ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

აღმოსავლეთის კონგრესი

აღმოსავლეთის კონგრესი

აღმოსავლეთის კონგრესიციხეში ბუნტია. ისტერიულად, გაბმით რეკავს ტელეფონი და ადამიანის არსებაში აღწევს შფოთის ხმა. ბავშვობიდან ასეა, ყოველთვის სახლიდან მინდოდა წასვლა, როდესაც ტელეფონი რეკავდა, მობიულების გამოგონებამ კი საბოლოოდ გამომკეტა სოციუმში; ადამიანთან ურთიერთობა უფრო ზრდილობიანად, ეთიკის ფარგლებში დადებული მარწუხებია, ისევე როგორც მათი უფლებები. ყოველი თავისუფალი მოქალაქე უარყოფს, რომ მათ უფლებებს აქვს საზღვარი, რამეთუ მოქალე თავისუფალია! თვითოეული თავისუფალი მოქალაქე აღჭურვილია გამოხატვის თავისუფლების გარანტირებული უფლებით, ამიტომაც ის გამოხატავს საჯარო ბიბლიოთეკაში მაგიდაზე შემოწყობილ ფეხებს, ან სათქმელს ქუჩის ერთი მხრიდან მეორეზე, ფერიცვალებას ეგეოცენტრიზმიდან ცრუ ღმერთამდე... როგორც წესი გამოხატვის თავისუფლებით აღჭურვილი თავისუფალი მოქალაქე ერთ კაცს მაინც აკარგინებს თავისუფლებას. სამწუხაროდ ციხეში მოხვედრის მიზეზთა ნაკადული არ დაშრა, პირიქით დინებამ მოიმატა. ისე, რამდენჯერ მიფიქრია 1948 წელს მელანი დააკლდათ თუ ფურცელი დაენანათ ამ გენიალური დეკლარაციის არქიტექტორებს და ავტორებს, არა მიაწერე ბარემ, რომ ადამიანს აქვს უფლება იყოს პატიოსანი, ზრდილობიანი, ეთიკური, ან იქნებ საერთოდ ამით დაწყება ჯობდა და შემდეგ სიცოცხლის უფლება. აღმოსავლეთის კონკრესი უნდა ყოფილიყო პირველი შუამავალი სურვილებსა და პატივისცემას შორის ჩანგრეული ისტორიული ხიდის აღსადგენად, უნდა მოეფიქრებინა რაიმე ისეთი ცნობიერების ნაკადი ანარქიის უფსკრულში გადავარდნისგან რომ ეხსნა. აქ კი, ადამიანის უფლება დამცველები უფლების დაცვას ცდილობენ, ხოლო პატივისცემას ერიდებიან, რადგან ეს უკვე მათი საქმე არ არის. გამოსავალი შესაძლოა ყოფილიყო კომუნიკაციის მარტივი მექანიზმი, უფრო ფილოსოფიურ-თეოლოგიური შეხედულება, რომ ადამიანი უბრალოა და მასთან უერთიერთობა მარტივი, მოექეცი ისე როგორც გინდა რომ გექცეოდნენ შენ, იფიქრე მასზე, იზრუნე... და დღეს როდესაც ტექნოლოფიური განვითარება ფიქრის ჩანაცვლებას უბადლოდ ართმევს თავს, აღმოსავლეთის კონგრესმა არჩევანი შეაჯერა და შექმნა ცხელი ხაზი, თუმცა თავშივე უნდა აღინიშნოს, რომ არ იმუშავა, რადგან ოპერატორმა უფლებები და სურვილი ერთმანეთისგან ჯეროვნად ვერ გამიჯნა. აღმოსავლეთის კონგესი ისტორიულ ადგილას არის განთავსებული. ჯერ კიდე ცხელი ხაზის შექმნამდე, მანამდე, დიდი ხნით ადრე სიონის ტაძრის გვერდით, თავდაპირველად აშენდა სოფია, თეთრი ქვისგან ნათალი სვეტებით, ჯერ კიდევ წელთაღრიცხვამდე გადმოცმებში ამბობენ, რომ შუადღის მზეზე, ხელის გადასმით ქვა ზაფრანის ფერს და სუნს იღებდა. ეს იყო პირველი ‘აღმოსავლეთის ტაძარი’, რომელშიც მხოლოდ სახელმწიფოს მართვის ოსტატობა და საქმიანობისთვის გამოსაყენებელი ცოდნა იწრთობოდა. აქ ისწავლებოდა სამეფო სიბრძნე, იმართებოდა სამეფო სასამართლო, თავდაპირველად ამ ადგილას იყო სამეფო სასახლე, რაიდული სულისკვეთება და ადამიანებს ხედავდნენ, აფასებდნენ... ამბობენ, რომ მაშინ არავინ - არავის შუბლით არ აწვებოდა, ხოლო გამოხატავდნენ ყველაფერს თავშეკავებულად, თუმცა მკაფიოდ. შეიძლება ეს სულაც არ იყო მიზეზი იმსა, რომ სოფიამ - ამ სამეფო სახლმა დროის ქარტეხილებს ვერ გაუძლო, ახალმა მოღვაწეებმა სამოსამართლო მჭევრმეტყველებას შეურიეს, საქმეს დააცილეს და ცუნდრუკსიტყვაობისკენ წარმართეს. ესეც ადრე იყო, ისტორია გადმოგვცემს უკვე ჩვენი წელთ აღრიცხვით, თუმცა მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, დღევანდელი სოფისტები პოლიტიკაში მოეწყვნენ სამუშაოდ. მათი მეტყველებისაგან დამშრალი და დახეთქილი ენა ოთხ წელიწადში ერთხელ განიცდის შემოქმედებით კრიზის, ხოლო წყურვილის მოკვლის ერთადერთი საშუალება თვითონ ხალხია, დემოკრატიულ სახელმწიფოთა ანკარა წყარო. სუფთა წყლის მაძებარი მოსახლეობა მეზობელ ქვეყნებში გაიხიზნა, არა თავშესაფრის, არამედ უფრო დახმარების საძებნებლად, მემატიანეც უახლეს ისტოიას ასე გადმოგვცემს პატარა ქვეყანა სახელმწიფოს გარეშე, სადაც შორეული თუ კარის მეზობლები გავლენების მოსაპოვებლად ძმობას იფიცებოდნენ. საერთოდ მეგობარ სახელმწიფოებს ადამიანის უფლებები არ აღელვებთ, თუმცა ვინაიდან მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტის - კონგრესის შექმნა. ამ მოთხოვნით გამოგვიწოდეს კიდეც დახმარების ხელი, კეთილგანწყობის მოპოვებისა და შეიძლება ითქვას ლიბერალურ-დემოკრატიული მნიშნველოვანი საკითხების შეფუთვის მიზნით. რატომ აღმოსავლეთის კონგრესი არ ვიცი... ალბათ, რადგან მეგობრული რჩევაა დასავლეთიდან. სიტყვას ძალა აქვს, იმ მხრიდან გაგონილს კი შემწეობის მოლოდინი. დასავლეთსაც ვერ გაამტყუნებ ჰუმანურობის გაყიდვას დაეჩვია პაპუასებთან და ჩვევა უმტკიცესია. აბორიგენები გულუბრყვილო ხალხია, მეგობრობის ალალად სჯერა, პატიოსნად. საზოგადებამ ამ ინტიტუტს მოგვიანებით აღმოსავლეთის კონგრესი შეარქვა, როგორც ჰორიზონტს მიღმა ჩამოტანილს, საკუთრივ მისთვის დანერგილს და ამერიკული თავისუფლების სიმბოლოს.. კონგრესმა დღემდე მოაღწია და თავის მხრივ შესაძლებლობებით აღჭურვილია, ხელი მიუწვდება პროკურატურაზე, სასამართლოსა და პენიტენციურ სისტემაზე, თუმცა ერთადერთი ვალდებულება აქვს დარღვეული უფლებების შესახებ საჩივარზე შეადგინოს ოქმი და განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, ეს უკანასკნელი კი წკვარამში ხელების ფათურია და სხვა არაფერი. რაღაცით კარგად მოფიქრებულ დაზვერვის სამსახურს ჰგაქვს, შეგიძლია მიიღო იფორმაცია ნებისმიერი სახელმწიფო უწყებიდან, ნებისმიერ გასაჭირში მყოფ ადამიანზე და ვერაფრით ეხმარები ამ ადამიანს, რჩები ასე - სახტად ინფორმირებული.ცხელი ხაზი სწრაფი რეაგირების მექანიზმია, ძირითადად ღამით უფლებათა სადარაჯოზე საგუშაგოდ. მისაღები განყოფილების გოგოები მთელი დღე ელიან თვალებს იღამებენ, ღამით ყარაულობენ ძილს იფრთხობენ, მაგრამ ქალაქის მოძველებული ტელეფონი აქამდე დუმდა. მე რადგან დღის ცვლაში ვმუშაობდი და არც სწრაფი რეაგირების ჯგუფში ვირიცხებოდი, საერთოდ არ მადარდებდა. დღეს კი ერთიანად, შეუქცევად, ყველასგან მოულოდნელად ამოხეთქა. ამბობენ - ციხეში ბუნტიაო. ერთის მხრივ, ახლად დანერგილი სისტემა მუშაობს და „სხვაგან მოხვდით“ არ დაფიქსირდა, ამიტომ კოკასთან სანაძლეო საბოლოოდ მოვიგე. კარგია, მაგრამ ძალიანაც არ გამიხარდა, რადგან ციხე სხვაა. ციხეში, მხოლოდ ჩვენ თუ წავალთ.ჩვენ შორის პირველმა კოკამ დატოვა სამსახური, მანამდე კი ოთახში აბურდული ტანსაცმლით შემოვიდა, კანი ხორბლისფერს იკრავდა და მთელს მხრებამდე ეყარა თავთუხის ფერი ფაფარი, თვალების ნაცვლად თითქოს საფირონი ჩაესვათ და თმების მიღმა ბრდღვიალებდა ცასავით. როდესაც მოვიდა დეპარტამენტი შეივსო და რადგან ყველას ეზარებოდა ახალის გაწვრთნა პრაქტიკულ საქმეში, მეწყვილედ წილად მე მერგო. გაუგონარი, შეუცნობელის მიმართ დაუცხრომელი, ყომარ-ბაზებში აზარტული, უფლება დამცველებში გულისხმიერი და ჩვენზე შედარებით ახალგაზრდა, რომელიც ციხეებში აღამებდა, დილით კი სამსახურში ყოველთვის იგვიანებდა.დღემდე მხოლოდ კოკა რეკავდა ცხელ ხაზზე, თავიდან სანაძლეოს მოსაგებად მოიფიქრა, მაგრამ მერე მუღამში შევიდა. ეგეთი ტიპია, ეს წიგნი რომ დაეწერა გეტყოდათ: გაუმარჯოს, მოდი მაზიანი (დავნაძლევდეთ) უეჭველი ვიცი ახლა რასაც აკეთებ, წიგნს კითხულობ! აი, ეგეთი მაზალო ტიპია. რეკავდა და ეზოპეს იგავებს ყვებოდა სხვადასხვა ინტერპრეტაციით. ცხელი ხაზის გოგონებთან, რა თქმა უნდა, პირველ ზარი დაოქმდა და ხიდის ქვეშ ნაცემი, უფლება შელახული ადამიანის დასახმარებლად (შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელების მიზნით) სასწრაფოდ გავიდა სწრაფი რეაგირების ჯგუფი. ოქმში ჩანიშნული ინფორმაცია საგრძნობლად მწირია, ამიტომ ჯგუფის უთავბოლო ყიალს, კომპეტენციის დატოლება მოჰყვა, აღმოსავლეთის კონგრესში ნაწილი ცხელი ხაზის კრიტიკას მოყვა, დანარჩენები გამართლებას. დაძაბულობა სენატორს უნდა განემუხტა, რომელმაც პირველად და უკანასკნელად, უპირველესი ინტერესი საქმეს მიანიჭა და ბუნდოვანი გარემოებების გასარკვევად მომჩივანთან პირადად, საკუთარი ტელეფონით დარეკვა გადაწყვიტა. აღმოჩნდა რომ კოკას ნომერი ჩანიშნული ჰქონდა. კოკა არ გვპასუხობს რადგან ციხეშია. აღმოსავლეთის კონგრესის მესვეურები, უკლებლივ ყველა ოფიციალური საყვედურის მოლოდინში ვიძინებთ, ნაწილს უდავოდ ესიზმრა პირადად როგორ გამოლანძღა კოკა.დილით აღმოჩნდა, რომ ძუნწის და ოქროს იგავის მსმენელებმა „შენახულის“ ნაცვლად გაიგონეს - „შელახული“, უფლების ნაცვლად ქვის დამარხვაზე გაცილებით მძლავრი არგუმენტი კი შემდეგ, სახელმწიფოებრივი აზროვნების წყობაში გახლართული ბადე აღმოჩნდა, რომელშიც მელოდიური წყობით, ჰარმონიული ტემბრით გაება მთელი აღმოსავლეთის კონგრესი, რადგან კოკას აზრით ახალი დეპარტამენტის ფუნქციონირება და შესაძლებლობები უნდა გადამოწმებულიყო. ჟღერდა, როგორც ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი - Leck mich im Arsch. გაბრაზებულ გულზე, კოკას მხოლოდ იმის გამო მოხვდა, რომ დილით დააგვიანდა, თუმცა იგავები ბლომად იცოდა და მიმაჩნია, რომ ისევ კოკას ოინები ჯობს. აბა ახლა, მძიმე ამბებია.. საწყალი გოგოები მისაღები განყოფილებიდან ერთმანეთს აწყდებიან, ხელმძღვანელები ალტერნატიულ წყაროებს, პენიტენციური სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან რეკავდნენ. ისე ამათი რიგიანად ვერაფერი გავიგე. სულ ერთმანეთს აფრინდებიან თვალებში, საქმიან შეხვედრებზე, წერილების შინაარსში, საერთო ტრენინგებზე, მოკლედ რომ ვთქვათ, უწყებათა შორისი პოლიტიკა მტრობაა, მაგრამ რამე მოხდებოდა, თუ არა თავაზიანები ხდებოდნენ. ეს უეცარი გარდაქმნა ფაიზაღი სადღაც ასწავლეს, უნივერსიტეტი არ იქნებოდა ძალიან ბუნებრივად გამოსდიოდათ. ესეც არ იყოს უნივერსიტეტი, მეც ხომ დავამთავრე და ვერაფერი. საერთოდ არანაირი გარდაქმნა. გვერდიდან მაყურებლის კვალობაზე, ცოტას მაინც ვამართლებ, როგორც ჰუმანურობის სახელით წარმოებულ დიპლომატიას, ანუ სიცრუის პატრიოტულ ხელოვნებას მაღალი, მნიშვნელოვანი საჭიროებათათვის, რომელსაც გადაუჭრელი საკითხების გვერდით გადადება და ურთიერთობების დალაგება შეუძლია. მით უმეტეს, ამჟამად სერიოზული  ქაოსი შეიქმნა.შენობა, რომელსაც თანამედროვე ლიბერალები აღმოსავლეთის კონგრესს ეძახიან პენსილვანიაში მიღებული თავისუფლების დეკლარაციისადმი მიძღვნილი პატივის მისაგებად, ძველია. სოციალისტების მიერ მიტოვებული ქარხანასავით მუშაობს, რუდუნებით, წითელი ჯვარის წყობითა და პრინციპით. აქ დასაქმებულს საჯარო მესვეური ჰქვია, რადგან ხალხის საკეთილდღეოდ შრომა ვალად ადევს და რადგან ჩვენ ციხის მიუწვდომელი ზღუდეების გადალახვა შეგვიძლია შეუზღუდავად. ციხემ თავისთან საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი წალეკა, ხოლო პატიმრების გულშემატკივრები სიმშვიდეს საპყრობილის კარიბჭის ზღურბლზე ბოლთის ცემით პოულობენ, სხვათა შორის უფლებები ამ დროს, ამათაც ნაკლებად ადარდებთ და მხოლოდ ერთგვარი მედიუმი ჭირდებათ თავისუფლებაზე დარჩენილ ადამიანებს საპყრობილეში კონტაქტის დასამყარებლად, ჩვენ ვანუგეშებთ. როდესაც მსჯავრდებული კარგად არის ცოლი და დედა განსაკუთრებით გრძნობს შეხვედრის შემდეგ გამოყოლილ სუნს, თითქოს სითბო მიმეტანოს. რა თქმა უნდა, მხოლოდ გულის მოსაგებად არ აღმართულა ეს „ჰუმანიზმის ციტადელი“, მაგრამ პატიმრების ყველაზე დიდი საქმე დაბარებული მოკითხვის მოლოდინია. ერთი სიტყვით, აღმოსავლეთის კონგრესს პენიტენციურ სამყაროსთან დიდად მყარი კავშირი აქვს. უთანხმოება და ურთიერთდამოკიდებულება ამ ორ უწყებას შორის პირდაპირპროპორციულია, რაღაცით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას წააგავს, მაგრამ რომელი რომელია ან როგორ ვერ გავარჩიე. ერთი რამ კი საერთო ნაღდად აქვთ, ორივეს კედლებს უტიფრობა და სიმუხთლე ბევრი უნახავს. არქიტექტორულ შედევრად აღიარებული ნაგებობა ყავლგასულია. სიძველისგან ნირწამხდარი, დაბზარული და ჭრიალა. ავარიული მდგომარეობის გამო ზედა სართულზე მთლიანად ბიბლიოთეკა მოაწყეს, ამგვარად სართული მოხერხებულად, შფოთის გარეშე გააუქმდა. იმ შემთხვევაში, თუ თევზი ლპობას თავიდან იწყებს, ალბათ შენობა ბოლო სართულიდან უნდა ჩამოიქცეს. ამ საკითხზე ბევრს მაინც არ მოვყვები, ჯერ ერთი ძველ ქალაქში ნგრევა გასაკვირი არ არის, ასევე ამის გამო შეიძლება გაგვასახლონ და პორტატული კომპიუტერით ხელში ბოშათა ბანაკად გადავიქცევით. საქმიანი მოგზაურობა კი ყველას ეზარება, ძალიან დამღლელია, ამიტომ აღმოსავლეთის კონგრესის ჭკვიანმა მმართველებმა როგორც ჟონგლიორი, ფრაკში გამოწყობილი მომნუსხველი კაცი გადაიტანს ხოლმე ყურადღებას და ცილინდრში ჩასმულ ბაჭიას გააქრობს, ისე გააქრეს მეოთხე სართულზე სულიერის ჭაჭანება. ალბათ ჩრჩილი თუ შეფრინდება დროგამოშვებით, სეზონურად, თვითონ ბიბლიოთეკარს მანამდე და მერეც სამზარეულოში ცხოვრება არ მოუშლია. დანარჩენ სართულებზე ოთახის კარები ყოველთვის ღიაა. ამ ტრადიციის ერთადერთი შემოქმედი აქედან გაღწევის, გადარჩენის სურვილია, რომ პოტენციური ნგრევის შემთხვევაში კარები ჩარჩოში არ გაიჭედოს და მერე მართლა წითელი ჯვარი არ დაგვჭირდეს. სენატორი, მისი მოადგილეები და მათი კურატორობის ქვეშ მყოფი ხელმძღვანელები ნანგრევებში მოყოლას, ასევე ოსტატურად ერიდებიან და სამსახურის ნაცვლად შეხვედრებზე დადიან. შეიძლება ითქვას, რომ ყველა თავისსებურად აღნიშნავს ბაირამობას. გარდა ამისა, აღმოსავლეთის კონგრესის შენობაში დარჩენილი „ღია კარი“ მოსმენისა და დასმენის თაყვანისცემის კულტად გადაიქცა, ცრუ ღმერთების მიმართ სამლოცველო ტოტემი მაიმუნია, ხოლო მანტრა: მე ვხედავ, ვისმენ და გავცემ. ინფორმაციული ნაკადი, რომელიც გონიერ ადამიანს არ სჭირდება აღმოსავლეთის კონგრესის მამოძრავებელი ცენტრია. ჩვეულებრივი ყვითელი პრესა, ყურიდან - ყურში ნაგოგმანები. აქ ყველამ ყველაფერი კარგად იცის, თუმცა იცის რეალობისგან განყენებით, ამიტომ ინფორმაციის გემოვნებით მიხედვით არჩევა და გავრცელება ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც მისი გამოგონება. უფლებების და თავისუფლების დაცვის სადარაჯოზე, ჯეფერსონის თქმის არ იყოს ზღვა უნდა ღელავდეს, მაგრამ აღმოსავლეთის კონგრესში მღელვარება, ჭორის გამოგონებით და უსაქმურობით იქმნება, როგორც რაღაცა მნიშნველოვანი. ძირითადად უფლებების დაცვა გვევალება აზრის, სინდისის, რელიგიის, გამოხატვის, სიცოცხლის ერთი სიტყვით კონვენცია ზეპირად ვიცით, ნებაც გვაქვს და რაღაც მაინც გვაკლია, შეიძლება რომაული სიმამაცე. თავისუფლება, ბაზარზე გამოტანილ მწვანილზე იაფად ფასობს, მეტიც უფასოა და რასაც გინდა აკეთებ. სწორედ ამიტომ თავზე შემოლაგებული ფეხები რჩება გარეთ, ხოლო დანარჩენები ციხეში, ასეთი ბევრი მინახავს. ასეთები თავისუფლებას ციხეშიც არ კარგავენ, თუმცა არიან ისინიც, ვისაც არც არასდროს ჰქონია. ვფიქრობ ყველაფერი უკვე გამოგონილია და პრაქტიკაში დამკიდრებული, ზედმეტად თავის შეწუხება საჭირო არაა. მთავარია ამ წყობას ფეხი აუწო და მარაქაში გაერიო.თანამედროვე მოღვაწეთათვის ფეხის აწყობა განსაკუთრებით მარტივია, თუ კიფოზით დაავადებას შეეგუები, რადგან ახალი თაობა ტელეფონის ეკრანზეა მიჩერებული შუშის თვალებით, არაფერი გევალება გარდა დაკვირვებისა და დამკვირვებლები, სეირის შორიდან მაყურებლები და მათი გამთიშავი ლაკმუსის ქაღალდი ჯერჯერობით არ ჩანს, ალბათ არცაა საჭირო. ადამიანის გონება ბორბლის გამოგონებიდან მობილურ ტექნოლოგიამდე მივიდა, სადაც ბევრი სარგებლობის მიღმა გამომწყვდეულია მისი ცნობიერება. აღმოსავლეთის კონგრესის მესვეურები, ერთგვარი სახეა, საზოგადოების შესანიშნავი ერთეულის რეპროდუქციული მინიატურა, რომელმაც ბუნება განძარცვა. დაჟინებით უმზერდა სამყაროს, აკვირდებოდა უფრო და უფრო დამაჯერებლად, დახვეწილად, სიღრმისეულად, სხვადასხვა ხელსაწყოების დახმარებით, სანამ არ ამოწურა, მტვრის ნაწილაკების მიღმა მოლეკულები გამოარჩია, ატომი, ატომ-ბირთვი, მილიმეტრის მემილიარდედი, რის შემდეგაც ბუნება თითქოს გაშიშვლდა, იდუმალებისგან და განიძარცვა. მისი გონება მოსვენებას არ კარგავს და სხვა უფრო მნიშვნელოვან საგანს ადამიანის უკირკიტებს. სავსებით ლოგიკურია, რადგან ყოველგვარი მოვლენა, მეცნიერება თუ ხელოვნება ადამიანის მეშვეობით იძენს აზრს. თვალიც ხარბად მოეჭიდა, სულის განჭვრეტამდე უმზერდა და აკვირდებოდა, მაგრამ უშედეგოდ შიგ ვერ ჩაიხედა, მხოლოდ ზედაპირულ ყურადღებას მიეჩვია ადამიანი. ადამიანი, ადამიანის ვირტუალური მეგობარი გახდა, დაკვირვების გარეშე დარჩენილს მეგონებოდა პატივისცემას არ ვიმსახურებ, უბადრუკი ვარ და ჩემს არსებობასაც აზრი არ აქვს თქო. ყოველ დამკვირვებელს თავისი დამკირვებელი ყავს, ისე რომ, როცა ის მას აკვირდება, თვითონ გადაიქცევა იმად ვისაც აკვირდებიან - ბანალური, ლოგიკური ურთიერთქმედებაა, როდესაც ეს რეალობაში გამოჟონავს აუტანელია, მდევარის სინდრომი და შფოთი იპყრობს. ასეა თუ ისე, სრულიად მორღვეულ სივრცეში ცხოვრება წარმოუდგენელია. საშიშია, რადგან მილიარდობით გალაქტიკით სავსე სამყაროში, ისეთში, როგორიც ჩვენია, სადაც მრავალი მზე განუწყვეტლივ ფეთქდება და ქრება, შესაძლოა სხვა უფრო მნიშვნელოვანი სული მოიპოვებოდეს. რა თქმა უნდა, ადამიანი გვირგვინია და მუდამ სამართლიანად მოითხოვს იოტის ოდენ დაკლებულ ყურადღებას, თუ არავინ აკვირდება, საკუთარ თავს კამერით აკვირდება ფოტოს იღებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ეს პროცესი შეიძლება იმდენჯერ განმორდეს სანამ დამკვირვებელი არ გამოჩნდება, შემდეგ დამკვირვებელს აკვირდება ის ვისაც ცოტა ხნის წინ აკვირდებოდნენ. ყველაფერზე მაღლა, ყველაფრისგან განურჩევლად ადამიანის უფლებები დგას, სადად მხოლოდ მისი უფლებაა იცხოვროს, თანაც ისე, როგორც მხოლოდ თვითონ უნდა. საკუთარი თვალით აღქმული ეს ჭეშმარიტება, მატერიალიზებული იდეა აამაღლებს და საშუალებას მისცემს დააკვირდეს დანარჩენებს. საერთოდ ყველაფერი რაც დამკვირვებელსა და დამკვირვებლის დამკვირვებლებს შორის ხდება, ერთობ სიმპტომურია ეპოქისთვის, რომელშიც ვცხოვრობთ; ადამიანი გრძნობს რომ ყველა აკვირდება და თვითონაც ყველას აკვირდება, თანამედროვე ადამიანი დაკვირვების ობიექტია. სახელწიფოც აკვირდება სულ უფრო და უფრო დახვეწილი მეთოდებით, სახელმწიფოსთვის ადამიანი ხდება საეჭვო, ადამიანისთვის კი - სახელმწიფო. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ობიექტია ციხე, შესასვლელში, დერეფანში, თითოეულ საკანზე, ყველა კედელზე ორი, ზოგან სამი ვიდეო მეთვალყურეობის მოწყობილობაა დამონტაჟებული, პატიმარს ოფიცერი აკვირდება, ოფიცერს უსაფრთხოების თანამშრომელი, უსაფრთხოების თანამშრომელს კაპიტანი, კაპიტანს დირექტორის მოადგილე, მოადგილეს დირექტორი, დირექტორს სამინისტრო, თითქოს ყველამ ყველაფერი იცის და ციხეში ადამიანთა მთელი საიდუმლოებები ინახება.და რადგან ყოველთვის ვცდილობდი გავმხდარიყავი საზოგადების სანიმუშო ნაწილი, მიმაჩნდა რომ აღმოსავლეთის კონგრესი, საუკეთესო, უუუთანამედროვესი ადგილია, რომელიც აკვირდება ადამიანსაც და სახელმწიფოსაც. დაკვირვების შედეგად გასცემს ზოგადი ხასიათის რეკომენდაციას, სახელმწიფომ შეიმუშაოს თავზე ფეხების შემოლაგების გამოხატვისა და პრევენციის შიდა დოკუმენტი. შემდეგ კი ისევ მოვლენების განვითარების დაკვირვებაა საჭირო. საერთოდ ჰუმანურობის აქტის მოტრფიალე ეგზისტენციალისტებს მხოლოდ ერთი ფუნდამენტური დოქტრინა აერთიანებს: არსებობა, წინ უსწრებს არსებას. ეს „მშრალი კანონით“ ცხოვრების წესია, რომელსაც ნორმატიული შინაარსის ფორმა აქვს და დაცლილია ემოციებისგან, როგორც სასჯელი, როგორც ბრძანება - დახვრიტეთ! თანამედროვე ადამიანი გაცივდა. ეგეთი დრო მოვიდა. დღევანდელი პროგრესული უფლება დამცველები, ადამიანის უფლებებზე პროფესიულად გულდამწვარები, რომლებსაც უფლებები უყვართ და ადამიანი სძულთ. პერიოდულად უფლებები მართლა ირღვევა, მაგრამ ხომ ვთქვი არც ჩვენ ვართ რომაელები. ვფიქრობ წითელი ჯვარი უკეთესი იქნებოდა, სანამ ლიბერალური მიზნებით ნახევარ მთვარეს დაახატავდნენ. კოკასაც ვუთხარი, ადამიანი გაცივდა მეთქი და ასპირინი დაალევინეო მიპასუხა. მაზალოა რა, ამასთან სერიოზულად ლაპარაკი არ შეიძლება, მაგრამ მის გარეშეც წარმოუდგენელია, ამას მაშინ მივხვდი ციხის ეზოში, რომ იდგა და პატიმრებით დატვირთული კორპუსი სკანდირებდა კოკას!... კოკა.. კოკა... კოკა იყო ტუსაღთა გულებზე გამარჯვებული, მათი სიყვარულით გარშემორტყმული, თუმცა დღემდე არ ვიცი რატომ. აღმოსავლეთის კონგრესში არავინ იცის და ეჭვის თვალითაც უყურებენ, განსაკუთრებულად კი სენატორი უთვალთვალებს. და რადგან კოკას ყურადღებაც მიიპყრო სენატორმა საფუძვლიანად წარდგენას იმსახურებს - აღმოსავლეთის კონგრესის ერთპიროვნული, თუმცა ფორმალისტური მმართველი, გრძელი წაბლისფერთმიანი, საშუალო სიმაღლის, საშუალო სილამაზის და საშუალო ინტელექტის მქონე ქალი. მის ყოველი მოძრაობაში ნაძალადევი ქალურობა ისახება, რომელსაც მამაკაცი სძულს, ისევე როგორც ტრადიციული ოჯახი, რომლის წიაღიდანაც თავი დააღწია. უყვარს გენდერული უმცირესობები, ამიტომ ცდილობს მათი გარდაქმნების და ჩამოუყალიბებლობის ეტაპებმა მოიცვას ლათინური ალფავიტის სრული სპექტრი, მხოლოდ LGBTQI არ ჰყოფნის. სამწუხაროდ ეს მამის ბრალია, რომელსაც გვარის გამგრძელებელი შვილზე მეტად უყვარდა და ტრავმირებულ შვილს მთელი ადამის მოდგმა შეაძულა. ბატონი მამა კონსტრუქტორია, პროვინციაში საქმოსნობითა და ქრთამის აღებით სახალხო აღიარებაც მოიპოვა, თუმცა სამწუხაროდ ვერაფერი ააშენა. საკუთარი სახლიც ისე მოაწყო რომ მხოლოდ სიბერემდე მიეტანა, რადგან თვლიდა ქალი სხვისი კერის ნაცარიაო და ქალიშვილი დროებით სტუმრად მიაჩნდა. თვლიდა, რომ ქონებას მემკვიდრეც აღარ ყავდა. უსახსროდ არ ცხოვრობდნენ, მაგრამ სულიერად ღატაკი ადამიანი რასაც ვერ ფლობს, ვერც გასცემს. ამ პირობებიდან გამოღწევის შემდეგ, სენატორმა ქალზე დომინანტობა სამართლიანად დაგმო, თუმცა სადისერტაციო თემაში გადაამლაშა. ნაშრომში იგი აღნიშნავდა, რომ ქალების ნაზი სახლები (ციური - ცის, მზია - მზე, ია და ენძელა), შეადარა უპირატესად სიძლიერის გამომხატველ მამაკაცთა სახელებს (გელა - მგელი, დავით - დათვი, ვეფხია - ვეფხვი) და დაუშვებლად მიიჩნია დაბადებიდანვე ქალის შველივით ლამაზ, მომნუსხავ და სუსტ არსებად გამოვლინება. საკუთარი სახელი მაგული, საბოლოოდ შეიძულა და შეიქმნა ქალბატონი მეგი. კაცად ყოფნის სურვილით დამწვარი და დასავლელად დამკვიდრებული ქალი, რომელმაც ქალაქში ჩამოსვლით მხოლოდ თანამდებობა მიიღო აღიარება კი ვერასდროს. აღმოსავლეთის კონგრესის მმართველობა მოადგილეებს გადააბარა, რომელთაგან სამივე საქმის ნაცვლად საკუთარ მნიშვნელოვან მიზნებს ემსახურებოდა, ხოლო სენატორის უმთავრესს ინტერესი კარენოი სასტავში „დაფნის გვირგვინის“ დათრევა გახდა. ნაღები საზოგადოება ლაყე კვერცხების სროლითა და კრიტიკის მეშვეობით გაიცნო, სადაც ბრეხტის სპექტაკლებში შოვინისტები, ლექსებში ეთნოცენტრიზმი, ნახატებში კი სიძულვილის ენა დაგმო. ერთი სიტყვით კულტურული წიაღსვლები ურბანული ფაშიზმით დამთავრდა, რომელსაც ახლა გამოხატვის თავისუფლებასაც ეძახიან. და მიუხედავად იმისა, რომ ესეთ ტიპს კოკა არ ევასებოდა, მასთან ურთიერთობით მთელი არსებით განიცდიდა ხელოვნების დიფუზიას, ამიტომ პლატონურად წყალობდა და გარდაიქმნებოდა ხოლმე, ზუსტად ისე, როგორც ხელმძღვანელებმა იციან და სხვამ არავინ. ზუსტად არ ვიცი, რას ნიშნავს სახის დაკარგვა, მაგრამ ადამიანმა დამკვიდრებული სახელი არც იმ ქალაქში უნდა დათესო, რომელშიც გავლით ხარ, განა რამდენ ხანში გაივლი? განა რამდენია მარადისობამდე? ამაზე საფიქრალი დრო არ არის აღმოსავლეთის კონგრესში, აქ ბაბილონის გოდოლის მშენებლობა მიდის. ერთხელ იყო შანსი ემარჯვათ ჭეშმარიტ უფლებადამცველებს, სენატორი მმართველად მოადგილეებს, რომ არჩევდა, მაგრამ მოადგილის თანამდებობა სალვადორემ მიიღო. ყლინჯი შეიბა, ულვაშები ესპანურზე დაიყენა და სალვადორ დანდალობაც ეგრე გაიჩალიჩა. ჰენრი მერვეს პორტრეტი ვნახე სადღაც. იმ სურათზე რუმბის ფორმის სახე იყო გამოყვანილი. დაბერილი ლაყუჩებით და ყველასგან მიტოვებული საკუთარი მეფობის წინააღმდეგ ამხედრებული, გაოცებული თვალებით. მონარქის მედიდურობა და შეუპოვრობაც იგრძნობოდა, რა თქმა უნდა, ეტყობოდა სულისკვეთება, რომ შეეძლო გაეცურა დინების საწინააღმდეგოდ, მაგრამ პორტრეტს ამ ნაწილს თუ გამოვაკლებთ სალვადორეს იერს მივიღებთ. ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც კოკას აქებდა, მაგრამ ერიდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მტრები არ ყავდა თვალი სულ გაქცევაზე ეჭირა. ერთხელ კოკასთან ერთად „შეუპოვარი მოძრაობა“ - პრაიდის მონიტორინგზე (*დასაკვირვებლად) გამიშვა. პრაიდი არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ რუსთაველზე ბოლთის კვრა გაგვისწორდება, კარგი ამინდია, ციხეში არ წავალთ, ქალაქს თვალს მოვავლებთ, მაგრამ ნურას უკაცრავად!                                                                                 მანიფესტაციაზე ხელში ძველი მოკრივე როზა როსკიპოვა შეგვრჩა. მას ყველა იცნობთ, ამბობენ ოლიმპიური ჯილდოც აქვს მოპოვებულიო, ახლა კი გარდაქმნილია განსაკუთრებული შეუვალობის, ქედმაღლობის, უმცირესობათა სახელით უმრავლესობის შეუწყნარებლობის, მათ მიმართ აგრესიის აღმნიშვნელ ეპითეტად. ეგაა, სილიკონის ძუძუების თავისუფლების მცველი, შემოადებს თავზე ფეხებს სასტავს და უშენს ლაყე კვერცხებს, მგონი სენატორის პასტავშიკიც ეგ იყო. დიდი ჩხუბისთავი ვინმეა, ეტყობა ძველ პროფესიას თავი ვერ დაანება და შენ შეეშვი თუ გინდა, ის არ მოგეშვება. „გამოდი სოლიდარობის ნიშნად შეუერთდი ღირსების მარშს!“ თუ არა და ანგარ! როსკიპოვებთან კრივი კიდევ სარისკო საქმეა, ოლიმპიური ჩემპიონი, რომც არ იყოს ბოსხის ქოფაკი ძაღლები არიან მძუვნობის პერიოდში. ცოფი და გარეწრობა ერთი ხელის ჩამორთმევით გადადის. პრინციპში არაფრის გავრცელება ამათ არ უნდათ, არა. ისე, სეირი და აყალ-მაყალი ჭირდებათ, რომ რამენაირად დასცინცლონ წართმეული უფლებები ამ დაუნახავ და უსულგულო მოსახლეობას. თავიდან ღამე ჩალიჩობენ და ტყუილად ხეტიალში თუ დაათენდათ, მერე პოლიციელებზე ნადირობენ. სამართალდამცავების ერთი გადაცდომა საკმარისია, რომ მერე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ გაამდიდროს (როსკიპოვა). სანამ ცხელი ხაზი შეიქმნებოდა, რომელზეც მხოლოდ ესენი რეკავენ, ღამის გამოძახება გამიშვეს კოკასთან ერთად. პოლიციელები იდგნენ სრულიად სახე ჩამოკაწრულები, შემოხეული უნიფორმებით, ძალაგამოცლილები, არ იცოდნენ რა ეღონათ და ცდილობდნენ. ზოგს მისდევდნენ, მანქანებს წრეებს ურტყამდნენ, დაჭერობანას ბავშვებივით თამაშობდნენ. მართალია, ვერ ვხვდები, რატომ დარბოდნენ სამართალდამცავები მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილ კაცზე უფრო ტლანქად, მაგრამ მაშინ არსებითად ყურადღება არ დამითმია. ქალის ზმანი ჩემპიონობას აშკარად ვერ ართმევს როზას და დარბოდა რა. ისე, მამაკაცის ქალურობა ვაგლახი რამეა მოსაყოლად, უფრო ნახვა ჯობს. აღმოსავლეთის კონგრესის წარმომადგენლების დანახვაზე, თითქოს პოლიციელებზე რაიმე სხვა უფლებები გვქონოდა შეგულიანდა და ჩვენს დასანახად სულ ნაძირლები ეძახა, იმათმა კიდე ტრანსვისტიტკა. პოლიციელი, რომელსაც კინაღამ თავი დააჭერინა, კიდევ ერთხელ ნაზად და ვნებიანად დაკაწრა. და სანამ კოკა სიცილით იხლიჩებოდა მე უხერხულობისგან აღარ ვიცოდი სად შევმძვრალიყავი. ცხადია, პოლიციელებს თავიდან მხოლოდ როზას გაკავება სურდათ, შემდეგ (ადმინისტრაციული) მსუბუქი ჯარიმის დაწერა და მხოლოდ მოგვიანებით დაიბადა ნამდვილი დაკავების საფუძველი. ქალის ფორმაში გადაცმულ კაცებს კი მხოლოდ კომერციული ინტერესები ჰქონდათ, ეს ქუჩის ბაზარი ფართოდ გავრცელებული და მნიშვნელოვანია, ცარიელი დარგის პროფესიონალიზმი არაფერს ნიშნავს, თავს კარგად უნდა ჰ-ყიდიდე კიდეც. ამათიც მესმის, სულ მაგის მცდელობაში არიან, ხან საქონელს უწუნებენ ხან ფასებს, ახლობლებში ხომ მთლად აღებ-მიცემობა უხერხულია და სულ ქართულ ჯიგრულ პონტში მიდის. რას იზამ, ეგეთი გაჭირვებული ქვეყანა რომ შეგხვდება დუხჭირ საზოგადოებასაც ყაირათი უნდა გაუწიოს კაცმა. არადა არ ცხრებიან. დავიბენი, აღმოსავლეთის კონგრესის წმინდა რიტუალის შესრულება, ანუ ოქმის დაწერა წარმოუდგენელია და მით უმეტეს გაშველება. ამასობაში კოკამ გული მოიბრუნა და სამართალდამცავებს ეუბნება ეს, რომ დაიჭიროთ უფრო მეტი ხარჯია გადასახადების გადამხდელებისთვის, ისევ ჩვენ უნდა ვარჩინოთო, ჯარიმას, ხომ საერთოდ ვერ გადაიხდისო. მოკლედ, ბოლოს ჩვენმა მძღოლმა, პოლიციის ორივე ეკიპაჟმა და მე დავდეთ ფული, რომელიც როზას გადავუხადეთ. სიმართლე, რომ ითქვას თავიდან მოშორების საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა. სტრესისგან თავისუფალს, დაჭიმულობამ რომ გადამიარა საოცრად მომერია ძილი, თვალზე ნისლი მაქვს გადაკრული და ამღვრეულ გონებას ვერ ვიმორჩილებ, მაგრამ ოქმი? აუცილებლად უნდა დავწეროთ თორემ მოგვკვეთენ აღმოსავლეთის კონგრესიდან. კოკამ მე დავწერ და შენ ხელი მოაწერეო, გვიანი იყო, ძალიან დავიღალე, დაწერა და გაკრული ხელით მოვაწერე.მეორე დღეს დამიბარეს და ვკითხულობ ოქმის შინაარს: აღმოსავლეთის კონგრესის წარმომადგენლები, ვიმყოფებოდით ღამის გამოძახებაზე, სადაც ვეძებდით პიდარასტებს, თუმცა სამწუხაროდ ვერ ვნახეთ, შესაბამისად კომპენსაციის სახით მოვიყვანე დანტე. და ტექსტს შემდეგ მოსდევს ჩემი გაკრული ხელმოწერა!. გამიჩალიჩა! გულზე სისხლი მენთხევა და ვცდილობ მისი სიცილის წარმოსახვითი ხმა ყურებიდან გავდევნო. კოკას გამოკითხვის ორი თავი არავის აქვს ამიტომაც დამიბარეს. გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა, სალვადორეს და სენატორს ავუხსენი, რომ მე და პოლიციის თანამშრომლებმა ტრანვისტიტს გადავუხადეთ.-        ამანაც დაიწყო - გადაულაპარაკა ქალბატონ მეგიმ სალვადორეს. -        კოკას ჩვენებას აწვება - იმანაც მხრების აჩეჩვით სასოწარკვეთილმა ამოიოხრა.სხვათაშორის, ამ დროს ვიფიქრე, რომ კოკა ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობდა და უბრალოდ ჩვენ გვყავდა აგდებული. მომეწონა შეგრძნება, რომ სინდისი სუფთა მაქვს, ხოლო პასუხს მიანც არავინ მთხოვს. ეს ხულიგანი და კორესპონდენციების თაღლითი, წერილიც ხომ მიწერა საქართველოს პენიტენციურ სამიკიტნოს... იღბლიანია, მაშინაც იცინეს. ამ ამბის შემდეგ, როდესაც სიძულვილის ენით შეადგინა ოქმი და მე პიდარასტად მომიხსენია, სალვადოემ პრაიდის დასაკვირვებლად მაინც გამოუშვა. იქით, რესპუბლიკის მოედანზე რადიკალები კომბლებით და ჯვრებით, აქეთ ესენი და შუაში პოლიცია. კოკამ თავიდან ისეთი იერით შემოუარა თითქოს ხმაურზე მეზობლებთან ერთად გამოვიდა, რომ გაერკვია საერთოდ რა ხდება აქ. მალევე დაადგინა. მე შუაგულში ვიდექი, ასე ვიცოდი, მანამდე ესეთი წესი იყო დამკვიდრებული. პარალელურად ტელეფონით საინფორმაციო გამოშვებაში ვუყურებდი იმ მოვლენებს, რომლის ეპიცენტრშიც ვიყავი. კოკამ მომაკითხა და წამათრია. დაკვირვება და კონტროლი გვევალება მხარდაჭერა კი არაო. ის დღე გარე კაფეში გავატარეთ და მართალიც უნდა ითქვას, თვალის დევნება იქიდან ჯობდა. კათხა ლუდს ვსვამდით, რომ ჩაიარეს. ჩაიარეს ინციდენტების, აყალ-მაყალის გარეშე და წამოვედით. წვიმით გადარეცხილ ქუჩაში სუფთა ჰაერი და იასამნის სურნელი ფეთქავდა, შადრევნები ცისარტყელად იშლებოდა და სეირნობამაც გაასწორა. აზრზე არ არიან რა მოითხოვონ, ამ ქალაქში ხოხბების გარდა არავის დევნიან. ეს ამბები კარგად არ მესმის, ჩვენი საქმე მაინც ციხეა.ციხეში საკუთარი ნებით სამუშაოდაც კი არავინ მიდის და ნეტარნი არიან ისინი, რომლებიც სასჯელის უმაღლეს მიზანს რესოციალიზაციას მიაღწევენ. ნაძალადევი და გარემოებებით იძულებული შრომით განკურნავენ პატიმრებს ავი სენისგან. ვისაც ცალი თვალით შეუხედავს ეზიზღება იქაურობა, მიუხედავად იმისა, რომ მისტიური მიზიდულობა ყოველთვის უკან გითრევს. არ არსებობს დამნაშავე, რელიგია, პროფესია, მსოფლმხედველობა, კულტურა, შემოქმედება, თანამდებობა, ეროვნება, ეთნოსი, რომელსაც აგური არ დაუდია ციხის მშენებლობაში. მიმაჩნია, რომ ევრიპიდეს, შექსპირის და მოლიერის სამოთხე სწორედ ეს ადგილი უნდა იყოს, რადგან ადამიანებთან ერთად აქ მათი ტრაგედიებია გამოკეტილი. პრინციპში მათ პატიმრების გარდა აღარავინ კითხულობს. შეხვედრებზე გადმოედინება ეს ამბები დარდი და ვარამი, ნაღველი საკუთარი წვენით, მაგრამ რა დროს ოჯახთან დარეკვის პრობლემებია? დამნაშავეს სამართლიანად აგეკრძალა სატელეფონო ზარი და თუ ეს ფაქტი სადაოა, მიმართე სასამართლოს ტო! ეს აღმოსავლეთის კონგრესია ძმაო.. ხალხს გარეთ არ გვაქვს ერთმანეთთან ლაპარაკის შესაძლებლობა და ერთადერთი რითიც უზრუნველყოფილები ვართ იპოთეკური ვალია. ზიხარ აქ, კაციშვილი წყალს არ გთხოვს, შეირგე რა! ცარიელი ოქმში დიპლომატიურად განემარტება კომპეტენცია, რაც ნიშნავს, რომ დახმარების თხოვნაზე უარი მიიღო. უცბად აყომარებ საქმეს და მოდიხარ ვუხსნი და კოკას არ ესმის, რომ მხოლოდ ვალდებულება უნდა შესრულდეს. ესეთ, დროსაც საქმეს იჩენდა და ეს მედიუმის ინტიტუტიც მან დანერგა. მაინც კაციშვილი ხმას არ სცემს, არ ისჯება. საქმიანი უსაქმურების დანახვაზე გული ჯავრით მევსება და ახლაც სავარაუდო ბუნტის ფაქტი, უტოპიური აბსურდია, რომელიც საღამოს ჩამიშხამებს.იქნებ ცრუ განგაშია, იქნებ რამე სხვა უთხრეს მისაღების გოგოებს და იმათმა ვერ გაიგეს?.. ათასი სისულელე მიტრიალებს თავში, ბუშტი, კუშტი, მუშტი, ჩუსტი და საკუთარ თავსაც ვუმალავ, რომ ამ სისულელეზე ვფიქრობ, იქნებ სადმე რეგიონშია და სხვა უნდა გაუშვან, მე კი გავისეირნებ, კარგი ამინდია, ლუდს დავლევ. ბოლოსდაბოლოს ტყუილად ხომ არ ასკდება კედელს ამდენი კაცი ერთდროულად? შეიძლება ერთიც უპასუხონ და აღმოჩნდეს, რომ ყველაფერი რიგზეა. ფიქრებში მღელვარება მიტანს, ბოლოსდაბოლოს ვბერდები და ციხეში ხეტიალით ცოლს ვერ მოვიყვან. მე არ ვეწევი, მაგრამ ამ ფიქრებს, რომ დავეხსნა კოკას მივყვები ეზოში. ვდგევართ კვამლს აბოლებს და მოკუმული ტუჩებით ვიღაცას აკვირდება, თვალებზე ჩამოფხატებული თმების გამო აზრზე ვერ მოვდივარ რას უთვალთვალებს და აღმოსავლეთის კონგრესის შესასვლელისკენ ვიყურები იქით, საითაც ნიკაპი აქვს წამოწეული. მე ვერ ვცნობ ვიღაც ტიპი ტელეფონზე კიდია. კოკას ეღიმება და მეუბნება, რომ ყველაფერი კარგად მიდის. ოღონდ ბუნტი არ იყოს და რაზეა ლაპარაკი. ოთახში ვბრუნდებით და ვცნობ ჩვენი დარაჯია თმები ამოსვლია და ერთი ოცი წელი მოაკლდა თითქოს. კოლეგებთან რეკავს ბუნტის ამბის გასარკვევად. ციხესაც ეგენი ყარაულობენ. საცოდავი წვევამდელები, რომ კითხო ჯარია და იარაღი არც უნახავთ. ცარიელი სწორდი-ს სმენით დავიბრუნებთ აფხაზეთს ?! წვევამდელების უფროსი ერთი მარტოხელა მაიორია, თუმცა მას შემდეგ რაც კოკამ უხუცესი მამასახლისი შეარქვა არც მისი სახელი გვახსოვს და აღარც სხვა დამსახურებები. ცხვირი მუდამ წითლად უპრიალებდა, მოშვებული წვერი და დაკუჭული ფორმა სულ ახლახან აცეტონის სუნთან ერთად მოიშორა. მიაჩნდა, რომ სიცოცხლე მოიცავს ყველა საშინელებასა და ტრაგედიას, სიკვდილი კი ბადებს ფილოსოფიას, ამიტომ მისი ერთადერთი თავშესაქცევი უკანასკნელი წამის მოლოდინი იყო და სხვა არაფერი. ყოველდღიური საქმიანობაც ასეთი ჰქონდა არჩეული, იჯდა და ელოდა, ხოლო თუ რამეს აკეთებდა ყოვლად უშედეგოს. ერთხელ შევნიშნე, როგორი რუდუნებით ჭრიდა პურს ნაჭრებად, შემდეგ ქერქს აცლიდა და მაისურის მკლავებში იკეცავდა, გულებს კი ცალკე სამხარისთვის ინახავდა. თავიდან, ქეციანი ლოთის ჩვევა მეგონა, თუმცა ახლა არც სასმელს ეკარება და არც ამ ჩვევას ღალატობს. ეზოში, როდესაც აღმოსავლეთ კონგრესის მესვეურები თამბაქოს ვეწევით, შემოგვიერთდება ხოლმე, თუმცა ვერ ვკითხე ამ რიტუალის მნიშვნელობაზე, რაღაცნაირად ყოველთვის მერიდება. ადამიანის დაპურებას დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა, რაც მე პირდაპირი მნიშვნელობით გავიგე და მარტოობაში დასწავლული რეცეპტები, რომ გაგვანდო ვიფიქრე, რომ მისი აზრით კუჭზე გადიოდა კეთილისმყოფელი ადამიანის გზა. ისე სიკეთის მკეთებლები უყვარს, განსაკუთრებით სენატორი. ადამიანის რაობაზე, რომ მოყვება ხოლმე საუბარს აუცილებლად აღნიშნავს, რომ სენატორი კარგი ქალია, რადგან კეთილ საქმეს მოჰკიდა ხელი და გაჭირვებულებს ეხმარება. ამან კომპეტენციების განმარტების ამბავი არ იცის და ვისაც, უფლებების დაცვა ჭირდება გაჭირვებულიც არისო ფიქრობდა, რა თქმა უნდა, თანამშრომლები ფარულად დასცინოდნენ და მისგან მხოლოდ დღიურ შრომას მოელოდნენ. მამასახლისის სახეზე დაღარული ნაოჭები, გამორჩეული, თითქოს გამოქანდაკებული და ნაძალადევად დამთბარ იერს აძლევდა, მისგან ცხოვრებას ჭარმაგი გუიმპლენი გამოეთალა. უტყვად შრომობდა, მწუხარე, ჰორიზონტზე გაშეშებული მზერით, ალბათ სანამ სივრცეში გაშტერებული, გაქვავებული, უსიცოცხლო თვალები არ დააწყდება უშედეგო ცდით... პერიოდულად, ცერა თითით წმენდდა შუშას, ძველი მამა-პაპისეული ვერცხლის მაჯის საათზე, იმ ერთადერთ ნივთზე, რომელსაც მიეჯაჭვა და ბორკილივით ატარებდა. ვისაც სიცოცხლის სურვილი არა აქვს, ცხოვრების აზრსაც ვერ ჩაწვდება, ამის გაგება სიცოცხლის მოყვარულებსაც უჭირთ. მეჩვენებოდა, რომ ამ უსიცოცხლო თვალებში რაღაც ნაცნობს გადავაწყდებოდი, ღრმა ბავშვობის წიაღიდან ამოვიცნობდი... ბავშვობაში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, ჩემი შიში საფუძველს მოკლებული არ არის, მაშინ აჩბას ეზოდან გამოსულმა ძაღლმა როგორც კი დამინახა ფართოდ გააღო პირი და გამიცინა, დაჟინებით მიმზერდა, მთელი სხეული ფეხის ტერფამდე გამეყინა, უეცარი სიცივე ვიგრძენი, პირი გამიშრა და მომწყურდა. უკუსვლა იყო ერთადერთი ნაპერწკალი, რაც შინაგან შიშის ადნობდა. ნაბიჯები მეზობლის სახლიდან ქარის მოტანილ მელოდიას ავაყოლე, რომელიც მკაფიოდ ისმოდა, ხავერდოვანი, მოგუდული, რაღაცნაირად ერთ რეგისტრში ჩაკიდებული პოლიფონია. ჰაერი მლაშეა და ევკალიპტის სუნით გაჟღენთილი, შორს სივრცეში გემი მოჩანს და თოლიები, თითქოს ნაყინზე დადევნებული ბავშვები. ეს სუნი, ეს სივრცე, ეს ჩიტები ყოველთვის იქ მაბრუნებს, საიდანაც პირველად გავიქეცი და სამშვიდობოს ვიყავი, სანამ ძაღლმა კუდი დასწია. იმ დღეს ბიძაჩემმა უკანასკნელად ჩამიკრა და დამამშვიდა, მალევე სამუდამოდ გამოვიქეცი. შეიძლება მამასახლისის თვალებიც იქ ვნახე, ამაზე ვერ ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ აფხაზეთის ომის კადრები ხშირად მახსენდება, გადაღებული ჩანაწერები, ნაცნობი ადგილები, ადამიანები და სუნელი, რომელსაც ვეძებ ხოლმე. მაგრამ, ვპოულობ ამ არაორგანიზებული, არეული შპანის თავდადებას, რომლის ყოველი ათეულიდან ერთი პოეტი იყო, მეორე ფიზიკოსი, მესამე ძველი ბიჭი, მეოთხე ნარკომანი, მეხუთე შილდელი მოჭიდავე, მეექვსე ციხიდან გამოქცეული, მერვე შეყვარებული, მეცხრე გიჟი, მეათე დეპუტატი, მსახიობთა ავანგარდი მაჩაბელის შადიანზე ანთებული!.. სწორედ მათ ეჭირათ ფრონტის ხაზი, ზუსტად ცამეტი თვე და ცამეტი დღე, როგორ ჯიუტად იგერიებდა სოხუმზე შეტევებს და თექვსმეტ მარტს საბოლოოდ გადაუარეს მტერს, როგორ გაანადგურეს ტამიშთან დესანტად გადმოსხმული ყველაზე ელიტარული და გასაიდუმლოებული რუსული სამხედრო სპეციალური ქვედანაყოფი “Летучие мыши”. როგორ ებრძოდნენ ყველას, რუსულ რეგულარულ არმიას, თავისი ავიაციითა და არტილერიით, კაზაკებსა და ადიღებს, იბრძოდნენ უიარაღოდ, მოუმზადებლად, სულელურად, უდისციპლინოდ, აბსოლუტურად მარტოები, თბილისელი ქურთი ბიჭების ანაბარა და მაინც, როგორ მაგრად იდგნენ, თეთრი გაცვეთილი ბოტასებით და გახუნებული, სხვადასხვანაირი კომუფლიაჟით, როგორც იბრძოდნენ ისე წავიდნენ - უკანმოუხედავად, ოხრები, ტარტაროზები და მაგრები! უძლურები, უკვდავები, შეფრენილი ორბები, ურაიდა, რაიდა ! მაშინ სოხუმთან ერთად ლეშივით დავეცი. გადარჩენილი, ლოდინით მომაკვდავი ნირის მამასახლისს არ ვწყალობ და არც დავცინი, მხოლოდ ვეგუები. სხვებისგან განსხვავებით ის ცხოვრობდა და სიცოცხლისთვის ხარკს არ იხდიდა. არსებობა, მისი ცნობიერების უმაღლესი საფეხური მხოლოდ ინერტული მოქმედებებით იკვებებოდა. ერთი სიტყვით საქმიანობა ჩვეულებრივად მიდიოდა სანამ კოკას ყველაფერი არ მობეზრდა  და მატერიალურ სულთა სტატიკური წონასწორობას ომი გამოუცხადა. მამასახლისის საათი, ის ერთადერთი ნივთი რომელსაც უვლიდა და ცერა თითით შუშას უსუფთავებდა, რომელსაც ხელიდან არასდროს იხსნიდა და აკვირდებოდა მოპარა. მამასახლისს სამი დღე პატიჟებდა ყავაზე, მესამე დღეს კი ცხენის დოზა დამამშვიდებლებით გაჯერებული ყავა დაალევინა და მძინარეს ხელიდან მოხსნა. იმავე დღეს შეიპირა სენატორი, რომ აღმოსავლეთის კონგრესში ნაპოვნ საათს მეპატრონეს პირადად დაუბრუნებდა, უპირველეს ყოვლისა რადგან საათი ანტიკვარული იყო და ვინაიდან კოკას მიმართ გულგრილი თითქმის არც ერთი ქალი არ იყო, ქალბატონი მეგი სიხარულით დაითანხმა. მეპატრონეს ამოიცნობდა საათის უკანა მხარეს წაწერილი სიტყვებით „ბედნიერი წამები“. მაშინ არავინ იცოდა, რომ საათი თვითონ მოიპარა კოკამ და სწორედ მაშინ პირველად გაკრთა მამასახლისის თვალებში ნაპერწკალი. ნებისმიერ ამქვეყნიურ საგანზე მიჯაჭვული ადამიანი არ არის სიკვდილისთვის მზად, ხოლო რადგან ამ საათზე დიდი საუნჯე მამასახლისს არ გააჩნდა სენატორის წინაშე თავს დავალებულად და ბედნიერად გრძნობდა.ხუთშაბათი დღე იყო როდესაც შეხვედრაზე მნიშვნელოვან სტუმრებს ელოდა სენატორი და კოკამ მამასახლისს უთხრა ვიღუპებით, სტუმრებისთვის საზეიმოდ გადასაცემი ყვავილები ჯერ არ მოუტანიათო. გადაუხდელი ვალის დაბრუნების სურვილით ანთებულმა მამასახლისმა სასწრაფოდ დაკრიფა ეზოს ვარდები და სენატორის მიართვა - „ეს თქვენთვის“ - უთხრა მოკლედ, სანდომიანი ღიმილით, გულშემატკივრობით აღსავსემ, დაბნეულმა, უხერხულად და კმაყოფილებისგან თვალები უბრწყინავდა. და რადგან ქალს ყოველთვის სჭირდება, რომ ქალად აგრძნობინებდე  თავს, თუნდაც ეს სენატორი იყოს კოკამ უთხრა ყვავილებს ვინც ევასებათ იმათ ჩუქნიანო. რა თქმა უნდა სენატორმა კაბინეტიდან გამოაგდო და ცხვირიც აიბზუა, მაგრამ კოკამ თავისი კარგი ნაცნობები, სწორედ ის მსახიობები, რომლებსაც ქალბატონმა მეგიმ ლაყე კვერცხები დაახლა აღმოსავლეთის კონგრესში მოიყვანა და მამასახლისის მეგობრებად შეასაღა.ერთხანს დილაობით აღმოსავლეთის კონგრესში შემოსული სენატორის მოკითხვებს მამასახლისი უხერხული ღიმილით პასუხობდა და კოკას ინკოგნიტო ფანტაზიებს გასაქანი მიეცა. მარტოობისგან დაოსებული მამასახლისის მიძინებულმა მზერამ გამოიღვიძა. ეზოში პატარა ბაღის ვარდებს და საყარაულოდ გამწესებულ ჯარისკაცებს შვილივით უვლის; ღეროებს ამაგრებს, სხლავს, დაბერილ კვირტებს ნამავს და ელოლიავება. შენობის კედლებსაც კარგად იცნობს, რა თქმა უნდა ბიბლიოთეკის გარდა. ქვედა სართულზე ანჯამებზე, თითქოს ხავსზე მოჭიდებულ კარებებს ყოველ დღე ხრახნით ამაგრებს, ნათურებს შეცვლის, ჩამოყრილ ბათქაშს გაიტანს და ერთი სიტყვით, რაც შეუძლია აკეთებს. ვაკვირდები და ვფიქრობ, რომ ზოგჯერ სიკეთე უბრალოდ კი არ უდა გააკეთო უნდა გამოიგონო და შექმნა. მამასახლისის პოსტზე გულისხმიერება აყვავდა. კონსიერჟი ნამდვილად არ იყო, თუმცა მომსვლელს და წამსვლელს აუცილებლად კეთილგანწყობილი ეგებებოდა. ნაღველში არეულ მომჩივანს ანუგეშებდა, ცივ წყალს სთავაზობდა, როგორც შეეძლო საჩივრის შედგენაში ეხმარებოდა და მორალური შეხედულებების მიხედვით კვერს უკრავდა. ასეა, თუ ისე მამასახლისი ჩინებული გამოდგა დღეს კი საერთოდ ვერ ვიცანი.ახლაც, როდესაც ტელეფონის გაბმული ზარებით მე ჩემი დამემართა, დერეფანში მამასახლისი ამშვიდებს სასოწარკვეთილ ქალს, რომლის უბედურების უსტარი სართულებს ექოდ არწევს და აღმოსავლეთის კონგრესის მესვეურები ნერვიულობისგან ეზოს ეფინებიან.- დედა მიშველეთ რამე... კვნესოდა მოხუცი - ჩემი რძალი წავიდა ამანათის შესაგზავნად... მამასახლისი ძალღონეს არ იშურებს, მაგრამ ქალს არც წყალი აინტერესებს და არც ტკბილი სიტყვა - ვაიმე დედიკო, ჩემმა რძალმა დარეკა, ციხიდან საშინელი ხმაური გამოდის, არაფერი გვითხრეს, არაფერი ვიცით... მიშველეთ, გეხვეწებით... წადით ვინმე, წახვალთ? თქვენ, ხომ შეგიძლიათ წახვიდეთ და ნახოთ ცოცხალია ჩემი შვილი?... მისაღები განყოფილების გოგოები და მამასახლისი საკმარისი არ არის, ქალბატონი მეგი ჩავიდა საცოდავი ქალის დასამშვიდებლად, შეჰპირდა ახლავე წავალთ და ყველაფერს გადავამოწმებთო, როდესაც ტრაგედიას თვალებიდან კითხულობს უფლებადამცველი და არა განცხადებიდან ხვალამდე საქმის გადადება უმძიმს.კაბინეტში მომხსნებელთა რიგი ჩამოდგა. ნერვიულად ბეჭდავენ ორსიტყვიან ოქმებს - ციხეში ბუნტია. -        ერთიდაიმავე შინაარსის ოქმები შევადგინოთ? - საქმიანად იკითხა ერთ-ერთმა მისაღები განყოფილების გოგონებიდან.-        ასეც შეიძლება, ისეც შეიძლება... ეს სრულად თქვენი პასუხისმგებლობაა, საერთოდ ჯობს სუბორდინაცია დაიცვათ და უფროსს ჰკითხოთ - სალვადორე ამ აზრით თვითონვე აღფრთოვანდა და დაამატა - მიდი, წადი შენი საქმე თვითონვე უნდა გაარკვიო, მე დაკავებული ვარ, საქმეები მაქვს.მურტალი რამეა მოლოდინი. შეგრძნება ქაოსში, რომ ციხეში უნდა წავიდე ტრადიციულ მეცნიერებას არ ემორჩილება. ამ ფიზიკური მოვლენის აღწერა, სხვა ათვლის სისტემაზეა მორგებული. განუსაზღვრელია დრო, ვერც იმას დაადგენ პატიმრებთან გასაუბრება უფრო ხანგრძლივია თუ მათთან მიღწევა. ჯერ ფიზიკურად და ზოგჯერ გულამდეც. მერედა როგორია... ციხე ჯერ უნდა აიღო და შემდეგ შეხვიდე. არ მიყვარს ციხის დღეები შთანთქავს მზეს და საღამოს განწყობას. თავისუფალი დროის შავი ხვრელია. პარადოქსია იცხოვრო კანონმორჩილად, ოღონდ ციხეში. დევნილის ხვედრი ასეთია - იქ ხარ სადაც არ გინდა... ეს განსხვავდება მოგვიანებით დაწუნებული არჩევანისგან ან შესაძლებლობისგან, რომელიც გასხლტა. რაც გაქვს, იმას დაფასება უნდაო, მაგრამ ციხეზე ეს არ გამოდის. აფხაზეთიდან, რომ ჩამოვედით და პირველ დღეს სკოლაში მივედი, კლასი არ დამხვდა. მორიგ შატალოზე ერთად წავედით, გული სხვანაირად მიცემდა, შიშის გამო არა ვიღაცამ თქვა - ზღვაზე წავიდეთო და... თურმე, რიკოთის იქით არც ერთი არ ყოფილა - მანამდე. თბილისის ზღვას, ეს სახელი ისე მიესადაგება, როგორც მთაწმინდას - თბილისის კავკასიონი. აფხაზეთში, კარგადაც ვსწავლობდი, მერე დამაკლდა და დამაკლდა... და ”ჩემი ცხოვრების ნახევარ გზაზე...“- დანტე! - მკვეთრად მომწყვიტა ფიქრებს კოკას ხმამ - დღეს ლექციას ვაცდენთ ?- არაა?! არა, არ მინდა რა... - ვიცოდი, სურვილებს და რეალობას დღეს ვერ დავაწყვილებდი უნივერსიტეტის იმედად ციხეში ვიზიტს თავს ვერ დავაღწევდი და უიმედობის იმედად, მაინც ვკითხე რას ფიქრობდა.- დღეს კონვენციის ღირსებას ვიცავთ! – მპასუხობს და მაინც ვერ ვხვდები, როგორ ახერხებს სიმართლის კარიკატურად გასაღებას.დავამუღამე, რომ მასთან ურთიერთობა ყოველთვის ბავშვობის იმ წლებს მახსენებს, როდესაც მეამბოხური სული შლიდა ყოველგვარ განსხვავებას ჩვენს აღზრდასა და მიდრეკილებებს შორის. მაგისტრის ხარისხის დასაცავად საბუთები, რომ შეჰქონდა შემიჩნდა ცოლი რატომ არ გყავსო, შვილი წეროს არ მოყავსო. მოკლედ, ვიფიქრე არ უნდა ავყვე მეთქი და ვუპასუხე - არ ვიცი გოგოები სად გავიცნო მეთქი. დღემდე არ ვიცი რა მაგიით მოახერხა, რომ ახლა ერთად ვიცავთ ხარისხს. საბუთები, რომ ჩავაბარეთ და გამოვდიოდით მითხრა ყოველი შემთხვევისთვის იმედები გარეთ დატოვეო და ასეც ამიხდა ყველაფერი. უნივერსიტეტის გოგოები ნიას არ გვანან, ის აღმოსავლეთ კონგრესის მესვეური და ჩემი პლატონური თავდავიწყებაა.- სალვადორე გიბარებთ - ჩურჩულით, თითქმის ბაგეთა ჟესტიკულაციით გვითხრა მოადგილის თანაშემწემ. სალვადორეს უტყდება სალვადორეობა, ხატვის ბაიბურშიც არაა, მაგრამ ულვაშებსაც ცოცხალი თავით არ იპარსავს და რა ქნან ამ გოგოებმა, ზურგს უკან და ისიც მხოლოდ ჩურჩულით ლაპარაკი დარჩენიათ ბიოროკრატიული ჭიის გასახარებლად.- დადგა ჟამი ჭეშმარიტებისა! - სიზმრიდან ახალი გამოფხიზლებულივით წამოდგა კოკა.მოადგილემ მშიერი ბავშვის თვალები მოგვაპყრო, თავისუფალ სკამებზე მიგვითითა თვითონ და ტელეფონზე ლაპარაკი განაგრძო. დაცვარულ შუბლზე მაღალი კომპეტენცია და შეუპოვრობა იკითხებოდა. კოკას დანახვაზე წამოდგა და ბოლის ცემას მოყვა, შემდეგ გაახსენდა, რომ სიმაღლე თრგუნავდა და ისევ დაჯდა. მგონი ნაპოლეონის სინდრომი აქვს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ კოკას დანახვაზე მაგრად იძაბება. ოთახში რაღაცა ჟასმინივით არომატმა მიიპყრო ყურადღება, მაგრამ ვერ გავარჩიე და მოვეშვი.ყურმილი დადო და დაიწყო:-        ბატონებო, პენიტენციურიდან დარეკეს პატიმარია გარდაცვლილი, ხომ გესმით.. ნია უკვე იქაა. -        უკანასკნელ გზაზე გავაცილებთ შეფ! - სამხედრო სალამი მისცა კოკამ-        ბუნტი მართლა იქნება ? - ვიკითხე მე -        არა მგონია, მაგრამ ამის გამო მეც თქვენთან ერთად წამოსვლა დამევალა ნიას უნდა მივეხმაროთ. - თქვა და დაცვარულ შუბლს ვინ ჩივის, მთლიანად დალბა სალვადორე.-        ალბათ სპეცრაზმი შევა - ვამბობ სხვათაშორის, თითქოს არც მჯერა იმისა რაც დანამდვილებით ვიცი და ამ მაღალი კომპეტენციის მქონე მოადგილეს ნუგეშს ვთხოვ... -         არა მგონია, ასეც, რომ იყოს ცემენ და მერე დავაოქმებთ - სალვადორეს ხვიხვინი მეტად მზარავდა თუ უტიფრობა არ ვიცი. მეშინოდა, უცნაური შიშით და ზუსტად არ ვიცი ამ გრძნობას საზოგადო გულგრილობა იწვევდა თუ სიძულივილის ნაპერწაკალი რომელიც ჩემში ფეთქდებოდა ხოლმე...-        დღევანდელი ვიზიტით ხელსაც ხომ არ შევუშლით? - მოთმინების ფიალიდან წამსკდა სარკაზმი, თუმცა სალვადორეს მოქონილმა კინკრიხომ აირიდა ჩემი შეკითხვა და უფრო მნიშვნელოვან საკითხზე გადაიტანა ყურადღება.-        შენ დაგვიანებებს რა ვუშველოთ? - კითხა კოკას და ამანაც მხრები აიჩეჩა- დღეს ვნახავთ ციხიდან გამოსვლასაც თუ აგვიანებ ხოლმე - თქვა და შეეპარა კიდეც მზაკვრული ღიმილი, როგორც ჩვეოდა საჩვენებელი და ცერა თითით ულვაშების სწორებას მოყვა, თითქოს ამოწმებდა ადგილზე იყო თუ არა. თითქოს ამ დროს გრძნობდა თავს მტაცებელ ცხოველად, ველურ ლეოპარდად რომელიც ქურციკს უსაფრდებოდა, გრძნობდა ის გახლდათ ბუნებისაგან ყოველგვარი უპირატესობით დაჯილდოვებული მონადირე, თუმცა სწორედ ეს ტურისებრი ღიმილი ჰყიდიდა და ამხელდა რომ იკვებოდა მხოლოდ მძორით!-        ყოვეკთვის მზად ვარ - გამჭოლი ღიმილითვე უბრუნებს კოკა პასუხს.სალვადორესაც ეღიმებოდა და თვალებში ღვარძლი ერეოდა. გამუდმებით, თავაუღებლად ეპოტინებოდა და სიზმარეული ფანტომივით უსხლტებოდა ბუნებრიობა. თბილისში წამოსვლამდე ბაგრატის კედლებს, საიდუმლო ფიცი აღუთქვა და სულმოუთქმელად ასრულებდა კიდეც, უკან დაბრუნებას ყველაფერი ერჩივნა. არ ითაკილებდა, სხვისი ფეხსაცმლით ივლიდა თუ ამ გზით საბოლოოდ მიანც ავიდოდა კარიერის მწვერვალზე. მისთვის ადამიანის თავებზე გადავლა კი არ იყო პრობლემა, არამედ ამ შესაძლებლობის დანაკლისი. სირცხვილის გარდა არაფრის რცხვენოდა, ამიტომ მისტერიის სამმაგი საბურველით შემოსილი საშუალება, ყოველთვის ამართლებდა მიზნებს. მაშინ ვერ ვხვდებოდი, კოკასთვის ის ნეილონის გამჭირვალე ნაჭერში იყო გახვეული და მეტი არაფერი.  რაღაცნაირად ხედავდა ყველაფერს, ერთხელ ვუთხარი აფხაზეთიდან გამოქცევის მერე რა აღარ ვნახე თქო - და აფრიკაო! ცოდნას და მოვლენებს უბრალოდ არ გადაამუშავებდა. ფიქრები, გრძნობები და ინდივიდუალური ინტერაქცია ფიზიკურ სამყაროში, დროსა და სივრცეში არსებობდა, როგორც გამოცდილება. გამოცდილება იყო პირველწყარო და მაინც ყველაფრისგან დაცლილი თავისუფალი მსჯელობა შეეძლო, ანუ ისე, როგორც იყო და მეტი არაფერი. დანარჩენები მის ფონზე, უსულო აბსტრაქციების სამყაროში, ვიზუალურად დაკარგულ მუსიკოსებს გვანან. ოლივერ საქსის პაციენტის მსგავსად ნორმალურად ცხოვრობენ, მეტყველებენ და სანამ არ დაილაპარაკებს, ვერ სცნობს ადამიანს უსულო საგნისგან ვერ არჩევს. ეს პრინციპია, ოღონდ სხვანაირად მუშაობს საერთო ჯამში კი ადამიანს ვერ ცნობ. უნდა წავიდე, კოკა უკვე მზად არის მე ცარიელ ოქმების ამოვბეჭდავ.გამოვედით სალვადორეს კაბინეტიდან. ვცდილობ ბრაზი ჩავახშო და ვფიქრობ, რომ საერთოდაც არ წავალ! - არც წავიდოდი, მაგრამ ნია უკვე იქ არის და ცოტა ვნერვიულობ. ნია. ლამაზი გოგო, შეიძლება არც ისეთი, როგორც ზოგიერთი სხვა, თუმცა ყოველთვის მხიბლავდა მისი სიმწიფე და მოშიშვლებული ტერფები. სულ მეჩვენებოდა, რომ მზის აბაზანებში ლივლივებდა. სულ მინდოდა კოკასთვის რაღა მეთქვა ნიაზე, მაგრამ ხანდახან ასეთ რამეებს საკუთარ თავს ვერ ვეუბნები... ერთი ამბავი გამახსენდა, სანამ ოქმებს ვბეჭდავ მოყოლას მოვასწრებ. ერთხელ გვიანობამდე შემოვრჩი და გვარიანად დაღლილს ყავის დალევა მომინდა, ჩავედი სამზარეულოში მოვადუღე ყავა და უნებურად ვეფლობი სიჩუმეში, როცა მთელი ოფისი დაცლილია, უკვე ხვალინდელი დღისთვის არის დალაგებული, ურნები სუფთა საგებებით არის გამოკრული, ხელსახოცების ახალი დასტები დალაგებული, ჭურჭელი გარეცხილი და კარადაში შელაგებული.. მე ვცდილობ ამ ყველაფერს პატივი მივაგო, ამიტომ უკიდურესი სიზუსტით დავასხი ჭიქაში წყალი, ყავის ქილაც ზუსტად იმ კითხუთ დავაბრუნე ადგილზე როგორც იდო, ძალინ ჩუმად მოსვი ერთი ყლუპი ყავა.. თითქოს საერთოდ არ ვარ სამზარეულოში, შუქიც არ ავანთე, თითქოს მე კი არ ვარსებობ არამედ მე ვარ დუმილი ამ ჰარმონიაში.. და სწორედ ამ დროს მესმის რაღაცნაირი ეშხით გაჟღენთილი, ემოციურ-გრადაიული ხმა მიახლოვდება.. ნაძალადები გრაციოზულობით ვიღაცას პატიჟებს - აქეთ ვილაპარაკოთო. თურმე, მარტო არ ვარ და ცელქობას ახლა ვასწავლი თქო ვფიქრობ. უცებ ბარის დგარზე დავდგი ყავა და უკან  ჩავიმალე, იდეებს ვფურცლავ, როგორ შევაშინო. შემოვიდნენ და მაგიდასთან ჩამოსხდნენ აქეთ არც გამოუხედავთ. თაგვივით ვარ გასუსული და ამასობაში ხმაზე ვიცანი ქალბატონ მეგის გაურბის კოკა.. მერე რა რომ გვიანია, საქმის წარმოების საკითხები, დროის მენეჯმენტი, უამრავ დებილობა შეეძლოთ განეხილათ. მე მომენტს ველოდები, რომ მყუდროდ მოთავსდნენ და ბაც! უცებ, ეს გოგო ეუბნება შენგან შვილი მინდაო - მორჩა, გუგულივით ვეღარ გამოვხტები. ვზივარ ისევ გასუსული ვიჭამ ტუჩებს და უცებ კოკა ყვირის: დააგდე ვაშლი წყეულო ევა! - სენატორი რაღაცას ესვრის, მაგრამ კოკას სცდება და ლაწანით იმსხვრევა ჩემი ჭიქა, ამ მდუღარებაში დათუთქულს ვინღა დამაკავებდა მოვრთე ღრიალი და გადავფარე კოკას ხითხითი. მერე იმათმა მომცეს ბანი, აბა სიბნელიდან ამომხტარი კაცის ვის არ შეეშინდება? - იდიოტო ! - მიალანძღა სენატორმა კოკა და დემონსტრაციულად დაგვტოვა. ის ღამე დიდხანს ბოლო სამუშაო დღე მეგონა, სანამ მოგვიანებით არ მივხვდი, რომ გარდამტეხი ჩემი აღქმის და შეხედულებების ცვლილება გახდა. ჩემს ცნობიერებაში ნელ-ნელა ეხდება ფარდა სამუშაოსაც და ადამიანებსაც, თუმცა ახლა ოქმები ამოვბეჭდე და აღმოსავლეთის კონგრესიდან ციხეში უნდა წავიდე.მანქანშიმანქანაში სალვადორემ ადგილი ვერ იპოვა. ოხვრა, რომ დაამთავრა ხვნეშით უკანა სავარძელზე წამოწვა. თავს აშკარად მოუხერხებლად გრძნობდა, შეიძლება ყველაფერში ასეთი იყო კიდეც. ვერც სიგრძეში დაეტია მხართეძოზე და ვერც სიგანეში. მთელი გზა წრიალებდა. კოკა გზის პირზე ჯიხურში ყიდულობს სიგარეტს და მანქანა ფეხებთან მივუჩერეთ, მაგრამ აშკარად ვერ გვხედავს, ელაპარაკება გამყიდველის შვილს-        ნახე რეები ჩამოგიტანე ? - ეკითხება ბავშვს კოკა ის კი უარის ნიშნად თავს უქნევს. -        საიდან ჩამოუტანე ? - ინტერესდება დედა. -        რუმინეთიდან, ციგნის ბავშვებს წავართვი ტო - პასუხობს სერიოზული სახით - ოღონდ ბავშვს არ უთხრა, არ დაისტრესოს - ეუბნება შედრებით დაბალი ხმით. ამასობაში სალვადორე თანამდებობისთვის შესაფერი შეწუხებით აღნიშნავს, რომ კოკა აქაც იგვიანებს, ჰოდა რა პრობლემაა ისევ მე მომხვდეს. კოკა ნეტარია, დროის შეგრძნება არ აქვს, ამიტომ ვეძახი და როგორც იქნა დაგვინახა. ჩაჯდა და წავედით. მგზავრობა მიყვარს. თავისუფლად ვფიქრობ ხოლმე. სულის და განწყობის ხსნაა, როგორც კერუაკისთვის თავგადასავალი, თუნდაც ეს ციხისკენ მიმავალი გზა იყოს. დაძარღვულ კალაპოტში გაშლილი ცხოვრება არ ემორჩილება მათემატიკურ სიზუსტეს და მეცნიერულ განსაზღვრებებს. მის არქიტექტურაში, არ იხაზება სამოქმედო გეგმა, მხოლოდ ცხოვრების აზრის, საზრისის მღრღნელი ჭია. მხოლოდ ჭაღარა და სახეზე აღბეჭდილი ნაოჭები დატოვა უპასუხო შეკითხვებმა. სიცოცხლის ცნობისმოყვარეობაა მთელი ცხოვრება. გზა, რომელიც სადღაც მიდის. უთვისტომო, დევნილისთვის გაჩერება დასასრულია, უკან გახედვაც კი. სპრინტერივით გარბიხარ და მხოლოდ მეტალის გემოს გრძნობ. მაინც, მიყვარს მგზავრობა. - დანტე რამე არ ჩავრთოთ? - ტელეფონი, კაბელი, ღილაკები მწყობრში მოიყვანა და დაიწყო „მხედრები შტორმში“. ჯიბიდან შოკოლადის ბატონები ამოიღო, ჩვენი ვახშამი. სალვატორემ, რაღაცა პრობლემა მაქვს ჯანმრთელობის ვერ დაგეწვევითო. არ ვიცი ენდორფინებს მართლა გამოამუშავებს თუ არა შოკოლადი, მაგრამ საოცარი კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, თითქოს არაფერია, მაგრამ ეს მომენტი მკვეთრად ჩამებეჭდა გონებაში. მახსოვს მაშინ ვიფიქრე, რომ წვრილმან ბედნიერებასაც ჭირდება თანამგზავრი. ადამიანი მარტოობაში დაკარგულია, დედამიწასაც ყავს თანამგზავრი. ამ დროს სალლვადორეს რაღაც გაუვარდა ხელიდან წინა სავარძლის გვერდში ჩაცურდა და სკამის ქვეშ კოკას ფეხებთან თეთრი ბარათი გამოსხლტა. კოკა დასწვდა, თითქოს ვერ მოიხერხა, ხელიდან გაუვარდა, ისევ აიღო კარისკენ შეტრიალდა, საერთოდ კარგად ვერ დავინახე რა მოხდა, ხელიდან გაუვარდა ტელეფონი, კოკა-კოლა, საფულე, შემდეგ ისევ აკრიფა და საბოლოოდ სალვადორეს თეთრი ბაათი გადააწოდა.- რამე სერიოზულია - კითხა ჯანმრთელობაზე სალვადორეს.- არა, უბრალო გასტრიტის მაგვარი რაღაც... უმნიშვნელო.- კვების პოტენციალზე არაფერი გეტყობა-რაც ნიასთან ერთად ვარ არ მქონია. - რა? - გაოცდა კოკა.- რა მკითხე? - კითხვაზე კითხვით უპასუხა სალვადორემ.- წონაში მკვეთრად იმატებ მეთქი გითხარი. - ეუჰ, ბოდიში პოტენცია გავიგე.. მეთქი სექსზე მითხარიი ?! - მგონი დაიმორცხვა კიდეც სალვადორემ- კვე-ბის პო ტენ ცი ა ლი ! - დაუმარცხვლა კოკამ - ოო, ეგ იცოცხლე გავდივარ განში. გავშრი. სალვადორემ ფანჯარას ჩაუწია და მე ევკალიფტის სუნი მცემს. ნია ამეკვიატა ეპიზოდურ კადრებად, ფრაზებად, მელოდიად. მზის აბაზანებზე გადაშლილი ცისფერი ჰორიზონტით სავსე მკერდი, მარილიანი წყალი და შრიალი ფეხქვეშ, მარგალიტის სარკე ოქროსფერი ელფერით, სიო... ბრიზი, სანამ დაუბერავს ქარი. არსაიდან მოსულმა სიცივემ ამიტანა. დღემდე ვერ ამიხსნია წინათგრძნობა იყო თუ სირცხვილი, შესაძლოა ორივე. იქნებ ემოციებსაც აქვთ უხილავი პალიტრა შიში შავია, სირცხვილი წითელი, წინათგრძნობა სველი თიხის ფერი, სიხარული ყვითელი, სიყვარული ლაჟვარდი და ამ უსაშველო ფერთა გამიდან - ალბათ ჟანგისფერი დამედო. ხმელ ცნობისმოყვარეობასაც თავისი საზღაური აქვს, თავისი ხარკის ამკრეფი. გულისცემა გულის მიღმა, სპაზმი, ჩამწვარი ყელი და ისევ ეს მეტალის გემო. მწყურია. სხვისი ლუკმა გემრიელი არ არის, არაფერია მე მოვერევი ამ ხორცის ფეთქვას. სხვისი ლუკმა გემრიელი არ არის! მწყურია!...დაკოკა-კოლას მაწვდის კოკა. გაკვირვებული ვართმევ. უეჭველი აზრებს კითხულობს, სხვა რა უნდა ვიფიქრო?- ოხ, ოხ.. კისრიდან ეწყებოდა ფეხები, დაინახე ? - ჯლოყინებს სალვადორე, ვერაფერიც ვერ დავინახე კოკა-კოლას ვსვამდი, რომელსაც სნიკერსის მერე ბორჯომის გემო აქვს.- სად ? - ვეკითხები და უკანა სარკეში ვეძებ- ეე, აღარ ჩანს მანქანაში ჩაჯდა?! - მპასუხობს სალვადორე.- თვალების ცეცება არ გეკადრება შენ! საცოლე არა გყავს ?! - ერთხელ მეც, ხომ უნდა დავტუქსო უფროსი. - თვის ბოლომდე - ჩაიხითხითა კოკამ და მზის სათვალე თხემიდან ცხვირზე მოირგო - ჯერ ერთი, თვალს წყალი დავალევინე და მეორე საცოლე-მდე, კურთხევა არა მაქვს ჯერ... - თავი იმართლა სალვადორემ- რა კურთხევა ? - გაუკვირდა კოკას.- დედის !- და მამის ? - ჩაეკითხა კოკა.- მამის რა გითხრა, იმნაირი კაცია ცოლზე ლაპარაკს ცოლიკაური, რომ ურჩევნია.. - გამორჩეული დამოკიდებულებით აღნიშნა სალვადორემ.- აბა მამაჩემი, სულ ცოლს ეძალება, შვილიშვილები, გვარის გამგრძელებელი, სანამ ცოცხალი ვარ გაინძერი და... - მეც ჩემი ტკივილი ამოვთქვი.- მამა, რომ გვერდში დაგიდგება და მამა რომ საქმეს გაგიკეთებს ისე ვერავინ.. ფასდაუდებელი ვინმეა! - ჩაერთო ისევ კოკა.- და დედა? - ეწყინა სალვადორეს.- დედა Вообще не в конкуренции ტო. - შემოირიგა კოკამ.- მალე ჩავალთ ? - იკითხა სალვადორემ- კი, კი! ესეც ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის გზა ხომ არაა? - უთხრა კოკამ.- სპეცრაზმი რომ დაგვხვდეს იქ რა უნდა ვქნათ? - ვიკითხე მე ?- ბატი-ბუტიც დავითრიე ! - მხოლოდ მე ვიცი, რომ კოკა არ ხუმრობს, მაგრამ მაინც მეცინება უკანა სარკეში გამოჯგიმულ და დაღრეჯილ სალვადორეზე- გამოვიდეთ - დაგვარიგა სალვადორემ.- მოდი ჯერ შევიდეთ, რომ მერე გამოვიდეთ - ძალიან საქმიანად მოუწოდო კოკამ.- როგორ შევიდეთ ? - დაიბნა სალვადორე- თქვენ შედით ცენტრალური კიბით, ეზოს გავლით. მე გვირაბიდან დავიძრები და კორპუსზე შევხვდეთ, ასე არაფერი გამოგვეპარება, გავიგებთ რა ხდება. გზად ტელეფონოგრამებს ავიღებ. თქვენ დაზიანების ჟურნალი ნახეთ და გადაყვანილები. მოსულა? - მოსულა.- შევთანხმდით.და რადგან გზაში კოკამ ცოტა გამოიძინა კიდეც, მეტი აღარც არაფერი მომხდარა გარდა იმისა, რომ ციხეში მივედით.შესვლა.განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება გამოირჩევა პრიმიტიული არქიტექტურით. ეს არის ოთხსართულიანი მართკუთხედი, ყველა კუთხეში და შენობის შუა ნაწილში სართულებთან დამაკავშირებელი კიბეებით. პირველ სართულზე მარჯვენა მხარეს სამედიცინო პუნქტის საკნები დანარჩენისგან, არსებითად, მხოლოდ კეთილმოწყობილი ფეხსალაგით გამოირჩევა. წრეზე გარე მხარეს მოქცეული საკნები ზამთარში ცივი და ზაფხულში ცხელი, ხოლო შიდა შედარებით კომფორტულია. უკანა მხარეს ტყუპისცალივით შედარებით გვიან მიშენებულ ნაგებობას სახანძრო კიბითაა დაკავშირებული, რომლზეც გვერდიგვერდ ორი ადამიანი ვერ გაივლის, ბაქანს მოაჯირები არ აქვს, ამის გამო ნებისმიერი სართულიდან ერთი კორპუსიდან მეორეზე გადასასვლელ გზად იყენებენ. ქარიან ამინდებში მთელი ეს კონსტრუქცია ჯაჭვის ხიდს ემსგავსება. ერთი წაკითხვით ბევრი კიბეა, თუმცა უსაფრთხოება მათი შექმნისთვის მყარი საფუძველია. მისჯილებს უშიშროების მონაცემების მიხედვით ყოფენ და ერთმანეთს, რომ არ შეხვდნენ სხვადასხვა გზებით და კიბეებით ატარებენ. ცოტა მოშორებით წინა მხარეს დგას ადმინისტრაციული შენობა, რომლის ოთხ სართულზეც საერთოდ არაფერი ხდება. არასდროს და არაფერი. მთელი ამ კონსტრუქციის გამონაკლისს სამივე შენობის სარდაფში მოწყობილი საკნები ქმნის. მათი დერეფნები ერთმანეთს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდება. ეს არის მიწურში მოქცეული დეესკალაციის ოთახები და კარცერები. განსაკუთრებულად ცივი, ნესტიანი, შმორის სუნით გაჟღენთილი და პირქუში.სულ ეს არის ჩვეულებრივი მართკუთხედი შენობა, რომლის კედლებშიც მოქცეულია ემოციური ლაბირინთი. ციხეში შემოსული გზას მარტივად ვერ იგნებს, გარეთ გასვლა კი თითქმის შეუძლებელია. მთელ ციხეს გარშემო ორი ერთმანეთისგან სამი მეტრით დაშორებული უზარმაზარი გალავანი არტყია, საგუშაგოებით, ეკლიანი მავთულხლართით, ერთი სიტყვით, რაც ციხეს სჭირდება ყველაფერი აქვს. ჭიშკართან პირველი საკონტროლო პუნქტი - სალხინებელი, პატარა მოთეთრო-ობმოდებული. აქ მხოლოდ საშვებს ამოწმებენ და მოსვლისთანავე გავიგონეთ ის საშინელი ხმაური, რომელზეც აღმოსავლეთის კონგრესში მოსული ქალი გვიყვებოდა.მეორე გამშვები პუნქტი, განსაწმენდელი - შიდა ადმინისტრაციულ შენობაში შესვლამდე. აქ უსაფრთხოების ოფიცრები განძის მაძიებელთა ჟინით ამოწმებენ ყოველ ვიზიტორს, თითქოს რასაც იპოვნის მისია. უბირი ხელები აწანწალებული კუჭივით, დაძრწის სხეულზე და ყოველ ჯერზე მაინც ხახამშრალი რჩება. აქ, რომ შემოვედით ხმაურმა იკლო და ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს რაღაცა ძალიან შორიდან ქარს მოქონდა. ციხეს თავისი წესები აქვს. ფული, ფასიანი ქაღალდები, საკრედიტო ბარათები, მობილური ტელეფონი, ოქრო-ვერცხლი, საერთოდ ნებისმიერი მეტალისგან დამზადებული სამკაული, ხელჯოხი, სათვალე და აკრძალული ნივთების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი, რომლითაც თავს არ შეგაწყენთ და დაუშვებელია. ვერც ერთი ვიზიტორი მთელი თავისი დიდებით ზღურბლს ვერ გადავა. შევდიოდით ოქმების და კალმის ამარა. კოკა პირველი შეამოწმეს. ის აქ ვერასდროს დაამარცხეს. ვერც ამათ დაჯაბნეს მისი სიმაღლე, ფაფარაყრილი მომზირალი ალმოდებული საფირონი, ვერდ აზვირთებული, გაუტეხელი ნება... კანონის სახელით გამოგონილ უკანონობას განსაკუთრებით არ პატიობდა, არც პატიობდა  და არც კვერს უკრავდა.-         ქუდი დატოვეთ. - მოიხადა და დადო თაროზე.-        ჯვარიც.-        არა-        ვერ შეგიშვებთ. -        რა საფუძვლით ?-        ჯვრის შეტანა ციხეში არ შეიძლება.-        მაშინ ქუდსაც არ დავტოვებ.-        ვერ შეგიშვებთ, ბრძანებაა! -        მაჩვენეთ ბრძანება.. -        ბრძანებას, როგორ გაჩვენებთ ?-        A4 ფურცელზე, ხელმოწერილს და ბეჭდით დამოწმებულს.. -        ასეთი ბრძანება არ გვაქვს, - ზეპირია.-        ბრძანება, ნორმატიული აქტია, წერილობითი ფორმით. ნივთები რომელიც მე შემაქვს არ არის აკრძალული სიის ჩამონათვალში, ჯვარი არის ხის და არა მეტალის აქსესუარი, ამასთან დაკავშირებით აღმსარებლობის უფლებებსა და თავისუფლებზე აღარ განვავრცოთ, ხოლო თქვენი მბრძანებელი ქვედანაყოფის მეთაურია მის ბრძანებას არ ვემორჩილები, ვინაიდან კანონს არ შეესაბამება და ბრძანება კი არა უბრალოდ ახირებაა. დარეკეთ გაარკვიეთ.-        დაგველოდეთ - ეუბნება უსაფრთხოების ოფიცერი და შიდა ნომერზე რეკავს. კოკა თავიდან კარნახობს ნორმატიული აქტების იერარქიას, რომ სწორად მოახსენონ და ამატებს, რომ თვითონაც მაგარი ახირებულია. ყურმილს კიდებს ოფიცერი.-        შედით ! - შევედით.