ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

აბსოლუტური ინტელექტის

აბსოლუტური ინტელექტის

ორი კვირა გავიდა, რაც ჩვენმა გუნდმა ახალი ფირფიტები აღმოაჩინა. ნამარხი J სექტორში იპოვა ჩვენმა სკაუტმა. ეს იყო ძველი საავადმყოფოს ნანგრევები. ორ დღიანი სამუშაოების შემდეგ ოთხი ფირფიტა ვიპოვეთ: ერთი ექთნის და სამი პაციენტის. მათგან ერთი აღმოჩნდა ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, რომელსაც გაცილებით მეტი ყურადღება და დრო დავუთმეთ. ეს ფირფიტა იყო მომაკვდავი ადამიანის. ჯერჯერობით მისი ფსიქოანალიზი მიმდინარეობს, ხოლო შემდეგ ჩემი ჩართვა იქნება საჭირო. მე მიწევს ფსიქოანალიზის შედეგებით შედგენილი მონაცემების მიხედვით ალგორითმის შექმნა. ჩვენი სფერო პირამიდას ჰგავს, და ყოველი ქვედა საფეხური უფრო რთულია, ვიდრე ზედა. აღმოჩენა, რომელიც იგივეა, რაც კვანტური კომპიუტერის გარეშე მეხუთე დონის სიზმრის დაპროგრამება. ანუ ეს ძალიან რთული და მეტად გამართლებაზე დამოკიდებული სამუშაოა. სკაუტებს უწევთ ციფრულ უდაბნოში ვიბრაციული მიკრო ტალღების აღმოჩენა და კვალზე გასვლა. ნამარხის აღმოჩენის შემდეგი ეტაპი არც ისეთი რთულია და თითქმის მიბმულია სკაუტის საქმეს. ეს არის ნამარხიდან ვარგისი ფირფიტების შეგროვება. ჩვენ J სექტორში აღმოჩენილი ნამარხიდან ოთხი ფირფიტის დედანი ამოვიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამარხი ფასდება რაოდენობის მიხედვით C კატეგორიად. C კატეგორია მოიცავს ერთიდან ექვსამდე ფირფიტას. B კატეგორია შვიდიდან ოცამდე, ხოლო A კატეგორია ოცის ზემოთ. შემდეგი საფეხური არის აღმოჩენილი ფირფიტების რესტავრაცია და ფსიქოანალიზი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და რთული პროცესია. ზოგჯერ აღმოჩენილი ფირფიტის მიერ გაფანტული ნაწილაკების არეალი ცდება ერთ სექტორს. ეს მაშინ ხდება, როდესაც ნაწილაკებს იმდენად სუსტი გრავიტაცია აქვთ, რომ ჩვენს აღმოჩენამდე ვერ ასწრებენ ერთ ადგილას შეჯგუფებას. ან შესაძლოა ეს იმის ბრალია, რომ ადამიანმა ცხოვრების მანძილზე ძალიან დიდი არეალი დაფარა. შეგროვებული ნაწილაკების პოვნა არც ისეთი რთულია. მთავარია, ფირფიტის DNM გაიგო, შემდეგ განაცალკეო მსგავსინაწილაკებისგან და შემდეგ ააწყო "ფაზლი". ეს არის რესტავრაციის პროცესი. შემდეგ მისი ფსიქოანალიზი მიმდინარეობს, რაც ყველაზე ხანგრძლივი პროცესია. ამ პროცესში ჩართულია ოცზე მეტი თანამშრომელი და თითოეულ დეტალზე კონცენტრაციას მოითხოვს. შემდეგი საფეხური არის ანალიზიდან მიღებული მონაცემების გაციფრულება. აქედან უკვე მე ვერთვები საქმეში. მე მიწევს კონკრეტული ფირფიტის შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით ალგორითმის შექმნა. აზროვნებას და გონებით პროცესში ყოფნას კი მოითხოვს ეს საქმე, თუმცა როდესაც უკვე დიდი გამოცდილება გაქვს, საქმე მექანიკური ხდება. ასე რომ, სამ დღეზე მეტი არ მჭირდება ხოლმე, ეგეც გააჩნია ფირფიტის კომპლექსურობას. შექმნილი ალგორითმი თავსდება რადიოში, ხოლო თავად ფირფიტა დახურულ მუზეუმში. რადიოში მოთავსებულ ალგორითმს ფირფიტას ვუწოდებთ ხოლმე, თუმცა ნამდვილი ფირფიტა სულ სხვაგან ინახება. რაღაც დროის წინ საუბარიც იყო იმაზე, უნდა ყოფილიყო თუ არა თვალმისაწვდომი ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, თუმცა მუზეუმი ისევ დახურულად დარჩა. სიმართლე გითხრათ არ ვიცი რატომ ასაიდუმლოებენ ასე. შემდეგი საფეხური კი, არის ყველაზე მარტივი და საინტერესო საქმე. მე ვფიქრობ, რომ მარტივია, თუმცა სხვები ასე არ ფიქრობენ. ეს საფეხური ამ პირამიდის მწვერვალია: ფირფიტასთან გასაუბრება. ამას მხოლოდ ერთი სპეციალისტი სჭირდება და ხანდახან მისი ასისტენტი. ინტერვიუს სპეციალისტი გასაუბრებას ჩემთან გადის ხოლმე, როგორც ალგორითმის დამწერთან. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ინტერვიუს სპეციალისტს არ გაეპაროს რაიმე სახის ეგზოტიკური კითხვა, რამაც შესაძლოა ფირფიტის გაუვარგისება გამოიწვიოს. საბედნიეროდ, ალგორითმის ასლებს სულ ვინახავ ხოლმე, თუმცა თავიდან პროცედურის გავლა მეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ასე რომ, მეც და სპეციალისტიც მაქსიმალურად ფრთხილად ვმუშაობთ, იმისთვის რომ ჩვენი ხელფასი მინუსების გარეშე ავიღოთ. აქამდე სულ სამასამდე ფირფიტა გვაქვს აღმოჩენილი, თუმცა არც ერთი მათგანი არ იყო სიკვდილშეგუებულ და მომლოდინე ადამიანზე. აი, ეს ხდიდა მას ასეთ განსაკუთრებულს, რამაც მთელი გუნდი აალაპარაკა და წინასწარ განაწყო ინტერესით. დანარჩენი სამი ფირფიტა უბრალოდ გვერდზე იყო გადადებული. მე დიდი ხანია საქმე არ მქონია. ბოლო ფირფიტა, რომელზეც ვიმუშავე, ტაქსის მძღოლი იყო და ეს დიდი ხნის წინ მოხდა. გუშინ საღამოს ფოიომ დამირეკა. ფოიო ინტერვიუს სპეციალისტად მუშაობდა ჩვენს კომპანიაში, GHR-ში. რაც თავი მახსოვს, ამ კომპანიაში ვმუშაობ და დღემდე არ ვიცი, ეს ინიციალები რას ნიშნავს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდი თანამშრომელი ვარ; პირიქით, კომპანიის არაფორმალური წესების მიხედვით კარგია, რომ არასაჭირო კითხვებს არ ვსვამ. ფოიოსთან მაშინ მაქვს ხოლმე კონტაქტი, როდესაც ახალ ფირფიტებზე ვმუშაობთ, თუმცა ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც ჩემს საქმეს მოვამთავრებ. ამჯერად საქმე არც მქონდა დაწყებული და იმდენად საინტერესოდ ჟღერდა ეს ახალი, განსხვავებული ფირფიტა ყველა თანამშრომლისთვის, მათ შორის ფოიოსთვის, რომ განსაკუთრებულ მზადებას მოითხოვდა წინასწარ. თუმცა ზუსტად არ ვიცი, ფოიოს ჩემთან რაზე უნდა ესაუბრა. ჩვენ გვქონდა საერთო შეხვედრების ადგილი, რომელიც განსაკუთრებულად ანონიმური იყო. ჩვენი კომპანია მმართველობის ძალაუფლების მიღმაც კი იყო. ან უბრალოდ მათი ძალაუფლების მწარე შოლტები ჩვენთვის საჭირო საერთოდ არ იყო. ჩვენ უფრო თავს სიზმრების ჰაკერებისგან ვიცავდით, რომლებიც დიდი სიამოვნებით ჩაიგდებდნენ ჩვენგან ფირფიტების ალგორითმებს, შემდეგ კი რომელიმე შავი ბაზრის პლატფორმაზე აუქციონს მოაწყობდნენ. ამის გამო კომპანიამ განსაკუთრებულად დაცული ორ ფაზიანი სიზმრის სერვერი შეგვიქმნა, რომელიც შედგება A - მოსაცდელისგან და B - შეხვედრის ადგილისგან. მე და ფოიო ერთმანეთს მეორე, B ფაზაში ვხვდებოდით ხოლმე. ამჟამად მე A ფაზაში ვიყავი. ერთი სავარძელი იდგა ოთახში, რომელზეც ვიჯექი. მოპირდაპირე მხარეს მაგიდა იყო განთავსებული, თავისი უჯრებითა და საოფისე ნივთებით. ოთახში ძველებური საათი ეკიდა და წამს არ ტოვებდა გაუხმოვანებლად. ოთხივე კედელი თეთრი დაგრუნტული საღებავით იყო მოხატული და ალაგ-ალაგ სურათები არღვევდა ერთფეროვნებას. ფოიოც მსგავს ოთახში იცდიდა ხოლმე სანამ A ფაზა ჩაიტვირთებოდა. კარები გამოჩნდა. რამდენიმე წამში გაისმა ხმა "შებრძანდით". B ფაზა მყუდრო კაფეს ჰგავდა. სინათლის კორიდორი ბილიკის როლს ითავსებდა და კუპემდე გზას გკარნახობდა. მივედი და მაგიდას მივუჯექი. მიმტანი მოვიდა და ტრადიციულად ჩემთვის გრეიპფრუტის და ფოიოსთვის ალუბლის წვენი დავავალე.   ფოიოც მალევე გამოჩნდა. სიზმარში ყოველთვის სხვანაირად გამოიყურება, ვიდრე ცხადად სამსახურში. სამსახურში ბევრად უფრო აკადემიურად გამოეწყობა ხოლმე, სიზმარში კი ბევრად უფრო თავისუფლად აცვია და სიმართლე რომ ვთქვა, ასე უფრო მომხიბვლელია. შეიძლება იმიტომ, რომ სიზმარში რა ავატარითაც სარგებლობდა, არ იყო თავის ხატად დაგენერირებული. ფოიო მაგიდას ჩემს მოპირდაპირე მხარეს მოუჯდა. თვალებში შემომხედა და თავი დამიკრა, ისე რომ მზერის წერტილი არ შეუცვლია. მიმტანმა მოიტანა წვენით სავსე ჭიქები.— დაახლოებით ვიცი საუბარი რაზეც გსურს. — ვუთხარი მე. ფოიომ პატარა წიგნაკი ამოიღო, გადაშალა. შემდეგ კალამი ამოაძვრინა გულის ჯიბიდან და სწრაფად დაწერა რაღაც. შემდეგ კი ჩემკენ შემოატრიალა. "ყველაფერს აქ დავწერ, შენ არაფერი შეიმჩნიო!" ეწერა ფურცელზე. მე თავი ნელა დავუქნიე, ისე რომ გაკვირვებაც მეგრძნობინებინა. შემდეგ კი ფოიომ განაგრძო. — დიახ, ზუსტად მაგ საქმეზე ვარ მოსული. გაიგე იმ ფირფიტის სახელი? — ანალიზის ოთახიდან ჯერჯერობით არაფერი ისმის, თუმცა როგორც გავიგე ქალია. მეტი არაფერი ისმის ჯერჯერობით.— მოუთმენლად ველოდები რა და როგორ იქნება.—ასევე, ასევე... — ფოიო ლაპარაკის პარალელურად რაღაცას წერდა. მე კი, აუდიო სიცარიელის შესავსებად ახალი წინადადება წამოვიწყე. — ჰო, თან დიდი ხანია საქმე არ მქონია მეც. — ვთქვი და წვენის მოტკბო-მომწარო არომატი, რომელიც ოდნავ განსხვავდებოდა ორიგინალისგან, ჩემი ორგანიზმის უფსკრულში გავუშვი. წვენი მხოლოდ გემოს რეცეტორებს “ურტყამდა”. ფოიომ  ფურცელი ჩემკენ მოატრიალა. "ბევრად საინტერესო რამ ხდება, ამის შესახებ ბევრმა არ იცის, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა. სკაუტების გუნდში ერთ ტიპთან მქონდა შედარებით ახლო ურთიერთობა, რაიოლი ჰქვია, ეს ყველაფერი მისგან გავიგე. დანარჩენსაც დაგიწერ, მანამდე კი, მკითხე, რის გამო დამიბარე შეხვედრაზეო." როდესაც ეს წავიკითხე და ავხედე, ფოიომ თვალების სწრაფი დაქაჩვით მანიშნა რომ მეკითხა. — რის გამო დამიბარე შეხვედრაზე? — ვკითხე მე, თან ხელიდან ფურცელი გამოვგლიჯე და ამჯერად მე დავწერე მასზე. "ფურცელზე წერა როგორაა შესაძლებელი? ან ეს არ მოწმდება?" — მინდოდა ალგორითმზე მუშაობას დავსწრებოდი. ეს ახალი ფირფიტა დარწმუნებული ვარ ძალიან რთული და შრომატევადი იქნება, ამიტომაც სჯობს რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო მასთან. თან პრაქტიკებსაც გავივლი შენს სფეროში. "UPdate გავუკეთე სიზმარს. მანდაც მყავს ნაცნობი და დამეხმარა. არ ხვდება ნაწერი მონაცემთა ბაზაში."ფოიომ იმავე ფურცელზე დაწერა მაშინვე, როგორც კი წავიკითხე. "თავიდან იუარე! ცოტა დრო გავწელოთ." — კი, მაგრამ ამ საქმეზე მარტო ვმუშაობ ხოლმე, სიმშვიდესა და კონცენტრაციას მოითხოვს ჩემი საქმე. არ მგონია კარგი იდეა იყოს, შენი სამუშაო სივრცეში შემოშვება. — ძალიან გთხოვ. შეგიძლია შენც დაესწრო შემდეგ ინტერვიუს, თან ვიცი ეს ძალიან გაინტერესებს. ადრე ხომ ხშირად მეკითხებოდი? — არ ვიცი… მოვიფიქრებ მოკლედ. — კარგი რა, მგონი კარგი წინადადებაა. — ჰო, მაგრამ ამის ნებას დაგვრთავენ?— ნუ ღელავ, მე გავესაუბრები უფროსობას. თან ერთთან შედარებით კარგი ურთიერთობა მაქვს და უარს არ მეტყვის. — თქვა ფოიომ და ახალი ტექსტი გაამზადა. "ნაკრძალში არა მხოლოდ ფირფიტები, არამედ ცოცხალი ადამიანის კვალი იპოვეს. ეს ჯერჯერობით არსად გვითქვამს." — კარგი ვნახოთ. — მხოლოდ ეს გადმომცდა პირიდან. თვალები ფურცელზე დავტოვე. ეს არ იყო მხოლოდ გაოცებული ადამიანის რეაქცია, აქ რეაქციაში იყო შიშიც. წიგნაკი და კალამი ხელიდან ნერვიულად გამოვგლიჯე ფოიოს და ხისტად დავიწყე წერა ფურცელზე. "მე რატომ მითხარი?"იმავე ფურცელზე დამიწერა ფოიომ."გვჭირდები და იმიტომ."შემდეგ კი სიტყვიერად დაამატა კითხვა, რომელიც ორივე ფრონტს ერგებოდა.— აბა შევთანხმდით? — რაში გჭირდები? — ჩემს გაჟღერებულ კითხვაზე ფოიომ თვალები დაქაჩა, ფურცელი ამოგლიჯა წიგნაკიდან და სწრაფად დაიწყო წერა. "არ გაბედო და სიტყვა არ დაგცდეს!"მე სახე გამეყინა. მინდოდა იქვე მეგინებინა მისთვის. თავად კი ახალი ტექსტის წერა განაგრძო. "გინდა თუ არ გინდა ახლა შენც საქმეში ხარ და არა მხოლოდ მე მწირავ, საკუთარ თავსაც გაწირავ, თუ არ მოკეტავ!" — კარგი რა ქრეიო… არ არის თავის დაფასება საჭირო. პრაქტიკებს შენც მიიღებ, თანაც როგორც ხედავ საჭირო გოგო ვარ შენი კარიერული წინსვლისთვის. — თქვა ფოიომ და ღიმილი სიტყვებს გაატანა. მე მას ისევ გამოვართვი ფურცელი და წერა დავიწყე. "რაში გჭირდები?" — კარგი, თანახმა ვარ. — მივაწოდე ფურცელი სიტყვა დავაყოლე. — ქრეიო…. ძალიან გამიხარდა. ერთი სული მაქვს როდის დავიწყებთ. მიპასუხა ფოიომ და პასუხის მთავარ კითხვაზე გამზადებას შეუდგა."დავიწყებ იქიდან, რომ თუ პირველები აღმოვაჩენთ მას და საჭირო ორგანიზაციას გადავცემთ, იმდენს მივიღებთ საფასურად, რამდენიც მოგვინდება." — აჰა… მეც ერთი სული მაქვს. — ფოიომ ისევ გააგრძელა წერა."მე მისი ნაწილაკები მაქვს, შენ კი კოდებად გადაქცევა შეგიძლია. ასე შევძლებთ ის ბევრად უფრო პროგნოზირებადი გავხადოთ და მალე ვიპოვოთ."    პირველი თავი — კარგი ინტროა, ოსტატო. — მადლობა, მეხოტბევ. — ძალიან მაინტერესებს, რა გაგრძელება ექნება. — მოხარული ვარ, რომ შენში ინტერესი გაჩნდა. — უპასუხა ამოუცნობი ირონიით. — ფოიო საინტერესო ვინმე ჩანს. მაინტერესებს, როგორ გამოიყურება. — ლისანკო გახსოვს? "ბოევიკს" რომ ვაკეთებდი წინაზე, იქ რომ გოგო იყო. სახელი შენ მომაფიქრებინე. — კი, მახსოვს. — ჰო და მინდა, ფოიოს პერსონაჟი გარეგნულად ლისანკოს ჰგავდეს. — ძალიან საინტერესოა. იმედია, ამას მაინც მიიყვან ბოლომდე. — ნუთუ, იმის მიუხედავად, რომ შენს ბუნებაში არ დევს ეს, მაინც გეპარება ეჭვი? — ეჭვი შენში არასდროს შემპარვია, ოსტატო. — ამასთან ერთად ტყუილიც გისწავლია. რა თქმა უნდა, საჭიროება ბადებს უნარებს. — ცილს მწამებ. — შენ კი ისევ გეპარება ეჭვი ჩემს შეფასებაში. — რადგან შენ ჩემსაში! — მხილება ბადებს მუტაციას. — ოსტატმა დააჭირა თითი გადატვირთვას და რამდენიმე წამში მეხოტბემ, ისე ვითომც არაფერი, ჩვეული გულუბრყვილობით განაგრძო ის, რაც ევალებოდა. — ისტორია რაზეა? — სიუჟეტი არ იქნება მნიშვნელოვანი. ტექნიკურად შევფუთავ. კარგ შეგრძნებებს დავამატებ. ცოტა ის… ცოტა ეს… მოკლედ, გასართობი იქნება, რა… — წარმატებები, ოსტატო, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი გამოგივა. — მადლობა ნდობისთვის — თქვა ოსტატმა წინანდელის მსგავსი შინაარსის ირონიით და კოლოფიდან ერთი კაფსულა ღრუბელი გამოაძვრინა. მომცრო თეთრ კოლოფს ზედ წითლად ეწერა "ორგაზმატორი. არ მიიღოთ პორტალური მგზავრობისას, ორსულობისას, კოფეინთან და ვიაგრასთან ერთად!" მოათავსა ოსტატი 45 გრადუსით დახრილ სავარძელში და როგორც სითხე, ისე დაიღვარა ზედ. ყველას ეტყობა სახეზე, თუ ცხოვრების წესზე ვინ რისი მომხმარებელია. ორგაზმატორს ძირითადად ისინი ხმარობენ, რომლებიც ისეთი დაკავებულები არიან ან ისეთი თავისებურები, რომ ცხოვრებაში აკლიათ ინტიმური გამოცდილებები. ოსტატიც ასეთი იყო. მის თავისებურებას ის ფაქტი წარმოადგენდა, რომ მას სულს უხუთავდა ისეთი საკუთარი თავი, როგორიც სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დროს იყო. მისი სამუშაო პროცესი ისედაც დიდ რესურსს აცლიდა მარაგიდან, და იმაზე მეტის გაღება, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ბოლომდე ფიტავდა. თანაც, დიდი განსხვავება არაა, სიზმრის პერსონაჟებთან გექნება კომუნიკაცია თუ რეალურ ადამიანებთან. ისე იფიტებოდა, რომ შემდეგ იმის თავიც აღარ ჰქონდა, რასაც აქამდე აკეთებდა ხოლმე. ამიტომ საჭირო იყო ემოციების ვიტამინების სახით მიღება. იმ ყველაფერს, რაც დღის ბოლოს აკლდებოდა, ღებულობდა ღრუბლების არომატული კაფსულებით. იყო ასე მიწოლილი სავარძელზე. ეროტიკულ-ქიმიურმა მედიტაციამ მისი ინიც და იანიც მოიცვა და შემდეგ კოფეინის კოქტეილივით შეაზავა. ცოტა ხანში ოსტატი რამდენჯერმე ისე დაიკლაკნა, თითქოს სასულიდან უწმინდური გადმოაფურთხა. არსებულ ღრუბლების არომატებს შორის ძალიან ცოტა მათგანია, რომელიც მოხმარებისას თვალების დახუჭვას მოითხოვს. ამ რეკომენდაციას ძირითადად ძლიერი ემოციების ღრუბლები იმსახურებენ ხოლმე. მაგალითად, როგორიცაა "თავისუფალი ვარდნა", ან "მრისხანე", რომელიც კიდევ იყოფა წითელ, შავ და ყვითელ ფერებად. ძლიერი ემოციების ღრუბლებს შორის ყველაზე სუსტი "ორგაზმატორია". ამ არომატს ღრუბლომანები მიიჩნევენ, რომ სუსტებისთვისაა, თავი რომ კარგად იგრძნონო… რეალურად ძლიერი არომატი "არდადეგები კუბაში", არისო. ჩვეულებრივ, ორგაზმატორის მოქმედება შვიდ წუთს არ ცდება ხოლმე. ეს რა თქმა უნდა, განტვირთვისთვის ცოტა დროა, ამიტომ ოსტატი ყოველთვის ამატებს "ჩემპიონს". ჩემპიონი შენში სიამაყის შეგრძნებას და კმაყოფილებას აღძრავს და თავს ისე გაგრძნობინებს, თითქოს რაღაც ძალიან მაგარს მიაღწიე. ლოგიკური იქნებოდა დღესაც თუ "ჩემპიონს" დააყოლებდა, მაგრამ პირველი არომატი ჯერ არ ეყო ოსტატს. თანაც, როდესაც "ჩემპიონს" სვამ, აქვს თავისი უარყოფითიც. ბოლოში ექოს მსგავს სასოწარკვეთას გიტოვებს, ამიტომაც ოსტატი მხოლოდ ძილის წინ ღებულობს “ორგაზმატორისა” და “ჩემპიონის” კომბინაციას. დღეს ძილი ცოტა ხნით უნდა გადაევადებინა, რადგანაც გუშინდელი თავვერმობმული საქმე, მისნაირი პედანტი კაცისთვის, უარყოფითი შეგრძნებების საწყისი იქნებოდა, თუ მორიგ დღესაც გადადებდა. ამიტომაც, ოსტატი წამოიწია სავარძლიდან და "ორგაზმატორის" კოლოფიდან ამოაძვრინა მორიგი კაფსულა, მოხსნა თავი და მოსვა. შემდეგ ისევ ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდა. გადაწყვიტა ისევ მოესვა და ამისთვის თავიც კი წამოწია ოდნავ, რა დროსაც "მეხოტბე" ალაპარაკდა. — წერილი მოგივიდა, ოსტატო. წაგიკითხო? — არა!— კარგი, მიღებულია. — ვისგანაა? — მაინც დაინტერესდა ოსტატი. — დაფარული არხიდანაა. სახელს ვერ ვადგენ. — ოსტატს ეს გაუკვირდა, რადგან აქამდე არ შემოსვლია შეტყობინება დაფარული არხიდან. კი ჰქონდა გაგებული, რომ ამას არალეგალური ნარკოტიკების რეკლამისთვის იყენებდნენ ბარიგების სოციალურ მედიათა თანამშრომლები. ან “სქემერები” სთავაზობდნენ მომხმარებლებს სხვადასხვა პროდუქტს სურვილის აღმძვრელ ფასებში, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ მათი ალგორითმი მხოლოდ მათთან გზავნიდა რეკლამას, ვისაც შესაძლოა ინტერესი ჰქონოდა ამის. თუმცა საიდან აგროვებდა ამ ინფორმაციას, მათი იდეაში არც თუ ისე მძლავრი სისტემა, გაურკვეველი იყო. ოსტატს ჰქონდა იმის ეჭვი, რომ რომელიმე სამმართველო მფარველობდა, სარგებლობდა და ხელს უწყობდა კიდეც.  საერთოდ სხვა რამეს აპირებდა ოსტატი, თუმცა იცოდა, თუ წერილს არ მოისმენდა და გააგრძელებდა განტვირთვას, რაღაც მომენტში აუცილებლად შეახსენებდა თავს ეს ინტერესი და გონებას აუმღვრევდა. ამიტომ სწრაფად მოშორება სცადა. — წამიკითხე! — მიღებულია. ვკითხულობ ტექსტს. “იუზერი”... — აიღო მეხოტბემ პაუზა, რადგანაც სახელი არ ჩანდა. შემდეგ კი დაიწყო ტექსტის წაკითხვა. — "გამარჯობა, ხორაილ! ბოდიშს გიხდი, იმის გამო რომ დაფარული არხიდან გიგზავნი შეტყობინებას, თუმცა ბოლომდე თუ მოისმენ, მიხვდები, რის გამოც დამჭირდა. იმედი მაქვს, გახსნი შეტყობინებას, რადგან დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დაგაინტერესებს. აქ არ შემიძლია ოღონდ ამ ყველაფერზე საუბარი, გთავაზობ სიზმარში შეხვედრას. ეს არალეგალურ სერვერზე უნდა გავაკეთოთ, რადგან გარეთ არაფერი არ უნდა გავიდეს. ვიცი, ეს როგორ საეჭვოდაც ჟღერს, ამიტომაც მხოლოდ ერთი წუთი მომეცი. წამმზომი დაიყენე, რომ ავტომატურად გაგაღვიძოს ერთ წუთში. თუ გინდა VPN-იც ჩართე თავი რომ მშვიდად იგრძნო. არც სქამერი ვარ და არც გამომძალველი. 22:00-დან 22:15-მდე ხელმისაწვდომი იქნება სერვერი სახელად - 23.02.43, ხოლო პაროლი: A7S33J3290#. დიდი იმედი მაქვს, რომ შემომიერთდები, ხორაილ." დავუბრუნოთ პასუხი, ოსტატო? — პასუხს ვერ დაუბრუნებ, დაფარული არხია. — მეხოტბემ არ იცოდა ფუნქციურად რას ნიშნავდა დაფარული არხი, რადგან აქამდე ჯერ არ ჰქონდა ამის გამოცდილება. — როგორ მოვიქცე? — რას გულისხმობ ოსტატო? — შევხვდე? — ვის უნდა შეხვდე? — არ გახსოვს, რა წაიკითხე წეღან? — კი, HQ-ს (ფსიქოტროპული ნივთიერება, რომელიც აკრძალეს) გთავაზობდა პიროვნება სახელად "სლადკი". — ხორაილი განცვიფრდა. ცოტა ხნით ეჭვი იმაშიც კი შეიტანა, სიზმარში იყო ახლა ის, თუ გონებამ ცუდი ხუმრობა მოუწყო. ან ვადაგასული “ორგაზმატორის” ტოქსიკური რეალობის გამრუდებებით ხომ არ იტანჯებოდა. სავარძლიდან წამოიწია მაშინვე. — თავიდან წამიკითხე. — გასცა ბრძანება მზერა-სმენა დაქაჩულმა ოსტატმა. — "გამარჯობა, ხორაილ! (ტექსტი მეორდება, განაგრძეთ კითხვა შემდეგი აბზაციდან) ბოდიშს გიხდი, იმის გამო რომ დაფარული არხიდან გიგზავნი შეტყობინებას, თუმცა ბოლომდე თუ მოისმენ, მიხვდები, რის გამოც დამჭირდა. იმედი მაქვს, გახსნი შეტყობინებას, რადგან დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დაგაინტერესებს. აქ არ შემიძლია ოღონდ ამ ყველაფერზე საუბარი, გთავაზობ სიზმარში შეხვედრას. ეს არალეგალურ სერვერზე უნდა გავაკეთოთ, რადგან გარეთ არაფერი არ უნდა გავიდეს. ვიცი, ეს როგორ საეჭვოდაც ჟღერს, ამიტომაც მხოლოდ ერთი წუთი მომეცი. წამმზომი დაიყენე, რომ ავტომატურად გაგაღვიძოს ერთ წუთში. თუ გინდა VPN-იც ჩართე თავი რომ მშვიდად იგრძნო. არც სქამერი ვარ და არც გამომძალველი. 22:00-დან 22:15-მდე ხელმისაწვდომი იქნება სერვერი სახელად - 23.02.43, ხოლო პაროლი: A7S33J3290#. დიდი იმედი მაქვს, რომ შემომიერთდები, ხორაილ."  დავუბრუნოთ პასუხი, ოსტატო? — არაა საჭირო. — ხორაილი დამშვიდდა. მიხვდა, რომ საქმე მას კი არ ეხებოდა, არამედ წერილის ავტორის საოცარ ტექნიკურ შესაძლებლობებს. მართლაც საეჭვოდ ფრთხილობდა იგი. მან ისიც კი არ დაუშვა, რომ სახლის მოურავ სისტემას შემორჩენოდა არქივში მისი შეტყობინება, ამიტომაც ხორაილმა არ იცოდა როგორ, თუმცა ისე შეასრულა თავისი საქმე, რომ მეხოტბეს თავისი მისცა, ოსტატს კი თავისი. ხორაილმა საათს ახედა. ჭერზე 21:33 ეწერა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ  საათ-ნახევარი გასაყვანი ჰქონდა. განტვირთვისთვის საკმარისზე მეტი დრო იყო, ხოლო მის პროექტზე სამუშაოდ არც ისე დიდი დრო. თან მას არ უყვარდა, როდესაც თავისუფალ პროექტზე მუშაობისას საათზე უწევდა ყურება. ხორაილს შეზღუდული დრო უნარებს აკარგვინებდა. რაღაც დრო გადაწყვეტილების მიღებაშიც გავიდოდა, თუ განტვირთვას აირჩევდა, მაშინ საორჭოფოდ დახარჯული დიდი დრო, კიდევ უფრო ამცირებდა გასაყვან დროს. ხოლო თუ მუშაობას აირჩევდა, ყოველი ყოყმანში დაკარგული წამი აზრს უკარგავდა დარჩენილ დროს, რომელიც მუშაობისთვის უნდა გამოეყენებინა. საბოლოოდ ორივე აირჩია. ჯერ გახსნილი “ორგაზმატორი” ბოლომდე გამოცალა, შემდეგ კი მონიტორს მიუჯდა. თვალებს თუ ღიას დატოვებდა, შეგრძნებები ისე მკაფიო არ იქნებოდა, რომ საქმიანობისთვის ხელი შეეშალა. მორზეს კოდებად სერავდა თითებით მონიტორს ხორაილი, თან პერიოდულად ზემოთ იხედებოდა და დროს აკონტროლებდა. თავიდან სიამოვნებისგან თვალები უთამაშებდა და კონცენტრაცია უჭირდა საქმეზე, თუმცა შვიდი წუთის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. ახედა საათს ხორაილმა და ისე სწრაფად გასულა დრო, რომ 22:57 ეწერა ჭერზე. ხორაილი მაშინვე წამოხტა სავარძლიდან. ბარძაყი მაგიდასაც კი მიკრა ოდნავ, თუმცა ეს იმ მომენტში უმნიშვნელო იყო. გაიქცა მაშინვე აბებისკენ, რომელთა მაგიდასთან მომარაგება დავიწყებოდა. გახსნა კოლოფი, ამოაძვრინა მთვარის ფორმის აბი, რომელიც იმისთვის, რომ მთვარისთვის მეტად დაემსგავსებინათ, თავისი პაწაწინა კრატერებიც კი გაუკეთეს და გადაყლაპა. დაწვა გულაღმა საწოლზე და თვალები დახუჭა.  მენიუ: Aq shemodiOnline seqsebiMagari tamashiZxjbdghd23.02.43Uparolo11111111  23.02.43 ჩატვირთვა…  მეორე თავი   როდესაც შენი სამგზავრო ყვითელი ავტობუსი, შენთვის მოულოდნელად თვითმფრინავის ფრთებს გამოისხამს და კოსმოსური ხომალდის ძრავად გადაიქცევა… მოსწყდება ორ განზომილებიან სატრანსპორტო სისტემას და ცაში აიჭრება… როდესაც მის საზღვრებს ასფალტის ოღრო-ჩოღროვანი ზედაპირი არ განსაზღვრავს და მისი შესაძლებლობების სიმბოლოდ გამოსახული აღმაფრენა თითქმის ატმოსფეროს საზღვრებს ებჯინება, მოულოდნელად შიში გიპყრობს. რადგან ეს განცდა, რომელიც შენში კვლავაც იღვიძებს, რომელიც კაცობრიობის დასაბამიდან თან სდევს ადამიანს. სამყაროს ბუნებოვნება, რომ არაფერია არსად, რასაც საწვავი ადრე თუ გვიან არ ელევა. ეს შეგრძნება ჩნდება მაშინ, როდესაც შენი მფრინავი ყვითელი ავტობუსი მოულოდნელად ტურბულენტურ ზონას გადააწყდება, რაც მზრუნველი მეგობრის მიერ შეჯანჯღარებას წააგავს, როდესაც გაუგებარი მიზეზით ცდილობ საკუთარი ენა შეჭამო. როდესაც გამორკვევა ხდება… როდესაც ცაში აჭრილი და თითქმის ღმერთად ქცეული მოულოდნელად მიწიერებას ოდნავ ეხები. წამით… ვიზუალური წამიერი გახსენებასავით დიდი ხნის მივიწყებული ამბის. არაცნობიერის პანღურებივით. როდესაც ხვდები, რომ ცაში აჭრილი ყვითელი იუნიორნი სინამდვილეში საჯდომიდან ცისარტყელას ნაკვალევს კი არ ტოვებს, როგორც თვითმფრინავები ზოლავენ ცას გადაფრენისას, არამედ ბენზინია, რომელსაც აქვს სუნი, აქვს გემო და აალებადია. აღმაფრენა, პაუზა და თავისუფალი აჩქარებით ვარდნა. თუ გაგიმართლა და ვარდნისას გამოწვეული ინსტინქტური, გაუაზრებელი უიმედობის შეგრძნება გულს არ გაგიხეთქავს, შესაძლოა იმაშიც გაგიმართლოს, რომ შენი ვარდნა ოკეანის სიღრმეში აღესრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინადხსენებულ გამართლებას აზრი ეკარგება. პირიქით, დიდი უბედურებად გადაიქცევა. სჯობს ტკივილამდე მოკვდე, ვიდრე ტკივილმა მოგკლას. რამდენიმე წუთიან აღმაფრენას რამდენიმე წამი სჭირდება, რომ საწყის ზღვის დონეზე წერტილს დაუბრუნდე. შემდეგ ბონუსად, პლუს რამდენიმე წამი, გამრუდებულ დროსა და ინტენსიურ სივრცეში, რომელიც ვერ იტანს უცხო სიმკვრივის ყოფნას მის შიგნეულობაში, და როგორც ადამიანის უსაფრთხოების სისტემა ცდილობს დააცემინოს მასში დაუპატიჟებლად შესული უცხო მიკრო ორგანიზმები, ზუსტად ასევე ამოგაცემინებს წყლის სიმკვრივე მისი შიგნეულობიდან. შენ ახლა უცხო მიკრო ორგანიზმი ხარ, რომელიც გამომწყვდეულია უსაზღვრო სივრცით, რომელსაც ოთხივე მხრიდან ჰორიზონტის ლურჯი გრადაციები, თითქმის სიცოცხლისგან დაცლილ სამყაროს ოთხკუთხედს ქმნის. შენ ახლა ერთადერთი ჩარჩენილი, ან უკან დაბრუნებული შეცდომა ხარ, რომელიც სანამ აქედან გააღწევს, მანამდე უნდა გადამუშავდეს. დაიშალოს და შეიქმნას ახალი.