ჭინკა ციცინათელა
ჭინკა ციცინათელა
ჭინკა ციცინათელა თავი I - რას ფიქრობ, მალე მოვკვდები? - შემომესმა საოცრად წკრიალა, წყაროსავით სუფთა ბავ-შვური ხმა. ვთვლემდი, ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება არ მივაქციე, მომელანდა-თქო, ჩავთვალე. ივლისის მხუთავი ჰაერი ჩავისუნთქე და გვერდზე გადაბრუნებასაც ვაპი-რებდი, მაგრამ კვლავ გაიჟღერა იმავე კითხვამ, ამან კი, უკვე, უნებურად წამომახტუნა. მზე ანათებდა, შესაბამისად უცბადვე მოვიჩრდილე ხელით. მიუხედავად კოსმიური სიკაშკაშისა, მაინც დავინახე... გავარჩიე ცნობისმოყვარეობით გაბადრული სახე, და გაბრწყინებული, ყვითლად მოლაპლაპე მწვანე თვალები. რას გაებრწყინებინა ასე ძალიან ვეღარ მივხვდი, არც გამოძიება დამიწყია, მეტად გავერთე თვალიერებით. დროდადრო სქელი ოქროსფერი წამწა-მების ზედა და ქვედა რიგი ერთმანეთს ეხებოდნენ, იმავე ფერის კულულებს კი, ალერსიანი სიო არხევდა. სულ მალე ჭორფლებიც შევამჩნიე, რამდენიმე ქარვისფერი წერტილი, ყველა-ნაირი კანონზომიერების გარეშე გაფანტული პატარა აპრეხილ ცხვირზე, სავსე მოვარდისფრო ლოყებსა და ყვრიმალებზე. ტუჩები სულ ოდნავ დაეშორებინა ერთმანეთისთვის, და მიყუ-რებდა. ვერ გამეგო, ონავარი კატასავით მიცქერდა, თუ მიამიტი შვლის ნუკრივით. მიჭირდა ერთიანი სურათის შეკვრა, ამიტომაც დაბნეული ხან თმაზე შევხედავდი, ხანაც თვალებზე. ბოლოს მოვახერხე და წამოვიწიე, თუმცა გოგონა არ განძრეულა, ისევ ისე, დაჟინებით მიმ-ზერდა. - მალე მოვკვდები? - გაიმეორა, ამჯერად შთამბეჭდავი სერიოზულობით. რა უნდა მეთქვა, ჩემდაუნებურად გამეცინა. - რატომ უნდა მოკვდე, ჯერ ხო ასეთი პატარა ხარ! - ჯერაც ბურანში მყოფმა ამის მოფიქრება შევძელი მხოლოდ. - მერე რა - გაიკვირვა - ჩემზე პატარებიც ხო კვდებიან? შარშან, მაგალითად, ჩემს უბანში ერთი წლის ბავშვი დაიღუპა - სინათლეს მივეჩვიე, შესაბამისად ხელი ჩამოვწიე და უფრო მოხერხებულად დავჯექი. - კი, მაგრამ... - წამით გავჩუმდი, თითქოს რაღაც გაკრთა მის სახეზე - რამე აზრი აქვს სიკვდილზე ფიქრს? არანაირი! - ისეთი სიამაყით დავასკვენი, თითქოს რაღაც ფრიად გონივრული მეთქვას. - რატო? - გაოცებისგან თვალები ააფახულა. - განა უაზრობა არ არის? - არ ვიშლიდი ჩემსას. - ბევრი რამეა უაზრობა, მარა ხომ მაინც ვაკეთებთ? თანაც ძალიან მაინტერესებს, მართლა! - რა, სიკვდილი? - უნებურად შევიცხადე, თუმცა უკვე მივხვდი, რომ ამ ოქროსთმიანი ჭინ-კასგან არაფერი არ უნდა გამკვირვებოდა. - ხო, სიკვდილი! - აღტყინებულმა დამიდასტურა. - მეეჭვება ცისქვეშეთში ისეთი ადამიანი დაიარებოდეს, შენს ინტერესს რომ დააკმაყოფილებ-და - იმედგაცრუებულმა ამოიოხრა და გვერდზე მომისკუპდა. რამდენიმე წამში სასხვათაშო-რისოდ მკითხა, თემის გადასატანად. - მოგწონს ეს ადგილი? - მიმოვიხედე. მტკვრის ნაპირზე ვისხედით, სამიოდე მეტრში ბინძუ-რი წყლიდან. ჩვენს ირგვლივ სარეველა ხასხასებდა, მასში კი, ვინ იცის, რამდენ ქვეწარმა-ვალს დაედო ბინა. ალაგ - ალაგ ნაგავი გამოერიყა მდინარეს, ვარდისფერი ცელოფანი, არყის ბოთლი, სიგარეტის ღერები, შორს დამტვრეული სკამიც მოჩანდა. არც სუნი იდგა მაინცდა-მაინც სასიამოვნო. ერთი ის იყო, ხეები ხარობდნენ, შორიდან კი, მთები გვიმზერდნენ. - რა ვიცი, არა უშავს. - მე მომწონს - ხმაში სევდის ნოტები შერეოდა თითქოს. - ბინძური კია მდინარე! - ეს ფაქტი გულწრფელად მაშფოთებდა, ვინაიდან, ჩემთან სოფელში წყალი წმინდაზე წმინდა იყო. - ამ სიბინძურეშიც არის სიცოცხლე, იცი?! - აკიაფებული თვალები მომანათა. - კი, ვხედავ, თევზაობენ ხოლმე, მაგრამ აქაური თევზი როგორ უნდა ჭამო? - მივხვდი სი-სულელე რომ ვთქვი, ნამდვილად არ იდგა წუნიაობის ჟამი, შიმშილს ხო სჯობდა, არა... თუმცა აღარ შევიმჩნიე. - მე გამისინჯავს! - ისეთი სიამაყით წამოიძახა, თითქოს რომელიმე ტროპიკულ ხილზე, ანდაც ბელგიურ შოკოლადზე გვქონოდა საუბარი - გასულ ზამთარს აქ ერთი მეთევზე გავიცანი. ნუ, აქ რა, დიდუბის ხიდზე გადავდიოდი, რო დავინახე. იცი, როგორ ციოდა იმ დღეს? ყინვისგან სულ დამსკდარი მქონდა ტუჩები, მგონი სისხლიც მიმეყინა ზედ. ის კიდე, რეზინის ბოტებით იდგა წყალში და შიშველი ხელებით თევზაობდა. ძალიან დამაინტერესა, ამიტომაც ქვემოთ ჩავედი. - რაო მერე? - სამი პატარა თევზი მომცა, მადლობის ნიშნად, კომპანიისთვის. კარგი კაცი იყო, კეთილი. თავიდან ვერც დამინახა, ისე წასულიყო საკუთარ ფიქრებში. ჩემთვის ვიჯექი და მობუზული ვაკვირდებოდი. ღრმად ჩამსხდარი თვალები სადღაც ძალიან შორს იყურებოდნენ, სხეული კი, მექანიკურად თევზაობდა. იმდენი ნაოჭი ჰქონდა ასი წლის გეგონებოდა. არა! - სამოცდა თერთმეტის აღმოჩნდა, სამაგიეროდ ღიმილით წააგავდა ბავშვს! - მასაც ისევე მიეპარებოდი, როგორც მე. - აბა რა! - ურცხვად დამიდასტურა - ხო უნდა ვიცოდე, მარტოობისას როგორია ადამიანი? შემეცოდა, იცი?.. ავადმყოფი მეუღლე მყავსო, შვილს კი, თავისი ოჯახი, თავისი გაჭირვება. გული დამწყდა ვერაფერი რო ვერ ვაჩუქე. ვერაფრით დავეხმარე. სამაგიეროდ ბევრი ვეტიკტიკე. მაგრამ აღარ შემხვედრია მას მერე - ამ ფრაზას წამიერი დუმილი მოჰყვა - ნეტა ხო არ მოკვდა? - შევკრთი. სხვისი პირიდან ეს უტაქტოდ, ანდაც კომიკურად გაიჟღერებდა, თუმცა ახლა... ჟრუანტელმა დამიარა - ძალიან კი ციოდა იმ დღეს - მდინარეს გახედა, თითქოს მისგან ელოდა სევდიან ცნობასო. - არ ღირს მაგაზე ფიქრი! - მტკიცედ მოვუჭერი. - რატო? - ჯიუტად ჩამეკითხა. - რა გგქვია, რამდენი წლის ხარ? - ვკითხე ახლა მე, თემა რომ გადამეტანა. - ანა, ოც მარტს გავხდი თოთხმეტის, შენ? - მე ლადო. - უბრალოდ ლადო? - უბრალოდ ლადო - ამათვალიერ - ჩამათვალიერა. ეშმაკურმა ღიმილმა მიმახვედრა, რომ რაღაც ჩაიფიქრა, ამიტომ აღარ მომიცილებია მზერა. - ახლა რო ავდგე - წამით გაჩუმდა და ოდნავ წამოიწია - და მდინარეში ჩავხტე - ხელებით განზრახული ქმედების იმიტაცია გააკეთა - გადამარჩენ? - ვერ არის ეს ბავშვითქო, გავიფიქ-რე, თუმცა გულიანად კი გამეცინა. ამაზე ანასაც გაეცინა, გაებადრა სახე. რამდენიმე წამი ერთად ვიცინოდით, მაგრამ როგორც კი ეს გავცნობიერე, კრიჭა შევკარი. - არა! ამიტომაც არ ღირს ტყუილად გარისკვა - ჩემმა სიტყვებმა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გაამხიარულეს, თამაში განაგრძო. - და რო მოვკვდე?! - განა ეგ არ იყო ასე ძლიერ რომ გაინტერესბდა? როგორ აღგიკვეთო ოცნებისკენ მიმავალი გზა! - უფ! - წაიბუზღუნდა და კვლავ ჩემს გვერდზე დასკუპდა. შორეულ მთებს მიაპყრო მზერა, ისინიც უდრტვინველად უცქერდნენ მას, ხოლო მე - ანას ვუმზერდი, იმ იმედით, რომ ახლა მაინც შევძლებდი ერთიანი სურათის შეკვრას. ხელი ნაზად გაიშვირა ცისკენ, ჩემკენ აღარ გამოუხედავს, გადავავწიყდი თითქოს. აი, მე კი, დავინახე, რაც აქამდე მბზინავ კულულებს დაეჩრდილათ... მისი ალაგ - ალაგ გახეულ - გამოკერებული კაბა, და გაცვეთილი ფეხსაცმელები, რომლებიც ვერანაირად ვერ ეთავსებოდნენ ანას ზღაპრულ სახეს. მართალია, თავიდან ყველა პრინცესას ძონძი ემოსა, მაგრამ ანა ხომ არც პრინცესებს ჰგავდა?.. არამედ მომავლის ციცინათელას, შემთხვევით, დროის ბზარებიდან რომ შემოფრინდა ბნელზე ბნელ 90-იანებში. უეცრად მატარებელმა ჩაიხრიგინა. გაისმა გუგუნი, და მეც გამოვფხიზლდი... დავაღწიე თავი ფარფატისა თუ ლივლივის მათრობელ მდგომარეობას, და მგონი პირველად დავინახე ყველაფერი ნათლად. მივხვდი, რომ არა მხოლოდ ანა იყო უცნაური, არამედ მთლიანად ეს გარემოება. რა უნდოდა პატარა ბავშვს სანაპიროზე მარტოს?! ვეღარ შევიკავე, შეშფოთებული შევუდექი ანას დატუქსვას. - რა გინდა აქ? თანაც მარტოს? არ იცი, რა საშიშია? ან წყალში რომ გადავარდე, ან მანქანამ დაგარტყას, ან რა ვიცი, რამდენი ურჯულო დაიარება! - წამოვწითლდი, იმერული ჩამერთო, ალბათ ზრდასრულთა სიმკაცრეც გამერია საუბარში, ანას კი, ხმაც არ ამოუღია, მედიდურად შემომხედა მხოლოდ. თანაც იმდენად, გულუბრყვილოდ ვიგრძენი თავი - რა, მართალს არ ვამბობ?! - არ გავიტეხე იხტიბარი. - რამდენი წლის ხარ? - გულგრილად გამაწყვეტინა. - ოცდა ერთის. - აქაური ხარ? - იმერეთიდან. - აქ რას აკეთებ? - ვსწავლობ? - რას? - იურიდიულზე, ჯავახიშვილში. - კანონებს? - დაიჭყანა. -არა მარტო! - ამაყად დავძინე, თუმც ოდნვადაც არ ჩანდა მოსმენილით მოხიბლული. - და აქ რას აკეთებ? - ვეგუები. - რას? - კვლავინდებური გულგრილობით განაგრძობდა დაკითხვას. ეს, ცოტა არ იყოს, მაღიზიანებდა, ამიტომ გაღიზიანებულმა დავუბრუნე მკვახე პასუხი. - ფაქტს! - სამწუხაროდ, ჩემმა ღრენამ სრულებით არ შეაცბუნა ანა, პირიქით. - რომელ ფაქტს? - ოფ! - კიდევ ერთხელ შევუღრინე - გამოცდაში რომ ჩავიჭერი იმ ფაქტს! - გვერდზე გაიხედა, ალბათ სურდა მეფიქრა, რომ სიტუაციას აფასებდა. რამდენიმე წამში უცვლელი მზერა შემა-გება - ააა - ირონიულად დაასკვნა - მერე რა? - ცუდია და ის, რას ქვია, მერე რა? - გაბრაზებული წამოვუხტი. - უფ, ხო არ მითქვამს „მთავარია კაცობაშ არ ჩაიჭრათქო“, რა განერვიულებს. უბრალოდ ლოგიკური კითხვა დაგისვი, და ისევ გაგიმეორებ, რატომ არის ცუდი? - მივხვდი, პატარა ბავშვივით რომ მოვიქეცი, ამიტომ ჩემს ადგილს დავუბრუნდი. - კარგია აბა? - ჩააწყობ, რა - მხრები აიჩეჩა - ამ უდარდელობამ თავიდან აღმაშფოთა, თუმცა, ამჯერად, აღარ წამოვმხტარვარ. - მთელი წლის შრომა წყალში გადამიყარა ერთმა ღრუტუნა პროფესორმა, ახლა კიდე ძღვენიც მივართვა? - არ მითქვამს სწორი საქციელიათქო, უბრალოდ სხვა გამოსავალი არ არის, რას იზამ. რა საგანია ისე? - სისხლის სამართლის ერთ-ერთი განშტოებაა, მოსამართლეებისთვის. - და რად უნდა მაგას სწავლა, ისედაც აშკარა არ არის? - აქ სხვანაირად ისწავლება - თვალები დააჭყიტა - მთელი რიგი კოდექსებია, მუხლები, ქვემუხლები, კიდევ უამრავი რამ, ვერ გაიგებ. მოკლედ, პატარა ხარ, რა - არ ვიცი, რატომ მუხლებსა და ანას შეღონებულ და ამრეზილ სახეზე აქვე მიგდებული არყის ბოთლი გამახსენდა. ჰო და, გავხედე. ბალახებში მიმალულიყო, ნახევრად წყალში, ნახევრად - ხმელეთზე. მხოლოდ ტალღები ვერ უშვებოდნენ ძვრას, დამატებითი ბიძგი სჭირდებოდა დასაძრავად. შელახული, დაძველებული, ერთი შეხედვით აღარაფრად ვარგისი, ეგდო მიწაში და უფრო და უფრო ეფლობოდა დაჭაობებულ ტალახში... უკეთ მსურდა მისი დაკვირვება, თუმცა ანას თავდაჯერებულმა სპეკულაციამ მომაცდინა. - ეგ ის არ არის, რო ადგენს ადამიანი პატიოსნად ცხოვრობს თუ არა? მერე კიდე, პატიმრობას უსჯიან. - დაახლოებით, კი - დავუდასტურე, ვინაიდან დაწვრილებით ახსნის ვერც აზრს ვხე-დავდი, არც ხალისი მქონდა. - მოსაწყენია, და სისულელე! - ფეხები დააბაკუნა - გულით უნდა შეაფასო ადამიანი, მუხლებით კი არა! - ოჰ, გამომიხვედი პატარა უფლისწული. - წაკითხული გაქვს? - აღმაფრენა დაუბრუნდა ხმაში. კენჭიც, რომელიც ხელში ეჭირა, გაუვარდა. - არ უნდა მქონდეს? - არა, არ გაქვს - უჩვეულო დარწმუნებით დაასკვნა. გაგდეულ კენჭს სწვდა და წყალში მოისროლა. ჩავარდნის ხმა არ გამიგია, სამაგიეროდ სევდიანი წვეთები რომ მეცემოდნენ, ვგრძნობდი... ეს სევდა რატომ, ან საიდან მოდიოდა, ვერაფრით გამეგო. დავიბენი. დაბნეულობამ კი, გამაღიზიანა. ამიტომაც გადავწყვიტე ახლა მე მომეწყო ანასთვის დაკითხვა. - დაღამდება მალე, არ უნდა წახვიდე სახლში?! - ჯერ მხოლოდ შვიდის ნახევარია, ცხრა საათამდე არ ჩავა მზე. - შვიდის ნახევარი? - ჯიბიდან პატარა და ძველისძველი საათი ამოვიღე. მართლაც, ძალიან ცოტათი აცდა - ოცდა ხუთია - დავუდატურე. - ჰო გითხარი, ადრეა ჯერ - კიდევ ერთი კენჭი გადააგდო წყალში. - და როგორ მიხვდი? - გულწრფელად დამაინტერესა. - მზით. - მზით? - ჰო. სახურავებზე ყოფნისას ვისწავლე მზის ადგილმდებარეობის მიხედვით საათის განსაზღვრა. თითქოს ჰო უკიდეგანოა ცა? მაგრამ არა ჩვენთვის, ადამიანებისთვის. ჰორიზონტია მესერი ჩვენთვის, რომელსაც, როგორც არ უნდა გავიგიჟოთ თავი, ვერ გავაფართოვებთ. და მზეც სწორედ ამ ჩარჩოებში ატარებს დროს. დასავლეთიდან ამოდის, შემდეგ ნელ - ნელა მიიზლაზნება ლურჯ კამარაზე, ბოლოს კი, ჩადის. თუ ჩვენ ცას წარმოსახვით ზოლებად დავყოფთ, საათსაც გავარკვევთ. არ არის რთული, მთავარია ღრუბლებმა არ შეგვიშალონ ხელი... - რას ამბობ, საოცარია, მე უბრალო საათის ცნობაც ძლივს ვისწავლე - ჩემმა შექებამ დიდი გავლენა არ იქონია, ვერც გაიგონა თითქოს, საკუთარ ფიქრებში გადაეშვა. სწორედ ამ დროს, ნიავმა დაუბერა. მე არ მესმოდა მისი ენა, ანას ესმოდა სამაგიეროდ, და გაგმომცდელი სიჩუმეც დაირღვა. - ისე, რომელი უფრო მოგწონს, წყლის დინება თუ ღრუბლების? - წყლისა თუ ღრუბლების? - მივეჩვიე მისგან უადგილო შეკითხვებს, ამიტომ აღარც ამას გავუკვირვებივარ. ცას ავხედე, ალაგ - ალაგ რამდენიმე თეთრი ღრუბელი მიცურავდა. ვეცადე მათ დინებაში ფარული მშვენიერება აღმომეჩინა, მაგრამ ვინაიდან მზის კაშკაშა სხივების გამო ნორმალურად თვალსაც ვერ ვუსწორებდი, მზერა მდინარეზე გადავიტანე. ანა დუმდა, წყალი მოჩუხჩუხებდა. მედიდურად მიაპობდა ჰაერის უხილავ ტალღებს, ზოგჯერ სიღრმის მკვეთრი ცვლილების გამო ზვირთებიც წარ-მოიქმნებოდა. ზვირთები კი, ბაცად ლაპლაპებდნენ. და მაინც, დიდად შთამბეჭდავი სანახაობა ვერ იყო ვერც ეს, უბრალოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავისუფლად ცქერა მაინც შემეძლო, დავასკვენი, რომ უკანასკნელი მერჩივნა. - ალბათ წყლის. - იცი, მართალი ხარ. ღრუბლები შესაძლოა სულისშემძვრელად ლამაზია, თუმცა არც დამო-უკიდებლობა გააჩნიათ, არც არჩევანი. აი, მშვენიერი ქალებივით, ქმრის გარეშე, ფეხს რომ ვერსად დგამენ, ღრუბლებიც... საითაც ქარი დაუბერავს, იქით მიცურავენ. წყალი კი, უსას-რულოა. მეტალის კედლითაც რომ აღუკვეთო გზა, ის მაინც გააგრძელებს სვლას. უჩერებელი ციკლია, ვითა სიკვდილი, სიცოცხლე. ერთი ის არის, სუფთა რომ იყოს, ცას აირეკლავდა და ორივეს ერთად დავინახავდით... ღრუბლებსაც, და წყალსაც... რა ლამაზი იქნებოდა, არა? აი, წარმოიდგინე, ხიდიდან იყურები, ქვემოთ კი ზეცაა, ისეთივე ლურჯი, როგორიც მაღლა. უკიდეგანო სილურჯე ყველგან, წამში დაგავიწყდებოდა ყველაფერი ცუდი... - ვალსი მოაწყო ამ ბინძურ სანაპიროზე, თავისივე ხმას მიჰყებოდა და ეცეკვებოდა სიოს - არ შეიძლება რო გაწმინდონ? - გაჩერდა. -იცი, ჩემთან სოფელში მდინარე სუფთაა. ისეთი წმინდაა, ყველაფერი მოჩანს შიგნით, თევზები, ბაყაყები, ქვები. - ცაც ჩანს?! - შესძახა. - ჩანს - ამაყად დავუდასტურე. - ღრუბლებიც? - კიდევ ერთხელ დავუქნიე თავი, ანამ კი, კიდევ უფრო აღტაცებულმა განაგრძო - ირმებიც არიან?! - გამეცინა, ბავშვურმა ფანტაზიამ იჩინა თავი. - არა, არა, ეგ ნამეტანია. ირმებს ეშინიათ ხალხის. არა, განა არ იქნებიან, მაგრამ ზემოთ, ტყეში, ჩვენ არ გვენახებიან - მგონი თავადვე მიხვდა ზღაპრულ ფიქრებს რომ აეკიდა ისე ჩაეღიმა. ჩამოჯდა. - და რატო წამოხვედი აქ? - რომ მესწავლა. - კანონები? - დაიჯღანა. - რა, შენ არ სწავლობ არაფერს? - როგორ არა, სკოლაში დავდიოდი, მარა აღარ დავდივარ, მომბეზრდა. - რას ქვია, მოგბეზრდა? როგორ შეიძლება ეგრე? - უფ, რატო არ შეიძლება ერთი? ისედაც არეულია ყველაფერი. - სულ ასე ჰო არ იქნება, აუცილებელია სკოლის დამთავრება. ელემენტარული საბაზო ცოდნაა, რომლის წყალობითაც სამყაროს გაიცნობ, მრავალფეროვნება, რა. გადაწყვეტ, რომელი სფერო გაინტერესებს, რას გინდა გაჰყვე. თანაც მშობლებმა თუ გაიგეს, კარგი დღე არ დაგადგება - ერთ ადგილას გაირინდა, ზაზუნებმა რომ იციან ხოლმე ისე. იმდენად სერიოზული გამომეტყველება მიიღო, კაცი იფიქრებდა, სამყაროს ბედს წყვეტსო. რამდენიმე წამი ასე მიყურა, არც კი დაუხამხამებია, და ბოლოს, სერიალებში როგორც იციან, ძალიან ნელა გააღო პირი. - ესე იგი - სერიოზულად დაიწყო, მაგრამ გაჩუმდა თუ არა, სიანცე შეეპარა სახეზე - ახლა მტკვარში რომ შევიდე არ გადამარჩენ, ხო? - და მხოლოდ მაშინ, როცა ჩემი დამტუქსველი მზერა დააფიქსირა, გამოვიდა როლიდან. - ნუ ხუმრობ ეგრე, არ შეიძლება! - გავუჯავრდი, თუმცა ჩალის ფასადაც არ მაგდებდა მგონი, ისევე განაგრძო ონავრობა. - კარგი, კარგი, არ ჩავხტები. არც სუფთაა და არც საკმარისად ღრმა. არ გამოდგება ლამაზად სიკვდილისთვის. ქვას მივარტყამ თავს, ხო ვიცი არა, ჩემი ამბავი. ჰო და, ძალიანაც მეტკინება. თანაც ამ ბინძური წყლის ყლაპვა არ გინდა? ფუჰ - გააჟრიალა - რად მინდა ასეთი დასასრული - უღრან ტყეში ჩამალული ტბა რომ იყოს, მერე გენახა შენ, მოგიწევდა ყვინთვა, მარა არ არის - ამოიხვნეშა - აოხრებული დედაქალაქის ტალახიანი მდინარეა... მითუმეტეს დაისი იქნება მალე, უნდა ვუყურო - ცას ახედა, საათს ამოწმებდა ალბათ - არ გინდა ერთად ვუყუროთ? - უნებურად მეც ავხედე ცას. - აქ? - აგრეთვე უნებურად წამომცდა ესეც. - არა, აქ ცუდად გამოჩნდება, უკეთესი ადგილები ვიცი - ხელი გამომიწოდა. პატარა ხელი, ციცქნა თითებით. თეთრ მკლავს ავაყოლე მზერა, რომელიც ნაცრისფერმა კაბამ შეცვალა, უკანასკნელი ნიკაპმა, ბოლოს კი, ღიმილი შემეგება, მიამიტად მიცინოდნენ ტუჩები. არც ვიცი, რატომ, წამით შიშმა მოიცვა მთელი სხეული, ამიტომ აღარც ხელი გამიწვდია, ჩემით წამოვდექი ფეხზე. ამაზე ანამ ეშმაკურად ჩაიცინა, თუმცა არაფერი უთქვამს, უბრალოდ ჩაისუნთქა და გზისკენ შეტრიალდა. - არ ინერვიულებენ სახლში? - ჩემი სახლიდან არ ჩანს დაისი - აღარ ჩავეძიე, თანაც უკვე აღმართზე არბოდა, მეც მას ავედევნე. არა, უფრო სწორად, ორივენი მანქანების სულთამხუთველ გუგუნს მივდევდით, შორეული ლოდთაცვენასავით რომ ჩაგვესმოდა ყურებში. მაგრამ, არც ეს ხმა იყო მკაფიო, ვინაიდან ბალახები ერთმანეთს რაღაცაზე გამაყრუებლად ეჩურჩულებოდნენ, ხოლო მათ ჩრდილს შეფარებული ჭრიჭინები გასაოცარი მონდომებით ასრულებდნენ პოლიფონიურ სიმფონიას. ხანდახან წყალთან გაწოლილი ბაყაყებიც აძლევდნენ ხოლმე ბანს. სწორედ ამიტომ, ისე ჩანდა, თითქოს მანქანები შუშის მეორე მხრიდან გვიხმობდნენ. ჩვენც ბრმად მივყვებოდით. რატომ?.. კი მაგრამ, რა დაგვრჩე-ნოდა იქ... ის სამყარო ხომ, ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ეს ხმა, მძიმე, ბინძური, უხეშზე უხეში... და მაინც, ის იყო რეალური, ალბათ ამიტომაც ავედევნეთ ხმას. რათა საბოლოოდ არ დაგვეკარგა კავშირი ქვეყნიერებასთან, თორე გადავეჩვეოდით ჩვეულ სიმძიმეს, შემდეგ კი, ვეღარ ავუწყობდით ფეხს. როგორც კი აღმართი ავიარეთ, ვიგრძენი, როგორ მოსწყდა მიწას, როგორ გაიცა გიზსკენ. მე არ გავქცეულვარ, გავჩერდი და მოვიჩრდილე, მაგრამ მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდა გავარვარებული ვარსკვლავი, თვალებმოჭუტულმაც კი, მხოლოდ ჰორიზონტზე მთრთოლავი სილუეტები გა-ვარჩიე. ამ პაპანაქებაში სირბილის იოდისოდენა სურვილიც არ მაქონდა, თუმცა რაღა მექნა, მეც გავიქეცი. ეს გარბენა ოდნავადაც არ ჰგავდა მდელოზე თამაშს, პირიქით, თითქოს ველური დასავლეთის დოღში ჩავები. თვალები დავხუჭე, და როცა უკვე გზაზე ასასვლელ აღმართს მივადექი, გავახილე. კვლავინდებურად, ანუ ბუნდოვნად, შევამჩნიე როგორ გადარბოდა ანა ქუჩაზე. - ანა! - ჩემდაუნებურად შევძახე. ფეხს ავუჩქარე, ამის გამო წავბორძიკდი კიდეც, მაგრამ რაღაცნაირად შევიკავე თავი. სიკაშკაშეს შთაეთანთქა ხმები, ალბათ დიდი აფეთქებისა იყო ასეთი სინათლე, ამიტომ აღარ მახსოვდა მანქანებიც, გადავირბინე ქუჩაზე. მხოლოდ ბელიაშვილის შესახვევთან დავეწიე ანას. - სად გარბიხარ - აქოშინებულმა ორი სიტყვვე ძლივს ამოვღერღე. გული საგულეში ვეღარ ეტეოდა, წამი წამს აფეთქდებოდა თითქოს - რომ გარბიხარ - ამოვისუნთქე - ყურადღებით უნდა იყო, საშიშია! - როგორც იქნა თვალებიდან გამოვიხედე. გამკიცხველად მიყურებდა თავად, თანაც სულაც არ ჩანდა დაღლილი. - მარჯვნივაც გავიხედე, და მარცხნივაც, შენგან განსხვავებით. შენ არც ერთ მხარეს არ გაგიხედავს - ისედაც აღაჟღაჟებული წიწაკასავით წამოვწითლდი, ოღონდ საქმის გარჩევა აღარ დამიწყია, გადავწყვიტე, ენერგია დამეზოგა. ამოვისუნთქე და ხელახლა დავიბადე მეც. ხმებიც მესმოდა, დაგუბებულ ჰაერსაც კარგად ვგრძნობდი და შორეულმა ქვათაცვენამაც კვლავ დამარტა თავი ბიგ ბენის ისარივით. ისევ, ანა ისევ მოსწყდა მიწას, ახლა უკვე, ინსტინქტურად გავყევი, იქვე ახლოს ხესაც მოვკარი თვალი, ამიტომ ბარემ მის ჩრდილს შევაფარე თავი. - სადაც მოგეპრიანება იქ რომ გადარბიხარ, შეიძლება ეგრე? - სული რომ მოვითქვი, მხოლოდ მას შემდეგ დავიწყე დატუქსვა. - უფ! - ბუზივით მომიგერია, ხელიც კი ამიქნია - შორს იყვნენ მანქანები. - შუქნიშნები რისთვის არსებობენ? - ხედავ სადმე ახლოს? თანაც უნდა წავიდეთ. - სად? - კოლმეურნეობის ბაზარში. - მანდ რაღა გვინდა? - მომშივდა, საჭმელი მოვიმარაგოთ და შემდეგ დაისს ვუყუროთ. აქ რო დავრჩეთ ძალიან შემაგვიანდება სახლში. ეგ კი ნაკლებად მადარდებს მარა... არც ღამე ხეტიალი მინდა მაინცდამაინც. ამიტომაც დამელოდე, მანქანას გავაჩერებ. - ვინ გაგვიჩერებს, ავტობუსით წავიდეთ - მივაძახე, თუმცა ამდენი სირბილის შემდეგ, თანაც ასეთ სიცხეში, ტრანსპორტში ჯახირი გულწრფელად მეზარებოდა, შესაბამისად ძალიან არ გავჯიუტებულვარ. ჩემთვის განვაგრძე ხის ძირში დგომა. - ნუ ითარსები! აგერ ნახავ, თუ არ გამიჩერებენ. ანამ დაიწყო ხელების ქნევა. ცოტა არ იყოს და, კომიკურად, მოუხერხებლად. მეტად მაოცებდა მისი ცვალებადობა, ზოგჯერ ფეერიასავით მოხდენილი იყო, ზოგჯერაც ზღვის გოჭივით ტლანქი. ალბათ სრულიად გაცნობიერებული ჰქონდა რა ჯობდა, და როდის. მართლაც, განა შეიძლებოდა მანქანების წინ პრანჭვა, თანაც ასეთ დროს... 70 - იანებში მსგავსი ქმედება მეტად ბუნებრივი იყო, და არც არავის გაუკვირდებოდა, სულაც უცნობს რომ გაეჩერებინა, თუნდაც თავისით, მაგრამ რაც სიტუაცია აირია, მხედრიონი გამოჩნდა თითქმის ყვლამ გადარაზა კარი. ანა კი, მაინც არ ყრიდა ფარ-ხმალს, იდგა და იქნევდა ხელს. რამდენმა მანქანამ ჩაგვიარა, არ ვიცი, მხოლოდ იმ ერთს მივაქციე ყურადღება, რომელმაც გაგვიჩერა. ნაავარიები ჟიგული იყო, წითელი ფერის, შიგნით ორმოცდაათ წლამდე კაცი იჯდა. დავინახე თუ არა, საზარელი წინათგრძნობა დამეუფლა. ანა ჩვეულებრივ ეტიკტიკებოდა. თავიდან გავიფიქრე, გაგვიყვანოსთქო, მაგრამ როგორც კი კაცის პირფერი ღიმილი და ოქროს კბილი დავინახე, თავში რაღაც გადამიბრუნდა. - რაო, გაგიყვანთო? - უკმეხად შევძახე - ანამ მოიხედა, კაცმაც მე მომაპყრო მზერა. არ ესიამოვნა ჩემი დანახვა, მეც ვაგრძნობინე, რომ მისი განცდები ორმხრივი იყო. - ვარკვევ, მაცადე - ხელი დამიქნია და შებრუნდა. რამდენიმე წამში მანქანა დაიძრა, შესაბამისად ჩემმა ჩაშლის მცდელობამ წარმატებით ჩაიარა. მე შვებით ამოვისუნთქე, სამაგიეროდ ანას შეეკრა წარბები. - რატო გამიქციე მძღოლი?! - ვერ ნახე? საეჭვოდ გამოიყურებოდა, არ ექნებოდა კეთილი მოტივები. - შტერი გგონივარ? მშვენივრადდ ვხვდები, ვინ როგორია. აუცილებლად დამთანხმ-დებოდა წაყვანაზე, რა მნიშვნელობა აქვს, რატო? მერე შენ დაგიძახებდი, და ისიც ვეღარაფერს იზამდა, ვინაიდან არ ვიქნებოდი მარტო - თითქოს დანაღვლიანებულმა დახარა თავი, მაგრამ ამ ეფემერულ სევდაში მე სულ სხვა რაღაც დავიჭირე, მოღუშული წამწამების ჩრდილში სიხარულის ტალღამ გაიელვა. გამეღიმა, ანამ კი, ორმაგად შეკრა კოპები და ჩემი დატუქსვა გააგრძელა - გათვლილი მქონდა ყველაფერი, შენ კიდე, გამიფუჭე საქმე! ახლა იცოდე, ჩუმად იყავი და არ დამიფრთხო ხალხი! - ჰო, კარგი, კარგი. ამხედა, დამხედა და დაუბრუნდა თავის პოზიციას - ხელების ქნევას. ვერაფრით ვერ მოვიცილე ის უცნაური გრძნობა, ფარული სიხარულის დანახვისას რომ დამეუფლა. კატები რომ დასდევენ ხოლმე სინათლის სხივებს, აი, თითქოს ის სხივი დამეჭიროს სწორედ, მას კი, მთელი სხეული სითბოთი აღევსოს... ერთი ის იყო, რა გაუხარდა ასე ძალიან ვერ მივხვდი, ეს ანამ იცოდა მხოლოდ. ამასობაში კიდევ ერთმა მანქანამ გააჩერა, ეს თეთრი ვოლგა იყო, შიგნით ქერათმიანი ქალი იჯდა, სამოცდა ათ წლმდე ალბათ. როგორც გამაფრთხილეს, არ განვძრეულვარ, ფარულად ვუმენდი მათ ჰარმონიულ დიალოგს და ერთი წუთიც არ იყო გასული, მიხმო. - მივყავართ? - მასთან მივედი. მანქანას ერთი ლაქაც კი არ ეტყობოდა. - კი, შენ აქეთ დაჯექი, მე ელზას უკან, სანაპიროს მინდა ვუყურო. - ოჰ, სახელიც გაგიგია უკვე. - ორთაჭალაში მიდის, და მეტეხის ხიდთან ჩამოგვსვამს. კარი გამოვაღე. ჯერ ანა ჩასკუპდა, შემდეგ მე. შიგნიდანაც ისეთივე სუფთა იყო, რო-გორიც გარედან. სასიამოვნო სურნელი იდგა, ოღონდ ვერ მივხვდი, ვარდის იყო, პიტნის თუ ციტრუსების, თუმცაღა ივლისის სიცხეს ძალიან კი უხდებოდა. - საღამო მშვიდობის, ბოდიშით შეწუხებისთვის - მოვუბოდიშე. ელზამ მანქანა დაძრა. - რას ამბობ - ხმაც სურნელივით მრავალფეროვანი ჰქონდა, დინჯი - მეტად მოსაბეზ-რებელია მარტო მგზავრობა - მართლაც, მეც შევამჩნიე მანქანაში დაბუდებული მარტოობის რუხი ფანტომი. - მარტო ცხოვრობთ? - დიდი ინტერესით ჩაერთო საუბარში ანა. - მარტო ვცხოვრობ - დაუდასტურა ელზამ. - არ გაქვთ ოჯახი? - შვილი მყავს, მაგრამ ზაჰესშია გათხოვილი, მე კი, აგერ ორთაჭალაში მაქვს სახლი, შესაბამისად იშვიათად ვნახულობთ ერთმანეთს. ხვალ დუშეთში მიდის, მეუღლის სოფელში, ჰო და, ვესტუმრე წასვლამდე. - თქვენ არ გაქვთ სოფელი? - მე... არასდროს მქონია. სანამ მეუღლე ცოცხალი მყავდა, მასთან დავდიოდით ხოლმე, ხარაგაულში, მაგრამ რაც გარდაიცვალა აღარ ჩავსულვარ. - და რატომ? - ანას შეუვალობაზე ელზას გაეცინა - რა გითხრა, სამი მული მყავს, და ერთიც მაზლი, იმათ კიდე, თავიანთი ოჯახები. სადღა შევეკვეხო მე? მითუმეტეს დაუპატიჟებლად. - შვილთან რომ ჩახვიდეთ? - მანდაც ბევრნი არიან, რატომ შევავიწროვო - ჩემთვის უცხო თავდაჯერებით საუბრობდა, კიდევ უფრო კი, ის მაკვირვებდა, რომ ანას კითხვებს გულწრფელად პასუხობდა, არ ბრაზდებოდა, გვისმენდა, და არც სხვა საბჭოთა მოხუცებს ჰგავდა, ჭკუა - დარიგებას რომ შეუდგებოდა უმალ. მოსმენა შეეძლო ელზას. - აბა, სულ ასე, მარტო უნდა იყოთ? - ეგრე გამოდის, საყვარელო. - მარტო დაძინება, მარტო გაღვიძება, განა ძალიან მძიმე არ არის ერთი ადამიანისთვის? - ნაღვლიანად ამოისუნთქა - მითუმეტეს რო... - უნებურად განაგრძო წინადადება, თუმცა მყისიერად მოკუმა პირი. - განაგრძე, განაგრძე, ერთხელ მოსწავლემ მკითხა, ბანდაჟი თუ გაცვიათო, რით უნდა გამაკვირვო მაგის მერე შენ? - გაიღიმა. ანამ უხერხულად წამოწია თავი, აღელვებული თვალები სარკეს მიანათა. ვხედავდი, როგორ ენარცხებოდნენ ტალღები ერთმანთს, მათ ზემოთ კი, ქარი ქროდა, ეს ყველაფერი - ანას თვალებში. მიზეზი, ცხადია, არც ახლა ვიცოდი. - თქვენ არ ხართ ისეთი ადამიანი, საკუთარი პრობლემები სხვებს რომ მოახვიოს თავზე - ისეთი დარწმუნებით საუბრობდა, თითქოს ორი წუთის გაცნობილი კი არა, კარგა ხნის ამხანაგები ყოფილიყვნენ - ეჭვი არ მეპარება, შიგნით მიდის ყველაფერი, გულში ინახავთ. რაც დრო გადის, სულ უფრო მძიმდება თქვენი ნაღველი, როდემდე გაუძლებთ ამას? - მტუტე ყოვლისმომცველი სითხე, არა? - ჩუმად შენიშნა, თითქოს თავისთვის - ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა, მარტოობასაც, მათ შორის. შენ კი, ანცო ბაჭიავ, ასაკს ზემოდან ნუ უყურებ - გაიღიმა - ჩვენ, მოხუცები, რამდენად სუსტებიც არ უნდა გეჩვენებოდეთ ახალგზარდებს, კარგა ხნის გაკაჟებულები ვართ. უამრავი ახალგზარდა იკლავს თავს, გინახავს მოხუცი გადამხტარიყოს მტკვარში? მითუმეტეს რომ, ძალიან ცუდ ადგილას გავატარე ბავშვობა, ვერეზე. ჩემთან ახლოს ქალიშვილებს ხვრეტდნენ ღამით. მესმოდა ხოლმე გასროლა, ბევრჯერ გავუღვიძებივარ კიდეც ტყვიის ხმას. თავიდან ძალიან მეშინოდა, ნელ - ნელა შევეჩვიე და აღარ მეღვიძებოდა, ამიტომ ახლაც არ მეშინია სროლები რომ ატყდება ხოლმე. ასე რომ, თქვენ უფრო ფრთხილად უნდა იყოთ, ახალგაზრდები, არ გაქვთ მყარად ჩამოყალი-ბებული ფსიქიკა ჯერ. ჩვენ კი, მართალია, მყიფე ძვლები გვაქვს, მაგრამ სიცოცხლის ფასი ვიცით უკეთესად - ანა გაიყურსა, ფანჯარას მიაყრდნო თავი. ქალიშვილების დახვრეტაზე მსურდა მეკითხა, თუმცა ქვეცნობიერმა მიკარნახა, არ გინდაო. ალბათ იმიტომ, რომ დავინახე, როგორ მოუჭირა საჭეს ხელი. მეც ფანჯრიდან ცქერას შევუდექი, რაღა მექნა. ლაპარაკში ვეფ-ხისა და მოყმის ძეგლთან მივსულიყავით უკვე. უზარმაზარი, უღიმღამო ძეგლი. არასდროს მხიბლავდა ეს მუქი ფერის კონსტრუქციები, მოჟამულ ხასიათზე მაყე-ნებდა სულ. ერთი ის იყო, ამ კონკრეტულს, დასამახსოვრებელი ფორმა და ისტორია ქონდა, თორე მეფეების, ყველა ერთმანეთს ჰგავდნენ. არცერთში არ იგრძნობოდა თავისუფალი მუზა, მხოლოდ ბრძანება ისმოდა, საბჭოთა კავშირის გამოძახილები. თითქოს გოთიკური ელემენ-ტები ჰქონდათ, მაგრამ არანაირად არ უხდებოდნენ აქაურობას. ჩავუარეთ ამ ძეგლსაც და გავაგრძელედ გზა. მხოლოდ ჩვენ მივდიოდით ნელა, დანარჩენებს ყველას სადღაც მიეჩ-ქარებოდათ. უსაზღვროდ დინჯი ჩანდა ელ-ზა. არ წააგავდა არც მარად გადარბენებზე მყოფ საქმოსან მანდილოსნებს, არც სახეაწითლებულ ბაზრის ქალებს, და არც ქმარ - შვილზე თავგადაკლულ დიასახლისებს. გრილი ყვავილებიანი სარაფანი ეცვა, ტუჩებზე ვარდისფერი პომადა წაესვა, თავზე კი, თეთრი სათვალე დაეკოპსებინა. იქვე პატარა ხელჩანთა და მარაო ედო. დახვე-წილად გამოიყურებოდა, ოღონდ სულაც არ იყო გადაპრანჭული. თვალწინ ჩემი თავ-საფრიანი ციალა ბებო წარმომიდგა, წელში მოხრილი, ჩითის კაბით. დიდად უფროსი არ იქნებოდა ელზაზე, შესაძლოა ტოლებიც ყოფილიყვნენ, არადა, სულაც არ იფიქრებდი ასე. ბებიას დიდი დაბრკოლებები არ შეხვედრია ცხოვრების გზაზე. ზომიერად ჰქონდა ყვე-ლაფერი. არაფრით გამორჩეულ პატიოსან ოჯახში გაიზარდა, ცხრამეტი წლისა რომ გახდა, თავისნაირ პატიოსან კაცს გააყოლეს. სამიშვილი გამოზარდა, დააოჯახა და სიბერემაც მოუსწრო. ალბათ სწორედ ზომიერებისა იყო ამხელა კვალი, მუხლჩაუხრელი შრომის, ხელიდან გაშვებული მრავალი შანსისა თუ ოცნების, რომლებიც პამიდვრის ჩითილებთან ერთად ჩაფლო მიწაში. რა მიზეზი იქნებოდა სხვა? მითუმეტეს რომ ჰქონდა უფლება სისუსტისაც, და დაბერებისაც. მიკვირდა ელზა. მიკვირდა მისი ჩაცმულობა, გაწკრიალებული მანქანა, თავდაჭერილობა. ვერაფრით ვუთავსებდი ოთხმოცდა ცამეტი წლის აწიოკებულ თბილისს. კიდევ ერთხელ შევავლე თვალი, იღიმოდა. იღიმოდა დიდი ხნის გაფურჩქნული ვარდივით, ხარბად რომ აღარ იწონებს თავს. არც გამვლელს ეკეკლუცება, აღარც მზისაკენ ისწრაფის, არა, თავის სამყაროშია და ხალხი თავად ილტვის მისკენ. თავისი სამყარო ჰქონდა ელზას. ამოვისუნთქე, და ანას გავხედე, რომელიც მეგონა ღრმად იქნებოდა ოცნებებში გადავარდ-ნილი. ჩემდა გასაკვირად, მაშინვე იგრძნო ჩემი მზერა და უხერხულად ამარიდა თვალი. - დიდი ხანია დაიღუპა თქვენი მეუღლე? - ჰმ... ხუთი წლისა იქნებოდა ჩემი ქალიშვილი, ესე იგი, ოცდა ათი წელია ალბათ. - გვიან გათხოვდით? - აღვშფოთდი, კითხვას კითხვზე რომ უსვამდა, მინდოდა მეთქვა უხერხულია, გაჩერდითქო, თუმცა ვინაიდან ელზას ხმაში გაღიზიანებას ვეტ ვატყობდი, ჩუმად ვიჯექი და ვაკვირდებოდი. - მთელი ცხოვრება მქონდა გათხოვებამდე, სავსე, ლამაზი... პეტერბურგში დავამთავრე უნივერსიტეტი. იქ დავიწყე მუშაობა და, სანამ არ მომბეზრდა, ვიმუშავე. რომ ჩამოვედი ალბათ ოცდა ათის ვიყავი. მერე სანამ ხელახლა დავმკვიდრდი, შევეჩვიე, ამანაც წაიღო დრო. მუშაობით კი, სულ ვმუშაობდი. - შვილი თქვენ არ დაგემსგავსათ? - ძალიან დაკვირვებული პატარა ხარ, არა? - სათვალე გაისწორა - არაფერი სცხია ჩემი, სიჯიუტის გარდა, და ეგეც, მხოლოდ ჩემთან მიმართებაში. როგორც ჩანს, ზედმეტად დავფოფინებდი თავზე. სადაც ვმუშაობდი, ისიც იქ სწავლობდა, ჩემთან მიდიოდა, ჩემთან მოდიოდა. ჰო და, გადაირია ბოლოს. უნივერსიტეტში პირველივე შემხვედრს გაეკიდა ცოლად, ქალაქის მეორე ბოლოშია გათხოვილი, ხეპრე დუშელზე. ასეთად არ წარომედგინა მისი მომავალი, თუმცა რას ვიზამ, ჩემი ბრალია, ვერ გავზარდე ისეთ ქალად, თავად რომ შექმნიდა რაიმეს, ამიტომაც მიეკედლა სხვას. ახლა კი, უძლური ვარ, არაფერი შემიძლია. მატერიალურად რომ არ ვჭირდებოდე, სულაც ამომკვეთავდნენ ცხოვრებიდან - მიკვირდა ამ ყველაფერს რომ გვიყვებოდა, მიკვირდა ისიც, რაოდენ შეეცვალა ხმა. პეტერბურგის სიცივე იგრძნობოდა მასში. სიცივეში - მარტოობა. და მართლაც, მხოლოდ ახლა მივაქციე ყურადღება ელზას ხელებს. ვენები დატყობოდა, ფიზიკური შრომის მძიმე კვალი. მისი ხელები უთუოდ შეეფერებოდნენ ოთხმოცდა ცამეტი წლის თბილისს - ლოთთან ცხოვრება ურჩევნია ჩემთან ყოფნას, და ამით ყველაფერია ნათქვამი. - უყვარს? - ასე იძახის. - მაგრამ ეგ ხომ არ არის სიყვარული? - ვინ იცის, იქნებ არის კიდევაც, რაღა დარჩენია აბა. თავდაცვის მექნიზმია გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ქალისა. თუ გამოუტყდება თავს რომ ეგრედ წოდებული სიყვარული უბრალოდ მირაჟია, დასარჩენი მიზეზიც აღარ ექნება, წასვლით კი, ვერსად ვერ წავა, ორ შვილს ხო არ დატოვებს, არა? - მოულოდნელად დიდმა სატვირთომ გადაგვისწრო. ეს ფიქრებში წასულმა ელზამ მხოლოდ ბოლო მომენტში შეამჩნია და ძლივსღა მოასწრო დამუხრუჭება. სკამებიდან წამოვცვივდით, მაგრამ შევიკავეთ თავები. შემაძრწუნებელი ხმა გაისმა, რომელმაც ჩვენ სრულიად დაგვამუნჯა. ელზას სათვალე კინაღამ გადმოუვარდა თავიდან, თვითონაც ერთ ადგილას გაიყინა. ყველაფერმა, დაძაბულობამ, გრძნობებმა, ფიქრებმა, ამდენი ხანი ერთმანეთში რომ ირეოდნენ, ყველაფერმა, რასაც ვფიქრობდით და არ ვამბობდით, როგორც იქნა, მიაღწია აფეთქების ზღვარს, რის შემდეგადაც, აფეთქდა კიდეც. გაოცებული ვისხედით სამივე, ვერაფერს ვამბობდით, გვეშინოდა. რამდენიმე წამი მთელ საათად გადაიჭიმა, სანამ ელზამ ხელახლა არ დაძრა მანქანა. - ბოდიში, რაზე გელაპარაკებით - სწრაფად ჩაილაპარაკა, ამჯერად გზისთვის თვალი აღარ მოუცილებია. - პირიქით, სამწუხაროა, მოსმენის მეტი რომ არაფერი შეგვიძლია - შევეცადე ოდნავ მაინც გამემხნევებინა ქალი, მაგრამ მგონი არც ესმოდა ჩემი, ანაც უცნაურ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო, ფანტაზიასა და რეალობის ზღვარზე გაიჩხირა ისევ. ამიტომაც აღარც მე გამოდია საუბრით თავი, გავჩუმდი. აფეთქების ექოს მივუგდე ყური. ვიფიქრე, ჭადრებს დავაკვირდებითქო. - Вместо огня - зелень стекла - გამაჟრჟოლა. ეს ხომ ჩემთვის კარგად ნაცნობი სიტყვები იყო, კარგად ნაცნობი სიმღერისა. ვიღას ახსოვდა ჭადრები, ელზას მივაშტერდი უმალ. - Вместо огня – дым Из сетки календаря выхвачен день - სუნთქვა შემეკვრა. Красное солнце сгорает до тла, День догорает с ним, На пылающий город падает тень. Перемен! Требуют наши сердца! Перемен! Требуют наши глаза ! В нашем смехе и в наших слезах, И в пульсации вен. Перемен, Мы ждем перемен! - ცოის სიმღერა იყო ეს. არასდროს მინახავს, ამ ასაკის ქალებს, ცოიზე ესაუბროთ, მითუმეტეს რომ - ემღეროთ. ამან უფრო მეტად ამიჩქარა გული, ვიდრე ორი წუთის წინ მომხდარმა ინციდენტმა, თვალებსაც კი ვეღარ ვახამხამებდი... ელზამ კი მანქანა თანდათანობითი შენელების გარეშე დაამუხრუჭა, ამჯერად, სავსებით გამიზნულად. ალბათ ამიტომ არ გამიგია ის შემაძრწუნებელი ხმა. ჩვენი გამოფხიზლებისთვის საჭირო ბუთქუნი გაისმა მხოლოდ. -მსახიობი უნდა გამოვსულიყავი - ამოისუნთქა - კარგი ბავშვებო, მოვედით! იმედი მაქვს ძალიანაც არ შეგაღონეთ. კიდევ რამდენიმე წამი ვისხედით გატრუნულები, ბოლოს როგორც იქნა შევძელი აზრების ფორმულირება. - პირიქით, ბოდიშ რომ შემოგეჭერით, ძალიან დიდი მადლობა - მანქანის კარგი გამოვაღე და გადმოვედი. ამასობაში ანამაც ააფახულა თვალება. - ძალიან კარგი ადამიანი ხართ - მოუხერხებლად გადმოძვრა და კიდევ ერთხელ უთხრა, მადლობაო. - იმედი მაქვს, იპოვნით თქვენ წილ სიხარულს, წარმატებები ბავშვებო! - თქვენც! - თავი დახარა, თითქოს მუხლს იხრისო, ელზა კი, დაიძრა და გაუდგა მარტოობის დაუსრულებელ შარას. მანამ ვიდექით გაუნძრევლად, სანამ საბოლოოდ არ შეუერთდა ასფალტისფერ შორეთს. მისი სურნელიც ბუღმა ჩაყლაპა, დარჩა მხოლოდ ლამაზი მირაჟი სილუეტისა. ალბათ ასე გავაგრძელებდით დგომასა და ამ მირაჟს გავყვებოდით თავისთან სახლში, ვიოცნებებდით, მაგრამ რთული აღმოჩნდა მეტეხის ხიდთან ოცნება. ჯერ მაქნანებმა გვიპიპინეს, შემდეგ გამვლელთა ხმამაღალი საუბრები ჩაგვესმა ყურში, და მზე, ისიც ისევე უმოწყალოდ ანათებდა. - შემეშალა, მშრალი ხიდი უნდა მეთქვა, ახლა ფეხით მოგვიწევს გავლა - ამოიოხრა. - მერე რა, გავისეირნებთ, ეგ არ ჯობია? - არ მოუხედავს, მოღუშული იდგა - თან ალბათ ადრეა ჯერ, არა? რომელი საათია ნეტა? - ვინაიდან იძულებული გავხადე, შემობრუნდა, ჩემს ჯიბეს შეხედა, და გაეღიმა. მივხვდი, მისი ხასიათზე მოყვანის მცდელობამ გაუთბო გული. ცას ახედა, უყურა, და რამდენიმე წამში ვერდიქტიც გამოიტანა. - რვის ნახევარია. - წავედით მაშ! გამიძეხი. ამათვალიერა. არა რაიმე კონკრეტული მიზნით, არამედ ისე, უბრალოდ. შევტრიალდით და ბაზრისკენ ავიღეთ გეზი. მექანიკურად მივაბიჯებდით. სხეული თავისით მიილტვოდა საჭი-რო მიმართულებით, ოღონდ თითოეულ ცვლილებას ვგრძნობდი, თითოეულ კენჭს, მხუთა-ვი სიოს ალერსს, ხალხის სახეებს. შეცვლილი მეჩვენა შენობებიც, არადა უკვე დიდი ხანია შევეჩვიე მათ. სოფელში გაზრდილს დედაქალაქი ყოველთვის მიზიდავდა, მაინტერესებდა ცხოვრების განსხვავებული რიტმი. მეჩვენებოდა, რომ სწორედ ქალაქში იხარშებოდა არნა-ხული კერძი დიდ ქვაბში, იმ ფაქტს კი, ყოველი ინგრედიენტი სოფლიდან რომ იყო ჩამოტა-ნილი, მხოლოდ ჩამოსვლის შემდეგ მივხვდი. ერთ რამეში სავსებით მართალი აღმოვჩნდი. ქალაქები და სოფლები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, უბრალოდ ერთი მაინცდამაინც არ ჯობია მეორეს. ძველი თბილისის სახლები მეტად მშობლიური მეჩვენე-ბოდნენ ყოველთვის. ისინი ხომ ასე ძალიან მიაგავდნენ იმერულ ოდას. ფერად - ფერადი, ლამაზი აივნებით. ჯერ კიდევ ბავშვობიდან დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი ჩვენი აივნის მოაჯირს, კიბეებს, ორნამენტებს. ვცდილობდი, თითოეულის მოხაზულობაში ამომეკითხა რაღაც ფარული ისტორია, მითუმეტეს რომ, დიდი ბაბუის აშენებული ყოფილა. სამწუხაროდ, მხოლოდ შეგრძნება შემეძლო, წაკითხვა და რაციონალიზება კი, არა. ისევე მაცვიფრებდნენ, როგორც გამოქვაბულებში ამოტვიფრული ორნამენტები. როდესაც საკუთარის კვლევა დავა-სრულე, მეზობლებისაზე გადავერთე. კი, მეტწილად წააგავდნენ ერთმანეთს, რამოდენიმე აბსოლუტურად იდენტურიც იყო, მაგრამ მოიძებნებოდა განსხვავებულებიც. თითოეულს ჰქონდა რაღაც თავისი, გამორჩეული, განსაკუთრებული. ზოგს შედარებით დაბალი მოაჯი-რი, ზოგსაც კუთხური, კვადრატული ძელები, ვიღაცისას სულაც მრგვალი იყო. ფრიდონის სახლი, მაგალითად, კუბიზმის მოსაწყენ და დალაგებულ ნამუშევარს მიაგავდა, იაგოს კი, მართალია მოუხერხებლად, თუმც ამოტვიფრული ჰქონდა ყვავილები აივნის მოაჯირებზე. ეზოც ლამაზი ჰქონდა იაგოს. მის მეუღლეს, ნაზის, ძალიან უყვარდა მცენარეები. სახლიცა და ეზოც ყვავილებით ჰქონდა სავსე. თან არა მხოლოდ ჩვენთან გავრცელებული სახეობებით, არა, სულ ნაირ - ნაირებს ახარებდა. თუ სხვები გადამყიდველს შუბებს ან ჩასაცმელს აბარებდნენ ხოლმე, ნახი ყვავილებს თხოვდა სულ. ალბათ ამიტომაც ამოყოფდნენ ხოლმე თავებს პირველად მასთან. რამდენჯერ სცადა დედამ ნაზის საიდუმლოებების გამორკვევა, თუმცა მაინც ვერ მოახერხა ისევე გაეხარებინა. არც არის გასაკვირი, უამრავი სააქმე ჰქონდა სულ. და, ზოგადად, არაფერი გვქონდა, რითაც ყვავილებს მოვაწონებდით თავებს. არა, კარგი ოჯახი ვიყავით, მაგრამ ცოტა დუნე, მდუმარე. დედაჩემის ბაბუა პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა, მამა რაღაც შეთითხნილი საქმის გამო გადაუსახლეს, და მას შემდეგ დარჩა დედა მარტო. მაშინ ძალიან პატარა იყო, ამიტომაც სერიოზული დაღი დააჩნდა. ამის გამო, ძალიან ფრთხილობდა, არასდროს ლაპარკობდა ზედმეტს, არავის ლანძღავდა. მამაც ერთი პატიოსა-ნი კაცი იყო, მშრომელი. არასდროს ჰქონია რაიმე გრანდიოზული მისწრაფებები, ოღონდ, დედასაგან განსხვავებით ადრე ასაკში კი არ ჩაუკლეს, არა, თავიდანვე არ გააჩნდა უბრალოდ. არც იმერელს მიაგავდა დიდად, ალაზანივით ზანტი იყო. ამ მხრივ, დედა გაცილებით ძლი-ერი იყო. კი, მეტისმეტად უფრთხოდა მმართველობას, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ იცოდა, მათთან ჭეშმარიტებაზე დავას აზრი არ ჰქონდა, მათ ერთადერთი სიმართლე გააჩნდათ, საკუთარი. დედას კი, ორი სიმართლე ჰქონდა, ათი მცნება და 1921 წლის კონსტიტუცია. ჩუმად გვასწავლიდა ჰუმანურ ხედვებს, და სწორედ თავისი უდრეკი ხასიათის წყალობით შეძლო, ადამიანებად რომ გაგვზარდა. ჩემი და ჩემზე ცხრა წლით უფროსია, თუმცა მამას ჰგავს ყველაფრით. ამიტომ მასთან დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია, ერთი ის შეძლო, ჭრა - კერვა შეასწავლა, პროფესია მაინც რომ ჰქონოდა. ოცდა სამი წლის ასაკში წყალტუბოში გათხოვდა და აღარც დედა წასულა წინააღმდეგი, იცოდა შვილის ბუნება. სამაგიეროდ ჩემს აღზ-რდას შეუდგა ორმაგი მონდომებით. როგორც კი იგრძნო, საბჭოთა კავშირს წყალი უდგებოდა, გადაწყვიტა ინგლისური მესწავლა. თბილისიდან თხუთმეტიოდე წიგნი ჩამოიტანა ჩემთვის. რამდენი ღამე უთენებია, რათა თავად გაეგო რამე, შემდეგ კი, აეხსნა. არ მითხოვია, ან რა, განა ჩემით ვერ ვისწავლიდი? მაგრამ მოსწონდა საქმეში რომ იყო ჩართული. იჯდა და სახავდა თავისეულ სტრატეგიებს. ყველაფერს, რასაც გულში იგროვებდა, როგორც იქნა, მიეცა გასაქანი. ამიტომაც ჩამაბარებინა იურიდიულზე. ახლი წყობა იქნება, ახალი კანონებიო. მეც, მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ ვიწვოდი სურვილით, დავემორჩილე, და ჯავახიშვილში ჩავაბარე. დიდად მიხაროდა ქალაქში ჩამოსვლა, მაგრამ მალევე გამიცრუვდა იმედები. პირველი კვირა მართლაც მონუსხული დავეხეტებოდი ძველი თბილისის ქუჩებში, თუმცა სწრაფად შეცვალა სილამაზე სიღატაკემ. აღარაფერი იყო მყარი, იფიტებოდა თბილისი, ინგრეოდა. ჩამომდნარიყვნენ ხალხიც, და შენობებიც. ადრეც ვიყავი ნამყოფი თბილისში, 9 აპრილს, მაგრამ მაშინ აბა სად მეცალა ქალაქის თვალიერებისთვის, როცა მომეცა შანსი კი, დასუსტებული დამხვდა ყველაფერი, ბალახებიც კი თრთოდნენ. ჯერაც არ მოენელებინათ მომხდარი. გასაკვირია რო? ეს ხომ არ იყო ისეთი ამბავი, ორ დღეში გადაეხარშა, თანაც როდესაც ჯერაც იგრძნობოდა მოსალოდნელი ნგრევა. ყველა გრძნობდა ამას. მე, მეეზოვე, არქიტექტორი, ექიმი, და თუ აქამდე ამაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებოდნენ, ახლა დაეწყოთ აქტიური განხილვა. და მაინც, რამდენად შთამბეჭდავიც არ უნდა ყოფილიყო დამოუკიდებლობა, იმდენადვე დიდ საფრთხეს მალავდა თავისი ბოჰემური ჩაცმულობის მიღმა. გაცილებით საშიში, ვიდრე ათი წლის წინანდელი მონობა . ყველაფერს კი, ის ამძიმებდა, რომ ცხრა აპრილის მოვლე-ნების დროს გაერთიანებული ვიყავით ხალხი, ხოლო შემდეგ, რაც თავისუფლება მოვიპოვეთ, ნელ - ნელა დავიწყეთ დაყოფა. იმავე ცის ქვეშ, იმავე მიწას ვტკეპნიდით, და თითქოს, არც იმდენი დრო არ იყო გასული, მაგრამ შეიცვალა ხალხი... თუმცა აი, ის გოგონა, ჩემს წინ რომ მიაბიჯებდა, თითქოს სრულიად არ ეკუთვნოდა ამ სამყაროს. ცალკე ცა ჰქონდა, სხვა ხალხს იცნობდა, და არც რომელიმე კოლექტივის ნაწილი იყო. მისთვის ალბათ არც გადაგდებულ რეჟიმს ჰქონდა მნიშვნელობა, არც მოპოვებულ თავისუფლებას, ოღონდ არა იმიტომ, რომ ბავშვი იყო, არა, სულ სხვა რამ იმალებოდა მისი ეფემერული ხასიათების უკან. ისიც მაცვიფრებდა, რამხელა გულ-გრულობით უვლიდა გვერდს ყველაფერს, რაც ჩემი აღფრთოვანების უშრეტ ნაკა-დულს ასულდგმულებდა. - არ მოგწონს ძველი თბილისი? - მომწონს, ლამაზია - გზიდან ტროტუარზე ასკუპდა. - ჩემთან სოფელში ბევრი ასეთი სახლია, თანაც ლამაზი ეზოებით. - ფერად ფერადი? - არა, ძირითადად ერთი ფერია. - რატო არ ღებავენ? - ჩავფიქრდი, მარჯვნივ გაუბედურებულ და ნახევრად ჩამოშლილ სახლს გავხედე, რომელიც დალპობის პირას იყო მისული. - ნესტის გამო. არა, ზოგი ღებავს, როგორ არა, უბრალოდ რთული მოსავლელია. - ბავშვების მოვლაც რთულია - აღარ განაგრძო წინადადება. ჩამოვარდნილი დუმილის ადგილი წამში აღავსეს გარეშე ხმებმა, აღავსეს, თუმცა კი, სევდა ვერ გააქარწყლეს. ლანდივით დარჩა იქაც, ჩემს გულში. ანამაც შეამჩნია ეს, ამიტომ თავადვე განაგრძო - თუმცა რა, ბავშვებსაც აღარ უვლიან. - რომ ჩავალ აუცილებლად შევღებავ. - რა ფრად? - წამში შემაგება შემხვედრი კითხვა - ცოტა დავიბენი, ვინაიდან ამაზე ნაფიქრი არ მქონდა, შესაბამისად, რაც პირველი მომივიდა თავში, ის ვუპასუხე. - ლურჯად! - კი მოუხდებოდა ისე ლურჯი ჩვენს ეზოს... - როდის მიდიხარ? - ამჯერად უკვე შემომხედა, ჩემს თვალებში დაიწყო რაღაცის ძებნა. - ზეგ. - გამოცდებს მორჩი? - მოვრჩი - ანამ ამოიოხრა, სვლა განაგრძო. - რისთვის არის გამოცდები? - რისთვისაც გამოკითხვები, საკონტროლოები. ცოდნა ხო უნდა შეაფასონ. - და უნივერსიტეტები? - ცოდნა რომ მოგცენ, დიპლომი, პროფესია, რა ვიცი, საჭიროა, რა. - და უდიპლომოდ არ მამუშავებენ? - გააჩნია პროფესიას. - მოსამართლეობას უნდა დიპლომი? - მაგას უნდა, თუ უნდა. - რატო? - კვლავ გამომხედა, თვალებიც ააფახულა. - რას ქვია, რატომ, სწორი გადაწყვეტილების მიღება რომ შეძლო, პროცესი რომ სამარ-თლიანად წარმართო, იცი, რა რთულია? - მე კარგი მოსამართლე ვიქნები? - წარმოვიდგინე ანა თავისი შვლის ნუკრის თვალებს როგორ ახამხამებდა მოსამართლის სამოსში, დიდი ჩაქუჩით ხელში, და სიცილი კინაღამ ამიტყდა, ძლივს შევიკავე თავი. - თუ ისწავლი, იქნები, აბა რა! - სუფთა გულიც საკმარისია - ცხვირი აიბზუა. უაზრო ხმაური იყო ქუჩაში, შესაბამისად მდუმარედ გავაგრძელეთ გზა. პირველად რომ ჩამოვედი, არ მომეცა დაკვირვების შანსი, არც შემდგომ, გამოცდებს რომ ვაბარებდი, სამაგიეროდ უნივერსიტეტამდე ერთი კვირით ადრე მთელი თბილისი დავათ-ვალიერე. დავხეტიალობდი და ხარბად ვისუნთქავდი ტერორით სავსე ჰაერს. როგორც თე-ბერვალში ზანზარებს ხოლმე მიწა, ისე ზანზარებდა მაშინ ქვეყანა. რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც, ვინებიც არ ცნობდნენ მიმდინარე ცვლილებებს, თუმცა განა შევაჩერებთ სეზო-ნების ცვლას? უსაზღვროდ მსიამოვნებდა ეს ამბავი. ჩემი სტუდენტობაც რომ სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა. ჯავახიშვილში ალბათ სხვა დროსაც ასეთი აურა იქნებოდა, ის ხომ მე - 20 საუკუნის მარადიული სასახლე იყო, მაგრამ ახლა, განსაკუთრებით, ვინაიდან სწორედ მიმდინარე მოვლენები აცოცხლებ-დნენ უნივერსიტეტს, რევოლუცია, ამბოხი... არც ერთ სხვა სასწავლებელს არ ჰქონდა ასეთი მჭიდრო კავშირი საქართველოსთან, არც ერთი სხვა უნი-ვერსიტეტი არ ირეკლავდა მის ისტორიას ასე ცალსახად. სწორედ ეს რევოლუციური სული დაძრწოდა თბილისის ქუჩებშიც. და, რაც მთავარია, მასთან ერთად იყო იმედიც. ხალხის მტკიცე, იმედით სავსე თვალები. რამდენი შეხვედრა გაგვიმართავს, რამდენ იდეას შევასხით ფრთები. განა ეს იდეები არ ალამაზებდნენ ქუჩებს? როგორც ფერები ცვლიდნენ ერთმანეთს და, შესაძლოა, ხშირად ეს შეხამება მეტად მკაფიო ან ნაკლებად თვალწარმტაცი იყო, ამ ყვე-ლაფერში მაინც იყო რაღაც განსაკუთრებული, სიცოცხლე, და მოლოდინი! ახლაც გვეგებებოდნენ ხალხი, ახლაც საუბრობდნენ, მაგრამ ის რაღაც - გამქრალიყო. ეს ცვლილებები განსაკუთრებით ბაზარში შეიმჩნეოდა. სოფელში არასდროს მიწევდა ხოლმე ბაზარში წასვლა, თუმცა რაც თბილისში ჩამოვედი, ყოველ შაბათს ვდგებოდით ექვს საათზე და მივდიოდით დეზერტირებში. სულაც არ მეპიტნავებოდა ეს ტრადიცია, თუმცა რას ვიზამდი, სტუმარი ვიყავი ბოლო - ბოლო, ამით მაინც მივეხმარებოდი მასპინძლებს. მივდიოდით და, ზოგჯერ საათობით შემოვრჩებოდით ხოლმე. საშინლად მძაგდა იქაურობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტად მაგონებდა სოფელს, ოღონდ არა იმიტომ, რომ გამყიდველები იყვნენ სოფლიდან, უბრალოდ ყველა ერთმანეთს იცნობდა, კითხულობდა, ინტერესდებოდნენ. მეტად შეკავშირებული სოციუმი იყო. მართალია, არცთუ სიღრმისეული, მაგრამ ქვეყნისთვის აუცილებელზე აუცილებელი. სწორედ ამიტომ, ყოველთვის გულისყუ-რით ვუსმენდი იქაურ საუბრებს. და, დროთა განმავლობაში, სულ უფრო და უფრო აშკარავ-დებოდნენ ცვლილებები. თუ აქამდე, ასე თუ ისე, შეხმატკბილებულად განიხილავდნენ სიახლეებსა თუ ჭორებს, ახლა თვალებდაქაჩულები უღრენდნენ ერთმანეთს. აგერ, ორი კვირის წინ, მაგალითად, ლამარამ, ხილბოსტანის გამყიდველმა, ვიღაც კაცს პომიდორი ესროლა, იმდენად გამოვიდა წყობიდან. ბაღის ბავშვებივით დაცხეს ერთმანეთს. ათი წუთი ტკბილ - ტკბილი სიტყვვებით ამკობდნენ ერთმანეთს, ბოლოს, როცა ყველაფერი ამოიღეს, დამშვიდდნენ და ბრბოც დაიშალა. მიწამ ჩაყლაპა რევოლუციური სული, ერთიანობის ნიავიც და ალიც, რის წყალობითაც წარსვდექით მტრის წინააღმდეგ. მის ადგილას უბრალო ბუღი დარჩა, მტვრის ბუღი, რომელსაც ყოველდღიურად ვსუნთქავდით ხალხი. კოლმეურნეობის მოედანზე გამოვედით. აქაც კი, ერთ დრო ყველაზე კოლორიტულ ქუჩაზე, იგრძნობოდა ხალხის სიღატაკე. ანამ გზა ყველანაირი წესის დაცვის გარეშე, სწრაფად გადაჭრა. მეს მას მივბაძე. უსახურ ჯგროს გვერდი აუარე და მის გვერდით, შესასვლელთან შევიცადე. - არ მიიქციო ყურადღება, გაიგე? - საეჭვოდ ხმადაბლა მიჩურჩულა. - რა ხდება? - გულმა რეჩხი მიყო. - აი, იმ ქალს ხედავ? მოკლე შავი თმით, წითელლოყებას. - რომელს? მარცხნივ? სულ განაპირას? - ხო, თინა ქვია. - მერე? - ცუდი ქალია. - რატო ცუდი? - კენჭებს ურევს ყველაფერში, მაგის გარდა კიდე შვილებს ცემს. - შენ რა იცი? - აქვე ცხოვრობს, ენგელსის ქუჩასთან, სულ ყვირილი გამოდის მაგათგან. - მეზობელია? - სახურავიდან დავინახე რამდენჯერმე. - კარგი, მაგრამ, რატომ მიყვები ახლა მაგას? - კიდევ უფრო მომიახლოვდა. - ვაშლები უნდა მოვპაროთ. - რა?! - ვეღარ შევიკავე თავი, ანას დატუქსვასაც შევუდგებოდი, გამომავალი მოხუცი ქალბატონის დამტუქსველი მზერა რომ არა. - ჩუ! გააგებინე მთელ ბაზარს! - იქით დამტუქსა. - აბა რას მეუბნები, ნორმალური ხარ? - უფ, რა გინდა შენ, ცუდი ქალიათქო, გეუბნები. მე კიდე, ვაშლი მინდა. მოვიპარავ მაინც და, შენ რაც გინდა, ის ქენი! ანა ბაზარში შევიდა. აუღელვებლად აუყვა დახლებს. ცოტა ხანი ვუყურე, ღრმად ჩავისუნთქე და მეც შევდგი ფეხი. სულ ერთხელ ვიყავი აქ ნამყოფი, ისიც დათვალიერების მიზნით. მაინტერესებდა, სად დაიარებოდა პუშკინი ასეთი აღტაცებით. დეზერტირებზე უკეთ უთუოდ გამოიყურებოდა, თუმცა მაინც ვერაფერი ღირსშესანიშნაობა ვერ იყო. მსგავსი დახლები ცვლიდნენ ერთმანეთს და საბოლოოდ ქმნიდნენ ორბელიანის ბაზარს. პროდუქტები - იმავე, რაც სხვაგან, ხალხიც ისეთივე გადაღლილი, გამყიდველები, სკამებზე ჩაომსხდარიყვნენ და ჭორაობდნენ, პერიოდულად აკოლკოლავებულ ბოსტნეულს აპკურებდნენ წყალს. ცხელოდა. სამაგიეროდ მზის სხივი მაინც ღწევდა, და არც ჩახუთულობა იყო. დეზერტირებისგან განსხვავებით ის გრძნობაც არ მახრჩობდა, რომ თითქოს მიწისქვეშა საპყრობილეში ამომეყო თავი. მე ანასავით სტრატეგიული სვლა არ დამიწყია, პირდაპირ ჩავუყევი გზას. მივდიოდი, ვცდილობდი ცივი გონება შემენარჩუნებინა, და არც ეჭვი არ გამომეწვია სხვებში, მაგრამ მზერა მაინც მისკენ გამირბოდა, ანა კი, უდარდელად დაფარფატებდა აქეთ - იქით. რამდენიმე წამით ერთ - ერთ წითელთმიან ქალბატონზე ვცადე ყურადღების გადატანა, თუმცა მაინცდამაინც მაშინ მოუნდა საზამთროზე შემოტყაპუნება. ჯიბის ჩხრეკაც კი დაიწყო შემდგომ, ბოლოს საზამთროს აწევაც სცადა და ისე დამანჭა სახე, გეგონება უზარმაზარ ლოდს შეეჭიდაო. დამწუხრებული გამოემშვიდობა გამყიდველს და გამობრუნდა. თვალებით თინასკენ მანიშნა. ინტუიციურად მივხვდი, რასაც მოითხოვდა ჩემგან. რატომ არ ვიცი, დავყევი მის ნებას. რამდენიმე წამში თინას დახ-ლის წინ ვიყავი ატუზული. ჩემს წინ სხვადასხვა ფერის ვაშლები ეწყო, მათ გვერდზე ატმები, მსხლები, სულ ცენტრში კი, უკვე გადამწიფებული ბლები. მე ხილს ვათ-ვალიერებდი, გამყიდველი - მე. ვიგრძენი, მისი რისხვით გაციებული თვალები. მოუთმენლობის ისეთმა ძლიერმა ტალღამ დამკრა, უხერხულად ვიგრძენი თავი. ამიტომ აღარ შევაყოვნე მეტი. - ლობიო თუ გაქვთ? - წარმოთქმა და თინას გარდასახვა ერთი იყო. წამში დაკრიჭა კარგა ხნის გაფუჭებული კბილები. - მაქვს, ჩემო კარგო, შენ მითხარი, რომელი გინდა, ბათუმელა, მინდვრის. - მინდვრის! - გავაწყვეტინე. - რამდენი გინდა, სამი კილო? - ერთი იყოს, თუ შეიძლება. - კარგი - უკმაყოფილო მზერა შემავლო და დაიხარა. როგორც ჩანს, დახლების უკან ეწყო ლობიო. ამასობაში ანამ მოირბინა. რამდენიმე ვაშლი ცელოფანში ელვის სისწრაფით ჩააწყო. მეზობელ დახლთან მჯოდმმა ქალმა რაღაც იეჭვა, თუმცა ხურდას უთვლიდა მყიდველს, ამიტომ არ მოიცდინა თავი. ანამ ერთ ატამს და ერთ მსხალსაც დასტაცა ხელი, რის შემდეგაც ქალმა შესძახა „თინა“ - ო. ანამ გამყიდველს ენა გამოუყო და მოკურცხლა. ამ დროს თინამაც წამოყო თავი. სახე რისხვისგან პომიდორივით გაუწითლდა. - ქურდი გარბის, ქურდი გარბის! - რაც კი შეეძლო, დაიყვირა. ცელოფანში ჩაყრილი ლობიო სკამზე მიაგდო და გამობუნძულდა. ალბათ გაეკიდებოდა კიდეც, თუმცა კაბით რაღაცას გამოედო, ვაშლები დაფანტა და თავადაც კინაღამ ზღათანი მოადინა. სხვებს, რა თქმა უნდა, თინასგან მოპარული ოთხი ვაშლი, ერთი მსხალი და ერთი ატამი, სულ ცალ ფეხზე ეკიდათ. გონზე რომ მოვიდა, აღარც ანა ჩანდა ჰორიზონტზე, თინამ კი, მაინც განაგრძო ბუინობა. ჯერ იქით მიაწყდა, შემდეგ აქეთ, ბოლოს - მე. - რატომ არ მითხარი, რატომ არ გააჩერე?! - აბა, რა ვიცოდი, ქურდობა თუ ჰქონდა გეგმაში - იმდენად უცბად შევძელი თავის გამართლება, თავადვე გამიკვირდა - რომ მცოდნოდა, ცხადია, დაგიძახებით. - დამაჭერინა, ეგ ჭინკა, მაგ ხელებს ხო დავამტვრევდი და, თმასაც სუ ღერა ღერა დავაცლიდი! - მოდით, აყრილ ვაშლებს მივხედოთ, ჯობია - მე დასაკრეფად დვიხარე, თვითონ თავიც კი არ დაუხრია. ავკრიფე. მსხლების გვერდზე დავაწყვე. რომ მოვრჩი, თინამ ჩემი ლობიო გამომიწოდა, არც მადლობა უთქვამს, არც გაუღიმია, მხოლოდ საფასური მომთხოვა. მივეცი თუ არა, გამოვეცალე იქაურობას. გარეთ ჰაერი მაინც მოძრაობდა, ხეების არსებობაც მცირედი შვება მომგვარა. აქეთ იქით მიმოვიხედე, თუმცა ანას ვერსად მოვკარი თვალი. შევეცადე შორეული ჰორიზონტები შემეთვალიერებინა, მაგრამ სწორედ ამ დროს მსწვდა ხელზე და მიჩურჩულა, გავიქცეთო. გავიქეცით... გაბრბოდით... ყველაფერი სხვა - უკან გვრჩებოდა. წამითაც არ მიფიქრია გაჩერება, ანდაც რამის თქმა. რა უნდა მეთქვა? ლურჯი იყო ცა, ჩვენ კი - თავისუფლები. მანამ გავრბოდით, სანამ ლენინის მოედანი არ დავინახეთ. ამასობაში მანქანებსაც გადავუხ-ტით, ერთი ორჯერ კინაღამ წავიქეცით, ადამიანებსაც კინაღამ დავეჯახეთ, მაგრამ მაინც არ გავჩერებულვართ. - დავიღალე - ქოშნით წამოთქვა ბოლოს. მე ესეც ვერ შევძელი, ორიოდე წუთი ვითქვამდი სულს. ხალხი გამკიცხველად გვიყურებდა, ვგრძნობდი, და ამით, რატომღაც, სიამოვნებასაც კი ვღებულობდი ( როცა აქამდე სირცხვილის ალში დავიწვებოდი). - ლადო, გინდა ვაშლი? გამოვართვი. აღებულ ვაშლს ხელი მოვუჭირე. მკვრივი აღმოჩნდა, ახალმოწყვეტილი. ანამაც ამოიღო, და ხის ქვეშ შევუდექით ჭამას. - მიყვარს წითელი ვაშლები - სახეზე განცხრომა აღებეჭდა - მწვანეც მიყვარს, ყვითლები - ნაკლებად, ფერი მიყვარს, ვაშლები არა. შენ გაქვს სოფელში ვაშლები? - ექვსი შვიდი ხე, ჩვენი სამყოფი, რა. - კარგია ალბათ სოფელი, იცი, როგორ მიყვარს პირდაპირ ხიდან ჭამა? - შენ არ გაქვს სოფელი? - არა - განმიცხადა და მთლიანად შეახრამუნა, ყუნწიღა დატოვა. - დარბაისელი ქალაქელი გამოდიხარ, მაშ - ჩემთვის მოულოდნელად სიცილი აუტყდა. ჰქონდა შეკავების ერთჯერადი მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ. ჯერ არ მენახა ასე გულიანად გაეცინა. არაფერი მითქვამს, თუმცა ვიგრძენი, ხეებსაც რომ შეაჟრჟოლათ ირგვლივ. - რა იყო? - ანამ ჩისუნთქა. - არაფერი, არაფერი. ნაფლეთებიანი კაბა, გაუბედურებული სხვენი და დაუსრულებელი სროლები, ეს არის ჩემი ქალაქელობა - ნოემბრის ქარმა დაუბერა.. ამჯერად, მე შემაჟრჟოლა, ხეები კი, დადუმდნენ... - კაი, წავედით, დროზე. ვერ ხედავ? ღრუბლები ფერების შეცვლას იწყებენ - ვაშლის ყუნწი ხის ქვეშ დააგდო, ანალოგიურად მოვიქეცი მეც. გავეშურეთ. ხელახლა დაიწყო ჩვენი უცნობი, გაურკვეველი ზღაპარი. შიშისგან გაბზარულ შენობებს შორის მივდევდი ციცინათელას, მუცელში კი, დაშლიგინებდა დაუოკებელი შფოთვა. გამიზნულად ამოგლეჯილი ფრაგმენტები ჯიუტად უბრუნდებოდნენ კუთვნილ ადგილებს. ფოტოები, რომლებიც თუნდაც ამოვხიე, საკუთარი ალბომებიდან, თარიღები ვერ გადავშალე მაინც. ფოტოებთან ერთად ბრუნდებოდნენ ხმებიც, ყიჟი-ნა, შეძახილები, ჩურჩული. ნეტავი მაშინ რატომ ვერ მოვიფიქრე, გავქცეულიყავი, სადღაც შორს, წრის გარეთ, და იქიდან დავკვირვებოდი ყველაფერს, არა. ცენტრში ვიდექი მე, ზუსტად შუაში და ვერ ვარჩევდი ირგვლივ ვერაფერს. ცასაც კი ვერ ვუსწორებდი თვალს. ძალიან ბევრი ხალხი იყო, გასაოცარი აურზაური. ალბათ ამიტომაც მივივიწყე ის დღე. ახლა ნათლად მხოლოდ აყრილი ასფალტი მახსენდება ხოლმე, გამხმარი ხეები. აი, კვირტები კი, არ მახსოვს. არადა მაშინაც დაგვიდგა გაზაფხული. რუხი ქარი რუსთაველის გამზირზე დათარეშობდა და შეუბრალებლად აწყდებოდა საგულდაგულოდ გადარაზულ ფანჯრებს. სახლებში, თუკი ვინმე კიდევ იყო შერჩე-ნილი, ალბათ კანკალი აუდიოდათ, ხოლო ჩვენ, გარეთ მდგომებს, არც ფოთოლთა უსასრულო გოდება გვაშინებდა, არც ქარის ბღავილი. ალვის ხეებივით მყარად ვიდექით მაშინ. და ზუტად მაშინ, მეგონა, ვეღარაფერი დაამარცხებდა საქართველოს, ვერავინ. მეგონა, გაბრწყინების გზას ვადექით მართლაც. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გაცილებით მარტივია, ვიდრე მისი სწორად გამოყენება. ჩემთან, ჯავახიშვილში, ნაკლებად უყვარდათ მამარდაშვილი, თუმცა განა მართალს არ ამბობდა კაცი? იბრძვის - ბრბო, მორჩა, და გათავდა. მიტინგი ხომ სხვა არაფერია,თუ არა საერთო იდეის გარშემო შემოკრებული გულანთებული ადამიანები, რომლებიც ეტაპობრივად გარდაიქმნებიან ფარად - ბრბოდ. იბრძვიან, კი, და რა ხდება შემდგომ? ვრჩებით მარტონი, მარტონი ყველაფერთან, რაც მარტოობას მოჰყვება კუდში. გაურკვევლობა, ბურუსი, ნისლი, შიში, სიამაყე და ძირითადი მტერი - ეგო. მეც განვიცადე ეს ყველაფერი, უბრალოდ დედაჩემმა იმდენად ღრმად ჩამინერგა კონკრეტული შეხედულებები, რომ არც მოპოვებულ თავისუფლებას დაუყენებია ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ, პირიქით. მეგონა, რომ ახლა გამოვადგებოდი ქვეყანას. მეგონა, რომ სადღაც აუცილებლად მქონდა ადგილი. თუმცა ბოლოს რა მოხდა? მეოთხე კურსის მეორე სემესტრში ერთ - ერთმა უღირსმა პროფესორმა ჩამჭრა. შემეშინდა, შემრცხვა, დავიბენი და გავიქეცი. უკანმოუხედავად გავერიდე სირცხვილის კერას. საათობით ვიარე, გლდანის ხიდს რომ მივადექი, სანაპიროსთან ჩავედი, მიწაზე გავგორდი. ისედაც მიყვარდა ბალახზე წოლა, ამიტომაც არც ახლა გამჭირვებია დაძინება. დავუსხლტი პრობლემებს, გარეშე ხმაურს, უფრო ხმამაღალს - თვითკრიტიკისას, ჩამეძინა. სწორედ ამ დროს იყო, რომ გამოჩნდა ანა. რამდენჯერმე ვიფიქრე კიდეც, იქნებ მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფიათქო, მაგრამ არა, აი, ახლაც, ჩემს წინ მიდიოდა. ერთად არ ვკვეთდით ლენინის მოედანს?.. ვერ იქნებოდა უბრალოდ მირაჟი, ჩემი ფანტაზია, ანდაც სიზმარი. აქ ვცხოვრობო თქვა, არადა არაფერი ეტყობოდა რევოლუციისა. გადავწყვიტე ეს განსხვავება გამომეკვლია, ვინაიდან გულწრფელად მაინტერესებდა, მისი გამოცდილება. - აქ ცხოვრობ, ხო, ახლოს? - კი. - გასული წლების მოვლენები თუ გახსოვს? - მახსოვს. - არ გეშინოდა? რთული იყო ალბათ აქ ცხოვრება. - ნუ, მიტინგების დროს სახლში ვიყავით ხოლმე, ისე კიდე, რა ვიცი, ხმაური იყო უბრალოდ. - დადიოდა შენი ოჯახი მიტინგებზე? ჩვენ ცხრა აპრილს რაიონიდან ჩამოვედით. დედამ მთელი სოფელი დარაზმა,ვინც კი შეძლო, ყველა ჩამოვიდა.. - არა, არ ყოფილან. მე მომიწია გამოვლა, ეს არის და ეს. ბებოს ფეხი აქვს მოჭრილი, ავადაა, დედა კი, მას უვლის. ვერ მოვიდოდნენ - გამიკვირდა, თუმცა განსჯა არ დამიწყია. - და შენ რაღატო დადიოდი? მეეჭვება ღრმად პატრიოტული მიზეზები გქონოდა. - მიტინგია, რა. ყველას თავი აქვს დაკარგული. იქნებ რამე მეპოვა, ანდაც - გაჩუმდა. ანა შეკრთა, მე გამაჟრიალა. მაინც გავიგნე ის სიტყვები, რმელთა გაჟღერებაც გადაიფიქრა. ეს ჩემთვის უდიდესი სულმდაბლობა იყო, მაგრამ ჰაერი არ შეიცვალა ოდნავ, არ გაკვირვებია ანას ნათქვამი, არც ხეებს, არც გზას, ამიტომ მხოლოდ ნერწყვი გადავყლაპე, განვდევნე განსმჯელობითი ფიქრები. - მაგალითად? - ცხრაში ფეხსაცმელები ივიპოვე, უცნაურია, არა? გაფუჭებულიც კი არ იყვნენ, დედამ მთელი სეზონი იხმარა. ერთხელ მაჯის საათიც ვნხე, შარფი, ხურდა ფული, რა აღარ. - არ გეშნოდა მერე? ტანკების, გაზის, მტრის. - რა მექნა აბა, პატრიოტიზმით ანთებული გული ვერ გამათბობდა ღამით, ვერც რევოლუ-ციური სულით გაჟღინთული ჰაერი დამანაყრებდა. ბოლო ბოლო, მიტინგები დასრულ-დებოდა, მე კი, სახლში ვიყავი წასასვლელი. როგორ არ მეშინოდა, ალბათ... ვგრძნობდი კი რამეს? შენ ეგა მკითხე. ვაზროვნებდი? არც მახსოვს რაზე ვფიქრობდი მაშინ. ბუმ, ბუმ, ბუმ, ბუმ, ყველაფერი ერთ ხმად არის არეული. შეძახილები კვლავ ჩამესმის ყურში, არ მინდა მახსვოდეს - ჩაისუნთქა - ბოთლებსაც ვაგროვებ ხოლმე, თუნუქის ქილებს, რკინებს, ზამთარში კიდე, გირჩებს. მთაწმინდის გზაზე რომ ტყეებია, სულ მოვლილი მაქვს. - მარტოს? - რა, შენ არ წასულხარ ტყეში მარტო? სულაც არ არი საშიში. რუსთაველის მეტროსთან მაყვალა ბებო ზის, ძალიან ტკბილი ქალია. აი, ის რომ ყვავილებს ყიდის, სულ ჩემი დაკრეფილია! მიყვარს მასთან საუბარი, მარა ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები მე, ამიტომ ვერც მასთან ვზივარ ხოლმე. ისე, რამდენჯერმე სახლში დამპატიჟა, პიანინოზე დაკვრა მასწავლა. მართალია, დაშლილი იყო, თუმცა მაინც ლამაზად უკრავდა. ლოთი შვილი რომ არ ყავდეს უფრო ხშირად ვივლიდი - უეცრად ერთ ადგილას გაიყინა - იმ სახლს ხედავ? - ქვის ორსართულიანი შენობისკენ გაიშვირა ხელი. - მაღაზია რო აწერია? - ჰო, წამო, გვერდიდან მივირბინოთ. პატარა გზა გადავჭერით და კუთხეში, ბინძურ ფანჯარასთან ავიტუზეთ. - შიგნით შეიხედე, კარგად დააკვირდი. ფრთხილად მივუახლოვდი. ფანჯარაზე რამდენიმე ფიცარი იყო გაკრული. შევეცადე წლების მანძილზე დაგროვილი მტვრის უკან შეფარული სიუჟეტი გამერჩია. ოთახის ცენტრში დიდი მაგიდა იდგა. მასთან ჩამრგვალებული ორმოცდაათ წლამდე კაცი იჯდა. მელოტი თავისა და უზარმაზარი ლოყების გამო, კიდევ უფრო ჩამრგვალე-ბული მოჩანდა. მოტვლეპილი თავის ფონზე მისი სქელი და კუნაპეტი წარბები კო-მიკურადაც კი გამოიყურებოდა. მის ირგვლის სუვენირები ეწყო, სურათები, ლამპები, ზარდახშები, რა აღარ. შიგნით ბნელოდა, შუქი ჩაექრო და ხელში გაზეთი ეჭირა. გარედან ბაცი შუქი ერთ-ერთ მოლურჯო ვაზას ურტყამდა. მოყავისფრო ტონებით სავსე ოთახში, ერთი ეს იყო განსხვავებული. ეს ვაზა იატაკზე იდგა, ოთახის ბოლოში. თითქოს უსაფრთხო ადგილას, მაგრამ შევხედე თუ არა, ისეთი გრძნობა დამეუფლა, აუცილებლად დაიმსხვრეოდა... - იქ რომ კაცი ზის ხო დაინახე? რუსეთიდნ ჩამოაქვს ეგ ყველაფერი. მეორე სართულ-ზე საწყობი აქვს, თვითონ კი, გვერდზე ცხოვრობს. აი, აქ. სახლის მეორე მხარეზე მიმითითა. ფანჯრები აქაც ფიცრებით იყო დაფარული. მხოლოდ ზედა ფორთოჩკა გამოეღოთ, ისიც ერთი - ზოგჯერ შუბებიც ჩამოაქვს, ტანსაცმელი, ჩანთები, რასაც დააბარებენ რა. მარა მაგიტო არ გიყვები. იცი, ფულს სად ინახავს? - თვალები ეშმაკურად გაუნათდა. - სად? - სკამში! - ტრიუმფალურად მახარა. - სკამში? - გავიკვირვე. - ხო, აი, არ იცი? ისეთი სკამები როა, რო იღებიან, სათავსოთი, რა. ამისას გასაღებიც აქვს. სპეციალურად ჩამოიტანა რუსეთიდან. მერე რაღაცები გადააკრა და ახლა არაფერი არ ეტყობა, ჩვეულებრივ სკამს გავს. მყიდველის დასანახად მაგიდის უჯრაში დებს ხოლმე ფულს, როგორც კი წავლენ, სკამში გადააქვს. ეშინია, არ მომპარონო. სახლშიც მრავლად ექნება ეგეთი სამალავები. ცოლიც ეგეთი ჩამრგვალებული ყავს, არ მიყვარს არც ერთი, საზიზღრები არიან. ნეტა განახა, საჭმელს როგორ ჭამენ, ჭამაც აღარ ქვია მაგას, თქვლეფენ! გეგონება თეფშები უნდა ააცალონო, ლამისაა მაგიდაზეც ავიდნენ, ფუჰ! - ანას ხმაში პირველად გაიჟღერა ზიზღმა. არ ვიცი, სიცივის, თუ საკუთარი გაოცების გამო, ტანში ჟრუანტელმა დამიარა - ნეტა განახა რამხელა ღიპები აქვთ! ორივეს! - უიმე, ანა, რად მინდა მაგისი ნახვა, თუ ღმერთი გწამს. - მართალი ხარ, რაზე ვცდებით, გავეცალოთ აქაურობას ჯობია - გზის მეორე მხარეს გადაირბინა და ჩვეული ტემპით გააგრძელა სვლა. მეც უკანმოუხედავად გავყევი. - და შენ საიდან იცი ეგ ყველაფერი? - უფ, ვიცი და ვსო, რა მნიშვნელობა აქვს? - კარგი, ნუ ბრაზობ, ის მითხარი შენ, სად მიგყავარ? - ორი ლამაზი ადგილია ახლოს. ერთი მაღლა რომ ეკლესიაა. საოცარი ხედი იშლება იქიდან, მარა არ მიყვარს მანდაურობა. ცოტა არ იყოს და, მაშინებენ. - ვინები კაცო? - წვერებიანი მღვდლები! რა საჭიროა ეშმაკივით ჩაცმა ღვთისმსახურებისთვის?! რო ვუყურებ სულ სიკვდილზე მეფიქრება. - ეგ არ გაინტერესებს მერე შენც? - კი მაგრამ... მათი სიკვდილი უშნოა, ვალდებულებებითაა სავსე. თავსაფრიან ქალებ-ზე აღარაფერს ვამბობ, ოღნდ კი შენიშვნა მოგცენ და, არც ერთის თვალებში საღი აზრის კვალიც აღარ არის, ჰიპნოზიერბულები დადიან. - ცხრა აპრილის ბრბოსავით? - გაჩერდა. - რა, არა?.. - ნუ, რამდენი წლის იყავი მაშინ? - რამდენის და... ათის! - რთულია მერე ათი წლის ბავშვისთვის იმ ყველაფერის გააზრება, რაც მაშინ ხდებოდა, რაც ახლა ხდება. რამხელა ტრაგედია, და რამხელა ნაბიჯი იყო დამოუკიდებლობისკენ. - ახლა დამოუკიდებლები ვართ, ხო? - აბა რა! - და უკეთესად რატო არ ვცხოვრობთ? - ვიცხოვრებთ! - როდის? - დრო უნდა. რამხელა დანაკარგები გვქონდა, მატერიალური, მორალური. ამ ყველაფერს აფხზეთის ომიც დაერთო. შოკშია ხალხი. აი, ცოტას შევისვენებთ და... - გავბრწყინდებით? - ცინიკურად გამაწყვეტინა. - შენ იცინე და, აგერ ნახავ. უბრალოდ, არწივის არ იყოს, იარები უნდა მოვიშუშოთ. - ნუ ადარებ არწივს სამშობლოს! - ფეხები დამიბაკუნა, ამასთან ერთ - ერთ ეზოზე მიმითითა, შევიდეთო. - რატომ ვითომ?! - თბილისურ, იტალიურ ეზოში შევედით. - რატო და არწივს ყვავ - ყორნები ებრძოდნენ მარტო, ჩვენ კიდე, შიგნიდან ვართ მოწამლულები. ვერა ხედავ, რა ხდება? დახოცეს ლამის ერთმანეთი, პატარა მიზეზიც კი ყოფნით უზარმაზარი ჩხუბის გასაჩაღებლად - ნაწილობრივ მართლი იყო, რამდენიმე დღის წინ თავად შევესწარი ქუჩაში, თუ როგორ აუხირდა ერთი ქალი კაცს, ისე იყურები, ზვიადის-ტი არ იქნები შენო! ტრანსპორტში კი, მსგავსი დაპირისპირებები უკვე ყოველდღიურობად ქცეულიყო. - რატომ შემოვედით აქ? - ალაგ - ალაგ მუხლამდე ბალახები ამოსულიყვნენ, ბილიკის ადგილას საუკუნის წინანდელი ასფალტი ესხა, ხის ღობე, თითქმის დაშლილიყო. - აი, სულ აქეთ, ერთი ერთი კაცი ცხოვრობს - სახლებს საერთო აივანი ჰქონდათ, ორი განსხვავებული ასასვლელით. რომელიც ანამ დამანახა, ფაქტობრივად მონგრეული, ჩამოშლილი და დამპალი ჩანდა. რამდენიმე საფეხური, სულაც ჩალეწილი. არც თვითონ აივანი გამოიყურებოდა უკეთესად, უბრალოდ იმის გამო, რომ პირდაპირ არ აწვიმდა და ათოვდა, ლპობის პროცესი შედარებით ნელა მიმდინარეობდა. ერთი იმან დამაინტერესა, რომ აივანზე ცელოფნები გაეფინათ, სულ სხვადასხვა ფერის, ვარდისფერი, ცისფერი, ყვითელი, შავი, კიდევ უფრო უცნაური კი ის, რომ ყველა გატკიცინებული - ჰო და, არ არის ფსიქიკურად ჯანმრთელი, მარა უწყინარია. მთელი დღეები აქეთ - იქით დადის, საჭმლის საძებნად. საკუთარ თავზე ვერაფერს ათქმევი-ნებ, სხვები კიდე რა მაგრა აინტერესებს, იცი?.. ებრაელები განსაკუთრებით. დიდად არ ეპიტნავებათ მეზობლებს, მარა ვერც აგდებენ. ზამთარ ზაფხულ იმ ონკანში რეც-ხავს ყველაფერს - ეზოს ბოლოში გაკეთებულ ონკანს შევხედე. ისიც ისევე შელახული ჩანდა, როგორც დანარჩენი - არ გინდა წყალი? მე მომწყურდა. თანაც დიდი აღმართი გვაქვს გასავლელი, დაიღლები - წყალთან მიირბინა და მოუშვა. გადმოსულმა შხეფებმა იმ წამშივე გარდასახეს ჰაერი, ხმამაც იმ წამს გადაფარა სხვა, უკანა ფონზე გამეფებული მძიმე და დაბინძურებული ხმაური. მივუახლოვდი, შევუშვირე თუ არა ხელები, კრისტალურმა სისუფთავემ აიტანა მთელი სხეული. ჯერ სახეზე შევისხი, შემდეგ დავლიე. სუსხიან ნიავმა რომ იცის, ზუსტად ისეთი სიგრილე იყო ეს... ოღონდ თბილი, სასიამოვნო. - წარმოიდგინე, ზამთარში რა ცივი იქნება ეს წყალი, ის კი, მაინც ეზოში რეცხავს ხოლმე ყველაფერს. - ალბათ არ აქვს სახლში, რა ქნას. - ექნება, წყლის გადასახადი რაღაა... - რა გითხრა, თავისი არჩევანია ალბათ. - რას ამბობ, არა მგონია. ვკითხე ერთხელ, რატო რეცხავ გარეთთქო, რემონტი გავაკეთე და არ გამშალა ჯერო, ნეტა გენახა, როგორ ანერვიულდა, როგორ შერცხვა. გავანებე თავი, მარა ხო ფაქტია, საკუთარი ნებით არ მისულა ეგეთ მდგომარეობამდე. არ ვიცოდი, რაღა უნდა მეთქვა სრულიად უცხო ადამიანზე, რომელიც თვალითაც არ მყავდა ნანახი, ამიტომაც უბრალოდ თვალი შევავლე ნახევრად დანგრეულ საცხოვ-რებელს. გამიკვირდა, არავინ რომ არ იყო ეზოში, არც სახლიდან გამოდიოდა ხმა. არ თამაშობდნენ ბავშვები, არც მოხუც ქალბატონები გამოფენილიყვნენ აივნებზე საჭო-რაოდ. თითქოს მხოლოდ ანა იყო აქ, მხოლოდ ანა, და მე.. წავიდეთო, მითხრა. ეზო დავტოვეთ. ამჯერად სად მიმიძღვებოდა, ან ვისზე უნდა ეამბა, არ ვიცოდი. მდუმარედ მივუყვებოდით გაუბედურებულ აღმართს. აქეთ - იქით საუკუნის წინ აშენებული სახლები იდგნენ, შუაში - უსწორმასწორო გზა. მიუხედავად იმისა, რომ ლენინის მოედნიდან დიდად შორს არ წავსულვართ, უკვე აშ-კარად შეიმჩნეოდა სიღარიბე. რაფებზე მდგარ ყვავილებსაც გასდევდათ სიღატაკის ნოტები. სამწუხაროდ, პირველ სართულზე თითქმის აღარავის დაეტოვებინა ფანჯარა ღია, ზოგს ფიცრული ჰქონდა გაკეთებული, ზოგსაც უბრალოდ მიხურული, ფარდები - ცხადია, გადაფარებული. მიუხედავად ზაფხულისა, სიცხისა, უმეტესობა სიფრთხილეს არ კარგავდა. მართლებიც იყვნენ, აქეთ ხშირი იყო ალბათ სროლები, როდის ატყდებოდა, კაცმა არ იცის. ალაგ - ალაგ ბავშვები შემოგვეყარენ, მათ არც აყრილი გზები ადარდებდათ, არც გამოკეტილი ფანჯრები. ლაღად თამაშობდნენ მაინც. მათი სიცილისა და ყვირილი ხმები, გონებაში მიღიტინებდნენ და ცოტათი მაინც აქარწყლებდნენ სავალალო პეიზაჟების მდუმარე კვნესას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სვლის სიჩქარის გამო, დიდად არ მრჩებოდა დაკვირვების დრო, და ძირითადად, მაინც ანაზე იყო, ჩემი მზერა. ნელ - ნელა, ვაჩვევდი თვალს, ალბათ ამიტომ, მეჩვენებოდა, რომ ძალიან უხდებოდა თბილისს.. მალე პატარა, შედარებით გაშლილ, ქუჩაზე გამოვედით, ხეივანივით მოეწყოთ და პატარა სკამებიც გაეკეთებინათ. ინსტინქტურად, მოეჯირისკენ გავიქეცი, რათა დამენახა მთელი ქალაქი. აქაც საშინლად აჭერდა მზე, მეც მაჭერდა, და თბილისსაც, ბაცად ლაპლაპებდა მტკვარიც, მაგრამ, მაინც მსიამოვნებდა ცქერა. მსიამოვნებდა, პატარა ფერადსახურავიანი სახლების დანახვა, ალაგ - ალაგ ეკლესიების გუმბათების, მთების, მდინარის. მართალია, პირველ ჯერზე რომ დამეუფლა, ისეთი აღტყინება აღარ მივსებდა სხეულს, და მაინც, ისევ მითბებოდა გული. ალბათ ტრფობასაც განვაგრძობდი, ანას დამტუქსველი ხმა რომ არა. - რატო გაჩერდი? არ მივსულვართ. - აქედანაც მშვენივრადაც არ ჩანს? - რა? ქალაქი ჩანს აქედან, ჩვენ კიდე, ცას უნდა ვუყუროთ, რა გვინდა აქ! - ფეხი დამი-ბაკუნა და გზა გააგრძელა. მე კიდევ ერთხელ გადავხედე დაისისწინა თბილისს. რა მექნა, მელამაზებოდა აქაური ისტორიები, მდუღარე სისხლი, ბუნება... მაგრამ უკვე მეც შევამჩნიე ის ცვლილებები, ანა რომლებზეც საუბრობდა. მოცისფრო ღრუბლებს მუქი ტონები შერეოდათ, ვარდისფერი იბადებოდა ნელ - ნელა. გავიარეთ ხეივანი და ზემოთკენ დავიწყეთ სვლა. - ახლა სად მივდივართ? - ერთი ქალის სახლის სახურავზე. - მასაც ექნება თავისი ისტორია, არა? - ისტორია ყველას აქვს. - და მისი როგორია? - ტრაგიკულია, მარა ლამაზი, ძალიან ლამაზი... - არ მომიყვები? - სხეულს ყიდის, არავინ არ ჰყავს, ერთი მცირეწლოვანი შვილის გარდა. იცი, რა საყვარელი ბიჭუნაა? ხუთი წლისაა, კუწკუწა თმებით. თვითონ ის ქალი ორმოცს გადაცდა. ძალიან ახალგაზრდა გათხოვდა, მარა ბავშვი არ ეყოლათ და ქმარმა მიატოვა. მაგ დროისთვის მშობლებიც დაღუპული ყავდა, რაღა ექნა. აღარც სახლი, აღარც კარი, აღარც სახურავი თავზე. რაღა ექნა?.. ოღონდ დამლაგებლადაც მუშაობს, რამე კი არ იფიქრო. ქვემოდან მოათრევს ხოლმე პარკებს, სულ დატვირთული მოდის, არაფერს აკლებს შვილს. წარმოგიდგენია? ზამთარში, მოყინულზე, როგორ წვალობს... ღამით კლიენტებთან დადის ხანდახან. ბავშვთან კიდე ხანდახან მე ვრჩები. - შენ? - შენ? - ხო, რა იყო, მშვიდად იქნება უფრო, მარტო ხო არ დატოვებს აბა. - ნუ, თოთხმეტი წლის გოგო ღამეს საკუთარ სახლში უნდა ათევდეს - წამიყრუა. - ძალიან საყვარელი ბავშვია, ლურჯი თვალები აქვს. დედამისიც ძალიან ლამაზი ქალი იყო, მარა ახლა ლანდიღაა დარჩენილი. გაჭირვება თავისას შვება, რა. - ფიზიკური შრომა და სტრესი, თორე ეგ არ არის ისეთი ასაკი სილამაზეს ემშვიდობებოდე. - აბა იარე აქედან რუსთაველზე, რამდენჯერმე დღეში! - ვიცი, ვიცი, განა არ ვიცი, რთულია. - ჰო და, ჩუ! დედაჩემიც, იცი, რა ლამაზი იყო? სადღაც ჩიხში შემიყვანა, იმის იქით რომ, აღარ იყო არაფერი. ეს უკვე, ნამდვილად სიღატაკის პიკი იყო. თითოეული სახლი ჩამონგრევის პირას, ღობეები - ბუტაფორიული, თუმცა არც დასაკარგი ექნებოდათ რამე. სულ ბოლოში რომ სახლი იდგა, მასთან გავჩერდით. ჩემდა გასაკვირად, ბლოკების ღობე ჰქონდა. მართალია, დაბალი, თუმცა პატარა ბავშვი ვერ გადაძვრებოდა მასზე. სამაგიეროდ ანას, ეს არ გასჭირვებია. მას მერე, მეც ღობეზე ავედი. ეზოც ისეთივე პატარა აღმოჩნდა. ოცი კვადრატიც არ იქნებოდა სულ. თვითონ სახლი კი, ფურგონს უფრო მიაგავდა, შემაღლების გარეშე, პირდაპირ მიწის დონიდან იყო შესასვლელი, სავარაუდოდ ორი პატარა ოთახი, სიმაღლით - სულ ორი მეტრა. ვინაიდან ღობიდან იქვე იყო, მის სახურავზე გადახტომაც არ დამჭირვებია, უბრალოდ გადავაბიჯე. მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან სინათლე არ გამოდიოდა, მაინც შემაშინა ჩვენმა ხმაურმა, ვაი და, არ დაგვეფრთხო პატარა ბავშვი. - ასე რომ ვბრაგუნებთ არ შეეშინდებათ? - ანა კიდეზე ჩამოჯდა. - არა, სურამში ყავს ერთი კვირით წაყვანილი, არ არიან აქ - მეც ჩამოვჯექი. - მაგასაც ახერხებს? - აბა, ხო გითხარი ბევრს შრომობსთქო. მართალი აღმოჩნდა ანა. აქედან გაცილებით უკეთ ჩანდა ცა. აღარც ბავშვების ყიჟინა ჩაგვესმოდა ყურებში,თორე ხედი იმავე იყო თითქმის, მცირე განსხვავებებით მხოლოდ, ქალაქის ეთნიკურ არქიტექტურას გაღატაკებული ქოხებიც შემატებოდათ, აღარც რაიმე სხვა გვეჩხირებოდა თვალში. ჩუმად ვისხედით, ანდაც რაღატო ამოვიღებდით ხმას? ცისთვის უნდა გვეცქირა, მითუმეტეს რომ წამშივე გვშთანთქა ვარდისფერ - ოქროსფერმა დინებამ და გაგვიტაცა ფარული სამყაროსაკენ. იქ, სადაც სანუკვარი ოცნებები ათევდნენ ღამეს. აწ გრილი სიო გზას მიგვიკვლევდა, ღრუბელთა ფერების ფაქიზი გრადაცია კი, თვალწარმტაც პეიზაჟს ხატავდა. ლურჯი, ოქროსფერი, ვარდისფერი, ცისფერი... ფერები - ჩემთვის კარგად ნაცნობი, პირველად ხომ არ ვხედავდი მათ?.. ნამდვილად, დაისი განა ერთნაირი არ არის ყველგან? იქნება ეს ჩემი სოფლიდან, თუ ჯურღმულიდან. განსხვავებული, მაგრამ ერთნაირი... სულ და ყოველთვის ხელგაშლილია ცა. ყოველთვის?..- გონებაში რაღაც გამიკრთა - მაშინ რატომ არ მახსოვდა მაშინდელი დაისი? არც გუშინდელი, ან შარშანდელი. რატომ ბავშვობაში არ ვუყურებდი ცას? არადა რამდენი ბორცვი იყო, საიდანაც იდეალურად მივადევნებდი თვალს. ვერ ვუყურებდი, რადგან არ ვფიქრობდი მასზე, მომავლით მქონდა გონება სავსე, შემდეგ კი - საქმით... რა იყო განა ამდენი საქმე, გამოულევი, დაუსრულებელი, ჩემით უნდა აშენებულიყო ქვეყანა? რატომ არ მივყვებოდი მზეს? აღმოსავლეთიდან - დასავლეთისკენ, და ასე, უსასრულოდ, წრეზე. სულ სხვა ლანდს მივდევდი მე... ლანდს? არა, გონებაში დალექილი ხმალმომარჯვებული პატრიოტების მოგონებებს, რომლებიც სინამდვილეში კარგა ხანია შეეჭამათ მიწას. შეერთებოდნენ მარადიულ ღამეს. ცხადია, მეომრები როდი იყვნენ ცუდი, პირიქით, არაერთი სიმღერა დაწერილა მათზე, კიდევ არაერთი დაიწერებოდა, უბრალოდ დიდი ხნის წინ მოეხადათ ვალი, შესაბამისად - დაეკარგათ აქტუალობა. აღარ იბრძოდნენ, აღარ დაძრწოდნენ გამგელებულნი ქვეყნის დასაცავად, უდტრვინველად იდგნენ, შეუმჩ-ნევლად ეხმარებოდნენ ხალხს და უყურებდნენ ცას, რგორც ხმელი წიფელი, ისე... ისე ამაგრებდნენ იმ მიწას, რომელზეც იდგა ქვეყანა. მათ არ იცოდნენ კარგი და ცუდი, ყველას ერთნაირად უჩრდილავდნენ მზისგან და ერთნაირად უწმინდავდნენ ჰაერს, მაგრამ რაც მთავარია, არავის არაფერს ართმევდნენ. მაშ რაღატომ ვაგრძელებდით სამშობლოს მიწის წითლად შეღებვას? სისხლის კვალი ხომ სამუდამოა, დროის მარადიულ დინებასაც კი უჭირს მისი წაშლა... ამაზე, იმპულსებით მართული ხალხი, ნაკლებად ვფიქრობდით ხოლმე - რა დროს ამაზე ფიქრი იყო. ლურჯი, ლურჯი იყო ცა... ვარდისფერი ოქროსფერში ირეოდა, ოქროსფერი - იასამ-ნისფერში... გაჩერებულიყო დრო და უწონობის მდგომარეობის წყალობით მზესთან ერთად მივცურავდი მეც, და მალე, ძალიან მალე, ჰორიზონტის მეორე მხარეს ვიქნებოდი... ყოველთვის ასეთი ლამაზია დაისი? ზღაპრულ სამყაროში გასახიზნი ნაპრალია, პორტალი, რომელიც გვავიწყებს აწმყოს დეფექტებს. თანაც, სრულიად უსას-ყიდლოდ დაგვიმგზავრებს ხოლმე თავის ნარნარა ტივზე. და მაინც - ამოვისუნთქე - ჰორიზონტის ხაზი წარმოსახვითია, ამიტომაც ვერ ჩავესვენებით ვერსად, ცაში ხომ არ გამოვეკიდებით არა? დიდი დიდი დავიძინოთ... მაგრამ, როგორ დავიძინოთ, როცა ასე შორს გავფრინდით უკვე? როცა ამხელა მღელვარებამ მოიცვა სული და აღტყინე-ბით გვიკანკალებს სხეული - კვლავ ავხედე ცას - არ მინდოდა დაბლა დაშვება, თუმც ვიცოდი, მძიმედ დავეცემოდი შემდგომ. ვებღაუჭებოდი თითოეულ ცვლილებას, თთეულ ფერს. ნათლად ვარჩევდი ფერთა სრულიად უმნიშვნელო ცვლილებასაც კი. ვშფოთავდი, ვინაიდან, ვგრნობდი, თუ რგორ მანარცხებდა სამყარო, მირაზავდა ოცნებებისაკენ მიმავალ კარს. არადა, თითქმის მივედი, მივუახლოვდი, ცოტაც და! იქ ვიქნებოდი! არა! გაქრნენ ფერები... აღარც ოქროსფერი, აღარც ვარდისფერი, მხოლოდ ნაცრისფერი, მე კიდე შევრჩი ცაში - ეულად. შარვალს მოვუჭირე ხელი, თავი დავხარე და ქუჩებს შევავლე თვალი. არავინ ჩანდა. რატომ არ ჩანდა არავინ? სადღაც მაინც ხომ ცხოვრობდნენ აქ? ახლოს... რატომ არ მოჰქონდა სიოს მათი ხმა? მხოლოდ მოლანდებები მიდიოდნენ მარტონი, გაშავებული ფიცრების ღობეებს შორის, ისე, რომ მგონი არც იცოდნენ ამბავი ერთმანეთის არსებობისა. გული შემეკუმშა, ნუთუ მეც ერთ - ერთი მათგანი ვიყავი? ასეთივე მოლანდება გავხდებოდი, შეპყრობილი რაღაც მიწიერით, და ამავდროულად, განცალკევებული დედამიწის მრავალფეროვნებიგან. ბინდის ქურქში ეწყობოდნენ ხეები, ნაცრისფერ პლაშს იმოსავდნენ გზებიც. ნაცრისფერი, ნაცრისფერი, ჩამობნელდა ქუჩები. ვერ გავძელი, კვლავ შევხედე ცას. მეშინოდა, მაგრამ, ჰოი საოცრებავ! მიუხედავად იმისა, რომ ღრუბლებმა დაისის ხიბლი დაკარგეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩაესვენა მზე, და გავაცნობიერე საკუთარი უსუსურება, და ყველაფერი ის, რასთანაც ჩაბმა ღამის განმავლობაში მომიწევდა, ზეცის სილურჯემ სიმამაცე შობა. ალბათ მეტად უცნაური იყო, მაგრამ ახლა უფრო ლამაზად მეჩვენებოდა ცა. როგორც ოკეანე ღამით, ისეთივე ამაღელვებელი! და, რაც მთავარია, რეალური! სიზმარი რეალობაში, ან რეალობა სიზმარში, ერთად კი - ლურჯი ექსტაზი. საკუთარი შეგრძნებით გაბრუებულმა, ანას გავ-ხედე, მოლოდინით, რომ იმავეს გრძნობდა ისიც. არა, თვალები დაეხუჭა, და მთლიანად შეერთებოდა ღამეს. არ ინძრეოდა. მხოლოდ თმას თუ აუფრიალებდა ქარი დროდადრო, კულულები ნაზად ეხებოდნენ კისერზე... - ანა, რაზე ფიქრობ? - უნებურად დავარღვიე სიჩუმე - ნახე, რა ლამაზია ცა - ვუჩურჩულე. - ჩშშ... დაისს ვუმზერ - არც თვალები გაუხელია, არც მეტი უთქვამს რამე, გაირინდა კვლავ. უზომოდ მაინტერესებდა, თუ რა ხდებოდა, მის სამყაროში, მაგრამ ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არ მქონდა, როგორ უნდა შემეღწია იქ. ვინ იცის, იქნებ საკუთარს გავურბოდი, თუმცა მოუსვენრობამ რომ შემიპყრო, ფაქტი იყო. რაღას ვიზამდი, ცას მივუბრუნდი ისევ. ცას ლურჯზე ლურჯს და უკიდეგანოს... ალაგ ალაგ ვარსკვლავები იბადებოდნენ, მთვარე - ღრუბლების უკან იმალებოდა, ხოლო სინაზე - თბილისის ქუჩებში იღვრებოდა. რამხელა სითბოთითაც დაისი ავსებს ადამიანის გულს, იმდენად სევდიანია შემდგომი საათების ცის ჭვრეტა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნაცრისფერი ღრუბლები მტრის რაზმივით მოემართებიან ჩვენ სულში, ტყვედ მთვარე აუყვანიათ და მზად არიან წარმოშვან მონოტონური მელანქოლია, რომელიც მიუჩვეველი ადამიანისთვის მეტად მძიმეა. მითუმეტეს რომ, სწორედ ახლა, დღისა და ღამის გასაყარს, გაძილებით მძაფრად შევიგრძ-ნობთ ეფემერულობას. სილამაზის, სიცოცხლისა თუ ახალგაზრდობის წარმავალობასა და... ეს ის გრძნობაა, მრავალ მანდილოსანს ღრმა დეპრესიაში რომ აგდებს, როდესაც ძველ სილამაზეს ეთხოვებიან, და მეც... როგორ მენანებოდნენ ხოლმე ყვავილები ეზოში. წყალსაც ვუსხამდით, ვუვლიდით კიდეც, მაგრამ მაინც ჭკნებოდნენ და იტაცებდნენ ჩემი გულის ახლადგაფურჩქნილ კოკრებსაც. შემდეგ ისევ ბრუნდებოდნენ, და ხელახლა ვიბადებოდი მეც. ოღონდ ეს გაცილებით მეტი იყო, ვიდრე გაზაფხული, ეს ძველ სიყვარულთან შეხვედრას ჰგავდა. შემდეგ ამათაც ვეთხოვებოდი ხოლმე. მოკლედ, უსასრულო ციკლი იყო ეს. ყოველი განშორება თითქოს უკანასკნელი, დასასრული გულის ახალგზარდობის. მაგრამ დაისი ხომ არ არის ყვავილები? ეს ჩვენი ბუნების გამო გვეჩვენება დაკარგული მიღებულზე მეტად, ჩვენი ბუნების გამო ვერ აგვივსია ჭურიც. ვარსკვლავების თვლას შევუდექი. თხუთმეტამდე რომ დავითვალე, ანამ ამოისუნთქა. - ეხლა ცა მუქი ლურჯია... - თვალებიც გაახილა - ცას მიაგება მზერა, თუმცა შინაგანი თრთოლა ვიგრძენი მისი. ამჯერად მის სახეზე გაკრთა რაღაცა, გაკრთა, ოღონდ არ გამქრალა, კვალი დატოვა. ნერწყვი გადაყლაპა და მე გამომხედა. სიბნელეშიც კი ვხედავდი, რამხელა სევდა ჰქონდა თვალებში. ეს სევდა კი, ოკეანესავით ღელავდა... - ცუდად მოვიქეცი? - დავიბენი, ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. - რაზე? - აი, რო მოვიპარე... - გამეღიმა. ცას ავხედე წამით. - რამდენი ვინმე იქცევა ცუდად, გაცილებით უარესად, ვიდრე შენ, და არც ნანობენ. გარდა ამისა, მართალი ყოფილხარ, ცუდი ქალია ნათელა, რატომ დარდობ, დაიკიდე. - მაგრამ... გაბრაზებული მივა სახლში, და, მერე ბავშვებს ცემს. - ადრეც მოგიპარავს მისგან? - კი... - დაიმორცხვა. - რატომ? - რატომდა, შვილებს ეჩხუბება, კატებსაც, სულ აცხა აცხაო, უძახის. - ესე იგი, არ სჭირდება მიზეზი, არა? - ხო არ შეილება არა უმიზეზოდ იყოს ბოროტი? - არ ვიცი, მაგრამ რა გამართლება აქვს იმას, რასაც ხალხი აკეთებს? ერთმანეთს კლავენ, გულს ტკენენ, ატყუებენ. მათ გულსაც ყველა ფუნქცია დაუკარგავს, სისხლის ტუმბვის გარდა. - მაგრამ... ცხოველებს თუ შეუძლიათ სიყვარული? ამოვისუნთქე. რა პასუხი გამეცა, ვერ მოვიფიქრე. გულწრფელად არ მესმოდა, როგორ შეეძლოთ ადამიანებს სისასტიკეების ჩადენა, როგორ ეძინათ ღამე. ცას ავხედე, მთვარეს გამოეჭყიტა. რამდენიმე დღის წინ სავსე მთვარე იყო, ახლა კი, ნელ ნელა იკლებდა ზომაში. - მსხალი მომაწოდე - აღარ მიყურებდა - ატამი კიდე შენ ჭამე. ალბათ გეყვარება ატმები, შენთვის მოვიპარე. ცელოფანი ჩემთან ახლოს დო, ამოვიღე და, მივაწოდე. ამ სპეკულაციის საბაბის გარკვევა არ დამიწყია, ჭამას შევუდექით. თვალს ვერ ვაცილებდი. მეგონა, ეს ესაა ატირდებოდა, თუმცა არ ტიროდა, იკავებდა თავს. შემეცოდა. როგორ გამემხნევებინა, არ ვიცოდი, ამიტომ, ყურადღებას მაინც გადავუტანთქო, ვიფიქრე, და საუბარი დავიწყე. - ხშირად იპარავ ხოლმე? - ხშირად, კვირაში ორჯერ მაინც. მარა კარგ ხალხს არ ვპარავ არასდროს, მართლა - თვალები მომანათა, თითქოს გაკიცხვას უფრთხისო. - მერე, არ გიცნობენ უკვე? - სულელი კი არ ვარ. დღეს თუ კოლმეურნეობიდან მოვიპარე, შემდეგში ვაგზალზე წავალ, იქით კვირაში - დიდუბეში, იმის იქით - გლდანში. ძირითადად, ისე ვახერხებ, ერთ გასვლაზე მთელი კვირის ნადავლი მოვაგროვო. მარა არ მიყვარს ქურდობა, ბოთლების შეგროვება მირჩევნია. - და დედა? არ მუშაობს? - ვეღარ. მაღაზიაში მუშაობდა, მარა შარშან ინსულტი დაემართა და, სიარულითაც ძლივს დადის. ბებოს პენსია გვაქვს მარტო - რაღაც ჩამიწყდა გულში, სევდის ტალღამ მომისროლა ცივ უკაცრიელ სანაპიროზე. ვერ წარმომედგინა, ლუკმა პურისთვის ამდენი გარჯა, თანაც ბავშვისა, რომლის ასაკშიც, მე სადარდებელიც არა მქონდა რა... ჩემდა უნებურად ნაყიდ ლობიოს ვტაცე ხელი და გავუწოდე. თვითონ მსხლის ჭამას მორჩა და დაბნეულად შეხედა ცელოფანს. - აიღე - წავიბურტყუნე. ანამ სიცილი დაიწყო. კისკისი აუტყდა და წამში განათდა ცა, ხეებმაც გაიხადეს რუხი ქურქები, მე კი, კიდევ უფრო დავიბენი. ვერც ხელს ვწევდი უკან, ვერც რამეს ვამბობდი, სულელივით ვუცქერდი და ველოდი. - არ გამოგართმევ მაგას - გამიღიმა - ვერ ვიტან, როდესაც ნაღვლიანად მიყურებენ. მაგიტო არ ვმათხოვრობ. მირჩევნია მთელი დღე ქუჩებში ვიბოდიალო რაღაცეების ძებნაში, მარა ხელს არ გავუწვდი არავის. თანაც ლობიო მაქვს სახლში. მწვანე ლობიო მაქვს, ძალიან მიყვარს. გრეჩიხაც მაქვს და ცოტა ბრინჯიც - ხელი გამოვწიე. - აქ ხშრად დადიხარ? - თემის გადატანა მომინდა. - ხანდახან დავდივარ, იშვიათად არა. ისე, ყოველ საღამოს ვუყურებ დაისს, პატარა უფლისწულივით, ოღონდ, სულ სხვადასხვა სახურავებიდან. - გყვარებია სახურავებზე ძრომიალი, გატყობ. - კი, მარა მარტო იმიტო კი არა, რო დაისი ჩანს, იმიტომაც, რო ხალხი ცხოვრობს. საღამოს შუქს ან სანთელს როცა ჩართავენ ხოლმე, ყველაფერს ვხედავ. ზოგი ვახშმობს, ზოგი გაზეთებს კითხულობს, ზოგი ტელევიზორს უყურებს და ზოგიც მუსიკას უსმენს. ყველაზე მეტად ასეთ ხალხთან მიყვარს სიარული, მუსიკას ვინებიც უს-მენენ. შეიძლება სიმღერებზე არ გადავირიო მარა, რა ვიცი, მსიამოვნებს. რესტორნებთან ყიალს კი ჯობია. იქ არც ხალხია საინტერესო, არც სიმღერებია კარგი. უაზრო შოუები და ღლიცინია, საკუთარ ოთახებში გამოკეტილ ხალხს კი, ისტორიები აქვთ! აი, მაგალითად, სოლოლაკში, ზემოთ, ერთი გოგო ცხოვრობს, იცი, რა კარგი გემოვნება აქვს? მამამისი კაპიტანია და, ბევრნაირი დისკი ჩამოაქვს ხოლმე. მარა იშვიათად ჩამოდის. წელიწადში ორჯერ, ან სამჯერ. - იცნობ? - ცოტათი. მორიდებული გოგოა, კულტურული, მე კი არა მგავს. ახლა გამოცდებისთვის ემზადება. უნივერსიტეტში აბარებს, ფილოლოგიურზე. ეჭვი არ მეპარება, ჩააბარებს. მაგრამ იცი, ნამეტანი უცნაური ოჯახი აქვს, მართლა. თითქოს სათითაოდ ყველა წევრი კარგია, აი ერთად კი, რაღაც ვერ არი. არც ჩხუბობენ, იშვიათად კამა-თობენ, თუმცა სიცივე იგრძნობა, ხიდჩატეხილობა - გამიკვირდა ეს სიტყვა რომ იცოდა, გამეღიმა - არც ლაპარაკობენ ხოლმე, ყველა თავის საქმეს აკეთებს. ბაბუა ატარებს ყველგან, მარტო არსად უშვებენ, ეგეც, მდუმარედ ემორჩილება. ამ ბოლო დროს სულ აირია ყველაფერი. ჯერ ტყუპები შეეძინა დედამისს, მერე, რაც მიტინგები დაიწყო, გიმნაზიიდან სხვა სკოლაში გადაიყვანეს, ორთაჭალაში სადღაც. ჰო და, ცხოვრობს ეგრე, თავის ოთახში ჩაიკეტება და, ხან კითხულობს, ხანაც მუსიკებს უსმენს. არას-დროს ტირის. - რა ჰქვია? - ისე ამომხედა, თითქოს რაღაც სრულიად უადგილო ვკითხე. თვალებში ძველი სიანცე ჩაუდგა და, ცხვირი აიბზუა. - არ გეტყვი - ცას ახედა, უკვე სერიოზულად, მაგრამ ვგრძნობდი, რაღაც ონავრული უტრიალებდა თავში. რამდენიმე წამის შემდეგ, კვლავ შემომხედა, და ისევე ეშმაკურად მკითხა - გინდა ვესტუმროთ? - ამ შუა ღამისას? - გავოცდი. -მერე რა, გაუხარდება. - აბა რა, სულ ცეკვა ცეკვით შეგვებება. - იცი, რა ლამაზად ცეკვავს?! - და რა კარგი ხმა აქვს! მის ადგილას მომღერალი გავხდებოდი მე! - ღმერთო მაღალო, ძინავს ალბათ, გაანებე თავი. - უფ! გვიან იძინებს ხოლმე. - რა გვინდა ახლა მასთან? - სიმღერებს მოგვასმენინებს! - კარგი რა, ანა, დაიოკე თავი. - მე მივდივარ და შენ რაც გინდა ის ქენი - წამოხტა და დამეჭყანა. პირდაპირ ღობეზე ისკუპა, იქიდან - მეორე სახლის სახურავზე. - ანა! - დავუძახე. მეც წამოვდექი, ლობიოს ცელოფანს დავტაცე ხელი და გადავედი ღობეზე. შემდეგი სახლის სახურავი, ზუსტად ღობესთან იყო, ამიტომ გადახტომაც არ დამჭირვებია, უბრალოდ გადავაბიჯე. - ჩუ! დააყენე მთელი უბანი ფეხზე - ენა გამომიყო და გზაზე ისკუპა. ჯანდაბათქო, გავიფიქრე და სახურავის მეორე მხარეს გავიქეცი. არ ვიცოდი, იყო თუ არა ვინმე სახლში, ამიტომ ვცდილობდი, არ მეხმაურა. ღობე არც ისე შორს იყო სახლიდან, შესაბამისად, ანას მივბაძე, და პირდაპირ სახურავიდან გადავხტი გზაზე. მართალია, მუხხლებით დავეცი და ცელოფანიც კინაღამ გაიხა, მაგრამ არაფერი მომსვლია. რაღაცნაირად, მესიამოვნა კიდეც იმპულსებს აყოლა. ოღონდ ჩემი ფარუ-ლი აღტყინება დიდი ხანი არ გაგრძელებულა, ანა დავინახე თუ არა, მაშინვე მოვედი დატუქსვის ხასიათზე. - გვიანია უკვე, ხო ხედავ, ვარსკვლავებიც ჩანან ცაზე, შენი სახლში წასვლის დროა - არც მოუხედავს, შეტრიალდა და კატასავით გაცუნცულდა. ჩავიქნიე ხელი, გავყევი უკან, თან ალაგ - ალაგ განათებულ ეზოებს ვაკვირდებოდი. განათებული არც ეთქმოდა, სანთლები ჰქონდათ ანთებული სახლში, და მისი მკრთალი შუქი მაძლევდა სილუეტების გარჩევის საშალებას. თითოეული მათგანი მომცრო, მარტივად აგებული იყო, სულ არ ჰგავდა ძველი თბილისის არქიტექტურას. თითქოს ხო, ძალიან ახლოს, მაგრამ სრულიად განსხვავებული. ბუნებრივიც არის, მიუდგომლობის გამო, მდიდარი არ დასახლდებოდა აქ, ღატაკები კი, უკეთესს აბა როგორ ააშენებდნენ?.. თითოეულ ფიცარი თუ ისარი შემაწუხებლად ზუზუნებდა, ყურში ჩამესმა, როგორ ჩეხდა მოხუცი კაცი შეშას, როგორ მიათრევდა წვალებ წვალებით სახლში და როგორ შეუკეთებდა ფეჩს, სახლში კი, მეუღლე სახსრების ტკივილს უჩიოდა. ძლივს ძლიობით რეცხდა ტანსაცმელს ცივ წყალში, ხოლო დილა უთენია, გამოჰქონდა და ეზოშივე გაბმულ თოკზე ფენდა. გარეთ ბავშვი მიწაში იგანგლებოდა და დედა გაბრაზებული უყვიროდა მას. გულს მიმძიმებდნენ აქაური პეიზაჟები, შესაბამისად ვარსკვალვებზე გადავიტანე ყურადღება. როგორ შორს იყვნენ, სამაგიეროდ, ყველგან დაგვყვებოდნენ ხოლმე. მართალია, ენაწყლიანობით არ გამოირჩეოდნენ და მეტწილად დუმდნენ, თუმცა ესეც უკეთესი იყო, ვიდრე მიწიერი პრობლემების სპირალში აბურდვა. კარგა ხანი ვიარეთ მდუმარედ, დაღმართს რომ მივადექით, ვინაიდან თავაწეული ვეღარ ვივლიდი, და არც ქუჩების ჭვრეტა მსურდა დიდად, ანასთან გადავწყვიტე საუბრის გაბმა. - სიბნელის არ გეშინია? - ცოტა ხანი ხმა არ ამოუღია, მხოლოდ სვლა შეანელა ოდნავ. - ცოტა... - ჩუმად ჩაიბურტყუნა ბოლოს. - ცოტა? - ჩავეკითხე. - ადრე მეშინოდა, პატარა როცა ვიყავი, მარა აღარ მეშინია. ისე, სიბნელის არ მეშინია, ღამის მეშინია. - რატომ გეშინია ღამის? - ცბიერია ღამე, არ გავს დღეს. დღისით შენ ხარ სამყაროს მეფეც და დედოფალიც. ღამე კიდე სულ სხვა კანონებია. აღარ შეგიძლია სირბილი, გაიქცევი და - წაიქცევი. მიდი აბა, თუ მაგარი ბიჭი ხარ, გაიქეცი! - მართალს ამბობ მაგრამ, რა საჭიროა სირბილი, ღამე ქუჩებში უნდა დავრბოდეთ? - რატო არა? - სახლებში უნდა ვიყოთ, ლოგინებში. - და ვისაც სახლი არ აქვს? და არც ლოგინი? გავჩუმდი, უფრო სწორად, გამაჩუმა. ლაპარაკ ლაპარაკში ენგელსის ქუჩაზეც ჩამოვდით. აქ უკვე, განათებაც მეტი იყო და, ხალხიც დაიარებოდა. ანა საერთოდ არ უყურებდა ხალხს. იმდენ ადამიანზე იცოდა ამბავი, მეგონა, პირიქით, ინტერესით დაათვალიერებდა ყველას, მაგრამ არა, არც დღისით, არც ღამით, წამითაც არ შეუხედავს მათთვის. ლამპიონებს უმზერდა. პეპელასავით მიიწევდა მათკენ. ვითომ პატარა, მგრძნობიარე და მყიფეზე მყიფე, მაგრამ ვერაფერი აღუდგებოდა წინ, ვგრძნობდი. მიდიოდა იქ, სადაც გული უძღვებოდა. რატომღაც მეგონა, მოედანზე გავიდო-დით, თუმცა ანამ ზემოთ აუხვია, ქუჩას აუყვა. - საით? - დავინტერესდი. - ასე წავიდეთ, არ მინდა იქ გაქვლა, არ მიყვარს ეგ ადგილი. - ლენინის მოედანი? რატომ? - ცუდი ადგილია. - მე მომწონს - გავიკვირვე - მეტად სიმბოლურია. - თავისუფლების? - არა? - ცუდი ამბები ხდებოდა მანდ, და ყოველთვის, როცა მანდ დავდივარ, ისევ თავიდან მესმის ის საშინელი ხმები, ღამით განსაკუთრებით.