ორმაგი თამაში
ორმაგი თამაში
ორმაგი თამაშიავტორი: ერკე მიდასი „მე ყოველთვის მჯეროდა ნანახი სასწაულების, თუმცა ეს მხოლოდ სიზმარი მეგონა.“ თავი 1 რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა ყმაწვილი მოაჯირებზე დაყრდნობით მიიწევდა წინ, თითქოსდა სამყარო ფეხქვეშ ეცლებოდა, ბარბაცით ცდილობდა სასიცოცხლო ძალებს დასწეოდა. მისთვის კი შეუძლებელი იყო. დაძონძილ სამოსში, ძლივს მოარული ყმაწვილი გაჭირვებით იდგა ფეხზე და წონასწორობის შენარჩუნება უჭირდა. რეალობას ვერ უსწორებდა თვალს, უცქერდა გამვლელებს, ხედავდა როგორ აღიქვამდნენ, ეცლებოდნენ და დისტანციას იჭერდნენ მისგან, აქაოდა არ შემეხოს ეს პირუტყვი, ვინ არის, საიდან მოდისო. სახეს იცვლიდნენ და ზოგიერთი ხელითაც კი ცდილობდა მის მოშორებას. -ჰეი... - როგორც შეძლო ისე სცადა ყვირილი. სისუსტე მის ყოველ ნაბიჯის გადადგმაში ჩანდა. -ჰეი... - სცადა და აუწია ხმას. რუდუნებით მოძრაობდა გამზირზე და საკუთარ თავს ძლივს იმორჩილებდა. ცხოვრება მისთვის სასიკვდილო ინექციად ქცეულიყო. შიში იმისა რომ რაიმე დაემართებოდა გაქრობოდა. არ ადარდებდა ტყვიის ზუზუნიც, არც უზადოდ გათამაშებული სიყვარულის სცენა ააღელვებდა. ყველაფერი მისთვის ქარს წარეტაცა და დაბრუნებას აღარ ლამობდა. - დამეხმარეთ. - ლუღლუღებდა, თუმცა არავინ უსმენდა. ყველა გარს უვლიდა ყმაწვილს. მისთვის თითქოსდა განაჩენი გამოეტანათ. მათ წინ რომც დაცემულიყო და სული დაელია ზედაც არ შეხედავდნენ. რუსთაველის მეტროს რომ მიუახლოვდა შეისვენა. გაჭირვებით დაეშვა ძირს, მუხლებზე დადგა, სახით ქვებისკენ დაიხარა და უფალთან სცადა საუბარი. -მაპატიე უფალო, თუკი შეგცოდე. მაპატიე და მომეც ძალა ესოდენ რომ მჭირდება. მომიტევე საშინელი ქცევებისთვის, რისთვისაც ვიმკი და გთხოვ დამაპურე, მომეც ძალა ფეხზე წამოდგომის. -მეგობარო, ჰეი, მეგობარო... კარგად ხარ? - უცნობმა მამაკაცმა შეუყენა ხელი და წამოსაყენებლად წაიწია, რომელსაც თვალებში სიკეთის სხივი უკიაფებდა. მას არ აინტერესებდა მისი მდგომარეობა, არც ის თუ როგორი სამოსი ეცვა, მხოლოდ დახმარების სურვილით განსმჭვალული მის წამოყენებას ცდილობდა. - მომეხმარეთ, - შესძახა მეგობრებს, ვისთან ერთადაც ცოტა ხნის წინ საუბრობდა და გვერდით ამოიყენა. ერთად წამოაყენეს წაქცეული და სკამზე ჩამოსვეს. - როგორ ხარ? - კვლავ დაინტერესდა მისი მდგომარეობით. -მადლობა ბიძა. დიდი მადლობა... - დაიბნა ყმაწვილი და ჭუჭყში ამოვლებული ზედით თვალიდან ცრემლი მოიწმინდა. - ღმერთს ვთხოვდი დახმარებას და აი თქვენც გამომეცხადეთ. მადლობა. -აღარ იტყვი როგორ ხარ? - ჩაიდუდღუნა შეწუხებულმა მეგობარმა, რომელსაც დააძალეს ამ ბიჭისთვის ხელით შეხება და უკვე ფიქრობდა, როგორც კი სახლში მივალ სპირტით კარგად გავიწმენდ ხელებსო, ან თუნდაც მთლიანად მივიღებ შხაპს, ვაიდა სად შემეხოო. -უკეთ...- ენის ბორძიკით გასცა პასუხი და კვლავ ლამის გონება დაებინდა. -გშია? -დიახ. - თავი დაუქნია სიხარულით ბიჭმა და სიცოცხლის ხალისი მაშინვე შეეტყო მის თვალებში. -შენი სახელი? -ნიკო. -მე ანდრე ვარ. - ხელი ჩამოართვა ნიკოს. - სასიამოვნოა შენი გაცნობა. მოდი წავიდეთ, რამე გემრიელზე დაგვეწვიე. ერთად ვაპირებდით ბიჭები სახინკლეში შესვლას, გიყვარს ხინკალი? თავი დაუქნია ნიკომ სიხარულით. ხელები გაშალა და ანდრეს ძლიერად ჩაეხუტა. -ჩახუტება მერე იყოს, ჩვენც მაგრად გვშია და მალე წავიდეთ კარგი? -რა თქმა უნდა. - დაეთანხმა ყმაწვილი კაცი და ნელი ნაბიჯებით და მათი დახმარებით თან გაჰყვა. -წამო ლაშ, წავედით. - გახედა მარცხნივ მდგომ მხარბეჭიან მამაკაცს, რომელიც თითქმის ადგილიდან არ იძროდა. - თოკიჩ ფული ისევ შენ გაქვს ხომ? -აბა რა! ფულის ნდობა თქვენთვის შეიძლება? მაშინვე სლოტებში დაურახუნებთ. ფული უნდა იყოს ჩემთან. - გაიჯგიმა და საყელო გაისწორა. თავი დიდი ვინმე წარმოედგინა. -აბა ბიჯოს, შენ ხარ ანგელოზი! - გასძახა ლაშამ. -ზუსტად! მარკეტებს რომ მიადგები და გაზიანებს ვერ ეშვები, ეგ უკეთესია გგონია? -აზარტულ თამაშებს მაინც სჯობს... - განაწყენდა და მუშტები შეკრა. -ოჰო! მუშტები არ გვინდა. კრივის გასამართად არ შევკრებილვართ. მარტო არ ვართ ხომ არ გავიწყდება? -დამშვიდდი თორნიკე, დამშვიდდი... - საკუთარ თავს განრისხებულს ასე ამშვიდებდა და თავის ხელში აყვანას ცდილობდა. -ჰალკია იმენა. - დაიძახა ანდრემ და ბიჭებმაც გადაიხარხარეს. გაეცინა ნიკოსაც, ყოველშემთხვევაში სცადა მაინც, რადგან მის სიცილს გაღიმებასაც ვერ ვუწოდებდით, იმდენად არათანაბრად და სუსტად იღიმოდა. ხმა ხრიოკ ადგილას ჟეშტის რახუნისას ჰგავდა. კვლავ ამოუდგნენ ანდრე და თოკო ბიჭს და სვენებ-სვენებით, ხინკლის სახლში შეიყვანეს. ფეხის გულები ეწვოდა ნიკოს. იმდენად დაღლილი ჩანდა ბიჭებმა არც გამოჰკითხეს რამე, ხინკლის მოლოდინში ჯერ წვენები მოითხოვეს. ნიკოსაც შესთავაზეს და ჭიქა გაუწვდინა ანდრემ. -ჩვენ გაგვიმარჯოს. - თქვა ანდრემ და წვენის ჭიქა მიუშვირა ძმაკაცებს. - ახლა მამაჩემი მხედავდეს, საფლავში გადაბრუნდებოდა. - გაეცინა და მიჭახუნების შემდეგ ისე მოიყუდა, თითქოს არაყს სვამსო, ჭიქა მაგიდას დაჰკრა და ლოყები შეაბრდღვიალა. -გაგვიმარჯოს. - დალია თოკიჩამ. -ჩვენი ცხოვრების მიზანს და ამ ცხოვრების სასწაულს გაუმარჯოს, რის წყალობითაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ კი არ ვარსებობთ, ვცხოვრობთ და ყოველ წამს ასე შევიგრძნობთ. -გენაცვალე. - ნიკომაც აუწია ჭიქა და მოიყუდა. ცივი სასმელი ესიამოვნა. კუჭი ცოტა დაუამდა და გაიღიმა. ჩვეულებრივი კაცის ღიმილი კარგად ენახათ და იცოდნენ ბიჭებმა, თუმცა ნიკოს ღიმილს რომ უცქერდნენ, ტრაგედიით სავსე გამომეტყველება არ შორდებოდა. მის ღიმილშიც სჩანდა თუ როგორ ტკიოდა. - სიყვარულში არ გამიმართლა, ბიჭებო, ბედნიერებაც არ მწვევია და ოდნავი სიხარულიც არ მიგრძვნია მთელი ცხოვრების განმავლობაში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ბედნიერებისთვის, რაც დღეს მომანიჭეთ. -ხინკალიც მოვიდა... - ლაშა უკვე თავს ვეღარ იკავებდა და ჩანგალი მოიმარჯვა. ნიკოს არ შეუმჩნევია, თუმცა მეგობრებს არ გამოპარვიათ მხედველობიდან და როგორც ყოველთვის მაინც ეხუმრნენ. ლაშა მიჩვეული იყო, ეღიმებოდა მათზე რომ მათი აზროვნება მეტს ვერ გაცდა და თავად ეუბნებოდა ხოლმე, ასე ალპების დაპყრობა გაგიჭირდებათ ბიჭებოო. ნამდვილად ასე იყო. ლაშას გადმოსახედიდანაც არა მხოლოდ. ადამიანს შეეძლო მრავალფეროვანი ყოფილიყო მისი საუბარი, ქმედება, შეეძლო მუდამ განვითარებისკენ მიეცა საკუთარი თავისთვის ბიძგი, თუმცა ერთი და იგივეს გამეორება ადამიანს აფიქრებინებდა რომ წინსვლის ნაცვლად უკან დახევის გზა აერჩია, თითქოს მყინვარწვერიდან თავით ეშვებოდა დაბლა. ცხადი იყო მათი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი იყო და მათ შორის ერთი ახალი წევრი იყო, რომლის არაფერი იცოდნენ, თუმცა უხერხულობას არ გრძნობდნენ ნიკოს გამო. თორნიკეც აჰყვა და მოდუნდა, ლაშა ლაღი პიროვნება იყო და ყველაფრის გაწონასწორებული ქმედება უყვარდა, ხოლო ანდრე საოცრად დინჯი, ყველაფრის მცოდნე ჭკვიანი კაცი ბრძანდებოდა. ლაშასა და თოკოზე განათლებულიც კი. ხშირად ეკითხებოდნენ აზრს სასიყვარულო, პოლიტიკურ თუ სხვა მაღალფარდოვან საკითხებში, ანდრე კი მეგობრებისთვის სათანადო პასუხის გაცემას ცდილობდა. დინჯად დაიდებდა თითებს ნიკაპზე და ნელი საუბრის ტემბრით თან რომ ფიქრს ასწრებდა, უყვებოდა მათ თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. -მეგობრებო, მოდით სტუმარს ვაცადოთ ჩვენზე მეტად მოშიებული იქნება და ის იკავებს თავს, შენ კი ლაშა უფრო არ უნდა გაგიჭირდეს თავის შეკავება. სახლიდან მოდიხარ სადაც შენი ცოლი უთუოდ გაგიტენიდა კუჭს. ხო მართლა, რას შვრება მაია, როგორ არის? -არაუშავს რა, ძაან გაიწელა პროცესები და ცოტა ნერვიულობს. -რას ამბობენ ექიმები? -ზოგი რას, ზოგი რას... ერთი აზრი არ არსებობს და ეს მაგიჟებს. -მაინც? ამოღერღავ? - არ მოეშვა ანდრე. -ერთი ეუბნება უნაყოფო ხარო, მეორე - რომ შესაძლებელია სწორ ვითარებაშიო, მესამე კი ხმას საერთოდ არ იღებს და უფრთხის წინასწარი პროგნოზების გაკეთებას. -ვახ... რისი ბრალიაო არ ამბობენ? - ანდრე გრძნობდა რომ მტკივნეული იყო ლაშასთვის საუბარი თუმცა რაც შეიძლებოდა მეტი ინფორმაციის დატყუებას ცდილობდა, იქნებ დახმარებოდა კიდეც. -ყველაფერი შესაძლოა იყოს გამომწვევი მიზეზი, ბაქტერიები, თავად მაიკოს ორგანიზმში მომხდარი ცვლილებები, ბავშვობაში გადატანილი ტრავმები და სხვა. ამის გარკვევა გვინდა, თუმცა ჯერ არ გამოდის... -იცი ნიკო, ძამიკო, - დაიწყო საუბარი ანდრემ და უკვე გვარიანად დაპურებულმა, თვალებიდან ძლივს რომ გამოიხედა ანდრეს გახედა. - ლაშას მეჯვარე ვარ და ნათლიობაც მსურს მისი ბიჭის... -და რატომ გადაწყვიტე რომ ბიჭია? - გააწყვეტინა ლაშამ და ამრეზით გახედა. -აბა? - გაოგნდა ანდრე. -პირველი გოგო მსურს, არავინ შემეკამათოს და იცოდეთ! - ისეთი ტონით თქვა მან რომ წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედა. -კარგი ხო, იმას ვამბობდი რომ ნათლიაც მინდა გავხდე, თუმცა ჯერ არ გამოგვდის. უამრავი პრობლემა აქვს ჩემს ბიჭს. ჯერ ცოლი ძლივს მოიყვანა, იტანჯებოდნენ. ეს თბილისში, მაია იმერეთში, ერთმანეთს მიმოწერით ან ვიდეო ზარით ეკონტაქტებოდნენ. შემდეგ ერთმანეთს დაუკავშირეს გულები და ახლა როდესაც ცოლად გაჰყვა და დიდი სიხარული მოგვანიჭა ყველას ბავშვი იგვიანებს. პირველ რიგში ვიტყოდი რომ ფულია დამნაშავე და მხოლოდ ფული, თუმცა არავინ მიჯერებს. -კარგი რა... - შეაწყვეტინა კვლავ ლაშამ, თუმც ანდრემ მაშინვე აღმართა ხელი და გააჩუმა. -ზუსტად რომ ფულია დამნაშავე! ყველაფერს ფული წყვეტს! არავინ დაგინდობს და არ დაგეხმარება თუ ფული არ გაქვს... კარგი ექიმის აყვანასაც ფული უნდა, მკურნალობასაც, რომ ნორმალურად გავიგოთ მიზეზი და დროულად მოვაგვაროთ. უფულობა ადამიანს აუბედურებს და ეს ასე არ უნდა იყოს. -მოგვარდება. არაფერია მოუგვარებელი, ნათლულს იყოლიებ, ნუ ღელავ. -ამაზე კი არ ვღელავ ძმა შენზე ვნერვიულობ. არ მინდა იტანჯებოდე, ბედნიერი მინდა იყო და გაბრწყინებული დაიარებოდე. შვილის ყოლა ოჯახში უკვე ბედნიერებაა, რომ გიყურებს, შენკენ რომ იწევს, მამას რომ გეძახის და შენ მეტი რომ არავინ უნდა... საოცარია. -ბედნიერი ვარ თქვენით. -მე კი თქვენით, რაზეა საუბარი. - თვალი ჩაუკრა ანდრემ. - თუმცა შვილი მაინც აუცილებელია. -უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ. - ნიკო ჩაერთო საუბარში ბოდიშების მოხდით. - ამ ცხოვრების ბევრი არაფერი გამეგება. მიუხედავად ამისა დამეფიცება ძალიან ბევრი მინახავს. ბევრი მომისმენია და ალბათ ბევრ ბრძენზე ბრძენიც კი ვარ, - გაიჯგიმა, თუმცა თავმდაბლობით იყო ნათქვამი. - ბევრი სიმწარე მინახავს, ბევრი სისასტიკე, მინახავს როგორ ღუპავდა დედა შვილს და ოჯახიდან აგდებდა. მინახავს დაქვრივებული ვაჟკაცი, რომელზეც ამბობდნენ ერთგული იქნება, თუმცა ორ კვირაში სხვადასხვა ქალთან ხედავდნენ, თითქმის ყოველ კვირას. მინახავს როგორ ცდილობდა მარტო დარჩენილი გოგონას მშობლები მუცელშივე მოეშორებინათ მისთვის ოთხი თვის ბავშვი და ცხოვრების გაგრძელების სურვილსაც უკარგავდნენ. თქვენ ამბავთან საერთო არ აქვს, თუმცა სიმწარენი მეტი მაქვს ნანახი. სამყაროზე შევძელი გამეგო, მას ჩვენი კარგად ესმის, ყველაფერს ისმენს და თუკი არ გჯერა მისი, აიგნორებ, საკადრის პასუხს იღებ, ხოლო როცა გულით გწამს, სთხოვ, თუ მაშინვე არა, აუცილებლად მოგისმენს და აგიხდენს ნანატრს. მე თქვენი თავი ვითხოვე და როგორც ხედავთ აქ ხართ. -ნამდვილად გეთანხმები, ჩემო მეგობარო. - მხარზე დაარტყა ხელი გვერდით მჯდომმა ანდრემ და მოპირდაპირედ მსხდომთ შეხედა. - ბიჭებო დაშლის დროა არა? ჩემს ძმასთან ვარ გასაქცევი, შეხვედრის საათს თუ ვერ მივუსწარი ხომ იცით აღარ მაჩვენებენ. - საათს დახედა. - ნიკო... - მიუბრუნდა ახალგაცნობილს. - სასიამოვნო იყო შენი გაცნობა... ვიმედოვნებ კარგად დანაყრდი, შეგიძლია დარჩე და განაგრძო, ჩვენ წავალთ, ანგარიშზე არ იდარდო, გადახდილია. -უღრმესი მადლობა, ბიჭებო. - აღტყინებული შესციცინებდა მათ. - ყველაფრისთვის დიდი მადლობა. ამას არ დაგივიწყებთ. -სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხე, მთავარი ესაა, ჩემო ძმაო... ეცადე ცხოვრებას სხვა თვალით შეხედო და მეორედ რომ გნახავ ნორმალურ ადგილას შევხვდეთ. -ნიკოს გაეღიმა ანდრეს ნათქვამზე და თავი თავაზიანად დაუკრა. ბიჭებმა სახინკლე დატოვეს და ნიკოც საკუთარ თავთან, მის ფიქრებთან. რამდენიმე ცალსაც მოვერევიო, გადმოიღო და როდესაც დაასრულა თვითონაც წავიდა. მიაბიჯებდა მრუდე ნაბიჯებით, ცოტა კოჭლობდა. რამდენიმე ასეული ნაბიჯი გაიარა, გაცდა გამზირს და დაბლა დაეშვა მოსახვევში. ნელ-ნელა ნაბიჯს უმატა, კოჭლობა შეწყვიტა, წელში გაიმართა და სწორი ნაბიჯით განაგრძო სვლა. ჯენტლმენივით მიაბიჯებდა, ხალხმრავალი ადგილი მოიტოვა და პარკინგისკენ დაიძრა. იქაურობა კარგად დაათვალიერა, სანამ გასაღებს ამოიღებდა და ხასხასა წითელი ფერის ძვირადღირებულ ლექსუსს მოიხმობდა. ავტომობილი განათდა და სიგნალით ამცნო ადგილსამყოფელი. -მოდი მერანო, გავაჭენოთ. - თქვა სიცარიელეში ნიკომ და ავტომობილში ჩაჯდა. დაბურული შუშების მიღმა თვალი სივრცეს მოავლო. დარწმუნდა რომ არავინ იყო ირგვლივ და გაზის პედალს ფეხი დაადგა. * * * ჭრიალის საზარელი ხმის გაგონების შემდეგ კარგად ნაცნობი სახე გამოჩნდა. ერთმანეთს გაუღიმეს და ეს გაღიმება დიდ სევდას ატარებდა. ძლიერ ტკივილს იწვევდა ეს ხილვა და კარგად ხვდებოდნენ ძმები და ამ ღიმილის უსიტყვოდ ესმოდათ. მაგრად გადაეხვია ანდრე საკუთარ ძმას და სიცხადით იგრძნო როგორ დასუსტებულიყო იგი, როგორ მოდუნებოდა სხეული, შეიგრძნო რარიგ აღარ დარჩენოდა ძალა ცხოვრების გაგრძელებისა. თითქოსდა გაქცევა სურდა. გული სტკიოდა ამ ყველაფრის შეგრძნებით. სულ არ იყო მარტივი რვა წელი სახლიდან შორს, რვა წელი ტყვეობაში ჩავარდნილი, იმედდაკარგული და სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი, არაფრის მოლოდინში. იდეალური ცხოვრებიდან უეცრად მოსწყვიტეს ოჯახს და სამუდამოდ წაშალეს მისი სახიდან ღიმილი. ძლიერ მიხუტებულან ერთმანეთს, ვეღარც შორდებოდნენ. -ძმაო... ანდრე... - ცრემლნარევი ხმით დაიწყო მან და გული ძლიერ შეუქანდა. -მათე... როგორ მომენატრე. - ხმა აუკანკალდა ანდრეს. -ჩამოჯექი, როგორ ხარ მომიყევი... -ძველებურად. სხვა როგორ ვიქნები, ძმაო. -ისევ ისე უდარდელად ცხოვრობ არა? - გაეღიმა მათეს და სკამზე უკეთ მოთავსება სცადა. -აბა როგორ ფიქრობ, მე... მე ვინ გამომყვება ცოლად? - ისეთი სახე მიიღო მათეს მაშინვე გაეცინა და ეს იყო ის მცირე დეტალი, ადრე რომ ამშვენებდა და საოცრად ენატრებოდა ანდრეს. -შენ მოინდომე, ძმაო და ყველაფერი გამოვა, რატომ ამბობ ასე? -არა... ოჯახი საჩემო არაა. -ჩემი ცოლ-შვილი? ვიცი მესმის უამრავი საქმეა და ვეღარ იცლიან ჩემს სანახავად, თუმცა ხომ კარგად არიან? -მართამ ახალი სამსახური დაიწყო, სკოლაში ასწავლის ქართულს და სხვათაშორის ძლიერ მოსწონს. ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან ხიბლავს და დღე არ გავა შენს ფოტოს ჩახუტებულმა ცრემლიანად არ დაიძინოს. შენი ბიჭი კი უკვე მეშვიდე კლასშია, კაცია უკვე ძმაო. -მაგრად ჩაეხუტე და აკოცე ჩემს ნაცვლად. მართას და ალეს. მათი სითბო მომენატრა ამ კედლებიდან კი მხოლოდ სიცივე ჟონავს. გეფიცები სიკვდილს ვნატრობ... -აბა ახლა! შეწყვიტე ასე ფიქრი! -მშვიდად... -შენ დამშვიდდე გიჯობს. ოჯახი გყავს და გელოდებიან. შენს გამოყვანას ვეცდებით, ძმაო. შენი შტერი ადვოკატისგან არაფერი ისმის, მგონი ქვეყნიდანაც გაიქცა, თორე იქვე მივაკლავდი მაგ ნაბიჭვარს. -ტყვია ყველას იქ დაეწევა, სადაც საჭიროა. - მეტისმეტი სერიოზულობით თქვა მათემ და თვალი ერთ წერტილს გაუშტერა. -ნამდვილად. მოიცა, ციხეში დაბრძენდი თუ მეჩვენება? - ხუმრობა სცადა ანდრემ და ძმისკენ გადაიხარა რომ გამოეფხიზლებინა. -შესაძლოა. -სხვა? -რა სხვა? -ხომ კარგად ხარ, ვინმე ხომ არ გაბრაზებს? -არა, არა... ყველაფერი რიგზეა. მართას გადაეცი რომ სიგიჟემდე მიყვარს და ცრემლი შვილს არ დაანახოს. იმ ასაკშია ყველაფერს ხედავს და აკვირდება. პატარა იყო როცა დავტოვე და შესაძლოა არც ახსოვს, თუმცა სამაგიეროდ ახლა არ გამოეპარება არაფერი. შვილზე იზრუნოს. მაპატიოს... რომ... -კარგი, რას ამბობ, ძმაო... რას ჰქვია გაპატიოს. ყველას გვესმის, რა შენი ბრალია იმ შენი დედანატირები ბიზნეს პარტნიორის დანაშაული შენც რომ მოგაწერეს. ფულის გათეთრება და მკვლელობა? ეს შენში არ ზის... ამას დავამტკიცებთ, გპირდები, ფაქტები თავისას იტყვის, კიდევ სხვა ადვოკატს მოვძებნი, იმედი მაქვს ვინმე გამოჩნდება ვინც ამ საქმის ბოლომდე დასრულებას შეძლ... -ტყუილად მაიმედებ, ჩემო ძმაო და შენც იცი. ბავშვივით გამოგდის, თუმცა მიხარია ჩემს გამხნევებას რომ ცდილობ. ვერავინ დაამტკიცებს... ვინ დამიჯერებს? ერთადერთი ადამიანი, ვინც ფულის გათეთრებაში და მსგავს უკანონო ქმედებებში იყო დამნაშავე უეცრად მოკლეს გაურკვეველ ვითარებაში, ზედ ჩემი ანაბეჭდებით. ზუსტად იმ საღამოს ვიჩხუბეთ და რამდენჯერმე დავარტყი, სახეზე ჩალურჯებები ნამდვილად ჩემი ნახელავია, თუმცა ვერ ხედავ რომ აფექტის მდგომარეობაში მკვლელობასაც აღარ მედავებიან, არამედ განზრახ მკვლელობაზე მიდგა საქმე. -იმედს ნუ დაკარგავ... შენი პარტნიორი... რა ერქვა? -ლევანი... -ხო, ლევანი. მე თუ მკითხავ ღირსიც იყო ასეთი მოპყრობის და შენც რომ მოგეკლა გაგიგებდი, მაგრამ... - მცირე პაუზა გააკეთა ანდრემ, ძმას თბილი მზერა ესროლა და განაგრძო. - მაგრამ არაკანონიერი გზისკენ ვინც უხვევს მას მხოლოდ პარტნიორი კი არა, უამრავი მტერი ჰყავს. უამრავს ენდომებოდა მისი სიკვდილი. ვინმეს ვალს არ დაუბრუნებდა ან გააღიზიანებდა. -ნეტა მოსამართლეც შენსავით ფიქრობდეს. - გაიღიმა მათემ და ხელები გადაიჯვარედინა, სკამის ზურგს მიეყრდნო და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო. -იმედს ნუ დაკ... -დრო ამოიწურა. - ამ დროს საზარელი ტონით ნათქვამი მეთვალყურის სიტყვები აწყვეტინებთ საუბარს და მათე ოთახიდან გაჰყავთ. -ჩამიკოცნე მართა და ალე, ძმაო... ალეს უთხარი რომ ძლიერი იყოს, მამაშენი ძალამ მოიყვანა აქამდეო და ეს იცოდეს რომ გმირი მამა ჰყავს. -აუცილებლად, ჩემო ძმაო. აუცილებლად. - დარდიანად გასძახა მათეს და თვალი გააყოლა ძალით როგორ გაჰყავდათ. - ეჰ, ჩემო საყვარელო, ცხოვრება სასტიკად იმათ ექცევა, ვინც ამას არ იმსახურებს და ბევრი ჩათლახი, ვიგინდარა კი ყელამდე ფულში ბანაობს და ბედნიერებას ფულით ყიდულობს. დაწესებულებიდან გამოსულს ტელეფონი ურეკავს. -გისმენთ. - არც დაუხედავს ვინ რეკავდა ისე უპასუხა ანდრემ. ტელეფონი ყურთან მიიტანა. -სასწრაფოდ შემხვდი... სასწრაფოდ! - ლაშას აღტყინებული საუბარი არ გამოჰპარვია ანდრეს. -რა ხდება? -ტელეფონი აგიფეთქე, სად იყავი ამდენ ხანს? -ჩემ ძმასთან, ციხეში. მშვიდობა გაქვს? -არა. არ არის მშვიდობა, ეს რა ხდება ვერ აგიწერ... მალე უბანში მოდი, თოკოსაც დავურეკავ. მიდი რა ძმურში, დასალევს ვკისრულობ. -კარგი, კარგი... მოვდივარ. -როგორც კი შეძლო უმალ უბანში გაჩნდა, თუმცა გზაში ფიქრები არ ასვენებდნენ. „როგორი ხმა ჰქონდა? აღტაცებული, სიხარულით სავსე თუ პირიქით? არა... აშკარად რაღაც სასიხარულო ამბის გასაგებად გვიბარებს, საწყენ ამბავზე ვინ კისრულობს დასალევს? აფორიაქებული ხმა ჰქონდა? ნეტავ მაია ორსულადაა? თუ რა უნდა გვახაროს. უკვე ვეღარ ვითმენ. ეს საოცარი ამბავი თუ მართლა ისაა, რაც მგონია, მთელ მსოფლიოს უნდა ვახარო. მინდა ბედნიერებისგან ვიღრიალო. მთელ ხმაზე. ყველას გავაგებინო ჩვენი ბედნიერება.“ მანქანიდან გადმოვიდა ანდრე და პატარა მყუდრო მოწყობილ ადგილისკენ დაიძრა, სადაც იკრიბებოდნენ ბიჭები და სვამდნენ. გადახურული პატარა ადგილი, თორმეტიოდე კაცი თუ დაეტეოდა, სკამებითა და შუაში ჩადგმული ხის მაგიდა. წვიმისასაც რომ ყველაზე მყუდრო ადგილი იყო და რომანტიკულად ღუმელთან მსხდომებს კი არა, ერთმანეთთან ახლოს ყოფნით ტკბილად რომ შეეძლოთ დროის ტარება. რასაკვირველია უბნის ლოთებიც იკრიბებოდნენ ხშირად, გლდანში ამის მეტს რას ნახავდი, თუმცა ძირითადად მათი საერთო ადგილი იყო და ცდილობდნენ ბედნიერი საღამოები თავად გამოეწვიათ. თორნიკე და ლაშა უკვე ელოდნენ, ასევე საბა, ლეო და ბაჩოც იქ იყვნენ. ყველა ახალი ამბის გაგებას უცდიდნენ. საბა დიდი მხარბეჭიანი ტიპი იყო, ერთი შეხედვით რომ გეგონებოდათ ყველაფერს ერთი დარტყმით დალეწავდა და მისთვის წინაღობა არ არსებობდა. ანდრეს პირველი დაუხვდა და გულითადად გადაეხვია. საახლობლოს გამო ყველაფერს გააკეთებდა. ლეო დაბალი მამაკაცი გახლდათ, დაკუნთული და სახის განსხვავებული ყვრიმალებით გამოირჩეოდა. ხშირად ხდებოდა მისი სიმაღლე მასხრად აგდების საგანი ბავშვობაში, ახლაც მეგობრები ხშირად ხალისობდნენ, თუმცა როდესაც ზღვარს გაცდებოდნენ მუშტებს შეკრავდა აბა დამეჭიდეთო. საყვარელი ადამიანი იყო, თუმცა ურთიერთობაში ნაკლებად უმართლებდა. რამდენიმე ქალთან ცდილობდა ურთიერთობის გაბმას და შედეგად ორი განქორწინება და ოთხი შვილი მოუტანა. ახლა მარტო იყო და უწევდა საკუთარ შვილებზე ზრუნვა, თუმცა შორიდან, ერთი მეუღლე აჭარაში გახიზნულიყო, მეორე ქუთაისში და მათი ნახვა ვერ უხერხდებოდა. ლევანზე გულიან ადამიანს ძნელად შეხვდებოდით. როგორც იტყვიან მეგობრებისთვის გულს ამოიღებდა და წინ დაუდებდა. როდესაც ლაშას სჭირდებოდა ფინანსური დახმარება ავტომობილი გაყიდა, რაც გააჩნდა ოქრო ვერცხლი ლომბარდებში გაიქნია და ეს მხოლოდ იმიტომ რომ ძვირფასი წყვილის ბედნიერების მოზიარე გამხდარიყო. ცხოვრების სხვაგვარად ესმოდა. გაიღე და მოგეცემაო, მუდამ ამბობდა. სწამდა გასაჭირში ყველას იმით უნდა დახმარებოდა რითიც შეეძლო. საბას მსგავსად შეეძლო ტყვიას გადაჰფარებოდა. სიკვდილის წინ კი სიხარულით დაიბარებდა ერთმანეთი გიყვარდეთ და მარტივად გამიშვითო. ბაჩო ჩვეულებრივი აღნაგობის, სუსტი, გალეული კაცი იყო, უყვარდა ადამიანები და ცხოველებს ერიდებოდა. ყველაზე დიდი ცხოველები მიყვარს მეტი რა შევიყვაროო, ხშირად ხუმრობდა და ცდილობდა საძმოში სიხალისის შეტანას. ხუმარა კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, გულში კი ვინ უწყოდა რა ქარბორბალა უტრიალებდა. -რა ხდება, სიმონ, რას გამომაქციე საპყრობილიდან? - გახალისდა ანდრე და ტკივილის დაფარვა სცადა, რაც ცოტა ხნის წინ ძმასთან შეხვედრით მიადგა. გულში იკლავდა და არავის უზიარებდა. -აუუ, არ ვიცი როგორ გითხრათ. შოკში ვარ... და მინდა ყველას დასალევზე გაგიმასპინძლდეთ. ახლავე გადავალ მარკეტში და... -სად გადახვალ მოიცა, ჯერ თქვი. - საბამ ცალი ხელით დაიჭირა და შემოატრიალა მარტივად. - შეგვკრიბე აქ და ახლა მიდიხარ? არ გამოვა. -კარგი, ყველაფერს გეტყვით. გეხსომებათ ალბათ როგორ ვწვალობდით მე და ჩემი მეუღლე რაიმე სახის დაფინანსება მიგვეღო რომ მკურნალობაზე ჩაწერილიყო. საერთოდაც გინეკოლოგი და დიეტოლოგი ერთად თანხმდებოდნენ რომ მკურნალობა შესაძლოა მაიას კი არა მე მჭირდებოდა, თუმცა ამდენი საშუალება არ მქონდა. იმ ბიჭს რა ერქვა? ამას წინ რომ შევხვდით? -ნიკოზე ამბობ? - გაიხსენა ანდრემ და გონება კიდევ უფრო დაძაბა. -ხო, მის სიტყვებზე ბევრს ვფიქრობდი რაც სამყაროზე თქვა. ერთი კვირა არ გავიდა? თუ მეტი მას შემდეგ... ვცდილობდი მაქსიმალურად მეწამა სამყაროსი დამეჯერებინა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და აჰა, ისე აგიხდეს ყველაფერი. დღეს დილით დამირეკეს კლინიკიდან, მაიას გინეკოლოგს ვესაუბრე და ასე მითხრა, რომ მაიას ისტორია განთავსებული ჰქონდა ისეთ ვებგვერდებზე, სადაც უცნობი ინვესტორები თუ დამფინანსებლები ნახულობდნენ და სურვილს გამოთქვამდნენ დაფინანსებისთვის. მაიას ერთი ასეთი ინვესტორი გამოუჩნდა და იმდენი გადაურიცხავს ფონდისთვის რომ მარტო მას კი არა ჩემს კვლევასაც ეყოფა და ყველაფერს საბოლოოდ გავიგებთ რა არის ამის მიზეზი. -ღმერთოოო!!! - იღრიალა ანდრემ. - გაიგეთ? - შუა გზაზე დადგა და გასძახა უბანს. - რაღაც უნდა არსებობდეს... ხალხოო! ღმერთო!! -კაი, ბიჭო, სირცხვილია, რას აკეთებ? - შეჩერება სცადა ლაშამ, თუმცა ხელი გააშვებინა მაშინვე და კვლავ განაგრძო მთელ ხმაზე ღრიალი. ისეთ მდგომარეობაში იყო მხოლოდ ღრიალით თუ დაცლიდა მისგან წამოსულ სიხარულის, აღტყინების საოცარ სიგიჟეს. -ღმერთო! ღმერთო! ეს რა საოცარი რამ ხდება, უფალო. -კაი, გეყო, ტო. - თოკიმ პირზე ხელის აფარება სცადა, თუმცა უშედეგოდ. -ციხეში ისე დავისტრესე, ისე შემძრა ჩემი ძმის ხილვამ და მასთან საუბარმა, თუმცა შენმა ამბავმა ყველაფერი გადაწონა, ჩემო ლაშა. სულ ყველაფერი! გილოცავ ძმაო. ასე გახარებული მენახე სულ და ბედნიერი. -მოდი შე ოხერო მოგილოცოთ. - გულში ჩაიკრეს ლეომ და საბამ, გვერდით ბაჩოც ამოუდგა და მხარზე ხელი დაჰკრა მისალოცად. -გილოცავ ცხოველ, გილოცავ. საოცარი კაცი ხარ ძმაო, იმსახურებდი. -მინიმუმ ერთი კვირა გადაბმულად უნდა ვსვათ. - იხუმრა ანდრემ. - ეს რა მესმის, ხედავ? ყოველთვის შეიძლება რაღაც ცუდი დასაწყისი კარგ დასასრულად იქცეს. ყოველთვის შესაძლებელია ზარალი ახალ შესაძლებლობად, მარცხი კი გამარჯვებად გადაიქცეს. -ერთი კვირა? გაგიჟდი? - სული ჩაეხუთა ლაშას და განზე გაიწია. არ იყო მსმელი კაცი, დალევა არ უყვარდა, თუმცა მეგობრებთან ერთად ბოლომდე იდგა და სადღეგრძელოებსაც კარგად ამბობდა. მისი ტკბილი საუბრის გამო მის ამ ნაკლს თუ სწორ გადაწყვეტილებას პატიობდნენ. -კაი, შეჩემა, ხომ იცი ხუმრობს. - დაამშვიდა საბამ. - მოწევ? -ახლა შენ. - საბას გაეცინა. -დალევა და მოწევა შენი სტილი არაა ვიცი. თუმცა ნეტა იცოდე რა სიამოვნებას კარგავ ამ ღვთიურ სასმელზე ზემოქმედების ქვეშ ერთს რომ გაუკიდებ და მოქაჩავ. რა ნეტარებაა იცი? პირდაპირ კვამლი ყელში რომ გეღიტინება და... ორაზროვნად გიღიმის შიგნიდან. -მიღიმის? -ხო ეს ისე, მხატვრულად. აბა პოეტი აქ ჩვენში მარტო შენ ხომ არ იქნები? -გასაგებია, მეიცა და კიდე რას აღიმებ ხოლმე შენებურად? -რავი, ბევრი რამის გაღიმება შეიძლება... მარა ყველაზე დიდი ნეტარება მაინც ქალის მკერდს რომ ჩაავლებ ხელს და ისე აათამაშებ როგორც გინდა, აი ესაა. -შენზე კარგად მომეხსენება ეგ, საბა. ქალებს ხომ არ დაგავიწყდა ჯერ კიდევ რომელი ასაკიდან ვაღიმებდი? -ოო, მაგას რა დაგვავიწყებს, - ჩაერთო ლეო მათ საუბარში და ორივეს ხელი გაუყარა, შესარიგებლად. - თორმეტი წლისამ უკვე შენი საქმე კარგად იცოდი. ის გახსოვს? გოგონა ზოლიანი ჯემპრით, როგორ თქვი ის მალე ჩემი გახდებაო და შენც მაშინვე სკოლის მერხზე მჯდომს რომ მიაჭერი. გაფიცებ რა უთხარი მაშინ ისეთი რომ გამოსაშვებ საღამომდე არ გელაპარაკებოდა? -ეგ საიდუმლოა. - ტუჩთან მიიტანა თითი ლაშამ და თვალებით რაღაც ანიშნა ბიჭებს. - ახლა სხვა დროა, მაგას ნუ გამახსენებთ. -ოო, მიდიი! -კარგი ხო, - ჩამოჯდა და დიდ ხანს ფიქრობდა, დაეწყო თუ არ დაეწყო. ბოლოს მაინც გადაწყვიტა მოეყოლა. - კარგი, - შარვლის ტოტები გაისწორა, სახე დამანჭა, შორეულ წარსულში გადაეშვა თითქოსდა იქიდან მთელი ტომარა ოქროს წამოღებას აპირებსო და მეგობრებს შეხედა. - მაშინ ის დრო იყო, სიცანცარისა და სილაღის, ბავშვობა სისხლში რომ გვქონდა და არაფრისა გვეშინოდა. ცხოვრება მიედინებოდა თანაბრად და მის სისასტიკეს ვერ ვამჩნევდით. მეშინოდა იმ მომენტის, ფეხებიც მიცახცახებდა თქვენი ახირების შესრულება რომ მიწევდა, თუმცა რის ლაშა ვიქნებოდი თავი მაგარ ბიჭად რომ არ მომეჩვენებინა თქვენთვის. გამოგხედეთ, თითქოს ყველაფერი კარგად იყო და გაჩვენებდით სეირს. სკოლაში ყველაზე ლამაზი გოგოსკენ მივდიოდი. ჯერ დავიბენი, ვფიქრობდი უკან გამობრუნებას, მაგრამ დიდის ამბით იყავით ქანდარაზე ჩამომსხდარნი და ყველაფერს აკვირდებოდით, რამე გამოგრჩებოდათ? მივედი და ხმა როგორც კი ამოვიღე, იმის ნაცვლად რომ საუბარი ნორმალურად დამეწყო, როგორც ყველა გოგოსთან, გავშრი, სიტყვები თავისით ამომდიოდა და გზას მისკენ იკვალავდნენ. ვეუბნებოდი როგორ მიყვარდა, რომ მისი მსგავსი არავინ მენახა, ვეუბნებოდი ყველაზე ლამაზი რომ იყო მთელ კლასში და მთელ მსოფლიოში, სახელი მოვუწონე, სილამაზე ყოველთვის შიგნიდან მოსდგამს ადამიანს და შენც შინაგანად საოცრად გამოიყურები-თქო. არ ვიცი მაშინ რა იფიქრა, რომ შემომარტყა და დამტოვა, თქვენთან წაგებული თავანი კი მისი დაყოლიება შეხვედრაზე, ვერ შევასრულე. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი როგორც გვინდოდა ისე მოხდა არა ძმებო? დღეს ის ქალბატონი ჩემი ცოლია და მალე შვილიც გვეყოლება. -აი ეს იყო ნამდვილად საოცარი დასასრული, ნამდვილად! - ანდრემ საბას წამოარტყა. - რას ეუბნებოდი რომ გაეცნო ჰა, მისი ცხოვრება როგორც წარიმართა ამ მოვლენის დამსახურებაა. ზუსტად იმ უარის შემდეგ გახდა ქალების მტარვალი. როგორც მწეველი კაცი სიგარეტის მთელ შეკვრას, დღეში ისე რომ იცვლიდა ქალებს. საბოლოოდ კი ერთ უბადრუკ ცხოვრებისგან თავის დასაღწევად კვლავ შეხვდა ამ მოვლენებიდან ათი წლის შემდეგ ულამაზეს გოგოს, რომელმაც ბავშვობის იარები განუახლა. რა გინდოდა! -აბა, აბა. - დამცინავად გააწყვეტინა საბამ. -სუ ჩემი ბრა... -ერთი წუთით... - გააწყვეტინა ანდრემ და ტელეფონს უპასუხა. - დიახ გისმენთ... დიახ, ანდრე მგალობლიშვილი... დიახ... კი, მათე ჩემი ძმაა, ვინ ბრძანდებით?... რა?... საიდან... ან როგორ... - ყელში ბურთი გაეჩხირა მგალობლიშვილს და ხმას ძლივს იღებდა. სიტყვებსაც ძლივს ამოთქვამდა რომ მოსაუბრეს არ ჰგონებოდა გაითიშაო და უაზროდ იმეორებდა სიტყვებს. - რა?... მომისმინეთ ესე იგი... დიახ... დიახ... აუცილებლად... გმადლობთ. სახეგაფითრებულ ანდრეს დუმილით შესცქეროდნენ მეგობრები. ელოდნენ როდის ამოიღებდა ხმას, მაგრამ საუბარს არ აპირებდა. თითქოს მისი გონება სულ სხვაგან დაჰქროდა და ვერაფერს აღიქვამდა სხვას. რამდენი ეძახეს, შეანჯღრიეს, თუმცა არაფერს ჰქონდა აზრი. ნახევარ საათზე მეტი ასეთ მდგომარეობაში რაღაცაზე ჩაფიქრებული მხოლოდ მარცვლებს თუ ამოთქვამდა, ბგერებს, ხმოვნებს, და სხვას არაფერს. -აჰ, - მორიგი შეტევა. ლაშას სულ გადავიწყებოდა თავისი სასიხარულო ამბავი, ისე დარდობდა ანდრეზე. -სასწრაფო გამოვიძახოთ თუ რა გავაკეთოთ? -არა, დაიცათ. ეიფორიაშია, ვიცი რაცაა ეს. - უთხრა ბიჭებს ბაჩომ და ტელეფონი გამოართვა ლაშას, რომელიც ას თორმეტში დარეკვას ცდილობდა. - მალე გადაუვლის და გვეტყვის ყველაფერს. ჩამოჯექით. -მართლაც ბაჩოს სიტყვებიდან რამდენიმე წუთში გონზე მოსვლას იწყებდა. ცხოვრება რომ ჩაუქროლებს წამიერად კაცს, სწორედ ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თუმცა ვერ გაეგოთ სასიხარულო ამბავი იყო თუ არა. ყველაფერზე ფიქრობდნენ, ვაიდა მათეს რამე ხომ არ შეემთხვაო. -ლაშა... - დაიწყო ანდრემ და ხელი კარგად მოჰკიდა მას, რადგან ჯერ კიდევ ფეხზე ვერ იდგა. -გისმენ ანდრე, აქ ვართ ყველანი, შენთან და მერწმუნე ყველაფერი კარგად იქნება. რაც არ უნდა გაგეგო ყველაფერს გადავლახავთ გესმის? ანდრე თავს უქნევს და ყველას სათითაოდ უცქერს. -ლაშა, იმ სიტყვებზე ვფიქრობდი, ნიკომ რომ თქვა ცხოვრებაზე. -ამდენი ხანი? - დაინტერესდა ბაჩო, თუმცა მას ლაშა ხელით აჩერებს. -რა მოხდა? -ადვოკატმა დამირეკა... აი იმ ადვოკატმა ვისთან მისვლის სახსრებიც არ მყოფნიდა. ყველა საქმე რომ მოგებული აქვს, თუმცა იაფად ნამდვილად არ მუშაობდა. გაზეთში წავაწყდი სტატიას და დავინტერესდიო, ამ საქმის მოგება შეიძლება და მე უფასოდ დაგეხმარებით, თქვენ ძმას მალე დავიხსნით ციხიდანო. -ერიჰაა!!! - შესძახა ლეომ და თავი მოიქავა. - ეს ამბავი მართლა აღნიშვნის ღირსია. -როგორ დაემთხვა ყველაფერი არ გიკვირთ? საერთოდ არ გიკვირთ? - არ ეშვებოდა ბიჭებს ანდრე. - ჯერ ლაშას პრობლემა გადაიჭრა, რომელიც ვერა და ვერ მოაგვარა, ახლა ჩემი. ერთ დღეს. საინტერესო დამთხვევაა და ეს ყველაფერი იმის მერე, რაც ნიკოს სიტყვებისა ვიწამეთ. მინდა მადლობა გადავუხადო, იქნებ კიდევ შეგვხვდეს სადმე, ვინ იცის? -დაიკიდე, ძმა, მთავარია ყველაფერი სასიკეთოდ შემოგვიტრიალდა უბანში და ეს ძალიან მაგარია. ღმერთი დაგეხმარათ ფარულად ისე რომ ვერც გაიაზრეთ. ძალიან კარგია, მიხარია თქვენი ამბავი ბიჭებო და გულით ვნატრობ თქვენნაირი ადამიანები ყველას ჰყავდეს გვერდში. - ლეოს გული აუჩუყდა და საბას გაეღიმა. ბაჩომ ცას ახედა და ჩუმად, ისე რომ არავის არაფერი გაუგონია და დაუნახავს, მადლობა გადაუხადა უფალს. მხოლოდ თოკო იდგა ჩუმად, არც ხმას იღებდა და თავისთვის რაღაცას თითებით ხატავდა მაგიდაზე. თითქოს ვერც იაზრა რა მოხდა, მაგრამ ყველაფერი კარგად გაიგო, ჩარევა არ სურდა, უხაროდა მაგრამ თავისებური იყო, გულში თავისთვის უხაროდა და გამოხატვა არ ეხერხებოდა. მასზე ბედნიერი შეიძლება არც არავინ იყო ამ უეცრად დატრიალებული ორი უმაგრესი ამბით, თუმცა არ ამჟღავნებდა. ცხოვრება ყველას თავისებურად ასაჩუქრებს, ზოგს გადმოცემის ნიჭით, ზოგს კი დიდი სიხარულის, თითქოსდა ორივე ერთად არ ემეტებოდა არავისთვის. ლაშა, ანდრე სიხარულით ხტუნავდნენ. ბაჩო და ლეო ხელ-ფეხს იქნევდნენ და ყვიროდნენ. საბა ხან ერთს წამოუთაქებდა თავში, ხან მეორეს და ღრიალებდა. თორნიკე მათგან გარიყული იჯდა და საკუთარ გრძნობებს არავის უზიარებდა. -და მაინც როგორ მოხდა არა? როგორ აეწყო ყველაფერი? -საათივით. - განაცხადა ანდრემ და თვალები სიამაყით მზეს გაუსწორა. თავი 2 -მოგესალმებით, ჩაგვაწერინეთ პაციენტის ინფორმაცია. - დასჭექა ქალის მწივანა ხმამ სარეგისტრაციოში, რომელიც მშვიდი და საოცრად აუღელვებელი გახლდათ. -გთხოვთ რამე იღონეთ, - ყვიროდა გოგონა, რომელიც მწივანას მოპირდაპირედ იდგა და უბრალო ფორმების შევსებას ერჩია ნორმალური პასუხი მიეღო ექიმისგან. - თავი ძლიერ დაარტყა? მინდა ვიცოდე, პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე სრულიად. -ჩაგვაწერინეთ ინფორმაცია პაციენტის შესახებ. - გაიმეორა იგივე ხმამ. - ექიმთან გასაუბრებასაც შეძლებთ, როგორც კი სრულიად დაათვალიერებს მამაკაცს. ყველაფერი კარგად იქნება, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. -რა ჩაგაწერინოთ ქალბატონო, რა? საპატრულოს უკვე ვესაუბრე, სრულიად შემთხვევით, გაუცნობიერებლად დავეჯახე უცნობ მამაკაცს, როდესაც წვეულებაზე მივდიოდი, მისი არც სახელი ვიცი, არც გვარი, არც წარმომავლობა, დაბადების თარიღი და ნათესავები მითუმეტეს. რას მეკითხებით ვერ ვხვდები? -თქვენს საკონტაქტოს, ასევე სახელს და გვარს ჩავიწერ. უბრალო რეგისტრაციის ფორმისთვის რომ დაზარალებული აქ თქვენ მოიყვანეთ. -მია შენგელია. - ნომერს კარნახობს და თან ჰოლში იყურება. იმედი აქვს ვინმეს მოჰკრავს თვალს, ვისგანაც რამეს შეიტყობს მასზე. ჰოლში არავინ ჩანს, თუმცა იმედს არ კარგავს და როგორც კი ყველაფერი ჩაიწერა რეგისტრატორმა მაშინვე იმ კარისკენ გაიჭრა, სადაც შეიყვანეს. „რა მჭირს? მასზე ფიქრს რატომ ვერ ვწყვეტ? - ფიქრობდა გულში მია და შეშინებული იყურებოდა. - რა სულელი ხარ მია, ნერვიულობ და ამიტომ. ფიქრობ მოკალი და ღელავ, არცაა გასაკვირი. არა, არა... არ უნდა მოკვდეს, მხოლოდ მცირედით დავეჯახე, მერე ლამის იმ წითელმა ოპელმაც გადაუარა, მცირედით ასცდა. ნამდვილად ბედია საჭირო რა! ან რას მიდგებოდა წინ, ან ის ქალი რაღა მე შემიხტა ბორბლებქვეშ! ნუთუ თავი მოსაკლავად ემეტებოდა? ღმერთოო, უშველე...“ -ექიმო, - როგორც კი ვინმე ხალათიანი გამოდის საოპერაციოდან, მია მასთან ჩნდება. - ძალიან გთხოვთ მითხარით როგორ იქნება? -მთავარ ქირურგს დაელოდეთ თუ შეიძლება. მე სტაჟიორი ვარ. - უხეში ტონით უპასუხა ახალგაზრდა სათვალიანმა მამაკაცმა, რომლის ხალათიც ძირს ეთრეოდა ისეთი გრძელი იყო და ამ კომენტარიდან რამდენიმე წამში, სანამ დარბაზს ბოლომდე გაივლიდა და ლიფტამდე მივიდოდა ფეხებში აებლანდა. მას შემდეგ კვლავ რამდენიმე ადამიანი გამოდის ოთახიდან, თუმცა ხმას არავინ იღებს და ყველა ურჩევს რომ სახლში წავიდეს დასასვენებლად. -არა! სახლში იქამდე არ წავალ, სანამ არ გავარკვევ როგორაა! -ახლა მაინც ვერ გაარკვევთ ქალბატონო. ღრმა ნარკოზშია და თავის ტვინზე საჭირო გამოკვლევებს ვაწარმოებთ. სჯობს დაისვენოთ. -თავის ტვინზეო? ასე ცუდადაა საქმე? -ჯერ ვერაფერს მოგახსენებთ. მოდით დამშვიდდით, დაისვენეთ და ხვალ მობრძანდით. გაუთავებელმა რჩევებმა დასვენების შესახებ გადაღალა. ურჩმა გოგონამ არ ათხოვა არავის ყური და სარეგისტრაციოს ჰოლში მომლოდინეს ჩაეძინა. დილით კი უნდა წასულიყო სამუშაოდ, თუმცა ამ სიტუაციაში ვერსად წავიდოდა. სამსახურს მიატოვებდა ხოლო იმ ადამიანს, ვინც მის გამო იტანჯებოდა არა. ოპერაციაზე პასუხისმგებელი ექიმი აღვიძებს. მია ძლივს ახელს თვალებს და მხოლოდღა მაშინ იაზრებს რომ ჩასძინებია. -უი, უკაცრავად... - გაუბედავად ამოთქვა. - არის სიახლე ექიმო? -ჯერ ისევ უგონოდაა, ქალბატონო, ოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა უნდა მოვიცადოთ სანამ დაულაგდება ყველაფერი. ცოტა ხნით აუცილებლად უნდა იწვეს. თითქოს რაღაც ჩაენგრაო მიას, თუმცა ირგვლივ სამყარო ისევ ისე ბრუნავდა, არაფერი შეცვლილა. კვლავ ისმოდა მწივანა ხმა, რომელიც შემდეგ მომხმარებელს იხმობდა. მეორე დილით სამსახურიდან დიდი თხოვნის შედეგად გაეთავისუფლა და კვლავ იმ სკამზე იცდიდა. ღრმა ფიქრებში წასული ვერაფერს გრძნობდა. -კვლავ იგივეს თქმა შემიძლია ქალბატონო. -ჰა, უკაცრავად? - გონს მოვიდა და ექიმს შეხედა. -არაფერი შეცვლილა-თქო. -ხვალ... ხვალ რომ მოვიდე უკეთესობას თუ შევამჩნევ? იქნებ შემიშვათ? მისი ნახვა მინდა... -ახლობელი ხართ მისი? -არა... თუმცა ეს ჩემთვის არის მნიშვნელოვანი. ძალიან გთხოვთ. - ლამის მუხლებში ჩაუვარდა მთავარ ექიმს, რომელიც კედელთან იყო აყუდებული და ქალის ვედრებას ისმენდა. ექიმმა აქეთ-იქით გაიხედა და საბოლოოდ დასთანხმდა. ქალი ხავერდოვანი კანითა და გვირილებიანი კაბით შიგნით მოწიწებით შევიდა. ჯერ იქაურობას მოავლო თვალი შემდეგ კი მწოლიარესთან ჩაიმუხლა. თითქმის გაუთანაბრდა, მისი ხელი აიღო და პატიება სთხოვა. თვალები უმოძრაო მდგომარეობაში, არაფერს ამბობდნენ, თუმცა მია ფიქრობდა, რომ ახლა მის სხეულს, მის ხმას ღრიალი სურდა და ამოთქმა ყველაფრის რაც დაგროვებული ჰქონდა. -ქალბატონო... -მია. -დოკუმენტები თან არ ჰქონია პოლიციის თქმით და ვერ აღმოაჩინეს რაიმე, რითიც მის ვინაობას დაადასტურებდნენ. უნდა ვივარაუდოთ რომ აქ არავინ მოაკითხავს და ვერავინ შეძლებს მის სახლში წაყვანას როდესაც გამოფხიზლდება. თუ თავად არ გვეტყვის თავის მისამართს. -მესმის. არ არის პრობლემა. მას თან მე წავიყვან, მივხედავ, ოღონდ გადარჩეს, ოღონდ გამოძვრეს ამ სიტუაციიდან. -მადლიერები ვართ თქვენი სულგრძელობისთვის. -შესაძლოა ჰყავს კიდეც ვინმე, თუმცა ისე ეცვა მაწანწალას ჰგავდა. შემთხვევით კონტროლი დავკარგე და გზაზე მას დავეჯახე. -თავის ტვინის ტრავმა აქვს მიღებული. შესაძლოა რომ გაიღვიძოს არაფერი ახსოვდეს თავის ცხოვრების უახლოეს რამდენიმე წელზე, ან საერთოდ არაფერი. ამიტომ არც ის ეხსომება როგორ დაეჯახეთ თუ თქვენ არ გაახსენებთ მას. - დაამშვიდა ექიმმა, თუმცა ეს მიას გულს უფრო ხვდებოდა, ვიდრე დამამშვიდებელ სიტყვებად აღქმაა. -მან უნდა იცოდეს ვინ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, მე თავად ვეტყვი, მადლობა ყურადღებისთვის. - ექიმმა დატოვა პალატა, სადაც ოპერაციის შემდგომ გადაიყვანეს, ხოლო მია დარჩა. მისი ხელი ძლიერ ეჭირა და პატიებას ემოციურად სთხოვდა. უეცრად მცირე მოძრაობა შენიშნა. ჯერ თითის, შემდეგ მთელი ხელის და სხეულმაც დაიწყო მოძრაობა. სასწრაფოდ გავარდა პალატიდან მია რომ ექიმისთვის დაეძახა და რომ დაბრუნდნენ უკვე სრულიად ფხიზლად, საწოლზე წამომჯდარი, უაზროდ მზირალი დახვდათ და ცდილობდა გაეგო სად იყო. -სად ვარ? რა მოხდა? -ავარიაში მოყევი. - დაიწყო ექიმმა. -მე დაგეჯახე, სრულიად შემთხვევით. - შეუსწორა მიამ. -რა? ამის დრო არ მაქვს, ახლავე სახლში უნდა წავიდე, - თქვა მან და ფეხზე წამოდგომა სცადა. უეცრად წაბარბაცდა და ექიმის ხელს დაეყრდნო. დაიჭირა და შეეცადა კვლავ მიეყვანა საწოლამდე. -ჯერ არ უნდა ადგეთ. სუსტად ხართ. -სახლში... - ცოტა ხნით გაჩუმდა და იქ მყოფთ გადახედა. მზერა ავეჯზე გადაიტანა და მიხვდა რომ არა ხუმრობდნენ, საავადმყოფოს კედლებში იყო გამოკეტილი და ფეხზე ადგომაც უჭირდა. - სად მაქვს სახლი? -არ გახსოვს? - შეშინდა მია. -არა. არაფერი მახსოვს. რატომ მაცვია ეს ბინძური სამოსი, რა ხდება? -ავტომობილით მოვდიოდი, უეცრად სკვერიდან რომ ვიღაც ქალი გადმოვიდა გზაზე. მე ვცადე დამემუხრუჭებინა, ვცადე არ დავჯახებოდი და გვერდზე ქუჩაზე შემოვუხვიე, სადაც შენ ასეთ მდგომარეობაში იდექი და არ ვიცი რას აკეთებდი, სავარაუდოდ დახმარებას ითხოვდი, ან ნასვამი იყავი და ამიტომ ბარბაცებდი. მხოლოდ ზედაპირულად შევძელი შენთვის შემეხედა და მუხრუჭს დავადგი ფეხი, თუმცა გვიანი იყო და დაგეჯახე, მცირედ გაგისროლა ინერციის ძალამ და მგონი კორპუსს შეასკდი თავით ან ძირს დაეცი, ვერ დავინახე. თუმცა როგორც ექიმმა თქვა ტვინის დაზიანება გაქვს, ძლიერად დაგირტყამს თავი. -მაშინ შენი ბრალი არ ყოფილა. - სერიოზულად შეეპასუხა დაშავებული. - და თქვენ? არ იცით ვინ ვარ? -სამწუხაროდ არა, მეგობარო. - დაიწყო ექიმმა. - ვერანაირი საბუთი ვერ აღმოგიჩინეთ თან. არც პასპორტი, არც პირადობა, არანაირი ფურცელი, სადაც რაიმე სახელი და გვარი ეწერებოდა, თუნდაც ახლობელი პირის. სრულიად ცარიელი იყავით. -სამწუხაროა. - ამოთქვა უცნობმა მამაკაცმა და მიას მიაპყრო მზერა. - ახლა რა უნდა ვქნა. იმედია მალე გამახსენდება ყველაფერი და ჩემს ამბავს ნათელი მოეფინება. -სახლში წაგიყვანთ და იქამდე მოგაქცევთ ყურადღებას, სანამ არ გამოჯანმრთელდებით და ყველაფერი არ გაგახსენდებათ. -ეს თქვენთვის დიდი მსხვერპლის გაღება იქნება, რისთვისაც მადლობელი ვარ, თუმცა ხომ იცით საჭირო არაა. -ვიცი. უბრალოდ ასე გადავწყვიტე და შენ კი არა, მამა ზეციერიც რომ დამიდგეს წინ ის ვერ შემაცვლევინებს აზრს. უცნობს გაეღიმა. მამაკაცი ქალს ისე უყურებდა თითქოს მხსნელი ყოფილიყოს, მადლიერი თვალებით და თან ასეთ სამოსში მორცხვობდა. დახედა საკუთარ თავს და შემდეგ კვლავ ქალბატონს შეხედა. თუკი მაწანწალა ვიყავი და არავინ მყავდა, ნამდვილად დიდ მსხვერპლს იღებს ჩემი მოვლისთვის, ნამდვილად, ფიქრობდა მამაკაცი და თვალს არ აცილებდა მას. -ამმ... უკეთ რომ იქნები, შეგვიძლია სადმე გავიაროთ და შენთვის სუფთა ტანისამოსი შევარჩიოთ. -ეს უკვე მეტისმეტია. - შეეწინააღმდეგა მწოლიარე, თუმცა კუშტი მზერით შეხედა მიამ. - არაა საჭირო, თუმცა... -გიმეორებ, აზრს არ შევიცვლი. -მაშინ ხელები ამიწევია. - გაიღიმა მან და მიამ გაიფიქრა, რა საოცარი ღიმილი აქვს. თავი 3 მეოთხე დღეს ოდნავ უკეთ იყო, ძალა მომატებოდა და დამოუკიდებლად გადაადგილებაც შეეძლო, თუმცა მხოლოდ რაიმეს თუ დაეყრდნობოდა. ექიმების დაკვირვების ქვეშ კვლავ გადაუღეს ყველაფერი რაც საჭირო იყო, თავის ტომოგრამა, რენტგენი ნეკნებთან ახლოს, დაზიანებების მკურნალობის პროგრესირების გასაგებად. თავზე ყველაფერი რიგზე ჰქონდა, დროის ამბავი იყო როდის აღუდგებოდა მეხსიერება. როგორც მთავარმა ექიმმა თქვა მეტი დასვენება და საჭიროებისამებრ, ზომიერად გარეთ სეირნობა. მიას კარგი ფსიქოლოგის ნომერი ჩააწერინა, ვინც შესაძლოა ამ ამბავში უკეთ დახმარებოდა. გამოწერის დღეს საწოლთან ეტლი მიუყვანა მიამ და ერთი წყვილი შარვალ-მაისურიც დაუდო წინ. -აბა ამხედრდები? -ასე მიშვებენ? ისე რომ ჩემი ძალების არ სწამთ არა? -ასე გამოდის, თუმცა ნუ გამოცდი. სუსტად ხარ და მეტი დასვენებაო ექიმმა. ამიტომ დაგეხმარები ჩაცმაში, ეტლში ჩაჯდომაში და წავედით. -სხვა ყველაფერი რიგზეა? - დაინტერესდა მამაკაცი როდესაც გაჭირვებით ჩაიცვა ახალი სამოსი და ეტლში ჩაჯდომაც მოახერხა. -კი, რაზე მეკითხები? -საავადმყოფოს ხარჯები მხოლოდ შენ არ უნდა დაფარო. - უთხრა მან და წვერზე მოისვა ხელი. -ხარჯები? ყველაფერი კლინიკამ დაფარა. -რატომ? - განცვიფრება გამოხატა მან და მიას ხელი გაუწოდა რომ ჩასჭიდებოდა. პალატიდან გასვლამდე შეტყობინებები გახსნა, პასუხი დაუბრუნა და კვლავ მამაკაცს მიუბრუნდა. -არ ვიცი, დიდი როლი ალბათ იმან ითამაშა ყველას რომ უსახლკარო გონიხარ. არც სახელი გახსოვს, არც ვინაობა და შესაძლოა ვერც გაიხსენო. -ეე, ეე, რას ქვია ვერ გავიხსენო. - ხელი მაგრად მოუჭირა ეტლის სახელურს. მუშტი შეკრა, თითქოს ურტყამდა რაღაცას, შემდეგ კი ნაზად შეახო ხელი მიას სხეულზე. მამაკაცმა იგრძნო რაღაც, რასაც ვერ ხსნიდა, თითქოს სიამოვნებდა მასზე ბავშვივით რომ ზრუნავდნენ და ეს ყველაზე დიდ შვებად მიაჩნდა. -მე მჯერა შენი. - გაუღიმა მიამ და პალატიდანაც ერთად გავიდნენ. ერთი დერეფანი გაიარეს, ლიფტამდე მივიდნენ და პირველ სართულზე ჩავიდნენ. ხელი მოაწერინეს კიდევ რამდენიმე საბუთზე მიას, რის შემდეგაც განუცხადეს რომ პაციენტზე სრულად იღებდა პასუხისმგებლობას და დაკვირვების ქვეშ უნდა ყოფილიყო. თუკი რაიმეს შეამჩნევდა, სიმპტომებს რაც მომავალში შესაძლოა გამოუჩნდეს, გაუარესებისკენ თუ წავა მისი მდგომარეობა, მაშინვე კვლავ აბრუნებს კლინიკაში. -ახლა კი სჯობს წახვიდეთ. - ექიმი გულმოდგინედ ესაუბრებოდა და ხელები ხალათის ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი. - რომ არ გაუმწვავდეს მდგომარეობა მისთვის სასიკეთო ნაცნობ გარემოში ყოფნაა, კლინიკის კედლებს გარეთ. თუ მართლაც ქუჩაში ჰქონდა სახლი ხშირად ასეირნეთ იქნებ რამე გაიხსენოს. -აუცილებლად. - ყველაფერზე თავს უქნევდა მია და გულისყურით უსმენდა. - კარგად მოვუვლი, არ იდარდოთ. -ძალიან კარგი! აბა, - ეტლში მჯდომს მიუბრუნდა, მოიხარა რომ რაც შეიძლებოდა ახლოს მიეტანა სახე და მხარზე ხელი დაადო. - არ მანერვიულო კარგი? -ექიმო, ბავშვივით მექცევით. - ექიმს და გოგონას სიცილი წასკდათ. - ბავშვი ხომ არ ვარ! -ბავშვი არ ხარ, თუმცა გონება გაქვს ბავშვივით. - აუხსნა ექიმმა და თავზე ხელი გადაუსვა. რაზეც მაშინვე გაწია თავი, ექიმს თვალებში ჩახედა და თითი დაუქნია. -აქ მეტად აღარ მომიწევს მოსვლა! საკუთარ ცხოვრებას გავიხსენებ და თავად გესტუმრებით. ამ სიტყვებს კი აუცილებლად გაგახსენებთ. ბავშვიო. ჰმ... - ჩაიცინა და მძღოლს შესძახა წავედითო. გასასვლელში მკივანა ქალს ჩაუარეს, როგორ არ იღლება ამ კივილით, გაიფიქრა მიამ და შემდეგ დიდ დარბაზში გავიდნენ. სენსორიანი კარი ავტომატურად გაიღო, მზის სხივებმა შეანათა სახეზე ეტლში მჯდომს და თვალი დაუბრმავა. მიაც ვერაფერს ხედავდა ირგვლივ, წინ იყურებოდა, როცა უცნობმა მამაკაცმა გვერდი გაჰკრა და მაგრად დაეჯახა. -ჰეი, შენ! - წამოიყვირა მიას დამცველმა. - წინ არ იყურები მეგობარო? -მაპატიეთ, მაპატიეთ. - შემოტრიალდა მათკენ ბრალდებულიც და უეცრად სახე ეცვალა. ჯერ ვერ მიმხვდარიყო. თითქოს ბუნდოვანი მზერა ესროლა მამაკაცს, რომელიც რქებით იცავდა ქალს, შემდეგ უფრო გაუნათდა სახე და ბოლოს ყველაფრის აღქმა შეძლო. - ნიკო? - შესძახა მან იმედიანად. - ნიკო ხარ არა? როცა გნახე სხვაგვარად გამოიყურებოდი, შეცვლილხარ, თუმცა გიცანი, ნიკო ხარ! -უკაცრავად, ვინ? იცნობთ ამ ადამიანს? - მიამ სიხარულით დაიწყო ხტუნვა. -რას ნიშნავს ვიცნობ. იდეალური პიროვნება, საოცარი ადამიანი, დღემდე მახსოვს მისი სიტყვები და გულით დავატარებ, რაც ბოლოს მითხრა. მოიცა - „სამყარო იმას აძლევს ადამიანს, რისიც ნამდვილად სწამს და სჯერა. გულით თუ იწამებ ყოველივეს მთელი სამყარო სურვილთა ახდენაში დაგეხმარება.“ სიტყვა სიტყვით თუ არა, დაახლოებით ასე იყო. -ვა, ესე იგი ადამიანებს ეხმარებოდი ნიკო, არა? - მიუტრიალდა მია მამაკაცს და სათნო ღიმილი შეანათა. -არ გახსოვარ? - ეწყინა თითქოს. - ისეთი საქმე გამიკეთე, არ გახსოვარ? - ნიკოდ წოდებულს სახე არ ეცვლებოდა, ერთი მზერით უყურებდა მხოლოდ და ეს მზერა არაფერს გამოხატავდა წასვლის სურვილის გარდა. - აქ რა გინდა ნიკო? რა დაგემართა? ან ეტლში... რატომ ხარ? - ბოლოს კითხვებით აავსო გაოგნებულმა და თავზარდაცემულივით უყურებდა. -არ მახსოვხარ. - უპასუხა მოკლედ და კონკრეტულად. - თუმცა თუ ასეა ძალიან მინდა მახსოვდე. -აპატიეთ ჩემ ახლობელს, - მამაკაცს სიტყვა ახლობელი გულზე მალამოდ მოხვდა და ესიამოვნა. - მანქანა დაეჯახა და ტრავმის გამო არაფერი ახსოვს. ვინ ბრძანდებით? თუ ნამდვილად ის ადამიანია ვერ დაეხმარებით მას გახსენებაში? -გახსენებაში არ ვიცი, თუმცა ერთი წუთით... ახლავე... დამელოდეთ... არსად წახვიდეთ. ჩემს ცოლს ვინახულებ და ახლავე მოვალ. იმედი მაქვს აქ დამხვდებით მართლა. -აუცილებლად. -წავიდეთ რა. ნიკო არა ფეხები. ვის უნდა დაერქმია ნიკო. - დაიჯღანა და მიას ახედა. -რატომაც არა. ნიკო კარგი სახელია, ბევრს ჰქვია. თან ნიკო უფრო კარგად ჟღერს და მომწონს ვიდრე ნიკა, ახლა ყველაზე გავრცელებული რომ არის. -კარგი რა! ალბათ ნიკო რომ მრქმეოდა, ყველასგან გარიყული ბავშვი ვიქნებოდი ან მუდმივად დამჩაგრავდნენ. -ლამაზი სახელია. - ჩაილაპარაკა კვლავ მიამ და ოცნებებში გაიჭრა. კლინიკის წინ ჩამოჯდა სკამზე და ელოდნენ. „ნიკომ“ კვლავ რამდენჯერმე დაიწუწუნა რომ წასულიყვნენ, თუმცა მია არწმუნებდა რომ თუკი ნამდვილად იმ ადამიანს შევხვდით ვინც გიცნობს იქნებ დახმარებაც შეძლოს. იცოდეს სად ცხოვრობ, თუ გყავს ახლობლები და ასე გაურკვევლობაში არ იყო. საათზე მეტი ხნის ლოდინის შემდეგ ის კაცი კვლავ გამოჩნდა. მიას ერთი წამითაც არ დაჰკარგვია იმედი, მის თვალებში დაინახა რამდენად ძვირფასი იყო ეს ადამიანი მისთვის და რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა. -მაპატიეთ, ძალიან გაიწელა პროცედურები, მაპატიეთ. მოდი გავისეირნოთ. ნუთუ მართლა არ გახსოვარ? ლაშა... მე ლაშა ვარ, ჩემს მეგობრებთან ერთად შეგხვდი ერთი წლის წინ. ასე ძალიან შევიცვალე? თუმცა თქვენზე მომიყევით... რა მოხდა? რა მოუვიდა ნიკოს? -შემთხვევით დავეჯახე, მსუბუქად დაშავდა, თუმცა თავის ტრავმის გამო არაფერი ახსოვს. არ იგონებს თქვენგან თავის დაღწევისთვის. ოთხი დღეა საავადმყოფოში წევს და ახლა მოგვცეს უფლება სახლში წასვლის. -დაეჯახეთ? -კი. -ვინ ხართ მისი? -არავინ. იქნებ თქვენ გვითხრათ თუ იცნობთ ახლობლები თუ ჰყავს, ან მისი საცხოვრებელი? -სამწუხაროდ ეგ ინფორმაცია ჩემთვის მიუწვდომელია. შესაძლოა არ მოგეწონოთ, თუმცა უნდა იცოდეთ. ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, 25 მაისი იყო ხო? მგონი კი... საოცრად დაემთხვა ისე, ან შესაძლოა მე მახსოვს ბუნდოვნად თარიღი და უბრალოდ მაისი იყო, რიცხვს კი ვერ ვიხსენებ, ქუჩაში დახმარებას ითხოვდა, მე და ჩემმა ძმაკაცებმა კი სახინკლეში დავპატიჟეთ. შიოდა და დავაპურეთ. ეგ დღე არასოდეს დამავიწყდება, რადგან ყველა საუკეთესო ცვლილებამ ჩემსა და ანდრეს ცხოვრებაში მაგ დღის შემდეგ აიდგა ფეხი. მე და ჩემს ცოლს მკურნალობა ორი კვირის თავზე დაგვინიშნეს, უცნობმა ინვესტორმა დაგვაფინანსა, რასაც დიდი ხნის განმავლობაში უიმედოდ ველოდით, რაიმე სასწაულს, შენთან შეხვედრის შემდეგ მოხდა. ახლა კი მამა გავხდი. -გილოცავთ! - გაუხარდა მიას და გადაეხვია. ეტლიდან ეჭვიანი მზერა შეაფეთეს, თუმცა შეუმჩნევლად და მალევე გაიღიმა მანაც სიხარულის ნიშნად. -ანდრეს უნდა დავურეკო, არ დამიჯერებს. იმ დღეს ზუსტად, როდესაც მე დამირეკეს კლინიკიდან ანდრეს ადვოკატმა დაურეკა და მისი ძმის გათავისუფლება მალევე მოხერხდა ორი თვის დაუღალავი პროცესების შემდგომ. თუმცა ამად ღირდა. ტელეფონზე საუბრობდა და ოდნავ მოშორებით გავიდა მათგან, თან გამოხედავდა ხოლმე წყვილს და გაუღიმებდა. -ანდრე, ბიჭო... ბიჭები წამოიყვანე და მოდი. სად და გუდამაყრის ქუჩაზე ღრმაღელესთან, სად უნდა მოხვიდე არ იცი? იმშობიარა მაიამ. მამა ვარ. სასწრაფოდ ორი მანქანა მოადგა კლინიკის ჭიშკარს და გადმოვიდნენ ბიჭები, მათ შორის ერთი იყო გამოკვეთილად განსხვავებული. იერზე ეტყობოდა მისი სხვაგვარობა, უყურებდა ეტლიდან მამაკაცი და ხვდებოდა, თითქოს აქამდეც ჰყავდა ნანახი, მხარბეჭიანი, ამავდროულად გალეული და სუსტი, მაღალი მამაკაცი რომ უახლოვდებოდათ ნელ-ნელა სხეულში ჟრუანტელი უვლიდა. როგორც ჩანს სხეულმა იცნო, თვალებმა იცნეს, თუმცა გონებამ ვერა. -ნიკო! - გაეღიმა მამაკაცს. - გადაეხვია, ისე რომ თითქმის ეტლიდან ააყენა. -ნიკო ეს ანდრეა, ჩვენი ყველაზე დიდი ძმა. საოცარი ადამიანი, ვინც შენი დახმარებისკენ მოგვიწოდა. დიდსულოვნება ბავშვობიდან თან სდევს. -მოიცა რას აცნობ ჩემ თავს, აღარ ვახსოვართ? -სამწუხაროდ თავის ტრავმამ ყველაფერი დამავიწყა, მეგობარო. - ჩაიდუდღუნა ნიკომ და თვალზე ცრემლი მოაწვა. - ძალიან მინდა მახსოვდეთ, თუკი ნამდვილად ის ვარ ვინც გგონივართ, თუმცა არ მახსოვხართ. რა გამოდის, თუკი ნიკო ვარ, ანუ მაწანწალა და მათხოვარი ვიყავი, რომელიც ქუჩაში იპოვეთ, არა? -კი ასეა, თუმცა ამით არ განისაზღვრება შენი ადამიანობა. - დაამშვიდა ანდრემ. - საუკეთესო ადამიანი ვიპოვეთ შენი სახით, საოცარი მჭევრმეტყველი. თოკოც ჩვენთან ერთად იყო მაშინ. ეს საბა და ბაჩო არიან, ლეო ცოტა ხანში შემოგვიერთდება ყვავილებით და რამით. ხოლო ამ ადამიანს რომ ხედავ, ცოტა მორცხვად რომ დამდგარა, აპატიე, რადგან არ გიცნობს და არც ისეა დიდი მოსაუბრე, ჩემი ძმაა, მათე. ახლახანს გამოვიდა ციხიდან, ნახევარი წლის წინ სასამართლო მოვიგეთ, თუმცა მხოლოდ ორი თვის წინ გამოუშვეს ციხიდან. -ვაჰ, გილოცავთ, ძმებო. - გაუხარდა ნიკოს. - არ მახსოვს ეს ყველაფერი, თუმცა თქვენი ბედნიერება ჩათვალეთ ჩემიცაა, ძალიან მიხარია. -გაიხარე, ნიკო. ძალიან კარგი კაცი ხარ, ამას ჩვენ პირველივე შეხვედრისთანავე მივხვდით. მათე, ეს ნიკოა. ჩამოართვი ბიჭო, ხელი. აპატიეთ, ჩემს ძმას, ზრდილობა ციხეში დატოვა. - გაიღიმა ანდრემ და თვალებით უბიძგა მოქმედებისკენ. -ჩემს ძმას საოცრად მლაშე ენა აქვს. არ მიაქციო ყურადღება ნიკო, შორიდან გიცნობ. ბევრს მიყვებოდა შენზე ანდრე, ნუ მხოლოდ იმ ერთ დღეზე და თითქმის ყოველ შეხვედრაზე გიხსენებდა. ლამის კულტად ექეცი, ნიკომ ეს თქვა, ნიკომ ის თქვა. ჩემი გათავისუფლებაც შენ მიგაწერა... -არ ვიცი, მთლად წმინდანად ნუ შემრაცხავთ. - გაეცინა ნიკოს და წამოდგომა სცადა. - მინდა თქვენთან ვიყო, ძმებო, მეც მინდა შემოვიდე თქვენი ბედნიერების წილად და ვიგემო ის დიდი სიხარული რასაც ახლა განიცდით. მეც ბედნიერი ვარ, რადგან თუ არ მყოლია ოჯახი, ვგრძნობ რომ ვიპოვე. - მიას შეხედა, შეეცადა ადგომას, ბიჭებიც დაეხმარნენ და ფეხზე გაჭირვებით დადგა. ანდრეს ეჭირა ხელით და თავს ერთი წლის ბავშვად გრძნობდა, რომელსაც ახლახან ასწავლიდნენ სიარულს. - აბა რას არქმევთ გვრიტებო? ბიჭია თუ გოგო? - გოგოა და ჩემს მეუღლეს ძალიან მოსწონს სახელი თაია, ამასაც დავარქმევთ აუცილებლად. ისეთი საოცარი, პატარა გოგოა, ხელში ვერ დავიჭირე. ძალიან შემეშინდა. ერთი ციცქნა ხელში არ შემომეფშვნას-თქო, ხომ გესმით? -გვესმის აბა არ გვესმის? -საოცარია. - დასჭექეს ბიჭებმა. აღტყინებულნი იყვნენ ახალი ამბით, ასევე ნიკოს აღმოჩენით თუმცა ანდრეს წამითაც არ გამოჰპარვია როგორ გახედავდნენ ხოლმე ნიკო და მია ერთმანეთს. როცა მია ჰორიზონტს უცქერდა და ჩაფიქრდებოდა, ნიკო ეშხით შესციცინებდა, ხოლო როდესაც ნიკო ბიჭებთან ერთად ხალისობდა მია უყურებდა იმედიანად. არაფერი შეიმჩნია, თუმცა ამ წყვილს ისე უყურებდა თითქოს ღუმელიდან ახალ გამოღებულ პეროგებს, თითების ჩატკბარუნების სურვილით რომ ტკბებოდა. -ნუღარ ვაყოვნებთ. - შესძახა ლაშამ. - ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ჩემ გოგოებს კვლავ. -სად მირბიხარ ლაშ? ლეო? - შეუღრინა ანდრემ. - ცოტა ხანიც დაიცადე. ეს ბიჭი სად გაქრა, როცა არ გჭირდება დღედაღამ შენთანაა და როცა რამე საჩქაროა მაშინ იგვიანებს. -დაურეკე სად არის, რამე ხომ არ შეემთხვა? - ანერვიულდა ლაშა და ნიკოს გადახედა. -მეიცათ, მეიცათ. მოვა სად წავა. - საუბარში თორნიკე ჩაერთო. -კაი რა თოკიჩ, დაურეკე, სალაპარაკო მგონი მარტო შენ გაქვს. -არ გადის. - ზარის მოლოდინში გაუბედავად თქვა თოკომ. -ვაახ. -დამშვიდდით. - დაიწყო ნიკომ. ლოდინი ხშირად კარგი რამეა. როცა რამეს ელი, გულით გწადია და როდესაც შემდეგ გამოჩნდება უფრო მეტი აღტყინებით იღებ მას. -აჰა! - გადახედა ბიჭებს ანდრემ. - მგონი ჩვენი გენიოსი ნიკო დაგვიბრუნდა. გითხარით გენიოსია ან ფილოსოფოსი, ან ამ სამყაროზე ყველაფერი იცის-თქო. -კარგი, ნუ აჭარბებ. -არა, მართლა მასეა ნიკო. - მასთან ანდრე მიიჭრა და ბიჭებს შეახედა. - ესენი და თუ გინდ ნებისმიერი სხვა აიღე, როდესაც რაღაც გაუჭირდებათ მაშინვე თავში ხელს იკრავენ და ეს რა დავაშავეთო გაჰყვირიან. ლამისაა მუხლებზე დადგნენ და დაძირონ თავები, მაგრამ შენ, მიუხედავად იმისა რომ არაფერი გახსოვს შენი ცხოვრებისა, მსჯელობა მაინც იგივე დაგრჩა და ზუსტად ამას ველაპარაკებოდი ყოველდღე ჩემს ძმას. თითქოს ამ ქვეყნიდან არ ხარ. -აბსურდია! - შესძახა თოკომ. -ბიჭებო ჩხუბს დიდხანს აპირებთ? - ჩაერთო მია, რომელიც ამდენ ხანს ჩუმად უცქერდა ბიჭების ფორიაქს. - დარწმუნებული ვარ მაია გელოდებათ, თან გვერდში დგომა ნამშობიარები ქალისთვის ყველაფერია. ლაშა ადი შენ და ბიჭები დაელოდებიან ლეოს, როგორც კი მოვა ამოვლენ. ასე აჯობებს. -ზუსტად. - განაცხადა ლაშამ და ხელი ასწია. - ძლივს ნორმალურად მოაზროვნე. მე ავალ და გელოდებით ბიჭებო. ლაშა კლინიკაში შევიდა და შესვლის წინ ბოლოჯერ მოიხედა უკან. ბიჭები კვლავ კინკლაობდნენ, მხოლოდ მია და ნიკო იყვნენ განცალკევებით მათგან და ერთმანეთს ჩუმად უმზერდნენ. რაღაც ტკბილი და საამო შენიშნა მათში. -ანდრე, რას ფიქრობ აბა? - ჩაეძია თორნიკე. -რაზე? -რა გასწავლა ცხოვრებამ? -მე? ბევრი რამ ჩემო ძმაო. პირველ რიგში ის რომ ლეოს არ უნდა ანდო არაფერი! გაეცინა. -თუმცა საბოლოოდ მეგობრობას არავითარი ჯაჭვები არ უნდა არღვევდნენ და მარად ერთად უნდა იყვნენ ერთი სულის ადამიანები. ესაა ცხოვრების ხიბლი. -აკი შენც შეგძლებია, - უთხრა ნიკომ და მხარზე მაგრად მოეჭიდა, რომ არ წაქცეულიყო. -ათასში ერთხელ ჩემი იარაღიც ისვრის. - გაეღიმა ანდრეს და თბილად, გულმხურვალედ შეხედა გვერდით მდგომს. -აჰა, ლეოც! - საბამ დაიძახა შორიდან. როგორც კი საბას მიუახლოვდა მაშინვე კეფაში აფეთა სად დაიკარგე ამდენი ხანიო. -თაიგულს ვარჩევდი, ვაჰ! - დაიღრინა ლეომ. - მაიას უბრალო თაიგული ეკუთვნოდა? -არა, თაიგული მართლაც შესანიშნავია. რა ყვავილებია? თეთრი ვარდები, ხო? -გვირილები, შე ყოჩივარდა. - მუშტი მოუღერა ლეომ ბაჩოს და მკერდში ჩაარტყა. - გვირილების, ტიტების და ქრიზანთემების საუცხოო შეხამებაა. ეს ყვავილი მეც არ ვიცი, რაღაც უცხოურია, სახელი თავადაც დამავიწყდა. -ნაკითხი უნდა იყო ჩემო ძმაო, ნაკითხი. -შენ შენს დოცენტს მიხედე! - ლეოს მზერაში ეტყობოდა გამძვინვარებული ლომი ბუდობდა. ხელები ამიწევიაო საბამ და ლეოს გზა დაუთმო. -წამო ლეო, წამო, ამ გიჟებს ნუ უსმენ. - ანდრე მასაც გადაეხვია მეორე მხრიდან და ბიჭებს ხელით ანიშნა დამშვიდდით ყველაფერს ვაკონტროლებო. სამწუხაროდ ლეო დღის მთავარი თემა იყო, რადგანაც დააგვიანა და ამიტომ ყველა მისთვის გახუმრებას ცდილობდა. ყველანი შიგნით შევიდნენ. ნიკოც თავისი ფეხით გადაადგილდებოდა, უჭირდა და ნელა დგამდა ნაბიჯებს, თუმცა წონასწორობას არ კარგავდა და ცდილობდა ასე გაეგრძელებინა. ნიკოს სულ უფრო მეტი ეჭვი უჩნდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად ის იყო ვინც ამ ბიჭებს ეგონათ? იმედი ჰქონდა, მათთვისაც და მისთვისაც, მათთვის იმიტომ რომ იმედი არ გაეცრუებინა, მისთვის კი რადგან სცოდნოდა ვინ იყო საბოლოოდ. ტანჯავდა ფაქტი, რომ არაფერი ახსოვდა, მაგრამ მოსწონდა ის რომ მაშინვე გამოუჩნდა ადამიანი, ვინც მასზე იზრუნებდა. თუ მართალი იყო და არავინ ჰყავდა, ახლა მარტო აღარ იყო და ამისთვის ამ მსხვერპლის გაღება ღირდა. ანგელოზს შეაკითხეს, ღვთის საოცარ ქმნილებას, პატარა თაიას. ბაჩო უკან ამომდგარი ვიდეოს იღებდა, თაიგული ანდრეს ეკავა ხელში და იმ მომენტში პატარა თაიას დაჭერას ცდილობდა მამა, რომელიც უზომოდ ბედნიერი ჩანდა. კამერამ დააფიქსირა როგორ უღიმოდა გოგონას ლაშა და ცდილობდა მოფერებას. ისეთი ციცქნა იყო თითს ადებდა მხოლოდ ცხვირზე, ამასაც ვერ ახერხებდა, ესოდენ პატარა ცხვირი ჰქონდა, ეშინოდა ძაან არ ჩაეჭირა და არ სტკენოდა, თუმცა როგორც შეეძლო ისე ეფერებოდა. თბილი გამოხედვით, სიყვარულით სავსე მზერით და ღიმილით. ლაშა ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი გახლდათ, რადგან ოცნება აუხდა და პირველი საოცარი გოგონა ეყოლა... მამას გოგო. როგორც კი მია და ნიკოც შევიდნენ ჭიშკარში და ღიმილით მილოცვა დაიწყეს მაიას სახე ეცვალა და ლაშას გახედა, მერე ბიჭებს და შემდეგ ისევ ახალმოსულებს შეავლო თვალი. -ნიკო? - დაუძახა მაიამ და ყველამ ლაშას ცოლს შეხედა. -მოიცა, მოიცა, მაიკო იცნობ ამ ადამიანს? -არ ვიცი ლაშ, იქნებ მივამგვანე ვიღაცას წარსულიდან. -ნიკო ქვია, ზუსტადაც რომ... -ნიკო შენ ხარ? - კვლავ ჰკითხა მაიამ მას. -ქალბატონო, არ ვიცი, საქმეც მაგაშია. ყველა მეუბნება ნიკო, ნიკო, მე კი რეალურად არც ვიცი ვინ ვარ. -რას ქვია, არ იცის. - გადახედა ბიჭებს და ლაშას ხელში ატირებული თაია კვლავ მან დაიჭირა დასამშვიდებლად. -ნიკო, ჩვენი ძმა, ის ადამიანია მაია მე ანდრეს და თოკოს რომ შეგვხვდა რუსთაველზე. არაფერი გააჩნდა დახეული ტანსაცმლისა და საკუთარი თავის ამარა. შიოდა. ჩვენ კი სახინკლეში წავიყვანეთ. თუმცა მგონი ეს ისტორია შენთვის არც მოგვიყოლია, ამიტომ საიდან იცნობ? -ლაშ, გახსოვს გეუბნებოდი მეოთხე კლასში ბიჭს მოვწონდი-თქო? გულებს მიხატავდა სახლის წინ, ცეცხლით ანთებდა და სერენადის სიმღერებს მირთავდა მაგნიტოფონში. მოკლედ გადარეული იყო ჩემზე, თუმცა თქვენ ვიზეც მელაპარაკებით და მე ვიზეც ვსაუბრობ არ შეიძლება იყოს ერთი და იგივე პიროვნება. -რატომ? - განცვიფრდა ლაშა. - მის დანახვაზე ხომ... -იმიტომ რომ ჩემი ნიკო... -შენი ნიკო? - ალმოდებული მზერა შეანათა ლაშამ მაიას. -ანუ ჩემი ნიკო და თქვენი ნიკო, - ხელი გაიწვდინა იმ ადამიანზე, ვინც უხმოდ იდგა და აკვირდებოდა სიტუაციას. მაია თაიას დაძინებას ცდილობდა და პატარა გოგონა იკვებებოდა კიდეც. - გათიშე ეგ კამერა გეყოფა, აღარაა ამის გადაღება საჭირო. - ბაჩოს შეუღრინა ქალმა. - ის ნიკო, ვისაც მე ვიცნობდი მდიდარი ოჯახიდან იყო. აქამდე ვერ დაეშვებოდა, გამორიცხულია. შესაძლოა მივამგვანე მხოლოდ. -კარგი ძვირფასო, ახლა ნუ ვიჩხუბებთ. - დაძინებულს კვლავ ლაშა დაატარებდა თაიას, როდესაც ჭამას მორჩა. - ჩვენ საოცარ გოგოს ნუ გავაგებინებთ როგორ ჩხუბობენ მისი მშობლები და როგორ ეჭვიანობს მამა. - ბოლო სიტყვა ცოტა ხმამაღლა და გამოკვეთილად თქვა. - ყველაფერი კარგად იქნება. მიყვარხარ. ორივე მიყვარხართ. ძლიერ... ჩემი გოგოცუნები. თაიას ცხვირზე აკოცა, მაიას კი ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. გულში ძლიერ ჩაიკრა და ძლიერ სიამოვნებდა მისი ფერება.