ჭუჭრუტანაში
ჭუჭრუტანაში
პროლოგი ორი წუთით წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ადამიანებს თვალებზე პატარა ჭუჭრუტანა აქვთ დამაგრებული და დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ ერთი მიმართულებით შეუძლიათ ყურება. სამყარო, სადაც მრავალფეროვნება არ არსებობს. გამარჯობა, ეს ჩემი სევდიანი რეალობაა. მე-14 სამშობიარო, ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილი, ღამის 2 საათი და 15 წუთი. დედაჩემს მშობიარობა მოულოდნელად დაეწყო. ყველანი ბიძაჩემის დაბადების დღეზე იყვნენ, როცა მან წყლები დაღვარა. სახლში ხმაური ატყდა, მამაჩემი მაშინვე მივარდა და ცოლს ხელი დაუჭირა, ბებიაჩემი ანერვიულებულ მამაჩემს ამშვიდებდა. სასწრაფო გამოძახებისთანავე მალე მოვიდა. სამშობიარო ბლოკში შეყვანისას დედაჩემი ყვიროდა და გარშემო ყველას ბილწი სიტყვებით მოიხსენიებდა. როგორც მიყვებიან, ბებიაქალი, რომელმაც ამ ქვეყანას მომავლინა, ბიძაჩემს იმ ღამესვე გულში ჩაუვარდა და საბოლოოდ მესამე დაბადების დღეზე ბიცოლად მესტუმრა. როცა დედა მაგიდაზე დააწვინეს, მთლიანად დაძაბული იყო, ხელებსაც და ფეხებსაც თანაბრად იქნევდა. მშობიარობა ხანმოკლე გამოდგა, მალე გავჩნდი. წლების შემდეგაც დედა ამ დღეს განსაკუთრებულად იხსენებს, ოდნავ იუმორით, მაგრამ ასევე სევდით, რადგან მამა გვერდით დიდი ხანია აღარ გვყავს. მას საკმაოდ უცნაური რამ შეემთხვა, ქარიან ამინდში სახლისკენ მომავალს მოულოდნელად ელექტროგადამცემი ხის ბოძი დაეცა თავზე და ადგილზევე გარდაიცვალა. დედამ ყველაფერი ძალიან განიცადა, მაქსიმალურად ვეცადე მისი მდგომარეობის შემსუბუქებას, მაგრამ ის დაბადებიდან სიყვარულის ჭუჭრუტანიდან იყურებოდა და ამ გრძნობის იქით ძნელად თუ ხედავდა რაიმეს. ჩვენთან ყოველთვის იძახიან, რომ სიყვარულის და ოცნების ჭუჭრუტანები განსაკუთრებული და ამავე დროს ყველაზე სახიფათოებია. ჭუჭრუტანაში პოლიციისთვის მიცემული ჩვენება „დღე პირველი 11 თებერვალი დილით მაღვიძარის ხმამ გამაღვიძა. ჭუჭრუტანიდან მძიმედ გამოვიხედე. ხელები გავშალე და გავიზმორე. ჭერს მივაშტერდი. სამსახურში ბევრი არაფერი საქმე არ მქონდა, მხოლოდ რამდენიმე მცირე სტატია უნდა შემეფასებინა და ამიტომ, შემეძლო დღე მშვიდად გამეტარებინა. ცოტა ხანს ვიწექი. შემდეგ საწოლიდან ავდექი და აბაზანაში შევედი. ჩემს სახლში ყველგან კრემისფერი შპალერი მაქვს გაკრული. ლოგინი, კარადები, მაგიდები და სკამები თეთრი ფერისაა, აბაზანა კი - ღია მწვანეა. მუქი ფერი ჩემი ჭუჭრუტანის ხედვაზე მძიმედ მოქმედებს, ღია ფერებით ცხოვრება უფრო მარტივია. აბაზანიდან ხალათით რომ გამოვედი, სამზარეულოში დავჯექი. კარადიდან პური გამოვიღე, ზედ შოკოლადის კარაქი წავუსვი და ტელევიზორში დილის საყვარელი გადაცემა ჩავრთე. ხომ მართლა, მე პროფესიით ჟურნალისტი ვარ და სტატიებზე ვმუშაობ. ეკრანებთან საუბარი ჩემი სტილი არ არის. დავითი, ჩემი ტელე-კომუნიკაციების ლექტორი სტუდენტობისას ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ჩემი ჭუჭრუტანის შესაფერისი არ იყო მიკროფონით ხელში ხალხის დევნა და გადაცემების წაყვანა. მე მისი მუდამ მჯეროდა. საბოლო ჯამში მართალიც გამოდგა. ჭამას მალე მოვრჩი. კარაქი უკან, მაცივარში შევდე. პურის ნამცეცები ურნაში ჩავყარე და საძინებელში შევედი. კარგად დაუთოებული პერანგი ჩავიცვი. ზემოდან შავი პიჯაკი შემოვიხვიე. ნაცრისფერი, შავზოლიანი შარვლის ტოტები ორჯერ პატარაზე ავიკეცე. მამაჩემის დანატოვარი ოქროს საათი გავიკეთე, თმა მარჯვნივ გადავივარცხნე და გასასვლელისკენ გავემართე. გასასვლელში, იქვე კართან, მიყუდებული, საგულდაგულოდ გაპრიალებული შავი ტუფლები ჩავიცვი. კედელზე დაკიდებულ დიდ სარკეში ჩავიხედე. თავდაჯერებულობა შევძინე ჩემს რეალობის ჭუჭრუტანას, ერთი ღრმად ამოვისუნთქე და სამსახურში წავედი. ჩემი ბინა მეხუთე სართულზეა. ძველ კორპუსში ვცხოვრობ, ულიფტოში. კიბეზე სწრაფი ნაბიჯებით დავეშვი. თან ჩუმად ჩემთვის ბავშვობის საყვარელ სიმღერას ვღიღინებდი.- გამარჯობა, ბატონო გურამ! - მივესალმე მესამე სართულზე მცხოვრებ ბინის შესასვლელში კარის ზღურბლზე მდგარ მეზობელს, რომელიც გაბზარული ჭუჭრუტანის გამო ბოლო წლებში საკმაოდ ორაზროვანი გახდა.- გამარჯობა ნიკოლოზ, თავად როგორ გრძნობთ თავს? - ზრდილობიანადვე მიპასუხა. სასიამოვნო კაცია, არასდროს არავის არ აწუხებს. გარეთ ციოდა, მაგრამ ისე, რომ საკმაოდ სასიამოვნო სუსხი იყო. ტრანსპორტის გაჩერებაზე ჯიბეებში ხელებჩაყოფილი დავდექი. ჩემ გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანი ელოდებოდა ავტობუსს, კერძოდ, მოჩქარეების, ზანტების და პესიმისტების ჭუჭრუტანებიანები. ერთი მოჩქარე მამაკაცი ბოლთას სცემდა, ხმამაღლა იგინებოდა და ილანძღებოდა, ყვიროდა თუ სად იყო ავტობუსი ამდენ ხანს. მეორედ შეხედვა არც დაგჭირდება ასეთ ადამიანზე, რომ მიხვდე როგორი ჭუჭრუტანა აქვს. ავტობუსი ზანტად ჩამოდგა. მძღოლმა ნაბახუსევი ღრიჭოდან გამოგვხედა და კარი გააღო. გაჩერებაზე მდგომნი ყველანი ავედით. ადგილებზე მოვკალათდით. ავტობუსი დაიძრა. მძღოლი გზად შიგადაშიგ უკან იყურებოდა, თითქოს გვაკონტროლებდა. ამ ადამიანზე შორიდან ვიცი, რომ მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი და ოჯახის გარეშე დარჩენილი საღამოობით სვამს ხოლმე. ძალიან რთული ხასიათის კაცია და ამიტომაც მიატოვა ცოლ-შვილმა. დროთა განმავლობაში მას მელანქოლიური ჭუჭრუტანა ორმაგად გაეზარდა.- ნეტავ, ასე დაგვიანებით კიდევ რამდენ ხანს უნდა იაროს ამ ტრანსპორტმა? მერიაში განცხადების შეტანა თუა შესაძლებელი? - მთელი ავტობუსის გასაგონად გაჰყვიროდა ჩვენი კორპუსის ერთ-ერთი პირველი მაცხოვრებელი, უბნის ნამდვილი ბურჯი, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი და პროტესტანტის ჭუჭრუტანით ოდნავ დაბრმავებული ბატონი გელა.- გელა ბიძია, დღევანდელი დღითაც უკმაყოფილო ხართ? - გავძახე ავტობუსის წინა მხრიდან ღიმილით.- რა თქმა უნდა, ასე ხომ არ შეიძლება?! ადამიანი ცვლილებებისკენ უნდა იყო მიმართული! შენი მსგავსი დამოკიდებულება კი არ მომწონს!.. - ამ სიტყვის შემდეგ რა თქვა აღარ მახსოვს, რადგან უმუშევარ პოლიტოლოგს, რომელიც უნივერსიტეტში ლექტორობიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ რექტორს პროტესტის ნიშნად კვერცხები დაუშინა, სერიოზულად ვერასდროს აღვიქვამ. სამსახურამდე მისასვლელად რამდენიმე წუთი დამჭირდა. როცა შენობაში შევედი, იქვე მისაღებში სკამზე მჯდომი დაცვის თანამშრომელი დავინახე, რომელმაც მეოჯახის ჭუჭრუტანით ზანტად შემომხედა.- დილამშვიდობისა, ბატონო გია!- გამარჯობა, გამარჯობა! - მძიმედ მიპასუხა და ამოიხვნეშა. გია ბიძია ნამდვილი ტრადიციული ადამიანია. ჭაღარა, პუტკუნა, შავი წარბებით. კეთილი და გამგები კაცი. ის ყველას ძალიან უყვარს სამსახურში. ოფისში მეორე სართულზე როცა ავედი, პირდაპირ ჩემს ოთახში შევედი, კარი გასაღებით გადავკეტე, მაგიდასთან დავჯექი, ქვედა უჯრა გამოვაღე და ქაღალდები ამოვაწყვე. სამუშაო დღისთვის მოვემზადე. ჩემი მისვლიდან დაახლოებით ოც წუთში გიორგიმ კარზე დამიკაკუნა. ხომ მართლა, გიორგი საკმაოდ ჰიპერაქტიურია.- დილამშვიდობისა, მეგობრებო! - შეჰყვირა ბოლო ხმაზე, როცა ოთახში შემოდგა ფეხი. გიორგის მხიარულების ჭუჭრუტანა აქვს, რომელიც ზოგჯერ ზედმეტებში გადასდის. ერთხელ მოყვა, თუ როგორ გამოაგდეს სამი სკოლიდან, იმის გამო, რომ მოზარდ ასაკში ენის გაჩერება საერთოდ არ შეეძლო. სამწუხაროდ, ახლაც ასეა.- გამარჯობა! დღესაც როგორი ოვაციებით ხარ! - პოზიტივიურად ვუპასუხე.- ვახ, ჯერ არავინ არ მოსულა? - გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა. - ნუ, არაუშავს, ჩვენ მოვემზადოთ და დანარჩენებიც მოვლენ... აბა, მაჩვენე რას აკეთებ! დაახლოებით ნახევარ საათში სამსახურში უკვე ყველა თავის ადგილას იყო. - რას ფიქრობ, მარსზე წასვლა მართლა შესაძლებელია? - შემომხედა ელიზავეტამ და თან ვაშლი ჩაკბიჩა. ელიზავეტა როგორც იცით, გამხდარი, მაღალი, ქერა გოგონაა, მუდამ სათვალით და კლასიკური ტანსაცმლით, კარგი აზროვნებით, მაგრამ იუმორის ნაკლები გრძნობით. როცა სამსახურში სტაჟირებაზე მოვედი, მას უკვე დიდი ხნის დაწყებული ჰქონდა გაზეთში მუშაობა და მთელ გამოსაცდელ პერიოდში ძალიან დამეხმარა. საერთო ენის გამონახვაც არ გაგვჭირვებია, მაგრამ ბოლომდე ერთმანეთს მაინც ვერ ვუგებთ. მას ნახევრად მოკეცილი ჭუჭრუტანის გამო ოდნავ განსხვავებული შეხედულებები აქვს ყველაფერზე. ზოგჯერ საკმაოდ უხეში ადამიანია. მაგალითად, ზემოთ აღნიშნულ მარსზე დასმულ კითხვაზე ჩემმა დუმილმა იმდენად გააღიზიანა, რომ კითხვიდან რამოდენიმე წამში ოდნავ ხმამაღალი ტონით, სრული სერიოზულობით შემომხედა და შესძახა. - რას ჩაფიქრდი ამდენ ხანს, ხმა ამოიღე, გჯერა თუ არ გჯერათქო?!- არ ვიცი, ვფიქრობ რომ შესაძლებელია... ცოტა ხანს არ მესაუბრო, ოდნავ ვრცელი სტატიას ვამუშავებ. როცა მოვრჩები, სრულიად შენი ვიქნები. - ხელით მივუთითე ქაღალდებზე, რომელთაც გულდასმით ვკითხულობდი. მან თავი უკმაყოფილოდ, სხვა მიმართულებით შეატრიალა.- სუფთა საქმის ჭია ხარ... - ხმამაღლა ჩაილაპარაკა. ორ საათზე შესვენებაზე ერთად გავედით. ელიზავეტა კიბეზე ჩარბოდა.- ფრთხილად, არ წაიქცე! - შევძახე, რადგან მისი დაუდევრობის შემეშინდა.- ნუ დარდობ, არაფერი მოხდება... ვაი! - წინადადება ვერც დაამთავრა, ფეხი რომ გადაუბრუნდა და კიბის საფეხურზე საჯდომით დაეცა. - სულ შენი შურიანი ჭუჭრუტანის ბრალია! ასეთი რა შემომხედე!- ჩემი ბრალი არ არის, უბრალოდ, როცა ბოლომდე გახსნილი ხედვა არ გაქვს, ოდნავ ნელა უნდა იარო. - გავუცინე და ფეხზე წამოვაყენე.- არ მჭირდება შენი დახმარება! - რომ წამოდგა ხელი გამაშვებინა. - წავიდეთ, სადაც მივდიოდით!- კარგი, კარგი... - ღრმად ამოვისუნთქე და გავყევი. შენობიდან გამოვედით, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს კაფეში შევედით.- ცივი ლატე ჩემთვის და ერთი ამერიკანო, შურიანი მეგობრისთვის. - უკარნახა ელიზავეტამ ოფიციანტს.- ესე იგი, ისევ შურიანი, მადლობა. - გამეცინა, ვერ მივხვდი, რაში ვიყავი დამნაშავე. ყავის მოლოდინში იქვე მაგიდასთან დავსხედით. ხმას არ იღებდა, მეც ჩუმად ვიყავი. ჩემთვის მშვიდად ქუჩაში მიმავალ მანქანებს გავყურებდი. მოულოდნელად თითქოს არსაიდან რუხი ფერის ტოიოტას სედანი გამოვარდა, რომელიც კაფესთან ახლოს ბოძს შეასკდა. საბედნიეროდ მანქანა არავის დაჯახებია, მაგრამ თავად მძღოლი ცუდ მდგომარეობაში ჩანდა. ყველანი გარეთ გავცვივდით, ქუჩაში მიმავალი ხალხიც შემთხვევის ადგილს შემოეკრიბა.- ბიძია! - შეჰყვირა ელიზავეტამ, როცა ბრბოში გაიარა და მანქანასთან მიახლოებისას გულწასული მძღოლი დაინახა. - ღმერთო, რა მოხდა?! - ხმა უკანკალებდა, თვალები აუცრემლიანდა. - არა, არა, არ გადმოიყვანოთ! ეგრე იჯდეს, სასწრაფო გამოიძახეს და მალე მოვა! ასე ჯობია! რამე არ დაუზიანოთ, გაეშვით! - მანქანის კარი გამოაღო და ჩამუხლილმა ხელი ჩაჰკიდა ბიძამისს. როცა სასწრაფო დახმარება მოვიდა, ელიზავეტაც თან გაჰყვა. ამიტომ სამსახურში შესვენების შემდეგ მარტო დავბრუნდი. ზოგადად ელიზავეტას ოჯახში მისი მშობლების გარდა, არცერთ ბიძას, მამიდას, და დეიდას შვილი არავის არ ჰყავს, აქედან გამომდინარე, ელიზავეტა დაბადებიდან უდიდესი ყურადღებით და სითბოთი გაიზარდა. მის ოჯახში ყველას ძალიან უყვარს ერთმანეთი. - ნიკოლოზ, ესე იგი იმ შემთხვევამ გაიყოლა ჩემი სიფრიფანა გოგონა? - მკითხა ლუკამ, რომელსაც ელიზავეტა ძალიან მოსწონს. თანაც იმდენად, რომ როცა პირველად დაინახა, გაქვავებულმა შემთხვევით მდუღარე წყალი გადაისხა ფეხზე. ჩვენ მაშინ ყველას გაგვეცინა, მაგრამ ლუკას ეს ინციდენტი ორი დამწვრობის მალამო და ერთი ახალი შარვალი დაუჯდა.- კი, ლუკა, ელიზავეტა წავიდა და დღეს აღარც მოვა.- სამწუხაროა, აუცილებლად დავურეკავ... - ჩაილაპარაკა. - დღეს აარჩიე უკვე რა საჩუქარი უნდა წამოიღო ირაკლისთან და ქეთისთან სახლში?- სად? - გაკვირვებისგან პირი ღია დამრჩა.- აღარ გახსოვს? დღეს ხომ ბავშვი გამოჰყავთ სამშობიაროდან! - მითხრა ლუკამ და ცალი ხელი თავში შემოირტყა.- საერთოდ არ მახსოვდა... - მეც თავში შემოვირტყი ხელი და თავი ჩავხარე. - შენ იყიდე რამე? - ავხედე ლუკას რამოდენიმე წამში შეწუხებული სახით.- არა, მაგრამ ნადია აპირებს ჩემი, მისი და გიგის სახელით რამის ჩუქებას, შემოგვიერთდები?- რა თქმა უნდა! - შევძახე გახარებულმა.- კარგი. - მიპასუხა - ნადია! ნადია, შემოდი! - ლუკა ოდნავ ქედმაღალი ბიჭია და მისი ინტონაციაც მუდამ გამაღიზიანებლად ჟღერს, განსაკუთრებით, როცა ხმამაღლა ვინმეს ეძახის. იგი თავის აზროვნებით საკმაოდ მიშლის ნერვებს, ზოგჯერ კი იმდენად, რომ მინდება სახეზე მიტყეპებული ამპარტავანი ჭუჭრუტანა ჩამოვგლიჯო და პირდაპირ გადავაყლაპო.- გისმენთ ბიჭებო, რაში გჭირდებათ ჩემი დახმარება? - ოთახში ცალი ფეხი შემოდგა ნადიამ. ეს ადამიანი ჩემთვის ნამდვილი გაუგებრობაა. იგი მაღალი, შავგვრემანი გოგონაა, მუდამ ვნებიანი თვალებით და შეხსნილი პერანგით, რათა ყოველთვის ყველას ყურადღების ცენტრში იყოს. ნადია გაზეთში დაარსების დღიდან მუშაობს. თანამშრომლები მასზე მრავალ რაღაცას ჩურჩულებენ, ჩემთვის კი უბრალოდ ამოუცნობი ადამიანია. მისი მტკიცე რელიგიური შეხედულებები ცხოვრებაზე და ამავე დროს ის მანერები და მოქმედებები, რომლითაც ყველასთან წარმოაჩენს თავს, სრულად შეუსაბამოა. თითქოს იშვიათი მატყუარის ჭუჭრუტანა აქვს. - რას მომაშტერდით?! გამოფხიზლდით და მითხარით რა გაინტერესებთ, რატომ დამიძახეთ? - ნადიამ ტონს აუწია და ტაში შემოკრა.- ნიკოლოზს უნდა, რომ ჩვენს საჩუქარს შემოუერთდეს ახალბედა მშობლებისთვის, ირაკლისთვის და ქეთევანისთვის. - უპასუხა ლუკამ.- მართლა? ძალიან კარგი! მაშინ სამსახურიდან ყველანი ერთად წავიდეთ სავაჭრო ცენტრში. - ნადიამ ორივეს თვალებში შემოგვხედა. - ოღონდ, იცოდეთ, რომ რასაც ვუყიდით, ცუდი არ უნდა იყოს. ფული არ დაინანოთ! - ორივემ თავი დავუქნიეთ. კმაყოფილმა ნადიამ ზურგი შეგვაქცია და სხვაგან გავიდა. სამუშაო საათების დასრულებამდე ელიზავეტაზე ვფიქრობდი. ვიცოდი თუ რას განიცდიდა დიდი ალბათობით იმ მომენტში და ამის გამო ძალიან ვნერვიულობდი. საღამოს თანამშრომლებს არსად აღარ გავყევი. საკმაოდ ხმაურიანი ჭუჭრუტანები იკრიბებოდა ახალბედა მშობლებთან სტუმრად, თან, დირექტორი ვერ ახერხებდა წამოსვლას და იმ უმცირეს მორიდებასაც კი არავინ გამოავლენდა, რასაც როგორც წესი, სამსახურთან დაკავშირებული პრობლემების არიდების მიზნით გამოხატავდნენ ხოლმე. საღამოს უბრალოდ ქუჩაში გავისეირნე. ღრუბლიანი ცა იყო, უმთვარო ღამე. ხალხში ყოველდღიური რიტმი იგრძნობოდა. ყველა თავის გზას მიუყვებოდა, კაფეებიდან მუსიკა გამოდიოდა, რესტორნებიდან ხმაური, ბარებიდან ცუდი სიტყვები. ქუჩაში ზოგი გამვლელი თავიდან ბოლომდე ინტერესით ჩამაცივდა. ზოგადად ცნობისმოყვარე ჭუჭრუტანიანები ძალიან მომრავლდნენ ქალაქში. ყოველ ჯერზე როცა ასეთი უზომოდ სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფი ადამიანი მხვდება, მახსენდება ერთი საკმაოდ უცნაური, მაგრამ ძალიან ლამაზი გოგონა, რომელიც ხუთი წლის წინ სამხატვრო გალერეაში გავიცანი, ასაკოვანი მხატვრის, ფსევდონიმით „ჯოვერინის“ საიუბილეო გამოფენაზე. იქ ორივენი მოწვეული სტუმრის სტატუსით ვიყავით. გაცნობის პირველ საათებში საკმაოდ საინტერესო პიროვნება ჩანდა, ხოლო შემდეგ გამოფენიდან რესტორანში წავედით, სადაც, როგორც მახსენდება, ორი დიდი პორცია სალათი მიირთვა, ასევე ძვირადღირებული ღვინო დალია და ამ ყველაფერს ზედ დესერტად ხილის ორსართულიანი ასორტიც დააყოლა. რატომ მახსოვს მისი მენიუ ასე დაწვრილებით? როცა ანგარიში მოგვიტანეს, მაშინ ვიგრძენი ცხოვრებაში პირველად თუ რა არის სისტოლური წნევის ზღვრის ქვემოთ დავარდნა. საბედნიეროდ გონება არ დამიკარგავს და ის საღამოც მშვიდობით დამთავრდა, თუკი მაგას მშვიდობა ერქვა. მიუხედავად ასეთი პირველი პაემნისა, მასთან ურთიერთობა რამდენიმე თვით გავაგრძელე, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამ გოგოსთან ერთად ყოფნას გაჰყვა ჩემი ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმი, ორი საღეჭი კბილი, რომელიც მისი გაკეთებული სადილის დაგემოვნებისას დავკარგე და ამ ურთიერთობას ასევე გაჰყვა ჩემი პირადი სივრცის ზოგადი აღქმა, რომელიც მისი ზედმეტი ყურადღებით, ყოვლად დაუსრულებელი კითხვებით და ჩემი მამიდაშვილის მულის შეყვარებულის უმცროსი ძმის უნივერსიტეტში ჩაბარებაზე გამოხატული ზედმეტი ინტერესით დამერღვა. მასთან დაშორების შემდეგ ერთხელაც არ გამჩენია სურვილი გამეგო თუ რას აკეთებს ეს ადამიანი ახლა ან როგორ ცხოვრობს... ალბათ ლოგიკურად არც არასდროს გამიჩნდება. მოკლედ, საღამოს უმისამართოდ სეირნობით ცოტა დავიღალე, გარშემო მიმოვიხედე და ქუჩის გადაღმა რესტორანში შევედი. ვიფიქრე, ცოტას წავიხემსებდი. - 1 შოკოლადის პატარა ნამცხვარი და ჩაი, თუ შეიძლება. - ვუთხარი ჩემს მაგიდასთან მოსულ გაღიმებულ ოფიციანტს. შეკვეთის მოლოდინში გარშემო მსხდომ მაგიდებს გადავხედე. ყველა გაცხარებულ საუბარში იყო ერთმანეთთან. აწმყო დროში მსგავსი რამის ხილვა თითქოსდა მსიამოვნებს კიდეც. ცოცხალი ურთიერთობები სწორედ ის რგოლია, რომელიც თანამედროვე, ყოველდღიური ცხოვრების ასმაგად აჩქარებული რიტმის გამო ნელ-ნელა იკარგება.- თქვენი შეკვეთა, ბატონო! - უეცრად მოვარდა ოფიციანტი, რომელმაც ცხელი ჩაი კინაღამ თავზე გადამასხა.- ფრთხილად, არ იყო ასეთი სიჩქარე საჭირო, მდუღარე ჩაის მაინც ვერავინ ვერ სვამს. - მივუგე ნახევრად იუმორით, თან დაბნეულმა.- ბოდიში, ბოდიში. - ოფიციანტმაც გამიღიმა, ლანგარი იღლიაში ამოიდო და სამზარეულოში შევარდა. რამდენიმე მაგიდიდან გაკვირვებული ხალხი მომაცქერდა. მეც უხერხულად, ყურადღების ცენტრში მყოფმა, ოდნავ მოვსვი მდუღარე ჩაი და ნამცხვარიც მოვკბიჩე. ისევ ელიზავეტას შემთხვევაზე მეფიქრებოდა. ვიჯექი და წარმოვიდგენდი თუ იმ მომენტში რას აკეთებდა. მდუღარე ჩაი ბოლომდე დავლიე, ანგარიშის მოთხოვნისას ოფიციანტს თანხა შორიდან მივაწოდე, სკამზე მოკიდებული ქურთუკი ზურგზე მოვიხურე და სახლისკენ წავედი. შინ დაახლოებით თორმეტ საათამდე მივედი. კარი რომ შევაღე, ტელეფონის ხმა გავიგე. სწრაფად გავიხადე ფეხზე და ყურმილი ავიღე. ელიზავეტა იყო. ღრმად სუნთქავდა და ჩქარობდა.- უეცრად წავედი კლინიკაში. ნორმალურად იმ მომენტიდან არც არაფერი მახსოვს. ბოდიში, რომ ესე დაგტოვე... - მოკითხვის გარეშე გადავიდა პირდაპირ სათქმელზე.- კარგი, რა ბოდიში. გასაგებია ყველაფერი. ბიძაშენი როგორ არის? კლინიკაში ხართ ისევ?- კი, აქ ვართ. ბიძია კარგად არის, ყველაფერი სტაბილურადაა. უმნიშვნელო დაზიანება მიიღო. ალბათ მალე გაწერენ.- ძალიან კარგი.- ახლა წავედი, უბრალოდ მინდოდა დამემშვიდებინე. ისე მოულოდნელად გავქრი სასწრაფოთი და ისე მიეწყო მოვლენები, აუცილებლად უნდა მეთქვა რომ ყველაფერი კარგადაა. ღამემშვიდობის!- მადლობა ზრუნვისთვის. აბა, ღამემშვიდობის.- კარგად! - მითხრა და ყურმილი დაკიდა. მიუხედავად იმისა, რომ ელიზავეტას ჩემი დამშვიდება უნდოდა, ამ საუბარმა კიდევ უფრო დამაფიქრა მის მდგომარეობაზე, მაგრამ წინასწარ ნერვიულობას და ფიქრს არასდროს აზრი არ აქვს, ამიტომ, ყურმილი რომ დავდე, სავარძელში ჩავჯექი, ტელევიზორი ჩავრთე, წყლიანი ჭიქა იქვე დავიდგი და დისტანციონი მოვიმარჯვე. არხებს რომ ვარჩევდი, მოულოდნელად მეზობლისგან ყვირილი შემომესმა. ჩემს ზედა სართულზე დედა-შვილი ცხოვრობს. ნინო და ნონა. ორივენი ძალიან კაპასები და რთული ხასიათის ადამიანები არიან, ანჩხლი ჭუჭრუტანებით. თავდაპირველად როცა ამ ბინაში გადმოვედი, ცოტა შეშინებული ვიყავი მათი გამუდმებული ჩხუბებით, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს წივილ-კივილები მათთვის უბრალო ჩვეულებაა და მალე ჩემთვის დედა-შვილის ჩხუბი იმდენად რუტინული გახდა, ყურადღებასაც აღარ ვაქცევ. იმ საღამოს, როცა გაჩუმდნენ, მეც სწორედ მაშინ ვიპოვე ღამით მომუშავე სატელევიზიო არხი, სადაც შავ-თეთრი ვიდეო-რგოლები გადიოდა. თავიდან თვალს არ ვაშორებდი ეკრანს, მაგრამ შემდეგ მალევე ჩამეძინა. ისე ჩავთვლიმე, მაღვიძარაც არ დამიყენებია, მაგრამ საბედნიეროდ სასტუმრო ოთახში გუგულიანი საათი მიკიდია, რომლიდანაც ყოველი 6 საათის გასვლის შემდეგ ბუდიდან გუგული გამოდის და ჭიკჭიკებს. ამიტომ, როცა გამთენიას უმშვენიერესი ფრინველის ხმამ გამაღვიძა, მაღვიძარა 8 საათზე დავაყენე და დილით რუტინულად დროულად ავდექი. დღე მეორე 12 თებერვალი ჯერ კიდევ 10-ს ნახევარი იყო, მე კი უკვე სამსახურში ვიყავი. შემოსასვლელში გია ბიძიას ნახევრად ეძინა, მაგიდასთან მინერალური ედო და მზერა ერთ მხარეს ჰქონდა გაშტერებული. არც ვიცი, შესვლისას დამინახა თუ არა. მას სმა უყვარს და როგორც ერთხელ დანანებით თქვა, ალკოჰოლმა ცხოვრებაში ბევრი რამ გამოატოვებინა. მაგრამ რეალურად ის ამდენს სულაც არ სვამს, უბრალოდ იმდენად მეოჯახე და მზრუნველია, რომ როცა ნაბახუსევზე შვილებს ვერ აქცევს სათანადოდ ყურადღებას, ძალიან განიცდის. ოფისში ჩემს ოთახში დაახლოებით ოცი წუთი სრულ სიჩუმეში მაგიდაზე ვიჯექი. შემდეგ საათს დავხედე, ჯერ ისევ 15 წუთი აკლდა 10-ს. კვლავ დიდი დრო იყო სხვების მოსვლამდე. ღრმად ამოვისუნთქე, თავი გადავწიე და თვალები მოვიფშვნიტე. სამსახურში ყოველთვის ყველაზე ადრე მივდივარ, მაგრამ სხვების ლოდინს საერთოდ ვერ ვიტან, თანაც იმდენად, რომ ერთ ადგილას ვერ ვჩერდები. იმ მომენტშიც ბოლოს ჯდომა მომბეზრდა, წამოვდექი და ფანჯარაში გავიხედე იმ იმედით, რომ ვინმეს დავინახავდი. ავტომობილები ზუზუნებდნენ ერთმანეთის გარშემო. ქალაქში ნელ-ნელა პიკის საათი იწყებოდა, ხალხი ერთმანეთში ქაოტურად ირეოდა. უეცრად დავინახე, როგორ გამოერია ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მიმავალ ქვეითთა ნაკადს ელიზავეტა. შეწუხებული სახე ჰქონდა, ჩქარობდა. გზაჯვარედინზე გზა ისე გადმოჭრა, კინაღამ ავტობუსმა გაიტანა, მაგრა მზერა საერთოდ არაფერზე არ შეტოკებია, გზა გააგრძელა და შენობაში ბობოქრად შემოვიდა. როცა ელიზავეტა მსგავს ხასიათზეა, ყოველთვის ვერიდები. ასეთ დროს მასთან საუბარი არც ისე კარგის მომტანია, საკმაოდ უხეში და ფიცხია.- შენ უკვე აქ ხარ? - მკითხა ოთახში შემოსვლისას.- კი, რატომ გაგიკვირდა? - დავუბრუნე კითხვა მორიდებულად.- არ გამკვირვებია, უბრალოდ გკითხე. - მიპასუხა საკმაოდ უემოციოდ. მინდოდა წინა დღის დეტალებზე რამე მეკითხა, მაგრამ მისგან უარესი რეაქციის მოლოდინში მყოფმა, ამ თემაზე საუბარი მომავლისთვის გადავდე. ელიზავეტამ ხმის ამოუღებლად თავისი ნივთები ამოალაგა, მაგიდაზე დადო, შემდეგ წამოდგა და ოთახიდან გასვლისას კარი ძლიერად მიიჯახუნა. პერანგის საყელო გავისწორე, ცოტა ავნერვიულდი. აშკარად, რაღაც სერიოზული იყო მომხდარი, რამაც მის მდგომარეობაზე კიდევ უფრო დამაფიქრა, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, წინასწარ ფიქრს არასდროს აზრი არ აქვს. ამიტომ პერანგის სახელოები ავიწიე, ფურცლები მაგიდის უჯრიდან ამოვიღე და მომავალი სტატიებისთვის შაბლონების წერა დავიწყე.ელიზავეტა ოთახში მალე დაბრუნდა. თავის ადგილას დაჯდა.- დღეს ბევრი საქმე გვაქვს? - მკითხა საკმაოდ მშვიდი ტონით.- არა, ხვალ ხომ დასვენებაა, დღესასწაულია და სტატიები მაზეგისთვის უფრო იქნება გასამზადებელი.- ძალიან კარგი. გუშინ ცოტა გადავიღალე, დღესაც ფაქტიურად გათიშული ვარ. ბოდიში, თუ უხეში ვიყავი ახლა შენ მიმართ. - სათვალე მოიხსნა, თვალები მოიფშვნიტა და გამომხედა. ცრემლები მოსდიოდა.- მაგაზე ნუ იდარდებ, მე მესმის შენი. ბიძაშენი რომ ავარიაში მოყვა განერვიულდი და ამიტომ ხარ ასე.- არა, საქმეც ამაშია, რომ არა. ბიძაჩემს სერიოზული არაფერი დაზიანება არ მიუღია, უბრალოდ მარჯვენა ხელი აქვს მცირედ გაბზარული. მისმა ავარიის მიზეზმა იმოქმედა უფრო მეტად ჩემზე. არც კი ვიცი, როგორ აგიხსნა. ბავშვობიდან მახსოვს, რომ ცოტა განსხვავებული იყო, ყველა ცხოვრებას ხომ ერთი კუთხიდან ვუყურებთ, ის კი თითქოსდა მრავალფეროვნად აზროვნებდა, მას მხოლოდ ერთი ინტერესი არასდროს არ ჰქონია ცხოვრებაში, გესმის?- ზოგი ჩვენგანი განსხვავებულია, ეს ბუნებრივია...- არა, არა. მომისმინე. - ოდნავ აღელდა. - ის ჩვენნაირი არ არის, ბიძაჩემს ჭუჭრუტანის იქით სამყაროს დანახვა შეუძლია.- რა? როგორ?- ბიძაჩემი წლების წინ სამხედრო სამსახურში, კერძოდ, ფლოტში მსახურობდა. როგორც კი სკოლა დაამთავრა, მაშინვე საკუთარი სურვილით ჩაირიცხა რეზერვში და მისი კარიერა საკმაოდ წარმატებითაც მიდიოდა. ერთხელაც კი მისიაზე გააგზავნეს, წყალქვეშა ნავით დასაზვერად უნდა მიახლოებოდნენ კილომეტრებით დაშორებულ მტრის ბანაკს. ეს ძალიან სახიფათო დავალება იყო და ყველა ჯარისკაცი დიდი სიფრთხილით აარჩიეს. როცა შუა ზღვაში გავიდნენ, საკმაოდ შეანელეს მოძრაობა, მათ წყალქვეშა ნავზე ყველა საჭირო აღჭურვილობა ჰქონდათ დამაგრებული, რასაც ხომალდი მთლიანად უნდა გაექრო რადარებიდან, მაგრამ მოულოდნელად, როცა მტრის მხარეს მიუახლოვდნენ, თავს დაესხნენ, თითქოსდა ჩასაფრება მოუწყვეს. საბოლოოდ კი წყალქვეშა ნავი ხუთ წუთზე ნაკლებ დროში მთლიანად ჩაძირეს. ბიძაჩემმა სასწაულებრივად დააღწია თავი და მშვიდობით გამოვიდა განწირული ხომალდიდან. როგორც თვითონ ამბობს, როცა მათზე პირველი იერიში განხორციელდა, რაღაც რკინის ნამსხვრევი მოხვდა შუბლში, რამაც გონება დააკარგვინა და დღემდე არ იცის, როგორ დააღწია თავი ყველაფერს და როგორ აღმოჩნდა წყლის ზედაპირზე.- მან სამყარო ჭუჭრუტანის იქით დაინახა?- კი, ასე იყო. მაგრამ ამ შემთხვევისგან ჭუჭრუტანა სრულიად გაუნადგურდა. რამდენიმე თვე შფოთვები ჰქონდა, წარმოიდგინე, მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთ გზას ხედავდა და მოულოდნელად ასობით და ათასობით რამ დაინახა. ეს ძალიან რთული რამ არის გადასატანად. ამ ამბის შემდეგ ბიძაჩემი ძველებურ ცხოვრებას ვეღარ დაუბრუნდა, თავის თავში ჩაიკეტა და გაუცხოვდა, ჩვენთვისაც უცხო გახდა. ამიტომ, მუდამ ვცდილობთ მაქსიმალურად დავეხმაროთ, საჭეზე მას შემდეგ აღარასდროს დამჯდარა, არ ვიცი, როგორ მოახერხა ბიცოლაჩემის მანქანით ქალაქში გამოსვლა. იმ ადამიანმა, რომელიც პირველი მივიდა ავარიის ადგილზე, მითხრა, რომ ბოძზე შესკდომის შემდგომ რამდენიმე წამით ბიძაჩემი გონზე იყო და გაუჩერებლივ ჩემს სახელს ბუტბუტებდა. ამ ფაქტზე არც მიმიქცევია ყურადღება, არ ჩავთვალე საჭიროდ, მაგრამ შემდეგ, როცა საავადმყოფოში წავედით, გონწასულმა მოულოდნელად გაახილა თვალები, დამძიმებული იყურებოდა აქეთ-იქით. ვერ ხვდებოდა სად იყო. შემდეგ მე დამინახა და გაეღიმა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ აბამდა, ბოლოს კი უბრალოდ თვალები დახუჭა და თავი გადაატრიალა. პალატაში რომ დააწვინეს მეც შევყევი. დაველოდე, სანამ სხვები მოვიდოდნენ. ნახევარი საათის შემდეგ მოულოდნელად გამოიღვიძა. ლიზა... ლი... დამიძახა, კვლავ სუსტად იყო, მძიმედ ლაპარაკობდა. გისმენ ბიძია, აქ ვარ. ვუთხარი მე, თან მისი ხელი დავიჭირე. გაღიმებას შეეცადა. ოდნავ ცახცახებდა. ახლოს... ახლოს... ამოილუღლუღა. სკამიდან წამოვიწიე, თავი მის სახესთან მივწიე. მე ჭუჭრუტანის აღარ მეშინია, აღარ... მითხრა. გაკვირვებულმა შევხედე. ვერაფერს მივხვდი. რამდენჯერმე ვთხოვე ნათქვამი გაემეორებინა, მაგრამ სიტყვა აღარ დაუძრავს. ჩავფიქრდი. თანდათან ყველა მოვლენა ერთმანეთთან დავაკავშირე და მივხვდი. მას ჩემთან საუბარი სურდა. ამიტომ დაჯდა მანქანაზე და გამოვიდა ქალაქში. ძალიან დავიკარგე ამ ფიქრებში, ვცდილობ აღარც გავიხსენო ეს ამბავი, მაგრამ არ შემიძლია, არა. ის ხომ ასეთი ძვირფასი ადამიანია ჩემთვის...- გასაგებია. ვფიქრობ, როცა შემდეგ ნახავ, აუცილებლად დაგელაპარაკება ამ თემაზე და შეიძლება თავადაც იყოს საუბრის ინიციატორი. მუდამ გახსოვდეს, თუ არ იცი, კითხვაზე პასუხი როგორ ეძიო, პასუხი თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცივით არ გეახლება გონებაში და არ გაამებს ჩაფიქრებულს. ახლა კი, ჯობია კარგ ხასიათზე დავდგეთ და ამაზე აღარ ვილაპარაკოთ. აი, სულელი გიორგიც მოვიდა. - ღიმილით ვუთხარი ელიზავეტას და მაქსიმალურად ყალბი მხიარულებით მივესალმე მოსულ თანამშრომელს.- თქვენც გამარჯობა! - დაიყვირა გიორგიმ. - უსაყვარლესი ხალხი! რა ბედნიერებაა! როგორ ხართ? - ჟრიამული შემოიტანა ოთახში. თან ორივეს ხელი გამოგვიშვირა, რომ მის ხელის გულზე დაგვერტყა.- კიდევ ბევრი უნდა იყვირო? - მიუგო ელიზავეტამ. - მემგონი, მთელი დღე ასე ყოფნას აპირებს. - გამომხედა, ირონიულად ჩაიცინა.- რატომ ასე მკაცრად, ჩემო უმშვენიერესო? - გიორგი წაეპირფერა.- ახლა ვარ მშვენიერი? ნეტავი, როდის უნდა მორჩე ამ ხმაურიან შემოსვლებს. მოდი, მე გავალ და როცა დამშვიდდები, გამოდით საერთო ოთახში. - ელიზავეტა ადგა და კარი მიიჯახუნა. გიორგი დიდად არავის უყვარს სამსახურში. მისი ოფისში ყოველი შემოსვლა, „ალადინის“ აღლუმს ჰგავს მულტფილმიდან. დიადი ზარები, ათასი მოცეკვავით, სპილოთი და გრანდიოზული ცეკვებით. თუ გაქვთ ნანახი ეს ანიმაცია, მარტივად მიხვდებით, რას სჩადიოდა ეს ადამიანი სამსახურში მოსვლისას. ერთხელ საერთოდ ტაილანდელი მოცეკვავე ქალები ამოიყვანა ოფისში, რომლებიც შეყვარებულთან დაშორების შემდგომ კომუნიკაციის გაძლიერების ათმაგი მოთხოვნილების გამო გაიცნო. ღმერთო, ჩემო, როცა ის დღე მახსენდება, მუდამ ვიცინი. ელიზავეტას უბრალოდ უნდოდა, რომ დაეხრჩო. ამ ფაქტმა ასევე დიდ უხერხულობაში ჩააგდო ჩვენი გენ. დირექტორი, რომელსაც ეჭვიანი ცოლი მაინც და მაინც იმ დღეს მოჰყვა სამსახურში. ეს ცოლი კი ნამდვილი კაპასი ადამიანია, ამიტომ ტაილანდელი ქალების დანახვისგან მოსალოდნელი შედეგები თავად წარმოიდგინეთ.- რა გაცინებს ნიკოლოზ? - მკითხა გიორგიმ, როცა ჩაფიქრიანებულს ჩემთვის სულელივით მეღიმებოდა.- არაფერი, შენი შემოსვლები ხომ მუდამ ასეთი განსაკუთრებულია და ერთ-ერთს ვიხსენებდი, ყველაზე ძლიერს.- ბევრსაც ნუ იფიქრებ, თორემ შემდეგ ჩემგან სიურპრიზები აღარ გაგიკვირდება. - თვალი ჩამიკრა. ღრმად ამოვისუნთქე. ხელები მაგიდაზე დავდე. სკამი უკან გავწიე და წამოვდექი.- ცოტა ხანს ჰაერზე უნდა გავიდე, მეც ვეღარ ვჩერდები აქ. - ოთახიდან გავედი და კარი მოვკეტე.- ხედავ, თევზები რა დღეში არიან?! - უეცრად მოჩვენებასავით გაჩნდა ჩემ გვერდით სალომე. - ასე როგორ შემოიპარე ან როგორ მომეპარე? კინაღამ გული გამისკდა! ასე შეიძლება?! - გავბრაზდი, მაგრამ თან მეღიმებოდა.- ხომ იცი, ეს ჩემი სტილია. - საპასუხოდ გამიცინა და თვალი ჩამიკრა. მართლაც ასე იყო. სალომე ყველაზე იდუმალი, ამოუცნობი, მზაკვრული, შეუსწავლელი და რაც კი რაიმე სიტყვა შეიძლება შეესადაგებოდეს ამ ზედსართავებს, ყველაფერი ერთად აღებული იყო. 29 წლის მარტოხელა გოგონა, შავგვრემანი, გრძელი ჩოლკით, მუქი ტანსაცმლით, თეთრბეწვიანი სამაჯურით მარჯვენა ფეხსა და ხელზე, მისტიურია ხომ? წარმოდგენით ასეა, მაგრამ რეალურად საშიშია. მას ყველა ერიდება, გიორგიც კი, რომელიც გამარჯობის მეტს არაფერს ეუბნება. სალომე ყველანაირ ასტროლოგიურ რჩევებს იძლევა, ასევე ტაროსაც შლის. მე, როგორც სკეპტიკოსი მუდამ ვერიდები. თვალებშიც კი არასდროს ვუყურებ. სალომე არავისთან ურთიერთობს და შესაბამისად მეგობრებიც არ ჰყავს. რომ იცოდეთ, ელიზავეტა როგორ ვერ იტანს. რაღაც ძალიან საპირისპირო პიროვნებები იყვნენ. სალომეს „საურონით“ მოვიხსენიებთ მე და ელიზავეტა, ბოროტ თვალად, რომელიც ყველაფერს უთვალთვალებს. - არ გინდა თევზებს ერთად ვაჭამოთ? - მკითხა იმ მომენტში სალომემ, თვალების ხამხამით და უცნაურად მზერით. ზიზღისგან სახე დამემანჭა.- უნდა გავიდე, გავდივარ, აი, გავედი... - დაბნეულმა დავიძახე სამჯერ, გასასვლელისკენ გავიქეცი. დაცვის თანამშრომელმა გია ბიძიამ ზანტი თვალები გამომაყოლა, ღრმად დაამთქნარა და შემდგომ მომაძახა:- შენც მაღაზიაში თუ წახვედი, მინერალური წამომიღე რა!- კი, კი, კი, აუცილებლად! - შენობიდან გასასვლელი კარი ლამის გავანგრიე. ქუჩაში გასვლისას იმხელა ნახტომი გავაკეთე, ლამის გავფრინდი.- ასე შეგაშინა იმ გრძნეულმა?- ვაიმე! - შევხტი, როცა უკნიდან მოულოდნელად ელიზავეტამ ჩამძახა. - შენ რაღა დაგემართა, სულ გაგიჟდით დღეს?! კინაღამ ჭკუიდან გადავედი!- კარგი, რა გჭირს? აი, მოწიე სიგარეტი.- არ მინდა, მადლობა, ასეც კარგად ვარ.- შენი ნებაა. - გამიღიმა ელიზავეტამ, მომიახლოვდა და გვერდზე მომეყრდნო. თავი მხარზე დამადო. რამდენიმე წამით ჩაფიქრდა. თვალები მოჭუტა, გზას მიაშტერდა. შემდეგ კი თითქოს გამოფხიზლდა და ლაპარაკი გააგრძელა. - ხედავ რამდენი სამყაროა გარშემო? თითოეულ ტრანსპორტში რამდენი აზრი და ფიქრია. როგორი დაუსრულებელია ეს ყველაფერი, ჩვენ კი ამ დროს მხოლოდ ერთი კონკრეტული ჭუჭრუტანიდან შეგვიძლია ყურება.- მაშინებ, ეგრე როცა ლაპარაკობ.- ნუ გეშინია, მე ხომ იმისნაირი გრძნეულის ჭუჭრუტანა არ მაქვს. წამოდი, მაღაზიაში გადავიდეთ, რამეს გიყიდი. ან გია ბიძიას ვუყიდოთ მინერალური, სავარაუდოდ შენც დაგაბარა შენობიდან გამოსვლისას. ვფიქრობ, ეგ კაცი, როგორც ყველაზე საყვარელი, ასევე ყველაზე უბედურია. არასდროს იღიმის, სულ დაღლილია. ყოველთვის მაშინებს შრომისგან დატვირთული ჭუჭრუტანები, გია ბიძიას კი პირდაპირ სახეზე ეტყობა, რომ ძალიან მეოჯახის ხედვა აქვს და ოჯახს იქით ცხოვრებას ვერ ხედავს. აი, სადამდე მიყავთ ადამიანები განუწყვეტლივ სხვებზე ზრუნვას და საკუთარ თავზე ნაკლებ ფიქრს. მართალია, ადამიანი ეგოისტი არ უნდა იყო, მაგრამ არც საკუთარი თავის დავიწყებაა კარგი.- როგორ მიყვარს, როცა ფილოსოფოსობ ხოლმე.- იცი, ჩემს ორაზროვან ჭუჭრუტანას ასეთი მსჯელობა უხდება. შემოდი, - მაღაზიის კარი გააღო. შიგნით შევედით. - აი, შეხედე, ახლა იმ ადამიანს. თუ გინდა გავესაუბროთ. უეჭველად ბოროტის ჭუჭრუტანა აქვს, მისი მზერა ბევრ რამეზე მაფიქრებს, თან სახეზე ნაიარევი ეტყობა. ეს რაღაცას მახსენებს, თითქოს ფილმის პერსონაჟია. ნახე, როგორ მედიდურად მოძრაობს. ვითომ აქაურობა, ეს მაღაზია, ჩვენი ქალაქი და მთლიანი პლანეტა მას ეკუთვნოდეს. მიდი, ერთი ფეხი წამოუდე რას იზამს.- გაგიჟდი? პატარა ბავშვები ხომ არ ვართ?- კარგი, ჯანდაბას. - უკმაყოფილო სახით შემომხედა. ხელი ჩამკიდა და ამ ადამიანის გარშემო დავიწყეთ სიარული. შორიდან ვაკვირდებოდით. - ხედავ? ხედავ? - უეცრად თაროს ამოეფარა ელიზავეტა. - ნახე, როგორი ზიზღით არჩევს პროდუქტებს, არც მოფრთხილება, არანაირი ესთეტიურობა, ყველაფერს პირდაპირ სტაცებს და ისე დებს უხეშად კალათაში. უეჭველად რაღაც ვერ აქვს რიგზე. მე ამ ადამიანთან ერთად ერთი დღეც არ მოვინდომებდი გაჩერებას. საბრალო ოჯახი. მაგრამ თუკი ჰყავს ოჯახი საერთოდ, ეგეც გასარკვევია. წამოდი, წამოდი გავყვეთ.- მოიცადე, ამისთის შემომიყვანე აქ? - ვკითხე ხმამაღლა.- ჩშშშშშ! - ბავშვივით დამტუქსა. - ნუ მარცხვენ ხალხში. - ჩამჩურჩულა. - კი, ამისთვის შემოგიყვანე. გარედან დავინახე, ეს ადამიანი და დამაინტერესა. ხომ იცი, ზოგჯერ როგორი ვარ? ყველა ტიპის ჭუჭრუტანა მინდა გავიცნო. წინა ცხოვრებაში ალბათ გამოჩენილი ჭუჭრუტანალოგი ვიქნებოდი, სასაცილოდ ჟღერს ვიცი, მეც მეცინება. - თაროებს ამოფარებული გავყევით ბოლომდე იმ მამაკაცს. - აი, ხედავ? ნახე, როგორ უხეშად დაუგდო პროდუქტებით სავსე კალათა მოლარე გოგონას. საბრალო როგორ აანერვიულა. მზერით თუ ვიმსჯელებთ, სრულიად გამოუცდელია ასეთ საშინელ ადამიანთან კომუნიკაციისთვის. წამოდი, მემგონი, რაღაცას ვერ აგებინებენ ერთმანეთს.- სად? მოიცადე, მოდი აქ! - ხელი გამიშვა.- უკაცრავად, მე ხომ არ შემიძლია რომ დაგეხმაროთ? - მიირბინა ელიზავეტამ უსიამოვნო მამაკაცთან.- ვფიქრობ, ჯობია განზე გაიწიო. შენ ვერაფერს გააკეთებ და საერთოდ ვერც ვერავინ ვერაფერს ვიზამთ. სალაროში ბარათს არ მიტარებს ეს გოგონა, თურმე ტერმინალი გაფუჭებულა. ამდენი პროდუქტი ავიღე უკვე, სავსე კალათით დატვირთული ვდგავარ. საერთოდ, რამდენი ხანია რაც ამ მაღაზიაში შემოვედი! და როცა გადახდის დრო მოვიდა, მაშინ მეუბნება, რომ თურმე ტერმინალი არ მუშაობს! არ მაინტერესებს, გამიტარე გოგო ბარათი!!! - შეჰყვირა უსიამოვნო მამაკაცმა და სალაროზე ძლიერად დაარტყა ხელი.- მოდით ბატონო, მეც მიმუშავია ამ გოგონას პოზიციაზე. ნაცნობი მომენტია. ხშირად ფუჭდება ასეთი პატარა დეტალები სალაროსთან, ამიტომ როგორც გამოცდილი გეუბნებით, სხვა გზა არ არის, სხვა მაღაზიაში უნდა მიბრძანდეთ.- და ასე ვატარო კალათა წინ და უკან? მაშინ დაეწერათ შემოსასვლელშივე, რომ ტერმინალი არ მუშაობს, რთული გასაკეთებელია? - კიდევ უფრო აბობოქრდა უსიამოვნო მამაკაცი.- გოგონა, რამდენი საათია, რაც მანდ დგახართ?- გუშინდელი ღამის 11-დან მოყოლებული. - ანერვიულებულმა უპასუხა მოლარემ. თან სასოწარკვეთილი უყურებდა საათს. სავარაუდოდ მორიგეობას ამთავრებდა.- ხედავთ ბატონო? თქვენზე ორჯერ პატარა ასაკის გოგონას ღამით თვალიც არ მოუხუჭავს, როცა თქვენ სავარაუდოდ ტახტზე იწექით გათენებამდე და ხვრინავდით.- და რას მიმითითებთ ამით?- იმას გულისხმობს ჩემი მეგობარი, რომ ტერმინალის მოშლა ამ გოგონას ბრალი არ არის და თქვენ ჯობია სხვა მაღაზიაში გადახვიდეთ, რადგან ასე ჩხუბით ვერაფერი ვერ მოგვარდება. - საუბარში ჩავერთე მე. ამ უსიამოვნო მამაკაცმა ეჭვის თვალით აგვხედა-ჩამოგვხედა.- სად შეხვდით ეს ორი ბედდამთხვეული უფლებადამცველი ერთმანეთს? აჰა, არც თქვენი პროდუქტი მინდა, არც არაფერი. ჭამეთ რამდენიც გინდათ, სულ დაიტოვეთ. ჯანდაბას!! - ხმამაღლა განაგრძო ლაპარაკი. - ამ დილაუთენია სად მაქვს თქვენი თავი და ნერვები! ვინები არიან ეს გადარეულები! - პროდუქტებით სავსე კალათა ძირს დააგდო. - გიჟები... - ჩაიბურდღუნა თავისთვის. თავქუდმოგლეჯილი გავარდა მაღაზიიდან. - კალათები ვის დაუგდე, ასე? - დაუყვირა ელიზავეტამ. მამაკაცს ამ სიტყვებზე უკან აღარც მოუხედავს.- ვერა ხარ! მართალია ის კაცი. ასე ლაპარაკი დაულაგებელ ადამიანთან როგორ შეიძლება? რას იზამდი, მას რომ უკან არ დაეხია? ჩხუბი ხომ დაიწყებოდა? დაიწყებოდა. ვინ ჩაერთვებოდა შენს ადგილას? მე ჩავერთვებოდი. რის გამო იქნებოდა ამხელა ამბავი ატეხილი?..- მის გამო. - სიტყვა შემაწყვეტინა ელიზავეტამ და მოლარისკენ ხელი გაიშვირა. - გოგონა, თავს როგორ გრძნობთ? იმედია უკეთ. ჩემი მეგობრის სიტყვები ცუდად არ მიიღოთ, ძალიან კეთილი ადამიანია, უბრალოდ, ჩემთან შედარებით უფრო ფრთხილია.- გასაგებია. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა მოლარე გოგონამ. - შემიძლია ყავით გაგიმასპინძლდეთ თუ მოინდომებთ, მადლობა დახმარებისთვის. მე ნუცა მქვია.- მე ელიზავეტა, სასიამოვნოა. - ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. - ჩვენი დარჩენა არ გამოვა, ბოდიში. ცოტა გვეჩქარება, თანამშრომელს მინერალური წყალი უნდა მივუტანოთ. მაგრამ იცოდეთ, უახლოეს პერიოდში, აუცილებლად შემოგივლით, დავსხდებით ერთად და ვისაუბრებთ. ხომ, ნიკოლოზ? - ელიზავეტამ გაღიმებულმა შემომხედა და თვალით მანიშნა დავთანხმებოდი.- დიახ, დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ, ვიმსჯელოთ. - მეც არ გავუცრუე მეგობარს იმედები. - მადლობა მინერალურისთვის და კარგ დღეს გისურვებთ! წამოდი ელიზავეტა, მალე! - მაღაზიის კარი გამოვაღე, ორივენი გამოვედით.- კარგად! - დაუძახა და ხელი დაუქნია ქუჩიდან ელიზავეტამ მოლარე გოგონას. - რაღაც მიმზიდველი პიროვნება ჩანს, ვფიქრობ, უნდა დავუმეგობრდეთ. - გადმომილაპარაკა როცა გზას ვკვეთდით.- შენ ძალიან ბევრი აზრი მოგდის ბოლო დროს და ცოტა არეული ხარ. მოდი, დაფიქრდი ჯერ. - მივუგე მას. უკმაყოფილო სახით შემომხედა. სამსახურის შესასვლელთან მივედით, მინერალური მოვიმარჯვე. - ისე, არ მინდა შესვლა. - დაიწუწუნა ელიზავეტამ.- ნუ, სხვა გზა არ არის. მიდი, მიდი, შედი, შედი. - შესასვლელში გზა დავუთმე და ხელი ისე ვკარი, ლამის შევაგდე. გია ბიძია მინერალური წყლით ძალიან გახარებული დარჩა. სამუშაო ოფისში მეც და ელიზავეტაც სამგზის ოჯახდალოცვილები ავედით.- სად ხართ ამდენ ხანს?! - შესძახა ლუკამ, როცა საერთო ოთახში შევედით. გიორგიზე მეტად მისი მოსმენა მიშლის ნერვებს, იგი უფრო ნაკლებს ლაპარაკობს, მაგრამ რასაც იძახის, ყველაფერი გამაღიზიანებელია.- გავისეირნეთ სამუშაოს დაწყებამდე. - უპასუხა ელიზავეტამ.- ჯერ ისევ ზამთარია, რა დაგატარებთ ქუჩაში ასე?! თოვლი ზოგან კიდევ არის გზებზე. - შეიცხადა ლუკას გვერდით მდგომმა გიორგიმ.- მოდი, სამუშაოს მივხედოთ, რაც მალე მოვრჩებით საქმეს, მით უკეთესი. - შემოვძახე ომახიანად. - ჰე, ჰე, ყველანი ოთახებში, წავედით, წავედით, წავედით. - ელიზავეტას ხელი მოვკიდე და ოთახში შევედით, შესასვლელი კარი გასაღებით გადავკეტე. ლუკაც უკან აგვეკიდა, მაგრამ შიგნით აღარ შემოვუშვი. - სამუშაო გარემოში სიმშვიდეა საჭირო! - გავძახე კარს იქით მდგომს. ელიზავეტას ჩაეცინა. შესვენებამდე ოთახიდან აღარც გავსულვართ. თავჩახრილი ვმუშაობდით... - რა საჭიროა ამდენი დღესასწაული, ნიკოლოზ? ცოტა დამღალა ამ ყველაფერმა. არ შეიძლება, რომ ერთი მთლიანი თვე ავიღოთ და სულ მაშინ დავისვენოთ? მოვა ეს უქმე დღე, დავიწყებ ტკბობას, გავიფურჩქნები გაზაფხულის ყვავილივით და შემდეგ უცებ ჰოპ, მოვა ზამთარი, ისევ უნდა ავდგე დილით ადრე და სამსახურში წამოვიდე. როგორ შეიძლება ასე? - სევდიანად გამომხედა ელიზავეტამ. - არ იღლები შენ?- გთხოვ, ჩუმად, ხელს მიშლი მუშაობაში. მინდა, რომ შესვენებამდე მივუგდო ეს შაბლონები გენ. დირექტორს და აქედან გავიდე. შენ არ გინდა მალე წასვლა?- როგორ არა, მაგრამ სულ ასე სიჩუმეში ვიმუშაო? ცოტა მოსაწყენია.- მიდი, მიდი, მიხედე საქმეს. რაც მალე გავალთ, მით მალე დავისვენებთ ამ გიჟების ხროვისგან.- ხროვისგან?.. - ჩაილაპარაკა ელიზავეტამ. - ხროვაზე გამახსენდა, რაღაც ის მგლის მახინჯი ლეკვი აღარ ჩანს, სად არის?- გელაზე ამბობ?- არა. აი, ის მაღალი ბიჭი, მელოტი, სულ შავები რომ აცვია და დედის მკვლელი ჭუჭრუტანა რომ აქვს.- ნუ მაცინებ, რას ერჩი მაგ ადამიანს.- რავიცი, უცნაურია. ასე მგონია, დანები დააქვს ჯიბით და ვერიდები. მეშინია, რამე არ ჩამარტყას. - ორივემ გადავიხარხარეთ.- ნეტავი, როდის მოეშვები ეგეთებს?- რა გინდა, აბა შენსავით უჟმურად ვიჯდე?- უჟმურად რატომ? აიღე სტატია და დაწერე რამეზე ან კროსვორდები შეავსე, გამოცანები გააკეთე, რავიცი, რაც გინდა ქენი.- რეებს მელაპარაკები ახლა, მე ვერ ვარ თუ შენ. ნერვებს მიშლი. - მითხრა ელიზავეტამ და ქაღალდის მოკუჭული ბურთი მესროლა. ჩვენი მუშაობა მუდამ მსგავს მხიარულებაში მიდის. ერთმანეთს ხშირად ვუშლით ნერვებს, დავცინით ან კიდევ სხვებზე ვსაუბრობთ. ზოგადად, მხიარულ ელიზავეტას არაფერი სჯობია. მასთან ერთად მუშაობას როცა ვიხსენებ, ერთი ამბავი მაგონდება. მაშინ ახალი მოსული ვიყავი და ჩემ მიმართ ძალიან უხეში იყო, ცოტათი ანჩხლიც კი მეგონა სანამ დავუახლოვდებოდი. მოკლედ, რისი მოყოლა დავიწყე... გაზაფხულის მშვენიერი, მზიანი დღე იყო, ცვლილებების სურნელი ტრიალებდა გარშემო. მე კი სამსახურში ჩემთვის ვფუსფუსებდი. ელიზავეტაც იქვე იყო, ფურცლებს ბეჭდავდა. მოულოდნელად საბეჭდმა მანქანამ გაჭედა, კომპიუტერიდან გაგზავნილ ფაილებს აღარ იღებდა. გურამ!!! მოდი აქ!! შეჰყვირა ელიზავეტამ. გურამი ჩვენი ტექნიკოსია. მაღალი შუახნის მამაკაცი, რომელსაც სათვალეები და ქალის მკერდისკენ მიმართული ჭუჭრუტანა ყოველთვის სრულ მზადყოფნაში აქვს. მოკლედ, მაშინაც ელიზავეტას დაძახებულზე წამში ჩაერთო საქმეში ბატონი გურამი და სანამ გაფუჭებულ საბეჭდ მანქანასთან მივიდა, მოულოდნელად ფეხი წამოჰკრა მაგიდებს შორის გაყვანილ კაბელს და ძირს წაიქცა. ტკივილისგან გამწარებული თავთან ერთად წელზეც იკიდებდა ხელს. ყველა მას მისცვივდა. ცდილობდნენ ხელის შეშველებას, მაგრამ ბატონი გურამი ვერაფრით დგებოდა. სწორედ ამ დროს ელიზავეტამ შემამჩნია მე, რომელიც იქვე, ჩემთვის უცოდველად ვიდექი და არეულ სცენას შევყურებდი. მოდი აქ, ფილარმონიის მუზასავით მოფამფალებული რომ დგახარ, დამეხმარე! მკაცრად მითხრა და თან საკუთარ სიტყვებზევე გაეცინა. მეც ნელი ნაბიჯებით, დაძაბული მივედი მასთან. თვალებში არც კი შემიხედავს, ისე დავუწყე საბეჭდ მანქანას თვალიერება. დღემდე არ ვიცი როგორ, რა ღვთის მადლით და რა ძალებით მოვაგვარე ის პრობლემა. გაფუჭებული მანქანა მაშინვე გამართულად ჩაირთო. ვიღაც სულელი უსაქმური მეგონე. მითხრა ბოლოს მადლიანად ელიზავეტამ, თურმე საჭირო კაცი ყოფილხარ. თვალი ჩამიკრა. სწორედ ამ აურზაურიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა.- აკაკი წერეთლის გამზრდელს წერ თუ შოთა რუსთაველის ვეფისტყაოსანს?! რა ხდება, რა ვეღარ დაწერე? - თავზე წამომადგა დოინჯშემორტყმული უკმაყოფილო ელიზავეტა. - შესვენება მთავრდება მალე - საათს გახედა. - თუ არ ადგები, სამუდამოდ მანდ დარჩები და ჩაიმარხები ერთ ადგილას, გაიგე?- მაცადე! - შევყვირე. - სამი წინადადებაღა დამრჩა, ვამთავრებ! - ავღელდი.- კარგი, კარგი, შოთა, როგორც იტყვი. აჰა, აქ ვზივარ და ჩუმად ვარ. ოღონდ, მალე ქენი, თორემ წაიყვანეს შენი ნესტან-დარეჯანი ქაჯეთის ციხეში.- ოხ რა! კარგი! მოვრჩი, დავამთავრე! წავიდეთ, წავედით, წავედით, ჩქარა! პალტო მხრებზე მოვიხურე, შარფი ყელზე შემოვიხვიე, კიბეზე ჩავირბინეთ, გია ბიძიას გავუღიმეთ და ქუჩაში გავედით.- ახლა საით წავიდეთ, გაქვს აზრი? - ვკითხე, როცა სამსახურის წინ ჩამოვდექით.- მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად ზოოპარკში.- აუცილებლად რატომ? ასე ძალიან გიყვარს მყრალი სუნი?- იქ ხომ ცხოველებიც არიან, მათ ჩვენი დანახვა გაუხარდებათ. - შეჰყვირა გახარებულმა ელიზავეტამ. - წამოდი, წამოდი. - ხელი მკლავში ჩამავლო.- მოკლედ, წამოგყვები, ოღონდ 1 პირობით. იმ შემთხვევაში მოგყვები, თუ ზოოპარკამდე აღარავის დაელაპარაკები, უცნობებს ხმას არ გასცემ და საერთოდ პირსაც არ გააღებ, კარგი? - ელიზავეტამ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. კმაყოფილებისგან გამეღიმა. ავტობუსის გაჩერებასთან მივირბინეთ. ტრანსპორტი მალე მოვიდა. რამდენიმე წუთში უკვე ზოოპარკში ვიყავით. - ამხელა კისერი რომ მქონდეს, ალბათ თავსაც მოვიკლავდი. - მითხრა ელიზავეტამ და ბამბის ნაყინს ხარბად დაეწაფა. ჟირაფის გალიასთან ვიდექით.- ესე იგი, ღმერთს მადლობა, რომ ჟირაფი არ ხარ, ხომ? - დადებითი პასუხის ნიშნად თავი დამიქნია. ჩამეცინა. ჟირაფის შემდეგ კიდევ რამდენიმე ცხოველი ვნახეთ: სპილო, ზებრა, მგლები და ფრინველები. დიდხანს აღარ გავჩერდით, რადგან ელიზავეტა მალე სუნმა შეაწუხა.- როგორ კარგად ვისეირნეთ არა? - მითხრა, როცა ზოოპარკიდან გამოვედით. - ეს ბამბის ნაყინის ჯოხი სად გადავაგდო? ურნა არ ჩანს და არ გინდა გადაყლაპო? სიმაღლე ხელს გიწყობს, თან ნახე, შენსავით წვრილია. - თავისებურად ხუმრობდა. კარგ ხასიათზე იყო. - რა სახე ჩამოგტირის, რა იყო, რა გჭირს? გაიცინე! - ხელი მხარზე შემომარტყა ელიზავეტამ და მთელი არსებით გადაიხარხარა. მისი გადახარხარების შემდეგ შევამჩნიე იქვე მდგომი ბავშვები, რომლებიც შეშინებულები გვიყურებდნენ.- მოდი, გავშორდეთ აქაურობას. - ხელი მოვკიდე და ზოოპარკის გასასვლელში გამოვათრიე.- სად მეპატიჟები? - პრეტენზიულად შემომხედა.- აქვე კაფეა. თუ არ გეჩქარება სახლში წასვლა, შევიდეთ.- უი, რას ამბობ! კიბატონო შევიდეთ, მაგაზე გაწყენინებ? - ხელი იღლიაში ამომიდო გახარებულმა ელიზავეტამ და ქუჩის მეორე მხარეს ზებრათი გადავედით. *** კარი გამოვაღე, პირველი ელიზავეტა შევიდა. - ეს რა ადგილია, როგორი ყავისფერია. - მითხრა გაოცებულმა.- ხო, მემგონი ახლა შეღებეს, თითქოს სხვა ფერის კედლები მახსოვდა. - მაგიდასთან დავსხედით. პალტოები სკამებზე შემოვკიდეთ.- თქვენი მენიუ. - მალევე მოვიდა ოფიციანტი. - როცა მოიფიქრებთ, დამიძახეთ. - დაგვიბარა მან.- მოიცადეთ, ახლავე შეგიკვეთავთ. - ვუპასუხე. - შენც ხომ იცი, უკვე რა გინდა? - ვკითხე ელიზავეტას, მანაც თავი დამიქნია როცა ოფიციანტი ნაწერებით სავსე ქაღალდით წავიდა, საჭმლის მოლოდინში ცოტა ვიჭორავეთ. დღე შევაჯამეთ, თანამშრომლების ზოგად საქციელებზე ვიმსჯელეთ... შეკვეთა მალე მოვიდა... - ძალიან კარგი იყო ყველაფერი. - მითხრა ელიზავეტამ, როცა ბოლო ლუკმაც მიირთვა. - ასე დიდი ხანია აღარ გვისადილია.- არ შემიძლია, არ დაგეთანხმო. ბოლო დროს არსად აღარ დავდივართ. - მივუგე მე.- წეღან რაზე ვსაუბრობდით? ხომ! ესე იგი, შენი აზრით, მაგიური კალენდრის ბოლოს მთავარი პერსონაჟი გაიმარჯვებს? არ გგონია, რომ ჩვენი მეგობარი ძალიან ჩახლართულ ამბებს წერს? - მკითხა ელიზავეტამ. თან უკან გადაიწია და სკამის ზურგს მიეყრდნო.- იცი, ვერ გეტყვი ზუსტად. ზოგადად, როცა ვკითხულობდი, იმდენად მრავალფეროვანი შეგრძნებები დამეუფლა, რომ ბევრ ცხოვრებისეულ ფაქტზე დამაფიქრა და სიმართლე გითხრა, საერთოდ ვფიქრობ, რომ ჩვენი მეგობარი მხოლოდ ერთი წიგნით ამ ისტორიას არ დაამთავრებს და აუცილებლად გააგრძელებს.- შესაძლოა, შესაძლოა. - მიპასუხა ელიზავეტამ. - ისე, თავიდან როცა გაგიცანი, არ მეგონა, რომ შენნაირი ადამიანი ლიტერატურით იქნებოდა დაინტერესებული. უფრო მეტად სუპერგმირების კომიქსების ტიპი მეგონე.- რისი? ჩვენ ხომ მილენიანელები ვართ. როცა მოზარდები ვიყავით, ერთადერთი კომიქსი - ჟურნალი „სარკე“ იყო. რა სუპერგმირები და ისტორიები. დევებზე თუ გაიგებდი ფანტასტიკას. - ჩამეცინა. ამ დროს კაფეში მოულოდნელად ჩვენი თანამშრომელი ლუკა შემოვიდა.- ვახ, ნახე, ვინები ყოფილან აქ! - ხელები გაშალა გახარებულმა.- ესე იგი მაინც მოგვაგნო. - უხასიათოდ ჩაილაპარაკა ელიზავეტამ.- მე უბრალოდ აქვე ვიყავი. უცებ კაფე დავინახე და შემოვიარე, არაფერი ზედმეტი! - თქვა ლუკამ. – ვიფიქრე, ჩაის დავლევდი. 1 ჩაი, თუ შეიძლება. - უთხრა ოფიციანტს, რომელიც უკვე ჩვენს მაგიდასთან იდგა. - აბა, თქვენ რას აკეთებდით აქეთ?- ზოოპარკში ვიყავით, არაფერი ისეთი. - ვუპასუხე მე. - დიდი ხანია მანდ არ ვყოფილვარ, ფაქტიურად ბავშვობის შემდეგ. ელიზავეტასაც უნდოდა იქ მისვლა. ასე რომ, ჩვენი ინტერესები გადაიკვეთა.- მართალია, ძალიან მომეწონა ზოოპარკი, კარგად ვიცინეთ და ვისაუბრეთ. სხვათაშორის, დღეს სირაქლემა თავის სახლში იყო შეკეტილი, არ გამოდიოდა გარეთ, მაგრამ აგერ ლუკა მოვიდა და დედალი თუ ვერა, მამალი სირაქლემა მაინც ვნახე დღეს. მადლობა ლუკა, შენ ნამდვილი მეგობარი ხარ! - მიუგო ელიზავეტამ, ლუკას ხელი ზურგზე დაადო და შეშლილივით გაუღიმა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ყველანი გავშეშდით.- თქვენი ჩაი! - მოვიდა ოფიციანტი, რომელიც საერთოდ არცერთს არ შეგვიმჩნევია. - ჩაი, მოგიტანეთ! - კიდევ ხმამაღლა გაიმეორა მან.- ელიზავეტა, მემგონი ჩვენ მივდიოდით ხომ?- დიახ, ცოტას კიდევ გავისეირნებთ კიდევ. უნდა წავიდეთ ლუკა! - უეცრად დასერიოზულდა. ფეხზე წამოდგა. - ნახვამდის! კარგად! - პალტოები შემოვიხვიეთ და ქუჩაში გავედით. ლუკამ შეშფოთებულმა დაგვიქნია ხელი. ვფიქრობ, იმ მომენტში ის არა ელიზავეტას სიტყვებმა, არამედ ელიზავეტას გაყინულმა და გაღიმებულმა სახემ დააფრთხო. მის ადგილას მეც შემეშინდებოდა, რადგან ეს იყო ნამდვილი შეშლილის მზერა. კიდევ ყოჩაღ ლუკას, რომ საერთოდ არ გაიქცა. - წავედით ჩვენ-ჩვენს სახლებში? - მკითხა ელიზავეტამ, როცა გარეთ გამოვედით.- საღამოს შევხვდეთ? იდეაში, ხვალ დასვენების დღეა, ასე რომ, შეგვიძლია კარგად გავერთოთ და საერთოდ არც არაფერზე ვიდარდოთ.- კიბატონო! ვგიჟდები, როცა რაციონალურად აზროვნებ. 8 საათისთვის დაგირეკავ.- კარგი. - ელიზავეტას გადავეხვიე. სახლში რომ მივედი, დივანზე წამოვწექი და ცოტა ხანს თვალები დავხუჭე. კონკრეტულად არაფერზე ვფიქრობდი, უბრალოდ მთლიან დღეს გავყევი წარმოდგენებში. მოგონებებად საკმაოდ ბევრი რამ დამრჩებოდა. ელიზავეტასთან ერთად სიარული, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ყოველთვის დასამახსოვრებელია. რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ წამოვჯექი და ტელევიზორი ჩავრთე. პირველ არხზე რაღაც ძველი, შავ-თეთრი ფილმი გადიოდა, სიყვარულის ისტორია იყო. გადავრთე, გადავრთე. ბევრ პროგრამას შევავლე თვალი. საბოლოოდ იმ ცნობილ რეკლამაზე გავჩერდი, რომელზეც ყველა საუბრობს. აი, ერთი კაცის რეკლამა რომ არის. თუ არ გსმენიათ, აგიხსნით. ამ რეკლამაში მხოლოდ 1 მსახიობი მონაწილეობს, ცნობილი სახალხო არტისტი, მაღალი, ახოვანი, შავგვრემანი მამაკაცი, რომელიც უბრალოდ წრეში დგას და ყავისფერი სმოკინგი აცვია - საყელოზე ლურჯი ბათფით, ხოლო თვალებზე - წვრილი, მართკუთხედი ფორმის მზის სათვალით. წრის გარშემო, რომელშიც ეს მამაკაცი დგას, ფერადი ბოძებია ჩამწკრივებული და ეს ბოძები გაუჩერებლივ ტრიალებს. აღნიშნული სცენა რამდენიმე წამი გრძელდება, ხოლო ბოლოს შავ ფონზე ღია ლურჯი ასოებით ეწერება: „ ფონესი - ადგილი, სადაც შენთვის სასურველ ტექნიკას იყიდი“ და ეს არის რეკლამის დასასრული. ხვდებით ხომ, როგორი სისულელეა? და ამაზე ხალხი გიჟდება! ეს რეკლამა წლის საუკეთესოდ დასახელდა და სხვადასხვა ჯილდო მოიგო. სწორედ მსგავს მომენტებში ვხვდები, რომ მსოფლიო გაგიჟდა, გადაირია. როგორც კი „ფონესის“ ეს უაზრო კლიპი დამთავრდა, იმედგაცრუებულმა ტელევიზორი გამოვრთე. თვალები მოვიფშვნიტე და ირგვლივ მიმოვიხედე. ნელ-ნელა ქალაქში ლამპიონების ნათება მატულობდა. წამოვდექი, ფანჯარასთან მივედი. სამწუხაროდ, ჩემს სახლს ქალაქის ხედი არ აქვს, მხოლოდ მოპირდაპირე კორპუსები და ცალმხრივი სამანქანო გზა ჩანს. ირონიულია, რომ ფართო რეალობის ჭუჭრუტანის მქონეს, ამ ვიწრო სივრცეზე მაქვს მხოლოდ თვალთახედვა. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. ბინა, რომელშიც ახლა ვცხოვრობ, ბაბუაჩემმა იყიდა მაშინ, როცა ქუჩის ბოლოს ჯერ კიდევ ბაღები იყო გაშენებული. ეს ადგილი მშვიდ და მოსასვენებელ ტერიტორიად ითვლებოდა. ბაბუაჩემამდე კი, ჩემს დიდ ბაბუას, რომელსაც მეღვინის ჭუჭრუტანა ჰქონდა, ქუჩის ბოლოსკენ ვენახები ჰქონდა გაშენებული. ახლა მეტად წარმოუდგენელია, რომ ოდესღაც ადგილას, სადაც ყურძენი იკრიფებოდა და საწნახელში ღვინო იწურებოდა, დღეს ქალაქის ყველაზე პოპულარული სავაჭრო ცენტრია. ჯერ კიდევ ფანჯარასთან ვიდექი, როცა სახლის ტელეფონზე დარეკეს. მაგიდასთან მივედი, ყურმილი ავიღე.- ალო, ნიკოლოზ, როგორ ხარ?- დედა? კარგად, კარგად, შენ როგორ ხარ? - ვუპასუხე გაკვირვებულმა.- მეც კარგად. დეიდაშენი მესტუმრა დღეს. ვზივართ სასტუმრო ოთახში და შენზე ვლაპარაკობთ. თავიდან არ დამრთო ნება, მაგრამ ახლა მომცა უფლება, რომ შენთვის დამერეკა. იცი, ცოტათი მოგვანატრე უკვე თავი და შეგიძლია გვესტუმრო? - დედას ხმაში სევდა ეტყობოდა, თანდათან ეტირებოდა. - მამაშენიც მალე მოვა, ნიკოლოზ. მოდი, გთხოვ, არ დაგვტოვო მარტო. - უცებ ყურმილი დააგდო და აქვითინდა.- დედა! დედა, გესმის?! ალო, მიპასუხე! დედა! - მას აღარაფერი უთქვამს. მხოლოდ შორიდან ისმოდა მისი გაუჩერებელი მოთქმა და ტირილი.- ვინ ხართ?! მომშორდით! მარტო დამტოვეთ! არ მომკიდოთ ხელი! გამიშვით! მიშველეთ! ნიკოლოზ! მიშველე! - უეცრად აყვირდა დედა. სამწუხაროდ ხშირად ხდება მსგავსი რამ. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ სიყვარულის ჭუჭრუტანით შეპყრობილმა დედაჩემმა საკუთარი თავი ნელ-ნელა დაკარგა. ღრმა დეპრესიამ მთლიანი ცნობიერება შეურყია და საბოლოოდ მისი სპეციალურ დაწესებულებაში წაყვანა მომიწია, რადგან სახლის პირობებში არსებული საშუალებებით მსგავსი სიმძიმის შეტევებს ვეღარ ვუმკლავდებოდი. რამდენიმე წელია უკვე, რაც იქ არის. დღე-გამოშვებით ვცდილობ მივიდე მის სანახავად, მაგრამ სტაბილურად მაინც ვერ ვსტუმრობ. დედასთან საუბარი თანდათან ნამდვილ ჯოჯოხეთად გადაიქცა ჩემთვის. ყოველთვის, როცა მასთან მივდივარ, სულ მეკითხება თუ სად არის მამა, როდის მოვა ისიც მის სანახავად. ხშირად გზად საჩუქარს ვყიდულობ დედისთვის და თან წერილიც მიმაქვს, სადაც მამაჩემის სახელით ვუწერ სასიყვარულო შეტყობინებას. როცა ის ამ წერილებს კითხულობს, ცამდე ბედნიერია. უხარია თუ როგორი ყურადღებიანია მისი მეუღლე. სიხარულისგან მეხუტება და სახეზე ღიმილი არ შორდება. მე კი ამ დროს ყოველთვის ვტირი. როცა მეკითხება თუ რა მჭირს, ვეუბნები, რომ მეც მასავით ბედნიერი ვარ და შემდეგ დედაც ჩემთან ერთად ტირის. იმ მომენტში, როცა დედას ნერვული შეტევა დაეწყო და ყურმილი დააგდო, ექთნებმა მაშინვე ხელი მოკიდეს მას, ოთახში წაიყვანეს, ლოგინზე დააწვინეს და დამამშვიდებელი გაუკეთეს. ქალაქის სპეც დაწესებულებაში სატელეფონო ზარიდან დაახლოებით ნახევარ საათში მივედი.- ჩემი ნიკოლოზი. - დედას თვალები აუცრემლიანდა, როცა დამინახა. - შვილო, მადლობა რომ მოხვედი! - მძიმედ აბამდა სიტყვებს ერთმანეთს.- ხო, აქ ვარ, დე! მომეცი ხელი. რატომ ინერვიულე ასე? ხომ იცი, რომ ეს ხალხი შენ გეხმარება, დე. ნუ გეშინია, ისინი ჩემი მეგობრები არიან, ცუდად არ მოგექცევიან.- მართლა, ნიკოლოზ? - შეეცადა გაეღიმა.- კი, დედა, სიმართლეს გეუბნები. - მარჯვენა ხელი ავწიე დაფიცების ნიშნად და გავუცინე. თან თვალებიდან ცრემლები მომდიოდა. ვტიროდი.- კარგი, ნიკოლოზ. - ღრმად ამოიხვნეშა. - ვგრძნობ, რომ თითქოსდა მეძინება. გთხოვ, აქ დარჩი, დედი. მამა როცა მოვა, დახვდი და კარი გაუღე. დაელოდე, არ დაიძინო.- როგორც შენ იტყვი. - გამიღიმა. თავი გვერდით გადაატრიალა და თვალები დახუჭა. სანამ არ ჩაიძინა, მისთვის ხელი არ გამიშვია. შემდეგ ჩუმად ავდექი და პალატიდან გამოვედი.- ბატონო, მთელი დღე თქვენთან გასაუბრება სურდა დედათქვენს. - მაშინვე მოვიდა ჩემთან ექთანი.- მთელი დღის განმავლობაში? ხომ არ ღელავდა რამეზე განსაკუთრებით?- არა, უბრალოდ გიცდიდათ და გელოდებოდათ.- გასაგებია. წეღან აქ დავდე, ყვავილები და წერილი. სანამ გაიღვიძებს აუცილებლად დაუდეთ თავთან ახლოს. მინდა ხვალ დილით, როცა თავის მეუღლეს მოიკითხავს ეს საჩუქარი ნახოს. ძალიან გაუხარდება.- კარგი, ბატონო. ცოტა ხანში კიდევ ღრმად რომ ჩაიძინებს, შევიტან.- დიდი მადლობა! - გავუღიმე ექთანს და გასასვლელისკენ დავიძარი. ქუჩაში გამოვედი. მაღაზიაში სიგარეტი ვიყიდე და ნერვებს აყოლილმა მაშინვე გავუკიდე. დედაჩემის მდგომარეობა შინაგანად თანდათან მკლავს, ხშირად სასოწარკვეთაც მიპყრობს. - მეგობარო, ხომ არ იცი, რომელი საათია? - უეცრად მკითხა უცნობმა გამვლელმა.- 9-ს 25 წუთია. - მადლობის ნიშნად თავი დამიქნია. მეც გავუღიმე. - ესე იგი 8-ს გადაცდა და 9 დაიწყო... - ჩავილაპარაკე. კიდევ ერთხელ დავხედე საათს და უცებ ელიზავეტა გამახსენდა, რომელიც დიდი ალბათობით უკვე თითქმის ნახევარი საათი სახლის ტელეფონზე მირეკავდა. მივიხედ-მოვიხედე, სატელეფონო ჯიხური შევამჩნიე რამდენიმე მეტრში. სწრაფი ნაბიჯებით გავემართე. ჯიხურში შევედი, მონეტა ჩავაგდე და ნომერი ავკრიფე.- გისმენთ? - გაისმა ხმა.- ელიზავეტა, მე ვარ. ისევ იგივე დაემართა დედას და ახლახანს გამოვედი კლინიკიდან. სად ხარ შენ, ხომ არ გასულხარ სადმე?- კი გამიკვირდა, ამდენ ხანს რომ არ გიპასუხია. არსად გავსულვარ, შენ გელოდებოდი.- გასაგებია. მაშინ მე ცოტა გარეუბნისკენ ვარ და ქალაქის მთავარ მოედანზე დიდ საათთან შევხვდეთ ესე 20-25 წუთში.- კარგი. - ყურმილი დავკიდე. მეტროსკენ წავედი. ესკალატორით როგორც კი ჩავედი, მატარებელი მაშინვე მოვიდა. ვაგონში მთელი სისწრაფით შევვარდი. ჩვენთან მეტროს მემანქანეებს ძირითადად ყველაზე ვიწრო ჭუჭრუტანები აქვთ, რათა მთელი დღის განმავლობაში სიბნელეში და მზის გარეშე ყოფნისგან არ გაგიჟდნენ. ზოგადად მსგავს პოზიციებზე დიდი სიფრთხილით არჩევენ თანამშრომლებს, რადგან სამწუხაროდ ხშირია პროფესიული გარემოსაგან მიღებული მენტალური დარღვევები და ამიტომ მძიმე სამუშაოებზე მხოლოდ ვიწრო ჭუჭრუტანიანები აჰყავთ. ისინი ნაკლებს ფიქრობენ და უფრო მარტივად აზროვნებენ. სამი გაჩერების შემდეგ ვაგონიდან გამოვედი. ჩქარი ნაბიჯებით გავემართე გასასვლელისკენ. კიბეზე ავირბინე და ქალაქის მთავარ მოედანზე ამოვედი. დიდი საათისგან რამდენიმე მეტრში ვიყავი. დროს შევხედე. ოცი წუთი იყო გასული ელიზავეტასთან დარეკვიდან.- აბა, როგორ გრძნობ თავს? - ჩუმად მომეპარა ელიზავეტა უკნიდან.- როგორ იდუმალად მოძრაობ! - გავუღიმე. - ახლა რა ვქნათ? მე დიდად არსად არ მიმიწევს გული, შენ რას იტყვი?- მოდი, ბარში წავიდეთ. აქ ერთი კარგი ადგილი ვიცი.- შენ რომ ბარები არ გიყვარს?- ვფიქრობ, რომ ახლა მინდა. თან ძალიან, ძალიან მინდა! - ხელი მაჯაში მომკიდა და სწრაფი ნაბიჯებით წავედით. - ახლა ზებრაზე გადავალთ. შემდეგ ხედავ, ზემოთ ბანერი რომ ჰკიდია? აი იქ, რამდენიმე მეტრში. წამოდი! - ნახევარი ქუჩა ავიარეთ და შემდეგ დიდ შავ კართან გავჩერდით. - აჰა, მოვედით. ჩემი საყვარელი ყვითელი ბარი!- საყვარელი ბარი? პირველად მესმის შენგან.- რამდენს ლაპარაკობ ხოლმე! ნუ ბუზღუნებ, წამოდი, კარგად გავერთოთ. - მითხრა და შიგნით შევედით. მუსიკა მაღალ ხმაზე იყო ჩართული. რამდენიმე ადამიანი ცენტრში ცეკვავდა, დანარჩენები მაგიდებთან ისხდნენ. იქაურობა მთლიანად ყვითელ ფერში გაენათებინათ. გარშემო ყველა და ყველაფერი ყვითელი იყო. - რას დალევ აბა?! - ყურში ჩამყვირა ელიზავეტამ.- არ ვიცი, ლუდს რომელიმეს.- უინტერესო! - მითხრა. – ორი ლუდი ჩემს უჟმურ მეგობარს და ერთი ალუბლის კოქტეილი მე! - დაუყვირა ბარმენს. თან ფეხებს მუსიკის რიტმში აბაკუნებდა.- გამოიწიე, ახლა მე ვიხდი! - ვუთხარი და ბარმენს ფული გავუწოდე. ელიზავეტამ კმაყოფილმა შემომხედა.- არ გინდა ცეკვა? დადე ლუდები, გავხურდეთ. - ჩამყვირა, ხელი მომკიდა. შევაჩერე.- მოიცადე, ცოტა ხანს დავსხდეთ. ნახე, იქით დასაჯდომი ადგილი გათავისუფლდა. სულ ცოტას დავისვენებ და მერე.- კარგი. - მითხრა ელიზავეტამ და მუცელში მთელი ძალით მიჩქმიტა. კინაღამ ორივე ლუდის ბოთლი გამივარდა ხელიდან. ცეკვა ჯერ ნამდვილად არ მსურდა, ისევ დედაჩემთან მომხდარზე ვფიქრობდი. ასეთი შემთხვევის შემდგომ მდგომარეობიდან გამოსვლა იყო საჭირო. - შენ თუ არ გინდა, აი, იმ ბიჭს ვეცეკვები წყნარი ოკეანის ლობსტერივით რომ იქნევს კიდურებს. - შესძახა ელიზავეტამ, როცა ბარის ცენტრში მყოფი ხალხისკენ გაიხედა. საკმაოდ უცნაურად იქცეოდა. ყოველთვის არაპრონოზირებადი, მძიმე ხასიათის იყო, მაგრამ ასე გიჟივით მანამდე არასდროს არ მინახავს. წამით არ დაყოვნებულა, მაშინვე ცენტრში მდგარ, უცნობ, „ლობსტერივით მოცეკვავე“ სათვალიან ბიჭს მივარდა და ხელები გაშალა. ისეთი მოძრაობები გააკეთა, რომ რამდენჯერმე გამეცინა კიდეც. მუსიკა როცა დამთავრდა, დაბნეულ ბიჭს უბრალოდ ხელი ჩამოართვა და ისევ გვერდით მომიჯდა. - ახლაც არ გინდა, ადგე? - ოდნავ მძიმედ სუნთქავდა.- გთხოვ, ამაში ნუ ჩამრევ.- აბა რა გინდა? სად გინდა წავიდეთ, რომ ბოლოს და ბოლოს გამოფხიზლდე, ჩემთან ერთად იმხიარულო და გაერთო?! რა გინდა?! რა უნდა მოვართვათ მის უდიდებულესობას?! - საკმაოდ აგრესიულად მითხრა. რამდენჯერმე ხელი მხარზე შემომარტყა.- ვერ გავიგე, რა დაგემართა. უბრალოდ არ მინდა და მორჩა! არ შეიძლება, რომ უბრალოდ არ მინდოდეს?! - ბრაზს ბრაზითვე ვუპასუხე. ელიზავეტას ჩემი ტონი არ მოეწონა, ფეხზე წამოდგა და ისე განაგრძო საუბარი.- აი, თუ არ გინდა, ადექი და წადი. ტყუილად მიშლი ნერვებს. მოშორდი აქედან! დაიკარგე! - რამდენჯერმე თითი გამიქნია ცხვირწინ. ბოლოს კი მაგიდა ისე შეაჯანჯღარა, რომ ჩემი ბოთლები გადაყირავდა და ლუდი მთლიანად გადამესხა. ლამის მაგიდაც გადაატრიალა ელიზავეტამ. ამაზე ავინთე. წამოვხტი.- თუ ასე უნდა მოიქცე, ავდგები და წავალ! არ მჭირდება შენი გამხნევება და არც არაფერი! - ჩემს ნივთებს ხელი მოვკიდე. თვალებშიც არ შემიხედავს მისთვის, ისე გავეცალე იმ ადგილს. ქუჩაში სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი. ელიზავეტამ ისედაც საშინელ ხასიათზე მყოფს კიდევ უფრო მომიშალა ნერვები. გზად არავის ვიმჩნევდი, მხოლოდ წინ მივდიოდი. ზოგჯერ მისი საერთოდ არ მესმის. როგორც წესი, მის იმპულსურობას და უცნაურ ქცევებს ვაიგნორებ, მაგრამ როცა უკვე საზღვრებს სცდება, უპასუხოდ ვეღარ ვტოვებ. სახლში რომ მივედი, საგარეო ტანსაცმელი არც გამიხდია, მაშინვე სასტუმრო ოთახში დივანზე მივწექი, ფეხები მოვხარე და უბრალოდ ერთ ადგილს მივაშტერდი. დაახლოებით ნახევარ საათში ემოციურად დაღლილს იქვე დამეძინა. დღე მესამე 13 თებერვალი მეორე დღეს კარზე კაკუნმა გამაღვიძა. შუადღის სამი საათი იყო. იმდენად ღრმად მეძინა, რომ სასტუმრო ოთახში დაკიდებულმა ვერცერთმა გუგულის ჭიკჭიკმა ვერ დამაშორა სიზმრებს. ზანტად გამოვიხედე თვალებიდან, ძლივს წამოვდექი. ნელი ნაბიჯით ჯერ კიდევ ძილში მყოფი მივუახლოვდი შემოსასვლელ კარს. ჭუჭრუტანაში რომ გავიხედე, მაშინვე გამოვფხიზლდი. სადარბაზოში ელიზავეტას დედა იდგა. კარი გავაღე.- გამარჯობა.- გამარჯობა, ნიკოლოზ.- მობრძანდით. მშვიდობაა? რა ხდება? - კარი დავკეტე. შემოსასვლელში დავდექით.- ელიზავეტას ხომ არ დაურეკავს დღეს შენთვის ან ხომ არ ყოფილა შენთან? - მკითხა ანერვიულებულმა.- საღამოს შემდეგ აღარ მინახავს. თუ მირეკავდა, არ ვიცი. ახლახანს გავიღვიძე. მთელი დღეა მძინავს, მაგრამ ზარი რომ შემოსულიყო, აუცილებლად გავიგებდი. რა ხდება?- გუშინდელის შემდეგ სახლში არ დაბრუნებულა. არც შეგვხმიანებია. უკვე შუადღის ოთხ საათს გადაცდა და არ ჩანს. ყველა მის მეგობარს ვკითხე და არავინ არაფერი არ იცის. ბოლო იმედი შენ იყავი...- ნუ ინერვიულებთ, გთხოვთ. არაფერი მოუვა. ხომ იცით, როგორი გოგოა. სხვამ ინერვიულოს. დაბრძანდით, თუ გნებავთ, რამეს მოგართმევთ.- წყალი, თუ შეიძლება. - მითხრა ელიზავეტას დედამ და მისაღებ ოთახში დივანზე ჩამოჯდა. სამზარეულოში გავედი, ონკანი მოვუშვი.- პოლიციაში იყავით ხომ?- კი, განვაცხადეთ. მაგრამ ჯერჯერობით მათგან სიახლე არაფერია. უეცრად ტელეფონზე დარეკეს. ყურმილი ავიღე.- ნიკოლოზ, გამარჯობა.- გამარჯობა, რომელი ხართ?- ჩემი ცოლი მანდაა კიდევ? - პასუხის გარეშე მაშინვე მკითხა უცნობმა.- ბატონო თემურ, თქვენ ხართ?- დიახ. მითხარი, ჩემი ცოლი მანდ არის? - ჩქარობდა.- კი, აქ არის.- იპოვეს ელიზავეტა. ქუჩაში ბორდიურზე იწვა უგონოდ. - ხმა აუკანკალდა. - არაფერი შეიმჩნიო. ჩემს ცოლს უთხარი, რომ ყველაფერი კარგადაა. მოატყუე, ასე მითხრეს, უბრალოდ შესამოწმებლად ჰყავთ კლინიკაშიო. ის მაშინვე აქეთ წამოვა და გთხოვ, წამოყევი, მარტო არ გამოუშვა. მთელი ოჯახი აქ ვართ.- სად მოვიდეთ?- ცენტრალურ საავადმყოფოში.- კარგი.- მადლობა. - მიპასუხა ყურმილში ხმამ და გამითიშა.- რა ხდება?- თქვენი მეუღლე იყო. მითხრა, რომ ელიზავეტა კარგად არის და ახლა უბრალოდ შესამოწმებლად ჰყავთ კლინიკაში, რადგან წინა დღიდან არაფერი არ ახსოვს და ძალიან ნაბახუსევზეა.- კლინიკაში ჰყავთ? რომელ კლინიკაში? - დივნიდან წამოხტა.- ცენტრალურში. წავიდეთ, მეც წამოგყვებით. - პალტო შემოვიცვი, ფეხზე ჩავიცვი. ელიზავეტას დედამ წყალი ჭიქიდან ბოლომდე მოსვა, მაგიდაზე დადო და ორივენი სწრაფად გავედით ბინიდან. ელიზავეტასგან მახსოვს, რომ მისი მშობლები საკმაოდ განსხვავებულები არიან. მამამისს მტკიცე ჭუჭრუტანა აქვს, თითქმის ყოველთვის ინარჩუნებს სიმშვიდეს. დედამისი კი გამუდმებით ღელავს და ნერვიულობს. ამ ორი განსხვავებული ადამიანის დაახლოების მიზეზიც საკმაოდ სიმბოლური იყო. მეგობრებთან ერთად კინოთეატრში იყვნენ, როდესაც ერთმანეთი პირველად ნახეს. იმ დღეს ახალი ამერიკული მელოდრამის პრემიერა იყო. ელიზავეტას მშობლები დარბაზში გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ. როცა ფილმი დამთავრდა, ატირებული თინეიჯერი გოგონა სიმპატიურმა სტუდენტმა ბიჭმა დააწყნარა. სწორედ მაშინ იგრძნო ამ ორმა ადამიანმა ერთმანეთთან სიახლოვე და საბოლოოდ, ხუთ წელიწადში ელიზავეტას მშობლები ულამაზესი ცერემონიის ფონზე დაქორწინდნენ. მოკლედ, დავუბრუნდეთ ამბავს. მას შემდეგ, რაც ელიზავეტას მამამ დარეკა და ბინიდან გავედით, სადარბაზოს კიბეზე ჩავირბინეთ. ტაქსი მოვძებნეთ, საჩქაროდ ჩავსხედით შიგნით, კარები მოვხურეთ და ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში წავედით. ადგილზე მისვლისას მიმღებიდან რეანიმაციულ განყოფილებაში გადგვამისამართეს. იქ კი უკვე ელიზავეტას მამა დაგვხვდა, რომელსაც თავზარდაცემული მეუღლე მაშინვე უამრავი კითხვით მივარდა. ოჯახიდან აბსოლუტურად ყველა წევრი იქ იყო. ხელები ერთმანეთზე ჰქონდათ გადახვეული და ასე ერთად ელოდებოდნენ სიახლეებს. მხოლოდ ჭუჭრუტანის მიღმა მხედველი ელიზავეტას ბიძა იდგა განმარტოებით, თავჩახრილი. მას მივუახლოვდი. - გამარჯობა, თუ შეგიძლიათ, მითხრათ, აქ როდის მოიყვანეს? - ვკითხე.- დაახლოებით ნახევარი საათის წინ. ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აქვს. საკმაოდ ბევრი დაულევია გუშინ.- ეს მის საქციელს არ ჰგავს.- ჩვენც არ ვიცით, რა მოხდა. არასოდეს მსგავსი რამ არ გაუკეთებია. მეგობრებიდანაც აბსოლუტურად არავის არ ახსოვს ელიზავეტა ასე მოქცეულიყო. ღმერთს მადლობა, მალე ნახეს და მდგომარეობა არ დამძიმდა. პოლიციას გამოძიება დაიწყო, რადგან ბარისგან საკმაოდ შორს, ფაქტიურად ქალაქის ბოლოში საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში იპოვეს. საქმე ჯერ კიდევ არ გადაკვალიფიცირებულა, ყველაფერი უცნობია. ცოტას ვნერვიულობ, რადგან ვიცი როგორია ჩემი გოგონა და როგორ ძალიან უფრთხილდება თავის თავს. ვფიქრობ, მართლაც რაღაც მოხდა. გამოძიება გვეტყვის ყველაფერს.- გონს არ მოსულა? თვითონ რას ამბობს?- ჯერ სუსტად არის, თვალებს ვერც ახელს ბოლომდე. ძლივს ლაპარაკობს.- გასაგებია. დღის განმავლობაში ნელ-ნელა გამოიღვიძებს. იმედია, მართლა არაფერი მომხდარა და ყველაფერი კარგადაა. - ვუთხარი ელიზავეტას ბიძას იმედიანად.- მადლობა, რომ დედამისი მოიყვანე. ახლა შეგიძლია წახვიდე.- არა, არა. ელიზავეტა ჩემი უახლოესი მეგობარია. მეც აქ დავიცდი. რაც შემეძლება, დაგეხმარებით. არ მოგერიდოთ არაფერი.- ძალიან დიდი მადლობა. - მადლიერი მზერით ხელი გამომიწოდა.- არაფრის. - ვუპასუხე და გადავეხვიე.- თუ არსად არ მიდიხარ, რამდენიმე წუთში გამომძიებლები მოვლენ, შეკითხვები აქვთ. ვინაიდან, შენ იყავი უკანასკნელად ჩვენს გოგონასთან და წინა დღის დიდი ნაწილი შენთან ერთად გაატარა, გთხოვ, ყველაფერი დაწვრილებით უამბო. ეცადე, გაიხსენო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. - მითხრა მან.- აუცილებლად. მთელი ჩემი ძალებით ვეცდები დახმარებას. - ვუპასუხე. მადლობის ნიშნად თავი დამიქნია ელიზავეტას ბიძამ.“ ჩვენების დასასრული ავტორის თხრობის ნაწილი - ეს იყო ბოლო მომენტი თქვენს მოსვლამდე. მას შემდეგ აქ ვზივარ და გესაუბრებით. - უთხრა ნიკოლოზმა გამომძიებლებს.- გასაგებია. თქვენი მონაყოლი საკმაოდ ინფორმატიულია. სახლში ტელეფონთან ყურადღებით იყავით. თუ რაიმე დაგვჭირდა, დაგიკავშირდებით.- კარგი. ძირითადად სახლში არ ვარ, ასე, რომ თუ არ გიპასუხებთ, სამსახურის ნომერზე შეგიძლია დამირეკოთ.- კარგი. გიორგი, მოინიშნე ეს. - გადაულაპარაკა გამომძიებელმა თავის ასისტენტს, რომელიც ძალიან დაბნეულად იქცეოდა. დიდი ალბათობით ეს მისი პირველი სამუშაო დღე იყო. - კიდევ დავაზუსტებ, ესე იგი, თუ სახლის ნომერზე არ გვიპასუხებთ, სამსახურში უნდა დაგირეკოთ.- კიბატონო. - ნიკოლოზმა გამომძიებელს გაუღიმა. სამივენი წამოდგნენ. ერთმანეთს დაემშვიდობნენ. მთავარი პერსონაჟის თხრობის ნაწილი ელიზავეტას ამბავმა კიდევ ერთხელ გამიჩინა საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში. ეს გრძნობა ბოლოს მაშინ განვიცადე, როდესაც დედაჩემმა თვითმკვლელობა სცადა. ზოგჯერ დგება მომენტები, როცა ძალიან გვინდა, რომ ყველაფერი ცუდი ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევით გაქრეს. სწორედ ამაზე ვოცნებობდი იმ დღეს, რეანიმაციულ განყოფილებასთან მდგომი. ხშირად მიფიქრია, როგორი კარგი იქნებოდა შემძლებოდა სახლისკენ მიმავალი მამის გადარჩენა უეცარი სიკვდილისგან, ან რამენაირად დახვმარებოდი დედას მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ელიზავეტას შემყურე კი, უკვე ვფიქრობდი, რომ რა იქნებოდა, არ მიმეტოვებინა წინა ღამით ბარში მეგობარი. ვინ იცის, რა მოხდა იქ ჩემი წამოსვლის შემდეგ, რა დაემართა. მაგრამ ამაზე პასუხს მხოლოდ მისი გაღვიძების შემდგომ მივიღებ. დღიურის წინასიტყვაობა „ელიზავეტას შემთხვევიდან სამი კვირა გავიდა. ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდა. გამოძიებამ კვების ობიექტების, მაღაზიებისა და სხვადასხვა დაწესებულებების კამერების ჩანაწერები ამოიღო. არაფერი საეჭვო არ დაფიქსირებულა კადრებში. მთელი გზა, ბარიდან დაწყებული - საბოლოო ადგილით დამთავრებული, ელიზავეტა სრულიად მარტო დადიოდა. ბიძამისმა რაც შეეძლო, ყველა თავისი ნაცნობი ჩარია, გამომძიებლები, პოლიციელები, ძალიან ბევრი ადამიანი ჩართო ამ საქმეში, მაგრამ საბედნიეროდ ვერაფერი იპოვეს. რაც შეეხება ელიზავეტას, ის კლინიკაში მხოლოდ ერთი დღე დარჩა. მშობლებისგან და ოჯახის წევრებისგან, რა თქმა უნდა, საყვედურები მიიღო. ბუნებრივიცაა, ყველანი ძალიან ანერვიულებულები იყვნენ. რაც შეეხება, ჩემს დღიურს, დღიური არასდროს დამიწერია. ერთადერთხელ მქონდა მცდელობა, წლების წინ, როცა ჯერ თინეიჯერიც კი არ ვიყავი, მაგრამ როგორც კი განცდების ფურცელზე გადმოტანა ვცადე, მყისვე პანიკური შეტევა დაეწყო დედაჩემს და მაშინ გადაგდებული კალამი დღემდე აღარ ამიღია ხელში. არც ისე მარტივი პერიოდი მაქვს გამოვლილი. სიმართლე ვთქვა, ახლაც ასე გრძელდება. გამუდმებით, როცა მგონია, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება, კედელს ვეჯახები და მიწაზე ძლიერად ვენარცხები. მახსოვს, თავდაპირველად დედასთან ვიზიტი შინაგანად მკლავდა, მაგრამ ბოლო დროს უკვე ვხვდები, რომ როგორი შეცვლილიც არ უნდა იყოს ის, სანამ ცოცხალია, ყოველი დღე ახალი საჩუქარია. დღიურის დაწერა ჩემმა თერაპევტმა მირჩია. 2 დღის წინ მარტოსულობით დამძიმებული მივედი მასთან. არასოდეს მიგრძვნია თავი ასე მარტოდ. ზოგჯერ ვწევარ და უბრალოდ საათის წიკწიკს ვუსმენ. საკუთარ თავთან ყველასაგან განცალკევებით დარჩენა ხანდახან საჭიროა, მაგრამ დიდხანს თუ რჩები, ალბათ ჭკუიდან შეიშლები. დრო რომ მოვკლა, ქუჩებში დავდივარ, ვსეირნობ. ძირითადად მარტო, მაგრამ ზოგჯერ ემოციების გამზიარებლებიც მყავს. კაფე-რესტორნებში სიარულსაც მოვუხშირე, ხანდახან კინოთეატრებშიც მივდივარ. ამ ბოლო დროს ძალიან კარგ ფილმებს აჩვენებენ ჩვენთან. წელს ალბათ „დაკარგული ბგერები“ მოიგებს ოსკარს. ნუ გააჩნია როგორი ჭუჭრუტანები ექნება ჟიურის. 1 კვირაა კოშმარები დამეწყო. ყოველ ღამით სამჯერ მაინც მეღვიძება. ლოგინშივე წამოვფრინდები ხოლმე და გულაჩქარებული და ემოციებში ჩავარდნილი ტირილს ვიწყებ. სწორედ ამიტომ მივაკითხე ფსიქოთერაპევტს. მისი სიტყვებით, ეს ყველაფერი ელიზავეტას შემთხვევისგან გამოწვეული შიშის ბრალია. ის ამბობს, რომ მე ქვეცნობიერად დამნაშავედ ვგრძნობ თავს ელიზავეტასთან მიმართებით, რადგან იმ ღამით მივატოვე და მარტო დავტოვე. მართალია. ასე ხდებოდა დედაჩემის შემთხვევაშიც. ძალიან დიდი ხანი ჩემ თავს ვაბრალებდი იმას, რაც დედას დაემართა. უსაფუძვლოდ, მაგრამ ჩემ თავს ვადანაშაულებდი, იმაში, რომ სათანადოდ ვერ დავეხმარე და ვერ გადავატანინე მშობელს ახლო ადამიანის დაკარგვა. რაც არ უნდა რეალობის ჭუჭრუტანა გეკეთოს, სამყარო მაინც რთულია შენთვის. სადღაც მაინც გეხვევა გრძნობები გარშემო და გიტყუებს უცნობ საშიშ ხაფანგში. დღიურის ჩანაწერებიდან დღე პირველი დილა საწოლში მოულოდნელი შეხტომით დაიწყო. 7 საათი იყო, როცა მთელი კორპუსი გამოგვაღვიძა იარაღიდან ორჯერ გასროლის ხმამ. პირველ სართულზე მცხოვრები ნანა დეიდა, რომელიც დაქვრივების შემდგომ მარტო ცხოვრობს, გამუდმებით მეთვალყურეობს ჩვენს უბანში მიმდინარე მოვლენებს. იმ მომენტშიც ახალგამოღვიძებული ნანა დეიდა ყველაზე მალე მივიდა ფანჯარასთან და მისი შემზარავი კივილიც პირველი გაისმა. ამან ხალხი კიდევ უფრო დაგვზაფრა. ზოგი პირდაპირ გარეთ ქუჩაში გავარდა, ზოგიც აივნებზე დადგა. მეც ნელ-ნელა ფანჯარასთან მივედი. ჩვენი საცხოვრებელი უბანი ქალაქის ცენტრთანაა, ყოველთვის სიმშვიდეა, კრიმინალი არასდროს არ ხდება. მაგრამ ეს დილა განსხვავებულად დაიწყო. ყველამ მოულოდნელად ტრაგედიის ადგილას გამოვიღვიძეთ. როცა ფანჯრიდან გადავიხედე, შევამჩნიე მიწაზე მწოლიარე ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ალბათ უკვე ბოლომდე იყო დაცლილი სისხლისგან. მისი სავარჯიშო ცისფერი სპორტული ტანსაცმელიც მთლიანად მუქ წითელ ფერს დაესვარა. მოკლულისგან დაახლოებით ხუთ მეტრში მუხლჩახრილი მოზარდი ბიჭი ბოლო ხმაზე ტიროდა. აკანკალებულს სისხლიანი ხელებით ეჭირა იარაღი. „არ მინდოდა, არ მინდოდა!“ სლუკუნით ეუბნებოდა ქუჩაში გამოსულ თვითმხილველებს. „მხოლოდ მისი გაქურდვა მინდოდა. მე მკვლელი არ ვარ. არ ვისვრი. აი!“ თქვა და ტყვიებისგან დაცალა იარაღი. „აი, გამომართვით. მე მკვლელი არ ვარ.“ - იარაღი გაუწოდა ყველაზე ახლოს მდგომ მამაკაცს. „მე არ ვარ ცუდი ადამიანი. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. გაუმიზნავად...“ ვეღარ ლაპარაკობდა. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. თან მკვდრის სხეულს მზერას არ აშორებდა. „ფული რომ ვთხოვე, აი, ეს მომცა.“ - თქვა და 5 ლარიანი ამოიღო. „ამის მეტი არ მაქვსო, მითხრა. მე კი ბრაზით ვეჯაჯგურე მაინც. ღმერთო რა სულელი ვარ. ამით ვეღარ ვიცხოვრებ. ეს რა არის!“ - სასოწარკვეთილი ტიროდა. „არა, თავი უნდა მოვიკლა!“ - დაიყვირა მოულოდნელად და ტყვიების აკრეფა დაიწყო. მაშინვე მივარდა სამი მამაკაცი. მკლავებში ჩაავლეს ხელები, გააკავეს. „ბაწარი“ დაიყვირა ნანა დეიდამ. სასწრაფოდ სახლში ავარდა, თავის სარეცხის თოკები ჩამოხსნა და მეზობლებს ფანჯრიდან მიაწოდა. დამნაშავე პოლიციის მოსვლამდე გაკოჭეს. მკვლელს ხმა აღარ ამოუღია. თავჩახრილი არავის აქცევდა ყურადღებას. როცა საპატრულო მანქანაში სვამდნენ, ისევ მის მიერ მოკლულს აშტერდებოდა. „მაპატიე“ თქვა ხმადაბლა და ისევ ატირდა. შემთხვევის ადგილი კრიმინალისტებმა მონიშნეს. სურათები გადაიღეს. პოლიციამ დამნაშავე განყოფილებაში წაიყვანა. ნანახმა ყველაზე ძალიან იმოქმედა. გარდაცვლილი ვერ ვიცანი და არც ბევრმა იცოდა მასზე რაიმე, მაგრამ როგორც შემდეგ ნანა დეიდასგან გავიგეთ, მოკლული რაიონიდან ჩამოსული სტუდენტი გოგონა ყოფილა, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებზე ვარჯიშობდა. ის სულ ორი კვირის გადმოსული იყო ჩვენს კორპუსში, მესამე სართულზე ქირით ცხოვრობდა. როგორც ჩანს, დილით სავარჯიშოდ გასულს სახლში დაბრუნებისას იარაღიანი მძარცველი დახვდა, რომლისაც რა თქმა უნდა არ შეშინებია. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. დამნაშავეს რაც შეეხება, როგორც შემდეგ შევიტყვეთ, 17 წლის ბიჭი ყოფილა, სკოლის მოსწავლე, გაჭირვებული ოჯახიდან. სახლში შემთხვევით ბაბუამისის ომის დროინდელი პისტოლეტი უპოვია, ხელებში რაღაც ძალა იგრძნო და გადაწყვიტა ფულის საშოვნელად ვინმე გაეძარცვა. საბოლოოდ ყველაფერი, მართლაც რომ, საბედისწეროდ დამთავრდა. ვფიქრობ, რომ შემთხვევით მკვლელს სინდისი ყველაზე მეტად დატანჯავს. ასეთ ადამიანს ჩადენილი დანაშაული მთელი სიმძიმით დააქვს მხრებით და სიკვდილიც რომ მიუსაჯო, მისთვის ამასაც არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. მკვლელს, რომელიც დანაშაულს ასე განიცდის, სისხლი ხელებს უწვავს და ყოველ დღე სარკეში ყურებისას ზურგს უკან მის მიერ მოკლულ პიროვნებას ხედავს. განა, რომელი ციხის კამერა იქნება ასეთი ადამიანისათვის ისეთივე ტანჯვის მომტანი, როგორიც საკუთარ სინდისთან პირისპირ დარჩენაა? მღელვარება კორპუსთან დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. სამსახურისკენ მიმავალი გაჩერებაზე ვიდექი, როდესაც ჩემ გვერდით მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრებმა ორმა ქალბატონი უეცრად დილით მომხდარზე დაიწყო საუბარი. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი მათგან მოშორებით. აღარ მინდოდა ის კადრები ჩემს გონებაში ისევ აღბეჭდილიყო. გამიმართლა. ავტობუსი მალე მოვიდა. ბევრი ადგილი იყო. სულ წინ დავჯექი - მძღოლის უკან. ფანჯარასთან მივიკუჭე და მთელი გზა ასე ვიმგზავრე. სამსახურის შესასვლელი კარი მძიმედ შევაღე.- გამარჯობა, ნიკოლოზ! - გია ბიძია ღიმილით მომესალმა.- გამარჯობა, გამარჯობა. - ანალოგიურად ღიმილითვე ვუპასუხე. კიბისკენ გავემართე.- დაბადების დღეს გილოცავ! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ! - მომაძახა. შევჩერდი. მხოლოდ მაშინ გამახსენდა, რომ დაბადების დღე მქონდა. დილიდან იმდენად მძიმე ფიქრებში ვიყავი, ყველაფერი დამვიწყდებოდა.- ძალიან დიდი მადლობა! გამიხარდა თქვენი მოლოცვა. - უკან მოვბრუნდი. ფეხზე წამოდგა. გადამეხვია.- ძალიან სანდომიანი ადამიანი ხარ. იმ ზოგ სულელს სრულებით არ გავხარ, ზემოთ რომ არიან. - თავისივე ხუმრობაზე გაიცინა და ხელი მხარზე დამადო.- უცნაური კომპლიმენტია. მადლობა. - მეც ჩამეცინა. - კარგი, წავედი, მოვეწყობი ნელ-ნელა სხვების მოსვლამდე. თქვენც ჩამოგივლით კიდევ.- აბა შენ იცი! - თვალი ჩამიკრა. კიბეზე ავირბინე, ოფისის კარი შევაღე. - სიურპრიზი! - მთელი განყოფილება მორთული იყო. თანამშრომლები კი ტორტით, დაბადების დღის ქუდებით და საზეიმო განწყობით დამხვდნენ.- აბა, მოდი სანთლები ჩააქრე! - ვნებიანი მიხრა-მოხრით მომიახლოვდა ნადია ტორტით ხელში. ყველამ სიმღერა დაიწყო.- რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს შენი, დაბადების დღეა! - როგორც კი სიმღერას მორჩნენ, სანთლები ჩავაქრე. შემდეგ უკვე ყველა პირადად გადამეხვია და მომილოცა.- ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო! მართლა ძალიან გამიხარდა!- ვიცოდით რომ გაგიხარდებოდა. - ჩამეჭრა საუბარში ლუკა. - ამიტომ დილიდან შევიკრიბეთ და შესაბამისად დაგხვდით. სხვათაშორის, ჩემი იდეა იყო.- მადლობა ლუკა. დღეს დილა ისე დამეწყო, რომ ეს ნამდვილად მჭირდებოდა. - ვუთხარი მას.- ხო მშვიდობაა?- არც ისე. ჩემი მეზობელი გოგონა მოკლა იარაღიდან შემთხვევითი გასროლით ვიღაც მძარცველმა.- რას ამბობ?!- ხო და აი, დღეს დილიდან ასე ვარ მოკლედ.- საკმაოდ ცუდი რაღაც გინახავს მეგობარო.- აბა, ტორტის საუკეთესო ნაჭერი იუბილარს. - პლასტმასის თეფშით ხელში მომიახლოვდა გვანცა. - აი, შეხედე, სულ შოკოლადის კრემია მარწყვებით, შენ რომ გიყვარს! - თვალი ჩამიკრა. გვანცა 35 წლის მარტოხელა გოგონაა. ყოველთვის მოკლედ შეჭრილი თმით, გურული აქცენტით და კლასიკური ტანსაცმლით. ის საკმაოდ განათლებულია. ერთ დროს ჩვენი გაზეთის რედაქტორი იყო, ახლა კი მარკეტინგია. მანიპულატორი ადამიანები არ მიყვარს, მაგრამ ის სპეციფიურ ნიშას ატარებს, რომელმაც შეუძლებელია, არ მოგხიბლოს.- დიდი მადლობა. - ვუპასუხე და გამოვართვი ნაჭერი. - ელიზავეტა სად არის? - გადავულაპარაკე ჩუმად ლუკას.