ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

გამარჯობა, მე თქვენი ქმარი მიყვარს…

გამარჯობა, მე თქვენი ქმარი მიყვარს…

გამარჯობა, მე თქვენი ქმარი მიყვარს…   I ნაწილი - ნელიკოს ამბავი -         გამარჯობა, მე თქვენი ქმარი მიყვარს! - მშვიდი, ღიმილიანი სახით მეუბნება ვიღაც გოგო. ვიბნევი, აქეთ-იქეთ ვიხედები, გეგონება მადარდებს, ვინმე გაიგებს თუ არა. ხმამაღლა მეუბნება, შეიძლება განგებ, ყველას გასაგონად... ისეთი დაბალი ხმა აღმოაჩნდა ქალბატონს, რომ არც არავის მიუქცევია მისთვის ყურადღება. ვაკის პარკში ვიდექით, მე ბავშვს ვასეირნებდი, ის კი - ძაღლს. თვითონ რომ გამიცინა, მეც გავუღიმე. ვიფიქრე, ფარული კამერა ხომ არაა და თავი არ მომეჭრას-მეთქი, თორემ ისე მომინდა, თმით მეთრია და სადმე ბუჩქებში მიმეგდო ნაცემ-ნაბეგვი. -         მე მართლა ძალიან შემიყვარდა თქვენი ქმარი! - გამიმეორა და მხრები აიჩეჩა, რითაც მიმანიშნა, რომ ასეც ხდება ხოლმეო. კაი ერთი რა, სიტუაციიდან მსუბუქად გამოძრომა გადაწყვიტა ქალბატონმა, არ გამოგივა. ოჯახის დანგრევა დიდი ცოდვაა და ღმერთი გადაგიხდის სამაგიეროს... უცებ მივხვდი, რომ ზემო იმერეთში მცხოვრები ბებიაჩემივით დავიწყე ფიქრი და შემრცხვა. ამ დამარცხებულ ომში ორმაგად დამარცხება არ მჭირდებოდა. არ უნდა გავბრაზებულიყავი, რაც არ უნდა მომხდარიყო, ბრაზი არ უნდა გამომეხატა, თუ მინდოდა რომ ამ შეხვედრის ბრძოლა მაინც მომეგო უკვე წაგებული ომიდან... „და რა იცი, რომ ომია და თან წააგე, ნელიკო?“ - ამომძახა შინაგანმა ხმამ. „ვიცი, დარწმუნებული ვარ ჩემი ქმრის საყვარელია, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ გიოს რომ არ მიეცა მიზეზი, ასე თავხედურად, ასე უტიფრად ვერ მომეჭრებოდა და მომახლიდა სახეში სიმართლეს!“ „და რა იცი, რომ სიმართლეა?“ - არ ისვენებდა ჩემი შინაგანი ხმა. „ვიცი, შეყვარებულის ანთებული თვალებით შემომციცინებს. აი, ისეთით ძალიან რომ გიყვარს ადამიანი და, შესაბამისად, მის ირგვლივ რაც არსებობს, ყველა და ყველაფერი რომ გესიმპათიურება; არც მე ვძულვარ, არ აღმიქვამს კონკურენტად. ეს კი უფრო მკლავს და მიწაზე მანარცხებს. მისთვის თითქოს გიოს ის საყვარელი ნაწილი ვარ, რომელსაც მარტივად გადაიტანს უკანა პლანზე. როგორ მომექცა ასე?! ეს გოგო კი არა, ქმარი! როგორ გამიმეტა თუნდაც ამ სიტუაციისთვის, ასეთი დამცირებისთვის. სად გაწყდა ის ძაფი, რომელიც წლებია გვაკავშირებს და ერთმანეთთან გვიზიდავს. როდის გაწყდა? რატომ გამომეპარა? იქნებ სულ გაწყვეტილი იყო და მე ვერ ვამჩნევდი? ახლა რა ვქნა, რა ვუპასუხო, როგორ მოვიცილო თავიდან? ბავშვმა მაინც იტიროს, ხელში ავიყვან და უცებ გავეცლები. სახლში გავიქცევი და ყველაფერს პირში მივახლი საღამოს სამსახურიდან მოსულ გიოს, მანამდე ჩემოდანს ჩავულაგებ და კართან მივუგდებ… რომც მემუდაროს, ცრემლად დაიღვაროს, არავითარ შემთხვევაში არ ვაპატიებ. მაგრად უნდა დავდგე… მაგრამ რომ არ დაიღვაროს? შვებით ამოისუნთქოს და მითხრას: კარგი წავედიო? ღმერთო, არ მინდა ასეთ სისულელეზე ვიფიქრო. არ არსებობს, არ ვუყვარდე, იმდენი რამე გამოვიარეთ ერთად, რომ შეუძლებელია მისი ცხოვრების ქალი არ ვიყო, მაგრამ ეს ვინღაა, ვინ არის ეს გოგო ასეთი ანთებული თვალებით?!. რა გააკეთა მისთვის გიომ ისეთი, რომ მას უფრო უციმციმებს თვალები, ვიდრე მე. ნუთუ, ჩემზე მეტად შეუყვარდა, რა აქვს ისეთი, რომ შეუყვარდა. ალბათ მხიარულია, თან ლამაზი და საყვარელი. არა, არა, არ უნდა ვიფიქრო, რომ ლამაზია და საყვარელი, თორემ გული გამისკდება. აუცილებლად უნდა მეგონოს, რომ ერთი ჩვეულებრივი გოგოა, არაფრით გამორჩეული. მეოცნებე, რომელსაც რაღაცები ეჩვენება. ჰგონია, რომ სხვის უბედურებაზე ააწყობს თავის ბედნიერებას. „უბედურება - ძალიან ხმამაღალი ნათქვამია!“ - ამომძახა ისევ შინაგანმა ხმამ. ჰო, ალბათ უბედური არ ვიქნები, მაგრამ ძალიან მომენატრება! - უკან დაიხია ნელიკომ. სახლში რომ აღარ შემოვა და არ ჩაიცვამს თავის გაცრეცილ ჩუსტებს და საშინელ სპორტულ შარვალს. სინამდვილეში მე ვუყიდე ეს შარვალი, მაგრამ იმდენი ხანია უკვე აცვია, რომ ცუდად ვხვდები დანახვისთანავე, ნერვები მეშლება, ახლის ყიდვის სურვილი რომ არ უჩნდება... როგორი გულგრილი გახდა?! რომ შემოაცვდეს ტანსაცმელი ვერ მიხვდება და მერე ჩემი თავში სახლელია. ახლა დადგეს ეს ქალბატონი და ამან იწვალოს ქმრის ტანსაცმლის არჩევა-შეძენაზე. ნეტავ, მართლა ამის ქმარი გახდება? ასე გათავხედდება და ხელმეორედ გადაწყვეტს ქორწინებას? ვიღაც გყავდეს სხვაა, იმ ვიღაცასთან გადახვიდე საცხოვრებლად სხვა და ქორწინებაში შეხვიდე კიდევ სულ სხვა რამ. ეს როგორ გავიფიქრე, რა დამემართა, ეს რამ წამომაროშინა, რომ ვინმე სხვა ქალის ქმარი შეიძლება გახდეს ჩემი გიო. კიდევ კარგი, არ ვლაპარაკობ და მაქვს რამდენიმე წამი ფიქრისთვის, გოგონას ათვალიერებ-ჩათვალიერებისათვის. გამხდარია, საშუალო სიმაღლის, თმა სახელდახელოდ აუწევია, ფანქარი აქვს კოსაში გარჭობილი, თითქმის ჩემსავით აცვია: კეტი, ჯინსი და მაისური - როგორც ყველას, ასეთ ადგილებში სეირნობისას. რომ არ ცდილობს თავი მომაწონოს, გამეპრანჭოს ან იტრაბახოს მაინც, ნერვები მეშლება. მინდა შეტევაზე გადმოვიდეს, რამე გოიმური, მდაბიო საქციელი ჩაიდინოს, რომ სალაპარაკო მომეცეს, ბრძოლაში შევიდე, ისეთი რამ ვუთხრა - შევარცხვინო, გული ვატკინო, გავამწარო და მწყობრიდან გამოვიყვანო, მაგრამ არა, ვინ მომცა ამის ბედი, მშვიდი, ბავშვური მზერით შემომციცინებს, მემუდარება, რომ გავუგო, მის მდგომარეობაში შევიდე, დახეთქილი ტუჩის კიდეს იკვნეტს, მერე ტუჩებს მაგრა აჭერს ერთმანეთს და მუწავს. დრო მეწურება, რამე უნდა ვთქვა ან წავიდე. თუ უთქმელად წავალ, მიმიკით მაინც უნდა დავტოვო რამე ემოცია. ჰო, სიტყვა,მიმიკა ან ჟესტი მაქვს მოსაფიქრებელი სასწრაფოდ. მთავარია, მივხვდე, რისი თქმა სჯობს: წაიყვანე, შენი იყოს, თუ აქედან მოშორდი, შე თავხედო? ან არ მაინტერესებს, ვინ ოხერი ხარ! თუ ეგეთ რამეს როგორ მიბედავ, შე წაკლა? ვაი, შენს პატრონს! რაღაც მომენტში ბრაზი მივლის და გული მიჩუყდება. ძირითადად საკუთარი თავი მეცოდება. 40 წლის ვარ, მთელი ცხოვრება შვილის გაჩენაზე ვოცნებობდი, ქორწინებიდან 7 წლის მერე, როგორც იქნა, დავორსულდი. ურთულესი 9 თვე გამოვიარე, რომ ნაყოფი შემენარჩუნებინა. სამშობიაროდან 3 თვის შემდეგ გამომწერეს, 3 დღის ნაცვლად, ბავშვს სიყვითლე ჰქონდა. სახლში დაბრუნებისთანავე მოვნათლეთ, მერე წამოვზარდეთ. 7 თვის ასაკში ქვედა 2 კიჭი ამოუვიდა, წლისამ გაიარა და 2 წლისა და 10 თვის ბაღში მივიყვანეთ. ყოველ შაბათ-კვირას ვაკის პარკში ვასეირნებთ. ზაფხულობით კი მთის კურორტებზე ვისვენებთ მთელი აგვისტო. გიო კარგი მამაა. სულ სამსახურში კია, მაგრამ რაც დრო აქვს, ცდილობს აქტიური იყოს, ხან ცირკის ბილეთები მოაქვს სახლში და ხან თეატრის. სამივე ერთად ვუყურებთ ხოლმე წარმოდგენებს და ვხალისობთ, იქიდან აუცილებლად საჭმელად მივდივართ (გიო გვეპატიჟება), მერე პარკში სუფთა ჰაერზე და ბოლოს წიგნის ან სათამაშოების მაღაზიის სტუმრობით სრულდება „ვიქენდის ვოიაჟი“. სანამ შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის წიგნს ვარჩევ შვილისთვის, გიო სადღაც ქრება, უცებ იკარგება... სულ ასე აკეთებს, ყოველ ჯერზე... ბოლოს სალაროსთან ვიკრიბებით და ჰოპ, რას ვხედავ, გიო „სიურპრიზს“ დააძრობს და მე მაწვდის, პატარა გასახსნელი სარკეა, გულები აქვს მიხატული და ზედ აწერია „მე და შენ“. ღიმილით მაწვდის. მიხარია და თავს მხარზე ვადებ მადლობის ნიშნად. ასეა სულ, საჩუქრის გარეშე თითქმის არ დავბრუნებულვარ... ნივთები სხვადასხვაა, ხან სანიშნე - წარწერით „გახსოვდეს მახსოვხარ“, ხან წიგნი „მერეც მეყვარები...“, ხანაც რაღაც აქსესუარი... მაშინ ეს ზრუნვის ნაწილი მეგონა. ახლა მგონია, რომ იბრძოდა. იბრძოდა იმისთვის, რომ ოჯახური იდილია გვქონოდა, ხომ არის, რაღაც რომ გექაჩება და შენ უარზე ხარ, მაგრამ მაინც გექაჩება და ჯიუტად არ ნებდები: არა, არა, მე ოჯახი უნდა მიყვარდეს! ჰო, მიყვარს კიდეც, აი, როგორ მიყვარს. აი, რას ვჩუქნი ცოლს, რა კარგად ვიქცევი... და ამით აკომპესირებ იმ „გასვლებს“, რომლებსაც სხვა ქალთან სიყვარულის განაწილება ჰქვია. მახსოვს, ერთხელ შოკში ჩავვარდი, როცა წავიკითხე: ცნობილი მექალთანის, ლავრენტი ბერიას ცოლს, სიბერეში გაუმხილეს, თქვენს ქმარს საყვარლები ჰყავდაო და იმან კიდევ, რას ამბობთ, ამას ვერაფრით დავიჯერებ, ის სულ მუშაობდა და თან ჩვენ საოცარი ურთიერთობა გვქონდაო. ოდესღაც მეც მითხრა ბებიაჩემმა, თუ გინდა ძალიან მოალერსე ქმარი გყავდეს, უნდა გაითვალისწინო, რომ ის სხვა ქალებთანაც ასეთივე იქნება და თუ არ გინდა, გიღალატოს, მაშინ მოგიწევს ისეთი კაცი აიტანო, რომელსაც „ჩუმად“ სიყვარული შეუძლია და არ თვლის საჭიროდ ემოციები აფრქვიოსო. მე თავიდანვე პირველზე გავაკეთე არჩევანი, თუმცა მთლად ჭეშმარიტებად არ აღმიქვამს ბებიაჩემის მოსაზრება მამაკაცებზე, ჩავთვალე, რომ აჭარბებდა და იდეალური ოჯახის მოლოდინში 30 წელი შემისრულდა. რაღაც მომენტში დავიჯერე კიდეც, რომ ასეთი ოჯახი მყავს და აი, ეს გველი, ეს საზიზღარი, ეს... რა დავუძახო კიდევ არ ვიცი. ახლა ის მომენტი მიდგას, როცა მესმის, საიდან მოდის წყევლა. წყევლა გაბრაზების უკიდურესი ფორმა ყოფილა, როცა ლანძღვა-გინება საკმარისი არაა და შენი უსუსურობა უფრო საშინელი ფორმით აღმოგხდება ხოლმე...  ვაჭარბებ! სიმართლე რომ ვთქვათ, ასეთი უსუსურიც არ მეთქმის, ბოლო-ბოლო სტატუსია ჩემ მხარეს. ჰო, ცოლის სტატუსი. რომ გავატარო, არ შევიმჩნიო და თავმოყვარეობა გვერდით გადავდო, ჩვეულებრივად გავაგრძელებ ცხოვრებას, ამ ქალბატონს კიდევ ჩემი ქმარი ეჩხუბება, როგორ გაბედე ჩემს ცოლთან მისვლაო და დაშორდება. ზუსტად ვიცი, ასე იქნება. რომ უყვარდეს, ძალიან რომ უყვარდეს, თვითონ წავიდოდა, მაგრამ არა. ალბათ მოგონებები აჩერებს კაცსაც და ქალსაც ოჯახში, მაშინაც კი, როცა სიყვარული ცოტაა. კიდევ აჩერებს ის, რაზეც ერთად უზრუნიათ... ბავშვები, ნალოლიავები სახლი ან თუნდაც წყვილისთვის საყვარელი ნივთები და ცხოველები... მჯერა, რომ მხოლოდ ერთი მიზეზით შეიძლება წავიდეს სხვა ქალთან ნებისმიერი ქმარი და ეს ერთადერთი მიზეზი არის ისეთი სიყვარული, როცა სხვა არავინ აღარ გინდა, იმ ადამიანის გარდა. დაუჯერებელია, რომ უკეთესი სექსუალური ცხოვრების გამო გადადგას მამაკაცმა ასეთი ნაბიჯი. რა სისულელეა. სექსი ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორიც ჭამა. ხომ არ შეიძლება ოჯახი დაანგრიო იმის გამო, რომ ვიღაცა უკეთესად გკვებავს, სადღაც უფრო მაძღარი შეიძლება იყო, ვიდრე შინ. ასეა სექსიც - მივდივარ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც უკეთესად ახერხებს ჩემს დაკმაყოფილებას, წარმოუდგენელი და ამორალურია. გიო ასეთი არა, მაგრამ მგონი თითქმის ასეთია. რამდენ პრობლემას ქმნის იმის გამო, რომ ვიღაცასთან დაწოლა გადაწყვიტა. ჰო, გადაწყვიტა და არავინ არ მითხრას, შემთხვევით შემოე**ნაო. ღალატი, წინასწარ დაგეგმილი გადაწყვეტილებაა, ამიტომაც არ არსებობს ქართულ ენაში „შემომეღალატა“, როგორც შემომეჭამა, შემომაკვდა, შემომელახა. ღალატი უნებლიე ვერ იქნება, როგორც - შემომეპატიურა. ანუ, უცებ აღეგზნო ადამიანი, თავი ვერ შეიკავა, ვერ მოზომა და ახლა თავს იმართლებს წინსართით „შემომე“ - სინამდვილეში კი იძალადა. ღალატი ნაფიქრი და ასჯერ გაზომილია. ღალატი ვერ იქნება უნებლიე, ამიტომაც არის ამაზრზენი. „რა ღალატი?“ - ისევ ამომძახა შინაგანმა ხმამ. „გოგო მოვიდა და გეუბნება - მე შენი ქმარი მიყვარს! საიდან მოიტანე, რომ გიოსაც უყვარს, ან საერთოდ, რაიმე სახის ინტიმური ურთიერთობა აქვს მასთან?“ - აუ, კარგი, გაჩუმდი ახლა. რა ურთიერთობა არ აქვს, რომელი ვარსკვლავი გიოა, რომ ასე შორიდან შეუყვარდეს ვინმეს? რა აქვს ისეთი, რომ ინტიმური ურთიერთობის გარეშე გაგიჟდეს მასზე საპირისპირო სქესის ადამიანი, თან ისე, რომ თავზე ხელი აიღოს და ცოლთან გავარდეს ამ ამბის სათქმელად. შეუყვარდა იმიტომ, რომ ზედმეტად დაუახლოვდა, გაეპრანჭა, თავი მოაწონა. ნეტა, ფეხმძიმედ ხომ არ არის? რაღაც არ მომწონს ამის მუცელი. აუ, როგორ მეწყინება, ფეხმძიმედ რომ იყოს... მე მეუბნება, მეორე ბავშვი ჯერ არ გვინდა, ჯერ არ გვინდაო, მიუხედავად იმისა, ახსოვს, როგორ გამიჭირდა პირველზე დაორსულება. ისე პრინციპულად დგას უარზე, გეგონება წამდაუწუმ შემეძლოს ბავშვების გაჩენა. ახლა ამას თუ მისცა დაორსულების საშუალება, გავგიჟდები. ესე იგი, რა გამოდის? მეორე ბავშვი ჩემგან არ უნდა, რადგან წასვლა აქვს გადაწყვეტილი და თქმას ვერ ბედავს. აი, ამისგან კი უნდა, რადგან ვერაფერზე ეუბნება უარს. ალბათ ასეა და იმიტომ გაბედა ქალბატონმა გულწრფელი ტექსტით ჩემ წინ ატუზვა. „რა ბავშვი, რის ორსულობა, რაღაცას მოიგონებ ხოლმე და მერე თვითონვე იჯერებ!“- არ ისვენებდა შინაგანი ხმა. მე კი მეტირებოდა. მინდოდა მოთქმით მებღავლა, მექვითინა. ნეტავ, ამ დროს რას იზამდა ეს გოგო, გაბედავდა ჩემს დაწყნარებას? თანაგრძნობის გამოხატვას, თავზე ხელის გადასმას?.. ვაი...მეეეე... ამ დროს უნდა ადგე, ის თავზე გადასასმელად მომზადებული ხელი ამოუტრიალო და მიწაზე დაანარცხო ისე, რომ კუდუსუნი დაუზიანდეს. რა გველი ვარ. მშვენიერი შხვართი გოგოა და მე კიდევ მინდა, რომ მოიკაკვოს და ვერასდროს შეძლოს გამართულად სიარული. აი, ეს არის ის შური, სულხან-საბა ორბელიანი რომ ეძახდა - „მწუხარება სხვისა კეთილსა ზედა.“ მაგრამ მეც რა ვქნა?! მე არ დამიწყია. პირველმა იმან დაიწყო მთელი ეს დავიდარაბა. ოჰ, როგორ მინდა ახლა ჩემი ხელით მივუჭმუჭნო ის მოცხვირპირებული სახე, მაგრამ აღზრდა და მორალი არ მაძლევს ამის საშუალებას. მოქმედება არცაა საჭირო, პასუხი, პასუხი მაქვს მოსაფიქრებელი და თან რამდენიმე წამში, დაუყოვნებლივ, უუუსწრაფესად. ღმერთები ერთი ხელით რაღაცას გართმევენ და მეორეთი გაწვდიან - ამბობდნენ ძველი ბერძნები. ახლა ვფიქრობ, მე რა დავიმსახურე „სამაგიეროდ“, გიო რომ წამართვა ღმერთმა, ოჯახი რომ დამენგრა და მარტოხელა დედა გავხდი. რა არის ამის სამაგიერო, ვითომ შვილი? თუ კარგი სამსახური? ან ჯანმრთელი ორგანიზმი? -         როგორ თუ ღმერთმა?! რას ბოდავ! - ისევ ამომძახა რაღაცამ. ჰო, კარგი ბოდიში. ცუდი საქციელია შემოქმედს დააბრალო „ქვეყნის უკუღმა ტრიალი“. მაგრამ ხომ არსებობს სიკეთის სიმცირე, მორალის ნაკლებობა, არაადამიანობა, შეუწყნარებლობა და დედააფეთქებულობა? ცუდ მეუღლეს ჯობია, სულ არ გყავდეს, ან გყავდეს და „რაც არ გკლავს, გაძლიერებდეს?“ მაგრამ რის გამო უნდა აიტანო, რის გამო უნდა ითმინო, რაა ისეთი, რაც შინისკენ გექაჩება, რაც მასთან გაბრუნებს ყოველ საღამოს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვასთან ყოფნა უფრო კომფორტული იყოს? ნეტავ, სიყვარულია თუ ყველაზე ცუდი სიტყვა - მიჩვევა? - რა ვიცი, მივეჩვიე და... - აი, არ არსებობს ამაზე საშინელი წინადადება. ნეტავ, გიო თუ ამბობს ჩემზე ამას? კი თუ არა? ამის განხილვის დრო არ მაქვს. ახლა უკიდურესად მჭირდება, არ ვიყო სუსტი და ქმრის კრიტიკაში არ დავიწყვიტო ნერვები. მოვლენების განხილვასაც უნდა მოვრჩე და იდეებს მივაწვე. რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ვთქვა, გადამწყვეტი სიტყვა, იდეალურად დაბალანსებული და ღირსეული. მთელი სხეული ბრაზითა და წყენით მაქვს სავსე. ვერ ვახერხებ კონცენტრირებას პასუხზე. თუ ვერაფერი, ბოლო-ბოლო ირონიულად გავუცინებ და გავივლი, მაგრამ ამით ვერ დავასრულებ, რომ არ გამომეკიდოს და თვითონ მაინც არ თქვას რამე, ცნობისმოყვარეობა მომკლავს, გიოს მოსვლამდე რა გამაძლებინებს, არ გავარკვიო - რაშია საქმე? რა ხდება? ცალმხრივია ეს ყველაფერი, თუ ჩემი ქმრის მოგზავნილია ეს გოგო? მართლა გულწრფელია და სიყვარული ურევია საქმეში, თუ თვითმარქვია სკანდალის მოყვარული, ყველაფერზე წამსვლელი ქალია? რომ დამასწროს, თვითონ გამიცინოს ირონიულად და წელის რხევა-რხევით ჩამიაროს?! აი, მაშინ კი გავნადგურდები, ჩავიფუშები, ჩავიჩუტები. ჩემი დიდგულობა, ბრაზი, აგრესია, ყველაფერი - რაც ახლა მბერავს - გაიკრიფება და ტოტებჩამოყრილ უწყლოდ დარჩენილ ხეს დავემსგავსები. მაგრამ არ ჩანს ასეთი. მიმიკას არ იცვლის, დგას მთელი წუთია და ისევ ისე შემომცქერის, გულუბრყვილოდ, თითქოს დამნაშავის მზერით... რა გავაკეთო, რა ვქნა? ცოტა უფრო მეტი რომ ამოვაღერღინო? დიალოგში რომ გამოვიწვიო... ეს გავიფიქრე და უცბად...-         მხოლოდ ამის სათქმელად მოხვედი? - აღმომხდა. უფრო სწორად, გამომცრა კბილებში. ჩემი ხმა ვერ ვიცანი, მკაცრი იყო, მასწავლებლისას ჰგავდა. აი, ადრე რომ იცოდნენ პედაგოგებმა სკოლაში: „დაჯექი, ორიანი!“ ან „რატომ იგვიანებ?“ - და რაც არ უნდა გიპასუხოს მოსწავლემ, ზუსტად იცი, რომ დომინანტობას მაინც შენ შეინარჩუნებ. ოოო, ახლა კი მოვიდა მთავარი ამბის დასაწყისის დრო და ჟამი. ერთი ძალიან მაინტერესებს, რას მიპასუხებ, ქალბატონო, კიდევ რას დაამატებ ამ შენს სკანდალურ ფრაზას: მე თქვენი ქმარი მიყვარს! - თან თქვენობით რომ მომმართავს (ჩემს ასაკს გაუსვა ეტყობა ხაზი), ზრდილობიანია ვითომ? არ ვიცი, არ ვიცი...   წინადადება - „მხოლოდ ამის სათქმელად მოხვედი?“ - ვფიქრობ ჩემგან სრულიად საკმარისია. ერთი წინადადება და არანაირი მიმიკა, მოძრაობა. სრული სტატიკურობა... ვაკუუმი. გახევებული ვდგავარ პასუხის მოლოდინში. მგონი, აღარც ნიავი იძვრის ჩემ გარშემო, წეღან თმას რომ მიფრიალებდა. ავდრის წინ ჩამოვარდნილი სიჩუმე მაგონდება, მერე უცებ რომ დასცხებს კოკისპირულად და ქარიშხალი გადაღუნავს ხეებს. ნეტავ, ასე მოხდება თუ ცრუ განგაშია? ნეტავ რამე ისეთს მეტყვის, რომ აქვე დავხოცავთ ერთმანეთს?.. ჯერ სახელი ხომ არ უნდა მეკითხა? მგონი, არა. სახელი რომ მეკითხა, იფიქრებდა, რომ მისით დავინტერესდი. სინამდვილეში ასეა, მაგრამ ფიქრით სხვა რამე მინდა იფიქროს და იგრძნოს კიდეც - ჩემთვის არაფერს წარმოადგენს, არავინაა. ვაი, ჩემო თავო, რომ ეს მხოლოდ ნიღაბია. ნეტავ, შეძლებს, რამე ისეთი მითხრას, ეს ნიღაბი ჩამომხსნას და ნამდვილი ნელიკო გამოაძვრინოს ამ მკაცრი, გახევებული სახიდან, ახლა რომ შესცქერის და კაცმა არ იცის, რა პასუხს ელოდება?! ნაწილი II - იაკოს ამბავი  მე ბავშვთა სახლში გავიზარდე. ია მქვია. 29 წლის ვარ და ასე მგონია, ასი წელია ცოცხალი ვარ, იმდენი რამ გადამხდა თავს. ჯერ იყო გელა - ზორბა ბიჭი. ის ქმნიდა ამინდს ჩვენს ბავშვთა სახლში, მაშინაც კი ყველაზე უფროსი იყო ჩვენ შორის, როცა ასაკი არ უწყობდა ხელს, თუმცა გული და შემართება ჰქონდა ყოველთვის დიდზე დიდი და კიდევ გამოხედვა - ყველაზე მამაკაცური, ცეცხლისმფრქვეველი... რა ვიცი, შეიძლება მე მეჩვენებოდა ასე. ჰოდა, ერთხელაც რომ მითხრა: შენ ჩემი შეყვარებული იქნებიო, სიხარულისგან გადავირიე, კი-მეთქი, დავიყვირე. თუმცა პასუხს არ დალოდებია, ისე წავიდა. მე რა მიხაროდა და... როგორ თუ რა მიხაროდა, მთელი ბავშვთა სახლის დედოფალი მეგონა თავი. თვით გელამ ამირჩია და აბა, რა უნდა მეფიქრა. მერე აღმოჩნდა, რომ ასეთი გადასარევიც არ იყო ეს ყველაფერი. რაღაცნაირად განგსტერის ქრაშობას ჰგავდა. როცა უნდოდა, გაკოცებდა და როცა უნდოდა - არა. როცა გაბრაზებული იყო, გიყვირებდა და როცა კარგ ხასიათზე - მოგეფერებოდა. საყვედურს თუ ეტყოდი, დაგიბღვერდა, თუ გაუცინებდი საჩუქარს გამოგიგზავნიდა... და ასე. ასე გრძელდებოდა წლები. სამაგიეროდ, სხვებისაგან იყავი ხელშეუხებელი. შეგეძლო დაგეცვა ან დაგეჩაგრა ვინმე და შენს აზრს ითვალისწინებდნენ ბავშვები. ყველას სჭირდება აღიარება და ზრუნვა, თუ „გალიაში ჯდომის“ პირობებიც გაკმაყოფილებს, მაშინ ხომ საერთოდ... ასე მივეჩვიე, რომ გავლენიანი კაცის გვერდით ყოფნას ბევრი პლიუსი აქვს და, როცა სრულწლოვანების გამო გელა ბავშვთა სახლიდან წავიდა, ვიჩალიჩე და დირექტორის საყვარელი გავხდი. დიდი რამე, მე 17-ის ვიყავი, ის - ოცდაექვსის. მინუს-პლიუს 9 წელი ერთი თაობაა, სხვათა შორის. ამ წინადადებით საკუთარ თავს ვიმშვიდებ, რადგან ჩემს მორალურ მხარეს, რომელიც შიგნიდან მუდმივად მღრღნის, პასუხები სჭირდება და მეც ვპასუხობ - რა ვქნა, გელამ თვითონ ამირჩია, ისე, რომ არც დაინტერესებულა, მე რას ვფიქრობდი, რა მექნა, უარი მეთქვა და სამუდამო დამცირებისათვის გამეწირა თავი?- და რომ გაგიხარდა? შენ არ იყავი, რომ გაგიხარდა? - არ ისვენებდა მორალი ჩემში.- გამიხარდა იმიტომ, რომ მომწონდა, მამაკაცური იყო და ლამაზი თვალები ჰქონდა. კიდევ გამიხარდა, რომ გადავრჩი, სხვა ბიჭების საცვლების რეცხვა აღარ მომიწევდა და ტრაკზე წამორტყმის ატანა. - კარგი, და ეს დირექტორის საყვარლობა რაღად გინდოდა? არც მამაკაცურია და არც ძლიერი. ის გელა პატივს გცემდა, თითი არ დაუკარებია არც ერთხელ, პატარა ხარ ჯერო, გეტყოდა, ტუჩებში გაკოცებდა და გაგიშვებდა. - კარგი, ნუ მტანჯავ. სხვანაირად ვერ დავრჩებოდი ბავშვთა სახლში, აქ მხოლოდ 18 წლამდე შეიძლება ყოფნა და მერე ჰაიდა, გიშვებენ და სადაც ცხოვრება გადაგაგდებს, იქით გაგორდები. გელა 3 წლიდან მიცნობს, ეს კიდევ ახალია. შევამჩნიე, რომ ამათვალ-ჩამათვალიერა და მეც არ გავუშვი შანსი, ვაჰ!- შენ ხარ ბოზი! - მე მხოლოდ მფარველებს ვეძებ! - შენ ხარ ამორალური!- არა, ვცილობ სექსის დროს მოკრძალებული ვიყო და მხოლოდ ერთი პოზით შემოვიფარგლო.- რას იტყვის ის ადამიანი, რომელსაც მართლა შეუყვარდები და შენც შეგიყვარდება? გაპატიებს, ნეტავ, ამ ყველაფერს? გაგიგებს თუ ვერა?- აბა, რას იზამს! თუ შევუყვარდები, როგორ არ გამიგებს... - მოატყუებ, ხო?- არა! რავი, ვნახოთ. შეიძლება ყველაფერი არ ვუთხრა... ასე ვამშვიდებ ხოლმე ჩემს შინაგან ხმას. ნეტავ ვის ვგავარ, ნუთუ შეიძლება მაღალი მორალის მქონე ადამიანები ყოფილიყვნენ ჩემი მშობლები? მაშინ რატომ მიმატოვეს? დავიჯერო, დღემდე იტანჯებიან თავიანთი „არამშობლური“ საქციელის გამო და ვერ მპოულობენ? რაღაც არ მგონია, ასე იყოს. ბევრი წლის შემდეგ, როცა დედას შევხვდი, მითხრა, რომ არაფერი იცოდა ჩემი არსებობის შესახებ. ეს შეხვედრა გიომ მოაწყო.           ვინ გიომ? - ნელიკოს ქმარმა, ახლა ჩემ წინ რომ დგას გამწარებული სახით და მზადაა გამპუტოს. მისვლა როგორ გავბედე და... გრძელი ამბავია. ყველა ადამიანივით მეც ვეძებ ბედნიერებას. სულ არ ვარ ვალდებული, ვინმეს ოჯახზე ვიზრუნო. რა ჩემი საქმეა? თავიანთი ოჯახის შენარჩუნებაზე თვითონ თუ არ იფიქრა ცოლ-ქმარმა, ვიღაც სხვა ადამიანი რატომ გაწირავს თავს მათ გამო? მით უმეტეს, რომ პირველად, ერთხელ, ერთადერთხელ ვიგრძენი, რომ მიყვარს! რომ არსებობს ვიღაც, რომლის გარეშეც აზრს კარგავს ყველაფერი, რომ მარტო აღარ ვარ და ვიპოვე ადამიანი, ვინც თითქოს ჩემს ნაწილს ატარებს და მე მისას, რომ ყოველი დღის მომხდარი ამბების დამახსოვრების სურვილი მაქვს მხოლოდ იმიტომ, რომ მას გავუზიარო, რომ მისი სუნი საუკეთესოა, მიმიკები ახლობელი... ყველაფერი მომწონს, რასაც აკეთებს და თუ რამე არასწორად გამოსდის, ისიც მესმის - რატომ ხდება ასე... რომ სავსე ვარ და ლაღი. მხოლოდ სიხარულისგან მეტირება და სიყვარულის გამო ვგრძნობ ჩხვლეტებს. არ ღამდება, თუ მასთან ვარ, ძილი არ მოდის, თვალები სულ ღია მაქვს და გაფართოებული, სუნთქვაშეკრული და სხეული დაჭიმული. ყოველ წამს შემიძლია ვიყვირო, რომ მიყვარს! მთელ სამყაროს გავუზიარო ჩემი შეყვარებულობის ამბავი და სწორედ ამ დროს, ამ ყვირილ-ყვირილის მომენტში, პარკში გიოს ცოლი შემეჩეხა და მასთანაც აღმომხდა „მე თქვენი ქმარი მიყვარს!“ ეს არის ის, რაც შიგნით არ დავიტოვე, თუმცა შემეძლო მეთქვა: გაგიჟებით მიყვარს, გაუგონარი გრძნობითა და ვნებით... დამითმეთ. გადამარჩინეთ. გამიგეთ. შემინდეთ. მიშველეთ. მაპატიეთ! ოხ... იაკო, შე საწყალო, კიდევ კარგი, ეს ამდენი სისულელე არ უთხარი და მუხლებში არ ჩაუვარდი, თორემ ნახავდი მერე, პატრულს რომ გამოუძახებდა და წაგათრევდნენ პოლიციაში.  გიო პირველად ბავშვთა სახლის ეზოში ვნახე. მე ამ დროს სასადილოში ვიყავი დასაქმებული. 18-ის რომ გავხვდი, ჩემს საყვარელს, აი, ახალბედა დირექტორი რომ იყო, იმას ოდნავ შევუყვარდისავით. ჰოდა, დაენანა ჩემი გაშვება და ბავშვთა სახლის სამზარეულოში დამასაქმა. არც უნანია, მშვენივრად იტკბარუნებდა პირს ჩემი გამომცხვარი ფუნთუშებითა და ქადებით. ალღო მალევე ავუღე და ბავშვებმაც ამოისუნთქეს. მენიუ გავაგემრიელე, გავამრავალფეროვნე და „სახლური“ ელფერი მივეცი/შევძინე. ასეთ დაწესებულებებში არ იცით, როგორი მნიშვნელოვანია ნებისმიერი რამ, რაც სახლთან და დედის მომზადებულთან ასოცირდება... ჰოდა, ერთ მშვენიერ დღესაც, მორიგი ფუნთუშის ცხობისას, დირექტორი მეძახის. ეგრევე არ გავვარდი. ახლა კიდევ მაგის დაძახილის გამო დავაკლებდი ცომს ცხობას. დაველოდე და ღუმელიდან გამოვიღე თუ არა, ჩემი ქუსლიანები ამოვიცვი ფეხზე, წინსაფარი მოვიხსენი და ავედი ვაჟბატონთან. არ დამხვდა. ტელევიზია მოვიდა და ეზოში გელოდებიანო. გავიხედე ფანჯრიდან და რას ვხედავ, დგას ჩვენი დირექტორი კამერის წინ და უღებენ. გვერდით კი მიკროფონი უჭირავს ვიღაც, ასე 35 წლამდე უსიმპათიურეს ჟურნალისტ ბიჭს. ნუ, აი, იცით, როგორი საოცარი გარეგნობის მომეჩვენა გიო მაშინ, როგორიც მშვენიერი ელენე ტროელებს. თითქოს მსოფლიოში საუკეთესო მამაკაცს გადავეყარე. როგორი ბრმაა სიყვარული, ვიღაც ოხრისკენ გექაჩება და საუკეთესოდ გიფუთავს მას. ფერად-ფერად ქაღალდებში გიხვევს, თვალს გიჭრელებს და ბაფთის დაბნევაც არ ავიწყდება იმისათვის, რომ გაფიქრებინოს: ჰო, შენია ეს საჩუქარი, სიყვარულით გახსენი და გრძნობა მასაც გადაედება. მერე კი სამუდამოდ ერთად დარჩებით და იცხოვრებთ ბედნიერად... ეს სამუდამო ბედნიერება რა არის, კიდევ გაუგებარია - თითქოს მოჩვენებასავითაა - ყველამ რომ იცის - არსებობს და არავის უნახავს... იმედი ვიქონიოთ, რომ თითქმის არავის... მაგრამ როგორი აღმაფრთოვანებელია მისი განცდა თუნდაც რამდენიმე წამით, რა გასაგიჟებლად სასიამოვნო და ფრთებისშემსხმელია სიყვარული. აი, ხომ არაფერი, უბრალოდ იდგა ვიღაც გიო და მიყურებდა. მე კიდევ უბედნიერესი ვიყავი და შემეძლო ასე გაშეშებულს მეცქირა დაუსრულებლად. ალბათ არ არის ცუდი ამგვარი აღტაცება რომ წუთიერია, თორემ რას გადაიტანდა ადამიანის წრუწუნას გული... და მაინც, როგორ მივნატრით იმ წამებს, როცა შენ გვერდით ვიღაცის არსებობა გაკეთილშობილებდა, ფრთებს გასხამდა, როცა გქონდა განცდა, რომ შენი ადამიანი იპოვე და მარტო არ ხარ. როცა ყველაფერს აქვს აზრი და თან სულერთია... დირექტორმა გამომარკვია ფიქრებიდან, არ მაცალა ფრენა... - გამარჯობა, ია, ამ კაცმა დედაშენი იპოვა, სავარაუდოდ. ხომ ხვდები, ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და... - დააკონკრეტა დირექტორმა. ჩემი გახევებული სახის გამო იფიქრა, ალბათ ვერ მიხვდა, ეს დებილიო. მისთვის ყველა ადამიანი, ვისაც პატრონი არ ჰყავდა, დებილი იყო. მაგრამ გიო ასე არ ფიქრობდა, რაღაცნაირად მიმზერდა, მივხვდი, რომ მოვეწონე. თვალებში მიყურებდა და ისე მიყვებოდა დედაჩემზე. არაფერი არ მესმოდა. ვერ ვინძრეოდი, მგონი, ვერც ვსუნთქავდი. დირექტორმა წამიყვანა მომდევნო დღეს ტელევიზიაში. გიო სტუდიაში დაგხვდა. ახლა უფრო ადეკვატური ვიყავი, გამოველაპარაკე, მოვუყევი, რის თქმას ვგეგმავდი. გიომ წარმატებები მისურვა და კამერებიც ჩაირთო... შუა გადაცემის დროს ეკრანზე დედაჩემი გამოჩნდა. ულამაზესი იყო და ელეგანტური, იტალიაში ცხოვრობდა და იქიდან ჩაერთო. ნელა და სასიამოვნოდ საუბრობდა. ჩემნაირი გულწრფელი ტიპი აღმოჩნდა, არც ემოციის დამალვა რომ არ შეუძლია და არც ამბის. მომეწონა ბარბარე დადიანი... კლასელი შეყვარებია - ნესტორ ორჯონიკიძე. სკოლის დამთავრებისთანავე გაპარულან, ჯვარი დაუწერიათ და ხელიც მოუწერიათ ოფიციალურად. მშობლებმა ერთი თვის შემდეგ მიაგნეს იმერეთის რომელიღაც სოფელში. დადიანის ქალი ორჯონიკიძეს როგორ უნდა გაჰყვესო, აუტეხავს ერთი ამბავი ჩემს ბებიას - ირინე ემხვარს და გოგონა თბილისში წამოუყვანია. ცხრა თვის შემდეგ დავიბადე მე. ბარბარეს უთხრეს, რომ ბავშვი სუსტი იყო და დაიღუპაო. ასე აღმოვჩნდი ბავშვთა სახლში, სადაც, სხვათა შორის, ბებია მაკითხავდა და რაღაცებს მჩუქნიდა. სადღაც 7 წლამდე. მერე თურმე გარდაიცვალა...           დედაჩემი წლების შემდეგ ფრანგ გრაფს გაჰყოლია ცოლად და ოჯახი რომში გადასულა საცხოვრებლად. სულ ესაა. ეკრანზე ბარბარე დადიანი ძალიან საყვარელი იყო, სულ შვილო, შვილო მეძახა, გაოგნება და სიხარული ერთად ეწერა სახეზე. მერე თქვა (კადრს მიღმა), რომ მაინც დაუჯერებელი ამბავია და კარგად უნდა დაფიქრდეს. თუმცა ჩამოსვლით ყოველ მიზეზ გარეშე ჩამოვა. მე გიოსკენ გავიხედე და ცრემლი ჩამომიგორდა, სტუდიაში მამაცურად მეჭირა თავი. დედის ნათქვამმა, ბოლო რეპლიკამ თითქოს ცივი წყალი გადამასხა. გიოს შევეცოდე და ჩამეხუტა, ეს იყო პირველი კონტაქტი მასთან და ზოგადად პირველი თბილი ჩახუტება ჩემს ცხოვრებაში.  გიო მეუბნება, რომ იმ დღეს გაუჩნდა გრძნობა ჩემ მიმართ. მერე იყო პირველი პაემანი. ჩინურ რესტორანში დამპატიჟა და კარამელში ამოვლებული ხილი შეუკვეთა. ხელი ჰქონდა ნაღრძობი და ფიქსატორი ეკეთა, ძლივს ამოძრავებდა. არ ვიცი, ამის გამო მთხოვა, თუ სურდა მეტი ინტიმურობა მიეცა ჩვენი ურთიერთობისათვის - გამასინჯეო... მე მისი ჩანგალი ავიღე, რომელიღაცა ხილის ნაჭერს ჩავარჭე და კარამელიდან ამოვაცურე. სანამ გავასინჯებდი ვუთხარი, რომ ფრთხილად ყოფილიყო, თუ ხილი ვაშლი აღმოჩნდებოდა, ვინ იცის რა მოხდებოდა, პირველმა ადამმა გასინჯა ქალის ხელიდან ვაშლი და იმ წუთასვე ცდუნდა. გადაიხარხარა და პირი გააღო. - ვაშლიაო! - მითხრა. ასე იყო თუ ისე, ვაშლის ბრალი იყო თუ ჩახუტების, ჩვენ ჯერ ახლო მეგობრები გავხდით, მერე საყვარლები და მერე უფრო მეტი მომინდა. რა გავაკეთო, არ ვიცი, ლამის მომკლას დანაშაულის შეგრძნებამ. მივედი და გულწრფელად ვუთხარი ნელიკოს სიმართლე. იმიტომ ვუთხარი, რომ ისიც ცოდოა და მეც. ის ტყუილში ცხოვრობს - მე ტყუილებით. ჰო, სად გინდა თქვა, რომ ცოლიან კაცს ხვდები. თან გიომ ბავშვთა სახლიდან წამომიყვანა, ტელევიზიაში დამასაქმა, ერთ ჭერქვეშ ვართ მთელი დღე, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს - მუდმივად უნდა ეცადო, რომ დამალო გრძნობები, არ ეკონტაქტო, რომ რამე არ წამოგეროშოს... მოკლედ რაა. ეს გიო კი მეუბნება, სერიოზული გრძნობები მაქვს შენ მიმართო, მაგრამ ცოლთან დაშორებას არ აპირებს, არაა ასეთი მარტივიო... ჰოდა, თვითონ თუ ვერ დგამს ნაბიჯს, ქალები გავარკვევთ ყველაფერს, ჩვენ შევთანხმდებით. ხომ შეიძლება მის ცოლსაც ჰყავდეს საყვარელი და ერთი სული ჰქონდეს, გიო როდის დაშორდება? იქნებ, მისთვისაც არაა მარტივი ოჯახის დანგრევა და ჩემგან წამოსული ერთი ბიძგი აღმოჩნდეს საკმარისი. ეჰ, ია, ია. შენზეა ნათქვამი: წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. ეს ხავსი კიდევ მაგარი რამეა მაშინ, როცა განწირული ხარ.  სიმართლე რომ ვთქვათ, ძალიან შემთხვევითაც არ გადავყრივარ პარკში გიოს მეუღლეს. ვიცოდი, აქ რომ დაჰყავს ბავშვი სასეირნოდ. ისიც ვიცი, დღეს გიოს ამ პარკში რომ აქვს გადაღება. ვიფიქრე - რაც არის, არის, ჯანი გავარდეს და ჯამში ჩავარდეს. თუ არ ჩავარდება კიდევ, ასე ყოფილა საჭირო და მე ჩემს გზას დავადგები, ისინი თავისას, ჯერ 29-ის ვარ და კიდევ მექნება შანსი, ვინმე შევიყვარო. ჰო, ალბათ მექნება, მაგრამ ახლა ვერ წარმომიდგენია, ახლა მინდა, რომ ჩემ მხარეს იყოს ფორტუნა, ახლა მინდა, რომ ჩემთვის მოიცალოს სამყარომ და ძალიან კარგმა ნელიკომ უბრალოდ მითხრას: წაიყვანე, შენი იყოს! დამითმიაო! „მხოლოდ ამის სათქმელად მოხვედი?“- მიმეორებს ნელიკო უფრო ხმამაღლა და თან ჩემკენ ოდნავ იხრება, გეგონება ყურს მაკლდეს. ვხვდები, რომ პასუხის გაცემა დავიგვიანე, წუთიც არ გასულა, მაგრამ წამები ისეთ მომენტებში, როცა მთელი ცხოვრება თვალწინ გადაგირბენს, საუკუნეებს უდრის. - ჩემთან მინდა რომ იყოს, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! - ვპასუხობ და თვალებს ვხრი, რითაც შეძლებისდაგვარად მივანიშნებ, რომ ვიცი არასწორად ვიქცევი, მაგრამ რა ვქნა. თან არ მინდა, ის მუდარა დაინახოს, რომელიც მზერაში მიდგას და უცებ ნელიკოს ხმას რაღაცნაირი იუმორიანი ხასიათი ეძლევა: - ნამეტნავად გიყვარს? - ვხვდები, რომ ციტატაა ფილმიდან „შერეკილები“ და ციტატითვე ვპასუხობ: - ვაი, რომ ნამეტნავად!- ჰოდა, წაიყვანე! - ეღიმება ნელიკოს და წასვლას აპირებს. ღმერთო, ასე მარტივად, ასე ძალდატანებისა და ზედმეტი დავი-დარაბის გარეშე მესმის ეს სიტყვები. ლამისაა გავფრინდე და კივილ-წივილი ავტეხო... სად დამცალდა... ისევ ნელიკოს ხმა: გიო, იცნობ ამ გოგოს? - ნელიკოს გვერდით გიოს სილუეტი ისახება. არ მიყურებს, ნელიკოს ხელკავს დებს, ატრიალებს და გასასვლელისკენ მიჰყავს გაფითრებული ქალი. ვაკის პარკის ნიავს ფრაზები ჩემამდე მოაქვს: - კარგი ნელიკო, ხომ გითხარი, ყველას ნუ უგდებ ყურს! მე ჟურნალისტი ვარ, ბევრი მიცნობს, ვის აღარ ვუყვარვარ, ამიტომ ოჯახი უნდა დავანგრიოთ, ადამიანო?- თავი დამანებე, ნაბიჭვარო!- კარგი რა, ნელიჩკა, ვის უჯერებ?.. გიოსა და ნელის ხმები ნელა-ნელა იკარგება. ახლა მხოლოდ მათი სილუეტები ჩანს. მიდიან ერთად და მე ვდგავარ ვაკის პარკში, როგორც უკიდურესად არშემდგარი რეჟისორი, რომელსაც წარმოდგენა ჩაეშალა. რომელიც სრულიად სხვა სცენარს ელოდა და დარჩა ასე ხელმოცარული. ვდგავარ ჩაჩუტული, ჩამომდნარი, გასაცოდავებული. ვაკვირდები გიოს სილუეტს და, ღმერთო, თურმე სულაც არაა ქერა, არც ბრგე და ახოვანი, არც ლამაზი სიარული ცოდნია და არც მიხვრა-მოხვრა უვარგა. ვუყურებ და ვფიქრობ, ნუთუ ეს კაცი მიყვარს გაგიჟებით? ღმერთო, რას გავს ეს მატყუარა ვირიშვილი. ფიქრებიდან ჩემი ძაღლი მაფხიზლებს, თოკს ექაჩება. არ მივყვები, ხელს ვუშვებ და გაქცევის ნებას ვაძლევ. აღარ მინდა. ეს გიო ოცნებობდა კოკერსპანიელი გვყოლოდა, ნელი კი არ აძლევდა ძაღლის სახლში მოყვანის უფლებას. ჰოდა, ერთ ახალ წელსაც ბანკიდან სესხი ავიღე და ზუსტად ისეთი ლეკვი დავახვედრე გიოს, როგორზედაც ოცნებობდა. მინდოდა გამეხარებინა, საერთო საზრუნავი გაგვეჩინა, ერთად გვეთამაშა, გვესეირნა... ბავშვიც კი მინდოდა მისგან, მაგრამ, აბა, არაო და... სამაგიეროდ, რამდენი იზრუნა ამ ძაღლზე, ჩემზეც და ახლა ასე უცებ, შეტრიალდა და ულაპარაკოდ, უცერემონიოდ წავიდა. უმარტივესად მიმატოვა მეც და ძაღლიც. ცხადია, ჩემი ბრალია, კეთილი უნდა ვინებო და საკუთარ გადაწყვეტილებას ვცე პატივი. უნდა დავიჯერო, რომ რისკი დიდებული საქმეა და ვინც არ რისკავს, ყოველთვის სადღაც შუაშია, მე კი მეზიზღება შუაშისტები - ან ყველაფერი და ან არაფერი - ამის დედაც, ჯეკ! მესიჯი მომდის უცხო ნომრიდან. „დედაშენი ვარ, ბარბარე. ჩამოვედი ჩემო გოგო, გთხოვ შემხვდი. ბევრი გვაქვს სალაპარაკო.“ - მეღიმება, ეს ის შემთხვევაა, ბედი ერთი ხელით რომ გართმევს და მეორეთი რაღაცას გაწვდის? ვნახოთ-ვნახოთ, რას მიმზადებს ოხერი ბედისწერა... ნაწილი III - ბარბარეს ამბავი  რამდენი იდეალური წყვილი გინახავთ, ჰა? აი, მართლა იდეალურად ცხოვრება რომ შეუძლიათ, თუნდაც მცირე დროით. ლამაზები, ლაღები და მართლა ბედნიერები არიან. ჩვენ ვიყავით, მე - ბარბარე დადიანი და ის - ნესტორ ორჯონიკიძე! იმ ზაფხულს, როცა სკოლა დავამთავრეთ, ცხადად მივხვდით, რომ უერთმანეთოდ არ შეგვეძლო, ჩავჭიდეთ ხელები და სადღაც, იმერეთის ბოლო სოფელში გადავიხვეწეთ ჩვენი კლასელი ბესოს ბებიის მიტოვებულ სახლში. ყველაფერზე გვეცინებოდა, წყალი რომ არ იყო და ჭიდან მოტანილი გამთბარი წყლით გვიწევდა ძალიან გაჭირვებულად ბანაობა, საღამოს რომ ვიყინებოდით, რადგან ფანჯრები ჩამტვრეული იყო და საბნები ვერ ვიპოვეთ, იმაზეც გვეცინებოდა, საჭმელი რომ არ გვქონდა და სახელდახელოდ დაკრეფილი ხილით რომანტიულ საღამოებს ვმართავდით, კიდევ, კოკისპირული წვიმის დროს ტყეში რომ დავიკარგეთ და კინაღამ მეხი დაგვეცა... სიცილით ვიგუდებოდით, როცა ხელის საპნით დაბანილ ჩვენს აბურდულ თმას, არც ერთი სავარცხელი არ შველოდა და კბილის პასტა რომ გაგვითავდა, ნახშირით ვიხეხავდით კბილებს. თაგვებისა და ქვეწარმავლების ცოტა გვეშინოდა, მაგრამ ამაზეც გვეცინებოდა და ერთმანეთს ვეხუტებოდით. სულ, ყოველ დღე, იყო სიცილ-ხარხარი, ჩახუტება და ალერსი, ცეკვა-სიმღერა და სილაღე, სიკაშკაშე, სამოთხე და ნამდვილი თავისუფლება. სამაგიეროდ, სრულიად უპასუხისმგებლოები ვიყავით დანარჩენი სამყაროს მიმართ. საერთოდ არ გვაინტერესებდა: მშობლები გვეძებდნენ თუ არა, ვინმე ღელავდა ჩვენს გაუჩინარებაზე თუ არა. არც ინტერნეტი გვქონდა, არც ტელეფონები იყო ჩართული. ხომ ამბობენ, „ბედნიერი ადამიანები საათს არ უყურებენო!“ ჰოდა, აი, ეგ იყო ზუსტად! დროისა და რეალობის მიღმა ვცხოვრობდით და თურმე ამასობაში 1 თვე გასულა. ეს მაშინ გავიგეთ, როცა გვიპოვეს... დაგვტუქსეს, გვისაყვედურეს, ნერვები მოგვიშალეს, ბოლოს დაგვაშორეს და დაგვინგრიეს იდეალური ცხოვრება. დღემდე არ მაქვს ახსნა, რატომ იყო ასე სასტიკად წინააღმდეგი ორივე ოჯახი ჩვენი ერთად ყოფნის, რა მტრობა ჰქონდათ ასეთი, რა მოხდა წარსულში. არაფერი გვითხრეს, ისე წაგვიყვანეს სხვადასხვა მხარეს, როგორც ცხოველები ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ. მე არ მითქვამს, რომ ორსულად ვარ, სანამ არ ჩავთვალე, რომ უკვე დროა ექიმთან მივიდე. 5 თვის ვიყავი. გინეკოლოგის მოსაცდელში ბევრი გოგო დამხვდა. ბედნიერი, გაფუმფულებული სახეებით, დედობის მოლოდინს გაელამაზებინა, გაეხალისებინა და გაემხიარულებინა ყველა. მე კი ვიდექი ჩამომდნარი, მხრებჩამოშვებული, ამოღამებული თვალებით და არ მიბრწყინავდა საქორწინო ბეჭედი ხელზე. ყველაფერი სულერთი იყო, ერთი რამის გარდა. ბავშვი უნდა გამეჩინა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, არასდროს აღარავისგან მომინდებოდა შვილი მყოლოდა. დედობაზე კი არაფრის გამო ვიტყოდი უარს. კიდევ ვინ შეიძლებოდა შემყვარებოდა ასე ძალიან? მყარად მჯეროდა, რომ თუ სამყარომ ერთხელ დაგდო პატივი და შენს ადამიანს შეგახვედრა, მეორედ ამას აღარ გააკეთებს. უსამართლობაცაა, ვიღაც რამდენჯერმე შეხვდეს თავის მეორე ნახევარს და ბედნიერი იყოს, ვიღაც კი - არცერთხელ.- და სხვა შვილები მართლა არ გყავს, დედა? - მესმის სანატრელი ხმა. სად ვიყავი აქამდე, რატომ ვერ ვიჯერებდი, რომ მართლა ჩემი შვილია ია და დედაჩემი იმდენად სასტიკი იყო, რომ დაბადებიდან ბავშვთა სახლს მიუგდო აღსაზრდელად. მე კიდევ მითხრა, მოკვდაო და ბავშვის ყალბ საფლავზე მატირა წლების განმავლობაში. წარმოუდგენელია! ადამიანმა, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა, ყველაფერი წამართვა სიცოცხლის გარდა. ჯერ ნესტორის და შემდეგ იას დაკარგვას შეეწირა ჩემი ჯანმრთელობა, გარეგნობა, ფსიქიკა, რაიმეს კეთების სურვილი და კიდევ რა ვიცი, რა აღარ. გამიმართლა, რომ ჩვენი ოჯახის ძველ მეგობარს, ერთი ფრანგი გრაფის შვილს დასჭირდა ფიქტიური ქორწინება და დიდი სიამოვნებით გავყევი რომში, რადგან სამშობლოში არაფრის და არავის დანახვა აღარ შემეძლო. იმ საწყალს ვერც ფიქტიურმა ქორწინებამ უშველა და იტალიელმა მაფიოზებმა მოკლეს. ასე გავხდი მდიდარი, შავკაბიანი ქვრივი გრაფინია. შავების გახდასა და სამშობლოში დაბრუნებას 40-ის გასვლისთანავე ვგეგმავდი, მაგრამ ამ დროს დედაჩემმა დამირეკა და მომახალა: ნესტორი ცოცხალი აღარააო და მეც აღარ გამჩენია ფერადი ტანსაცმლის ტარების სურვილი. დავრჩი რომში და წლების განმავლობაში მხოლოდ რაღაც საბუთებს ვაწერდი ხელს, რომ შემოსავალი მქონოდა და გრაფების ქონება არ გამენიავებინა. ერთადერთი ადამიანი, ვინც ჩემს სანახავად მოდიოდა, ჩემი მამამთილი იყო, საბუთებს გადახედავდა და ყოველ ჯერზე მეტყოდა, რომ ფრთხილად უნდა ვიყო, რადგან შესაძლოა ჩემს ქონებას ვინმე დახარბდეს და მახე დამიგოს. ასეთი მახე მეგონა მე, სულელს, იას ისტორიაც. გამოგონილი, თითიდან გამოწოვილი და მაინც როგორ მიხარია, რომ გავბედე და დავბრუნდი. „დედაო“, გესმით თქვენ, არ გაუჭირდა და დედა დამიძახა, მიგრძნო, მიმიღო. არ იცით, როგორ იდგა, პირველად რომ დავინახე, მამამისივით, ზუსტად მისნაირად. მაშინ დავრწმუნდი, რომ დნმ-ის ანალიზი გაყალბებული ვერ იქნებოდა.- იქნებ, ნესტორის სიკვდილის შესახებაც ტყუილი გითხრა დედაშენმა, იქნებ მამაჩემიც ცოცხალია, ჰა, დედა? - მესმის ახლად ნაპოვნი შვილის ხმა და გულზე მალამოდ მედება. რანაირი გოგოა, მამაჩემიო! გესმით, რა თქვა, ის კაცი, ან ნესტორი კი არა, მამაო! როგორ დავტანჯეთ ბავშვი. ალბათ, რა დანატრებულია იმ ორი ტკბილი სიტყვის თქმას, რომლებიც მშობლებს გამოხატავს. ბავშვთა სახლში ხომ ყველა პატარა ოცნებობს, გამოჩნდნენ მის ცხოვრებაში ისეთი ადამიანები, რომლებსაც დედასა და მამას დაუძახებენ! ჩემი შვილიც შანს არ ტოვებს, წამდაუწუმ დედას მეძახის და აი, ახლა მამას თქმის შანსიც მიეცა. არ ჩუმდება. მოსწონს ამ თემაზე საუბარი, აინტერესებს, ადგილს ვერ პოულობს: - წავიდეთ, დედა, გავარკვიოთ, სად არის მამა. იქნებ, ისევ იქ ცხოვრობს, სადაც ადრე. რას ვკარგავთ. თუ გარდაცვლილია, იმას მაინც გვეტყვიან, სად ვიპოვოთ საფლავი... მართლაც, რას ვკარგავდით, არაფერს... პირიქით... მაგრამ ძალა არ მქონდა, არ შემეძლო... ასე ერთბაშად, ამდენი წლის გამოტირებული ოჯახი ცოცხლად, რეალურად და ხელშესახებად წარმომედგინა. ჯერ შვილის ნახვის ფორიაქი ვერ გადამელახა, მუცელში ისევ დაფარფატებდნენ პეპლები, თვალზე ისევ მადგებოდა ცრემლი, ვერ ვიძინებდი და ლამის გათენებამდე შვილის სახეს დავყურებდი. სულ ნესტორს ჰგავდა, რაც უფრო ვაკვირდებოდი, უფრო მეტ მსგავსებას ვპოულობდი, იწვა ჩემ გვერდით მოკუნტული და თავი ცალ მკლავზე ედო, მამამისსაც ზუსტად ასე ეძინა. რა არის მაინც ეს გენი, ამოუცნობი და სასწაული. რატომ ემსგავსება ქალიშვილების უმრავლესობა მამას? დავცქერი და ვცდილობ, რაღაც ჩემიც ვუპოვო, მეც მინდა, რომ მგავდეს. ვერ ვპოულობ, ნესტორის ნაკვთები უკეთესად მახსოვს, ვიდრე საკუთარი. მისი ყველაფერი მახსოვს, რბილი თვალის ქუთუთოებიც კი, საუბრის დროს პირის მოკუმვის მანერა, მაგიდაზე ხელის დადების სტილი, ჟესტები და მიმიკები... მეტირება. - სუ, სუ, სუ... ბავშვი არ გააღვიძო! - ვაწყნარებ საკუთარ თავს. - სუ, დაწყნარდი, ადამიანო, ერთი თვე ხომ იყავი უბედნიერესი და ზოგს ეგეც არ ღირსებია. ჰკითხე, აბა შენს შვილს, როგორი ცხოვრება გამოიარა?- ვკითხე, ვკითხე უკვე! - ვპასუხობ საკუთარ თავს და ფიქრში ის ვიღაც გიო შემოდის, იაკოს რომ გული ატკინა. მორიდებით მომიყვა ეს ისტორია, ეტყობა, ეგონა ვეტყოდი: ცოლიან კაცთან ურთიერთობა არ უნდა დაგეწყო, ეგ როგორ შეიძლებოდა და მათნაირ სტერეოტიპულ ფრაზებს. მაგრამ ის ვერ გაითვალისწინა, რომ ორი დღის გაცნობილ შვილს შენიშვნას ვერ მისცემ, არ უნდა მისცე მანამ, სანამ მორალი არსებობს ჩვენში და ვარსკვლავებიანი ცა ჩვენ ზემოთ. ჰოდა, მეც ვუთხარი გულწრფელად, რომ ყველა ქალს რომ შენსავით თამამი ნაბიჯების გადადგმა შეეძლოს, ყველა რომ ასე მამაცი იყოს და სინდისი ქენჯნიდეს, არც ერთ კაცს არ ეყოლებოდა საყვარელი. გაიჩენს თუ არა, გავარდება ის ქალი ცოლთან ამბის მისატანად და ცოლებიც ტყუილში აღარ იცხოვრებენ. თავად გადაწყვეტენ, აწყობთ მოღალატესთან ცხოვრება თუ არა. მისაღებია მისთვის სხვა ქალზე ან ქალებზე გადანაწილებული კაცი, თუ არა და ასე შემდეგ. ყველამ, მთელმა მსოფლიომ რომ შენ მოგბაძოს, იცი რამდენი ეჭვში ჩავარდნილი მეუღლე ამოისუნთქებს შვებით?- და რამდენი გაუბედურდება? - შემომცინა იაკომ. ნაცნობი ღიმილი ჰქონდა, მამის არა. მაგრამ ნაცნობი...- გაუბედურდება არა ისა... მეუღლეს თუ საყვარელი ჰყავს, უკვე გაუბედურებული ხარ და არ იცი, მაგრამ აუცილებლად გრძნობ. - ვუპასუხე მე და თმა გავუსწორე. მინდოდა ჩავხუტებოდი, მაგრამ მომერიდა.- დედა, შენ ეტყოდი, რომ მისი ქმარი გიყვარს? - არ მქონია იმის ფუფუნება, რომ ეს ვინმესთვის მეთქვა!- რა, ფუფუნება, დაქორწინებული ადამიანის სიყვარული ნამდვილი წყევლაა.- დიდი სიყვარული ყოველთვის ფუფუნებაა, რამდენჯერაც არ უნდა დაგატყდეს თავს და როგორც არ უნდა დასრულდეს. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს, ჩემო გოგო!- შენ გაგაძლიერა შენმა ამბავმა, დედა?- ჰო, შემცვლა. - იაკომ ჩემს ნაოჭებს დაუწყო თვალიერება. შეიძლება მე მომეჩვენა ასე... ნეტავ, მოვწონვარ თუ არა? ნეტავ, ისეთივე უცნაური ემოციური ბმა აქვს მასაც ჩემთან, როგორიც მე მასთან? არ ვიცი, რა არის ეს, რაღაც მშობლიურის განცდა თითქოს, სახელს რომ ვერ დაარქმევ, მაგრამ გაფორიაქებს და ენდორფინების გამოყოფაში გეხმარება. ბედნიერი ვარ და მეღიმება. იას თვალები უფართოვდება...- დედა, იცი მე და შენ ერთნაირად ვიცინით! - რაო? - იაკოს ნაცნობი ღიმილი, ჩემი ყოფილია, ჩემის მსგავსი და მაგვარი, მე მგავს შვილი თურმე გაცინებისას და ვერ კი მივხვდი. ლოგიკურიცაა, როდის ვნახე საკუთარი თავი ბოლოს გაღიმებული? საიდან ვიცნობდი 30 წლის წინანდელ სახეს, დამავიწყდა. თურმე მხოლოდ ემოცია გამახსოვრდება და სხვა არაფერი. არაფერი გახსოვს, რაც ემოციის გარეშე გააკეთე, რა დროსაც არაფერი გიგრძვნია. ამიტომაც დამრჩა მხოლოდ გლოვა. მხოლოდ იმის განცდა, რომ 30 წლის წინ დატრიალდა ტრაგედია, მისი შედეგები დღემდე მომყვება და მე მასში ვცხოვრობ. დანარჩენი კი... რა მეცვა, რას ვჭამდი, საყიდლებზე დავდიოდი თუ არა, არაფერიიიი... სრული სიცარიელე.- დედა, მამას საფლავზე როდის წავიდეთ? - მესმის ჩემი გოგოს სანატრელი ხმა. სიტყვა საფლავი ბასრი დანასავით მხვდება გულზე. სადღაც, გულის სიღრმეში ხავსს ვპოულობ, ვეჭიდები და სწრაფად ვამბობ:- იქნებ, არ არის გარდაცვლილი? ყველაფერი ახლავე უნდა გავარკვიო! - სწრაფად ვდგები და ოთახიდან გავდივარ. მახსოვს, სად ცხოვრობდა ბავშვობაში ნესტორი და მისი სახლისკენ ფეხით მივდივარ. იმედი მაქვს, რომელიმე მეზობელი მაინც მეტყვის სიმართლეს. ჩემს გულში იმედის ხავსი უფრო მეტად ფართოვდება, მასზე ჩამოჯდომას ვახერხებ და იმ კითხვებს ვუყრი თავს, რომლებიც ნესტორის ყოფილ მეზობლებს უნდა დავუსვა. 20 წუთში დიდი, იტალიური სახლის ჭიშკარს ვაღებ. აქ ადრე ჩემი სახელი ეწერა, ახლა გადაღებილია. მიმართლებს, ჭიშკრისკენ მოხუცი ქალი მოემართება, ვესალმები და კითხვას ვუსვამ. უფრო მეტად მიმართლებს. „აქ ცხოვრობენო,“ მპასუხობს. მაღლა იხედება და მზერით მიმანიშნებს: სარეცხს რომ ფენს, ნესტორის მეუღლეაო! მიდის... ორი წამით ვყოვნდები, მაგრამ ახლა არც შიშის, არც დამორცხვების და არც სხვა ნებისმიერი ემოციის ადგილი მაქვს გულში, არც გონებაში და კიბეზე ავრბივარ. რააა? ანუ ცოცხალია, ანუ ტყუილად გამოვიგლოვე. სასტიკი დედაჩემი, როგორ გაბედა და მითხრა მოკვდაო, რა ეგონა? რა? რომ უცხოეთიდან არასდროს დავბრუნდებოდი? არასდროს მოვიკითხავდი და სამუდამოდ ამოვშლიდი ჩემი მეხსიერებიდან? რატომ ებრძვის საზოგადოება ნაადრევ ქორწინებას ასე დაუნდობლად და ამ ფორმით? დაფიქრებულა ვინმე იმაზე: შეყვარებული ახალგაზრდების დაშორება უფრო მტკივნეულია, თუ საკუთარი გადაწყვეტილებით ოჯახის დანგრევისგან გამოწვეული განცდები. იქნებ, რაღაცის ძალდატანებით შეწყვეტა უფრო გაუბედურებს, ვიდრე ოჯახური პრობლემები? მეზიზღება ფრაზა - „არ იდარდო, მთელი ცხოვრება წინ გაქვს!“ არ მაქვს მთელი ცხოვრება წინ. არ მქონია არასდროს. ნესტორთან ერთად დასრულდა ის 18 წლის ასაკში. მასთან დარჩა. რას ეძახით ნეტავ ცხოვრებას? გულიანად არ მიცინია მის გარეშე არასდროს, მხოლოდ ის იყო ჩემი ადამიანი და მე მისი. სრულიად ცარიელი და უდაბურია სამყარო ნესტორის გარეშე და ინერციით ვარსებობ მხოლოდ. მმაჩის ბიუროში რომ მივედით და ხელი მოვაწერეთ, ჯვარი რომ დავიწერეთ და სამუდამო სიყვარული შევფიცეთ ერთმანეთს, იმ ფიცის ერთგული ვარ დღემდე. მერე რა, რომ 18-ის ვიყავი და ის 19 წლის. ჩვენი აღთქმა უფრო სერიოზული იყო, ვიდრე ბევრი მოწიფული ადამიანისა. რაღაც სულელური ახირების, ეტიკეტებისა და „ხალხი რას იტყვის“ გამო მაგლოვეს ამდენი წელი ქმარ-შვილი და ჰოპ, თურმე ორივე ცოცხალია და ახლა იმ ქალს უნდა გამოელაპარაკო, რომლის ადგილასაც მე უნდა ვყოფილიყავი... ბარბარემ ღრმად ჩაისუნთქა, თვალები დახუჭა და ასევე ღრმადა ამოისუნთქა, ცოტა დაწყნარდა, მოდუნდა... რაც არის ეს არისო, ჩაილაპარაკა და კიბეზე ასვლა განაგრძო. ნეტავ, როგორი იქნება ნესტორის ცოლი? - გაიფიქრა თუ არა, აივანზე მშვენიერი ქალი დაინახა.- გამარჯობა, ნესტორ ორჯონიკიძეს ვეძებ. - გაგიმარჯოს, ვინ ხართ? - მე ბარბარე ვარ და თქვენი ქმარი მიყვარს! - ქალს ეცინება.- როდის ნახეთ ბოლოს ჩემი ქმარი?- 30 წლის წინ.- რაო? აჰ, თქვენ ბარბარე დადიანი ხართ ალბათ, არა? მიყვებოდა თქვენზე... სად იყავით ამდენი ხანი? სად დაიკარგეთ? ჩვენ დიდი ხნის წინ დავქორწინდით, ერთი შვილი გვყავს, წელს ჩააბარა ტარტუს უნივერსიტეტში, მე საბერძნეთში წავედი სამუშაოდ, ხომ უნდა ბავშვს რჩენა. ნესტორი კი მუშაობდა, მაგრამ ბოლო ორი წელია ავადმყოფობს, გამყიდა მაგისმა წამლებმა. ახლაც საავადმყოფოშია, კომაში, მთელი თვეა რეანიმაციაში წევს და კომიდან ვერ გამოჰყავთ, გაჟონვა ჰქონდა. მაიმედებენ, დღეს თუ არა ხვალ კარგად გახდება და პალატაში გადმოვიყვანთო, მაგრამ არ დაადგა საშველი, მეც წასასვლელი ვარ საბერძნეთში, აქ დიდი ხანი ვერ დავრჩები, ვინ არჩენს მერე ოჯახს? - არ ჩუმდებოდა. ასეთი პრაქტიკული, საქმიანი და სწრაფი ადამიანი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს. თან სარეცხი გაფინა, თან რაღაც მიალაგა, სახლშიც მიმიპატიჟა, დამსვა, ხილი და ტკბილეული დამიდგა, ყავის გასაკეთებლად გაიქცა, ოღონდ სულ ლაპარაკობდა... ყველაფერი მომიყვა ხუთ წუთში. მე კიდევ ვიჯექი და მიხაროდა, რომ ცოცხალია ჩემი ნესტორი... რომ იმ სკამზე ვიჯექი, რომელზეც ის ჯდება ხოლმე, იმ ჭიქიდან ვსვამ, რომლიდანაც ის სვამდა და იმ ჰაერს ვსუნთქავდი, რომელიც მისითაა გაჟღენთილი. მთელი ცხოვრება მაინტერესებდა, სად ცხოვრობდა, როგორ სახლში და აი, ამიხდა ოცნება. - მე აქ დიდხანს ვერ დავრჩები, საბერძნეთში მალე უნდა დავბრუნდე, არ ვიცი, ვის დავუტოვო ეს მომაკვდავი კაცი... - აგრძელებდა ქალი ლაპარაკს, რომლის სახელიც არ ვიცოდი, მაგრამ აშკარად მიმანიშნებდა, რომ შემეძლო, ახლა ნესტორზე მის ნაცვლად მეზრუნა. რა იცოდა, სინამდვილეში, რა მაგარ რამეს მთავაზობდა...- მე, რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ, თქვენი სახელი?.. - შევაწყვეტინე რაღაც მომენტში, მივხვდი, უკვე აღარ იცოდა, როგორ დაესაბუთებინა ის, რომ საბერძნეთში ყოველ მიზეზ გარეშე უნდა დაბრუნებულიყო და მეც მომბეზრდა არგუმენტების მოსმენა.- მე ლორელაი მქვია და ლორეს მეძახიან. დამავიწყდა გაგცნობოდით. ჩრდილო ევროპული სახელია, უფრო გერმანიაში გავრცელებული... - თითქოს თავს იმართლებდა ქალი, ეტყობოდა მიჩვეული იყო კითხვას „ეგ რა სახელიაო?!.“ და წინასწარ ჰქონდა ერთი-ორი პასუხი მომზადებული. - ნესტორი რესპუბლიკურ საავადმყოფოში წევს, - გააგრძელა საუბარი. შესასვლელი მარცხენა მხრიდანაა. უთხარით, რომ ნათესავი ხართ და აგიშვებენ. არაფრის შეტანა არ შეიძლება, თეთრი ხალათი მოიცვით და შედით! - დამარიგა, მითითებებიც მომცა, გეგონება დედა იყოს და ძიძას უტოვებდეს პატარა ბავშვს, მაგრამ არ მენაღვლება, პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ერთი კვირის განმავლობაში ორი ძვირფასი ადამიანი ვიპოვე და რაღა მაქვს საწუწუნო. გამოკეთდება და მალე ფეხზე წამოდგება ჩემი ნესტორი, აბა რაა, ახლა რაღა მოკლავს. მის ცოლს ისე გაუხარდა, რომ ვუთხარი, მე თქვენი ქმარი მიყვარს-მეთქი, ალბათ სხვა კაცზეა შეყვარებული. ალბათ, იფიქრა ლორემ, ძლივს ვინმეს ჰყვარებია ნესტორი, მივუგდებ და წავალ ჩემს გზაზეო. უჰ, როგორ მახარებს ლორეს გულგრილობა, რომ იცოდეს... ბილეთი თუ ჯერ არ აუღია, მე ავუღებ... ოღონდ წავიდეს, ოღონდ ყველამ გაგვანებოს თავი ბოლოსდაბოლოს. სულ მინდოდა, რომ ქვეყანაზე მარტო ჩვენ ორნი დავრჩენილიყავით მე და ნესტორი და ეს სურვილი დღესაც არ გამნელებია. თავში სადღაც წაკითხული ფრაზა ამომიტივტივდა: ყველაფერი ყოველთვის სრულდება კარგად და თუ სრულდება ცუდად, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დასასრული არ არისო. ჰოდა, წინ საუკეთესო დასასრულისკენ, წინ ბედნიერებისაკენ... ღმერთო, გარდაცვლილი რომ დამხვდეს, სხეულზე თეთრი ზეწარი რომ ეფაროს და იწვეს გაშოტილი? არაა, ასე ვერ მომექცევა. ახლა ამის დრო არ არის, უნდა მოინდომოს და გაიღვიძოს. შეყვარებულები თავს რომ იკლავენ ერთმანეთისთვის - მე პირიქით მინდა, მინდა გაცოცხლდეს და მომეხვიოს. ნეტავ, თუ მიცნობს? - ბარბარეს სარკეში ჩახედვა და ნაოჭების მაკიაჟით შენიღბვა მოუნდა. მაგრამ თავი შეიკავა. ლორეს სწრაფად დაემშვიდობა და საავადმყოფოსკენ გავარდა. გზაში მაინც ჩაიხედა სარკეში, საკუთარ თავზე არასდროს გიჟდებოდა, მაგრამ ნესტორი ხომ გიჟდებოდა ოდესღაც მის სახეზე, სხეულზე, მანერებზე... ყოველ შემთხვევაში ასე ეუბნებოდა და ბარბარესაც სჯეროდა, უპირობოდ სჯეროდა მისი სიყვარულის და ენდობოდა. იმისიც სწამდა, რომ სიყვარული მარადიულია, მხოლოდ ვნება ცხრება, გრძნობა სულ არის სადღაც და ყოველი ბიძგისას გარეთ იღვრება. საავადმყოფომდე მგზავრობა საუკუნოდ გაიწელა. - როგორც იქნა, მივედი. - გაიფიქრა ბარბარემ. - მარცხენა შესასვლელი იპოვა, რეგისტრაცია გაიარა და თეთრი ხალათით შევიდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ნესტორი ისევ ისეთი იყო, მაღალი, თხელი და სიმპათიური. თმა სულ მთლად გასცვენოდა, შუბლზე სამი ნაოჭი ეტყობოდა, თვალების ირგვლივ - უფრო მეტი. ღონემიხდილის ფერი ედო, თავი ოდნავ გადაეგდო და კისრის ძარღვი უფეთქავდა. აპარატი მის გულისცემას აჩვენებდა... მიახლოვება ძლივს გავბედე და ხელით ოდნავ შევეხე... ჩემი სიყვარული, ჩემი ოცნება, ჩემი ყველაფერი... ჩემთვის და ჩემ გამო იცოცხლე, ნესტორ, რა! წამოდექი, ჩემო ბიჭო, ერთად გავიქცეთ ამ საშინელი დაწესებულებიდან, სადმე შორს წავიდეთ, როგორც მაშინ... 30 წლის წინ... ცარიელ-ტარიელები, ერთმანეთის ამარა... წამო რა, ხტუნვა-ხტუნვით მივაღწიოთ ქვეყნის საზღვრამდე და ბევრი ვიცინოთ ჩვენს სიგიჟეზე, არანორმალურობასა და სადღაც გადაკარგვის სურვილზე. ხომ არ შეიცვალე ბიჭო, ხომ გენდომება ჩემთან ერთად სიგიჟეების კეთება. ხომ ისევ გეყვარები და მაპატიებ, რომ შენი სიკვდილი დავიჯერე?-         ხედავთ, გულის ცემა ოდნავ გახშირდა! - ფიქრებიდან ექიმმა გამომარკვია. - დავიბენი და უკან დავიხიე. მერე საერთოდ გამოვედი ოთახიდან... ორი ექიმი დავტოვე, ერთი აპარატს უჩხიკინებდა, მეორე ნესტორის მკლავს...ნაწილი IV – ლორელაის ამბავი  ახლა 17 წლის ვარ. ერთ პატარა, მაღალმთიან სოფელში ვცხოვრობ და სკოლაში დავდივარ. დილას მიყვარს საუზმობა, საუზმობა რა, საერთოდ ჭამა მიყვარს ძალიან, მაგრამ ჩემი წონის გამო მარტო დილას ვჭამ გემრიელად. ამბობენ, საუზმის კალორიები ბოლომდე იწვებაო და მეც არ ვიკლებ ტკბილეულსა და ფუნთუშეულს. ისე, კალორიადამწვარის არაფერი მეტყობა და არც ის, რომ 19:00 საათის შემდეგ კუჭის წვის მიუხედავად, ლუკმას არ ვიდებ პირში. უკვე 5 წელია ვიმატებ და ვიმატებ, გრამი არ დამიკლია. ვარჯიში მეზარება, აუზზე სიარული მრცხვენია, დიეტა ცუდად მხდის და ვცხოვრობ ასე, ცხიმებით გარშემორტყმული. სახლში ყველა სკამი მორყეული მაქვს, საწოლი ჩაზნექილი, სამაგიეროდ, მუცელი ამოზნექილი და ლოყები დაბერილი. შარშან 100 კილოს ვიწონიდი, წელს 120-მდე ავედი. სიმსუქნემ ასაკიც შემმატა, მარტო თვალები შემრჩა ცისფერი და ნათელი. კიდევ კარგი, თვალები მაინც მაქვს ლამაზი. ადრე ტანიც ლამაზი მქონდა, ფეხები, რომ იტყვიან, კისრიდან მეწყება, მაგრამ სად ჩანს?! მკერდიც ლამაზი მაქვს - საშუალო და მკვრივი, მაგრამ არც ის ჩანს ვეებერთელა მუცლის ფონზე. მუცელი ძალიან მარცხვენს, ხანდახან მეკითხებიან: „ფეხმძიმედ ხომ არ ხარო?” და თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად. მირჩევნია იფიქრონ, რომ ბოზი ვარ, ვიდრე ძალიან მახინჯი. შეყვარებული, რა თქმა უნდა, არ მყავს. მე კი მომწონს ერთი, მაგრამ ის არც კი მეპრანჭება. მეგობრულად კი ვუყვარვარ, თბილად მხვდება და ბიჭების ბირჟაზე მივყავარ. ბიჭებსაც ვევასები. მაგრად ვჩხუბობ და იმათაც ევასებათ, სხვა უბნელებს რომ ეშინიათ ჩემი. წინა თვეს ძალიან ბედნიერი ვიყავი, ერთმა უბნელმა ბიჭმა მითხრა: თუ ამ ტიპს ფეხს დაუდებ, წააქცევ და მერე დაარტყამ, მაგარ საათს გაჩუქებო. ისეთი სიმპათიური და მამაკაცურია, უარი ვერ ვუთხარი. მართლა მაჩუქა. ვიღაცას ჩამოატანინა იტალიიდან. ორი კვირაა მეკითხება, ჩემს ნაჩუქარ საათს რატომ არ ატარებო? ხან რას ვიგონებ, ხან რას... ხო არ ვეტყვი, მაჯაზე არ შემომწვდა-მეთქი. მოკლედ, ბიჭებს მუშტის დასარტყმელად მაინც ვჭირდები, გოგოები კი ისე მიყურებენ, როგორც ზღაპრიდან გადმომხტარ დევს. მარტო ერთი დაქალი მყავს - ნიცკა, ის ძალიან გამხდარია, მაგრამ „აჩკარიკი“ და არასექსუალური. ჩემთან ბიჭები მაინც მეგობრობენ, იმ საცოდავს კი არავინ ემეგობრება. „წიგნები არიან ჩემი დაქალებიო“, - ასე ამბობს. წიგნების კითხვა მეც მიყვარს. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი დიდი სახლის პატარა დიასახლისი, ანა კარენინა, ესმერალდა ან ემა ბოვარი... რა ვქნა Happy end-ებს სევდიანი დასასრულები მირჩევნია. ლამაზია, როცა სიყვარული, ან საერთოდ ცხოვრება „მსხვერპლს მოითხოვს“. არა და, რა ხშირად ხდება ასე... ანა კარენინასავით ზოგჯერ მეც ვშლი ხელებს და სახით ვვარდები საწოლზე. რა ვქნა, მატარებელს რომ ჩავუვარდე, ამის საბაბი ჯერ არ მაქვს. ისე, სიკვდილი კი მეჩქარება, როცა გარდავიცვლები, ღმერთს საყვედურს ვეტყვი, ასეთი ჭამის მოყვარე და სიმსუქნისკენ მიდრეკილი რომ გამაჩინა. ზოგჯერ მეჩვენება, მის გარდა ყველა კარგად მექცევა. თავს მოვიკლავ და ჩემს სულს ჩემი ნებით მივცემ ეშმაკს. რადგან ღმერთმა დამსაჯა, მეც ვეცდები დავსაჯო და ის, რაც „ჩამბერა“, არ დავუბრუნო. ერთი წლის შემდეგ... საერთოდ ყურის მიდება და ვინმეს საუბრის მოსმენა არ მიყვარს ხოლმე. მაგრამ დღეს მომიწია. 16 წლის თენგო აივანზე ჩუმად ეწეოდა სიგარეტს და, მშობლებს რომ არ დაენახათ, კედლის ტიხარს ამოვეფარეთ. თან დაბადების დღე ჰქონდა და უარს ხომ ვერ ვეტყოდი, ისე რაღა ჩემნაირი გასიებული აირჩია, ძლივს შევეტიე იმ ტიხარში. სიგარეტის კვამლი არ მსიამოვნებდა, მაგრამ ცხვირზე ხელის აფარება მომერიდა, ვიფიქრე, უხერხულად არ იგრძნოს თავი-მეთქი და მომღიმარი სახე შევკერე. დაბადების დღეზე დაპატიჟებული სტუმრები (ძირითადად ჩვენი უბნელები იყვნენ, წამდაუწუმ გამორბოდნენ აივანზე, ზოგი მაკიაჟს იკეთებდა, ზოგი თმას ივარცხნიდა, ზოგი თავის ავტომობილს გადახედავდა... მაგრამ ყველაზე გასაკვირი იყო ის, რომ ერთ-ორ სიტყვას ყველა ამბობდა ჩემზე ისე, რომ არავინ იცოდა ჩემი და თენგოს ტიხრის უკან დამალვის ამბავი. როგორც კი ჩემზე დაიწყებდნენ საუბარს, თენგო შეცბებოდა, თვალები გაუფართოვდებოდა, ეტყობა ფიქრობდა: „რა ვქნა ახლა, ამაზე რომ რამე ცუდი თქვანო“, მაგრამ ჩემდა გასაკვირად არც ერთს არ უთქვამს ის, რასაც მე მეგონა, რომ ყველა ლაპარაკობდა ზურგსუკან. პირიქით... გოგოებმა: „აუ, რა ჯიგარი გოგოა და, საწყალი, როგორი დაკომპლექსებულია სიმსუქნის გამოო... დააკვირდი, რა ლამაზი თვალები და ნაკვთები აქვსო... აუ, იმისთანა თმა აქვს, ნეტავ, ეგეთი მეც მქონდესო...“ ბიჭებმა: „რა ჯიგარია, რა საყვარლად იღიმებაო... რომ შემხედავს, მაბნევს ისეთი ლამაზი თვალის ფერი და მზერა აქვსო, მაგარი ტიპია ძაანო და ასეო და ისეო...“ თენგო სიხარულისგან სულ „YES, YES -ს“ იძახდა, მაგრად უხაროდა… მე კი ისე დავიბენი, რომ გამოსვლა აღარ მინდოდა იმ ტიხრიდან. მეშინოდა სახეზე არ დამტყობოდა, რომ ლამის ყველას ნაფიქრალი ვიცოდი ჩემზე, ან არ გაეგოთ, რომ ჩუმად ვუგდებდი ყურს და ასეთი კარგი დამოკიდებულება არ შეცვლოდათ ჩემ მიმართ... რომ შემძლებოდა, აივნიდან გადავძვრებოდი. მერე მივხვდი, რომ პირველ სართულზე ვარ... ფეხი გადავწიე და გაპარვა დავაპირე, თენგოს არ გავუჩერებივარ, მაგრად გამიგო, შევიდა ჩემს მდგომარეობაში და გადაძრომაში დამეხმარა. მეორე დილას რომ გავიღვიძე, რაღაც გამხდარი მეჩვენა თავი, გამხდარი რა, სიმსუბუქეს ვგრძნობდი. ნეტავ, ან ღმერთს რატომ ვსაყვედურობდი, ან საღამოს შიმშილით რას ვიკლავდი თავს? ჩემ ირგვლივ მყოფებს თურმე ასეთიც მოვწონვარ. რა საყვარელიაო, ლამაზი თვალები და გამოხედვა აქვსო... წარმოგიდგენიათ? აუ, რა მაგარიაააა... ნეტა, დედაჩემს ტუში არ უგდია სადმე? წამწამებს ავიპრეხ... აბა რა, ქალმა თავს უნდა მიხედოს. ხვალ ეპილაციაზე წავალ და მერე სალონშიც შევივლი...                კიდევ 1 წლის შემდეგ... ბულემიამ გამიარა, ექიმმა თქვა, ისტერიული ჭამის სურვილი ნერვული დაძაბულობის ბრალი იყოო. 55 კილო, სიფრიფანა და ლამაზი რომ გავხვდი, ზუსტად იმ წელს გავიცანი გეკა. ცამეტი წელია აქ არ ჩამოსულა, მშობლიურ სოფელში. უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე დაიწყო მისი მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება... უხაროდა მამის ქონების განიავება. აქტიური, ხმაურიანი ცხოვრება უყვარდა და ჰქონდა კიდეც, არ ეგონა, თუ ოდესმე სოფელი მოენატრებოდა. მაგრამ 13 წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მობეზრდა. სამსახურის გამოულეველი საქმით თავგასიებულმა, სიყვარულში გულგატეხილმა და სმით ღვიძლგადიდებულმა მამა-პაპისეულ სახლს მოაშურა...ნაწილი V - გეკას ამბავი  წვიმდა. ავტობუსის მძღოლი უამინდობის გამო წუწუნებდა. გეკას მოეჩვენა, რომ წვიმა უხდებოდა სოფელს. ავტობუსი ჯაყჯაყით მიდიოდა ტალახიან შარაზე, ბორბლებს უჭირდა გავლა, მაგრამ მერე რა, ავტობუსი ხომ სოფლის ნაწილი არაა. რა უნდა ტრანსპორტს მაღალმთიან სოფელში?! დაგროვდება ჰაერში გამონაბოლქვი და აღარ გამოჩნდება ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. ისიც ეყოფათ, ჯიხვები რომ გააქციეს. ჰო, ბაბუის მონაყოლიდან ახსოვდა გეკას: ყოველ ალიონზე გადმოდგებოდნენ თურმე ჯიხვები ქარაფებზე, ყელს დაიგრძელებდნენ, თავს მაღლა ასწევდნენ და სუფთა ჰაერს ისუნთქავდნენ... მაშინ აქ ცხენებით დადიოდნენ, ათასში ერთხელ თუ ამოხრიგინდებოდა რაიონის ცენტრიდან სატვირთო მანქანა. ტრანსპორტის გამოჩენის შემდეგ ზემოთ წასულან ჯიხვები. – თვალსაც კი ვერ მოჰკრავ ვერსადო! - წუხდა ბაბუა. გეკას ბაბუასაც უყვარდა წვიმა: - მოდი, მოდი, შხაპუნა, შენს მადლს ვენაცვალე, ყანა წამოიზრდება, მოსავალი გაგიხვავრიელდებაო... -         დღეს ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან ქალაქი და სოფელი, მეჩვენება, აქ ჩამოსვლით თითქოს წარსულში დავბრუნდი... – ფიქრობდა გეკა და ავტობუსის ფანჯრიდან უცქერდა მიწის მტვრისგან გასუფთავებულ ბუნებას. უხვ ნალექს, სულ მთლად ჩამოებანა ფოთლებიდან ჭუჭყი და ბზინავდა არე-მარე... უცქერდა ხბოებს, გრძელ წამწამებზე რომ უციმციმებდათ წვიმის წვეთები, იხვებს და ჭუკებს, ხშირ-ხშირად რომ იფერთხავდნენ ტანიდან სისველეს... გეკამ უცებ იგრძნო, რომ რომანტიკული გახდა, ლამის ლექსი დაწერა, აი ისეთი, ძველად რომ იტყოდა მისი ბაბუა, პათეტიკით და სინაზით სავსე სტრიქონებს:  მიწის სურნელი მომივა თითქოს,ჩემს მიწაშია გაჩენილი ეს გაზაფხული... ავტობუსი გაჩერდა, ხალხი აყალ-მაყალით წამოიშალა. ქალაქელი გეკა გამოირჩეოდა სოფლელებისგან ჩაცმულობით, სოლიდურობითა და მოწესრიგებულობით. მგზავრებს მაშინვე თვალში მოხვდათ სტუმარი და ხომ იცით, სამხრეთის თბილი ქვეყნების სოფლებში როგორი სტუმართმოყვარე ადამიანები ცხოვრობენ. თავიდანვე მიაქციეს ყურადღება, გზად წახემსება შესთავაზეს, განსაკუთრებული რიდითა და პატივისცემით მოეპყრნენ. ეამა სოფლელების გულუბრყვილობა. სკოლა გაახსენდა, სადაც ყველაზე იდიოტ მასწავლებელსაც კი მოწიწებით ექცევი, მხოლოდ იმიტომ, რომ მასწავლებელი ჰქვია და შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, რაც გავალდებულებს - გყავდეს იდეალები.  -         რა ტიპები არიან?- ეღიმებოდა გეკას და თან თბილ ჩაის სვამდა პაპისეულ მყუდრო სახლში. დიდი ხანია, რაც რძე აღარ უყვარდა. არადა, ეს ჩაი და ყავა როგორ არ უხდება სოფელს? თუ გინდა, რომ რეალობას მოსწყდე და აქტიური, დაძაბული „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ დაივიწყო, უნდა წახვიდე შორს, შენი ყოველდღიური ცხოვრებისგან განსხვავებულ ადგილას და უცხო სიტუაციაზე მორგება შეძლო... რა დროს ყავაა, რამე აქაურს გავსინჯავ - გაიფიქრა და კიბეზე სწრაფად ჩაირბინა. ქუჩაში გავიდა, ქუჩა რა, შარა იყო, მტვრიანი, წვიმის დროს ატალახებული, ჰოდა გეკაც ტალახში ამოვლებული დაბრუნდა შინ, სოფლის „ნობათი“ მოიტანა: კარაქი, ყველი, მაწონი და თონეში გამომცხვარი პური. მაგიდასთან მოხერხებულად მოკალათდა, ნუ შეძლებისდაგვარად მოხერხებულად, მუხის ხისგან გამოთლილი უშველებელი სკამი ძლივს მოაჩოჩა, ფუმფულა ხავერდზე რომ დაჯდა, ეტყობა ძველთაძველმა ზამბარებმა ვეღარ გაუძლო გეკას სიმძიმეს და ჩაიზნიქა. გეკას უკანალი ღრმად ჩავარდა, მაგრამ სკამის გამოცვლა ისე დაეზარა, გადაწყვიტა ასე მოკაკვულს ევახშმა. ცოტ-ცოტა ყველაფერი გასინჯა, მერე მიხვდა და გაეღიმა. სოფლის ნატურალურ პროდუქტს გემოს ვეღარ ატანდა. რძის ფხვნილზე დამზადებული კარაქი, მდნარი ყველი, იოგურტი და ქარხნის პური ერჩივნა. ფუტურისტული მანიფესტიდან გაახსენდა ცნობილი ფრაზა: „მანქანა უფრო მშვენიერია, ვიდრე ნიკე სამოთრაკიელი!“ მართლაც იყო ამ ფრაზაში თანამედროვე ადამიანისთვის გასაგები ჭეშმარიტება.     *** ისტორია ალბათ იმიტომ გაინტერესებს, რომ აწმყო შეიცნო და მომავალი დაინახო. – ფიქრობდა გეკა. ეს სახლი იყო მისთვის პირადი ისტორია, თავისი ძველთაძველი ფოტოებით, ჭურჭლით, ცოტა ავეჯით. გეკა ვერცხლისფეხიან ბაკარას სახილეს ათვალიერებდა, მერე შავი ხის მოჩუქურთმებულ სახელურს მოკიდა ხელი და უჯრა გამოაღო, მოოქროვილი კოვზები იპოვა, უჯრა ისევ მიხურა. ტახტზე ხალიჩა იყო გადაფარებული, უკანა მხარე უნახა, ხელით ნაქსოვი აღმოჩნდა. გეკა ხალიჩაზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა: ყველა თანამედროვე ნივთი უშნო და პრაქტიკულია, ერთჯერადი დატვირთვა აქვს – უპრობლემოდ და მაქსიმალურად მოიხმარს ადამიანი. ძველი ნივთები კი პირიქით, ავალდებულებენ პატრონს, რომ მოუაროს, გაუფრთხილდეს, როგორც ხელოვნების ნიმუშებს. ალბათ მაშინ ყველა ადამიანი გრძნობდა, რომ მის ირგვლივ თითოეულ უსულო საგანსაც კი აქვს ინდივიდუალურობა, თავისი განუმეორებელი სახე და ხასიათი. ის გამკეთებლის ხანგრძლივი შრომის შემდეგ, მისი აურის ნაწილს და მყიდველის სიმპათიებით განწყობილ მზერასაც იტევს ალბათ. შეიძლება ამიტომაც არ იყო თანამედროვესავით აუტანლად თავდაჯერებული და ეგოისტი მაშინდელი ადამიანი. მის ირგვლივ ყველაფერი განსაკუთრებული იყო და მოწიწებას იმსახურებდა, მოწიწებას თუ არა, ურთიერთობის გაბმას მაინც... აი, მე მოვკვდები და ვერაფერსაც ვერ დავუტოვებ შვილებს სამახსოვროდ, - ფიქრობდა გეკა. ოქრო არ მაქვს, სახლი და ანტიკვარები ბაბუის დანატოვარია და ჩემგან ხელუხლებელი... დანარჩენი კი ყველაფერი ისე ადვილად ცვდება, ერთ თაობას თუ ეყოფა და ისიც რამდენიმე წელი. გეკა ტახტზე მიწვა, თავი მუთაქაში ჩარგო, რა „არაკომფორტული ნივთია!“ - გაიფიქრა და მალევე ჩაეძინა, ალბათ სოფლის სიმყუდროვემ და სუფთა ჰაერმა იმოქმედა, თორემ ქალაქში გამთენიისას ძლივს იძინებდა. დილით, ჩიტების ჭიკჭიკმა რომ გამოაღვიძა, უცებ იფიქრა: მოვკვდი და სამოთხეში ვარო. ყველაზე მეტად დილით იგრძნო, რომ ქალაქი ხმაურიანია, სოფელი – რომანტიკული, ეს რომანტიკა კიდევ სძულდა და ეზიზღებოდა, მაგრამ სოფელს რომ საშინლად უხდებოდა? მისი ნაწილი და სიცოცხლე იყო... გეკამ ძლივს გაახილა ნამძინარევი თვალები და ფანჯრის მინიდან აყვავებული ხე დაინახა. ხეზე ჩიტები, ჩიტებზე და ყვავილებზე - წვიმა კი არადა, ნაწვიმარი. გეკას ბებო გაახსენდა. ერთხელ ბებომ გამოიჭირა და ჰკითხა: -         ბებიკო, წელიწადის რომელი დრო გიყვარს ახლა შენ?-         გაზაფხული! - სწრაფად უპასუხა მაშინ, ჯერ კიდევ თინეიჯერმა გეკამ.-         იტყუები! შენ არ დაფიქრებულხარ ამაზე, ბებო, სულ გესმის უფროსებისგან: აი, მოვიდა გაზაფხული, რა ლამაზია, კვირტები დასკდა, ყვავილები გაიშალა და მზემ გამოანათაო, მაგრამ არ შეიძლება შენნაირ ჭკვიან და განათლებულ ბავშვს რომ გაზაფხული უყვარდეს. ეს უფრო უფროსების გავლენაა.-         მაინც რატომ არ შეიძლება? - ჰკითხა გაკვირვებულმა გეკამ და ყური დაუგდო ბებოს, რომელსაც მგონი თავის სიცოცხლეში არ უთქვამს სისულელე.-         გაზაფხული ყველაზე ეგოისტი სეზონია, ბებიკო, ყველაფერი თავისთვის უნდა და ადამიანისთვის არაფერი ემეტება. ამ დროს არც ნადირობა შეიძლება და მცენარესაც არაფერი ასხია, მზე მავნეა, ქარიც. თვითონ ყვავდება, ლამაზდება, ცოცხლდება და ადამიანს ასუსტებს, ძალას ართმევს, ალერგიასაც შეჰყრის ხოლმე, გაზაფხული რა საყვარელია, ეგ ადრე იყო, ჩემს ბავშვობაში. მწყემსებს და მიწის მუშებს ახარებდათ გაზაფხული, ხვნა-თესვა იწყებოდა და იყო ერთი ჟრიამული. იმ ადამიანისთვის, რომელსაც არ უწევს ფიზიკური დატვირთვა და გონებით მუშაობს, ზამთარია გამოგონილი. ჩაჯდებოდა ზამთრობით საწყალი მამაჩემი ბუხართან... სულ მაშინ დაწერა, თუკი რამ შეუქმნია. ზამთარი ყოველთვის გიბიძგებს გადმოალაგო, თუ რამე გიყრია თავში. თავისი სიცივით სულსაც გიკაჟებს და ხორცსაც. სამაგიეროდ, ზაფხულში უკვე ვერაფერს აკეთებ, ბებო, „ნეტა, არ დამცხესო!“ - ფიქრობ და ხან წყალში ჩახტები, ხან ტყეში გაისეირნებ, სააგარაკო სახლს ესტუმრები... ზაფხულში უნდა დაისვენო, ბებო და სხეული უნდა გააჯანსაღო, გაამზეურო, რომ შემოდგომაზე შეფუთო ისევ. შემოდგომა თბილი და ტკბილია. ყველაფერს გადმოალაგებს და თვითონ ჭკნება, ზამთრისთვის ამზადებს ადამიანს, რომ მერე ის ჩაუჯდეს საკუთარ თავს და გაერკვეს, რა სურს. შემოდგომაზე ბევრი ხილით, ხორცითა და სხვა ნობათით გამძღარი, თბილ და საამო მზეს მიფიცხებული და ნოტიო ჰაერით ჯანზე მოსული ადამიანი ზაფხულის ხვატების შემდეგ ჭკუაში ვარდება და ხანდახან ისიც ახსენდება, რომ „ღვთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი“... აბა, ბებიკო, ახლა დაფიქრდი და მითხარი, წელიწადის რომელი დრო გიყვარს?           გეკას გაახსენდა, რომ მაშინ პატარა ღიპზე ხელი მოისვა და ბებიას კევის ღეჭვა-ღეჭვით სწრაფად უპასუხა: - შემოდგომა, ბებო! - ბებიას გაეცინა და უპასუხა. - გაგიგია რაღაც ჩემი მონაყოლიდან. ჯერ ბავშვი ხარ, გაიზრდები და ზამთარი შეგიყვარდება!           გეკა „ტკბილი მოგონებებიდან“ კაკუნის ხმამ გამოარკვია. სახლის კარზე აკაკუნებდა ვიღაც... არც უკითხავს, ვინ არიო. სწრაფად გამოაღო. ლამაზი გოგონა იდგა, იქნებოდა ასე 20 წლის.-         გამარჯობა, დედამ გამომგზავნა, თქვენი ბებია თურმე ისე უვლიდა ჩემს დიდ ბაბიას, როცა ლოგინად ჩავარდა… დედამ თქვა, ეს ქადები მცირე ძღვენია იმასთან შედარებით, რასაც მისი შვილიშვილი იმსახურებს ჩვენგანო!           გეკას „მცირე ძღვენი“ ყურში ცოტა ეხამუშა, ზედმეტად არქაულ ფორმად მოეჩვენა. „გამარჯობა და დიდი მადლობა“, – გაუღიმა გოგონას. ნახვამდის, - თქვა გოგონამ, გეკას ქადები ხელში მიაჩეჩა და წავიდა. გეკას გაუხარდა, საუზმის საძებრად სირბილი რომ არ მოუწია, ქადები დაჭრა, ყავასთან კარგად წავიდა, „დონატებს“ ვერ ჯობდა, სამაგიეროდ, უფრო ნატურალური პროდუქტი იყო.ნაწილი VI - ლორელაისა და გეკას ამბავი                                                         იმ გოგონას საუზმობის შემდეგაც მოკრა ფანჯრიდან თვალი და გაიფიქრა: - აუ, რა უგემოვნოდ აცვია. მშვენიერი გოგონაა და... რა დროს ასეთი მაქმანებიანი პერანგი და ჟორსეს ქვედაბოლოა, სოფელში ხარ, ხან ძროხას წველი, ხან სახლს ალაგებ... ადექი და ჩაიცვი სადად, მარტივად: ჯინსი და მაისური... გეკა უცებ იმაზეც დაფიქრდა, რომ სოფელში არ ანაღვლებთ კომფორტულობა. აქ სხვა რაღაცები უფრო პრიორიტეტულია. მაგალითად, რამდენად კარგად გაქვს კარ-მიდამო მოვლილი, ან რა კარგად პატრონობ ამდენ პირუტყვს. სოფელში ადამიანი მის გარემომცველ სამყაროზეა ორიენტირებული, ის არ იყიდის ბრენდულ ტანსაცმელს და არ გადაიხდის მოგზაურობაში ფულს... მდიდარი ქალაქელებისაგან განსხვავებით, არ არიან საკუთარ თავებზე გადაყოლილები. მათთვის „ბრენდი“ საუკეთესო ჯიშის ცხოველი ან განსაკუთრებული რუდუნებით დამზადებული სასმელია... კარზე ისევ დააკაკუნა ვიღაცამ, ისევ ის გოგონა იყო. - იქნებ თეფში დამიბრუნოთ? გეკამ ქადები გაზეთზე დაყარა და თეფში მისცა, გოგონამ თავი დაუკრა და სწრაფად წავიდა. გეკა გაბრაზდა: - თეფში არა ის... რა უბედურებაა, ყველა წვრილმანის ასე მოვლა, არ უტყდებათ მაინც? გეკა სახლში შებრუნდა, ხალიჩა გამოათრია, ეზოში გაშალა და ზედ წამოგორდა. ძველი წიგნი გადაშალა, ერთი აბზაცი გადაიკითხა, ნოვალისის ბიოგრაფია იყო. კორექტული ლინზებით მშვენივრად არჩევდა გაყვითლებულ წიგნში წვრილ ასოებს... ჩრდილი დაადგა და კისკისის ხმაც მოესმა: - რას კითხულობთ? - აუ, ისევ ის გოგოა, გაიფიქრა გეკამ და სხვათა შორის უპასუხა: - ისეთს არაფერს. - ნოვალისის „ცისფერი ყვავილია“, არა? - გეკას გაუკვირდა, ნოვალისი საიდან იცის ამ სოფლელმაო. - ჯერ მის ბიოგრაფიას ვეცნობი, თურმე ჩვენს სიმბოლისტ ნოვალისს ძალიან ჰყვარებია ერთი გოგო, რომელიც გარდაცვლილა.- ხოო, აბა, გარდაიცვალა... სამაგიეროდ, ნოვალისი მისი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ დაქორწინდა და როცა ამის გამო უსაყვედურეს, მან უპასუხა: ეს არის ჩემთვის ცოლი და ის იყო ჩემთვის რელიგიაო.- გეკას გაეღიმა და გაიფიქრა, „ნახე, რა ნაკითხი ყოფილა ეს სოფლელი“. ლამაზიც იყო, გრძელი ფეხებით და მკვრივი მკერდით, სახეც მშვენიერი ჰქონდა - ცისფერი თვალები და ფორმიანი ტუჩები... ალბათ იცოდა კიდეც და თვალების ფერის მეტი სიმკვეთრისთვის ლურჯი ფანქარი წაესვა კონტურად, ტუჩზე კი- რაღაც საშინელი ფერის პომადა. რა საჭიროა, ქორწილში ხომ არ მიდის, რად უნდა ამ ტყეში ამდენი მაკიაჟი, ვინმემ უთხრას მაინც, რომ უმაკიაჟოდ უფრო კაი ნაშაა. მერე მიხვდა, რომ სიტყვა „ნაშა“ აქ ზედმეტი იყო, მაგრამ მაინც საინტერესო იქნებოდა ამ გოგონას შიშვლად ნახვა. - აი, ეს არის ის სიყვარული, რასაც ხევსურები „სწორფრობას“ ეძახიან, - სიტყვა გააგრძელა გოგონამ. გეკამ აცალა, ისეთი სახე მიიღო, ვითომ ძალიან აინტერესებდა ეს სიყვარულის ისტორიები. გოგონა კიდევ არ ჩერდებოდა, აღტაცებით უყვებოდა იმაზე, რომ ქალსა და ვაჟს შორის ზოგჯერ იბადება ისეთი სიყვარული, რომელიც ვნებაზე არაა დამყარებული. ის სულიერ კავშირს, გაიდეალებასა და ერთმანეთით აღტაცებას გულისხმობს და ძველ ხევსურეთში ისჯებოდა წყვილი, რომელიც ამ აკრძალვას დაარღვევდა და თავის სწორფერთან სექსი ექნებოდა... მოჰყავდა მაგალითები ნაწარმოებებიდან, ისტორიული ფაქტებიდან, ლამის დააჯერა გეკა, რომ შესაძლებელია „უმწიკვლოდ“ გიყვარდეს ქალი. სასიამოვნოდ და დამაჯერებლად ჰყვებოდა, მაგრამ გეკასთვის ეს წარმოუდგენელი იყო, მას მდედრობითი სქესის ადამიანები უყვარდა ყველა თავისი „სისავსით“, რომელიც გაღელვებს და გიზიდავს. ამიტომ მალე მობეზრდა და გოგონას თხრობა უტაქტოდ შეაწყვეტინა:- სახელი მაინც მითხარი?- გოგონა დაიბნა, მერე გადაიკისკისა.- ლორელაი.- რა, რა? - ჩაეკითხა გეკა, ასეთი სახელი ჯერ არ გაეგო.- ლორელაი, - გერმანიაში გავრცელებული სახელია. მითოლოგიის მიხედვით, ის ზღვაში კლდის ქიმზე იჯდა და ისე მომაჯადოვებლად მღეროდა, რომ მეზღვაურები ინუსხებოდნენ და გემიც იღუპებოდა.- ო... საშიში სახელი გრქმევია! - სიცილს ვერ იკავებდა გეკა.- ჰო, შეიძლება ვიღაცისთვის მართლაც ჟღერდეს საშიშად...- ლორელაი, სად ხარ, შვილო? - უცებ გაისმა ვიღაც ქალის განწირული კივილი. - წავედი, დედა მეძახის! - სწარაფად თქვა ლორელაიმ და გაიქცა. - რა აკივლებს ასეთ ხმაზე, რა უბედურებაა, - გაიფიქრა გეკამ და წარმოიდგინა ქალაქელ გოგოს როგორ დაურეკავდა დედა მობილურ ტელეფონზე, ისიც დაემშვიდობებოდა და რხევა-რხევით, ნაზად წავიდოდა სახლში. სოფელს აქვს ბუნებრიობის ეშხი, მაგრამ იმის გამო, რომ აკლია თანამედროვეობა, მოსაწყენია. მაშინ რატომ ჩამოვიდა? ნოსტალგია? განმარტოების სურვილი თუ სიჩუმე? რა მნიშვნელობა აქვს, იცოდე, საიდან მოდიხარ, თუ ისტორია ისეთ რამეებს გავალდებულებს და პასუხისმგებლობას გაკისრებს, რაზეც არ გინდა, რომ თავი შეიწუხო?.. გეკას უცებ ნერვები მოეშალა, სახლში ავიდა, ლოგინში ტანსაცმლიანად დაწვა და დაიძინა. ღამის პირველ საათზე გაეღვიძა, ფანჯრიდან დიდი მთვარე იყურებოდა, გეკას გაახსენდა სადღაც წაკითხული, რომ მთვარე ანელებს მზის მცხუნვარებას და რომ არა ის, საშინელ სიცხეს, სწრაფ ქარებსა და დედამიწის ბრუნვის სიჩქარეს ვერ გაუძლებდა სამყაროს ფონზე მეტისმეტად უსუსური ადამიანი. გეკას უყვარდა მთვარე. მისი ამოსვლა აძლევდა მოქანცულ ადამიანს განტვირთვისა და დასვენების საშუალებას. ღამის კლუბები, ბარები... დროსტარება, მერე საწოლი, ქალები და, რაც მთავარია, ძილი - ყველაფრისგან გათიშვა და სრული გარინდება ძალების მოსაკრეფად. მერე ისევ დილა, რომელიც შრომას გაიძულებს. ნეტავ, რატომ ეთაყვანებონენ მზეს ადამიანები, „მზე არა ისა, მთელი სიამოვნება და მუღამი ღამეშია“. თუ ამ მზისქვეშეთში ადამიანი „ტანჯვისთვისაა“ გაჩენილი, მთვარის ამოსვლაა მისი ერთადერთი საშველი. მთვარის ფაზები კარნახობდა მას ყოველთვის, როდის უნა დაეთესა, მოემკა და დაერგო. ახალი მთვარის ხილვისას ყველა ადამიანმა (ვიდრე მე-20 საუკუნემდე, სანამ ეს ცოდნა დაიკარგებოდა) იცოდა - დაწყებული საქმე ნაყოფს ვერ გამოიღებდა, სავსემთვარეობა კი გამძაფრებულ

აგრესიას და მოზღვავებულ ენერგიას იწვევდა სამყაროში და კიდევ რა ვიცი რას... მთვარის ამ ინფორმაციით ცხოვრობდა დედამიწა ბევრად უფრო კომფორტულად, ვიდე ეს მთვარის არყოფნის შემთხვევაში იქნებოდა. იქნებ, მთვარეა ღმერთი და გვეცხადება სიბნელეში გზის გასანათებლად, ღამის მოტანილი ცოდვების ჩასანიშნად? - გეკას გაეღიმა. მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა. ერთი გაიზმორა და ადგომა დააპირა, როცა ქვედა სართულიდან რაღაც ფხაკუნის ხმა შემოესმა: - აუ, აქ თუ თაგვებია, გავგიჟდები, - გაიფიქრა და კიბე ჩაირბინა. კარის ღრიჭოში ქაღალდი იყო გაჩრილი, გეკამ გაშალა და წაიკითხა. ლორელაის წერილი აღმოჩნდა. „არ დამეძინა. რატომღაც შენზე ფიქრი ამეკვიატა. არ ვიცი, რას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ, სიმართლე გითხრა, სულაც არ მინდა ეს ფიქრები მოვიცილო თავიდან, რადგან ყველა ადამიანის უდიდესი მიზანი სიყვარულის შემეცნებაა და მე მას ვეძებ, ვეძებ ყველგან და ყველასთან. მინდა გავიგო, ვინ ხარ შენ? გაგიცნო იმდენად, რამდენის უფლებასაც მომცემ. გკოცნი.“ გეკას გაეღიმა: ნახე, რა მაგარი გოგოა. აი, თამამი შეთავაზებაც ამას ჰქვია. მიყვარს წრფელი ადამიანები. ალბათ ასე ოსტატურად ღუპავდა მითოლოგიური ლორელაიც გემებს. მაგრამ დაღუპვა რა შუაშია, რას კარგავდა გეკა? არც არაფერს, მაგრამ თუ შეუყვარდებოდა? ეეე, ეგ მართლა დაღუპვა იქნებოდა, სიყვარულის ნერვები ახლა ნამდვილად არ ჰქონდა, თავისი აწეწილი საქმეებისთვის უნდა მიეხედა. ისე, რატომ უნდა შეყვარებოდა - თუ სიყვარულს ახლოს არ მოუშვებ, არც მოვა, მზაობა სჭირდება ყველაფერს, ეგრე სად არის... უცნაური შიში უშლიდა გეკას ნერვებს. ვერ გაიგო, რამ შეაშინა. რაღა ამ სოფლელ ლორელაიზე გაიფიქრა, რომ უნდა შეყვარებოდა ამ ხნის კაცს? არ იცოდა ამ შიშის მიზეზი, აინტერესებდა, თუ გოგო მოსწონდა ძალიან...  მეორე ღამესვე დაპატიჟა ლორელაი თავისთან და დილას, როცა მის გვერდით გაიღვიძა, აღმოაჩინა, რომ წუხანდელი შიში მთლიანად გამქრალიყო. ლორელაი რაღაც ლაღი და თავისუფალი ჩანდა. ბევრს ლაპარაკობდა, სოფლის ამბებს ჰყვებოდა, გლეხებს დასცინოდა... მერე უცებ იკითხა: - მოგწონვარ? - ძალიან მომწონხარ, - უპასუხა გეკამ დაუფიქრებლად. სხვა პასუხი დაფიქრების შემდეგაც არ მოუვიდოდა თავში. მაგრამ მერე გოგონამ ისეთი რამ იკითხა, რაზეც გეკამ გადაწყვიტა, რომ ღირდა აუჩქარებელი პასუხის გაცემა, რომ ძალიანაც თავში არ ავარდნოდა ლორელაის თავისი საქციელი და არ ეფიქრა, შევაყვარე ამ უბედურს თავიო. სინამდვილეში შეკითხვა ჟღერდა მარტივად: - ლამაზი ვარ?- ნუ... როგორ გითხრა? - დაიწყო გეკამ... - სილამაზე დღეს ძალიან პირობითი ცნებაა. ჩემი აზრით, არ არსებობს ლამაზი ქალი, არსებობს მოვლილი და დახვეწილი და არსებობს მოუვლელი და ბანძი. ლორელაი ცოტა შეიშმუშნა, მოეჩვენა, რომ ეუბნებოდა: სოფლელი გოიმი ხარ და შენნაირები ჩემთვის ლამაზები ვერასდროს იქნებიანო. არ გაბრაზებულა, გამოწვევად მიიღო ნათქვამი და ასეთი პასუხი დაუბრუნა: საწოლში ყველა ქალი მოუვლელია და ეს ბევრს არაფერს წყვეტს. სექსი ყველაზე მნიშვნელოვანია წყვილის ურთიერთობაში, რადგან მხოლოდ აქ შეუძლიათ მათ იქცნენ, ან სცადონ მაინც რომ იქცნენ „ერთ სულ და ერთ ხორც“. - როგორ უნდა, რომ ძალიან ჭკვიანად მომაჩვენოს თავი?- გაიფიქრა გეკამ და გაეცინა. - რა გაცინებს?- შეეკითხა ლორელაი და თავში ასეთმა აზრმა გაუელვა: „შეგიყვარდები და ნახავ მერე...“ ლორელაი ამჩნევდა, რომ გეკა იმ კაცებს არ ჰგავდა, რომლებსაც აქამდე იცნობდა. თავისი ინტელექტის გამო ის უფრო საინტერესო იყო. ზოგჯერ გეკა ეუბნებოდა სიტყვას „მაგიჟებ“, მაგრამ ეს არ იყო ის, რაც ლორელაის უნდოდა. ძალიან ცარიელი, ვნებით წამოსროლილი ეჩვენებოდა, მაგრამ თავს ისე იჭერდა, ვითომ ვერ ხვდებოდა. ლორელაის არ სურდა, გეკა ზედმეტად დაეფრთხო და გაექცია. უნდოდა ნელ-ნელა შემოეტყუებინა და ძალიან, ძალიან მოეხიბლა.   *** გეკა და ლორელაი ერთად ბევრ დროს ატარებდნენ. ერთხელ ჩანჩქერზე წავიდნენ. ბანაობისას, სველი ლორელაი ძალიან ლამაზი მოეჩვენა გეკას და უთხრა: მიყვარხარ!             - არ მჯერა! - უპასუხა გოგონამ და გაიღიმა. გეკასაც გაეღიმა: ნეტავ, რა ჩაიფიქრაო? -  წაიბურტყუნა თავისთვის. - დამიმტკიცებ? - ჰკითხა უცებ ლორელაიმ. - ვეცდები! - თქვა გეკამ და ცოტა შეეშინდა. ამ გოგოსთან კარგად გრძნობდა თავს, ლამაზი იყო და მხიარული. ის განსხვავებულობაც მოსწონდა უკვე, რაც ამ ქალბატონს ქალაქელებისაგან გამოარჩევდა: - ცოტა სიველურე და ზედმეტი უბრალოება. მოსწონდა რა, აინტერესებდა... რაღაცნაირად მოერგო მის სოფლურ ყოფას ლორელაის გამოჩენა. თავიდან საკუთარ თავთან დასარჩენად ჩამოვიდა გეკა, მერე კი მოუნდა სოფელი შეეგრძნო, მთელი თავისი სისავსით, რაშიც ლორელაი ეხმარებოდა. ლორელაიმ გეკა მაღლა აიყვანა, კლდის ქიმზე დააყენა, თვითონ ორი ნაბიჯით დაბლა დადგა, თვალებში ჩახედა და უთხრა: - აბა, გადახტი! თუ მართლა გიყვარვარ გადავარდი ამ კლდიდან ჩანჩქერში. გეკამ ხელები გაშალა და უპასუხა: - ხელი მკარი! ლორელაის სიცილი აუტყდა. სხვანაირად ვერ დამალავდა თავის დამარცხებას... მერე გაჩუმდა და მოეჩვენა, რომ მის წინ იდგა კაცი, რომელსაც ნაკლი არ აქვს.    *** როცა გეკა კლდის ქიმზე დააყენა, ლორელაის უნდოდა, თავისი სიძლიერე ეჩვენებინა მისთვის, ეჩვენებინა, რომ ის მიუწვდომელია, მასთან თამაში არ შეიძლება, რომ ის არის ქალი, რომელთანაც უნდა იყო გულწრფელი ან - წახვიდე, რომ მას ყველაფერი უნდა მისცე და თუ ეს არ შეგიძლია, მხოლოდ შორიდან უყურო. ლორელაი ლამის გაგიჟდა, აღარ იცოდა, რა ექნა, გრძნობდა, რომ ეს კაცი უყვარდებოდა. გეკაც არ იყო გულგრილი, მაგრამ ლორელაი მთლად თავს კარგავდა ნელ-ნელა. ამას დამარცხებად აღიქვამდა და წუხდა... თან ბედნიერიც იყო. ჯერ მისი სუნი შეუყვარდა, მერე მისი საუბარი, მერე ხმის ტემბრი, სიარულის მანერა, თვალის ჭრილი, ტუჩის ფორმა და ბოლოს აღმოაჩინა, რომ ახსოვს ყველა მისი მოძრაობა, მიმიკა, ჟესტი და ის ჟრუანტელი, რომელიც გეკას შეხების დროს ტანში უვლის. ლორელაის არ სურდა ეფიქრა იმაზე, რომ გეკას წასვლის დრო ახლოვდებოდა. იცოდა, რომ სიყვარულის აღტაცება ოდესმე მთავრდება და რა მნიშვნელობა აქვს, მას საყვარელი ადმიანის წასვლა, ცოლ-ქმრული ყოველდღიური ყოფა, თუ  სხვა ქალი მოუღებს ბოლოს? ლორელაის უნდა მოესწრო ამ ბედნიერებით ტკბობა. რაღაცები არ მოსწონდა, მაგრამ არანაირი საყვედური, არანაირი შენიშვნა, გაბუტვა... ისტერიკა და ჩხუბი, მით უმეტეს. რა დროს თავმოყვარეობაზე ზრუნვა იყო, როცა რამდენიმე დღეღა რჩებოდა და ეს სისავსე, სინათლე, რომელიც ლორელაის სულში და თვლებში იდგა, ვეღარ გაანათებდა ვერაფერს. დიდი რამე, ცოტა ხანი დატკბებოდა და თუ გეკა დარჩენას არ გადაწყვეტდა, მერე მოაბილიზებდა თავმოყვარეობას, სიამაყეს, სიმტკიცეს და ღირსეულად დაემშვიდობებოდა. ახლა კი არა. ახლა კი ვერა. ფიზიკურად არ შეეძლო რამეზე ეფიქრა, გარდა იმისა, რომ ბედნიერია.      *** გამგზავრებამდე გეკა ველზე გავიდა და ლორელაისთვის გვირილები დაკრიფა. გეკამ წარმოიდგინა, რომ ლორელაი სათითაოდ დააძრობდა ყველა გვირილას ფურცელს „ვუყვარვარ, თუ არ ვუყვარვარ“ შეკითხვით და ყველა ბოლო ფურცელი ამცნობდა ზოგჯერ კის, ზოგჯერ - არას. გეკას თავში და გულშიც ხომ ასე გაურკვევლად ირეოდა ეს პასუხები. ჰოდა, სჯობდა მის ნაცვლად გვირილებს ესაუბრათ, მათ ხომ პასუხს არავინ სთხოვს ტყუილის გამო... ღმერთო ჩემო, ნეტავ, რომელია ტყუილი, ჰა? რაც არ უნდა იყოს, ყველაფერს ვერ დავყრი და აქ ვერ დავრჩები, ვერც ჩემთან წავიყვან. როდის ეს ქალაქს მოერგება. ყველაფერი თავიდან უნდა ვასწავლო, სრულიად ახალი გარდერობი უნდა შევუქმნა... და მანერები, ან დახვეწს და ან არა. ასეთი სად უნდა გამოვაჩინო? ყველა მე დამცინებს... უნდა წავიდე და წერტილი.           ლორელაიმ ისე გააცილა გეკა, რომ აზრადაც კი არ მოსვლია ეთქვა: დარჩი ან თან წამიყვანეო. მაგრად ჩაეხუტა და წარმატებები უსურვა. გზაში გეკას ცრემლები წამოუვიდა, კინაღამ მობრუნდა... სახლში, როცა ლოგინზე დაწვა, რაღაც მძიმედ იყო, დანაშაულის გრძნობა ჰქონდა. ერთი-ორი დღე კიდევ იფიქრა ლორელაიზე და სამსახურში გასვლიდან სამი დღის თავზე გაახსენდა, პირველ საუკუნეში წარმართები როგორ ცდილობდნენ მაგიის წყალობით შეესუსტებინათ ქრისტიანობის გავლენა.... რა ლორელაი, ეს მაშინ იყო, გემებს რომ ღუპავდა, ეს სწორფრობაც წარმართულია და ყველაფერი რა. აღარ მოქმედებს მაგია აღააააარ... - ეცინებოდა გეკას და უხაროდა, რომ არ იყო შეყვარებული. ზუსტად იცოდა, რომ ლორელაი ძალიან დაიტანჯებოდა მის გარეშე, მაგრამ ქალი იყო და მოახერხებდა რამეს... ერთი გაფიქრება ისიც იფიქრა: ვაიმე, ქალაქში რომ ჩამომაკითხოსო? - და მერე ჩაეცინა: ნეტავ, რატომ ეშინიათ ასე ძალიან კაცებს ქალებისო?!.           ლორელაი ორსულად იყო. გული ერეოდა ყველაფერზე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. არავის დანახვა არ შეეძლო. სახლში გამოიკეტა და აბაზანიდან ოთახის კარამდე მანძილს გადიოდა მხოლოდ. დანარჩენი დრო იწვა და ტელევიზორის ხმას უსმენდა. ყურების თავი არ ჰქონდა, თვალებში ცრემლი ედგა გაუთავებლად... თერმომეტრს ცხელ წყალში დებდა, ტემპერატურა მაღლა რომ ასულიყო და დედას აჯერებდა: ვირუსი შემეყარაო! ძალიან უნდოდა სიკვდილი, თავის მოკვლის შესაძლო ვარიანტებს განიხილავდა ყოველდღე. ოღონდ თუ თავს მოიკლავს და იქაც ახლობლებს შეხვდება, მაშინ არ უნდა. თვითმკვლელობაზე იმიტომ ფიქრობს, რომ გაქრეს, აღარ იყოს, საერთოდ აღარ არსებობდეს არანაირი ფორმით. აბების დალევა არ აწყობს. კუჭი რომ ამოურეცხონ და გადაარჩინონ, იმასაც გაიგებენ, რომ ორსულადაა და გახდება ყველას გაჭორვისა და ქილიკის საგანი. ათრევენ ლანძღვა-ლანძღვით იქით-აქეთ, რას არ მოუგონებენ... ამის თავი არ აქვს. თავის ჩამოხრჩობის ეშინია. გასაგუდად არ ემეტება თავი, თან ძალიან მახინჯი მიცვალებული იქნება, რომ ჩამოხსნიან და... სიმაღლიდან გადმოხტომაზეც ვერ დაითანხმა თავი... მხოლოდ რომ დაილეწოს და მერე გადარჩეს? სამუდამოდ ხეიბარი რომ დარჩეს და უარეს დღეში ჩაიგდოს თავი? არააა... სჯობს მდინარეში გადავარდეს. წვიმებისგან ადიდებული, ჩქარი მდინარე სწრაფად მოერევა მის სიფრიფანა სხეულს. მერე ჩაიტანს სადმე, შორს გადახვეწს და ვერც ვერავინ გაიგებს, სად დაიკარგა, სად გაქრა... შავების ტარებაც აღარ მოუწევთ ახლობლებს. უკეთესად აგრძნობინებს ალბათ თავს მათ ის, რასაც უკან დაბრუნების მოლოდინი ჰქვია.           ლორელაიმ ამინდის პროგნოზს ჩახედა და მდინარისკენ წასასვლელად მოემზადა. ქარი უკვე ამოვარდნილიყო, მაგრამ წვიმას კოკისპირული არ ეთქმოდა. ჯერ კიდევ ცრიდა. ხიდს მიუახლოვდა თუ არა, სრულიად გამაოგნებელი რამ დაინახა, ამას ნამდვილად არ ელოდა. ვიღაც ბიჭი იდგა მოაჯირზე და აბობოქრებულ მდინარეში გადასახტომად ემზადებოდა. უცებ ლორეს რაღაც ძალამ აიძულა, საკუთარი თავი გვერდით გადაედო და ბიჭისკენ გაქცეულიყო. -         ერთი წამით, მოიცადეთ, რას აკეთებთ, არ გადახტეთ, რაღაც მაქვს სათქმელი... - ყვიროდა მისვლამდე. იფიქრა, სანამ მივუახლოვდები, რამე ისეთს მოვიფიქრებ, რომ უკან დახევას ვაიძულებო. თან იმასაც ფიქრობდა, ჩემს ბედს რა ვუთხარი, ამაზეა ნათქვამი, მკვდარი მკვდარს აეკიდაო. ლორელაი მუხლებზე შემოეხვია და უთხრა: - ორსულად ვარ, ისე ნუ იზამთ, რომ ამ ხიდზე და ამ წამს მომეშალოს მუცელი! - გოგონას ხმაში ისეთი სიმტკიცე და გულწრფელობა იდგა, რომ ბიჭი მოდუნდა, დაიხარა და მოაჯირიდან ჩამოხტა. ლორეს ჩაეხუტა და აქვითინდა. ცრემლებს ვერ იკავებდა გოგონაც. ასე გაიცნეს ლორელაიმ და ნესტორმა ერთმანეთი.