ვინ შემიკერავს ბროწეულისფერ კაბას?
ვინ შემიკერავს ბროწეულისფერ კაბას?
ქეთა არველაძე ვინ შემიკერავს ბროწეულისფერ კაბას? თბილისი, 2024. - მნიშვნელოვანი ინფორმაციით მოვედი და იმედი მაქვს, თქვენთვისაც ისეთივე საინტერესო იქნება, როგორიც ეს ჩვენი ორგანიზაციისთვისაა - სამსახურის საერთო დიდ სხდომაზე ყველას ერთხმად მოგვმართა ორგანიზაციის დირექტორმა, ბატონმა დავითმა, რომელიც გასულ წელს პრეზენტაციის სახით აჯამებდა - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ დედაქალაქში მუშაობა, ასევე დროა, მოვიცვათ რეგიონებიც. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ახალი კადრების აყვანის დრო. ეს დიდ თანხებთან, დროსთან და რესურსებთანაა დაკავშირებული. შესაბამისი კადრის პოვნა, შემდეგ გადამზადება, ნამდვილად წამგებიანი იქნება ჩვენთვის, ამიტომ თქვენ უნდა წახვიდეთ სხვადასხვა რეგიონში დროებით სამუშაოდ - დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა. ვიღაცებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ვიღაცებმა თავისთვის ჩაილაპარაკეს და საერთო მღელვარება ყველას გამოესახა სახეზე - მეგობრებო - მიმართა ბატონმა დავითმა თანამშრომლებს - მე თქვენ სამუშაოდ წასვლას არ გაძალებთ, თუმცა უაღრესად გთხოვთ, რომ დაფიქრდეთ, რამდენს მოგცემთ ეს შესაძლებლობა პიროვნულად თუ პროფესიულად. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ ერთი საკითხი, ის, ვინც უარს არ იტყვის ამ სიახლეზე, შეძლებს რეგიონში თავისი მეთაურობით შექმნას მცირე ჯგუფი და დაკავდეს ისეთი საქმით, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას. - რამდენი ხნით მოგვიწევს წასვლა?- ანაზღაურება გაიზრდება?- საცხოვრებელი აგვინაზღაურდება?- ....უამრავი კითხვა დააყარეს ორგანიზაციის დირექტორს, რომელიც თავს ოთახის ხან ერთ მხარეს ატრიალებდა, ხან მეორე მხარეს და იქიდან წამოსულ კითხვებსა და რეპლიკებზე იღიმოდა. - ძვირფასებო - ხმა აიმაღლა და ხელი მაღლა ასწია დავითმა - გთხოვთ, დაწყნარდეთ და საშუალება მომცეთ, ყველას გაგცეთ პასუხი. მესმის თქვენი ვნებათაღელვის, თუმცა თუკი ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ, ვფიქრობ, უმეტესი თქვენგანი მოიწონებს ამ გადაწყვეტილებას. პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ საცხოვრებელი ადგილები აუცილებლად ორგანიზაციის მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი, ასევე რამდენიმე ასეული ლარით გაგეზრდებათ ხელფასი, რაც თქვენთვის სტიმული იქნება. რაც შეეხება ვინ რომელ რეგიონში წავა, ამაზე მას შემდეგ ვიმსჯელოთ, რაც თქვენგან პასუხებს მივიღებ. აქვე გეტყვით, რომ ვისაც გყავთ ოჯახები, მესმის თქვენი და მე ვერ დაგაძალებთ სამუშაო ადგილის შეცვლას - ჩაახველა, ეტყობოდა დარწმუნებული არ იყო საკუთარ გადაწყვეტილებაში. ეშინოდა თანამშრომლების პასიურობის. ბატონი დავითი ყოველთვის მტკიცე, მოკლე წინადადებით გვიხსნიდა სათქმელს. ყველა შესაძლო ვარიანტს ჯერ საკუთარ თავთან განიხილავდა და მხოლოდ ამის შემდეგ ნიშნავდა საერთო თათბირებს. იმ დღეს კი ორჭოფობდა - ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ხვალ, საღამოს ექვს საათამდე მეილზე მომწეროთ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ. თანამშრომელთა უმრავლესობა ჩაფიქრებულიყო. უმეტესობა ხელფასის ზრდამ მოხიბლა, ზოგიერთიც დაღლილიყო ერთფეროვანი ცხოვრებით. მხოლოდ ჩემს გონებაში ტრიალებდა პატარა დიაგრამა, რომელიც ამ სიახლის დადებით და უარყოფით მხარეებს წერდა და ერთმანეთს ადარებდა. ჩემ მიერ მოფიქრებული სქემა დიდად ვერ მეხმარებოდა გადაწყვეტლების მიღებაში, რადგან პლუსებიც და მინუსებიც საკმაო რაოდენობით ჩამოიშალა გონების ტაბლოზე. ყველაზე დიდ მინუსად იმ ადამიანებისგან შორს ყოფნა მიმაჩნდა, ვისთან ერთადაც გავიზარდე. მათ გარეშე ჩემი პიროვნება არც საინტერესო და არც წარმატებული არ მეჩვენებოდა. ამ კონკრეტულ სიტყვებში არ ვგულისხმობ მშობლებსა და ოჯახს, რადგან ისინი წლებია საზღვარგარეთ გადაბარგდნენ იმ იმედით, რომ მალე მთელი ოჯახი კვლავ ერთად ვიქნებოდით. მათი მოლოდინები ამ მხრივ არ გამართლდა. მე, მათი ერთადერთი ქალიშვილი, თბილისში დავრჩი, დედა იტალიაში, მამა კი საფრანგეთში. ჩემი ნახევარძმა კი ამერიკაში ცხოვრობს საკუთარ ოჯახთან ერთად. ამ ქალაქში ოჯახი არა, მაგრამ საყვარელი მამაკაცი მეგულებოდა, რომლისგან შორს ყოფნის იდეა ნამდვილად არ მხიბლავდა. ცხოვრების იმ მომენტში ლევანთან ურთიერთობა ჩიხში იყო შესული. ჩვენს სამწლიან ურთიერთობას მთელი რიგი ჩიხები ჰქონდა მოვლილი, თუმცა არცერთში არ ჩარჩენილიყო, გამოსასვლელ გზებს მაინც ვპოულობდით. მიუხედავად ჩიხში ყოფნისა, მიზანშეწონილად ჩავთვალე ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მის გარეშე არ მიმეღო და შენობიდან გამოსვლისთანავე მესიჯი მივწერე. -ლევან, თუკი ყველაფერს უკვე წერტილი არ დაუსვი, დღეს საღამოს შვიდზე ჩემთან გელოდები. ტექსტში ზედმეტად ოფიციალური ვიყავი, რაც ხაზს უსვამდა, რომ მასზე ბრაზს ჯერ არ გადაევლო და ამ ტექსტით პირველ ნაბიჯს არ ვდგამდი. ლევანთან ურთიერთობა მხრებზე ჩამომკიდვოდა.-მოვალ - მომწერა მან სწორედ ისეთივე ფარული შინაარსით, როგორიც ჩემი იყო.შეტყობინება წავიკითხე, ტელეფონი ხელჩანთაში ჩავაცურე და მანქანაში ჩავჯექი. შუადღის ოთხი საათი იქნებოდა, რაც მაიმედებდა, რომ ქალაქის საცობი ამ დროისთვის არ შემაფერხებდა სახლისკენ მიმავალ გზაზე.ლევანი პირდაპირ სამსახურიდან შემომივლიდა. შინაგანი ჩვევები არ მაძლევდა საშუალებას, ლევანზე ზრუნვა მომეკლო. საჭმლის მომზადების არც დრო და დიდად არც სურვილი მქონდა, ამიტომ მისი საყვარელი რესტორნისკენ ავიღე გეზი. სხვაზე მზრუნველობით ხშირად დამიფარავს ჩემი შინაგანი ტკივილი და მარტოობა. ჩემ მიმართ ხომ ძალიან იშვიათად გამოხატავდნენ ზრუნვას საყვარელი ადამიანები.მანქანა ჩვენს საყვარელ რესტორანთან შევაჩერე და რამდენიმე კერძი ავიღე თავისი დესერტითა და სახლში დამზადებული გემრიელი ლიმონათით. ცხელი ყუთები საბარგულში ფრთხილად ჩავალაგე და საჭეს მივუბრუნდი. ჩაწერილი სიმღერები დაზეპირებული მქონდა. ზოგიერთი მათგანი სევდიან, დრამატულ ემოციებთან ასოცირდებოდა, ამიტომ რადიოს ავუწიე. -დღეს ქართველი საესტრადო მომღერლის, სულიკო კოროშინაძის დაბადების დღეა - გაისმა ოდნავ სევდანარევი ხმა რადიოში - ის 1932 წელს თბილისში დაიბადა. მისი ოჯახი მდიდარი იყო სასიმღერო ტრადიციებით, სულიკოს დედა, ბაბუა და ბიძები დაკავშირებულნი არიან მუსიკასთან - კიდევ რამდენიმე წინადადება თქვა წამყვანმა კარგად მომზადებული ტექსტიდან და კითხვის ბოლოს ჩაახველა - ახლა კი შემოგთავაზებთ სულიკო კოროშინაძისა და ნანული აბესაძის არაჩვეულებრივ დუეტს, სიმღერით “რერო” - და მანქანაში ხმები იისფერ ფანტელებივით შემოფარფატდნენ.- ტოტებიდან მოსცვივიან ფარფატით ...ჩემს კორპუსთან საპარკინგე ადგილი ნაყიდი მქონდა, ამიტომ მანქანის გაჩერება, სხვა მეზობლებისგან განსხვავებით, არ მიჭირდა. მანქანა ჩავკეტე და, თბილი ყუთებით ხელში, სადარბაზოს რკინის კარი გასაღებით გავაღე. სადარბაზოში ათამდე ადამიანს მოეყარა თავი. წამიერად გამოვერკვიე სიტუაციაში და მათი საუბრიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ ლიფტი არ მუშაობდა. ეს გასაკვირი ამბავი აღარ იყო, რადგან, როგორც წესი, კვირაში ერთი ან ორი დღე ლიფტი არდადეგებს იწყობდა. დასვენების მოყვარულ ლიფტს კი კორპუსის თავმჯდომარე ნებას რთავდა, წინასწარი გაფრთხილების გარეშე აეღო შვებულება. სხვებისგან განსხვავებით, ჩემი საქმე ბევრად მარტივად იყო, რადგან მეოთხე სართულზე ვცხოვრობდი, რასაც ვერ ვიტყოდი მეთვრამეტე სართულზე მცხოვრებ მეზობლებზე. რა თქმა უნდა, ხალხში გარევისგან და საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან, რომელიც მათი პოზიციის უშედეგო გამეორება იქნებოდა, თავი შევიკავე და პირდაპირ კიბეებს დავადექი. მეოთხე სართულამდე ასვლა ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენდა, თუმცა როდესაც ხელში სამი ყუთი გიჭირავს, თან იმ პირობით, რომ არ უნდა დაყირავდეს, მეოთხე სართულამდეც გამიჭირდა. აქოშინებულმა ძლივს მოვარგე საკეტს გასაღები, რკინის კარი ფეხით შევაღე და ყუთები მისაღების მრგვალ, ხის მაგიდაზე დავაწყვე. ძალიან დავიღალეთქო, გავიფიქრე და მაგიდისგან ცოტა მოშორებით, დივანზე უენერგიოდ დავესვენე. გულს ბაგა-ბუგი გასდიოდა და სუნთქვაც გამხშირებოდა. მხოლოდ დაღლილობით არ გავთანგულიყავი. ლევანის მოსვლა სხეულს მიწიოკებდა. ერთმანეთს ერეოდა შიში, სევდა, თავისუფლებისა და თავგადასავლის ძიების წყურვილი, სიყვარული კი სადღაც ბოლოში იდგა. თვალები მივხუჭე და დაღლილსა და ახალი ინფორმაციებით დატვირთულს, ჩამთვლიმა. სიცივემ გამომაფხიზლა. ოთახში გამეფებული სუსხი ცხვირზე შემომეხვია. გათბობის ჩართვა დამვიწყებოდა. შეციებული ხელები ერთმანეთით შევათბე და გამათბობლისკენ წავედი. კარზე კაკუნი გაისმა. ნუთუ ამდენი ხანი მეძინა! წამიერად დროსა და სივრცეში აღქმა დამიქვეითდა და ვერ წარმოვიდგინე, რომ სახლში მოსვლიდან ორი საათი შეიძლებოდა გასულიყო. სახლში საათი არ მეკიდა. ვერ ვიტანდი ისრებს, რომლებიც სწრაფად მოძრაობდნენ. მოძრაობდნენ და მიჰქონდათ ჩემი დრო. 1,2,3... ციფრებიც კი გარბოდნენ, მაგრამ ისრები მაინც პოულობდნენ დამალულ დროს. ამიტომ ტელეფონისკენ ავიღე გეზი, რომელიც საჭმლით სავსე ყუთების გვერდით დამრჩენოდა. ყუთები ხელით შევამოწმე, ისინი ჯერ კიდევ თბილი იყო. ტელეფონი 17:35-ს უჩვენებდა. შემოსასვლელში გავედი და შუქი ავანთე. ჭუჭრუტანიდან ჩემი მეგობარი მიმზერდა. -მარიამ! - შევყვირე გაოცებისგან. მისი ნახვა გამეხარდა, თუმცა გაკვირვება უფრო გამომივიდა - აქ რა ქარმა გადმოგაგდო?! - გადასაკოცნად გავიწიე, თუმცა მარიამმა ხელით შემაჩერა. -ცოტა სურდო მაქვს, არ გადმოგდო - ტანად მაღალი, სრული აღნაგობის გოგონა სახლში შემოვიდა, ხელში პატარა წითელი ჩანთა და ქაღალდის პარკი ეჭირა - ეს გამომართვი - ქაღალდის პარკი გამომიწოდა, თავად კი ბეწვის მოსაცმელი გაიხადა და შემოსასვლელში, კარადაში დაკიდა. ჩანთა მისაღებში წამოიღო და დივანზე თავის გვერდით მიუჩინა ადგილი. -რამდენი რამე გიყიდია! - ვუთხარი, ქაღალდის პარკის ამოლაგებას როცა მოვრჩი. მარიამს ორი კვირის სამყოფი ტკბილეული მოეტანა - აბა მითხარი, რამ გაგახსენა ჩემი თავი ან წინასწარ რატომ არ გამაფრთხილე რომ მოდიოდი? - მაგიდის გვერდიდან სკამი გამოვაჩოჩე, დივნისკენ შევატრიალე და ინტერესით დავჯექი. -ესეიგი მოსაწვევის გარეშე არ მიღებ? - ჩაეღიმა მარიამს და ჩანთიდან მობილური ამოიღო - რაღაც ამბები გავიგე და მინდოდა შენგან გამეგო სიმართლე. ჭორაობა არ მიყვარს, შენ ეს ჩემზე უკეთ იცი, მაგრამ როდესაც საკუთარ მეგობარზე ამბებს სხვებისგან იგებ, ცოტათი გულდასაწყვეტია. -სიახლე? - გაკვირვება სახეზე მთლიანად ამესახა - სიახლეებსა და კარგ ამბებს ჩემთან არაფერი ესაქმებათ. თუმცა არც ცუდი სიახლე მახსენდება რამე. მგონი სჯობს პირდაპირ მითხრა რა სიახლე შემოფრინდა ჩემს დალაგებულ ცხოვრებაში - “დალაგებულ ცხოვრებაზე” თავადვე ჩამეღიმა. -ლევანზე გეუბნები - მითხრა მარიამმა და ჩემი პასუხის მოლოდინში გაირინდა. -ლევანზე რა უნდა გითხრა? უკვე მერამდენედ ვკამათობთ, ნუთუ ამაში რაიმე სიახლე ან მოსაყოლია. კვლავ და კვლავ ათას უაზრობაზე ვერ ვთანხმდებით და ხან ის იბუტება, ხან მე - ჩამეღიმა - ყავას ან ჩაის დალევ?-ჩაი იყოს, გარეთ ძალიან ცივა. მხოლოდ სიცივე და ნაცრისფერი ამინდებია, თოვლი მაინც წამოვიდეს - აივნისკენ გააპარა თვალი მარიამმა და გულდაწყვეტით ამოიოხრა - ახალ წელს რას აპირებ?-სამსახურმა საახალწლოდ ყველა შვებულებაში გაგვიშვა, თუმცა ჯერ არ ვიცი, რას მოვიფიქრებ. თუ თოვლი მოვა, შესაძლოა ბაკურიანში წავიდე. არამგონია, მე და ლევანი მანამდე შევრიგდეთ, ამიტომ ჯერჯერობით გეგმების გარეშე ვარ. -მე და ნიას გვინდა სვანეთში წასვლა - ფეხზე წამოდგა მარიამი და სამზარეულოსთან მოვიდა. დაღონებულიყო, თითქოს რაღაცის თქმას ვერ მიბედავდა - რამე მოხდა შენსა და ლევანს შორის? - მის ტონში სიფრთხილე იკითხებოდა. სწრაფად გადავიდა მთავარ თემაზე და ჩემგან რაღაცას ელოდა. თან ფრთხილობდა, რადგან ჩვენ შორის მეგობრობის ძაფები დამწყდარიყო. თავს უფლებას ვერ აძლევდა ძველი მეგობარივით დაუფიქრებლად ეკითხა ყველაფერი და ჩემგანაც გულწრფელი პასუხი მიეღო. -და რას ყვება ლევანი? - ცხელი წყალი ფინჯნებში დავასხი და მარიამისკენ შევტრიალდი.-ამბობს, რომ ეს უკანასკელი ჩხუბია თქვენ შორის და თქვენს ურთიერთობას გაგრძელება არ უწერია. რამდენიმესგან ისიც გავიგე, რომ შენ გაბრალებს ურთიერთობის ჭაობში ჩათრევას. -და რას ამბობს, რატომ მიმათრევდა ჭაობშიო?-არ ვიცი, თუმცა თქვენი ურთიერთობის მტრებს ძალიან ახარებთ ლევანის ეს სიტყვები. შენც იცი რამდენი გოგოა მოლოდინში, რომ ლევანი მათკენ გაიხედავს. -რა გითხრა, მარიამ - ამოვიხვნეშე - დღეს აქ უნდა მოვიდეს ლევანი, რომ რაღაცებზე ვისაუბროთ, იქნებ გადაწყვეტილი აქვს საბოლოოდ დაშორება და ამის სათქმელად შესაფერის დროს ეძებს. ბოლო კამათისას მე მსგავსი შეგრძნება არ დამრჩენია, უბრალოდ რთულია მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნა და შიში იმის, რომ ჩემს ერთ სიტყვას შესაძლოა ჩხუბი და კამათი მოყვეს. ასეთი ურთიერთობით მეც ძალიან დავიღალე, თუმცა იმდენად შევეჩვიე ლევანს, რომ მგონია, მის გარეშე ვერ ვიარსებებ. -ლევანიც ხშირად ამბობს, რომ უყვარხარ, უბრალოდ ვეღარ გიგებს. -ვერც ვერასდროს მიგებდა - ვთქვი ჩუმად და ფინჯანი ტუჩებთან მივიტანე. ჩაი ისე დავლიეთ, ერთმანეთისთვის არც კი შეგვიხედავს. მე ჩემს ფიქრებში დავტრიალებდი. ხშირად ჩემი მეგობრები, რომლებიც ლევანის მეგობრები უფრო გამხდარიყვნენ, მეუბნებოდნენ, რომ უნდა მომეთმინა, ყოველი ჩხუბის მერე პატიება მეთხოვა, საკუთარი პრინციპები დამევიწყებინა. მათი რჩევები დაზეპირებულ ტექსტს ჰგავდა, რომელსაც ყოველი კამათის შემდეგ ამოაძვრენდნენ და ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხავდნენ. მათთვის ეს მეგობრობის მოვალეობას წარმოადგენდა. მე კი მწყუროდა ნამდვილი მეგობრული რჩევების მოსმენა. მინდოდა, მოვალეობის გარეშე ესაუბრათ ჩემთან. მინდოდა, გულახდილად გველაპარაკა ყველა თემაზე და არ მქონოდა შიში. შიში იმისა, რომ მათთვის ჩემი გრძნობები ბოლომდე გაუფასურებული იყო. -ჩემი წასვლის დროც მოსულა - ტელეფონის ეკრანი გაანათა მარიამმა - კარგი იყო შენთან საუბარი, მომნატრებიხარ, ცოტა არ იყოს - ჩაიღიმა და ჩანთას დასწვდა. მისაღებში ნელი ნაბიჯით გავიდა, კარადიდან ქურთუკი ჩამოხნა, ხელი დამიქნია და სადარბაზოში გავიდა.უცნაური ჩვევა მაქვს. სანამ ფეხის ხმას, ან ლიფტის ჩასვლის ხმას არ გავიგონებ, კარს არ ვკეტავ ხოლმე, მაშინაც ასე მოვიქეცი და უეცრად მარიამის ხმა მომესმა. -როგორ ხარ?-კარგად მარი, შენ? რა დროს მიდიხარ რა, მე ახლა მოვედი.-მგონი ისედაც აჯობებდა მარტო დამეტოვებინეთ - თითქოს გაბრაზება შეერია ხმაში, თუმცა ვერც ლევანის და ვერც მარიამის გამომეტყველებას ვერ ვხედავდი. კარი ჩუმად მივხურე და ლევანის კაკუნს დაველოდე. კაკუნმა არ დააყოვნა და კართან მაღალი მამაკაცი მიღიმოდა. მიღიმოდა სანდომიანად ისე, თითქოს ჩვენ შორის ნისლი არ ჩამომდგარიყო. მიყურებდა თვალებაციმციმებული, გასხივოსნებული. -მომენატრე - ეს იყო მისი პირველი სიტყვა ჩემი დანახვისას, კარში შემოსვლისთანავე გულზე მიმიხუტა და შუბლზე მაკოცა. ტანში უცნაურმა გრძნობამ დამიარა. მისმა შეხებამ მუცელში დამარტყა. მესიამოვნა, შესისხლხორცებული ყინული ცოტათი მოლღვა. -შემოდი - ოთახისკენ მივუთითე ცოტათი გაკვირვებულმა - ჩაის ან ყავას დალევ?-აუჰ, იქნებ საჭმელი გქონდეს რამე, ძალიან მშია - ხელები მოიფშვნიტა და დივანზე დაჯდა. მისმა პირველმა სიტყვებმა იმდენად გამაკვირვა, რომ ლევანისთვის საგანგებოდ ნაყიდი საჭმელი სულ გადამავიწყდა. ვივახშმეთ. მაგიდასთან არცერთს ხმა არ ამოგვიღია. ლევანი უდარდელად შეექცეოდა საჭმელს და შიგადაშიგ ღიმილიანი სახით გამომხედავდა ხოლმე. მე მორიდებით ვაკვირდებოდი მის ქმედებებს და ვერ ვხვდებოდი, რა შეცვლილიყო მასში. -ყავას მე გავაკეთებ - მაგიდიდან ლამის წამოფრინდა ლევანი და ჩაიდანი წყლით აავსო.-ლევან - ფრთხილად დავუძახე და მაგიდიდან თეფშების ალაგება დავიწყე - მშვიდობაა?-ეჰ - წელით სამზარეულოს მიეყრდნო და თავი ჩაღუნა - იმდენად იშვიათად ვარ შენთან კარგ ხასიათზე, რომ უკვე გიკვირს ჩემი მზრუნველობა? - სამზარეულოსკენ შეტრიალდა და ვიტრინიდან ვარდისფერყვავილებიანი ფინჯნები გამოიღო - მე ძალიან ბევრი ვიფიქრე, ნატა, და მივხვდი, რომ შენთან ძალიან არასწორი ვიყავი. ვერ ვხვდებოდი, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემს ცხოვრებაში და როგორ გტკენდი გულს ამ ხნის განმავლობაში. ჩვენი კამათები სრული უაზრობა იყო, სულ ტყუილად დახარჯული დრო და ნერვები - ჩაიდანი დუღდა - მე, უბრალოდ მე… - სიტყვები დაუმძიმდა და ყელში გაეჩხირა ლევანს - მე მივხვდი, რომ მიყვარხარ და ამაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყნად არაფერი მგონია.ლევანის მონოლოგს ვუსმენდი და თან ვერ ვხვდებოდი, გულწრფელი იყო მისი ეს სიტყვები თუ არა. თითქოს ეჭვის ჭია შიგნიდან მღრღნიდა და ვერ ვხვდებოდი, საით მივყავდი ამ საუბარს. შიგადაშიგ მარიამის სიტყვებიც წამოტივტივდებოდნენ და ერთმანეთთან შეუთავსებელი ამდენი ინფორმაციით დროდადრო თავბრუ მეხვეოდა ხოლმე. - არ ვიცი, რა გითხრა. ცოტათი უცნაურია შენი აქ მოსვლაც, ეს საუბარიც და შენი დამოკიდებულებაც ჩვენი ურთიერთობისადმი. ჩვენი წარსული სულ სხვაგვარ რეალობას მახსენებს, თუმცა ვცდილობ, დავიჯერო შენი სიტყვები. ვცდილობ გაგიგო, ვცდილობ კიდევ ერთხელ დავინახო შენს თვალებში გულწრფელი ემოციები და ამ იმედს ჩაბღაუჭებული თვალს ვხუჭავ ყველაფერზე და კიდევ ერთხელ მოგყვები იმ გზაზე, სადაც ერთ მხარეს ჭაობია, მეორე მხარეს კი უფსკრული. გზის ბოლოს კი ჯერჯერობით არაფერი ჩანს. ლევანთან ურთიერთობა ჩრდილოეთის კლიმატს გავდა. მოქუფრული, წვიმიანი, სევდიანი და ქარიშხლებით სავსე იყო მასთან ურთიერთობა. იშვიათად გადაყრიდა ქარი ღრუბლებს და კამკამა ცა გამოჩნდებოდა ხოლმე, თუმცა ამ დროს მზის სხივები იმდენად თბილი იყო, რომ ლოდინად ღირდა. ნისლიც ხშირად იყო ჩვენ ირგვლივ. მდუმარე და ნაცრისფერი - მომავალს რომ გადაკვროდა საფარველად. რთული იყო ამ კლიმატში ცხოვრება, რთული იყო ყოველდღიურად საწვიმრის ან ქურთუკის მოცმა, მაგრამ მთელი ცხოვრება თითქოს იმ ერთ გამოდარებად ღირდა . იმ ერთ დღედ, თხლად ჩაცმული რომ გახვიდოდი ქუჩაში და მზის სხივებს შეეთამაშებოდი. იმდენად მონატრებული იქნებოდი სითბოს, რომ მზისგან დამცავსაც კი არ წაისვამდი ღია ფერის კანზე. არადა სწორედ ეს მზისგან დამცავი გექნებოდა ერთი თვით ადრე მომარაგებული იმ დღისთვის, როდესაც მზე ამოკაშკაშდებოდა. ლევანი დაახლოებით ორი საათი იყო ჩემთან. ბევრი ვისაუბრეთ, ბევრიც გავიხსენეთ. ეს ბოლო ერთ წელში იმ თითზე ჩამოსათვლელ შეხვედრებს შორის შედიოდა, როდესაც ჩვენ არ გვიკამათია. კამათი ხან ჩემი, ხან კი ლევანის მხრიდან იწყებოდა. მიზეზი ბევრი იყო, იმაზე ბევრი ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია, თუმცა უმეტესად იმდენად აბსურდული, რომ სხვისთვის ღიმილსაც კი იწვევდა. ჩვენ თითქოს ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო დიდ სისულელეზე გაბრაზდებოდა და როგორ დრამატულად გამოვხატავდით ამას. იმ დღეს ყველაფერი სხვაგვარად იყო, თითქოს ლევანს ის ფაილი შეუცვალეს, რომლითაც ჩემთან სასაუბრო ტექსტებს იღებდა. მე კი არც სამსახურის გადაწყვეტილებაზე და არც მარიამის ვიზიტის მიზეზზე სიტყვა არ დამცდენია, რადგან ორივეს შეეძლო ლევანის გაბრაზება გამოეწვია და ეს დღეც ჩაეშხამებინა.იყო პერიოდები, როდესაც ერთმანეთთან მისასვლელი ყოველი გზა ჩავკეტეთ. კართან მისულები ხმასაც არ ვცემდით ერთმანეთს. შემდეგ ყველაფერი ლაგდებოდა, რომელიმეს გული მოგვილბებოდა და ერთმანეთს ისე შემოვეხვეოდით, თითქოს არაფერი მომხდარაო. ზედაპირულად არაფერს ვიმჩნევდით, თუმცა ჩვენ შიგნით რაღაც ილექებოდა. რაღაც ძალიან უსიამოვნო მასა, რომელიც შიგნით, ძალიან ღრმად იდებდა ბინას. ***მესიჯი შემომივიდა უცხო ნომრიდან. სადმე ხომ არ გვევახშმა? - მწერდა უცნობი ნომერი.ვერ გიცანით - ავკრიფე კლავიატურაზე და მალევე წავშალე, რადგან ამავე ნომრიდან მეორე მესიჯიც მალე შემოყვა ფეხდაფეხ.-საბა ვარ.საბა ჩემი ბავშვობის მეგობარი გახლდათ. ბუნებით მშვიდი, გაწონასწორებული, კეთილი. ცოტათი სხვებზე მიმნდობი. საბა წლების წინ გავიცანი სკოლაში, ერთ-ერთ ინტელექტუალურ კონკურსზე. კონკურსზე მომზადებული გავედი, მთელი თვე ვამუშავებდი შესაძლო კითხვებს. წავიკითხე არაერთი მხატვრული ლიტერატურა. კონკურსის დღეს კი ისეთ შეკითხვებს ვერ გავეცი პასუხი, რომლებიც აუცილებლად უნდა მცოდნოდა. ვიცოდი კიდეც, რომელ გვერდზე რის შემდეგ რა ეწერა, ეგეც ზუსტად ახსოვდა თვალებს, თუმცა გონება სიტყვებს ვერ არჩევდა, გონებაში ამოტივტივებულ სურათზე ასოებს ვერ კითხულობდა. გული გამიტყდა. საუკეთესო სამეულშიც ვერ მოვხვდი. იმდენად შემრცხვა საკუთარი თავის, რომ ავტირდი. სწორედ ამ დროს მოვიდა საბა, ჩუმად გამომიწოდა კარგად გაუთოებული ვინი პუჰიანი ცხვირსახოცი და დაელოდა, როდის დავწყნარდებოდი. მას შემდეგ ბევრი წელი გასულიყო. ყოველი ტირილი ამ ცხვირსახოცით სრულდებოდა. ყოველი იმედგაცრუების დროს ერთმანეთის გვერდით ვიდექით. ლხინზე მეტად დარდის მეგობრები ვიყავით. ერთმანეთი საიმედოდ გვყავდა. ვზრუნავდით ერთმანეთზე, უანგაროდ ვეხმარებოდით, თუმცა მიუხედავად ამ ურთიერთობისა, ჩვენ შორის სიცივე ჩამოდგა და ის ვინი პუჰინი ცხვირსახოცი მოგვპარა ასე, რომ დაგვაახლოვა ერთმანეთთან. ამ ყველაფერში დიდწილად ლევანის გავლენა იყო. ლევანმა ვერ აიტანა, ჩემ გვერდით ყოფილიყო ადამიანი, რომელიც ჩემზე იზრუნებდა. მზურველობა მთლიანად ლევანის მხრებზე უნდა მდგარიყო. თუმცა ეს მხრები ბოლომდე ვერ უძლებდა, ირყეოდა, საბასავით მძლავრი არ იყო, თუმცა მე ის ავირჩიე - უღონო, უძლური და ხშირად უიმედო. ხომ მშვიდობაა? - ხელების თრთოლვით მივწერე პასუხი, რადგან უკვე ნახევარ წელზე მეტი იქნებოდა, არ შემხმიანებოდა. საქმე მაქვს - მომწერა მოკლედ და უგულოდ. ალბათ საქმე რომ არ ჰქონოდა, არც არასოდეს აკრეფდა ჩემს ნომერს. ალბათ აღარც მე დავურეკავდი ტირილის დროს ვინი პუჰიანი ცხვირსახოცის გამოსართმევად. ***ვერცხლისფერი მანქანა ხმაურიან გამზირზე ნელი სვლით მიდიოდა. საბურავები სველ ასფალტზე მისრიალებდნენ და მანქანის შუქები ნაცრისფერ ფერს ყვითელ, თბილ ტონებს სძენდნენ. რადიოში ამინდის შესაბამისი ჰანგები ისმოდა, მე კი ვცდილობდი, კაფე „ამელი“ მეპოვნა. ქუჩა სავსე იყო კაშნემოფარებული, თავზე ქუდჩამოცმული ახალგაზრდებით, რომლებიც, სიცივის მიუხედავად, ქუჩაში ჯგუფ-ჯგუფებად დადიოდნენ. ეულად მოსიარულეები უმეტესად ბეჭებში მოხრილი, სწრაფი ნაბიჯით მიიწეოდნენ დანიშნულების ადგილამდე, ზოგი მათგანი ჩქარი, დიდი ნაფაზებით ეწეოდა სიგარეტს იმ ფიქრით, რომ მალე გაყინულ თითებს ქურთუკის თბილ ჯიბეში ჩააცურებდა. თვალების ცეცებაში დავინახე მუქი ყავისფერი კარის აბრაზე დიდი შინდისფერი ასოებით დაწერილი „ამელი“. მანქანა შევაჩერე, ჩანთა და ტელეფონი ავიღე და გზაზე გადავირბინე. ქალაქში ყინვა გამეფებულიყო. კარის მრგვალი სახელური მარჯვნივ ოდნავ გადავატრიალე და დარბაზში შევედი. სითბო და დარიჩინის სუნი ერთდროულად დაეჯახა სხეულს და საოცარი სიმყუდროვის შეგრძნება დამეუფლა. კაფეს შესასვლელში მარჯვენა მხარეს პალტოებით სავსე საკიდი იდგა, რომელიც, მოსაცმელებით დამძიმებული, თავს ძლივს იმაგრებდა. -მოგესალმებით კაფე ამელიში. ქურთუკს აქეთ დავკიდებ - ღიმილით დამიძახა ჟღალთმიანმა გოგონამ ბარის დახლიდან. თავი დავუკარი, სწრაფად გავიხადე კრემისფერი პალტო და გოგონას გადავაწოდე - შიგნით შევიდეთ - თაღისკენ მიმითითა გოგონამ, ხელში მენიუ აიღო და წინ გამიძღვა. კაფეში სითბოს შეფარებული ადამიანები ისხდნენ და თითქმის ყველას ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ზოგი მადიანად შეექცეოდა სალათებსა თუ სპაგეტს, ზოგიც მხოლოდ ფინჯანი ცხელი სასმლით ირთობდა თავს და ერთმანეთს ათას ჭორსა თუ ინფორმაციას უზიარებდა, ზოგი კი ლეპტოპში თავჩარგული მუშაობდა და ვერც კი ხვდებოდა, ირგვლივ რა სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. ისხდნენ ისეთებიც, რომლებსაც უბრალოდ დრო გაჰყავდათ მოღუშული, ფერმკრთალი დღის. კაფეს ინტერიერი გამორჩეული არ იყო. ამ პერიოდის თბილისში უკვე დამახასიათებელი გახდა ძველი, ვინტაჟური სტილის კაფეები. ძველებური შპალერითა და დეკორაციებით უხვად დახუნძლული კედლები თითქმის ყველა ამ ტიპის კაფეში მოინახებოდა. ზოგი მთლიანად ვინტაჟში გადასულიყო და ჭურჭელი და ავეჯიც კი ამგვარ სტილში გაეკეთებინათ. ასეთ კაფეებში თავი სოფელში წარმომიდგებოდა ხოლმე ბებიაჩემის ახალგაზრდობაში ნაყიდ ჭურჭელთან და გადასაფარებლებთან ერთად. არც „ამელი“ იყო ამ კუთხით გამორჩეული და ყველაფერს სიძველის ეფექტი და, მე თუ მკითხავთ, სუნიც კი ჰქონდა. ოთახის მარცხნივ, ხის ფანჯარასთან საშუალო სიმაღლის, გამხდარი ბიჭი იჯდა და წიგნს კითხულობდა, ჩემ დანახვაზე ფეხზე წამოდგა, სათვალე მოიხსნა და გამიღიმა.-როგორც იქნა - საბამ გამიღიმა, ხელები გაშალა და გადამეხვია - როგორც ყოველთვის, დააგვიანე - მისგან უჩვეულოდ მომეჩვენა ამ რაოდენობით სითბოს გამოჩენა. წამიერად გავშეშდი კიდეც, საპასუხო რეაქცია რომ ვერ მოვიფიქრე. სკამი გამოვწიე და საბას პირდაპირ დავჯექი. -საცობების ბრალია, მე რას მეუბნები - ჩანთა ცარიელ სკამზე დავდე და ჟღალთმიან გოგოს ავხედე, რომელიც შეკვეთის მიღებას პატარა ბლოკნოთით ხელში ელოდა - დარიჩინიანი ყავა, თუ შეიძლება - გოგონა ღიმილით გაბრუნდა მაგიდიდან - აბა რას შვრები, რამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი - ღიმილით მივუბრუნდი საბას და ვეცადე პირვლანდელი გაურკვეველი ემოციები დამეძლია. -სანამ მოხვიდოდი, მთელი თავი წავიკითხე. რომ მცოდნოდა, ამდენი ხანი არ მოხვიდოდი, სამსახურის საქმეებს ჩავუჯდებოდი - მითხრა სიცილით და ჩაი მოსვა - იმდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი, მგონი დამავიწყდი როგორი ხარ. შენი ძვირფასი შეყვარებული არ იეჭვიანებს ჩემ სანახავად რომ წამოხვედი?-არ ვეტყვი - ვთქვი ჩუმად, ძლივს გასაგონად და ფანჯარაში გავიხედე. -მახსოვს, ფანჯარასთან ჯდომა რომ გიყვარს კაფეშიც და მანქანაშიც, ამიტომ შევარჩიე ეს ადგილი. ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა შენ არაფერი იცი, თითქოს გამოეთიშე ყველაფერს, რაც ამდენი წელი ვაგროვეთ. -საბა, თუკი ჩემი ქმედებების განსახილველად და თითის დასაქნევად დამიბარე, სჯობს წავიდე, რადგან თავად უკეთ ვიცი რა და როგორ აჯობებს ჩემთვის - ხმაში სიბრაზე გამერია - მე მიყვარს ლევანი, ის კი ეჭვიანობდა შენზე, რადგან დროის დიდ ნაწილს შენთან ერთად ვატარებდი, რა, შენი გოგონები არ ეჭვიანობდნენ ჩემზე?-კი, მაგრამ მე მათ გამო შენთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია.-ალბათ არცერთი არ გიყვარდა ისე, რომ მის გამო ყველა და ყველაფერი დაგეთმო. -ღმერთმა ნუ შემაყვაროს ეგრე - თქვა ჩუმად და ტელეფონის ეკრანი ნერვიულად აანთო და ჩააქრო - კარგი, აღარ გვინდა ამ თემაზე, მეც აღარ მაქვს ნერვები. მნიშვნელოვანი ამბის სათქმელად დაგიბარე, მხოლოდ მონატრება არ ყოფილა შენთან შეხვედრის მიზეზი, უბრალოდ მაინტერესებდა თუ გაბედავდი და შემხვდებოდი. -გისმენ - ვუთხარი მოკლედ და ყურადღება მიმტანისკენ გადავიტანე, რომელსაც ვერცხლისფერი ლანგრით ჩემი შეკვეთა მოჰქონდა - მადლობა - ღიმილიანი სახით ვუთხარი გოგონას მას მერე, რაც ლანგრიდან სურნელოვანი ყავა გადმომიდო.-ეთერი დეიდა გახსოვს? ბარბარეს დედა - ბარბარე ჩვენი მეგობარი იყო, რომელიც მერვე კლასიდან დეიდასთან, პორტუგალიაში გადავიდა საცხოვრებლად. მას შემდეგ მასთან ხან სოციალური ქსელით ვკონტაქტობდით, ხან კი არდადეგებზე ჩამოდიოდა და ერთ დიდ შეკრებას მოაწყობდა ხოლმე. დეიდასთან ფინანსური პრობლემების გამო გადავიდა საცხოვრებლად. ბარბარეს მამამ თამაშის გამო ვალები დაიდო და სახლი დაკარგეს, ეთერიმ, ბარბარეს დედამ კი სამუშაოდ წასვლა თურქეთში გადაწყვიტა. ბარბარე ერთი წელი საქართველოში ბებიასთან იზრდებოდა, ნერვიულობის ფონზე ბებიას ინსულტი მოუვიდა და ლოგინად ჩავარდა, რამდენიმე თვეში კი გარდაიცვალა. ბარბარე სრულიად მარტო დარჩა, ეთერის გადაწყვეტილებით, სჯობდა ბავშვი მის დასთან გაზრდილიყო, რადგან თავად ძალიან ხშირად უწევდა საცხოვრებელი ქალაქის შეცვლა, ბარბარე კი ასეთ პირობებში განათლებას ვერ მიიღებდა. -მახსოვს როგორ არ მახსოვს, თითქმის სამი წელია არ მინახავს, არც კი მიმიწერია - დანანებით ვთქვი და საბას შევხედე - ხო მშვიდობაა?-არა. ეთერი დეიდა გარდაიცვალა - რამდენიმე წამით ორივე გავჩუმდით და გარეთ დავიწყე ყურება, თითქოს მოსმენილის გააზრებას ცდილობდა გონება. ეთერისთან არც ისეთი ახლო ურთიერთობა მქონდა, რომ ამ ამბავს შოკისმომგვრელად ემოქმედა ჩემზე და აღარც ბარბარესთან ვკონტაქტობდი წლების განმავლობაში, თუმცა როცა რაღაც ბავშვობის მოგონებებს ეხება, განსაკუთრებით ემოციური ვხდები - ზეგ არის დაკრძალვა, ჩავთვალე უნდა გცოდნოდა და თუკი მოიფიქრებ გავიდეთ სამძიმრის სათქმელად, აქვე ცხოვრობენ, შორს წასასვლელი არ ვიქნებით. -ბარბარე ჩამოვიდა?-ბარბარე რამდენიმე თვეა საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა. ბინა იყიდა დიღომში და პატარა კომპანია შექმნა, როგორც ვიცი, სამკაულებს აკეთებს და ყიდის. წამოხვალ?პასუხი მაშინვე ვერ გავეცი. ყავა მოვსვი და დავაცქერდი. არ ვიცოდი მინდოდა თუ არა წარსულთან დაბრუნება, თუნდაც ასეთ ამბავზე. წარსულს მხოლოდ ბარბარე არ მახსენებდა, აქ მთავარი ფიგურა საბა იყო, რომელთან ურთიერთობა ლევანთან დამაპირისპირებდა, არადა მას პირობა მივეცი, რომ ჩემს ამ ნაწილს ცხოვრებაში აღარ შემოვუშვებდი. -მოვიფიქრებ - კვლავ ყავის ფინჯანი ავიღე ხელში. -რა არის მოსაფიქრებელი? პაემანზე კი არ გეპატიჟები, სამძიმარზე წავიდეთთქო.-ერთად? - გაკვირვებულმა გავხედე და შევეცადე მის ფიქრებს ჩავწვდომოდი. -ხო, ერთად, აბა უცნაური არ იქნება, ცალ-ცალკე რომ მივიდეთ? მგონი დაგავიწყდა, რომ ერთ დროს საუკეთესო მეგობრები ვიყავით.-სწორია, ვიყავით - ჩანთას დავწვდი და ტელეფონი ჩავაცურე - მადლობა, რომ მითხარი. წავალ უკვე - ფეხზე წამოვდექი, საბა სკამიდან არ ამდგარა. ისე გამოვედი კაფედან, რომ ჩემკენ არ მოუხედავს. მე მესმოდა მისი რეაქციის, ის კი ჩემსას ვერ ხვდებოდა. ***23 დეკემბერს, მაშინ როდესაც წინასაახალწლო გეგმების ლაგებაში უნდა ვყოფილიყავი, მე სასაფლაოზე ვიდექი და რამდენიმე საფლავის მოშორებით ვუყურებდი შავებში შემოსილ ადამიანებს, რომლებიც მოთქმით ტიროდნენ. ბარბარესთვის სამძიმრის თქმა გადაწყვეტილი მქონდა, თუმცა არ მინდოდა ეს სახლში გამეკეთებინა, ამიტომ პირდაპირ დასაფლავებაზე მივედი. ძალიან ციოდა, რაც ისედაც შემზარავ სურათს კიდევ უფრო ამძიმებდა და გარშემომყოფებს კიდევ უფრო უყინავდა გულს. ბარბარე უბრალოდ იდგა როგორც უსულო თოჯინა და ერთ წერტილს თვალმოუშორებლად დაჰყურებდა. შორიახლოს ჩემი მეგობრები შეკრებილიყვნენ. იქ იდგა უკლებლივ ყველა, მე კი მოშორებით, ეულად, მიტოვებულივით. ვუყურებდი შორიდან ჩემს მეგობრებს და წამიერად თავი ჩვენი მეგობრობის დასამარებაზეც წარმოვიდგინე. მათგან მიტოვებული ვიყავი, თუმცა თავს ყურადღების ცენტრში ვგრძნობდი, - ვხვდებოდი, რომ მიყურებდნენ და ჩემს პირად ცხოვრებაში ხელებს დაუკითხავად აფათურებდნენ. მხოლოდ საბამ მიიტანა გულთან ახლოს ჩემი დასევდიანებული თვალები და ჩემთან მოვიდა.-მარტო მოხვედი… - მითხრა მან სევდიანად. -გთხოვ, არ დაიწყო - გაყინულ ხელზე ხელი დავადე - ძალიან შეცვლილან, არც კი შეიმჩნიეს ჩემი მოსვლა - ვთქვი რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ.-შენც შეიცვალე მათთვის. შეგცვალეს. იცი, ხანდახან როგორ მენატრები? იცი, რამდენჯერ გავბრაზებულვარ იმ დღეზე, როცა ის ახვარი გაიცანი?-გთხოვ, გთხოვ, გთხოვ… - ნერვიულიად შევაწყვეტინე საუბარი - მგონი მიდიან და წადი მათთან ერთად. შენც ჩემსავით არ გაგრიყონ. -თუკი ოდესმე დაგჭირდი, შენ გვერდით მიგულე, ყველაფრის მიუხედავად - მხარზე ხელი დამადო და ჩვენი მეგობრებისკენ დაიძრა. ჭირისუფალი მალევე მიმოიფანტა, ზოგი ფეხით გაუყვა გზას, ზოგი მანქანაში ჩაჯდა, საფლავთან კი მხოლოდ ბარბარე დარჩა. მივუახლოვდი და ხელი ბეჭზე დავადე.-ძალიან დამწყდა გული - ვუთხარი გულწრფელად და ყვავილების გორას დავხედე- უნდა გამაგრდე და თავს შემოუძახო, შენთვის ცხოვრება გრძელდება და იცხოვრე ისე, როგორც ეთერი დეიდას გაეხარდებოდა - მთელი გზა პატარა გამამხნევებელ მონოლოგს ვამზადებდი, თუმცა სახედაღონებულ, ემოციებისაგან დაცარიელებულ გოგონას სხვა ვერაფერი ვუთხარი, რადგან სიტყვები ახლა მისთვის მხოლოდ ტუჩების ბუტბუტი იყო და სხვა არაფერი. -ნატა - ნატანჯ სახეზე გაოცება გამოესახა და დიდი ძალდატანებით გამიღიმა - მადლობა რომ მოხვედი, მადლობა გამხნევებისთვის - თაფლისფერი, ნუშისებრი თვალები კვლავ აუწყლიანდა. ხელი თრთოლვით აიღო, უსწორმასწოროდ შეკრულ თმაში თითები თრთოლვით შეაცურა და ჩამოვარდნილი თმის რამდენიმე ღერი გაისწორა. -თუკი რამე დაგჭირდეს, შენ გვერდით მიგულე, ჩემი კარი შენთვის ყოველთვის ღიაა, არაფრის მოგერიდოს, გთხოვ - ეს სიტყვებიც გულიდან ამოსული იყო. მთელმა ბავშვობამ ნაფლეთ-ნაფლეთ ჩამოიარა და გული შემითბო. ანცობით გადაღლილი სახისგან რადიკალურად განსხვავდებოდა მძიმე ემოციებით დაღლილი სახე, არადა, ორივე შემთხვევაში, საქმე ერთ ადამიანთან მქონდა. იმ მომენტში ბევრ კარგ მოგონებას მოვუხსნიდი თავს, თუმცა ამის დრო არ იყო, ბარბარე სწორად ვერ გამიგებდა. -დიდი მადლობა - მადლობა მისთვის გაცვეთილიყო, ამ დღეების განმავლობაში მილიონი მადლობა მაინც წარმოთქვა მისმა ტუჩებმა. მიმავალი ხალხისკენ შუშის თვალებით გაიხედა - ხშირად ამოვალ აქ, დე! - თქვა თავისთვის გაცრეცილი ტუჩებიდან და შემომიტრიალდა - უნდა წავიდე - დაღონებულმა ხელი ჩაიქნია - ყველა მე მელოდება, უჩემოდ სუფრაზეც არ დასხდებიან - ხელზე გაყინული ხელი მომიჭირა და მათკენ დაიძრა. შუა გზიდან ერთხელ კიდევ მოიხედა უკან და წამიერად შეჩერდა კიდეც, მაგრამ მასთან შუახნის ქალი მივიდა, მკლავში ხელი მოკიდა და მანქანისკენ წაიყვანა. ტელეფონის ვიბრაციის ხმა ქურთუკიდან ვიგრძენი, ხელი ისე ჩავიყავი ჯიბეში ბარბარესთვის თვალი არ მომიშორებია. დარდს ახალგაზრდა ადამიანის დაბერებაც კი შეუძლია.-ალო - ვუპასუხე ტელეფონს და მეც მანქანისკენ წავედი - ლევან, შენ ხარ?-კი, ნატა, სად ხარ?-სასაფლაოზე.-მანდ რა გინდა? - შიშისაგან გაკვირვებულმა მკითხა ლევანმა.-ჩემს მეგობარს დედა გარდაეცვალა.-რომელ მეგობარს, მე არ ვიცნობდი?-მგონი არა, ბარბარე ქვია. -უცნაურია…-რა არის უცნაური? - მანქანის კარი გამოვაღე, ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჩავრთე და კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ემოციურად დაღლილ, რეალობასთან ჯერ კიდევ თვალგაუსწორებელ ბარბარეს.-ის რომ არც ბარბარეს ვიცნობ და არც ის გითქვამს, სადმე თუ აპირებდი წასვლას. -თითქმის სამი წელია არ მინახავს, ლევან, ნუ დამღალე - მანქანა დავქოქე და ძრავის გახურებას ორი წუთით დაველოდე.-კიდევ კითხვას კი გისვამ, საყვარელო, მაგრამ მხოლოდ ინტერესის გამო, თუკი სამი წელია არ გინახავს და ერთი მესიჯიც არ მიგიწერია, საიდან გაიგე დედის გარდაცვალების ამბავი?-საბამ მითხრა - ბრაზით ვუთხარი და მანქანა ადგილიდან დავძარი. ვიცოდი ეს სიტყვები კამათის მიზეზი გახდებოდა, თუმცა მზად ვიყავი თავდასხმის მოსაგერიებლად.-საბა ნახე? - მკითხა აუღელვებლად.-კი.ტელეფონიდან ლევანის ხმა აღარ ისმოდა. მან ტელეფონი გამითიშა. ზუსტად ვიცოდი ეს რასაც ნიშნავდა. სახლში მისასვლელად თითქმის ორმოცი წუთი დამჭირდა. ამ ხნის განმავლობაში ლევანს არ დაურეკავს და არც მე მიცდია. ვიცოდი, წინ დიდი კამათი მელოდა, თუმცა „არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს“.*** კარზე ძლიერი, გაბრაზებული კაკუნი გაისმა. დივნიდან ტანი ზანტად წამოვწიე და წამიერად შევჩერდი. ტელევიზორი, რომელშიც ძველი ქართული ფილმი გადიოდა, გამოვრთე და ნელი ნაბიჯებით წავედი კარისკენ. გზად სარკეში ჩავიხედე, უსწორმასწოროდ შეკრული თმა გავიშალე, მუქი ყავისფერი თმები მხრებს ჩასცდა და მოწყვეტით დაეცა ზურგს. კაკუნი კვლავ განმეორდა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ლევანი იყო, მეტიც, ველოდებოდი კიდეც მის გამოჩენას, თუმცა კარის გაღებისას წინ საბა შემეჩეხა. - აქ რა გინდა?! - ვკითხე გაოცებულმა ისე, რომ კარიდან არ გავწეულვარ.- ცხოვრებაში ხდება რაღაცები, რაც იმას გვაკეთებინებს, რასაც საკუთარი თავისგან არ ველოდებით. ბავშვობის არცერთი მოგონება არ მახსენდება, სადაც შენ არ ხარ. ყოველი დარდი თუ ბედნიერება ერთად გაგვიზიარებია. მტკივა, ნატა, ძალიან მტკივა, რომ ამ ურთიერთობაში სხვა ისე ყოფს ცხვირს, თითქოს ამის უფლება ჰქონდეს. გულწრფელად, არ მესმის რითი მოგაჯადოვა ამ კაცმა ასე, რომ ვერაფერს ხედავ. დაბრმავდი!- მეტყვი თუ არა, რა ხდება?- ლევანი იყო ჩემთან მოსული. მუშტების ქნევით მემუქრებოდა. ამ ბიჭს სიტყვების მარაგიც კი არ აქვს საკმარისი, რომ მუშტი-კრივზე არ გადავიდეს. როდის შეიცვალე ასე, რამ შეგცვალა, რამ გამოგცვალა?! - მისი სიტყვები გულზე ტყვიებივით მომხვდა, თუმცა არ შევიმჩნიე - შენში დიდი ხანია მოკვდა პატარა, ლაღი, ბედნიერებით სავსე გოგონა. დიდი ხანია დაგაჭრეს ფრთები, ასე ძალიან რომ გიხდებოდა. დიდი ხანია გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით უგალობ ლევანს, რომელიც თავზე ხელის გადასმით გართმევს თავისუფლებას. - ასე არ არის - ვიცრუე. გულის სიღრმეში ყველა სიტყვას ვეთანხმებოდი. მაგრამ აღიარების ძალა არცერთი მხრიდან არ მოდიოდა.- სწორედ რომ ასეა - თქვა დანანებით, თავჩახრილმა - ჩემი წასვლის დროა. მე ვეღარ ვცნობ ჩემს მეგობარს, ასე ძალიან რომ მიყვარდა ერთ დროს - მომიახლოვდა, შუბლზე მაკოცა - გთხოვ, იფიქრე შენს თავზე. სხვა საფიქრალი გვერდით გადადე და ჩამოიშორე, პატივი ეცი საკუთარ თავს და გრძნობებს - ცოტა ხნით მიყურა, თვალი ვერ გავუსწორე, იატაკზე პატარა ლაქას დავჩერებოდი და გული ცეცხლში გამხვეოდა. მწვავდა საბას სიტყვები. მწვავდა მისი ყოველი ამოსუნთქვა ცოცხალ ადამიანს, რომ გლოვობდა. საბა ხომ ერთადერთი ადამიანი იყო, ვისთანაც შემეძლო ნიღბის გარეშე მესაუბრა. ეს ადამიანი დავკარგე საკუთარი სიმხდალის გამო. აღმოჩნდა, რომ იმ მომენტში მასთანაც მეკეთა ნიღაბი, რომელიც სახეს მიკაწრავდა, ვარდებოდა, თუმცა ჩამოვარდნის საშუალებას არ ვაძლევდი. ამის გააზრება ყველაზე დიდი ტრაგედია აღმოჩნდა ჩემთვის.ლევანი ზოგადად ეჭვიანი ადამიანი აღმოჩნდა, რასაც ურთიერთობის დასაწყისში ვერ განვსაზღვრავდი, თუმცა მისი ეჭვიანობა არ ყოფილა ლოგიკას მოკლებული. ის არ ეჭვიანობდა ვიღაც გამვლელზე, რომელიც შემომხედავდა, - ეჭვიანობდა ადამიანებზე, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში რაღაც დოზით ფიგურირებდნენ. საბამდე იყო რამდენიმე ჩემი კურსელი, რომელიც თვალში ამოიღო და ჩემი ცხოვრებიდან ისე გააქრო, მე დიდად არც ჩავრეულვარ. ამ კუთხით, საბა სხვა შემთხვევა აღმოჩნდა, რადგან მასთან მთელი ბავშვობა მაკავშირებდა. საბა ჩემი ოჯახისთვისაც ახლობელი ადამიანი იყო. თუკი სადმე დასასვენებლად, ან უბრალოდ გასართობად მივდიოდით, საბაც თან მახლდა. წლებმა უამრავი საერთო მოგონება დაგვიგროვა და კიდევ უფრო დაგვაახლოვა. ასე გრძელდებოდა მაშინაც, როდესაც ლევანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ლევანს არც ეს გამოპარვია და ნელ-ნელა დაიწყო მისი ჩამოშორება. *** დედაჩემი დამესიზმრა. ბოლო საუბრიდან ორი კვირა იყო გასული, თუმცა გული დიდად არ მთხოვდა მასთან შეხმიანებას. ანგარიშის ზეპირად ჩაბარება დიდი ხანი იყო აღარ მხიბლავდა. -კარგი, დედი, დამშვიდდი - ვიცოდი, ამას მეტყოდა.-უნდა გაუგო - ეს მეორე ფრაზა.-ეცადე, დაელაპარაკო და აუხნა - ეს მესამე და ასე, უამრავი შაბლონური წინადადება, რომელიც არც მამშვიდებდა და არც პრობლემას აგვარებდა. -როდის უნდა ჩამოხვიდე? - ვეკითხებოდი ყოველი ზარისას.-ცოტაც მოვაგროვოთ, დედა და ჩამოვალ - თუმცა ეს „ცოტა“ ვერა და ვერ მოგროვდა. -მე უკვე ვმუშაობ, დედა, ჩამოდი, აღარ გვჭირდება შენი მუშობა.-აჰა, ყოჩაღ დედა, ესეიგი მე ტყუილად წამოვსულვარ ამხელა გზაზე - ბრაზდებოდა დედა - ჩამოვიდე და დავჯდე ხო შენს ხელფასზე?! ამდენი წელია აქ ვარ და ვერ მოვაგროვეთ ვერაფერი ნორმალურად, ახლა მხოლოდ შენი ხელფასით რას ვიზამთ?! - პასუხი ყოველთვის მზად ჰქონდა და თუკი კვლავ შევეპასუხებოდი ან რაიმეს ვეტყოდი, მთელი რიგი შეხსენებები მოჰყვებოდა - კარგი ჩასაცმელი და ტელეფონი კარგია, ხო? დასასვენებლად რომ დადიხარ ნაირ-ნაირ ადგილებში, კარგია? - შემდეგ გაიხსენებდა ყველა იმ წვრილმანს, რაც კი ჩემთვის უყიდია და ამით გამაჩუმებდა, რადგან მე ფარ-ხმალს ვყრიდი. ოცდაერთი წლის ასაკში გადაწყვეტილება მივიღე და ყველა თეთრს, რასაც დედაჩემი თუ მამაჩემი აგზავნიდა ბანკში ვინახავდი. ხუთი წლის შემდეგ ბინა ვიყიდე ამ ფულით. დედაჩემი კმაყოფილი მაინც არ ჩანდა.-ეგ ბინა შენთვისაა და მეც ხომ მინდა პატარა საცხოვრებელი, როცა ჩამოვალ? იქნებ პატარა ფართიც ვიყიდოთ და მაღაზია გავხსნათ შემოსავლისთვის.იმ წელს პირველად დედაჩემის დაბადების დღე დამავიწყდა. ბავშვობაში დედაჩემის დაბადების დღისთვის ერთი თვით ადრე ვიწყებდი ნახატის შერჩევას, ვხატავდი ათობით ვარიანტს, ბოლოს კი საუკეთესოს დედას გადავცემდი ხოლმე საჩუქრად. ცოტა რომ მოვიზარდე, სკოლისთვის გამოყოფილი ფულის შეგროვება დავიწყე. დაახლოებით ხუთ ლარს ვუყრიდი თავს და ხან ყვავილს ვჩუქნიდი, ხან პატარა სუვენირს, ხანაც შოკოლადს. ასე მხოლოდ ცამეტ წლამდე გრძელდებოდა, შემდეგ გადავედი ვიდეო კოლაჟებისა და ლამაზი პოსტერების გაკეთებაზე. ცხრამეტიდან ოცდაორ წლამდე საჩუქარს უკვე საზღვარგარეთ ვგზავნიდი, შემდეგ კი უბრალოდ მილოცვებზე გადავედი, ვურეკავდი, ან სულაც ვწერდი. მამასთან იგივე არ ხდებოდა, მისთვის არც ბავშვობაში და არც დიდობაში არ მიყიდია საჩუქარი, მხოლოდ სიტყვიერ მილოცვას ვჯერდებოდი ყოველთვის და სინდისი სულაც არ მქენჯნიდა. თუმცა იმ წელს, როდესაც ყველა მოვლენა ქაოტურად დატრიალდა ჩემს ცხოვრებაში, ისე მოვიდა 8 აპრილიც და 21 ნოემბერიც, რომ არც დედის და არც მამის დაბადების დღე არ გამხსენებია. მას შემდგომ, რაც დედაჩემი საზღვარგარეთ წავიდა, უკან აღარ ჩამოსულა. არალეგალად ყოფნის გამო, მას არ შეეძლო საზღვარი გადმოეკვეთა. მშობლებმა ჩემი თექვსმეტი დაბადების დღე გამოტოვეს. თექვსმეტი წელია ერთად არ ჩაგვიქვრია ტორტზე სანთლები. განსაკუთრებით მიმძიმდა, როდესაც სხვა ბავშვებს დედებთან ერთად ვხედავდი, მეც მინდოდა ექსკურსიებზე დედა გვერდით მყოლოდა ან დაინტერესებულიყო, სკოლაში როგორ ვსწავლობდი, მშობელთა კრებებზე მოესმინა წარმატებისა თუ წარუმატებლობის შესახებ. თუმცა დედა შორს მყავდა, მხოლოდ ეკრანიდან მელაპარაკებოდა და ამ ყველაფრის კომპენსაცია თვეში ერთხელ გამოგზავნილი ამანათი იყო. თავიდან ამანათების ჩამოსვლა ძალიან მახარებდა, ბედნიერი ვიყავი. მეორე დღეს, როდესაც სკოლაში ახალი ტანსაცმელი თუ ნივთები მიმქონდა, ვამაყობდი განსხვავებულობით. წლებთან ერთად სულ უფრო და უფრო გაქრა ნივთებით აღტაცება, რადგან მათში დედის სურნელებას ვერ ვგრძნობდი. ტირილში გატარებული ღამეების შემდეგ, როდესაც კომპიუტერის ეკრანს მივუჯდებოდი და დედაჩემს ჩამოსვლას ისტერიკულად ვთხოვდი, პასუხად ერთი რამ მესმოდა - მე შენზე მეტად მიჭირს, დედა. დედა კი ჩემთვის ნელ-ნელა უცხო ადამიანად იქცა. რამდენჯერმე მასთან საუბარზეც კი უარი განვაცხადე, რის გამოც დეიდაჩემისგანაც დავიტუქსე.-ქალი შენ გამო წელებზე ფეხს იდგამს, ვიღაც მოხუცს საჭმელებს უმზადებს და შენ მასთან დალაპარაკებაც არ გინდა?!მე კი გულწრფელად აღარ მქონდა დედასთან სასაუბრო. მშობლებმა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენები გამოტოვეს, მათ შორის სკოლის დამთავრება, ინტელექტუალურ კონკურსებში გამარჯვება, ჩემი ფეხის მოტეხვა მდინარეში ჩასვლისას, უნივერსიტეტში ჩაბარება, პირველი სამსახური, სამსახურში დაწინაურება თუ სხვა. ემოციური კავშირი ბევრად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის, ვიდრე ტელეფონზე მოსული მოკლეტექსტური შეტყობინება „თქვენს სახელზე ჩამოვიდა ამანათი ნომრით 12345“. ცუდად ყოფნისას, თუნდაც უბრალო გაციებისას თავზე ხელის გადასმა მინდოდა. მინდოდა ყურში ჩამსმოდა - არაუშავს, დე, მალე გაგივლის. მინდოდა კონფერენციებზე ჩემი სახელის გამოცხადებისას დედას და მამას ხელი ერთმანეთისთვის ჩაეჭიდათ და ეთქვათ - ეს ჩვენი გოგოა. მინდოდა პირველ სიყვარულთან ჩხუბის დროს ცრემლები შეეწმინდა და ეთქვა - წინ ბევრი ლამაზი ისტორია გელოდება. მაგრამ მე სულ მარტო ვიყავი. ყველაფერ ამას ბებო მეუბნებოდა, თუმცა მისი ნათქვამი სულ სხვა იყო. ბებოს გარდაცვალების შემდეგაც კი არ ჩამოსულა დედაჩემი, მხოლოდ მამაჩემი მესტუმრა ორი თვით, შემდეგ კი ისევ დაბრუნდა თავის ქვეყანაში. ამ ამბის მერე განსაკუთრებით გაცივდა ჩვენი ურთიერთობა. საკუთარი დედის გარდაცვალებამაც კი ვერ ჩამოიყვანა იგი აქ. მაშინაც მხოლოდ ერთ რამეზე ეფიქრებოდა - კარგი ქელეხი რომ უნდა გადაგვეხადა, ხალხში რომ უკეთესად წარმოვჩენილიყავით. ჩემ წინ არ იდგა ადამიანი, რომელსაც ვუყვარდი, არც ის ადამიანი, ვისაც დედა უყვარდა და პატივს სცემდა. იმ დღის შემდეგ დედაჩემი გადავიყვარე, გულში ნემსებივით მერჭობოდა მისი ყოველი სიტყვა. ის ფულიც შემძულდა, რასაც დედაჩემი ყოველთვიურად აგზავნიდა უდედოდ დარჩენილი შვილის საკონპესაციოდ. ***29 დეკემბერს ბაკურიანში წავედი. თოვდა. დიდი ხნის შემდეგ პირველად ვნახე თოვლი, რამაც აღმაფრთოვანა. წარმოუდგენელია, ადამიანს ზამთარი თოვლისა და მისი სითეთრის, სისპეტაკის გარეშე უყვარდეს. პატარა, სტუდიოს ტიპის ბინა ვიქირავე და ზაფხულის შემდეგ პირველ შვებულებას შევეთამაშე. დასვენებას ნამდვილად მთხოვდა ჩემი ემოციური მდგომარეობა, ამიტომ სრულიად მარტო, სრულიად შიშველი დავრჩი საკუთარ თავთან. მსგავსი გამოცდილება იქამდე არ მქონია. ყოველთვის მეგობრებთან ან ლევანთან ერთად მივდიოდი დასასვენებლად. ბოლო წლებში საერთოდ დავივიწყე ოჯახური დასვენებები, მიუხედავად იმისა, რომ დეიდაშვილებთან ნორმალურზე კარგი ურთიერთობა მქონდა. ხშირად გამიგონია აზრი, რომ თუკი ადამიანი სხვებთან ერთად შეკრებებზე არ ივლის, ან თუნდაც მარტო გადაწყვეტს დასასვენებლად წასვლას, უბედურია. მე კი მგონია, რომ სწორედ მარტოობაში შეგიძლია აღმოაჩინო საკუთარი თავის მხოლოდ შენეული ვერსია. უმნიშვნელო წვრილმანებით თავის გადაღლაც კი არ გიწევს და ხარ ის, ვინც სინამდვილეში გინდა, რომ იყო. სხვების ანგარიშმიუცემლად შეგიძლია გაბრაზდე, გეწყინოს, იცინო ან იტირო. დროს ეგოისტურად უთმობ საკუთარ თავს და ამის გამო არ გრცხვენია, ცუდ შვილად, მეუღლედ ან მეგობრად არ გრძნობ თავს.მარტოობა ზამთარში საერთოდ არ აღმოჩნდა მოსაწყენი. შენც ისეთივე თეთრი და სუფთა ხარ, როგორც ის თოვლი მწვანე ხეებიც რომ თეთრად შეუღებავს. შეგიძლია საკუთარი თავის მელოდია იპოვო, ისევე როგორც თოვლის ხმა სრულიად სიჩუმეში. შეგიძლია შექმნა, გამოძერწო საკუთარი ფიქრები, ისევე როგორც თოვლის ბაბუა და მისცე საკუთარ თავს უფლება გამოამჟრავნო ბავშვური ემოციები. მე ზამთარს ბავშვობასთან ხშირად ვაიგივებ. ახალი წელი, თოვლის ბაბუა, მარხილით სრიალი და ახალი წლის ტკბილი ნუგბარი შინაგანი ბავშვის გამოღვიძებას იწყებს. დედაჩემის წავლის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემთან თოვლის ბაბუა აღარასდროს მოვიდოდა, ამიტომ საჩუქრებს საკუთარ თავს ყოველ წელს ვჩუქნიდი. სწორედ ახალ წელს, ფანჯარასთან მიყუჟულს, ცისთვის, რომელიც ფერად-ფერადი ფეიერვერკით ნათდებოდა, შევთხოვდი მთავარს, ოჯახის მთლიანობას. სურვილი არ ამიხდა, მაგრამ ამ დღის ჯადოსნურობის რწმენა არ დამიკარგავს. პატარა აპარტ ოტელი და თოვლიანი ბაკურიანი წამლად მოედო გადაღლილ სხეულსა და ემოციურ მდგომარეობას. -7 გრადუსში ვიჯექი გარეთ და ვტკბებოდი დიდველის ცქერით. ამ დროს თავს საშუალებას ვაძლევდი არ მეფიქრა არც ოჯახურ პრობლემებზე, გაციებულ ურთიერთობებზე, ემოციური ჯაჭვის დარღვევაზე, არც ლევანზე, რომელთან ურთიერთობაც ვეღარ გამეგო საით მიდიოდა, მის ემოციურ მდგომარეობაზე, რომელიც ხან კარგი ბიჭის ნიღაბს ეფარებოდა, ხან კიდევ სხვა ადამიანებთან საჩხუბრადაც მზად იყო. ბაკურიანში, იმ ერთ კვირას მე უწარსულო, უმომავლო ვიყავი და ვცხოვრობდი მხოლოდ იმ წამით, იმჟამინდელი ემოციებითა და გრძნობებით. ვცხოვრობდი მხოლოდ საკუთარი თავისთვის.ჩასვლიდან რამდენიმე საათში მომინდა გარეთ გასეირნება, ამიტომ ჩავიცვი ყვითელი თერმო კომბინიზონი, რომელსაც მწვანე და ლურჯი წვრილი ზოლები დახრილად გაყვებოდა, ამოვიცვი შავი თერმო ფეხსაცმელი და კომბინიზონის ჯიბეებში ჩავილაგე ყველა საჭირო ნივთი, ტელეფონი, გასაღები და საკრედიტო ბარათი. სასიამოვნო აღმოჩნდა ჩაშავებული თბილისის შემდეგ ფერად ქალაქში შებიჯება. ჭრელა-ჭრულა გოგო-ბიჭები თუ ბავშვები ღიმილიანი სახეებით აჭრაჭუნებდნენ თოვლს. ფერები ძალიან აკლდა თბილისს. გამეფებულ მუქ ტონებს ძნელად ერეოდა სიხალისე. იბრძოდა და იმარჯვებდა შავი ფერი. იბრძოდა და მისგან წამოსული ჩუმი ნეგატივი ღიმილს ართმევდა ხალხს. შავი ფერი ქალაქს ბედნიერებას პარავდა. ირგვლივ გამეფებული ჟრიამულის ფონზე მეც მომინდა თხილამურებზე სრიალი და მათი ემოციების გაზიარება. ფერადმა სამყარომ ჩემს მოღუშულ სახესაც მოგვარა ღიმილი. კარგი მოთხილამურე არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა რამდენჯერმე წარმატებით დავსრიალებულვარ ბაკურიანის ტრასებზე. თხილამურების გასაქირავებელ ჯიხურს მივადექი და ჩემი ტანსაცმლის შესაფერისად ყვითელი თხილამურები დიდი ფიქრის შემდეგ ავირჩიე. -ერთი საათით ვიქირავებ - ვუთხარი შუახნის მამაკაცს და საკრედიტო ბარათი გავუწოდე.საბაგირო ჯერ ძალიან ადრე იყო, პატარა, მანძილიდან უნდა დამეწყო, ამიტომ რამდენიმე ასეული მეტრი ავიარე, თხილამურები ჩავიცვი და დავსრიალდი. პირველ ჯერზე ყველაფერი წარმატებით დასრულდა. მომატებულმა ადრენალინმა სიცივე საერთოდ გადამავიწყა და სითამამე შემმატა. მეორედ, მესამედ, მეოთხედ, ავდიოდი და თითო ასვლაზე რამდენიმე მეტრით შორს მივბაჯბაჯებდი. დაახლოებით მერვე ჩამოსრიალებაზე სიჩქარეს მოვუმატე და ჩემმა უკანალმა თოვლს აკოცა. წამიერად ხმამაღალი სიცილი ამივარდა, თუმცა ირგვლივ არც არავის გაცინებია და არც ხელი გამოუწვდენიათ ასაყენებლად. ხელების დახმარებით, ძლივსძლივობით ავკრიფე ტანი თოვლიდან. იმ მომენტში ჩემი სხეული ძალიან მძიმე მომეჩვენა, თუმცა ტანსრული არასოდეს ვყოფილვარ. სიფრიფანა, ნარნარა გოგოაო ჩემზე ნამვილად ვერავინ იტყვის, თუმცა არც ზედმეტ წონას შევუწუხებივარ არასდროს. თხილამურები იქვე გავიხადე და ხელშიჭერით ჩავიტანე ჯიხურამდე. თითქოს საკუთარ თავთან დავმარცხდი. არ მომეწონა წაგების შეგრძნება. საკუთარ თავზე გაბრაზებულმა თხილამურები ჯიხურში დავტოვე და ნელი ნაბიჯებით გავუყევი გზას. დიდველიდან აპარტამენტამდე ფეხით ათიოდე წუთი მინდოდა, თუმცა სრიალმა კუჭი ამიწრიალა და შიმშილის გრძნობა ნელ-ნელა შემოფუსფუსდა ჩემს ორგანიზმში. სარესტორნო ბიზნესი მთელს საქართველოში კარგად ფეხმოკიდებული იყო. ყველა კორპუსის, სასტუმროს თუ კოტეჯის გვერდით რესტორნები გახსნილიყო. უმეტესობა ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს მისდევდა, რადგან მთაში, სრიალით დაღლილ ქართველს სუშითა თუ სპაგეტით ვფიქრობ, რომ ვერ დაანაყრებ. ეს ჩემი წარმოადგენაა და იმედი მაქვს არავინ დამიწყებს საწინააღმდეგოს მტკიცებას. რესტორნებს შორის არჩევნის გაკეთება გამიჭირდა. ყველას გამორჩეული დიზაინი და ინტერიერი ჰქონდა. საბოლოოდ „თეთრი მთა“ ავირჩიე, ხის რამდენიმე კიბეს ქვემოთ ჩავყევი და შესასვლელში თოვლიანი ფეხები იატაკზე ბრაგუნით დავიფერთხე. რესტორნის შიგნით სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა, თუმცა არა რომელიმე კონკრეტული კერძის. რესტორანი მთლიანად ხეში იყო გადაწყვეტილი. კედლები თაროებად გამოეყენებინათ და ერთ მხარეს ღვინის ბოთლები შეელაგებინათ, მეორე მხარეს კი დაჭრილი შეშა. რესტორნის ბოლოს ბუხარი გიზგიზებდა და ხმელი შეშის ტკაცა-ტკუცი განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნიდა. ჭერზე ჭილოფის რამდენიმე დიდი ჭაღი ეკიდა. -გამარჯობა - მივესალმე მიმტანს, რომელიც კარებშივე ღიმილით შემეგება - თავისუფალი მაგიდები გაქვთ?-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - ხელი მარჯვნივ გაიშვირა - აი იქ არის თავისუფალი მაგიდა, მცენარესთან. მაგიდისკენ დავიძარი და თან გონებაში ფიქრი დავიწყე თუ რა კერძი უფრო მესიამოვნებოდა ნირწამხდარ, მაგრამ მაინც დადებით გუნებაზე მყოფს.-აი ინებეთ მენიუ - უშველებელი ქაღალდი ნაზად დადო ხის მაგიდაზე და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, რომ მე წაკითხვისა და მოფიქრების საშუალება მქონოდა. ხაჭაპური, ხინკალი, მწვადი, ოსტრი, ჩიხირთმა.... უამრავი ქართული საჭმლის დასახელება მიცქერდა ფურცლიდან და თითოეული კერძის დასახელებისას ნერწყვი უფრო და უფრო მომდიოდა. -მოვიფიქრე - ჩუმად, თუმცა გასაგონად ვუთხარი მიმტანს, რომელმაც წინსაფრიდან ბლოკნოტი და კალამი დააძრო - წვნიანი თუ შეიძლება და ჩაი - ხელის უსწრაფესი მოძრაობით რაღაც მონიშნა პატარა ფურცელზე და თავის დაკვრით დამემშვიდობა. ***მიუხედავად მსუბუქი კერძისა, საჭმლით დანაყრებული ტაატით გავუყევი აპარტამენტისკენ მსუბუქად დათოვლილ გზას. აპარტ ოტელი, სადაც რამდენიმე დღით დამედო ბინა ხუთ სართულიანი იყო და სულ ჯამში ორმოცდასამ ბინას აერთიანებდა, სასტუმროს მოთხოვნით ყველა ბინა ერთსა და იმავე ფერებში, თუმცა განსხვავებულ სტილში იყო გადაწყვეტილი მეპატრონეთა გემოვნებით. აპარტამენტები აღჭურვილი იყო ყველა საჭირო ნივთით, მათ შორის ღვინის გასახნელითა და ჭიქებით. შენობას ჰქონდა საერთო მისაღები, სადაც ოცდაოთხი საათის განმავლობაში გემსახურებოდნენ საჭიროებისამებრს. ხუთი სართულის მიუხედავად, შენობაში იყო ლიფტი. თავგადასავლებისგან დაღლილი სწორედ ლიფტთან შევჩერდი და თითი მივაჭირე. ზედა სართულიდან შუშებიანი ლიფტი ჩემკენ დაეშვა.-უკაცრავად, დამელოდეთ - წვერ-ულვაშიანი, დაახლოებით ოცდათორმეტ-ოცდაცამეტი წლის მამაკაცი ხელების ქნევითა და ჩქარი ნაბიჯით მოიწევდა შემოსასვლელი კარიდან ლიფტისკენ. კარი იხურებოდა, ხელი გავწიე და კარს დაკეტვის უფლება არ მივეცი. უცნობმა თოვლიანი ფეხები სწრაფად დააბაკუნა შემოსასვლელ კარში და ლიფტამდე სირბილით მოირბინა.- დიდი მადლობა - ქოშინით შემოვიდა სიცივისგან სახეაწითლებული მამაკაცი - ვერ ვიტან, როდესაც ლიფტი ცხვირწინ მიხურავს კარს, საშინელი იმედგაცრუების გრძნობა მეუფლება - ზრდილობიანად გავუღიმე და კუთხეში მივიწიე. ლიფტი მეოთხე სართულზე გაიღო - კიდევ ერთხელ დიდი მადლობა - გასვლისას კიდევ ერთხელ მითხრა უცნობმა და ლიფტი მეხუთე სართულზე ასრიალდა. ბინაში შესვლისთანავე ტელეფონმა დარეკა. -გისმენ მარიამ, როგორ ხარ? - მხოლოდ ფეხსაცმელი გავიხადე და ლოგინზე ტანსაცმლიანად გავიშხლართე.-კარგად, შენ როგორ ხარ? სულ მე უნდა მოგიკითხო ხო? - ნაწყენი ხმა ჰქონდა.-მე უბრალოდ არ მეცალა, ათასი საქმე, ხო ხვდები - თავის მართლება დავიწყე, თუმცა უშედეგოდ.-დასატუქსად არ დამირეკავს, თუმცა იცოდე, რომ მწყინს შენი ეს პასიურობა. ადრე სულ სხვანაირი იყავი, გახსნილი, მეგობრული, ახლა კი რაღაც ნაჭუჭში ჩაიკეტე და თითქოს ყველა დაივიწყე. -იქნებ ასე უფრო ცოტა პრობლემა მექმნება.-კი, მესმის შენიც. დაიღალე ამდენი კამათით და გირჩევნია სულ არაფერი გააკეთო, ვიდრე გააკეთო და ინანო. -აჰა, მშვენივრად გესმის ჩემი. ამიტომ წყენები გვერდით გადადე და მითხარი როგორ ხარ?-კარგად, გუშინ სვანეთში წამოვედით ელენეს ოჯახში რამდენიმე მეგობარი.-აუ, ძაან მაგარია - პატარა სიუჟეტებიც კი წარმოვიდგინე წარმოსახვით ვიდეოფირზე, თუ რა კარგ დროს გაატარებდნენ მეგობრები ერთად თეთრად შეღებილ სვანეთში. -ლევანიც აქაა - წარმოსახვითი ვიდეოფირი უცებ გაჩერდა და გაფუჭებული ტელეფიზორივით აზუზუნდა - ვკითხე ნატა რატომ არ წამოიყვანეთქო და არავის დაუპატიჟებიაო, მართლა არავის უთქვამს შენთვის?-ლევანი მანდაა? - მარიამის წინადადების მხოლოდ პირველი ნაწილი ჩამრჩენოდა გონებაში.-აჰა, ესეიგი მართლა არ იცოდი. მეთქი განგებ არ გითხრათქო.-ვის უნდა ეთქვა, მარიამ? ელენეს არც კი ვიცნობ ნორმალურად, თუკი ლევანი დაპატიჟა მას უნდა ეთქვა, რომ ახალი წლის შეხვედრა შეყვარებულთან ერთად უნდოდა. -კარგი დამშვიდდი - აღელვება დაეტყო მარიამს - ნეტა სულ არ მეთქვა.-უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც გაბრაზებულზე ასეთ სისულელეებს აკეთებს. ხომ შეიძლება ამიხსნას, დამელაპარაკოს, რაღაც ერთად გადავწყვიტოთ. მე თუ რაღაც შეცდომას ვუშვებ ნუთუ აუცილებელია ლევანმაც ასეთი საქციელით გადამიხადოს სამაგიერო. ზღვაზეც ზუსტად ესე არ გააკეთა? რაღაც ეწყინა, ადგა და კლუბში მარტო წავიდა, მე კიდე სასტუმროში დამტოვა.-სხვანაირად ვერ აზროვნებს და რა ქნას, თინეიჯერივით იქცევა. ანდაც რა გაქვთ ასეთი ამბები სულ რომ კამათობთ, რით ვერ დაიღალეთ.-ახლა მესმის რატომ არის გაბრაზებული, თუმცა ზოგჯერ მართლა ვერ ვხვდები. გახსოვს ჩემს დაბადების დღეზე რომ უნდოდა მილანში წავსულიყავით, მე კი სამსახურის გამო შვებულებას ზაფხულამდე ვერ ვიღებდი, მაგაზეც გაბრაზდა. მანდაც კი მოახერხა და დაბადების დღე ჩამიშხამა. ვერ იაზრებს, რომ ყველაფერში დამნაშავე მე არ ვარ და მე არ უნდა მაგებინოს პასუხი. -სიტუაციაზე ზედმეტად კონტროლის მოყვარულია და ვერ ეგუება ცვლილებებს. -მოკლედ - საუბრის სურვილი აღარ მქონდა - ბედნიერი დასვენება და კარგი გართობა. -ნეტა სულ არ დამერეკა - გულწრფელად ინანა მარიამმა - იმედია შენ თბილისს გაეცლები და ცოტას მაინც განიტვირთები, -ჩემზე არ იდარდო, მართლა. მარიამ - მივაძახე სანამ ყურმილს დამიკიდებდა - ლევანს არ უთხრა, რომ დამირეკე, გთხოვ. მარიამმა პირობა მომცა. მე კი გაბრაზებულს შინაგანი აფორიაქება ყელში ბურთად მომჯდომოდა და მახრჩობდა. ***ზამთრის პერიოდში საღამოს შვიდ საათზე უკვე სრულებით ბნელოდა. ეს ფაქტი ხელს ვერ უშლიდა დასასვენებლად ჩამოსულთ გართობაში, ამიტომ არამხოლოდ პროჟექტორებით განათებულ სასრიალო ტრასებზე, არამედ დათოვლილ ქუჩებშიც გამოლაგებულიყო ფერადი საზოგადოება ქაღალდის ჭიქებით ხელში. მთელი საღამო სახლში ყოფნას ვაპირებდი ცხელი ჩაისა და საშობაო ორცხობილების თანხლებით. ზამთრის შვებულებისთვის საგულდაგულოდ შემონახული მქონდა ორი მცირე ზომის რომანი, რომელთა წაკითხვაც ბაკურიანის გეგმებში შედიოდა. მარიამის ზარმა კი იმდენად საშინელი ფიქრები მომიტანა და შემომახვია სუროსავით, რომ სუნთქვაც გამიძნელა. საწოლზე ისევ ტანსაცმლით ვიწექი. წამოვდექი, ფეხსაცმელი ჩავიცვი, თავზე თბილი, ნაქსოვი ქუდი ჩამოვიფხატე და გარეთ გავედი. ქალაქის ცენტრიდან მოშორებით ვიყავი, თუმცა არც სიცივე და არც მანძილი არ მაშინებდა. ფერადი სამეგობროების, ყვითელი განათებებისა და ცაში გამოკიდებული საახალწლო მორთულობების თვალიერებაში ყველა საფიქრალი მავიწყდებოდა. -ჰეი, მეზობელო - ბეჭზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი და მყისიერად შემოვტრიალდი. ლიფტში ორმოცწამიანი მონოლოგის შემდეგ ახლობელივით მოვიდა უცნობი მამაკაცი და ბეჭზე ხელის დარტყმით მომატრიალა - ასეთი ყვითელი შუქნიშანი თვალს შეუმჩნეველი არ რჩება - მითხრა ღიმილით და ხელით მანიშნა, გზა ერთად განვაგრძოთო. შუქნიშანი რომ მიწოდა, გავბრაზდი, თუმცა ვეცადე, არაფერი შემემჩნია - სახელი რა გქვია? - კვლავ მან აიღო თავის თავზე ინიციატივა.-ნატა - გაკვირვებულმა გავხედე, თავიდან ბოლომდე ავათვალიერ-ჩავათვალიერე და ღიმილით ვკითხე - სულ ასე იჩენ ხოლმე ინიციატივას ხალხის გაცნობისას?-ოჰ - გულიანად ამოიხვნეშა და მანაც ღიმილით დამიბრუნა პასუხი- თუკი მოწყენილობისგან ვკვდები და ვხედავ, მეორე ჩემნაირი დადარდიანებული მიაბიჯებს ამ სიცივეში სრულიად მარტო, რატომ არ უნდა გავიცნო? იქნებ და ერთად რა თავგადასავალი შეგვიძლია შევქმნათ. -შენი სახელი არ გითქვამს - შევახსენე და მისი პასუხის მოსმენით კმაყოფილმა პირველი დადებითი ემოცია გამიჩნდა უცნობზე. -ვაკო, გენაცვალე, ვაკო - ხელთათმნიანი ხელი გამომიწოდა და შავ თვალებში სინათლემ გადაურბინა - ცხელი შოკოლადის დალევას ვაპირებ და თუკი სურვილი გექნება, ზუსტად ერთ საათში აქ შეხვდეთ ერთმანეთს.თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი და გზა გავაგრძელე. ჩემი თავისგან მიკვირდა, თან, ამავე დროს, მსიამოვნებდა ჩემი ასეთი სითამამე. უცნობის ღიმილიანი სახე არაერთხელ წარმომიდგა თვალწინ და უცნაურად ჩამაღიმა. მოულოდნელი გამოჩენა კიდევ უფრო მოულოდნელ თავგადასავალს აანონსებდა. დრო გადიოდა. ტელეფონზე არაერთხელ შევამოწმე საათი. მეჩვენებოდა, რომ წუთები ძალიან ნელა გადიოდნენ. მე კი ვერ ვხვდებოდი რატომ დავთანხმდი უცნობი მამაკაცის, ახლა უკვე მხოლოდ სახელის ცოდნით შემოფარგლულ ვაკოს შემოთავაზებას. ბევრი ვიარე, ბევრი ვიფიქრე, სახლში წასვლაც გადავწყვიტე, თუმცა ერთ საათში ზუსტად იმ ადგილას ვიდექი, სადაც ვაკო მელოდებოდა.-ძალიან მიყვარს ცხელი შოკოლადი - ძალიან ჩუმად, ძლივს გასაგონად ვთქვი მის დანახვაზე. ვაკო გაბადრული სახით მოიწევდა ჩემკენ.-მაშინ წავიდეთ და ყველაზე დიდი ჭიქებით შევსვათ ჩვენი გაცნობის სადღეგრძელო - ხელები მუქ ლურჯ ქურთუკში ჩაილაგა და დინჯი ნაბიჯებით გავუყევით გზას. ხის ინტერიერი ყველასთვის სიმყუდროვესთან და სითბოსთან ასოცირდება, ამიტომ თითქმის ყველა კაფესა თუ რესტორნის კარი და გაფორმება ხის იყო. იმ კაფეს კარიც ხის იყო, რომელიც ვაკომ შეაღო და გზა დამითმო. ცხელი შოკოლადის სუნი მთლიანად გადაეფარა გლინტვეინს, რომელიც თითქმის ყველა სრულწლოვანს ხელში ეჭირა. -მგონი რთულია ცდუნებას გავუძლოთ - მითხრა მან და ჰაერი დიდი ნაკადით შეისუნთქა - კარგად დაფიქრდი, რომელი გირჩევნია?-ისეთი საოცარი სურნელი დგას, რომ მგონი ცხელ შოკოლადს გული არ დაწყდება თუკი ვუღალატებთ - ტუჩები შეუმჩნევლად მოვილოკე და წამიერად გლინტვეინის გემოც კი ვიგრძენი ტუჩებზე.-როგორც გესიამოვნება- თავი დამიკრა და მომღიმარ მოლარეს მიუბრუნდა - ორი გლინტვეინი, ყველაზე დიდ ჭიქებში, თუ შეიძლება.-ჩემსას მე გადავიხდი - ჯიბეში ქექვა დავიწყე და ბარათი ამოვაძვრინე.-ამჯერად მე დაგპატიჟებ, თუმცა ჩემი ვალი გექნება ერთი ჭიქა ცხელი შოკოლადი. შევთანხმდით? - საფულე ამოიღო და ქეში გოგონას გაუწოდა - ხურდა თქვენი იყოს - უთხრა და გლინტვეინიანი ჭიქები გამოართვა - მაშ, ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს - სქელი ქაღალდის ჭიქა ჩემს ჭიქას მიადო და პირველი ყლუპი მოსვა - ვაიმე - შეკივლა და პირი დააღო - არ მოსვა, ძალიან ცხელია - სიცილით მითხრა და მსუბუქი ბუქნების კეთება დაიწყო ტკივილის გამოსახატად. სიმპატიური იყო. ალბათ ეს გახდა უცნობთან ერთად დროის გატარების მიზეზი. ვაღიარებ, რომ არა მისი მომნუსხველი ღიმილი, გლიტვეინს ერთად ვერ დავლევდით.-აქ მარტო ხარ? - ტუჩებთან მიტანილი ჭიქა უკან გავწიე და დაველოდე, როდის გაუვლიდა წვის შეგრძნება ვაკოს. -აუუ, არ დაიჯერებ რა დაგვემართა - ტუჩები ფრთხილად დაადო ჭიქას და ნელა შეისრუტა სასმელი. ენერგიული იყო. თითქოს არასერიოზული, მაგრამ მომაჯადოვებელი. ერთი სიტყვით რომ მისკენ თოკებით მიგიზიდავდა. ხმამაღლა, მთელი სხეულით გესაუბრებოდა. დიდი ხნის ნაცნობივით გექცეოდა და გავიწყდებდა იმ მძიმე რეალობას, რაც ირგვლივ ტრიალებდა - სამი მეგობარი მოვდიოდით, ჯავშნებზე ხომ იცი რა ამბებია და იანვრის დასაწყისშივე დავჯავშნეთ. წამოსვლამდე ერთი კვირით ადრე ჩემს ერთ მეგობარს საგზური აჩუქეს ვენაში და ბაკურიანს ვენა ამჯობინა, რაღაცრატომ - გაიცინა და ღიმილით მისი სახე კიდევ უფრო დათბა - მეორემ კი წამოსვლის წინა ღამით დამირეკა და მითხრა, რომ ვირუსი შეხვდა და ვერ წამოვიდოდა. ვინაიდან ყველაფერი წინასწარ გადახდილი და დაჯავშნილი იყო გადავწყვიტე მე წამოვსულიყავი და მარტო, მოწყენილობაში დამესვენა. შენც „გადაგაგდეს“ მეგობრებმა?-არა - თავი გავიქნიე და ქუდი შევისწორე. სწორედ იმ წამს მივხვდი, რომ ქვეყნად თუკი რამე არ მიხდება ეს ქუდებია, თუმცა მოხდას რაღა აზრი ჰქონდა - მე განგებ წამოვედი მარტო. ჩემთვის მომხიბვლელია მარტო დასვენება. -კაი, ღადაობ? -სრულებითაც არა. -ანუ შენ გინდა მითხრა, რომ შენი დასვენება აქამდე უფრო საინტერესო იყო, ვიდრე მას შემდეგ, რაც მე გამიცანი?-მარტო რომ არ დამესვენა, შენი აზრით მაინც გაგიცნობდი? - კითხვა შევუბრუნე და კმაყიფილმა გლინტვეინი მოვწრუპე. პასუხი აღარ გაუცია. ნელა გავუყევით თოვლიან გზას და შიგადაშიგ ზოგადსაკაცობრიო თემებზე წამოვჭრიდით ხოლმე საუბარს. -შენთან საუბარში ისე გავერთე, ჩემი კუჭი სულ დამავიწყდა, იცი როგორი მოწყენილი და მარტოა ახლა?-კუჭი? - გაკვირვება ვერ დავმალე, თან გამეცინა შიმშილის ასეთ აღწერაზე.-ხო, ანუ შია და საჭმელი არ აქვს - მკლავში ხელი გამიყარა და ორმოცდახუთი გრადუსით შემომაბრუნა - ნახე, რა კარგი რესტორანია, როგორი კვამლი ამოდის ბუხრიდან, იფ, იფ - ხელები აასავსავა - იქნებ ახლა იქ მწვადი იწვება ჩემთვის და შენთვის, გემრიელი, სველი, რბილი ხორცი… ვეგეტარიანელი ხომ არ ხარ?-არა - მწვადის მისეულ აღწერაზე ჩამეღიმა - მაგრამ სჯობს სახლში წავიდე. -სახლში უფრო გემრიელი საჭმელი თუ გაქვს, მაშინ ავიდეთ. -არა, მე ვიგულისხმე - წინადადების დასრულება ვერ მოვასწარი. -ვიცი, რაც იგულისხმე და არ მიიღება თქვენი პროტესტი. თუ ჩემთან შეხვედრა აღარ გენდომება, ხვალ ისე გამიარე გვერდი, თითქოს არც არასდროს შეგხვედრილვარ, ახლა კი ჩემი ხათრით ვახშამზე დამეწვიე. -კარგი, ოღონდ ბევრი არაფერი გვინდა, გთხოვ. -ჩემი საფულის შეთხელებაზე არ იდარდო, შენს თვალში მოსაწონად მთელ რესტორანს ვერ დავკეტავ, აი, რაც შეეხება ზომიერ და გემრიელ კერძებს, კი ბატონო. ლუდს ხომ დალევ?-გლინტვეინის შემდეგ ლუდი ნამდვილად არ მგონია კარგი აზრი. -მაშინ ერთი ჭიქა წითელი ღვინო იყოს - ხელები კვლავ ქურთუკში ჩაილაგა, ბეჭებში ოდნავ მოიხარა და რესტორნისკენ წავიდა - გლინტვეინი რომ არა, ალბათ გავიყინებოდი. მაგიდასთან ვისხედით, წინ გემრიელი კერძები და ბევრი სალაპარაკო იყო თავმოყრილი. ვაკოს გრძელი, ნატიფი თითები ჩემთან შეხებას ცდილობდნენ. გამუდმებით მოიწევდნენ ჩემკენ და შემდეგ ჩერდებოდნენ. ვერ ბედავდნენ ჩემს კანთან შეხებას. სიახლოვის ასეთი სურვილი ალმურს მდებდა. გულის სიღრმეში, მინდოდა მისი თითები შემხებოდნენ, ჩემი თითების თრთოლვა შეეგრძნოთ. ვაკო კი ვერ ბედავდა, ყოველ ჯერზე უკან იხევდა. ის ვერც კი ხვდებოდა, როგორ მიიწევდა მისკენ ჩემი ნეკა თითი. არავის უჯერებდა, არც მე და არც მის მეგობრებს. მიიწევდა, თუმცა ზედმეტად პატარა აღმოჩნდა მანძილის დასაფარად. ვაკოს და ჩემი ნეკა თითს შორის სულ რამდენიმე სანტიმეტრი რჩებოდა. მრცხვენოდა ჩემი სურვილის. მინდოდა იქამდე უცნობი გრძნობის გუდაში გამოკვრა, მაგრამ გულსა და მუცელს მოდებული ცეცხლი ყველა გუდას ადგილზე წვავდა და აცამტვერებდა. შუა საუბრისას ვიღაც გოგონას სახელი ახსენა. ისე, სხვათა შორის. ელდა მეცა, იქნებ და სხვის მამაკაცთან სიახლოვეს ვცდილობდი, თუმცა მეც ხომ ჯერ კიდევ ლევანისი ვიყავი, ან იქნებ აღარც ვიყავი და ამიტომ ვაძლევდი თავს უფლებას, ვაკოსთვის თვალებში ჩამეხედა. მისი ხელები კვლავ ჩემკენ მოიწევდნენ და უკან ბრუნდებოდნენ. და აი, ვაკომ გადაიკისკისა. სულ რამდენიმე წამით მოადუნა ყურადღება, სულ რამდენიმე წამით მოხუჭა თვალები სიცილის დროს და ჩემი ხელი მისას შეეხო. გამაჟრჟოლა. წლების შემდეგ პირველად შევეხე მამაკაცს, რომელთან შეხებამ მუცელში დენები გამიელვა. უეცრად დავაბრუნე ხელი თავის ადგილას. ხელი, რომელიც ჯერ კიდევ ინახავდა ვაკოს ხელის სითბოს. მე სხვა მამაკაცს შევეხე და ამით წამიერად ლევანი ჩავანაცვლე. ეს ფაქტი კი საერთოდ არ მაშფოთებდა. ***გარეთ გამოსულს გათოვებული დაგვხვდა. თეთრი, ბამბასავით ქულა ფიფქები ციდან ნარნარით მოფრინავდნენ და დედამიწას კოცნით ეფინებოდნენ. -აუ, რა მაგარია - ხელები გაშალა და თავაწეული დატრიალდა - ვგიჟდები თოვაზე.-მეც ძალიან მიყვარს ფიფქების ცვენა.-მოდი ვიგუნდაოთ - ბავშვივით აღტაცებულიყო ზრდასრული მამაკაცი.-მგონი დღეისთვის ბევრი იყო. სჯობს სახლში წავიდეთ. ვაკო მაშინვე დამთანხმდა. ღვინომ და გლინტვეინმა თავისი ქნა და სიცილ-კისკისით მივედით ჩვენს შენობამდე. მხიარულ მამაკაცთან ურთიერთობა დამვიწყებოდა. იმ წლის მიწურულს კვლავ გავიგე, რას ნიშნავდა მამაკაცთან ერთად სიცილი. ლევანთან მუდამ დაძაბულმა ურთიერთობამ და სიტყვების აწონ-დაწონვამ ჩემგან ის ენერგია წაიღო, რომლითაც ვიღიმოდი, ვმხიარულობდი. უცნობ მამაკაცთან რამდენიმეწუთიანმა საუბარმა კი ეს გრძნობა ჩემში კვლავ გააღვიძა. შესვლისას, სანამ ლიფტის ღილაკს მივაჭერდით თითს, ვაკომ თავისკენ მიმატრიალა.-რაღაც უნდა გკითხო და გულწრფელად მიპასუხე, გთხოვ - მკლავზე ხელი მომიჭირა და ოდნავ მისკენ მიმიზიდა - თავისუფალი ხარ?ამ კითხვას ველოდი, თუმცა პასუხის გაცემა არ მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის დარწმუნებული ვიყავი პასუხი „არა“ უნდა ყოფილიყო, გამახსენდა ბოლოს მომხდარი მოვლენები და „კი“ ვუპასუხე.-უბრალოდ არ მინდა მერე აქ ვიღაც მოვიდეს, დამიწყოს გარჩევა, ძმაო ეს ჩემი შეყვარებულია, როგორ აკადრე მას მწვადის შეთავაზება და ასეთი მონოლოგები. ძველბიჭური გარჩევები ჩემი სტილი არ არის. არ მინდა ახსნა-განმარტებები დამჭირდეს. -არა, ვაკო, არავინ მოვა და პასუხს არ მოგთხოვს, არც მამა, არც დაკუნთული ძმა და არც ძველბიჭა შეყვარებული - გამეცინა მის სიტყვებზე, მან კი, ჩემი სიცილის სანაცვლოდ, თავისკენ მომწია და ჩემს ლოყას მისი ცივი ტუჩები ოდნავ შეეხო.-ჩუ - ეგრევე თქვა, როდესაც ტუჩები მომაცილა და თვალები დახუჭა - არაფერი თქვა. მართლაც არაფერი მითქვამს. ჩემი თავისგან გაოცებული, ვაკოს სიმხურვალით გაბრუებული და მოსალოდნელი თავისტკივილით დარეტიანებული შევყურებდი ერთი დღის გაცნობილ მამაკაცს და მინდოდა კვლავ ეკოცნა. მინდოდა, ისევ მეგრძნო სითბო და სიახლოვე. მინდოდა, მეტი დრო გამეტარებინა მის გვერდით. მეცინა, მეკისკისა, ბავშვივით ლაღი ვყოფილიყავი. ოხ, რა კარგი იყო მარწუხებისგან გათავისუფლება. რა სასიამოვნო იყო თავისუფლების შეგრძნება. ლოყაზე ერთი კოცნის გარდა, ჩვენ შორის არაფერი მომხდარა, ლიფტთან ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლში ავედი. დადებითმა ემოციებმა ამავსო და სახლში მისულიც ღიმილით დავიოდი აქეთ-იქეთ. მიხაროდა კვლავ ბედნიერების შეგრძნება. ჩემში მიძინებული ქალის გაღვიძებამ სულ სხვა ემოცია მოიტანა და მთელი სხეული შემივსო. ლევანზე მორეულმა ბრაზმა საკუთარი თავის მიძინებული, ფლირტის მოყვარული ქალი გააღვიძა. კომპიუტერის გახსნისთანავე დედაჩემის მესიჯი დამხვდა სოციალურ ქსელში: „დამირეკე, როგორც კი ნახავ“. მაშინვე გადავურეკე. -რა ხდება, დედა? - ვეცადე ალკოჰოლის ზემოქმედება დამემალა. -რამდენი დღეა აღარ დაგირეკავს, ხომ კარგად ხარ? - მისი კითხვა არ იყო გულწრფელი, ეს უფრო ირონიული ტონი იყო.-რა ხდება? - კითხვაზე კითხვით ვუპასუხე მას.-ნათელა დეიდა ჩამოდის ახალ წელს თბილისში, მისი შვილი კი იცი, როგორ ვიწროდ ცხოვრობს და სამი-ოთხი დღე შენთან დარჩება.-ვინ არის, დედა, ნათელა დეიდა? - ვკითხე გაოცებულმა.-ახლა აღარ გახსოვს ხო? ემზარი ბიძიას ცოლის და - განაწყენებულმა მიპასუხა დედაჩემმა, რომელსაც მართლა სწყინდა, რომ ემზარი ბიძიას ცოლის და არ მახსოვდა - შენი საყვარელი ლურჯი კაბა რომ გაჩუქა დაივიწყე ხო?-რომელი ლურჯი კაბა? ხუთი წლის რომ ვიყავი, მაშინ რომ მაჩუქა? - გულრწფელად ხმამაღლა გამეცინა - მოიცა, ანუ ჩემთან მოდის ახალ წელს ისე, რომ მე არ შემითანხმდი? -რა შეთანხმება მჭირდება ჩემს ნაყიდ სახლში?-შენს ნაყიდ სახლში მე ვცხოვრობ, ოცდაცხრა წლის ახალგაზრდა გოგო, რომელსაც შესაძლოა სხვა გეგმები ჰქონდეს ახალი წლისთვის. -როდის იქნები სახლში, რომ მოვიდეს? - ჩემს პასუხს ყურად არ იღებდა დედაჩემი. -არ ვარ სახლში, მეტიც, ქალაქშიც არ ვარ. -სად ხარ? ნატა, ნუ გადამრიე, სად დადიხარ?-თბილისში არა, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს სად ვარ?!-ნატა, როგორ მელაპარაკები? -მოკლედ, უთხარი ნაირა თუ ნათელა დეიდას ჩემი სახლის კარი დაკეტილია და სამწუხაროდ, ბევრი ცრემლის ღვრით და გოდებით გადაეცი, რომ ვერ მივიღებ სტუმრად ახალ წელს.-ოხ, რა მწარე ხარ! - ამოიოხრა დედაჩემმა და სადღაც მიაჩერდა - იქნებ გასაღები გაქვს სადმე დატოვებული?-შენ სასტუმრო ხომ არ გგონია ჩემი სახლი, ვიღაც უცნობი ქალი ვაპარპაშო იქ და ვაფათურებინო ხელები ჩემს ნივთებში იმის გამო, რომ მისი შვილი არ შეწუხდეს დივნის გაშლით?!-უზრდელი ხარ!-ალბათ აღზრდა დამაკლეს მშობლებმა - ვუთხარი და გავუთიშე. იმ დღეს ეს უკვე მეორე უსიამოვნო საუბარი იყო. კიდევ ერთ ასეთ საუბარს რომ აღარ გადავყროდი, ტელეფონი და კომპიუტერი გამოვრთე. საწოლში თხელი, შავი პენუარის ამარა შევწექი, თბილი საბანი გადავიფარე და უცნობ მამაკაცზე ფიქრები ნელ-ნელა შემოვაცურე საბნის ქვეშ. ***ახალი წლის ღამისთვის რესტორანი წინასწარ დაჯავშნილი მქონდა. ჯავშნისას ლოკაციები ამრევია და რესტორანი სასტუმროდან საკმაოდ შორს, ფაქტობრივად ბაკურიანის მეორე მხარეს დამიჯავშნია. თადარიგი ადრიანად დავიჭირე, რადგან დიდი მანძილი ფეხით უნდა გამევლო, ჩავიცვი ღია ფერის ჯინსი, თბილი, ნაქსოვი ვარდისფერი სვიტერი და თერმო ფეხსაცმელი, რომ ფეხები არ გამყინვოდა. რესტორანი თერთმეტის ნახევრიდან იწყებდა სტუმრების მიღებას, მე კი ათის ნახევარზე უკვე ლიფტთან ვიდექი. წამიერად თავში ვაკოსთან ასვლის ფიქრმა გამიელვა, თუმცა მალევე მივანებე თავი და გარეთ გავედი. დაახლოებით ოცი წუთი მივდიოდი სრულ სითეთრეში და გზადაგზა ახალი წლის მოახლოებით აჟიტირებული ჯგუფები წინასწარ მილოცავდნენ ახალ წელს. მეც ღიმილით ვუბრუნებდი მათ პასუხს და ვბედნიერდებოდი ადამიანური სითბოთი და ყურადღებით.-საით? - ვიღაცამ მანქანიდან თავი გადმოყო. ნაცნობი ხმის გაგონებამ გული ამიფორიაქა. წამებში მივხვდი, რომ მანქანიდან ვაკო მეძახდა - რატომ არ მითხარი სადმე თუ მიდიოდი, ამ ყინვაში სად მიდიხარ ფეხით?-მანქანა სასტუმროსთან დავტოვე.-რატო? გაგიჟდი? - უკნიდან სიგნალები ატყდა - ჩაჯექი, ნატა.მანქანაში დატრიალებული სითბო საამებლად მომევლინა. გათოშილი ხელები წამიერად მომილღო და სიცივისგან თავის ასარიდებლად დაძაბული მდგომარეობიდან სასიამოვნო ტალღაზე გადამიყვანა.-უნდა დავლიო და ვერ დავჯდებოდი საჭესთან.-უიჰ, ლოთი ხარ? - გაიცინა და მანქანის გათბობას კიდევ მოუმატა.-ახალი წელი დალევის გარეშე სადმე გაგონილა? - წარბები მაღლა ავწიე.-მე კიდევ რესტორანს ვეძებ და არსად ადგილები არაა.-შენმა მეგობრებმა წინასწარ ვერ განსაზღვრეთ ეგ და არ დაჯავშნეთ?- ცოტა ირონიულად გამომივიდა ნათქვამი, თუმცა გულის სიღრმეში არც კი მიცდია, ირონიული ტონი შემერია ჩვენს დიალოგში. -სამწუხახროდ, ბინაში ვაპირებდით არყის ბოთლებში ჩახრჩობას - სცადა ჩემი ირონია არ შეემჩნია - შენ საით მიდიხარ?-ვერანდა იცი? - ხელი უმისამართოდ ავწიე - იქ მაქვს მაგიდა დაჯავშნილი. თუ გინდა, შემომიერთდი - სხვათაშორის ნათქვამივით გამომივიდა, თუმცა გულის სიღრმეში მინდოდა, პასუხი დადებითი ყოფილიყო, რადგან ამაზე ჯერ კიდევ სასტუმროში ყოფნისას ვფიქრობდი. -ვერანდა ვიცი და თუკი არ შეგაწუხებ, შენზე უკეთეს პარტნიორს ამ ახალი წლის ღამეს ვერ ვიპოვი. რესტორანთან თერთმეტის ათ წუთზე ვიყავით. ვერანდა მთლიანად შუშით იყო შემკული და სასტუმროს თავზე, მერვე სართულზე ამაყად ციმციმებდა. -ყველაზე ლამაზი ხედი აქედან უნდა ჩანდეს - საუბრის წამოწყება ვცადე.-მიყვარს ახალი წელი, თუმცა წელს ყველაზე წყნარი ღამე მელოდება. ყოველთვის მეგობრებთან ერთად ვერთობოდი და ბედობამდე საკუთარ სახელებსაც კი ვივიწყებდით. -ეგ ცოტა ზედმეტია, არა?-აბა შენ ყავას წრუპავდი ხოლმე? - მკითხა ირონიულად და თვალებში ჩამხედა. გული კვლავ ამიჩქარდა. მის თვალებში ჩახედვა უცნაურ ჟრუანტელს მგვრიდა. სწრაფად დავხარე თვალები და ემოციების უკანა პლანზე გადაწევა ვცადე.-კი, თუკი ყავაში კონიაკს ჩამისხამდნენ - ძალღონე მოვიკრიბე, წარბები მაღლა ავწიე და ენა გამოვუყავი - მგონი ახალი წლის ღამეს ქცევებიც კი ბავშვური მიბრუნდება.-ყველა ადამიანში ცხოვრობს ბავშვი, თუმცა დიდი ადამიანის მოვალეობები და საფიქრალი ჩაგრავს მას. თერთმეტს ოცი წუთი აკლდა, რესტორანში რომ ავედით. ყველა მაგიდა წინასწარ დაჯავშნილი და გამზადებული დაგვხვდა. მაგიდის შუაში იყო პატარა სასაჩუქრე ყუთი და სანთელი. რესტორანს ასევე ჰყავდა წამყვანი და ბენდი, რომლებიც ჩვენს საახალწლო განწყობაზე ზრუნავდნენ. მართლაც მხიარული საღამო გამოდგა. წამყვანი ძალიან ბევრს ხუმრობდა და სიმღერებიც საახალხლო განწყობას ერთი-ორად ამაღლებდა. -თქვენს მაგიდებზე დევს სასაჩუქრე ყუთები, სადაც პატარა საახალწლო სუვენირია მოთავსებული. ერთ-ერთი ყუთის ქვეშ კი არის პატარა სიურპრიზი. ძალიან გთხოვთ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ბავშვები გყავთ, თორმეტ საათამდე ნუ შეეხებით ამ ყუთებს - ტექსტის ბოლო წინადადება თორმეტ საათამდე დაახლოებით თორმეტჯერ მაინც გაიმეორა წამყვანმა, თუმცა ჩვენ გვერდით მაგიდის წარმომადგენლებმა ვერ შეასრულეს პირობა და მათმა ხუთი წლის შვილმა ყუთი დემონტრაციულად, ოთახის შუაგულში გახსნა. ინტრიგა მაინც დარჩა, რადგან ბიჭს ხელში პატარა ნაძვის ხე შერჩა - საუბარში, გემრიელ კერძებსა და ხარისხიანი მუსიკის მოსმენაში დრო ისე გავიდა, ლამის ახალი წლის შემობრძანება გამოგვეპარა - შემოსძახა წამყვანმა, რომელსაც ბრჭყვიალა, წითელი კაბა ეცვა - მიმტანები შამპანურებს დაგირიგებენ და გთხოვთ, თითქმის ერთდროულად გავხსნათ და მივულოცოთ მაგიდასთან მყოფ თქვენს ახლობლებს და ამ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებასაც ჯადოსნური ახალი წელი. ვაკომ შამპანურის ბოთლი ხელში მოიმარჯვა და ჭერისკენ მიატრიალა.-ათი, ცხრა, რვა ... სამი, ორი, ერთი... გილოცავთ ახალ წელს! - მიკროფონში დაიღრიალა წამყვანმა და ჭერს თვრამეტმა შამპანურმა ესროლა - სურვილების ახდენის, ბედნიერების წელი ყოფილიყოს! - წამყვანი არ ჩერდებოდა, აღტაცებულმა აღარ იცოდა, ემოციები როგორ დაეცალა, საშუალება რომ ჰქონოდა, ყველას სათითაოდ ჩაგვეხუტებოდა და პირადად მოგვილოცავდა ახალი წლის დადგომას. -გილოცავ, უცნობო და, ამავე დროს, კარგად ნაცნობო! - ჭიქა შამპანურით შემივსო ვაკომ და ლოყაზე მაკოცა - არ ვიცი, რა მიზნები და ოცნებები გაქვს, საით არიან მიმართული ჩაფიქრებული სურვილები, თუმცა შინაგანი გუმანი მკარნახობს, რომ ყველაფერს სიკეთის ფერები დასდევს, ამიტომ გისურვებ ყველა სურვილისა თუ ოცნების ახდენას - ჭიქა მაღლა აწია - გილოცავ, ნატა, იმედი მაქვს, მთელი წელი ისეთივე გიჟური და არაორდინალური იქნება, როგორც ეს დღეა ჩემსა და შენს ცხოვრებაში. -ნამდვილად - ჭიქა კიდევ ერთხელ მივუჭახუნე - ასეთი ახალი წელი ალბათ არც დამესიზმრებოდა. ყველა ჩემთვის ნაცნობი და საყვარელი ადამიანი ახლა სვანეთშია, მე კი სრულიად უცნობ მამაკაცთან ერთად აღვნიშნავ ამ დღეს, სრული სიგიჟეა, არა? - შამპანური მოვსვი და ირგვლივ მიმოვიხედე.-აბა, მეგობრებო - არ ჩერდებოდა წამყვანი და ჩვენს ხმასაც კი ფარავდა - ახლა ავიღოთ ყუთები და ვნახოთ ვინ აღმოჩნდება იღბლიანი. გეფიცებით, ჩვენც შემთხვევითობით დავაწყვეთ მაგიდებზე და წარმოადგენაც არ გვაქვს, ვინ იქნება ეს ადამიანი.ვაკომ ყუთის გახსნა საკუთარ თავზე აიღო, თუმცა ჟრიამული სხვა მაგიდიდან მოგვესმა. -გული არ გაიტეხო - მითხრა სიცილით - არ გვეტყვიან რა მოიგეს ასეთი?-და აი ისიც, გამარჯვებულია მეცხრე მაგიდა - წამოიყვირა წამყვანმა - მათ საჩუქრად ერგოთ ვახშამი ჩვენს რესტორანში.-უჰ, დიდი ვერაფერი - ხელი ჩაიქნია ვაკომ და მათკენ მიბრუნებული ტანი ჩემკენ მოაბრუნა - ტელეფონი გირეკავს - მაგიდის კუთხისკენ თვალებით მიმითითა. ტელეფონის ეკრანზე ლევანის სახელი ანათებდა. ტელეფონისკენ ხელი ნელა წავიღე და თან ვფიქრობდი მეპასუხა თუ არა მისთვის.-უკაცრავად, გარეთ გავალ - ბოდიში მოვუხადე ვაკოს.-გარეთ გაიყინები, შემოსასვლელში გადი - მირჩია და კეთილი ღიმილი დაეფინა სახეზე. -ალო - ფანჯარასთან დავდექი და ფეიერვერკის ყურება გაუაზრებლად დავიწყე.-გილოცავ, ნატა, ახალ წელს. მინდა ბედნიერი იყო ჩემთან ერთად.-მადლობა, მეც გილოცავ.-მხოლოდ ასე მშრალად?-უფრო თბილად ირგვლივმყოფები მოგილოცავენ, მე მხოლოდ ამით შემოვიფარგლები. -რა გაგეხარდება ახლა ყველაზე მეტად? - ხმაში ბავშვური აღტყინება შეპარვოდა.-მსოფლიოში რომ მშვიდობა იყოს.-რამე რეალური მითხარი, გთხოვ - არ ნებდებოდა.-არ ვიცი, ლევან, არ მცალია გამოცანებისთვის, თუ ამის თქმა გინდოდა მხოლოდ, მილოცვა მიღებულია, იმედი მაქვს ახალ წელს დაჭკვიანდები და უფრო მეტი გონიერებით, წინდახედულად გადადგამ ცხოვრებისეულ ნაბიჯებს. -მაინც არ მიპასუხე, მე კი ბაკურიანს ტრაფარეტთან ვდგავარ და ველოდები როდის მეტყვის ჩემი საყვარელი ქალი, რომ ჩემთან ერთად ყოფნა გაახარებდა - ტელეფონი ხელში გამეყინა. ლევანის საქციელმა გამაბედნიერა, მას თვეებია, ჩემთვის სიურპრიზი არ გაეკეთებინა. სიხარულისგან ტუჩებს ერთად თავს ვეღარ ვუყრიდი, მაგრამ მაგიდასთან მყოფ ვაკოზე ფიქრი მთლიან სიხარულს მართმევდა - ალო, გესმის ჩემი?-მესმის, ლევან, მეხუმრები ხო?-არა, ნატა. უბრალოდ მივხვდი, რომ ყველაზე არასწორი ნაბიჯი იქნებოდა ჩემგან ამ ახალ წელს მარტო დამეტოვებინე, მე კი ჩვენს მეგობრებთან ერთად სასმელში მებანავა. მითხარი, სად ხარ და მოვალ.