ნათურა
ნათურა
ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის ახალი ნათურები შეიძინეს. ჩამოსწიეს დიდი, ორტონიანი ჭაღი, გაწმინდეს მისი ყველა დეტალი, მოხსნეს გაფუჭებული და დაუყენეს 500 ახალი ნათურა. რამდენჯერმე ჩართეს და გამორთეს, შეამოწმეს განათება. ნათურები ნელ-ნელა, სინქრონულად უნდა ანთებულიყვნენ და ჩამქრალიყვნენ. ასეც მოხდა, არცერთი იყო გაფუჭებული, ყველა ანათებდა ზუსტად ისე, როგორც საჭიროა! ჭაღი ისევ მაღლა, ჭერში ასწიეს. დაიწყო წარმოდგენა –„ჩვენებურები„ შეკრებილ ხალხში „ჩვენებურებიც„ იყვნენ და „სხივისებურებიც„ , კიდევ „სხივისებური ჩვენებურებიც„ და „ჩვენებური სხვისიანებიც„ მოკლედ ამას ახლა დიდი მნიშვნელობა არა აქვს, არც იმას აქვს მნიშვნელობა აინტერესებთ მათ ფოლკლორი თუ არა. ყოველ მათგანს სჭირდებოდა განათებული დარბაზი, რათა თავისი ადგილი პოვნა. ახალი ნათურების ცხოვრებაში კი, ეს პირველი წარმოდგენა იყო, რომელიც უნდა გაენათებინათ. ვიღაცამ სადღაც გადაატრიალა ღილაკი და ყველა ნათურამ ერთდროულად, თანწყობილად დაიწყო ნათება. თავიდან, მბჟუტავად, მერე ცოტა უფრო მკვეთრად, შემდეგ კიდევ უფრო, სანამ სულ არ გაბრწყინდნენ და ჭაღი მთელი თავისი ავსტრიული ბროლით არ ააბრდღვიალეს. მარტო ერთი ნათურა შეჩერდა შუა გზაზე - დაიხედა ქვევით, გადახედა იქ შეკრებილ ადამიანებს, მათ ჩაცმულობას, ფერებს და გადაწყვიტა პირველ მოქმედებაზე თავი შეეკავებინა. არ უღირდა ამ საზოგადოებისთვის მთელი თავისი ძალის და მშვენიერების დახარჯვა.. აი მუსიკა თუ იქნებოდა მისთვის მოსაწონი, მაშინ ანტრაქტის შემდეგ აუცილებლად ბოლომდე გაანათებდა. ისევე როგორც მის გვერდით მყოფი დანარჩენი ნათურები. მუსიკაც დაიწყო, მაგრამ არც ამით მოიხიბლა და ამ წარმოდგენაზე თავი შეიკავა. შემდეგ „აბესალომ და ეთერი“, წინა გამოცდილებაზე დაყრდნობით, უკლებლივ ყველა ნათურა ახლა უფრო თავმომწონედ ანათებდა. მაყურებლებს გაჩახჩახებული ჭაღი დაახვედრეს, ის ერთი კი ამჯერად ბჟუტვაზეც არ გადასულა. იარუსები კი არა პარტერიც არ იყო სავსე და ვისთვის, ვისთვის დაეხარჯა თავის ენერგია! მუსიკას კი გულდასმით უსმენდა და ძალიან მოსწონდა. მორიგი წარმოდგენის დროც დადგა. „ჟიზელი“ შემოვიდნენ ბავშვები, აი ამას კი აღარ მოელოდა, გაეცინა, უცნაურად იქცეოდნენ ეს პატარა ადამიანები, სკამების დასაჯდომ ნაწილს ათამაშებდნენ, ხმაურობდნენ, დარბოდნენ. ჭამდნენ კიდეც შუა პარტერში, საკვების სუნი კი ჭერამდე აღწევდა. არა, არა ამჯერადაც არა. მუსიკას არც მოუსმინა ისე ჩაფიქრდა. არავის შეუმჩნევია რომ არ ანათებდა, აბა ამდენ განათებულ ნათურაში, ვინ დაინახავდა - მის გვერდით მყოფი ნათურების გარდა. მათ ცოტა უკვირდათ კოლეგის ასეთი „ჩამქრალობა„ ის კი ბევრს არ ფიქრობდა თავის კოლეგებზე. უბრალოდ იცოდა, რომ არ სურდა თავისი ბრწყინვალება, მთელი სილამაზე ერთბაშად „გაეხარჯა“, არც შეკრებილი საზოგადოება მიაჩნდა საკმარისად საინტერესოდ, არც ბალერინა/ბალერონების მიხვრა-მოხვრა იყო დახვეწილი და ორკესტრიც არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ძალები შეინახა მომავალი წარმოდგენისთვის, სადაც სასურველი, საინტერესო, მომხიბვლელი, ჰაეროვანი, ხალხი შიკრიბებოდა. სადაც ორკესტრი, სპექტაკლი და დარბაზი ჰარმონიულად შეერწმებოდა ერთმანეთს. „დონ კიხოტი“ ამ სპექტაკლზე ნათურებს თავი არ დაუზოგავს, ხანდახან გაიფიქრებდნენ - ჩვენ ვანათებთ, ვბრჭყვიალებთ, ვათბობთ, ეს კიდევ ოდნავ თუ გამობჟუტავს ცალი თვალით, გადახედავს დარბაზს და ისევ ჩაქრებაო. მას კი, გადაეწყვიტა შემდეგ სპექტაკლზე მთელი თავისი ხიბლის გამჟღავნება. მოეწონა „დონ-კიხოტი“ ჯერ არცერთი წარმოდგენა მოსწონებია ასე. შემდეგ ჯერზე, აღფრთოვანებულმა სხვებთან ერთად დაიწყო ნათება და აი, ბოლომდე , რომ უნდა აბდღვრიალებულიყო, ისევ ქვევით ჩაიხედა, ისევ დაფიქრდა, რომ რაღაც აკლდა იქაურობას, ფერთა შეხამება თუ ზედმეტად ბევრი მუქი ფერი, მოკლედ რაღაც, რაღაც არ მოეწონა და ოცნებებში გადავარდა... მოვა დღე, როდესაც დარბაზი გაივსება ლამაზი, სუფთა, ჰაეროვანი ადამიანებით, და როგორც ჩვენ, ზემოთ მყოფი ნათურები ვიწყებთ ნათებას, მაყურებლებიც ასე მშვიდად, წელში გამართულები, შემოვლენ დარბაზში... ორკესტრიც ინსტრუმენტების შეეხმატკბილებიან ერთმანეთს და მაშინ მეც თანდათან ბოლომდე გავკაშკაშდები. ასეთი დღეც დადგა, მაგრამ ამასობაში სხვა ნათურები გადაიწვნენ, დაიხარჯნენ, დაბერდნენ და მათი გამოცვლის დრო მოვიდა. მათთან ერთად ესეც მოხსნეს და წაიღეს, იქ სადაც გაფუჭებული ნათურებს აბარებენ.