მზის ჩასვლა
მზის ჩასვლა
მზის ჩასვლა თავი 1. ზღვა ჩემი სტიქიაა. მიყვარს მისი ხმა, სუნი, მიქცევა და მოქცევა. თითქოს მე მგავს. ჩემსავითაა, ხან მშვიდი, ხან ბობოქარი. ხან მიგიშვებს თავისთან ახლოს, ხან არ მიგიკარებს. მიყვარს, როგორ დავდივარ ფეხშიშველი ქვიშაზე და როგორ შლის ზღვის ტალღები ჩემს განვლილ გზას. მოვიხედავ და აღარსად არის ის ნაფეხური რომელიც წამის წინ წყლის პირას დავტოვე. თითქოს არც ყოფილა. არსაიდან მოვედი და არსაით მივდივარ. საათობით შემიძლია ვიჯდე სანაპიროზე, ვუყურო ტალღების მოძრაობას ან დაუღალავად ვისეირნო მთელი ღამე. უზომოდ მიყვარს და მგონია, რომ ჩემია ზღვა. დასასვენებლად ყოველ წელს ზღვაზე ჩავდივარ. თუ არ წავედი, ის წელი სულ უღიმღამოდ და უაზროდ მიდის. რაღაც მაკლია და ამ სიცარიელეს არაფერი მივსებს. იყო დრო, როცა მიჭირდა ზღვაზე წასვლა. ათასი მიზეზი იყო გასათვალისწინებელი. ახლა კი ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ხუთი თუ ექვსი წელია მარტო დავდივარ. უკეთაც ვისვენებ და მეტ სიამოვნებასაც ვიღებ. იმ ზაფხულსაც როცა ეს ამბავი დაიწყო მარტო ვიყავი. ავტობუსს ურეკის სადგურამდე გავყევი. ერთი საშუალო ჩემოდანი მქონდა. მაქსიმალურად ვამცირებ ხოლმე წასაღები ნივთების რაოდენობას. ჩემს ჩანთაში ტანსაცმელზე მეტ ადგილს წიგნები იკავებს და წამლებიც უფრო მეტია ვიდრე კოსმეტიკური საშუალებები. ერთი აფთიაქი გაიხსნება იმდენი დასახელების წამალი მიმაქვს თან. განა რამე მჭირს, ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის, თუ დამჭირდება თან მექნება. ასე უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს. უმეტეს შემთხვევაში ერთი აბის დალევაც არ მიწევს მაგრამ მაინც. ზუსტად ვიცი, რომ აწ წავიღო მაშინ დამჭირდება ის რაც თან არ მაქვს. არ მაწუხებს ჩემი ასეთი დამოკიდებულება, მერე რა თუ უფრო მშიშარა და ასაკიანი ვჩანვარ, სამაგიეროდ საიმედო მეზობელი ვარ, თუ ვინმეს დასჭირდება დავეხმარები, ასეთი შემთხვევები უფრო ხშირად მქონია, ვიდრე საკუთარი ავადობის. ყოველ სეზონზე ახალ სასტუმროს ვეძებდი. ალბათ იმიტომ რომ ერთ ადგილს კარგად ვერ შევეწყე, ან რამე არ მომეწონა. ამიტომ ყოველ ჩასვლაზე ქუჩას თვალიერებით მივუყვებოდი და ვარჩევდი ადგილს სად გავჩერდებოდი. იმ წელს სადგურიდან მარცხნივ დავუყევი გზას. მყუდრო სასტუმროს პოვნა მინდოდა. იმ დროისთვის ზღვაზე ბევრი ხალხი უკვე აღარ იყო, დამსვენებლები გამგზავრებულიყვნენ. ორ დღეში სწავლა იწყებოდა და მოსწავლეებიც სრულად გაკრეფილიყვნენ. მოხუცი და ასაკშეპარული ადამიანები შემორჩენილიყვნენ, ისინი, ვისაც სიმშვიდე და დასვენება სურდა. მეც ამიტომ ჩამოვდივარ წლის ამ მონაკვეთში. ცოტა ხალხია, სანაპიროც უფრო სუფთაა. მართალია ზღვა აღარაა ისე თბილი, მაგრამ ვეგუები. სანაპიროსთან ახლოს, ნაძვნარში ერთი ლამაზი სასტუმრო შევნიშნე. სამსართულიანი იყო და გარს რიკულებიანი აივნები ერტყა. უკან ეზოც კი შემოეღობათ და მაგიდები ლამაზად ჩაელაგებინათ. ნამდვილად ის იყო, რაც მე მჭირდებოდა. მანქანების სადგომს გვერდი ავუარე, ბილიკს წინკარისკენ გავუყევი და ფართოდ გაღებულ კარში შევედი. მისაღებს რომ მივუახლოვდი, მალევე შუახნის ქალბატონიც გამოჩნდა. ჩემი ჩანთა რომ დაინახა, მომესალმა, მიმიპატიჟა და ადმინისტრატორის დახლს მეორე მხრიდან მოექცა. კომპიუტერი ჩართო, სათვალე მოირგო და საქმიანად მომმართა: - ოთახი გნებავთ? - დიახ. - მარტო ბრძანდებით? - დიახ. - როგორი ნომერი გნებავთ? - რას მთავაზობთ? - მესამე სართულზე გვაქვს ერთი თავისუფალი ორადგილიანი ნომერი, ხედით ზღვაზე. მეორე სართულზეც გვაქვს თავისუფალი ოთახები და შედარებით უფრო დაბალ ფასად. - იყოს მესამე სართული. ხედით ზღვაზე გამავალს ავიღებ. - კარგი. თქვენი პირადობა, თუ შეიძლება. მივაწოდე პირადობა, უცებ გავიარე რეგისტრაცია. წინასწარი გადახდაც განვახორციელე და ქალბატონი ჩემი ნომრისკენ გამიძღვა. თან მიხსნიდა კვებასთან დაკავშირებულ დეტალებს. - დილაობით, 8-11 საათებში არის საუზმე. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ წინა დღეს რისი მირთმევა გსურთ, ან იმავე დილას აირჩიოთ დღის მენიუს მიხედვით. სადილი არის 3 საათზე, ხოლო ვახშამი 8-ზე. - ამჟამად ბევრი დამსვენებელი გყავთ? - ახლა თავისუფალი მხოლოდ ორი ნომერიღა დაეჩა. ბავშვები არც-ერთ სტუმარს ახლავს, ამიტომ სიმშვიდეა და სიამოვნებით დაისვენებთ. - ნომრამდე მიმაცილა და დამემშვიდობა. თავი მშვიდად ვიგრძენი, ჩემი დასვენების ტკბილი წუთები იმ მომენტიდან დაიწყო, რა დროსაც ფეხი იმ სასტუმროში შევდგი. ოთახიც სასიამოვნო აღმოჩნდა, პატარა, მყუდრო, ორ ერთმანეთისგან დაშორებულ საწოლზე ნაზი ცისფერი პლედები იყო გადაფარებული. საწოლებს შორის ტუმბო იდგა ზედ ღამის სანათით. ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად მომეწონა. წიგნის საკითხავად კარგად მოვეწყობოდი. კედლები მომწვანო მოცისფრო ფერში იყო გადაწყვეტილი, ისეთი შპალერი გაეკრათ თითქოს ცა და ზღვა ირეოდა ერთმანეთში. ფარდებიც ნაზი ცისფერი დაეკიდათ. აივანზე გამავალი კედელი მთლიანად მინის იყო. ფარდებს თუ გადავწევდი, ზღვას ოთახიდანვე დავინახავდი, მეტიც ისე ახლოს იყო ტალღებისა და ქვიშის მოძრაობას ნათლად ვხედავდი. ძალიან ლამაზი იყო. აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. აივანს ქვის სვეტები და განიერი ბორტები ჰქონდა, ზედ თავისუფლად დაიდებოდა ყავის ჭიქა. სიხარულისგან ლამის ტაში შემოვკარი, ისე მომეწონა. იქვე ორი მოწნული სავარძელი და პატარა მაგიდა იდგა. სავარძელში ჩავჯექი, - შევამოწმე, როგორიც ჩანდა მართლა ისეთი კომფორტული იყო თუ არა. უკვე ვგრძნობდი, რომ ეს ზაფხული, უფრო სწორად, ადრეული შემოდგომის ეს დღეები, რომლებიც უფრო ზაფხულისაა ვიდრე შემოდგომის, გამორჩეული იქნებოდა. გული მიგრძნობდა ვიპოვე ადგილი სადაც ყოველ წელს დავბრუნდებოდი. ჩემოდანი არ ამომილაგებია, კარადის წინ დავდე და საცურაო კოსტიუმი ამოვაძვრინე. სასწრაფოდ გამოვიცვალე. იმ წელს ერთიანი მოწითალო ბორდოსფერი საცურაო კოსტიუმი მეცვა. ზურგი ღრმად ჰქონდა ამოღებული და წელის დიდი ნაწილი შიშვლად მიჩანდა. ჭიპიდან მკერდამდე ქსოვილი ლამაზად იყო ამოჭრილი. სარკეში საკუთარ ანარეკლს სიამოვნებით შევავლე თვალი, უფრო საცურაო კოსტიუმს, ვიდრე ჩემს სხეულს. მერე ცისარტყელას ფერებიანი პარეო შემოვიხვიე, მკერდთან გავნასკვე, ჩალისფერი ქუდი მოვირგე და კრემისფერი ფლოსტი ჩავიცვი. სახლში დავრეკე, ვუთხარი რომ კარგად დავბინავდი, ზღვაზე ჩავდიოდი და ტელეფონს ოთახში ვტოვებდი. ასე, ზედმეტი ნივთების გარეშე გავედი ნომრიდან. უფ, როგორ მიყვარს ასე სიარული?! ისე გავთამამდი გასაღებიც კი მიმღებში დავტოვე. ადმინისტრატორმა უკანა გასასვლელზე მიმითითა და მეც იქით გავწიე. კარს რომ მივუახლოვდი დავინახე ვიღაც კაცი ისე იდგა, გასავლელი აღარ დაეტოვებინა. კიდევ უფრო მივუახლოვდი, რომ ნაბიჯების ხმა და ჩემი ფლოსტების ფრატუნი გაეგო, მაგრად ამაოდ. ისედაც ჩუმი სიარული ვიცი, არც ჩემი ფეხსაცმელი გამოსცემდა სათანადო ხმაურს. ფიქრებით გატაცებული მამაკაცი ზღვის თვალიერებით იყო გართული და არანაირი გარშე ხმა მისთვის არ არსებობდა. ან თავს ამად აჩვენებდა. რა მექნა?! იმხელა ქუდი მეხურა, ვერც გვერდის ავლას შევძლებდი. არა ქუდი რა შუაში იყო, შემეძლო მომეხადა, მაგრამ მაშინ ეგ გამოსავლად არ მომაფიქრდა, მინდოდა ისეთივე მოკაზმული ვხლებოდი ზღვას როგორიც სასტუმროს ნომრიდან გამოვედი და ამ უცხო კაცს ჩემი იდილიის დარღვევის საშუალებას არ მივცემდი. სხვა გზა არ მქონდა, მეტად მივუახლოვდი და მორიდებით ჩავილაპარაკე: - უკაცრავად, გამატარეთ, თუ შეიძლება. - დიახ, დიახ უკაცრავად. - მითხრა მანაც. სულაც არ დაბნეულა ისე მოშორდა კარს და გვერდულად ცნობისმოყვარე მზერა შემავლო. საერთოდ არ ვიცი ხოლმე კაცების თვალიერება, მაგრამ, რატომღაც, მას ავხედე და მისი მზერა დავიჭირე. თბილი, თაფლისფერი თვალები დავინახე. მაშინვე ავარიდე თვალი, მაგრამ მისი სახის გამომეტყველება მაინც შემოიჭრა ჩემში. საკმაოდ სიმპათიური იყო. ოდნავ შეჭაღარავებული ხვეული თმა ჰქონდა. აშკარად ვიღაცას მივამსგავსე. კინაღამ უკან მივიხედე, ისე დამაინტერესა, ვინ იყო და საიდან მეცნობოდა. ამ უცხო კაცმა, მოახერხა და მაინც დამირღვია იდილია, ზღვისკენ მივდიოდი და მასზე ვფიქრობდი, რა დროს ეგ იყო?! მაგრამ ვერ ვისვენებდი და გახსენებას ვცდილობდი ვის ჰგავდა. თავს ვიმართლებდი, იქნებ ნაცნობია და უხერხულია ასე ხომ ვერ ავუქცევდი გვერდს. ბოლოს, როგორც იქნა, მივხვდი საიდან მეცნობოდა. ალენ დელონს ჰგავდა, ოღონდ ხუჭუჭი თმა ჰქონდა. რა სისულელე იყო. გამეცინა, საკუთარ თავზე და ჩემი ეს სიცელქე თუ ამჩატება ზღვის ხილვით გამოწვეულ სიხარულს მივაწერე. შეუფერებელი სიცანცარე მაშინვე გაქრა როგორც კი ზღვას მივუახლოვდი. გადამავიწყდა ალენ დელონიცა და სასტუმროს შესასვლელთან მდგარი ის უცხო კაციც, რომელიც, დიდი ალბათობით, ერთ-ერთი დამსვენებელი უნდა ყოფილიყო და მეუღლესთან ერთად იქნებოდა ჩამოსული. ფლოსტები და პარეო სანაპიროზე დავტოვე და ზღვისკენ წავედი. ამ შეხვედრას თითქმის მთელი წელი ველოდი. ნელ-ნელა მივიწევდი წინ და ყველა წვრილმანს შევიგრძნობდი. ვაკვირდებოდი შეგრძნებას, როგორ ვეხებოდით მე და ზღვა ერთმანეთს. ამ წუთებს წყალში ერთბაშად შევარდნით ნამდვილად არ გავაფუჭებდი. მე ნელა მივიწევდი ზღვისკენ, ზღვაც ნელა მოიწევდა ჩემკენ. თავიდან გავეთამაშე კიდეც. ტალღა რომ მომიახლოვდა, უკან გავხტი, რომ არ დავესველებინე. მერე ისევ მივიწიე მისკენ და ისევ გავექეცი ტალღას. ბოლოს, მაინც ზღვამ მაჯობა, თამაშში ამყვა და იმხელა ტალღა გამოგზავნა ჩემს შესახვედრად, ტერფებიდან, კოჭებს გადასწვდა და წვივები შუამდე დამისველა. მერე ნელ-ნელა შევედი წყალში, სისველე მუხლებს გასცდა და ბარძაყებს მოედო წვრილ წვეთებად. გავჩერდი, მივენდე და დავიცადე. მარილიანი წყლის სურნელებას ხარბად ვიყნოსავდი და გავყურებდი ჰორიზონტიდან, ღრუბლებს სანახევროდ მიმალული, ჩამავალი მზე როგორ იმზირებოდა. მათბობდა, მავსებდა. სითბო და სისველე ერთიანად ტალღებად მივლიდა. საუკუნეს უდრიდა ერთი წამი. ბედნიერ საუკუნეს, „წამის დაჭერას“ ჰგავდა, როცა იცი სადაც ხარ, დრო ჩერდება და შეიგრძნობ ბედნიერებასა და სიამოვნებას. ალბათ ეს არის ის რისთვისაც ღირს ცხოვრება. ალბათ ასეთი მომენტებია სიცოცხლეს რომ გვიხანგრძლივებს და გვაჩვენებს რა ლამაზია ეს სამყარო, რა ბედნიერებაა რომ ვარსებობთ და რა კარგია რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. დავიხარე და ხელები ჩავყავი წყალში. ალბათ კიდევ ვიდგებოდი ასე რამდენიმე წუთს, ზღვას რომ სულსწრაფობა არ გამოეჩინა და ისევ დიდი ტალღა არ გამოეგზავნა ჩემთან. გამომაფხიზლა და სათამაშოდ გამიწვია. წელამდე ერთბაშად დამასველა. წამოვიკივლე კიდეც. კიდევ კარგი, სანაპირო ცარიელი იყო და ახლოსაც არავინ იმყოფებოდა ჩემი ხმა რომ გაეგონა. თორემ უეჭველად იფიქრებდა - სულ გაგიჟდა ეს ამხელა ქალიო. რაღას ვიზამდი?! გამოვფხიზლდი და გზა განვაგრძე. წყლის სიღრმისკენ მივიწევდი. წინ და წინ მივდიოდი. მშვიდი ტალღები მელამუნებოდა ჯერ მკერდზე, შემდეგ უკვე კისერზე. ოდნავ სუსხიანი წყალი ტანზე ტაოს მაყრიდა. მაინც მომწონდა. ჩავყვინთე და ცურვით გავუყევი სანაპიროს. მეტად ღრმად აღარ შევსულვარ. ცურვა კარგად ვიცი, მაგრამ მაინც მირჩევნია ფეხქვეშ მიწას ვგრძნობდე. გავცურე და გამოვცურე. მერე ნაპირზე ამოვედი და თბილ ქვიშაზე გადაფენილ პარეოზე დავწექი. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე. მზე თანდათან ზღვისკენ მიიწევდა. წამოვიწიე, რომ ეს სანახაობა არ გამომრჩენოდა. იდაყვებზე დაყრდნობილი გავცქეროდი ზღვის უკიდეგანო ჰორიზონტს, რომელშიც ცეცხლმოკიდებული მზე ნელა ეშვებოდა. რკალებად გამომავალი სინათლე ზღვის ტალღებს ნაპირამდე გამოჰქონდა. ნელ-ნელა მიილია ცეცხლოვანი ბურთის სინათლე და სიმხურვალე. ისე ჩაიკარგა ზღვაში, თითქოს არც ყოფილიყო. ასეა, ზღვა ყველაფერს შლის... საშინელი შიმშილი ვიგრძენი. წამოვდექი, ქვიშა ჩამოვიფერთხე და სასტუმროსკენ გავეშურე. ნომერში რომ შევედი, პირველად ტელეფონი შევამოწმე, რვას თხუთმეტი წუთი აკლდა. მოწესრიგებას და სავახშმოდ ჩასვლას მოვასწრებდი. ნაჩქარევად შევედი საშხაპეში და ცხელი წყალი გადავივლე. ნამდვილი სიამოვნება იყო. მუხლამდე შორტი მოვირგე და მოკლემკლავიანი მაისური გადავიცვი. კეტებში ჩავდგი ტერფები და სწრაფი ნაბიჯით სასადილოსკენ გავეშურე. დილას მერე, მშიერი ვიყავი. ისე მშიოდა, მეგონა მთელს მენიუს გადავჭამდი. ან როგორ გავძელი ამდენ ხანს. საჭმლის დანახვამ მადა კიდევ უფრო გამიძლიერა. სასადილო ოთახში მაგიდაზე დაწყობილი ჭურჭლიდან მოზრდილი თეფში ავიღე და დახლ-მაცივრისკენ გავეშურე. არჩევანი დიდი არ იყო. კიტრი-პომიდვრის სალათი, ყველი და ორი ნაჭერი ხაჭაპური ავიღე. ეზოში ყველა მაგიდა დაკავებული დამხვდა, ამიტომ სასადილოშივე დავიკავე ადგილი. ჩემი საყვარელი, მწვანე ჩაი არ ჰქონდათ. მაშინ კაკაოს დალევა გადავწყვიტე, თან გავიფიქრე, შემეძლო თავად მეყიდა ჩაი და ჩამომეტანა-ხოლმე. ისეთ ადგილზე ვიჯექი, ყველა მაგიდას ვხედავდი. მშიერმა სული რომ მოვიღქვი ხალხის თვალიერებას შევუდექი. გამოცნობანას თამაში დავიწყე. ვცდილობდი, მივმხვდარიყავი, ვინ-ვინ იყო და სტუმრები ერთმანეთისთვის ვინ იქნებოდნენ. გამიტაცა სხვებზე დაკვირვებამ. ამასობაში დროც გავიდა. ჭამა დავასრულე. გემრიელად დავნაყრდი. სანამ ნომერში დასასვენებლად ავიდოდი, გადავწყვიტე, ცოტა გამევლო. ქუჩაში გამოვედი და ჯერ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია დავათვალიერე, მერე - იმ ქუჩას დავუყევი, რომელზეც სასტუმრო იდგა. დაღლილობა მომერია და მალევე დავბრუნდი უკან. სასტუმროს კართან მისულს მხიარული საუბარი და სიცილი შემომესმა. ფოიეში დამსვენებლები შეკრებილიყვნენ და ერთობოდნენ. ოთხი მამაკაცი კარტს თამაშობდა, ორი კი - ნარდით ირთობდა თავს. რამდენიმე ამ მონარდეებს ადგა თავს და ერთ-ერთის წაგებას ელოდნენ, რომ მისი ადგილი ახლა დაეკავებინა. ქალები ტელევიზორში სერიალს უყურებდნენ. თვალში მომხვდა მათი თბილი ურთიერთდამოკიდებულება და ასაკი. ყველანი შუახანს გადაცილებულები იყვნენ. გავუღიმე. მივხვდი, რატომაც იყვნენ იქ, - მაგნეტიტის ქვიშა წამალი იყო მათი სახსრებისთვის და ძვლებისთვის. თავი დავიმშვიდე, მე ხომ ჯერ არ ვიყავი მათი ასაკის?!. ან იქნებ ვიყავი კიდეც... ვინ იცის? ზოგ ადამიანს საერთოდ არ ეტყობა ასაკი, ზოგიც პირიქით, უფრო ასაკოვანს ჰგავს, ვიდრე სინამდვილეში არის. ეს, ალბათ, ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. რაც უფრო ბედნიერი და ცხოვრებით კმაყოფილი ხარ ადამიანი, მით უფრო გვიან ბერდები. გულღრძო და ბოღმიანი ადამიანები კი მალე ბერდებიან. ეს თეორია საიდან მოვიტანე არ ვიცი, მაგრამ მჯეროდა კი, რომ ასე იყო. გულღრძო ბოღმიან ადამიანებად იმათ ვთვლიდი ვისაც სიხარულის შეგრძნება არ ჰქონდა, არც თავისი და მით უმეტეს სხვისი სიკეთის მიღება, სიხარულით ტკბობა და სილაღე არ შეეძლო. ისინი ხომ მუდმივად გარემოცვაზე იყვნენ ორიენტირებულები, „რას იტყვის ხალხი“, „როგორ შეიძლება“, „სირცხვილია“ და მსგავსი შეზღუდული წარმოდგენები. ან ის რად ღირს ადამიანს სიცილი და მხიარულება რომ აშინებს. გადაიხარხარებს და დააყოლებს - „იმდენი ვიცინე რამე მეწყინებაო!“ რა სისულელეა. ჰოდა ეგ ხალია ნაადრევად რომ ბერდება. საკუთარ თავს რომ გახარებას უკრძალავს, დადებით ემოციას რომ გულში იკლავს და მხოლოდ უარყოფით ავლენს. სწორედ ეგ ნეგატივზე ორიენტირებული ადამიანები ბერდებიან ნაადრევად. აბა იმას რა დააბერებს გულის სიღრმეში რომ ბავშვი ჰყავს, ალალი და ლაღი რომაა, წვრილმანები რომ უხარია და სხვისი ბედნიერებით გული უთბება?! თუმცა, ასე ხელაღებით თქმა მარტივია, ვინ რა იცის ვის გულში რა ქარიშხალია?! ნომერში ავედი. დასაძინებლად ჯერ ადრე იყო, ამიტომ კითხვა გადავწყვიტე. თუმცა, ნამგზავრი, ისეთი დაღლილი ვიყავი, კითხვაში მალევე ჩამეძინა ისე, რომ შუქიც არ გამომირთავს და სათვალეც ისევ ცხვირზე მეკოსა. დილით გვიან გამეღვიძა, ცხრა საათი სრულდებოდა. ავდექი. მოვწესრიგდი. რაც წინა დღეს მეცვა ისევ ის საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი, გაშრობა ვერ მოესწრო, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. საუზმის მერე მაინც ზღვაში ბანაობას ვაპირებდი. ყავა დავისხი და თეფშზე სოსისები დავილაგე. ეზოში ყველა მაგიდა ისევ დაკავებული დამხვდა. მიმოვიხედე და ის ადგილი დავინახე სადაც წინა საღამოს ვიჯექი. ჩემი საუზმე მაგიდასთან რომ მივიტანე, მერე გამახსენდა ხაჭაპურის აღება დამვიწყებოდა. ხაჭაპური ჩემი უსაყვარლესი საჭმელია, მის გარეშე ნამდვილად არ დავლევდი ყავას, ამიტომ ასაღებად გავემართე. საუზმე შუამდეც არ მქონდა მირთმეული, რომ ვიღაც მომიახლოვდა. ავხედე და ისევ ის, თაფლისფერი თვალებიდან გამომზირალი, თბილი მზერა დავიჭირე. ხუჭუჭა ალენ დელონი იყო, წინა დღეს რომ სასტუმროს კართან იდგა. - დილა მშვიდობისა. - მომესალმა ღიმილით. - დილა მშვიდობისა. - ვუპასუხე ცივად. არ მიყვარს უცხო მამაკაცების აუდიენციები. - შეიძლება თქვენთან დავჯდე? - მიმოვიხედე, მაინტერესებდა, სხვაგან იყო თუ არა ადგილი. - არის ადგილი, მაგრამ მარტო ჭამა არ მიყვარს. - მიმიხვდა განწყობას და თავი გაიმართლა. - დაბრძანდით. - ვუპასუხე და მხრები ავიჩეჩე. აშკარად გამოვხატე უკმაყოფილება, თან გავიფიქრე, რომ ასე სჯობდა, სხვა დროს აღარ შემაწუხებდა. მაგრამ ეტყობოდა, ჩემი რეაქცია დიდად არ ადარდებდა. სოსისს სასწრაფოდ მოვაკბიჩე დიდი ნაწილი რომ საუზმობა მალე დამემთავრებინა და დროზე გავცლოდი „ძალად თანამეინახეს“. - შეიძლება, სახელი გკითხოთ? - საუბრის გაბმა დააპირა. ისეთი სახე ჰქონდა ეტყობოდა ჩემი გულცივობა ახალისებდა კიდეც. - ლალი. - ლალი გქვიათ?! - დიახ. - რა ლამაზი სახელია. განსაკუთრებული. - აღფრთოვანდა ის. მე კი გამიკვირდა, ასე რამ მოაწონა ჩემი სახელი-მეთქი. თუ თამაშობდა, მაშინ დიდი სამსახიობო ნიჭი უნდა ჰქონოდა. რატომაც არა, ტყუილად ხომ არ ჰგავდა ალენ დელონს?! - რა ვიცი, ჩვეულებრივი სახელია. არაფერი განსაკუთრებული. - რას ამბობთ, როგორ არ არის განსაკუთრებული? უსმინეთ, რა კარგად ჟღერს, „ლა-ლი“. მაშინვე ძვირფასი ქვა ლალი გაახსენდება ადამიანს და იფიქრებს, რომ თქვენც ამ ქვასავით ხართ. - ღმერთო, ეს ვინაა?! - გავიფიქრე, აშკარად მოახერხა, პირველივე წინადადებით ჩემზე ზეგავლენის მოხდენა. მომეწონა მისი ნათქვამი და მგონი ლალივით გავწითლდი კიდეც. - თქვენ რა გქვიათ? - ოთარი. - მშვენიერი სახელია. - ახლა მე მივუგე, ცოტა სარკაზმით. - სულაც არაა მშვენიერი, რამ გაამშვენიერა?! ერთი ძველმოდური სახელია და ეგაა. გადაკეთება მინდოდა, მაგრამ ბაბუას ერქვა და ვერ ვაწყენინე. ვფიქრობდი მისი სიკვდილის შემდეგ შევიცვლიდი სახელს. მან კი იმდენ ხანს იცოცხლა და ისე მოხუცი გარდაიცვალა, ჩემი სახელის შეცვლას აზრი აღარ ჰქონდა. გამეღიმა. ისეთი ტონით და ინტონაციით საუბრობდა, ძნელი იყო ღიმილისგან თავის შეკავება. - ახლაც არქმევენ ბავშვებს „ოთარს“ და შემოკლებით „ოთოს“ ეძახიან. მშვენიერია, რას ერჩით? - მე მაინც ჯიუტად ჩემს აზრზე ვიდექი. - ეგ იმ შემთხვევაში არქმევენ, თუ ბაბუას ჰქვია ოთარი. საწყალი ბავშვები. - ამოიოხრა. აღარაფერი მითქვამს. ყავა მოვსვი და გონებაში ვიხსენებდი, ვინ მყავდა ირგვლივ ისეთი, ვისაც „ოთარი“ ერქვა. ვერავინ გავიხსენე. - აქ მარტო ჩამოხვედით, ლალი? - დიახ. მაგრამ მეუღლე მალე ჩამომაკითხავს. - ეს უკანასკნელი ნამდვილად ვიცრუე. მეუღლე, ცოცხალი თავით, არ იყო ზღვაზე ჩამომსვლელი. - მეც მარტო ვარ. ოღონდ მეუღლე არ ჩამომაკითხავს. არ უყვარს ზღვა. უფრო სწორად, ასთმა აქვს და არ შეიძლება მისთვის ზღვის სინესტე. ამიტომ სულ ორჯერ თუ იქნება ზღვაზე ნამყოფი. - ცუდია. ჩემს მეუღლესაც არ უყვარს ზღვა. მას მთა ურჩევნია და ლაშქრობები. - გამეცინა. გულში კი გავიფიქრე, „ჩემგან განსხვავებით-თქო“. მე კიდევ ლაშქრობებს ვერ ვიტან. ვერაფრით ვხვდები, რატომ უნდა ვიარო ოღრო-ჩოღრო გზებზე. ნუთუ მხოლოდ იმისთვის, რომ მთაზე ავიდე და ლამაზი ბუნება ვნახო? ლამაზი ბუნების ხილვა ბარშიც შეიძლება და არა მარტო ტყე-ღრე ხეტიალით. ზღვაც ხომ ბუნებაა?! - მე და თქვენ ერთმანეთს ვგავართ, ლალი. - ფიქრი გამაწყვეტინა ოთარმა. - ასე ადვილად ნუ გამოიტანთ დასკვნას. - მივუგე მკვახედ და ქედმაღლურად გადავხედე. - რატომ ადვილად? თქვენც მარტო ხართ აქ და მეც. არც თქვენს მეუღლეს უყვარს ზღვა და არც ჩემსას. ეს უკვე რამხელა მსგავსებაა?! - მე მხრები ავიჩეჩე. - თუ წინააღმდეგი არ იქნებით, „შენობით“ მიმართვაზე გადავიდეთ. - მითხრა მან. მე ისევ მხრები ავიჩეჩე. ზრდილობის გამო ოდნავ გავიღიმე. ისე, დიდად გულზე არ მეხატებოდა, ვიღაც უცხო კაცი რომ ცდილობდა სიმყუდროვე დაერღვია ჩემთვის. ჩემგან განსხვავებით მას საუბარი არ ეზარებოდა და, აშკარად, კომპანიონს ეძებდა. თავი 2. ოთარი ძალიან კომუნიკაბელური და მხიარული ადამიანი აღმოჩნდა, თავისუფლად გამოხატავდა აზრს. შემიყოლია, ასეთ ადამიანთან საუბარში ჩაბმა ადვილია. სხვადასხვა ამბების მოყოლით ცდილობდა თავისი თავის ჩემთვის წარდგენას და შიგადაშიგ კითხვებს ისე ოსტატურად მისვამდა, რომ დაუყოვნებლივ ვპასუხობდი. თან ვხვდებოდი ჩემს უკეთ გაცნობას რომ ცდილობდა. თავად ორი შვილი ჰყოლია, ცოლი გვიან შეურთავს, შვილები ჯერ დასაოჯახებლები ჰყავდა და უახლოეს მომავალში მსგავსი პერსპექტივაც არ ჩანდა. „წარმომიდგენია რამხელა ბედნიერება იქნება პატარა შვილიშვილი რომ მეყოლებაო... არავითარ შემთხვევაში ოთარს არ დავარქმევინებო“ - ამბობდა. - მე კი უკვე მყავს შვილიშვილი. - ვუთხარი მე. - რას ამბობ?! - შეიცხადა მან. - უკვე ბებია ხარ? - კი, უკვე ბებია ვარ! - საერთოდ არ გეტყობა, ლალი. ისე ახალგაზრდად გამოიყურები, რომ ძნელი დასაჯერებელია, ბებია იყო. - გამეცინა და არაფერი მითქვამს. - მასაც ლალი ჰქვია? - არა. გოგოს შვილია და ბავშვს მამამისის დედის სახელი დაარქვეს - ნატალია. - რამხელაა? - რვა წლისაა. - ეგ ერთი გყავს? - კი, ერთი შვილი მყავს, ერთიც შვილიშვილი. - ქალებს ასაკს არ ეკითხებიან, მაგრამ... რამდენი წლის ხარ? - მამლის წელში ვარ დაბადებული... - სხარტად ვუთხარი, არ მიფიქრია დამემალა და არც არასდროს დამიმალავს ჩემი ასაკი. - ღმერთო! არა! არ მჯერა! - ემოციას ვერ მალავდა ოთარი. მომერიდა კიდეც ყველა ჩვენ გვიყურებდა. უხერხულად ვიგრძენი თავი. – 48 წლის ხარ? - არა, არ ვარ 48 წლის, იმიტომ რომ 48 წლის ასაკში ბევრად უფრო ახალგაზრდა ვიქნებოდი... - გამოდის, რომ 60 წლის ხარ?.. დაუჯერებელია! - ისე სწრაფად გამოითვალე, გამოდის, შენც მამლის წელში ხარ დაბადებული და... 48 წლის არ იქნები, იმიტომ რომ 48 წლის ასაკში ბევრად ახალგაზრდული შესახედაობა გექნებოდა შენც. ალბათ 60 წლის ხარ. - ჩემს სიტყვებზე საოცრად გამხიარულდა და მეც გულიანად გამეცინა. - კიდევ ერთი მსგავსება ჩემსა და შენს შორის ლალი. ორივე მამლის წელში ვართ დაბადებული და ორივე 60 წლისები ვართ. - არა, მე ჯერ 60 არ შემსრულებია. 59 წლის ვარ. - ანუ ჩემზე პატარა ხარ. საერთოდ არ გეტყობა ასაკი, ლალი. ძალიან ლამაზი ხარ. - ოჰ! კარგი ერთი, რაღა დროს სილამაზეა ამ ასაკში? - მართლაც დავიმორცხვე, რაღაცნაირად დავპატარავდისავით. მგონი გავწითლდი კიდეც ამხელა ქალი. - რას ქვია „ამ ასაკში“? არავითარი ასაკი! ეგ მეორედ არ თქვა, ძალიან გთხოვ. ასაკი არის მხოლოდ არითმეტიკა და პირობითი მცნება, მეტი არაფერი. - არც მთლად მასეა საქმე, ჩემი აზრით. - ახლა ჩვენ ისეთ ასაკში ვართ, რომ ყველაფრის უფლება გვაქვს. ყველაფერი გვეპატიება. ასე რომ არავითარი ასაკობრივი შეზღუდვა. ცხოვრებით უნდა ისიამოვნო ბოლომდე. - რა უცნაური შეხედულება გაქვს ასაკზე. - არა, რატომ?! როდესმე გაგიგია, ჩვენი ასაკის ადამიანები ქცევის გამო გაეკრიტიკებინოთ? - რა ვიცი. აბა?! არ დავკვირვებივარ. არ ვინტერესდები სხვების ცხოვრებით. - მაშინ მენდე, ლალი. ჩვენი ასაკი არის ყველაზე კარგი და თავისუფალი პერიოდი მთელი ცხოვრების განმავლობაში. იმიტომ რომ, უკვე „დიდები“ ვართ და ჭკვიანები, ჭკუადამჯდრები და სერიოზულები. შვილები გზაზე დგანან, საქმეები დასტაბილურებულია. ასე რომ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, ყველაფერი ნებადართულია. ახლა საკუთარი თავისთვის ყველაზე მეტი დრო გვაქვს და ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ყველაფერი გვეპატიება და ყველაფრის უფლება გვაქვს... და ეს ყველაფერი სწორედ ამ ასაკის გამო... შენ მართლა ძალიან ლამაზი ხარ და საერთოდ არ გეტყობა წლოვანება. ასე რომ, არ არსებობს არავითარი ასაკი და არც შეზღუდვა არსებობს ასაკის გამო. გამაოცა მისმა მსჯელობამ. იმდენად დამაჯერებლად საუბრობდა, რომ შეკამათების სურვილიც კი არ გამჩენია. იმ წუთებში იმდენად ვიყავი მისი გავლენის ქვეშ მოქცეული, ალბათ, ჩემთვის ნებისმიერი რამის დაჯერებას შეძლებდა. მივხვდი, სხვებზე ზეგავლენის მოხდენის განსაკუთრებულ უნარს ფლობდა. ცოტა შევშინდი კიდეც... თან მესიამოვნა. მის გვერდით თავი მართლაც იმაზე ახალგაზრდად ვიგრძენი, ვიდრე სინამდვილეში ვიყავი. ის დრო გამახსენდა, სუსტი და უსუსური, ადვილად რომ ვექცეოდი სხვების გავლენის ქვეშ და მარტივად შეეძლოთ ჩემთვის ყველაფრის დამტკიცება. მაშინ ასაკის სიმცირის გამო მომდიოდა ეს. ახლა კი - ასაკის სიდიდის გამო შეგნებულად ვიჯერებდი და... მომწონდა! - მუშაობ? - ამ კითხვამ ცოტა გამომაფხიზლა. - ჰო, ვმუშაობ. - სად? - ბუღალტერი ვარ და რამდენიმე ობიექტი მაქვს აღებული. - მართლა?! პროფესიაც რა კარგი გქონია, ლალი. - მე ისევ მხრები ავიჩეჩე, თან გავიფიქრე, რას ვიჩეჩავ ამ მხრებს პატარა გოგოსავით-თქო. გავბრაზდი კიდეც საკუთარ თავზე. - მე ოთხი ბუღალტერი მყავს. - სად მუშაობ? - საკუთარ ბიზნესს ვმართავ. თბილისში ერთი რესტორანი და ერთი ჩაიხანა მაქვს. რესტორანს „საბატონო“ ჰქვია. ჩაიხანას კი „ჩარმი“. - კი, ვიცი „ჩარმი“. ჩაიხანაში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, კარგი ადგილია. მგონი რესტორანშიც ვიყავი ზუსტად არ მახსოვს. ამ სასტუმროსაც ხომ „საბატონო“ ჰქვია?! - კი, ესეც ჩემია. კიდევ ერთი ასეთი სასტუმრო მაქვს გუდაურში, იმასაც „საბატონო“ ჰქვია. - ძალიან კარგი. - ჰოდა, იმას ვამბობდი - ოთხი ბუღალტერი მყავს. ოთხივე ობიექტზე მორიგეობით მუშაობენ და პერიოდულად ვანაცვლებ. ყველაზე მთავარი, რაც მათ ავალიათ, რა არის, თუ იცი? - რა? - ერთმანეთს აკონტროლებენ. - რატომ? - არ მინდა, რომ მომატყუონ. ამიტომ სულ ვაკონტროლებ. - თუ არ ენდობი თანამშრომელს, რატომ აჩერებ სამსახურში? - არა, აქ სხვა ამბავია. ვენდობი და მაგიტომ ავიყვანე, მაგრამ კონტროლი მუდამ სჭირდებათ. ბუღალტერს შეუძლია აწყობილი საქმე ისე გააფუჭოს, თვეები დასჭირდეს მის გამოსწორებას. საკმაოდ მაღალ ხელფასს ვუხდი იმისთვის, რომ კეთილსინდისიერად იმუშაონ. - ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონია ბუღალტრებზე. მათთვის არ იქნება სასიამოვნო შენთან მუშაობა. - ხასიათი წამიხდა. რა უცებ იცვლებიან ადამიანები ჩვენს თვალში. ან იქნებ მე გადავამეტე და ისეთი წარმოდგენა შევიქმენი ამ უცხო კაცზე, რომელიც მას არ შეეფერებოდა. გავბრაზდი კიდეც. საუბრის გაგრძელება აღარ მინდოდა. წამოვდექი. - მე დაგტოვებ. საუზმე დავასრულე და ზღვაში მინდა ჩავიდე. - მოიცადე, ლალი, მგონი არასწორად გამიგე. მე ცუდი არაფერი მიგულისხმია, უბრალოდ პატიოსნებას ძალიან ვაფასებ და არ მინდა მატყუებდნენ. - გასაგებია. დაგემშვიდობები... - ლალი, ძალიან გთხოვ. შენი წყენინება არ მინდოდა. ცოტა ხნით კიდევ გაჩერდი. - არა, ოთარ, არ მწყენია. მე რა უნდა მწყენოდა?! უბრალოდ, ზღვაში ჩასვლა უნდა მოვასწრო, სანამ ჯერ კიდევ დილაა. - კარგი. მაშინ სხვა დროს გავაგრძელოთ საუბარი. - ეს სიტყვები რომ მომაძახა მე უკვე წასული ვიყავი. უკან აღარ მიმიხედავს, არც პასუხი გამიცია. გულში კი გავიფიქრე: „წადი შენი... გაზულუქებულო მდიდარო ბებრუხანავ! ჰგონია, ყველაფრის უფლება აქვს“. საკუთარ თავზე გავბრაზდი. „რას ვეჯექი და ვუსმენდი ამდენი ხანი?“ - გადავწყვიტე, საერთოდ აღარ დავლაპარაკებოდი. ზღვა გრილი იყო. ნელ-ნელა ჩავედი და შევეგუე ტემპერატურას. თანდათან ბრაზიც მინელდებოდა და ოთარის არსებობასაც მავიწყდებოდა. ბევრი ვიცურე. დავიღალე. ნაპირზე რომ ამოვედი ცხელ ქვიშაზე გავიშხლართე. მზე უკვე კარგად აცხუნებდა. მოვეშვი და მოვდუნდი. ჩამეძინა. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, სიზმარსაც ვხედავდი, ოღონდ აღარ მახსოვს, რას... სიზმრიდან მამაკაცის ახალგაზრდულ ხმას გამოვყევი, მეძახდა... თავიდან ვერ გავერკვიე. მერე ნელ-ნელა მოვედი გონს და გამოვფხიზლდი. - ლალი, გაიღვიძე, დაიწვები! - ეს ოთარი იყო. - რა? - გაოცებული წამოვიწიე. ვერ მივხვდი, რა უნდოდა. - ჩემს აივანზე ვიყავი და იქიდან გიყურებდი. დიდი ხანი არ განძრეულხარ და ვიფიქრე, რომ ჩაგეძინა. შემეშინდა, არ დამწვარიყავი. მოვედი და მართლაც გეძინა. - ჰო, ჩამძინებია. მითვალთვალებდი? - სასტუმროს გავხედე, იმდენად ახლოს იყო, რომ თავისუფლად შეძლებდა ჩემს დანახვას. - არ გითვალთვალებდი, - მითხრა ღიმილით. - აივანზე ვიჯექი და ვმუშაობდი. პერიოდულად ზღვას და სანაპიროს ვუყურებდი და გხედავდი, მაგრამ არა იმიტომ, რომ გითვალთვალებდი. - გასაგებია. - ჩემს სხეულს დავუწყე თვალიერება. - ხომ კარგად ხარ? - მგონი, გადავრჩი. - ახლა ისევ ზღვაში ჩადი და გაგრილდი. - რომელი საათია? - უკვე პირველია. - გმადლობ, ოთარ. - წამოვდექი და ზღვისკენ წავედი. - არაფერს. - მითხრა და სასტუმროსკენ გაემართა. მე ზღვაში შევედი. გახურებულ სხეულზე ზღვის სიგრილე მესიამოვნა. შემოვბრუნდი და ოთარს თვალი გავაყოლე. ნელი ნაბიჯით მიდიოდა. მოკლე კრემისფერი შორტი და თეთრი მაისური ეცვა. ვერ იფიქრებდით, თუ 60 წლის იყო. ისეთი აღნაგობა ჰქონდა, საერთოდ არ ემჩნეოდა ასაკი. ეტყობა აქტიურად ვარჯიშობდა, რადგან მკლავებზე კუნთები ამობურცვოდა და, რაც მთავარია, მაისური მუცელთან ღიპის გამო საერთოდ არ გამობერვოდა, რაც მისი ხნის მამაკაცებისთვის დიდი იშვიათობა იყო. თმაც ახალგაზრდული ჰქონდა, ხუჭუჭი, საფეთქლებთან შეჭაღარავებული. მართალია, ცოტა შეთხელებული და შუბლთან ოდნავ გაცვენილიც, მაგრამ მაინც არ ემჩნეოდა რომ 60 წლის იყო. სანამ თვალს არ მიეფარა, ვაკვირდებოდი. რაღაცას ვეძებდი მასში, თავადაც არ ვიცოდი, რას. რაღაც მიზიდავდა და მაინტერესებდა. თითქოს მისგანაც მოდიოდა ფარული ძაფები, რომლებიც ჩემს გაბმას ცდილობდნენ. მართლაც უცნაური შეგრძნება მქონდა. რაც თავი მახსოვს, მსგავსი არაფერი დამმართვნია. სხვა მამაკაცებს ჩემკენ „სხვა“ თვალით არასდროს გამოუხედავთ, არა თუ ფლირტი გაუბედავთ. უცნაური შეგრძნება იყო... სადილზე რომ ჩავედი და იგივე, უკვე დასაკუთრებული ადგილი დავიკავე, სტუმრების თვალიერება დავიწყე. მერე მივხვდი, ოთარს რომ ვეძებდი. ის იქ არ იყო. სადილობა რომ დავასრულე და გამოვედი, სასტუმროს ფოიეში შევხვდით ერთმანეთს. - უკვე ისადილე, ლალი? - კი. - მე ახლა მივდივარ. საქმეებს შევყევი და დამაგვიანდა. - არ გავჩერებულვართ ისე გამოველაპარაკეთ ერთმანეთს. მე ნომერში ავედი და აივანზე წიგნის კითხვა დავაპირე, მაგრამ გული ვერ დავუდე. გონება სადღაც დაფრინავდა. აზრიც ვერ მოვუყარე ფიქრებს. ისევ ზღვაზე გასვლა დავაპირე და ჩანთაში მეორე საცურაო კოსტიუმის ძებნა დავიწყე. მეორეც ერთიანი, ოღონდ ჭრელი, ღრმად ამოღებული ზურგით და გრძელტოტიანი ტრუსით იყო. ჩავიცვი და სარკეში რომ ჩავიხედე არ მომეწონა ჩემი თავი. წინა ზაფხულს მეცვა ეგ საცურაო კოსტიუმი. „ეს რამ მომაწონათქო?“, გავიფიქრე და გავიხადე. ისევ სველის ჩაცმა ვამჯობინე. ვიდექი სარკეში და ვუყურებდი ჩემს სხეულს, ეს ის შემთხვევა იყო, სარკეში საცურაო კოსტიუმს კი არა, საკუთარ თავს რომ ვუყურებდი... ვუყურებდი უცხო თვალით და ვაფასებდი: მკლავებს, ფეხებს, მხრებს. ყოველთვის გამხდარი ვიყავი. მომატებული წონის პრობლემა არასდროს მქონია. პირიქით უფრო იყო, - ნერვიულობის დროს ისე ვხდებოდი, ლამის ძვალი და ტყავი ვრჩებოდი. კარგია, სიგამხდრე ასაკს ამცირებს. ამიტომ იყო, წლოვანება რომ არ მეტყობოდა. ჩემი აზრით, მოკლე, კარედ შეჭრილი და შავად შეღებილი თმაც მაკლებდა ასაკს. ძალიან მომინდა ორნაწილიანი საცურაო კოსტიუმის ჩაცმა. ბოლო წლები სულ ერთიანს ვატარებდი. ვთვლიდი, ჩემი ასაკისთვის დახურული უფრო შესაფერისი იყო. გინდა ეს თუ არ გინდა, ასაკი მაინც თავისას შვება. ასაკიც და სტატუსიც. ბებია რომ გავხდი, მეორე დღეს, სამსახურში წასვლის წინ, ჩემი საყვარელი კაბა ჩავიცვი, რომელიც ხშირად მეცვა მანამდეც. სარკეში რომ ჩავიხედე, ძალიან მემოკლა. სხვა დროს, მსგავსი არაფერი მიფიქრია, მაგრამ იმ დღეს სარკეში რომ ვიყურებოდი, „დედის“ ნაცვლად „ბებიას“ ვხედავდი... უკვე ბებია ვიყავი და ისე უნდა მცმოდა, როგორც ბებიებს შეეფერებათ. ამიტომ გამოვიცვალე და ის კაბა აღარც ჩამიცვამს. ბევრი რამ შემიცვალა შვილიშვილის დაბადებამ. სრულად გადავერთე მის გაზრდაზე და ჩემი გოგოს დახმარებაზე. ყოველ თავისუფალ წუთს მათთან ვატარებდი... იმ დღეს კი, სარკეში სველ „ლალისფერ“ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილ საკუთარ თავს რომ ვხედავდი, ბებია კი არა, ვიღაც ახალგაზრდა ქალი იდგა იქ. მეგონა ეს ქალი სიცოცხლით და სურვილებით იყო სავსე. ეს მირაჟი იყო, რომელსაც არა მარტო ვხედავდი, არამედ შევიგრძნობდი კიდეც. მაშინ გადავწყვიტე, შავი, მოხსნილი საცურაო კოსტიუმი მეყიდა. სარაფანი გადავიცვი და სასტუმროდან გავედი. პატარა ჯიხურები სავსე იყო საზღვაო ატრიბუტებით და აქსესუარებით. მესამე მაღაზიაში მივაგენი იმას, რასაც ვეძებდი და ბევრი არც მიფიქრია. შავი ქსოვილის სულ სადა საცურაო კოსტიუმი, ზუსტად ჩემი ზომის იყო, არც კი მომიზომავს ისე ვიყიდე. საკმაოდ ძვირი გადავიხადე, თან ისე, ფასის დაკლებაზე კრინტი არ დამიძრავს. ძნელია გადააბიჯო იმას, რისიც გჯერა და გწამს. მაგრამ სურვილი მაინც ყველაზე მთავარია, ყველაფერს შეგაძლებინებს, თუ ძალიან მოგინდება. მეც ასე დამემართა. მივდიოდი ზღვისკენ და მერიდებოდა პარეოს მოხსნა, ლამის მუხლამდე შევედი წყალში ისე რომ პარეო არ მომიხსნია. საკუთარ თავს ვებრძოდი... „მეკადრება? რა შუაშია „მეკადრება“? არ შეიძლება! თუმცა, რა მოხდა მერე? ხო, მართლაც, რა მოხდა? მე ხომ ზღვაზე ვარ, სადაც ყველა გახდილი დადის და მე რატომ არ უნდა გავიხადო?! უფორმოდ მორღვეული და უშნო ხომ არ ვარ?!“ მოკლედ გადავლახე კომპლექსები, ვაჯობე ბებიის ინსტინქტს, შემოვიხსენი პარეო, დავახვიე და ნაპირისკენ მოვისროლე... თავი 3. ზღვიდან გვიან ამოვედი, მერე ცოტა ხანს ნაპირზე გავჩერდი და მზის ჩასვლას ვუყურე. უკვე ვახშამზე მაგვიანდებოდა, ამიტომ აღარ გამოვიცვალე. პირდაპირ სასადილოში შევედი, ავიღე რაც მინდოდა და ზემოთ ნომერში ავიტანე. მოვწესრიგდი, წყალი გადავივლე, ჩავიცვი... აივანზე მშვიდად მოვეწყვე, ვიჯექი ჩემთვის და ვახშამს მივირთმევდი. თან ზღვას გავყურებდი, ალაგ-ალაგ ღრუბლის ქულებს შორის გამოპარული სინათლე მკრთალად ანათებდა ზღვისა და ცის გამყოფ ზოლს. თანდათან ჩამობნელდა. ოდნავ აგრილდა, მაგრამ ოთახში შესვლაზე არც მიფიქრია. მერე მთვარეც ამოვიდა და ზღვაზე ვერცხლისფერი ბილიკი გამოჩნდა. ირგვლივ ყველაფერი მთვარის იდუმალი შუქით განათდა. კარზე ჩუმი კაკუნის ხმა გაისმა. ჯერ ვიფიქრე რომ მომესმა, ჩემთან ვინ უნდა მოსულიყო?! მალე უფრო ძლიერად განმეორდა კაკუნი. წამოვდექი, კართან მივედი და გამოვაღე. - ოთარ? - საღამო მშვიდობისა. - გამარჯობა. - გცალია? - რა ვიცი, ვვახშმობდი. - დღეს ერთ-ერთი სტუმრის დაბადების დღეა. სასადილოში იკრიბებიან. ტორტი და შუშხუნა ღვინო იქნება. შენც წამოდი. - მე რა მინდა? აქ არავის ვიცნობ. - ლალი, აქ ასეთი წესია, ერთმანეთის დაბადების დღეებზე იკრიბებიან და ულოცავენ. ძველი ბინადრები ახლებს ეცნობიან, უახლოვდებიან და ასე შემდეგ... ასე რომ, შენი დასწრება აუცილებელია. თუ არ წამოხვალ, იფიქრებენ, რომ მათ გვერდით ყოფნა იუკადრისე. - კარგი, წამოვალ. - ძალიან კარგი. - ის მაინც მითხარი, ვისი დაბადების დღეა? - ანზორი ჰქვია, ცოლთან ერთადაა ჩამოსული. ძალიან ეჭვიანი ცოლი ჰყავს, თვითონ კი ლამაზი ქალების მოყვარული ყოფილა ახალგაზრდობაში. ძალიან სასაცილო წყვილია. მოგეწონება, რომ გაიცნობ. - ასე ხელცარიელი ხომ არ წამოვალ?! - ააა, არაა საჩუქარი აუცილებელი. - უხერხულია. - არაა უხერხული, დამიჯერე. - სახეზე დაბნეულობა შემატყო და მითხრა, - მიულოცავ და მალე წამოხვალ. - კარგი, წავიდეთ. - კარები ჩავკეტე და გავყევი. სასადილოში რომ შევედით. ერთ მაგიდაზე ტორტი იდო, მის გვერდით მეორე მაგიდაზე კი შუშხუნა ღვინის სამი ბოთლი და ბლომად ფუჟერები ელაგა. ჯერ ყველა სტუმარი არ მოსულიყო. მე და ოთარი, პირდაპირ ანზორთან მივედით. ოთარმა ჩემი თავი წარუდგინა. - გაიცანი, ანზორ, ამ ლამაზ ქალბატონს ლალი ჰქვია. - ქალბატონო ლალი, სასიამოვნოა, რა ლამაზი სახელი გრქმევიათ. - მითხრა ანზორმა და ხელი გამომიწოდა, მეც შევაგებე, მან ჩემი მტევანი გადაატრიალა, ტუჩებთან მიიტანა და ნაზად მეამბორა. შემდეგ კი უნაკლო თეთრი პროთეზის კბილები მხიარულად გამოაჩინა, ეშმაკურად მოციმციმე, პატარა ბიჭივით, „ჭინკას“ გამოხედვით შემომხედა. „ამ ასაკში ყველაფერი გვეპატიება“- გამახსენდა ოთარის სიტყვები. - დაბადების დღეს გილოცავთ, ბატონო ანზორ. ღმერთმა, პირველ რიგში, ჯანმრთელობა მოგცეთ და დიდხანს სიცოცხლე. - რამდენი წლის გახდით? ანზორი ისევ თვალებში მიყურებდა მოჭუტული თვალებით, გამომცდელად მათვალიერებდა.- 69, ერთიც და საიუბილეოდ დავამრგვალებ! - პროთეზის კაკუნით მითხრა მან და მოხრილი საჩვენებელი თითი მაჩვენა. - რას ამბობთ, ჯერ რა დროს მაგაზე ფიქრია? - გამეცინა. - თქვენ რამდენი წლის ბრძანდებით? - მკითხა ჩვენს გვერდით საიდანღაც გაჩენილმა ხანშიშესულმა ქალმა. გავხედე. გამიკვირდა, ვერ შევნიშნე როდის მოვიდა. ანზორმა მისი დანახვისთანავე გამიშვა ხელი და ქალბატონი წარმიდგინა. - ეს მანანაა, ჩემი მეუღლე. - მერე ცოლს მიმართა. - ეს ლალია. - გამარჯობა, ქალბატონო მანანა, ქმრის დაბადების დღეს გილოცავთ, ღმერთმა დიდხანს გიმყოფოთ, ჯანმრთელად და ბედნიერად. - გმადლობთ. - ცივად მითხრა და ნაძალადევად გამიცინა. ოთარს გადავხედე, სიცილის შეკავებას ცდილობდა. ჩვენი თვალები შეხვდა ერთმანეთს, მოსაუბრეებს სახე ავარიდეთ და შეთქმულებივით ჩუმად გავიცინეთ. - მარტო ისვენებთ, ლალი? - მკითხა მანანამ. - დიახ. - ქმარმა როგორ გამოგიშვა მარტო? თუ არ გყავს? - უცებ გამიშინაურდა მანანა და დაინტერესდა ჩემი ოჯახური მდგომარეობით. - მყავს. ამ დღეებში ისიც ჩამოვა. - შვილები არ გყავს? - ერთი გოგონა მყავს. - დაოჯახებულია? - არა. - მანანა! - შემეშველა ანზორი და ცოლს მკაცრი მზერით გახედა. მაგრამ ვის ეცალა მისთვის, მანანა ცნობისმოყვარეობას ვერ მალავდა. - მართლა მარტო ჩამოხვედი? - კი. - თვალები ავატრიალე, ძალიან შემაწუხა კითხვებით. ოთარმა სიტუაციის განმუხტვა სცადა და სასმელზე მიმიპატიჟა. გაყოლა დავაპირე, მაგრამ მანანამ დაგვასწრო, მე მოგიტანთო და უმალ წავიდა. თანდათან ყველა სტუმარი შეიკრიბა. ულოცავდნენ ანზორს და ჭიქით ხელში მის სადღეგრძელოს სვამდნენ. მანანა დიასახლისობდა. ტორტს ჭრიდა და სტუმრებს ურიგებდა. ის იყო უკვე მერამდენედ რამის სათხავად ან ისე უბრალოდ, თავის შესახსენებლად, ჩემკენ გამოემართა, რომ ანზორმა ჭიქა ჩემს ჭიქას მიუჭახუნა: - შენ გაგიმარჯოს, ლამაზო ქალბატონო. - ამასობაში აძგიბული წარბებით და დაბრიალებული თვალებით მანანა აგვესვეტა წინ. გავიგონე როგორ ჩაიფხუკუნა ოთარმა. - რამდენი წლის ხარ ლალი? - მეორედ დამისვა ეს კითხვა მანანამ. - 59. - რას ამბობ?! - შეიცხადა სასოწარკვეთილმა. - საერთოდ არ გეტყობა. ეტყობა ქმარი კარგად გივლის. - ჰო, კარგად მივლის. კარგი მეუღლე მყავს, - გამეცინა, ტორტიანი თეფში გამოვართვი. ჩემთვის გავყევი ფიქრს: ქმარი რა შუაშია? დის ქმარი მყავს პლასტიკური ქირურგი, ორი წლის წინ იმან გადამიჭიმა კანი სახეზე და კისერზე. - საერთოდ არ გეტყობა ასაკი. ჯანმრთელობა როგორი გაქვს? - მანანას მღელვარება უკვე ძალიან თვალსაჩინო იყო. ჯანმრთელობას არ ვუჩიოდი, თუ ნერვებს არ ჩავთვლიდი. სხვა ყველაფერი წესრიგში მქონდა. ჩემს ოჯახს სანერვიულო შეხვდა და ისეთ დღეში ჩავვარდი, ნევროზი დამემართა, სულ მაკანკალებდა. გავხდი და დავნაოჭდი. ასაკი არ მეტყობოდა კი არა, ორმაგად უფრო ბებერს ვგავდი. სარკეში ჩახედვაც კი აღარ მინდოდა. საშინელი დეპრესია დამეწყო. რას დავემსგავსე?! გარეთ გასვლა არ მინდოდა. სარკეში აღარ ვიყურებოდი, თმასაც კი აღარ ვივარცხნიდი შეღებვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო. მეჩვენებოდა რომ დასასრული იყო და ნელ-ნელა ვკვდებოდი. მერე ჩემმა დამ ჩემი გადარჩენა გადაწყვიტა, ლამის საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა. ქუჩაში ძალით გავყავდი. ბოლოს კი შემიჩნდა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთე და ახალი ცხოვრება დაიწყეო. აიჩემა კანი გადაიჭიმე და 20 წელი რომ მოგაკლდება ნახავ სიცოცხლის ხალისი როგორ დაგიბრუნდებაო. თვითონაც ჰქონდა გაკეთებული და იცოდა რომ ჩემი დეპრესიის და ნევროზისთვის საუკეთესო წამალი - გალამაზება იქნებოდა. დავთანხმდი, ჯერ მარტო იმიტომ რომ რეაბილიტაციის პერიოდში ერთი თვე გარეთ გასვლას აღარ მომთხოვდა. ესთეტიკური კლინიკიდან რომ გამოვედი, პირველი რამდენიმე დღე ძალიან ვნანობდი, ვწვალობდი და ვწუხდი. დამამშვიდებელი და ანტიდეპრესანტები ტკივილგამაყუჩებლებით ჩავანაცვლე. ისე გამოვიდა სულის ტკივილი, ფიზიკურმა ტკივილმა გადაფარა და მასზე ორიენტირებული რომ გავხდი, დეპრესიისთვის ვეღარ მოვიცალე. ვცდილობდი ექიმის რეკომენდაცია ზუსტად შემესრულებინა რომ გართულებებს ავრიდებოდი. სახე ნელ-ნელა დამიცხრა და ადამიანს დავემსგავსე. არ იყო ცუდი. მართლაც საათობით დავიწყე სარკეში ყურება. ის ნაკვთებმორღვეული ქალი სადღაც გამქრალიყო. თითქოს შანსი იყო სიცოცხლის გაგრძელების, თუთქოს კიდევ 20 წელი მომეცა ყოფნისთვის და მეც ეს შანსი გამოვიყენე. ვაკვირდებოდი ჩემს სახეს. მერე იმიჯი შევიცვალე და სიცოცხლის ხალისიც დამიბრუნდა. ამ ყველაფერს ხომ არ ვეტყოდი მანანას, მაგრამ რაღაც აუცილებლად უნდა მეთქვა. დაჟინებით მომჩერებოდა და პასუხს ელოდა. - ჯანმრთელობა ცოტა მაწვალებს. დე ვიტამინის ნაკლებობა მაქვს და ოსტეოქონდროზი მაწუხებს, წელი და კისერი მტკივა. კალიუმის ნაკლებობა მაქვს, რის გამოც მოციმციმე არითმია დამემართა და მუდმივად კონტროლის ქვეშ ვარ, სულ წამალს ვსვამ. - ოოო, ეგ მოციმციმე არითმია, ძალიან ცუდი რამეა. ჩემს მეზობელს აქვს და ნახევარჯერ მკვდარია ქალი. - ჰო, მართალია, მიხედვა უნდა. - დიაბეტი? - მანანას არ ეყო იმ დაავადებების ჩამონათვალი, რაც ვუთხარი. - დიაბეტი ცოტა. - მერე ტკბილს მაინც ჭამ? - თან ტორტის ნაჭერს გახედა, რომელიც ხელში მეჭირა. სულ გადამვიწყებოდა ხელში შაქრის უზარმაზარი საბადო რომ მეკავა. - კი, ხანდახან. უფრო იშვიათად და მერე წამალს ვიმატებ. - ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია. კიდევ კარგი მე არაფერი მაწუხებს და ჯანმრთელად ვარ. - ღმერთმა სულ ჯანმრთელად გამყოფოთ. - ოთარს გადავხედე და წასასვლელად მოვემზადე. - ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია... ჰო, ყველაზე მთავარი ჯანმრთელობაა... სილამაზე მეორე ხარისხოვანია. - ბუტბუტებდა მანანა თავისთვის. - წამოდი, ლალი, მაგიდასთან დავსხდეთ და ტორტი ვჭამოთ. - მიმიხვდა ოთარი და გამარიდა ქალბატონი მანანას მომაბეზრებელ საუბარს. მაგიდასთან რომ დავსხედით, ოთარმა პირველი ის მკითხა, სიმართლე ვუთხარი თუ არა ქალბატონ მანანას. - ეგ ყველაფერი, რაც ჩამოთვალე, მართლა გჭირს? - არა. - გამეცინა. - ეგენი არცერთი მჭირს. - აბა, რატომ უთხარი? - მე მას ის ვუთხარი, რისი მოსმენაც უნდოდა. რა მნიშვნელობა აქვს, ჩემი რა მიდის?! სანაცვლოდ ახლა მშვიდად იქნება. - ოთარმა გაკვირვებულმა შემომხედა. მერე ტორტისკენ გადაიტანა ყურადღება, კრემსა და ბისკვიტს ჩიჩქნა დაუწყო, პატარა ნაჭრებს იდებდა პირში. შევატყვე არ უნდოდა, ძალით ჭამდა. არაფერი მიკითხავს, რა ჩემი საქმე იყო. მე გემრიელად მივირთვი ჩემი წილი ტორტის ნაჭერი და ჭიქაში დარჩენილი ღვინოც ბოლომდე დავლიე. - დალევ კიდევ? მოგიტანო? - არა, გმადლობ, საკმარისია. - ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით. მერე უცბად წამოხტა ფეხზე, თითქოს რაღაც გაახსენდა, ჩემთან მოვიდა, ხელზე ხელი მომკიდა და აყენება დამიპირა. - წამოდი, რაღაც უნდა გაჩვენო. - არ ავდექი, ხელი გავითავისუფლე და უხეშად ვუპასუხე. - მოიცა ოთარ, ასე პატარა გოგოსავით ვერ გამოგყვები სადღაც... - სანაპიროზე მინდა ჩაგიყვანო, - შევატყვე ეწყინა ჩემი რეაქცია. - ვარსკვლავიანი ცა და ზღვა ერთად გინახავს როდესმე? - რა ვიცი, ალბათ მინახავს. არ მიმიქცევია ყურადღება. - ჰოდა, წამოდი, განახებ... ძალიან ლამაზია?! - კარგი, წავიდეთ. - დავყევი მის სურვილს. ავდექი, ოღონდ მისთვის ხელი არ გამიწოდებია. გავიარეთ სასტუმროს უკანა ეზო და სანაპიროზე ჩავედით. მართლაც ძალიან ლამაზი სანახაობა დამხვდა. ზღვასა და ცას შორის გამყოფი ზოლი არ არსებობდა. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ნელ-ნელა ჩადიოდა და ერწყმოდა ზღვას ისე, თითქოს, ერთი მთლიანობა ყოფილიყო. საოცარი სანახავი იყო... მონუსხული ვიჯექი ქვიშაზე და ვუყურებდი. - ვარსკვლავის ჩამოვარდნას დააკვირდი, ლალი. - როგორი რომანტიკოსი ყოფილხარ, ოთარ. - გამეცინა მე. - ზოგადად სილამაზის მოტრფიალე ვარ. - ძალიან კარგია. ყველას არ აქვს უნარი, აღიქვას სილამაზე. - მე ვერ წარმომიდგენია, როგორ ვერ უნდა შენიშნო სილამაზე, რომელიც შენს გვერდითაა, მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება ის. - ზოგი ადამიანი იმდენად არის დამძიმებული ყოფითი პრობლემებით, რომ მისთვის მსგავსი რაღაცები მხოლოდ სისულელეა და მეტი არაფერი. - მე გონია, რომ ეგ ყოფითი პრობლემები ყოფითია და ჩვენს ყოფაზეა დამოკიდებული. რაც უფრო უკეთ ვიგრძნობთ თავს, მით უფრო ადვილი იქნება ჩვენი ყოფა. თუ დავინახავთ სილამაზეს, ვიგრძნობთ სიყვარულს, ეგ ყოფითი პრობლემები იმდენად გაუფასურდება, რომ ცხოვრებას ვეღარ გაგვიმწარებს. - მართალი ხარ. - შევხედე, მინდოდა თვალებში ჩამეხედა და გამეგო, გრძნობდა თუ არა იმას რასაც ამბობდა, იქნებ დაზუთხულ ტექსტს იმეორებდა?! მაგრამ, სიბნელე იყო და არ ჩანდა მისი თვალები. - სიყვარული ყველაზე კარგი რამაა მათ შორის, რაც ადამიანს შეუძლია. - ზოგადად სიყვარულს გულისხმობ, ალბათ. ყველასადმი სიყვარულს. - რა თქმა უნდა, ზოგადად სიყვარულს ვგულისხმობ. ამ ქვეყნად ყველაფერი კარგი და კეთილი სიყვარულთანაა დაკავშირებული. თუმცა, ცალკე აღებული, ქალისა და მამაკაცის სიყვარულია ყველაზე ძლიერი სხვა დანარჩენ სიყვარულებს შორის, იმიტომ რომ ეგ ერთადერთი გრძნობაა, რომელშიც ხორციელი ძალაც ურევია. მაგ დროს გული და გონება ერთადაა, აერთიანებს ორ ადამიანს და განუყოფელ ორგანიზმად აქცევს. ასეთი სიძლიერე და სიმტკიცე სხვას არაფერს შეუძლია. - მე ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი მაგ სიყვარულის მიმართ. - როგორ? - მჯერა რომ არსებობს სიყვარული, სხვადასხვა სახის, ბევრნაირი, მაგრამ ქალ-ვაჟს შორის სიყვარული სხვებთან შედარებით უფრო არამყარი და დროებითია. - აბა, რას ამბობ, როგორ გეკადრება. ქალ-ვაჟს შორის სიყვარული არის ყველაზე ძლიერი რომელიც უამრავ გასაჭირს უძლებს და დაბრკოლებებს უმკლავდება. ეს სიყვარული ერთადერთი გრძნობაა, რომელიც გადის განვითარების საფეხურებს. მერე ეს ყველაფერი გროვდება ისტორიად, რომელსაც ვერაფერი წაშლის. - მაშინ რატომ უცივდებათ გული ერთმანეთის მიმართ ცოლ-ქმარს? რატომ ღალატობენ, რატომ შორდებიან? - ეგ შეიძლება იყოს ყოფითი პრობლემების ბრალი, ან არასწორ არჩევანთან გვქონდეს საქმე, იგივე ნაჩქარევ გადაწყვეტილებასთან. - ანუ, რა გამოდის, ეგონათ რომ უყვარდათ ერთმანეთი და მერე ხვდებიან, რომ არასწორი არჩევანი გააკეთეს ან ნაჩქარევად გადაწყვიტეს? ამის თქმა გინდა? - კი, ზუსტად მიმიხვდი, რისი თქმაც მინდოდა. - მაშინ რა ქვია იმ გრძნობას, რასაც იმ პერიოდში გრძნობენ, როცა ერთმანეთი უყვართ? - გატაცება. - იქნებ, ეიფორია?! - შეიძლება. - მე მგონია, რომ ეგ სიყვარული, რომელსაც შენ მუდმივს და ურყევს ეძახი, საერთოდაც არ არსებობს. არის მხოლოდ გატაცება, აღფრთოვანება. მერე, დროთა განმავლობაში, ეიფორია ნელდება, ვნებები ცხრება და ორი ადამიანის შემაკავშირებლად მხოლოდ მოვალეობები რჩება. უკეთეს შემთხვევაში პატივისცემა და მაინც მოვალეობები. სიყვარული კი ინაცვლებს მეხსიერებაში და იქ არსებობს მოგონების სახით. - არა, ლალი, არ ხარ მართალი. რატომ გაქვს ასეთი დამოკიდებულება სიყვარულისადმი? პირადი გამოცდილებაა? - რა მნიშვნელობა აქვს, პირადია თუ სხვისი?.. მეტ-ნაკლებად ორივეა, უფრო მეტად კი - ასაკის ამბავია. - ასაკი რა შუაშია?! სიყვარულმა ასაკი არ იცის. - ეს მხოლოდ გამოთქმაა, სინამდვილეში, ჩვენს ასაკში „სიყვარულის მზე“ უკვე ჩასულია. - არა! გამორიცხულია! „სიყვარულის მზე“ არასდროს ჩადის. თავი 4. ვიფიქრე შემეკამათებოდა. არ მინდოდა მასთან დავა. კამათს აზრი არ ჰქონდა, არც იმ კონკრეტულ სიტუაციაში და არც ზოგადად. კამათი ყველაზე დიდი უაზრობაა. მაგ დროს ადამიანები დროს ტყუილად კარგავენ და ერთმანეთის მიმართ გრძნობებს თუ დამოკიდებულებებს აფუჭებენ. საბოლოოდ მაინც ვერ თანხმდებიან, რადგან ორივე ისევ თავის აზრზე რჩება. დამნაშავე არ ჩათვლის თავს გამტყუნებულად, რაც არ უნდა მყარი არგუმენტები დაუდონ წინ, ის ყოველთვის შეეცდება თავის მართლებას და სხვის დადანაშაულებას. ადამიანის ბუნებაა ასეთი... ოთარს არ უცდია ჩემთან კამათი წამოეწყო, მას აინტერესებდა მიზეზები, რამ მიმიყვანა მე ამ დასკვნამდე. - მომიყევი, ლალი, რატომ ფიქრობ ასე? - ზოგადად, ადამიანებს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ასეა. - არა, ლალი, რაღაც მიზეზი გექნება, ისე არ შეგეცვლებოდა შეხედულება სიყვარულზე. მივხვდი, რომ მინდოდა მასთან საკუთარ პრობლემებზე თუ თავგადასავლებზე საუბარი. არ ვიცი, სიტუაციამ მოიტანა ასე, თუ ღამე იყო ამ გულახდილობის გამომწვევი. იქნებ ის ერთი ჭიქა ღვინო ბოლომდე რომ გამოვცალე?! მინდოდა გულიდან ამომეღო ყველა ის განცდა, რომლებსაც წლები ვატარებდი. აი, ისე როგორც ფურცლებს, ნაწერ-ნაჯღაბნებს ამოვალაგებდი ჩანთიდან და გასასწორებლად დავულაგებდი მასწავლებელს, ისე მინდოდა ამომეღო გრძნობები გულიდან და ოთარისთვის წინ დამელაგებინა, გასარჩევად თუ გასარკვევად... ყოველგვარი ძალდატანების და ჩაძიების გარეშე დავიწყე მოყოლა: - ერთი შვილი მყავს. ძალიან ლამაზი გოგოა, ქერა, ცისფერთვალება. განათლებული და ჭკვიანი გოგოა. მაგისტრატურაც დამთავრებული აქვს. ნაკითხი და კულტურული ადამიანია. ცანცარა და ქარაფშუტა მაშინაც არ ყოფილა, როცა სამაგისო ასაკი ჰქონდა, ამიტომ ყოველთვის ვენდობოდი, ვიცოდი არ შეცდებოდა და კარგ არჩევანს გააკეთებდა. 26 წლის იყო რომ გათხოვდა. მისი ქმარი ნორმალური ბიჭი ჩანდა. არ ასვენებდა, აწუხებდა. გასაქანი არ მისცა, სანამ არ დაიყოლია ცოლობაზე. სხვაც ბევრი ვინმე აქტიურობდა, მაგრამ ეს ბიჭი განსაკუთრებით დნებოდა და ლღვებოდა მისი სიყვარულით. ყოველ შემთხვევაში, ასე გვაჩვენებდა თავს. დაქორწინდნენ. მეორე წელს შეეძინათ შვილი. ბავშვი ახალი დაბადებული იყო, როცა გავიგეთ, რომ საყვარელი ჰყოლია. ჩემმა გოგომ ძალიან განიცადა. მერე ვითომ მოაგვარეს ურთიერთობა, მაგრამ ყველაფერი დროებითი ყოფილა. ის ბიჭი ვერ ჩერდებოდა, კიდევ ვიღაც გაიჩინა. ვერ წარმოიდგენ, ოთარ, რა ძნელია, როცა არასასურველი და უარყოფილი ქალი ხარ. თქვენ, კაცებს საერთოდ არ გესმით, რას ნიშნავს ღალატი. ვუყურებდი ჩემს შვილს და მეცოდებოდა. რას აღარ აკეთებდა, რომ ქმრის გული მოეგო და ოჯახი შეენარჩუნებინა. თმა ხან შეიჭრა, ხან შეიღება. ხან რა მოიმოქმედა, ხან რა. ყველაფერი სცადა იმისთვის, რომ ოჯახი არ დაენგრია, მაგრამ ეს მცდელობები, ლამის, სიცოცხლის ფასად უჯდებოდა. ვხედავდი როგორ იტანჯებოდა და გული მეწურებოდა. ეჭვიანობდა დაუსრულებლად, ავადმყოფურად და ზოგჯერ, უაზროდ. ბოლოს იმ დონემდე მივიდა, აღარაფრის სჯეროდა. სიმართლესაც კი ვეღარ იჯერებდა. რაღა აზრი ჰქონდა ასეთ ურთიერთობას?! სადღა იყო ის სიყვარული, რომელსაც ერთმანეთის მიმართ გრძნობდნენ?! თუკი უყვარდა, როცა ხედავდა, როგორ იტანჯებოდა მისი ცოლი, რა გული უძლებდა?! რომ ჰყვარებოდა, ხომ არ გააწვალებდა ასე?! ამიტომაა რომ არ მჯერა სიყვარულის მუდმივობის. ამიტომ მგონია რომ ქალ-ვაჟის სიყვარული არის პირველი ეიფორია, რომელიც მალე მთავრდება და მხოლოდ მოგონებად რჩება. ზოგისთვის ეს მოგონებაა სიყვარული და ამით ცხოვრობს, თავს იტყუებს მთელი სიცოცხლე. - შენ ისეთი მაგალითი გქონია, არ მიკვირს, ასე რომ ფიქრობ. როგორ დასრულდა ეგ ამბავი, დაშორდნენ? - დაშორდნენ, კი. არ ღირდა მათი ურთიერთობის შენარჩუნება. როგორც კი გაჩნდა პრობლემები ურთიერთობაში, მაშინ დაენგრათ ოჯახი და მერე ამ ნამსხვრევების შეკოწიწებით ცდილობდნენ ოჯახის აღდგენას, მაგრამ არ გამოუვიდათ. ჩემი შვილისთვის ძალიან რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. თითქოს შეეგუა კიდეც. რაღაცნაირად, თანამზრახველივით დაუდგა ქმარს გვერდით და ეს კიდევ უარესი იყო, იმაზე უარესი, ვიდრე ავადმყოფური ეჭვიანობა და თავის მოწონებების მცდელობები. მესმოდა მისი, უყვარდა ქმარი და არ ემეტებოდა გასაშვებად, მაგრამ ის სიმახინჯე, რადაც მას სიყვარული გადაექცა, საშინელება იყო. ამიტომ დავეხმარე და გადაწყვეტილების მიღებაში ვიაქტიურე. ყველანაირად გვერდით დავუდექი. - ოჯახი დაანგრევინე? - არა, ასე კატეგორიულად ნუ იტყვი... ეგ ოჯახი ისედაც დანგრეული იყო, მე მხოლოდ „სული შევუბერე“. სწორად გამიგე ოთარ, მეტის ყურება აღარ შემეძლო, მიკვდებოდა შვილი... თვალსა და ხელს შუა მიკვდებოდა. უნდა მემოქმედა. - არ გადანაშაულებ, ლალი. მე ვერ განვსჯი შენს საქციელს. მგონია, მართლაც ეგ ერთადერთი გამოსავალიღა იყო დარჩენილი, რადგან სხვა ყველაფერი სცადეთ. აბა, რა უნდა გექნათ?! მერე? - მერე პირველი პერიოდი, რამდენიმე თვე სახლიდანაც კი არ გადიოდა და საშინლად განიცდიდა. რცხვენოდა და ეშინოდა, რას იტყოდა ხალხი. მერე როგორც იქნა მოვახერხეთ და გავიყვანეთ სახლიდან, სხვათა შორის შვილი დაეხმარა ძალიან. ატირებული გულში იკრავდა და იხუტებდა ბავშვს, მისი კოცნით იამებდა ტკივილს. მეშინოდა, თავისთვის არაფერი აეტეხა. მარტოს არ ვტოვებდი და მუდმივად დაძაბული ვიყავი. - რა ცუდი პერიოდი გამოგივლია, სამწუხაროა. - მერე, დროთა განმავლობაში მიეჩვია თავის დარდს და ნელ-ნელა გამოკეთება დაეტყო. ქუჩაში გასვლაც დაიწყო. გახალისდა. სამსახური მოძებნა და სრულად გამოვიდა მდგომარეობიდან. ახლა კარგადაა, ჩაიარა დარდმა და მხიარულადაა. მუშაობს და ზრდის ბავშვს. უფრო სწორად, ერთად ვზრდით. - ერთად ცხოვრობთ? - კი, ერთად ვცხოვრობთ. როცა ის არაა, ბავშვთან მე ვარ. დავატარებ ბაღში და ვცხოვრობთ ასე. - გამოჩნდება მისი ბედი, არ ინერვიულო. - მანაც იმდენი იწვალა და ჩვენც, რომ ნამდვილად არ მინდა, სიტუაცია განმეორდეს. ამის შიში მასაც აქვს და ძალიან თავშეკავებულია. - ასე არ შეიძლება. მას აუცილებლად უნდა ჰყავდეს პარტნიორი, ისე ვერ იქნება. - ის ყველანაირად ცდილობს, თავიდან აირიდოს ყველა. არავინ უნდა, არავის იკარებს. - რას ამბობ, ლალი? ასე არ შეიძლება, დანევროზდება, მას ხომ მოთხოვნილებები აქვს?!. - რა გითხრა, ოთარ? თავისი საქმისა მან უკეთ იცის. - სექსი ძალიან კარგი რამაა, არ შეიძლება მასზე უარის თქმა. - ვიუხერხულე, ასე თამამად რომ ჩამომიგდო სექსზე საუბარი. - რა ვიცი... - რას ჰქვია რა იცი?! განა შენ... - რა მე? - აღარ... - რაღა დროს ეგაა ამ ასაკში, მაგისი „მზე ჩავიდა“ უკვე. - ასე იმიტომ ვუთხარი რომ საუბრის თემა შეეცვალა. ვიმედოვნებდი აღარ გააგრძელებდა. - არა, ლალი, არა! რას ამბობ. რა დროს „მზის ჩასვლაა“?! რაც უფრო დიდხანს არის ადამიანი აქტიური მით უფრო დიდხანს ინარჩუნებს ახალგაზრდობას. - კარგი ერთი, ეს რა შუაშია?! - შუაში კი არა, თავშია, დამიჯერე. მამაჩემს 75 წლის ასაკში ჰყავდა საყვარელი. - ნუ გადამრიე! - მართალს გეუბნები. - რანაირად? - ეგ არ ვიცი, რანაირად... მაგრამ იმ ქალთან რომ დადიოდა. ზუსტად ვიცი. პერიოდულად აკითხავდა ხოლმე. შენ კიდევ ჩვენს ასაკზე ამბობ „მზე ჩავიდაო“. ჯერ კიდევ წინაა ცხოვრება, რატომ გეჩქარება მაგ „მზის ჩასვლა“, ვერ ვხვდები. - ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. კარგი, შევეშვათ მაგ თემას. - როგორც გინდა. - ორივე გავჩუმდით და ასე უტყვად ვისხედით ქვიშაზე გვერდიგვერდ. - რატომ მოგერიდა ჩემთან ამ თემაზე საუბარი?! - მკითხა ცოტა ხნის შემდეგ. - რა თემაზე? - მინდა თავისუფლად იყო ჩემთან, უპრობლემოდ და უკომპლექსოდ. - გამაკვირვა მისმა სურვილმა, გავხედე კიდეც. რა სასაუბრო თემა ეგ იყო. საერთოდ, რა უცნაური კაცი იყო. მაშინ ასე მეჩვენებოდა. - ასე ღიად მოგიყევი ჩემი ოჯახის ამბავი და რა შეზღუდულობაზეა საუბარი?! - იცი, ლალი, გაზიარებული დარდი - ნახევარი დარდიაო, ამბობენ. - ალბათ, მაგრამ ეგ უკვე წარსულია, ჩაიარა. - არ ჩაუვლია... რომ ჩაევლო, ასეთი განცდებით აღარ გაიხსენებდი. ქვეცნობიერში მაინც ჩარჩენილი გაქვს. - არაფერი მაქვს ჩარჩენილი. საუბარმა მოიტანა და მოგიყევი. სულ ეგ იყო. - ასე მარტივად არაა, როგორც შენ ფიქრობ. ერთი კონკრეტული შემთხვევით ნუ განსჯი. შეიძლება შენი სიძე იდიოტი იყოს და სიყვარული არ შეეძლოს, ეგ სულაც არ ნიშნავს რომ სიყვარული არ არსებობს. - მარტო ჩემი სიძე არ არის ასეთი. ყველა ასეთია!.. გადახედე შენს ახლობლებს. ღალატი ყველგანაა. ყველა ღალატობს „საყვარელ“ ცოლს და ამას კაცობას ეძახიან. - არ არის ეგრე. - აბა, როგორაა? მრავალფეროვნებაა ეს? - არც მრავალფეროვნებაში არაა საქმე. - მაშინ სხვა რაღა დარჩა? თუ გიყვართ და მაინც ღალატობთ, მაშინ არ გყვარებიათ ხომ?! ან საერთოდ როგორ ახერხებთ ასე: ხან ერთთან იყოთ, ხან მეორესთან, ვიღაც უცხოსთან რომელსაც დიდი მკერდი აქვს... - დიდი მკერდი სულაც არაა აუცილებელი. - გადაიხარხარა გულიანად. - მაშინ სხვა რაღაცები აქვს ლამაზი და ამიტომ მიდიხართ მასთან... რა მნიშვნელობა აქვს, რა იქნება ის, მკერდი თუ სხვა რამე. მერე კი ცოლებთან ბრუნდებით ისე ვითომ არაფერი მომხდარა. - ნუ ხარ ასე განწყობილი, ძალიან გთხოვ. არ ხარ მართალი. - თითქოს ღიმილს იკავებდა. - არ ვარ მართალი? - ნელ-ნელა ვბრაზდებოდი, - იცი, მე რას ვეძახი ასეთ კაცებს? ცხოველებს. - ისეთი მკაცრი და ზიზღნარევი ტონი გამიხდა, მე თვითონვე მომერიდა. - ყველა კაცი ერთნაირია! - არა, ლალი. არაა ყველა კაცი ერთნაირი. - ერთნაირია! ერთ-ნა-ი-რი! - გღალატობს ქმარი? - მეე? არა, საიდან მოიტანე? - აბა, რატომ ხარ ასეთი კატეგორიული? - აუცილებლად მე უნდა მღალატობდეს, რომ მივხვდე, რა საზიზღრობაა ღალატი?! არა, მე სხვების საქციელსაც კარგად ვხედავ. - არ მჯერა. - რა არ გჯერა? - ისეთი გაბრაზებული ვიყავი, სახე მიხურდა, მას კი ისევ ისეთი მშვიდი და გაწონასწორებული ხმა ჰქონდა. ნერვი არ შერხევია. - მე არასდროს მიგრძვნია მისგან რამე მსგავსი. შეიძლება სხვა ჰყავდა, ალბათ იქნებოდა მასეთი შემთხვევებიც, თქვენ კაცებს ხომ მონოგამია არ შეგიძლიათ, მაგრამ მე არასდროს შემიმჩნევია. თუ მართლა დადიოდა სხვასთან მაშინ ამას ძალიან ფრთხილად აკეთებდა. უფრო მგონია, რომ არავინ ჰყოლია სხვა. - რა სასაუბრო თემა ეს იყო, მაგრამ რომ არ მეშვებოდა?! ვერც მე ვწყვეტდი საუბარს, ისეთ განწყობაზე ვიყავი, ბოლომდე რომ მინდოდა სათქმელი მეთქვა, მეჩხუბა კიდეც. მასაც ეთქვა რას ფიქრობდა და დამემტკიცებინა - ცდებოდა. ამ მდგომარეობამდე მან მიმიყვანა ისე, რომ ვერ შევამჩნიე, როგორ შემიყოლია და მათქმევინა ბევრი რამ. - მონოგამია კარგი რამეა, მაგრამ რთულია... თუმცა არიან მასეთი მამაკაცებიც. - არაფერი სირთულე მაგაში არაა. ქალებს თუ შეგვიძლია, კაცებს რატომ არ უნდა შეგეძლოთ?! - ქალებს შეგიძლიათ, იმიტომ რომ საქართველოში ვცხოვრობთ და გეშინიათ. - კარგი ერთი... რა შუაშია საქართველო, ან რისი გვეშინია? - სახელის გატეხის, „რას იტყვის ხალხი“, ამის ტყვეობაში ხართ და ცხოვრობთ კაცებთან, რომლებიც აღარ გიყვართ. აღარ გაქვთ სექსი და ასე ატარებთ მთელს ცხოვრებას, მერე კი ყველაფერს იმას აბრალებთ რომ სიყვარული არაა მუდმივი და უკვე დაბერდით. - ისე გავბრაზდი ამის გაგონებაზე რომ ლამის ვიყვირე. მუშტები მაგრად შევკარი და ღრმად შევისუნთქე. - ამ დროს ქმარი სხვა ქალთან დადის, სურვილებჩახშობილი ცოლი კი სახლშია და იტანჯება. ქმარს ჰგონია ფრიგიდულია მისი ცოლი. ცოლს ჰგონია, რაღა დროს მათი სექსი და სიყვარულია. სავსე არიან ოჯახური პრობლემებით. გადაღლილები წვებიან ლოგინებში და ერთმანეთის ზურგშექცევით იძინებენ. არადა ყველა ეს პრობლემა მარტივად გვარდება ჩახუტებით, მოფერებით და ალერსით. ავიწყდებათ ერთმანეთი და სხვაგან დაეძებენ იმას რასაც ერთმანეთისგან იღებდნენ - სიამოვნებას. კაცი სხვა ქალში, ქალი შვილებზე გადამეტებული ზრუნვით. არადა აკლიათ ერთმანეთი, აღარ აქვთ სექსი და გაუწყდათ შემაკავშირებელი ძაფი. სამწუხაროდ, ამას ვერ ხვდებიან. მითხარი, ლალი, არაა ასე?! მე ხმა არ ამომიღია. რა უნდა მეთქვა, თითქოს ჩემს საძინებელს ხედავდა და აღწერდა. მან კი დაწყებული საუბარი გააგრძელა:- ახალმა თაობამ შეძლო და გამოვიდა იმ კომპლექსისგან, რომ ქალისთვის სექსის სურვილი სასირცხვილოა. ჩვენი თაობა ჯერ ისევ ძველ ტრადიციებშია ჩარჩენილი. აწი აღარც არაფერი ეშველებათ. მაშინ, როცა მთელი ცხოვრება იმის შიშით გაატარეს რომ ქმართან სიახლოვის სურვილის გამოვლინება სასირცხვილო იყო, აწი რაღა უშველით? მერე კაცებს ადანაშაულებთ, სხვებთან მიდიან და ამბობთ „ყველა კაცი ერთნაირიაო“. - გაჩუმდა. რაღაც უნდა მეთქვა. ასე ერთბაშად ვერ გავწყვეტდი საუბარს და ვერ გავიქცეოდი სასტუმროში. არადა წასვლა ძალიან მინდოდა. - მართალი ხარ, ოთარ, მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობდი. მე ღალატს ვგულისხმობდი. როგორ შეგიძლიათ ღალატი მაშინ, როცა გიყვართ?! - ეგ ღალატი არ არის. - ღმერთო ჩემო, აბა რა არის?! - სხვა რამეა. ეგეც სიყვარულია, ოღონდ განსხვავებული. - ეგ როგორ? ცოლიც გიყვარს, ისიც გიყვარს და ეს ღალატი არ არის?! - არა. არ არის ღალატი. - გადამრევს ეს კაცი. აბა რა არის?! - არ უშლის ხელს ერთმანეთს. - ეს შენ გგონია მასე, იმიტომ რომ გინდა მასე იყოს. აბა შენს ცოლს ჰკითხე. - რატომ უნდა ვკითხო? საერთოდ, რატომ უნდა იცოდეს?! მას თავისი ადგილი აქვს, რომელსაც ვერავინ წაართმევს. - მართლა?! სადაა ეგ ადგილი, სამზარეულოში?! - ლალი, ნუ გაცხარდი, ძალიან გთხოვ. აგიხსნი. - საინტერესოა, როგორ ამიხსნი. ღალატს ერთი ახსნა აქვს, ღალატია და მორჩა. ღალატი კი საზიზღრობაა! - მომისმინე, კარგი?! - ჩემკენ მობრუნდა, ხელი დამიჭირა და გამაჩერა. მარცხენა ხელის მტევანი მუჭში მოიქცია და მშვიდი ხმით გააგრძელა საუბარი. - მოდი ასე ვთქვათ, შევადარებ მუსიკას. წარმოიდგინე, ცოლი არის კლასიკური მუსიკა. სხვა ქალები კი ჰიტები, რომლებიც მოდიან, წლებით თარიღდებიან და მიდიან. კლასიკური მუსიკა არის სულ, მას ვერაფერი შეედრება და ვერ შეცვლის. ჰიტები კი აქტუალური არიან რაღაც პერიოდი, მერე გადის დრო და ისინიც იცვლებიან. მოგონებებში რჩებიან და არიან სულ, როგორც იმ წლების რჩეულები. ხვდები რისი თქმა მსურს? - ღმერთო, როგორი დამაჯერებელი იყო. - ვხვდები. - ასე რომ, ერთმანეთს ხელს არ უშლიან. - შენი ცოლის მხრიდან ხომ მტკივნეულია? - სულაც არა. ხომ გეუბნები, მას თავისი ადგილი აქვს. ვერავინ შეავიწროებს. - შენ ხომ მისთვის აღარ ხარ?! - ეს რამ მაკითხვინა?! - როგორ არა ვარ. მე არ შევცვლილვარ. არ გავცივებულვარ მის მიმართ. - და ის სხვა ქალები, „ჰიტები“, კმაყოფილები არიან იმით რომ „ჰიტები“არიან? - რა თქმა უნდა. მათაც თავისი ადგილი აქვთ. - სასწაულია პირდაპირ! ესე იგი, არიან „ყოფილები“ და ამით კმაყოფილები არიან?! - არა, ლალი, რას ჰქვია „ყოფილი“? ყოფილი არ არსებობს. როგორც ყოფილი „მის საქართველოები“ არ არსებობენ, ისე არიან ეს ქალებიც. - ღმერთო... - ამაში საკამათოც არაფერია. - მერე და სად არის აქ სიყვარული? - ყველა მათგანთან სიყვარულია. მე ყველა მახსოვს. ყველა დეტალი მახსოვს... რომ დავჭირდე რომელიმე მათგანს, გვერდით ვეყოლები. როცა საჭირო იყო, დავხმარებივარ კიდეც. არც ერთთან მაქვს ცუდი ურთიერთობა და არც ერთი ქალი წასულა ჩემიდან უკმაყოფილო. ო, ღმერთო, რეებს ჰყვებოდა. სულაც არ მინდოდა მათი მოსმენა... თავი 5. გრილი სიო უბერავდა და მარილიანი წყლის სუნი მოჰქონდა. ზღვის ტალღები შხუილით ახეთქებდა ქაფის ბუშტუკებს ქვიშიან სანაპიროს. სავსე მთვარე ცის კიდეზე ისე ეკიდა, თითქოს ლურსმნით მიაჭედესო. სახე ჩემკენ მოეპყრო და თითქოს მიღიმოდა. მის გარშემო ვარსკვლავები კიაფობდნენ და სხივებად იშლებოდნენ. ზღვა ისე იყო ცის კიდესთან შერწყმული, რომ ვარსკვლავები მასში ირეკლებოდნენ. თითქოს ზღვაც ვარსკვლავებით მოჭედილიყო და ცასთან გაერთიანებულიყო. მართლაც საოცარ შთაბეჭდილებას ქმნიდა. ვუყურებდი და მიკვირდა. უცებ ვარსკვლავი ჩამოვარდა, მე კი ისე ვიყავი სანახაობის თვალიერებით გატაცებული რომ უნებურად ვიკივლე, როცა დავინახე როგორ დაეშვა ზღვისკენ. დატოვა თეთრი კვალი და წყალში ჩაიკარგა. მერე ის კვალიც წაიშალა. - დაინახე? - მკითხა ოთარმა. - კი, დავინახე. - სურვილი უნდა ჩაიფიქრო. თან ორი სურვილი, ერთი ხმამაღლა სათქმელი და ერთიც ჩუმად ჩასაფიქრებელი. - მართლა?! კარგი. - გამეცინა და გავმხიარულდი. - შენც ჩაიფიქრე? - კი. ახლა ხმამაღლა სათქმელი სურვილი უნდა თქვა. - მინდა, რომ ჩემი ყველა ახლობელი კარგად იყოს. - მშვენიერია. ჩუმად ჩასაფიქრებელიც ჩაიფიქრე? - არა, ჩუმად ჩასაფიქრებელი არაფერი მქონდა. - როგორ, არაფერი გინდა, რასაც ჩუმად ჩაიფიქრებდი?! - არა. - არ მჯერა. - რატომ? - როგორ შეიძლება ადამიანს არ უნდოდეს რაღაცის ჩუმად ჩაფიქრება. - არ მინდა და... არ შეიძლება? - რომ იცოდე, უეჭველად აგისრულდება ერთი სურვილი ისე, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს, არაფერს ჩაიფიქრებდი? - მსგავსი არაფერი მინდა. - როგორ? - ჩუმად რომ რამე მინდოდეს, მასეთი არაფერი მინდა. - რატომ? - შევწუხდი, რას გადამეკიდა ეს კაცი?! რისი მოსმენა უნდოდა ჩემგან? - რა გითხრა, ოთარ? ჩემი ცხოვრება ყოველთვის ასეთი იყო, საიდუმლო არ მქონია. - კარგი, რადგან ასე გინდა, რა გაეწყობა. არ გაინტერესებს მე რა სურვილი მაქვს ხმამაღლა ჩასაფიქრებელი? - კი მაინტერესებს. - მინდა, რომ შენთან ვიცეკვო. - რაა? - შენთან ცეკვა მინდა. - ადგა. ხელი გამომიწოდა. - მოდი ვიცეკვოთ. - ააქ? - ხო აქ. - როგორ? - არასდროს გიცეკვია ზღვის ტალღებთან? - არა... - მოდი, გასწავლი. გაიხადე ფეხზე და მოდი. - მარცხენა ხელზე მომკიდა ხელი და ზღვისკენ წამიყვანა. წყალს რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდით. ოთარმა თავისკენ შემაბრუნა. - რას აკეთებ? რა უცნაური კაცი ხარ, ოთარ. საიდან მოიგონე? - ამაში არაფერია უცნაური. - მუსიკა? - მუსიკა უნდა წარმოიდგინო და გაიგონებ. - კარგი და რა მუსიკაზე ვაპირებთ ცეკვას? - მოდი მუსიკა შენ აარჩიე. რომელიც გინდა. - მე მინდა... - ცოტა ხანს დავფიქრდი, - მინდა გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ - რაღა მაინცდამაინც „ყვითელი ფოთლები“?! - თავი გააქნია და გაიცინა ოთარმა. - იქნებ ლანა ღოღობერიძის და ჯემალ სეფიაშვილის „ჭაღარა“ გირჩევნია? - ჩავილაპარაკე. ოთარმა გადაიხარხარა. - „ბედმა შეგვახვედრა, ასაკმა გაგვყარა, შენ უკვე გათეთრდი, მეც გავხდი ჭაღარა... ხელს გვიშლის აღარა“ - წაიმღერა. - ხომ გეუბნებოდი, ჩვენს ასაკში ყველაფერი შეიძლება-თქო. - მე არაფერი მითქვამს. - კარგი იყოს „ყვითელი ფოთლები“. - ორივე ხელზე მომკიდა ხელი, ერთი კისერთან დაიდო მხარზე, მეორე კი მუჭში ძლიერად მოიქცია. წელზე მომხვია ხელი და მოძრაობა დაიწყო. ავყევი... ჩვენს შორის დიდი მანძილი იყო, სხეულებით არ ვეხებოდით ერთმანეთს. ნაბიჯს ერთდროულად ვადგამდით სველ ქვიშაზე და ნელა ვირწეოდით. ზღვის ტალღები მოდიოდნენ და ფეხებს შორის ქვიშას გვაცლიდნენ. თანდათან ავყევი რიტმში ოთარს და ზღვას. ვმოძრაობდი და ვფიქრობდი მელოდიაზე... ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა მუსიკის ხმა... ნოტების ჟღერადობა გავიგონე, მერე თითოეული ინსტრუმენტიც გამოვარჩიე, სათითაოდ რომ გამოსცემდნენ ხმებს. ნაზი ბგერები აღწევდნენ ჩემამდე... მოდიოდნენ და ჩემი შინაგანი სამყაროს კარს აღებნენ, მერე კი წვიმის წვეთებივით ნაზი კაკუნით შემოდიოდნენ ჩემში... მუსიკას შეუძლია გადმოსცეს ადამიანის შინაგანი სამყარო და განწყობა გარეთ გამოიტანოს. მეც მესმოდა ჰარმონიული აკორდები, როგორ ყვებოდნენ ჩემს ამბავს. ნამდვილად მესმოდა... ვცეკვავდით მუსიკის რიტმში მე, ოთარი და ზღვა. ჩემსა და უცხო მამაკაცს შორის მანძილი კი თანდათან მცირდებოდა... ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებოდი... ვმოძრაობდით. ვუახლოვდებოდი და ვგრძნობდი, კომბოსტოს ფოთლებივით როგორ მეცლებოდა წლობით ნაგროვები ბარიერები, რომლითაც სხვა ადამიანებს ჩემამდე მოსასვლელ გზას ვუღობავდი. მეცლებოდა და მენგრეოდა ყველა ჯებირი, რომელზეც პიროვნული გაწონასწორებულობა და სიძლიერე მქონდა ნაშენები. ყველა კარი, ყველა დარაბა მეხსნებოდა და ვთავისუფლდებოდი... ის ჩემში შემოდიოდა, მე კი მას ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი... ვმოძრაობდით მუსიკის რიტმში, იმ მუსიკის რომელიც არ ჟღერდა მაგრამ გვესმოდა... მას ესმოდა ჩემი. ზღვასაც ესმოდა ჩვენი... მე - მედ დავრჩი და ვიგრძენი მარტო ვიყავი. ვიგრძენი როგორ მაკლდა ემოციები, სითბო და სიყვარული... მაკლდა გრძნობები, რომლებსაც სადღაც შიგნით ვმალავდი და ვჩქმალავდი. სურვილები მაკლდა, რომლებიც იმ ჯებირებს მიღმა გამოვაძევე და ახლოს აღარ მოვუშვი. ვიგრძენი რომ ძნელი იყო ასე ცხოვრება... თურმე როგორ მიჭირდა და ვერ ვხვდებოდი... და დავიღალე. ძალიან დავიღალე... საკუთარი თავის შენებით დავიღალე. მარტოობით და ძლიერი ქალის როლის თამაშით დავიღალე... აღარ მინდოდა ასეთი სიცოცხლე! სხვა რამ მინდოდა... უფრო და უფრო მივუახლოვდი... მუსიკა არ მთავრდებოდა. „ყვითელი ფოთლები“ ქარში ისევე დაქროდნენ, როგორც ჩემი ფიქრები დაჰქონდა ქარს... ნაბიჯს ნაბიჯი მოსდევდა და ზღვა ყველა ნაკვალევს შლიდა. ვიგრძენი... შევეხე... დაღლილი თავი მხარზე დავადე და ხელით კისერზე ჩამოვეკიდე... მიმიხვდა. ჩემი მეორე ხელიც კისერზე შემოიხვია და თავისი გათავისუფლებული ხელი წელზე დამადო. ახლა ორ მხურვალე ხელს ვგრძნობდი, უძრავად რომ მელაგა და სხეულში თბილ სხივებს მიგზავნიდა... ვმოძრაობდით რიტმში და ვცეკვავდით გაუჩერებლად. თითქოს საუკუნედ იქცნენ წამები... დასასრული მენანებოდა, არსად მეჩქარებოდა. მე - მე ვიყავი, ისეთი როგორიც ნამდვილად ვიყავი. მოვდუნდი და მივენდე იმ ტალღებს რომლებიც ფეხქვეშ ჩემს განვლილ გზას შლიდა. მივენდა უმოძრაოდ შემოხვეულ ხელებს, რომლებსაც არც ერთი ზედმეტი მოძრაობა არ გაუკეთებიათ, - გაუნძრევლადაც ახერხებდნენ ჩემს შიგნიდან გათბობასა და გაცოცხლებას. ვგრძნობდი ტალღებს რომლებიც ჟრუანტელად მივლიდა მთელს სხეულში და როგორც ცაზე ვარსკვლავებს, ისე მინთებდნენ პატარა მანათობელ წერტილებს... თანდათან ვივსებოდი ბედნიერების პატარა ბურთულებით. ვენთებოდი... ვასხივებდი... მათგან გამომავალი ტალღები ერთმანეთს უკავშირდებოდა და ერთიან ბადეში ვეხვეოდი... ვცეკვავდით, ნელი ნაბიჯით ვმოძრაობდით. ზღვაც ჩვენთან ერთად ცეკვავდა, ცა და ვარსკვლავები ჩემში შიგნით იყვნენ და მე მომწონდა... საკუთარი თავი მღალატობდა... შემეშინდა. ჰო, საკუთარი სურვილების შემეშინდა... - წავიდეთ. - ვუთხარი. ხმა არ ამოუღია. საუბარი არ მინდოდა... არ მინდოდა სიტყვებს გაეფუჭებინა ის, რასაც ვგრძნობდი. ამ კაცს, მართლა უსიტყვოდ ესმოდა ჩემი... ხელი ჩამკიდა და სანაპიროს გავუყევით. ცოტა ხანს სველ ქვიშაზე ჩუმად ვიარეთ. ხმა არცერთს ამოგვიღია... თითქოს დავპატარავდი. იმ გოგოდ გადავიქეცი, საყვარელ ადამიანთან ერთად ხელჩაკიდებული სეირნობას რომ ნატრობდა. ასეთ ღამეებზე რომ ოცნებობდა... რა უცნაური რამაა ოცნება. მაშინ გისრულდება, როცა უკვე გგონია, რომ აღარ გინდა, რომ სულ ერთია და ახლა მის ასრულებას აზრი აღარ აქვს. სინამდვილეში ვერ ვხვდებით, რომ მისი ასრულების დრო სწორედ მაშინაა, როცა იმედგადაწურულებმა ოცნება დავასრულეთ. ან, იქნებ, მათ ჩვენზე უკეთ იციან. როდისაა ახდენისა და რეალობად ქცევის დრო?! - გმადლობ, ოთარ. - ჩემი ოთახის კართან ვუთხარი თავდახრილმა. მერიდებოდა კიდეც მისი და მრცხვენოდა. აღარ შემიხედავს ისე შევედი და კარი მივიხურე. დაფიქრებული კარს ზურგით მივეყუდე. ვგრძნობდი ის იქ იყო. „გაუღე!“ მეუბნებოდა ვიღაც ჩემი გონებიდან. „არა!“, თავი გავაქნიე და მოვშორდი კარს. საწოლზე გაუხდელად დავწექი და დაძინება ვცადე, მაგრამ იმ ღამით თვალი ვერ მოვხუჭე. გაშტერებული შევყურებდი ჭერს და ვფიქრობდი რა მემართებოდა. მთელი ღამე ვიწრიალე, ვერ დავიძინე. დილას გადავწყვიტე იმ სასტუმროდან წავსულიყავი. არ მინდოდა ვიღაც უცხო კაცს თავისი ზეგავლენის ქვეშ მოვექციე. უნდა გავრიდებოდი. სახლში რომ დავბრუნებულიყავი, ეჭვს გამოიწვევდა. ვერც სხვა სასტუმროში გადავიდოდი. საბოლოოდ გადავწყვიტე საუზმის მერე წავსულიყავი ბათუმში. კარგად რომ გათენდა, ოთახიდან გამოვედი. გვერდით ოთარის ოთახის კარს გავხედე. მას ალბათ მშვიდად ეძინა. დილის სუსხი იგრძნობოდა. ზღვიდან იოდის სუნი მოდიოდა. ტალღები მშვიდი, ზღვა კი სუფთა იყო. დასველება არ მინდოდა. იმ ადგილს ვაკვირდებოდი, სადაც გასულ ღამეს მე და ოთარი ვცეკვავდით. ჩამოვჯექი და ფიქრით დაღლილმა ზღვას დავუწყე ცქერა. მეგონა, ოთარი ჩემთან დაახლოებას შეეცდებოდა და მოსვენების საშუალებას არ მომცემდა. ამიტომ მინდოდა წასვლა და ბათუმში რამდენიმე დღის გატარება. მაგრამ ასე არ მოხდა. სასაუზმოდ რომ შევედი და დარბაზი მოვათვალიერე ოთარი იქ არ იყო. არც მერე მოსულა. ამან გამაჩერა. თან მეუხერხულებოდა ჩუმად გაპარვა. ვფიქრობდი, რომ ვნახავდი, ვეტყოდი „მივდივარ-მეთქი“ და ამის მერე წავიდოდი. მაგრამ ის სადილზეც არ გამოჩენილა. გამიკვირდა. შეიძლება მუშაობდა და არ ეცალა?! გადავწყვიტე გამგზავრება მეორე დღისთვის გადამედო. მთელი დღე ზღვაზე გავატარე. ოთარი არ გამოჩენილა, მე კი სულ მის ძებნაში ვიყავი. რას ავიკვიატე, რატომ მინდოდა მისი ნახვა, რა იყო ისეთი, რაც მისკენ მიზიდავდა?! რატომ ვიქცეოდი ასე, თავადაც არ მესმოდა. ვითომ გავურბოდი, თან მისი ნებართვის გარეშე არ მინდოდა გაქცევა. საკუთარ თავზე ბრაზი მომდიოდა. რაღა დროს ჩემი გატაცებები იყო?.. როცა ახალგაზრდა ვიყავი, მაშინ არ გამოუწვევია ინტერესი სხვა მამაკაცს ჩემში და ახლა რა მემართებოდა? მიკვირდა... ბევრი ფიქრის და ვარაუდის შემდეგ, მიუხედავად ყველაფრისა, თავს გამოვუტყდი, რომ მინდოდა მისი ყურადღების ცენტრში ვყოფილიყავი. ალბათ მეჩვენებოდა. აბა რა ესაქმებოდა მას ჩემთან, რატომ შეეცდებოდა ჩემს მოხიბვლას?. დავასკვენი, რომ ნამდვილად გადავამეტე და არავითარი ფლირტის საწყისი ჩვენს შორის არ ხდებოდა. ასეც რომ ყოფილიყო გასაკვირი იქნებოდა: რაღა მე, მაშინ, როცა ამდენი ახალგაზრდა ქალია გარშემო? რა სულელი ვიყავი, რეებს ვფიქრობდი. მაგრამ ფიქრს რომ ვერ აკონტროლებს ადამიანი და მერე ეს ფიქრი რომ სურვილებად ყალიბდება, ეგ მემართებოდა ზუსტად. ეს კაცი ტვინში შემომიძვრა და ამეკვიატა თავისი „ჰიტებით“. იმ ღამით მოწყენილმა, დანაკლისის შეგრძნებით იმედგაცრუებულმა დავიძინე. დილას ჩვეულ ადგილზე, ჩვეულ საუზმეს შევექცეოდი. მალევე სასადილო დარბაზში მხიარული შეძახილით ოთარი შემოვიდა და ომახიანი სალამი დაიძახა. მოიკითხა სტუმრები. გამოკითხა, ხომ არაფერი სჭირდებოდათ. მეც გამომხედა და ღიმილით მომესალმა. მის დანახვაზე გული საგულედან ამომიხტა. არა, არაფერი ისეთი, უბრალოდ მოულოდნელი იყო, თან ისეთი ხმაურით შემოიჭრა, რომ შემეშინდა და იმიტომ ამითრთოლდა გული. მალევე გადამიარა. საუზმის აღებას აჭიანურებდა. მაინტერესებდა მოვიდოდა თუ არა ჩემთან. თითქოს განგებ არ ჩქარობდა, ხან ანზორს გამოელაპარაკა, ხან მის გვერდით მჯდომ შუახნის მამაკაცს. ბოლოს ხმამაღლა იკითხა. - ვის შემოგიერთდეთ? არ მიყვარს მარტო ჭამა. - ვიღაცამ დაუძახა ეზოდან აქ მოდიო. ოთარმა თვალი მოავლო სასადილოს და განაცხადა, - ლალი ზის მოწყენილი და ცოტას გავამხიარულებ. - ჩემდა უნებურად ღიმილი შევაგებე. - როგორ ხარ, ლალი? - მითხრა ჩუმად. - კარგად. შენ როგორ ხარ? - მეც კარგად, ხომ არ მოიწყინე? - არა. რატომ დაიკარგე? - ვაიმე, ეს რამ მაკითხინა, ენაზე ვიკბინე. როგორ გავეცი ჩემი თავი, ნამდვილი თავქარიანი და სულელი ვიყავი. მგონი გავწითლდი კიდეც, ვიგრძენი ყურები როგორ ამეწვა. გაქცევა მომინდა. - თბილისში მომიხდა ჩასვლა, გადაუდებელი საქმე მქონდა. დილას ადრე წავედი და გვიან დავბრუნდი. - რატომ იჩქარე ამხელა გზაზე უკან წამოსვლა? - აქ მინდა ყოფნა. - მითხრა და ალმაცერად ამომხედა. ჩემს თავზე ვბრაზობდი და კიდევ რამე სისულელე რომ არ მეთქვა, გაჩუმება ვამჯობინე. ისიც ჩუმად მიირთმევდა თავის საუზმეს. მერე კი მკითხა. - ზ
ღვაზე ჩადიხარ? - კი. - მეც წამოვალ, ერთად წავიდეთ. - კარგი, როგორც გინდა. თავი 6. ცხოვრება ერთი წამივითაა. უკან მოხედვას ვერ მოასწრებ, რომ უკვე დასასრულს ხარ მიახლოებული. ასაკი დაუნდობელია, წლები თავის კვალს ტოვებს. თმაში ჭაღარას და სახეზე ნაოჭებს აჩენს, ზურგზე კუზს, გულში კი სევდას. მახსოვს 30 წლის რომ ვიყავი ისე ძალიან არ მინდოდა დაბერება, მზად ვიყავი, ახალგაზრდა მოვმკვდარიყავი. წარმოდგენაც არ მინდოდა როგორი ვიქნებოდი ხანში შესული. 50 წელი უკვე ხანდაზმულ ასაკად წარმომედგინა და 60 სულაც ცხოვრების დასასრულად მეჩვენებოდა. 30 წლის ასაკში წინასწარ განვიცდიდი, 40 წლისა როგორი „დიდი“ ვიქნებოდი. რაც უფრო მეტს ვუფიქრდებოდი ამ საკითხს, მით მეტად განვიცდიდი. არ მინდოდა დაბერება. არ მინდოდა ახალგაზრდობის დაკარგვა. მენანებოდა ის სილამაზე რომელსაც სარკეში ჩახედვისას ვხედავდი და მეგონა, უბედური ვიქნებოდი მაშინ, როცა ისეთი აღარ ვიქნებოდი და სახეს ნაოჭები დამიფარავდა. ჯიუტად არ მინდოდა, იმასაც ვფიქრობდი კარგი იქნებოდა თუ მოვკვდებოდი და მარად ახალგაზრდად დავრჩებოდი. მაგრამ ეს მხოლოდ ფიქრები იყო. წლები რომ მემატებოდა, სხვა ხიბლი მიჩნდებოდა. სხვა საზრუნავი იჩენდა თავს და საკუთარ თავზე ფიქრისთვის სულ უფრო ნაკლები დრო მრჩებოდა. ნელ-ნელა გავთავისუფლდი იმ შიშისგან, რომელსაც ასაკის მატება სახეზე ნაოჭებად მიმატებდა. დრომ ისე გაირბინა, გააზრება ვერ მოვასწარი. ან, იქნებ არ მინდოდა უკან მომეხედა და მეჩქარებოდა გვირაბის გავლა, ბოლოში სინათლე რომ დამენახა?... მაგრამ დრო უცნაური რამაა, ბედისწერა თუ განგება როდის რას გიმზადებს, ვერ გამოიცნობ. ხშირად, დასრულებულს თავიდან გაწყებინებს, ან დიდი ხნის ნაშრომს წყალში გაყრევინებს... მეც ასე დამემართა. მივყვებოდი გვერდით ოთარს, მივაბიჯებდით ცხელ ქვიშაზე და მეჩვენებოდა რომ დრო უკან ბრუნდებოდა, ან მე მოვიხედე უკან და ჩემს განვლილ ცხოვრებას დასაწყისში მოვექეცი. მივდიოდი და ვგრძნობდი იმ ახალგაზრდობას, რომლის დაკარგვისაც 30 წლის ასაკში მეშინოდა. თითქოს ის გოგო ვიყავი პირველად მამაკაცს სასეირნოდ რომ მიყვებოდა... რა უცნაურია... სულ ერთია, რა ასაკის ხარ. მაინც ის ხარ, ვინც იყავი. მოხუცი ხარ თუ ახალგაზრდა, მაინც ქალი ხარ და სანამ ცოცხალი ხარ, ყველაფერი ცოცხლობს შენში. დროის უკან დაბრუნება რომ შემძლებოდა, რას გავაკეთებდი, რას შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში? ალბათ არაფერს. ჰო! არაფერს შევცვლიდი. მაშინ კი როცა ოთარს ზღვისკენ მივყვებოდი სწორედ ის გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს დროში უკან დაბრუნებული ვიყავი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ახლა რას იზამ?! რას ვიზამ? რას შეცვლი? არაფერს შევცვლი, უბრალოდ გამოვყვები დროს, არ შევეწინააღმდეგები ისე გამოვყვები. საითაც წამიყვანს ყველგან გავყვები. მერე კი ისევ ამ სანაპიროსთან მომიყვანს, ამ ტალღებთან, ამ ქვიშასთან, რომელსაც ჩემი ნაბიჯების კვალი მოჰყვებოდა. უკან დაბრუნებული დროიდან მხოლოდ კვალი გამომყვებოდა და ამ კვალსაც ზღვა წაშლიდა... ზღვა არაფერს იტოვებს თავისთან, ყველაფერი გარეთ გამოაქვს. იმ ზაფხულს, ჩემში წლობით ჩამხრჩვალი ფარული განცდებიც ასე გამოიტანა... მოვყვებოდი ოთარს და მომწონდა... მომწონდა ის, რომ ჩემთან იყო. მომწონდა მასთან ყოფნა. მისი ჩემდამი დამოკიდებულებაც მომწონდა. მისი გარეგნობა და ასაკიც მომწონდა. ყველაფერი მომწონდა. თავს კარგად ვგრძნობდი. მშვიდი და ლაღი ვიყავი მის გვერდით. ოთარმა ჩემს შინაგან სამყაროში ისე შემოაღწია, ძალა არ დაუტანებია, მე თვითონ შემოვუშვი... და ამით კმაყოფილი ვიყავი. - წამოდი, ლალი, შორს შევცუროთ. - არა, მეშინია. ღრმად ვერ შემოვალ - გავძახე ხმამაღლა. - კარგი რა, რა დროს შიშია, მე აქ არ ვარ?! რისი გეშინია. მაჯაზე ხელი მომკიდა და თავისკენ მიმიზიდა. - წამოდი. - ფეხს თუ ფსკერზე ვერ ვადგამ მეშინია. - წამოდი, ლალი, წამოდი, დაძლიე შიში... - გავყევი. გვერდით მივცურავდი. თითქოს ვუჩვენებდი რომ შემეძლო და არ მეშინოდა, რომ ტოლს არ დავუდებდი. ასე ვიცურეთ გვერდიგვერდ, დიაგონალზე ვკვეთდით ზღვას. ბოლოს დავიღალე და გავჩერდი. ისიც გაჩერდა. ფეხი რომ ფსკერს ვერ მივაწვდინე ფართხალი დავიწყე. შემეშინდა, ნაპირისკენ ვიყურებოდი. სუნთქვა ისეთი აჩქარებული მქონდა. ჰაერი არ მყოფნიდა. გული გამალებით მიცემდა. ჩავყურყუმელავდი რომ ზღვის ფსკერი მომესინჯა. არ იყო ძალიან შორს, მაგრამ მაინც მეშინოდა. რომ ამოვყვინთე, ოთარი უკვე ჩემთან მოცურებულიყო. ხელი მკლავში ძლიერად მომკიდა და ამომწია. - ნუ გეშინია, კარგად ვარ. ფსკერი მოვსინჯე. - ვუთხარი მე აქოშინებული ხმით. - ნუ გეშინია ლალი. მოეშვი და იტივტივე. - არ მეშინია. - არადა ძალიან მეშინოდა. - მოეშვი და იტივტივე, ნახავ როგორ მოგეწონება. ამოძრავე ფეხები. - თან მკლავით ვყავდი დაჭერილი. - იმ დროს არ არსებობდა არავითარი რიდი და ხათრი, ამ ასაკში რისი გაკეთება შეიძლებოდა და რისი არა. თავისუფალი ხელით მხარზე დავეყრდენი და ფეხების თანაბარი მოძრაობა დავიწყე. როცა იგრძნო რომ მოვეშვი და აღარ მეშინოდა ხელი გამიშვა გამიშვა... სამაგიეროდ მე ვიყავი მის მხარს ჩამოკონწიალებული. ეს იყო თავისუფლების შეგრძნება. ისეთი თავისუფლებისა, როცა საყრდენი გაქვს და არ გეშინია. იცი რომ შენ - შენ ხარ და არ გეშინია არაფრის. ეს ის შეგრძნება იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება ვნატრობდი. თითქოს ფრთები მქონდა, რა უცნაური იყო, ზღვაში მყოფს მეგონა დავფრინავდი. არასდროს დამავიწყდება... სული რომ მოვითქვით და დავისვენეთ, უკან გამოვცურეთ. ცხელ ქვიშაზე გულაღმა დავწექით და მზეს მივეფიცხეთ. კიდევ ერთი საოცარი თავგადასავალი მაჩუქა. თან ამას ისე აკეთებდა, რომ სურვილამდე თავად მივყავდი. ეს რომ გამოსდიოდა, ჯერ მარტო ამით იყო საოცარი ადამიანი... - ბატონო, უყიდეთ თქვენს ცოლს ყვავილები. - ფიქრებში წასული ჯერ ვერ მივხვდი რა ხდებოდა. თვალი რომ გავახილე ჩემსა და ოთარის შორის, თავთან ბოშა ბიჭი იდგა და იღიმოდა. ოთარი წამოდგა. ბიჭმა ყვავილები გაუწოდა და უთხრა. - უყიდეთ ერთი თაიგული თქვენს ცოლს. - სიამოვნებით ვუყიდი „ჩემს ცოლს“ ყვავილებს. მაგრამ ფული თან რომ არ მაქვს?! - ბიჭს სახე მოეღრიცა. - მოდი ასე მოვიქცეთ. ყვავილები დამიტოვე და ერთ საათში აი იმ სასტუმროში მომაკითხე. ჩემია ეგ სასტუმრო, ასე რომ, არ მოგატყუებ. - კარგი. - უთხრა ბიჭმა და ერთი თაიგული გაუწოდა. - ყველა დამიტოვე. წადი და იქ დამელოდე. უთხარი ოთარმა გამომაგზავნა და სადილით გამიმასპინძლდით-თქო. ამასობაში მეც მოვალ. - ბიჭი გაკვირვებული ხან ოთარს უყურებდა, ხან მე და ხან სასტუმროს გახედავდა. მერე დატოვა ყველა ყვავილი და წავიდა. მადლობის თქმა რომ დაავიწყდა, მერეღა გაახსენდა, მობრუნდა და დაიძახა: - დიდი მადლობა, ბატონო. ყვავილები კალთაში მელაგა და ვაკვირდებოდი. მომწონდა უბრალო იყო და ლამაზი. - რა ყვავილია ხომ არ იცი? - ვკითხე ოთარს. - არ ვიცი. ვერ ვერკვევი ყვავილებში. სამწუხაროდ მარტო ვარდს ვცნობ. - მინდვრის ყვავილი იქნება. მიყვარს მინდვრის ყვავილები. ველურად იზრდება, მოვლა არ სჭირდება. სადაა, მაგრამ ძალიან ლამაზი. - შენ გიყვარს ყვავილები? - მკითხა - კი, ოღონდ არა ვარდი. - რატომ? ვარდმა რა დაგიშავა? - რა ვიცი, სულ ვარდი, ვარდი. ამოვიდა ყელში. მდიდრულია, ძვირფასი, ლამაზია და კარგი სუნი აქვს მაგრამ მე ეს მირჩევნია მინდვრის ყვავილი, სადა და უბრალო. - სულ ვარდებს გჩუქნიდნენ? - ხო, ჩემი ქმარი მხოლოდ ვარდებს მჩუქნიდა. არასდროს მიკითხავს, იქნებ ისიც ვერ ერკვევა ყვავილებში. - ოთარს გაეცინა. - ყველა ქალს უყვარს ვარდი. პირველად მესმის ვინმე მისი წინააღმდეგი იყოს. - წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ უბრალო მირჩევნია. რამდენიმე წლის წინ, თბილისში ბუმი იყო ორქიდეაზე. სასწაული ფასი ჰქონდა. ახალი შემოტანილი იყო და უცებ აიტაცეს. მოდაში შემოვიდა. მაშინ ვარდებიც კი ჰოლანდიიდან შემოჰქონდათ. მერე საქართველოში გააკეთეს სათბურები და ჰოლანდიური ჰიბრიდული ჯიშების გახარება დაიწყეს. მე არასდროს მომწონდა არც ერთი და არც მეორე. გვირილები და იასამნები ყველაფერს მერჩია, მაგრამ ჩემი ქმარი ჯიუტად სულ ვარდებს მჩუქნიდა, რომლებსაც იმხელა ღერები ჰქონდა ვაზაში არ ეტეოდა. - მეც სულ ვარდებს ვჩუქნი ქალებს. ვჩუქნიდი უფრო სწორედ. ახლა გამზადებული თაიგულები იყიდება სხვადასხვა ყვავილებით. ვაზა რომ არ სჭირდება ისეთი. - ჰო, ვიცი, მაგას ჩემს გოგოს ჩუქნიდა ყოფილი ქმარი, ისიც მაშინ, სანამ შეყვარებული იყო. - შენ როგორ გყვარებია ყვავილები. მოდი დღეს ბოტანიკურ ბაღში წავიდეთ. - მწვანე კონცხზე? - ხო. - რა ვიცი... - წავიდეთ, გავისეირნოთ, დავათვალიეროთ. ულამაზესი ადგილებია. ძალიან მოგეწონება. ნამყოფი ხარ? - ადრე ვარ ნამყოფი, ალბათ 10 წლის წინ. - უფ. მაშინ ჩათვალე არ ხარ ნამყოფი საერთოდ. მერე გააკეთეს, მოუარეს და განავითარეს. მოკლედ წავიდეთ დღეს, სადილის მერე. - კარგი, წავიდეთ. - ვისეირნოთ საღამომდე და რომ წამოვალთ, ერთი კარგი სახაჭაპურე ვიცი, ცომგამოცლილ აჭარულ ხაჭაპურს აკეთებენ და ეგ ვჭამოთ. - გამეღიმა, თან მერიდებოდა. არასდროს არავის დავუპატიჟებივარ. მეუხერხულებოდა, მაგრამ მინდოდა. სადილის შემდეგ წყალი გადავივლე, მოვწესრიგდი. შავ საცურაო კოსტიუმზე ჭრელი სარაფანი გადავიცვი. ქუდი დავიფარე, პატარა თეთრი ჩანთა ავიღე და ოთახიდან გამოვედი. ოთარი ფოიეში მელოდებოდა. მისი მანქანით გავემგზავრეთ. გზაში ცოტ-ცოტას ვსაუბრობდით. მის შესახებ მეტის გაგება მინდოდა, მაგრამ ვერ ვეკითხებოდი. დიდად საუბარი არ აგვეწყო და ჩვენს შორის უხერხული სიჩუმე ჩამომდგარიყო. ჩემი გამოუცდელობა აშკარა იყო, მამაკაცთან რაზე მესაუბრა არ ვიცოდი. ჰოდა მეც ვდუმდი. - მანქანის მართვა იცი, ლალი? - ისევ ოთარმა იმარჯვა. - არა, სამწუხაროდ. - რატომ, არ გინდოდა? - სულ მინდოდა მესწავლა, მაგრამ ვერ მოვახერხე. - რამ შეგიშალა ხელი? - არავის უსწავლებია. - მეუღლეს არ უნდოდა რომ გესწავლა? - არ მოსწონს ქალები საჭესთან. თვლის რომ ცუდი მძღოლები არიან. ამიტომ სურვილიც არ გამომითქვამს. - რა შუაშია ეგ. პრაქტიკაა ყველაფერი. ბევრი ქალი მინახავს კაცზე უკეთ რომ მართავს მანქანას. - ჰო, მართალია. ჩემმა შვილმაც იყიდა მანქანა და მშვენივრად დადის. მე ისე ძალიან მჭირდებოდა მანქანა, ვერ წარმოიდგენ. მაგრამ ჩემი სურვილი ხმამაღლა არ მითქვამს. - იცი, ლალი, ქალებს ეგ პრობლემა გაქვთ, რაღაც გინდათ და ხმამაღლა არ ამბობთ. თქვენ იჩაგრებით, ჩვენ კი ვერ ვხვდებით, რა გინდათ. ხომ ვერ გამოვიცნობთ არა?! - მართალია. უნდა მეთქვა. ზოგადად მივეჩვიე ასე ცხოვრებას. რაც საჭირო იყო ყოველთვის იმას ვაკეთებდი. - რაც საჭირო იყო და არა რაც გინდოდა ხო? ეგ ძალიან ცუდია. - ვიცი. ბოლოს ვინანე, მაგრამ გვიანი იყო. - გვიანი არასდროსაა. - ახლა რაღა დროსია? - არც მანქანის მართვის სწავლაა ახლა შენთვის გვიანი და არც რამე სხვა, რისი გაკეთებაც გინდა. - ვერ წარმომიდგენია, მე რომ ახლა მანქანა ვიყიდო და ვიარო. ვერ შევძლებ. - შეძლებ, კარგი რაა. გინდა დაგსვა და გასწავლო? - უი, არა, რას ამბობ. აქ ვერა. მეშინია. - არ უნდა გეშინოდეს. როცა შიში შენს მართვას ვერ შეძლებს, მერე ყველაფერი გამოგივა. - ვიფიქრებ. - არ უნდა მაგას მაგდენი ფიქრი. ხომ გინდოდა?! ხოდა აისრულე. გვიანი არასდროსაა. ჯერ კიდევ წინაა ცხოვრება. - მართალი ხარ. თუმცა მე მასე არ ვფიქრობ. ახლა ასე მგონია 60 წლის რომ გავხდები თავს 70 წლის ქალად ვიგრძნობ. რაღაა დარჩენილი 70 წელიც ახლოსაა. - რას ამბობ, ლალი. - ოთარი გამხიარულდა და ხმამაღლა სიცილი დაიწყო. – 10 წელი იცი რამხელა დროა?! იცი რამდენი რამე შეიძლება მოხდეს?! რამდენი შეიცვალოს. რას ამბობ... ჯერ წინაა ცხოვრება, სად გეჩქარება?! - არ მეჩქარება, უბრალოდ ვიცი, რომ ეგ დრო მალე გაირბენს. - არ გაირბენს. რაც უფრო დიდ ხანს იქნები აქტიური, მით უფრო გვიან დაბერდები. ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს. ჩვენ, კაცები ისე ვართ მოწყობილები, შვილის სიყვარულს ვერ ვგრძნობთ. ვერ ვაცნობიერებთ, რას ნიშნავს პატარა არსებაზე ზრუნვა და რამხელა სიხარულია მასთან გატარებული დრო. ამას მხოლოდ მაშინ ვხვდებით როცა ასაკში შევდივართ და შვილიშვილები გვიჩნდება. მერე ვგებულობთ რამხელა სიხარულია პატარას ყოლა. თქვენ, ქალებს ასე არ გემართებათ. თქვენ ამ სიყვარულს და სიხარულს შვილებზევე გრძნობთ. ჯერ არ მეჩქარება, მაგრამ დიდი მოლოდინი მაქვს როდის მეყოლება შვილიშვილი. - მართალი ხარ ოთარ. - ძალიან მომეწონა მისი სიტყვები. - მე მგონია, რომ ქალებს ბედნიერების მეტი პოტენციალი გაქვთ, ვიდრე ჩვენ, კაცებს. თუმცა ჩვენი ყველაზე დიდი სიამოვნება ისევ თქვენგან მოდის. არცერთმა კაცმა არ თქვას, რომ ქალის გარეშე შეუძლია ცხოვრება. გამორიცხულია ეგ. ქალებს შეგიძლიათ უკაცებოდ ცხოვრება, მაგრამ კაცებს უქალებოდ არ შეგვიძლია. აქ საქმე მარტო საჭმლის მომზადებასა და სისუფთავეში არაა. სხვა რამეა. ნახევარია კაცი ქალის გარეშე. ამიტომ მიმაჩნია რომ ქალები უფრო ძლიერები ხართ. - შიგადა-შიგ ჩემკენ იხედებოდა და ჩვენი თვალები ხვდებოდა ერთმანეთს. იღიმოდა ისიც და მეც. მანქანა კი ნელი სვლით მიუყვებოდა მთავარ გზას. - წეღანაც გითხარი, ლალი. ქალებს მავნე ჩვევა გაქვთ, თქვენი სურვილები დამალოთ და არ გამოაჩინოთ. უფრთხილდებით ქმარს, ოჯახის ბიუჯეტს. სინამდვილეში კი თავს იზარალებთ და ამითი ქმარსაც აკლდებით და ოჯახსაც. დიდი ფილოსოფოსი არ ვარ, მაგრამ ვეთანხმები ფროიდს, რომელმაც თქვა, რომ მოთხოვნილებები რომლებიც ადამიანს უჩნდება და მას არ იკმაყოფილებს, არ იკარგება. მის შიგნით გროვდება და სახეს იცვლის. მერე ეს დეგრადირებული, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები იმდენად აზიანებს ადამიანის ფსიქიკას, რომ გამოსწორებაზე საუბარიც ზედმეტია. - ჰო, მართალია. - ამიტომ ადამიანმა ყველა სურვილი უნდა შეისრულოს. თორემ მერე გვიანი იქნება. უნდა თქვათ, რა გინდათ. როცა იტყვით, ან გამოვა, ან არ გამოვა, მაგრამ გამგები გაიგებს და მხედველობაში ექნება. აი, შენ რომ შენი ქმრისთვის გეთქვა... არ გეწყინოს ოღონდ, ცუდი გაგებით არ გეუბნები... რომ გეთქვა ვარდები არ მომწონს და იასამნები მინდა მაჩუქოო, როგორ გგონია არ გაჩუქებდა? მან არ იცოდა შენ რა გინდოდა, იმიტომ რომ არ გითქვამს. კიდევ, სექსში გემართებათ ქალებს ეგ. არ ამბობთ, რომ გინდათ. გრცხვენიათ, გერიდებათ. რა სისულელეა?! წარმოიდგინე: მთელ ცხოვრებას ატარებთ კაცთან და მისი გერიდებათ. შიშველი ვერ გაივლით, ვერ გამოუტყდებით რომ გინდათ სიამოვნება მისგან. აბა ეს ნორმალურია? თუ არ ხარ კომფორტულად ადამიანთან, მასთან არც უნდა იყო, მაგრამ როცა გიყვარს და გინდა მისი სიახლოვე, რატომ არ უნდა თქვა?! - მართალი ხარ. მაგრამ მთლად მასეც არაა... - აბა, როგორაა? - რა ვიცი, როგორ აგიხსნა?! - ჩვეულებრივად, ყოველგვარი მორიდების გარეშე. თავი 7. არც ისე ადვილია უცხო მამაკაცთან სექსზე საუბარი. სიტყვების პოვნა ძალიან რთულია... იმ სიტყვების, რომლითაც დელიკატურად გამოთქვამ საკუთარ აზრს. მეც ეგ გამიჭირდა. ვფიქრობდი, რა მეთქვა. თითქოს ყველა სიტყვა დამავიწყდა. ვერ შევძელი აზრის ჩამოყალიბება. მომერიდა და დავკომპლექსდი. ამის შემჩნევა კი ყველაზე მეტად არ მინდოდა. ის ისეთი თავისუფალი და ლაღი იყო. ყველა თემაზე ღიად შეეძლო საუბარი. არც მორიდება ჰქონდა, არც სიტყვების ძებნა სჭირდებოდა. მე კი დავმუნჯდი თითქოს. ვღელავდი და ვგრძნობდი ლოყებზე სიმხურვალე როგორ მემატებოდა. ახალგაზრდობიდან მქონდა ეგ თვისება, - როცა ვღელავდი, ლოყები მიწითლდებოდა და მიხურდა. არ მომწონდა ასე რომ მემართებოდა და სულ ვცდილობდი, დავმალულიყავი. დიდი რაოდენობით პუდრს ვიყრიდი ხოლმე, რომ სიწითლე როგორმე დამეფარა. - რა საყვარლად გაგიწითლდა ლოყები, ლალი. ნუ გერიდება, ჩემთან ღიად ლაპარაკი შეგიძლია. გათავისუფლდი კომპლექსებისგან. ღმერთო, შეამჩნია. გავხედე და იღიმოდა. ლოყებზე ხელები მივიფარე. - უბრალოდ, დამცხა. - მანქანაში გაგრილების სისტემა იყო ჩართული. სად იყო სიცხე?!. ის კი კმაყოფილი სახით მალი-მალ იყურებოდა ჩემკენ. - ნუ გერიდება, ლალი, ძალიან გთხოვ, თავისუფლად იყავი. - არ მერიდება. - მაშინ გავაგრძელოთ. მითხარი, რის თქმასაც აპირებდი. - ამასობაში ისიც დამავიწყდა რისი თქმა მინდოდა. - ასე ადვილად ვერ იტყვი. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ყველა ისე ცხოვრობს, როგორც უხერხდება. - მოვძებნე გამოსავალი. - ეგ ძალიან ზოგადი ნათქვამია. - ასეა და, შენ თუ გინდა, ზოგადი დაარქვი. - არაა მასე. როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს ისე აღარ უყურებს, როგორც ეს ადრე იყო, მაშინ კარგავენ ერთმანეთს და ვერ ხვდებიან. - ყველაფერი ხომ ისე ვერ იქნება, როგორც დასაწყისში იყო?. - მართალია, ისე ვერ იქნება, მაგრამ უკეთესად უნდა იყოს. ბევრად უკეთესად. უფრო მეტად უნდა დაუახლოვდნენ და დააფასონ ერთმანეთი, მათ კი პირიქით ემართებათ. უფრო და უფრო შორდებიან. - ცხოვრება რთულია, ოთარ. ყოფითი პრობლემები ართულებს ყოველდღიურობას. - მერე-და, მათი მოგვარება ორ შეხმატკბილებულ ადამიანს ხომ უკეთ შეუძლია, ვიდრე ცალ-ცალკე შეძლებენ? და უარესი, - ერთმანეთს აბრალებენ ამ პრობლემების წარმოშობას. - ყველა თავისებურია, ვერ გაიგებ. - საქმეც მაგაშია, რომ იმდენად თავისებურები ხდებიან, ერთმანეთს აღარ ინდობენ. არადა პირიქით უნდა იყოს, მხარში უნდა ამოუდგნენ და გაამხნეონ ერთმანეთი. ასე სიყვარულსაც შეინარჩუნებენ და ჰარმონიასაც. - კარგი ერთი, რაა, ისე ლაპარაკობ, თითქოს შენ თავად არ გყავდეს ყოველ წელს ახალ-ახალი „ჰიტები“. - ღმერთო ეს რამ მათქმევინა?!. მაგრამ ისე გამაბრაზა მისმა დამაჯერებელმა მსჯელობამ რომ ვეღარ მოვითმინე და პირში მივახალე. - ოოო... ეგ კონტრშეტევა იყო. მასე არ შეიძლება. - გამხიარულდა და სიცილი დაიწყო. მე კი საპირისპირო რეაქციას ველოდი. - ეგ სხვა თემაა, ლალი. - არანაირად არაა სხვა თემა. - ახლა ჩემი შეტევის დრო იყო. - ეგ სხვა თემაა, მართლა გეუბნები. არ უშლის ხელს... სულ სხვა თემაა. - აბა რას ამბობ?! როგორ არ უშლის ხელს? აი, ეს არ მესმის. შენ თავად გინდა, ასე რომ იყოს და მაგიტომ გგონია, რომ არ უშლის! სინამდვილეში კი ძალიან აკლდები ოჯახსაც და ცოლსაც. - არ არის მასე. დამიჯერე. არ ვაკლდები. გინდა დავიფიცო? - არა, დაფიცება რად მინდა?! - მე ძალიან ბევრს ვშრომობ, ბევრ ადამიანს ვეხმარები და ვიმსახურებ ცოტა გართობას. - შენი ცოლი იმსახურებს ღალატს? - ღალატი არ არის-მეთქი, ხომ გითხარი?. - არ მესმის და რა ვქნა?. ღალატია, აბა რა არის?. - ეს მხოლოდ სექსია და მორჩა. - როგორ არის მხოლოდ სექსი მაშინ, როცა თავად თქვი, ყველა მიყვარდაო?!. - ჰო, მიყვარდა, მაგრამ არა ისე, როგორც ცოლი მიყვარს. - შენი ცოლი იმსახურებს ასეთ მოქცევას? - როგორს? - როგორს და ღალატს, რომელსაც „ღალატი არ ჰქვია“. - მის ადგილზე ხომ არასდროს არავინ დამიყენებია?! - მას ხომ აკლდება ის საათები რომლებსაც იმ „ჰიტებთან“ ატარებ?. - არა, არ აკლდება. ის ამ დროს თავისი საქმითაა დაკავებული. - კარგი, მაშინ, დრო თუ არა, შენ ხომ აკლდები?. - მე თუ სექსი? - ნუ, ხო, ორივე. - ისე გადაიხარხარა, მეგონა დამცინოდა. - ლალი, ნუ ხარ ასე მორიდებული. თავისუფლად მესაუბრე. - რაღაზე გესაუბრო?. ამდენის თქმასაც არ ვაპირებდი... რას აკეთებ, რა ჩემი საქმეა?! - არა, რატომ? მე არ მაქვს პრობლემა, არც დასამალი მაქვს რამე. მხოლოდ მხრები ავიჩეჩე და ფანჯარაში გავიხედე, ეს კი საუბრის დასრულებას ნიშნავდა. თუმცა მას სათქმელი ისევ ჰქონდა და აგრძელებდა. - მესმის შენი, ლალი, ქალი ხარ და იმიტომ ფიქრობ მასე. ვერ გამიგებ. არადა ყველაფერი მხოლოდ ხორციელი სურვილების ბრალია. უბრალოდ, არ მყოფნის ცოლთან გატარებული ღამეები. მეტი მინდა. ხვდები? - მე ფანჯარას თვალი მოვაშორე და მხოლოდ თავი დავუქნიე. - მეც განვიცდი ამას, მაგრამ რა ვქნა, თუ სურვილებს ვერაფერს ვუშვები?! არ შემიძლია მონოგამია. მიყვარს ლამაზი ქალი და მომკალი, თუ გინდა!.. ქალის სუნი მიყვარს. აი, ამაზე ვგიჟდები. კაცებს გვჭირს ასეთი უცნაურობა. უნდა გაგვიგოთ. - ძნელია. - ვიცი, რომ ძნელია. - ქალი რომ იყოს მასე, მაშინ ხომ მიუღებელი იქნება? ქალს რომ ასე აგიჟებდეს კაცის სუნები და ყოველ წელს „ჰიტები“ ჰყავდეს, არ შეიძლება?! რა მოხდა მერე, ეგ ხომ ღალატი არ იქნება და მხოლოდ სექსი იქნება, ასე არაა?! - არა. ქალი სხვა თემაა. - რა თემაა?! ქალი ბოზია, ხო? კაცები კიდევ კარგი ტიპები ხართ მაგის გამო. - ნუ ცხარობ, ლალი. - შენი ცოლიც რომ ისე იქცეოდეს, როგორც შენ. გაუგებდი?! - არ დასჭირდებოდა მას ჩემსავით მოქცევა. - რატომ ვითომ?! - იმიტომ რომ ის მონოგამი ადამიანია და თან მე სრულად ვაკმაყოფილებ მის მოთხოვნილებებს. - მონოგამი კი არა, უბრალოდ, ერთგული ადამიანია. სურვილები კი ისეთი რამაა, მათი კონტროლი შეგვიძლია. თავს ყველაფრის უფლებას ვერ მივცემთ, ეგ სიგიჟეა. ისევ ჩვენ დავზარალდებით. - არ მსჯელობ სწორად, ლალი. ქალი ნაზი არსებაა. სათუთი ფსიქიკა აქვს. - კარგი, რაა, ნუ მაფიქრებინებ რომ შენც „გრუზინული“ აზროვნება გაქვს და გენდერულ ბალანსს არ ემხრობი. - არა, გენდერული ბალანსი კიდევ სხვა თემაა. - იგივე თემაა, ოთარ, ქალსაც იმდენივე უფლება აქვს რამდენიც კაცს. - მართალია, არ გედავები. კაცმაც უნდა გარეცხოს ჭურჭელი და დაალაგოს სახლი. ახლა ძალიან ატაცებულია ეგ ამბავი. სულ გადაირია ქალი და კაცი. - ჰმ... მთავარი რა არის, იცი?! კაცებს მაგ ბალანსის მხოლოდ ის გესმით რისი ცოდნაც გინდათ. ტრანსპორტში ორსულ გოგოებსაც აღარ უთმობენ ადგილს ახალგაზრდა კაცები. ესაა გენდერული ბალანსის მათეული ახსნა. - მერე ცუდია ეგ. ძალიან ბევრია რომელსაც დამახინჯებული შეხედულება აქვს გენდერულ ბალანსზე. უბრალოდ განვსხვავდებით ერთმანეთისგან ქალები და კაცები და ვერასდროს გავხდებით ყველაფრით თანასწორები. - ეგ რა შუაშია? - მოდი, აგიხსნი. კაცისთვის ყოველი ახალი სექსუალური პარტნიორი არის ახალი თავგადასავალი და გამოცდილება. ქალისთვის კი ყოველი ახალი პარტნიორი არის პოტენციური მეორე ნახევარი, ის პრინცი, რომლის „თეთრი ცხენით“ მობრძანებასაც ელოდებოდა. მერე როცა ეს პარტნიორი არ აღმოჩნდება პრინცი და მათ შორის ურთიერთობა ფუჭდება, ქალი იმედგაცრუებული რჩება. ყოველი ასეთი ურთიერთობის ბოლოს კაცი კმაყოფილდება და სხვა პარტნიორის ძებნას იწყებს. ქალიც ეძებს სხვა პარტნიორს და ყოველი შემდეგი პოტენციური მეორე ნახევარი არის კიდევ უფრო დიდი იმედგაცრუება. ასე რომ, ამ თანაბარი უფლებებით, ქალი ზარალდება, კაცი კი - პირიქით. მითხარი ახლა, გიღირთ მასეთი უფლებები და ურთიერთობები რამედ? - ეს ცხოვრება მარტო სექსი არაა. - მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. - მართალია, მარტო სექსი არაა, მაგრამ სექსი ძალიან მნიშვნელოვანია. მე ისევ ფანჯრისკენ მივაბრუნე თავი. ეს საუბარი სიამოვნებას ნამდვილად არ მანიჭებდა. ლოყები ჯერ ისევ მიხურდა. - მითხარი რა არის შენთვის სექსი? - მკითხა და მომაჩერდა. - რა? ჩემთვის? გზას უყურე, ოთარ! - ნუ გეშინია, ვუყურებ... არ მოგერიდოს, ისე მითხარი, რა არის შენთვის სექსი?. - არ ვიცი. - დავიბენი, არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა. - არ მიფიქრია მაგაზე. - ძალიან ცუდია, თუ არ გიფიქრია. - გამომხედა უცნაურად. - რამდენი წლისაა შენი ქმარი? - 65 - ის. - გასაგებია. - რა არის გასაგები? - გავბრაზდი. - აღარ გაქვთ, ხო? - არ მინდა შენთან ამ დეტალების განხილვა. - კარგი, როგორც გინდა. დავხუროთ ეგ თემა. მინდოდა, რომ ჩემთან ყველანაირი უხერხულობა დაგეძლია. კიდევ უფრო გავბრაზდი. ვინ იყო, ამდენის უფლებას რომ აძლევდა თავის თავს?... ვნანობდი კიდეც, სასეირნოდ რომ გამოვყევი. ორი უკიდურესობა ძალიან მოქმედებდა ჩემზე. ერთი რომელიც ამ კაცისადმი ზიზღს მიღვივებდა და მეორე რომელიც მისკენ მიზიდავდა. ეს ორი გრძნობა ურთიერთჭიდილში იყო და ხან ერთი იმარჯვებდა, ხან მეორე. დარჩენილი გზა ჩუმად გავიარეთ. მე მისკენ აღარ გამიხედავს, ის კი თავს მალ-მალე აბრუნებდა ჩემკენ, თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა. ჩემივე შინაგან ბრძოლებს აკვირდებოდა და აზრის გამოტანას მაცდიდა. გადაწყვეტილებას ელოდა. ეს ახლა მგონია ასე. მაშინ კი - ვერ ვხვდებოდი. ბოტანიკურ ბაღში შევედით და ჩუმად გავუყევით გზას. მართლაც ულამაზესი ადგილია. ბევრი ხალხი იყო. წყვილები ხელ-ჩაკიდებულები სეირნობდნენ. მოხუცი ცოლ-ქმარი ბამბუკის სკამზე ჩამომსხდარიყვნენ და ზღვის ხედით ტკბებოდნენ. პატარა ბავშვები მხიარულად დახტოდნენ და დარბოდნენ. მართლაც ძალიან სასიამოვნო იყო. მივდიოდით გვერდიგვერდ. ვჩერდებოდით, სხვადასხვა მცენარის თუ ხის შესახებ საინფორმაციო დაფებს ვკითხულობდით. თეთრ მოაჯირს იქით, მთის ძირს მშვიდი ზღვა ერწყმოდა. საოცარია ასეთი თანხვედრა. გადმოჰყურებ მაღლიდან და თვალს ძლივს აწვდენ ჰორიზონტს. აკვირდები, ტალღები ნაპირისკენ როგორ მოაქვს ზღვას. ულამაზესია... დიდხანს ვიყავი იმ თეთრ მოაჯირს დაყრდნობილი და გავყურებდი უკიდეგანო ზღვას. ფიქრებმა გამიტაცა. ტალღა-ტალღად მოდიოდა ჩემთან საფიქრალი. მე, ქმარი, შვილი, შვილიშვილი, მერე სამსახური. მანამდე ფიქრის და ზრუნვის სიას შვილიშვილი ედგა სათავეში. მისით იწყებოდა, სხვებით გრძელდებოდა, მერე წრეზე ტრიალდებოდა და ისევ მისით მთავრდებოდა. იმ დღეს კი საკუთარ თავზე ფიქრმა გამიტაცა და მერე გამახსენდა სხვები. ოჯახი და სამსახური ყოველთვის ჩემი მთავარი საზრუნავი იყო. ოჯახის კეთილდღეობა ყველაზე მეტს ნიშნავდა. მაქსიმუმს ვაკეთებდი. რაც შემეძლო და რაც არ შემეძლო ყველაფერი მათთვის მინდოდა. მე სად ვიყავი ამ პროცესში? მათით ვარსებობდი. სხვა არც არასდროს არაფერი მნდომებია, თუ არ ჩავთვლით ზაფხულობით ზღვაზე გატარებულ რამდენიმე დღეს, რომელსაც მე „პენსიონერულ“ დასვენებას ვეძახი. ჩემს საკუთარს ვერაფერს ვიხსენებდი. ან რა მქონდა გასახსენებელი? - დაქალებთანაც კი იშვიათად ვატარებდი დროს და თუ სადმე წავიდოდი, იქაც ბავშვი მიმყავდა. ვცდილობდით, შვილიშვილებს ემეგობრათ... იმ დღეს კი, თეთრ მოაჯირს დაყრდნობილი, ჰორიზონტს რომ გავყურებდი, საკუთარ თავზე ვფიქრობდი. ჩემით დაიწყო ჩემს ოჯახზე ფიქრი... მე... მე, რომელიც დიდი ხნის წინ გამოვკეტე სადღაც სხეულის სიღრმეში, წინ გამოვიდა და თავისი ადგილის დაკავება მოითხოვა. ადგილის, რომელიც წლების წინ სხვებს მივაკუთვნე. უკან დავწიე საკუთარი თავი და ოჯახი წინა პლანზე წამოვწიე. ბევრი იქცევა ასე. მე გამონაკლისი არ ვიყავი... - რაზე ფიქრობ, ლალი? - სილამაზით ვტკბები. - მართლაც ძალიან ლამაზია. შენ კიდევ წამოსვლა არ გინდოდა. - მე ვთქვი ეგ? - არა, შენმა თვალებმა. - და, რა თქვეს ჩემმა თვალებმა?. - შენმა თვალებმა ორჭოფობა გამოხატეს. პასუხის გაცემა რომ გაგიჭირდა, ეგ მამცნეს. - არ მგონია, მასე იყოს. - გამეცინა. - მასე იყო ნამდვილად. შენმა თვალებმა პასუხის ძებნაში აქეთ-იქით სირბილი დაიწყეს. - მოუტყუებიხარ ჩემ თვალებს. - გამორიცხულია, თვალები არასდროს ტყუიან. ადამიანი თვალებით იცნობა. - მართალი ხარ... ნაწილობრივ. - მხოლოდ გამოცდილ მატყუარებს შეუძლიათ თვალებით მოტყუება. შენ კი ასეთი არ ხარ. ეგეც შენმა თვალებმა მითხრა. - მესიამოვნა მისი სიტყვები. - წამოდი წავიდეთ. სადმე თავისუფალი სკამი მოვძებნოთ. - ვთქვი და თავი დავხარე. - ისევ გაწითლდი. - კარგი, რა, ოთარ?! რაღა დროს ჩემი გაწითლებაა? პატარა გოგო ხომ აღარ ვარ?!. - ისევ ასაკზე აქცენტი. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წლის ხარ? ქალი ხარ და ასეთად დარჩები ღრმა მოხუცებულობის ასაკშიც. - შენ შეგიძლია თვალებით მოტყუება? - მგონი კი. თუმცა ამითი არ ვამაყობ. პირიქით განვიცდი. - რომ განიცდიდე, აღარ მოიტყუებოდი. - ცხოვრებამ მოიტანა მაგისი საჭიროება. მართლა განვიცდი, ლალი. - კარგი. შევეშვათ მაგას და სკამი მოვძებნოთ. დავიღალე. - გინდა წავიდეთ? - არა ჯერ. ვიყოთ კიდევ ცოტა ხანს. - ხვალაც მოვიდეთ თუ გინდა. - არა, არ მინდა. საკმარისია. - რა არის საკმარისი? - სეირნობები. - რატომ? - არაა საჭირო. - რას ქვია „არაა საჭირო“? - არაა ლამაზი. - უუუფ, რას ჩამეძია ეს კაცი? - რა არაა ლამაზი, ლალი? - აი. ასე. უცხო კაცთან ერთად სეირნობა. - კარგი. რაა. - გაიცინა. - ხომ იცი, ჩვენს ასაკში ყველაფერი მოსულა. - ეგ შენთვის. - ლალი. თავს ნუ შეიზღუდავ. ცხოვრებისგან ყველაფერი უნდა მიიღო რასაც გაძლევს. - ავხედე და ის იყო უნდა უხეშად შევკამათებოდი, რომ თითი ბამბუკის სკამისკენ გაიშვირა. - მგონი გაგვიმართლა. ის მოხუცი ცოლ-ქმარი წასვლას აპირებს. - გავაყოლე მზერა მის ხელს და მართლაც კაცი უკვე ფეხზე იდგა და ცოლს ხელს აშველებდა. - რა კარგები არიან, ხომ?! - კი, ძალიან. შეხმატკბილებული ცოლ-ქმარი. ეგაა ცხოვრების აზრი. ტკბილად დაბერდე საყვარელ ადამიანთან ერთად და სიბერეში დასასვენებლად იარო, მაშინ როცა ყველა საქმე მომთავრებული გაქვს. - შენ რა, მართლა გგონია, რომ ყველა საქმეს მოამთავრებ მაგ ასაკში? არა, ლალი. ოჯახი ისეთი რამეა, ვერასდროს ამოწურავ. ჯერ შვილებს სჭირდები, მერე შვილიშვილებს. ბოლოს კი შვილთაშვილებს თუ მოესწარი, ყოველი დღე საჩუქარია და მათთან ყოფნა მოგინდება. საქმე და საზრუნავი არასდროს გამოელევა ადამიანს, თავად უნდა გამონახოს დრო საკუთარი თავისთვის. ჩვენ თუ არ დავუთმობთ დროს ჩვენს თავს და ჩვენს სურვილებს, სხვა ამას არ გააკეთებს...