ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

გასული წლები, საყვარელი ვენები

გასული წლები, საყვარელი ვენები

პირველი თავი თვალი რომ გაახილა თბილისს უკვე გასცდენოდნენ. მზე ისე უმოწყალოდ აღარ აჭერდა, როგორც მაშინ, მანქანაში რომ ჩაჯდა და გაურკვეველი ვადით გამოემშვიდობა ქალაქს. აუჩქარებლად წამოჯდა. პირი გაშრობოდა და თავი უბჟუოდა. მანამდე აფათურა ჩანთაში ხელი, სანამ არ გაახსენდა, რომ მობილური აღარ ჰქონდა. მინიმუმ ერთი თვე ტელეფონის, კომპიუტერის და ტელევიზორის გარეშე უნდა გაეძლო. ეს უკანასკნელი როდის გამოიყენა ბოლოს, აღარც ახსოვდა. აი, უტელეფონობა და უკომპიუტერობა, ცოტა არ იყოს, რთული ეჩვენებოდა 25 წლის გოგოს და ექიმის გასაგონად ჩაილაპარაკა: „რას წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ამიშების ცხოვრების წესს გავიზიარებდიო“. სამაგიეროდ, წიგნებისთვის ექნებოდა დრო თავზე საყრელად. ასე რომ, გამარჯობა, უცხო პერსონაჟებო, მშვიდობით, ბურუსით მოსილო წარსულო. თანამედროვე მწერლების წიგნებით გამოტენილი ჩანთიდან მზერა თინეიჯერ ბიჭებზე გადაიტანა. ერთ-ერთს ჯინსის უკანა ჯიბეში ორად მოკეცილი რვეული ედო. „აბიტურიენტი“ გაიფიქრა ღიმილით და დასევდიანდა. იმის ნაცვლად, რომ მაგისტრატურისთვის ემზადებოდეს, სოფელში უნდა გადავიდეს საცხოვრებლად. სუფთა ჰაერი, მშვიდი გარემო, უამრავი წამალი და ჯანსაღი საკვები გამოსაჯანმრთელებლად. დაკარგულ წელს ვინ ჩივის, მთავარია, სიკვდილი დაამარცხა. აკი უთხრეს, იმ ავარიას მხოლოდ იღბლიანი ადამიანი თუ გადაურჩებოდაო. თავის ტრავმასაც ეშველება და მეხსიერებასაც აღიდგენს ნელ-ნელა. გონების დაძაბვა დაჭირდა, რომ გაეხსენებინა პირველი დღე უნივერსიტეტში. ბურუსი. რომელიმე ლექტორი - ბურუსი. ჯგუფელები - ბურუსი. სტუდენტობის ერთი დღე - ბურუსი. -        ჯანდაბა! - ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა და ღრმად ჩაისუნთქა. -        არაფერზე ინერვიულო და არც გონებას დაატანო ძალა. დრო მოვა და ყველაფერი გაგახსენდება, რაც საჭიროა. - დამშვიდობებისას უთხრა ბებიამ. ორივე ლოყაზე აკოცა და თვალცრემლიანმა დაამატა: „მთავარი ისაა რომ ცოცხალი ხარ, ღმერთის წყალობით“.ღმერთი ახსოვდა და სწორედ ამას თვლიდა ბედის ირონიად. გახსოვდეს ვიღაც და იმაშიც არ იყო დარწმუნებული, ნამდვილად არსებობს თუ არა. როგორც იქნა, მაღაზიის კარი გაიღო და ბაკებშევერცხლილი, მოღიმარი კაცი მისკენ გამოემართა. საბედნიეროდ, ამ ოდნავ ჩაპუტკუნებულ კაცს კარგად იცნობდა. მამამისი იყო.       13 სექტემბერი. 2017 წ.დღე Iსოფელში ვარ. მამას მეგობრის ოჯახში. ეს ორსართულიანი სახლი ნამდვილი სამოთხეა უზარმაზარი ბაღებითა და ხილის ხეებით. იმდენი ბროწეული ვჭამე, ტუჩები გამიშავდა და ჩემს დატკბილულ ხელებს, ვიდრე არ დავიბანე, ბუზები ესეოდნენ. რა სულელურად ვიწყებ ახალი ბლოკნოტის შევსებას, რომლის ყდასაც ოკულტიზმის მოხეული ყდა მივაწებე, ცნობისმოყვარე ხალხისგან თავის დასაცავად. დახედავს კაცი და იფიქრებს, დღიური კი არა, უნიჭო შარლატანის უნიჭოდ ნათარგმნი ქართული ვერსიააო და გადაუშლელად მიაგდებს „წიგნს“. ორკაციან ლოგინში ეულად ვარ გაშხლართული და არ ვიცი, საიდან დავიწყო წერა. ექიმმა მითხრა, დღიურის წარმოება მკურნალობის ერთ-ერთი პუნქტიაო, ჰოდა, ვის რაში ადარდებს კალიგრაფია ან შინაარსი. გვერდითა ოთახში მამა წევს. მშვიდად ფშვინვიდან ბობოქარ ხვრინვაზე გადავიდა, რაც მის ლეგენდარულ სიტყვებს უსვამს ხაზს: „თუ რამე მოგინდა, დამიძახე. ვერ გამაღვიძებ, მაგრამ მაინც დამიძახე“. დროა, მოვწიო სიგარეტი ჩვენი არსობისა. „ვინსტონის“ კოლოფიდან ერთ ღერს ვიღებ და ვფიქრობ, იქნებ იციან, რომ ვეწევი და ტყუილად ვიმალები. ამ კითხვას ერთადერთი გულისდამწყვეტი პასუხი აქვს. თუ ასეა, მანქანაშივე შემომთავაზებდა თავის „კენტს“. სასაცილოა პირდაპირ, მამა უფრო მსუბუქს ეწევა, ვიდრე მისი ქალიშვილი. რბილად რომ ვთქვათ, უჩვეულო მდგომარეობაში ვარ. ამას წინათ თვალი გავახილე და პალატაში აღმოვჩნდი. ჩემს თავთან დახრილ მედდას ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, თითქოს ჯეკპოტი დასცემოდა ჩემი გაღვიძებით. ნუ იტყვი და კომიდან გამოვსულვარ წინა ღამით. შემაქო, ძლიერი გოგო ხარო და ისეთი ცხვირ-პირის მტვრევით მოძუძგა ექიმის მოსაყვანად, თითქოს მოგებული ფული უნდა მოეხსნა ტოტალიზატორიდან. შემდეგ დაიწყო სიზმრისეული დღეები. სამედიცინო ტერმინების უხვი ნაკადი. ავტოავარიას გადავურჩი, რისთვისაც მადლობას ვწირავ განგებას, მაგრამ ამავე განგებამ მეტად დიდი მსხვერპლი მოითხოვა ჩემგან. მთელი 5 წელი. ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, რასაკვირველია, ზაფხული იყო, რომელიც ჯერ რაჭაში შემდეგ კი ბათუმში გავატარე. გარუჯული დავბრუნდი თბილისში. დავიძინე, გავიღვიძე და საავადმყოფოში ამოვყავი თავი. თითქოს საერთოდ არ ყოფილა სტუდენტობა. მაშ ასე, დედამიწელებო, ეს მე ვარ, ანი - გოგონა წარსულის გარეშე. იმდენად აბსურდულად ჟღერს ეს წინადადება, რომ ისღა დამრჩენია არ ვიფიქრო და დავიძინო. სინათლეს ვაქრობ და სიბნელეში მტკიცედ ვხუჭავ თვალებს. თითქოს საწოლის თავთან დამონტაჟებული შუქის ჩამრთველ-გამომრთველივით შემიძლია გამოვიყენო ჩემი არსი და როცა მომინდება დაძინების ღილაკს დავაჭირო თითი. მსოფლიოში ყველაზე საწყალი ადამიანივით ვგრძნობ თავს. ხვალ მამას ვკითხავ და იმედია, იმას მაინც მომიყვება, რაც იცის. უფროსი თაობა ძირითადად ორ საუკეთესო პერიოდს გამოყოფს ცხოვრებაში, რომელსაც ბედნიერ წლებს ეძახის - სკოლა და სტუდენტობა. მე უბედურს პირველი მძულდა, მეორე კი ისე დავამთავრე, ერთი დღეც არ მახსოვს. გავაგრძელე თუ არა ძველ მეგობრებთან ურთიერთობა? ბევრია ახალი? ვხვდები ვინმეს? შეყვარებული... ჯანდაბა! გიორგი! თვალწინ მიდგას მაღალი, სიმპათიური ბიჭი და ვხვდები, რომ აღარ მიყვარს. აშკარად დავშორდი. არადა, რა შორსმიმავალი გეგმები გვქონდა... იქნებ ვინმე სხვა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, არა, იმას კი არ ვგულისხმობ, რომ მე გადავდგი პირველი ნაბიჯი დაშორებისკენ და ასე შემდეგ. უბრალოდ, იგი თუ წავიდა, ხომ არის შესაძლებელი, სხვა მოვიდეს, ასე არ გვამშვიდებს ერთი კაცი ქალაქ რუსთავიდან? და იმ ახალს მოერიდა ჩემი მშობლების და ამიტომ არ მოვიდა სანახავად. უსინდისოდ ვიტყუებ თავს. ის ხომ მაინც ვიცი, რომ მყვარებოდა, არ დამავიწყდებოდა. ის მაინც არ დამავიწყდებოდა. როგორ გავაგრძელო ცხოვრება, თუ არ მეცოდინება, ვინ ვიყავი ბოლო წლების განმავლობაში. მე, რომელსაც ღრმად მწამდა, რომ სიცოცხლე ზედმეტად ხანმოკლე იყო და ყოველი დღე საჩემოდ უნდა გამომეყენებინა. იმ მგზავრივით ვგრძნობ თავს, რომელსაც ავტობუსში ჩაეძინა და უცხო ქვეყანაში ამოყო თავი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ წარსული დავაბრუნო. თუნდაც დავწყევლო ეს დღე, ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე.  14 სექტემბერიდღე II არ ვიცი, რომელ საათზე გამეღვიძა, მაგრამ ფაქტია, ძალიან ადრე, რადგან ჯერ კიდევ ყველას ეძინა. მაისურიც და ზეწარიც ლამის გასაწური იყო. გული კი საშინლად მიცემდა. თითქოს მომდევდნენ, მე კი რაც შემეძლო, სწრაფად გავრბოდი. უცნაური სიზმარი იყო. ხელები სულ დაკაწრული და დასისხლიანებული მქონდა. თითქოს ვიღაცამ ეკლიანი ჯოხი მირტყა. ძალიან მეშინოდა. ყველაფრის მეშინოდა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ საიმედო ადგილი უნდა მომეძებნა და დავმალულიყავი. მაგრამ ვის რა დავუშავე, ვინ მომდევდა ან რატომ, ეგ არ ვიცი. პირველ სართულზე რომ ჩავედი და ჩაიდანი გაზზე შემოვდგი, ჯერ კიდევ დამფრთხალი თაგვივით აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს. გეგონება, ბნელი კუთხეებიდან ზღაპრული ურჩხული უნდა გამომხტარიყო ჩემს გადასაყლაპად. მაგრამ როგორც კი ეზოში გავედი ოხშივარმოკიდებული ყავის ჭიქით და ჰამაკში ჩავწექი, უკეთ ვიგრძენი თავი. დილის სიჩუმეში ფერმიდან მწყრების მხიარული ხმები გამოდიოდა, რომელიც მე იავნანად ჩამესმოდა და ცოტა ხანში ჩამეძინა კიდეც. წარსულში არასოდეს ვიძინებდი დღის საათებში. ვთვლიდი, რომ დროს ვკარგავდი და მენანებოდა. მით უმეტეს, კარგ ამინდში ძილი დანაშაული იყო. თავს ჯერ კიდევ სუსტად ვგრძნობ. მალე ვიღლები. არადა რას ვაკეთებ. ბაღში დავყიალობ, თვალს არ ვაშორებ ინკუბატორს, სადაც პაწაწინა ჭრელი კვერცხებიდან ბუსუსებიანი, აქა-იქ ბუმბულებიანი ბარტყები იჩეკებიან. მწირი ცოდნის ნიადაგზე დავასკვენი, რომ მათ უფრო დიდი ბრძოლის გადატანა უწევთ, რომ დაიბადონ, ვიდრე ჩვენ. როგორ თავგამოდებით ცდილობენ ნაჭუჭის გატეხვას და გამოძრომას. ფერმაში შევედი და დავათვალიერე ასაკის მიხედვით შემომსხდარი მწყრები ქანდარაზე. ყველაზე პატარები, ანუ ინკუბატორიდან გადმოყვანილები, ხის ყუთში დაფარფატებდნენ და ყურის წამღებად „ქვითკირებდნენ“. -        მწყრის შვილს წიწილა ჰქვია? - ვკითხე ბიძია მიხოს და მისმა პასუხმა გამამხიარულა - მწყერის შვილს ჩოჩორი ჰქვიაო. ესეც შენი ჰარმონიულად მოწყობილი სამყარო. როგორ შეიძლება იმხელა ვირის შვილსაც ჩოჩორი ერქვას და ამ პაწაწუნებსაც. ნედლი თხილით, კაკლით და მჟავე ვაშლით, რასაც ჰქვია, ამოვიყორე მუცელი. მაგრამ კიდევ რაღაც მინდა და ვერ გამიგია რა. ალბათ რამე ისეთი ხილი, რომელსაც ჩემი დაკარგული წარსულის გემო აქვს. შევჭამ და ისევ მე ვიქნები. საღამოს გრილზე მწყერი შევწვით და გემრიელად ჩავახრამუნეთ. დარეჯანივით სულ სმა-ჭამაზე კი ვწერ, მაგრამ რა ვქნა, რაც ხდება ჩემს გარშემო, იმას ავღწერ. ტყუილების მოგონებას ხომ არ დავიწყებ, აქაოდა დღემ ისე საინტერესოდ ჩაიარა, დღის უნახავი გახდებოდიო. მამა ვერ დავიმარტოხელე, ასე და ამგვარად, ჩემი კითხვები საზოგადო იყო. ჯგუფელებიდან განსაკუთრებით ვმეგობრობ სოფოსთან. კარგად ვსწავლობ და სტიპენდიანტი ვყოფილვარ. უკითხავად მივხვდი, რომ ჩემი მშობლები არ შერიგებულან. დედას ორჯერ ველაპარაკე მამას ტელეფონით. მთხოვა, რომ თავს გავუფრთხილდე. არაფერზე ვინერვიულო და წამლების მიღება არ დამავიწყდეს. -        თუ რამე დაგჭირდა ან ცუდად იგრძენი თავი, მაშინვე დამირეკე. ნებისმიერ დროს. ხომ იცი, ტელეფონი მუდამ ჩართული მაქვს, - მითხრა და გაჭირვებით გადაყლაპა ნერწყვი. მივხვდი, რომ თავს ძლივს იკავებდა, არ ეტირა. მთავარი კითხვა - „ვხვდები თუ არა ვინმეს?“ - ჰაერშია გამოკიდებული. ხვალ დილით მამა რაიონში მიდის ცხოველების მისახედად. თხებისა და ძროხების ფერმა გვქონია. მეგონა მეხუმრებოდა. მამა და ფერმერი ვერ წარმომიდგენია, იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის უყვარდა ოთხფეხა არსებები. მე აქ ვრჩები, ჩომახაშვილების ოჯახში. მიხოს, ნინოს და ორი წლის თამარის სახლში, რომელიც მამას ნათლული ყოფილა. დედამ, მამამ და ფსიქოლოგმა შეთქმულებივით კატეგორიულად ამიკრძალეს ფეისბუქის გამოყენება, რადგან ერთბაშად დიდმა ინფორმაციამ შეიძლება ზიანი მომაყენოს. ამას ერთვის ექიმის გაფრთხილება ტექნიკაზე. ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, პირობას მივცემდი, მაგრამ პირველივე შესაძლებლობას გამოვიყენებდი ინტერნეტში საძრომიალოდ. ალბათ, ჩემი ეს თვისება მშობლებსაც და ფსიქოლოგსაც კარგად მოეხსენებათ, მაგრამ მათ სასარგებლოდ შემიძლია ვთქვა, რომ წარმოდგენა არ მაქვს, რა შეიძლება დამეყენებინა პაროლად. ყველაფერი ვცადე. ჩემი საყვარელი მწერლებით დაწყებული, ფილმებითა და აწ განსვენებული ძაღლით დამთავრებული. არც ოჯახის წევრების დაბადების თარიღი და ყოფილი შეყვარებულის სახელი დამვიწყებია. იმისთვის, რომ პაროლი აღვადგინო ჩემი ტელეფონის ნომერია საჭირო. ტელეფონი კი აღარ მაქვს. მამამ დამამშვიდა, თუ მოგინდება მეგობრების მოკითხვა ჩემი ფეისბუქის პაროლს გეტყვი და იქიდან მიწერეო. წამის მეასედში კინაღამ დავთანხმდი. გონს მაშინვე მოვედი და რატომღაც ეს იდეა არ მომეწონა. წყლის ამოტანა დამავიწყდა ოთახში და ძლივს გადავყლაპე სიმინდის მარცვლისხელა აბები. სასაზე ისევ მომწარო გემოს ვგრძნობ და თავს ძლივს ვიკავებ, რომ გული არ ამერიოს. ამ სახლში ვერსად ნახავ საათს, ამიტომაც არ ვიცი, რა დროა. თამარს 9-ზე აძინებენ. მეც ამ დროს უკვე მოკრეფილი მქონდა ვაშლი და დასაძინებლად წამოვედი. ლოგინში ჭამა ისევ მყვარებია. რა მოხდებოდა, ეს მავნე ჩვევაც დამვიწყებოდა სხვა მრავალ რამესთან ერთად. დაახლოებით 9 საათია, ალბათ, და მე უკვე ვიძინებ. თავი ქათამი მგონია.  15 სექტემბერიდღე III მთელი დღე ჰამაკში ვინებივრე. აკა მორჩილაძის „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ წავიკითხე და ვაღიარებ, გამიხარდა 90-იან წლებში რომ არ გავატარე ახალგაზრდობა. პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ისეც და ასეც სიბნელეში ვარ. მოწყენილობის დასამარცხებლად ფერმაში მომუშავე ქალებს წავეშველე. რვაასამდე ჭრელი კვერცხი დავითვალე. ისეთი პატარა და მყიფეა, ხელი რომ მოუჭირო, მაშინვე ტყდება. საკუთარ თავზე გამოვცადე. -        მწყრის კვერცხს უმადაც სვამენ. - მითხრა კამალიამ. მუშებს შორის ყველაზე ასაკიანი ქალის, მედიკოს შვილმა და ისე სწრაფად დამიმეგობრდა, ხვალ დილით ყავაზე დამპატიჟა თავისი ნახელავი კექსის გასასინჯად. საღამოს რომ ჩამობნელდა, სამსახურიდან დაბრუნებულმა მიხომ ყურძენი მომართვა ჰამაკში და ბიძას როგორც სჩვევია, მზრუნველად მითხრა:-        თვალებს გაიფუჭებ ამ შუქზე. ჩომახაშვილების ბიბლიოთეკაში ნაპოვნი „წითელი და შავი“ დანანებით დავხურე. ერთი სული მქონდა, ჩემს ოთახში ავსულიყავი და კითხვა გამეგრძელებინა, მაგრამ ვიფიქრე, კარგი დრო იყო იმისთვის რომ ჩემი კეთილი მასპინძლებისთვის კამალიასთან სტუმრობაზე ჩამომეგდო სიტყვა. ბეტონის მაგიდას მივუჯექი, არად ჩავაგდე ექიმის ბრძანება და სანამ ცოლ-ქმარი ყოველდღიურ საკითხებზე მსჯელობდნენ, ნოუთბუქში 2017 წელს გამოსულ ფილმებს დავუწყე თვალიერება. გულმა ისევ საშინელებათა ჟანრისა და თრილერებისკენ გამიწია. ამ ჟანრებმა კი ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანი გამახსენა და ძალიან მომინდა მასთან საუბარი. 5 წელი. წესით, ბაკალავრის დიპლომი უნდა ჰქონდეს უკვე. გავიფიქრე და მღელვარება ძლივს დავიოკე. -        მიხო, შეგიძლია დამარეკინო? - ათრთოლებულმა ხმამ გამცა.-        კარგად ხარ? - დამეკითხა შეშფოთებული ნინო და რატომღაც სკამიდან წამოდგა.-        კი, კი, მშვენივრად ვგრძნობ თავს. - ვუპასუხე, ჩემი აზრით, სავსებით დამაჯერებლად და მიხოს გავხედე, რომელიც ტელეფონში ნაცნობ ნომერს ეძებდა. - მამასთან არა. - ვუთხარი ღიმილით, როდესაც ტელეფონი გამომიწოდა და ეკრანზე „დავით ა.“ აციმციმდა.-        დედასთან? - დამეკითხა ისევ ნინო.-        არა, დეიდაშვილთან, მიმისთან. -        დედაშენის დიშვილთან? - მკითხა ახლა მიხომ და ცოტა არ იყოს, გავღიზიანდი. მზრუნველობა ზედმეტ ცნობისმოყვარეობაში ხომ არ გადასდით-მეთქი. როგორც ჩანს, პასუხმა დააკმაყოფილა, რადგან ტელეფონი გამომიწოდა, მაგრამ მათი სახეებიდან მივხვდი, რომ არ ესიამოვნებოდათ, თუ განმარტოებით მოვინდომებდი საუბარს. მრავალჯერ აკრეფილი, დაზუთხული ნომერი ავკრიფე და როდესაც ნაცნობი ხმა გავიგე, გული ლამის პირიდან ამომიხტა. არ ვიცი, ჩვენ შორის რა მოხდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ იმ ადამიანს არ ვესაუბრებოდი, ვისაც წარსულში საუკეთესო მეგობრად ვთვლიდი და ვის გამოც სულს არ დავიშურებდი. ახლაც კი, მასთან ლაპარაკიდან რამდენიმე საათის შემდეგ, გული მტკივა და იმედგაცრუებული ვარ. ერთ დროს მისთვის სანუკვარი ხმის გაგონებაზე იმხელა პაუზა გააკეთა, მეგონა, ერთმანეთის აღარ გვესმოდა. ჩემს ერთსა და იმავე კითხვაზე თითქოს გამოფხიზლდა და ზომიერი, თითქმის ცივი ტონით მომიკითხა. შემდეგ გაკვეთილზე ყოფნა მოიმიზეზა და მშრალად დამემშვიდობა, თავს გაუფრთხილდიო. ტელეფონი ნაძალადევი ღიმილით გავუწოდე მიხოს და მზერა მოვარიდე. მომეჩვენა, რომ მითანაგრძნობდა. რა თქმა უნდა, მომეჩვენა.განა, რა მოხდა ასეთი? ვეკითხები საკუთარ თავს და ცრემლები მახრჩობს. მახრჩობს და ჩამომდის. სწორედ ისე, როგორც გუშინ, როცა გავაანალიზე, რომ 5 წელი გავიდა და ჩემი მშობლები ისევ არ შერიგებულან... ძვირფასო მიმი, ჩვენ ხომ ერთმანეთს შევფიცეთ, რომ მუდამ საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით. შეიძლება ბავშვურად ჟღერს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ჟღერს, როცა საქმე ჩვენს ორს გვეხება...დრო გადის და ადამიანები იცვლებიან, შეხედულებები ეცვლებათ.დედა და მამა.მიმი და მე, ჩვენი აურაცხელი თავგადასავლები. ნეტავ, პირობა არ მიმეცა კამალიასთვის მოვალ-მეთქი. საშინლად მეზარება. სატელეფონო საუბრის შემდეგ სტენდალსაც ვეღარ დავუდე გული.  16 სექტემბერი.დღე IV -        ახალი დღე, იგივე ნაგავი. - გამარჯობასავით ეუბნება და მანქანაში ჩაჯდომისთანავე ღვედს იკრავს.-        მომესალმე მაინც, შეჩემა - ღიმილით საყვედურობს მეორე და გასაღებს მონდომებით ატრიალებს. - ზრდილობის გამო მაინც მკითხე, როგორ ვარ, რას ვშვები, როგორ ვცხოვრობ...-        სამივე კითხვის პასუხი ვიცი. ახალი დღე, იგივე ნაგავი. მომე რა სიგარეტი?-        რას ჩაიხვიე ვიღაც „პიტალო“ ფილოსოფოსის სიტყვები...-        „პიტალო ფილოსოფოსი“ შენ ხარ. - აწყვეტინებს ღიმილით და გამოწვდილი კოლოფიდან ორ ღერს იღებს. - სტივენ კინგის პერსონაჟების საყვარელი გამოთქმაა - ანთებულ ღერს ჩვეულებისამებრ მეგობარ მძღოლს აწვდის, მეორე ღერს კი თავისთვის იტოვებს. – „სიზმართმჭერი“ ჰქვია. წიგნის წამკითხავი შენ არ ხარ და ფილმს მაინც უყურე, გაგისწორდება.-        შენ რო კითხულობ, რაში იყენებ თორე კი.-        მეხმარება, რომ შევებრძოლო ერთფეროვან, უინტერესო ცხოვრებას. ხანდახან დროის მოკვლის საშუალებადაც ვიყენებ. უებარი წამალია მოჭარბებული, მტკივნეული საათების გასაყვანად. - უდარდელად პასუხობს და მთელი დღის დასვენებულ ფილტვებს ხარბად ინაგვიანებს. -        აუუუუ, როგორ იცი ხოლმე ჩახლართვა. გისმენ, გისმენ და ბოლოში რომ ჩახვალ, აღარ მახსოვს, თავიდან როგორ დაიწყე.-        ჰმ, ეგ ორივემ ვიცით, რისი ბრალიცაა, ტყუილად ნუ მწამებ ცილს. სადმე გვეჩქარება, ფისო? - შეუმჩნეველი არ რჩება მეგობრის მზერა, თუ როგორ მოუთმენლად ელოდება შუქნიშანზე მწვანის აციმციმებას.-        არის უფროსო! ახალი დღე, ახალი ნაგავი. - კმაყოფილი, ბედნიერი ღიმილით პასუხობს და მუსიკას იქამდე უწევს ხმას, სანამ დაყრუებული გოგონა ღიმილით არ გააჩერებს. . . .გაღვიძებისთანავე მოვიმარჯვე დღიური და კიბეზე ფეხაკრეფით ჩავედი. გაზზე ჩაიდანი შემოვდგი და წერას შევუდექი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სიზმარი კი არა, მივიწყებული წარსულის ერთ-ერთი ფრაგმენტი იყო. წინ გადადგმული ნაბიჯი ფარდის ასაწევად, რომლის მიღმაც ჩემი განვლილი ცხოვრება იმალებოდა. ფსიქოლოგთან დამშვიდობების შემდეგ (მიხოს სამსახურში აგვიანდებოდა და საუბარი ხანმოკლე იყო) ფრთებჩამოყრილი დავრჩი. მისი სიტყვებიდან გამომდინარე, დანაკარგს ვერ ვეგუები და ყველანაირად ვცდილობ, ცარიელი სფერო შევავსო. სავსებით შესაძლებელია რომ სიზმარი კონკრეტული დღე კი არ იყო, არამედ ჩემი შელახული ფანტაზიის ნაყოფი. არ ვეთანხმები!დარწმუნებული ვარ, რომ ის ბიჭი რეალურია და ეგ დღეც იყო. მისი სახელი და გვარი რომ გამეხსენებინა, იქნებ ინტერნეტით მეპოვნა. რამდენ რამეს შევიტყობდი მისგან...ახლა კი ისღა დამრჩენია, კამალიასთან გავატარო მოსაწყენი დილა.. . .-        მე ვიცი, შენ ვინც გიშველის. - გამომიცხადა კამალიამ ჩემი ამბავი რომ მოისმინა და ქიშმიშებიანი კექსის მესამე ნაჭერი გადმომიღო პატარა თეფშზე.-        ვინ?-        მკითხავი ზოია.პირთან მიტანილი ნამცხვარი ხელში გამიშეშდა. მეგონა მეხუმრებოდა. კამალიამ კი ჩემი ღიმილი პირად შეურაცხყოფად მიიღო და ნაწყენი კილოთი დაამატა. -        შეიძლება შენ არ გჯერა მკითხაობის, მაგრამ მენდე, ჩემებიდან ვინც მაგასთან წავიდა, ყველა გაშტერებული გამოვიდა. რასაც გეტყვის, ყველაფერი აგიცხადდება. ვიღაც შარლატანი არ გეგონოს. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან მაგის სანახავად, ისე აქვს სახელი განთქმული. დღედაღამ ცოცხალი რიგია მაგის სახლთან. -        მომავლის განჭვრეტა არავის შეუძლია...-        მე მინდა, რომ როგორმე დაგეხმარო, მეცოდები, ასე რომ განიცდი...-        ვგრძნობ და ძალიან ვაფასებ, ჩემო კარგო. - ვუთხარი მადლიერი ხმით და ჩავეხუტე. იმ წუთას ჩემთვის ყველაზე ახლობელი გახდა ორი დღის გაცნობილი მუსლიმანი. - ხოდა იმას გეუბნებოდი, რომ მართალია, მომავლის განჭვრეტის არ მჯერა, მაგრამ ეგ არც მჭირდება. ამჯერად მხოლოდ წარსული მაინტერესებს.კამალიამ ხელკავით გამომაცილა სახლისკენ და იმ წუთებში თავს ბედნიერად ვგრძნობდი. მარტო აღარ ვიყავი. . . .ფანჯრის რაფაზე ვარ და ვტკბები შემოდგომის ნიავით. არ არსებობს იმაზე კარგი დრო, როგორიც თბილი ღამეა. სიზმრის ამინდი. არც გცივა, არც გცხელა. რაღაც შუალედური და იდუმალია. კიდევ კარგი, ჩემს წინ სახლები არაა და ვერავინ დამინახავს, რადგან კაცს ეგონება, რომ გავგიჟდი და თავს ვიკლავ. აბა რა უნდა იფიქრო, როდესაც მეორე სართულის ფანჯარაზე წამოსკუპებულ ნახევრად შიშველ გოგოს დაინახავ, რომელსაც ფეხები ისე გადმოუყვია გარეთ, თითქოს გადმოსახტომად ემზადებაო. მეღიმება. დავიჯერებ რომ წარსულში ვმრუშობდი, ვიპარავდი, ვკლავდი, ვანგრევდი, ვაგინებდი, მაგრამ თვითმკვლელობა ეს ისაა, რაც მე არასოდეს შემეხება. ყოველთვის აქვს აზრი ცხოვრების გაგრძელებას, ოჯახს ამოგიწყვეტენ, თუ შეყვარებული გიღალატებს. კიდურებს დაკარგავ, თუ რომელიმე გრძნობის ორგანოს. მუდამ მოიძებნება სამყაროში რაღაც, რაც აზრს დაუბრუნებს მობეზრებულ სიცოცხლეს. ვიცი, ჩემი სიტყვები შაბლონურად და გამაღიზიანებლად ჟღერს, მაგრამ მე ხომ არავის ვმოძღვრავ, ამას ჩემთვის ვწერ, დროის გასაყვანად. სხვა რა დამრჩენია, მსოფლიოში ყველაზე მარტოსულ ადამიანს? ერთი ეგოისტი, ჭირვეული, წარუმატებელი ახალგაზრდა ვარ, რომელიც ბედავს და უმადურია შექმნილი მდგომარეობით. მაშინ, როცა ირგვლივ მასზე ბევრად უბედურებიც არსებობენ. მძულს ჩემი თავი. ალბათ ნერვების ბრალია. მომიწია ქალაქში გავყოლოდი ჩომახაშვილებს და კამალიასთან ვიზიტი გადამედო. თანაც მთელი დღე რაღაც მაწუხებს. თითქოს რაღაც მაკლია. ვჭამ და ჭამის პროცესში აღმოვაჩენ, რომ არ მშია. ვკითხულობ და მთელ აბზაცს ისე ჩავამთავრებ, შინაარსი არ მესმის, სიტყვები გაუგებარია. მეჩვენება, რომ სულ მცხელა, ჩრდილშიც კი ოფლი მასხამს. წყალს ვსვამ, უგემურია. წყეულიმც იყოს ის დღე, ავარიაში რომ მოვყევი! როგორც ჰოლივუდელები იტყვიან, ეშმაკმაც გაჟიმოს თავისი ცეცხლოვანი პენისით იმ სატვირთოს მძღოლი, რომელიც დაგვეჯახა. ამაზე გამახსენდა, კიდევ ქალიშვილი ვარ?     17 სექტემბერი.დღე V ისეთ შეშინებულს გამეღვიძა, მზად ვიყავი, ჩვენი წინაპრებივით ცხვრისთვის თოკი გამომება და შესაწირად წამეყვანა ტაძარში მადლიერების გამოსავლენად, ცოცხალი რომ ვიყავი. უფრო სწორედ, ისევ იმ ოთახში რომ ვიწექი, სადაც წინა ღამით დავიძინე. ვეცდები, ქრონოლოგიურად გადმოვცე არეული სიზმარი, რომელმაც ასე შემაშინა. შხაპი ისე მივიღე, დუშგელს არ გავკარებივარ. ერთი სული მქონდა, რაც შეიძლება, მალე გამოვსულიყავი იქიდან. საშინლად აფორიაქებული ვიყავი. ერთი იმიტომ, რომ სადღაც მეჩქარებოდა, მეორე მიზეზს კი მაშინ მივხვდი, როცა დავინახე, დედას ჩემი მობილური ეჭირა და ენერგიულად დაძვრებოდა მის მენიუში. არ ვიცი, რას ეძებდა, მესიჯებს, სურათებს თუ ზარებს. სასწრაფოდ გამოვგლიჯე ტელეფონი და იატაკზე დავახეთქე, რომ ნივთმტკიცებულებები გამექრო. ასე იმიტომ არ მოვქცეულვარ, რომ შემეშინდა, ჩემი სასიყვარულო მიმოწერა ენახა, ან ეროტიკული სურათები. ერთი სიტყვით, მამრი არაფერ შუაში არ იყო. იქ რაღაც ისეთი იყო, რაც ორივეს საფრთხეში ჩაგვაგდებდა და მინდოდა დედა ამისგან მეხსნა. მან, რა თქმა უნდა, ვერ გაიგო ჩემი ქმედება. თვალებში სიბრაზისა და წყენის ცრემლები ჩაუდგა. გული ტკივილით მომეწურა, როდესაც ზურგი მაქცია. ისე მინდოდა, უკან გავკიდებოდი და მეთქვა, როგორ მიყვარდა, მაგრამ ვერ შევძელი. იატაკზე გატეხილი მობილური ეგდო. ღილაკები მიმობნეულიყო და თეთრად ელავდა, როგორც ყუთიდან ამოყრილი აბები.მივრბოდი. ოფლი ღვარად ჩამომდიოდა ყელზე და აქეთ-იქით შეშინებული ვაცეცებდი თვალებს. ძლივს დავინახე. სითბო და შვება ერთბაშად ჩამეღვარა სხეულში. მიმი ჩემ წინ იდგა და გაბრაზებულ-ნაღვლიანი მიყურებდა თავისი უზარმაზარი თვალებით. ყინულივით ცივი ხელი ჩამკიდა და საყვედურით მომმართა:-        ხომ გთხოვდი, რომ უარი გეთქვა, შორს დაგეჭირა თავი.-        გეფიცები, კავშირი გავწყვიტე, მე... - ლამის ავქვითინდი. იმედი მქონდა, დამიჯერებდა რომ სიმართლეს ვამბობდი. მან კი სევდიანად ამოისუნთქა და უკანასკნელი სიტყვები მითხრა:-        გვიანია. შენ უკვე მათ ეკუთვნი. თვალი გავაყოლე მიმის მზერას და სისხლი გამეყინა. ცა აღარ არსებობდა. მის მაგივრად უამრავი ავად მოკაშკაშე თეფში იდგა უძრავად. მათ არსად ეჩქარებოდათ, მაინც ვერსად გავექცეოდი. ვერ დავემალებოდი უცხოტომელებს. თეთრი, ყვითელი, და ლურჯი უცხოპლანეტელები შემზარავად მიცქერდნენ. ისინი იყვნენ, რომლებიც ჩემთან მოსულიყვნენ ანგარიშის გასასწორებლად. . . .ეზოში მაგიდასთან ვიჯექი და ამ ჩანაწერს ვაკეთებდი, როდესაც უკნიდან ხმა შემომესმა და იმხელაზე ვიკივლე, ახლაც კი მეცინება გახსენებისას. ჩემი გაღვიძებიდან ნინოც მალევე ამდგარა. ფანჯრიდან დავუნახივარ ეზოში. ყავისთვის წყალი აუდუღებია და წერაში გართულს ისე დამადგა თავზე, ვერც გავიგე. ჩემს ყვირილზე მანაც შეჰკივლა და რომ მივხვდით, უმიზეზოდ გავუხეთქეთ ერთმანეთს გული, რამდენიმე წუთი ჩაბჟირებამდე ვიცინეთ. ორივეს ცრემლები მოგვდიოდა თვალებიდან. -        ნინო, უცხოპლანეტელების არსებობის გჯერა? ვკითხე სხვათა შორის და რომ დავინახე, როგორ გაჭირვებით გადაყლაპა პირში ჩაგუბებული ყავა, მეც მხიარულ გუნებაზე დავდექი. ჩემი წუხანდელი კოშმარი გაუფერულდა და საღამომდე ალბათ დავიწყებასაც მიეცემოდა.-        შენ, შვილო ჩემო, მგონი იმ ავარიის შემდეგ ცოტა შექანდი. გუშინ მკითხავებზე რა აზრის ხარო, დღეს უცხოპლანეტელებიო, ხვალ ალბათ დაინფიცირებულ ზომბებზე ჩამომიგდებ სიტყვას...-        ზეგ ვამპირებზე და მაქციებზე. - წავეშველე მეც და ავხარხარდით.-        ჩუ, მგონი, თამარი ტირის, - ყურები ცქვიტა ნინომ და შუამდე ჩაყვანილი სიგარეტი უკმაყოფილოდ დადო საფერფლეზე. - ესენი ხომ არაფერს დაგაცდიან. არც მოწევას, არც ყავის დალევას. - და ამ სიტყვებზე სირბილით წავიდა სახლისკენ.მშვენიერი ამინდია. დილით თუ არა, საღამოს მაინც შემომივლის კამალია. მანამდე კი წავიკითხავ. თავი დავიმშვიდე და ჰამაკიდან კაკლის ფოთლები გადმოვბერტყე.. . .-        მიდი, დაიწყე ჩემო გოგო. ნათია ცოტა შტერია, მარა კეთილი გული აქვს. - შემაგულიანა კამალიამ და თავისი ბიძაშვილის შეურაცხყოფილი, ბრაზიანი მზერა არად ჩააგდო. - ყველაზე სულელურმა ვერსიამაც კი შეიძლება სწორ გზაზე დაგვაყენოს. სულაც, რეალური იყოს.-        ჰმ, ჩაქრი შენა. - დამცინავად შენიშნა მეორემ. - სულ გამოგატუტუცა მაგ პოლიციურმა სერიალებმა. -        დეტექტიურმა. - მოწყენილი ხმით შეუსწორა კამალიამ და მგონი ინანა, „საქმეში“ რომ ჩართო შაბათ-კვირის გასატარებლად მოსული სტუმარი. -        რაც არის. გისმენ გენაცვალე, მომიყევი რა გაწუხებს, თუ რამით შემიძლია დახმარება, მზად ვარ, გემსახურო.გამაოცა მისმა გარდასახვამ. ერთი შეხედვით ქარაფშუტა გოგო სათნოების დად იქცა. ისეთი თვალებით მომაჩერდ,ა პატრონის ბრძანების მომლოდინე ძაღლს რომ სჩვევია. მზად იყო, ფანჯრიდან გადამხტარიყო ჩემს თხოვნაზე. სანამ ამ სოფელში ჩამოვიდოდი, ვერ წარმომედგინა, თუ ასეთი კეთილი, უანგარო ადამიანები კიდევ არსებობდნენ. საკუთარ თავს კითხვა დავუსვი, მეც იგივენაირად მოვიქცეოდი? დავინტერესდებოდი სხვისი ჭირით და დახმარებას აღვუთქვამდი? მგონი კი.-        როგორც უკვე იცი, ავარიაში მოვყევი და მეხსიერება დავკარგე. სამწუხაროდ, არაფერი მახსოვს გასული ხუთი წლიდან. არც ერთი ფაქტი. ვინ ვიყავი, რას ვაკეთებდი...-        საერთოდ არაფერი ახსოვს, როგორ ცხოვრობდა ამ დედანაქაჩი 5 წლის განმავლობაში, მაგრამ საბედნიეროდ...-        რას ეჩრები ნეტა. - მკვახედ შეაწყვეტინა კამალიას ნათიამ. - შენ უკეთ მომიყვები მაგის ისტორიას თუ თვითონ? -        სადილის გაკეთებისას ენა ჩააწე, უფრო მწარეც გამოგივა და წიწაკასაც დაზოგავ. - არ ჩამორჩა მეორე და სამზარეულოსკენ გაიქცა აწივლებული ჩაიდნის გამოსატანად. -        დაიცა, მხოლოდ ეგ წლები ამოვარდა და დანარჩენი „ოტიდო“ გახსოვს?-        კი. - სავსებით დარწმუნებულმა ვუპასუხე. - როგორ გითხრა, გავიღვიძე კლინიკაში. საწოლში ვიწექი. წინა ღამეს სრულიად ჯანმრთელი ვიყავი და შესაბამისად, გავვოცდი, აქ რა მინდა-მეთქი. თურმე უარესი გაოცება წინ მელოდა. მოგვიანებით ჩემი გათიშვა მოუხდათ, რადგან ისტერიკაში ჩავვარდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ 2012 წელი იყო, ისინი კი მიმტკიცებდნენ 2017-აო.-        ვაიმეეეე, დამბურძგლა... - ჩაილაპარაკა და ხშირბალნიანი ხელი გვიჩვენა. ეპილაცია არ აწყენდა, გავიფიქრე და ჩემი თავის შემრცხვა. როგორ გულისხმიერად მექცევა, მე კი როგორ ვუხდი სამაგიეროს. მაგრამ ხმამაღლა ხომ არაფერი მითქვამს?! სამაგიეროდ, კამალიაც ჩემ აზრზე იყო ალბათ და არ დააყოვნა.-         ეპილაციის შესახებ თქვენს სოფელში არაფერია ცნობილი?-        უი, შე ქათმისტვინავ, - გაცხარდა ნათია. - შენ გაქვს მართლა დარხეული. მაგხელა გოგომ ის მაინც არ იცი, რომ ეპილაცია მხოლოდ რეკლამაა ხალხის მოსაზიდად და ფულის წასაგლეჯად. მაგის შემდეგ იმაზე მეტი ჯაგარი ამოდის, ვიდრე გქონდა.კამალიას განწირული სახის დანახვაზე ცხელ ყავას ვეცი, ძლივს შეკავებული სიცილის დასაფარად და გვარიანად დავიფუფქე ენა.-        გააგრძელე. - მომიბრუნდა კამალია. ეტყობა მიჩვეული იყო ბიძაშვილის წარმოდგენას თანამედროვეობაზე და შეკამათება აზრად არ მოსვლია.-        ვინ გითხრა, რომ 2012 წელი იყო? საიდან გაიგე? - კითხვები დამაყარა ნათიამ.-        ახლა ეგ არის მნიშვნელოვანი, თუ ვინ უთხრა, რომელი წელი იყო? - გაცხარდა მეორე, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ ნანობდა დუეტის დერცეტად გადაქცევას. - ხომ უნდა გესმოდეს, რომ მაგ თემას არ ჩავაცივდეთ. ჯერ 2 კვირაც არაა გასული და ანასთვის მძიმეა მაგაზე საუბარი. მოდი, პირდაპირ სიზმრებზე გადავიდეთ.კიდევ ერთხელ გამაოცა სოფელში მცხოვრები გოგოს მსჯელობამ. გოგოს, რომელიც უნივერსიტეტში ჩასაბარებლად არ გაუშვა ოჯახმა უფულობის გამო და გული დამეწვა. ვის უნდა სწავლა, და ვინ სწავლობს... ამჯერად აღარ შეკამათებია ნათია. უფრო მეტი სინაზით და თანაგრძნობით მომაჩერდა. დაზუთხულივით მოვყევი სიზმარი, რადგან შუა დღით უკვე მყავდა კამალია ნანახი და მეორე ეტაპზე გადავედი.-        ვიცი, თქვენ ადგილზე მეც ვიფიქრებდი, რომ ჩემ წინ გიჟი ზის...-        ოოო, ნუ დაიწყე ახლა.-        გააგრძელე, კაცო, რას მიქვია გიჟი. - პროტესტი გამოთქვეს მსმენელებმა, რამაც შვება მომგვარა. - ჩემს დღეში არ მომისმენია ასეთი საინტერესო ისტორია და ახლა არ დამუნჯდე, არ დამაინტრიგო და გადამრიო. ღამე ვეღარ დავიძინებ, თუ ბოლომდე არ მოვისმენ.-        კაი, ნუ დაიქოქე. – მოუთმენლად შეაწყვეტინა კამალიამ და ინტერესით მომაჩერდა. - იპოვე ის ბიჭი, წინა ღამეს რომ დაგესიზმრა?-        ის ბიჭი არა, მაგრამ თუ გახსოვს, „სიზმართმჭერი“ ვახსენე, სტივენ კინგის ნაწარმოები. დღეს დედას ვესაუბრე. აღმოჩნდა, რომ ჩემი საყვარელი მწერალი ყოფილა. საშინელებათა ჟანრის დიდოსტატი. სახლში მისი ყველა წიგნი მქონია, რაც ქართულად ითარგმნა. შვიდტომეული და კიდევ მინიმუმ 15 რომანი. ერთი სიტყვით, ფანი ვყოფილვარ და არაერთხელ მითქვამს, რომ მისი სურათის ჩარჩოში ჩასმას და ჩემს ოთახში კედელზე ჩამოკიდებას ვაპირებდი.-        გაჭედილი გქონია, კარგი გაგებით. - ფიქრიანად დაასკვნა კამალიამ.-        სიმპათიურია ეგ მწერალი? - დაინტერესდა ნათია.-        60-70 წლის კაცზეა საუბარი. - ჩამეღიმა. - მწერლის გაფეტიშება ჩემთვის უჩვეულო არაა. მქონდა დუმბაძის, თაგორის, ცვაიგის, ბურჭულაძის, აგათა კრისტის, გოლზუორთის, რაიტის, უაილდის და ბოლოს ჯავახიშვილის პერიოდები. შიგადაშიგ რა თქმა უნდა, სხვებსაც ვკითხულობდი, მაგრამ გაფეტიშებით ესენი. კინგი კი ჩემი გამქრალი ხანიდან არის. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს დავგუგლე და „სიზმართმჭერს“ ვუყურე...-        უცხოპლანეტელებზეა. - მშვიდად გააგრძელა კამალიამ ჩემი სიტყვა და თვალებში რომ შევხედე, მივხვდი, მასაც მოესწრო ყურება. - დედამიწაზე ჩამოსული უცხოპლანეტელებიდან უკანასკნელი გადარჩენილი მათგანი ჩასახლდება ერთ ტიპში და მისი სხეულის მეშვეობით ცდილობს, მიაღწიოს კონკრეტულ ადგილამდე, რათა დაინფიცირებული ძაღლი ჩააგდოს წყალში, რომელსაც უამრავი ადამიანი დალევს და ამით კაცობრიობის აღსასრულიც დადგება. შვებით ამოვისუნთქე. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, კამალიაზე თქვა რუსთაველმა. მე ერთი საათი მაინც მოვუნდებოდი იმ ფილმის მოყოლას, არადა უკვე სახლში მაგვიანდებოდა. რა ხანია, გამოსული ვიყავი.-        იმ შენს ნათესავ გოგოს რომ დაურეკო, სიზმარში რომ ნახე და გაარკვიო, ნამდვილად გქონდა თუ არა ურთიერთობა იმ დასაწვავებთან?გაცნობის წუთებიდან პირველად ნათიამ ჭკვიანური კითხვა დამისვა, მაგრამ, ვაი რომ, იმედი უნდა გამეცრუებინა.-        ასე პირდაპირ ნუ ჰკითხავ, შეაპარე, შენ უკეთესად იცი, როგორ მიუდგე. გაქვს მაგ გოგოს ნომერი? - ნათიამ საქმიანად გამომიწოდა თავისი ძველმოდური მობილური, რომელსაც უთუოდ ძალიან უფრთხილდებოდა.-        აზრი არა აქვს დარეკვას. - ჩემ ნაცვლად უპასუხა კამალიამ. - მიმიმ აგრძნობინა, რომ ანასთან ურთიერთობის სურვილი არ აქვს. ჯერჯერობით მაინც. ვფიქრობთ, რომ ანამ ის აწყენინა. აქედან გამომდინარე, რამე რომც იცოდეს და დიდი ალბათობით იცის, მაინც არ ეტყვის.-        მხოლოდ წყენაზეც არაა. - ვცადე, უდარდელი ხმა მქონოდა, აქაოდა, სულაც არ მაღელვებს მისი შეცვლილი დამოკიდებულება ჩემ მიმართ-მეთქი. - ის ჩემს ახლანდელ მდგომარეობაზეც ფიქრობს, მხედველობაში მაქვს - თითი საფეთქელზე მივიკაკუნე - როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყოს ჩემზე, უფლებას არ მისცემს, თავს, ზიანი მომაყენოს, ამაღელვოს, გამანერვიულოს. ამიტომაც ჩემი წარსულის ბნელ, საშიშ მხარეს, თუკი ის ნამდვილად არსებობს, მისგან ვერ გავიგებ.-        მესმის. - უხმოდ ჩაილაპარაკა ნათიამ. ბიძაშვილის მოყოლილ ფილმს ვერ ჩასწვდა, მაგრამ ადამიანური გრძნობების უბადლო ექსპერტივით ეჭირა თავი. - შენ მაგაზე არ იღელვო. მე და კამალიაც სულ ვჭამთ ერთმანეთს, მაგრამ მაინც ვრიგდებით...-        ნეტა ეგ იყოს პრობლემა, ჩვენ უცხოპლანეტელებზე და სამყაროს აღსასრულზე ვშიშობთ და შენ ნათესავების წყენა აღიქვი მხოლოდ ტრაგედიად.-        ქალო! - ხმას აუწია ფიცხმა ნათიამ, - წუხელ ნიავი რომ არ შეგეპარა საბნის ქვეშ? რეებს ბოდავ, რა სამყაროს აღსასრული, ენამ არ გიყივლოს. ჩვენ ჯერ არ ვაპირებთ და შენ თუ გინდა, კლდე ნახე და იმის ჯანი.-        20 ლარი მაქვს გადანახული. ჩემებმა არ იციან. - მოახლოებული ჩხუბის თავიდან ასაცილებლად თემა შეცვალა კამალიამ და თავისი სიტყვების დასამტკიცებლად უკანა ოთახში გაუჩინარდა. - სალოსგან გავიგე, 50 ლარი გაუხდია ზოიას ერთი ვიზიტი.-        უიმე, - შეიცხადა ნათიამ და თითქოს მთელი დღე ჩაუშხამდაო, ღვარძლიანად დაუმატა - ეგეც „ბიტვა ექსტრასენსის“ გამარჯვებული არა მყავდეს, რა ცეცხლის ფასი დაუდია მაგ შეჩვენებულს, სირცხვილი სულ დაკარგა?-        30 ლარი გვაკლია, შენ რამდენი გაქვს? ცოტა ხნით რომ მასესხო. - ოთახიდან თავი გამოყო და სრული სერიოზულობით მიაჩერდა მასზე დაბალ და პუტკუნა ნათიას. - ამ დღეებში დედალს გავყიდი და დაგიბრუნებ. დედას ვეტყვი, კატამ მოიპარა-მეთქი.-        სულ არ მინდა შენი ფული, ოღონდ ამას რამე ვუშველოთ, - საყვედურნარევი ხმით უპასუხა ნათიამ და მკვირცხლად წამოიჭრა ფეხზე.-        ჩემი მკითხავისთვის აგროვებთ ფულს? - აღვშფოთდი სამართლიანად და ხან ერთს მივაშტერდი, ხან მეორეს.-        კარგი ახლა, ნუ დაიწყებ თავპატიჟს. - უკმეხად მომაკეტინა ნათიამ - როცა გექნება, მაშინ დაგვიბრუნე. შენ გარბიხარ თუ ჩვენ? ადამიანები ვართ, თუ ერთმანეთს არ დავეხმარეთ, თქვენი სიტყვების არ იყოს, მეეჭვება, მარსელები ამოგვიდგნენ მხარში. ამ სიტყვებზე უბრალო თვლებით მოქარგული საფულედან სამი ათლარიანი ამოიღო და თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.-        ოღონდ...-        აჰ, დაიწყო. ეს უანგაროდ არავის ეხმარება. უეჭველად სამაგიეროს მოგვთხოვს.კამალია არ ცდებოდა. კარგად იცნობდა ბიძაშვილს. 23:30-ზე დავთქვით შეხვედრა კაკლის ხესთან. კამალიამ თავისი ნოკია მომცა, ვინიცობაა, ჩამძინებოდა, ათი წუთით ადრე დამირეკავდნენ და გამაღვიძებდნენ, მაგრამ ნათიასი არ იყოს, მეც აფორიაქებული ვიყავი და რა დამაძინებდა. საწყალმა გოგოებმა ჯიბეები გამოიფხიკეს, რათა დამხმარებოდნენ და მეც როგორმე უნდა გადამელახა სირცხვილის გრძნობა და ნინოსთვის მეთქვა.-        ვიცი, იდიოტად ჩამთვლი, ამ გოგოს სულ დააკლდაო, მაგრამ გეხვეწები, შენი ჯვარნაწერი ბეჭედი მათხოვე ერთი საათით.უთქმელად მიხვდა, რისთვის მჭირდებოდა და ბევრი იცინა თუ ცოტა, მაშინვე დამთანხმდა იმ პირობით, რომ სიტყვა-სიტყვით მოვუყვებოდი დანახულს.-        მიხოს კაბინეტში, მაგიდის უჯრაში გამადიდებელი შუშა უნდა იყოს. - მითხრა ნასადილევს, მაგიდას რომ ვალაგებდით.-        ეგეც გვჭირდება? - შევიცხადე. სარკე, რომელშიც ნათიას და კამალიას ჩახედული არ ექნებოდათ და რიტუალის მთავარი ატრიბუტი, ბეჭედი უნდა წამეღო.-        უკეთესად რომ დაინახო. - მიპასუხა და ახარხარდა.. . .ის-ის იყო მრავალგზის ტანჯულმა ჟულიენმა სიცოცხლე დაასრულა, მისი საყვარელი ქალები ერთმანეთს გადაეხვივნენ და წიგნიც გვერდზე გადავდე, რომ კამალიას ნოკიამაც ლეგენდარული ზარით მამცნო, დრო იყო წასასვლელად. ჩემს ბედად, მიხოს ბუთა არ აეშვა ამაღამ, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. სულ დამავიწყდა ბუთას შესახებ მომეყოლა. როგორც თითქმის ყველა სოფლის სახლს ეკადრება, ჩომახაშვილებსაც ჰყავთ ძაღლი, ქართული ნაგაზი სახელად ბუთა. არაერთ გზის ჩემპიონს და სახელგანთქმულ ბუთას, ჩემი აზრით, ერთი დიდი ნაკლი აქვს. თვალის დაუხამხამებლად შეუძლია ადამიანის გადასანსვლა, განურჩევლად კეთილისა თუ ბოროტის. ამქვეყნად მისთვის მხოლოდ სამი ხელშეუხებელი ადამიანი არსებობს, პატრონი და მისი ცოლ-შვილი. პირველივე დღეს სასტიკად ამიკრძალა მიხომ მასთან მიახლოება, როდესაც სურვილი გამოვთქვი, მე მიმეტანა საჭმელი და გავცნობოდი. ძალიან მიყვარს ცხოველები და ვფიქრობ, ეს უნდა ეგრძნო ბუთას, მაგრამ ნინომ გადაჭრით მითხრა, შენი სათუთი გრძნობები ბუთაზე არ ვრცელდება, წლებია, დღეში სამჯერ დადიან ფერმაში მომუშავე ქალები და ამას წინათ ერთ-ერთი კინაღამ დაგლიჯა, როდესაც საქმეში გართულმა ახლოს ჩაუარა მის სახლს. ხედავს, რომ ეს ქალები უცხოები არ არიან, მაგრამ ამ ძაღლმა შეჩვევა და გაშინაურება არ იცისო. მე მაინც არ ვკარგავ იმედს. თავს თუ ვერ შევაყვარებ, კბენის სურვილს მაინც გავუქრობ.ფეხაკრეფით ჩამოვედი კიბეზე. სულ ანგელოზი-წყალზე-დადის ნაბიჯებით რომ იარო, მაინც ხმას გამოსცემს ეს ძველი ხის კიბე. რკინის კარები კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით დავკეტე და ჩამობნელებულ გზას გავუყევი. დათქმულ ადგილზე პირველი მე მივედი და ხის ძირში ჩამოვჯექი. სიჩუმეში ფოთლების, მწერების და ბაყაყების ხმები ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს. თითქოს ადამიანების ძილს ელოდნენ, რომ გაეღვიძათ და ცხოვრება დაეწყოთ. თვალები დავხუჭე და მაშინვე გავახილე, ტრანსის დრო არ იყო. შემოდგომის თბილი ღამე იდგა, მაგრამ მეძინებოდა და ჩემი თავით კმაყოფილი დავრჩი, გრძელი ჟაკეტის წამოღება რომ არ დამეზარა. მის გარეშე აუცილებლად შემცივდებოდა. სიგარეტს მოვუკიდე და ყური მივუგდე ნაფაზის დარტყმის დროს გამოცემულ ხმას. ჟრუანტელს მგვრიდა. ამ ხმას მხოლოდ რიჟრაჟზე და ღამით მოისმენ. არც ვიცი, რას შევადარო ეს ხმა, ალბათ, რბილი ცელოფნის დაჭმუჭვნას, ისეთს, მაღაზიებში შაქარს და დაფქულ ყავას რომ გიყრიან. ის-ის იყო, გაბრუებულმა თვალი გავახილე, რომ ნაბიჯების ხმა მომესმა და ერთ წუთში საყვედურიც მივიღე.-        შუა გზაზე რომ არ ქაჩო სიგარეტი მთელი სოფლის დასანახად, სახლში ადგილი ვერ ნახე? ქალაქის კაფე-ბარში ხომ არ გგონია თავი? ვინმემ თვალი რომ მოგკრას, ერთი წელი ექნებათ საქაქანო, მიხოს სტუმარი გოგო პაპიროსს ბოზივით ექაჩებოდა სოფლის ორღობეშიო. სავსებით მართალი იყო ნათია. რა ნამუსით შევდავებოდი. ჩემი წინდაუხედაობით ჩომახაშვილებს ვაგდებდი უხერხულ მდგომარეობაში. ხომ შემეძლო, სახლში პიტნის ჩაი მომედუღებინა და მშვიდად დამეგემოვნებინა სიგარეტთან ერთად, მაგრამ არა! მე ხომ დაუდგრომელი სულისა ვარ. რაა მამული რისკისა და ექსტრემის გარეშე?! რა შეედრება იმ ნაპასის გემოს, რომ დაარტყამ და თან აქეთ-იქით აცეცებ თვალებს, ვინმე ხომ არ მოდისო. და რომ დარწმუნდები, არე-მარე სუფთაა, ბოლს ისევე უშვებ ფილტვებიდან, როგორც „კარმას“ გამომძვრალი მილი გაზს, სანამ ისევ მიუერთებენ.-        მერე შეიძლება ისიცა თქვან , დავინახეთ შუაღამისას როგორ ჩაჯდა ბიჭებით გამოტენილ მანქანაშიო...-        კარგი, გეყოფა. ნუ იცი ხოლმე კუბოს კარამდე ჩაყოლა. ენადქცეული ბიძაშვილისგან დამიცვა კამალიამ და პირველი დაიძრა უმასპინძლო სახლისკენ, სადაც ნათიას ღრმა რწმენით, ჩვენი მომავალი ქმრები უნდა დაგვენახა ჯადოქრობის წყალობით. მას პირნათლად შეესრულებინა პირველი პუნქტი. დილით ყველასთვის დაესწრო გაღვიძება და სხვებთან გამოლაპარაკების გარეშე კოკა-კოლის ცარიელი ბოთლი ონკანის წყლით აევსო, რომელსაც თვითონ „უმძრახ წყალს“ უწოდებდა.მომავლის დასანახად საჭირო იყო სარკე, რომელშიც არასოდეს ჩაგეხედა, სანთლები, გამჭირვალე უორნამენტო ჭიქა და ჯვარდაწერილი ბეჭედი, რომლის მოპოვებაც მე მხვდა წილად. ბიძაშვილებმა ბევრი იმსჯელეს, სად ჩატარებულიყო საჭირბოროტო რიტუალი, ჩემს საძინებელში თუ მიტოვებულ სახლში, რომელიც ორასიოდე მეტრის მოშორებით იდგა კაკლის ხიდან. კამალიას სახლზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მედიკო და მისი მეუღლე ზვიადი ფრიად ღვთისმოსავი ხალხი იყო და ნამდვილად ცუდი დღე დაადგებოდა მათ ქალიშვილს, თუ „ეშმაკთან კონტაქტის დამყარებაში“ ამხელდნენ. ვერ დავარწმუნე მეგობარი, რომ არც მიხოს და არც ნინოს ამის საწინააღმდეგო არაფერი ექნებოდათ, რადგან ვიცოდი, როგორც მე, ისინიც უწყინარ გართობად ჩათვლიდნენ და არც არაფერს ეტყოდნენ ალაჰის მოყვარულ მეზობლებს. თუმცა, მივხვდი რომ კამალია არ დაუმშვიდებია ჩემს სიტყვებს და მეც თავი აღარ გამოვიდე. ცოდვა გამხელილი სჯობსო და საბედოს დანახვაზე მეტად, უცხო სახლში ქურდივით შეჭრა უფრო მიზიდავდა. -        ნათი...-        რა იყო? ვინმე დაინახე? - მკითხა ნირწამხდარმა და უკან გაიხედა, რაკი წინ კაცის ჭაჭანება არ იყო. -        არა. დავუშვათ, იმ დროს როცა წყალს იღებდი მეზობელი ან შენი ოჯახის წევრი გამოგლაპარაკებოდა, უვარგისი იქნებოდა ეგ წყალი რიტუალისთვის? - თავი ვეღარ შევიკავე და მაინც ამოვთქვი კითხვა, რომელიც მთელი დღე მიტრიალებდა თავში. კამალიამ ჩაიფხუკუნა. სიბნელე იყო და ვერ ვხედავდი, მაგრამ ვიცოდი, როგორი გაბრწყინებული თვალები ექნებოდა ჩემი სიტყვების მოსმენაზე.-        მორჩი მაიმუნობას. - მომიჭრა უბოროტოდ, ოღონდ უსამართლოდ და სიცილი ვეღარ შევიკავეთ. ჩვენდა გასაკვირად, თვითონაც აკისკისდა. ალბათ, ზუსტად იმ წუთს გავიფიქრეთ სამივემ, რას იფიქრებდნენ მეზობლები ჩვენი გეგმის შესახებ რომ სცოდნოდათ. ყველაზე კარგ შემთხვევაში, გაეცინებოდათ.-        იცი, ყველაზე მაგარი რა იქნება? ამოისლუკუნა სიცილისგან ჩაოსებულმა კამალიამ - რომ გავშინაურდებით კორახაშვილების სახლში. მაგიდას რომ გავაწყობთ სანთლებით და სარკეებით, ნათია რომ ჩააფრინდება ბროლის ჭიქას, ემანდ არაფერი გამომეპაროსო, შენ დივანზე წამომჯდარი სიგარეტს აბოლებ და ამ დროს სახლის პატრონები დაბრუნდნენ. სიცილისგან ზურგის არეში ვიგრძენი ტკივილი. გაჭაჭული ნათიაც მე მეკიდებოდა მხარზე და ძლივს ვინარჩუნებდი წონასწორობას არ წავქცეულიყავი.-        რომ შეგვეკითხებიან, რას აკეთებთ ჩვენს სახლშიო, შენ კიდევ უპასუხებ, გადით გარეთ და იქ გაარჩიეთ, ხელს ნუ მიშლით, ძლივს საბედო გამოჩნდა ბეჭედშიო. - ორივე ჩაოსებული მე მაწვებოდა და ძლივს ვსუნთქავდი.-        პოლიციას რომ გამოიძახებენ და დაგვაპატიმრებენ, ჩვენს სახლში ჯადოქრობისას წავასწარითო.-        ოოო, ამან რომ არ ჩაგვაშხამოს ხომ არ შეუძლია. - სული მოითქვა კამალიამ და ცრემლები მოიწმინდა.-        რა გინდა, შენი დაწყებული ამბის ლოგიკური გაგრძელებაა. - გამოვექომაგე ამჯერად ნათიას და როგორც იქნა, დავმშვიდდი.-        ესეც კორახაშვილების მამული. - საზეიმოდ გამოაცხადა კამალიამ და გალავანზე პირველი გადაძვრა.-        დაგეხმარები. - ამომძახა ნათიამ. მეც მაშინვე დავეყრდენი ხელზე და სხვის საკუთრებაზე ჩავხტი. კამალია ოსტატურად გადავიდა ფანჯრიდან. ეტყობოდა, პირველად არ აკეთებდა ამას, ან ფანჯარა ღია თვითონვე დაეტოვებინა.-        ხომ არ გეშინია? - მკითხა ნათიამ - არავინ მოვა და რომც მოვიდეს, კამალიას აქ ყოფნის სრული უფლება აქვს. ხომ გითხარით, თვეში ერთხელ დედამისი ამ სახლს ალაგებს. პატრონები კი მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიან რუსეთიდან და ხელფასსაც აძლევენ. - კიდევ ერთხელ დამამშვიდა ნათიამ და მზრუნველად მომხვია მხრებზე ხელი. ერთი შეხედვით, უწყინარი სტუმრობა, რომელიც ძვირად დაგვიჯდა. ძალიან ძვირად.. . .მოწმენდილი ცა ერთბაშად რომ მოიღრუბლება და მზიან ამინდს ავდარი შეცვლის, ასე დაემართა ჩემს განწყობილებასაც, სახლს რომ მივუახლოვდი. ცალკე თემაა, ინტუიცია რამდენად მაქვს განვითარებული და ამისთანები. არც აღზევებული, უხილავი ძალების იქ ყოფნა მიგრძვნია და არც ავ წინათგრძნობას შევუშფოთებივარ. ერთადერთი, რამაც სამივეს სახეზე ღიმილი შეგვაშრო, ეს იყო საზარელი სუნი. მახსოვს, ბავშვობაში სკოლიდან დაგვითხოვეს და დასასვენებლად ბებიასთან წავედი სოფელში. ბებოს საძინებელში საშინლად მყრალი სუნი იდგა. გავვოცდი, როგორ არ აწუხებს ეს სუნი-მეთქი. სინამდვილეში ძალიანაც აწუხებდა და მთელი დღე ანიავებდა ოთახს, მაგრამ მაინც ვერაფერს ხდებოდა. საძინებელი გადავატრიალეთ. არსად ჩანდა არც გახრწნილი თაგვი, არც დამპალი ბოსტენული. ერთი სიტყვით, არ ჩანდა არაფერი ისეთი, რაც ატმოსფეროს აბინძურებდა. ბოლოს ბიძაჩემმა ძველებურ დივანს დაადგა თვალი. გაიტანა, დაშალა და არასოდეს დამავიწყდება რკინის ხვეულებში გაჭედილი მკვდარი ვირთხა, რომლის დანახვაზეც კინაღამ იქვე ვარწყიე. ახლაც თითქმის იგივე სუნი იყო, ოღონდ უფრო მძაფრი.-        თავს დავდებ, რომ სადმე კუთხეში მკვდარი ვირთხა გდია. ამოვილაპარაკე ზიზღით და ფეხი ავითრიე. არ შემეძლო იმ სახლში გადასვლა. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ერთადერთი არსება, რისაც პანიკურად მეშინია და მეზიზღება, თავგვია. ერთი სიტყვით, თაგვი და მისი მოძმე ჯიშები.-        დავიჯერო, ფანჯრიდან გადმოძვრა? - თავის თავს ჰკითხა კამალიამ - რანაირად კი მარა, განა რა ძალა აქვს ვირთხას, რომ მიაწვეს ფანჯარას და გააღოს. დაღრღნილიც რომ არაა? - სიტყვების დასამტკიცებლად ნოკიას ფანარი მოავლო ფანჯარას. მართალი იყო.-        შეიძლება სხვა მხრიდან შემოვიდა, მაგალითად სარდაფიდან. - შევეპასუხე და ნათიას გავხედე, რას იტყოდა. გამიხარდა სარგადაყლაპულივით რომ იდგა და არ მთხოვდა, გადავძვრეთო.-        შანსი არაა. - მომიჭრა შეფიქრიანებულმა კამალიამ. - სარდაფი სახლის უკანაა და იმაზე კარგადაა გარემონტებული, ვიდრე ჩემი საძინებელი. შინაარსზე მეტად გულგრილი ტონით ნათქვამ სიტყვებზე მომეწურა გული. მან უბრალოდ ფაქტი აღნიშნა. ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე.-        კაი, მოდი შუქს ავანთებ, რომ დავრწმუნდეთ, აქ გდია თუ არა. ამის გარეშე ვერ გაიძულებ, გადმოხვიდე. შემწყნარებლურად გამიღიმა და მომდევნო წუთში, სუნის მიუხედავად, აღტაცებაში მომიყვანა სასტუმრო ოთახმა. მართალია, კამალია აქებდა, მაგრამ მეგონა, აზვიადებდა. რატომღაც ვერ წარმომედგინა, თუ ამ სოფელში ასეთ მდიდრულ სახლს ვნახავდი. სახლი კი არა, ძვირადღირებული აგარაკი იყო, დიდებული. თვალი მომჭრა თეთრი ტყავის დივანმა, ანალოგიურმა სავარძლებმა და მარმარილოს მაგიდამ. მოჯადოებულივით გადავძვერი ფანჯრიდან და მივხვდი, მხოლოდ მისაღებში კი არა, სახლის რომელიმე ოთახში მკვდარი ვირთხის არსებობა წარმოუდგენელი იყო და სიცივემ ერთბაშად დამრია ხელი. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, სიცხიდან საყინულეში რომ ამოყოფ თავს და სუნთქვა გეკვრება. აი მაშინ კი ვინატრე, როგორც ბებიაჩემი იტყოდა, ნეტა ფეხი მომტეხოდა და არ წამოვსულიყავი-მეთქი. გონებაში რაღაც ხმა, ალბათ ჩემივე ხმა ჩამძახოდა, უკან მოუხედავად გავქცეულიყავი, მაგრამ ფეხი ვერ გავანძრიე. მხოლოდ მაშინ გავტოკდი, როდესაც უკნიდან ხმა მომესმა და კი არ შევკრთი, შევხტი. ეტყობა, სახეზე მეწერა ყველაფერი, რადგან გადმობობღებულმა ნათიამ შეშფოთებული სახით შემომხედა და მყისვე გამოცოცხლდა.-        სად არის? ნუ გეშინია, თვითონ გადავაგდებ. ერთი მომისვრია ნაგავში თუ ორი? ჩემი კატები დაიჭერენ, კლავენ და ნანადირევს გამარჯვებულები მომითრევენ კართან, რა არის, რო გული მომიფონონ და ყველი გამომტყუონ. სად გდია, აბა? - მისმა კითხვამ რეალობაში დამაბრუნა.-        არ ვიცი, არ დამინახავს... - ნათია უნდობლად მომაჩერდა.-        აბა რა გეტაკა? ისე გილაპლაპებს სახე, თითქოს კაცს ზეთი შემოესხას. - უნიათოდ გავუღიმე. იმ წუთას ალბათ ღიმილის კარიკატურის საუკეთესო ნიმუში ვიყავი.-        აზრზე არა ვარ, გოგო, ეტყობა სახლში ჩახუთული ჰაერია, თან ეს სუნი...  ვცადე, ბუნებრივი ხმა მქონოდა. აქაოდა, თავს გადასარევად ვგრძნობ და მშვენიერ განწყობაზე ვარ, მხოლოდ ეს სუნი მაწუხებს-მეთქი. ნათია, რომლის ცხვირის რეფლექტორებიც ალბათ ცოტა დაჩლუნგებული იყო, ან არ დაგიდევდა მძაფრ, მყრალ სუნს, მხიარულად მიუახლოვდა მაგიდას, დივანზე წამოჯდა და ჩანთიდან საჭირო ნივთების ამოლაგება დაიწყო. კინაღამ გული გამისკდა. კითხვის გამომხატველი თვალებით მივაჩერდი კამალიას, მაგრამ ყურადღება არ მოუქცევია.-        ვცდილობ, გავიხსენო ბოლოს როდის ვიყავი აქ. - ჩაილაპარაკა თავისთვის და ზურგი შეგვაქცია.-        ნათი, იქნებ ჩემთან წავსულიყავით? - უკანასკნელად მოვსინჯე ძალები, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ ეს ბრძოლა წაგებული მქონდა. ფეხს ვერ მოვაცვლევინებდი ნათიას, მით უმეტეს, კამალია არ დამთანხმდებოდა ჩომახაშვილების სახლზე.-        ამ ერთხელ გაუძელი ჩემ გამო რა??? - შემევედრა და ფარხმალი დამაყრევინა. ისღა დამრჩენოდა, ფანჯრიდან გადამეყო თავი და არ მეფიქრა, სად ვიყავი, მაგრამ ვინ გაცალა, სანთებელა მათხოვეო, მხიარულად გამომძახა. ზუსტად არ მახსოვს, მეორე თუ მესამე სანთელს ვუკიდებდი, როდესაც სულის შემძვრელი კივილი გაისმა. არ ვიცი, რატომ მივაშტერდი ნათიას. მართლა მეგონა, რომ შემთხვევით თმაზე წავუკიდე ცეცხლი, რადგან მას ეჭირა სანთლები და ანთებისას თავს ხრიდა, თუ არ მინდოდა რეალობისთვის გამესწორებინა თვალი და მცოდნოდა, რომ ხმა მარჯვნიდან მოდიოდა, სადაც მაქსიმუმ 2 წუთის წინ კამალია გაუჩინარდა. არც ის მახსოვ,ს პირველი მე შევედი იქ თუ ნათია. ერთია წაკითხული, ფილმებში ნანახი საშიში სცენები ბატი-ბუტს რომ მადიანად მიირთმევ და თვალს არ აშორებ ეკრანს, მეორე კი თვითონ იყო საშინელებათა ამბავში მთავარი გმირი.ვარდისფერი ლოგინი, სწორედ ისეთი, ანიმაციურ ფილმებში პრინცესები რომ იძინებენ. ვარდისფერივე ძველებური ელექტროლამპა თეთრ ტუმბოზე, მოჩუქურთმებული ფეხებით. გადაყირავებული, გრძელყელიანი ბროლის ჭიქა და ლოგინზე სამუდამოდ მიძინებული გოგონა. კუპრივით შავი თმის ბოლოები, რომელიც უკანასკნელად დაევარცხნა, ტალღებად ეცემოდა იატაკისკენ. ჯებირიდან გადმომსკდარ წყალს გავდა, სანამ ძირამდე მიაღწევდა და წალეკავდა არემარეს. გულაღმა იწვა. თვალების დამხუჭველიც კი არ ჰყავდა. ღიად დარჩენილი, მოხარშული თვალების. გამდნარი, დასიებული სახე. გახრწნილი, დალაქავებული ხელები. მარჯვენა ხელი... შავი, გრძელი ბრჭყალები.მარჯვენა ხელის მომუშტული თითები შემოატყდებოდა ყველას, ვინც მის გაშლას მოინდომებდა.მარჯვენა ხელი... მისი პატრონი სულ 25-ოდე წლის თუ იქნებოდა.მარჯვენა ხელი, რომელსაც უკანასკნელად ჩაებღუჯა ნივთი.მკვდარი, გახრწნილი მარჯვენა ხელი და უხრწნადი, უკვდავი ინსულინის ნემსი.. . .-        ხომ გითხარი, კარგად დავწერე მეთქი. - მანქანაში ჩაჯდომისთანავე მუსიკას რთავს და ღვედს იკრავს. მარჯვენა სარკისკენ თვალს აპარებს, რაც უკვე ჩვეულებაში გასჯდომია და უკანა ხედს ზვერავს. სიმშვიდეა. არსად მოჩანს ადევნებული, სათამაშო მანქანა და საუბარს უწინდელი უდარდელი, თითქმის კმაყოფილი ხმით აგრძელებს. - დღევანდელ გამოცდაში ისე რაა ქულაც რომ მივიღო, მაინც შემინარჩუნდება მომავალ სემესტრში სტიპენდია, რადგან დანარჩენ საგნებში მაქსიმალური შეფასება მაქვს.-        ...-        98 მხოლოდ ინფორმატიკაში მაქვს. დანარჩენებში 99 და 100. დე, გითიშავ, პროსპეროში შევდივარ წიგნის საყიდლად. ძალიან არ დავიგვიანებ, ასე რომ, არ ინერვიულო. ოღონდ, ახლავე გაფრთხილებ, ის სტუდენტი, რომელიც პირველი ტოვებს გამოცდების დამთავრების აღსანიშნავად გამართულ წვეულებას, მე არ ვიქნები. ერთად ვსხდებით და ერთადვე ვიშლებით.-        ...-        არავინ აპირებს საღამოს კაბით მისვლას და ჯინსების წინააღმდეგ გამელაშქრა თუ გამოცდებისგან გატანჯული ჯგუფელების ჯიბრით გამოვწყობილიყავი ზურგმოტიტვლებულ შავ კაბაში? კაი, წავედი, გკოცნი.ტელეფონს თიშავს და მეგობარს უყურებს.-        იდიოტივით რომ იღიმები, იმედია, გაქვს მიზეზი და ტყუილად არ მალოდინე 3 საათი.-        ვიღიმები? - კითხულობს საჭესთან მჯდომი და ყურებამდე ეხსნება პირი.-        ხო. რწმენაში დაბრუნებულ ბედნიერ ქრისტიანს გავხარ.-        არანორმალური ხარ რა, საიდან რას გამიძრობ ხოლმე. პროსპეროსთან გაგიჩერო? თუ პირდაპირ დავაწვე.-        შენს ლოდინში წიგნიც ვიყიდე და კითხვაც დავამთავრე. დააწექი. -        მხეცი ხარ! აქებს თავისებურად. ამ ტონითვე ეტყოდა, „დედაჩემმა ტვინი გაბურღა სამსახურში იგვიანებო“, ან „უბანში ბიჭებს ჩხუბი მოუვიდათ და ჩემი მეზობელი „ოქრო“ მაგრად მიუბეგვავთო“. მისთვის სულერთია, რა ხდება ირგვლივ. ცხოვრებაში მხოლოდ 3 რამეს აქვს აზრი. მანქანას, ფეხბურთს და...-        ამჯერად, რომელ მწერალს ერგო შენი პატივი? - ცდილობს ხმაში ინტერესი გაურიოს, რაც გვერდით მჯომს არ ეპარება და ხუმრობით თმას აწიწკნის. ასეთია მისთვის ეს ბიჭი, სასაცილო და საყვარელი.-        ხულიო კორტასარს. სხვათა შორის, ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი ოდესმე წამიკითხავს.თავისივე სიტყვებზე ეღიმება. „კითხულობ, კითხულობ და ბოლოში რომ გახვალ, თითქოს უფრო ბევრი გრჩება წასაკითხი ვიდრე მანამდე, სანამ დაიწყებდი. ბედნიერების უწყვეტი წყარო. იქნებ, ერთადერთი უსაფრთხო გზა ცხოვრებაში?“-        ხოო? - ახლა კი ნამდვილად ინტერესდება. - რა წიგნია ასეთი?-        უძლიერესია. ძალიან გახმაურებული ნაწარმოებია. შეიძლება შედევრი არაა, მაგრამ კატასტროფულად საინტერესოა. თანაც, ყველა ვერ გაიგებს, ვერ გადაირევა და ეს მაგრად ასწორებს. „მდევარი“ უეჭველი უნდა წაიკითხო, ბექუშ. ერთ უნიჭიერეს მუსიკოსზეა, რომელიც მაგრად ეწევა.-        ვააა, მართლა? - ისე უხარია ამ ამბის გაგება, თითქოს ეს-ესაა საყვარელმა ნაკრებმა გაიტანა გოლი. - ჯიგარი ყოფილა ტო, თან ნიჭიერიო. ეჰ, ნეტა ყველა მასეთი როჟა იყოს ამ სამყაროში. მაშინ ხომ არავინ მოკლავდა, არ იკრისებდა, ბოროტება არ იარსებებდა, სიკეთე და სიმშვიდე დაისადგურებდა ქვეყანასა ზედა.-        ხო, მაგრამ კვდება... - საჭირო სიტყვების ძებნაში პაუზას აკეთებს. უნდა თქვას, რომ სწორად ალკოჰოლის, ბალახის გამო იღუპავს თავს და სიცოცხლეს იმოკლებს, მაგრამ არის კიდევ რაღაც იმ მოთხრობაში ისეთი, რაც ამ აზრს წყალში ამოვლებული საღებავიანი ფუნჯივით ამღვრევს. ნარკოტიკი სიამოვნებისთვის, თუ ნარკოტიკი რაღაც საშინელების დასაძლევად. არადა, ისიც იცის, რომ ორივე ვერსია ბოლო ჯამში ერთია. ან იქნებ მაინც არის მათ შორის უფსკრულისხელა სხვაობა? მაგრამ ფაქტი ხომ ისაა, რომ ნაადრევად კვდება. ბიჭი კი თავისებურად ავსებს პაუზას.-        მოკვდება შეჩემა, აბა ცას ხომ არ გამოეკიდება. რას ერჩი, რა ექნა, ნოესავით 800 წელი ხომ არ იცოცხლებდა.-        კიდე მე ვარ დარეხვილი? - აღმოხდება მეორეს და სიცილს ვეღარ იკავებს.-        მაშ რა ხარ. პატიოსან კაცს ცილს სწამებ, რატო მოკვდაო, შენ რა, სამუდამოდ აპირებ ამ პლანეტაზე ცხოვრებას? -        ღმერთმა დამიფაროს. - პასუხობს მტანჯველი აზრებისგან დროებით გათავისუფლებული გოგო და ახლა თვითონ ეკითხება - სად მივდივართ?-        თბილისის ზღვაზე.-        მანდ ან საჟიმაოდ მიდიან, ან გასაჩხერად. ჩვენ რით დავკავდეთ?-        რითაც ვკავდებით ხოლმე ჩვენ... რა სიტყვა მოთხარე ამას წინათ?-        ვეგეტარიანელები. ვე-გე-ტა-რი-ა-ნე-ლე-ბი. - უმარცვლავს მონდომებით, მაგრამ იცის, რომ მომდევნო შეხვედრაზე ბიჭი ისევ მოსთხოვს გამეორებას. ესეც კიდევ გაუმეორებს სიამოვნებით. კიდევ და კიდევ. არ იღლება ამ სიტყვის თქმით.-        იცი რაზე ვფიქრობდი გუშინ? - თემას ცვლის ბიჭი და ცალი ხელით სიგარეტს იღებს კოლოფიდან.-        რა შეუცვალო მანქანას. - დაუფიქრებლად პასუხობს გოგო და იმედი აქვს, რომ ხანგრძლივი არ იქნება მისთვის გაუგებარ თემაზე, კერძოდ, მანქანის ნაწილებზე საუბარი.-        არა. სათბურის გაკეთება მინდა.-        ეგ ჩემი ოცნებაცაა. - აღტაცებისგან ლამისაა ხტუნაობა დაიწყოს მანქანაში. - მინდა ფული მოვაგროვო და პატარა სათბური ავაშენო, სადაც რამდენიმე ჯიშის ყვავილსა და საყვარელ მცენარეს გავახარებ. იქვე მინდა, პატარა მაგიდა დავდგა. პრინციპში, ლოგინიც არ იქნება ურიგო. ბარემ იქვე დავიძინებდი.-        ტაშიი. შენ სათბურის კი არა, პატარა ბაითის მოშენება გდომებია. სამზარეულომ და ტუალეტმა რაღა დაგიშავა?-        არც არაფერი, მაგრამ სამზარეულო რა ჯანდაბად მინდა, აი, მეორეზე კი დავფიქრდები.-        არა ტო, სათბური მაქსიმალურად უნდა გამოიყენო სხვადასხვა მხეცი ჯიშებისთვის. ყვავილებს რაც შეეხება, მხოლოდ ერთ ჯიშს გირჩევ.-        რომელს? - ძალიან აინტერესებს რას უპასუხებს ბექა. აინტერესებს რომელ ყვავილს სცემენ ბიჭები პატივს.-        ყაყაჩოს.-        მცენარესაც ხომ არ მირჩევდი? რომელს? სოკოებს. - პასუხობს თვითონვე და სიცილით აქნევს თავს, აქაოდა, არაფერი შენ არ გეშველებაო.მანქანას აჩერებს. ამჯერად, ზღვის ნაპირისგან მოშორებით. კარგად ახსოვს, რაც შეემთხვა ერთ წვიმიან ამინდში და აღარ უნდა, იგივე განმეორდეს. ჯერ ბუქსირება, შემდეგ კი ესკალატორი. დაუფიქრებლად აგდებს სიგარეტის ნამწვს ფანჯრიდან და ტელეფონიც რეკავს. რაც მართალია, მართალია, მხოლოდ „ბიჩოკებს“ ყრის ფანჯრიდან. კოლოფებს, ბოთლებს თუ მისთანებს არაფრის დიდებით არ მოისვრის და არ დააბინძურებს გარემოს. „ბიჩოკი“ კი პატარაა, განა რა უნდა ავნოს სამყაროს?-        სად? - მხოლოდ ის მიხვდება, რაოდენ სიხარულითაა გამსჭვალული ეს ერთადერთი სიტყვა, ვინც მას კარგად იცნობს და მყისიერად ქოქავს მანქანის ძრავას.-        რას ვშვებით? - კითხულობს გოგო, რომელიც კარგად იცნობს გვერდით მჯდომს და რამდენიმე წამის წინ მოხსნილ ღვედს ხელახლა იკრავს.-        ოქროყანაში. ბომბი უნდა გავნაღმოთ, ბომბი!-        ბრონიჟილეტები თან აქვთ? - ღიმილით უკიდებს სიგარეტს და ფანჯრიდან შემოვარდნილ ცივ ნიავს უშვერს სახეს.-        ჩორტ ივო ზნაეტ. - პასუხობს ბექუშა, რომელმაც ცუდად იცის რუსული და კმაყოფილი იდიოტივით დაამატებს: - მთავარია, რომ მაგარი ნაშა დამხვდება. გოგონა ირონიულად აქნევს თავს და უსწორებს:-        მთავარია, მსხვერპლი არ იყოს.-        ხოდა, სადავეები შენკენ მომართე. - სთავაზობს მხიარულად და ტრასაზე გასვლისთანავე სიჩქარეს უმატებს.-        როგორ მიყვარხარ, ჩლუნგო. - ეუბნება გოგონა და სიყვარულით უთათუნებს უხეშ, ნაადრევად გაჭაღარავებულ თმებზე თითებს.. . .თვალები გავახილე. გულისრევამ გამაღვიძა-მეთქი რომ ვთქვა, მართალი ვიქნები. ვერ მივხვდი, სიზმარში ვიყავი თუ ცხადში, მაგრამ მანქანაში რომ არ უნდა მერწყია, მაგდენი მაინც მესმოდა.-        გააჩერეთ მანქანა! ამის თქმაღა მოვასწარი. ნათიას კალთიდან დამძიმებული თავი ძლივს ავწიე და ხელები პირზე ვიტაცე. სპაზმები მეწყებოდა და როგორც მერე გავარკვიე, ჩვენ დასახმარებლად მოსულ კამალიას ბიძაშვილს სანანებლად გავუხდიდი, მანქანაში რომ ჩამსვა.-        გვეშველა! დიდება ალაჰს! - შვებით აღმოხდა ნათიას, რომელსაც ისე გაუხარდა ჩემი გაღვიძება რომ მზად იყო შუბლიც დაეჭირა და კაცმა არ იცის საიდან, პარკიც მომაწოდა. თითქოს წინასწარ იცოდა და მზად ჰქონდა, მელოდებოდა, როდის დამჭირდებოდა. -        ან, საყვარელო, როგორ ხარ? რაკი თვალები გაახილე, ამიერიდან აღარაფერზე დავიწუწუნებ. ჩათვალე, რომ სიცოცხლე შემინარჩუნე. არასოდეს ვაპატიებდი თავს, შენ რომ რამე მოგსვლოდა.კამალიას ხმა უთრთოდა და ლამის წინა სავარძლიდან უკან გადმომხტარიყო, სადაც მე და ნათია ვისხედით. მინდოდა, დამემშვიდებინა და უამრავი კითხვა დამესვა, მაგრამ სად მეცალა, პირი დაკავებული მქონდა.-        ვუგო, მაღაზიასთან გააჩერე და ნაბეღლავი იყიდე. ვუგოდ წოდებულმა მძღოლმა მორჩილად დაუქნია თავი და სარკიდან თანაგრძნობით გადმომხედა. ნათიას გამოწვდილი სურნელოვანი ცხვირსახოცით პირი მოვიწმინდე და როგორც იქნა, ხმა ამოვიღე. უკეთესად ვგრძნობდი თავს.-        სად ვართ? რა მოხდა?ნათიამ და კამალიამ შეპარვით გადახედეს ერთმანეთს, როგორც მერე გამანდეს, ეგონათ, რომ ისევ დავკარგე მეხსიერება და აღარ მახსოვდა კორახაშვილების სახლში მომხდარი, არც კამალიას და ნათიას არსებობა.-        23:30 ზე კაკლის ხესთან შევიკრიბეთ. - დაიწყო მშვიდად ნათიამ.-        ვიცი, შვილო, ალცჰაიმერი კი არ მჭირს. - ვუთხარი იმაზე უხეშად, ვიდრე ვაპირებდი. - მას შემდეგ, რაც დავინახეთ, რა მოხდა, გული წამივიდა?-        კი, კი, - მიპასუხა შვებით კამალიამ. - არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავით და ჩემს ბიძაშვილს დავურეკე, საავადმყოფოში რომ წაგვეყვანე.-        კიდევ კარგი, მანამდე მოვედი გონს, სანამ მიმიყვანდით. - გულზე მომეშვა. - სად ვართ ახლა? პოლიციას შეატყობინეთ? - შეთქმულებივით ერთმანეთს გადახედეს.-        მარნეულში ვართ. - მიპასუხა ისევ კამალიამ. - დარწმუნებული ხარ, რომ კარგად ხარ? მე მაინც ვფიქრობ, რომ ექიმმა უნდა გაგსინჯოს.-        არავითარ შემთხვევაში! - ვუპასუხე ისევ აგრესიულად და ჩემი თავის შემრცხვა. კონტროლს ვკარგავდი იმ ადამიანებთან, ვისაც ჩემი დახმარება უნდოდათ. - მძულს ექიმები და საავადმყოფოებიც. - ჩემი ჭკუით, თავი ვიმართლე. - პოლიციაში დარეკეთ?-        კარგი, შემოგევლე. დამიყვავა კამალიამ, როგორც პატარა ბავშვს და ჩემი კითხვა ისევ უპასუხოდ დატოვა. ახალგაზრდა, ჩასუქებულმა, შავტუხა მძღოლმა მანქანა გააჩერა.ხელის მუხრუჭი ამოსწია და იკითხა:-        კიდევ რა ვიყიდო?-        ნაბეღლავი, ლიკანი და ბორჯომი. რომელიც უფრო ესიამოვნება, ის დალიოს.-ერთჯერადი ჭიქებიც გამოაყოლე. - დაამატა ნათიამ და მომიბრუნდა - რას ინებებ? „ორბიტს“ თუ „დიროლს“?-        მაგდენი რა საჭიროა, ნაბახუსევი კი არ ვარ. ნაბეღლავი თუ შეიძლება და საღეჭი რეზინი, რომელიც იქნება, სულერთია. ისეთი მონდომებით დამიქნია თავი ვუგომ, კინაღამ კისერი გადასტყდა.-        იყოს პიტნის ჟუვაჩკა? თუ სლადკი გირჩევნია?-        პიტნის.-        თქვენ რას დალევთ? მე მშია. - გამოაცხადა ვუგომ და გადასასვლელად მოემზადა.-        კოლებს. - უპასუხა ნათიამ და დაამატა - ერთი შავი შოკოლადი და ბაუნტი რაა.-        ერთი-ორი კოლოფი თეთრი ვინსტონი. - დაამატა კამალიამ და მაშინ კი შემაწუხა ნამუსმა.-        რა ვინსტონი, გაგიჟდი?-        რატო არა, გონება გაგინათდა და მოწევას თავი დაანებე?-        არა, მაგრამ ჯერ მაქვს სიგარეტი და რატომ...-        ჯერ! - შემაწყვეტინა ნათიამ - რომ გაგითავდება, მერე ინანებ, ნეტავ თავი არ გამომედო ტყუილადო.-        კარგი მაშინ, ერთი კოლოფი. - ვთქვი დარცხვენილმა.-        3 იყოს. - შემისწორა ნათიამ და დამამშვიდა - ნუ გეშინია, როგორც ციგანს ტილი არ გამოელევა, ისე ამას ფული. - მანქანიდან გადასულმა კიდევ ერთხელ ჩამოთვალა, რა დავავალეთ და ის-ის იყო კარები უნდა მიეკეტა, რომ ნათიას მადა გაეხსნა. - ერთი დიდი წიწაკის ჩიფსიც.-        კაი. - უყოყმანოდ დაეთანხმა ვუგო, მაგრამ ამ გოგოს ნელ-ნელა ახსენდებოდა, რა არ ჰქონდა ან რა სჭირდებოდა.-        ბამბა და დიდი აცეტონიც რაა, ყურძნის სურნელით.-        მუშტის არომატით არ წავა? - გაცხარდა ბუნჩულა ბიჭი და სიცილი ძლივს შევიკავე. - ეს ვინაა ჩემი, კუბოშიც ჩაწვება, ოღონდ უფასო იყოს.-        მიდი, მიდი, ბევრს ნუ ლაპარაკობ. ჩემს გამომცხვარ ღვეზელებს კარგად მიერეკები?ქუჩა მოვათვალიერე. ბედად, ახლოსვე იყო ნაგვის ურნა და პარკიანად გადავედი. ერთი სული მქონდა, მომეშორებინა. რომ დავბრუნდი, გაცხარებით კამათობდნენ.-        ნუ ვეტყვით, რის გასაკეთებლადაც მივედით. ვთქვათ, რომ სახლი უნდა დაგელაგებინა და ჩვენც გამოგყევით დასახმარებლად.-        ღამის 12 საათზე? - ლამის უკივლა კამალიამ - ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხომ შეგიძლია ცოტა იაზროვნო და დაუფიქრდე სანამ რამეს წამოროშავ?!-        ახლა მოვკლავ ამ გოგოს! - შემომჩივლა ნათიამ - არც პოლიციაში დამარეკინა და არც იმას აპირებს, თავისებს უთხრას. ამ დღეებში დედა მაინც აპირებს მაგ სახლის დალაგებას და ბარემ თვითონვე ნახოსო. -        რა?! - ყურებს არ დავუჯერე - სერიოზულად? კამი, მისმინე...-        თქვენ არ გესმით ჩემი! - ჩაილაპარაკა კამალიამ და კუნწულა ცრემლები ჩამოუგორდა კრიალა ლოყებზე. ჩემ წინ ყველაზე კეთილი და მშვიდი ადამიანი ტიროდა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი არ გვესმოდა. გული მომიკვდა და უკნიდან ჩავეხუტე, რამდენადაც სავარძელმა მომცა ამის საშუალება.-        ნუ ტირი, გეხვეწები. შენ ყოველთვის უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებ, ვიდრე ჩვენ, რადგან შეგიძლია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ცივი გონებით იაზროვნო. გთხოვ, ახლაც იგივე გააკეთე. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რაც ნამდვილად არაა მარტივი. წეღან ლამის გამოგლანძღეთ უდანაშაულოები, მხოლოდ იმიტომ, რომ ნერვებზე ვიყავი და ბოდიშს გიხდით. - მათ პროტესტს ყურადღება არ მივაქციე და განვაგრძე. ორივე გაფაციცებით მისმენდა. - მგონი, სამივე ვაცნობიერებთ, რომ ძალიან, საშინლად ცუდ მდგომარეობაში ვართ და აუცილებლად სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. პირველ რიგში ის მითხარით, ვუგომ რა იცის, ან ვინაა?-        ჩვენიანია, ბიძაშვილია. - მიპასუხეს ერთხმად, რაც იმას ნიშნავდა, რომ დაუფარავად შეგვეძლო მასთან საუბარი.-        გადასარევი! ბიჭი მოკავშირე, თანაც ნათესავი, უკეთესს ვერც ვინატრებდით. შეიძლება მოვწიო მანქანაში?-        კი, კაცო, თვითონაც ეწევა. - დამამშვიდა ნათიამ. - და არც იმ სასტავიდანაა „გოგო რომ სიგარეტს პირში ჩაიდებს, სხვა რამესაც ჩაიდებსო“. - ორივეს სიცილი აგვიტყდა. ალბათ სრულ ჭკუაზე არ ვიყავით, რადგან სასაცილოდ ნამდვილად არ გვქონდა საქმე. -        ყელი არ ჩაგწვას... - ყოყმანით მითხრა კამალიამ, რომელსაც არც კი გაღიმებია ხუმრობაზე. ცხვირის წვერი და თვალები პატარა ბავშვივით დასწითლებოდა ტირილის შემდეგ. კოლოფიდან სიგარეტი ამოვიღე, მაგრამ არც კოლოფში და არც ჯიბეში სანთებელა არ აღმომაჩნდა, რაც ძალიან ცუდად მენიშნა. - ამას ეძებ? - მკითხა კამალიამ და შავმა სანთებელამაც დამამშვიდებლად გაიჩხაკუნა.-        მადლობა. - გამოვართვი და მაშინვე ჯიბისკენ გავიქანე. რომ შემეძლოს ყელზე ჩამოკიდება, ჩამოვიკიდებდი, რადგან სულ ვკარგავ და სულ ვეძებ. ვუგო მაღაზიიდან პარკებით ხელდამშვენებული გამოვიდა. შევიცადე, სანამ ნავაჭრს ამოვაპირქვავებდით და ყელს ჩავიწმენდდი ნაბეღლავით.-        წყნარ ადგილზე რო წავიდეთ და ვიბაზროთ გინდათ? თუ გეჩქარებათ? - ყველას გასაგონად იკითხა ვუგომ, მაგრამ უფრო მე მომმართავდა. სარკეში მიყურებდა მოწიწებით და ჩემს პასუხს ელოდა. -        ნინოს ხომ არ დაურეკავს? - ახლაღა გამახსენდა ჩომახაშვილები და გულში გემრიელად მივაწყევლე ჩემს თავგასულ უპასუხისმგებლობას. -        არა! - თავი მტკიცედ გააქნია და დაამატა - რომ დაერეკათ, არ გეტყოდი? - გულზე მომეშვა. „რაკი აქამდე არ დარეკეს, ესე იგი, ძინავთ და აზრად არ მოსვლიათ, რომ შევემოწმებინე. ნდობით აღჭურვილი პირი ვარ, აი, დღეის შემდეგ რა მეშველება, არ ვიცი...“ - სევდიანად გავიფიქრე და ვუგოს მივმართე:-        წავედით. - გავაცნობიერე, რომ უნებურად სადავე ჩემს ხელთ იყო. ჩემზე იყო დამოკიდებული, ნათიას ვერსიას გავყვებოდით თუ კამალიას დავუჯერებდით. ჯერ კი მხოლოდ ის ვიცოდი, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრ რამეზე უნდა დავფიქრებულიყავით.-        ან, გისმენთ. - საქმიანად მომიბრუნდა ნათია და ისე მადიანად აახრამუნა წიწაკიანი ჩიფსები, ეჭვი შემეპერა, ჩვენთან ერთად თუ იყო ვარდისფერ ოთახში. როგორ შეეძლო ჭამა იმის შემდეგ, რაც დავინახეთ. გახსენებაზეც კი გულ-მუცელი მიტრიალდებოდა.-        რომელიმეს გეცნოთ? - პასუხი რატომღაც უკვე ვიცოდი, მაგრამ მინდოდა დავრწმუნებულიყავი. - ნათიას ხელში შეაცივდა პირთან მიტანილი ჩიფსი და თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.-        დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს მინახავს. - მტკიცედ თქვა კამალიამ - არ ვიცი, ცუდი თვისებაა თუ კარგი, მაგრამ საკმარისია ადამიანს ერთხელ შევავლო თვალი, რომ ის ჩემს ნაგვით სავსე მეხსიერებაში გამდნარი რკინასავით ილექება და ვერავითარი ძალა ვერ გააქრობს. - ცოტა დავეჭვდი, მაგრამ თავისი გონების ჩემზე უკეთ არ ეცოდინებოდა? ვეღარ გავუბედე შეკამათება.-        მომიყევი სახლის პატრონზე...-        ბოდიში რომ გაწყვეტინებ, მაგრამ მგონი ვიცი, რაც გაინტერესებს. 53 წლის ევგენი კორახაშვილი რუსეთში დაიბადა და გაიზარდა. ეს სახლი ევგენის პაპას აუშენებია. გენერალი იყო, თუ არ ვცდები და ხალხი როგორც ამბობს, ისეთი მდიდარი იყო, ოქროს უნიტაზში ისაქმებდაო. მისმა შვილმა ცოლად მოიყვანა რუსი ქალი და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. შეეძინა ერთადერთი ვაჟი, ეს ჩვენი ევგენი, რომელიც დაქორწინებულია ქართველზე და ჰყავს მცირეწლოვანი, ქერათმიანი ბიჭუნა სახელად საბა. როგორც უკვე გითხარი, ისინი წელიწადში ერთხელ ჩამოდიან, ზაფხულობით. მაქსიმუმ ერთი კვირა გაჩერდნენ, მოინახულებენ გარდაცვლილი წინაპრების საფლავებს და უკან ბრუნდებიან. ასე რომ, ის გოგო არც მისი შვილია, არც ახლო ნათესავი, რადგან ამ კაცს ნათესავები საერთოდ თუ ჰყავს, ურთიერთობა მაინც არ აქვს. ყოველი შემთხვევისთვის, 15 წელია, რაც ვიცნობ და ჯერ არ მახსოვს, ევგენის გარეშე მანდ კაცს ფეხი დაედგას, ჩემი ოჯახის გარდა. - უკანასკნელი სიტყვები ნემსებივით ჩამესო ყურებში და მძიმედ ამოვისუნთქე. მდიდარი მემკვიდრის მკვლელობა, თვითმკვლელობა, ან თვითმკვლელობის იმიტაცია ხომ უფრო გასაგები იყო, ვიდრე სრულიად უცხო ცხედარი უცხო სახლში?-        მესმის, რატომ არ გინდა პოლიციაში დარეკვა. ჯერ ერთი, შენი ოჯახი გაიგებს, რომ შუაღამისას გამოიპარეთ და ჩემთან ერთად შეიჭერით სხვის სახლში...-        ვიტყვით, რომ არ გვეძინებოდა, - მინდოდა მეთქვა, მით უმეტეს, რომ „სხვის სახლზე“ გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია შენს ოჯახს, რაც უფრო მძიმეს ხდის ჩვენს მდგომარეობას-მეთქი, მაგრამ ვინ მაცალა, მარტივ გზაზე მყოფმა ნათიამ მხიარულად გააგრძელა - არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა და გადავწყვიტეთ კორახაშვილების სახლისთვის დაგვეხედა, რა მდგომარეობაში იყო, რომ დილით საჭირო ნივთები წაგვეღო და დაგველაგებინა.-        და შენ ფიქრობ, რომ მაგ სისულელეს დაგვიჯერებენ? - ირონიულად იკითხა კამალიამ და მოხუცი ქალივით ამოიხვნეშა.-        ერთი მხრივ, ცუდი იდეა არაა, რასაც ნათია ამბობს. ბოლოს და ბოლოს, ვუგოც სიტყვას შეგვაწევს, რომ ჩვენთან ერთად იყო. ასე შედარებით ნაკლები მოგვხვდება, შუაღამისას რას დაყიალობდითო, რადგან პირადი მცველი გვყავდა მისი სახით.-        ბაზარი არაა. - მხარი ამიბა ვუგომ - ზვიადას მე ვეტყვი, გოგოებმა დამირეკეს, გაგვასეირნე და მეც გავასეირნე. მე რო ვეტყვი, აღარ გაბრაზდება. - კამალიას ხმა არ ამოუღია, თითქოს არც გვისმენდა.-        მშობლების თემა განვიხილეთ. მე უფრო მარტივად მაქვს საქმე. ჩემებს დავაჯერებ, რომ ბოლო წუთს გადავწყვიტეთ უცხო სახლში მკითხაობა, სადაც ქურდებივით ნამდვილად არ შევპარულვართ და შენ იქ შესვლის სრული უფლება გქონდა. ერთი სიტყვით, არც ნინოს ჩავაყენებ უხერხულ მდგომარეობაში და არც საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მშობლებისგან საყვედურები მაინც არ აგვცდება და ეს ნორმალურიცაა, მათი მოვალეობაა, მაგრამ, ხალხო, როგორმე ავიტანთ შენიშვნებს და თუნდაც მაღალ ტონს. ორი ყურის პრინციპით ვიხელმძღვანელოთ, ერთ ყურში შევუშვათ მათი რისხვა და მეორედან გამოვუშვათ. რაც ვნახე,თ იმის მერე მგონი ყველა ერთ აზრზე ვართ, რომ სამყაროში იმაზე ცუდი რაღაცეებიც ხდება, ვიდრე სამართლიანად გაბრაზებული მშობლის ლანძღვა-გინება ჩვენ მისამართით. ადრე თუ გვიან, გვაპატიებენ და აღარც ემახსოვრებათ, აი ის გოგო კი, იმსახურებს უკანასკნელ გზაზე მაინც გავაცილოთ... რაც არ უნდა დაეშავებინა, თუ რაც არ უნდა მოსვლოდა. ერთი წუთით მაინც წარმოვიდგინოთ მისი ოჯახი. ვინ იცის, ეძებენ კიდეც, ან არც ეძებენ და ფიქრობენ, რომ ნათესავთანაა წასული, ან მეგობრებთან ერთად ისვენებს. წარმოვიდგინოთ თავი დედამისის ადგილას. ის ქალი იმას მაინც ხომ იმსახურებს, რომ შვილის ცხედარი დაიტიროს, რაც დროს გავწელავთ მით უფრო შეუძლებელი იქნება მისი კუბოში მოთავსება ისე, რომ იმ ოთახში კაციშვილი გაჭაჭანდეს...-        ისედაც უკვე შეუძლებელია. - ხმა ჩაეხლიჩა ნათიას და მგონი ცრემლიც მოაწვა. ვუგო თავჩახრილი იჯდა. კამალია ხმას არ იღებდა.-        რაც შეეხება პოლიციას. რომ უნდა გამოვიძახოთ, წყალი არ გაუვა, მაგრამ მათთან ჩვენი ზღაპრები არამცთუ გაგვივა, ცრუ ჩვენებისთვის შეიძლება ეჭვიც კი მოიტანონ ჩვენზე, ასე რომ... - ნათიას პირთან მიტანილი კოკა-კოლის ქილა ხელში გაუშეშდა, ვუგომ კი მოწონების ნიშნად ცერი აწია და თავი დინჯად დააქნია. - რა თქმა უნდა, ბოლო ჯამში ყველაფერი გაირკვევა, რომ ჩვენ ისეთივე დამნაშავეები ვართ მაგ საქმეში, როგორც ილიას ან ჟვანიას სიკვდილში, მაგრამ მანამდეც რომ არ გაგვიწყალონ გული, აჯობებს, რომ მათთან ვითანამშრომლოთ, რაც ჩვენი მხრიდან სრული სიმართლის თქმას მოითხოვს.-        ჰოდა... ჩვენც ვთქვათ! - წამოიძახა მართალი ადამიანის ხმით ნათიამ - ოღონდ ისიც ვუთხრათ, რომ ოჯახის წევრებს არ ვეუბნებით მკითხაობის შესახებ და ვთხოვოთ, რომ არ ჩაგვიშვან. - ამ უკანასკნელ სიტყვებზე ვუგომ ჩაიფხუკუნა, კამალიამ კი თვალები აატრიალა.-        მხოლოდ მე ვცოფდები? - იკითხა გაოცებით და დაჟინებით მიაშტერდა ბიჭს.-        მისმინეთ, - ჩხუბის მოახლოება ვიგრძენი და მაშინვე ჩავერიე - ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც ჩემს ახლობელს შეემთხვა. ფული ჭირდებოდა და რაკი ვერ იშოვა, თავისი ძვირადღირებული მობილური დაალომბარდა საკმაოდ სოლიდურ ფასად. სახლში კი ისე მოაწყო, ვითომ დაკარგა. ოჯახს ყუთი ჰქონდა შენახული და პოლიციაში განაცხადეს დანაკარგის თაობაზე. მორიგემ ერთი მხრივ ისინი დაამშვიდა, რომ მაშინვე იპოვიდნენ, როგორც კი ტელეფონი ჩაირთვებოდა, მეორე მხრივ კი გამორთულს ვერასოდეს მიაკვლევდნენ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც გითხარით, ტელეფონი ლომბარდში იყო, რაღაც პერიოდის შემდეგ თუ არ გადაიხდიდა პროცენტს მაინც, გასაყიდად გაიტანდნენ და ეს მისთვის აპოკალიფსი იქნებოდა, რადგან ამ დაწყევლილ ნივთს ჩართავდნენ და პოლიციაც აღმოაჩენდა, რომ არც ქურდი არსებობდა და არც სიტყვა „დაკარგული“. ხომ ხვდებით, რამხელა შარში ამოყოფდა თავს ოჯახშიც და პოლიციაშიც...-        პაჩტი ჩვენნაირად ყოფილა. - ხმა ამოიღო დაინტრიგებულმა ვუგომ, ეტყობოდა, ლომბარდი არც მისთვის იყო უცხო ხილი. - მერე რა მოხდა?-        რა და ერთ საათში უკან მიბრუნდა, ამჯერად მარტო და იმ გამომძიებელს თუ ვინც იყო, სიმართლე უთხრა. სხვათა შორის, იმ პოლიციელმა სიტყვა შეასრულა, რამაც ჩვენი მთავარი გმირის რწმენა, რომ კარგი პოლიციელი მხოლოდ მკვდარი პოლიციელია, ძირფესვიანად შეარყია.-        დიდება ალაჰს! ეს გოგო რომ გამოგვიგზავნა. - ნაადრევად შემასხა ხოტბა ნათიამ და არც იურისტის შექება დავიწყებია - ისიც იმენა ჯიგარი. ნეტავი ჩვენც მასეთები შეგვხვდებოდნენ... -        ნუ გავიწყდება რომ მე ტელეფონზე მოვყევი, ჩვენ კი ახალგაზრდა გოგოს გვამი გვიდევს ცხვირწინ, საკმაოდ უცნაურ ვითარებაში გარდაცვლილი. მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ დაკითხვებით სულს ამოგვხდიან. მთელ სოფელს თუ არა, ჩვენს ოჯახებს და ახლო-მახლო მეზობლებს ყველა ვარიანტში ესტუმრებიან. ჩვენი ჩაშვება-არჩაშვება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი საგამოძიებო ჯგუფი შეგვხვდება და როგორ განვითარდება გამოძიება. ყველაზე კარგ შემთხვევაში დაგვიჯერებენ და გაგვიგებენ, რომ იქ გასაქურდად არ შევპარულვართ, ცუდში კი...-        ჩვენს უდანაშაულობას კიდევ ორი რამ აყენებს ეჭვქვეშ. - მშვიდად, თითქმის გულგრილად თქვა კამალიამ - უკვე სამი დაიწყო. სანამ ჩვენ იქ დავბრუნდებით და პოლიციას გამოვიძახებთ, ნახევარი საათიც გავა. არ დაინტერესდებიან მაშინვე რატომ არ შეგვატყობინეთ, როდესაც გვამი აღმოაჩინეთო? -        საიდან ეცოდინებათ, რომელზე მივედით? - გაოცებით იკითხა ნათიამ.-        შეუძლიათ ჩვენი ზარები გადაამოწმონ, ოღონდ არ მკითხო ახლა, როგორო, თუ სიმართლის თქმას ვაპირებთ, მაშინ ფაქტია, რომ 12-იც არ იყო, იქ რომ მივედით.-        კაი მაშინ რა პრობლემაა, ანკა ცუდად გახდა და...-        და კიდევ ვიმეორებ. გასაღები მხოლოდ ჩვენ გვაქვს და ევგენის, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მოსკოვის რომელიღაც რესტორანში დაჩექინდა თავის ოჯახთან ერთად და არც ის შეუტყობინებია, გასაღებს მეობარს ვაძლევ და არ გაგიკვირდეთ, თუ ვინმე დაინახეთ ჩემს სახლშიო. - ხმის აწევით ჩაახშო ნათიას ხმა. კამალიას სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე და ახლა მე გამოვთქვი ჩემი აზრი.-        გამოდის, რომ ვიღაცამ ან იცოდა ფანჯარას ღიას რომ ტოვებ, ან გაუმართლა...-        საქმეც მაგაშია. - გატანჯული ხმით მიპასუხა კამალიამ და ნათიამ გულზე იტაცა ხელი.-        კარი ღია იყო... შენ რომ, ბოდიში და, მიგათრევდით, მექანიკურად კარებიდან გამოგიყვანეთ. მაშინ ყურადღებაც არ მიმიქცევია, რომ ეს შეუძლებელი იყო. შეუძლებელი იყო კარის გაღება... მექანიკურად ჩამოვწიე სახელური...-        მხოლოდ გასაღებშიც არაა საქმე. - შეაწყვეტინა ნათიას მოთქმა ბიძაშვილმა და გააგრძელა, - კოდი უნდა იცოდე კარების გასაღებად თუ დასაკეტად.-        მასე თუა, მაშინ კამერებიც იქნება და... - ამოვილუღლუღე რეტდასხმულმა.-        გაფუჭებულია. კამერები რომ მუშაობდეს, რაღა გვიშავდა. ნათელი მოეფინებოდა ამ შემზარავ ამბავს და ჩვენი უდანაშაულობაც დამტკიცდებოდა.-        არ ვიცი, რა ვთქვა. - დავარღვიე დუმილი. ვეღარ გავბედე მეკითხა, დარწმუნებული იყო თუ არა, რომ თავის სახლში ჯერ კიდევ იყო ესოდენ საჭირო გასაღები. ამას ხომ სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა მისი ოჯახისთვის და... უკვე ჩვენთვისაც. - არც ისე და არც ასე არ უნდა გაჟღერდეს გაღებული ფანჯრის ისტორია. ამაზე წეღან არ დავფიქრებულვარ. ან შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევით დაგრჩათ, როდესაც წმენდდით.-        რა ვქნათ? - ხმა ამოიღო ჩამოვარდნილი დუმილის გასაფანტად ვუგომ და ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ ჰამბურგერი ტყუილად ეჭირა ხელში. -        დროებით უნდა გადავდოთ პოლიციის გამოძახება, მანამდე, სანამ არ დავრწმუნდები, რომ ბებიას ნაქონ ლარნაკში მშვიდად დევს გასაღები. –-        კაი, და ახლა რა ვქნათ? - იკითხა საბოლოოდ ნირწამხდარმა ნათიამ. კამალიამ თვალი თვალში გამიყარა და ერთად ამოვთქვით. ტყუპებივით ერთხმად:-        ანაბეჭდები უნდა გავანადგუროთ.