ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ლაზარე

ლაზარე

                        ლაზარე                                (თვითმკვლელობა მეორედ)                                                 გია ტუღუში                                                                                                                                 ხიზანი თუ ამ ხიფათში შენმა სახემ ისევ დამიხსნა, გამოვიგონებ უფრო დიდ ხიფათს, თუ გამარჯვების შემდეგ ერთად გაგვამისხალეს, უფალი გვაქებს, ძეგლებს დაგვიდგამს. შენ მზის სვეტებში განათებად ამესვეტები, გადაგვაღელვებს გრიგალი მირაჟს, ან კიდევ თოვლში განთიადად დამემზევები, თავმდაბალსა და ღვთიურად მცივანს. ასეთი იყო რჩევა დიდი მიზერისტების, ტრუბადურების, ბაირონის და ოპიზრების, მე კი ვაგრძელებ დასაცემად ქრისტემდე მისვლას, თუ დავმარცხდები, მხოლოდ მისგან თუ მოვიშთები! მე უშენობა იმიერი სტროფებით ვლამბე, თუ დავმარცხდები, მხოლოდ ასე თუ დავმარცხდები, მერე ამბავი ჩვენი უკვე ღმერთებს ვუამბე, სიკვდილის წინაც შენს კანკალში ავკანკალდები! მივემსგავსები პირმოთნე და შენიღბულ ქრისტეს, რომელსაც აქტით თავმდაბლურით განდიდება სურს, ამის შესახებ განდეგილმა ბერებმა მითხრეს, ჩემში კი მაინც ბოროტების აღმავლობა ქუხს. თუ ამ ხიზანშიც ჩემი სახე ვეღარ იცანი, დაგვიწყებია დღენნი წინარე, მე აჩრდილებში შენი ტანი ამოვიცანი, უმალ დემონებს გავუზიარე!     ... უკვე აისი იზმორებოდა. რეგვენობითა და სიხარბით გადიდქალაქებულ, ოდესღაც უმრწმესს და ზიზია ზღვისპირა ქალაქის შუშისფრად მოელვარე და შუბლშეჭმუხნული სახლის მეთოთხმეტე სართულის ნახევრადმზიან, კარგახნის შეურემონტებელ ოთახში, რომელსაც მზის მარადიული სხივები თითქმის ყოველ დილით ეკეკლუცებოდა და რომელიც ნიცშეს ზარატუსტრასავით არ გაქცეულა, არ მოჰბეზრებია შორეული მნათობის ცხოველმყოფელი და თუნდაც შეზღუდული სხივოსნობა, 32 წლამდე ახალგაზრდა კომპიუტერს მისჯდომოდა და უსადენო Logitech-L920-010716-ის ძვირადღირებულ კლავიატურაზე რაღაცას ბეჭდავდა. მიწისძვროფობიით შეპყრობილი ახალბედა მწერალი მეოთხე სართულზე ჩამოსახლებას ნატრობდა, მაგრამ არასდროს დაფიქრებულა, რომ მიწისძვრის შემთხვევაში, მაღალ სართულზე გადარჩენის შესაძლებლობა უფრო მეტი ექნებოდა−ვიდრე დაბალზე. ის ასეთ ფიქრებს ,,წვრილმანს“ ეძახდა და მათით გონებას უიშვიათესად იღლიდა. მან უბრალოდ წარმოიდგინა, როგორ იძვროდა მიწა, თავად მეთოთხმეტე სართულიდან იძულებით მოფრინავდა და მეოთხე სართულზე ჩამოსახლების ოცნებაც აეკვიატა. მრავალსართულიანი სახლის ბინადარი დიდად არც იმას ჩაღრმავებია, გულის კუთხე-კუნჭულებში მიწისძვრის უფრო ეშინოდა თუ სიმაღლის, უფრო სწორად, ამ საკითხზე ფიქრით წარსულში არასდროს დაუტანჯავს თავი და რატომღაც მასზე ყურადღების გამახვილება სულ ახლახან დაიწყო. ახალგამოჩეკილ მწერალს პლატონის ,,ნადიმი“ გადაეშალა, სადაც მის მიერვე ფანქრით მონიშნული შემდეგი წინადადება იკვეთებოდა: ,,მამაკაცისა და ქალის შერწყმა ამგვარი დახსნაა. და ეს ღვთიური საქმეა, რადგანაც ჩასახვა და დაბადება მოკვდავ არსებაში უკვდავი საწყისის გამოვლინებებია“. აისის მძევალმა წერა შეწყვიტა, ძვირადღირებული კლავიატურა შეათვალიერა და გაიფიქრა, რამდენი ვივაგლახე, რომ ამის საყიდლად თანხა შემეგროვებინაო. მერე სამზარეულოში გავიდა, ყავა მიირთვა, ერთი შევლა წვერის გასაპარსად სააბაზანოშიც შეიარა, მაგრამ ამჯერად ასეთი გაჭიანურებული საქმის წამოწყება შეეზარა. ბოლოს საკმაოდ მოზრდილ ზურგჩანთაში ათიოდე დღის სამყოფი ტანისამოსი ჩაალაგა, ზურგჩანთა მხარზე შემოიგდო და სახლიდან გამოზოზინდა. რამდენიმე წუთში ახალგაზრდა კაცი ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის ერთ-ერთ მგზავრთა სატრანსპორტო მოსაცდელთან დაყუდებულიყო და სადგურში წასასვლელად სამარშრუტო ტაქსის ელოდებოდა, რათა ბაბუის მიერ დატოვებული და მისგან მიტოვებული, კარგა ხნის გაურემონტებელი აგარაკი მოენახულებინა, რომლის არსებობაც ლამის თავადაც დავიწყნოდა. ზამთრის სუსხიანი, მაგრამ მზიანი დღე ლივლივებდა. სატრანსპორტო საშუალება მოსვლას იგვიანებდა. ერთ ადგილზე დგომითა და საკმაოდ მაღალი სიცხით გათანგულმა, თავგადაპარსულმა (ისე წაბლისფერთმიანმა), მაგნოლიას ფოთლისფორმის თვალისჭრილიანმა, სახეჩამოწვრილებულმა და ტანად დაბალმა ლაზარემ მოთმინება დაკარგა და მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად ქუჩა გადაკვეთა, თუმცა გზაშივე გაახსენდა, ჯიბეში ერთი კოლოფი პაპიროსი უკვე რომ ედო. გზის მოპირდაპირე ტროტუარზე ორი თითქმის ერთნაირი მაღაზია ჩამწკრივებულიყო და რაღა თქმა უნდა, გეზი უახლოესისკენ აიღო. უეცრად მომდევნო მაღაზიაში შემავალი ქერათმიანი ქალბატონი დალანდა, რამაც თავისდაუნებურად გეზი შეაცვლევინა და თვითონაც იმ მაღაზიაში შეტორტმანდა, რომელშიც უცნობი ლამაზმანი. მოულოდნელად ისეთი განცდა შემოეხიზნა, თითქოს სადღაც შეიტყუესო. მარკეტშიშესულს მდედრისთვის, რომელმაც ორიოდე წუთის წინ გეზი შეაცვლევინა და ზედმეტი ნაბიჯები გადაადგმევინა, ლამის არც კი შეუხედავს, კოლოფი სიგარეტი უღიმღამოდ იყიდა და უკანვე გამობუნძულდა. სანამ მოსაცდელს დაუბრუნდებოდა, ღერ პაპიროსს მოუკიდა, ორი ნაფაზით სული ულაზათოდ გაიჭვარტლა და თითქმის მთლიანი ნამწვავი ძირს მოისროლა. სუსხიან სითეთრეს, მზისფრად მოკიაფეს, ტრანსპორტის გამონაბოლქვი ღამისეული ტბისფერი თავსაბურველებივით ეფინებოდა და ეს შეხამება საკმაოდ თვითმყოფად, უცნაურ ფერთა გამას ჰქმნიდა. სხივებლოლუებადქცეული მზე თავის პირმშოებს ახალი სიცოცხლის დასაწყისს აუწყებდა და თანაც მერამდენედ−მშობელი მზე ხომ მაშინაც ასე შეუპოვრად იბრძოდა, როდესაც ჩვენ ჯერაც არ ვარსებობდით, თუმცა უძირფესვო კოსმოსის შორეულ კუნჭულებში მაინც დავეხეტებოდით უსულო ფოტონებად და ველოდით, როდის დავიწყებდით არსებობას, ანუ იმას, რაც წარსულში უსასრულოდ განმეორდა. აგარაკისკენ მიმავალ ლაზარეს ახალამოსული წვერი წიწკნიდა და აწუხებდა კიდეც, თანაც ნანობდა, რომ წამოსვლისხან არ გაიპარსა, დაეზარა, რადგან გუშინ თავის ერთადერთ მეგობართან, შალვასთან ერთად გამოთვრა და ნაბახუსევზე წვერის გაპარსვის თავი როგორღა ექნებოდა, მითუმეტეს, როდესაც საკმაოდ მაღალ ტემპერატურასაც შეეხურვებინა. ამასობაში მგზავრების ასაყვანად სამარშუტო ტაქსიც ჩამოდგა, ხალხი აიყვანა და სადგურისაკენ გასწია. სანამ სატრანსპორტო საშუალებაში ავიდოდა, წარმოიდგინა მგზავრობით წამობარტყებული შინაგანი დისკომფორტი და დამძიმდა, თუმცა გონს უმალვე მოეგო, რადგან ქვეშეცნეულად იცოდა, რომ აგარაკამდე როგორმე უნდა მიეღწია და აქ ყოველგვარი წუწუნი ზედმეტი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლაზარე მწერალი იყო, ჯერჯერობით იდეებს უმეტესწილად წიგნებიდან ისრუტავდა და არა ჩახლართული ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან, ამიტომ ახლაც ვერ გაეცნობიერებინა, რატომ გადაუარა ასე სწრაფად სიმძიმილმა. ათიოდე წუთში სამარშუტო ტაქსი ქალაქის ცენტრალურ, საკმაოდ შელახულ ავტოსადგურში შესრიალდა და გაჩერდა, რათა მგზავრები გადმოხმაურებულიყვნენ და სოფლებისკენ მიმავალი ავტობუსებისთვის ბილეთები შეეძინათ. ლაზარეს წამიერად შიმშილის გრძნობაც შემოადგა, მაგრამ, როდესაც წარმოიდგინა, როგორ მიეცხებოდა უხეშ წვერზე კარტოფილის ღვეზელიდან ჩამოწურული ზეთი, რომლითაც ორმოცდაათამდე ღვეზელი მაინც იქნებოდა გამომცხვარი, ჭამის მადა უმალვე მიუყუჩდა. ამას დაემატა ზეთით ხელების მოთხაპვნის პერსპექტივაც და რამდენიმე წამში სიტყვა ,,შიმშილი“ მისი გონებიდან სრულიად ამოიძირკვა. სალაროს მიადგა, ბილეთი შეიძინა (რიგში დგომისას შეამჩნია, რომ თავჩაქინდრული მოლარე, როგორც კი გაიგონებდა ქალის ხმას, ოდნავ გახალისდებოდა, თუ არა და, მგზავრებისთვის მომსახურების გაწევას მექანიკური მოძრაობებით განაგრძობდა) და ავტობუსისაკენ სწრაფი ნაბიჯებით გაეშურა, მერე ტრანსპორტის უკანა ნაწილამდე მიაღწია, სადაც რატომღაც გროში მყუდროება ეგულებოდა და ორ ფანჯარას შორის, გრძელი სავარძლის შუაში ჩაესვენა. სანამ ავტობუსი დაიძრებოდა, მობილური ტელეფონი ამოიღო, ფეისბუკში შეისეირნა და კლასელი მოძებნა, რომელიც 13 წელი არ ენახა, სხვათაშორის, მთელი ამ ხნის მანძილზე, მახსოვრობა თუ არ ღალატობდა, არც გახსენებოდა. თავადაც ვერ აეხსნა, გონებაში რუსუდანის სახება რატომ ამოუგიზგიზდა და მივიწყებული კლასელის ფოტოების თვალიერებას შეფარული სიამოვნებით შეუდგა. ეკრანს მარჯვნიდან მარცხნივ რაც უფრო ინტენსიურად უსვამდა თითს, მით უფრო ახალგაზრდავდებოდა ვირტუალური რუსო, ხოლო სულ რაღაც ხუთიოდე წუთში ლაზარე უკვე მისი პროფილით სკოლისდროინდელ წლებში მოგზაურობდა, რამაც ბახუსითა და სიცხით მოგვრილი საწუხარი დროებით დაუტუსაღა. ახალგამოჩეკილ მწერალს წარსულის ნოსტალგიით მოზვავებული განცხრომა ტელეფონის დაჟინებულმა წკრიალმა დაურღვია. მას ერთ-ერთი ლიტერატურული ჟურნალის რედაქციიდან ურეკავდნენ, რათა მისი მოთხრობის დაბეჭდვის შესახებ ეცნობებინათ. პირველად ეს ამბავი ძალიან გაუხარდა, მაგრამ როდესაც გაიფიქრა, ტექსტში შეიძლება უმნიშვნელო შეცდომები გაპარვოდათო, ხასიათი შეელახა. ხომ იცით, ტექსტი რაც არ უნდა არედაქტირო და აკორექტირო, დაბეჭდვის შემდეგ მაინც აღმოჩნდება, რომ შეცდომა გაპარულა. რედაქციის თანამშრომელს მოკრძალებულად სთხოვა, ჟურნალის ელექტრონული ვერსიის ლინკი ჩამიგდეო, მისი თანხმობის შემდეგ მადლობა გადაუხადა და ტელეფონი გათიშა. ამასობაში ტრანსპორტიც დაძრულიყო. მამაპაპისეულ აგარაკამდე დაახლოებით ოთხი საათის სავალი იქნებოდა და იგი ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობდა. ლაზარემ გამოგზავნილი ლინკი გახსნა და ჟურნალში თავისი მოთხრობის ძიება დაიწყო. როგორც კი იპოვა, გადაკითხვას შეუდგა. −,,სიკვდილისას, გაქობისას და არა გარდაცვალებისას თავად უძლეველ დროს ვამარცხებთ, რადგან ის ვეღარ გვტანჯ...ას“−ამოიკითხა ერთ-ერთი წინადადება და აღმოაჩინა, რომ ზმნა ,,ტანჯვას“ ასო აკლდა, რამაც გუნება-განწყობილება საგრძნობლად მოუშხამა, მაგრამ ჩაამთავრა რა, მოთხრობის კითხვა და მეტი შეცდომა ვეღარ იპოვა, მის სიხარულს სული რაღაცნაირად ისევ ჩაედგა. მიჩაქჩაქებდა ნარინჯისფერი, ალაგ-ალაგ ჟანგმოდებული ავტობუსი და ლაზარე იმაზე ფიქრობდა, რაც შემთხვევით მოაგონდებოდა. ახსენდებოდა, საყვარელ დალაქთან თმის შესაჭრელად რომ მივიდა და იმ დღეს ხელმარჯვე ოსტატის ფერი რაღაც არ მოეწონა, სახეზეც ფიფქისფერი დასდებოდა, თითქოს მის ძარღვებში სისხლის დიდი ნაწილი კარგა ხანია ამოშრაო. მაშინ შეებრალა ბავშვობისდროინდელი დალაქი, რადგან იცოდა, რომ მას დიაბეტი სტანჯავდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, იმ დღეს თავის ასაკოვან მეგობარს ბოლოჯერ თუ ებაასებოდა. უეცრად იქაურობას სლავური შესახედაობის, ასაკოვანი, მოკუნტული, ერთი დაცრეცილ ქურქში გამოწყობილი ქალბატონი მოადგა და დაჩვრეტილი ნაჭრის ჩანთა კიბეზე დადო, რათა სადალაქოს სტუმრებოდა. სანამ კარს შემოაღებდა, დალაქმა ჩაილაპარაკა: ,,ისევ ეს თარსი მოეთრა, დღეს ვაჭრობა არ იქნება". მერე გლახაკივით დაბეჩავებულმა მხრცოვანმა როგორც კი ოთახში შემოაბიჯა, დალაქმა თავაზიანად გაუღიმა, შემოიპატიჟა და დაჯდომა შესთავაზა. ლაზარემ ჰკითხა, ვინ არის ეს ქალიო. დალაქმა შვილმა სახლიდან გამოაძევა და უსახხლკაროდ დარჩენილი ბოთლებს აგროვებს, რომ ჩააბაროს და პურის ფული იშოვოსო. ეს იყო ბოლო წინადადება, რომელიც ლაზარემ ძველი მეგობრისგან მოისმინა. ავტობუსი მიხვეულ-მოხვეულ, დაოღროჩოღროებულ, ალაგ-ალაგ მოხრეშილ და ფერდობგაფარვანისფრებულ აღმართს მიუყვებოდა, რაც აგარაკთან მიახლოებას მოასწავებდა. მწერალს დილის დაძაბულობიდან გამოყოლილი შინაგანი სიმძიმე ნელ-ნელა უქარწყლდებოდა და ისეთი შეგრძნება იპყრობდა, უდაბნოდან გრილ ხეივანში გადმოსახლებულ ადამიანს რომ შეიპყრობს ხოლმე. ფეისბუკში კიდევრ ერთხელ შეიხედა და ორი დღის წინ თავისავე კედელზე განთავსებული ჩანახატი გადაამოწმა, რომელსაც ასამდე მოწონება და ოცამდე კომენტარი ჰქონდა. კომენტარები გადაათვალიერა და აღმოაჩინა, რომ ლიტერატურის რამდენიმე მოყვარულს მისი ჩანახატისთვის გენიალურიც კი უწოდებია, თუმცა ვერაფრით გაეგო, თუ ლიტერატურაში გაწაფული რამდენიმე ადამიანი ხედავდა მისი შემოქმედების გენიალურობას, რატომ ვერ ხედავდნენ დანარჩენნიც−ქალაქის სახელოვნებო და ლიტერატურული წრეები, მწერლები, პოეტები და ზოგადად, მთელი ქვეყანა, სოციალური მედიის ზეობის ეპოქაში ხომ ყველა ყველაფერს ხედავს, მაგრამ ვაი, რომ თითქმის არავინ არაფერს იმჩნევს. ლაზარე ფიქრებიდან ავტობუსის მკვეთრმა დამუხრუჭებამ გამოიხმო და ანიშნა, რომ უკვე დანიშნულების ადგილზე იმყოფებოდა. ორიოდე წუთში ფეიხოას ხეებითა და ასკილის ბუჩქებით მორთულ ეზოში შეაბიჯა, რომლის ანჯამებდაჟანგული, დიდიხნის შეუღებელი ჭიშკარი ძლივს გააჭრიალ-გამოაჭრიალა. ახალბედა მწერალს მზერა ძველი, კარგა ხნის შეურემონტებელი სახლისკენ გაექცა, რომელიც შუასაუკუნეების დროინდელ ფუნდუკს მოგაგონებდათ და რომელთანაც ბავშვობის მოგონებები თითქმის არ აკავშირებდა, რადგან ამ აგარაკზე იგი მშობლებს იშვიათად ამოჰყავდათ. თავად მშობლები კი ხშირად ამოდიოდნენ, განსამარტოვებლად თუ ხორციელი ვნებების უდარდელად დასაცხრობად. ლაზარემ მამაპაპისეული სახლის შელახული ხის კარები შეაღო და დამტვერილ სივრცეში შეიზლაზნა, სადაც ერთი გადაქექილი, წიგნებით სავსე თარო, ერთი წაბლისფერი მაგიდა, მოცვისფერი, მიჩეხილ-მოჩეხილი დივანი და ორი ცალი ნაჭრის სავარძელი განეთავსებინათ. რატომღაც აბაზანის მიღება მოეწადინა და გადაპარსულ, მოლიგვულ თავზე ცხელი წყლის შეხების წარმოდგენა ესიამოვნა. ჩანთიდან არაყი და ჭიქა ამოაძვრინა, 100 გრამი გადაჰკრა და სააბაზანოსკენ დაიძრა. ჯერ ცხელი წყალი მოუშვა, რათა გაყინული ნიჟარა შემთბარიყო და მასზე შიშველი ფეხების შეხებით დისკომფორტი არ განეცადა. რადგანაც საშხაპე დიდი ხნის განმავლობაში არავის გამოეყენებინა, მისგან ონკანის მოშვებისთანავე ჟანგნარევი წყალი გადმოედინა, რომელიც მალევე გასუფთავდა. ორიოდე წუთში მის გაცივებულ სხეულს ცხელი წყალი ათბობდა, რაც უზომო განცხრომას ჰგვრიდა. მოულოდნელად ეს ხორციელი სიამოვნება ერთმა ბავშვობის მოგონებამ მოუშხამა, რომელიც ახლა საიდან და რატომ ამოუტივტივდა, დროებით ნეტარებაში მყოფ მწერალს ვერაფრით გაეგო. ლაზარეს გაახსენდა, ოთხი წლის ასაკში დედამ ფილმ ,,კინგ კონგის“ საყურებლად კინოთეატრში რომ წაიყვანა, ხოლო, როდესაც გოლიათი კონგოელის ლიკვიდაციის სცენა დასასრულს მიუახლოვდა, როგორ მორთო ტირილი და ლამის კინოჩვენებაც ჩაშალა. ამ გახსენებამ საკმაოდ ცუდ ხასიათზე დააყენა. იგრძნო კიდეც, ცხელი წყალი სიამოვნებას რომ აღარ ჰპირდებოდა. ონკანი გადაკეტა და უსწორმასწორო, ქვიშისფერ, ბურთულაკებამობურცულ ნიჟარაზე დარჩენილ წყალს დაუწყო ცქერა, რომელიც მოსეს მიერ შუაზე გახლეჩილ წითელ ზღვასავით იყოფოდა და საშხაპე ტრაპში ,,Platyceps Najadum“-ით მიიკლაკნებოდა. იქაურობას მალევე გაეცალა, სხეული გაიმშრალა და სასეირნოდ გასწია. ჩამოიტოვა თუ არა დაჟანგული ჭიშკარი, დაღლილობა მოეძალა და უკანვე მობრუნდა. ისევ შევიდა ყველასგან მივიწყებულ სახლში და წიგნების თაროს მიუახლოვდა. წიგნი, რომელიც მოიხელთა, ემილ ზოლას ,,ქალთა ბედნიერება“ იყო. იფიქრა, წავიკითხავო და კაკაოსფერ სავარძელში მოკალათდა, გადაშალა და კითხვა დაიწყო. პირველი აბზაცის ჩამთავრებისთანავე იყნოსა, რომ რაღაც უფრო მძაფრის განცდა სწადდა, ვიდრე კითხვით მოქანცვაა და გაახსენდა მამის ნათქვამი, რომ ბაბუამ აგარაკზე, სახლის ქვემოთ საიდუმლო სამალავი მოაწყო. როდესაც მამას ჰკითხა თუ რაში სჭირდებოდა ბაბუას ასეთი სამალავის მოწყობა, მამამ მაშინ ყაჩაღობა ყოველდღიურ მოვლენად იქცა და ბაბუასაც ასეთი იდეა ამიტომ მოუვიდაო. ლაზარემ საიდუმლო სამალავში ჩასვლა განიზრახა. რამდენიმე წამში იგი დამტვერილ ბოთლებში განთავსებულ, უძველეს სასმელებს აგემოვნებდა. აქვე იდგა ძალიან მიმზიდველი დასაკეცი სკამი. ამ უცნაური სამალავის ჭერი, ობობისქსელებში გახლართული, მოოღროჩოღროებული და კირისფერი, იგივე სახლის იატაკის მეორე მხარე, იქ არსებულ უმყუდროვეს აუარას ოდნავ აუხეშებდა. ლაზარე სკამზე დაესვენა და ფიქრებში შთაიფლა. რატომღაც, ამ ოთახში იგივე განცდები მოეტმასნა, რაც საოპერაციოში, სადაც ოდესღაც თიაქარის ოპერაცია გაიკეთა. იხსენებდა, ოპერაციამდე ქირურგს რომ გაესაუბრა და თანაც იმ მდგომარეობისთვის ძალიან უცნაურ საკითხზე−ჟან-პოლ სარტრის ეგზისტენციალურ ფილოსოფიაზე. ქირურქი გაოცებას ვერ მალავდა, როდესაც ყვებოდა თუ როგორ იტაცებდა ლიბერალ მწერალსა და ფილოსოფოსს იოსებ სტალინი. ისიც მოაგონდა, ნაკერების ამოღებას ვაჟა ექიმი შეგნებულად რომ უჭიანურებდა, რათა მათი ფილოსოფიური საუბრები კიდევ და კიდევ გაგრძელებულიყო. ლაზარეს საღამოხანს გამოეღვიძა. ოდნავ თავი სტკიოდა და იგრძნო, რომ ცივი წყლის ხელ-პირზე მისხმა ტკივილს დაუცხრობდა. წყალი შეისხა და სასეირნოდ გასწია. ამჯერად, აღარ შეზარებია, რადგან გასახარჯი ენერგიის მოზღვავება შემოაწვა, რომელიც უნდა გაეხარჯა, რომ ღამით კარგად დასძინებოდა. ორსაათიანი სიარულის შემდეგ სახლში დაბრუნდა და დივანზე მიწვა. გაახსენდა, ოდესღაც, ნოველის წერისას სიუჟეტისთვის კეთილ პერსონაჟს რომ ეძებდა. მაშინ მსოფლიო ლიტერატურიდან ვინ არ მოუდიოდა თავში: ბოლო ამოსუნთქვამდე მებრძოლი ექიმი კონდორი, შეუპოვარი ჟან ვალჟანი, უკეთილშობილესი დენისა და მამაცი მორის ჯერალდი, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ახლა გაიაზრა, რომ ასეთი პერსონაჟი ცხვირწინ ჰყავდა და ვერ ხედავდა. ასეთი ადამიანი ხომ მისი ერთადერთი გულწრფელი და ნამდვილი მეგობარი−შალვა გახლდათ. იგონებდა, რამდენიმე წლის წინ შალვას მშობელი დედა დედაქალაქში ნაღვლის ბუშტის საოპერაციოდ რომ წაეყვანა და როდესაც დაურეკა და მეგობარი მოიკითხა, მეგობარმა დღეს როგორ ყინავს, გარეთ უსახლკაროდ დარჩენილ საბრალო ცხოველებს რა ეშველებათო. ლაზარეს 23 წელი არ შესრულებოდა, როდესაც მშობლები დაეღუპა. ისინი დასასვენებლად ნორვეგიაში გაემგზავრნენ და განსატვირთავად ლაშქრობისას იუტუნჰეიმენის მთიანეთში გადაიჩეხნენ. შემდეგ იყო ორი ქვეყნის საელჩოების მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის წყალობით მშობლების უცხო ქვეყნიდან გადმოსვენება და მათი უცერემონიო დაკრძალვა, რადგან კავშირებითა და გავლენებით არასდროს გამოირჩეოდნენ. ამ ტრაგიკული ამბის შემდეგ ობოლ, ახალგაზრდა მწერალს უკვე ყოველი წვრილმანი აწვრილმანებდა და გულს უჩქარებდა, ხოლო მზიანი ამინდები ისეთ სიხარულს აღარ ჰგვრიდა, როგორსაც ბავშვობაში. დივანზე წამოგორებულს აკვიატებოდა ოდესღაც მისი უწყინარი და უენო მამის უბნის მოზარდების მიერ აბუჩად აიგდებისა და შეურაცხყოფის სცენა, რადგან უკანასკნელი ლაზარეს გამოესარჩლა, რომელსაც უმიზეზოდ ჩაგრავდნენ. მამას ათობით გაამპარტავნებული და თავნება მოზარდის წინააღმდეგ გალაშქრება შვილის უკიდეგანო სიყვარულმა აიძულა, მაგრამ სიმამაცე და მრისხანება აღარ ეყო, რომ გაავსულებული მოზარდები მოეთოკა და შვილის გამო შური ბოლომდე ეძია. მაშინ მათ უსამართლოდ აფურთხეს, აგინეს და სცემეს. ახალბედა მწერალს გონებიდან უძლურების ის განცდა, რომელიც იმ დროს ჩაუბუდდა, ჯერაც არ გასცლოდა და ამ ამბავზე ფიქრს ყოველთვის თავს არიდებდა. ,,ღმერთისგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება იმისი თესლი“−სახარებისეულ ამ ციტატაზე ფიქრობდა უსაქმურობისგან აღერღილი ლაზარე და თავს ეკითხებოდა, კი, მაგრამ ვინც არ არის ღმერთისგან შობილი, ნეტავ ვისგანაა შობილი? აბა, ,,დაბადებაში“ რომ წერია ყველაფერი ღმერთმა შექმნაო? გამოდის, რომ ღმერთი ყოვლისშემძლე არ ყოფილა, ან ,,ბიბლია“ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებითაა გაჯერებული, რაც მის ავტორიტეტულობას ძალიან დიდ ზიანს აყენებსო. ამ ფიქრებით გონებადაღალულ მწერალს ჩაეძინა. ირგვლივ მხოლოდ სოფლის პატარა ბინადართა ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი, არაჰომოსაპიენსური ხმები გაისმოდა. ძილ-ბურანში მყოფს მოელანდა, თითქოს აგარაკს გოლიათური გარეგნობის ფარვანების მრისხანე რაზმი შემოეალყა და სადაცაა სახლში შემოაღწევდა, რათა ლაზარე გაეტაცნა, მაგრამ ვერ გამოერკვია, რატომ ესიზმრა, თუ ნახევრად ესიზმრა ასეთი უცნაური ხილვა. ოფლში გაღვინთულს გამოეღვიძა, საწოლიდან ათრთოლებული ადგა და არაყი ჩამოისხა. სამიოდე წუთში ფიქრები დაუცხრა, ხოლო სხეული მოუდუნდა, ისეთმა განცდამ მოუკაკუნა, წყალზე არხეინად ტივტივისას რომ გვიკაკუნებს ხოლმე. უფრო ჯანმრთელი რომ ვყოფილიყავი, ახლა ამ არაყს კი არ მოვაწამვლინებდი ორგანიზმს, არამედ ცივ მდინარეში დავიცხრობდი მირყევმორყეულ, აშლილ გუნება-განწყობილებასო, საკუთარ თავს წაეწუწუნა ბურანში მყოფი ლაზარე და ძილი შეიბრუნა. დილით, როდესაც თვალი გაახილა, თავი ძალიან სტკიოდა და საწოლიდან ადგომაც ეზარებოდა, თუმცა ასი გრამის გადასაკრავად ძალები მაინც არ დაიშურა, წამოდგა, ოთახის შუაგულში მდგარ, წაბლისფერ მაგიდას მიუახლოვდა, ასი გრამი გადაქუხა და ისევ საწოლში შეწვა, შემდეგ ლექსის წერა დაიწყო:  ,,სიზმარში თავი მოვიკალი და ამოვფიგურდი იქ, სადაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. გამეღვიძა ვან გოგის ერთ-ერთი ლურჯყვითელი ნახატის მწვანე ვარსკვლავზე და პირველად ვიგრძენი, რომ მარტო არ ვარ, რომ ირგვლივ არავინაა, მაგრამ მაინც ვიღაც სუნთქავს, რომ ჩემს საუფლოს, წმინდა წერილივით შეთხზულს-ვერავინ წაშლის. გენიოსის ფუნჯმა დამსაჯა და სასჯელად მარადისობა მერგო, მარადიული ყოფნა, თუმცა არ ვნანობ, რადგან უსასრულოდ გაძლიერების შესაძლებლობა მომეცა, რაც საბოლოოდ ღმერთად მაქცევს. აქ არ არსებობს მტრობა, აქ არ არსებობს შერიგება, აქ მხოლოდ მოუბეზრებელი ტკბობაა. აქ სახლიდან ვერ გაიგონებთ დაჩაგრული ქალის განწირულ კივილს, გაბოროტებული კაცის ღრიალს და მშიერი ბავშვების მოთქმას. როდესაც ჩემს კარმიდამოს იაფფასიანი ფუნჯი თხზავდა, მის მამოძრავებელში არ იყო ღვარძლი, არ იყო ბოღმა, არ იყო ანგარება და განდიდების მანია, არამედ მხოლოდ ფუნჯის მოძრაობებით ტკბობის სურვილი, მხოლოდ საკუთარი მუზების არგაზიარების დაუოკებელი წყურვილი. და მე მუდამ ვიარსებებ ამ ლურჯყვითელ სურათში და არასდროს გავქრები, როგორც ენოქი“. ლექსი ნაჩქარებად გადაიკითხა და დარჩა განცდა, რომ კარგად ვერ გაიგო, ანუ საჭირო იყო მისი უფრო დინჯად და დაფიქრებულად წაკითხვა. ხელახლა წაკითხვისას ახლადაღმოჩენილი აზრით გაოცდა: ,,მე ხომ ქალაქს გამოვექეცი, რათა ცოტა ხნით მაინც სოფელში მეპოვნა სულიერი სიმშვიდე და ახლა სოფლიდანაც გავრბივარ? თანაც სად? სადღაც მოუსვლელში, ვან გოგის ხილვებში, მისი არაქაური გონების დაავადებულ ნეირონებში“−თავის ალტერ ეგოს ეხეთქებოდა ახალგაზრდა მწერალი და ლექსის სოციალურ ქსელში განთავსება არგანთავსების თაობაზე მერყეობდა, თუმცა ბოლოს და ბოლოს, განთავსება გადაწყვიტა. განთავსებიდან ნახევარ საათში ლექსს დახედა და ძალიან მოიწყინა, როდესაც ოც მოწონებასა და სამ გამოხმაურებაზე მეტი ვერ შენიშნა. უცებ მოუნდა დაეწერა, რომ ღორებს მარგალიტები არ უნდა ათქვლეფინო, რომ უვიცი საზოგადოება ასეთ ღრმა და ნატიფ პოეზიას ვერასდროს გაიგებს, მაგრამ გაახსენდა ჯვარცმული ქრისტე, რომელიც კაცობრიობის წინაშე ცამდე მართალი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა თავი არ უმართლებია და როგორც მდუმარე კრავი, ისე იტანჯა. სამაგიეროდ ეს დუმილი მომავალში სიდიადედ დაუბრუნდა, ისეთ სიდიადედ, რომელიც ვერავინ დაჩრდილა. ბოლოს დაასკვნა, რომ თუ ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად სიტყვებს არ ვხარჯავთ, თავს არ ვიმართლებთ და არ ვწუწუნებთ, ღმერთი დაინახავს და საზღაურად დაფნის გვირგვინს დაგვადგამს. ოჰ, რა რთულია ქრისტეობა, რა რთულია, როცა მართალი ხარ, რაღაცის თქმა გინდა და არ, ან ვერ ამოთქვამ. ლაზარეს მთელი ცხოვრება ესმოდა, რომ ქრისტე უდანაშაულო კრავია, მაგრამ მხოლოდ ახლა გაისიგრძეგანა თუ რატომ. სოციალურ ქსელში შევიდა და ლექსი წაშალა, მერე მოაგონდა, როცა ერთ-ერთ გამომცემლობაში დასაბეჭდად პატარა მოთხრობა მიიტანა და გამომცემლობის მთავარმა რედაქტორმა ჰკითხა, დალევას რატომ შეეშვი და წერა რატომ დაიწყეო. ასეთი კითხვა ინტელიგენტი კაცისგან ეუცნაურა ლაზარეს, მაგრამ მაინც განუმარტა, რომ სიცარიელე ხომ უნდა ამომევსო ადამიანური დარდით და თავის მოკვლას წერა ვამჯობინეო. ჭაღარა მწერალს თვალებში შენიღბული სიეშმაკე გაუკრთა და შეუფითილა, წამება დალევა კი არა, წერაა წამება, წერაო, ხოლო დალევა განცხრომა და ბედნიერებაა, თუმცა ბრბოს უნდა ეგონოს, რომ თითქოს, ალკოჰოლით ტკბობას კლავიატურის ქნევა სჯობსო. მაშინ ლაზარემ გაიფიქრა, ბედნიერება აბედნიერებულა, საბედნიერეთში ჩაბედნიერებულაო, რადგან წესიერად ვერაფერი გაიგო. მზეს ღრუბლები თეთრი ნაბადივით შემოხვეოდა, თითქოს სცივათო. ზეცაც უტიფრად გამზისფერებულიყო. ლაზრე რის ვაი-ვაგლახით ადგა, სააბაზანოში შევიდა, ცივი წყლით ხელ-პირი დაიბანა, რათა უკეთ მოფხიზლებულიყო, მერე ყავა დალია და სასეირნოდ გაეშურა. სულშეღონებული მწერალი უმისამართოდ გაუყვა სოფლის ატალახებულ ორღობეებს. შუკებთან მიახლოება უხაროდა, რადგან ეს ერთი გრძელი ორღობის დასასრულს მოასწავებდა, დამღლელი, სევდისმფრქვეველი ორღობისა. ირგვლივ სახლები დაცარიელებულიყო და ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნებოდა, რომ ჩერნობილის მიდამოებში იმყოფებოდა. ერთ-ერთი ეზოდან ეჟვნების ჟღარუნის ხმა შემოესმა, რომელიც წინწილის ჟღერადობას გამოსცემდა. ლაზარემ უკაცრიელი ეზოს ჟანგმოდებული ჭიშკარი შეაღო და ორი ფური შენიშნა, რომელთაგან ერთ-ერთს დალმაციელი ძაღლის შეფერილობა ჰქონდა. მივიდა ჭრელ ძროხასთან და დიდრონ, დაღალულ თვალებში ჩახედა, შემდეგ კი ცრემლები წასკდა, თითქოს დილით, გაღვიძებისას ტირილი უნდოდა, ვერ შეძლო და ახლა ძროხის თვალები დაეხმარა გულის აჩუყებამიჩუყებაშიო. ნაბახუსევზე მჟაუნას წვნიანი მოესურვა და ეს სურვილი იმდენად აეკვიატა, გზად სოფლის მაღაზიაში შეიარა, წვნიანისთვის საჭირო ინგრედიენტები იყიდა და მერე სახლისაკენ გამოემართა. წვნიანი მოამზადა, მაგრამ როდესაც ისევ შენიშნა, რომ თურმე წვნიანის სურვილზე მეტად მისი მომზადების პროცესი ხიბლავდა, რათა სოფლად დასადგურებულ ერთფეროვნებასა და სიცარიელეს შებრძოლებოდა, ოდნავ შეიშმუშნა და მძიმედ ამოისუნთქა. როგორც კი ისადილა, მოცვისფერ დივანზე მიწვა და მოაგონდა, ერთხელ, მეოთხე თუ მეხუთე კლასში ძალიან რომ მოშივდა, მაგრამ წასახემსებლად საჭმელი წამოღებული არ აღმოაჩნდა, რადგან მის ოჯახს იმხანად ფინანსურად საკმაოდ უჭირდა და ლაზარესაც ხშირად ვერ დაჰქონდა ხოლმე სკოლაში საკვები. სამაგიეროდ ვაშლი მშობლებს მისი ერთ-ერთი კლასელი გოგონასთვის გამოეტანებინათ, რომელიც ლაზარეს მოსწონდა კიდეც და ეპრანჭებოდა. ლიზიმ ჩანთიდან წითელი ვაშლი ამოაძვრინა, ნახევარი შეჭამა, ნახევარი კი საკლასო ოთახში მოისროლა და შემდეგ სათამაშოდ ეზოში ჩავარდა. ოთახში მარტო დარჩენილი ლაზარე ვაშლს მიუახლოვდა, დაიხარა, აიღო და სულმოუთქმელად გადასანსლა. ოდნავ დანაყრებულმა საოცარი უხერხულობა განიცადა და ბავშვობის სიყვარულს კიდევ დიდ ხანს ვერ უყურებდა ჟოლოსფერ თვალებში. მაშინ დაიფიცა, რომ გაიზრდებოდა და ბევრ ფულს იშოვნიდა, რათა არასდროს მოშივებოდა და აროდენ დარცხვენილიყო. დროგამოშვებით ლიზი მის მიმართ სითბოს იჩენდა, ყოველთვის უღიმოდა და ბავშვურად ეალერსებოდა, თუმცა, რატომღაც, ლაზარეს ეს აღიზიანებდა. მრავალი წლის განმავლობაში ვერ აეხსნა, რატომ ებუტებოდა უმწრმესს და მოსიყვარულე ლიზის, მაგრამ ახლა გაიაზრა, რომ ეს მიზნის ვერმიღწევისა და სურვილის ვერდაკმაყოფილების დაუოკებელი წყურვილი, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიზნის განხორციელებისა და გულის წადილის ასრულების ფობია იყო. ამის გაცნობიერებაში მისივე მოთხრობებისა და ლექსების სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნების ხანგრძლივი პროცესი დაეხმარა, როდესაც გამოქვეყნებამდე ხარობდა, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ−სიცარიელისა და სარტრიანული გულისრევის გაუსაძლისი შეგრძნებით იტანჯებოდა. ახლა ფიქრობდა, მაშინ ლიზის მიმართ მასაც რომ სითბო გამოეჩინა და კიდევ უფრო დაახლოებოდა, შეიძლება დღეს ისიც ვერ დაეწერა, რაც დაწერა, ისიც ვერ შეექმნა, რაც შექმნა. ახალბედა მწერალი ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა, რომ შესაკრებთა ადგილების შეცვლით ჯამი არ იცვლება. რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენივე სურვილების რეალიზებაზე დროის გარკვეულ მონაკვეთში უარი ვთქვათ, რათა ოდესღაც დაუკმაყოფილებელმა სურვილებმა დროის სხვა მონაკვეთში ამოხეთქოს და სახეცვლილად დაკმაყოფილდეს. რა თქმა უნდა, ჯამი არ იცვლება, მაგრამ შეიძლება ასეთმა აქტმა ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეპიზოდები რადიკალურად შეცვალოს. ამ ფიქრებით გათანგულს, ისევ ჩაეძინა და საღამოხანს გამოეღვიძა. ხელ-პირის დაბანისას, რატომღაც ვარჯიში, სუფთა ჰაერზე გასვლა და სირბილი მოეწადინა. მოემზადა, სპორტულ ტანისამოსში გამოეწყო და ოთახიდან გასვლისას თვალი თავისდაუნებურად ოთახის შუაგულში, მაგიდაზე მდგარი არყის ბოთლისკენ გაექცა, იქვე ელაგა ორი თუ სამი ღერი პაპიროსიც. მაგიდას მიუახლოვდა, ჯერ პაპიროსს მოუკიდა და ნაფაზი მოქაჩა, შემდეგ ჭიქა არაყი გადაქუხა და იქვე, სავარძელში ჩაესვენა. მიხვდა, რომ ვარჯიშის თავი აღარ ჰქონდა. YouTube-ში ჯგუფ ,, Muse“-ის ერთ-ერთი მისთვის უსაყვარლესი კომპოზიცია−,,Unintended“ ჩართო და მისი მელანქოლიური ჰანგებით თავადაც გამელანქოლიურდა. თან სოციალურ ქსელებში დაძრწოდა და არაფერს ათვალიერებდა, უბრალოდ, დაძრწოდა. გაორებულმა ნახევარი ბოთლი არაყი გამოცალა და დილამდე აღარც გაუღვიძნია. დილით ლაზარე ტელეფონის გამაყრუებელმა ზარმა მოაფხიზლა. ეს შალვა იყო, მისი ერთგული მეგობარი, რომელმაც ფილოსოფიური დაამთავრა, მაგრამ სულ არ ეფილოსოფოსებოდა, ისედაც ბედნიერად ცხოვრობდა. −როგორ ისვენებ, პატივცემულო?−გაისმა შალვას უჩვეულებრივესი ხმა. −ეეხ, საკუთარი თავის უპატივცემულოდ, შალვინიო,−დაუბრუნა ლაზარემ და ნაძალადევად გაიღიმა. −ალბათ ხოშიანად ლოთაობ,−ამოიცნო მეგობარმა. −კი, მაგრამ ასეთი განზრახვა არ მქონია. ლოთაობას ქალაქშიც არავინ მიშლიდა, უბრალოდ, მეგონა, რომ სოფელი მომნატრებოდა, მაგრამ როგორც კი ამოვედი, ეგრევე ვიგრძენი, რომ არაფერიც არ მომნატრებია. −ჰო, მესმის, მეც დამმართნია ეგეთები. იდენტურობის დისოციაციური აშლილობის ჩანასახი თითოეულ ჩვენგანში ბუდობს. ხომ არ გინდა, რომ ამოგაკითხო და ერთად ვილოთაოთ?−იკითხა შალვამ. −კი ბატონო, მე აქ ერთი-ორ დღეს კიდევ შევყოვნდები და რატომაც არა, ამოდი, ვილოთაოთ. მეგობრები ერთმანეთს დაემშვიდობნენ. ლაზარემაც საწოლში ნებივრობა უხამუშოდ განაგრძო.   ... დილით შალვა დედამ მისი დანაბარებისამებრ გააღვიძა და გააფრთხილა, სოფელში მიმავალმა ავტობუსმა არ გაგასწროს, თორემ მერე ლოდინი საათობით მოგიწევსო. ასევე აცნობა, ყავა მომზადებულია და სადგურამდე მამაშენი მიგიყვანსო, რაზეც არშემდგარმა ფილოსოფოსმა, რომელიც მაღალი, წელში ოდნავ მოხრილი, მომხიბლავი და საკმაოდ ქარიზმატული ახალგაზრდა იყო, უარი განაცხადა, მირჩევნია, მარტო გავემგზავროო. საწოლიდან როგორც კი ადგა ყავა მიირთვა, პირზე ცივი წყალი მიისხა, ერთი დღის გაუპარსავი წვერი მაინც გაიპარსა, ცოტაც წაივარჯიშა და სადგურისკენ გაემართა. სანამ მგზავრთა სატრანსპორტო მოსაცდელამდე მივიდოდა, ქუჩის გადმოკვეთა მოუწია და ცოტაც შეყოვნება, რადგან შუქნიშანი მწვანეზე გადართვას იგვიანებდა. მასთან ერთად სამი ყმაწვილი იდგა, რომელთაგან ერთ-ერთი, შუათანა, საკმაოდ ხორცსავსე იყო და დაუოკებელი მოუთმენლობაც შესჩენოდა−მას ქუჩის გადაკვეთა დროზე ადრე ეწადა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მეგობრებმა არ დაანებეს. მოსაცდელში მივიდა და დაინახა, ორმაცდაათს გადაცილებულმა მამაკაცმა, ოთხმოცს მიტანებული დედა ხელიხელჩაკიდებული რომ მოაცილა. ამის შემხედვარე შალვამ გუმანით სცადა ამოცნობა, ალბათ საავადმყოფოში ჰყავდაო და ასეთმა სცენამ სასიამოვნო განცდები შეჰმატა. როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსიც ჩამოდგა და ახალგაზრდა სადგურისკენ გააქანა. იმ დილით სატრანსპორტო საშუალებების ინტენსიური მოძრაობა არ შეიმჩნეოდა. რამდენიმე წუთში სოფლის ავტობუსი არშემდგარ ფილოსოფოსს ლაზარეს აგარაკისკენ მიაჩაქჩაქებდა და ფანჯრიდან თავგადაყოფილს, სახეს ცივი ჰაერი უსუსხავდა, რაც საკმაოდ სიამოვნებდა. ტრანსპორტის მაძრაობით გართული იგონებდა, ერთხელ, სოფელში დასვენებისას მამაპაპისეულ სახლში მერცხლების ბუდე რომ შენიშნა, რომელიც მეორე დღეს ადგილზე აღარ დახვედრია. მაშინ ძალიან დასევდიანდა და როცა ამ დანაშაულის მისი ძმისგან ჩადენის ამბავი შეიტყო, კინაღამ კაენისეული ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ თავი შეიკავა, აქაოდა, მაინც ძმააო. შემდეგ კი საკუთარ თავს პირველად ჰკითხა: ,,ნუთუ, ოდესღაც მეც ამ ბუდესავით გავქრები“? და შალვა უმალვე მსუბუქისკენ გადახრილმა მელანქოლიამ წარიტაცა. გონებაში, თავისთვის ლაზარეს ერთ-ერთ მოთხრობაზე დაიწყო მსჯელობა და შენიშნა, რომ მწერალს ბალინტის სინდრომი არ უნდა სტანჯავდეს, თუმცა მეგობარი ჯერ ახალბედაა, ასაკის მატებასთან ერთად დაბრძენდება და მის ნაწერებსაც გაცნობიერების კვალი უფრო დაეტყობაო−დაასკვნა და აწითლებულ-აცივებული სახე ფანჯრიდან შემოჰყო. არშემდგარ ფილოსოფოსს გაახსენდა, ერთ წვიმიან დღეს ლაზარესთან ერთად საერთო მეგობრის ბებიის სამძიმარზე, სადღაც მიკარგულ სოფელში თუ ნახევრად სოფელში ავტობუსით რომ აჩაქჩაქდნენ და ,,Besame Mucho“-ს გულისამაჩქარებელი ჰანგები მსუბუქად რომ ათრთოლებდა, მაგრამ მეგობარი გაყინული იჯდა, თითქოს, ამ რომანტიკულ გარემოს ვერც კი განიცდიდა, თითქოს, არც იყო იქ და სადღაც სხვაგან გადახიზნულიყო. მაშინ ლაზარემ ჰკითხა, ასეთ რომანტიკულ გარემოში რატომ არაფერს ვგრძნობ, თანაც მე ხომ მწერალი გახლავარო, ხოლო მან მიუგო, მწერალი რომ ხარ, სწორედ იმიტომ შემოგეძარცვა განიცდებიო. როგორც იქნა, ავტობუსმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწია და ორიოდე წუთში შალვა მეგობრის აგარაკის ანჯამებდაჟანგებულ ჭიშკარს მიადგა. არც წვიმდა, არც თოვდა, არც მზე აცხუნებდა, არც ქარი ჰქროდა, რაღაცნაირი ამინდი იყოს, სიქას რომ გამოგაცლის და ცხოვრების ხალისს წაგართმევს, თუმცა ნამგზავრ სტუმარს, რამდენიმე საათის განმავლობაში ერთ სივრცეში მყოფს და გაუხარჯავი ენერგიით აღსავსეს, მისივე აზრით ამ უხამუშო ამინდის მომაკვდინებელი ზეწოლის გადალახვა არ უნდა გაჭირვებოდა, ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ეგონა. ავტობუსის ძრავის გუგუნის ხმაზე ლაზარე უკვე ეზოში გამოსულიყო და მეგობარს სახლის შესასვლელთან ელოდებოდა. ამასობაში შალვამ ჭიშკარიც გააღო და მის წინ ატუზული, ჯიბეებშიხელჩაწყობილი ლაზარეც დაინახა. მეგობრები ერთმანეთს ჩვეული გულმოდგინებით გადაეხვივნენ და ხელიხელგადახვეულებმა სახლისაკენ გასწიეს. როდესაც ადამიანი მართლაც ჩვენია, ჩვენი სულის ნაწილია, მასთან ურთიერთობისას უხერხულობის განცდა არასდროს გვეუფლება: არც მისალმებისას, არც გადახვევნისას, არც ქეიფისას, არც ღრმა და ფილოსოფიურ საკითხებზე მსჯელობისას. ლაზარე და შალვაც სწორედ ასეთი მეგობრები იყვნენ, მათ შორის, ისევე როგორც დიდიხნის ცოლ-ქმრის შემთხვევაში, ყოველგვარი უხერხულობა გამქრალიყო. შალვამ შეამჩნია მეგობრის გამოღამებული, ნალოთავებ-ნაბახუსევი თვალების მოღალულობა და გაეხუმრა კიდეც, კოსმოსში ალკოჰოლი რომ გამოილიოს, შენ მაინც იშოვი და ლოთობას არ მოიშლიო. საპასუხოდ ლაზარემ მიუგო, რომ არ აპირებდა გაზულუქებულ ჭიებს საღ-სალამათი ჩაბარებოდა. შალვას ეგონა ლაზარე მხოლოდ ერთი კვირით გაემგზავრა დასასვენებლად, თუმცა როგორც უკვე გითხარით, მეგობარი გადაღლილი ეჩვენა, ის ომგამოვლილს უფრო მიაგავდა, ვიდრე დასვენებულსა და დამშვიდებულს. შალვას ყოველთვის მიაჩნდა, რომ აგარაკზე, ან მსგავს სივრცეში დასასვენებლად გამგზავრებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი და დადებით შედეგსაც მხოლოდ მაშინ გამოიღებს, როდესაც ამას ფიზიკური შრომით გადაქანცული ადამიანი აკეთებს, ხოლო ლაზარე აგარაკზე ქრონიკული გადაღლილობის დასაძლევად კი არ გამგზავრებულა, არამედ ერთფეროვნების შეგრძნების გამძაფრების მოსაშთობად. ასეთ შემთხვევაში ზოგი ლუდომანიით ავადდება, ზოგი მეუღლეს ან მეგობრებს ეკაპასება და ზოგიც ნარკომანდება ან ლოთდება ხოლმე, ლაზარემ კი სულ სხვა გზა აირჩია. ახალგამოჩეკილმა მწერალმა განმარტოვებულად ლოთობა თავისავე ალკოჰოლით ეკლისგვირგვინდადგმული ალტერ ეგოს მოსანატრებლად გადაწყვიტა, რომ მისით ჯერ ხელახლა აღფრთოვანებულიყო, ხოლო შემდეგ მონატრებოდა−დაასკვნა შალვამ და ესიამოვნა, რომ ადამიანის ფსიქოლოგიას ასე საფუძვლიანად იცნობდა. არშემდგარ ფილოსოფოსს ბოლომდე ვერ გამოერკვია, ადამიანებს რატომ სურთ ხოლმე, რომ თანაადამიანებს ან საკუთარ თავს თავი აღაფრთოვანებინონ, ეს ხომ უბრალოდ, ერთი წერტილის ირგვლივ ტრიალია, აქ ხომ არაფერია რომანტიკული, მაგრამ ზოგიერთისთვის, როგორც ჩანს ყოფილა კიდეც. ლაზარეს მეგობარს ახსენდებოდა, ღრმა ბავშვობაში, ზაფხულობით დედაქალაქიდან დროგამოშვებით ერთი ოჯახი რომ ჩამოდიოდა−ცოლ-ქმარი და და-ძმა. პატარა თეო ულამაზესი იყო და შალვას ეპრანჭებოდა, მაგრამ რაც მეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ თეო, მით უფრო იფერებდა გაამპარტავნებული შალვა და ნარნარა სტუმრის ეზოში სათამაშოდ გამოსვლისას სახლიდან ცხვირს შეგნებულად არ ჰყოფდა, რადგან უზომოდ სიამოვნებდა იმის შეგრძნება, რომ ენატრებოდა თეოს. ხოლო ზოგჯერ, როცა ეზოში გავიდოდა და თავის პირველი არშიყობის ობიექტს მიუახლოვდებოდა, გამალებული გულისცემის დაცხრობის შემდეგ, როგორი სიცარიელის განცდა ეუფლებოდა ხოლმე ცხოვრებაში ჯერკიდევ ვერგარკვეულ ბიჭუნას. ამბობენ, ადამიანი უნებლიედ, უგუნურობით იმრუდებს ცხოვრებასო, თუმცა რაც წლები გადიოდა, შალვა აცნობიერებდა ადამიანის ბნელი მიდრეკილებებისა და გამრუდებული ფსიქიკის თანდაყოლილობის შემზარავ ფენომენს და მათი გასწორების გზებსაც ეძიებდა. ის ხვდებოდა, რომ ადამიანის ზნე დროთა განმავლობაში კი არ იბრიცება, არამედ ტანჯვა-წამება თავიდანვე ძალიან ძალიან სიამოვნებს, ამიტომ ქვეცნობიერში ჯვარცმასაც გამუდმებით და გამიზნულად ესწრაფვის, ანუ ესწრაფვის განდიდებას და სურს, რომ ყველას ენატრებოდეს, ყველა შეჰნატროდეს. რამდენიმე წუთში მეგობრები მისაღები ოთახის შუაგულში მდგარ მაგიდას შემოსხდომოდნენ და ერთმანეთს კითხულობდნენ. ლაზარემ შალვას შემწვარი კვერცხი შესთავაზა, თუმცა შალვამ შეთავაზებაზე უარი უთხრა და ყავა მოინდომა. ცოტა ხანში ვარდისფერი ორხავებით გაწყობილ ოთახს კარგად ჩახარშული ყავის სუნი მოედო. −ჰაა, მოყევი, როგორ იმგზავრე?−ჰკითხა ლაზარემ. −კარგად, ზოგადად, კარგად ვმგზავრობ ხოლმე და ცუდად არასდროს ვარ, თუ რაღაც ტრაგიკული არ მოხდა, რომელიც შემძრავს. −რა თქმა უნდა კარგად იქნები, დალევა დიდად არ გიყვარს, პაპიროსს არ ეწევი და სამსახურებრივი სტრესი შენ არ გაწუხებს, ჰოდა, ას წლიანი ხარ, ჩემო ძმაო. −მართალიც ხარ და გეტყვი, რომ ასე თავს მშვენივრად ვგრძნობ. დილით ვიღვიძებ, ყავას ვსვამ, ცოტახანს წიგნს ვკითხულობ, მერე ვსეირნობ, მერე კომპიუტერთან ვზივარ და ამსობაში კი ღამდება,−ლაღად მიუგო შალვამ. −ერთი მაცოდინა, პირველი წიგნი ვინ დაწერა და რომ არა ის დალოცვილი, ჩვენნაირ უსაქმურებს რა ეშველებოდათ,−იხუმრა ლაზარემ. −ჰო, მაგაზე მეც მიფიქრია. მაგ პირველი წიგნის ასლია დანარჩენი წიგნები, მაგრამ რისი ასლია თავად ის პირველი წიგნი? −რა ვიცი, ჩემო შალვინიო, ფილოსოფოსი შენ ხარ და მასეთი საკითხები შენ უფრო უნდა გიტაცებდეს, მე კი დიდი სიამოვნებით მოგისმენ. ისე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყავას არყის მაგივრად სვამ, ანუ იმის თქმა მინდა, რომ გინდა არაყს უყლუწუნებდე, მაგრამ ჯანმრთელობას უფრთხილდები,−მოულოდნელად სულ სხვა საკითხზე გადაერთო ლაზარე. −დავიწყოთ პირველი საკითხით,−აღმოხვდა შალვას და სკამის საზურგეს გადააწვა. თუ ვივარაუდებთ, რომ პირველი წიგნი რომელიღაც რეალური ამბის ხორცშესხმაა, მაშინ გამოდის, რომ ის გამოცდილებამ შექმნა, მაგრამ თუ ვივარაუდებთ, რომ წიგნი გასხივოსნების შედეგია, ანუ ნააზრევი წიგნად მანამ იქცა, სანამ დროსა და სივრცეში პირველი მწერლისთვის რაიმე ამბავი გახდებოდა ცნობილი, მაშინ ზეგონის არსებობამდე მივდივართ, ანუ უზენაესის ჩვენში გაცხადებამდე. თუმცაღა, მე მაინც უფრო პირველი ვერსიის მჯერა. რაც შეეხება ჩემს თავშეკავებულობას, კი, უმეტესწილად ასკეტი ვარ და ეს მსიამოვნებს კიდევ, მავსებს და სიცოცხლისუნარიანობას მმატებს. −გასაგებია და შენი პასუხები ნამდვილად შთამბეჭდავია, ამომწურავია, მაგრამ შეიძლება არ დაგეთანხმო კიდეც, თუმცა ახლა მაგის თავი არ მაქვს,−დასძინა ლაზარემ. −რისი თავი არ გაქვს, რომ არ დამეთანხმო?−გაიკვირვა შალვამ. ხო,−დაუბრუნა მეგობარმა და ისევ გაიღიმა. მერე არაყი ჩამოისხა, მათი ძმობა ადღეგრძელა და შეჰპირდა, ცოტა დაისვენე და მოვიფიქრებთ რითი გავერთოთო. შუადღე ახალგადასული იქნებოდა, სულმოყირჭებულ შალვას ძველი სახლის ერთ-ერთ კარგა ხნის დიასახლისისხელშეუვლებელ საძინებელ ოთახში რომ გამოეღვიძა და იგრძნო, სხეული შიგნიდან როგორ უხურდა, ხოლო ქუთუთოები ისე დამძიმებოდა, თითქოს, მათზე დედამიწა დაუკიდავთო. იმ წუთებში რაზეც ოცნებობდა, სიგრილე იყო და ამ ოცნებამ გრილ ტყეში გასეირნების გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. ადგა, სააბაზანოში გავიდა, პირზე ცივი წყალი მიისხა და ლაზარეს დაუწყო ძებნა, მაგრამ მეგობარი მისაღებ ოთახში არ დახვდა. შალვა გარეთ გამოვიდა და ეზოში მოსეირნე მასპინძელიც შენიშნა, შესძახა, მოდი, ყავა დავლიოთ და მოვილაპარაკოთ, რა გავაკეთოთო. ლაზარე სტუმარს შორიდან მიესალმა, მერე მიუახლოვდა, ხელი ჩამოართვა და სახლში კიდევ ერთხელ, მექანიკური მოძრაობებით შეიპატიჟა. მეგობრებმა ყავა მიირთვეს და ახალბედა მწერალმა ახალჩამოსულ ფილოსოფოსს სათევზაოდ წასვლა შესთავაზა, რაზეც მან უარი მიიღო და მეგობარს სთხოვა, მოდი, უბრალოდ, ტყეში გავისეირნოთო. ლაზარემ რა გაეწყობა, კარგიო და სტუმარ-მასპინძელი ტყეში გასასეირნებლად მოემზადა. და კვლავაც, მარტიანული, უცნაური ამინდი გაკეკლუცებულიყო. მზე იყო და თან არ იყო, ცხელოდა და თან არ ცხელოდა, ციოდა და თან არ ციოდა, გარემო თითქოს მზესა და უმზეობას, სიცხესა და სიცივეს შორის გაბლანდულიყო, თითქოს არც აქეთ იყო და არც იქით. მეგობრები მთის ფერდობს მიუახლოვდნენ და რამდენიმე წუთში მწვანე სივრცეზე შეფენილ ტყის პირს მიადგნენ, რომელსაც მზე საკმაოდ ომახიანად აჭერდა. ტყისეული სიგრილე მათ კიდევ უფრო იტაცებდა და შვებას ჰპირდებოდა. ლაზარე და შალვა ტყეში შევიდნენ. გარემო ლაფანით, ტირიფით, წყავითა და შქერით იყო დაფარული. შალვას წყავის დანახვა გაუხარდა, იფიქრა, პირს გავისველებო და სულ დაავიწყდა, რომ მისი ნაყოფი პირიქით, ისედაც გამშრალ პირს კიდევ უფრო მეტად ამოუშრობდა. ირგვლივ მთის მწყერჩიტების სტვენა გაისმოდა, რაც ცივილიზაციას მოწყვეტილ მეგობრებს სასიამოვნო შეგრძნებას ჰგვრიდა, ახვედრებდა რა, რომ ისინი მარტონი არ არიან, თუმცა ამას ლაზარე ვერ აცნობიერებდა, შალვა კი იაზრებდა, რატომ სიამოვნებდა ჩიტების სტვენა. შალვამ იცოდა, რომ მასთან შედარებით ლაზარეს თავისი სოფლის ყოველი კუთხე-კუნჭული კარგად ჰქონდა შესწავლილი და ეს გარემოება არ მოსწონდა, რადგან ტყიდან ვერდაბრუნების ძრწოლას უქარვებდა, რაც მის ამ გასეირნებას აუფერულებდა და უხამუშოს ხდიდა. ნაბახუსებ ლაზარეს უსწორმასწორო რელიეფზე სიარული სიამოვნებდა, რადგან ოფლს წყალივით ღვრიდა, ხოლო ამ წყალივით დაღვრილ სიცოცხლეს სასიკვდილო შხამებიც თან მოჰყვებოდა მომდევნო სიცოცხლის საშობად, რაც ყოველთვის სასიამოვნო პროცესია. ხეტიალხეტიალში სტუმარ-მასპინძელმა მოიწყინა და სტუმარმა მასპინძელს სთხოვა, მოდი, სახლში დავბრუნდეთო. ლაზარემაც კარგიო და ამჯერად გზას სოფლისკენ გამოუყვნენ. ტყის შუაგულს იქნებოდნენ მიღწეულნი, როდესაც რკინის ხაფანგში გაბმული თეთრი მგელი შენიშნეს, მიწაზე უძრავად გართხმული. მეგობრები ძალაგამოცლილ მგელს მიუახლოვდნენ. ის უკვე ვეღარც იღრინებოდა. ლაზარემ დავიხსნათ, ძუ მგელია და იქნებ ლეკვები ჰყავს გამოსაკვებიო, მაგრამ შალვამ მიუგო, მგელი მტაცებელია და ის შინაური ცხოველების მტერია, ესე იგი, სოფლის მოსახლეობის მტერიცააო. ამიტომ აჯობებს, ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არისო. ამის პასუხად ლაზარემ მსუბუქად გაკიცხა, ბუნების მიზნებში უმოქმედობით ხელების ფათური ვერაა კარგი საქმე და თუკი მგელი შინაური ცხოველების მტერია, ამასთანავე ტყის სანიტარიცაა და სუფთა გარემოს შენარჩუნების თვალსაზრისით ფრიად მნიშვნელოვანი მისია ეკისრებაო. მოკლედ, ლაზარე ასეთი შემართებით ლაპარაკობდა, თუმცა შინაგანად სულ არ ჰქონდა იმის თავი, რომ ხაფანგში გახლართული მგელი გამოეხსნა, რაც შალვამ იგრძნო და იქაურობას უხმოდ გაეცალა, იცოდა რა, რომ მეგობარიც უკან გამოყვებოდა და მგლის განთავისუფლებას ჯიუტად არ დაიჩემებდა. საღამოს 7 საათისთვის მოსავათებული სტუმარ-მასპინძელი სოფელში დაბრუნდა. შალვა ფიქრობდა, როდესაც ქალაქიდან აქ ჩამოვედი, როგორ მკვეთრად შევიგრძნე სუფთა ჰაერი, მაგრამ სოფლიდან ტყეში გადასვლისას, ვერც დიდად ვერაფერი ვიგრძენი, რადგან ტყე ლაზარეს აგარაკიდან არც ისე შორს მდებარეობსო. წარმოიდგენდა, ქალაქიდან პირდაპირ ტყეში რომ ამოეყო თავი, რამდენად დიდ სხვაობას აღმოაჩენდა ქალაქისა და ტყის კლიმატებს შორის. ტყეში გასეირნებამ და ტყისეული სისუფთავით აღსავსე ჰაერის ჩასუნთქვამ ლაზარესაც განსაკუთრებული ემოციები მოჰგვარა და წარსულში ამოგზაურა, გაახსენა იანვრის სუსხიან შეღამებებს ზღვისპირას რომ ატარებდა, სანაპიროზე დაეხეტებოდა და იოდნაზავ, ცივ, ზღვის ამონასუნთქისდარ ჰაერს სიამით აკოკლოზინებდა. მაშინ ის ბევრს წერდა და მისი ტვინიც მოითხოვდა იოდიზირებულ ჰაერს, მაგრამ ამის შესახებ არ იცოდა. რაღაც იზიდავდა სანაპიროსკენ, თუმცა რა, ვერ გამოერკვია. რა ლამაზი იყო ლამპიონების ნარინჯისფერ გამონათებაში ნაზავი ცივი ნისლი, რომელიც მშვიდ და ამავდროულად, საკმაოდ მისტიკურ გარემოს ჰქმნიდა. ლაზარეს ამ გარემოში მუზები არასდროს მოსვლია, რადგან მისი ქვეცნობიერი იჩემებდა, რომ აქ შესაქმნელად კი არა, დასასვენებლად, მდუმარებასთან შესარწყმელად მოდიოდა. როდესაც მეგობრებმა სახლში შეაბიჯეს, საკმაოდ დაღლილები იყვნენ და მოთენთილობის მოსახსნელად ყავის დალევა გადაწყვიტეს. −იცი, ჩემო ძმაო, მიუხედავად იმისა, რომ ორი დღის ჩამოსულიც არ ვარ, ხვალ დილით აქედან უნდა გავქუსლო, აქ საკმაოდ მომაბეზრებელი გარემოა,−შესჩივლა შალვამ მეგობარს და ყავა მოსვა, თუმცა არ ესიამოვნა, რადგან შაქარი აკლდა, მეორეს მხრივ, შაქარს ყოველთვის ერიდებოდა და ყავის დალევისგანაც სრულყოფილ სიამოვნებას თითქმის ვერასდროს იღებდა. −ეგ შენი ნებაა, ძმობილო, როცა მოისურვებ, მაშინ წადი,−მიუგო ლაზარემ და ცხვირი საჩვენებელი თითით მექანიკურად მოიქავა, თუმცა სულაც არ ექავებოდა. −ქალაქშიც არ დამხვდება დიდი მეფური ცხოვრება, მაგრამ დალაგებული საარსებო გრაფიკის პირობებში ცხოვრება გაცილებით იოლია. ქალაქში სივრცე დროის მიხედვით მაქვს დანაწილებული და ყველაფერი სწრაფად ხდება, ელვის სისწრაფით ღამდება და ამავე სისწრაფით თენდება. ჰო, მართლა, ჩემი აზრით, ამ აგარაკს ცოტა ხელი უნდა შეავლო, გაარემონტო და გააქირავო, ისე როგორც შენი მშობლების დანატოვარი სამოთახიანი სახლი გააქირავე. მახსოვს, მაშინ მე დაგეხმარე იმ მეტად შელახული სახლის გარემონტებაში. −გასაგებია, მაგრამ თუ მაგ მოცემულობას დიდ სურათში დაინახავ, აღმოაჩენ, რომ უზომოდ მოსაბეზრებელია. რაც შეეხება აგარაკის გაქირავებას, არაა ცუდი იდეა, თუმცა მეზარება ამ მიწიერ ამბებში გახლართვა,−ლაზარემ მეგობარს გაუღიმა. მიმოათვალიერა რა მაგიდა, ცარიელი, შუშისფერი გრაფინი შენიშნა, წამოდგა, ონკანთან მივიდა, თანაც არყის ბოთლიც მიიტანა, ერთი ჭიქა წყლით აავსო, მეორე ჭიქაში არაყი ჩაისხა და გადაქუხა, შემდეგ წყალიც დააყოლა. −ასე გულს გაიფუჭებ, არაყს წყალი არ უნდა დააყოლო,−გააფრთხილა მეგობარი შალვამ. −გულს არაყი და წყალი კი არ აფუჭებს, არამედ უარაყობის სევდა,−ისევ გაუღიმა ამჯერად სისხლძარღვებგაფართოებულმა ლაზარემ და სთხოვა, ძალიან დავიღალე, წავალ, დავიძინებო. იმ ღამით ლაზარეს დიდხანს არ დაეძინა, თანაც კამიუს "უცხოს" უკვე მერამდენედ კითხულობდა, თავის ყველაზე საყვარელ ნაწარმოებს, რადგან რატომღაც მიიჩნია, რომ საზოგადოებისთვის თავადაც უცხო იყო, ისევე როგორც ფრანგი ნობელიანტის შესანიშნავი ნაწარმოების მთავარი გმირი იმჟამინდელი ფრანგული საზოგადოებისთვის. ახალგამოჩეკილ მწერალს იმაზე სათანადოდ აღარ უფიქრია, რომ გულის სიღრმეში მეგობრის ქალაქში გამგზავრების ამბავი აღელვებდა, განშორება ხომ მეტნაკლებად ყოველთვის მტკივნეულია. რაღაც მსგავსს შეიგრძნობდა, ბოლომდე გაცნობიერება კი ეზარებოდა. შემდეგ წიგნის კითხვა მობეზრდა და გვერდზე გადადო, ხოლო ფიქრი აწ გარდაცვლილ მშობლებზე განაგრძო. მას თითქმის არ ახსენდებოდა, რომ მშობლებს სასეირნოდ წაეყვანათ და არც ის აგონდებოდა, დედ-მამა ერთმანეთს მიფერებოდნენ, ან ერთმანეთისთვის გულიანად გაეღიმათ. ისინი მხოლოდ მაშინ ლაპარაკობოდნენ, როდესაც ამას აუცილებლობა მოითხოვდა, ისიც რამდენიმე წუთით ერთ სივრცეში ერთად ყოფნისას, მაგალითად, სადილობისას და უმეტესწილად, მათი ასეთი ურთიერთობებიც მშრალი და ზედაპირული იყო. როგორც იქნა ლაზარეს ჩაეძინა და ძალიან, ძალინ უცნაური სიზმარიც ესიზმრა, რომლის ახსნასაც სცადა, მაგრამ იმხანად ვერ შეძლო, სამწუხაროდ ის მეფე ნაბუქოდონოსორიც არ გახლდათ, რომ საკუთარი მჩხიბავი−დანიელი ჰყოლოდა. მას ესიზმრა, უსიერ ტყეში, სადაც მზე თითქმის ვერ აღწევდა, მზისფერ მანტიამოსხმული, ფრთაქორფა სითეთრე როგორ მისდევდა ბალოტიფერ მანტიამოსხმულ, ჯმუხ სიშავეს, ამარტისფერი თვალებით სივრცეში გამოკვეთილს. სითეთრე ხეებს ნისლივით ეხვეოდა და ასე ლახავდა მანძილს სიშავემდე, მაგრამ როდესაც საბოლოოდ მიუახლოვდა და თავისკენ შემოაბრუნა, მის გაოცებას საზღვარი აღარ ჰქონდა−მან ამარტისთვალება სიშავეში საკუთარი აზიზი მზერა ამოიცნო. შემდეგ ისინი ერთმანეთს შეერწყნენ და თაგვისფერ მანტიაში გამოწყობილნი, ერთ სულ და ერთ ხორც ქცეულნი, სამყაროს მიღმა მდებარე ტახტზე დაბრძანდნენ. მეგობრისგან განსხვავებით, შალვას ტკბილად ეძინა და ერთი სული ჰქონდა, როდის გათენდებოდა, რათა ქალაქში დაბრუნებულიყო. მას გაუჭირდა ჩვეული გრაფიკის დარღვევით ცხოვრება და ერთი-ორი კვირით სოფლად დარჩენა არც კი გარისკა, ჩვეული ცხოვრების წესის დარღვევით მოგვრილი მჭმუნვარების დაძლევა არც კი სცადა, რომ ცოტათი ხასიათი გაექვითკირებინა. მეტიც, მას ამ საკითხზე საერთოდ არ უფიქრია. არშემდგარმა ფილოსოფოსმა ძალიან კარგად იცოდა ნიცშეს მფრინავი ფრაზის−,,ის რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს" არსი, მაგრამ მას ცხოვრება იმდენად საათივით ჰქონდა აწყობილი, რომ ეს ყველაფერი არ სჭირდებოდა. მას უიშვიათესად მოეწადინებოდა ომში მყოფისეულის ძრწოლა და ადრენალინის განსაცდელად ნახევრად სახიფათო ვითარებებში აღმოჩენის დიდოსტატიც იყო. შალვას დილით საწოლში გვიანობამდე ნებივრობა უყვარდა, თუმცა რატომღაც იმ დილით ადრე გაეღვიძა და საწოლიდან ადგომაც არ დაეზარა. სახეზე სოფლის კამკამა და ცივი წყალი მიისხა, ხოლო ყავის დალევა არ გახსენებია, ისე გასწია სასეირნოდ. ატალახებული, სოფლისმიერი სიმწვანე დილის ნისლში გატრუნულიყო და დაცვარულიყო. სტუმარი უმისამართოდ მიუყვებოდა ვიწრო-ვიწრო გზებს, დაწნულისდაგვარ შუკებს და დაცარიელებულ სახლებს ათვალიერებდა. ,,ალბათ სოფლად დარჩენა არავინ ისურვა და აქაურობაც გაუკაცრიელდა, მაგრამ საკითხავია, რამ აიძულა მოსახლეობა საკუთარი სახლ-კარი მიეტოვებინა? სავარაუდოდ, სოფლისადმი ხელისუფლების უდიერმა დამოკიდებულებამ, მაძღარი, წელშიგამართული და შესაბამისად, უმართავი გლეხი ხომ არავის აწყობს"−თავისთვის ფილოსოფოსობდა და ახალგამოღვიძებულს სიცივისგან ტანში სასიამოვნოდ ტეხდა. უკვე თენდებოდა და არაფერი იცვლებოდა, უბრალოდ, დედამიწა მზეს ადგილენაცვლებოდა, რასაც ჩვენ გათენება და დაღამება დავარქვით. სახლში დაბრუნების ჟამს, ლაზარე გაღვიძებული დახვდა. ის მაგიდას მისჯდომოდა და ყავას მიირთმევდა, რომელიც მეგობრისთვისაც მოემზადებინა. შალვამ ცივ ყავას არ ვსვამ ხოლმე, ზოგადად, ყავას იშვიათად ვსვამ და ვერ გამიგია, ამ სითხეს კაცობრიობა ასე ხარბად რატომ ეტანებაო. ამის პასუხად ლაზარემ მიუგო, შენ წარმოდგენა არ გაქვს, რამდენად დიდი ნეტარებაა დილის ყავასთან ორ ღერ პაპიროსს რომ გააბოლებ, შენ რა იცი ცხოვრების გემოო. −მოდი, ერთ რამეს გკითხავ,−წამოიწყო ენერგიით აღსავსე შალვამ,−ყოველჯერზე, მოწევის შემდეგ, თვალებში რაღაცნაირ სიმძიმეს არ გრძნობ? -რა თქმა უნდა ვგრძნობ და ისიც ფაქტია, რომ პაპიროსის მოწევას ოდნავი თავის ტკივილი ყოველთვის ახლავს, მაგრამ ეს იმ სიამოვნებად ღირს, ნაფაზით ყელის ჩაკოკლოზინებას რომ მოჰყვება ხოლმე,−პროფესორივით განუმარტა ლაზარემ. −იცი, რას გეტყვი? მგონია, პირველი სუბსტანცია, რომლისგანაც ყველაფერი დაიწყო, ანუ აბსოლუტი, სავარაუდოდ, შენნაირი ჯიუტი იყო,−კვლავ წაიფილოსოფოსა შალვამ და მეგობარს მეგობრულად გაუღიმა. −მგონია გავიგე, რაც მითხარი, ანუ ის, რომ ღმერთიც ჩემნაირი ჯიუტი იყო. −და უცოლო,−კვლავ იხუმრა შალვამ, შემდეგ კი განაგრძო,−მოკლედ, ჩემო ძმაო, უნდა დაგტოვო, არც ენქიდუს როლი მინდა ვიკისრო და ქალაქში წაგაპორწიალო. დარჩი აქ და დატკბი ამაოებით. −სტუმრობით ძაან გამახარე, მერე რაა, რომ ორ დღეზე მეტი არ გაჩერდი, რაღაცნაირად, ის ჩანასახობრივი მარტოობის განცდა მომიკალი, რომელიც მეპარებოდა. მალე მეც დავბრუნდები და ლუდზე გავიდეთ, შალვინიო,−მიუგო ლაზარემ მეგობარს, წამოდგა და მის გასაცილებლად მოემზადა. ერთ საათში შალვა ჟანგმოდებულ ავტობუსში იჯდა და ქალაქისკენ მიიზლაზნებოდა. თითქოს, მარტი გაშუადღებულიყო და შვილების მიერ მოძულებულ მამასავით გასევდიანებულიყო, მაგრამ ამას ამჩატებული და გამხიარულებული, არშემდგარი ფილოსოფოსი სულ არ განიცდიდა. ... შალვამ სოფელი როგორც კი დატოვა, ლაზარემ უმალვე დაიძინა. დაახლოებით ორ საათში გამოიღვიძა და საშინელი უძალობა იგრძნო, თუმცა რამდენიმე წუთში გაიაზრა, რომ ეს ცრუშეგრძნება იყო და რამდენიმე წამში ზღვა ენერგიის ნაკადის მოზღვავებამ შეაზანზარა, რომელიც ,,კალაშნიკოვის“ ტყვიასავით დაცოცავდა მის პატარა სხეულში. ხელ-პირი ცივი წყლით დაიბანა, წვერი გაიპარსა, ყავა დალია და სავარჯიშოდ გასწია. ტყისკენ მიმავალ აღმართს ჯერ ძუნძულით აუყვა და ნელ-ნელა ნაბიჯებს აუჩქარა. ძალიან ესიამოვნა, უეცრად, ტანში რომ შეახურა, შემდეგ კი ოფლად ქცეული სიმხურვალე მისი არც თუ ისე ათლეტური სხეულიდან ადიდებული მდინარესავით რომ გადმოიღვარა. საფეთქლებში უხილავი ჭანგები აღარ უჭერდა, ამჩატდა და ერთადერთი, რაზეც ოცნებობდა, ცხელი აბაზანის მიღება იყო. სახლში მიღწევისთანავე ორი ჭიქა წყალი დალია და სააბაზანოსკენ გასწია. ორიოდე წუთში მისი ამჩატებული სხეული ცხელმა წყალმა სულ მოადუნა, გამოაცარიელე, მაგრამ დროებით, ცხელი წყლის ცივით შეცვლამდე და მერე საკუთარი გულის ბაგაბუგმა ოდნავ შეაშინა კიდეც. ახლა ლაზარეს დალევა მოუნდა. ორი ჭიქა არაყი გადაჰკრა. თვალი დივანზე დადებულ წიგნს, ,,ქალთა ბედნიერებას" მოჰკრა და ფეისბუკში შევიდა, სადაც შემდეგი სტატუსი დაწერა: ,,ზოლა დიდი მწერალი იყო, თუმცა ქრისტეს მაინც ვერ ასცდა. უბრალოდ, სხვა მწერლებისგან განსხვავებით, მან დენისას სახით სულ სხვანაირი ქრისტე შექმნა, რომელმაც ყველაზე მომაკვდინებელი ცოდვით, ამპარტავნებით გატაცებული მურე სიყვარულში დააბრუნა, განკურნა. პირადად მე ამ წიგნს ,,ქალთა ბედნიერებას" კი არა, ,,ეშმაკის განკურნებას" დავარქმევდი“. ხუთიოდე წუთით კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ზოლას შედევრს და შემდეგ თავისი სტატუსის რეიტინგის შესამოწმებლად კვლავ ფეისბუკში შეიჭყიტინა. როდესაც აღმოაჩინა, რომ სტატუსს თორმეტ მოწონებაზე მეტი არ ჰქონდა, ისევ გაიფიქრა, ღორებს მარგალიტი არ უნდა დაუყაროო და ვინ იცის, გონებაში ეს ფრაზა უკვე მერამდენად გაუმეორდა, თუმცა არაფერი იცვლებოდა და მის ფილოსოფიურ სტატუსებს რეიტინგი არა და არ ეზრდებოდა. ლაზარესთვის ამ სტატუსორეიტინგობანას აკვიატებას ისე დაებინდა აზროვნება, რომ ერთხელაც არ უფიქრია, რაში სჭირდებოდა და გამუდმებით რატომ ნადირობდა დამქანცველ რეიტინგებზე. როდესაც ერთ გოგონას ხვდებოდა, რომელიც ძალიან იზიდავდა, მაშინ სოციალურ ქსელებში იშვიათად შედიოდა. დღე და ღამ შეყვარებულის შეტყობინებების მომლოდინე, ამ მოლოდინით სულდგმულობდა და ხარობდა. მოგვიანებით გოგონა მამამ სასწავლებლად საფრანგეთში რომ გაგზავნა, ლაზარეს ცხოვრებაშიც თითქოს სიცარიელემ დაისადგურა, მარტოობის შემაწუხებელმა სიჩუმემ და სოციალურ ქსელებში ხეტიალსაც სწორედ მაშინ მოუხშირა. იმ დროს სათანადოდ ვერ იაზრებდა, ერთმანეთთან რა კავშირში იყო სალომესთან განშორება და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების გამძაფრება. სტატუსი ნერვებაშლილმა წაშალა და ბაირონის ულამაზესი ლექსი დადო, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს გულით ეწადა, არამედ მხოლოდ მისი შემოქმედებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შესამოწმებლად. თუ ბაირონის ლექსაც მწირი მოწონებები ექნებოდა, ლაზარე დამშვიდდებოდა, დაასკვნიდა რა, რომ საზოგადოებას კონკრეტულად მისი შემოქმედებისადმი კი არ აქვს გულგრილი დამოკიდებულება, არამედ ზოგადად, ლიტერატურისა და ხელოვნებისთვის არ სცალია. თხუთმეტიოდე წუთში ბაირონის ლექსმა ოცამდე მოწონება დაიმსახურა, რამაც ახალგამოჩეკილი მწერალი ძალიან გააღიზიანა, იმდენად, რომ დალევის გაგრძელების სურვილი გაუმძაფრა. როდესაც ლაზარეს გამოეღვიძა, საათი საღამოს 8 საათს უჩვენებდა. მას თითქმის არაფერი ახსოვდა, გარდა იმისა, რომ რაღაც ცუდი შეემთხვა, თუმცა ამას უფრო ინტუიციურად გრძნობდა, ვიდრე გაცნობიერებულად ახსოვდა. ტელეფონს დახედა და ნახა, რომ შალვას ჰქონდა ნარეკი, მაგრამ ლაზარეს რომ არ ეპასუხნა, შემდეგ შეტყობინება გამოეგზავნა, რომლის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ: ,,ჩემო ძმაო, არ ვიცი, რა შეგემთხვა, მაგრამ შენი სტატუსები წავიკითხე, რომლითაც მთელ სამყაროს და კაცობრიობას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებ, რაც შენს რეპუტაციაზე ცუდად აისახება. ამიტომ გთხოვ, სასწრაფოდ წაშალო. ეგზისტენციალური კრიზისი თუ გაქვს, საკუთარ თავს ჩაუღრმავდი, საკუთარ ალტერ-ეგოს ესაუბრე და საზოგადოებას მოეშვი, მაინც ვერ შეცვლი, ხომ იცი, ბრბო მარადიულია". სიმშვიდეშემოძარცვული ლაზარე ფეისბუკში შევიდა და უწმაწური სტატუსები წაშალა, შემდეგ ასი გრამი გადაჰკრა და დილამდე აღარც გაუღვიძია. დილით გაიღვიძა თუ არა, კვლავ ფეისბუკში შეიჭყიტინა და როცა აღმოაჩინა, რომ გუშინდელი შეურაცხყოფებისთვის პირადად არავის მოუწერია, ერთის მხრივ, გაუხარდა, მაგრამ მეორეს მხრივ დამწუხრდა კიდეც, როდესაც გაემხილა, ხალხის ყურადღებას ჩემი უწმაწურობებითაც ვერ ვიპყრობო. პირი უშრებოდა და გრაფინით წყალი მოიყუდა, რომელიც ტანზე გადაეღვარა, თუმცა წყურვილი იმდენად გამძაფრებოდა, აღარაფერი ადარდებდა, გარდა მისი დაოკებისა. ,,რაც ვივარჯიშე, ყველაფერი წყალში ჩავყარე, მაგრამ ჩავყარე კი? განა შესაძლებელია, რომ მარტო ვვარჯიშობდეთ, ან მარტო ვსვამდეთ? არა, არაა შესაძლებელი, ისევე როგორც მარტო სიყვარული, ან მარტო სიძულვილი არაა შესაძლებელი, ყველაფერი ხომ ერთი მთლიანის ნაწილია, ყოველივე ხომ ერთი და იმავე სუბატომური ნაწილაკებისგან შედგება, ყოველ შემთხვევაში ასტროფიზიკის სახელმძღვანოებში ასე წერია"−თავს იმშვიდებდა და გულის სიღრმეში მაინც განიცდიდა, რომ ვარჯიშის შემდეგ დალია. მოულოდნელად ერთ-ერთ ლიტერატურულ ჟურნალში მისი მოთხრობის გამოქვეყნების ამბავი გაახსენდა, როცა რედაქტორსა და კორექტორს მრავალი შეცდომა გაპარვოდა. როგორ ელოდებოდა ამ მოთხრობის გამოქვეყნებას და როგორი ბედნიერი ოყო, სანამ წყეულ ხარვეზებს აღმოაჩენდა. შემდეგ მოსვენება დაკარგა და სულ ამ ხარვეზებზე ფიქრობდა, ძილიც კი გაუკრთა, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს, შუქნიშანთან მდგომმა წამიერად იგრძნო, რომ აღნიშნულ შფოთვას დაძლევდა, რადგან ასეთი ათ გვერდიანი მოთხრობა ათობით ჰქონდა და მომავალში კიდევ მრავალგზის გამოაქვეყნებდა, თანაც უკვე გამოცდილებაც მიეღო და წინარე შეცდომებს აღარ დაუშვებდა. რატომღაც, მწვადის შეწვა მოუნდა. გადაწყვიტა, ნაყიდი ხორცი სათანადოდ შეეკაზმა და საღამოს შეეწვა.  ლაზარემ სოფლის სასურსათო მაღაზიისკენ გასწია, რომელშიც თითქმის ყველაფერი მოიძებნებოდა, რაც ყოველდღიურობისთვის იყო საჭირო. სოფლის პირობაზე სასურსათო მაღაზია ხალხმრავლობით გამოირჩეოდა და დღის განმავლობაში აქაურობა დაცარიელებული არასდროს დაგხვდებოდათ, აქ ხალხი ყოველთვის ფუსფუსებდა. ლაზარე მექანიკურად ღიღინებდა ,,მზეო თიბათვისას" და სამწვადე ხორცსა და ინგრედიენტებს თვალებით ეძებდა, როდესაც იგივე თვალები მის წინ მიმავალი ქალის გამოყვანილი უკანალისკენ გაექცა, მაგრამ სევდიანი სიმღერის ღიღინი მაინც არ შეუწყვეტია, თანაც უკანალის დანახვაზე ტანში ვნებისმიერმა ჟრუანტელმა დაუარა. კილოგრამი სამწვადე ხორცი, ხახვი, მწვანე და შავი დაფქული წიწაკა, ერთი ბოთლი ნაბეღლავი იყიდა და სახლში გამობრუნდა. სანამ ხორცს შეკაზმავდა, ეზოში დაჟანგული მაყალი გაიტანა, წინა დღით დაჩეხილ შეშას ცეცხლი შეუნთო და მუგუზალის ნაკვერჩხლად ქცევას დაელოდა. ამის შემდეგ რბილი ხორცი საშუალო ნაჭრებად დაჭრა, ჯერ ხახვი მოაჭრა, მერე წითელი და შავი წიწაკა მოაყარა და ცოტაოდენი ძმარი მოასხა, რათა ეს ყველაფერი კარგად შეეზავებინა. რამდენიმე შამფურზე ხორცის ნაჭრები ააცვა და მაყალზე დადო. გარემო მწვადის შუშხუნის ხმამ და მადის აღმძვრელმა სურნელებამ მოიცვა, თუმცა ლაზარეს რატომღაც არ შიოდა. ის შამფურების ტრიალით უფრო ტკბებოდა, ვიდრე მწვადის დაგემოვნების მოლოდინით. ოციოდე წუთში მწვადი მზად იყო, მაგრამ ლაზარემ ერთ ნაჭერზე მეტი ვერ შეჭამა. იქაურობა დაალაგა, გამომშრალი პირი ნაბეღლავით გაისველა და მძაფრი დაქანცულობაც შემოაწვა. იფიქრა, სახეზე ცივ წყალს მივისხამ, ცოტას მოვსულიერდები და სასეირნოდ წავალო, მაგრამ იგრძნო, რომ საამისოდ ძალა აღარ შესწევდა. სახლში შევიდა და დასაძინებლად მოცვისფერ დივანზე მიწვა. სანამ დაიძინებდა, მოაგონდა, დედა ბებიასთან რომ ტოვებდა ხოლმე და მთელი დღე ელოდებოდა (ზოგჯერ დედამ შუადღეობით იცოდა სახლში შემორბენა, რომ შვილისთვის დაეხედა), როდის დაბრუნდებოდა დედა. ოთახში ზარის ხმის გაგონებისას, პატარა ლაზარეს გული უჩქარდებოდა ხოლმე, აქაოდა, დედა მეახლაო, თუმცა, როდესაც აღმოაჩენდა, რომ რომელიღაც მეზობელი შაქრის ან ყავის სათხოვნელად შემოსულიყო, დამძიმდებოდა, დამწუხრდებოდა და ტირილის ხასიათზე დგებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, რამენაირად ეს ტკივილიც უნდა დაეძლია და თამაში გაეგრძელებინა. უკვე ძილისკენ წასულს გაახსენდა, ერთთვიანი ყოყმანისა და მამასთან გამუდმებით შეხლა-შემოხლის შემდეგ დედამ ხუთი დღით, მოცეკვავეებთან ერთად ერთ-ერთ სოფელში სუფთა ჰაერზე დასასვენებლად რომ გაუშვა. მაშინ რამდენი იტირა და როგორ დანაღვლიანდა უდედოდ. იმავე პერიოდში შეუყვარდა მწერები და ქვეწარმავლები, ოჰ, იმდენად შეუყვარდა, ბავშვების მიერ მოკლული ჩოქელა დიდი პატივითაც კი დაკრძალა. კიდევ აგონდებოდა, როდესაც ზღვისპირას, მოედანზე, უბნის ბავშვებთან ერთად ფეხბურთის სათამაშოდ რომ დადიოდნენ. სულ ახლახან დაიწყო იმაზე ფიქრი, როგორი ჟინით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ბავშვები, თვითონ კი მორცხვობდა და არანაირი სურვილი არ ჰქონდა, ვინმესთვის საკუთარი უპირატესობა დაემტკიცებინა, უფრო სწორად ზოგჯერ ასეთი სურვილი უჩნდებოდა, მაგრამ მის რეალიზებას ვერ ბედავდა, ამისთვის ნება არ ჰყოფნიდა. განსაკუთრებით ორი მეგობარი დაამახსოვრდა, რომლებიც ერთურთს არ ინდობდნენ და ოფლში გაღვინთქულები სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლებს მართავდნენ. აქ უკვე ფეხბურთის თამაში აღარაფერ შუაში იყო, აქ რაღაც სხვა იწყებოდა−ადამიანის დაუოკებელი სწრაფვა ძალაუფლებისკენ და სად არიან ახლა ის ყმაწვილები, ნეტავ განდიდდნენ? ვერა, ვერ განდიდდნენ, ერთი უცხოეთშია გადახვეწილი და მშენებლობაზე მუშაობს, ხოლო მეორე−განარკომანდა. ლაზერეს გამოეღვიძა. შუაღამის 4 საათი იქნებოდა. საწოლიდან ადგა, სააბაზანოში გავიდა და სარკეში ჩაიხედა, თუმცა ნახევრადმძინარეს არც კი გახსენებია, რომ სააბაზანოში ბნელოდა. შუქი როგორც კი აანთო და სარკეს მიაცქერდა, თავისივე ჩამავალი მზესავით ჩაწითლებული თვალები დაინახა, რამაც არასასიამოვნო განცდები მოჰგვარა. ერთხანს მერყეობამ გააშეშა, რადგან ვერ გადაეწყვიტა, სასეირნოდ წასულიყო თუ საწოლში შებრუნებულიყო. გარეთ გაიხედა და ამინდი შეამოწმა. გერილი წვიმა ანცობდა, მაგრამ ნათელი იყო, რომ მალე მოიქანცებოდა. ლაზარეს მოღუშულმა ამინდმა ხასიათი კიდევ უფრო მოუქურუხა და საწოლში დაბრუნება გადააწყვეტინა. საბანი გადაიფარა, პირჩაღმა დაწვა და ფიქრი დაიწყო, მაგრამ რაზე ფიქრობდა, ჯერ კიდევ ვერ გაერკვია. ნელ-ნელა ემბრიონული ფიქრები გამოიკვეთნენ და ფორმა მიიღეს. ახალგამოჩეკილმა მწერალმა გააცნობიერა, რომ ამინდის ცვალებადობა ადამიანის ხასიათს აწრთობს, აკაჟებს და აცივებს კიდეც. მოაგონდა მარტის ერთი პროტევსივით ცვალებადი დღე, ის დღე, როდესაც აქ ამოვიდა. დილით მზე იტანჯებოდა, შუადღეს ამინდი მოიჟამა, მაგრამ ოციოდე წუთით და შემდეგ მონაცრისფრო გარემო ისევ ამზევდა. თითოეული ეს ცვლილება ისე განიცადა ლაზარემ, როგორც ადამიანი მშობლიური გარემოს ცვლილებას განიცდის ხოლმე, თუმცა გარემოს ათ, თუ ოც წელში ერთხელ ვიცვლით და როგორი გაუსაძლისია მრავალი მიკრო ცვლილება ერთი დღის განმავლობაში რომ გთრგუნავს. რამოდენა შესაძლებლობები ეძლევა ადამიანს, ერთი დღის განმავლობაში გატიტანიურდეს და აღარ იყოს ის, ვინც გუშინ იყო. როდესაც გამოიღვიძა, უკვე შუადღე ბოგინობდა, მოწყენილი და მოსაწყენი შუადღე. მზე ღმერთია, ღმერთი მარადიული სიკეთეა და ალბათ ასეც არის, მისი სიკაშკაშის მოახლოებისას ამიტომაც ვსევდიანდებით ზოგჯერ და რაც უფრო გვიახლოვდება, ანუ შუადღეს, მით უფრო ვმელანქოლიურდებით, ვკეთილშობილდებით, ხოლო ზაფხულის შუადღის მზე ხომ ყველაზე კეთილისმყოფელია. ლაზარე საწოლში გარინდულიყო და ვერ გადაეწყვიტა, ამდგარიყო თუ არა, მაგრამ მოშარდვის სურვილმა შეაწუხა. რაღა გაეწყობოდა, საწოლიდან აიზლაზნა და საჭირო ოთახში გავიდა. როდესაც ფიზიოლოგიური მოთხოვნილება დაიკმაყოფილა, ათი-თხუთმეტი წამის განმავლობაში კვლავ განაგრძობდა მერყეობას, საწოლში დაბრუნებულიყო თუ სამზარეულოში გასულიყო, ყავა დაელია და ცხოვრება განეგრძო. მცირეოდენი ორჭოფობის შემდეგ გადაწყვიტა, ყავა დაელია. სამზარეულოში გაიჭრა და ყავის მომზადება დაიწყო, თუმცა იმის გაფიქრებისას წამით დაითრგუნა კიდეც, რომ ყავის მომზადების პროცესი ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მისი მირთმევის და რომ ყავის დალევის შემდეგ შინაგანი სიცარიელე კიდევ უფრო იზრდება და იზრდება. ამ გადამკრთალმა, წამიერმა, მაგრამ მაინც მძიმე ფიქრმა მსუფუქად დაამწუხრა. მიუხედავად ამისა, ყავა მაინც გემრიელად მიირთვა. ამ დილითაც უცნაურ სიზმარზე ფიქრობდა, რომელიც წუხელ ესიზმრა და სიზმარი იმდენად ბუნდოვანი იყო, მხოლოდ ფრაგმენტები აგონდებოდა. უდაბნო, ამ უდაბნოში კაქტუსები და ბროწეულის ბაღები, შემდეგ წყურვილის აუტანელი შეგრძნება და ბროწეულის ბაღებისკენ თავქუდმოგლეჯილი ლტოლვა, ბროწეულის ბაღების მიუწვდომლობა, წყურვილისა და სიცხისაგან გათხელებულ-ჩამოწვრილებული სხეული, დაზაფრული სული, რომელიც ღმერთს ფეხთბანვის რიტუალის შესრულებას სთავაზობს, მაგრამ ბროწეულის ბაღები უფრო და უფრო ფერმკრთალდება... ბოლოს ლაზარემ საკუთარი თავი უდაბნოს შუაგულში, ლალისფერ ტახტზე წამორთხმული, შავ მანტიაში გამოწყობილი იხილა, ატმისფერ მზეს რომ შესცქეროდა და ტიროდა, მაგრამ ვერაფრით გაეგო, ვინ და რატომ დასვა ტახტზე, ან რატომ ტიროდა. ათიოდე წუთში ახალგამოჩეკილი მწერალი ტყისკენ გზას მიუყვებოდა და ყურსასმენებიც გაეჩარა. რეი ჩარლზის ,,sey no more"-ს უსმენდა და ფიქრობდა, რატომ არის ეს კონპოზიცია ასეთი დამამწუხრებელიო. ვინც ეს შედევრი შექმნა, ცხოვრებამ დაამწუხრა და ასეთი შესანიშნავი, მაგრამ ცოტა არ იყოს, დამთრგუნველი ლირიკა შეაქმნევინა, რომელიც აგერ მეც მთრგუნავს, მე სხვას დავთრგუნავ და ადამიანიდან ადამიანში საკაცობრიო სევდა უსასრულოდ, შეუჩერებლად გადავა, თუმცა რა ვუყოთ, რომ ეს სულისშემძვრელი მწუხარება ასე ძალიან გვიზიდავს, დაე, გვიზიდავდეს, ბოლოს და ბოლოს, ის რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს, თანაც არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაც გვრჩება, მხიარული სიმღერებიც ხომ არსებობს, ჰოდა, ვისაც არ უნდა სულის გაკაჟება, მხიარულ კომპოზიციებს უსმინოსო. რაც უფრო მაღლა მიიწევდა ლაზარე, მით მეტად აცხუნებდა მზე და როდესაც ტყისპირს მიადგა, მზის სიკაშკაშეც მაღალი ხეების ჩრდილებმა შთანთქეს, ისიც მხოლოდ გარკვეულ პერიმეტრზე, იქამდე, სადამდედაც ჩრდილები სწვდებოდნენ. რამდენადაც უახლოვდებოდა ტყეს, იმდენად შორდებოდა მზეს და შინაგანადაც გრილდებოდა, ის სიმხურვალე, რომელიც დილიდან შემოსწოლოდა, თანდათანობით უქარწყლდებოდა. ლაზარე ტყეში აღარ შევიდა და უკანვე გამობრუნდა, რაღაცამ დააფრთხო, მაგრამ რამ, ზუსტად არ იცოდა, ყოველ შემთხვევაში, აქ შალვასთან ერთად ამოსვლისას, ასეთი განცდა არ ჰქონდა, გაცილებით ლაღი და თამამი იყო. სახლისკენ მომავალს ახსენდებოდა, როცა ბავშვობის ერთ-ერთ მეგობარს მამა მანქანას სთხოვნიდა ხოლმე და ვახო უბნის მოზარდებს, მათ შორის ლაზარესაც ასეირნებდა. მაშინ როგორ უნდოდა წინ დამჯდარიყო, თუმცა მასზე უფროსი უბნის ყოჩები ამის შესაძლებლობას არ აძლევდნენ და წინა სავარძელზე თავად ერთხმებოდნენ, რითიც თავიანთ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ, მაგრამ ამბიციური ,,მეს" დაკმაყოფილებას ცდილობდნენ. ლაზარე ბრაზდებოდა, იბოღმებოდა და მასზე უფროს მეგობრებს მაინც ვერ უბედავდა, რომ ადგილის დაუფლებაში შესცილებოდა. ის კაზანძაკისის ქრისტესავით მორცხვი და გაუბედავი იყო. ისიც საკითხავია, ნამდვილი ქრისტე და კაზანძაკისის ქრისტე ერთმანეთისგან საერთოდ თუ განსხვავდებოდნენ, ალბათ, არც. ნამდვილ მტრებს ჩვენ პირისპირ შურისგებას ვერ ვუბედავთ ხოლმე და ჩვენივე სულის სიმცირით დაპატარავებულნი მთელი სიცოცხლის მანძილზე გაიმპერატორებას ვცდილობთ, რომ ასე მრავალი წლის შემდეგ შური ვიძიოთ სანუკვარ მეგობრებზე, აქაოდა, მე ვყოფილვარ, რაც ვყოფილვარ, გადაგჩრდილეთ და დაგაბეჩავეთო. როდესაც სახლში დაბრუნდა, თაროდან ფრანცუა რაბლეს დამტვერილი წიგნის ,,გარგანტუა და პანტაგრუელის" პირველი ნაწილი ჩამოიღო, სავარძელში მოკალათდა და კითხვა დაიწყო, თუმცა უმალვე გაისიგრძეგანა, რომ მექანიკურად კითხულობდა და სიამოვნების მომგვრელი რიტმიც ვერ დაეჭირა, რამაც საკმაოდ დათრგუნა. მაინც რაზე ფიქრობდა ლაზარე იმ წუთში? ახლახან გაცნობიერებულ გარემოებაზე, რომ აქამდე, წიგნის კითხვისას, დედააზრის გამოტანაზე ან პერსონაჟების ხასიათებზე არასდროს უფიქრია, რომ წიგნებში მხოლოდ აფორისტულ და ფრაგმენტულ სიბრძნეებს ეძებდა. ამ აღმოჩენამ დათრგუნა, რადგან შეიცნო, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ცხოვრება კი არ ყოფილა, არამედ მისი ფრაგმენტები, მისთვის უმთავრესი პერსონაჟების ბედი კი არ ყოფილა, არამედ ცალკეული ეპიზოდები მათი ცხოვრებიდან. წიგნი გვერდზე გადადო და დასალევად მოემზადა, მაგრამ იმ წამსვე შენიშნა, რომ დათმენა, რომელსაც ბოლო საათების განმავლობაში ალკოჰოლის მიმართ იჩენდა, უფრო მეტ სიამოვნებას ჰგვრიდა−ვიდრე გამოთრობა. მოსაღამოვებულიყო. მიუხედავად სიცივისა, აპრილის მოახლოება იგრძნობოდა, გარემოს თბილი სითეთრე შეპარვოდა, თეთრი ენძელისფერი, მაგრამ ლაზარეს მაინც მოეწყინა და აღარ იცოდა, ეს გაუსაძლისი მოწყენილობა რითი განექარვებინა. გაახსენდა, ბაბუის გაკეთებულ სამალავში რომ ჩავიდა და მსუბუქი შიშის გრძნობა შემოეჭდო, რაც საკმაოდ ესიამოვნა და ისიც შეამჩნია, რომ ამ სამალავში დრო უფრო სწრაფად გადიოდა, ვიდრე ზემოთ, სახლში. გადაწყვიტა, წინაპრის მიერ სახელდახელოდ მოწყობილ სივრცეს კვლავ სტუმრებოდა. ორიოდე წუთში ლაზარე სამალავში იმყოფებოდა და დამტვერილ ნივთებს ათვალიერებდა, როდესაც უეცრად თვალი წითელ მიკროფიბრაში გახვეულმა ოთხკუთხედმა და ბრტყელმა საგანმა მოჭრა, რომელიც როგორც ჩანს სურათი იყო, ან რაღაც მსგავსი. ლაზარე უკვე შიშის განცდით ვეღარ ერთობოდა, ის ინტერესის მოუთოკავმა გრძნობამ ჩაუქვავა. დამტვერილ საგანს მიუახლოვდა, თაროდან ჩამოიღო და ძირს დადო, შემდეგ წითელი ნაჭერი სულმოუთქმელად შემოაცალა და დანახულმა გააოცა. თვალწინ მეტად უცნაური, მაგრამ თვალწარმტაცი ნახატი ედო, შიშისმომგვრელი და შემაძრწუნებელი, თუმცა რაღაცნაირად მაინც მომნუსხველი, რომელიც ადამიანს იზიდავდა და იმის შესაძლებლობას არ აძლევდა, რომ სისხლგაყინული არ მიშტერებოდა. ლაზარეს ბაბუას სურათზე გოთიკური სტილის სასახლეში გამოსახული ოთხი ადამიანი დაეხატა, რომლებიც სავარაუდოდ ერთმანეთის ოჯახის წევრები უნდა ყოფილიყვნენ: ცოლ-ქმარი და ორი შვილი, ორივე ბიჭუნა. ერთ-ერთ ბიჭუნას გახუნებულ სამხედრო მუნდირში გამოწყობილი მამა მათრახს ურტყამდა, ხოლო ბიჭუნა ტიროდა, თუმცა მამის ალოის ჰიტლერისებურ სახეზე სიბრალულის იოტისოდენა განცდაც კი არ კიაფობდა, მისი გამომეტყველება მრისხსნე და ულმობელი იყო. გრძელ, ტომრისფერ კაბაში გამოწყობილი დედა მეორე შვილს გულმკერდში იკრავდა, რომ ამ უკანასკნელს ძმის გამათრახების სცენა არ დაენახა, თანაც დედას პიეტას ღვთისმშობელივით დამწუხრებული სახე ჰქონდა, რომელიც ერთი შვილის გაროზგვით მოყენებულ ტკივილს მეორე შვილის მოფერებით იქარწყლებდა. სურათის ქვემოთ ლაზარეს ბაბუას ხელწერა დაესვა, ნიშნად ნახატის ავტორობის დადასტურებისა. ახალგაზრდა მწერალი ამ ნახატმა ისე შეძრა, რომ შიშიც დაავიწყდა, ერთფეროვნებაც და მწერლობაც, თუმცა წამიერად მაინც გაუელვა, ამ მეტად უცნაურ კომპოზიციას გავშიფრავ და მასთან დაკავშირებით პატარა ჩანახატსაც გავაკეთებო. დაბნეულობისგან წინ-უკან ერთი-ორი ნაბიჯი გადადგ-გადმოდგა, თანაც მექანიკურად თავს იქექავდა. ნახატი კვლავ წითელ ნაჭერში გაახვია, შემდეგ თავის ადგილას დადო, ხოლო თავად მისაღებ ოთახში ამოვიდა და ფიქრი დაიწყო. მას ვერაფრით შეესისხლხორცებინა, როგორ შეიძლებოდა პატარა, უმწეო არსების ცემა, რომ აღარაფერი ვთქვათ მამა-შვილობაზე, ანუ ერთ-ერთ უნაზეს გრძნობაზე. ერთხელ, როდესაც ლაზარე შვიდი-რვა წლისა იქნებოდა, ხის ძირას პატარა ცინტალი შენიშნა, რომელიც საბრალობლად კნაოდა. მას ცინტლის შემხედვარე დაუცველობის საშინელი შეგრძნება შემოაწვა, გაუბედურებული ცინტალი მკერდზე მიიხუტა, სახლში წაიყვანა და გამოკვება, მერე მოღონიერებამდე ზრდიდა და როცა ფეხზე მყარად დადგა, გაუშვა კიდეც, თუმცა კნუტი უკვე შეჩვეოდა ყმაწვილს და არსად წასვლას აღარ აპირებდა. ჰოდა, ბაბუის მიერ დახატული, შემზარავი ნახატის გახსენებისას ვერ გაეგო, რამ მიიყვანა მამა იმ ზღვრამდე, რომ ღვიძლი შვილი გაემათრახებინა. ასევე ეუცნაურებოდა, რომ ასეთი კომპოზიცია ბაბუამ შექმნა, რომელიც საკმაოდ წარმატებული და ბავშვურად ლაღი ადამიანი იყო, თუმცა ბაბუის ახალგაზრდობაზე ლაზარეს თითქმის არაფერი სმენოდა. შემდეგ გაახსენდა, ერთ-ერთ ლიტერატურულ ჟურნალში ლექსების დაბეჭდვა რომ ძალიან დაუგვიანეს, როგორი გაღიზიანებული იყო, ტელეფონზე შალვასაც კი არ პასუხობდა, რადგან ხასიათი იმდენად გაფუჭებოდა, საუკეთესო მეგობართან საუბრის ხალისიც დაჰკარგვოდა, მაგრამ ნუთუ შესაძლებელია იმდენად ცუდად ყოფნაც, რომ საკუთარი მცირეწლოვანი შვილი გაამათრახო?−თავისთვის ბუტბუტებდა შეძრწუნებულიყო ლაზარე და სურათის ულმობელ პერსონაჟზე ბრაზიც ერეოდა. ამ ფიქრებით შეფიქრიანებული მობილური ტელეფონის წკრიალმა გამოაფხიზლა. შალვა რეკავდა. −როგორ ხარ ეგზისტენციალიზმის თვალსაჩინო მკვლევარო?−ხუმრობით მოიკითხა მეგობარმა. −კაი რა, თუ ძმა ხარ, რომელი მარტინ ჰაიდეგერი მე მნახე, ერთი სოფლად გახიზნული ლოთი ვარ,−ხუმრობითვე მიუგო ლაზარემ. −მისმინე. იცი, რას გულისხმობს ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია? −არა და არც მაინტერესებს. მოეშვი ახლა მაიმუნობას და მომიყევი რა ხდება ქალაქში. −გაზაფხული მოვიდა და ყველაფერი აყვავილდა, ამაზე მეტი რა უნდა ხდებოდეს. მკვდარი ბუნება მკვდრეთით აღდგა,−უპასუხა შალვამ. −ჰო, ეგ კარგია, მეც მომწყინდა ამ სოფელში საკუთარ თავთან დიალოგი, ასე რომ, ალბათ მალე დავბრუნდები. −მშვენიერია, რომ ჩამოხვალ დამირეკე და ლუდზე დაგპატიჟებ. −კაი, შალვინიო, აბა, ჰეე, დროებით,−ლაზარე მეგობარს დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. ირგვლივ უმზეობა დასადგურებულიყო და სიბნელეში ჩაძირული გარემო შავ პლასჩში გამოწყობილ განგსტერს მოგაგონებდათ. ლაზარე სამზარეულოში გავიდა, ყავა გაიმზადა, მაგრამ არ დალია. ფინჯანი წინ დაიდგა და ფიქრი განაგრძო, თუმცა აღარ იცოდა, რაზე ეფიქრა. მოულოდნელად მამის სიტყვები გაახსენდა, როდესაც ერთხელ უთხრა, უფრო სწორად, თითქოს, ანდერძად დაუბარა: ,,გახსოვდეს, რომ ყველაზე სახიფათო ხიფათის გარეშე ცხოვრებაა და ხიფათი ყოველთვის მოძრაობას მოსდევს, ხოლო ამ უკანასკნელს შიში აფერხებს. სიზარმაცესაც შიში ძერწავს. შენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იმოძრაო". მაშინ ლაზარე ამ სიტყვებს ბოლომდე ვერ ჩასწვდა და მამის დანაბარებზე დიდად არც ყურადღება მიუქცევია, მაგრამ რატომღაც, რაც უფრო შედიოდა ასაკში, ეს სიტყვები გონებაში უფრო და უფრო უტივტივდებოდა ხოლმე. ლაზარეს თავი მაგიდაზე დაედო და უკვე ძილ-ბურანში მინანაობდა, მაგრამ იმდენად სასიამოვნო ძილ-ბურანში, რომ საწოლში გადაბარგება ვერაფრით გადაეწყვიტა, თანაც ქვეცნობიერში ეშინოდა, ძილი არ დამიფრთხესო. როგორც იქნა, მოფხიზლდა, მისაღები ოთახი დატოვა და საძინებელ ოთახში გამოვიდა. რატომღაც წარმოიდგინა, ნახევრად მძინარეს რაოდენ არასასიამოვნო შეგრძნებებს მოჰგვრიდა ცხელი აბაზანა და ოდნავ ხასიათგაფუჭებული საწოლისკენ გაემართა. დილაუთენია გამოეღვიძა. ერთი გაფიქრება გაიფიქრა კიდეც, ძილს შევიბრუნებო, მაგრამ უმალვე დაასკვნა, რომ ამას ვერ შეძლებდა და ფეისბუკში შეიჭყიტინა. რადგანაც აღარ იცოდა, მთელი დღის განმავლობაში რა ეკეთებინა, გადაწყვიტა, სტატუსს დავწერ და კომენტარებით გავერთობიო. ლაზარემ წერა დაიწყო: ,,ქრისტე ღმერთკაცად იმიტომ იქცა, რომ მაშინაც შეძლო თავი არ ემართლებინა, როდესაც მართალი იყო, ამას კი უდიდესი ნებისყოფა და საკუთარ სულში მეამბოხე ,,მეს" ყივილის ჩახშობის ძალა სჭირდება, რაც ასი ათასში ერთ ადამიანს თუ აღმოაჩნდება. ზოგიერთი ადამიანი დაშინებულია ხოლმე და თავიდან გარკვეული საფრთხის ასარიდებლად სიმართლის თქმას ერიდება, მაგრამ ქრისტეს რისიმე, ან ვისიმე რომ შინებოდა, გოლგოთას გზას საერთოდ არ დაადგებოდა და ერთი საშუალოსტატისტიკური ებრაელის ცხოვრებით იცხოვრებდა. ამიტომ იყო გამორჩეული ადამიანი იესო და კაცობრიობამაც სწორედ ამიტომ ვერ დაივიწყა იგი". როცა სტატუსის წერა დაასრულა, კვლავ ძალიან დიდი ენერგიის ნაკადი შემოაწვა და გადაწყვიტა, ცივ მდინარეში შესულიყო. საწოლიდან ადგა, ხელ-პირი ცივი წყლით დაიბანა, წუხანდელი გაკეთებული ყავა, რომელიც არ დალია, ამჯერად არაყივით გადაჰკრა, პირსახოცი აიღო და მდინარისკენ გასწია. მდინარისკენ მიმავალი ლაზარე თავისთვის ბოროტებაზე, უფრო სწორად ბოროტების ხასიათზე მსჯელობდა. ზოგჯერ, როგორი ბობოქარია ბოროტება, უნიღბოდ მოვარდება და აცუნამებული წაგლეკავს, ხოლო ზოგჯერაც მკრთალია, შენიღბული, ლამის უჩინარი, მაგრამ გრძნობ მის გამყინავ სუნთქვასო. მერე გაახსენდა, ერთ ლოთ მეზობელს რომ ახარა, რა კარგი შვილები გყავსო და ბოროტებისგან მონადირებული მეზობელი ჩამავალი მზესავით რომ აწითლდა, ლაზარეს ხელი მხარზე დაადო და უთხრა: ,,მე რაც გამოვიარე, ჩემს ზარმაც შვილებს ის რომ გამოევლოთ, ვნახავდით რა კარგებიც იქნებოდნენ". ის ალმური, რომელიც ლოთს სახეზე მოეკიდა, სწორედ რომ ბოროტება იყო, მოსული არსაიდან, ყოვლად უმიზეზოდ. ალმური, რომელიც ყინავს. ამ ფიქრებით გართული ლაზარე უკვე მდინარეს მისდგომოდა და წყლის ტემპერატურაც მექანიკურად შეამოწმა, რადგან ბოროტებაზე ფიქრი ჯერ კიდევ არ დაესრულებინა. წყალი ძალიან, ძალიან ცივი იყო, ისეთი ცივი, გაზაფხულობით რომ იცის. გაიფიქრა, ახლა გალიგვულ წყალში შესვლა თვითმკვლელობის ტოლფასიაო, მაგრამ ძალიან უნდოდა რამდენიმე წამით გათიშვა, აი, ზუსტად ისე, ცივ წყალში შთაფვლისას რომ ვითიშებით ხოლმე. ახალგამოჩეკილმა მწერალმა ტანისამოსი გაიხადა, ჯერ ტანი ცივი წყლით დაიზილა, რომ სხეული გაუსაძლის სიცივეს შესჩვეოდა და მერე გაყინულ მდინარეში გადაეშვა. მიუხედავად იმისა, რომ გული არანორმალურად უცემდა, წყალში ჩაშვების წამი იმდენად წარმტაცი იყო, საკუთარი გულის ბაგაბუგის ხმაც კი არ ესმოდა, ხოლო შემდეგ, სამიოდე წამით ლაზარე გაქრა, თითქოს, აღარ არსებობდა, თითქოს, გარდაიცვალა და როდესაც ამოყვინთა, ეს იყო რეინკარნაცია თუ აღდგომა, როგორც გენებოთ. სახლში როგორც კი დაბრუნდა, ყავა გაიმზადა, სავარძელში ჩაჯდა და ფეისბუკში შევიდა. ვინმე მომხმარებელს, რომელიც ,,ცრუ ხელოვნების სანაგვეზე გამტანის“ ზედმეტსახელით იყო დარეგისტრირებული, ლაზარეს სტატუსისთვის შემდეგი კომენტარი მიეწერა: ,,სრულიად გეთანხმები, რომ ქრისტე დიდი ადამიანი იყო, მაგრამ მე ვფიქრობ, იგი უფრო იდეა იყო, ვიდრე ადამიანი. მეც მყავდა კლასელი, რომელსაც თანაკლასელები ჩაგრავდნენ, მაგრამ ხმას არ იღებდა და როგორც მომავალში გამოჩნდა, არა იმიტომ, რომ ლაჩარი და უღიმღამო ტიპი იყო, არამედ პირიქით, დიდი მიზნები ჰქონდა და სულელების სულელურ გამოხტომებზე დროს არ ხარჯავდა. ალბათ ქრისტესდროინდელ ისრაელში ასეთი ტიპი დაეხეტებოდა ზეთისხილის ბაღებში და ახალი აღთქმის შემქმნელი აკვირდებოდა მას, შემდეგ კი, რა ჰქონდა საქმე იმ უდაბნოში, დაჯდა და ქრისტეს ცხოვრებაც შეთხზა“. −ადამიანი რომ არ არსებულიყო, არ იარსებებდა იდეაც. ნებისმიერი იდეა ადამიანის გონებაში იბადება, ან თანაადამიანის, ან გარშემო მიმდინარე მოვლენების გაანალიზების შედეგად. ასე რომ არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ქრისტე იდეაა თუ ადამიანი, ნათელია, რომ ის ადამიანური მიდგომებისა და აზროვნების შედეგია. რაც შეეხება შენი მეგობრის მიერ სულელების სულელურ გამოხტომებზე დროის დათმობა-არდათმობის საკითხს, მათ რომ იქვე გამოპასუხებოდა და მათთვის რამეგვარი ყურადღება იქვე მიექცია, მაშინ უფრო დიდი კაცი იქნებოდა,−დაუკომენტარა ლაზარემ და უცნაური უცნობის შემოპასუხებას დაელოდა, რომელმაც არ დააყოვნა. −უცნობი,−მე მესმის, რასაც გულისხმობ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, კაცობრიობამ ხომ უნდა იცოდეს, ღმერთს ეთაყვანება, ღმერთკაცს, მხოლოდ ადამიანს თუ იდეას? −ლაზარე,−კაცობრიობა ბრბოა, ბრბო კი მარადიულია. ამიტომ იგი ღმერთს უნდა ეთაყვანებოდეს, უნდა ეშინოდეს და კანკალებდეს, რომ ბედნიერი იყოს, ხოლო ვინც ბრბოს წევრად არ თვლის თავს, მან უნდა იცოდეს, რომ ქრისტე ადამიანური ბუნების გენიალური მონაბოდია,−დაუბრუნა ლაზარემ და ფეისბუკიდან გამოვიდა. მას ძალიან შიოდა და ამჯერად რატომღაც აზრად გაყინული ქათმის ყიდვა და მწვადის მომზადება მოუვიდა, საფულე აიღო და სასურსათო მაღაზიისკენ გასწია. მაღაზიისკენ მიმავალს გზაზე შვიდი-რვა წლამდე მოზარდი შემოეფეთა, რომელიც თითქოს არსაიდან, უეცრად გაჩნდა და ქათმის საყიდლად მიმავალ, ჩაფიქრებულ მწერალს წინ მევალესავით აეტუზა, შემდეგ კი საბრალო გამომეტყველებითა და მთრთოლვარე, დაბალი ხმით მიმართა: −ბატონო, გთხოვ, პურის ფული მომეცი. გაორჭოფებულმა მწერალმა ხელებიც გაქვს, ფეხებიც და ტვინიც, წადი, იმუშავე და თავიც ირჩინეო. იმედგაცრუებული ბიჭუნა უეცრად გაუჩინარდა. მაღაზიაში შესვლამდე გასხივოსნებულმა ლაზარემ გაიფიქრა, რვა წლის ბავშვს სამსახურს ვინ მისცემდაო და ძალიან დაითრგუნა, გაჭირვებულს რომ არ დაეხმარა, თუმცა საკუთარი თავი დააიმედა, მაღაზიიდან რომ გამოვალ, ისევ აქ დამხვდება და დავეხმარებიო. მაღაზიაში შევიდა, ქათამი იყიდა და უკან გამობრუნდა. სამწუხაროდ, სამათხოვროდ დაყუდებული ბიჭუნა იმ ადგილას აღარ დახვდა და ლაზარეს ისეთი განცდა მოეძალა, თითქოს, გულზე უმძიმესი ლოდი დაადვესო. ჭამის მადა, რომელიც მოზღვავებოდა, დაეკარგა, თუმცა სულ მალე ქალაქში დაბრუნებაზე ფიქრით მოგვრილმა სიხარულმა მადა ისევ აღუძრა და ამ ფიქრებით სულარეულდარეული სახლში შევიდა, რათა გაყინული ხორცი გაელღო და სამწვადედ მოემზადებინა. ამჯერად, ლაზარე ქათმის მწვადს შამფურებზე ატრიალებდა და ამ პროცესზე მეტად შემწვარი ხორცის დაგემოვნება სურდა, რადგან წინაჯერისგან განსხვავებით, ახლა ძალიან მოშივებოდა. თხუთმეტიოდე წუთში მწვადი მზად იყო და ისიც ხარბად სანსლავდა შებრაწული ხორცის მსხვილ-მსხვილ ნაჭრებს, თანაც ფიქრობდა, ჭამა ყველაზე დიდი ნარკოტიკია, თუმცა ჩვენ ამას ვეღარ ვაცნობიერებთ, იმიტომ, რომ დღეში რამდენჯერმე ვჭამთ და გაგვიუფასურდაო. ამ გაწამაწიაში მყოფს ტელეფონის წკავწკავის ხმა შემოესმა. როდესაც მობილურს დახედა, სახელი "შალვა" ამოიკითხა. შიმშილის გრძნობა ჯერ კიდევ ვერ ჩაეხშო, ამიტომ მეგობარი დროებით უპასუხოდ დატოვა, კიდევ ორი ნაჭერი ხორცით პირი ჩაიტკბარუნა, მერე ხელები კარგად დაიბანა და მეგობარს გადაურეკა. −მირეკავდი, შალვინიო, ვჭამდი და აღარ გიპასუხე, რა ხდება, ხომ ხარ მაგრად? −ესე იგი, შიმშილის გრძნობამ მეგობრობის, როგორც უმაღლესი ფასეულობის ძალაც დაგავიწყა,−მაღალფარდოვნად და რიხიანად, თუმცა იუმორნარევი ხმით გაკიცხა შალვამ. −შეიძლება, მაგრამ ამით არც არაფერი გაფუჭებულა. ასე რომ, დაივიწყე. −მოკლედ, ძმობილო, შენს არყოფნაში ერთი გოგო გავიცანი, რომელმაც ძალიან მიმიზიდა. აუ, რომ იცოდე როგორ მიმიზიდა. −ლამაზია, თუ ულამაზესი?−იკითხა ლაზარემ. −არც ერთი და არც მეორე, უფრო სექსუალურია,−უპასუხა შალვამ და მეგობრის რეაქციას დაელოდა. −გიყვარს? −არა, მიზიდავს. −აპირებ მასთან ურთიერთობის დასერიოზულებას თუ უბრალოდ ცხოვრებისეულ სიცარიელეს ივსებ? −კი, ვაპირებ და მინდა, რომ ცოლობაზეც დავითანხმო, რატომაც არა, რას ვკარგავ,−მხიარული ხმით მიუგო შალვამ. −მშვენიერია, მალე ჩამოვალ და შენს მომხიბლელ გულისსწორსაც გამაცნობ,−შეჰპირდა ლაზარე, მეგობარს დაემშვიდობა და ყავის მოსამზადებლად სამზარეულოსკენ გასწია. მეგობრის რჩეულის გაცნობის სურვილმა კიდევ უფრო გაალაღა და ქალაქში დაბრუნების წყურვილი საგრძნობლად გაუმძაფრა. მოთენთილი მწერალი სავარძელში ჩაესვენა და ფიქრი დაიწყო, თუმცა სულ არ ეფიქრებოდა, მაგრამ საქმე არაფერი ჰქონდა და უნდა ეფიქრა, აბა სხვა რა უნდა ეკეთებინა−,,ამბობენ, რომ ადამიანის სული უკვდავია და თუ ამ საკითხს ჩავუღრმავდებით და მოვლენათა შორისაც მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს დავამყარებთ, ნათელი გახდება, რომ ადამიანის სული არ შეიძლება უკვდავი იყოს. თუ ყველაფერი ღმერთმა შექმნა, კრეაციონისტების შეხედულებებისამებრ, მაშინ თავად ღმერთმა შექმნა სულიც. ის, რაც შექმნილია, ოდესღაც არ არსებობდა, ანუ დასაშვებია, რომ არც მომავალში იარსებოს. ამასთანავე, როგორც ძველ აღთქმაში წერია, ღმერთი ყოვლისშემძლე, მრისხანე და ეგოცენტრულია, სხვაგვარად ღმერთი ვერ იქნებოდა და უკვდავი სუბსტანციის შექმნას არ დაუშვებდა, რომელიც სავარაუდოდ, ოდესღაც მისივე კონკურენტი გახდებოდა, თუმცა თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა, ასეთი სცენარის დაწერაც შეეძლო, რათა მასსავით ძლიერი მეტოქე ჰყოლოდა და არ მოეწყინა“−თავისთვის მსჯელობდა ლაზარე და აცნობიერებდა, რომ ასეთ საკითხზე მსჯელობისას მაინც ვერაფერს გაარკვევდა, ხოლო პასუხგაუცემელი კითხვები პასუხგაუცემელ კითხვებადვე დარჩებოდა. როდესაც ფიქრი შეწყვიდა, უკვე მოსაღამოვებულიყო. ახალგამოჩეკილი მწერალი სავარძლიდან წამოდგა და ფანჯარაში გაიხედა. ზვიგენისფერმა ცარგვალმა ცოტათი დაასევდიანა, თუმცა მომდევნო დილით ქალაქში დაბრუნების მოლოდინით მოგვრილმა სიხარულმა დარდი გაუქარწყლა და დალევის ხასიათზეც მოიყვანა. სამზარეულოში გავიდა, ყურსასმენები გაიკეთა, პინკ ფლოიდის ,,Have A Cigar" ჩართო და არყის სმას შეუდგა. ამის შემდეგ ლაზარე გაითიშა და შუაღამის ოთხი საათისთვის მაგიდაზე თავდამხობილს გამოეღვიძა. რის ვაივაგლახითა და ტანჯვა-წამებით გადაწვა საწოლში და შეწყვეტილი ძილი უდიდესი ნეტარებით განაგრძო. ამჯერადაც სისხამ დილით გამოეღვიძა. წუხანდელი ნაბახუსევი საწოლიდან მძიმედ წამოიზანტა, სააბაზანოში გავიდა და ამჯერად ხელ-პირი ნელთბილი წყლით დაიბანა, მერე სამზარეულოში გამოისეირნა და ყავის მომზადებას შეუდგა. ყავა მიირთვა, მაგრამ, როდესაც ბარგის ჩალაგების დროც დადგა, ქალაქში დაბრუნების სურვილი გაუქრა. გადაწყვიტა, რომ სოფლად კიდევ ერთი დღით დარჩენილიყო და შინ ხვალ დილით დაბრუნებულიყო. ყავა დალია და გაახსენდა, რომ ერთ-ერთ ლიტერატურულ კონკურსში თავისი ლექსი ჰქონდა გაგზავნილი და სოციალურ ქსელში შეიხედა, რათა კონკურსში მონაწილეთა სია ენახა. ლაზარემ აღმოაჩინა, რომ გაფილტრულ სიაშიც კი არ იყო მისი სახელი და ძალიან გაბრაზდა. ,,ამ სინდის-ნამუს გარეცხილებმა მოკლე სიაშიც არ მომახვედრეს. არა უშავს, დიდ ხელოვანებს ამათი ჯილდოები არ სჭირდებათ, ჩემი შემოქმედება გამრუდებული კოლექტიური არაცნობიერის გასწორებაზეა ორიენტირებული, რაც სისტემას არ მოსწონს და ებრძვის მას“−თავისთვის ბუტბუტებდა გაშმაგებული მწერალი, თუმცა რასაც ბუტბუტებდა, ბოლომდე თავადაც არ სჯეროდა, რადგან თუ ასე იყო, მაშინ სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსში რაღატომ მონაწილეობდა? გაორებული ლაზარე მრისხანებისგან აწითლებულიყო და საკუთარ სხეულში ვეღარ ეტეოდა. ამასობაში, ლაზარეს მშობლიური ქალაქის უშიშროების სამსახურში ამავე სამსახურის ორი მაღალჩინოსანი და ადგილობრივი მწრალთა სახლის ჭაღარა ხელმძღვანელი რაღაც საკითხზე დინჯად და სერიოზული გამომეტყველებით ბჭობდნენ. თუ მათი დროდადრო შეფიქრიანებული მზერით ვიმსჯელებდით, საკითხი საჭირბოროტო უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მწერალთა სახლის ხელმძღვანელს ლაზარესთან შეხვედრა სთხოვა, რაზეც რაღა თქმა უნდა, მისი თანხმობა მიიღო. ქალაქში დაბრუნების მოლოდინით აჟიტირებულ მწერალს გაახსენდა, ოდესღაც ამ ეზოში სრიალა ჭიყელებსა და სხვადასხვა უხერხემლო ფეხსახსრიანებს რომ ეძებდა და ძალიან მოუნდა, ახლაც იგივე გაეკეთებინა. ეზოში გამოვიდა და ღობის ძირში მიწის თხრა დაიწყო, მაგრამ არა რომელიღაც ხის ტოტის ნატეხით, არამედ ხელებით, ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში. როდესაც ორი-სამი ჭიაყელა დაინახა, შენიშნა, რომ ისე არ გახარებია, ბავშვობაში რომ უხაროდა და იქვე გააცნობიერა, რომ იმ დროს ჭიაყელების პოვნით გამოწვეული სიხარული ბავშვური ცნობისმოყვარეობის შედეგი იყო, მაშინ ხომ ცნობისმოყვარე ბავშვისთვის ჭიაყელა უცხო არსებას წარმოადგენდა, მეტად უცნაურს და უცხოპლანეტელივით საინტერესოს. ჭიაყელებზე ნადირობას შეეშვა, ხელები დაიბანა და პაპიროსი დიდი ნეტარებით გააბოლა, რადგან ორი საათის მოუწეველი ჰქონდა. უკვე შებინდებულიყო და გადაწყვიტა წავალ, ხვალისთვის ბარგს ჩავალაგებო. ალაგებდა ბარგს და მეზობლის ორ-წლინახევრის ბიჭუნა აგონდებოდა, რომელსაც ძუძუს ჭამას თავი იძულების წესით დაანებებინეს და მანაც საოცრად მოიწყინა, თუმცა სამ დღეში ეს ჩვეულება დასძლია, ხოლო მისმა პატარა სულმა ასკეტიზმის გამაამპარტავნებელი სიტკბოება პირველად შეიგრძნო, დაძლევის გამამედიდურებელი ხიბლი. ლაზარე ვერ ხვდებოდა, ბავშვის მიერ ძუძუზე თავის დანებება ასეთ ჭრილში მაინცდამაინც ახლა, ამ სოფელში რატომ დაინახა. უკვე შეღამებულიყო. ლაზარე ბაბუის მიერ მოწყობილ საიდუმლო სამალავში ჩავიდა, მაგრამ უმალვე უკან ამობრუნდა, გაიაზრა რა, რომ იქ აღარაფერი ესაქმებოდა. იფიქრა, დამზაფვრელ სურათს კიდევ ერთხელ დავათვალიერებო, თუმცა შეფუთული ნივთის გახსნა შეეზარა და უკანვე ამობრუნდა. მერე იმაზე დაიწყო დარდი, მთელი ამ დღეების განმავლობაში აქ რას ვაკეთებდი, ერთფეროვნებისგან როგორ არ გავგიჟდიო და დაასკვნა, რომ ადამიანი უსაზღვროდ გამძლე და შემგუებლური არსებაა. ახლა, ამ ჩუმი სივრციდან გამგზავრების ჟამს, ცუნცრუკობდა, კანში ვეღარ ეტეოდა და რაც უფრო ახლოვდებოდა გამგზავრების საათი, მშობლიური ქალაქიც მით მეტად იზიდავდა, როგორც დიდი ხნის უნახავი სატრფო. წინარეხანს იცოდა, რომ ქალაქში გამგზავრების დრო ჯერ კიდევ არ დამდგარიყო და იძულებული იყო, მშვიდად დარჩენილიყო. მაშინ არც სიხარულის ძრწოლა სტანჯავდა. ეზოში გავიდა და ზვიგენისფრად შეღებილ, შიგადაშიგ შეწითლებულ სოფელს და შეღამების მქრქალ ნაგლეჯებში ყვითლისმფრქვეველ მთვარეს გახედა. ირგვლივ მინდვრის ჭრიჭინების ჭრიჭინი და ბალახის სუნი გამეფებულიყო, რასაც ნახევრად გახარებული და ნახევრად დასევდიანებული ლაზარეს სულის ფეთქვა ერწყმოდა. ერთხანს გარინდული იდგა, მერე სახლში შევიდა და ლექსის წერა დაიწყო: გაყინულ მთვარეზე ,,მიტაცებს აღდგომის დღეები, თუმცაღა უფრორე დაცემის, რადგანაც დაცემას მოჰყვება, ზეცაში ნავარდი და ფრთები. წუხილის ლექსებად მოხატვა, ღამეულ ნისლებთან ტანდემი, გავძღები, როდესაც მომაკვდავს მომიხმობს მალარმე ნაგვემი. მე მათრობს ხელახლა განდობა ფიქრების შორეულ მთვარეზე, რომ აღარ მექნება დანდობა, წინასწარ რომ მეუარესე. როცა წამიყვან და მოვა თეთრწვერა ზამთარი თხემებზე, თავნება საიათნოვა დამიმეგობრდება ჩემს ბედზე. დავრჩებით გაყინულ მთვარეზე, გვექნება მიზეზი ლოთობის, უფალო, იმიტომ განმდევნე, არ მედგას უღელი მონობის“! ლექსი ორ-სამჯერ გადაიკითხა და განსაკუთრებულად მოეწონა. დილით ლაზარემ კარგ ხასიათზე გაიღვიძა და როდესაც სააბაზანოში შეისეირნა, ახალწვერგაპარსულ სახეზე ცივი წყლის შეხების სურვილმა გული სიხარულისგან ოდნავ აუფორიაქა. ლაზარე კარგად გამოძინებული იყო და ძალის მოზღვავებას გრძნობდა. ყავა დალია, სასურსათო მაღაზიაში შეიარა, ერთი ბოთლი კონიაკი იყიდა, რათა მომქანცველი მგზავრობა უმტკივნეულოდ გადაეტანა და სახლში დაბრუნებაც აღენიშნა. თავისი ეზოს ჭიშკრის წინ დადგა და ავტობუსის მოლოდინში ბოლთას ცემა დაიწყო, თანაც ფეისბუკში რაღაც-რაღაცებს ათვალიერებდა და უკვირდა, რომ ოდესღაც სხვებს დასცინოდა, მთელ ცხოვრებას ამ ვირტუალურ სამყაროში ატარებთო, ხოლო ახლა თავადაც იგივე სენს დაეავადებინა. ვირტუალურმა სივრცემ რეალური სამყარო გაავირტუალურა და ამ ფაქტის უგულვებელყოფა უკვე საშიშ ფორმებს მიიღებდა. ამ ფიქრებში გართული ავტობუსის ძრავის გრუხუნმა გამოაფხიზლა. ნარინჯისფერი ავტობუსი შეჩერდა და მძღოლმა წინა კარი გააღო, რომ ლაზარე ასულიყო. ათიოდე წამში აღტყინებული მწერალი ავტობუსში მიმოდიოდა და დასაჯდომად მყუდრო ადგილს ეძებდა. აქ სულ ხუთი-ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მრავალი ადგილი კი თავისუფალი იყო. ლაზარე უკან, ფანჯრის მხარეს მოკალათდა. ამასობაში მძიმე ტრანსპორტიც დაიძრა.   ...