ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

თეთრი კონდახი

თეთრი კონდახი

მოულოდნელად ჩემს ახლოს ორი ძაღლი ერთმანეთს გააფთრებით დაეძგერა და ჩხუბი დაიწყეს. დიდი ძაღლებია ისედაც, მაგრამ რადგან მე თვითონ ბავშვი ვარ ეს ძაღლები ორმაგად დიდი ჩანს ჩემთან შედარებით. ერთი ჩემი ძაღლია, ლომა. სახლიდან შორს ვარ და სახლში დავტოვე როცა წამოვედი, არ ვიცი ან როდის მოვიდა, ან აქ როგორ მომაგნო, ან ამ ეზოში როგორ შემოვიდა, არ შემიმჩნევია თუ უკან გამომყვა. ეს ეზო ჩემ ეზოს არ ჰგავს. ჩემი ეზოს ღობე და ეზოს კარებიც გამჭვირვალე მავთულბადით და კუთხოვანი რკინის კონსტრუქციებით იყო გაკეთებული და იქ ასე მოულოდნელად ვერ მოვიდოდა ძაღლი, დაინახავდი შორიდანვე. მაგრამ ახლა ერთ-ერთი ჩემი კლასელის ეზოში ვარ. ამ ეზოს გალავნის მსგავსი ღობე აქვს, ესაა ცემენტით ნაშენი მაღალი კედელი რომელიც ღობის ფუნქციას ასრულებს და გამჭვირვალე არ არის, სიმაღლეც ისეთი აქვს ვერც ღობის ზემოდან გადაიხედავ მარტივად. არც ჭიშკარი არის გამჭვირვალე, ეს დიდი რკინის ჭიშკარია, სადაც ორი დიდი რკინის კარი აქეთ იქედან ანჯამებით არის დამაგრებული და ორად იხსნება. ეს ორი დიდი კარი ძირითადად მანქანების შემოსასვლელად გამოიყენება. ერთ-ერთ კარში ანჯამების მხარეს განაპირას არის შედარებით პატარა ასევე რკინის კარი შიგნით ჩასმული, ესაა კარები კარებში, რომელიც ადამიანების შემოსასვლელად გამოიყენება. დიდი კარები ძირითადად დაკეტილია. მეც ამ პატარა კარებში შემოვედი ცოტა ხნის წინ და კარებიდან ორი ან სამი მეტრით შიგნით ვდგავართ, ის მომენტია ჯერ სახლში არ შევსულვართ და რაღაცას ვესაუბრები აქ ჩემ კლასელს ეზოში ახალი შესული. როგორც ჩანს კარები ბოლომდე არ მივხურე კარგად და ლომაც ასე შემოვიდა მოგვიანებით ეზოში.თავის სახელს კი ამართლებდა ლომა, განსაკუთრებით ფერით, ლომის ფერი იყო. ასევე ძლიერი ძაღლი იყო და კარგად ჩხუბობდა, თუმცა მე ძაღლების ჩხუბი არ მიყვარდა და გამიზნულად არ ვაჩხუბებდი არასდროს, მაგრამ რაც მინახავს და რაც გამიგია ყოველთვის ერეოდა სხვა ძაღლებს. განსაკუთრებით აღნიშნავდნენ ხოლმე ამ ძაღლმა ჭიდაობაც იცის და აქცევს მოწინააღმდეგეს, ამისთვის წინა თათებს იყენებსო ჩხუბში მოხერხებულად სხვა ძაღლებისგან განსხვავებით. რადგან ავი ძაღლი არ იყო და ადამიანებს არ ერჩოდა, ამიტომ უმეტესად დაბმული არ გვყავდა და იყო ხოლმე ჩვენს ეზოში აშვებული თავის გემოზე, ხშირად ეზოდანაც გადიოდა, თავისით მიდიოდა სასეირნოდ და უკანაც თავისით ბრუნდებოდა სახლში. ძაღლების ჩხუბი კი იყო გავრცელებული სპორტი ჩემ რაიონში და ზოგჯერ ამ ლომასაც აჩხუბებდნენ მარტო სასეირნოდ გამოსულს რომ ნახავდნენ, მერე ვიგებდი ამბებს. მეტყოდნენ ხოლმე ისევ მოიგო შენმა ძაღლმაო. მეთქი მოიგო კი არა შეეშვით, ნუ აჩხუბებთ ამ ძაღლებს-მეთქი, ვეტყოდი ხოლმე, მარა ძაღლების ჩხუბის მოყვარულები ასე მარტივად არ მოეშვებიან ამ სპორტს. ჩემი თანდასწრებით ვერ აჩხუბებდნენ ცხადია ლომას, მაგრამ როცა მარტო დადიოდა სასეირნოდ მაშინ კი ხან რომელ ძაღლს მიუქსევდნენ ხან რომელს. ეზოში ძაღლის დასაბმელი ადგილიც მქონდა და ზოგჯერ კიდეც ვაბამდი, აი სულ ასე რომ მყოლოდა დაბმული ეზოში, მაშინ ვერც ვერავინ ვერ აჩხუბებდა, მაგრამ უყვარდა სეირნობა და თავისუფლება. ამ თავისუფლების საფასურს კი ხშირად სხვა ძაღლებთან ჩხუბით იხდიდა თავისებურად. თვითონ ლომა ხშირად ისე ჩაუვლიდა სხვა ძაღლებს ყურადღებასაც არ აქცევდა, ტყუილად ჩხუბს არ დაიწყებდა, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ასეც ეჩხუბა ხოლმე თავისით, როგორც ახლა. ეზოში შემოვიდა თუ არა დაეტაკნენ აქ ერთმანეთს ლომა და ჩემი კლასელის ძაღლი. მეორე ძაღლი თეთრი ძაღლია, აქ საკუთარ ეზოში იყო თავისთვის სანამ ლომა შემოვიდოდა. მე თავიდანვე ეს თეთრი ძაღლი არც კუდს მიქიცინებდა, არც ახლოს არ მოვიდა. არც გამეთამაშა როგორც მეგობრულმა ძაღლებმა იციან, მსგავსი ძაღლური კეთილგანწყობა არ გამოუხატავს. თან აქ პირველად მოვედი და არ მიცნობს. მაგრამ რახან თავის პატრონთან ერთად ვიყავი მაინც არაფერს მეუბნებოდა და არც მიყეფდა. მაგრამ ამავე დროს თვალს არ მაცილებდა. იდგა ასე თავისთვის ჩვენგან ორ მეტრში ეს თეთრი ძაღლი და მიყურებდა იქედან. სწორედ ამ დროს შემოდის ლომა და მგონი არ მოეწონა ეს ძაღლი ჩემს პატრონს როგორ უყურებსო. შემოსვლისთანავე მარტო ერთხელ მიიხედ მოიხედა ლომამ და დაეძგერა მაშინვე ამ ძაღლს, ასე ატყდა ძაღლების ჩხუბი აქ. ლომა მე მიცავდა თავისი ჭკუით ამ ძაღლისგან, ხოლო თეთრი ძაღლი კი თავის ეზოს იცავდა. ორივე ძაღლს თავისი მიზეზები ჰქონდა საჩხუბრად და ორივე გააფთრებით იბრძოდა. მე ეს რომ დავინახე წავედი მაშინვე ძაღლებისკენ სწრაფად. ორივე ძაღლს ერთდროულად ჩავავლე კისერში ხელი, რომ ფიზიკურად გამეცალკევებინა ერთმანეთისგან. მარჯვენა ხელი ლომას კისერზე მიკიდია, მარცხენა კი თეთრი ძაღლის კისერზე, კისრის ტყავი მაქვს ჩაბღუჯული ორივე ძაღლის და ასე ვექაჩები აქეთ იქეთ დასაშორიშორებლად. მაგრამ ლეკვები ხომ არ არიან, დიდი ძაღლებია. ლომა იმხელა იყო ტანად, უკანა თათებზე თუ წამოიმართებოდა თამაშისას ზრდასრული ადამიანის სიმაღლეს მისწვდებოდა ხოლმე, გრძელი ტანი ჰქონდა, არც მეორე ძაღლი იყო პატარა, როგორ გინდა ახლა ცარიელი ხელით დააშორო ესენი, არც ის მომაფიქრდა ან ჯოხი ამეღო ხელში ან რამე. ასე ცარიელი ხელებით ვაშორებ ერთმანეთისგან და კიდევაც გავაშველე საბოლოოდ წარმატებით. მაგრამ როცა უკვე გავაცალკევე ერთმანეთისგან, მაშინ თეთრი ძაღლი მე შემომიტრიალდა და ჩამავლო პირი მარცხენა მკლავზე, რომელი ხელითაც მიჭირავს მისი კისერი. მე კისერზე არ ვუშვებ ხელს, ის კი მკლავზე არ მიშვებს პირს. ეს ყველაფერი სწრაფად მოხდა და როცა მიკბინა ძაღლმა მაშინ უკვე მოცვივდა აქ ყველა ვინც იყო ახლოს, გააგდებინეს ამ თეთრ ძაღლს ჩემი მკლავი და დაგვაშორეს საბოლოოდ. კი გავაშველე ეს მოჩხუბარი ძაღლები, მაგრამ მე შემრჩა დაკბენილი მკლავი ამასობაში. ცოტა ტანსაცმელმაც შეუშალა ხელი და ნაკბენი ღრმა არ იყო საბედნიეროდ, თან მეც რომ კისერში მეკიდა ხელი ამიტომ კარგად ვერ მოაბრუნა თავი საკბენად, მაგრამ ძაღლის კბილები იყო ჩემ მკლავზე ჩანარჭობი ნაჩხვლეტებივით სამ ადგილას, აქედან ორი ზედა ეშვების ნაკვალევი იყო აშკარად, დაშორებით და განლაგებითაც მისახვედრი იყო, ზედა ეშვები ერთნაირად ჩარჭობილა ჩემს მკლავზე და ერთი კიდევ დაბლითა კბილის ნაკვალევი იყო მკლავის მეორე მხარეს, ესეც ერთ-ერთი დაბლითა ეშვი იქნებოდა, მეორე დაბლითა ეშვი კი რაღაცნაირად აცდა ხელს რადგან ასე გვერდულად მკბენდა. საბოლოო ჯამში ოთხიდან მარტო ეს სამი ეშვი ჩაესო ჩემს მკლავში. სისხლი მოდიოდა თავიდან სამივე ნაჩხვლეტიდან. ეს სისხლდენაც რამდენიმე წუთის მერე გაჩერდა. მოგვიანებით ეს ჭრილობები კარგად შემიხორცდა და სადღაც ორი კვირის მერე უკვე ნიშანიც აღარ დარჩა მკლავზე ამ ნაკბენისგან. რომ არ გამეშველებინა და მიმეშვა ვფიქრობ კი მოერეოდა ლომა მაგ ძაღლს და ზუსტად მაგიტომ გავაშველე, თავიდან პირველი აზრი რაც მომივიდა სწორედ ეს იყო, მეთქი არ დაგლიჯოს ახლა ეგ ძაღლი ლომამ და ამ გაფიქრებაზე კიდევაც მივირბინე გასაშველებლად. ხოდა პირველად ასე გამოვცადე საკუთარ ტყავზე, რომ შეიძლება სწორედ გამშველებელი დაზარალდეს ყველაზე მეტად.სხვა დროს არ გამომყოლია ასე შეუმჩნევლად ლომა, მაგრამ ამ შემთხვევის მერე მეც სახლიდან გამოსვლისას ვაქცევდი ყურადღებას, რომ არ გამომყოლოდა ისევ უკან. ზოგჯერ თუ დააპირებდა წამოსვლას ვეტყოდი დარჩი შენ ეზოში და ეზოს უყარაულე-მეთქი. თითქოს ესმოდა ისე მიჯერებდა და რჩებოდა, მაგრამ წამოსვლაც უნდოდა ხოლმე. ხშირად ჭიშკარს არც ვაღებდი ისე გამოვდიოდი ეზოდან და ასე უფრო ადვილად დავტოვებდი ლომას ეზოში. სამ მხარეს მხოლოდ მავთულბადის ღობე ჰქონდა ჩემს ეზოს და ამ უწყვეტ მავთულბადეს შიგადაშიგ ჩატანებული რკინის ბოძები იჭერდა, ხოლო ქუჩის მხარეს ცოტათი განსხვავებული ღობე იყო, ესეც მავთულბადის გამოყენებით გაკეთებული, მაგრამ მხოლოდ მავთულბადის ნაცვლად ინდივიდუალური კუთხოვანი რკინის გამოყენებით დამზადებული მართკუთხა ფორმის ჩარჩოებში ჩასმული მავთულბადის კონსტრუქციებით იყო აწყობილი. ბოძიდან ბოძამდე იქნებოდა მიახლოებით ორი მეტრი სიგრძეში ეს მართკუთხედები, ხოლო სიმაღლეში კი იქნებოდა მეტრნახევარი მიახლოებით ან ცოტა მეტი. ეს ისეთი სიმაღლეა საშუალო სიმაღლის ადამიანს რომ მხრამდე მიწვდება. ჩემი ეზოს უფრო პატარა ჭიშკარი ადამიანების შემოსასვლელად განცალკევებული იყო, არ იყო დიდ ჭიშკარში ჩასმული. მაგრამ ეს ჭიშკარი დანარჩენ ღობესთან შედარებით უფრო მაღალი იყო, ამიტომ პირდაპირ ჭიშკარზე არ გადმოვდიოდი, არამედ ღობეზე, ჭიშკრის გვერდზე. ჯერ თავიდან გადმოძრომით დავიწყე და მერე როცა წამოვიზარდე პირდაპირ ვახტებოდი კიდეც ამ ღობეს ზედაპირზე მხოლოდ ერთი ხელის დადებით. ამ ღობეზე გადმოხტომა ლომასაც შეეძლო, ბევრჯერ გადასულა ამ ღობეზე ორივე მიმართულებით, მარა ვუშლიდი ღობეზე გადასვლას, ამიტომ თავს იკავებდა. კარების გაღებას ელოდებოდა. თუ კარს გავუღებდი ესე იგი მიმყავს და წამოვიდოდა, თუ არა და იცოდა უნდა დარჩენილიყო ეზოში. მითუმეტეს შიგნიდან გარეთ გადახტომაზე იკავებდა თავს, თორემ გარეთ თუ იყო ეზოში კი შემოხტებოდა უფრო თამამად და არც მე ვუშლიდი ამას. ასე მივეჩვიე ჩემს ეზოში ჭიშკრის გაუღებლად შესვლა გამოსვლას. ერთხელაც აზრად მომივიდა ღობეზე გავლა. მართლაც გავიარე უპრობლემოდ, რაღაცნაირად ბუნებრივად გამომივიდა. ეს კუთხოვანი რკინა, რომლითაც იყო მავთულბადის ჩარჩოები დამზადებული, ქმნიდა ღობის თავზე ბრტყელ ზოლს, ჩემთვის სასიარულო ზედაპირს. მისი სიგანე დიდი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ვიყავი მაშინ, ეს ზოლი მაინც ისეთი ვიწროა თვითონ ჩემი ფეხსაცმლის ძირზეც უფრო ვიწრო იყო და კარგი წონასწორობის შეგრძნებასაც მოითხოვდა აქ სიარული და ზუსტ მოძრაობებსაც. მაგრამ თავიდანვე ისე თავისუფლად გავიარე თითქოს მიწაზე დავდიოდი ჩვეულებრივად. მომეწონა, რომ ასე ადვილად გამომივიდა, გავუყევი ღობეს და ვიარე ქუჩის გასწვრივ ასე ღობეზე. თავიდან სიარულით მივდივარ, მერე ფეხს მოვუჩქარე ნელ-ნელა და აზარტში შევედი. ერთიც გავიფიქრე, აბა თუ გავირბენ. ამის გაფიქრება იყო და უკვე გადავედი კიდეც სირბილზე, გაფიქრებასა და შესრულებას შორის შეყოვნებაც არ ყოფილა. სირბილიც უპრობლემოდ გამომივიდა. თანაც ამისათვის ყველაზე უფრო შეუსაბამო ფეხსაცმლით ვარ ამჯერად, ტუფლები მაცვია რომლებსაც ბრტყელი ძირი აქვს და კარგი მოჭიდება არ აქვს, შეიძლება გასრიალდეს ამ რკინის ზედაპირზე სხვა ფეხსაცმლისგან განსხვავებით. მაგრამ არა, მშვენივრად ვიარე და ვირბინე კიდეც ასე პრიალა ძირიანი ტუფლებით ამ ღობის თავზე. ბოლოს გავჩერდი და ჩამოვედი ბედნიერად ღობიდან, მიხაროდა ასეთი ახალი უნარი რომ აღმოვაჩინე მოულოდნელად. ამის მერე ხშირად დავდიოდი ღობის თავზე, ზოგჯერ სხვაგანაც, მაგრამ უფრო ხშირად ჩემს უბანში, როცა სახლიდან მივდიოდი ან სახლისკენ მოვდიოდი მაშინაც შემთხვევით ვსარგებლობდი და გზას ღობე-ღობე მივუყვებოდი ან ზოგჯერ უბრალოდ ღობეზე სასიარულოდაც გამოვიდოდი ხოლმე. ეს მალევე შეამჩნიეს უფროსებმა და მიშლიდნენ, ხშირად მეტყოდნენ ხოლმე, ნუ დადიხარ ღობეზე, თორემ სხვა ბავშვები მოგბაძავენ და ისინი ჩამოვარდებიანო. მე ჩემსას არ ვიშლიდი და დავდიოდი მაინც ღობეზე ისევ. აი შენ არ ჩამოვარდეო, ეს კი ერთხელაც არ უთქვამს ვინმეს. ისე თავისუფლად დავდიოდი ღობის თავზე ჩემს შემხედვარეს ადამიანს აზრად არც მოუვიდოდა აბა ახლა ეს არ ჩამოვარდესო. რასაც მაფრთხილებდნენ, ეს მართალიც აღმოჩნდა, სწორად გამოიცნეს უფროსებმა რაც მოხდებოდა. გარკვეული დროის შემდეგ სხვა ბავშვებმაც მოინდომეს მობაძვა და ჰქონდათ მცდელობები ჩემსავით ღობეზე სიარულის. უბანში სხვადასხვა ხეხილი ყველას ჰქონდა ეზოში და ბავშვები კი იყვნენ მიჩვეული ხეზე ძრომიალს ხილის მისართმევად, ისევე როგორც მე, მაგრამ ხეზე ძრომა მაინც სხვა არის რადგან აქ ხელებსაც იყენებ და ფეხებსაც, ღობეზე სიარული და მითუმეტეს სირბილი კი უფრო რთული იყო, რადგან აქ მარტო ფეხების იმედზე რჩებოდი. ვინც მბაძავდა ამ ბავშვებს ღობეზე სიარულიც გამოსდიოდათ სხვადასხვა წარმატებით. ჩემსავით ლაღად და ბუნებრივად მაინც ვერავინ მოძრაობდა ღობეზე, მაგრამ ზოგი ბავშვი მაინც ახერხებდა გავლას, ზოგი კი მართლაც ვარდებოდა. თუმცა ღობის სიმაღლე არ არის ჩამოსავარდნად ისეთი საშიში სიმაღლე, რომ სერიოზული დაზიანებები მიეღოთ ამ ბავშვებს, ასე რომ, საბედნიეროდ ყველა კარგად არიან ჩემი მიბაძვით ჩამოვარდნილები. ღობიდან ჩამოვარდნას რა უჭირს, ერთხელ თვითმფრინავიდან ჩამოგვივარდა ბავშვი თამაშისას. თუმცა მანამდე ჯერ ჩვენითაც ვხტებოდით დიდი სიმაღლეებიდან, სიმაღლიდან ჩამოხტომაც იყო ერთ-ერთი გასართობი საშუალება.სკოლის გზაზე სტადიონი იყო, რომელსაც ირგვლივ ქვის დაბალი გალავანი ჰქონდა რომელიც ღობის ფუნქციას ასრულებდა და სხვადასხვა ადგილას რამდენიმე სხვადასხვა ზომის კოშკის მაგვარი შენობა ამ გალავანში ჩაშენებული სტადიონის ირგვლივ. რა თქმა უნდა ეს არ იყო სტანდარტული სვანური კოშკები, არამედ ბევრად უფრო დაბალი შენობები, მიახლოებით ჩვეულებრივი სახლის ერთი სართულის სიმაღლისა, ერთმანეთისგანაც ოდნავ განსხვავებული სიმაღლის. კოშკებს იმიტომ ვეძახი, რომ უბრალოდ ფორმით და სახურავით წააგავდა ცოტათი თორემ სიმაღლით არა. სტადიონის ყველაზე დაბალი კოშკიდან დავიწყე ხტომა სადღაც მეოთხე კლასიდან, ავძვრებოდი კოშკის სახურავზე, ჯერ ჩანთას გადმოვაგდებდი, მერე მეც გადმოვხტებოდი, ავიღებდი ისევ ჩანთას და გავაგრძელებდი გზას. ეს იყო ერთსართულიანი შენობის სახურავიდან ნახტომი, ანუ თითქმის მეორე სართულის აივნიდან გადმოხტომის ტოლფასი. ჩანთა მაინც რატომ ამქონდა და თავიდანვე ძირს არ ვტოვებდი ეგ არ ვიცი. თავიდან რამდენჯერმე ჩემივე მუხლი მომხვდა ნიკაპში საკმაოდ მაგრად ამ სიმაღლიდან მიწაზე დახტომისას და ვერ დავრჩი კმაყოფილი, მაგრამ მერე პრაქტიკაში ვისწავლე მიწაზე შედარებით კარგად დახტომაც.ამ კოშკიდან სხვა ბავშვებთან ერთადაც გადმოვმხტარვარ მოგვიანებით. მოეწონათ ჩამოხტომის იდეა და ამოდიოდნენ კოშკზე. ასვლისას ყველა ბავშვი იმ მიზნით ამოდიოდა, რომ იქიდან გადმომხტარიყო, მაგრამ ზოგი ბოლო მომენტში გადაიფიქრებდა ხოლმე ვისაც სიმაღლის ეშინოდა. ამიტომ ვინც შემჩნეული იყო გადაფიქრებაში შემდგომში ასეთებს პირველს ვახტუნებდით, თორემ საერთოდ არ გადმოხტებოდნენ. ასვლას არავის არ ვაძალებდი და ყველა თავისი ნებით ამოდიოდა გადმოსახტომად, მაგრამ ვინც ამოვა კიდევაც უნდა გადახტესთქო ვამბობდი. ამოდიოდნენ მაინც გადახტომის სურვილით და ხტებოდნენ კიდევაც. მაგრამ ასე სიმაღლიდან ჩამოხტომა ხანმოკლე გართობა იყო და დროის გასატარებლად არ გამოდგებოდა, მაგრამ სკოლის გზაზე ცოტახნით შესაჩერებლად და სახალისოდ კი ღირდა.სიმაღლესთან კავშირში კიდევ ერთი აქტივობა ეს იყო დაჭერობანა რაღაც კორპუსის შეჩერებულ მშენებლობაზე (ეგრეთ წოდებულ “სტროიკებზე” როგორც რუსული ტერმინით ვეძახდით მაშინ ბავშვები), აქაც ბავშვებთან ერთადაც მითამაშია. გადმოხტომასთან შედარებით ბევრად სახალისო იყო ამ გადაუხურავ კედლების თავზე დაჭერობანა. ეს მშენებლობა საბჭოთა კავშირის დროს დაუწყიათ და საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მშენებლობაც შეჩერებული და მიტოვებული იყო უპატრონოდ. საძირკველი გაკეთებული იყო და კედლები ამოშენებული იყო კარებების და ფანჯრების ღიობების თავამდე, ისე, რომ ზოგან ამ ფანჯრის ან კარის ღიობზე გადახტომა დაგჭირდებოდა რომ გაგევლო ამ კედლების თავზე, ჭერი თუ იატაკი თუ რაც უნდა იყოს სართულებს შორის ეს ჯერ არც ჰქონდა საერთოდ, მაგრამ თვითონ კედლები საკმაოდ განიერი იყო და ერთი ადამიანი თავისუფლად გაივლიდა ან გაირბენდა ამ ნახევრად აშენებული კედლის თავზე. ძირითადი სირთულე ფანჯრის ან კარის ღიობებზე გადახტომა იყო, ან ერთი კედლიდან მეორე კედელზე გადახტომა გზის შესამოკლებლად. მე აქ არსებულ ყველაზე განიერ ღიობებსაც ვახტებოდი, ამიტომ ჩემი დაჭერა შედარებით რთული იყო, ისევე როგორც ჩემგან გაქცევა, მაგრამ სხვა ბავშვებიც კარგად დარბოდნენ ამ კედლებზე, ამიტომ ვფიქრობ სხვებისთვისაც სახალისო იყო ამის ერთად თამაში. სადაც დიდი სივრცე იყო გადასახტომი, ასეთ ადგილებში ვხტებოდი ისეთნაირად, რომ ნახტომის მეორე ბოლოში ხელები მაინც მიმეწვდინა ზედაპირისთვის და ჩამოვკიდებულიყავი ხელებით, მერე ამ პოზიციიდან კი ავძვრებოდი ისევ მაღლა კედელზე და ვაგრძელებდი დაჭერობანას, ასეთი ტექნიკა მაძლევდა ბევრად დიდი სიგრძის მონაკვეთზე გადახტომის საშუალებას ვიდრე პირდაპირ მეორე მხარესაც ფეხით დახტომის მცდელობის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. შედარებით ვიწრო გადასახტომებს კი ჩვეულებრივად ვახტებოდი, მეორე მხარესაც ფეხით დავხტებოდი. ამ ორივე მეთოდს გადასახტომი სივრცის სიდიდიდან გამომდინარე შესაბამისად ვიყენებდი. ახლა რომ მახსენდება, მიხარია რომ გაგვიმართლა და არცერთი ბავშვი არ ჩამოვარდა მაგ მშენებლობიდან ამ დაჭერობანას თამაშში. საძირკველის ამოთხრისას ამოღებული მიწა არ იყო ამოვსებული კედლების ირგვლივ და ასეთ ადგილას გადავარდნის შემთხვევაში მიახლოებით ერთი სართულის სიმაღლე იყო ჩამოსავარდნი სივრცე უმეტეს ადგილებში. რამე ტრავმის მიღებაც შესაძლებელი იყო, თუმცა მაშინ კარგად ვერთობოდით და ამაზე არ ვფიქრობდით. ასეა თუ ისე, ამ „სტროიკებზე“ არავინ არ ჩამოვარდნილა, ყოველ შემთხვევაში ჩემი თანდასწრებით და არც ისე გამიგია ვინმე აქ ჩამოვარდნილიყო, ეს კედლები განიერი იყო საკმაოდ და არ იყო რთული ზედ სირბილი.