ეს არ ჰგავს დასასრულს
ეს არ ჰგავს დასასრულს
ეს არ ჰგავს დასასრულს1 პანდემია მძვინვარებს... ასეთი პანდემია თითო საუკუნეში თითოა. მე მომიწია ძალიან მდუღარე და სიცოცხლით სავსე წლებში ამ ყველაფრის გადატანა და ამდენი სიკვდილისაგან გამოწვეული სტრესის გადა, უძრაობის სტრესიც მტანჯავდა. მაშინ ყველას გვეგონა, რომ ზუსტად ეს პერიოდი იყო პანდემიის პიკი, როცა სახლებში ვიყავით გამოკეტილები, გადაჭარბების გარეშე... ,,სრული ჩაკეტვიდან'' ,,ნაწილობრივზე'' ახალი გადასულები ვიყავით. გარეთ მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე ხალხი მოძრაობდა, ვისაც არსებობისთვის აუცილებელი საქმე ჰქონდა საკეთებელი და მე მათ შორის არ ვიყავი. ყოველ დღე ველოდებოდი ამის დასრულებას. დღეები კვირებად იქცეოდა, კვირები- თვეებად და მაშინ ჯერ კიდევ არ ვიდოდით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და ,,კორონა ვირუსი'' მთელი თავისი შტამების მრავალფეროვნებით, სრულ სამ წელს წაგვართმევდა. პერიოდი: არაფრის მომტანი, უმოძრაო, უხალისო, დაძაბული, ერთფეროვანი, ჩაკეტილი და სიკვდილით სავსე იყო. სამყაროსთან კომუნიკაციას მხოლოდ ფანჯრებიდან ან ეკრანებს მიღმა ვამყარებდით. ამას ვერ ვეგუებოდი და მუდმივად პროტესტის და ბრაზის გრძნობა მახრჩობდა. პანიკაში არცერთი წუთით ვყოფილვარ და რაც არუნდა სულელურად ჟღერდეს, მსგავსი რადიკალური წომები საწყისი მოცემულობიდანვე სისულელედ მიმაჩნდა. გაჩერებული სამყარო კატასტროფაა! ჩემს ოთახში ვიჯექი და კომპიუტერის ეკრანს უაზროდ და უმიზნოდ ვუყურებდი. დრო არ გადიოდა და რომც გასულიყო, აზრი არ ჰქონდა. ყველა წუთი და საათი ერთმანეთს ჰგავდა და არავინ იცოდა - ეს როდემდე გაგრძელდებოდა. გარეთ მინდოდა... ადამიანები ხომ მაშინ ვგრძნობთ ფასეულის ფასს, როცა მას ვკარგავთ და მიუხედავად იმისა, რომ შუა ზამთარი იყო, წესით რომ უნდა გამხარებოდა სახლიდან გაუსვლელობა, მაინც მეონა რომ, უფლება რომ მქონოდა, თუნდაც ყინვაში, ფეხით შევძლებდი სამყაროს მოვლას. ამასობაში, მაქსიმუმ მთელი სახლის შემოვლა შემეძლო ფეხით და ეს ნამდვილად არ მართობდა. სამუშაო მქონდა. ტერმინი ,,დისტანციური'' ჩვენი იმდროინდელი რეალობის განუყოფელი ნაწილი გახდა და მეც დისტანციურად ვასრულებდი ჩემს სამსახურეობრივ ვალდებულებებს. თავს ძალას ვატანდი,რომ საქმე მეკეთებინა, მაგრამ აშკარად ვერ ვერეოდი. ათასჯერ მაინც ავიღე და გადავდე ტელეფონი. უკვე მერამდენე ჭიქა ყავა გავიკეთე და ისევ ტელეფონს გადავწვდი. მაშინ მთელი სამყაროსთვის მთელი სამყარო ამ ერთიციდა ეკრანს მიღმა იყო. სიხლეების ძირითად თემა პანდემიაა: სიკვდილიანობის სტატისტიკა, ახალი შტამი, ახალი რეგულაციები, ვარაუდები, ვაქცინის არქონით გამოწვეული შეშფოთება და ცალკეული ჯგუფები, რომლებიც მოცემულ ვითარებაშიც კი არ კარგავდნენ ხუმრობის ხალისს. მე ძირითადად ასეთ სიახლეებს ვეცნობოდი. სხვა დანარჩენი ზედმეტად დრამატიზებული და გადაჭარბებული მეჩვენებოდა... შესვენება მოვიწყე, თითქოს დილიდან თავი მოვიკალი მუშაობით. არადა ძალიან შრომისმოყვარე ვარ და ცალკე კიდევ ეს საკითხი მანერვიულებდა. ჩემს პასუხისმგებლობებს ვერ ვამართლებდი და თავს ვერ ვაიძულებდი - მემუშავა, მაგრამ ამ ნერვიულობამაც დამღალა და გადავწყვიტე შემესვენა... ჭიქა კომპიუტერთან მივიდგი, ტელეფონს გადავწვდი და გორგოლაჭებიან სკამზე გადავწექი. სიახლეების ზოლზე უაზრო ,,პოსტი'' შემხვდა, უაზრო გვერდზე, უაზრო ბიჭისგან, რომელმაც ,,უსაქმურობის ჟამს'' გადაწყვიტა საზოგადოებისთვის გულის გადაშლა და საკუთარი წარუმატებელი სასიყვარულო ისტორიის მოყოლა, სადაც ქალს- როგორც საგანს, ისე მოიხსენიებდა. ამ პათოსმა გამაღიზიანა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრი არავის აინტერესებდა, ჩემი აზრი კომენტარის სახით მაინც დავაფიქსირე, თუმცა ეს მე მეგონა,რომ არავის აინტერესებდა... კომენტარიდან გამოდენიმე წუთში უცხო ადამიანისგან შეტყობინება მივიღე. ჩემს კომენტარზე გამოთქვა საკუთარი აზრი, ოღონდ პირად შეტყობინებაში. მის გვერდს გაურკვეველი სახელი ერქვა. უფრო სწორედ- ბიზნეს გვერდს ან რაღაც მსგავსს მიანიშნებდა. გახსნა შევაყოვნე. პერიოდი იყო ისეთი: ყველა მეორე ვიღაც უცხოს წერდა. ამ პერიოდში ჩვეულებრივზე მეტი უაზრო გამოვლინდა. ამიტომ შემდეგ უაზროდ მივიჩნიე და საქმეს დავუბრუნდი, მაგრამ საქმე უფრო უაზრო აღმოჩნდა და ისევ უცნობთან საუბარი ვარჩიე. საზურგეს მივეყრდენი და შეტყობინება გავხსენი: - შენც ჩემნაირი დამოკიდებულება გაქვს ,,გოგოს აგდებაზე"? - ვიფიქრე, რომ პირველივე შეტყობინებიდან თავის მოწონებას ცდილობდა ქალების პოზიციის დაცვით და ზერელე პასუხი დავუბრუნე:- მე არ ვიცი შენ რა დამოკიდებულება გაქვს... მიხსნიდა, რომ ქალზე ასეთი ლაპარაკი და მსგავსი დამოკიდებულება, მინიმუმ-სირცხვილია და ეს ჩვენს დროში კაცებს არ ესმით. მისი სქესის ძირითად ნაწილს რომ გამომყენებლური დამოკიდებულება აქვს ჩემი სქესის მიმართ, სამწუხაროდ ქალების დიდ ნაწილს ეს ნორმად მიაჩნია და მეტიც - გარკვეულ კატეგორიას ეს მოსწონს. თითქმის ყველაფერში ვეთანხმებოდი, მაგრამ რადგან მგონა, რომ ის გულწრფელი არ იყო და თავადაც ეს პოზიცია და საქციელები ექნებოდა რეალურად (დიდი ალბათობით) და ამ საუბრებით უბრალოდ შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა, ამიტომ მშრალ და მოკლე პასუხებს ვუბრუნებდი. მიუხედავად ამისა ვგრძნობდი, რომ პირველივე წუთიდან მომეწონა მასთან მიმოწერა და ვცდილობდი თავი დამემუხრუჭებინა. სულ რამოდენიმე თვის წინ დავასრულე 6 წლიანი და ძალიან სერიოზული ურთიერთობა, ცუდი შეგრძნების და საშინელი მოლოდინების გარდა, საბოლოო ჯამში არაფერი დამიტოვა. მეშვიდე თვე დაიწყო რაც მარტო ვიყავი და ჯერ ისევ იმ ჭრილობებს ვიშუშებდი. საპირისპირო სქესს მხოლოდ იმიტომ ვეკონტაქტებოდი, რომ (თუნდაც მცირედით) მხოლოდ ტკივილი მიმეყენებინა, ამით დამესაჯა ყველა ამ სქესის წარმომადგენელი და რაიმე გზით გამეყუჩებინა ის სირცხვილი და ტკივილი, რაც იმით მქონდა გამოწვეული, რომ თავის დროზე მას სათანადო პასუხი ვერ გავეცი და ისე ვერ დავსაჯე როგორც იმსახურებდა! ექვსი სრული თვე მხოლოდ აგონიიდან გამოსვლას მოვანდომე. ახლა ამ ყველაფრის ანალიზის პერიოდი მქონდა და არც ამ დროს მჭირდება ვინმე გვერდით. გარდა იმისა, რომ შიშის და ზიზღის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი კაცების მიმართ, ამ პერიოდში, ინტერესი და სურვილიც გასაოცარი სისრულით გამიქრა და რომ არა პანდემიის პერიოდი, ალბათ არავის დავეკონტაქტებოდი საუბრის დონეზეც კი. ახლა უბრალოდ დრო გამყავდა ამ გზით. შუადღე გადავიდა, სამუშაო დასასრულებელი მქონდა, არადა იმასთან საუბარმა, ვისი სახელიც კი არ მიკითხავს, ზედმეტად და ჩვეულებრივზე სასიამოვნოდ შემიყოლა. ვხვდებოდი, რომ თავი უნდა ,,გამომეხსნა", არადა - შეტყობინებებს ჩემგან განსხვავებით არ მიგვიანებდა და მისი მხრიდან მიმოწერა დინამიური იყო. აი ახლაც... ცდილობდა მორიგი თემა გაეღრმავებინა და რადგან საუბარი იქვე უნდა დამესრულებინა, კონტექსტიდან ამოგლეჯილი პასუხი მივწერე:- მუშაობაში ხელს მიშლი - უნდა ვაღიარო, რომ აქ მის შეფასებაში შევცდი. არ აღმოჩნდა ბანალური და სტანდარტული ტიპი, რომელსაც მსგავსი მესიჯი თავმოყვარეობაზე დაარტყავდა და მიმაგდებდა... მერე პაუზა იყო... დარწმუნებული ვიყავი - ამით თემა დაიხურა. ტელეფონი გადავდე და თვალი ბოლოჯერ გავაპარე. სამუშაოს მიბრუნებული არ ვიყავი, რომ ვიბრაციის ხმამ ისევ დამირღვია ყოფა და მივხვდი, რომ ველოდი. სანამ ტელეფონს გადავწვდი, იმ წამის მეასედში გონებამ იმსჯელა: ის არ იქნება, რა თქმა უნდა ასეთი შეტყობინების მერე. არ მინდოდა აღიარება რომ ველოდი და თავი დავირწმუნე, რომ სულერთია. ეკრანი ავანთე და ის იყო... სიამოვნების ღიმილმა თავი ვერ შეიკავა ჩემს ტუჩებზე:-ეხლა ვიღაც ბანალურად მოაზროვნე ბიჭი გაბრაზდებოდა ეს რომ მიწერე, მაგრამ მე მომეწონა. ვერ წარმოიდგენ რამდენად სექსუალურია - მწერ, რომ მუშაობ და ხელს გიშლი - გამეცინა და ზუსტად ეს სიცილი მიმანიშნებდა იმას, რომ მის მიმართ ინტერესი საბოლოოდ მომერია, თუმცა მასთან ეს ფაქტი კიდევ ძალიან დიდხანს არ მიღიარებია:- ხომ კარგად ხარ?- მაინც ძაან გავიჭერი, ჰო? - იცინის.-ისე, რა გქვია?- ალექსანდე, ალეკო, აკო. როგორც გაგიხარდეს და მოგეწონოს.- ოღონდ ეს არა! - თვალები დავხუჭე, იგივე სახელი რომელიც 6 წელი ,,ჩემი ბიჭის" სტატუსს ატარებდა, თუმცა ესეც არ მითქვამს მისთვის, კიდევ ძალიან დიდხანს... 2 ისევ უფერული დღეების რიგი იდგა. ისევ ერთ ოთახში მქონდა: სახლი, სამსახური, სკვერი, კაფე-ბარი, კინო. მოკლედ - დრო, როცა მთელი სამყარო ოთხ კედელშია და გარე სამყაროსთან მხოლოდ ვირტუალური კომუნიკაცია მქონდა. ვეკონტაქტებოდი მეგობრებს ისიც სულ რამოდენიმეს. უამრავი უცხო მწერდა, მაგრად მათგან მხოლოდ ერთს ვპასუხობდი. ამ გადმოსახედიდანაც არ მეჩვენება ამბიციურად თუ ვიტყვი, რომ მისგანაც იგივე მუხტი მოდიოდა. ძალიან სავსე და საინტერესო ფლირტი გვქონდა, მაგრამ რაღაც არ მასვენებდა. ჩემი ინტუიცია ხმამაღლა და გაუჩერებლად გაჰკიოდა, რომ რაღაც ისე ვერ არის და რა თქმა უნდა არ ცდებოდა! ამის გამო ხან ვერ ვიტან მას, მაგრამ ყოველთვის ვუსმენ, რადგან არასდროს მატყუებს. როგორცვე თავს დავიჭერდი, რომ შევყევი და ,,ვრბილდებოდი" მაშინვე ინტუიციის მოსმენას ვიწყებდი და ვცივდებოდი. აკოს ეს არ გამოჰპარვია. რამოდენიმე დღის შემდეგ, როცა უკვე საუბარს მიჩვეულები და ,,გახსნილები" ვიყავით, მკითხა: - ესე უცებ რა გემართება ხოლმე? - რას გულისხმობ? - არადა გადასარევად ვიცოდი, უბრალოდ პასუხის მოსაფიქრებლად დროს ვიგებდი. - უცებ ცივდები და თავდაჭერილი ხდები, არადა ამ დროს, მე რაც შეიძლება ახლოს ყოფნა და მეტი კონტაქტი მინდა. - კარგი. რადგან მკითხე, სიმართლეების დრო მოვიდა... - მზად ვარ. - რატომ მწერ ყალბი გვერდით? - არ არის ყალბი, ჩემი გვერდია, რომელსაც სამუშაოდ ვიყენებ, თორემ ისე სოც.ქსელების მომხმარებელი არ ვარ. მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ მატყუებდა და საკმაოდ გამიკვიდა. იმედი გამიცრუვდა, ამ მოკლე დროში ისეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რომ გულუბრყვილოდ მეგონა არაფერს მომატყუებდა. ერთია როცა სიმართლეს არ ამბობ, თავს არიდებ, რაღაცას ფარავ, მაგრამ მეორეა - როცა უსინდისოდ და თვალის დაუხამხამებლად იტყუები! - არ მეგონა... - რა არ გეგონა? - რომ მომატყუებდი, სხვანაირი ჩანდი, უფრო გაბედულიც და უფრო გულწრფელიც. - და რა გგონი შენ სიმართლე? - დარწმუნებული ვარ, ცოლი გყავს - სწრაფად ავკრიფე, დაუფიქრებლად გავგზავნე და მთელი ტანი დამეჭიმა პასუხის მოლოდინში. ჩემი გონება და წინათგრძნობა მკარნახობდა, რომ არ ვცდებოდი და სანამ უფრო შორს წავიდოდი, უნდა გავჩერებულიყავი. ერთადერთი - გული იყო, რომელიც იმედოვნებდა, რომ მისი მტერი გონება ცდებოდა. უფრო სწორედ - დიდი სურვილი ჰქონდა, თორემ სიმართლეს ისიც კი ცხადად გრძნობდა. როგორც წესი, თავს არცერთი ვიტყუებთ ხოლმე. - საიდან დაასკვენი? - ეს ,,კი"ს ნიშნავს და ეხლა აშკარად ის იგებდა დროს, პასუხის მოსაფიქრებლად. - ეს კითხვა არ იყო. უბრალოდ ფაქტის დადასტურებას ველოდი. - კი, ცოლი მყავს - ამ ტექსტს ღონე მიხდილი, გამოუვალი და იძულებითი პათოსი ჰქონდა. ალბათ არაფრის დიდებით აღიარებდა, მაგრამ ეს მიმოწერის დრო საკმარისი აღმოჩნდა ჩემი გამჭრიახი და ჭკვიანი ხასიათის შესამჩნევად, ამიტომ ,,ჩათრევას ჩაყოლა ჯობია" და მიუხედავათ დიდი უსურვილობისა, სიმართლის თქმა გადაწყვიტა, შემდეგი გართულებების თავიდან ასარიდებლად. ეს ის შემთხვევა იყო, როცა გადაჭარბების გარეშე, მართლა რაღაც ჩამწყდა, თუმცა მოულოდნელობისაგან არ დავბნეულვარ. რადგან არც არაფერი გამიგია მოულოდნელი... - მაშინ უნდა ვიკითხო: ჩემგან რაღა გინდა? იქნებ ცოლს მიხედო?!- აშკარა ცინიზმმა იფეთქა ჩემში და წამში დაუოკებელი აგრესია გამიჩნდა - თუმცა, ვიცი, ჰო: პატარამ მოიყვანე ცოლი, არ გიყვარს, ბავშვების გამო, თორემ... წელიწადზე მეტი იქნება მასთან სექსი არ გქონია, პასუხისმგებლობები თორემ... არ გინდა! ზეპირად ვიცი უკვე , არც პირველი უნამუსო ცოლიანი ხარ, ვინც ,,მკერავს" და ალბათ არც ბოლო, სამწუხაროდ. უბრალოდ ჯერ შენ ის არ იცი, რომ ყველა ცოლიანი ერთნაირა ,,მკიდიხართ". -კარგი, აგრესია არ არის საჭირო. ვიცი, რომ საქციელი საამაყო არ არის, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. ათ ქალს ერთად არასდროს ვხვდები. მყავდა საყვარელი სამი წელი და ახლახანს დავასრულე ურთიერთობა, რაც შეგეხება შენ: წინასწარ და გამიზნულათ არაფერი დამიგეგმავს, უბრალოდ ძალიან მომეწონე, ჭკვიანი ქალების ,,ფეტიში" მაქვს. ყველაზე სექსუალურია ჩემთვის და შენ ჭკვიანიც ხარ, ლამაზიც, სექსუალურიც და ბავშვურად საყვარელიც. ყველაზე კარგი არჩევანი ხარ! ამასთან ერთად, ჩვენი დიალოგები: ირონია, სარკაზმი, იუმორი და გადმოცემის უნარი - ყველაფერია შენში და ეს ისე მაგიჟებს... რაც შეეხება ჩემს ცოლს: გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. მიყვარს, პატივს ვცემ, მასზე პასუხისმგებელი ვარ და მის მიტოვებას არ ვაპირებ, უბრალოდ ვნება და ის ინტერესი რაც ქალის მიმართ მჭირდება - გამიქრა, სექსიც სტანდარტულად მოვალეობისთვის - თვეში ერთხელ. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, მაგრამ ვნება და ემოცია მჭირდება - თვითკმაყოფილმა ჩავიკითე ტექსტი. უნდა აღვნიშნო რომ ,,ცოლის ნაწილს" არ ველოდი და ჩემდაგასაკვირად, არც დავიბოღმე. საზიზღარი მოსასმენია კაცისგან, თუ როგორი მსხვერპლია გარემოებების და რა ტირანი ჰყავს სახლში, რომელსაც თავს ვერ აღწევს. დასაფასებელია მისგან გულწრფელობა, მაგრამ მასთან ენაწყლიანობის სურვილი დავკარგე: - ეხლა გული ამერევა! - არ გიხდება სტანდარტულობა... - ანუ, თუ ცოლიან კაცთან კონტაქტი არ მჭირდება, სტანდარტული ვარ?! მე ამას ,,თავმოყვარეობას" უფრო დავარქმევდი. - რა შუაშია თავმოყვარეობა? მე შენთან მინდა, მაინტერესებ, მინდიხარ, სექსზე მეტი ინტერესი გამიჩნდა შენს მიმართ და მგონი ეს მეტყობა, მე მაქვს ორმაგი ცხოვრება: ერთი - მეოჯახე, შვილებზე გადამკვდარი, პირადის არმქონე კაცი და მეორე რადიკალურად განსხვავებული, თავისუფალი, პირად ინტერესებზე მორგებული, სიახლეებისთვის გახსნილი. მჭირდება ჩემზე მზრუნველი და ჩემთვის ძალიან სასურველი ქალი. - და ეს შენმა ცოლმა იცის? - არა, რა თქმა უნდა და ვერც ვერასდროს გაიგებს. ზედმეტად ადრე მომივიდა ცოლის მოყვანა (ჩემი კარგი რო მოვტყან, ამის გამო) მაშინ მართლა კარგი მეგონა და ვფიქრობდი, მართლა სამუდამო იქნებოდა, მაგრამ გადამიარა. ცუდია, მაგრამ თანაცხოვრების პირველივე წლიდან ვღალატობ და ამ დრომდე არაფერი გაუგია, ვერც გაიგებს! ვიცი - რას, როდის, როგორ და რატომ ვაკეთებ.- რა სისულელეა?! ყველაზე დებილი ქალიც კი გრძნობს როცა ღალატობენ, შენი ცოლიც იგრძნობდა დიდი ალბათობით, უბრალოდ აწყობს ეს პოზიცია და თვალს ხუჭავს, შენ კიდე გჯერა, რომ არ იცის და თავი ჭკვიანი გგონია, ამდენ ხანს ასე კარგად რო მალავ. - არ იცის მეთქი და ამაში დარწმუნებული ვარ! - კარგი და ოდესმე გიკითხავს იმას რა უნდა? იქნებ არ ჭირდება მოღალატე ქმარი, ან პირიქით - იქნებ თანახმაა თვალი დახუჭოს? შენ რატომ აკეთებ მის მაგივრად არჩევანს? შენ რომ გიღალატოს, მოგეწონება?! - მე არ მიღალატებს და ამასაც არ ვკითხავ, იმიტომ რომ პასუხი ვიცი. მთელი ცხოვრება ჩემთან ყოფნა უნდა, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ბედნიერი იყოს ერთგვარად, ამ ფორმით ვაკომპენსირებ ჩემს ღალატს, მე სანიმუშო ქმარი ვარ... - რა სიმდაბლეა! მითუმეტეს, რომ ადრე თუ გვიან მაინც დაშორდებით... - არასოდეს დავშორდებით, მასზე პასუხისმგებელი ვარ! - იქნებ მისთვისაც გეკითხა, იქნებ თვითონაც შეუძლია თავის გატანა და შენნაირი საზიზღარი ქმარი არ ჭირდება? ქართული, სტანდარტული ოჯახი... აი რატომ არ გავთხოვდები არასდროს. ვიღაცას ასე რომ არ შევებრალო! - ეს შენ არ გეხება, ჩვენ როცა ერთად ვიქნებით, ჩემი ცოლიანობა შენ არ შეგეხება. ყველაზე მყარი საყრდენი გეყოლები გვერდით და იმის გამო, რომ მეორე ცხოვრებაც მაქვს, შენ არაფერი მოგაკლდება. - ჩვენ ერთად არ ვიქნებით!!! - ანუ ამთავრებ?! - მეკითხები კიდეც?! - ცხელ გულზე გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ, გთხოვ! მე არ ვარ ის კაცი, რომელიც ვინმეს ხვეწნას დაუწყებს და შენი დაკარგვა კიდე არ მინდა!!! - იმას ვერ დაკარგავ, რაც არასდროს ყოფილა შენი... - ესეიგი აქ ამთავრებ? - არა წეღან დავამთავრე, უბრალოდ ბარემ ჩემი სათქმელი გითხარი. - კარგი შენი ნებაა. აღარ გამოვჩნდები! წარმატებები... ტელეფონი გაღიზიანებულმა მოვისროლე. ჯანდაბა! რატომ მაინცდამაინც ეს პრობლემა?! რა ამაზრზენია! ვფიქრობდი, რომ ცოლიან კაცთან ყოფნა უპრინციპობის ყველაზე კარგი გამოხატულებაა და ამას არასდროს ვიზამდი. ეს სიტუაცია არაერთხელ გამომივლია, მაგრამ თავად ამ კაცებს რა სჭირთ, რატომ ინგრევენ საკუთარ ცხოვრებას ნებით და კიდევ უფრო მეტად უნგრევენ ქალებს?! სამწუხაროდ ცოლების დიდ ნაწილს ეს ნორმა ჰგონია და ზუსტად ამის გამო ბედავენ ქმრები იმას და იმდენს, რასაც ბედავენ. ცოლის თვალში ქმარი (თითქმის) ყოველთვის გარემოების მსხვერპლია, რომელიც ვიღაც ძუკნამ ,,გამოიჭირა" და ამ დროს ვერცკი წარმოიდგენენ საკუთარი ქმრები რას აღარ ჩადიან, როგორ აღარ აკნინებენ მეუღლეებს იმისთვის, რომ სასურველ ქალთან ურთიერთობა ააწყონ! ძალიან გავღიზიანდი, გავბრაზდი, გავნაწყენდი, იმედი გამიცრუვდა... ამდენი უარყოფითი ემოცია ერთად, კარგახანია არ მიგრძვნია. ,,ახლა ერთ ღერს მოვწევდი სიამოვნებით" - გავიფიქრე იმის მიუხედავად, რომ არ ვეწევი. ფანჯრიდან ნაცრისფერ დღეს გავხედე. რა უცნაურები ვართ ადამიანები. ვისთვის რა არის სადარდებელი. იმ ფანჯრის მიღმა, სადღაც, ვიღაცეები სიკვდილს ებრძოდნენ და მე ის უფრო მადარდებდა, ვინმე აკოს რომ ცოლი ჰყავს და ძალიან კარგი ფლირტი რომ დასრულდა ჩემთვის! ირონიულად გამეღიმა. შემოვბრუნდი, ლეპტოპი გამოვრთე და ზედ თავი დავადე. მუშაობის კი არა, მოძრაობის სურვილიც აღარ მქონდა. ერთიანად მომერია დაღლილობა. თავი იმით გავიმხნევე, რომ ასეთი ემოციური ფონი გარემო სტრესის გამო მქონდა და ოთახიდან გავედი. პროტესტის ნიშნათ ტელეფონი იქ დავტოვე, თითქოს ამით უსიამოვნო ფიქრებსაც ოთახში ვტოვებდი... 3 ისევ არაფერი იცვლებოდა. გარდა იმისა, რომ უსიამოვნო და უფერულ დღებს რაღაცნაირი სევდაც დაერთო. კარგი რაც მოხდა, ის იყო,რომ ,,კომენდატის საათი'' დაწესდა და დღის საათებში სახლიდან გასვლა შესაძლებელი გახდა. მართალია საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ აკრძალული იყო,მაგრამ რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, იმხელა მანძილებს ვფარავდი ფეხით ყინვაში. როცა ფიქრები თავს ზედმეტად მაბეზრებდა, გარეთ გავდიოდი, მაგრამ ქუჩებიც ისეთი სევდიანი და მიტოვებული იყო... თითქმის არავინ დადიოდა და თუ ვინმე გადაგეყრებოდა შემთხვევით, დაიმფიცირების პანიკა იმდენად გამჯდარიყო საზოგადოებაში, რომ კეთროვანივით გერიდებოდა ყველა და გზის მეორე მხარეს გადადიოდნენ. ვერ ვიგებდი - ეს ,,საერთაშორისო უხასიათობა'' მაწუხებდა თუ არა. ხალხმრავლობა ისედაც არასდროს მიყვარდა და გართობის ხასიათზე იმ პერიოდში ნამდვილად არ ვიყავი. ადრე ღამდებოდა. გარეთ ქარიანი და ყინვიანი დღეების ჯარი იდგა. გამათბობელზე ვიყავი მიხუტებული (როგორც ყოველთვის, ზამთარში) და სიჩუმეს ვუსმენდი. ტელევიზორის, მუსიკის, წიგნის და წერის სურვილი დიდი ხანია დამეკარგა და მეჩვენებოდა, რომ სამუდამოდ. რაც უფრო ნაკლები იყო საქმე, მით უფრო ნაკლები იყო დროის მოგების და საინტერესოდ გაყვანის სურვილი. ვერაფერზე ვახდენდი კონცენტრირებას. ადამიანებსაც აღარ ვეკონტაქტებოდი. კვირის გაუხსნელი შეტყობინებებით მქონდა ტელეფონი სავსე და მათ შორის ზუსტად ის შეტყობინება არ იყო, რომელსაც აუცილებლად გავხსნიდი! მესამე კვირა სრულდებოდა, აკო არ გამოჩენილა. ჩემდა გასაკვირად, ცივი გონებით ვაანალიზებდი და გრძნობებსა და სურვილებს არ ვყვებოდი. კარგად ვაცნობიერებდი, რომ ზუსტად ისე ჯობდა, როგორც ხდებოდა, მაგრამ ჩემი ინტუიცია ისევ გამაყრუებლად გაჰკიოდა, რომ ეს არ ჰგავდა დასასრულს და რომ ამით ეს ამბავი არ დასრულდებოდა! დღის განმავლობაში მასზ ფიქრი აკვიატებად მექცა. ძირითადად ვფიქრობდი, რომ მისი გამოჩენა აღარ მინდოდა და გულწრფელად მინდოდა ყველა იმ ემოციისაგან განთავისუფლება, რაც აკოსთან მაკავშირებდა. იმ საღამოსაც მასზე ვფიქრობდი. ზოგადად - ცოლიან კაცებზე, ქართულ ოჯახებზე. მათი უდიდესი ნაწილის სტანდართულ და თითქმის ტრადიციულ ღალატზე. ტელეფონი მოშორებით მედო. იქ ჩემთვის საინტერესო აღარაფერი ხდებოდა. სიჩუმე ვიბრაციის ხმამ დამირღვია, ვიღაც რეკავდა. უხალისოდ გადავწვდი ტელეფონს, ეკრანს დავხედე და თვალები მაქსიმუმზე თავისთავად და უკონტროლოდ გამიფართოვდა. ის რეკადა! ყველაფერი ერთად ვიფიქრე და სანამ გაშტერებული ვუყურებდი ეკრანს, იმაზე ფიქრში, თუ რატომ შეიძლებოდა დაერეკა და მეპასუხა თუ არა, გათიშა. წამით გავშეშდი, მაგრამ უცებ გაათასებულად საგრძნობი სიხარული მომაწყდა. გამარჯვების სიხარული იყო. მისი დანებების სიხაული. თვითკმაყოფილი სიხარული, მაგრამ ეს არანაირად ყოფილა ბოროტული! ეკრანანთებული ტელეფონი წინ დავიდე და შეტყობინების ლოდინი დავიწყე. მიწერა არცმიფიქრია. თუნდაც იმიტომ, რომ მთელი ტანით ვგრძნობდი, თვითონ მომწერდა. ალბათ გრძელი ერთი წუთი გავიდა, მაგრამ არ ჩანდა. ,, მე მელოდება რომ მივწერ... მელოდოს!'' გავიფიქრე და სახიდან ღიმილი ჩამომეშალა. ტელეფონი გადავდე, საზურგეს სწრაფად მივენარცხე და და ცოტა არ იყოს გაღიზიანებულმა, ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე. ჩემი ჯიუტი მოლოდინი ზუსტად ათ წუთში დასრულდა. მისი შეტყობინება მობრძანდა! გახსნას არ ვჩქარობდი. ტკბილ მოლოდის ვიხანგრძლივებდი და როცა მოუთმენლობამ სიტკბოს გადაფარვა დაიწყო, გავხსენი: -არ გეგონოს, თავს გახსენებ. შემთხვევით დამერეკა... -ჰო, მივხვდი... -სერიოზულად გეუბნები. შენს პროფილზე გადმოვდიოდი და დამერეკა. -და რატომ გადმოდიოდი ჩემს პროფილზე? -იმიტომ,რომ მენატრები! - მესიამოვნა. ტანში სასიამოვნო ჟრუალტელმა დამიარა და ვგრძნობდი როგორ მინათებდა თბილი ღიმილი სახეს. სანამ რამეს ვუპასუხებდი, მოაყოლა - შენი ფოტოებით ოდნავ ვაჩუმებ მონატრებას. -ალბათ, უფრო პირიქით გამოგივა. -შენი ნახვა მინდა. ვიცი,რომ საშინელი ადამიანი გგონივარ. ვიცი,რომ არასწორად ვიქცევი. ვიცი,რომ არ მაქვს უფლება თავი აგირიო. ვიცი, ვიცი, ეს ველაფერი ვიცი, მაგრამ იმის სურვილი რომ გამოგიარო, ჩემს გვერდით დაგსვა და ძალიან გრძელი გზებით ვიარო, ნორმაზე გაცილებით დიდია! -არ ვაპირებ თავის მოჩვენებას. დიდი სიამოვნებით, მაგრამ ის ფაქტი რომ ცოლი გყავს, ყველაფერს ამთავრებს! -ვიცი, მაგრამ მე ხომ უბრალოდ გასეირნებას გთავაზობ? დაძაბული პერიოდია. განტვირთვა ყველას გვჭირდება. უბრალოდ მინდა გნახო. ამას გაგრძელება მოჰყვება თუ არა, ეს მერე ჩვენზეა დამოკიდებული. ასეთი ძლიერი ემოცია სხვის მიმართ, დიდი ხანია აღარ მქონია. არ მინდა უმიზნოდ და უკვალოდ გაქრეს. ვიცი,რომ შენც გინდა და ზუსტად ამიტომ ცდად ღირს! უბრალოდ მანქანაში ჩავსხდეთ და ქალაქებიდან ქალაქებში ვიაროთ. უმიზნოდ, უგეგმოდ, უმისამართოთ... საცობებიც კი სასიამოვნო რომ იქნება. -არა! - და ეს არა ყველაზე დიდი ,,კი'' მინდოდა რომ ყოფილიყო, მაგრამ ჩემთვის მოცემულობა ზედმეტად დიდი წინააღმდეგობა იყო. მის ცოლზე არასდროს ვფიქრობდი. ის არაფერ შუაშ იყო. მეტიც: ქალური სოლიდარობით მეცოდებოდა თან ვბრაზობდი. როგორ შეიძლება ამდენი წელი სტაბილურად გღალატობდნენ და ამას ვერ ხვდებოდე, ან გრძნობდე მაინც?! დარწმუნებული ვიყავი,რომ კარგად იცოდა საკუთარი ყოფა, მაგრამ როგორც(სამწუხაროდ) ქალების დიდი ნაწილი, ამაზე თვალს შეგნებულად ხუჭავდა. გული მწყდბოდა, რომ ყველა თუ არა უმრავლესობა მაინც არ არის საკმარისად პრინციპული და ამაყი, რომ კაცები (რა სტატუსითაც არ უნდა იყოს მათ ცხოვრებაში) რომლებიც მათ ღალატობენ, უბრალოდ სანაგვეზე მოისროლონ და მშვიდად გაიბერტყონ ხელები. ასე ხომ ქალიბი პირველ რიგში ერთმანეთს დავიცავთ და თან თუ მართლა არ უნდათ ჩვენი დაკარგვა, ღალატის შიში და ჩვენი შენარჩუნების სურვილი სწორედ ასეთი პრინციპული საქციელებით გაიზრდება! ქალებმა ვერ დავიმახსოვრეთ,რომ ურთიერთობის შესანარჩუნებლად არ არის საჭირო თვითგანადგურება და საკუთარი ,,მე''-ს დაკარგვა. არაფერია უშველებელი. მერე ყოველთვის გამოჩნდება ,,სხვა'' ვინც შეგვიყვარებს და მათთვის გავძვირფასდებით... უცებ ძალიან მომინდა მისი ცოლი გარეგნულად მენახა. ამაზე ბევრი აღარ მიფიქრია და პირდაპირ მივწერე: -მითხარი შენი გვარი. ნამდვილი გვერდი უნდა ვნახო და გთხოვ, არ დაიწყო პრანჭვა, ვითომ არ გაქვს და რას ვიგონებ... -რა აზრი აქვს? მაინც ვერ გადაგაფიქრებინებ - მომწერა, როგორც უნდა მენახა და მეც მოვემზადე. პირველი გოგო, რომელიც მის გვერდზე შემხვდა, კატასტროფა იყო! უეჭვიანო შეფასება იყო, რადგან არაფერი მიმანიშნებდა მის ვინაობას. სხვა ფოტოს ძებნა დავიწყე იმ იმედით,რომ ცოლი სხვა იქნებოდა. თვითონ საკმაოდ გემოვნებიანი, მოაზროვნე, თავისი ასაკისათვის თანამედროვე და ჭკვიანი ჩანდა და მისი ცოლი სულ სხვა ტიპაჟი, მინიმუ- გარეგნობით დამაკმაყოფილებელი მაინც წარმომედგინა, მაგრამ რაც მეტ ფოტოს ვნახულობდი, მით მეტად მიცრუვდებოდა იმედი. საშინლად შეუფერებელი წყვილი იყო, არა მარტო გარეგნობით. ნანახიდან გამომდინარე- არც გამორჩეული ინტელექტი, არც გემოვნება, არც რამე გამორჩეული. გვერდი დავხურე და ბტელეფონი გადავდე. თითქოს აკოს მოწონების ზღვარმა დაიწია ჩემში. კაცს, რომელსაც ასეთი ქალები მოწონს, რატომ უნდა მოვწონდე მეც? უფრო სწორედ- რატომ უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ ჩემთანაც ,,გამოუვა''? აღარაფერი მიმიწერია. ვერ გავიგე ხასიათი რამ გამიფუჭა, თუმცა ჩემდა გასაკვირად, ეს ეჭვიანობა არ ყოფილა. მის ცოლზე ერთადერთი უტყუარი შთაბეჭდილება დამრჩა- იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც კაცებს არანაირი მიზეზით შორდებიან. ნათლად ჩანდა, რომ ღალატზე თვალს უპრობლემოდ დახუჭავდა. მსგავსი კატეგორრი ქალებისათვის ეს ტრადიციულიც კია ხოლმე და ოჯახებს არასდროს ანგრევენ, თითქოს ისედაც დანგრეული არ ჰქონდეთ... დაახლოებით ერთ საათში ისევ მომწერა: -რას აკეთებ? -მანდარინს ვიფრცქვნი. ეს სიტყვა მგონი პირველად დავწერე. რთული ყოფილა. -ღმერთო, რა საყვარელი ხარ! - სითბოს გამომხატველი ბევრი ემოცია მოაყოლა - მაგრამ შენ რაღაც არ მოგეწონა... -რას გულისხმობ? –ჩემი გვერდი ნახე და აღარ მომწერე... -არაფერი მქონდა სათქმელი. უფრო სწორედ, რაც ვიფიქრე, იმის ხმამაღლა გაჟღერება საჭიროდ არ ჩავთვალე. -რასთან დაკავშირებით? -შენს ცოლთან დაკავშირებით. საერთოდ სხვადასხვა სამყაროდან ხართ. მეტს ველოდი შენგან... -რა არ მოგეწონა? -დეტალები მართლა გაინტერესებს? -მგონი არა. მითუმეტეს, რომ ვირტუალურადაც ვეღარ ნახავ. მისი გვერდიდან დაგბლოკავ. -მართლა გგონია, რომ ოდესმე შენს ცოლს მივწერ? - ცინიზმი ბევრი სიცილის ემოციით გამოვხატე. -ზუსტად ვიცი,რომ არა, მაგრამ ეს ერთგვარი თავდაცვის სტრატეგიაა -ესეიგი ესე ხდება ,,ცოლიანებში'' ჰმ! ჩემს გათხოვილ მეგობრებს დაბლოკილების სიის გადახედვას აუცილებლად ვურჩევ... კარგი, მოკლედ არ მინდა შენს ცოლზე საუბარი -მართალი ხარ, უადგილოა. ჯობს ჩვენზე ვისაუბროთ. წავიდეთ შაბათს? -არა. მართლა არ ვაპირებ შენს ნახვას. ამით შენც გიცავ და საკუთარ თავსაც. -ერთხელ შეხვედრას გთხოვ და არა რაიმე გადაწყვეტილების მიღებას. -ერთხელ ნახვასაც გარკვეული საფრთხეები მოჰყვება. ამიტომ არ მინდა! -კარგი. უკვე ჩემს თავმოყვარეობას ვაბიჯებ. იყოს როგორცშენ იტყვი. -მადლობა... -არაფერია სამადლობელი. ეს დათმობა დანებებად არ ჩათვალო იმიტომ, რომ დანებებას არ ვაპირებ!!! დროს გაძლევ, რომ დამთანხმდე და რაც უფრო მალე დამთანხმდები, მით უფრო მალე გაირკვევა ყველაფერი. მე არ შეგეშვები... - თავი შარში არ გაყო - თვალი ვირტუალურად ჩავუკარი - ღმერთმა არ გისმინოს. - ნუ გეშინია. დიდი ხანია აღარ მისმენს... - ინტელექტუალური იუმორი... მოკლედ რაა, ნარკოტიკია ეს გოგო! რანაირად უნდა შეგეშვა? გამეცინა, თუმცა პასუხი აღარ დამიბრუნებია. სიამოვნებისგან შევიშმუშნე. მოცემულობით აშკარად ძალიან კმაყოფილი ვიყავი. 4 დღეები ზედმეტი მღელვარების გარეშე მიდიოდა. თავის არიდების მიუხედავად, ჩემი და აკოს ფლირტი დასტაბილურდა. ყოველდღიური და მშვიდი ხასიათი ჩამოიყალიბა. გარემო პრობლემები ისეთი მძიმე აღარ მეჩვენებოდა, როგორც ერთი თვის, ერთი კვირის ან თუნდაც ერთი დღის წინ იყო. ორივე ვატყობდით,რომ ერთმანეთის განწყობაზე და ხასიათზე ძალიან კარგად ვმოქმედებდით. მასთან შეხვედრაზე ისევ მტკიცე უარს ვამბობდი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი,რომ ადრე თუ გვიან ამ უარის სიმტკიცე ნამსხვრევებად იქცეოდა. ამის მიზეზი ის შეუპოვარი, დაუნებებელი და შეურიგებელი სიმტკიცე იყო, რაც კაცის ხასიათში ყოველთვის მამონებდა და გადამწყვეტ როლს თამაშობდა და რაც აკოს ასე უხვად ჰქონდა. ცივი გონებით ვაანალიზებდი ფაქტს,რომ ცოლი ჰყავა, მაგრამ მოცემულ პოზიციაზე თავს განსაკუთრებულად ვგრძნობდი, თუმცა სიცივის ზღვარს ვინარჩუნებდი. არ ვიცი გრძნობდა თუ არა,რომ ჩემგან ნაჩვენები დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავდებოდა ჩემი რეალური დამოკიდებულებისაგან, მაგრამ აშკარა იყო,რომ სიცივე დაბრკოლებას არ უქმნიდა და რაც მეტად ვარიდებდი თავს, მით მეტად ცდილობდა დაახლოებას. აკოს და ჩემს უახლოეს მეგობარს ერთ დღეს აქვთ დაბადების დღე. კეკესთან ვიყავი სახლში. სტუმრებს შუადღისკენ ელოდა და ვეხმარებოდი. რადგან საერთოდ არაფერი ხდებოდა გარშემო, გადაწყვიტა თავისი დაბადების დღის აღნიშვნით შემოეტანა მცირე ხალისი. ისევ დაკეტილი იყო ყველაფერი. ,,კომენდატი" 9 საათზე იწყებოდა, ამიტომ ვჩქარობდით. სტუმრები ადრე მოდიოდნენ, რადგან ცოტა გართობაც მოგვესწრო და სახლებში დროზე დაბრუნებაც. მე და კეკე თან მაგიდას ვაწყობდით, თან აკოზე ვჭორაობდით. ის კარგად მიცნობდა. ამიტომ ჩემი საქციელით ისიც ძალიან გაკვირვებული იყო: -დარწმუნებული ხარ,რომ შეეგუები? ხომ იცი, რა რქიანიც ხარ? -რას უნდა შევეგუო კეკე, გგონია ვნახავ? გამორიცხულია! ჩემს თავდაყირა ცხოვრებას ცოლიანი კაციღა აკლია - ვხვდებოდი, კეკეს კი არა, თავს ვარწმუნებდი. -არ ვიცი. რა თქმა უნდა მოსაწონი საქციელი არ არის, მაგრამ იქნებ... - ,,იქნებ'' არ არსებობს. მერე რა, თუ მომწონს?! ნებისმიერი მოღალატე გარეწარია და მე რომ მასთან ვიყო, უთავმოყვარეო ვიქნები! თან, ადრე თუ გვიან, მეც ისე მიღალატებს, როგორც დანარჩენებს ჩემამდე... -კარგი. დრო დაალაგებს. მანამდე უნდა გამოვთვრეთ, თორემ ზედმეტად დიდი ხანი გავატარეთ ფხიზლად და უკვე ზედმეტად სერიოზულად ვუყუებთ ველაფერს. ამ სიტყვებთან ერთად ტეკილას ბოთლი მომაწოდა. გამოვართვი და მაგიდისკენ წავედი. ბოთლის დადგმა და შეტყობინების მოსვლა ერთი იყო: -რას შვები, უკვე მთვრალი ხარ? - გამეღიმა და ეს კეკეს არ გამოეპარა. -ასე სხვის შეტყობინებებზე არ იღიმი. გეყოს რა, მოგწონს! -ვიცი, მაგრამ უსინდისობაა! - და იმის ნაცვლად, რომ აკოსთვის თავი ამერიდებინა, პასუხის დაუგვიანებლად გაუხსნელი ბოთლის ფოტო ჩავუგდე და ტექსტი დავურთე - ჯერ არცკი დაგვიწყია. მასე არეც არ მოვლენ. - თუ მთვრალი უფრო აუტანელი ხარ, არ დალიო. უფრო მეტ სიცივეს ვეღარ გავუძლებ!!! - თავს ნუ მაცოდებ! - გავმკაცრდი, მაგრამ რეალურად ყურებამდე ვიღიმოდი - შენ რატომ ხარ ფხიზელი? სახლში მაინც აღნიშნე. - ბავშვებმა მომილოცეს ტორტით და საკმარისია. - კარგი. შენს მაგივრადაც მე დავლევ. იქ ყოფნის ყველა ეტაპი აკოსთან ერთად გავიარე: ვსვავდი, ვლაპარაკობდი, ვიცინოდი, ვმღეროდი, ისევ ვსვავდი და ამ ყველაფრის პარალელურად აუცილებლად მას ვწერდი. ეს ხელს არ მიშლიდა. მეტიც - არცერთი შეტყობინების დატოვება არ მინდოდა უპასუხოდ. ასე უფრო ხალისიანი, კმაყოფილი და ბედნიერიც კი ვიყავი. მოსაღამოვდა. სტუმრები ნელ-ნელა წავიდნენ. მე კეკესთან დავრჩი. სამნი ვიყავით: მე, კეკე და კეკეს მეგობარი ბიჭი. კიდევ ერთი ბოთლი ტეკილაც გამოვცალეთ და საღამო უფრო მშვიდი მიმდინარეობის ფაზაში გადავიდა. გარეთ თოვდა და აივანზე დავსხედით, ცოტა ხნით. ოთხივე ვეწეოდით: სამნი აივანზე და ერთი ეკრანს მიღმა. ჩემი უახლოესი გეგმა გავაცანი აკოს და მივწერე რომ მოვწევდი და დავწვებოდი. ,,დიდი სიამოვნებით მოვწევდი ეხლა შენთან ერთად და მეც მოგიწვებოდი''- ო, მაგრამ ოთახში შევედით და კეკეს გამზადებულ საწოლში მარტო ჩავწექი, მოხერხებულად მოვეწყვე და შემდეგი შეტყობინების წასაკითხად მოვემზადე: - ხვალ მე წაგიყვან სამსახურში. - ხვალ კვირაა... - უი,ჰო. მაშინ არ წახვიდე სახლში. დილით გამოგივლი და სადმე დიდ თოვლში წავიდეთ. ძალიან მინდა ჩემს გვერდით იჯდე... - არ გნახავ და გთხოვ, ამის განხილვა დავასრულოთ! - მისმინე - პაუზა დიდი იყო. მივხვდი,რომ საჭირო სიტყვებს არჩევდა - რა დაშავდება თუ ერთხელ გნახავ? - ძალიან ბევრი! - რატომ?? ამდენი ხანია გიცნობ, ძალიან იგრძნობა ჩვენს შორის გაჩენილი მუხტი და ორივეს გვინდა ერთმანეთის ნახვა! უბრალოდ დამენახე, მეტი არაფერი... უბრალოდ მნახე. დამენახე. შემოგხედო. რა გჭირს მართლა, ხომ არ შეგჭამ?! ერთხელ გნახავ და გპირდები- მერე ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ იტყვი. უბრალოდ თუნდაც სახლში წაგიყვან. ვიცი რომ იცი, ჩემი არ უნდა გეშინოდეს. დავიღალე და გთხოვ, უარი აღარ მითხრა. უბრალოდ დამთანხმდი, გთხოვ... - კარგი, ვნახოთ... - იმ ხნის მანძილზე პირველი შემთხვევა იყო, როცა მტკიცე უარი შევარბილე. - რომ გამოფხიზლდები, არ გადაიფიქრო! - არაფერს გპირდები! მე ვთქვი ვნახოთ მეთქი... - ესეც ბევრია. დანარჩენს მე მივხედავ. გკოცნი, ჩემო ტკბილო გოგო. ტკბილი ძილი - შენც. - ჩემი სიმშვიდე ხარ! - სითბოს გამომხატველი სტიკერები გავცვალეთ და ტელეფონი გადავდე. სიმშვიდე... აშკარად ჩემთვისაც სიმშვიდე იყო, მაგრამ ეს ის არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო. ეს უფრო ქარიშხლის წინ ჩაგუბებულ სიჩუმეს გავდა. ვიცოდი, მაგრამ შეგნებულად მივიწევდი ამ ქარიშხლის ეპიცენტრისაკენ. ვიწექი და ნდობაზე ვფიქრობდი. სიმშვიდეზე. სხვის მოტანილ კარგად ყოფნაზე. იმიტომ, რომ ყველა ადამიანი ელოდება ,,სიმშვიდის ელჩს'' რომელიც აწეწილ ფიქრებს და თმას ერთად დაუვარცხნის. იმ ელჩს, რომელიც ნიავღვრისაგან წალეკილს ნაპირზე გამოიყვანს და ახლიდან ასწავლის სუნთქვას. იმას, ვინც ქარიშხლიან დღეებს თბილი სითბოთი შეუცვლის და შიშების კივილს მყუდროების სიმფონიით ჩაუხშობს. ვინც ეტვის, რომ ერთ ენაზე საუბრობენ. ვინც ცნობიერს შეუშლის და შეშლილების სამყაროს შეაყვარებს. ვინც დახეულ ფრთებს დაუკერებს და ხელახლა შეაძლებინებს ფრენას. ვინც სევდას ამოუშრობს იმ რღმულიდან, ყელისა და ლავიწების გასაყარზე რომ მორევდება. და შენ მისცემ თავს უფლებას, იყო სუსტი მასთან. მაშინ, როცა ამ სისუსტის შესახებ სულიერმა არ უნდა იცოდეს! მაგრამ არსებობენ კი ასეთი ,,ელჩები"?! არსებობენ ის ,,მონათესავე სულები'' რომელთაც ცნობიერად თუ ქვე-ცნობიერად (ხან) მთელი ცხოვრება დავეძებთ ადამიანები? იმ დღეს, იმ შემთხვევას, იმ წამს ველით, როცა ბედი თუ განგების ხელი მასთან მიგვიყვანს. ან, იქნებ თავს ვიტყუებთ?! იქნებ იმ ბოლო იმედს ვებღაუჭებით, რაც კიდევ დაგვარწმუნებს,რომ არ ვცდებით. ადამიანისთვის ხომ ზუსტად იმედია ყველაფრის ძალა?! იქნებ არ გვინდა იმის დაჯერება, რომ რეალური ცხოვრება წიგნებში ამოკითხულ სიუჟეტს არ ცნობს და ფსევდო-რომანტიზმით გვაქვს თავი გამოტენილი?! იქნებ ყოველ დილით სარკში ვხედავთ იმ ,,სიმშვიდის ელჩს'' და იმის იქით არც უნდა ვეძებდეთ? ... და როგორც არ უნდა იყოს, ყველა - ვისაც ადამიანი გვქვია, ამ ძებნაში ვატარებთ ჩვენი შეგნებული ცხოვრების დიდ ნაწილს და არ აქვს მნიშვნელობა - ინდივიდები ამას აღიარებენ თუ არა. ასე ვაღებთ ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებაში კარს. შევდივართ და როგორცვე იმ კარს მივიხურავთ, მაშინვე, იქვე ჩნდება გასასვლელი კარიც. საიდანაც დროის ამბავია, თორემ აუცილებლად გავდივრთ. ვეძებთ კარს, რომლის შეღების დროსაც ისეთივე სიმშვიდე და სიმყუდროვე იქნება, როგორც საკუთარ სახლში. ვეძებთ ოთახს, რომელსაც ორი კარი არ ექნება. ვეძებთ ადგილს, სადაც ჩვენი დაფარული იქნება გათქმული და ყველაზე გამჭვირვალე. სადაც სწორედ ამ სიცხადით მიგვიღებენ, მაგრამ იქნებ ეს დროის ფუჭი კარგვაა? ან იქნებ - არც... ვინ იცის? იქნებ დადგეს დრო, როცა... ფიქრი მისმა შეტყობინებამ შემაწყვეტინა: - ძალიან გამახარე შენი თანხმობით. - მე არაფერზე დაგთანხმებულვარ. - ეგ, დღეს... - დაიძინე! - ვეღარ ვიძინებ. ერთი სული მაქვს გნახო. - საშინელი ბიჭი ხარ! - შენ კიდევ ჩემი ჭკვიანი გოგო. - მეზიზღები, იცი? - ჰო, მეც მიყვარხარ! აღარ ვუპასუხე, მაგრამ ორივემ ვიცოდით - ეს უსაზღვრო კმაყოფილების და ბედნიერი ღიმილის მომგვრელი სიჩუმე იყო ორივეს სახეზე. უზომო კმაყოფილების ღიმილით ჩამეძინა. 5 და მაინც დადგა ჩვენი შეხვედრის დღე! რეგულაციები ასე თუ ისე შემსუბუქდა: საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოძრავდა. გადაიწია კომენდანტის საათმა. სახლიდან ოფისში გადანაცვლება ნებაყოფლობითი გახდა. გასართობი დაწესებულებები და კვების ობიექტები ჯერ ისევ დაკეტილი იყო. ისევ იკრძალებოდა თავშეყრები და პირბადის გარეშე გადაადგილება. გარეთ ზამთარი იდგა, მთელი თავისი სიდიადით და სიმკაცრით. თბილისისთვის უჩვეულოდ ცივი იყო, მაგრამ იმ წელს ყინვამაც ვერ შემაჩერა და ოფისიდან მუშაობა ვარჩიე. დაუგეგმავი საღამო ახლოვდებოდა. პაემნისთვის მზად არ ვიყავი, რადგან იქვე და იმ დღესვე გადაწყდა შეხვედრა. აღმოჩნდა, რომ აკოს და ჩემი ოფისი მხოლოდ ორი გაჩერებით იყო დაშორებული და ამიტომ არცერთი ვჩქარობდით. თადარიგისთვის, წინასწარ გამაფრთხილა რომ ცოტა შეიძლება დაეგვიანა: - ცოტა მაინც რამდენია? - 10-15 წუთი. დაგვიანებას ვერ ვიტან, მაგრამ საქმე გამომიჩნდა. გთხოვ, არ გაბრაზდე და განწყობა არ გაიფუჭო. შეიძლება არც შემოვრჩე. უზუსტობები არ მიყვარს. თან ნიშნების მჯერა და მსგავსი ცდომილებები ყოველთვის უსიამოვნო განვითარებაზე მიმანიშნებს, მაგრამ ჩემდა გასაკვირად არც ხასიათი გამფუჭებია და არც ცუდ ნიშნად ჩამითვლია. გამოცლილი ყავის ჭიქის ფოტო გავუგზავნე და ვთხოვე, რომ კიდევ ერთი ჭიქა ყავისაგან გადავერჩინე. ფანჯრიდან გავიხედე. არ თოვდა, მაგრამ ცა ისე გაბერილი და მძიმე იყო, აშკარად აპირებდა გამსკდარიყო და შიგთავსი ჩვენთვის გადმოეყარა. უკვე ბნელდებოდა და თბილი ოთახიდანაც კი იგრძნობოდა, რამდენად სუსხიანად და ყინვიანიად სრულდებოდა ისედაც ძალიან მოკლე დღე, გარეთ. არ ვღელავდი. არც განსაკუთრებული მოლოდინები მქონდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი ხნის მონატრებულ ადამიანს ველოდი და დიდხანს ლოდინმა არც მომიწია. საათს შვიდისკენ ნაბიჯი ზუსტად შვიდი წუთის გადადგმული ჰქონდა, რომ ჩემი ეკრანი აკოს ზარმა ააციმციმა. ამაყმა და გამომიცხადა, რომ დათქმულ დროს არ გადააცილა. ისეთი კმაყოფილი ხმა ჰქონდა, გამეცინა. მალე ჩამოვალ მეთქი და ტელეფონი გავუთიშე. ქურთუკი მოვიცვი და სარკეში შევათვალიერე ჩემი თავი. დაემთხვა, რომ იმ დღეს კარგად გამოვიყურებოდი. კმაყოფილმა წარბები გავისწორე და ჩემსავით მუშაობას შემორჩენილ კოლეგას დავემშვიდობე. კიბეები რომ ჩავირბინე, ღელვა დამეწყო. ეზოს გასასვლელამდე რამოდენიმე მეტრი იყო დარჩენილი და მაშინ გავაცნობიერე სიცხადით, რომ გარეთ, სადგომზე სასიამოვნო საფრთხე მელოდა და ჩემს თავს კიდევ ერთხელ ვკითხე მკაცრად - რა ჯანდაბას აკეთებ მეთქი, მაგრამ თან არ მისმენდა და თან ამ კითხვის დასმა უკვე ძალიან გვიანი იყო... თავი ავწიე, მხრებში გავიმართე და ეზოდან გავედი. ძებნა არ დამჭირდა. მანქანიდან გადმოსულიყო და მოუსვენრად ცქმუტავდა. რომ დამინახა, სახე გაუნათდა და დიდი ხნის ახლობელივით ჩამეხუტა. მკლავები შემომხვია, ძლიერად მომიჭირა და ,,როგორც იქნა"ო. ვერ მივხვდი წამჩურჩულა თუ ხმამაღლა გაიფიქრა. ცოტახნით ასე ვიდექით. მერე გამიშვა და მანქანისაკენ გზა გამინთავისუფლა. ჩავსხედით და მზერის უპორატესობა მე დავასწარი. რადგან მე უკვე ვუყურებდი, მან პირდაპირ ყურება არჩია, უხერხულობის ასარიდებლად. ტანმორჩილი იყო. ჩემზე ცოტა მაღალი. სუფთად გაპარსული სახე და დაბალზე გადაპარსული, ზამთრის ღამესავით შავი თმა ჰქონდა. მაშინვე გავიფიქრე, რომ მოზრდილი თმა ძალიან მოუხდებოდა. თხლად და ტანზე მომდგრად ეცვა, რაც მის სუსტ აღნაგობას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. მშვიდი სახე ჰქონდა. ხშირ, გრძელ წამწამებში და მსხვილ წარბებში ღრმად ჩამჯდარი, კუპრივით შავი თვალები მოუჩანდა, რომლებიც გუგების სითეთრიდან უელავდა. როცა გაიცინა, რაღაც სხივიანად აუციმციმდა თვალების სიშავე და უნებლიედ გამახსენდა სიტყვა ,,ალესილი". არ ვიცი როგორ შეიძლება იყოს თვალები ალესილი, მაგრამ ელვარე და ალესილი მზერა ჰქონდა. მოქნილი აღნაგობა და თხელი თითები. საჭეზე შემოწყობილ ხელებე დავხედე. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათ კლავიატურაზე მძიმე არაფერი აეწიათ. სიტყვა ,,უხმარი" უხდებოდა მის ხელებს. ოდნავ აკაპიწებული პერანგის მკლავიდან ოქროს მსხვილი სამაჯური მოუჩანდა დემონსტრაციულად. რომ შევხედე, რატომღაც დამძაბა და თან ვერ მივხვდი - ამით რას უსვამდა ხაზს: უბრალოდ საყვარელი ნივთი იყო, თუ რაიმეს წარმოჩენას ემსახურებოდა. თითქოს მის პიროვნებასთან არანაირ კავშირში იყო. არ მესიამოვნა და თვალი ავარიდე. უმიზეზოდ და აუხსნელად გამაღიზიანა. მანქანა დაქოქა: - სად წავიდეთ? - ისე მკითხა, არ შემოუხედავს. - წამოდგენა არ მაქვს. - დაბარებულივით თოვა დაიწყო. - ყველაფერი დაკეტილია. რა გინდა რომ ვქნათ? - შეიძლება დღეს მე არ მივიღო მსგავსი გადაწყვეტილებები? - მომწონს, ჩემს ნებაზე დაყოლა რომ გინდა- ეშმაკურად ჩაეცინა - დღეს მეთქი... - ხმა მოჩვენებითად გავიმკაცრე - რა ხისტი ხარ! შენი დაუმორჩილებელი ხასიათი მომწონს, მაგრამ დღეს სირბილე გიხდება. გზის ბოლოს, შუქნიშანზე გავჩერდით. დრო იხელთა, მანქანის პატარა სათავსოში რაღაცის ქექვა დაიწყო და მალევე ამოაძვრინა შოკოლადი: - შენ მოგიტანე. მახსოვს, რომ შავი... დღევანდელი შეზღუდვების ფონზე მეტი თითქმის არაფერია შესაძლებელი, სამწუხაროდ - გამეცინა. მესიამოვნა და ფრთხილა შევეხე პატარა ნივთით გამოხატულ დიდ სიამოვნებას, თუმცა რეალური ემოცია მოთბო სისინით შევფარე: - არ გაჭმევ! -არაფერს მიყოფ - მსხვერპლის როლი მოირგო და ვითომ აცრემლებული თვალები ააფაფხურა - მაგრამ ნახე, ბუნებაც კი ხელს გვიწყობს, უფრო დაგათბო. მეტად რომ გაგვილამაზოს საღამო და მიგიზიდო, თოვა დაიწყო. ზღვაზე ავიდეთ. ვიცი,რომ ძალიან ბანალურია, მაგრამ შორ გზაზე წასვლას ვერ ვასწრებთ და სახლში ასვლის შემოთავაზებას, ისევ ზღვის შემოთავაზება მირჩევნია - თან მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა და კმაყოფილმა გადმომხედა. - ჭკვიანი ბიჭი ხარ. - მეც იგივე ღიმილით ვუპასუხე - იყოს ზღვა. იშვიათი მოხდენით უხდება წყალი და თოვლი ერთმანეთს. ზღვისკენ დავიძარით. ქუჩები ფაქტობრივად ცარიელი იყო. თოვამ მოიმატა და ფიფქები საგრძნობლად დაიზარდნენ. შვიდის შესრულებას მთელი ნახევარი ეკლდა, მაგრამ გარეთ სრულიად ბნელოდა. ლამაზი ხედი შევარჩიეთ და გავჩერდით. ათას სისულელეზე ვისაუბრეთ. ერთმანეთისთვის საინტერესო მოსაუბრები აღმოვჩნდით. წამით არ ჩამოვარდნილა უხერხული სიჩუმე. არანაირი დაძაბულობა. მსუბუქი და სასიამოვნო საღამო იყო, მაგრამ როგორც ჩანს თავი ვერ შეიკავა და უსიამოვნო თემას შეეხო: -სულ რატომ მიმეორებ, რომ ცოლს დავშორები? -იმიტომ, რომ დაშორდები. განა ამას ჩემი ან ვინმე, სხვა ქალის გამო გააკეთებ, უბრალოდ დაშორდები. ზედმეტად თავისუფალი ბუნება გაქვს ,,ოჯახური შეზღუდვებისთვის". -მაგაში გეთანხმები. იმასაც ვაღიარებ, რომ ცოლის მოყვანა ჩემი მხრიდან დიდი შეცდომა იყო, მაგრამ პატარა ვიყავი, ძმაკაცმა მოიყვანა და შემომიჩნდა ,,მოიყვანე, მაგრად ასწორებს სულ შენს გვერდით რომ არისო" მეც გულწრფელად მეგონა, რომ სამუდამოდ გამყვებოდა ის ემოცია და ნამდვილად არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა ჩემში მაღალია, თან კარგი ურთიერთობა გვაქვს, თან ბავშვებს ვერ მივატოვებ... -კარგი მეგობრები შეიძლება ხართ, მაგრამ ეს კარგი ცოლ-ქმრობისთვის ძალიან ცოტაა. ბავშვებს რაც შეეხება, ფიზიკურად ვერ მიატოვებ, უბრალოდ მათ გვერდით ვერ დაიძინებ ყოველ ღამით და თან შვილების გამო პირად ცხოვრებაზე უარის თქმა გმირობა არ არის. ძეგლს მაინც არავინ დაგიდგავს... გეტყვიან ,,ვინ გეხვეწებოდაო?" თანაც, როცა დაშორდებით, აუცილებელი არ არის, ურთიერთობა გაგიფუჭდეთ. ცივილურადაც შეიძლება. -არ დავშორდები. ეს ძალიან მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი! ყველაფერს ვიტან და ვუძლებ. იმიტომ, რომ ეს პასუხისმგებლობა უკვე ავიღე. -კარგი. არ მომწონს ამაზე საუბარი. თან წინასწარ ამის მტკიცება უაზრობაა. -მართალი ხარ. ჯობს ჩვენზე ვისაუბროთ - თმა ისევ ამიწია ზევით და ისევ ჩამომიშალა. -დაანებე ჩემს თმას თავი - გაბრაზება ცუდად ვითამაშე -ავწევ, მომეწონება, ჩამოვწევ. მერე ისევ... ძალიან კარგი ხარ! -ესეც გეჩვენება. -არ მეჩვენება. ვიცი რასაც ვგრძნობ და ვაბობ. თავს არ დაგანებებ! -მიწევს შეგახსენო, რომ ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრაა. -პირველი ნამდვილად არის და ამის მერე კიდევ ძალიან ბევრი იქნება. შენი ადგილი ჩემს ცხოვრებაშია. მართლა ძალიან კარგი ხარ და საშინლად მიზიდავ. -მგონი საკმარისად ნათლად განვმარტე, რომ ცოლიანი და სხვისი კაცი არ მჭირდება. არაფერი მჭირს საიმისო, რომ სხვა ქალის უკან დავდგე! -რა შუაშია წინ და უკან?! შენ ჩემს ცოლიანობას არასდროს გაგრძნობინებ. შემეძლო ეს დამემალა და ნამდვილად ვერასდროს გაიგებდი, მაგრამ შენი მოტყუება არ მინდა. შენთვის ეს ინფორმაციაა, რომელიც ჩემზე უნდა გქონდეს, თორემ საქციელებით ამას ვერასდროს იგრძნობ. -ორივემ ვიცით,რომ სისულელეა! დრო ყველაფერს მოთელავს. -თუ არ ცდი, ვერ გაიგებ. ცადე. იმიტომ, რომ მაინც მოგიწევს. -ცდა არ მინდა. მითუმეტეს, რომ აქ ვამთავრებთ და საერთოდაც წასვლის დროა. უკვე ძალიან გაგვიგრძელდა საღამო. -არ მინდა შენი სახლში წაყვანა. -წამიყვან. იმიტომ, რომ მაინც მოგიწევს - ეშმაკური ნიშნისმოგებით ვუთხარი და ორივეს გაგვცინა - თან შენც გელოდებიან... იმის შეხსენებამ, რომ სახლში ცოლი ელოდა, აშკარად რეალობაში დააბრუნა. სახეზე უსიამოვნება შეტყო. მიხვდა, რომ მართალი ვიყავი და უხალისოდ დამნებდა. -კარგი, წავიდეთ. ძრავი ჩართო, მაგრამ დაძვრას არ ჩქარობდა. თითქოს წუთებს იხანგრლივებდა. ბოლოს მაინც სახლის გზას დავადექით. იგძნობოდა, რომ ემოციებით იყო სავსე. სავარძელში ვერ ისვენებდა და პატარა ბავშვივით ცქმუტავდა. ხელზე ხელი მომკიდა. ზუსტად ისეთი იყო მისი კანი, როგორიც თვალის შევლებისას ჩანდა: რბილი და თითქმის უხმარი. მეტი ემოციისთვის თითებზე ხელი მომიჭირა: -გთხოვ, შენც მომკიდე ხელი - მის ბავშვურ საქციელზე გამეღიმა და მისი ხელი ორივე ხელში მოვიქციე. კიდევ უფრო ძლიერად მომებღაუჭა თითებზე და დაბალი ხმით ისვ წაიდუდუნა - საოცრად კარგი ხარ და სასწაული შეგრძნებაა, ჩემს გვერდით რომ ზიხარ! -ბავშვივით იქცევი - ღიმილნარევი ხმით ვუპასუხე და ჩემი მხრიდანაც დადებითი მუხტის დასადასტურებლად, თითები მეტი ემოციით მოვუცაცუნე. ჩემს სადარბაზოსთან გავჩერდით. დასამშვიდობებლად და გადასასვლელად მოვემზადე: -კარგი. სულ ეს იყო... -მაკოცე. ისე არ გადახვიდე - პასუხად ლოყა მივუშვირე და უბრალოდ კი არ მაკოცა, ტუჩებით მომეწება სახეზე - მიხარია, რომ გნახე და გაგიცანი. -მშვიდობით - პროვოკაციულად წავისისინე. -დროებით - ეშმაკურად გამიღიმა და ხელი გამიშვა. მანქანიდან გადმოვედი და სახლისკენ გზას გავუყევი. გამჭოლმა ყინვამაც კი ვერ გამიგრილა გამოყოლილი სითბო, მაგრამ ლიფტის სარკეში რომ ჩავიხედე, მეორე მემ მრისხანე თვალებით შემომხედა. ამხელა შეცდომას არ მპატიობდა. თვალებში შევხედე და დარწმუნებით ვუთხარი, რომ ეს უბრალოდ ინტერესის გამო მოხდა და მეორე აღარ იქნებოდა! ამაში აბსოლიტურად დარწმუნებული ვიყავი. ზედმეტად მესაკუთრე ხასიათი მაქვს საიმისოდ, რომ რაც ჩემთვის სასურველი და მითუმეტეს ძვირფასია, ვინმე სხვას გავუნაწილო. ჩემს გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ვიყავი. ამიტომ იმ საღამოს შეცდომა თავს ვაპატიე და ცხელი წყლის ქვეშ მთელი სხეულით შევეყუდე. შეგრძნება მქონდა, რომ წყალი ჩემს ფიქრებს, მოლოდინებს და შეცდომას ერთად ჩამომარეცხავდა. გამთბარი, დაბანილი და ჩემს გადაწყვეტილებაში დარწმუნებული, სავარძელში მოვკალათდი. ტელეფონს დავხედე. მისი შეტყობინება დამხვდა, მაგრამ არ გამკვირვებია. გახსნამდე, ფიქრში ტექსტი დავალაგე, თუ როგორ შემერჩია უმტკივნეულო ფორმა, რომ მისთვის ჩემი უარი მისაღები და გასაგები ყოფილიყო და არა შეურაცხმყოფელი. შეტყობინება გავხსენი და საერთოდ არაფერ შუაში რომ იყო, ისეთი ტექსტი დამხვდა: -ხვალ ჩემს სამაჯურს მე მოვაკითხო, თუ შენ დამიბრუნებ? დავიბენი. სამჯერ გადავიკითხე იმ იმედით, რომ მივხვდებოდი - რას გულისხმობდა, მაგრამ ამაოდ: -ვერ მივხვდი? -ჩემი სამაჯური. ალბათ გაგყვა... მოგაკითხო თუ სადმე მომიტან? -სად მაქვს შენი სამაჯური? -ალბათ ჩანთაში... - უცებ გონება გამინათდა! ყურებამდე გამაღიმა მისმა საქციელმა. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვენახე, ჩანთაში სამაჯური ჩამიგდო ჩუმად. სითბომ დამიარა და კმაყოფილმა გავიფიქრე ,, რა გაიძვერაა! მოფიქრება ხომ უნდა?!" მეთქი. არ შემიქია, ისე მივწერე: -წავალ, სამაჯურს ვნახავ და მეტი არ მინდა, მართლა ჩანთაში მეგდოს. მოგკლავ! -მიდი, მიდი, ნახე. წამოვხტი. თან ტელეფონი გავიყოლე დასაფიქსირებლად, როგორ აღმოვაჩენდი მის ოინს და აკოსთვის მეჩვენებინა. ჩანთას ვეცი და გავხსენი. თვალის ერთი შევლებით არსად ჩანდა. ამოვქექე. შედეგი არ შეცვლილა და უკვე უსიამოვნო შეგრძნებამ დამიარა. ძირზე ხელი მოვკიდე და ერთიანად ამოვატრიალე. მხოლოდ პირადი ნივთები... იქიდან ახალი და უცხო არაფერი გადმოვარდნილა! ფიქრები ამერია. ვერ მივხვდი ეს თამაში რას ემსახურებოდა, მაგრამ უკვე აღარ მომწონდა: -რას მეთამაშები? ჩემთან არანაირი სამაჯურია... -მე კი არა, შენ მეთამაშები და მორჩი! ხვალ შენს სამსახურთან მოვალ და დამიბრუნებ! - ხასიათი წამიხდა. ვერაფრით მივხვდი, რას ხლართავდა. მოთმინება წამერთვა და დავურეკე. გამითიშა. ისევ დავურეკე და ისევ გამითიშა. მესამედ ცდას ვაპირებდი, რომ მომწერა: -სახლში ვარ და იცი,რომ ვერ გიპასუხებ! -ხომ არ უბერავ, რეებს მწერ, ეს რა თამაშია?! გადი გარეთ და მიპასუხე, მკიდია!!! - მის პასუხს აღარ დავლოდებივარ და ისევ დავურეკე. ისევ გამითიშა და ისევ მომწერა: -კარგი, დამშვიდდი. გეხუმრე. რეაქცია მაინტერესებდა... სიტყვა ,,გამოშტერება" ახლოსაც კი ვერ მივა იმ მდგომარეობასთან, რაშიც იმ წუთში აღმოვჩნდი: გამიკვირდა, გავბრაზდი, მეწყინა, შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და ვერ მივხვდი, ამაზე საერთოდ რა უნდა მეპასუხა. ერთადერთი, რასაც ვგრძნობდი, ის იყო, რომ საერთოდ არ მეცინებოდა მოცემულობაზე: -მეტი ვერაფერი მოიფიქრე, რა საჭირო იყო?! საერთოდ ყველაფერი გააფუჭე! შეტყობინება აღარ მისვლია. ჩემს ეკრანზე ვხედავდი, რომ მან ინტერნეტთან კავშირი შეწყვიტა. ძალიან გავბრაზდი და გუნება წამიხდა. ვერანაირ ლოგიკაში ჩავსვი მისი ასეთი საქციელი. მთელი საღამოს დადებითი ემოციები გამინულდა და საშინელ ხასიათზე დავდექი. ტელეფონი ჯანდაბაში მოვისროლე და საწოლში შევწექი. თან ძალიან ცუდი წინათგრძნობა შემომყვა. ამ ყველაფერზე ფიქრი აღარ მინდოდა და თვალები მაგრად დავხუჭე... 6 დილით თვალის გახელისთანავე ტელეფონს ვეცი. ვნახე, რომ ჩემი შეტყობილება მისულიც იყო და წაკითხულიც... დილიდან დავმძიმდი. ვერ მივხვდი: რატომ, რისთვის, რაში დაჭირდა?! რაც ყველაზე ცუდი იყო მე რომ მისგან მინიმუმ ახსნას ველოდი, ამ ყველაფრის გამო, მისგან არანაირი რეაქცია წამოვიდა. -ბოდიშის მოხდას არ აპირებ?! - მივწერე და საწოლიდან წამოვხტი, რომ ცუდი განწყობა უფრო მეტად არ მომრეოდა. მისი პასუხი სამსახურში შესვლისას წამომეწია: -კიდევ მე მაქვს ბოდიში მოსახდელი?! რა უტიფარი ხარ! ნუღარ მაღზიანებ და შეირგე რა! - პირი ღია თავისთავად დამრჩა. ეს აღარც ხუმრობას ჰგავდა, არც თამაშს და მითმეტეს აღარც ანგარიშსწორებას. თუ დავუშვებთ, რომ ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა, ამ გზით რატომ, ან რა იყო მოსაშორებელი? მე თვითონ ვთქვი უარი გაგრძელებაზე. თითქოს განათდაო, იმ წუთას გავაანალიზე და ჩემი ტვინი აღშფოთებით მეკითხებოდა: მოიცა, ესეიგი ქურდობას მაბრალებს, გონია რამე მოვპარე, ზედ მივლის?! ნერვიულობისაგან ლამის თვალები გადმომცვივდა. ისევ დავურეკე, ისევ გამითიშა და მალევე მოაყოლა შეტყობინება: -ნუ მირეკავ. აღარ მინდა შეთან საუბარი! უბრალოდ, ერთს გეტყვი: ეგ სამაჯური იმ გარდაცვლილი ადამიანის სახსოვარი იყო, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. უკან სავარძელზე სულ ახალი ტელფონი მედო, ჩემი ძმისთვის. მანქანის პატარა სათავსოში ფული იდო. ნებისმიერი ან ორივე აგეღო, ოღონდ ეგ არა! თავი სიზმარში, ფილმში, კოშმარში- ყველგან მეგონა, რეალობის გარდა. ვერაფრით ვიჯერებდი, რომ მე მეხებოდა ის ტექსტები და ვიღაცამ წარმოდგენის დონეე მაინც დაუშვა, რომ მე ამის გაკეთება მჭირდებოდა და თან შემეძლო... ისტერიკაში ჩავვარდი. ვწერდი გაუჩერებლად, ვურეკავდი, ხმოვან შეტყობინებებს ვუგზავნიდი, ვუკიოდი, ხან ვტიროდი, ხან ტირილით ვუკიოდი. მისგან არანაირი საპასუხო რეაქცია მოყოლია. ბოლოს მაინც მომწერა. მთხოვდა, იქნებ ჩანთაში, ქურთუკში, ეზოში მენახა ძალიან კარგად. ,,იქნებ სადმე ჩავარდაო''... ეს ,,ჩავარდა'' მთლიან ტექსტთან ერთად ძალიან ირონიული იყო. ტექსტის უკან ნათლად ჩანდა აზრი- იქნებ დამიბრუნოვო და მოსაძებნი ადგილების მინიშნებით იდეებს მაწვიდიდა, რომ ჩემი ტყუილიდან უფრო გონივრულად გამოვმძვრალიყავი. სულ გავგიჟდი. მუშაობა ვეღარ გავაგრძელე. მივწერე, რომ ეხლავე მივიდოდი იქ, სადაც წინა დღეს ვიდექით მანქანით და მოვძებნიდი, მაგრამ დილის 5 საათზე, სანამ ვინმე გაჭაჭანდებოდა, თვითონ ყოფილა იქ, როგორც მითხრა. ახლა მე დავიწყე ვერსიების მიწოდება, სად შეიძლებოდა მოეძებნა: მანქანაში, უბანში, ზღვაზე, პერანგში, ისევ მანქანაში, დაეშალა, აეწეწა, სამყარო გადაეტრიალებინა, მაგრმა ჩემს ვერსიებს ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებდა დადასტურებით, რომ რახანია იქ ნახა.. ვარაუდს იმისას, რომ მე მოვპარე, ამყარებდა იმითი რომ ჩემთან შეხვედრის წამიან მანქანიდან არ გადასულა: - ერთხელ მაინც სადმე რომ გადავსულიყავი. სულერთია სად, საწვავზე, მაღაზიაში, სულერთია სად, მაშინვე დავუშვებდი,რომ გარეთ მომძვრა! ყველაზე ნაკლებად შენ მინდა იყო ამაში დამნაშავე. ჩემს თავში ათას მიზეზს და ახსნას ვეძებ, რომ ეს შენთან არ დავაკავშირო, მაგრამ ყველა ლოგიკური გზა შენთან მოდის!!! -კარგი და როგორ წარმოგიდგენია, რანაირად უნდა მომეხსნა, რა დროს, ან რატომ, ან რაში დამჭირდებოდა, ან საერთოდ ვგავარ მე ქურდს და თაღლითს?! - საოცარი ხარ და სწორედ ამან მომადუნა და გადაწონა ჩემი ყურადღება და კონტროლი... - შენ იდიოტი ხარ?! როგორ ბედავ, იცი მაინც, ახლა მე რას ვგრძნობ?! - წარმომიდგენია. თუ შენ ახლა ცამდე მართალი ხარ და ასეთ საშინელებას გაბრალებ, თავს რა ცუდად იგრძნობ, მაგრამ ნეტავ რამენაირად შეგეძლოს შენი სიმართლის დამტკიცება, ან ვიპოვო. მთელი ცხოვრება ბოდიშებს მოგიხდი და შენი მონა ვიქნები! -მართლა მიკვირს, გული როგორ არ მისკდება. ყველგან მოძებნე, მანქანა წინდასავით ამოატრიალე, მიჩივლე, ძაღლებს აძებნინე, რამე მოიფიქრე. შევიშლები!!! - ერთხელ მქონდა ასეთი შემთხვევა: გოგომ ქორწინების ბეჭედი მომპარა, როცა აბაზანაში შევედი. მერე მიხვდა თავის შეცდომას და ბოდიშიც მოიხადა. მართალია გვიანი იყო და უკვე გაყიდული ჰქონდა, მაგრამ იმან აღიარა მაინც. რაც მიკეთია, უბრალოდ ბუტაფორიაა. ჯვარნაწერი აღარ არის. უბრალოდ უნდა მეკეთოს და ამიტომ ვიყიდე ხელახლა. იმ გოგოს ვაპატიე, ყველაფრი ხდება, ზოგადად... - ამით რას მეუბნები, ვიღაც ნაბოზარ გოგოს მადარებ და გგონია ამით ჩემს სინდისს გააღვიძებ?! ავადმყოფი ხარ?! რატომ უნდა მომეპარა, რატომ?! ანდაც ადამიანს რო შეხედავ, ვერ ხვდები -რისი მკადრებელია და რისი არა??? - ზუსტად გარეგნობითა და შენი მორგებული ადამიანობით რომ ვიმსჯელე, იმიტომ მოვდუნდი ბოლომდე... ერთს გეტყვი. წამოსვლისას შენს კალთაში ხელი არ უნდა ჩამედო... მღელვარებამ ქუსლებიდან დამიარა. ძლიერი თავბრუსხვევა ვიგრძენი და რამეს რომ არ მოვჭიდებოდი, ალბათ დავეცემოდი. წუთით გაუნძრევლად დგომის შემდეგ ძალა მოვიკრიბე, წყალი დავლიე და ცრელმები მოვიწმინდე, მაგრამ უშედეგოდ. ღაპაღუპით მცვიოდა. ცოტა რომ დავმშვიდდი, სამზარეულოდან გავედი, ჩემი ნივთები ავკრიფ და კოლეგებს დავემშვიდობე. გარეთ რომ გამოვედი, სახე სუსხიან ქარს მივუშვირე. ყინვამ სახე ამიწვა. ამას არ შევუწუხებივარ. მესიამოვნა კიდეც. სახლში წასვლა არ მინდოდა. კეკეს დავურეკე და საბედნიეროდ სახლში აღმოჩნდა. მისი სახლისკენ ფეხით წავედი. ვერც ყინვას ვგრძნობდი, ვერც თოვლჭყაპს და ვერც ხალხს, ჩემს გარშემო. ყველანაირი ემოცია ჩამირა და თითქოს გულიც კი აღარ მიცემდა. კარი კეკეს შეყვარებულმა გამიღო. სახეზე შეეტყო, რომ ძალიან ცუდად გამოვიყურებოდი: - რა გჭირს?! - გაკვირვებულმა წამოიძახა, მაჯაში ჩამაფრინდა და სახლში თითქმის ძალით შემათრია. ხმაურზე კეკემ გამოყო თავი სამზარეულოდან. მის დანახვაზე ისევ გული ამომიჯდა, როგორც საბავშვო ბაღში დატოვებულ პატარას, რომელსაც მშობელმა მიაკითხა და ისევ ტირილი დავიწყე. 7 8 მარტია, ჩვენი დღე. უკვე აღარცკი ვითვლიდი, რამდენი დღე გავიდა, რაც არ გამოჩნილა. არც ველოდი... არანაირი დადებითი გრძნობა, მოლოდინები და ურთიერთობის ვნება აღარ შემრჩენოდა. მდგომარეობის სიმძიმემ ოდნავ გადამიარა. რა თქმა უნდა თავს კარგად ვერ ვგრძნობდი იმ მძმე და საშინელი ბრალდების შემდეგ, მაგრამ ვაცნობიერებდი, რომ მე რამის შეცვლის ძალა და რესურსი არ მქონდა და მოცემულობა ზუსტად ისეთი უნდა მიმეღო, როგორიც იყო. სწორედ ამ მოცემულობასთან შეგუებას ვიწყებდი. იმ წელს 8 მარტისთვის უჩვეულო ამინდი იყო: უზარმაზარი ფიფქებით, გაბერილი ცით და ძვალრბილში გამტარი ყინვით. დასვენების დღის სახლში გატარებას ვაპირებდი და არაფრისმომტანი დღის გასალევად მოვემზადე. შეგრძნებების და ემოციურობის ზღვარი მინიმუმამდე მქონდა დასული. გულს ვერაფერს ვუდებდი და ფიქრი ჩემი კიდევ უფრო საყვარელი საქმიანობა გახდა. დილიდან გამოვყავი ფიქრისთვის დრო. სავარძელი გამათბობელთან მივაცურე, ფართოდ გაშლილ ფანჯრებზე ფარდები ბოლომდე გადავწიე და საფიქრალად მოვკალათდი. ცას გავყურებდი და ვაკვირდებოდი- როგორ იკვეთებოდა სხვადასხვა ზომის, ხშირად მოფარფატე ფიფქები საერთო მასიდან და ფერიდან. ემოცებისაგან დაღლილს მხოლოდ ასეთ უაზრობებზეღა შემეძლო ფიქრი. სიჩუმე ჩემი ყველაზე საყვარელი ემოცია გახდა, მაგრამ მოსმენა ტელეფონმა შემაწყვტინა. სალონიდან მირეკავდნენ. მითხრეს, რომ ვიღაც გოგონამ ვიზიტი გააუქმა და რადგან დღეს მინდოდა იქ მოხვედრა, მის მაგივრად მისვლა შემეძლო. უარის თქმა მომინდა, მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ თავზე ვმუშაობდი და ეს მარტივი აქტივობაც დავაძალე. ერთ საათში სალონში ვიყავი, მოსაწესრიგებლად. ჩუმად ვიჯექი. საზოგადოებასთან კომუნიკაციის მცირეოდენი სურვილიც კი არ მქონდა. გოგონას, რომელიც ბოლო რამოდენიმე წელია ჩემს თმაზე ზრუნავს, დაკვირვბული თვალი აღმოაჩნდა და მკითხა, რამე ხომ არ მჭირდა, რადგან უჩვეულოდ ჩუმი და უხალისო ვჩვენებოდი. პასუხად მხოლოდ თავაზიანი ღიმილის დაბრუნება შევძელი და მიხვდა, რომ ჩემთვის თავი უნდა დაენებებინა. მე კი სიახლეების ზოლის თვალიერება განვაგრძე ტელეფონში. გაუაზრებლად ვაყოლებდი თვალს, სანამ ერთმა წერტილმა არ მიიტაცა მთელი ჩემი ყურადღება. იმ წერტილმა, რომელშიც აკოს შტყობინება გამოჩნდა... არ ვიცი ამ ემოციას რა ერქვა: გაკვირვება, გაოგნება, დაბნეულობა, შიში, რომ ისევ რამე ცუდს მაბრალებდა. გაბრაზება, რომ ისევ თავს მახსენებდა. სიხარული, რომ ისევ ვახსოვდი და ბოლოს- იმედი, რომ იპოვა და ამას მწერდა. არ ვიცი ადენი ემოციის ერთად განცდას რაიმე კუთვნილებითი სახელი თუ აქვს, მაგრამ ყველა ზემოთ ამოთვლილი, წამის მეასედში ერთდროულად ვიგრძენი! ვარაუდმა, იმედზე, შეტყობინების გახსნისთანავე ჩამიარა: - არ გეგონოს რამე გადავხარშე. არა! უბრალოდ მე ჩემი მამაკაცური ღირსება გამაჩნია. ამიტომ, გილოცავ ამ დღეს. მინდა, რომ ბედნიერი და მხიარული იყო... გავბრაზდი! ვერ გავიგე რაღა საჭირო იყო თავის შეხსენება?! ეს ცინიზმი იყო თუ მართლა მილოცავდა? და თუ ეს დაცინვა არ იყო, მითუმეტეს რისთვის მიმტკცებდა თავის ღირსებას? - მადლობა, მაგრამ უმტკიცებ შენს ღირსებას ქალს, რომელიც ქურდი გგონია და მის ღირსებას პირდაპირ დააფსი?! - აღარ გვინდა გაგრძელება. მოგილოცე და მორჩა. - მინდა,რომ დამიჯერო!!! - არ მძულხარ... - ჰო. ხნადახან მეც ვარ იდიოტი... ყველა პირობით და წესით, უნდა მძულდე, მაგრამ არც მე მძულხარ - რაღაცას გკითხავ და გულწრფელად მიპასუხე. როცა მანქანაშ ჩაჯექი, ხელზ სამაჯური შემამჩნიე? - კი, შეგამჩნიე. - მადლობა. - მადლობა რისთვის? - რომ არ მომატყუე... - რა უნდა მოგაყუო, ან რატომ? ვერ ვხვდები, დასამალი რა არის? თან კონკრეტული დეტალის გამო მახსოვს, რატომაც შვამჩნიე. უბრალოდ ის აღარ მახსოვს, როდიდან არ გეკეთა... - რა დეტალის? - რომ ჩავჯექი, ხალი შეგამჩნიე ხელის მტევანზე, ლურჯი... ჩემი კანის გარდა, ლურჯი ხალი არავიზე მინახავს და შენ გქონდა... ამან მიიქცია ყურადღება და სამაჯურიც მაშინ მომხვდა თვალში. მაშინ ეს კარგის ნიშანი მეგონა, შენსა და ჩემს კანზე უიშვიათესი ფერის ხალის აღმოჩენა და თურმე ამ დროს... ძალიან დასანანია, რომ ვერაფრით გიმტკიცებ ჩემს სიმართლეს და ამხელა ბრალდების ატანა მიწევს. უბრალოდ, ერთი რაც ვიცი, ადრე თუ გვიან ჩემს სიმართლეში დარწმუნდები და ზუსტად მაშინ მინდა, არ გაჩუმდე! ვალდებული ხარ უფრო ფართოდ და გახსნილად იფიქრო. რეალურად შეაფასე ჩემი ადამიანობა და როცა სიმართლეს მიხვდები, არასწორი ხარ და ჩემს თვალში ცუდად გამოჩნდები. პირიქით... მეტად დაგაფასებ, რომ შენს თავს და ეჭვებს მოერიე! - არ გვინდა ეს სინდისით მანიპულირება! მე ვიცი როგორც უნდა დამიმტკიცო. თუ რა თქმა უნდა შეგიძლია და მზად ხარ... - რას ნიშნავს, მზად ვარ? რას გულისხმობ, რა უნდა იყოს უარესი? ყველაფერს გავაკეთებ რომ დაგიმტკიცო! - ჩემთან იყავი და ესე დამიმტკიცე შენი სიმართლე. რამოდენიმეჯერ გადავიკითხე. ხან ვიფიქრე, რომ სწორად ვერ წავიკითხე. ხან მეგონა,რომ ლოგიკას ავცდი. ხან ანალიზი ვცადე, იმ იმედით, რომ წაკითხულის ქვე-ტექსტი სხვა იყო და გამოცნობა ვცადე, მაგრამ ამაოდ. იმას მწერდა სიტყვა, სიტყვით, რასაც ვკითხულობდი და სხვა ვარიანტს არ გულისხმობდა. ვერასდროს არმოვიდგენდი, რომ ჩემთან სიახლოვის მინიმალური სურვილი მაინც კიდევ გაუჩნდებოდა. დავიბენი: - რანაირად უნდა დაგიმტკიცო მასე, თუ ერთად ვიქნებით, რაში დაინახავ სიმართლეა? - ჭკვიანი გოგო ხარ. რამეს მოიფიქრებ. თან დრო... საშუალებას მომცემს კარგად გაგიცნო და მეტი დავინახო. დაბნეულობა წამში შეცვალა გაბრაზებამ. ვიგრძენი საღებავწასმული თმა როგორ დამიდგა ყალყზე: - გაქვს კიდევ რაიმე მეთოდი, ჩემს უფრო მეტად დასამცირებლად?! რატომ აკეთებ ამას??? - შანსს გაძლევ, იყო ჩემი და ჩემთან. ასე უფრო მეტს დავინახავ. - აა, თან შანსი მომეცი? რის შანსი, ან ეს რა შანსია?! ერთხელ ხომ გადამიარე და ახლა გადაწყვიტე, უკან გადმომიარო?! - კიდევ ვამბობ: ამით არ გამცირებ! ეს შანსია შენი სიმართლის დასამტკიცებლად. ახლოს იქნები, კარგად გაგიცნობ, მეტს გავიგებთ ერთმანეთზე, დრო გავა და უფრო მეტად დავრწმუნდებით ერთმანეთში... უცებ ძალიან ბოროტულმა ეჭვმა დამიარა და დამალვა არც მიცდია. იმიტომ, რომ ყველა ლოგიკას ერგებოდა: - სპეციალურად გააკეთე?! - რა??? - პაუზის შემდეგ ძალიან ბევრი სიცილის ემოცია მოაყოლა - ჯანდაბა, ეს სად წავიდა! ყველაზე ძვირფასი ნივთი დავკარგე, ლამის ერთი თვეა არ მძინებია, იმ ნივთთან ერთად შენც დაგკარგ და ამ დრომდე ვერ ვეგუები ვერც იმის და ვერც შენს გასვლას ჩემი ცხოვრებიდან. ათას გზას ვეძებ გამოსავლამდე და ეს რას ბოდავს! - მე შენ გითხარი, ყველაფერს გავაკეთებ მეთქი, მაგრამ ეს ყველაფერზე მეტია. თან, გაცილებით მეტი! - მე რაღაცის საპირწონედ არ მითქვამს, ჩემთან იყავი მეთქი. ღმერთმა დამიფაროს! არასდროს სიყუაცია საჩემოდ არ გამომიყენებია, როცა სხვა ზარალდება. სამწუხაროა, რომ ესე გაიგე. ამ ყველაფრის და ამხელა ამბის მერე, მაინც ვგრძნობ რომ უშენოდ ცუდად ვარ. ეს არის უპირველესი მიზეზი ჩემი შემოთავაზების. თან კარგად გაგიცნობ და კიდევ უფრო ბევრ რამეს მივხვდები. იმასაც გეტყვი,რომ ეს ამბავი რომ არ მომხდარიყო, მითუმეტეს იქნებოდი ჩემთან. იმიტომ, რომ ამ ფაქტის მერე ვერ გეშვები და ამის გარეშე იცი რა იქნებოდა? საერთოდ წარმოგიდგენია? - კარგი. მე შენთან ურთიერთობა პირველი სამი წინადადებიდან მაინტერესებს, მაგრამ მომხდარი რომ დავივიწყოთ, მაინც ყოველთვი არსებობს ,, მაგრამ" და ის შენი ცოლია... და რომც დავუშვათ ამის მერე კონტაქტი და ერთად ყოფნა ვცადოთ, შენ დისკომფორტს არ შეგიქმნის ის, რომ სულ დაძაბული ვიქნები, რომ არაფერი დაკარგო და სულ რომ ხუთ თეთრიანი დაკარგო ჩემთან ერთად ყოფნის დროს, პირდაპირ ჩემზე რომ იფიქრებ?! ყველა დამშვიდობების მერე რომ შეამოწმებ, ყველაფერი ადგილზეა თუ არა. ეს პირადად შენთვის შეურაცხმყოფელი არ იქნება? - არ დავკარგავ! - რატომ გგონია, რომ (შენ აზრით) თუ ეს ერთხელ გავაკეთე, მეორედ აღარ ვიზავ? თუ ეს ყველაფერი მართლა დაგმულია და გადასარევად იცი,რომ არაფერი ჩამიდენია?! - ნეტა მართლა დადგმული იყოს, ღრმად და თავისუფლად ვისუნთქებდი. მაგრამ რაც არის არის და გამოსავალი შენი ჩემთან ყოფნაა. მასე გაირკვევა ყველაფრი. - ისე ნუ მელაპარაკები, თითქოს რამეს მპატიობდე! - არ ვიცი, რა როგორ ჩანს შენთვის, მაგრამ ნეტავ დამტკიცება შეგეძლოს,რომ ვცდები. როგორც უკვე გითხარი, მთელი ცხოვრება ბოდიშებს მოგიხდი. - მთელი ცხოვრების თანამგზავრი უკვე გყავს. თუმცა მე ვფიქრობ რომ დაშორდები და როგორც მე არ ვიქნები შენთან და ჩემს ვარაუდში ვერ დავრწმუნდები, ისე შენ ვერ დარწმუნდები ამ საკითში ჩემს უბრალოებაში... - ვღიზიანდები, მაგას რომ მეუბნები, მაგრამ ახლა მაგის დრო არ არის. საკითხზე ვისაუბროთ. ჩემთან იყავი და მე შენს და შენ შენს სიმართლეში დავრწმუნდებით. ძალიან გავღიზიანდი. სალონიდან ისე გამოვედი, არ მახსოვს ხალხს დავემშვიდობე თუ არა. უამრავი ფიქრი, აზრი და სურვილი მიტრიალებდა. უცნაური ყოფა მედგა. თავი ფილმში მეგონა, მაგრამ მოცემულობა საერთოდ არ მერომანტიკულოებოდა. პირიქით - თავის დაღწევა ძალიან მინდოდა. უცებ სინათლის სისწრაფით გონებაში ახალმა ეჭვმა გამიელვა. არც მიფიქრია მის ლოგიკურ საფუძვლებზე და ანალიზის გარეშე მივწერე: - სამაგიეროს გადახდა გინდა? - რა?! - რამე უნდა დამიშავო, ამას გეგმავ? - გოგო, შენ სულ გაგიჟდი?! რეაქციით მივხვდი,რომ გადავამლაშე და უკან დავიხიე: - კარგი და ამხელა ამბის მერე ჩვენი შეხვედრა როგორ წარმოგიდგენია? - ისე, თითქოს პირველად. - მართლა ესე გემარტივება? - დიახ! - ვინმეს ხვდები? - ორს და სამს არასდროს! გითხარი, რომ ამ ეტაპზე საერთოდ არავინ არის ჩემს ცხოვრებაში და არც მაინტერესებს შენს გარდა არავინ. - იმიტომ ჩამაცივდი,რომ უკეთესი ვარიანტი არ გამოჩნდა? - მორჩი!!! შენი უაზრო ეჭვები უადგილოა. თუ იმის მოსმენა გინდა, რომ გავგიჟდი, ალბათ ჰო! თავს ვერ ვაკონტროლებ. ზუსტად ის მინდა, რაც ნამდვილად არ უნდა მინდოდეს!!! - არ ვიცი რამდენად დიდს, მაგრამ ჩემს რაღაც ნაწილს ძალიან ეზიზღები... - მასეც უნდა იყოს, მაგრამ არ გძულვარ. მე მითუმეტეს. ესეიგი, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი და გთხოვ, ნუ კლავ. სულ პაწაწინა შანსი მივცეთ. ჯერ ხომ არ ვიცით რა ხდება... - კარგი რომ არაფერი, ეს უკვე ვიცით. - ეს შენ გგონია ასე. მე სხვანაირად ვფიქრობ. პასუხის დაბრუნების ძალა აღარ მქონდა. ტელეფონი შევინახე, კაპიუშონი წამოვიხურე და ხელბი ჯიბეების სიღრმეში ჩავაცურე. ისევ ძლიერად თოვდა. მხრებში მობუზულმა ფეხით გავიარე. ჩემს სახლთან შორიახლოს გადახურულ სკამებს მივადექი, ჩამოვჯექი და ნაცრისფერ სივრცეს ავხედე. ბინდი ეპარებოდა. თავი საშინლად დამძიმებული მქონდა და არების თავმოყრას ვერ ვახერხებდი. ერთ მხარეს მორალი, თავმოყვარეობა და პრინციპები იყო. მორე მხარეს კი გული, გრძნობები, ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა, დაუოკბელი სურვილი და ეს ორი მხარე საოცარი სიზუსტით იდგა ერთ სიმაღლეზე. გადამწყვეტი გადაწონვა მელოდა წინ, მაგრამ ვერცერთის სასარგებლოდ ვდებდი არჩევნის საბოლოო მარცვალს. პირველად აღმოვჩნდი პოზიციაში, როცა თავმოყვარეობა მეთელებოდა, მაგრამ ეს ფაქტი გულის სიღრმეში განსხვავებული რომანტიკის სხივებს მაპარებდა. თვალები დამებინდა ურთიერთგამომრიცხავი ემოციების განცდით! წყვილმა ჩამიარა. ისინიც ჩემსავით ვერ გრძნობდნენ სისხლში გამტარ სიცივეს. ან გრძნობდნენ, მაგრამ არ აინტერესებდათ. სიგარეტს ეწეოდნენ, ხმადაბლა საუბრობდნენ და ნელი ნაბიჯით მისეირნობდნენ. ვუყურებდი, როგორ მუქდებოდა მათი გამოსახულება ლამპიონის თოვლიან სინათლის ქუდქვეშ და მერე ისევ იცრიცებოდნენ შემდეგ ლამპიონამდე. უნებლიედ ფიქრებმა დაშვება და მსჯელობა მაიძულა: რა კარგი იქნებოდა ჩვენც რომ თავისუფლები ვყოფილიყავით მეთქი... ამ ფიქრებით წამოვდექი, მაგრამ მათი ნაფეხურების გაყოლას არ ვაპირებდი. სკამიდან მაგიდაზე გადავინაცვლე. ფეხები იქ შემოვაწყვე, სადაც წუთის წინ ვიჯექი და შუბლი მუხლებზე დავასვენე. იშვიათად თ დამდგომია ასეთ წამი, როცა გონება ჩურჩულსაც კი წყვეტს. მესიამოვნა ასეთი უემოციობა და უარაფრობა და გავირინდე. ზუსტად არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე, მაგრამ როცა ყინვამ სხეული ამატკია, თავი ავწიე. უკვე კარგად ბნელოდა და თითქმის აღარ თოვდა. სხეული ძლივს ავამოქმედე და ადგომა ვაიძულე. სახლისკენ დავიძარი. იქ დროებით მიტოვებული და ხმაურიანი ფიქრები მიცდიდნენ.