საისეი
საისეი
ავტორი: საისეიფსიქოპათის დღიურები13:20 ძილი. ძილი?.. სევდა. მოწყენილობა. დავიღალე. მშია. მალე მივალ თეფშებთან. რატომ მეღიმება? ჭამა კაია. მშია მშია მშია მშია მშია მშია მშია მშია მშია მშიააააა. მოკლედ, მშია. საერთოდ რატომ ვწერ? მინდა და ვწერ. ხოდა ეგრე! რაღაც უნდა მეთქვა და დამავიწყდა. ბოლო დროს რამდენჯერმე დავაფიქსირე იგივე. სასიამოვნოა, როცა მაინც ვიხსენებ ხოლმე. ცოტა ხანი, სულ რამდენიმე წამიც და გამახსენდება. ჯერ საჭიროა დაძაბვა, შფოთვა, ცოტა ნერვიულობა, ბრაზი გემოვნებით, დაღერღილი წიწაკა, თევზი, შოკოლადი, მალე ვჭამო რა...ხო შეიძლება, რომ მალე ვჭამო!? სუფევს სიმშვიდე, მაგრამ გამკაცრებული, განყენებული სისასტიკე კედელთან დგას, თითქოს. მოვარჯულებ? მონდომებით კი, მაგრამ მინდა რო?15:59 ფიქრები მოდიან, ხან მიდიან...საქანელას ჰგავს; სასიამოვნო შეგრძნებაა საქანელაზე ჯდომა. მუცელში მივლის სასიამოვნო შეგრძნება, შიშთან ნაზავი.. მაღლა ვარ, მიწას დიაგონალურად ვუყურებ.. დავეცემი? ხელები ხომ მყარად მოვჭიდე რკინებს, არაფერიც, არ დავეცემი.. სუნთქვის შეკვრა...ზოგჯერ თვალებიც მეხუჭება, თუ ქარი უბერავს და სათამაშო მოედნის მტვერი აღწევს წამწამების ღობეს, მაშინ, ცოტა უფრო დიდხანს...მოვიფშვნიტავ თვალებს.. მაგრამ გაოფლილი მტვრიანი ხელით არ მინდა და თან ერთი ხელი შემანარჩუნებინებს კი წონასწორობას? ისევ შიში და გაუბედაობა..შიში შიში შიში შიში შშშშშშშშ..... მატლი გავსრისე ოთახში, ჭიანჭველაც ზედ მივაყოლე, არც კი დავფიქრებულვარ ისე. არაფრად მიღირს მათი სიცოცხლე, მთავარია მე შემეზიზღა, მთავარია მე ვიფიქრე- და საჭმელში რომ ჩაძვრეს? ჩემი საკვები არის მნიშვნელოვანი და ჭიანჭველა და მატლი- არა. ფიქრები ადგილზეა : ყველა ცოცხალი სასარგებლოა, ყველას თავისი ფუნქცია აქვს, ყველას უნდა ვცე პატივი, ყველას ბლა ბლა ბლა...ვარ კი გულწრფელი? რასაც ვგრძნობ და ვაკეთებ, ესაა ჩემი ბუნება თუ სწორი აზრები? მაშინებს ჩემი თავი, ყოველთვის მაშინებდა...აჰა, ისევ შიში, ისევ ფიგურირებს შიში...როგორი პანიკა აქვს პატარას, მგონი საკუთარი სუნთქვის ხმაც კი ზაფრავს..რანაირი სიტყვაა, ზაფრანა გამახსენდა..ჰა ჰა..გაქცევა იუმორთან? ვის რა ეკითხება ერთი? რასაც მინდა იმას დავწერ!16:26 წუწუნებენ ტრანსპორტზე, როდის მოვა? როდის მოვა? ტვინი წაიღეს!.. ხო ვიცი, მე რომ შემექმნას იგივე პრობლემა, მაშინვე მოუთმენლობისა და გაღიზიანების კოქტეილი მოეკიდება გონებას. ანუ რა გამოდის: მთავარია მე ვიყო კარგად და სხვა თუ ცუდად არის, ეგ გამაღიზიანებელია და მოშორდნენ აქედან? ჰა ჰა, ჰა ჰა ჰა.. ხო, ესე გამოდის.16:48 ალბათ, რამდენ ინფორმაციას გავცემ გაუცნობიერებლად...მეტი სიფრთხილე მმართებს..ვიფხიზლებ, მეტად ვიფხიზლებ.. კაია, როცა ვგრძნობ, რომ არ მინდა იმ წამს ამომიკითხონ და სახე არაფერს წერს, ვერაფერს ხედავენ, ცდილობენ, ცდილობენ.. მაღიზიანებს, ისე...მაგრამ, ნურას უკაცრავად, მოვინდომე და ცარიელი ფურცელი დაგხვდათ, ახლა იმტვრიეთ თავი- რას ვფიქრობ? რას ვგრძნობ? როცა ცდილობენ მომერგონ, ჩემთვის მოსაწონი იყვნენ, და რომ არ არიან? როგორი დამცირებაა, დაბალი დონე, ფსკერი და არარაობის განსახიერება..ფუ. და როცა იღებენ მოულოდნელ პასუხს, მათი მოსაზრებისგან, გემოვნებისგან თუ რაღაც მდარე ხარისხის მონაჩმახისგან აბსოლუტურად განსხვავებულს, მსიამოვნებს სახეებიდან სირცხვილშერეული შიშისა და იმედგაცრუების ამოკითხვა, ჰა ჰა. მშვენიერია.17:08 რაც ჩემია, იმას მოვუფრთხილდები, გამოვიზოგავ..რაც სხვისია, დაუდევრად გამოვიყენებ და სხვასაც ზედ მივაყოლებ..სასარგებლოა თუ არ არის სასარგებლო ჩემთვის? ეს კითხვაა ჩემი ძრავისთვის საუკეთესო საწვავი. რაღაც ხმამ შემაკრთო..ისევ შიში..როგორი მშიშარა ვარ, ზოგჯერ.18:47 დღესასწაულები, აღნიშვნები. განსაკუთრებული დღეები..ჰაჰ..სასაცილოდაც არ მყოფნის..სხვაზე მეტი ვარ რომ არ მომწონს ისინი, გულის სიღრმეში შეიძლება ზოგჯერ მეხალისებოდეს სხვების მიერ შექმნილი სადღესასწაულო ატმოსფერო, მაგრამ არ ვაღიარებ და მე თავად არ შევქმნი..იშვიათად, შეიძლება, ისიც, ალბათ, გამორჩენის მიზნით..აი, მე ახლა ამას რამეს გავუკეთებ და ცხადია გული განეწყობა სამომავლოდ ისე, რომ სანაცვლოდაც გამიკეთოს მსგავსი სიკეთენი სასარგებლონი..ჰაჰა.. თავი ოდნავ მიბრუის. ზოგჯერ, როგორ მინდა წამით გაჩერდეს სამყარო..გაჩერდეს თუ გავაჩერო? ცოტა ყოვლისშემძლედ ხო არ ჟღერს? დავუშვათ და გავაჩერე, პულტს ხელი დავაჭირე და გაჩერდა და დაისადგურა სრულმა სიჩუმემ. სიჩუმის ხმა იქნებოდა ნაზი, ოდნავ თბილი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის მელოდია და მერე ისევ იქოქება სამყარო, ისევ ხმაურობს, ნერვებს წიწკნის..ესეც ხომ ჩემს ხელშია..მაგრამ ახლა წიწკნის, მაღიზიანებს..ჩემი არჩევანია, თუ არ შემწევს ზოგჯერ ძალა, არ გავღიზიანდე? სად ვარ? რატომ ვარ და ვინ ვარ? პათეტიკური შეკითხვების უბრალო ჩამოწერის განწყობაზე მოვედი, თორემ, ხელებს ცივი წყლით გადავიბან და მე გულცივი და მე გულ-გაუგებარი, ჩავრთავ ინტელექტის მანქანას, რაც მეტი ფული მექნება, მით უფრო უსაფრთხოდ შევძლებ ხორცშესხმასაც და გაცლასაც..რისი? რა შენი საქმეა?! ვიცი გაინტერესებ, თან ძალიან და ყველაზე მეტადაც კი ამ ცითსაწიერზე. მე ხომ შენთვის მზის გული გავხდები როცა წამიკითხავ..ჰა ჰა ჰა.08:42 რას იფიქრებენ ჩემზე სხვები? თუ მე მათი გამოყენება მინდა და ვხედავ პოტენციალს ამისათვის, მაშინ ავუშვებ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მათ მეტად ასიამოვნებს და ცხვირწინ ვუსეირნებ მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ჩემს სიახლოვეს იქნებიან. როცა არ მაქვს გონებაში სარგებელი, რითიც მასიამოვნებენ, აი, მაშინ სულერთია და შემიძლია მეტად გულწრფელი ვიყო. ჰმ, როგორი მზაკვრული გეგმაა არა? აიღე ადამიანი, უკაცრავად, ნივთი, გამოიყენე დიდხანს ან სანამ შესაძლებელია, მერე გადააგდე წამში, ნუ მაქსიმუმ 3-4 წამში და ახალი ნივთი გაიცანი ახალი სანაცნობო წრით. ჰა ჰა.10:32 ტყუილის თქმა? უმარტივესია. ქვასავით მაგარი, არა არა, სალი კლდის მსგავსი, სადარი, რანაირი სიტყვაა, ჰაჰ, არგუმენტები, ობობას ქსელი და მზადაა, უკვე მსხვერპლი აქეთ იხდის ბოდიშს ან „არაუშავს, მესმის“ (ღიმილით) და შინაგანი გესლიანი ჩაცინება გამიკრთება ხოლმე, ჰა ჰა ჰა...11:13 როცა რაიმეში არაკომპეტენტური ვარ, უფრო სწორად, ნაკლებად კომპეტენტური და საფრთხე დგას, რომ ეს გამოაშკარავდება, შეტევაზე გადავდივარ ქედმაღლობით. ენა მახვილია, კარგად ალესილი დანაა. ისე, ისეთი დანა თუ არსებობს, ნეტავ, სულ სულ ოდნავ რომ მიადებ ნებისმიერ რამეს და უკვე ჭრის? ჰმ..რამე ეგეთი სალესი რომ მოვიგონო? ან ვიპოვო..ალბათ, იქნება. სადღაც ვიდეოებში კი არის ხოლმე და...მაგრამ ციფრულობას ვერ დავუჯერებ. მაგასაც ვაკნინებ, ადამიანურ გონებამდე არ ვუშვებ, ახლოსაც კი. ისიც, როცა ამაზე ვსაუბრობ, ჩემს გონიერებას მოვიაზრებ, პირველ რიგში, ჰა ჰა ჰა. თავისუფლებაა უსაფრთხო საუბარი საკუთარ თავთან. დაე, შემდგომ მოეფინოს ნათელი ასოებს, მაგრამ ახლა..ახლა, ხომ მხოლოდ თითები და ცინიკური ღიმილია მომსწრე, როგორ იძერწება სიტყვები ერთმანეთის მიყოლებით, ეზილება ერთმანეთს, ზოგჯერ ეკლებივით შეკრთომამდეც მივყავარ, ზოგჯერ სირცხვილამდე და საკუთარი თავის შიშზე რომ აღარაფერი ვთქვა, მაინც თავისუფალი სუნთქვაა ასე მარტომყოფობით და მთელი სამყაროს წინაშე ერთდროული ნიაღვარი. გრძელი და პოეტური წინადადება გამოვიდა, ვტკბებოდი პროცესში. აი, ხო იცი, რაღაცა რომ კარგად გამოგდის და ზუსტად იცი, მოეწონებათ და ამპარტავნული ტკბობით რომ აგრძელებ კეთებას, ეგ, მგონი, ჩვევაშიც გადამივიდა. საძაგლობაა.. ზიზღი.. გამარჯობა, ზიზღო. აი, საკუთარი თავის მიმართ ზიზღსაც ვახლავართ, ჰა ჰა ჰა, რას შვები როგორ ხარ? სპეციალურად გამოვტოვე კითხვის ნიშანი. არ ჩაასწორო. იმდენად ყალბი, არაფრისმომცემია ეგ ორი, ვითომ შეკითხვა, რომ ღირსიც არაა მეორე კითხვის ნიშნის. აი, ეგრე!19:11 დაუდევრობით, გულმავიწყობით, თუ ვინმეს ჰგონია, მათ გასაკეთებელს მე გავაკეთებ, ძალიან ცდებიან. იქნებ სპეციალურად ტოვებენ საქმეს ჩემს ამარად? უნდობლობა ადგილზეა. ფიქრი.. რატომაც არა.. ღირს დაფიქრება ყველაფერზე. ზედმეტი ხომ არ არის მაინც ასეთი ფიქრები? მაგრამ იქნებ არის..იქნებ..არ არის??????...................... რაც არის, არის. ხოდა, რას ვამბობდი.. მთავარია მე ყველაფერი ჩემი მქონდეს და ჩემსას მე მივხედავ, აი, რაც სხვისია, ის მკიდია. ვა, რეპერიც ვყოფილვარ, ესეთი ნიჭიერი რატომ ვარ? ჰა ჰა ჰა..ჰა.. თავხედობას გახლი სახეში. გაბედე, აბა, ოდნავი, ჩემთვის არმოსაწონი ამოსუნთქვა და გახდება ეს ბოლო- შენთვის.. გეხუმრები.. იმდენად უმნიშვნელოები არიან ადამიანები ჩემთვის, მათთვის დამეზარება ბოლო ამოსუნთქვის სპექტაკლის დადგმა. ახლა ხომ ასე ვფიქრობ და რა იქნება მერე, ეს იყოს მერე.19:49 შიმშილი მოძრაობა მოძრაობა შიმშილი როგორ მეზარება სასვენი ნიშნების წერა... აჰა, კაი..აჰა, კიდევ..თუ გიყვარს, დატკბი წერტილებს ვსვამ, მძიმესაც, კმაყოფილი ხარ ახლა? ზოგჯერ სიკეთე მაწვება, სიკეთის ხასიათზეც ვდგები, ჰა ჰა ჰა.. გონების სავარჯიშოების სმენა და წერა, მუშაობა და ჭადრაკის თამაში… წერა გამაწყვეტინეს.. უპატივცემულობას არავის გავუტარებ.. ისე, როცა სიტუაციას სჭირდებოდა ან სიმამაცე არ მეყო, ან ნიღბის მოხსნა და როლიდან გამოსვლა არ მინდოდა, კი მომიკატუნებია თავი.. მოკატუნება, რა საყვარელი სიტყვაა..ნეტა კატები როგორ კატუნობენ? რა არის კატუნი? უნდა მოვიფიქრო..ჰა ჰა, რა საყვარლობაა. ყველაფერი კარგად იქნება ყველაფერი კარგად იქნება ყველაფერი კარგად იქნება, გესმის? ჩემო თავო, შენ გეუბნები, აბა, მკითხველი როგორ იქნება, რაში მაინტერესებს. ჰა ჰა ჰა. ო, როგორ კარგად და ლამაზად შემეძლო გულისშემძვრელი სიტყვით გამოსვლა და აცრემლებული მკითხველის წარმოდგენა, უმარტივესად..არა, სიმართლე სჯობს, საშიში და მახინჯი..ზოგჯერ იმდენად საზარელია სიმართლე, რომ სილამაზეში გადადის. ესეც, ალბათ, ჩემი ავადმყოფური ტვინის აღქმაა და სხვა არაფერი..არის კი ავად? საერთოდ ვინ ვარ? ფუ, რა პათეტიკური ტექსტი გავუშვი, რა მჭირს? აბა სწრაფ ტემპში დავუბრუნდეთ სარკაზმს. სიმწარე. კაია ცხარე კერძები და გესლიანობა საუბრის დროს. სიტყვები, როგორც ნემსები..სიტყვები, როგორც დანის ახლადალესილი პირი ან წვეტი..როგორც..ნუ, ეყოფა..აღარ მინდა ბევრი წერისთვის კრეატიულობის ზედოზირებაში გადავვარდე ამ წამს.. ყოფითი საქმეები მიხმობს, ჩემო დღიურო. ჰა ჰა.. ჯერ კიდევ მეშინია.. იქნებ, მართლაც, მილიონები, არა, ორჯერ მაგდენი თვალი მოძრაობს ახლა მარცხნიდან მარჯვნივ და სულმოუთქმელად ისრუტავს ახდილ ფარდას..თანაც ჩემსას.. ფუ, რა საზიზღრობაა.. იქნებ, დავწვა?..ჰმ..არა, მოდი იყოს..იქნებ დიდება მოიტანოს..აჰა, დიდებულების მოთხოვნილებაც აქვე ყოფილა, წამოყო თავი, აყელყელავდა.. ისევ პოეტურად გავუტიე..ჰა ჰა..20:32 ისე, დაკვირვებიხართ ცნობილი ადამიანების სიყალბეს?..პრინციპში, არამარტო მათ..აი, კამერები რომ უღებენ და ვითომ, ვერ ხედავენ, მაგრამ იპრანჭებიან, იმანჭებიან, იგრიხებიან, იტყლარწებიან.. იქნებ, მეყოს ამდენი მსგავსი სიტყვის გამოყენება? ჰა ჰა..არ გავუტიე?! ვახ, ზოგჯერ ჩემს თავსაც აღვირით ვქაჩავ..ველური, დაუმორჩილებელი ცხენია..ჰა ჰა. ისე, ვეფხვი მაინც სულ სხვაა..ჭკვიანი, შურისმაძიებელი.. სად ვიყავი? ცნობილებზე..არა, დაიცა..სიყალბეზე, ხო, სიყალბე..უხერხულია, ცოტა გულისამრევიც..ბუნებრივობა, რომელიც ყარს, სჯობს კეთილსურნელოვან სიყალბეს. ჰმ..ძაან ექსტრემალური ხომ არ ვარ? ჰა ჰა.. როგორ ვცდილობ რომანტიული, სენტიმენტალური ადამიანების თვალში მოსაწონად გამოჩენას..ჰა ჰა ჰა..გეგონება, მართლა მადარდებდეს, რას იფიქრებენ ჩემზე...ჰა ჰაჰა20:41 ცოტათი მტკივა ხელი, არა, უფრო დაძაბული მაქვს..წერის ბრალია? თუ სიმძიმეების თრევის? ჰმ.. შემეფერება „თრევა“? „სიმძიმეების წაბრძანება-წამობრძანების“ ჰა ჰა ჰა..ასე არ ჯობია? ისე..სარკაზმი..ხო..სარკაზმიც, მგონი, აგრესიის შეფარული ფორმაა..აგრესიას კიდევ სარჩულად ტკივილი აქვს გამოკერებული და მაგდენი ტკივილი სად სიკვდილში მეტევა? ჰაჰაჰაჰაჰაჰა... ყოფითი საქმეები, მიხმობენ ვითარცა მოწოდებანი, გეგმანი, მიზანნი..ეს ორი „ნ“ როგორ ნაკლებად სასიამოვნოდ ჩაჯდა... ისე, რამე ენა რომ მოვიგონო? ანბანიც..მეზარება.. მოდი, ბოდიალი არ მინდა რა.. საქმე, საქმე და საქმე.20:58 თუ უპატივცემულოდ დამელაპარაკები შენი მეგობრების თანდასწრებით, მოგკლავ. ..იქნებ, უბრალოდ შეცდომას მიხვდა და გამოასწორა? ან, იქნებ, მაინც ქვეცნობიერშია ის მდარე რწმუნებულება, რომ სითბო და სინაზე სირცხვილია... არ ვიცი.. ზოგჯერ იმდენი აზრი მიტრიალებს თავში ერთდროულად, ძნელია გარჩევა, რომელია ჭეშმარიტი.. არჩევანი...არჩევანი უნდა გავაკეთო.. ახლა კი, საქმეები.13:44 სხვა ადამიანები საფრთხეს წარმოადგენენ..თუ, უბრალოდ, ისინი, ვინც გარკვეული გზით მიდის?...ალბათ, უფრო ეს ბოლო ფორმულირება იქნება ზუსტი. განწყობის ფსიქოლოგია, განწყობა, სამყარო იმას გიგზავნის რაზეც ფოკუსირდები..მართლა ასეა ნეტა? ეს ფრაზები როგორ მომრავლდა, როგორ აიმაღლეს ხმა ფსიქიკის მცველებმა თუ მკვლევარებმა, ვინც არიან რა..ცუდია? მგონი, არც ისე.. შიში..ოდნავი შიშის გაკრთომა.. ზოგჯერ, სიჩუმეში წერა მსიამოვნებს, ზოგჯერ, ფონად ხმები მეკომფორტულება ..ახლა, რაღაც მომენტში, მომინდა სიჩუმე, გაყუჩება..ისე, როგორი რამ არის გაყუჩება..თან ტკივილის შენელება-გაჩერებასთან ასოცირდება და თან გაჩუმებასთან.. ენა საინტერესო რამეა.. ისე, ცნობისმოყვარე ვიყავი ყოველთვის..თუ ინტერესიანი? რა ვუწოდო ამ მოთხოვნილებას გავიგო მეტი და მეტი ...მუდმივი პროცესი აღმოჩენების..იქნებ, თავის დაზღვევაა ტკივილისგან?.. ფიქრი..აუცილებელი პროცესი..ზოგჯერ დამღლელი..მოდის გულის სახურავიდან, ფილტვები, თითქოს, ასრულებს სუნთქვით მოძრაობებს, მაგრამ ჰაერის გამოსვლა არ ხდება და იბერება, სულის შეხუთვამდე..შინაგანი ხმა აჟღერებს ქაოსს..წამით გაჩერება და სრული ბლოკი მოყვება ამ ყველაფერს და ნელნელა ისევ უბრუნდება გონება ფიქრებს..ახლა ხმაურია.. ზედმეტად სტიმულირებული ვარ..მაღიზიანებს..მინდა გაჩუმდეს ოთახები, ქუჩები..მე რომ მინდა და ვამბობ, ე.ი. ეგრე უნდა იყოს. რაში მაინტერესებს ახალი კორპუსების მშენებლობა? ადამიანების საუბარი? სერიალის სიუჟეტი? ჰა ჰა.. სარკასტული ამოსუნთქვებიც კი მეზარება ამ წამს.. ისე, ზოგჯერ, უცნაური სიმშვიდე, მდორე დინებაა ჩემს ემოციურ სამყოფელში..ამ დროს, ენერგიულობა ქრება თუ ნიღაბი იღლება?..არ ვიცი.. ვინ ვარ? ბოლოს და ბოლოს, ვინ ვარ?..ფიგურირებს ეს შეკითხვა.. ფიგურები.. ჭადრაკი..ამ ბოლო დროს, შედარებით იშვიათად ვთამაშობ..უკეთესიც კი შეიძლება იყოს.. ზომიერება მიჭირს.. მუდმივად აღვირი, აღვირი, აღვირი..ველური ცხენი მღვიძარეა, დაუდგრომელია, ერთი სული აქვს წამით როდის მივხუჭავ თვალებს, რომ გაგიჟდეს და გააფთრებული გაქროლდეს უსასრულოდ..წარმომიდგენია მსუბუქი მდელო, ნაზი მცენარეებით სავსე, მზის სხივების მოოქროსფერო-მოყვითალო ნათება, ზომიერი ტემპერატურა, სასიამოვნო სიგრილე-შეპარული ნიავი და წინსვლა... მოგზაურობა..ისე, ზოგჯერ არც მინდა მოგზაურობა.. მეშინია.. შიში..ისევ შიში.. მეშინია.. როცა პირველ პირში იწერება ესეთი მოცემულობები, ამისიც მეშინია, მაგრამ, თან თავისუფლებას ვგრძნობ, რატომ? ნაკლები ხმაური რომ იყოს ახლა ოთახში, ამასაც მიმზიდველად ჩამოვაყალიბებდი. ჰა ჰა.. რა გგონიათ, გულწრფელად შევყევი წერით ტკბობას? არა, ისევ კითხვის მოყვარულების მოსახიბლად გავუტიე..ჰა ჰა ჰა..ისე, ზოგ მომენტში, მართლაც გულმართლად ვწერდი. გეხუმრები, არ გაღიზიანდე..ჰა, დავიგვიანე? გაგივლის, ხო იცი, ემოციაა და გადის რა..მშვიდად იყავი..წაიკითხავ, ბოლომდე. მინდოდა თავხედურად მბრძანებლური ვყოფილიყავი, თან ხუმრობით, თან სერიოზულობის მარცვლებით, მაგრამ გადავიფიქრე. სიკეთემ შემომიტია? არ ვიცი.. ისე, რამდენი რამე არ ვიცი.. ბევრი რამეც კი მიტრიალებს თავში... რატომ არ უყვართ ადამიანებს, როდესაც ვინმე რამეს ასწავლის? ამპარტავნებაა მიზეზი. ეს მორალურად სწორი აზრები რომ მაქვს და ვაფრქვევ..ვასრულებ კი? შიში..შიში..მომავლის შიში..14:17 რეპეტიციებს გავდივარ ხოლმე, თუ როგორ მოვიქცევი ადამიანთან, საყვარლად, სასიამოვნოდ, უმანკოდ. მშვიდად, მოთმინებით, შეუპოვრობით..ჰა ჰა..თუ ავტომატურად ხდება?..არ ვიცი..ისევ გაურკვევლობა და ბუნდოვანება.. რა საჭირო იყო ახლა ეს ორი სინონიმური ბოდვა.. როგორ ვცდილობ დრო გაგიწელოთ, რომ უფრო მეტად იყოთ ჩემზე კონცენტრირებული..ჰა ჰა..ახლაც დაგცინით..გაწვალებთ, ხუმრობა ხუმრობაში ვიგესლები..თუ რას ვშვები?.. ვინ ვარ? შენი აზრით, როგორი ვარ? რომ შეგეძლოს აი, აქვე დამიწერდი..ახლა მე გავჩერდებოდი, მოგცემდი მცირე ადგილს, ან რამდენსაც მეტყოდი, ან, უბრალოდ, დაგითმობდი სივრცეს და გეწერა და გეწერა ჩემზე..შეიძლება ერთი სიტყვით დაგეხასიათებინე, ან, იქნებ, არც კი გდომებოდა სიტყვების გახარჯვა ჩემზე..მე ხომ ასეთი დიდუბული და საინტერესო ვარ, როგორ გაბედავდი შე, არარაობავ..ჰა ჰა ჰა..18:32 მოსასმენები რომ იყოს დამონტაჟებული ოთახებში ან კამერები? მერე რა ხდება? დაე, იყოს. რამდენად ხშირად ვფიქრობ, რომ საოცრად დაბალი დონის არიან გარშემომყოფები, მეუხერხულებიან ხოლმე... შიში შიში შიში.. ზოგჯერ, როგორ მეზარება ყველაფერი..ახლა, წერაც.21:01 გონებაში ხშირად ვკლავ. სწრაფად. ბევრი სისხლით. ძალიან. ძალიან. ძალიან ბევრი სისხლით. რეალობაში? ეგრე ძაანაც არ მაინტერესებს ის ადამიანი.. თუ მეშინია? შიში უცილობლად ფიგურირებს, მაგრამ, იქნებ, სულერთნიც რომ არიან ადამიანები საერთო ჯამში, ეგეც წამყვანია? არ ვიცი..ალბათ.. ისე, რამდენიმე ვარიანტი როცა მაქვს პასუხების, ვუშვებ, რომ შესაძლოა, ყველა სწორი იყოს..ან ვღიზიანდები, ერთი რომ არ სკუპდება ჭეშმარიტების კვარცხლბეკზე. აჰა, ისევ მაღალფარდოვნება. სანამ სიტყვის წერას დავასრულებდი, უკვე ხომ ვიცოდი, რომ მერე ეს ფრაზაც უნდა მომეყოლებინა..მაინც ვჰქმენ.ჰაჰ. ბევრი სიცილის თავიც არ მაქვს. ცოტა მეძინება. მგონი, საკმაოდ. ზოგჯერ, როცა მეძინება, თითქოს სიზმარში ვარ, ბურუსს ვსუნთქავ. ხოდა, მალე დავიძინებ, სანამ კიდე მოვკალი, ვინც ბუნებრივობა დააზიანა. ისე, სახელებს და გვარებს, ფსევდონიმებსა და ადგილებს, მსგავს სტანდარტულობებს რომ არ გიზიარებ, გაღიზიანებს? მოსაბეზრებელია? იმედია, არა..მთავარია, ჩემი დიდებულება ადგილზეა და მე ვთვლი, რომ ობიექტურად გენიალურობას ვწერ და ვიღაც დაბალი დონის არარაობები რას იფიქრებენ, რაში მაინტერესებს? ჰა ჰა ჰა. ხედავ? ვერ მენდობი. არ იცი როდის გიკბენ, როდის დაგგესლავ. მაგრამ, ალბათ, ისედაც ამას ელოდები, მხოლოდ ინტერესით აღჭურვილი. თუ ჩემს დღიურს კითხულობ, მე თვითონაც არ ვიცი რა შეიძლება დაგიშავო. ვნახოთ. მზრუნველობის ოდნავი გაკრთომა ვიგრძენი ამ ბოლო ფრაზების წერისას. უცნაურია. მე რატომ მაქვს ხოლმე მსგავსი სიკეთეების ნაპერწკლები.. ვინ ვარ? როგორი ვარ? ვინ ვარ როგორი ვარ ვინ ვარ როგორი ვარ ისევ არ მაინტერესებს სასვენი ნიშნები. კაი, აჰა, ისევ დავსვამ. 07:57 საქმე როცა მოსაგვარებელია, ხშირად, მოუთმენლობა მიპყრობს.. იქნებ, სჯობდეს გავითვალისწინო სხვა ადამიანებიც?..ჰაჰ.. მთავარია ჩემი საჭიროებები. ხოდა დღესვე..დღესვე მოვაგვარებ. მოგვარდება. მოვაგვარებინებ. ჰაჰ, როგორი მბრძანებლობაა. შე, ამპარტავანო.09:43 რატომ რცხვენიათ ადამიანებს ცხვირის მოწმენდის, გაკუების და სხვა ბუნებრივი მოთხოვნილებების? რა იყო, არ ელოდი?..დავარცხნილი და სუნამო-მიპკურებული ნაწერი თუ გინდა, ჩემს დღიურებს უნდა შეეშვა, ძმაააოოო... ჰა ჰა.. დაგიძაბე.. ჰა ჰა ჰა.. ძალით ვხუმრობ ზოგჯერ ასე ცუდად.. ვიცი, რომ მდარე ხუმრობაა და სპეციალურად ვაკეთებ, რომ გაფიქრებინო- რა ბანძია... ნურას უკაცრავად, ვერ ეღირსები! მე სულ გეთამაშები.. იქნებ, ესეც თავდაცვის ნაწილია? ასე იქნება..ალბათ..წესით..17:04 ჩვევები..მნიშვნელოვანი რამაა..სანამ მიეჩვევი ახალ სახლს, მანამდე შეიძლება დალურჯებულმა იარო კაი ხანი..კი გაქვს სივრცითი აღქმა, აი, აქ საწოლის კიდეა, მაგრამ სხეული, ჯერ კიდევ, თოთო ბავშვივით სულელობს..თან როგორი მწარეა ხოლმე..მიარტყავ და იკუნტები, გტკივა.. ტკივილი..დისკომფორტი..ტკივილი..დისკომფორტი.. სიბინძურე.. იატაკის საწმენდ ტილოს..ჰა ჰა, ჩვარი არ ვთქვი, როგორი დახვეწილი ვარ..ჰა ჰა ჰა ჰა...ჰაჰ...წარმოიდგინე, რომ სახეში ამოგასუნთქე თავხედურად. ეგეც შენ ! რა გგონია, აქ იმისთვის ვარ, რომ გეფერო და გელოლიავო? არა, უნდა დაგანახო საზიზღრობა ჩემი..სისასტიკე ჩემი..გულცივობა ჩემი... მე ჩემი მე ჩემი მე ჩემი სულ მე მე მე მე მე მე მე მე მე მე მე მე მე..უსასრულოდ მე. ხოდა, რას ვამბობდი.. ჭუჭყიან ადგილს ჯერ არ ვეკარები ხოლმე, თავს ვარიდებ რამდენი ხანიც შემიძლია, როცა გარდაუვალია ის, რომ მე უნდა გავაკეთო რაღაც გასასუფთავებლად, თითქოს, რაღაც ამაზრზენ სიამოვნებასაც კი განვიცდი ... ფუ...მოდი, სხვა რამეზე გესაუბრები.. კარგი იქნებოდა ახლა ხერხემალზე ტკაცუნი..შენ არ გაწუხებს ხოლმე? ისე, რომ შეიძლებოდეს პასუხების გაცემაც..აი, წარმოიდგინე, ვარ ჩემთვის საყვარლად, დღიურს ვწერ სრა-სასახლეში, გეკითხები რამეს და შენი პასუხი იტვიფრება კედელზე..ან ფურცელზე.. პრინციპში, კედელს რას ვერჩი..შეურაცხყოფა მოგაყენე ახლა? მოდი იყოს როგორცაა..თუ ასე აღიქვი, დაე. არ მაინტერესებს..გულთან ახლოს ვერ მოდის..თუ გაწყენინებ, იყოს მასე. რას იზამ? სასტიკი ვარ. აბსოლუტი ეგოიზმის. სასვენი ნიშნები ისევ გაღიზიანებს? გიბრძანებ, პასუხი გამცე. ჰა ჰა. მოდუნდი. ისე, ზოგჯერ მთელი სხეულის მოდუნება რა სასიამოვნოა. უიშვიათესად გამიკეთებია თავიდან ბოლომდე სხეულის გაყუჩება. პრინციპში, არც ეგეთი სასიამოვნოა. ნეიტრალურია რა.17:19 რომ დავიწყო წერა და აღარ გავჩერდე კაი ხანი, უზარმაზარ აბზაცს წაიკითხავ დამთქნარების გარეშე? ჰა ჰა ჰა. დამავიწყდა რისი თქმაც მინდოდა...23:35 სანამ სიმყუდროვეს დამირღვევენ, მოვასწრებ დაწერას. როცა გრანდიოზული, დიდებული, მშვენიერი და ადამიანურობის მოცემულობიდან გამომდინარე, იდეალური ხარ, ანუ მე, ჰა ჰა ჰა, იქ უკვე არარაობების ნეგატიურ დამოკიდებულებას არაფრად აგდებ..თუმცა, ჩნდება გაღიზიანება, აგრესია, ტკივილიდან აღმოცენებული..ანუ, რა გამოდის..შინაგანი პატარა არსება ითხოვს..სიყვა..ფუ..ფუ ფუ ფუ..არ შეიძლება..საშინელებაა..ფუ ფუ ფუ ფუ ფუ ფუ ფუ ფუ... რა იქნება? ახლა რა ხდება? წამოვიდა პანიკა, ქაოსი, საერთოდ, სიზმარში ვარ..ეს ცხადია? რა ხდება? რა გავაკეთე? რას ვაკეთებ? სპექტაკლი? როლი? თუ რეალობა? ვინ ვარ? ვინ ჯანდაბა ვარ?!!!!!!!!!!!!!! ვიიიიიიიიიიიიიიიიიინ ვაააააააააააააააააააააარ!!!!!!!!!!!!!!!!!! სიჩუმეში ყვირილი, სიჩუმის დაყვირება, კმაყოფილებას მგვრის. მეძინება. იქნებ, არც დავიძინო დროულად.. თვითდესტრუქცია..ჰაჰ.. არჩევანი..ყოველთვის არჩევანი.. თამაშია..წინ მაქვს ფანჯარა.. ორი დაკლიკება..მარცხნივ- თქვენ იზიანებთ თქვენს თავს და ნადგურდებით, როგორც ეს დამპალ ნარწყევს შეეფერება..მარჯვნივ-თქვენ ზრუნავთ საკუთარ თავზე და სწავლობთ ჭეშმარიტ ბედნიერებას..... როცა ფიქრობ, მარტივია...როცა სიფხიზლე თვლემს, საძაგლობა გეწებება და გისრუტავს...არა, შენ ეწებები და ისრუტავ..უცებ, როგორ გავექეცი პასუხისმგებლობას, ჰაჰ...მოუმწიფებელი ფრაზა გამოვიდა, არ გადავაბარე უცებ საძაგლობას პირადი პასუხისმგებლობა? ჰაჰ. რა იქნება? როგორ იქნება? ძალა მინდა.22:16 ნდობა უნდობლობა ნდობა უნდობლობა ნდობა უნდობლობა ნდობა უნდობლობა ნდობა უნდობლობა ნდობა უნდობლობა.. როცა რაღაც სასიხარულო ხდება, არ ვიმჩნევ..ვაუფასურებ..ვცდილობ, არაფრად ჩავაგდო..თითქოს „მერე რა“...მეშინია იმის, რომ დავიმსახურო და დავტკბე ბოლომდე? მოიცა, დამსახურება...ანუ ქვეცნობიერს გონია, რომ არ ვიმსახურებ და დანაშაულის გრძნობა ღვარძლიანად გამოიხატება?... რას მაძლევს ყველაფრის გაცნობიერება? ეს რეალურად სასარგებლოა? თუ მდგომარეობა სხვაა, თუ სხვას ვგრძნობ ან არც არაფერს, თუ ნიღაბი და მასკარადია, საბოლოო მასკარადი, ეს ყველაფერი, ვიყო და ვაცნობიერო, ჰა...მერე მე რა..არც არაფერი.. მაგრამ, იქნებ, ეს წინგადადგმული ნაბიჯია?.. ვინ ვარ.. მეძინება..მაგრამ უნდა ვიარო, ბევრზე ბევრი..რკინის ქალამნებით? მე რომ შენს მოხიბვლას ვცდილობდე, თანამედროვე არსებავ, სპორტულ ფეხსაცმელებს დაგიწერდი..ჰა ჰა..არ ვფიქრობ სტილზე..რაც თითების წვერებზე მადგება და როცა მადგება, იმას გადმოვცემ.. მეძინება..სულ ძილი, ძილი...პლაგიატი, ჰა ჰა ჰა... ნეტავ, შენ ვინ ხარ..ვისი თვალები დაძრწიან ახლა ჩემს სამფლობელოში, თეთრი ფურცლითაა მოკირწყლული და მრგვლოვანი იეროგლიფების ქვაფენილს მიუყვები ახლა შენ..როგორ მოგწონს ეს პატარა სეირნობა? იქნებ, შენთვის დიდია? დაიღალე, თუ გაქვს ისევ ენერგია? რომ დაისვენო? საიდან, ასეთი მზრუნველობა?! ჰა ჰაჰა.. დავიღალე, მეძინება, მაგრამ არა, ჯერ ვერ დავიძინებ.. სიტყვა „ვერ“..რანაირია..გარემოს რომ აკისრებს ვალდებულებას, ადექი და თქვი, ჩემი ბრალიაო..როგორი უმწიფრობაა..როგორი უპასუხისმგებლობა..ჩემი ცხოვრების სამყაროზე მიკერება..მეზარება სიღრმეებში ჩასვლა ახლა..ხო, აი, მეც კი მაქვს მომენტები, როცა ისე მეძინება, რომ ნაკლებად მსიამოვნებს სიღრმეებში ჩასვლა.. ანუ, ახლა შედარებით მსუბუქად უნდა დაგანახო თავში სიშავბნელის ორომტრიალი? ჰა ჰა..ზოგჯერ, როგორ შემომიტევს ხოლმე მჭევრმეტყველებაი...ჰა ჰაჰაჰა..მგონი, სიცილითაც ძალით ვიცინი..ისე „მგონის“ გარეშე, პირდაპირ რომ ვთქვა ერთი რამ და მეორე წამს საპირისპირო მოვაყოლო, აი, მერე რა..ჩემს სამფლობელოში მაინც მოვდუნდე..აქ მაინც გადავდო გვერდზე აღვირი..მარწუხები უნდა გავჭრა..საშიში კია.. საკუთარ თავს, გარკვეულწილად, ყოველთვის გავურბოდი..უფრო სწორად, ვუფრთხოდი..შეპარვით, ფეხაკრეფით ვუახლოვდები და ვშორდები..რაღაც ადგილები, ალბათ, წარმოუდგენლად საზარელი მაქვს..რაც ვიცი, ისინი ხომ ამაზრზენია და რაც არ ვიცი..იქნებ, ძიების პროცესში დამშოკოს..იქნებ, გამაქროს საკუთარმა თავმა.. მაქვს კი რაიმე კარგი? ვინ ვარ? ვინ ვარ? ვინ ვინ ვინ ვინ ვინ ვინ ვინ ვინ ვინ ვინ ვინ ვინ ვინ ვინ ვინ ვინ ვინ ვინ ვინ ვინ ვინ ვინ ...22:53 როცა აკრძალული ხილი ნაჭამი მაქვს, სხვაგან მისი ხილვა აღარ მიზიდავს..შეიძლება გულისრევის შეგრძნებაც კი გამოიწვიოს... ზომიერება..ზომიერება ზომიერება ზომიერება ზომიერება ზომიერება ზომიერება..როგორ სასიამოვნოდ იწერება სიტყვა „ზომიერება“..აჰ, კაია.. ახლა დავაკვირდი, რომ „ჰა“ და „აჰ“ ერთმანეთის სარკისებრი სახეებია, ტანდემშიც კი ქმნიან „აჰას“... რას ვბოდიალობ..მეძინება და არეული ვარ, უნდა ვიჩქარო, ყველაფერი მოვასწრო..იქნებ სიამოვნებაც..14:23 ბოლო პერიოდებია კინემატოგრაფია ფონად გავუშვი..თითქოს, მაინტერესებს, მაგრამ არც..ჩართულია ხოლმე და ამ დროს ოთახში არც ვარ..ზემოდან ვუყურებდი ხალხს, ვისაც ჩართული ტელევიზორის ფონზე უნდა სძინებოდათ..ჰაჰ, მდაბიო მარტოობით დამფრთხალნი-თქო..მე რას ვშვები ამ დროს ახლა? მე, ალბათ, ფიქრებისგან გაქცევით ვარ დაკავებული, ან ემოციებისგან...არ ვიცი, ისევ არ ვიცი, რომელია სწორი პასუხი..იქნებ, ორივე..ან არცერთი..სულ არ ვაპირებდი ამ სიტყვებით დაწყებას..ვფიქრობდი მეთქვა, რომ ისევ მასკარადი მოვაწყვე.. მშლობლები რა უცნაური ფენომენია, არა?..მოლოდინებს გიქმნიან სამყაროსგან, მათგანაც ხომ იგივეს ელოდები და ზოგჯერ, სიურპრიზებს მაინც გიკეთებენ.. როგორი საშიშია მონსტრისგან სითბო, იცი? ალბათ, გეცოდინება..თუ არადა ..კეთილი რომ ვიყო, გეტყოდი, დაე, არასდროს გამოგაცდევინოს ღმერთმა-თქო, მაგრამ ღვარძლიანი სადისტი ვარ და მიდი, მიდი, გამოსცადე..ჰა ჰა ჰ ა..უნდობლობაა, როცა მონსტრი ტკბილად გესაუბრება და ვერ გრძნობ ბედნიერებას..როგორ უნდა ენდო მშობლებს? ნათესავებს? ანუ..მოიცა, მოიცა, შენ გგონია, ანგელოზები არიან? როგორ უნდა ენდო ადამიანებს, რომლებიც შენნაირი შეშლილები და გაიძვერები არიან-აი, ეს უფრო სწორი ფორმულირებაა..ისე, რას შვება ასოცირება? მშობელი-და ზოგისთვის ავტომატურად მოდის მფარველობისა და ზრუნვის შეგრძნება, სხვებთან კი-ტკივილი, სირცხვილი და საზიზღარი, ამაზრზენი სიყვარული. გენეტიკურ კოდში დევს? თუ რა ჯანდაბაა? რატომ მძულს სიყვარული? რატომ მეზიზღება ზოგჯერ აბსოლუტურად ყველაფერი..უფრო სწორად, მგონია, რომ ყველაფერი ...თუ მართლაც ყველაფერი?..არ ვიცი..ისევ არცოდნა..არ ვიცი რამდენადაა არცოდვა.. როცა ვწერ, თითქოს, აბრეშუმის მინდორში მივსეირნობ და აბრეშუმის ნიავი მეფერება კანზე, მზეც ოქროსფერი აბრეშუმისგანაა შეკერილი .. გლუვი..სიგლუვე..გლუვი..სიგლუვე.. ნეტა, ისევ არ მოგბეზრდა ჩემი კითხვა? თუ ბევრს ვიძახებ, შთაგაგონებ კიდეც და მიმატოვებ..ჰა ჰა ჰა.. რა საზიზღრობაა მსგავს თემებზე საუბარი..სისუსტეა..რაციონალურმა ფიქრებმა იციან რომ არა, მაგრამ, აი, შეგრძნებები ხომ ამას ღაღადებენ.. სისუსტე სისუსტე სისუსტე..ფუ, სისუსტე. გადავწყვიტე, ახლა წერა შევწყვიტო და მოგვიანებით გავაგრძელო.. როგორც კი გავჩერდი, მაშინვე დამეწყო წერის წყურვილი..ცოტა მაზოხისტიც ვარ და დავტკბები ამ წყურვილით, არაუშავს. ასე უფრო გამიძლიერდება დაბრუნების სურვილი.14:23 როცა ვწერ, ხელი აღარ მეძაბება..ნეტა, თავიდან რა მოხდა? რაიმე ფსიქოსომატური? იცი ეს სიტყვა რას ნიშნავს? არ განგიმარტავ, დაე, თქვან-ეს როგორი საგანმანათლებლო ბოდვები სწერია წიგნსა შინაო. ჰა ჰა ჰა ჰა..ჰა. ჰა. ჰა. ჰა. ჰა. სიამოვნების განცდა მექნება თუ გაგაღიზიანებ. ალბათ, ქვეცნობიერ სქემას ვასრულებ, მინდა, არ გიყვარდე და მიმატოვო. იქნებ, მოვიშორო თავიდან ეს რწუნებულება? ჰა ჰა, რა სიღრმეები გავუშვი. ჰა ჰა ჰა. ჩემო მკითხველო. ფუ, რანაირად ჟღერს. ასე მოგმართავენ ხოლმე სხვები? ეს წიგნი არაა, ეს დღიურია. ეგეც მართალია..მე ხომ არასტანდარტული ვარ და მოდი, დღიურიდან „ჩემო მკითხველოთი“ მოგმართავ. გეხუმრები. სულ. ვერ გაიგებ ვერასდროს, როდის რას გეუბნები სერიოზულად. თავის დაზღვევის მიზნით, როგორც კი გული ამერევა სენტიმენტებზე და ავადმყოფური გონებით ჩავთვლი, რომ რაღაც ნაზ გრძნობებთან პოტენციურადაც კი შეიძლება ასოცირდებოდეს, ჰოპ და „ჰა ჰა ჰა, დაიჯერე?“ უმალ მანდ გაჩნდება. ეს „უმალ“ საიდან მოვიტანე, დროში ვმოგზაურობ თუ რა ხდება? ჰა ჰა ჰა. ისე, დროში მოგზაურობა კი მდომებია. ძალიან არა, მაგრამ ყოფილა მასეთი მომენტები. საშიში ჩანს, თუმცა რამდენიმე წუთით ან წამით შეიძლება შეჭყიტინება რომელიმე საუკუნეში. მომავალში არ მინდა. სჯობს სიურპრიზად დარჩეს. აი, წარსულში, შეიძლება. ისე ვამბობ შეიძლება-თქო, გეგონება, კიდევ არსებობდეს რაიმე განზომილება, წაწმყო, მოწარსულო, ჰა ჰა ჰა..რა მოვჩმახე.. საერთოდ სხვა თემით მინდოდა დაწყება და ახლა გამახსენდა. მოკლედ, სიმშვიდეა დღეს, ხოდა, მოწყენილობა ცდილობს შემოპარვას, მაგრამ თავს ვიტვირთავ, ხან რას ვაკეთებ, ხან რას. ამოვგმანე ყველა ჭუჭრუტანა, რომ მოწყენილობის სუნმაც ვერ შეამოაღწიოს. ისე, მოწყენილობას საკუთარ შეგრძნებებთან და ღრმა ფიქრებთან დარჩენას ხომ არ ვეძახი, შემთხვევით? თავს ხომ არ ვიტყუებ საინტერესო ცხოვრების კონცეფციით? ვინ ვარ? რა ხდება? რა ხდება რა ხდება რა ხდება ვინ ვარ ვინ ვარ ვიიიიიიიინ.15:51 ესეთი დღეები მომწონს, როცა დილიდან საქმიანად ვარ, დროს ნაკლებად ვაცდენ, ვასწრებ უამრავ რამეს და ბევრი თავისუფალი დრო მრჩება საღამოს საქმეებამდე. ისე, დრო და თავისუფალი? და შეზღუდული რატომ უნდა იყოს? დატყვევებული ან დამონებული..დრო თავისუფალია ისედაც..გამოვიყენებ, როგორც მსურს ისე.. როცა ვაცდენ, უფრო სწორად, უაზრობას ან საზიანო რამეს ვაკეთებ..პრინციპში, უაზრობის კეთებაც საზიანოა..მოკლედ, როცა ასეთ რაღაცას ვშვები, ეგეც უნდა ჩემს მავნებელ ნაწილს და მაგიტომ ვაკეთებ..თავისუფლებას ბოროტად იყენებს. რამდენჯერ მქონია შემთხვევა, როცა გაჭედილი ვარ, მიწებებული ეკრანზე..მაღიზიანებს და მოუთმენლობა მიპყრობს, მაგრამ არ, თუ ვერ ვწყდები. შემდეგ, როგორღაც, ვანებებ თავს.. ისე, „ვერ“ საერთოდ არსებობს? რაციონალური, დიახ, სწორედ, რაციონალური პასუხია- არა. ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ, მაქვს კი რწმენა საკმარისი? არა. ხოდა, ეს არის „ვერ“. სარეველაა რა..ამოვძირკვო?.. როგორ ვსაუბრობ? რა ხდება ჩემს თავს? უკეთესობისკენ ხომ არ ვისწრაფვი, შემთხვევით? ჰაჰ..იქნებ, ეს ყველა ადამიანის არსობაში დევს..იქნებ, დარღვეული ბუნება განაჩენი არაა? მეშველება რამე? რომ ვთქვა „აუცილებლად მეშველება!“, სევდიანი უიმედობა მოყვება ამ ფრაზას..რაღაც იქნება..16:07 უცებ მეგონა, რომ ყველაფერი განადგურდა, წაიშალა და შემეშინდა.. ძალიან არა, მაგრამ, მაინც..კარგია, რომ ასე არაა.. მიფიქრია, მართლა რომ წამეშალოს მეხსიერება? ნეტავ, რას ვიფიქრებდი ნაცნობებზე? პირველი შთაბეჭდილება როგორი მექნებოდა? ალბათ, იმაზე კარგი, ვიდრე მათი რეალური სახის ცოდნიდან გამომდინარე მაქვს ახლა...სულ ასე ხდება? როგორ გგონია? შენ რომ ვერ მესაუბრები, ზოგჯერ სიცარიელის შემოპარვას ჰგავს..მონოლოგს, კედელთან საუბარს..კითხვას ვსვამ და პასუხს უაზროდ ველი..არც ველი..მარტოობის სევდით ვივსები და ვაგრძელებ საუბარს..არც კი ვიცი მზის სინათლეს ან ვარსკვლავების კიაფს თუ იხილავს ჩემეული ასოთჩუქურთმობა..ჰე, ისევ მაღალფარდოვნება? არ გინდა..თუ შევეშვა, სულ რამდენიმე წამით მაინც, ცინიზმს და მოვდუნდე მეტად?.. ისე, მასაჟი კარგი იქნებოდა..ზოგჯერ, მოდუნება კარგია..ალბათ, სხეულიდან რაღაცის დაწყებაც შეიძლება გადავიდეს ფსიქიკაზე და შემდეგ სულზე..თითქოს, ყოველთვის დაბალ საფეხურზე ვაყენებდი სხეულს და აბსოლუტურ, თუ საკმაო დომინაციას ვანიჭებდი სულს.. ამასაც, ცხადია, ამპარტავნების სარჩულით. რატომ ვარ ასეთი ამპარტავანი? რატო ვანდობ ამ ყველაფერს დღიურს? სირცხვილი და შიში..ალბათ, ესენია მიზეზები... ცეკვა მინდა..17:15 გერმანიაში სირცხვილად არ ითვლება საზოგადოებრივ ადგილებში გაზებისგან დაცლაო..წლების წინ შემოსული ინფორმაცია..ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა..შენ რატომ გიყვები ამას? გაგიჟდი თუ უემოციო სახე გაქვს? ჰა ჰა ჰა.. ისე, როგორ ცდილობენ ადამიანები მაგარ ტიპობას მოსაწყენი გამომეტყველება მიაკერონ..ემოციებს თუ არ გამოხატავ, მეტად მომინდება შენი წვალება..დავტკბები თითოეული იმ წამით, როცა დავინახავ, რომ უხერხულ მდგომარეობაში გაყენებ..ჰა ჰა ჰა..სადიზმია? არ ვიცი..ალბათ..დიდი ალბათობით, კი. ისევ ეს თავის დამზღვევი „ალბათ“..მეტად გამბედავი უნდა ვიყო ჩემს სამფლობელოში მაინც და დაე, ვთქვა თეთრზე რომ შავია ერთ მომენტში და 6 წამის შემდეგ პირიქით... ისე, ცხოველები ინვერსიულად ხედავენ ხოლმე? ზოგი სახეობა მაინც..ან ვინმე ხედავს შავს თეთრად? მეტაფორულად რომ დღეში შვიდასჯერ ვმოქმედებ ასეთი ილუზიების მიხედვით მორალური გადმოსახედიდან, ეს გადაღეჭილი მაქვს..რა მნიშვნელობა აქვს, ისე, რაზე რამდენჯერ მიფიქრია, როგორი შესანიშნავი ანალიზი შემიქმნია... ქმედებები ქმედებები ქმედებები.. სასვენ ნიშნებს, იმედია, შენც აღარ აქცევ ყურადღებას.. ისე, როგორ ხარ? ახლა, როგორ ხარ, აი, ამ წამს..ჩაინიშნე და გამიზიარე..მაგრამ, როგორ გამიზიარებ, მიუწვდომელი ვარ..ჰა ჰა, როგორ ჟღერს..ნახევრად სარკაზმით, მედიდურობით და თავხედობით გავჟღინთე, მეორე ნახევარი კი, გულწრფელობით და სიმშვიდით იყო სავსე, სითბოც იქვე..იყო კი?.. საინტერესოა ცხოვრება,ალბათ, მეც ჩემი თავისთვის.. ჩემს თავს ვქმნი თუ აღმოჩენის პროცესში ვარ? იქნებ ორივე?