გიჟები
გიჟები
„გიჟები“ თავი 1 - გამიშვით ხელი, არ წამოვალ! გამიშვით! დედა, რას აკეთებ? სად მიშვებ? გაგიჟდი? რა მინდა იქ? არ ვარ გიჟი! გაამიშვიით! - კივის განწირული ხმით მია. ნატალია კედელს ებღაუჭება, ტირის და ეძნელება ერთადერთი შვილის გიჟად გამოცხადება. ვერ უშვებს, არ ეთმობა, იმასაც ფიქრობს, აღარ გავატანო, მაგრამ გამძვინვარებულ მიას რომ უყურებს, ეშინია. სახლში შებრუნდა და კარი ჩაკეტა. ჩაიკეცა და ხმამაღლა ტირილი დაიწყო, ეტკივილება მია. ყველანაირ შვილმკვდარ დედაზე უარესად მოთქვამს და იმ ვაჟას დაჭრილ არწივზე მეტად აქვს სული წარწყმედილი, ნატრობს, შვლის ნუკრის მკვდარი დედა იყოს. მის გარშემო დატრიალებულმა დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა, ღერძი - მია გამოაცალეს, თვითონ გამოაცალა, საკუთარ თავს შვილი თვითონ წაართვა. ყურში ჩაესმის მიას კივილი და გრძნობს, როგორ იბრძვის სახლში დასარჩენად. მოიგუდა ტკივილი, რაღაც სივრცეშია, ეხლა ბღუილის ხმაც მიემატა და კივილი ნელ-ნელა დაიძრა, მიიჩქარის სადღაც, უკიდეგანობაში, იმ ადგილისკენ, სადაც ელიან თავისნაირები. გაწვრილდა კივილი, ყუჩდება და... მორჩა, სიწყნარეა. ეს ნატალიასთან, თორემ ისე მანქანაში გამაყრუებელი ხმა მძღოლს არ აცდის მშვიდად სიარულს. ბოლომდე იბრძვის მია, ცდილობს, მაგრამ რა ძალა აქვს? არ შეუძლია მათი დამარცხება, მან ხომ საკუთარ მე-სთან წააგო ბრძოლა. ცხოვრება არ შეუწყვეტია, ანუ ომი გრძელდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით მია უძლურია და დროებითი მშვიდობა ისადგურებს მასა და მის მე-ს შორის. ისეთი მცირე მანძილი აღმოჩნდა გასავლელი, მიას პროტესტის გრძნობაც კი გაუჩნდა, წესიერად არ უჩხუბია „მანქანის კაცებთან“. გაჩერდა მანქანა, გადმოიყვანეს კვლავ მოჩხუბარი და ეხლა აქ გამოეცხადა „მშვიდობის მტრედი“ - მედდა. თეთრ ტანსაცმელში ჩაკვეტებული პუტკუნა წითელლოყება უკვე შეჩვეულ სამსახურეობრივ მოვალეობას გაღიმებული ეგებებოდა. მის დანახვაზე მიამ ყვირილი შეწყვიტა, ცხვირწინ აეტუზა, რამდენიმე წამი უყურა, თითქოს მის ყოველ ნაკვთს აკვირდებაო, სახე აუწითლდა და სიცილი დაიწყო. ძალიან საყვარლად და სასაცილოდ მოეჩვენა ქალბატონი ნანა. მედდას ისედაც წითელი ლოყები, უფრო აუჭარხლდა და იმის მაგივრად რომ გაბრაზებულიყო, შერცხვა და თავი დახარა. მიამ სიცილი რომ შეწყვიტა, „მანქანის კაცებს“ ხელები გააშვებინა, ქალბატონ ნანას ჩაეხუტა და ხელი გაუწოდა.- მე მია ვარ! - უთხრა გაბადრულმა. მედდას გაკვირვებისგან კვლავ შეეცვალა სახეზე ფერი, მაგრამ ისევ მორცხვად ჩამოართვა მიას ხელი.- ნანა!- ქალბატონი ნანა! - შეუსწორა მედდის გვერდზე მდგომმა სმოკინგში გამოწყობილმა ულვაშიანმა კაცმა, რომელიც მიამ მხოლოდ ეხლა შეამჩნია და წარბშეჭმუხნილმა გახედა, არ მოეწონა, საუბარში რომ ჩაერთო.- მე დიმიტრი პირველი ვარ, კლინიკის დირექტორი!- ვაა, ვაა, მეფე გაიჩითა. მონარქია დაბრუნდა ისევ? მიას ამ საქციელით გაკვირვებულმა ბატონმა უკმეხად უპასუხა:- არა, პირველი გვარია ჩემი! - თქვა და გაბრუნდა. მია ისევ გამხიარულდა და კვლავ მედდას შეხედა.- წავედით მია, შევიდეთ! მიამ შენობას გახედა და ზიზღის გრძნობა გაუჩნდა. მიჰყავთ ყველაზე ბინძურ და აყროლებულ ადგილას, სადაც სულს პატივს არავინ სცემს. რა აზრი აქვს წინააღმდეგობის გაწევას? უკვე აქ არის. რომც შეეწინააღმდეგოს, რაღაც ნემსს გაუკეთებენ, დააძინებენ და მაინც იქ ამოჰყოფს თავს, ამიტომ ურჩევნია თავისი ნებით გაჰყვეს და დაათვალიეროს იქაურობაც, სავარაუდოდ, მისი ხანგრძლივი საცხოვრებელი. წავიდა მედდა, გაჰყვა მიაც. შესასვლელთან წამით გაჩერდა, თითქოს გული ერევაო, მაგრამ თავი შეიკავა, თავი დახარა და შევიდა ისიც. 3 გრძელი ჭუჭყისფერი დერეფანი უამრავი კარით. უაზროდ უყურებს მია თითოეულ მათგანს და ვერაფრით გაუგია, რატომ ჰგავს ყველა კარი საოპერაციოში შესასვლელ კარებს.- არ მივედით? - იკითხა მეორე დერეფნის გავლის შემდეგ.- არა, მია, ეს ბიჭების ოთახებია. ჩვენ გვერდზე ვართ, აი, ამ კარის უკან. - შეაღო ნაცრისფერი, აქა-იქ საღებავ აცლილი კარი მედდა ნანამ და მიას შესვლისკენ მიუთითა. მიამ გახედა უზარმაზარ და უსასრულოდ გრძელ დერეფანს, რომელიც „მისაღები“ ოთახით იწყებოდა. რატომღაც გრანდიოზულ, პომპეზურ დახვედრას ელოდა აქაური მობინადრეებისგან, ეგონა ხმაური დახვდებოდა და კარის გაღებისთანავე რომელიმე გიჟი შეეფეთებოდა, მაგრამ აქ მსგავსი არაფერი ხდებოდა. სრული სიმშვიდე და სრული გაუდაბნოება! პირველი ნაბიჯი შედგა და მაშინვე მყრალი სუნი ეცა: დაუბანელი პაციენტებისა და საზიზღარი წამლების სუნი ერთმანეთში ირეოდა. ამას ვეღარ გაუძლო მიამ და კარებშივე აერია გული. ელანდება... მიასკენ მიდის ნელი, ფრთხილი ნაბიჯებით. მიაც ცდილობს პირველი ნაბიჯი გადადგას, მაგრამ უცნაური გრძნობა არ აძლევს საშუალებას, რაღაც ეფათურება, უსიამოვნო გრძნობაა... თვალებს ნელა ახელს და თან ხელს ცხვირზე ისვამს, ცდილობს აბეზარი ღუტუნი მოიშოროს. თანდათან ნათდება.- ეი, შენ, ახალო! მია დაუპატიჟებელი სტუმრის სახის დანახვაზე შეხტა და საწოლზე წამოჯდა. აი, აბეზარი ღუტუნის ავტორიც. თვალები მოიფშვნიტა და ეხლა უკვე რამდენიმე სახე შეეფეთა. მოიცა, დათვალოს: 1 - აბეზარი ღუტუნი, 2 - ქერა, 3 - კაბიანი, 4 - ნემო? 5 - ჰა? 6 -აუუ, რა ზაგარი ააქ!- რა ლამაზი თვალები აქვს! - თქვა კაბიანმა.- ვაა, თმა ნახე! - მიაშველა კომპლიმენტი „აუუ, რა ზაგარი აქ“ - მა.- რა ტანსაცმელი აცვიააა! - ქერას შეშურდა მიასი. ყველამ სინჯვა და ხელების ფათური დაუწყო. მია ხელებს იქნევდა შეწუხებული, მაგრამ ხმას არ იღებდა.- ოუ, ოუ, ოუ, გეყოფათ! - გააჩერა გოგოები „ჰა?“ - მ და მიას საწოლზე ჩამოჯდა, - ვინ ხარ? - ისეთი გონორით ჰკითხა გოგოებში ყველაზე გავლენიანმა და უცნაურმაც, რომ მიამ შიშით წაილუღლულა:- მია.- რა გინდა აქ, მია?- არ ვიცი.- რატომ მოხვედი?- არ ვიცი.- რა გჭირს?- არ ვიცი.- გიჟი ხარ?- არ ვიცი.- სხვა პასუხი არ გაქვს?- არ ვიცი. „ჰა?“ - მ გვერდულად გაიღიმა და ჩაეცინა.- მე ნენე ვარ! - თითქოს უფრო მხიარულად უთხრა. მიამ თავი დაუქნია.- მე - ანა-მარია. - თქვა ქერამ.- ნისა. - გაეცნო „ნემო?“- კესანე. - ესეც კაბიანი.- ელენა. – „აუ, რა ზაგარი აქ!“ სრულიად შეესაბამებოდა მის, მართლაც და, სასწაულ კანის ფერს. მია გაამხიარულა გოგოების პირდაპირობამ და გაეღიმა.- სასიამოვნოა! - თქვა და შიში გაუქრა თვალებიდან.- მია, რამდენი წლის ხარ?- 19.- 19? - გაუკვირდა ნისას. მიამ თავი დაუქნია.- რა გინდა აქ ესე პატარას? - იკითხა ამჯერად კესანემ. მიამ თავისი „ნამოქმედარები“ აჩვენა ყელზე, მაჯებზე, საფეთქლებზე, მკერდზე. ყველას სხვადასხვა ემოცია გამოეხატა სახეზე: შიში, გაკვირვება, სინანული, ტკივილი. ვერავინ ამოიღო ხმა, ყველა მიას უყურებდა ყველა თავიანთი ემოციით. სიჩუმე მჭყივანა ხმამ დაარღვია, რომელიც ბინადრებს წამლების მისაღებად უხმობდა. გოგოები გავიდნენ, მია კვლავ საწოლზე ზის მოკუნტული. ესე უცებ დაესხნენ თავს, ჯერ გააზრებულიც არ აქვს, სად არის, ოდნავ ეიფორიაშია. მჭყივანა ხმა შეწყდა, არუზრუზდა დერეფანი, მიიღეს საღამოს დოზა პაციენტებმა და ყველა თავისებურად ერთობა. მიას ნაცნობი ხმებიც შემოესმა, ესენი მისი ახლადგაცნობილი მობინადრეები არიან. ვერა, ვერ უწოდებს მათ მეგობრებს! მიუხედავად თბილი მიღებისა, აქ, ასეთ ადგილას შეუძლებელია მეგობრობისნაირი წმინდა ურთიერთობა არსებობდეს. ალბათ, ესეთი თბილი დახვედრაც შენიღბვის ერთ-ერთი საშუალებაა. ვინ იცის, რას უპირებენ ისინი მიას? „მაგრამ თუ მეგობრობა არ არსებობს, მაშინ რამ გააერთიანა ისინი?“ - ბევრი იფიქრა მიამ, მაგრამ პასუხს ვერ მიაგნო, ზუსტად ამ დროს კი ოთახში მედდა შემოვიდა. მიამ შეშინებულმა გახედა, მაგრამ ნაცნობი სახე რომ დაინახა, გაეღიმა.- წამოდი, მია, შენც დალიე წამალი! ისეთი ტკბილი იყო ქალბატონი ნანას ხმა, მია, თავისდაუნებურად, ემორჩილებოდა. იცოდა, რასაც ასმევდნენ. ისე დაღალა ახალმა დღემ, ემოციებმა, გარემომ, რომ წამალი ნებით დალია. თავი 2 უსიზმრო ღამემ დიდხანს გასტანა და მიამ დიდხანს იბოდიალა უკუნეთში. დილით სასტიკმა გულისრევამ გააღვიძა, ტუალეტიდან დაბრუნებული კი თავს შეუძლოდ გრძნობდა. ნენეს ისევ ეძინა. ისიც ისევ ლოგინში შეწვა და საბანში მაგრად გაეხვია. წუთიერად კვლავ ჩაეძინა... „ბადრაგის ფეხების ბრაგუნი... კარის ჭრიალი...“ შფოთავს, კივის, ფეხებსა და ხელებს იქნევს, ტირის, ეძახის... შეშინებული წამოხტა მია და ღრმად სუნთქვა დაიწყო.- რა ხდება? სად ვარ? დამიანე სადაა? - კითხულობს უაზროდ და აქეთ-იქით იყურება. სიზმარს ვერ დააღწია თავი.- ჰეი, მია, აქეთ, გაიღვიძე! - დაუქნია ხელი ნენემ. მიამ თვალები რამდენჯერმე სწრაფად დააფახულა და ნენე მკაფიოდ რომ დაინახა, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. ნენეს თვალებში მიაშტერდა, უყურებს, მაგრამ მასზე არ ფიქრობს. უყურებს და თვალები ნელ-ნელა უწითლდება, წყლით ევსება, აი, გადაევსო. უფ შეაშველეთ ხელი გადმოიღვრ... ოოო, რაღა აზრი აქვს?! ჩამოწვეთა თანმიმდევრობით ხუთმა თუ ექვსმა ცრემლმა და დანამა მიას ფერმკრთალი ცხვირი და ლოყები. ტუჩის ღარმა გაუკვალა გზა გზააბნეულ ცრემლს და თავის ბილიკზე გადაატარა. მეორე ბოლომდე მიაღწია და გაქრა. სად წავიდა? ესე გაჩნდა და უცებ მორჩა? ისე, მართლაც და, საიდან ჩნდებიან ცრემლები, ან სად მიდიან? ბიოლოგები დაიწყებენ, საცრემლე ჯირკვლები და ფორებიო თუ რაღაც ესეთები, გაგაბრუებენ სპეციფიკური სიტყვებით, რომლებიც სრულიად უინტერესოა შენთვის. კი, ეგ ეგრეა, მაგრამ ჩვენთვის? ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის რა არის ცრემლი? ყველაზე ბანალური გამოხატულება ემოციისა. შინაგანი ამოძახილი სულისა, რომელიც გულში ვერ დატეული ემოციებითაა გატენილი. სითხის სახით რატომაა? ყველაზე კარგი გამოხატულებაა, ყველაზე კარგად ვგრძნობთ მას. ჰაერი რომ იყოს, უბრალოდ ამოვიდოდა და მორჩა, ვერ გავიგებდით, რა მოხდა, გვეტკინა, გაგვიხარდა, გვეწყინა? აი, ცრემლი, წყლით გამოხატული კი ჩვენს სახეზე იღვენთება და კვალად იმ გრძნობას ტოვებს, რომელიც იმ წამს გვეუფლება. ნებისმიერი ცრემლი გულიდან მოდის, რომელიც საწყობის მოვალეობას ასრულებს. გულში ხდება დატვირთვა, გარეთ გამოტყორცნა თვალების გავლით, ცრემლად გარდაქმნა და ტვირთის ზიდვა დიიდ, გრძელ და ფათერაკებით სავსე გზაზე. თვალი უშუალო გამტარის როლში იმ ერთადერთი მიზეზით მოგვევლინა, რომ მთავარი „დამნაშავე” იმ ტვირთისა სწორედ ისაა. იმდენად სწრაფად გაიქროლებს ხოლმე ცრემლი სახეზე, ზოგჯერ უკმარისობის გრძნობა გვეუფლება, მაგრამ იმდენად ძლიერია თითოეული მათგანის შეხება, რომ ავსებს ყველანაირ დანაკლისს. გადმოაფრქვევს გულიდან წამოსულ გრძნობებს, მოძებნის რაღაც ადგილს, სადაც მძიმე ტვირთის ტარებისგან დაღლილი დაისვენებს, ქრება და კვლავ გულს უბრუნდება. მთავარი მოკავშირე გულსა და ადამიანს შორის - წვეთი გრძნობებით სავსე, სახელად ცრემლი. მიას ცრემლი ყველაზე მძიმე იყო მსოფლიოს ცრემლთაგან, მტანჯველი, მტკივნეული სიყვარულით გაჟღენთილი. უყურებს ნენეს, თითოეული ცრემლი ქვებად ეკიდება და შვების მაგივრად უფრო ამძიმებს.- მია, რა მოხდა? - ჰკითხა ნენემ.- არაფერი. - თავი დახარა, ცრემლები მოიწმინდა და მორცხვად, პატარა ბავშვივით დაიწყო სლუკუნი. გულამობჯენით სლუკუნებს, ვერ ჩერდება, გულის ტკივილს გრძნობს, პირი მომუწული აქვს და სლუკუნებს. ვაიმე, ტვინში ურტყამს, ყელში ბურთი მოაწვა, ვეღარ სუნთქავს... სლუკუნებს, ამოხეთქა ყველანაირმა შეკავებულმა გრძნობამ, ქარცეცხლმა, ცრემლმა და ატირდა, აბღავლდა, ხმით ტირის ბალიშში თავჩარგული. ნენე მიუჯდა, ხელი მოჰკიდა, რომ გაესწორებინა. უცებ მია წამოხტა, არაადამიანური ხმით იღრიალა. ცრემლები ჩანჩქერივით მოსდის და თან ყვირის, აღმოხდა ყველაფერი, რაც რამე ჰქონდა დაგროვილი. გამწარებით ტირის და საბანს ებღაუჭება. ვერ აჩერებს ნენე, ვერც - ხატია და ნისა, ან კი ვინ გააჩერებს გაცოფებულს, რომელსაც დუჟის მაგივრად ცრემლები მოსდის და ყეფის მაგივრად არაადამიანურად ღრიალებს. ასეთი ბევრი უნახავთ აქ, სანიტრებს ასეთი მრავალი დაუძინებიათ. მიაც რა, რით განსხვავდება მათგან? აიყვანეს, იზოლატორში გაიყვანეს, წამლები გაუკეთეს მასაც სხვებსავით და 15 წუთში ღრიალი - ხროტინად, ბოლოს კი ყველაზე ხმაურიან დუმილად გადაიქცა. მიაც სხვებისნაირი იყო? ჰაჰ, არა! თავი 3 სამი დღე, სამი ათასი ლიტრი ცრემლი, სამი უძილო ღამე, სამი მტანჯველი დილა, სამი ათასი ბალი მიწისძვრა გულში, სამი ამოფრქვეული ვულკანი და სამი მთავარი მოგონება დამიანესი. მეოთხე დილა მშვიდად დაიწყო. არ უტირია, ალბათ, ცრემლის მარაგი გამოელია, არ უყვირია, ალბათ, ხმა ჩაუწყდა. ჩვეულებრივად ადგა, ალბათ, დაიღალა. ადგა, მშვიდად მოითხოვა იზოლატორის კარის გაღება, ასევე სფინქსის მდუმარებით შევიდა თავის ოთახში და საწოლზე ჩამოჯდა. იქ არავინ იყო. ცოტა ხანი იჯდა. მერე შიში დაეუფლა, შეეშინდა მარტოობის და გარეთ გავიდა. დერეფანშიც არავინ იყო. შიშმა უფრო აიტანა. მისაღებშიც რომ არავინ დახვდა, დერეფანში დაიწყო სირბილი და თითოეული კარის გაღებას ცდილობდა, ყველა დაკეტილი იყო. ძალიან ეშინია, თითქოს რაღაც შავბნელი ძალა მოსდევს, კივილით გარბის და მთელი ძალით ცდილობს გაღებას. არ გამოსდის, სუსტია. დერეფნის ბოლო ოთახიღა დარჩა იმედად. მიიჩქარის მისკენ უკვე ქოშინით, დაღლილი. ჩააფრინდა კარებს და პირდაპირ იატაკზე ამოჰყო თავი, როცა კარი ღია დახვდა. ფოტინე შეაშინა მიას ასეთმა უცაბედმა შემოვარდნამ, რაც ხელში ეჭირა, დაუვარდა და ინერციით საწოლზე დაეცა. მია ადგა, ტანსაცმელი გაისწორა და ფოტინეს მიეხმარა წამოჯდომაში.- ბოდიში, არ მინდოდა შენი შეშინება! - უთხრა და ძირს დაგდებული ფურცელი მიაწოდა.- რა მოგივიდა? - ჰკითხა ფოტინემ.- შემეშინდა.- რისი?- მომსდევდა!- ვინ? ნენე? სანიტარი? ხატიას კატა?- არა, ბნელეთი და მარტოობა. ფოტინეს სახე შეეცვალა, შეეჭმუხნა, მერე ოდნავ ჩაიცინა და უთხრა:- კეთილი იყოს შენი მობრძანება საგიჟეთში! მიას არ ესიამოვნა ფრაზა. თავი დახარა და შემთხვევით ფოტინეს ხელში ფურცელს მიაშტერდა.- ეს რა არის? - შეეკითხა მოულოდნელად. ფოტინემ ფურცელს დახედა, მია დასვა საწოლზე და ყურში ჩასჩურჩულა:- დანიელი!- შეიძლება ვნახო? ფოტინემ მისცა ფურცელი. მიამ დახედა, ცარიელია.- კი, მაგრამ აქ არავინ ხატია. ფოტინემ გამოსტაცა ფურცელი.- ჩემს გულში ხატია, ესეიგი აქაცაა! მიამ ვერ გაიგო, რა უთხრა ფოტინემ, მაგრამ აღარ უკითხავს არაფერი ცარიელ ფურცელზე.- დანიელი ვინ არის? ფოტინეს გაეღიმა.- ჩემი შეყვარებული.- ცოცხალია? - ჰკითხა უმალვე მიამ გააფთრებული თვალებით.- ალბათ.- ანუ? არ იცი, ცოცხალია თუ არა?- არა!- რატომ? ფოტინემ მოუყვა ყველაფერი მიას და იცით, ფოტინეს დანიელი უყვარს. განა არსებობს ის? განა მასაც უყვარს? ბავშვობაში ნახა ვიღაც ბიჭი და იმას დაარქვა დანიელი. არ იცის, ცოცხალია თუ არა, არ იცის, ვინაა, არც ის იცის, სადაა. იცის, რომ შორსაა და მას ვერასდროს შეხვდება, მაგრამ დააჯერა თავს, რომ ის მასთანაა, თავისი შექმნა: კეთილი, მაღალი, ხუჭუჭა, წითური, ალბათ, ჭორფლებიანიც. ის ადგილი უყვარს, რომელიც მის თავს ახსენებს. ფურცელზე ჰყავს, გულში ჰყავს, თავისი დანიელი უყვარს. განა შეიძლება ამის გამო ადამიანი გიჟად შევრაცხოთ?- შეიძლება გავიცნო? - ჰკითხა ფოტინესა და დანიელის ისტორიით მოხიბლულმა მიამ.- არ ვიცი, მორცხვია ძალიან. ვკითხავ, თუ მოუნდება. მიამ გაუღიმა. ცოტა ხანი ორივე ფურცელს უყურებდა.- შენ არ გიყვარს არავინ? - უცებ ჰკითხა ფოტინემ. მიამ თავი დახარა. აღუდგა ცრემლის მარაგი და უკვე ცლა დაიწყო. თავი მსუბუქად გააქნია. ფოტინე ლაპარაკის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ უცებ მიას მუცელი ასტკივდა და ადგომაც ვერ მოასწრო, ისე აერია გული ხალიჩაზე. ოთხზე დადგა და ძლივს სუნთქავდა, გულის რევა კი არ ჩერდებოდა. თავბრუ ეხვევა და თავს ვეღარ იმაგრებს, თვალებში უბნელდება. გვერდზე გადაწვა და თვალები ფრთხილად დახუჭა. თავი 4 - შეგიძლია, გაახილო თვალები. დღეისთვის საკმარისია. მიამ თავი დააღწია უაზრო ბურუსს, რომელშიც ფსიქიატრმა რაღაც სიტყვების ბრახაბრუხით გაახვია. წამოჯდა.- უკეთ გრძნობ თავს?- არა!- რატომ? ხომ მომიყევი ყველაფერი.- მერე მაგ მოყოლით გაქრა ჩემი წარსული? ფსიქიატრმა ვერაფერი უპასუხა. მიამ ჟაკეტი აიღო და კაბინეტიდან გავიდა. პირველი სართული რომ აიარა, ზედა სართულიდან რაღაც ხმები ისმოდა, ვერ გაიგო, საიდან მოდიოდა და დაინტერესებულმა ნაბიჯს ოდნავ უმატა. ყოველ საფეხურზე უფრო და უფრო უკეთ აცნობიერებდა, რომ ეს ხმები თავისი დერეფნიდან მოდიოდა, ხმა, რომელშიც მუსიკა და ყვირილი ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა. ააჩქარა ნაბიჯები, მირბოდა. ძლივს აირბინა კიბეები და თავისი განყოფილების კარი გამალებით შეაღო. იმ წამსვე ყურები გაუხეთქა აღრიალებულმა ელექტრონულმა მუსიკამ, რომლის ფონზეც აშკარად ნენე ცეკვავდა, ხატია კი ბოლო ხმაზე კიოდა, რათა ეს ყველაფერი გაეჩერებინა. ნისა კუთხეში იყო შეყუჟული ყურებზე ხელაფარებული, ელენა არსად ჩანდა, კესანე ხატავდა, ანა-მარია კი ყვავილებს რწყავდა. სხვები ოთახებში იყვნენ, ალბათ. უცბად მოავლო მიამ ოთახს თვალი, იპოვა ხმაურის მთავარი წყარო, მივიდა ცენტრთან და გამორთო მუსიკა. ყველაფერი დაწყნარდა და ყველამ მიას გახედა.- ეეე, რა ქენი? - ჰკითხა ოდნავ გაბრაზებულმა ნენემ.- რა ხდება? - იკითხა მიამ ყვირილით.- რატო ყვირიხარ? - იკითხა მშვიდად გაღიმებულმა ანა-მარიამ ისე, რომ საყვარელი საქმე არ მიუტოვებია.- რა ხდება - მეთქი, ვიკითხე მგონი! ნენე მივიდა და მუსიკის ჩართვა სცადა, მაგრამ მიამ გააჩერა.- ახალს დამიხედეთ, რა იყო? - არ ესიამოვნა ნენეს მიას უფროსობა.- რატო ყვირის ცალკე ეს მუსიკა და ცალკე ხატია?- იმიტომ ვყვირი, რომ ფილმის ყურებას არ მაცდის. მიამ წარბაწეულმა გახედა ნენეს.- რაა?- რატო აღრიალებ მუსიკას? ოდნავ ჩუმად არ გესმის?- შენ და, რაო ფსიქიატრმა, რამდენი ხანი გტოვებენ? ხარ გიჟიო? - წაუსისინა ნენემ ირონიით.- კითხვაზე პასუხს ვითხოვ! - მიას თითქოს არც გაუგია ნენეს ნათქვამი.- მომწონს ეს მუსიკა და იმიტომ.- მე არ მომწონს! - შეუღრინა ხატიამ.- აი, დარდი! - უთხრა ნენემ და ენა გამოუყო.- ერთ წამს ნენე, რა გჭირს დღეს?- არაფერი არ მჭირს, პროსტა ვერ ვიტან ამ სასიყვარულო უაზრო ფილმებს. ვითომ რო გიჟდებიან ერთმანეთზე... და ეს უაზრო მტლაშა-მტლუში.- ძალიან კარგი ფილმია და უაზრო არაა!- აბა, რა არი?! ფუ, გული მერევა!- მერე ვინ გაძალებს ყურებას და მეორეც, სიყვარული ყველაზე წმინდა...- სიყვარული არ არსებობს! - იღრიალა ნენემ. - შეიგნეთ, რომ არ არსებობს! ადამიანებს არ შეგვიძლია ერთმანეთი გვიყვარდეს, არ ვიცით, რა არის ეგ გრძნობა, არ ვიცით, რა არის ურთიერთპატივისცემა, არ ვიცით, რა არის ერთგულება და დაფასება, არ შეგვიძლია! ეს ყველაფერი აღემატება ჩვენს ძალებს. არ არსებობს! არაფერი არ არსებობს! - ოთახში შევიდა და კარი მაგრად მიაჯახუნა. სამარისებური სიჩუმე იდგა. ყველა გაოცებული მიშტერებოდა იმ ადგილს, სადაც წეღან ნენე იდგა. უცებ მიამ მუშტები შეკრა, ქშინვა დაიწყო, გამწარდა, თითქოს ძაგძაგი დაიწყო. გაცხარებული მყარი ნაბიჯებით იმ ოთახისკენ გაემართა, რომელშიც ნენე შევიდა. კარი გააღო და იყვირა:- აბა, რა იყო ის? აბა, რა გრძნობა იყო? რა მჭირდა მე? რა ჭირდა დამიანეს? ვინ ვიყავით ჩვენ? რა იყო ის ქორწილი? რა იყო ის ღამე? რა იყო ის კოცნა? რა იყო ის გაბრწყინებული თვალები? რა იყო, ნენე?! არ მიყვარდა დამიანე? არ მიყვარდა? არ მიყვარდაა? ნენე, არ მიყვარდა? არ მიყვარდა? - იმეორებს გაუთავებლად, გამწარებული ტუჩებს იკვნეტს, კედელს ფრჩხილებს უსვამს და ნელ-ნელა იკეცება; - არ მიყვარდა? ნენე, არ ვუყვარდი დამიანეს? არ ვუყვარდი? - ტირის ძირს დამხობილი. ნენე ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. არ განძრეულა ადგილიდან შეშინებული. ელენა და ნისა შემოვარდნენ, ესენიც შეშინებულები და გაოცებულები, მიას მიუახლოვდნენ და გვერდზე მიუსხდნენ.- მია, რა მოხდა? - ჰკითხა ნისამ.- ვუყვარდიიი! ვუყვარდიი! - მოსთქვამს მია და წინ და უკან ქანაობს, მუხლებს ჩაბღაუჭებული; - ვუყვარდი!- უყვარდი, მია, უყვარდი, ძალიან უყვარდი! - ამბობს ელენა და ეხუტება. გაჩერდა მია და ელენასა და ნისას მიაშტერდა.- ხომ ვუყვარდი? - ჰკითხა პატარა ბავშვივით.- კი, კი, უყვარდი! - უთხრა ორივემ ერთად. მიას ყბა აუკანკალდა. კრავივით აცეცებს თვალებს. უყვარდა... უყვარდა... თავი 5 მეორე დილას ჩვეულებრივად, წყნარად, მშვიდად გაიღვიძა, თითქოს გუშინ არც არაფერი მომხდარა. 10 დღე გავიდა უკვე, რაც მიამ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და ყოველი დღე მეორისგან რადიკალურად განსხვავებულად უთენდება. ძირითადად ისე ხდება, როგორც გუშინ და დღეს მოხდა - მშფოთვარე მხეცი დილას ფრთიან ანგელოზად იქცევა. დღეს ხმაურმა გააღვიძა. თავი ძლივს ასწია, თვალები მოიფშვნიტა, წამოჯდა, ხმაურს უგდებს ყურს, მგონი იცინიან. საწოლიდან გადმოსვლა რომ დააპირა, რაღაცაზე მოუხვდა ფეხი, დაიხედა და ანანა დახვა მოკუნტული.- ანანა, რას შვები?- ჩუუ, ვემალები!- ვის?- დემეტრეს.- დემეტრე ვინაა?- მგელი.- მგელი?- ხო, მგელი და მომსდევს.- სადაა?- დერეფანში დარბის. მიას გაუკვირდა, ადგა და გასვლა დააპირა, კარი გააღო, გაიხედა.- არ უთხრა, რომ აქ ვარ! - უთხრა ანანამ ჩურჩულით. მიამ ლარნაკი აიღო და ფრთხილად გავიდა. წინ მიდის და შიშით აცეცებს თვალებს. დერეფანში არავინაა, არც გოგოები, არც მედდები. ცოტა ეშინია, მაგრამ მაინც მიდის წინ, ინტერესს ვერ ერევა. უცებ უკნიდან ვიღაც მიეპარა, „დაგიჭირე!“ - უთხრა და შეახტა. მიამ კივილი დაიწყო:- გამიშვი! მიშველეთ! მომაშორეთ! თავდამსხმელს კივილის შეეშინდა და ადგა. მიას კივილზე გოგოები „სამალავიდან“ გამოძვრნენ. მია ძირს, პერანგის ამარა, გატეხილი ლარნაკი და შეშინებული მგელი დემეტრე რომ დაინახეს, სიცილი აუტყდათ. მია ადგა შეურაცხყოფილი სახით. ანანას მოჰკრა თვალი და უთხრა:- აბა, მგელიო?- დაჭერობანას ვთამაშობთ, მია. დემეტრე მგელია. - უთხრა დაფინემ. მიამ ცოტა ხანი უყურა, ხან გოგოებს შეხედავს, ხან - დემეტრეს, ხან - ლარნაკს. უყურა, უყურა და მასაც გაეცინა.- გამარჯობა, მგელო დემეტრე, მე მია ვარ! - ხელი გაუწოდა მიამ კვლავ შეშინებულ დემეტრეს. დემეტრეს გაეღიმა, ხელი ჩამოიღო ლოყიდან და მიას ჩამოართვა.- მია, არ ითამაშებ? - ჰკითხა კიდევ ახალმა უცნობმა, ესეც ბიჭი იყო. მიამ ალმაცერად გაიხედა უცნობი ხმისკენ, საითაც ერთის მაგივრად 5 უცნობი დახვდა.- უი, შენ არ იცნობ ამაათ. - თქვა ნისამ - ესენი მეორე დერეფნის გიჟები არიან. - ყველას ჩაეცინა - ბიჭებო, მია ჩვენი ახალი მეგობარია! ბიჭები მიას მიუახლოვდნენ.- ვაჩე!- თომა!- ათანასე!- იოანე!- ისაია! ყველამ ცალ-ცალკე ჩამოართვა ხელი მიას, მიამაც ყველას გულითადად გაუღიმა. ესიამოვნა ახალი სიტუაცია, ახალი ნაცნობები და თბილი შეხვედრა.- აბა, ითამაშებ? - ჰკითხა ისევ იმ ხმამ, რომელიც თურმე ათანასეს ეკუთვნოდა.- კი, გამოვიცვლი და მოვალ.- ოოო, მოიცა რა, მერე რაღა აზრი აქ, იყავი!- კი, მაგრამ ესე...- ამდენი ხანია ეგრე დგახარ, რაღა აზრი აქვს? - უთხრა მელიტამ და ჩაეცინა. მიას ოდნავ შერცხვა, მაგრამ მანაც ჩაიცინა.- კარგი, მაშინ ვითამაშოთ!- მგელი ვინ არის? - იკითხა თომამ.- რადგან ბოლოს შემოვიდა, მია იყოს. - თქვა ბიჭებში ყველაზე აქტიურმა კიკამ.- არა, გავითვალოთ! - თქვა ანა-მარიამ.- აუ, არა რაა, რა წესიააა? - გააპროტესტა ხატიამ.- ჩვენ ყველა ვიყავით მგლები, ეხლა მიას ჯერია! - მხარი აუბა კესანემ.- ესეიგი მე ვარ მგელი? - ალმაცერად იყურება და წინ-წინ მიდის - ჰა, გაიქეცით! - თქვა და მარცხნივ გაიქცა. საგიჟეთში საგიჟეთი მოაწყვეს. ვინ ვის დასდევდა, ვინ ვის გაურბოდა, ვინ რას კიოდა, ან ვინ რაზე იცინოდა, არავინ იცოდა, მაგრამ იმ დროს ნორმალურ ადამიანებზე ბევრად ბედნიერები იყვნენ ეს შეშლილები. მაგრამ ჩვენ, როგორც გვჩვევია, ყველაფერი უნდა ჩავაშხამოთ, აქაც გაიღო მთავარი კარი და მთავარი სანიტრის, ქალბატონი ელისოს დანახვაზე ყველა ადგილზე გაშეშდა. თვალებგაფართოებული მიიწევს წინ და გარშემო იყურება.- ამათ აქ რა უნდათ? - იკითხა ბიჭების დანახვაზე - რა გინდათ თქვენ აქ? მე ხომ გაგაფრთხილეთ?! მერამდენედ აკეთებთ? - დადის და გაცეცხლებული თვალებით უყურებს თითოეულ ბიჭს; - ჩქარა, თქვენ-თქვენს ოთახებში და განყოფილებებში ყველა! დროზე! დაიშალნენ, წამში ყველა გაქრა, მიას გარდა. გაკვირვებული იდგა, თითქოს აპროტესტებდა მომხდარს.- შენ ვერ გაიგე, რა ვთქვი?- გავიგე.- მერე აქ რატომ ხარ?- იმიტომ, რომ მინდა.- ბატონო?- რატომ გაყარეთ ბიჭები აქედან? დაჭერობანას ვთამაშობდით. ელისოს არ მოეწონა ურჩი გოგონა. რამდენიმე წრე დაარტყა, წინ გაჩერდა და ჰკითხა:- ახალი ხარ?- კი.- როდის მოხვედი?- 10 დღის წინ.- რა გქვია?- მია.- გვარი?- არ მაქვს.- ეგ როგორ?- არ მაქვს.- უგვარო ადამიანი არ არსებობს.- მე ვარსებობ!- როგორ შეიძლება გვარი არ გქონდეს?- ჩვეულებრივად.- რო დაიბადე, მაშინაც არ გქონდა?- მაშინ კი.- აბა, მერე რა მოხდა?- ცხოვრებამ წამართვა.- ეგ როგორ?- მოკლა ყველა ის ადამიანი, ვინც გვარი მომცა. ცოტა ხანი სიჩუმე იყო და ელისო ისევ აკვირდებოდა მიას.- რატომ გაყარეთ ბიჭები? - ისევ არ ისვენებდა მია.- წესია ასეთი.- რა წესი?- რომ მეორე დერეფნის პაციენტები მესამეში არ უნდა გამოვიდნენ.- რატომ?- ესეა წესი და იმიტომ.- რა სისულელეა! რას აშავებენ, რომ გადმოდიან?- ბევრს ლაპარაკობ, მია უგვარო!- მე უბრალოდ მაინტერესებს, რატომ არსებობს ეს წესი.- იმიტომ, რომ მე მინდა!- და თქვენ ვინ ხართ?- მე ამ განყოფილების მთავარი მედდა ვარ!- მერე?- მერე წესებს მე ვადგენ.- და ამ სულელურ აზრებს თქვენ წესებს ეძახით?- მია, მომისმინე... ალბათ, იყვირებდა ელისო, რომ არა სანიტრების გამოჩენა, რომლებსაც დაბმული ნენე მოჰყავდათ.- რატომაა დაბმული? - შეეშინდა მიას თანაოთახელის ასეთ ფორმაში დანახვა.- იცნობ?- კი, ჩემს ოთახშია ისიც.- მაშინ ისიც გეცოდინება, რომ ეგ ჩვეულებრივი გიჟი არაა.- არა, არ ვიცი. რა დააშავა? - კითხულობს მია და თან ნენეს არ აშორებს თვალს.- იცი, სად იყო? მიას არ გაუგია ელისოს კითხვა. ნენესკენ გაემართა, რომელსაც იზოლატორში აბამდნენ. შევიდა იზოლატორში და სანიტრების გაჩერება სცადა, ებღაუჭებოდა, კიოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გარეთ გაიყვანეს და კარი ჩაკეტეს.- გააღეთ! გამოუშვით!- მია! მია, დამშვიდდი! გამოდი! - კარებს მოაშორა ელენამ.- რას ერჩიან?- წამო, მოგიყვები. ოთახში გავიდნენ. მია კითხვისნიშნიანი თვალებით ელის ახსნას.- გიჟია! - უთხრა ელენამ.- მერე რა, ჩვენც გიჟები ვართ.- არა, ეგ მართლა გიჟია. იცი, დღეს რა ქნა?- არა.- ბათუმში იყო.- ამ სიცივეში რა უნდოდა იქ, ან როგორ წავიდა?- არ ვიცი, როგორ წავიდა, მაგრამ გუშინ დილით მითხრა, ზღვაზე მინდაო. სანამ ელისოს ეძინა, გაიპარა.- მერე ამ ერთი შემთხვევის გამო აბამენ?- არაა პირველი შემთხვევა. 3 თვეა აქაა და, ალბათ, 15-ჯერ იქნება გაპარული. ხან მცხეთის ტრასაზე წევს, ხან კორპუსის სახურავებზე ზის, ხან რაღაც მაღაზიებშია და უცნაურად ჩაცმული მოჰყავთ ხოლმე. მია არაფერს ამბობდა, უბრალოდ უსმენდა.- აქ ნენე თითქმის არავის უყვარს. ზოგს ეშინია, ზოგი ვერ უგებს და შეშლილს ეძახის.- არც შენ გიყვარს?- მიყვარს.- რატომ?- ყოველთვის აკეთებს იმას, რაც უნდა. მე კი არ შემიძლია. მიამ ვერ დაიძინა იმ დღეს. მთელი ღამე ნენეზე ფიქრობდა, ნენეზე და ელენას სიტყვებზე. არ ესმოდა მას არც ნენესი და არც ელენასი. რატომ აკეთებს ამ ყველაფერს ნენე, ან რატომ უყვარს ელენას ასეთი ადამიანი? ვერ მოისვენა. ადგა, ჩუმად გააღო კარი, შეამოწმა, ვინმე ხომ არ იყო და იზოლატორის კარს მიუახლოვდა.- ნენე, გძინავს? - ჩუმად იკითხა.- არა, რომელი ხარ?- მია.- რა გინდა აქ? წადი, რო დაგინახონ, გაბრაზდებიან.- ვერ დამინახავენ, სძინავთ. სიჩუმე.- ბათუმში რა გინდოდა?- ზღვაზე მინდოდა. ისევ სიჩუმე.- ელენამ მომიყვა, რეებიც გაგიკეთებია.- მერე?- რატომ აკეთებ ამ ყველაფერს?- იმიტომ, რომ მინდა.- და შენ სულ იმას აკეთებ, რაც გინდა?- კი.- რატომ?- იმიტომ, რომ სიამოვნებას მანიჭებს, მაბედნიერებს.- მერე რა?- ერთხელ ვცხოვრობთ, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გავაკეთოთ ის, რაც გვაბედნიერებს.- არ გეშინია?- რისი?- სანიტრების და ელისოსი.- ვა, გაიცანი უკვე ეგ კუდაბზიკა?- კი, დღეს.- არა, არ მეშინია.- არ ბრაზდებიან?- კი.- მერე?- რა მერე?- რატომ აკეთებ იგივეს?- იმიტომ, რომ მინდა.- კიი, მაგრამ ისინი ხომ ხელს გიშლიან?- რითი?- გაბამენ და მანდ გკეტავენ. ნენეს გაეცინა.- მაგით ხელს რომ მიშლიდნენ, ყოველ სამ დღეში ერთხელ ვერ გავიპარებოდი.- მე ვერ გავბედავდი.- არასდროს არავის არ უნდა მისცე ნება, ხელი შეგიშალოს შენი ოცნების ასრულებაში. კარებს მიყუდებულები, ერთმანეთისკენ ზურგებით, იატაკზე სხედან ნენე და მია. ხმას არავინ იღებს. „ნენე აქ არავის უყვარს - ფიქრობს მია - რატომ? რატომ არ უყვართ და ვერ უგებენ? მე ხომ გავიგე.“ მხოლოდ იმიტომ ვერ უგებდნენ, რომ განსხვავებული იყო და ზუსტადაც ეს იყო მთავარი და ერთადერთი მიზეზი მისი მიუღებლობისა. ადამიანებს გვეშინია ჩვენგან განსხვავებული თანაპლანეტელის მიღება ბევრი მიზეზის გამო, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილი კომპლექსები და შურია. გვშურს, რომ ის თავისუფალია და ისე ცხოვრობს, როგორც უნდა და ეს გვაკომპლექსებს. ერთია იყო განსხვავებული და მეორე - ცალკეული რადიკალი. ნენე ამ უკანასკნელს ეკუთვნოდა. ასეთებს ადამიანები ზოოპარკის ცხოველებივით გალიაში ათავსებენ, ყველა მისკენ იშვერს ხელს, ყველა მასზე მიუთითებს, ბევრიც დასცინის გალიაში მყოფს, მაგრამ მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ტუსაღს იმდენად დიდი და მრავალფეროვანი შინაგანი სამყარო აქვს, იქ გალიაში ბევრად უკეთესადაა, ვიდრე ამ მახინჯ რეალობაში. თავისი სამყარო აქვს ნენეს? ყველასგან ყველაფერში გამოირჩევა და არ არის ეფემერული? თავისუფალია? ამის გამოა გიჟი? დაე, იყოს! თავი 6 აქ ყოველი დილა სხვანაირი და მრავალფეროვანია. მია მხრის ტკივილმა შეაწუხა და გაეღვიძა. იატაკზე იწვა. ეტყობა, გუშინ აქვე ჩაეძინა. თვალები გაახილა და ვიღაცის ფეხები ეფეთა. თავი წამოსწია, როცა უცებ:- მოიცა, მოიცა, არ გაინძრე! გაკვირვებულმა ახედა. კესანე იყო. ფურცელი და ფანქარი ეჭირა და რაღაცას შვებოდა, ნახევრად მძინარემ ვერ გაარჩია - რას. წამოდგომა სცადა, მაგრამ:- არ ადგე, რა! ჩრდილებიღა დამრჩა.- რას აკეთებ? - ჰკითხა და პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდა. - გხატავ.- მე?- ჰოო.- რატომ?- იმიტომ, რომ კარგი ნატურა ხარ! მიას გაუკვირდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. 10 წუთი იყვნენ ასე.- ესეც კისერიიიი და ვსიო! შეგიძლია, ადგე, - უთხრა კესანემ. მია ადგა და თმა რეზინით შეიკრა. - შეიძლება ვნახო?- -არა!- რატო? - ჰკითხა მიამ ნაწყენი ხმით.- ჩემია!- არ წაგართმევ, ვნახავ უბრალოდ. კესანემ უცნაურად შეხედა, ტუჩები მოკუმა, თვალები მოჭუტა და ფრთხილად გამოსწია ნახატი.- კესანე, რა მაგარია! - შეჰყვირა მიამ. კესანეს ყურებამდე გაეღიმა და ცხვირი გაუწითლდა.- არ მაჩუქებ?- აუ, არა!- ძალიან გთხოვ, ძალიან მომწონს.- არა, ჩემი ნახატები სულ ჩემთან უნდა იყოს! მიას გაეცინა. ძალიან სასაცილო იყო კესანე, დეილს ჰგავდა.- კარგი, კარგი, გქონდეს, - უთხრა და გაწითლებულ ცხვირზე თითი ჩამოჰკრა. ამ კვირამ რაღაცნაირად მშვიდად და მხიარულად ჩაიარა. მიაც შეუერთდა იმ დიდ აურზაურს, რომელსაც აქ აწყობდნენ ხოლმე: ყოველდღე ყიჟინა, ახალ-ახალი თამაშები, ბიჭების გადმოპარვები და ელისოს გაცეცხლებული მზერა. თითქოს მიას სიზმრებიც მიწყნარდა. - ვისი სული გსურთ? - იყვირა კიკას გუნდმა.- მიასი! - იყვირა დემეტრეს გუნდმა და ხელები მაგრად ჩასჭიდა ერთმანეთს. მია მოემზადა, ცოტა უკან დაიხია “რაზგონის” ასაღებად, სამიზნე აირჩია და გაიქცა. არავის ეგონა, მაგრამ მიამ გაარღვია დაფინესა და მელიტას “ჯაჭვი”, სიჩქარის გამო თავი ვეღარ შეიკავა და დაეცა. გუნდიდან უყვირიან: “დაფინე წამოიყვანე, დაფინე!” მაგრამ მიას არ ესმის, ნახევრად იატაკზე გაწოლილს სამყაროს აღქმის უნარი წუთიერად დაუქვეითდა. მერე ჩაესმა შორეული ხმები, უცებ დაბნელდა და თავმაც მოისვენა იატაკზე. როცა გიჟები მიხვდნენ, რომ მიას რაღაც უჭირდა, ყველა გარს შემოერტყა და შეშინებულები, ზოგი მიას დახმარებას ცდილობდა, ზოგიც “დარიგებებს” გასცემდა. ყველანი უაზროდ ფათურობდნენ შოკირებულები, ერთადერთი კიკამ მოტვინა, მია ხელში აიყვანა და ოთახში შეიყვანა. ნენე, ელენა და ნისაც შეჰყვნენ. კიკამ საწოლზე დააწვინა. - ნეტა, რა მოუვიდა? - იკითხა ნისამ.- უკვე მერამდენეჯერ ემართება, თან გულიც ერევა ხოლმე, - თქვა ელენამ.- ექიმი გვინდა, ანუ! - წარბაწეულმა აღნიშნა ნენემ. - ხო, წავალ, მე მოვიყვან! - თქვა კიკამ და გავიდა. გასინჯა ექიმმა კვლავ გონებადაკარგული მია. ფონეიდოსკოპი მოიხსნა და თქვა:- გარეგნულად არაფერი ეტყობა. მგონია, რომ მის მუცელში ხდება რაღაც, - აი, აქ ექიმებიც ასე მიკიბულ-მოკიბულად და უცნაურად საუბრობენ, - ექოსკოპია უნდა გავუკეთო, ან უბრალოდ ორსულობის ტესტმაც შეიძლება დაგვაკმაყოფილოს.- ორსულობის ტესტმა? - შეიცხადა ოთხივემ ერთად.- დიახ.- კი, მაგრამ… მია, აქ, ვისგან, ჰა? - გაოგნებული კითხულობს ელენა- არ ვიცი, მიას გარეშე ვერაფერს გავიგებთ. რომ გამოფხიზლდება, შემატყობინეთ! - დაიბარა ექიმმა და გავიდა.- ჯერ 19 წლისაა, - თქვა კიკამ.- მერე, რა?- პატარაა!- ჩვენ უნდა მივეხმაროთ! - თქვა ელენამ მტკიცედ.- ჰო! - კვერი დაუკრა ნისამ. რამდენიმე წუთი იყვნენ და ისინიც გავიდნენ, მიას კი მთელი დღე ეძინა. „ ბადრაგის ფეხების ბრაგუნი… კარის ჭრიალი… ეზო…“- არ ახვიდე! - იკივლა მიამ და შეშინებული წამოჯდა ლოგინზე.- რა მოხდა, მია? - ჰკითხა ნენემ, რომელიც მიას კივილმა გააღვიძა. მიამ ნენეს გადახედა, ქშინავდა და გარშემო უაზროდ იყურებოდა, თითქოს ცდილობდა, აღექვა, სად იყო. ნენე ადგა და მიას მიუჯდა.- მია! მია შეხტა და ნენეს გაცხარებული თვალებით მიაშტერდა.- მია, გუშინ ცუდად გახდი და გული წაგივიდა. ექიმმა გაგსინჯა და…- ვკვდები? - იკითხა სწრაფად, ხმაში ეტყობოდა, რომ დადებითი პასუხი გაახარებდა.- არა, არა, არ კვდები. მოიღუშა მია და იკითხა:- აბა, რა მჭირს?- ჯერ არ ვიცით. ექიმმა თქვა ან ექოსკოპია უნდა გაიკეთოსო, ან … ნენე შეყოვნდა ცოტა ხანი.- ან? - ჰკითხა მიამ.- ან ორსულობის ტესტიო. - რაო?- ორსულობის ტესტიო, - მხრები აიჩეჩა ნენემ.- რად მინდა ეგ? - იკითხა, თითქოს პატარა ბავშვი იყოს და არ იცოდეს მისი დანიშნულება.- რომ გაიგო, ორსულად ხარ თუ არა.- რა სისულელეა, არ ვარ! - თქვა დაბეჯითებით.- საიდან იცი?- ვიცი!- გაიკეთე უკვე?- არა.- აბა, ექიმთან იყავი?- არა.- ქალიშვილი ხარ? ცოტა ხანი შეყოვნდა მია.- არა, - უპასუხა ბოლოს.- საიდან იცი მაშინ?- უბრალოდ ვიცი.- კი, მაგრამ იქნებ გაიკეთო მაინც ტესტი. - არ მინდა!- ნახე, დამიტოვა ექიმმა, - ნენემ ტესტი აჩვენა, - მარტივია ძალიან. დააკვირდი, თუ ერთი ხაზი იქნება, მაშინ…- არაა, არ მინდა მისგან ორსულად ვიყო! არ მინდა, არ გავიკეთებ ტესტს! - კივის არაადამიანური ხმით. შეშინებულ ნენეს ტესტი დაუვარდა და ფეხზე ადგა. მია ისევ კივის. - მია, დამშვიდდი! დაწყნარდი, რა, ნუ კივი! - ყვირის ნენეც, მიას ხმა რომ გადაფაროს. ხმებზე ელენა, ნისა და სანიტრები შემოვიდნენ. - რა ხდება? - იკითხა ნისამ.- ვუთხარი, ექიმმა რაც დაიბარა და იმის მერე ესე კივის, - აუხსნა ნენემ. სანიტრები მივიდნენ და დამაწყნარებლის გაკეთებას აპირებდნენ, მაგრამ ელენამ გააჩერა:- მოიცათ, შეიძლება ორსულადაა.- აბა, რა ვქნათ? - იკითხა ერთ-ერთმა.- არაფერი, თქვენ გადით, დავაწყნარებთ! - უთხრა ნისამ. რას გაიგებთ, ასე ხდება, სანიტრები გიჟს დაემორჩილნენ და გავიდნენ. მია ისევ იმას გაიძახის და ლოგინზე სრული საგიჟეთი მოაწყო. გოგოები ცდილობდნენ დაწყნარებას, რა აღარ გააკეთეს, მაგრამ ვერ გაუმკლავდნენ. ხმაურმა შეაწუხა ეტყობა და ქალბატონი ელისოც მობრძანდა.- რა ამბავია აქ? - იკითხა დოინჯშემორტყმულმა. - ცუდადაა, - უთხრა ნისამ ისე, რომ არც შეუხედავს. - მერე ჩვენც უნდა გაგვხადოს ცუდად? არ უპასუხია არცერთს.- არ გაჩუმდება ოდესმე? ისევ იგნორი.- სანიტრები სად არიან? კვლავ სიჩუმე.- ტვინი წაიღო უკვე! ისევ…- დააძინეთ, რა!- გადი, აქედან! - უყვირა ნენემ. - ბატონო? - ჰკითხა დაბნეულმა ელისომ, რომელიც ასეთ პასუხს არ ელოდა.- გადი - მეთქი, ზედმეტი ხარ აქ!- იცი, ვის ელაპარაკები? - აუ, ნახვამდის! - ჩაერთო ნისაც და კარი მიუხურა. მია ცოტა დაწყნარდა, ელენაზეა ჩახუტებული და წინ და უკან ქანაობს. - მია, რა მოხდა? - ფრთხილად ჰკითხა ნენემ. - არ მინდა, ორსულად ვიყო მისგან!- ვისგან, მია? - ჰკითხა ნისამ.- არ მინდა…- ვისგან შეიძლება იყო, მია, ვისგან? - კვლავ აინტერესებს ელენას მამის ვინაობა.- არ მინდა! - იძახის მია და ცრემლები მოსდის. - კაი, დაანებე თავი. არ უნდა, ეტყობა, თქმა, - თქვა ნენემ. - არ ვარ! არ მინდა! - არ იშლის თავისას მია. - მია, გაიკეთე, რა, ტესტი, იქნებ, სულაც არ ხარ ორსულად, - შეაპარა ელენამ.- არ ვარ! არ ვიქნები!- ზუსტად ხო არ იცი, გაიკეთე და დარწმუნდები, - უთხრა ნისამ.- ხო, რა, რამდენიმე წუთი უნდა. მია გაჩერდა ორი წამი, ადგა.- მომეცი! - უთხრა ნენეს და ხელი გაუწოდა. ნენემ კარადიდან აიღო და მისცა. მია შევიდა ტუალეტში. ვერ ვიტან ამ პროცესს ამ ადგილას. ყველაზე ბინძურ ადგილას იგებ ყველაზე მაგარ ამბავს. მიამაც სწორედ ამ ადგილას გაიგო ყველაზე მაგარი ამბავი, რომელიც აქ მეტად ამაზრზენია, ვიდრე გარეთ. არც გახარებია, ხმამაღლა იღრიალა, თითქოს ეცადა, ხმას ამოჰყოლოდა ის პატარა წერტილიც, რომელსაც თავისი შვილი ჰქვია. ნენეს, ელენასა და ნისას შეეშინდათ, კარებთან მივიდნენ და ბრახუნი დაიწყეს. მია არ აღებს, ძირს ზის და ტირის. როცა სიტყვით ვერაფერს გახდნენ, - რა ძალა მოაწვათ, არ ვიცი - კარი შეანგრიეს. აღარ იციან, რა ქნან, როგორ დააწყნარონ.- ორსულადაა! - თქვა ელენამ ტესტის ნახვის შემდეგ. რა სასიხარულოც არ უნდა იყოს, სამივესთვის შოკი იყო, თან მიას ასეთი რეაქცია აშინებდათ, აინტრიგებდათ, აწუხებდათ.- არ მინდა! არ გავაჩენ! მომაშორეთ! - ტირის მია და ემოციებისგან დაღლილი ვეღარაფერს გრძნობს. გაიყვანეს და დააწვინეს. ჩაეძინა. გოგოები გავიდნენ. დღემ საოცრად მშვიდად ჩაიარა, გოგოებს არავისთვის არაფერი უთქვამთ, თუმცა თითქოს იცოდნენ, შინაგანად იცოდნენ, არ ვიცი რას, მაგრამ გრძნობდნენ და გვერდში ედგნენ. ღამე გაეღვიძა, ჩუმად ადგა, ნენეს რომ არ გაეგო, უჯრა გამოაღო, მაგრამ რაღაც ამოჰყვა და ის დაბლა დავარდა. ხმაურზე ნენე შეირხა. მიას არც მიუქცევია ყურადღება, ტუალეტში გავიდა, შუქი აანთო და ისე ჩქარობდა რაღაცის გაკეთებას, კარი ღია დატოვა. სინათლემ შეაწუხა ნენე, გაეღვიძა. მია ლოგინში რომ ვერ დაინახა, სასწრაფოდ ადგა და შევიდა ტუალეტში.- მია, რას აკეთებ? - იყვირა, როცა მია გაჩაჩხული დანით ხელში დაინახა (საიდან აღმოჩნდა ოთახში დანა?)- ნენე, არ მომეკარო!- რას შვები, მია?!- არ მინდა ეს ბავშვი!- გაგიჟდი? - ნენე, არ მომეკარო - მეთქი!- რეებს ბოდავ, მია, ან რას აკეთებ, ნორმალური ხარ? (ნახეთ, თურმე საგიჟეთშიც შეიძლება ასეთი დიალოგის მოსმენა)- არ მინდა - მეთქი, უნდა მოვიშორო ეს ბავშვი! მის თავს მახსენებს!- ვის თავს, მია, ვის?- უნდა მოვკლა! მიბრუნდა და დანა წაიღო ფეხებისკენ, მაგრამ ნენე უკნიდან შეახტა, დაეცნენ და დანა გადავარდა. - გამიშვი! ნენე, გამიშვი, უნდა მოვიშორო! არ მინდა, დამანებე თავი! ბოლო ძალებით ეწინააღმდეგება მია ნენეს, მაგრამ ნენე არ უშვებს. გაჰკრა ფეხი ნენემ დანას.- მია, დამშვიდდი! სისულელეებს აკეთებ, არ გაგიშვებ, შანსი არაა!- შენ რა უფლება გაქ, რო მიკრძალავ? - უყვირა ცრემლებში დამხრჩვალმა მიამ. - დამშვიდდი! - ხელი გაარტყა ნენემ, როცა ყველანაირი რესურსი ამოეწურა. მია გაჩერდა. ნენეს მიაშტერდა. ნელ-ნელა ყბა აუკანკალდა, თვალები ცრემლებით გადაევსო.- არ მინდა მისგან შვილი, ნენე, არ მინდა. ვერ გავზრდი, ვერ დავიჭერ ხელში, არ შემიძლია, ნენე! - ტირის ყველა ემოციისგან გადახურებული. სტკივა, გული უხურს და 3 თვის ნაყოფის მოძრაობას გრძნობს, რომელიც სინამდვილეში შეუმჩნევლად ფაჩუნებს თავისთვის.- არ შემიძლია! - იძახის და იატაკს ურტყამს მუშტებს.- ყველაფერი კარგად იქნება! - უთხრა ნენემ და ჩაეხუტა. მია მაგრად ჩაებღაუჭა, მიეკრო. სიმშვიდეს, ხსნას ეძებს, მაგრამ არ შეუძლია პოვნა. უცებ უაზრო სიცილი დაიწყო. ხარხარებს, გიჟივით იცინის, ხარხარებს, ცხოვრებას დასცინის, ეხლა მართლა გაგიჟდა. აღარ უცდია მიას ბავშვის მოშორება, შეეგუა ბედს, მაგრამ ჩაიკეტა. არავის ეკონტაქტება, არც ჭამს, მარტო სძინავს და ფიქრობს. მარტო, სულ მარტო… უბედურებაც იმ ბედნიერების გვერდითაა, რომელსაც წვრილმანებში ვპოულობთ. თითოეულ დეტალს თუ ჩაუღრმავდი, თითოეულ წვრილმანს თუ დაუკვირდი იმ უბედური შემთხვევისას, გაგაგიჟებს, ისედაც დამძიმებულ გულს საერთოდ მოგისპობს. მიასაც ასე მოუვიდა. თავის ოთახში განმარტოებული წარმოიდგენდა იმ ავადსახსენებელ ღამეს: უკუნეთი ღამის წყვდიადი, რომელიც ციხეში უფრო მეტად საზარელია, ვიდრე ჩვეულებრივ ყოფაში. დამიანე მოკუნტული საწოლზე, თვალღია, ალბათ, მიაზე ფიქრობს. ამის წარმოდგენაზე მიას გული გაუთბა, მაგრამ უცებ კარის ჭრიალის ხმას ბადრაგის ფეხსაცმლის მძიმე ბრაგუნი მოჰყვა, რომელმაც მხოლოდ დამიანეს საწოლთან შეწყვიტა შემაწუხებელი გრგვინვა და ახლა თითქოს ქოშინებს იმ მძიმე სხეულის ტარების შემდეგ. ამ დაღლილ ფეხსაცმელებს უყურებს დამიანე და სხეულის არცერთი ნაწილი არ უტოკდება, თითქოს გაიყინაო თვალღია მიაზე ფიქრში. თუმცა ბადრაგმა, აი, იმან, დაღლილი ფეხსაცმელები რომ აცვია, გაალღო ყინული თავისი სიტყვით:- წავედით! ზედმეტი მოძრაობისა და წინააღმდეგობის გარეშე ადგა, ბადრაგის წინ დადგა და თავი დახარა. იცის, რომ დამნაშავეა, მთელი თავისი არსებით აქვს ეს გაცნობიერებული, ამიტომ უძრავადაა და ელის შემდეგ განკარგულებას.- პირდაპირ იარე!- და, აი, მანაც არ დააყოვნა. წავიდა. გზა დიდია: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მესამე სართულის ბოლო საკნიდან ამავე შენობის ეზოს ცენტრამდე. ნელა მიდის, არსად ეჩქარება. გრძნობა - 0, სახის მიმიკა - 0, ქცევა - 0, წინააღმდეგობა - 0, ადამიანი - 0. აღარც ტვინი აქვს, ვერ ფიქრობს. მხოლოდ გული დარჩა და ისიც მხოლოდ მიასთვის ცემს. რიტმულად, რეგულარულად, წამში ალბათ 100-ჯერ გაიძახის გული: მია...მია...მია!.. იმხელაზე, ალბათ, ბადრაგსაც ესმის. ცემს და მორჩა! მალე გალიეს ის გრძელი ბილიკი, დანიშნულების ადგილას კი სამი გვერდი-გვერდ ჩამწკრივებული ფორმიანი კაცი ელის. საუკუნის დამნაშავე მოჰყავთ და ღირსეულად ხვდებიან, თითქოს გულში უხარიათ კიდეც, რომ რეალობაში ნახეს ადამიანი, რომლის სახელიც აუცილებლად დარჩება ისტორიას. ახლა ისინი იმითაც ამაყები არიან, რომ იმავე ისტორიის სულ ბოლო გვერდზე ბოლოში პატარაზე ეწერება მათი სახელები, ისინი ხომ მისი... დინჯად მიდის თავჩაქინდრული, გული კი კვლავ მიას გასჩხავის, თუმცა დამიანე ვერ გრძნობს, არ შეუძლია. მიდის და მიფორთხავს მისი სხეული, რა ძალით, არავინ იცის. არ ანაღვლებს არაფერი, არ ფიქრობს არაფერზე, არ გრძნობს არაფერს, არ უნდა არაფერი. ყურში ჩაესმის მხოლოდ სიტყვები:- აიყვანეთ! სკამი მყარად დგას? მიეხმარეთ, ვერ ადის! ყულფში გააყოფინეთ თავი!- კარგით, რა, პოლკოვნიკო, შეხედეთ,ისედაც მკვდარია!- ხმა, ლეიტენანტო! გააკეთეთ, რასაც გეუბნებით! ისევ არაფერი. ლეიტენანტმა შეასრულა პოლკოვნიკის ბრძანება. დამიანეც ემორჩილება, ფრთხილად ადის სკამზე, აძვრენს თავს ყულფში, კარგად მოირგო და ხელები ზედვე შერჩა. პირველად ამ დროის განმავლობაში ზემოთ აიხედა, ცას ახედა და მაინცდამაინც ეხლა, ამ წამს, სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვისას, მია გამოისახა ცაზე. მაინცდამაინც ეხლა, როცა სკამი წააქციეს და საცოდავად ფართხალებს სუნთქვაშეკრული, მია მოენატრა. სწორედ ახლა, როცა წამიც და აღარ იქნება, სიცოცხლე მოუნდა, გული ასტკივდა, გრძნობა, ფიქრი დაუბრუნდა, სული დაუბრუნდა და ეხლა ისევ ართმევენ. წამის მეასედში სიკვდილამდე მიას მოჰკრა თვალი და დამშვიდდა. ნამდვილად მიაა? მართლა აქ არის? მოვიდა მის სანახავად? ეს ჩემი კითხვებია, ის კი უკვე... მორჩა! თოკიღა ქანაობს სხეულით დამძიმებული და აქეთ-იქით არწევს უსულო სულიერს. ისე ფრთხილად და ნაზად ირწევა, თითქოს აკვანში წევს, ის კი იავნანას უმღერის... ვინ ის? მია! რატომ დაემართა ეს მიას? რატომ აქვს პრობლემები? რატომ გაგიჟდა? რატომ ვერ გაუძლო? რატომ სცადა ამდენჯერ თვითმკვლელობა? მეგობარი არ ჰყავდა და იმიტომ. საყვარელი ადამიანი დაკარგა, ქმარი ჩამოუხრჩეს, მას კი არავინ ჰყავდა, ვინც გვერდზე დაუდგებოდა. იქ, იმ მრგვალ ეზოში, იმ შემზარავად ცივი და ავადსახსენებელი შენობის ეზოში მარტოდმარტო იდგა, სრულიად ეული და საკუთარი თვალით ნახა დამიანეს სიკვდილი, ყველაზე საშინელი, სასტიკი, დაუნდობელი, მას კი არავინ ჰყავდა, ვინც იქ მარტოს არ გაუშვებდა, გაჰყვებოდა, გვერდზე დაუდგებოდა, ხელს მოჰკიდებდა, ტკივილისგან ჩაკეცილს წამოაყენებდა და ჩაიხუტებდა, აგრძნობინებდა, რომ მარტო არ იყო. მიამ მარტო გადაიტანა ეს მტანჯველი ტკივილი, მაგრამ გადაიტანა რო? სადღაც, გარშემო არსებობდნენ მეგობრები. ერთობიან, მხიარულობენ, დადიან ათას ადგილას და მია არავის ახსოვს, მია არავისთვის არსებობს. და საერთოდაც არსებობს კიდევ მეგობრობა? ვიცით ადამიანებმა, რას ნიშნავს ეს ცნება? ვართ მეგობრები? უკვე აღარაფერი აღარ არსებობს. გავაუფასურეთ ეს წმინდა ურთიერთობა, დავუკარგეთ ელფერი და აზრი. ვიძახით, მეგობარი, მეგობარიო, მაგრამ როდის ვართ მასთან? როცა გვჭირდება? როცა მე მიჭირს და ის დამჭირდება? ვაი, მართლა? და მე სად ვარ, როცა მას ვჭირდები? სად ვარ, როცა უჭირს? მე ვერთობი, დავდივარ სხვა ”მეგობრებთან” ერთად. უი, ის არ არის ჩვენთან? უფ, მერე რა მოხდა? მეგობარია და გაიგებს. ააა, ესეიგი მარტო იმან უნდა გაიგოს, მან უნდა მაპატიოს და, საერთოდაც, რა ეწყინა? რა იყო საწყენი? რა გავაკეთეთ ასეთი? მერე რა მოხდა, თუ რამდენჯერმე დაგვავიწყდა? რა მოხდა?... რა მოხდა? მიამ თავის მოკვლა სცადა, მია ძლივს გადაარჩინეს, მია საგიჟეთშია. მან აქ იპოვა ის, რაც გარეთ არ არსებობს. საგიჟეთში, შეშლილებში შემოუნახავთ. აქ ზრუნავს მასზე კიკა, აქ უსმენს და ამშვიდებს ნენე, აქ უდგას გვერდზე თოა, როცა სჭირდება, აქ იხუტებს ელენა ცხარე ცრემლებით მტირალეს, აქ აყენებს ფეხზე ნისა ტკივილისგან ჩაკეცილს. გჯერათ ამისი? მახინჯ რეალობაში დაკარგული ურთიერთობები საგიჟეთში ზენიტს აღწევს. აქ იციან, რა არის სიყვარული მიუხედავად იმისა, რომ ტვინში ყველაფერი წესრიგში ვერ აქვთ. აქ იციან, რა არის მეგობრობა მიუხედავად იმისა, რომ ეს არასდროს უსწავლიათ, აქ იციან, რა არის გვერდში დგომა მიუხედავად იმისა, რომ ყველას თავისი პრობლემა აწუხებს. ამის მერე თქვენ გინდათ დამაჯეროთ რომ ჩვენ ადამიანები ვართ და ელენა, კიკა, ნენე, ნისა, თოა - გიჟები? მაშინ გამიშვით საგიჟეთში, მეც უნდა გავგიჟდე! თავი 7 2 თვე გავიდა. გათენდა მორიგი დილა. მია ხმაურმა გააღვიძა, მასთან ახლოს რაღაცამ გაიჭრიალა. თავი წამოსწია და თვალები მერე გაახილა. კიკა უზარმაზარ სარკეს კედელზე ამაგრებდა. - რა ხდება? - იკითხა უაზროდ ბევრი ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით მიამ. კიკამ არაფერი უპასუხა, ლურსმანს აჭედებდა. - კიკა, რას აკეთებ? - წამოჯდა მია. კიკა ლურსმანს არ ეშვება.- კიკა! ლურსმანს ბოლოჯერ მიარტყა ჩაქუჩი, სარკეში ჩაიხედა, შეითვალიერა თავი, შარვალი დაიბერტყა და ჩაქუჩი ტუმბოზე დადო. - კიკა, არ მიპასუხებ, რას აკეთებ ესე ადრე ჩემს ოთახში? მიბრუნდა მიასკენ, მივიდა და უხეშად ააყენა. ხელი მაგრად მოუჭირა და ისე, რომ არც უკითხავს, სარკის წინ დააყენა.- მეტკინა. შენ ნორმალური ხარ? - დაიჩივლა მიამ და მაჯაზე მოისვა ხელი. - ჩაიხედე! - უთხრა კიკამ.- რა?- ჩაიხედე - მეთქი!- რატო? - გაჯიუტდა მია. კიკამ მიატრიალა და მიამ საკუთარ თავს თვალებში ჩახედა. მისი თავი კიკას ეჭირა, გამალებით ჰქონდა ჩაბღაუჭებული. - კიკა, რას აკეთებ, რა გჭირს, რა გინდა? - შეხედე შენს თავს!- ვუყურებ, გამიშვი! - ფართხალებს მია.- არა, დამშვიდდი და წესიერად შეხედე!- ვუყურებ!- მია, გაჩერდი! - იყვირა კიკამ ბოლო ხმაზე და მიაც დაწყნარდა, - ჩაიხედე სარკეში, შეხედე შენს თავს! განსხვავებას ვერ ხედავ? ვერ ხედავ, რა დღეში ჩაიგდე თავი? ვერ ხედავ, რას გიგავს თვალები და სახე? დააკვირდი შენი ფეხების სიწვრილეს! ხედავ, რას გავხარ? ხედავ, რა უქენი შენს თავს 2 თვეში? მათხოვარს გავხარ, მია, მიუსაფარს, ქუჩაში რო ძინავს და ყველა ზედ უვლის. არადა არ ხარ, მია, შენ მათხოვარი, არ გძინავს ქუჩაში. ადამიანი ხარ! შენ არც გიჟი არ ხარ. შეშლილი ხარ! მაგრამ მიუხედავად ამისა, ორსულად ხარ, მია, ნახე! - მარჯვნივ შეატრიალა, - ხედავ? ხედავ შენს გამობერილ მუცელს? იცი, რო მანდ შენი შვილია? არსება, რომელსაც სიცოცხლე უნდა, შენგან განსხვავებით, და არც არაფერი დაუშავებია, რომ ართმევ შენ ამის უფლებას. დედა ხარ, მუცელში გიზის და ვალდებული ხარ, აცოცხლო. ფეხებზე მკიდია, მამა ვინაა და რა გააკეთა ასეთი, მისი შვილი რომ არ გინდა. ბავშვმა რა დააშავა? რატო კლავ? მია, რატო იკლავ თავს? კიკამ ამოისუნთქა და ემოციებისგან აღტკინებულმა ქშინვა დაიწყო. მიას ცრემლები უპეებში ეღვრებოდა. მუცელს უყურებდა. 5 თვეა ვიღაც ბუდობს მასში და ხელითაც კი არ შეხებია. წაიღო ხელი, მაგრამ ვერ გაბედა. ისევ კიკა. გაუძალიანდა მია, მაგრამ მაინც დაადებინა ხელი. - გრძნობ? - ჰკითხა ამჯერად ჩუმად. მია წამით გაჩერდა. პირველად 5 თვის განმავლობაში თავის ორგანიზმში არსება იგრძნო, ძალიან მძიმე და თან ძალიან მსუბუქი, პატარა ხელები და ფეხები, თავი, თითოეული ნაკვთი იგრძნო. ბავშვის გულისცემაც გაიგო. გაიფაჩუნა ყველაზე დიდმა პეპელამ მუცელში. ყბააკანკალებული უაზროდ იყურება სარკეში, მერე მუცელს უყურებს, მერე კიკას გახედა. არ იცის, რა თქვას, დამუნჯდა, ცრემლები მოსდის, პირველად თავის ცხოვრებაში, სიხარულის ცრემლები. გაიღიმა. ღმერთო ჩემო, მიამ გაიღიმა. იცინის, უაზროდ და უზომოდ ბედნიერია. - კიკა, გაინძრა… კიკა, ცოცხალია, ნახე, კიკა, ჩემშია, აქ არის. ჩემია, კიკა, პატარა არსება ჩემშია, მოძრაობს. მიას მკვდარ სხეულში ჩაბუდებულმა პატარა სიცოცხლემ მასში გაზაფხული მოიყვანა. საუკეთესო მეგობარი აჩუქა კიკამ მიას. საათობით იდგა მია სარკის წინ, იყურებოდა, მუცელს ეფერებოდა, უხმოდ იდგა და რაღაც მოძრაობებს აკეთებდა, გრძნობებს უზიარებდა. შეუყვარდა სარკე. მისი ბინადარიც მიასნაირია, ზუსტად მისნაირი: თვალები, ტუჩები, ისიც ორსულადაა, ისიც შავთმიანია, მის დედასაც ნატალია ჰქვია, მასაც უყვარს… მასაც უყვარს დამიანე. ფეხები აუკანკალდა, ძალა წაერთვა, სარკეს ხელი დააყრდნო, ცალი ხელი მუცელზე შემოიხვია და ჩაიკეცა, თან სარკის ბინადარს უყურებდა. მისი ხელი უჭირავს, ეხმარება, რომ არ წაიქცეს, ფრთხილად დაეშვა. თავი მიადო სარკეს და ჩუმად იქცა წვეთებად. გვერდულად ანარეკლში ხედავს, რომ ისიც ტირის, მისნაირად ჩუმად ტირის, თითქოს ანუგეშებსო. თბილად მოხვდა გულზე. ასე ჯერ მისთვის არავის არასდროს გაუგია. ტირის, როცა მია ტირის, იცინის, როცა მია იცინის, მაგრამ ის, იქ სარკის მიღმა მყოფი ტყუპისცალი თითქოს მიაზე ძლიერია, მას სჯერა საკუთარი თავის. მანაც გამოიარა ზუსტად ის, რაც მიამ, მაგრამ მოერია თავს. ის სარკეშია, ბრჭყვიალა გარემოში, სადაც ფონი იმის მიხედვით იცვლება, თუ რა ხასიათზეა მია, მიაზეა დამოკიდებული, თუმცა ის სარკეშია, მია - საგიჟეთში. მართალია, ანარეკლის საბუდარიც ამ საგიჟეთის ერთ-ერთ ოთახშია, მაგრამ ის არ არის დამოკიდებული აქაურ გარემოზე, არ ექვემდებარება სანიტრებს, არ ცდილობს ჯერ არდაბადებული შვილის მოკვლას. ანარეკლი მიაზე ძლიერია. იქ მყოფი თავისუფალია, შეიძლება გიჟია, მაგრამ ტკბება ამ სიგიჟით, შეიძლება უბედური წარსული აქვს, მაგრამ აწმყოთი ცხოვრობს, შეიძლება ეტირება, არ უნდა არაფრის კეთება, მაგრამ შვილის გულისთვის, მუცლადმყოფი შვილისთვის იბრძვის. თავი 8 ღამე საგიჟეთში სრული აპოთეოზია. როგორც კი საათი შუაღამის 12-ს ჩამოჰკრავს, ყველანაირი შინაგანი გრძნობა: ლტოლვა, მძვინვარება, ქარიზმა, თავდაჯერებულობა, უაზრო ნიჭიერება, ერთდროულად იყრის თავს თითოეულ “განდეგილში”. როცა ხალხი, გადატვირთული დღისგან დაღლილი, საწოლამდე ძლივს აღწევს დასაძინებლად, ამათთვის მთავარი დღესასწაული ღამე იწყება. არა, არა, ვერ მიმიხვდით, ისინი ერთად არ იკრიბებიან, ძალიან იშვიათად ხდება, რომ ღამე ერთად გაერთონ. ცალ-ცალკე შეუჩნდებათ ხოლმე ეშმაკები, ბორგავენ შინაგანად და მიუხედავად იმისა, რომ რუტინად ქცეული დამაძინებლები მიღებული აქვთ, მაინც ჰიპერრეაქტიულები ხდებიან. გამოხატვით კი ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს: ანანა სამზარეულოში იპარება და ცხობას იწყებს, კესანე ხატავს, ანა-მარია უაზროდ სიცილს და კივილს იწყებს, ხატია ერთსა და იმავე ჩაციკლულ წიგნს მერამდენედ კითხულობს, ნისა მთელი ღამე ვარსკვლავებს უყურებს, ელენა ოთახებში დაბოდიალობს, სანთებელებს იპარავს, ჯიბეში იწყობს და ზამთრის სიცივეებისთვის ინახავს, აია “სტუმარ-მასპინძლიდან” ციტატებს იძახის, ნენე ელენას მიჰყვება, ოღონდ ის კარადებს აღებს და ვისაც ფერადი, ზოლიანი ან ჭრელი წინდები აქვს, ფანჯრიდან უყრის, თოა და კიკა ბავშვობაში გადაღებულ ვიდეოს იხსენებენ, რომელშიც პოეტი მამაკაცი თავის ლექსს კითხულობს “პარიზულ ქარებზე” და გადაბჟირებამდე არაამქვეყნიური ხმით იცინიან, დემეტრე ამათ უყურებს, წინ და უკან ქანაობს გაკრეჭილი, მია… ღამე ვერ ისვენებს. ბავშვი ბევრს მოძრაობს და მიას სუნთქვის საშუალებასაც არ აძლევს. აი, მიას აპოთეოზის მიზეზი. თითქოს ბავშვზე გაბრაზებული წამოჯდა მორიგი “დღესასწაულის” დროს, ნენე რომ არ დახვდა, მიხვდა, უკვე შემოვლაზე იყო. ადგა, გაიზმორა, მიმოიხედა და წამით ჩაფიქრდა. მერე დერეფანში გავიდა და უაზროდ სიარული დაიწყო. არ იცოდა, რა ექნა, ხასიათს კი “განდეგილები” უხალისებდნენ. აი, ანა-მარიას სიცილი. ხატიაც აქვეა და კითხულობს დერეფნის ტახტზე წამოწოლილი. ელენა ერთი ოთახიდან მეორეში გავიდა. ნეტა რა უნდა ოთახებში ამდენ სანთებელას, ელენას ყოველ ღამე რომ ჰყოფნის მოსაპარად. ჰეჰ, ნანა გახსოვთ? სანიტარი, რომელმაც მია მიიღო. სწორედ ის დებს სანთებელებს გიჟების დაწოლამდე ოთახებში, ყოველ დილას ჩადის, ამოაქვს ნენეს გადაყრილი წინდები და ისევ უკან მოაქვს, ყოველ დღე სხვადასხვა, კესანესთვის - ფუნჯები და საღებავები, ხატიას საყვარელი წიგნის სხვადასხვა გამოცემას უდებს, თოასა და კიკასთვის ყოველ ღამე დერეფნის ტელევიზორში რთავს იმ ვიდეოს… რატომ აკეთებს ამას ნანა? ეს ხომ ეწინააღმდეგება შინაგანაწესს. ჯანდაბას ეს უაზრო წესები და კანონები! საგიჟეთია, დაე, იგიჟონ! ის უნარჩუნებს გიჟებს იმ ჩვევებს, რომლებიც მათ აბედნიერებს, წამით გამოჰყავს შოკიდან და ისინიც ჩემნაირი, თქვენნაირი, ნანასნაირი ადამიანები ხდებიან. რატომ წაართვას მათთვის ყველაზე ძვირფასი და წმინდა? რატომ ჩაშალოს დღესასწაული, რომელიც მასაც აბედნიერებს? ქალბატონი ნანა ცდილობს შეინარჩუნოს სიხარული და ღამით მაინც ჩქეფდეს სიცოცხლე, ის სიცოცხლე, რომელიც მართლა ღირებულია. გიჟებმა გვაჯობეს? სირცხვილი, ადამიანებო! მიამ ნისას და ელენას ოთახთან ჩაიარა, ელენა სანთებელებს ყუთში აწყობდა, ნისა გაღიმებული ვარსკვლავებს შესცქეროდა და თითოეულში თავის მეგობრებს ხედავდა. აი, კესანეც, რომელიც ამჯერად მჭევრმეტყველ აიას ხატავდა. მიას გაეღიმა და უცებ ნენე შეეფეთა. ფანჯრისკენ მიიჩქარის, წინდები უნდა გადაყაროს. მიამ გემრიელი სუნები იყნოსა და სამზარეულოში გავიდა. - მმმ, ანანა, რა სუნებია, რა აკეთებ?- კექსს და ქაფქეიქებს.- მალე იქნება?- დილას.- აუ, ხო მაჭმევ?- კიი! - უთხრა ბედნიერმა, ბავშვივით მცქმუტავმა ანანამ.- წავედი ეხლა მე, - თითით კრემი ამოიღო, გატლიკა და ანანას ეშმაკურად გაუღიმა. დერეფანს მიუყვება. მობეზრდა ეს სინაცრისფრე, რომლის შერეული კრემისფერი ლაქები იმდენად ჰქონდა გონებაში გამჯდარი, რომ სიბნელეშიც კი ხედავდა. მიდის და რაღაცას ელის. რამდენი ხანია აქაა და არ იცის, ვინ რატოა, რა დააშავეს, რატომ არიან გიჟები. საოცარი ჟინი მოაწვა ამის გაგებისა და გარშემო პასუხებს ეძებს, თითქოს. რაღაც სხვაგან მიდის, მიძვრება… აი, კარი, სხვა დერეფანში გაიყვანა, ობობის ქსელები და მტვერია… უკუნეთი… რაღაცას მიეჯახა, ძლივს გადაძვრა, მუცელი უშლის ხელს… ისევ კარი… სხვანაირი დერეფანია. შუქები ანთია და სიბნელიდან გამოსულს თვალი მოსჭრეს. ლამაზია, კარგად გაკეთებული, ფერადია კედლები, გარშემო აქა-იქ ნახატები კიდია და 4 თუ 5 ყავისფერი ხის კარებია. შუქებსაც დიდებული ჭაღები ანათებდა. იყურება გარშემო გაოცებული და ისევ სადღაც მიდის. რამდენი ხანია ასეთი გარემო არ უნახავს, მოწესრიგებული, ფერადი, ლამაზი, ნახატები, რომლებიც არ არის კესანესი… გაჩერდა. რატომღაც ერთ-ერთ კართან შეჩერდა და შინაგანი ბჭობა-გადაწყვეტის შემდეგ შესვლა გაბედა. სიბნელეა. შუქი ძლივს აანთო. არავინაა. კაბინეტია. მაგიდას ფრთხილად მიუახლოვდა და ოქროსფერ ლითონის ფურცელზე შავი ასოებით წარწერა დაინახა: ელისო პაპავა. მია დაიჭყანა და ორი თითი პირში ჩაიყო, თითქოს გულს ირევსო. რადგან ამ კუდაბზიკას ოთახში აღმოჩნდა, გათამამდა, თავისუფლად დაბოდიალობს და ათვალიერებს. რაღაც კარადასთან მივიდა. ბევრი საქაღალდე დევს, სულ სხვადასხვა ფერები. რომელზეც ხელი მოუხვდა, გადმოიღო და გადაშალა. “პაციენტის საქმე #365, პაციენტი - ნისა”. მიაგნო, რასაც ეძებდა. გაუხარდა. იქვე დივანზე ჩამოჯდა და კითხვა დაიწყო. ეგონა უაზრო ფორმალური სიტყვებისგან დაიღლებოდა, მაგრამ დასაწყისმა გააოცა, ამბავივით იყო: „ერთ ჩვეულებრივ არაფრით გამორჩეულ ოჯახში დაიბადა. პატარა გოგონას, რომელიც ეს-ესაა სამყაროს მოევლინა, უკვე დახვდა დიდი არსება, რომელიც თურმე თავისი ძმა ყოფილა. სამყაროს აღქმა ნელ-ნელა დაიწყო და 1 წლის ნისა უკვე ეძახდა დედას, მამას, ბებიებს, ბაბუებს, ძმას, რამდენიმე ავეჯს და თავის თავს. პატარაობიდანვე ულამაზესი იყო და მაშინვე იცოდა ყველამ, რომ მისი გარეგნობა დიდ წარმატებას მოუტანდა. შეიძლება თავიდან უბრალო გასართობი იყო, მაგრამ გავიდა წლები და მისმა სამოდელო კარიერამ იმხელა ზენიტს მიაღწია, სულ დაავიწყდა, დეპუტატობა რომ უნდოდა. ამ უზარმაზარ სამყაროში კი სულ უბრალოდ შეაბიჯა, რასაც ვერაფერს ვუწოდებთ, თუ არა საოცარ გამართლებას. ყოველთვის ძალიან მაგარი და გემოვნებიანი ჩაცმის სტილი ჰქონდა, სახეზე უბრალოება ზედმეტი მაკიაჟის გარეშე საოცრად მიმზიდველს ხდიდა უცხო თვალისთვის, ტანის იდეალური აღნაგობა კი მასაც იდეალურად აქცევდა. ლონდონიდან ჩამოსული ფოტოგრაფი თბილისის ხედებს იღებდა. მის ერთ-ერთ ფოტოში ლამაზი ხედის ფონზე გოგონა შენიშნა, რომლის სიცილმაც თვალი მოსჭრა. სრულიად შემთხვევით აღმოჩენილი ნატურა მისი ძიების ობიექტად იქცა. დიდი ძებნა არ დასჭირვებია, სადაც გადაიღო ფოტო, იქ მივიდა და ის გოგონაც დახვდა. ფოტოსესიები ჯერ სამშობლოში… ფოტოსესიები უკვე უცხოეთში… ფოტოსესიები ტოპ მოდელებთან… პოდიუმი და fashion week-ები… ბრენდების სახე… ცნობილი ჟურნალების გარეკანები… გარეგან სილამაზეს იმდენად ჰარმონიულად ერწყმოდა შინაგანი, რომ ყველა მაცქერალს თავბრუს ახვევდა. თავბრუდამხვევი კარიერა. შემთხვევით აღმოჩენილმა 20 წლის გოგონამ მსოფლიო შოკში ჩააგდო. ხუთმა თვემ ისიც ტოპ-ად აქცია და ნებისმიერი ცნობილი ფოტოგრაფისთვის საოცნებო მოდელი გახდა. უცხოეთის ბობოქარ გარემოში სრულიად მარტოდ დარჩენილმა აღქმის უნარი დაკარგა. ყოველდღე რაღაც ახალ-ახალი მისამართები, უცხო ქუჩები, ერთმანეთში გადახლართული, ტრანსპორტი, რომლის მიმართულების არცოდნის გამოც ხშირად აღმოჩენილა უცხო უბანში, ძლივს მიგნებული დანიშნულების ადგილი და მეორე ალიაქოთი აქ: ბუზებივით მორბენალი ხალხი, ყოველ მეორე კუთხეში კამერის განათებები, კაბებით მორბენალი ქალები და დამაყრუებელი ხმაური; ფოტოსესია ექსტრემალურ პირობებში, როცა გარშემო იყურები და ვერ არჩევ, ვინ მაკიაჟს გიკეთებს, ვინ კაბას გარგებს, ვინ თმას გვარცხნის და ვინ ყვირის, მალე მალეო. თვალები სხვადასხვა მხარეს გარბის და თავბრუ ეხვევა, ხანდახან ტირილიც უნდება, იქ თავს იკავებს, მაგრამ სასტუმროში განმარტოებული ბოლომდე იცლება და ყველა ენატრება, ვინც კი ოდესმე უნახავს. თუმცა გაიარა პერიოდმა და ამ ალიაქოთის ნაწილი გახდა, განუყოფელი ნაწილი. არ ჩაივლიდა არც ერთი ფოტოსესია და ჩვენება მის გარეშე. ისიც უკვე თამამად მიაბიჯებს პავილიონებში და სისხლში ის გარემო უდუღს. წკაპ, წკაპ, წკაპ, ჩუხ-ჩუხ, შშშ, ჭრრრ, ფრრ, ფრრ, ფრრ.- ნისა, ოდნავ უკან გაიწიე! თითქოს საბედისწერო ნაბიჯი გადადგა. არ გაუხედავს, უკან ისე დაიხია. რას იფიქრებდა, თუ ამ ნაბიჯით ცხოვრება დაენგრეოდა. ხევმა არათუ კარიერა დაუნგრია, სიკვდილს თვალებში ჩაახედა და ისე გამოგლიჯეს ექიმებმა კომაში მყოფი ნისა სიკვდილს ხელიდან, მას არაფერი გაუგია. ჩავარდნის მომენტშიც კი ვერ იგრძნო ტკივილი. თავის ძლიერმა ტრავმამ ტვინის ფუნქციონირება დროებით შეაჩერა. ერთ წლიანმა რეაბილიტაციამ ძლივს დააყენა ფეხზე, მაგრამ სამუდამო წერტილი დაუსვა მის კარიერას. ირონიულია, არა? სამშობლოში დაბრუნდა. ცხოვრების გიჟურ ტემპს შეჩვეული ჩაწოლამ და უმოქმედობამ ჭკუიდან შეშალა. მაშინ ვერნაგრძნობი ფიზიკური ტკივილი, ეხლა შინაგანად მოაწვა. ვერ უძლებს. ტირის. დეპრესიაშია, მაგრამ ვერ იკურნება. ოთახში მარტოა. არ უშვებს არავის, არ უნდა არაფერი. წყნარი პერიოდი. ადგა. მტვრევა დაიწყო. ყვირის. გიჟური პერიოდი. თავს ვერ აკონტროლებს. ვერ ჩერდება. ლოგინზე წევს და იკლაკნება. შიშის პერიოდი. თავს იზიანებს. თავში ირტყამს მუშტებს. თმებს იპუტავს. კივის. საბოლოო პერიოდი. ვერაფერი აწყნარებს, არაფერი ესმის გარდა დედისა. დედა ღამე შედის ოთახში და ნისას მყივანა ხმა რომ გადაფაროს, ხმამაღლა იწყებს ზღაპრის მოყოლას. პატარაობის საყვარელი ზღაპარი მისი ტვინის მკვდარ უჯრედებზე დიდ გავლენას ახდენს და წყნარდება, მაგრამ ნისას აღმაფრენებმა იმდენად ინტენსიური სახე მიიღო, დედამ ვერ გაუძლო და აღმოჩნდა აქ, ჩვენთან.“ ხმაური გაისმა. მიას შეეშინდა, სწრაფად ჩაიკითხა ბოლო წინადადება, დააბრუნა საქაღალდე და ფრთხილად გავიდა ოთახიდან. ისევ გაიარა ის “ფათერაკებიანი” გზა და მხოლოდ ნაცნობ ადგილას დაბრუნებისას შეამჩნია, რომ გათენებულიყო. სიმშვიდეა. მიხვდა, რომ ახლახანს დაეძინათ გიჟებს. ისიც მიდის თავისი ოთახისკენ, ეძინება. ნისასა და ელენას ოთახს ჩაუარა. რაღაც ხმები მოესმა. ნელა შეაღო კარი და შეიხედა. ნისა ლოგინზე იჯდა, ქანაობდა და იჭყანებოდა. ელენას ეძინა. ჩუმად შევიდა და ნისას მიუჯდა. - ნისა, რა გჭირს? რა მოხდა?- ვარსკვლავები. - რა ვარსკვლავები?- გაქრნენ, აღარ არიან.- გათენდა, ნისა, ღამე ისევ მოვლენ.- მე ეხლა მინდა! - იძახის და ხმა უბოხდება. - ნისა, დამშვიდდი, მოვლენ!- ეხლა მინდა, მე ეხლა მინდა!- ეხლა დილაა, ისინი ღამე არიან.- რატო წავიდნენ? რატო გამექცნენ?- რა გაგექცნენ, ესე შვებიან ხოლმე.- არ ვუყვარვარ!- როგორ არა, ნისა, ძალიან უყვარხარ!- მოვიდნენ, მოვიდნენ! - წამოიკივლა.- ნისა, ჩუმად, ელენას ძინავს!- მოოვიდნეენ! - ისევ იკივლა. მია ვერაფერს რომ ვერ გახდა:- იყო და არა, იყო რა… ნისას დასაწყისი ეცნო და გაჩუმდა, მიას მიაშტერდა. - ნისა, შეგიძლია მომიყვე შენი საყვარელი ზღაპარი?- კი, კი, კი! - გაუხარდა და ლოგინზე მოკალათდა. „იყო და არა, იყო რა, ერთ უღრან ტყეში, ძველ ხის ქოხში ერთი ულამაზესი ასული ცხოვრობდა. ეს ასული ყოველ დილით შუა ტყეში ნაკადულთან მიდიოდა და იქვე ნაპირთან ჩამოჯდებოდა. მალევე მოვიდოდნენ პატარა ციყვები, მაჩვები, კუები, ბუები, ჩიტები, ირმები, მის გარშემო შემოიკრიბებოდნენ, მოკალათდებოდნენ და გოგონას უსმენდნენ. ის მათ უამრავ ამბავს უყვებოდა, რომლებიც გოგონას ოცნების პრინცზე იყო. ყოველდღე ოცნებობდა მასზე და ემზადებოდა, რომ ოდესმე ის აუცილებლდ მოვიდოდა. ერთ დღესაც კვლავ გაეშურა ნაკადულთან. გზად ყვავილებს კრეფდა და თან ღიღინებდა. ნაკადულთან რომ მივიდა, დაინახა, თავისი მეგობრები უკვე მოგროვილიყვნენ, ერთ წრედ იდგნენ და რაღაცას უყურებდნენ. მიუახლოვდა გოგონა, ტყის ბინადრები გაიფანტნენ. გოგონამ გულწასული, მკერდში დაჭრილი ბიჭი დაინახა. თავიდან შეეშინდა და მიკარება ვერ გაბედა, მაგრამ ის ისეთი ლამაზი, ქერათმიანი და საყვარელი იყო, შეეცოდა და მისი გადარჩენა გადაწყვიტა. მეგობრების დახმარებით ბიჭი ქოხში მიიყვანა, მოუარა, ჭრილობა დაუამა. მალე ბიჭი გამოფხიზლდა და უმშვენიერესი ასული დანახვისთანავე შეუყვარდა. თურმე პრინცი ყოფილა. როგორც კი მომჯობინდა, გოგონა თავის სამეფოში წაიყვანა, დაათვალიერებინა ყველაფერი, მინდვრებზე ინებივრეს, პრინცმა გვირილების გვირგვინი გაუკეთა და საღამოს ტბაზე ისეირნეს ნავით. ისე შეყვნენ ლაპარაკს, გოგონამ გვიან შეამჩნია ფერადი მანათობელი მფრინავი ბუშტები, რომლებიც პრინცს მისთვის გაეშვა. ამ დღის შემდეგ ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად…“- რა ლამაზი ზღაპარია, ნისა! - გულწრფელად თქვა მიამ.- ძალიან მიყვარს!- ნახე, პატარასაც მოეწონა, - უთხრა მიამ, როცა ბავშვმა ფეხი მოარტყა. - მოვუყვები ხოლმე!- კარგი, საღამობიით შემოვალ და მოუყევი ხოლმე.- კარგი! - უთხრა მხიარულად.- ნისა, ეხლა დავიძინოთ, რაა!- ხო, მეც მეძინება. მია გავიდა ოთახში, დაწვა და უცნაურად გაღიმებულს ჩაეძინა.