ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

თვითმარქვია

თვითმარქვია

1.     ქვითხურო უსუფიროცა მზემ ოქროს თითების გაჭიმვა დაიწყო, უსუფი სოფელ ალავერდს გამოსცდა და ტფილისის შესასვლელთან სულის მოსათქმელად ჩამოჯდა ქვაზე. 1900 წლის 4 იანვრის დილა თენდებოდა. ახალი საუკუნე ახალი იმედებით ავსებდა მგზავრს, რომელსაც მშობლიური სპარსეთი დაეტოვებინა და სეზონურ სამუშაოებზე ტფილისისკენ მიეშურებოდა. ქვაზე დამჯდარს ფიქრი მოეძალა; თვალწინ დაუდგა, როგორ ფუსფუსებენ მის ოჯახში ქალები, ამზადებენ საუზმეს პატარებისთვის და როგორ ასუფთავებენ კარ-მიდამოს უეცარი სტუმრის მოლოდინში. ფიქრებში გართულმა ჯიბიდან მჭადის ნატეხი ამოიღო, რომელიც მადლიანმა ალავერდელმა გლეხმა უწილადა, და გემრიელად შეექცა. სიცივისგან გალურჯებული, გაუხეშებული ხელები ახლოს მიჰქონდა პირთან რომ თითო მოკბეჩაზე თავისივე სუნთქვით გაეთბო. მზერა ფერდობს მოფარებული მზისკენ ჰქონდა მიპყრობილი, რომელიც ამოსვლას არ ჩქარობდა. ხმელა მჭადით დანაყრებულს და ბუნების მშვენიერებით მოხიბლულს სახეზე მადლიერების ღიმილმა გადაურბინა. ფართო ღიმილი ჰქონდა უსუფს რომელიც ორად გაყოფილ ნიკაპს ერთიანად უსწორებდა. ხშირი წარბების დარაბებიდან ღია ნაცრისფერი, თითქმის გამჭვირვალე თვალები, როგორც ორი მთვარე ბნელ ღამეში, იმედის შუქს აფრქვევდნენ. სწორედ ისეთს, 24 წლის ენერგიულ ახალგაზრდას რომ შეეფერება, ახალი ცხოვრების დასაწყისის მოლოდინში. ქვიდან წამომდგარმა ხელები გაშალა და ღრმად ჩაისუნთქა. მერე ისე მოეხვია ცარიელ სივრცეს, თითქოს წარმოსახვაში დანახულ ოჯახის წევრებს ემშვიდობებოდა. ბოლოს სავარცხელივით გაშლილი გრძელი თითებით ქუდიდან გადმოშლილი ხშირი, ტალღოვანი თმა გაისწორა, შარვალი დაიფერთხა და გზა განაგრძო. მიდიოდა უსუფი, გრძელ ფეხებს რიტმულად ადგამდა, თითქოს ასურულ ხალხურ ცეკვას ასრულებდა საკუთარ თავთან ფერხულ-ჩაბმული. მიდიოდა და კმაყოფილი ოცნებას განაგრძობდა: „რამდენი კეთილი და სტუმართმოყვარე ადამიანი შემომხვდა გზაში, სადაც ჩამოვიარე, ყველგან პური და წყალი მომაწოდეს. გამიმართლა რომ მშვიდობით ჩამოვაღწიე. დღეს და ღამეს გავასწორებ ახალ სამსახურში. ფულს ყველაზე დიდი, სამ წელიწადში მოვაგროვებ და მშობლიურ სოფელში დავბრუნდები. მანამდე კი, იქნებ გამოჩნდეს ვინმე და სიტყვა მომიტანოს ურმიიდან, ან ჩემი კარგი ამბავი წაუღოს ოჯახს. იქნება ვინმე, ტფილისი სპარსელებით არისო სავსეო, - განა არ იძახდა მაჰმუდ ბეი “, - თავი გაიმხნევა და ამ ფიქრებში გართული, უცებ კალა უბანში აღმოჩნდა. თვალი მეჩეთისკენ გაექცა და უნებლიედ, თავზე ირიბად ჩამოცურებული სპარსული ქუდი გაისწორა. მერე მდინარე ქურას ნაპირზე მიმდებარე ჩამწკრივებული ქუჩებისკენ გაიხედა და ურმიის ტბასთან გატარებული ბედნიერი ბავშვობა გაახსენდა; მოკლე ბილიკები, რომლებითაც სოფლიდან ტბამდე მიდიოდა ხოლმე. დედაქალაქის ეს მშვიდი გარემო ძლიერ ესადაგებოდა უსუფის ნოსტალგიურ განწყობას ამ სუსხიან დილას და ისიც აუჩქარებლად მიუყვებოდა ქუჩებს რომლებშიც ტფილისის ყოველდღიურობა მსუბუქად იღვიძებდა.  თითქოს საუკუნის დასაწყისს ზეიმობსო, იქაურობა უცებ ქუჩის მუსიკოსებით გაივსო, რომლებიც ღამენათევები და შეზარხოშებულები, სიმღერ-სიმღერით ბრუნდებოდნენ შინ. მილეთის ხალხი ირეოდა ერთმანეთში: სპარსელები, თურქები, ქურთები, აზერბაიჯანელები, იეზიდები, ებრაელები, ბერძნები, რუსები, ქართველები, და ყველზე მეტი, მდიდარი სომხები, რომლებსაც განსაკუთრებული პატივისცემით ესალმებოდნენ გამვლელები. ფერადი შენობები ხელით ნაქსოვ ხალიჩასავით იშლებოდნენ უსუფის თვალწინ და მშობლიურ სპარსეთში აბრუნებდნენ. ტფილისური ფერადი, რიკულებიანი აივნებით მოხიბლული ისევ ფიქრმა გაიტაცა; ამჯერად მამასთან დაიწყო გონებაში საუბარი: „შეხედე, ბაბა, რა მადლიანი ხელის ნაშენია ეს თვალწარმტაცი დედაქალაქი! ბავშვობაში ხომ მიპირებდი ტფილისის სამხატვრო სასწავლებელში გაგზავნას. ჰოდა, აგიხდა ოცნება და მართლაც მოვხვდი ამ საოცნებო ქალაქში. იმედებს აუცილებლად გაგიმართლებ, ბაბა, და მეც ვიტყვი ჩემს სიტყვას, აქ ამ მიწიერ სამოთხეში “. ფიქრი დაასრულა თუ არა, პერანგში ჩამალული ჯვარი ამოიღო და ჩუმად აკოცა. -        ხელგაშლილი მეგებება საქართველოს დედაქალაქი! - დაიყვირა არამეულ ენაზე, თუმცა ყურადღება არავის მიუქცევია. მჭიდროდ დასახლებულ ქუჩებში თანაბრად მოძრაობდნენ სავაჭრო საქონელი, ხალხი და ქუჩის ძაღლები. უკვე კარგად გათენებულიყო, როცა უსუფი საჯინიბოს მიადგა და ქუდის მოხდით მიესალმა იქ მყოფებს. თურქულად მოლაპარაკე ახალგაზრდა ბიჭებმა უსუფი სიხარულით მიიღეს, დააპურეს და ჩაიც დაალევინეს. -        ეს იქნება შენი საქმე, - უთხრა ასაკით ყველაზე უფროსმა. „აჭამე, დაბანე და სტუმრებისთვის გაამზადე ცხენები“. უსუფი თავს უქნევდა და იღიმებოდა. როგორ გამიმართლა ახალ სამსახურში, გაიხაროს მაჰმუდ ბეიმ, რომ სიტყვა შემაწია ამ ღვთისნიერ ხალხთან, - გაიფიქრა თავისთვის და ბედნიერი საჯინიბოს კუთხეში მოწყობილი საწოლისკენ გაემართა.-        ცოტას დავისვენებ და მაშინვე შევუდგები საქმეს, - გამართული თურქულით უპასუხა უფროსს. დაწოლისთანავე ჩაეძინა მრავალი დღის ნამგზავრს და სიზმარში დედა გამოეცხადა. უეცრად დაბერებული, დაგლეჯილ ფარდაგს შავი ძაფით კემსავდა. -        შენი ფერადი ძაფები სადაა დედიჯან? - ჰკითხა გაკვირვებულმა. დედამ სევდიანად გამოხედა და ქსოვა განაგრძო. -        რა ხდება შენს თავს, რატომ დაღონებულხარ? - არ მოეშვა უსუფი.მოხუცი დედა უსასრულობაში იმზირებოდა, სულ აღარ უყურებდა საკემსს. თითებში ნემსი ერჭობოდა და სისხლისფრად ღებავდა ფარდაგს. უსუფს გული შეეკუმშა, უნდოდა ხელით შეხებოდა დედას, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვროდა. დედის სისხლიანი ხელების ცქერას ვეღარ გაუძლო და გამოფხიზლდა. -        ქალაქში მივდივარ, სომეხ ბატონთან მიგვყავს ეს შავი ფაშატი. შენც წამოდი, გზას გაგვიკვალავ და თან ქალაქსაც ნახავ. - შესთავაზა ყველაზე უმცროსმა მეჯინიბემ გაღვიძებულ უსუფს, რომელიც სიხარულით დასთანხმდა. -        ჯერ ჩემს სიზმარს გავაყოლებ წყალს ლევენთჯან. - უთხრა და კოკიდან ჩამოსხმულ წყალს უამბო საზარელი სიზმარი. ნაშუადღევს ისევ კალა უბანში აღმოჩნდა ახლად შეძენილ ამხანაგთან ერთად. საზეიმოდ მოკაზმული შავი ფაშატი თავიდან მშვიდად მიაბიჯებდა ქვაფენილზე, მაგრამ უეცრად გაველურდა და ტლინკები აყარა, ლევენთი წააქცია და ჭიხვინით გავარდა. უსუფი არ დაიბნა, განა ასეთი ცხენები მოურჯულებია მაღალმთიან სპარსეთში?! გაეკიდა და ოსტატურად მოახტა ზურგზე, მაგრამ ცხენმა უმალ მოისროლა და პირდაპირ მდინარეში გადახტა. უსუფი უცებ წამოდგა მაგრამ ფეხქვეშ მიწა აუყანყალდა. ეგონა, თავბრუ დამეხვაო, როცა წუთის წინ მშვიდად აზიდული სახლების ხის აივნები ამოძრავდა. გარშემო პანიკამ და ქაოსმა დაისადგურა. ტფილისელები ფეხშიშველი გამორბოდნენ სახლებიდან, ზოგი პირდაპირ ბანიდან ხტებოდა. შეშინებული ბავშვების კივილმა წამით წარსულში გადაისროლა უსუფი. გაახსენდა 15 წლის წინ, საყვარელი ბიძის სოფელში, როგორ უეცრად შეინძრა მიწა... მაშინაც არ დაიბნა პატარა უსუფი და სახლისკენ მოკურცხლა, მაგრამ დააგვიანდა... ვერ მოასწრო ოჯახის წევრების გაფრთხილება... -        მიშველეთ! ბავშვი! - ქალის კივილმა ისევ ტფილისში დააბრუნა უსუფი და უნებლიედ ჩაება ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანის საქმეში. სამსახურში დაბრუნებულს ყველა ცხენი გაქცეული დახვდა.1900 წლის 4 იანვრის მიწისძვრამ ტფილისის მახლობლად 10 სოფელი შთანთქა და 1000-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სახლებთან ერთად, უსუფის ოცნებებშიც გაჩნდა პირველი ბზარი, როცა დედაქალაქში ჩასულმა, პირველივე დღეს სამსახური დაკარგა. ***ორი წელი იხეტიალა უმუშევარმა უსუფმა. აზერბაიჯანულად მოლაპარაკე ტფილისელები ათვალწუნებით უყურებდნენ თურქულენოვან მაწანწალას. მეჩეთშიც კი არ შეუშვეს, როცა გაიგეს რომ ურმიიდან იყო. აღარც მისი ყოფილი ბატონის, მაჰმუდის მეგობრები იღებდნენ, რადგან სამსახურის გარეშე დარჩენილებს თავისი გასაჭირი ჰქონდათ. მარტო ლევენთი შემორჩა, ერთგული მეგობარი, რომელსაც ყოველ კვირას, სომხის ბაზარში ნახულობდა და რომელიც თავის ახალი ბატონის დუქანში, ხემსით და ჭიქა ჩაით უმასპინძლდებოდა ხოლმე. თუ ცოტაოდენ ფულს იშოვნიდა, შაქრის ნატეხებს ყიდულობდა ბაზარში ცალობით და ლევენთთან მიჰქონდა ჩაიზე მისაყოლებლად. წრუპავდა ჩაის და გონებით ოჯახის წევრებს ელაპარაკებოდა: „ნეტა შენ ვინ გასმევს ჩაის დედიჯან? “მალევე მიხვდა, რომ სპარსული ქუდი არაფერს არგებდა ქალაქში, სადაც მარტო სომხური და რუსული სიტყვა ფასობდა. დადიოდა უბან-უბან, მშიერი და მარტოსული. ოჯახის წევრებზე დარდი მოსვენებას უკარგავდა. „ნეტავ მაჰმუდ ბეისთან თუ მიხვედით დედა, როგორც დაგარიგეთ? ხელს არა გკრავდათ კეთილი ბატონი, მისთვის სულერთია მუსულმანი და ქრისტიანი, ყველას ალაჰის შვილებს გვეძახის! “ - ფიქრობდა თავისთვის. ზოგჯერ ხმამაღლა საუბრობდა თავის ენაზე ხალხმრავალ ადგილებში, იმის იმედად, რომ ვინმე ასურელს შეხვდებოდა, მაგრამ ტფილისში პასუხის გამცემი არავინ ჰყავდა. „იქნებ ურმიაში დაბრუნება სჯობდეს? მაგრამ ასე ხელცარიელი ხომ არ ჩავალ?! რას ვეტყვი ქალებს, რომლებიც სარჩოს გარეშე დავტოვე ამდენი ხანი? ბავშვებს რით გავახარებ ასე ჯიბეგახვრეტილი?!” - ორჭოფობდა უსუფი, სულ ერთი და იგივე ფიქრები უტრიალებდა თავში. „არა, ვერ ჩავალ ასე სამშობლოში, თავს ვერ შევირცხვენ, გულს ვერ გავუტეხ საყვარელ ოჯახს! უნდა დავრჩე და შევასრულო დანაპირები, სახლში ხელუხვი და გამარჯვებული უნდა დავბრუნდე! “ - ფიქრობდა უსუფი და მკრთალად მოკიაფე იმედის შუქს ასხივებდა ღამენათევი თვალებიდან, თან გულზე ჩამოკიდებულ ჯვარს ეამბორებოდა ხოლმე, სანამ 1902 წლის ზაფხულში კაპუცინების ქუჩას არ მიადგა. ვარდისფერი ქვით ნაშენი, კოხტა ტაძრის ამბიონიდან მშობლიურ ენაზე ქადაგებდა მღვდელი და მთელი ქუჩა ასურელებით იყო სავსე. უსუფი გარეული ცხენივით აყიჟინდა თანამემამულეების დანახვაზე; ყველა ბავშვს სათითაოდ მოეხვია და შაქრის ნატეხების მოტანას დაჰპირდა. მერე ტაძარში შევიდა, ქუდმოხდილი და მუხლებზე დამხობილი და ტაძრის იატაკს დაუწყო კოცნა. -        კეთილი იყოს შენი ფეხი იესო ქრისტეს მშობლის სასუფეველში, - კეთილად მიეგება მოძღვარი და შვილივით გადაეხვია. „პავლეს ვაჟს ტფილისში თუ  შევხვდებოდი, არ მეგონა! ღმერთმა გაანათლოს მისი და შენი დიდებული წინაპრების სულები.“ მოძღვარს მართლმადიდებლური სამოსი ეცვა, მაგრამ პირჯვარს ნესტორიანული წესით, მთელი ხელით იწერდა.-        რა ხდება შენს თავს, შვილო იოსებ? - თანაგრძნობით შეეკითხა მამა იონა ძველი მეგობრის შვილს. ასეთი თბილი დახვედრისგან, უსუფს გული აუჩუყდა და ტირილით დაიწყო მოყოლა:-        უსამსახუროდ დავრჩი მამაო, მიწისძვრამ ცხენები დაგვიფრთხო. არავინ მწყალობს უგულო ტფილისში, ერთი თურქი მეგობრის გარდა, რომელიც კვირაში ერთხელ თავისი ბატონის დუქანში მაპურებს წინა დღის ნარჩენებით. შიმშილისგან და სიცივისგან კინაღამ სიცოცხლეს გამოვესალმე სამიოდე თვის წინ. ბედად, ქუჩაში დაგდებული, ქართველმა მოჯამაგირემ მიცნო, თურმე მისი შვილი ამომიყვანია მიწისძვრის დღეს ნანგრევებიდან. წამიყვანა თავისთან და მომარჩინა, - ჰყვებოდა უსუფი და იცრემლებოდა. „მირჩია, ფული თუ გამოგელია, კათოლიკურ ტაძარში მიდი, შენს ჯვარს მარტო იქ თუ იყიდიანო. მოვდიოდი დღეს დილით და გული მეფლითებოდა იმაზე ფიქრით, რომ საჭმლის სანაცვლოდ ბაბუა აბრაამისეული ჯვარი უნდა გამეყიდა, მაგრამ უფალმა არ გამწირა. ჯვრის გასაყიდად მოსულმა შენ გიპოვე მამაო, შენ და კიდევ ამდენი ერთ ჭერქვეშ მოქცეული ასურელი, უფალს დიდება!”-        მოწყალეა უფალი, შენი ღმერთი; არ მიგატოვებს და არ დაგღუპავს, არ დაივიწყებს შენს წინაპრებთან დადებულ აღთქმას, რომელიც ფიცით აღუთქვა. შენმა ბაბუამ, აბრაამმა, წერა-კითხვა მასწავლა ურმიის ეკლესიის სკოლაში, მისი ღვაწლია, დღეს რომ ქადაგებას ვკითხულობ; შენმა სულგრძელმა ბიძამ, მკურნალმა ალექსანდრემ სიკვდილს გადაარჩინა ჩემი მეუღლე, რომელიც კინაღამ მშობიარობას გადაჰყვა. ჩემი გოგონას წამოჩიტებას მომასწრო უფალმა და შეისმინა ჩემი ვედრება, შენი ოჯახისთვის მადლიერების გამოხატვა შემძლებოდა, - პირჯვარი გადაიწერა იონამ და განაგრძო: „არ მიგატოვებ იოსებ, ჩემი შვილი გერქმევა დღეიდან. სანამ პირში სული მიდგას, მამობას გაგიწევ “.უცებ ტაძარში ორღანი აჟღერდა. უსუფმა ცრემლი შეიშრო და ახალ მამობილთან ერთად შენობაში შევიდა ყურებამდე გაღიმებული. ასე მომღიმარს ჩაეძინა იონას სახლში, თბილ და მყუდრო საწოლში. იმ ღამეს სიზმარში ბაბუა აბრაამი გამოეცხადა, რომელიც პატარა იესოს ქართულად კითხვას ასწავლიდა. ***ტფილისში 1907 წლის ოქროსფერი შემოდგომა იდგა. ასურულ ტანსაცმელში გამოწყობილ უსუფს სალაპარაკო ქართული უკვე ესწავლა. ამ დროისთვის საქართველო სავსე იყო სპარსეთიდან გამოქცეული, ოტომანებისგან შევიწროებული ასურელებით, რომლებიც მეტწილად ქვემო ქართლში, მცხეთის მახლობლად, ძველ ქანდასა და ტფილისში, ჩუღურეთში ბინადრობდნენ. იქვე ჩუღურეთში, ცხოვრობდა მამა იონაც, რომელსაც ჯერ კიდევ 1898 წელს, ასურელ მრევლთან ერთად მართლმადიდებლობა მიეღო და კვირაცხოვლობის, წმინდა თომას ეკლესიაში მსახურობდა. თემურ ლენგის მიერ დანგრეული ეკლესია XVII საუკუნეში აღუდგენიათ, მორყეული საძირკველი კი სპარსეთიდან ჩამოსული ასურელი ქვითხუროების დამსახურებით იყო გამაგრებული. ჩუღურეთში თურმე თიხა მოიპოვებოდა ამიტომ აგურის, გაჯის და სამეთუნეო ქარხნები გაშენდა. უსუფსაც იქვე ესწავლა ქვაზე მუშაობა და დაოსტატებული, გამოცდილი ასურელი ქვითხუროების გუნდში, სამუშაოს ადვილად პოულობდა. სპარსული ქუდი გადაეგდო და მამა იონას რჩევით, გვარი რუსულ ყაიდაზე გადაეკეთებინა. „აისორებს“ მუსულმანებზე მეტად სწყალობდნენ ტფილისელები, რომელთა შორისაც უკვე მრავლად იყო პატრიოტული სულისკვეთებით გულანთებული ქართველიც. თუმცა აღარავის ახსოვდა 13 ასურელი მამის ამბავი, რომლებიც VI საუკუნეში მამა იონა ზედაზნელის მეთაურობით ფეხით შემოსულან საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დასაცავად და განსამტკიცებლად. ტფილისელი რუსები „აისორებად “მოიხსენიებდნენ ამ უძველესი ერის, შუმერული და ბაბილონური კულტურის განმავრცობლებს, რათა დაეკნინებინათ მათი დიადი წარსული და მომავალი ამიერკავკასიის დედაქალაქში მყარად ფეხის მოკიდების საშუალება არ მიეცათ. უსუფი თავმდაბალი კაცი იყო და ერჩივნა კიდეც ასე მოკრძალებული ემიგრანტის ცხოვრებით ცხოვრება, რომლის წარმოშობის შესახებაც ბევრმა არავინ არაფერი იცოდა. მალე შეიძინა მეგობრები, რომლებიც მამა იონას ოჯახთან ერთად გვერდში ედგნენ და თავის გატანაში ეხმარებოდნენ. ასურელების წრეში შინაურად მიღებული უსუფი ძველ მეგობარსაც არ ივიწყებდა და ტრადიციისამებრ, ყოველ კვირას მიდიოდა სომხის ბაზარში ლევენთთან ჩაის დასალევად. ახლა უკვე მთელ შეკვრა შაქარს ყიდულობდა და გზადაგზა ურიგებდა მაწანწალა ბავშვებს, რომლებიც ყოველთვის ჟრიამულით და ყიჟინით ეგებებოდნენ ხელგაშლილ უსუფს. შემოდგომის ამ ოქროსფერ კვირა დილასაც მისულიყო ძველ ამხანაგთან უსუფი და თან ახლად შეძენილი, ასურელი მეგობარი, ქვითხურო იოხანაც მიეყვანა.-        შენ ეს მითხარი, ეს ბავშვები ფეხდაფეხ რატომ დაგყვებიან? - იკითხა ლევენთმა და უსუფს გადაეხვია.-        ანებივრებს და იმიტომ, - უპასუხა იოხანამ და ეჭვით აათვალიერა თურქი.-        ჩემს დედულეთში, სოფელ ადაში, მუდამ ბავშვებთან ვთამაშობდი. მიყვარდა პატარები, რომლებიც უანგაროდ მინაწილებდნენ სითბოს და რომლებთანაც დაკარგულ ბავშვობას ვინაზღაურებდი. ერთხანს მასწავლებლობაზე ვოცნებობდი, ბაბუას შემხედვარე, მაგრამ მამას უნდოდა, მის საქმეს დავუფლებოდი და ფერწერა მესწავლა, - თვალებანთებულმა თქვა უსუფმა, რომელსაც ყოველთვის უხაროდა ოჯახის წევრებზე საუბარი.-        „ადა“ თურქულად კუნძულს ნიშნავს. ლამაზი ადგილია? - იკითხა ლევენთმა.-        ზედ ურმიის ტბასთან არის გაშენებული, ალბათ ამიტომ დაარქვეს ადა. ჩემთვის ყველაზე ლამაზი ადგილია დედამიწის ზურგზე. მზე მრავალფერად იშლება ტბაში აზიდული მარილის ბორცვებზე და შთაგონებით ავსებს იქ მცხოვრებს. მამაჩემის ხელოვნებისადმი სიყვარულიც ალბათ ადაში დაიბადა. უყურებდა ბუნების ხელით შექმნილ მარილის ქანდაკებებს და სახლში მოსული თვითონაც თლიდა და ღებავდა. იქნებ ერთ დღეს მეც გავაგრძელო ეს მადლიანი საქმე. სოფელში სკოლა თვითონ ავაშენო და მოვხატო კიდეც, რომ არც ბაბუას ვაწყენინო და არც ცხონებულ მამაჩემს! - დაასრულა და სახეზე ღიმილმა გადაურბინა მეოცნებე უსუფს.-        მაშ ალაჰ! მაშ ალაჰ! - ზურგზე ხელის შემორტყმით გაამხნევა მეგობარმა.იოხანა გაოცებით ადევნებდა თვალს ასაკით, მრწამსით და წარმომავლობით სრულიად განსხვავებული ორი ადამიანის გულანთებულ მეგობრობას და უკვირდა.-        მამა როგორ დაგეღუპა ძმობილო? - ჰკითხა იოხანამ და ინტერესით მიაშტერდა უსუფს, თითქოს თავშივე არ იცოდა ამ კითხვაზე პასუხი. -        უფლის ნებაა ყველაფერი, იოხანჯან, ხომ იცი, უფალსაც კარგი უნდა, - პასუხის გაცემას თავი აარიდა უსუფმა.-        მოყევი ჯანა, გულზე მოგეშვება, - არ მოეშვა მეგობარი.უსუფმა ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო:-        ცხრა წლის რომ გავხდი, იმ დღეს მამამ ბიძის სოფელში წამიყვანა. „უკვე დიდი ბიჭი ხარო,“ -  მითხრა და მთელი გზა მაჭენებინა თავისი ცხენი, თვითონ კი სირბილით მომყვებოდა უკან. გული უგრძნობდა ალბათ საბრალოს... სოფელში მისულებს სახლში არავინ დაგვხვდა. მამა დაღლილი იყო და სახლში მოსასვენებლად დარჩა, მე კი მარტო, სულ მარტო გამიშვა ქალაქში ალექსანდრე ბიძიას მოსაყვანად. „კარს რატომ ხურავო“,  - გამიჯავრდა, როცა წასვლის წინ კარის ჩარაზვა დავიწყე. „ამ სოფელში ქრისტიანები და მუსულმანები მრავალი საუკუნეა, რაც ძმებივით ცხოვრობენ, არაფრის შეგეშინდეს ბაბა“, - დამამშვიდა მამამ და დასაძინებლად გაემზადა. ასე იყო მართლაც, ბიძაჩემს ყველა აფასებდა, რადგან ერთნაირად ზრუნავდა ყველა ავადმყოფზე. ქალაქში ჩასულმა აღმოვაჩინე, რომ ბიძას გზაში ავცდენილვარ, მუშაობა დროზე ადრე დაუმთავრებია და სახლში დაბრუნებულიყო. ის იყო, მეც უკან უნდა წავსულიყავი, რომ უცებ ბავშვების ყვირილი მომესმა შორიდან. ცხენი დამიფრთხა, გაველურებული ძლივს დავიმორჩილე! ჩემს ირგვლივ ქუჩა ერთიანად ამტვერდა. ვიფიქრე, ფეხქვეშ მიწა ხომ არ შემერყა-მეთქი. წივილ-კივილის ხმა მიახლოვდებოდა. ცხენი ბიძიას სამკურნალოს საჯინიბოში შევიყვანე და იქიდან დავიწყე ჩუმად თვალის დევნება. გუგუნი და მტვერი უფრო და უფრო მატულობდა. საჯინიბოს ღრიჭოდან დავინახე, როგორ ქარივით ჩამიქროლა ქურთი ტომების აურაცხელმა რაზმმა. ადიდებული ნიაღვარივით მოდიოდა და გზად ყველაფერს ანადგურებდა. ზოგს ხმალი ჰქონდა გაშიშვლებული, ზოგსაც ხალიჩაში გახვეული ლამაზმანი გადაეწვინათ ცხენზე. ბიძაჩემის სოფლისკენ მიემართებოდნენ. ცივმა ოფლმა დამასხა. არ ვიცოდი, რა უნდა მეღონა. საბედნიეროდ, ჩემი ბიცოლა და პატარა ბიძაშვილები, ჩვენს სოფელში იყვნენ ბებიასთან სტუმრად. მარტო მამას და ბიძას ემუქრებოდა საფრთხე. გული დავიმშვიდე თუ არა, შემოვახტი ცხენს და მოკლე გზებით ვაჭენე, რომ ქურთების რაზმისთვის მიმესწრო და ჩემები გამეფრთხილებინა. სახლთან მისულს კარები ფართოდ გაღებული დამხვდა. ბიძაც და მამაც სისხლით მორწყულ ეზოში ესვენნენ. სისხლისგან ჯერ კიდევ არ იყვნენ დაცლილნი. ცხენი შორიახლოს დავაბი და უკანა ეზოში შევიპარე. ქურთი არამზადა შევნიშნე, რომელიც რაზმს ჩამორჩენილიყო და ბიძაჩემის სახლს ძარცვავდა. არ ვიცი, 9 წლის ბავშვს რა ეშმაკი შემიჩნდა, ბროწეულის ხეზე ავძვერი და ლოდი ავიტანე, მტრის მოსაკლავად მოღერებული. სახლიდან გამოსულმა ქურთმა ორი მოზრდილი ხალიჩა გამოიტანა, ორივე დედაჩემის ხელით მოქსოვილი. სახე მზეს მიაპყრო და თვალები დახუჭა. მარჯვენა ყურის ბიბილოდან მარცხენა თვალის კიდემდე, უშველებელი ნაჭრილობევი ეტყობოდა, მადლიანი ექიმბაშის ხელით, კოხტად გაკერილი. ძარღვებში სისხლი ამიდუღდა ამ დასახიჩრებული სახის შემხედვარეს და მომარჯვებული ქვა სასროლად დავუმიზნე, რომ უცებ თვალები გაახილა და მიცვალებულებისკენ დაიძრა. ხალიჩები ტანზე გადააფარა და გულზე ხის ტოტებით ჯვრები გამოსახა. ამის დანახვაზე, გული ამიჩუყდა და ქვა ვეღარ ვესროლე... დაველოდე, როდის წავიდოდა. დიდხანს ვიორჭოფე, სანამ მამასთან მივიდოდი. თავს ვიტყუებდი, ვითომ ცოცხალი იყო და ცოტას თუ დავიცდიდი, თვითონ წამოდგებოდა. ბოლოს მივედი და ცივ ხელებზე ვეამბორე. გამოჭრილი ყელიდან სისხლი აღარ მოსდიოდა, მაგრამ სახეზე მაინც ვერ შევხედე, იმიტომ რომ საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. ხელში ოქროს თუმნიანი ჩარჩენოდა, რომელიც ძლივს გამოვაცალე. „ალბათ ჩემი დაბადების დღის საჩუქარი უნდა ყოფილიყო...“ - ვიფიქრე ბავშვურად. მერე ბიძასთან მივედი, ნაზად დავუხუჭე ღიად დარჩენილი კეთილი თვალები. ორ მიცვალებულის შორის ჩავჯექი და მამაო ჩვენო წავიკითხე. ცრემლები დამშრობოდა და გული გამალებით მიცემდა. მარტო დედაზე ვფიქრობდი, სხვა ვერაფერზე. თავში ვალაგებდი სანუგეშო სიტყვებს. მერე გვამები იმ ხალიჩებში გავახვიე, ქურთმა რომ გადააფარა. მიცვალებულები ცხენამდე წვალებ-წვალებით მივათრიე. როგორ არ ვეცადე, მაგრამ ვერც ცხენი ვაიძულე, რომ უკანა ფეხებზე ჩაეჩოქა და ვერც მე შევძელი ორი დამძიმებული გვამის ცხენზე გადაკიდება. სიმწრისგან ხმამაღლა ვიყვირე. უცებ თვალებიდან ნიაღვარივით წამომივიდა ცრემლები. მწარედ ვქვითინებდი, როცა მხარზე ვიღაცის მძიმე ხელი ვიგრძენი. ვხედავ, ის ქურთი მადგას თავზე, ორიოდე საათის წინ ქვა რომ ვერ ვესროლე. მთასავით მაღალი და ტბასავით დინჯი. წამით მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა. გონებით მოვეხვიე საყვარელ დედას და სიკვდილისთვის გამზადებულმა, გულ-მკერდი მივუშვირე. ის კი იდგა და უცნაურად მაშტერდებოდა. ბოლოს უსიტყვოდ მოიკიდა გვამები ზურგზე და ბედაურზე დაალაგა. გაოცებული ვუყურებდი და არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. ბოლოს თავი დამიკრა და ტყეში გაუჩინარდა. სიკვდილს გადარჩენილი, დაღლილი და ცრემლგამშრალი ადაში დავბრუნდი. დედას, ბიცოლას და ბებიას ჩოჩვით მივუტანე ხალიჩები... სამივე ერთდროულად ჩამეხუტა, მაგრამ ცრემლი არც ერთმა დამანახა. ძლიერი ქალები გვყვანან აბრაამის გვარში... მიცვალებულები მიწას მივაბარეთ თუ არა, ოჯახის თორმეტი წევრი, ქალები და ბავშვები, ჩარდახიან ურემზე დავსვი და ურმიის ტბის გადაღმა, სოფელ კანდოვანში წავიყვანე. ბაბუასგან ვიცოდი ცოცხალ კლდეში მოჩუქურთმებული გამოქვაბულის შესახებ, რომელიც თურმე ჩვენი წინაპრების მიერ იყო გამოკვეთილი მონღოლებისაგან თავის დასაცავად. შვიდი ღამე ვდარაჯობდი ჩემს ოჯახს ამ ბუნებრივ სამალავში. ქვის კარს საგულდაგულოდ ვრაზავდი, მაგრამ ქურთები ჩვენს სოფელში დასარბევად არ მოსულან და ჩვენი ოჯახის ტრაგედიაც ამით დამთავრდა, - ამოიოხრა უსუფმა და შუბლზე უხვად დასხმული ოფლის წვეთები მოიწმინდა. ლევენთი მუხლებზე დამხობილიყო და პატარა ბავშვივით ტიროდა. -        ალაჰის წყალობა არ მოგკლებოდეს ძმაო უსუფ, ეს რა ჯოჯოხეთი გამოგივლია, შენ შემოგევლოს ლევენთი! სანამ პირში სული მიდგას, შენს სამსახურში მიგულე, - ქვითინებდა და თავს მიწას ურტყამდა. -        ძმობას გაფიცებ, არაფერი დაიშავო ლევენთ, წამოდექი, - შეევედრა უსუფი და ფეხზე წამოაყენა სასოწარკვეთილი მეგობარი. იოხანა წარბშეკრული იჯდა და ხმას არ იღებდა. ასე უსიტყვოდ იარეს სომხის ბაზრიდან კვირაცხოვლის ეკლესიამდე, სადაც საკვირაო წირვაზე მამა იონა ქადაგებდა. ტრაგიკული ამბების გახსენებამ, ძლიერ დააღონა უსუფი და მღვდელს ზიარება სთხოვა:-        ოჯახზე ფიქრი არ მასვენებს მამა იონა, - შესჩივლა ზიარებაზე მისულმა. „ქალები და ბავშვები საზრდოს და მფარველის გარეშე დავტოვე. ხშირად მესიზმრება, როგორ მეძახის დედა. ოფლში გაღვრილი დაზაფრული ვიღვიძებ და ბავშვივით ვტირი “.-        ეცადე, გული საქმეს გადააყოლო შვილო. კათოლიკური ეკლესიის მოპირკეთება ხომ კარგად მიდის?! საშიშია შენი ურმიაში დაბრუნება. სჯობს აქ მოიკიდო ფეხი, ცოლი შეირთო და ილოცო, რომ შენმა ოჯახმაც აქ ჩამოაღწიოს, - დაამშვიდა მღვდელმა.-        ეჰ, მამაო, ერთი სომხის გოგონა გულში ფარვანასავით შემომიფრინდა და მოსვენებას არ მაძლევს; თუ ოდესმე ცოლის მოყვანა გადავწყვიტე, ის იქნება ჩემი დედოფალი, - უპასუხა უსუფმა და თვალები გაუბრწყინდა.-        მოიყვანე ჩვენთან ტაძარში და გაგვაცანი! - ღიმილით მიუგო იონამ.ზიარებიდან გამოსულ უსუფს იოხანა შეეგება:-        ქანდაში დევნილების ახალ ტალღას ელოდებიან, იქნებ მათ შორის იყოს ვინმე შენი ოჯახის ამბის მცოდნე. იმ ღამეს მეგობრის ოჯახში დარჩენილ უსუფს ისევ დედა ესიზმრა. სწორედ იმ ხალიჩას ქსოვდა, რომელშიც უსუფმა მოკლული მამა გაახვია. ნაქსოვიდან სისხლის წვეთები მოედინებოდა. „ნუ გეშინია შვილი, ეს იესო ქრისტეს ცრემლებია“, - დაამშვიდა დედამ და ქსოვა განაგრძო.***სომხის ბაზარი, სადაც ვაჭრობა, ლაყბობა, სეირის ყურება და ხელოვნება ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმოდა, ლევენთის ახალი ყავახანის მასპინძელიც გამხდარიყო. ეს უძველესი საქარავნო გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რომელიც ქალაქის ცენტრს აბანოთუბანთან აკავშირებდა, გავსებული იყო ხარაზხანებით, ქარვასლებით, ზარგანხანებით, საზეინკლოებით, სამჭედლოებით და სავაჭრო-სახელოსნო დუქნებით. ბაზარი ცენტრალური ადგილი გახლდათ ვაჭრებისა და ამქრებისთვის, ამიტომაც ყოველთვის მოიძებნებოდა თურქული ყავის დალევის მსურველი.-        ქალი მოვიყვანე! - გამოაცხადა ლევენთმა და მეგობრები თავის ახლად მოწყობილ ყავახანაში შეიპატიჟა. კედელზე ბაქოს ხედების ნახატები დაეკიდა და თვითონაც აზერბაიჯანულ ყაიდაზე გამოწყობილი ეგებებოდა სტუმრებს. ოთახი ყავის მძაფრი და გამაბრუებელი სურნელით იყო გაჟღენთილი.-        მაშ ალაჰ, მეგობარო, ეს როგორ გამოგვაპარე?! - გადაეხვივნენ უსუფი და იოხანა, რომლებსაც ორივეს ერთნაირი მუშის ფართო შარვალი ეცვათ, ქამრის ნაცვლად თოკით შემოჭერილი.-        უცებ გადავწყვიტე ბიჭებო - არ გამიწყრეთ, გეხვეწებით! - ხათრიანად ითხოვა ლევენთმა.-        მოყევი ძმობილო, სად გაიცანი? რამდენი წლისაა? ვინ არის შენი რჩეული? - მოუთმენლად მიაყარა უსუფმა.-        აზერბაიჯანელი გოგონაა ბორჩალოს მაზრიდან; 15 წლისა ჩემ ხელში გახდება! ბევრი არ მიფიქრია. პირველივე დანახვაზე ისეთი მზერა გამიყარა გულში, კინაღამ მუხლები მომეკვეთა და გონება დავკარგე. ქორწილი არ გადაგვიხდია, ამ ყავახანაში ჩავდეთ მთელი ჩემი დანაზოგი და ფატიმას მზითევიც. აბა, როგორ მოგწონთ?! - უპასუხა ლევენთმა და მეგობრები საუკეთესო მაგიდასთან მიიპატიჟა.-        რა კარგად მოგიწყვია აქაურობა! - გულწრფელად გაუხარდა უსუფს.-        ეს სამხედრო ფორმაში გამოწყობილები ვინ არიან? - შენიშნა დაკვირვებულმა იოხანამა და მეგობარს ანიშნა მოფარებული ოთახისკენ, სადაც თურქულ ენაზე მოსაუბრე ოთხი შეიარაღებული მამაკაცი იჯდა. -        აქეთ გამოიხედეთ მეგობრებო, მოვერიდოთ სამხედროებს. ხშირად მოდიან ყავის დასალევად და საომარი ამბების განსახილველად, მაგრამ ხომ არ გავაგდებ?! სტუმარი ალაჰისაა! - თავი იმართლა თურქმა და ცხელი ყავისთვის ქაფის მოხდას შეუდგა. „შენი ოჯახის ხომ არაფერი გაგიგია, უსუფჯან?“-        არაფერი ჯანა... ყველგან მივდივარ, სადაც დევნილების ჩამოსვლის ამბავს მეუბნებიან, ყველას ვეკითხები, მაგრამ არავინ არაფერი იცის, - დაღონებულმა უპასუხა უსუფმა. „ნეტა ამ სამხედროებს თუ ეცოდინებათ რამე? ძმობილო, არ შეგეზაროს და ყური ათხოვე ხოლმე, იქნებ რამე ამბავს ახსენებდნენ ისეთს, მე რომ გამომადგეს. “-        აბა რას ვიზამ, ჯანა! - მხნედ უპასუხა ლევენთმა და სამფეხა სკამზე ჩამოჯდა.-        მაჰმუდ ბეისი ხომ არაფერი ისმის? - იკითხა იოხანამ. - კეთილი ბატონი იყოო, უსუფი ასე ამბობს. იმედი აქვს, რომ ის შეიფარებდა მის ოჯახს.-        ალაჰი იყოს მისი მფარველი. კარგის მეტი არაფერი მსმენია მაჰმუდზე, მაგრამ რაც საჯინიბო დავხურეთ, მისი კვალიც გაქრა, - უპასუხა ლევენთმა.-        მაჰმუდ ბეიმ რომ შემიკედლა, 10 წლისაც არ ვიყავი. მამაჩემის დანატოვარი ოქროს თუმნიანი მალევე გაგვითავდა, ამიტომ ქალაქში ჩავედი და მეჯინიბედ მივებარე. საკუთარი შვილებისგან არ მასხვავებდა! საჯინიბოში შემოსული შუბლზე კოცნით მეგებებოდა ხოლმე! 24 წლის რომ გავხდი, დამპირდა, „შენ ტფილისში წადი სამუშაოდ და შენს ოჯახს თუ რამე გაუჭირდა, მე მივხედავო “, - მოყოლა დაასრულა უსუფმა და თავი ჩაღუნა.-        მიხედავდა ჯანა, თუ დაგპირდა, აუცილებლად მიხედავდა, - დააიმედა ლევენთმა.-        ეჰ, ძმობილო, ასე მეც დავპირდი დედაჩემს, რომ არასოდეს მივატოვებდი და მიყურე სად ვარ?! შვიდი წელი შესრულდა, რაც საქართველოში ჩამოვედი და ერთხელაც არ მისაყვედურა სიზმარში, ზის სევდიანი და ხალიჩებს ქსოვს, - ამოიოხრა უსუფმა.ყავახანაში დუმილმა დაისადგურა. მომცრო სამფეხა სკამებზე ჩამომჯდარი სამი მეგობარი თავიანთ ფიქრებში წავიდა, თან მოზომილად წრუპავდა ყავას. ბოლოს დუმილი მასპინძელმა დაარღვია:-        წავიდეთ დღეს ჩემთან, ჩემს ქალს გაგაცნობთ, თან მუსაიფით ვიჯეროთ გული, - შესთავაზა მეგობრებს ლევენთმა და სუფრის ალაგებას შეუდგა, თან ცალი თვალით სამხედროებისკენ იყურებოდა.-        მე ქანდაში უნდა დავბრუნდე, ცოლ-შვილი მელოდება, - ხელის აქნევით დაემშვიდობა მეგობრებს იოხანა.ლევენთი სახლში მისვლისთანავე ფარდაგზე დაეშვა და საღამოს ლოცვა წაიკითხა. უსუფს არ გამოეპარა, როგორ შეცვლილიყო მისი კარ-მიდამო.-        აქაურობას ქალის ხელი დაეტყო, ჯანა, - მხარზე ხელის დარტყმით აღნიშნა და თვალი სამზარეულოსკენ გაექცა, საიდანაც ქაბაბის და თანდირის მიმზიდველი სურნელი მოდიოდა.-        ჩემი ფატიმას დამსახურებაა! გაიცანი, ჩემი კაშკაშა მთვარე, ჩემი სახლის პატარა დიასახლისი, - სიამაყით წარადგინა მეუღლე ლევენთმა.ფატიმა ტანდაბალი და გამხდარი გოგონა იყო, მაგრამ თვალები ჰქონდა დინჯი და აზრიანი. ჭრელი ხალათი ეცვა, გრძელ მუქ კაბაზე გადაცმული და ორი გრძელი ნაწნავი მოუჩანდა ჭრელივე ჰიჯაბიდან. მორცხვად დაეხარა თავი და უხერხულად ირწეოდა. ბოლოს სამზარეულოში დაბრუნდა, „ქაბაბი მეწვებაო “. ამასობაში ლევენთი უსუფთან ერთად ხალიჩაზე ჩამოჯდა და ჩილიმი გააბოლა. -        ეს ქალი ვინ არის? - იკითხა უსუფმა, როცა სამზარეულოში მოფუსფუსე ხანდაზმული ქართველი მანდილოსანი დაინახა.-        ჩვენი ნოქარია. ფატიმას მამამ იპოვა საგურამოს ტყეში, სახლიდან გამოსული გზას ვეღარ აგნებდა, არც სახელი ახსოვდა და არც მისამართი. ჩვენ გამოგვაყოლა, როგორც საქორწილო საჩუქარი. მშრომელი ქალია, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსდის ხელიდან. ეხმარება ფატიმას როგორც შეუძლია და ჩვენც კარგ პურს ვაჭმევთ და ვუფრთხილდებით, - აუხსნა ლევენთმა.მალე ხალიჩა ბოსტანში დაკრეფილი ნედლი მწვანილით, აზერბაიჯანული ფლავით, ტაფაზე მობრაწული ქაბაბით, თანდირით და წყალში გაზავებული აირანით აივსო. მეგობრები ერთად შეექცნენ საჭმელს, მაშინ როცა ფატიმა თავის ნოქართან ერთად სამზარეულოში მიირთმევდა.-        შენი ფარვანა როგორ არის, ძმობილო? რამდენ ხანს უნდა გალოდინოს, აგერ 32 წლის გახდები ლამის?! - იკითხა შეპარვით ლევენთმა.-        ეჰ... სხვაზეა დანიშნული ჯანა, არ ვიცი, რა წყალში გადავარდე! - ამოიოხრა უსუფმა. - ქორწილი თვის ბოლოსაა დანიშნული; ოჯახმა უკვე საჩუქრები მიიღო და მაჭანკალმა გასამრჯელო.-        რას ამბობ უსუფ! სიყვარულზე უარი არ თქვა! ქორწილიდან მოვიტაცოთ შენი სომხის ქალი! პირდაპირ ქანდაში წავიყვანოთ! - გადაჭრით გამოაცხადა ლევენთმა და პატარა წიგნაკი ამოიღო უბიდან.  - ეს მოლა იბრაჰიმის სამარჩიელო წიგნია, ამის გარეშე ნაბიჯს არა ვდგამ! სანამ ყავახანას გავხსნიდი, ჯერ ამ წიგნს ვკითხე და გამოიცანი, რა ამოვიკითხე შემთხვევით გადაშლილ გვერდზე?! „ახალი საქმის წამოწყება მომგებიანი იქნებაო“. ჰოდა, აღარ მიორჭოფია და მთელი ჩვენი დანაზოგი ყავახანაში ჩავდე!“-        არ გეწყინოს ძმობილო, არ მჯერა ასეთი რამეების, - ხათრით მიუგო უსუფმა.-        სიზმრების ხომ გჯერა, ჯანა? შეგიძლია მუთაქის ქვეშ დაიდო წიგნი ამაღამ და ყველა შენს კითხვაზე სიზმარში ნახავ პასუხს.უსუფმა დაუჯერა მეგობარს და თავქვეშ წიგნამოდებულმა დაიძინა. ისევ დედა ესიზმრა, ამჯერად ფერად ხალიჩაზე შავ ჯვრებს აქსოვდა: „შენი სამზითვოა შვილო, “- უთხრა ალერსიანად და ქსოვა განაგრძო. ***ქანდელი ასურელები ქორწილის სამზადისში გართულიყვნენ როცა იოხანას ხმა მოესმათ: -        ნეფე-დედოფალს გაუმარჯოს! - ყვიროდა იგი და წინ მოუძღოდა ცხენზე შემომჯდარ უსუფს, ახალ ჯვარდაწერილ მეუღლესთან ერთად. ქანდაში ქართულ კერძებთან ერთად, ტრადიციული ასურული კერძებიც მზადდებოდა: ჭარხლის მხალი და ხაჭაპური, ხორბლის ფქვილის, რძისა და ერბოსაგან დამზადებული მურთუხა, დაჩეჩქვილი ხორბლის დოლმა და მაწვნის ბუშალა; დაწურული მაწვნითვე შეზავებული ხორცის მარინადი სოფლის შუაგულში გამოეტანათ შესაწვავად; იქვე მაყალზე ჰარისა იხარშებოდა, კორკოტითა და ცხვრის ხორცით. სტუმრები ხელდახუნძლულები მოდიოდნენ სოფლის შუაგულში გაშლილი სუფრისაკენ; ზოგს ხილითა და ბოსტნეულით სავსე კალათა მოჰქონდა, ზოგსაც გოზინაყი. ასურული ტრადიციისამებრ, ნეფე ჯერ მეჯვარის სახლში უნდა მისულიყო, სადაც მოსალოცად ელოდა იოხანას მეუღლე. პატარძალს არავინ გაატანდა ნეფეს, თუ გამოსასყიდს არ გადაიხდიდა. რაც მაღალი იყო გამოსასყიდი, მით უკეთესი. უსუფმა ჯერ შაქრის ნატეხებით სცადა საყვარელი ქალის გამოსყიდვა, მაგრამ რომ არ გამოუვიდა, საშველად ამხანაგებს უხმო. ბედად ლევენთი ქისა ფულით მოსულიყო საუკეთესო მეგობრის ქორწილში, რაც მეჯვარის ოჯახს, პატარძლის დასახსნელად უანგაროდ შესთავაზა. იოხანას მეუღლეს კალათა გაემზადებინა უამრავი ტკბილეულითა და საჩუქრით, ლევენთის ქისაც კალათში მოათავსა, პირჯვარი გადასწერა ნეფე-პატარძალს და ეზოში გამოუძღვა. ქანდის ხმაურიანი ქუჩა გავსებულიყო ფერად სამოსში გამოწყობილი, მოზეიმე ასურელებით. ჰაერში შემწვარი ცხვრის ხორცის, ახალი პურისა და აზიური სანელებლების სურნელი ტრიალებდა. დამკვრელები რიტმულად აჟღერებდნენ ზურნას, საზს, დაირას და მექორწილეების მხიარულ განწყობას აღვივებდნენ. პატარძალი, გაცისკროვნებული წითელი ნაქარგი სამოსით, მოხდენილად მოძრაობდა და ჩიხტიკოპზე ჩამოკიდებულ ოქროს მონეტებს ახმაურებდა. მოცეკვავეები ტრადიციულ ასურულ ცეკვას ასრულებდნენ, ხელჩაკიდებულები ხლართავდნენ ფეხებს და ცალი ხელით თეთრ მანდილს ატრიალებენ. ტაში, ზეიმი და ჟრიამული სიხარულით ავსებდა უსუფის გულს, რომელიც თვალს ვერ აცილებდა თავის დედოფალას და უკვირდა რომ უფალმა ასეთი ბედნიერება არგუნა წილად. „მადლობა მამაზეციერო, რომ არ გამწირე და სიყვარულის ხილი კიდევ ერთხელ მიწყალობე ბედოვლათს და ცხოვრებისგან დაჩაგრულს; გპირდები, სანამ პირში სული მიდგას, მადლიერების სანთელს დაგინთებ და ეკლესიების შენებას შევალევ ჩემს სიცოცხლეს,“ - პირობა დადო ღმერთთან და სამჯერ გადაიწერა პირჯვარი.ახალდაქორწინებულებს დედაქალაქის მთავრობისგან პატარა მიწური ერგოთ ჩუღურეთში, სადაც ქართულის ცოდნის წყალობით, კუკიის აგურის ქარხანაში კარგი სამსახური ეშოვნა უსუფს. სომხურ ყაიდაზე გამოწყობილს, სიმამრისეული შავი აბრეშუმის პერანგი ჩაეცვა, ჭრელი, ჯიბეებიანი მოკლე ხალათით და ზოლიანი შარვლით. როგორც ღმერთს, ისე ეთაყვანებოდა მზეთუნახავი მეუღლე, რომელიც მალევე დაორსულდა. უსუფის ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, რომ არა შემზარავი სიზმრები; დაოჯახებიდან ცხრა თვის მანძილზე, ზედიზედ ესიზმრებოდა დედა, რომელიც ხან სისხლის გუბეში იდგა და შველას ითხოვდა, ხანაც ზღურბლზე გადმომდგარი ყვიროდა, ოღონდ პირიდან ხმის მაგივრად შავი ყვავები ამოსდიოდა. ასურული ახალი წელი, „ხაბ-ნისანი“ ახალი დამდგარი იყო, როცა უსუფის ცოლმა დღენაკლული გოგონა დაბადა, რომელსაც დედის სახელი, მარია დაარქვეს. -        შვილი სასწრაფოდ უნდა მოგვინათლო იონა, - შეევედრა უსუფი მამობილს და ნათლიად იოხანა მიუყვანა. ახალმონათლული ჩვილი, ღამით, დედის ძუძუზე მიკრული გარდაიცვალა. მარიას დაღუპვასთან ერთად ჩაქრა უსუფის თვალებში იმედის სანთელი და კიდევ უფრო გაუცივდა ისედაც ცივი, ნაცრისფერი გამოხედვა. ვერაფრით ანუგეშა თავისი 20 წლის ცოლი, რომელიც უფალზე გამწყრალიყო და ხატები დაელეწა. მოტირალი ქალების გარემოცვაში დაეტოვებინა იგი, შვილის პატარა სასახლეზე პირქვე დამხობილი, თვითონ კი სახლის წინ ობლად დაგდებულ ქვაზე დამჯდარიყო და ფიქრობდა: „ღმერთმა დამსაჯა. მე რომ ურმიაში დავბრუნებულიყავი, დღეს ჩვენი პატარა ანგელოზი ცოცხალი იქნებოდა. მე რომ ეკლესიების შენება გამეგრძელებინა, დღეს ზეიმის სუფრა გვექნებოდა სახლში და არა გლოვის. არასოდეს მომასვენებს სინდისი... აჯობებს, მეც ჩემს შვილთან ერთად მოვკვდე. “იმ ღამეს უსუფს გაღიმებული ანნა ბებია ესიზმრა. თეთრ ხალიჩაზე დამჯდარიყო ფეხებგადახლართული და ხელში თეთრსავე ნაჭერში გახვეული, ასევე მოღიმარი ჩვილი ეჭირა. ***-        ჩვენი მამები ერთმანეთს ხოცავენ, ჩვენ კი უდარდელად მივირთმევთ ყავას! - სალმის ნაცვლად ახალა იოხანამ ძველ მეგობარს და ხელიც კი არ ჩამოართვა.რაც ცოლს გაშორდა, თავის თავს აღარ ჰგავს ქვითხურო იოხანა. შვილებს აღარ ანახებს ყოფილი მეუღლე, შვილები მამინაცვალს უძახიან მამას, წვერი მოუშვია და სმა დაუწყია. სამსახურს თავი დაანება და ეკლესიაში აღარ დადის. ამხანაგებთან შეხვედრას ერიდება. მარტო უსუფის ოჯახს სტუმრობს, სადაც ყოველთვის სიხარულით იღებენ ნათლიას. დღესაც ხათრით გამოვიდა თავისი მიწურიდან სომხის ბაზარში. ფიქრობს: „ნეტავ, ჭიქა არაყს თუ მომაწოდებს ვინმე, დამდეგი ახალი წლის მოსალოცად “. მაგრამ ცდება - ყავახანაში მხოლოდ ჩაის და ყავას შესთავაზებს ძველი მეგობარი.-        ასეა ჯანა, მაგრამ ერთ დღეს ისევ მეგობრულად იცხოვრებენ შენი და ჩემი მოდგმა, ერთად ითამაშებენ ჩვენი შვილთაშვილები, როგორც საუკუნეების წინ ხდებოდა. - ხმა დაბლა წარმოთქვა ლევენთმა და ასურულ სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილები თავის ყავახანაში უკანა კარიდან შეიყვანა.-        რომელი შვილთაშვილები, ლევენთ? აკი მე და ფატიმას შვილი არ გვიჩნდებაო? - დაგესლა იოხანამ, როცა შეეგუა, რომ არყის თხოვნას აზრი არ ჰქონდა.-        მაშ ალაჰ! შენს პირს შაქარი ლევენთ! ითამაშებენ აბა რას იზამენ! უფალი მოწყალეა! - უცებ მიაყოლა უსუფმა, რომ იოხანას ნათქვამი გადაეფარა, მაგრამ დააგვიანდა.-        ეჰ, მეგობრებო, „შვილი არ შეგეძინებათო“, ასე ამბობენ აქაური ექიმბაშები, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავთ, - ამოიოხრა ლევენთმა. „მოლა იბრაჰიმის წიგნი გადავშალეთ წუხელ, ვკითხეთ ალაჰს, სად იყო ჩვენი შვილი; აქამდე როცა ვეკითხებოდით შვილი გაგვიჩნდებოდა თუ არა, უარი მოგვდიოდა პასუხად, მაგრამ წუხელ გადავშალეთ წიგნი და ჰოი, საოცრებავ! ვკითხულობთ: „თქვენი საყვარელი ადამიანი, შორეულ მიწაზეა და შველას ითხოვს. კეთილი სული მოიყვანს თქვენამდეო“. ჰოდა, გადავწყვიტეთ მე და ფატიმამ, ვილოცოთ და ველოდოთ. ალაჰი მოწყალეა! “-        ინშ ალაჰ, ძმობილო! ინშ ალაჰ! - ზურგზე ხელის დადებით ანუგეშა უსუფმა მეგობარი.ამასობაში იოხანას არ გამოჰპარვია თურქი სამხედროების ხმამაღალი საუბარი, რომელიც ყავახანის მოფარებული კუთხიდან ისმოდა. -        შენი სამხედროები რას ამბობენ, ლევენთ? - იკითხა იოხანამ.-        ხომ იცით, ცალი ყური მუდამ მაქეთ მაქვს ბიჭებო. წუხელ ურმიაზე ალაპარაკდნენ და ყველაფერი მოვისმინე, - ჩურჩულით დაიწყო ლევენთმა. „თურმე რუსის ჯარი 100- წლიანი სამსახურის შემდეგ, იქიდან წასვლას აპირებს. ჯაშუში ჰყოლიათ თურქებს, რომელმაც რუსები დაასმინა, პირველ იანვარს გაჰყავთ ჯარებიო, ყველასგან ჩუმად, როგორც სჩვევიათ! მგონი, თურქებმა და ქურთებმა ისევ პირი შეკრეს და რუსებისგან მიტოვებული ურმიის დარბევას აპირებენ “.-        ვაიმე, დედა! - ამოიოხრა უსუფმა და თავზე ხელი შემოირტყა.-        არ იჯავრო ჯანა, შენები ალბათ მაჰმუდ ბეისთან არიან, მაგათ არაფერი ემუქრებათ! - ანუგეშა ლევენთმა.-        უნდა წავიდე! უნდა გავაფრთხილო! უნდა გადავარჩინო ჩემი საბრალო ოჯახი! - თავში ხელის ცემით იმეორებდა უსუფი.-        ჩუმად, სამხედროებმა არ გაიგონ, - მუხლზე ჩქმეტით ანიშნა ლევენთმა. „სად უნდა წახვიდე? ალაჰმა ქალ-ვაჟი გარგუნა, ალმასივით ცოლი, თავზე ჭერი არ გაკლია და საჭმელი! რას უპირებ აქაურ ოჯახს? შენ თუ წახვალ, მათ რა ეშველებათ? ვინ იქნება ამათი მარჩენალი?-        ვაჰ, მე უბედურს, ორ ცეცხლს შუა ვარ და რა ვქნა, რა წყალში გადავარდე? - ბავშვივით აქვითინდა უსუფი.-        რა გატირებს ამ შობა დღეს, შე კაი კაცო! - გაუჯავრდა იოხანა. „წავიდეთ, მამა იონას ვკითხოთ რჩევა. შენ არ მეხვეწებოდი დილიდან, საშობაო წირვას დავესწროთო?!“ლევენთი მხურვალედ გადაეხვია უსუფს და გზა დაულოცა. იოხანას წამიერად გადაუარა არყის დალევის სურვილმა. უსუფი ტაძარში მიიყვანა და თვითონაც დაესწრო წირვას. მამა იონამ ჩვეულებისამებრ ლოდინისა და მოთმინებისკენ მოუწოდა სასოწარკვეთილ შვილობილს. ურჩია, ოჯახისთვის ელოცა და ერთი მოზრდილი ცხვარი შეეწირა მათი კეთილდღეობისთვის, რაზედაც უსუფი მაშინვე დათანხმდა. 1914 წლის 25 დეკემბრის საშობაო წირვა ურმიაში მცხოვრებ ასურელებს მიეძღვნათ, მაგრამ ოტომანთა რისხვას მარტო ლოცვა რას უშველიდა?! 2015 წლის 1-ლი იანვრის სისხამ დილას, რუსეთის ჯარმა მზაკვრულად დატოვა ურმია და ათი ათასობით ერთმორწმუნე ასურელი ბარბაროსული ეთნიკური წმენდისათვის გაიმეტა.***18 წელი გასულიყო მას შემდეგ, რაც ქვითხურო უსუფმა პირველად შემოდგა კალა უბანში ფეხი. ბევრი რამ შეცვლილიყო ტფილისში; მარტო ფერადი, რიკულებიანი ხის აივნები დარჩენილიყო უცვლელი და ტფილისური ეთნიკური სიჭრელე. ახლად მოპოვებული თავისუფლებით ტკბობის სიმღერა ჟღერდა მის ვიწრო ჩიხებსა და ლამპიონებით განათებულ მოედნებზე. ახალი ენერგიით და სულისკვეთებით სავსე ტფილისელები, ხელახლა ეჩვეოდნენ თავისუფლად სუნთქვას. ქვეყანაში, რომელსაც რუსეთის იმპერიის ტყვეობაში ყოფნა აღარ სურდა, ისინი თავაწეულები და საკუთარი ბედით კმაყოფილები აღნიშნავდნენ ახალი ეპოქის გარიჟრაჟს. ტფილისის გული ყველაზე ძლიერად ყოფილი ერევანსკის, ანუ თავისუფლების მოედანზე სცემდა, სადაც ყოველდღიურად იკრიბებოდა ხალხი, რათა მოესმინათ ახლად არჩეული ლიდერების ომახიანი გამოსვლებისათვის. ისინი გულანთებულნი საუბრობდნენ უთვალავ შესაძლებლობებზე, რომლებიც ახალგაზრდა, მრავალეთნიკურ ქვეყანას ელოდა. პოეტები მხატვრულად კითხულობდნენ ლექსებს, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლებსა და ოცნებებზე ლირიკულ გობელენებს ქსოვდნენ და მსმენელი აღტაცებაში მოჰყავდათ. დედაქალაქის ყველა კუთხე-კუნჭული სავსე იყო გადამდები ოპტიმიზმით, უკეთესი მომავლის იმედი მთის ფერდობებზე აყვავებული ველური ყვავილივით იდგამდა ფესვებს. ყავახანები საუბრების ადგილად იქცა, სადაც ტფილისელები, რომელთა რიცხვშიც უმეტესად უკვე ქართველები იყვნენ, ხშირად იკრიბებოდნენ ორთქლადენილ ყავაზე და მიმდინარე დღის მოვლენების განხილვით ტკბებოდნენ. სომხის ბაზარი, რომელსაც ახლა უკვე შუა ბაზარს ეძახდნენ, აყვავებულიყო კაშკაშა ქსოვილებით შემოსილი სადგომებით, სადაც მოვაჭრეები ამაყად ამზეურებდნენ თავიანთ ნაწარმს: ტკბილ ჩირეულს, ჩამოქნილ ჩურჩხელებსა და სურნელოვანი აჯიკის ქილებს. 1918 წლის 5 დეკემბრის საღამოს, ლევენთს ადრე დაეხურა თავისი ყავახანა და ფატიმასთან ერთად ჩუღურეთში მიემართებოდა, სადაც უსუფის მესამე შვილის, პატარა ალექსანდრეს ნათლობას აღნიშნავდნენ.დაღამება ქალაქს თითქოს ლამპიონების ჯადოსნურ ოქროსფერში აბანავებდა და მბჟუტავი ფარნების სამეფოდ გადააქცევდა ხოლმე. შეციებული ჭადრები კანკალებდნენ დეკემბრის მშრალ ღამეში და მთვარის მკრთალი შუქი ლივლივებდა მდინარე მტკვრის ზედაპირზე. უსუფის მიწური ხელნაკეთი შეშის ფეჩით თბებოდა. ორი პატარა ოთახიდან, უფრო მოზრდილში გაეშალათ სუფრა. ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, რუს, ქართველ, ქურთ და იეზიდ მეზობლებთან ერთად. მარტო ჩვილი ალექსანდრე იყო დედის ძუძუს მიწებებული, რომელიც ცალი ხელით სუფრას შლიდა, მეორით კი ახალშობილს აჭმევდა. უსუფი თვალებში შესციცინებდა მეუღლეს და უსიტყვოდ ხვდებოდა, რა უნდა გაეკეთებინა. 8 წლის ანნა და 6 წლის პავლე სუფრასთან მოიხმეს და პურობას შეუდგნენ. სუფრაზე უხვად ელაგა სომხური ლავაში, გუდის ყველი, მწვანილი და ასურული ტოლმა. ორი დოქით იდგა სოფლის ღვინოც, რომელიც იოხანას ჩამოეტანა, თუმცა ლევენთის ხათრით, სასმელს არავინ ეკარებოდა, თავად იოხანას გარდა. ნათლიებმა კოხტად შეფუთული საჩუქრები მოიტანეს, რომლებიც სათითაოდ დახსნა უსუფის ცოლმა: აქეთ ხელით ნაქსოვი საბავშვო ფაჩუჩები, იქით ბავშვის ზომის მატყლის საბანი - დიასახლისი აღტაცებას ვერ მალავდა და სათითაოდ ემადლიერებოდა შვილის ნათლიებს. სუფრა ტრადიციულად სიმღერით და ცეკვით დასრულდა. შუაღამემდე ისმოდა მხიარული საუბრები და ტაში უსუფის მიწურიდან. ჩვილ ალექსანდრეს, დამოუკიდებელი საქართველოს პატარა მოქალაქეს, დედის ძუძუზე ჩასძინებოდა და ბედნიერი იღიმოდა. უსუფი თვალს ვერ აცილებდა თავის სტუმრიან ოჯახს, მზეთუნახავ ცოლს და მის გულკეთილ ნათესავებს, რომლებმაც შვილივით მიიღეს, ერთგულ მეგობრებს, გულისხმიერ მეზობლებს და შვილებს, რომლებიც მხოლოდ თავისი არსებობით, მამის გულს უსაზღვრო ბედნიერებით ავსებდნენ. უსუფმა ჩუმად ჩაიკითხა „მამაო ჩვენო “გულში და გულზე დაკიდებულ ჯვარს ეამბორა. იმ ღამეს უსუფს დედა არ დასიზმრებია.***-        უსუფ, ქართულად წერია და წამიკითხე რა, ეს განცხადება, - შეევედრა იოხანა მეგობარს, რომელსაც ისე დაეხვეწა ქართული, რომ იქ დაბადებულისგან ვერ გაარჩევდით. -        „ხა ლიშანა ლელე მალიანა“, ტყუილად არ უთქვამს ბაბუაჩემს, ერთი ენის ცოდნა არასოდეს არის საკმარისი, იოხანჯან, - მიუგო უსუფმა.უკვე სამი შვილის მამას, მუდამ ზრუნვასა და სიყვარულში ხვევდა ოჯახი. ცოლი გემრიელი კერძებით ანებივრებდა, ბავშვები უპირობო სიყვარულით, იოხანა კი ხშირი სტუმრობით. -        ძმობილო, აქ წერია რომ გარდაბანში, ვასილევკის უბანში, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში გამოქცეული კათოლიკური აღმსარებლობის ასურელები ცხოვრობენო. დიდი სათვისტომო ჰქონიათ და ნათესავებს ეძებენ ქანდაში, - აღტაცებული კითხულობდა უსუფი.-        ახლავე გაემგზავრეთ, დედაშენი და შენი დები არ იყვნენ, - უმალ საგზლის ჩალაგება დაიწყო უსუფის მეუღლემ.გარდაბანში ჩასულებს საზარელი სანახაობა დახვდათ. მშიერი და ავადმყოფი დევნილები ერთ კარავში შეეყარათ. ყველგან ხველება და ტირილი ისმოდა. ქალები ბავშვებს ვერ აწყნარებდნენ, რომლებსაც თურმე გზაში ოჯახის წევრებზე ძალადობა ენახათ. ურმიიდან დევნილებიც ბევრნი იყვნენ, მათ შორის იყო მაჰმუდ ბეის ასურელი მეუღლე ჯალალიც, თავის შვილიშვილებთან ერთად. -        აქ საიდან მოხვდით ქალბატონო? თქვენი ოჯახის კაცები სადღა არიან? - გაოცებით ჰკითხა უსუფმა, თან გული გამალებით უცემდა, თითქოს არ უნდოდა სიმართლის გაგება.-        ეჰ, მაჰმუდი აღარ არის, შვილო უსუფ, - აკანკალებული ხმით მიუგო ჯალალმა. - ჩვენი ხალხის მფარველობა დააბრალეს, ყურებით მიაჭედეს ღობეზე და ურმიის მთავარ მოედანზე დატოვეს. ჩვენი ვაჟები, ასურელ მეგობრებთან ერთად, ორჯერ შეეცადნენ მისი იქიდან დახსნას, მაგრამ ამაოდ; მესამე მცდელობაზე ისინიც დაიჭირეს და მაჰმუდის თვალწინ ორთავეს ყელი გამოსჭრეს. იხვეწებოდა თურმე, მეც მომკალითო, მაგრამ ავაზაკ ქურთებს ნელი და სამარცხვინო სიკვდილი მიესაჯათ მისთვის, შიმშილით და წყურვილით ამოხადეს სული. მე და ბავშვები უკვე გამოქცეულები ვიყავით, ამბავი ჯულფაში დაგვეწია.-        უფალმა გაანათლოს მაჰმუდის და მისი ვაჟკაცების სულები. კეთილი ბატონი იყო და ასეთ სიკვდილს არ იმსახურებდა. თქვენს შვილიშვილებს მოემატოს ის წლები, რაც მათ მამებს და ბაბუას დააკლდათ, - პირჯვარი გადაიწერა უსუფმა.-        შენი ოჯახის დარდი გაქვს ალბათ, შვილო უსუფ; - განაგრძო ჯალალმა. - ვიცი, მაჰმუდი მფარველობას დაჰპირდა, მაგრამ მაგათ კი არა, ჩვენ ვერ გვიპატრონა საბრალომ.-        ვაიმე დედა! - აღმოხდა უსუფს და მუხლები მოეკვეთა, ალბათ წაიქცეოდა კიდეც, იოხანა რომ არ მიშველებოდა.-        შენი დები და დის შვილები, ბიცოლაშენმა წაიყვანა თავის შვილებთან ერთად ბაღდათში, სადაც მისი ბიძის ოჯახი თავშესაფარს დაჰპირდა. შენი მეუღლე კი... - შეჩერდა და ხელზე ჩაეჭიდა, შენს 18 წლის ქალიშვილთან ერთად ადაში დარჩა, ავადმყოფი ბებიის მოსავლელად. წმინდანია შენი ორი მარიამი, არც ერთმა მიატოვა დედა და არც მეორემ. წამოსვლის წინ დამაბარეს, ტფილისამდე თუ ჩამოვაღწევდი, საჯინიბოში მომენახე და მეთქვა, რომ კარგად არიან. ბებია მოყოჩაღდება თუ არა, კანდოვანში აპირებენ წასვლას, სადაც ოდესღაც დასამალად თურმე ერთად ყოფილხართ და სადაც მყარად ნაშენ კლდის სახლში არაფერი ემუქრებათ, - დაასრულა თხრობა ჯალალმა და ატირებულ უსუფს მოეხვია. უსუფი გარინდული უსმენდა ქალბატონის მონათხრობს და ბოლო წუთამდე იმედს იტოვებდა, რომ მისი ოჯახის წევრები კარგად იყვნენ. როგორც კი გაიგო, რომ ქალიშვილი ჰყოლია, ცივმა ოფლმა დაასხა და აკანკალდა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია. მოდიოდა იოხანასთან ერთად და თვალწინ უდგებოდა მთაში ნაკვეთი გამოქვაბული, რომელზეც ქვისვე კარი მიედგა და ოჯახისთვის დროებითი თავშესაფარი გაეკეთებინა. „იქ ხომ არც წყალია და არც ხე იზრდება“, - ფიქრობდა თავისთვის. „განა რამდენ ხანს შეძლებენ ჩემი ოჯახის ძლიერი ქალები იქ დახმარების გარეშე დამალვას?!“ გარდაბანში მოსმენილი ამბები კიდევ უფრო უმუქებდა ფიქრებს უსუფს. „სასიკვდილო მსვლელობებს აწყობენ მუსულმანები, გზაში წაქცეულებს გვირტყამენ და ოჯახის წევრების თვალწინ გვკლავენ,“ - ახსენდებოდა უხუცესი დევნილის სიტყვები, რომელსაც თურმე იესო ქრისტე დასიზმრებია და ამიტომ გადარჩა. „ქალებს და ბავშვებს ერთმანეთს აცილებენ და სხვადასხვა მხარეს ერეკებიან. მოხუცს, სნეულს და დაცემულს, იქვე ასაკლავებენ. თუ ვინმე ლამაზმანი ნახეს, ჩარდახიან ურემზე სვამენ და სიცოცხლის სანაცვლოდ ნამუსსა ხდიან, ისინი კი ხშირად მაინც თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს, “- თავში გრამოფონის ფირფიტასავით უტრიალებდა დევნილების გაბზარული ხმებით მონაყოლი. -        არ ვიცოდი, ურმიაში ცოლი თუ გყავდა, - უადგილოდ იკითხა იოხანამ და უსუფს ჭრილობაზე მარილი მოაყარა.-        ასეა ჯანა, ოღონდ ჩვენს ძმობას გაფიცებ, არავისთან გამთქვა! - შეევედრა უსუფი და ყელზე იჩქმიტა. „ჩემი პირველი სიყვარული, 9 წლის ობოლი მარიამი, ბაზრიდან მომავალს უპატრონო ლეკვივით ამედევნა. დედასთან მივიყვანე, რომელმაც შვილივით შეიყვარა; ველური მინდვრის ყვავილი, ედემის ვარდად აქცია. 16 წლისამ პირველი სიყვარულის ხილი მაჭამა და დედაჩემის კურთხევით, ცოლად გამომყვა “. -        შენი შვილისთვისაც მარიამი დაურქმევიათ, ალბათ დედაშენის პატივსაცემად, - შეახსენა იოხანამ. -        დედა, მეუღლე და შვილი, სამი ერთმანეთის და ოჯახის ერთგული წმინდანი, ერთ ბედოვლათ, თვითმარქვია იოსებს მელოდებიან და ჩემზე ლოცულობენ. მე კი ტფილისის ქუჩებში არხეინად დავაბიჯებ და დედამიწას ვამძიმებ ჩემი არსებობით. აქეთ მეორე ოჯახი დამდგომია გვერდში სანთლად, ჩემზე ფიქრით ათენებს და აღამებს ჩემი ფარვანა და არც კი იცის, რომ მის გარდა კიდევ ერთი ქალი მიყვარს... არ ვარ არც ერთი ოჯახის ღირსი. სიკვდილის ღირსიც არ ვარ იოხანჯან, თორემ რაც ჩამოვედი, აგერ მდინარე ქურა მის მერე მიხმობს! მხოლოდ სიბნელის, შიმშილის და სიმარტოვის ღირსი ვარ. ასეც ვიზამ, ავიკრძალავ ჭამას, ძილს და ყოველგვარ ამქვეყნიურ სიამოვნებას! ჩემი გარდაცვლილი ჩვილის სულსა ვფიცავ, არასოდეს გავიღიმებ, ოღონდ ჩემი ოჯახის ქალების წამება დასრულდებოდეს ურმიაში და სამშვიდობოს გამოვიდოდნენ.სახლში დაბრუნებულ, საწოლში გაუხდელად ჩაწოლილ უსუფს დაესიზმრა:ურმიის ტბაზე ბანაობს მარიამი, რომელსაც რატომღაც უსუფის ტფილისელი ცოლის კოპლებიანი კაბა აცვია. „არ ჩაიძირები იოსებ,“- ესმის მისი მზრუნველი ხმა. „მიენდე ბუნების ჯადოსნურ ძალას. ამ ტბაში იმდენი მარილია, შენ კი არა მე, დედაშენს, ჩვენს ქალიშვილს, შენს პატარა დებს და ბიძაშვილებს ყველას ერთად გვატივტივებს “, - უცებ წყალი სისხლისფრად იღებება და წრეზე ამოძრავებს მასში მოტივტივე ქალებს. მამას და ბიძას პატარა უსუფი აუტაცებიათ და ოჯახის წევრების გადასარჩენად არ უშვებენ, ის კი გამალებით აქეთ-იქით აქნევს გალეულ ფეხებს. დაყვირება უნდა, მაგრამ პირი მარილიანი წყლით ევსება. უყურებს, როგორ ლუკმა-ლუკმა ღეჭავს გესლიან გველეშაპად ქცეული ურმიის ტბა ოჯახის საყვარელ წევრებს. მომაკვდავი ნადირივით ღრიალებს და გამოფხიზლებას არ ნებდება.***რა აღარ იღონა უსუფის ცოლმა, რომ საზარელი სიზმრებისგან დაეხსნა ღრმა მწუხარებაში ჩავარდნილი ქმარი, რომელიც საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. ექიმბაშების ნაყენებს ალევინებდა, ავგაროზებს უდებდა მუთაქის ქვეშ, შელოცვებს უკეთებდა და წყალში ჩაღვრილი გამდნარი ტყვიით მარჩიელობდა მისი ოჯახის წევრების ამბავზე. ის კი არ იცოდა საბრალომ, რომ უსუფს საკუთარი თავისათვის თავისივე ბნელ სიზმრებში აღსრულებული სამუდამო განაჩენი გამოეტანა.-        მეოთხე შვილს ველოდებით, - დაღლილი ხმით დაიწყო აღსარების ჩაბარება უსუფმა.-        გილოცავ შვილო, პატარა ამბავი არ გეგონოს! - პირჯვრის წერით მიულოცა მამა იონამ. „განა ყოველთვის ბევრი შვილის ყოლა არ გინდოდა?!“-        რაც ჩემების ამბავი გავიგე, ცხოვრებამ აზრი დაკარგა, მამაო. ერთი ღამე არ მძინებია მშვიდად. ჩემს ფარვანასაც ვტანჯავ ჩემი შფოთიანი არსებობით, ის კი ყოველ ღამე მოთმინებით მწმენდს ოფლს და მამშვიდებს. მეოთხე შვილსაც იმიტომ აჩენს, რომ დედის დანაკლისი შემივსოს… მკითხავს უთქვამს, პატარა გოგოს გააჩენ და გარდაცვლილ ჩვილს ჩაგინაცვლებთო... ზოგჯერ ქვაზე დამჯდარი ვათენებ, რომ ჩემი ყვირილით არ შევაწუხო ორსული. ცოტას ვჭამ, არ ვიცინი, არ ვმღერი. უკვე წლებია, სტუმარს აღარ ვაპატიჟებინებ, არადა ვიცი, როგორ უყვარს ჩემს ქალს ოჯახში მოლხენა, მაგრამ არც კი მსაყვედურობს. ცხოვრება ჯოჯოხეთად ვუქციე, ის კი ნემსის ყურში ძვრება, რომ გამაბედნიეროს. ახლა ეს ახალი ბავშვი! როგორი უდროოა და როგორ არ ვიმსახურებ მე მუხთალი და მოღალატე ახალშობილის სითბოს და სიყვარულს, - ერთიანად ამოთქვა აღსარება უსუფმა და მოძღვარს რჩევა ჰკითხა: როცა პირველი ქალიშვილი დაგვეღუპა, ვიცოდი, ჩემი ურმიელი ოჯახის წევრებისთვის შეუსრულებელი დანაპირების საფასური წაიღო ღმერთმა. ახლა რომ კიდევ წამართვას რომელიმე შვილი, ვეღარ გადაიტანს ჩემი საბრალო ცოლი და ისედაც სასოწარკვეთის ზღვარზე მყოფი, თავს უთუოდ მოიკლავს. ჩემი ცოდვების გამო, ჩემი ოჯახი რატომ უნდა იტანჯებოდეს, მამაო? ასე ცხოვრება აღარ შემიძლია! მითხარი, სად იკრიბებიან ურმიაში წამსვლელი მოხალისეები. წავალ, დაველაპარაკები, იქნებ ჩემნაირი ბედოვლათიც გამოადგეთ გზაში. ცხენზე ჯდომა არ დამვიწყებია, კარგი თურქული ვიცი და მოკლე გზებით შემიძლია მივიყვანო ასურელ აჯანყებულებამდე.იონამ მძიმედ ამოიოხრა, პირჯვარი გადასწერა შვილობილს და თხოვნა შეუსრულა.სახლში გვიან დაბრუნებულმა უსუფმა სამზარეულოს დანა, ორი დღის საკმარი სანოვაგე გამოკრა ბოხჩაში და ცოლ-შვილისთვის გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა. მეორე დილას, გარდაბნის რაიონიდან ასურელების თორმეტ კაციანი ჯგუფი, ფეხით გაემართა ურმიისკენ. მათ შორის იყო თურქულ ყაიდაზე ჩაცმული ქვითხურო უსუფიც.***უსუფში ერთიანად გაიღვიძა მეომარი წინაპრების ჟინმა და სამზარეულოს დანით ოთხი ქურთი მოიგერია, რომლებიც ადასკენ მიმავალს დაედევნნენ. თავადვე უკვირდა, რომ მუშას, რომელსაც ქვის თვლის მეტი ცხოვრებაში არაფერი უკეთებია მკლავი ასე კარგად უჭრიდა. დიდი ბაბუების ხსოვნას უმადლოდა, რომ მშვიდობით ჩააღწია სამშობლომდე. სიცოცხლე შეინარჩუნა, თანაც ისე, რომ მისი ხელით არც ერთი მუსულმანი მომკვდარა! „უფალო იესო ქრისტე, მადლობა რომ მაპოვნინე ძალა, ეს ჯოჯოხეთი გამომევლო და ცოდვაში არ ჩამედგა ფეხი“, - იმეორებდა უსუფი და აჩქარებით მიიწევდა ადასკენ. ტანზე თურქი სამხედროს შემოფლეთილი ტანსაცმელი ეცვა, ფერმკრთალს და წონაში დაკლებულს თმა და წვერი ერთიანად გასთეთრებოდა, ყვრიმალები ჩასცვენოდა, გარუჯულ სახეზე ღრმად ჩამჯდარ გაყინულ ნაცრისფერ თვალებზე ნისლის მაგვარი აპკი გადაჰკვროდა. ვინ იცის, რამდენი უსამართლობა ნახა უსუფის ერთ დროს იმედის შუქით გასხივოსნებულმა თვალებმა, რამდენი ასურელის მამაცური სიკვდილი, სანამ აჯანყებულებს ჩამოსცილდებოდა და ადაში გამოიპარებოდა?ტბის პირას ნაშენი სოფელი, ფრთხილად იღვიძებდა ცისკრის რბილი, ოქროსფერი შუქის ქვეშ. აყვავებული ნუშის ხეების სურნელი ტფილისში აბრუნებდა მგზავრს. სოფლის ცარიელი ქუჩებით დამფრთხალს ფერადი ხის აივნები და ქუჩის მუსიკოსების შეზარხოშებული ღიღინი ენატრებოდა. რაც უფრო უახლოვდებოდა თავის კარ-მიდამოს, მით უფრო ანელებდა ნაბიჯს. „ნეტავ ჩემი ფარვანა და ჩემი პატარები როგორ არიან? ალბათ სადაცაა მეოთხე ბავშვს გააჩენს, მე კი მის გვერდით არ ვარ. როგორ მოაბამს თავს ჩემი პატარა, ყოჩაღი დიასახლისი? დედა ცოცხალი აღარ ჰყავს, ძმას თავისი ოჯახი ჰყავს მოსავლელი... იოხანას იმედი მაქვს, ის არ მიატოვებს ნათლულებს, აუცილებლად დაეხმარება! “ - ასე იმშვიდებდა თავს, რომ უცებ სახლის ზღურბლს მიადგა. ცარიელი და გაძარცვული დახვდა იქაურობა. კედლიდან ჩამოგლეჯილი ხალიჩების კვალი ეცა თვალში, ნატყვიარი ბატის ბუმბულის ბალიშები, რომლებიც ჭუჭყიანი თოვლივით მოჰფენოდა მისაღებ ოთახს. სახლში აღარ დარჩენილიყო არც ერთი ნივთი, სუფრები, ფარდაგები, მუთაქები, ყველაფერი გაეზიდათ, სახლის კარებიც კი მოეგლიჯათ და წაეღოთ. გულაჩქარებული უსუფი  უკანა ეზოში გავიდა, სადაც საოჯახო სამარხები ეგულებოდა. დადიოდა და რაღაცას ეძებდა. უცებ მუხლებზე დაეშვა და ანნა ბებიას საფლავს ჩაეკრა. იტირა პატარა ბავშვივით, ეფერა ქვაზე სადად ამოკვეთილ მის სახელს. „გარდაცვალების წელი, 1909, ჩემი ანგელოზი, ჩვილი მარია შეეგებებოდა სამოთხეში“,- იფიქრა თავისთვის და საფლავის ირგვლივ ამოსულ ბალახს მოეფერა. სასწაული სანახავი იყო უშველებელი ოჯახური სასაფლაო, რომელიც დარბეული, გაპარტახებული სახლის უკან, მწვანედ ბიბინებდა და გაზაფხულის სურნელით ათრობდა უსუფს. ბევრი ტირილის მერე, თითქოს გულიდან ლოდი მოეხსნაო, ისე გამსუბუქდა. ტანსაცმლიდან მტვერი ჩამოიფერთხა და ურმიის ტბისკენ დაიძრა. „დედიჯან, შენი საფლავი აქ არ არის, დიდება უფალს!“ - ფიქრობდა უსუფი და სახეზე მადლიერი ღიმილი უთამაშებდა. „კლდის სამალავში ასე ადვილად ვერ მოგაგნებდათ მტერი. რა კარგია, რომ აქაურობას დროზე გაეცალეთ, “- იმედიანად მიაბიჯებდა უსუფი ურმიის ტბისკენ, რომელიც იმაზე გაცილებით პატარა ეჩვენებოდა, ვიდრე ბავშვობიდან ახსოვდა. არც მარილის ქანდაკებები იყო ისეთი თვალწარმტაცი, თავად ტბასაც ჟანგისფერი გადაჰკვროდა და მასში ჩაყრილი გახრწნილი გვამების სუნით ამყრალებულიყო. ***კანდოვანის მტვერში ამოგანგლული უსუფი ხვლიკივით მიძვრებოდა კლდეში ნაკვეთ სახლებს შორის, თავისი წინაპრების სამალავს რომ მიუახლოვდა, თავადაც ქვას დაემსგავსა შიშისაგან გაშეშებული. გამოქვაბულიდან ცხოველური ღმუილი ისმოდა, სახლის წინ კი თავიდან ფეხებამდე შეიარაღებული მოხუცი იჯდა ფარდაგზე, მექისკენ ზურგშექცეული და საღამოს ლოცვას კითხულობდა. თითქოს კლდის სახლიდან გამოსული გამაყრუებელი ყვირილი იავნანა იყო მისთვის. ლოცვის დასრულების შემდეგ მოხუცმა პატარა ფიალით გამოქვაბულში წყალი შეიტანა. ყვირილი შეწყდა. უსუფი იქვე, ქვის უკან ჩაიცუცქა და 5 დღე-ღამე ადევნებდა თვალს მოხუც ჯარისკაცს, რომელიც საკმაოდ ასაკოვანი გახლდათ, მაგრამ წელში მაინც არ იყო მოხრილი. დღის უმეტეს ნაწილს ეზოში ატარებდა, იარაღს საგულდაგულოდ წმენდდა. მუდამ ზურგი ჰქონდა შექცეული კლდის სახლისკენ, საიდანაც ხანდახან განწირული ყვირილი ისმოდა. სახლის წინ ხეხილიანი ეზო გაუშენებიათ, იქვე ჭაც გაუთხრიათ ძველ ასურულ ყაიდაზე. მოხუცი ჯარისკაცი ავად უნდა ყოფილიყო. გაუთავებელი ხველა ახრჩობდა, მაგრამ პირსაბურავს მაინც არ იხსნიდა. მეექვსე დღეს, ხედავს უსუფი, როგორ ლესავს ქურთი დანას და უეცრად აყვირებულს როგორ ემუქრება. „ვინ ხარ ჯანა? რატომ ყვირი? რას გიპირებს მოხუცი არამზადა? ნუთუ მართლა შეასრულებს მუქარას? “ - ფიქრობდა უსუფი, მაგრამ განძრევას ვერ ბედავდა. თავიდან ბოლომდე შეიარაღებულს, სამზარეულოს დანით როგორ მოერეოდა? მაგრამ ყვირილი რომ არ წყდება და არც მუქარა? უსუფის გოგონა ხომ არ იღუპება? სხვამ არავინ იცის ამ სამალავის შესახებ, მარტო უსუფის ოჯახმა. „ღმერთო შემინდე და მომიტევე ცოდვა მიუტევებელი. შვილის დაკარგვას მეორედ ვერ გადავიტან!“ პირჯვარი სამჯერ გადაიწერა უსუფმა და მეშვიდე დღეს საბანაოდ გაშიშვლებულ მოხუცს ყვირილით ეძგერა. ღონიერი იყო და სხარტი ქურთი არამზადა. მუხლში ჩარჭობილი დანა უცებ ამოიღო და აქეთ შეუტია თავდამსხმელს. უსუფმა ხელი გაუკავა და მისთვის მოღერებული დანა, მტრისავე ხელით შიგ გულში ჩასცა. მოკლული პირქვე დაემხო ქვაზე. უსუფი უმალ სახლში შევარდა. ხედავს საწოლზე უმოძრაოდ ასვენია 8-9 წლის თურქის გოგონა. თვალები მაგრად დაუხუჭავს და ხელის ცახცახით დანას იქნევს. -        ნუ გეშინია პატარავ, არაფერს დაგიშავებ, - დაამშვიდა უსუფმა და სახლი მოათვალიერა. - რა გქვია?ბავშვმა თვალები გაახილა და ახლა თავისი ყელისკენ მიიშვირა დანა. უსუფმა ალერსიანად გახედა საბრალოს.-        მამაცი გოგო ხარ, - გულწრფელად შეაქო. - მაგრამ ჩემი არ უნდა გეშინოდეს. მე შენს საშველად მოვედი.აკანკალებულ პატარას მიუახლოვდა და დანა ფრთხილად გამოართვა. ბავშვმა გაუგებარი ქურთულით დაიწყო საუბარი, მარცვალ-მარცვალ ლუღლუღებდა, ისე რომ აზრის გამოტანა შეუძლებელი იყო. ზოგჯერ ლეკვივით წკმუტუნებდა, ტიროდა, ღრიალებდა, ვიღაცას უხმობდა. უსუფმა სახლის კედლებზე დაკიდებული დედის ნაქსოვი ხალიჩები იცნო. ქვის მაგიდაზე დედამისის სართავი იდო. ქვის კედელზე, ხატების გვერდით, იოსების სახელი იყო ამოკვეთილი დანით. უსუფს გული აუჩუყდა, თან ფიქრს განაგრძობდა: „ეს ბავშვი ქურთის ნაშიერია. ჩემები დახოცა ალბათ მისმა მზაკვარმა ბაბუამ და თვითონ დაბინავდა ჩვენი წინაპრების სამალავში“. გაიფიქრა გაბრაზებულმა და ეზოში გამოვიდა ოჯახის წევრების გვამების მოსანახად. ქურთის ბავშვი ყვირილით გამოეტირა. -        ნუ გეშინია, პატარავ, არ მიგატოვებ. წყალს და საჭმელს მოგიტან და მალე დავბრუნდები, - თურქულად უპასუხა უსუფმა, თუმცა დარწმუნებული არ იყო, რომ ბავშვს მისი ესმოდა.ეზოში გამოსულმა, კარგად დაათვალიერა იქაურობა, მაგრამ სამარხი ვერსად ნახა. ვერც გვამების დასაწვავად ამოთხრილი ორმო იპოვა, რომლის მსგავსიც ბევრი ენახა კანდოვანისკენ მომავალს. ბოლოს მიწაზე დაგდებულ მოკლულს წამოჰკრა ფეხი. იფიქრა, ბავშვმა არ ნახოს და ინერვიულოსო, ფეხებში წაავლო ხელი და სახლის უკან გაათრია. წელს ქვემოთ შიშველი იყო საბანაოდ გამზადებული მოკლული, ტანზე მრავალი ჭრილობა ეტყობოდა, მხოლოდ თავ-პირი ჰქონდა ჭუჭყიან თავსახვევში შეფუთული. „მე რომ არ მომეკლა, მალე თვითონ მოკვდებოდა ალბათ ჭლექიანი“, - იფიქრა უსუფმა, როცა ერთი ფენა ნაჭერი შემოაცალა და პირიდან გამოჟონილი სისხლი დაინახა. სახე მოარიდა და ისე გააგრძელა თავსახვევის შემოხსნა. იფიქრა, მუსლიმანური წესით გავბან და ისე დავმარხავო, მაგრამ მისი სახის დანახვაზე, თავში სისხლმა აასხა და ხელები ერთიანად გაეყინა; მარჯვენა ყურის ბიბილოდან მარცხენა თვალის კიდემდე, მადლიანი მკურნალის ხელით, კოხტად გაკერილი უშველებელი ნაჭრილობევი ეტყობოდა. ასეთი დასახიჩრებული სახე ერთხელ უკვე ენახა უსუფს და მისი დავიწყება შეუძლებელი იყო. „ეს რა ჩავიდინე! რატომ გავწირე ეს საბრალო, რატომ მოვუსწრაფე სიცოცხლე? რატომ დავაობლე მისი ნაშიერი? ღმერთო, რა დაგიშავე, რომ ასე გამიმეტე? “ დაიღრიალა უსუფმა და ყელიდან, ბაბუასეული ჯვარი მოიგლიჯა, რომელიც ნათლობის მერე გულზე ეკიდა და, რომელმაც აგერ უკვე თითქმის ნახევარი საუკუნე ქრისტეს გზაზე ატარა. ***დეკემბრის ცივი ღამე იყო, როცა ბორჩალოში, ლევენთის სახლს დაუპატიჟებელი სტუმარი მიადგა. გალეულ ცხენზე შემჯდარ მგზავრს, ხეიბარი გოგონა ზურგზე შალით მიეკრა. ცხრა წლისაც არ იქნებოდა ცხოვრებისგან დაჩაგრული, არც ენა უჭრიდა და არც ფეხები ემორჩილებოდა. -        უსუფ, შენა ხარ მეგობარო? - ნავთის ლამპა მიუტანა სახესთან ლევენთმა.-        მე ვარ ჯანა, შენ და ფატიმას შვილი მოგიყვანეთ, - მიუგო უსუფმა და მხურვალედ გადაეხვია მეგობარს.მთელი ღამე საუბარში გაატარეს მონატრებულებმა. ფატიმა ბავშვს ამშვიდებდა და ბანდა. მათი ქართველი ნოქარი თურმე შვილებს უპოვიათ და უმალ სახლში წაუყვანიათ, მაგრამ ქალს ისე შეჰყვარებია ფატიმა, რომ შვილების დაჟინებული თხოვნით, ახლა ფატიმას დაეწყო მხცოვან და გულმავიწყ დედასთან მოჯამაგირედ მუშაობა.უსუფი ნაწყვეტ-ნაწყვეტ უყვებოდა ძველ მეგობარს თავგადასავალს, მოხუცი ქურთის მკვლელობის ამბავს რომ მოჰყვა, სუნთქვას მოუხშირა, წარბი შეკრა და თვალები დახარა. -        ასეთი ყოფილა ალაჰის ნება, უსუფჯან, ჩვენ მის დავალებას ვასრულებთ ყველანი, - უპასუხა და მხარზე ხელი დაადო მეგობარს. „პატარა გოგონას თილისმასავით მოვუფრთხილდებით და ასე მოვიხდით ბოდიშს ალაჰის წინაშე. შენ ყოფილხარ ის კეთილი სული, ვინც მე და ფატიმას მრავალი წლის ნატვრა აგვისრულე და შვილი მოგვიყვანე. მუდამ შენი მადლიერები ვიქნებით“.გამთენიას, სანამ მამალმა პირველად იყივლებდა, უსუფი წამოდგა და მამა იონას სანახავად გაემართა. ერთი სული ჰქონდა, როდის მივიდოდა სახლში, მაგრამ ჯერ აღსარება უნდა ჩაებარებინა და მოკლული ქურთის სულისთვის ელოცა.-        ეს ყოფილა უფლის ნება იოსებ, რომ იმ ტანჯულისთვის სნეულებით სიკვდილი აგეცილებინა და მეომრის სიკვდილით გაგესტუმრებინა საიქიოში, - უთხრა მოძღვარმა და პირჯვარი გადასწერა უსუფს.-        პირველად შემეპარა უფლის სამართლიანობაში ეჭვი, მამაო, როცა მოკლულის ნაიარევი სახე შევიცანი, - ტირილით მიუგო უსუფმა. „ეს ჯვარი მოვიგლიჯე გულიდან, რომელმაც წლების წინ შენამდე მომიყვანა!“-        ქრისტიანულმა რწმენამ გადაარჩინა ჩვენი მოდგმა, შვილო იოსებ. ჩვენს წინაპრებს ღმერთის სწამდათ მაშინაც კი, როცა ტანჯვა და განსაცდელი დაატყდებოდათ ხოლმე თავს, ისინი ლოცულობდნენ და მოწყალებას სთხოვდნენ მას, - უპასუხა იონამ მიმტევებლური ხმით. - ერთხელ მეც მოვიგლიჯე გულიდან ჯვარი, როცა კინაღამ ხელიდან გამომეცალა მშობიარობის დროს ჩემი მეუღლე, მაგრამ უფალმა ბიძაშენი გამომიგზავნა მხსნელად და ცხოვრების აზრი შემინარჩუნა. შენთანაც მოვა უფალი, როცა ყველაზე დავარდნილი იქნები, მოვა უფალი იესო ქრისტე და ფეხზე წამოგაყენებს.-        დიდება უფალს! - წარმოთქვა უსუფმა და ყელზე ხელმეორედ მობმულ ჯვარს აკოცა.-        შენს აქ არ ყოფნაში მეორე ქალიშვილი შეგეძინათ, - გუნების გამოსაკეთებლად უთხრა იონამ შვილობილს, როცა მისი მძიმედ მოსასმენი აღსარება ჩაიბარა. - შენმა ცოლმა მარიამი დაარქვა.-        შენ გაიხარე მამაო, ეს რამხელა ლოდი მომეხსნა გულიდან! ურმიაში ყოფნის დროს, ყოველ ღამე მესიზმრებოდა ჩემი ფარვანა, ვჯავრობდი, როგორ იყო, როგორ იმშობიარა, ხომ არაფერი უჭირდა. ჩემი იოხანას იმედი მქონდა და შენიც მამაო. ვიცოდი, გასაჭირში არ დატოვებდით ჩემს ობლებს, - სიხარული ვერ დამალა უსუფმა.-        შვილო, იოსებ, ნუ ჯავრობ, კარგად არის შენი ოჯახი, არაფერი უჭირთ. ოღონდ... შენი ფარვანა შენზე გამწყრალა. იოხანასგან გაუგია შენი ურმიაში დაბრუნების ნამდვილი მიზეზი. ვერ გპატიობს, რომ პირველი ცოლის ამბავი დაუმალე. ასე დამიბარა, თუ ოდესმე საქართველოში უვნებელი დაბრუნდებოდი, მეორე დღესვე კათოლიკურ ეკლესიაში გამოცხადებულიყავი ჯვარის ასაყრელად, - ფრთხილად ამცნო მამობილმა ცუდი ამბავი უსუფს და მკლავში ხელი გაუყარა.-        ვაი, ჩემს თავს უბედურს! რა წყალში გადავარდე, იონა? ჩემი გულის ფარვანას როგორ გავეყარო? მასზე და ბავშვებზე ფიქრმა გამაძლებინა ჯოჯოხეთურ მოგზაურობაში... დღე არ გასულა, რომ არ მელოცა მათზე, - მოთქვამდა უსუფი და ოხრავდა.ნაშუადღევს მაინც გაბედა ჩუღურეთში თავის სახლთან მისვლა. ხედავს, მისი მეუღლე ეზოში ზის და შალში გახვეულ პატარას ძუძუს აჭმევს. ირგვლივ მისი სამი უფროსი შვილი დარბის და ბურთს თამაშობს. ის იყო, იფიქრა, შევალ და მივესალმებიო, რომ მიწურიდან იოხანას ხმა მოესმა. სუფრა გაეწყო და სასადილოდ უხმობდა ოჯახს. კიდევ ორი დღე უთვალთვალა შორიდან. ხედავს, იოხანა სამსახურიდან ნაირ-ნაირი ხორაგით დახუნძლული მოდის და ბავშვები სიხარულით ეგებებიან. მარტო ოჯახის დიასახლისს არ ეტყობა სიხარული, თმა ნაადრევად გასჭაღარავებია და თვალის კიდეებში ნაოჭი გასჩენია, თუმცა იოხანას ლოყას საკოცნელად მაინც უშვერს! უსუფს ძარღვებში სისხლი უდუღს, მაგრამ ვერაფერს ხდება. „ანა მაღუბევენ კათახ“, „მე შენ მიყვარხარ“ იმეორებს ჩურჩულით და ბორჩალოში ბრუნდება. ჩამოსვლიდან ერთი თვის თავზე, 1925 წლის იანვარში, უსუფი კაპუცინების ქუჩაზე მიდის და ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკური ეკლესიაში, რომელიც წლების წინ თვითონ მოაპირკეთა, მეჯვარეების თანდასწრებით, ცოლს ეყრება. ***ქანდაში სახელი გაუფუჭდა უსუფს, სამშობლოს მოღალატეს და მუსლიმივით მრავალცოლიანს; ნაცნობები ქუჩაში თვალს არიდებენ, ქვითხუროები თავის გუნდში აღარ ეძახიან. მარტო ლევენთი უდგას გვერდში ქვასავით უსუფს. ისიც არ ნებდება. ზეინკლობა უსწავლია და ახლად შეძენილი ქართველი მეგობრების წრეში, ადვილად პოულობს სამუშაოს. ოჯახს ყოველ შაბათ-კვირას აკითხავს, საჭმელს და სათამაშოებს ჭიშკართან ტოვებს. ლევენთის და ფატიმას შვილს, რომელსაც ლეილა-მარიამი დაარქვეს, ხატვას ასწავლის. „კიდევ ერთი მარიამი მაჩუქა უფალმა. კიდევ ერთი იმედის სხივი გააჩინა ჩემს არსებაში,“- თავისთვის ფიქრობს უსუფი, როცა ხეიბარ და მუნჯ ბავშვს ეხუტება. „ჩემი გარდაცვლილი ჩვილის სულს გეფიცები, ცივ ნიავს არ მოგაკარებ! საუკეთესო მკურნალთან მიგიყვან. სიარულსაც გასწავლი და ლაპარაკსაც.”ლეილა-მარიამს ხელი ძალიან გაეწაფა, მაგრამ თავისით არაფერს ხატავდა და მარტო უსუფის დახატულს იმეორებდა. ერთხელაც ღამე ყვირილით გაღვიძებულს, ფატიმამ სახატავი რვეული მიაწოდა და იმანაც გათენებამდე ხატა. ყველას გასაოცრად ფრთაშესხმული ლომ-კაცებითა და სხვა ასურული მითიური არსებებით გაავსო ფურცლები.-        ეს ბავშვი შენ ხარ, ხესთან მარჯვნიდან დამდგარი? ეს სნეული მოხუცი ვიღაა შენი? - ფრთხილად ჰკითხა ფატიმამ და თითი იმ ერთადერთ ნახატს დაადო, რომელზედაც ადამიანები იყვნენ გამოსახული.-        ეს, ეს, ეს, ეს... - სიტყვა ვეღარ დაასრულა ლეილა-მარიამმა და ცრემლები მოადგა.-        ნუ ღელავ შვილო! ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე. ჩვენ აქ ვართ და მოუთმენლად ველოდებით, როდის მოგვიყვები შენი ჯადოსნური სამყაროს ამბავს, - გაამხნევა ლევენთმა.ლეილა-მარიამმა ღრმად ჩაისუნთქა, ამოისუნთქა და გამართული თურქულით მოყოლა დაიწყო:-        ეს სიცოცხლის ხეა. აქეთ იქით მე და ბაბუაჩემი. ჩემხელა იყო, როცა ქურთებმა გაიტაცეს ურმიიდან და მონად მიჰყიდეს თურქებს. ბევრი ეჭიდავა თურმე და ამიტომ სახე დაუსახიჩრეს. როცა ომი დაიწყო, ბაბუას ასურელების დახმარება დააბრალეს და რაზმიდან განდევნეს. ზუსტად მაშინ, როცა მთელი ოჯახი ავად ვიყავით, ჩვენთან მოვიდა. აგერ, ამ ნახატში ჩვენი სახლია, რომელიც ბაბუამ ასურული წესით, გამხმარი ტალახისგან აგვიშენა. ეს ჩემი ოჯახის სამარხებია, ყველანი ალაჰმა წაიყვანა, ჩემი და ბაბუას გარდა... როცა თურქებმა სახლი დაგვირბიეს, ცხენზე შემსვა და ამ კლდის ქალაქში წამიყვანა. თურმე იქ იმალებოდნენ ჩვენი წინაპრებიც... ცხენი იქ დახვედრილ ოჯახს აჩუქა და გაპარვაში დაეხმარა, სამი ქალი იყო. იქიდან ყველაზე მოხუცმა ბაბუაჩემი იცნო! დაჰპირდა ბავშვისთვის ექიმბაშს გამოვაგზავნითო. ჰოდა, ველოდებოდით მე და ბაბუა, მაგრამ ექიმი ჩვენთან არ მოსულა. ბაბუა ავმა სულებმა წაიყვანეს ალბათ. სამაგიეროდ, ამკა უსუფი მოვიდა და ჩემს ახალ დედ-მამასთან ჩამომიყვანა, - მოყოლა დაასრულა ლეილა-მარიამმა და უსუფს გამოხედა. ***ის იყო, კალა უბანში უნდა შესულიყო ორი მამობილი და ახლად ფეხადგმული ბავშვი, რომ უსუფმა გულიდან მოგლეჯილი ჯვარი მტკვარში მოისროლა.