ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ეშმაკის ფსონი

ეშმაკის ფსონი

ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ მეზობელი მაგიდიდან თუ გაიგონებდით დიდ ეკრანს მიშტერებული ინგლისელი ფეხბურთის ფანები როგორ ლანძღავდნენ და აგინებდნენ ხორვატ ფეხბურთელებს, და არა მარტო მათ, საკუთარ გუნდსაც არ ინდობდნენ, თუ რა თქმა უნდა, რომელიმე მათგანი შეცდომას დაუშვებდა.   განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ინგლისელი კომენტატორი, რომელიც ხოტბას არ იშურებდა საკუთარი გუნდის საქომაგოდ, იმის მიუხედავად, რომ არც თუ ისე კარგად თამაშობდნენ.   ოქტომბრის თვე იყო, ასე საღამოს 9 -საათი იქნებოდა, ლონდონში, ჰოლბორნის მეტრო სადგურის მიმდებარედ, ერთ-ერთ ულამაზეს პაბში ხუთი მეგობარი იჯდა. ნახევრად ქართველი ჯონათანი, ჯონ პარკერი. „ჯონს ქართველი მეგობრები უბრალოდ ჯონის ეძახდნენ ინგლისელები კი ჯონათანს“ ჯონი ცნობილი ინგლისელი ადვოკატის ტომ პარკერის შვილი გახლდათ. ნახევრად ქართველი იმიტომ, რომ დედა ქართველი ჰყავდა. ჯონი ძირითადად ინგლისში იზრდებოდა. საქართველოში წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ ახერხებდა ჩასვლას, ნათესავების სანახავად. ქერა, ცისფერთვალება, სიმაღლით მეტრი და ოთხმოცდახუთი იქნებოდა, ძალიან მოხდენილი ახალგაზრდა იყო. ჯგუფში ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. დინჯი და გაწონასწორებული საუბარი უყვარდა. ქართულად ისევე კარგად საუბრობდა, როგორც ინგლისურად, თუმცა ქართულად წერა უჭირდა. ჯონის გვერდით მიშა გელიშელი იჯდა, მიშა კახეთიდან იყო: მაღალი, გამხდარი, ცოტა შავგვრემანი, შავი თვალ-წარბითა და ოდნავ კეხიანი ცხვირით. მიშა საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო, მის მშობლებს საკუთარი პატარა ღვინის საწარმო ჰქონდათ. თუმცა, მშობლებს თითქმის არასოდეს აწუხებდა. ცდილობდა საკუთარი თავი თავად ერჩინა.   ლუკას, ჯონისა და მიშას მოპირდაპირედ დაეკავებინა ადგილი, ისე რომ ეკრანისთვის თვალი ედევნებინა, და მართლაც, ერთი სიტყვა არ გაუგონია, რას ლაპარაკობდნენ მეგობრები. ფეხბურთის ყურებით იყო გართული, თუმცა ხმას არ იღებდა და ვერც ემოციების მიხედვით გაიგებდით თუ ვის გულშემატკივრობდა.  როდესაც მიშამ ჰკითხა, ის მაინც გვითხარი, ვის გულშემატკივრობო? მაშინ ჩუმად ჩაიჩურჩულა, თითქოს ცდილობდა შემთხვევით არავინ გაიგოს რას ვამბობო. -       ხორვატებს ვგულშემატკივრობ, ჩვენსავით პატარა ერია და მაგიტო, თორემ ხომ იცით ინგლისი ჩემი მეორე სამშობლოა.   - ლუკამ ისეთი სერიოზული ტონით თქვა, რომ მიშას გაეღიმა, ჯერ ჯონის გადახედა, მერე ისევ ლუკას შეავლო თვალი.  - მართლა? -ხუმრობანარევი ღიმილით იკითხა მიშამ. - მე მეგონა, ინგლისი ჯონის მეორე სამშობლო იყო. თურმე შენიც ყოფილა!  - არა, ინგლისი ჩემი პირველი სამშობლოა! საქართველო კი მეორე. მაგისთვის კი პირიქითაა! შეუსწორა ჯონიმ.  - მე მამით ინგლისელი ვარ, აქ დავიბადე და გავიზარდე, თან ხომ ხედავთ ქართულად წერა კითხვაც კი არ შემიძლია. განა შეიძლება კაცმა ქვეყნის შვილობა დაიჩემო რომლის ენაზე დაწერილი წიგნის კითხვაც კი არ შეგიძლია.. - აჰა, შენი გასაგებია. თუმცა ჩემთვის მაინც გაუგებარი რჩება ლუკას ინგლისელობა. მიუხედავად იმისა რომ მას ამ ენაზე წერა კითხვა შეუძლია, მისი მშობლები ხომ ქართველები არიან იქ დაიბადა და გაიზარდა. შესაბამისად როდესაც ამბობს რომ მეორე სამშობლოდ მიაჩნია მოკლედ რომ ვთქვათ ის უბრალოდ ცრუობს! გარდა ამისა ფაქტი სახეზეა, თავად აღიარა რომ ხორვატებს ბალეშიკობს. განა შეიძლება კაცი ქვეყანას სამშობლოდ მიიჩნევდე და ამდროს სხვა ქვეყნის გუნდს გულშემატკივრობდე შენი ქვეყნის წინააღმდეგ?  - საქმე იმაშია, რომ უკვე სამი წელია აქეთ ვარ და ეს ქვეყანა ისე შემიყვარდა, რომ ბრიტანეთი ჩემს მეორე სამშობლოდ მიმაჩნია! - თავის მართლება სცადა მიშას ბრალდებებით გაღიზიანებულმა ლუკამ. - კარგი, კარგი. მეორე იყოს, არ გედავები! გარდა ამისა, ვისაც გინდა იმას უგულშემატკივრე, ოღონდ იცოდე, თუ მაგ შენ ხორვატებს გაუმართლათ და გოლი გაიტანეს, სკამიდან წამოხტომა და ტაშის შემოკვრა არ გაბედო, დღეს ჩხუბის თავი არ მაქვს. რომც ვიჩხუბოთ, მაინც ბევრს ვერაფერს გავხდებით, ძალიან ბევრნი არიან. მე ჩემ თავს კი არ ვჩივი, შენ მეცოდები, არ მინდა ეგ ლამაზი ცხვირი ვინმემ გაგიტეხოს და მერე რისთვის? მარტო იმიტომ, რომ ხორვატებს გულშემატკივრობ?! - კი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, დიდი ქვეყანაა თუ პატარა? თამაში ხომ თერთმეტი თერთმეტზეა? - იკითხა გაკვირვებულმა ჯონიმ.  - მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ შენ ვერ გაიგებ. - მოკლედ მოუჭრა ლუკამ და ყურება განაგრძო, ვითომც აქ არაფერიო.   ლუკა შველია სამეგრელოდან იყო, სტუდენტობის დროს თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და მიშასაც სწორედ თბილისიში შეხვდა პირველად. ლონდონში სწავლის გაგრძელებაც ერთად გადაწყვიტეს. ლუკა მწვანე თვალებითა და ღია, ქერა თმებით გამოირჩეოდა. საშუალო აღნაგობის ახალგაზრდა იყო, სიმაღლით მეტრი და სამოცდათხუთმეტი იქნებოდა. მისი მშობლები რუსეთში ცხოვრობდნენ და ისინი აფინანსებდნენ, სანამ საკუთარ ბიზნესს დაიწყებდა. მეგობრებისგან განსხვავებით ლუკა დაქორწინებული იყო, სტუდენტობის დროს დაოჯახდა ლონდონში, თუმცა შვილები ჯერ არ ჰყავდა.  ლუკას გვერდით გიგა იჯდა, მის გვერდით კი ლაშა, რომელსაც არც მეგობრების ლაპარაკი აინტერესებდა და არც ფეხბურთი, თავის ამბებით იყო გართული.   გიორგი გიგარიძე ქუთაისიდან იყო, მეგობრები მას შემოკლებით გიგას ეძახდნენ. გიგა არც ისე მაღალი იყო და არც დაბალი, დაახლოვებით ასე მეტრი და სამოცდათვრამეტი, საკმაოდ სპორტული აღნაგობის, წაბლისფერი თმებითა და თაფლისფერი თვალებით. სხვებისგან განსხვავებით მას ქუთაისიდან ფულის გამომგზავნი არავინ ჰყავდა. სწავლის საფასურის გადახდა და საკუთარი თავის რჩენაც თავად უწევდა. სწავლით კი თავს სულაც არ იკლავდა. სასწავლებლის ფულს კი მარტო იმიტომ იხდიდა, რომ ვიზა გაეგრძელებინათ და ლეგალურად ეცხოვრა. ზომიერად სვავდა, მოსაწევს საერთოდ არ ეკარებოდა. ბევრს კითხულობდა, სავარჯიშო დარბაზებში სიარული და პარკში სირბილი უყვარდა. თავისუფალ დროს ლონდონის პარკებში ატარებდა. არც პროფესიული განათლება ჰქონდა და არც არანაირი ხარისხი თუმცა თითქმის ნებისმიერ თემაზე შეეძლო საუბარი. ასე ვთქვათ თვით განათლებული კაცი იყო. კიდევ იყო რაღაც განსაკუთრებული მასში რომლის აღწერა და გადმოცემა თითქმის შეუძლებელია. ამისთვის მასთან შეხვედრა და საუბარია საჭირო. იმედია მკითხველი ქვემოთ მოთხრობილი დიალოგების მიხედვით უკეთ გაიცნობს გიგას პიროვნებას, ვიდრე ჩემი უღიმღამო მცდელობით აღვწერო მისი პიროვნება, და ზოგადად ის როგორც ადამიანი. ასე რომ ჯერჯერობით აქ შევჩერდეთ.  გიგასთან ყველაზე ახლოს მაინც ლაშა შელიძე იყო. ორივე ერთმანეთს კარგად უგებდა, თუმცა ლაშა გიგასგან განსხვავებით უზრუნველ ცხოვრებას იყო მიჩვეული, მას მდიდარი მშობლები ჰყავდა, ლონდონში თითის განძრევაც კი არ უწევდა. ქენსინგტონზე ორ ოთახიან ბინაში ცხოვრობდა. გიგას მსგავსად ლაშაც საკმაოდ ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა იყო, შავი თმებითა და წაბლისფერი თვალებით. ჩაცმის სტილიც განსაკუთრებული ჰქონდა. საუბრის მანერითა და დახვეწილი გემოვნების წყალობით ის ყველასგან გამოირჩეოდა, თუ არ ჩავთვლით ჯონის, რომელიც თავისი მეტყველებით, აზროვნებითა და ჩაცმით, ინგლისელი უფრო იყო, ვიდრე ქართველი.   ლაშა თბილისიდან იყო, თუმცა, თავის თბილისელობით თავი არასოდეს მოჰქონდა. თუ ვინმე ჰკითხავდა საიდან ხარო, უბრალოდ უპასუხებდა საქართველოდანო. თუ ჩააცივდებოდით, საქართველოში სად ცხოვრობო, გეტყოდათ სახლი მაქვს თბილისშიო. ის საქართველოს კუთხეებად დაყოფის წინააღმდეგი იყო. ამბობდა, რომ არასწორია როდესაც ვამბობთ კახეთი და კახელები, სამეგრელო და მეგრელები, სვანები და ასე შემდეგ, განსაკუთრებით კი ქალაქელები! ქალაქის ვაკელებად, ვერელებად, გლდანელებად და ასე შემდეგ დაყოფასაც კი არასწორ მიდგომად მიიჩნევდა.   - არ ვიცი, ვინ დაყო და რატომ დაყო, ვინ მოიგონა ეს ტერმინოლოგია, შეგნებულად, თუ შეუგნებლად, რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ვალდებულები ვართ შევცვალოთ. ერის გაერთიანება ოჯახიდან იწყება, ერთი ქართული ოჯახი, შემდეგ კი უბნებითა და ქალაქებით გრძელდება. ჩვენ ერთი ქართული ლოგოს ქვეშ უნდა გავერთიანდეთ. ჩვენი დღევანდელი მიდგომა უბანს უბანთან აპირისპირებს, სოფელს სოფელთან, ქალაქს სოფელთან და ქალაქს ქალაქთან, ერთ კუთხეს კი - მეორესთან. ეს უნდა დამთავრდეს! ყოველი ცალკეული ეთნიკური უმცირესობა იქნება ეს თუ უმრავლესობა, პირველ რიგში თავს საკუთარ ეთნოსთან აიგივებს და მხოლოდ ამის მერე თვლის თავს ქართველად ან საერთოდაც არ თვლის! აქ დაიბადნენ გაიზარდნენ და ქართული ენაც კი არიციან, რუსულად ლაპარაკობენ. არ გეგონოთ რომ თავის ეთნიკურობას ვართმევ ვინმეს, არამც და არამც! თუმცა სურვილი მაქვს რომ ყველა ვისაც ამ ქვეყანაში ცხოვრება უნდა, ამ ქვეყნის შვილად თვლიდეს საკუთარ თავს. ოსებსა და აფხაზებსაც რომ ამ ქვეყნის შვილებად ეგრძნოთ თავი ვფიქრობ ადვილი არ იქნებოდა მათი გადაბირება, და შესაბამისად არც ქვეყანა დაიყოფოდა მარტივ მამრავლებად. -       მე ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, მამაჩემიც, ბაბუაჩემიც, და მისი წინაპარიც. ჩემი ოჯახი ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველესი მკვიდრთაგანია, მერე და, რა? განა ვინმეზე რამით მეტი ვარ? არა მე ასე არვფიქრობ! სხვათა შორის სოფელი არ მაქვს და ძალიან მწყინს ეს ამბავი. - რო დავბრუნდები მიწას ვიყიდი, სადმე თბილისთან ახლოს, რათა ჩემებთან ახლოს ვიყო და პატარა სახლს ავიშენებო. ამბობდა ლაშა.  ლაშას მიაჩნდა, რომ არსებობს მხოლოდ დასავლეთ, სამხრეთ, ჩრდიოლოეთ და აღმოსავლეთ საქართველო და ქართველები. არსებობს დედაქალაქი თბილისი, აქ მცხოვრები ქართველები და საქართველოს მოქალაქე სხვა ერის წარმომადგენლებიო.  ლაშასგან განსხვავებით ლუკას ცოტა სხვა დამოკიდებულება ჰქონდა ამ საკითხის მიმართ. იგი თვლიდა რომ კუთხეებად დაყოფა, როგორც ეთნოგრაფიული მრავალფეროვნება უარსაყოფი კი არა პირიქით ერის, ქვეყნის მულტიკულტურის მაჩვენებელია და პირიქით ყველა ცალ-ცალკე ქმნის შეუფასებელ რეალობასო. რამოდენიმე დღსი წინ ლაშა და ლუკა სწორედ ამ თემის გამო შეკამათდნენ. -       სამწუხაროა რომ ადამიანებს საკუთარი ღობის იქეთ გახედვა არგვსურს! ჩვენი ეზოდან დანახული ეთნოგრაფიულად დანაწევრებული საქართველო შესაძლოა მართლაც იდეალურია. თუმცა, თუ ცოტა ოდნავ უკან გავდგებით ისე რომ მთელი სურათის ერთიანად დანახვა და აღთქმა შევძლოთ, მაშინ ადვილი შესაძლებელია აზრი სრულიად შევიცვალოთ. - თქვა ლაშამ. თუმცა ამ ნათქვამმა ლუკა ოდნავ გააღიზიანა.-       პატივი დაგვდე და გვითხარი შენ თვითონ საიდან უყურებ? ასეთი სულელური აზრები საიდან მოგდის? - იკითხა ლუკამ.-       მე? მე, კოსმოსიდან! მართალია ფიზიკურად აქ ვარ თქვენთან ერთად, თუმცა სულით კოსმოსში ვარ. სწორედ იქედან ვაკვირდები ყველაფერს, და ვხედავ რომ ამ ერთ პატარა ბურთულაზე, ქვეყანა რომელსაც საქართველო ჰქვია, ძალიან, ძალიან პატარაა, წერტილივით პატარა, და მაინც ამ წერტილს თუ გავადიდებთ და კარგად დავაკვირდებით დავინახავთ რომ საეჭვოდ ჭრელია, ლამაზი მაგრამ ჭრელი. როდესაც ვამბობ აჭრელებულია მეთქი, რათქმაუნდა მე იდეოლოგიას ვგულისხმობ და არა შემოდგომის ფერებს - მიუგო ლაშამ სიცილით.     ვიდრე მეგობრები ფეხბურთზე და ეროვნებაზე საუბრით იყვნენ გართულები, ლაშა ოდნავ მოშორებით მჯდომ სკანდინავიელ სტუდენტ გოგოებს კოქტეილებს უგზავნიდა და უღიმოდა, იმ იმედით, რომ საღამოს რომელიმე მათგანთან ერთად გაატარებდა.  - მგონი დროა! წადი გვერდით მიუჯექი. არ დაგავიწყდეს ერთი-ორი სიტყვა მეც შემაწიე, კარგი? იმ ქერასთან, მარჯვენა კუთხეში რომ ზის.   - თქვენი კამათის მოსმენას ისევ გოგოებთან დროის ტარება სჯობია! თქვა გიგამ და ხუმრობანარევი ღიმილით გადახედა ჯონის და მიშას, უნდოდა საუბრის თემა შეეცვალა.              - შეხედეთ რალამაზი ღიმილი აქვს! მე ფეხბურთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ ვერ ვხვდები თუ როგორ შეიძლება უყურო ფეხბურთს როდესაც ასეთი მშვენიერი არსება გიზის წინ. - თქვა ლაშამ მეგობრების გასაგონად.- რაც მართალია მართალია ლუკას ეგ შენიშვნა არ ეხება! ეს ხომ ცოლიანია. - დაიცვა ლუკა გიგამ. - მართალი ხარ გიგა, ლუკას ეს არეხება! და იმაშიც მართალი ხარ რომ სჯობია წავიდე და გამოველაპარაკო.  -       იცი რას ვფიქრობ? ადამიანის გაცნობა ძაან რთულია, როგორ უნდა მიხვდე რომ იმ ადამიანთან გინდა მთელი ცხოვრების გატარება? ჩვენ ხო ასე განვსხვავდებით ერთმანეთისგან. - დაიწყო საუბარი ჯონიმ.-       კი, ადამიანები განვსხვავდებით: ტრადიციის, რელიგიის, წარმოდგენებისა და იმის მიხედვით, თუ ვის რა უნდა ცხოვრებაში. ყველაზე ცუდი მაინც ისაა თუ ადამიანი პირობითად ოქროს მოყვარულია. - მიუგო ლუკამ.-       აი დაიწყო ფილოსოფოსობა. - ჩაეცინა მიშას.-       შენ როგორ მიხვდი რომ ნინი ოქროს მოყვარული არ იყო?-       მე მაქსიმალურად ვცდილობდი ასეთი ადამიანები გამეფილტრა ჩემი ცხოვრებიდან. მე ნინიმდე სხვა გოგოებსაც შევხვდი, მაგრამ რატომღაც არაფერი გამოვიდა, თავიდან თითქოს ინტერესს იჩენდნენ, თითქოს მოგვწონდა ერთმანეთი, კარგად, რომ გამიცნობდნენ და გაიგებდნენ ვინ და რის გამკეთებელი ვიყავი, ან პირდაპირ უარს მეუბნებოდნენ, ან მეგობრებად დარჩენას მთავაზობდნენ, ან შეხვედრას თავს არიდებდნენ და ამით მაგრძნობინენდნენ, რომ არაფერი გამოვიდოდა.  -       მე, რა თქმა უნდა, არასოდეს ვეუბნებოდი, რომ წარმატებული ბიზნესი მქონდა და ასე შემდეგ. თითქმის ყოველთვის ვცდილობდი სამსახურზე ლაპარაკისთვის თავი ამერიდებინა, ხან ვამბობდი, რომ დაცვის თანამშრომელი ვიყავი, ან სადღაც სასწავლებლის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი რიგით ადმინისტრატორად. - სხვათაშორის, არც ნინიმ იცოდა არაფერი ჩემი საქმიანობის შესახებ, ცოლად რომ მოვიყვანე მხოლოდ მაშინ გაიგო რამდენიმე თვის მერე. დიახ, მე სწორედ ისეთ გოგოს ვეძებდი, რომელიც მე ამირჩევდა და არა ჩემს ქონებას.  - შეგიძლია ჩემი მაგალითიდან ისწავლო. თუ გაგიმართლა და ცოტა ფული იშოვე, იმ გოგოს, რომელთანაც ოჯახის შექმნას აპირებ ნურასოდეს ეტყვი შენი ქონების შესახებ, ყოველ შემთხვევაში მანამ მაინც, სანამ არ დარწმუნდები, რომ უყვარხარ, ან უბრალოდ მოსწონხარ ისეთი, როგორიც ხარ. -       აი, მაგალითად: ადამიანი, რომელსაც უყვარდება პირობითად პირველი, და ადამიანი, რომელიც უყვარდებათ ან ძალიან მოსწონთ, პირობითად მეორე. როდესაც ერთს, ანუ პირველს, მეორე ადამიანი უყვარდება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მეორე მისთვის ძალიან ლამაზია და მომხიბვლელი, მიაჩნია, რომ კარგი ოჯახიდანაა და ფიქრობს, რომ მასთან ერთად ტრადიციულ და ლამაზ ოჯახს შექმნის, მაგრამ მან არ იცის, რომ ის მეორე, რომელსაც ასე ეტრფის სიმდიდრის დაგროვებითაა დაინტერესებული, პირველმა, რა თქმა უნდა, ეს არიცის, ან კი, საიდან უნდა იცოდეს?! შესაბამისად არაფერს ეტყვის თავის ქონების შესახებ. ამ შემთხვევაში მეორეს მხოლოდ ორი არჩევანი აქვს: შეიყვაროს პირველი ისეთი როგორიც არის, ოქრო-ვერცხლის გარეშე, ან უარი თქვას მასზე და ეძებოს მისთვის იდეალური, ვინმე მდიდარი და შეძლებული.  საქმე სულ სხვანაირად იქნება მაშინ, თუ მეორე გაიგებს, რომ პირველი დიდი ქონების პატრონია, ამ შემთხვევაში მეორე პირველს მოაჩვენებს თავს შეყვარებულად და ცხოვრებას გაუმწარებს. -       კი, მართალი ხარ, და თუ მეორე პატიოსანი ადამიანია, და უბრალოდ არმოსწონს პირველი, მაშინ მაინც უარს იტყვის პირველზე და ეცდება თავის შესაფერის ადამიანს შეხვდეს, ქონებაც საკუთარი შრომით შეიძინოს. თუ პატიოსანი არაა, მაშინ ბევრი ფიქრიც არ დასჭირდება, ითამაშებს პატიოსანი ადამიანის როლს მანამ, სანამ პირველის ქონებას ნაწილობრივ მაინც არ ჩაიგდებს ხელში, მერე კი გამოვა როლიდან და დაიწყება ჩხუბი, ღალატი და ყველა ის უბედურება რაც ასეთი ანგარებით შექმნილ ოჯახს ემართება ხოლმე.-        მაგრამ თუ მაინც გაიგო, რომ რაღაც ქონების პატრონი ხარ და კარგი პარიკიც მოირგო სახეზე, მაშინ როგორ მოვიქცეთ? როგორ გავიგოთ მართლა ვუყვარვართ თუ არა?- ჩაეძია ჯონი. ლუკა ჩაფიქრდა. უნდოდა გონებაში გაეთვალა ყველა შესაძლო სვლა, რომ მისი ნააზრევი ადვილად არ გაებათილებინათ მეგობრებს.    -       მაგის გაგება არც ისე ადვილია, თუმცა, არც შეუძლებელი. ხომ გაგიგია, ქურდი ანგელოზი არ არის, კვალი რომ არ დატოვოსო? დაუკვირდი, ასეთი ადამიანები საკუთარ თავზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი ადამიანი სულელია, მაგრამ ჩემი აზრით, სულელი კი არა, ძალაუფლებაზე გაგიჟებული და ოქრო ვერცხლზე შეყვარებულია. ასეთი ადამიანი დახლთან მდგარ ვაჭარს ჰგავს, საკუთარი საქონლის კარგ ფასად გაყიდვას, რომ ცდილობს. იმ განსხვავებით, რომ ვაჭარი იმას აქებს, რაც დახლზე ულაგია, ეს ადამიანი კი- საკუთარ თავს, საკუთარი თავის გარდა მას სხვა საქონელი არ გააჩნია და ცდილობს, რაც შეიძლება კარგი რეკლამა გაუკეთოს, კარგ ფასად გაყიდოს.  -       ძველ დროში ამ საქმით მაჭანკლები იყვნენ დაკავებული. დღეს კი ყველა თავის საქონელს თავად ჰყიდის, ანუ,„საკუთარ თავს“, როგორც ზემოთ გითხარით.  -       ხოო, ცხოვრება შეიცვალა მეგობარო. თან ტექნოლოგიებიც ხელს გვიწყობს. სოციალურ მედიას ვგულისხმობ, სურათები კომენტარები და ასე შემდეგ. ორივე სქესს ვგულისხმობ, როგორც მამრობითს, ისე მდედრობითს. ის იყო, გიგა რაღაცის კითხვას აპირებდა, რომ ლაშამ ანიშნა მოდიო და ისიც მაშინვე მისკენ გაქანდა.  ლაშა და გიგა ბარში დარჩნენ გოგოებთან. დანარჩენები კი დაიშალნენ, შეთანხმდნენ, მეორე დღეს, მიშასთან შეკრებილიყვნენ.   II  დილა რომ გათენდა, მიშამ იფიქრა, ცოტა რაღაცას გავამზადებო. სუპერმარკეტში გავიდა, სამწვადე, სალათები, რაღაც გამზადებული საჭმელები და რაც მთავარია, ნამცხვრები იყიდა, თავის მაკარუნებით. ყველაფერი, რომ მოითავა აუზზე წავიდა, მაგრამ რად გინდა, აუზზე შესასვლელი კარტა, რომელიც მეგობარ გოგოს ეთხოვა, მისაღებში შეუმოწმეს და წაართვეს. სამაგიეროდ ჯიმში შესვლა მოახერხა, საბედნიეროდ ჯიმში საკუთარი სახელით იყო დარეგისტრირებული. მეგობრის კარტაზე ცოტა კი ინერვიულა, თუმცა მალევე გაახსენდა აუზის ადმინისტრატორის ნათქვამი და თავი დაიმშვიდა. - არაფერია სანერვიულო. მან ხომ თქვა პატრონი მოვიდეს და დავუბრუნებთო. მივა და დაუბრუნებენ, მეტი რა გზაა. - თავს იმშვიდებდა მიშა.სახლში დაბრუნებულს გიგა და ლაშა უკვე კარებთან ელოდებოდნენ. ლუკა და ჯონიც მალევე მოვიდნენ. მაგიდის გამზადება ყველამ ერთად დაიწყო, ერთი მწვადს წვავდა, მეორე ყველს ჭრიდა, მესამე კი ხილს რეცხავდა და მაგიდაზე ალაგებდა.  -       გუშინ როგორი დრო გაატარეთ? - იკითხა ჯონიმ.  -       სანამ მივიდოდი ლაშას უთქვამს ინგლისმა რომ წააგო ჩემი მეგობარი ძალიან ნერვიულობს და დავუძახებ იქნებ თქვენთან ცოტა გული გადააყოლოსო, თან იმ ნორვეგიელისთვის გადაუკრავს, შენ ძალიან მოეწონე. მეუბნებოდა, შეხედე რა ლამაზი გოგოა, ის ალბათ ნორვეგიელი იქნებაო. -       რაც სიმართლეა სიმართლეა, შეხედე, რა ლამაზია მეთქი, მართლაც ვთქვი, თუმცა, ნორვეგიელი იქნება მეთქი ეგ არ მითქვამს. ეგ უკვე ლაშამ დაამატა, გაუგია, რომ ნორვეგიელი იყო და მაგიტომ. თუ არვცდები ამას პირდაპირ მარკეტინგს ეძახიან.              მასაც გახარებია. როგორ მიხვდა, რომ ნორვეგიელი ვარო? ლაშას უთქვამს, ჩემს მეგობარს ნორვეგიელები ისე ძალიან უყვარს, რომ თქვენი ერის ხალხს დანარჩენი სკანდინავიელებისგანაც კი ადვილად არჩევსო. -        როცა მივედი, უკვე მიღიმოდა, ჩემს მიმართ უკვე სიმპატიით იყო განწყობილი. თან ვეცოდებოდი, ინგლისის წაგების გამო და თან მოვწონდი, რადგან ნორვეგიელები ასე ძალიან მყვარებია. კიდევ კარგი ფეხბურთის მასაც არაფერი გაეგებოდა, რო არაფერი მკითხა, თორე, ხო დავაღებდი პირს? რო ეკითხა, რომელი ფეხბურთელის თამაში მოგეწონაო რა უნდა მეთქვა? ერთი ფეხბურთელის სახელიც კი არ ვიცი. ისიც კი არ ვიცოდი, რამდენით რამდენი დამთავრდა. ან რომ ეკითხა, აბა, მითხარი ამ გოგოებიდან რომელია დანიელი, რომელი შვედი და ნორვეგიელიო? სკანდინავიელებს კი არა და ქართველებსაც ძლივს ვარჩევ ერთმანეთისგან. რა თქმა უნდა, ქუთაისლების გარდა! მაგათ კარგად ვიცნობ.