ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მარსი ჩემ მიღმა

მარსი ჩემ მიღმა

მარსი ჩემ მიღმა წიგნში აღწერილი ფაქტები და მოვლენები, ასევე პერსონაჟები გამოგონილია და არავითარი საერთო არ აქვს რეალურ ფაქტებთან, მოვლენებთან თუ პიროვნებებთან. © გიორგი ბერიძე I ახალბედა ფრინველიესაია 46 : 10დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა. ვამბობ: აღსრულდება ჩემი განზრახული და ყოველ სურვილს ავასრულებ.    * * * სადგურის მთავარ სამართავ კომპიუტერთან ვიდექი. ტანზე კვლავაც ჰერმეტული სკაფანდრი მეცვა, თავზე კი ჩაფხუტი მეხურა. მარჯვენა ხელის მტევანი საგრძნობლად დამბუჟებოდა. მხოლოდ ახლა გავიაზრე, რომ იარაღი კვლავაც ხელში მეჭირა. ხელი გველნაკბენივით ინსტინქტურად გავუშვი, თუმცა რკინის ფილებით დაფარულ იატაკზე მისი დავარდნის ხმა არც კი გამიგია. ყურებში მხოლოდ საკუთარი სისხლის შხუილი მესმოდა და ერთადერთი შეგრძნება რომელსაც მთელი სხეულით ვგრძნობდი საკუთარი გულისცემა იყო. „ჯანდაბა!“ „ღმერთმა დასწყევლოს. . .“ საკუთარ თავს არ ვუჯერებდი. უფრო სწორად კი არ ვუტყდებოდი, რომ ეს ყველაფერი, მთელი ეს სიგიჟე ნამდვილად ხდებოდა ჩემს ირგვლივ. თუმცა დასაჯერებელიც რაღა იყო? სადგურის მთავარ კომპიუტერში არსებულ ვიდეოჩანაწერზე ყველაფერი თვალნათლივ იყო ასახული. და ეს ყველაფერი სულ რაღაც 7 წუთის წინ მოხდა. როვერის კომპიუტერზე ჩატვირთული კოდირებული ვიდეოჩანაწერი თითქმის უკვე მთლიანად იყო ატვირთული და დედამიწაზე გასაგზავნად ემზადებოდა. პროცესის შეჩერება კიდევ ერთხელ ვცადე, თუმცა ამაოდ. ჯერ ერთი - პროგრამისტი არ ვიყავი და მეორეც - რომც შემძლებოდა ამის გაკეთება, დრო არ მეყოფოდა. ეკრანზე გამოსახულ რიცხვებს თუ დავუჯერებდი სულ რაღაც 16 წუთში ფაილის მთავარ კომპიუტერზე ტრანსფერი დასრულდებოდა და ეს ჩანაწერი მათ ხელში მოხვდებოდა ვისგან დაცვასაც ვცდილობდი. სამოქმედო ასპარეზი მკვეთრად მეზღუდებოდა და გეგმადაც მხოლოდ ერთადერთი ყველაზე გიჟური იდეა მრჩებოდა. გიჟური თუმცა აბსოლუტურად ეფექტური. 14 წუთი #1 ჰაერჩამკეტისკენ[1] გავიქეცი. ჰაერჩამკეტმა ამოოხვრისმაგვარი ხმა გამოსცა და დადუმდა. გასასვლელი ელექტრონული კარის თავზე მწვანე ნათურა აინთო, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ჟანგბადის გაწოვა დასრულდა და შემეძლო გარეთ გავსულიყავი. ჩემ წინ განლაგებულ პანელზე წითელ ღილაკს თითი დავაჭირე, თუმცა როგორც ჩანს ძალზე უხეშად მომივიდა, რადგან ღილაკმა საბრალოდ დაიღრჭიალა და ბუდეში გაიჭედა. „ამის დრო იყო?!“ პანელს მუშტები და წიხლები დავუშინე. მისი დაზიანება ფეხებზე მეკიდა, მთავარი იყო დრო არ დამეკარგა. პანელის დამცავი ფირფიტა ჩამოვარდა და სადენებზე ჩამოეკიდა. სკაფანდრის მოუხეშავ ხელთათმანებში კაბელების განცალკევება ადვილი საქმე არ იყო. რატომღაც მისი მოხსნა არც კი გამხსენებია. ღილაკის ქვეშ შემავალი ლურჯი კაბელი გამოვაძრე და წითელს მივუერთე. კარი სისინით გაიღო და მსუბუქმა ქარმა მარსის ჟანგისფერი მტვერი ჰაერჩამკეტის იატაკზე მოაფრქვია. გარეთ გავვარდი. ყველაფერი უწინდელი სახით დამხვდა. ორი სკაფანდრი, ერთი იარაღი და ორი გვამი: უაილდი და გრინი. უაილდის სახეს ჩაფხუტის მზისგან დამცავი, სპილენძისფერი ფენა ფარავდა ამიტომ მისი სახის გამომეტყველება არ დამინახავს. თუმცა გრინის სახის, უფრო ზუსტად კი სახის ნარჩენის დანახვაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ გულისრევის შეგრძნება გამჩენოდა. მისი სახის დიდი ნაწილი ლაზერულ იარაღს მთლიანად დაეფლითა, მეორე სულ მცირე ნაწილი კი უსაზღვრო შიშს გამოხატავდა. უაილდისკენ გავემართე. გვამი ზურგზე ხურჯინივით გადავიგდე. ჰაერჩამკეტში დავბრუნდი და წითელი და ლურჯი კაბელები განვაცალკევე. სადგურის ჰერმეტულობის დარღვევა ოდნავადაც არ მენაღვლებოდა, მაგრამ ჰაერჩამკეტის კარი ღია თუ დარჩებოდა სადგურში ვერ დავბრუნდებოდი. 7 წუთი სადგურში დაბრუნებულმა უაილდის გვამი იატაკზე ფრთხილად დავაწვინე, ჩაფხუტი მოვხადე, მაგრამ მის სახეს თვალი ავარიდე. მეორე მსგავსი სახის ნახვის იდეა ნამდვილად არ მხიბლავდა. კისრიდან ვერცხლისფერ ჯაჭვზე ჩამოკიდებული გასაღები მოვხსენი. შემდეგ მეც მოვიხადე ჩაფხუტი, რომ ჩემი გასაღებიც ამეღო. სადგურის ცენტრში განლაგებულ კართან მივედი, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა: „ფრთხილად ძაბვაა!“ და შესაბამისი ნიშნით იყო აღჭურვილი. „ცნობისმოყვარეთაგან დაცვის სულელური მეთოდია. . .“ - გამიელვა გონებაში. თან ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ სადგურზე მხოლოდ 3 კაცი ვიყავით და ჩვენგან მხოლოდ გრინმა არ იცოდა რა იყო ამ „კარადაში“. სასაცილოა, მაგრამ ტექნიკოსს აზრადაც არ მოსვლია ამ კართან მიკარება. არც მიჰკარებია და არც არასდროს უკითხავს რა იყო მასში. რომ ეკითხა ალბათ ვეტყოდით კიდეც. . . კარს ორივე გასაღები მოვარგე და გადავატრიალე. რკინის დამცავი ფირფიტა, თავისი სულელური წარწერიანად ზემოთ აიწია და მის უკან საშობაო ნაძვის ხესავით განათებული სერვერი გამოჩნდა, რომელზეც ნათურები ინთებოდნენ და ქრებოდნენ. მის ცენტრში პატარა ეკრანი იყო განთავსებული, რომელზეც ლათინური ასოებით ეწერა - სადგური ფენიქსი. თუმცა იმდენად საშინელი გრაფიკა ჰქონდა, რომ ჩემი ბავშვობის დროინდელი სათამაშო კონსოლიც კი აჯობებდა. ეკრანის გვერდით თითის ანაბეჭდის სენსორები იყო განლაგებული. ზედას ოტამენდი ეწერა, ქვედა კი ჯო - ს გვარით - უაილდით იყო შემკული. ცერა თითი ზედა სენსორს დავადე, მოწითალო სინათლემ ძველებური ქსეროასლების გადასაღები აპარატივით გადაირბინა ჩემი თითის, თვალისთვის უხილავი, დიუნების მოხატულობაზე და მწვანე შეფერილობა მიიღო. -შენი ჯერია ნაბიჭვარო. . . უაილდის გვამი სერვერთან მივათრიე და ქვედა სენსორზე დავადებინე თითი, მაგრამ სენსორი არ რეაგირებდა. „ტემპერატურის ბრალი იქნება.“ ერთი მეთოდი გამახსენდა. „ნეტავ გაამართლებდეს. . .“ სენსორის ზედაპირი დავორთქლე და უაილდს თითი ხელახლა დავადებინე. წითელმა ხაზმა გადაირბინა და გამწვანდა. -არის! - შევყვირე გახარებულმა. ეკრანზე მდარე დონის გრაფიკული გამოსახულება გაქრა და მისი ადგილი დაიკავა წარწერამ: „თვითგანადგურების ბრძანება“. მის ქვეშ კი ორი მართკუთხედი გამოჩნდა: „დადასტურება“ და „უარყოფა“. დადასტურება წითლად იყო შეფერილი, უარყოფა კი მწვანედ. „არა და პირიქით უნდა იყოს. . .“ - გულში გამეცინა. საათს დავხედე მხოლოდ 1 წუთი რჩებოდა. მაგრამ ეს საკმარისზე მეტი იყო. უდარდელად დავაწექი დადასტურებას. თვითგანადგურების ბრძანება მიღებულია - დაეწერა ეკრანზე და იმავდროულად გაისმა სადგურის დინამიკებიდანაც. ამას მოჰყვა უკუათვლა, როგორც ხმოვანი ასევე ვიზუალური. „ნეტავ ამდენი დრამატიზება რა საჭიროა?! აქ ხომ არც ყრუები ვართ და არც უსინათლოები. . .“ მაგიდიდან გრინის, რომით სავსე მათარა ავიღე, ამ ჭურჭელში მის მიერ დედამიწიდან წამოღებული ალკოჰოლის საერთო მოცულობის 0.1% თუ იქნებოდა. ნაძირალა, უხასიათო ლოთი. თუმცა რომი აშკარად სჯობდა იმ საშინელ პისკოს[2] რითიც მარსზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში თვრებოდა ხოლმე. ნუთუ გულმა უგრძნო, რომ ეს მისი ბოლო დღე იყო და ამ ბოლო დღეს რაიმე კარგი სასმლით უნდა გამოსთხოვებოდა სიცოცხლეს. მას მეექვსე გრძნობით თუ შეეძლო სიკვდილის წინასწარმეტყველება, აი მე კი წამების სიზუსტით ვიცოდი ეს როდის მოხდებოდა. განა როგორ შეიძლება არ მცოდნოდა, როცა ეკრანიც და დინამიკებიც თვალებსა და ყურებში მჩრიდნენ ჩემი ცხოვრების უკანასკნელ ულუფებს.. . .10. . . 9. . . 8. . . სასმელი დიდი ყლუპებით გადავუძახე მუცელში. უკვე ვიცოდი, რომ ჩვენი, ველური დასავლეთის სტილში მომხდარი „გარჩევის“ ამსახველი ვიდეო უკვე დედამიწისკენ მიფრინავდა და მას ვეღარაფერი შეაჩერებდა, თუმცა ეს ფეხზე მეკიდა. მთავარი იყო დრონის გადაღებული ვიდეო გამენადგურებინა, თუნდაც ჩემიანად. ან უფრო სწორად ზუსტადაც რომ ჩემიანად. სადგურის მთავარი სამართავი კომპიუტერის წინ, სავარძელში მოვკალათდი და ჩემგან ხელმარცხნივ ილუმინატორისმაგვარ ფანჯარაში გავიხედე. ირგვლივ სრული სიცარიელე იყო, ჟანგისფერი უსასრულო სიცარიელე. 1 - გაისმა სადგურის დინამიკებიდან. . . და მერე ყველაფერი, ჩემ ირგვლივ და ჩემში, ცეცხლის ალმა აავსო.  * * *           რობი 7 წლის იყო, როდესაც პირველად გააცნობიერა, რომ ცხოვრება მარტივი არ არის და ეს სამყარო სულაც არ ჰგავს ბავშვთა გასართობ მოედანს. ბიჭი, რომელიც მის ასაკში ფეხბურთის თამაშითა და ვარსკვლავების ცქერით უნდა დამტკბარიყო, ირგვლივ მხოლოდ სიკვდილსა და ტკივილს ხედავდა.           მისი ძვირფასი დედა ელიზი ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა (ყოველ შემთხვევაში მას ასე უთხრეს), მაშინ როდესაც მისი ერთადერთი შვილის რობის დაბადების დღეზე დასასწრებად შინ ბრუნდებოდა, ევროპაში ჩატარებული სამეცნიერო კონფერენციიდან. რობს ამ ამბავს მამა თავიდან უმალავდა, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა ეთქვა, რადგან ბიჭი შემაწუხებელი კითხვებიდან სრულ დუმილზე გადაერთო. თავის ოთახში იჯდა ფანჯარასთან და ხმას არ იღებდა, არც ჭამდა და არც ეძინა. ორიოდ დღეში სამარიდან ამოღებულს დაემსგავსა. მამამისი არც ტაქტით და არც მზრუნველობით არასდროს არ გამოირჩეოდა, ამიტომ მივიდა და რობს ეს ამბავი პირდაპირ მიახალა. დედის დაღუპვის ამბავი მარტივად უთხრა თუმცა „უაღრესმა სულგრძელობამ“ გადააწყვეტინა ელიზის გარდაცვალების მიზეზი კატასტროფისთვის დაებრალებინა და მკვლელობა არ ეხსენებინა. შემდეგ კარი გამოიჯახა და კიბეზე ღიღინით დაეშვა. რობი ვერც კი ხვდებოდა რამ უფრო ატკინა გული დედის დაღუპვის ამბავმა თუ მამამისის ასეთმა უსულგულო და ცივსისხლიანმა დამოკიდებულებამ. კიდევ ერთი ღამე დაღამდა. ირგვლივ მხოლოდ დუმილი სუფევდა. ბიჭი მარტო იყო და არც არავინ კითხულობდა. გადაწყვიტა კიბეზე ჩავირბენ და სამუდამოდ მოვშორდები აქაურობასო. კართან მიიპარა და ერთხანს შედგა, მიაყურადა. უეცრად ქვედა სართულიდან რაღაც ყრუ ხმა შემოესმა, მსხვრევის თუ ღრჭიალის, მაგრამ ვერ მიხვდა რისი ხმა შეიძლება ყოფილიყო. ცოტა ხანს მოიცადა თუმცა, როდესაც ჩამიჩუმიც ვერ გაიგო კარი ფრთხილად გამოაღო და გარეთ გაიხედა. სრულ წყვდიადს მდუმარება ერთ სხეულად შერწყმოდა. გაუკვირდა, რადგან ჯერ მხოლოდ ღამის 10 საათი იყო. მისი მამა გონსალო, უნიჭო და ხელმოცარული მუსიკოსი, როგორც წესი ამ დროს თავის ოთახში გამოკეტილი გიტარაზე უკრავდა ხოლმე. მაგრამ ახლა სულ მცირე ბგერაც კი არ ისმოდა. -ქეით. . . - ხმადაბლა დაიძახა რობმა, მაგრამ მოსამსახურე გოგონას არ უპასუხია. ყველა ოთახი შეამოწმა, მაგრამ ვერავინ ნახა. ეზოშიც გაიხედა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი შეუნიშნავს. ორსართულიანი მდიდრული ვილა მძინარე ურჩხულივით იდგა სიბნელეში ჩაძირული. „ფარეხი არ შემიმოწმებია.“ - გაუელვა თავში. ქვემოთ ჩავიდა თუმცა ფარეხიც ცარიელი დაუხვდა. იქ ვერც მამამისი და ვერც დედამისის, ელიზის „კადილაკი“. „ქეითი სადღაა?“ უკან დაბრუნდა და მისაღებ ოთახში დივანზე ჩამოჯდა. ყველაფერი კოშმარულ სიზმარს ჰგავდა. აღარც დედა, აღარც მამა. უცებ თვალში პატარა თეთრი ქაღალდი მოხვდა, რომელიც მაგიდის შუაგულში იდო და აღმოსავლეთიდან შემოჭრილ მთვარის ვერცხლისფერ სხივებზე მარმარილოსავით კაშკაშებდა. მაგიდასთან მილასლასდა და ბარათს დასწვდა. ცოტათი შეკრთა როდესაც შენიშნა, რომ მასზე სისხლის ახალი ლაქები იყო წაცხებული, მაგრამ ყველაფრის გასააზრებლად არც თუ შესაბამის პირობებში იყო. ამიტომ ამ საკითხზე ბევრი არც უფიქრია ისე გადაიკითხა წერილი.   „რობ შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ. შენს თავს თავადაც მოუვლი. გემშვიდობები საუკეთესო სურვილებით. მუდამ შენი გონსალო ოტამენდი.“  ბიჭი ვერ იჯერებდა. კითხულობდა კიდევ და კიდევ, თითქოს ამით რამის შეცვლას შეძლებდა. „ნუთუ დატოვა? ან თუ დატოვა გამოსამშვიდობებლად ორიოდ სიტყვა როგორ იკმარა. უცებ მამამისის ღიღინი ჩაესმა ყურში და უსაზღვრო სიძულვილით აღივსო. ეს იყო გრძნობა, რომელიც პირველად გაჩნდა მის უმანკო გულში, და სამწუხაროდ სწორედ იმ ადამიანის მიმართ ვინც უზომოდ უყვარდა.  * * * ტკივილი. პირველი რაც თვალის გახელისთანავე ვიგრძენი ეს იყო უზომო ტკივილი ზურგისა და წელის არეში. ფაქტია უფრო მეტი უნდა მევარჯიშა მარსზე წამოსვლამდე. თუმცა ზურგიც და წელიც მოიცდიდა, რადგან უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა მქონდა, რომელიც ბოლოს მანამ მომიღებდა სანამ სადგურამდე მივაღწევდი. ეს პრობლემა ჟანგბადის ავზის დაზიანება და სკაფანდრის ჰერმეტულობის დარღვევა იყო. უჰაერობა - სწორედ ეს იყო რეალური პრობლემა. ფაქტია, მაღლა აძრომას აზრიც აღარ ჰქონდა. ასე მხოლოდ ცნობისმოყვარეობას დავიკმაყოფილებდი. . . . . .მაგრამ მოვკვდებოდი. „არა მადლობა, შინ დაბრუნება სჯობს.“ წამოვხტი, რამდენადაც შემეძლო თუმცა სიტყვა წამოხტომა ყველაზე ნაკლებად გამოხატავს იმ ფორთხვისმაგვარ ქმედებას რაც მე გავაკეთე. O2 - ის დონე 11% - იუწყებოდა მაჯაზე დამაგრებული სენსორული კომპიუტერი. განგაშის სიგნალი კი ყურის ბარაბნებს მიხეთქავდა. მონაცემების მიხედვით 40.74 ჩ და 9.46 დ წერტილში ვიყავი. გამიხარდა, რომ ჩამოვარდნისას GPS არ დაზიანებულა, სხვაგვარად მარსზე უგზო-უკვლოდ დაკარგულს რომელიმე ჟანგისფერი ლოდის ძირში სიკვდილი მომიწევდა. მარსის იმ რეგიონში ვიყავი, რომელიც სიდონიას სახელითაა ცნობილი და კოორდინატებიც სწორედ ამაზე მეტყველებდა. სამწუხაროდ ფორს-მაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, რომელშიც მე აღმოვჩნდი, იძულებული ვიყავი არათუ მივახლოვებოდი უცნაურ ნათებას, თანდათან, რომ იკლებდა არამედ მისგან თავქუდმოგლეჯილი გავქცეულიყავი. O2 - ის დონე 9%. ფერდობი ჩავირბინე და მარსმავალში შევვარდი. სამწუხაროდ როვერი ჰერმეტული არ იყო, ამიტომ მხოლოდ ტრანსპორტის მოვალეობას ასრულებდა. საკომუნიკაციო სისტემა კი ჩემდასამწუხაროდ შესაკეთებლად ჰქონდა ამოცლილი გრინს, იმ უხასიათო და უვარგის ტექნიკოსს. „ნეტავ გრინის რა ბრალია?! მე თვითონ მოვიქეცი იდიოტურად.“ რა აუცილებელი იყო ისეთი როვერით წამოსვლა, რომელსაც გადამცემი არ ექნებოდა?! მაგრამ რა ვქნა მიყვარს რიცხვი 13, ეს წყეული კი ჩემდაჭირად მართლაც თარსი გამოდგა. O2 - ის დონე 7%. სრული სვლით მივიწევდი წინ. შეუნელებლად გადავრბოდი ქვებზე და გვერდს ვუქცევდი წინაღობებს. მადლობას ვწირავდი ღმერთს, რომ ახალი როვერების სიჩქარე ძველ მოდელებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილი იყო. სადგურამდე 4 კმ. O2 - ის დონე 5%. კიდურებში სიცივე ვიგრძენი და თვალთ დამიბნელდა. ჟანგბადის ნაკლებობა თავისას შვრებოდა. 1.7 კმ O2 - ის დონე. . . ძლიერმა დარტყმამ როვერი შეაზანზარა და თავი რაღაცას დავარტყი. ყურებში გაურკვეველი ხმა ჩამესმა, მაგრამ არ ვიცი განგაშის სიგნალი იყო თუ თავის დარტყმით გამოწვეული წუილი. ირგვლივ წითელი ბურუსი ჩამოწვა.  * * * -აღარასოდეს ვიტირებ. . . - თქვა კიბის საფეხურზე ჩამომჯდარმა რობმა და მუჭით თვალები მოიწმინდა. -სიტყვაზე გიჭერ. - ზურგს უკნიდან მოესმა ალერსიანი ხმა. რობი შეკრთა, სწრაფად შებრუნდა და გაკვირვებისგან თვალები დაჭყიტა. მის წინ სამოც წლამდე ასაკის, წარმოსადეგი კაცი იდგა. მაღალი და მხარბეჭიანი. აკურატულად შეკრეჭილ თმას და წვერს დროის კვალი დასტყობოდა და მზის სხივებზე ვერცხლისფრად ელავდა. მსხვილი წარბები, არწივის ნისკარტივით მოკაუჭებული კეხიანი ცხვირი და თხელი მჭიდროდ მოკუმული ტუჩები მის გარეგნობას ბუნებრივ მრისხანებას სძენდა, თუმცა თვალები, რომლითაც ის რობს უყურებდა უსაზღვრო სითბოს ასხივებდა. -ბაბუას არ ჩაეხუტები? რობი გაკვირვებული იდგა სრულიად უძრავად. ეზოს დეკორატიული ანგელოზებისგან არც კი განირჩეოდა. კაცი მიუახლოვდა და მის გვერდით, კიბის საფეხურზე ჩამოჯდა. ძვირფასი სმოკინგის გასვრას არც კი დარიდებია. რობს ხელით ანიშნა დამჯდარიყო. -მიცანი? - მომღიმარი სახით ჰკითხა ბიჭს. ბიჭმა თავი დაუქნია. -არ იცოდი, რომ შენი ბაბუა ვარ? რობმა უარყოფის ნიშნად გააქნია თავი. -არა უშავს, აწი გეცოდინება. მე ჯონი ვარ. ჯონ საიმონსი. ალბათ ტელევიზორიდან მიცნობ. -დიახ. - საცოდავად ამოილუღლუღა ბავშვმა და თავი დახარა. -უილ! - დაიძახა ჯონმა და მისკენ შებრუნდა. რობმა მხოლოდ ახლა შენიშნა, რომ ეზოში მათ გარდა სხვაც იყო. უილი 30 წლამდე, შავგვრემანი მამაკაცი იყო. საშუალო სიმაღლის, სპორტული აღნაგობის. ძნელი არ იყო იმის გამოცნობა, რომ მას ჯონ საიმონსის დაცვა და მისი ბრძანებების შესრულება ევალებოდა. - სახლში დარეკე, უთხარი ერთი ოთახი მოამზადონ. უილი მიბრუნდა და დავალების შესასრულებლად ენერგიულად გასწია. -მოიცა - გასძახა კაცმა - ყველაზე საუკეთესო ოთახი მოაწყონ. -ბაბუ. . . - გაუბედავად წამოიწყო რობმა. -გისმენ შვილო. -შეიძლება, რომ აქ დავრჩე? კაცმა თეთრ წვერზე ხელი ჩამოისვა, ბიჭს გვერდულად გახედა და უთხრა: - რა თქმა უნდა ჩემო ბიჭო. მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს. მეც დამტოვებ შენს ლამაზ ვილაზე? ბიჭს თვალები გაუფართოვდა. წამით თავი დიდ კაცად იგრძნო და მტკიცე ხმით წარმოთქვა: - დიახ, თქვენ ხომ ჩემი ბაბუა ხართ. -მართალია, მხოლოდ თქვენ კი არა - შენ. არ მინდა თქვენობით და ბატონობით მელაპარაკო. -უილ - მიმართა სახლში შებრუნებულმა ჯონმა ბრგე ყმაწვილს - გეგმები შეიცვალა, მსახურებს გადაეცი, რომ უკლებლივ ყველა მჭირდება. - ირგვლივ უწესრიგოდ მოფანტული ალკოჰოლის ბოთლებს ზიზღით მოავლო თვალი და განაგრძო - აქ ბევრი საქმეა. პირველ რიგში კი ლინდსი მოვიდეს და რამე მოამზადოს, ბიჭს უჭმელობისგან ფერი არ ადევს. მზე ცის კაბადონზე თანდათანობით სულ უფრო და უფრო მაღლა მიიწევდა. კედლები და შადრევანში მობანავე ანგელოზები თანდათანობით ჰკარგავდნენ სპილენძისფერს და ოქროსფრად იფერებოდნენ. ჩიტების ჭიკჭიკი სასიამოვნო დღის დადგომას იუწყებოდა, თუ კი ასეთი დღეები ჯერ კიდევ არსებობდა. „ნეტავ საიდან გაიგო?“ - გაიფიქრა რობმა და სახლში შევიდა.  * * * -ჭკუიდან შეიშალე შე ცალთვალა იდიოტო? - გრინი გამწარებული მიმოდიოდა ჩემი საწოლის წინ, ყვიროდა და ხელებს იქნევდა. - დროზე, რომ არ გვეპოვნე ისტორიაში შეხვიდოდი, როგორც ყველაზე სულელი კაპიტანი და პირველი გვამი მარსზე. -მოკეტე გრინ! შენი ადგილი ნუ გავიწყდება. . . - შევუღრინე რადგან მეტი არც არაფერი შემეძლო. ყველა ძვალი და კუნთი მტკიოდა. -მოვკეტო?! შენი უპასუხისმგებლობის გამო ჩვენი მისია საფრთხის წინაშე დააყენე და ამის შემდეგ თავი კიდევ კაპიტანი გგონია? - გრინი ბრაზისგან თავისი გვარის შესაბამისად ბაყაყივით გამწვანდა. - მე მომხრე ვარ შენი გადაყენების! - თქვა და მარჯვენა ხელი ჰაერში დემონსტრაციულად აღმართა. გატეხილ ცხვირზე ხელი მოვისვი და რამდენადაც შემეძლო გავიღიმე. არადა სურვილი მქონდა ეს ნაბიჭვარი ლოთი ადგილზევე დამეხრჩო. -მე კი წინააღმდეგი ვარ - თქვა უაილდმა, რომელიც ვენიდან სისხლს მიღებდა. „ნეტავ რა ჯანდაბად უნდოდა?“ გრინი შებრუნდა და ოთახიდან გამწარებული გავარდა. უაილდმა ჩაიფხუკუნა. -ბოს სხვა დროს იმედია უფრო ყურადღებით იქნებით. . . -რატომ? არ გინდა ორივე თვალით ბრმა კაპიტანი გყავდეს? ორივემ გადავიხარხარეთ, უფრო სწორად მან გადაიხარხარა, მე კი კვნესისა და ოხვრის გაერთიანებული ვარიანტი ამოვუშვი ხორხიდან. -წამალს არ დამალევინებ? -რა თქმა უნდა. . . - სამედიცინო ხალათის ჯიბიდან კონიაკით სავსე მათარა ამოიღო და დამალევინა. -შენც კაი ლოთი ხარ. - ვუთხარი გაღიმებულმა და თვალი დავხუჭე. თვალწინ ისევ ის მოკაშკაშე სინათლის სვეტი მედგა, რომლის მსგავსიც არასოდეს არაფერი მინახავს და თუ დროზე არ მოვმჯობინდებოდი ვერც ვეღარასოდეს ვნახავდი. -ხო მართლა სად მიპოვეთ? -სადგურის მთავარი შესასვლელიდან 300 მეტრში. ლოდზე იყავით შემოხვეული სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. აღარც ჟანგბადი გქონდათ და მალე, რომ არ გვენახეთ აღარც სისხლი შეგრჩებოდათ. უაილდი მაგიდასთან მივიდა, ფურცლებში რაღაც ჩაინიშნა და მოუბრუნებლად მკითხა: - მხოლოდ ერთი რამ ვერ გავიგე, დალურჯებები ზურგზე და წელზეც გაქვთ, თუმცა შეუძლებელია შეჯახებისას დაგეზიანებინათ. -შენს საქმეს მიხედე უაილდ. - გადავბრუნდი და თავი ძილს მივეცი.  * * * ზაფხულის ცხელი ღამე იდგა. რობი ლოგინში წრიალებდა და ვერაფრით იძინებდა. საშინელ განწყობაზე იყო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სამყარო მის დახრჩობას ცდილობდა. თითქმის ერთი წელი გავიდა რაც მშობლების გარეშე ცხოვრობდა. მართალია ბაბუა მას არაფერს აკლებდა და ყველანაირად ცდილობდა უდედმამობა არ ეგრძნობინებინა, მაგრამ ბიჭის შინაგან სამყაროს ბოლომდე განადგურება უკვე მოესწრო. გადატანილი ამბებიდან სულ რაღაც ერთ თვეში რობი 7 წლის ბიჭიდან ნამდვილ კაცამდე გაიზარდა. საბავშვო გასართობებს დედის გარდაცვალების დღიდან აღარ გაჰკარებია. უკვე თენდებოდა. მზის სხივების გამოჩენასთან ერთად თანდათანობით დაცხა და ლოგინში წოლა კიდევ უფრო აუტანელი გახდა. რობი ადგა, ფეხები ფლოსტებში გაყო და კიბეს დაუყვა, ცდილობდა ჩუმად ემოძრავა, რომ არავინ გაეღვიძებინა. თუმცა სულ დაავიწყდა - უილს არასდროს ეძინა, ის მისაღებ ოთახში მოკალათებულიყო და წიგნს კითხულობდა. -სალამი რობ. - წიგნიდან თავაუღებლად მიესალმა უილი. -გამარჯობა, ძია უილ. -ასე დილა ადრიან რამ აგაყენა? - წიგნში სანიშნედ ხელსახოცი ჩადო და გვერდზე იმდენად ფრთხილად გადადო კაცი იფიქრებდა რაიმე მსხვრევადი უჭირავსო. -ვერ დავიძინე, საშინლად ცხელა. - თავის მართლებასავით ჩაიბურტყუნა ბიჭმა. -გინდა რძე დაგისხა? -არა, ძია უილ. მე თვითონ. ბიჭი მაცივართან მივიდა და რძე მაღალ, გამჭვირვალე ჭიქაში ჩამოასხა. -თქვენც დაგისხათ? - ჰკითხა კაცს, რომელსაც თვალები საშინლად ჩასწითლებოდა. როგორც ჩანს მთელი ღამე კითხვაში გაეტარებინა. -არაა, მე რძე არ მიყვარს. უფრო მეტიც, ჩვენ შორის დარჩეს და მეზიზღება. - შეთქმულივით გაუღიმა და თვალი მეგობრულად ჩაუკრა. კართან პაკეტის დავარდნის ყრუ ხმა მოისმა. -როგორც ჩანს გაზეთები მოიტანეს - თქვა უილმა და სავარძლიდან წამოიწია. -მე მოვიტან. . . - რობმა რძიანი ტუჩები სახელოთი მოიწმინდა და კარისკენ წავიდა. -როგორც გენებოს უფროსო. . . - გაუღიმა კაცმა და კვლავ წიგნს მიუბრუნდა. რობმა კარი გააღო და ქაღალდების გროვა სახლში შეიტანა. გაზეთების მაგიდაზე დაყარა და ადგილზე ისე გაქვავდა თითქოს ეშმაკი დაინახაო. გაზეთის პირველ გვერდზე მამამისის გონსალო ოტამენდის და ქეით მაიკლსის ფოტო იყო. სათაური იუწყებოდა, რომ გონსალო ოტამენდი სასტუმროს ნომერში მკვდარი იპოვეს. რობმა სათაურის წაკითხვისას ვერაფერი იგრძნო. ამან ცოტათი შეაშინა, ძალიანაც უნდოდა სწყენოდა, მაგრამ ეს ამბავი მასში ვერავითარ ემოციას ვერ აღძრავდა. სრულიად უცხო და შორეული ამბავი იყო. ვიღაცის უბედურების ამსახველი, ისეთი ამბის რომელზე ზერელე მწუხარების გამოხატვაც სრულიად საკმარისი იყო. სტატია წაიკითხა. ის საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას შეიცავდა. ეწერა, რომ გონსალო ოტამენდი, გენერალ ჯონ საიმონსის სიძე და არგენტინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის რექტორის ელიზ საიმონსის ქმარი, რომელიც 10 თვის წინ სახლიდან მის საყვარელთან ქეით მაიკლსთან ერთად გაიქცა და თან მეუღლის მიერ დაგროვილი ფულიც გაიყოლა, სასტუმროში მკვდარი იპოვეს. როგორც აღმოჩნდა ქალმა ის ბალიშით გაგუდა და ფულით სავსე ჩანთით გაქცევა სცადა, რა დროსაც დააკავეს. ქეით მაიკლსმა სასჯელის შემსუბუქების მიზნით დანაშაული აღიარა. ფული რომელიც 10 მილიონამდე დოლარს შეადგენდა ჯონ საიმონსის ანგარიშზე ჩაირიცხა. -რამე საინტერესო წერია? - ჰკითხა უილმა. -არა, არაფერი. . . - იცრუა ბიჭმა, გაზეთი გადაკეცა და მაგიდაზე უდარდელად მოისროლა.  * * * უკვე ორი მარსული დღე გავიდა, მე კი კვლავაც ლოგინში ვიწექი, უძრავად. ჩემს ადგილზე უაილდი იტყოდა 2 „სოლ“ - ი გავიდაო, მას ხომ ძალიან უყვარს ახალი ტერმინები, ახალი აპარატები, ახალი თავგადასავლები და ახალი პრობლემები. მაგრამ მე არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი ოდნავადაც არ მხიბლავდა. უაილდი ჩვენი ექიმი იყო, კიდევ ბიოლოგი და ქიმიკოსი. სწორედ მისი თხოვნით ვეგდე და ველოდებოდი ადგომისთვის მწვანე შუქს როდის ამინთებდა. თავად ჩემი ოთახის ერთ კუთხეში იჯდა და რაღაც წიგნს კითხულობდა, იდიოტ სახეზე უაღრესი კმაყოფილება აღბეჭდვოდა. ნეტავ რა ხასიათზე იქნებოდა სულიერი წონასწორობის შესანარჩუნებლად მისიის ხელმძღვანელობას სასურველი ნივთების წამოღება რომ აეკრძალა?! ნელ-ნელა ხასიათი მიფუჭდებოდა. -ეი შენ. . . რას კითხულობ? - გაღიზიანებულმა ვკითხე, უფრო სწორად კი დავუყვირე. -კარგად ხართ? - გაღიმებულმა დამიბრუნა კითხვა, ისეთი სიმშვიდით ვიფიქრე სადაცაა გაბრწყინდება მეთქი. -რაღაც გკითხე იდიოტო. . . - თითქმის ჩხუბში ვიწვევდი, ის კი არ რეაგირებდა. -აა, ეს. . . - წიგნის ყდა დამანახა - „ტორტილა ფლეტი“ ჯონ სტაინბეკის მაგარი წიგნია. წაკითხული გაქვთ? სხვა შემთხვევაში ალბათ ჩხუბს გავაგრძელებდი, მაგრამ მისმა სიმშვიდემ და წიგნის სათაურმა ფარხმალი დამაყრევინა. თავი მსუბუქად დავუქნიე, მაგრამ სახის გამომეტყველება არ შემიცვლია. აბა ბოლომდე ხომ არ დავნებდებოდი?! -წიგნაკი მომაწოდე ჯო. - სახელით მაშინ მივმართავდი, როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი, სხვა ყველა შემთხვევაში კი უაილდს ვეძახდი. ბიჭმა წიგნში თითი ისე ჩაყო, რომ სასურველი გვერდი არ დაეკარგა და მაგიდაზე დატოვებული წიგნაკი მომაწოდა. -ახლა კი დამტოვე. . . -თქვენ ავად ხართ, რამე რომ დაგჭირდეთ? -ეე ბიჭო 7 წლის ხარ? რა ექიმობანას მეთამაშები, ცინგლები მოიწმინდე და დაახვიე აქედან! -27 ვარ. - თქვა და გულდაწყვეტილი გავიდა. გამეცინა. ისეთი მიამიტი იყო გაბრაზებაც კი მიჭირდა. -იდიოტი. მარსზე ძნელია დედამიწური მოგონებების დავიწყება. სადაც არ უნდა წახვიდე დედამიწელად რჩები. უცხო ხარ უცხოთა ქვეყანაში და ამას ვერაფერს უშველი. დედამიწა შენშია და შენ ისევე ხარ მისი ნაწილი, როგორც ის - შენი. მადლობა ღმერთს ჩემს სულიერ სიმშვიდეზეც იზრუნეს და ჩემი მოგონებების ნაგლეჯის წამოღების უფლება მომცეს. არავინ იცოდა რა იყო წიგნაკში. არავინ იცოდა, რომ იქ ცარიელი ფურცლების მეტი არაფერი იყო. ჩემი ეკიპაჟის წევრებისგან განსხვავებით, რომლებმაც ლამის საკუთარი სახლიც კი წამოიღეს ბებია-პაპიანად, მე მხოლოდ ის წამოვიღე რაც ამ დღიურში იდო. პატარა სურათი. სურათი, რომელიც ჩემს ბედნიერებას და ტკივილს ერთდროულად იტევდა. -მენატრები ანა. . . - სურათს ვაკოცე და ერთადერთ თვალზე მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე. მაინც რა ვერაგია დრო?! არც ცოცხალს ინდობს და არც მკვდარს. უსიცოცხლო გამოფიტული ქაღალდიც კი პეპლის თხელი ფრთებივით გაცრეცილიყო და დღეს თუ ხვალ, ჩემი სამუდამოდ აწეწილი ნერვების ეს უკანასკნელი დამამშვიდებელიც გამომეცლებოდა ხელიდან. სურათის უკან წიგნაკში დაბრუნება, რომ დავაპირე მის მეორე მხარეს გაკრული ხელით მიჯღაბნილი ლექსის, ქაღალდზე ძლივს დატეულმა ნაწყვეტმა ძველი მეგობარივით შემომცინა. იმ მეგობარივით, რომელმაც შენი ყველა გულის ნადები იცის და შენს ყველა ტკივილს იზიარებს. წარმოიდგინე, რომ ოდესღაც შევხვდით ერთმანეთსშენ კაბა გეცვა, სამკაულად გეკეთა ხალისიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ალბათ მერქვა მეცჩვენ შორის ზვირთად მოდიოდა გრძნობების წყალი.იქნებ ორივე - გამოუცდელი, დინებას ვდევდითან ღმერთმა უწყის, გზები გვქონდა ზედმეტად ფართომაგრამ ვფიცავ, რომ არასოდეს ვთვრებოდი სევდითრომ არასოდეს არ ვყოფილვარ მე ასე მარტო.  საკუთარ თავზე გამეცინა. ეს მინაწერი ხომ იმ დროს ეკუთვნოდა, როცა ჯერ მისი სახელიც კი არ ვიცოდი. ისიც კი არ ვიცოდი, რომ ეს ხალი უბრალოდ ფოტო ქაღალდის წუნი იყო და მეტი არაფერი. მე ისეთი მიყვარდა უცნობი გოგონა, როგორიც იყო - ხალით და უსახელოდ. ისიც კი არ ვიცოდი, რომ ჩემი სიტყვები ერთ დღესაც განსხეულდებოდა და იმ წყლად იქცეოდა, რომელიც მას არათუ დამაახლოვებდა, არამედ. . . საბრალო იდიოტი ვიყავი. საბრალო უზომოდ შეყვარებული იდიო. . . უეცრად კარი ბრახუნით გაიღო და სახეალეწილი გრინი ისე შემოვარდა თითქოს ჩემი მოთმინების საზღვრების გაზომვას ცდილობდა. კუთხემოკუჭული სურათი წიგნაკში სწრაფად დავაბრუნე, წამოვჯექი და გრინს დავუყვირე: - რამდენს ბედავ შე ძაღლო? გრინი ქოშინებდა. ფაქტია რაღაც მოხდა. -მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ ახლა ამის დრო არაა. საქმე ცუდადაა, უნდა წამოხვიდე. . . -რა ხდება კრისტობალ? -შენი თვალით უნდა ნახო. სასწრაფოდ ჩავიცვი და სადგურის მართვის ცენტრში კოჭლობით გავედი. -აბა რა ხდება? ახლა მაინც მეტყვით? უაილდი ნერვიულობისგან ფრჩხილებს იკვნეტდა, გრინი კი აწითლებული იდგა კომპიუტერთან და ხმას არ იღებდა. -ბოლო-ბოლო იტყვი? - მხარში ხელი ჩავავლე და შემოვაბრუნე, მაგრამ თქმა საჭირო აღარ იყო. კომპიუტერის მონიტორზე ქვიშის უზარმაზარი შტორმი დავინახე. მისი ზომების განსაზღვრა სატელიტური მონაცემების გარეშე წარმოუდგენელი იყო, თუმცა მისი სიჩქარის გამოთვლა, რამდენადმე მაინც შეიძლებოდა. -სასწრაფოდ მომახსენე ზომა, სიჩქარე და მოძრაობის ტრაექტორია. -ზომა არ ვიცით, ჩვენ მიერ მარსის ორბიტაზე გაშვებული სატელიტი დავკარგეთ, უკეთეს შემთხვევაში შტორმი სიგნალს ახშობს, უარეს შემთხვევაში დაიმტვრა. . . -კი მაგრამ საკმარისად მაღლა არ არის? -გაშვებიდან რამდენიმე დღე დაბლა დაფრინავს, ჩვენ სატელიტი 122 სოლზე გავუშვით, ეს კი გუშინ წინ იყო. -კარგი, ჯანდაბას. სიჩქარეზე და ტრაექტორიაზე რას იტყვი? -სიჩქარე 34 მ/წმ და ტრაექ. . . -რამდენი? 34 მ/წმ? შენ რა ჭკუიდან შეიშალე ეს ხომ 120 კმ/სთ - ზე მეტია. . . -ასეა - ამოიოხრა გრინმა, შუბლიდან ოფლი სახელოთი მოიწმინდა და დაამატა - არადა აქამდე მხოლოდ 30მ/წმ - მდე სიჩქარის ქარები იყო აღრიცხული. -მართლა?! ეგ იმას უთხარი. - ხელით შტორმის ღრუბელზე მივუთითე - ტრაექტორია? -ჩვენი და შტორმის ღრუბლის მიახლოებითი ცენტრების შემაერთებელი ღერძიდან ორიოდ გრადუსით სამხრეთითაა გადახრილი. დასავლეთის კამერის გამოსახულებას შევხედე. კედლად აღმართულ შტორმს კიდეები არ უჩანდა. წამიც და როვერი 13, რომელიც ჩემ მიერ „ორგანიზებული“ ინციდენტის შედეგად დაიმტვრა და რომელიც ჯერაც იმ ღირსსახსოვარი ადგილის მემორიალს წარმოადგენდა, ძლიერად შეირყა და შტორმის ხარბ მუცელში გაუჩინარდა. „რა ცუდი ბედი ჰქონია. ჯერ მე, ახლა. . .“ -გრინ, სადგურის ყველაზე მტკიცე ნაწილი რომელია? -ახლა სწორედ ყველაზე მტკიცე ნაწილში ვართ რობ. - მისი ხმა ბედს შეგუებული სიკვდილმისჯილის ხმას ჰგავდა. „ჯანდაბა, არც სიკვდილით და არც სიცოცხლით არაფერს არ ვაგებ.“ „დაე მოვიდეს და წამართვას სიცოცხლე, თუ გაბედავს. . .“ ვიცოდი, რომ არავითარ ქმედებას არ ჰქონდა აზრი, მაგრამ უმოქმედობა უაილდსაც და გრინსაც ჭკუიდან გადაიყვანდა. -აბა ქვეშაფსიებო საქმეს მივხედოთ. . . ორივემ გაკვირვებულმა შემომხედა. იცოდნენ, რომ ბევრი არაფერი შეგვეძლო. -თუ ტრაკს არ გაანძრევთ მოხსენებაში შევიტან და კარგი დღე არ დაგადგებათ. - სხვა ცუდი დღე არც ერთს არ ედარდებოდა, რადგან ერთ-ერთი მათგანი მათ დაღუპვით ემუქრებოდა. აქ და ახლა. -გრინ პირველი კონტაქტის დრო გამოთვალე და #3 ეკრანზე უკუათვლა ჩართე. უაილდ დისტანციური ანტენები და მზის პანელები დახურე. - საქმის შესრულებას ჩემდაგასაკვირად დაუყოვნებლივ შეუდგნენ. მე კი სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველსაყოფად საჭირო ტექნიკის გარდა ყველაფრის გამორთვა დავიწყე. არ ვიცი რამდენად სწორად ვიქცეოდი, მაგრამ დაზიანების შემთხვევაში არ მინდოდა ელექტრო ტექნიკას დამატებითი პრობლემები შეექმნა. ეკრანი #3 - ზე დრო გამოჩნდა. 4 წუთზე ნაკლები გვქონდა. -აბა ბიჭებო სკაფანდრები ჩაიცვით. - ეს კი არავის მოეწონა, გილიოტინის ნაჯახის დეზინფიცირებასავით ჟღერდა.   00:00:56   ყველანი დარბაზის ცენტრში მოვგროვდით. უხმოდ და უიმედოდ.   00:00:03   ილუმინატორისმაგვარ მრგვალ ფანჯარაში უდროოდ დამდგარმა ღამემ დაისადგურა. „შენთან მოვდივარ ანა. . .“   00:00:00   ძლიერმა დარტყმამ ყველაფერი შეარყია. სადგური, რომლის აგებასაც 107 მარსული დღე მოვანდომეთ თავზე გვენგრეოდა. მხოლოდ ღმერთს შეეძლო ჩვენი შველა. თუ კი ამის სურვილი ჰქონდა. თუ კი ამის ღირსები ვიყავით.  * * * -გინდა ამაზე ვილაპარაკოთ? - ჰკითხა ბაბუამ და გაზეთი ჭადრაკის დაფის გვერდით დადო. „როგორც ჩანს უილმა უთხრა“ - გაიფიქრა ბიჭმა და თავი გააქნია. -კარგი როგორც გენებოს. - ჯონს ძალიან გაუკვირდა, რომ ბიჭს არავითარი რეაქცია არ გამოუხატავს - თუ დაკრძალვაზე დასწრება მოგინდეს მითხარი. . . -არ მინდა! - დედოფალი მეტოქის მეფის წინ დასვა და თავდაჯერებულად წამოიძახა: - ქიში და შამათი. ბაბუას სახეზე გაოცება დაეტყო. -ჩემო პატარა გენიოსო, ბაბუა არ გეცოდება? უკვე მეთოთხმეტედ მომიგე. - თბილად გაუღიმა და ბიჭი გულში ჩაიკრა. -თუ გინდა თამაშს გასწავლი. . . - პატარა პაუზა გააკეთა და დაამატა - მაგრამ არა მგონია გამომივიდეს. . . -ოხ შე საძაგელო. . . - ხელოვნური აღშფოთებით წამოვარდა ჯონი და რობს გამოეკიდა. ბავშვი მხიარულად იცინოდა და გარბოდა. უცებ კაცმა თავზე ხელი იტაცა და მუხლებზე დავარდა. ბიჭს ბაბუის საქციელი თამაშის ნაწილი ეგონა და სიცილით მიირბინა მასთან, თუმცა როდესაც დაინახა რომ კაცს ცხვირიდან თქრიალით სდიოდა სისხლი მაშინვე გააჟრჟოლა, სიკვდილის სუნი ეცა. იმ სიკვდილის მისთვის ასე კარგად ნაცნობი, რომ იყო. -უილ! უილ!. . . - ყვირილით გაიქცა სახლისკენ საიდანაც უილი უკვე გამორბოდა. -რა მოხდა? -ბაბუ. . . ბაბუ ცუდადაა უილ, უშველე გთხოვ. . . უილმა უგონოდ მყოფი ჯონი და რობი მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოსკენ აიღო გეზი. ისეთი სიჩქარით მიჰქროდა თითქოს არმაგედონს გაურბოდა. რობი კი უკანა სავარძლისკენ მობრუნებული უყურებდა უგონოდ მყოფ ჯონს და ღმერთს შესთხოვდა, რომ მისთვის უძვირფასესი ადამიანისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა. ლოცულობდა რადგან უყვარდა ბაბუა ჯონი. ლოცულობდა რადგან არ უნდოდა იმ ერთადერთი ადამიანის დაკარგვა, რომელიც მასზე ზრუნავდა. შავი კადილაკი საავადმყოფოს ეზოში შევარდა. ჯონი ექთნების მიერ გამოტანილ საკაცეზე დააწვინეს და დაუყოვნებლივ შეიყვანეს შენობაში. რობმა გაყოლა დააპირა, მაგრამ უილმა მანქანაში მოცდა სთხოვა და თავადაც შიგნით შევიდა. რობს ლოდინის მეტი არაფერი დარჩენოდა, ამიტომ იცდიდა. ბაბუის ნაჩუქარ საათს დახედა. დრო ისევ გადიოდა. მის ჩვეულ მდინარებას არაფერი არღვევდა. დროს არ ენაღვლებოდა ჯონი. არც ელიზი ენაღვლებოდა და არც გონსალო. თუმცა შინაგანად იგრძნო, რომ გონსალო თავადაც აღარ ენაღვლებოდა.  * * * „კარგია, რომ ზოგჯერ ჭკვიანურ ბრძანებებსაც გავცემ“ - გამიელვა თავში, როდესაც პირველად მოვავლე თვალი ნაშტორმალ სადგურს. „ფენიქსზე“ მეტად იქაურობა მაწანწალების მიყრუებულ დასახლებას უფრო ჰგავდა. „კიდევ კარგი სკაფანდრები ჩავიცვით.“ ჰაერჩამკეტი #2, რომელიც სადგურის სამხრეთ ნაწილს მოკლე დერეფნით უკავშირდებოდა, ძლიერმა ქარმა მოგლიჯა და ღმერთმა უწყის სად წაიღო. ელექტრო სისტემები სადგურის დაცვის სისტემამ ავტომატურად გამორთო, ამიტომ გაბატონებულ სიბნელეს მხოლოდ სათადარიგო განათება ებრძოდა. ირგვლივ ყველაფერზე მარსული მტვრის სქელი ფენით იყო დაფარული. მკრთალი განათების პირობებში მხოლოდ ჩვენი ჩაფხუტების მინების მსუბუქი მოთეთრო-მოყვითალო კონტურები მოსჩანდა მკვეთრად. მტვრით დაგმანული ფანჯრებიდან სინათლე თითქმის არ აღწევდა. „ასე სულელურად როგორ დააპროექტეს, ეს წყეული სადგური?!“ მეცნიერებზე ვბრაზობდი, როგორ შეეძლოთ აქ ისე გამოვეშვით, რომ მოსალოდნელი საფრთხეები სათანადოდ არ შეესწავლათ. სადგურის სიმტკიცე თუ მათ ნაბოდვარს დავუჯერებთ 30 მ/წმ სიჩქარის ქარებს ადვილად გაუმკლავდებოდა, მაგრამ ფაქტია 34 მ/წმ - ს ვერ გაუძლო. „კარგი ვაჭარბებ, გარკვეულწილად ვერ გაუძლო.“ შედეგად ჩვენმა ჰაერჩამკეტმა ჩვენს სატელიტზე ადრე ისწავლა ფრენა. სწორედ ასე ჩავწერ ჩემს მოხსენებაში. ესეც 124 მარსული დღე. არადა სმიტი მეუბნებოდა 10 სოლამდეც ვერ გაძლებო. „სმიტ შე წუწურაქო, ჩემი 20 დოლარი გმართებს.“ - უკან რომ დავბრუნდები აუცილებლად წავართმევ. „წოლა“ კარგია, მაგრამ საქმე იყო გასაკეთებელი. ჩაფხუტის ფარნის ჩართვა ვცადე, მაგრამ არ ჩაირთო. ხელების ცეცებით ავდექი და შორი-ახლოს მყოფი თანაგუნდელის ჩაფხუტის სინათლეს მივყევი. თან შიდა საკომუნიკაციო სისტემით ვცდილობდი მათთვის ხმის მიწვდენას. -უაილდ. . . გრინ. . . ბიჭებო გესმით ჩემი? არავითარი პასუხი, სრული დუმილი. ერთ-ერთს მივუახლოვდი. უცნაურად მოხრილი პირქვე დამხობილიყო. გადმოვაბრუნე და გრინის ტკივილისგან დამანჭული სახე გავარჩიე. -გრინ, რა მოგივიდა? რაღაც მითხრა, მაგრამ ვერ გავიგე, ხელით ვანიშნე არ მესმის მეთქი და მან მარჯვენა ხელის ცერა თითი ასწია, რაც იმ მდგომარეობაში ალბათ არ მოვკვდების უფრო ნიშნავდა. უაილდისკენ გავემართე. ფეხები ქვიშაში მეფლობოდა. ირგვლივ პატარა უდაბნო იყო, მინი უდაბნო თავისი დიუნებით. ახლოს მისულმა შევნიშნე, რომ ბიჭი მოკუნტული ჩაცუცქულიყო, მუხლები სახესთან მიეტანა და მსუბუქად ირწეოდა. -უაილდ? ხმას არ იღებდა. ცოტათი გავბრაზდი კიდეც. ერთმა შტორმმა ასე როგორ დააფრთხო. ჩაფხუტზე დავუკაკუნე, შეცბუნებულმა ამომხედა. -რა ჯანდაბა გჭირს? ვერ გაიგო. ვგრძნობდი, რომ ორივეს ფსიქოლოგი გვჭირდებოდა. მას იმისთვის, რომ კაცურად მოქცევა ესწავლა. მე კი იმისთვის, რომ ბრაზის მართვაში დამხმარებოდა. -რა გეტაკა მეთქი? - მოთმინებადაკარგულმა დავუყვირე. მაჯაზე მიმაგრებულ სენსორს სტაცა ხელი და სკაფანდრის შიდა საკომუნიკაციო სისტემა ჩართო. შემდეგ ზლაზვნით წამოიწია, რომ წამომდგარიყო. -საკომუნიკაციო სისტემა რატომ გამორთე? - დავუღრიალე და ხელი ვკარი. ბურთივით გადაგორდა და შეშინებული სახით შემომხედა. -მიპასუხე შე სულელო ლაწირაკო! -მე. . . მე. . . -რა მე, მე? ამოღერღე. . . -მე, არ ვიცი. . . -არ იცი? - მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი. მოვბრუნდი და გრინის მშვიდი, მაგრამ ტკივილისგან დამანჭული სახე დავინახე. - შენც გამორთე საკომუნიკაციო სიტემა? გრინმა მაჯა გამოსწია. მისი სკაფანდრის კომპიუტერის სენსორული ეკრანი გატეხილი იყო. ეს კი ბუნებრივია ნიშნავდა, რომ მისი სკაფანდრი უსაფრთხო არ იყო. სასწრაფოდ ხომალდზე უნდა აგვეყვანა, რადგან სადგურის დაზიანების გამო მხოლოდ იქ შეძლებდა გამოცვლას. თუ კი, რაღა თქმა უნდა ხომალდი თავის ადგილზე დაგვხვდებოდა. მთლიანობაში ყველასთვის უკეთესი იქნებოდა ხომალდის ბორტზე დაბრუნება და სამოქმედო გეგმის დასახვა. გრინი შეტორტმანდა და მუხლებზე დაეცა. ხელს ინსტინქტურად იდებდა კისერზე და მავედრებელი თვალებით მომჩერებოდა. ხომალდი სადგურიდან 140 მეტრში იდგა, სასწრაფოდ უნდა წაგვეყვანა და უსუსური იმედი გვქონოდა, რომ ადგილზე დაგვხვდებოდა. -უაილდ, დამეხმარე! ხომალდზე უნდა ავიყვანოთ. . . გრინს მხარში ამოვუდექით და დავიძარით. გონებაში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა: „ნეტავ თავის ადგილზე დაგვხვდეს.“  * * *სიმსივნე -    ბლასტომა, ახალწარმონაქმნი, ქსოვილების არანორმალურად ჭარბი ზრდა. სიმსივნე უჯრედებისაგან შედგება, რომელთაც დაქვეითებული ან სრულიად დაკარგული აქვთ მომწიფების, დიფერენციაციის უნარი და ახასიათებთ განუსაზღვრელი გამრავლება, რის შედეგადაც წარმოქმნილი სიმსივნური ქსოვილი აზიანებს და არღვევს ირგვლივ მდებარე ნორმალურ ქსოვილებს და ორგანოებს. რობი ხვდებოდა, რომ საშინელ დაავადებაზე იყო საუბარი, თუმცა წაკითხულიდან კონკრეტული დასკვნა ვერ გამოიტანა. მზერით სხვა აბზაცზე გადაერთო და კითხვა განაგრძო.   . . .ავთვისებიანი სიმსივნისთვის დამახასიათებელია სწრაფი ზრდა. . .   აბზაციდან აბზაცზე გადადიოდა, ბოლოს ენციკლოპედია დახურა და ღრმად ამოიოხრა. მეტ-ნაკლებად გრძნობდა, რომ ამ დაავადებას სიკვდილის სუნი უდიოდა. ყრუ ტკივილი იგრძნო. ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს გულ-მუცელი უდუღდა. თუ სიმართლე იყო და ეჭვიც არ არის, რომ სიმართლე იყო, მაშინ ბაბუა ჯონი. . . -არა! არ მოკვდება! - შეჰყვირა და იმით შეშინებულმა ვინმემ არ გაიგოსო უნებურად პირზე აიფარა ხელი. ელიზის ბიბლიოთეკიდან თავდახრილი გამოვიდა. გონებაში ექიმის სიტყვები უტრიალებდა - უსასრულოდ და გაუთავებლად. მხოლოდ ერთ რამეს ვერ ხვდებოდა თუ კი სიმსივნე სიკვდილს ნიშნავდა, რატომ შეხვდა ბაბუა ექიმის სიტყვებს ასე მშვიდად? რატომ იღიმოდა? რატომ უთხრა ექიმს მადლობა? ის ხომ მისი სიკვდილის პირველი მაცნე იყო. . . ჯერაც თვალწინ ედგა სანახევროდ შეღებული პალატის კარი და მის მიღმა ბაბუა ჯონის მომღიმარი სახე. იმ ადამიანის სახე, რომელიც ხვალ ან ზეგ აღარ იქნებოდა. ისე გაქრებოდა თითქოს არც არასოდეს უარსებიაო. დერეფანში უძრავად მდგომ ბიჭს ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს წყვდიადმა თავისი საზარელი ფართო მკლავები მოხვია. სუნთქვა საშინლად გაუძნელდა. უეცრად სიბნელის მკრთალი ლანდები მიილია და რობი მოწყვეტით დაეცა იატაკზე. ირგვლივ მდუმარება სუფევდა. სიბნელე და სიჩუმე ერთმანეთს ჰარმონიულად შერწყმოდა და მუქ ტალღებად ევლებოდა ბიჭის სხეულს, რომელიც უძრავად ესვენა წყვდიადის კლანჭებში მოქცეული.  * * * პირდაღებული ვუყურებდი კოსმოსურ ხომალდს. ვერ ვხვდებოდი ეს რა ჯანდაბა იყო. უფრო სწორად მშვენივრად ვხვდებოდი, მაგრამ სწორი განსაზღვრების მოძებნა მიჭირდა. „მიყუდებული?“ „წამოწოლილი?“ ხომალდი ისე გამოიყურებოდა თითქოს გულის შეტევა მიიღო და ცხვირით ქვიშაში ჩაერჭოო. მაგრამ ქვიშა? ამდენ ქვიშას რა ჯანდაბა უნდოდა იქ? არადა აშკარად მახსოვდა, რომ სიდონიას რეგიონში ეგრეთ წოდებული სახის მახლობლად მყარ ქანზე დავსვი. ასეა თუ ისე 14 მეტრის სიგრძის ხომალდი 30-320 - იანი დაქანებით იყო დაწოლილი მარსული ქვიშისგან შექმნილი დიუნის დამრეც ფერდობზე. რაც შეეხება ჰაერჩამკეტ #2 - ს ის ყველგან იყო. ბოლო დეტალამდე დამსხვრეული და მიმოფანტული. ფეხის ტკივილმა კვლავ დამრია ხელი და გაკვირვება სულაც გადამავიწყდა. აბა როგორ ხასიათზე დადგება ადამიანი, რომელსაც „სახლს“ დაუნგრევენ, თან ჩემს საცოდავ ფეხს ჩემი წონის გარდა 100 კილოგრამიანი კრისტობალიც აწვებოდა. ცოტა მაკლდა, რომ უსუსურობისგან ღრიალი დამეწყო. „ჯანდაბას. . . ახლა რა ვქნა?“ -უაილდ! - შევუყვირე ჯოს, რადგან გაუჩერებლად მიექაჩებოდა გრინს ხომალდისკენ - ჭკუიდან შეიშალე? თუ დაბრმავდი? სიკვდილი გინდა? უაილდი შედგა და საწყალი თვალებით შემომხედა. „რაღაც უნდა მოვიფიქრო.“ მართალია ტექნიკოსი არ ვიყავი, მაგრამ ცოტ-ცოტა ყველაფერში ვერკვეოდი. წამით დავფიქრდი. სადგურს ხომ 3 ჰაერჩამკეტი ჰქონდა, რა თქმა უნდა მანამ სანამ სამხრეთის ჰაერჩამკეტი ქარმა არ წაიღო. შესაბამისად დაგვრჩა 2. ესეც ხომ საქმეა?! რაც შეეხება თავად ჰაერჩამკეტს მისი მუშაობის პრინციპი მარტივია. თუ სადგურიდან გარეთ გამოდიხარ, ჯერ ჟანგბადით სავსე ჰაერჩამკეტის ბლოკში შედიხარ და ამის შემდეგ ხდება O2 - ის გაწოვა სანამ გარე კარი გაიღება. ხოლო თუ გარედან შედიხარ მაშინ ჯერ ჟანგბადის გაწოვა ხდება, შემდეგ კი შიდა კარის გაღებამდე ბლოკი კვლავ ივსება O2 - ით. რაც შეეხება გაწოვას ჩვენი ჰაერჩამკეტის შემთხვევაში გაწოვილი ჰაერი სპეციალურ ავზში გროვდება. ჰაერჩამკეტის შევსებამდე კი აირში არსებული ქიმიური ნივთიერებები იფილტრება და ბალანსდება O2 - ის გენერატორით და სხვა მოწყობილობებით. და თუ ჩემი მსჯელობა ბოლომდე სწორი იყო, მაშინ ჩვენს თავშესაფრად უახლოესი ჰაერჩამკეტი უნდა გვექცია და გველოცა, რომ რაიმე დაზიანება არ ჰქონოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯერ გრინი მოკვდებოდა, შემდეგ კი ჩვენ. -მარჯვნივ წავიყვანოთ. - გააზრებისთვის დრო არც კი მიმიცია ისე დავიძარი, თუმცა ჩემდაგასაკვირად უხმოდ დამემორჩილა. -რას ვაპირებთ? - მკითხა დასავლეთის ჰაერჩამკეტთან მიახლოვებისას. -ჯობს გაჩუმდე და ყველა ლოცვა თქვა რაც კი იცი. . . ჰაერჩამკეტის კარის გვერდით განთავსებული პანელი გავხსენი და მსუბუქად დამტვერილ ღილაკს ხელი დავაჭირე. რატომღაც გულის სიღრმეში მეშინოდა რომ რაღაც აფეთქებისმაგვარი მოხდებოდა, მაგრამ ჩემდასაბედნიეროდ კარს მიღმა მსუბუქი შიშინი გაისმა და კარი გაიღო. რაღა თქმა უნდა შიგნით გიჟებივით შევცვივდით. კიდევ ერთი ღილაკი - კარი დაიხურა და ჰაერჩამკეტმა კიდევ ერთხელ გამოსცა სასურველი ხმა. ხმა, რომელიც ჩვენთვის სიცოცხლის თუნდაც ერთი საათით, მაგრამ მაინც, გახანგრძლივების მანიშნებელი იყო. სამივენი ძირს ვეყარეთ 2მX4მ - ზე ზომის „ოთახში.“ მეც და უაილდიც დაღლილობისგან სულს ძლივს ვითქვამდით. გრინი კი უძრავად იწვა. -რაღას უყურებ მომეხმარე. - გრინის ჩაფხუტს მივვარდი და მოხსნა დავაპირე. მაგრამ უაილდი ხელებში მეცა. -მოიცადეთ! დარწმუნებული ხართ? -ისევე როგორც იმაში, რომ თუ არ დამაცდი თავს გაგიხეთქავ. -ეჭვი მეპარება უსაფრთხო იყოს. -ჯანდაბა, შენი დედაც. . . კაცი კვდება, რომელ უსაფრთხოებაზე მელაპარაკები?! - ვუთხარი და საკუთარი ჩაფხუტი გამწარებულმა მოვიგლიჯე იმის დასამტკიცებლად, რომ გრინის გაწირვა თავში აზრადაც კი არ მომსვლია. ჰაერი დემონსტრაციულად ღრმად ჩავისუნთქე. - ხედავ ნაბიჭვარო? ახლა კი ნუ ზოზინობ. . . ჩაფხუტი მოვხადეთ. უაილდმა კისერზე პულსი მოუსინჯა. თავი უიმედოდ გაიქნია და პირველადი დახმარების გაწევა დაიწყო. მეტს მაინც ვერაფერს იზამდა, არც დრო იყო და არც საშუალება. -ფუ ამის დედაც. . . ამის დედაც. . . - აყვირდა გამწარებული. გაოცებული ვუყურებდი, უაილდი თავის თავს არ ჰგავდა. აქეთ-იქით დადიოდა და უშვერი სიტყვების კორიანტელს აყენებდა. -არც კი გაბედო იმის თქმა, რომ. . . - სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, რომ უაილდი გრინის „გვამს“ მივარდა და მუჭები დააყარა. -გამოფხიზლდი შე ეგოისტო ღორო! გინდა, რომ ბედის ანაბარა მიგვაგდო?! შენი დახმარება გვჭირდება. ადექი შენი დედაც! -გეყოფა! - ხმადაბლა მივმართე ჭკუიდან გადასვლის პირას მყოფ ჯოს. მაგრამ ბიჭი არ ჩერდებოდა. მის შესაჩერებლად გავიწიე და უეცრად გრინის ფილტვებიდან ისეთი ხმა ამოვარდა, რომ უაილდი შიშისაგან ზურგზე დაეცა. გრინმა მიბნედილი თვალებით შემოგვხედა და იკითხა: - სად ვარ? -კეთილი იყოს შენი დაბრუნება ჯოჯოხეთში. . . - ბედნიერი ტონით შეჰყვირა ჯო უაილდმა და ხელები განზე ისე მოიქნია თითქოს რამე გასახარი ეთქვა.  * * * -დარწმუნებული ხარ, რომ არაფრის თქმა არ გინდა? - ჰკითხა უილმა ლოგინში მწოლიარე ფერმიხდილ ბავშვს, რომელიც ავადმყოფზე მეტად მკვდარს უფრო ჰგავდა. -ბიჭს დასვენება სჭირდება უილ, მაგდენს ვერ ხვდები? - გაუწყრა ლინდსი და რობს მზრუნველად გადაუსვა თავზე ხელი. -კარგი, მე გარეთ ვიქნები. თუ დაგჭირდებით დამიძახეთ. - კაცი კარისკენ ნელი ნაბიჯით გაემართა. -უილ. . . - ამოიხრიალა რობმა, უილი გაჩერდა და სანახევროდ შემობრუნდა. - ბაბუ როგორ არის? უილს ისეთი სახე ჰქონდა თითქოს მთლიანად წაიკითხა ბიჭის შინაგანი მღელვარების მიზეზი. თუმცა იცოდა, რომ მას სიმართლეს ვერაფრის დიდებით ვერ ეტყოდა. არ შეიძლებოდა რობისთვის იმის თქმა, რომ ჯონს 1 თვის სიცოცხლეც კი არ ჰქონდა დარჩენილი. სევდა შემოაწვა, მაგრამ თავი მოთოკა და მშვიდი ხმით მიუგო: - ბაბუა ძალიან კარგადაა, მაგრამ ხომ იცი, რომ არ გაეხარდება თუ კი ასეთ მდგომარეობაში გნახავს. . . -უილ არ უთხრა ბაბუას, რომ ავად ვარ. . . -ნუ ღელავ არ ვეტყვი. . . - უილმა კარი გამოიხურა და ჰაერი ხმაურიანად ჩაისუნთქა.  * * * მზის ჩასვლამდე მხოლოდ 5 საათი რჩებოდა. 5 საათი - ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დრო, რომელიც მძიმე სიტუაციიდან თავდასაძვრენად უნდა გამოგვეყენებინა. 5 საათის შემდეგ სრული სიბნელე ჩამოწვებოდა. თუმცა ისიც საეჭვოა ჰაერჩამკეტის ჟანგბადის მარაგი 5 საათს გვყოფნოდა. -სასწრაფოდ უნდა მოვიფიქროთ რამე. . . - თქვა უაილდმა ისეთი ტონით თითქოს მისი ნათქვამი რაიმე სიახლე ყოფილიყო. -მართლა?! რას ამბობ?!- ხელოვნური გაკვირვებით ვკითხე - შენ რამე ახალი თქვი. ბიჭი გაჩუმდა და შემდეგ წამოიძახა: - ჩემი სკაფანდრი ხომ დაუზიანებელია. . . -მერე? - ვკითხე უინტერესოდ, რადგან ვიცოდი ახალ სისულელეს იტყოდა. -რა და გავალ და გრინს დაუზიანებელ სკაფანდრს მოვუტან. - ისე გაიღიმა ალბათ ეგონა კრეატიულობისა და თავგანწირვისთვის მედალს ჩამოვკიდებდი. -შვილო შენ ჯანმრთელობის ცნობა წარადგინე სანამ აქ წამოხვიდოდი? - გაბუტული ბავშვივით წარბები შეკრა და თავი დახარა. - ჯანდაბას ვთქვათ გახვედი, მაშინ ხომ აქ ჟანგბადი აღარ დარჩება, ეს ხომ ჰაერჩამკეტია დასწყევლოს ღმერთმა. . . მე მაქვს მუშა სკაფანდრი, მაგრამ ჩვენი კრისტობალი გმირულად აღესრულება, ღმერთმა გაანათლოს მისი სული. - შევეცადე გრინი გამომეწვია, იქნებ მასაც წამოეყენებინა რაიმე ახალი იდეა, მაგრამ ის სრულიად უძრავად იჯდა, უძრავად და უტყვად. პრინციპში რა გასაკვირია?! სულ რაღაც 15 წუთის წინ ხომ თვით სიკვდილის ანგელოზებს ან ვინ იცის იქნებ დემონებს დაუსხლტა ხელიდან. დუმილი ჩამოვარდა. უეცრად გრინი მის წინ დაგდებულ დაზიანებულ სკაფანდრს მივარდა და მაჯაზე დამაგრებულ სენსორს დააკვირდა. ისე უყურებდა თითქოს ცხოვრებაში პირველად ხედავსო. შემდეგ ეკრანის გვერდით პატარა ღილაკს დააჭირა ხელი. ეკრანი განათდა და ჩაქრა. სახე ბედნიერებისგან გაუბრწყინდა; უაილდიც და მეც მივხვდით, რომ რაღაც გენიალური გაჩნდა მის გონებაში, ამიტომ ენას კბილი დავაჭირეთ და დაველოდეთ რას მოიმოქმედებდა. პირადად მე გრინი არ მომწონდა, უხასიათო და აუტანელი ტიპი იყო, თუმცა როგორც ტექნიკოსს მას უდავოდ ფენომენალური ნიჭი ჰქონდა. გრინი ჰაერჩამკეტის პანელს მივარდა, ერთხანს გარეთ გასასვლელ ღილაკს ირონიული ღიმილით მიაჩერდა, შემდეგ კი პანელი დამჭერებიდან ისე მარტივად მოხსნა, რომ დაჯერება გამიჭირდა. „პროფესიონალიზმი“ - გამიელვა თავში და იმავე წამს მის ხელში გარეთ გასასვლელი ღილაკი შევნიშნე. კაბელიდან დაუდევრად გამოგლიჯა და გვერდზე მოისროლა. „უტვინო ნაბიჭვარი.“ -ფუ ამის დედაც. . . - შეჰყვირა აღშფოთებულმა უაილდმა. როგორც ჩანს განსაცდელმა მასაც ასწავლა კაცურად მეტყველება. გრინმა ისე, რომ ჩვენთვის ყურადღებაც კი არ მოუქცევია, ღილაკის ქვემოდან პატარა მეტალის ფირფიტა გამოაძვრინა და სკაფანდრს მივარდა. მისი თითები ავტომატურად და მსუბუქად, თითქოსდა გონებისგან დამოუკიდებლად და განყენებულად მუშაობდა. სკაფანდრს მაჯაზე დამაგრებული ეკრანი მოხსნა და ლითონის ფირფიტა კაბელების ქვემოთ შეაცურა. გამიჭირდება იმის თქმა რა მოიმოქმედა, მაგრამ ფაქტია იმდენი შეძლო, რომ სკაფანდრი ჩვეულ ფორმაში მოიყვანა. მხოლოდ გაბზარული ეკრანი და ბზარისგან გამრუდებული გამოსახულება იყო აღჭურვილობის ერთადერთი ნაკლი. თუმცა რაც მთავარია ეს ყოველივე მომაკვდინებელ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა მისთვის. -საქმეს მივხედოთ. . . - მომღიმარის სახით ამოგვხედა, თუმცა მისი მიმიკა გაღიმებაზე მეტად ღრენას უფრო ჰგავდა. -საქმეს მივხედოთ? იქნებ ჩვენც აგვიხსნა როგორ? შენ ხომ ეს წუთია აქ გამოგვამწყვდიე? - გაღიზიანებულმა შეჰყვირა ჯომ. -სანამ წამოხვიდოდი რაღაც მაინც უნდა გესწავლა იმ ტექნიკის შესახებ რომელთან მუშაობაც მოგიწევდა. - გრინმა სკაფანდრი ჩაიცვა, ჩვენ ჩაფხუტები დავიხურეთ. შემდეგ პანელთან მივიდა და ლურჯი და წითელი კაბელები გამოაძრო. -მზად ხართ? - ორივემ თავი დავუქნიეთ. გრინმა სენსორული ეკრანის მეშვეობით სასურველი ბრძანება გაააქტიურა. ჰაერჩამკეტი ჟანგბადისგან დაიცალა. შემდეგ კაბელის წვერები ერთმანეთს მიუერთა და კარი მსუბუქი სისინით გასრიალდა გვერდზე. -სასიამოვნო დღეა სასეირნოდ არა?! ასეთ გრინს პირველად ვხედავდი. მე და უაილდს თავით გვანიშნა ჯერ ჩვენ გავსულიყავით. როდესაც ჰაერჩამკეტიდან გამოვედით კაბელები განაცალკევა და დასაკეტად გამზადებულ კარს ერთი ნაბიჯით გამოასწრო. -აბა ახლა რა ვქნათ? - მედიდურად და თავმომწონედ გადმოგვხედა ორივეს.  * * * ერთი თვის თავზე პატარა რობის დიდ ვილას სტუმარი ეწვია. კარზე ზარის ხმა გაისმა; რობს ძალიან გაუკვირდა რადგან სტუმრები ამ სახლში არასდროს მოდიოდნენ. მსახურები კი საკუთარი გასაღებებით სარგებლობდნენ. ბიჭმა კიბე ჩაირბინა და კართან შეჩერდა. კიდევ ერთხელ გაისმა ზარის ხმა. ბავშვმა გაკვირვებულმა მიმოიხედა. შინ არავინ ჩანდა. უცნაური შეგრძნება დაეუფლა. კარის სახელური ფრთხილად დასწია და გარეთ გაიხედა. მის გაკვირვებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ზღურბლს მიღმა ჯონ საიმონსი იდგა. „ბაბუა ჯონი.“ -ბაბუ! - შეჰყვირა რობმა და ჯონს გულში ჩაეკრა. - მე. . . მე მეგონა, რომ. . . - ჩაიბურტყუნა და სიტყვა სანახევროდ გაუწყდა. -გეგონა მოვკვდებოდი? - კაცი მოიხარა და რობს შუბლზე აკოცა. -არა ბაბუ, უბრალოდ. . . -ნუ გეშინია - მშვიდი ტონით უთხრა ბაბუამ. რობს გაუკვირდა, ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს ჯონი მის ფიქრებს კითხულობდა. -ახლა შიგნით შევიდეთ. . . შენი მარწყვის ტორტი გველოდება. ჩემო პატარა იუბილარო. რობს გაუკვირდა, რომ ბაბუას ახსოვდა მისი დაბადების დღე. გაუკვირდა, რომ ბაბუ ცოცხალი დაბრუნდა სახლში. მაგრამ ყველაზე მეტად ერთი რამ გაუკვირდა - ბაბუა ჯონის უსაზღვროდ ლურჯი თვალები. ჯონს სახლში შეჰყვა. მისაღების ცენტრში, მაგიდაზე მსახურებს უზარმაზარი ტორტი დაედოთ, ზედ დამაგრებული რვიანის ფორმის სანთლით. რობმა სანთელი, მსახურებისა და ბაბუას აღტაცებული ოვაციების ფონზე, ჩააქრო. იმ ოვაციების ფონზე, რომელიც მის გონებას არც კი სწვდებოდა. მისი ფიქრები სულ სხვაგან დაჰქროდა და ერთადერთ აზრს გამალებით უტრიალებდა. „არა ბაბუას არასდროს ჰქონია ასეთი ლურჯი თვალები.“  * * * შემდეგი 1 საათი სადგურის დაზიანებების შესწავლას დავუთმეთ. გასაკვირია, მაგრამ „მოგლეჯილი“ ჰაერჩამკეტის გარდა სადგურს არავითარი სერიოზული პრობლემა არ ჰქონდა. მხოლოდ მზის ორი ბატარეა იყო გატეხილი და სატელიტთან დასაკავშირებლად განკუთვნილი ანტენა სამაგრის ბუდიდან ამოვარდნილი. ამჯერად ჩვენი მთავარი მისია სადგურის ჰერმეტულობის აღდგენდა და მისი ჟანგბადით შევსება იყო. -სხვა გზაც უნდა არსებობდეს. . . - თქვა უაილდმა და გრინს გადახედა, ისე თითქოს მისგან მხარდაჭერას მოელოდა. გრინი წარბშეკრული იდგა, უხმოდ და ხომალდის დაფერდებულ ფოლადის ზედაპირს მზერით ბურღავდა. -თუ არსებობს თქვი ჯო. . . - ინდიფერენტული ტონით ვუთხარი და ხომალდის სადგამის იმ ძელს მოვეჭიდე, რომელიც დახრილობის გამო ზედაპირს ასცდენოდა. ფეხის ტკივილს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ არად ვაგდებდი, ამაზე მთავარი ხომ ჩვენი სიცოცხლის შენარჩუნება იყო. ფოლადმა ჩემი აძრომა ღრჭიალით გააპროტესტა, მივხვდი, რომ დიდ შარში ვყოფდი თავს, თუმცა თავის შერცხვენის დრო არ იყო. ქვემოდან ხომ მოლოდინისგან ფართოდ გახელილი ორი წყვილი თვალი შემომცქეროდა. როგორც იქნა მიზანს მივაღწიე - ხომალდის სათადარიგო, ავარიული კარი ჩემს ცხვირწინ იყო. ცალი ხელით ძელს მოვეჭიდე, მეორეთი კი მეტალის საკეტი რგოლის დატრიალებას შევუდექი. საშინლად იყო გაჭედილი, სხვაგვარად არც წარმომედგინა. ორიოდე შესვენებამ, ბევრმა ხვნეშამ და გინებამ როგორც იქნა შედეგი გამოიღო. ხომალდის ქვედა საძვრენი ლუკი ღია იყო. ახლა მხოლოდ მიწოლაღა მრჩებოდა. აი ეს კი საქმე იყო. . . -ამოვძვრები და მოგეხმარები კაპიტანო. - ქვემოდან ამომძახა უაილდმა და ამოსაძრომად მოემზადა. -ადგილიდან თუ გაინძრევი დაგმარხავ ჯო. - გამწარებულმა დავუღრიალე და ლუქს მხრით მივაწექი. არ მინდოდა წაქცევის პირას მყოფ ხომალდს მისი სიმძიმეც დამატებოდა. ჯომ დამნაშავესავით გაიკმინდა ხმა. ლუკი კი ოდნავ აიწია და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. ასე განმეორდა რამდენჯერმე სანამ ძალა არ გამომეცალა. „არა. ასე არაფერი გამოვა.“ უკან ჩამოვძვერი რათა რაიმე მეტალის იარაღი ამეღო, რომელსაც ლუკის ასაწევად გამოვიყენებდი. თავს იდიოტად ვგრძნობდი, რომ ეს აძრომამდე ვერ მოვიფიქრე. -იქნებ მართლა არსებობს სხვა გზ. . . - მოკეტა რადგან მიხვდა, რომ აფეთქებამდე ცოტა მაკლდა. ისევ ავძვერი. ისევ ზრიალი და ისევ ღრჭიალი. ბოლოს და ბოლოს მიზანს მივაღწიე და ლუკს მთელი ძალით მივაწექი, საკმარისი სივრცე განთავისუფლდა, რომ ლითონის ნაგლეჯი შემეცურებინა. ფოლადის ძელაკის ბოლოს მთელი ძალით დავაწექი და ლამის სიხარულისგან შევყვირე, როცა მისი სანახევროდ გადაწევა შევძელი. როგორც იქნა ეს დაბრკოლება გადავლახე და ხომალდში შევაღწიე. დაქანების გამო მასში მოძრაობა მარსის გრავიტაციის პირობებშიც კი, მარტივად რომ ვთქვა, არაკომფორტული იყო. თუმცა კომფორტს ვინ ჩივის?! ნეტავ ცოცხლები მაინც დავრჩენილიყავით. ახლა უკვე შემეძლო ამეღო ის რისთვისაც აქ ამოვძვერი - საიზოლაციო ფენა, პოლიეთილენის პარკისმაგვარი ფენა რომლითაც სადგურის ჰერმეტულობას აღვადგენდით. საიზოლაციო ფენა წესით ხომალდის სათავსოში უნდა ყოფილიყო. იქ მოხვედრამდე ჯერ ხომალდის ჰაერჩამკეტი უნდა გამევლო. ამისთვის კი ტანჯვა-წამებით გაღებული ლუქი უნდა დამეკეტა. ამის გაკეთება მაინცდამაინც არც გამჭირვებია, რა მიჭირდა?! უწინდელთან შედარებით ფეხზე მაინც ვიდექი. როგორც იქნა ეს საქმე მოვათავე და ჰაერჩამკეტის კედელზე მიმაგრებულ კომპიუტერს ბლოკის ჟანგბადით შევსების ბრძანება მივეცი. ეკრანზე გამოსახული რიცხვები წითელი შეფერილობიდან მწვანით შეიცვალა. „ნეტავ არ შეეძლოთ ხომალდი უფრო მარტივად გამოყენებადი შეექმნათ?!“ ღილაკები, ბრძანებები, ბერკეტები, უაზრო მოწყობილობები. თავი ქვის ხანაში მეგონა. კიდევ კარგი ცეცხლის ასანთებად კაჟის ქვებიც არ გამოგვატანეს. მაგრამ ალბათ გამოგვატანდნენ კიდეც ცეცხლის ანთების უფლება რომ გვქონოდა. გამომგზავრებისას 70 მეტრი სიგრძის ხომალდით გამოვფრინდით, ხომალდით რომელიც 30 ძრავით იყო აღჭურვილი, 1.500.000 კილოგრამს იწონიდა და 20.000 კილოგრამი ტვირთამწეობის უნარი ჰქონდა. მართალია საშინლად იყო დაპროექტებული, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ უდავოდ სანდო და საიმედო „მანქანა“ იყო. კოსმოსში მისი ნაწილების, უსარგებლო ავზებისა და ბლოკების მიმოფანტვის შემდეგ მარსზე 14 მეტრის სიგრძის 11 ძრავით აღჭურვილი ხომალდით დავეშვით. რომლის წონაც 300.000 კილოგრამს შეადგენდა. საბოლოოდ, მოვახერხე გავცდენოდი ხომალდის რთულ „ბიუროკრატიას“ და 2 მეტრი სიგანის დერეფანში შევძვერი. მივძვრებოდი და ვგრძნობდი, რომ ფეხი სულ უფრო მეტად მტკივდებოდა. მეექვსე გრძნობით ვხვდებოდი, რომ უკან ჩასვლის თავი აღარ მქონდა. ყურადღება კვლავ საქმეზე გადავიტანე. დერეფნის ორივე მხარეს 4მX5მ ზომის სხვადასხვა საჭიროებისთვის განკუთვნილი „ოთახები“ იყო განლაგებული. საიზოლაციო ფენა წესით ქვედა დონის ერთ-ერთ საცავში უნდა ყოფილიყო. ხელმარცხნივ განლაგებულ 01 სათავსოსთან მივედი. ღილაკს თითი დავაჭირე და როგორც კი ფეხი შევდგი ვიგრძენი, რომ ხომალდი დიუნის ფერდობზე დასრიალდა. მართალია უმნიშვნელოდ, თუმცა საკმარისად, რომ ფეხქვეშ სიმყარე გამომცლოდა. მოჭრილი ხესავით დავეცი დაფერდებულ კედელზე და ჩაფხუტი დავიზიანე. დაზიანება არავითარ საფრთხეს არ მიქმნიდა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს ნერვებზე საშინლად მოქმედებდა. -მაშ ასე ხომ?! - ჩავიბურტყუნე და წამოვდექი. ჩაფხუტი მოვიხადე და მოვისროლე. დერეფანში დავბრუნდი და 5 მეტრი სიმაღლის კიბეს ავუყევი. -შენ გიჩვენებ სეირს! - უაზროდ ვყვიროდი და მივფორთხავდი. როგორც იქნა მთავარ სანავიგაციო ოთახს მივაღწიე. რომელიც ხომალდის ბორტზე ყველაზე დიდი მოცულობის იყო. სიმაღლით 4 მ, სიგანით კი 10 მ მაინც იქნებოდა. ხომალდის შტურვალთან მივედი და ელექტრო მოწყობილობები ჩავრთე. ჩემს წინ განლაგებული ღილაკები ვარსკვლავებივით აციმციმდა. „სახლში ხარ ოტამენდი.“ - გავიფიქრე და გამეღიმა. უზომოდ მომნატრებოდა ჩემი სავარძელი. ან რა გასაკვირია?! მე ხომ უბრალო სამხედრო პილოტი ვიყავი და არა კოსმონავტი, თანაც ორი იდიოტის მამობილი კოსმონავტი. საწვავის მაჩვენებლებს დავაკვირდი. ავზში მხოლოდ უკან დასაბრუნებლად საკმარის საწვავი იყო დარჩენილი. უფრო სწორად თითქმის საკმარისი. შესაბამისად გიჟური ტრიუკის შესასრულებლად მხოლოდ უმნიშვნელო მოცულობის დაწვა შემეძლო. ხომალდის დახრილობა ელექტრო მოწყობილობებს თუ დავუჯერებდი 280 იყო. „გამოვა.“ „. . .“ „ან არ გამოვა.“ ნეტა ის ორი დოყლაპია რას იტყოდა? ყველა საჭირო მოწყობილობა გავააქტიურე. ყველაფერი გასაოცრად კარგად ფუნქციონირებდა. კომპიუტერს გამოსაყენებელი საწვავის მოცულობა მივუთითე რათა ზედმეტი არ მომსვლოდა. სანავიგაციო ძრავები ჩავრთე და შტურვალს ხელი ისე ჩავავლე, რომ თითები გამითეთრდა და ძვლებში ტკივილმა დამიარა. რაკეტის გასასწორებლად სწრაფი და საშიში მანევრი უნდა შემესრულებინა. ხომალდის გარე კამერებს შევხედე, გრინი და უაილდი მოშორებით გასულიყვნენ და ხელებს გამწარებულები იქნევდნენ. დიუნისკენ მოქცეული ოთხივე სანავიგაციო ძრავა სრული სიმძლავრით ავამუშავე და მითითებული საწვავის მოცულობის 90% - ის დაწვის საშუალება მივეცი. ნახევარ წუთში მხოლოდ 10% დამრჩა. დახრილობა 140 - მდე შემცირდა, შემდეგ 30 - მდე. „ზედმეტად სწრაფად მცირდება. . .“ 00 და ყველაფერი საშინელებისკენ წავიდა. ხომალდმა მოპირდაპირე მხარეს გადახრა დაიწყო 30. . . 70. . . 80. . . 110. . . თვალები დავხუჭე და შეჯახებისთვის მოვემზადე. გონებაში როსედალის ვარდების ბაღი წარმომიდგა და ამ ბაღში მოსეირნე ანა. . .   * * * სრული სიჩუმე იდგა. ღამის მდუმარებას არაფერი არღვევდა. ტყისპირა გრუნტის გზაზე ავტომობილის ფარებმა გაიელვა და მოსახვევში შავი მდიდრული სედანი გამოჩნდა. ჩუმად უხმაუროდ გაიარა ორმოცდაათიოდე მეტრი და გზის პირას გაჩერდა. ფარები ჩააქრო და ერთხანს ასე იდგა. შემდეგ მძღოლის კარი გაიღო და შუახნის მამაკაცი გადმოვიდა. მშვიდად გამოაღო უკანა კარი და პოლიეთილენის პარკში ჩადებული მძიმე ტვირთი გადმოირო. გაჩერდა, მიმოიხედა, ჯიბიდან სიგარეტი ამოაძვრინა და მოუკიდა. ორიოდ ნაფაზის დარტყმის შემდეგ ტომარა ხურჯინივით გადაიკიდა მხარზე და ტყის შუაგულისკენ აიღო გეზი. 100 მეტრი, რომ გაიარა ერთ უზარმაზარ ხესთან შეჩერდა, რომლის ძირშიც 1.5 მ სიღრმის ორმო იყო ამოჭრილი ზომით 1.5მX2მ. ტვირთი ორმოში ფრთხილად ჩადო. კისრიდან ჯვარი მოიხსნა და ტომარაზე დატოვა, შემდეგ სიგარეტი ბოლომდე მოწია და ხის ძირში დატოვებული ნიჩაბით მიწა მიაყარა. მუშაობდა მშვიდად და აუჩქარებლად. თანაც ისე რომ საქმის ბოლოს არც დაღლა ეტყობოდა და სამოსის სისუფთავეც გასაოცრად შეენარჩუნებინა. საქმეს, რომ მორჩა ამოვსებული ორმოსკენ შებრუნდა და ერთხანს მლოცველივით უძრავად იდგა. შემდეგ თვალებიდან ჩამოდენილი ცრემლები მოიწმინდა და სევდიანად ამოთქვა: -ძალიან ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება მიწევს. მშვიდობით მეგობარო. - ცას სევდით აღსავსე თვალებით ახედა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს იქ ზემოთ ერთი ვარსკვლავით ნაკლები ანათებდა. უკან მშვიდი, თავდაჯერებული კაცისთვის დამახასიათებელი მტკიცე ნაბიჯით დაბრუნდა და ავტომობილიანად მოსახვევში გაუჩინარდა.  * * * -ჯონ საიმონსს სთხოვეთ თუ შეიძლება. . . - წარმოთქვა მშვიდი ტონით და სატელეფონო ჯიხურის თხელ კედელს მიეყრდნო. -ვინ კითხულობს? - შეეპასუხა ახალგაზრდა ქალის ხმა. -მნიშვნელობა არ აქვს. . . - პატარა პაუზა გააკეთა და დაამატა - ეს სასწრაფოა. -კი მაგრამ. . . ახლა რომ შუაღამეა?!. . . -გთხოვთ. . . დაუძახეთ. . . ვიცი რა დროა. მნიშვნელოვანი, რომ არ იყოს არ დავრეკავდი. წამიერი პაუზის შემდეგ ქალი დასთანხმდა. იდგა და იცდიდა. ელოდებოდა როდის უპასუხებდა ჯონი. -ალო?! -ჯონ საიმონსი ხართ? -ვინ კითხულობს? -ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია. . . -მისმინეთ! ახლა ღამის 4 საათია და თქვენი სისულელეების მოსასმენად არ მცალია. . . - ტელეფონის დაკიდება დააპირა. -რობი მარტოა. . . -ბატონო? -რობი, თქვენი შვილიშვილი რობერტ ოტამენდი მარტოა დედის ვილაზე. მას თქვენ სჭირდებით. -ვინ ჯანდაბა ხარ? - დაიღრიალა გენერალმა საიმონსმა. -კეთილი სამარიტელი ჯონ, კეთილი სამარიტელი. . . ყურმილი დაკიდა, ტყავის თვალსაკრავი შეისწორა და ქუჩას სტვენით დაუყვა. [1] ჰაერჩამკეტი - განყოფილება, რომელიც ადამიანებსა და საგნებს საშუალებას აძლევს გადაადგილდნენ სხვადასხვა წნევისა და ატმოსფერული შემადგენლობის გარემოებს შორის. ის წარმოადგენს შუალედურ რგოლს, ორი კარით, რომელიც ერთდროულად არასდროს იღება.[2] პისკო - უფერო ან მოყვითალო-ქარვისფერი ბრენდი, რომელიც მზადდება ფერმენტირებული ყურძნის წვენის დისტილაციის შედეგად. მასში არსებული ალკოჰოლის მოცულობა საშუალოდ 40 - 48% - ს შეადგენს. მზადდება პერუს მეღვინეობის რეგიონებსა და ჩილეში.