თბილისელი ბიჭები
თბილისელი ბიჭები
თბილისელი ბიჭები - მიშველეთ, მიშველეთ, ნოდო წყალში ჩავარდა! - დათომ ყვირილი მორთო.- დათო დამეხმარე, - ერთი კი დაიყვირა ნოდომ. დათოს შეეშინდა, მეც არ ჩავვარდეო და კვლავ მოჰყვა ყვირილს. თუმცა მანამდე ხელი გაუწოდა ნოდოს, მაგრამ ვერ მისწვდა. ელვის სისწრაფით გაიტაცა ნოდო წყალმა. დათო გაიქცა და ზემოთა ეზოში მცხოვრებ ბიჭებს დაუძახა. ყველა ქვევით, კლდის ქიმისკენ დაეშვა.- სად არის, სად? აღარ ჩანს?ამასობაში ვიღაც გადახტა მტკვარში. დინებას ნოდო კარგა შორს, ხიდისკენ გაეტაცა. იმ კაცმა ნაპირზე ამოიყვანა ერთიანად გალურჯებული ნოდო. ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს, მაგრამ ბიჭი არ სუნთქავდა. სასწრაფო მალე მოვიდა, ხალხი შეიყარა და პოლიციაც იქვე გაჩნდა.ნოდარი სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩააწვინეს. - ბიძია, ბიძია, საით მიჰყავთ, გვითხარი ძია!- აქვე ბავშვებო, მიხაილოვის საავადმყოფოში. მშობლებს გააგებინეთ აუცილებლად. მანქანა ადგილს მოწყდა და თან წაიღო ბავშვების შეკუმშული გულები. ისინი ტიროდნენ, ტიროდა დათოც, რომელიც მაშინ მე-3 კლასში იყო. ის ცრემლებს ვერ იკავებდა. ბაბი, გიგა და რეზიც მოვარდნენ, იქვე დაყარეს ყველაფერი და სირბილით მიხაილოვის საავადმყოფოსკენ მოკურცხლეს. ეზოში ჩოჩქოლი იყო. მეზობლებიც მოსულიყვნენ, ნოდოს დეიდა კი არსად ჩანდა. ვიღაცამ თქვა:- რა ეტყვის საცოდავ ნათელას ახლა ამ ამბავს?კარისკაცს სთხოვეს, მაგრამ ბავშვები არ შეუშვეს..- გონზე რომ მოვა, ვეტყვი ექიმს და დაგელაპარაკებათ, მანამდე უნდა მოიცადოთ, გასაგებია?მეტი რა გზა ჰქონდათ. საავადმყოფოს კიბეებზე ჩამოსხდნენ და ლოდინი დაიწყეს.უკვე ექვსი საათი სრულდებოდა, როცა კარისკაცმა დაიძახა, - მოდით, ექიმი გამოვიდაო. ყველა კარს მიაწყდა. დათო წინ გაძვრა და თვალებში მიაშტერდა თეთრხალათიან კაცს, რომელიც ისეთი მაღალი და დიდი იყო, ქვემოდან ზემოთ ძლივს ააწვდინა თვალი.- როგორაა? როგორაა? - აყაყანდნენ ერთხმად.- ბავშვებო, როგორ გითხრათ, ეჰ, - ჩაიქნია ხელი. სამწუხაროდ დავაგვიანეთ, ბევრი წყალი ჰქონდა ნაყლაპი... ვერ გადავარჩინეთ.ეს იყო განაჩენი, რომლის შეცვლაც არავის შეეძლო. ყველა ღრიალებდა და სიმწრისაგან ფეხებს აბაკუნებდნენ. ბაბის გული წაუვიდა და ძლივს მოაბრუნეს. იმდენი წყალი ასხეს, სულ გალუმპეს გოგო. მაშინ დათომ ჩაიბუზღუნა - „მე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გადავარჩენდიო.“ თან ის სიმწარე, რომ შეეძლო და ხელით ვერ მისწვდა, ვერ ჩაავლო დროულად - დათოს მთელი ცხოვრება ტანჯვად ექცა. თავს პირობა მისცა, რომ ადამიანებს დაეხმარებოდა, მათზე იზრუნებდა და ბევრს გადაარჩენდა. მაშინ გადაწყვიტა ექიმი გამოსულიყო. ეზოში ჟრიამული ისმოდა. მხოლოდ ერთი ხის ქვეშ სამ მეგობარს მოეყარა თავი და გაცხარებული ბჭობდა, ვინ დაპატიჟებდა ბაბის სპექტაკლზე „მამაცი ჯამბაზები“, რომლის პრემიერაც მარჯანიშვილის თეატრში ორ დღეში შედგებოდა. სამივე მეგობარს: დათოს, გიგას და ნოდარიკოს ბაბი უყვარდა. ბიჭები ძალიან მეგობრობდნენ და ძმადნაფიცებიც იყვნენ. ერთი წლის წინ ხელის გაჭრის რიტუალიც კი ჰქონდათ ჩატარებული. ამიტომ გადაწყვიტეს, სამივეს ცალ-ცალკე დაეპატიჟებინათ ბაბი. ვისაც გაჰყვება, იმას ექნებოდა სიყვარულის ახსნის უფლება. ერთი ის იყო, ბილეთების შოვნა ჭირდა და ვინც იშოვიდა, ის დაპატიჟებდა.- რა ვქნათ მეგობრებო, წავიდეთ, ნაყინი ვჭამოთ. ერთმანეთს ხომ არ დავცხებთ გოგოს გულისთვის, - თქვა გიგამ. - ვისაც თვითონ აირჩევს, მისი შეყვარებული იყოს. გაიგეთ?- ჰო, გავიგეთ, გავიგეთ, - წელის თრევით წამოდგა დათო. მას ნოდო, რეზი და გიგა მიჰყვნენ.- ოღონდ ბიჭებო, ხვალ სპექტაკლზე მე ვეპატიჟები. დიდი ხანია შეპირებული ვარ. - გავიგეთ, გავიგეთ, - ზანტად ამოთქვა რეზიმ და იქვე დაგორებულ ბურთს ისე ძლიერ დაარტყა, რომ ეზოს გარეთ გაფრინდა ბურთი.მეორე დღეს საღამოს დათო გამოპრანჭულ ბაბისთან ერთად მარჯანიშვილის თეატრში წავიდა. „მამაცი ჯამბაზები“ გადიოდა. ბილეთები დათოს კარისკაცმა უშოვა, რომელიც დედას კარგი ნაცნობი იყო და დათომ დედას ათხოვნინა ორი ბილეთი. დარბაზი გადავსებულო იყო. მართალია, ბილეთები პარტერში არ ჰქონდათ, მაგრამ სცენა ზემოდანაც კარგად ჩანდა. სპექტაკლი ოვაციებით დასრულდა.- ბაბი, მოგეწონა წარმოდგენა? - ჰკითხა დათომ.- ძალიან მომეწონა დათო. იცი, როგორი მადლობელი ვარ, რომ წამომიყვანე. რამდენს ვეხვეწებოდი ზაზას, ხან დედას და არავის ეცალა ჩემთვის. შენ კი, შენ კი, - არ დაამთავრა ბაბიმ სიტყვა და მიყუჩდა. - წამო, კუთხის სანაყინეში ნაყინი ვჭამოთ. - წავიდეთ. გაიქცნენ. ..- ერთი ნაყინი თუ შეიძლება, ჩამოსასხმელი პლომბირი. - შენ დათო?. - მე, მე, ყელი მტკიოდა გუშინ და მეშინია, სიცხე არ მომცეს. ხომ იცი, ამ კვირაში ოლიმპიადა მაქვს მათემატიკაში. დედა გამიბრაზდება, ბაბი.- კარგი, კარგი, მოდი, ცოტა შენც ალოკე და მე მეორე გვერდიდან შევჭამ, კარგი? - არ მოეშვა ბაბი. - ჰო კარგი, იყოს მასე, - დაირცხვინა დათომ. მას შემდეგ მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა ეს სირცხვილი, როგორ გააცურა გოგომ.ის ღამე შთაბეჭდილებებით იყო გადატვირთული.წლები წლებს მისდევდა. აი, დადგა ბოლო ზარის დღეც, ბავშვებს ბანკეტი ფუნიკულიორზე ჰქონდათ. ის საღამო დაუვიწყარი იყო თითოეული მათგანისთვის. დათომ ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა. ძალიან უნდოდა მამა დასწრებოდა ცერემონიალს, რომელიც იმხანად დედოფლისწყაროში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა. ის არქეოლოგი იყო და სულ ველზე მუშაობდა. რაც თავი ახსოვდა დათოს, სულ რაღაცას ეძებდა. დაურეკა მამას და ახარა თავისი წარმატება. თუმცა ნესტორმა აი, რა უთხრა: - დათო, შვილო, გულით გილოცავ და ბევრ წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში, მაგრამ ახლა ისეთი აღმოჩენის წინაშე ვდგავარ, გაგიკვირდება და შენც იამაყებ მალე ჩემით და საერთოდ ქართველობით. რაც მართალია მართალია, დათოს ძალიან დაწყდა გული.ბაბი ისე ძალიან დამშვენდა, თვალს ვერ მოწყვეტდა კაცი. დათო ყოველდღე ფიქრობდა სიყვარული აეხსნა, მაგრამ ბიჭებისთვის მიცემული პირობა ახსენდებოდა. „ვისაც აირჩევს, ვისაც აირჩევს“, - ეს სიტყვები სულ ყურებში უწიოდა. ბიჭებიც დუმდნენ. ყველას რაღაც ეტყობოდა, მაგრამ გრძნობებს ხმამაღლა არც ერთი ახმოვანებდა.ბანკეტზე ბაბი მხიარულობდა, თითქოს ვერაფერს ხვდებოდა. ბანკეტის შემდეგ სახლამდე რეზიმ და დათომ ერთად მიაცილეს. რეზიმ ჩურჩულით ჰკითხა დათოს:- დათო, ისევ გიყვარს? - ჰო, - წაიჩურჩულა დათომ. რეზიმ თვალი აარიდა. - წამო, დავლიოთ. - ჰო, ნახე გამოსავალი, წამო.იმ ღამით ძლივს მივიდა სახლში დათო, მთელი ღამე ბაბი ესიზმრებოდა და ბორგავდა. ბოლოს დედის კალთაში ჩარგო თავი და გამთენიისას ჩაეძინა. დარდობდა დედამისიც. იცოდა, მის შვილს რაც ჭირდა, მაგრამ ვერაფრის თქმას ბედავდა. მეორე დღეს ქალბატონი ნატა მორიგე იყო. ძლივს წაიძინა ცოტა, მაგრამ მაინც ფიქრობდა დათოსთან დალაპარაკებას.ბაბიმ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, დათომ სამედიცინოზე, რეზიმ სარეჟისოროზე, გიგამ კი კონსერვატორიაში - ის ხომ ბავშვობიდან საოცარ, სულში ჩამწვდომ მუსიკას ქმნიდა.სტუდენტობა საინტერესოდ მიდიოდა. დათო ყველასგან გამორჩეულად კარგად სწავლობდა. კარგად ცოტაა, სანიმუშო სტუდენტი იყო. ნატა გახარებული იყო, თუმცა ბიჭმა ძალიან რთული, ნეიროქირურგის პროფესია აირჩია. გაზაფხულზე დათოს მამამ ბიჭები ველზე წაიყვანა დედოფლისწყაროში. „ვილისით“ ძლივს ჩააღწიეს იქამდე. ნატა და ნესტორი ერთმანეთს დასცილდნენ, როცა დათო 6 წლის ხდებოდა. ძალიან რთულად გადაიტანა პატარა ბიჭმა ყოველივე. ახსოვს, დაბადების დღე ჰქონდა მამამისს. ის და დედა სოფელში იყვნენ იმ ზაფხულს. აგვისტოს 10 რიცხვი იყო. დათომ დაიჟინა, გინდა თუ არა, თბილისში წამიყვანე, მამას უნდა მივულოცოო. საჩუქარიც მოუმზადა. დახატა თავიანთი სახლი, შუაში დედა, თვითონ და მამა სახლის წინ, იქვე ცუგა და ყვავილები. დედასაც არ აჩვენა, სიურპრიზია მამიკოსთვისო. თბილისში რომ ჩავიდნენ, კარი გასაღებით გააღეს ჩვეულებრივ. დათო მამის კაბინეტისკენ გაიქცა ყვირილით:- მამა, მამა, მოვედი! იქ არ დახვდა, მერე საძინებლისკენ გაიქცა და კარი შეაღო. ბავშვი გაშეშდა... მამა ვიღაც ქალთან ერთად იწვა. ამასობაში, ნატაც მიუახლოვდა და ენით აუწერელი ტკივილი იგრძნო. ერთი ვაი, - დაიძახა თავი ხელებში ჩარგო, მოტრიალდა, ბავშვს ხელი ჩაავლო და სირბილით ჩაირბინა კიბეები. მერე დედ-მამა ერთმანეთს დაშორდნენ. დათო მთელი ბავშვობა საკუთარ თავს ადანაშაულებდა, რომ მის გამო გასცილდნენ მშობლები. ფიქრობდა პატარა, მე რომ არ დამეჟინა თბილისში ჩასვლა, ეს არ მოხდებოდაო... დედა და დათო მარჯანიშვილზე გადავიდნენ ნატას მშობლების სახლში. იქ გაიზარდა დათო, იტალიურ ეზოში. მძიმე იყო მისთვის ბავშვობის ტრავმა, მაგრამ მამას მაინც ვერ თმობდა. ნატაც არ უკრძალავდა მასთან ურთიერთობას. თუმცა მამა არქეოლოგი იყო და სულ ველზე იყო, სულ არქეოლოგიური გათხრებით იყო დაკავებული, არც ნატა და არც ნესტორი მეორედ არ დაოჯახებულან. და აი, მათ წინ თვალუწვდენელი მწვანეში ჩაფლული ველი გადაიშალა. - ნახეთ, ბიჭებო, აი, ის ნასახლარი ძველი ქალდეური ქალაქი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 2000 წლის წინანდელი ძეგლია, ერთ-ერთი უძველესი ქალაქის კარიბჭე. ცოტა ფეხით გავლა მოგვიწევს.3 დღე და ღამე ველზე, კარავში გაატარეს ბიჭებმა. ნესტორი, დათოს მამა, საოცარ აღმოჩენებზე ესაუბრებოდა ბიჭებს. თვითონაც მიიღეს მონაწილეობა გათხრებში. ნესტორმა ასწავლა ფუნჯის ფრთხილად ხმარება, არტეფაქტის მიწისგან უსაფრთხოდ გათავისუფლება. ბიჭებმა წყლის ლამაზი დოქი აღმოაჩინეს და უსაზღვრო იყო მათი სიხარული...4 ივლისს რეზის დაბადების დღე იყო. ბიჭები ბოლო კურსზე იყვნენ. ქვეყანაში დენთის სუნი ტრიალებდა. სოხუმში რაღაც ცუდი ხდებოდა. საინფორმაციო საშუალებები არეულად და ორაზროვნად გადმოსცემდნენ ცნობებს. თბილისშიც დაძაბულობა მატულობდა. - გიგა, დღეს ავიდეთ რეზისთან და დაბადების დღე მივულოცოთ, ისე ვიწრო წრეში. ხომ იცი, გადახდას არ აპირებს. ჩვენ მაინც ავიდეთ, - უთხრა დათომ გიგას.- კარგი, ავიდეთ საღამოს.7 საათი იქნებოდა, დათო და გიგა რეზისთან ავიდნენ, თან ორი ბოთლი შამპანური და ხაჭაპურები გაიყოლეს. - ვაა, ბიჭებს ვახლავარ, - გაიღო კარი და რეზი შემოეგება ბიჭებს. გაგახსენდათ მაინც?- რა დაგვავიწყებდა ძმა? - თითქმის ერთხმად უპასუხა ორივემ. - სახლში არავინაა?- არა, ჩვენები სოფელში არიან წასულები, მაკოც თან წაიყვანეს. მაკო რეზის დაა. მისალაგებელია აქაურობა, ბებიაჩემსაც აღარ შეუძლია, დაბერდა ხო იცი, ქალბატონი ვერიჩკა. - კი, კი, აბა ხუმრობა ხომ არა, უკვე 83 წლისაა. ეჰ, ნეტა ყველა მივაღწევდეთ მაგ ასაკს. - რა იყო, მივაღწევთ, აბა რას ვიზამთ. ეს რა ლაპარაკია, ჯერ მთელი ცხოვრების აღმოჩენები წინ გვაქვს, - ჩაიქირქილა რეზიმ. ეტყობოდა, კარგ ხასიათზე იყო. - აბა, დატრიალდით, ახლა გოგოები არ გვყავს. ნახე, არც ერთს გავახსენდი, - წაიწუწუნა რეზიმ. ეს იყო და კარზე ზარის ხმა გაისმა. - ა, ბატონო ვიღაცას ახსოვხარ.რეზიმ კარი გამოაღო და შეჰყვირა, - ბაბი, ნათელა, გაგახსენდით, ჩემო გვრიტებო? აბა, უთქვენოდ მე როგორ ვიქნები? შემოგევლეთ. ბიჭებმა ერთმანეთს მრავლისმეტყველად გადახედეს.- ჰა, აბა, დატრიალდით, დატრიალდით. მალე სუფრა გააწყვეს, შემოუსხდნენ და ის იყო სადღეგრძელო უნდა ეთქვა გიგას, ისევ ზარის ხმა გაისმა კარზე.- ო, ო, ეს ვიღაც უცხოა, ნამდვილად არავის ველოდებოდი.რეზიმ კარი გააღო.- ფრიდონ, შენ? მოდი, ძმაო, რა გამიხარდა! როდის ჩამოხვედი, შენ სოხუმში არ იყავი?- ჰო, ჩემი ძმაკაცი დაიჭრა და ის ჩამოვიყვანეთ. გადარჩა, მადლობა უფალს. ეს ჩემი გვარდიის მეგობარია მერაბი.- გამარჯობათ ბიჭებო! - ეს გიგაა, ეს დათო, ესეც ბაბი და ნათელა. ჩემი კლასელები.- ეს რა სუფრაა? რამეს აღნიშნავთ? - იკითხა ფრიდონმა.- ჰო, ფრიდონ, ჩემი დაბადების დღეა.- ვა, როგორ დამავიწყდა. პატარა რომ იყავი, არ ვტოვებდი შენს დაბადების დღეს, კარგი დრო იყო. თქვენები სად არიან, რეზი? - სოფელში წავიდნენ, ვერიჩკა ვერ არის კარგად. მეზობელმა დაგვირეკა. ხომ იცი, თვითონ არ გვაწუხებს, თავისებურია ჩვენი ვერიჩკა.- ეჰ, დაბერდა ვერო, დაბერდა. შენ რამდენის გახდი?- ოცდაერთის. - კაი ვაჟკაცი ხარ რეზი უკვე.ბევრი ისაუბრეს და ცოტას სვამდნენ. დილით ადრე შტაბში უნდა გამოვცხადდეო, - ფრიდონმა.- ჰო, მართლა, ბიჭებო. ისე გვაკლია ექიმები, სანიტრები, კინორეჟისორიც არ გვაწყენდა, ხომ არ წამოხვიდოდით ჩვენთან „თეთრ არწივში?“- ვაა, მერე ინსტიტუტი? - გაიკვირვა გიგამ. - რა დროის ინსტიტუტია, თუ ძმა ხარ, ქვეყანა თავზე გვემხობა. მე მივალ რექტორთან და გადაგივადებენ გამოცდებს. მთავარია, ახლა სამშობლოს შევეწიოთ.- აა, რას იტყვით?- მე მოვდივარ, - უცებ წამოიძახა დათომ.- მაშინ ჩვენც მოვდივართ, მარტო ხომ არ გაგიშვებთ ბიჭო? - ერთხმად წამოსცდათ რეზის და გიგას. - ესე იგი შევთანხმდით, ხვალ დილით დეკანატში 12 საათისთვის მოვალ და ერთად მოვაგვაროთ ეგ საქმე. მერე იქიდან თეატრალურში და იქვეა კონსერვატორიაც. ჩემი იმედი გქონდეთ, რექტორს მე დაველაპარაკები.- კარგი, კარგი, - მტკიცედ გადაწყვიტა სამივემ.- ეს კარგი, მოიტა გიტარა! ბაბი, აბა ჩამოკარი ჩვენებური, მინდა, დიდხანს დავიმახსოვრო ეს დღე, - რეზი ცოტა შეთვრა.- ჩვენ წავედით, - უცებ წამოდგნენ ფრიდონი და მისი მეგობარი მერაბი. ხვალ ბევრი საქმე გვაქვს, აბა თქვენ იცით, ბიჭებო, არ დამაღალატოთ? ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, გოგოებს თვალებზე ცრემლი მოადგათ, მაგრამ მალავდნენ. - კარგი, ჩვენც წავედით, - წამოდგა დათო. - თან დედაჩემსაც ხომ უნდა ვუთხრა, ერთი კონცერტი მელოდება შინ. - ჰო, წავედით, - წამოდგა გიგაც და გასასვლელისკენ გასწია. - გოგოებო, თქვენ არ მოდიხართ?- ჩვენ ცოტას მივალაგებთ და აქვე არ ვართ?- ჰო კარგი, კარგი. წავედით. აბა, ყოჩაღად რეზი. შენ როდის ეტყვი შენებს?- რა ვქნა, წერილს დავუტოვებ.ბიჭები წავიდნენ. ბაბის ყელში ჰქონდა ცრემლები მობჯენილი, თავს ძლივს იკავებდა. ნათელამ ჭურჭლის რეცხვა დაიწყო, ტელეფონმა დარეკა.- რეზი, დეიდა ნათელა შენთანაა? ჰო მართლა, გილოცავ დაბადების დღეს, საუკეთესო სურვილებით, ხომ იცი, შვილებში არ გარჩევ.- კი, კი, ინგა დეიდა, მადლობა. ხომ მშვიდობაა?- კი. ბებო არ არის კარგად, დაიჟინა, ნათელა მოვიდეს, წნევა გამიზომოსო. მოხუცია და თავის ნათელას გარდა არავის ენდობა. - კი, ინგა დეიდა ახლავე წამოვა. გინდათ, მეც გამოვყვები? - არა, მასე ცუდად არაა, მოხუცის ახირებაა, ხომ იცი.- კარგი. კარგი. - ნათელა, ბებოსთან ხარ გამოძახებული.- ვაი, ერთი საღამო ვერ ძლებს უჩემოდ.- წადი ნათელა, მე დავრეცხავ და მივალაგებ, - გასძახა ბაბიმ.ბაბი ჭურჭელს რეცხავდა, რეზი მიუახლოვდა, უკნიდან ხელები მოხვია და თავისკენ მიიზიდა, ბაბის ცრემლები წასკდა, არ გასძალიანებია. საოცრად აფორიაქებული იყო. ვინ იცის, ბოლოჯერ ხედავს რეზის, მან კი არ იცის, როგორ უყვარს...ბაბი კანკალმა აიტანა, ტიროდა, თან ძლიერად ეკვროდა რეზის.- სულელო, ჩემო პატარა, ნუ ტირი, გპირდები, ცოცხალი ჩამოვალ. ჩვენ კიდევ ვიქნებით ბედნიერები, ბაბი, ბაბი, მიყვარხარ, სულზე მეტად, გპირდები ბაბი, - რეზიმ ძლიერად ჩაიკრა გულში, ორივეს გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა... მეორე დღეს ბიჭები დეკანატთან ფრიდონს შეხვდნენ. რეზის ცოტა დააგვიანდა. - აუ, ჩამეძინა, მერე ვერაფერს გამოვყევი მეტროდან, ფეხით მოვდივარ, - თავი იმართლა რეზიმ.დეკანმა გამოცდების გადადებას რეზოლუცია დაადო. რა ელაპარაკა ფრიდონმა, ბიჭებს არ გაუგონიათ. იქიდან კონსერვატორიაში და შემდეგ თეატრალურში წავიდნენ. იქაც ფრიდონმა მოაგვარა საქმე. 5 საათზე უკვე მზად იყვნენ. „უაზის“ ტიპის მანქანით გაუდგნენ მძიმე, გრძელ და სახიფათო გზას... სოხუმისაკენ. პირველი შეფერხება სამტრედიასთან მოხდა. ხიდი აეფეთქებინათ. სოფელ-სოფელ გაუვალი გზებით შემოვლითი გზით წასვლა მოუწიათ. ცხელოდა, წყალი ელეოდათ, არც საჭმელი ჰქონდათ. ბოლო პური ბიჭებმა ერთმანეთში გაიყვეს. ერთადერთი, რაც ჰქონდათ, ეს სიგარეტი იყო. მანქანა სულ გაბოლილი იყო ნიკოტინისგან და არც ღია ფანჯარა შველოდა საქმეს. სუნთქვა ჭირდა. დათო არ ეწეოდა, მაგრამ ახლა მიეძალა სიგარეტს, თითქოს შვება ამაში იყო. ბიჭები ათას რამეზე საუბრობდნენ, ზოგი ვითარებას განიხილავდა, ზოგი ოჯახის ამბებს, ზოგი კი, ბავშვების გაცილების ამბებს იგონებდა. დათო, რეზი და გიგა ჩუმად ისხდნენ. თითქოს წყალი ჩაიგუბეს პირში. ბოლოს გიგამ დაარღვია სიჩუმე. - კარგი ვქენით, რეზის დაბადების დღეზე რომ წავუქეიფეთ ბიჭებო! დიდხანს გამყვება სასიამოვნო მოგონებად. რა კარგი იყო, გოგოებიც რომ ამოვიდნენ, არა?- ჰო, კარგი ქნეს, - გამოსცრა რეზიმ, - დასამახსოვრებელი იქნება ნამდვილად. მე მთელი სიცოცხლე მემახსოვრება, რამდენიც დამრჩა.- კარგი ახლა, ნუ დაიწყე წუწუნი, თუ არ გინდოდა, არ წამოსულიყავი, - გამოსცრა დათომ.- რა? შენ ხარ ერთადერთი მართალი ადამიანი მარტო ხომ? - შეეპასუხა რეზი.- კარგი ბიჭებო, არ გინდათ, ისედაც დაზაფრულები ვართ. ახლა ჩვენ ერთმანეთის გვერდში ყოფნა და გატანა გვმართებს. კარგი, რაც იყო იყო, რა ბზიკმა გიკბინათ. აბა, ცხვირები ნუ ჩამოუშვით, ჩვენ იქ სამშობლოს დასაცავად მივდივართ, ყველას დასაცავად, გმირები უნდა გავხდეთ. ომი გმირობაა. შიში და გაუტანლობა აბა, ვის რას არგებს. გესმით?- ჰო, გვესმის, გვესმის, - ჩაიბურდღუნეს დათომ და რეზიმ და ერთმანეთს ჩაეხუტნენ.გზა დამქანცველი იყო, საღამოსკენ ზუგდიდის რომელიღაც სოფელს მიადგნენ.ფრიდონმა ერთი მეგობრის ოჯახში მიიყვანა ბიჭები. ბნელოდა, ძაღლი აყეფდა. მალე სანთლით ხელში ვიღაც გამოვიდა და ჩუმად მიუახლოვდა ძაღლს. - სუ მოლი, ჩვენები არიან, - ძაღლმა ფეხების ლოკვა და წკმუტუნი დაუწყო.- სუ-მეთქი, - დაიხარა და ხელი ზურგზე გადაუსვა გურამმა ძაღლს. მოლი კუდის ქიცინით გაჰყვა პატრონს. - შენ ხარ ფრიდონ?- ჰო, მე ვარ მე გურამ, - ხელი ჩამოართვა და გადაეხვია მასპინძელს.- როგორ იმგზავრეთ?- ცოტა გავწვალდით, მაგრამ ეგ არაფერი. გამთენიამდე გვაქვს დრო. მალე უნდა გადავიდეთ სოხუმისკენ. ხომ იცი, გველოდებიან.- ჰო, ვიცი. დაუძახე ბიჭებს, შევიდეთ სახლში. დაგაპურებთ და იქნებ ცოტა წაუძინოთ.- კარგი, კარგი. ბიჭებო, გადმოდით. ოღონდ ჩუმად პირდაპირ ოდაში შედით. ძაღლი არ ამოიღებს ხმას. არ მიაქციოთ ყურადღება.დათოს ცხოველები ძალიან უყვარდა, ძაღლებზე კი ფანატიკურად იყო შეყვარებული. სოფელში ერთი ძაღლი ჰყავდა, ბომბორა, ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ. ყოველ ზაფხულს ბომბორას გამო უყვარდა სოფელში ჩასვლა. ტყეში, ღრეში, თუ მდინარეზე საბანაოდ ერთად დადიოდნენ. მერე ბომბორა დაბერდა და მოკვდა. დათომ ეზოში დამარხა მსხლის ძირში, იქ უყვარდა წოლა, როცა ცხელოდა. ჰო, გაახსენდა ბომბორა. დათომ მოლის თავზე ხელი გადაუსვა, მიეფერა, მოლის ხმა არ ამოუღია, მხოლოდ კუდის ქიცინით აედევნა დათოს.- ვაა, ბიჭოს, მოლი ასე ზოგადად არ იქცევა, შენ რა უქენი ასეთი?- ეჰ, არაფერი გურამ, აურა, აურა, ძაღლები ყველაზე კარგად გრძნობენ მათდამი სიყვარულს. სულ ეს არის, უბრალოდ ძაღლი ან უყვართ, ან არა.- მართალი ხარ ძმაო, მართალი. წავედით, წავედით, ნუღარ შევყოვნდებით, დრო ცოტა გვაქვს.მალე ბუხრის პირას ტაბლაც გაიწყო, გურამის მეუღლე ციცია თითქოს ელოდებოდა ბიჭების ჩამოსვლასო, ხაჭაპურებიც შეაფიცხა. ბაჟეში დედალი, მჭადი, ყველი, ჯონჯოლიც კი იყო. ორი ჭიქა დალიეს ბიჭებმა, სულ თორმეტნი იყვნენ გურამთან ერთად. დალოცეს ოჯახი და მასპინძელმა დიდი ოთახისკენ მიუთითა. - გურამ, მე აქვე ბუხართან მივწვები, შენ მოდიხარ? რა მოიფიქრე?- რა მოვიფიქრე ფრიდონ, მოვდივარ ძმა, აბა სხვანაირად როგორ იქნება.- კარგი, წაუძინო იქნებ შენც ცოტა.გარიჟრაჟზე უთენია წამოყარა ფრიდონმა ბიჭები, ბინდ-ბუნდში ჩასხდნენ მანქანაში. თვალცრემლიანმა ციციამ გამოაცილა გურამი. ხმა არ ამოუღია. მოლიც შეხტა მანქანაში, გურამს აედევნა. მხოლოდ მაშინ წაიბუტბუტა:- შე მოღალატე მოლი, შენც მარტო მტოვებ, ჰო?- ეჰ ფრიდონ, როგორ ვდარდობ ცისიას. ჯიუტია, არაფრით დამთანხმდა, თბილისში დროებით რომ წასულიყო. ვერ დავტოვებ სახლ-კარსო, აქ არის ჩემი სიცოცხლე და უფალი როგორც ინებებს, ისე იქნებაო. რა ვიცი, იმდენი ბანდა დათარეშობს, ჩემ თავს არ ვჩივი, არც სახლ-კარს, ცისია მეფიქრება. ვერ გავაგებინე... გურამმა ბოლოჯერ შეავლო თვალი კარ-მიდამოს, თვალცრემლიან ცისიას ხელი დაუქნია და ძარას ხელი შემოჰკრა.- წავედით...დილის ნისლში გახვეულ ხეობას შეუყვა მანქანა. წყაროზე შეაჩერა ფრიდონმა მანქანა. წყალი აავსეს და პირზე შეისხეს. გამოფხიზლდნენ.- აბა, აბა, ჩასხედით, წავედით, წავედით, გათენებამდე ბატალიონს უნდა შევუერთდეთ, გველოდებიან. ბიჭები ფაცხა-ფუცხით ჩასხდნენ მანქანაში. კინაღამ მოლი დარჩათ წყაროსთან. მაშინ შეჰყეფა მოლიმ და მანქანა უკან დახიეს. კარგა დიდ მანძილზე გაესწროთ, მოლი კი ენაგადმოგდებული მორბოდა...- ვა, ეს როგორ მომივიდა ბიჭო, - გაიკვირვა გურამმა. ჩაეხუტა მოლის, რომელსაც კბილებით რაღაც ბოთლი ეჭირა, შიგ წერილი იდო. გურამი გაოცდა: სად იპოვე მოლი? უთუოდ რამე სამალავი იყო წყაროსთან. ნახე, ფრიდონ რაღაც მინიშნებებია, რაღაცის გეგმაა, ნახე, ნახე? ფრიდონმა თვალი გადაავლო, - ბატალიონის უფროსს, ბატონ გიას უნდა გადავცეთ სასწრაფოდ.- ეი, წრიპა დაუჩქარე, მალე უნდა ჩავიდეთ, რაღაც მნიშვნელოვანია. წრიპას ბიჭები ჯემალს ეძახდნენ - მძღოლი, პატარა, ჩია ბიჭი იყო.გამთენიისას ჩავიდნენ და შეუერთდნენ ბატალიონს. გურამმა აჩვენა ბატალიონის უფროსს დაჭმუჭნილი გეგმა. უთუოდ შეტევას აპირებენ ტამიშთან, - მხოლოდ ეს გაიგეს ბიჭებმა, მეტი ვერაფერი. - დრო არ არის. ჩაიყვანე ბიჭები ზღვის პირას, იცი შენ, სადაც უსაფრთხოა. ვინც სროლა არ იცის, რამდენიმე ვაზნა დააცლევინე. სხვა დრო არ იქნება, ყოველ წამს შეიძლება შეტევაზე გადავიდეთ.- გასაგებია! - ბიჭები წამოიშალნენ და, რა თქმა უნდა, მათთან ერთად დათო, გიგა და რეზი. რეზიმ სროლა იცოდა, ტირში დადიოდა მუშთაიდის ბაღში. ეს მისი ჰობი იყო. დათოს და გიგის ცხოვრებაში არ უსვრიათ. თან ძალიან აინტერესებდათ. თითქოს რაღაც უხილავი ძალა მართავდათ. სანაპიროზე ჩავიდნენ. გურამმა რამდენჯერმე დააშლევინა და ააწყობინა კალაშნიკოვი. მერე გაახსენდა დათოს სამხედროს გაკვეთილები და სამხედროს მასწავლებელი ავთო. აი, სად გამოადგა. არაფერი ისე არ ხდება ცხოვრებაში, - გაიფიქრა დათომ. სულ ეჩვენებოდა, რომ რაღაც ძალა მართავდა სამყაროს და თითქოს უმაღლესი გონი ჰქონდა. ახლა კიდევ ერთხელ დარწმუნდა. ზოგადად არავისთან ლაპარაკობდა ამ თემებზე.მეორე დილის გამთენიისას მართლაც დაიწყო შეტევა ტამიშთან. სამი დღე და ღამე ელოდნენ დახმარებას. დაგეგმილი იყო, რომ „თეთრ არწივს“ მეორე ქვედანაყოფი უნდა შეერთებოდა. დახმარება არსაიდან ჩანდა. ტყვია-წამალიც უთავდებოდათ. ბევრი დაიჭრა და დათოს, რეზის და გიგას თავზე საყრელად ჰქონდათ საქმე. ვერ აუდიოდნენ საველე პალატაში დაჭრილების გადაყვანას. საღამოსკენ ცოტა მიწყდა სროლები. გადაწყდა დაჭრილების ზუგდიდში გადაყვანა. ეგრეთწოდებულ „სასწრაფოს“ დათო გააყოლეს, თან ცეცხლის წვიმაში გამოიარეს, რასაც ჰქვია. დაღამდა, რომელიღაც სოფელს მიუახლოვდნენ. სულ ახლოს ჭურვები სკდებოდა. სასწრაფოს მანქანამ სვლა შეანელა და გზიდან გადაუხვია, იქვე დაბურულ მაღალ ჩირგვნარში გაჩერდა მანქანა.ინტენსიური დაბომბვა მიმდინარეობდა.- ცოტა შევიცადოთ, - თქვა მძღოლმა. დათო დატრიალდა, დაჭრილ ბიჭებს ჩამოუარა. ზოგს ხელახლა ჰქონდა ჭრილობა გადასახვევი, ზოგს წამალი დაალევინა. განსაკუთრებით ერთი ბიჭი, ბესო იყო მძიმედ დაჭრილი მუცელში. დათოს ეშინოდა, რომ შინაგანი სისხლდენა არ ყოფილიყო და არ დაეკარგა პაციენტი. რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, გზა უნდა გაეგრძელებინათ, როგორმე ზუგდიდამდე უნდა ჩაეყვანათ. კატეგორიულ უარზე დადგა მძღოლი, ბატალიონის გამოცდილი წევრი. - არ შეიძლება, სანამ ინტენსიური დაბომბვაა, თანაც ჭურვებით, ყველას დავკარგავთ და ჩვენც შევეწირებით, ვერ წავალთ ვერა, გაიგე დათო. შენ ეს ხუმრობა არ გეგონოს.სხვა რა გზა იყო, დათოც მიყუჩდა. უცებ სულ ახლოს ჭურვის გასკდომის ხმა გაისმა. თითქოს ყურისძირში აუფეთქეს. დათო მანქანიდან იყო ჩამოსული და იქვე ხეს მიყრდნობილი სიგარეტს აბოლებდა. ავტომატი მხარზე ჰქონდა გადაკიდებული. არასდროს იშორებდა. გაისმა განწირული ხმები:- მიშველეთ, მიშველეთ, - ჭურვი ისევ აფეთქდა. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ახლა კი ბავშვის ხმა გაისმა, საშინელი კივილი, ბავშვი გაუჩერებლად კიოდა,დათო ინსტინქტურად გაიქცა იქით, საიდანაც ხმა ისმოდა. გარბოდა, მიხოხავდა, უცებ დიდ გუბეში ჩავარდა, მაგრამ ავტომატი თავზემოთ ეჭირა, როგორც ასწავლეს. წამოდგა და ნახევრად მოხრილმა გააგრძელა ხოხვა. ბუჩქები დამთავრდა და დაინახა გზის იქით, განაპირას ცალკე მდგომი სახლი იწვოდა და კივილიც იქიდან მოდიოდა.როგორმე გზის იქით უნდა მოხვედრილიყო, მაგრამ როგორ? ფიქრი სწრაფად დაიწყო. მოათვალიერა პერიმეტრი, უკან პალმების ჯგუფიდან ცოტა მოშორებით რაღაც ბილიკი შენიშნა. ხოხვით იქითკენ გასწია. სულ სველი იყო, მაგრამ დათო ვერაფერს გრძნობდა. ერთი საფიქრებელი ჰქონდა, როგორმე სახლამდე მიეღწია. მართლაც, ბილიკი სახლისკენ მიდიოდა. დრო აღარ ითმენდა, ცეცხლი აბრიალდა და ელვის სისწრაფით მოედო სახლს. ბავშვის კივილი არ წყდებოდა. დათო ცეცხლის ეპიცენტრში აღმოჩნდა, უკვე ეზოშიც ცვიოდა ცეცხლმოკიდებული ძელები, სახლის ნაწილი ჩამოინგრა. დრო არ ითმენდა, არც უფიქრია, რა იქნებოდა, შევარდა ცეცხლში. პირველი რკალი რომ გაარღვია, ცეცხლი სახელოზე მოედო, მაგრამ მეორე ხელით ჩაიქრო. ხმას სავარაუდო დერეფანში გაჰყვა. ბოლოში ოთახი იყო, რომლის შესასვლელი ჩახერგილი იყო და ხმა იქიდან ისმოდა. დერეფანში წიგნების კარადა დალანდა, ეცა კარადას და შესასვლელისკენ მიათრია, მერე რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ხელი ჰკრა. გაამართლა, შესასვლელში გამოჩნდა 9 წლის გოგონა, რომელსაც ფეხზე რაღაც დასცემოდა, ხელები სახეზე ჰქონდა აფარებული და განწირული ხმით კიოდა. დათომ ფეხი გაუთავისუფლა და ხელში აიტაცა.- ნუ, ნუ, ჩემო პატარავ, ნუ გეშინია, აქედან გაგიყვან. ბავშვმა ხელები ყელზე მოხვია, დიდი ბრიალა ცისფერი თვალები მრავლისმეტყველად შეანათა დათოს და გაჩუმდა. გასავლელისკენ დაიძრა დათო. ბავშვი კედლის თაროს ჩაებღაუჭა, რომელიც ჯერაც ეკიდა გაბზარულ კედელზე და ის ის იყო ჩამოინგრეოდა. დათო წამიერად შედგა. ბავშვმა თოჯინა და ორი პატარა კაცუნა აიღო ხელში. ამ დროს დათომ იქვე ღვთისმშობლის პატარა ხატი შენიშნა, უცებ სწვდა და უბეში ჩაიდო. ბავშვის თოჯინა და სათამაშო კაცუნები კი, ინსტინქტურად ჯიბეში ჩაიტენა.- მერე დაგიბრუნებ პატარავ, კარგი? - ბავშვმა თავი დაუქნია, ხმა არ გაუცია. დათო ბავშვიანად გადმოხტა მეორე სართულიდან. სხვა გზა არ იყო, რადგან უკვე საყრდენი კედელიც იშლებოდა. გადმოხტა და გადაგორდა, ბავშვის კვნესა მოესმა.- იტკინე რამე პატარა? - ბავშვი ჩუმად სლუკუნებდა. საიდანღაც კატის კნავილიც მოისმა. დათოს გული შეეკუმშა, მაგრამ დრო არ ითმენდა, სწრაფად უნდა გასცლოდა იქაურობას. სირბილით გასწია იქით, სადაც სასწრაფო დატოვა. ბავშვი ზურგზე მოიკიდა. ის ასე 8-9 წლის იქნებოდა. ცოტა ემძიმა დათოს, მაგრამ სხვა გზა არ იყო. შეტევა დამთავრდა, ჭურვების ხმა აღარ ისმოდა. ხის ძირას სასწრაფო აღარ დახვდა. განწირული ღრიალი აღმოხდა დათოს. ძუნძულით გამოვარდა გზისკენ და რას ხედავს - სასწრაფო უკანა სვლით მოდის, ჯერ მოლი მორბოდა და სასწრაფო მას მოსდევდა. მოლი გურამის გაწვრთნილი ძაღლი იყო, რომელიც ყველგან დაჰყვებოდა ბიჭებს. ამჟამად სასწრაფოს მეგზური იყო. თითქმის შეახტა სასწრაფოს ღია კარს დათო გოგონასთან ერთად, მერე მოლი ამოხტა და კარიც მიხურეს.- წავედით, წავედით, ჩქარა, - იყვირა დათომ და მანქანაც ადგილიდან მოწყდა. იმ ოღრო-ჩოღრო გზებზე დაჭრილებისთვის ძალიან ძნელი იყო. პერიოდულად ისმოდა გმინვა და კვნესა.გოგონა ხმას არ იღებდა. დათომ ფეხში ძლიერი ტკივილი იგრძნო, ახლაღა მიხვდა, რომ ფეხში იყო დაჭრილი. ეტყობა, ჭურვის ნატეხი მოხვდა, მაგრამ როდის, რა დროს, არ ახსენდებოდა. როგორც იქნა, ჩააღწიეს ზუგდიდში და საავადმყოფოში მივიდნენ. იქიდან საკაცეებით გამოვარდნენ და 5 ბიჭი გადაიყვანეს. დათო მიხვდა, რომ გოგონას დახმარება სჭირდებოდა. ფეხები ჰქონდა დამწვარი და მარჯვენა ფეხი დაშავებულიც. სისხლი შეხმობოდა ბავშვს ფეხზე. დათომ ხელში აიყვანა გოგონა და ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში შეიყვანა. ერთი ეს ჰკითხა - რა გქვია, პატარავ?- თაია, - ჩუმად წაიჩურჩულა ბავშვმა. აქამდე, ეს პირველი სიტყვა იყო, რაც მან წარმოთქვა. - ბატონო, თქვენც აქეთ მობრძანდით სამანიპულაციოში, დაგიმუშაოთ ჭრილობა.დათო ექიმს შეჰყვა. ცოტა ხანში გაირკვა, რომ ბიჭი, რომელიც მუცლის არეში დაჭრილი იყო, დამძიმდა. მისი ბათუმში გადაყვანა გადაწყდა და თუ საჭირო იქნებოდა, იქიდან თბილისში გადააფრენდნენ. დათო კვლავ სასწრაფოს გაჰყვა. პატარა თაია ზუგდიდის საავადმყოფოში დატოვა. მთავარ ექიმს აუხსნა ვითარება და სთხოვა, ბავშვისთვის მიეხედა, ან ნათესავები მოეძებნა. იმ ღამით ბათუმში ჩავიდნენ. ჰოსპიტალში შეიყვანეს დაჭრილი მეომარი. დათომ მთელი ღამე დაჭრილი ილიკოს სასთუმალთან გაატარა. ფეხი სტკიოდა, მაგრამ ითმენდა. ცოტა ჩათვლიმა. 2 დღე ბათუმში გაატარა, ილია ცოტა მომჯობინდა, მაგრამ პერიტონიტის ნიშნები დაეწყო. სუბფებრილიტეტი, ტკივილი მუცლის არეში. გადაწყდა თბილისში გადაეყვანათ. დათოც თან გაყვა ილიას და თბილისში გადმოფრინდნენ. გზაში ცოტა დამძიმდა, მაგრამ დათომ დროულად მიაწოდა ჟანგბადი, რომელიც პილოტებს გამოართვა. 2 ბალონი ჟანგბადი ძლივს იკმარა თბილისამდე. ბოლოს პირით პირში სუნთქვა დასჭირდა. ტრაპთან სასწრაფო დახვდათ. ილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ ყველა დათოს ნაცნობი იყო, რადგან მესამე კურსიდან იქ მუშაობდა ექთნად. ილია თოროკალურ განყოფილებაში დააწვინეს. დათოსაც მოუწია ერთი კვირა ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში დაწოლა. ნატა აქოშინებული მოვარდა, თან ტიროდა, თან ეხვეოდა შვილს.- შვილო, ცოცხალი ხარ, გადარჩი ჩემო ბიჭო? უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება. დათოს ცოტა გაურთულდა ჭრილობა, განგრენის ნიშნები დაეწყო. სიცხეები და აგონია. მე-5 დღეს კრიზისმა ჩაიარა.ერთ დღეს პალატის კარი გაიღო და დათომ თვალები დააჭყიტა, ზღურბლზე ბაბი იდგა.- დათო, დათო, როგორ მიხარია! გადარჩი? - ეხვეოდა ბაბი. - ნატა დეიდამ მითხრა შენი ამბავი. წინა დღეებშიც აქ ვიყავი, მაგრამ შენთან არ გვიშვებდნენ. - კარგი გოგო ნუ დამახრჩვე, ბაბი საყვარელო, გადავრჩი, გადავრჩი. რა გადავიტანე, შენ ხომ არ იცი. ჩემ თავს არ დავეძებ, ბიჭები მედარდება. ნეტავ, როგორ არიან? წინა ხაზზე დავტოვე ბაბი...დათოს 2 კვირა მოუწია საავადმყოფოში დაყოვნება. ნატა ლამის პალატაში გადმოსახლდა, მამამისიც არ შორდებოდა. დედოფლისწყაროში შეჩერდა გათხრები. დათრგუნული ჩანდა მამა.ტამიშთან ბევრი ბიჭი დაიღუპა და უკან დახევა მოუწიათ. ბრძოლა იყო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. გიგა დაიღუპა. ბიჭები 2 კვირა ვერ გამოიყვანეს. ვერც ცოცხლები და ვერც გარდაცვლილები. ხმები დადიოდა, ვინც გადარჩა, ცხოველებმა დაგლიჯესო.ბოლოს როგორც იქნა, მიცვალებულები გამოიყვანეს ტამიშის მისადგომებიდან. თბილისში გადმოასვენეს, მაგრამ ისე იყვნენ დასახიჩრებული, რომ პროზექტურაში ამოცნობა გაძნელდა. დნმ ტესტის პასუხებს დრო სჭირდებოდა. დათომ როცა ბიჭების ამბავი გაიგო, პროზექტურაში გაიქცა. სულ ფიქრობდა, იქნებ ჩემები გადარჩნენ და არ მომკვდარან. თან გულში სირცხვილს გრძნობდა, ასე ძალიან რომ უნდოდა, რეზი და გიგა ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ. თვალწინ გაურბინა ბავშვობამ, იმ დღეებმა, რაც ერთად განვლეს. გული შეეკუმშა და რაღაც ჩაწყდა შიგნით. გამოფხიზლდა, ძალა მოიკრიბა და პროზექტურის კარი შეაღო. ძნელი იყო დასახიჩრებული ბიჭების ნახვა. ხუთი გვამი კანკალით დაათვალიერა, ჯერ ერთი, მერე მეორე და ასე მიყოლებით. ვერც ერთი ამოიცნო. თითქოს მოეშვა. მაგრამ... იყო მაგრამ. არაფერი ისმოდა ბიჭების შესახებ. საღამოს დათოსთან ბაბი და ნათელა გადმოვიდნენ.- დათო, რამე ხელმოსაჭიდი არის? - იკითხა ბაბიმ. ისეთი შეშლილი სახე ჰქონდა, დათოს შეეშინდა. - ბაბი, დაჯექი, ახლავე წყალს მოგიტან, ფერი არ გადევს.დათომ კაპლი დაალევინა ბაბის. წნევა გაუზომა, დაბალი ჰქონდა, ბაბის კიდურები გაყინული ჰქონდა. დათომ სასწრაფოდ წამოაწვინა ბაბი, გამათბობელში ცხელი წყალი ჩაასხა და ფეხებთან დაუდო. ჩაათბუნა, ორი საბანი დააფარა და მაგარი ჩაი ძალით დაალევინა. ცოტა ხანში ბაბიმ მოიხედა, ცოტა ფერი მოეცა. ნათელა ხელებს და ფეხებს უმასაჟებდა. - შენ გახსოვს, გიგას გვერდითი ოქროს კბილი ჰქონდა? არ შეგიმჩნევია დათვალიერებისას? - იკითხა ნათელამ.- ჰო, მართლა, - პირველად ამოიღო ხმა ბაბიმ.- არა, არც გამხსენებია. ხვალ ისევ წავალ. რა გაეწყობა. ოჯახი ისედაც განადგურებულია. გიგის დედას და დას ვეღარ აჩერებენ. ფრიდონიც გარდაიცვალა. საყვედურსაც ვერავის ეუბნებიან. - ვაიმე? - წამოიყვირა ბაბიმ და აღრიალდა. ისევ დაეწყო შეტევა. აკანკალდა. დათომ დამამშვიდებელი ნემსი გაუკეთა. - ნათელა, შენ დარჩი, დღეს გავალ პროზექტურაში, ხვალამდე გავგიჟდები ალბათ. - კარგი დათო, მე აქ ვიქნები. ნატა დეიდა რომელზე მოდის? - საღამოს რვისკენ ნათი. გავიქეცი, გაგაგებინებ. თუ რამე, დამირეკე კარგი?- კარგი.დათომ ტაქსი გააჩერა, ერთი სული ჰქონდა, 300 არაგველებზე როდის მივიდოდა. ფიქრებმა თავი დაუმძიმეს. რა სიურპრიზებით არის ეს ცხოვრება სავსე. ვინ მოიფიქრებდა, რომ ცხოვრება ასე რთული იქნებოდა... დათო ჩქარი ნაბიჯებით შევიდა პროზექტურაში. კარისკაცს ჰკითხა ექსპერტი, ბატონი ერეკლე აქ არის კიდევ?- კი, კი ჯერ არ წასულა. დათომ თავიდან გაიარა დილანდელი კოშმარი. და აი, მართლაც ერთ- ერთ მიცვალებულს გვერდითი კბილი ოქროსი ჰქონდა. დათომ თავში წაიშინა ხელები, ჩაიკეცა და აქვითინდა. იგრძნო, ერეკლემ როგორ წამოაყენა, ხელი მხარზე მოხვია და გარეთ გამოიყვანა. - აჰა, სიგარეტი, მოწიე, იტირე, ეს საჭიროა, არ შეგრცხვეს. მესმის, რა ძნელია. . . - მიჭირს კითხვა, მაგრამ რომელი ამოიცანი და რით? გიგა კიღურაძე, ბატონო ერეკლე, ჩემი ბავშვობის მეგობარ, ძმა, რა ვთქვა. დათომ მუშტები შეკრა და სახე დაეძაბა.- მადლობა ბატონო ერეკლე ყველაფრისთვის. მე წავალ...- გაკმაროს შვილო, უფალმა გადაგატანინოთ.დათომ ისევ ტაქსი გააჩერა და სახლისკენ წავიდა. არ იცოდა, გიგას მშობლებისთვის როგორ ეთქვა. თან ბაბიზეც ეფიქრებოდა.სახლის კარი რომ შეაღო,ნათელა ადგილიდან ისე მოსწყდა, გახდა არც აცალა.- დათო რა ქენი? რამე გაარკვიე? - დათომ თავი დახარა. - ბაბი როგორაა? - სძინავს, სძინავს.- მიპასუხე დათო, მიპასუხე! - დათომ ნათელას ხელები მოხვია და უთხრა, შენ მართალი იყავი, ერთ დაღუპულს ოქროს კბილი ჰქონდა.- ვაიმე გიგა? - ცრემლები წასკდა ნათელას.- ჩუ,ჩუ, ბაბიმ არ გაიღვიძოს, ცოტა გამოიძინოს...- რა ვქნათ დათო, როგორ ვუთხრათ კესო დეიდას?- არ ვიცი ნათი, არ ვიცი...გავიდა კიდე ათი დღე. სოხუმი დაეცა, ქვეყანაში ქაოსმა დაისადგურა. ჩამოსვენებული ბიჭები ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. უმძიმესი დღეები დაუდგა ყველას. რეზის ცხედარი ვერ იპოვეს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში შეიტანეს. ბაბიმ მძიმედ გადაიტანა ის დღეები. არა, ამას გადატანა არ ერქვა, ცდილობდა... რეალობისთვის თვალი გაესწორებინა. უჭირდა, ძალიან უჭირდა. სადღაც გულის კუნჭულში ფიქრობდა, იქნებ გადარჩა? იქნებ სადმე შეაფარა თავი, იქნებ...დათო ყოველდღე სამსახურში ათენებდა და აღამებდა. ბევრი საქმე ჰქონდა. უამრავი დაჭრილი თუ დაშავებული პაციენტი. ყოველი ოპერაციის წინ სული უფორიაქდებოდა, ხელები უკანკალებდა, მაშინ კი შეუძახებდა საკუთარ თავს: დათო, შენ ამას შეძლებ, ამ შიშს გადალახავ, ამ პაციენტს გადაარჩენ! დათო გივის ასისტენტად მუშაობდა, რაც სოხუმიდან დაბრუნდა და ფეხზე დადგა. ვერა და ვერ დაივიწყა ბავშვობის ტრავმა - ნოდოს დაკარგვა. სულ ეჩვენებოდა, რომ ეს განმეორდებოდა. თავის თავს კი უტყდებოდა, მაგრამ სხვასთან ამაზე არ ლაპარაკობდა. არც დედასთან. სულ ფიქრობდა, რომ მარტოს უნდა დაეძლია ყოველივე. სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფების შემოჭრა საავადმყოფოს მიმღებში ჩვეულებრივ ამბად იქცა. ზოგი ტკივილგამაყუჩებელს ითხოვდა, ზოგიც ნარკოტიკს. განუკითხაობა იყო თბილისში. უჭირდა ყველაფრისთვის გამკლავება. ცდილობდა, მაქსიმალურად მართალი ყოფილიყო თავის სინდისთან. ხან გამოსდიოდა, ხანაც არა. ეს უფრო უმძიმებდა ისედაც დამძიმებულ გულს. ამას ბაბის ამბავიც დაემატა. რაღაც ვერ იყო კარგად საქმე. როდის გამოეპარა დათოს ყველაფერი, ვერ ხვდებოდა... კესო დეიდასთან ყოველ მეორე დღეს დადიოდა. სანოვაგე მიჰქონდა, მაგრამ ქალი თითქმის არ ჭამდა. ნათელაც ხშირად ადიოდა, საჭმელს უკეთებდა და ხანდახან ძალით აჭმევდა. ქალი თითქმის არ ლაპარაკობდა. ფაქტია, ღრმა დეპრესიაში იყო. დათომ ნევროპათოლოგი შინ მიუყვანა. ექიმმა ფაქტობრივად დაადასტურა დიაგნოზი.- დრო სჭირდება დათო, დრო! აი, ეს წამლები ყოველდღე უნდა მიიღოს! - დათოს რეცეპტები გადასცა. - კარგი ექიმო, შევასრულებთ ყველაფერს. ოღონდ უშველოს.ნატა ძალიან განიცდიდა დათოს ამბავს. თითქმის სახლში არ იყო, მუდმივად გამოუძინებელი, გახდა. აღარ იცოდა, შვილს როგორ დახმარებოდა. ბოლოს იმას მიაღწია, რომ ვიტამინების ნაკრებს აყლაპებდა ყოველდღე, სამსახურში ბოქსით სადილი მიჰქონდა. დათო ხან ასწრებდა ჭამას, ხან ვერა. ყველა დაზაფრული იყო თბილისში. ჰაერში კვლავ დენთის სუნი ტრიალებდა.დათო გულჩათხრობილი გახდა. სახლში არაფერზე საუბრობდა. ამას ისიც დაემატა, რომ ნესტორი, დათოს მამა ადიგენში სოფელ ბერანასთან გათხრებში მონაწილეობდა. თითქმის ყველა ჩამოვიდა თბილისში. ნესტორი ჯიუტი კაცი იყო, სამ სტუდენტთან ერთად იქ დარჩა. სწორედ დღეს მიიღო წერილი მამისგან, რომელიც ერთ პაციენტს გამოატანა. მამა სთხოვდა, რომ ამ ბიჭისთვის მიეხედა, სისხლიანი ნახველი აქვსო, - სწერდა. - თან კუჭი სტკივა, ემანდ წყლული არ გაუსკდესო. მერე უმატებდა, - ძალიან გახარებული ვართ, ადგილობრივებმა რაღაც ორმოები აღმოაჩინეს და მითხრეს. ზადანგორაზე თურმე კვიცი ჩავარდა ორმოში, მას მისი დედაც მიჰყვა. მე და ჩემი სტუდენტები ავედით და რას ვხედავ: ზადენის გორაზე თითქოს უსისტემოდ მიმოფანტული ქვალოდნარი ყოფილა. ლოდები ძლივს გადავწიეთ და ჰოი, საოცრებავ! ლოდების ქვეშ ჩასასვლელი ხვრელები გამოჩნდა. დიდი ქვა ფარავდა შესასვლელს, რომელიც სავარაუდოდ კარის როლს ასრულებდა. ცალკე მიდიოდა გვირაბები. შესასვლელთან, ჭერზე ჯვარი იყო ამოტვიფრული ისეთი სიზუსტით, რომ გაგაოცებს ადამიანს. მიწისქვეშ შუა საუკუნეების დარანის ტიპის დარბაზები აღმოვაჩინეთ. მიწისქვეშა ქალაქი, საფრთხის დროს სავარაუდოდ მთელ სოფელს დაიტევდა. ალბათ თავდასხმის განხორციელებასაც შეძლებდნენ აქედან ჩვენი წინაპრები. „ქართლის ცხოვრება“ მჭირდება, ანდრია პირველწოდებული ამ გზით შემოვიდა საქართველოში. უნდა გადავიკითხო შვილო იქნებ რამე ხელმოსაჭიდი ვიპოვო ახალი. ვინმე თუ აქეთ წამოვიდეს, გამოატანე, მერე ჩამოვალ და დროებით დავაკონსერვებთ არქეოლოგიურ გათხრებს, - სწერდა ნესტორი. დათომ წერილი ორჯერ გადაიკითხა. ჯერ ვერ მოვიდა აზრზე, რას წერდა მამამისი. რა დარანი, რა დარბაზი. მაგრამ ცოტა ხანში მიხვდა და გონება გაუნათდა. მგონი მართლა საინტერესოს მიაგნო ამ კაცმა ბოლო-ბოლო. არა, მაგის მოსვენება არ იქნება, - ფიქრობდა დათო, თან ნესტორის გახსენებაზე სულში სასიამოვნო სითბო ეღვრებოდა.ბაბისთან ნათელა ყოველდღე დადიოდა, რომელიც ძლიერი სტრესისგან ვერა და ვერ გამოვიდა. არ დადიოდა სამსახურში და გარეთ საერთოდ არ გადიოდა. ძლიერი დეპრესია ჰქონდა და არც ექიმის გამოწერილ წამლებს იღებდა. ნათელამ სერიოზულად დალაპარაკება გადაწყვიტა. იმ დღეს სახლში ბაბის გარდა არავინ იყო.- ბაბი, მისმინე, შენ მარტო არ ნერვიულობ, ხომ იცი, დათოსთვის რა ძნელია, ჩემთვის, ყველასთვის. დროა, სამსახურში გახვიდე, სამსახურში დრო მალე გავა, წარსულზე ფიქრს თანდათან შეამცირებ, გესმის? არ მისმენ? ბაბის ცრემლები წასკდა და სლუკუნი დაიწყო. ნათელას შეეშინდა, ისევ შეტევა არ დაეწყოსო, ხელები მოხვია, გულში ჩაიკრა და მოეფერა. ბაბი ცოტა დამშვიდდა. უცებ ბაბიმ თავი მოატრიალა ნათელასკენ, თვალი თვალში გაუყარა და დაიწყო.- ნათი, ხომ ხარ ჩემი ბავშვობის მეგობარი? ხომ შემინახავ ერთ საიდუმლოს? ხომ დამეხმარები ნათი, ჰა? - რას ამბობ ბაბი, აბა, რას ვიზამ? როდისმე ერთმანეთისთვის გვიღალატია? რა ორაზროვნად ლაპარაკობ. მითხარი რა ხდება?- ნათი, მე და რეზი ერთად ვიყავით. მე ის ძლიერ მიყვარდა, ახლა რა ვქნა? როგორ გავაგრძელო მარტო ცხოვრება, თან ისე, ვითომ არაფერი მომხდარა?ნათელამ ეს ამბავი არ გაიკვირვა. რაღაც სხვა დამოკიდებულებას ბაბის და რეზის შორის ყოველთვის გრძნობდა. - არაფერს იტყვი?- რა ვთქვა ბაბი, სულ ვგრძნობდი რაღაცას, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მჯეროდა, საყვარელო, - ჩაეხუტა ნათელა. - ვიცი, ძნელია, მაგრამ როგორმე უნდა გადავლახოთ. მე დაგეხმარები ბაბი. გესმის?- ვიცი , მაგრამ ფეხმძიმედ ვარ ნათი. რა ვქნა? - და ისევ ტირილი დაიწყო.- რას ამბობ ბაააბი? - ნათელას ელდა ეცა. ეს რა გაიგო? მართლა რა უნდა ქნან? - კარგი, კარგი, რაღაცას მოვიფიქრებთ, ბაბი დამშვიდდი.- რა უნდა ვქნა, რა? ბავშვს მე არ მოვიშორებ და ჩემები როგორ შეხვდებიან ამ ყველაფერს? საზოგადოება? ხომ იცი დედაჩემის ისტერიკები რა იქნება. მამაჩემი ალბათ... გაფიქრებაც არ მინდა.- დამშვიდდი ბაბი, კარგად უნდა მოვიფიქროთ, რა ვქნათ. იქნებ რეზი ცოცხალია და გამოჩნდეს?- მაგის იმედი უკვე ნაკლებად მაქვს, - ჩაიბუტბუტა ბაბიმ.ერთ დღეს კათედრის პროფესორმა ბატონმა გივიმ დათო შინ დაიბარა. ბოლო დროს ბატონი გივი ცოტა ავადმყოფობდა. დათომ ტკბილეული იყიდა. განსაკუთრებით ეკლერები უყვარდა გივის. ეს იცოდა დათომ და მთელი აღმაშენებლის გამზირი მოიარა, სანამ ეკლერებს არ მიაგნო. ყველაფერი ძნელად იშოვებოდა. 90-იან წლებში ეკლერები კი არა, პურზე, შაქარსა და კარაქზე ტალონები შემოიღეს. ძეხვეულზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, ვერსად იშოვიდი. ვინმე მოსკოვიდან თუ ჩამოიტანდა და ჩუმად ხელზე ყიდდნენ. ადრე ხალხი ე.წ. „შმოტკებზე“ ნადირობდა, ახლა კი სარჩო-საბადებელი გახდა მთავარი. თბილისში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. შუქი ხანდახან მოდიოდა. გაზი საერთოდ გაითიშეს. შიგადაშიგ სროლების ხმა ისმოდა მთავრობის სასახლესთან. ხალხი დაშინებული იყო. თუ აუცილებელი არ იყო, გარეთ არ გადიოდნენ. ბავშვებს ეზოებში აღარ უშვებდნენ. თბილისი ქაოსს მოეცვა.დათომ ბატონი გივის სახლის კარზე ფრთხილად დააკაკუნა. მალე ფლოსტების ფრატუნის ხმა გაისმა:- ვინ არის?- ბატონო გივი, დათო ვარ! კარის საკეტი გადატრიალდა და კარი გაიღო.- შემოდი დათო. ცოტა ბნელა. არაფერს წამოედო. ნავთი გამომელია და ლამპაც ვეღარ ავანთე. შემოდი, შემოდი.დათო ბატონ გივის შეჰყვა მისაღებ ოთახში. ოთახის ცენტრში „ფუჯი“-ს ფირმის წითელი „კერასინკა“ იდგა, ასე ეძახდნენ მაშინ. მთელი თბილისი ამ „ფუჯი“-ს დაეძებდა. ზოგი შოულობდა ბაზრობაზე, ზოგი კი ვერა. კიდევ იყო ირანული მწვანე „კერასინკა“. იმასაც არა უშავდა, 500 მანეთი ღირდა, „ფუჯი“კი ორჯერ ძვირი. ქვეყანაში ჯერ კიდე რუსული, საბჭოთა რუბლი იყო მიმოქცევაში.დათომ ჩუმად დადო პარკი მაგიდაზე.- ეს რა არის დათო, რატომ შეწუხდი? გივიმ პარკში ჩაიხედა და მოხუცს თვალები გაუბრწყინდა.- დედა? - გურული აქცენტით ქალივით შეიცხადა გივიმ. - სად იშოვე ბიჭო, აი ეკლერები? - ისევ შინაურულად მოუქცია მოხუცმა.- რავი პლეხანოვზე მივაგენი, ვიცოდი რომ გიყვარდა.- მდა? მოდი, ახლა ჩაიდანს შემოვდგამ კერასინზე და ჩაი მივირთვათ. - ნუ წუხდებით ბატონო გივი, ავად ხართ ისედაც.- კარგი, კარგი. ბატონო გივი არ გამაგონო. ხომ იცი, შვილივით მიყვარხარ. მთელ იმედებს ჩემი სამეცნიერო ნაშრომის გაგრძელებაზე შენზე ვამყარებ. ზუსტად ამ საკითხზე უნდა დაგელაპარაკო, უფრო სწორად მოგელაპარაკო. მალე ჩაიდანმა სტვენა დაიწყო და გივიმ განჯინიდან გადმოღებულ ლამაზ ფაიფურის ორ ლამბაქში ჩაი ჩამოასხა.- მალინის მურაბაც მოგიტანეთ, ნატამ გამომატანა.- რა კარგია, მადლობა უთხარი დედას. ჩემი სტუდენტი იყო. ვიცოდი, რომ კარგ შვილს გაზრდიდა, ღირსეული გოგო იყო. ოჯახიც კარგი შექმნა. თუმცა კარიერაში შეეძლო მეტის მიღწევა, მაგრამ მესმის, მესმის, ქალისთვის ძნელია ოჯახი და კარიერა ერთად. შენ კი არ დაგანებებ, შენი ნიჭი და მონდომება ქარს გაატანო. მადლობა უფალს, იქიდან ცოცხალი რომ ჩამოხვედი, - ამოიოხრა მოხუცმა. გივი უკვე 71 წლის იყო. მარტო ცხოვრობდა. ცოლი და შვილები არასოდეს ჰყოლია. თავის ოჯახზე არ უყვარდა ლაპარაკი. ერთი ის იყო ცნობილი, რომ დედ-მამა რეპრესირებული ჰყავდა და ციმბირიდან არ დაბრუნებულან. ბებიამ გაზარდა. გივიმ ჩაი მოსვა და დაიწყო: მე ახლა კარგად ვარ, პატარა გაციებული ვიყავი დღეს, ყელიც აღარ მტკივა. სიცხე ბოლო ორი დღეა, აღარ მქონია. სავარაუდოდ, ხვალ-ზეგ გამოვალ სამსახურში. კათედრას მიხედვა უნდა. გივი ნეიროქირურგიის კათედრის გამგე და რეანიმატოლოგი იყო.- დათო შვილო, უნდა კარგად მომისმინო, აწონ-დაწონო და პასუხი მერე მითხარი. ორი საკითხი მაქვს შენთან ერთად განსახილველი.- გისმენთ ბატონო გივი.- ა, კიდევ ბატონო გივი. მოკლედ, ორი გამოცდა გაქვს ჩასაბარებელი და ექსტერნად უნდა ჩააბარო, რას ფიქრობ შეძლებ?- კი, რა თქმა უნდა.- გერმანული ვიცი, რომ კარგად იცი, მაგრამ იცოდე, სამომავლოდ ინგლისურიც უნდა ისწავლო. გერმანიის ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან სამაგისტრო პროგრამაზე ჩემმა გერმანელმა კოლეგამ მომწერა, ვინმეს ხომ არ მოიაზრებო? მე იმწუთას შენ გამახსენდი. ენა და რამდენიმე ტესტი გექნება საგამოცდოდ ჩასაბარებელი. თუ მაღალ ქულებს აიღებ, ყველაფერს გერმანული მხარე აფინანსებს - სწავლას, საერთო საცხოვრებელს. თან ჩემი მეგობარი კათედრაზე აგიყვანს ასისტენტად. უმაღლეს პრაქტიკას გაივლი. შეძლებ? როგორ ფიქრობ? მინდა, ჩემი დაწყებული კვლევები გააგრძელო. მე თუ ვერ მოვასწარი, ხომ იცი, მაინც ასაკი, ასაკი. არა, არსად წასვლას ვაპირებ, მაგრამ თადარიგი არ აწყენდა ჩვენ საქმეს. აა, რას ფიქრობ, მქონდეს შენი იმედი? მოიცა, ჯერ არ მიპასუხო, კარგად მოიფიქრე და ორ დღეში მითხარი, კარგი?- კარგი, - ამოღერღა დათომ, - მაგრამ მშობლების დატოვება ამ გაგანია ომის დროს, რა ვიცი, თან მგონია, აქ იმდენი საქმეა...- ვიცი, განა არ ვიცი, დათო, მაგრამ შვილო, ადამიანს ცხოვრებაში შანსი ხშირად არ ეძლევა. არ მინდა, ეგ ნიჭი დაიკარგოს. მერწმუნე, დიდ საქმეს მოახმარ შენს ცოდნას და კაცობრიობას რაღაც ღირებულს დავუტოვებთ მე და შენ. გესმის? მეორე, მინდა ჩემი ქონება, ჩემ ნაშრომებზე წვდომა შენ გიანდერძო. ხომ იცი, შენს გარდა მართლა არავინ მყავს, ასე რომ ვენდობოდე, რომ ჩემ საქმეს შუა გზაში არ მიატოვებს. რა ვქნა, არსაკიძის არ იყოს - „ეს ჩემი ნაშრომი თავზე და ყველაფერზე მეტად შემყვარებია, ჩემო!“- ვიცი, - კვლავ ჩაიბუტბუტა დათომ.- დათო, შენ ამას შეძლებ, თითქმის დარწმუნებული ვარ. მე დაგეხმარები, გესმის? არ დაიხიო უკან, არ გამიცრუო იმედი, შენს მეტი არავინ მყავს, ვისაც ვენდობი, - კვლავ გაიმეორა გივიმ.დათო ჩაფიქრებული წამოვიდა გივისგან. თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა. მერე უცებ გაახსენდა, მოხუცმა ნავთი გამითავდაო. ბინდდებოდა. ქუჩის ბოლოში რიგს მოჰკრა თვალი. მივიდა და რას ხედავს - ხალხი ნავთის რიგში დგას. - „ჭურჭელი რომ არ მაქვს, რა ვქნა?“ - ხმამაღლა წამოსცდა დათოს. - ჭურჭელი გინდა, შვილო? - ჰკითხა ხანშიშესულმა ჭაღარა ქალმა. - დიახ, - შერცხვა დათოს. - თუ არ დაიზარებ აი, იმ სადარბაზოში, - და ხელი გაიშვირა ქალმა, - მეცხრე სართულზე მარჯვნივ დააკაკუნე. ჩემი შვილიშვილი გიორგია სახლში, მეორე კლასელია, პატარაა, მაგრამ უთხარი, ქეთო ბებომ გამომაგზავნა-თქო და პლასტმასის ათლიტრიანი გვაქვს სახლში და მოგცემს. ათი ლიტრის მეტს მაინც არ იძლევიან ერთ ჯერზე. მერე ხვალ ან ზეგ მომიტანე, კარგი?- დიდი მადლობა, ქეთო ბებო. აუცილებლად მოგიტანთ. დათომ ქოშინით აირბინა 9 სართული. გიორგიმ მართლაც გამოუტანა ათლიტრიანი ნავთის პლასტმასის ბიდონი. რიგი ნელა მიდიოდა, ერთი ბიჭი ასხამდა მარტო. მოსაღამოვდა, იანვრის 18 იდგა და გარეთ ციოდა. ხელები სულ გაეყინა. ჯიბეებში ჩაიყო და ერთ ადგილზე ხტუნვას მოყვა. ცოტა შეთბა. თან მოხუცი ქეთო ბებო ეცოდებოდა.ნავთის ჩამომსხმელთან მივიდა.- თუ ძმა ხარ, იმ მოხუცს მე ავუტან სახლში ნავთს ჩემს წინ რომ დგას, ხალხსაც ვეტყვი, ცოდოა მოხუცი.- კარგი, ხალხი თუ არაფერს იტყვის, მე პრობლემა არ მაქვს.დათომ ქეთო ბებო სახლში გაუშვა და რიგს დაელოდა. რვა საათი სრულდებოდა, რიგმა რომ მოუწია. ჯერ ქეთოს აუტანა ნავთი, მერე ისევ გივისკენ გასწია. კაკუნზე გივის შემცბარი ხმა გაისმა.- ვინ არის?- ბატონო გივი, მე ვარ დათო, - გივიმ კარი გააღო, თბილი პლედი ისე ჰქონდა მოხურული, რომ სახე ძლივს უჩანდა, ეტყობოდა, სციოდა გივის. - ნავთი მოგიტანეთ, დღეს და ხვალ გეყოფათ. მერე ისევ ამოვიტან.- ვიცოდი, რა გულის პატრონიც ხარ შვილო, არ შევმცდარვარ შენში. დიდი მადლობა.- მოიცა, ჩაგისხამთ და მერე წავალ. - კარგი, - ძაბრი გამოარბენინა მოხუცმა, თან ლამპაც მოაყოლა.- რა კარგია, ახლა ერთი სტატია მქონდა დასამთავრებელი და ამაღამ მოვრჩები. მადლობა დათო, - თან ხელი მოუთათუნა.დათო ძლივს მილასლასდა სახლში, არანაირი ტრანსპორტი დადიოდა და ფეხით უწევდა ყველას სიარული, ვისაც მანქანა არ ჰყავდა. მანქანაც რომ გყოლოდა, საწვავს ვერსად იშოვიდი. ერთი ამბავი იყო საწვავზე. ხალხს ავტომატებით ადგებოდნენ თავზე, ზოგს კი პირდაპირ მანქანებს ართმევდნენ. განუკითხაობა იყო... ორ თვეში დათომ ექსტერნად ჩააბარა გამოცდები და დიპლომი აიღო. ამას წინ უძღოდა მრავალი უძილო ღამე. თან სამსახური, თან ბაბის ამბებიც, რომელმაც ფსიქოლოგიურად საბოლოოდ დაძაბა დათო. რეზის შესახებ ახალი არაფერი ისმოდა. ის უგზო-უკვლოდ დაკარგულ ბევრ მებრძოლებთან ერთად სპეციალურ სიაში შეიტანეს. აქეთ დაძაბული საუბარი მშობლებთან. ნესტორს არამც და არამც არ უნდოდა შვილის გერმანიაში გაშვება. ნატა თანაუგრძნობდა და ხვდებოდა, რომ ბიჭს სხვა ჰორიზონტები გაეხსნებოდა. თან დათოს ჯიუტად მიმწოლი ხასიათის სწამდა. ისიც იცოდა, თუ რამეს ამოიჩემებდა, წინ ვერავინ დაუდგებოდა. ასეთი ვითომ ჩუმი, მაგრამ მყარი ხასიათი ჰქონდა დათოს. თუ არა დედას, აბა ვის უნდა სცოდნოდა ყოველივე.ნესტორი თავის სტიქიაში იყო, ბოლოს მაინც გატყდა და შვილს უთხრა: რაც მართალია, მართალია, არ მინდა, მთელი ცხოვრება რაღაც მე დამბრალდეს. ვიცი, რა ჯიუტიც ხარ, იყოს შენებურად, პრინციპში არაფერს დაკარგავ. მე კი მოუვლი დედაშენს, არ იდარდო. რაღაცნაირად გავიტანთ თავს. როგორც ყველა.დათოს გული ეთანაღრებოდა, ბაბის ვინ დაეხმარება, მე რომ აქ არ ვიქნები? რომ გაუჭირდეს, იქიდან როგორ მოსწვდება? გული სტკიოდა, მაგრამ მაინც სადღაც, გულის რომელიღაც კუნჭულში ის პატარა სანთელი ენთო, რომლისაც თავად დათოს რცხვენოდა. ვერ პატიობდა თავს და იტანჯებოდა.დადგა საბუთების შეგროვების და ტესტების ჩაბარების დროც. გივი გამოცოცხლდა. ყოველდღე ამეცადინებდა დათოს. ნატა თითქმის ვეღარ ნახულობდა შვილს. ცოტა შეშფოთებული იყო და უკვე ეჭვიანობა დაიწყო გივიზე. რა უნდა ამ კაცს? ბიჭს ცხოვრებას აღარ აცლის, ისედაც დაძაბულია ქვეყანაში სიტუაცია. კარგი და წავიდა ორი წლით, როგორც თვითონ გეგმავს. რომ აღარ ჩამოვიდეს? იქ რომ მოეწონოს? მაშინ რა ქნას ? ერთი შვილი ჰყავს. მის აღზრდას გადააყოლა ყველაფერი. თავი არასდროს ოჯახზე წინ არ დაუყენებია. მერე თავს იმშვიდებდა. დათო არ მიატოვებს დედას, ამის იმედი ჰქონდა. აპრილის ბოლოს დათომ საბუთები გააგზავნა გერმანიაში. ტესტებიც დაწერა. პასუხები ჯერ არ მოდიოდა და დრო ძალიან გაიწელა. ბევრი საქმე ჰქონდა დათოს, ძლივს ანაწილებდა დროს. სახლი, სამსახური, გივის დახმარება, ბაბი, დღე-დღეზე მშობიარობას რომ ელოდა. დათომ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ნათელას მეშვეობით იგებდა მის ამბებს. რამდენჯერმე იყო ასული. ვერც ერთი იღებდა ხმას. ასე უსიტყვოდ შეხედავდნენ ერთმანეთს და მერე დათო მიდიოდა. დათოს ახსენდებოდა ის მომენტი, ერთხელ სპექტაკლზე რომ წავიდნენ ბაბი და დათო. ბოლო კლასში იყვნენ მაშინ. იქიდან რომ გამოვიდნენ, ცოტა გაისეირნეს. ქუჩაში ბამბის ნაყინი იყიდებოდა, გაზაფხული იდგა მაშინაც. დათომ ბამბის ორი ნაყინი იყიდა ერთ თეთრი, მეორე ვარდისფერი. ახსოვს, ბაბიმ უთხრა: - რა იცოდი დათო, ვარდისფერი რომ მინდოდა, არ გიკითხავს და?- ისე ბაბი, გუმანით მივხვდი, - მაშინ ასე უპასუხა დათომ. ხშირად ცდილობდა გამოეცნო, ბაბის რა სურდა. მერე იქვე პარკში შევიდნენ და სკამზე ჩამოსხდნენ. უმნიშვნელო რაღაცებზე საუბრობდნენ. ჰო, გაახსენდა ქიმიის ლაბორატორიაში მასწავლებელმა კვლევა რომ ჩაატარა და იქაურობა აალდა. მაშინ ცეცხლი ძლივს ჩააქრეს. დათომ უცებ ტუჩებში აკოცა. ბაბის წინააღმდეგობა არ გაუწევია. დათო ჩურჩულებდა - მიყვარხარ ბაბი, მიყვარხარ... ბაბიმ მაშინ თავი დახარა და არაფერი უთქვამს. ახლაც მწველად ახსოვს დათოს. მერე ბაბი სულ გაურბოდა. დათომ ჩათვალა, რომ ბაბის არ მოსწონდა და გულში იკლავდა სევდას. ბიჭებისთვის ეს არასდროს უთქვამს. რამ გაახსენა ახლა ეს? რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რამდენი რამე შეიცვალა...ბაბიმ ძალიან მოიმატა წონაში, სიარული უჭირდა, ყოველ დღე ელოდა მშობიარობას. ნათელა გვერდიდან არ შორდებოდა. ოჯახიც მოლოდინში იყო და სახლში ზედმეტს არავინ ლაპარაკობდა. ბაბის ძალიან უჭირდა ასეთ ცივ სიტუაციაში ყოფნა, მაგრამ გული უთბებოდა, როცა ბავშვი ინძრეოდა და გული მოლოდინით ევსებოდა. ცრემლს ვერ იკავებდა. როგორი ბედნიერი იქნებოდა რეზი. ეჰ...გაზაფხული ძალაში შედიოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც აყვავდა, ნუში, აყვავდა ტყემლის და ალუბლის ხეებიც. რაც მთავარია, ია, ენძელა და ფურისულა შეეფინა მდელოებს. მიუხედავად ყველაფრისა, გაზაფხულიც დადგა, ბუნებამ გაიღვიძა და გაიღვიძა ადამიანმაც. რაღაც საოცარი ენერგეტიკა დაიძრა, თითქოს ზებუნებრივმა ძალებმა გამოაღვიძა ქალაქი. ადამიანებს სახეები ჩაფიქრებული ჰქონდათ, ცოტას თუ შეხვდებოდით, ვინც იღიმოდა, მაგრამ მზე მაინც თავისას შვრებოდა - ათბობდა იქაურობას და იმედის ნაპერწკალი იწყებდა გულებში ანთებას. მაისის ბოლოს, 26-ში ბაბიმ ბიჭი გააჩინა. დიდი არეულობა იყო ოჯახში, მაგრამ ბოლო-ბოლო მშობლები შეეგუვნენ ყველაფერს. დათო თავიდან გაოცებული იყო, შემდეგ დიდ ტკივილს გრძნობდა. ანდა ვისთვის რა ეთქვა? მეგობარი ცოცხალი აღარ იყო, ერიდებოდა ბაბისთვის რაიმე ეკითხა, როდის მოხდა ყველაფერი? რატომ არაფერი თქვა რეზიმ? რადგან ბაბიმ ის აირჩია, სხვა გზა არ იყო, პატივი უნდა ეცა მისი არჩევანისთვის და მეგობრის ხსოვნისთვის.იმდენი რამე გადახდა დათოს ბოლო წელს, იმდენი რამე დაატყდა თავზე, თითქოს 20 წელი გავიდა. გარემოებებმა ადრიანად დააკაცა. უფრო მობილიზებული გახდა, როცა იღლებოდა, თვითონვე შეუძახებდა თავს - „ეს უნდა შევძლო, ესეც გადაივლის.“ ავტოტრენინგი ჰქონდა თავისთვის დაწესებული. თუ რამე არ გამოსდიოდა, თავს ისევ დამნაშავედ გრძნობდა და თავის ნაჭუჭში იკეტებოდა. მარინა, რეზის დედა სიხარულისგან ცას ეწია. შვილიშვილის გაჩენამ დროებით გაუყუჩა ტკივილი. ქალი ბედნიერებისგან ჭკუაზე აღარ იყო. ყველა ნათესავს ურეკავდა, რეზის ბიჭი შეეძინაო. ბაზრობაზე იმდენი რამე უყიდა ბავშვს, სახლში ძლივს მიათრია. მერე დაფიქრდა, როგორ მისულიყო ბაბისთან სახლში, როცა გამოწერდნენ საავადმყოფოდან. გადაწყვიტა დათოსთვის და ნათელასთვის ეთხოვა შველა. დათო მშობიარობის დროს იქვე იყო საავადმყოფოში. მეგობრულად საორდინატოროში შეუშვეს და იქ ელოდებოდა. ღელავდა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. არ უნდოდა, ვინმე ახლობელს შეემჩნია. მარტო ნათელამ იცოდა, რომ დათო სადღაც აქვე იყო.საბედნიეროდ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, მშობიარობა ფიზიოლოგიური იყო, თუმცა ბაბის კივილი გარეთაც ისმოდა. „მიშველე დედა!“ სულ ამას გაჰკიოდა. ბავშვმა გვიან დაიყვირა, რადგან ცოტა სანაყოფე წყლები ჰქონდა ნაყლაპი. იმწუთას ასპირაცია ჩაუტარეს. ბოლო-ბოლო ბავშვმა წამოიყვირა. ბაბის ბიჭი დაუსვეს გულზე. საოცარი შეგრძნება იყო. ბაბის მთელ სხეულში სითბო ჩაეღვარა. ჩვილი შეახვიეს და ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში გაიყვანეს. ერთი საათის შემდეგ როცა ყველაფერი ჩათავდა, მომყოლიც გააჩინა და ყინულებიც დაადეს. ბაბი პალატაში გადაიყვანეს. არაფრის თავი ჰქონდა ბაბის. პალატაში კიდე სამი გოგო იწვა.- რა შეგეძინა? - ჰკითხა ფანჯარასთან მწოლიარე გოგომ.- ბიჭი, - წაიჩურჩულა ბაბიმ. ძალა აღარ ქონდა. ეძინებოდა. - ვაა, როგორ გაუხარდება მამამისს. რა მოგწერა, უკვე მოგილოცა?სწორედ ამ დროს პალატის კარი გაიღო და ვარდებით ხელში დათო შემოვიდა. გადაკოცნა ბაბი, გულზე მიიკრა და წასჩურჩულა. - გილოცავ ბაბი, უფალმა მაგარი ვაჟკაცი გაზარდოს. ხომ იცი, მე შენ გვერდით ვარ, ეს დაიმახსოვრე. თუ რამე დაგჭირდეს, ექთანს უთხარი, გაფრთხილებული მყავს და მაშინვე დამირეკავს. აბა, ახლა გამოიძინე ცოტა და მერე ბიჭს მიხედე, გესმის?ბაბიმ თავი დაუქნია და თვალის კუთხიდან ორი დიდი კურცხალი ჩამოუგორდა.- კარგი, კარგი, არ გინდა, საყვარელო, - დაიხარა და თავზე ხელი გადაუსვა დათომ. შვიდმა დღემ მალე გაირბინა. ნათელას ყველაზე მეტი ჯაფა დაადგა. დარბოდა ბაბის სახლში, მარინასთან და თავისი ათასი საქმე ჰქონდა ოჯახში. ძლივს გაართვა თავი ყველაფერს.დათოს უნდოდა ბავშვის გამოწერის დროს სამშობიაროში მისვლა, მაგრამ მძიმე ტრავმით პაციენტი შემოიყვანეს და ოპერაციის ასისტენტობა გახდა საჭირო. ოპერაციას, როგორც ყოველთვის, ბატონი გივი აკეთებდა დათოსთან ერთად. გამორიცხული იყო, ვინმე სხვა ჩაენაცვლებინა და დათოსაც აღარ უთხოვია. ფიქრობდა, საღამოს ავალ აუცილებლადო. სხვა რა გზა იყო?ბაბის მშობლები, ძმა და ნათელა დახვდნენ გამოსასვლელში. მისმა ძმამ, მიშკამ სადღაც მანქანა გაჩითა, როგორც თვითონ იტყოდა და შინისაკენ დაიძრნენ. პატარა მანქანაში ხმას არ იღებდა. მშვიდად ეძინა. სახლში შევიდნენ თუ არა, პატარამ ისე დასჭექა, რომ ყველამ ყურებზე ხელები აიფარა.- ოჰო? რა ხმა ჰქონია? - სუ, სუ, დედა, რეზი, სუ ჩემო პატარა, - ბაბიმ ხელში აიყვანა პატარა და დაუნანავა. ბიჭს რეზი დაარქვა. არავის ხმა არ ამოუღია.-ალბათ შია? ბაბი, აბა რძე გაქვს? ხომ იცი, ახლა შენ თავს არ ეკუთვნი. ძალიან უნდა ეცადო! ბაბიმ სასწრაფოდ მარინას შეაჩეჩა ბავშვი ხელში და ხელების დასაბანად წავიდა. რეზის დედამ სიყვარულით ჩაიკრა ბიჭი გულში. ბაბის მშობლები ლოჯში გავიდნენ და სუფრის გაშლა დაიწყეს. - არაფერი აგრძნობინო გოგოს, ვახტანგ, ხომ გესმის ჩემი, - ჩაულაპარაკა მანანამ ქმარს. - თავისი ეყოფა გოგოს, რაც არის, არის. ძველებურად აღარაფერი იქნება და ამ ამბავსაც არაფერი ეშველება. ვეღარაფერს შევცვლით. ისევ გვერდში უნდა ამოუდგეთ. რა ვქნათ, შვილია და...როგორც იქნა, აჭამა ბაბიმ ბავშვს და ცოტა მილაგდა. ნათელა არ შორდებოდა გვერდიდან. - ერთი-ორი დღე მაინც დაგჭირდები, ცოტა მოკეთდი და მერე შენ თვითონაც შეძლებ, - უთხრა ნათელამ და საძინებლის კარი გამოიხურა. ნათელა თვითონ არ იყო დაოჯახებული. ის სტომატოლოგი გახდა და თავისი პრაქტიკა ჰქონდა. პირველ სართულზე ცხოვრობდა. ქვემოთ სათავსო მიუმატა და სტომატოლოგიური კაბინეტი გახსნა. მშობლები დაეხმარნენ და მაშინ ბიჭებმაც ფიზიკურად კარგა გვარიანად იმუშავეს. ეს იყო იტალიური ეზო - თბილისის მშვენება. ადამიანები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, გვერდში ედგნენ, ლხინში და ჭირში. ჰაერში მაშინ სიყვარული ტრიალებდა. ახლა რა დაემართა ამ ხალხს? უბანი უბანს გადაეკიდა, ქართველი, ქართველს. წინათ სულ არავის აინტერესებდა ქართველი იყავი, სომეხი, იეზიდი თუ ებრაელი. თბილისელი იყავი და მორჩა. ახლა კი... გული შეეკუმშა ნათელას. თბილისი თბილისს აღარ ჰგავს. - მანანა დეიდა, მე ცოტა ხნით ჩავალ სამსახურში, პაციენტს ველოდები და დაახლოებით ერთ საათში ამოვალ.- კარგი შვილო, ჩვენ აქ პატარა სუფრას გავაწყობთ და რვა საათისთვის გელოდებით. ჰო, ნათი, იქნებ დათოს გადაურეკო, რა ვიცი, თუ ეცლება, ბაბის გაუხარდება.- კარგი, მანანა დეიდა, მე წავედი. კარი გადაკეტეთ მაინც... ისეთი ამბები ხდებოდა თბილისში, რომ ხალხი დაზაფრული იყო. ოჯახებში შევარდნები ავტომატებით, დაყაჩაღებები, მკვლელობები, ჩვეულ ამბად იქცა. თუმცა ბაბის ძმა ძველ ბიჭად ითვლებოდა უბანში, მაგრამ არც ეს იყო გარანტია. ნათელა დაელოდა კარის ჩაკეტვას.საღამოს რვა საათისთვის ნათელა ისევ ავიდა ბაბისთან.- აბა, ჩვენი მტირალა ბიჭი როგორაა? - არა უშავს, მას მერე გუდასავით სძინავს, - უპასუხა ბაბიმ- თითქმის 3 საათი გავიდა ბაბი, რამე შეჭამე სასწრაფოდ და მოემზადე, რომ დასჭექავს, ესე იგი შია, ან გამოსაცვლელი აქვს. ხომ იცი, დაახლოებით ყოველ 3 საათში ერთხელ უნდა აჭამო.- კარგი, კარგი. შენ ცოტა ხანს დაუჯექი აქ, ნათი?- ჰო აბა, მე კი დავჯდები, მაგრამ ხომ არ გადმოხტება, მიაჩვიე მარტო ძილს, - გაეცინა ნათელას.-კარგი რა, რა უმწეოა ჯერ, რას ამბობ, როგორ დავტოვებ.