უხმო ექო
უხმო ექო
„მხოლოდ დაღუპულებს უხილავთ ომის დასასრული.“ ჯორჯ სანტაიანა თავი 1 კუპრივით შავი ღამეა. სოფელი სიჩუმეშია გახვეული. ბარდნის, მაგრამ ისე არ ცივა, როგორც უნდა ციოდეს. სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცი დახურულ აივანზე, სარწეველა სავარძელში ზის დინჯად, ჩაბნელებულ სივრცეს გაჰყურებს და სიგარეტს ქაჩავს ღრმად ჩაფიქრებული. გუგები აქეთ-იქით დაუხტის, რაღაცას ხედავს, რაღაც მძიმეს, მაგრამ მისი ნუშისებრი, თაფლისფერი თვალები გულგრილობის მეტს არაფერს გამოხატავს. ირგვლივ არყისა და ღვინის შეზავებული სურნელი ტრიალებს. ბევრი არ დაულევია, მაგრამ ბახუსი გვარიანად მორევია. ბახუსმა ნაღველი და მელანქოლია მოიტანა, ცოტა ნოსტალგიაც და რაღაც ამოუხსნელი სიცარიელეც, რომელმაც გულის ადგილი დაიკავა. – ნოა, – ყრუდ გაისმა ხმა და იმავე წამს შუქი მოეფინა აივანს. ჯარისკაცი სავარძელში წამოიწია და დაღლილი სახით ახედა სიყრმის მეგობარს. – რატომ არ გძინავს, პაატა? – სიგარეტი სპილენძის საფერფლეში გადადო ნოამ. – აქ ისეთი სამარისებური სიმშვიდეა, ეტყობა, დემონები გაღიზიანდნენ, მაგათ ხომ იცი, ხმაური და აყალმაყალი უყვართ, – ხანგრძლივად ამოიხვნეშა პაატამ, გვერდით, სკამზე ჩამოჯდა და მოაჯირს დაეყრდნო იდაყვით. – მთელი დღეა ბარდნის, – შენიშნა დარდიანი ღიმილით. სპორტული შარვალი და თბილი ქურთუკი აცვია. მოკლე ტალღოვანი თმა შუბლზე ასჩეჩვია. სწორი, ოდნავ ამოზნექილი ცხვირი აქვს. უძირო, ზურმუხტისფერ თვალებში ნათლად მოუჩანს შიშველი სული. მათში მარიფათიანი ტემპერამენტი იკვეთება, მტკიცე სულისკვეთება და იმავდროულად დაღდასმული მწუხარება. მიუახლოვდები თუ არა, მეამბოხის აურაში გაგხვევს, ისეთი გზნებითა და ემოციით დაგელაპარაკება, რომ შესაძლოა, თავში ჩაბეჭდილი დოგმაც კი ჩამოგიშალოს. ხშირად ათამაშებს ფართო მხარ-ბეჭს, თითქოს მუდამ სადღაც ეჩქარება, ადგილზე ვერ ისვენებს. ნოას ყოველთვის უკვირდა, როგორ გაქაჩა ჯარში ასეთმა მოუსვენარმა, დაუმორჩილებელმა სულმა. – ისევ ლანდები დაგდევს? – დარჩენილი სიგარეტი გაუწოდა ნოამ. – ჰო, ვერ გავიგე, რა უნდათ, საიდან მოდიან, – მიუგო პაატამ, სიგარეტი გამოართვა, ღრმად მოქაჩა და წყვდიადს შეაცქერდა, – ტეხურს გაჰყურებ ღამის სამ საათზე? ჩანდეს მაინც. – გაზაფხულობით აქამდე აღწევს დინების ხმა, ახლა კი მკვდარივით დუმს... ზამთარი მართლაც სიკვდილს ჰგავს. – ამიტომაც არ მიყვარს ეს ვერაგი სეზონი, ისეთი მდუმარება მოაქვს თან, რომ თავი მართლა აკლდამაში მგონია. მაგრამ, როგორც ამბობენ, – კვამლი ბნელ სივრცეში გააფრქვია პაატამ და სწრაფი ტემპით განაგრძო, – ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და ხიბლი, ძმაო, ჩვენ მხოლოდ გონება უნდა შევაქანოთ ცოტა, რათა სწორი კუთხიდან დავინახოთ. – მაშ! – კვერი დაუკრა ნოამ, – როდის იწურება თქვენი შვებულება, სერჟანტო? – დაახლოებით ერთ კვირაში. მომენატრა დისციპლინა და რუტინა. – ჰოდა, არ აპირებ, შეიკრიჭო ეგ შენი კულულები და წვერ-ულვაში. – ოჰ, ამას კულულებს ეძახი? – შუბლზე ჩამოყრილ თმაში ხელი შეიცურა პაატამ და უკან გადაიწია, – სხვათა შორის, ლილემ მითხრა, ასე უფრო გიხდებაო. – ეგეც მართალია. – თავად ვისი ლანდი არ გასვენებს ამჯერად? – თემა შეცვალა პაატამ. – ვისი აღარ, – ჩუმად მიუგო ნოამ, – დაჯილდოების ცერემონიალზე ვფიქრობ მთელი დღეა. ვერ ვხვდები, რაში სჭირდება მამაჩემს ეგ ორდენი, პატივს მიაგებენ კი საიქიოში? ან მე რაში მჭირდება, ან დედაჩემს? რა? უკეთ ვიგრძნობთ თავს? – კარგი რა, ნოა, ეგეთი წყალწაღებულებიც არ გვქვია. ის გირჩევნია, დავიწყებას მიეცეს მისი სახელი? ორდენი მხოლოდ სახელის უკვდავყოფას როდი ემსახურება. მამაშენი ჯარისკაცის ეტალონია. მომავალ თაობებს ეცოდინებათ, რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული, თავდადება, პატრიოტული სულისკვეთება და ერთგულება. – კი, ბატონო… მაგრამ იქ ალბათ არაერთი ფარისევლისა და გამყიდველის სახეს წავაწყდები და ვშიშობ, მუშტი არ გამექცეს მათი მლიქვნელი სიფათისკენ. – როგორც წინაპრები იტყოდნენ, დრო მოვა და გავთავისუფლდებით, ჩვენ თუ არა, ჩვენი შვილები, ჩვენი შვილები თუ არა, მათი შვილები. მართლაც რომ მოლოდინი გვასულდგმულებს, – სევდანარევი ხმით თქვა პაატამ და მხარზე დაჰკრა ხელი მეგობარს, – ა, ჰო, მართლა, გახსოვს, სამი თვის წინ, პროკურატურიდან შინკუბას საქმის საბუთები რომ გამოითხოვა უცხო წყარომ, აშკარად საქმის გახსნას რომ ცდილობდნენ? – მერე? – ნოას თვალები გაუფართოვდა პასუხის მოლოდინში. – სანდრომ დამირეკა. დღეს საღამოს ვიღაც ოსი დაუკავებიათ, საზღვარი გადმოუკვეთავს დარიალიდან. როგორც ჩანს, შენ დაგეძებდა. უთუოდ შინკუბას საქმეს იძიებენ. კლანი არიან, მე მგონი, ეგ ნაბიჭვრები. სოკოებივით მომრავლდნენ, ნაწვიმარი კი არ ჩანს. – პირადად მე მიკითხა? – აშკარად არ იციან შენი ვინაობა. მესაზღვრეს ჰკითხა, ჯარისკაცს ხომ არ იცნობ, შუბლზე რომ ნაიარევი ჰქონდესო. – აქამდე რატომ არ მითხარი? – თვეზე მეტია ანეტა არ გინახავს. არ მინდოდა დღესვე გაქცევაზე გქონოდა თვალი და ყური. – მთელი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგი მეძებს და დაზუსტებით არ ვიცით რატომ, – ნიკაპის სრესას მოჰყვა ნოა. – ვიფიქრებდი, შურისძიება უნდათ-მეთქი, მაგრამ ორი წლის ამბავია. ახლა გაახსენდებოდათ შურისძიება? ალბათ, სხვა რაღაცაშია საქმე. ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია, მახეს გიგებენ. ტიპი ადგა და ისე გადმოკვეთა საზღვარი, თითქოს პარკში სეირნობდა. – ახლა სად არის? – ჯერ კიდევ ყაზბეგში, სასაზღვრო პოლიციის ბაზაშია. – უნდა დავკითხო. – უკვე დაკითხეს, მაგრამ წყალი აქვს პირში ჩაგუბებული. – იქნებ არავითარი შეხება არ აქვს შინკუბასთან და მე კი არა, ვიღაც სხვას ეძებენ. – ბევრი დამთხვევაა, ძმაო. უეჭველი შენს კვალში დგანან. – ნაიარევის შესახებ ხომ მხოლოდ ოთხმა ვიცით ამჟამად? მაინც საიდან გაიგებდნენ? შინკუბა ხომ არ აღდგებოდა მკვდრეთით? – ეგ კი ნამდვილი თავსატეხია, – მხრები აიჩეჩა პაატამ. – ჯანდაბა! ყველაფერი წარსულისკენ მექაჩება, – თავი გადააქნია ნოამ. – მე ნაიარევს ვერ ვხედავ, ანუ ეგ ჯარისკაცი არ ხარ შენ. – სიმართლე გითხრა, თავადაც მაინტერესებს, რა უნდათ. – სასიკეთოდ ნაღდად არ დაგეძებენ. – თავიანთი ცოდვის გამოსასყიდს ეძებენ, მე ვიცი, რომ ხელები სუფთა მაქვს. – ეგ რას ნიშნავს? ისევ შურისძიების კვალდაკვალ?! – აღშფოთებით ჰკითხა პაატამ, ფეხზე წამოიმართა და ჩამწვარი სიგარეტის ფილტრს საფერფლეში გადაუძახა. – თავად მოერეკებიან ჩემკენ, განა მე ვდევნი ვინმეს? – ნოაც წამოდგა, – წავალ, დავიძინებ. ხვალ, ნაშუადღევს გავიდეთ. ნოა კარისკენ შეტრიალდა და აჩქარებული ნაბიჯებით გასწია საძინებლისკენ; გარდაცვლილი მამობილის საძინებლისკენ. ყოველ ჯერზე, როცა სოფელს სტუმრობდა, მთელ ღამეს მამის ოთახში ათენებდა გარინდული. თავის ტკბილ-მწარე წარსულს აწმყოდ აქცევდა ხოლმე, რათა კიდევ ერთხელ გაეარა ცხოვრების გარდასული მომენტები. ბევრს იგონებდა... იგონებდა მანამ, ვიდრე ცრემლების მოზღვავებას არ იგრძნობდა. ყოყმანით შეაღო კარი და მძიმედ შეაბიჯა. ყველაფერი ისევ ისე დახვდა, როგორც დატოვა. ყველაფერს ისევ ის ძველებური ელფერი დაჰკრავს; ყველაფერს წარსულის სუნი ასდის – ძველი წიგნების, გაპრიალებული ხის სურნელი. მაგრამ გარდასულ ისტორიებს აღარ ჰყვება ოთახში მცხოვრები მოჩვენება. ის დუმს ისე, როგორც არასდროს. მამის სულს კვლავაც არ დაუტოვებია მინიშნება. იქნებ სწორედ ეს უჩვეულო დუმილი იყო ნიშანი, რომელსაც ასე მოთმინებით ელოდა წლების მანძილზე. მოჩუქურთმებული ხის საწოლის გვერდით მცველივით მდგარი აბაჟური ოქროსფერ სხივებს აფრქვევს ირგვლივ და კედელზე მოცეკვავე ჩრდილებს ქმნის. ნოა მიხვდა, რომ დედამ დაუტოვა ანთებული და თბილად გაეღიმა. ამ ოთახში არასდროს შემოდიოდა დღისით, ღამით კი არასდროს ანთებდა ხოლმე შუქს. უნდოდა გულით ეგრძნო და არა თვალებით. თვალებს სადღაც სხვაგან მიჰყავდა, სადღაც შორეულ ბნელეთში. დედამ ეს არ იცოდა, თორემ ნამდვილად არ დაახვედრებდა შუქს. ოთახის ერთ კუთხეში ანტიკური მუხის მაგიდა დგას, სარკით დამშვენებული. ეს მარადიული სარკე მრავალ მოგონებას ინახავს. ეს მოგონებები ტკივილით უფრო არის განმსჭვალული, ვიდრე სიხარულით. სინამდვილეში, შესაძლოა, ლხენა და სიამე უფრო მეტი უნახავს, ვიდრე ურვა და ვარამი. უბრალოდ, ნოას ასე ეჩვენება, პირქუშ ენაზე კითხულობს სარკის აურას. მეორე კუთხეში, ბუხრის წინ, გვარიანად გაცვეთილი ტყავის სავარძელი დგას, მოშორებით კი საწერი მაგიდა, რომელსაც ხშირად ეჯდა ხოლმე ზეშთაგონებული რევაზ ბედია. მაგიდის კუთხეში ვერცხლით მოვარაყებულ ზარდახშაში კალმები და ფანქრები აწყვია, გვერდით კი ტყავით შეკრული რვეული დევს. ამ რვეულში მამის პოეზიის კრებული ეგულება ნოას. დიდი ხანია აღარ გადაუშლია. რევაზი ხშირად უკითხავდა ხოლმე, ნაწილი ზეპირადაც კი ახსოვდა, თუმცა მხოლოდ მისი ხელნაწერის წაკითხვისას უმძიმდებოდა გული. ერთ-ერთ კედელზე ვერცხლისფერ ჩარჩოში ჩასმული, ზეთით შესრულებული შავ-თეთრი ნახატი – შორეული წინაპრის პორტრეტია ჩამოკიდებული. პირდაპირ თვალებში შეჰყურებს ოთახში შემსვლელს. სურათზე რევაზ ბედიას ბაბუაა გამოსახული; ადამიანი, რომელიც მთელ სამყაროს ნიშნავდა რევაზისთვის. სწორედ მან ასწავლა მაღალ-მაღალი ადამიანური ღირებულებები, კაცობა, პატიოსნება, ღირსებით ცხოვრება, რევაზმა კი ნოას გადაულოცა თავისი ცხოვრებისეული სიბრძნე და გამოცდილება. ნოაც ხშირად იმეორებდა, როცა სუფრაზე ხვდებოდა, რომ მამამ შეუფასებელი რამ უანდერძა – დიახ, ცხოვრებისეული სიბრძნე და, რაღა თქმა უნდა, პოეზია, რომელსაც ვერაფრით ელეოდა სიცოცხლეში. მებრძოლი იყო, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მტრის გულს განგმირავდა მისი ტყვია, თავადაც კვდებოდა... და ვინ იცის, რამდენჯერ მომკვდარა ასე შეუმჩნევლად და არავის დაუტირია. პოეზიაში შვებას პოულობდა, მის მიერ მოკლულ ყოველ სულდგმულს ლექსს უძღვნიდა და ამგვარად სთხოვდა შენდობას მის სულს. ის მზად იყო, მილიონი მოეკლა, შემდეგ კი მილიონი ლექსი მიეძღვნა მათთვის; მზად იყო, საკუთარ თავზე მეტი გაეწირა ოჯახის, სამშობლოსა და ღირსების დასაცავად. ნოამ ჩუსტები კართან დატოვა და ფეხშიშველმა შეაბიჯა ოთახში. არ უნდოდა თუნდაც ოდნავი ლაქა დაემჩნია იატაკზე დაფენილი ძველი, მეწამული ხალიჩისთვის. საწოლის ზემოთ, კედელზე კიდევ ერთი, კავკასიური ორნამენტებით მოქარგული ხალიჩა-ფარდაგია გამოკრული. დაბადების დღეზე უსახსოვრა რევაზს მეგობარმა, მირიან ანუამ, ნოას ბიოლოგიურმა მამამ. რევაზმა პრეტენზია გამოთქვა, ყველა დანას, იარაღს, ყანწს და ასეთებს მჩუქნითო. ამხელა პოეტ კაცს, რამე ხელოვნების ნიმუში მაინც მიფეშქაშეთ ერთხელო. ჰოდა, მირიანიც ადგა და ეს ძვირადღირებული ფარდაგი უყიდა გამასხარავების მიზნით. რას იფიქრებდა, თუკი ცრემლი მოადგებოდა თვალზე შეზარხოშებულს. კაცს ეგონებოდა, ფარდაგზე ძვირფასი საჩუქარი არ მიეღო ცხოვრებაში. მთვრალი რევაზი ხშირად უამბობდა ამ ისტორიას ნოას. პირველად შვიდი წლისა იყო, ეს ამბავი რომ მოისმინა მისგან. ბევრი ვერაფერი გაიგო, ვერ ჩასწვდა მის სენტიმენტებს, ისიც კი არ იცოდა, რას ნიშნავდა ფარდაგი. მამის საწოლზე ფრთხილად მიწვა, თითქოს მყუდროების დარღვევა არ სურდა ოთახში მცხოვრები მდუმარე სულისთვის, რომელთანაც ბევრჯერ გაუმართავს დიალოგი მონოლოგის ფორმით. ხშირად ჩერდებოდა შუა საუბრისას, ზოგჯერ კი რამდენიმე საათის პაუზის შემდეგ, როცა არა და არ უბრუნებდა პასუხს მამის ლანდი, თავის მონოლოგს აგრძელებდა ისევ ისეთი მჩქეფარე ენთუზიაზმით. მაგრამ ახლა ის დუმდა, რადგან მისი თვალები სადღაც შორს იყურებოდა. ზუსტად საწოლის ზემოთ, ჭერში სარკე ჩაეშენებინა რევაზს. ამბობდა, იქ მეგობრების სახეებს ვხედავო. ყოველ დილით, როცა თვალს ვახელ, მესალმებიან, ხოლო როცა თვალებს ვხუჭავ, მშვიდობიან ღამეს მისურვებენ ხოლმეო. ნოამ კი იცოდა, რომ ამ სარკეში გაცილებით მეტს ხედავდა. იქ წარსული მეორდებოდა, თითქოს საკუთარ ავტობიოგრაფიულ ფილმს უყურებდა, ომებით, სიკვდილით, ტკივილითა და ტანჯვით აღსავსეს. ნუთუ შეშლილი სახით უცქერენ მეგობრების გაღიმებულ სახეებს? ნოა გამუდმებით ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ ჩამოეხსნა ეს დაწყევლილი სარკე, რომელიც მხოლოდ საშინელებებს ირეკლავდა. ჩვეულებრივ, ცოლის სიტყვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რევაზისთვის, მაგრამ ამ ჯერზე არც მისი სიტყვები იღო ყურად. ლელა აფრთხილებდა, საშიშია სარკის წინ დაძინება, ბოროტებას იზიდავსო, მაგრამ რევაზს არასდროს სჯეროდა მსგავსი ხედვების, რომელთაც ცრურწმენად ნათლავდა. რაღა მიღმიერ სამყაროში ეძებ ბოროტებას, ირგვლივ მიმოიხედეო, ეტყოდა ხოლმე. ნოამ ხელები თავქვეშ ამოიდო და მცირე ორჭოფის შემდეგ ახედა ჭერს. თითქოს საკუთარი სული დაჰყურებდა ზემოდან. ნათლად ჩანდა მისი გამოსახულება. კარგად გამოხატული, სიმეტრიული სახე გამოკვეთილი ყბის ხაზით, მაღალი, ოდნავ შეწეული ლოყებითა და სწორი ცხვირით; უჩვეულოდ გრძელი წამწამებითა და სქელ-სქელი წარბებით; მოკლე, მუქი თმითა და ღია თაფლისფერი თვალებით. თავის ანარეკლს ვეღარ აღიქვამდა სარკეში. სხვა სამყარო გადაეშალა თვალწინ. სხვა ეპოქის პორტალი გაიღო და თავის წიაღში ჩათრევით ემუქრებოდა. ნოამ მჭიდროდ დახუჭა თვალები. არ სურდა უკან დაბრუნება. რამდენიმე წუთი თავდაუზოგავ ბრძოლაში გაატარა. ხმები ორ ნაწილად გაიყო, ერთნი ეუბნებიან, თვალები გაახილეო, მეორენი კი სიბნელესთან შეერთებისკენ მოუწოდებენ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დაღლილს მალევე ჩაეძინა ამ ხმაურსა და გაწამაწიაში. მთელი ღამე ბორგავდა. ამ დროს კი სარკე სიბნელისა და სინათლის თამაშს ირეკლავდა. დილით ადრე გაეღვიძა. დაქანცული უფრო ჩანდა, ვიდრე მოსვენებული. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ხუთსაათიანი ძილი მეტად ართმევდა ენერგიას, ვიდრე ხუთდღიანი უძილობა. თვალდახუჭული წამოიმართა, ჩუსტებს ძლივს მიაკვლია. არ უნდოდა საკუთარი ანარეკლი დაენახა სარკეში, განსაკუთრებით კი თვალები, რომლებიც წარსულში გამავალ კარიბჭეს ჰგავდა; ჩაიხედავდა თუ არა, უგზო-უკვლოდ დაიკარგებოდა. კარამდე ხელების ფათურით მიაღწია, სახელური მოქაჩა და უეცრად შეჯახების მჭახე ხმა გაისმა. ვიწრო დერეფანში სწრაფად მომავალი პაატა კარს შესკდომოდა. – ჯანდაბა! – ხელი წაივლო შუბლზე და ღრმად ამოიოხრა. – ოჰ, მომიტევე! – სიცილით მოუბოდიშა ნოამ, – ხომ გახსოვს, ლამის თავი რომ აიფეთქე პოლიგონზე, მცირე ტვინის შერყევასაც გადაიტან. გაბმული სიცილით გასწიეს სამზარეულოსკენ, საიდანაც მეგრული იავნანას ჰანგები იღვრებოდა. ყველას ეძინა, ლელას გარდა. საჭმლის მზადებაში იყო გართული. – დედა, რას აკეთებ ამ დილაუთენია? – აღშფოთებით ჰკითხა კარში მდგარმა ნოამ. – კაი, ნუ გაუჭირე ადამიანს საქმე! – საჩქაროდ გამოექომაგა პაატა და ანთებული სახით შეაბიჯა გაღუღუნებულ ოთახში. თუნუქის ღუმელში ცეცხლი გიზგიზებს. ლელა შინდისფერ ხალათშია გახვეული, მოგრძო, ჭაღარა თმა თავსაბურავით შეუკრავს და უკან ჩამოუშვია. ჟამთა სვლამ, მეტადრე კი დანაკარგებით გამოწვეულმა მწუხარებამ წარუშლელი დაღი დაატყო, შუბლი და სახე შესამჩნევად დაღარვოდა, მაგრამ დრომ ვერაფერი დააკლო მის უკვდავ ეშხს. თბილ, სევდიან თვალებში ღრმა ცხოვრებისეული სიბრძნე და შეუპოვრობა მოუჩანს. ერთი შეხედვაც კმარა მათ წასაკითხად. მიხვდები, ათასგზის რომ დაცემულა, თუმცაღა, ფარ-ხმალი არასდროს დაეყარა. გაზქურაზე მდგარ ქვაბში მოჩუხჩუხე წვნიანს საუცხოო ოხშივარი ასდის. პაატა ვეღარ ითმენს, კისერს იგრძელებს და დიდი სიფრთხილით იხედება კარდალში; შიშობს, ცხელი შხეფები არ მოხვდეს სახეზე. – ექიმმა ხომ გაგაფრთხილა, ძილს ნუ მოიკლებო? – ნოამ რბილი ხმით უსაყვედურა დედას, – წამლებს ისევ შეეშვი? – ყელში მაქვს ამოსული ის მწარე აბები, – თავი იმართლა ლელამ და პაატას მიუბრუნდა, – გადმოგიღო, შვილო? – არ ვიტყოდი უარს, ლელა დეიდა, ხომ იცი, ვგიჟდები ხორცის წვნიანზე. – სპეციალურად შენთვის მოვამზადე, – თვითკმაყოფილი ღიმილით უთხრა ლელამ, ფაიფურის მათლაფა ჩამოიღო ძველებური, მოჩუქურთმებული განჯინიდან და წვნიანის გადმოღება იწყო, – გაიგეთ, ანეტამ რომ განაცხადა, ვეგეტარიანელი ვარო? – მერედა, რა უჭირს? – ჩაეცინა ნოას. – შენ კი, მშრალ-მშრალ საჭმელს რომ ეტანება, გეუბნები, არ შეიძლება მხოლოდ ცარიელი კარტოფილის ჭამა. – ცარიელი რატომ? მწვანე ტყემლის საწებელს ვაყოლებ. იფ, იფ, ისეთი გემრიელია! – სკამზე ჩამოჯდა ნოა. – შეაყარე კედელს ცერცვი, არაფერი ეყურება ყურში, – თავი გადააქნია ლელამ. – მიდი რა, ყავა მოადუღე, პაატა, – მეგობარს გახედა ნოამ. – ლეიტენანტო! – კისერი მოღრიცა პაატამ და თვალები მოჭუტა, – ყაზარმაში ხომ არ გგონიათ თავი? – მას შემდეგ, რაც გავიგე, ოქროს ხელები გქონია, საკუთარ მოდუღებულსაც კი ვეღარ ვეკარები, – აშკარა თვალთმაქცობას მოჰყვა ნოა, ლასტზე ეულად დარჩენილ წითელ ვაშლს წაავლო ხელი და გემრიელად ჩაკბიჩა. – მოდი, შვილო! – ლელამ მაგიდასთან მიიწვია ფართოდ გაღიმებული პაატა. – თავი გამიტეხა, ბოდიშიც არ მოუხდია და ყავის მოდუღებას მთხოვს, ლელა დეიდა, გაგონილა ასეთი უსინდისობა? – მაგიდას მიუჯდა პაატა, სასწრაფოდ ჩაბღუჯა სუფრის ვერცხლისფერი კოვზი, ოდნავ დაიხარა და ენთუზიასტი გურმანივით დრამატულად შეისუნთქა ოხშივარი. – ნამდვილად უსინდისობაა! – დაეთანხმა ლელა და შვილს გახედა, – მეც შემიძლია ყავის მომზადება, ნოა. არანაკლებ გემრიელი გამომდის. – შენი მომზადებული შხამიც კი გემრიელია, ძვირფასო დედა, – მეტისმეტი პათოსით უთხრა ნოამ. ლელას გაეცინა, გაზქურას მიუბრუნდა და დათლილი კარტოფილი დაყარა გავარვარებულ ტაფაზე. მართალია, მუდამდღე უშლიდა შვილს ამოჩემებული კარტოფილის ჭამას, მაგრამ, მაინც, ყოველთვის, როცა სოფლად ჩადიოდა, თავისი ხელით უწვავდა ხოლმე. – დედა, ზეგ ლეონორი ჩამოგაკითხავთ. ხომ გახსოვს, დაჯილდოების ცერემონიალია? – რა დამავიწყებს, შვილო? – მიუბრუნდა ლელა და სევდიანი ღიმილით გადააქნია თავი, – ეჰ, ასე მგონია, ადამის ჟამიდან მოყოლებული არ დამიდგამს ფეხი რეზოს საფლავზე. პაატამ წვენი ხმაურით მოხვრიპა. საპურეში ჩალაგებულ დაჭრილ პურს დასწვდა და დაქუცმაცებას მოჰყვა. – გირჩევნოდა, რომ აქ დაეკრძალათ, არა, ლელა დეიდა? – წუთით თავი ანება გამგელებულ ჭამას და ლელას გახედა. – იქ არის მისი სამუდამო განსასვენებელი, თავისი მეგობრების გვერდით, – მიუგო ლელამ, – კავშირს მანძილი და განზომილება ვერ არღვევს, მხოლოდ გულგრილობა ან უსიყვარულობა... მე კი მის სიახლოვეს ყველგან და ყოველთვის ვგრძნობ. – იშვიათი ხასიათის ადამიანი იყო, – ღიმილით მოიგონა პაატამ, – ერთგული, უანგარო, სწორუპოვარი. პაციფისტმა კაცმა მთელი ცხოვრება ომში გაატარა. წარმოგიდგენიათ, როგორ უყვარდა სამშობლო? ისე, გახსოვთ რომ დაიბარა, ჯერ პოეტად მომიგონეთ და შემდეგ ჯარისკაცადო? ზვავივით ჩამოწვა დუმილი. ნოას სული შეეკრა, მაგრამ ამჯერადაც არაფერი შეიმჩნია, ნელა წამოდგა, სარკმელი გამოაღო და ღრმად ჩაისუნთქა სუსხიანი ჰაერი. ისევ თოვდა. თვალწინ გადაპენტილი სოფელი გადაეშალა. ხეები, სახლები, ეზოები – ყველაფერი თოვლშია ჩაფლული. ჰაერში ნამქერი ტრიალებს. ზეცაც ამღვრეულ გუნებაზეა, კოპები შეუკრავს მუქად შეფერილს. ნოას ისევ წარსულის მარწუხებმა დარია ხელი, მჭიდროდ შებოჭა და კარგა ხანს აღარ გაუშვა. – ნოა, – მოესმა დედის ხმა, – რას უყურებ ასე ჩაფიქრებული? – ნოსტალგიური დილა გათენდა, – ხედის ცქერას თავი ანება ნოამ და მაგიდას მიუჯდა. პაატას უკვე დაესრულებინა საუზმე და ლელას მოდუღებულ ყავას წრუპავდა სვენებ-სვენებით. ლელაც გვერდით იჯდა, იდაყვები მაგიდაზე ჩამოედო და თბილად უცქერდა ხან ერთს, ხან მეორეს. ნოამ ფინჯანი პირთან მიიტანა, თვალდახუჭულმა შეისუნთქა ოხშივარი და სიამოვნებით მოსვა. – იფ, კარგია, დედა, გაწინაურებ! – აღფრთოვანებით უთხრა და პაატასკენ გაიშვირა თითი, – და შენ, სერჟანტო, მოგეთხოვება დაუმორჩილებლობისთვის! პაატამ ცბიერი სახით გახედა მეგობარს, შემდეგ კი თავის მოჩვენებითად აკანკალებულ ხელს დახედა. – სანდრო და იაკო რატომ არ გამოგყვათ? ხომ კარგად არიან? – იკითხა ლელამ. – არ იცი, ფეხი რომ მოიტეხა იაკომ? – სიცილი გაერია ხმაში პაატას. – უიმე, რა ღმერთი გაუწყრა მაგ ოჯახაშენებულს, – თავი გადააქნია ლელამ შეწუხებული სახით, – შარშან ხელი არ მოიტეხა? – ფათერაკიანი ვინმეა, – ისევ გაეცინა პაატას, – სანდრო კი სასაზღვრო პოლიციის უფროსად დააწინაურეს. იშვიათად იცლის ხოლმე, მეტისმეტი გულმოდგინებით უდგება საქმეს. ისეთი გამძვინვარებულია ამ რუსების გადამკიდე, მეტი რომ არ შეძლება. სულ გავიდნენ თავს, სახლში უვარდებიან ხალხს, სამზარეულოში უტარებენ წყეულ მავთულხლართებს და ამას აქეთ ჩვენიაო, ურცხვად აცხადებენ. – ეხ! – მწუხარედ გააქნია თავი ლელამ, – არ მგონია, მოვესწრო საქართველოს გამთლიანებას... რა ვუთხრა რეზოს? – ლელა დეიდა, ას წელიწადში გავმთლიანდებით კი არა, მსოფლიოს დავიპყრობთ, თუკი მოვინდომებთ, – თვალი ჩაუკრა პაატამ. – ასი წელი დიდი დროა. ცალი ფეხი სამარეში მიდგას, პაატა, – გაეცინა ლელას. – ეს რა ლაპარაკია, დედა? არავინ ვიცით, ვის რა მოგველის ხვალ, – საუბარში ჩაერთო ნოა. – თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე სარეცელზე სიკვდილს არ ვაპირებ, – განაცხადა პაატამ და ყავა მოწრუპა, – მირჩევნია ბრძოლის ველზე მოვკვდე თვალგახელილი, ვიდრე ძილში ან საწოლზე აღვსრულდე. – კარგი, გვეყო სიკვდილზე ლაპარაკი! – ისევ გაზქურისკენ გასწია ლელამ, აშიშხინებულ კარტოფილს მოურია, ხახვი წააჭრა, ცოტა წიწაკაც მოაყარა და ქურა გათიშა. პაატა და ლელა მისაღებში გავიდნენ. ნოამ მშვიდად, აუჩქარებლად მიირთვა, შემდეგ კი გარეთ, დახურულ ვერანდაზე გავიდა სიგარეტის მოსაწევად. მეტრი სიმაღლის კიბეს ლამის სრულად ფარავდა თოვლი. ისე ბარდნიდა, მალე ვერანდაზეც შემოიჭრებოდა. ნოამ წამით იფიქრა, ბილიკს გავიყვან გარე საპირფარეშომდეო, მაგრამ ჯერ გაბოლება გადაწყვიტა. სკამზე დაეშვა, საჩქაროდ მოწია ერთი ღერი და მეორესაც მოუკიდა. მოუსვენრობას გრძნობდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რა იწვევდა ამ მღელვარებას. კარის ჭრიალი მოესმა, შემდეგ მოკლე-მოკლე ნაბიჯების ხმა. მაშინვე იცნო ქალიშვილი სიარულის მანერით და უკან მიიხედა. პიჟამაში გამოწყობილ, დოინჯშემორტყმულ ანეტას გრძელი თმა ზემოთ აეწია. ღია თაფლისფერი თვალები ანცად უელვარებს, თითქოს მთელი სამყაროს ერთბაშად შეცნობა სწადიათ. სწრაფად იყრის ტანს, გეგონება, ზეცასთან ცდილობს გატოლებასო. ლელა ძველი ფოტოალბომის თვალიერებისას ხშირად აჩვენებდა შვილიშვილს ნოას ბავშვობისდროინდელ ფოტოს, შეხედე, გაჭრილი ვაშლივით ჰგავხარო. – ნოა, ბებიამ მითხრა, დღეს მიდისო. მართალია? – წყენა შეეპარა წკრიალა ხმაში ანეტას. – არ გრცხვენია? ისევ სახელით მიმართავ მამას? – ღიმილიანი სახით გაუწყრა ნოა. – ზუსტადაც! – ცეტი თვალები დაიწვრილა ანეტამ, – შენ ხომ დამპირდი, რომ ჩამოვალ, ტარებას გასწავლიო? – გაგვითოვდა, ანე, – მხრები აიჩეჩა ნოამ, სანახევროდ მოწეული სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო და თავით მიანიშნა მეორე სავარძლისკენ, – მოდი, ჩამოჯექი! ანეტა ჯერ კიდევ გაბუტული, კოპებშეკრული დგას და დენის ხაზზე ჩამომჯდარ მოწყენილ ბეღურას შეჰყურებს. – აი, შემდეგში რომ ჩამოვალ, თუკი წარღვნა არ დაემთხვა, მდინარეს ავუყვეთ, მუხების კორომში პიკნიკი მოვაწყოთ, თან ტარება ვისწავლოთ, თან ბუნების ცქერით ვისიამოვნოთ, რას იტყვი? – შვილის გულის მოგებას ცდილობდა ნოა მეტად მოთაფლული ხმით. – სულ მატყუებ, – წაიბუტბუტა ანეტამ. – როდის მომიტყუებიხარ? – ისევ მოჩვენებითად აღშფოთდა ნოა, ღიმილს ვერ მალავდა. – აი, ამ წამს. – გინდა, რაღაც გითხრა?! – რა? – ანთებული თვალებით მიუბრუნდა ანეტა, სავარძელზე შეხტა და ფეხები შეკეცა. – ზაფხულში ჩემთან, თბილისში გადმოდიხარ საცხოვრებლად. – მართლა? – სიხარულისგან შეჰყვირა ანეტამ, – შენთან და პაატასთან? – ჰო. დაბადების დღეს ქალაქში გადაგიხდი, აი, ნახავ, როგორ მეფურ ნადიმს მოგიწყობ. – და ვის მოიწვევ მაგ შენს ნადიმზე? ყველა მეგობარი აქ მყავს. – მეგობრებს ესკორტით ჩავიყვანთ... მოიცა, მეგობრები გყავს? – დიახაც, მყავს, – ტუჩები მოკუმა ანეტამ, თავი დახარა და ჩუმად დასძინა, – ალიონა ბებიასთან უფრო მეტი მაქვს საერთო, ვიდრე იმ ჩერჩეტებთან. – ყველა ჩერჩეტი ხომ არ არის? – დიახ, არის. – კარგი, მაშ, ალიონა წავიყვანოთ, – ღიმილი გაუკრთა ნოას ტუჩებზე, – მე კი მეგობარ ჯარისკაცებს მოვიწვევ და ისეთ ეპიკურ ამბებს მოგიყვებიან, შენ რომ გიყვარს. – შენც მომიყვები? მე ხომ თორმეტი წლის ვხდები? – თვალები ეშმაკურად მოწკურა ანეტამ. – რა თქმა უნდა, – ნოა სავარძელში გადაწვა და თავი გადააქნია ღიმილით, რაღაც მოაგონდა. ანეტას ასაკში თავადაც ვერ უგებდა სწორ-ამხანაგებს, არა, პირიქით, ისინი ვერ უგებდნენ მას. ნაადრევად გაიზარდა. ის ყველაფერი რაც, მათ იზიდავდა, თავად უმნიშვნელოდ თვლიდა და ზედაც არ უყურებდა. მათსავით ლაღად, თავისუფლად ვერ გრძნობდა თავს. შებოჭილი და გულჩათხრობილი იყო. თავისი ასაკის კვალობაზე მეტისმეტად ბევრი იცოდა ცხოვრების შესახებ. თავიდანვე დამძიმდა ტვირთით, რასაც პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქვია. თავისი განახევრებული სამშობლოს, უმოწყალოდ ამოწყვეტილი მშობლებისა და და-ძმების წინაშე გრძნობდა თავს ვალდებულად. თავიდანვე იცოდა, რომ ჯარისკაცი გახდებოდა; ჯარისკაცი, რომელიც პასუხს აგებინებდა მტერს, თავისას კი უკან დაიბრუნებდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა. – ბებიაც მოდის ხომ? – ჰკითხა ანეტამ. – ყველა ხომ არ წავალთ? სახლი ვის დავუტოვოთ? ბომბორას? – თომა დარჩება. – ბებიას, ხომ იცი, არ უყვარს ქალაქური ხმაური? ძალით ხომ არ მოვგლეჯთ ფესვებს? აქ არის მთელი მისი ცხოვრება. – ჰოდა, არც მე მიყვარს ქალაქი, – განაცხადა ანეტამ. – მამაც არ გიყვარს? – წარბები აზიდა ნოამ, – არ გინდა, ერთად ვიცხოვროთ, უფრო ხშირად ვნახოთ ერთმანეთი? ანეტამ შუბლი შეკრა და ტუჩები გაბუსხა. ერთხანს ასე გაბუტული, გულმოსული იჯდა, განზე იხედებოდა და თვალს არიდებდა მამას. ბოლოს კი დანებდა, კარგი, წამოვალო და შეკრული შუბლიც გახსნა. – შენ ხომ ჯარისკაცობას აპირებ სამომავლოდ? გაჩვენებ, რასთან მოგიწევს გამკლავება და იქნებ გადაიფიქრო კიდეც. – არ გადავიფიქრებ, – შეუპოვრობით აენთო თვალები ანეტას. – არ გინდა, ბიძის კვალს გაჰყვე? – თომა ცუდ ხალხს იცავს. – შენ რა იცი, ვის იცავს? – გავიგონე, – მკლავები მკერდზე გადაიჯვარედინა ანეტამ, – ინტერნეტშიც ვნახე ინფორმაცია. – შენ შეგიძლია ღირსეული ადამიანი დაიცვა. ღმერთმა უწყის, რამდენი უსამართლო განაჩენი გამოაქვთ. – ზოგჯერ იძულებული ხდებიან, უღირსებიც დაიცვან, – მტკიცედ თქვა ანეტამ. ნოას გაეცინა. – როგორი ჭკვიანი თაობა მოდის, – ამაყი მზერა მიაპყრო შვილს და დასძინა, – და ჯიუტიც. – და სამართლიანიც, – კბილები ქვედა ტუჩს დააჭირა ანეტამ. ისევ გაჭრიალდა კარი. ხელით ნაქსოვ შალის სვიტერში შეფუთნული პაატა გამოვიდა მთვარესავით გაბადრული. სახეალანძულს სუსხიანი ქარი შეეფეთა და ცალი ხელი აიფარა ცხვირ-პირზე. – მაინცდამაინც ამ სიცივეში გამართეთ მამა-შვილური მუსაიფი? – თვალები მოჭუტა და ანეტას მიერ შემართულ გაშლილ ხელს რბილად მიარტყა თავისი დაძარღვული ხელი. – შედი, ანეტა, თხლად გაცვია, – თბილად მოუწოდა ნოამ. ანეტა მყისვე წამოხტა ფეხზე, აშოლტილ პაატას გვერდით ამოუდგა და თვალების ციმციმით ახედა. – თუშეთში როდის მივდივართ, პაატა? – ჰკითხა ჩურჩულით, თითქოს არ უნდოდა ნოას გაეგო. – ალბათ, მარტის პირველ რიცხვებში, – მიუგო პაატამ და თავზე ხელი მოუთათუნა, – მაქსიმუმ ერთი კვირა თქვენს განკარგულებაში ვიქნები, თქვენო უმაღლესობავ. – ვაშა! ესე იგი, ჯირითსაც ვისწავლი, – მარჯვენა ხელით მუშტი შეკრა ანეტამ და ჰაერში აიქნია. – ანე, რა ხდება? პირობების შეხსენების დღე გათენდა? – ჩაეცინა ნოას. – თუ არ შეგახსენეთ, სულ გავიწყდებათ და. – მოგვიტევე, აღარ ვართ ისეთი ახალგაზრდები, მეხსიერებასთან პრობლემები გვაქვს, არა პაატა? – მინიშნებასავით უთხრა ნოემ. – ვერ ისვენებს ბავშვი ერთ ადგილას, სიცოცხლით არის აღსავსე, მამისგან განსხვავებით, – პაატამ კბილები დაკრიჭა და მეგობარს ცბიერი სახით გახედა, – და ისე, ცნობისთვის, მე ჯერ კიდევ ახალგაზრდული სისხლი მიჩქეფს ძარღვებში და მზად ვარ, მთა გადავდგა. – ეხ, მგონი, აქ მხოლოდ მე ვგრძნობ თავს მოხუცივით, – თქვა ნოამ. ზოგჯერ თავი მართლაც საუკუნის ეჩვენებოდა, როცა კი უკან იყურებოდა... და ის ხშირად იყურებოდა უკან, ხშირად კი არა, თითქმის მუდამ იქ, წარსულის ლანდებს შორის გაჭედილი ცხოვრობდა. ერთადერთი ძაფი, რომელიც აწმყოსთან აკავშირებდა – ეს იყო ანეტა. თავის გარემოცვაში ის იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც აწმყოში ცხოვრობდა და არა წარსულის ბნელ ჯურღმულებში. როცა კი ქალიშვილი გვერდით ჰყავდა, ფორიაქს წყვეტდა ანგარიშმიუცემლად, მშვიდდებოდა, ყუჩდებოდა და ახალი სიცოცხლით შთაბერილს, ხალისით ევსებოდა გული. თვალებიდან შეჩენილი სიბნელე შორდებოდა და შვილის სულის გავლით მშვენიერ სამყაროს ხედავდა, სილაღით, სინათლით, სილამაზით აღსავსეს. – მოდით, მსხლის კომპოტი გავხსენი, – ღრიჭოდ დარჩენილი კარიდან ლელას ხმა მოისმა. – აჰა, ეგეც შენ! არანაირი მარწყვი! მე გავიმარჯვე! – შესძახა ანეტამ ანცად და მკვირცხლად შევარდა სახლში. – გილოცავ! – მიაწია ახითხითებულმა პაატამ, სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და ქვის მოაჯირს დაეყრდნო იდაყვებით. – პაატა, რამე სიახლე ხომ არ არის? – ჰკითხა ნოამ, სწრაფად წამოიმართა სავარძლიდან და გვერდით ამოუდგა. – არა, არაფერი, – მიუგო პაატამ და ღრმად მოქაჩა. – გეგმა შეიცვალა; ის კაცი დღესვე უნდა ვნახო. მოემზადე, ერთ საათში გავდივართ.