ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მეგობრობის დღიური

მეგობრობის დღიური

მეგობრობის დღიური შესავალი -     ბებო! - მომესმა ტასოს ფრთხილი ძახილი. უკვე ბურანში ვიყავი წასული და ძლივს გავახილე თვალი. -     ბე! - უფრო თამამად დამიძახა, რაკი ჩემი მოძრაობა შენიშნა, - მომიყევი რას აკეთებდი პატარა რომ იყავი. რითი ერთობოდი თავისუფალ დროს? რას თამაშობდი ხოლმე? რომელი მულტფილმი მოგწონდა? რისი კითხვა გიყვარდა? - ზედიზედ მომაყარა კითხვები და დაამატა - მომიყევი რაც გახსოვს და უფრო კარგად დამეძინება! „„მეგობრობის დღიურს“ მავსებინებს მგონი“ - გავიფიქრე და ჩემი ბავშვობის დროინდელი რვეულები გამახსენდა. თითქმის ყოველ წელს ვაწარმოებდი „მეგობრობის დღიურს“. კითხვები უმეტესად მეორდებოდა, თუმცა ერთი-ორი მაინც ისეთი ემატებოდა, წინა წელს უხერხული რომ მეჩვენებოდა მათი დასმა. მეექვსე თუ მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა გავბედე და პირველად ჩავწერე კითხვები შეყვარებულთან დაკავშირებით - გყავს თუ არა შეყვარებული? რა ჰქვია? სად და როდის გაიცანი?.. გაკვეთილზე ავსებდა ჩემი თანაკლასელი, როცა მასწავლებელმა შენიშნა და რვეული ჩამოართვა, - ეს რა არისო, ეს რეები დაგიწყიათო.. თან შეკითხვებს კითხულობდა წარმოუდგენელი სისწრაფით, თითქოს ეძებდა იმას, რისიც მე ყველაზე მეტად მერიდებოდა. მიადგა ამ ჩემი ცოდვით სავსე კითხვებსაც - დედა, დედა, დედაო, - ლოყაზე შემოირტყა თავისუფალი ხელი, - ეს რა შეკითხვებს სვამთო, ეს რეებს წერთო, რა დროს შეყვარებულიაო.. ვისია ეს რვეულიო - იკითხა ბოლოს. კლასელმა არ გამყიდა, თავჩაღუნული იდგა და ხმას არ იღებდა. თავჩაღუნული ვიჯექი მეც და ხმას არ ვიღებდი, ოღონდ სახე მიხურდა მეტისმეტად. მასწავლებელმა პირველ გვერდზე გადმოშალა და - რად უნდა ამას კითხვა, აგერ არ წერია სახელიც და გვარიცო? მე კიდევ უფრო დამცხა და კიდევ უფრო გავჩუმდი. ...ძილი საბოლოოდ გამიტყდა. საათს დავხედე, შუაღამეს სულ ცოტაღა ეკლდა. ლამპიონების შუქი შემოდიოდა ფანჯარაში და სუსტად ანათებდა ოთახს. ტასოს ჩასძინებოდა. ვეღარ მოვისვენე, ფრთხილად ავდექი, ჩემი ძველი რვეულები მოვძებნე, გვერდით ოთახში სავარძელში მოვკალათდი და გადავშალე.. ფერშეცვლილი ფურცლები, ჩემი შეკითხვები და მეგობრების პასუხები, პასუხები, პასუხები... ზოგი სერიოზული, ზოგი სახალისო, ზოგიც ერთმანეთისგან გადაწერილი ან გადახაზული და ახლიდან დაწერილი. ნეტა მე რას ვუწერდი, რა პასუხებს ვცემდი სხვებს? და რა პასუხებს გავცემ ახლა საკუთარ თავს, საკუთარ ბავშვობას?        1.   წელიწადის რა დრო გიყვარს? -        (1) ზაფხული, ვისვენებ.-        (2) ზაფხული, იმიტომ რომ მთაში მივდივარ.-        (3) ზამთარი.-        (4) ზაფხული.-        (5) ყველა დრო მიყვარს, რადგან ყველა დროს თავისებური სილამაზე აქვს.-        (6) ზაფხული.-        (7) ზამთარი, გაზაფხული, შემოდგომა, ზაფხული.-        (8) გაზაფხული, მაისი.-        (9) ზაფხული.-        (10) მე მიყვარს ზაფხული.-        (11) ზაფხული მიყვარს.-        (12) ზაფხული.-        (13) ყველა დრო მიყვარს, რადგან ყველა დროს თავისებური სილამაზე გააჩნია.-        (14) ზაფხული.-        (15) ყველა თავის დროზე კარგია.-        (16) ზაფხული.-        (17) გაზაფხული.-        (18) ზაფხული.-        (19) ზაფხული.-        (20) ზაფხული. -        (21) ზაფხული მიყვარდა ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა.  ...ივნისია. სიცხე თანდათან მატულობს, და მის კვალდაკვალ მატულობს ჩემი და მერის წუწუნიც. დედა გვეუბნება, რომ ეს ჯერ დასაწყისია და --     თქვენ აგვისტოში უნდა ნახოთ აქ რა ხდება, იწვის ყველაფერი! აგვისტო და თელავი ერთად ჩვენი წარმოსახვის მიღმაა. ზაფხულის უმეტეს ნაწილს მთაში ვატარებთ მესხეთში და უკან მხოლოდ აგვისტოს ბოლოს ჩამოვდივართ, როცა კახური პაპანაქება უკვე გადავლილია. ახლაც მოუთმენლად ველოდებით როდის წაგვიყვანენ მშობლები ვალეში და მაგიტომ უფრო ვწუწუნებთ, თორემ სიცხე დიდად არ გვაწუხებს. წასვლის სამზადისს წერილით ვიწყებთ. წერილს ვუგზავნით სამიდან ერთ-ერთ ბიძას ვალეში, და ვეუბნებით, რომ უკვე არდადაგებია (თითქოს თვითონ არ იცოდეს), უკვე თავისუფლები ვართ, ერთი სული გვაქვს როდის დავიძვრებით (აკი მეგობრებიც მწერენ: „მთაში მოდიხარ თუ არა? როდის მაინც?“) და ვთხოვთ, რომ მოწვევა გამოგვიგზავნოს რაც შეიძლება მალე. მოწვევა გვინდა იმისთვის, რომ საშვი მოგვცენ, საშვი კი გვჭირდება იმიტომ, რომ მესხეთში ფეხი შევდგათ. აწყურთან[1] საკონტროლო-გამშვები პუნქტია მოწყობილი და ნებართვის გარეშე არავის უშვებენ საზღვრისპირა რეგიონში. წერილის ჩასვლას ადრესატამდე რამდენიმე დღე სჭირდება, ამდენივე - პასუხის მიღებას. გაგზავნიდან მეხუთე-მეექვსე დღეს უკვე ვაძლიერებთ მოლოდინს (იქნებ რამე სასწაული მოხდა და წერილი უფრო მალე ჩავიდა!) და ნერვიულობას (სადმე გზაში ხო არ დაიკარგა? ერთხელ საახალწლო მისალოცი ბარათი სარვამარტოდ მივიღე; ერთხელ მამამ სოხუმიდან გამოგვიგზავნა ბარათები და მერე თვითონ ჩამოასწრო). ყოველდღე განსაკუთრებული მოუთმენლობით ველოდებით ჩვენი ფოსტალიონის მოსვლას. დასასრული ყველაფერს აქვს, ბოლოს და ბოლოს მოწვევა უკვე ჩვენთანაა და ველოდებით იმ დღეს, როდის წავლენ მშობლები საშვის ასაღებად. ახლა დღეებს აღარ ვითვლი, საათებს ვითვლი. ხვალ უნდა წავიდეს დედა საპასპორტო განყოფილებაში. ხვალ დილამდე 16 საათი დარჩა... უკვე 15... ..15-ზე ცოტა ნაკლები... რამდენიმე საათიც უნდა მივუმატო, სანამ სამსახურს მორჩება, მაგრამ მთავარია გათენდეს და წავიდეს. გათენდა. შუადღეა. დედა წასულია და ალბათ კიდევ სამი-ოთხი საათი მაინც ვერ მოვა. სახლში ყოფნა არ შემიძლია, ეზოში ჩავდივარ და უზარმაზარი ცაცხვის ქვეშ სკამზე ვჯდები. ჩვენი სახლი ძველი, ორსართულიანი შენობაა თელავის განაპირას, ორი სადარბაზოთი, სულ რამდენიმე ოჯახით და ხეებით სავსე მოზრდილი ეზოთი. ახლომახლო არცერთი სხვა ნაგებობა არ დგას. ერთ მხარეს გზა ჩამოუდის, სამი მხრიდან კი ტრიალი მინდვრები აკრავს, რომელთა ნაწილიც ბაღ-ბოსტნებად გვაქვს გამოყენებული მეზობლებს.  ნინო და ვანიკო ფანჯრიდან მხედავენ და ისინიც გამოდიან. ნინო და ვანიკო და-ძმანი არიან, ერთ სადარბაზოში ვცხოვრობთ, მე მეორე სართულზე, ისინი - პირველზე. ვფიქრობთ რა გავაკეთოთ. საუბარი არ გამომდის, არც თამაში, კისერი მუდმივად გზისკენ მაქვს მიღრეცილი. ორი საათი გახდა. ამაოდ მეძახის მერი ფანჯრიდან ხან მკაცრად და ხან მუდარით, ამოდი, საქმე მაქვსო. ვიცი რა საქმეც აქვს. სადილობის დრო მოვიდა და მაგაზე მეძახის, რატომღაც სირცხვილად ითვლება გადმომძახოს - ამოდი, ჭამეო. მერი ჩემი უფროსი დაა  და თავის პირდაპირ მოვალეობად მიიჩნევს ჩემზე მზრუნველობას როცა მარტოები ვართ, მაგრამ ახლა ვერაფრით მოვცილდები ეზოს. სამი საათია. მეორე სკამზე ვინაცვლებთ - ჭადრის ქვეშ, ეს უფრო ახლოა გზასთან. ნინომ და ვანიკომ რა თქმა უნდა იციან ჩემი სამზადისის ამბავი და ისინიც მოუთმენლად ელოდებიან დედაჩემს. მოსაღამოვდა. ავტობუსმა ჩაიარა. წესით ამას უნდა მოყოლოდა დედა. გამოჩნდა. ჩამოუხვია. მოდის თავისებურად, აჩქარებული ნაბიჯით, სურსათის ჩანთით ხელში. შორიდან სახეზე ვერაფერს ვატყობ. სამივე ერთად გავრბივართ დედისკენ, - აბა რომელი მივასწრებთ! - და სამივე სუნთქვაშეკრული ველოდებით პასუხს ჩემს კითხვაზე:-     რა ქენი?-     ავიღე, - ნაბიჯის შეუნელებლად მპასუხობს. სამივე ყიჟინით ვხვდებით ამ ამბავს. ნინოს და ვანიკოს ცხადია ეძნელებათ ჩემი წასვლა, მაგრამ იციან, რომ ძალიან მიხარია და იმათაც უხარიათ, მე რომ მიხარია.   ახლა უკვე პრაქტიკულ სამზადისზე გადავდივართ - კარადიდან ვიღებთ მოზრდილ სამგზავრო ჩანთებს. შინდისფერი ჩემია, თაფლისფერი - მერისი. არ ვიცით რომელ დღეს დაგეგმავენ მშობლები წასვლას, მაგრამ ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია საშვი გვაქვს და უკვე ძალიან მალე წავალთ. ერთი სული გვაქვს ჩანთების ჩალაგებას როდის დავიწყებთ. ვალაგებთ ძირითადად შემოდგომა-ზამთრის ტანსაცმელს, მთელი ზაფხული მთაში, ალპურ ზონაში ვიქნებით და იქ გრილა, ხანდახან ცივა კიდეც. ორიოდე საზაფხულო კაბასაც ვდებთ ყოველი შემთხვევისთვის, - იქნებ მაშინვე ვერ ავდივართ მთაში, იქნებ სოფელში გვიწევს ერთი-ორი დღით დარჩენა, იქნებ კინოშიც წავიდეთ ამასობაში. ტანსაცმელთან ერთად ჩანთაში აუცილებლად ვდებ ამ წლის „მეგობრობის დღიურს“, იქაურ მეგობრებსაც რომ შევავსებინო. კიდევ რამდენიმე რვეული მაქვს გადმოდებული - „საინტერესო ამბები“, „სასაცილო ამბები“, „ბრძნული გამონათქვამები“, „ლექსები“... ოღონდ ამათ დიდ ჩანთაში არ ვდებ. წინ საკმაო გზა გვაქვს და გასართობად მიმაქვს, ოჯახის წევრებს რომ წავუკითხო გზადაგზა. გამგზავრების წინა დღე განსაკუთრებით იწელება და აღარ და აღარ მთავრდება. ბინდდება როგორც იქნა. ბავშვებს ვემშვიდობები და სახლში ავდივარ. თითქმის ყველა სამზადისი მომთავრებულია. მანქანა სავსეა საწვავით. ახალციხემდე არსად დაგვჭირდება ჩასხმა და შესასვლელში რომ ბენზინგასამართი სადგურია ხელმარცხნივ, იქ შევავსებთ. ჩვენი ჩანთები საბარგულშია. იქვეა საჩუქრები და აქაური ნობათი - ძირითადად ხილი. იქ გრილი ჰავააა და ის, რაც ჩვენთან უკვე შემოსულია, იმათთან ჯერ არ დამწიფებულა. საბარგულის მოზრდილ ნაწილს ღვინით სავსე ბოცები იკავებს. ყველა წასვლაზე ასეა და ერთხელ მამას თავის მართლებაც მოუხდა საგზაო ინსპექტორთან, რომელსაც ეგონა რომ ღვინო გასაყიდად მიგვქონდა: -     რა ვქნა, სამი ცოლისძმა მყავს, კახეთიდან მივდივარ სიძეკაცი და თითოს თითო აღარ უნდა ჩავუტანო?! მამა ოდნავ ღელავს როგორც ყოველთვის, როცა დიდ გზაზე მივდივართ. ვღელავთ მე და მერიც, უფრო შესამჩნევად, ვიდრე მამა. მეორე დილის მოლოდინისგან ვღელავთ. ყველაზე მშვიდად დედაა. დედამ ჯერ ვერ მოითავა საქმეები, ჯერ ვერ მოიცალა ასაღელვებლად. წვება მამა და ვწვებით ჩვენც. გვიჭირს დაძინება. სამზარეულოდან დროდადრო ისმის ხან ქვაბის და ხან კოვზის ჩხაკუნი - დედა ხვალინდელ საგზალს ამზადებს. ვერ ვიგებ როდის მეძინება. ..თვალს ვახელ. ჯერ ისევ სიბნელეა. ჩამიჩუმი არ ისმის, თუმცა ვგრძნობ, რომ ჩემს გვერდით საწოლში მერისაც ღვიძავს. დრო ნელა გადის. არცერთს არ გვძინავს, მაგრამ არ ვინძრევით (გვგონია, რომ არ ვინძრევით), რომ შემთხვევით საწოლის ჭრიალზე მამას არ გაეღვიძოს მეორე ოთახში. მამას ფხიზელი ძილი აქვს, და ერთხელ ჩაძინებულს თუ გამოეღვიძა, ვეღარ იძინებს. არადა, წინ დიდი გზაა და გამოძინებულმა უნდა მართოს მანქანა. დედა დაწოლილა და ჯანსაღად სძინავს. კიდევ ცოტა ხანი გავიდა. ან იქნებ ბევრი. ვერ ვგრძნობ დროის მდინარებას, გაჩერდა თითქოს. გათენებასაც აღარ დაადგა საშველი. არ ვიცი რანაირად, მაგრამ მამა ხვდება, რომ არ გვძინავს. გვერდს იცვლის და ცოტა ხანში გამოგვძახებს:-     აბა თუ ყველას გვღვიძავს, ავდგეთ. რაღას ველოდოთ! შვებით ამოსუნთქვა და ადგომა ერთია. იქვე სკამზე კოხტადაა გადაკიდებული ჩვენი სამგზავრო ტანსაცმელი (არცერთი სასკოლო დილა არ მახსენდება ასე მოწესრიგებულად და მონდომებით რომ მქონოდა გამზადებული სკოლის ფორმა). ვაღვიძებთ დედასაც. ათ წუთში ყველანი მზად ვართ. სახლიდან წასაღები მარტო ხელჩანთები და საგზლის ჩანთაა, სხვა ყველაფერი მანქანაშია. არ გვშია (რა დროს ესაა!), მაგრამ დედა გვაძალებს ჩაი მაინც დავლიოთ:-     ვინ იცის როდის მოგვიწევს ჭამა და მოგშივდებათ! ვიცით, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია მივირთვათ საჭმელი, როცა კი მოგვშივდება, მაგრამ ბორჯომის გასასვლელთან ერთი ადგილი გვაქვს შეგულებული, პატარა ლამაზი მდელო ნაძვებით, იქ გვიყვარს ხოლმე შესვენება და იქ მისვლამდე არცერთს არ გაგვახსენდება ჭამა. ვსხდებით მანქანაში, მე - მამის და მერი - დედის უკან. ასე გადავნაწილდით თავიდანვე, როცა მანქანა შევიძინეთ. მიყვარს ჩემი ადგილი. უკანა ხედვის სარკეში საკუთარ თავს ვუყურებ და გზადაგზა ვაკვირდები, ვეპრანჭები, მიმიკებს ვიცვლი, წარბებს ვათამაშებ. მამა მანქანას ქოქავს, ცოტა ხანს იცდის და ძრავს. -     აბა ჩემო ღმერთო, შენ გადმოგვხედე, - ამბობს დედა და ფრთხილად გავდივართ ეზოდან.  „გომბორზე მოგვისწრო მზის ამოსვლამ. ისეთი ლამაზი იყო ცა, რომ მინდოდა გავჩერებულიყავით და დიდხანს, ძალიან დიდხანს მეყურებინა მისთვის. როცა ვალეში მივდივართ, ყოველთვის მზის ამოსვლამდე გავდივართ სახლიდან და ყოველთვის გომბორზე ვხვდებით მზეს. მარტო ამისთვის ღირს დილაუთენია ადგომა. და ძალიან მწყდება ხოლმე გული, თუ ღრუბლიანი დილა გათენდა და მზის ამოსვლა ასეთი მიმზიდველი აღარ არის...“ /დღიურიდან/   თბილისში შემოვდივართ. ადრიანი დილაა. ჯერ ქუჩები არ ახმაურებულა ხალხით და ტრანსპორტით, აქა-იქ თუ ჩანან გამვლელები. ჩვენს წინ ტაატით მიდის მოზრდილი მანქანა და ქუჩას რწყავს. სანაპიროს მივუყვებით, მალე თბილისსაც უკან ვიტოვებთ და მამასაც დაძაბულობა ცოტა ეხსნება - არ უყვარს შუქნიშნები და მანქანების სიმრავლე. გავდივართ გორის გზაზე და მამა აუცილებლად გაიხსენებს: „ახალთახალ შარაზე მიჰქრის ავტომობილი - ჩემი გადარეული და კეთილი ძმობილი..“ პირველად არც კი დავიჯერე როცა გავიგე, რომ ეს გალაკტიონმა დაწერა. გალაკტიონი ჩემთვის „იისფერი თოვლი“, „შორეული ცის სილაჟვარდე“, შემოდგომის ველურ ჰანგში მოფარფატე ფოთოლი იყო და ვერაფრით დავაკავშირე ავტომობილთან და შარაგზასთან. ხაშურს ვუახლოვდებით და მახსენდება ბიძაჩემის ნათქვამი - ყველაზე ძალიან ხაშურის სახლები მომწონსო. ვაკვირდები სახლებს და მგონი მეც მომწონს. ბორჯომის გასასვლელთან ვჩერდებით - აბა ცოტა წავიხემსოთ და მუხლი გავშალოთო, - მამა ამბობს - და ლამაზ, მყუდრო ადგილას, ნაძვების ჩრდილში ვშლით სუფრას. მუხლი გავშალეთ. დავნაყრდით. გზას ვაგრძელებთ. აქედან მოყოლებული ლაპარაკის სადავეს დედა იღებს ხელში და აღარ ჩერდება, მოგონებას მოგონება მოსდევს და ჩვენც უსიტყვოდ ვისმენთ უკვე ბევრჯერ მოსმენილ ამბებს. მტკვარს მივუყვებით და მალე აწყურს ვუახლოვდებით. ახალგაზრდა ჯარისკაცი გვაჩერებს, სამხედრო სალამს გვაძლევს და საბუთებს გვთხოვს. ჩვენც ვესალმებით, დედა ტკბილად უღიმის და ლამის ოჯახით მოიკითხოს. ეცოდება: -     ცოდოა, მთელი დღე ამ სიცხეში დგას! მშობლები საშვს და პასპორტებს, მე და მერი კი მოსწავლის ბილეთებს ვუწვდით. ჯარისკაცი სათითაოდ ფურცლავს და ასევე სათითაოდ გვაკვირდება სახეზე. მერე საბუთებს გვიბრუნებს, სალონს ერთხელ კიდევ ყურადღებით მოათვალიერებს და მამას საბარგულის გახსნას სთხოვს. ბოლოს და ბოლოს მთავრდება შემოწმების პროცედურა, ხელს ისევ გვიწევს, გვემშვიდობება და წასვლის ნებას გვრთავს:-        შეგიძლიათ წახვიდეთ!   მალე რკინიგზის ლიანდაგს გადავკვეთთ და ახალციხეში შევდივართ. ავტობუსების სადგურთან გავლისას გაფაციცებით ვათვალიერებ მომლოდინე ხალხს - აქ უკვე შეიძლება ვინმე ნაცნობს მოვკრა თვალი. გავცდით ახალციხესაც. გზა აღმართს მიუყვება. ვალემდე ერთი, სომხებით დასახლებული სოფელი გვაქვს გასავლელი. გზისპირა მაღაზიასთან დედა აუცილებლად გააჩერებინებს მამას მანქანას, მაღაზიაში შევა, ერთ-ორ სიტყვას ეტყვის სომეხ გამყიდველს, საყველპურო სომხურსაც გაიხსენებს და გამყიდველიც გადმოულაგებს დახლზემოთ თუ დახლქვემოთ შემალულ დეფიციტურ საქონელს. საწყობშიც შეიყვანს და იქაც აარჩევინებს რამეს. ვაგრძელებთ გზას და ათიოდე წუთში უკვე ვხედავთ ძველებურ სამ-ოთხსართულიან კორპუსებს და გზის ერთი მხრიდან მეორემდე გადაჭიმულ წარწერას „ვალე“. ნაშუადღევია. ვფიქრობთ რომელ ბიძასთან მივიდეთ. შეიძლება არც არავინ დაგვიხვდეს სახლში, მაგრამ მაგას არ ვდარდობთ, აქ კარს არ კეტავენ, უბრალოდ ხურავენ. მოედანზე მარცხნივ ვუხვევთ და გრუნტის გზაზე გადავდივართ. მამას ფრთხილად მიყავს მანქანა. გზადაგზა შემხვედრებს ვესალმებით, ისინიც თავს გვიქნევენ და თვალს გვაყოლებენ. ზოგი ვერ გვცნობს (ჩვენ თვითონ მგონი ვერავის ვცნობთ), ზოგი ხვდება ვისთან მივდივართ.-     ჩამოუვიდნენ თამარას! - უკვე შორს არიან, მაგრამ ყური მაინც იჭერს ნათქვამს. ერთი მოსახვევიც და... მოვედით! â â â   გათენდა მომდევნო დღე და ვეძებთ მთაში წამსვლელ მანქანას. მართალია სულ თორმეტიოდე კილომეტრია იქამდე, მაგრამ მსუბუქი მანქანით ვერ ავალთ, გზა არ ვარგა. სატვირთოს უნდა გავყვეთ. ბიძები აქეთ-იქით რეკავენ და კითხულობენ. თუ გაგვიმართლა, მანქანა ზედ სახლთან გამოგვივლის, თუ არა - გავალთ მთისკენ მიმავალ გზაზე და იქ დაველოდებით. ერთხელ, მთელი დღის ამაო ლოდინის მერე ფეხით წავედით მომდევნო დილას. ბარგი პაპამ თავის სახედარს აკიდა და უთენია გაუდგა გზას. ჩვენ კი ორი-სამი საათის მერე დავიძარით და ნელ-ნელა შევუყევით აღმართებს. სოფლიდან ორიოდე კილომეტრში ფერმაა. ფერმასთან მოსახვევში - ალვის ხეები. ფერმას გაცდები თუ არა, მკვეთრი აღმართია. ყოველთვის, როცა ამ აღმართს ავივლი, ვგრძნობ უცებ როგორ იცვლება ჰაერი და როგორ მევსება ფილტვები კამკამა ნაკადით. მთაში საზაფხულო იალაღებია, იქვე - პატარა დასახლება - რამდენიმე რიგად ჩამწკრივებული მიწური ქოხები, საზაფხულო სადგომები. სახელიც კი არ აქვს, უბრალოდ „ვალის მთას“ ეძახიან. იწყება ივნისი და ცხრა თვით გამოკეტილი ქოხებიც თანდათან ცოცხლდება, ნელ-ნელა ამოდიან მოიალაღეები, - ძირითადად ბებიები და შვილიშვილები, - და ამოყავთ საქონელი. ივნისის ბოლოსთვის ყველა ამომსვლელი ამოსულია, მენახირეებიც შერჩეულია. დილით დაივლიან მთელ დასახლებას, შეაგროვებენ ძროხებს და ერთად მიერეკებიან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული საძოვრებისკენ. საღამოს, მოწველის შემდეგ, ისევ ერთად შერეკავენ ფერდობზე შემოღობილ ფარეხში. დასახლების აქეთ-იქით გორებს გადასახედებს ვეძახით. ერთი გადასახედი თურქეთის მხარესაა მიქცეული, რამდენიმე თურქული სოფელი ისე გარკვევით ჩანს, რომ გზაზე მიმავალ მანქანასაც კი ვხედავთ ხოლმე და ხანდახან მოლას ხმაც გვესმის. მეორე გადასახედი სამცხის ქვაბულს გადაყურებს და სწორედ აქ ამოდის სოფელთან დამაკავშირებელი გზა. ამ გზას მიუყვება ღმუილით ჩვენი მანქანაც. ავდივართ გადასახედზე. ნელ-ნელა ჩნდება ქოხები. თვალით ვეძებ ჩვენსას. ქოხის წინ უკვე ვხედავ ბებიაჩემს, ხელმოჩრდილული რომ გამოყურებს მანქანას. ბებო ყოველდღე გველოდება და ყველა ამომსვლელ მანქანაზე გვეძებს. ვუახლოვდებით. უკვე გვხედავს და უკვე ვხედავთ ჩვენც მის გაბადრულ სახესა და აცრემლებულ თვალებს. ბებო გულში გვიკრავს და ბარგის დაბინავებაში გვეხმარება. მე ჩემს პატარა ბიძაშვილებს ვიხუტებ და ვეფერები. ათი წუთიც არაა გასული და ბებოს მოსახელე თამრიკო უკვე წვრილ-წვრილად მიყვება რა მოხდა სოფელში ჩემი არყოფნისას, ვის ვინ შეუყვარდა, ვინ ვის დაშორდა, ვინ ვის ეჩხუბა, ვინ რა ჰკითხა ჩემზე და ვის რა პასუხი დაუბრუნა. სალაპარაკო ბევრი გვაქვს, მერე რა, რომ ჩემზე პატარაა! მშობლები ერთი-ორი დღე რჩებიან და უკვე წასასვლელად ემზადებიან. ბებო, როგორც ყოველთვის ამ დროს, უკმაყოფილოა და ბუზღუნებს, რომ სულ გაქცევაზე არიან. საღამო ხანს სოფელში წამსვლელ მანქანასაც ნახულობენ და გვემშვიდობებიან. და ბოლოს და ბოლოს, იწყება ჩემი ზაფხული!   â â â   გულაღმა ვწევარ. რომელიღაც მწერების ჩუმი ზუზუნი ისმის მხოლოდ. სუსტი ნიავია და დროდადრო ჩემკენ იხრებიან ბალახის წვრილი ღეროები და მინდვრის ყვავილები. გვირილები და ღიღილოებია განსაკუთრებით ბევრი, და კიდევ იისფერი ყვავილი, რომლის სახელიც არ ვიცი. გვერდით მანანა მიზის და ყვავილებისგან გვირგვინს წნავს. მანანა ჩემი აქაური მეგობარია, ჩემი თანატოლი, იმ დროიდან ვიცნობ, რა დროიდანაც საკუთარი თავი მახსოვს. მთაში მეზობლად ვცხოვრობთ და მთელ ზაფხულს ერთად ვატარებთ, დანარჩენ დროს კი წერილებით ვეხმიანებით ერთმანეთს. წერილებს სხვა ბავშვებიც მწერენ, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მანანას წერილების მიღება მიყვარს, დეტალურად მიყვება ყველაფერს - სრულიად უმნიშვნელოსაც და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანსაც; გვერდები თავიდან ბოლომდეა შევსებული და კუთხეებში ძლივს მოძებნილ ადგილებში აქვს მიწერილი P.S. და P.P.S. სათქმელი. ერთმანეთთან ლაპარაკით არ ვიღლებით, თუმცა ახლა შუადღის მზით მოთენთილები ჩუმად ვართ და ჩვენ ჩვენებურად ვერთობით - მანანა ყვავილების და მე კი ფთილა ღრუბლების თვალიერებით. ივლისის ლურჯი ცა გვადგას თავზე და არაფერზე არ მინდა ფიქრი.   „ცისფერი ვარდისფერში გადადის, ვარდისფერი - ნარინჯისფერში. მზე უხვად მოსავს დიდებული შარავანდედით ნებიერად გაწოლილ ღრუბელს. ღრუბელი ნელა დგება და ტაატით მიცურავს ოქროსფერ სივრცეში. უეცრად მაღლა აიზიდება და ყინულის ციხე-კოშკივით წამოადგება თავზე მზეს. მერე სიცივე სადღაც უქრება, ვარდისფრით იფარება, დინჯად ეშვება ძირს და ღვთაებრივ ქალწულს ემსგავსება. ქალწული სითბოთი და სინათლით ივსება და დიდებული ღიმილით გადმომყურებს... ...მერე ნელ-ნელა მუქდება, მუქდება და საღამოს ბინდში იკარგება. მის ბაგეთაგან გადმოფრქვეული ღიმილი კი ურიცხვ ვარსვლავად ეფინება უსაზღვრო სივრცეს... ...ასეთი რამ მხოლოდ მთაში შეიძლება მოხდეს!“ /დღიურიდან/ â â â   დღეები დღეებს მიყვება. ერთი კვირაც არაა გასული, ბებო გვიყურებს და სიამოვნების განცდით გვეუბნება:-     აი უკვე ამოგებურცათ და დაგებრაწათ ლოყები! ბებო ყოველ ჩასვლაზე გვეუბნება, რომ დავსუსტებულვართ, თვალები ამოგვღამებია ამდენი კითხვით, რომ ფერი არ გვივარგა და ლოყები ჩაცვენილი გვაქვს, და ჩვენს „მოფერიანებას“ იწყებს. მთაში უმეტესად კარგი ამინდია და ცოტა ხანში მართლაც ვიბრაწებით და ვირუჯებით, ხანდახან კანიც გვექერცლება სახეზე და ტუჩებიც გვეშაშრება, მაგრამ ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ, აქ ბავშვების უმეტესობა ასეა. არც უდენობა გვაწუხებს და არც უტელევიზორობა. დღისით აქეთ-იქით დავეხეტებით - შეიძლება ტყეში წავიდეთ მარწყვზე და ნაძვის კევზე, შეიძლება სიპიალასკენ გადავიდეთ ჟოლოს დასაკრეფად, ან აქვე ახლოს, ლიშხებში მოცვზე, ან სულაც ყვირილა კლდესთან ფილტვების დახეთქვამდე ვიყვიროთ ექოს მოლოდინში. წასასვლელი და სანახავი ბევრია. მოსაღამოებულზე კი, როცა იქაური ბავშვები საქმეს მოილევენ, ერთად ვიკრიბებით და იმ თამაშებს ვიწყებთ, შებინდებას რომ უხდება - „ამის პატრონმა რა ქნას“, „ოქროს ხიდი“, „გაფუჭებული ტელეფონი“.. ან უბრალოდ ვსხედვართ და ვლაპარაკობთ ათას რამეზე. ახლა უფრო ბევრნი ვართ, ვიდრე დღისით. საღამოს წასასვლელი არსად გვაქვს, ან სახლში უნდა ვიყოთ, ან ასე - ერთად შეკრებილ ბავშვებთან. ბებო რამდენჯერმე გამოგვძახებს მე და მერის. ჩვენ ხან გავეპასუხებით და ვპირდებით, რომ მალე მივალთ, ხან უბრალოდ ყურს ვიყრუებთ. ბოლოს და ბოლოს, ლოდინით გაბეზრებული ბებო დიდი სახრით წამოგვადგება თავზე და სახლისკენ გამოგვრეკავს, თან გზადაგზა გვემუქრება: -     ერთი მშვიდობით ჩავაბარო მამათქვენს თქვენი თავები და გაისად მთის ღრუბელს ვეღარ ნახავთ! მივბუნძულებთ უსიტყვოდ. ბებო აგრძელებს: -     წესიერი ქალი მზის ჩასვლის მერე სახლიდან აღარ უნდა გადიოდეს! ბებოს მუქარის არ მეფიქრება, ბევრჯერ მაქვს მოსმენილი წელსაც, შარშანაც, იმის წინაც, მაგრამ გულში პატარა შიში მაინც მოიპარება, ვაითუ გაისად მართლა აღარ მოგვიშვას! და მომდევნო ერთი-ორი დღე წესიერად ვიქცევით - მზის ჩასვლის მერე სახლიდან აღარ გავდივართ. მერე ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. ...ბიძაშვილები უკვე წვანან და თითქმის სძინავთ. ჩვენ სახელდახელოდ ავიტეხავთ ორიოდე ლუკმას და ლოგინებში ვძვრებით. ბებო ნავთის ლამფას დაბლა უწევს, წვება და ჩუმი ხმით იწყებს: „დავწვები, დამეძინება, პირჯვარი დამეწერება, ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი თავქვეშ დამესვენება..“ ბოლომდე ვეღარ მივყვები. უკვე ღრმა ძილით მძინავს.   დილით სეფერატორის[2] ზუზუნი და ბებოს ბუტბუტი მაღვიძებს. ბებო ქაფქაფა რძეს აპარატში ასხამს, სახელურს ატრიალებს და თან ლოცულობს. ჯერ ისევ ბურანში ვარ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ აღწევს ჩემამდე სიტყვები: „უფალო“, „მიმადლებულო მარიამ“, „სახელითა მამისათა..“ ბებო მორწმუნე კათოლიკეა ისე, როგორც აქაური მოსახლეობის დიდი ნაწილი. საბჭოთა პროპაგანდამ ვერ შეაცვლევინა აზრი რელიგიასთან დაკავშირებით. მთის ქოხში, დედაბოძზე ჰკიდია ღვთისმშობლის ხატი ყრმა იესოსთან ერთად. ხატის ჩარჩოზე სამიოდე ღერი ბზა აქვს მიმაგრებული, იქვეა ჩამოკიდებული ჯვარცმა. ასეა თითქმის ყველასთან. მორწმუნე არ ვარ, ჯერ ხეირიანადაც ვერ ვერკვევი რელიგიაში, მაგრამ რაღაცნაირი კრძალვით ვუყურებ ხატს. ხანდახან ბებო გვიყვება ამბებს იესოს ცხოვრებიდან, ხანდახან ნებას გვრთავს დავათვალიეროთ ძველისძველი, პატარა ფორმატის, მაგრამ სქელტანიანი „პარტეზის“[3] ილუსტრაციები, ხანდახან აქეთ გვთხოვს, რომ ამ წიგნის დაშლილ-დაფურცლული და არეული გვერდები დავალაგოთ. კვირა დღეს აქაურები საქსოვ-საკერავს თითს არ ადებენ და სარეცხის გარეცხვასაც ერიდებიან. უბნის ქალები ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებიან, ერთ-ერთი გამოაბრძანებს ხატს, სხდებიან წრიულად და გაბმით, ერთ ხმაში გალობით ლოცულობენ. ... ნელ-ნელა ვფხიზლდები.  მალე დანარჩენებიც იწყებენ გაღვიძებას და ქოხიც თანდათან ივსება დილის ხმებით. ვდგებით. ვწესრიგდებით. უფროსები პატარებს ვეხმარებით ჩაცმასა და ხელ-პირის დაბანაში. მერე ლოგინებს ავახვევთ, კუთხეში მივაწყობთ და ერთმანეთზე ვალაგებთ. ამასობაში ბებოც ამთავრებს მოწველილი რძის დაბინავებას და საუზმის თადარიგს იჭერს. ვცდილობთ მალე მოვამთავროთ საუზმე. უცებვე ავალაგებთ, ჭურჭელს გავრეცხავთ, ქოხს გამოვგვით და ეგაა, ჩვენი საოჯახო საქმე მომთავრებულია და ზაფხულის კაშკაშა დღე ჩვენია! შაბათ-კვირას უფრო ადრე ვდგებით და უფრო ადრე ვსაუზმობთ. შაბათი და კვირა სოფლიდან მანქანების ამოსვლის დღეებია. დანარჩენ დროს იშვიათად თუ ამოვა მანქანა, კვირის დღეებში სოფელში დარჩენილებს არ სცალიათ მთისთვის. შაბათ-კვირას კი სოფლიდან ამოაქვთ ხილი, ბოსტნეული, ფქვილი, საპონი და სხვა ყველაფერი, რაც წინა ამოსვლაზე აქაურებმა დააბარეს. მთაში მაღაზია არ არის, არც ბაღჩა-ბოსტანი, ამიტომ სოფლიდან ვიღებთ ყველაფერს, რაც გვჭირდება. ბიძა-ბიცოლებს ველოდებით. ხან ყველა ერთად ამოდის, ხან რომელიმე. ბებოც სამზადისშია, აპოხტის[4] ხინკლისთვის წყალს დგამს ბუხარში დიდი ქვაბით. შაბათ-კვირას უბნის ბავშვები ნაკლებად ვიცლით ერთმანეთისთვის. შაბათი-კვირა საოჯახო დღეებია, დროებით დაშორებული ოჯახის წევრების მოკითხვის, შვილების და მშობლების შეხვედრების, პატარ-პატარა ოჯახური ექსკურსიების დღეები. ამ დროს დასახლება ჩვეულებრივზე მეტადაა ახმაურებული. აგვისტო დგება და სულ მალე თიბვის სეზონი იწყება. კოლმეურნეობის ბრიგადები შეუდგებიან თიბვას და მაშინ უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება კვირის დღეს - ყოველ დილით ამოვლენ კოლმეურნეებით სავსე მანქანები გადასახედზე და დასახლებაში ჩამოუხვევლად სათიბებისკენ მიმავალ გზას გაუყვებიან, საღამოს კი უკან ჩამოივლიან. ჩვენც ყოველ დილით გავრბივართ გადასახედზე და იქ ვხვდებით, საღამოს კიდევ ერთხელ გადავდივართ და სოფლისკენ ვაცილებთ. ახლა ეს გადასახედი უფრო აქტუალური გახდა, ვიდრე მეორე, რომელზეც ჩვეულებრივ უფრო ხშირად მივდიოდით ხოლმე. ვსხედვართ ბალახზე და სულგანაბულები ვუსმენთ როდის გავიგონებთ მანქანის ხმას. მანქანის გამოჩენას წინ ზუზუნი უსწრებს, ჯერ ხმა გვესმის და მალევე მოსახვევიდან თავს ყოფს პირველი მანქანა. ჯერ შორს არის, ჯერ ძარაში მსხდომებს ვერ ვარჩევთ, მაგრამ უკვე მიდის კამათი იმაზე, რომელი ბრიგადის მანქანაა დაწინაურებული. მე არავის ველოდები, ამ ბრიგადებში არავინ მუშაობს ჩემიანი, და ცოტა მეხარბება კიდეც ჩემი მეგობრების - თავიანთებს რომ ელოდებიან. მეც მინდა ვინმე მყავდეს, ვისაც ასე ყოველ დილით დაველოდები და ყოველ საღამოს გავაცილებ. და მახსენდება პაპაჩემის მეზობელი სოსიკო ძია მესამე ბრიგადიდან. გულში გადავწყვეტ, რომ ეს ბრიგადა „ჩვენია“, და მეც უკვე თავისუფლად და მთელი მონდომებით ვერთვები დავა-კამათში, მეც გავყვირი ბოლო ხმაზე, რომ აი, ამ წუთას გამოჩენილ მანქანაზე ნამდვილად ჩ ვ ე ნ ი ბრიგადაა და ამ მანქანას განსაკუთრებული აღტაცებით ვხვდები. სწორედ სოსიკო ძიამ გადმომძახა ერთ-ერთ ასეთ დილას აგვისტოს მიწურულს - უკანა მანქანით შენი დედ-მამა მოდისო. ზუსტად არ მახსოვს როგორ ამოყირავდა ყველაფერი ერთ წამში. მე, რომელსაც მთელი ზაფხული არ მომიკითხავს მშობლები და მაინცდამაინც ბევრი არ მიფიქრია მათზე, ახლა უცებ წარმოუდგენელი მონატრებით მენატრებიან ისინი. ისეთი მონატრებით, რომ ძალიან მიჭირს იმ რამდენიმე წუთის გადატანა, უკან მომავალ მანქანას რომ სჭირდება გადასახედზე ამოსასვლელად. უკვე ვხედავ იმ მანქანაზე დედას და მამას, და გიჟივით დავრბივარ. ჩემშიც დაგროვილა ყველა ის მონატრება, რასაც იქაური ბავშვები ყოველკვირა იკმაყოფილებდნენ მშობლებთან შეხვედრისას და ახლა ყველაფერმა ერთიანად ამოხეთქა. ახლა უკვე სახლიც ძალიან მენატრება და ისე აღარ მიჭირს აქედან წასვლა, როგორც თუნდაც ათი წუთის წინ. მანქანას კარგად გაჩერებას არც ვაცდი, ძარაზე მივძვრები და მშობლებს ვეხუტები. მერე ყველა ერთად ფეხით მივდივართ ჩვენს ქოხამდე და ჩანთებს მივათრევთ. ბებოსთვის უკვე უხარებია ვიღაცას შვილისა და სიძის ჩამოსვლა; სახინკლე ქვაბი უკვე შემოუდგამს და ფურნის თადარიგიც დაუჭერია. ყველანი აღტკინებულები ვართ. მე და მერი ერთმანეთს არ ვაცლით ლაპარაკს და ელვის სისწრაფით გადავდივართ ერთი ამბის მოყოლიდან მეორეზე. გული ყელში მებჯინება და არნახული ძალის ემოციებისგან ვივსები და ვიცლები კიდეც ერთდროულად. არაქათი მაქვს გამოცლილი და არსად წასვლის და თამაშის სურვილი აღარ მაქვს. აქ მინდა ვიყო, დედასთან და მამასთან. ბავშვები შორიახლო ტრიალებენ, ჩემი მშობლების ერიდებათ და ისე თამამად ვეღარ არიან ჩემთან. ვეძახი და მშობლებს ვაცნობ. დედა სათითაოდ ეკითხება ვისები არიან. განსაკუთრებით თბილად ლიას მოიკითხავს. დედაჩემი და ლიას დედა, მარიკა დეიდა კლასელები და ბავშვობის მეგობრები არიან. ორივემ წარჩინებით დაამთავრა სკოლა, ერთად ცხოვრობდნენ თბილისში სტუდენტობისას და ახლა ორივე ქიმიის მასწავლებელია, ერთი ვალეში და მეორე თელავში. აქვე დედა აუცილებლად მოაყოლებს, რომ ის და მარიკა პირველი გოგონები იყვნენ სოფელში, ვიც მშობლებმა თბილისში გაუშვეს სასწავლებლად. მეორე ან მესამე დღეს უკვე მზად ვართ წასასვლელად. ბებო ყველის მოზრდილ თავებს და ქილებით ერბო-ნაღებს გვილაგებს ჩანთებში და ისევ ბუზღუნებს, რომ შვილთან ყოფნით გული ვერ იჯერა. გადავდივართ გადასახედზე და ველოდებით სათიბებიდან მომავალ მანქანებს. ბებო და ბიძაშვილები გვაცილებენ. მაცილებენ მეგობრებიც. ისინიც სულ მალე დაიძვრებიან სოფლისკენ. მანანას ვპირდები, რომ ჩასვლისთანავე მივწერ წერილს. ისიც მპირდება, რომ თვითონაც მალევე მომწერს: „როგორ იმგზავრე მთიდან ვალეში? ხოლო შემდეგ ვალედან თელავში? მოინახულე თუ არა შენი ამხანაგები ჩასვლისას? როგორ დაიწყე სწავლა და მიიღე თუ არა რაიმე ნიშანი? მე კი ჯერ არაფერი არ მიმიღია. დანაპირებზე როგორა ხარ? როდის გამოგზავნი სურათს შენი და მარიკასი?“ /2 სექტემბერი/   და სულ დაწვრილებით შემატყობინებს ამბებს   კლასზე: „თქვენს კლასში ხომ არავინ დარჩენილა? ჩვენს კლასში კი სამი ბავშვი დარჩა. ერთი გოგო და ორი ბიჭი. მერამდენე ცვლა ხარ სკოლაში, პირველი თუ მეორე? მე კი პირველი ცვლა ვარ. რამდენი ხუთოსანი ხართ თქვენს კლასში? ჩვენს კლასში კი 2 ხუთოსანია, თამილა და ლია“ . /2 სექტემბერი/  მეგობრებზე:  „ციცინოს გადავეცი შენი დანაბარები და თქვა, რომ სურათთან ერთად მინდა გადავუგზავნო წერილი, ხოლო სურათი კი ჯერ არ გადამიღიაო. 10 ნოემბერს გიას ძმა ჯარში მიდიოდა, მაგრამ ნაკადი შეივსო და უკან დააბრუნეს, ისე რომ ეხლა სახლშია“. /12 ნოემბერი/ ამინდზე: „აქ, ვალეში ნოემბრის დასაწყისში ერთი დღე ციოდა, ერთი დღე თბილოდა. 7 ნოემბერს კარგი ამინდი იყო, ხოლო მის შემდეგ ყოველდღე წვიმს. დღეს (12 ნოემბერს) დილის 11 სთ-ის შემდეგ სულ წვიმს, შუადღისას ჯერ თოვდა, შემდეგ თოვლ-ჭყაპი იყო, და ეხლაც კი ღამის 12 საათია და გადაუღებლივ წვიმს. მეც ამ დროს გწერ წერილს, გაკვეთილების დამზადების შემდეგ. წერილი დღეს მომივიდა და დღესვე პასუხს გიბრუნებ, რადგან სხვა დღეს დრო არ მექნება წერილის დაწერისა, რადგან შენ იცი, ეხლა კომბოსტო მოსაგლეჯი და დასაბინავებელი გვაქვს“. /12 ნოემბერი/ ნაცნობებზე: „გუშინ 11 ნოემბერს იმედას და მოიტაცეს. ვალელია ბიჭი. ნაზი და იმედა დაბლა მდგარან ეზოში, თავიანთი სახლისა. ნაზის უთქვამს, რომ იმედა ადი და შუქი აანთე, თან ღუმელიც დაანთეო. ამ დროს, როცა იმედა კიბეზე ადიოდა, მწვანე ჟიგულის ჩამოუვლია, რომელშიც ეს ბიჭი მჯდარა. ჩამოსულა იმედა და ნაზი აღარ დახვედრია, გაგიჟებული დარბოდა და ყვიროდა: ნაზი მომტაცეს, ნაზი მომტაცეს, მიშველეთო. ისე, რომ სასიხარულო ამბავია. მე მაინც მივულოცავდი იმედას ამ ბედნიერებას, მაგრამ ხმას არ ვცემ.“ /12 ნოემბერი/ უცნობებზეც: „ჩვენთან ეხლა ცუდი ამბავი მოხდა. ახალგაზრდა ბიჭებს მოუხდათ ავარია. ერთი ნოდარი იყო, მალინას (ჩემი კლასელი) მეზობელი დონარა რომ არის, მისი ძმა. ამ გოგოს ტუჩზე ხალი აქვს ისე, როგორც სურათზეა დახატული [დახატულია გოგოს თავი ტუჩზე ხალით]. მეორე ლეილა თუ იცი, მისი ძმა იყო და მესამე კი ლეილას ძმის ჯარის ამხანაგი. ნოდარის ხელი აქვს მაჯაში მოტეხილი, ზურას ტუჩი - გაჭრილი და მესამე არ ვიცით როგორ არის დაზიანებული, მაგრამ ცოცხალია“. /4 ოქტომბერი/ და რა თქმა უნდა, „ჩვენ რომ ვიცით“, იმათზეც: „შენი წერილი ლიას წავაკითხე და იქ რომ გეწერა: „ის არავის არ უთხრა და კიდევ ის ორი. მე მხოლოდ შენ და ჩემს ყველაზე ახლო მეგობარს მარიკას ვუთხარიო“, ამან დააინტერესა და მეხვეწებოდა მითხარიო, მაგრამ მე კი არ მითქვამს. მე ასე ვუთხარი: „ვეტყვი ცირას და თუ ნება დამრთო, ისე გეტყვი, თუ არადა არ გეტყვი-მეთქი“. /4 მარტი/   „X -მა მოკითხვა შემოგითვალა, რას შვრება, როგორ არისო. შენ რომ გამოგაცილე და ვნახეთ, იმის მერე აღარ მინახავს. რამდენიმე დღის წინ ვალეში ყოფილა. Y-ს უნახავს და ამისთვის უთქვამს, რომ მანანას მისამართი მასწავლე ან სახლი მაჩვენე სად ცხოვრობსო და მეორე დღეს Y-მა მითხრა, რომ ასე-ასე არის საქმეო და როგორ მოვიქცეო, ვასწავლო თუ არაო. მე კი ვუთხარი, რომ არ ესწავლებინა. თუ ასწავლიდა სამუდამოდ ხმას არ გავცემდი და თან მშობლები დავაფიცე“. /თარიღის გარეშე/   თავქვე ვეშვებით. მანქანა მიგვახტუნავებს და სოფელიც სულ უფრო და უფრო გვიახლოვდება. ჩავდივართ ფერმის ზემოთ აღმართზე (ახლა უკვე დაღმართზე) და ჰაერიც ერთბაშად თბება. ფერმის მოსახვევთან ალვები ძველებურად შრიალებენ და იმდენად ახლოს ჩავუვლით, რომ ხელით შეხებასაც ვასწრებ. სოფელი სულ ახლოსაა. ათი წუთიც და უკვე სოფლის შარაგზაზე მივრახრახებთ. ბინდდება. აქა-იქ უკვე უნთიათ ნათურები. თითქმის ორი თვე ნავთის ლამფა და ჭრაქი იყო ჩვენთვის სინათლის წყარო და ახლა რაღაც მოუთმენელი სიხარბით და სიამით შევყურებ ელექტრო ნათურებს. ერთ-ერთ ბიძასთან ვბინავდებით და ხვალისთვის ვემზადებით. ხვალ უთენია უნდა დავადგეთ გზას. ბიძა გვეუბნება, რომ იქნებ ერთი-ორი დღე კიდევ მოგვეცადა, დაგვესვენა, მაგრამ:-     დროზე უნდა ჩავიდეთ. ბავშვებიც გასამზადებლები არიან სკოლისთვის! ბიძაჩემი არაფერს ამბობს და უხმოდ ჩადის სარდაფში. დილაუთენია გარეთ გამოსულებს კედელთან ჩამწკრივებული ქილების და ბოთლების ბატალიონი გვხვდება - ყველანაირი ზომის, ყველანაირი ფორმის, - მურაბები, კომპოტები, მწნილები, საწებლები... მამა აპროტესტებს და ხელებს ასავსავებს: -     არა, კაცო, რას ამბობ, ხო არ გაგიჟდით, სად უნდა ჩავდო ესენი, ისედაც დატვირთულია მანქანა! დანარჩენ ორ ბიძას უკვე მოუზიდია თავიანთი სარდაფებიდან და ჩაულაგებიათ საბარგულში. გუშინ მთიდან გამოტანებული ნობათიც ძლივს მოვათავსეთ. -     ფეხებთან ჩაიდგამენ, არა უშავს! - უკან არ იხევს ბიძაჩემი და სათითაოდ გვილაგებს ქილებს მანქანის სალონში. მე და მერი ჩუმად ვბუზღუნებთ, რომ ფეხებს წესიერად ვეღარ გავშლით და რომ არ გვინდა შევწუხდეთ. პაპაჩემი მანქანის ფანჯარასთანაა მომდგარი და ხალათის აკაპიწებული კალთიდან ვაშლებს გვიყრის --     გზაში პირს გაისველებთ! ვიძვრებით და ერთიმეორის მიყოლებით ვტოვებთ ვალეს, ახალციხეს, ბორჯომს.. სხვადასხვა ემოციები განუწყვეტლივ ენაცვლება ერთმანეთს ჩემში - თავისებური ნაღველი ზაფხულის დასრულებისა და სოფელში დარჩენილების გამო, და სახლთან და მეგობრებთან მომავალი შეხვედრების სიხარული. დროდადრო სიმღერასაც შემოვძახებ, მთაში ნასწავლ გულსაკლავ სიმღერას: „..წახვედი და გაიხურე კარები, სხვასაცა აქვს შენისთანა თვალები.. წადი, წადი, გზებიც დამილოცნია, დაივიწყე რაც შენთვის მიკოცნია..“ ცხადია ჩემი სასიმღერო უნარების სხვებთან საჯაროდ დემონსტრირებას არ მოვახდენ. ერთხელ უკვე მქონდა ამის მცდელობა და კრახით დავასრულე: ერთ ზაფხულს, პირველი კლასი რომ დავამთავრე, პიონერთა ბანაკში ვისვენებდით მე და მერი. სხვა სიკეთეებთან ერთად იქ ერთი ქუჩური სიმღერაც ვისწავლე. პირველ სექტემბერს პირველსავე გაკვეთილზე სიმღერის მასწავლებელმა გვკითხა - აბა, ახალი სიმღერა თუ ისწავლეთო. ძალიან მოვიწადინე, რომ მე გავეძახებინე, ერთი სული მქონდა მემღერა და მასწავლებლის შექება დამემსახურებინა. ეს მართლა ახალი სიმღერა იყო, მსგავსი არც კი გამეგონა მანამდე, ჰოდა მეც მთელი მონდომებით დავიწყე: „ბირჟავიკი ბიჭი ვარ, დგომა მიყვარს ბირჟაზე, რა დროს ჩემი „მოსკვიჩია“, „ვოლგა“ მინდა ჯინაზე!   არც დედიკოს ვუჯერებ, არც პროფესორ მამიკოს, ბირჟაზე რომ დავდგები, გავაბოლებ პაპიროსს...“ და ასე კიდევ რამდენიმე კუპლეტი, მაგრამ იმ კუპლეტებამდე საქმე აღარ მისულა, მასწავლებელმა დროულად გამაჩერა და დამსვა. სავარაუდოდ, ამიხსნა მიზეზი, თუმცა კარგა ხანს მაინც არ მესმოდა რა დაუწუნა ამ სიმღერას. ...მაგრამ ახლა მშობლებთან ვარ და მათთან ვიოხებ გულს. მშობლებთან ყველაფერი შეიძლება. მშობლები მოთმინებით ისმენენ ჩემს უნიჭობას და არ მაწყვეტინებენ, თუმცა მერი მათსავით გულმოწყალე არაა და პირდაპირ მახლის:-     რეებს უბერავ, ტვინი წაიღე რა! ... ნაშუადღევია. უკვე ახლოს ვართ თელავთან და მღელვარებაც მატულობს. ეზოში ბავშვები არიან გამოშლილები. შორიდან ვესალმები და ხელს ვუქნევ. ჯერ მათთვის არ მცალია. ჯერ სახლში უნდა ავირბინო, სახლი უნდა ვნახო ჯერ. სახლი უცხოდ მეჩვენება. თითქმის მთელი ზაფხული მიწურ ქოხში ყოფნის მერე უჩვეულოდ მეჩვენება დივანიც, სავარძლებიც, ტელევიზორიც.. სამზარეულოში შევდივარ. ქათქათა სამზარეულო საღამოს მზის სხივებითაა ავსებული. თეთრ მაგიდაზე თასით რამდენიმე ატამი დევს. ატმის სურნელითაა გაჟღენთილი მთელი სამზარეულო, ატმის სურნელია გაპარული დანარჩენ ოთახებშიც და ატმის სურნელი გამახსენებს ყოველთვის შინ დაბრუნების პირველ საღამოს. ეზოში ჩავდივარ.-     სად მიდიხარ! დაჯექი, დაისვენე, დაღლილი ხარ! - მომძახის დედა. ვერ ვიგებ რატომ ვარ დაღლილი, მთელი დღე ვიჯექი. და გზას ვაგრძელებ.ჩავრბივარ.ოცდაცამეტი საფეხური მაქვს ჩასარბენი. მეორე სართულიდან შუა ბაქნამდე და ბაქნიდან პირველ სართულამდე თორმეტ-თორმეტი საფეხურია, ცხრაც - პირველი სართულიდან გასასვლელამდე. ეს საფეხურები იყო ჩვენი ერთ-ერთი შეჯიბრების ადგილი. ჩემი მაქსიმუმი მეშვიდე საფეხურიდან გადახტომა იყო, მეშვიდეს ვერ ავცდი. ვანიკო ყველას გვჯობდა - მეცხრე საფეხურიდან, პირდაპირ პირველი სართულის ბაქნიდან ხტებოდა. ვანიკო გვჯობდა მოაჯირის მეორე მხრიდან კიბეზე ასვლაშიც. მოაჯირს იქით ათიოდე სანტიმეტრზე თუღა გრძელდებოდა საფეხურები. ჩავეჭიდებოდით მოაჯირს და ამ ათიოდე სანტიმეტრის საფეხურებით ავდიოდით გვერდულად. მე და ნინო პირველი სართულის ზემოთ ვერ ვბედავდით ასვლას, ვანიკო უცებ აირბენდა ხოლმე პირველ სართულს და მეორისკენ გააგრძელებდა გზას. მე და ნინო შიშით შევყურებდით და მეორე სართულის შუალედურ ბაქანს რომ აცდებოდა, გულგახეთქილები ვკიოდით და ვეხვეწებოდით - ჩამოდი, მეტი აღარ გინდაო. ვანიკოს ჩაეცინებოდა, მშვიდად მოაჯდებოდა მოაჯირს და ნელ-ნელა ჩამოსრიალდებოდა ქვემოთ. ...ეზოში გავდივარ და ბავშვებს ვუერთდები. ისე ვეგებებით ერთმანეთს, თითქოს სულ ახლახანს დავშორდით და სულ ცოტა ხნის წინ შეწყვეტილ თამაშს ვაგრძელებთ, ჯერ ვერ ვახერხებთ ერთმანეთს რამე ვუთხრათ ერთად არ-გატარებულ დღეებზე, ველოდებით როდის „ჩამოვარდება სიტყვა“, რომ ზაფხულის ამბები მოვყვეთ. გვიხარია ერთმანეთის ნახვა. ისინი მსუბუქად დამცინიან ჩემს მესხურ კილოზე და მეც ცოტა უცხოდ მეჩვენება მათი თელავური აქცენტი. ორიოდე დღეში ყველაფერი მწყობრში ჩადგება და მეც ისევ თელავურად მოვუქცევ. უკვე დაღამდა. გატკიცინებულ თეთრეულში ვწევარ და ვუსმენ ღამეულ ხმებს - ბაყაყების ყიყინს შორიახლო არხიდან და ჭრიჭინების ჭრიჭინს სადღაც უფრო ახლოდან. ღია ფანჯრიდან აგვისტოს ღამე შემოდის და თბილი ნეტარებით ვივსები.. დაღლილობა თავისას შვრება, თვალები მელულება. ხვალ დილითვე მარიკასთან წავალ. სწავლის დაწყებამდე ორი დღეა დარჩენილი და ვიცი, უკვე ჩამოსული იქნება. მარიკასთან არ მჭირდება შესავლები და „როცა სიტყვა მოიტანს“, მარიკასთან პირდაპირ საქმეზე გადავალ და ამბების მოყოლას იმ დღიდან დავიწყებ, როცა თელავიდან გავემგზავრეთ. თავის მხრივ მარიკაც მომიყვება რა საინტერესო იყო ზაფხული ესენტუკში, როგორ დაუკრა ორღანზე ბიჭვინთის ტაძარში, დაბრუნებისას სახლში შემოსული როგორ მიუჯდა მაშინვე პიანინოს და მთელი საღამო როგორ უკრავდა მონატრებულ მელოდიებს. ჩვენ ორივეს ჩვენ-ჩვენი ზაფხული გვქონდა, ჩვენ-ჩვენი მონაყოლით ვავსებთ ერთმანეთის ზაფხულებს და ერთ მთლიან სურათს ვხატავთ. მომდევნო დილას მე და მერი სკოლაში მივდივართ ახალი სახელმძღვანელოებისთვის, მერე კი თითქმის ნახევარ დღეს ვანდომებთ წიგნების ყდებზე პერგამენტის ქაღალდის გადაკვრას. სულ ცოტა ხანში ეს გადასაკრავები კუთხეებში გამოიხევა, ქვედა მხარე მერხზე ხახუნისგან გაშავდება, ზედა მხარე კი ნახატებით, ნაწერებით და ნაჩხაპნებით ისე აივსება, რომ ბოლოს და ბოლოს შემრცხვება და საერთოდ გადავაძრობ, ახლის გაკეთება კი დამეზარება და წლის ბოლომდე წიგნები გვარიანად შეილახება. მანამდე კი.. მანამდე ახალთახლები და მიმზიდველები აკურატულადაა დალაგებული სამეცადინო მაგიდაზე და სასიამოვნო შესახედავია. ახალი ხომ ყველაფერი კარგია, სახელმძღვანელოც კი. კიდევ ერთი დღეც და უკვე კლასელებს და მასწავლებლებს ვხვდები. ერთმანეთს მონატრებულები ვართ. ყველა გაკვეთილი ტრადიციული „როგორ გაზრდილხართ, გარუჯულხართ“-ით იწყება და „როგორ გავატარე ზაფხულის არდადაგები“-თ გრძელდება. აღტკინება-აღფრთოვანება-მონატრება პირველი კვირის მილევისთანავე ქრება და აი უკვე - პირველი გამოძახება დაფასთან, პირველი ნიშანი, პირველი საკონტროლო, პირველი შენიშვნები და ყველაფერი კალაპოტში დგება - ახალი სასწავლო წელი ძალას იკრებს.2.   რა ჰქვია შენს დას ან ძმას?-        (1) ეკა.-        (2) თამრიკო, გულნაზი, ლამარა, სოსო.-        (3) ძმას გია.-        (4) მალხაზი.-        (5) მამუკა.-        (6) მე არ მყავს არც და და არც ძმა.-        (7) ჩემ ძმას ქვია კოტიკა.-        (8) ძმას ჰქვია ალექსი.-        (9) ცირა.-        (10) ჩემს ძმას ჰქვია დავითი.-        (11) გია.-        (12) ზაზა, გოჩა.-        (13) დები - მაყვალა, ლია, ჟუჟუნა, ნანა, ძმა არა მყავს.-        (14) ძმას ჰქვია თამაზი.-        (15) ვანიკო.-        (16) გელა.-        (17) ზაზა, ბესიკი.-        (18) ნანა, მარინა.-        (19) ირაკლი.-        (20) ია.  -        (21) მერი წელს სტუდენტი გახდა.    ახლა ყოველი კვირის ბოლოს მოუთმენლად ველოდები მის ჩამოსვლას თბილისიდან. წინასწარ არასოდეს ვიცით როდის ჩამოვა, ამიტომ ყოველ შაბათ საღამოს მე და მამა მანქანით მივდივართ რკინიგზის სადგურზე და მატარებელს ვხვდებით. მიყვარს ეს წუთები - მოლოდინის წუთები. მე და მამა მანქანაში ვსხედვართ და მუსიკას ვუსმენთ. შემოდგომის გრილი საღამოა და აქა-იქ მოკიაფე ლამპიონები კიდევ უფრო მეტად ალამაზებს ბინდბუნდის იდილიას. ჯერ სიხალვათეა, ჩვენსავით მომლოდინე რამდენიმე მანქანა ჩანს მხოლოდ. მალე აქაურობა ხალხით აივსება, ჩვენც მანქანიდან გადმოვალთ და გაფაციცებით დავიწყებთ ჩამომსვლელების თვალიერებას. მერის სტუდენტობასთან ერთად ჩემთვისაც ახალი სამყარო იშლება, რადგან მერისგან ვისმენ სახალისო ამბებს სტუდენტობაზე, დამოუკიდებლად ცხოვრებაზე, ახალ მეგობრებზე და ახალ თაყვანისმცემლებზე (მეც ვხეირობ ამით: მერის გულის მოსანადირებლად მე მიგზავნიან საჩუქრებს, ძირითადად შოკოლადებს და გემრიელ კანფეტებს. ერთმა მხატვარმა კი, როცა გაიგო რომ ხატვა მიყვარდა, მთელი აღჭურვილობა გამომიგზავნა - მოლბერტი თავისი პალიტრით, სხვადასხვა ზომის ხარისხიანი ფუნჯებით და ზეთის საღებავებით სავსე პარკით, და ზედ თემო გოცაძის შესანიშნავი ალბომიც მოაყოლა). მერის თვალებით ვიყურები მეც და მერის გონებით ვაფასებ ყველას და ყველაფერს, და ვგრძნობ, რომ ახლა მერის უფრო მეტი გავლენა აქვს ჩემზე, ვიდრე დედას. ვზივარ და ღიმილით მახსენდება ჩვენი ძველი კინკლაობები. მიზეზი ბევრი იყო - ვის უნდა გაერეცხა თეფშები, ვის უნდა გამოეგავა ოთახები, ვინ უნდა ჩასულიყო სარდაფში საწებლის ამოსატანად ან ბოსტანში მწვანილის დასაკრეფად… იყო ასევე:-     ადექი, როდემდე უნდა იკოტრიალო ლოგინში!-     დროზე გამოდი, რამდენჯერ უნდა გაგიცხელო საჭმელი!-     ეს კაბა აქ რომ დააგდე, ვინ უნდა აიღოს?! და ა.შ. და ა.შ. თუმცა, ჩემგან განსხვავებით, მშობლების ყურამდე არასოდეს მიქონდა ეს ამბები. დედისთვის არ უთქვამს ისიც, რა ძალიან დავაგვიანე სახლში მისვლა ერთხელ, პირველ თუ მეორე კლასში ყოფნისას - მეგობარს გავუარე და თამაშში გავერთე, როგორ მეძებდა მთელ ქალაქში გაგიჟებული, მესამე წრეზე გამოსულმა როგორ დამინახა არხეინად მომავალი კმაყოფილი და ბედნიერი სახით, წამით როგორ ამოისუნთქა შვებით და მერე როგორ... ჯობია არ მოვყვე რა მოხდა მერე. მშობლების სახლში მოსვლისთვის უკვე მომთავრებული გვქონდა მე ტირილი და მერის -  საქმის გარჩევა. მართალია მე ისევ გაბუტული და ნაწყენი (!) სახით ვიჯექი, და მშობლების ხმის გაგონებაზე ძალიან შევეცადე კიდევ უფრო გაბუტული და კიდევ უფრო ნაწყენი სახე მიმეღო, მაგრამ არაფერი გამომივიდა, მიჩვეულები იყვნენ ჩემს გაბუტვებს და დიდად აღარ ჩამაცივდნენ.   წყენა, რა თქმა უნდა, მალევე დამავიწყდა, მითუმეტეს, რომ ახალი წელი გვიახლოვდებოდა და სამზადისის დრო დგებოდა. სამზადისს კი, როგორც წესი, ორი-სამი კვირით ადრე ვიწყებდით - დიდი გულმოდგინებით ვადგენდით სიებს. სია რამდენიმე იყო:1.     ჩემი მასწავლებლები;2.     მერის მასწავლებლები;3.     ჩემი მეგობრები;4.     მერის მეგობრები;5.     საერთო მეგობრები;6.     ნათესავები. რამდენჯერმე კიდევ გულდასმით გადავიკითხავდით, რომ არავინ გამოგვრჩენოდა და მეორე დღესვე ვყიდულობდით მისალოც ბარათებს. ვყიდულობდით იმაზე მეტს, ვიდრე დათვლილი იყო (იქნებ რამე შეგვეშალოს ტექსტში ან მისამართში), და ერთი საღამოს ვატარებდით მილოცვების წერაში. ვწერდით სტანდარტულ „გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს, დაესწარით მრავალს“-ს, და ერთიმეორის მიყოლებით ვხაზავდით სახელებს სიებში. მილოცვებს საერთო მეგობრებისა და ნათესავებისთვის ორივეს სახელს ვაწერდით - „მერი და ცირა“. ასეთივე სახით მოგვდიოდა მათგანაც:    „მერი და ცირა, გილოცავთ ....-ს. გისურვებთ ....-ს. თქვენი თამრიკო და ეკა / ლია და ანა / თამაზი და მზია / მაია, ირაკლი და ვანო...“   მოლოცვებს ხანდახან მოკითხვაც მოყვებოდა - მილოცავდნენ რომელიმე დღესასწაულს და იქვე მეკითხებოდნენ - როგორ ხარო; ხანდახან პატარა ლექსსაც მოაყოლებდნენ. მახსოვს ერთხელ უფროსი მეგობრისგან სარვამარტო ბარათი მივიღე მოსალოცი ტექსტით, რომელიც შემდეგი კუპლეტით მთავრდებოდა: „ღამის ჩრდილში დაგინახე, ათი თითით ვარდსა კრეფდი, მე მეგონა მთვარე იყავ, ისე კარგად ანათებდი“. ჯერ კიდევ იმდენად პატარა ვიყავი, რომ ყველაფერს პირდაპირი მნიშვნელობით ვიგებდი და ამ სიტყვების წაკითხვისას ძალიან გამიჭირდა იმის წარმოდგენა, როგორ უნდა გაენათებინა ადამიანს, მით უმეტეს ჩემისთანა შავტუხას.   იწურება დეკემბერი და დგება წინასაახალწლო სამზადისის კულმინაცია - ვარჩევთ ნაძვის ხის დასადგმელ ადგილს და ვიწყებთ მორთვას. ეს ყველაზე სახალისო საქმეა და ვერ წარმოგვიდგენია როდისმე მონაწილეობას თუ არ მივიღებთ ამაში. -        რაც არ უნდა მოხდეს, ნაძვის ხეს მაინც აუცილებლად მოვრთავ ყოველთვის, - იფიცება მერი. ერთ ფაციფუცში ვართ. ვცდილობთ საღამომდე მოვასწროთ ყველაფერი. საღამოს უკვე საინტერესო და სახალისო გადაცემები იწყება ტელევიზორში და იქამდე გვინდა მოვათავოთ საქმე. შეძლებისდაგვარად ვეხმარებით დედას, გვინდა დედამაც უყუროს ამ გადაცემებს. დედა საგოზინაყე ქვაბთან გვაყენებს მორიგეობით თაფლის მოსარევად. ეს ყველაზე დაუსრულებელი პროცედურაა და ვცდილობთ მალ-მალე გადავაბაროთ ერთმანეთს. ბოლოს და ბოლოს ყველაფერი მზადაა და ვიწყებთ სუფრის გაშლას. ზუსტად 12-ზე ჩვენი მეზობელი გრიშა ძია თოფს გაისვრის, ცაში ფეიერვერკები ავარდება და ჩვენც ფანჯრიდან გავუშვებთ შუშხუნებს. მამა ღვინით სავსე ჭიქას აწევს, მოგვიჭახუნებს და - აბა კეთილი იყოს ახალი წლის შემობრძანებაო, დაილოცება. ჩვენც დავილოცებით და ლიმონათიან ჭიქებს გამოვცლით.  * * * თოვლიანი ზამთარია. სახურავიდან ჩამოშვებული ვეება ლოლუები ფანჯრებამდე ჩამოდის. საღამოვდება. მამა შემოდის ამოიღლიავებული შეშის კონით, უჰ როგორ ცივა გარეთო, ამბობს და შეშას უმატებს ღუმელს. მამას გარედან ყინვის სასიამოვნო სურნელი და სიგრილე შემოაქვს. მე და მერი ფანჯარას არ ვცილდებით. ფანჯრიდან კარგად მოჩანს ცენტრალური გზა მის გასწვრივ ჩარიგებული ნაძვებით. ამ გზიდან ველოდებით ბებოს. უკვე ტრადიციაა, რომ ბებო ნაახალწლევს უნდა ჩამოვიდეს და თამრიკოც უნდა ჩამოიყვანოს. რაღა დასამალია და, თამრიკოს მოლოდინი უფრო გვაქვს. ყველაფერი გამზადებული გვაქვს - საჩუქრები, საახალწლო კონცერტების მოსაწვევები და რაც მთავარია, ჩურჩხელები. ყოველ შემოდგომას ასამდე ჩურჩხელას ავლებს დედა. სანამ გაშრება და შესანახად მზად იქნება, თითქმის მესამედი აკლდება. მე და მერი გაშრობას არ ვაცლით და სკოლიდან მოსულები ჯერ კიდევ სველ ჩურჩხელებს მივირთმევთ, მერე დარჩენილებს მივწი-მოვწევთ, რომ დანაკლისი ძალიან თვალშისაცემი არ იყოს. დედა რა თქმა უნდა ამჩნევს, მაგრამ არ იმჩნევს. შენახვამდე ერთხელ კიდევ გადათვლის, ახარისხებს და სხვადასხვა ტომრებში ანაწილებს სათანადო წარწერებით:-     „სახლისთვის“ (გემრიელები, მაგრამ ულამაზოები);-     „სტუმრისთვის“ (გემრიელები და ლამაზები);-     „სასაჩუქრე“ (გემრიელები და ძალიან ლამაზები (თითქმის იდეალური წვეროები აქვთ)). ტომრებს საგულდაგულოდ მალავს სხვადასხვა ადგილას, თუმცა, რასაკვირველია, ყველას ვაგნებთ. ვიწყებთ სახლის ჩურჩხელებით, გადავდივარ სტუმრისაზე და საახალწლოდ სასაჩუქრეები უკვე განახევრებულია. სწორედ ამ ლამაზ-ლამაზ ჩურჩხელებს ვინახავთ თამრიკოსთვის და ახლა ერთი სული გვაქვს როდის ჩამოვა (თუმცა, „ჩუნჩხელა მინდაო“ - ისტერიკაში ჩაგვივარდა ერთ საღამოს, როცა ნაადრევად გამოვლიეთ ჩურჩხელები. ბებო გამწარებული შლიდა ხელებს და მერე კალთაზე იტყაპუნებდა, უხერხულობისგან მამაჩემს თვალს ვერ უსწორებდა და თამრიკოს ემუქრებოდა - ნახე შენ, რას გიზამო, დედამ კი შემთხვევით შემორჩენილი ორიოდე ბოთლი ბადაგი მოძებნა და სასწრაფოდ თათარა მოხარშა, მაგრამ ამითაც გაგვიჭირდა გაანჩხლებული თამრიკოს დაწყნარება, - „ჩუნჩხელა“ უნდოდა). ჩვენს სახლსა და ცენტრალურ გზას შორის ტრიალი მინდორია და ტრანსპორტის ყურებაში ხელს არაფერი გვიშლის. ავტობუსის ლოდინში მანქანებს ვითვლით - აბა რამდენი გაივლის სანამ თბილისიდან მომავალი ავტობუსი გამოჩნდება. დასათვლელი მანქანებიც დიდთოვლობის გამო კანტი-კუნტად თუ არიან. გაჩერდა ავტობუსი და სუნთქვაშეკრულები ველოდებით ჩამომსვლელებს. ჩამოვიდნენ. წინ ბიძაჩემი მოდის ჩემოდნით და დიდი ჩანთით, უკან ბებო და თამრიკო მოყვებიან. ბებოს თამრიკოსთვის აქვს ხელი ჩაკიდებული და ფრთხილად მოდიან თოვლიან გზაზე. საღამოს ბინდბუნდში გარკვევით არ ჩანს სახეები და ჯერ მთლად ბოლომდე არ ვართ დარწმუნებულნი, რომ ნამდვილად ისინი არიან, მაგრამ ჩვენს ყიჟინაზე სამზარეულოდან გამოსული დედა ფანჯარაში იხედება და დაბეჯითებით ამბობს: -     ეგენი არიან, კილომეტრზე ვცნობ ჩემი ძმის სიარულს! სახლში ვეღარ ვჩერდებით და თავპირისმტვრევით გავრბივართ გარეთ. მივრბივართ რამდენადაც ამის საშუალებას მუხლამდე თოვლი და საღამოს ყინვა გვაძლევს და გზაზე ვეგებებით სტუმრებს. მერე ყველანი აგუზგუზებულ ღუმელთან ვთბებით, მე და მერი თოჯინასავით აქეთ-იქით ვატრიალებთ და ვათამაშებთ თამრიკოს და მგონი კიდევ უფრო მეტად ვღლით მთელი დღის ნამგზავრს, თან დედას ვეხმარებით სუფრის გაშლაში. ბებოს მესხური გემრიელობები ჩამოუტანია - აპოხტი, კუპატები, ქადები და რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი შაქარლამა. ბიძაჩემი მეორე დღესვე ბრუნდება უკან, ათიოდე დღეში ისევ ჩამოვა, რომ წაიყვანოს. მანამდე კი ხალისიანი დღეები გვიდგას. აქეთ-იქით დავაპორწიალებთ თამრიკოს, ხან ეზოში თოვლში ვერთობით, ხან სახლში დამალობანას ვეთამაშები და შავ დღეში ვატარებთ ქვედა სართულის მეზობელს, ხანაც ნაძვის ხესთან დავაყენებთ და საახალწლო ლექსებსა და სიმღერებში ვავარჯიშებთ - თეატრში საკონცერტო წარმოდგენის ერთ ეპიზოდში თოვლის პაპა სცენაზე იხმობს ყოჩაღ ბავშვებს ლექსის სათქმელად, ჰოდა ჩვენც სწორედ ამისთვის ვამზადებთ. აპლოდისმენტებით გამხნევებული და წახალისებული თამრიკოც მონდომებით გვიკითხავს ლექსებს, მიმიკებითა და ჟესტიკულაციით გვიმღერის „თეთრი ციდან ფიფქი ცვივა“-ს („ფიფქვი სცვივაო“, ასე მღერის), და გვპირდება, რომ აუცილებლად ავა სცენაზე და თავს გამოიჩენს, თუმცა საქმე-საქმეზე რომ მიდგება, სცენამდე მისული უკან გამობრუნდება და ვერანაირი დამატებითი საჩუქრის დაპირებით ვერ დავითანხმებთ. ასე გრძელდება ყოველ წელს იქამდე, სანამ ამგვარ ეპიზოდებში მონაწილეთა ასაკს არ გასცდება. ამ სტუმრობის აუცილებელი რიტუალია ქალაქში ბებოსთან ერთად გასეირნება. ბებო საგარეოდ გამოეწყობა, თავზე თავშალს მოიხვევს და მივდივართ ქალაქის ცენტრში. ვსეირნობთ დათოვლილ ქუჩებში, შევივლით მაღაზიებში, შეიძლება სადმე კაფეშიც ჩამოვსხდეთ და აუცილებლად გადავიღებთ სურათს ნაცნობ ფოტოატელიეში. ატელიეში თბილა. სივიწროვეა და ამდენი ხალხი ძლივს ვეტევით.  კედლები გავსებულია სურათებით. წლიდან წლამდე ერთი და იგივე ფოტოებია გამოფენილი, და ის ლამაზი გოგონები, სკოლის ფორმით რომ არიან ამ სურათებში, ახლა უკვე პატარა ბავშვებით ხელში მხვდებიან ქუჩაში. ვიხდით პალტოებს და ქუდებს, იქვე ჩამოკიდებულ სარკესთან თმას და ტანსაცმელს ვისწორებთ და ძლიერი შუქით განათებული გადასაღები ადგილისკენ მივემართებით. ჩვენთანაა იმ დროს სტუმრად მყოფი კიდევ ერთი ბიძაშვილიც, მამას ძმისშვილი მზია. თუმცა, სურათის გადაღებას საშველი არ ადგება - თამრიკო გვიჯიუტდება. ცოტა აფრთხობს გარემო და არ უნდა სურათის გადაღება. ვეხვეწებით, რომ პალტო გაიხადოს და დაჯდეს; ან დადგეს; კაი, პალტოსაც ნუ გაიხდის, თუნდაც მარტო ქუდი მოიხადოს; ქუდსაც ნუ მოიხდის, ოღონდაც მოვიდეს ჩვენთან... არაფერი გამოგვდის. ბოლოს და ბოლოს რაღაცნაირად ვახერხებთ სკამთან მიყვანას, ქუდს და პალტოს აღარ ვჩივით - ეცვას, არა უშავს! თამრიკო უნდობლად ჯდება და ჩვენც სასწრაფოდ ვიკავებთ ადგილებს მის გარშემო, ოდნავ ცენტრისკენ ვიხრებით, ვიღიმებით და ველოდებით აპარატის გაჩხაკუნებას. აპარატი დუმს. გაბუტული და კოპებშეკრული თამრიკო თავჩაღუნული ზის და მუხლებზე დალაგებულ ხელთათმნიან ხელებს დაჰყურებს. ფოტოგრაფი ლამის ჯამბაზად იქცეს, რომ როგორმე თავი ააწევინოს. ბებო ჯერ ისევ ყელმოღერებული ზის, მაგრამ ვგრძნობ, რომ ერთდროულად უვლის უხერხულობისა და სიბრაზის ტალღები, როგორც მაშინ, „ჩუნჩხელობისას“. ჩვენც გაშეშებულები ვართ ერთ პოზაში სახეზე მიყინული ღიმილით და ჩუმად ვუსისინებთ:-        აწიე თავი! ისევ ფოტოგრაფმა იმარჯვა. როგორც ჩანს, გამოსაფრენად გამზადებულმა ჩიტმა თავისი ქნა, თამრიკომ წამით შეხედა ობიექტივს და აჰა, ეგაა! წამი დაჭერილია!   მზია, მერი, თამრიკო, ბებო და მე. 1976* * *  ერთ-ერთ ასეთ ზამთარს, საახალწლო დღესასწაულებიდან ერთ თვეში მამას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, იმდენად მძიმე, რომ თებერვლის თოვლიან ღამეს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. რა თქმა უნდა, მანქანას დედაც გაყვა და მე და მერიმ, შუაღამის სიცივისგან და გაურკვევლობისგან აკანკალებულებმა და ერთმანეთს მიკრულებმა ფანჯრიდან თვალებით გავაცილეთ თოვლზე ჭრიალით მიმავალი მანქანა. ექიმებმა რამდენიმე დღე გადაჭრით ვერ გვითხრეს გადარჩებოდა თუ არა, მამაც ეტყობა გრძნობდა რომ კარგად ვერ იყო მისი საქმე, შვილების ნახვა მოითხოვა და ერთ საღამოს ჩვენი ოჯახის ახლობელმა ცოლ-ქმარმა მანქანით მოგვაკითხა და მამასთან წაგვიყვანა მე და მერი. მაშინ პირველად ვნახე ატირებული დედა, ვეღარც მალავდა ცრემლებს და აღარც ცდილობდა. გაფითრებული მამა უმოძრაოდ იწვა საწოლზე, თვალებში ოდნავღა ეტყობოდა სიცოცხლის ნიშანწყალი. მერი მიუახლოვდა, დაიხარა და ფრთხილად აკოცა. მე ესეც ვერ შევძელი, საწოლის ბოლოს ვიყავი მიჯაჭვული, ნაბიჯს ვერ ვდგამდი და უხმოდ ვყლაპავდი ცრემლებს. კარგა ხანი დაჭირდა მამას ფეხზე დასადგომად. დედა მის გვერდით აღამებდა დღეებს და ათენებდა ღამეებს, ორიოდე საათით თუ ჩამოირბენდა სახლში საჭმელი რომ მოემზადებინა და ჩვენთვის დაეხედა. მე და მერიც ყოველდღე მივდიოდით საავადმყოფოში გაკვეთილების დამთავრების შემდეგ და მერე გაყინულ სახლში მოსულები დიდხანს ვწვალობდით ღუმლის ანთებაზე.  იმ პერიოდში მერი უკვე აბიტურიენტი იყო და დამატებით ემზადებოდა რამდენიმე საგანში. გაკვეთილების ნაწილი საღამოს ჰქონდა. დაღამებულზე სახლში მარტო დარჩენის მეშინოდა, მერის მგონი ჩემზე მეტად ედარდებოდა ჩემი დატოვება და თან დავყავდი ყველა გაკვეთილზე. ამ მძიმე დღეების ნათელი წერტილი იყო ეს გაკვეთილები. სანამ მერი სხვა აბიტურიენტებთან ერთად ფიზიკის გაკვეთილს ისმენდა, მე ზაური მასწავლებლის ოჯახი მმასპინძლობდა. ამ ოჯახურ სითბოსა და სიმყუდროვეში დარდი მიმსუბუქდებოდა, შვებამოცემული მოვდიოდი მათგან და ვფიქრობდი, რა აუტანლად მძიმე იქნებოდა ჩემი დარდი, რომ არ ყოფილიყო ეს ოჯახი; -     რომ არ ყოფილიყო ჩემი მეზობელი ქეთინო, რომელიც საღამოობით ჩვენთან გადმოდიოდა, ხანდახან რჩებოდა კიდეც და თავისი სიხალისით და ხუმრობით ჩვენს გართობას ცდილობდა; -     რომ არ ყოფილიყო მარიკა, რომელიც თავისებურად მანუგეშებდა და ჩემთან ერთად დადიოდა საავადმყოფოში მამას სანახავად; -     რომ არ ყოფილიყვნენ დედას და მამას მეგობარი ოჯახები, რომლებიც დროდადრო ჩამოგვხედავდნენ ხოლმე, - რამე ხომ არ გიჭირთო; -     და, რომ არ ყოფილიყო მერი, რომელიც თავისი გარეგნული სიმშვიდით მაგალითს მაძლევდა და მაიმედებდა, რომ მამა სულ მალე გამოჯანმრთელდებოდა და ისევ ძველებურად გაგრძელდებოდა ჩვენი ცხოვრება.                3.   რომელი საგანი გიყვარს ყველაზე მეტად?  -        (1) მათემატიკა.-        (2) მათემატიკა.-        (3) ხატვა.-        (4) ხატვა.-        (5) მათემატიკა, რუსული, ინგლისური, შრომა, ისტორია, ბუნება...-        (6) მე მიყვარს ინგლისური.-        (7) ხატვა.-        (8) ხატვა.-        (9) ქიმია.-        (10) მე მიყვარს მათემატიკა.-        (11) მე ყველა საგანი მიყვარს.-        (12) ხატვა.-        (13) მათემატიკა.-        (14) მიყვარს ქართული ლიტერატურა, რუსული, ინგლისური და ასე შემდეგ...-        (15) მათემატიკა, ქართული, ხატვა, სიმღერა, შრომა, ფიზკულტურა.-        (16) მათემატიკა.-        (17) რუსული-        (18) ინგლისური.-        (19) ქართული.-        (20) ყველა. -        (21) ქიმია შეუძლებელი იყო არ მყვარებოდა.   ეს სიყვარულიც არ იყო, ეს იყო აუცილებლობა, ჩვეულებრიობა, ყოველდღიურობის ნაწილი, როგორც ჩაი დილით საუზმეზე და როგორც „მოამბე“ საღამოს ტელევიზორში. ქიმია იყო ყველგან ჩვენს ოჯახში - წიგნების თაროებზე სახელმძღვანელოების, მაგიდაზე ფორმულებით სავსე ფურცლების და კედელზე მენდელეევის ტაბულის სახით. მაშინ, როცა სხვა ოჯახებში საქართველოს თუ მსოფლიოს რუკები ჰქონდათ გაკრული, ჩვენს კედელს მენდელეევის უზარმაზარი ტაბულა ამშვენებდა. დედას სახლშიც ჰყავდა მოსწავლეები, ძირითადად აბიტურიენტები და რადგან ჩვენი საცხოვრებელი ფართი არ იძლეოდა ოჯახის წევრებისთვის ცალ-ცალკე ოთახის ფუფუნებას, ძალიან ხშირად დედას გაკვეთილების პარალელურად ვამზადებდი საშინაო დავალებებს იმავე ოთახში. -     ავოგადროს კანონის თანახმად, ერთი და იმავე ტემპერატურისა და წნევის პირობებში ერთი და იმავე მოცულობის სხვადასხვა აირი მოლეკულების ერთნაირ რიცხვს შეიცავს, - მესმოდა დედის ხმა. „ზვიადაური არ შედრკა ქისტების წინაშე და ვაჟკაცურად შეეგება სიკვდილს“ - ვწერდი თემას. -     სხვადასხვა აირის მოლეკულა სხვადასხვა ზომისაა, ამის მიუხედავად მათი რაოდენობა ერთნაირია ერთი და იმავე მოცულობისას. აი, რომ შევადაროთ - აგრძელებდა დედა მოსწავლეების არაფრისმთქმელი სახეების დანახვისას - ერთნაირი მოცულობის სხვადასხვა სათავსში სხვადასხვა ხილია, ერთგან ვაშლი, მეორეგან თხილი, მესამეგან ქლიავი.. სადაც ვაშლია, იქ მეტი სიმჭიდროვეა, სადაც თხილი - ნაკლები, მაგრამ ყველა სახეობის ხილის რაოდენობა ყველგან ერთი და იგივეა. „ჯოყოლამ ცოლს მოუწონა საქციელი, უცხო კაცი რომ დაიტირა“ - ვაგრძელებდი მეც და თან ვცდილობდი წარმომედგინა უზარმაზარი ყუთები, სადაც ვიღაც მოცლილმა ვაშლები, თხილები და ქლიავები ჩაალაგა, თანაც არ დაიზარა და ყველა სათითაოდ გადათვალა.-     დღეისთვის დამთავრებულია, ზეგ გელოდებით, - დაასრულა გაკვეთილი დედამ. „ჯოყოლა მარტო რჩება თემის წინაშე და უთანასწორო ბრძოლაში კვდება.“ - დავსვი წერტილი მეც და საზეპიროებზე გადავედი. ღამით კი ხელფეხშეკრული ზვიადაური მესიზმრა, გარშემო ქისტების მოტანილი ნაირ-ნაირი ხილით სავსე ხონჩები ჰქონდა შემოლაგებული, წინ ჩაცუცქული ჯოყოლა კი ვაშლს ითვლიდა და ეუბნებოდა - „ჩიჩქიც არ მინდა მე მეტი, გავინაწილოთ სწორადა“-ო.   -     ყველა სუფთა ნივთიერებას აქვს მუდმივი შედგენილობა მიუხედავად მისი მიღების ხერხებისა, - უხსნიდა დედა მომდევნო დღეს შედგენილობის მუდმივობის კანონს ერთ-ერთ ჯგუფს, - ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, წყალი საიდანაც არ უნდა ავიღოთ - მთაში იქნება, ბარში, საქართველოში თუ ამერიკაში, მისი შემადგენლობა ყველგან ერთნაირია, ანუ ნებისმიერი სინჯის წყლის მოლეკულა შედგება წყალბადის ორი და ჟანგბადის ერთი ატომისგან. ამის პარალელურად სამხრეთ ამერიკის ბუნებრივ რესურსებს ვიზუთხავდი და თან მახსენდებოდა მთაში სხვადასხვა წყაროდან აღებული წყლის ამბავი. ამბავი კი მკითხაობასთან იყო დაკავშირებული. -     შვიდი წყაროდან აღებული უმძრახი წყალი უნდა ჩაასხა უხმარ მინის ჭიქაში ნახევრამდე, შიგნით ჯვარნაწერი ოქროს ბეჭედი უნდა ჩადო, გვერდებზე ანთებული სანთლები უნდა მიამაგრო, წინ სარკე დაიჭირო ისე, რომ სარკეში ბეჭედი ჩანდეს და ბეჭედში შენს საბედოს დაინახავ - იდუმალი ხმით მიხსნიდა მანანა, - ოღონდ იმ სარკეში მანამდე ჩახედილი არ უნდა იყო.რაღა თქმა უნდა, რომ ეს ყველაფერი დაღამებულზე უნდა მომხდარიყო. -     მერე ღამეც დაგესიზმრება, - დაამატა ნანამ. -     ნაღდი ამბავია, - კიდევ უფრო გაგვიმძაფრა მოლოდინი ციცომ, - მე გავაკეთე და ბეჭედში ჩემი შეყვარებული დავინახე.უმძრახი წყალი რაღაა-მეთქი - ვიკითხე.-     ისე უნდა აავსო ჭურჭელი, რომ არავინ დაგინახოს და არავის ხმა არ გასცე. ეს ცოტა რთული საქმე იყო, დილით ისე როგორ უნდა წავსულიყავი წყაროზე, რომ არავის დავენახე. ესეც არ იყოს, მგონი სულ არ იყო შვიდი წყარო დასახლებაში. რავიცი, მე სამი-ოთხის მეტი ვერ მოვითვალე. -     არა უშავს, - დამამშვიდეს გოგოებმა, - ღელე რომ ჩადის ბოლოში, ეგეც ითვლება, სხვადასხვა ადგილიდან ავიღოთ. გავინაწილეთ ვინ რომელ წყაროზე და ღელეს რომელ ადგილას უნდა წავსულიყავით და დილაუთენია უჩუმრად დავიძარი ქოხიდან. მეტი დაცულობისთვის პირი მეტისმეტად მქონდა მოკუმული, ისე ძალიან, რომ ვგრძნობდი კისერზე ძარღვები როგორ მასკდებოდა. ძალიან სერიოზული და იდუმალი სახით ავავსე ჩემი წილი ჭურჭელი ორ ნაბიჯზე მოჩხრიალე წყაროს წყლით და უჩუმრადვე შევიპარე უკან ქოხში. მოგვიანებით მანანასთან შევიკრიბეთ და დიდი რუდუნებით მოტანილი წყლები ერთმანეთს შევურიეთ. ერთი უბნელები ვიყავით და ეჭვი მაქვს, რომ ერთი და იმავე წყაროს წყალი გვქონდა ყველას მიტანილი. სავარაუდოდ, ამავეს ფიქრობდნენ სხვებიც, მაგრამ ამ ამბის გამხელა და გამოქექვა არავის გვაძლევდა ხელს და არ შევიმჩნიეთ. ახლა ჯვარნაწერი ოქროს ბეჭედი იყო საშოვნელი. ბებოს ხელზე სულ ეკეთა ოქროსფერი რგოლი. შეფარვით და მორიდებით ვკითხე, ჯვარნაწერია-მეთქი? (ოქროსი რომ იქნებოდა, მაგაში ეჭვი არ მეპარებოდა). კიო, - ბებომ მომიგო. ხო არ შეგიძლია მათხოვო, ამ საღამოს მჭირდება-მეთქი, - ბორძიკ-ბორძიკით ვუთხარი. ჩემდა გასაკვირად მაშინვე მომცა, და - არ დამიკარგოო, მარტო ეს მითხრა (წლების მერე გავიგე, რომ ბებოს ოქროს ბეჭედი არც არასდროს ჰქონია). მოვამზადეთ ყველაფერი, ვიშოვეთ ჩაუხედავი სარკე, უხმარი თეთრი ტილო, ჯერ არ-გამოყენებული მინის ჭიქა (მტკიცედ გვჯეროდა, რომ ეს მართლაც ასე იყო), და დაღამებას დაველოდეთ.. დაღამდა. მანანასთან ქოხში მომცრო მაგიდაზე თეთრი ტილო გავფინეთ, ზედ წყლიანი ჭიქა დავდგით, ჩავაგდეთ ბეჭედი, ავანთეთ სანთლები, ჭიქას აქეთ-იქით მივაკარით, ლამფას დავუწიეთ, შემოვეხვიეთ მაგიდას და ერთმანეთს გადავხედეთ. სანთლების სუსტი ალები ჩვენს გახშირებულ სუნთქვაზე ირხეოდნენ, ქვის კედლებზე უცნაურად მოძრავ ჩრდილებს ხატავდნენ და ღამეულ იდუმალებას კიდევ უფრო მძაფრსა და მისტიკურს ხდიდნენ. დაწყებას ვერცერთი ვბედავდით. -     მიდი, დაიწყე, - სარკე ჩვენში ყველაზე გამოცდილს (ამ საქმეში გამოცდილს) მივაჩეჩეთ და მასთან ერთად მივაჩერდით სუნთქვაშეკრულები. ციცო სკამზე დაჯდა და სარკე ოდნავ გადმოხარა. ჩვენ თითქმის მაგიდის კიდეს დავადეთ თავები და ქვემოდან ავხედეთ. სარკეში ჯერ მოციმციმე სანთლები აირეკლა და წამით გადაფარა სხვა ყველაფერი. მერე თანდათან გამოჩნდა მაგიდის შეტოკებისგან ალივლივებული წყალი ჭიქაში, და ბეჭედი, რომელიც ამ ლივლივის მიღმა თითქოს ზემოთ-ქვემოთ ადი-ჩადიოდა. ბეჭედში რა ჩანდა, კარგად ვერ დავინახე და ჩემ რიგს დაველოდე... აკანკალებული ხელებით დავიჭირე სარკე, გულისფანცქალით და მთელი მონდომებით შევეცადე ბეჭდით შემოსაზღვრულ წრეში რამე (ვინმე!) გამერჩია (აკი ხატვის სკოლაში მასწავლებელიც ხშირად გვეუბნებოდა - შეეცადეთ ყველაფერში, კედელზე ლაქა იქნება თუ ცაში ღრუბელი, რაიმე ფორმა და მოხაზულობა დაინახოთო). დაძაბულობისგან თვალები ამიჭრელდა და ახლა უკვე ყველაფერი ლივლივებდა - ჭიქაც, ბეჭედიც და ჭიქის ქვეშ გაფენილი თეთრი ქსოვილიც. ჯერ თითქოს ცხენს მივამსგავსე გაშლილი და ატალღებული ფაფრით (ცხენზე ჯდომა ეყვარებაო, გოგოებმა ახსნეს ხმამაღლა რომ ვთქვი), მერე ფაფარი ნელ-ნელა დაულაგდა, ყურები კიდევ უფრო აეცქვიტა და მეზობლის გოშიას დაემსგავსა (ძაღლივით ერთგული იქნებაო); მერე მომრგვალებული და უსწორმასწორო ლაქა თანდათან გასწორდა, გასწორდა გოშიას აპრეხილი კუდიც და ავტომატის ლულის მსგავსი ფორმა მიიღო (ნაღდად ჯარშია ახლა და მაგას ნიშნავსო).  უკვე ვაპირებდი სარკის დადებას, რომ მანანას ჩურჩული მომესმა ყურთან: -     გოგო, ეგ არი, - შუბლი ჩემს თავზე მოებჯინა და ჩემთან ერთად მიშტერებოდა ბეჭედს, - ზუსტად იმისნაირად აქვს თმები გადავარცხნილი, - ჩვენს საერთო მეგობარს გულისხმობდა, იმ დროს მე რომ მეპრანჭებოდა. ცოტა დაბნეულმა თავით გაურკვეველი მოძრაობა გავაკეთე და სარკე გადავულოცე. თან ვფიქრობდი, მე საწყალმა ადამიანსაც კი ვერ მივამსგავსე ვერაფერი და ამან ვარცხნილობა რანაირად გაარჩია-მეთქი. მეორე დილას მკითხა - ხო ეგ ნახე სიზმარშიო. მე ღრმა და უსიზმრო ძილით მეძინა მთელი ღამე, მაგრამ იხტიბარი არ გავუტეხე და მთლად იმედგაცრუება რომ არ გამოგვსვლოდა, მივუგე: -     ხო რავი, ვიღაცა კი ვნახე მაგრამ ვერ გავარჩიე ეგ იყო თუ არა. ასევე ვუპასუხე სხვა გოგოებსაც, ერთმანეთს რომ ვუზიარებდით შთაბეჭდილებებს და იმდენჯერ გავიმეორე ეს ფრაზა, რომ ბოლოს მგონი თვითონაც დავიჯერე.   -     მომავალი გაკვეთილისთვის რეაქციების ტიპები გაიმეორეთ, განსაკუთრებით მიმოცვლის და ჩანაცვლების, - რეალობაში დამაბრუნა დედის ხმამ. თავი მარცხენა ხელისგულზე ჩამომედო, მარჯვენით კი გაუცნობიერებლად წყვდიადში მოკიაფე სანთელს ვხატავდი ფურცელზე. როგორც ჩანს, სანთლის თემა მეტ-ნაკლებად აქტუალური იყო ჩემთვის. ოდნავ უფრო მოზრდილ ასაკში, როცა ჩემს უდარდელ ცხოვრებას იმ ასაკისთვის დამახასიათებელი უმიზეზო სევდა მაინც გასდევდა, ჩანახატი დავწერე ეულ სანთელზე და მის აღსასრულზე. ვწერდი როგორ „ჩაქრა, ჩამოდნა, ჩაიფერფლა პატარა სიცოცხლე. გაქრა და ხელისგულს მიყინული ბროლივით ცრემლი დატოვა, ცრემლი, რომლითაც თვითონვე დაიტირა თავისი სიკვდილი“, და მე თვითონ ვიღვრებოდი ცრემლებად ყოველ ჯერზე, როცა ამას ვკითხულობდი. კიდევ ცოტა ხნის მერე ნიკოლოზ ბარათაშვილზე თემის წერისას გამოვიყენე ეს ჩანახატი, არ მახსოვს საკონტროლოზე თუ რომელიღაც ოლიმპიადაზე. ბარათაშვილი მარტოსულ სანთელს შევადარე და მივყევი და მივყევი.  * * *  არანაკლებ საინტერესო გაკვეთილები გვქონდა სკოლაში. ქიმიას დირექტორი გვასწავლიდა, დარიკო მასწავლებელი. -     პროგრამაში არ შედის, მაგრამ იცოდეთ მაინც, რა იცით რაში გამოგადგებათ! - ხელების გაშლით გვეტყოდა ხოლმე როცა ქიმიის მორიგ ხრიკზე მოგვიყვებოდა რამეს, ეს განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო საკითხებს ეხებოდა. ჩვენთვის ყველაზე მიმზიდველი ქიმიური ცდების ჩატარება იყო. კედელთან ჩამწკრივებული კარადებიდან ერთ-ერთს გამოაღებდა, გამოალაგებდა სინჯარებს და რეაქტივებს, დადგებოდა თავის მაგიდასთან, სიფრთხილისთვის მაინც გვეტყოდა - ძალიან ახლოს ნუ მოხვალთო, და იწყებოდა საოცრებები. -     აი ამ ორ ნივთიერებას შევურევ ერთმანეთს და ნახეთ რა მოხდება. შეხედეთ, ფერი შეიცვალა, - და მაღლა ასწევდა სინჯარას, ჩვენც კისერგაშვერილები ვაკვირდებოდით, - გრძნობთ როგორი სუნი დადგა? - თავს ოდნავ ხრიდა სინჯარისკენ, მეორე ხელს კი ნაზად ინიავებდა სინჯარიდან ცხვირისკენ, ჩვენ ერთხმად და ხმაურით ვისრუტავდით ჰაერს და თავს ვაქნევდით დამაჯერებლად, - ნახეთ, ნალექი გამოიყო, - კიდევ უფრო მაღლა სწევდა ჭურჭელს და კიდევ უფრო ვიგრძელებდით კისრებს. მე და მარიკა წინა მერხზე ვისხედით. მარიკა პირველ მოკარნახედ ითვლებოდა კლასში, თუმცა ერთხელ, როცა ატომის აგებულებას გავდიოდით, ვერაფრით ვერ გააგონა დაფასთან გამოძახებულ თანაკლასელს რა მოძრაობდა ატომში ბირთვის გარშემო. -     ელექტრონები, ელექტრონები! - თანდათან უწევდა ჩურჩულის ხმას მარიკა და ჟესტიკულაციითაც ცდილობდა რამენაირად მიეხვედრებინა, ჰაერში ასოები გამოყავდა. -     ელექტრონები, ელექტრონები! - ავყევით დანარჩენებიც და კლასი ერთ დიდ ელექტრონად გადაიქცა თითქოს. -     ელექტრონები! შენ გაგიწყდა ელექტრონები! – „დალოცა“ მოთმინებადაკარგულმა მასწავლებელმა, როცა კლასის კარნახიც უშედეგო აღმოჩნდა. უშველებელი საჩვენებელი ჯოხი ჰქონდა დარიკო მასწავლებელს. მაგიდა საკმაოდ მოშორებული იყო ჩვენი მერხიდან, მაგრამ როცა ამ ჯოხს მაგიდაზე დადებდა, მეორე ბოლო თითქმის გვწვდებოდა და ცოტა გვაფრთხობდა. ამ ჯოხს კედელზე გაკრული ტაბულისთვის იყენებდა. -        აბა რას ხედავთ ტაბულაზე? - იკითხა მორიგ გაკვეთილზე. -        ელემენტებს! - ერთხმად მივუგეთ. მასწავლებელს სახე შეეცვალა და არცთუ სასიამოვნო სანახავი გაუხდა. -        ვიცი რომ ელემენტებია, მაგრამ რა არის ესენი, როგორ არის დალაგებული?! - და ჯოხი ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად მიმოატარა. ჩვენ ვუთხარით, რომ ესენი მწკრივები, პერიოდები და ჯგუფები იყო, მაგრამ მასწავლებელი არ დაკმაყოფილდა მარტო ამით. -   კიდევ რას ხედავთ? ცოტა ხანს დავფიქრდით და ვუპასუხეთ: -        ლანთანოიდებს და აქტინოიდებს! -        კიდევ? გავჩუმდით. -        კიდევ? - გაიმეორა მასწავლებელმა, - კიდევ რას ხედავთ ტაბულაზე?! - თითქმის დაიყვირა. სიჩუმე ჩამოვარდა. მე ცნობილი ფილმის ცნობილი ეპიზოდი გამახსენდა[5], იმხანად შედარებით ახალი გამოსული რომ იყო,  და ერთი კარგი გაცინება ქვეყანას მერჩივნა, მაგრამ საქმე სასაცილოდ არ გვქონდა და ჰაერიც დამძიმდა ოთახში. მომესმა ჩემს უკან თამაზი რაღაცას რომ ბურტყუნებდა. როგორც ჩანს, მასწავლებელსაც მოესმა და გამამხნევებელი და მოლოდინით სავსე ხმით ჰკითხა:-        აბაა?! -        მენდელეევის თავს, მასწავლებელო! - თამამად უპასუხა თამაზიმ.   ...გრუხუნი გაისმა და ზუსტად ვერ გავარკვიეთ გარეთ ოქტომბრის მოწმენდილ ცაზე იფეთქა რაღაცამ თუ შიგნით კლასში ვიღაცამ!             [1] სოფელი ახალციხის რაიონში[2] ერთგვარი აპარატი რძისგან ნაღების გამოსაცალკევებლად.[3] ლოცვებისა და გალობების წიგნი (კათოლ.)[4] დამარილებული და გამომშრალი ხორცი.[5] იგულისხმება ეპიზოდი ნანა მჭედლიძის ფილმიდან „იმერული ესკიზები“, როცა მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს - კიდევ რა სარგებლობა მოაქვს მამალსო