მოთხრობები
მოთხრობები
ლალი ღაჭავაბუტა ბრუნოს უცნაური ახალი წელი იმ დღის გახსენებისას ტანში ჟრუანტელი მივლის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალიან მინდა დაწვრილებით გიამბოთ, რა გადამხდა თავს ერთხელ, 31 დეკემბერს.ყველაფერი დაიწყო ასე: დილის ხუთ საათამდე ვწერდი ზღაპარს გუგულის ბარტყის შესახებ, რომელიც ავადმყოფი დედის საძებნელად უნდა გაფრენილიყო; დაღლილს ის-ის იყო უნდა ჩამძინებოდა, რომ კარზე კაკუნის ხმა მომესმა. თვალის გახელა გამიჭირდა და გაღიზიანებულმა გავიფიქრე: ნამდვილად თოვლის ბაბუაა!... წესით, ის ღამის 12 საათზე უნდა მოვიდეს, მაგრამ ახლანდელ თოვლის ბაბუა-პაპებს რას გაუგებ?... როცა სურთ, მაშინ მოგადგებიან კარზე, საჩუქარს სადღაც გადამალავენ და არც დაგენახვებიან, ისე გაუჩინარდებიან-მეთქი.გაბრაზებული ვიხსენებდი: შარშან ორ იანვარს მესტუმრა, შარშანწინ- ოთხ იანვარს. ამიტომაც ვუსაყვედურე სათოვლეთის თოვლის ბაბუათა პრეზიდენტს, თუ მომავალ წელს დროულად არ მომიტანთ საჩუქარს, თქვენზე ისეთ ზღაპარს დავწერ...ისეთ ზღაპარს დავწერ, დედამიწაზე თავს ვერ გამოყოფთ-მეთქი! ჰოდა, ეს თმაწვერულვაშგაეთეთრებული მოხუცი მიხვდა, ბუტა ბრუნო დანაქადნებს აუცილებლად შეასრულებსო და თოვლის ბაბუა მკაცრად გააფრთხილა, ჩემთან დროულად მოსულიყო. მან კი დაგვიანებას ადრე მოსვლა ამჯობინა.კაკუნის ხმა არ წყდებოდა. ვიღაცის ბუზღუნიც შემომესმა (თითქოს ნაცნობი ხმა იყო!). ზანტად წამოვდექი: -დაგვიანებასა და ადრე მოსვლას ერთი ფასი აქვს!..ვის გაუგია, თოვლის ბაბუა თავის ნებაზე დასეირნობდეს ცასა და მიწაზე? ახალ წლამდე საჩუქრის მოტანა ვის გაუგია?!-ვბუზღუნებდი და თან კარს ვაღებდი.სტუმარი ჯუჯა ჟირაფი აღმოჩნდა (რა ნაცნობი სახე აქვს!-გამიელვა გონებაში).ჟირაფმა ამრეზით შემომხედა და მკაცრად მითხრა: -თოვასა და ქარბუქში იმხელა გზა გამოვიარე, შენ კი თბილ ოთახში ორი ნაბიჯი ძლივს გადმოდგი!მან სწრაფად გახსნა მხარზე გადაკიდებული ყაყაჩოსფერი ჩანთა, რომელზეც ოქროსფერას ფესვებით ამოქარგულ წარწერას მოვკარი თვალი-ზღაპარეთის ფოსტალიონიჩანთიდან ჩიტებივით ამოფრინდნენ ფერად-ფერადი კონვერტები და კისკისით დაიწყეს ბზრიალ-ტრიალი.ფოსტალიონმა სურნელოვან ფურცელზე ხელი მომაწერინა და შავი კონვერტი მომაჩეჩა.ჯუჯა ჟირაფი გაიჯგიმა და შეჰყვირა:-ახლავე დაბრუნდით თქვენს ადგილას! დაფეთებული კონვერტები ჩანთაში ჩაძვრნენ.მინდოდა, ჟირაფისთვის მეკითხა, უამრავი ფერადი კონვერტიდან, რატომ გადმომცა შავი ფერის, მაგრამ სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი, რადგან ის თვალსა და ხელს შუა გაქრა.გაკვირვებული დავცქეროდი კონვერტს, რომელზეც თეთრი ასოებით ეწერა:მეზღაპრე ბუტა ბრუნოსზღაპარეთიდანგული ცუდს მიგრძნობდა. თქვენ შეიძლება დამცინოთ, ასე რამ დაგაფრთხო, იქნებ ზღაპარეთში დასაჯილდოებლად ან საახალწლო ზეიმზე დასასწრებად გიწვევენო?.. საქმე ის არის, რომ სადღესასწაულო ღონისძიებებზე მისაწვვად ყოველთვის ცნობილ გმირებს აგზავნიან, მაგალითად, პეპის, შვლის ნუკრს, კონკიას, ნაცარქექიას... ჯუჯა ჟირაფი არც კი ვიცი, რომელი ზღაპრის პერსონაჟია. თითქოს სადღაც მინახავს, მაგრამ მეზღაპრეებს ისეთი კარგი მეხსიერება გვაქვს, სიზმარში ნანახიც არასოდეს გვავიწყდება და ამ უჟმური ფოსტალიონის სახეს ვერ დავიმახსოვრებდი? შესაძლოა, მასზე ოდესღაც ზღაპრის დაწერას ვაპირებდი და გონებაში მისი უცნაური მხატვრული სახე ჩამრჩა-მეთქი.ბავშვების საყვარელი გმირის ხელით თუ მოსაწვევს გადმოგცემენ, ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად დაგაჯილდოებენ. ზღაპარეთის მიერ დაწესებული ერთადერთი პრემია ნომინაციაში: „წლის საუკეთესო მეზღაპრე“ ამ თვეში უკვე გადასცეს ბარბარა დოლას. როგორც დიაკო მანამ მითხრა (ის ესწრებოდა ამ ღონისძიებას), ცისფერი მოსაწვევი ბარათი მწერალს ნახევარქათამამ მიუტანა.ასე რომ, ჩემი შეშფოთება უსაფუძვლო არ იყო. ხელის კანკალით გავხსენი კონვერტი. სასამართლო უწყებაში ეწერა:სასწრაფოდ გამოცხადდით ზღაპარეთის სასამართლოში!უცნაურია...ძალიან უცნაურია!- ვიმეორებდი დაბნეული,- არაფერი დამიშავებია, რას მემართლებიან?!... 25 დეკემბრიდან 25 თებერვლამდე ზღაპარეთში ყველა ისვენებს. რომც წავიდე, ალბათ, არავინ დამხვდება; ნამდვილად ვიღაც გამეხუმრა. ამ ნახშირივით შავ კონვერტს ახლავე ცეცხლს წავუკიდებ და ფეხს არსად გავადგამ-მეთქი, ვთქვი მტკიცედ.ერთი პირობა, მართლაც, გადავწყვიტე, შინ დავრჩენილიყავი და მხიარულად შევხვედროდი ახალ წელს, მაგრამ მკაცრი გაფრთხილება მოსვენებას არ მაძლევდა:გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სამუდამოდ აგეკრძალებათ ზღაპრების წერა!სხვა გზა არ მქონდა- აფორიაქებული გავუდექი ზღაპარეთის გზას.თოვდა. მუჭის სისხო ფიფქებს ქარი სახეზე მაყრიდა. სიარული მიჭირდა. ,,შვიდი ჯუჯას“ ქუჩა რომ გავიარე, ,, ჩექმებიანი კატის ჩიხში“ შევუხვიე,შემდეგ ,,კარლსონის მოედანი“ გადავჭერი და ვიწრო ორღობეებში დიდხანს ვიარე. როგორც იქნა, ზღაპარეთში ჩავედი! ზღაპარეთიზღაპარეთი ვეებერთელა ქვეყანაა, მაგრამ ხელისგულზე ეტევა. დაუჯერებელიაო!- მეტყვით გაოცებულები, თუმცა, თუ ამ ჯადოსნურ სამყაროში მოხვდებით, დარწმუნდებით, რომ არ გატყუებთ; ოღონდ გაითვალისწინეთ: ზღაპარეთისკენ მიმავალი გზა მეზღაპრეების გარდა არავინ იცის. მეზღაპრეებმა საიდან იციან?- ძნელი სათქმელია!... ისინი თვალდახუჭულებიც იოლად მიაგნებენ ზღაპრულ ქვეყანას. ამბობენ, ვინც თუნდაც ერთ საბავშვო ნაწარმოებს დაწერს, ზღაპარეთში აუცილებლად მოხვდებაო. ზღაპარეთში დაბნეული დავბორიალობდი. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ყველა ქალაქის კარზე ერთი და იგივე განცხადება გამოეკრათ:ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!დავბრუნდებით 26 თებერვალს.მინდა კარგად აგიხსნათ, რატომაა ზღაპარეთი უზარმაზარი ქვეყანა: ის უსაზღვრო სივრცეზეა გადაჭიმული. ხელისგულზე როგორღა ეტევა? ამ კითხვაზეც გიპასუხებთ: უთვალავი ქალაქი ციცქნა შენობებშია მოქცეული. ამ შენობებს ძალიან უცნაური ფორმები აქვთ. მაგალითად, შემოდგომის ქალაქს ფოთლის ფორმა აქვს, ზამთრისას-ნაძვის ხის, მზეთუნახავისას-მზის, ბოროტებისას- ურჩხულის. საკმარისია, რომელიმე შენობის ზღურბლს გადააბიჯოთ და მაშინვე თქვენთვის სასურველ ზღაპრულ ქალაქში აღმოჩნდებით.ვინ იცის, რამდენ ხანს დავლასლასებდი ზღაპარეთის ქუჩებში- ერთი სულიერიც არ შემხვედრია! ჩემ თავზე ვბრაზობდი: ვიღაცამ დამცინა, მეკი გავბრიყვდი-მეთქი!თვალწინ ჯუჯა ჟირაფის სახე დამიდგა- საიდან მეცნობა...ნეტავ, საიდან მეცნობა?!.. მოსვენებას არ მაძლევდა აკვიატებული კითხვა.შინ დაბრუნებას ვაპირებდი, რომ სწორედ ამ დროს გვერდით მამლაყინწამ ჩამიარა და ქედმაღლურად შემომხედა. მგონი, ნაცნობი უნდა იყოს!- ვთქვი გულში და უკმაყოფილოდ ჩავიქნიე ხელი. რა დღეში ჩავვარდი, ისე გადავიღალე, ნაცნობ-უცნობს ერთმანეთისგან ვერ ვასხვავებ-მეთქი!სასწორის ფორმის შენობიდან, სადაც მამლაყინწა შევიდა, ბატმა გამოიხედა და „მობრძანდით...მობრძანდითო!“- მიმიპატიჟა. ასე აღმოვჩნდი ზღაპარეთის სასამართლო დარბაზში. ზღაპარეთის სასამართლოკედელთან, შემაღლებულ ადგილას, იჯდა მოსამართლე- ინდაური.მას გვერდს უმშვენებდა კარგად ჩასუქებული ვარია, რომელიც რაღაცას წერდა.ინდაურმა ჩაიყურყურა და მანიშნა, ტრიბუნასთან დავმდგარიყავი.ჩემგან მარცხნივ ბატი და იხვი ისხდნენ, მარჯვნივ- შავი დედალი და ჭრელი მამალი. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში უამრავ ფრინველს მოეყარა თავი, ბუზის გაფრენის ხმაც ისმოდა. ვარიამ ვინაობა ისე მკითხა , რომ არც თავი აუწევია და არც წერა შეუწყვეტია.-ბუტა ბრუნო გახლავართ, მეზღაპრე.-მეზღაპრე ხარ თუ არა, დღესვე გაირკვევა!-წამოიძახა უცნობმა- ნაცნობმა მამლაყინწამ, რომელიც შუა დარბაზში გამოჭიმულიყო. „თავხედი მამალაყინწა!“-კბილებში გამოვცერი და შევეცადე გაბრაზება არ შემემჩნია. -თუ ჩემს უნებართვოდ ხმას ამოიღებთ, დარბაზიდან გაგაძევებთ!- გააფრთხილა ის ინდაურმა.-რატომ დამიბარეთ სასამართლოში?- ვიკითხე მორიდებით,-მე ხომ არაფერი დამიშავებია?!-ზღაპარეთის სასამართლოში უმიზეზოდ არავის იბარებენ, მითუმეტეს 31 დეკემბერს; თქვენ მამლაყინწა გიჩივით!- მკვახედ მიპასუხა ბატმა. -რატომ მიჩივის?...მამლაყინწას არც კი ვიცნობ.. პირველად ვხედავ! -როგორ თუ არ მიცნობ?.. ცრუპენტელავ!- აღშფოთდა მამლაყინწა და ჩემკენ გამოფრენას აპირებდა, ციცარსა და მწყერს რომ არ შეეჩერებინათ.დარბაზი აჩოჩქოლდა.იხვი წამოდგა და ინდაურს მიმართა: -ბატონო მოსამართლევ, როგორც მამლაყინწას უფლებადამცველს, მსურს, რამდენიმე კითხვა დავუსვა დანაშაულში ეჭვმიტანილს.დანაშაულში ეჭვმიტანილი ვინღა არის-მეთქი?-მინდოდა გამერკვია, მაგრამ გაფიქრებაც ვერ მოვასწარი...იხვი ჩემ წინ დადგა და მკითხა: -იცნობთ თუ არა მამლაყინწას?-არ ვიცნობ.-იქნებ ვერ იხსენებთ, მაგრამ ოდესღაც შეგხვედრიათ?-შეიძლება სადღაც მინახავს, მაგრამ ამაზე ფიქრით თავს ვერ ავიტკივებ!-ვფიქრობ, კარგად იცით, მამლაყინწა ვინც არის, მაგრამ იტყუებით!-რას ჰქვია, ვიტყუები?!- ვინ გგონივართ, შეურაცხყოფას რომ მაყენებთ?!..-„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“... იოლად გამოვამზეურებ თქვენს სიცრუეს თუ მეტყვით, თქვენ დაწერეთ ზღაპარი „ყოყლოჩინა მამლაყინწა“?თითქოს რაღაც მენიშნა, გული ამიჩქარდა და იხვს დაბნეულად ვუპასუხე:-დიახ...დიახ...მე დავწერე...ოღონდ ძალიან დიდი ხნის წინ...-ვინ არის ამ ზღაპრის მთავარი პერსონაჟი?-მამლაყინწა.-დარწმუნებული ხართ?-რა თქმა უნდა.-ე.ი. თქვენ ადასტურებთ, რომ ამ ნაწარმოებში აღწერეთ არა იხვის ჭუჭულის, მერცხლის ბარტყის ან ინდაურის ჭუკის თავგადასავალი, არამედ მამლაყინწას ცხოვრება.-სათაურიც მიანიშნებს, რომ მთავარი პერსონაჟი მამლაყინწაა!- ვუპასუხე უხეშად.-თუკი ზღაპრის სიუჟეტი ასე კარგად გახსოვთ, როგორ შეიძლება ვერ გეცნოთ ყოყლოჩინა?!ტანში ჟრუანტელმა დამიარა; უნებურად მოვიხედე მამლაყინწასკენ- ის დამცინავად მიყურებდა.-ეს მამლაყინწაა ჩემი ზღაპრის პერსონაჟი?-გაოგნებულმა ვკითხე იხვს.-ნუ თვალთმაქცობთ!- მკაცრად მითხრა იხვმა; ის მოსამართლისკენ შეტრიალდა, ფრთები გაშალა და თქვა, ჩემთვის ყველაფერი გასაგებიაო.-ჩემთვის კი ყველაფერი გაუგებარია! - წამოვიძახე აღშფოთებულმა. ადვოკატმა თვალი თვალში გამიყარა და მკითხა: -რატომ არ აღიარებთ დანაშაულს?-რა დანაშაული...რის დანაშაული?! -გაოცება ვეღარ დავმალე,- თქვენი აზრით, ზღაპრის დაწერა დანაშაულია?!ბატმა ჩემი დამშვიდება ცადა:-გთხოვთ, დაწყნარდით და გვითხარით, რატომ იცრუეთ, რომ მამლაყინწა ვერ იცანით?-აკი მოგახსენეთ, რომ ეს ზღაპარი ძალიან დიდი ხნის წინ დავწერე...რა ვალდებული ვარ, ჩემი პერსონაჟები მახსოვდეს?! -ისე გაცეცხლებულმა დავიყვირე, რომ ინდაურმა გრძელი ცხვირი უკმაყოფილოდ გააქნ-გამოაქნია.ბატი სწრაფად წამოდგა, დაიყიყინა და ორიოდ წუთში დარბაზში მანდატური-დობერმანი შემოვიდა. ის დინჯად მომიახლოვდა და გამაფრთხილა, თუ არ დამშვიდდები, დარბაზიდან გაგაძევებო!რა დამამშვიდებდა?...მაგრამ იძულებული გავხდი ხმა გამეკმინდა. მოსამართლე გაიფხორა, ხმამაღლა დაიყურყურა და ამიხსნა:-რა თქმა უნდა, ზღაპრის დაწერა დანაშაული არ არის...არც იმაში გდებთ ბრალს, რომ პერსონაჟი ვერ იცანით; როგორც შეიტყვეთ, თქვენ ყოყლოჩინა გიჩივით. მისი აზრით, ზღაპარში ღირსება შეულახეთ. მამლაყინწა დამცირებულად გრძნობს თავს.ზღაპარეთის სამართლის წიგნის მე-100 მუხლის, მე-10 ნაწილის მიხედვით, ავტორის მიერ პერსონაჟის უფლებების დარღვევა მკაცრად ისჯება.ყურებს არ ვუჯერებდი: -შეუძლებელია, პერსონაჟმა მწერალს უჩივლოს!...ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, ეს ზღაპარი ძალიან დიდი ხნის წინ დავწერე; ნუთუ საეჭვოდ არ მიგაჩნიათ, რომ ამდენი ხნის შემდეგ, სწორედ ახლა, მეზღაპრებისათვის ყველაზე საოცნებო დღეს, 31 დეკემბერს, მიჩივლა?!-ყოყლოჩინამ საჩივარი სწორედ იმ დღეს შემოიტანა, როდესაც ზღაპრის წერა დაასრულეთ,- მითხრა ინდაურმა,-უკმაყოფილო პერსონაჟი არასოდეს გვყოლია, ამიტომ, ცოტა არ იყოს დაბნეულები ვიყავით...არ ვჩქარობდით საქმის განხილვის დაწყებას.ზღაპარეთში ახალი მეზღაპრეთა მეზღაპრე აირჩიეს. მამლაყინწამ დახმარებისათვის სწორედ მას მიმართა. ის დაინტერესდა პერსონაჟის ბედით და დაგვავალა, ყოყლოჩინას საჩივრის განხილვა წლის ბოლომდე დაგვესრულებინა.-ახალი წლის დადგომამდე ცოტა დრო რჩება-შინ დაბრუნებაც ხომ უნდა მოვასწრო?! გთხოვთ, არ დაუჯეროთ მამლაყინწას და მისი საჩივარი სანაგვე ურნაში გადაუძახოთ!-ყელგამოწვდით შევეხვეწე მოსამართლეს.ვარიამ რამდენიმე წამს წერა შეწყვიტა და ბატს რაღაც ჩაუბუტბუტა. ბატი აყიყინდა:-მამლაწინწავ, გამობრძანდით და მოგვახსენეთ, რატომ უჩივით მეზღაპრეს?!ყოყლოჩინამ მედიდურად გადაუფრინა დარბაზში მსხდომ ფრინველებს, ტრიბუნაზე დასკუპდა, კისერი დაიგრძელა და ხრინწიანი ხმით გამოგვიცხადა,დაწვრილებით გიამბობთ ჩემი გულისტკივილის შესახებო:-როდესაც შევიტყვე, რომ ბუტა ბრუნო ჩემზე ზღაპრის დაწერას აპირებდა, გამიხარდა...ვიფიქრე, საქვეყნოდ ცნობილი გმირი გავხდები-მეთქი, მაგრამ იმედი გამიცრუვდა...მეზღაპრემ მკითხველის თვალში დამამცირა. ბრუნოს ნაბოდვარის მიხედვით, ქედმაღალი, ტრაბახა და ზარმაცი, საქათმეთში დიდსა თუ პატარას ვჩაგრავდი.ამ ცრუპენტელა მწერლის გამო, მეგობრებმა შემიძულეს, დედ-მამამ კი შინიდან გამომაგდო.მომჩივანმა თავი მოისაწყლა, ატირდა, ასლუკუნდა.დარბაზი ახმაურდა და ვიგრძენი, უამრავი გაავებული ფრინველის თვალი როგორ მომაჩერდა.შავმა დედალმა მამლაყინწას ურჩია, დამშვიდებულიყო და თავისი თავგადასავალი სიტყვა-სიტყვით მოეთხრო.ყოყლოჩინამ ცრემლები მოიწმინდა და დამემუქრა:-ბუტა ბრუნო, ყელში ამოგადენ ტყუილებსო! მამლაყინწა კიდევ აპირებდა ჩემთვის ერთი-ორი სიტყვის თქმას, მაგრამ ინდაურმა თვალები დაუბრიალა და ხმა ჩააწყვეტინა.-ჩვენ, სამწუხაროდ, არ წაგვიკითხავს „ყოყლოჩინა მამლაყინწა“,-სინანულით აღნიშნა ბატმა,- გვითხარით, რა წერია თქვენ შესახებ ზღაპარში ისეთი, რამაც ასე აგაფორიაქათ?-ბუტა ბრუნომ ნაწარმოებში არ ასახა სინამდვილე. ავტორი წერს: „გულზვიადი მამლაყინწა გაიძახოდა: -ყივილით ხმას არ ჩავიხლეჩ...ეგღა მაკლია, დილაუთენია წამოვფრინდე და ადამიანის გასაღვიძებლად ტკბილი ძილი დავიფრთხოო.“ეს ხომ აშკარა სიცრუეა!..ვინმეს უნახავს მამალი, რომელსაც არ სურს ყივილი? ჩვენ მზის ამოსვლამდე ვიღვიძებთ და ხმის ჩახლეჩამდე ვყივით. მეზღაპრეს ვძულდი, ამიტომაც ცილი დამწამა, მაგრამ ვანანებ თავის საქციელს! მამლაყინწამ ბოლო წინადადება ხმამაღლა წარმოთქვა და თვალები გადმოკარკლა. დარბაზი ისევ ახმაურდა. -ეს რა მესმის?...თურმე როგორ ჩაგრავენ მამლაყინწებსო!- განრისხდა ხანდაზმული წითელი მამალი, რომელმაც ისე დაიყივლა, გვერდით მსხდომ კრუხსა და ციცარს შიშისაგან ბუმბულები გასცვივდათ.-ნუთუ საქათმეთში არავინ აღმოჩნდა თქვენი ქომაგი?-ჰკითხა ბატმა ყოყლოჩინას.-ბევრს ვებრალებოდი, მაგრამ ბრუნოს შიშით ხმას ვინ ამოიღებდა?!-სიმართლე თქვით, ერთხელაც არავინ დაგიჩაგრავთ?-მკაცრად ჰკითხა ინდაურმა. მამლაყინწას, თითქოს, დასცხაო, მარჯვენა ფრთა სახესთან რამდენჯერმე მარაოსავით გააქნ-გამოაქნია.-უსამართლოდ არავინ დამიჩაგრავს, მაგალითად, წოწოლას ნაბოლარა წიწილამ სამი ჭიაყელა იპოვა და ერთიც არ მომართვა...ამისთვის ერთი-ორი წავუთაქე. -პატარაობიდანვე უნდა ისწავლოს უფროსის პატივისცემა!წიავაც გულხარბი იყო, თუკი გემრიელ ლუკმას იშოვიდა, არ მთავაზობდა... ერთხელაც ისეთი ჩავუნისკარტე, ელეთ-მელეთი მოუვიდა და ჭამის მადა დაეკარგა. განა ჩემს საქციელს ჩაგვრა ჰქვია?!მოსამართლემ ჩაიყურყურა-ჩემს აზრს მოგვიანებით მოგახსენებთო და შეკითხვების დასმა განაგრძო:-რა იყო საქათმეთიდან გაძევების ნამდვილი მიზეზი? -აკი მოგახსენეთ, ბუტა ბრუნოს ვძულდი და ფრინველებსაც ჩემ მიმართ სიძულვილს უნერგავდა. მშობლებმა და მეგობრებმა მეზღაპრეს დაუჯერეს და მელიის ლუკმა გამხადეს.-სად წახვედით შინიდან გამოგდებული? -ტყე-ღრეში დიდხანს ვიხეტიალე...ვტიროდი, შველას ვითხოვდი...ბოლოს მსუნაგ მელას ჩავუვარდი ხელში!- მამლაყინწამ ამოიოხრა და თავი მოისაწყლა. გაავებულ ფრინველთა თვალები ისევ დაუნდობლად ჩამაფრინდნენ. -ტყუის, ბატონო მოსამართლევ!- წამოვხტი გამწარებული,- მართალია, „ყოყლოჩინა მამლაყინწა“ დიდი ხნის წინ დავწერე, მაგრამ ახლა ყველაფერი გამახსენდა: ის მართლაც ყეყეჩი და ამპარტავანი იყო, წიწილებს ჩაგრავდა, რაც აღიარა კიდეც; ტყუილი ერთი სიტყვაც არ დამიწერია- ფრინველები ურჩევდნენ შინ დარჩენილიყო, რომ მტერს არ გადაყროდა; მამლაყინწა ჯიუტად ამტკიცებდა, ქათამთა მეფის შვილი ვარ და ამ ღარიბულ ბუდეში ცხოვრება არ შემეფერება, ჩემი სახელგანთქმული მამა უნდა მოვძებნოო. მან თავისი ნებით მიატოვა მშობლიური კერა და აცრემლებულ კრუხს არც კი გამოემშვიდობა .გაუგებარია, რატომ ცდილობს მამლაყინწა ტყუილუბრალოდ დამადანაშაულოს...იქნებ ვინმეს დავალებას ასრულებს?-ნუ ყვირით!- გამიბრაზდა ინდაური და ისე გაიფხორა, ენა ჩამივარდა.ჭრელი მამალი წამოდგა და მამლაყინწას შეეკითხა:-როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება იმ ფაქტმა, რომ ზღაპრის სიუჟეტის მიხედვით არ ყიოდით?-განა ეს საკითხავია?- თვალები დააბრიალა ყოყლოჩინამ,- ერთ დღეს არ დავიყივლე, მეორე დღეს არ დავიყივლე, მესამე დღეს არ დავიყივლე და..,განსაცდელის დროს ხმა ვეღარ ამოვიღე.-როდის სცადეთ დაყივლება?-როდესაც მელას გადავეყარე- ის გაიძვერა, თურმე, მითვალთვალებდა; შეშინებულმა გადავწყვიტე, მეგობრებისთვის ხმა მიმეწვდინა- კისერი წავიგრძელე, პირი დავაფჩინე, მაგრამ, ამაოდ...დაყივლება ვერ შევძელი-საცოდავად ვხაოდი. ასე გამიმეტა ბრუნომ მელაკუდას შესაჭმელად.-ყოყლოჩინა ცრუობს,- ვთქვი თავშეკავებულად, რომ მოსამართლეს შენიშვნა აღარ მოეცა,-მელა ხაფანგში იყო გაბმული და თვითონ ითხოვდა შველას. საწყალს თათი სტკიოდა და სიმწრისგან ტიროდა.განა შეეძლო ასეთ უმწეო მდგომარეობაში მყოფ მელას, თავს დასხმოდა მამლაყინწას?!-ვინ დაადასტურებს, რომ მელა მართლაც ხაფანგში იყო გაბმული?- იკითხა მოსამართლემ.-თვითონ მელა გვეტყვის სიმართლეს.დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა. ქათმები უკმაყოფილოდ აკრიახდნენ:-მელა მატყუარა და ეშმაკია...მაგის ნათქვამს როგორ უნდა ენდოთ?-ტყუილებით გაგბერავთ!შევეცადე, აფორიაქებული ფრინველები დამემშვიდებინა:-მელიტონი მთელს ზღაპარეთში პატივსაცემი მკურნალი მელაა- კეთილი, სათნო, ალალ-მართალი...სხვა მელიებივით წუწკი არ გეგონოთ! -ძალიან უცნაური მეზღაპრე ბრძანდებით!-წაისისინა ბატმა,- თქვენს ზღაპარში მამალი არ ყივის, მელა ქათმებს არ ჭამს!..მოსამართლემ ორ მწევარს მელიის მოყვანა დაავალა. მკურნალი მელაცოტა ხანში დარბაზში ბორკილებდადებული მელა შემოიყვანეს-ვაითუ, მსუნაგმა ფრინველებს კბილი გაჰკრასო!ინდაურის ბრძანებით მელას ბორკილები მოხსნეს.მელიტონი მაშინვე ჩემთან მოცუნცულდა და აღტაცებულმა მითხრა:-დიდი მადლობა, ბრუნო, ასეთ კარგ პერსონაჟად რომ დამხატე. შენი ზღაპრის წყალობით მთელმა ზღაპარეთმა შემიყვარა. სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებ!-მხოლოდ სიმართლე ილაპარაკე და მადლობა ასე გადამიხადე!-ვთხოვე მელას.იხვმა უამრავი კითხვა დაუსვა მელიტონს. მელია გულნატკენი იხსენებდა:-ასეთი გულცივი მამლაყინწა არასოდეს შემხვედრია. ტყუილუბრალოდ ვარწმუნებდი, რომ საქათმეთისკენ მიმავალი გზაც არ ვიცოდი; მკურნალი ვარ და ყველას ვეხმარები...ღარიბულად ვცხოვრობ, ტყის ბინადრების მორთმეულ ერთ-ორ ლუკმას ვჯერდები-მეთქი. ვთხოვდი, მომშველებოდა, რადგან თათი ძალიან მტკიოდა. ,,სწორედ ის მელაკუდა ხარ, კრუხ- წიწილას მუსრს რომ ავლებს, თავს ტყუილად იკატუნებ, შენს დასახმარებლად თითსაც არ გავანძრევო!“-მეუბნებოდა გულგრილად.აღარ ვიცოდი, ყოყლოჩინას გული როგორ მომეგო და ვუთხარი, ჩემს სოროში უდედმამო ბელს სძინავს,რომლის ერთადერთი გულშემატკივარი ვარ...ინახულე და ჩემ შესახებ სიმართლეს სწორედ ის გეტყვის-მეთქი.-მდიდარი ყოფილხარ,იმხელა სორო თუ გაქვს,რომ დათვიც ეტევა!...შენი მოსატყუებელი კბილი კარგა ხანია, მოვიცვალეო!-მომაძახა და სოროსკენ გაფრინდა. ყოყლოჩინამ ბელი გარეთ გამოაგდო და მის ადგილას მოკალათდა.მელიტონის ნაამბობმა მამლაყინწა ააფორიაქა. ფრინველებმა ეჭვის თვალით შეხედეს ყოყლოჩინას და აქოთქოთდნენ. ინდაურმა უკმაყოფილოდ გადახედა დარბაზს და მანდატურთუფროსი იხმო. ქართული ნაგაზის დანახვაზე შიშნაჭამი ფრინველები ჩაყუჩდნენ.-ბუტა ბრუნომ მოწმედ მელა იმიტომ მოიყვანა, რომ დანაშაული დაფაროს. კეთილი და სათნო მელა ჯერ არ დაბადებულა. ან როგორ შეძლებდა შიმშილით ღონემიხდილი მამლაყინწა მელიტონის გათავისუფლებას?!-იკითხა დაეჭვებულმა იხვმა.-მამლაყინწა, მართლაც, ვერ შეძლებდა შველას; მე მხოლოდ სოროდან ცერისოდენა ბოთლის მოტანას ვთხოვდი, რომელშიც ჯადოსნური სითხე ესხა. ჩემ მიერ დამზადებული ხსნარის ერთი წვეთიც ძალ-ღონეს ისე გამიასმაგებდა, რკინის მარწუხებს იოლად მოვიშორებდი. სამწუხაროდ, მამლაყინწამ თხოვნა არ შემისრულა!-შე მატყუარავ, ის ბოთლი ცერისოდენა კიარა, ქვევრისოდენა იყო და ძვრაც ვერ ვუყავი!- თავი იმართლა მამლაყინწამ.-„ მელაკუმელი“ თან მაქვს, ახლავე გაჩვენებთ და ჩემი ნათქვამის სიმართლეში დარწმუნდებით,- მელამ ცერისოდენა ბოთლი ყველას დასანახად ასწია.-როგორ მოახერხეთ თავის დახსნა?-ჰკითხა იხვმა.-სოროდან გამოგდებულ ბელს ჩემი კვნესა შემოესმა და მეგობრები დასახმარებლად მოიყვანა- წრუწუნა სოროში შეძვრა და ბოთლი მომიტანა.მოსამართლემ შუბლი შეიჭმუხნა და განაცხადა:-მამლაყინწას საჩივრის განხილვა რამდენიმე საათში უნდა დასრულდეს. ახალი წელი საცაა კარს მოგვადგება. მსურს, მოვისმინო, რას ითხოვს ყვინჩილა ბრუნოსგან. თუ ავტორი და პერსონაჟი შეთანხმდებით, სასამართლო პროცესი შეწყდება და ყველანი დროულად დავბრუნდებით შინ. თუკი ვერ მორიგდებით, განაჩენს მე გამოვიტან, რომელსაც ვერ გაასაჩივრებთ, რადგან თორმეტ საათამდე ცოტა დრო რჩება. მამლაყინწამ დამცინავად ამხედ-დამხედა და მოსამართლეს უთხრა:-ბუტა ბრუნომ თავის უხეირო ზღაპარში შემიტყუა და ცხოვრება გამიმწარა.რადგან ჩემი ვალი მართებს, ვითხოვ, შეცვალოს სიუჟეტი, შემაძლებინოს ყივილი, გამომაცხადოს ქათამთა სამეფოს ერთადერთ მემკვიდრედ და დღეის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ ჩემთან შეთანხმებით წეროს. მისი ზღაპრების მთავარი გმირი კი ყოველთვის მე უნდა ვიყო! რა მოხდა შემდეგ, არ მახსოვს, რადგან გონებადაკარგული იატაკზე გავიშხლართე. როდესაც თვალი ძლივს გავახილე, გვერდით მელა მეჯდა და მაჯას მისინჯავდა.მელიტონმა მოფერიანებული დამინახა თუ არა , მზისფერ, ფუმფულა ჩანთიდან „მელაკუმელი“ ამოიღო და შემომთავაზა: -მოსვი, ხელად გამოკეთდებიო.-უმჯობესია, არ გამოვკეთდე...ყოყლოჩინას დანახვა არ მინდა, -ამოვილუღლუღე ენის ბორძიკით.-დამიჯერე, ჩემი ჯადოსნური სითხე ძალას შეგმატებს, კარგ ხასიათზე დაგაყენებს.-ახლა ისეთი გულმკვდარი ვარ, არა მგონია, რამემ მიშველოს!- ვთქვი სასოწარკვეთილმა.-ტყუილად ხომ არ დამარქვი მკურნალთა მკურნალი?.. ეს ხსნარი სასწაულებს ახდენს: ამას წინათ გველისგან დაგესლილი შვლის ნუკრი მოვარჩინე, ფრთამოტეხილი ბარტყი არწივივით ავაფრინე, სევდიან ბეღურას იმედი ჩავუსახე...-ჩემ მიერ გამოგონილ ექიმს, ალბათ, თვალდახუჭული უნდა ვენდო...გამოგიტყდები...ვინანე, ზღაპარში ასე რომ დავწერე, „ მელაკუმელის“ რეცეპტი მხოლოდ მელიტონმა იცის-მეთქი...იქნებ გამიმხილო მისი დამზადების წესი?-მელა მოჭუტული თვალებით დიდხანს მაკვირდებოდა. მივხვდი, საიდუმლოს გაცემა არ სურდა.-ნუთუ გგონია, ვინმეს ვეტყვი?- ვკითხე უნდობლობით გულნატკენმა.-მეზღაპრეები ჭორიკანები ხართ...თუ რაიმე საინტერესოს გაიგებთ, მთელ დედამიწას მოსდებთ. მაგრამ შენ ჩემი საუკეთესო მეზღაპრე ხარ და თხოვნას შეგისრყლებ.მელიტონს გაფაციცებით ვუგდებდი ყურს. ,,მელაკუმელის“ დამზადების წესიბარსკვლავთვალას, ფესვტკბილასა და იისფერას ფოთლებს მოხარშავ ასკოკორას ცრემლებში- მთვარის შობიდან ცისკრის ვარსკვლავის ჩაძინებამდე. ნახარშს გააგრილებ ალიონის ნიავით, ჩაასხამ აუცილებლად ცერისოდენა ბოთლში, შეინახავ ფიფქგვირგვინას მთაზე ჯადოსნური ღამის დადგომამდე და..მელაკუმელიც მზადაა.-ჯადოსნური ღამე როდის დადგება?-რა მეზღაპრე ხარ, ეგ თუ რ იცი?!-მკვახედ მითხრა მელიტონმა.-რას ჰქვია, არ ვიცი!- ვიუკადრისე,-,,ათი ჯადოსნური ღამე“ სულაც ჩემი დაწერილი არაა!..მაინტერესებს ,შენ რომელს გულისხმობ-მეთქი?!მელიტონს ჩაეცინა :-ყველა ჯადოსნური ღამე ერთმანეთს ჰგავს და თანაც ერთმანეთისგან განსხვავდება, თუ კარგი მეზღაპრე ხარ, მიხვდები, რომელსაც ვგულისხმობ.ვერ მივხვდი, მაგრამ არ შევიმჩნიე.მელიტონს ბოთლი გამოვართვი და თავი მოვხადე- ჭრელფერა ყვავილები ერთმანეთის მიყოლებით ამოფრინდნენ და თავბრუდამხვევი სურნელი დაატრიალეს.თავდაპირველად გაუბედავად მოვსვი ზღაპრულად გემრიელი სითხე...შემდეგ რამდენიმე ყლუპის დალევა მომინდა, მაგრამ მელამ მისაყვედურა:-სამკურნალოდ წვეთიც საკმარისია...ბოთლში მთელი წლის მარაგია, ვინ იცის, ტყეში რამდენი გაჭირვებულიაო!..თვალის დახამხამებაში გამოვცოცხლდი, ძალ-ღონე მომემატა და გავხალისდი. ჩემი გულის შეწუხების გამო, თურმე, მოსამართლეს ერთი საათით შესვენება გამოეცხადებინა. დარბაზი ცარიელი იყო.-თყ მოისურვებ, შენი უფლებადამცველი ვიქნები,- შემომთავაზა მელამ. მან მირჩია, მამლაყინწას სურვილი შემესრულებინა და სიუჟეტი შემეცვალა.-რაო, რაო..? ამის თქმა როგორ გამიბედე?!..იქნებ ყოყლოჩინას გაურიგდი?.. გაიხსენე, როგორ დასცინოდა კრუხებს, ბარტყებს, კნუტებს... არამზადას დაკრულზე ცეკვას მირჩევ?- ვერ დავმალე აღშფოთება.-კარგად ვიცი, მამლაყინწა რა ჩიტიც ბრძანდება,- მითხრა მელიტონმა,- ამიტომაც მიკვირს, რაღა ამ გაიძვერას შესახებ გადაწყვიტე ზღაპრის დაწერა!..ძალას ვინ გატანდა?! ბარბარა დოლას ,,ოქროს მამლის’’ მთავარი გმირი სახელგანთქმული, პატივცემული მამალია.ამ ზღაპარმა ავტორს დიდი წარმატება მოუტანა. შენ კი მაგ მამლაყინწას გამო სასამართლოში გაყურყუტებენ. ყოყლოჩინასთვის თავი რომ დაგენებებინა, ყველანი მშვიდად ვიქნებოდით!-მირჩევ, პერსონაჟს შევუთანხმდე, რას დავწერ მის შესახებ?..შენ მწერლობის არაფერი იცი. მამლაყინწა აუცილებლად ყოყლოჩინა უნდა ყოფილიყო, შენ კი-მკურნალი!-გამოვცერი კბილებში.-რატომ?-გაოცდა მელიტონი.მინდოდა, მისთვის დასაბუთებული პასუხი გამეცა, მაგრამ გადავიფიქრე, პერსონაჟი ამას რას გაიგებს-მეთქი და მოკლედ ვუპასუხე:-იმიტომ!მელიტონი მიხვდა, ჩემგან მეტს ვერაფერს შეიტყობდა და გაჩუმდა.-ჩემი ბრალია, მამლაყინწას რომ თავს გაუვიდა!-ჩავილაპარაკე ნაღვლიანმა,- ტყუილად დავინდე...ან შენ რას გერჩოდი, მახეში რომ გაგაბი?...წუწკ მელას უნდა გადაყროდა და ჭკუას ისწავლიდა!-მართალი ხარ, თათი მომირჩა, მაგრამ ის ტკივილი, ყოყლოჩინას აბუჩად აგდების გამო რომ განვიცადე, დღესაც მაწუხებს.-ყოყლოჩინას მოთხოვნას თუ შევასრულებ, გათავხედებული თავზე დამაფრინდება...მთელს ზღაპარეთს მოსდებს-ბუტა ბრუნოს ჩემს ჭკუაზე ვატარებო!.. სხვა პერსონაჟებიც გათამამდებიან.მელიტონმა ინდაურის ნათქვამი შემახსენა, თუ შეთანხმდებით, სასამართლო პროცესი შეწყდებაო:- ნუ გაჯიუტდები, მამლაყინწას თავის მოსაჩვენებლად დაყაბულდი და ახალ ზღაპარში კუდით ქვა ასროლინე, შენი ნება არ არის?!...-ვიღაც თავხედის გამო ვითვალთმაქცო?!...ჭკუას ნუ მასწავლი!-მეზღაპრეები ძალიან უცნაურები ხართ...ცოცხალ ტყუილს ისე ქსოვთ, მკითხველი ტყუილ-მართალს თავსა და ბოლოს ვერ გაუგებს. თავის გადასარჩენად მოგონილი სიცრუე, რას დაგაკლებს?-გაიოცა მელიტონმა. -შენ ჩემი უფლებები გინდა დაიცვა, თუ მამლაყინწასი?- ვკითხე უკმაყოფილოდ.მელამ დამიყვავა:-ძალიან მინდა, დაგეხმარო-მამლაყინწას კრიჭაში ნუ ჩაუდგები, რაც არ უნდა იყოს, მაინც შენი ზღაპრის პერსონაჟია...სახელდახელოდ ერთი გემრიელი ტყუილი გამოაცხვე და შეხვდი ახალ წელს ბედნიერად. ჩვენც შეგვიბრალე- ამ უცნაური სასამართლო პროცესის გამო რომ აქ ვყურყუტებთ.- საკუთარ თავზე ფიქრობ და ჩემი სახელის აუგად ხსენებას არაფრად მიგაჩნია! მწერლობისაც არაფერი გაგეგება... ზღაპრის დასაწერად მხოლოდ სურვილი საკმარისი არაა; მოსამართლე ჭკვიანია, ყოყლოჩინას გაამტყუნებს და ეს უსიამოვნო ამბავი კეთილად დასრულდება!-ვთქვი მტკიცედ. -მამლაყინწა , რა თქმა უნდა, საკადრისად უნდა დაისაჯოს მაგრამ....-რა მაგრამ?..არავითარი მაგრამ,-შევაწყვეტინე მელას,-მაგის მიკიბ-მოკიბულს ინდაური ყურსაც არ ათხოვებს. ყოყლოჩინამ ისარგებლა იმით, რომ ნაწარმოები არავის წაუკითხავს და ზღაპარი გააყალბა.-გადაჭრით თქვი, შეცვლი თუ არა სიუჟეტს?-ახლა ისეთ გუნებაზე ვარ, ერთი სიტყვის დაწერაც არ შემიძლია...თანაც ჰაიჰარად გაკეთებული საქმე არ ივარგებს; ძალიან რომ მოვინდომო, მაინც ისეთ ზღაპარს დავწერ...ისეთ ზღაპარს დავწერ....მაგ ქარაფშუტას მიწასთან გავასწორებ!-სხვა გზა არ გვაქვს, მოსამართლეს „ყოყლოჩინა მამლაყინწა“ უნდა წავაკითხოთ, რათა იოლად დარწმუნდეს მამლაყინწას ტყუილში.-ხომ იცი, ეს ზღაპარი დიდი ხნის წინ დავწერე. ერთადერთი ხელნაწერი საბავშვო ლექსებთან ზღაპარეთის ფოსტალიონის ხელით გავუგზავნე გამომცემლებს. სამწუხაროდ, „ყოყლოჩინა მამლაყინწას“ წიგნად გამოცემის სურვილი არცერთმა გამომცემელმა არ გამოთქვა. გულაცრუებულს ხელნაწერი არ მომიკითხავს, იქნებ სანაგვე ურნაშიც გადაუძახეს!-ფოსტალიონს აუცილებლად ემახსოვრება ,ბოლოს რომელ გამომცემლობაში მიიტანა ზღაპარი,-დამამშვიდა მელიტონმა,-ნაწარმოებს აუცილებლად წიგნსაცავში შეინახავდნენ.-ეეჰ, ვინ იცის, სად არის ახლა ის ფოსტალიონი? - ზღაპრის დაწერის თარიღს თუ გაიხსენებ, ფოსტალიონის მონახვა არ გაგვიჭირდება!-რამდენჯერ უნდა გაგიმეორო: ეს დასაწვავი „ყოყლოჩინა მამლაყინწა“ ძალიან,.. ძალიან დიდი ხნის წინ დავწერე-მეთქი....მელიტონი ყელგამოწევით შემეხვეწა:-შენი ჭირიმე, როგორმე გაიხსენეო!მეც შუბლშეჭმუხნილმა გონება დავძაბე-ვიფიქრე, ვიფიქრე... და, ბოლოს, გახარებულმა წამოვიძახე:-გამახსენდა! ...ზუსტად ათი წლის წინ დავწერე, როცა დაიბეჭდა ზღაპარი „საფრთხობელა მაფრთხობელა“.-ხომ არ გეშლება?-ჩამეკითხა მელა.-წყალი არ გაუვა!... მახსოვს, როგორ ვბრაზობდი გამომცემლებზე, ასეთი არაჩვეულებრივი ზღაპარი, ნამდვილი ბესტსელერი, დამიწუნეს-მეთქი. გამოვტყდები, რომ ,, ყოყლოჩინა მამლაყინწა’ მირჩევნია „საფრთხობელა მაფრთხობელას.“ ასე რომ, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ეს ნაწარმოები ზუსტად ათი წლის წინ დავწერე. -გამოდის, რომ შენ იცნობ იმ დალოცვილ ფოსტალიონს!-წამოიძახა გახარებულმა მელიტონმა.- ფოსტალიონებს ზღაპარეთში ხუთ წელიწადში ერთხელ ცვლიან; იმას, ვინც სასამართლოდან უწყება მოგიტანა, ათი წლის წინ ხელნაწერი გადაეცი.-ყოჩაღ, მელიტონ, რა მიხვედრილი ყოფილხარ...აუცილებლად დავწერ ზღაპარს, სადაც შენ ზღაპარეთის მთავარი დეტექტივი იქნები!მელიტონმა , რატომღაც, ნაძალადევად გამიღიმა (მგონი, არ გაუხარდა!)ფიქრი ჯუჯა ჟირაფისკენ გამექცა- აი, თურმე, საიდან მეცნობოდა!...ათი წლის წინაც ბუზღუნებდა და ამრეზით მიყურებდა. მელამ იოლად მოძებნა ჯუჯა ჟირაფი. ის დერეფანში ბატთან და ვარიასთან ერთად საუბრობდა. -რა მახსოვს, შენი ზღაპრები 10 წლის წინ რომელ გამომცემლობაში მივიტანე!- აგდებულად მითხრა მან.-შეუძლებელია, არ გახსოვდეს, სად მიგაქვს ნაწარმოებები, მით უმეტეს, რომ ჩემს ქალაქში სულ რამდენიმე გამომცემლობაა.-რატომ გიკვირს? მწერალი ხარ, მაგრამ, როგორც დავრწმუნდი, საკუთარი პერსონაჟების ვინაობა გავიწყდება!-მიპასუხა ნიშნისმოგებით. -უნდა დამეხმარო...შენს იქით გზა არ მაქვს!- თავი შევაცოდე ჟირაფს,- თუ გაიხსენებ ვისთან მიიტანე „ყოყლოჩინა მამლაყინწა“, უკანვე დავიბრუნებ და მოსამართლეს გადავცემ-ხუთიოდე გვერდია... სწრაფად წაიკითხავს. ინდაური დარწმუნდება, რომ ცრუპენტელა რასაც მაბრალებს, ზღაპარში ნამდვილად არ წერია. მამლაყინწა ტყუილისათვის მკაცრად დაისჯება, ჩვენ კი ბედნიერები დავბრუნდებით შინ.-მე ისედაც ბედნიერი დავბრუნდები, რადგან ერთ საათში ჩემი სამუშაო დრო იწურება და ზღაპარეთს ხუთი წლით ვემშვიდობებიო! - მითხრა თავდაჯერებულად, მაგრამ, როგორც კი ჩემი ნათქვამი მოისმინა, შეცბა.დავემუქრე, რომ თუ ხელნაწერს არ მომიტანდა, ზღაპრის სიუჟეტის გაყალბებას სწორედ მას დავაბრალებდი.-განა ასეთი სახელგანთქმული მეზღაპრე ტყუილს იკადრებთ?!- ფერიფური წაუვიდა ჟირაფს.- ნუ დაგავიწყდება, რომ სწორედ სახელგანთქმული მეზღაპრეები არიან შეუდარებელი მატყუარები!-მეზღაპრეებთან საქმის დაჭერას ჯობია, მშიერ მტაცებელს გადავეყაროო, ჩაიბუზღუნა ფოსტალიონმა და თვალსა და ხელს შუა გაქრა. რამდენიმე წუთში დაბრუნებულმა ჯუჯა ჯირაფმა უკმაყოფილოდ მომაჩეჩა ზღაპრის ერთადერთი ხელნაწერი. გახარებულმა მადლობა გადავუხადე და შევპირდი, რომ მის შესახებ აუცილებლად დავწერდი ზღაპარს. ჟირაფმა ხელები გაასავსავა:-არა, არა... არ შეწუხდეთ, რა საჭიროა?!- გულწრფელად გეტყვით, არ მსურს თქვენი ნაწარმოების პერსონაჟი გავხდეო!გაბრაზებულმა გულში ვთქვი:-ამისთანა უმადურზე სიტყვაც არ დამცდება-მეთქი და ნაძალადევი ღიმილით დავემშვიდობე.-ჩემი საცოდავი ხელნაწერი! ...ვინ იცის, სად მიგაგდო გულცივმა გამომცემელმა?-ვთქვი დანანებით, როცა მტვრიან ფურცლებს დავხედე. ცრემლმორეულმა მელას ვკითხე, განა შეიძლებოდა ასეთი საინტერესო ზღაპარი დაეწუნებინათ-მეთქი?მელიტონმა ეშმაკურად მოჭუტული თვალებით შემომხედა (მივხვდი, არ მეთანხმებოდა!) ხმა არ ამოიღო, მხოლოდ ირონიულად ჩაიცინა.მოსამართლეს ზღაპრის დედანი გადავეცი.-კარგია, პატარა ნაწარმოები რომ დაგიწერიაო!-გამიღიმა ინდაურმა. მართალია, სხვა ძნელად შეამჩნევდა მის დაღმეჭილ-დანაოჭებულ სახეზე ღიმილს, მაგრამ შემიძლია, დავიფიცო, რომ მოსამართლეს კმაყოფილებისგან სახე გაებადრა, ოღონდ უცნაურად...და ამას მხოლოდ მეზღაპრე თუ შეამჩნევდა.ინდაური, იხვი, ბატი, შავი კრუხი, მამალი, ვარია და ათი ნაფიცი გარეული ფრინველი- ყველანი დერეფნის ბოლოს, სათათბირო ოთახში შეიყუჟნენ. -გაიგონე, მოსამართლემ როგორ შემაქო?-თავმომწონედ ვკითხე მელას,- ჩემ მიმართ კეთილად არის განწყობილი. ზღაპარს თხუთმეტიოდე წუთში წაიკითხავს და დარწმუნდება, რომ მამლაყინწა მატყუარაა. კოშმარი მალე დასრულდება. ყველამ კარგად იცის,რომ პერსონაჟმა რამდენიც არ უნდა იჩივლოს, ავტორთან აუცილებლად გამტყუნდება.-უკმაყოფილებას პერსონაჟები ხმამაღლა არასოდეს გამოხატავენ. შენი აზრით, რატომ გიჩივლა ყოყლოჩინამ?-მკითხა მელიტონმა.-შეიძლება, ჩემი საქვეყნოდ გამასხარავება იმ ავტორებსს სურდათ, ცხვირაწევით რომ მიყურებენ. მომავალ წელს საუკეთესო მეზღაპრედ უნდა დავსახელებულიყავი და მოშურნე მწერლებმა მამლაყინწას ხელით გააკეთეს ბინძური საქმე, ჰოდა თუკი ასეა, ყველას საკადრის პასუხს გავცემ. ძვირად დაუჯდებათ ჩემი შეურაცხყოფა! ისეთ ზღაპარს დავწერ, ისეთ ზღაპარს დავწერ, ყველას თავბედს ვაწყევლინებ!-დავიმუქრე და მკერდზე მჯიღი დავირტყი.დარბაზში ქათმები ნელ-ნელა კრიახით შემოდიოდნენ, ერთმანეთს ეკაკანებოდნენ და დროდადრო თვალს ჩემკენ აპარებდნენ.მალე მოსამართლე და სასამართლოს წევრებიც გამოჩნდნენ.ფრინველები ჩაყუჩდნენ. ინდაურმა ვარიას ხმადაბლა გადაულაპარაკა. ვარიამ ფურცელზე რაღაც ჩაიწერა და გამოგვიცხადა:-ყურადღებით წავიკითხეთ „ყოყლოჩინა მამლაყინწა“ სიტყვას მივცემთ ადვოკატებს, მამლაყინწასა და ბუტა ბრუნოს ,შემდეგ კი მოსამართლის განაჩენს მოვისმენთ. მელიტონმა ინდაურს მიმართა:-გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბუტა ბრუნომ თავისი სურვილით გადმოგცათ ხელნაწერი, ის მზად არის, დაგეხმაროთ სიმართლის დადგენაშიო. უკმაყოფილო იხვმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ ზღაპრის წაკითხვის შემდეგ, სასამართლოს წევრებმა მცდარი დასკვნა გამოიტანესო. მათ თქვეს:- მამლაყინწა მართლაც მატყუარა,მკვეხარა, ზარმაცი ყოფილა. ნაწარმოებში არ წერია ის, რასაც გვიამბობდა მომჩივანი. ყოყოჩინამ ცილი დასწამა ავტორსო!-მოსამართლევ, სასამართლოს წევრებო, მე იოლად გავაქარწყლებ თქვენს შეხედულებას, თუმცა მამლაყინწა მატყუარა რომც იყოს, მწერალი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა-- საბავშვო მწერალი სასტიკად არ უნდა ექცეოდეს პერსონაჟს. ის მხარში უნდა ამოუდგეს ზღაპრის გმირს და დაეხმაროს სიკეთის კეთებაში. ბრუნო თვითონაა გამოუსწორებელი მატყუარა...გაგახსენებთ მის სიტყვებს,-იხვმა სათვალე გაიკეთა, ორად მოკეცილი ფურცელი გაშალა და კითხვა დაიწყო:-„არ ვიცნობ მამლაყინწას, არ მახსოვს, როდის დავწერე „ყოყლოჩინა მამლაყინწა“, ეს ზღაპარი დავწერე ძალიან დიდი ხნის წინ“... და ა.შ.აშკარაა,-განაგრძობდა იხვი,-მეზღაპრე ცდილობს გზა-კვალი აგვირიოს-როცა მოისურვა, ყველაფერი კარგად გაიხსენა.გირჩევთ, არ ენდოთ ცრუპენტელა ავტორს!-რა არის საეჭვო ბრუნოს ნათქვამში?-ჩაეკითხა ბატი.- შეუძლებელია, უცებ გახსენებოდა ზღაპრის დაწერის თარიღი და ფოსტალიონის ვინაობა, რომელსაც ათი წლის წინ გადასცა ხელნაწერი...მეზღაპრეებს არაჩვეულებრივი მახსოვრობა აქვთ-ბავშვობაც კი გუშინდელი დღესავით ახსოვთ.ბრუნო თვალში ნაცარს გვაყრიდა.მეზღაპრემ, რა თქმა უნდა, იცნო ყოყლოჩინა, მაგრამ თავი მოიკატუნა და იცრუა. მელიტონმაც თავის დაცვის ქვეშ მყოფს სხვადასხვა ხრიკებით ფონს გასვლა ასწავლა. -კიდევ რა მტკიცებულება გაქვთ ბრუნოს დანაშაულის დასამტკიცებლად?-ტყუილი მას ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი. ჯუჯა ჟირაფთან საუბარში თავისი პირით აღიარა, სახელგანთქმული მეზღაპრეები ცნობილი მატყუარები ვართო.„ოჰ, შე ჭორიკანა ფოსტალიონო!-ახლა მივხვდი, ვინც ყოფილხარ!-დამაცადე, მე შენ გიჩვენებ სეირს!“ - ვთქვი დაბოღმილმა და თვალით მოვძებნე კუთხეში მიყუჟული ჟირაფი (მომეჩვენა, თითქოს, უფრო დაპატარავებულიყო)იხვმა თავდაჯერებულად განაგრძო საუბარი:-მამლაყინწა ამტკიცებს, რომ ზღაპრის დასაწყისში ნამდვილად ეწერა, როგორ ეხმარებოდა ის კრუხს საქათმის დალაგებაში, როგორ სეირნობდა კნუტებთან ერთად, ეთამაშებოდა ჭუკებს, ხოლო წიწილებს ძილის წინ საბავშვო ჟურნალ „ალიონს“ უკითხავდა.-ზღაპარში ასეთი რამ არ წერია! - გაიოცა ქედანმა, ერთ-ერთმა ნაფიცმა მსაჯულმა.-გასაკვირი ისაა, რომ ეპიზოდები, სადაც ნათლად ჩანს მამლაყინწას გულკეთილობა, შრომისმოყვარეობა, გაქრა. -თქვენი შეხედულებით დედანი გაყალბებულია?!- აღშფოთება ვერ დამალა მწყერმა.-დასკვნა თქვენ გამოიტანეთ... მე კი შეგახსენებთ, რომ ასეთ ეჭვს სხვა პერსონაჟებიც გამოთქვამენ.მოთმინების ფიალა ამევსო და წამოვიძახე:-მატყუარა მაშინ ვიქნებოდი, თუკი თვალთმაქცსა და ცბიერ ყოყლოჩინას გმირად ვაქცევდი!...ჯერ ერთი, თქვენ მიერ მოხმობილი ეპიზოდები არასოდეს დამიწერია, მეორეც, ხელნაწერში ერთი ასოც არ შემიცვლია, რადგან 10 წლის შემდეგ, ეს ზღაპარი პირველად დღეს ვნახე. -საუბარს ნუ მაწყვეტინებთ!- მკვახედ მითხრა იხვმა,-უმჯობესია, გამოტყდეთ, რატომ აითვალწუნეთ ყველასთვის საყვარელი მამლაყინწა?ბრაზმორეულმა ინდაურმა ადვოკატს მკაცრად მიმართა:-გთხოვთ, აზრი მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ და გვითხარით, რა მიზეზით დაამცირა მწერალმა ყოყლოჩინა? - მიზეზი ისაა ,რომ ბრუნო გულზვიადია. ჰგონია, რადგან ცნობილი მეზღაპრეა, ტყუილსაც დაუჯერებენ! - დაასკვნა იხვმა. ბუმბული ჩამოიბერტყა, სათვალე გაისწორა და დარბაზს ხმის აწევით მიმართა:-წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუ მეზღაპრეებს თავის ნებაზე მივუშვებთ? ისინი შავ დღეს დააყრიან ღირსეულ პერსონაჟებს, ტყუილ-მართალს ერთმანეთში აურევენ და ზღაპარეთის სამართლის წიგნის ყველა კანონს დაარღვევენ.სადავო არ არის, რომ ბრუნომ დაარღვია პერსონაჟის უფლებები, დაამახინჯა ფაქტები. დარბაზი აჩოჩქოლდა. გაისმა მამლაყინწას მომხრეთა წამოძახილები:-ბრუნოს აეკრძალოს ზღაპრების წერა!- მეზღაპრემ უნდა დააკმაყოფილოს პერსონაჟის მოთხოვნები!-ცრუ მწერალმა კალამი გვერდზე უნდა გადადოს! ინდაურმა ფრინველებს შენიშვნა მისცა და მანდატურებს წესრიგის დაცვისაკენ მოუწოდა.თავზარდაცემულმა ლამის ისევ გონება დავკარგე, მაგრამ მელიტონმა გამამხნევა.-ჩემი იმედი გქონდეს, ისეთ მტკიცებულებებს წარვადგენ, შენ ვერავინ გაგამტყუნებსო!ვარიამ ტრიბუნასთან მელიტონი იხმო. მელას გამოსვლა ძალიან შთამბეჭდავი იყო და ფრინველები სულგანაბულნი უსმენდნენ. ჩემმა ადვოკატმა საუბარი ასე დაიწყო:-მოგახსენებეთ, რომ ზღაპარეთის სამართლის წიგნის 50-ე მუხლის, მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბუტა ბრუნოს საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს სიზმრის ქუჩაზე, დილით ჩხრეკა ჩავატარეთ. -ვინ მოგცათ უფლება, ჩემს სახლში ქურდებივით რომ შეიპარეთ?.. ალბათ, ყველაფერი თავდაყირა დააყენეთ, ხელნაწერები მიფანტ-მოფანტეთ!-ვიყვირე აღშფოთებულმა.-ხმა გაკმინდე !- თვალები ისე დამიბრიალა მელამ, გავიფიქრე, არეულ-დარეულ ოთახზე წუწუნის დრო არ არის-მეთქი და გავიტრუნე.-ხომ არ დაირღვა მწერლის უფლებები? - დაინტერესდა ინდაური.-გარწმუნებთ, ბრუნოს უფლებები არ დარღვეულა, თუმცა, მეზღაპრის უკმაყოფილება სამართლიანია; ის ძალიან სწრაფად გამოემართა ზღაპარეთისკენ და, სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი მისი ნახვა. მინდოდა, გამეფრთხილებინა, რომ დიდ დავიდარაბაში იყო გახვეული და აუცილებელი იყო მისი საცხოვრებელი ბინის გაჩხრეკა-დათვალიერება.-რა მიზნით გაჩხრიკეთ მეზღაპრის ბინა?-ჰკითხა მელიტონს ვარიამ.-საბედნიეროდ, სანდო მეგობრის წყალობით, თვით ბრუნოზე ადრე შევიტყგვე მამლაყინწას ბოროტი განზრახვის შესახებ. დავრწმუნდი, რომ სიმართლის გამოსააშკარავებლად აუცილებლად დაგვჭირდებოდა ნაწარმოების დედანი. ხელნაწერებს მეზღაპრეები ძალიან უფრთხილდებიან და ყოველთვის თავიანთ სამუშაო ოთახში ინახავენ. ამიტომაც ვიფიქრე, ბუტასაც „ყოყლოჩინა მამლაყინწა“ საგულდაგულოდ შენახული ექნება-მეთქი.-რა სიმართლის გამოააშკარავებას გულისხმობთ?-მომჩივანის აზრით, ის საუკეთესო მამლაყინწაა და არაფრით ჰგავს მწერლის მიერ დახატულ ყოყლოჩინას. იმასაც ამტკიცებს, რომ ზღაპრის სხვა პერსონაჟები არ ეთანხმებოდნენ ავტორს და მოითხოვდნენ მამლაყინწა დადებით გმირად წარმოჩენას. -რატომ ფიქრობდა მამლაყინწა, რომ გამოცდილ მოსამართლეს გამიჭირდებოდა ტყუილის სიმართლისგან გარჩევა?-გაიკვირვა ინდაურმა.-მამლაყინწამ იცოდა, რომ ავტორმა ზღაპარი გამომცემლობაში გააგზავნა. იცოდა ისიც, რომ ნაწარმოები დაიწუნეს, ხოლო განაწყენებულმა ბრუნომ ხელნაწერი არ გამოითხოვა. ყოყლოჩინა დაარწმუნეს, ,,ყოყლოჩინა მამლაყინწა“ გამომცემელმა დაწვა ან სადღაც მტვრიან თაროზე შემოდოო. გათამამებულმა პერსონაჟმა იფიქრა, თუკი ზღაპარი დაიკარგა, ბრუნოს რასაც მინდა, იმას დავაბრალებო და სიუჟეტი შეცვალა.-რა მიზანი ამოძრავებდა მომჩივანს?-მამლაყინწა ფიქრობდა, სახელგანთქმული მეზღაპრე საქვეყნოდ თავის შერცხვენას სიუჟეტის შეცვლას ამჯობინებდა. თუკი ყოყლოჩინა მიზანს მიაღწევდა, ვინ იცის, გათავხედებული რას უბრძანებდა მწერალს?!..-ვინ ეხმარებოდა მომჩივანს მზაკვრული გეგმის განხორციელებაში?-დაინტერესდა ქედანი.-ის დაუმეგობრდა ეშმაკ კატას-ფაცოს, რომელსაც დაავალა გამომცემლობის წიგნთასაცავში შეძრომა და „ყოყლოჩინა მამლაყინწას“ მოძებნა. სამაგიეროდ, მამლაყინწა მას ქათმების მეფის სასახლის დაცვის უფროსად დანიშვნას შეჰპირდა.თაღლითი ფაცო წიგნთსაცავში შეძრომის ნაცვლად კაკლის ხის ქვეშ მიწვა. მამლაყინწა კი დააჯერა, მთელი გამომცემლობა საგულდაგულოდ დავათვალიერე და ხელნაწერი ვერ ვიპოვეო. .-მოგვახსენეთ ჩხრეკის შედეგების შესახებ!-ბრძანა მოსამართლემ.-დახმარება ვთხოვე ცნობილ მჩხრეკავებს- შავ კრუხსა და ჭრელ მამალს- ისინი საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდიან.- თქვა მელიტონმა და მამალი იხმო.მამალმა კისერი წაიგრძელა, ფრთები შეათამაშა და რამდენჯერმე დაიყივლა. შავმა კრუხმა კი ჩხრეკის ოქმი ინდაურს გადასცა. -მე და შავმა კრუხმა-საუკეთესო მჩრეკავ-მქექავებმა- საგულდაგულოდ გადავაქოთეთ ბუტა ბრუნოს სახლის ყველა კუთხე-კუნჭული. უამრავ ხელნაწერსა და წიგნს შორის არ აღმოჩნდა „ყოყლოჩინა მამლაყინწა“.ჩვენი აზრით, თუ ამ ზღაპრის ხელნაწერი არსებობს, მწერალი მას აუცილებლად თავისი საწერი მაგიდის უჯრაში შეინახავდა. ბრუნოს თავში აზრადაც არ მოუვიდოდა მისი გადამალვა, რადგან არაფერი იცოდა მამლაყინწას საჩივრის შესახებ.მამალმა რამდენჯერმე დაიყივლა და თავის ადგილას დაჯდა.-სად აღმოჩნდა თავდაპირველი ტექსტი? -დაინტერესდა მწყერი.-პერსონაჟმა ვერ გაითვალისწინა, რომ ასეთი ცნობილი მეზღაპრის ნაწარმოებს არავინ გადააგდებდა,- თქვა კმაყოფილმა მელამ,-გამომცემელმა, მართალია, ძალიან ბნელ წიგნსაცავში, მაგრამ მაინც შეინახა ზღაპარი. ავტორს ის დღეს ჯუჯა ჟირაფმა გადასცა. ტყუილად კი არ უთქვამთ: „სიცრუე დილამდეო, სიმართლე შვილიშვილამდეო“.-მელიტონის ნათქვამმა ჩემი შეხედულება გაამყარა... აკი ვამბობდი, ბრუნომ ზღაპარი გააყალბა-მეთქი-წამოიძახა გახარებულმა იხვმა,-მას საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ სანამ ნაწარმოებს წასაკითხად გადმოგცემდათ, ბევრი ეპიზოდი შეეცვალა.-გეთანხმები,-მშვიდად მიუგო მელამ,-ბრუნოს შეეძლო სასამართლოს წევრების მოტყუება, მაგრამ ეს უღირსი საქციელი არ ჩაუდენია. -როგორ დაგვიმტკიცებთ ამას?-ცხვირაწევით იკითხა იხვმა.-ეს-ესაა მივიღეთ ზღაპარეთის მთავარი ექსპერტის-არწივის დასკვნა, სადაც წერია: „ექსპერტიზა ჩაუტარდა გაცრეცილ-გაყვითლებულ ფურცლებს. ზღაპარი „ყოყლოჩინა მამლაყინწა“ დაწერილია 10 წლის წინ, ბუტა ბრუნოს მიერ. ნაწარმოებში ერთი ასოც კი არ არის არც ჩამატებული, არც-ამოღებული.ექსპერტიზის დასკვნას ხელს ვაწერ არწივი- ზღაპარეთის მთავარი ექსპერტი.“იხვს ელდისაგან, თითქოს, ყელი გაუშრაო, ხველა აუტყდა.ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მელიტონის გამოსვლამ.- ყოჩაღ, მელიტონ, ყოჩაღ-მეთქი! - ვაქებდი გულში და ვიმედოვნებდი, რომ ჭკვიანი ადვოკატის წყალობით, აუცილებლად გამამამრთლებდნენ, ყოყლოჩინას კი სამაგალითოდ დასჯიდნენ.ინდაურმა ყურადღებით მოისმინა მოწმეთა ჩვენებებიც. გულჭრელა კაკანამ გაიხსენა, როგორ ჩაგრავდა მის წიწილებს მამლაყინწა. ვახვახა ჭუჭულებსაც, თურმე, ყოყლოჩინამ ბევრჯერ მიაყენა შეურცხყოფა.-საქათმეთში ყველამ იცოდა, რომ ამპარტავან მამლაყინწას დაყივლება არ სურდა, რადგან თავს უფლისწულად მიიიჩნევდა. მშობლიური ეზო მან თავისი სურვილით დატოვაო,- დაადასტურა მურიკელამ.მელიტონმა მადლობა გადაუხადა მოწმეებს საგულისხმო ინფორმაციის მიწოდებისათვის და კმაყოფილმა ასეთი სიტყვებით დაასრულა გამოსვლა:-ჩემი მხრივ, მინდა გითხრათ შემდეგი: ბრუნომ მკითხველს ყოყლოჩინას ნამდვილი სახე დაანახვა. პერსონაჟმა კი, შეცდომების გამოსწორების ნაცვლად, მწერალზე შურისძიება გადაწყვიტა. სამწუხაროდ, უნიჭიერეს მეზღაპრეს ბევრი მოშურნე ჰყავს. მათ გააქეზეს გულნამცეცა ყოყლოჩინა. -ვინ არიან გამქეზებლები?- ჩაეკითხა ადვოკატს მწყერი.-მინდოდა, ეს ვაიმწერლები მომეწვია და მათთვის რამდენიმე შეკითხვა დამესვა, მაგრამ უარით გამომისტუმრეს: -მამლაყინწას შესახებ არაფერი გვსმენია...რა საქმე გვაქვს მჩატე ჭკუის პერსონაჟთან?.. სხვის ზღაპარში მონაწილეობას არ მივიღებთო!გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები. იმედი გვაქვს, განაჩენი სამართლიანი იქნება.მელიტონი გვერდით მომიჯდა და კმაყოფილმა მხარზე თათი დამკრა.ინდაურმა თავისთან იხმო სასამართლოს წევრები. ისინი დიდხანს საუბრობდნენ.დარბაზში ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა. მოსამართლის გადაწყვეტილება ვარიამ მამლაყინწას ჰკითხა: -ხომ არ გსურთ, ავტორთან დავა შეწყვიტოთ და საჩივარი გაიტანოთო?ყოყლოჩინამ ერთი ალიაქოთი ატეხა: -ჰეი და ჰაა!-ზღაპარეთი ჩალით ხომ არ არის დაფარული?-ამ ცრუმეზღაპრის გამო რამდენი უბედურება დამატყდა თავს!...ბრუნო რომ არ დაისაჯოს, ხვალ ცხვირიდან ძმარს მადენს!... „ვისაც ჭირი უნახავს, წამალიც იმან იცისო,“- ავტორმა ყველა ჩემი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს!...მოვითხოვ, სასწრაფოდ შეცვალოს სიუჟეტი და საუკეთესოთა შორის საუკეთესო მამლაყინწად მაღიაროს! ინდაურს უკმაყოფილება ეტყობოდა. ის გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად მოემზადა:-სამწუხაროა, რომ ავტორი და პერსონაჟი ვერ მორიგდით. საკმარისი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ვასკვნით: მამლაყინწა მატყუარაა. ის ნამდვილად ჩაგრავდა წიწილებს, თავისი სურვილით უარი თქვა დაყივლებაზე და მიატოვა მშობლიური ბუდე. ყოყლოჩინამ ცილი დასწამა მელას, ვითომცდა მელიტონი მის ხელში ჩაგდებას ცდილობდა.ზღაპარეთის სამართლის წიგნის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოყლოჩინას მივუსაჯეთ ერთი წლის განმავლობაში დღეში ასჯერ ყივილი.შვებით ამოვისუნთქე და კმაყოფილი გადავეხვიე მელიტონს, თუმცა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. ინდაურმა განაგრძო:-სიცრუეში მხილებულია ბუტა ბრუნოც: ათადან ბაბადან ასე იყო, მელა ეშმაკი და გაიძვერაა, მან კი ის ყველასთვის საყვარელ მკურნალ ექიმად აქცია.ჩვენი საწუხარი უფრო ისაა, რომ ზღაპარში არ ჩანს პერსონაჟის მიმართ სიყვარული, კეთილგანწყობა. ვფიქრობთ, მამლაყინწას მორალური ზიანი მიადგა. ამ ზღაპრის მიხედვით ქარაფშუტა, ავყია პერსონაჟი სიკეთის გზას ვერასოდეს დაადგება. არ მიკვირს, გამომცემლებმა „ყოყლოჩინა მამლაყინწა“ რომ დაიწუნეს. უარყოფით პერსონაჟს ავტორი მხარში უნდა ამოუდგეს და შეეცადოს მის გამოსწორებას. -ზღაპრის შინაარსის გამო ჯერ არც ერთი ავტორი არ დასჯილა!-მელიტონმა ინდაურს სიტყვა შეაწყვეტინა.დარბაზი ახმაურდა. მანდატურმა მელას დაუღრინა: -როგორ ბედავ, მოსამართლეს განაჩენის კითხვას რომ აწყვეტინებო?!მელიტონი გაჩუმდა.ინდაურმა ხმის ამაღლებით გააგრძელა კითხვა:-ბუტა ბრუნოს ერთი წლით აეკრძალოს ზღაპრების წერა!შეშფოთებული მოსამართლეს მივვარდი:-გამოდის, რომ მხოლოდ მე ვისჯები!...მამლაყინწას არაფერი დაუშავდება, თუ დღეში ასჯერ დაიყივლებს, მეკი ერთი წელი ზღაპარი რომ არ დავწერო, რა მეზღაპრე ვიქნები?!-არა უშავს რა! -ჭკუას ისწავლი, -წაისისინა ბატმა.-საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მომეცით!- შევეხვეწე ინდაურს. დარბაზიდან მამლაყინწას მომხრეთა შეძახილები გაისმა:-ისევ ტყუილებით გაგვბერავს!-იქნებ სინდისი ქენჯნის?!-მოვუსმინოთ, რას გვეტყვის...ყელზე არ დაადგეს ამდენი სიცრუე!მოსამართლემ სიტყვის თქმის უფლება მომცა.ბოღმა ყელში მეჩხირებოდა, მაგრამ ძალ-ღონე მოვიკრიბე და ძლივს ამოვღერღე სათქმელი:-შეიძლება იფიქროთ, დიდი ამბავი, ქვეყანა არ დაიქცევა, თუ ერთი წლის განმავლობაში საბავშვო ნაწარმოებს არ დაწერო... მაგრამ რა პასუხი გავცე პერსონაჟებს, დაუმთავრებელ ზღპრებში რომ მოუთმენლად მელიან?! გთხოვთ, გულთან მიიტანოთ გუგულის ბარტყის სატკივარი, რომელიც უდედოდ გაიზარდა; მან ახლახან შეიტყო მშობლის ადგილსამყოფელის შესახებ და მასთან გასაფრენად ემზადება. ბარტყი ერთი წელი ვერ გაუძლებს მონატრებული დედის უნახაობას.,,გუგულის ბარტყის თავგადასავალი“ წლის საუკეთესო ზღაპარი იქნება-მეთქი, დავიკვეხნე საბავშვო მწერლებთან. შურიანებმა მამლაყინწას დახმარებით გადაწყვიტეს ჩემთვის ხელის შეშლა. მათ წააქეზეს ბრიყვი ყოყლოჩინა და ახლად არჩეული მეზღაპრეთა მეზღაპრის სახელზე მეორედ შეატანინეს საჩივარი. გთხოვთ, შეცვალეთ განაჩენი!- შევეხვეწე აცრემლებულმა და თავი ჩავქინდრე.დარბაზში ქვითინის ხმა გაისმა. კოპებშეყრილი მოსამართლე ჩაფიქრდა. -საბოლოოდ გირჩევთ, ათ წუთში შეცვალოთ სიუჟეტი- ეს თქვენი ბოლო შანსია!-მკაცრად თქვა ინდაურმა.-განა ასე იოლია რაიმეს დაწერა, როცა გონებიდან ყველა სიტყვა გამექცა?-ჩავილაპარაკე უიმედოდ.ალბათ, სასწაულის მოხდენას თუ ველოდებოდი, თორემ დღესაც არ ვიცი, რა ძალამ მათქმევინა შემდეგი სიტყვები:-თანახმა ვარ, ათ წუთში ზღაპრის სიუჟეტი შევცვალო.-მაშ, რაკი ასეა, ჰა ბურთი და ჰა მოედანი! -გამამხნევა ვარიამ.-ჰოი, შენ კი გენაცვალე, ბრუნო!-სიხარულს ვერ მალავდა მამლაყინწა,-ახლავე მიეცით ფურცელი და კალამი! -ის უნიჭიერესი მწერალია, ათ წუთში კიარა, ხუთ წუთშიც საუკეთესო ზღაპარს დაწერს!- ყოყლოჩინა ბედნიერებისგან ცაში ფრენდა, გვერდიდან არ მშორდებოდა და მითითებებს მაძლევდა:-ჩემი მოთხოვნები გაითვალისწინე, ცუდი არაფერი დაწერო, თორემ ხომ იცი, ქათმების მეფის შვილი ვარ და ჩემთან ქიშპობა ძვირად დაგიჯდება!მელიტონმა ხელნაწერი მომაწოდა. ის ეშმაკურად იღიმოდა ულვაშებში (იცოდა, რასაც დავწერდი!) -ჩემი წასვლის დროა!-დამემშვიდობა და მხარზე მეგობრულად დამკრა თათი.-პირობას ვდებ, სხვა ზღაპარში ისევ შევხვდებით ერთმანეთს!- დავაიმედე მელა.(მგონი, ჩემმა ნათქვამმა არ გაახარა!) მელიტონი შეუმჩნევლად გავიდა დარბაზიდან.მაგიდასთან დავჯექი, ზღაპრის ბოლო გვერდი მოვძებნე და დავწერე:„ძვირფასო მკითხველებო, მე გიამბეთ ჩემი სიზმრის შესახებ, თუკი მოგეწონათ, აუცილებლად დავწერ ზღაპარს „ყოყლოჩინა მამლაყინწა“ (თუმცა დარწმუნებული არ ვარ! )პატივისცემითბუტა ბრუნო.“როგორც კი წერტილი დავსვი, ჩემ წინ ყვლაფერი გაფერმკრთალდა- საგნები ერთმანეთში აირივნენ, ჰაერში აცურდნენ და თანდათან გაქრნენ. ბუტა ბრუნოს უცნაური ახალი წელიგათოშილი, თავატკიებული დავბრუნდი შინ, ლოგინზე ტანგაუხდელად მივეგდე და დავიძინე.კარზე კაკუნის ხმამ გამომაღვიძა. ვიღაცის ბუზღუნი და ლანძღვა ჩამესმა:-რა ძილქუში დაგაწვა, კარს რომ არ აღებ!...თოვასა და ქარბუქში ამხელა გზა გამოვიარე, შენ კი თბილი ლოგინიდან წამოდგომა გეზარება!...საცაა 12 საათი გახდება. შინ მისვლას ვერც კი მოვასწრებ!-ჯუჯა ჟირაფია!-შუბლზე ხელი ვიტკიცე. შიშმორეულს ლამის გული ბუდიდან ამომივარდა,- ისევ სასამართლოში ხომ არ მიბარებენ-მეთქი?- გავიფიქრე და კარი სასწრაფოდ გავაღე.გაკვირგვებულმა სადარბაზოში გავიხედ-გამოვიხედე-არავინ იყო. მოხუცი ქალბატონი, ჩემი მეზობელი, საკუთარი სახლის ზღურბლთან იდგა და შინ შესვლას აპირებდა.-ჯუჯა ჟირაფისთვის თვალი ხომ არ მოგიკრავთ-მეთქი?- ვკითხე მორიდებით.გაკვირვებულმა მეზობელმა სათვალის ზემოდან გადმომხედა და ჩაიჩიფჩიფა:-სულ გადაირივნენ ეს მეზღაპრეებიო!-ბატონო ბრუნო, ალბათ, ეზოში ჩასვლას აპირებთ,რადგან ასე თბილად ჩაგიცვამთ? მაგრამ ისე ბარდნის და ცივა, გირჩევთ, შინ დარჩეთ.-არსად წასვლას არ ვაპირებ, საწოლიდან ეს-ესაა წამოვდექი- მეთქი!- ვუპასუხე.მოხუცი გაფრთოებული თვალებით მომაშტერდა, მერე ამხედ-ჩამხედა, შინ შევიდა და კარი მოაჯახუნა.თორმეტი საათი შესრულდა თუ არა, ცას მფრინავი ვარსკვლავები მიაწყდნენ და ცეკვა-ცეკვით უკანვე დაბრუნდნენ. ღია ფანჯრებიდან ჟრიამულისა და მხიარულების ხმა გამოდიოდა. გადაღლილს სიზმარი და ცხადი, მოგონილი და ნამდვილი ერთმანეთში ამერია-მეთქი!-ვთქვი დაბნეულმა და სამუშაო ოთახში შევედი. მტრისას, რაც მე იქ ვნახე!...ყველაფერი თავდაყირა იყო:-ჰოი,ნეტავი ხელში ჩამივარდებოდეთ, საძაგელო მჩხრეკავ-მქექავებო!-დავიყვირე და მუშტი მაგიდას დავკარი. მაგიდაზე კოხტად შეფუთული ყუთი შევნიშნე. - ყოჩაღ, თოვლის ბაბუა, კარგ დროს მოსულხარ-მეთქი!- ჩავილაპარაკე და საჩუქარი გულისფანცქალით გავხსენი. შიგ ცერისოდენა ბოთლი და ბარათი იდო.ბარათში ეწერა:„იმედი მაქვს, სხვა ზღაპარშიც აუცილებლად შევხვდებით!მარად შენი მელიტონი.“ისეთ ზღაპარს დავწერ,.. ისეთ ზღაპარს დავწერ-მეთქი!.. გავიფიქრე გულში. წრიალასა და წრომას ახალი წელი -ახალი წელი მოდის, ყველა გახარებულია, ჩვენ კი, ყურებჩამოყრილები და მშივრები, სოროში ვართ გამომწვდეულები...ლაღად კუდიც ვერ მოგვიქნევია!- აწუწუნდა წრიალა .-აბა, აბა! დაეთანხმა წრომა მეუღლეს,- საკუჭნაოში რა ბედნიერად ვცხოვრობდით!...სასუსნავი მუდამ თავზესაყრელად გვქონდა. მას შემდეგ, რაც საკუჭნაოში შესაძრომი ამოგვიქოლეს, შიმშილით კუჭი გვიხმება.-მოხუცი თაგვები რას გავხდებით, როცა ჯან-ღონით სავსე ვირთხებმაც ვერ მოახერხეს სანდრო პაპას საკუჭნაოში ცხვირის შეყოფა! -არა, არა!- მტიცედ თქვა წრომამ,- რაღაც უნდა ვიღონოთ, თორემ ახალ წელს სუფრაზე ხმელა პურსაც ვერ დავდებთ!-იმედია, შარშანდელივით სხვენზე აძრომა და იმ ონავრების-თეკლასა და ნუციკოს, ჭიანი კბილების კვნეტა არ მოგვიწევს!-ოჰ, ეს რა გამახსენე!- შეწუხებულმა წრომამ კბილები გააკრაჭუნა,- თვითონ თხილსა და ჩურჩხელებს მიირმეთევენ, ჩვენ კი ჭიისგან გამოხრულ კბილებს გვთავაზობენ...თანაც ბრძანების კილოთი გვეუბნებიან: „თაგვებო, თაგვებო, ჩვენი ჭიანი კბილები თქვენ, თქვენი საღი კბილები-ჩვენო!“-სანდრო პაპა და ნინო ბებო კი ძალიან აქებენ შვილიშვილებს- კეთილი ბავშვები არიანო!-ისემც რა ვუთხარი, რაც ეგ მართალი არ იყოს!- ჩაილაპარაკა წროლამ და უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი.- გულკეთილები მაშინ იქნებოდნენ, ჭიან კბილებს თხილსა და კაკალს თუ გამოაყოლებდნენ. ჩემი აზრით, ხერხი უნდა ვიხმაროთო, დაასკვნა წრიალამ და აწრიპინდა:-საცაა ახალი წელი დადგება, გოგონები კი არ ჩანან; მარტო დარჩენილმა პაპა-ბებომ, ალბათ, ძალიან მოიწყინა. ვეებერთელა ნაძვის ხე ტოტებჩამოყრილი, თვალებჩაღამებული დგას. მოდი, მოხუცები გავახაროთ და ნაძვის ხე მოვრთათ.-ვერაფერი გავიგე,- მხრები აიჩეჩა ბროლამ.- რატომ უნდა მოვრთათ ნაძვის ხე, ან რატომ უნდა გავახაროთ პაპა-ბებო?-რა მიუხვედრელი ხარ!- თვალები დააბრიალა წრიალამ,- გახარებული მოხუცები უხვად დაგვასაჩუქრებენ.-ნაძვის ხის სათამაშოები რომ არ გვაქვს?-დაგავიწყდა, გოგონები სხვენში უამრავ გაფუჭებულ და დამტვრეულ სათამაშოს რომ ინახავენ?- ასეთი სათამაშოები რაში გამოგვადგება?!-წრომამ გაოცებით ჰკითხა მეუღლეს.-ამ უმშვენიერეს, ფართოტოტებიან, მსხვილწიწვიან ხეზე ფეხმოტეხილი და თმაგაწეწილი თოჯინებიც ლამაზები გამოჩნდება; დაინახავენ მოხუცები მორთულ-მოკაზმულ ნაძვს და იკითხავენ, ნეტავი ვინ მოიფიქრა ჩვენი გულის გახარებაო? მიიხედ-მოიხედავენ და რომ ვერავის შენიშნავენ, იფიქრებენ, უეჭველად თოვლის პაპა გვესტუმრაო...ამ დროს კი ჩვენ გამოვძვრებით სოროდან და ყველაფერს მოვუყვებით; უზომოდ კმაყოფილი სანდრო პაპა და ნინო ბებო საახალწლო სუფრასთან მიგვიწვევენ. ოღონდ ჩვენ აუცილებლად თავი შორს უნდა დავიჭიროთ-ტკბილეულობით სავსე მაგიდას ახლოსაც არ მივეკაროთ! -რას ამბობ! -აყვირდა წრომა,- მიპატიჟებაზე უარი ვთქვათ?...შიმშილით კუჭი გვიხმება, რა დროს გაპრანჭვა- განაზებაა?!...შეიძლება, მოხუცებს ეწყინოთ კიდეც და გვისაყვედურონ, სუფრას წიხლი გვიკარითო!-ნუ ხარ სულსწრაფი და ხარბი!- უსაყვედურა წრიალამ,- სუფრასთან თუ არ დავსხდებით, პაპა და ბებია ტომარაში ბლომად ჩაგვიყრიან ნაირნაირ ნუგბარს და ხელდამშვენებულებს გამოგვისტუმრებენ.-სასუსნავით სავსე ტომარა ჩვენს სოროში როგორ შემოეტევა?-რა თქმა უნდა, ვერ შემოეტევა, ამიტომაც მადლიერი მოხუცები საკუჭნაოს კარს გაგვიღებენ და გვეტყვიან: -დღეის შემდეგ აქ იცხოვრეთო!-მართლაც ჭკვიანურად მოგიფიქრებია ყველაფერი!.. ახალ წლამდე ცოტა დრო რჩება. აბა, საქმეს მივხედოთო!- თქვა გახალისებულმა წრომამ. თაგვები გაძვრნენ-გამოძვრნენ და სხვენიდან წვალებით ჩამოათრიეს სათამაშოები . ცოტა ხანში ნაძვის ხეზე აკონწიალდნენ: ხელფეხმოტეხილი დათვი თუ მაიმუნი, კისერმოღრეცილი ჟირაფი, ცალყურა კურდღელი, ჩაფუშული ბურათები, ისრებჩამოყრილი საათი. კენწეროზე ვეებერთელა უკუდო ლომი წამოასკუპეს და არაქათგამოცლილები სოროში შეიყუჟნენ. თაგვები დიდხანს გულისფანცქალით ელოდნენ მოხუცების ოთახში შემოსვლას. შიმშილისგან მუცელი კი უწრიალებდათ, მაგრამ არ ნაღვლობდნენ- წინ ბედნიერი ახალი წელი ელოდათ! წრიალამ და წრომამ იცადეს...დიდხანს იცადეს...არადა არ გაიღო ოთახის კარი! დაეჭვდნენ, იქნებ მოხუცებს შვილიშვილების ლოდინსა და გზისკენ ყურებაში თვალები დააწყდათ და ჩაეძინათო? მალე თაგვებსაც მოერიათ ძილი და ხვრინვა ამოუშვეს. სად იყო და სად არა, ოთახში სანდრო პაპა და ნინო ბებო გაჩნდნენ -მათ სიმღერ-სიმღერით გარს შემოუარეს ნაძვის ხეს, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა: უქუდო სოკოებმა უცებ ფრენა დაიწყეს, უხორთუმო სპილო ატირდა, ცოცხზე გადამჯდარმა ჯადოქარმა თვალები დააბრიალა, ძაღლმა დაიყივლა, მამალმა დაიყეფა. სათამაშოებმა ისკუპეს და მოხუცებს პირდაპირ თავზე დაახტნენ. გულგახეთქილი პაპა-ბებო ყვირილით ოთახიდან გაცვივდა. ენაჩავარდნილ თაგვებს მშიერი კუჭი სადღა ახსოვდათ, მხოლოდ ის უხაროდათ, რა კარგია, ეს საშინელება სიზმარში რომ ვნახეთ, აბა, ცხადში ეს როგორ მოხდებოდაო?! ობობა ბობოლას ბიბლიოთეკა ობობა ბობოლა მუხნარის ბიბლიოთეკაში მუშაობდა; მუშაობდა კი არა, ცხოვრობდა, რადგან, რაც თავი ახსოვს, წიგნებთან ერთად იძინებდა და იღვიძებდა. კაცი ვერ წარმოიდგენდა, რომ უზარმაზარი მუხის ფუღუროში თუკი შეაღწევდი, სამკითხველო დარბაზში აღმოჩნდებოდი. ბიბლიოთეკაში უამრავი წიგნი მიჯრით ჩაემწკრივებინათ. განათლებული, წიგნიერი მწერები ყოველდღე შემოფრინდებოდნენ ხოლმე და თავაუღებლად კითხულობდნენ. მუხის ტყის ბიბლიოთეკა მთელ სამწერეთში უძველესი იყო. რა წიგნი გინდა, სულო და გულო, აქ რომ არ ყოფილიყო!- სახელგანთქმული ციცინათელების დედოფლის -ციცინო მანათობლის, ანდერძი, ფუტკართა და კრაზანათა დაპირისპირების ისტორია, ცისფერ პეპელათა საჩივრის წიგნი. საგანგებო სათავსოში ინახებოდა სახელმოხვეჭილი მწერების ხელნაწერები და იშვიათი გამოცემები. ბობოლას წინაპრები ბიბლიოთეკაში დაიბადნენ და გაიზარდნენ. ობობამ მათგან ისწავლა წიგნის სიყვარული, ამიტომაც თითოეულ ხელნაწერსა თუ ბროშურას დაჰფოფინებდა. მართალია, მოხუცდა და ძალიან უჭირდა თაროდან თაროზე გაბმულ თოკებზე ცოცვა, მაგრამ წამითაც არ ჩერდებოდა უსაქმოდ- ადრიანად დგებოდა, წიგნებს ახალ-ახალი ნაქარგებით ალამაზებდა. ობობას განსაკუთრებით ახარებდა პატარა მკითხველის სტუმრობა. ყურში კარგად არ ესმოდა, ამიტომ ვერ იგებდა, ყმაწვილები რა წიგნს სთხოვდნენ. ბიბლიოთეკარი არ იზარებდა, ბანცალ-ბანცალით თაროებზე აბობღდებოდა ხოლმე- ხშირად დიდხანს ძებნით თავბრუ ესხმოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. დახედავდნენ პატარა მწერები ობობას მიერ შემოთავაზებულ წიგნებს და აბუზღუნდებოდნენ: - „რწყილი და პეპელა“ კი არა, „ჭიასა და მაიას“ ზღაპარი გთხოვეთო, კოღოების ლექსები ზეპირად ვიცით, „მიწაქექიას“ წაკითხვა გვინდოდაო! ბებია გულში ბრაზობდა ყმაწვილების საყვედურების გამო, თუმცა წყენას არ იმჩნევდა და ღიმილით ეუბნებოდა:-დღეს ეს წიგნები წაიკითხეთ, ხვალ კი სხვა წიგნების წასაღებად მობრძანდითო! წინათ ბობოლა სასურველ წიგნს თვალდახუჭულიც იოლად აგნებდა; უბედურება ის კი არ იყო, რომ ბებიას თვალს დააკლდა, მეხსიერებაც ღალატობდა, არამედ ის, რომ შეუსვენებლად ქსოვდა და თაროებს სქელი ქსელით ფარავდა. აბლაბუდაში გახვეულ წიგნებს კი, აბა, რას იპოვიდა?! უკმაყოფილო მწერებს ახალი ბიბლიოთეკარის არჩევა სურდათ, მაგრამ არ იცოდნენ, ეს როგორ მოეხერხებინათ. მათ კარგად ესმოდათ, რომ ბობოლას დაყოლიება იოლი არ იქნებოდა , ამიტომაც მწერები ყოველდღე იკრიბებოდნენ და ერთმანეთს გულისტკივილს უზიარებდნენ.-გაგონილა?-ჩიოდა ნემსიყლაპია,- ბიბლიოთეკარმა „ბუზების საჩივრის წიგნის“ ნაცვლად, ბზუილა პოეტთა ლექსების კრებული მომცაო!-მოთმინების ფიალა აგვევსო!-დაეთანხმა ჭრიჭინა,- ამას წინათ მაყვლის ფოთლებზე დაწერილი ხოჭოების მოთხრობების წაკითხვა მსურდა, თითქმის მთელი კვირა ეძება, მაგრამ ამაოდ!.. მორიდებით ვურჩიე, დაისვენე, ტყეში გაისეირნე, შვილიშვილები მოინახულე-მეთქი, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა,...განაწყენებულმა ასე მიპასუხა: -ბიბლიოთეკარობა ხელწამოსაკრავი საქმე გგონია?...მუხლჩაუხრელად ვქსოვ, თითოეულ გაყვითლებულ ფურცელს თავს ვევლები...სასეირნოდ სად მცალიაო!...-მე, რა თქმა უნდა, შევეწინააღმდეგე:-ლამაზად კი გამოიყურებიან ქსელით ყდადამშვენებული წიგნები, მაგრამ მარტო სილამაზე რა ბედენაა, თუკი მას მკითხველი ვერ წაიკითხავს-მეთქი?! განრისხებულმა ბობოლამ სამკითხველო დარბაზიდან გამომაგდო და მომაძახა:-ქინქლა ქველი ტყუილად არ წერდა, რომ მუხნარში მცხოვრები ჭრიჭინები ენაჭარტალები არიანო!-მეტის მოთმენა აღარ შეიძლება, გამოსავალი უნდა მოვძებნოთ!- აღელდა კრაზანა,- რამდენი ხანია, ობობას ვთხოვ, წიგნსაცავიდან გამომიტანოს უძველესი ხელნაწერი- ,,კრაზანები-თაფლის დამამზადებლები“. -კრაზანების თაფლი ვის გაუგია?-გაოცდა ფუტკარი.-სწორედ ამ ხელნაწერშია გადმოცემული ჩემი წინაპრების, განთქმული მეკრაზანეების, საქმიანობის შესახებ.-სხვათა შორის,-საუბარში ჩაერთო მკვლევარი ქინქლა,- კრაზანულა ბრძენის „ნასყიდობის“ წიგნში საინტერესო ცნობას წავაწყდი-თურმე ოქროსფერას ყვავილთა სანაცვლოდ, ფუტკრებმა კრაზანათა მეფისგან თაფლის დამზადების უფლება ერთი წლით მოიპოვეს. ისტორიკოსი პეპელა ქინქლას დაეთანხმა:-ეს ფაქტი ჩემთვისაც ცნობილია... სამწუხაროდ, კრაზანათა სამეფო კალიებისა და ფაროსანების შემოსევების შედეგად განადგურდა...ფუტკრებმა ისარგებლეს და დღემდე კრაზანების რეცეპტით ამზადებენ თაფლს.-მეგობრებო, თქვენი ნათქვამი კვლევებით უნდა დაადასტუროთ!-აღშფოთდა ფუტკარი,- მოგეხსენებათ, არქეოლოგმა ჭიაყელებმა ფუტკართა სამეფოს ნანგრევებში აღმოაჩინეს უძველეს სკაში შენახული თაფლი. მეცნიერთა აზრით, ის სწორედ ფუტკრების მიერაა დამზადებული.-ისიც უნდა გავითვალისწინოთ,- თქვა ჭიანჭველამ,- რომ ფუტკართა სამეფო კრაზანათა სამეფოზე ბევრად ადრე შეიქმნა.-ობობა წიგნსაცავში შესვლის უფლებას არავის აძლევს. როგორც ვიცი, საგანგებო სათავსოში ინახება მზეთუბნის მინდვრის კალიების ნახატებიც. აუცილებელია, ბიბლიოთეკის დალაგება, თორემ ობობა ისეთ აბლაბუდას ხლართავს, მალე სამკითხველო დარბაზში ცხვირსაც ვეღარ შევყოფთ!-აწუწუნდა კალია.-გამოსავალი თუ ვერ ვიპოვეთ, ყველაზე მეტად ხოჭოები დავიჩაგრებით,- გულისტკივილი ვერ დაფარა ხოჭომ.-მწერებს არ სჯერათ, რომ ჩემს წინაპრებს თეთრი შეფერილობა ჰქონდათ. ციცინათელებმა ჩაიცინეს და ხოჭოს ღიმილით ჰკითხეს, ნეტავი ახლა ასე რამ გაგაშავათო?-ამ კითხვაზე პასუხი გარკვევით წერია მოთხრობაში „თეთრი ხოჭოს უცნაური თავგადასავალი“. მთავარი პერსონაჟი გვირილას ველზე მელა ხოჭოს მეზობლად ცხოვრობდა. იმ დროს კი ყველა ხოჭო, თურმე, თეთრი ყოფილა.-მწერალს, აბა, რა დაეჯერება?!- ახითხითდა ნემსიყლაპია.-უცნობი ავტორი ისტორიულ წყაროებს ეყრდნობა, ამიტომაც მინდა ამ მოთხრობის წაკითხვა. სამწუხაროდ, ობობა ამტკიცებს, ასეთი ნაწარმოები არავის დაუწერია და ბიბლიოთეკაში როგორ იქნებაო?-სინანულით თქვა ხოჭომ. შეკრებილებს კუტკალიამ მიმართა:-მეგობრებო, ბევრი რამ გვაქვს გამოსაკვლევი...დღედაღამ უნდა ვკითხულობდეთ, ჩვენ კი დროს ლაყბობაში ვკარგავთ; უცნობი ისტორიკოსის ცნობით,ორი საუკუნის წინ მზეყვავილთა მდელოზე დალაქი კალია ათასამდე ყვავილს კრეჭდა და თითოეულის სახელს წიგნაკში იწერდა. დღეს ამ მდელოზე ოცამდე ყვავილი ძლივს ხარობს. უნდა დავადგინოთ, მცენარეები გადაშენდნენ, თუ სხვა მინდორი აირჩიეს საცხოვრებლად?.. ობობა ლამის თვეზე მეტია ეძებს დალაქ კალიას წიგნაკს. ჭრიჭინა ყურადღებით უსმენდა მწერების საუბარს. მეგობრების წუწუნით გულშეწუხებულმა, არც აცია, არც აცხელა და თამამად განაცხადა: -ბობოლას ნაცვლად ახალი ბიბლიოთეკარი უნდა ავირჩიოთო! მწერები აბზუილდნენ, აწივლდნენ, აფუთფუთდნენ:-ეს რამ გათქმევინაო?!-ობობა ბიბლიოთეკარობას არავის დაანებებსო!-შვილებიც ვერ გაბედავენ მის გულისტკენასო!-დარდი მოინელებს მოხუცსო! ციცინათელას ჭრიჭინას აზრი ძალიან მოეწონა და აღელვებული მწერები ასე დაამშვიდა:-ბობოლა საუკეთესო ბიბლიოთეკარად დავასახელოთ და ბიბლიოთეკაში ცხოვრების ნება დავრთოთ. ერთი მხრივ, მის ღვაწლს დავაფასებთ, რაც ძალიან გაუხარდება, მეორე მხრივ, ჩვენც თავისუფლად ამოვისუნთქავთო. მწერები შეთანხმდნენ, მეორე დღეს შეკრებილიყვნენ და ობობასთვის ამ გადაწყვეტილების შესახებ მოეხსენებინათ. კმაყოფილი მეგობრები შინ დაბრუნდნენ. იმ ღამით ფუღუროში გზააბნეული თაგვი შეძვრა. ერთი კი ჩაიწრიპინა, რა სივიწროვეა, თაგვი კუდს ვერ მოიქნევსო, მაგრამ უკან გამოძრომა არც უფიქრია. სქელ თოკზე მარდად გადაირბინა და ფაფუკ სავარძელში ისკუპა. უცებ, თითქოს, თვალებზე ნიღაბი ააფარეს. ხელ-ფეხი გაუკოჭეს და სქელ ნაქსოვში გაახვიესო...შეშინებული სტუმარი აყვირდა: -მიშველეთ!..ვიღაცამ ჩემი ხელში ჩაგდება განიზრახაო!... ვინ უშველიდა?-ბებია ობობას ღრმად ეძინა, ბიბლიოთეკაში კი სხვა არავინ იყო. დამფრთხალი თაგვი ჩიკორივით ტრიალებდა: თაროებს ებღაუჭებოდა, წიგნებს თავ-პირზე იყრიდა. თავბრუდახვეულმა უნებურად ის საქანელა ჩამოწყვიტა, რომელშიც ბიბლიოთეკარს ეძინა. ბობოლამ იატაკზე მოადინა ზღართანი და შეშინებულმა თვალები დააჭყიტა. ამასობაში თაგვმა წვალებით დააღწია თავი ფუღუროს. გული ცუდს მიგრძნობს, ქურდი ხომ არ შემომეპარაო?!- გაიფიქრა ობობამ და წიგნების გადათვლა მოინდომა. არეულ-დარეულ ბიბლიოთეკაში მოხუცმა ნაბიჯიც ვერ გადადგა. ბობოლამ თავში ხელი შემოირტყა: -საცაა მწერები მოფრინდებიან, იმათ ყბაში ჩემი მტერი ჩავარდეს!...შავ დღეს დამაყრიან... ბიბლიოთეკაში შემოსასვლელი ქსელით უნდა დავფარო, რომ აქაურობას თვალი ვერ შეავლონო! სასოწარკვეთილმა ობობამ იმდენ ხანს ქსოვა აბლაბუდა, რომ ძალაგამოცლილი აბურდულ ნაქსოვში გაიხლართა.