საგზლად წამოღებული მთის დღიურები
საგზლად წამოღებული მთის დღიურები
ნინა ბებოდამწიფდებოა ტყეში მოცვი - ჩაილაპარაკა ნინა ბებომ და პატარა სკამზე ჩამოჯდა. ხო,გავიფიქრე მეც, დამწიფდებოდა მოცვი, და თავლწინ დამიდგა ჩაშავებული წვრილი მარცვლებით დახუნძლული ტოტი, რატომღაც სულ მეგონა რომ აქ, ამ მიუვალ მთებში მოცვის გადაბარდული ბუჩქები ზაფხულის დასრულებას გლოვობდა.მოცვის კრეფა ძნელია, მარტო ერთი ადამინი ვერ წახვალ, იქ ერთმანეთის იმედად უნდა წახვიდე .მიგვქონდა გოდრები( ზურგზე მოსაკიდებელი თხილის წნელისგან მოწნული კალათები). გავამწკრივებდით ხის ძირებში და მოვიწევდით მთის კბოდეზე დაკიდებულ მოცვის ტოტებს,მუჭში ჩაგროვებული მოცვი იყრებოდა კალათში.მე მიხაროდა ის რომ მეგონა შავ ფერს ვსპობდით მთის მწვაენე და მოლურჯო ფერებში.ვკლავდით გლოვას,სიჩუმესა და სკვდილს .მიყვარდა ის ერთობა, რაც მოცვის კრეფას ახლდთა თან. ჩვენთან ერთად ათას ამბავს ისმენდა მთაც,თითქოს ყურს გვიგდბა და გულში იხვევდა ამდენი ქალის დარდს, სურვილსა და ნატვრას.ზამთრის პირას სოფელში ჩამოივლიდა ,,ურია ვაჭარი" იწყებოდა ბჭობა, რა უნდა ეყიდათ მოცვის საფასურად ქალებს.სურნელოვანი საპნები, ჭრელაჭრუა ფარჩის ნაჭრბი, ჩანთები, სარკეები,ყველა ქალი გზაში ებრაელის მოტანილ მოჩუქრთმებულ სარკეებზე ლაპარაკოდა.მაშინ არ მიფიქრია და ახლა ვხვდები როგორ სცოდნია ებრაელ ვაჭარს ქალის შინაგანი ბუნება.ქალის ხიბლი და იდუმალება.საღამო ხანს ინთებიდა დიდი კოცონი და მოცვის მწვანე ხასხასა ფოთლები უნდა გესრისა ხელისგულებში,გამთენიის ხანს უკვე მინავლებულ კოცონზე გაგეშრო. ჩამობნელებული ღამე მოცვის დაბინავებაში თენდებოდა. მწიფობას იწყებს ტყეში მოცვი ,კვლავ ჩაილაპარაკა ნინა ბებომ და ფანჯრის რაფაზე სარკეს გახედა...მეც შევხედე, გაბზარულა კუთხეში. ნაოჭებისაგან მოჭიტული თვალებით მთას გახედა ნინა ბებომ.ადვილად წავიკითხე მის სახეზე, როგორ ჩაიარა წუთში მთის ქალობამ...და რა ძვირფასია მისთვის, დღეს უკვე, უფუნქციო სარკე.ეჰ, დამწიფდება ტყეში მოცვი...რამდენ ისტორიას იტევს ეს ერთი შორისდებული, ეჰ ...ჩემთვის გლოვა გამოხატა, ნამდვილი გლოვა, იმ ქალების აღარ ყოფნისა, იმ ცარიელი კალათების ტკივილისა, ზოგი რომ გადაყარეს ზოგი სუვენირებად რომ შემოინახეს.ხელში მიჭირავს,საჩუქრად წამოღებული მოჟატული კაბა, შენ ,,კაი ჩაის ჩამოტანდი" -მეუბნება ნინა ბებო.გავჩუმდი, არ მითქვამს, ის ჩაი, ღამე დანთებული კოცონი და მოცვის მურაბაა, რაც დღემდე მკვებავს,ხშირად იმ კოცონის ალიც მახსენდება დაღლილობას,გლოვასა და სიკვდილს რომ ამარცხებდა .კაბა კვლავ ხელში მაქვს ჩაბღუჯული,ვერ ვბედავ ვაჩუქო, რად უნდათ ნინა ბებოსნაირ ადამიანებს უისტორიო, ცარიელი, არაფრისმთქმელი საჩუქრები?! ჭელიანთ ღელის იდუმალება ჭელიანთ ღელე იდუმალი ადგილია და მის იდუმალებას მოარული ამბებიც ამძაფრებს.თავად ადგილი ისეთია,ნამდვილად ქმნის ამოუცნობ სამაყაროს, სულ ზენიტშიც რომ მიყოს მზე, ამ ადგილას მაინც სიბნელეა,თითქოს ღამდებაო ისეთი სიბნელე,ხეები ისე ახლოს არიან ერთამნეთთან გეგონება სულ რაღაცას ჩურჩულებენ და რაღაც ამბებებს მალავენ,ხეები,რომ ლაპარაკობენ,ბრაზდებიან,უყვართ,ენატრებათ მე ამის მჯერა,რადგან ჩემი ბავშვობის ირგვლივ სულ ტყე და მთა იყო და ეს რომ არ დამეჯერებინა, როგორ უნდა გეცხოვრა იქ?! იქ ვიცოდით,რომ ხეებსაც სტკოდათ, წუხდნენ, უხაროდათ და ესმოდათ ჩვენი. ტყეში თავისებური სიცოცხლეა, მაგარამ აქ,ჭელიანთ ღელეში ეს სიცოცხლე არ იგრძნობოდა.აქ იდუმალება სუფევდა.ჭელინთღელე იგივე (ჭინკების ღელე ასეთი განამრტება ჰქონდა) ჭინკებით იყო დასახლებული,ჭინკები იგივე ეშმაკები, აქ ღამით გამოდიოდნენ და აწყობდნენ გეგმებს როგორ მოეტაც ან შეეშინებიათ ადამიანები, როგორები იყვნენ ჭელინთ ღელეში მცხოვრები ჭინკები რომ გეკითხა,ყველა თავისებურად გიხასიათებდა,ალაბთ როგორც წარმოედგინათ, ზოგი ამბობდა ბევრი ფეხი აქვთო,ზოგი ამბობდა ძალიან გამხდრები და წვრილები არიან, ამიტომაც ცხოვრობენ აქ, ჭელიანთღელეში შედარებით,წვრილი, რცხილის ხეები იდგა. ზოგი ამბობდა ხის კენწეროზე არიან დაკიდებულნი და საღამოს თუ ვინმე ადამიანი დაინახეს გავლილი აედევნებიანო.ამიტომ საღამოს ყველა ერიდებოდა ჭელიანთ ღელეში გავლას.თუ მაინც და მაინც ამ გზის გავლა ღამე მოგიწევდა 5 დღე სახლიდან არ გიშვებდნენ,ეზოში უნდა ყოფილიყავი დაკვირვების ქვეშ.ჭინკების გარდა ჭელიანთღელის მაცხოვრებლები იყვნენ ტყის ქალები,რომლებსაც მთაში ,,ალს"ეძახდნენ ჭინკებისგან განსხვავებით,, ალის" ყველა ერთანირად ახასიათებდა ,,ალი " პატარა ღელის წყალს მოყვებოდა, ფეხშიშველი,ოქროსფერკულებიანი ლამაზი ქალი, რომელიც სწორედ იმით სარგებლობდა რომ მომნუსხველი სილამაზით გაბნევდა,და თუ მოიხიბლებოდი და მის მაცდურ მახეში გაებმებოდი,მერე კი ეშმაკად გადაიქცეოდა.ალისთან და ჭინკებთან ბრძოლის ერთი გზა არსებობდა,საღამოს,თუ ჭელიანღელისკენ გვიხდებოდა გავლა,თამაში სანთელს ჩაგვიწნავდნენ,სანთლიანი თმის ეშინოდათ ჭინკასაც და მშვენიერ ქალბატონ ალისაც. მთაში ყველა ქალს გრძელი თმა ჰქონდა,გოგოებს ნაწნავები,ამიტომ ეს მარტივი საქმე იყო მშვიდი მგზავრობისთვის.აღდგომის წინ,დიდ ხუთშაბათს,ჭიაკოკონას გავრცელებული ტრადიცია საქართველოში ყველასთვის ცნობილია,ჩვენთანაც რა თქმა უნდა მყარად ფესვგადგმული ტრადიცია იყო,ოღონდ ერთი განსხვავებით, დიდი ცეცხლი უნდა დაგენთო ჭელიანთ ღელიდან უნდა გამოჩენილიყო, რომ მთელი წლით დაეფრთხო და შეეშინებინა ცეცხლის ალს ჭელიანთღელის ,,მშვენიერი ალი". ამიტომაც მთელი წელი ვაგროვებდით ხმელ ტოტებს,ვენახის ნასხლავ ლერწსს, ხის ნაფოტებს და მერე დიდ ცეცხლს ვანთებდით,ჭინკების შესაშინებლად.თუ ვინმეზე იტყოდნენ ჭინკა გამოყვაო,ამის საშველიც იყო, ამ ადამიანის სიგრძის სანთელს ჩამოქნიდნენ ( ასე ვეძახით ჩვენ სანთლის გაკეთებას, ძაფის ამოვლებას სანთელში) ხელისგულებით ათბობდნენ სანთელს და ასე ახვევდნენ ძაფს,ხელისგულში გამთბარ სანთელს. ძაფი სიგრძით ადამინის ზომა იყო და მერე ამ სანთელს ანთებდნენ ტაძარში.ჭინკების შიში არ ვიცი რამდენად გამომყვა, მაგრამ ღვთის შიში კი თავისებურად ჩამინერგა ამ ამბებმა. ძალიან პატრას მწამდა რომ ყველა ბოროტებას ღმერთი ამარცხებდა.ვისაც სწამდა და სჯეროდა ღვთის, მას ვერაფერი მოერეოდა.ხოდა მთაში იცოდნენ სიყვარული.მთაში იცოდნენ რომ თუ მარხვის დღეებში, სამუშაოდ წასულს, საგზლად, არასამარხვო საჭმელი მიგქონდა, ჭინკები გრძნობდნენ და ადვილად გამარცხებდნენ.მთაში ცხოვრების წესი თავისთავად და ბუნებრივად იცოდნენ, ყველანაირი ნიღბისა და სცენის გარეშე.იღლებოდნენ მხოლოდ შრომით.უხაროდათ ერთმანეთის სიხარული.ლოცულობდნენ ერთმანეთზე,ერთმანეთის მოსავალზე, ერთმანეთის ოჯახებისთვის და იღიმოდნენ იღიმოდნენ სულ და ყოველთვის.ლაღი და გულწრფელი ღიმილი იყო ფარი ბოროტი ჭინკებისა და ალის მაცდური მშვენუერების დამარცხებისა.მთის ხალხს,ყოველთვის განსაკუთრებული სუნი აქვთ,სულიერი სისუფთავის სუნი. ანდრეი ყველა ადმიანი ხომ თავისნაირი,მაგრამ სამყაროში არიან ადამინაები, რომლებიც არავის არ ჰგვანან, აქვთ რაღაც,ისეთი გამორჩეული და თავისებური თვისებები, მერე ეძებ,ეძებ წიგნებში,ვინმე პერსონაჟს იქნებ მიამსგავსო,ეძებ ფილმებში, მაგრამ, ხვდები რომ ვერ პოულობ,ვერც ამსგავსებ ვერავის.ასეთი იყო ანდრეი, ანდრო პაპა,მაგარამ მე მისთვის პაპა არსდროს დამიძახია, სულ ანდრეის ვეძახდი.მაღალი კაცი იყო, სიმპატიური, ხშირი თმები ჰქონდა,ცოტა უხეში და სულ რომ ცდილობ უკან გადაიწიო თმა,მაგრამ რომ არ გემორჩილება, ამიტომ სიმაღლეზე უბიბინებდა ხოლმე ქოჩორი. დიდი ფორმის სათავლის გაკეთება უყვარდა, მაგარამ ასეთი უხდებოდა.სულ ჭრელ პერანგებს იცვამდა და ორი ღილი ყოველთვის შეხსნილი ჰქონდა, ყოველთვის სწორი შარვლები ეცვა. როგორც თავად იტყოდა: ,,ხალვათად მაცვიაო ". ანდრეი ხის ხელოსანი იყო,საოცრად ნიჭიერი,ლამაზ ჩუქურთმებს თლიდა, თავადვე იგონებდა მოდელებს, დღე და ღამ თავის სახელოსნოში იყო და მახსოვს რომ მივიდოდი გააჩერებდა ხერხს, წარბებზე და თმაზე სულ ნახერხის წვრილი მტვერი ეყარა, ჩამოიფერთხავდა,მომესალმებოდა და მეტყოდა : - აი სად გადაგინახე ლამაზი ბურბუშელა (სალაშინით აცლილ ფიცარს ეძახდა ბურბუშელას) ახალა აგერ დაზგაზე( შესასვლელში ედგა,უმოქმედო რკინის სახერხი,) დაყარე და ლამაზი ტორტი გააკეთეო. დავიწყებდი მე და მერე შემომიერთდებოდა ხოლმე, ვაცხობდით მე და ანდრეი მის დაზგაზე, ნახერხით, ჯერ ერთასრთულიან შემდეგ კი სამსართულიან ტორტებს. ანდრეის ცოლი ხშირად საყვედურობდა იმაზე, რომ ,,მე ნიმუშები მიდგას სახლში,სახლის ავეჯზე ვარჯიშობ და სხვებს კარგად უკეთებო". ანდრეის, საერთოდ არ ჰქონდა რიაქციაც ამაზე, ვითომ არც ესმოდა,ან ახალი სკამის გაკეთებას აგრძელებდა, ან საწოლის თავის ახალ ჩუქურთმას ჭრიდა, ცოტა ხმადაბლა უსტვენდა, თავისთვის.მერე გამოიხედავდა სახელოსნოდან : აბა წრუნტა( ასე მეძახდა) რა ქენი ტორტი" ? - ისე შემეკითხებოდა, გეგონებოდა მხოლოდ ეს იყო ამქვეყნიური საფიქრალი მისთვის.პირველი კონკურსი,სადაც მონაწილეობა მივიღე ანდრეის სილამაზის კონკურსი იყო, ზაფხულობით ხშირად ატარებდა კონკურსს, თუმცა ვერასდროს ვერ გავხდი კონკურსის გამარჯვებული. პირველი ადგილი უპირობოდ თავის დას ეკუთვნოდა,არცერთ ბავშვს არ გვყავდა მისი და ნანახი, მაგრამ ყველამ ვიცოდით რომ პირველ ადგილს ის იკავებდა, ჩვენ მეორე- მესამე ადგილისთვის ვიბრძოდით,ისეც გავკადნიერებულვარ რომ ერთხელ შავი ქლიავიც კი დავუკრიფე და მივუტანე ქრთამის სახით, თუმცა ანდრეის ობიექტურობა ვერც შავმა ქლიავმა შებღალა. მე ისე გავიზრდე და წამოვედი იქიდან, ანდრეის სილამაზის კონკურსში არ გამიმარჯვია. როგორც ვთქვი ანდრეი ხელოსანი იყო, ამიტომაც უწევდა ხოლმე ადამიანებისთვის სამუდამო სამყოფელის, გაკეთებაც. ეს ფაქტიც ჩემს თავლწინ ხდებოდა,ანდრეი განასკუთრებული დუმილით, ძალიან ფაქიზად აკეთებდა განსვენებული ადამიანების ერთ ოთახს.მერე გაკეთებულს გამოიტანდა და ჩემი ტორტების დაზგაზე შემოდებდა. რაღაცნაირად მხიბლავდა ეს სამყოფელი ჩავწვე ? -შევეკითხე ერთხელ - კი,თუ გინდა ხოდა ჩავწექი, რომ ავდექი და გადმოვედი, შემეკითხა : - ,,შეგეშინდა" - არა,რისი? იცი რა ლამაზი ჩანდა ცაა ?! ხოდა ეგაა სულ სიკვდილი.ეგ სიკვდილს ჰგონია რომ ძლიერია,ყველას ამარცხებს,აბნელებს და ატირებს, ვისაც ეწვევა, არადა რა იცის სიკვდილმა როგორი ლამაზია იქაური სამყარო?! ალბათ გაგიკვირდებათ და შეიცხადებთ კიდეც- უი, ეს როგორ უთხრა ბავშვსო, მაგრამ ანდრეიმ სიკვდილის შიში გამიქრო, ჩვეულებრივობა გახადა ის ერთოთახიანი საბოლოო სამყოფელი, რისიც სხვებს ეშინოდათ. ანდრეიმ არა ერთხელ მითხრა და მიმაჩვია რომ სამყაროს დედოფალიც რომ გავხდე, მსოფლიო მბრძანებლობაც რომ დამევალოს,ბოლოს მაინც ასეთი, ერთიოთახისამარა დავრჩები.რას ამბობ ანდრეი, თუ სამყაროს ბრძანებელი გავხდი,ავკრძალავ ამ სიკვდილს,მკაცრად ვეტყოდი მე.ანდრეი ჩაიცინებდა და იმ დიდი ფორმის სათვალეს მოიხსნიდა,თვალებს ამოისრესდა და ჩაილაპარაკებდა -,,ესაა სამუდამო სახლი,რომელსაც სიკვდილი გყიდულობს,ვინც არ უნდა იყო".ამაში რა ჩავა ანდრეი ? ცოტა ჩააღრმავე - ვეტყოდი .ამაში რაც ჩადის იმისთვისაც დიდია,ჩემო წრუნტა -მეტყოდა .სიყვარული და სიკეთე გულის ჯიბით მიაქვს, ვინც აქ უნდა იცხოვროს და მეტი იქ რა უნდა.ანდრეი ახლა იქ ცხოვრობს,მაგრამ ჩემი და ანდრეის მეგობრობა მარადიულია, ყოველ ზაფხულს მივდივარ მის საფლავთან და ვიცი გულის ჯიბეში ჩვენი მეგობრობაც უდევს.კონკურსში ვერასდროს, მაგრამ, მასთან მეგობრობით გამარჯვებული ვარ .ხოდა სამყაროში არიან ადამიანები ყველა თავისნაირი,მაგრამ ზოგი ძალზედ გამორჩეული,ეძებ მერე მისნაირს მაგრამ ...ვერ,ვეღარ ... მთაში მთაზე მთაში მთაზე ასე დავარქმევდი ლეონინესთან სტუმრობის დღეებს.ლეონინე საოცარი ქალი იყო, ხალიასიანი, არ მახსოვს ან გაბრაზებული, ან ვინმეზე რაიმე ცუდი ეთქვას, ან ჩვენთვის, ბავშვებისთვის, გულსატკენი შენიშვნა მოეცა, არ გაგვიბრაზდებოდა არც დაგვსჯიდა, უკეთილესი ქალი იყო, შვილი ჰყავდა გარდაცვლილი,პაპამ მითხრა : ლეონინეს შვილი რომ გარდაეცვალა,მეზობელს ქორწილი ჰქონდა, ისე დამალა ეს ამხელა უბედურება,არავის გაუგია სოფელში, სანამ ქორწილი არ დამთავრდა და ქორწილში მოწვეული სტუმრები არ გააცილესო. მთის ხალხმა განსაკუთრებულად იცოდა ჭირისა და ტკივილის გაზიარება,ისე იგლოვებდა მეზობელი მეზობლის გარდაცვალებას,გეგონებოდა თავად გარდაეცვლა ოჯახის წევრი.ასეთი ქალი იყო ლეონინე.ხოდა ზაფხულობით, როგორც მთაში იტყვიან,აიკრავდა გუდა-ნაბადს და მიაშურებდა მთას, სახლიდან შორს პატარა ხის ქოხი ჰქონდა,გაირეკავდა ძროხებს,ქათმებს და იწყებდა იქურ ცხოვრებას.რა თქმა უნდა ვსტუმრობდით და არც ისე იშვიათად.ალიონზე,გამთენიისას,დავადგებიდით გზას,გზა არ ილეოდა,გადავდიოდოთ ერთი მთიდან მეორე მთაზე, ტყეში გვათენდებოდა თავზე.საოცარია დაბურულ ტყეში შემოჭრილი მზის სხივი,ცოტო გცივა,გაჟრჟოლებს, გეძინება, მზის სხივი კი ისე მოგეალერსება,მოგეხუტება გაგრძნობინებს შენთვის გამოვარღვიე ცის კაბადონი და აი, შენთან ვარო,გაგათბობს და გაიმედებს.ძლივს მივაღწევდით ხოლმე ლეონონემდე,იქ რომ მივიდოდით კარგი გათენებული იყო, ქოხის წინ ენთო ცეცხლი, გადებულ ხარიხაზე ჩამოკიდებული იყო დიდი თუჯის ქვაბი და ქვაბში ყველისთვის, შემდგარი რძე თბებოდა, დაგვინახვდა თუ არა ბავშვებს ლეონინე ბებო გვეტყოდა:- მანდ დასხედით მწვანეზე ( მდელო იგულისხმებოდა) მოგხედავთ, ამოიყვანდა ყველს, დადებდა ხის გობზე, მარილიან ცივ წყალში მოზელდა ცომს და ახალამოყვანილ ყველის გუნდას მთლიანად ჩადებდა ცომში,მერე მივიდოდა ცეცხლათან და თავად როგორც იტყოდა: ,,გამოვანელებ ახლაო" ანუ შეშებს აცლიდა ცეცხლს და თან შეშას ეჩხუბებოდა : -აღარ მინდა ახლა ამხელა ცეცხლი,რაღას ეკიდებიო". გადაასწორებდა ნაკვერჩხალს და გაბრტყელებულ ხაჭაპურს ძალიან ნელა დაასვენებდა საგანგებოდ მომზადებულ ნაკვერჩხლებში. ნაკვერჩხლებს წყალს მიასხამდა და კვამლში აცხობდა.დაკლავდა პატარა წიწილას გაასუფდავებდა და გაცხელებულ ნაცარში ჩაასამარებდა,ნაცარი შიგნიდან წვავსო გვეტყოდა გარედან კი ნაკვერჩახლზე ბრაწავდა.ორივე რომ გამზადდებოდა მაშინვე არ გვაჭმევდა,წიწილას ხაჭაპურს დაადებდა თავზე და შეფუთავდა, არ ვიცი ამას ახლა რა ჰქვია, გემოების შეზავება თუ გემოების გაზიარება, ლეონინე დასვენებას ეძახდა-საჭმელს რომ გააკეთებ უნდა დაასვენოო, შეაგუეო ერთმანეთსო- გვეტყოდა.მერე გახსნიდა და დაგვიძახებდა. ალბათ დასაჯერებელია რომ ვთქვა,მსგავსი ხაჭაპური აღარასდროს დამიგემოვნებია. რძე გასდიოდა ცომიდან ყველს, და ისე იწელებოდა ყველი,ბავშვებს სანიშნად ხეები გვქონდა, -ჩემი ნაჭრიდან ამ ხემდე გაიწელაო -ვამბობდით,და ამით ვერთობოდით.სადილი სოკო იყო,ტყის სოკო, ესეც ნაკვეღჩხალზე მომზადებული,სოკოს ლეო ბებო არ რეცხავდა,ხელს გადაუსვამდა,გაწმენდდა და პირდაპირ დადებდა ნაკვეღცხალზე,ზოგიერთ ჯიშს უმსაც გვაჭმევდა, გვეუბნებოდა :ამას შეწვა რათ უნდა,საციდაობაა ამის ნაკვერჩხალზე დადებაო".როგორ შეეძლო არ ვიცი უამრავი საქმე და სულ ღიმილი სახეზე.ღამე გარეთ ქოხის წინ მწვანეზე გვაწვენდა, გაგვითბობდა ცოტაოდენ არაყს,ჩააწურავდა მაყვლის წვენს და მოგვასმევდა, კარგად დაგეძინებათო -გვეტყოდა.გაგვიშლიდა საგანგებოდ შეკერილ თივის ლეიბებს და ასე ვიძინიბდით, დიდი რკინის ზარი ჰქონდა დაკიდებული ქოხის შესავლელ კართან, გვეტყოდა- არ შეგეშინდეთ ღამე ამ ზარს დავრეკავ, მგლები რომ ახლოს არ მოვიდნენო. ჩვენზე ფიქრობდა თორემ თავად მგლის არ ეშინოდა,არც დათვის, ადამიანს არ ერჩის თუ არაფერი დაუშავეო -გვეტყოდა.თამამად მინდა ვთქვა რომ თავისუფლება მთაშია. ბედნიერება კი იმ ადამიანებშია ვინც იცის ფასისიცოცხლისა,სიყვარულისა,ერთგულებისა, მერე გადამდებია ეს ბედნიერება. ახლა დავდივარ და ვეძებ იმ ბედნუერებას და იმ თავისუფლებას რაც ლეონინესნაირი ხალხისგან გამომყვა,რაც მათში ვნახე და გავიგე.მთაში ყველა ადამიანის გარდაცვალებას თავისი წილი ბედნიერება მიაქვს, რადგან იქ ყველაფერი საერთოა, ყველა ერთმანეთს ქმნის და ზრდის, მთა ერთი დიდი სხეულია და იქ მცხოვრები ადამიანები ამ მთის ნაწილები. ხოდა ამ ბოლო დროს მეჩვენება რომ სხეული რჩება,რჩება მაგრამ უშინაარსო, სევდიანი და თითქოს ტკივილებით დაღლილი.მარადიული გოგოწელიწადის ოთხი სეზონიდან,ზამთარი თავის საშიშ, მკაცრ ბუნებასთან ერთად ძალზედ ერთფეროვანიც იყო,თუმცა ძალიან ლამაზი,გამეფდებოდა თეთრი ფერი, თამამად შემოსავდა მთებს, მოყინავდა მთის წვერებს, ჩამოუშვებდა ყინვის ფარდებს, გამჭვირვალეს, მაგარმ ცივს,ძალიან ცივს, მთიდან მთაზე,თეთრად გადაჭიმული ღამეები, გაუთენებლობის განცდას ბადებდა, სხვანაირად თენდებოდა, ძლივს მოკიაფე მზის სხივები ძალზე სუსტად აბრჭყვიალდებოდა თოვლის ფიფქებზე,მერე თითქოს სულს ღაფავს მზეო, ისე ჩაკვდებოდა,ერთი ამოსუნთქვით. რაღაცნაირი ფერი იყო ზამთარის გათენება, ნაცირისფერს რომ ცისფერი შეურიო და ისე შეღებო სამყარო, ნისლისფერი იყო ფანჯრიდან მთები,ეზოები,სახლები და ეს ნისლიფერი ოქტომბრიდან აპრილამდე გასტანდა ხოლმე.გრძელი ზამთრის ღაამეების შესამოკლებლად, დაბადების დღის გადახდა გამოვიგონეთ (როგორც დოღში მოჯირითე ცხენები, წელიწადის სხვა დროს აქ,დაბადეების დღეებსაც ისე მიაჭენებდა დრო). ხოდა იანვარში ზამთრის პირველ თვეს,ჩვენი აზას დაბადების დღე იყო. აზა ჩემი ბავშვობის ნაწილია, აქ,მის გარეშე არაფერი მახსოვს, ჩვენს ეზოებს ერთი ხის ხობე ჰყოფს და თითქმის ყველაფერი საერთო გავქვს, ჯონჯლის ხეები,ქლიავის ხე, ტყემალი და.ა.შ. აზა თავისებური გოგო იყო, არავის ჰგავადა,თავისი წესებით ცხოვრობდა,თმები მოკლედ ჰქონდა შეჭრილი,თითზე სულ ეკეთა ბეჭედი და ყურზე საყურე. საოცარი დაბანის რიტუალი ჰქონდა,აქ,ყველასთან მთის წყალი მოდის, აზა ამ წყლით არ იბნადა წავიდოდა და მთის ანკარა წყალი პირდაპირ ნაკადულიდან მოჰქონდა.აზა შეზღუდული შესაძლებლობის გოგო იყო თუმცა ამ გამოთქმას ამსხვრევდა,ყველაფერი შეეძლო,მთავრი ის დიდი გული იყო რაც მას ჰქონდა,დიდთან დიდი და პატარასთან პატარა იყო.ასაკი ახლაც არ ვიცი,მაგარამ მისი ყველა დაბადების დღე მახსოვს, სულ მეგონა რომ აზას ასაკი არ ემატებოდა.რომ მოახლოვდებოდა აზას დღეობა, აზა ფორიაქს იწყებდა, რა გაემზადებინა და როგორ, მისი საოცარი რძალი თაფლის ნამცხვარს უცხობდა,ბუნებრივია ნამცხვრის სურნელი ჩვენს ეზოშიც დგებოდა. აზას უხაროდა განასაკუთრებით იმიტომ რომ ამ დღეს თაფლის ნამცხვარს ტორტივით ურთავდა.საოცარი ისაა, რომ აზა დილიდან გვეპატიჟებოდა დღეობაზე,პატარა ცალკე მდგარ ზაფხულის სამზარეულოში და იმ ოთახში არცერთ ოჯახის წვრს არ უშვებდა ( ესეც მისი რიტუალიდან იყო) დილიდან მხოლოდ ჩვენ, 4 გოგო ( ბავშვი) ვსტუმრობდით და იწყებოდა აზას დღეობა, მეორე დღის გათენებამდე.აუცილებლად უნდა გაგეთენებინა,ესეც მისი დღეობის გაწერილი პროგრამის ნაწილი იყო.გარეთ დიდი თოვლი, ოთახში წიფლის შეშით დანთებული ღუმელი,აზას დაბადების დღისთვის საგანგებოდ შენახული, შემოდგომით დაკლული, მარილში გამოყვანილი და ბუნებრივად აქ,მთის ჰაერზე გამომშრალი ღორის ხორცი იწვებოდა ღუმელში, ასევე შენახული კაკლის ხის ფოთლებში, გადახვეულ მჭადებს,თავად აზა აცხობდა.საოცარი,ზღაპრული სურნელება ტრიალებდა,ჩვენ ვისხედით, ვსაუბრობდით ძირითადად ზაფხულზე,და უკვე გასულ ზაფხულსაც ვაფასებდით. აზას ერთი უცნაური ჩვევაც ჰქონდა, ცოტა საღამო ხანს დაწვებოდა იქვე ღუმელთან მდგარ ტახტზე და გვეტყოდა: - მე რომ მოვკვდე თქვენ ხომ მიტირებთო? ჩვენ ვუბრაზდებოდით, რატომ აკავშირებდა ასეთ ლამაზ დღეს სიკვდილთან,ამ დღეს ხომ არა მარტო აზა - ჩვენც ველოდებოდით.ერთ წელს განასაკუთრებულად ლამაზი საჩუქარი მივუტანეთ, თეთრი მარგალიტით შემკული საყურეები,ბეჭედი, თმის სამაგრი,ყელსაბამი. აზა სიხარულს ვერ მალავდა,ძალიან მოეწონა,გაიკეთა,გამოიპრანჭა და იგივე სიკვდილის სცენა დადაგა. გავგიჟდით გავბრაზდით, არ ვიცი რატომ აინტერესებდა აზას ვიტირებდით თუ არა,რატომ ჰქონდა ის ეჭვი რომ გული არ დაგვწყდებოდა,მის სიკვდილზე ?!ამ დღეს ასე ლამაზად შემკული აზა მე ვიტირე, რატომღაც შემეცოდა, სულ ამას გვთხოვდა გავბედე და ვიტირე ვერ წარმოიდგენთ როგორ იცინოდა, როგორ გაუხარდა.აზას დაბადების დღეები აქაურობის მარადიულობაა ჩემთვის,აზა გარდაიცვალა ისეთი, როგორიც იყო უასაკაო.გარდაიცვალა და ყველაზე სათუთად გაბმული სიმი ჩემსა და ბავშვობას შორის გაწყვიტა.მე ვერ დავესწარი მის გარდაცვალებას,ვერც გავაცილე საბოლოო სამყოფელში. თუმცა აზამ იცის როგორ დამწყდებოდა გული. იქნებ იმასაც ხვდებოდა რომ ვერ დავიტირებდი? და ასე მაგიტომაც გვთხოვდა წინასწარ გლოვას? ერთი რამის მჯერა აზა იქაც უასაკოა, იქაც ბევრ ადამიანს სტუმრობს, ახალისებს და უყვება აქაურ ამბებს.მჯერა იქაც იხდის დაბადების დღეებს ისეთივე ლამაზს, როგორსაც აქ იხდიდა.იქაც აქვს თავისი გამოგონილი რიტუალები,იქაც მღერის,ღიღინებს და ყველას ასწავლის, იმერული ლობიოს მისეულ რეცეპტს: ლობიოს რომ ჩაადგამ (აქ ასე ეძახიან ლობიოს მოხარშვას) და გემრიელი გამოვიდეს, ძალიან ბერჯერ უნდა გარეცხო. წყალი ერთხელ გადაუწურო, მერე სანამ შეანელებ გადმოდგა ცეცხლიდან,გააჩერო,უნდა შეგრილდეს, გაილაბოს და მერე შეკმაზოო.თოვლი კვლავ მოდის, ისე დიდი აღარ, ცივი კი, აზას დაბადების დღეც ყოველ წელს მოდის,ამ დღეს ყოველთვის სევდიანი ვიღვიძებ, თაფლის ნამცხვრის სურნელს ვგრძნობ, სადღაც შორიდან,ალაბთ იქ აზას სამყოფელში მზადებაა გავიფიქრებ ხოლმე ...ნეტავ რამდენი წლის გახდა აზა? მარადიული გოგო . სიჩუმის ხმა მთაში სიჩუმე ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა, რაც არ უნდა იხმაურო აქ მაინც სიჩუმეა, სიჩუმეს აქვს ხმაური,თავისებური ხმაური,არცერთ ხმას არ ჰგავს. მთის სიმყუდროვე-სიწყნარე,მთას სიმშვიდე აქვს, კი ეს ყველაფერი ც, მაგრამ არის კიდევ რაღაც სხვა ხმაური ...ახლა რაც აქაა, მგლის ყმუილს ჰგავს, ტყეში რომ დაძრწის დიდი ხნის მშიერი მგელი და საზარლად ყმუის, აი იმის ხმას ჰგავს.ძაღლმაც იცის ყმუილი, აქ ძაღლი თუ იყმუვლებდა პაპა გვეტყოდა: - უბედურებაა მოსალოდნელი ძაღლი ყმუისო. ყველას ასე სჯეროდა. ძაღლის პატრონი,ძაღლს აჭმევდა,ეფერებოდა და ამშვიდებდა ამ გზით ცდილობდა მისი ყმუილი არ ყოფილიყო უბედურების მომტანი. საზარელი მოსასმენია ყმუილი .მთაში,ყმუის მარტოობა,მარტოობის ყმუილს თურმე მარატო ხმა არა აქვს თავისებური სუნი და გემოც აქვს...განსაკუთრებით მიტოვებული სახლების ეზოებიდან ისმის ყმუილი.მთის ძველ ხის ფანჯრებს,ყვავილებიანი ფარდები აქვს დაკიდებული, თითქმის ყველას ასე აქვს, ჩამოაფარებენ ამ ყვავილებიან ფარდებს ბოლომდე,გამოკეტევან სახლებს და მიდიან...მიდიან უვადოთ ...უსასრულოდ...გადასწორებული,მილაგებული,ჩამოფარებული, ეს სამი ეპიტეთი სრულიად საკმარისია, სახლების შინაგანი სამყარო დაინახო და შეიგრძნო, თითქოს არაფრისმთქმელი მაგრამ ბევრის დამტევი ტკივილია,რომ ვერ შეეშველები,ვერც გააყუჩებ ისეთი ტკივილი.მერე დრო აურევს ამ სამყოფელს თავისებურად- ქარი გააღებს დარაბებს, გასწევს ფარდებს,მერე ეს ფარდები ისე ჩაოეკონწიალება ფანჯრებს, გეგონება იხვეწება, იქნებ ქარმა არ გამიტაცოს და დამხიოსო.აივანზე ქარი ერთ კუთხეში მიაგროვებს ჭრელაჭრულა ფოთლებს.ფოთლებს თითქოს უხარიათ თავშესაფარი იპოვეს და ერთმანეთს ეხუტებიან.კიბეებს ხავსი გადაეფარება ხალიჩებად...ხოდა დგას სახლები, ნახევრად ღია ფანჯრებით, გამოკიდებული ყვავილებიანი ფარდებით, ფარდები ცდილობენ სიცოცხლისფრად იფრიალონ, მაგრამ მარტოობა ისე შემზარავად იმზირება,ყვავილებიანი ფარდები ვერ შველის.თუ შეიხედავ ნახევრადღია ფანჯარაში,იგრძნობ სუნს, გემოსა და ხმას, ყმუილის ხმას ...ყმუის მარტოობა მთების გამოკეტილ სახლებში .