თეთრი პეპლები
თეთრი პეპლები
თეთრი პეპლები ასე მგონია პეპლების მსგავსად მეც ყოველდღე ვკვდები და ახლიდან ვიბადები, მაგრამ, განა რამდენჯერ შეიძლება მოკვდე ადამიანი და ყოველ ჯერზე შეძლო დაბადება? ნუთუ ასე იოლია ჭუპრში ცხოვრება, იმისთვის რომ ფრთები შეისხა მხოლოდ ერთი დღით? ნუთუ ასე მარტივია დახლართულ ლაბირინთში მტანჯველად ცოცვა და შემდეგ სრულ თავისუფლებაში უმოწყალოდ სიკვდილი? რისთვის ვიბადებით, თუ ამ წუთისოფლის ამაოებას შეუძლია ასე იოლად წაგვართვას ყოველივე რისკენაც ვისწრაფით? ყოველი დაბადებისას ვიწყებთ სწავლას: სიკეთის, მოწყალების, შენდობის, სიყვარულის, იმედის; და სად არიან ისინი, როცა ასე გვჭირდებიან გზის ბოლოს?! ვინ გვიწყალებს, როცა ფრთებს გვალეწავს ქარიშხლები, ვინ გვინდობს, როცა სიყვარულით თავბრუდახვეულს გზები გვერევა? ვინ გვაძლევს იმედს, რომ სიკეთე არსებობს და ის ბევრად აღმატებულია ამ წამიერ წუთისოფელზე, სადაც ერთი ამოსუნთქვისთვის ვიბადებით და ვკვდებით ყოველ ჯერზე… ლეა 2020წელი 22 ოქტომბერიდავიკარგე. ირგვლივ სრული წყვდიადია. მძიმე ჰაერი დგას, სუნთქვა მიჭირს. თითქოს არაფერი ჩანს საშიში, მაგრამ ვგრძნობ შინაგანი ღელვა მეუფლება და შიში მიპყრობს. ირგვლივ ვიხედები, ვცდილობ მივხვდე სად ვარ, ან აქ როგორ აღმოვჩნდი. ვერაფერს ვხედავ. სიბნელესთან ერთად სამარისებური სიჩუმეა. თვალებს ვხუჭავ რამდენიმე წამით და ნელა ვახელ. რამდენჯერმე ვიმეორებ. ვცდილობ სიბნელეს თვალი შევაჩვიო და მივხვდე სად ვარ.- დამშვიდდი. - ვეუბნები საკუთარ თავს. - ღრმად ჩაისუნთქე და ნელა ამოისუნთქე. - ასეც ვიქცევი. გამომდის, მიხარია და უნებურად ვიღიმი. - შენ ყველაფერი შეგიძლია. - ვაგრძელებ საკუთარი თავის მოტივირებას. - მე ყველაფერი შემიძლია. - ვიმეორებ ხმამაღლა და ჩემი ხმა ექოდ მეორდება. - სად ვარ? - გონებაში ვეკითხები ჩემს თავს ისევ. ნაბიჯის გადადგმას ვერ ვბედავ, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მოძრავ სილაში ვეფლობი. ისევ ვხუჭავ თვალებს და ვახელ. რაღაც მოჩანს შორს. თეთრი წერტილი გვირაბის ბოლოს?! გვირაბში ვარ? როგორ მოვხვდი აქ? ჟრუანტელი მივლის. ჭაობის სუნს ვგრძნობ. არ მომწონს აქ ყოფნა, არ მინდა. მცივა. სიცივეა? ვერ ვგრძნობ. მგონი შინაგანად მცივა. კანკალმა ამიტანა. თავს უნდა მოვერიო. ისევ ვხუჭავ თვალებს, ვცდილობ წარმოვიდგინო ლურჯი ცა, მცხუნვარე მზე, ატმის ყვავილების სურნელით გაჟღენთლი ჰაერი. არ გამომდის. ამჯერად არ გამომდის. ვიხედები და ისევ წყვდიადია. ისევ საშინელი სუნი: უსუსურობის, ხაფანგში მომწყვდეული უმოქმედობის სუნი. - რამდენი ხანია აქ ვარ? არ ვიცი. მარტო ვარ? იქნებ არის ვინმე? მინდა წინ წავიდე, მაგრამ გავიყინე, თითქოს ადგილს მიმაჯაჭვეს, ვერ ვიძვრი. გონებაში საშინელი ქაოსია, ძალა მეცლება, აღარ მინდა მჯეროდეს, რომ ოდესღაც ყველაფერი კარგად იქნება, მინდა რომ ეს მოხდეს ახლა და ამ წუთას. სადღაც დავიკარგე. ობოლი ბავშვივით დამფრთხალი ვეძებ საკუთარ თავს სიბნელეში და ვერ ვპოულობ. - უნდა შევძლო! ღრმად ჩავისუნთქე ისევ და ახლა ფრთხილად ვცდილობ ფილტვებიდან ჰაერის ამოშვებას, ისევ არ გამომდის. ვეღარ ვსუნთქავ, თითქოს ვიღაცის უხეში ხელები მეხვევა ყელზე და მძლავრად მიჭერს. ცრემლები მომდის. ჟანგბადი აღარ მიეწოდება ტვინს. თავბრუ მეხვევა, ვგრძნობ როგორ მომაწვა სისხლი ცრემლიან თვალებში. ვიგუდები. ნუთუ საკუთარი ტკივილები მახრჩობენ? ალბათ ეს არის დასასრული? ნუთუ ასე მთავრდება ყველაფერი? ვგრძნობ როგორ მოდუნდა ჩემი სხეულის კიდურები, ვნებდები? მე რომ არ მჩვევია დანებება ასე ადვილად?! ალბათ დავიღალე?! მე ხომ ისედაც ვკვდები ყოველ ღამე, დილით კი ფენიქსივით ფერფლიდან ვიბადები. რამდენჯერ უნდა დამწვას ცეცხლმა და რამდენჯერ უნდა აღვიდგინო იარები ისე, რომ შრამები არ დამრჩეს? რამდენჯერ შეიძლება მოკვდეს ადამიანი ერთ სიცოცხლეში? - წასულა. - თვალი გავახილე თუ არა მისი ბალიშისკენ გავიხედე. შვებით ამოვისუნთქე. - ეს რა იყო? - საშინელი სიზმარი ვნახე. ემოციებისგან მთელი სხეული მტკივა. თავს ისე ვგრძნობ თითქოს ხორცსაკეპში გამატარეს. სულ სველი ვარ. ცივი ოფლი მასხამს და გულიც აჩქარებულად მიცემს. თვალები მოვიფშვნიტე. - კარგი, დამშვიდდი, სიზმარი იყო, მხოლოდ სიზმარი. - ღრმად ჩავისუნთქე. - ერთი წუთით?! სიზმარი?! - უცებ გონება დავძაბე, ისეთი რეალური ჩანდა, მაგრამ... - ხელები თმაში შევიცურე და თავზე მოვიჭირე. - არ მახსოვს, რა დამესიზმრა?! ნეტა რა მნიშვნელობა აქვს? უბრალოდ სიზმარი იყო. - თავი გავაქნიე და საწოლიდან ავდექი. სარკეში საკუთარ ანარეკლს მოვკარი თვალი. ჩემი თავი ისედაც არასდროს მომწონდა; ახალი გაღვიძებული, თმა აწეწილი და გაფითრებული კი ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდი. გამეღმა. საწოლი გავასწორე. - როგორც ჩანს სახლში მარტო ვარ. მამა-შვილი როდის წავიდნენ, როგორ ვერ გავიგე. - არაუშავს. - ყავა მოვიმზადე, აივანზე დავჯექი. მშვენიერი ამინდია, მშვიდად დავლევ და სამსახურში წავალ.ამ ბოლო დროს სულ შავი ფერი მაცვია, დღესაც არ ვარღვევ ჩვეულებას, შავებს ვიცმევ და მივდივარ. 2020წელი 24ოქტომბერი- დედა, გაიღვიძე გთხოვ, დედა, დედააა... - ჩამესმა და უცებ გავახილე თვალები. - სად ვარ? - გავიფიქრე. გარემო მეუცხოვა. ნაცრისფერი კედლები, თეთრი ფარდები. ჩემოდნები. ჩემი ჩემოდნები. არც კი ამომილაგებია. სხვა ქალაქი, სხვა სახლი... სწრაფად დავბრუნდი რეალობაში.- ჰო დედი, - ვუპასუხე დამძიმებული ხმით, ვცადე გამეღმა, თმაზე მოვეფერე, ცრემლიანი თვალები დავუკოცნე, ახლოს მივიწიე და გულში ჩავიკარი. არ მომეხვია. უკვე ბრაზობდა ჩემზე. ვერ მივხვდი, მის ციცქნა გულში რა ტრიალებდა, ვერ გავუგე. გავბრაზდი რომ არ მომეალერსა, ხელი გავუშვი და საწოლიდან ავდექი.- რას შეჭამ? - ვკითხე. - საუზმეს მოგიმზადებ.- არ მინდა არაფერი. - იყო პასუხი.- ადექი, პირი დაიბანე და ერთად ვისაუზმოთ. - ამჯერად ჩემს ხმას სიმკაცრე დაეტყო.- სახლში მინდა. - ხმა აუკანკალდა.- სახლში ხარ, კირა. - სიბრაზეც შეერია ჩემს ტონს. - შენს სახლში ხარ. ჩვენს სახლში. დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ, მე და შენ.- არ მინდა. - ცრემლები წასკდა. - არ მინდა ახალი ცხოვრება.ღრმად ჩავისუნთქე, მინდოდა მისთვის გამეგო, მაგრამ იმ წუთას უფრო მეტად მინდოდა ჩემთვის გაეგო. ჩემი ტკივილი მინდოდა გაეზიარებინა, ჩემი თავგანწირვა და მომავალი ბედნიერების სურვილი მინდოდა გაეგო. მაგრამ როგორ? ის ხომ ჯერ მხოლოდ თორმეტი წლის იყო.- კაკაოს მოგიმზადებ და კვერცხიან პურს, ხომ გინდა?- არ მინდა.- სენდვიჩს გავაკეთებ, ლორით და მდნარი ყველით, პომიდორიც უნდა იყოს მაცივარში, მაიონეზს ახლავე ამოვიტან მარკეტიდან.- არ მინდა დედა! - ხმას აუწია. - გავღიზიანდი. გუშინს მერე არაფერი გვიჭამია არც ერთს, ვნერვიულობდი და სტრესის დასაძლევად საკვები მჭირდებოდა.- შიმშილი არ შეიძლება. - ჩემსას ვაგრძელებდი. - კარგად უნდა იკვებო, რამეს მოვამზადებ და ერთად ვჭამოთ. ყველაფერი კარგად იქნება დე, აი, ნახავ. - დავუყვავე.- სახლში მინდა დედა. - ისევ ამოისლუკუნა.- ნუ ჯიუტობ. მოდი ვისაუზმოთ, მერე ერთად მოვიფიქროთ როგორ მოვიქცევით. შენ სკოლა გჭირდება, მე სამსახური. ყველაფერს მოვაგვარებთ, მე და შენ, ერთად. ხომ გესმის? ბევრ დროს გავატარებთ ერთად, ბევრ ახალ აქტივობას გავეცნობით ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც აქამდე ვერ ვაკეთბდით. აწი აბსოლიტურად ყველაფერი შეიცვლება. დღეიდან ბედნიერი ცხოვრებით ვიცხოვრებთ. ახალ ადგილებში ვივლით, ახალ მეგობრებს გავიჩენთ. ყველაფერი ახალი იქნება და საინტერესო...- არ მინდა ახალი მეგობრები! - შემაწყვეტინა საუბარი. - არც ახალი სკოლა მინდა და არც ახალი ადგილები. ჩემს სახლში მინდა, ჩემი სკოლა მინდა და ჩემი მეგობრები! - საბანი თავზე გადაიფარა და ჩუმად ტირილი გააგრძელა.გული მომეკუმშა. - ჯობია ვაცადო, ცოტა დამშვიდდება და ისევ ვისაუბრებთ. - ვუთხარი საკუთარ თავს, სამზარეულოში შევედი და საუზმის მომზადება დავიწყე. მარკეტშიც ჩავედი, რძე და შოკოლადის ბურთულები ვიყიდე, ძალიან უყვარს, იქნებ ცდუნებას ვერ გაუძლოს და ეს მაინც ჭამოს.დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ოთახიდან გამომეყვანა და მაგიდასთან დამესვა. ყავა მოვიმზადე და დავჯექი. გაბუსული, ცრემლებით სავსე თვალებით მიყურებდა, მერე მზერა ამარიდა და ხელები გულ-მკერდზე გადაიჯვარედინა. ბევრი ვემუდარე სულ ცოტა მაინც აიღე რამეთქო, მაგრამ მტკიცე უარზე იდგა. ნამდვილად ჩემი შვილია. ჯიუტი. თან გაბრაზებული. ლუკმა აღარც მე გადამივიდა, ყელში გამეჩხირა. არ შემეძლო მეჭამა მაშინ როცა ჩემი პატარა მშიერი იყო. გაბრაზებულმა ავალაგე მაგიდა და აივანზე გავედი. თვითონ ისევ დაწვა და ტირილი გააგრძელა. 2020წელი 26ოქტომბერიმაღვიძარა რეკავს. ძილბურანში ვარ. თავზე ბალიში მადევს, წამოვიწიე, ცალი თვალით ტელეფონი მოვძებნე, მაღვიძარა გავთიშე და ბალიში ისევ თავზე დავიმხე. - რატომ რეკავს მაღვიძარა? - გავბრაზდი. - ისე გავთშავ, რომ აწი აღარასდროს დარეკოს. - ბალიში მოვიშორე, წამოვჯექი და ტელეფონის ფუნქციებში შევედი. თითი გალერიისკენ უნებურად წავიღე, გავხსენი; სამი ათას ორას ორმოცდათქვსმეტი ფოტო და ას ორმოცდარვა ვიდეო. ყველა კირასთან ერთად გადაღებული. (ეს მცირე ნაწილია რამდენიმე თვის წინ ნაყიდ ტელეფონში, დანარჩენი აიქლაუდზეა საგულდაგულოდ შენახული.) სწრაფადვე დავბლოკე ტელეფონის ეკრანი და გვერდით გადავაგდე. ბალიში სახეზე ავიფარე და მთელი დღე ხმამაღალ ტირილში გავატარე. საღამოს ტირილისგან დაღლილი, გაყინული თვალებით, ადგილზე გაქვავებული მიპოვა ჩემმა დამ. - ლეა, - აზრზე მოდი გთხოვ. - ცივი წყალი მომიტანა, სახეზე მომასხურა და წამომაყენა. - ასე არ შეიძლება დაო, - თან მეფერებოდა, თან მეჩხუბებოდა, თან რაღაცას მარიგებდა და ჩემს შემხედვარეს ცრემლები მოსდიოდა, მაგრამ არ უნდოდა შემემჩნია, თვალს მარიდებდა და გულში პატარა ბალღივით მიკრავდა.კარზე ზარია.უცებ გამოვფხიზლდი. იმედით გამიფართოვდა თვალები და სახეზე მიკრული სველი თმა გადავიწიე. - ხომ ყველაფერი კარგად იქნება? - ძლივს გასაგონად ამოვილუღლუღე. - ემილი თვალებით დამეთანხმა და შუბლზე მაკოცა. 2020წელი 7ნოემბერიარავინ თქვას, ადამიანი სიცოცხლეში არ შეიძლება მოკვდეს. იმდენჯერ კვდები, რამდენჯერაც გაიაზრებ, რომ გზის დასასრულთან დგახარ. იმდენჯერ კვდები, რამდენჯერაც გვირაბში აღმოჩნდები და არავინ იცის ამჯერად ისევ გაგიმართლებს თუ არა. ისევ გამოჩნდება თუ არა გვირაბის ბოლოს სინათლის მქრქალი სხივი…დილის შვიდი საათია. ამჯერად მაღვიძარა აღარ რეკავს. გამეღვიძა. შეიძლება ითქვას არც მძინებია. საპირფარეშოში შევედი, უნდა მოვწესრიგდე. წასასვლელი ვარ. ცუდად გამოვიყურები. ასეთი არავინ უნდა მნახოს. მიხარია ამაზე ფიქრი რომ შემიძლია. ჯერ ისევ ცოცხალი ვარ ესე იგი. - ცუდად ხუმრობ ხოლმე. - ვუთხარი საკუთარ თავს სარკეში. - არაუშავს, უკვე მიეჩვიე, ხომ ასეა? - დამიბრუნა პასუხი. - ჰმ.- ვეღარაფერი ვთქვი. პირი დავიბანე და გამოვიცვალე.ფეხით სიარული მჭირდება. გზაც არ ვიცი კარგად. მაინც გადავწყვიტე ცოტა გავიარო. რამდენიმე მეტრში სალონი დავინახე. გამახსენდა როგორ საშინლად გამოვიყურები, გადავწყვიტე მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთო. სალონის კარი შევაღე, ადმინისტრატორთან მივედი, რომელიც თავაზიანად მიღიმის და რაღაცას მთავაზობს, მაგრამ არაფერი მესმის.- მაკიაჟის გაკეთება მინდა. - ისევ მიღიმის. - დიახ, აქეთ მობრძანდით.- ბედნიერ მაკიაჟს აკეთებენ თქვენთან? - ღიმილი სახეზე შეეყინა.- უკაცრავად?გვერდულად გამეცინა, ალბათ ისეთი სახე მქონდა, პასუხი რომ წინასწარ იცი და - ჰო ასეც ვიცოდიო, გაიფიქრებ.- ბოდიში შეწუხებისთვის. - უცებ გავეცალე იქაურობას. სახლში დავბრუნდი და ტონალური კრემი საგულდაგულოდ გადავინაწილე გადაყვითლებულ -გალურჯებულ სახეზე. დასიებულ ქუთუთოებზე ლაინერი წავისვი, ტუჩებიც შევიღებე წითლად და კლოუნის ნიღაბიც მზად არის. - ჩემი ბედნიერი მაკიაჟი.„ნეტა კორექტორი და ტუჩსაცხი სულზე არ ისმება?“არ მომწონს როგორც გამოვიყურები, მაგრამ ეს მე ვარ და იძულებული ვარ ჩემი თავი ვატარო, ამიტომ უნდა ვეცადო თავი არ გავყიდო. ამას ან ახლა გავაკეთებ, ან არასდროს. - ვუთხარი საკუთარ თავს სარკეში და სახლის კარი გავიხურე.ქუჩები არ ვიცი. არც ტრანსპორტი. არაუშავს. რაც არ უნდა იყოს ჩემს ქვეყანაში ვარ. ჯერ ჯერობით მაინც. მისამართი გადავამოწმე. ინტერნეტში ალტერნატიული გზის მარშრუტი შევადგინე და კითხვა-კითხვით ვიპოვე დანიშნულების ადგილი.დაცვამ ამაცილა მესამე სართულზე. მინის ფართო კარზე მიმითითა, რომელიც ავტომატურად გაიღო. ვერასდროს ვიფიქრებდი ახალი სამყაროს კარი ასეთი უბრალო და გამჭირვალე თუ იქნებოდა. წარმოსახვაში ნიღაბი შევისწორე, იძულებით გავიღიმე და თვალებით მართას ძებნა დავიწყე. ძალიან თბილად მომეხვია. რამდენიმე წელია ვიცნობ, სასიამოვნოდ კარგი ურთერთობა გვაქვს, თუმცა მეგობრები არ გვქვია.- აქეთ წამოდი. - ხელკავი გამომდო და დერეფნის ბოლოს გრძელ მაგიდასთან დამსვა. - შოკი მაქვს, რა მოხდა?თვალებში დამიბნელდა, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და მართას მზერა გავუსწორე.- არ ვიცი როგორ გითხრა, როგორ აგიხსნა... - ღრმად ჩავისუნთქე. - ეს ისეთი ტკივილია, რომელიც არ ყუჩდება, არ გტოვებს, არც დავიწყების უფლებას გაძლევს, არ გივლის და არც არასდროს გადაგივლის. ცოცხალი გვამი ვარ. ჩემგან აღარაფერი დარჩა, მაგრამ მაინც უნდა გავაგრძელო ცხოვრება, თითქოს სასჯელია. ეს ყოფილა ყველაზე მძიმე ვალდებულება ცხოვრებაში.- სიტყვები არ მაქვს, ვერაფერს გეუბნები.- მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხარ, დამიჯერე ახლა ამაზე ღირებულს ვერავინ ვერაფერს გააკეთებს ჩემთვის.- წამოდი. მინდა ერთი ადამიანი გაგაცნო.უკან გავიარეთ დერეფანი და გამჭირვალე მინის კარებით გამოყოფილ ოთახებს ჩავუარეთ. საკონფერენციო ოთახის კარი შეაღო მართამ და მიმიწვია.- ბატონო ალექსანდრე, აი ის გოგონა ვისზეც გიყვებოდით.- რა საყვარელია, - იმ წამსვე გაებადრა სახე, როგორც კი შემობრუნდა, - მე გაოცებული ვუყურებდი და გაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი - ალბათ დამცინისთქო, - რომ წამოდგა და ძველი, მონატრებული ახლობელივით მაგრად გადამეხვია. მერე ხელი გამომიწოდა: - ალექსი. - იღმის. მე ალბათ სახეზე სუბტიტრებით მეწერა გაოგნება. პირველად მეხვევა ერთი წუთის წინ გაცნობილი, უცხო მამაკაცი ოცდაათი წლის მანძილზე, თან მეც გამეღმა, თან დავიბენი. ძლივს ამოვილუღლუღე ჩემი სახელი და ხელი ჩამოვართვი: - ლეა.- მართამ ძალიან კარგად დაგახსიათა, მიხარია ჩვენს გუნდს რომ უერთდები.- მადლობა. - იმდენად ვარ დაცარიელებული, ალბათ ვერანაირ ემოციას ვერ გამოხტავდი.- ლეა ხომ? - თვალებში შემომხედა. - უცხო სახელია, მომწონს. რამდენი წლის ხარ ლეა? - უცებ აიფარა პირზე ხელი. - ოჰ, მაპატიე, მანდილოსნებს ასაკს არ ეკითხებიან...- ოცდაათი.- ხუმრობ ალბათ? - პირდაღებულმა დამიბრუნა კითხვა.- არა, ოცდაათის ვარ. - მთელი სერიოზულობით დავუდასტურე. - რატომ გიკვირთ, მეტის არც თქვენ იქნებით. - ცოტა მოვდუნდი.მართა უსიტყვოდ გვიცქერდა გვერდიდან.- ჩემი ტოლი ქვაც აღარ გდია, შენობით გეთაყვა, - გაეცინა ალექსანდრეს. - რამდენის ვიქნები?-ეშმაკურად მკითხა.- ჩემთან შედარებით პატარა ჩანხარ, - უცებ იჩინა თავი ჩემში ნაადრევად დაბერებული ქალის სინდრომმა. - ალბათ ოცდაშვიდი - ოცდარვის. - ვუთხარი და ინტერესით შევხედე.გულიანად გაიცინა. - მაგდენის როდის ვიყავი დამავიწყდა. ოცდათვრამეტის ვარ ჩემო გოგო.- არ გეტყობათ. - ახლა მართლა გავოცდი. ოფისში მისვლის მიზეზი ლამის დამავიწყდა ამ არაფრის მომცემი დიალოგის გამო, მაგრამ ფაქტია თავს მშვიდად ვგრძნობდი და ეს მომწონდა. - რა უნდა გავაკეთო? - ვიკითხე.- მართამ გადაწყვიტოს რას დაგავალებს, რადგან მან უფრო იცის შენი შესაძლებლობები, შემდეგში მეც ჩავერთვები. - მხიარულად ამომეხედა, ხომ ვითანამშრომლებთ?- დიახ, რა თქმა უნდა. - თავაზიანად გავუღიმე. - ახლა გასაუბრებაზე მივდივარ, ამიტომ ადრიანად დაგტოვებთ, ხვალ დილიდან თქვენთან ვარ.- მეილზე ყველაფერს გამოგიგზავნი. ხვალ გელოდები. - მართა ისევ გადამეხვია, ალექსანდრეს გავუღიმე და დავემშვიდობე.გარეთ გამოვედი და ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე. უცნაური დღე იყო. კიდევ უფრო უცნაური კი მეორე დღე აღმოჩნდა. დილიდან არ წყდებოდა შეტყობინებები ჩემს ტელეფონზე.“ იმდენს ფართხალებ, შარს აიკიდებ, სახლი იცი და კარი, გელოდები. ისედაც ყველაფერზე წამსვლელი ვარ, ყველას დაველაპარაკები.“„კაცი დამანახე გოგო, ოჯახში კაცი არ გაგაჩნიათ, ქალებს რა გელაპარაკოთ? ჩამოიყვანე ვინც გინდა და ავხსნათ ყველაფერი შენთვის ჯობია.“ - საკმარისია! სჯობს არ წავიკითხო! - ტელეფონს ხმა გავუთიშე და საკონფერენციო დარბაზის კარი მშვიდად შევაღე. დღის ბოლოს საერთო სელფის გარდა, მართასთან და ალექსანდრესთან გადავიღე ფოტო, რაც ჩემს სოციალურ ქსელშიც ავტვირთე კომენტარით:“ საუკეთესო გუნდი.“სახლში მისულს იმდენი შეტყობინება დამხვდა, თავბრუ დამეხვა. ამდენი აბსურდული აზრის წაკითხვას უბრალოდ აღარ ვაპირებდი, მაგრამ რაც თვალში მომხვდა... - ეს უკვე მეტისმეტია!„ჰო მიდი, ჯერ არ წასულხარ და უკვე გულაობ, რა პრობლემაა არა? 21 საუკუნეა, ცივილიზაციაა ხო? რა აგიხსნა ასეთი უკვე ფოტოებს რომ დებ? სად აქვთ შენებს თვალები გოგო? ჯერ არც განქორწინებულხარ და უკვე გულის კარებს უფრიალებ კაცებს? შვილისთვის რა მაგალითი ხარ, პატარა ბავშვიც კი ხვდება, რომ დედობის ღირსი არ ხარ. ფუ შენი.“- საღამომშვიდობის მართა, ცუდ დროს ხომ არ გირეკავ?- არა, საყვარელო, რამე მოხდა? აღელვებული ხმა გაქვს.- სასწრაფოდ მჭირდება ადვოკატი, აქ არავის ვიცნობ, შენ ამიტომ გაწუხებ.- ახლავე გამოგიგზავანი მის საკონტაქტოს.- მადლობა მართა... 2019წელი 2იანვარითავზე თეთრი შუქი დამციმციმებს. თვალს მჭრის. სადღაც მიმაქანებს. გრძელი დერეფნის ბოლოს ორი უზარმაზარი კარი იღება და სწრაფადვე იხურება. ძილ-ბურანში ვარ. ხმები შორიდან ჩამესმის. ძალა არ მაქვს, ვერ ვმოძრაობ. თვალებს ვახელ და ვხუჭავ. ვგრძნობ რამდენიმე ღონიერი ხელის შეხებას სადღაც გადამაწვინეს. ისევ ბუნდოვნად ვხედავ მოლიცლიცე მკრთალ ლანდებს. საწოლი მოძრაობს და სიბნელისკენ მივყავარ. უცნაური ხმები მესმის. მოძრაობა შეწყდა. თვალების გახხელა შევძელი. თავზე რაღაც დიდი და მძიმე მადევს. თვალებს კი უზარმაზარი ნათურიდან გამოტყორცნილი სინათლის სხივი მჭრის. ისევ ვხუჭავ. კიდევ უფრო უცნაური და საზარელი ხმები მესმის. - ზზრრრრრ, ზზრრრრ. ბრრრ, ბრრრ. დუგ-დუგ, დუგ-დუგ, შრრრ,შრრრ, ტიკ-ტიკ, დრრრ, დრრრ, პუკ-პუკ, ბრრრ, ბრრრ...თავი ამტიკვდა. არ ვიცი სად ვარ. რამდენი ხანია აქ ვარ, მაგრამ ამის ატანა უკვე შეუძლებელია. მგონია რამდენიმე დღეა ამ საზარელ ხმებს ვისმენ, თვალებს ვახელ, ისევ სინათლე მჭრის და ვხუჭავ. ცრემლები მცვივა, ვგრძნობ როგორ მისველდება ლოყები, ყურის ძირამდე მიგორავენ მარილიანი წვეთები და ყელთან იკარგებიან. - გთხოვ უფალო დასრულდეს ეს წამება. - ჩემმა გონებამ გაიღვიძა და შიში ვიგრძენი. ვცდილობ იმდენად ფრთხილად გავახილო თვალები რომ სინათლემ არ შემაწუხოს და მივხვდე სად ვარ. საზარელი ხმები ისევ ხმამაღლა ისმის, ლამის ყურები დამისკდეს. მოჭუტული თვალის კუთხით ვარჩევ თეთრ გვირაბს. - გვირაბში ვარ? სულ თეთრია და დაწოლილი ვარ, თან ეს სულის გამყინავი ხმები თავში თითქოს ჩაქუჩს მირტყამენ. - ჯანდაბა! - საშინლად მტკივა თავი, ეს ხმები კი გაჩუმებას არ აპირებენ. ისევ ვხუჭავ თვალებს და ვცდილობ რიტმი შევურჩიო და თავი გადავირჩინო ამ აუტანელი ტკივილისგან. არ ვიცი რამდენ ხანს გასტანა ამ წამების ტოლფასმა წუთებმა, რომლებიც საუკუნედ მეჩვენა. ისევ დაიძრა საწოლი, რომელზეც ისე ვიყავი მიკრული, რომ სუნთქვაც კი მიჭირდა. თანდათან გაქრა თვალების მწველი შუქიც და ცისფერი კედლები გამოჩნდა.- როგორ ხარ? -თავზე ღიმილით დამყურებდა მწვანე ხალათში გამოწყობილი ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთიც თეთრ ხალათიანი, დაბალი ტანის, მოკლედ თმაშეჭრილი, მრგვალი სახის, საშუალო ასაკის ქალბატონი.- ცოტა ხანს იწექი. მკვეთრი მოძრაობით ნუ ადგები, - ხმა ამოიღო ერთ-ერთმა წვერ-ულვაშიანმა ახალგაზრდამ. - თავს თუ შეუძლოდ იგრძნობ ამ ღილაკს დააჭირე. - მითხრა და ხელში რაღაც მომაჩეჩა.თვალები ცრემლებით მქონდა დაბინდული, გამოსახულებას გაფუჭებული ტელევიზორის კადრივით ვხედავდი, ხმაც შიშინით აღწევდა ჩემამდე, მაგრამ დავმშვიდდი, როცა გავაანალიზე, რომ საავადმყოფოში ვიყავი და არა გვირაბში, რომელიც ბოლოდროს ისეთი სიხშირით მესიზმრებოდა, უკვე ცხადიც კი მეგონა და რომლის ბოლო ისე მაშინებდა, თავს მაკარგინებდა. მშიშარა არასდროს ვყოფილვარ, გვირაბის შიში კი ამ ბოლო წლებში ამეკვიატა და ვერც ვაცნობიერებდი საიდან.- არაფერი მახსოვს. - დაბნეული ვუყურებდი ექიმს, როცა უკვე მის კაბინეტში ვიჯექი და მაგიდაზე უწესრიგოდ დალაგებულ ქაღალდებს ვათვალიერებდი.- ლეა ბერგი. სწორია? - ექიმის ხალათზე მიმაგრებულ ბეიჯს დავაკვირდი: პროფესორი მაია თვალაძე.- დიახ, სწორია, ქალბატონო მაია.- უცნაური გვარია. - ამომხედა სათვალის ქვემოდან.- დედა ქართველი, მამა შვედი. - დავუკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა.- მეტყვით რა მჭირს? აქ როგორ მოვხვდი არ მახსოვს. ეჭვი მეპარება საკუთარ ფეხებს მოვეყვანე. - ირონიულად გამეცინა ჩემს თავზე. მე ხომ საკუთარი არსების მოძულე ქალი ვიყავი. რა ზუსტად შევაფასე. სხვა რა უნდა მეწოდებინა ადამიანისთვის, რომელმაც სხვების გასაბედნიერებლად თავმოყვარეობა, კარიერა, პირადი ცხოვრება და ახლა ალბათ, ჯანმრთელობაც კი არად ჩააგდო და გადათელა.სამედიცინო დასკვნის კითხვა დაიწყო პროფესორმა.- ვერაფერი გავიგე.- პირდაპირ გეტყვი, - ხელები მაგიდაზე დააწყო და თვალი გამისწორა. გული ამიჩქარდა, ვცადე არ შემტყობოდა.- მიყვარს პირდაპირობა. - გავუღიმე. - გათხოვილი ხარ?- დიახ.- შვილები?- ერთი. გოგო.- მეუღლე სად გყავთ?დავიბენი. - ალბათ სახლში.- ოჯახში რამდენი წევრი გყავთ?- ჩემს ოჯახურ მდგომარეობას რამე კავშირი აქვს იმ დიაგნოზთან, რომელსაც რამდენიმე საათია მიხსნით და ვერაფრით გავიგე რა ხდება? თუმცა დიდად არც მაინტერესებს! - ჩანთას ხელი ვტაცე და კარებისკენ წავედი.ქალბატონი მაია სწრაფად წამოდგა და ხელში მწვდა.- დაჯექი. - სიმკაცრე დაეტყო ტონში. ვერც მივხვდი რატომ დავემორჩლე.- რამდენი წლის ხარ?- ოცდაცხრის.- კარგი. ვთქვათ, შენი საკუთარი თავი არ გადარდებს, არც ქმარი, არც შვილი, არც ოჯახი? შვილზე რას მეტყვი? არც ის გაწუხებს რომ შვილზე ცუდად მოქმედებს შენი საქციელი?- ისევ ვერაფერს ვხვდები ექიმო. - ისევ გავბრაზდი და ავდექი.- დაჯექი და ყურადღებით მომისმინე! გასაგებია შენ არ ფიქრობ, არც შენი მეუღლე არ ფიქრობს? დედა არ გყავს შვილო? - ხმა დაურბილდა. მე კი შვლის ნუკრის თვალებით ვუყურებდი და მისი რებუსის ამოხსნას უშედეგოდ ვცდილობდი. - არც დედამთილი გყავს? არც დედმამიშვილი, ან მეგობარი? ასე როგორ შეიძლება, ახალგაზრდა, ლამაზი გოგო ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს. გაგიჟება შეიძლება პირდაპირ.- თქვენთან იმიტომ ვარ, რომ ჩემი ცხოვრება განვიხილოთ? არ მეგონა ფსიქოლოგის კაბინეტში თუ ვიჯექი. უკაცრავად ალბათ ოთახი შემეშალა. - უკვე ძალიან ვბრაზობდი და თავის შეკავება მიჭირდა.- რამდენი წელია რაც ამენორეა გაქვს? - მომიჭრა უცებ.- რა? - დავიბენი.- რამდენი წელია რაც ამენორეა გაქვს? - კითხვა უფრო მკაფიოდ და გასაგონად გამიმეორა.- ათ.. ათთი... თ.. თორ-მეტი. - ენა დამება.- ათი თუ თორმეტი?- ა..არ. .. არ ვიცი. - თავი ხელში ავიყვანე და სახე გავასწორე. - მგონი, მას შემდეგ, რაც ვიმშობიარე.- მგონი? ჰმმ. ლეა, თქვენ გესმით რას ნიშნავს სიტყვა „მგონი“ როცა მედიცინაზე და დიაგნოზზე გვაქვს საუბარი?- ძალიან გთხოვთ ნუ აჭიანურებთ სათქმელს. - უკვე შევევედრე.- მე ვცდილობ რამე ხელჩასაჭიდი ვიპოვო და ის დასკვნა, რაც წინ მიდევს, როგორმე გავაბათილო, არა ზუსტად ჩავთვალო და განმეორებითი კვლევა მოვითხოვო.- თქვენ საუბრის დასაწყისში დამპირდით, რომ პირდაპირ მეტყოდით.- შვილს ვეღარასდროს გააჩენ. დედა ვეღარ გახდები. უფალს მადლობა უთხარი რომ უკვე გყავს შვილი, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა ხარ, სამწუხაროა. ვეღარაფერს შევცვლით. იმდენად დაგვიანებულია, რომ აწი თქვენი ჯანმრთელობის საკითხიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.გავიყინე.- დღეს რა რიცხვია? - ამომიტივტივდა წინა საახალწლო ფუსფუსი. რაღაც ბუნდოვანი ფრაგმენტები, სუფრა... პირველი იანვარი, ჩხუბი და... საავადმყოფო.- ორი იანვარი.- ორი იანვარი?! ბედის ირონიაც ამას ქვია. - გამეცინა. - ბედობას გილოცავთ ექიმო. - ჩანთა ავიღე და ამჯერად უსწრაფესად დავტოვე შენობა. 2021წელი 26ოქტომბერი- ასეთი არასოდეს ყოფილხარ...- ამოუთქმელი ტკივილი მტკივა...- სულ გაიყინე.- კი, გავცივდი. ადამიანს სული, რომ უქვავდება, სისხლი რატომ არ წყვეტს მოძრაობას? რატომ არ იყინება ისიც? ასე ხომ უფრო მარტივი იქნებოდა შეგუება?- ადამიანები ისედაც ვეგუებით ყველანაირ ტკივილს. გეყოს რა, ადექი, წამო დავლიოთ.- დავლიოთ? რა დავლიოთ?- არ ვიცი, რაც გინდა. არაყი, ტეკილა... წამო რა... ასე ვერ გიყურებ...- არაყი იყოს. გამიგია მოწამლულს შველისო. - გამეცინა.- მოიწამლე?- ალბათ. იმდენი შხამი მასვა ისევ ამ ცხოვრებამ, მიკვირს ჯერ ისევ როგორ ვსუნთქავ.ერთი წელი, ზუსტად ერთი გავიდა. თითქოს ამ წუთას ვგრძნობ იმ ყველაფერს რაც ერთ წლის წინ იყო, ისე ცხადად, როგორც იმ წუთებში. ისევ მეხლიჩება გული, ისევ ემოციების ზღვა ბობოქრობს ჩემში, ისევ ისე მტკივა და ისე მიხარია, მხოლოდ არ ვიცი რომელი უფრო მეტი იყო მაშინ, ახლა? ახლა გვამი ვარ, გრძნობა და ემოცია დაცლილი, ქარი რომ თავისით დააქანებს აქეთ-იქეთ, ტალღებს რომ მის ნებაზე დაყავს, მძიმედ ახეთქებს ზვირთებს და არ ახრჩობს. ზოგჯერ დავფიქრდები ხოლმე და ვერ გავრკვეულვარ, რა უფრო უარესია - მოკვდე მაშინ, როცა ფიზიკურად ცოცხალი ხარ და იგრძნო როგორია ეს, თუ მოკვდე ფიზიკურად და, სადღაც შენზე ფიქრს აცოცხლებდეს ვინმე?- ლეა... ჩემო ლამაზო, ჩემო ტკბილო... როგორ მინდა მაგრად მოგეხვიო და ყველაფერი დაგავიწყდეს, თავს როდემდე დაიტანჯავ? მესმის, რომ რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. შენი თავისთვის გააკეთე გთხოვ, ცხოვრებაში ერთხელ იბრძოლე და იცხოვრე მხოლოდ შენთვის. ეგოისტი გახდი, შენი თავის სიყვარული ისწავლე, შენი მიზნების დასახვა და ამ მიზნებისკენ სწრაფვა ისწავლე, ნაბიჯ-ნაბიჯ გაეკიდე შენს გულში ღრმად დამარხულ ოცნებებს და რეალობად აქციე. საკუთარი თავი დააყენე პირველ ადგილას, მოუსმინე შენს გულს, მიენდე წინათგრძნობას, ისწავლე აწმყოთი ტკბობა და დამიჯერე, სამყარო გიპასუხებს დადებითად.- ბრძოლით დავიღლე ნიცა, როგორ მინდა ისეთი ძლიერი ვიყო, როგორიც ვჩანვარ...- ხარ, ლეა, შენ ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ და იმიტომ, კი არა, რომ თავის მოჩვენება შეგიძლია, იმიტომ რომ შენ არასდროს გაქცევიხარ სირთულეებს, შენ არასდროს გადაგიდგამს მარტივი ნაბიჯი, იმის შიშით რომ შეიძლება ვერ გამკლავებოდი, შენ შინაგანად ხარ მებრძოლი ადამიანი და არ მოგცემ ამ ქალის გაქრობის უფლებას, არ მოგცემ ნებას ასე მარტივად და ლაჩრულად დანებდე ცხოვრებას, მე ვერ დამარწმუნებ და შენც კარგად იცი, რომ შეგიძლია ყოველი შენკენ ნასროლი ქვით ის კიბე ააშენო, რომელიც შენს პირად მწვერვალზე აგიყვანს. შენს თავს შეეჯიბრე, არა - გუშინდელს, არამედ დღვანდელს და ყოველი ახალი დღე ახალ გამოწვევად აქციე, ახალი ლეა შექმენი და უკან აღარასდროს მიიხედო. ახლა კი სწრაფად მოემზადე, მივდივართ.ისეთი სახე მქონდა, ზუსტად ვიცი ნიცასთვის არ წარმოადგენდა საჭიროებას ხმა ამომეღო, სუბტიტრებით მკითხულობდა და თვალებით მტუქსავდა, ამიტომ უხმოდ ავდექი და უკვე მრავალჯერ ნაცადი და გამომდგარი - ბედნიერი ქალის ნიღაბი ისევ მოვირგე.- ის მაინც მითხარი, სად მივდივართ?- დასალევად. - ეს ეშმაკური თვალები და მშვენიერი ღიმილი, ნიცას ბავშვურ და ამავდროულად უაღრესად მაცდურ გამომეტყველებას სძენდა. ლამაზი არ ეთქმოდა, თუმცა იმდენად პატარა, აპრეხილი ცხვირი, სავსე ტუჩები და ზღვის ფერი თვალები ჰქონდა კალმით ნახატს შეადარებდი.ტაქსში ჩავჯექით და ღამის თბილისის გასაცნობად წავედით. სასიამოვნოდ გრილოდა. ნიავი ფანტავდა უკვე ბნელ ცაზე ღრუბლის პატარ-პატარა ნაფლეთებს, თითქოს წვრილ-წვრილი ვარსკვლავებისთვის ამზადებდა ცის სცენას.ბარის ჩასასვლელთან ხალხი მოგროვილიყო. ფეის კონტროლი გავიარეთ და ახალგაზრდების ნაკადს მივყევით. ნიცას მომხვიბლელობამ ელვის სისწრაფით მიიქცია ყურადღება და ჩვენს მაგიდასთან კოქტეილების ზღვა დადგა. მე უკვე მაწუხებდა ასეთი ყურადღების ცენტრში ყოფნა, რაც ნიცას არ გამოპარვია. მოულოდნელად ხელი წამავლო და საცეკვაოდ გამიწვია. უღერღილოდ ავყევი მუსიკას და ფიქრებმა წამიღო, რომ ამ დროს ალექსანდრეს მომღიმარი სახე შემეფეთა. შევკრთი და ვერც მივესალმე. სამაგიეროდ თვითონ არ დაიბნა, ხელი ხელზე მომკიდა და ბართან გამიძღვა.- ცეკვის ხასიათზე არ ხარ აშკარაა. - გამომცდელად ჩამხედა თვალებში. - აკადემიაშიც აღარ ჩანხარ, როგორ მიდის შენი თბილისური ცხოვრება? ბათუმის მერე რთული იქნება ამ ქაოსის შეგუება, მაგრამ ვფიქრობ არ უნდა გაგიჭირდეს, მე შენს გვერდით მიგულე.- მადლობა ალექსანდრე... - გაოგნებული ვუსმენდი მის სიტყვებს და გონებაში მორბენალ აზრებს თავს ვერს ვუყრიდი.- სამსახურის კმაყოფილი ხარ? დახმარება ხომ არ გჭირდება? ბევრი ნაცნობი და მეგობარი მყავს, არ მოგერიდოს.- ყველაფერი რიგზეა. - მსიამოვნებდა მისი თავდაუზოგავი ყურადღება, თან გამოუცდელი ბავშვივით ვფრთხებოდი და მომენტალურად ჩემამდე მოსასვლეს გზას ვუკეტავდი.სასმლით სავსე ჭიქა და ლაიმი მომაწოდა. დაუფიქრებლად დავლიე და ალკოჰოლს მიუჩვეველი სწრაფად გავბრუვდი. თვალებით ნიცას ძებნა დავიწყე.- უნდა წავიდე. - ძლივს გასაგონად ვუჩურჩულე ყურთან ალექსანდრეს.- კარგად ხარ?- კი, კი. შეხვედრამდე.- ძალიან გამიხარდა შენი ნახვა ლეა. - თითქმის გზაში დამაწია სიტყვები, ტანით სულ ოდნავ მოვბრუნდი და გავუღმე.სახლში როგორ მივედი არ მახსოვს. ნიცა ბარში დავტოვე და ქურდივით გამოვიპარე, იმ ქურდივით მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას რომ პარავს თავის თავს და სხვებისთვის შეუმჩნეველი ხდება. ცოტა გონს რომ მოვედი ცივი შხაპი მივიღე და აივანზე გავედი. თენდებოდა. ჰორიზონტზე, ამომავალი მზის, ციალს თვალი მივაშტერე და ისევ ფიქრებში დავიკარგე...თურმე ყველაფერს უმკლავდები ადამიანი, ყველა იმედგაცრუებას, მოყენებულ ჭრილობებს იშუშებ, სწავლობ მათთან ერთად ცხოვრებას, ზოგჯერ ივიწყებ კიდეც, ტკივილებსაც უმკლავდები, იყუჩებ, ხან ცრემლებს ატან, ხან კიდევ ღიმილებით ფარავ, ხან ბაბუაწვერას მოფარფატე ბუმბულებს აყოლებ, სულს რომ უბერავ და სულსაც და გულსაც უშვებ მათთან ერთად, ოღონდ ადრესატამდე მიფრინდნენ. თურმე ყველაფერს სწავლობ ადამიანი ახლიდან, როგორც ჩვილი ბავშვი, ისევ ადგამ ნაბიჯებს წინ მიმავალ გზაზე და უკან უბრალოდ აღარც იხედები, სწავლობ როგორ განსხვავდებოდეს შენი გამოხედვა უკვე გაცვეთილი შენივე თავისგან, საუბარი, ხმის ტემბრიც კი... ადამიანებთან ურთერთობასაც ახლიდან სწავლობ და აღარ ეჯიბრები შენსავე პიროვნებას, ბარიერებს და შეზღუდვებს რომ უწესებდი ოდესღაც, აღარ გაინტერესებს საკუთარი თავის ძველი ვერსია, რომელიც ცეცხლის ალში უმოწყალოდ ჩააგდე და ფენიქსის მსგავსად ახლიდან აღდგომისთვის გაწირე. შიშებსაც ივიწყებ თურმე და თვალს ისე უსწორებ როგორც შეუპოვარ მტერს, მასაც ამარცხებ. მარტოობასაც აქარწყლებ ადამიანი და სულ რომ არავინ გყავდეს გვერდით, ხვდები შენზე მეტი მაინც ვერავინ გეყოლებოდა. მაგრამ მონატრებას? - მონატრებას ვერაფერს უხერხებ. ალბათ ერთადერთი გრძნობაა ამ მიწიერ სამყაროში, რომელსაც არაფერი კურნავს. ვერ შველის დრო და მანძილი, არ აფერმკრთალებს, მოლოდინს არ აქრობს, არ გაძლევს მოდუნების საშუალებას, ვერც ფარხმალს ყრი როცა გენატრება, გაიძულებს მყარად ჩააეჭიდო იმედებს და არ დანებდე, როცა გენატრება ხომ ისევ ძველებურად ელოდები და სანამ ელოდები იმედებიც არ კვდებიან თეთრი პეპლებივით ერთ დღეში, მანამ ფარფატებენ სანამ გენატრება და თუ ოდესმე ქრება მონატრება, ალბათ იქ იწყება ნამდვილი ჯოჯოხეთი... 2021წელი 4დეკემბერიწითელი ხალიჩა, მბზინავი ბურთები, ჭერიდან გადმოსული ცოცხალი ყვავილების ფოთლებში აბნეული ჭაღები… გალანტური მამაკაცები, მომხიბლავი პარტნიორებით… ფრანგული მუსიკა და შუშხუნა თეთრი ღვინო…ნაბიჯი გადავდგი და კიბის პირველივე საფეხურზე ვიგრძენი თავბრუხვევა, ზღაპრული საღამოს მოლოდინით გაიჟთინთა გრილი ჰაერი. ამავ დროულად იმ დაღლილი მოლოდინით თითქმის ერთი წელი რომ უსრულდება და არა და არ მთავრდება. არ ილევა, არ ქრება და არ მშორდება. წითელ ხალიჩაზე კიდევ ერთი ნაბიჯი, კიდევ ერთი და ისე ახლოს მოვედი შენთან, რომ მინდოდა მეფიქრა უკვე შენი ვიყავი. ვიყავი კიდეც, მხოლოდ შენ ვერ მიხვდი, ან არ გინდოდა რომ გეღიარებინა…- საღამომშვიდობის. - შენი სიახლოვისგან გამოწვეული ღიმილი ალბათ ვერ დავმალე, როგორც ყოველთვის. - საღამომშვიდობის, - გამიღიმე,- როგორც კი შემოხვედი მოგესალმე, შენ კი არც შემომხედე. - იმედგაცრუება ვიგრძენი, ან მომეჩვენა. შევცბი და მოგიბოდიშე. - ალბათ ვერ დაგინახე. - გული ამიჩქარდა სინანულით, როგორ შევძელი ასეთი ძვირფასი ადამიანის მისალმება გამომრჩენოდა. საღამო ცუდად დაიწყო…თავს მარტოდ და უხერხულად ვგრძნობდი. სასიამოვნო მუსიკის ფონზე ძგერდა ჩემი გული გამალებით. ჭიქები დავცალეთ, თითქოს მოვდუნდი, მაგრამ შინაგად ვთრთოდი, ვცახცახებდი, ვიცოდი რომ ზღაპარი მალე დასრულდებოდა და წინასწარ განვიცდიდი.პირველი ცეკვა, ჩვენი პირველი ცეკვა და ოვაციები. მყარად ჩაჭიდებული ხელი და შენი ციმციმა თვალები, რომლის დავიწყება ჯერაც არ გამომდის. ისევ შუშხუნა ღვინის გრილი არომატი და ისევ ცეკვა, ამჯერად შენი ვნებიანი მზერა და ჩემგან სიმორცხვით არიდებული შენი სიახლოვე… გულის სიღრმეში მძაფრად ჩაკრული შენი სხეული, გახშირებული სუნთქვა და ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროს მიღმა გაქცევა სამუდამოდ… უცებ გამოვერკვიე ილუზიიდან და მაგისთან დავჯექი. შენც სადღაც გაქრი. დიდხანს გეძებე თვალებით. როცა დაბრუნდი ისევ ჩამჭიდე ხელი და ისევ შენს უსასრულობაში შემიყოლე, სადაც უსასრულო მხოლოდ ჩემი იმედები აღმოჩნდა…- აქ რას ელოდები ლეა? - ალექსანდრეს ხმამ შემაფხიზლა.- ტაქსი გამოვიძახე. - უღიმღამოდ გავიღიმე და თვალები ძირს დავხარე.- მანქანით ვარ, ტაქსი რად გინდოდა?- საჭესთან ნუ დაჯდები ალექს, ნასვამი ხარ.- უკვე გამოვფიხიზლდი. - მაცდურად აუთამაშდა ღიმილი სახეზე.- სად ცხოვრობ?- დოლიძის ქუჩაზე.- ერთი გზა გვქონია, რატომ არ მითხარი, წაგიყვანდი...- არ შეგაწუხებ. - დავიბენი და ტელეფონს დავუწყე წვალება. - ტაქსი უკვე მოვიდა, მადლობა სასიამოვნო საღამოსთვის. - სწრაფად წამოვდექი, ალექსანდრეს ხელი დავუქნიე და კიბეზე ჩქარი ნაბიჯით დავეშვი.ყოველი დამშვიდობებისას ვფიქრობ, რომ ეს ბოლოა, მეტად ვეღარ შევხვდებით ერთმანეთს, აღარ გამეფიქრები ხოლმე, გულიც არ აღელდება უცნაურად, და ზუსტად ამ დროს ვგებულობ, რომ ისევ ჩაინიშნა შეხვედრა, ისევ მოგვიწევს ჩამოვართვათ ხელი ერთმანეთს, თვალებში შევხედოთ და ხანგრძლივად ვისაუბროთ პროფესიულ თემებზე. ლანჩზე ისევ მეგობრულად გამიღიმებ, გულწრფელად მომიკითხავ, შენდა გაუცნობიერებლად მანუგეშებ, ხელზეც დამეყრდნობი და მე ისევ ჩუმად ჩავიძირები შენი თვალების სიღრმეში. ისე უნდა დავიჭირო თავი, რომ სხეულის ენამ არ გამთქვას, ხმის ტემბრს არ შეეტყოს ღელვა, მარტივად შევხედო ჩვენს საუბრებს და შენს თავაზიან მანერებს. მინდა ვიცოდე, რომ ვცდები, და რომ ეს ჩემი აკვიატებული ფანტაზიებია, მაგრამ არ გამომდის, რადგან რეალობა საპირისპიროს მიმტკიცებს და ამით მაფრთხობს. მეშინია შენზე ფიქრის, არ ვიცი როგორ შევძლებ მარტის ამინდივით არ ავირიო, თავდავიწყებით არ ჩაგეკრა გულში და გკითხო : - ნამდვილი ხარ?თავს ვერ ვერევი და შიში მიპყრობს, ემოციების კონტროლი მიჭირს. ძალიან უცხოა ჩემთვის ის, რასაც ვგრძნობ. სრულ გაურკვევლობაში ვარ და ეს ძალიან მთრგუნავს. კიდევ ერთ იმედგაცრუებას ვეღარ გავუძლებ დანამდვილებით ვიცი, მაგრამ ეს ფიქრები... როგორ დაუნდობლად მესხმიან თავს და წინათგრძნობა? რატომ მკარნახობს გული, რომ მჭირდები? ხელებს ერთმანეთს ვუჭერ, თითქოს ასე ვცდილობ, ის ხმა, ჩავახშო ჩემს შიგნით რომ ბობოქრობს და სხეულის განგრევას ლამობს. მგუდავს ის რაზეც ვდუმ. რატომ ვგრძნობ სულიერ სიმშვიდეს, როცა გხედავ? აღარ ყოფნის ფილტვებს ის ჰაერი, რითაც ვსუნთქავ. შენს ქარიშხალში მოვყევი და ძლიერ მეშინია. - რისი? - რეალობის. იმ სინამდვილის, სადაც შენი გული უკვე სავსე არის სხვისი არსებობობით; - მარტოობის - რომელიც ჩემი სასჯელია. განა სიმარტოვე მაწუხებს? - მარტო ვიყავი მუდამ, ახლა კი შენით სავსე სამყარო არ მეთმობა. შორიდან, ჩუმად ვიწვი. მინდა, რომ ხელი ჩამჭიდო, თვალებში ჩაგხედო და უსიტყვოდ მიმიხვდე სათქმელს, მაგრამ... ახლოს მოსასვლელად ალბათ არასდროს მეყოფა გამბედაობა... ტელეფონზე შეტყობინების ხმამ გამაღვიძა: - ლეა, საყვარელო, გუშინ ვერ მოგიკითხე, როგორ ხარ? როგორც კი შეძლებ დამირეკე, შენთან საქმიანი შემოთავაზება მაქვს.ძილბურანიდან გამოვერკვიე, თვალზე მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე, აივანზე გავედი და სიგარეტს მოვუკიდე. კვამლის მწარე გემომ პირი ამიწვა, მაგრამ მაინც არ ჩავაქრე. ჩემი ცხოვრება უფრო მწარეა, თუმცა მაინც ვცხოვრობ.ალექსანდრეს ხმოვანი შეტყობინება თავიდან ჩავრთე და რამდენდერჯერმე მოვუსმინე. ოდესმე მოგიყვები ალბათ, როგორ მამშვიდებდა შენი ხმა, იმ მომენტისთვის არაფრის მთქმელი რამდენიმე სიტყვის მოსმენა, რომელიც ცხელ ცრემლებთან ერთად იღვრებოდა ჩემს გულზე. ოდესმე მოგიყვები ალბათ, როგორ ჩუმად მამხნევებდა შენი თვალები, რომლებიც ალბათ სხვისთვის ანათებდნენ, მე ხომ არაფერი ვიცოდი შენზე, გარდა იმისა რასაც შენს სოციალურ ქსელში ვხედავდი შორიდან. ვაკვირდებოდი როგორი ღრმა იყო შენი გამოხედვა, როგორი მეტყველი შენი ტუჩები, როგორი მშრომელი შენი ხელები. მიზიდავდი. ალბათ ოდესმე მოგიყვები როგორ თენდებოდა ჩემი ღამეები განვლილი წლებისგან დატოვებულ ტკივილებში და საიტზე ყოველი შენი გამოჩენა სულს როგორ მიმშვიდებდა. შენთვის არც ვარსებობდი ალბათ, მე და შენ ხომ მხოლოდ საქმიანი ნაცნობობა გვაკავშირებდა, ან რატომ უნდა დაგმახსოვრებოდი - ნაადრევად დაბერებული ქალი, ზურგზე უზარმაზარი ტკივილებით, სამუდამოდ ჩამქრალი თვალებით და დარღვეული ჰაბიტუსით.ალბათ ვერც მე შეგამჩნევდი, იმდენად ღრმა იყო ჩემი ჭრილობები, სხვას ვეღარაფერს ვგრძნობდი. ხელი მკრეს, ჩემდა უნებურად შენკენ მიბიძგეს. თუმცა არა იმიტომ, რომ ვინმეს ჩემთვის ან შენთვის უნდოდა სიკეთე, მხოლოდ იმიტომ, რომ იარები გამხსნოდა და ცხელი სისხლი დამღვროდა, შენ მხოლოდ იარაღად გაქციეს, რომლიდანაც სხვა მიმართულებით გავარდა ტყვია...ალბათ ოდესმე მოგიყვები როგორი უიმედო იყო ჩემი ფიქრები ყოველჯერზე, როცა გხედავდი და ვხვდებოდი, რომ „ჩვენ“ ვერასდროს იარსებებდა... 2021წელი 11დეკემბერი- მარტო არ წახვალ. - არ ცხრებოდა ემილი.- პატარა ბავშვი არ ვარ და ვიცი რასაც ვაკეთებ.- ლეა, მესმის, რასაც გრძნობ, ვიცი როგორ გიმძიმს ეს მდგომარეობა, მეც გამიგე, გთხოვ, არ შემიძლია ასე უმოქმედოდ ვიჯდე და გიყურო როგორ ნადგურდები. მომეცი საშუალება შენს გვერდით ვიყო და გავიზიარო შენი ემოციები.- ემი, მე მხოლოდ მარტო ყოფნა მჭირდება. მარტომ უნდა გადავიტანო, სხვა შემთხვევაში ვერ შევძლებ გადარჩენას.- არ მაინტერესებს, შენ მარტო არ ხარ და რამდენიც არ უნდა მეწინააღმდეგო არ მოგისმენ. შენებურად ხომ იცხოვრე ამდენი წელი? რა მოგიტანა შენმა სიჯიუტემ? მუდამ სწორად ხომ იქცეოდი? ბედნიერი ხარ შენი სწორი ცხოვრებით? ვერ ხედავ შეცდომების დაშვების შიშით რამხელა შეცდომა დაუშვი? - ემილის გაბრაზება დაეტყო, ვერ იტანდა ჩემს უსუსურ მდგომარეობას, რასაც მისი და ნიცას მეტი ვერავინ ხვდებოდა. მინდოდა დავთანხმებოდი, მინდოდა ნება მიმეცა ჩემთან ყოფილიყო, მაგრამ მე იმდენად ვიყავი საკუთარ ჭაობში ყელამდე ჩაფლული, რომ ვერ წარმომედგინა იქ სხვასთან ერთად როგორ უნდა მებრძოლა. მუდამ საკუთარი თავის იმედზე ვცხოვრობდი და შეჩვეულ მარტოობას ვერ ვთმობდი, მიუხედავად იმისა, რომ ჰაერივივთ მჭირდებოდა მისი თანადგომა, ვერ ვიაზრებდი როგორ უნდა გამეზიარებია ჩემი დარდი საკუთარი დისთვის.- არ წამოხვალ და მორჩა. - სიტყვა ბანზე ავუგდე. - არ მჭირდება არავინ, გაიგე. - ვჯიუტობდი და თავადაც ვერ ვაცნობიერებდი ნამდვილ მიზეზს. ალბათ არ მინდოდა იმაზე დაცემული და განადგურებული ვენახე ვინმეს ვიდრე უკვე ვიყავი, მე კი ვგრძნობდი და ვხვდებოდი, რომ სასამართლოს ცივი კედლებიდან კიდევ უფრო გაყინული და შეძრული გამოვიდოდი. არ მინდოდა ვინმეს შევცოდებოდი, არ მინდოდა ძლიერი ქალის რეპუტაცია დამეკარგა, მე ხომ ნებისმიერ რთულ სიტუაციას მარტო ვუმკლავდებოდი მუდამ, ღიმილიანი სახით და ცრემლიანი თვალებით, რომელსაც ისე ლამაზად ვნიღბავდი ვერავინ ვერასდროს ამჩნევდა. ალბათ ახლაც ასე კლოუნის ნიღბით ვაპირებდი ცხოვრებას და არ მინოდა ამ ჩვეული მდგომარეობისთვის ვინმეს ხელი შეეშალა, არ მინდოდა ეს რუტინა დამერღვია, რომელიც თითქოს ჩემი ხელშეუხებელი საიდუმლო იყო, საიდუმლო რომელსაც ახლა ფარდის ახდა ემუქრებოდა ემილის და ნიცას მყარი გადაწყვეტილების გამო.- ჩვენ თუ შენთვის „არავინ“ ვართ, მაშინ აღარაფერი მეთქმის. - ნიცამ პროტესტის ნიშნად კარი გაიხურა და ქუჩაში გავიდა.- შენ მგონი სულ გაგიჟდი?! - ხელი ამიქნია ემილიმ და ნიცას დაედევნა.- წადით, ორივე წადით, მომშორდით. რა ვერ გაიგეთ, რომ მარტო ყოფნა მჭირდება? - ავყვირდი და ყელში ბურთივით გამეჩხირა რაღაც.შინ დაბრუნებულმა ემილიმ ზედაც არ შემომხედა, თავისი ოთახის კარი მიიჯახუნა და სალანძღავი სიტყვები მომაძახა.სულის კივილი ტკივილამდე გაუსაძლის ხდის არ დაღვრილ ცრემლებს, ყელში დაგუბებულ მძაფრ ემოციებს გიჭერს და დამსკდარი ვენებიდან წვეთ-წვეთად იღვრება. თმენის გაძლებაც რომ გაუსაძლისი ხდება და სიტყვებშიც ვეღარ ატევ სათქმელს, ნეტა ამის შემდეგ რა ხდება? ზიხარ ერთ წერტილს მიშტერებული, რომელიც ოზონის ხვრელივით ფართოვდება შენს თვალებში და ვერ გებულობ რას გრძნობ, ვერ აანალიზებ კითხვას: - შემდეგ?ტელეფონის ზარმა მაიძულა გამოვფხიზლებულიყავი.- დიახ ქალბატონო მაკა, გამოვდივარ.ამის გაგონებაზე ემილი გიჟივით გამოვარდა ოთახიდან. - არ მითხრა, რომ საჭესთანაც აპირებ დაჯდომას?ისეთი სახე მქონდა უკვე აშკარა იყო ჩემი პასუხი. ემილის ხმა აღარ ამოუღია. ჩანთა და გასაღები ავიღე და წავედი. ჯერ მაკასთვის უნდა გამევლო, რომელიც საქაღალდით ხელში მელოდებოდა იუსტიციის შენობასთან, შემდეგ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში უნდა ჩავსულიყავით რიგით მეორე მოსმენაზე.რაც უფრო ცოტა რჩებოდა გზა სასამართლოს შენობამდე, მით უფრო მეტად ვგრძნობდი, რომ მეტყველების უნარს ვკარგავდი. ვცდილობდი არ შემემჩნია ის სიცივე რამაც მთელი ჩემი სხეული მოიცვა. მაკა დრო და დრო მახსენებდა მის არსებობას ჩემს გვერდით, კითხვებს მისვამდა და მეც ავტომატურ რეჟიმში ვპასუხობდი, ოღონდ არ ვიცი რას. ქაოსი იყო ჩემს გულშიც და გონებაშიც. ერთ წელზე მეტი გასულიყო, რაც ჩემი ერთად ერთი შვილი არ მენახა. სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობდი. არ მაინტერესებდა არავინ და არაფერი ამ მიწის ზურგზე. სუნთქვა გამიხშირდა როგორც კი შენობაში შევდგი ფეხი. დაკარგული ბავშვივით დავიწყე წინ და უკან სიარული, მოლოდინის რეჟიმმა ჩემს ნერვებს გადაუარა და სულ გათელა. მაკა ხმას არ იღებდა, ან თუ რამეს მეტყოდა ცდილობდა ჩემი ყურადღება როგორმე გაეფანტა, რომ დაძაბულობა მოეხსნა, მაგრამ ვგრძნობდი, დაძაბული კი არ ვიყავი, სასროლად მომართულ ისარს ვგავდი ლარზე დაჭიმულს, რომელიც წამის მეასედში უნდა გატყორცნილიყო.დიდ დარბაზში ხალხი ირეოდა. შემომსვლელებს საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ და ამოწმებდნენ. უსაბუთოები სხდომაზე არ დაიშვებოდნენ. თვალებს აქეთ-იქეთ ამაოდ ვაცეცებდი. ვისაც ვეძებდი იქ არ იყო. მომენტალურად იმის გააზრებამ, რომ შეიძლებოდა კირა არც მოეყვანათ, ადგილზე გამაქვავა. მთელს ტანში დამიარა ცივმა ჟრუანტელმა.- ზუსტი ინფორმაცია გაქვთ, ქალბატონო მაკა? დანამდვილებით იცით რომ ბავშვი უნდა მოიყვანონ? - ხმა ამიკანკალდა. გაფართოებული თვალებით მივაშტერდი ჩემს ადვოკატს, რომელიც ერთად ერთ საყრდენ წერტილად მეგულებოდა იმ წუთებში. არ ვიცი, როგორ უნდა გადმოვცე ის ემოცია, შიში, მონატრება, განშორების ტკივილი რაც იმ წუთას უმოწყალოდ მესხმოდა თავს და მისგან დაღწევის საშუალებას არ მაძლევდა.- თავი ხელში აიყვანე. - იყო ცივი პასუხი.გაოცება ძლივს დავფარე. როგორ შეეძლო ასეთ დროს ეს სიტყვები ეთქვა ჩემთვის, თვითონაც ხომ დედა იყო...- ლეა ბერგი, გამოცხადდეს მეხუთე სხდომათა დარბაზში. მეექვსე სართულზე ფეხით ავედით, ცარიელ დარბაზში კუთვნილი ადგილები დავიკავეთ. მაკამ საბუთები, სარჩელი, სოც. მუშაკების და ფსიქოლოგების დასკვნები ამოალაგა და სტრატეგიული სვლებისთვის მოემზადა. არ მაინტერესებდა. ნაკლებად მადარდებდა ჩემი თავი. სრულიად უმნიშვნელო იყო ყველა წვრილმანი, რაც ჩემს შვილს არ ეხებოდა. მოპასუხეც გამოჩნდა თავის ადვოკატთან ერთად და გაფხორილი ინდაურივით დაჯდა მოპირდაპირე მხარეს. ვერაფერს ვგრძნობდი. სრულიად უემოციო გავხდი. ძარღვებში სისხლიც კი გამეყინა. მოსამართლის შემოსვლისას მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა. მოსმენა გახსნილად გამოცხადდა, მაგრამ მე არაფერი მესმოდა. დრო და დრო შუშის თვალებით გავხედავდი ხოლმე მოპასუხეებს, რომლებიც მთელი მონდომებით ცდილობდნენ თავიანთი კეთილშობილების, ხოლო ჩემი აღვირახსნილ და ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელ ქალად წარმოჩენას.- არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს და თუ არსებობს წარმოადგინეთ ისინი. თქვენო ღირსებავ, მოვითხოვ არიდებული იქნეს ეს საკითხი მოსმენიდან.- დაკმაყოფილებულია. მოპასუხე მხარეს ვთხოვ, დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას შეეშვას და საქმის მთავარ შინაარს დაუბრუნდეს. ნუ მეპასუხებით ბატონო კახა. - გაბრაზდა მოსამართლე. - ასე თუ გააგრძელებთ სხდომიდან მოგხსნით. მოსარჩელეს მინდა მოვუსმინო. ქალბატონო ლეა, თუ შეიძლება, გისმენთ.- თქვენო აღმატებულებავ, - ოდნავ გასაგონად დავიწყე საუბარი, არც ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ან მინდოდა თუ არა საერთოდ რამის თქმა, მე მხოლოდ კირას ნაცრისფერი თვალების დანახვას და ვარდისფერი ლოყების დაკოცნას ველოდი სუნთქვა შეკრული. - ბატონი გოგა, სრულ სიცრუეს საუბრობს. - წელში გავიმართე და გოგას თვალებში შევხედე. იმხელა სიცარიელე იყო იქ, თავადაც გამიკვირდა და მეტი სითამამით, სრულიად თავისუფლად გავაგრძელე საუბარი. - ჩვენი თორმეტ წლიანი თანაცხოვრების მანძილზე, მე როგორც ქალს, მეუღლეს და შემდეგ დედას, არანაირი ღირებული ადგილი არ მეკავა ამ ადამიანის ცხოვრებაში. იგი გამუდმებით მამცირებდა, შეურაცხმყოფდა და ძალადობდა როგორც ფსიქოლოგიურად და მორალურად, ასევე ფიზიკურად. მის მიერ გამართულ ღრეობებს ბოლო არ უჩანდა. გოგა არასდროს ყოფილა დაინტერესებული და ჩართული კირას სააღმზრდელო და საგანმანათლებლო საკითხებში. იგი მუდამ წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემს სურვილთან მიმეცა კირასთვის განათლება, დამამატებითი წრეების და კერძო გაკვეთილების სახით, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვაფინანსებდი თავად და მეხმარებოდა ჩემი და, და დედა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს მენტალიტეტი, რის გამოც ოჯახის დანგრევას განიკითხავენ, ასევე არსებობს მცნება „ ბავშვს ორივე მშობელი სჭირდება“, რის გავლენის ქვეშაც ვიყავი თავად მოქცეული გოგას მშობლების შეგონებებით. ამ ოჯახის მეშვეობით, მე ვერ შევძელი განვითარება, ისინი მუდამ ცდილობდნენ დაეთრგუნათ ჩემში ყველა შესაძლებლობა, რაც გამზრდიდა და წარმატებას მიმაღწევიებდა, როგორც კარიერულ ასევე პირად ცხოვრებაში. ჩემი დიდი პროტესტის მიუხედავად, პატივს ვცემდი ოჯახის სურვილებს და საკუთარის დათმობის ხარჯზე ვაკეთებდი ყველაფერს, რომ მათი წყენა არ დამემსახურებინა, სანამ ეს ყველაფერი მონურ მორჩილებაში არ გადაიზარდა. წაიშალა ზღვარი თხოვნასა და ვალდებულებას შორის და ყოველი ახალი პროტესტი ახალი ფიზიკური ძალადობის სათავე ხდებოდა. როცა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ადამიანები არ იცვლებიან და ჩემი თავგანწირვა აბსურდული იყო, მივხვდი შვილისთვის არ ვიყავი კარგი მაგალითი, გავაანალიზე და ვაღიარე, რომ ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, რამდენადაც რთული და მძიმე უნდა ყოფილიყო ამის ხმამაღლა გაჟღერება, გადავწყვიტე რომ უნდა მეთქვა, გამემხილა და წერტილი დამესვა. მხოლოდ, დღეს უკვე აღარავითარი არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს განვლილ წლებს, როგორც უკვე იცით, ჩემი აქ მოსვლის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შვილია, რომელმაც მინდა ჯანსაღ გარემოში გააგრძელოს ცხოვრება და გაიზარდოს ჯანსაღი სულის და აზროვნების ადამიანი, მინდა ისევ შევძლო მისი აღზრდის გაგრძელება და განათლებაზე ზრუნვა, ისევ იგრძნოს დედის უკიდეგანო სიყვარული და ჰქონდეს სწორი ურთიერთობები მისი ოჯახის წევრებთან. მაგრამ, მე როგორც დედას, არ შემიძლია ვუყურო როგორ ხდება ჩემი შვილი მისი მშობლების საბრძოლო იარაღი. ვერ დავუშვებ ვითამაშოთ „კავკასიური ცარცის წრე“.სკამზე ძალა გამოცლილი დავეშვი. არ მახსოვდა რა ვთქვი. კარებისკენ დავიწყე ყურება. ჩემს თავში ვეღარ ვეტეოდი, მინდოდა სხეული გამენგრია და გარეთ გამეღწია, უკვე საკუთარი თავი ბორკილივით მიჭერდა.- სხდომათა დარბაზი დატოვეთ ყველამ. - თქვა მოსამართლემ. - დარჩეს მხოლოდ კირას უფლებადამცველი და სოციალური სააგენტოს წარმომადგენელი. ბავშვი დაიკითხება კონფიდენციალურობის დაცვით და მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა დარჩება ჩემსა და მას შორის.კიბეზე ლასლასით ჩავედი. მაკამ ხელკავი გამომდო.- ახლა კირას შემოიყვანენ, არც კი გაინძრე. ბავშვმა მოითხოვა შენთან არიდება. - ჩამჩურჩულა და ამის გაგონებაზე ტანში გამცრა. ტუჩზე ვიკბინე და მაკას ზიზღით სავსე მზერა ვესროლე. - არა. - თვალებით მელაპარაკებოდა და თავს ოდნავ შესამჩნევად აქნევდა, თან ტონუსს ინარჩუნებდა, არც სიმშვიდეს კარგავდა. ის - ის იყო პირი გავაღე, სიტყვა ზედ შემაშრა. - კირა... - თვალებზე ბინდი გადამეკრა. ვიგრძენი როგორ დამცვივდა ცრემლები და როგორ მწარედ მომიჭირა ხელი მაკამ. კირამ დამორცხვებული თვალებით წამიერად შემათვალიერა და თავდახრილი გაყვა მანდატურს.- ლეა! -ნაცნობი ხმა მომესმა, მივიხედე. მოსაცდელი დარბაზის ზღურბლზე იდგნენ ნიცა და ემილი. ადგილზე ჩავიკეცე. ანი 1994წელი 4აპრილიფიფქები დასცვივდა ტყემლის ყვავილებს და თოვლის თეთრი სუდარა ჩააცვა აპრილს. დიდი ზარზეიმით შეხვდა დავით მესხის სახელოვანი ოჯახი პირველი შვილიშვილის - ანის დაბადებას.პირველი მოგონება ბავშვობიდან, რამდენჯერაც არ ვცადე სხვა გამეხსენებინა, მაგრამ ამაოდ, მხოლოდ დედის ხელთათმნიანი ხელია, რომელიც უმოწყალოდ მაშინებდა „ბოროტი სულის“ მიერ დედის წართმევით, რაც გულამოსკვნილი ტირილით გამოწვეულ პირის გაღებას, ჩასაფრებული ბებიას მიერ ვეებერთლა ლუკმით მისი ამოვსებით მთავრდებოდა. ეს ერთი შეხედვით უწყინარი თამაში, რომელიც ცხოვრებისეულ დაღად მექცა, კარგად მუშაობდა უჭმელი, ჭირვეული გოგოს ფსიქიკაზე.ერთი შეხედვით, დიდ და ბედნიერ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც რამდენიმე წელში, ოჯახის ახალი წევრი - ბექა, ჩემი ძმა, დაიბადა. დედა დიპლომატი იყო, მამა იურისტი, ბაბუა ეკონომისტი და ბებია დიასახლისი. ჩვეულებრივი ოჯახური ცხოვრებით ვცხოვრობდით, ზოგჯერ ბანალური უსიამოვნებებით, ზოგჯერ ერთსა და იმავე თემაზე განსახვავებული აზრის გამომხატველი ცხარე კამათით, მაგრამ ერთმანეთის სიყვარულით, პატივისცემით და ურთიერთგაგებით.პატივსაცემ და საზოგადოებაში მიღებულ, დაფასებულ ოჯახის შვილებს არაფერი გვაკლდა, სანამ დავითს მოულოდნელად გულის შეტევა არ მოუვიდა და უცაბედად გამოეცალა ოჯახს საყრდენი ბურჯი.მყარი და ძლიერი ოჯახი, წვრილმან თუ მსხვილ ცხვრებისეულ დაბრკოლებებს არა და არ უშინდებოდა, სანამ მამის გამოუსწორებელმა შეცდომამ ძლიერ არ დაგვრია ხელი. სახლიდან გაიყიდა მთელი ცხოვრების მანძლზე ნაგროვები ძვირფასეულობა, ჩეხური ბროლები და ფაიფურის „ბეზდელუშკები“, ანტიკვარული ჭურჭლები და ხელნაკეთი ხალიჩები, წლების მანძლზე ნალოლიავები, ფაქიზად ნაშენი ფუძე, ბიზნესი, მანქანები და აგარაკიც კი.დავრჩით დედიშობილა ბალღებივით, უფლის ანაბარა მიტოვებულ, მრგვალ მიწაზე.შვილების გამოსაკვებად და განათლების მისაღებად მებრძოლ მშობლებს, რთული და მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუხდათ: დაქვრივებულ ბებოს ჩაგვაბარეს და წავიდნენ.ვისაც არ გამოუცდია, ვერასოდეს გაიგებს. ეს არც ობლობაა და არც მშობლების ყოლა. სადაღაც შუაში გაჩხერილი, არანეიტრალური მდგომარეობაა, როცა იცი, რომ თეორიულად მშობლები გყავს, მაგრამ რეალურად არსად არ არიან.მე, როგორც ოჯახში პირველ და უფროს ბავშვს, ადრეულ ასაკში მომიწია დიასახლისის ფერხულში ჩაბმა და ასაკისთვის შეუსაბამო პასუხისმგებლობის აღება.იმავე წელს დაიშალა ჩემი სკოლის ის ჯგუფი, სადაც ვსწავლობდი და მოსწავლეეები პარალელურ კლასებში გადაგვანაწილეს. ისედაც მიჭირდა კერძო სასწავლებიდან გადასულს საშუალო სკოლისთვის ფეხის აწყობა და ამ ახალმა გამოწვევამ უფრო გაუსაძლისი გახადა კლასელებთან შეუგება და საერთო ენის გამონახვა.იმ დროს როცა ყველა თინეიჯერი სიახლეების და თავგადასავლებისკენ ისწრაფოდა, მე მშიშარა აღმოვჩნდი, დიდი გოგო-პატარა გულით და თვალებში ჩარჩენილი, დედის შავხხელთათმნიანი ხელით, რომელიც მაინც წაართვა ბოროტმა სულმა. ბებოს საბჭოური აზროვნებით ჩემს აღზრდაში ხელს ვეღარავინ უშლიდა და მისმა ძალისხმევამ და მონდომებამაც დიდხანს არ დააყოვნა, თუმცა, უკვე მოხუცებულმა, ის კი ვეღარ გაითვალისწინა, რომ მისი ზედმეტი სიფრთხილითა და თავგამოდებით, აკრძალულის ინტერესი გამიმძაფრა.კრძალვით აღზრდილი სათუთი ბავშვიდან თავქარიან თინეიჯერად ვიქეცი, რომელსაც მოუნდა საკუთარი თავის ამოშლა იმ აბსურდული რეალობიდან, სადაც მხოლოდ ტკივილი ბუდობდა. მქონდა სახლი, რომელიც არ იყო ჩემი. მყავდა მშობლები, რომლებიც არ იყვნენ ჩემთან, მატერიალურ კეთლდღეობაზე ზრუნვაში გართულებს, თითქოს დაავიწყდათ მათი არსებობის ძირითადი მნიშვნელობა ჩემი და ბექას ცხოვრებაში. მქონდა ოჯახი, რომელიც მხოლოდ ხუთი ასოსგანღა შედგებოდა. დედ-მამა ერთმანეთს დაშორდნენ, სხვა და სხვა ქვეყნებში გადასახლდნენ და ჩვენს საერთო უბედურებას, კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდა თავს.- უნამუსო ქალი! თუ რამე მქონდა ყველაფერი დამიყიდა, დამაქცია და იმის მაგიერ ოჯახისთვის მიეხედა, მისი შვილები მომიყარა და სადღაც ბოზობს.ოცდაოთხსაათიან რეჯიმში მესმოდა სალანძღავი სიტყვები მშობელი დედისა, რომელმაც მუცლით მატარა, სიცოცხლე მაჩუქა, ისევ და ისევ შვილების კეთილდღეობისთვის ემიგრაციაში გადაიხვეწა და მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებმა ვეღარ შეძლეს თავიანთი ინტერესების ერთმანეთზე შერწყმულად აგება და დაკარგეს საერთო ენა, საშინელ რეპრესიებში მოვყევით მე და ჩემი პატარა ძმა.- გავიგე თურმე ღამის კლუბში ცეკვავსო.- ფეხი აღარ უნდა დაადგმევიო სახლში, დედობის უფლემა აქვს ჩამოსართმევი!- შვილებსაც გააფუჭებს მასეთი გარყვნილი ქალი, ბავშვები არ უნდა ანახო.ცეცხლზე ნავთს უსხამდნენ გაუკუღმართებული აზროვნების მემკვიდრე ქალბატონ ლიას კეთილის მსურველები.ნელა და მტკივნეულად, საცერივით იცხრილებოდა ჩემი ჯერ კიდევ ბავშვური გული, სული კი ჭუჭყით მევსებოდა.პირველად ავიღე კალამი და პირველივე სტრიქონით „მოვკალი“ დედა.ჩავთვალე, რომ სამუდამოდ შევძლებდი მის დასამარებას და მტკიცედ დავდექი ამ გადაწყვეტილების სისწორის მხარეს.აღარავინ მყავდა.რატომღაც მეგობრებიც კი არ მყავდნენ, ან თავად ვიქმნიდი ასეთ აურას ან მართლა არავის სურდა ჩემთან მეგობრობა.საკუთარ თავში ჩაკეტილმა მოგონილ სამყაროში დავიწყე ისე ლაღად ცურვა, სანამ მთლიანად არ დამანგრია მისმა მძლავრმა ტალღამ და ფსკერზე არ მომაქცია, მანამ ვერ გავაანალიზე და შესაბამისად ვერ შევძელი მისგან თავის დაცვა.ცხოვრება გაუფერულდა.ოცნება აღარ მქონდა.ინსტიქტურად ვასრულებდი დაკისრებულ მოვალეობებს. ვსწავლობდი დაბალ ნიშნებზე, ვალაგებდი სახლს, ვაკეთებდი უგემურ საჭმელს და ცარიელი, უღიმღამო ცხოვრებით ვცხოვრობდი.სასწავლო წლის მეორე ნახევარში ახალი მოსწავლე დაგვემატა. როგორც ხდება ხოლმე, სიმპატიურ, მაღალ, თაფლისფერ თვალება, მომხიბვლელ ბიჭს, მთელი კლასის გოგონები ფუტკრებივით დაესიენ.მე როგორც ყოველთვის შეუმჩნეველი და უინიციატივო, კლასელის გასაცნობადაც კი არ გამინძრევია ხელ-ფეხი, თუმცა ჩუმად დაღვენთილი სანთელივით მომეკიდა ალი და ამ ცეცხლმა დამწვა. ჩემი გრძნობებიც კი მესირცხვილებოდა. არც უშნო ვიყავი და მიუხედავად სწავლის მიმართ აგდებული დამოკიდებულებისა, არც უჭკუო, მაგრამ ჩარჩოში ჩასმულ თოჯინასავით ვერ ვბედავდი ცნობიერებაში ჩაჭედილი ციხის გალავნის გარღვევას. 2011წელი 4აპრილიიმ დღესაც ისე გათენდა, ჩვეულებრივად, როგორც ყოველი დღე თენდებოდა ხოლმე. სკოლისკენ მიმავალს ჩემთვის უცხო გოგონა ამედევნა.- შენ ანი უნდა იყო ხომ?! - შემეკითხა მას შემდეგ, რაც წამომეწია.- დიახ. - ვუპასუხე გაკვირვებულმა.- სასიამოვნოა, - ხელი გამომიწოდა. - მე აჩის მეგობარი ვარ, თინა.ჯერ გამოწვდილ ხელს ალმაცერად დავხედე, ბოლო სიტყვების მოსმენის შემდეგ აშკარად გადამირბინა სიხარულის ღიმილმა ტუჩებზე, რამაც უთუოდ გამყიდა. თინას კმაყოფილება ეტყობოდოდა, მიმიხვდა გრძნობებს და ამაყად გამომიწოდა ლამაზ ნახატებიანი პოლიეთილენის პარკი.- ეს რა არის? - დავიბენი და რაც პირველი მომივიდა აზრად ის ვკითხე.- თავად ნახე. აჩიმ მთხოვა შენთვის გამომეცა. დაბადების დღეს გილოცავ იუბილარო.- აჰ, ჰოო, დაბადების დღე.. - გავიფიქრე.საოცარი სისწრაფით აციმციმდნენ თვალებში ციცინათელები, მუცელში ჭანჭველები აწრიალდენენ, ხელის გულები გამიოფლიანდა და უცებ უკან გადავდგი ნაბიჯი. თინამაც არ დააყოვნა, სწრაფად მომაჩეჩა საჩუქარი და გამეცალა.მეშინოდა შიგნით ჩახედვა. მთელი გულით ვინატრე უკან წაეღო იგი, იმის მიუხედავად რომ მერე შეიძლებოდა მენანა, მაგრამ იმ წუთს, იმ ადაგილას შიში უფრო დიდი და ძლიერი იყო, ვიდრე ცნობის წადილი.სკოლის ოდნავ დანგრეულ კიბეზე სახე გაბრწყინებული მივქროდი, თან მაგრად ჩამებღუჯა საჩუქრისთვის ხელი და ჩახედვას ისევ ვერ ვბედავდი. ისეთ შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველა დამცინოდა, არავის უნდა ვყვარებოდი და მუდმივად ცუდის მოლოდინით შეპყრობილი, გამუდმებით ჩემს თავში ვიმალებოდი.ორი გაკვეთლის დასრულების შემდეგ, სასაჩუქრე შეფუთვის გახსნა გავბედე: საშუალო ზომის, წითელი, ფუმფულა გულის ფორმა იდო, რაზეც ინგლისური სიტყვებით „ მე შენ მიყვარხარ“ ეწერა.ჟრუანტელმა დამიარა. აზროვნების უნარი დავკარგე. ვერ წარმომედგინა ბედნიერება, ჩემს თავს, თან იმ ზომის, რომელსაც მთლს სხეულშიც კი ვერ დავიტევდი.ჩვენმა ურთიერთობამ, რომელიც ჯერ მხოლოდ თვალებით კონტაქტით შემოიფარგლებოდა მცირე ხანს გასტანა. თითქოს არაფერი გვქონდა ერთმანეთისთვის სათქმელი ან პირიქით, იმდენი იყო, ალბათ სიტყვებში ვერ ეტეოდა.ჩუმად ვიყავი ბედნიერი.2011წელი 5აპრილი- მადლობა აჩი. - პირველად გავბედე მოწერა.- რისთვის?- საჩუქრისთვის: ))- არაფრის გოგონი: * იმედი მაქვს მოგეწონა: ))- გოგონი? :დ- რა? ჩემი გოგო არ ხარ? :*- ნუ ბავშვობ: ))- გამოისეირნე დღეს ცოტა ხნით, თუ მოცლილად იქნები: ))- სამეცადინო მაქვს. ალბათ მალე მოვრჩები.- ხოდა გადახედე დავალებებს და როგორც მოგიხერხდება ისე გავაკეთოთ, მაგრამ ვფიქრობ მოგიხერხდება: ))- ინტრიგანო ბავშვო: )) მოგწერ რომ გავთავისუფლდები.- აქ ვარ გოგონი:*...- აჩი.- გისმენ ყურადღებით.- გვიანი ხომ არ არის სასეირნოდ, უკვე დაღამდა.- შენ თუ არ გადაიფიქრე, მე უკვე გზაში ვარ: ))- არა, არ გადავიფიქრე.- სად ხარ?- ჭავჭავაძეზე, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის წინ.- კარგი, მოვდივარ: *- ჩამოისეირნე ქვაფენილისკენ დაბლა გოგონი და მეც ვეცდები სადმე გავჩერდე.- ვერ გხედავ.- მარჯვნივ გამოიხედე.თავი ავწიე და ვიგრძენი შენს დანახვაზე სახე როგორ გამიბრწყინდა. სწრაფი ნაბიჯით მოვედი შენამდე და მაგრად მოგეხვიე. შენს ფართო მხრებში ჩავიკარგე. თითქოს სამყარო გაჩერდა. ხელი მომხვია და რამდენიმე ნაბიჯით ავიარეთ ვარაზის ხევის ქვაფენილიანი გზა. მანქანასთან შეჩერდა. - დაჯექი. - თვალით მანიშნა. გაოგნება შემატყო. - მამაჩემისაა, ტარება ვიცი, არ მენდობი გოგონი?- სად მივდივართ? - გარეთ ცოტა გრილოდა, ჯინსის ქურთუკი გავიხადე და მუხლებზე დავიდე.- უკან გადადე და თავისუფლად დაჯექი. - გამომხედა და გამიღიმა. - სადაც ჩემი გოგო ისურვებს იქ წავალთ, როგორც იტყვი ისე იქნება.- მცხეთაში წავიდეთ?- მივდივართ.მანქანას ფრთხილად და დინჯად ატარებდა. დრო და დრო ჩემკენ აპარებდა მზერას და თბილად ეღიმებოდა. მის გვერდით თავს დაცულად და კომფორტულად ვგრძნობდი. არ ვფიქრობდი არც ერთი სიტყვის მნიშვნელობაზე, რასაც ვამბობდი, არ მჭირდებოდა არანაირი როლის თამაში, აჩისთან ზუსტად ის ვიყავი ვინც სინამდვილეში. თავისთავად ხდებოდა ყველაფერი, გაუთავებლად ვლაპარაკობდი, ვიცინოდი, ჩემი შინაგანი სამყარო ყვავილივით ყვაოდა და სულს მილამაზებდა. ვგრძნობდი თავადაც რამხელა სიამოვნებას ანიჭებდა ჩემთან საუბარი, როგორ კმაყოფილებას გრძნობდა, როცა ამჩნევდა, რომ მის გვერდით თავს პატარა გოგოდ ვგრძნობდი და ჩემი ნაადრევად ჩაკლული ბავშვური სილაღე ფრთებს ისხამდა. ვხედავდი როგორ ცდილობდა მისი თვალებით დანახული ჩემი თავი მიმეღო და შემყვარებოდა. მსიამოვნებდა, ჩემი მოსმენა რომ არ ბეზრდებოდა, დრო და დრო როცა ვჩუმდებოდი, სარკიდან გამომხედავდა ხოლმე და მთხოვდა ისევ მელაპარაკა.- ამდენი აქამდე არასდროს მისაუბრია, - გადავიკისკისე და აჩის თვალი გავუსწორე. მცხეთის შემდეგ ჯვრის მონასტერში წავედით და უკვე გაჩერებულ მანქანაში ვისხედით. - არ გინდა ფეხით გავიაროთ?- სად გოგონი? ამ ტრასაზე? - გაეცინა. - კარგი, გავიაროთ.- არ გინდა, წავიდეთ, აქ ხომ არ ვიჯდებით, მონასტერიც დაკეტილია, ვერ შევალთ.- გადმოდი ახლა. - არ ვიცი ამ ტონს და ამ ემოციას რა შეიძლება დავარქვა, ეს ისე მოულოდნელად საყვარელი ნათქვამი იყო, სიამოვნებისგან გამეღიმა და დაუფიქრებლად გავაღე მანქანის კარი. გრილოდა, ჩვენს წინ ქალაქის ულამაზესი ხედი გადაიშალა, თავზე ვარსკვლავები დაგვციმციმებდნენ და გვერდით შენ მყავდი. თვალს ვერ ვაშორებდი ამ სურათს, რომელსაც ცხადზე ცხადად ვხედავდი. ხან მაღლა ავიხედებოდი, ხან წინ და ხანაც შენ გამოგხედავდი, მიჭირდა დაჯერება იმისა, რაც ჩემს თავს ხდებოდა. შემცივდა და ავკანკალდი, თავისი მოსაცმელი მომახურა და ზურგიდან ჩამეხუტა. თმაში, კეფასთან მის სუნთქვას ვგრძნობდი, თავი ვერ შევიკავე, მისკენ შევბრუნდი, თვალები შემომანათა, შუბლზე ჩამოვარდნილი კულული თითით გადაწია და ფაქიზად დაეწაფა ჩემს ტუჩებს. მთელი ძალით მივეკარი გულზე, საიდანაც მისი ფეთქვის ხმა მელოდიასავით ჩაესმოდა ყურებს. 2011წელი 19 აგვისტოსასწავლო წელიც დასრულდა. იქვე დაიმსხვრა და დაინგრა ჩემი ოცნებებიც, სამყარო რომელიც გამოვიგონე ან არ გამოვიგონე. დღემდე არ ვიცი ცხადი იყო თუ სიზმარი ის რეალობა.ბოლო ზარის შემდეგ იშვიათად ჩანდა აჩი. წინა საგამოცდო ციებ-ცხელებას დავაბრალე და მეც თავდადებით ვაგრძელებდი მეცადინეობას. ინგლისურის გაკვეთილიდან გამიყვანა თინამ. უსიტყვოდ მოვყევი შენამდე. რა მოკლე და ამავ დროულად რა გრძელი მეჩვენა მანძილი მასწავლებლის სახლის კარიდან - ქუჩის მოაჯირამდე.წვიმდა. შენს თვალებში ჩამდგარი თბილი სხივი ანათებდა მოღუშულ ამინდში. მეგონა არ ვიმჩნევდი აღელვებას, სითამამეს და კრძალვასაც, მე ხომ შენი უზომოდ მრცხვენოდა.მახსოვს, მშობლების განშორების გამო დეპრესიაში ჩავარდნილმა, სწავლა მივატოვე, რაც მალევე დამეტყო და ფიზიკის გაკვეთილზე, დაფასთან დაბნეულად მდგარმა შენი მწველი მზერა დავიჭირე, მანიშნე დაგეხმარებიო და მასწავლებლის შეუმჩნევლად მკარნახობდი ჩემთვის მივიწყებულ ფორმულებს. ისეთი თავგამოდებით ცდილობდი ჩემს დახმარებას, საშინლად შემრცხვა. მას შემდეგ ვაიძულე თავს და გამოვასწორე ჩემი სწავლისადმი დამოკიდებულება.შენ აღმოჩნდი ჩემი ყველაზე დიდი აღმასვლაც და დაღმასვლაც.ქარიანი წვიმა გვასველებდა.- იცი, მე რაღაც მინდა გითხრა. - ძლივს გასაგონად ამოთქვი.- გისმენ, რა უნდა მითხრა? - მთელს სახეზე აკიდებულ ალმურს წვიმის მსხვილი წვეთები რეცხდენენ, გულის აჩქარებულ ფეთქვას კი მათი ხმაურით ახშობდნენ.- ძალიან კარგი ხარ...- არც ისე. - თვალს ვერ ვუსწორებდი და სივრცეში გადამქონდა მზერა.- შენს გვერდით გატარებულ ყოველ წუთს სამუდამოდ დავიმახსოვრებ...უფრო მაგრად იქუხა ცამ და მოუმატა შხეფების სროლას. უკან მოუხედავად, სხარტად გავიქეცი უკან და მთლიანად გაწუწული, მაგიდასთნ მოვკალათდი. ის წუთები საუკუნედ მეჩვენა. იმ დღეს არც ერთი გაკვეთილი აღარ მისწვდა ჩემს გონებას. პედაგოგების საუბარი საჰაერო ბუშტებივით იფანტებოდნენ, ზემოთ- ზემოთ მიიწევდნენ და სკდებოდნენ.გულის პაწაწინა კუნჭულში იმედი დაგუბდა. მინდოდა დამეჯერებინა, რომ ცუდი არაფერი გიგულისხმია, რომ მე ვერ მივხვდი შენი სიტყვების შინაარს და ფანჯარასთან მიყუჟულმა, გულისფანცქალით გადავხედე ნაწვიმარ ქუჩას, სადაც აღარავინ იდგა. 2011წელი 15სექტემბერი''ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის შესავალი''''ახალი ამბების ჟურნალისტიკა''''ანალიზისა და მოსაზრების წერა''''ბეჭდური მედია''''ონლაინმედია, ტელე და რადიო მედია''''ჯურნალისტიკის ისტორია''- ოოჰოო.... - ლანდივით ვიდექი აუდიტორიის კარებთან და ზედ გაკრული ლექციების გრძელ ჩამონათვალს ვკითხულობდი. რთული არ იყო მიხვედრა, რაოდენ დატვირთული და მძიმე სასწავლო წელი მელოდა. ახალი ეტაპი იდგა ჩემს ცხოვრებაში. განსხვავებული და საინტერესო გზებით ვაპირებდი სიარულს. ვიცოდი არც ისე იოლი იქნებოდა, თუმცა მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ჟურნალისტობა და საამისოდ მზად ვიყავი მთელი ჩემი ენერგია და რესურსი დამეხარჯა. ვუყურებდი ლექციების სიას და მათ ნაცვლად სხვადასხვა ქალაქი მელანდებოდა. წარმოვიდგინე როგორ ვიმოგზაურე ეგვიპტეში, მოვინახულე ვენეცია, რომი, ამსტერდამი, დუბაი და უკვე ლონდონის ბილეთების დაჯავშნას ვგეგმავდი, რომ ზურგს უკან ფეხის ხმა მომესმა. მოვტრიალდი და... - ვინ თუ არა შენ? - სიხარულით მოვეხვიე ნათიას და მკლავში ხელი მოვკიდე.- შენ გეგონა მარტო იზეიმებდი უნივერსიტეტში ჩაბარებას? - ეშმაკურად მიღიმოდა. მე კი ამ ღიმილზე ვიყავი შეყვარებული, მის მოციმციმე თვალებზე და უზომოდ კეთილ გულზე, რომელიც არასოდეს მივიწყებდა.რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ახლაც მარტო ვიყავი, ახალი ცხოვრების მნიშვნელოვან საფეხურზე ისევ ეულად უნდა მევლო. თუმცა მყავდა მეგობარი რომელსაც დედმამიშვილივით ვუყუვარდი და ვახსოვდი.აღტაცებით სავსე თვალებით ვუცქერდი ნათიას, რომელიც ჩემგან ახალ და საინტერესო ამბებს ელოდა.გავიარეთ გრძელი დერეფანი, თან ჩემს გეგმებს და მიზნებს ვაცნობდი. კიბე ჩავიარეთ და უნივერსიტეტის მთავარი შესასვლელის კართან შევჩერდით.- სად წავიდეთ ან? - გამეცინა.- იქ სადაც ვიმსუნაგებ.- მე ფიგურას ვუფრთხილდები, აი შენ კი ერთ დღესაც ისე გასუქდები რომ... - აბუზღუნდა ნათია, თუმცა ჩემი მიამიტური გამოხედვის შემდეგ მას უნარი აღარ შესწევდა წინააღმდეგობა გაეწია. - სიხარულით შემოვკარი ტაში და საყვარელ კაფეს ვესტუმრეთ. „ჩაის სახლი“ ჩვენი მყუდრო თავშესაფარი გახლდათ. სადაფისფერ ტონალობაში გადაწყვეტილი, პატარა, მაგრამ გემოვნებით მოწყობილი გარემო საუკეთესო ადგილი იყო ჩვენი გულღია საუბრებისთვის. ამ ყველაფერს შესანიშნავად ერწყმოდა სიძველის ეფექტით შექმნილი რამდენიმე მაგიდა ხის კოხტა სკამებით, კუთხეში დადგმული ერთადერთი დივანი და მოჩუქურთმებული ძველ აივნებიანი პატარა სახლის იმიტაციებით შექმნილი ჭერი, საიდანაც მომღიმარი სახეებით იცქიროდნენ ფართუკიანი დიასახლისები. - ერთი ფინჯანი ესპრესო და ალუბლის ჩიზქეიქი ჩემთვის, ერთი ტყის კენკრის ჩაი და ლიმონის ოპიუმი ნათიასთვის. - შევუკვეთეთ და ყვავილებიანი ნაჭრით გაწყობილ ტყავის დივანზე მოვკალათდით. - ანი, - დაიწყო ნათიამ. რაღაც უცნაური ჩანდა, არ უნდოდა შეტყობოდა, მაგრამ კარგად ვიცნობდი და წინასწარ ვხვდებოდი მისი საუბრის ტონს. სიტყვა არ გავაწყვეტიე. მოუთმენლობისგან ლამის მკერდიდან ამომვარდა გული, თუმცა მოსალოდნელ ცუდ ამბავს ჩემთვის უჩვეულო სიმშვიდით მინდოდა დავხვედროდი, იქნებ არც ისე ცუდი უნდა ყოფილიყო და ეს ნათიას მორიგ გადაჭარბებულ შფოთს უნდა მიმეწერა.- აჩი ამერიკაში გაემგზავრა მიასთან ერთად. ბავშვს ელოდებიან.გაოგნებისგან სული გამეყინა. გული დაობლდა. თვალზე მომდგარი ცრემლი ნელ-ნელა დაცურდა ლოყაზე და ტუჩებს დაენარცხა. უსიტყვოდ გამოვედი საკონდიტროდან.- ანი გთხოვ, ნუ იქნები ჩუმად. არ შემეძლო მეთქვა რამე. სიტყვები გაქრნენ. ნათია მასთან დარჩენას მთხოვდა, თუმცა ამაოდ.მივდიოდი სადღაც, წყვდიადში... ამაზრზენი სიჩუმე იდგა. ხომ ისედაც ვიცოდი, რაც იყო მოსალოდნელი, რატომ მქონდა ასეთი მძაფრი რეაქცია?! გამალებით მიცემდა ის გული, შენ რომ დამპირდი არასოდეს გატკენო და ძალიან მატკინე. ისე წახვედი არც დამემშვიდობე და დამტოვე საკუთარი ტკივილების ქარიშხალში. ჩემს არეულ ცხოვრებას კიდევ ეგ უნდოდა? რატომ შემოიჭერი ჩემში ასე მკაფიოდ, რატომ შემავსე ასე ძალიან, თუ ისევ უნდა დავშრეტილიყავი. რაც შენ გაგიცანი, მას შემდეგ პეპლების აღარ მეშინია, მაგრამ გიცნობ, კი? მაინც შეძელი ჩემს სულს მიწვდომოდი, ისე გამაშიშვლე, არც კი შემხებიხარ. ყოველ დილით პეპლებს დავსდევ და ასე მგონია, თუ ერთხელ მაინც შევეხები შენც დაბრუნდები, და ისევ ძველებურად ვიკამათებთ, ისევ ჩვენებურად ვიხუმრებთ, ბევრს და გულწრფელად ვიცინებთ, ერთმანეთის ღიმილებს თაიგულებად შევკრავთ და ჰერბარიუმში გავახარებთ. საუკეთესო მომენტები ხომ უსასრულო და სამუდამოა... ნუთუ შეძელი დავიწყება. შენ ხომ მითხარი დავიწყება შეუძლებელიაო. შენ ხომ ჩემში საგულდაგულოდ მიჩქმალული თვისებები დაინახე და შემახსენე, რომ ცოცხალი ადამიანი ვარ. შენ მაიძულე მერწმუნა ნამდვილი ადამიანების არსებობის. ჩემი გულწრფელად ბედნიერი ღიმილების მიზეზი გახდი, შენს გამო პირველად მივენდე წინათგრძნობას უშიშრად და ახლა მეშინია. რისთვის მომეცი ეს რწმენა თუ შენვე გინდოდა მისი გატეხვა? მე ხომ ისედაც დამსხვრეული ვიყავი... ამის გამოც ხომ მეკამათე, მე თვალცრემლიანი გისმენდი ამ დროს და ვფიქრობდი : - ეს შესაძლებელია?გახსოვს? გკითხე კიდეც :- ნამდვილი ხარ? ისიც გითხარი შენნარი ადამიანები საერთოდ თუ არსებობდნენ არ მეგონა, მაშინებთქო და მაცდურად გაგეღიმა. ისევ მეშინია და ისევ იგივე კითხვებს ვსვამ ახლაც და უკვე უპასუხოდ მრჩება მოლოდინი, მაგრამ ვხვდები, რომ ამჯერად აღარავინ მიპასუხებს.მინდა ისევ უსასრულოდ გწერო. დილამდე, თვალების აწვამდე ვიკითხოთ ერთმანეთის აზრები, ცხოვრების პატარ-პატარა ნაკვეთები, მერე ვიოცნებო და ცისკარზე თვალებგაბრწყინებულს შენს მონაწერზე ჩამეძინოს. შენ ის გადატრიალება მოახდინე სულ მცირე დროში, რასაც წლების მანძილძე ვერავინ შეძლებდა. ვერ ვიტან ამ ბანალურ კითხვას, მაგრამ: - რატომ? ახლა სხვა აღარაფერი ტრიალებს ჩემს გონებაში.სახლში ავედი. საწოლთან ჩავიკეცე და ტელეფონი გავხსენი. ვკითხულობ შენს მოწერილ წერილებს და ვიბნევი. ვერასდროს ვიფიქრებდი ასე მოკლე დროში ასე ახლობელი თუ გახდებოდა უცხო ადამიანი. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება თქვა ის სიტყვები, რაც კი გითქვამს ჩემთვის და ეს იყოს გაუაზრებელი, არ მჯერა, რომ უბრალოდ და მარტივად ითქვა, ის რაც იმ მომენტში მოგაფიქრდა, შეუძლებელია ადამიანს რჩევა მისცე, ანუგეშო, იმედი ჩაუსახო- თუ ამას შინაგანად არ განიცდი. აღარ მინდა მიკვირდეს რამე, მაგრამ გაოგნებული ვარ. მაინც მოვყევი ამ ქარიშხალში და ზუსტად ისე, როგორც იმ საღამოს გითხარი: ახლა ვდგავარ გრძნობა არეული და შენგან შეკოწიწებულ ჩემს თავს ვუცქერ და მენანება... ნუთუ გამბედაობა არ გეყო გეთქვა - ნახვამდის. ნუთუ ისეთი სუსტი გეგონე, იფიქრე ვერ გავიგებდი? ასე ხომ თავად გახდი ჩემი მსხვრევის მიზეზი. ასე ხომ უფრო რთულია, ეძებო დასასრული იქ- სადაც არაფერი აღარ არის. მინდა ვიყვირო, ვიჩხუბო, მინდა სცენები გაგიმართო და შენ მშვიდად, მაცდური ღიმილით მიყურო. შენი სიდინჯით უფრო ამშალო და ქარიშხალს დამამსგავსო, მერე კი მოხვიდე და თავად იქცე ჩემს ქარიშხლად, რომელიც მის გულში მიმიჩენს ნავსაყუდელს. როგორ მინდოდა შენს გულს შევხებოდი. შენი სული ხომ დამანახე, გულთან კი არ მიმიშვი. სამაგიეროდ ჩემს გულში შეიჭერი დაუკითხავად და ახლა უმოწყალოდ დაჭრილს, მდინარე სისხლს ვერავინ მიჩერებს. ვიცლები უშენოდ და დღითიდღე ვცარიელდები. ჰო, ისე ვბრაზობ შენზე, რომ მინდა გიპოვო და ამ სიბრაზით დაგახრჩო. 2021 წელი 27 მარტირა მოვუხერხო ამ განცდას, ყოველ დილით რომ მეუფლება; ყოველ მზიან დღეს, როცა თეთრი პეპლები დაფარფატებენ ჩემს ირგვლივ ლაღად და სულ არ ადარდებთ როგორ მტკივა მათი ფრთების რბილი შრიალი... როგორ ხმაურობს მათი სინაზე, როცა ჩემს სულში ქაოსია და ირგვლივ მიმოფანტულ ნამსხვრევებში ვილეწები... რა მოვუხერხო გულში ჩარჩენილ სისხლიან ლაქას, არტერიებს რომ მოსდებია და ფეთქვას თანდათან წყვეტს, სუნთქვას რომ გავიწყებს და დაქსელილ კაპილარებს უჟანგბადობით ხეთქავს?! როგორ მინდა მჯეროდეს იმედის არსებობის და მყარად ვეჭიდებოდე ზუსტად იმ დროს, როცა ყველა იმედი გეწურება და საწნახელში გაჭყლეტილი ყურძნის მარცვლებივით შენც წიპწებამდე იწრიტები... - სულ წახვედი? - მოულოდნელობისგან თვალები ამიწყლიანდა.- არა. - დავუბრუნე პასუხი.- აბა რას წამშალე?- ისე ქრებოდი ხოლმე, გავბრაზდი. ცოტა ბრაზიანი გავხდი.- ამ ბოლო დროს?- არა, ამ ბოლო დროს ძალიან გულჩვილი ვარ. ნიკნეიმს არ ცვლი არაფრით ხომ?- მითხარი რა დავაწერო და შევცვლი : ))- ბავშვო. - მოგონებები ამომიტივტივდნენ.- ისევ ისეთი არანორმალური რომ ხარ, არ მითქვამს ჯერ ხო? მომნატრებია შენთან საუბარი გოგონი :*- ისევ ისეთი, თუ უფრო არანორმალური : )) მეც ძალიან.- რატომ არ ჩანდი?- აჩი...- გისმენ გოგონი.- მგონი შენც კარგად უნდა გესმოდეს, რომ ჩვენი მიმოწერა მეგობრობის საზღვრებს ვერ გასცდება.- პირობას ვდებ, თუ გინდა ნოტარიუსთანაც გავაფორმოთ ხელშეკრულება : ))- ეს ფაქტი აღნიშვნას იმსახურებს : )) ამაღამ მე დავლევ შენ ითამადე.- როდიდან დაიწყე დალევა?- ყველა გულს თავის სწორი ყავს, ყველა ვარდს თავის მგალობელი ბულბული: )- ეგ მასეა, ზოგადად, კი ბატონო, მაგრამ ახლა?- რამდენჯერ გიმღერია ქალისთვის?- სიმართლე ვთქვა? ჯერ არ მიმღერია : ))- შენ სიყვარულის ვერა გაგიგია რა, არა ხარ ამის ავან-ჩავანი : )- რაც მთავარია, გვიანი ხომ არაა სწავლა?- მიფრთხილდი, დაგღუპავს ეგ სილამაზე : ))- ეგ მე რომ მეთქვა კიდე ჰო : )) შავი და ხვეული თმა არ მქონდა შენზე ნანახი.- განათების ბრალია, შავი არ მაქვს.- რაც ვნახე შენს ფოტოზე ის გითხარი: )- ყოველთვის ნუ დაუჯერებ თვალებს: )- გულს მივანდოთ?- მივანდოთ? ეგ ალბათ ძალიან გვიანია ბავშვო...- ისევ ბავშვო? ნეტა განახა რამხელა ვარ.- ჩემთვის სულ ბავშვოდ დარჩები...- ანი... მაინც არ მიპასუხე...- ვერ გიპოვე, ჩატი რომ წავშალე, შენი ნომერიც წავშალე და ვეღარ გიპოვე. რამდენჯერმე მინდოდა მხოლოდ მომეკითხე, მაგრამ ვერაფრით გიპოვე, როგორც ყოველთვის ისევ ასოციალური ხარ : )) ალბათ ასე უკეთესიც იყო ორივესთვის.- მე მეგონა შენც ჩემსავით უაზროდ ამაყავი იყავი და ამიტომ არ მწერდი.- არა.- მე კიდე უბრალოდ შემოვიხედებოდი ხოლმე, შენს ფოტოს დავხედავდი და ეგ იყო. როგორც იქნა გავბედე და მოგწერე.- ინტრიგანო... : ))- ახლა რა შეიცვალა გოგონი?- მე შევიცვალე აჩი.- ეგ შეუძლებელია. ადამიანები არ იცვლებიან.- ჩემი ემოციური მდგომარეობა შეიცვალა.- და ერთი წლის წინ როგორი იყო ის?- შენც ხომ იცი რა როგორც იყო. იმდენად არასტაბილური, რომ ისევ შენზე გავხდი დამოკიდებული, მივხვდი, სიგიჟე მემართებოდა და ეს არ მომწონდა.- გულწრფელი ხარ და პირველ რიგში ეს მომწონს :* ამასობაში ის მითხარი როგორ ხარ?- აღარც კი ვიცი როგორ ვარ. იმდენი რამ მოხდა... შენი საქმეები როგორ მიდის?- ჩემი ისევ ისე, დინებას მიყვება. მაინც რა მოხდა? მთავარია ხომ კარგი მოხდა ყველაფერი?- დაივიწყე.- დაივიწყეს მოგცემ შენ: )) მომიყევი, მართლა მაინტერესებს.- მიყვარს ნერვებზე სიმფონიების აწყობა: ))- მაგას რა დამავიწყებს, უბრალოდ სტრუნები აგერია გოგონი, ჩემი ნერვები ჯერჯერობით მწყობრშია.- ჰმმ..- მაგრამ მაინც ვინტრიგდები: )- მომწონს: ))- კარგი ბიჭია? : ))- კი, დაბალი, მსუქანი და უთმო: ))- ეგ არასდროს დაგავიწყდება, ხომ? : )))- ხო და კიდევ ქორწილშიც გპატიჟებ.- არ იცი, როგორ გამიხარდება, მაგრამ მუდო რომ ხარ და ზიხარ შენთვის მაგის ბრალია: ))- შენი უნიჭო ხუმრობები მომნატრებია.- სანამ ისევ მოუსვლელში არ გამიშვებ აქ ვარ: ))- დროებით ბავშვო.- დროებით გოგონი: * 2021წელი 28 მარტი- მე თუ არ მოგწერე, შენ არ გახსენდები გოგონი: ))- მე სულ მახსოვხარ ბავშვო. როგორ ხარ?- ნემსებს ვიკეთებ.- რა ნემსებს? რამე გამომრჩა?- კი. მეტადონის პროგრამაზე ვარ: ))- ვერ ვიტან შენს ხუმრობებს, როდის უნდა გაიზარდო?- კატას ვეძებ.- კატა გყავს? დაკარგე?- არა, მანქანა მყავდა პროფილაქტიკაში, იქ მომაგნო, დამკაწრა და აცრები დამჭირდა. თუ ვიპოვე ხვალ ბოლოჯერ გავიკეთებ, თუ არადა კიდევ მომიწევს.- ჩემი დახმარება გჭირდება?- კი, ყავა დაადგი მეგობრისთვის და ძველებურად ვისაუბროთ:*- ძველებურად ვეღარაფერი იქნება, აჩი. ყავასაც აღარ ვსვამ.- კარგი, რომ გნახავ მაქსიმუმ ხელი ჩამოგართვა და მარჯვენა მკლავზე წამოგარტყა: ))- ოქეი ბრო: ))- ოქეის მოგცემ მე შენ. შენში მამაკაცურობა თავიდანვე შევნიშნე: )) ერთი ხმამ არ გაამართლა მხოლოდ:* მორჩი მუშაობას?- კი, გავიპრანჭე კიდეც და გავდივარ.- მე მეუბნება მერე ინტრიგნობო:)- გოგოებთან გავდივარ ცოტა ხნით.- მეც. გასკდი გულზე.- გამეცინა. შენ არ მუშაობ?- ვასრულებ მეც. დალევა მომენატრა, მე და შენ როდის უნდა დავლიოთ?- ბილეთებს რომ ვიყიდი: )) შენს აცრებსაც გაუვათ ვადა და გაცილებასაც მომიწყობ: ))- წახვედი მეგობრებთან?- აქ ვარ უკვე.- რომ მოიცლი ახმაურდი:*რამდენიმე წლის წინ საავადმყოფოში მოვხვდი. ექიმმა მითხრა სუნთქვა გავიწყდებაო. ასეთი რამ შესაძლებელია? ვერასდროს ვიფიქრებდი. როგორ შეიძლება ადამიანს გავიწყდებოდეს სუნთქვა?! ახლა ვხვდები... შენ რომ წახვედი, თითქოს პეპლებიც გაქრნენ ირგვლივ. მაინც სავსე ვიყავი შენით. ყოველ ამოსუნთქვაზე გგრძნობდი და ვიცოდი ვერც შენ დამივიწყებდი, ვერ შეძლებდი ასე მარტივად გაგეშვი, თან ზუსტად იმ დროს როცა ორივემ ვიგრძენით, როგორ შევავსეთ ერთმანეთი. მე ისევ იქ ვარ სადაც დამტოვე. ჯანდაბა! არც კი ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა, მაგრამ წყალსაც წაუღია უკვე სისწორე! ისედაც ძალიან ცოტა დრო მაქვს დარჩენილი. მერე? მერე ისე ავორთქლდები, თითქოს არც არასდროს მიარსებია. გგრძნობ და ვხვდები, როგორ მინდა ეს ურთიერთობა. ისიც კი არ ვიცი, რა გვაკავშირებს მე და შენ, მაგრამ მინდა ერთხელ ისევ დავუშვა შეცდომა გულის კარნახით, ქარსაც წაუღია გონება, რომელიც მუდამ სადღაც მიმაქანებს.მეგონა ძლიერი ვიყავი, ვიფიქრე აღარაფერი ამიცრემლიანებდა თვალებს. შევცდი. გიპოვე და ცრემლებიც დაბრუნდნენ შენთან ერთად. ისევ ჩემთან ხარ, ცოტა შორს მაგრამ მაინც ჩემში ხარ. არასდროს მჯეროდა სასწაულების. დავიჯერე. ახალ ნაბიჯებს ვდგამ, მაგრამ მეშინია, შენი უსაზღვრო სიმშვიდის, იმ პეპლების მეშინია ერთ დღეზე მეტი, რომ ვერ ცოცხლობენ. მეორედ შენს დაკარგვას ვერ გადავიტან. არც კი მინდა გავიხსენო როგორ დამემსხვრა სამყარო მაშინ. როგორ შევაგროვე შიშველი ხელებით უმცირესი ნაწილაკები. რამდენი დრო დამჭირდა იმის გამრთელებისთვის, რისი დანგრევა არც კი გიფიქრია. არ გადანაშაულებ, ვერ შევძლებ დაგდო ბრალი, შენ იმდენად გულწრფელი ხარ ჩემთან, მხოლოდ მე ვარ დამნაშავე, ის გულია დამნაშავე, რომელშიც წლების წინ შეაღე საგულდაგულოდ დარაზული კარი, ის გონებაა დამნაშავე სულ შენს სახელს, რომ ჩურჩულებს და მაიძულებს შენზე ფიქრებს ავედევნო. დაბრუნდი და ყველაფერი დამიბრუნე. სიმშვიდეც და შფოთვაც, სიხარულიც და ნაღველიც, ფარფატა პეპლებიც დაბრუნდნენ ირგვლივ ფრთების შრიალით და მათი გაფრენის შიშის მოლოდინიც. მინდა სულ მყავდე. თან ისიც ვიცი, რომ ბევრს ვითხოვ უკვე. ჩემო მეგობარო, როგორ მიჭირს შენთან მეგობრობა. შენ ხომ ჩემი ნახევარი ხარ. ის ნახევარი, რომელიც არასდროს მიძებნია, მაგრამ გიპოვე. ახლაც გიპოვე. უკვე ძალიან გვიან... - დღეს ადრე მოსულხარ ანი. - სათვალის ქვემოდან ამომხედა ლევანი ექიმმა.- ასე გამოვიდა.- მოდი, დაჯექი. თავს როგორ გრძნობ?- როგორც ყოველთვის.- მთავარია არ დანებდე, ერთად უნდა ვიბრძლოთ. - გამიღიმა, ადგა და როგორც ჩვეოდა მხარზე თბილად დამადო ხელი. - დავიწყოთ?- დავიწყოთ.