ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ნისლის ანგელოზები

ნისლის ანგელოზები

სააქაოსა და საიქიოს შორის გაჭედილი მე სინათლე, რომელიც ახლა ჩემ წინ გადაიშალა, ენით აღუწერელია. ცხოვრებაში ბევრი რამე მინახავს, მათ შორის ბევრი ფერიც, ზოგიერთი მათგანი თავადაც კი შემიქმნია, მაგრამ ასეთი კაშკაშა ნათება არასდროს მინახავს. ის არც თეთრია, არც ყვითელი და არც რძისფერი.არ ვიცი! ადრე არ მინახავს.ეს სინათლე ჩემი ოთახის ჭერიდან ნელ-ნელა ჩამოვიდა. თუ მთაში ან მთასთან ახლოს მდებარე სოფელში ყოფილხართ, მაშინ აუცილებლად გექნებათ ნანახი ის არაჩბვეულებრივი სანახაობა, რომელსაც ზაფხულის დილას ბუნება ხატავს. მზის ამოგორებისთანავე, მთების კალთებიდან წამომდგარი ნისლის ხალიჩები, ზეცისკენ მიემართებიან. მე მათ თეთრ ანგელოზებს ვეძახდი. ანგელოზებს, რომლებიც მზის ჩასვლის შემდეგ, დედამიწაზე ჩამოიდიან და სოფლებს ცოდვებისგან ასუფთავებენ, ხოლო დილით, მაშინ როცა არე-მარე კვლავ ხილვადი ხდება, სახლს უბრუნდებიან და დიდ მამასთან მიფრინავენ. მიფრინავენ მანამ, სანამ ადამიანები ისევ არ შესცოდავენ და ისევ არ დაღამდება. ჩემთვის ეს ცხოვრების შეუვალი ფერხულია, რომელშიც ყველა ჩვენგანი, მათ შორის ღმერთის შვილებიც კი თავის როლს ასრულებენ, და ცდილობენ ეს წრე არ გაარღვიონ.ასე გაჩნდა სინათლე ჩემს ოთახშიც. თუ ეს ის ანგელოზთა ჯგუფია, რომლებიც დედამიწაზე ცოდვების გასასუფთავებლად დაღამებისას ჩამოდიან, მაშინ, ალბათ ჩემი მზეც ჩაესვენა, და ერთი ცოდვილი მხატვრის სიწმინდეში წასაყვანად, დიდმა მამამ, შვილები გამოაგზავნა.რაც დრო გადის, ანგელოზები უფრო და უფრო მიახლოვდებიან. ესეც, სადღაც მაქვს ნანახი. რა თქმა უნდა, ისევ იქ. ჩემს დედულეთში. ადგილას, სადაც ყველაფერი წმინდაა. განა იმიტომ, რომ მართლა ასეა?! არა, რა თქმა უნდა.დედულეთში, ყველაფერი წმინდად იმიტომ მეჩვენება, რომ ლამაზი ბავშვობა იქ გავლიე. სიკეთეში, სიხალისესა და მზრუნველობაში. ბავშვობა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ნაგლეჯია იმ დიდი ქსოვილიდან, რასაც ცხოვრება ჰქვია.      *** ცხოვრება ერთი დიდი ქსოვილია, დიახ. ასეა! მაგრამ ეს ქსოვილი არცერთ ბაზრობაზე არ იყიდება, მას თავიდანვე გამთლიანებულსა და ლამაზად მოქსოვილს ვერსად იშოვი, ვერც იყიდი. ის თავად უნდა მოქსოვო. ქსოვა იმ დღიდან უნდა დაიწყო, როდესაც დიდი მამა სააქაოს მოგავლენს, და იმ დღემდე უნდა ქარგო, სანამ ისევ იმ დიდ მამას არ გაახსენდები, და ანგარიშის ჩასაბარებლად უკანვე არ წაგიყვანს.ზოგს ეს ქსოვილი საოცრად ლამაზი გამოსდის, ზოგის მხოლოდ თეთრია, ზოგისიც მთლიანად შავია, ზოგიც შავ-თერთრია, და ზოგიც ჭრელი.ჩემი ქსოვილი როგორი გამოვიდა? არ ვიცი!ქსოვა დიდი ხანია დავასრულე და ქარგვაზე გადავედი, ვხვდებოდი, რომ ქარგვის დასაწყისი ჩემი სააქაო ყოფის დასასრულის საწყისიც იქნებოდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს სინათლე ასე მალე მომიცავდა.თვითონ ქსოვილი არც თუ ისე ცუდი გამომივიდა, მისი ქსოვისას მრავალი ფერის ძაფი გამოვიყენე, დავიწყე თეთრით, ჩემი ბავშვობით. ყველაზე უმწიკლო და ლაღი პერიოდით ჩემი ცხოვრებისა. დროდადრო თეთრს სხვა ფერებიც შეერია, წითელი, მწვანე, ლურჯი - ეს ახალგაზრდობის წლები იყო, როდესაც ჩემს გონებაში მრავალი გრძნობა ირეოდა, ვეებერთელა ამბიციებისა და შესაძლებლობების პერიოდი, რომელმაც ჩემს ქსოვილში დიდი ნაწილი დაიკავა. სამწუხაროდ თავს ვერავინ აარიდებს ქსოვილში შავი ფერის გამოყენებას. არც მე აღმოვჩნდი იღბლიანი გამონაკლისი.ნურავინ იტყვის იმას, რომ ცხოვრება არ იცვლება დიდი მშობლების გარდაცვალების შემდეგ. ეს უბრალოდ უტიფრობა და დიდი ტყუილი იქნება. შეუძლებელია მათი წასვლით სულსა და გულში ამოუვსებელი სიცარიელე არ დაგრჩეს და კიდევ უფრო შეუძლებელი მგონია ამაში არ გამოტყდე. მაგრამ ჩვენ ადამიანებს ერთი და იგივე ცხოვრება არ გვრგებია წილად და შესაბამისად ბედნიერებაც და უბედურებაც ყველა ჩვენთაგანს, ჩვენებურად გვესმის.მე გამიმართლა, რომ ჩემი მშობლების მშობლები დიდი ხანი გვერდით მყავდნენ, როგორც სიძლიერე და არამატერიალური სიმდიდრე. ისინი ცხოვრებას განსხვავებულ ელფერს სძენდნენ და სწორედ ამის გამო მათი წასვლით გამოწვეულმა სევდამ, წლები არ მიმატოვა და ამ ნაცრისფრმა ერთგულებამ ჩემი ქსოვილი სულ შავი ძაფით მაქსოვინა. შავი ფერის გამოყენებამდე, ყოველთვის ვიყენებდი თეთრ ფერს, რაც არუნდა სხვა გრძნობა მწვეოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შავი ფერი მესტუმრა, ის აღარ გამომიყენებია, რადგან ბავშვობა სწორედ მაშინ სრულდება, როდესაც დიდი მამა, დიდ მშობლებს წაგართმევს.ცხადია ეს სიშავე კვლავ შეიცვალა ნათელი, ცოცხალი ფერებით. კვლავ იყო წითელი, კვლავ იყო ლურჯი და კვლავ იყო ყვითელიც. თითოეული მათგანი სხვადასხვა პერიოდია ჩემი ცხოვრებიდან და ისინი ჩემს ქსოვილში ღირსეულ ადგილს იკავებენ.როდესაც ქსოვა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, შენ ვალდებული ხარ გამოიყენო ნარინჯისფერი. ეს უკვე შემოდგომის საწყისი პერიოდია. აქაც ჩემ დედულეთს მოვიშველიებ. თუ შემოდგომა სოფელში არ გაქვს გატარებული, მაშინ ჩათვალე, რომ შენ შემოდგომის სუნი და გემო არ გცოდნია. ქსოვილის ეს ნაწილი საკმაოდ ნაყოფიერი და შრომატევადი იქნება მისთვის, ვინც ქსოვისას ყველა ფერის ძაფი თავის ადგილას გამოიყენა და მისი შექმნისას თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენა. ნარინჯისფერს უკვე ნაცრისფერი ცვლის. ეს ზამთარია!ცხოვრების ბოლო ნაწილი. ჩვენი ზამთარი. ქსოვილის ნაცრისფერი მონაკვეთის ქსოვას დიდი შრომა არ სჭირდება, ის შეიძლება მალე დასრულდეს, ან უსასრულოდაც კი გაგრძელდეს. ყველა ადამიანი თავის ქსოვილში ნაცრისფრს მაშინ იყენებს, როცა ამის სურვილი თავად აქვს. ის გადახედავს მის ნაქსოვს, გაიხსენებს თითოეული ფერის ისტორიას, აწონის, დაწონის და ბოლოს შავი ფერის შერევასაც დაიწყებს. ამჯერად ეს შავი ძაფი ჩვენ გვეკუთვნის. სწორეს ეს არის ჩვენი ცხოვრების ქსოვილი, თეთრი ძაფით დაწყებული და შავი ძაფით დასრულებული, შიგადაშიგ მრავალი ფერის ძაფით ნაქსოვი, რომელსაც საკუთარი ხელებით ვქმნით. თუმცა მის დასასრულებლად ეს არ კმარა, ამისთვის აუცილებელია ნათელი. დიახ, ნათელი.ეს არ არის ის თეთრი ფერი, რომლითაც სააქაოს მოვედით, ეს სწორედ ის სინათლეა, რომელიც მე ამდილით მეწვია ჩემს ოთახში, და ასე თავხედურად მიახლოვდება და მიახლოვდება. ალბათ ჩემი ქსოვილის ქარგვაც დასრულდა და ახლა მისი სრულყოფის დროა! დაე, დაადგეს ნათელი და დასრულდეს ჩემი მოგზაურობაც!განა მიკვირს, რომ ნისლის ანგელოზები მეწვივნენ? არ მიკვირს და არც გული მწყდება ამაზე. ეს ნებისმიერისთვის გარდაუვალი რამაა, ერთი განსხვავებით. ანგელოზები ზოგს ძალიან ადრე ეწვევიან, ზოგსაც კი ქსოვას ბოლომდე აცლიან. მაგრამ კითხვაზე პასუხი, თუ როგორ არჩევენ ვის აცადონ ქსოვა და ვის არა, მე არ მაქვს! ალბათ, ვერც ვერასდროს გავიგებ.    ***  წუხელ, ბუხართან ვიჯექი. ცალ ხელში რკინის ჯოხი მეჭირა და გაუმაძღარ ცეცხლს შეშის შესანსვლაში ვეხმარებოდი.მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩემი უკანასკნელი საღამო იყო. თურმე ჩემი მზიანი დღე იმ სევდიანი ვალსით სრულდებოდა, რომლის ნოტების ცეკვას, თან მთელი ჩემი ცხოვრების ფრაგმენტები გასდევდნენ.სახლის მთავარი ოთახის ერთ კედელს, ჩემი ნახატი ამშვენებს, რომელიც უკვე აღარც მახსოვს, რამდენი წლისაა, ან რატო დავხატე. მაგრამ ფაქტია, რომ ამდენი წელია თავის პოზიციებს არ თმობს და ყველას გამორჩეული ადგილიდან გადმოგვცქერის.ალბათ გგონიათ, რომ მასზე ვინმე ლამაზი გოგონას პორტრეტია გამოსახული, ან თვალწარმტაცი პეიზაჟი გადმოვეცი ფერებით ან რომელიღაც ლამაზი ჭურჭლის დახატვა მოვინდომე... არა!ეს არის სახება უსახო არსებისა, რომელიც სრულ ქაოსშია ჩაკარგული და მიუხედავად იმისა, რომ არც თვალი, არც ცხვირი და არც პირი აქვს, მაინც გვეუბნება ყველას, რომ დაიკარგა, უფრო სწორად გაურკვევლობის ქაოსში ჩაიკარგა. სტკივა, განიცდის, მაგრამ ვერაფერს ახერხებს. მისმა თავხედმა შემოქმედმა სინათლის ერთი ნაპერწკალიც კი არ დაუტოვა საწყალ არსებას, რომ მას ჩასჭიდებოდა ისიც და მისი მნახველიც. ეფიქრათ, რომ მიუხედავად ჩვენს ირგვლივ დასადგურებული ქარბუქისა, გამოსავალი მაინც არსებობს, მთავარია მისი დანახვა. მე ამ შემთხვევაში ასე არ მოვიქეცი. არ ვიცი რატომ.ხშირად უკითხავთ ჩემთვის, ამ არსების ვინაობა, სქესი. აინტერესებდათ რისი თქმა მინდოდა ამ ნახატით, რას გადმოსცემდა ის. როდესაც ვეუბნებოდი თუ რა აზრი ჩავდე მასში. მნახველთა ემოცია ყოველთვის განსხვავებული იყო.ზოგი ნიკაპზე თავდაჯერებულად მოიკიდებდა მარჯვენა ხელს, ალბათ ტელევიზორში ჰქონდა ნანახი, თუ როგორ ათვალიერებენ „ხელოვნებაფილები“ ფერწერის პირმშოებს. ზოგიც უბრალოდ გულუბრყვილოდ დაეჭედებოდა ხოლმე მის წინაშე და ჩემს მონაყოლს ისმენდა.ზოგს მოსწონდა აზრი, ზოგს არ მოსწონდა.ზოგიც ბრაზობდა, ზოგსაც გაეღიმებოდა და სუფრას მიუბრუნდებოდა. ალბათ გულში დამცინოდა კიდეც.არაუშავს, დამცინონ. სხვას მხოლოდ ისინი დასცინიან, ვინც მის შინაგან სამყაროს ვერ იცნობენ, ვერ გებულობენ, და ამ დაცინვით თითქოს თავს იცავენ.ახლა, რომ ვფიქრობ, მეც რამდენისთვის დამიცინია. ალბათ რამდენს სტკენია გული, ჩემი ამ დაუფიქრებელი, ან შეიძლება სწორედაც, რომ დაფიქრებული ქცევის გამო. ალბათ, სხვაზე ქილიკითა და დაცინვით მეც ჯავშანს ვისხამდი და ამით თავს ვიცავდი.თავს ვიცავდი იმიტომ, რომ სხვას არ ეგრძნო ჩემი უმეცრება, დაუღვინებლობა, საქმის არცოდნა და კიდევ სხვა მრავალი ნაკლი, რომელიც ნამდვილად მქონდა. რა არის ამაში გასაკვირი?! სიმინდის ყანაში სიმინდი ამოვა, აბა მარწყვად ხომ არ აღმოვცენდებოდი?! ახლა, რომ მითხრას ვინმემ, ნანობ თუ არა, რომ დასციონოდიო, ვუპასუხებდი - დიახ!მაგრამ, ვაი რომ უკვე ამისთვის დრო აღარ მაქვს, ნისლის ანგელოზები მიახლოვდებიან და მეეჭვება ოდესმე ვინმესთვის ბოდიშის მოხდა მოვახერხო. რომ იცოდეთ ეს რა საშინელი გრძნობაა, როდესაც შეცდომის გამოსწორების სურვილი გაქვს, მაგრამ ამას ვერანაირად ვეღარ მოახერხებ.საინტერესოა რატომ ხდება ასე. მანამ, სანამ ცოცხლები ვართ, შეცდომის გამოსწორება შეგვიძლია, მაგრამ ამისთვის სურვილი, გამბედაობა ან ადამიანობა არ გვყოფნის და მაშინ, როდესაც უკვე გაჭედილნი ვართ სააქაოსა და საიქიოს შორის, და ანგელოზები თავზე დაგვტრიალებენ, გვინდა, რომ წარსულის შეცდომები მოვინანიოთ, გადავაფასოთ და ცხოვრება განახლებული ენერგიით გავაგრძელოთ, მაგრამ ეს ხომ უკვე ირონიით გაჟღენთილი რეალობის დასასრულია?!იქნებ იმიტომ გვიჩნდება ასეთი სურვილი, რომ დიდი მამის გვეშინია? გვეშინია იმ არსების, რომელიც არასდროს გვინახავს, რომლის ხმა არასდროს გაგვიგია. უბრალოდ ამ ემოციებით, ამ შეხედულებებით გვზრდიდნენ. რომ არსებობს რაღაც ძალა, რომელიც თითოეული სულიერის მამაა, მისგან გვეძლევა სიცოცხლეც და მისი სურვილითვე ვბრუნდებით კვლავ მასთან. გვეუბნებიან, რომ თუ შევცოდავთ პასუხს აუცილებლად მასთან ვაგებთ.გვეუბნებიან, რომ თუ შეცდომებს აღიარებ, მოინანიებ და პატიებას ითხოვ, დიდ საქმეს გააკეთებ. მრავალი წესი გვაქ კაცობრიობას, ალბათ ჩვენივე გამოგონილი, რომელსაც ათასგვარ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ვცდილობთ ისინი ზედმიწევნით კარგად დავიცვათ და მის წინაშე მართალნი წარვდგეთ.როგორც გუშინ, ბუხრის წინ მჯდარი მე, გაუმაძღარ ცეცხლს შეშას ვაწვდიდი, ისე ჩვენ დაბადებიდანვე უფროსები ამ შეხედულებებით გვკვებავენ. ჩვენ დამშეული ცეცხლის ალები ვართ, რომლებსაც შეშის ნაფოტებით ზრდიან და ბოლოს ხის დიდი მორებიც კი აღარ ჰყოფნით, როგორც დაუოკებელ ხანძარს, რომელსაც სიძლიერეში ზურგის ქარიც ეხმარება და ერთიანი ძალებით ანადგურებენ ყველაფერს.სწორედ ესაა ჩემი შიშიც, სწორედ ამიტომ ვნანობ, რომ ბოდიშის მოხდა ყველასთვის ვერ მოვასწარი. იქნებ, რომ მომესწრო ეს საშინელი გრძნობა არ მქონოდა საგზლად, მამასთან მიმავალ ცოდვილს!ნისლი უფრო მომიახლოვდა, ნუთუ ჩემებს საერთოდ არ ვახსოვარ? ერთხელ მაინც შემოიხედონ, ნახონ ბურუსსა და ნათელში ერთნაირად გახვეული ცეცხლის ალი. მაგრამ არც მიკვირს. მათ საიდან უნდა იცოდნენ, რომ მე სულიერს ვეღარ მნახავენ? ისინი არავის გაუფრთხილებია. მათ შორის არც მე!ახლა უკვე ჩემი ოთახი მთლიანად შეიცვალა, აქ ვეღარ ნახავთ ჩემს ნახატებს კედლებზე, ვერც დედამიწაში ჩასმულ საათს ნახავთ კარადაზე. ირვლივ მხოლოდ ისეთი ნათელი ნისლია, როგორიც ბავშობაში ჩემს დედულეთში მინახავს. უბრალოდ ერთი განსხვავებაა. ის ნისლი, რომელიც მე მინახავს ყოველთვის მიწიდან ზეცაში ადიოდა მთის, მებრძოლი არწივივით. ჩემს თავს მოხვეული ნათელი კი პირიქით, ზეციდან დაბლა დაეშვა და მთლიანად მომიცვა. ამ სინათლეში ახლა მხოლოდ მე ვარ. ოთხივე მხრიდან მბრუნავი, თეთრი ნისლია.მესმის ოდნავი ნიავის ხმაც, ალბათ ის ეხმარება ნისლს იბრუნოს. მოიცა... კარგად მოვუსმინო!რაღაც მელოდიაც მესმის, ვერ გამოვრკვეულვარ, რომელი ინსტრუმენტი შეიძლება ამ საოცარ ჟღერადობას ფლობდეს. მსგავსი რამ არასდროს მომისმენია. ეს თითქოს ცხოვრების დასასრულის ჰიმნია, რომელიც დანასკვნია იმ ყველაფრისა, რაც თეთრი ძაფიდან შავ ძაფამდე გაგვივლია.მეღიმება!რა მაღიმებს მე უბედოს, ის მაღიმებს, რომ უნდა წავიდე?! განშორება საყვარელ ადამიანებთან და საყვარელ ადგილთან ჩემთვის ყოველთვის დიდ ტკივილთან იყო დაკავშირებული. ეს ტკივილი არ იყო ფიზიკური... ვნატრობდი, რომ ფიზიკური ყოფილიყო და ერთ კვირაში მომრჩენოდა, ვიდრე სულიერი და თვეობით ტანჯვაში ვყოფილიყავი.ძალიან უჭირდა ჩემს გულს განშორება. ვერ ეგუებოდა მას და თუ ყოველდღიურობასთან თანაცხოვრების სურვილი ოდნავ მაინც შემოეპარებოდა, მაშინაც კი უკან დაბრუნებაზე ფიქრობდა და ოცნებობდა. ახლა კი, როდესაც ვიცი, რომ ისევ წასვლის დროა, მაგრამ ამჯერად ეს წასვლა ყველა განშორებისგან განსხვავებულია, აბსტრაქტული შიში მეუფლება. შიში მიბყრობს, რადგან არ ვიცი ეს რა არის, უბრალოდ ვიცი, რომ გარდაუვალია და მოსახდენია.