ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

შველადყოფილი

შველადყოფილი

პროლოგილურჯი მხოლოდ ზღვას უხდება, ცისფერი ჩრდილებს, მზის ჩასვლა ლურჯს, ოკეანე წითელ ზეცას. ჰორიზონტს ქვემოთ მფრინავი თოლიები ბალანსია, სანაპიროზე მოსიარულე ადამიანი კი მკითხველი. ამბის მომსწრე, რომელიც მიჩვეული შველივით აპარებს თვალს უკან, მანძილის გასაზომად. * * *შველი ტყის ბინადარია, ხეების მოგუშაგე, დჰარმების მოწესრიგებულმა გადათანაწყობამ მეორე სიცოცხლეში ადამიანად დაბადა. როდესმე გინახავთ შველი პლაჟზე ? ან სანადიროდ გამოსული ? საუცხოო დღეს მზის ჩასვლამდე შველადყოფილი მტაცებელია ქვიშის ზედაპირზე, თვალით ჭამს ახალგაზრდებისა და მოხუცების, ქალისა და კაცის სხეულებს, მაგრამ ვერ ძღება, რადგან ბუნებამ არ დაბადა ხორცის გასასინჯად, ადამიანად ყოფნის სიამე უკვე მახრჩობელა გველივით საცდუნებლად შემოჰკვრია ფეხზე. წყლის გამჭირვალე სითხის ეფემერული სილურჯით ფეხები ენამება, გველიც გამეტებით ეკვრის დასველებულ წვივს. 12 წლისამ პირვალად ნახა ბუმბერაზი წყლის მღელვარება. ჰორიზონტი წყლისა და მიწის დინამოური მიმოსვლა ეგონა, ქვიშა კი მზის რეპროდუქცია.-        დეიდა მაუ, ხელის კამერები ხომ წამომიღე ?-        ქოლგის ქვეშ არის. ადამიანმა წყლის ზედაპირზე იწყო ტივტივი, კამერები ისევ ხელზე ეკეთა, შიშს ჯერ არ დაეტოვებინა მისი პატარა სხეული. ერთი დღეც და ბავშვობის მიამიტურ კეთილგანწყობას ნიავს გაატანს. 13-ის ხდება მხიარული შველადყოფილი. დღეს იმ ასაკში შეაბიჯებს, სადაც კითხვები საკუთარ თავს ესმება. უგონო მხიარულება, რაც ჯილდოდ დასდევდა მის ბავშვურ სხეულს სადღაც ქრება, თუმცა ბურუსი მაინც ეკვრის მის სულს. იბადება მასში კითხვა „ვინ მინდა რომ ვიყო“ და არა „ვინ ვარ მე “. ამაში გასაკვირი არაფერია, ნებისმიერ მცირეწლოვანს სურს გახდეს ის იდეალი, რაც მის ცნობიერში უნებურად შემოიჭრა. -        დეიდა მაუ, მეც შენსავით მყვინთავი გამოვალ!-        დროზე ტანი შეიმშრალე და სასტუმროში წავიდეთ. -        გპირდები შემდეგში უფრო ღრმად შევცურავ.-        დედაშენი მომკლავს, (ჩაიცინა მაუმ) ამგვარად თუ მოიქცევი. -        მაუ რა მშვენიერი ხარ.დეიდა მაუ როემისთვის იდეალური ზღაპრული პერსონაჟი იყო. ამიტომაც მშობლებმა ნება დართეს თავის დაბადების დღე დეიდასთან ერთად გაეტარებინა. როემს მუქი შავი თვალები ჰქონდა, თავის ასაკთან შედარებით მაღალიც ეთქმის. ფეხები ზედმეტად წვრილიც კი ჰქონდა. მარტოსული იყო თუმცა საზოგადოებაში მუდამ მხიარული, ენერგიული და თავმომწონე. მარტოსულობა თითქოს თავისთავად დაჰყვა, შეუგნებლად სიამოვნებდა ოთახის მყუდრო კუთხე, ხის ჩრდილის სიგრილე, სახურავიდან ბუნების ხედი, და ამგვარი ცალკეულობები. დედამისი 50 გადაცილებული პროფესიით სტომატოლოგი იყო. მეუღლეც სწორედ ერთ-ერთი კბილის ბჟენის დროს გაიცნო. სწორედ მაშინ დაიწყო კვდომა 9.4 წლის შველმა ცისფერფანჯრებიანი კლინიკიდან 141 კმ-ში. მაშინ წყვილმა, რა იცოდა, რომ მათი სიყვარულის ნაყოფი შველის სავარაუდო ბოლო ფორმა იქნებოდა. უდავოა ადამიანობა ბავშვის ცნობიერს სიწმინდეს ვერ გაუნადგურებს და რეინკარნაციის ეს სახე უკანასკნელი იქნება. მამა, დეიდა მაუს მსგავსად მყვინთავია, მაგრამ როემს მამის სიტლანქე, სასმლის სიყვარული და ცოტაც უწიგნურობა საკმარისზე მეტად უქარწყლებდა მისი, როგორც გმირის ამპლუაში წარმოდგენას. თუმცა მაურუსი მოსიყვარულე მშობელი და ერთგული ქმარი იყო, როგორც დეიდა მაუ იტყოდა მესამე ჭიქამდე იდეალური მამაკაცი, მართალია იგი არც პათოლოგიური სიმთვრალით გამოირჩეოდა და არც უსაფუძვლო ყბედობით, მაგრამ ალალი მაურუსი უცნაურად ღრმა ძილიანობას ეძლეოდა, ეძინებოდა ყველგან და ყოველთვის. სამარშუტო ტაქსიში, რესტორნის სკამზე, ბაღის საქანელაზე, ასფალტზე, სადაც კი შესაძლებელი იყო. ამიტომ ამარინას მუდამ სძაგდა მეუღლესთან ერთად სადმე გასვლა და დღის ბოლოს მხრებზე მოკიდებული 90 კილოგრამი, თუმცა მისი დიდი იმედი როემი იყო, ცურვის ტურნირიდან დაბრუნებულს საყვედურობდა ვერცხლის მედალს, ხოლო დეიდა მაუ თავზე ხელს უსვამდა და მეტი ვარჯიშისკენ მოუწოდებდა, მსაჯი თანაგუნდელების წინააღმდეგ განაწყობდა, ხოლო სხვა ბავშვები გამალებით ცდილობდნენ მასთან დამეგობრებას. შველადყოფილი გონებაში იმეორებდა „არა, მე არ მოვუსმენ მათ ვინც დიდი ცდითა და მონდომებით მინერგავს შურს გონების ფსკერზე, მე არ დავუჯერებ ყურებს როდესაც ისინი მლიქვნელობით სავსე სიტყვებს შემოუშვებენ ფიქრების კორიდორში, მე მაგრად ჩავკეტავ კარებს, თვალებს ფართოდ გავახელ და მე თვითონ ჩავბერავ სულს სწორ უფერობას“. როემმა სწორედ ამიტომ დაბადების დღის საჩუქრად დეიდა მაუსთან ერთად სანაპიროზე წასვლა მოითხოვა. „განა არსებობს მოცურავე მყვინთავი, რომელსაც ზღვა არ უნახავს“ ამგვარად თავი დააღწია უმისამართო რჩევებსა და მოლოცვის ტექსტებს.    სასტუმროში მისულთ დეიდა მაუს მიერ შეკვეთილი შოკოლადის ტორტი დახვდათ, შიგ ჩარჭობილი ორი ციფრით 1 და 3. რამდენიმე წუთში მუსიკაც ირთვება, ისმის უცხო ადამიანთა მოლოცვების ხმები ერთი...ორი... სამი.... „მინდა, რომ არ შევიცვალო“ჩაიფიქრა და ჩააქრო ციფრების ფორმის სანთლებზე მოგიზგიზე ცეცხლი. ვახშმის დროს სასტუმროში დარჩენა არ გადაწყვიტეს. სანაპიროს მაღლა, ზღვის გასწვრივ წრფივად გადებულ ბელვედერზე ჩამოსხდნენ, როემი ზეფირებს ჭამს, მაუ ფორთოხლის წვენს წითელი მილით გემოს უსინჯავს. -        მაუ მიყვარხარდეიდა მაუს ჩაეღიმა, შველადყოფილი ხშირად ეუბნებოდა ასე, ხან მოულოდნელად, ხანაც დროული აღტაცებით, ეცინობოდა, რომ ბავშვი მისით ამდენად იყო გატაცებული, იმასაც ხვდებოდა, რომ როემი გონებამახვილი და სხვანაირი იყო, თითქოსდა იცოდა რამდენად აღემატებოდა ბავშვის ფიქრები მისას. -        ძვირფასო, ამას რომ მეუბნები მეშიანია-        რატომ დეი-        როცა გაიზრდები და გაძლიერდები აღარ დაგჭირდება ჩემი სიყვარული, მე კი მეშინია არ შევეჩვიო ამ სიტყვებს, მერე არ მომენატროს და დავკარგო ის ხიბლი რის გამოც შენ გიყვარვარ ახლა. -        მაუ შენში იცი რა მომწონს და თან არ მიყვარს, აი ზედმეტი თავშეკავებულობა, რომელიც შიშით არის გამოწვეული, შენ გეშინია, რომ თუკი სითბოს გამოხატავ ძლიერი აღარ იქნები. -        როემ შენ ძალიან ჭკვიანი ბიჭი ხარ, მაგრამ მგონია, ამას რომ გაიზრდები შემდეგ გაიგებ.-        ვერ ვიტან „რომ გაიზრდების“-        ასეა-        ვნახოთ-        დედაშენი ნაწყენია ასე რომ მოინდომე -        მაუ, ხომ იცი რომ ცურვა არ იცის. -        იცი რასაც გეუბნები -        ყოველთვის პრობლების არსებობას უსვამს ხაზს, რომელიც თურმე უნდა გამოვასწორო, როგორც მე მინდა კი არა როგორც მას სურს. -        მას უბრალოდ უნდა რომ უკეთესი იყო. -        უკეთესი მოცურავე , უკეთესი ადამიანი არა. -        ეგ ერთი და იგივეა როემ.-        არა მაუ ეს ერთი და იგივე არ არის.როემი გაოგნდა, მაუს ეს სიტყვები არ ეკუთვნოდა მაგრამ ამარინას დავალებით მაინც ეუბნებოდა, თანაც დაჟინებით. ამიტომ გაწითლდა კიდეც, ეს იყო სიბრაზის შემოწოლა, ყელში ბურთის გაჭედვით დაიწყო შველადყოფილის სხეულის თრთოლვა, ბუნებით უწყინარი, მშვიდი მზადაა თავით ჩაეშვას წყლის სივრცეში, გამოხეთქოს დამოუკიდებელ სურვილთა ნიაღვარი, ამხილოს სხვა დიქტატურაში, თვითონ კი სასურველი თავისუფლება თავგანწირვით მოიპოვოს. მაგრამ იმ წამს დედის ცრემლიანი თვალები რომ გაიხსენა, მისი ნაღვლიანი მდუმარება, რომ გაკრთა მის გონში, მაშინ პირველად იგრძნო ვალდებულების ჩამოწოლა ნორჩ სხეულში, სწორედ პირველად განიცადა ზრდასრულად ყოფნის პირველი სიმი, ხოლო მზე უსაშველოდ ნელა დაიბადა ღრუბელთ ბაგეთაგან