დასასრულის დასაწყისი
დასასრულის დასაწყისი
დასასრულის დასაწყისი დამთავრდა? არა, ახლა იწყება, დროის ბორბალი მუდამ იბრუნებს,ისევ დაანგრევს, კვლავ აშენდება, ყოვლის საწყისი ისევ იბრძოლებს,განვლილ ნგრევათა შავბნელ სურათებს წინ აღუდგება, მაინც გაუძლებს,დაისს ყოველთვის თან სდევს აისი, იმედი ისევ დაისადგურებს. “In Nobis Veritas” * – I დღე მეთერთმეტე ყოველ შემთხვევაში მგონია, რომ მეთერთმეტე დღეა. დროის სვლა ძალიან უცნაური ხდება როდესაც ერთ უფანჯრო და უსაათო ოთახში გამოგკეტავენ, მხოლოდ საწოლი, მაგიდა და კალამი, რომელიც იმით უფროა დაინტერესებული, მელანი დაღვაროს, ვიდრე მე დამეხმაროს საღი გონების შენარჩუნებაში. და აი მეც აქ ვარ. შემიძლია თამამად მივულოცო საკუთარ თავს - მრავალ ბედნიერებასთან ერთად, ახლა უკვე უკურნებელი დაავადების ამაყი მატარებელი და ექსპერიმენტული მკურნალობის ექსპრესის ერთი მიმართულების ბილეთის მფლობელი გახლავართ. ვინ გაუძლებდა ამ ცდუნებას ხო? „ შეიძლება მოკვდე, ან შეიძლება არ მოკვდე“, თქვენი პრეზენტაციის ძირითად სლოგანს ეს სიტყვები წარმოადგენდა, და როგორც იდიოტი სიკვდილის მძაფრი სურვილით (ანდა, შეიძლება სიცოცხლის, უკვე მეც მიჭირს გაგება) დაუფიქრებლად დაგეთანხმეთ. ახლა კი, ყველა სხვა ბედნიერებასთან ერთად, მშვენიერ საკანში - უკაცრავად, „სარეაბილიტაციო ოთახში“, გამომკეტეთ, საიდანაც რაღაც ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო გასვლა მეკრძალება. ის მაინც ამიხსენით, ჩემს დაცვას ცდილობთ რამისგან, თუ ჩემგან იცავთ საკუთარ თავს (ასეთი საშიშია ეს წამალი?)? ვინ იცის? მე რაშიც ვარ დარწმუნებული ისაა, რომ ყველაფერი წამართვით, ნებისმიერი რამ, რასაც ჩემი ოდნავ გამხიარულება მაინც შეეძლო, გარდა ქათქათა ცარიელი ფურცლებისა და კალმის, რომელიც ხანდახან სურვილი მიჩნდება ხელში ჩავირჭო, იმისთვის მაინც რომ უბრალოდ რაღაც მოხდეს. როგორც მეუბნებით ჩემი ფიქრები უნდა დავწერო და გაგიზიაროთ. ხოდა აი აზრიც: „ რა ჩემ ფეხებს ვაკეთებ ამ წყეულ ადგილას? დღე მეთექვსმეტე აი თაფლობის თვეც დამთავრდა. თავიდან ვფიქრობდი, რომ წიგნის, ან რა ვიცი, საერთოდ დროის გასაყვანად რამის მოტანა უბრალოდ დაგავიწყდათ, მაგრამ არა. უკვე მივხვდი, რომ განზრახ აკეთებთ. გინდათ ოთხ თეთრ კედელში გამომწყვდეული ვიჯდე, ჩემს ფიქრებთან ეულად დარჩენილი. კარგი სტრატეგიაა თუ ჩემს გაგიჟებას ცდილობთ, სპოილერი!!! მშვენივრად გამოგდით. ვცადე ერთ-ერთი მედდისთვის მეკითხა რატომ არ მაქვს უბრალო ჟურნალის თვალიერების უფლება მაინც - მოდი ასე დავარქვათ მედდა სახელის გარეშე, რადგან მის შესახებ არაფერი არ ვიცი. პასუხად ისე გამიღიმა, თითქოს პატარა ბავშვი ვყოფილიყავი, რომელიც ტკბილეულს ვახშმამდე ითხოვს. „მნიშვნელოვანია გონება სუფთა და ცარიელი გქონდეთ“ - მხოლოდ ეს მივიღე პასუხად. სუფთა რისთვის? ნუთუ არსებობის მაღალ საფეხურზე აღზევებას ვაპირებ? თუ ეს ყველაფერი ერთი დიდი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტია, იმის დასადგენად, რამდენ ხანში დავიწყებ ავეჯთან საუბარს. ხო მართლა, ავეჯის შესახებ, ჩემს სკამს უკვე ოფიციალური სახელი გააჩნია, შეგიძლიათ სტივი დაუძახოთ. სტივი ერთადერთი სანდო მეგზურია, რომელიც ამ ეტაპზე გამაჩნია, თანაც ჩემგან განსხვავებით საღ გონებას ინარჩუნებს. ფიზიკურად ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. არავითარი სასწაულებრივი განკურნება, არავითარი მოულოდნელი გულის რევა ან უცნაური გვერდითი მოვლენა, მგონი თქვენი წამალი დიდად შედეგის მომცემი არაა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ოთახში წრეებზე სიარული დავიწყე კედლები ფრჩხილებით რომ არ ვკაწრო. ოთახი კი საკმაოდ პატარაა, ასე რომ მკვეთრ მოსახვევებში მარდად შევდივარ. ვინ იცის აქედან პროფესიონალ მრბოლელადაც გამოვიდე. თუ გამოვედი საერთოდ. უსახელო მედდას ვკითხე, რაიმე ტესტი ხომ არაა, გაინტერესებთ რამდენ ხანში გავტყდები, რომ ჩემი ტვინი შეისწავლოთ მეთქი? მან კი ქალთევზასავით გამიღიმა და მხოლოდ ეს მითხრა: „მშვენივრად უმკლავდებით ბატონო კეი“. ვუმკლავდები? კი როგორ არა, სულიერად აღზევებული ვარ, თუ რა თქმა უნდა, სულიერი აღზევება იზოლაციაში გაგიჟებას ნიშნავს. რას ვიზავთ, მთავარია, სტივი მედგრად უმკლავდება ყველაფერს. დღე მეოცე გასულ ღამეს რაღაც უცნაურობა მოხდა. შუაღამეს გამეღვიძა, თუ შუაღამე იყო საერთოდ, საათისა და ფანჯრების გარეშე რთულია ამის გაგება, - და ვიგრძენი როგორ მჩხვლეტდა მთელი სხეული. უბრალო დაბუჟება არ ყოფილა, რაღაც უცნაური შეგრძნება, თითქოს ტანზე პატარა სტატიკური მუხტები ცდილობდნენ განმუხტვას. თავიდან ვიფიქრე, რომ სანამ მეძინა იქნებ ოთახში რაღაც შემოუშვით, გაზი ან რაიმე საიდუმლო აირი, რომელიც წამალს შეიცავს? ვინ იცის რა საზიზღრობებს მიკეთებთ. უსახელო მედდას ვკითხე ამის შესახებ დღეს დილით. ისევ გამიღიმა და მითხრა: „ეს ნიშანია, რომ მკურნალობა შედეგს იძლევა“. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა წამალი მუშაობს, რა ჰქვია, როგორ ეძახით, ხო, ელიქსი. ხვალ სუპერძალებით გავიღვიძებ, ხომ? და ეს იქნება სუპერგმირის აღზევების ისტორია, მაგრამ მე ერთ ოთახში ვარ გამოკეტილი და ვერ დავფრინავ ხალხის გადასარჩენად. სხეულზე ჩხვლეტამ დროთა განმავლობაში გადაირა, მაგრამ გრძნობა დამიტოვა, რომ რაღაც შეიცვალა. კანის ქვეშ რაღაც ხდება, მაგრამ ვერ ვხვდები რა. სტივი მეუბნება, რომ პარანოიკი ვარ. დიახაც, ახლა უკვე სრულყოფილი საუბრები მაქვს სკამთან. ხედავთ? როგორ კარგად შევეგუე ჩემს ყოველდღიურ გარემოს. დღე ოცდამეხუთე ჩხვლეტა დაბრუნდა, და ახლა უკვე გაუსაძლისად. ეს უბრალო ვიბრაციები არაა, ვგრძნობ და არ მეჩვენება როგორ მოძრაობს კანქვეშ რაღაც. რაღაც მიცოცავს, როგორც მატლები ან მწერები. ვერ ავხსნი, რომ გიჟი არ გეგონოთ, მაგრამ ზუსტად ისეა როგორც გიყვებით. ამის შესახებ უსახელო მედდას ვუთხარი, არ გაინტერესებთ მისი პასუხი?? „ნორმალურია“. ნორმალურია? კი, რა თქმა უნდა, ნორმალურია. ზუსტად ამას ველოდი, როდესაც იმ მკურნალობის საცდელ ობიექტობაზე დაგთანხმდით, რომლის შესახებაც დღემდე ვერავინ ნორმალურად ვერაფერს მიხსნის. რაღაც ბუკლეტი მაინც მოგეცათ „მოგესალმებით ექსპერიმენტულ ჯოჯოხეთში, გვერდითი მოვლენები მოიცავენ საღი აზროვნების დაკარგვას“. არ ვიცი რას მიშვებით, მაგრამ ეს ყველაფერი გაცილებით სხვა რამეს ჰგავს, ვიდრე მკურნალობას. სტივი კი ისევ მშვიდადაა, ნერვიც კი არ შესტოკებია. დღე ოცდამეათე ვფიქრობ მარტო არ ვარ. არა, არა უსახელო მედდას არ ვგულისხმობ. არც დანარჩენ მედდებს, რომლებიც უჩუმრად შემოდიან და გადიან საჭმელთან ერთად, თან მათ „საშინელ“, ძალიან საყვარელ ღიმილს მჩუქნიან. იმას ვგულისხმობ, რომ აქ, ოთახში, რეალურად რაღაცაა, ან ვიღაც. ღამით ხმაური მესმის. თავიდან მეგონა, რომ თვითონ შენობაა, რას ეძახით? ხო „კომპლექსი“, მილების და იატაკის ღრჭიალი, ან რაიმე მსგავსი, მაგრამ არა - ეს რაღაც სხვაა. გასულ ღამეს, გეფიცებით, გოგონას ჩურჩული გავიგონე, ჩემს ყურთან, გესმით! ისე სწრაფად წამოვხტი, რომ კინაღამ სტივი წავაქციე, მიმოვიხედე, მაგრამ, რა თქმა უნდა, არავინ იყო. მხოლოდ მე და ეს დედა ნატირები სკამი, ბოდიში სტივ. არ ვიგონებ, დამიჯერეთ. ვგრძნობ, რაღაც ან ვიღაც მიყურებს, იცდის, მაგრამ რისთვის? ამის შესახებ არავის გავუფრთხილებივარ. დღე ოცდამეცხრამეტე ან ორმოცდამეორე, აღარ ვიცი უკვე უკვე აღარ ვიცი კიდევ რამდენ ხანს გავუძლებ. ჩურჩული უფრო ხმამაღალი ხდება, კანქვეშ მოძრაობის შეგრძნება არ წყდება, უსახელო მედდაც არ მინახავს უკვე რამდენიმე დღეა. ეს ძაღლი მაინც გააჩუმეთ, დღე და ღამე რომ ყეფით აიკლო აქაურობა. იქნებ საერთოდ დაგავიწყდით. თუ სწორედ ესაა ექსპერიმენტი. ჩამკეტეთ აქ, გამაბრუეთ ათასი წამლით და მაკვირდებით რა მომივა, რამდენ ხანს გავქაჩავ. კონტროლს ვკარგავ. როგორცვე თვალებს ვხუჭავ, უცნაურობებს ვხედავ. მოძრავი ჩრდილები, სახეები სიბნელეში, უკვე აღარ ვიცი რეალურია თუ ეს თქვენი წყეული ელიქსი მიკეთებს ამას, მაგრამ თავიდან ვერ ვიშორებ გრძნობას, რომ რაღაც მოდის რაღაც ძალიან საშიში და დარწმუნებული არ ვარ, რომ მზად ვიქნები როდესაც მოვა. რაღაც ძალიან უცნაური ციოდა, არა, ყინავდა. სიცივე ძვლებამდე ატანდა. უცნობი წინ მიიწევდა. მდუმარებას თოვლის ხრაშუნი არღვევდა, უცნობი კი წინ მიიწევდა. ტკივილი გამქრალიყო, სიცივეც, თითქოს ჭრილობაც შეხორცდა და უცნობიც ჯიუტად წინ მიიწევდა. იქნებ ჯობდა კიდეც დარჩენილიყო, რომელიმე ხის ძირას ჩამომჯდარიყო და უბრალოდ დაეძინა. მაგრამ ამას ვერასოდეს გავიგებთ, რადგან სიცოცხლე უყვარდა და მის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებდა. საინტერესოა, ირონიულად თუ ჩაითვლება მისი საქციელი. როგორ იბრძოდა სიცოცხლისთვის ის ადამიანი, რომელიც სხვებს ასე იოლად ართმევდა ამ საჩუქარს. მაგრამ ეს სხვა დროს, ახლა კი ერთ ნაბიჯს მეორე მოჰყვებოდა, მეორეს მესამე. თითქოს ეს ესაა უნდა წაქცეულიყო, რომ რაღაც უხილავი ძალა გზის გაგრძელებაში ეხმარებოდა. და აი ისიც, პატარა წითელი ან ყვითელი წერტილი, რომელსაც ამდენ ხანს ეძებდა. ვერ იტყოდა რამდენი იარა მას შემდეგ რაც მისივე ნაჩუქარი ხანჯალი ჩაარტყეს. არასდროს არავის ენდობოდა, მაგრამ ეს ქალი, სიფხიზლე დაკარგა და დაისაჯა კიდეც, ჩაეცინა. სიბრაზისთვის ენერგია აღარ დარჩენოდა. ფერადი წერტილის გამოჩენამ ძალები შეჰმატა. იცოდა, სინათლე იმ სახლიდან მოდიოდა, რომელთან მისაღწევადაც ნახევარი ქვეყანა გადმოიარა. მიზანთან ასე ახლოს იმყოფებოდა და ახლა დანებებას არ აპირებდა. ვერავინ იტყვის სინათლის წერტილამდე მისასვლელად რა დრო დასჭირდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მიაღწია. ვიღაცამ შეიძლება თქვას, მერე რა თუ ერთი უცნობი რაღაც ქოხთან მივიდაო. პირველ რიგში ამ სახლს ქოხს ვერ დაუძახებდი, ნუ ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს. უბრალოდ პარადოქსი ისაა, რომ სწორედ ამ უცნობის ამ „ქოხთან“ მისვლამ უამრავი ადამიანის ბედი გადაწყვიტა და გადაწყვეტს საუკუნეების მანძილზე, მაგრამ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. მიზანს მიღწეულს თითქოს მთელი ძალა ერთიანად გამოაცალეს. სხეული დამძიმდა, ფეხები ადგილის შენაცვლებას უარობდნენ, თვალებს კი ბინდი გადაეფარა. ჩაიმუხლა. წონასწორობის შენარჩუნება გაუჭირდა და დაეცა. თოვლის სახეზე შეხებამ, სიცივემ, თითქოს გამოაფხიზლა. არა, სულ ცოტა ხნით დახუჭავს თვალებს, რამდენიმე წუთით წაუძინებს, არაფერი დაშავდება. ცოტა არ იყოს დათბა კიდეც. უცნობი თოვლში იძირებოდა, უფრო და უფრო ღრმად ჩადიოდა. საიდანღაც ყეფის ხმა გაისმა, თუ ქარი ღმუოდა. მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, აღარც თავისი მიზანი ადარდებდა. უბრალოდ ცოტას დაისვენებდა. დაბნელდა. პირველი, რაც იგრძნო სიცივე იყო. ზამთრის გამყინავი კლანჭები მის სხეულს რამოდენიმე გადასაფარებლის ქვეშაც სწვდებოდნენ. სხეული ძვლებიდან მომავალი ტკივილის ტალღებისგან გმინავდა. თვალები დამძიმებოდა, დაახამხამა, ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულიყო. დაღლილობასა და გაურკვევლობაში გადაჯაჭვული აზრები სრულიად არეოდა, მაგრამ მკვეთრმა ტკივილმა გვერდში, - ჭრილობამ - ერთიანად გაახსენა გასული ღამე. ხანჯალი ჩაარტყეს, და სწორედ იმან ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა. მძიმედ ჩაისუნთქა, გრძნობდა როგორ ავსებდა ცივი ჰაერი მის ფილტვებს, შეგრძნება ერთდროულად ნაცნობიც იყო და უცნობიც. გონება წამიერად დამშვიდდა და გარშემო მიმოიხედა. როგორც ჩანდა ხისგან აგებულ სახლში იმყოფებოდა. კედლები უხეშად დამუშავებული ხეებისგან აეგოთ, მაგრამ მყარად გამოიყურებოდნენ, ბუხარში ცეცხლის ალები თამაშობდნენ, გამურული ქვაბიდან კი სასიამოვნო სურნელი ამოდიოდა. სიმდიდრის არავითარი კვალი არ მოჩანდა, მაგრამ ყველაფერში მზრუნველობა იგრძნობოდა. უცნობის მზერა იმ კუთხემ მიიქცია, სადაც მისი ფეხსაცმელი და მოსასხამი განეთავსებინათ, სისხლისგან დასვრილი ტუნიკა გაერეცხათ და გასაშრობად ბუხართან ახლოს სკამზე გადაეკიდათ. უეცრად ქარის ღმუილი გაიგონა, თუ არა, ძაღლი ყეფდა. ყეფას კი ბავშვის წკრიალა სიცილი მოჰყვა. წამოიწია, მაგრამ სხეულმა აჯანყება დაიწყო, ჭრილობა ტკივილს ახალ-ახალ ტალღებს უწყვეტად აგზავნიდა, კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, რომ არ დაეყვირა. ვიღაცას ჭრილობა შეეხვია, რაღაც წამლებიც წაესვათ, ადრე ასეთი არაფერი ენახა. ტკივილის მიუხედავად მაინც წამოდგა. თავბრუ დაესხა, თვალები დახუჭა, მაგრამ არ გაჩერებულა, ფანჯრისკენ გაემართა. ისევ თოვდა, როგორც ჩანს არც შეეწყვიტა. ეზოში ძაღლი დარბოდა, ყეფდა და გოგონას ეთამაშებოდა. ცხოველი მართლაც რომ დიდი იყო, არა დიდი კიდევ ცოტაა, უზარმაზარი. დარანიული ნაგაზი, საშიში ცხოველი, მაგრამ უერთგულესი. პატარა გოგონა დარბოდა, იცინოდა, ამ უზარმაზარ არსებასთან ერთად თოვლში თამაშობდა. სანახაობამ უცნობს ღიმილი მოჰგვარა. ცოტა ხნით ყველაფერზე ფიქრი შეწყვიტა და მის წინ გაშლილი სურათით ტკბებოდა. -ზამთარი უზომოდ უყვართ, - ხმა მოულოდნელად მოესმა, ხელი ინსტიქტურად ხანჯლისკენ წაიღო, რა თქმა უნდა ადგილზე არ დახვედრია. გაბრაზდა, როგორ ვერ შენიშნა უცხოს მოახლოვება. ეზოში მიმდინარე მხიარულებას თვალი მოსწყვიტა და შემობრუნდა. მეორე ოთახიდან შუახნის კაცი გამოვიდა და ღიმილით განაგრძო, - სახლში ვერაფრით გააჩერებ ამ ორ ონავარს. მასპინძელს განიერი მხრები ჰქონდა, უხეშ, მაგრამ კეთილ სახეს მუქი, მოვლილი წვერი უფარავდა. გაცვეთილ, მაგრამ სუფთა სამოსში გამოწყობილიყო. მისი მზერა უცნობის თვალებს შეეგება. გამოხედვაში მტრული განწყობა არ იგრძნობოდა, მხოლოდ ცნობისმოყვარეობა და შეიძლება სიფრთხილე. -როგორც იქნა გაიღვიძე, - მშვიდად წარმოთქვა მასპინძელმა, - მეგონა კიდევ ერთი დღე გეძინებოდა. უცნობმა, მაშინვე არ უპასუხა, ცალი თვალი ფანჯრისკენ გააპარა, იქ სადაც გოგონა და ძაღლი თამაშს აგრძელებდნენ. აზრები უნდა მოეყარა. მასპინძელი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ჯერჯერობით საშიში არ ჩანდა, ყოველ შემთხვევაში ახლა მაინც. მასპინძელი სკამზე ჩამოჯდა და განაგრძო, - ორი დღე გეძინა, ცოცხალმკვდარი გიპოვა ძაღლმა თოვლში, მეგონა ვერ გადარჩებოდი. უცნობმა ხელი ინსტიქტურად ჭრილობისკენ წაიღო, ცოტა დააჭირა და მკვეთრი ტკივილისგან დაიჯღანა. ორი დღე. უგონოდ იყო ორი დღე, მის საქმიანობაში ასეთი შეცდომები სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ. ჩაახველა, ტკივილის მიუხედავად სცადა უდარდელად წარმოეთქვა, - ვფიქრობ სიცოცხლეს თქვენ უნდა გიმადლოდეთ. მასპინძელმა მხრები აიჩეჩა, სკამზე წინ გადმოწეულიყო და დაჟინებით აკვირდებოდა, - მე არა, ელიქსს გადაუხადე მადლობა, ის რომ არა, უკვე დიდი ხნის გაყინული იქნებოდი. -ელიქსს? -კი, ჩვენს ნაგაზს. -როგორც ჩანს კარგი ყნოსვა ჰქონია, - უცნობმა უდარდელად გაღიმება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. მასპინძელმა თავი დაუქნია, ჯერ კიდევ უცნაურად უყურებდა. შემდეგ კი ოთახში მძიმე მდუმარება ჩამოვარდა. დაჭრილის სიმშვიდის ნიღბის უკან აზრების ქარიშხალი გრგვინავდა. უბრალო სიკეთე ვერ იქნებოდა, რაღაც მიზეზი უნდა ჰქონოდა. არავინ ეხმარება უცხოების სამყაროს დასალიერში უმიზეზოდ. -ქალაქიდან საკმაოდ შორს წამოსულხარ, - ბოლოს მდუმარება ისევ მასპინძელმა გაწყვიტა, მის ხმაში სიფრთხილე იგრძნობოდა, - აქ რამ მოგიყვანა? აი ისიც, მოსალოდნელი ხაფანგი. მომენტი, როდესაც თითოეულ სიტყვის შერჩევა განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებდა. სიმართლეს რა თქმა უნდა ვერ ეტყოდა, მაგრამ ტყუილიც დამაჯერებელი უნდა ყოფილიყო. ძალიან სუსტად იყო საბრძოლველად, არც ის იცოდა რა შეეძლო მის გადამრჩენელს. -მე... - სიტყვების სწორად შერჩევა უნდოდა, - ვნადირობდი. ქარბუქი წამომეწია და დავიკარგე. მასპინძლის წარბები შეიჭმუხნა. უცნობს დაჟინებით დააკვირდა, - ნადირობდი, ესეიგი? უცნაური დრო შეგირჩევია, თანაც იარაღისა და აღჭურვილობის გარეშე. უცნობის გული გამალებით ფეთქავდა, მაგრამ სახეზე სიმშვიდის შენარჩუნება მაინც მოახერხა, - აღჭურვილობა ქარბუქში დავკარგე, როდესაც მივხვდი, რამდენად ცუდად მქონდა საქმე, უკვე გვიანი იყო. მასპინძელი კიდევ ცოტა ხნით უყურებდა დაჟინებით, შემდეგ კი ნელა დაუქნია თავი, - ქარბუქი, საშიში რამეა. ნებისმიერი შეიძლება გამოიჭიროს. უცნობმა შვებით ამოისუნთქა, როგორც ჩანს პირველი შემოწმება გაიარა. მაგრამ ყურადღება არ უნდა გაფანტვოდა. ძალიან ბევრი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი და ზედმეტის გამხელით გარისკვაც არ შეიძლებოდა, სანამ მეტს არ გაიგებდა თავის მხსნელზე და თუ რა იმალებოდა მისი უანგარო მასპინძლობის უკან. -რა გქვია? - იკითხა მასპინძელმა, ხმა მეგობრული ჰქონდა, მაგრამ თვალები ისევ ბასრად იყურებოდნენ. მარტივი კითხვა იყო, საშიშროებას კი მაინც შეიცავდა. მისი მრავალი სახელიდან ერთი უნდა ამოერჩია და რატომღაც, თვითონაც არ იცოდა, რატომ გადაწყვიტა ნამდვილი ეთქვა. -კლაოს დურეი, - მიუგო უცნობმა, დიდი ხანია თავისი ნამდვილი სახელი არ წარმოუთქვამს, ეუცნაურა კიდეც, მაგრამ ამ მიყრუებულ ადგილას დამალვა არაფერში სჭირდებოდა. მასპინძელი ცოტა ხნით შეყოვნდა, სანამ პასუხს გასცემდა, - არიონი, დამიძახე. -კლაოს, - გაწელა არიონმა თითქოს უცნობის სახელს გემოს უსინჯავდა, - და ასე შორს სანადიროდ რამ წამოგიყვანა, გამოუცდელ მონადირეს არ გავხარ. -არ მეგონა ქარბუქი ასე სწრაფად თუ წამოგვეწეოდა. ჩემს მეგზურებთან ერთად თაანორში მივემართებოდით და გზად სახელგანთქმული დარანიული ირემის გასინჯვა გადავწყვიტეთ. არიონი თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა, - როგორც ვხვდები, ეს საჩუქარიც, შენმა მეგზურებმა დაგიტოვეს, - მასპინძელმა ჭრილობაზე მიუთითა. -სამწუხაროდ, ასე გამოვიდა, - დაეთახნმა კლაოსი, - თაანორის ერთ-ერთი ჰევბერისთვის ძვირფასი საჩუქარი მიმქონდა და როგორც ჩანს ძლიერ მოეწონათ ჩემს მეგობრებს. -ხოო, მართლა ძალიან იღბლიანი ჩანხარ, - გაგიმართლა, რომ გიპოვეთ, თორემ ყინვა ბოლოს მოგიღებდა. - როგორც ჩანს მადლობაზე გაცილებით მეტი მმართებს თქვენი, არიონ - გაიღიმა კლაოსმა და ფანჯრისკენ გააპარა თვალი. გოგონა და ნაგაზი ისევ ეზოში თამაშობდნენ. ახლა ძაღლი თხრიდა თოვლს, გოგონა კი ხითხითებდა. ეს ხედი ძალიან ეუცნაურებოდა, თითქმის უადგილოდაც კი ჩანდა. ასეთი უმანკოება დიდხანს არ ენახა, იმაზე დიდხანს, ვიდრე აღიარება სურდა. -შენი შვილია? - კლაოსმა ფანჯრისკენ მიუთითა. არიონის გამოხედვაში მთელი საუბრის განმავლობაში პირველად გამოჩნდა გულწრფელი ღიმილი, - კი, ეს ანაა. კლაოსი კიდევ ცოტა ხანს აკვირდებოდა გოგონას და მუცელში უსიამოვნო სიცივეს გრძნობდა. აქ გარკვეული მიზნით მოვიდა. ნადირობდა, მაგრამ არა ცხოველზე. არიონი იყო ის ადამიანი, ვისაც ეძებდა, რომელიც უნდა მოეკლა. ახლა კი თბილ ხის სახლში მყოფს, უმანკო გოგონას შემხედვარეს, ამდენი წლის განმავლობაში პირველად გაუჩნდა ეჭვის მარცვალი. რატომ გამოაგზავნეს ამ ადამიანის მოსაკლავად? რით დაიმსახურა? და რაც ყველაზე მთავარია, რატომ გადაარჩინა და სახლში მოიყვანა, როდესაც ყინვაში სასიკვდილოდ შეეძლო დაეტოვებინა? სანამ კლაოსი საკუთარ ფიქრებში ჩაღრმავებას მოასწრებდა, სახლის კარი ფართოდ გაიღო. ზღურბლთან პატარა გოგონა და უზარმაზარი ნაგაზი იდგნენ. ეგონა ძაღლი შემოვარდებოდა და მოუსვენრად სირბილს დაიწყებდა, მაგრამ არა, გაჩერდა. გოგონას გზა დაუთმო, შემოუშვა, დარწმუნდა რომ უსაფრთხოდ იყო და მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდა. -კლაოს, სწორედ მათ უნდა უმადლოდეთ სიცოცხლეს, გაიცანი, ანა და ელიქსი. ელიქსი კლაოსისკენ დაიძრა. მისი ნახვა ერთ რამედ ღირდა, თათები დათვის ტორებს მიუგავდა. ძაღლმა უცნობი დაყნოსა, მკაცრი თაფლისფერი თვალები შეანათა, შემდეგ კი შემობრუნდა და კლაოსსა და გოგონას შორის დაჯდა. რაღაც უცნაური იყო ამ ძაღლში, კლაოსი ვერ მიხვედრილიყო, მაგრამ მისი შემოსვლის წუთიდან თავს არაკომფორტულად გრძნობდა. თითქოს ძაღლი მის აზრებს კითხულობდა და მის სულში იხედებოდა. კლაოსს ამის გაფიქრებისას თვითონვე გაეღიმა. რას ბოდიალობდა. ანას ქურთუკი გაეხადა, ქუდს მისი ოქროსფერი კულულები სასაცილოდ აეჩეჩა. გოგონა რვა წლისაც არ იქნებოდა, შეიძლება ბევრად უფრო პატარაც იყო. ზურმუხტისფერი თვალები ეშმაკურად უციმციმებდა. ჯერ უცნობი შეათვალიერა, შემდეგ არიონს მიუბრუნდა: -არიონ, ელიქსს მოშივდა. -და შენ პატარა ქალბატონო? -მეც, - ჩაიკისკისა გოგონამ. - იცი? მე და ელიქსი დაჭერობანას ვთამაშობდით, ისევ მაჯობა. თოვლში წამაქცია, მე კიდე ვუღიტინებდი და იცინოდა. არ გჯერა? ნახე. ანამ ძაღლს მოფერება და ღიტინი დაუწყო. რა თქმა უნდა ცხოველს არ გაუცინია. არც კი გატოკებულა, დაჟინებული მზერა კლაოსისკენ მიეპყრო, თითქოს მართლაც მისი აზრების წაკითხვას ცდილობდა. -კარგი პატარა ქალბატონო, ხელები დაიბანე და ელიქსსაც ვაჭამოთ. ანა მეორე ოთახში გავიდა. არიონმა გამურულ ქვაბს მოურია და შიგთავსი ხისგან გამოთლილ ჭურჭელში დაასხა. ყველაზე დიდი ჯამი, მეეჭვება ვინმეს გაუკვირდეს, ელიქსს შეხვდა. ნაგაზმა კმაყოფილი თვალებით შეხედა არიონს და საჭმლისკენ გაეშურა. -კლაოს მობრძანდი, წვნიანი მოგიხდება და ძალებსაც აღიდგენ. ხელმეორედ მიპატიჟება არ დასჭირვებია, ისედაც ძლიერ დამშეულიყო. ანას შემოსვლამდე ჭამა არავის დაუწყია. გოგონა მაგიდასთან დასკუპდა და წვნიანს გემრიელად შეექცა. ელიქსმაც მხოლოდ ამის შემდეგ გაუსინჯა გემო საკვებს. კლაოსს არც ეს უცნაურობა გამოჰპარვია ძაღლის საქციელში. არა, რაღაც ამოუცნობი იმალებოდა ამ უზარმაზარ ცხოველში და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს აშინებდა კიდეც მას. წვნიანი მართლაც გემრიელი აღმოჩნდა. კლაოსმა თავი ბევრად უკეთესად იგრძნო. ჭრილობაც იმდენად აღარ აწუხებდა. გონებაში იმ საღამოს იმეორებდა, როდესაც უღალატეს. ეირინი, წყეული ალქაჯი, თვალიც არ დაუხამხამებია ისე ჩაარტყა ხანჯალი და ეს მას შემდეგ რაც ერთად გამოიარეს ბოლო წლების განმავლობაში. არაერთხელ უხსნიათ ერთმანეთი სიკვდილის კლანჭებისგან. მაინც ვერ ხვდებოდა ასე რატომ მოიქცა. კიდევ ერთი ჩვეულებრივი დავალება: უნდა ეპოვათ სამიზნე და მოეკლათ. კლაოს დურეი მთელს დარანიაში და არამხოლოდ, ვიწრო წრეებში თავისი ოსტატობით განთქმული ადამიანი ბრძანდებოდა. შეგვიძლია თავებზე მონადირეც დავუძახოთ. არაერთისთვის მოუსწრაფებია გზა უსასრულობისკენ. დაახლოებით ორი წელი იქნება, რაც ეირინს შეხვდა, ერთ დროს ისიც კლაოსის სამიზნეს წარმოადგენდა, ეს სრულიად სხვა ისტორიაა. ერთადერთხელ შეებრალა, შეიწყალა და რამოდენიმე დღის წინ ესეც ინანა. რატომ? სწორედ ეს კითხვა არ ასვენებდა კლაოსს. ერთი ჩვეულებრივი დავალება ჰქონდათ. არც განსაკუთრებული გასამრჯელო და არც რაიმე სირთულით აღსავსე. უნდა მოეკლათ ადამიანი, ამის გაფიქრებაზე გაეცინა, უნდა მოეკლათ ადამიანი, რომელმაც გადაარჩინა. ეირინი კი აუცილებლად ეცდება საქმის ბოლომდე მიყვანას და მსხვერპლის სახლში ცოცხალი კლაოსის სახით წარსულის აჩრდილი დახვდება. აი მაშინ კი ინანებს, ის ხანჯალი გულში რომ არ დაარტყა. ფიქრებიდან გამორკვეულ კლაოსს მშვენიერი სანახაობა დახვდა, ბუხრის ძირას ელიქსი წამოწოლილიყო და ისევ მას უყურებდა, იქვე კი ძაღლთან ჩახუტებულ ანას ჩასძინებოდა. ამ ყველაფერმა ღიმილი მოჰგვარა. ეს პატარა გოგონა სულ ცოტა ხნის წინ ნახა, მაგრამ უცნაურად მოქმედებდა მასზე. კლაოსმა დაღლილობა იგრძნო, საწოლისკენ გადაინაცვლა, ელიქსმაც თვალი გააყოლა. არა ეს ძაღლი ჭკუიდან გადაიყვანდა. დაწოლაც ვერ მოასწრო ისე ჩაეძინა. ცივი ჰაერი კლაოსს სახეს უწვავდა, მაგრამ ეს უკვე ნაცნობი შეგრძნება იყო. ერთი კვირა გასულიყო მას შემდეგ, რაც არიონის სახლში გაიღვიძა. ჭრილობა, რომელიც ცოტა ხნის წინ აუტანელ ტკივილს ანიჭებდა, თითქმის გამთელებულიყო. არიონის მალამოებს მწარე სუნი ასდიოდა, ჭრილობაზე წასმისას საშინლად სწვავდა, მაგრამ რაც მთავარია მუშაობდა. ტკივილი მიწყნარდა, ჩალურჯებები გაქრა, და უკვე თავისუფლად შეეძლო მოძრაობა, თავსაც იმაზე ბევრად კარგად გრძნობდა ვიდრე უნდა ეგრძნო. სანამ თოვლში მიაბიჯებდნენ, ბეწვის მოსასხამში კიდევ უფრო მჭიდროდ გაეხვია. ტყე უძრავად იდგა, ხეები თრთვილსა და თოვლის სქელ ფენაში გახვეულიყვნენ. წინ მიმავალ არიონს მშვილდი ზურგზე გადაეკიდა და ორბის გამოხედვით ეძებდა თოვლში ნაკვალევს. უკან მიმავალი კლაოსის სუნთქვა ჰაერშივე იყინებოდა. უკვე ერთი საათი გასულიყო, რაც ნაკვალევით მიჰყვებოდნენ ირემს. კლაოსს სიამოვნებდა სახლის დატოვება, მოძრაობა, რაღაც სასარგებლოს გაკეთება. მაგრამ მისი აზრები ნადირობისკენ საერთოდ არ იყვნენ მიმართული. ისინი კონკრეტული ადამიანის ირგვლივ ტრიალებდნენ, ადამიანის, რომელიც წინ მიდიოდა. არიონმა გადაარჩინა, გამოაჯანმრთელა, მაგრამ კლაოსი სულელი არ იყო, ადამიანები უბრალოდ არაფერს არ აკეთებდნენ, ყოველ შემთხვევაში მის სამყაროში. უფრო მეტი უნდა გაეგო, აინტერესებდა რეალურად რას წარმოადგენდა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ მის მოსაკლავად გამოაგზავნეს კლაოსი. არიონი შეჩერდა და ახალ ნაკვალევთან ჩაიმუხლა, - როგორც ჩანს ახლოს ვართ, - ჩაილაპარაკა და მეგზურს შეხედა. კლაოსსმა თავი დაუქნია, მოსაჩვენებლად, რომ ნადირობაზე იყო ორიენტირებული. მაგრამ მისი ფიქრები სხვაგან დაჰქროდნენ. ამ ადამიანს, საკმაოდ ფართო უნარები გააჩნდა, რომლებიც უბრალო მეტყევის ცოდნას ძლიერ სცდებოდნენ. როგორ მოძრაობდა, როგორ მკურნალობდა ჭრილობას, რაღაც ვერ ლაგდებოდა კლაოსის გონებაში. და კიდევ გოგონა. რამდენიმე დღის წინ არიონმა ახსენა, რომ გოგონას დედა დაიღუპა, მაგრამ მეტი არაფერი უთქვამს. როდესაც ტყის სიღრმეში შევიდნენ, კლაოსმა გადაწყვიტა, კითხვების გაჟღერების დრო მოსულიყო. მაგრამ ფრთხილად, ზედმეტი ცნობისმოყვარეობით არიონი არ უნდა დაეფრთხო. -საკმაოდ გამჭრიახი თვალი გაქვს,- ნაკვალევზე მიანიშნა, - ჩემს მკურნალობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, - კლაოსი ცდილობდა რაც შეიძლება უდარდელად გაჟღერებულიყო მისი სიტყვები. არიონმა წამიერად შეხედა, სახეზე გამომეტყველება არ შეცვლია, - წლების პრაქტიკა, კაცობრიობის დასალიერში ცხოვრებისას ბევრ რამეს სწავლობ. -აქ კი, - უპასუხა კლაოსმა, თან წაქცეულ ხეს ფრთხილად გადააბიჯა, - მაგრამ ყოველთვის აქ ხომ არ ცხოვრობდი? არიონმა მაშინვე არ უპასუხა, ისევ ჩაიმუხლა, ნაკვალევს აკვირდებოდა, - არა, ყოველთვის არა. მის ხმაში დაძაბულობა იგრძნობოდა. კლაოსმა, გადაწყვიტა ფრთხილად გაეგრძელებინა, - და მაინც რამ მოგიყვანა აქ? ცხოვრება ნამდვილად მშვიდია, მაგრამ არა იოლი. არიონი ფეხზე წამოდგა, ისევ წინ იყურებოდა, მის დგომაში, მხრებში, კლაოსმა დაძაბულობა შენიშნა, რაც აქამდე არ შეუნიშნავს, - ზოგჯერ შენ არ ირჩევ მშვიდ ცხოვრებას, არამედ თვითონ გირჩევს შენ. კლაოსი ცდილობდა ჩვეული ტემპით გაეგრძელებინა, რომ ძალიან დაინტერესებული არ გამოჩენილიყო, - ისე ჟღერს, რაღაც ისტორია იმალება ამ სიტყვების უკან. არიონს თვალები მოეჭუტა, როდესაც კლაოსს შეხედა, - შეიძლება იმალება კიდეც. შეიძლება არც მიყვარს ამის შესახებ საუბარი. კლაოსმა იგრძნო, რომ მეტის გაგება გაუჭირდებოდა, მაგრამ უნდა გაეგო. მაინც რატომ გადაეწყვიტა არიონს ძველი ცხოვრების დატოვება და აქ გადმოსახლება, - არც მე მაქვს ცოტა რამ ნანახი, ზოგჯერ უბრალოდ გინდა დაივიწყო, ყველაფერი ახლიდან დაიწყო. ჩამოწოლილ მდუმარებას, მხოლოდ მათ ფეხის ქვეშ თოვლის ხრაშუნი არღვევდა. შემდეგ კი არიონმა დაიწყო. - მკურნალი ვიყავი, - თქვა ჩუმად, - ქალაქში აქედან ძალიან შორს. მკურნალი? გაუკვირდა კლაოსს, ეს უკანასკნელი იყო რასაც ელოდებოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, აცადა გაეგრძელებინა. -დაავადება, - გააგრძელა არიონმა, მისი ხმა არ შეცვლილა, მაგრამ სიმძიმე იგრძნობოდა, - ღარიბ რაიონებში დაიწყო, შემდეგ სწრაფად გავრცელდა. იმაზე სწრაფად ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოდგენა და გაკონტროლება. ქალაქი ჩაკეტეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. კლაოსი დაფიქრდა, ამ დაავადებაზე გაგონილი ჰქონდა. დარანიის სამეფოს რამოდენიმე რეგიონი და მრავალი ქალაქი გაანადგურა. ახსოვდა ამბავი ერთ ქალაქზე, რომლის ვერც ერთი მოსახლე ვერ გადარჩა. -ეს ქალაქი, - კლაოსი ცდილობდა აზრები ერთად მოეყარა, - ეს ხომ .... არიონმა, თავი დაუქნია, - აჩრდილთა ქალაქი. ახლა ასე ეძახიან. ვერავინ გადარჩა, ჩემი, ანას და ელიქსის გარდა. მანამ წამოვედით, სანამ უკვე გვიანი იქნებოდა - მისი ხმა გაყინულიყო, როდესაც პირველი ნიშნები შევნიშნე, მივხვდი, უკვე დროის ამბავი იყო. ანას დედა, .... მას კი დარჩენა და სხვების გადარჩენა უნდოდა. მაგრამ ვერაფერს ვუშველიდით, დაავადება იმაზე სწრაფად გავრცელდა ვიდრე ვმკურნალობდით, ვიდრე რამეს ვისწავლიდით მის შესახებ. არიონი გაჩერდა, მისი მზერა სადღაც შორს მიმართულიყო, თითქოს იმ მოგონებებში იყურებოდა, რომელთა დამარხვასაც ასე ცდილობდა, - ვერ გადავარჩინე. მდუმარება ჩამოწვა, მძიმე, მშრალი, კლაოსმა არ იცოდა რა ეთქვა. სიკვდილს საკმაოდ ახლოს იცნობდა. მეომარი იყო, იმაზე მეტჯერ ენახა, ვიდრე დათვლიდა. მაგრამ ეს, სრულიად სხვა იყო, ეს არ იყო ბრძოლის ველი და არც ომის ქაოსი. ეს გაცილებით პირადული იყო. -ანა წამოვიყვანე და გამოვიქეცი, - გააგრძელა არიონმა, შეკავებული ემოციებისგან ხმა აუთრთოლდა, - იმდენად შორს წამოვედი, რამდენადაც შევძელი, მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ. კლაოსი დანაშაულის უცნაურმა გრძნობამ შეაწუხა. აქ არიონის მოსაკლავად მოვიდა, ბრძანებებს კითხვების გარეშე ასრულებდა. ახლა კი, ამ ყველაფრის გაგონების შემდეგ.... იმის გაგონების შემდეგ თუ რა გადაიტანა ამ ადამიანმა, რა დაკარგა ... ეს ყველაფერი მოსვენებას არ აძლევდა. დაძაბულობა მკვეთრმა ხმაურმა გაწყვიტა. არიონი ჩრდილოეთისკენ შებრუნდა, - ახლოსაა! ნაბიჯს აუჩქარეს, ხეებს შორის მიიკვლევდნენ თოვლიან გზას. არიონის ამბის სიმძიმე ისევ ტრიალებდა ჰაერში, მაგრამ ახლა ორივე ისევ მონადირეებად ქცეულიყვნენ. არიონმა ანიშნა გაჩერებულიყვნენ და ჩაიმუხლა. კლაოსმა მის მზერას თვალი გააყოლა და დაინახა, ირემის ბეწვი პეიზაჟის ფერებში შენიღბულიყო, მონადირეები ჯერ კიდევ ვერ შეენიშნა. არიონმა მშვილდი ნელ-ნელა მოიმარჯვა და ისარი ძუაზე მოათავსა. კლაოსმა სუნთქვა შეიკავა, თითქოს თვითონ აპირებდა სროლას. გეგონებოდათ მთელი სამყარო გაჩერდაო, ერთადერთ ხმას, რომელსაც გაიგონებდით, ხეებს შორის მოხეტიალე ქარის სტვენა იყო. ისრის მკვეთრი სტვენა. ირემი წაბორძიკდა, ჩუმი ღმუილი გაისმა და თოვლიან მიწაზე დაეცა. არიონი არ გატოკებულა, მისი მზერა მიჯაჭვულიყო ცხოველზე, რომელიც ბოლო ამოსუნთქვას ცდილობდა. როგორც იქნა მშვილდი დაუშვა და ფეხზე წამოდგა, სახე გაჰქვავებოდა. -კარგი ნასროლია, - შეაქო კლაოსმა, მაგრამ საკუთარ სიტყვებში სიცარიელე იგრძნო. არიონმა თავი დაუქნია, მის გამოხედვაში სიამაყე არ იგრძნობოდა, - დავამთავროთ. მონადირეები ირემს მიუახლოვდნენ, არიონმა დანის სწრაფი მოძრაობით გაათავისუფლა ცხოველი ტანჯვისგან. კლაოსი თავს უცნაურად გრძნობდა. ნადირობა წარმატებით დასრულდა, მაგრამ საუბარმა დიდი ზეგავლენა იქონია. იმაზე მეტი გაიგო, ვიდრე იმედოვნებდა. კლაოსი უყურებდა თავის მასპინძელს და ცდილობდა გაეგო, კიდევ რამდენი საიდუმლო იმალებოდა მის ისტორიაში. იყო კიდევ რაღაც, რაღაც უფრო სიღრმისეული, რასაც ჯერ კიდევ ვერ მიხვედრილიყო. - სწორად მოიქეცი, - ჩუმად წარმოთქვა კლაოსმა, - რომ დარჩენილიყავი .... - რომ დავრჩენილიყავი ანა ცოცხალი აღარ იქნებოდა. მეუღლე ვერ გადავარჩინე, მაგრამ ანა ჩემს გვერდითაა. ეს კი ყველაფერია, რასაც მნიშვნელობა გააჩნია. კლაოსმა თავი დაუქნია, მისი სიტყვები ექოსავით გაისმა გონებაში. აჩრდილთა ქალაქი. ადგილი სადაც ვერავინ გადარჩა, მაგრამ გადარჩა არიონი და ახლა სწორედ მას უნდა გადაეწყვიტა, რა ექნა ამ ადამიანისთვის. ნადირობა დასრულდა, მაგრამ ნამდვილი კითხვები მხოლოდ იწყებოდა. კლაოსის ფეხებქვეშ თოვლი ხრაშუნობდა, როდესაც კიდევ ერთი გუნდა აიცილა, მისი სუნთქვა თბილი ღრუბელივით იბნეოდა ჰაერში. ხის უკან დამალული ანას ნათელი და უდარდელი სიცილი მთელს ველზე იშლებოდა, სანამ გოგონა ახალი იერიშისთვის ემზადებოდა. უზარმაზარი ნაგაზი, შორიახლოს იმყოფებოდა, მისი ბასრი თვალები კლაოსის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდნენ. ყოველთვის ფხიზლად იყო გოგონას დასაცავად. კლაოსი ყოველდღიურად რწმუნდებოდა, რომ უცნაურ ოჯახთან ჰქონდა საქმე, ეს უცნაურობა რაღაცნაირად ხიბლავდა. ზუსტადაც რომ ამ უცნაურმა ოჯახმა გადაარჩინა სიკვდილს. მონადირე მსხვერპლის მიმართ გაუაზრებლად სიმპათიით განეწყო. უმეტესწილად ეს ანას დამსახურება იყო. გასული კვირების განმავლობაში ეირინი არ გამოჩენილა, რაც ძლიერ ახარებდა. არა, ისევ ბრაზობდა მაგრამ პირველად მრისხანებას გადაევლო. არც ასეთი შემწყნარებლობა გამოუჩენია ადრე, თვითონაც უკვირდა, მაგრამ ბრაზი და სიძულვილი სადღაც წასულიყო. ეს ბავშვი უცნაურად მოქმედებდა კლაოსზე. ანას და ელიქსის ურთიერთობა, სულ უფრო და უფრო აკვირვებდა. ძაღლი გოგონაზე ადამიანივით ზრუნავდა. არც ერთი წამით მარტოს არ ტოვებდა. საჭმელს ანაზე ადრე პირს არ ადებდა. ყოველთვის მის გვერდით ეძინა. არც კი ეძინა, ყოველთვის ფხიზლად იყო. შემდეგი თოვლის გუნდა კლაოსს მკერდში მოხვდა. წაბორძიკდა, მკერდზე ხელი თეატრალურად იტაცა, თითქოსდა სასიკვდილოდ დაჭრესო. -ისევ მომარტყი! - ამოიხვნეშა და გოგონას გასახარებლად მუხლებზე დაეცა. გახარებულმა ანამ, ხმამაღლა გაიცინა და გამარჯვების ნიშნად სამალავიდან გამოვიდა, ლოყები სიცივისგან გაწითლებოდა. -გავიმარჯვე! - ტრიუმფალურად განაცხადა, ყინვის მიუხედავად მისი ღიმილი არემარეს ათბობდა. კლაოსი დამარცხების ნიშნად თოვლში გადავარდა, - კარგი, კარგი, გნებდები, ქალბატონო. გოგონამ ჩაიხითხითა და კლაოსის გვერდით ჩაიმუხლა, მის ხელებში ახალი გუნდა აელვარდა. ელიქსიც აჩქარებულად მიუახლოვდათ, ყურადღებით ათვალიერებდა არემარეს, ჰაერს ისუნთქავდა, რომ დარწმუნებულიყო, ანა უსაფრთხოდაა. -ძალიან ყოჩაღი ხარ, - შეაქო კლაოსმა, ისევ იღიმოდა. - დიდი ხანია აღარ მიგუნდავია. -მართლა? - გაიკვირვა გოგონამ, სახეზე ცნობისმოყვარეობა გამოეხატა, არც ბავშვობაში? კლაოსის ღიმილი გაფერმკრთალდა, ამ კითხვას არ ელოდა. იდაყვებს დაეყრდნო, მხიარული გარემო, რაღაც უფრო სერიოზულით შეცვლილიყო, წარსული მოგონებების სიმძიმე ერთიანად დააწვა მხრებზე. -ძალიან ადრე, - ჩუმად წარმოთქვა, და თოვლს ჩააშტერდა, - ადრე ჩემს მშობლებთან ერთად .... მაგრამ ისინი აღარ არიან. -სად არიან, კლაოს? -დაიხოცნენ, ძალიან დიდი ხნის წინ. ანას თვალები შერბილდნენ, კლაოსს გვერდზე მიუჯდა, ცოტა ხნის წინანდელი სიცილი ჩუმ თანაგრძნობაში გადაიზარდა. -ვწუხვარ, - ჩაიჩურჩულა გოგონამ, - გენატრებიან? კლაოსმა ნერწყვი გადაყლაპა, გრძნობდა როგორ შეეპარა სიცივე სხეულში, მაგრამ ეს სიცივე ზამთართან არავითარ კავშირში არ ყოფილა. -მენატრებიან - ჩუმად ამოღერღა, - ყოველ დღე. ანამ თავი დახარა, თან ხელთათმანიანი ხელებით თოვლში თამაშობდა, თითქოს თავის ფიქრებში გადაკარგულიყო. შემდეგ ისევ შეხედა კლაოსს, მისი ხმა კიდევ უფრო დაწვრილებულიყო. -მეც მენატრებიან ჩემი მშობლები. კლაოსს სახე მოეღუშა. არიონი ხომ ... მაგრამ გოგონას ხმაში, როგორ წარმოთქვა ეს სიტყვები, რაღაც იმალებოდა. ამან ჩააფიქრა. -გენატრებიან? - რბილად შეეკითხა კლაოს, მაგრამ არიონი ხომ ... ? ანამ უარყოფის ნიშნად თავი ნელა გააქნია. -ის მამაჩემი არაა, - ჩაიჩურჩულა გოგონამ, მისი ხმა თითქმის არ ისმოდა, - ის მხოლოდ ჩემს დაცვას ცდილობს. ანას სიტყვები კლაოსს ყველა გუნდაზე ძლიერად მოხვდა. -შენი მშობლები სად არიან, ანა? - მის კითხვაში ერთდროულად ცნობისმოყვარეობა და განგაშის ნოტები იგრძნობოდა. გოგონას პატარა მხრები ნელა აიწია ზემოთ, მისი თვალები კი სადღაც ძალიან შორს იყურებოდნენ. -წავიდნენ, არიონი ამბობს, რონ წავიდნენ და აღარ დაბრუნდებიან, - გოგონას ხმა გატყდა, სანამ კიდევ რამეს იტყოდა ელიქსს შეხედა. მისმა პატარა ხელმა ძაღლს ბეწვი აუჩეჩა, - მაგრამ ელიქსი ყოველთვის ჩემს გვერდითაა, ყოველთვის დამიცავს. კლაოსი ჩაფიქრდა, ნუთუ არიონი ამდენ ხანს ატყუებდა, ნუთუ რაც აქამდე მოყვა ყველაფერი ტყუილი იყო. როგორ მარტივად გააცურა, ბრაზისგან გაეღიმა. -არიონი, - გააგრძელა ანამ, - კარგად მექცევა, ვიცი ყოველთვის დამიცავს. ის კარგია კლაოს. გოგონას სიტყვები უცნაურად ჟღერდა, თითქოს კლაოსის ფიქრები წაეკითხა. არ იცოდა რა ეთქვა, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს გვერდზე ყოფნის ნიშნად გოგონას მხარზე ხელი რბილად დაადო. ანამ თვალებში შეხედა, მისი გამოხედვა ნდობას ასხივებდა. -შენც კლაოს, შენც კარგი ხარ. კლაოსს გოგონას სიტყვებისგან გული შეეკუმშა, თითქოს ყელზე მოუჭირეს და ვიღაცა მის დახრჩობას ცდილობდა. დიდი ხანია მისთვის „კარგი“ არავის დაუძახია. მისი ცხოვრება, მისი გადაწყვეტილებები, ძალიან შორს იყვნენ რაიმე კარგისგან. ამ წამს კი, გოგონას გვერდით, რომელსაც ასაკის მიუხედავად უკვე ძალიან ბევრი დაეკარგა, კლაოსმა უცნაური სითბო იგრძნო, სითბო, რომელიც წლების განმავლობაში არ მიჰკარებია. -კი, - გაიღიმა კლაოსმა, - როგორც ჩანს მეც კარგი ვარ. დაღამებამდე ფიქრობდა ვინ შეიძლება ყოფილიყო არიონი, მაგრამ ვერაფერი დამაჯერებელი და გასამართლებელი ვერ მოიფიქრა. მალე შენიშნა კიდეც, რამდენიმე კურდღელი მოენადირებინა და მათ გატყავებას შესდგომოდა. კლაოსი არიონთან შესახვედრად გავიდა. -თავს როგორ გრძნობ, კლაოს? ჭრილობა კიდევ ხომ არ გაწუხებს? -ჭრილობა აღარ, მაგრამ კითხვები მაწუხებს, ძალიან ბევრი კითხვა - სიტყვა მიზანმიმართულად გაწელა. -ააა, - ამოიხვნეშა არიონმა, - კითხვები კარგია უბრალოდ დროის და ადგილის სწორად შერჩევა სჭირდება, არ მეთანხმები? -მართალი ხარ. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, მდუმარებას ქარის ღმუილი არღვევდა. -რა გაინტერესებს კლაოს? - არც შემობრუნებულა ისე ესაუბრებოდა, თან კურდღელს ატყავებდა. კლაოსი რაიმეს ეძებდა თავის დასაცავად ან თავდასხმისთვის, მებრძოლის ინსტიქტი არსად დაკარგულიყო, არიონს მშვილდი ახლოსვე დაეყუდებინა. -იარაღი არ დაგჭირდება, კითხვებზე ისედაც გიპასუხებ, - აუღელვებლად წარმოთქვა არიონმა. კლაოსი დაიბნა. -ანა შენი შვილი არაა. -მართალი ხარ, მაგრამ შვილივით მიყვარს და მის დასაცავად დაუფიქრებლად გავწირავ თავს. -ვინ ხარ? შენი რომელიმე სიტყვა მაინც იყო სიმართლე? - ნაწილობრივ, კლაოს, ისევე როგორც შენი მონაყოლის მხოლოდ ნაწილი იყო სიმართლე. ვიცი ვინც ხარ. ისიც ვიცი, რომ ჩემს მოსაკლავად გამოგზავნეს, - არიონი შემობრუნდა, ზედმეტად მშვიდადაც კი გამოიყურებოდა. -კარგად მომისმინე, ახლა რაც არ უნდა მოხდეს არაფერი მოიმოქმედო, უფლებას მაინც არ მოგცემენ. ვიცი, ვერ ხვდები რას გეუბნები, მაგრამ თავის დროზე აუცილებლად გაიგებ. შენც, ჩემი არ იყოს ერთი პატარა ფიგურა ხარ ამ უზარმაზარ თამაშში, მაგრამ ჩემზე ბევრად მეტის გაკეთებას შეძლებ. რაც არ უნდა მოხდეს, ანა დაიცავი და როცა დრო მოვა მისთვის სიცოცხლის გაწირვაც არ დაგენანოს. მე არ მენანება და ჩემი ვალი გადავიხადე ... არიონს სიტყვები მათკენ დაძრულმა სილუეტებმა გააწყვეტინა. ათიოდე იქნებოდნენ, ჩირაღდნებით ხელში. არც ჩქარობდნენ, მაგრამ არც ნელა მოდიოდნენ. უცნობებს ქალი მოუძღვებოდათ. ეირინის დანახვაზე კლაოსს მრისხანება დაუბრუნდა და არიონის მშვილდს დასტაცა ხელი, ამ დროს რაღაც ძალიან ძლიერმა მიწაზე დაანარცხა. თოვლმა სახე დაუწვა. წამოდგომა სცადა მაგრამ ელიქსს თათი ზურგზე დაებჯინა. ეირინს კლაოსისთვის ყურადღება არც მიუქცევია. არიონისკენ გაემართა. -ეირინ, არ მეგონა შენ თუ გამოგზავნიდნენ, - არიონის ხმაში საშინელი სიმშვიდე იგრძნობოდა, - უკვე ძალიან დიდი ხანია გელოდებით და ცოტა არ იყოს დავიღალე კიდეც. -არიონ, ჩემო მეგობარო, ვწუხვარ, მაგრამ ორივემ ვიცოდით, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა. -ასეა მეცამეტევ. ამ სახელის გაგონებაზე ეირინს სახე მოეღუშა, - აღარც კი მახსოვს ასე როდის მომმართავდნენ. არიონმა გაიღიმა, ეირინმაც ღიმილით უპასუხა, ჩაეხუტა და ძველ მეგობარს კლაოსის ნაჩუქარი ხანჯალი მკერდში გაუყარა. არიონს სახეზე ტკივილი გამოესახა, მაგრამ ხმა არ წამოსცდენია. კლაოსი ამ ყველაფერს გაოცებული უყურებდა, ვეღარ ხვდებოდა სიზმარი იყო თუ ცხადი. გოგონა სახლიდან გამოსულიყო და ეირინისკენ მიდიოდა. -გაიქეცი ანა! გაიქეცი!- ყვიროდა კლაოსი. ანამ კლაოსს გაუღიმა და გზა გააგრძელა. არიონისთვის არც კი შეუხედავს. ეირინი გოგონას მიახლოებისას ჩაიმუხლა, მასთან მისულ ანას შუბლზე აკოცა და ჩაეხუტა. უცხოს, რომ შეეხედა იფიქრებდა დედამ დიდი ხნის დაკარგული შვილი იპოვაო. შემდეგ წამოდგა, ანას ხელი ჩაჰკიდა და მხლებლებთან ერთად ტყის მიმართულებით დაიძრა. ელიქსმაც გამოათავისუფლა კლაოსი და ანას დაედევნა. კლაოსი ფეხზე წამოდგა, დადევნება გადაეწყვიტა. უეცრად ნაგაზი მოტრიალდა, თვალებში შეხედა და მისდა გასაკვირად, თითქოსდა უარის ნიშნად თავი გააქნია. კლაოსმა თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ გაჩერდა, ჩანაფიქრზე ხელი აიღო და არიონისკენ გაეშურა. არიონის გარშემო თოვლი, ალისფერი გამხდარიყო, ბევრი სისხლი დაეკარგა, მაგრამ ბოლო ამოსუნთქვამდე ვიღაცას მიმართავდა. -კეი, ანა უნდა იპოვო! კეი, ანა უნდა გადაარჩინო! კეი, ანა უნდა გადაარჩ........ კლაოსი ვერ ხვდებოდა კეი ვინ იყო, ან საერთოდ იმ საღამოს რას შეესწრო. მხოლოდ ერთი რამ გადაეწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, გოგონა უნდა გადაერჩინა. **** დღე ორმოცდამეათე რა ვნახე ან რას შევესწარი?? ახლაც ვერ ვხვდები. სიზმარს ჰგავდა, მაგრამ მგონი არც გავგიჟებულვარ ჯერჯერობით. ვეჭვობ პასუხები თქვენ უნდა იცოდეთ, და წერაც ამის გამო დამავალეთ. მაგრამ მშიერიც რომ მომკლათ უარს ვაცხადებ ელიქსის მიღებაზე და წერის გაგრძელებაზე, სანამ რომელიმე თქვენგანს (კომპლექსის ბოლო სართულზე რომ სხედხართ) არ შევხვდები. P.S მცირე ინტრიგას დავტოვებ დღეს დილით კლაოსის ჭრილობის ადგილას ნაიარევი აღმოვაჩინე. მგონი ახლა ნამდვილად შემხვდებით. “In Nobis Veritas” – II დღე ორმოცდამეთხუთმეტე დამცინით ხო?? არა, დაცინვაც აღარ ჰქვია თქვენს საქციელს. ეს თეთრი კედლები მე კი არა სტივსაც გააგიჟებს უკვე. გუშინ მეუბნებოდა, რომ ჩემს საზოგადოებას ვეღარ უძლებს. ხედავთ?? რა დღეში ჩააგდეთ საწყალი სკამი. თქვენ კი ისევ არ ჩანხართ. რამდენი ხანია ადამიანი თვალით არ მინახავს (უსახელო მედდებს თუ არ ჩავთვლით). არ უთხრათ ასე რომ ვეძახი, შეიძლება ეწყინოთ და აღარ გამიღიმონ. მართალია დაგემუქრეთ წამალს აღარ დავლევ მეთქი, მაგრამ ჭკუაში მაჯობეთ ხო? საჭმელში ურევთ, მართლა ნაბიჭვრები ხართ! როგორ მივხვდი?? საინტერესო კითხვაა, ისევ ვხედავ იმ სიზმრებს, თუ ჰალუცინაციებს. უკვე მეც ვეღარ ვხვდები. აღარ ვაპირებდი რამე დამეწერა, პირველი მონათხრობის შემდეგ რომ არ შემეხმიანეთ ვიფიქრე არ მოგეწონათ. სტივს რა ვუთხარი, ისევ მან გადამაწყვეტინა. ის მაინც მითხარით, არავინ მიკითხა?? ან არ მეძებენ?? ვიცი, რომ ნებაყოფლობით ვარ მაგრამ ისე გამომაქციეთ ვერავინ გავაფრთხილე ამდენი ხნით თუ დავიკარგებოდი. ანდა ვის უნდა მოვეკითხე, მეგობრად ძაღლიც კი არ მყავს. აი ნაცნობებს, უკაცრავად, მაგრამ მაშინაც ვეკიდე და, ალბათ, ახლაც ვკიდივარ. კარგით, კარგით მეეჭვება ამის წაკითხვა გინდოდეთ. კითხვისას ვერც მე ვიტან გაწელილ შესავალს, ასე რომ საინტერესოზე გადავალ ;). მოჩურჩულე ოთახში შემავალი კარი უჩუმრად გაიღო, არც კი დაჭრიალებულა. ფანჯრის რაფაზე მოთავსებული სანთელი სიცოცხლის ბოლო წუთებს ღაფავდა. ოთახში სიბნელე გამეფებულიყო, კარგად დაკვირვების გარეშე საწოლზე მოთავსებულ ლანდს ვერც კი შენიშნავდით. ფეხის ხმა არც კი ისმოდა. ვიღაც ძლიერ ცდილობდა მისი შესვლა არ გაეგოთ. უეცრად ლანდი წამოიჭრა. შეპარულის წინ ადამიანის სილუეტი გამოისახა, სახესთან კი, სანთლის შუქზე, მეტალი აელვარდა. -წლების მიუხედავად უნარები არ დაგიკარგავს. -შენზე კი იმავეს ვერ ვიტყვი, ველიან, დაბერებულხარ, - გაიღიმა კლაოსმა, მაგრამ სიბნელეში არც კი გამოჩენილა. -სულ, რომ დავჩაჩანაკდე მაინც ათი თავით გაჯობებ, - მიუგო ველიანმა, - აბა, რას აპირებ დაუშვებ ხმალს? თუ ვიდგეთ ასე დილამდე? კლაოსმა ხმალი საწოლზე დააბრუნა. ის რაც სანთლისგან დარჩენილიყო მაგიდაზე მოათავსა, და სკამზე ჩამოჯდა. ველიანს მიპატიჟება არ დასჭირვებია. -როგორ მომაგენი? -რამდენი წელი გავიდა, რაც მეგობარი არ გინახავს? სამი? ოთხი? სულ არ შეცვლილხარ კლაოს, ისევ ის უჟმური ვირი ხარ, - ამ სიტყვებზე ორივემ გადაიხარხარა, - ოღონდ ბოლო შეხვედრის შემდეგ აღარც მეგონა ცოცხალს თუ გნახავდი. -არც მე მეგონა. როგორ იყო? გამახსენდა, სახრჩობელაზე გამიშვი. -ორივემ ვიცოდით, რომ ეირინს გეგმა ჰქონდა, - გაიცინა ველიანმა. -ხოო, ეირინს ყოველთვის ჰქონდა გეგმა, - მის ხსენებაზე კლაოსს სახე მოეღუშა. -რა მოხდა? ეირინი ხო კარგა.... -ალბათ, დიდი ხანია აღარ მინახავს, - თითქმის ერთი თვე გასულიყო იმ უცნაური თავგადასავლის შემდეგ: ანა, არიონი, ეირინი, ელიქსი. რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო უაზრო სიზმარს წააგავდა ეს ყველაფერი, მაგრამ მისი ნაიარევი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. რაღაც უცნაურის შემსწრე გახდა და აზრი ვერ გამოეტანა. ფიქრებიდან მისი თვალების წინ მოფრიალე ველიონის ხელმა გამოარკვია, - ხელს თუ გიშლი მოგვიანებით შემოგივლი. -მაინც არ მითხარი როგორ მომაგენი. -ქალაქის გარნიზონს ვმეთაურობ, კლაოს, ჩემს გარეშე ვერც ვერავინ შემოდის და ვერც ვერავინ გადის თელისიდან. -რომ გეთქვა ერისად დამნიშნესო უფრო დავიჯერებდი ვიდრე ამას. შენი ხალხი რომ გააბახონ მეორე დილამდე ვერც მიხვდებიან, - გადაიხარხარა კლაოსმა, - ხო მართლა ის როგორ იყო მცველებს ხმლები რომ მოპარეს? - კარგი, კარგი სულ ტალახისთვის ნუ გამიმეტე, - იცინოდა ველიანი, - გეთანხმები არიან ისეთები ვისაც ხელები ტრაკიდან გამოსდის, მაგრამ გარნიზონში ბევრი ვაჟკაცობით არ ჩამოგვივარდება. -შეიძლება, შენ უკეთ იცი. -კარგი, ეხლა საქმეს დავუბრუნდეთ, - შეყოვნდა, აზრებს ალაგებდა - უცნაურად მოგეჩვენება მაგრამ ერთი წლის წინ გავიგე, რომ აქ იქნებოდი. დღემდე არ მეჯერა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ წამძლია და შენც აქ დამხვდი. კლაოსმა ისეთი გამომეტყველება მიიღო, რომ კითხვის დასმა არც დასჭირვებია. -მოგიყვები, დაწვრილებით. ერთი წლის წინ ერის ჰოუტენი მხლებლებთან ერთად ქალაქს ეწვია, რაც შენც კარგად მოგეხსენება იშვიათად ხდება. მარენის ბრძოლის შემდეგ ხალხს თითქმის არც კი ენახვება. ქალაქის თავმა, დამიჯერე ერთი გასიებული ნეხვის ჭიაა, მათ პატივსაცემად ნადიმი გამართა. მაგრამ ეს არაა მთავარი, ერისის მხლებლებს შორის დილიდანვე ერთი უცნაური კაცი დავლანდე. იმ საღამოს, რა თქმა უნდა, მეც ქალაქის თავის სასახლეში ვიყავი და ამ უცნობმა ეს წერილი გადმომცა, - ველიანმა ფურცელი მაგიდაზე დადო, - და მითხრა, რომ ზუსტად ერთი წლის შემდეგ ტავერნა „აჩრდილში“ შენთვის გადმომეცა. კითხვებზე პასუხი არ გაუცია. შეჩერება ვცადე, მაგრამ ერისის მცველებმა შემაჩერეს. -ველიან სხვა რაიმე უცნაური არ შეგიმჩნევია? -ხელები ნაიარევებით ჰქონდა დაფარული. შეჩერება, რომ ვცადე მაშინ დავინახე, - ველიანი ცოტა ხნით გაჩუმდა, რაღაცამ დააფიქრა, ჩაეცინა, - აზარსაც წაუღია, მართალი ხარ კლაოს, მკვლელობებიც ამის შემდეგ დაიწყო. -რას გულისხმობ ველიან? -მერე მოგიყვები. სასწრაფოდ უნდა წავიდე, - სკამიდან წამოხტა, კლაოსს ხელი ჩამოართვა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავარდა. კიბეებიდან უკვე კარგად დაშორებული ველიანის ხმა გაისმა, - კლაოს დილით გამოგივლი, რაღაც უნდა გაჩვენო. ძველი მეგობრის ნახვამ კლაოსი ძლიერ გაახარა. ეს უცნაური სიტუაცია რომ არა ალბათ ქალაქიდან ისე წავიდოდა არც კი შეატყობინებდა იქ ყოფნის ამბავს. შეიძლება ერთი შეხედვით არ ჩანდა, მაგრამ შვიდთა ომმა დიდი დაღი დაასვა ორივეს და თავისი კლანჭებიდან ჯერაც არ გამოეშვა ისინი. ველიანი ერისებსა და ხალხს ემსახურებოდა, თვითონ? თვითონ ვინ იყო? მკვლელი, რომელიც როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ იმავე ერისებსა და ხალხს ემსახურებოდა. რამდენი ხანია შვიდთა ომი აღარ გახსენებია, ბედნიერიც იყო ამით. ბევრი საზარელი მოგონება ამოტივტივდა გონებაში და ყველაფერი ერთი ქაღალდის ნაგლეჯის გამო, რომელიც მაგიდაზე დაბრძანებულიყო და მსხვერპლს მშვიდად ელოდებოდა. წერილი დაებეჭდათ. ბეჭედზე უცნაური სიმბოლოები იყო გამოსახული, ზოგი მათგანი ვერც გაირჩეოდა. კლაოსმა ერთი სიმბოლო წრეს მიამსგავსა და მასში სამი ხაზი გადაეხლართათ, ხაზები თუ იყო საერთოდ. ოდნავ ქვემოთ კი შვიდიანი. კლაოსმა ბეჭედი გატეხა და კონვერტიდან წერილი ამოიღო. მოგესალმები კლაოს, ამ წერილის გამო ჩემს მიერ დადებული ყველა ფიცი გავტეხე, ამით არ ვამაყობ, მაგრამ სხვანაირად მოქცევა არ შემიძლია. ის რასაც ქვემოთ დავწერ დაუჯერებელი იქნება შენთვის და ყველაფერი უფრო და უფრო დაუჯერებელი გახდება. ვეცდები დაგიმტკიცო, რომ არ ვხუმრობ. სამ კვირაზე ცოტა მეტი იქნება, რაც ერთ უცნაურ ამბავს შეესწარი. კი, კი გოგონაზე მაქვს საუბარი. გოგონას დახმარება დასჭირდება, ჯერ არა, მაგრამ მალე. მანამდე მის ძებნაში დროს ნუ დაკარგავ, მაინც ვერ იპოვი. მეცამეტემ იცის, რასაც აკეთებს და არც შენს მოკვლას აპირებდა, უბრალოდ ასე იყო საჭირო. თავის დროზე ყველაფერს გაიგებ. ვიცი თელისში რისთვისაც ხარ. კიდევ ერთი ადამიანის მოკვლა დაგავალეს, გირჩევ ბრძანება არ შეასრულო, შენი მსხვერპლის სიცოცხლეს დიდი მნიშვნელობა გააჩნია, ამაში მალევე დარწმუნდები. წერილის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად მოინახულე აჩრდილების ქალაქი, მას არც ალქაჯების წყევლა დასტყდომია თავს და არც რაიმე ავადმყოფობა. ეძიე და პასუხს აუცილებლად იპოვი. დარწმუნებული ვარ ჩემი როლი უკვე შევასრულე. ახლა შენ უნდა მოიხადო ვალი სამყაროს წინაშე, წარმატებებს გისურვებ, კლაოს. მაშინ უკეთესადაც შეგვეძლო გვენადირა, რას იტყვი? არიონი მესამედ წაკითხვის შემდეგ წერილი მაგიდაზე დააგდო. არიონი მის თვალწინ მოკვდა, მაგრამ წერილის ავტორმა ისეთი ფაქტები იცოდა რაც, სხვას შეუძლებელია სცოდნოდა. ან საიდან იცოდა ერთი წლის წინ არიონმა, რომ თელისში ახალი მსხვერპლის მოსაკლავად ჩამოვიდოდა. არა, ახლა თავი გაუსკდება. თვალები დახუჭა, „მეცამეტე“? ეირინს გულისხმობდა. კლაოსმა თავი გააქნია. სკამიდან წამოდგა, ფანჯრის დარაბები გახსნა. ცივმა ნიავმა სახე გაუგრილა. მალევე აცივდა ან რას მოელოდა მართალია სამხრეთისკენ გადმოენაცვლა, მაგრამ მაინც ზამთარი იყო. დარაბები ისევ დახურა და წერილი კიდევ ერთხელ გადაიკითხა. არ მოსჩვენებია, არადა ყველაფერს გასცემდა ოღონდ მოსჩვენებოდა. წერილის შიგთავსი არ შეცვლილა. სანთელიც აღარ ქრებოდა, სიცოცხლისთვის ბოლომდე იბრძოდა. კლაოსი ბოლთას სცემდა ოთახში სანთელი რომ ჩაქრა. გათენებამდე კიდევ დიდი დრო დარჩენილიყო, მაგრამ ფიქრებში გადავარდნილს თვალი აღარც მოუხუჭავს. იქნებ ჯობდა კიდეც ცოტა წაეძინა, მაგრამ საიდან უნდა სცოდნოდა გათენების შემდეგ რა ელოდა. როგორც იქნა დარაბებში მზის სხივებმა შემოაღწიეს, ოთახიდან სიბნელის განდევნას ლამობდნენ, მაგრამ არ გამოსდიოდათ. კლაოსისთვის ოთახში სუნთქვა შეუძლებელი გამხდარიყო და მზის ამოსვლისთანავე ქალაქის ქუჩებს მიაშურა. თელისს დიდ ქალაქს ვერ დაუძახებდი. შენობების უმეტესობა ქვით ნაგები გალავნის შიგნით მოექციათ. ამ ცამდე აჭიმული ფარის მიღმაც უამრავი ხის სახლი დაედგათ გლეხებს, რომლებიც ახლოს მდებარე მინდვრებზე დაუღალავად მუშაობდნენ. ქალაქის გვერდით ჩამომავალი მდინარე მეთევზეების ცხოვრების წყაროს წარმოადგენდა, ამავდროულად ქალაქს ზღვასთან აკავშირებდა. გალავანს შიგნით შენობები ქვისგან აეგოთ. ხურორთმოძღვრებს მათთვის გარკვეული ელეგანტურობაც მიენიჭებინათ, მაგრამ განსაკუთრებული გულდასმით მაინც ქალაქის თავის სასახლეზე ემუშავათ. სწორედ ამ უზარმაზარ სასახლესთან შეკრებილიყვნენ ასე ადრიანად ქალაქის მცხოვრებლები და ქალაქის თავთან შეხვედრას ითხოვდნენ. უეცრად ქალის საშინელი კივილი გაისმა. კლაოსმა ნაბიჯს აუჩქარა. ახლოს მაინც არ მისულა, შორიდან დაიწყო დაკვირვება. ქალი ტიროდა, შვილის დაბრუნებას ითხოვდა, შეკრებილები კი მოითხოვდნენ დამნაშავე დაესაჯათ. კლაოსს მოულოდნელად მხარი გაჰკრეს, გვერდით ოთხმა მცველმა ჩაუარა, ჰოუტენების მწვანე მოსასხამებში გამოწყობილიყვნენ. ბრბოსთვის ალყა შემოერტყათ, მაგრამ შეძახილებში გართულებმა ვერც კი შენიშნეს. გარნიზონის მეთაურიც იქვე იმყოფებოდა, მცველებზე გაცილებით ადრე მისული ხალხის დამშვიდებას ცდილობდა. მის მწვანე მოსასხამზე, როგორც დანარჩენი მცველებისთვის ჰოუტენების ორსახა დათვი ამოექარგათ. მზის შუქზე, კლაოსს ველიანის სახეზე დაღლილობის შენიშვნა არ გასჭირვებია, მართლაც სიბერესთან ერთად შავ წვერში ჭაღარაც შეჰპარვოდა. ველიანმა მცდელობის მიუხედავად ბრბოს დაშოშმინება ვერ შეძლო. მომტირალი დედა მოშორებით გაიყვანა, დანარჩენებისთვის კი სათითაო კეტი, სრულიად საკმარისი არგუმენტი გამოდგა. ქალაქის თავი, გალდორი, ამ დროს გემრიელ სადილს შეექცეოდა და არ ადარდებდა მისი თბილი სასახლის გარეთ რა ხდებოდა. ბრბო უცბად დაიშალა. ხის კეტს მშვენიერი ძალა ჰქონია. კლაოსმა წასვლა გადაწყვიტა, ბოლოსდაბოლოს ქალაქში დავალების შესასრულებლად ჩამოვიდა, სასეირნოდ ხომ არა. წერილიდან კი სთხოვდნენ არ მოეკლა ვიღაც უცნობი. ერთხელ უკვე შეიწყალა და მწარედაც დაუჯდა, არა, მეორედ ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებდა. მიმავალს გზა ველიანმა გადაუჭრა, - გეგონა ასე იოლად დამიძვრებოდი? -მშვენიერი წარმოდგენა გამართეთ, - სასახლის მხარეს გაიხედა კლაოსმა. -ჩვენ არა, იქ მჯდომი ნეხვის ჭიის ბრალია ყველაფერი რაც ხდება. ერთი ადგილის გატოკებაც არ უნდა, ხალხის დახმარებაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. -ველიან არ გეშინია ვინმე რო გვისმენდეს? - მე კი არა, კლაოს, გალდორს უნდა ეშინოდეს. ერთი დღეც იქნება იმ აივნიდან გადმოკიდებულს ვნახავ და დამერწმუნე მის დასახმარებლად არ ავჩქარდები, - ველიანის ხმაში სიბრაზე მატულობდა, - წავიდეთ აქედან, რაღაც მინდა გაჩვენო. ქალაქის კედლებს, რომ გასცდნენ ველიანი შედარებით დამშვიდებულიყო, - კლაოს, გახსოვს ომის დროს ჩვენს ასეულს რას ეძახდნენ? -ობლებს. -დიახაც, ობლები. თვითონაც მალე მიხვდნენ, რომ ცდებოდნენ. ობლები არასოდეს ვყოფილვართ, სწორედ ის ასეული იყო ჩვენი ოჯახი. ასამდე ბავშვი, რომლებიც სასიკვდილოთ გაგვიმეტეს ჩვენმა ერისებმა. მარენის ბრძოლას ასეულიდან რამდენი გადაურჩა? ჩვენ კი ახლა აქ ვდგავართ და იმ დაწყევლილ დღეს ვიხსენებთ. მარენის გახსენება კლაოსს ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა, - ამოღერღავ რა გინდა ველიონ თუ არა? -მე არაფერი, კლაოს, ქალაქს სჭირდება „ობლები“, თორემ სისხლსა და ნეხვში იძირება. -ველიან ქველმოქმედებას არ ვეწევი. -ძველი მეგობრობის ხათრით. კლაოსი დარწმუნებული იყო, ამ სიტყვებს ინანებდა, - კარგი, მოყევი. მეგობარს დაღლილობამ ერთიანად გადაუარა და სახეზე თითქმის შეუმჩნეველმა ღიმილმა გადაურბინა, - ერთი წლის წინ, როდესაც შენი წერილი გადმომცეს უცნაურობები არ დასრულებულა, კლაოს. მეორე დილით, გამთენიისას, რამდენიმე მეთევზე დაიკარგა. ისინი, -ველიონი ჩაფიქრდა, - კი მეთევზეებს გარკვეული შუალედით ტყეში პოულობდნენ. ახლაც თვალწინ მიდგას, ასეთი რამ არასოდეს მინახავს, საშინლად დასახიჩრებული სხეულები. ამბობდნენ დათვს ან მგელს დაეგლიჯაო ..... -დათვი და მგელი ველიონ? შუა დარანიაში? -რამდენიმე წელია საშინელი ზამთარია, შენც კარგად იცი, დამშეული მგლებით მართლაც აივსო თელისის ტყეები, მაგრამ მსხვერპლი დასახიჩრებულია და არა შეჭმული. მგლები კი ჩვენი რასისგან განსხვავებით გასართობად არ კლავენ. მთავარი კი ისაა, რომ არც ერთ მათგანს გული აღარ ჰქონდა. კლაოსი მოიღუშა და ჩაფიქრდა, - გულები შეჭმული იყო? -რა გითხრა. მთელი წლის განმავლობაში ოცამდე ადამიანი დაიკარგა, ან მეთევზეები იყვნენ ან გლეხები. უმეტესობა იმავე მდგომარეობაში ვიპოვეთ. შემდეგ ყველაფერი შეწყდა, მაგრამ ვიცოდი, ვიცოდი რომ ისევ დაიწყებოდა, აზარსაც წაუღია, - გადააფურთხა ველიანმა, - რამდენიმე დღის წინ ხუთი ბავშვი გაუჩინარდა, დღეს დილით აი იქ, - თითით მდინარისკენ უჩვენა, ერთ-ერთი იპოვეს. -ფიქრობ, დანარჩენები ცოცხლები არიან? -არა, კლაოს, დარწმუნებული ვარ. 2. -ტყემდე მოვედით, აჯობებს დავბრუნდეთ. მაძიებლების წინ უზარმაზარი ხეები აღმართულიყო. -კლაოს არ მითხრა, რომ შესვლა არ გინდა. - მცველთა კაპიტანი დამცინავად უყურებდა. -ველიან ჩემზე უკეთ იცი თელისის ტყეებზე რასაც ამბობენ, - კლაოსი წამიერად დაფიქრდა, - ასეთ დროს მანდ ოქროთი სავსე სკივრის გამოსატანადაც ვერ შემიყვან. ორივემ ხმამაღლა გაიცინა. -კარგი ველიან, ცოტა ხნით ქალაქში დავბრუნდეთ, მოვემზადოთ და ტყეც დავათვალიეროთ. უკვე ბინდდებოდა ქალაქის კარიბჭეს რომ მიაღწიეს. თითქმის მთელი დღე მდინარის პირას გაატარეს, ხელჩასაჭიდი კი ვერაფერი მონახეს. ველიანისგან განსხვავებით კლაოსს ამის იმედი არც ჰქონია. გარნიზონის მეთაური იმედგაცრუებული ჩანდა, რატომღაც ფიქრობდა კლაოსის დახმარებით მეტს გაიგებდა. ქალაქში ჩირაღდნები აენთოთ, თითოელი კუთხე-კუნჭული ისე გაენათებინათ, ველიანსაც კი ეუცნაურა. პირველივე შემხვედრი მცველი, რომელიც თავის დაკვრით მიესალმათ, თავისთან მოიხმო, - რა ხდება რემ, ქალაქის აბრდღვიალება რას მივაწეროთ? -ვერონის ბრძანებაა, კაპიტანო. ცოტა ხნის წინ ვან ჰოუტენი მობრძანდა. -კარგი, - მიუგო ველიანმა და ხელით ანიშნა გზიდან გასცლოდა, - ერის ჰოუტენის ვაჟი, ზუსტად ეს აკლდა ჩემ ბედნიერებას კლაოს. ცოტა ხნით დაგტოვებ, მაგრამ არ დაგვიმთავრებია, - ველიანმა გაიღიმა და ქალაქის თავის სასახლისკენ გაეშურა. იმ უცნაური წერილის გადამკიდეს, კლაოსს, დაძინება არც დასცალდა. ახლა სკრააგული შავი ღვინის გარდა არც არაფერი სურდა, მაგრამ ქალაქში ტყუილად არ ჩამოსულა. დამქირავებელთან აღებული ვალდებულება უნდა შეესრულებინა. მცირეოდენი ფიქრის შემდეგ სამჭედლოებისკენ გასწია. მისი მომდევნო მსხვერპლი მჭედელთა გილდიის წარმომადგენელი ბრძანდებოდა, სახელად მანრე ვერონი. ეს გვარი საიდანღაც სმენოდა თუმცა ვერ იხსენებდა საიდან, როგორც მჭედლებისგან გაიგო არცთუ ხელწამოსაკრავი ვინმე ბრძანდებოდა. დიდი ხანია რაც თელისში გილდიას წარმოადგენდა. ადგილი სწორად აერჩია, რადგან ქალაქი ოდითგანვე თავისი მჭედლებით გამოირჩეოდა და საუკეთესო იარაღით ამარაგებდა დარანიას. გილდიის მეშვეობით მანრეს დიდი ქონება მოეხვეჭა და ქალაქში დამკვიდრებულიყო. თვითონაც კარგად ფლობდა მჭედლის უნარებს და, როგორც ამბობდნენ, მისი უროს ქვეშ უზადო იარაღი მზადდებოდა. კლაოსმა მისი საცხოვრებელიც მალევე გამოარკვია. როგორც ჩანს გემოვნება არ ჰღალატობდა სახლი ქალაქის ცენტრში, გალდორის სასახლის მეზობლად დაედგა. რაც უფრო უახლოვდებოდა ქალაქის ცენტრს ქუჩები უფრო და უფრო გაჩირაღდნებული ხდებოდა. ჰოუტენის ვიზიტი ქლაქს კარგად დასტყობოდა. მანრეს სახლთან, უფრო სწორად კი სასახლესთან, შეუმჩნევლად მიახლოვება შეუძლებელ გმირობას წარმოადგენდა. შესასვლელთან ქალაქის ქუჩებისთვის ზედმეტად ბევრი ხალხი ირეოდა. ახლოს მისულმა ადვილად გაარჩია მწვანე მოსასხამიანი ქალაქის მცველები. მათგან ყველაზე მაღალი, გრძელი შავი თმითა და შავი წვერით, რაღაც მითითებებს იძლეოდა - რემ, შენს ხალხთან ერთად ტყეს შეამოწმებ, ჩვენ მდინარის ნაპირებს დავუყვებით, იცოდეთ ქვა არ დატოვოთ უნახავი. რემს სახეზე შეშფოთება შეეტყო, მაგრამ არაფერი უთქვამს. -კლაოს, - ჩოჩქოლში თავისი სახელი გაიგონა, თუ მოესმა? - კლაოს, - არა, ახლა შენიშნა მანრეს სახლის კართან ველიანი იდგა და მას უხმობდა. სხვა რა გზა ჰქონდა, ახლოს მივიდა. -კარგ დროს გამოჩნდი, მეგობარო, ახლა ვაპირებდი შენთან ვინმეს გამოგზავნას. -რა ამბავი აგიტეხავთ ველიან? - დაინტერესდა კლაოსი. ველიანი მცველისკენ შეტრიალდა, - ვანორ მდინარის ნაპირები საკმარისად დავათვალიერეთ, თქვენც რემს დაეხმარეთ, რამე უცნაური თუ შენიშნეთ მაშინვე შემატყობინეთ, ბავშვები უნდა ვიპოვოთ. ვანორმა თავი დაუკრა და დანარჩენებთან ერთად ქალაქის კარიბჭისკენ წავიდა. ქალაქის მცველთა კაპიტანი კლაოსს მოუბრუნდა, - კლაოს, დაკარგული ბავშვებიდან ერთ-ერთი მანრე ვერონის შვილია. -ეს სახელი რამეს უნდა მეუბნებოდეს? -არ მითხრა რო ვერონზე არ გსმენია. -როგორც ვიცი მჭედელთა გილდიის წევრია. -ხო ეგეც. არ გახსოვს? მარენის ველზე ერის ჰოუტენი ვიღაც ვერონმა რომ გადაარჩინა. ახლა გაახსენდა საიდან სმენოდა. მასზე კიდევ დიდი ხანი დადიოდა ლეგენდები, ადამიანი, რომელმაც თვით ერის ჰოუტენი, დარანიაში ძალაუფლებით მეორე ადამიანი, იხსნა გარდაუვალი სიკვდილისგან. მდაა... უმნიშვნელო სამიზნე ერთი ხელის მოსმით, დარანიაში მნიშვნელოვან ადამიანად იქცა. ეს ყველაფერს ართულებდა, მაგრამ უფრო საინტერესოსაც ხდიდა. -კლაოს, წამოდი მთელი ღამე აქ ხო არ ვიდგებით, - ველიანის ხმამ ფიქრებიდან გამოარკვია. მცველთა კაპიტანი მანრეს სახლში შესულიყო და მასაც შიგნით უხმობდა. შესვლისთანავე უზარმაზარ დარბაზში აღმოჩნდნენ. მანრე ვერონის „სასახლე“, საოცარი სანახავი იყო, კედლები ქვისა და აგურისგან მოეპირკეთებინათ. სანთლებად აგიზგიზებული ჭაღი დარბაზის ყოველ კუნჭულს ანათებდა. ძირს ევერიული ხალიჩები დაეგოთ. მათი თელისში ჩამოტანა ვერონს დიდი ქონება უნდა დასჯდომოდა. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა, დარბაზის ცენტრში კი უზარმაზარი ხის მაგიდა დაედგათ. დარბაზში ხუთიოდე ადამიანს მოეყარა თავი. ორი მცველი, ერთიც ვერონი, რომელიც გოგონას წინ ჩამუხლულიყო და რაღაცას ეკითხებოდა და კიდევ მეხუთე, გამხდარი, მუქი შავი თმა და ფერმკრთალი სახე ძლიერ კონტრასტში მოდიოდა ერთმანეთთან. ნახშირივით შავი თვალები კი მედიდურად იყურებოდნენ და მისდამი ერთდროულად შიშისა და პატივისცემის აუხსნელ გრძნობას იწვევდნენ. -ეს ვან ჰოუტენია - ჩაილაპარაკა ველიანმა. ბევრი სმენოდა ამ ახალგაზრდაზე კლაოსს, მაგრამ ნანახმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. - ნუ გეშინია, შეჭამე - ტკბილი ხმით ესაუბრებოდა ჩამუხლული მანრე ბავშვს. ორცხობილა მიაწოდა, თავზე ხელი გადაუსვა და გაუღიმა. შვილის დაკარგვის მიუხედავად აუღელვებლად საუბრობდა. გოგონას ისე ექცეოდა ან მართლაც კარგი ადამიანი იყო, ან მშვენივრად თამაშობდა, - ახლა კი მოგვიყევი რა დაინახე, სხვას არავის ვეტყვით. ბავშვი ორცხობილას ხარბად შეექცა. სამოსიდან ეტყობოდა გლეხის ან მეთევზის შვილი უნდა ყოფილიყო, - ბნელოდა, დიდი იყო, ძალიან დიდი. მწვანე ბეწვი ჰქონდა. დათვივით ღრიალებდა. სხვები დაიჭირა და ტყეში წაიყვანა. მე შემეშინდა და გამოვიქეცი. - ბავშვი კანკალებდა, თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა, როგორც ჩანს ძლიერ შეშინებულიყო. მანრემ გოგონა გულში ჩაიკრა, დაამშვიდა, შემდეგ მსახურებს დაუძახა და უბრძანა ბავშვი კარგად გამოეკვებათ. ვერონი შვილის დაკარგვის მიუხედავად მშვიდად გამოიყურებოდა, - აბა ბატონებო, რას იტყვით? უკვე მეოთხე ბავშვი გვიყვება როგორ იტაცებს მწვანე ბეწვიანი, დათვივით მოღრიალე ურჩხული ხალხს და როგორ მიყავს ისინი ტყეში, -შემდეგ ველიანს და კლაოსს შეხედა, - ველიან ეს ვინღაა? -ჩემი მეგობარია, კლაოს დურეი,-ცოტა ხნის წინ, რომ გიყვებოდით მანრე, - კლაოსის სახელის გაგონებაზე ჰოუტენმა ორივეს დაჟინებით შეხედა. -ესეიგი კლაოსი, ხმალს როგორ ხმარობ? -არცთუ ისე ცუდად, -მიუგო კლაოსმა. -ძალიან კარგი ვფიქრობ დღეს ეგ ყველაზე მეტად გამოგვადგება. ვიცი, რომ დაქირავებული ხარ და მენდე ღირსეულად დასაჩუქრდები თუ ჩემი შვილის პოვნაში დამეხმარები. კლაოსმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. წამიერად მდუმარებამ დაისადგურა, სიჩუმეს ბუხარში შეშის ტკაცუნი არღვევდა, შემდეგ კი ვან ჰოუტენი მათკენ დაიძრა, თან წამოიწყო, - დარწმუნებული ვარ აქ ყველანი მორწმუნე და ზრდასრული ადამიანები ვართ, - მის საუბარს მომაჯადოვებელი ეფექტი ჰქონდა გარშემომყოფებზე, - ყველამ კარგად ვიცით, რომ ურჩხულები არ არსებობენ, ყოველ შემთხვევაში, დარანიაში. უმაღლესი ორდენი კი ნაზრიიდან საიკონების შემოსვლას მკაცრად აკონტროლებს. ასე რომ, ლოგიკურად უნდა ვიმსჯელოთ. -მაგრამ ხალხს ხომ ვიღაც კლავს? - შეეპასუხა მანრე. -გეთანხმები, რომ ვიღაც და არა რაღაც, ასე რომ ზუსტად ის ვიღაც უნდა ვიპო.... უეცრად კარი ისე ძლიერად შემოხსნეს, თითქოს მის შემოგლეჯას ცდილობდნენო. სახლში ვიღაც შემოვარდა, უფრო სწორად შემობობღდა. იმხელა იყო კლაოსს გაუკვირდა კიდეც თავის წონას, როგორ ძრავდა. ისედაც მდიდრულ სამოსს ოქროს ბროში ამშვენებდა, წრეში მოთავსებული გასაღები. ფეხსაცმელი ტალახში დასვროდა. ქალაქის თავი გალდორი, ესეიგი ეს იყო ის ნეხვის ჭია. -მაპატიეთ ვან ჰოუტენ დაგვიანებისთვის, გთხოვთ მაპატიეთ, - გალდორი ჰოუტენთან მიბაჯბაჯდა და ხელზე ემთხვია. შემდეგ წელში გასწორდა და გამარჯობის ნიშნად მანრე ვერონს თავი დაუკრა. -გალდორ, შე გასიებულო უსაქმურო, სანამ სადღაც დაბოდიალობ შენ საქმეს ჩვენ ვაკეთებთ, ქალაქის უსაფრთხოებაც კი ვერ დაგიცავს ამდენი ხანია, - დაუყვირა ვერონმა. ქალაქის თავი მოიკრუნჩხა, სახე მოეღრიცა, - მაპატიე მანრე, ხომ იცი ჩემი ვაჟი ავადაა ..... -გეყოფა! ერთი წელია შენს უმაქნისობას ამით ამართლებ. კლაოსისთვის ახლა უკვე ადვილი მისახვედრი იყო ქალაქს რეალურად ვინც მართავდა. მისი სამიზნე ახალ და ახალ ელფერებს იძენდა. -ველიან მგონი ჯობს გავიდეთ,- გადაუჩურჩულა კლაოსმა. -გეთანხმები. - დაეთანხმა ველიანი და დანარჩენებს მიმართა,- ბატონებო გთხოვთ მაპატიოთ, რომ გაწყვეტინებთ. ჩვენ დაგტოვებთ, ძიებას განვაგრძობთ. ვერონმა ხელით ანიშნა გასულიყვნენ. სახლიდან გამოსვლისთანავე ქალაქის გასასვლელისკენ დაიძრნენ. -მაინც ღამით მიგყევარ იმ წყეულ ტყეში. ველიანს არაფერი უპასუხია. მოულოდნელად ნაცნობი ხმა შემოესმათ, - კაპიტანო, მომიცადეთ. ვან ჰოუტენი მათკენ მიდიოდა. 3 „თელისის ტყეები. ასე მოიხსენიებენ იმ ადგილს სადაც, თვით უმაღლესი ორდენის წევრებიც კი ერიდებიან შესვლას. ტყე უზარმაზარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. მდინარე გრისი მის ტერიტორიებს შუაზე ჰყოფს. ლეგენდების თანახმად პირველყოფილებს სწორედ მის სიღრმეებში გადაუმალიათ მათი უკვდავების საიდუმლო და მისი დაცვა ალებისთვის უბრძანებიათ ......“ ძველი სამყაროს ისტორიიდან უცნობი ავტორი -აქ შემოსული? უამრავი თავგადასავლების მაძიებელი მინახავს და ბევრზეც მსმენია, გამოსული კი არც ერთი. - მჭერმეტყველებდა ველიანი. დიდი ხანი გასულიყო რაც ვერონის სახლიდან გამოვიდნენ, მაგრამ დილანდელივით უშედეგოდ. -თივაში ნემსის პოვნას ვცდილობთ ველიან, რას ვეძებთ? მწვანე ურჩხულს? ასე უაზროდ ხეტიალს აზრი არ აქვს. კლაოსს თავისი ხმა ტყის სიღრმიდან უკან უბრუნდებოდა. -კლაოს, თქვენს ადგილას ასე უიმედოთაც არ ვიქნებოდი განწყობილი, - მთელი საუბრის განმავლობაში როგორც თავის სწორებს ისე ესაუბრებოდა ორივეს, - ამ ადამიანების სიკვდილში ვიღაც ნამდვილადაა დამნაშავე, და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ ვიპოვით. სიტყვების დასრულებისთანავე ჰოუტენის მხარზე თეთრი ბუ დაფრინდა. თეთრი ბუ, უმაღლესი ორდენის სიმბოლო. ერთგული ფრინველი პატრონს მთელი გზის განმავლობაში არ მოშორებია. -მის უმაღლესობას ვეთანხმები, აუცილებლად ვიპოვით რამეს, - მოშორებიდან ველიანის ხმა მოისმა. „ორი არანორმალური“, გაიფიქრა კლაოსმა, მაგრამ არჩია თავისი აზრები თავისთვისვე დაეტოვებინა. -ველიან ესეიგი ფიქრობთ, რომ პირველყოფილებმა აქ სადღაც ნამდვილად დატოვეს უკვდავების საიდუმლო? -ეს ნამდვილად არ ვიცი, თქვენო უმაღლესობავ, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ თელისის ტყეები ამოუხსნელი ადგილია, ყველაფერი შესაძლებელია. კლაოსი აღარც უსმენდათ, მაგრამ ჰოუტენის სახეზე ღიმილი შენიშნა. ცოტა ხნით ხმის ამოუღებლად მიიწევდნენ წინ, ეს წამები კლაოსს ნეტარებად მიიაჩნდა, სულ ცოტა ხნით მაინც შეწყვიტეს მისი ტვინის გაბახება. -ბატონებო არ მოგატყუებთ, და თქვენზე ბევრი მსმენია, ელდენის გმირები. -გმირები ხმამაღალი ნათქვამია, - ჩაერია კლაოსი. -ნუ აკნინებთ თქვენს საქმეებს. როგორც ხედავთ დრო თავზე საყრელად გვაქვს, იქ მყოფებისგან მაინტერესებს გავიგო ელდენის ველზე რა მოხდა. -ჩვენზე უკეთ გეცოდინებათ, ბრძოლის სასწორი მამათქვენმა გადაწონა და შვიდთა ომიც მისი წყალობით დასრულდა. -მამაჩემისა და ვერონის ასე ვთქვათ გმირობა, - ირონიის გამოსახატად სიტყვა გმირობაზე ჰოუტენმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა,- პოეტებმა და მწერლებმა საკმარისად აიყვანეს ცამდე. მე კი ის მაინტერესებს რაზეც ყველას ურჩევია არ ისაუბროს. ამის გაგონებაზე ველიანი უცბად შეჩერდა, კლაოსს კი ჟრუანტელმა დაუარა. ლაკონურად საუბარი არასდროს გამოსდიოდა, ამიტომ არჩია ეს ველიანისთვის მიენდო. -თქვენო უმაღლესობავ, შვიდთა ომი ას ორმოცდაჩვიდმეტ წელს გაგრძელდა, ჩვენ კი მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელი თუ ვნახეთ, მეეჭვება ისეთი რამ გითხრათ რაც აქამდე არ მოუყოლიათ. -ზუსტადაც, რომ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, იმის მოყოლა რაც „ობლებმა“ ნახეს იმ დღეს. რამდენი გადარჩა თქვენი ასეულიდან ელდენის ველზე, თხუთმეტი? ოცი? -შვიდნი. - მიუგო ველიანმა. -ოხ ეს ციფრი შვიდი, შვიდთა ომი, შვიდი ერისი, ობლებიც შვიდნი გადარჩენილხართ. აი მე კი გეტყვით, რომ დღეისთვის ორნიღა ხართ ცოცხლები ვისაც იმ საიდუმლოს გამხელა შეგიძლიათ. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ჰოუტენი როდესაც მისი ბუს კივილი გაისმა. სახე მოეღუშა, -არ დაგვიმთავრებია, ახლა კი წამოდით ელიმ რაღაც იპოვა. ბუს ხმას მიჰყვებოდნენ. ბილიკიდან გადასვლა მოუწიათ, ხეების ტოტები და ეკლიანი ბუჩქები სიარულში ხელს უშლიდნენ. ველიანი პირველი გარბოდა, გეგონებოდათ ქალაქის თავის, გალდორის, წონა ოქროთი დააჯილდოვებდნენო. არა, ნამდვილად უნდოდა ბავშვების გადარჩენა და ამ საიდუმლოს ამოხსნა. როგორც იქნა ხმას მიუახლოვდნენ. ბუ ხეზე შემომჯდარიყო და ჰოუტენს უხმობდა, ხის ძირას კი ჰოუტენების დათვიანი მცველი წაქცეულიყო. ბუ ფრთების ტყლაშუნით დაუბრუნდა ჰოუტენის მხარს. აღმოჩენისთვის პატრონმა ქისიდან ხორცის ნაგლეჯი ამოიღო და ელი დაასაჩუქრა. ამავდროულად მცველთა კაპიტანმა თავისი ქვეშევრმდომი გადმოაბრუნა, სახე მთლად სისხლს დაეფარა, მაგრამ მაინც სუნთქავდა. - რემი, - ჩაილაპარაკა ველიანმა. კლაოსს ვერონის სახლთან შეშფოთებული მცველი გაახსენდა, ტყის შემოწმება რომ დაავალეს. -რემ, რემ - რამდენჯერმე შეანჯღრია ველიანმა, მცველმა თვალი ძლივს გაახილა, მეორე კი. ახლაღა შენიშნა კლაოსმა, მეორე თვალის ადგილას შავი ღრმული დარჩენილიყო. ტყეში უკუნი სიბნელე იყო, ჩირაღდნების შუქი კი დარაბებში შემოპარული მზის სუსტი სხივებივით ანათებდა. ყვირილი, ეს იყო პირველი რაც რემს აღმოხდა. შემდგომ კი ველიანის ხელებიდან გამოთავისუფლებას ცდილობდა. -ურჩხული, მწვანე ურჩხული, -ყვიროდა მცველი, - ყველა დახოცა, დახოცა. მიწაში ჩაიყვანა, გამოვიქეცი, გამო... ისევ დაკარგა გონება. ჩირაღდნების შუქზეც კი ჩანდა, როგორ გაუფითრდა სახე ველიანს. -ახლაც იტყვით არ არსებობენო? - მცველების კაპიტანი ჰოუტენს უყურებდა. -ჰოუტენმა, შეუმჩნევლად გაიღიმა, - აღარ ვიტყვი, - დაიხარა, რემის მოსასხამზე მიკრული მოზრდილი წითელი ფოთოლი აიღო და კარგად შეათვალიერა, - ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობენ. კლაოსმა და ველიანმა ერთმანეთს გადახედეს, მაგრამ არაფერი უთქვამთ. -ველიან, მცველი ქალაქში წაიყვანე, დახმარება დასჭირდება. კლაოს შენ კი მე გამომყევი. ახლა გავიგებთ მახვილს როგორ ხმარობს სახელგანთქმული კლაოს დურეი. -თქვენო უმაღლესობავ, ამ ურჩხულმა ოთხი მცველი ერთი ხელის მოსმით მოკლა, ორნი რას დააკლებთ? -ეს ბრძანებაა ველიან. სულ ცოტა ხნის წინ ცნობისმოყვარე ახალგზრდისგან, ვან ჰოუტენი ისევ ერისის სისხლის მატარებელ მბრძანებლად ქცეულიყო. 4. კლაოსი ვერ ხვდებოდა კიდევ რა შეიძლებოდა მოსვლოდა თავში ჰოუტენს. არც ის უთქვამს რას ეძებდნენ. უბრალოდ ხეებსა და ბუჩქებს შორის იკვალავდნენ გზას. ათასში ერთხელ ბუს კივილიც ისმოდა. -კლაოს გინდა თუ არა მაინც მოგიწევს მომიყვე ელდენზე. -სისხლის, ნეხვის, სიკვდილისა და უამრავი დასახიჩრებული ადამიანის გარდა? გეტყვი რაც ვნახე. ერის ჰოუტენისა და მისნაირების მიზნებისა და იდეებისთვის დახოცილი უამრავი ბავშვი, ქალი და კაცი. -ეგ ხო ისედაც ვიცით. მაგრამ ყოჩაღ ჩემთან თუ ერისების ასე მოხსენიებას ბედავ, სხვაგან იქნებ მათ წინააღმდეგ ბუნტიც მოაწყო. -ეს არ მითქვამს, - დაიბნა კლაოსი. -დამშვიდდი, კლაოს, - გაიცინა ჰოუტენმა, - თუ მომინდა შენს მოსაკლავად სხვა მიზეზსაც ვიპოვი. და მაინც, როგორები იყვნენ? როგორც ლეგენდებში ყვებიან? -შენ საიდან? -კლაოსს გაკვირვებისგან ენა ჩაუვარდა. -ჰა ჰა, ესეიგი მართალი ვარ, იქ იყვნენ. -დიახაც, იყვნენ. არ ვიცი თქვენ რა წაგიკითხავთ და რა მოგისმენიათ ჰოუტენ, მაგრამ ასეთი საშინელება მეორე არ მინახავს. მეტს ჩემგან ვერაფერს გაიგებთ. კლაოსს, ამ მოგონებების გახსენება არ უნდოდა, დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა მათ დავიწყებას და გამოუვიდა კიდეც, დღემდე. ოხ ეს წყეული ჰოუტენი, დიდი სიამოვნებით უთავაზებდა ახლა ..... ჰოუტენი უცბად გაჩერდა, და ხელით ანიშნა შეჩერებულიყო. ჩირაღდანი მიწასთან მიიტანა. ძირს დაყრილი ფოთლები სისხლით გაჟღენთილიყო. სისხლის კვალი დიდ მუხის ხემდე მიდიოდა შემდეგ კი ქრებოდა. ჰოუტენმა ჩირაღდანი მარცხენა ხელში გადაიტანა, მარჯვენით მახვილი მოიმარჯვა და ძირს ჩაარჭო. ხმალი მიწაში ჩაიძირა. -ჰმ. - კიდევ ერთხელ სცადა. მახვილმა უცნაური ხმა გამოსცა. ჰოუტენმა ხმლის წვერით მუხის ძირას ფოთლები გადასწია. მიწაში ხის კარი გამოჩნდა. - რა თქვა იმ მცველმა? ურჩხული მიწაში ჩავიდაო? ჰოუტენი იმ ბავშვივით იღიმოდა საწადელი ნამცხვარს, რომ მიიღებს დღის ბოლოს. ლუქის გახსნა არ გასჭირვებიათ. თოკის კიბე მიწაში ღრმად ჩადიოდა. ორმოს ფსკერზე რომ აღმოჩნდნენ გვირაბიც გამოჩნდა. კლაოსმა გაყვავებული ალუბლისა და ალარიული კენკრის სუნი იგრძნო. -გრძნობ? - დაიჩურჩილა ვანმა. კლაოსმა თავი დაუქნია, მაგრამ ვერ კი ხვდებოდა რა შეიძლება ყოფილიყო. გვირაბი გრძელი და ვიწრო აღმოჩნდა. რაც უფრო წინ მიიწევდნენ, ეს უცნაური სურნელი უფრო ძლიერი ხდებოდა. როგორც იქნა სინათლე გამოჩნდა. გამოქვაბულში აღმოჩნდნენ. საკმაოდ დიდ გამოქვაბულში. იქაურობა ხელოვნურად გაენათებინათ. გვირაბიდან გამოსვლისას კლაოსი ყველაფერს ელოდა, იმის გარდა რაც დაინახა. ასეთი სილამაზე არასდროს ენახა, გამოქვაბულის ცენტრში შემაღლებულზე უზარმაზარი თეთრი ხე აღმართულიყო. მისი ტოტები გამოქვაბულს თითქმის მთლიანად ფარავდა, ფოთლები კი წითლად აელვარებულიყო. ხის ძირიდან ნაკადული გამოდიოდა, შემაღლებიდან ჩანჩქერად ეშვებოდა და ლურჯად აელვარებულ ტბას ავსებდა. -მოჩურჩულე, -ჩაიცინა ჰოუტენმა, - კლაოს ეს მოჩურჩულეა ასე შორს სამშობლოდან, დაუჯერებელია. -მოჩურჩულე? -კი კლაოს, უკვდავების წყარო ლეგენდებიდან, მაგრამ არა ადამიანებისთვის. ჰოუტენი ხისკენ დაიძრა. კლაოსიც მას მიჰყვა. რაღაც ისე არ იყო, მაგრამ ვერ ხვდებოდა რა. თავბრუ დაეხვა. საშინლად ეძინებოდა. შემაღლებაზე ასულებმა მოჩურჩულეს ძირას ადამიანები შენიშნეს. კაცი მათკენ ზურგით იდგა. ბავშვმა კი სტუმრები ადვილად შენიშნა. კაცს მათზე თითით მიანიშნა. კლაოსმა ხმლის ვადა მოსინჯა. ჰოუტენი კი უდარდელად მიაბიჯებდა. კაცი შემობრუნდა, მისი ცნობა კლაოსს არ გასჭირვებია, გასიებული ნეხვის ჭია. არც მას გასჭირვებია ჰოუტენის ცნობა და მათკენ გამოემართა, უკან ბიჭი მოჰყვებოდა. თერთმეტის ან თორმეტის თუ იქნებოდა, გამხდარი, ძალიან თეთრი კანი ჰქონდა, ცისფერი თვალები კი ისეთი ფერმკრთალი გამხდარიყო, რომ თეთრს წააგავდა. კლაოსს გაახსენდა ქალაქის თავის სიტყვები, რომ მისი შვილი ავად იყო. -თქვენო უმაღლესობავ, -გალდორი ნერვიულობისგან გაფითრებულიყო, თვალები გადმოეკარკლა და გახშირებულად სუნთქავდა. -გალდორ, სიმართლე გითხრა გამაკვირვე, შენ გარდა ნებისმიერს ველოდი აქ, - მისი ხმა უზომო სიმშვიდეს ასხივებდა. ქალაქის თავი სულ კანკალებდა. -როგორც ვხვდები ქალაქის ქვემოთ კიდევაა გვირაბები, - განაგრძო ჰოუტენმა. -გალდორმა თავი დაუქნია. -ეს ადგილი როდის იპოვე? -მე არ მიპოვია თქვენო უმაღლესობავ, ერთი წლის წინ ერის ჰოუტენთან ერთად ჩამოსულმა უცნობმა მითხრა, როგორ მოვსულიყავი. -რიტუალზეც მან მოგიყვა? გალდორმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ხოლო კითხვის გააზრების შემდეგ, თვალები უფრო გაუფართოვდა, - თქვენც იცით? ჰოუტენს სახე მოღუშვოდა, მისი მხიარულება ერთიანად გამქრალიყო. -თქვენო უმაღლესობავ, - საბრალო ხმით დაიწყო გალდორმა,- შვილი მიკვდებოდა, შეხედეთ ჯერ ხომ ბავშვია. ამ რიტუალის, თუ რასაც ეძახით, მეშვეობით კი გადავარჩინე. სულ ცოტაც და კარგად იქნება. ქალაქის თავის ზურგს უკან მისი ვაჟი იმალებოდა და ორ უცნობს დაწვრილებით ათვალიერებდა. -და შენი ვაჟის გადასრჩენად ამდენი ადამიანი დახოცე? -მხოლოდ მათი გულები შესძენდნენ სასიცხოცხლო ძალას, ასე მითხრა, რა ერქვა, ხო მეშვიდემ. ის მეთევზეები კი ვის რაში სჭირდებოდნენ. კლაოსი მეშვიდეს გაგონებაზე დაიბნა, ესეიგი ბავშვების გატაცებაშიც ეს ხალხი იყო გარეული? -და ბავშვები? - აღარ ცხრებოდა ჰოუტენი, მასში სიბრაზე უფრო და უფრო მატულობდა. -თქვენო უმაღლესობავ, ვფიცავ პირველყოფილების ძალას ბავშვების მოტაცებასთან არაფერ შუაში ვარ. -ხო, არც ისეთი სულელი ხარ ვერონის შვილი მოგეტაცებინა. ჰოუტენი ცოტა ხანს დაფიქრდა, შემდეგ თავი უკან გადასწია და გადაიხარხარა. -შე პატარა ნაბიჭვარო. - ისე ჩუმად ჩაილაპარაკა, გვერდზე მდგომმა კლაოსმაც კი ძლივს გაიგონა. -გალდორ მეცოდები, მართლა, მაგრამ შენი შვილი შენი ხელითვე მოკალი ერთი წლის წინ. ჰოუტენის სიტყვებმა გალდორზე ძლიერ იმოქმედა, -რას ბრძანებთ, ჰოუტენ, სულ ცოტაც და გამოჯანმრთელდება. -არა, გალდორ, დიდი ხნის მკვდარია. საიკონებზე გსმენია რამე? სიტყვა შეუძლებელია კლაოსს და გალდორს ერთდროულად აღმოხდათ. გალდორი მუხლებზე დაეცა, შვილს ხელები მხრებზე მოკიდა და თვალებში ჩახედა. -კლაოს იცი ამ ხეს რა შეუძლია? მისი ყვავილის მტვერი საშინელ მოლანდებებს იწვევს. -ისევ მშვიდი ხმით აგრძელებდა ჰოუტენი. -მერე? - მიუგო კლაოსმა, თავბრუ საშინლად ეხვოდა. -მერე ის, რომ, - გაიღიმა, - ჩვენკენ მწვანე ურჩხული მოიწევს. ჰოუტენმა ტბის ზედაპირზე ანარეკლისკენ მიუთითა. მართლაც მათ უკან მწვანე ბეწვიანი ურჩხული მოჩანდა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ხმლით ხელში. ჰოუტენმა ელვისებურად იშიშვლა მახვილი და ურჩხულის იარაღს შეახვედრა. შვილის თვალებში მოცქირალ გალდორს ხმაურისთვის ყურადღება არც მიუქცევია. ბიჭმა მამას ხელები თავზე დაადო. ქალაქის თავის თვალებიდან ცრემლები ჩამოცვივდა. ბავშვის, უფრო სწორად იმის რაც ბავშვისგან დარჩა, ერთი ხელის მოქნევით გალდორის თავი მის გასიებულ ტანს მოსწყდა და გამოქვაბულის მეორე ბოლოში გადავარდა. კლაოსმა უცბად მოჰკრა თვალი ამ საშინელ სანახაობას, მაგრამ გასააზრებლად დრო არ დარჩენია. ხმალი იშიშვლა და ჰოუტენის დასახმარებლად გაეშურა. -კლაოს, ამას მიხედე, ბავშვი არ უნდა გაიქცეს. დაიმახსოვრე ურჩხულები არ არსებობენ, მხოლოდ ადამიანია. ჰოუტენი გაქცეულს გაეკიდა. კლაოსი კი მარტო დარჩა, ამ... ამ ურჩხულთან, შეიძლება ადამიანი იყო მაგრამ ახლა მწვანე ურჩხულის გარდა ვერაფერს ხედავდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო მოწინააღმდეგე, იარაღს კარგად ფლობდა, სავარაუდოდ არც ძალას უჩიოდა. კლაოსის მოქნეული მახვილი ნახევარ გზაშივე შეჩერდა. მოგერიებულ დარტყმას საპასუხოდ მოყოლილი ორისგან კლაოსმა პირველი მოიგერია, მეორეს თავიდან ასაცილებლად კი უკან გადახტა. მოფარიკავეების მოძრაობა ცეკვას მოგაგონებდათ. სამკვდრო-სასიცოცხლო ცეკვას. ნელ-ნელა მოჩურჩულესკენ მიიწევდნენ. ურჩხულის დარტყმები სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდებოდა. ერთი, მეორე, მესამე, აი მეოთხეც კიდევ კარგი დაიხარა თორემ კლაოსის თავიც, გალდორისა არ იყოს, სადმე იკონწიალებდა. მოულოდნელად გვირაბიდან ცხოველის ღრიალის ხმა გაისმა, რამაც ორივეს ყურადღება გაუფანტა. მოწინააღმდეგეზე სწრაფად გამორკვეულმა კლაოსმა მახვილი მოიქნია, მწვანე ურჩხული გვერდზე გახტა, მაგრამ კლაოსის ხმალმა მის მკლავზე მოხვედრა მოასწრო. სისხლი, ჩვეულებრივი წითელი სისხლი. გამწარებულმა ურჩხულმა დაიღრიალა და კლაოსს მუცელში წიხლი უთავაზა. კლაოსმა უკან დაიხია, რაღაცას წამოედო, წაბორძიკდა და დაეცა. აზარმაც დალახვროს ეს გასიებული, როგორც ჩანს გალდორმა სიკვდილის შემდეგაც შეძლო რაღაც ცუდის გაკეთება. უეცრად კლაოსმა ქალაქის თავის ხელთან სისხლიანი ხანჯალი შენიშნა (როგორც ჩანს გალდორს იმის მოკვლა უცდია რაც მისი ვაჟისგან დარჩა). მწვანე ურჩხული უკანასკნელი დარტყმისთვის მიუახლოვდა. კლაოსმა გალდორის ხანჯალს ხელი დაავლო და მოწიინაღმდეგეს მთელი ძალით ფეხში ჩაარჭო. გამწარებულმა ურჩხულმა დაიყვირა. კლაოსმა დრო იხელთა, თავისივე მახვილს ხელი დაავლო და მოწიინაღმდეგე მუცლიდან მკერდამდე აფატრა. ურჩხული მუხლებზე დაეცა. -გთხოვ. - ნიღბიდან ნაცნობი ხმა გაისმა. ხმლის შემდეგი მოქნევა მწვანე ურჩხულისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. -ამას მალავდი? მშვენიერი მოფარიკავე ყოფილხარ. ეს შეჭამე ჰალუცინაციებს გააქრობს, - ჰოუტენმა მოჩურჩულეს ნაყოფი გადმოუგდო, თვითონაც ხარბად მიირთმევდა. -ბავშვი? -მაგაზე ნუ იდარდებ, სხვათაშორის სანამ აქ ერთობოდი დაკარგული ბავშვებიც ვიპოვე. ნაწილი კარგადაა, ზოგზე კი რა გითხრა, - გაიღიმა ჰოუტენმა. კლაოსმა მოჩურჩულეს ნაყოფი ჩაკბიჩა. ასეთი საზიზღრობა მეორე არ გაესინჯა. -რას იტყვი კლაოს? ხო გემრიელია? -ასეთი გემრიელი მეორე არაფერი გამისინჯავს. -მდაა, ვგრძნობდი რომ გემოვნებასთან ახლოს არა ხარ - გაიცინა ჰოუტენმა, - აბა არ ვნახოთ ვინაა ჩვენი ურჩხული? მწვანე ნიღბის მოსხნისთანავე არ გასჭირვებიათ მისი ამოცნობა. - ვანორი. - ჩაილაპარაკა კლაოსმა. -ეს ის მონდომებული მცველია ხომ? ყველა ქვა რო უნდა გადაეტრიალებინა. -მასზე რატო არ მოქმედებდა მოჩურჩულე? -მოქმედებდა, მაგრამ ამ უგემრიელეს ხილს მიირთმევდა. - ჰოუტენმა მოჩურჩულეს ნაყოფი ხელში შეათამაშა და გემრიელად ჩაკბიჩა. კლაოსს ჩაეცინა, დიდი უცნაური ვინმე იყო ეს ვან ჰოუტენი. - კლაოს, ახლა მომისმინე, ბავშვები გამოქვაბულში ვიპოვეთ, ეს მცველი იტაცებდა და ხოცავდა. გალდორმა ყველაფერი გაიგო და მისი შეჩერების მცდელობისას გმირულად დაიღუპა. არავითარი, რიტუალი, არავითარი მოჩურჩულე და რაც მთავარია არავითარი საიკონი შუა დარანიაში. -როგორც იტყვით თქვენო უმაღლესობავ, ამ გამოქვაბულში არასდროს ვყოფილვარ. 5. გამოქვაბულიდან გვირაბები მთელი ქალაქის ქვეშ გადიოდა. მათ შესახებ როგორც ჩანს არავინ იცოდა და ჰოუტენსაც გადაეწყვიტა არც არავის გაეგო. ამ ხეზე, მოჩურჩულე, მასზე გაცილებით მეტი იცოდა, მაგრამ არ ამბობდა. კლაოსი ძლიერ დაღლილიყო ბოლო დღის თავგადასავალისგან, მაგრამ ფიქრები არ ასვენებდა. გადაეწყვიტა რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდა თელისს. მაგრამ, ერთი პრობლემა იყო დავალება, რომელიც უნდა შეესრულებინა. უკვე ზედიზედ მეორედ ხდება, როდესაც აღარ უნდა ამის გაკეთება. წასვლამდე ტავერნაში გამოძინებას ცდილობდა, როდესაც კარზე დააკაკუნეს. ფეხზე წამოდგა, ხელში დანა მოიმარჯვა და კარი გააღო. მისდა გასაკვირად ზღურბლზე თვით მანრე ვერონი იდგა. ირონიული არაა? მსხვერპლი თვითონ მოსულიყო -შემომიშვებ? თუ აქ ვიდგეთ? -მობრძანდით. -კლაოსმა ხელით მიანიშნა დამჯდარიყო. მაგიდის გარშემო დასხდნენ. კლაოსი ერთ ხელში დანას მალავდა. -პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადო შვილის გადარჩენისთვის, -ცოტა ხანს ჩაფიქრდა, - როგორც დაგპირდი გასამრჯელოც შენია. ვერონმა სამი მოზრდილი, ოქროთი სავსე ქისა მაგიდაზე დაალაგა, - და იქნებ თავიც გამოვისყიდო. -ვერ მიგიხვდით? -კლაოს მიკიბულ-მოკიბული საუბარი არ მიყვარს. ვიცი, რომ ჩემს მოსაკლავად გამოგაგზავნეს, გამაფრთხილეს შენ შესახებ. მაგრამ ისიც მითხრეს თუ რამე მოგივა ჩემი ოჯახისთვის ეს ცუდად დამთავრდება. ასე, რომ შემიძლია გამოვისყიდო თავი? -ვინ გაგაფრთხილა? -რა მნიშვნელობა აქვს? -გამოვიცნობ, უცნაური სახელი აქვს. მეშვიდე. ვერონს თვალები გაუფართოვდა, -როგორ გაიგე? თუმცა არ მიპასუხო, ჯობს ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორცაა. -პირობას ვერ მოგცემთ, რომ დავალების შესრულებაზე უარს ვიტყვი, მაგრამ ამ ოქროს მაინც დავიტოვებ. ვერონს სახე მოეღუშა, ფეხზე წაამოდგა და გარეთ გავიდა. შემდეგ შემობრუნდა. -კლაოს, ან გააკეთე რაც დაგავალეს, ან მეორედ ჩემს ქალაქში აღარ დაგინახო.“In Nobis Veritas” – III -სახელი. -კარგით რა ექიმო, ისევ? -არ დაიღალე? -ერთი წამით, დავფიქრდე, რა თქმა უნდა არა! -ობიექტი ნომერი 23, ნიკოლაოს ჰარსტი. -ხომ ვამბობდი, მშვენივრად გცოდნიათ. -ასეთი უმადური პაციენტი აქამდე არ შემხვედრია, - ექიმმა ერსთონმა თავი გააქნია, თან გასული დღის ანალიზების შედეგებს აკვირდებოდა, - დიდი ხნით არ დაგაყოვნებ. -აბა, ექიმო, რამდენი დამრჩა? -იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე გგონია. დაავადების კერა სრულიად გამქრალია, დაზიანებულმა ორგანოებმაც აღდგენა დაიწყო. -ანუ გინდა მითხრა, რომ ის თქვენი ელიქსი მოქმედებს? ერსთონმა საუბრის ჩაწერა შეწყვიტა. -უნაკლო შედეგით. - ექიმი თვითონაც გაკვირვებული ჩანდა, - კარგი, არჩი გაგაცილებს, შემდეგ კვირას ისევ შევადარებთ ანალიზებს. -მოუთმენლად ველი, თქვენი კიდევ ნახვის ბედნიერებას. ნიკოლაოსის ირონიით აღსავსე სურვილებისთვის არც კი მოუსმენია, ხელით ანიშნა გასულიყო. არჩი წინ გაუძღვა, ექიმთან ყოფნის დროს ერთი წამითაც არ მოსცილებია გვერდიდან, როგორც ჩანს მხოლოდ მას მიუჩინეს საყარაულოდ. არჩიმ უსახელო მედდები შეცვალა, როგორც კეი დაახასიათებდა ცუდი ტიპი არ ჩანდა, მაგრამ არც ის გამოირჩეოდა მჭერმეტყველებით. კეის კომპლექსში მოხვედრიდან დიდი დრო გასულიყო, მაგრამ ამას აღარც ჩიოდა, როგორც იქნა იმ ავადსახსენებელი ოთხი კედლისთვის თავი დაეღწია, აღარც სიზმრების წერას სთხოვდა ვინმე და სტივსაც ხშირად აღარ ესაუბრებოდა. კომპლექსი არც ისეთი პატარა აღმოჩნდა როგორც ეგონა და არც მთლად ცუდი დეკორატორებიც ჰყოლიათ. ყველაზე მეტ დროს ბაღებში ატარებდა, არა მარტო თვითონ, დანარჩენი პაციენტებიც. დამერწმუნეთ კომპლექსი მათ ნაკლებობას არ განიცდიდა. იმ ცოტა დროის განმავლობაში რაც, როგორც თვითონ ეძახდა, „საკნიდან“ გამოუშვეს ბევრი არავინ გაუცვნია, დიდად არც სურვილი ჰქონია. მაგრამ გაარკვია, რომ ყოველი მათგანი კომპლექსში მოსვლამდე ძლიერ ავადმყოფოდა, ახლა კი ერთმანეთზე უკეთესად გამოიყურებოდნენ. ფიქრებში გართული ვერც მიხვდა ბაღში როგორ აღმოჩნდა, არჩიც სადღაც წასულიყო, კიდევ კარგი მის გადაადგილებას ბაღში მაინც არ აკონტროლებდნენ. „საკნიდან“ გამოსვლის დღიდანვე უკვირდა, როგორ შეიძლება ეს მშვენიერება და კომპლექსი ერთი და იმავე ადამიანებს შეექმნათ. მწვანედ ახასხასებული მინდვრები, ლურჯად მოელვარე ფანტანები, ყოველ ნაბიჯზე უგემრიელესი ნაყოფით დახუნძლული ხეები, სამწუხაროდ, ყველაფერი ასე კარგადაც არ იყო. ამას თითქმის შეუმჩნევლად მოძრავი შეიარაღებული მცველები ამტკიცებდნენ. საინტერესოა ვისგან იცავდნენ ამ ულამაზესი ბაღის დამსვენებლებს თუ ტყვეებს? მართალია ნიკოლაოსს სიზმრების წერა აღარ უწევდა და ამით ბედნიერიც იყო, მაგრამ სიზმრები არსად გამქრალიყვნენ. მათზე კონტროლსაც კი კარგავდა, ადრე თუ მხოლოდ ძილის დროს ხედავდა, ახლა შეიძლება ნებისმიერ წამს გათიშულიყო, რეალობას მოსწყვეტოდა და სადღაც შორს, უცნაურობებით აღსავსე სამყაროში გადასულიყო. ეს კი ძლიერ აშფოთებდა. კომპლექსი კეისთვის ნამდვილად ბევრ ცუდთან ასოცირდებოდა, მაგრამ დადებითი მხარეებიც ჰქონდა: პირველ რიგში თავს ბევრად უკეთესად გრძნობდა, გამოჯანმრთელების პირას იმყოფებოდა და მეორე .... -კეი, კეი. - შორიდან საკუთარი სახელი შემოესმა, ვიღაც ხელს უქნევდა და თავისკენ უხმობდა. და აი ისიც, მეორე მიზეზი, ელეინი. არა, არ მოსწონდა, უბრალოდ მისი მომნუსხველი გამოხედვა ....., იდუმალებით მოცული ლურჯ ოკეანეებად აელვარებული თვალები, ნებისმიერ მნახველს მოაჯადოვებდა .... - არა, არ მოსწონდა - თავი გააქნია. ნაბიჯისთვის არ აუჩქარებია, ნელა მიუახლოვდა. ელეინი ბალახზე დამჯდარიყო და მიმავალ კეის უღიმოდა, თან გვერდით მჯდომ ალექს ელაპარაკებოდა. ნიკოლაოსმა ალექზე ბევრი არაფერი იცოდა, ბევრს არ საუბრობდა, სხვების მოსმენას ამჯობინებდა. როგორც ელეინისგან გაიგო, ის და ალექი მასზე გაცილებით ადრე მოსულან კომპლექსში, აი მანამდე რას წარმოადგენდნენ....., საინტერესო კითხვაა? ალბათ ერთხელ კითხავდა კიდეც. -კეი, - იღიმოდა ელეინი, - რა გითხრა ჩვენმა ძვირფასმა ექიმმა? ნიკოლაოსი, მეგობრებს ვერ დაუძახებდა ჯერ-ჯერობით, ნაცნობები? შეიძლება, ნუ ერთი სიტყვით მათ გვერდით ჩამოჯდა. -მგონი მეც გამოჯანმრთელების გზას დავადექი. -არ გიხარია? რატო ხარ ასე მოღუშული? ალექმა ხომ არ გადაგდო თავისი ხასიათი? -ჰმ,-ალექმა წარბი ასწია. -არა, მიხარია, უბრალოდ არ მჯერა. არ მჯერა, რომ ასე უანგაროდ გაცემული საჩუქარი იქნება. -სულ ცუდის ძიებაში როგორ უნდა იყო? -კარგი, დავანებოთ ექიმებს თავი, სიზმრებს კიდევ ხედავთ? - დაჟინებით შეხედა ორივეს ნიკოლაოსმა. -მხოლოდ ერთსა და იმავეს - გოგონას შუბლი შეეჭმუხნა. -შენ ალექ? -როგორც უკვე ვთქვი, სიზმრებს არც აქამდე ვხედავდი, არც ახლა მინახავს და მეეჭვება საერთოდ რამე ვნახო. -არ გინდა ადგილები გავცვალოთ? - გაიღიმა ნიკოლაოსმა. -ელეინ, შეგიძლია კიდევ ერთხელ მოგვიყვე, ის მაინც, რაც გახსოვს? -თუ ძალიან მთხოვ, დავფიქრდები. კეიმ თვალები გადაატრიალა, ორივეს გაეცინა, ალექს წარბიც არ გაუტოკებია. მართლა უჟმური ვინმე იყო. -ახალს ვერაფერს მოგიყვებით, ერთი და იგივე მეორდება, არც რამე აკლდება და არც ემატება. უზარმაზარი დარბაზის ცენტრში ქვის მრგვალი მაგიდაა მოთავსებული. მაგიდის გარშემო შვიდი ტახტი დგას. შვიდივე დაკავებულია. კამათობენ, ვერ თანხმდებიან. მათ შორის ერთი ქალია, მოულოდნელად დგება, მოქიშპეებს მაგიდასთან ტოვებს და დარბაზის მეორე ბოლოსკენ მიდის. უცნაური სანახაობა იშლება, დარბაზის ერთი კედელი სრულიად ჩამონგრეულა, ცაზე მზე და მთვარე ერთად გაჩერებულან, მაგრამ მაინც უკუნი სიბნელეა. შემდეგ უზომოდ ცივდება, სხვები სიცივეს ვერ ამჩნევენ და თავის ადგილას უხმობენ, ამარელს ეძახიან. ქალი ყურადღებას არ აქცევთ, სიბნელეში იყურება და თვალიდან ცრემლი გორდება ..... შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება და ასე გრძელდება მას შემდეგ რაც აქ აღმოვჩნდი. -მას შემდეგ რაც აქ აღმოჩნდი, თუ რაც პირველი ელიქსი დალიე? - რისი თქმა გინდა კეი? -თვითონაც ხვდები. სხვა არაფერი არ გინახავს? -არა, ხომ გითხარი, მხოლოდ ეს. ახლა კი შენც მოგიწევს მოყოლა, იოლად ვეღარ გამოძვრები ...... -კლაოს! -რა დამიძახე ელეინ? ............................. -კლაოს! კლაოს! გამოფხიზლდი, უნდა გადავხტეთ. შეუძლებელია,ისევ, სიზმარში გადავარდა, ვეღარ აკონტროლებს, შეეშინდა...... ფანტაზიის ნაყოფი 1. -მომყევი! ხელი არაფერს მოკიდო! კლაოსი, უჩუმრად გაჰყვა. ცოტა არ იყოს, შთაბეჭდილებების ქვეშ მოხვედრილიყო, თეთრ ციტადელზე ბევრი სმენოდა, მაგრამ ვერც წარმოედგინა და დიდი სურვილ არც ჰქონია ოდესმე შიგნით მოხვედრილიყო. მისი უმაღლესი კოშკი პორტში მომავალთათვის გზამკვლევს წარმოადგენდა. ამბობდნენ ათასობით წლის წინ თავიანთი ბატონების სადიდებლად, ნაზრიიდან ჩამოტანილი თეთრი ლოდებისგან აეგოთ საიკონების მორჩილებაში მყოფ გოლიათებს. ახლა აღარც გოლიათები იყვნენ, აღარც საიკონები, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ციტადელს მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესები დაჰპატრონებოდნენ, უმაღლესი ორდენი. ორდენს პირველი წინამძღვარი და მისი მორჩილი სულიერი წინამძღვრები მართავდნენ. კონტინენტის ყველა სამეფოსა და მათ მმართველებზე დიდი გავლენა გააჩნდათ. ურჩების ხანმოკლე სიცოცხლეზე კი მსაჯულები ზრუნავდნენ, ფანატიკოსების კარგად აღჭურვილი არმია. მაგრამ აქაც იყვნენ უარესებზე უარესები, ინკვიზიტორები, მათ კლანჭებში ჩავარდნას კლაოსი მტერსაც კი არ უსურვებდა. არა, გზა უნდა გაეგრძელებინა, ციტადელთან ასე ახლოს არ უნდა გაჩერებულიყო, ბოლოს და ბოლოს ორდენმა მიუსაჯა ორი წლის წინ თელისში ჩამოხრჩობა. მართალია, გარკვეული მიზეზების გამო შეიწყალეს და ერთი დანაშაულისთვის ორჯერ არ სჯიდნენ, მაგრამ მაინც. თელისიდან წამოღებული ოქრო კიდევ კარგა ხანს ეყოფოდა, თავის თავზე ბრაზობდა, ხვდებოდა, კარგი არაფერი ელოდა. მთელი აღჭურვილობა დილითვე ჩამოართვეს ტავერნაში, ის ერთი ჭიქაც არ დაალევინეს, ვინ იცის იქნებ ბოლოც ყოფილიყო. ნახევარი დღე ციტადელის დილეგში გაატარა, დამერწმუნეთ სასიამოვნო ადგილი ნამდვილად არაა, და ახლა ვიღაცას მისი ნახვა მოსურვებია. ეს კიბეებიც აღარ მთავრდებოდა, როგორც ჩანს მსჯულთა კოშკში ადიოდნენ. ყველაფერი თეთრად ელვარებდა, ნაზრიის მთებში მოპოვებული თეთრი ქვა საუკუნეების მანძილზეც კი არ კარგავდა მშვენიერებას. კედლები შიშვლად გამოიყურებოდა, არაფრით არ მოერთათ, სავარაუდოდ ორდენის ასკეტური იდეოლოგიაზე ყურადღების გასამახვილებლად გაეკეთებინათ. კლაოს ჩაეცინა, კარგად იცოდა მათი ასკეტიზმის შესახებ. კიბეს კი ბოლო არ უჩანდა. წინ თეთრ აბჯარში აღჭურვილი მსაჯული მიუძღვებოდა, მარჯვენა სამხრეზე ორდენის ბუს თავი გამოეჭედათ. ასეთ ნამუშევარს ხშირად ვერ ნახავდით, როგორც ჩანს მსაჯულების მაღალ წრეს მიეკუთვნებოდა. და როგორც იქნა, კარებთან შეჩერდნენ. -აქ მოიცადე. - არც შემოუხედავს ისე უბრძანა, შემდეგ კი ხის კარზე დააკაკუნა. -შემოდი, - ოთახიდან სუსტი ხმა მოისმა. მსაჯული შევიდა და კარი მოიხურა. ძლიერი სურვილის მიუხედავად კლაოსმა ვერაფრის დანახვა ვერ მოასწრო. ისე, ხო არ გაქცეულიყო? თვითონვე გაეცინა თეთრი ციტადელიდან გაქცევა, მშვენიერი ზღაპარი იქნება ბავშვისთვის ძილის წინ მოსაყოლად, თუ ცოცხალი გადარჩა. კარი მალევე გაიღო, გამოსულმა მსაჯულმა ოთახისკენ ხელით ანიშნა. სხვა რა გზა ჰქონდა, შევიდა. კარი ზურგს უკან მიუხურეს. ოთახი არც ისეთი დიდი აღმოჩნდა, როგორც ელოდა, კედლები წიგნებით სავსე თაროებს დაეფარა, კარის მოპირდაპირე კედელთან სამუშაო მაგიდა დაედგათ, მის უკან კი ძლიერ მოხუცებული ადამიანი სავარძელში მოთავსებულიყო და ახლად შესულს დაჟინებით აკვირდებოდა. კლაოსს მისი სამოსიდან გამომდინარე არ გასჭირვებია მიხვედრა, რომ ორდენის სულიერი წინამძღვარი უნდა ყოფილიყო. სახე მრავალწლოვან ნაოჭებს დაეფარა, თხელი თეთრი თმა კი მხრებამდე სწვდებოდა. მოხუცებული წინამძღვარის გარდა ოთახში კიდევ ორნი ელოდნენ. ერთ-ერთის ცნობა არ გასჭირვებია, ან მას ვინ არ იცნობდა, უმაღლესი ორდენის მსაჯულთა სახელგანთქმული მეთაური, ეორამ ორჰალდი. პირველ მსაჯულს შევერცხლილი წვერი და თმა მოკლედ შეეკვეცა. კლაოსისთვის ყურადღება არც მიუქცევია. მისი ჩაფიქრებული თვალები მესამე მასპინძელზე შეჩერებულიყო. და აი ისიც, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, კლაოსის დაკავების მიზეზი. სამოსის მიხედვით ორდენის წევრი არ უნდა ყოფილიყო. გარეგნულად თუ იმსჯელებდა, კი დიდი გზა უნდა გამოევლო ციტადელში ჩამოსავლელად, ამაზე მზისგან დამწვარი კანი მიუთითებდა. სავარაუდოდ ზღვით უნდა მოსულიყო ან სრულიადაც, ოკეანით. -რთული საპოვნელი ყოფილხართ, კლაოს, - ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, როგორც ინქა, დაიწყო მოხუცებულმა. -თუ ორდენს ასე გაუჭირდა ჩემი პოვნა, ამას შექებად მივიღებ, - თქვენო უწმინდესობავ. წინამძღვარმა, გაიღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. კლაოსმა თავი უკეთ იგრძნო, ყოველშემთხვევაში, მოკვლას არ უპირებენ, მაგრამ ვინ იცის ..... -მე წინამძღვარი ჩარადეი ვარ, - გააგრძელა მოხუცმა,- მეეჭვება სერ ორჰალდს არ იცნობდე, ხოლო ჩვენი პატივსაცემი სტუმარი, კი მისი უმაღლესობის, ნაზრიის იმპერატორის პირველი მრჩეველი, რიდან დარგონია. მართალი იყო, ოკეანით ჩამოსულა, მაგრამ რიდან დარგონი, რატომ ეცნობოდა? შეუძლებელია! გაახსენდა, და ჟრუანტელმა დაუარა დარგონი სულ სხვა სახელით იყო ცნობილი. მისით ოკეანი გადმოღმა, დარანიაშიც კი, აშინებდნენ ურჩ ბავშვებს, რიდან ნაზრიელი. უცნაური იყო, ზედმეტად უცნაური. ნაზრია, ლეგენდარული საიკონების, სამშობლოდ მოიხსენიება. უმაღლესი ორდენი მათთან საბრძოლველად შეიქმნა და ახლა, ნაზრიის იმპერიაში მეორე ადამიანი, ან ადამიანი სწორი ნათქვამია? უმაღლესი ორდენის თეთრ ციტადელში საკუთარი ფეხით მოსულიყო. -მოხარული ვარ ბატონებო, რომ თქვენთან შეხვედრის ასეთი პატივი მხვდა წილად, მაგრამ ვერ წარმომიდგენია როგორ შემიძლია გემსახუროთ. -სულსწრაფი ყოფილხართ, კლაოს, - შენიშნა ჩარადეიმ, ვერცხლის თასიდან ცოტაოდენი წყალი მოსვა და გააგრძელა, - ჩვენს მეგობარს, დახმარება სჭირდება და როგორც ამბობს მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, თვითონ უკეთესად მოგიყვებათ, - წინამძღვარმა რიდანს შეხედა. -კლაოს, მიკიბულ-მოკიბული საუბრის მოყვარული არ ვარ, - ნელა საუბრობდა,- მხოლოდ გეტყვი, რომ ცოტა ხნის წინ ზარდახშა მომპარეს, სადაც ჩემთვის ძლიერ მნიშვნელოვანი ნივთი ინახება. სანდო წყაროებიდან ჩემთვის ცნობილია, რომ ქურდი ზარდახშასთან ერთად ვიალენის სამეფოში, ერთ პატარა სოფელში იმალება. ზარდახშა დამიბრუნე და იმდენ ოქროს მიიღებ გასამრჯელოდ, რამდენის წაღებასაც შეძლებ, ოღონდ გაითვალისწინე გახსნა არ გაბედო. -ბოდიშს მოგახსენებთ ამ კითხვისთვის, მაგრამ ამხელა არმიის მეთაურს ქურდის დასაჭერად ვიღაც მაწანწალა რისთვის დაგჭირდათ. რიდანს გაეღიმა, მაგრამ ამ ღიმილში რაღაც სხვა იმალებოდა, - ეს უკვე ჩემი საქმეა, თანაც ნაზრიელები ვიალენში არ უნდა გამოჩნდნენ. რაც შეეხება შენს მაწანწალობას, ორივემ ვიცით მასე არაა, თანაც შენს შესაძლებლობებზე ჩვენი საერთო მეგობრისგან ბევრი მსმენია. -ნაზრიელებს ვალანდარის მიწებზე არაფერი გესაქმებათ! - მკაცრად ჩაერთო ორჰალდი, - არც ახლა, და არც არასოდეს, - მის თვალებში ცეცხლი გიზგიზებდა. -მე აქ მხოლოდ სტუმარი ვარ, სერ ორჰალდ, - რიდანის ხმაში აღელვების არც ერთი ნოტი არ ისმოდა, - ვალანდარის უკიდეგანო სამეფოები კი თქვენთვის და უმაღლესი ორდენისთვის დამითმია. -ბატონებო, გთხოვთ, იქნებ კლაოსსაც მოუსმინოთ, - ჩარადეის სუსტი ხმა ძლივს გაიგონეს. რიდანმა თანხმობის ნიშნად თავი თითქმის შეუმჩნევლად დაუკრა. ორჰალდმა ხელი მუშტად შეკრა, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია, ციტადელში ნაზრიელი სტუმარი ძლიერ არ ეპიტნავებოდა. -როგორც ვხვდები უარი არ მიიღება, - კლაოსმა რიდანს შეხედა. -ძალიან მიხვედრილი ბრძანდებით. -მაშინ, კარგად ბრძანდებოდეთ, -კლაოსმა ოთახში მყოფებს თავი დაუკრა. -საით მიიჩქარი? - ჩაეკითხა წინამძღვარი. -ვიალენისკენ, სხვა რა გზა დამრჩენია. კართან მისული რიდანის ხმამ შეაჩერა, - და კიდევ ერთი, კლაოს, ფრთხილად იყავი, ქურდი ზარდახშას უბრძოლველად არ დათმობს. ეს კი, კარგად ეხერხება - რიდანი ჩაფიქრდა, - საუკეთესო მოფარიკავეა, საუკეთესოთა შორის. -ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ? -მე გავწვრთენი, ჩემი შვილია. 2. მგონი ბერდება, კლაოსს ეს აზრი არ ასვენებდა, კი ვიალენი თეთრი ციტადელიდან შორსაა, მაგრამ ადრე ამაზე დიდი მანძილებიც გაუვლია, ახლა კი დაიღალა. დიდი ხანი არაა, რაც დარანია-ვიალენის საზღვრისთვის მიეღწია. ცხენს ტყის ბილიკებს ნელ-ნელა მიაყოლებდა ან სად ეჩქარებოდა. არე-მარეს გაზაფხულის დადგომა დასტყობოდა, ბუნება გამოცოცხლებულიყო, ხეებს პატარა, მწვანე ფოთლები გამოეტანათ, ფრინველებიც მხიარულად ახმაურებულიყვნენ. კლაოსს გზა ერთი პატარა, მაგრამ ცნობილი სოფლისკენ დაედო. სოფელი შაანის სახელი მთელს კონტინენტზე ყველამ კარგად იცოდა, იქ მცხოვრები წინასწარმეტყველის დამსახურებით. დარანიის საზღვრიდან ერთი დღის სავალზე თუ იქნებოდა. რიდან ნაზრიელის ინფორმაციით სწორედ იქ იმყოფებოდა მისი ქალიშვილი და სანუკვარი ზარდახშა. ციტადელიდან წამოსვლამდე რიდანი კიდევ ერთხელ შეხვდა და უფრო დაწვრილებით უამბო ზარდახშის შესახებ, მიანიშნა კიდეც რა მოხდებოდა თუ კლაოსი რატომღაც ზარდახშის მისთვის დაბრუნებას გადაიფიქრებდა. ასეთი დასასრული კლაოსს ნამდვილად არ ეპიტნავებოდა. ნაზრიელთან ციტადელში შეხვედრა კლაოსისთვის მართლაც რომ მოულოდნელი აღმოჩნდა. მართალია ღია კონფრონტაციაში არ ჩართულან, მაგრამ უმაღლესი ორდენის მტრების სიაში რიდანს პირველი თუ არა მეორე ადგილი მაინც ეკავა. როგორც ჩანს რაღაცეები იცვლებოდა, მაგრამ სასიკეთოდ კი? როგორც ამბობდნენ, რიდანი საკუთარი მტრების გულებს საუზმეზე მიირთმევდა და წყლის ნაცვლად მათი სისხლით საზრდოობდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაზვიადებულია ან იქნებ არცაა, ვინ იცის? ერთი რაც დანამდვილებით იცოდა კლაოსმა, რიდან ნაზრიელი დასავლეთის იმპერიაში საუკეთესო სარდალი იყო. ცხოვრების მანძილზე არც ერთ ბრძოლაში არ დამარცხებულა, ეს კი მცირეოდენ პატივისცემას მაინც იმსახურებდა. საინტერესოა ასეთი რა შეიძლება ყოფილიყო ზარდახშაში, რომ მის დასაბრუნებლად ქალიშვილის გაწირვაზეც კი თანახმაა, ან საერთოდაც, ვინ ურჩია კლაოსის შესახებ. „საერთო მეგობარი“? ფიქრებიდან ყვირილისა და ხმლების ჟღარუნის ხმამ გამოარკვია. სამ ყაჩაღს ვიღაც კლდის პირას მიემწყვდია. მსხვერპლი მედგარ წინააღმდეგობას უწევდათ, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გააგრძელებდა, სულ მალე ან უფსკრულში გადავარდებოდა ან რომელიმე ხმალზე მწვადივით წამოაგებდნენ. მსხვერპლი თავგანწირვით იბრძოდა, სასიკვდილო ცეკვას ასრულებდა და მალე დაასრულებდა კიდეც. „წადი, შენი გზით იარე, წადი!“ - თავს აიძულებდა კლაოსი. აი, უცნობი წაბორძიკდა, დაეცა, ახლა ყველაფერი მორჩება. -შეჩერდით! -დაიყვირა კლაოსმა. ბრძოლაში გართულებს მისი მიახლოება არც შეუნიშნავთ, შეძახილმა კი უნებურად ყველას ყურადღება მისკენ მიიპყრო. -აქ არაფერი გესაქმება. გაიარე და დაგვივიწყე - დაუყვირა ყაჩაღებს შორის ყველაზე მაღალმა. მაგრამ არა, ყაჩაღები არ უნდა ყოფილიყვნენ, აღჭურვილობაც კარგი ჰქონდათ და იარაღიც, დაქირავებულებს უფრო წააგავდნენ. -როგორ გულითაც არ უნდა მინდოდეს, ასე ვერ შევთახნმდებით, სამი გამოცდილი მებრძოლი ერთი უსუსური ბიჭის წინააღმდეგ? - კლაოსი ჩამოქვეითდა. მსხვერპლი გაკვირვებული უყურებდა ხან მოწინააღმდეგეებს, ხან კლაოსს. -თქვენ ბიჭს მიხედეთ, მე ამ ლაყაფს მოვუვლი, - მაღალი დინჯად გამოემართა. კლაოსს, საუბრისას შეუმჩნევლად დანა მოემარჯვებინა, ხელის ერთი მოქნევით, დანა მისკენ მომავალთან შესახვედრად გაექანა. მებრძოლი მიწაზე უსულოდ დაეცა, კლაოსის დანის ტარი მისი მარცხენა თვალიდან იცქირებოდა. სანამ დანარჩენები მომხდარს გაიაზრებდნენ, წაქცეულმა დრო იხელთა, თავის ხმალს ხელი დაავლო და ახლოს მყოფი მებრძოლი სიცოცხლეს გამოასალმა. მესამემ, თავზარდაცემულმა, ამჯობინა გაქცეულიყო და ცხენისკენ გაექანა. -არ გაუშვა! - დაიყვირა ბიჭმა, მოკლულს თვალიდან კლაოსის დანა ამოაცალა და გაქცეულს ესროლა, ააცილა, - არ უნდა გაგვეშვა. წავიდეთ, ჩქარა. -იქნებ მადლობა მაინც გეთქვა. -გეტყვი, აუცილებლად, მაგრამ ახლა წავიდეთ, ცოცხლად გაგვატყავებენ. ცხენებზე თვალის დახამხამებაში აღმოჩნდნენ. -ვინ არიან, ან ასეთი რა დაუშავე? -რა დავუშავე? ვსუნთქავ, - ნატანჯი სახით შემოხედა ბიჭმა, - პიეტრო ვიალენელზე გსმენია რამე. -არ მითხრა ... -კარგი, არ გეტყვი, მაგრამ მისი ხალხია. კლაოსს სიმწრისგან გაეცინა. ხომ შეეძლო უბრალოდ გზა გაეგრძელებინა, მაგრამ არა მაინც ჩაყო ცხვირი სადაც არ ეკითხებოდნენ. ერთი დღეც არ გასულა რაც ვიალენის სამეფოშია და სახელმწიფოში ყველაზე საშიში ადამიანის გადამტერებაც მოასწრო. ცოტა ხნით ბილიკიდან გადასვლა და ტყეში დამალვა ამჯობინეს. როგორც ბიჭი ამბობდა ოცი ან ოცდაათი მხედარი უნდა ყოფილიყო, მათ წინააღმდეგ კი ვერაფერს გააწყობდა. დაიჭერდნენ, შესაწვავი ხორცივით მიბეგვავდნენ და თუ გაუმრთლებდათ მერე დახოცავდნენ. ჩამოქვეითებულებს ცხენები უჩუმრად მიჰყავდათ. -გადარჩენისთვის მადლობაც ვერ გითხარი. -ეგ კიდე საკითხავია. -რა?-ბიჭმა გაკვირვებული თვალებით შემოჰხედა. -როგორც ჩანს, პიეტროს და მის ხალხს კარგად არ იცნობ, - კლაოსი ჩაფიქრდა. - ჯერ კიდევ საკითხავია გადავრჩით თუ არა. -როგორ გამამხნევე, - ბიჭმა გაღიმება სცადა, არ გამოუვიდა. სახე დაეჯღანა, უშედეგოდ ცდილობდა შიში არ დასტყობოდა. - ხო მართლა, სადაა ჩემი მანერები, სიცოცხლეს ვის უნდა ვუმადლოდე? -კლაოსი, კლაოს დურეი, - ამოიხვნეშა, - მე კი არ ვიცი სიკვდილს ვის უნდა ვუმადლოდე. -მე? - ბიჭი ჩაფიქრდა, თითქოს სახელს ახლა იგონებსო, - რენი, ასე მეძახიან. -კარგიი, ესეიგი რენი. ახლა კი მითხარი ასეთ ტრაკში როგორ აღმოვჩნდით. -გრძელი ამბავია. -როგორც ხედავ დრო საკმარისად გვაქვს, თანაც მგონი მაგ გრძელი ამბის გამო მეც მომკლავენ. -კარგი, კარგი. - ჩაილუღლუღა რენმა, - ვიალენში, ასე ვთქვათ, უკანასკნელ ოჯახს არ წარმოვადგენ. მამაჩემი ვაჭართა გილდიის წევრი იყო, პერსათიდან სანელებლები და აბრეშუმი შემოგვაქვს და ვიალენსა და დარანიაში ვყიდით. საქარავნე გზები, შენც კარგად მოგეხსენება, ავაზაკებითაა სავსე. ჩვენც ქარავნების დასაცავად წლებია პიეტროს ხალხს ვქირაობთ. ბოლო პერიოდია კონკურენტები გამოგვიჩდნენ, შემოსავალიც შემცირდა, პიეტროს ხალხსაც შეთანხმებულზე ნაკლები გადავუხადეთ და როგორც ხედავ უკმაყოფილოები დარჩნენ. ჩემი ოჯახის სხვებისთვის სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტეს. ბაეთის ტყეებში მამასთან და მხლებლებთან ერთად სანადიროდ ვიყავი. თავს დაგვესხნენ, ყველანი დახოცეს, - ბიჭმა სიმწრისგან თვალები დახუჭა, - შენ რომ არა მეც სიცოცხლეს გამომასალმებდნენ. კლაოსმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ეს პატარა ნაბიჭვარი რაღაცას ატყუებდა, მაგრამ ვერ მიხვედრილიყო რას და რატომ. ჯერ-ჯერობით ასე დატოვებს. -კარგი ჩემზე გვეყოფა, შენ კლაოს? საიდან ხარ? ან აქ რა გინდა? -საიდან? დარ...-კინაღამ დარანია თქვა, კინაღამ სამშობლო შეეშალა. ჩაეცინა, რამდენი წელი გავიდა, აღარც ახსოვდა, - თაანორიდან. რაც შეეხება ჩემს აქ ყოფნას, ეგ შენი საქმე არაა. -თაანორის თეთრი მიწები? - რენს გაკვირვება ვერ დაემალა, - თაანორიდან არავინ მინახავს, მაგრამ.... -ისეთი არ ვარ როგორც ლეგენდებში აღგვწერენ? ორი მეტრი სიმაღლის, თეთრი თვალებითა და უზარმაზარი თაანორული მახვილით? ეგ მხოლოდ ლეგენდებია ბიჭო, მხოლოდ ლეგენდები. ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ჩვენს სხეულშიც ალისფერი სისხლი ჩქეფს, მაგრამ იქნებ აჯობებდა კიდეც ის ურჩხულები ვყოფილიყავით როგორც გვიყურებდნენ. -სამშობლოდან ასე შორს როგორ აღმოჩნდი?-რენი თითქმის პირდაღებული უყურებდა, როგორც ჩანს თაანორელის ხილვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. -ერთ დროს თაანორიც დარანიის ნაწილი იყო, შვიდთა ომში ჩვენც ისევე ვიბრძოდით, როგორც ისინი. ჩვენც მათ გვერდით ვიხოცებოდით, კაცებიც, ქალებიცა და ბავშვებიც. თხუთმეტის ან თოთხმეტის იქნებოდა, სახლიდან რომ წამოიყვანეს. ერისების ბრძანება იყო, ან მათთან ერთად იბრძოდნენ ან მათი მტრები იყვნენ. კარგად ახსოვდა რამდენი თაანორელი დახოცეს მხოლოდ იმის გამო, რომ ბრძოლაზე უარი თქვეს. რამდენი სოფელი გადაწვეს, დანარჩენებისთვის მაგალითის მისაცემად. წყეულიმც იყოს შვიდივე ერისი, განსაკუთრებით კი კამარანი, მათ გახსენებაზე გადააფურთხა. -ელდენის ველზე იყავი?-ხანგრძლივი დუმილი რენმა დაარღვია. -ვიყავი,-კლაოსსმა კბილები ერთმანეთს დააჭირა, ისევ ეს წყეული ელდენი, სულ ცოტათი მიივიწყებს და ისევ თავს ახსენებს, ყოველთვის ასე ხდება, ყოველთვის. უეცრად ფლოქვების ხმა და მხედართა ყვირილი გაიგონეს. ბევრნი ჩანდნენ, ძალიან ბევრნი. კლაოსმა რენს ხელით ანიშნა გაჩერებულიყო. ათი? ოცი? ოცდაათი? თუ ორმოცი? ვერ დაითვლიდა, მაგრამ მათთან შეხვედრა სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. როგორც ჩანს მათ ეძებდნენ. მგონი დაშორდნენ. სასწრაფოდ უნდა გაეცალონ აქაურობას, თორემ ადრე თუ გვიან იპოვიან, იპოვიან და ....... ტანში ჟრუანტელმა დაუარა. შვიდთა ომიდან კლაოსს კარგად ახსოვდა პიეტრო ვიალენელისა და მისი სახელგანთქმული ავაზაკების შემოქმედება: ცოცხლად გატყავებული ტყვეები, დამწვარი ბავშვები.... თავი გააქნია ფიქრები რომ გაეფანტა. მხედართა ხმაც გამქრალიყო. დიდი დრო გასულიყო, ბნელდებოდა, სასწრაფოდ ბილიკზე უნდა დაბრუნებულიყვნენ, თორემ ღამით აუცილებლად დაიკარგებოდნენ ან სადმე ხრამში გადაიჩეხებოდნენ. კლაოსი რენისკენ შეტრიალდა. ბიჭი რაღაცაზე ფიქრობდა, დადარდიანებულიყო, სახე მოღუშვოდა. ამის დედაც, ვერ დატოვებდა, რადგან გადაარჩინა ახლა თან წაყვანაც მოუწევდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მაინც დაიჭერდნენ და მოკლავდნენ ან რომელიმე მტაცებლის კერძი გახდებოდა. -რენ, - ბიჭი მოულოდნელობისგან შეხტა, - იჩქარე, ბილიკზე უნდა გავიდეთ. მომყევი, ოღონდ ხმა არ ამოიღო, თორემ თვითონ გადაგაგდებ კლდიდან. რენმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, ღიმილი სახეზე ისევ დაჰბრუნებოდა. 3. როგორც იქნა, აი ისიც, სოფელი შაანი. კლაოსმა, იცოდა რომ, მთაში გაეშენებინათ, მაგრამ ამ სიმაღლეზე თუ მოუწევდა ამოსვლა ვერც კი წარმოედგინა. მთელი ღამე იარეს. სოფელს სამი მხრიდან გარს მთები შემოკვროდა ყველა ავის მოსურნესგან დასაცავად. შაანში მისვლა ერთადერთი გზით იყო შესაძლებელი და შიგნით შეუმჩნევლად ვერავინ მოხვდებოდა. სხვა მხრიდანაც, რომ შევხედოთ იმდენად პატარა იყო, უცხო ადამიანი ადგილობრივებისთვის დიდხანს შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. რენს მთელი გზა ხმა არც კი ამოუღია, როგორც ჩანს გაიაზრა რა გასაჭირშიც ჩავარდა. ბავშვი იყო, პატარა ბიჭი თექვსმეტის ან ჩვიდმეტის. გაუმართლა კლაოსს, რომ შეხვდა თორემ მის გვამს ახლა უკვე მგლები ან ტურები დაგლეჯდნენ. როგორც იქნა აღმართი დასრულდა. მგზავრები ჩამოქვეითდნენ. მთელი ღამე ცხენზე ჯდომის შემდეგ ტრაკები დაჰბუჟებოდათ. თენდებოდა, ჰორიზონტზე მზე ამოწვერილიყო. კლაოსისა და რენის თვალწინ არაჩვეულებრივი სანახაობა გადაიშალა. რუხი, მედიდური მთები, სადაც ახლა იმყოფებოდნენ, სადღაც შორს ფერად მდელოებად ქცეულიყო. ზემოთ, მთებიდან მდინარეს აეღო სათავე, თავისუფლების წადილით კლდეებსა და ლოდებს ეჯახებოდა, ხმაურობდა, ღრიალებდა და სადღაც შორს მინდვრებში თავისუფლებას ჰპოვებდა, მდორედ და უდარდელად მიედინებოდა. ასეთი სილამაზე დიდი ხანია არ ენახა კლაოსს, მშვენიერება, რომელიც ვიღაც ან რაღაც ძალიან იდუმალმა და ამოუცნობმა შექმნა. ამ მშვენიერებას კი ადამიანის არსებობა არღვევდა, რომელიც მზის ამოსვლასთან ერთად გამოიღვიძებდა და ყველაფერს საკუთარ ბინძურ ხელს დაატყობდა. კლაოსი რელიგიისგან თავს ყოველთვის შორს იჭერდა, მაგრამ არასოდეს ესმოდა, როგორ შეიძლება შემოქმედს, რომელმაც ასეთი მშვენიერი სამყარო შექმნა, მათნაირი უბადრუკი არსებებით წაებილწა თავისივე უნაკლო შემოქმედება. როგორც ჩანს შაანის მკვიდრებს ჯერ ისევ ტკბილად ეძინათ. არავინ ჩანდა, ეს კი სოფლის დათვალიერების საშუალებას აძლევდა. რენს ანიშნა ცხენები ხეზე მიება და ჩუმად მიჰყოლოდა. როგორც თავიდანვე შენიშნა სოფელი ნამდვილად ძალიან პატარა იყო, აქა-იქ აშენებული და ფერდობებზე მიმოფანტული ხის სახლები. მოსახლეებს სახლებითან ახლოს ბაღები გაეშენებინათ, როგორც ჩანს საკვების ნაწილი სწორედ იქ მოჰყავდათ. ჩუმად და აუჩქარებლად მოძრაობდნენ, თითქმის აღარც სუნთქავდნენ. -კლაოს აქ რას ვაკეთებთ? პიეტრო აუცილებლად მოგვაგნებს,-გადაუჩურჩულა რენმა. -შაანიდან რაღაც უნდა წავიღოთ დარანიაში, დამშვიდდი,-შეუღრინა კლაოსმა. უცებ გაჩერდა და ბიჭიც ხელით გააჩერა. მოშორებით ხალხი შენიშნა, როგორც ჩანს მთელს შაანს გაეღვიძა და ერთ ადგილას შეკრებილიყვნენ. რაღაც ცუდი ხდებოდა. -რენ, ყურადღებით იყავი და გვერდიდან არ მომშორდე,-კლაოსმა ხმლის ვადა ჩაბღუჯა. -კარგი,-დაიჩურჩულა რენმა. ბრბოს ჩუმად მიუახლოვდნენ. უკვე გათენებულიყო, შეუმჩნევლად ყოფნას დიდხანს ვეღარ შეძლებდნენ. -ეს წმინდა მიწაა,-ერთ-ერთი მოსახლე მკაცრი, მაგრამ აღელვებული ხმით ვიღაცას აფრთხილებდა,-შაანში თქვენი კანონები არ მოქმედებეს. -შემოქმედის კანონები ყველასთვის ერთია, ისინი ყველგან მოქმედებს ვიალენიდან ნაზრიამდე, ახლა კი გამეცალე სანამ მახვილი შენი უბადრუკი სისხლით შემიბღალავს,-მეორე გაწონასწორებულად საუბრობდა, მის ხმაში სიამაყე, მედიდურება და თავდაჯერებულობა იკითხებოდა. კლაოსმა თვალები დაძაბა, როგორც იქნა დაინახა, აზარმაც დალახვროს, უმაღლესი ორდენის მსაჯულები. მსაჯულის ხმა ძლიერ ეცნობოდა მაგრამ ვერ გაეხსენებინა საიდან, ჩაფიქრდა. -კლაოს! საკუთარი სახელის გაგონებამ ფიქრებიდან გამოარკვია,-რა გინდა რენ? -უკან მოიხედე. მობრუნებულ კლაოსს „მშვენიერი“ სანახაობა დახვდა, კიდევ ორი თეთრი ბუ მათ უკან იმყოფებოდა, ხმლები მოემარჯვებინათ. წინააღმდეგობის შემთხვევაში მასაც და რენსაც თვალის დაუხამხამებლად აკუწავდნენ. კლაოსმა თვალები დახუჭა და თავი გააქნია, მგონი მართლა დაბერდა, როგორ ვერ გაიგო მათი მოახლოვება? პატარა ბავშვივით გამოიჭირეს. -მსაჯულებო,-კლაოსმა გაიღიმა, ფეხზე წამოდგა და ხალხისკენ დაიძრა, ბიჭი და მსაჯულები უკან მიჰყვნენ. ბრბო არ მშვიდდებოდა, ორდენის წევრებს გავლის უფლებას არ აძლევდნენ. -ერთი სიტყვაც და ენას ამოგგლეჯ,-იმუქრებოდა ნაცნობი ხმა, სოფლის მოსახლეს ფერი გადაუვიდა და უკან დაიხია. კლაოსმა მსაჯულის სახის გარჩევა შეძლო, ამის დედაც, მაინც და მაინც ამ ნაბიჭვარს უნდა გადაჰყროდა? რაამენ ორანელი, პირველი მსაჯულის მარჯვენა ხელი და ყველაზე დიდი ნაბიჭვარი ვისაც კლაოსი შეხვედრია. რაამენმაც ადვილად იცნო მისკენ მიმავალი,-ჰა ჰა, დურეი არ მეგონა შაანში მოსვლას თუ მოგასწრებდი, როგრც ვხედავ უნარები დაგიკარგავს, დასანანია. -შენ კი მეგობრების შეძენა ძველებურად კარგად გამოგდის,-კლაოსმა ბრბოსკენ გაიხედა. -კარგი შენიშვნაა,-გაიღიმა რაამენმა,-ეს ლეკვი საიდან მოათრიე? კლაოსმა ბიჭისკენ გაიხედა,-შენი საქმე არაა? -ფრთხილად, დურეი, არ დაგავიწყდეს ვის ელაპარაკები. -აზარმაც დაგწყევლოს რაამენ,-დაიყვირა კლაოსმა, ნელ-ნელა წყობილებიდან გამოდიოდა,-აქ რას აკეთებ? -იგივეს, რასაც შენ დურეი. ბრძანებას ვასრულებ, ზარდახშა დარგონისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩემი ვალია მის ხელში არ აღმოჩნდეს. -ვის ბრძანებას ასრულებ? -ორჰალდი. -ჯანდაბაშიც წასულხართ, შენც და ორჰალდიც. წინამძღვარი ჩარადეის ბრძანებით ზარდახშა დარგონს უნდა დავუბრუნო. -კლაოს, როდის აქეთ დაიწყე ციტადელის ბრძანებების შესრულება? -რაამენ ორივეს ჩამოგვახრჩობენ. -ერთ-ერთს აუცილებლად, კლაოს,-მის სიტყვებში მუქარის ნოტებმა გაიჟღერა,-მაგრამ სანამ ზარდახშის ბედი გადაგვიწყვეტია, ხომ არ აჯობებს ჯერ ვიპოვოთ. კლაოსმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, დაე იყოს რაც ინქება. -გამომყევი, წინასწარმეტყველი ყველაფერს გვეტყვის. ლეკვი აქ დატოვე. -ფეხი არ მოიცვალო რენ,-გააფრთხილა კლაოსმა. რამეენს წინ ისევ ბრბოს მეთაური გადაეღობა,-წინასწარმეტყველთან ვერ აგიშვებთ!-ხმა აუკანკალდა. მსაჯულმა გაიცინა,-ამას დამიხედეთ,-და ხმლის ვადა სახეში შემოსცხო,-შემდეგ ჯერზე თავს გაგაგდებინებ. კლაოსი დაიძაბა, საბრძოლველად მოემზადა, მაგრამ ბრბო არ განძრეულა. მართალია ორდენის ოქროს დღეები დიდი ხნის ჩავლილი იყო, მაგრამ მათი მაინც ძლიერ ეშინოდათ. -არავინ ამოუშვათ,-დაიღრიალა რაამენმა და მასთან მყოფი ოთხივე მსაჯული კიბის საფეხურებთან ჩამწკრივდა. კიბე კლდეში გამოეკვეთათ, საოცარი ნამუშევარი იყო. როგორც კლაოსს სმენოდა დიდი ხნის წინ ორასამდე საფეხური გამოეჭრათ, სულ ზემოთ მწვერვალზე კი წინასწარმეტყველი დასახლებულიყო. მისგან პასუხების მიღება ყველას შეეძლო, შინაარსის გაგება კი მხოლოდ რჩეულებს. -რას იტყვი დურეი, ვითომ მართლა ორასი საფეხურია? -რა გითხრა რაამენ, ეგ შენ გასიებულ ტრაკს უნდა ადარდებდეს. -შეიძლება უნარები დაკარგე, მაგრამ მწარე ენა ისევ დაგრჩენია, ხმალსაც ისევ ასე კარგად თუ ფლობ იქნებ რამეშიც გამოდგე. -ზარდახშას, რომ ვიპოვით მერე რა იქნება? -ერთ-ერთი მოკვდება კლაოს. ან მე მოგკლავ და ბრძანებას შევასრულებ, ან შენ მომკლავ და მსაჯულის მკვლელობისთვის ჩამოგახრჩობენ. -ესეიგი ორივე შემთხვევაში ვკვდები? -აუცილებლად. -მაშინ, მეორე ვარიანტს ავირჩევ. ჩამოხრჩობამდე შენი სასიკვდილო ფართხალით მაინც დავტკბები. რაამენს გაეცინა,-კარგი, ტრაბახს მორჩი, ცოტა ხანში ყველაფერი გაირკვევა. ბოლო საფეხურამდე ხმა აღარ ამოუღიათ, ორივე გაწითლებულიყო და ოფლს იწმენდდა. აი ისიც მწვერვალი. ერთდროულად ათი ადამიანიც კი ვერ დაეტეოდა. ზემოთ კი უკვე ორი უცდიდათ. ერთი მაღალი და გამხდარი იყო, ტანს შავი მოსასხამი უფარავდა, სადღაც შორს, ჰორიზონტს გაჰყურებდა. ხედი მართლაც, რომ საოცარი იყო, მაგრამ უფსკრულთან ასე ახლოს დგომა დიდ გამბედაობას მოითხოვდა, ერთი არასწორი ნაბიჯი და .... მეორე დაბალი, დაჩაჩანაკებული, დანაოჭებული. კისერზე ქათმის ან ყვავის ფეხების ყელსაბამი ჩამოეკიდა, კიბეებზე ახლად აბობღებულებს გაყინული, თეთრი თვალები მიანათა. -ვითომ ერთი ცდით ვერ გამოვიცნობ რომელია წინასწარმეტყველი?-გადაუჩურჩულა რაამენმა. კლაოსს მისთვის არ ეცალა, შავმოსასხამიანთან ახლოს, სამსხვერპლო დაედგათ, სამსხვერპლოზე კი პატარა ზარდახშა მოჩანდა. ნუთუ ყველაფერი ასე მარტივადაა, შეუძებელია. ასეთი სიმარტივე ყოველთვის ცუდის მომასწავებელია. კლაოსი სიტუაციას აფასებდა გასაქცევი არსად იყო. მხოლოდ სამი ვარიანტი: კიბე, უფსკრული ან ადგილზე სიკვდილი. -ციკლი დასრულდა - დაიყვირა წინასწარმეტყველმა, კლაოსი და რაამენი მოულოდნელობისგან შეხტნენ, - კიდევ ერთი წრე იკვრება, - ალქაჯი კლაოსს თვალს არ აცილებდა, თუ ხედავდა საერთოდ რამეს, - გოგონა, მას ძალუძს ჩვენი გადარჩენაც და განადგურებაც, სწორი გზა უნდა უჩვენოთ, - წინასწარმეტყველის თეთრ თვალებს ფერი ეცვალა, გაწითლებულიყო, - როდესაც მზე გათეთრდება, მთვარე წითლად შეიღებება. მგელი, ბუ და გველი ერთურთს შეეჭიდება, ყველგან სამუდამო სიბნელე დაისადგურებს. კლაოსი და რაამენი თითქმის პირდაღებულები უსმენდნენ, თვალებისთვის ვერ დაეჯერებინათ. ნანახისგან გაოცებულებმა, ვერც კი შენიშნეს, რომ შავმოსასხამიანი მათკენ შემობრუნებულიყო და საბრძოლველად იარაღი მოემარჯვებინა. ნეიზი ნაზრიელი, იმპერიის უმშვენიერესი ქმნილება, რიდან დარგონის ქალიშვილი და სასიკვდილო იარაღი. არც ისეთი მშვენიერი ყოფილა როგორც მელექსეები აღწერდნენ, მაგრამ ეშხს მაინც ვერ დაუკარგავდი. სუსტი სახე, პატარა პირი, ოდნავ აპრეხილი ცხვირი, ზურმუხტისფერი თვალები, ქარში მოფრიალე ოქროსფერი თმა, ეს ყველაფერი საიმპერატორო კარის სამოსთან ერთად ნებისმიერს გაასულელებდა, ამ ქალს ნებისმიერი კაცის ოცნებად აქცევდა. მაგრამ ახლა თავისი ნამდვილი სახე წარმოეჩინა, მარჯვენა ხელში ხმლითა და მარცხენაში ხანჯალით შეიარაღებული. თვალები სისხლის წყურვილით ანთებულიყო. ზარდახშა რაამენსაც შეემჩნია, ორივემ ხმლები იმარჯვა, მგონი არც ისეთი ადვილი იქნებოდა როგორც ფიქრობდნენ. პირველი ნაბიჯი რაამენმა გადადგა. გოგონა მოულოდნელად მოსწყდა ადგილს და მსაჯულისკენ გამოექანა. ნაზრიელის ხმალს რაამენის მახვილი შეეგება, ხანჯალს კი სახე. მსაჯულმა ბოლო წამს მოასწრო თავის გვერდზე გაწევა, მაგრამ მისი ყურის ნაწილი ჰაერში გაფრინდა. მსაჯულის ყვირილი მთებიდან ექოდ დაბრუნდა. სანამ რაამენი გონს მოვიდოდა, გოგონას ხმალმა კლაოსის სახესთან არასასიამოვნო სიახლოვეს ჩაიქროლა. თავისდროზე უკან რომ არ გამხტარიყო, სავარაუდოდ მისი ცხვირიც სადმე გაფრინდებოდა. კლაოსმა მომხდარის გააზრებაც ვერ მოასწრო, მისკენ ხმალი კიდევ გამოექანა, მოიგერია, კიდევ გამოექანა, ისევ მოიგერია, ახლა ხანჯალი, ხელში ტკივილი იგრძნო, თვალი ჭრილობისკენ გაექცა. მოულოდნელად წიხლიც უთავაზეს. კლაოსი ზურგზე დაეცა. -შე პატარა ბოზო....-ნეიზისკენ ყვირილით მსაჯული გამოექანა, მახვილი მთელი ძალით მოიქნია. გოგონა მოქნილი მოძრაობით თვალის დახამხამებაში რაამენის ზურგსუკან აღმოჩნდა. ხანჯალი გვერდში გაუყარა,-ააა,-მსაჯული ჩაიმუხლა, ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ ნაზრიელმა ხმლის ვადა თავში უთავაზა და კლდეზე მიაგდო. კლაოსი ფეხზე წამომდგარიყო და შემდეგი რაუნდისთვის ემზადებოდა. გოგონა მისკენ დინჯად დაიძრა. წინასწარმეტყველი კლდის პირას დამდგარიყო, ზარდახშა გაეხსნა და მის შიგთავს, ქვიშას, გამაყრუებლად მოღრიალე მდინარეში ყრიდა, თან შელოცვას ბუტბუტებდა. ნეიზი და კლაოსი წრეზე მოძრაობდნენ, თითქოს გოგონა რაღაცას ელოდა, თავდასხმაზე აღარ გადადიოდა. აი კიდევ ერთი დარტყმა, ახლა მეორე. -აქ არიან! დახოცეს, ყველანი დახოცეს,-მოულოდნელად კიბეებიდან რენი ამოვარდა,-კლაოს, აქ არიან, - რენმა ბოლო საფეხურს ფეხი წამოჰკრა და ძირს გაიშხლართა, იმავე წამს არსაიდან შუბი გამოფრინდა, ბიჭს თავზე გადაუფრინა და კლდის პირას მდგარ წინასწარმეტყველს ზარდახშასთან ერთად მდინარეში გადაუძახა. ნაზრიელს ყურადღება გაეფანტა, კლაოსმა ამით ისარგებლა, მაგრამ გოგონა უფრო სწრაფი აღმოჩნდა. როგორც ჩანდა, წინასწარმეტყველის სიკვდილმა თამაშის ხასიათი დაუკარგა, ხანჯალი მისი სისწრაფით განცვიფრებულ კლაოსს მხარში ჩაარჭო, მახვილი კი მის ყელთან შეაჩერა. კლაოსმა იარაღი დააგდო, სხვა გზა არც ჰქონდა. რენი მისკენ გაექანა, ნაზრიელს თვალს ვერ აცილებდა. როგორც იქნა კიბეებიდან შუბის მტყორცნელიც გამოჩნდა. მომღიმარი, სიხსლისგან წითლად შეღებილი სახე, მოუსვენრად მოცქირალი კუპრივით შავი თვალები. მთელი მისი დიდებულებით პიეტრო ვიალენელი მოაბიჯებდა. ღიმილი მის სახეზე უფრო და უფრო მატულობდა. -მილედი,-პატივისცემის ნიშნად თავი დაუკრა,-თქვენი ბრძანებისამებრ მთელი შაანი მკვდარია. -იდიოტი ხარ პიეტრო, - ნეიზი აუღელვებლად საუბრობდა, - თითქმის ყველაფერი ჩაშალე. -პატიება მომითხოვია, ჩემო ქალბატონო,-უცბად თვალში კლაოსი და რენი მოხვდნენ, სახეზე კმაყოფილება გადაეფინა-ბოდიშს მოგახსენებთ, მაგრამ საქმის შუა გზაზე გაჩერება არ მიყვარს,-მათკენ დაიძრა. -მსაჯული გაკოჭეთ,-ნეიზიმ პიეტროს ხალხს ძირს უგონოდ გაშხლართულ რაამენზე მიუთითა. პიეტრო რენისკენ მიიწევდა, ხელში ხანჯალი მოემარჯვებინა. -ხმალი რა უყავი?-გადაუჩურჩულა კლაოსმა. -კიბეებზე რომ მოვრბოდი დამივარდა, დაგვხოცავს. -ვიცი,-მხარი საშინლად სტკიოდა. სამი ვარიანტი დარჩენოდა: კიბეები? არ გამოვა, აქ სიკვდილი? დიდად არ ჰქონდა სურვილი, უფსკრული? სანამ მდინარემდე მიაღწევენ მანამდე გააფრთხობენ სულს, ალბათ. -ბიჭო, ცურვა იცი? -კი, რატო მეკი....-რენმა კლაოსის მზერას თვალი გააყოლა. -დავიხოცებით. -შეიძლება. -კლაოს! უნდა გადავხტეთ!-ამოიხვნეშა რენმა თვალის დახამხამებაში ფეხებს ქვეშ მიწა გამოეცალათ. სახეზე, ჰაერის შეჯახებას გრძნობდა. გრძნობდა, ესეიგი ცოცხალი იყო. 4. მზე კანს უწვავდა. საშინლად უწვავდა. არასოდეს ჰყვარებია, არც მზე, არც ზაფხული. სწორედ ამიტომ ნაზრიაშიც, ჩრდილოეთში, ზამთრის სასახლე აირჩია. თოლიების კივილი, გულს უწუხებდა, ეზიზღებოდა, ყველაფერი ეზიზღებოდა რაც დარანიასა და კონტინენტ ვალანდარს უკავშირდებოდა. საბედნიეროდ ახლა გემბანზე იდგა და სამშობლოში ბრუნდებოდა. რიდანმა იგრძნო, უკნიდან ვიღაც უახლოვდებოდა. მაგრამ არაფრის ეშინოდა მისი ხალხი ასე ახლოს უცხოს არ მიუშვებდა, ნაზრიელები კი ვალანდარელებისგან განსხვავებით ერთგულები იყვნენ -თქვენო უმაღლესობავ,-გოგონას ნაცნობი წკრიალა ხმა გაისმა. რიდანს გაეღიმა და შემობრუნდა. ნეიზიმ დაიჩოქა,- წამოდექი შვილო,- მხარზე ხელი დაადო,-მომახსენე. გოგონა ფეხზე წამოდგა,-რიტუალი დასრულდა, წინასწარმეტყველი მკვდარია. -მშვენიერია. კლაოსი და ბიჭი? -შეხვდნენ ერთმანეთს. კლდიდან გადახტნენ, შაანის კლდიდან, ზუსტად ისე როგორც მეშვიდემ გვითხრა,-ნეიზის ხმაში ცოტაოდენი გაოცება ისმოდა, სულ ცოტაოდენი მაგრამ მაინც,- ამას როგორ აკეთებს? -ძალიან კარგი. ეს ბიჭი კლაოსის დახმარებით ბევრს მიაღწევს,-ნეიზის კითხვაზე არ უპასუხა,- ორდენის მსაჯულს რა უყავი? -გემის დილეგშია,-მიუგო ნეიზიმ. რიდანმა კმაყოფილების ნიშნად თავი დაუქნია. -და კიდევ, -დაიწყო გოგონამ, -თაანორიდან და პერსათიდან ბუები მოფრინდნენ,-ცოტახანს შეყოვნდა, - პირველყოფილმა ცეცხლმა გამოიღვიძა. რიდანს არაფერი უთქვამს, უბრალოდ გაიღიმა. ნეიზი უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდა. რიდან ნაზრიელი იღიმოდა, გულწრფელად იღიმოდა, ვალანდარისთვის კი ეს კარგს არაფერს მოასწავებდა. -კაპიტანო ჰარენ!-დაიყვირა რიდანმა,-ზამთრის სასახლისკენ. -არის, ზამთრის სასახლისკენ, თქვენო უმაღლესობავ. **** -რას იტყვით, ექიმო ერსთონ? -ახალს ვერაფერს, ობიექტი სრულიად ჯანმრთელია. მისი დაავადება განკურნილია, ხოლო ახალი დაავადების ვერავითარ კვალს ვერ მივაგენი. -სად ვარ? - კეის თავი საშინლად სტკიოდა, სადააცა კედელზე მიხეთქებული გოგრასავით გაუსკდებოდა. პალატაში სინათლე თითქმის არ იყო. ორი ფიგურა მის შესახებ საუბრობდა. სიბნელეში მხოლოდ მათ სილუეტებს ხედავდა. კაცის ხმა ადვილად იცნო ექიმი ერსთონი, დილასაც მას ჩააბარა ანალიზები, მაგრამ ქალი, მისი ხმა ადრე არასოდეს გაუგონია, თუ გაუგონია, ეცნობოდა, მაგრამ არ ახსოვდა. ორივე მისკენ შემობრუნდა,-ექიმო დაგვტოვეთ. -რა თქმა უნდა, ქალბატონო,-ერსთონი პალატიდან უკანმოუხედავად გავიდა. -ვინ ხარ? -ის ვისთან შეხვედრასაც ამდენი ხანი ითხოვდი. -ვერ მივხვდი. -მალე მიხვდები ნიკოლაოს, მალე ყველაფერს მიხვდები,-ქალი როგორც ჩანს ჩაფიქრდა,-ძალიან საინტერესო პიროვნება ხარ, მეტად უჩვეულო შესაძლებლობებით. -აღარ ამოღერღავ ვინ ჯანდაბა ხარ?-დაღლილობამ შემოუტია, თავი ისევ უფეთქავდა. -შევხვედრილვართ, ძალიან ადრე, უფრო სწორად, როგორც წერ, შენს სიზმრებში გინახივარ,-ქალი წინ წამოიწია, სახე სინათლემ გაუნათა. მის დანახვაზე ნიკოლაოსს თავზარი დაეცა. როგორ? შეუძლებელია, ეს ხომ მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. მაგრამ მის წინ ქალი ცოცხლად იდგა. ის იყო, ის და სხვა არავინ. მის წინ ეირინი იდგა.“In Nobis Veritas” – IV -ეს ბაღები ღამითაც მშვენიერია, არ მეთანხმები ნიკოლაოს? კეიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. კომპლექსის ბაღები ასეთ დროსაც კი საოცარი სანახავი იყო, მაგრამ პაციენტებს ღამით სეირნობა ეკრძალებოდათ. -როგორც მახსოვს ამ მშვენიერების ნახვა სტუმრებს აკრძალული გვაქვს,-კეიმ ქალს შეხედა. -სულ დამავიწყდა,-ეირინის სახეზე ღიმილმა გაირბინა,-მაგრამ თქვენთვისვე ასე აჯობებს, ელიქსის გამო ორგანიზმს დასვენება სჭირდება,-ეირინი შეჩერდა, მცველებსაც ხელით ანიშნა შორიახლოს გაჩერებულიყვნენ. კეის ყურადღება მთვარეებმა მიიქცია. ცაზე ულამაზესი სანახაობა იშლებოდა, ორივე თანამგზავრი მთელი მედიდურებით დასცქეროდა, ერთი შედარებით პატარა, მეორე მოზრდილი, ამის დედაც რამდენი ხანია ღამის ცა აღარ უნახავს. აღარც ახსოვდა რა მშვენიერი ყოფილა. ბავშვობაში მამასთან ერთად ლაშქრობები გაახსენდა. კოცონი, კარავი, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. მამა თანავარსკვლავედებს ასწავლიდა, აი ხარის თანავარსკვლავედი, კიდევ კუ თუ არ ეშლება. დიდი დრო გასულიყო. შემდეგ სახლიდან გაიქცა, ღრმად ამოისუნთქა, რატომ? რას ფიქრობდა საერთოდ?.... ეს წყეული დაავადებაც დაბარებულივით გამოჩნდა და ახლა არც იცოდა სად, ტყვეობაში ჰყავდათ და ცდების ობიექტი გამხდარიყო. -დაჯექი, ნიკოლაოს,-ეირინმა მდუმარება დაარღვია, ბალახზე დამჯდარიყო,-დაჯექი, არ ვიკბინები. კეი ეირინისკენ შებრუნდა. არადა რა კარგი იყო, კიდევ ცოტა ხანიც, სულ ცოტა ხანი მაინც ხომ შეეძლო ხმა არ ამოეღო. ქალის ხმა და სახე სიმშვიდეს ასხივებდა. ერთ კვირაზე მეტი უნდა გასულიყო, რაც პალატაში შეხვდნენ. ამის შემდეგ ყოველ დღე ნახულობდა, მის ანალიზებს ამოწმებდა, სიზმრებზე უამრავ კითხვას უსვამდა. ეირინი ნიკოლაოსით ძლიერ დაინტერესუბილიყო, მაგრამ რატომ? არ ენდობოდა. თან ეს სიზმრებიც, თუ ეირინი რეალურია, მაშინ დანარჩენებიც.... არ იცოდა რა ეფიქრა, იქნებ გაგიჟდა კიდეც და ყველაფერი ელანდებოდა. ეირინი დაჟინებით უყურებდა, აღარაფერი უთქვამს. კეი მის გვერდით ჩამოჯდა. ორი მთვარის მიუხედავად ბაღში მაინც ბნელოდა. შავ თმას ქალის სახე ნახევრად დაეფარა, სადღაც შორს იყურებოდა. -ნიკოლაოს, როგორც ჩვენი შეხვედრის დღიდან გეუბნები, ის რასაც ხედავ ძალიან მნიშვნელოვანია, შენთვისაც, ჩემთვისაც და ნებისმიერი სულიერისთვისაც. შეიძლება ახლა ვერ ხვდები, მაგრამ აუცილებლად მიხვდები, მთავარია მაშინ უკვე გვიანი არ იყოს. -რას ვხედავ? ამიხსენი, როგორ შეიძლება ადამიანი ჯერ სიზმარში ვნახო და რამდენიმე თვის შემდეგ გავიცნო?-კეიმ ხმას მოუმატა, მცველები მათკენ დაიძრნენ, მაგრამ ეირინმა ანიშნა მოეცადათ,- ვინ ხარ? ან ჩვენგან, აქ მყოფებისგან რა გინდა? -დამშვიდდი, შენი მტერი არ ვარ,-ეირინი სიმშვიდის განსახიერებად ქცეულიყო,-აქ შენს დასახმარებლად ვარ. -ისევე როგორც კლაოსს დაეხმარე? დანით გულში,-კეიმ თვალებში შეხედა. -კლაოსი,-ეირინს გაეღიმა,-კიდევ დიდი ხანი იყო ჩემზე ნაწყენი, ვერც წარმოიდგენ რამდენი დრო გავიდა. -ესეიგი სიმართლეა,-კეიმ განცვიფრებისგან პირი დააღო,-ის რაც ვნახე სიმართლეა, კლაოსი, ძაღლი, ანა.... ეირინმა მკლავზე ხელი მოუჭირა, ბევრად ძლიერი ყოფილა ვიდრე გამოიყურებოდა,-მისი სახელი კომპლექსში აღარ ახსენო, ვინც არ უნდა მოგთხოვოს, ნახავ თუ არა სიზმრებში, არსად დაწერო, გესმის?-ხელი კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა. კეიმ თავი დაუქნია. -ნიკოლაოს, სტუმრებთან შეხვედრა სასტიკად გვეკრძალება. როგორც გითხარი, ძლიერ უცნაური შესაძლებლობები გაგაჩნია და მათი გაკონტროლება უნდა ისწავლო. -კი მაგრამ როგორ? -სიზმრებს რამდენად ხშირად ხედავ? კეი ჩაფიქრდა,-შეძლება რამდენიმე დღე გავიდეს და არაფერი ვნახო, შეიძლება ყოველდღე. -დღეში რამდენჯერმე გინახავს? -არა,-უარყოფის ნიშნად კეიმ თავი გააქნია. -ძალიან კარგი, ყოველ შემთხვევაში არ დაგვიგვიანია. ახლა კარგად მომისმინე, ელიქსი აუცილებლად ყოველდღე მიიღე, შენს ორგანიზმს ძალას შეჰმატებს და კიდევ, სიზმრების ნახვას წინ ნიშნები უძღვის, ეს ნიშნები უნდა ამოიცნო. -სიზმრებზე უფრო მეტი იცი ვიდრე მეუბნები,-კლაოსს გააჟრჟოლა, ცოტა აცივდა. -კი, ვიცნობდი კიდევ ერთ მონადირეს...,-ეირინმა ტუჩზე იკბინა, იმაზე მეტი თქვა ვიდრე საჭირო იყო. -მონადირეს?-კეის ისევ გააჟრჟოლა, ძალიან აციებულიყო. ქალმა არაფერი უპასუხა. უცბათ, მოშორებით რაღაცამ გაირბინა. კეი ფეხზე წამოხტა,-დაინახე? -რა?-ეირინი უკან მიჰყვა,-ნიკოლაოს, რა დაინახე? ცხოველმა ახლა უფრო ახლოს გაირბინა, გაჩერდა. კეის წინ უზარმაზარი თეთრი მგელი შეჩერებულიყო და მას უყურებდა,-ვერ ხედავ?-ეირინისკენ გაიხედა. ქალი გაკვირვებული იყურებოდა, როგორც ჩანს ვერაფერი დაენახა, დაცვა მათკენ დაძრულიყო. მობრუნებულ კეის მგელი აღარ დახვდა, ნუთუ მოეჩვენა? კლაოსი მთელი სხეულით კანკალებდა, ძალიან ციოდა. უეცრად სახეზე კიდევ უფრო ძლიერი სიცივე იგრძნო, შემდეგ მწველი სიმხურვალე. შეუძლებელია, თოვდა, შუა ზაფხულში თოვდა. ფანტელები სახეზე ეცემოდნენ, კანთან შეხებისთანავე კი ისევ სადღაც უჩინარდებოდნენ, თავიანთი ცხოვრების პატარა ციკლს ასრულებდნენ. -თოვს,-გაეცინა კეის. -შეუძლებელია,-ეირინი დაჟინებით აკვირდებოდა. სისუსტე იგრძნო, ფეხები სხეულს ვეღარ იკავებდა. ბალახზე ჩამოჯდა. არა დაჯდომა არ იყო, დაეხეთქა. ღამით არ ჩანდა, მაგრამ სულ გაფითრებულიყო. ეირინმა სასწრაფოდ კეის გვერდით ჩაიმუხლა,-როგორ ხარ?-ხელი სახეზე მიადო,-გაყინული ხარ. რა დაინახე? კეიმ ძალა მოიკრიბა,-მგელი, ბაღში ... უზარმაზარი თეთრი მგელი... -დაიწყო. ნიკოლაოს ეს სიზმარია, მხოლოდ სიზმარი, ჩემს ხმას უსმინე. რას ხედავ? ეირინმა მცველებს უბრძანა, შემოსასვლელებისთვის ედარაჯათ და ბაღში არავინ შემოეშვათ. -თოვს, ყველგან თოვლია. -რამე ნაგებობას ან ვინმეს ხედავ? -არაფერი ჩანს... მაღლა, მთა...ზე,-საუბარი უჭირდა,-პირამიდა. -ადარანსეს პირამიდა,-ეირინს სახეზე ღიმილმა გადაურბინა.