ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მარაგადაი

მარაგადაი

                       გეგა გენგაშვილი                                                        მარაგადაი                                                პროლოგი   ნურმაკების მმართველობამდე მრავალი წლით ადრე.                                                -                       ირეონი ჩემი ძმაა! მისთვის ყველაფერს გავაკეთებ! ახლავე დავთმობ ჩემ სიცოცხლეს, თუ მის გადარჩენას შევძლებ! სახემოქუფრული ახალგაზრდა კაცი მის წინ მდგომ, ლურჯი მანტიით შემოსილ არსებას, ვედრებით სავსე მზერით მიაცქერდა, რომელსაც ხის მერქანივით კანი და ამქვეყნად ყველაზე კაშკაშა ლურჯი თვალები ჰქონდა. თავზე დიდი კაპიუშონი ეფარა - გამოსავალი უნდა არსებობდეს ზებედოს, რაღაც უნდა იყოს. დასძინა კაცმა. ირგვლივ ჩიტების საამური გალობა ისმოდა. ლურჯ ფოთლება იადარების ტოტებს, თბილი, სასიამოვნო ნიავი ნაზად არხევდა. მიწა ხალიჩასავით დაეფარა უნაკლო მწვანე ბალახს. მოშორებით, გოლიათ მუხებსა და ჭადრებს მიღმა, მდინარე სუსტი შხრიალით მიიკვლევდა გზას. მეორე ნაპირზე, ლურჯი, ყელმაღალი ფოლანვოლები ნიავს ეცეკვებოდნენ. სულ მოშორებით, იისფერი და თეთრი ფარშევანგები, მტრედები, მერცხლები, ციყვები, კურდღლები, ჟირაფები, ლომები და კიდევ სხვა ბევრი ცხოველი გამოჩნდა. ასეთი ლამაზი ადგილი ცხოვრებაში არასდროს ენახა დემიენს. ენით გამოუთქმელ სიმსუბუქესა და სიმშვიდეს გრძნობდა.                                             -                       ირეონმა არჩევანი გააკეთა კირეონ, თუმცა არსებობს მისი ხსნის გზა, ოღონდ მსხვერპლი ძალიან დიდი და მძიმე იქნება. - ამქვეყნად ყველაზე მშვიდი და სასიამოვნო ხმით მიუგო ადამიანის მსგავსმა არსებამ, რომელიც ისე გამოიყურებოდა, თითქოს მართლა ხისგან იყო გამოთლილი. მან მზერა ახალგაზრდა კაცისკენ მიმართა, რომელსაც კირეონი ერქვა. - ჩემთან შეხვედრა სურს, დღეს, მეილეას უძველეს იადართან. თუ ეს მართლა გსურს, მოდი იქ...                                            -                       ოღონდ არ უნდა გაიგოს... სწრაფადვე უთხრა კირეონმა. ზებედოსს ამის გაგონებაზე ჩაეღიმა, კირეონს მომღიმარი მზერა მოავლო, თავი დაუკრა და სივრცეში გაუჩინარდა, თითქოს იქ არც ყოფილაო.             მთელ ამ სცენას დემიენი კირეონის თვალებით ხედავდა, თითქოს მასში იყო ჩასახლებულიო. როგორც კი ზებედოსი გაქრა, ერთი თვალის დახამხამებაში, წამით სიბნელემ მოიცვა მხედველობის მთლიანი არე. იმ წუთასვე, გოლიათი ხეების ტყეში აეხილა თვალები. მსგავსი ხეები აქამდეც ენახა დემიენს. ეს მეილეური სექვოიები იყო. მიწის ზედაპირზე ამომჯდარ, სექვოიების სქელ ფესვებს შორის გაყვანილ ბილიკს, კირეონი ფრთხილი ნაბიჯებით გაუყვა. ხეებს შორის, ხასხასა, მეჩხერი ბალახი იყო ამოსული, დაბალი და ხავერდოვანი. ასეთი ბალახი მხოლოდ მეილეაში ხარობდა, მას - „მეილეურ საბანს“ ეძახდნენ. სახელიც ახსოვდა დემიენს ფილანიის ატალონიების ისტორიის წიგნებიდან. ნამდვილად მეილეაში იყვნენ, მისი სახლიდან ძალიან, ძალიან შორს. ასეთი სუფთა და რეალისტური სიზმარი ჯერ აქამდე არ ენახა, რამაც ისე დააინტერესა გაღვიძების შეეშინდა. მაგრამ არა, ეს სიზმარი არ იყო... რამდენიმე მეტრი ექნებოდა გავლილი კირეონს. სექვოიებს შორის მარტოდ ამოზრდილ, ქათქათა თეთრ, ლურჯფოთლება იადარს მიადგნენ. რომლის ძირას, კუნძივით ფესვზე, ახალგაზრდა, კირეონის ასაკის კაცი იჯდა და ქვის დანით, სქელ, ხის შუბს, წვერს კიდევ უფრო უწვრილებდა. ახლოს რომ მივიდა კირეონი, დემიენმა მალევე შენიშნა - კაცს ორივე ხელი უკანკალებდა. ჩაცმულობა ეუცნაურა. იმ ლურჯ მანტიიან არსებას იცნობდა და იცოდა, რომ ამ მანტიას ატარებდა ყოველთვის. ეს კაცი კი ისე იყო გამოწყობილი, აშკარად არ უნდა ყოფილიყო დემიენის დროის ადამიანი. უფორმო, უხეში ნაჭრისა და ცხოველის ტყავისგან აკინძული ნაჭრებით ჰქონდა მთლიანი სხეული დაფარული. დემიენი სიცივეს ვერ გრძნობდა, მაგრამ ამ კაცს აშკარად ძალიან სციოდა. გრძელი და დაუვარცხნელი შავი თმები მხრებზე ცოცხის ტოტებივით ეყარა. სახე კი სუფთა უჩანდა. გაბუშტული წითელი ცხვირი და ხშირი შავი წარბები ჰქონდა. - აქ არ უნდა იყო. - ღირსეულობაზე და პატიოსნებაზე შეგონებებით თაობები გაზარდა, ახლა კი ერთი პატარა საიდუმლოც ვერ შეინახაა?! მძიმე და მთრთოლვარე ხმით თქვა კაცმა, ისე რომ კირეონისთვის არც შემოუხედავს. პროფილში ახალგაზრდა კაცს ჰგავდა, მაგრამ ხმა - ღრმად მოხუცებულისა ჰქონდა.                                            -                       მას არაფერი უთქვამს. დადის ვინმე მიწაზე, ვინც ჩემზე უკეთ გიცნობს ძმაო.                                            -                       ნუ მეძახი ძმას, მე სამჯერ ვცადე შენი მოკვლა... არ ვარ ღირსი, რომ შენი ძმა ვიყო...                                            -                       ჰო, მაგრამ მაინც ჩემი ძმა ხარ, ჩემი ერთადერთი ძმა და არ მიგატოვებ ამ გასაჭირში. ვიცი რომ  ის გაიძულებდა... ჩემი ბრალია, შენს გვერდით უნდა ვყოფილიყავი.                                            -                       გაჩუმდი! ორივემ ვიცით, რომ ყველაფერი გააკეთე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მე შემოვუშვი, მე მივეცი ამის ნება და აი რა დამმართა... შენთვის უნდა მომესმინა, ზებედოსისთვის უნდა მომესმინა, დედასთვის და მამასთვის უნდა მომესმინა. ყველაფერი ჩემი ბრალია.                                            -                       არა! ჩემი ბრალიცაა!                                            -                       რატომ მოხვედი, რა გინდა! ცივად მოუჭრა კირეონს ძმამ.                                            -                       მისი მოკვლა შეუძლებელია, არაფერი გამოგივა. ამის თქმაზე თვალი თვალში გაუსწორა ირეონმა კირეონს, შიში და გაკვირვება წამით შემზარავად აღებეჭდა სახეზე და მალევე მოარიდა მზერა. ჩუმი შრიალის ხმა გაისმა და მათ წინ ისევ ის, ხის კანიანი ადამიანი გაჩნდა - ზებედოსს, რომ ეძახდა კირეონი.                                            -                       მრავალი წელი საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ არასდროს დადგებოდა ეს დღე... ვერ გავამართლე მისი იმედები... თქვა ზებედოსმა, თითქოსდა თავისთვისო.                                            -                       ამის გაკეთება არ მინდა... გთხოვ! ნუ მაიძულებ ამააას! ტირილი შეეპარა ხმაში ირეონს. - გთხოვ, ნუ მაიძულებ, ეს არ მინდოდაა! შენ მომატყუეეე... ირეონი სივრცეში იყურებოდა დროდადრო, თითქოს იქ ვიღაც იდგა და იმას ევედრებოდა. ისედაც გატეხილი და წამებისგან გატანჯული სახე კიდევ უფრო დაეჯღანა და შავმა ნისლეულმა მოიცვა მისი თვალები. თეთრი, ხის შუბი ზევით ასწია და ზებედოსისკენ წავიდა. კირეონი დაეწია, შუბი წაართვა და შუაზე გადატეხა. აიდეოსით სრულად შეპყრობილმა ირეონმა წვეტიანი ნაწილის აღება დააპირა. კირეონმა დიდ ქვას დასტაცა ხელი და ერთი ჩარტყმით გათიშა ირეონი. მერე ზებედოსს მიუბრუნდა და უთხრა: - მე მზად ვარო. ამის თქმა იყო და დემიენს გაეღვიძა...                                                                                                                                            დემიენი                  3017 წელი გამოღვიძებიდან.     15 სექტემბერი, ფილანია, ფიბერიის ატალონია, ქალაქი - ელიზაბეტალი.   ის, ვისაც თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია, ბრიყვზე უარესია...     იფხიზლე!   სიზმარიი? მერედა ასეთი ცოცხალიი? - არაა! - შეეწინააღმდეგა შინაგანი ხმა დემიენს. - ეს არაა ჩვეულებრივი სიზმარი. როგორ შეიძლება გაღვიძებისას სიზმარი ასე სუფთად და დეტალურად გახსოვდეს... - ეს ალბათ მინიშნებაა! წამით დაუჯერა ამ ხმას. ყველგან მინიშნებებს დაეძებდა ბოლო რამდენიმე წელია. თანაც, თითქოს, ეს სადღაც იქ კი არ ნახა... სადმე იქ... გონების რომელიმე კუთხე-კუნჭულში, არა... იქ იყო ცოცხლად... რაღაც აუხსნელი კავშირიც იგრძნო... ადრეც ყოფილა ამ ადგილზე... ადრეც უნახავს ეს ადამიანები... ადრეც გაუგია ეს სახელები... კირეონი... საიდან ეცნობოდა... ირეონი ხომ ეცნობოდა და ეცნობოდა, მაგრამ სად გაეგონა! საად! ამაზე პასუხი სადღაც მიჰმალვოდა... ენის წვერზე ედგა, თუმცა მიანც ვერ იხსენებდა... ლურჯ მანტიიან არსებას, ხის მერქანივით კანითა და კაშკაშა, ლურჯი თვალებით, თავისუფლად შეეძლო თქმა, რომ დაბადებიდან იცნობდა. ეს ზებედოსი იყო... ააჰაა! და ეს ლამაზი ადგილი სადაც კირეონი ზებედოსს ელაპარეკებოდა, სიზმრის დასაწყისში, ზებედოსის სავანე იყო... არა! ნამდვილად ეგ იყო... მთელი ფილანია ასე მოიხსენიებდა ამ ადგილს... არნახული სილამაზე ბუდობსო იქ... დემიენს ერთხელ ჰქონდა იქაურობა ნანახი მხოლოდ, ისიც მრავალი წლის წინ. მაშინ ჯერაც პატარა ბიჭუნა იყო, ჯერ ისევ ნახშირისფერი შავი თმით. უდარდელი, მაგრამ მაშინაც ისეთივე ფიქრიანი და აზრიანი, როგორიც ახლაა... „ზებედოსის სავანეში მხოლოდ რჩეულებს თუ დაუდგავთ ფეხი“. დარხეული იყო ეს სიტყვა მთელ მსოფლიოში. - სხვას იქ არავის უშვებსო... ეს რჩეული ზუსტად რას ნიშნავდა დემიენი ვერ ხვდებოდა, თუმცა თავად სიტყვა რჩეული მაინც სასიამოვნოდ ჟღერდა მისთვის... სულ რაღაც განსაკუთრებულს, გამორჩეულს, ორიგინალურს, ისეთ რამეებს დაეძებდა თავის თავში, რაც ყველა სხვა ადამიანისგან გამოარჩევდა. თუმცა ეს სულაც არ ჰქონდა ამპარტავნებაში გადაზრდილი. პირიქით, დემიენზე წესიერი და ღირსეული ადამიანი ზებირონზე არ დადისო - იტყოდი, როცა კარგად გაიცნობდი. მის ამ თვისებას, ყოფილიყო გამორჩეული, თავისებური გაგება სჭირდებოდა, ისევ და ისევ მისნაირი “თავისებური“ ადამიანებისგან. თორემ სხვები, ამას უდიდეს ნაკლად უთვლიდნენ და მასთან ურთიერთობასაც კი გაურბოდნენ. ამას დემიენი სრულებითაც არ დაუზიანებია. ღმერთს მადლობა, თავისი გამგები არც თანატოლები და არც ზრდასრულები ეკლდა გარშემო არასდროს. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ბევრი მეგობარი ჰყავდა. თუმცა აღიარების ერიდებოდა... განსაკუთრებულად მხოლოდ ორი მათგანი უყვარდა და ეძვირფასებოდა. პირველ რიგში, თავისი ტყუპისცალი ძმა ისააკი და მეორე, თავისი ბიძაშვილი, ჯოსერინი, რომელიც თითქმის მისი ასაკის იყო. ზედმეტად ცნობისმოყვარე რომ იყო ბავშვობიდანვე, მეგობრებმა ზედმეტსახელიც შეარქვეს - „ცქვიტა“. სულ ყურები აქვს დაცქვეტილი, ეგება რამე საინტერესოს მოჰკრას ყურიო. 10 წლისა რომ გახდა დემიენი არც მეტი, არც ნაკლები, ერთი თვის შემდეგ, ეს უკუნეთი ღამესავით შავი თმა მთლიანად შეევერცხლა. აი ასე... ერთი ღერი შავი თმაც არ შერჩა. - რა მალე ამისრულდა ოცნებაო... ხუმრობდა ხოლმე... ჩემნაირი თმა არავის  ექნებაო. მაგრამ მერე და მერე მობეზრდა, გამუდმებით ყურადღების ცენტრში რომ ექცეოდა უჩვეულო თმის ფერის გამო და ხან ნაქსოვი ქუდით იფარავდა თავს, გარეთ გასვლისას, ხან კეპით და ხანაც ბენდენებით. სანამ სახლის სარდაფში ბაბუის, ძველ, ფიბერიულ ქუდს არ მიაგნო. ჩვეულებრივი ცილინდრი იყო, ოღონდ ოდნავ უფრო დაბალი და გვერდებზე ჩახვეული ბოლოებით. ფერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბაბუას ძალიან უნდა ჰყვარებოდა ეს ქუდი. ლურჯი ფერი მზისგან სულ გაჰხუნებოდა და ალაგ-ალაგ ნაწიბურებიც გასჩენოდა, რომელიც უშნოდ იყო ამოკერილი შავი ძაფით.  თმა კი დაიფარა, მაგრამ ახლა ძველმანი ქუდით იქცევდა ყურადღებას. ასეთი უკვე აღარავის ეხურა მის მშობლიურ ქალაქ - ელიზაბეტალში. ქუდის ისევ სარდაფში შენახვა დააპირა, მაგრამ მერე მიხვდა ყველაფერს... გამორჩეულობა, გამორჩეულობაო... ხოდა ასეთი ქუდი სხვას არავის ექნებოდა... ეგ კი არა, ძალით რამდენიმე ადგილზე კიდევ გახია ქუდი და ამოკერა თვითონვე. კუდიც ოდნავ გაუჭრა და სანამ მთლიანად დაგლეჯდა სრული ორიგინალურობისთვის, თავადვე  შეაჩერა თავისი თავი. მას აქეთ, უკვე შვიდ წელზე მეტიც გასულიყო და დემიენი ბაბუის რელიქვიას თავიდან არ იშორებდა, როცა გარეთ გადიოდა. ულანში(სკოლა - ათ წლიანი) უკვე შეჩვეულები იყვნენ და დამცინავი ხუმრობებიც უკვე ამოსწურვოდათ კლასელებსაც, მასწავლებლებსაც და სხვა მოსწავლეებსაც. ქუდი დემიენის სავიზიტო ბარათად იქცა. მუქზე მუქი, ზურმუხტისფერი, ფიბერიული თვალები, მამისგან გამოჰყოლოდა. მასაც ზუსტად ასეთივე ჰქონდა. ფრთებივით შემართული, ხშირი წარბები კი, დედასგან. მთლიანობაში ორივეს ძალიან ჰგავდა. შეხედავდი და მაშინვე მიხვდებოდი, რომ ეს ჯორჯიოსა და მარგოს შვილი იყო. (2997-3000 წლებში, ფილანიის კონტინენტზე ომი იყო, ზერკანტებსა და მათ მოწინააღმდეგეთა შორის. ისე მოხდა, რომ ორივეს სათავეში ტყუპი ძმები მოექცნენ. პირველს ალექსანდერ მალენი მეთაურობდა. მეორეს მისი ტყუპისცალი ძმა ჯორჯიო მალენი. 3000 წლის 25 სექტემბერს, დემიენი და ისააკი დაიბადნენ. 27 სექტემბერს მათი დედა - მარგო ამალისი დაიკარგა. 2 ნოემბერს კი მათი მამა ჯორჯიო მალენი კომაში ჩავარდა მოულოდნელად. ტყუპების ომი დასრულდა. ზერკანტებმა გაიმარჯვეს. ლანრეაში, ჩრდილოეთ მალეჰაში, ჯექჰადეასა და დონლეჰაში, ზერკანტილისტური წყობა შენარჩუნდა. ფიბერია, სამხრეთ მალეჰა, მეილეა და დონჩეინი კი თავისუფალ ატალონიებად(სახელმწიფო) დარჩნენ.)  ჯოსერინი ელიზაბეტალიდან ძალიან  შორს კი ცხოვრობდა, აღმოსავლეთ ლანრეაში, ქალაქ ამალისში, მშობლებთან, ოთხ ტყუპ უფროს ძმასთან და უმცროს დასთან ერთად. მაგრამ იქ წელიწადში მხოლოდ სამ თვეს ატარებდა, ზაფხულში. ესეც ხალხის თვალის მოსაჩვენებლად. ოჯახი ჯოსერინს ვერ იტანდა. ამას ვერცერთი მხარე ვერ ხსნიდა. ჯოსერინი ერთიც, ორიც, სამიც და ყოველი მომდევნო შეხედვის შემდეგაც, კარგი ბავშვი იყო. უზომოდ კეთილი, თბილი და მეგობრული. ძალა რომ დაგეტანებინა, ვერაფრით შეიძულებდი. იმ მდგომარეობამდე მიჰყავდათ, რომ დემიენი სულ რომ არ ჰყოლოდა, მაინც გამოიქცეოდა სახლიდან. ის სამი თვეც მხოლოდ იმიტომ მიდიოდა მათთან, რომ ისინი სთხოვდნენ. ხალხს რომ მათ კარგ მშობლობაში ეჭვი არ შეჰპარვოდა. არ ეთქვათ შვილი სულ მიგდებული ჰყავთო. დემიენს ერთხელ ჰყავდა ჯოსერინის ოჯახი ნანახი და თავისი ბიძის, დედის ძმის ჩათვლით, ისეთი საშინელი შთაბეჭდილება დაუტოვეს, რომ იმის მერე აღარც არასდროს შეხვედრია მათ. ჯოსერინის ოჯახი მამიდამისის ოჯახი იყო. მისი ძმები დემიენი და ისააკი. მშობელი კი კეკე ბებია. ამ ამბის დასაწყისში, როცა დემიენი, ისააკი და ჯოსერინი 17 წლისები იყვნენ, კეკე უკვე 95 წელს აღწევდა. კეკე დემიენის დიდი ბებია იყო. მამის, მამის დედა. რიცხვებმა არ შეგაცდინოთ... ისე ახალგაზრდულად და მხნედ გამოიყურებოდა, ბევრ ახალგაზრდას დაუფარავად შეშურდებოდა. გოგოობის დროინდელი სილამაზე არსად დაჰკარგვოდა. მეტიც! კარგი ღვინოსავით დასძველებოდა. დახვეწილ ნაკვთებზე ცოტა ნაოჭები  როგორც იქნა შეჰპარვოდა, 90-ის რომ შესრულდა, მაგრამ ესეც კი უხდებოდა. სიმპატიური ქალი იყო. ღია თაფლისფერი თვალებით, მაღალი, მოხდენილი და სულ ლამაზად იცვამდა. წარსულში, ელიზაბეტალის თეატრის მსახიობი იყო. მაგრამ ქმრისა და ვაჟის გარდაცვალების შემდეგ მსახიობობას შეეშვა და მხოლოდ სკოლაშიღა მუშაობდა ხელოვნების მასწავლებლად. თუ კი სადმე საუკეთესო ბებიები არსებობენ, დემიენის ბებია კეკე, ალბათ თავისუფლად დაიკავებდა მათ შორის პირველ ადგილს. დემიენის ტყუპისცალი - ისააკი ძმისგან განსხვავებით ბოლომდე ჯანმრთელი არ დაბადებულა. ფიზიკურადაც სუსტი იყო და გონებრივადაც. ლაპარაკიც გვიან დაიწყო და სიელმის გამო, ნორმალურად თითქმის ვერ ხედავდა სათვალის გარეშე. თითქოს ამდენი გასაჭირი საკმარისი არ იყო, სკოლაშიც და სამეზობლოშიც მისი დაცინვით ერთობოდა დიდი თუ პატარა. რომ არა მზრუნველი და მეგობრული  ძმა, ისააკი ან ბავშვებს შემოაკვდებოდათ თამაშისას, ან თავად მოიკლავდა თავს. ამდენი სტრესისასა და გარიყულობის გამო საკუთარ თავში ჩაიკეტა. ერთი პერიოდი სახლიდან ვერაფრით გამოჰყავდათ. გახდა, ჩონჩხიღა იყო. აღარც ლაპარაკობდა და სიკვდილამდე ბევრი არაფერი ეკლდა. მაგრამ დემიენმა მაინც შეძლო მისი გამოყვანა ამ მდგომარეობიდან. თავდაჯერებულობა ახლიდან შემოუშენა და თავს არ ზოგავდა, რომ ცხოვრების ხალისი დაებრუნებინა ძმისთვის. ისააკი გამოკეთდა. ლაპარაკიც დაიწყო და ულანშიც დაბრუნდა. მეგობრებიც კი გაიჩინა. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ეს ზღაპარი დიდხანს არ გაგრძელებულა... უზომო ცნობისმოყვარეობის მიუხედავად, უჩვეულო სიზმარი მალევე გადაავიწყდა დემიენს. რა დროს ეს იყო... ბოლო რამდენიმე კვირაა მთლიანად ერთ რამეზე იყო გადართული. რაც უკვე ჭკუიდან შლიდა. არადა დღე-დღეზე, საოცნებო უნივერსიტეტიდან  ჩარიცხვის წერილს ელოდებოდა  ჯოსერინთან ერთად. აგვისტო მიწურულიყო და სექტემბერი პირველ დღეებს ითვლიდა. ორივე პალანიხის უნივერსიტეტის ისტორიულ ფაკულტეტზე აბარებდა. თუმცა ძმაზე მნიშვნელოვანი არანაირი ოცნება და მიზანი არ იყო დემიენისთვის. ისააკს უკვე კვირებია ვერ პოულობდნენ. 20 აგვისტოს, სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. პირველად ერგუნებს(იგივე, რაც პოლიცია) მიმართეს დასახმარებლად. დღე დღეს ცვლიდა, მაგრამ ერგუნებისგან არაფერი ისმოდა. ერთი ის უთხრეს, თუ რამე იქნება, შეტყობინებას ტელეფონზე მიიღებთო. დემიენს ამ წერილის მოლოდინში ძილიც გასტეხვოდა და მადაც დაჰკარგვოდა. ყავა, ასე ძალიან რომ უყვარდა და ერთი დღეც ვერ ძლებდა მის გარეშე, მასაც აღარ სვამდა. სიგიჟემდე ბევრი არაფერი ეკლდა, მაგრამ დროდადრო მაინც ახერხებდა თავის ამოყვანას ამ უფსკრულიდან. მე თუ გავქრები, იკას რა ეშველებაო. ბოლო დროს ერგუნებზე გავრცელებული ჭორების გამო, მათი იმედი არც ჰქონდა. უბრალოდ ყველა საშუალებას მიმართავდნენ ის და კეკე, რაც ხელში ჰქონდათ. ისააკი კი თითქოს მართლა ცას ჩაეყლაპა. ტელეფონში ყოველ წამს ჩახედვა, ერგუნების შეტყობინების მოლოდინში, ჩვევად ექცა. დახეტიალობდა სახლში, ეზოში, ქუჩაში. ერთ ადგილზეც ვეღარ ჩერდებოდა. ყველაფერზე ბრაზობდა და ყველაფერი აღიზიანებდა. ერთ-ერთი ასეთი ხეტიალისას, ელიზაბეტალის ყველაზე მიყრუებულ, სოროების უბნის ჩიხში, ერთ-ერთი სახლის წინ, სარეველა მორეული ქვის ბილიკის თავში, ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი.  სახლი ელიზაბეტალისთვის უჩვეულოდ გამოიყურებოდა. სულ ხისგან იყო აგებული და ქოხს უფრო ჰგავდა. წაწვეტებული სახურავის ქვეშ, დამსკდარ კედელში, ბადე აკრული სამკუთხა ფანჯარა ჰქონდა. ქვის ბილიკი პირდაპირ ქოხის კართან მიდიოდა. კარის გარდა ყველაფერი იყო. ცალი მავთულით თავს ძლივს იკავებდა, ჩარჩოს რომ არ მოსწყვეტოდა და ორი, გადატეხილი, ერთმანეთზე დალაგებული აგური იჭერდა ქვეშიდან. შეუძლებელია იქ ვინმეს ეცხოვრა და საინტერესოც არაფერი ჩანდა ამ ფიცრების გროვაში. თუმცა კატა კი თვალს არ აცილებდა. ერთიანად მუქი მწვანე ფერისა იყო და მთელ ტანზე, წვრილი შავი ზოლებიც დაჰყვებოდა. ეს დემიენის ოჯახის ულუნი(მოლაპარაკე კატის სახეობა) იყო - სახელად - უნა. წითელი და შავი პემზით დაფარულ, კოხტა ქვის სახლებს ჩაუარა დემიენმა სწრაფად და იმ ქოხმახის წინ შეჩერდა. კატამ აშკარად იგრძნო მისი მოახლოება, მაგრამ არც გატოკებულა. ისევ ქოხს მისჩერებოდა ბრიალა, საფირონისფერი თვალებით და ადამიანური, მეტყველი სახით. ღამე ბოლომდე რომ შემოიჭრა, ლამპიონებიც აინთო მთლიან ქუჩაზე, მაგრამ თითქმის არაფერი შეცვლილა. ისევ ბნელოდა. გოლიათ, რკინის ბოძებზე, ნათურები ციცქნა თეთრ წერტილებად ეკიდა. ზაფხული ჯერ არსად აპირებდა წასვლას. წინა თვეებზე უფრო მეტადაც კი ცხელოდა სექტემბრის დასაწყისში. შორიახლოს ჟივილ-ხივილით გამოცვივდნენ ბავშვები ველოსიპედებით, დემიენს ჩაუქროლეს და მარჯვენა ჩიხში თვალს მოეფარნენ. სახლებიდან მომავალი ტელევიზორების ხმები წუთით მიჩუმდა.                                            -                       ყველგან გელოდი, მაგრამ აქ არა! უთხრა დემიენმა მწვანე კატას.                                            -                       ჩუმად! არც მოუხედავს. ქალის ხმით დაუცაცხანა კატამ და ახლა დემიენიც მიაჩერდა ამ ქოხს. მასში ისევ ვერაფერი დაინახა   უცნაური და საინტერესო.                                            -                       იმის მაგივრად, რომ ჩემ ძმას ეძებდეე! აქ ზიხარ დაა... მოიცაა... ეს ხო მოჩურჩულე ქოხია... ბავშვები რამდენჯერ შევპარულვართ აქ... კეკე სულ გვიბრაზდებოდა... რანაირად ვერ ვიცანი. წლებია ამ უბანში არ ვყოფილვარ... გვერდი აუარა დემიენმა უნას და ქოხისკენ წავიდა. მაგრამ კატა დაეწია და წინ გადაუდგა.                                            -                       რამდენჯერ გაგაფრთხილე ბიჭო! დაუბრიალა საფირონისფერი ბრიალა თვალები უნამ და დემიენმაც დაუჯერა. - პირი დახურე! თასმა შეიკარი! წელში გაიმართე და იფხიზლე! მკაცრი ტონი დაეტყო უნას ხმაში და კუდი ლამაზად შემოიხვია წინა ორ ფეხზე. - რო კითხო ყოვლისმცოდნე ხარ... ისევ ქოხს გახედა კატამ, წამით.                                             -                       ეგ როდის ვთქ...                                            -                       ნუ მეპასუხები და მისმინე! დემიენმა სიტყვა უკან ჩაიბრუნა და დატუქსული ბავშვივით დადუმდა. - შენ ადგილზე, ერთხელ მაინც გამიჩნდებოდა კითხვა... რატომ ჰქვია ამ რაღაცას მოჩურჩულე ქოხი... ან რატომ არავინ იყიდა, დაშალა და აქ სახლი ააშენა. ეს აქ კეკეს დაბადებამდეც იდგა... იცოდიი?! ამოხედა დემიენს უნამ და დემიენს დიდად არ გაჰკვირვებია. რაღაც ამდაგვარისთვის ჰქონდა ყური მოკრული ბავშვობაში. თუმცა მეტად აღარც დაინეტერესებულა, მას მერე რაც ქოხში შევიდა და ნახა, რომ იქ არაფერი იყო, რაც მის ცნობისმოყვარეობას გააღვივებდა. - კოლტები დაბრუნდნენ! უფროსწორად... არსად წასულან, როგორც აღმოჩნდა... თავისივე ნათქვამის მოსმენა არ სიამოვნებდა უნას. გრძელი თეთრი ულვაშები შეათამაშა და ბილიკს ქუჩისკენ გაუყვა ფაფუკი ნაბიჯებით.                                            -                       რაღაცას კი მიგრძნობდა გული ისე... დაეწია დემიენი.                                            -                       გული თუ  ტვინი? გაეცინა უნას, მაგრამ სიხარულისა არაფერი ეტყობოდა მაინც.                                             -                       ესე იგი მართალი ყოფილა, რომ ამბობდნენ, კრადოსში იმალებიანო... ქოხის მოპირდაპირედ, საზურგიან სკამზე ჩამოსხდნენ ორივე. ტელევიზორის ხმები ისევ ისმოდა. შორიახლოს ჭრიჭინები აგალობდნენ.                                             -                       მმმ... თავი დაუქნია კატამ და ისევ ქოხს გაუსწორა ლურჯი თვალები. - და ყველაფერი რასაც მამაშენი ამტკიცებდა, რომ ზერკანტების უკან კოლტები დგანან... ყველაფერი სიმართლეა... კატა თითქოს თვალებში შემოხედვას ვერ უბედავდა. - ტყუპების ომის ნამდვილი მიზეზი ეს იყო...                                            -                       შენი დასტურის გარეშეც ვიცი...                                             -                       მტერი, რომელიც არ ჩანს ყველაზე საშიშია... კოლტებმა ჭკუა ისწავლეს! მიხვდნენ, რომ ეს ყველაზე გონივრული გზა იყო...                                             -                       ეგ ყველაფერი ვიცი უნაა! ისიც ვიცი, რომ „წითელი ხელიც“ (ფართოდ გავრცელებული თეორიის მიხედვით - ზესაიდუმლო საზოგადოება, რომელსაც მსოფლიოზე ბატონობა სურს) მთლიანად მაგათი გავლენის ქვეშაა. ბევრს კი არ სჯერა მაგათი არსებობის, მაგრამ ვისაც ჯერ კიდევ შემორჩა აზროვნების უნარი, იმათმა იციან... თუმცა ასი კაცი ასი მილიონის წინააღმდეგ რას გახდება.                                             -                       მასეც ვერ ვიტყვით! ამოხედა უნამ. - მამაშენს და მის თანამოაზრეებს, ბევრი მიმდევარი არ ჰყავდათ, მაგრამ მაინც შეძლეს ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა. სამხრეთ მალეჰა, ფიბერია, დონჩეინი და მეილეა, მისი წყალობითაა თავისუფალი...                                             -                       და ღარიბი...                                             -                       იქნებ ეგრეც ჯობია... უბრალოდ თქვა უნამ და ქუჩის მეორე მხარეს გაიხედა. კაციშვილი არ ჩანდა.                                             -                       ფიქრობ, რამე კავშირი შეიძლება ჰქონდეთ იკას დაკარგვასთან კოლტეებს? ჰკითხა დემიენმა.                                            -                       მე ისეთი ძლიერი აღარ ვარ, როგორც ადრე ვიყავი... მოუბრუნდა მთლიანი სხეულით უნა დემიენს. - ზებედოსი კვდება და მასთან ერთად ჩემი და ყველა ულუნის მაგიაც. ლაპარაკი ჯერ კიდევ შემიძლია და ერთი ორი უმნიშვნელო ხრიკი... თუმცა ეს არაა საკმარისი! ზებედოსი ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ გჭირდებით.                                            -                       ჯერ კიდეევ? თავს ნუ ისაწყლებ... იცი რომ ძალიან გვიყვარხარ! შენ რომ არ ყოფილიყავი, ახლა სად ვიქნებოდით...                                            -                       ასი პროცენტით თუ არა 99-ით მაინც დარწმუნებული ვარ, რომ იკა კოლტებმა გაიტაცეს ერმეზოდორის ბრძანებით. დემიენი ამის მოსმენას არ ელოდა. შეცბა და უნებურად გამოხედა უნას.                                            -                       ცოცხალიაა? ერმეზოდორიი! უნამ ხმა არ გაიღო, შემოხედვით დაეთანხმა.                                             -                       რამდენჯერ დავაპირე მოყოლა, მაგრამ შენი ამბავი რო ვიცოდი, შარს აიკიდებდი რამეს... მზერა ისევ ქოხს გაუსწორა უნამ, მათ პირდაპირ რომ იძირებოდა ღამეში.                                             -                       შენ დამიშლიდიი? ულანის, ელიზაბეტალის, მალენის, ვერონის, ირამიის და ჩვენი სახლის ბიბლიოთეკები, ყველა გადავჩხრიკე საგულდაგულოდ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე... ეს უბრალოდ ქოხია! უშნო შესახედაობის... მეტი არაფერი...                                            -                       თუმცა ახლა საკმარისად დიდი ხარ, რომ რამე სისულელე აღარ გააკეთო. თქვა უნამ, წუთით დემიენს ამოხედა და კარგა ხანს გაუშტერდა მზერა მასზე. - იმედია არ ვცდები... დაუმატა დანანებით.                                             -                       დამშვიდდი! ჭკუა ვისწავლე!                                             -                       ჰეეჰ! იმდენი შენ რა გითხარი... ჩაეცინა უნას თავის გაქნევით. - რაც არის არის! უნდა გითხრა! დემიენი სმენად იქცა. ტელევიზორების ხმა, დამთხვევა იყო თუ რა, ისევ მიჩუმდა, ჩიტებიც აღარ გალობდნენ. ძაღლებმაც ყეფა შეწყვიტეს. თითქოს უნა ყველაფერს აკონტროლებსო. - მკვდარ იადარებზე გსმენია რამეე?                                            -                       რა თქმა უნდა! კოლტები ძალას მისგან იღებენ... იღებდნენ, ყოველ შემთხვევაში... ისე კი თვალით არასდროს მინახავს არცერთი...                                            -                       ხომ გითხარი! კოლტებმა ჭკუა ისწავლეს. ყველამ იცის, რომ მკვდარი იადარები, ადამიანებისგან მოშორებით დგანან. ტყეებში, მთებში, უდაბნოში. თვალს მოფარებულ ადგილებზე, მაგრამ ასე მარტივადაც არ ყოფილა. ისინი ქალაქებშიც არიან. კოლტებმა უბრალოდ გადაჭრეს და მათზე ასეთი ქოხები დააშენეს შესანიღბად. აი ერთ-ერთიც! თათი გაიშვირა ქუჩის მეორე მხარეს, სიბნელეში ჩაძირული ქოხისკენ უნამ. - კოლტები რითი არიან ცნობილი?! გონებაში შეღწევა შეუძლიათ ხოო? ჰოდა ასე იტყუებდნენ სუსტ საფირონიან ადამიანებს ამ სახლ-მახეებში და ზერმონებად აქცევდნენ. მათ მსახურებად. ყველა ვინც ასეთ სახლებში შევიდა. უკან დაბრუნებისას ერთი და იგივე რამეს ჰყვებოდა. „სახლი მეძახდაო!“, რაღაც ხმები ჩაესმოდათ... ამიტომ შეერქვა მოჩურჩულე ქოხები. საბედნიეროდ შიში ბევრს გაუჩნდა მათ მიმართ და ახლოს აღარ ეკარებოდნენ. მაშინ თქვენ ჯერ დაბადებულები არ იყავით.                                             -                       არა რაღაც ეგეთი გამიგია ბავშვობაში...                                             -                       და შენც მაშინვე შემოწმება გადაწყვიტე... რამდენჯერ გამოგვეპარე სახლიდან მე და კეკეს.                                             -                       იმას ამბობ, რომ იკა აქ არიის? ზერმონად უნდა აქციოონ? წამოხტა დემიენი, მაგრამ უნა ისევ წინ გადაუხტა.                                             -                       დაჯექი და მაცადე მოყოლა! დემიენი დაემორჩილა.                                             -                       იკას ამბავი ცალკე დგას, ჩემი აზრით... წამით ჩაფიქრდა უნა. მარჯვნივ გაიხედა და უფრო ხმადაბლა განაგრძო. - ტყუპების ომის შემდეგ, ზებედოსმა ხომ შუშის კედელი შექმნა. („შუშის კედელი“ - მაგიური, უხილავი ბარიერი, რომელიც ზერკანტილურ და თავისუფალ ატალონიებს ერთმანეთისგან ჰყოფს.) მაგის მერეე, თავისუფალ ატალონიებში, კოლტებისთვის მოჩურჩულე ქოხები მიუწვდომელი გახდა. არადა ბევრი იყო. ზოგ ქალაქში ასზე მეტიც... მაგრამ ახლა... კედელი უკვე გათხელდა და ბევრი არაფერი აკლია, რომ გაქრეს მთლიანად. ერთი თვის უკან, დონჩეინში, გრუნები შენიშნეს, დეიბარონის სიახლოვეს. ვიღაცას დაესხნენ თავს თურმე... შუშის კედლის გაქრობისთანავე, კოლტები ისევ დაეპატრონებიან ასეთ შენობებს... ამიტომ ყველა უნდა განადგურდეს, რაც შეიძლება სწრაფად.                                             -                       მხოლოდ ეს ერთიაა ბეტალშიი?                                             -                       არა ეს მეათეა! უმეტესობა დიდი ხნის წინ გაანადგურეს. ერთიც მამაშენმა და ერთიც მე, როცა შენ და იკა დაიბადეთ იმ წელს...                                             -                       ანუ ეს ბოლოაა? ჩურჩულით ლაპარაკობდა დემიენი უკვე.                                             -                       მჰჰ! თავი დაუკრა უნამ. კისერი წაიგრძელა და გარშემო მიმოიხედა.                                             -                       ჩვეულებრივ ამ ადგილების გაკონტროლება და მათი მოსპობა ულუნებს ევალებათ, ანუ მე, მაგრამ რაც უფრო ვსუსტდები, მით უფრო მიჭირს მათი პოვნა. ისე უსტატურად აქვთ შენიღბული და დაცული კოლტებს... ზოგში ჯერ კიდევ ცხოვრობს ხალხი. თანაც ეს სახლები ერთმანეთს უკავშირდებიან. ერთიდან მეორეში შეიძლება გადასვლა. ოღონდ მხოლოდ კოლტებს. ცდა არც იფიქრო! მაინც არაფერი გამოგივა! წარბის აწევით ამოხედა უნამ დემიენს.                                             -                       პორტალებიაა?                                             -                       დაახლოებით!                                             -                       და რატომ მიყვები ახლა ამ ამბავს? გინდა, რომ შენი საქმე მე გავაკეთოო?                                            -                       რა იყო არ გეკადრებაა? მოტრიალდა დემიენისკენ უნა. - კოლტები დაბრუნდნენ, ამის მაინც ხომ გჯერა! სხვა ქალაქებს სხვა ულუნები მიხედავენ, მაგრამ ბეტალი ჩემს იმედადაა! იცოდიი, რომ აქ თქვენს გარდა სხვას აღარავის ჰყავს ულუნიი?                                             -                       მართლაა? ენნიას ხო ყავს...                                            -                       ეგ ჩვეულებრივი კატაა დებილოო! მაგის ლაპარაკი გაგიგონიაა? ან ასეთი რამე გაუკეთებიაა? ადგილზე გაქრა უნა და წამსვე ქუჩის მეორე მხარეს გაჩნდა. უკანა ორ ფეხზე შედგა და თათი დაუქნია დემიენს. დემიენს სიცილი მოერია და ასფალტის გზა სწრაფად გადაკვეთა. უნა ქოხისკენ შეტრიალდა. - ეს ბოლოა! უნდა დავწვათ... სანამ კოლტებს აქაურებისგან ზერმონების შექმნა დაუწყიათ...                                            -                       დაწვა უშველიის? წამსვე მიუგო დემიენმა.                                             -                       თუ ეს ჩემი ხელით მოხდება კი!                                            -                       აბა ჩემგან რაღა გინდა?!                                            -                       უბრალოდ განგანათლე! ესეც ულუნების ვალია! საჭირო დროს, საჭირო ცოდნის მიცემა პატრონისთვის... დაშორდა უნა დემიენს, ქვის ვიწრო ბილიკს გაუყვა ქოხისკენ, მორყეულ კარში მოჩვენებასავით გაიარა და ორი წუთში მთელ ქოხს ცეცხლი მოედო. უნა დემიენის წინ გაჩნდა, თათით შეეხო ფეხზე და უცბად მათი სახლის წინ გაჩნდნენ.                                             -                       გაგეფრთხილებინე მაინც... თავი ძლივს შეიკავა დემიენმა, რომ უკან არ გადავარდნილიყო.                                             -                       იკას რაც შეეხება, რაღაც ვარაუდი მაქვს, მაგრამ ჯერ გადაჭრით ვერაფერს გეტყვი. ზებედოსს უნდა შევხვდე. წერილი ხომ არ მიგიღია უნივერსიტეტიდან? გაუსწორდნენ დემიენის სახლის მუქ ლურჯ, ცალ ფრთიან კარს. რომელსაც ფოთლის ფორმის სახელური ჰქონდა და ორივე მხრიდან, მაღალ, შავი პემზის ქვებით დაფარულ კედელში იყო ჩასმული.                                             -                       ჯერ არა... რომც მივიღო, მაინც არსად წავალ, სანამ იკას არ ვიპოვით... სიმართლე გითხრა, ხალისიც დამეკარგა...                                             -                       შემომხედე! დემიენი კედელს მიეყრდნო და უნას გაუსწორა სახე. - რას გიგავს თვალები, ახლა დავინახე! ამას თუ განათება ქვია... ამრეზით ახედა ლამპიონს უნამ. - კიდე ღამეებს ათენეებ არაა?! და გამხდარიც მეჩვენები! შეუთვალიერა ახლა ტანიც. დემიენს მართლაც დაეკლო წონაში და თვალები უძილობისგან ერთიანად ჩაშავებოდა. - შენ თავს მიხედე! იკას ვიპოვით! ყველაფერი კარგად იქნება! პირველად ხომ არ დაიკარგა არაა...                                             -                       ამდენი ხნით, პირველად! ცოტა დამაჯერებლად მაინც დამაიმედე... გაებზარა ხმა ბოლო სიტყვაზე დემიენს და გასაღები მოარგო კარის საკეტს.                                             -                       ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდებოდა ხომ იცი... ტყუილ ნუგეშს, სიმართლის თქმა ჯობია... მთელ ცხოვრებას მის დაცვას ვერ შეალევ...                                             -                       ეგეთ რაღაცებს ნუ მეუბნები თქო, რამდენჯერ გითხარიი. ხმას აუწია დემიენმა და კარს დაშორდა.                                             -                       სიმართლეს ყოველთვის თვალი უნდა გაუსწორო, როგორი მტკივნეული და რთულიც არ უნდა იყოს... რაც არ უნდა მოხდეს, ყველა მადლიერი იქნება შენი... იმისთვის რაც იკასთვის გააკეთე... გგონია ყველას ჰყავს შენნაირი ძმაა? თავს მიხედე! შარვალი გაისწორე! თასმა შეიკარი! წელში გაიმართე და იფხიზლე! მალე გნახავ! ესღა უთხრა უნამ და ჰაერს შეერია.                                                                                                                                                                           ასკალო   30 მაისი, ფილანია, მალეჰას ატალონია, ქალაქი - ბერნი.   სიმამაცეს მრავალი სახე აქვსო...   იფხიზლე!   ასკალოს სახლი პირდაპირ კლდის კიდეზე იდგა. კლდის, რომელსაც ბერნის ზურგს ეძახდნენ. ჩრდილოეთიდან მთები ეკრა ქალაქს, სამხრეთით კი ალექსანდრიის ზღვა, თუმცა ბერნელები ვერ ხედავდნენ მას. ქალაქი პირდაპირ ციცაბო კლდის კალთაზე იყო გაშენებული, ზღვის სანაპიროდან ასეულობით მეტრის სიმაღლეზე. წლის უმეტესი ნაწილი მთლიანად ნისლში იყო გახვეული და მხოლოდ ივლისში, ისიც რამდენიმე დღით ქრებოდა ხოლმე მხოლოდ. მუქი და სქელი ნისლი მალეჰას ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ეს ატალონია მთებისა და ტყის სიმრავლითა და მუდმივი ნისლითაა გამორჩეული. მალეჰები მაღლები, ოქროსფერთმიანები, მწვანე თვალება, პირქუში და თავისებური ხალხია. არავის ენდობიან, დიდად საუბარი არ უყვართ და მათ სახეზე ღიმილს თითქმის ვერ ნახავ.  ძველად, მალეჰები საუკეთესო მებრძოლები იყვნენ. მათი ერთი კაცი ლანრეას და დონლეჰას ხუთ კაცს მაინც უდრიდა, ამაში აღნაგობაც უწყობდათ ხელს. ზოგს მხოლოდ მათი დანახვაც კი აშინებდა, იმდენად მაღლები და ჩადგმულები იყვნენ ქალებიცა და კაცებიც. მრავალი საუკუნე სისხლის სიწმინდე შეინარჩუნეს და ეს გენი არ გაჰქრობიათ. ამიტომ დღესაც კი, ერთი-ერთზე მათთან ბრძოლას ყველა ერიდება. გამოღვიძებიდან 21-22-ე საუკუნეებში, ერთიანი ფილანიის ატალონმა(იგივე, რაც მეფე) ალექსანდრე ტევერინმა, რომელსაც ერმა „ალექსანდრე დიდი“ უწოდა, სწორედ მალეჰები გააერთიანა „თეთრ ორდენში“, მისი განახლებისას. თეთრი ორდენი უხსოვარი დროიდან არსებობდა ფილანიაში. შავ მაგიაში განსწავლული ადამიანები რომლებიც თავს „კოლტებს“ უწოდებდნენ, მაგიით დამონებულ ადამიანებს ზერმონებად აქცევდნენ, მათგან კი პატარ-პატარა ჯარს ჰქმნიდნენ. ზერმონები ასევე კოლტების მიერ დამონებულ არსებებზე - გრუნებზე ამხედრებულები, კუპრისფერი ხმლებით „კოლიდის ენებით“ თავს ესხმოდნენ სოფლებს და ქალაქებს. ძარცვავდნენ, აწამებდნენ და ხოცავდნენ ადამიანებს უმოწყალოდ. ზებედოსმა ასი სანდო ადამიანისგან ორდენი შექმნა. „თეთრი ორდენი“, რომელიც კოლტებს შეაჩერებდა. ორდენი ნელ-ნელა არმიად იქცა და კოლტებს, ფილანიის ატალონიებში, თეთრების შიშით აღარ დაედგომებოდათ. თუმცა ეს ყველაფერი მრავალი საუკუნით ადრე, ასკალოს ამბავამდე... კოლტები უკვე ასეული წლებია თვალით აღარავის უნახავს და თითქმის აღარავის სჯერა, რომ ოდესმე საერთოდ არსებობდნენ. თეთრ ორდენში ჯერ კიდევ სჯერათ მათი არსებობის და ამიტომ, ორდენი კვლავ განაგრძობს არსებობას. თუმცა საბრძოლველი და შესაჩერებელი კი აღარავინ შერჩათ, ორიოდე  გრუნის გარდა, ათასში ერთხელ რომ გამოჩნდებიან რომელიმე სოფელში და ქათმებს შეუჭამენ ვინმე რიგით ფილანიელს. ასკალო ბერნი ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როცა თავის ბავშვობის მეგობართან და კლასელთან - ლევან ბერნთან ერთად, ორდენში გაწევრიანება გადაწყვიტა. როგორ არ ეხვეწნენ, რა არ სცადეს, მიწაზე გაგორდნენ, თმები იგლიჯეს თავიდან, ლოყები იხოკეს მისმა დედამ და უფროსმა დამ, მაგრამ ვერა და ვერა გადააფიქრებინეს ასკალოს. უფროსი შვილი ლეოც ზერკანტებთან ბრძოლას შეეწირა, მაშინ როცა ასკალო მხოლოდ სამი წლის იყო. დედამისმა და მისმა დამ ისე მძიმედ გადაიტანეს ლეოს დაკარგვა, ასკალოს ეს ნაბიჯი სამყაროს დასასრული იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოუწიათ შეგუება. მალეჰების სიჯიუტე და თავდაჯერებულობა უნაკლოდ იყო გამოვლენილი ასკალოში. მაღალი, ათლეტური აღნაგობის, კაშკაშა მწვანე თვალება სიმპატიური ბიჭი იყო, როგორც ყველა მალეჰელი. თეთრი ორდენის წესებით, თავს იპარსავდა მთლიანად. ორივე ხელის ქვედა მაჯაზე, ორდენის გერბის სვირინგს ატარებდა. ფრთებ გაშლილ, ლურჯი ფერის ტეირექონს, წინ ხედით, ფრთებზე, ორლესული ხმლის ფორმის ბუმბულებით. თეთრი მეომრები მკაცრ მომზადებას სამ წელს გადიან, შემდეგ კი ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდებიან. როცა ოსტატი, ანუ მეთაური მოიხმობს, ყველა ვალდებულია გამოცხადდეს. ასკალომ რამდენიმე თვეა რაც დაასრულა წვრთნები და მშობლიურ ქალაქ ბერნში დედასთან და დასთან დაბრუნდა. ორდენის შტაბი - „ბუნაგი“, როგორც მას თავად თეთრები ეძახიან - მეილეაში(ფილანიის ერთ-ერთი ატალონია), ტყის სიღრმეში, რთულად მისაგნებ ადგილზე მდებარეობს. ასკალოს თავის დაბადების დღე არ უყვარდა. თორმეტს როგორცკი გადასცდებოდა და 30 მაისი დადგებოდა, ოთახს ჩააბნელებდა და 31-ის დილამდე ღრმა ძილს მიეცემოდა ხოლმე. ამდენი ხნის შემდეგაც არაფერი შეცვლილა. თავის მეჩვიდმეტე დაბადების დღე დადგა თუ არა, ეგრევე საწოლში ჩახტა, ეგონა კარგად გამოვიძინებო, მაგრამ... ცივ მიწაზე წოლამ მალევე გამოაღვიძა. ისე ბნელოდა, სანამ ნახევარ მთვარის, ტოტებს შორის გამომავალ სინათლეს დაინახავდა, ოთახში ეგონა თავი და ბურანში საბანს დაუწყო ძებნა. ვერსად მიაგნო. ამასობაში გამოფხიზლდა, თვალები კარგად გაახილა, მთვარის მკრთალ სინათლეს წუთით მიაშტერდა და უცბად გაიაზრა, რომ ნათურა არ იყო. და რომ ეგონა საწოლზე იწვა - მიწა აღმოჩნდა. გარშემო, გოლიათი ალვისა და მუხის ხეები თითქოსდა პირდაპირ ასკალოს დაჰყურებდნენო, ყველაფერი უცნაურად ეჩვენებოდა. სინათლეს რომ შეეჩვია თვალები მერეღა შეამჩნია, რომ მისი თოვლზე უფრო თეთრი ცხენი - მერალიც იქვე, ნორჩ ალვის ხეზე იყო მიბმული, თანაც შეკაზმული. სწრაფად წამოხტა და ახლა დაინახა, რომ მისი ხმალიც, თეთრ ვადას, მალეჰას გერბის - ვეფხვის ფიგურა რომ უმშვენებდა, იქვე ეგდო მიწაზე, ორიოდე მეტრის მოშორებით. (ორდენის ყველა წევრს, ჰყავს მალეჰური თეთრი ცხენი. ჩვეულებრივზე უფრო გონიერები და გაცილებით დიდი ზომისანი არიან. თეთრი ფერი ორდენის სავიზიტო ბარათია. შეკრების დროს ყველა წევრს თეთრი ფერის სამოსი უნდა ეცვას. ძირითადად თეთრი მორტენი. მორტენი ტრადიციული ფილანიური სამოსია. ხალათის მაგვარი, გრძელ სახელოებიანი და ძირითადად კოჭებამდე სიგრძის. წელში შევიწროებული და რთული ნაქარგებით მორთული) პირველი ნაბიჯი გადადგა თუ არა ხეებს შორის, ღამის წყვდიადიდან  შავ მანტიებში გახვეული, სახეზე მოვერცხლილ ნიღაბ აფარებული ხალხი გამოჩნდა. ზერმონებს ჰგავდნენ. უფრო ახლოს რომ მოვიდნენ მერეღა შეძლო დათვლა ასკალომ. რვანი იყვნენ. იარაღი თან არ ჰქონდათ. წამით ადგილზე გაქვავდნენ და ერთდროულად რვავე ასკალოს ხმლისკენ გაიქცა. დაასწრეს მის პატრონს აღება, თეთრი ცხენები გამოცვივდნენ, შავებში შემოსილნი მათზე წამებში შემოხტნენ და გაიქცნენ. ასკალოც შემოჯდა თავის ცხენზე და უკან დაედევნა. ნახევარი კილომეტრი რომ დაფარეს ტყეში, როგორც იქნა დაეწია იმას ვისაც მისი ხმალი ჰქონდა, მაგრამ იმან სხვას გადაუგდო. მალეჰური თეთრი ცხენები ძალიან ჭკვიანები იყვნენ, გრძნობდნენ რა სურდა მხედარს. მერალმა კიდევ აუჩქარა სირბილს და ის ის იყო უნდა დასწეოდა ხმლის ქურდს, რომ ახლა იმან კიდევ სხვას გადაუგდო. ასკალო იმასაც დაეწია, ფეხზე წამოდგა, საკმარისად ახლოს მივიდა მხედართან, ზედ დაახტა და ცხენიდან ჩამოაგდო თავის ხმლიანად. ვინც უკან მოსდევდათ მათთან გაჩერდნენ, ვინც წინ მიდიოდა უკან მობრუნდნენ. ასკალო წამოხტა, ხმალი ქარქაშიდან ამოაგო და თავდასხმისთვის მოემზადა. ცხენები მის გარშემო შეგროვდნენ, წრეზე დატრიალდნენ რამდენჯერმე და რომ გაჩერდნენ ერთდროულად მოიხსნეს ნიღბები მხედრებმა. რვავე ასკალოს ძმა იყო ორდენიდან. მისი სამეულიდან - ლევან ბერნი და ლუკა ვისერიონი. ჰუგო ტალუნე და მისი სამეული - ტომას იდენი და მიშა ერონი. ბერონი იარიქონი, ენიო დორია და ალეკ ომანი.                                            -                       ჩვენ ვართ ჩვეეენ! დედაას ვეფხვოო! შესძახა ჰუგომ და ჩამოხტა ძირს. ასე ასკალოს დედამისი ეძახდა. ბიჭებმა პირველად რომ მოისმინეს იმის მერე აიკვიატეს და ხუმრობით ეძახიან, რომ გააჯავრონ. ბერონიმ ასკალოს წინ დაიჩოქა და ღიმილნარევი ხმით თქვა: იარიქონის სისხლი მაქვს მაგრამ მალეჰას ტახტი შენთვის დამითმია ძმაო. ეს რა იყო ნახეეთ. აქამდე მეგონა ჰუგოზე მაგარი მხედარი არავინ იყო, რეები ჩაატარე, აა ბიჯოო!                                            -                       დიდი არაფერი!                                            -                       შენ ნუ ხარ შურიანი. მიაძახა ჰუგოს ლუკამ.                                            -                       რას გაბეცდი ბიჯო, ამაიღე ხმაა! ან გვეჩხუბე, ან გვაგინე, ან გაიცინეე! ზურგიდან მიეპარა ლევანი და მხრებით შეანჯღრია ასკალო.                                            -                       ძინავს მგონი ამას ისევ... კალისტოო, აქაა ხაარ ბიჯოო, აეე!                                            -                       ძინავს მართლა ამ ცალტვინას! ბიჯოო! ერთი მაგრად გაულაწუნა სახეში ლუკამ და მგონი გამოაფხიზლა. მოატარა მზერა რვავეს, სიცილი შეეპარა სახეზე და ამოთქვა ძლივს რაღაცა: უხ თქვე გულძაღლებო თქვენაა! მოდით აქააა! ამის თქმა იყო და რვავემ ხელებში აიტაცეს და ზევით სამჯერ ააგდეს.                                            -                       რა ლაამააზი... ღამეაა! რა ნაათელიი... მთვარეააა, იმიტომ რომ დღეს დედას ვეფხვიიიის, დააბადეებიიის დღეეააა! ამღერდნენ ყველანი ერთად. - ტორტი სახლშია თქვენო უბერნესობავ, აქ ვერ მოგართვით, იმედია მოგვიტევებ... გადახვია ხელი მხარზე ჰუგომ ასკალოს. - გილოცავთ ბერნიკ, მაგრად გვიყვარხარ ხო იციი!                                            -                       არა რამ მოგაფიქრაათ აა? ან როგორ არ გაგეცინათ, რა დადგმა იყო, რა შესრულებაა. ქედს ვიხრი ძმებო!                                            -                       აღიარე რომ ყველაზე მაგარი დაბადების დღე გაქვს ამ 17 წლის მანძილზე. უთხრა ბერონიმ და ცხენზე შეხტა. ნელ-ნელა ქალაქისკენ მიმავალ გზას გაუყვნენ.                                            -                       დიდებული, დიდებულიი!                                            -                       იმ ფრონტზე რა ხდება აბა?! წარბები აათამაშა ჰუგომ.                                            -                       ვერც ვერაფერი.                                            -                       ვირც ვირიფირი- გამოაჯავრა ჰუგომ. - თუ გგონია აქ იჯდები, დედაშენის გამომცხვარ კარტოფილის ღვეზლებს შეჭამ და „ის“ თავისით მოვაა... როდემდე უნდა იარო მარტო...                                            -                       ეე! ჩემი შენ გითხარიოო რაა. ვისზე რას ამბობ შე 300 წლის ვა...                                            -                       ჰო კარგი ახლა, დეტალებზე ნუ გამამეკიდები...                                            -                       ახლა არ დაიწყო შენებურად. ქალბატონი შეგირჩიეთ იმისთანა თმები ყალყზე დაგიდგება.                                            -                       ოო სიტყვების შერჩევაში ბადალი არა გყაავს რაა. შეაწყვეტინა ჰუგომ ბერონის. - სად გინახავს მოწონებაზე თმები ყალყზე დგებოდეს.                                            -                       რას ბოდავენ!                                            -                       მოკლედ, გიპოვეთ არაჩვეულებრივი პიროვნება. ულამაზესი ქალბატონი - კლაუდია იარიქონი. აქვე ცხოვრობს. ძალიან მდიდარია, უფრო ზუსტად მილიონერი. სამი სახლი აქვს, აქ, ნიდეაში და მალენში. რვა ქმარი გამოიცვალა, შენთვის უკეთესი... მარცხენა თვალით საერთოდ ვერ ხედავს, რომელიღაცა ყურში სმენა არ აქ, სახსრები აწუხებს, მეხსიერების პრობლემები აქვს და ამ ბოლოს ცოტა გარეკა მგონი, ცოტა... მაგრამ ერთი ნაკლი აქვს! იმედია ამდენი დადებითი თვისების შემდეგ ამაზე არ გადაირევი, როგორც იცი ხოლმე.                                            -                       რა ნაკლი! სიცილის შესაკავებლად პირზე ხელი აიფარა ასკალომ.                                            -                       ხუთი კბილი აკლია! დიდი ამბავი ახლაა რაიყოო! ამის თქმაზე დანარჩენები ახარხარდნენ.                                            -                       რაოო, ვინაოო, კლაუდია იარიქონიოო, პაპიდაშენ კლაუდიას მირიგეებ  ბიჯო!                                            -                       გირიიგებს თორეე ახლა ეგეც მწვანე კაბით არ გიცდიდეეს ეზოს კაართან. ამოიროხროხა ლევანმა და ისევ სიცილი აუტყდა.                                            -                       რამდენი ხანი წერდით მაგ ტექსტს.                                            -                       ტექსტი არა გრუნის ტრაკი კიდე. ყველაფერი სიმართლეა.                                            -                       რას იტყვი აბაა!                                            -                       ვითომ არ იცით რასაც...                                            -                       ოო როგო არაა... ძმებოო! წამოენთნენ რვავე, ერთად შეჯგუფდნენ, ხელები გადახვიეს ერთმანეთს და დაიწყეს: ერთი ჭკვიანი გოგო შემაახვეედრაა, შავთვაალებაა, შავხუჭუჭთმიანიიი, ბევრს ხო აარაფერს ვითხოოოვ, მიდიიი აბაა, მითხააარიი. ასკალოს აკვიატებული ჰქონდა ეს ფრაზა და  სიყვარულის ხასიათზე რომ დადგებოდა წამდაუწუმ ამას იმეორებდა, მთვრალზე ხო საერთოდ ვეღარ აჩერებდნენ.                                            -                       უნდა ვაღიაროო, რომ... ძალიან მომენატრეეთ!                                            -                       ჩვენც მოგვენატრე დედას ვეფხვო, ჩვენც! აბა აქ რა მსხლის კურკა გვინდა... ჭადრების ჯარს შორის გაყვანილი ბილიკის ბოლოს ქალაქიც გამოჩნდა. მზესავით ოქროსფერი, მალეჰური მარკანის ქვებით ნაგები შენობები. მწვანედ შეღებილი, მალეჰური ალვის ხის ტოტებისგან დაწნული წრიული სახურავები რომ ჰქონდათ. ისე ახლო-ახლო აეგოთ, ერთი სახლის ფანჯრიდან მეორის ფანჯარაში თავისუფლად გადახვიდოდი. თითქოსდა ერთი დიდი ციხე-სიმაგრე იყო მთელი ბერნი. მალეჰას თავისუფალ ნაწილში მოექცა, მაგრამ მანქანები მაინც არავის ჰყავდა. თუმცა ისეთი ვიწრო გზები იყო მწვანე, წვრილი ქვებით მოჭედილი, იქ ურემიც ძლივს ეტეოდა. კუდის მოსაქნევი ადგილი არააო, ზუსტად შეეფერებოდა იქაურობას. სხვა მალეჰური ქალაქებისგან განსხვავებით ბერნში ყოველთვის სიმშვიდე არ იყო. დღე არ ჩაივლიდა სიმღერის, გიტარის, ცეკვისა და დოლების ხმები რომ არ გაგეგო. ნამდვილად არ იყვნენ „პირსახე ჩაშავებულები“ ბერნის მცხოვრებნი, როგორადაც კლასიკურ მალეჰებს მოიხსენიებდნენ დანარჩენი ფილანიელები - მუდამ მოღუშული, სევდიანი გამომეტყველების გამო.  ათასობით წლის მანძილზე, ბერნი ძალიან პოპულარული იყო. მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ და სახლდებოდნენ იქ, სწორედ ამან გამოიწვია მოსახლეობის ზრდა და შენობების ასე ახლოს აგება ერთმანეთთან. ვეღარ ეტეოდნენ. მალეჰებს ტყე წმინდა ადგილად მიაჩნიათ. დროთა სვლას ეს უფრო ცრუ რწმენად ექცია. ამიტომ არც მასში ცხოვრობდნენ და არც ჩეხდნენ ადგილის მოსაგებად. მალეჰა ტყის საფარის სიდიდით მეილეას არ ჩამოუვარდებოდა. ბერნი, ლეგენდის მიხედვით, ვინმე ბერონიმომ დაარსა. იქ თავის ოჯახთან ერთად დასახლდა და მისმა შთამომავლებმა მოგვიანებით ბერნების საგვარეულო შექმნეს. მას მერე ეს გვარი ბევრმა იქაურმა მიიღო, ნამდვილი ბერნებისგან კი მხოლოდ რამდენიმე ოჯახიღა შემორჩა. ასკალოს სახლი გამოყოფილი და გამორჩეული იყო, ერთ დროს იქ ხომ დიდგვაროვანი ოჯახი ცხოვრობდა. ჩრდილოეთ მალეჰას იარიქონები მართავდნენ, სამხრეთს ბერნები. ქვის, უზარმაზარი, ჭრელ-ჭრელი, თითქოსდა ჟანგმოდებული ლოდებისგან აეგოთ უწახნაგო, გრძელ და ვიწრო სარკმლებიანი ოთხ სართულიანი კოშკივით სახლი, ასკალოს წინაპრებს. ეზოში მათი დარგული ცაცხვები, ალვები და ის ლეგენდარული მუხის გოლიათი ხეც ჯერ ისევ მხნედ და ამაყად იდგნენ. დიანას ყვავილები უყვარდა. ამიტომ ერთ ცარიელ ადგილს ვერ ნახავდი, ყველგან ერთმანეთზე უფრო ლამაზი და უჩვეულო ყვავილები ხარობდნენ ეზოში. ასკალოს დაბადების დღეზე  წითელი ვარდები იშლებოდნენ და ისეთი სანახავი იყო იქაურობა, ეზოში შესულს გამოსვლა აღარ მოგინდებოდა. მუხის ხის ქვეშ გაშალეს სუფრა და მთელი დღე დილის ცხრიდან შუაღამემდე ქეიფობდნენ. იქით ჰუგო უკრავდა გიტარაზე, აქეთ დიანა და ასკალო მღეროდნენ ორ ხმაში. მერე სახლში შევიდნენ და იქ კირამ პიანინოზე დაუკრა, ბიჭებმა იმღერეს ერთად. კარგად მოილხინეს. ეს მართლაც ასკალოს საუკეთესო დაბადების დღე გამოდგა. ისე იყო აჟიტირებული, ღვინომაც ძლივს მოთენთა. გამთენიისას კმაყოფილს და გულნაჯერებს ჩაეძინა, ყველაზე ბოლოს. ერთი კვირის შემდეგ, ფოსტალიონმა ჩიტმა ვოლემაიამ, ბუნაგიდან შეტყობინება მოიტანა. მეთაური კარლო ჯექჰადეას ექსპედიციაში 50 თეთრ რაინდთან ერთად წავიდა და უკვე სამი დღეა კონტაქტზე არ გამოსულანო.                                                                                                  ჰენრი   14 ივლისი, ფილანია, დონჩეინის ატალონია, ქალაქი - ვერონი.   წყვდიადის ბინადარს სინათლე სიბნელე ეგონაო...   იფხიზლე!   სახლში გატარებული ცხოვრების 17-ვე წელიწადი, მტანჯველ უსასრულობად ექცა ჰენრის. რამდენჯერ ნაბიჯ-ნაბიჯ დაულაგებია გეგმა ძილის წინ. ჩანთაში ჩაულაგებია რაც კი ნივთები გააჩნდა, აი ხვალ გავიქცევი, აი ხვალო, მაგრამ ეს ხვალ, ვერა და ვერ დგებოდა. მხოლოდ წარმოსახვაში თუ დადგავდა ფეხს მეილეას  გოლიათი სექვოიების ტყეში, მხოლოდ წარმოსახვაში  თუ გაივლიდა დრაკონის ხიდს და იფრენდა ტეირექონზე ამხედრებული. ერტრონით შემოივლიდა მთელ ფილანიას და შედეტის წყლის გუმბათს ცოცხლად ნახავდა... წარმოსახვა იყო მისი მეგობარი, მსმენელი, მშობელი და მფარველი. ყველაფერი რაც კი ჩვენთვის მოსაწყენი, გადაბეზრებულ-გადმობეზრებული ჩვეულებრივობაა, ჰენრისთვის აუხდენელ ოცნებად ქცეულიყო. გამხდარი, ასაკთან შედარებით დაბალი ბიჭი იყო. ალისფერი წითური თმით დედას ჰგავდა, კაშკაშა ცისფერი თვალებით კი მამას. მთელი სახე ჭორფლებით ჰქონდა დაფარული. ტრაგიზმს შეეპყრო ჰენრი, თორემ მართლა მარტო კი არ იყო. ჰყავდა ერთი მეგობარი, ძაღლი სახელად - დუდი. დუდი დორმონის სახეობა იყო, ზებედოსის შექმნილი ძაღლის ყველაზე ჭკვიანი სახეობა. ლამის დათვის ხელა იზრდებოდნენ, გრძელი, სქელი, მუქი წითელი ბეწვი და სავსე მთვარისოდენა, ბრიალა თაფლისფერი თვალები ჰქონდათ, მუდამ სიყვარულით რომ უცქერდნენ თავიანთი ოჯახის ყველა წევრს. დორმონებმა მიკედლება იცოდნენ ოჯახებზე, რომლებსაც თავად ირჩევდნენ. თითქმის სამას წლამდე ცოცხლობდნენ. ზებედოსმა ისინი ადამიანების გრუნებისგან დასაცავად შექმნა. პატარა ჰენრის გვერდიდან არ შორდებოდა დორმონი, რომელსაც დუდი-დუდის ეძახდა და ასე შეერქვა ეს სახელიც ძაღლს. მაგრამ დუდი მაინც ძაღლი იყო. ჰენრის კი თავის მსგავსებთან ყოფნა სურდა... ტყუპების ომის დროს, უკვე ლეგენდად ქცეულ დონჩეინელ მომღერალსა და კომპოზიტორს, სესილია ვერონს მშობლები დაუხოცეს. ბევრი იძია, იკვლია და ბოლოს დაადგინა, რომ ისინი კოლტმა, სახელად ერნოკმა მოკლა. სესილია შუნერების რასის იყო. შუნერები ერთი შეხედვით ადამიანები არიან, ოღონდ განსაკუთრებული, ზებუნებრივი უნარებით დაბადებულნი. სესილია „პოლკინი“ იყო. პოლკინები უხილავ, უსუნო ნივთიერებას გამოყოფენ, რომლის საშუალებით შეუძლიათ ნებისმიერს შეაყვარონ თავი, ან მოიპოვონ მათი სრული ნდობა. მშობლების მკვლელ კოლტს ერნოკს ვერსად მიაგნო. ნახევარი მსოფლიო შემოიარა და შურისძიების სურვილი მაინც არ განელებია. ერთადერთი გზა ზერკანტების ბატონის, თავად ალექსანდერის გულის მოგება იყო, რომელსაც წესით უნდა სცოდნოდა ერნოკის ადგილსამყოფელი. როგორღაც მასთან შეხვედრა მოახერხა, რაც რთული საქმე არ იყო, სესილია ძალიან ლამაზი ქალი გახლდათ. კაშკაშა, ეზგარიდული წითელი, ხუჭუჭი თმა ეზგარიდი დიდი ბებიისგან ერგო გენეტიკურად. მომხიბვლელი, დონჩეინური იისფერი თვალები კი დედისგან. სილამაზესთან ერთად ისეთი ხმა ჰქონდა, ყველა მამაკაცი მასზე იყო შეყვარებული. სესილიამ ერნოკი იპოვა, მაგრამ ამასობაში, ალექსანდერი, მთელი არსებით შეუყვარდა. ამასთან ერთად სესილიამ მისი დიდი საიდუმლოც გაიგო. ომის მიწურულს დაორსულდა და ეყოლა ბიჭი, რომელსაც მამის სახელი - ჰენრი დაარქვა, გვარი კი თავისი მისცა - ვერონი. ალექსანდერის საზარელი საიდუმლო არც მთლად რთული გამოსაცნობია. მთელი მისი პერსონა, ფიგურა და ყველაფერი რაც ზერკანტილიზმს უკავშირდება, კოლტების შექმნილი აღმოჩნდა. ფარი რომელსაც ამოეფარებოდნენ და ასე დაიმორჩილებდნენ ჯერ ფილანიას, შემდეგ კი დანარჩენ მსოფლიოს. საუკუნის უდიდესმა ტყუილმა სესილია ვერონის წყალობით 17 წელს გაუძლო. (2990-იან წლებში, 13-მა კოლტმა, ერმეზოდორის მეთაურობით, შექმნა ხელოვნური მტერი - ტერორისტული დაჯგუფება „გრუნების“ სახით, რომლებიც თავს ესხმიან ხალხს, ძარცვავენ, აწამებენ. ერთი წელი, სრული ქაოსია ქვეყანაში. ხალხში ჩანერგეს შიში გრუნების დაჯგუფებისა. ისინი უკვე გლობალურ პრობლემად იქცნენ. თუმცა ხალხმა არ იცის, რომ ეს ყველაფერი კოლტების გეგმის ნაწილია. თეთრი ორდენი ვერ უმკლავდება გრუნებს. ამის პარალელურად კოლტები ამზადებენ კრადოსში გამოკეტილ ვერტენთა(მომთაბარე ტომი) შთამომავლობას - უდიდეს ძალად, მხსნელებად, რომლებიც წინ აღუდგებიან გრუნებს და მათ მთლიანად გააქრობენ. ალექსანდერი წინ მიუძღვის ვერტენებს. გრუნების დაჯგუფებას გაანადგურებენ და 2997 წლის 1 მარტს, ნაცრისფერი რევოლუციით, ვერტენები მოდიან ფილანიის შვიდივე ატალონიის სათავეში. თავად მოსახლეობის სურვილითა და დიდი მხარდაჭერით.  კოლტების გეგმის მიხედვით რამდენიმე თვე, მოჩვენებითი მშვიდობაა ქვეყანაში, მაგრამ მიმდინარეობს ზერკანტილიზმის მასობრივი პროპაგანდა. ეს არის ალბერტო ოტოს, ოცდამეერთე საუკუნის ლანრეელი ფილოსოფოსის შექმნილი სახელმწიფოს მოწყობის უმკაცრესი ფორმა, რომელსაც მაშინ ხალხი მტრულად შეხვდა. ახლა კი ხსნის ერთადერთ გზად წარმოუდგენენ ვერტენები, გრუნების თავდასხმებისგან   დასუსტებულ, გაპარტახებულ, გაძარცვულ, გაღარიბებულ ფილანიას და ფილანიელებს. ყველა გაებმება მახეში. იმავე წლის 10 დეკემბერს, მხსნელებად გამოყვანილი ვერტენები, ზერკანტებად იქცევიან. მათ ახალ წესებსა და აკრძალვებს, ხალხის ნაწილი მტრულად შეხვდება. ჯორჯიო მალენს დაუჭერენ მხარს, რასაც მალევე მოჰყვება ტყუპების ომიც.) ალექსანდერს ერმეზოდორი ბნელი მაგიით აკონტროლებს, თუმცა სესილიას გაცნობის შემდეგ, რაღაც დროით თავის დაღწევა ისწავლა წყევლისგან და მასაც შეუყვარდა. ზოდორი ბავშვის დაბადების სასტიკი წინააღმდეგი იყო. ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პირველივე კვირაში რამდენჯერმე სცადა სესილიას მოკვლა შვილთან ერთად, მაგრამ როგორღაც გადარჩნენ. შუშის კედლის აგების შემდეგ სესილია მშობლიურ ქალაქ ვერონში ბრუნდება, თავისუფალ ფილანიაში და იქ ზრდის ჰენრის. ზოდორისა და მისი მსახურების შიშით ბავშვს სახლიდან არ უშვებს. გაქცევის თავიდან ასარიდებლად დიდ კედლებსაც კი შემოავლებს სახლს.  და ამ იზოლაციაში 17 წელიც გავიდა. ჰენრი გარეთ არასდროს გასულა. მოზარდობის ასაკში შესვლისთანავე კი დაიწყო გზების ძიება, ციხედ ქცეული სახლიდან გასაქცევად.                                                    -                       არ მიი-ნდაა! არ მიი-ნდაა! რით ვერ გაიგე, რომ არ მჭირდება ეგეთი მამაა! დღეს რომ ას კაცს სიკვდილს მიუსჯის, ორ იმდენს აწამებს და ჩემხელა ბავშვებს მხოლოდ იმიტომ ჩასვამს ციხეში, რომ ქუჩაში მუსიკას ხმამაღლა უსმენდნენ. მერე მოვა და აქ კეთილი, მზრუნველი მშობლის როლს ითამაშებს, ისე თითქოს კოლტებს ეგ კი არა ჩვენი სახლის ვირთხა ემსახურებოდეს. გული ყელს მოებჯინა და სადაცაა გასკდება ბრაზისგანო, ისე გრძნობდა თავს ჰენრი... როგორცკი თავს დააღწევდა ალექსანდერი ზოდორის მაგიის ზემოქმედებას, ვერონში გამორბოდა, სესილიასა და თავისი ვაჟის სანახავად. ჰენრისა და დემიენს, საერთო ელკანტერი(იგივე, რაც ნათლია) ჰყავდათ - დანიელ ბეტალი. მისი წყალობით ბიჭს ძლიერი საფირონი განუვითარდა. მამამისის ქმედებები კი მის გულთიანურ (ყველაზე გავრცელებული (მონოთეისტური)რელიგია ფილანიაში) წარმოდგენებს ადამიანობაზე, მთლიანად ფეხქვეშ თელავდა. ალექსანდერს მამად ვერასდროს აღიქვამდა და სწორედ იმის შიშით, რომ მას არ დამსგავსებოდა, გულისყურით უსმენდა დანიელის გულთიანურ შეგონებებს. გულთიანური წმინდა წიგნის - „თულნას“ მიხედვით, სულს, დაბადებიდანვე აქვს დამცავი ენერგეტიკული ველი, ბოროტი ძალებისგან. და მას ეწოდება - „საფირონი“. საფირონი სიძლიერის მიხედვით, შვიდ დონედ იყოფა. საფირონის გაძლიერება, ყველა ადამიანის ვალია. მის გასაძლიერებლად, თულნას წაკითხვაა საჭირო. მასში ზედმიწევნით ზუსტად და თანმიმდევრობითაა ახსნილი, თუ როგორ უნდა განავითარო საფირონის ყველა დონე. მხოლოდ ამის შემდეგ ჰპოვებ, ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ სიმშვიდეს და ბოროტი ძალებისგანაც დაცული იქნები.)                                            -                       იცოდე თუ კიდევ ოთახში გამოიკეტები მამაშენის მოსვლისას, გამოვაღებ ამ ფანჯარას და გადავხტები. აღარ შემიძლია, უკვე აღარ შემიიძლიაა!                                            -                       გადახტი, მიდი! იმაზე უარესი რაღა უნდა გააკეთო, რაც უკვე გააკეთეე!                                            -                       როგორ მელაპარაკებიი! ცრემლები შეეპარა თვალებზე სესილიას.                                            -                       არ არის ეგ კაცი მამაჩემი და თუ კიდევ ერთხელ დამაძალებ მასთან ურთიერთობას, ფანჯრიდან კი არა იმ კედელზე ავძვრები, ვითომ ჩემ დასაცავად რომ ააშენებინე და იქიდან გადმოვხტები. იცხოვრე მერე დიდხანს და ტკბილად მაგ ავადმყოფობასთან ერთად. გაიჯახუნა მისაღები ოთახის კარი ჰენრიმ და თავისი ოთახისკენ მიმავალ ხის კიბეს აუყვა ზევით. ფოლადის ოთხ მეტრიანი კარი, სუსტი გრუხუნით გაიღო და მაღალი, ტანადი, ვერცხლისფერ, მოხდენილ, ზერკანტილურ, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, 40 წლამდე ასაკის კაცი შემოვიდა ეზოში. ვარცხნილობაც ზერკანტილური ჰქონდა, რასაც „ამორეტი“ ეწოდება. (ზერკანტილურ ატალონიებში, ყველა ვალდებული იყო ამორეტი ეტარებინა) ჭაღარა გარეული თმა ძალიან მოკლედ ჰქონდა გადაპარსული. გვერდებზე კი ოთხ ზოლად, სუფთად გაპარსული წვრილი ხაზები მიუყვებოდა კისრამდე. ყოველგვარი ემოციისგან და გრძნობისგან დაცლილი სახე, ალექსანდერს ნამდვილ ზერკანტილისტად აქცევდა. (ზერკანტილიზმი ადამიანს ყოველგვარი ემოციის გამოხატვას უკრძალავს სხვა უამრავი რამის აკრძალვასთან ერთად.) შეხედავდი და იტყოდი აი ეს არის იდეალური ნიმუშიო. ოდნავ შეზრდილი წვერიც, ულვაშების გარდა მთლიანად შესთეთრებოდა. თუმცა მომენტებში ისე მოენაღვლიანებოდა მზერა გულაჩუყებული ბავშვივით, რომ მთელი გულით შეგეცოდებოდა, შიშზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია. არადა ეს ყველაზე საშიში ადამიანი იყო ამჟამად პლანეტაზე. მაინც რა აქცევდა მის პერსონას შემზარავად, არაფერი, მხოლოდ სახელი. აი რისი ეშინოდა ხალხს... თავიანთი შექმნილი წარმოდგენის... არ იცოდნენ, რომ ის ვინც მას ატარებდა, თავადაც ვიღაც სხვის მიერ დაშინებული, არაფრით გამორჩეული კაცი იყო. მაინც რა არის შიში, ან არის საერთოდ? თუ უბრალოდ ჩვენივე შექმნილი ილუზიაა, რომლის ტყვეობაში თავადვე ვიგდებთ თავს...   ერთადერთი რაზეც ახლა ჰენრი ფიქრობდა იმ კედლის გადაკვეთა იყო, რომელიც  სახლის სამ მხარეს იყო აგებული. მეოთხე მხარეს პირდაპირ კლდე და მის ქვეშ ზერკონიის ოკეანე იყო. მისი ოთახი ოკეანის მხარეს იყო. რამდენჯერ აქედან გაქცევაც უფიქრია... მაინც რა მომივა, გადავხტები, დასავლეთით სანაპირომდე მივცურავ და ეგაა, თავისუფალი ვიქნებიო. თუმცა არც კედლები და არც წყალი იყო, რაც ჰენრის სახლში აკავებდა. ამ ბოლოს ხშირად ჩხუბობდნენ, მაგრამ მის გარდა არავინ ჰყავდა დედამისს. ეგოისტურად ვერ მოიქცეოდა აკვიატებული სურვილის დასაკმაყოფილებლად. ზოგჯერ რაღაცები უნდა მოვითმინოთ, ავიტანოთ, რომ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები ბედნიერები იყვნენო... თავისივე სიტყვები ყოველ ჯერზე უკან ხევდა, თორემ გასაქცევ გზებს რა დალევდა. მაგრამ ეს მოთმინებაც დასასრულს უახლოვდებოდა... სინამდვილეში კი, იმდენად შეჩვეოდა სახლში ყოფნას, გარეთ გასვლის ძალიან ეშინოდა, იმდენად, რომ ბავშვობის სანუკვარ ოცნებაზე - მომღერლობაზე უარი თქვა... და ჩარჩა სახლში წლობით... ერთადერთი ადამიანი ვისაც დედამისის გარდა ხედავდა ამ წლების მანძილზე, ნათლია იყო - დანიელი. მის თვალებად ქცეული, რომლითაც კედლებს მიღმა სამყაროს ხედავდა. დანიელი მოშინაურებულ ალბინოს ლომებზე, ცეცხლოვან მეილეურ პეპლებზე, გიგანტურ ცეცხლისმფრქვეველ ტეირექონზე და მოლაპარაკე გიგანტურ თეთრ გველებზე - მარაკალისებზე უყვებოდა, რომლებთან ერთადაც ელიზაბეტალის მახლობლად ცხოვრობდა. მათი მოვლის გარდა, ულანში ისტორიის მასწავლებლადაც მუშაობდა. როგორც კი დაინახა ფანჯრიდან მამამისი - ალექსანდერი, ფარდები ჩამოაფარა და საძინებლის კარი საგულდაგულოდ ჩარაზა. ფანჯარაში მოკალათდა და ყურსასმენები მოირგო. უკვე კარგად რომ შებნელდა და დედამისმაც დაიძინა, ჰენრის ოთახის ფანჯარაზე მსუბუქი კაკუნის ხმა გაისმა, მალევე ისევ განმეორდა, ახლა უკვე გაიგო ჰენრიმ, ყურსასმენები მოიხსნა, წიგნში სანიშნი ჩადო და საწოლიდან წამოდგა. ფანჯარას რომ მიუახლოვდა მთვარის სინათლეზე, გიგანტური ფრინველის სილუეტი გამოიკვეთა, რომელიც მოაჯირზე პროფილით იჯდა. აქამდე მართლა არასდროს ენახა, თუმცა იმდენჯერ ჰყავდა წარმოდგენილი, მისთვის ისეც და ასეც სრულიად რეალური იყო ეს არსება, ნახავდა თუ ვერა. გაიკვირვა აქ რა უნდაო, მაგრამ მერე აივანზე სხვა ფიგურაც გამოჩნდა. გამხდარი, ოდნავ წელში მოხრილი კაცი ფრინველს უცხო ენაზე რაღაცას ელაპარაკებოდა. კაცს ფიბერიული, მუქი წითელი მორტენი ეცვა, ოქროსფერი ორნამენტებით გაფორმებული. გრძელი, თეთრი, მეჩხერი წვერი გაეზარდა, ასევე თეთრი გრძელი თმა მჭიდროდ შეეკრა კეფაზე და ისეთი ღია ფერის ლურჯი თვალები ჰქონდა, გეგონებოდა ანათებენო. ალბინოსი იყო. ჰენრის ელკანტერი(ნათლია) - დანიელ ბეტალი. ტეირექონს კიდევ რაღაც უთხრა, თავი დაუკრა, საძინებლის კარისკენ წამოვიდა და სანამ დააკაკუნებდა ჰენრიმ გაუღო კარი.                                            -                       დანიეელ! შესძახა სიხარულისგან და ჩაეხუტა ნათლიას.                                            -                       აიი! როგორც დაგპირდიი მოვედი და ნეილაც მოვიყვანეე.                                            -                       რა ლამაზიაა, შეიძლებაა? ერთი ნაბიჯი გადადგა ფრინველისკენ ჰენრიმ, რომელიც აივნის ქვის მოაჯირზე იჯდა.                                            -                       რა თქმა უნდა, ნუ გეშინია! ჰენრი ნელ-ნელა მიუახლოვდა ტეირექონს და ხელი კანკალით ძალიან ნაზად დაუსვა ფრთაზე. ფრინველმა სახე მისკენ მომართა, ბიჭი წამით შეკრთა და უკან დაიხია. ისეთი ლამაზი მწვანე თვალები ჰქონდა, ეგრევე მათში ჩაიძირა ჰენრი. ტეირექონი უსაშველოდ დიდი იყო, ალბათ ამაზე დიდი ზომის ფრინველი არც არსებობსო, გაიფიქრა.  უცბად გამოერკვა და მკლავზე მაგრად იჩქმიტა, სინამდვილეში ხდებაოო. ჯერ კიდევ ექვსი წლიდან ოცნებობდა ტეირექონის ნახვაზე, დანიელი კი სულ ჰპირდებოდა, ჰპირდებოდა და ვერ უსრულებდა.                 (ნეილა ერთადერთი ტეირექონია, რომელსაც ბოლო ათასი წელია ფილანიაში უცხოვრია. ყველა დანარჩენი მათგანი აღმოსავლეთით, ტეირექონების კუნძულზე ჰყავთ გამოკეტილი. კუნძულს მაგიური დაცვა ადევს. დანიელმა ტეირექონის კვერცხი თავის სახლთან ჯერ კიდევ მაშინ იპოვა, როცა ათი წლის იყო. მოხდა სასწაული, კვერცხიდან ტეირექონი გამოიჩეკა, სრულიად ჯანმრთელი. დანიელი ჩუმად ზრდიდა და რომ გაუგეს ერგუნებმა, დაჭერას უპირებდნენ, მაგრამ ჯორჯიომ გადაარჩინა ციხეს. ნეილა სრულიად დანიელის მორჩილი, სახლს არ ტოვებდა წლების მანძილზე. ისიც ჰენრივით დამწყვდეული იყო.)                                            -                       ერგუნებმა, რომ გაიგონ? მიუბრუნდა დანიელს ჰენრი.                                            -                       ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ შიშის გამო ისეთ რამეებზე ვთქვათ უარი, რაც ძალიან გვინდა. საოცრად თბილი, მისტიური  და გაწონასწორებული ხმა ჰქონდა დანიელს. რაზეც არ უნდა დაეწყო საუბარი, მაინც დაგაინტერესებდა.                                            -                       რას ვაპირებთ?!                                            -                       აქედან გაქცევას! სანამ დედაშენს გაუღვიძია, სწრაფად ჩაიცვი! თბილად! ბეტალში ცივა ხო იცი...                                            -                       ამ დღეს რამდენ ხანს ველოდებოდი! გამოაღო გარდერობის კარი ჰენრიმ. სქელ, ნაქსოვ ჯემპრზე, კიდევ ერთი ჯემპრი გადაიცვა და სანამ აივანზე გავიდოდა ადგილზე გაშეშდა. ოთახს მოავლო მზერა. - აქაურობა არასდროს დამიტოვებია... სუნთქვა და გულისცემა აუჩქარდა. - მგონი ვერ შევძლებ, არა! ვერ წამოვალ... საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ღრმად ჩაისუნთ-ამოისუნთქა ერთი-ორჯერ.                                            -                       ახლა არ თქვი, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი...                                            -                       ჰო, მაგრამ...                                            -                       მაგრამების გარეშე. რაც უფრო დიდხანს დარჩები, უფრო გაგიჭირდება. - შემომხედე! შემომხედეე! ნიკაპი ისე მაგრად დაუჭირა დანიელმა, რომ ჰენრის ეტკინა. ცისფერი თვალები დანიელის მზერას გაუსწორა. - მხოლოდ ერთი მტერი გვყავს ცხოვრებაში!                                            -                       ჩვენი საკუთარი თავი... დაასწრო დამთავრება ჰენრიმ და აივანზე გავიდა.                                                                                      ელენა   21 აგვისტო, ლუბრონია, ქალაქი - გელოვონია.     გულთაო, გვიჩვენე სწორი გზა ყველგან და ყოველთვის!     იფხიზლე!   ემდოპიის ალისფერი ზღვის თვალწარმტაცებულობა და მთელ სამყაროდ ქცეული რომენისის ეზგარიდული ოქროსფერი თვალები, დიადი გრძნობით სავსე მზერით რომ დასცქეროდნენ, ელენას  ჯექჰადეურ საფირონისფერ თვალებს, მას ყველაზე ბედნიერ ადამიანად აგრძნობინებდა თავს. - მხოლოდ ჩვენ ვართ ამ ქვეყნად, მხოლოდ ჩვენ და სხვა არავინ... ამაზე ფიქრობდა ელენა იმ წუთებში და სურდა მარადისობად ქცეულიყო ეს მომენტი. ისე მაგრად შემოეკრა ზურგზე რომენისს თითქოს ცოტაც და ერთნი გახდებიანო. - არსად გაგიშვებ, სულ აქ ვიქნებით, ერთად... არსად გაგიშვებ, სულ აქ ვიქნებით, ერთად... იმეორებდა ჩურჩულით ელენა. - ჩემი სიცოცხლე შენ გეკუთვნის, შენი კი მე, ყველგან და ყოველთვის... ჩურჩულით უთხრა რომენისმა და მათი ტუჩები ერთმანეთს შეხვდა.                                            -                       აქ დავრჩეთ, ვერავინ გვიპოვის რომენის! ქვის ლოდზე შედგა და ალუბლისფერი წითელი ხე-ყვავილების - ემდოპიის ზღვას გადახედა ელენამ. გრძელ, სათისფერ შავ თმას თბილი ნიავი ნაზად უფრიალებდა. ლუბრონიის კონტინენტი მთლიანად ამ ულამაზეს მცენარეს ემდოპიას დაეპყრო, ლამის. მიწიდან ამოზრდილი, პრიალა მერქნიანი ათამდე ღერო ერთმანეთზე გადახვეულები, სპირალს რომ დამსგავსებოდნენ, ბოლოებში ერთ მთლიანობად იყვნენ ქცეულნი. ათ მეტრამდე მაინც აღწევდა მათი სიმაღლე. უთვალავი, ციცქნა, მუქი წითელი ფოთლები და კაშკაშა თეთრი ყვავილები ჰქონდათ, რომლებიც მთელი წელი ჰყვაოდნენ.                ლუბრონიაში მუდამ ზაფხული იდგა. ოკეანის სანაპიროსთან, ეზგარიდების მიერ აგებულ ქალაქებს კი დიდებულებით მსოფლიოს ვერცერთი ქალაქი შეედრებოდა. ცას აწვდენილი ცხრა წახნაგოვანი შავ-ნარინჯისფერი ქვის, ფოლადისა და შუშის კოშკები, ზღვის სანაპიროს მაღალ ბორცვებზე აეგოთ, რაც კიდევ უფრო დიად შესახედაობას სძენდა მათ. კოშკების წვერს მზიან, უღრუბლო ამინდშიც კი ვერ დაინახავდა კაცი. ქვემოდან ისე ჩანდა თითქოსდა დასასრული არ აქვთო. მათი ბოლო სართულიდან კი გოლიათიც კი ჭიანჭველაზე უფრო პატარა ჩანდა. (ეზგარიდების ერი ფილანიაში, ჯექჰადეაში წარმოიშვა. ისინი 1000 წელი ფილანიას მართავდნენ, შემდეგ ახალი კონტინენტი აღმოაჩინეს - ლუბრონია და პირველი ეზგარიდული ქალაქები დაარსეს იქ. ძველ სამყაროშიც და დღესაც, სიტყვა ეზგარიდი, არისტოკრატიის სინონიმია. მართლაც ასეთები იყვნენ და არიან სისხლის სიწმინდის ტრადიციის წყალობით. ვერტიკალურ გუგებიანი, მოელვარე, ოქროსფერი, მწვანე და ცისფერი თვალები, ამქვეყნად ყველაზე მომაჯადოვებელი წითელი ფერის თმა, გრძელი, ბასრი ეშვები, სიტყვით გამოუთქმელი სილამაზე და რაც მთავარია სიბრძნე, ეზგარიდებს უდავოდ ყველასგან გამორჩეულებს ჰხდიდა. ზოგი მათ კატებსაც ამსგავსებდა. კატებივით მოხდენილები და ლამაზები არიანო. მშვიდები, მუდამ გაწონასწორებულები, დახვეწილი მანერებითა და ყველას მიმართ თავაზიანი, თბილი ურთიერთობით, ნდობას ადვილად აღძრავდნენ ხალხში. ყველას ტრადიციას, ისტორიას და კულტურას დიდ პატივს სცემდნენ. ამიტომ ლუბრონიის ადგილობრივების არცერთი წვეთი სისხლი არ დაღვრილა, როცა ეზგარიდებმა იქ ქალაქების აგება დაიწყეს. კონტინენტის ცენტრალური, ყველაზე დიდი ნაწილი დღესაც ადგილობრივ ლუბრონელებს ეკუთვნით - ლუბრინების ტომს. ძველ ფილანიელებს ეზგარიდები გაღმერთებული ჰყავდათ. მათმა მმართველობამ ქვეყანას პირველი ოქროს ხანა და სწრაფი განვითარება მოუტანა თითქმის ყველა სფეროში. თუმცა არსებობს მეორე მოსაზრება, რის გამოც იჩენდნენ ასეთ კრძალვას ეზგარიდების მიმართ. ძველად მათ დრაკონების მართვა შეეძლოთო.)                                            -                       დეეს მეერინეს საეერაკოზ ეედემიგე აეეტიკგალეს, აეეტე დეენორო აეენარა ნეეიულეს ეელონიოზ. (ეზგარიდული) - ცეცხლშიც შევალ თუ მეცოდინება, რომ ასე შენთან ერთად ვიქნები მარადიულად. - რომენისმა ელენას სახე ხელის მტევნებში მოიქცია, ოქროსფერი თვალები მის ლურჯ თვალებს გაუსწორა და ეზგარიდულ ენაზე უთხრა.                                            -                       ისეთი გრძნობა მაქვს, სადაც არ უნდა წავიდეთ ყველგან მოგვაგნებს დედაშენი. დაგვადგება ერთ დილას რომელიმე შენს ბიძაშვილთან ერთად, გამზადებულ, გაპრანჭული საპატარძლო მწვანე კაბაში, მერე შენც შეგეშინდება დედაშენის და მოიყვან ცოლად იმ გოგოს.                                            -                       საზიზღარი ხარ, როდის მნახე დედაჩემის ჭკუაზე დავდიოდი. ასე რომ ყოფილიყო ახლა ეზგარიონების სასახლეში, ჩემ ბიძაშვილ რალისა ეზგარიონთან და სხვა აბეზარ ნათესავებთან ერთად ვიჯდებოდი სუფრასთან, კომბოსტოს მარაკოლით პირგამოტენილი... ახლა მაგასაც კი შევჭამდი ისე მომშივდა...                                            -                       ოოო, ისევ გააფუჭე რაა! ერთი საათი ვერ მოგითმენია ჭამის გარეშე. თან იციი... შეათვალიერა ელენამ რომენისი - გასუქდი მგონი.                                            -                       მგონი თუ გავსუქდი!                                            -                       მთავარი ისაა, რომ რომანტიზმის შეგრძნებას ჰკარგავ რომენის. მოეღუშა სახე ელენას და ზურგშექცევით დადგა.                                            -                       უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს.                                            -                       აი, ვიცოდი რომ მაგას იტყოდი...                                            -                       კარგი, რომანტიკა თუ გინდა მეგ გთავაზობ ურომანტიკულესობას, მაგრამ არ გინდა... იი მამიდა რას იტყვის, იი დედაშენი რას იტყვის... ხალხი რას იტყვიის...                                            -                       ეგ შენ სასაცილოდ გეჩვენებაა? მთელი ქვეყნის მასხრად ასაგდები რომ გავხდებით და დედაშენი ათას მდევარს დაგვადევნებს. ზოტიის უდაბნოშიც რომ ვერ დავემალებით. მთელი ეგ დრო კიდე სულ შიშში, რომ უნდა ვიცხოვროთ მაგას ეძახი რომანტიკაას?                                            -                       მასხრად აგდება, დავემალებით, შიში... ამ სიტყვებით შენვე კლავ რომანტიზმს. ყველაფერი უმნიშვნელოა ჩვენს გარდა, მხოლოდ ჩვენ ვარსებობთ. დედაჩემი, ჩემი ნათესავები, მამიდაშენი და სხვა დანარჩენი ვერ შეგვაჩერებენ ელენა. მცირე სიჩუმე ისევ რომენისმა დაარღვია: გიყვარვაარ? ელენამ ისე შემოხედა, ამით ყველაფერი იყო ნათქვამი.                                            -                       მაგ კითხვის პასუხს აქამდე თუ ვერ მიხვდი, უკვე სულელიც აღარ გამოდიხარ...                                            -                       მაშინ, რატომ არ მენდობი...                                            -                       გენდობი, მაგრამ...                                            -                       ნუ გეშინია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა.                                            -                       მაგის მართლა გჯერაა?                                            -                       მჯერა და შენც უნდა გჯეროდეს. ორივემ დავიმსახურეთ ბედნიერება, ნუ ოთხივემ.                                            -                       მაშინ თანახმა ვარ! ამოხედა ელენამ კეკლუცი მზერით რომენისს და რომენისსაც გამოუნათდა სახე სიხარულისგან. მათი ტუჩები ერთმანეთს შეხვდა. ლუბრონიაში ყველაზე მდიდარი და წარჩინებული საგვარეულოს გელოვონების ოჯახში დაიბადა რომენისი. ჰყავდა ორი უფროსი და, ავადმყოფი, საწოლს მიჯაჭვული, ლაპარაკის უნარწართმეული მამა და მძიმე ხასიათის დედა, რომელსაც ყველასა და ყველაფრის თავის კონტროლის ქვეშ მოქცევა, ცხოვრების მთავარ მიზნად ჰქონდა ქცეული. გოგოებს იოლად მართავდა, მაგრამ რომენისი აწვალებდა, ვერაფრით იმორჩილებდა. ლუბრონიაში ერთი კონკრეტული მმართველი არ ჰყავთ, მაგრამ რომელ ოჯახსაც მეტი ფული და ტეირექონები ჰყავთ, ისინი ითავსებენ მმართველისა და ლიდერის ფუნქციას. ამჟამად ასეთი გელოვონების საგვარეულოა, რომელსაც ნარინეა გელოვონი უძღვება, რომენისის დედა.  ყველა ეზგარიდულ ოჯახს, ტეირექონის მესამე სახეობა ჰყავს, ჰყავდათ... გელოვონების აღზევებამდე. ისინი ლურჯებზე გაცილებით დიდები იზრდებიან, ბნელი შავი ფერის ბუმბული აქვთ, ცეცხლის მფრქვეველნი არ არიან და მხოლოდ იმას ემორჩილებიან ვინც მას დაბადებიდან გაზრდის. გელოვონების ოჯახს, ყველაზე მეტი, ხუთი ტეირექონი ჰყავს. ორი რომენისის დებს, გრუნიასა და ელზას, ერთი დედას, ერთი რომენისს და ერთიც მათ უფროს ძმას გალადეონს, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, თავის ტეირექონთან - გისასთან ერთად. დანარჩენ გელოვონებსაც ჰყავდათ ტეირექონები, მაგრამ გაურკვეველი მიზეზებით ყველას დაეხოცა. ტყუპების ომიდან რამდენიმე წელში ზერკანტებმა ჯექჰადეველთა გენოციდი მოაწყვეს. რამდენიმე ასეული გადარჩა, რომლებიც ჯექჰადეას მთებში გადაიმალნენ და ახლაც იქ ცხოვრობენ. ჰრადოსების საგვარეულო, რომლებიც ერთ დროს ჯექჰადეას მართავდნენ, თითქმის გადაშენდა. ბოლოს დარჩა მხოლოდ ორი ძმა-ოლივერ ჰრადოსი, რომელიც თავის შვილთან სელემიასთან ერთად დაიკარგა და კონსტანტინე, რომელიც ცოლთან ერთად მოკლეს ალექსანდერის ბრძანებით. მათი შვილი - ელენა ვიღაც იდუმალმა ადამიანმა გადაარჩინა. მან ბავშვი მამიდას, რიტა ჰრადოსს მიაბარა ლუბრონიაში, რომელიც გელოვონების ოჯახის რძალი იყო, რომენისის პაპის ძმის ცოლი. რიტა მალევე დაქვრივდა, მაგრამ ქმრის ოჯახი არ მიუტოვებია. გელოვონებმა როგორც დიდგვაროვანი ოჯახის შთამომავალი - ელენა, თბილად მიიღეს, მაშინ ის ჯერ მხოლოდ ხუთი წლის იყო.  ისე მოხდა, რომ ელენასა და გელოვონების უმცროს ვაჟს, რომენისს ერთმანეთი შეუყვარდათ. როცა რომენისის დედამ ნარინეამ ეს გაიგო, ელენა შეიძულა და ყველა გზას ეძებდა მათ დასაშორებლად. ეზგარიდული ტრადიციების მიხედვით, ხან რომელ ბიძაშვილს ურიგებდა  ვაჟს, ხან რომელს. ხან მაგიას მიმართა, ხან ტკბილ სიტყვებს, ხან მწარე სიტყვებს, ხანაც მუქარას, მაგრამ ელენა და რომენისი ისევ ხვდებოდნენ ერთმანეთს. ბოლოს ისეთ გოგოს ურიგებდა დედამისი, რომელსაც ასევე სხვა უყვარდა და მასაც მშობლები აიძულებდნენ რომენისზე  გათხოვებას. ერთ დღესაც, ოთხივე შეიკრიბებიან და ბიჭები იტყვიან გავიქცეთო. რომენისი მზადაა უარი თქვას ოჯახზე, რადგან მათ მისი საყვარელი ადამიანი შეიძულეს და ასეთ რამეს ამბობს: ჯერ ჩემებს გავძარცვავთ, გავიქცევით და მთელი ცხოვრება ვიმოგზაურებთო. ისინიც მაშინვე მხარს აუბავენ. მაგრამ ელენა კატეგორიულ უარზეა და სამივეს გადააფიქრებინებს. ასე ჩუმად ხვდებიან ისევ ერთმანეთს რამდენიმე თვე, სანამ... ელენა უზომოდ მოწესრიგებული და სამართლიანი ადამიანი იყო. მშვიდი ცხოვრების მოყვარული. დიდად ყურადღების ცენტრში ყოფნაც არ უყვარდა. ის და რომენისი ერთი ასაკის იყვნენ - 22 წლის. ელენა გელოვონიის ერთ-ერთ სკოლაში ფიბერიულ ენას ასწავლიდა. უყვარდა თავისი საქმე. მოსწავლეებსაც ძალიან უყვარდათ. და არამარტო მათ, მასწავლებლებს, რომენისის ნათესავებს, დიდებს, პატარებს. სიყვარულსა და სითბოს ასხივებსო, მასზე იყო ნათქვამი. ერთადერთი მხოლოდ რომენისის დედას, ნარინეას სძულდა ელენა. ელენა ვერაფრით ხსნიდა ამას და მისი კეთილგანწყობის მისაღებად, ყველაფერს ცდილობდა. როცა  გაქურდვასა და გაქცევაზე ჩამოვარდებოდა ლაპარაკი მასსა და რომენისს შორის, სულ იმას იმეორებდა: ძლივს ნაშენებ ნდობას და სიყვარულს ნუ ჩამოვშლით. მართლა რომ გავიქცეთ და თან ფულიც მოვპაროთ, მე დამაბრალებს, აი ამ ქაჯმა აურია ჩემს შვილს ტვინიო. აღარც ლუბრონიაში დაგვედგომება და ფილანიაშიც ვერ დავიმალებით, ალექსანდერის ხალხი ისევ მეძებსო. ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული იყო, რომ რომენისს სამუდამოდ დააშორებდნენ ამ გაქცევიდან მალევე. ელენას კი მართლა ძალიან უყვარდა და მის დაკარგვას ვერაფრით გადაიტანდა. 21 აგვისტოს ღამეს, ელენამ, რომენისმა, მარიტამ და იონასმა გელოვონების განძთსაცავი ოთახი გატეხეს, 6 მილიონი დერილი (ფულის ლუბრონიული ერთეული) მოიპარეს და ტეირექონებთან ერთად ქალაქიდან გაიქცნენ.                                                                                               სოზინი   7 ივნისი, არგანზოტია, ქალაქი - უგრუკი.     მძიმე განსაცდელები, ხშირად ყველაზე კარგ ადამიანებს ატყდება თავს, მაშინ როცა გულბოროტებს ცივ ნიავსაც კი არ აკარებს ცხოვრება…   იფხიზლე!                                              -                       ადექი და იმუშავე! დაუღრიალა სიცივისა და შიმშილისგან გონემიხდილ მოხუცს,  სიმსუქნისგან სახე გადასიებულმა შუა ხნის ასაკის კაცმა, რომელსაც შავი, მეჩხერი თმა მხოლოდ კეფაზეღა შერჩენოდა. რუხი მწვანე თვალები კი ზიზღით ისე ავსებოდა, შეშლილს ჰგავდა. ალაგ-ალაგ ამოსულ ულვაშებს მიღმა ნარინჯისფერი, დაბრეცილი კბილები მოუჩანდა. სხვა ზედამხედველების მსგავსად, გოდოლის მუშებს, როგორც ცხოველებს ისე ექცეოდა. მოხუც კაცს ნაჭრებში გახვეული აგურების შეკვრა ხელიდან დაუცვივდა, ჩაიკეცა და სოზინს, რომ არ დაეჭირა ხარაჩოდან გადავარდებოდა. - იმისთვის არ გაჭმევთ და გასმევთ, რომ მასალები ასე უპრაგონოდ გააფუჭოთ. შეხედეე! შეხედეე მათხოვაროო! ჩაავლო რუხი ფერის მართკუთხედ აგურს ხელი ზედამხედველმა და მოხუცს თავში ჩაუკაკუნა. - ხედაავ? გაბზარულიააა! აი ესეეცც, ნახეე! ახლა მეორე აგური აიღო ხელში. - ესეც გაბზარულიაა! იცი რა ჯდებაა ასეთების დამზადებაა! საიდან უნდა იცოდე შე მათხოვაროო. სამი დღე საჭმელს ვერ ეღირსები. თუ არ ადგება და მუშაობას არ გააგრძელებს გადააგდეთ, უსარგებლო მთქვლეფავები არაფერში სჭირდება დიდ ბატონს. უთხრა თავის ორ მცველს და შემოვლა განაგრძო. „ალექსანდერის დიდების გოდოლი“, რომელსაც არგანზოტიის მმართველი - გედრიანი, ქალაქ უგრუკში აშენებდა, ყველა დროის უდიდესი და უძვირესი ნაგებობა იქნებოდა. ალექსანდერის გოდოლებს ფილანიის რამდენიმე ქალაქშიც აშენებდნენ ერთდროულად. უგრუკში, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 40 სართული აეგოთ და კიდევ 160 იყო დარჩენილი დასრულებამდე. თითოეული სართულის სიმაღლე 10 მეტრს აღწევდა. მთლიანად გოდოლი ოთხკუთხა იყო. კედლები ოთხი სხვადასხვა ფენისგან შედგებოდა, რომლებზეც ოთხი ბრიგადა მუშაობდა მონა-მუშების, ძირითადად ადგილობრივი ზოტიელებისგან შემდგარი. პირველი, შიდა ფენა ფოლადის, მეორე ბეტონის, მესამე რუხი, ურთულესი ტექნიკით დამზადებული აგურის იყო და მეოთხე ანუ ფასადი, მთლიანად ოქროთი და ლიტის ქვებით ამოყვანილი. ოქროსა და ლიტს ასევე ზოტიის მაღაროებში მოიპოვებდნენ დამონებული ზოტები, რაც დიდ დროსა და მტანჯველ, გაუსაძლის შრომას მოითხოვდა. მაღაროებშიცა და გოდოლის მშენებლობაზეც, მუშაობდნენ ქალები, კაცები, მოხუცები, მოზარდები, ათ წლამდე და კიდევ უფრო პატარა ასაკის ბავშვებიც, რომლებსაც ზედამხედველები სცემდნენ, დღეში ერთხელ ხმელი პურითა და ჩაით კვებავდნენ და უარეს შემთხვევაში გადამეტებული მუშაობით ხოცავდნენ. სოზინი კიკა და მერსა ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ზოტიის ერთ-ერთ სოფელში გაიზარდნენ  და როცა გედრიანი ზერკანტების არმიასთან და თავის დრაკონ ულგართან ერთად ჩამოვიდა კონტინენტზე, სამივე ერთად წაიყვანეს ლიტის მაღაროებში სამუშაოდ, მაშინ ჯერ მხოლოდ 8 წლისები იყვნენ. სოზინს მათ გარდა კიდევ ჰყავდა ერთი ოჯახის წევრი, დედა - ლიტა ამალისი. როცა 14 წელი შეუსრულდათ ბიჭებს, კარგად დაგეგმეს ყველაფერი, მაღაროდან გაიქცნენ და თავი შეაფარეს, ზოტიის აღმოსავლეთით, ერთადერთ თავისუფალ ქალაქს - ლორაკს. ლორაკი რთულად მისადგომ ადგილზე იყო აგებული, კონტინენტისგან გიგანტური ყინულის კედლით გამოყოფილი და მთლიანად გარშემორტყმული ცის კუნძულებით. მთელ ზებირონზე მრავლად იყო ისინი, მაგრამ ზოტიაში იმდენად ბევრი, კილომეტრები უნდა გევლო, როგორმე ცა რომ დაგენახა ნორმალურად. (ცის კუნძულები მიწის ზედაპირიდან ასობით მეტრის სიმაღლეზე, ჰაერში მოლივლივე ხმელეთის ნაგლეჯებია. იქ ჩვეულებრივად ხარობენ მცენარეები და ხალხი ცხოვრობს კიდეც, ოღონდ ეს პლანეტის სხვა ნაწილში. ზოტიაში მათ საცხოვრებლად არავინ იყენებს.) არგანზოტია პლანეტის ყველაზე დიდი კონტინენტია. მოიცავს მთლიან ჩრდილოეთ პოლუსს. ზოტიის უმეტეს ნაწილში მარადი ზამთარი ბუდობს. ყველა ქალაქი, უკიდურეს სამხრეთით მდებარეობს, იქ სადაც ნაკლებ სისასტიკეს იჩენს ამინდი და მზეს წკრიალა ცასაც კი უთმობს ზოგ დღეებში. კონტინენტის დანარჩენ, თოვლით დაფარულ მიწებს იადარების უდაბნო ჰქვია. თეთრ უკიდეგანობაში, ერთმანეთისგან კილომეტრების დაშორებით, მიმოფანტულია იადარის ხეები. რომელთა გარშემოც, დიდ ტერიტორიაზე, თოვლი დამდნარია, მუდამ მწვანე ბალახი ბიბინებს და ისე თბილა, რომ თავი ლუბრონიაში გეგონება. ამას ზოტიის ოაზისებს ეძახიან. გედრიანის ჩამოსვლამდე იქ ადგილობრივები და ნურმაკები ცხოვრობდნენ. ახლა კი იადარებს მყუდრო სიმარტოვეს მხოლოდ ბეღურები და ყვავები ურღვევენ. ლორაკში სოზინმა ბანდა შექმნა კიკასთან და მერსასთან ერთად. თავებს „მთვარეულ აჩრდილებს“ ეძახდნენ. მონების ტანსაცმელი ეცვათ და სახეს შავი, უფორმო, ნაჭრის ნიღბით იფარავდნენ. თავს ესხმოდნენ გედრიანის მსახურებს, მაღაროების სადისტ ზედამხედველებს, იტაცებდნენ მათ და გაშიშვლებულებს ტოვებდნენ ხის ბოძებზე მიბმულებს უგრუკის ქუჩებში,  გედრიანის დასაცინად. მონა-მუშებს ათავისუფლებდნენ და ლორაკში მიჰყავდათ. ბანდას ბევრი ვერ შეურთდა. გედრიანის ეშინოდათ. ამიტომ ხალხის გადარჩენა სწრაფად ვერ ხდებოდა. სოზინმა გადაწყვიტა ახლა გოდოლის მშენებლობაში, როგორც მუშა ჩართულიყო. ღამ-ღამობით კიკასთან და მერსასთან ერთად თითო კაცს აპარებდა და ლორაკში გზავნიდა. აგურის ფენის ამოყვანაზე მომუშავე დასუსტებულ მოხუცებსა და ბავშვებს ეხმარებოდა, რომ ზედმეტი შრომისა და შიმშილისგან არ დახოცილიყვნენ, რის გამოც რამდენჯერმე მაგრად სცემეს ზედამხედველებმა. გედრიანის მრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა. უკვე სიგიჟის ზღვარზე იდგა, რადგან ვერაფრის დიდებით ვერ ახერხებდნენ ბანდის წევრების დაჭერას. ისე ოსტატურად და სუფთად აკეთებდნენ თავიანთ საქმეს. სოზინიც ტყუპების ომის დროს დაიბადა. მამამისი ჰაინრიხ ამარი, ჯორჯიოს, დანიელის, ომარის და ალექსანდერის ბავშვობის მეგობარი იყო. ომის დროს ჯორჯიოს მხარე დაიჭირა, რასაც ვერ შეეგუა ალექსანდერი. მის გადმოსაბირებლად ბევრ გზას მიმართა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მშობლები და ცოლ-შვილი დაუხოცა, გრუნების ტერორისტული დაჯგუფების მეთაურობა შეტენა, ციხეში ჩაასმევინა, მაგრამ მაინც ვერ გადმოიბირა. ბოლოს შუნერების სახეობა „ბასრკბილა“ მიუგზავნა. მათ კბენით და სხეულში შხამის შეყვანით ნებისმიერი არსების გაკონტროლება შეუძლიათ. ალექსანდერი დიდ ფულს ჰპირდებოდა  ამ ქალს, მაგრამ მასაც შეუყვარდა ჰაინრიხი, ალექსანდერს უღალატა და ერთად გაიქცნენ არგანზოტიაში. სოზინის დაბადებიდან ხუთ წელში, ჰაინრიხს საკუთარ ოთახში მკვდარს პოულობს ლიტა.                                              -                       ვშიშობ ბასრკბილას შხამს მალე გაუგებს გემოს ღორპირა. ცივი მზერა გააყოლა ზედამხედველს სოზინმა და მშენებლებს აგურების შეკვრა გადააწოდა. სოზინი 19 წლის, თავის თავში დარწმუნებული და უზომოდ ჯიუტი ბიჭი იყო. თუ რაიმეს დაიჩემებდა ვერ გადაათქმევინებდი. ყველა თავის მიზანი ბოლომდე მიჰყავდა. მონობაში გატარებულმა ბავშვობამ ძლიერი ხასიათი ჩამოუყალიბა. ისე შეეპყრო სხვების გადარჩენისა და შველის იდეას, რომ საკუთარი თავი აღარც კი ახსოვდა. წლებია, რაც სხვებისთვის ცოცხლობდა და არსებობდა, ეგოიზმისგან მთლიანად დაცლილი. ქერა, გრძელი, სწორი თმა მამისგან რომ გამოჰყოლოდა მჭიდროდ შეეკრა კეფაზე. თვალები კი მუქი ვერცხლისფერი ჰქონდა დედამისის - ლიტას მსგავსად, რომელსაც მეილეელი დედისგან ერგო ეს უიშვიათესი ფერის თვალები. თხელი და აპრეხილი, წაწვეტებული ცხვირი, ოთხკუთხედი ყბები და მუდამ გაწონასწორებული, მშვიდი სახე. მრავალ ბრძოლას, წამებასა და არაერთხელ სიკვდილს გადარჩენილს, სახეც და მთელი სხეულიც ნაიარევებით ჰქონდა სავსე. წვერს არ უშვებდა.                                             -                       გედრიანს რომ უთხრას პირდაპირ აქვე მიგვაკლავენ კედელზე, ან დრაკონს შეაჭმევს ჩვენ თავებს. მიმოიხედა ირგვლივ კიკამ და ძველ ფიბერიულ ენაზე ალაპარაკდა, რომელიც იქ მათ გარდა არავის ესმოდა. კიკა ნამდვილი გოლიათი იყო. განიერი, კლდესავით მხრები, კუნძისოდენა კუნთები და ბავშვის სახე ჰქონდა, რაზეც ხშირად დასცინოდნენ, ცოტა წვერი მაინც მოუშვი, კაცს დაემსგავსეო. ზოტიურ თეთრ თმას სულ მოკლედ იჭრიდა. თვალებიც ზოტებისა ჰქონდა, მანათობელი ლურჯი.                                            -                       მოხუცების და ბავშვების ცემას შეეშვება და კაი გემრიელ ვახშამსაც მიართმევს აგურის ფენის მუშებს. მალე ამას გედრიანი გაიგებს და წესების დარღვევისთვის ჩამოახრჩობს. ამით არაფერი ეშველება ხალხს, მაგრამ ერთით ნაკლები ნეხვის გროვა იქნება პლანეტაზე. ესეც რაღაცაა... თქვა სოზინმა. ცემენტით სავსე სათლი ამომზიდი კალათიდან ამოიღო და მშენებლებს მიუტანა.                                            -                       მაინც ვერ გავიგე რა გვინდა აქ. წუწუნით ამოთქვა კიკამ. უნდა ვანგრევდეთ ამ რაღაცას, კი არ უნდა ვაშენებდეთ... ხო იცი, სინამდვილეში ვისთვის შენდება, კოლტებისთვის. ალექსანდერის დიდების გოდოლი... ჩაიფრუტუნა დამცინავად.                                             -                       შეხედე ამ ხალხს, მათ არავინ ჰყავთ ვინც დაიცავს, საერთოდ არავინ ჩვენს გარდა. მამაცი კაცები და ქალები დიდი ხნის წინ დახოცა გედრიანმა. ლაჩრები ჩრდილოეთში გაიქცნენ, ესენი კიდე აქ დარჩნენ. ბევრმა უკვე დაიჯერა, რომ მთელი ბედნიერება ობიან პურის ნატეხშია. შეხედე... არც კი უნდათ გაქცევა. ერთ ადგილზე გაიჭედნენ - შრომა, ჭამა, შრომა, ჭამა და ასე იქამდე სანამ ისე არ გამოიფიტებიან, რომ წაიქცევიან. ჩვენ კი არაფერი შეგვიძლია იმის გარდა, რომ ყოფა როგორმე ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ.                                            -                       შევუმსუბუქოოთ? როდიდან იყენებ ასეთ სიტყვებს. ჩაეცინა მერსას და მუშტისოდენა არმატურა კიკას გადააწოდა. – 35-ე სართულზე, რომ ვმუშაობდით, ერთ კაცს ზედამხედველმა შვილი მათრახით დასისხლიანებამდე უცემა. მე გადავეფარე, მათრახი წავართვი და ცემა დავუწყე. და ამათმა რა ქნეეს... რაც ხელში მოხვდათ ყველაფერი მესროლეს. ჯერ კიდე მტკივა ფეხი. - ჩვენს ბატონს თავი დაანებე, ეგ რომ არა შიმშილით დავიხოცებოდითო. ერთხელ კიკა ლამის გადააგდეს მუშებმა, ნუ გვეხმარები თორემ ბატონი გვცემს და აღარ გვაჭმევსო. შენ კიდე ბეწვზე გადაურჩი ხელის დაკარგვას... დარწმუნებული ხარ, რომ სწორ ადგილზე ვართ?! ღიმილნარევი ხმით თქვა მერსამ. მასაც კიკასავით ღია თეთრი ფერის თმა ჰქონდა, მაგრამ დაბალი იყო და ძალიან გამხდარი, ჭამა დიდად არ უყვარდა. თვალები კი  ზოტიური მანათობელი ლურჯი ჰქონდა.                                            -                       გალიაში გაზრდილი ლომისთვის ერთი ნაჭერი ხორცია ბედნიერება, გალია კი მთელი სამყარო...