ადამის სკივრი
ადამის სკივრი
ზაფხული წასულიყო, მაგრამ ჯერ გვარიანად არ აციებულიყო. ყურძენი უკვე დაეკრიფათ. კარალიოკის ფარდებიც გაბმულიყო აივნებზე. მე შალის მოკლე კაბა მეცვა და თეთრი რეიტუზი, ჩემს რეიტუზს პაწაწინა ყვითელი ფუტკრები ეხატა. ეზოს წინ ლამში გვირაბი გაგვყავდა მე და მარიამს.
-აი თურმე სად ყოფილხართ, პატარა კუდრაჭებო, მე კიდევ ცხრა მთა შემოვიარე თქვენ ძებნაში,- ორღობიდანვე იძახის თედო ძია და შუა შარაზე ჩერდება ხელებგაშლილი. მისკენ მივრბივართ. ის იჩოქება და ჩვენ ყელზე ვეხვევით. ორივეს გვკოცნის შუბლზე, მერე სწორდება, მარიამს ლოყაზე ჩქმეტს და თმას უწეწავს, მე კი ხელში ავყავარ და გულში მიკრავს. მარიამი ისე შემოგვყურებს, მე რომ მასა და მურას თამაშს ვუყურებ. მურა ჩემი ლეკვია, თედო ძია - მარიამის მამა.
თედო ძია ყველაზე კარგი კაცია. ის ერთადერთი უფროსია, რომელსაც ჩვენთან ყოფნა არ სწყინდება და შეუძლია, ძალიან ბევრი გვეთამაშოს. ჯიბეებით ყოველთვის დააქვს პატარა ტკბილი ბურთულები, ჩვენ ფერად კენჭებს ვეძახით. როდესაც მუხლებზე გვისვამს, პერანგის ჯიბეში ხელებს ვყოფთ და იქ ჩვენთვის საგულდაგულოდ გადანახულ ტკბილეულს ვეძებთ.
-ეს რა ფერია? -ხელში ათამაშებს მწავნე ბურთულას.
-ეს არის მწვანე.
-აბა თუ იცით საიდან მოვიტანე?
-ეეს? ეს მოიტანე ზღვის სანაპიროდან.
-არა, მე წავედი უღრან ტყეში და იქ პატარა მდინარე მოდიოდა, აი ასე დაიკლაკნებოდა და მოჩუხჩუხებდა,- მკერდზე ზიგზაგად დასრიალებენ მისი თითები, მეღუტინება და ვიცინი. ის კიდევ თხრობას აგრძელებს: ჰოდა, მე იმ მდინარეში ჩავდექი და მისი გულიდან ეს დახავსებული ლოდი ამოვათრიე.
-ხავსი რა არის?- ეკითხე მარიამი. თედო ძია გვიხსნის.
ახლა მე ვყოფ თითებს მის ჯიბეში და წითელი კენჭი ამომაქვს.
-აბა ეს რა არის?
-ეს არის მზე.
-არა, ეს არის ვულკანის შვილი.
-რისი შვილი?
მერე გვიყვება, რომ შორს, ძალიან, ძალიან შორს, არის მთა, რომლის გულშიც უშველებელი ცეცხლი ანთია. და ყვება, როგორ მოჰპარა მთას ცეცხლის ბურთულა.
ამ ბურთულების მეშვეობით ვიცით, რომ არის ოქროს მარცვლებით დაფარული უდაბნო და იმ უდაბნოში არის ოაზისები, ვიცით, რატომ გამოდის ცაზე ცისარტყელა, რატომ წვიმს და როდის არ შეიძლება ზღვაში გასვლა.
თედო ძიამ ყველაფერი იცის. ასე მარტო მე და მარიამი არ ვფიქრობთ. ასე ფიქრობს ყველა. თედო ძიამ წიგნი იცის, ამბობენ უფროსები და ჭკუას ეკითხებიან. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა უფროსს უნდა მასთან დროის გატარება, ის მაინც ცხრა მთასა და ზღვას ჩვენთან მოსასვლელად გადის.
-ჩვენი კენჭები? - ყვირის მარიამი.
-ჩვენი კენჭები?! - ავჭყლოპინდები მეც.
-თქვენი ტკბილი კენჭები! - ამბობს თედო ძია. მიწაზე მსვამს და გულის ჯიბეში ხელს იყოფს, მერე იქიდან ცარიელ ხელს იღებს და გაოცებული ამბობს: აქ არ ყოფილა. უიჰ, მგონი სახლში დაგვემალნენ. უყურე, მაგ მაცაცერებს, მოდი წავიდეთ და მოვძებნოთ.
თედო ძია ჩვენ შორის დგება. მის დიდ ხელისგულში ჩვენი პატარა თითები იკარგებიან.
-დედიკო სადაა? - ეკითხება მარიამს.
-დედიკო წავიდა მართას დედასთან, მართას დედამ უნდა პატარა დაიკო ან ძამიკო უყიდოს და დედაც უნდა მიეხმაროს ყიდვაში,- გასხაპული ყვება მარიამი და ორივე ნერწყვს ვყლაპავთ. არ ვამბობთ, მაგრამ ძალიან გვშურს მეტიჩარა მართასი, ჯერ იყო და სულ იმას ამბობდა, მე ქალაქში ვარ ნამყოფიო, იქ ყველაფერი სხვანაირია, ქალაქს რომ ნახავთ გაგიჟდებითო. ახლა კიდევ დაიწყებს მე დედიკომ და მამიკომ ბავშვი მიყიდესო. მართა ჩვენი მეგობარი არაა, ის ხიდს გადაღმა ცხოვრობს და იქამდე მარტოს არასდროს გვიშვებენ. როდესაც მშობლებს მართა ჩვენს უბანში მოჰყავთ, ჩვენ მას არ ვეთამაშებით.
ეზოში გაფანტული ქათმები ჩვენკენ მორბიან, მაგრამ როგორც კი რწმუნდებიან, რომ მათი სახეირო არაფერია, ისევ იფანტებიან და შიშველი მიწის ქექვას განაგრძობენ. თედო ძია კარს აღებს და განზე დგება, რომ ჩვენ ოთახში შევიდეთ. ოთახი ნახევრად მიწაშია და როცა შედიხარ, დრო გჭირდება, სიბნელეს თვალი შეაჩვიო. ახლაც ბნელა და მერე ნელ-ნელა იკვეთებიან კედელზე ნაკიდი ფერადი ნაქსოვი ხალიჩა და მასზე მიდგმული ტახტი, ტახტზეც ხალიჩა აფენია, ტახტის თავსა და ბოლოში მუთაქები აწყვია. მეორე კედელთან მაგიდა დგას, მაგიდაზე წითელი კომბოსტოს მწნილი დევს, ჭაჭის არყის ბოთლი თავახდილია, ჭიქაშიც ჩარჩენილია ცოტა არაყი. მყრალი სუნი აქვს, ცხვირს მწვავს. იქვე მუჟუჟია, ნიორწყალში შენახული ღორის ყურები დაუკუწიათ ... კუთხეში ნახშირის ღუმელი დგას. და სკივრი. ხის დიდი სკივრი, რომელიც გასაღებით იკეტება. ეს სკივრი, მარიამი ამბობს, რომ ადამის დროინდელია, მაგრამ არ ვიცით, რას ნიშნავს ადამის დროინდელობა.
ის სკივრი ისევ თვალწინ მიდგას, წაბლისფერი, დანუჟრული ხისგან შეკრული, რკინის სალტეებით, და გასაღების ჭუჭრუტანით, სადაც ძალიან ვცდილობთ შეხედვას, მაგრამ იქიდან პირდაღებული სიბნელის მეტი არაფერი გვიმზერდა და მერე ჩვენ ვფიქრობდით რა შეიძლება ყოფილიყო იმ სკივრში და ვერა და ვერ მივდიოდით სწორ დასკვნამდე. ის სკივრი გვიზიდავდა და ამავდროულად გვაშინებდა, თითქოს იქ რაღაც იყო ჩვენთვის ზიანის მომტანი. იმ სახლში კი ზიანის მომტანი მხოლოდ სკივრი არ აღმოჩნდა.
თედომ კიდევ ერთი ჭიქა შეივსო არყით და ბოლომდე დალიე, მასაც ის მჟავე სუნი აუვიდა, ჩვენ ცხვირები ავიბზუეთ, ის მიყურუბდა და ახლა თვალებში სხვანაირი ჭინკები ჰყავდა.
-ჩვენი კენჭები სადაა?- პირველად მარიამს მოსწყინდა უსაქმურობა. მე ოთახის თვალიერებით ვიყავი გართული.
-შეიძლება დაიმალნენ ტახტის ქვეშ, - ამბობს თედო ძია და მარიამი მუხლებზე დგება. მეც ვიჩოქები და ტახტის ქვეშ შეძვრომას ვცდილობ. იქ მტვერი, ნაქსოვი წინდები, ალუმინის ჩაიდნის თავსაფარი და აბლაბუდებია და კიდევ თინიოს ხელი. თინიო მარიამის ნაჭრის თოჯინაა, რომელსაც ხელები და ფეხები სძვრება, მერე დედამისი უკერებს და დაათრევს აქეთ-იქით, სანამ რომელიმე ხელსა და ფეხს ისევ არ დაკარგავს. თინიო მახინჯი თოჯინაა, ღილებისაგან გაკეთებული თვალები და ნაჭრის ნაკუწებისგან მიკერებული შავი კბილები აქვს. მე თინიო არ მომწონს, მაგრამ მარიამს ამას არ ვეუბნები. მარიამი ჩემი მეგობარია.
-თინიოს ხელი!- განწირული ყვირის მარიამი. ხოხვით გამოდის უკან, ერთიანად მტვერშია ამოსვრილი.
-ჩემი თინიო სადაა?- საყვირივით ირთვება.
-თინიო, - ერთ ხანს ფიქრობს და მერე საიდუმლოსავით უმხელს თედო ძია,- დედამ წაუღო მართას.
მარიამი სატირლად მოემზადა, მაგრამ გაოცებამ ტირილის უფლება არ მისცა და თავისი დიდი, ლურჯი თვალები კიდევ უფრო გაუდიდდა:
-რატომ წაუყვანა? - სასოწარკვეთილი ეკითხება.
- მართას კი არა მის ახალ დაიკოს თუ ძამიკოს წაუყვანა. ალბათ ეგონა, რომ შენ აღარ გინდოდა თინიო! - და სანამ პირს სატირლად მოაღებდა მარიამი, ნაჩქარევად დაუმატა თედო ძიამ: მგონი სასწრაფოდ უნდა წახვიდე მართასთან და დედიკოს უთხრა, რომ თინიო ისევ შენი საყვარელი თოჯინაა.
-მართასთან?!- ერთდროულად ვყვირით მე და მარიამი.
-დიახაც! შენ უკვე დიდი გოგო ხარ! აბა რა, წადი და მოიყვანე თინიო!
მოსმენილის დაჯერება გვიჭირს და სანამ გადაიფიქრებს თედო ძია და იტყვის, გაგეხუმრეთო, გაქცევას ვაპირებთ, მაგრამ თედო ძია ხელს მკიდებს და მაჩერებს.
-არა! შენ არა!
მე ცრემლი მადგება თვალებზე.
-თქვენ ერთად რომ წახვიდეთ, მერე მე კიდევ ცხრა მთა და ცხრა ზღვა უნდა გადავიარო, რომ მოგაგნოთ, რადგან დაკარგვის დიდოსტატები ხართ და თან, სანამ მარიამი და თინიო დაბრუნდებიან, მე და შენ უნდა ბურთულები მოვძებნოთ.
რთული არჩევანია: ჩემი უსაყვარლესი ტკბილი, ფერადი ბურთულების გახსენებაზე ნერწყვი მადგება, მაგრამ მართასთან მარტო წასვლის ამბავიც ძალიან მხიბლავს. სანამ ვმერყეობ, მარიამი უკვე ეზოდან გადის და გადაწყვეტილების მიღებას მიმარტივებს.
თედო კარს ხურავს, მერე სკამზე ჯდება, კიდევ ერთ ჭიქას ივსებს არყით და თავისთან მიხმობს. მუხლზე მისვამს და მეუბნება.
- ეს როგორი ფუტკრები გყოლია, არ გკბენენ?
-არა!- ვაქნევ თავს.
-არც მე მიკბენენ?- მეკითხება და ცხვირს ადებს ჩემს წვივებზე მიმოფანტულ ფუტკრებს.
-უიიჰ! ვაი, ვაი! მიკბინეს! მიკბინეს!-ყვირის და ცხვირზე ივლებს ხელს. მე ვიცინი. თავადაც ეცინება.
-ძალიან ცუდი ფუტკრები გყავს, ახლა მე უნდა გადავუხადო სამაგიერო!-იმუქრება და კბილებს ძლივს შესამჩნევად მადებს ფეხზე. მერე ნელ-ნელა მაღლა ამოდის და მუხლისთავებს სცდება.
-სანამ მე შენს ფუტკრებს შევებრძოლები, შენ მგონი კენჭები უნდა იპოვო!- მისი ხმა შორიდან მოდის და შიშის ქარები მოჰყვება.
ჩემს თითებს შარვლის ჯიბეზე იდებს. ხელისგულს უცნობი საგანი ხვდება. მე მუხლებიდან ვხტები და მის ფეხებს შორის ვექცები. ჯიბიდან ჯერ რუხი ფერის ცხვირსახოცი ამომაქვს, მერე- საფულე.
-აქ არაა, - ვამბობ გულდაწყვეტილი. ახლა მეორე ჯიბისკენ მიაქვს ჩემი ხელი. ჯიბეზე ზემოდან ვატყაპუნებ თითებს. არაფერია. ჩემს ხელს თავის ძლიერ მუჭში იქცევს. მგონი თედო ძიას სცივა, მისი ხელისგული თრთის. მე მას შევყურებ, თვალს მარიდებს და კიდევ უფრო ათრთოლებული ხელით ჩემი თითები ახლა მისი შარვლის ჯიბეებს შორის ექცევა. შარვლის ქვეშ რაღაცაა, ის ცოცხალია, მოძრაობს. მეშინია და ხელის გათავისუფებას ვცდილობ. არ მიშვებს. ახლა ჩემს თითებს შორის არის რაღაც, რაც თითქოს სუნთავს. ის ჩემს ხელში ძალას იკრეფს, კიდევ უფრო იზრდება, მყარდება. თედო კი თვალებს ხუჭავს, უცნაურად სუნთქვას და ჩურჩულებს: კარგი გოგო ხარ, კარგი გოგო ხარ!
მერე ხელში ავყავარ და კალთაში მისვამს, სახით მისკენ. ახლა ჩემს ფეხებს შორის ტოკვს რაღაც, რაც მის შარვლში ჩამძრვალა და მაშინებს. ერთი ხელი ჩემს წელზე აქვს მოხვეული და გულში მიკრავს. არყის მძიმე სუნს ვგრძნობ და აქედან წასვლა მინდა. აქ ყოფნა არ მინდა. თედო ძია იხრება და მკოცნის ჯერ თავზე, მერე თვალებზე, თმას მქაჩავს, მაიძულებს თავი უკან გადავწიო და ახლა ჩემს ტუჩებს ეხება მისი უხეში ულვაშები. რომელიღაც უხილავი ცოდნით ვიცი, რომ აქ რაღაც ძალიან ცუდი ხდება, რაღაც ისეთი, რაც არ შეიძლება ხდებოდეს. რა არ შეიძლება ამის შესახებ მშობლები ხშირად მაფრთხილებენ: არ შეიძლება უფროსებთან შეპასუხება; არ შეიძლება ხელდაუბანლად ჭამა; არ შეიძლება სხვისი ნივთების დაუკითხავად აღება; არ შეიძლება მდინარესთან ახლოს მისვლა... უსასრულოდ დიდი სიაა. იმ გრძელ ჩამონათვალში არაფერია ნათქვამი იმაზე, რაც ახლა ხდება. მაგრამ მთელი ჩემი ბავშვური არსებით ვიცი, რომ ყველა აკრძალვაზე დიდი აკრძალვა სჭირდება იმ წითელ ხაზთან მიახლოებას, რომელიც ახლა გადმოლახეს. როდესაც თედო ძიას ენა ჩემს პატარ პირში ძვრება და არყისა და თამბაქოს მძიმე სუნი შემოაქვს, ხელის ცეცებით ვპოულობ ჭიქას, რომელშიც ჯერ ისევ არაყი ასხია და თავში ვურტყამ. ჭიქა ტყდება, ნამსხვრევები ხელისგულში მესობა და სისხლი მომდის. ყვირილი მინდა, მაგრამ ხმა აღარ მაქვს. სამაგიეროდ თედო ძია ღრიალებს და ხელს მიშვებს. მისი თითები ინსტიქტურად ეძებენ თავზე ატკიებულ ადგილს. მე გავრბივარ. ხელისგულში მინის ნარჩენები მაქვს და სისხლი მდის, მგონია, რომ ვკვდები. მაგრამ სისხლზე მეტად უხილავი მდევარი მაშინებს. მეჩვენება, რომ თედო ძიამ ადამის სკივრს თავი ახადა და ურჩხულები გამოუშვა ჩემს შესაჭმელად. უკან მიხედვას ვერ ვბედავ. გავრბივარ და საკუთარი გულისცემა მისწრებს.
გონებას ჭიშკართან ვკარგავ. რამდენიმე დღის განმავლობაში ვიწვი სიცხით. ვბოდავ. როდესაც უკეთ ვხდები, მახსენდება ყველაფერი, რაც მოხდა და დედას ვუყვები. დედა ჯერ მანდილის კუთხეს იფარებს პირზე, რათა მკერდიდან ამომსკდარი ღრიალი ჩაახშოს. ერთ ხანს დგას ისე, თითქოს ქვის სვეტად ქცეულიყოს, მერე კარისკენ აპარებს თვალს. არავინაა. მაინც მიდის და ქურდულად იხედება ეზოში, მიდამოს ზვერავს. ჩემი საუბარი არავის გაუგონია. როდესაც ჩემკენ ბრუნდება, ისეთი ცივი და მრისხანე სახე აქვს, თითქოს მასში სხვა სული ჩასახლებულა. მიახლოვდება, საწოლზე ჯდება, ჩემკენ იხრება და ჩურჩულებს:
- დაგესიზმრა, მაღალი სიცხე გქონდა, იცის სიცხემ ცუდი სიზმრები.
-არ დამსიზმრებია! არაფერი დამსიზმრებია! ყველაფერი მახსოვს! უფრო ცხადია იყო, ვიდრე შენ ხარ.
- რასაც ამბობ, ძალიან სამარცხვინოა, არასოდეს გაიმეორო! არასოდეს არსად თქვა, დაივიწყე!
-არ შემიძლია, თვალებს რომ ვხუჭავ, ვხედავ და მეშინია.
- მისმინე!- ფეხზე დგება, წელში იმართება. ახლა მის თვალებს შავი ჩრდილები ეფინება, ისეთი მრისხანეა, მე საწოლში ვპატარავდები,- კარგ ბავშვებს ეგეთი რაღაცები არ ესიზმრებათ! შენ ვის გავხარ?! გაფრთხილებ, ენას ამოგაცლი, ეგ სისულელე კიდევ რომ გაიმეორო!
საბნის ქვეშ ვძვრებ და ვტირი. ვგრძნობ გულს, რომელიც მტკივა. ძალიან მწყინს, რომ დედას ჩემი არ სჯერა. მინდა, ცუდი ბავშვი არ ვეგონო, რომელსაც ასეთი სამარცხვინო რაღაცები ესიზმრება და იცოდეს, რომ მე სულ კურდღლები და ჩიტები მესიზმრებოდა მანამდე, სანამ ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა. მინდა იცოდეს, რომ თედო ძიას თუთუნისა და არყის სუნს ისევ ვგრძნობ და მისი გახშირებული სუნთქვა მესმის. მისი ნაბიჯები თითქოს სულ უფრო ცხადი ხდება და მეშინია. იცოდეს, რომ მე ვეღარ ვხედავ სიზმრებს, რადგან თვალგახელილი ძილი ვისწავლე, უსიზმრო ძილი.
დიდხანს, ძალიან დიდხანს ვდარდობდი, რომ დედას არ გადავეყვარებინე, რადგან მატყუარა ბავშვები არავის უყვარს. ვდარდობდი დიდხანს, სანამ წლები არ ჩაიმარცვლა და ერთ დღეს არ შევასწარი თვალი, როგორ უყურებდა თედოს დედაჩემი. სანამ მისი ბრაზითა და ზიზღით სავსე მზერა არ დავინახე და არ მივხვდი: რომ დედას ჩემს არც ერთ სიტყვაში ეჭვი არ შეჰპარვია...
და იმ ღამეს, წლების შემდეგ პირველად ვნახე სიზმარი: მესიზმრა თედოს სკივრი. ადამის დროინდელი სკივრი, რკინის სალტეებით. მე ისევ დაჩოქილი ვიყავი მის წინ და გასაღების ჭუჭრუტანაში ვიყურებოდი, ჯერ ბნელი ღამე ჩანდა, მერე კი ნელ-ნელა შევაჩვიე სიბნელეს თვალი და დედაჩემის ლანდი ამოიმართა, მერე ჩემი სახლი გამოჩნდა, ჩემი სოფელი, ჩემი ქვეყანა...