად ვნახე ქალი, რომელიც ჩემნაირად ფიქრობდა ადამიანის დაბადება-არდაბადების საკითხებზე. – კიბო ? – ჰო. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან აუცილებლად დამემართება. ისე, სინამდვილეში ალბათ სიგარეტს მაგიტომაც ვეწევი. იმედი მაქვს რამე დამემართება და მოვკვდები. აბა, პირდაპირ თავის მოკვლის ტრაკი არ მაქვს. – დიდი უცნაური ვინმე ხარ. ჩემსავით. ანტიდეპრესანტს არ სვამ ? – წამლები ცუდია ჯანმრთელობისთვის. პირიქით დაავადებებს გვმართებენ წამლებით, რომ შემდეგ ფარმაცევტულმა ბიზნესმა ფული აკეთოს ჩვენს ხარჯზე. გამეცინა. – ჰაჰ, მართლაც რომ ძალიან... ძალიან უცნაური ვინმე ხარ. – გარეკილი ვარ ? – ზუსტად მაგას ვამბობდი შენზე გულში. – მე კიდევ სირს გეძახი გულში. – მადლობა ! ამასობაში მისის გრემი შემოვიდა ოთახში ლანგრით ხელში. ჩაით სავსე სამი ფინჯანი ედგა ზედ. ნეტავ ჩვენი ლაპარაკი თუ ესმოდა-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ რა მენაღვლებოდა ? მის ქალიშვილს არაფრის ერიდებოდა და. მისის გრემმა დაწვრილებით გამომკითხა, ვინ ვიყავი. საქართველოს შესახებაც იცოდა. ძალიან უყვარდა კალს საქართველოო, ასე მითხრა, უკვე მეოთხედ წავიდა იქ ინგლისურის მასწავლებლადო. – სამწუხაროდ, ეს... ეს, – ცრემლი მოადგა მისის გრემს და ასლუკუნდა, – ეს წასვლა უკანასკნელი... უკანასკნელი აღმოჩნდა საბრალოსთვის. ისე... ისე უყვარდა თქვე... თქვენი სუფრა. ჰო, ეტყობოდა-მეთქი, უნდა მეთქვა, მაგრამ თავი შევიკავე. შემდეგ ისევ ვაზას მივაჩერდი, რომელშიც კალ გრემის ფერფლი იყო ჩაყრილი და მეც გამიკვირდა, რანაირად ჩაეტია იმხელა კაცი ამ ერთი ბეწო ვაზაში. მას შემდეგ, რაც მათი ეზოს ვარდების მოკლე ისტორია მიამბო მისის გრემმა, ჩემს წამლებზე ჩამოვაგდე საუბარი და დიასახლისმა მითხრა, ახლავე ჩავიხედები კალის ჩემოდანშიო. ისევ მარტონი დავრჩით მე და ბეტი. – შვილების ყოლა გინდა ? – მკითხა გოგომ. – მომასვენე, რა. – მე არასდროს გავაჩენ შვილს. იმას არ გავუკეთებ სხვას, რაც მე გამიკეთეს. დალიე, თორემ გაცივდება. ჩაი მოვსვი და სავარძლის საზურგეს მივეყრდენი. ვფიქრობდი, ნეტავ დროზე მოიძიოს იმ ქალმა ჩემი წამლები, რომ აქედან მოვძუძგო-მეთქი. დამღალა ბეტის უცნაურმა შეკითხვებმა. – გტკივა ? – რა ? – ნაკაწრები. ბასრი ფრჩხილები მაქვს, – თითებზე დაიხედა ბეტიმ. – აღარ. – კარგია. – რამ გაგაგიჟა ისე იმ დღეს ? მე რა შუაში ვიყავი ? ხომ მაინც ვერ იტანდი მამაშენს. – ქალები უცნაურები ვართ.   – ეგ მართალია. მისის გრემი უკან დაბრუნდა. ხელში ქაღალდში გახვეული წამლები ეკავა. ნახევიდან ჩემი ვარდისფერი წამლების ყუთს მოვკარი თვალი. – ესაა თქვენი წამალი ? ვენლაქსორი ? – დიახ. ანაზდად ფეხზე წამოხტა ბეტი და წამლები წაართვა დედამისს. – ისე ვერ აიღებ ამ წამლებს, სანამ შენს ნომერს არ მომცემ, – მომაჩერდა ეშმაკურად. – კარგი ახლა, პატარა ბავშვი ხომ არ ხარ ? – წამოვდექი ტახტიდან, – მომეცი და ჩემს გზაზე გამიშვი. – ნომერი ! – მომეცი ! – ნომერი-მეთქი, დროზე ! ეს პირველი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა ნომერს ქალი მეხვეწებოდა. ყოველთვის პირიქით იყო ხოლმე. – მომეცი, – ძალით დავიმშვიდე თავი. – ბეტი, მიეცი, – თქვა მისის გრემმაც, – შეიშალე ? – მოკეტე ! – მგელივით მიაჩერდა დედამისს ბეტი და მერე ისევ მე მომაჩერდა, – ჰა, აბა, რას იზამ, კაპა ? რას აირჩევ ? ჩემი ნომერი ჩავაწერინე და წამლებიანად წამოვედი მათგან. თუმცა სანამ შეკვრას გადმომცემდა, ბეტიმ ზარი გამოუშვა და შეამოწმა, ხომ ნამდვილი ნომერი მივეცი. არ მედარდებოდა. მაინც არ ვაპირებდი მისი ზარის აღებას. სახლში რომ დავბრუნდი, დედაჩემს დავურეკე, ჯერ ნუღარ გამომიგზავნი ვარდისფერ აბებს, დავიბრუნე-მეთქი, ვუთხარი. შემდეგ ტელევიზორი ჩავრთე და ახალ ამბებს ვუყურე. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი სენატორის კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებული სიუჟეტი დამთავრდა, გამოაცხადეს, რომ „ეშვუდის მდინარესთან“ კლდიდან გადავარდნილი და საშინლად დამტვრეული წითელი ლამბორჯინი უპოვია პოლიციას. მძღოლი გარდაცვლილი ნახესო, ასე თქვეს. თვითმკვლელობასა და ავტოკატასტროფას შორის მერყეობდა პოლიცია. –  თავი მოიკლა, –  ვუთხარი ტელევიზორს, –  განზრახ გადაფრინდა მაქედან. ესეც შენი ჩინელი ჯოს ლამბორჯინი და მისი მძღოლი.  თავი მეხუთე        სამშაბათი დღე იყო. დილის ერთსაათიანი წერის შემდეგ უნიტაზზე ვიჯექი და კუჭში შეკრულობას გაცხარებული ვეჭიდებოდი, მობილურმა რომ დარეკა. უცნობი ნომრიდან რეკავდნენ. ლორაზე შეყვარებული ტომი ხომ არაა-მეთქი, ვიფიქრე, მგონი მეშველა, ამ საძაგელ სოროს და ბენზინგასამართ სადგურს თავს დავაღწევ-მეთქი, და მაშინვე ვუპასუხე. რად გინდა, იეჰოვას მოწმე მირეკავდა თურმე. გიფიქრიათ თუ არა, რა ხდება სიკვდილის შემდეგო, მითხრა. – გააჯვი, დამპალო ! – ვუთხარი და გავუთიშე. იმ დღეს, სამსახურში მენეჯერი ცუდ ხასიათზე იყო. ძალიან ცუდზე. მისი შვილი მოწამლულა, ღებინება დასწყებია და საავადმყოფოში გადაუყვანიათ, თვითონ კი არ გაუშვია მისტერ მიაზაკის. ასე უთქვამს, თუ სამსახურს გააცდენ, შენს შემცვლელს ვიპოვი, შეგიძლია აღარც დაბრუნდე სამსახურშიო. დამპალი იაპონელი, რახან თავის დროზე ცოტა ფული მოიგდო ხელში, ასე ეგონა მუდამ მორჩილი ძაღლებივით იმუშავებდნენ მისი თანამშრომლები. კეთილი კაცი იყო მუსტაფა და თან კარგი მენეჯერიც. არ მახსოვს ოდესმე ხმისთვის აეწიოს. ყველა თანამშრომელი – მეც, ჩინელი ჯოც, ბარტოშიც, პაველიც და ბორისიც პატივს ვცემდით მას. მის ასეთ ქცევას იმას მივაწერდი ხოლმე, რომ ცალი ფეხი მოკლე ჰქონდა და გვარიანად კოჭლობდა. ალბათ, ამის გამოა თავმდაბალი-მეთქი, ვფიქრობდი ხოლმე მასზე, თუმცა რას გაიგებ კაცი, ვინ რატომაა ასეთი თუ ისეთი. ლანჩის დროს ბარტოშმა მობილური დააძრო და თავისი ნაშის სურათები დაგვათვალიერებინა. ვიღაც რუს გოგოს ხერხავდა. კარგი ხორცის ნაჭერი კი იყო, ვერაფერს ვიტყვი. მოციგურავე იყო რუსეთშიო, ასე გვითხრა ბარტოშმა, ახლა კი სტრიპტიზ ბარში მუშაობს გენერლების ქუჩაზეო. ამის შემხედვარემ, პაველმაც ამოაძვრინა ჯიბიდან მობილური და ვიღაც იაპონელი გოგოს შიშველი სურათების ჩვენება დაგვიწყო. – აბა თუ მიხვდებით ვინაა, ჰა ? – ოხუნჯური ღიმილით შემოგვხედა ყველას სათითაოდ, – ჰა, ვინაა ? – ახლა არ მითხრა, – ის წვრილი თვალები სულ გადმოეკარკლა ჩინელ ჯოს, – დაიცა, ბოსის გოგოა ? არა, ის არ იქნება. პაველი თავის ქნევას და თავისი ნასვრეტებიანი ნიკაპის ფხანას მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, მისტერ მიაზაკის გოგოსთან იწვა პაველი. ოღონდ, ამის შესახებ, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა მიაზაკიმ. ჩუმად ვხვდებით სასაფლაოსთან და იქ ვჟიმაობთ ხოლმე, ჩემს მანქანაშიო, ასე თქვა პაველმა. – ჰა-ჰა, რომ იცოდეთ რა დაბოღმილი ვიღაცაა, მგელივით ყმუის ხოლმე, როცა ზემოდანაა. ძუძუები პატარა აქვს, მაგრამ გიჟივით ჟიმაობს. პირიდან ქაფიც კი გადმოუვიდა ერთი-ორჯერ. ჩვენთან, ჩეხეთშიც კი არ ჟიმაობდნენ ეგრე გიჟებივით გოგოები. – ეგ მუსტაფას უნდა უტხარი, – თავისი დამტვრეული ინგლისურით თქვა ბორისმა და ლუდის ქილა მოიყუდა, – იქნებ გულზე მოეშვების, მიაზაკის გოგოს რომ შენნაირი ბინძური ნაბიჩვარი ჟიმავდეს. – უნდა დავაორსულო, – წარბების თამაშით თქვა პაველმა, – პატარა პაველი უნდა გავაჩენინო მაგ პატარა კახპას. უნდა გავაგიჟო მიაზაკი. – სხვა გოგო არ ჰყავს მიაზაკის ? – მეც ჩავები საუბარში, – პატარა კაპაც მოუხდებათ მაგათ. – როგორ არა, ერთი ქალიშვილი ჰყავს კიდევ მიაზაკის, უფროსი. ნაოკომ მითხრა, სულ ჩხუბობს ქმართან და ალბათ დაშორდება მალეო. ჰა, კაპა, მოგინდა მიაზაკიზე შურისძიება ? – უშნო ღრეჭით წამკრა მუშტი მხარში პაველმა. – ნაოკო ჰქვია იმ გოგოს ? – სენდვიჩი ჩაღეჭა ჩინელმა ჯომ, – ვიღაცას ერქვა ეგ სახელი. – მურაკამის წიგნის პერსონაჟია ნაოკო, – ვუთხარი მე, – „ნორვეგიული ტყე“ ხომ არ წაიკითხე ? ჩინელმა ჯომ მხრები აიჩეჩა და კოკა-კოლა მოსვა. – ეგ ვინღაა ? – „ნორვეგიული ტყე“ არ ვიცი, – ტუჩები კმაყოფილმა მოილოკა პაველმა, – მაგრამ ერთ ნორვეგიელ ნაშას კი ვიცნობ. ცენტრალურ პარკთან ცხოვრობს. ტრაკი აქვს ატამივით. მაგრამ პაველს კარგი ხასიათი დიდხანს არ გაჰყოლია იმ დღეს. შუადღეს, როცა ერთი „როლს როისი“ გაისტუმრა, ტელეფონზე დაურეკეს და ჩეხეთში თავისი ძმის გარდაცვალების ამბავი აცნობეს. როგორც აღმოჩნდა, კაზინოში თამაშობდა მისი ძმა მიკალი, ბლომად ვალებში გადავარდნილა და თავი ჩამოუხრჩვია. – ძია ალ... ალბერტის ფარეხში უპოვნიათ ჩამოკიდებული, – ცრემლებს პატარა ბავშვივით აღვარღვარებდა პაველი, – მიკალ, ვახ, აჰ... მიკალ ! მუსტაფამ სახლში გაუშვა პაველი, უთხრა, რამდენი ხანიც გჭირდება დაისვენეო; ხოლო თუ დაკრძალვაზე წასვლას გადაწყვეტ, მითხარი და მიაზაკისთან გიშუამდგომლებ, იქნებ მცირე სესხი გაგიფორმოს, თორემ თვითმფრინავის ბილეთები ძალიანაა გაძვირებულიო. როგორც ვთქვი, კარგი კაცი იყო მუსტაფა. მაგრამ ცხოვრებამ მაინც არ დაინდო იგი. ორი დღის შემდეგ მისი შვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა და სამსახურიდან წავიდა. იმის მერე აღარ გამიგია მის შესახებ არც მე და არც ჩემს თანამშრომლებს. ახალი მენეჯერი ზუსტად ერთ კვირაში დაგვინიშნა მიაზაკიმ. მანამდე თვითონ შემოივლიდა ხოლმე დღეში ორჯერ და თავისი გაქუცული თავის ქნევით დაგვხედავდა, ხომ ჩვენ-ჩვენს ადგილებზე ვიყავით ყველანი. პაველს სესხის გაფორმებაზე უარი უთხრა, ასე რომ ჩეხეთში გაფრენა ვერ მოახერხა მან. დანაზოგიც არაფერი მაქვს, მთელი ფული ბარებსა და ქალებში მეფლანგება მე სულელსო, იძახდა პაველი დანანებით, როცა ისევ სამსახურს დაუბრუნდა. – მე რა კაცი ვარ ? საკუთარი ძმის დაკრძალვაზე ვერ ჩავსულვარ. ახალი მენეჯერი ვიღაც მოხეული ტეხასელი კაცი იყო. ჯეიკობი ერქვა. თავზე მუდმივად შლაპა ეფარა და გველის ტყავის ჩექმები ეცვა. კოვბოი შევარქვით ბიჭებმა. ერთადერთი, რევოლვერი და სამკერდე ნიშანი აკლია, ვესტერნების შერიფს რომ დაემსგავსოსო, ჩუმად თქვა მასზე ბარტოშმა ლანჩისას. უღიმღამო კაცი იყო ჯეიკობი. თუმცა მთლად უნამუსო ნაბიჭვარი არ ჩანდა. იჯდა და მთელი დღე ჟურნალებს ათვალიერებდა მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი. რამეს რომ ეტყოდი, შლაპაზე ხელს დაიდებდა, ამოგხედავდა, აგათვალიერ-ჩაგათვალიერებდა და უმეტესად ან კის გეტყოდა ან არას. ლაპარაკი არ უყვარდა. ეს ფაქტი იყო. თუმცა მაგარი მოჩხუბარი იყო. ბარტოშმა გვიამბო მასზე. ჯეიკობი ზუსტად იმ ბარში შესულა, სადაც ბარტოში ილეწებოდა თურმე არაყით თავის ძმაბიჭთან ერთად, და ჩხუბი მოსვლია ორ ტრაილერის მძღოლთან. იმდენი ურტყა იმ გაბერილებს სახეში, ცხვირი სულ შუბლში აუყვანა ორივესო, ასე თქვა ბარტოშმა. ამ ამბის მოსმენის შემდეგ ყველანი კიდევ უფრო ვფრთხილობდით ჯეიკობთან. მაგრამ ჯეიკობი ბენზინგასამართ სადგურზე მოსვლიდან ორ კვირაში მოკვდა. ორშაბათ დღეს სამსახურში აღარ მოვიდა. არც სამშაბათს. არც ოთხშაბათს და ბოლოს მისტერ მიაზაკისგან გავიგეთ, რომ საკუთარ სახლში მომკვდარა იგი ზედოზირებისგან. საწოლზე გულაღმა მწოლიარე უპოვიათ, მის გვერდით კი, კარადის ერთ-ერთ თაროზე – ძილის წამლის ცარიელი კოლოფი. ჯეიკობის შემცვლელი მალევე მოიყვანა მიაზაკიმ, ვიღაც ჩასუქებული არაბი, სახელად ნასირი, რომელიც ისე უყურებდა ხოლმე სადგურის მაღაზიის ტკბილეულის თაროებს, გეგონება ცხოვრებაში პირველად ხედავდა კანფეტებს. ამაზე ჩინელმა ჯომ ჩუმად გადამილაპარაკა, უეჭველი მოიპარავს ხოლმე რაღაცებს და მერე ჩვენ დაგვაბრალებსო, მაგრამ არაფრის მოპარვა არ დასცალდა ნასირს – სამსახურის დაწყებიდან ოთხ დღეში, ავტობუსი დაეჯახა შაბათ დღეს, როდესაც მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად გადადიოდა გზაზე და მოკვდა. ამ ამბავმა ბორისი და ბარტოში ცრურწმენაში გადააგდო. დაწყევლილია მენეჯერის პოზიციაო, ასე იძახდნენ – ეთხობა მუსთაფამ დაცხევლის, – შეშინებული იძახდა ბორისი იატაკის წმენდისას იმ დღეს, როდესაც ნასირის ამბავი გავიგეთ. ჩინელი ჯო და პაველი თან ეთანხმებოდნენ, თან – არა. მე კი საერთოდ არ მჯეროდა ეგეთი რაღაცების. მაგრამ როდესაც მიაზაკის მიერ მოყვანილი შემდგომი მენეჯერიც სამსახურის დაწყებიდან დაახლოებით კვირანახევარში დაიღუპა (მეზობლის პიტბულმა დაგლიჯა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა), ჩინელი ჯოც და პაველიც ბოლომდე გადავიდნენ ბორისისა და ბარტოშის აზრზე. ცოტა არ იყოს მეც გვარიანად დავეჭვდი, მაგრამ უფრო მეტად მაინც არ მჯეროდა. – გეუბნებით, ნამდვილად მუსტაფამ დაწყევლა ეგ ადგილი, – იძახდა პაველი. – ერთხელ მახსოვს, ტუალეტში ლოცულობდა და ხელში რაღაც ეკავა, – დაეთანხმა ჩინელი ჯო, – კვანძებიანი თოკი თუ რაღაც. – ეგ სკვნილია, შე რეგვენო, – ვუთხარი მე, – ლოცვისას მაგას ქრისტიანებიც იყენებენ. – კი. მართალია კაპა, – თავისქნევით ალაგებდა ახალმოტანილ ფქვილის პაკეტებს თაროზე ბარტოში, – ბიძაჩემი სლოვაკეთში ეგრე ლოცულობდა ხოლმე. მაგრამ ხომ შეიძლება ლოცვის ნაცვლად იწყევლებოდა მუსტაფა ? – მიაზაქი დაეცხევლა ამჯობინებდის, – თქვა ბორისმა და ფანჯრიდან გაიხედა, – მოვიდა ვიღაც, რომელი ჩასხმა ბენზინს ? არა და არ მირეკავდა ტომი. ლორაზე შეყვარებული ტომი. არადა ყოველდღე ველოდი მის ზარს. ველოდი, როდის მახარებდა, ამა და ამ დღეს ხარ დაბარებული იმ რეჟისორთან და აუცილებლად მიდიო. სამაგიეროდ კალ გრემის გოგო მირეკავდა, იცოცხლე. საერთოდ არ ეზარებოდა. მათ სახლში სტუმრობიდან მეორე დღესვე დამიწყო რეკვა. ყოველდღე ორჯერ მაინც მირეკავდა – დილას და საღამოს. არ ვპასუხობდი. არადა, არ იყო ცუდი გოგო. ერთი ეგაა, ცოტა გარეკილი იყო, თორემ სხვა მხრივ დიდად არაფერს ვერჩოდი. სამაგიეროდ ლორას ვუპასუხე. ჩემს დაჩაზე მივდივარ ზეგ ერთი კვირით დასასვენებლად და ამ საღამოს ხომ არ გამომივლიდიო, მითხრა. გული ტკივილიანად შემეკუმშა იმ მომენტში. ტომის გაფრთხილება გამახსენდა. აღარ ვიცოდი, რა ამერჩია – ლამაზ და შეძლებულ ლორასთან დროის გატარება თუ, კინოში წარმატების შანსი. თან ხელახლა თუ დავწექი ლორასთან და ტომმა გამიგო, შეიძლება მოაკვლევინოს კიდეც ახმახ ჰორასს ჩემი თავი-მეთქი, ვიფიქრე. არადა თან ძალიან მინდოდა ქალთან დაწოლა, მითუმეტეს ისეთ ქალთან, როგორიც ლორა იყო. ჩემდა საუბედუროდ, იმ დღეს თავისი ნაცნობი ნორვეგიელი გოგოს შიშველი სურათები გვაჩვენა პაველმა და თავი ვეღარ შევიკავე, ლორას ვუთხარი, აუცილებლად მოვალ-მეთქი.            თავი მეექვსე       გადავწყვიტე „ჰუდი“ ჩამეცვა და ისე მივსულიყავი ლორასთან. იმედი მქონდა, კაპიუშონს თუ დავიფარებდი თავზე, ვერ მიცნობდა ახმახი ჰორასი. ასეც მოვიქეცი. სამსახურიდან ჯერ სახლში გავიქეცი, ჰუდი გადავიცვი და ისე გავემართე ლორასკენ. როდესაც მის ქუჩას მივაღწიე, დასაწყისშივე, ერთი BMW-ს უკან დავაყენე ჩემი მანქანა და შემდეგ ფეხით გავემართე ლორას სახლისკენ. ახმახი ჰორასის მანქანა შორიდანვე ვიცანი. ერთ-ერთი წაბლის ხის უკან ჩამომდგარიყო ის რეგვენი და სიგარეტიანი ხელი ფანჯრიდან გადმოეყო. შემეშინდა, როცა ჩავუვლი, უცბად არ დამიძახოს-მეთქი, მაგრამ საბედნიეროდ ვიღაც სქელტრაკა ნაშამ ჩამოიარა საპირისპირო მხრიდან და მან მოსტაცა ჰორასს ყურადღება. ამასობაში მე წინ წავედი და ლორას სახლის სადარბაზოს ზღურბლს გადავაბიჯე. ხალათი ეცვა ლორას, კარი რომ გამიხსნა. მარცხენა ძუძუს არეოლა ნაწილობრივ უჩანდა და მის ბინაში შევედი თუ არა, მაშინვე ვეძგერე. ამჯერად ჯერ მისაღებში ვიქინძავეთ, შემდეგ – სამზარეულოში. შხაპი რომ მივიღეთ, კვლავ სამზარეულოში დავჯექით. ატრია ჰქონდა ქათმით და მიკროტალღურ ღუმელში გათბობის შემდეგ ერთად მივირთვით. ჭამის დროს იმას ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა, იმ დღეს ერთმანეთი რომ გავიცანით მე და ტომმა, მაგრამ ისე მოვამთავრე საჭმელი, რატომღაც არაფერი მითქვამს ამაზე. – ჩაის დალევ ? – მკითხა ლორამ, – თუ ყავა გირჩევნია ? – ამჯერად ყავა იყოს. – კაპუჩიიინო თუ როომეელიი ? – წაიმღერასავით და თავის ძვირფას ყავის აპარატთან მივიდა. ამჯერად აშკარად გაცილებით უკეთეს ხასიათზე იყო. – კაპუჩინო.  – იყოს, კაპუჩინო. როგორ მიდის წერის ამბავი ? ვუთხარი, ვცდილობ ყოველდღე მინიმუმ ერთი საათი მაინც ვწერო-მეთქი. – რაზე წერ ახლა, თუ საიდუმლო არაა ? იმ დღეს აღარ მითხარი, პირდაპირ მომახტი. – რეალურ ცხოვრებაზე. თუმცა ისე სამეცნიერო ფანტასტიკას ვწერ. ფენტეზისაც. – ანუ ფანტასტიკა ? ვერ ვიტანდი ამ შეკითხვას. ეს ყოველთვის იმაზე მიმანიშნებდა, რომ იმ ჟანრისგან, რომელშიც ვწერდი, ისევე შორს იყო ადამიანი, როგორც მე – ცხოვრებისეული კმაყოფილებისგან. – ჰო, – ვუთხარი. თავი აღარ შემიწუხებია ზედმეტი ახსნით. რა აზრი ჰქონდა ? მისთვის მაინც სულერთი არ იყო ? მალევე მომზადდა ყავა. თავისთვის ჩაი ჩამოისხა და ჩემს პირდაპირ დაჯდა. – ამ ცხოვრებაში რაზე ოცნებობ, კაპა ? – ათი წლის მერე სად ვხედავ ჩემს თავს, მაგას მეკითხები ? ლორას ჩაეცინა. – არა. მართლა მაინტერესებს. – აამ, ჩემი ოცნებაა ისეთი დონის მწერალი მაინც გავხდე, რომ ჩემი ხელოვნებით ცხოვრება შევძლო. ზედმეტი არაფერი მინდა. არა, ზედმეტი თუ მექნება, უარს კი არ ვიტყვი, მაგრამ ჰო... იმას მაინც მინდა მივაღწიო, რომ სულის მჭამელ სამსახურში მუშაობა და ვიღაც იდიოტის ბრძანებების შესრულება არ მომიწიოს. – სულის მჭამელ ? – ზუსტად. დღევანდელი ადამიანების უმეტესობა სულის მჭამელ სამსახურში მუშაობს. უმეტესობას სამსახურში წასვლას ის ურჩევნია, დილით აღარ გაიღვიძოს. – ეგრე გეზიზღება შენი სამსახური ? – კი. ლორამ გაიღიმა და საჩვენებელი თითი ნაზად აუსვა თავის ორთქლადენილ ჭიქას. – უფრო პოზიტიური მეგონე. ამ ფრაზამ სიბრაზე ამითუხთუხა გულში და ენა ქვედა კბილებს მთელი ძალით მივაჭირე. – პოზიტიური, ესე იგი. შენ პოზიტიური ხარ ? – ვცდილობ. ყველაფერში დადებითის დანახვას ვცდილობ. ცხოვრება სინამდვილეში ლამაზია. ძალიან ლამაზი. – ოო, დარწმუნებული ვარ, ძალიან ლამაზია, როცა მილიონერი ყოფილი ქმრის კომპანიიდან წილის მეოთხედს იღებ... ლორას სახე თვალის დახამხამებაში შეეცვალა. სიბრაზე დავინახე მის თვალებში. არ უხდებოდა სიბრაზე. – როცა ქალაქგარეთ მდიდრული დაჩა გაქვს და შეგიძლია ნებისმიერ წამს წახვიდე, – მაინც გავაგრძელე, – როცა მუშაობა საერთოდ არ გიწევს. როცა... – მოკეტე ! შენ მე არ მიცნობ. – ჰო ? აბა, მითხარი, რა მდგომარეობა გაქვს სინამდვილეში ? – დაახვიე ! – ფეხზე წამოდგა და თითი კარისკენ გაიშვირა. – ესე იგი, მაგდებ ? – აახვიე-მეთქი აქედან, შე თავხედო ნაბიჭვარო ! – იღრიალა მთელი ხმით. არ დავმალავ, ძალიან მეწყინა ეს სიტყვები, ამიტომ იმ მომენტში ძალით ჩავიცინე და ფეხზე ისე წამოვდექი. – მშვიდობით, ლორა ! ქვემოთ ჩამოსულს აღარავინ მცემია. მივიხედ-მოვიხედე. ახმახი ჰორასი არსად იყო. ავდექი და ჩემი მანქანისკენ წავედი. გადაწყვეტილი მქონდა სუპერმარკეტში რამდენიმე ქილა ლუდი მეყიდა და კარგად გავლეწილიყავი.   თავი მერვე   ტომმა ლორასთან სტუმრობიდან მესამე დღეს დამირეკა, სამსახურში როცა ვიყავი. ტელეფონში მისი ხმა კიდევ უფრო დახვეწილად ისმოდა თითქოს. მკითხა, ლორას ხომ არ შეხვედრიხარ იმის შემდეგო. არ მოვიტყუები, ცივმა ოფლმა დამასხა, შევშინდი, ნეტავ ხომ არ იცის სიმართლე და უბრალოდ მამოწმებს, მოვატყუებ თუ არა-მეთქი. – არა, ძმაო. ჩვენს შეთანხმებას გადავიდოდი ? – ძალიან კარგი. და ძმას ნუ მეძახი. შენი ძმა არ ვარ. – აამ, მაპატიე, ტომ. დავმშვიდდი. როგორც ჩანს, არ დავუნახივარ იმ აყლაყუდა რეგვენს. იმ რეჟისორის ნომერს დაგიმესიჯებო, მითხრა უცბად ტომმა, როცა დაურეკავ, უთხარი, რომ ჩემი სახელით უკავშირდებიო.   – აარონი ჰქვია, ხომ გახსოვს ? – კი. გვარიც მახსოვს. უაინბერგი. მადლობა, ტომ ! დიდი მადლობა ! სიტყვის დასრულება ძლივს მოვასწარი, ისე გამითიშა. მაგრამ ფეხებზე არ მეკიდა ? მთავარია, როგორც იქნა, შანსი მეძლეოდა. სამსახურში ახალი მენეჯერი გვყავდა და ბიჭები წარამარა სანაძლეოებს ჩამოვდიოდით რამდენ ხანში გაუდგებოდა წინა მენეჯერების გზას იგი. ერიკი ერქვა მას. გვარად ჯონსი იყო და ცოლი და ხუთი შვილი ჰყავდა. პირველად რომ მოვიდა ბენზინგასამართ სადგურზე, შარვალი ლამის იღლიებამდე ჰქონდა ამოწეული და თმა ჟელეთი ჰქონდა გადაწკეპილი. ამის მიუხედავად, აშკარად დაღლილი იერი ჰქონდა – ძალიან დაღლილი, და ბარტოში იძახდა, არა უშავს, ცოტა ხანში სამუდამოდ დაისვენებს ეგეცო. – ორ კვირაზე მეტხანს ვერ გაძლებს, სანაძლეოს ჩამოვდივარ. ტომმა რომ დამირეკა, გახარებული მივვარდი მენეჯერთან და ვუთხარი, მისტერ ჯონს, თუ შეიძლება ათი-თხუთმეტი წუთით დაგეთხოვებით, აუცილებელ საქმეზე მაქვს დასარეკი-მეთქი.  – აჰ, რა თქმა უნდა... აჰ კარგი. მისტერ მიაზაკიმ კი მითხრა, რომ ძირითადი სამუშაო დრო... აღარ მოვისმინე მისი ბოლო სიტყვები, ისე გავვარდი კარში და ბენზინგასამართი სადგურის უკანა ეზოში გავედი. სიგარეტს მოვუკიდე და ტომის მიერ გამოგზავნილ ნომერზე დავრეკე. ზარი რომ გავიდა, გულმა მაშინვე ბაგაბუგი დამიწყო. ასე მეგონა, სადაცაა ყელში ამომიძვრებოდა და მოვკვდებოდი. უცბად გამახსენდა, ტომის გვარი რომ არ ვიცოდი. ნეტავ რა უნდა ვუთხრა უაინბერგს, რომელი ტომის სახელით ვურეკავ-მეთქი, გავიფიქრე შეშინებულმა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. – გისმენთ, – ბოხმა ხმამ მიპასუხა. – აამ, მისტერ... მისტერ უაინბერგ, ტომმა მომცა თქვენი ნომერი. მე მწერალი ვარ. მითხრა, თქვენთან დამერეკა... დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა. გულში გავივლე, სადაცაა მეტყვის ახლა, რომელ ტომზე მელაპარაკებიო, მაგრამ ამის ნაცვლად უცბად მომახალა: – დღეს საღამოს გამომიარე სახლში. დავილაპარაკოთ. ვმუშაობ ახლა. შენი ნაწერიც წამომიღე რამე. მოთხრობა ან რაღაც ეგეთი. მოთხრობებს წერ ? – მოთხრობებსაც. დიახ. სად ცხოვრობთ ? ას ოცდამესამე ქუჩაზე, ცხრა ნომერში ვცხოვრობო, ასე მითხრა მისტერ უაინბერგმა, რვის ნახევარზე ჩემთან იყავიო. – მეოცე ბინა. საუბარს რომ მოვრჩი, ჩოჩქოლის ხმა შემომესმა. ოფისში შებრუნებულს ჩინელი ჯო შეშინებული დამხვდა. ბარტოშს ოფისის ტელეფონის ყურმილი ეკავა ხელში და სასწრაფოს იძახებდა. ჩვენი ახალი მენეჯერი ძირს ეგდო, თავის მაგიდასთან, გულაღმა. ტუალეტში შევიდა და უკან რომ გამობრუნდა, უცბად დაეცაო, ასე მითხრა ჩინელმა ჯომ, ეტყობა გულმა დაარტყაო. – აჰა, ხომ გითხარით, ორ კვირაზე მეტხანს ვერ გაძლებს-მეთქი, – ყურმილის დაკიდებისთანავე ჩაიცინა ბარტოშმა, – დღეს მერვე დღე იყო, არა ?     ****   ას ოცდამესამე ქუჩა დიდი ვერაფერი ქუჩა იყო. ბლომად მაწანწალა, გაქუცული კატები დაძრწოდნენ აქეთ-იქით. „ისე, საშინელებათა ფილმების რეჟისორს ასეთი ადგილი უფრო შეეფერება საცხოვრებლად“, – ჩამეღიმა იქ მისულს. მანქანა ცხრა ნომერთან ახლოს, ერთ გამხმარ ხესთან გავაჩერე, საბარგულგახეხილი პრიუსის უკან და გზაზე გადმოვედი. მხარზე ჩანთა მქონდა გადაკიდებული, რომელშიც ჩემი ერთ-ერთი ამობეჭდილი მოთხრობა განისვენებდა. მეოცე ბინა მესამე სართულზე იყო. კარი ვიღაც ჩამომჭკნარმა ქალმა გამიღო. მისტერ უაინბერგთან ვარ-მეთქი, ვუთხარი. – გრიმიორი ხართ ? დღეს სხვას ელოდება. – ზუსტად ეგ სხვა ვარ, მემ. შიგნით შემიპატიჟა და ოთახში შემიყვანა, სადაც ვიღაც ასაკოვანი ტრუსიანი კაცი იდგა ცალ ფეხზე. იოგაში თუ რაღაც ეგეთში ვარჯიშობდა აშკარად. თან სიგარეტი ჰქონდა პირში გაჩრილი. – არნი, შენთან არიან, – მორიდებულად დაიძახა ქალმა. – ამის დედაც ! – იყვირა კაცმა და ცოფიანივით შემობრუნდა. მაშინვე ღრმა ნაფაზი დაარტყა, – ხომ გითხარი, ქალო, ვარჯიშის დროს ნუ მაწუხებ-მეთქი ? ქალი მე მომაჩერდა გაკვირვებული, შემდეგ უაინბერგს და მე წინ გადავდგი ნაბიჯი. – მისტერ უაინბერგ, დღეს გესაუბრეთ. ტომმა მომცა თქვენი ნომერი-მეთქი, რომ გითხარით. – აა, ჰო. დაგვტოვე, ქალო. ქალი ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა. – ცოლი გყავს ? – მკითხა უაინბერგმა. – არა. – არც მოიყვანო. სიგიჟეა. ნამდვილი სიგიჟე. ეტყობა ამის ცოლი იყო ის ქალი-მეთქი, გავიფიქრე. – აბა, მითხარი, რა გინდა ჩემგან.  – აამ, არაფერი. უბრალოდ... უბრალოდ... – წამოიღე მოთხრობა ? თავი დავუქნიე და ჩანთიდან ფურცლების დასტა ამოვაძვრინე. – ოცი გვერდია. – უჰ, რა ამბავია. გამომართვა და იქვე დადებული სათვალე გაიკეთა. სახედაჯღანულმა ჩახედა პირველ გვერდს. – „პროფესორ გრიმვალდის უცნაური საღამო“, – სათაური ამოიკითხა და მომაჩერდა, – რაზეა ? – ობსერვატორიაში მომუშავე ერთ ასტროფიზიკოსზეა, სერ, რომელიც უცხოპლანეტელთა სიგნალს მიიღებს. – აჰა, უცხოპლანეტელები, – გადაფურცლა დასტა, – მოჩვენებებზე არ წერ ? მანიაკებზე... ვამპირ ბოზებზე... – ნებისმიერ რამეზე შემიძლია წერა, სერ. არაა პრობლემა. საშინელებათა ჟანრიც მაინტერესებს... – მერე რატომ არ წერ საშინელებებს ? „იმ ქარიან ღამეს, პირველად გაიგო პროფესორმა გრიმვალდმა, რომ მის ობსერვატორიას დაფინანსებას უწყვეტდნენ...“ – ამოიკითხა მოთხრობის პირველი წინადადება და შემომხედა, – უჰ, რატომ უწყვეტდნენ ჰა ? ისე, ყველაფერს ფული უნდა არა ? ყველას ფული უნდა, ეს წყეული ფული. ამერიკელი არ უნდა იყო. სადაური ხარ ? – აქცენტი მაქვს ? – გამიკვირდა. – დაკვირვებული ყური მაქვს.ქართველი ვარ-მეთქი, ვუპასუხე. – მაგრამ ინგლისური მშობლიური ენასავით გახდა ჩემთვის, სერ. უკვე თხუთმეტი წელია აქეთ ვარ. წერითაც უკვე თავისუფლად ვწერ ინგლისურად. ბევრი ვივარჯიშე, ეს რომ მომეხერხებინა. ცოტა ხანს თავის ქნევით უყურა ფურცელს, შემდეგ მეორე გვერდზე გადავიდა და მალევე ამომხედა. ნიჭი გაქვს, მაგრამ საკმარისი არა, ვარსკვლავებს რომ წაეპოტინოო, ასე მითხრა უცბად. სიბრაზემ შემიპყრო. ნუთუ თქვენნაირი ნიჭიც არ მაქვს-მეთქი, ვუპასუხე. – ნაგავ ფილმებზე მაინც ვიმუშავებდი. – ოჰ, – ჩაეცინა უაინბერგს, – მართალი ხარ ისე, ჩემს ფილმებს ნაგავს თუ დაარქმევს ნებისმიერი მნახველი. ასეთ პასუხს არ მოველოდი. მეგონა, ახლა ადგება და თავისი ბინიდან გამისვრის-მეთქი. – ეგრეა, ბიჭო. რამეს რომ მიაღწიო ამ ბიზნესში ძალიან მაგარი უნდა იყო. მითუმეტეს ამერიკაში. იცი, რამხელა კონკურენციაა აქ ? კავშირებიც გჭირდება, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ნიჭია. – თუ შრომისმოყვარეობა ? – ეგეც. ნიჭიც და შორმისმოყვარეობაც. აბა, გგონია, საოცნებო ცხოვრებას არაფრის გამო მოგართმევს ვინმე ლანგრით ? გგონია, სტივენ კინგს ან... ან ბილ გოლდმანს ან დანარჩენებს ვინმე რამედ ჩააგდებდა, ეგეთი მაგრები და შრომისმოყვარეები რომ არ ყოფილიყვნენ ? თუმცა გაუმართლათ კიდეც. მე და შენ კიდევ არ გაგვიმართლა. ეგა ვართ, რაც ვართ. იდეა. იდეა არ მოდის თავში, რას იზამ ? ისეთი იდეა, რომელიც დიდი კომპანიების ყურადღებას მიიქცევს... ან გამომცემლობების. და არა მარტო იდეა. იქნებ ტექნიკაც არ გაქვს ისეთი, მაგრად რომ გადმოსცე ეს იდეა ? თან გაყიდვადი უნდა იყოს შენი იდეა... ნამუშევარი მითუმეტეს. ჰო, ფულის შოვნა უნდა ყველას. შეგიძლია ძალით ჩაინერგო თავში რამე მაგარი იდეა ? არა. ან მოვა, ან – არა. ვერაფერს იზამ. მაგრამ უნდა იშრომო. წერე. იკითხე... ყოველდღე. ყოველდღე მუშაობა მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი. ნუ გაატრაკე-მეთქი, მომინდა მეთქვა, მაგრამ თავი შევიკავე. – აგერ მე ახალგაზრდობიდან ვცდილობ რამეს მივაღწიო ამ საქმეში, მაგრამ რა ? ვერსად შევძვერი. ისეთიც ვერაფერი დავწერე. – წერთ კიდეც ? – აბა, სად მაქვს იმის ფული, სცენარისტი დავიქირავო ? – გაეცინა უაინბერგს და ხელები გაშალა, – ვერ ხედავ, სად ვცხოვრობ ? ეჰ, ჩემნაირ მათხოვართან გამოვუშვივარ ტომს-მეთქი, გავიფიქრე. „წადი შენი, ტომ. რა დროს ვეჩხუბე ლორას. კიდევ ერთი ჩვიდმეტჯერ უნდა მიმერჭო, რომ შური მეძია იმ დამპალზე. ნაბიჭვარი ბიზნესმენები.“ ჩემი მოთხრობა გამოვართვი უაინბერგს და წამოვედი. იმედგაცრუებული ვიყავი და გაბრაზებული. კიბეებზე რომ ჩამოვედი, შავი კატა შემომხვდა, ნაგავს ციცქნიდა და გამწარებულმა წიხლი ამოვარტყი. თვალი მივადევნე, როგორ შეძვრა აჩხავლებული ერთი ბორბალგახეთქილი მანქანის ქვეშ. შემდეგ ჩემს ჯაბახანაში ჩავჯექი და სახლში წავედი.      თავი მეცხრე   საღამოს ლორას დავურეკე რამდენჯერმე, მაგრამ არ აიღო იმ ხალებიანმა ძუკნამ. არადა, მაგრად მინდოდა შევრიგებოდი, რომ გემრიელად მიმექინძა. იმედია ტომი გაიგებს მერე და გვარიანად გავამწარებ-მეთქი, ვფიქრობდი. მაგრამ რომ გავიაზრე, შეიძლება კარგად არ დასრულებულიყო ჩემთვის ეს ყველაფერი, მადლიერიც კი დავრჩი იმ მომენტში ცხოვრების, რომ ლორამ არ მიპასუხა. ჯიმის დავურეკე. ეცალა. ტრიპოლის კუთხეში, რომ ბარია, იქ შევხვდეთ თუ გინდაო, შემომთავაზა. ბარში თავის სამსახურზე ბოდიალით გამიბურღა ტვინი ჯიმიმ. ჩემგან განსხვავებით იგი იურისტად მუშაობდა სადაზღვევო კომპანიაში და მოსწონდა თავისი საქმე. თუმცა მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მაინც არ მომეწონებოდა მის ადგილას ყოფნა. იურისტები. მოსაწყენი ხალხი. კანონების და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების მეტი არაფერი იციან. იურისტად რომ მემუშავა სადმე, თუნდაც „თეთრ სახლში“, ალბათ მეორე დღესვე თავს მოვიკლავდი. – ერთი ის შემახსენე, ჯიმბო, რა ჯანდაბა გინდოდა სცენარისტების კურსებზე, თუ ასე ძალიან მოგწონს ეგ შენი საქმე. – რას ჰქვია, რა მინდოდა ? ეგეც მაინტერესებს. კრეატიული ტიპი ვარ, კაპა, ხომ იცი, არა ? თავი გავაქნიე და ლუდი მოვსვი. ცოტა ზედმეტი სიმწარე ჰქონდა, მაგრამ არა უშავდა. – სინდი რას შვრება ? – რა ვიცი, დაქორწინება უნდა უკვე. მე კიდევ... ხომ ხვდები ? აამ... – გეშინია. – არა. უფრო... უფრო... ჰო, მეშინია. – დღეს შევხვდი ერთ კაცს. რეჟისორს. ასე მითხრა, ცოლი არ მოიყვანოო. ყველაფერი მოვუყევი ჯიმის. არც ლორასთან გადახდენილი ამბავი დავუმალე, ტომის შესახებაც ვუთხარი და კიდევ იმ სულელ რეჟისორზეც ვუამბე. – ესე იგი, ლორა ბევრ კაცთან წევს ? – გაოცებულმა მოსვა ლუდი, – ვინ იფიქრებდა. – ჰო, რავიცი, ბოზი ვარო, ტირილი დაიწყო იმ დღეს. შენც ხომ არ გინდა მის ლოგინში ჩაგორება ? – რატომაც არა, მაგრამ... აჰ, არა, რას ამბობ. სინდი... სინდი გაგიჟდება, რომ გაიგოს. მისი საუკეთესო მეგობარია ლორა. იმის შესახებაც ვუამბე ჯიმის, სამსახურში ჩემი მენეჯერები პანტაპუნტით რომ იხოცებოდნენ და სიცილი აუტყდა. რა გაცინებს-მეთქი, ვუთხარი, უმეტესობას ოჯახი ჰყავდა, შვილები-მეთქი, იმან კიდევ მითხრა, არ მჯერა მაგ შენი მაჰმუდის წყევლისო. – მუსტაფა. მაჰმუდი საიდანღა მოიტანე ? როდესაც კარგად შევთვერით, ორი მეძავი აგვეკიდა. არ გინდათ ბიჭებო, ჩვენთან ავიდეთ და კარგი დრო გავატაროთო, დაგვიწყეს ჩიჩინი, ეტყობა ფულიანები ვეგონეთ, რახან ჯიმის შარვალ-კოსტუმი ეცვა. მე ვუთხარი, დღეს შიდსის აკიდებას ნამდვილად არ ვაპირებ-მეთქი, ჰოდა უცბად ჩანთა მითავაზა თავში ერთ-ერთმა – შავკანიანმა. ამაზე გადამეკეტა და მისკენ გავიწიე ანაზდად, მაგრამ თვალის დახამხამებაში ჩამომიდგა წინ ვიღაც ზორბა კაცი, ნაცისტს რომ ჰგავდა, და ჩემს ადგილზე დამაბრუნა. – დროა წახვიდეთ, ბიჭებო, – გვითხრა ორივეს და თავისი ვეება მუშტი ჩამოგვიდო მაგიდაზე, – ბიძაჩემი გუსტავივით იყურებით უკვე. იცით, რა ვუქენი გუსტავს ? ჯერ მარცხენა ყური მოვაჭერი და მერე კბილები დავაცალე. არ მინდა თქვენც მასთან გაგიშვათ. რაღა უნდა გვექნა ? ავდექით და წამოვედით ბარიდან. ჯიმიმ ტაქსი დაიჭირა ჩემთვის და სახლში გამომიშვა. ფულიც თვითონ გადამიხადა. დამპატიჟა. ალბათ თვითონაც ტაქსით წავიდა სახლში. არ ვიცი.