ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ცოლის აღსარება

ცოლის აღსარება

ცოლის აღსარება                                                     შენ დამაწყებინე ფიქრი სიცოცხლეზე...შენ დამაფიქრე                                    სიყვარულზე...სიყვარულზე, რომლისაც უკვე აღარ მჯეროდა...სიტყვებს თვალებით მეუბნებოდი...და მე დაგიჯერე...  ,,ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. ხოლო სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება,“-გოდერძი ჩოხელი. ,,ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყოველი, ვინც ითხოვს-ღებულობს, ვინც ეძებს-პოულობს და ვინც აკაკუნებს-გაეღება“ (მათე 7; გვ.13;; 7-8). ფულს რომ ვუყრი გაჭირვებულებს, არ შემიძლია იმათი დალოცვის მოსმენა და ფულს რომ ჩავუგდებ, მერე სწრაფად ვშორდები იმ ადგილს. გავრბივარ და თან ვფიქრობ. მერე ფიქრებში თავისით ვეფლობი და აღარაფრის გაგონება აღარ მინდა. ასე მემართება სასაფლაოზეც. სანამ მიწის მიყრას დაიწყებენ, გავრბივარ. არ შემიძლია კუბოზე გოროხების ბრახუნის ატანა. გუშინ ვიღაცა სტუდენტი გადამეკიდა-ინტერვიუ მომეციო. უარი ვუთხარი და თავისუფლებაზე პიონერთა სასახლის წინ სკამზე ჩამოვჯექი. გვერდით არც გამიხედავს. უცებ ვიღაცის ხელი ვიგრძენი...ვიგრძენი, რომ ვიღაცამ იდაყვზე ხელი წამავლო და თავისკენ მიმახედა: -არ გესმის?! -ვერ გავიგონე. -რა უნდოდა?! -ვის? -აი, იმას... -იმას?! -ჰო, იმას...მოხუცი ბუკინისტი თვალებს ჭუტავს და გამომცდელად მიყურებს. -არ ვიცი. -რატომ არ დაელაპარაკე?! არ გიყვარს როცა გეკითხებიან?! -არ ვიცი. -მაინც?!                 -წავიდე?! -არა, არ წახვიდე. რა გიყვარს? -სიყვარული. -რა ფერი? -წითელი. -რას არ გაყიდიდი არასოდეს?! -შვილებს. -კიდევ?! -ბავშვობას. მოგონებებს. -რატომ? -არ ვიცი. -რა გქვია? -დედა. -სახელი?! -მარიამო. -რას ასწავლი?! -როგორ მიხვდით, რომ მასწავლებელი ვარ?! -რას ასწავლით?! -ისტორიას. -ეგრეც ვიფიქრე. მერე სწავლობენ? -ისე რა. თავს არ იკლავენ. -განიცდით? -კი, ძალიან. -რატომ?! -მე ნათელა მასწავლებელი მყავდა. -მერე?!                     -იმას შვილი არ ჰყავდა. გათხოვილი არ იყო. -ისიც ნერვიულობდა, როცა ვინმე არ სწავლობდა? -კი. ერთხელ ჩემმა ერთმა კლასელმა გაკვეთილი არ იცოდა. მასწავლებელს უთხრა: დედაჩემს არ ეცალა და წიგნი ვერ მიყიდაო. და იცი რა უთხრა?! მამაშენმა ზიზილპიპილოების ყიდვასა და ბრილიანტების გროვებას, ურჩევნია წიგნი გიყიდოსო. ეგეც ვითომ მასწავლებელიაო. ახლა რომ ეგ უთხრა მოსწავლეს, სკოლა ციმბირს იქით დაგრჩება. -სისულელეა. -რა?! -ნერვიულობა. უნდა ისწავლის, უნდა არა. დედა არა ნერვიულობს და მამა და შენ რა გადარდებს?! -ქვეყანა. -რა ქვეყანა?! -საქართველო. -რატომ?! -მიყვარს. -სიყვარული რა ფერია? -არ ვიცი. -წეღან არა თქვი -წითელიაო?! -ახლა არ ვიცი. -გადაიფიქრე?! -არა. -მაშინ მითხარი. -ჩემი სოსო როა, იმფერია სიყვარული. -დიდი ხანია?! -არ მახსოვს. -რა უცნაური ვინმე ხარ.                  -მეე?! -ხო, შენ, მასწავლებელო…რა არ უპატიებიათ შენთვის? -ზოგს სიყვარული, ზოგს წარმატება, ზოგს სიხარული და ზოგს ნიჭი. არა გჯერა?! სოსოს მზეს გეფიცები, მართალს ვამბობ. -მართლა.?! მე კიდევ ისევ გუშინდელზე ვფიქრობ. გუშინ ლიანდაგზე მეხუთეკლასელი მატარებელმა გაიტანა. -რანაირად?! -ყურებში ყურთსასმენები ეკეთა. ვერ გაიგონა მატარებლის პიპინი…მოიცა, პიპინი არა...რა ქვია კაცო...გამახსენდა...სიგნალი....ჰო, სიგნალი. სიგნალი ვერ გაიგონა. -ვაიმე... -შეგეცოდა? -კი. -კიდევ ვინ გეცოდება? -საქართველო. -რატომ?! -არ ვიცი. -უცნაური მასწავლებელი ხარ. -შეიძლება. -საყვარელი წიგნი?! -ვეფხისტყაოსანი. -ვეფხისტყაოსანი?! -ჰო...რატომ გაგიკვირდა?! -,,ვეფხისტყაოსანი“ ქართული მწერლობის მწვერვალია, თანაც ისეთი მწვერვალი, მისი დალაშქვრა ყველას რომ არ შეუძლია...საქართველოში ცხოვრება ჯილდოა თუ სასჯელი?! -მაგაზე არ მიფიქრია.                  -მატყუებ?! -არა. დედას გეფიცები. ალბათ, ერთიცა და მეორეც. იცი?! იყო ასეთი ჟურნალისტი-ანტონ შადიდი და ერთხელ ასეთი რაღაცა დაწერა: მე ყოველთვის ვგრძნობ თავს არაბად ამერიკაში და ამერიკელად არაბულ სამყაროში. -მაგით რისი თქმა გინდა?! -მე ყველგან ქართველი ვიქნები...ამ სამყაროშიც, იმ სამყაროშიც, მთვარეზეც, მარსზეც, ამერიკაშიც და უგანდაშიც. -ეჰ, შე მართლა მასწავლებელო...ასი მამა ერთ დედად არ ღირს და ასი მასწავლებელი ერთ მამადო,-გაეღიმა და წიგნების ალაგება დაიწყო. სახლში მივდივარ. საღამოა. ბავშვები ჯერ არ მოსულან. ფიქრები თავისთავად მეშლება. წარსული კადრებად ცოცხლდება. ჩემი ცხოვრება ფილმივითაა. ღალატი 30 ვერცხლი ღირს, მაგრამ 21-ე საუკუნეში ერთ ვერცხლადაც არ ფასობს. ცხოვრებამ ხან ქვა მესროლა, ხან სეტყვა, ხან ტალახი და ხან ვარდი, ხან წყევლა, ხან ბედნიერება, ხან სიხარული და ხან ღვარძლი, თქვენ წარმოიდგინეთ, ტლაპოშიც ამომთხვარა და მაგორავა და მეხიც კი მტყორცნა, მაგრამ ვერ წამაქცია, ვერ მომერია, ვერ გამსრისა, ვერც დამაჩოქა...ჩიკორივით ტრიალებს ჩემი ბედი. ერთი ფრთა მომტეხა და ორივე ხელი გავშალე...თუმცა, ხანდახან ტირილი მერევა, მაგრამ ფიცი მაქვს დადებული სოსოს კუბოსთან, რომ არასოდეს არ ვიტირებ და...ცრემლი მიქვავდება. როგორ მინდა, რომ გულგრილი ვიყო, მაგრამ არ გამომდის. ყველაფერს გულში ვიტრიალებ. სოსო ჩემი მეუღლეა. ჩემს თინანო ბაბოს ჩემი სოსო ძალიან უყვარდა. ,,ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული“. მახსოვს ერთხელ მამაჩემმა რაღაცა თქვა და ვუთხარი: უკვე დაბერდი, რაღა დროს შენი ეგენია-მეთქი და იცით რა მიპასუხა?! -სანამ დედაჩემი ცოცხალია, მე ბებერი არა ვარო. მაშინ გაგებულიც არ მქონდა გოდერძი ჩოხელის გვარი: ,,სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს. თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში... -რა არის სიცოცხლე? -სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. -სიკვდილი? -სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა (გოდერძი ჩოხელი)“. -ღმერთი?! ღმერთი რაღა არის?! ან არის კი ღმერთი?! ღმერთი ადამიანთა გულშია და თუ ადამიანი გულში ღმერთს იპოვის, ეს ღმერთი გაბევრდება, გადიდდება და თუ გზას ვერ იპოვის, გაუჩინარდება, ხოლო თუ გზას იპოვის, ბაბუაწვერასავით მოედება სამყაროს. -სევდა?! სევდა რაღა არის?! სევდა ისაა, რასაც ვერ გაყიდი და რასაც ვერ იყიდი, რასაც ვერ გააჩუქებ და რასაც ვერ იჩუქებ, რასაც ვერ მოგპარავენ და რასაც ვერ მოიპარავ. რასაც ვერ წაგართმევენ და რასაც ვერავის ვერ წაართმევ. სევდა შენს გულშია და არასოდეს ქრება, თუმცა, გულში ყუჩდება და ხანდახან მაშინ ჩნდება, როცა არ ელი. -ცოდვა რაღა არის?! -ცოდვა?! ღალატია ცოდვა... -კიდე?! -გულისტკენაა ცოდვა. -კიდე?! -კაცის კვლაა ცოდვა. -კიდე?! -ტყუილია ცოდვა. -კიდე?! -შურია ცოდვა. -კიდე?! -ზიზღია ცოდვა. -კიდე?!                      -ანგარებაა ცოდვა. -კიდე?! -ცილისწამებაა ცოდვა. -კიდე?! -სიძულვილია ცოდვა. -კიდე?! -შურისძიებაა ცოდვა. -კიდე?! -ბოზობაა ცოდვა. -კიდე?! -დავფიქრდები. ბევრი...ბევრი რამეა ცოდვა ამ ცოდომადლიან დედამიწაზე. -სიყვარული?! სიყვარულიც ცოდვაა?! -არა. სიყვარული მზეა. -მაინც რა არის სიყვარული?! -სულში რომ თავისით შემოგიძვრება და გულის კარებს დაუკითხავად გაგაღებინებს,-აი ეგაა სიყვარული. -რომ არ გკითხავს არაფერს და ცხრა მთას იქით უთქმელად გამოგყვება,-აი ეგაა სიყვარული. -იქ, სადაც ,,შენი“ და ,,ჩემი“ არ არსებობს და ყველაფერი საერთოა,-აი ეგაა სიყვარული. -იქ, სადაც ბედნიერება და ტკივილი ცალ-ცალკე არაა და განუყოფელია,-აი ეგაა სიყვარული. -როცა საკუთარზე მეტად, მისი სიყვარულით სავსე თვალების ციმციმის დანახვა გიხარია,-აი ეგაა სიყვარული. -როცა მისი უპირობოდ გჯერა და ბრმად ენდობი და იმასაც სჯერა შენი და ბრმად გენდობა,-აი ეგაა სიყვარული. -როცა ფიქრობ, რომ მარტოსული ხარ და ის კიდევ მოვა და მარტოსულად არ გაგრძნობინებს თავს,-აი ეგაა სიყვარული. -სულს რომ დაგიპურებს და გულში თავისით დაუკითხავად აგიფრთხიალდება,-აი ეგაა სიყვარული.              -თვალებში რომ უყურებ და სანამ გაიფიქრებს, მანამდე რომ ხვდები რა უნდა,-აი ეგაა სიყვარული. -შენი გულისთვის ქაჯებს რომ შეებმება, იომებს  და ქაჯეთის ციხეს რო აიღებს,-აი ეგაა სიყვარული. -რაღაცის თქმა რო გინდა და დაუფიქრებლად ,,იმასთან“ რო გაიქცევი და მოუყვები,-აი ეგაა სიყვარული... -როცა ფიქრობ, რომ დედამიწის ზურგზე არ არსებობს ვინმე, ვისაც უანგაროდ ეყვარები და მაინც რომ არსებობს ასეთი და გაიქცევი ,,დასაცლელად“ და სხაპასხუპით მოუყვები ქვეყნის ჭორებს, -აი ეგაა სიყვარული... -,,იქ“ რომ წევს და მაინც ის როა შენი იმედი და როცა იცი, რომ არის ამქვეყნად ვიღაც, რომელშიც ვერავერავინ შეგეცილება და მიხვალ და უთქმელად გაგიღიმებს და გაგაღიმებს,- აი ეგაა სიყვარული... -გული გახეთქვაზე ჯავრით სავსე რომ გაქვს და მაშინვე ,,იმ ერთთან“ გარბიხარ და გულს უშლი, უყვები და ისიც არ გაწყვეტინებს და გისმენს,-აი ეგაა სიყვარული... -ორ სანთელს რომ ანთებ და იმ ორიდან ერთი შენი როა და მეორე ,,იმისი,“-აი ეგაა სიყვარული. -მე რომ აქ სანთელს დაგინთებ და შენ მაინდან დაინახავ და ილოცებ და ვარსკვლავს ამინთებ, თვალს ჩამიკრავ და გამიღიმებ და გამაღიმებ,-აი ეგაა სიყვარული. -რომ იცი არ მოვა და მაინც რომ ფანჯარასთან ელოდები,-აი ეგაა სიყვარული. სიყვარული, რომელიც მოდის უფლიდან და მიდის უფლამდე-ჭეშმარიტი სიყვარულია. ნამდვილი სიყვარული, ალბათ, ცოტათი ეგოისტურია. ხანდახან სიყვარული მოტივაცია მგონია...მოტივაცია ამაღლდე საკუთარ თავზე ...თუმცა, საკუთარ თავზე ამაღლება ხშირად დიდ მსხვერპლს მოითხოვს. იქნებ სიყვარული სულის მდგომარეობაა ცასა და მიწას შორის?! სიყვარულს ხომ ხან კეთილი დასასრული აქვს, ხან სევდიანი და ხან სიკვდილიანი. ნამდვილი სიყვარული, ალბათ, ცოტათი მაინც ეგოისტურია. სიყვარულია სწორედ მშობელი ოცნებისა. ოცნება კიდევ ადამიანში აღვიძებს მთვლემარე გონებას და უბიძგებს ქმედებისაკენ. პატივისცემა+ყურადღება+ნდობა+ერთგულება+ზრუნვა=სიყვარულს. იქნებ სიყვარული ღმერთის ხელით დაკრეფილი ზღაპრების გუდაა?!   სიყვარული, რომელიც მოდის უფლიდან და მიდის უფლამდე-ჭეშმარიტი სიყვარულია. შეყვარებული ადამიანი ყოველთვის მიმტევებელია...მიმტევებელი და კეთილშობილი. და თუ უფალია სიყვარული, მაშინ შენა ყოფილხარ ჩემი უფალი...სიყვარული ყოფილა გულის უფალიც და თავის უფალიც...სიყვარული ყოფილა სიყვარულის ღმერთიც და სიყვარულის მკვლელიც...ამ შეშლილ სამყაროში სიყვარული ყოფილა ყველაფრის დასაწყისიც და ყველაფრის დასასრულიც...თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მჯერა სიყვარულის უსასრულობის...სიკვდილის მტერიც სიყვარული ყოფილა თურმე და მხოლოდ სიყვარულს შესძლებია სიყვარულით სიყვარულის მოკვდინებაც. სოსო, იცი?! არა. არ იცი. და მინდა გითხრა, რომ სულით შენი სოფლის მზეს დავატარებ, გულით კი მოდარდისფრო დარდებს. შენამდე არასოდეს მიფიქრია რისთვის გავჩნდი ამ ქვეყანაზე. დღეს კი ვიცი, რომ შენთვის გავჩენილვარ ამ წუთი სოფელში. შენ კი ჩემთვის დაბადებულხარ. ბედნიერია ადამიანი, როცა ხვდება, რომ ვიღაცა მისთვის დაბადებულა და ვიღაცისთვის კიდევ ,,ის“ დაბადებულა. ვიღაცა ვიღაცისთვის იბადება და რა კარგია შენ რომ ჩემთვის დაიბადე.  შენ მე ჩემი გული გაჩუქე და შენი მე ვიჩუქე, ამიტომაც დღეს თუ ცოცხალი ვარ, შენი გულის დამსახურებაა. მე ჩემი გული შენს გულზე ჩამოვკიდე. შენთან გატარებული წლები ღვთის საჩუქარია, ღვთის წყალობაა, ღვთის სასწაულია და მე შ ე ნ მიყვარხარ! გაგიცანი და მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება მე მელოდებოდი და როცა პირველად მაკოცე, მივხვდი, რომ, მეც მხოლოდ შენ გელოდებოდი. -მიყვარხარ! არ ვნანობ ,,იმის“ დაკარგვას. მართლა არ ვნანობ. არ ვნანობ ,,იმის“ სიყვარულს. არ ვნანობ იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ! ცა რა ფერია, სოსოია?! ამქვეყნად ყველაფერი რომ ჩაილურის წყალს წაეღო და მარტო შენ გადარჩენილიყავი, ჩემს ცხოვრებას აზრი ნამდვილად ექნებოდა და ჩემი ამქვეყნად მოვლინება გამართლებული იქნებოდა, მაგრამ თუ მთელი ქვეყანა უნდა გადარჩენილიყო და შენ კიდევ უნდა დაღუპულიყავი, ჩემს გვერდით აღარ უნდა ყოფილიყავი, ჩემთვის სამყაროს დასასრული დამდგარა და მე ვერ გამიგია. შენ ხომ ყველა ცუდი გადაწონე ჩემს ცხოვრებაში და ვარსკვლავად მომევლინე ამ დაუნდობელ სამყაროში. მე შენ აღარ და აღარასოდეს დაგკარგავ და იცი რატომ?! იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ. იმიტომ რომ, ჭკუა ვისწავლე და არავის არასდროს არ მივცემ უფლებას ჩვენ შორის ჩადგეს. ადრე ეს არ ვიცოდი. ადრე ამდენს ვერ ვხვდებოდი. ვერ ვხვდებოდი, რომ როდესაც ,,ის“ გიყვარს, ყველა უნდა გააქრო...ყველა...მარტო შენი კი არა, იმისი სამყაროდანაც უნდა გააქრო. სიყვარულზე რთული სიყვარულის შენარჩუნება ყოფილა, მაგრამ ეს მე და შენ არ გვეხება. როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, მარტო გულს უნდა მიენდო. გული არასოდეს გიღალატებს. სიყვარულს მარტო სიყვარული თუ დაინდობს. არავინ არ იცის და ვერავინ ვერ გაიგებს როგორ მიყვარს ჩემი სოსო. როგორ მიყვარხარ. სიგიჟემდე მიყვარხარ. შენ ყველასგან განსხვავებული ხარ. თანაც ყველაზე თბილი, ყველაზე საყვარელი, ყველაზე გაწონასწორებული, ყველაზე კეთილი და მე ვგრძნობ, შენ როგორ მაღმერთებ. მეც შენი გულისთვის...შენი გულისთვის და შენი წყალობით, შენთვის შენით დავდექი ფეხზე. როცა სულის სიღრმეში მარტოობას ვგრძნობ და როცა ვიღლები, შენი სიყვარული მეხმარება და მარტოობას თავს ვაღწევ. ალბათ, მე იღბლიანი დავიბადე...ალბათ, შენც იღბლიანი დაიბადე. მე შენ მიყვარხარ. სოსო, გაგიცანი და მივხვდი, ქალს გვერდით მყოფი საყვარელი მამაკაცისგან ყველაზე მეტად რა სჭირდება... ესაა-ყურადღება, ზრუნვა, პატივისცემა, ერთგულება და სიყვარული. თუ ქალს ამ ყველაფერს მისცემ, ის არასოდეს გაიხედავს სხვისკენ. ძალიან მაგარია, როცა ვიღაცას ედარდები, როცა ვიღაცა გკითხულობს, როცა ვიღაცა გელოდება და როცა ვიღაცა გიფრთხილდება. შვიდი წლისა ვიყავი ახალ სახლში რომ გადმოვედით სოლოლაკში და ახალ სკოლაშიც მომიწია გადმოსვლამ. მამაჩემმა წამიყვანა სკოლაში და ჩემი პირველი მასწავლებელი კაკალა მასწავლებელი იყო. კარგად მახსოვს. მოკლედ შეჭრილი დატალღული თმით, კაკალივით შავი თვალებით, შავი წარბებით, მუხლზე შავი კაბით. ,,ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული“. ნეტა ვინ დამწყევლა, ან ვინ მომაჯადოვა: ტკბილი სიბერე არ გეღირსოსო, ან შენს სიყვარულთან ერთად არ გეღირსოს დაბერებაო. სოსო, გახსოვს, მთაწმინდის რესტორანში რომ დამპატიჟე?!      კარებში ელეგანტური, შხვართალა, ჩამოქნილი და მკაცრ კოსტუმში გამოკვანწული მინი კაბიან-მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გამოწკეპილი შველივით ქალი გამოჩნდა. ქალს რომ ქალის კეთილი შურით შეგშურდება, ისეთი ქალი. -სოსო, შეხედე რა ლამაზი ქალი შემოვიდა. -იმაზე ლამაზი შენ ხარ. -იმისთვის რომ არ შეგიხედავს?! -არ მჭირდება ,,იმისი” შეხედვა, რომ შენ დაგინახო. -მართლა?! -მართლა. -გიყვარს?! -ძალიან. -რატომ?! -იმიტომ. -მაინც?! -სიყვარული გულში მიზის და იტირებს, მე რომ სხვას შევხედო,-ეღიმება სოსოს. -არ გინდა რომ იტიროს?! -არა. იმან რო იტიროს, რაღა კაცი ვიქნები...ჭიამაია, მას შემდეგ, რაც შენ გაგიცანი, სხვა ქალისთვის არ შემიხედავს. მარიამო, ჩემთვის შენ ხარ ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჰაეროვანი, ყველაზე მშვენიერი, ყველაზე მომხიბვლელი...ისეთი ნაზი და მიმზიდველი, რომ ჩემი გული დღესაც, ამდენი წლის შემდეგ, ვერ უძლებს გულგრილად გიცქიროს...გალაკტიონის მუზა თუ მერი იყო, ტიციანის თამუნია წერეთელი, მაიაკოვსკის მუზა ლილია ბრიკი, დანტე ალიგიერის ბეატრიჩე, შარლ ბოდლერის ჟანა დიუვალი, შენ ჩემი მუზა და ჩემი დამატყვევებელი ხარ...შენი დამყოლი და ცოტათი თავნება ხასიათით შენ მე დამიმორჩილე...შენ გარდა ჩემ გარშემო ვეღარავის ვამჩნევ....მარიამო, აღარ მახსოვს ვინმემ მიამბო თუ სადმე წავიკითხე: სატანა ლამაზ ქალებს აგროვებდა და მარგალიტის მძივებად აქცევდა. ერთ დღესაც მოუნდა მარგალიტები ისევ ქალებად გადაექცია. ამიტომ არწივს ფეხზე გამოაბა მარგალიტის მძივი და სთხოვა თითო ქვეყანაში თითო თვალი ჩაეგდო. არწივი კავკასიონს რომ მიუახლოვდა, შემთხვევით მწვერვალს გამოედო და მარგალიტის მძივი გაუწყდა. მარგალიტები საქართველოში ჩამოიბნა და, როგორც ამბობენ, ისევ ლამაზ ქალებად იქცა. ერთი მარგალიტი ახლა ცხვირწინ მიზის და მინდა ამ ლამაზი მარგალიტის სადღეგრძელო დავლიო და მინდა ჩემი მარგალიტის თამადობით ყველას მარგალიტს გაუმარჯოს...შენ გაგიმარჯოს...ჩვენს ერთად ყოფნას გაუმარჯოს...მე და შენ ყოველთვის ერთად ვიქნებით...ჩემს ყველაზე ლამაზ მარგალიტს გაუმარჯოს...მარიამო მარტო ჩემი მამაზი-ლამაზი, მომთმენი, მშვიდი, სამართლიანი, უღალატო ოპტიმისტი...ხანდახან მიამიტი, ხანდახან შემტევი და რბილი-თბილი ჩემი მარგალიტია...მარიამო მარტო ჩემია...მარიამო ყველაზე ლამაზი მარგალიტი და ერთგული მეგობარია...მარიამო ჩემი ლალი და ჩემი მარგალიტია...ის ჩემი ჭიამაიაა...ჰო, მართლა...თუკი სიყვარული არსებობს, სიყვარულს თავისი ღმერთიც ეყოლება და ჩემი სიყვარულის ღმერთი ჩემი მარიამოა...შენ გაგიმარჯოს,-სოსომ შამპანიურით სავსე ბოკალი მომიჭახუნა, მხარზე ხელი მომხვია და ლოყაზე მაკოცა. გულში უცნაური სითბო ვიგრძენი და ვგრძნობ, ისე მიცემს, თითქოს საგულედან უნდა ამოფრინდეს. -მარიამო, გამიღიმე რა...ძალიან უცნაურია ცხოვრება...ზოგს გაღიმება ეზარება, ზოგი ღიმილით სულდგმულობს...გაიღიმე...მიყვარს შენი ღიმილი... ისიც მიყვარს შენ რომ თვალს მარიდებ...ეგ თვალები ისევ ისე მაგიჟებენ, როგორც მაშინ...შენი მწიფე ხორბლისფერი კანიც ისევ ისე მხიბლავს, როგორც მაშინ...ყველაზე მეტად შენი ღიმილი მიყვარს...ამდენი წელი გავიდა და ისევ მორცხვად ხრი თვალებს...საოცარია ამხელა სამყაროში იპოვო შენი ადამიანი. მე შენ გიპოვე. დღეს მე მჯერა, რომ სამყარო ქალებზე დგას,..სამყარო ქალებზეა აგებული ისევე, როგორც სიყვარული. სოსომ სადღეგრძელოს თითქოს გული ამოაყოლა. მარიამო, შენი წუწუნი არ გამაგონო...ერთი ჭიქა უნდა დალიო. უარი არ მითხრა. უარის თქმა არც კი დააპირო. უარი არ მიიღება. -კარგი, სოსო... რახან ასე გსურს, მეც დავლევ ერთ ჭიქას...ხომ იცი შენს გვერდით გულდაჯერებული და ზედმეტად მშვიდი ვარ. ამ ჭიქით კიდევ შენ გაგიმარჯოს. სოსო მარიამოს არასოდეს გაურბის, არასოდეს ტოვებს ცალად...ის სულ ყველგან არის იქ, სადაც მარიამოა...სადაც სოსო არაა, იქ მარიამოსთვის სასოწარკვეთა ისადგურებს და ბნელა. სოსო მარიამოს თვალებია...მარიამო სოსოს არასოდეს მიატოვებს. მარიამოს სოსო სულ ეყვარება....ყველაზე დიდი სიმდიდრე სოსოს მოსიყვარულე და თბილი გულია..,შენს გულს გაუმარჯოს,-სოსოს ჭიქას ჭიქა მივარტყი და შამპანიური სულმოუთქმელად გადავკარი. სოსოს ჩაეცინა და ჭიქას ხელი მოჰკიდა. ერთმა ჭიქამ გამაბრუა და მეც ავჭიკჭიკდი. სოსოზე ყურებამდე ვარ შეყვარებული. მასზე უკვე მაბოდებს და კაი ხანია ჭკუა მეკეტება. -აბა, შენი თავი დაახასიათე?! -ჩემი?! -ჰო, შენი. -კარგი. ვიწყებ…დავიწყო?! -აბა, ჰე... -ერთი, ორი, სამი...როცა მიყვარს, ბოლომდე მისი ერთგული ვარ. ესე იგი...შენ თუ მიღალატებ, მე მაინც არ გიღალატებ, ესე იგი უღალატო ვარ. ვარ პატარასავით თბილი და ხანდახან მხეცივით მკაცრი. რაღაცა შეიძლება მაწყენინო, რაღაცა შეიძლება დაგითმო, მაგრამ მალევე ვივიწყებ. მოგისმენ, მაგრამ არ დაგიჯერებ, სანამ ბოლომდე არ გავარკვევ. მძულს ტყუილი. თუ გენდობი, გენდობი ბოლომდე. თუ მომატყუებ, აღარ დაგინდობ...იცოდე, დაგკარგავ. ვთვლი, რომ ვარ სამართლიანი და ყოველთვის ვიჭერ სიმართლის მხარეს. არასოდეს მავიწყდება არც სიკეთე და არც წყენა, თუმცა, არასოდეს გაგახსენებ ან სულაც დავივიწყებ. არ შემეხები, არ შეგეხები. თუ ცუდად შემეხები, არ დაგითმობ და გამეცალე. არ მიყვარს ჭორები და ენის მიტან-მოტანა. როგორი საიდუმლოც არ უნდა გამანდო, საფლავშიც შეგინახავ. ვთვლი, რომ ვარ ძლიერი და მიზანს თითქმის ყოველთვის ვაღწევ. კარგად მომეპყრობი, უკეთესად მე მოგეპყრობი. ვარ გაბრაზებამდე მშვიდი. არ გამოსცადო ჩემი ნებისყოფა, თორემ ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ. თუ დაგკარგავ, არასოდეს დაგიბრუნებ უკან. გარეგნულად ცივი და მკაცრი ვჩანვარ, მაგრამ შინაგანად თბილი და საოცრად მგრძნობიარე ვარ... არ დაიღალე მოსმენით?! -განაგრძე. გისმენ. სოსომ თვალი ჩამიკრა და გამიღიმა. -თავს სულელად არ ჩაგათვლევინებ, თუმცა, არც შემოგეპასუხები, ისე დაგკარგავ. დიიიდი მოთმინების უნარი გამაჩნია, სანამ ზღვარს გადააბიჯებ. ყველას არ ვენდობი, თუმცა ეჭვიანი არა ვარ. ვარ გულჩათხრობილი და ყველასთან ყველაფერს არ ვლაპარაკობ. შენში თუ ეჭვი შემეპარა, არაფერს არ გეტყვი, მაგრამ დაგკარგავ სამუდამოდ. შეიძლება პირდაპირ არ გითხრა საყვედური, მაგრამ ვერაფერს გამომაპარებ. როცა მტკივა, არ გაგრძნობინებ ჩემს ტკივილს...იმიტომ კი არა, რომ გიმალავ, იმიტომ რომ, შენც არ ინერვიულო. ვარ ამაყი და დინჯი კახელი. როცა საჭიროა უკან არ დავიხევ. ვარ რისკიანი და ალალი. გიყვარვარ, მიყვარხარ. სოსო, ყველაზე მეტად იცი რა მინდა?! ჩვენ რომ დავბერდებით, მთაში ხის ქოხი ამიგო და იქ ვიცხოვროთ...იქ, სადაც ფეხქვეშ მხოლოდ გვირილები გაგვეგებიან და გამთენიისას ნისლი მოგველამუნება სახეზე და გაგვაღვიძებს. ნეტა ფრთები გვქონდეს...გადავიფრენდით ზღვებს, მთებს, ოკეანეებს... რა მოხდება გამოგვესხას ფრთები...სოსო, ყველაზე მეტად კი, იცი რა მინდა?! მინდა ბალახზე ფეხშიშველებმა ვიაროთ, საღამოს კოცონი დავანთოთ, ცეცხლმა იტკაციტკუცოს, ვსვათ უშაქრო ჩაი პიტნით და ლიმონით...მერე სამყარო დავხატოთ ფერადი ფუნჯებით...მერე აწვერილ მზის სხივზე შემოვსკუპდეთ და ცისქვეშეთი ავრიოთ...ღრუბლებში ვიფრინოთ...მერე ქართან ერთად ვიხეტიალოთ... მერე მთის ფერდაზე უხმოდ და უთქმელად დავიკარგოთ, მერე ერთმანეთი ჩუმად მოვიპაროთ და... ჩვენს სიყვარულში ჩავიძიროთ, მერე ჰამაკში ჩავწვეთ, ვარსკვლავებით მოჩითულ ცას ვუყუროთ, თვალები დავხუჭოთ და... ჩახუტებულებს სიყვარულში ჩაგვეძინოს. -მარიამო, არ მოგწყინდება მთაში მარტოდმარტო რომ ვიქნებით?! -არა. შენთან ერთად რა მომაწყენს?! შენთან ერთად მარსზეც ვიცხოვრებ, მთვარეზეც, ანტარქტიდაზეც და...შენთან ერთად ქვეყნის დასალიერშიც ვიცხოვრებ. -გიყვარვარ, მიყვარხარ...შენ გაგიმარჯოს, ჭიამაია! ძალიან ლამაზი ხარ...შენ ვინც შემოგხედავს, ყველა მოჯადოვდება...შენი მოტყუება ძალიან რთულია. ამბობენ, ძლიერ ქალს მძიმე ხასიათი აქვსო...ვერ მიხვდები რა სწყინს და რა უხარიაო, მაგრამ მე ვერაფერს ვერ გამომაპარებ...შენზე შეიძლება ვიღაცა ნადირობდა კიდეც, მაგრამ შენ მარტო ჩემი ხარ...გაგიმარჯოს და გაგვიმარჯოს...სასწაულია, როცა იცი, რომ ვიღაცას უყვარხარ, სჭირდები და აბედნიერებ და...ამით შენც ბედნიერი ხარ. შენა ხარ ჩემი მანათობელი ვარსკვლავი. მე უშენოდ ვერ ვიცოცხლებ. ღმერთმა ერთი დღეც ნუ მაცოცხლოს შენ გარეშე. გაგიმარჯოს, ჩემო ჭიამაია. შენ მე კალმით ნახატი ორი შვილი მაჩუქე და ამით მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ კაცად მაქციე. შენ არაჩვეულებრივი დედა ხარ. გამიმართლა, რომ მყავხარ...მიყვარხარ,-სოსო ენად გაიკრიფა და საღერღელი აეშალა. -სოსო, ცნობისმოყვარეობა მკლავს. -მარიამო, მკითხე...რა გაინტერესებს?! -არ გეწყინოს, მაგრამ...ჩემამდე ვინმე გყვარებია?! -მარიამო, კიდევ ერთი ჭიქა შამპანიური არ გაწყენდა...მე ახლა ისეთი შეყვარებული ვარ, ისეთი შეყვარებული...შენ ერთადერთი ხარ, ვისი გავლენის ქვეშაც დანახვისთანავე ისე მოვექეცი, რომ აღარავინ და აღარაფერი მახსოვს...შენ ჩემი ბედნიერება ხარ...ჩემი ცხოვრება...ჩემი სული და გული...მარიამო, ადამიანმა უკან არ უნდა იყუროს. მთავარი ისაა, რაც იქნება ხვალ და არა ის, რაც უკვე იყო. მე სულგანაბული ვუსმენ. -სოსო, რატომ შენც არ მეკითხები შენამდე თუ მყვარებია ვინმე. -მარიამო, შენი ადგილი ახლა ჩემს გულშია...მე ჩემს შინაგან ხმას ვუსმენ და ის მეუბნება, რომ გიყვარვარ და მთავარი ესაა...სოსომ თვალი თვალში გამიყარა...მე ამ ბედნიერ დღეს მთელი ცხოვრება ვნატრობდი. შენ ჩემთან ხარ და მე წარსულის გაყვითლებულ და გამხმარ ფოთლებში არასდროს დავიწყებ ქექვას...ჩემი თვალები შენს მეტს ვერავის აღიქვამს...მგონი ჩემმა სიყვარულმა ეგოისტად მაქცია...შენს მეტს ვერავის ვხედავ...შენით მონუსხული და აღფრთოვანებული ვარ...სიყვარული ნაზი და სათუთი გრძნობაა. მას სულ გაფრთხილება, მოფრთხილება და მოფერება სჭირდება. თუ გინდა რომ სიყვარულმა სულ ინავარდოს შენს გულში, უნდა ჩაეჭიდო და ხელი არ გაუშვა. ადამიანმა დილის ლოცვასავით უნდა იმეოროს: მე შენ მიყვარხარ. დაილოცოს ის დღე, ის საათი, ის წუთი. როცა ჩვენ ერთმანეთს შევხვდით...შენ ჩემთან ხელშეუხებელი სუფთა გულით მოხვედი და მე შენ დაგიჯერე...მიყვარხარ და გული ისე მიცემს, როგორც მაშინ, როცა ჯვრის მონასტერზე...როცა პირველად გაკოცე, ცოლობა გთხოვე და არ ვფიქრობდი რას მიპასუხებდი...თუმცა ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ შენში ჩემი სიყვარული რომ არ ყოფილიყო ძალიან ძლიერი, დანახვისთანავე გრძნობა რომ არ გაგჩენოდა, მეორედ მე არც კი შემხვდებოდი და...მერე სიყვარულით უკვე ალმოდებულს არც კოცნის უფლებას არ მომცემდი...შენი თვალები ჩემს დანახვაზე ბრწყინავს, ციმციმებს და შენ გინდა, კიდევ რამე გკითხო?! სიყვარული ერთადერთი გრძნობაა დედამიწაზე, რომელიც ახსნა-განმარტებებს არ საჭიროებს. გიყვარს, აღმერთებ და მორჩა. შეხედე ქალს სიყვარულით სავსე თვალებით და ისიც სიყვარულით შემოგხედავს. შეხედე სიყვარულს ღიმილით და ისიც სიყვარულით შემოგღიმებს.. ადამიანს ღიმილი და სიყვარული, უფრო სწორად, ღიმილიანი სიყვარული აბედნიერებს. -სოსო, შენ ჩემი იმედი და ჩემი თავშესაფარი ხარ...შენი დაბადებით ღმერთმა ჩემი ცხოვრება შეცვალა...იმხელა სიხარულს ვგრძნობ, იმხელას, რომ, რომ არ მრცხვენოდეს...სოსო, ეტყობა, კიდეც უნდა გიყვარდეს და კიდეც უნდა გჯეროდეს სასწაულების...თუ გიყვარს და თუ გჯერა სასწაულების, ბედნიერი კაცი ყოფილხარ და უფლის სასწაული დაგეხმარება შენი სასწაულების ახდენაში...აუცილებლად დაგეხმარება. ჩამავალი მზის ნათელი იღვრებოდა ჭადრის ხეების ფოთლებში.       და მაინც: ნეტა რა არის სიყვარული?! საიდან მოდის ან სად მიდის?! ,,ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული“... არაბუნებრივმა შუქმა გაანათა ოთახი. სოსო, ჩემთვის შენ ვარსკვლავებიანი ცა ხარ. მერამდენე ღამე დამათენდა, სოსო, შენზე ფიქრში. წუთისოფელი ავი ძაღლივით მიღრენს. მე მაინც მჯერა შენი და მინდა შენთან ერთად გადავლახო ყველა ღრუბელი. მარტო ღრუბელი?! არა. მინდა ცასთან ახლოს დავიდო ბინა და ვარსკვლავებს ველაპარაკო, ხანდახან კიდევ თვალი ჩავუკრა. ცრემლებს არ ვიმჩნევ, არადა მარტო თვალები კი არა, გულიც ტირის. რამისაა გული შემიღონდეს. ყველაზე დიდი საშინელება გულში უხმოდ ტირილი, ქვითქვითი ყოფილა. წვიმა იცი რატომ მიყვარს?! იმიტომ რომ, როცა წვიმს, ჩემს ცრემლებს ლოყებზე ვერ ვგრძნობ. სხვებსაც ჩემი ცრემლები წვიმის წვეთები ჰგონიათ. ამიტომაც ქოლგა არა მაქვს. ფანჯარა შიგნიდან დაიორთქლა და წვიმის წვეთით მინაზე ვწერ: მიყვარდე, გიყვარდე, ვუყვარდე, მიყვარხარ, გიყვარვარ, ვუყვარვარ, მყვარებია, გყვარებია, ჰყვარებია, მეყვარება, გეყვარება, ეყვარება სიყვარული...ახლა გარეთ წვიმს და მე წვიმის წვეთებს ყურს ვუგდებ. წვიმა წკაპიწკუპობს. წვიმის წვეთები შენს სახურავზეც ციდან მირონივით დის და წკაპიწკუპობს...და მე ეს ხმაც მესმის. მოულოდნელად მძიმედ დაიქუხა...ალბათ, სადღაც მეხი ჩამოვარდა. ჭექა-ქუხილის დროს ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ, თითქოს ღმერთი გაბრაზებულია ადამიანებზე და ციდან ქვემეხებს უშენს დედამიწას. ციდან ნამდვილი წარღვნა მოდის. ფანჯრიდან ვიხედები და წვიმა მიწვევს, გარეთ მიწვევს. მე გარეთ გასვლა არ მინდა, მაგრამ ფეხსაცმელებს ვიცვამ და წვიმაში უმისამართოდ დავდივარ. წვიმას შენ მიგზავნი?! არა, წვიმა შენ თვითონა ხარ, თოვლიც შენა ხარ და ჩემი ძალაც შენა ხარ. ორჯერ არაფერი არ იწვის. არც სიხარული, არც დარდი, არც სიყვარული, არც შენა და არც მე. თურმე არც სიყვარული არ უნდა დაითვალო და არც სიძულვილი. ერთმა გველმა ორჯერ რომ არ გიკბინოს, უნდა გაეცალო. უნდა გაეცალო გარემოს, სადაც შენ არავის უნდებხარ. სიკეთე უნდა უსურვო იმასაც, ვისაც შენთვის მარტო ცუდი უნდა და იმასაც უნდა მოასწრო და გაეცალო. შენთან ყოფნის წამებს ვითვლი და ვერ ვითვლი...ეტყობა ზოგჯერ წამი წლებს ტოლს არ უდებს. გადის დრო და მე მაინც ვერ ვხვდები რატომ წახვედი. ვერ ვხვდები ღმერთმა შენ გაგწირა თუ მე გამწირა?! ოცნებებთან მიტოვებულს, სევდასთან დარჩენილს ნეტა იცოდე როგორ მტკივიხარ, როგორ მაკლიხარ და როგორ მენატრებხარ, ჩემო გულისერთავ. ხანდისხან წამი საუკუნის ასაკისაა და საუკუნედაც მეჩვენება. უიმედობას უნდა რომ გამწეწოს, მაგრამ იქ არ მოხვდა. ვიცი გეცინება, მაგრამ ეს ასეა და რაც გინდა ის იფიქრე. სიკვდილმა შენი წამზომი ჩართო. ჩვენი სიყვარულის წამზომიც ჩართო, მაგრამ ნამდვილ სიყვარულს სიკვდილი ვერ მოერევა. საკუთარ თავს თუ მოვატყუებ, სხვასაც იოლად მოვატყუებ. მე ტყუილი ჭირის დღესავით მძულს, მაგრამ არ ვიცი როგორ მოვერიო იმ დღეებს, როცა წარსული დაუპატიჟებლად შემომილეწავს-ხოლმე ფიქრებს. სიყვარულს თურმე არც ასაკი აქვს და არც დასასრული. გიყვარს და მორჩა. გიყვარს და გიყვარს და გიყვარს და გიყვარს... სიკვდილს?! სიკვდილსაც არა ჰქონია არც ასაკი და არც დასასრული. ეტყობა სიყვარული და სიკვდილი ერთი ასაკისანი არიან.        შენ მე მენდობი და მე შენ ვერასოდეს მოგატყუებ, რადგან ღმერთი ყველაფერს ხედავს და მოღალატე ვერასოდეს ვერ გაიხარებს. ვინც ერთხელ მაინც მოგატყუებს, არასოდეს აღარ უნდა ენდო. ხელისგულზე ერბოკვერცხიც რომ შეგიწვას, მაინც არ უნდა ენდო, რადგან ყველაზე ძნელი ნდობის მოპოვებაა და ყველაზე ადვილი ნდობის დაკარგვა. ნდობა არის ადამიანთა ურთიერთობაში ანიც და ჰოეც. ათასჯერ ავწონ-დავწონე და მივხვდი, რომ, ერთადერთი, რაც წლების გამოცდილებამ მასწავლა, არის ის, რომ, რაც არ უნდა დააშავოს ადამიანმა, თანაგრძნობა უნდა შეძლო...თანაგრძნობა უნდა შეძლო, თორემ განკითხვაზე ადვილი არაფერია...კიდევ მასწავლა ის, რომ ადამიანმა რაც არ უნდა გული გატკინოს, მეორე შანსი მაინც უნდა მისცე.. ,,ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული“. სოსო, მინდა ყველაფერი დაწვრილებით მოგიყვე. მინდა მოგიყვე ის უმნიშვნელო ეპიზოდებიც კი, რომლებიც ფრაგმენტებად გამახსენდება ჩემი ცხოვრებიდან. რაც ცხოვრებაში ხმამაღლა ვერ გითხარი და გულში მქონდა, მინდა ახლა გითხრა. მონატრება სულს მიხუთავს და ფერებიც ისეთი აღარ არის, როგორიც მაშინ...შიგნით თითქოს სიცოცხლის ხალისი მიქრება და...უკვე აღარ მეშინია სიკვდილის. სოსო, შენ მე არჩევანის წინაშე დამაყენე...ან გავაგრძელო ცხოვრება ან არა...ვერ ვუძლებ ამ ყველაფერს, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღე: ვაგრძელებ ცხოვრებას. ,,ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული“.   წლების მატება, ალბათ, ყველა ქალისთვის მტკივნეულია ისევე, როგორც წონის მატება, მაგრამ მე ეს კაი ხანია აღარ მაწუხებს. ზოგს დეპრესია ემართება, ზოგი ტრაგედიას ქმნის ამისგან, მაგრამ მე ეს უკვე დიდი ხანია აღარ მანაღვლებს... არაფერი აღარ მანაღვლებს...არა...ამასაც ვერ ვიტყვი...უბრალოდ, გადავწყვიტე თავისუფალი დრო არ მქონდეს. რატომ?! იმიტომ რომ, დეპრესიაში არ ჩავვარდე...იმიტომ რომ, ტრაგედიას ტრაგედია არ დავამატო და გადავრჩე...გადავრჩე ჩემი ანგელოზებისთვის... სულში წვეთწვეთობით მეღვრება მარტოობა და ვფიქრობ როგორ დავაღწიო თავი ამ მარტოობას. რაღა დროს ჩემი სადოქტოროს დაცვაა, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დავკავებულიყავი...დრო ხომ უნდა მომეკლა, რომ შენზე არ მეფიქრა...ამიტომაც ვიცავ სადოქტოროს. ეს სადოქტორო შენი დამსახურებაა...ისეთ რაღაცას შევეჭიდე, მანამდე ფიქრადაც რომ არ გავივლებდი გულში. სამაგიეროდ დრო აღარ მრჩება მწუხარებასთან ერთად ვითვალო დღეები. შენ მიბიძგე...შენ მკარი ხელი. არ უნდა მივცე თავს უფლება საკუთარ თავთან მარტო დავრჩე და შენზე ვიფიქრო. რაც უფრო რთულ საქმეს ვეჭიდები, მით ნაკლები დრო მრჩება დარდისთვის. ტყუილი ყოფილა-დრო ყველაფრის მკურნალიაო...არაფრის მკურნალიც არ არის...ამ დროს ნებისმიერი ნუგეშიც კი უძლურია. ეს მოუშუშებელი ტკივილია. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად მეწვის და მეშანთება სული. მტერს არ ვუსურვებ ჩემი კაბით დაჯდომას. სოსო, შენ ჩემი მოუშუშებელი იარა ხარ...იარა, რომელიც არასოდეს არ მოშუშდება. სიკვდილო, ჩემს გულში შენ სისხლი დაღვარე. სიყვარულის სისხლი დაღვარე. გეგონა, ჩემს სიყვარულს თუ ყელს გამოჭრიდი, დამამარცხებდი?! მე ის სისხლი ჩემს ძარღვებში გავუშვი...   კმაყოფილი ხარ?! პროტესტი გამიჩნდა. სიკვდილო, ვერ გიტან. როგორ უნდა მაჯობო?! ორი შვილის ყავარჯენი ვარ და...სიცოცხლე ისევ ძველებურად მიხარია. მარხვა მხოლოდ ერთხელ შევინახე და ერთხელ ვეზიარე. ალბათ, მარხვის შენახვას რწმენაში განმტკიცება სჭირდება და მე  ამისთვის ჯერ მზად არა ვარ. გულში ატეხილ სიყვარულის ქარიშხალს ვერაფერი ვერ დაიმორჩილებს. გულში დატრიალებული სიყვარულის ქარბორბალა დაუმორჩილებელია. დაუმორჩილებლის დამორჩილება კიდევ შეუძლებელია. სიყვარულს შეუძლია დარდი გაგიფერადოს...სიყვარულს შეუძლია გული გაგიფერადოს...სიყვარულს შეუძლია ბოროტება გაგიფერადოს...სიყვარულს შეუძლია ზიზღი გაგიფერადოს...სიყვარულს შეუძლია თვალები გაგიფერადოს...სიყვარულს შეუძლია ტკივილი გაგიფერადოს...სიყვარულს შეუძლია მარტოობა გაგიფერადოს...სიყვარულს შეუძლია სიკვდილი გაგიფერადოს...სიყვარულს შეუძლია თვალებზე ბინდად გადაგეკრას. სიყვარული ყოვლისშემძლეა. სიყვარულს შეუძლია სამყარო გაგიფერადოს და გაფერადებულ სამყაროს შეუძლია ცის ზემოთ რომ ქვეყანაა, ის ქვეყანა გაგიფერადოს. სოსოს კიბო აქვს, ოღონდ უკვე მეოთხე სტადია. თავიდან არ დავიჯერე...ეს ჩემთვის ისეთი მოულოდნელი იყო, რომ სიტყვა ვერ ამოვღერღე...ვერაფერი ვუთხარი იმ წუთას ექიმს. ვეღარც ამოვისუნთქე. თითქოს ერთ ადგილზე გავიყინე. ღმერთს ვევედრებოდი სიმართლე არ ყოფილიყო. ყველა ექიმმა უარი თქვა მკურნალობაზე. თოდუაში ,,კატე“ რომ გადაიღე, ექიმს ვთხოვე შენთვის დიაგნოზი არ ეთქვა. უთქმელმა ტკივილმა გამანადგურა. ანაზდად საფეთქლებში ცხელი სისხლი მომაწვა. ეტყობა ბედისწერას სურპრიზები მუდმივად თან ახლავს. სოსო, მაპატიე, რომ მოგატყუე და სიმართლე დაგიმალე...მაპატიე, რომ ექიმებმაც დაგიმალეს...მაპატიე, რომ ასე ძალიან მიყვარხარ და მაინც დაგიმალე...მაპატიე...მაპატიე...მეგონა გადარჩებოდი...მეგონა თუ დიაგნოზს გაიგებდი, გული გაგისკდებოდა და იმავე წუთს მიმატოვებდი...ახლა რა უნდა ვქნა?! ახლა რა მეშველება?! მეშინია არ შევიშალო...ვერ გითხარი...ვერ გითხარი...როგორ მეთქვა...შენ თვალები აგიწყლიანდა...მიხვდი, მაგრამ მაინც მენდე...მერე ძლიერად ჩამკიდე ორივე ხელი, ჩემი ხელისგულები გულში ჩაიკარი, დამიკოცნე და გულზე მიმიხუტე...მე კიდევ მაინც არ გითხარი სიმართლე...დაგიმალე...მოგეფერე...დაგიყვავე...დაგამშვიდე...დაგაწყნარე...მეგონა თუ დაგიმალავდი, სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებდი...იმ წუთას მხოლოდ ერთი რაღაცა მინდოდა...მინდოდა, დრო გაჩერებულიყო. მე იმ დღისით, იმ ერთ წამში ჩამოვბერდი...იმ წუთას ყველა დარჩენილი წლის სიცოცხლე მომაკლდა...აღარც სიცილი მინდოდა, აღარც ტირილი და აღარც აღარაფერი აღარ მინდოდა. ოთხშაბათია. დისკი ,,ლანცეტში“ მიმაქვს...მითხრეს, რომ ონკოლოგია საფრანგეთიდან ჩამოსული და დისკი როგორმე ვაჩვენო. როგორც იქნა, კონსილიუმი დამთავრდა და დაუძახეს...დისკი გამომართვა და მეორე დღეს დამიბარა. მივედი. ორი საათი ველოდე. ოპერაციას აკეთებდა. ძლივას მოვახერხე დალაპარაკება. არადა, ერთი სული მაქვს გავიგო, რა ხდება ჩემს თავს. ღმერთო, გევედრები, ჩემი სოსო კარგად მიმყოფე... მაღალო ღმერთო, გევედრები არ გამწირო...უმამო გოგოები ფესვებმოჭრილ ხეებს ჰგვანან. ობოლი გოგოები სხვანაირად დარდიანები არიან. მათ სხვანაირი დარდი იციან. არ გამაბრაზო, არ ამაფორიაქო, არ გამამწარო, სიკვდილო...გთხოვ, არ გამიმწარო შვილები. ისინი ხომ ჯერ ძალიან პატარები არიან. ღმერთო, შენ მაინც შემეწიე...მე თუ არ გებრალები, ჩემი შვილები მაინც შეიბრალე. მაგათთვის მამა ჰაერია. ყველაფერი შენს ხელთაა...უფალო, როგორც ჩათვლი საჭიროდ, მაინც ისე იქნება ყველაფერი, მაგრამ თინანო და თინინო სკოლაში როგორ ივლიან?! მამა რომ ვეღარ წაიყვანთ, მარშუტკით როგორ ივლიან?! ღმერთო, გეხვეწები, გევედრები რამდენიმე წელი აჩუქე ჩემს სოსოს. ღმერთო, მე მადლობელი ვარ, რომ სოსო მაშინ გამომიგზავნე, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა... თვალებს ვხუჭავ და მინდა დაგინახო, მაგრამ ორი ერთნაირი მყავს ...ორი შენი თვალებით, ორი შენი სუნთქვა, ორი საოცრება...სოსო, შენ თუ წახვალ, საყრდენი გამოეცლებათ შენს შვილებს...უშენოდ რა ეშველებათ?! რამდენჯერაც ცხოვრება ზურგზე დასცემთ...რამდენჯერაც ქვას ფეხს წამოკრავენ, იმდენჯერ იტირებენ და იტყვიან: მე რომ მამა მყოლოდა...ყოველი ზარის დარეკვისას თვალებით დაგიწყებენ ძებნას...გული მტკივა...ძალიან მტკივა...როცა გათხოვდებიან, ვინ მიიყვანთ ხელკავით საკურთხეველთან...ვინ მიულოცავთ პირველი...ვინ დალოცავთ...ვინ ეტყვის, რომ ამ სახლის კარი ყოველთვის ღია იქნება მათთვის...ვინ ჩაიხუტებს და ვინ ეტყვის: არ შეშინდეთ...თუ რამე გაგიჭირდებათ აქ ვარ...თქვენს გვერდით. სიკვდილმა შოლტი აიქნია და ეს შოლტი როდის ვის დაეცემა, არავინ უწყის. ულმობელ სიკვდილს სურს შენი სიცოცხლე სისხლისგან დაცალოს. არ ვიცი რა გავაკეთო. სიკვდილი აშკარად მეთამაშება. ჩემი ცხოვრების ყველაზე ჯადოსნური ამბის მთავარი გმირი, ყველაზე კეთილი და თბილი ჯადოქარი, მტოვებს. მიდის და მიაქვს ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი მოგონებები. ,,ბავშვები სუფთა იბადებიან. ადამიანებს მერე გვემღვრევა სული.“ -ქალბატონო, თქვენი სახელი?! -მარიამო. -ქალბატონო მარიამო, სანუგეშოს ვერაფერს გეტყვით...ძალიან მძიმე მდგომარეობაა. -ექიმო, დონორი რომ ვიპოვოთ, გადანერგვა არ უშველის?! -არა, ქალბატონო მარიამო. ეგ ვარიანტი გამორიცხეთ...ჯერ ეგ ერთი დონორს ასე სწრაფად ვერ მოძებნით... -მე ვიქნები სოსოს დონორი,-ექიმმა გაკვირვებით შემომხედა, სათვალე მოიხსნა. გაოცებას ვერ მალავს. -მარიამო, გადანერგვა დაგვიანებულია. ვწუხვარ ამას რომ გეუბნებით, მაგრამ მარტო ღვიძლი არაა პრობლემა. მთელ ორგანიზმში მეტასტაზებია წასული. ღვიძლი კიდევ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. საფრანგეთში ასეთ შემთხვევაში ხელს აღარ ჰკიდებენ ავადმყოფს. რეცეპტს მოგცემთ, წამალი უყიდეთ და როცა ტკივილები ექნება, მიეცით ან ნემსი გაუკეთეთ. პოლიკლინიკაში აღრიცხვაზე დააყენეთ და ნარკოტიკს უპრობლემოდ აიღებთ. დავითრგუნე. მკერდში რაღაც შემერხა. ჩემი შოკი შოკშია. გზას ვეღარ ვხედავ. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ყელში ხელებს მიჭერენ და მახრჩობენ...და დღე არის უკვე პარასკევი. ცამეტი საათი. წამოვედი გამწარებული, ელდანაცემი და განადგურებული, გამწარებული. დანა პირს არ მიხსნის. რა ვქნა?! როგორ მოვიქცე?! რა გავაკეთო?! ადგილს ვერ ვპოულობ. რაღაცა მხრავს. ჰაერი არ მყოფნის. გული გახეთქვაზე მაქვს. მეშინია. პანიკურმა შიშმა საავადმყოფოდან პირდაპირ ეკლესიაში მიმიყვანა. ჩემი სახლის წინ ეკლესიაა, ჩემი სახლის უკან-ტაძარი. ხელში მეჭირა დისკი, ცნობები, ფორმა ასი და სრული უიმედობა. ბედად მამა შალვა ეკლესიაში დამხვდა. რომ დამინახა, მოვიდა-რა გაგჭირვებიაო. მოვუყევი...ასეა ჩემი საქმე და კვირას სახლი გვიკურთხეთ და თან ჩემი მეუღლეც აზიარეთ-თქო. თვალცრემლიანი ვარ და ხმაში ბზარი მერევა. უარი არ უთქვამს. პირიქით, მაშინვე ნაკურთხი წყალი აიღო, ლოცვა წაუკითხა. მითხრა: ხვალ შაბათია და შემახსენეო. კარგი-მეთქი და სახლში გულშეკუმშული ვბრუნდები. აბაზანაში შევდივარ და პირს ვიბან. სოსოს ტყუილ სუფს ვუკეთებ და მის ოთახში შევდივარ. არეული ვარ. დადგა შაბათიც. გადავედი ეკლესიაში და შევახსენე, რომ მეორე დღეს ჩვენთან უნდა მოსულიყო. კვირას ეკლესიაში გადავედი და მამაოს ვთხოვე გამომყოლოდა. უარი მითხრა: ახლა ერთ ბიზნესმენთან მივდივარ სახლის საკურთხებლად და დღეს ვეღარ მოვასწრებ თქვენთან მოსვლასო. გადავირიე. -ხომ შემპირდით?! -არა. არ შემიძლია. რომ არ გავყვე, ეწყინება. აი, მამა მიქაელი წამოგყვება. მამაომ აიღო ნაკურთხი წყალი...და წავედით. გზაში ჩვენი მდგომარეობა ავუხსენი: ჩემს მეუღლეს კიბო აქვს...ღმერთის სწამს...მონათლულია, მაგრამ ეკლესიაში წირვაზე არასოდეს მდგარა და გთხოვთ, სახლი გვიკურთხოთ და ჩემი მეუღლეც აზიაროთ-მეთქი. მამაომ თანხმობა განმიცხადა. სოსოსაც დავურეკე: მამაო მოდის-თქო. რომ შევედით ბინაში, სოსო ჩაცმული ფეხზე დაგვხვდა. მამაომ ბინა გვიკურთხა, ლოცვები წაიკითხა და გვითხრა: შაბათს ეკლესიაში მოდით ყველანი, კვირასაც წირვას დაესწარით და წირვის მერე ყველას გაზიარებთო. ვეღარაფერი ვიწამე და გავჩუმდი. ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათს დილით სოსო გარდაიცვალა. ეკლესიაში გადავედი და მამა შალვას მოვახსენე ჩემი ამბავი-გარდაიცვალა და ახლა, უზიარებელი რომ წავიდა, ეს ცოდვა ჩემზეა თუ თქვენზე-თქო და იცით რა მიპასუხა?! შვიდი შეკვეთილი წირვა ზიარების ტოლფასია და შეკვეთილი წირვები გადაიხადეო. გაოგნებული წამოვედი. ცრემლები მახრჩობს. მართალი ყოფილა ქოთნის ყურის ამბავი. ისე ეს მამაოებიც მაგრები არიან...პოლიტიკაც მაგარი აქვთ: ჩაიდინე ცოდვა?! მოდი, მითხარი და ღმერთი გაპატიებსო...ადამიანი ცოდვის წინაშე მარტო რჩება უფალთან და ვინ იცის ღმერთი შეუნდობს თუ არა ცოდვას...იმას კი არ გეუბნებიან, რომ ცოდვა არ ჩაიდინო, თორემ ღმერთი დაგსჯისო...არა...დააშავე რამე?! მერე რა...შვიდი ან ცხრა შეკვეთილი წირვა გადაიხადე და ღმერთი გაპატიებსო...ან ეკლესია ააშენე და ღმერთი გაპატიებსო...მაგრამ იქ რომ მიხვალ, გაპატიებს?! ან გაპატიებს და ან ჯოჯოხეთის ცეცხლში  ჩაიწვები. გულში დღემდე ხინჯად მაქვს, რომ ჩემი სოსო უზიარებელი წავიდა...იმ დღის მერე აღარ შემინახავს მარხვა....გუშინ კი კვლავ გადავედი ტაძარში და დედაჩემს პანაშვიდი გადავუხადე...სოსო, რამდენი შეკვეთილი წირვა გადაგიხადე, აღარ მახსოვს... ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს უფალთან შესახვედრად, მაგრამ ადამიანებს ეს ხშირად გვავიწყდება. მთავარია ადამიანი შევიდეს უფლის სამსახურში და თუნდაც, ეს მისი ცხოვრების ბოლო წამი იყოს, უფალი მაინც მიიღებს მას დიდი სიყვარულით. ,,ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული“.  ოთხშაბათ დილით  სოსო გარდაიცვალა. ჩემი სოსო...რა მეშველება უშენოდ?! ბედმა მიმუხთლა. ღმერთო, მომეცი ძალა ამ ყველაფერს გავუძლო...უფსკრულის პირას ვდგავარ. გულზე მძიმე ლოდი მაწევს. დაძაბული ვარ. გულის სიღრმეში ძალიან მეშინია. ტანში ამოუცნობი ჟრუანტელი მივლის...გაცამტვერებული და აღელვებული ვარ. სოსო, მაპატიე...მაპატიე რომ სიკვდილმა მაჯობა...მაჯობა თუ აბუჩად ამიგდო?! სოსო, ვეცდები ყოველდღე ისე ვიცხოვრო, როგორც შენ მეუბნებოდი...ვიცხოვრო ისე, თითქოს ხვალ აღარ იქნება...თითქოს დღეს ჩემი უკანასკნელი დღეა და...უნდა მოვასწრო...ბევრი რამე უნდა მოვასწრო...რადგან ერთმანეთი გვტკიოდა, მეგონა შენი ტკივილი ჩემს ტკივილს არ მიატოვებდა. რა მწარედ შევცდი. უცნაურმა შიშმა ამიტანა. სიბნელეს ყოველთვის მოჰყვება სინათლე, ღამეს დღე, წვიმას ცისარტყელა, ზამთარს გაზაფხული,  დაღმართს აღმართი, ჯვარცმას აღდგომა. ,,წარმატება არ არის სამუდამო და არც მარცხია ფატალური მოვლენა. მთავარია, გქონდეს გამბედაობა, რომ გააგრძელო (უინსტონ ჩერჩილი)“. ხოდა მეც გავაგრძელე. სულის დაკემსვა ასე ადვილია?! ხედავ, სიკვდილო?! ხედავ... ვერ წამაქციე...წამართვი, მაგრამ მაინც ვერ წამაქციე, თუმცა წამები უკვე წლებად მეჩვენება... და მე მივხვდი: საფლავი სიცოცხლის წერტილი არ არის. სოსომ ვარსკვლავთა საუფლოში გადაინაცვლა. შინაგანად დანგრეული ვარ. გიორგობისთვე. ცამეტი ნოემბერი მძაბავს და ვერ ვიტან. ფერმინავლებულმა ცამეტმა ნოემბერმა მიწასთან გამასწორა. იმედებიც მიმიმსხვრია და თითქოს მომავალიც წამართვა. ჩემმა მარგალიტისოდენა ცრემლებმა და დარდმა სოსოს გულზე დაივანეს და იქ დაიდეს ბინა. ადამიანი გარდაცვალებით კი არა, დავიწყებით კვდება და ქრება. და მე მივხვდი, რომ სიტყვა ,,მიყვარხარ” აყირავებს და თავდაყირა აყენებს სიძულვილს, ბოროტებას, თვით ეშმაკსა და ვერაგ სიკვდილსაც კი. იმ ავადსახსენებელ დილით პასტა ვერ ვიპოვე, საწერ მაგიდაზე ფანქარი მომხვდა ხელში და წერილი მოგწერე...ეს არის ჩვენი ერთად ყოფნის უკანასკნელი დღე...დღე, როცა უკანასკნელად გხედავ: ჩემო ერთადერთო სიყვარულო, დღეს მე შენ უკანასკნელად გიყურებ. ახლა დილის შვიდი საათია. გვერდითა ოთახში ყველას სძინავს. მე კი მათ გამოვეპარე და შენთან მოვედი. ახლა შენს გვერდით გათიშული ვზივარ სკამზე და თვალს არ გაშორებ. გიყურებ როგორ გძინავს. თითქოს პირველად გხედავ ასე დაწყნარებულს..ასე დამშვიდებულს....მღელვარების ოდნავი კვალიც კი, აღარ გეტყობა სახეზე. ვგრძნობ მალე დადგება გამოსამშვიდობებელი წუთები, მაგრამ მე შენ არ დაგემშვიდობები...შენ წევხარ და ასე მგონია, არაფერზე არ ფიქრობ...არაფერზე არ ფიქრობ ჩემ გარდა...გიყურებ და ასე მგონია, ვიღაც უჩინარმა ყველა დარდი ხელის ერთი მოსმით შემოგაძარცვა. მე კი ვზივარ და ვფიქრობ ჩემზე...ვფიქრობ შენზე...ვფიქრობ ჩვენზე და ჩემს თავს ვადანაშაულებ. ნუთუ ჩემი ბრალია, რომ მტოვებ?! ნუთუ ვერ გაგიფრთხილდი ისე, როგორც საჭირო იყო?! ნუთუ მიდიხარ და მე გიშვებ?! ვიცი, რომ სიცოცხლე ძალიან გწყურია, მაგრამ მე მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია იმ ტკივილისა, რომელსაც, ალბათ, გულით მაინც ატარებდი და მე არ   მეუბნებოდი...ახლა ვგრძნობ და მეც მტკივა...საბოლოოდ, სიკვდილთან უძლური აღმოვჩნდი. ვერ გადაგარჩინე. საკუთარი უძლურების გამო, ბრაზი მახრჩობს. მაპატიე, რომ შენი გადარჩენა ვერ შევძელი...ვცდილობ, ჩვენი ერთად ყოფნის თითოეული წამი გავიხსენო და მეხსიერებაში აღვბეჭდო...მერე კი წერილებად ვაქციო და ყოველდღე მოგწერო...რაც შენამდე იყო და რაც შენ შემდეგ იქნება, იმასაც მოგწერ...თუ ვერ გაგრძნობინე, ვერ განგაცდევინე, ვერ გაგაგონე, ვერ დაგანახე როგორ წვეთ-წვეთად იღვრება ჩემი გრძნობები შენს გრძნობებში, ე.ი. ტყუილად მიწვალია ამდენი, ტყუილად დამიკარგავს დრო და არაფერი არ არის იმაზე მეტად საშინელი, როცა ხვდები, რომ ტყუილად გაგიფლანგავს დრო. შენ ჩემი ალენ დელონი იყავი...იცი?! ჩემი მეგობრებისთვის ყოველთვის მერიდებოდა თქმა, რომ შენ მეტისმეტად ლამაზი, ყველაზე სიმპათიური და ყველაზე კეთილშობილი ჩემი პრინცი იყავი. დღეს მე არავისი და აღარაფრის აღარ მერიდება. შუბლზე ცივი ოფლი მასხამს. ჩვენი დაშორებაც ისეთივე უსიტყვო იქნება, როგორიც ჩვენი სიყვარულია...არ გეწყინოს...მიყვარხარ სამუდამოდ. შენი მარიამო. ,,ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული“. გავიდა ორი თვე. სოსო, დღეს, როცა შენ აღარ ხარ ჩემ გვერდით, ფიქრები უფრო და უფრო მიმძიმდება. სიცარიელე სულს მიღრღნის და ამ სიცარიელის ამოვსება ისევ მხოლოდ შენ შეგიძლია...სოსო, ერთხელ გითხარი და კიდევ გავიმეორებ: მე უფლის და შენ გარდა, არავისთან არა ვარ ვალდებული რამე ავუხსნა. პირობა მოგეცი და...იცოდე, რომ ყველაფერს მოგიყვები...ყველაფერს...მოგიყვები რას განვიცდიდი და რას ვგრძნობდი ,,მაშინ“და რას განვიცდი და რას ვგრძნობ დღეს...ყველაფერს მოგწერ. ჩემი და შენი სიცოცხლე იმ წიგნში გაგრძელდება და იმ წიგნით გაცოცხლდება, რომელიც ჯერ არ დაწერილა და რომელსაც მომავალში აუცილებლად შენი მარიამო დაწერს. მოგიყვები როგორ გავიცანი ლაშიკო და რატომ და როგორ დავშორდით ერთმანეთს...ვნანობ...ძალიან ვნანობ...დანაშაულის გრძნობა მაწუხებს, რომ შენ შენს სიცოცხლეში არ მოგიყევი....მოგიყვები და დაინახავ, რომ მე მხოლოდ შენ მიყვარხარ. შენი გაცნობის დღიდან იმ ავბედით დღემდე და მას მერე-ყოველი დღე შენთან შეხვედრის მოლოდინში ვარ...ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით ისევ ერთმანეთს და როცა თვალებში ჩამხედავ, არ მინდა შემრცხვეს და გავწითლდე, რომ რამე დაგიმალე...შენ, სოსო, ჩემი თილისმა ხარ. სოსო, ჩემი მხრები ახალმა ტვირთმა უფრო მეტად დაამძიმა... უშენობას ძალიან განვიცდი...ვგრძნობ, ჩემი სული სახურავიდან ჩამოვარდნილი ყინულის ლოლუასავით როგორ იმსხვრევა... მეოთხე კლასშიც გადავედით და დამრიგებელი ისევ შეგვეცვალა. ლიზიკო მასწავლებელი კეთილი, მაღალი ტანის მოზვინული ქალი იყო. პირველი სექტემბერია. მთელი ზაფხულის მონატრებულები ერთმანეთს არ ვაცდით ლაპარაკს და ლიზიკო მასწავლებელი გვეუბნება, რომ დღეიდან ჩვენი დამრიგებელია, მათემატიკა უნდა გვასწავლოს, არაფერი დავუმალოთ, რადგან ყველაფერში დაგვეხმარება და მერე გვიცხადებს: დღეს წარმოგიდგენთ ახალ მოსწავლეს-ლაშა პუშკაშვილს, თქვენ კი ლაშიკოს დაუძახებთ, რადგან სახლში ასე ეძახიან. ეს კი ლაშიკოს დედაა-ქალბატონი მედეა, თქვენთვის მედიკო დეიდა. მეშვიდე კლასში ვიყავი, რომ მამაჩემმა აზოვის ზღვაზე წაგვიყვანა. ძალიან გავშავდი. იმდენად გავშავდი, რომ, როცა სარკეში ჩავიხედე, ჩემი თავის მე თვითონ შემეშინდა. მარტო კბილები მქონდა თეთრი. პირველ სექტემბერს სკოლაში რომ მივედით, ჩემი სიშავისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მოულოდნელად ვიღაცამ ზურგზე თითი მატაკა...შევტრიალდი, მაგრამ ბიჭები წრეში ლაპარაკობდნენ და მეც შემოვტრიალდი გოგოებისკენ. ცოტა ხნის შემდეგ ისევ მატაკა ვიღაცამ თითი...შევტრიალდი და მაინც ვერ მივხვდი რომელი იყო...მერე ნაწნავი მომქაჩა...კიდევ მომქაჩა ნაწნავი...მთელი დღე ,,ის“ ვიღაცა მაწვალებდა და ვერც ერთხელ ვერ დავიჭირე ვინ იყო. მეც ხმას არ ვიღებდი. ველოდებოდი როდემდე გააგრძელებდა და როდის მობეზრდებოდა და შემეშვებოდა. ბოლოს დავინახე, მაგრამ არ შევიმჩნიე. იმანაც დაინახა რომ დავინახე და მოვიდა: -გოგო, ასე რამ გაგაშავა...მართლა შავი ხარ თუ რამე გისვია. ლაშიკომ ჯერ ჩემს ნაწნავს წაავლო ხელი, მერე ყელზე შემომაგრაგნა და მიმინასკვა. ლაშიკოს ეჭვი ეპარება... აშკარად არ სჯერა, რომ ზღვაზე გავშავდი და ხელს ხელზე ისე მკიდებს და ისე მიჭერს, რომ ძვლები ჭახიჭუხს იწყებს. მტკივა, მაგრამ ხმას არ ვიღებ. -ექსპერიმენტს ატარებ ჩემზე?! მური მისვია,-მეცინება. მივხვდი, აინტერესებდა მართლა დაზაგრული ვიყავი თუ საღებავი მესვა. თითს რომ დამატაკებდა, მერე თავის თითს უყურებდა, საღებავი გადაუვიდოდა თუ არა. -მარიამ, კბილების გარდა, სულ შავი ხარ...სულ პლიაჟზე იყავი?! მეც ვიყავი ზღვაზე, მაგრამ ეგრე არ დავნახშირებულვარ. -ხოო?! მუგუზალივით ვარ, მერე შენ რა?! -არაფერი. ლაშიკო აწითლდა.       მაშინ შევამჩნიე მეც ლაშიკო. თუმცა, ჩემს ზემოთა ქუჩაზე ცხოვრობდა და დედამისი კაი ტურისტივით ავლა-ჩამოვლაზე სულ ჩვენთან იყო. ჩვენი დედები დაქალობდნენ: ლაშიკოს დედა, ლუკას დედა, მოსეს დედა, იოანეს დედა, მათეს დედა და ლამექეს დედა. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა: არსებობენ ისეთი დედები, რომელთაც შეუძლიათ შვილმა პური სთხოვოს და მან პურის მაგიერ ქვა მიაწოდოს, ან შვილმა თევზი სთხოვოს და თევზის მაგიერ გველი მიაწოდოსო, -არ დავიჯერებდი.…ტყუილად არ უთქვამთ: ათი ფუთი მარილი უნდა ჭამო, კაცი რო იცნოო. მედიკო დღემდის გამოცანად რჩება ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ ათ ფუთზე მეტი გვაქვს ერთად ნაჭამი, მის ხელში ვარ გაზრდილი და მედიკო მოხარშულს მიცნობს, ამ ქალის ფენომენი დღემდე მაინც ამოუხსნელ ამოცანად რჩება ჩემთვის. ,,ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული“... სოსო, ნოემბერში დამტოვე. ხასიათი აშკარად შემეცვალა. უფრო დავმძიმდი. გულზე თითქოს ნაკვერჩხლები მაყრია. შენ გარეშე სიცოცხლემ, ცხოვრებამ, ყველაფერმა აზრი დაკარგა. თითქოს მიმატოვა მთელმა სამყარომ. დავბორიალობ და გზას ვერ ვპოულობ. არადა, უნდა ვიპოვო. ორი შვილი დამიტოვე და ვერ ვუღალატებ. მათი ღალატი შენი ღალატი იქნება. შავ დღეში ვარ. ,,ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული“... სოსო, ახლა რომ ეს ამბავი არ მოგიყვე, გული გამისკდება: შვიდი იანვარია. სახლში ვარ. ჭურჭელს ვრეცხავ. მერე მომენტალურად თავს ვანებებ, ვიცვამ და ქუჩას გიჟივით ვჭრი. საათს ვუყურებ. ისრები ექვსს მიჩვენებს. შვიდისთვის ჩემი მეგობრებიც მოვლენ. ავტობუსიც ჩერდება და სირბილით მივდივარ თავისუფლებაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავდივარ. ეიჩ ემ დემში ავდივარ. შევდივარ ,,ოვსში“. ვიღებ გრძელ შავ შლემს, მოლარეს კარტას ვაწვდი, ვთხოვ იარლიკი მოაჭრას, თავზე ვიკეთებ, იქვე სარკეში ვიხედები და გამოვდივარ. არადა, დაფიცებული მაქვს, შავს არასოდეს არაფერს აღარ ვიყიდი მეთქი. გარეთ გამოვდივარ და მობილური რეკავს. დავხედე ასმათია. ასმათი ჩემი კლასელი, მეგობარი, ჩემი ქმრის დეიდაშვილი და ჩემი შვილის ნათლიაა. თან ჩემი და სოსოს ხანუმა. -მარიამ, სად ხარ? -თბილისი გალერეაში.                  ერთ ათ წუთში კიდევ რეკავს. სახლში რომ მიხვალ, დამირეკე. ვერ ისვენებს. კიდევ რეკავს. მერე კიდევ რეკავს. მე აინუნში არ ვაგდებ. მივალ სახლში და დავურეკავ. -მარიამ, სად ხარ? სახლში როდის მიხვალ? -რა ხდება?!-ამდენი რეკვით უკვე მეც გადავირიე. კიდევ რეკავს. არ ჩერდება. ცოტა ხანში ვურეკავ: ახლა შემოვედი, რა ხდება...ხომ მოდიხართ ჩემთან...ასეთი სასწრაფო რა არის?! -მარიამ, რაღაცა უნდა გითხრა, ოღონდ არ ინერვიულო. იცი...არ ინერვიულო, რა...გთხოვ, არ ინერვიულო. როგორ გითხრა არ ვიცი, მაგრამ უნდა გითხრა... ლაშიკო გარდაიცვალა. -ვინ ლაშიკო?! -ლაშიკო. -რომელი ლაშიკო?! -რა დაგემართა...ლაშიკო...გოგო...ლაშიკო... -რომელი ლაშიკო?! -ლაშიკო...ლაშიკო...რა გჭირს...ლაშიკო. -ვისზე მეუბნები?! -რა გჭირს, გოგო...ლაშიკო...ლაშიკო... -ვახ...ვინ ლაშიკო?! -ვაიმე...ლაშიკო გარდაიცვალა. კაი ხანს აზრზე ვერ მოვედი, ვისზე მეუბნებოდა ასმათი. -რომელი ლაშიკო?! -ლაშიკო...პუშკა...პუშკა. -რაა?! -შვილმა დაწერა...გუშინ დაღუპულა...გასვენება ქაშუეთის ეკლესიიდანაა...გეხვეწები, არ ინერვიულო...არ ინერვიულო, გთხოვ...               სოსო, არ ვიცი რა დამემართა...თითქოს მდუღარე გადამასხეს. მოულოდნელობისაგან გაუცნობიერებლად მაინც შემეცოდა. ერთი სული მქონდა ჩემს საძინებელში შევსულიყავი, თავი ჩამერგო ბალიშში და გულიანად მეღრიალა. მეღრიალა შენ გამო...მეღრიალა ლაშიკოს გამო...მეღრიალა ჩემ გამო..აშკარად ნერვებმა მიმტყუნა. იმ ღამით თვალი ვერ მოვხუჭე. ძილი გამიტყდა. მეგონა არასოდეს აღარ გავიხსენებდი იმ მძიმე ჩემთვის სასიკვდილოდ გამეტებულ დღეებს...მთელი ღამე კორსიზი მედო ენის ქვეშ. ერთხელ ვინატრე, ლაშიკოს გოგო ჰყოლოდა და ისიც ისე მიეტოვებინა ვინმეს, როგორც მამამისმა მე მიმატოვა. მინდოდა, ადრე თუ გვიან, მისი შვილი აღმოჩენილიყო ჩემს ადგილას, მაგრამ...სიკვდილი?! ღმერთო, მაპატიე ჩემი ის განაფიქრიც. არავინ არა თქვას სიყვარული არ არსებობსო, ან წინათგრძნობა არ არსებობსო, ან ღმერთი არ არსებობსო, ან სიზმარი არ არსებობსო, ან ბედისწერა არ არსებობსო. მთავარია, ადამიანი თავის თავთან იყოს გულწრფელი. თავისდაუნებურად სიზმარი გამახსენდა და ასმათს მოვუყევი. სოსო, ახლა შენც მოგიყვები. ოცდახუთ დეკემბერს მესიზმრა: უწონობაში ვიყავი. ყველაფერი გარშემო ვარდისფერში იყო გახვეული. მე და ლაშიკო ვიდექით და დიდხანს ვლაპარაკობდით. მოშორებით მედიკო იდგა ბნელისა და ვარდისფერის გზაგასაყარზე მუნჯად და ხმას არ იღებდა. იდგა და მოთმინებით გველოდებოდა. ჩვენ ვლაპარაკობდით...ვლაპარაკობდით მშვიდად...ვლაპარაკობდით დიდხანს...არადა მედიკო ორი წლის გარდაცვლილია. მედიკო იდგა ჩუმად და ხმას არ იღებდა. იდგა ჩვენგან შებრუნებით. იდგა თავაწეული. არც შემოტრიალებულა. სიზმარი ამიხდა. სოსო, მერე ჩემს თავს ძალა დავატანე, დიდხანს ვიფიქრე და გავიხსენე...გავიხსენე, რაც ვილაპარაკეთ. არ მინდა ჩვენ შორის რამე საიდუმლო ან ვინმე ჩადგეს, არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება თუ რა იქნება...ცხადში რომ იცოდა, ზუსტად ისე შემომიარა ლაშიკომ. მინდა ის სიზმარი სიტყვასიტყვით მოგიყვე: ვაა...ლაშიკო?!...ამ ღამით ჩემს სიზმარში რატომ გამოჩნდი?! რა ქარმა გადმოგაგდო...საიდან გამომეცხადე...შენზე არც მიფიქრია და საუკუნეა არც გამხსენებიხარ, ვაჟბატონო. თვალები ისევ ისეთი გაქვს, როგორიც ერთ დროს ტვინს მირევდა. რატომ გამოჩნდი ჩემს სიზმარში?! რამ შეგაცდინა?! ალბათ, გზა შეგეშალა...რამ გაგახსენა ჩემი მისამართი?! შენ ჩემი ძველი სახლი და აღმართი გიყვარდა, მაგრამ ამ გვიან ღამით რამ გაგახსენა ჩემი თავი. მართლა ვერ ვხვდები, ნუთუ...არა...არ ვიცი...იქნებ...არ ვიცი რა ვიფიქრო. შენ ხომ სიყვარული ანთებულ ასანთს ესროლე და დაწვი. -ახლა რა გინდა?! რატომ მოხვედი?! არ მითხრა ახლა, რომ მოგენატრე.-არა...უბრალოდ, მოვედი.-რატომ მოხვედი?-არ ვიცი, მარიამ.-მაინც?!-არ ვიცი. შენზე ფიქრები ამეკვიატა...სულ შენზე ვფიქრობ...ვცდილობდი, დამევიწყებინე, აღარ მეფიქრა შენზე, მაგრამ არასოდეს არაფერი გამომდიოდა...ხშირად ცოლთან ერთადაც ვიცინოდი, მაგრამ ჩემი სიცილის მიღმა შენზე ოცნებები იმალებოდა...ჩემს ცოლს ვეფერებოდი და თვალწინ შენი სახე მედგა...შენი თვალები...შენსავით არავინ მყვარებია...წავაგე...ჩემს თავთან წავაგე...შეიძლება გიყურო?!     -შეიძლება. მაგისთვის მოხვედი?!-არ ვიცი.-მაშინ რაც იცი, ის მითხარი.-მიყვარხარ.-რაა?!-არა გჯერა?!-არა.-რატომ?!-რატომ უნდა დაგიჯერო?!-მიყვარხარ.-როდის მიხვდი, რომ გიყვარდი?-მაშინ ბანტები გეკეთა. სკოლაში ყოველდღე იმ იმედით მოვდიოდი, რომ იქ შენ გნახავდი...ამიტომაც არასოდეს ვაცდენდი გაკვეთილებს. გახსოვს, ერთხელ სიჩქარეში ჩემი შარვალი ვერ ვიპოვნე და მამაჩემის შარვლით მოვედი...დედაჩემმა სკოლის დირექტორთან დარეკა: ახლავე გამოუშვით, მამამისი სამსახურში ვერ მიდის, შარვალი მოუტანოსო...ვერ წარმოიდგენ როგორ შემრცხვა მაშინ, მაგრამ...იმ დღეს ხომ გნახე...მე მეტი არაფერი მინდოდა.-მერე?!-მაპატიებ?!-რას?!-,,იმას”...           -არ ვიცი.-რა არ იცი?!-ვფიქრობ.-რას?!-გაპატიო თუ არა.-მაპატიე რა...-გაპატიო?! რა გაპატიო?! ღალატი გაპატიო თუ დამცირება, დაცინვა, სულში ჩაფურთხება?! რომელი ერთი გაპატიო...რომც გაპატიო, რა მერე?! ამით რა შეიცვლება?! ძალიანაც გინდოდა ჩემს თვალებში ვარსკვლავები ჩაგექრო, მზე ღამედ გექცია, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, შენ ჩემში ადამიანი და სიყვარული მაინც ვერ ჩაკალი....ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა სოსო, რომელიც თავდავიწყებამდე მიყვარს...გამეცალე...მომშორდი...-მაპატიებ?!-შენ აპატიებდი ადამიანს, რომელმაც გაგამწარა, რომელმაც თავზე ლაფი დაგასხა, რომელმაც დაგაკნინა, რომელმაც მიგატოვა, რომელმაც სიძულვილისთვის და მარტოობისთვის გაგწირა?! თავი დამანებე...წადი...მე დიდი ხნის წინ გაპატიე. რომ არ მეპატიებინა, აქამდე დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი...რომ არ მეპატიებინა, უფალი არ დამეხმარებოდა.-მარიამ, არ გამტყუნებ...ცამდე მართალი ხარ, მაგრამ...მიყვარხარ.-რას მელაპარაკები...მართლა?! -მართლა.-როდის მიხვდი?!-რას?!-იმას, რომ მიქარე...თან მაგრად მიქარე.-პირველად...,,ის” რომ მოვიყვანე. მეორედ...უფალმა საკუთარი შვილის მამობა რომ არ მაღ...დამიჯერებ სიმართლე რომ გითხრა?!-რატომ მოიყვანე?!-შენი სახელი ერქვა და მოვიყვანე. ჰო, მარიამ...ცოლი კი მოვიყვანე, მაგრამ ქალებს მაინც ვერ შევეშვი, ვერ შეველიე...-ჩვენში დარჩეს და ბოროტი სურპრიზი ნამდვილად გამოგივიდა...ჩემთან რატომ მოხვედი?!               -მარიამ, არ გინდა რა ეს ოფიციალური ტონი...ყველა ქალში შენ გეძებდი...ზოგი ღიმილით გგავდა, ზოგი საუბრით, ზოგი თვალებით, ზოგი გარეგნობით, მაგრამ...არც ერთი შენ არ იყავი...მე თვითონ გავაძევე ჩემი სიყვარული შენი გულიდან და ახლა რა გითხრა, არც კი ვიცი... ,,ქალი ან უნდა გააღმერთო......ან უნდა მიატოვო“,-ბრძანა ჰიუგომ.-ხო...დამასწარი...ბრძანა ჰიუგომ, მაგრამ მე როგორ მოვიქეცი?! კიდეც გაგაღმერთე და კიდეც მიგატოვე...ჩემი ღმერთი მივატოვე და...ამიტომაც დავისაჯე...-მე სოსო მიყვარს.-ვიცი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ქალები კაცებზე უფრო ძლიერები ხართ...ცოტა ხანს ინერვიულებთ და მერე გავიწყდებათ, კაცებს კი ის ერთადერთი გვიყვარს და დავიწყება არ შეგვიძლია. ვერ ვივიწყებთ...ვიცი, რომ ,,ის“ გიყვარს...-თუ იცი, რატომ მოხვედი?!-გიყურებ რა...-მიყურებ?!-ხო გნახე. ახლა წავედი.-წადი.-მიყვარხარ. -ლაშა, წადი. არა რა...ცხოვრებამ მაინც ვერ დაგაკაცა. შენი საქმე მაშინ წახდა, როცა შეუცვლელ მეგობრად ,,ღვინო“ აირჩიე. იცი რას გეტყვი?! იმ დღეს, როცა შენ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენე...როცა მწარედ მომატყუე და მიმატოვე... ადამიანს შინაგანად თრგუნახს, ანადგურებს და ანგრევს ღალატი, დაუნახაობა და უმადურობა. ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში სოსო მოვიდა. მოვიდა და გადამარჩინა. ახლა მოდიხარ და მეუბნები, რომ...კარგი რა...წადი. მე სოსო მიყვარს. სოსო უფლის ყველაზე დიდი საჩუქარია. წადი! წადი და აღარასოდეს გამოჩნდე ჩემს ცხოვრებაში. გასაგებია, ლაშა?! -ლაშა თუ ლაშიკო?! -ლაშა. -მარიამ, მოდი ერთმანეთს გულს ნუღარ ვატკენთ. მიყვარხარ! -ჰმ...გიყვარვარ?! ხო...მართალი ხარ...სიყვარული ყველას უნდა, მაგრამ სიყვარული, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა და თავგანწირვა...     -მე კი არც ერთი მქონდა და არც მეორე შემეძლო, არა?!...ამიტომაც დამსაჯა ღმერთმა...მივდივარ, ბროწეულას ყვავილო, მივდივარ... გახსოვს?! ბროწეულას ყვავილს მარტო მე გეძახდი და... მარტო შენ გეძახდი... შენ ჩემი მარიტა იყავი...და მარტო მაშინ გეძახდი, როცა არავის...გაიღიმე რა...სიკვდილივით მეშინოდა შენთან შეხვედრისა. შენს ნახვას ვერ ვბედავდი. არ ვიცოდი, რომ მენახე, რა უნდა მეთქვა. მეშინოდა, რომ საერთოდ არ დამელაპარაკებოდი. ხო იცი...ზოგისთვის სიყვარული ყველაფერია, ზოგისთვის თამაში, ზოგისთვის გასართობი, ზოგისთვის მწარე გაკვეთილი, ზოგისთვის ბედნიერებაა, ზოგისთვის დაღუპვაა, ზოგისთვის მთელი სიცოცხლე,-მე კიდევ დამღუპა შენმა სიყვარულმა...ხომ იცი...,,იმის” მერე არ გამოვფხიზლებულვარ...,,იმის“ მერე სულ მთვრალი ვარ...,,.ქრისტიანი ვარ და ღმერთის მწამს, მაგრამ ხანდახან ჩვენს ცხოვრებაში დგება ისეთი დრო და ჟამი, როდესაც ვივიწყებთ იმ ჩვენს ღმერთს. თავდავიწყებიდან გამოსარკვევად ვიღაცა მჭირდებოდა, ვიღაცას დროულად უნდა შევეჩერებინე, თორემ სიყვარულის უკანასკნელ წვეთსაც დავკარგავდი, მაგრამ არავინ შემაჩერა...ჩემს თავს ვებრძოდი. იმედი მქონდა, როგორმე თავს დავიძვრენდი. ვცდილობდი თავი დამეღწია იმ მორევისთვის, რომელშიც დედაჩემის წყალობით აღმოვჩნდი, მაგრამ ჩემი ყოველგვარი მცდელობა ამაო გამოდგა. სწორ გზამდე ვეღარ გავაღწიე...მინდოდა გავქცეულიყავი, მაგრამ ღვინის მეტს ვერაფერს ვხედავდი...არ ვიცოდი როგორ გავცლოდი ამ ყველაფერს, თუმცა გაქცევა ყოველთვის არ ყოფილა შესაძლებელი...ჰოდა, მეც ვერ გავექეცი და ისე შევეგუე ჩემს ბედს თითქოს მე თვითონ მომეწადინებინა...ადგილიდან ვერ ვიძროდი...ერთ დილით გავიღვიძე და ,,იმის“ დანახვაზე შიშმა მომიცვა...საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. თითქოს ბნელეთის ყველა ძალა ჩემს წინააღმდეგ ამხედრებულიყო...არ ვიცოდი სადამდე მიმიყვანდა ჩემი გაუაზრებელი ნაბიჯი...როცა გამეღვიძა, ჩემს თავს ვეკითხებოდი ვინ იყო და რატომ იყო ,,ის“ ქალი ჩემს გვერდით...ვის უნდოდა ჩემი გასულელება...ვიყავი თუ არა მსხვერპლი ჩემივე თავისა...არ ვიცოდი რა უნდა მექნა...თითქოს ჩემსავე თავში დავიკარგე და გზას ვერ ვიგნებდი...,,იმ“ ქალმა კი, რომელიც მტაცებელს ჰგავდა და განსაკუთრებული ,,ყნოსვა“ ჰქონდა, ხელი ჩამჭიდა, ჩამეჭიდა და იმ ხელიდან თავის დაღწევა ისევე შეუძლებელი აღმოჩნდა, როგორც ციხიდან...,,იმან“ კუთხეში მიმიმწყვდია...,,იმანაც“ დედაჩემივით ჩემი სიმთვრალით ისარგებლა...,,იმ“ ქალის თვალებში აღტაცებული ავხორცული სიხარული ელავდა. ,,ის“ ქალი ჭკვიანი არ იყო და შენამდე ვერც მოვიდოდა, მაგრამ მზად იყო ნებისმიერ ფასად დავეთრიე და ჩემ გვერდით ყოფილიყო მთელი ცხოვრება. მომაკვდინებელმა ელდამ შემიპყრო და მეჩვენებოდა, რომ პირდაღებული უფსკრულისკენ მივექანებოდი...ჩემს გვერდით კი მარტო ,,ქალი“ იყო...ქალი, რომელსაც მე არ ვიცნობდი...არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა მის გვერდით...,,იმ“ ქალის გვერდით, რომელმაც არ იცოდა რა იყო სირცხვილი...რა იყო სიბრალული...რა იყო სინდისი...რა იყო სიყვარული...მე იმისი სახელიც კი არ ვიცოდი...მაგრამ ეს უკვე რეალობაში ხდებოდა და ამას ვერსად ვეღარ გავექცეოდი...ვიცოდი შენ ,,იმ“ ღამეს არ მაპატიებდი...ქალიც არსად წავიდოდა...ჩემთვის კი, სულ ერთი იყო, რომელი,,მარიამი“ იქნებოდა, შენ თუ არ იქნებოდი...ამიტომაც შევეგუე ბედს და ცოლად შევირთე ქალი, რომლის სახელიც კი არ მახსოვდა. საკუთარ გულში მინდოდა გამემართლებინა ჩემი საქციელი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. თავს გულშიც ვერ ვიტყუებდი. ჩემთვის ამოუცნობ სამყაროში შევდგი ფეხი და სასმელში ვიკლავდი უშენობას. გონზე ვერ მოვდიოდი და იძულებული გავხდი, დინებას დავმორჩილებოდი. ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ისეთი ქალები, რომელთაც ჩემთვის სიამოვნება და სიხარული მოჰქონდათ...ვერ ვიტყვი, რომ საყვარლები მყავდა...საყვარელი არ მყოლია...იყვნენ ისეთებიც, რომელთაც შეეძლოთ ჩემთვის უძილო ღამეები გადაეტანინებინათ...იყვნენ შეუხედავები და ულამაზესი ფერია ქალები...იყვნენ ისეთებიც, რომელთა გვერდითაც სრულყოფილ მამაკაცად ვთვლიდი თავს, მაგრამ მე მათ ნებისმიერ დროს ვტოვებდი და ახალ-ახალს ვეძებდი. მერე უაზროდ გონის დაკარგვამდე ვსვამდი და გატიალებული მთვრალი კიდევ დიდხანს ვერთობოდი იაფფასიან ქალებში...უსიყვარულოდ ვიქორწინე...ცოლიც მყავდა და უამრავი ქალიც, მაგრამ არც ერთი შენ არ იყავი და ეს მანადგურებდა. მერე კი ასე განადგურებული ისევ ვსვამდი და ისევ ქალებში ვეძებდი ხსნას, მერე ისევ ვივიწყებდი და ვიკიდებდი ,,იმ“ სხვებს, აი შენი დავიწყება კი არ შემეძლო..ამდენი წლის განმავლობაში, ჩემს თვალთახედვაში, არ მოიძებნა ქალი, რომელიც შენს თავს წუთით მაინც დამავიწყებდა, მაგრამ... არ ვიცი...არ ვიცი მაშინ რა დამემართა. გვიან მივხვდი, რომ მედიკოს არ უნდა ავყოლოდი და მეტი სიმტკიცე და ნებისყოფა უნდა გამომეჩინა და შენთვის ჩაჭიდული ხელი არ გამეშვა...უფლება არ მაქვს ვინმეზე ვიყო გაბრაზებული, რადგან, რაც მოხდა, ყველაფერი ჩემი ბრალია...მარიამ, გეხვეწები, გაიღიმე...გაიღიმე და მივდივარ. გახსოვს, შენს ფანჯარას გუნდა რომ მოხვდა...გამოიხედე და ქუჩაში არავინ იყო, თოვლზე კი ,,მარიამი“ ეწერა...მაშინ ვერ გითხარი...მე დავწერე...ის გუნდაც მე ვისრო... -რა მაგრად გაკლია...ისეთ რაღაცებს ამბობ, გლეჯ პირდაპირ. არ ვიცი რა გრძნობაა, როცა იცი, რომ სხვა უყვარს...არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე შენი ცოლი ამ ყველაფერს როგორ იტანდა...მე არც შენს სულში ჩახედვას ვაპირებ და არც შენს გაგებას. შენ წარმოიდგინე, ვერც მე გაგიგებ. ჩემი გონებიდან შენ დიდი ხანია ამოგშალე...რასაც ლაპარაკობ, ჩემთვის წყლის ნაყვაა. რატომ მალავდი?! -რას?! -ბროწეულას ყვავილს რომ მეძახდი და კიდევ... -არ ვიცი. ალბათ, იმიტომ...იმიტომ რომ, ძალიან მიყვარდი და არ მინდოდა ვინმეს გაეგო...ვინმე ჩამზიარებოდა...ეს სიყვარული მარტო ჩემი იყო და იმიტომ...ამ უკიდეგანო სამყაროში, როცა ვინმე გიყვარს და როცა ვინმეს უყვარხარ, თურმე უნდა ჩაეჭიდო და არ გაუშვა...ამას გვიან მივხვდი...გვიან მოვტვინე, რომ პოვნა ყოფილა რთული, თორემ დაკარგვაზე იოლი, თურმე, არაფერია...მარიამ, ყველაზე მეტად იცი რაზე მწყდება გული?! გული იმას ვატკინე, ვინც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა და ვისაც ყველაზე მეტად სჯეროდა ჩემი...დღეს ვნანობ, ძალიან ვნანობ...მთელი ამ ხნის მანძილზე, სულ ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში: ერთხელ მაინც თუ მოგნატრებივარ...ერთხელ მაინც თუ გნდომებია ჩემი ხმის გაგონება...თუმცა, სახეზე გაწერია ყველაფერი. -ისევ დაიწყე, არა?! შენ ვერა ხარ მატორზე. სულ გარეკე?! არც ერთხელ არც კი გამხსენებიხარ...რა მონატრებაზე და რა ხმის გაგონებაზე ლაპარაკობ?! რაც არ უნდა თქვა, გული მაინც არ ამიჩუყდება...გულისტკენაზე ძნელი არაფერია...ჩემთვის დიდი ხანია მკვდარი ხარ...გვიანია თითზე კბენანი, მომწყდი თავიდან...მგონი დავთრები აგერია. წადი...ჰმ...მარიტა...ბროწეულას ყვავილი...ბროწეულას ყვავილი კი არადა, ყვავი...გამასწარი ახლა აქედან. წა დი! დ ა ა ხ ვ ი ე! წა დი! შეუშვი მაგ ბაშკაში, რომ მე სოსო მიყვარს. აიბუჩქე ახლა აქედან. წა დი!!! დაახვიე!!! წა დი!!! შენი დანახვაც არ მინდა...წადი!!! -მარიამ, არ გინდა...უფრო მეტად ნუ დავძაბავთ სიტუაციას...დავახვიო?! წავიდე?! ავიბუჩქო?! შენ და ეს სიტყვები?! -ჰო, რა გაგიკვირდა?! წადი! ვაახ...! შენ ვინ ყოფილხარ?! აბა რას ელოდი ჩემგან?! რახან მობრძანდი, შემოგაფრინდებოდი?! წა დი!!! ლაშა, წადი!!!მე ვძაბავ არა სიტუაციას?! წა-დი!!! -წავალ... ოღონდ... კიდევ ერთი რაღაცა მინდა გითხრა... -თქვი...თქვი და წადი! -გახსოვს... ვიღაცა წერილებს გვიგზავნიდა კლასელებს...მერე ჩვენც ვიკრიბებოდით...იმ წერილებს მე ვწერდი...მერე კონვერტებში ვაწყობდი და ფოსტაში მეზობელს ვატანდი...თვალებზე ეტყობოდა ლაშიკო ჩემს აფეთქებას ელოდა, მაგრამ მე მშვიდად ვუთხარი; -არა მჯერა. -რატომ?! -მისამართები საიდან იცოდი?! -სკოლის ალბომში ეწერა და... -არა მჯერა. ვერ ვიჯერებ. -რატომ?! -არ ვიცი. ბრავო, ლაშა...კიდევ ერთხელ გამაოცე...ბრავო! -არც ახლა დამიჯერებ?! -რას?! -იმას, რომ...მიყვარხარ...ვიცი, რომ ძალიან გაწყენინე, მაგრამ...ღმერთია მოწამე, არ მინდოდა ასე მომხდარიყო...ახლაც ვერა ვხვდები რა ღმერთი გამიწყრა...რატომ მოვიყვანე ცოლად ,,ის“...მაპატიე...ვერ გივიწყებ...სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყოველთვის მაკლდი თვალში...ვერ შევძელი შენი დავიწყება...ვერ დაგივიწყე...ჩემს ძალებს აღემატება...მართლა არ შემიძლია...დაუფიქრებლად დაგითმობდი სიცოცხლეს, თუ ამის საჭიროება გექნებოდა...ხატზე დაგიფიცებ, არ გატყუებ...მიყვარხარ. -მაწყენინე?! გიყვარვარ?! ხატზე დაიფიცებ?! ასე ფიქრობ?! ნეტა შენ თვითონ თუ იცი, რას ბოდიალობ?! გაურკვევლობა აყენებს ადამიანს ტკივილს. იმას მაინც თუ ხვდები, შენი სიყვარული რაზე დაახურდავე...კი არ მაწყენინე, მომთხარე და ცოცხლად დამმარხე...ახლა რა გინდა ჩემგან...წადი!!! გადაშენდი...ლაშა, მე შენთვის არასდროს მისაყვედურია, რომ მომატყუე...არასდროს მისაყვედურია, რომ მიღალატე...არასდროს მისაყვედურია, რომ ,,ის“ აიტორღიალე და მე თვალის დახამხამებაში მოჩვენებასავით მომისროლე...არასდროს მისაყვედურია, რომ ჩემზე უარი ისე თქვი, ბოდიშიც კი არ მოგიხდია...მომშორდი...ნუ ცდილობ მოთმინება დამაკარგვინო...სიმართლე ხშირად დაუჯერებლად ეჩვენებათ ადამიანებს. წა დი!!! -ოკეი...ახლა წავედი. -წა დი! -ცხოვრებაში ერთ შეცდომას ყველა უშვებს...და მერე სწორედ იმ ერთს ვერ ასწორებს ვერაფერი. ალბათ ასეთია კაცის ბუნება: იმას ვღალატობთ, ვინც ჩვენს თავზე მეტად გვიყვარს და მერე მთელი ცხოვრება იმას მივტირით. მეც ასე დამემართა...თუ არსებობს შენ ირგვლივ ისეთი ადამიანი, რომელსაც მთელი გულით უყვარხარ მარტო იმისთვის, რომ არსებობ და შენი არსებობით ბედნიერია, თურმე მაგრად უნდა ჩაებღაუჭო და არასოდეს არ უნდა გაუშვა არც ხელიდან და არც გულიდან. -შემეშვი თუ კაცი ხარ...სინანული გვიანია, ვაჟბატონო. მე სოსო მიყვარს...წა დი!!! -მიყვარხარ!!! -წადი!!! წადი!!! -მივდივარ...არ მინდა თავი მოგაბეზრო...რახან შენ ასე გინდა, მივდივარ, მაგრამ... -არანაირი მაგრამ...შენი გზა შენ თვითონ აირჩიე...როგორი იყო ეს გზა, ეს ცალკე კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ შენ აირჩიე გზა...ახლა კი, ჩემი ცხოვრებიდან ერთხელ და სამუდამოდ გაქრი...მე სოსო მიყვარს...ხომ ამოანთხიე, რაც გინდოდა?! ახლა წადი! -გევედრები, ნება დამრთე... -დედიკო გელოდება...წადი!!! -ნახვამდის, მარიამ. -მშვიდობით. ლაშიკო დამნაშავესავით თავდახრილი იდგა კაი ხანს, ხმას აღარ იღებდა, მერე შეტრიალდა და წავიდა. სადღაც ხუთ მეტრში ლაშიკოსგან ზურგით ძაძებიანი მედიკო იდგა. იდგა მდუმარედ. ლაშიკოს უცდიდა. არ ინძრეოდა. მერე ლაშიკო შეტრიალდა და მორჩილად მიუახლოვდა მედიკოს და უთქმელად მწყობრი ნაბიჯით გააბიჯეს ბურუსიან უმიწო უსასრულო სიცარიელეში. გამეღვიძა. გავიზმორე. პირჯვარი გადავიწერე. ღმერთო, მაპატიე, ნიშნს არ ვუგებ, მაგრამ...მაინც რა ოხერი რამეა ეს ბუმერანგი. ქალს თუ ააცრემლებ, ღვარცოფად იქცევა და ოდესღაც აუცილებლად წაგლეკავს. ინანებ, მაგრამ გვიანი იქნება. პირჯვარი კიდევ ერთხელ გადავიწერე. სიზმარი სიზმარშივე დავტოვე. ღმერთო, რამ დამასიზმრა მედიკო?! საკოცნელი პირი საფურთხებლად არ უნდა გაიხადოს კაცმა.