ცხენები
ცხენები
1.თორნიკე ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა. ნაბიჯებს ბიტს აყოლებდა, თუმცა უცხო თვალისთვის მაინც ნელა მიდიოდა. ჯერ ჯოკრის მაგიდას ჩაუარა, შემდეგ სავსე კალათბურთის მოედანს. ერთი იფიქრა, სკვერში საქანელაზე ხომ არ ჩამოვჯდეო, მაგრამ მაინც გზის გაგრძელება არჩია. ვინმე ნაცნობი რომ გამოჩენილიყო, მოკითხვები და ლაპარაკი ძალიან ეზარებოდა. ჩამქრალი ლამპიონების რიგს გასცდა და ვიწრო ქუჩაზე შეუხვია. ბაბუა აქ ცხოვრობდა. სადარბაზომდე იქვე ავტოფარეხში გახსნილ თონეში შეიხედა. ცხელი ფქვილით სავსე ჰაერი ეგრევე სახეში დაეტაკა და თვალების დახუჭვა მოანდომა. პურის თაროები ცარიელი იყო, გამხდარი მეპურე კი თონის გვერდით ანთებულ გაზის ბალონზე შემომდგარ ტაფას ედგა თავზე. მელოტი კაცი დანით ტაფაზე რაღაცას კარაქს უსვამდა და მეორეს ფქვილიან წინსაფარზე იწმენდდა. თორნიკე არ დაუნახავს. - მალე იქნება?მეპურემ ამოიხედა და წამით თითქოს არ იცოდა, რას ეკითხებოდნენ. შემდეგ მიიწია და თონეში ჩაიხედა. თორნიკეც ცოტა მიუახლოვდა და ტაფაზე აწითლებული ხაჭაპური დაინახა, რომელსაც ზემოდან კარაქის სქელი ნაჭერი ადნებოდა. - 10 წუთში, უფროსო. უპასუხა კაცმა ღიმილით და ისევ ტაფას დაუბრუნდა. - დავუცდი. იქვე კორპუსის წინ ძელსკამზე ჩამოჯდა და მუსიკა ჩართო. დაღლილს ჩამოჯდომა ესიამოვნა. წამით თვალები დახუჭა და წინ ეგრევე ტაფაზე გამომცხვარი ხაჭაპური დაუდგა. არადა იფიქრებდი, რომ მთელი დღე პურის ცხობის მერე ისევ ცომის ჭამა არ მოგინდებოდა. თუმცა ამდენი თონის პურის მერე ხაჭაპური შეიძლება სასწაულადაც მოგეჩვენოს. ქარმა დაუბერა და თორნიკესაც ცოტა გააჟრიალა. საღამოს სიცივე ესიამოვნა. გაეღიმა, ისე უხაროდა დილით გაზაფხულის მზის დანახვა, რომ ცოტა თხლად ჩაცმა მოუვიდა. შერხეულ ტოტებს უყურებდა, როცა ყურსასმენებში ვიღაცის ხმამაღალმა ლაპარაკმა შემოაღწია. მის წინ ძველებურ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ასაკოვანი კაცი გაზეთით ხელში რაღაცას უხსნიდა შეკრებილ მეზობლებს. დანარჩენ, ლუდის დასალევად შეკრებილ, შუახნის კაცებს მის ლაპარაკზე ირონიულად ეღიმებოდათ და დროდადრო დამცინავად უქნევდნენ თავს. მოლაპარაკე სახეზე გაწითლებულიყო და პოლიტიკოსივით აფრიალებდა შავი მელნით შევსებულ ფურცლებს. დაკუჭული გაზეთის პირველი გვერდიდან კი თორნიკეს ზვიად გამსახურდიას სახე უმზერდა, რომლის ულვაშებიც ხან უღიმოდნენ და ხანაც უბღვერდნენ. ეცადა გაეხსენებინა, ბოლოს როდის იყიდა ან წაიკითხა გაზეთი, მაგრამ ამაოდ. არადა, ბავშვობაში მამასთან ერთად ბოლო გვერდზე სუდოკუების კეთება უყვარდა. ახსოვდა, როგორ უცდიდა ხოლმე ხელში ლურჯი კალმით, სანამ მამა კითხვას მორჩებოდა. არითმეტიკა სუდოკუში მეტი ჰქონდა ნასწავლი ვიდრე სკოლაში. მუსიკის გაჩუმების გარეშე დაძაბა სმენა, რომ პიჯაკიანი კაცის სიტყვები გაეგო. მის ტუჩებსაც დააკვირდა, ერთადერთი “ცოცხალია” გაარჩია. ამასობაში დანარჩენებს ყვირილის სმენა მობეზრდათ და ერთმანეთში კარტის დარიგება დაიწყეს. ჭაღარა კაცს უკვე აღარც უყურებდნენ და ისე პასუხობდნენ უინტერესოდ. მასაც ნელ-ნელა მობეზრდა მგლის თავზე სახარების კითხვა, ხელები სევდიანად ჩამოუშვა და მყარი ნაბიჯით გაჰყვა ვიწრო ქუჩას. პურის თაროზე ათამდე ცხელი შოთი ელაგა, მეპურე კი ნაზად ჭრიდა ახალგამომცხვარ ხაჭაპურს. ერთის ყიდვას აპირებდა, მაგრამ ჯიბიდან ორლარიანი ამოუვიდა და ბარემ მეორეც გააყოლა ხელს. ზედმეტი შოთი არ არსებობს. წინა კვირის გაზეთის ფარატინა ქაღალდში სითბო მარტივად ატანდა და ხელებსაც დაუწვავდა, ოსტატურად მხოლოდ თითის წვერებით რომ არ ჭეროდა. ბევრი არ უფიქრია, მარჯვენათი ყველაზე გემრიელი შესახედაობის ყუა მოგლიჯა და ხარბად ჩაკბიჩა. სანამ სადარბაზოში შევიდოდა ფურცლებზე წარწერებისკენაც გააპარა თვალი, მაგრამ ზედ ვერც სუდოკუ და ვერც საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახე ვერ დაინახა. მხოლოდ რამდენიმე ისეთ უხალისო სათაურს მოჰკრა თვალი, როგორების დამახსოვრებაც ადამიანებისთვის შეუძლებელია. გასარემონტებელ სადარბაზოში რომ შევიდა, შეამჩნია, რომ ახალი არაფერი შეუმჩნევია. არადა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ყოველ შემოსვლაზე ეხამუშებოდა, ჯერ რომ ხმამაღალი ტკაცანი ისმოდა და მერე ხელოვნური თეთრი შუქი თვალებს ტკენდა. თითქოს ყოველი შემობიჯებით საბედისწერო მექანიკურ მახეს ამოქმედებდა ხოლმე, რომელიც ისე დაძველებულიყო, რომ თავის ერთადერთ მოვალეობასაც კი ვეღარ ასრულებდა. ეტყობა, შუქი არ იყო. სადარბაზოში მარტო მარცხენა კედელთან ჩალაგებული გაზის მრიცხველები ციმციმებდნენ წითლად. პირგამოტენილმა თორნიკემ, ტრადიციისამებრ, განცხადებების დაფას შეხედა, მაგრამ სიბნელეში სანტექნიკისა და ვინდოუსის გადაყენების შავ-თეთრი რეკლამები, ჩვეულებრივზე უფრო განწირულად გამოიყურებოდნენ. კარი ღია დახვდა და პირდაპირ პატარა სამზარეულოსკენ წავიდა. პური მაგიდაზე დადო და საჭმელი შესათბობად დაადგა. შემდეგ სასტუმრო ოთახში გავიდა და ბაბუას ოთახის კარზე მიუკაკუნა. - ბორში დავადგი და დამეწვევი? დაუძახა.- აბა რას ვიზამ?! ათ წუთში გამოვალ. მხიარული, მაგრამ საქმიანი ხმით უპასუხა ნიკო ბაბუმ. თორნიკეს აინტერესებდა რითი ირთობდა თავს ბაბუამისი, მაგრამ მისგან ძირითადად არაერთმნიშვნელოვან პასუხებს იღებდა. ყველაზე ხშირად მაინც ძველ გაფუჭებულ რადიოს უკირკიტებდა ხოლმე. თორნიკესაც უნდოდა შეკეთებაში დახმარებოდა, მაგრამ ბაბუს თავის მყუდრო ოთახში მარტო ყოფნა ერჩივნა. ბოლო დროს ლექციების შემდეგ აქ გამოსვლას მიეჩვია. სახლში სულ ხმაური იყო. ბაბუასთან უფრო მშვიდად მეცადინეობდა. ყოველ შემთხვევაში, მშობლებს ამ მიზეზს ეუბნებოდა. ნიკო თითქმის მთელი დღე თავის ოთახში იყო შეყუჟული და თორნიკეს მთელი ბინა თავისთვის რჩებოდა. ხანდახან მართლა მეცადინეობდა, მაგრამ ძირითადად მუსიკის სმენასა და თამაშში გაჰყავდა დრო. ბაბუას ძველებური, ცოტა მოუვლელი ავეჯიც მოსწონდა, რომელსაც თორნიკეს აზრით მშრალი ხის სუნი ასდიოდა. მოჩუქურთმებული, მაგრამ უკვე შელახული სავარძლები, რომლებშიც ჩაჯდმოსისას სასიამოვნო ჭრიალი ესმოდა. ასევე ერთობოდა მთელ ბინაში მიმოფანტული პატარა ნივთებით, რომლებიც მასზე ბევრად უფროსები იყვნენ. უცნაურ საფერფლეებს, შანდლებსა და გაუგებარი დანიშნულების ჩოთქებს ყოველ დღე ხვდებოდა, ხელში იღებდა და ათამაშებდა, მაგრამ არასდროს ახსოვდა, რომელი სად უნდა დებულიყო. განსაკუთრებით კარადის თავზე შემოდებული პირღია თევზების ფორმის მქონე ოქროსფერი შანდლები უყვარდა. ამ, ერთ დროს მდრიდრული გარეგნობის მქონე, თევზებს ხშირად აბლაბუდაში გახვეულებსაც პოულობდა. ერთხელ ერთს ობობა პირდაპირ პირშიც კი ეჯდა, სანთლის ჩასადებ ადგილას. ბაბუა საღამოობით გამოდიოდა სამზარეულოში საჭმლის გასამზადებლად. თუმცა ნიკოს მაინცდამაინც კარგი ხელი არ ჰქონდა და რაც ცოტა წამოიზარდა, თორნიკე უფრო ხშირად ამზადებდა საჭმელს, როცა ბაბუასთან რჩებოდა. საჭმელს თორნიკეს დედის ნაყიდ, ახალ, ლურჯ თეფშებზე გადმოიღებდნენ ხოლმე, პატარა მაგიდას მიუსხდებოდნენ და დრო ლაპარაკში გაჰყავდათ. სანამ ისევ თავ-თავიანთ სიჩუმეს დაუბრუნდებოდნენ. დაბინდულ სამზარეულოში თორნიკემ მოკრძალებული სუფრა გააწყო და სანამ ნიკოს უცდიდა, რადგან კომპიუტერს ვერ ჩართავდა, ფანჯრიდან დაიწყო ყურება. ხალხს უმიზნოდ ათვალიერებდა: გადახურულში ლუდს სვამდნენ და ჯოკერს უბერავდნენ, ზუსტად მის ქვემოთ თბილად ჩაცმული ქალი ეტლით ბავშვს ასეირნებდა, წინა კორპუსთან კი ძაღლები ეძიძგილავებოდნენ ერთმანეთს, ის ზვიადისტი კაცი კი ისევ ვიღაც გამვლელს უბურღავდა ტვინს თავისი გაზეთით. ცოტა ხანს ისევ იყურა იმ იმედით, რომ უკვე ბევრჯერ შემჩნეული გრძელთმიანი გოგო გამოივლიდა თავის დიდ ძაღლთან ერთად, მაგრამ - ამაოდ. - თორნიკე, რას ამბობენ ინტერნეტში, ბორშიც მეორე დღესაა უფრო გემრიელიო? გამოვიდა ოთახიდან ბაბუა და თან ეკლესიის მსგავსი მძიმე სუნი გამოიყოლა. -რა ვიცი აბა, კინაღამ ჩაგეწვა გუშინ. რომ იჭმევა, ეგეც მიხარია. რა სუნია? გაუღიმა დაეჭვებულმა თორნიკემ. -მაღაზიაში სურნელოვან სანთლებზე ჰქონდათ დღეს ფასდაკლება და, ბარემ, ორი ცალი გამოვაყოლე ხელს. ერთი შენ დაგიტოვე. უკვე ჩამომჯდარმა ნიკომ ტუმბოზე დადებული მოწითალო, მსუქანი სანთლისკენ მიუთითა. ბაბუას უსარგებლო ნივთების შეგროვება უყვარდა. -სუნი - დიდი ვერაფერი. რად გინდოდაო - მეტყვი, მარა აგერ, დღეს სინათლისთვის მაინც ხომ გამოგვადგება?! შეგვიძლია სადილის მერე ნარდი ვითამაშოთ. გაიკრიჭა წვერგასაპარსი ნიკოც.-მაინც უნდა მოგიგო და… - ნიშნის მოგებით ჩაურტყა თორნიემ.-ისევ ჩემგან ნასწავლი ტრიუკებით არ უნდა მომიგო მერე?! ორივე ვარიანტში მე ვარ მოგებული. შენ კიდე, შვილო, არწაგებაც გიხარია. -დაიწყე თამაში და ვნახოთ, ბოლოს ვინ იქნება გახარებული. ორივეს შიოდა და ჭამისას ნაკლებს ლაპარაკობდნენ. მეორე დღის ბორში მართლაც უფრო გემრიელი აღმოჩნდა. როცა მორჩნენ, თორნიკემ სუფრა აალაგა და დასარეცხ ჭურჭელსაც რამდენიმე წუთში გამოუყვანა წირვა. ნიკომ კი ამასობაში თავისი ძველი, დასატენი სანთებელათი სანთლები აანთო და მაგიდაზე ნარდი გაშალა. როცა თამაშის დასაწყებად მზად იყვნენ უკვე გვარიანად დაბნელებულოყო და ნარდის დაფაც მთელ ბინაში ერთადერთ განათებულ სივრცეს წარმოადგენდა. მოჭუტული თვალებისთვის სანთლის მოწითალო შუქს დაფის სვეტები ბებერი ხის მერქანზე გაკლაკნილი ბზარებისთვის დაემსგავსებინა. ნიკომ ის ხელი ღმერთივით ითამაშა. თორნიკე ბოლოს იმასაც ფიქრობდა, რომ წინასწარ იცოდა რა გაუგორდებოდა და ქვებსაც მაგის მიხედვით ალაგებდა. ბაბუამისთან მარსით ალბათ უკვე წლები არ ექნებოდა წაგებული. -მასე იცის ბევრმა ტრაბახმა. დამცინავად უღიმოდა ბაბუა, როცა თორნიკე ბოლო სვლაზე უშედეგოდ ეძებდა ერთი ქვის გაყვანის გზას მაინც. ნარდზე დიდად არ გიჟდებოდა, ნიკოს გარდა თითქმის არავის ეთამაშებოდა. მაგრამ ასე სამარცხვინოდ წაგებას მაინც არ ელოდა. -გინდა კიდე? შესთავაზა თორნიკემ. -დღეს ვერა, ახლა ერთ სტუმარს ველოდები და მერე სამუშაო მაქვს. ხვალაც გეთამაშები, თუ მოხვალ. საუბარი თორნიკეს ტელეფონის წკრიალმა გააწყვეტინათ. გოგა წერდა, თინასთან ერთად იყო და იპოდრომზე გასვლა უნდოდათ. სახლში უშუქოდ ჯდომა ისედაც ეზარებოდა და პარასკევს საღამოს მეგობრების ნახვას მაინც ვერ გაექცეოდა. -მეც გავალ ახლა ცოტა ხანში. ვის ელოდები, ბაბუ?-ძველი მეზობელია, ამხანაგობის საქმეზე ამოდის. ტვინი წაიღეს რა, რამის ფულია ასაგროვებელი ან ისევ თავმჯდომარეობა უნდა შემომთავაზონ. მაგათ უსაქმური ვგონივარ, ხო იცი შენ?!თორნიკეს გაეცინა. -ისე, რა ევალება ბაბუ კორპუსის ამხანაგობას?ჰკითხა ნახევრად ხუმრობით. -აზრზე არ ვარ და არც მინდა ვიცოდე. ლიფტი ჩვენ არ გვაქვს და ეს განათებებიც იმიტომ დაამონტაჟეს ხალხს რო გული შეუჭამონ მაგათზე ლაპარაკით. ეგრე არიან, ოცი წელია ამ სახლში ვცხოვრობ და სისხლის გაშრობის და საარჩევნოო სიებით სირბილის მეტი მაგათგან არაფერი მახსოვს. ან მე რაში ვჭირდები, ნეტა ეგ გამაგებინა…-შენ ყველას ევასები, ბაბუ, - ზურგზე ხელი მოუტყაპუნა თორნიკემ.-შენს პირს შაქარი. გაეცინა ნიკოს შვილიშვილის ქათინაურზე.*** მეგობრებს კვარტალის შესახვევთან ელოდა. ნიკოსთან ყოველი შემთხვევისთვის დატოვებული მოსაცმელი მოეხვია. ამოწმებდა, სუნთქვისას ორთქლს თუ უშვებდა, მაგრამ სიბნელეში ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა უჭირდა. გოგას პატარაობიდან იცნობდა. ეზოში ერთად ჩადიოდნენ ხოლმე და დაწყებითი კლასებიც ერთად გამოიარეს, სანამ თორნიკეს სხვაგან გადაიყვანდნენ. კალათბურთის ერთად თამაში უყვარდათ და შარშიც სულ ერთად ეხვეოდნენ. თორნიკე ვეღარც გაიხსენებდა უბანშუ რამდენი უსიამოვნო თემა ექნებოდა გოგას მისთვის მოგვარებული. რაც ცოტა წამოიზარდნენ, ძირითადად საღამოობით ფლეისთეიშენზე თამაშობდნენ და გოგოებს განიხილავდნენ. თინა თხუთმეტი წლისამ “წარმატებული მოსწავლეების” ბანაკში გაიცნო. თმა ვარდისფრად ჰქონდა შეღებილი და მაისურზე DARK SOULS-ის მზე ეხატა. აღმოჩნდა, რომ თინაც მისი და გოგას მეზობელი იყო, უბრალოდ, ეზოში გამოსვლა არ უყვარდა. მთელი ორი კვირა ღამეებს თამაშებზე და წიგნებზე ლაპარაკში ათენებდნენ. ამოღამებული სახეების გამო ჭორიკანა ბავშვებმა “ზომბი შეყვარებულებიც” კი შეარქვეს. თუმცა ამაზე ორივეს ეცინებოდა. ქალაქში რომ დაბრუნდნენ და მეგობრობა გააგრძელეს, თინა ჯერ შემოდგომის რამდენიმე თვე გოგას უყვარდა, შემდეგი ორი სეზონი კი - თორნიკეს. ორივეს - უშედეგოდ, დრო გადიოდა და მაგ ამბებს სულ უფრო იშვიათად ახსენებდნენ. როცა მეგობრებს შეურთდა, თინა და გოგა ერთ-ერთი ძალიან ცნობილი სერიალის დასასრულს განიხილავდნენ. თინას მიაჩნდა, რომ გადამღებ ჯგუფს დასასრული ძალიან ცუდი გამოუვიდა, რადგან ყველანაირი მაყურებლისთვის მოსაწონი და გასაგები პროდუქტის დადება სცადეს, რითაც საკუთარი ხმის თვითმყოფადობა საბოლოოდ ჩაახშეს. გოგას აზრით კი, მაგარი ეპიკური და შთამბეჭდავი ფინალი გამოსვლოდათ. განსაკუთრებით ანიმირებული დრაკონის ცოცხალი დიზაინი მოსწონდა. თორნიკეს ეს სერიალი არ ჰქონდა ნანახი და ყურებაზე მეტად საყოველთაო განხილვაში საკუთარი აზრის ჩამოყალიბება ეზარებოდა. -თან გაქვს ყველაფერი? ჰკითხა გოგამ.თორნიკემ მშვიდად დაუქნია თავი და მეგობრების დასანახად ზურგჩანთა შეისწორა. სიცივეში ჩქარი ნაბიჯით მიჰყვებოდნენ მანქანებით სავსე ქუჩას. დათქმულ ადგილზე მისვლა ეჩქარებოდათ. ზამთრის მერე პირველ გამოძახებას აპირებდნენ. სამივე მეგობარი აღტაცებულ სიჩუმეში ჩაძირულიყო. ქალაქის მტვრით დაბურული ციდან სავსე მთვარე დაჰყურებდათ. ბუნება იღვიძებდა და სულებიც უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ დედამიწას. წასულებთან საუბარმა მონატრება იცის. 2. ახალი კორპუსის პარკინგთან მოუხვიეს. ყვითლად განათებულ დაცვის ჯიხურს ჩაუარეს და ყოფილი იპოდრომის გვირაბში შეაბიჯეს. პირველად მოსაწევის სუნის ძლიერი ტალღა შეეგებათ, რასაც რამდენიმე წამში ბნელ, გაშლილ სივრცეში მოხვედრის შვება მოჰყვა. მინდორი თითქმის ცარიელი იყო. მთელს იპოდრომზე მხოლოდ ორი კაცს ხედავდნენ, რომლებიც ზორბა ძაღლებს ასეირნებდნენ. სიბნელეში ძაღლები საშიშებად ეჩვენებოდა, მაგრამ თავად ცხოველები მას იშვიათად თუ მიაქცევდნენ ყურადღებას. სწორიც იყო - დღისით ქუჩაში პატარა ძაღლები სეირნობენ, ქალაქის ნამდვილი მეფეები კი დაბნელების შემდეგ გამოჰყავთ ვეზირებს. -ნანგრევებში ავდივართ? იკითხა გოგამ. -კი ბატონო, თუ არავინ არ დაგხვვდა.თორნიკემ ცენტრალური ბილიკიდან გადაუხვია და მეგობრებს ხეებში შეუძღვა. -სულ საშინელი სუნი დგას მაგ ნანგრევებში. უფრო ზემოთ რომ ავიდეთ? დაიწუწუნა თინამ და შეციებული ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო. -იქით მეტი ხალხია ხოლმე. შემთხვევით იმ სატანისტებს რომ გადავეყაროთ?! თან, სუნს მაინც მარტივად გავფანტავთ. დაამშვიდა თორნიკემ. -ჰო, თან ზემოთ უფრო ეციება და ეგეც გატეხავს, - დაეთანხმა გოგა. -ეგრე იყოს. აღარ შეეკამათა თინა. ხის სკამებზე მსხდომ რამდენიმე ჯგუფს ჩაუარეს. ზოგი ლუდს სვამდა, ზოგიც ეწეოდა. მრგვალ მაგიდასთან ვიღაცები უბრალოდ ჭორაობდნენ და დინამიკით ხმამაღლა უსმენდნენ მუსიკას. სიბნელეში, სავარჯიშო რკინებთან ერთადერთი მოკრივე იდგა და დაუღალავად ურტყამდა მუშტებს სამიზნეს. მისი სუნთქვის სწრაფი რიტმი მუსიკაში ჩაკარგულ ღამის ხმებს ერწყმოდა და მეგობრებისთვის ნაცნობ ხმოვანებას ქმნიდა. თორნიკე ფიქრობდა, რომ ეს მოკრივე როდესმე მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა. ფილმებში სულ მასეთი ტიპები იქაჩებოდნენ ხოლმე. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ვერდამთავრებული საჯინიბოს კედლებს შორის იდგნენ და ცას უყურებდნენ. მხოლოდ ბუჩქების შრიალი ისმოდა, ქალაქის ხმები აქამდე უკვე ვეღარ აღწევდნენ. სამივენი ღრმად სუნთქავდნენ და ნაცნობი გრაფიტებით მოხატულ ბეტონს უყურებდნენ. თინამ ტელეფონის ფანარი აანთო და კედელთან ახლოს მივიდა. ახალ წარწერებს აკვირდებოდა.-ვიღაცის რეპის ტექსტებია და კიდევ ახალი, ლურჯ-თეთრი ზებრაა მიხატული.-ნეტავ, ამათ ვინ ჯღაბნის ხოლმე? ჩვენ როგორ არასდროს ვხვდებით?! გაიკვირვა გოგამ. -შენ რა იცი, იქნებ ჩვენზე გვიანაც მოდიან ხოლმე ვიღაცები და ეგენი ხატავენ. მართლა სულ აქ ხომ არ ვართ. აგერ, ზამთარში სულ ერთხელ ვიყავით, - გაუცინა თორნიკემ. -კაი, შანსი არაა! კაციშვილი არ მოდის აქ ზამთარში. მე არავინ მინახავს. -მე მოვსულვარ მარტოც და ძალიან შემცივდა, - მოუჭრა თინამ. გოგას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მერე ხელი ჩაიქნია და თემის შეცვლა გადაწყვიტა. ჩუმად მდგომ თორნიკეს მიმართა: -არ დავიწყოთ? უკვე დრო იყო. თორნიკე გრძნობდა, რომ გულის ცემა უჩქარდებოდა. გამოძახების წინ ყოველთვის ეჭვები უჩნდებოდა და ფორიაქი იტანდა. ცივი ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა, თვალები დახუჭა და თმები ორივე ხელით აიჩეჩა. გარემო მართლაც მომწიფებულიყო. კანით გრძნობდა იმ ბილიკებს, რომლითაც სულები ღამ-ღამობით მოგზაურობდნენ. ნამდვილად ძლიერ გზაჯვარედინზე იდგნენ. მიღმიერი სამყაროს არსებობაში რომ დარწმუნდა, ამოისუნთქა და თვალები გაახილა. თინა და გოგა ისევ იქ იდგნენ, დანგრეული კედლებიც არსად წასულან. გიჟი ნამდვილად არ იყო. -დავიწყოთ. ბურთი გააძრე. უთხრა გოგას. გოგას ორჯერ თქმა არ დასჭირვებია. ძმაკაცის სიტყვებით შეგულიანებულმა ჩანთის გახსნა დაიწყო. ამასობაში თინა კი რიტუალის გამზადებას შეუდგა. -მე სანთლებს დავალაგებ. აქ წავა? - ბეტონის იატაკის ცენტრზე მიუთითა. -კი, კაი ადგილია. -წრეზე დავანთო თუ სამკუთხედზე? დარიჩინიც წამოვიღე და გამოგვადგება? -წრეზე იყოს. დარიჩინი კაია, შუაში მოაბნიე და ცოტა ცეცხლი მაგასაც გადაატარე. -ოქეი. ისე, მთლიანად ჩემით მოხმობდა როდის უნდა მასწავლო? მეორე წელი გადის უკვე. -კარგი, რა. რა უნდა გასწავლო. ჩემით ძლივს ვწვალობ რაღაცას, ყოველ ჯერზე მეშინია, ენა არ გადამეყლაპოს. მე რომ მასწავლის ვინმე წესიერად ბოლომდე, ეგრევე მოგიყვები, ხო იცი. -მასე დაპირება იცი შენ, მარა მერე აღარ ხარ ხოლმე შემსრულებელი. გიტარაზე დაკვრაზეც მასე მითხარი ოთხი წლის წინ, - უთხრა აშკარა დამცინვით და თორნიკეც მაშინვე წამოეგო. -ოჰ! რატო… -საქმე, თქვეჩემა! შეაწყვეტინა გოგამ და ძმაკაცს ძველი ფეხბურთის ბურთი გადაუგდო. თორნიკემ დაიჭირა და დაფუშულ ტყავის სფეროს ახლოდან დააკვირდა. ძალიან ძველი იყო. თავის დროზე ყავისფერი გარსი ცვეთისგან სულ განაცრისფერებოდა. რამდენიმეგან აშკარად გადაკრული და ამოკემსილიც იყო. ხელშიც ისე უხეშად ეჯდა,თითქოს ბურთი უბრალოდ ძველი კი არა - ბებერი და ჯაჯღანაც იყო. და რაც მთავარია, ტყავის ერთ-ერთ ნაგლეჯზე შავი ასოებით დიდად ეწერა “მ.მ.”. -მიშა მესხი კი არა, რო გეთქვა დავით აღმაშენებელი ამით ურტყამდა დიდგორზე ჯარიმებსო, მაგასაც დაგიჯერებდი. თავისსავე ხუმრობაზე გაეცინა გოგას. -დავითა უფრო კუთხურებს აწვდიდა და მერე ყივჩაღებს თავით გაჰქონადათ, - არ ჩამორჩა თინაც. სანთლებზე მომუშავე თორნიკემ კი ისე ამოიხვნეშა, იფიქრებდით - ცხოვრება მობეზრებიაო. თუმცა მასაც ძალიან უყვარდა თინას და გოგას უკბილო ხუმრობები. -სიგარეტი გინდათ? შესთავაზა გოგამ. ორივემ თავი დაუქნია, თინას სარიტუალო მაგიდა უკვე გაემზადებინა. ცივი ჰაერი ნელ-ნელა ეკლესიის სანთლებისა და თბილი დარიჩინს სუნით იჟღინთებოდა. მათი თვალებიც მთვარის ნათებას უკვე მთლიანად მისჩვეოდნენ. თითქმის ყველაფერი მზად იყო. -წითელი მარლბოროა. შენ კარგად დაგაბოლებს, გაუღიმა გოგამ, -არადა, სულ მეგონა, რომ შამანები ბევრად სერიოზულ დრაგებზე ისხდნენ. -ვიღაცები ალბათ სხედან კიდეც. მაინც პლაცებოა ეგ ყველაფერი. იცოდე, შამანს ნუ მეძახი! ჰა-ჰა მედიუმობაზე გავქაჩო და ეკეც კოჭლობით. გამოართვა ღერი და სანთებელა თორნიკემ. მხოლოდ გამოძახებისას ეწეოდა. მოკიდებისას ბოლი ეგრევე ფილტვებში ჩაუშვა და ბოლომდე გააჩერა, სანამ ხველება არ აუტყდა. იცოდა, რომ ჩამწვარი ფილტვებით ამაზე კარგად უკვე ვეღარ მოქაჩავდა. თუმცა თორნიკეს გონებისთვის, ესეც საკმარისზე მეტი იყო. ხველა რომ დაუწყნარდა, უკვე თავბრუ ეხვეოდა და გარშემო ყველაფერი თხელ ბურუსში გახვეულიყო. იცოდა, რომ მიწასთან კავშირი შესუსტებოდა, მაგრამ გარშემო სივრცეში გამავალ ბილიკებს უფრო მკვეთრად ხედავდა. სინათლის ამ განტოტვების დანახვისას ყოველთვის სიტყვები “ვარსკვლავური მტვერი” ახსენდებოდა. ატმოსფეროს განმსჭვალავი ეს მილაკები იმდენად ბუნებრივად მიდი-მოდიოდნენ, რომ თორნიკეს დავიწყებოდა სულ ორიოდე წუთის წინ რა ეხამუშებოდა. უკვე აღარ ეშინოდა. სიკვდილი ხომ უბრალოდ ილუზიაა. ყველაზე ჩვეულებრივი ტყუილი, რომელიც მხოლოდ მაშინ იმარჯვებს, როცა მისი გვწამს. სინამდვილეში ხომ ყველა ადამიანი რომელიც როდესმე მომკვდარა დღესაც ცოცხალია. -კარგად ხარ? დავიწყოთ? თინას ბურთი უკვე წრის შუაში მოეთავსებინა და თორნიკეს უყურებდა. -ძაან მძიმე ხო არ იყო შენთვის? ისევ დასცინა გოგამ, რომელიც წრის უკან პირდაპირ ცივ ქვაზე ჩამომჯდარიყო. -იცოდე, ბურთთან ფრთხილად იყავი, ბიძაჩემი მომკლავს რამე რომ მოუვიდეს. -რა უნდა მოუვიდეს, ხელს მოვკიდებ უბრალოდ.მეგობრის სიფრთხილეზე გაეღიმა თორნიკეს. -მზად ვარ, მოთავსდით თქვენც და ცოტა ხანი ჩუმად იყავით. თქვა და ანთებული სანთლების წრეში ჩადგა. ბურთი ხელებს შორის მყარად მოიქცია, ცას ახედა და გონებაში მესხის თამაშის კადრების ტრიალი დაიწყო. თვალწინ დაუდგა, შავ-თეთრ ფირზე აღბეჭდილი ბურთის წინ და უკან ტარება და დამცველების გაუთავებელი ტანჯვა. უკვე ბილიკს ხედავდა, ზუსტად იცოდა ვინც უნდა გამოეხმო. ხელები უხეშ ტყავს უფრო მაგრად მოუჭირა და გრილი ჰაერი ღრმად შეისუნთქა. როცა მოდუნდა, კავშირი უკვე დაემყარებინა. თინას და გოგა გასუსულები ისხდნენ. -რა ხდება? სად ვარ? აქ როგორ მოვხვდი?მოესმა თორნიკეს უკნიდან. რომ შეტრიალდა შავ სპორტულებში ჩაცმული ჭაღარა კაცი დაინახა, რომელიც გარშემო თვალებს აცეცებდა. თითქოს, ხედვა უჭირდა. თორნიკესაც თავბრუ დაეხვა, წაბორძიკდა და იატაკზე ჩამოჯდა. მეგობრებს მოჩვენებისკენ ანიშნა. -ყველაფერი ნისშლია. მე აქ არ მოვდიოდი… -დამშვიდდით, ბატონო მიხეილ. ჩვენ დაგიძახეთ, უბრალოდ თქვენთან ლაპარაკი გვინდოდა. იმედია, ძალიან არ მოგაცდინეთ. მყარი ხმით მიმართა თინამ. გოგა ჯერ კიდევ გახევებული უყურებდა კაცს, რომელიც ერთ ჩვეულებრივ ბაბუას ჰგავდა. - ვინა ხარ, შვილო… საქართველოში ვარ? - დიახ, ბატონო მიხეილ. თბილისში ვართ, დამშვიდდით და თქვენც შეძლებთ დანახვას. თინა მოჩვენებასთან ახლოს მივიდა და პირდაპირ სახეში შეხედა. - მე თინა მქვია, ეს გოგაა, ეს კი - თორნიკე. აქ ყველანი მეგობრები ვართ, დიდხანს არ შეგაწყენთ. თორნიკემ მეგობარს მოწონების ნიშნად ცერა თითი აჩვენა, ხმის ამოღების თავი ჯერ არ ჰქონდა. მოჩვენებამ ჯერ თინას გაუსწორა თვალი და შემდეგ ბიჭებსაც დააკვირდა. ბოლოს გარშემო მიმოიხედა და ქალაქის ხედებს დააკვირდა. -ეს თბილისია? რომ არ მეცნობა? დაეჭვებულმა იკითხა. -დიახ, ახლა ყოფილ იპოდრომზე ვართ, 2019 წელია. ჯერ კიდევ ეჭვის თვალით იყურებოდა გარშემო სანამ თვალი მთაწმინდაზე მდგომ ანძაზე არ შეაჩერა. შემდეგ სახე დაუმშვიდდა. თითქოს, ყველაფერი გაახსენდაო. ჭაღარა წარბები მოადუნა, ქვაზე ნელა ჩამოჯდა და ხმამაღლა ამოიხვნეშა. -დიდი ხანია წავსულვარ უკვე, აი. საქართველოში ვართ თუ ისევ საბჭთა კავშირში? -საქართველოში, ბიძაჩემო. თითქმის ოცდაათი წელია რაც დამოუკიდებლები ვართ. პირველად ამოიღო ხმა გოგამ. -კარგია. უპასუხა კაცმა და შემდეგ ფიქრში ჩაიძირა. ორჯერ კითხვის დასმა დააპირა, მაგრამ ორივეჯერ გადაიფიქრა და დუმილი ამჯობინა. თითქოს, ისეთ კითხვას ეძებდა, რომლის დასმასაც აზრი ექნებოდა, მაგრამ ვერაფერს პოულობდა. ბუნებრივად სევდიანი თვალწარბი ჰქონდა. სიჩუმის დარღვევა არავის უნდოდა. თინამ სიგარეტს მოუკიდა და ძლიერი ნაფაზებით დაიწყო მოწევა. ღერი მოქნილად და ლამაზად ეჭირა. ბოლის ყოველი ამოსუნთქვით დაძაბულობის გაფანტვას ცდილობდა. თორნიკეს გაახსენდა, რომ როცა თვითონ გოგასთან ერთად პირველად უსინჯავდა გემოს, თინას მოწევისთვის ერთხელ უკვე დანებებული ჰქონდა თავი. -ფეხბურთის ნაკრებიც ჩვენი გვაყვს. საქართველოს ნაკრები ჰქვია. გაფანტა სიჩუმის ღრუბლები გოგამ. -რამდენჯერ მიოცნებია საქართველოს ნაკრებში თამაშზე. კარგი გუნდი გვყავს? სასხვათაშორისოდ იკითხა ქართული ფეხბურთის ლეგენდამ. -დიდი ვერაფერი. მაგრამ თუ იგებენ, ძალიან გვიხარია ხოლმე. ხორვატიას მოვუგეთ რამდენიმე წლის წინ ერთით ნოლი, გოლი ბოლო წუთზე გავიტანეთ. მე და თორნიკე მოედანზე ვიყავით და კინაღამ გავაფრინეთ სიხარულისგან. თორნიკეს ძველ ამბის გახსენება ესიამოვნა. აღიდგინა, რამდენად განსაკუთრებული გრძნობა იყო გაამრჯვების შემდეგ უმანქანო ქუჩებში სხვა ბედნიერ გულშემატკივრებთან ერთად სახლისკენ სიარული. ამ ამბის გაგონებაზე მოჩვენებამაც გაიღიმა და წელში გაიმართა. -ერთი ეს მითხარით, შვილო. ბატონ მიხეილს რატომ მეძახი? უჩა მქვია მე. -უკაცრავად, მაგრამ თქვენ მიშა მესხი არ ხართ? გაუკვირდა გოგას. -არა, რას ამბობთ. აბა სად მე და სად მიშა?! გაეცინა კაცს. -მიშა მესხის არ იყო ეგ ბურთი? გაუკვირდა თინას. -რა ბურთი?! -აი, ეს. თქვა თორნიკემ და მოჩვენებას ტყავის ბურთი გაუწოდა. კაცს ცისფერი თვალები გაუფართოვდა. -ჩემი ბურთია ეგ. კი ბატონო, მიშას ხელმოწერა აქვს. ჩემით ვთხოვე ერთხელ ვარჯიშზე მოსულს, მაგრამ ჩემს გარდა ერთი ოც კაცს მოუწერა იქ კიდევ. -ერთად თამაშობდით? იკითხა გოგამ. მოჩვენებას ისევ გაეცინა. -ვინ მათამაშებდა მიშასთან ერთად, თუ ძმა ხარ. დუბლებში სკამზე ვიყავი ორი წელი და მერე შევეშვი ფეხბურთს. ტრენერმა მითხრა, არაა შენი საქმეო. მეც წამოვედი, შვილო, და ეგ ჩემი ბურთიც წამოვიღე. წესით, აკადემიის იყო, მარა მიშამ ხელი მე მომიწერა და მაგიტომაც წამოვიღე. თქვენ ხელში როგორ აღმოჩნდა? თორნიკემ გოგას გახედა. -ჩემმა ბიძაშვილმა თავის უბნელს მოუგო მაზიანზე. მარა მოუტყუებია იმას, მიშა მესხის ბურთი ეგონა. თორნიკეს რომ მოვუყევი, იფიქრა მიშა მესხის სულის გამოძახებაში მოგვეხმარებაო. -ვაი, ჩემი ცოდვა. ჩემი ბიჭის პირველი ბურთი იყო ეგ. დინამოდან რომ წამოვედი და სარევიზიოში დავიწყე მუშაობა, სამი წელი ბურთისთვის ფეხი არ მქონდა მიკარებული, სანამ ალეკომ არ მთხოვა: მამა მეთამაშეო. დაბნეულმა უჩამ შუბლზე აიფარა ხელი, წაბორძიკდა და ბეტონზე ჩამოჯდა. -ბოდიშს გიხდით, არ ვიცოდით თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო. თქვა თორნიკემ. -სულ არ სჭირდება ეგ ჩემ ბიძაშვილს. დაგიბურნებთ ახლავე. აჰყვა გოგა. უჩამაც ხელი გაიშვირა, გადმომიგდეო. -გოგა! მკაცრად თქვა თინამ, მაგრამ თორნიკეს ბურთი უკვე გაგორებული ჰქონდა. გაცვეთილმა ბურთმა ნელა გაიარა უჩას მონდომებით გაწვდილ ხელებში და შემდეგ მის უკან ბალახში ჩაგორდა. კაცი გადაიხარა, რომ ბურთი ამოეღო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ნამდვილ ნივთთან შეხება აღარ შეეძლო. ხელები უღონოდ ჩამოუშვა და თავის ადგილს დაუბრუნდა. -ეჰ, არ ყოფილა საშველი. ამოიხვნეშა ისე, რომ ბავშვებისკენ არც ამოუხედავს. თინამ უხერხულობას ვერ გაუძლო და ბურთის ამოსატანად ადგა. -ნუ დარდობთ, პატრონს დავუბრუნებთ აუცილებლად. შეცდომის გამოსწორება სცადა გოგამ. უჩამ შეხედა და თბილად გაუღიმა. თინამ ბურთი ძირს მის ფეხებთან დადო. -მეტი სადარდებელი ნუ მოგცეს ღმერთმა, შვილო. გიყურებთ, კარგი ბავშვები ხართ რაც გინდათ ის… უჩა შუა თხრობაში გაჩერდა. თითქოს, დაავიწყდა სად იყო. მოხუცს წარბები დაბნეულად შეეკრა, ისევ მიმოიხედა და ფიქრში ჩაიძირა. ნელა წამოდგა, სახეზეც უცებ ძალიან გაფერმკრთალდა. ნაცნობი ბურთის დანახვაზე გაეღიმა. გოგამ და თინამ თორნიკეს შეხედეს რამე უნდა ექნა. აშკარა იყო, კავშირს მალე დაკარგავდნენ. -ბატონო, უჩა. დაუძახა თორნიკემ, მაგრამ მოჩვენებას მისი უკვე აღარ ესმოდა. ჭაღარა კაცი მუხლებში ჩაჯდა, სხეული მოუდუნდა და ისე მოიქნია ფეხი, რომ მის ფეხბურთელობაში ეჭვს ვერავინ შეიტანდა. თორნიკემ სახეზე ხელი უნებლიედ აიფარა, ბურთი არ მომხვდესო, მაგრამ როცა ხელი ჩამოწია ბურთი ზუსტად იგივე ადგილას დახვდა, უჩა კი უკვე აღარსად ჩანდა. კავშირი საბოლოოდ გაწყდა. თორნიკეს თავბრუსხვევა დაუბრუნდა და სადაც იდგა, იქვე ჩამოჯდა ქვის იატაკზე. ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ და მომხდარზე ფიქრობდნენ. -მაგრა ვებაზრეთ მიშა მესხს რა. ჩაიცინა გოგამ. -რა გინდა? ძალიან საყვარელი კაცი იყო. მე მომეწონა. უპასუხა თინამ. -კი, მეც გამისწორდა. ჯიგარი ბაბუ იყო. გაუღიმა გოგამ. -მაგ ბურთს რა უნდა ვუყოთ ახლა? იკითხა თორნიკემ. -ოჯახის განძი ყოფილა, ძმაო, და დავუბრუნებ ბიძაჩემის უბნელს მოდი. უპასუხა გოგამ. -არადა, ხო გვითხრა მაგ კაცმა რაც გინდათ ის უქენითო. შეეკამათა თინა. -არ დაუსრულებია ეგ წინადადება. თქვა თორნიკემ. 3. ბაბუას ქუჩაზე რომ შეუხვია, უკვე სამის წუთები იყო. ეძინებოდა, მაგრამ ღამის სიგრილეში თავისუფლად მიაბიჯებდა. არაფერზე ფიქრობდა, დაღლილს ცივი ჰაერის სუნთქვა და ჩქარი ნაბიჯით სიარული სავსებით ყოფნიდა თავის გასართობად. გამოძახებების მერე ფიქრი ისედაც არ უყვარდა. ან რა აზრი ჰქონდა უკვე მომხდარზე ფიქრს, ამას ხომ ცხოვრებისეული დასკვნების გამოსატანად არ აკეთებდა. უბრალოდ, მეგობრებთან ერთად გართობა და დასვენება უნდოდა, როგორც ყველა სხვა ადამიანს. კორპუსის ყველა ფანჯარაში შუქი ისევ ჩამქრალი იყო, მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავდა. შეიძლება, სინათლე მოსულიყო კიდეც და მძინარე ხალხს ეს ვერაფრით შეეტყო. ნიკოსაც უკვე ეძინებოდა, სახლში ჩუმად უნდა შესულიყო. იმედი ჰქონდა, რომ ბაბუამ კარი ღია დაუტოვა, თორემ ძველი საკეტი გაღებისას საშინლად ჭრაჭუნებდა. სადარბაზოს შესასვლელთან ხის სკამზე ჭაღარა კაცი იჯდა და ტიროდა. გვერდზეგახდილი პიჯაკი მიეგდო და პერნაგის ზედა ღილები შეეხსნა. ცალ ხელში დაკუჭული გაზეთი ეჭირა, ხოლო მეორე - თვალებზე აეფარებინა. დაკვირვების შემდეგ თორნიკემ მასში დღისით ნანახი ზვიად გამსახურდიაზე მოლაპარაკე კაცი ამოიცნო. მოგუდულ ქვითინში რაღაც სიტყვებსაც იძახდა, მაგრამ არა იმდენად ხმამაღლა, რომ თორნიკეს აზრი გამოეტანა.ერთი კი იფიქრა - ჩავუვლი და სახლში ავალ, რა ჩემი საქმეაო, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ აინტერესებდა. - რა მოხდა ბაბუ? მშვიდობაა? - მიმართა მოხუცს. კაცი ჯერ შეცბა და შემდეგ მისკენ გამოიხედა. ჩაწითლებულ თვალებზე სირცხვილი შეეტყო. ასე გვიან არავის ელოდა და ახლა დაბნეულმა არ იცოდა, რა უნდა ეთქვა. თორნიკემ თავი ცუდად იგრძნო. მაშინვე ინანა, რომ შეაწუხა. თუმცა უკვე გვიანი იყო. - შემიძლია, რამით დაგეხმარო? სახლში რატომ არ მიდიხარ? ცუდად ხომ არ ხარ? პასუხის გაცემა არ აცადა, ისე ჩაეძია. კაცმაც თავი ხელში აიყვანა. -ეჰ, ბაბუ, აბა რითი უნდა დამეხმარო. ქვეყანა დაღუპულა - არ მცოდნია. ოცი წელიწადია, ბრმა ვყოფილვარ - არ მცოდნია. აწი ან მე რა მეშველება, ან შენ, ან ჩვენს საქართველოს?! არაფერი ვიცი, ბებერი კლოუნი ვყოფილვარ და ვერ ვხვდებოდი. მართლები იყვნენ ის მამაძაღლები, გიჟს რომ მეძახდნენ… სიტყვა გაუწყდა და ისევ ქვითინი აუტყდა ბერიკაცს. ამჯერად უფრო მწარედ და გულამოსკვნით. თან, თავს აქნევდა, თითქოს მომხდარს ვერაფრით უსწორებდა თვალს. ბოლოს რომ ამოისუნთქა ერთდერთი ამოთქვა - ჯანდაბა! და შემდეგ თავი კვლავ ხელებში ჩარგო და დადუმდა. -რა ტყუილში, ბაბუ? რამე ახალი მოხდა და არ ვიცი? შენ გული არ გაიტეხო, ხომ იცი ეს პოლიტიკოსები სულ ერთიდაიგივეს იძახიან, მარა ბოლოს მაინც ჩვენ მოვერევით. არ გინდა მაგაზე დარდი. ისე, მე თორნიკე მქვია. ამ კორპუსში რომ ნიკო ცხოვრობს, ბაბუაჩემია. კაცს თორნიკეს სიტყვებზე მწარედ გაეცინა და მზერა ოდნავ გაეწმინდა. -მე თენგიზი მქვია და ბაბუაშენი ნიკო იყო სწორედ, რომ მახარა - მართლა მკვდარიაო. უფრო სწორედ, თავისი პირით ათქმევინა ზვიადის სულს. ოცი წელია მკვდარი ვარ, რაღა დროს ჩემი ლოდინიაო. მე სულელი, კიდევ ამდენი ხანი თავსაც ვიტყუებდი და სხვებსაც ვატყუებდი. როგორ არ ვიდარდო, მითხარი, აბა?! თორნიკეს ენა ჩაუვარდა. ეგონა, რომ ნიკო წლების წინ შეეშვა სულების გამოხმობას. მას შემდეგ რაც… დაჯერება უჭირდა. რამ აიძულა, რომ ამ კაცისთვის ასე გაეცამტვერებინა ოცნებები? ან ვის რას უშავებდა?! დადიოდა თავისთვის გაზეთებით წინ და უკან და ბოდიალობდა რაღაცებს. ამიტომ იყო ბოლო დროს სულ ოთახში გამოკეტილი? უნდა ეთქვა ნიკოსთვის რამე თუ დაეცდია, სანამ თავად მოუყვებოდა ყველაფერს? ორივე ვარიანტი ძალიან ეზარებოდა. თუმცა ჯერ როგორმე თენგიზის ტრაგედიისთვის უნდა მიეხედა. -რას ბრძანებთ, ბატონო თენგიზ. ბაბუაჩემის ტყუილებს როგორ დაუჯერეთ?! სული კი არა ილუზია იყო ეგ. ნიკო საბჭოთა კავშირში “კა-გე-ბეში” მუშაობდა ფსიქოლოგიური ზემოქმედების განყოფილებაში და იქ აისწავლა მასეთები. მოიწყინა უსაქმოდ, ეტყობა, და თქვენი გამასხარავება გადაწყვიტა. არ გაუბრაზდეთ, გთხოვთ, ბებერია უკვე - თორნიკემ ყალბად გაიცინა. -აბა, ზვიად გამსახურდიას სულს ბაბუაჩემის ბინაში რა გააჩერებდა?! მით უმეტეს, თუ ცოცხალია კაცი ჯერ კიდევ. მოხუცი თენგიზის სახეზე გაკვირვება უძლიერესმა შვებამ ჩაანაცვლა. თორნიკე არ შემცდარა, ამ კაცს შეთქმულების თეორიები ძალიან უყვარდა. უბედურებიდან ბედნიერებამდე და პირიქით მხოლოდ ზერელე ზღაპრის მოსმენა აშორებდა. რაც უხაროდა, იმის დაჯერება უნდოდა და შეეძლო კიდეც. თორნიკეს ამ ნიჭის შურდა. რწმენის სიმყარე კარგი მედიუმის თვისებაა. *** დიდხანს ეძინა. გამოძახება ყოველთვის ბევრ ძალას ართმევდა და ლოგინში რამდენიმე საათით მეტს ტოვებდა ხოლმე. საწოლიდან ძლივს წამოდგა, ისიც ძველ გაცრეცილ ფარდებში გამჭოლი მზის სხივების დაჟინებული მოთხოვნით. თავბრუ ეხვეოდა. ახალგაღვიძებულს წინა ღამის ამბებიც მხოლოდ ბუნდოვნად ახსოვდა. უკვე თბილ ჩაის სვამდა და წინა დღის კალათბურთის ჰაილაითებს უყურებდა, როცა თენგიზის ამბავმა დაარტყა თავში. ბაბუას ოთახის კარზე მიუკაკუნა, მაგრამ ნიკო სახლში არ დახვდა. სასეირნოდ იქნებოდა გასული. ნელა მოსიარულე მოხუცების სეირნობა კი რთული გამოსაცნობი იყო რამდენ ხანს გასტანდა. ამან ცოტათი შვებაც კი აგრძნობინა - მაინც არ იცოდა, რა უნდა ეთქვა და ასე მეტი დრო ექნებოდა საფიქრელად მაინც. თან, იმასაც ფიქრობდა, რომ ღამით ზედმეტად ცუდად მიიღო ეს ამბავი. მერე რა, თუ ნიკო ისევ სულებს ესაუბრებოდა. ბაბუამისი ჭკვიანი და ფრთხილი კაცი იყო, რამე სისულელეს ასე მარტივად არ ჩაიდენდა. თორნიკეს კიდევ სხვების განსჯა ისედაც არ უყვარდა, ეს მისი მშობლების საქმე უფრო იყო. თუ ოპტიმისტურად შეხედავდი - ნიკო თუ ისევ იძახებდა, ესეიგი თორნიკესთვის ახალი ხირკების სწავლება ისევ შეეძლო. იქნებ, იმდენი გაეგო საბოლოოდ, რომ მართლა შეძლებოდა თინასთვის საფუძვლების გადაცემა. მერე სულ თორნიკეს აღარ მოუწევდა გამოძახებების დროს მოხმობა და თავის ტკივილი. თავისთვის წამოწოლილი მშვიდი მაყურებელი იქნებოდა ხოლმე. ნეტავ, ნიკოს თუ გაუხარდებოდა, თორნიკე რომ ეტყოდა - არც მე შევშვებივარ მკვდრებთან ლაპარაკსო? რთული კითხვა იყო. რომელზე პასუხის მოფიქრებაც თორნიკეს ძალებს აღემატებოდა. ჩუმი შაბათები უყვარდა. მთელი კვირის სწავლის მერე უყვარდა თითქმის მთელი დღის ისე გატარება, რომ ერთი სიტყვის თქმაც არ უწევდა. ეს ერთი დღე სიმშვიდის იმ ოქროს შუალედს წარმოადგენდა, რომელიც მანამდე გრძელდებოდა, სანამ მარტოობად დაიწყებდა გადაქცევას. საუზმის შემდეგ კომპიუტერი ჩართო და “დისკორდში” შეიხედა, არავინ ჩანდა. ცოტა ხნით თამაში სცადა, მაგრამ თავის ტკივილმა წესიერად კონცენტრირების საშუალება არ მისცა. დაკვირვებული იყო, რომ გამოძახების შემდეგ ფერადი სინათლეების ყურება რეტს ასხამდა. ამიტომ მისაღებ ოთახში ჩრდილიან სავარძელზე წამოწოლა და წიგნის კითხვა გადაწყვიტა. “უხილავი ქალაქები” რამდენიმე თვის წინ თინას აჩუქა ერთმა უფროსმა ბიჭმა, თუმცა მას მალევე მობეზრდა და თაროზე შემოდო, სანამ თორნიკეს არ მოსჭრა თვალი თაროზე ქათქათა, თეთრმა წიგნმა. თხელი წიგნის გვერდების უმეტესობა ნახევრად ცარიელი იყო, მაგრამ ამ გვერდებზე გადმოცემული ამბავი მაინც დაუსრულებელი ჩანდა. თინას აზრით ეს ამბავი ორი კაცის, სიბრძნედ შენიღბულ, გაუთავებელ ჯიბრიან კინკლაობაზე იყო. თორნიკეს მთლად ასე არ ეჩვენებოდა. ასობით ზღაპრული ქალაქის აღწერის კითხვა სეირნობა უფრო იყო ვიდრე ამბის მოსმენა. სულ რომ თხუტმეტი წუთი გაეტარებინა კითხვაში, წიგნის დახურვისას ვერ გეტყოდათ რამდენიმე ქალაქის ამბავს გაეცნო თუ რამდენიმე ათასის. სხვა “აუცილებლად წასაკითხი” წიგნებისგან განსხვავებით, თორნიკეს ის მოსწონდა, რომ “უხილავ ქალაქები” ამბის საწყისიდან დასასრულამდე რბოლა არ იყო. უფრო ისე იკითხებოდა, როგორც პატარა მშვიდი ნაკადული მოწკრიალებს მთაში ზამთარ-ზაფხულ. კითხვისგან მუცლის წუწუნმა გამოარკვია. ბორშის ჭამა მარტოს ეზარებოდა და საცხობისკენ გასეირნება გადაწყვიტა. წიგნი დადო და თავისი საყვარელი რუხი მოსაცმელი მოიგდო მხრებზე. კიბეებზე რომ ჩაირბინა, გონებაში ჯერ კიდევ ობობისებრი ქსელებით დაკავშირებული თავდაყირად გაშენებული კორპუსები უტრიალებდა. იმაზე ფიქრობდა, რომ მასეთ ქალაქში რომ ეცხოვრა, ყველა გზა და ბილიკი მისი ჰამაკი იქნებოდა და როცა მოუნდებოდა თუ ვისთან ერთადაც მოუნდებოდა, შეძლებდა ძაფებზე გაწოლას და დროის ცის ყურებაში გაყვანას. კარგი ამინდი იყო, შიდა ქუჩების ხეებზე ალაგ-ალაგ გაზაფხულის პირველ კვირტებს ამჩნდევდა. წელიწადის ის გარდამავალი დრო მოდიოდა, მოსიარულე ხალხს ზამთრის სიმძიმით თვალები საკუთარ ტერფებზე რომ აღარ ჰქონდა მიჭედებული და ნელ-ნელა ზევით ყურებას იწყებდნენ. მზის სხივების დანახვაზე ხასიათი თორნიკესაც გამოუკეთდა, ცივი ჰაერის ჩასუნთქვამ კი მეტად მოაშია და საცხობამდე სირბილით თუ სწრაფი სიარულით მივიდა. შესასვლელთან ვიღაცას დიდი წაბლისფერი ძაღლი დაება, რომელსაც ისე გემრიელად ეძინა, რომ თორნიკეს ცოტათი შეშურდა კიდეც. გარედანვე ჩანდა, რომ დიდი რიგი იყო. თუმცა თორნიკეს არსად ეჩქარებოდა. პირიქით, რიგში დგომა ხანდახან უყვარდა. დგახარ და უცდი, ყველაფერი მარტივია, ყველაფერი გასაგებია. ცოტა ეჭვის თვალით უყურებდა იმ ხალხს, ვინც რიგში დგომისას ხმამაღლა წუწუნს იწყებენ და ყოველთვის სადღაც ეჩქარებათ. მერე კიდევ სხვებს რომ უწყებენ ჩხუბს, თითქოს მათი ბრალი იყოს, შენ რომ მოთმინების უნარი არ გაგაჩნია. უაზრო ხმაური არ უყვარდა. ლორიანი ლობიანი უნდოდა, მაგრამ თაროზე სულ რამდენიმე ცალიღა ელაგა და რიგში მის გარდა სხვებიც იმავე ნადავლს უმიზნებდნენ. განსაკუთრებით მის წინ მდგომ ორ შუახნის ქალს უფრთხოდა. მთელი ოჯახისთვის რომ ყიდულობდნენ ხოლმე ლობიანებს და ერთი ხელის მოსმით ასამარებდნენ სხვების გემრიელად ჭამის ოცნებებს. აი, კიდევ ორი ცალი ხაკისფერ შარვალში გამოწყობილმა ქერა გოგომ იყიდა და სულ სამად-სამი საწყალი ლობიანი დატოვა ხის თაროზე. უკვე აღარ სჯეროდა, რომ რომელიმე მათგანი მის რიგის მოსვლამდე გაძლებდა. იმედგაცრუებული ფენოვანი ხაჭაპურის ყიდვის ტანჯულ სინამდვილეს უსწორებდა თვალს, როცა ზურგზე ვიღაცა მსუბუქად შეეხო. -შენ თორნიკე არ ხარ? გოგას მეგობარი. სურათებში მინახიხართ ერთად. ის ქერა გოგო იყო. -ამას წინათაც დაგინახე აქ, მაგრამ მაშინ ვერ გამოგელაპარაკე. ლობიანი ხომ გიყვარს? მაშინ ეს იყიდე მახსოვს. უთხრა ღიმილით და ქაღალდში გახვეული ლობიანი გაუწოდა. თორნიკე გოგოს პირდაპირობამ დააბნია, მაგრამ არგამორთმევა ძალიან უხერხული გამოჩნდებოდა და მანაც ლობიანი აიღო. -ვააჰ, დიდი მადლობა! სხვა დროს მე დაგპატიჟებ! შენი სახელი? თბილმა ცომმა ხელის გული წამში გაუოფლა. -უი, როგორ არ მითქვამს. მე ანა ვარ, გოგას კორპუსში ვცხოვრობდი ადრე. ცოტა ხანი მუსიკაზეც დავდიოდით ერთად. -გამახსენდა, სამაგიდო თამაშებზე შენთან არ იკრიბებით ხოლმე? -კი, ზუსტად. ჩემი ძმისგან ბევრი ბორდგეიმი მაქვს ჩაბარებული და ჩემზე მეტად კიდევ მაგათ უყვართ ავალონი და მასეთები. ამ დროს მათ უკან რიგში მდგომთა უკმაყოფილო ბუზღუნმა გააწყვეტინათ და გარეთ გავიდნენ. -გცალია, ცოტა რომ ვიაროთ? ცუგას გავასეირნებ და თან ვილაპარაკოთ. -მცალია რომელია?! დიდი სიამოვნებით. უცნაურია, გოგას ჯერ კიდევ რომ ჰყავს ისეთი მეგობრები, მე რომ არ ვიცნობ. -კი, მეც მასე მგონია. მარა რა ქნას, ძალიან ბუნჩულა და მეგობრულია. თქვა გაზვიადებული სინაზით. თორნიკემ ჩაიცინა. ანამ შესასვლელთან მძინარე ძაღლს თოკი ახსნა და მოფერებით გააღვიძა. სანამ ცხოველი ფხიზლდებოდა, ბავშვური ხმით “ტოტის” და “ტოტოს” ეძახდა. ტოტი ბუთქუნა ლეკვს უფრო ჰგავდა ვიდრე მზეზე მიფიცხების მოყვარულ ბებერ ძაღლს, მაგრამ ამ შაბათს შუადღით სეირნობა აშკარად არ ეხალისებოდა. -ძალიან მცივანაა. ზამთარში სახლიდან გამოსვლას იქით ვაძალებთ ხოლმე. არადა, როცა დათბება უთენია იღვიძებს და დაგტანჯავს წკმუტუნით, თუ დროზე არ გაასეირნე. არც ერთ რეჟიმს არ გაჩვევს წესიერად. -ჭვიანი ყოფილა, თავისას ისწორებს. რა ხნისაა? -ეჰ, ნეტა მეც მასე განვსაზღვრავდე ჩემს განრიგს და ყოველ დილით 8-ის ნახევარზე არ მიწევდეს გაღვიძება. რას იზამ. სამის ხდება მალე, უკვე დიდი ბიჭია! როგორც იქნა მუცელზე მოფერებით წამოაყენა ანამ ტოტი. ძაღლიც გაიმართა, მიიხედ-მოიხედა და იქვე ხეებისკენ გაუძღვათ.. -ბოლოს მეც საშინლად მეზიზღებოდა სკოლისთვის გაღვიძება. უნივერსიტეტი თავიდან დიდი შვება იყო, ლექციები რომ თითქმის სულ 11-დან გვეწყებოდა. შენ, მგონი, აბიტურიენტი ხარ, არა? აღარ დაგრჩა ბევრი წვალება. -კი, წელს ვამთავრებ და ბოლო-ბოლო მოვშორდები იმ დანჯრღეულ შენობას. თან, პარადოქსი არ არის? რაც თავი მახსოვს, ლამის ყოველ ზაფხულს არემონტებენ სკოლას, მაგრამ სექტემბერში მაინც ერთი და იგივე ნანგრევებში გვიწევს შესვლა. თვალი მაინც დაისვენებს უნივერსიტეტში. -თვალი გაიხარებს, კი. ახალი შენობა, ახალი ხალხი, დილით ძილი. მაგრამ დასვენების რა გითხრა, დილაობით არაფერს ვაკეთებ ხოლმე და საღამოობით ბევრად მეტი საქმე მაქვს. უნი უფრო დამღლელია. სკოლის მერე სულ თავისუფალი ვიყავი ხოლმე. რასაც მინდოდა, იმას ვაკეთებდი. შეიძლება შენც მოგენატროს ცოტა ხანში. -შენ მე არ მიცნობ. სიცილით უპასუხა ანამ. თითქოს, თორნიკეს მისთვის წარმოუდგენელი აზრი შეეთავაზებინა. თორნიკე ოდნავ შეცბა. ასეთ მოჭრილ პასუხს არ ელოდა. იფიქრა, რომ ზედმეტად დამრიგებლური ლაპარაკი გამოუვიდა, რაც ისედაც არ უყვარდა. თუმცა ანას ოდნავ ირონიული ღიმილის შემხედვარეს, გაჩუმება არ უნდოდა. პირმა ლაპარაკი თავისით დაიწყო. -ბოდიში, თუ ცოტა მასწავლებელივით თქმა მომივიდა. მაგრამ თუ გაგიცანი, მერე მაგას ვეღარ მიპასუხებ ხოლმე. -რას ამბობთ, ბატონი დაკავებული სტუდენტი უბრალო სკოლის მოსწავლის გასაცნობად გამონახავს დროს?! რამხელა პატივია… თორნიკე წამით გაჩერდა, რომ ენამახვილური პასუხი მოეფიქრებინა, მაგრამ ისევ ანამ განაგრძნო. -ცივდება უკვე ლობიანები. ტოტის აქ ავუშვებ და საჭმელად იმ სკამზე რომ ჩამოვსხდეთ, რას იტყვი? საჭმლის ხსენებაზე თორნიკეს შიმშილმა შეახსენა თავი. კვარტლის პატარა, ფიჭვებიან პარკში შევიდნენ. შუაში ძველი სასრიალო და მოსახლეობის შეკეთებული საქანელა იყო. სწორედ ამ საქანელას გვერდით ძელსკამი შეერჩია ანასთან ერთად დასასხდომად. ორივე მხრიდან რუხი ხუთსართულიანი კორპუსები უყურებდნენ. ეს შენობები ბავშვობიდან უყვარდა. მშვიდებს და გახუნებულებს სახლებზე მეტად ხეების ნაირსახეობად ხედავდა. ისეთ ხეებში ციყვები ცხოვრობენ, ასეთებში - ადამიანები. აი, შენობები კიდევ ის თხუთმეტსართულიანი აყლაყუდები იყვნენ, ქალაქის ყველა სველ კუთხეში სოკოებივით რომ იზრდებოდნენ ამ ბოლო დროს, დღისით ვერცხილსფრად რომ ელავენ და ქარში ბოროტად ირწევიან. -კარგი ადგილია. მაგრად მომშივდა! ფენოვანი ლობიანი ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც უნდოდა. ლობიო და ლორი ორივე მნიშვნელოვანია, მაგრამ საცხობის ლობიანში მთავარი მაინც სუნელებია. და ასე კარგად ამ სუნელებს თბილისში სხვაგან ვერსად სვამდნენ. -რა გემრიელია! საუბარი ისევ ანამ წამოიწყო. რაც თავი მახსოვს, სახლიდან ამ ლობიანის საჭმელად გამოვდივარ. ხანდახან სახლში სადილს არ ვჭამდი, რადგან ხურდები მქონდა შეგროვებული, რომ ეს მეყიდა. -ეჰ, რა კარგია. ნეტა მეც მაგ დროიდან მცოდნოდა ამ ადგილზე. პლატოზე ასეთი კარგი ლობიანები არ იყო. -ბოლო დროს აქეთ ხშირად ხარ, ხომ? -კი, ბაბუაჩემი ცხოვრობს აქვე. უნივერსიტეტეში სიარული აქედან უფრო მოსახერხებელია და ნიკოსაც უხარია მარტო რომ არ არის. სულ ვიცოდი აქაურობა, მარა ახლა ადგილები ცოტა მეტად დავზვერე. გოგამაც კარგად დამამუღამებინა. მისწორდება რა, კვარტალში სიმშვიდე და კარგი ჰაერია. ანას გაეცინა. -პირველად გავიგე, თბილისში ვინმეს ეთქვას კარგი ჰაერიაო. ცოტა დაუცადე ზაფხულს და მერე აღარ გაგიხარდება ხოლმე მზიანი ადგილები. თორნიკესაც საკუთარ თავზე ჩაეცინა. რაღაც სისულელეებს იძახდა. ზედმეტი ძილი რომ მოუვიდა, მაგის ბრალი იქნებოდა. - უბანს რაც შეეხება, მართლა არაუშავს. მაინცდამაინც არასწორ ხალხს თუ არ მოხვდი თვალში ცუდად. შედარებით სერიოზულად თქვა ანა. - ეგ ყველგან მასეა, მგონი. შენ გადაყრიხარ ვინმე მასეთს აქ? -აბა სხვანაირად როგორ. დაბადებიდან აქ რომ ხარ, სულ თავს ხომ ვერ აარიდებ. თქვა ანამ და მხრები სევდიანად ჩამოუშვა. თორნიკე მიხვდა, რომ არასასიამოვნო საკითხს შეეხო. მას და გოგას “ეგეთ ტიპებთან” თუ ჰქონდათ გაუგებრობა, როგორც წესი გოგას ბიძაშვილი კოკა უგვარებდათ. არადა, ეგ ტიპი თვითონ თორნიკესაც არ ეხატებოდა დიდად გულზე. რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში მუშაობდა და სხვებთან ზუსტად ისეთივე ტიპი იყო, როგორების თავიდან არიდებაშიც თორნიკეს და გოგას ეხმარებოდა. თუმცა მაინც მადლიერი იყო. თორნიკემ იცოდა, რომ ნაცნობების გარეშე ძალიან ძნელია მასეთი ტიპების თავიდან მოშორება და რაც ნაკლები შეხება მოუწევდა თავად, მით უკეთესი. თემა უნდა შეეცვალა. -ისე, ჩაბარებას რაზე ფიქრობ?ანამ დაიბნა, ამ კითხვას არ ელოდა. შემდეგ თორნიკეს სახეზე დააკვირდა და დამცინავი ღიმილით უპასუხა. -ძალიან რომ მეხალისება, მასეთი საკითხია. უკეთესი ჩანაცვლება ვერ მოიფიქრე უცებ, ხომ?! არაუშავს, მცდელობას მაინც დაგიფასებ. ამაზე უკვე ვეღარ მიხვდა, რა ეპასუხა. ისევ ცუდ ტიპებზე დაეწყო ლაპარაკი თუ რამე ახალი მოეფიქრებინა? არ უნდოდა, რომ ცუდი შთაბეჭდილება დაეტოვებინა, მაგრამ ანაც აშკარად განზრახ ამაიმუნებდა. ახლა რომ რამე შეშლოდა, მერე გოგას ყბიდან წლები ვეღარ ამოვიდოდა. სიჩუმე ისევ ანამ დაარღვია. - კარგი, ჰო. რატომ გაჩუმდი? მართლა კი არ დაგცინი. ბოდიში, ახალგაცნობილ ხალხთან უცნაური ლაპარაკი ვიცი სულ. უბრალოდ, სახლში ლამის ყოველ დღე მაგას მეკითხებიან: რაზე აბარებ, ვინ უნდა გამოხვიდეო. და ცოტა ყელშია უკვე, ხო გესმის…-კიჰ, მაგარი ტვინის ბურღვაა. არადა, რა საჭიროა მასე ადრე ცოდნა, გადაწყვეტილებას მაინც ზაფხულში იღებ. ამოისუნთქა თორნიკემ. -თან, აი ჩემი საქმეა ხო, რაზე ვისწავლი?! გამეშვით რა! თითქმის იყვირა ანამ და შემდეგ საკუთარ ბრაზზე დაიწყო სიცილი. -ანუ არ გაქვს ჯერ გადაწყვეტილი, ჰო? -არაა! და, სიმართლე რომ გითხრა, სულ არ მაინტერესებს, რაზე ვისწავლი - მაინც ყველგან დავალებები უნდა მაწერინონ. მთავარია, გარემო და ხალხი მომეწონოს, სიარული რომ მიხაროდეს და თავი ისევ სკოლაში არ მეგონოს. თორნიკეს ანას პასუხი მოეწონა. -წამო მერე ჩვენთან ინჟინერიაზე. ლამაზი შენობაა, ევრორემონტით, ხალხსაც არა გვიშავს! -ვნახოთ, მაგრამ მათემატიკის ჩაბარება დამეზარება, წესით. საგნებს რომ ავირჩევ მერე თავიდან დავფიქრდები. ანამ პარკს თვალი მოავლო და თავის ბუჩქებში ჩამალულ ძაღლზე შეაჩერა მზერა. -შეხედე! ტოტის ისევ ჩაეიძინა! რანაირია რა…ჩრდილში სიგრძეზე გაწოლილი ზორბა ძაღლის დანახვაზე, თორნიკეს სიცილი აუტყდა. მის წარმოდგენებში, რომელიმე ტყის მეფესაც სწორედ ასე გაშხლართულს ეძინა ახლა სადღაც საფარიში. ჭამას რომ მორჩნენ, სეირნობა გააგრძელეს. ვაჟას თითქმის ბოლომდე აუყვნენ და ჩამოუყვნენ კიდეც. ძირითადად გოგაზე და სხვა საერთო ნაცნობებზე სახალისო ამბებს უყვებოდნენ ერთმანეთს. ცოტა მუსიკაზეც ისაუბრეს - აღმოჩნდა, რომ ანას Bedford Falls მოსწონდა, მაგრამ რამდენიმე ბოლო სიმღერა არ ჰქონდა მოსმენილი. თორნიკემაც ერთი საკუთარი ყურსასმენებით მოასმენინა. ამის გამო ხუთი წუთი ცოტა უხერხულად კი იარეს, მაგრამ ცალ-ცალ ყურსასმენში მოსმენა ერთ-ერთი იმ იშვიათ რამეთაგანი იყო, რაც თორნიკეს ძალიან აღიზიანებდა. პირიქით, მოსწონდა იმის ყურება, თავის მსუბუქი მოძრაობით როგორ ჰყვებოდა ანა მუსიკის რიტმს და როგორ იმეორებდა ტექსტს თხელი ვარდისფერი ტუჩებით. სიმღერამ მოწონება დაიმსახურა და თორნიკესაც აღიარებულად გემოვნებიანი ადამიანის თვითკმაყოფილება დაეუფლა. იმაზეც შეთანხმდნენ, რომ შემდეგ კვირას თორნიკე გოგას უნდა გაჰყოლოდა სამაგიდო თამაშებზე ანასთან. ხოლო ანა - ხვალ იპოდრომზე გასასეირნებლად იყო დაპატიჟებული, გოგასთან და თინასთან ერთად. თორნიკეს თავის ტკივილმა ბოლომდე გაუარა. უკვე ვაჟას ძეგლთან იყვნენ, ანამ რომ უთხრა - ახლა სახლში უნდა ავიდეო. თორნიკემ მცირე მორიდება დაძლია და შესთავაზა - გაგაცილებო. ანას უარი არ უთქვამს. კვარტალში რამდენიმე კორპუსს რომ გასცდნენ, თორნიკემ შეამჩნია, რომ ერთმა ცოტა ძვლებიჭური შესახედაობის ტიპმა გამოაყოლათ თვალი. ამ უაზროდ დაბღვერილ სახეებზე სულ ეცინებოდა ხოლმე, შარშიც ძირითადად ამისთვის ეხვეოდა, მაგრამ ამჯერად ანასთან ერთად სამაგალითოდ იქცეოდა. სადარბაზომდე ისე მიაცილა, რომ სახეზე არაფერი შემჩნევია. -აბა, შეხვედრამდე, ბატონო სტუდენტო! ღიმილით დაემშვიდობა ანა და შეტრიალებამდე გრძელი, ქერა თმა შეისწორა. -დროებით, დროებით. ამხანაგო მოსწავლევ!პასუხად თავი დაუკრა თორნიკემაც. როცა ანა თვალს მოეფარა, ისიც მოტრიალდა და ნელა სიარული დაიწყო. უკვე ბინდდებოდა. თორნიკემ იცოდა, რომ ეღიმებოდა. კარგი შაბათი გამოსდიოდა, ასეთი სეირნობები დიდხანს ამახსოვრდებოდა ხოლმე. უკვე ყურსასმენები უნდა გაეკეთებინა, რომ ვიღაცის ხმამ შეაწყვეტინა. -ჩემი ძმა, მოიხედე ერთი აქეთ!სანამ შეტრიალდებოდა ზებუნერბივ ძალებს შეევედრა, რომ ეს “ჩემი ძმა” ვინმე სხვას მიემართებოდა, მაგრამ ამაოდ. წინ მაღალი თავგადაპარსული ტიპი ედგა. მუქი ჯინსები და შავი სპორტული ზედა ეცვა. სახეზე რომ შეხედა, თორნიკემ იფიქრა - “ამას უეჭველი გიო ჰქვიაო”. -მე მეძახი? ჰკითხა რაც შეეძლო უდანაშაულო ხმით. -კი, შენ გეძახი. რა უბნელი ხარ? -პლატოელი, მაგრამ აქეთაც მყავს მეგობრები. -ჰოოო, შენი სახელი? -თორნიკე. -კარგი, თორნიკე ბრატ, მომისმინე ეხლა. მაგ გოგოსთან შენ რა ურთიერთობა გაქვს?თორნიკეს ამ ტიპზე უკვე გული ერეოდა. უნდოდა, რომ რაც შეიძლება ჩქარა გასცლოდა. - რავი, მეგობრის მეგობარია. დღეს გავიცანი და სახლამდე გავაცილე. -კარგია თუ მეგობრის მეგობარია. “გ”-ებზე რატომღაც უცნაურ მახვილებს აკეთებდა. ალბათ, რომ უფრო საშიში გამოჩენილიყო. -ჰოდა, ეგეთად უნდა დარჩეს - გაიგე!? ჩემი შეყვარებულია და აქ მაგასთან ერთად მეტჯერ აღარ დაგინახო.უთხრა და სქელი წარბები დაუქაჩა, რომ რაც შეიძლება მრისხანდედ გამოჩენილიყო. -ანა შენი “ეგ” არ არის. თქვა თუ არა, მაშინვე ინანა. უბნის ბიჭსაც აშკარად გაუკვირდა ასეთი თავხედობა. თვალები დაჭყიტა და უცებ არ იცოდა, რა ეპასუხა. შემდეგ თორნიკეს ტანსაცმელში ჩაავლო ხელი, ახლოს მოითრია და უღრიალა. - შენი ტრაკის საქმე არ არის, მე ვის რას დავუძახებ! გაიგე, ბიჭო! თორნიკეს მაშინვე “პერეგარის” ამაზრზენი სუნი დაეტაკა. ხელები მკლავებზე წაუჭირა. წამით წარმოიდგინა, როგორ გააშვებინებდა ხელებს და მერე შეკრული მუშტით სახეს დაულეწავდა ამ უზრდელს. სამწუხაროდ ეს აზრი სულელურად და ბავშვურად ეჩვენა. პირველი ხელს თვითონ ვერ დაარტყამდა. ის კი თვალებში დამცინავი ღიმილით უყურებდა - იწვევდა, რომ ჩხუბი თორნიკეს დაეწყო. ამაზე არ წამოეგებოდა. თორნიკემ ხელები დაუშვა, ერთი ამოიოხრა და მშვიდად უპასუხა. -გასაგებია. თავხოტორამ, რომლის სახელიც ჯერ კიდევ არ იცოდა, თორნიკეს ტანსაცმელი გაუშვა. მხარზე ხელი, მოუთათუნა. ვითომ, მტვერი ჩამოწმინდა და ირონიული ღიმილით დაასრულა საუბარი. -კაია, რო გვესმის ერთმანეთის. ეხა თავისუფალი ხარ, ბრატ. შეგიძლია წახვიდე. თორნიკეს აღარაფერი უთქვამს. შეტრიალდა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას. სწრაფად სუნთქავდა. მთელი დღის განმავლობაში პირველად შესცივდა. ისე გაიარა რამდენიმე მოსახვევი, რომ უკან არც მოუხედავს. ხელის გულები ეყინებოდა. გრძნობდა, რომ სახეზე წითელი იქნებოდა. რამდენჯერმე აღიდგინა გონებაში ყველაფერი რაც მოხდა. არ უნდოდა, მაგრამ მისი გონება ჯიუტად, ჩახვეული ჩანაწერივით, მაინც სიტყვა-სიტყვით იმეორებოდა მთელ დიალოგს. ასე იოლად არ უნდა დაეთმო. მეტად უნდა შეწინააღმდეგებოდა, თუნდაც მოხვედროდა და ხელი არ შეებრუნებინა! ვერ ხვდებოდა, რასაც გაინიცდიდა შიში იყო თუ - სირცხვილი. თავი დამცირებულად მიაჩნდა, რადგან დაპირისპირებას თავი აარიდა და გულის სიღრმეში სიმხდალეს თაკილობდა. მაგრამ უფრო დამცირებული არ იქნებოდა, შუა ქუჩაში რომ ვიღაც ხისთავიანთან მუშტი-კრივი აეტეხა?! საშინლად ბრაზობდა. ანაზეც ვერ ხვდებოდა, რა უნდა ეფიქრა. მაგ ცხოველის შეყვარებული რანაირად იქნებოდა?! ან, მასზეც ალბათ ძალით ზემოქმედებდა, თავს ახვევდა შეყვარებულობას. ან გოგამ რანაირად არ იცოდა ეს ამბავი?! რა საშინელი ტიპი იყო! საერთოდ ადამიანად თუ შეიძლება ჩაითვალოს მასეთი ამაზრზენი არსება?! თორნიკეს მარტო ყოფნა არ უნდოდა და არც სახლში ასვლა ეხალისებოდა. ბაბუასთან სულებზე ლაპარაკის თავი ხომ საერთოდ არ ჰქონდა. გოგას მისწერა, რომ ლაპარაკი უნდოდა - მანაც მაშინვე თავისთან მიიპატიჟა. გოგა ასეთ ამბებში ყოველთვის უკეთ ერკვეოდა. იქნებ, უბრალოდ ვიღაცა გიჟს გადაეყარა და არც არაფერს ნიშნავდა მათი ლაპარაკი?! ანას სახელი არც კი უხსენებია. ნეტავ, მართლა მასე ყოფილიყო. რომ წარმოიდგინა, თორნიკეს იმ ტიპის მეორედ ნახვა და ვითომ მის ენაზე საქმეების გარჩევა საშინლად ესიკვდილებოდა. ბოლო-ბოლო თინა ისწავლიდა გამოძახებას და მეგობრებს მკვდარიც შეხვდებოდა ხოლმე. უბანში ვიღაცასთან “ბაზარისგან” შეძენილ ცუდ გემოს კიდევ დიდხანს ვერ მოიშორებდა. 4. სანამ გოგასთან მივიდოდა, ბაბუამისის ქუჩაზე უნდა გაევლო. ცივი ნიავი უბერავდა. თორნიკემ სწრაფი ნაბიჯით ჩაუარა დახურულ თონეს და ჯოკრის ცარიელ მაგიდას. შუა ქუჩაში იდგა, როცა დაინახა როგორ შემოუხვია მის წინ ბაბუამისის მერსედესმა. მოყავისფრო მანქანა თორნიკეზე ათი წლით უფროსი მაინც იყო და უკვე იმდენად შესაკეთებელი, რომ ნიკოს გარდა ადგილიდანაც ვერავინ ძრავდა. თავად ნიკოს ხელში კი კვირაში ერთხელ მაინც დასეირნობდა ქალაქის ქუჩებში. მანქანა თორნიკეს გვერდით შეჩერდა. რამდენიმე წამი ფანჯრის ჩაწევის ჭრიალი სალონის გარეთ აღწევდა. ბოლოს ღია ფანჯრიდან ნიკოს მელოტი თავი გამოჩნდა. -სახლში ადიხარ? -ა, არა. გოგასთან გავდივარ. დღეს ალბათ იქ დავრჩები. -გოგას ხვალაც ნახავ. ახლა მე უნდა წამომყვე. საქმე გვაქვს. თქვა ნიკომ მართლაც საქმიანი კაცის ხმით. თორნიკე დაიბნა. - რა საქმე? ცოტა დაღლილი ვარ. თან გოგასთანაც სალაპრაკო მაქვს. რეფლექსურად სცადა თავის გამოძვრენა. -კარგი ერთი, გუშინ არ ნახე ეგ შენი გოგა?! დამღლელიც არ იქნება არაფერი. გავისეირნებთ, უბრალოდ. ისეთი პირი უჩანდა, რომ სიმართლის ან ტყუილის თქმის გარეშე, თავს ვერ დაიხსნიდა. -მართალი ხარ, გოგას ხვალაც დაველაპარაკები. სად მივდივართ? -ჩაჯექი და ნახავ მალე.გაუხარდა ნიკოს. თორნიკემ კარი გააღო და წინა სავარძელზე მოთავსდა. მოუხერხებელი ღვედი გადაიჭირა და ნიკომაც მალევე დაძრა მანქანა ადგილიდან. ერთხანს ჩუმად ისხდნენ. თორნიკემ ტრადიციისამებრ საქარე მინის ზედა კუთხეში გაკლაკნილ ბზარს დაუწყო ყურება. უკვე წლები იყო, რაც მანქანას ეს დაზიანება ჰქონდა, მაგრამ ნიკოს ვერაფრით გამოსტყუა, რამ გამოიწვია თავის დროზე. ბაბუა მინის გამოცვლასაც არ აპირებდა, ბზარს უკვე მანქანის განუყოფელ ნაწილად ხედავდა. ალბათ, ცოტა ფულიც ენანებოდა. ხელოსანთან მიყვანა და ნაწილების გამოცვლა მერსედესის ბებერ პიროვნებას მაინც ვერ შეცვლიდა და, ბარემ, ერჩივნა ამაყი “ჯაბახანა” ჰყოლოდა და თანხაც დაეზოგა. სარკეზე ნაძვი ხის ფორმის კარგი სუნის დამყენებელი ეკიდა მწვანე წარწერით “WISSOL”. თუმცა მანქანაში არაფრის სუნი არ იდგა. უკვე თამარაშვილზე იყვნენ, რომ ნიკომ სიჩუმე დაარღვია. -თენგიზს გუშინ შენ ელაპარაკე? დღეს ეზოში მთელი დღე “კაგებეშნიკს” მეძახდა. კიდე გაგიჟება უნდოდა მაგ კაცს?! თორნიკე ამ კითხვას არ ელოდა. ერთმანეთისთვის უთქმელად დაწყებულ გამოძახებებზე მაინც დღეს მოუწევდათ ლაპარაკი. -კი, მე ვიყავი. ძალიან მოწყენილი იყო, სადარბაზოს წინ ტიროდა წუხელ. არ შეგეცოდა? -არ ვიცი. ნერვები მომიშალა დილიდან, მშვიდად სეირნობა არ მაცალა. თვითონ მიწვევდა, შევამოწმოთ და დაეწმუნდებიო. ერთხელ და სამუდამოდ დავაწყნარებო, ვიფიქრე. სისულელე მომივიდა, შენ კიდევ გამოასწორე. მადლობა. მშობლებისთვის ხომ არ მოგიყოლია? -არა. ჯერ შენთან მინდოდა ლაპრაკი. -კარგია. არცაა აუცილებელი, რომ უთხრა. ვერ გამიგებს მამაშენი და კიდევ ჩხუბის ატეხვის თავი აღარ მაქვს უკვე. -ხომ იცი, რაზეც ნერვიულობს?! რატომ გიკვირს? ნიკოს თორნიკეს სიტყვებზე გაეცინა. -შენზე არ უნდა ნერვიულობდეს მერე? თუ გგონია არ ვიცი, მეგობრებს რომ რიტუალებით ართობ ხოლმე?!თორნიკემ ლოყაზე იკბინა. -ნუ იძაბები, მე არაფერს არ ვიტყვი, შენი სურვილი თუ არ იქნება. შეგიძლია, კითხვებიც მშვიდად დამისვა ხოლმე. -სად მივდივართ? -სასაფლაოზე. მინდა გაჩვენო, რომ რასაც მე ვაკეთებ, იმაზე ბევრად უსაფრხოა ვიდრე მამაშენს ჰგონია. შენ უფრო გამიგებ. -დიდი ხანია, რაც გაარგძელე? -შემოდგომიდან მოყოლებული. შენც დაახლოებით მაგ დროს, არა? თორნიკემ თავი პატარა ბავშვად იგრძნო. -შენ საიდან იცი? -ძალიან ძლიერი შემოდგომა იყო, გზები თვითონ ეძახდნენ შამანებს. ჩვენ გარდა, სხვაც ბევრი დაუბრუნდა საქმეს. ზოგმა შარლატანმაც კი შემთხვევით მართლა შეძლო გამოძახება და შავ დღეშიც ჩავარდა. თორნიკეს გაუკვირდა. ბებია-ბაბუას გარდა სხვა გამომძახებლების შესახებ პირველად ესმოდა. -თბილისში ბევრია ჩვენნაირი? -აბა, რა გითხრა, ბაბუ. მე ცოტას ვიცნობ. თუმცა დარმწუნებული ვარ, ისეთიც ბევრი იქნება, თავისთვის რომ ელაპარაკება მკვდრებს და ვერც კი ხვდება, რას აკეთებს. ბევრი გიჟი ვინც დადის, მგონია, რომ თავის წასულ ახლობლებთან შემთხვევით ლაპარაკით არის გაგიჟებული. -ეჰ, სამწუხაროა. შენ ვის ელაპარაკები ხოლმე? -არავის და ყველას. დიდი ხნის მივიწყებულ ნაცნობებს ვპოულობ და ვეჭორავები ხოლმე. მნიშვნელოვანი და საჭირო ხალხი დიდად აღარ მადარდებს. შენ ვინ გამოიძახე ბოლოს? -მიშა მესხის გამოძახება გვინდოდა, ავტოგრაფიანი ბურთით. მაგრამ საბოლოოდ იმ ბურთის პატრონი რევიზორი კაცი შეგვრჩა ხელში. ნიკოს გაეცინა. -ეჰ, ჩემზე ბევრად დიდი კი არ იქნებოდა. ხომ ზრდილობიანად ექცეოდით? მკვდრების გაბრაზება არაა კარგი საქმე. -კი, ბაბუ, ცოტა კი ვიმაიმუნეთ, მაგრამ უფრო ერთმანეთს დავცინოდით. არ მგონია, ბატონ უჩას რამე შეემჩნია. -კარგია, - თავი დაუკრა ნიკომ. მანქანა საბურთალოს სასაფლაოს დასაწყისში მდგომ პატარა ეკლესიასთან გააჩერეს. რომ გადმოვიდნენ ნიკომ შავებში ჩაცმულ შუახნის ყარაულს დაუქნია ხელი და საპასუხოდაც მიიღო სალამი. საფლავების ფენების გასწრივ ამავალ გრძელ აღმართს დაადგნენ. -ბებოს საფლავზე ავდივართ? ჰკითხა თორნიკემ. ნიკომ თავი დაუქნია, მაგრამ ხმა არ ამოუღია. შეკრული წარბებით მიაბიჯებდა ძველ ასფალტზე. დროდადრო გვერდებზე საფლავის ქვებს და გარდაცვლილთა სურათებს ავლებდა თვალს. თორნიკეს ადამიანების სახეებზე მეტად საფლავების მოწყობა იზიდავდა ხოლმე. ყოველთვის უკვირდა მიწის ნაკლებების გამო ერთმანეთის გვერდიგვერდ და ერთმანეთის თავზე ჩაწყობილ ამ კვადრატებს ამხელა მრავალფეროვნება რომ გააჩნდათ. ყველაზე მეტად სადა საფლავები მოსწონდა, რომლებიც მოვლილი მცენარეებით იყვნენ მორთულები. არ უყვარდა დიდი გალავანებით შემორტყმული მიწები. ისეთ გრძნობას უჩენდნენ, თითქოს მიცვალებულის გათავისუფლებასა და მოსხენიებაზე მეტად მათი სულების ქვის სასახლეებში გამომწყვდევის მცდელობებს უყურებდა. რაც უფრო მაღლა ადიოდნენ, კვიპაროსების რიცხვიც იმატებდა და საფლავებზეც მეტი ყვავილები იყო დარგული. თორნიკეს გაახსენდა, რომ როცა აქ მშობლებმა პირველად მოიყვანეს ისტორიის წიგნში ნანახი ბაბილონის ბაღების ნახატები გაახსენდა. თუმცა სიბნელეში სასაფლაო სულ სხვანაირი იყო. ხალხისგან ცარიელი, მაგრამ სხვანაირად სავსე. რაც უფრო მაღლა ადიოდა და მეტ საფლავს ჩაუვლიდა თორნიკეს უძლიერდებოდა შეგრძნება, რომ ვიღაცების ჩუმ საუბრებს აყურადებდა. ცოტა ხანში ორივე მხრიდან ცხადად ჩაესმოდა ჩურჩულის ექო, მაგრამ ერთი სიტყვის გარჩევაც კი არ შეეძლო. თითქოს ქარის ხმა ძალით მიმსგავსებოდა ადამიანებისას. -გესმის, არა!? გაუღიმა შვილიშვილს ნიკომ. -არ შეგეშინდეს, ღამით სხვანაირია აქაურობა. სასაფლაოზე ძლიერი კავშირის დამყარება ბუნებრივია. თუმცა მედიუმისთვის ამაზე დამქანცველი ადგილი სხვა არ ვიცი. დღისით ადამიანთა ხმები ავსებენ აქაურობას, მაგრამ ღამის სიცარიელეში სიკვდილის ხმები მარტივად ჟონავს. თავი გიჟი მეგონა, სანამ შენმა ბებომ ეს არ ამიხსნა. -ჩემთვის რომ არ უთქვამს არასდროს? - გაუკვირდა თორნიკეს. -შენ პატარა იყავი და შენი სასაფლაოზე გამოპარების თავი არავის არ ჰქონდა. თან, როგორც გითხარი: საშინლად დამღლელი და საშიშიც კია. მაგრამ ბავშვებისთვის - ნაკლებად. -ბავშვი დაკარგულის დაბრუნებით არ არის შეპყრობილი. ხუთოსანივით უპასუხა თორნიკემ. -მასეა. სულების გამოხმობისთვის ზუსტად ეგ არის ბავშვობის დასასარული, როცა დაკარგულის დაბრუნების ცდუნება იწყებს შენი არსების ღრღნას. დაბალი ხმით თქვა ნიკომ და დადუმდა. თორნიკეს გულში გაეცინა. აშკარა იყო, რომ ბოლო დროს ნიკო სულებზე ძალიან ბევრს ფიქრობდა. ცოტა შემაშინებელიც კი. ამასობაში თორნიკეს ყოველი გამოძახება თამაშივით ესახებოდა. გასართობივით, რომელშიც თუ მოინდომებდა მთელი გულის ჩადება შეეძლო. -მე ბავშვი ვარ?ნიკომ ჩაფიქრებული სახით შეხედა შვილიშვილს. -რა გითხრა, აბა. მე რა ვიცი, შენს თავში რა ხდება. მგონი, რომ სულ ცოტა ხანია რაც მე თვითონ აღარ ვარ ბავშვი. ძალიან სახალისოა ბავშვობა, მაგრამ უნდა არსებობდეს რაღაცები რისი განცდაც მხოლოდ ზრდასრულ შამანებს შეუძლიათ. -რას გულისხმობ? - დაიბნა თორნიკე. -ვეცდები, ახლა გაჩვენო, რომ მივალთ ადგილზე. მოუჭრა ნიკომ. თორნიკე ოდნავ ანერვიულდა. ეშინოდა, რომ ნიკო სისულელის ჩადენას აპირებდა. -და ბებოს საფლავზე რატომ ავდივართ? არ გგონია, რომ საშიში იქნება? ნიკომ თავი გაიქნია, არაო და მდუმარემ განაგრძო სიარული. თორნიკეს შედავება უნდოდა, მაგრამ მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა. აქ სასაუბროდ არ იყვნენ მოსულები. ნიკო ანიშნებდა, რომ სიჩუმეშიც ბევრის გაგება შეეძლო და თორნიკეც დაჰყვა ბაბუას ნებას. აღმართზე სიარულისგან სუნთქვა აჩქარებოდა. უკვე ისე აცივებულიყო, რომ პირიდან ამოსულ ორთქლს სიბნელეშიც ხედავდა. გრძნობდა, რომ მისი გონება ნაბიჯ-ნაბიჯ იცლებოდა დღის ფიქრებისა და სადარდელებისგან. თორნიკემ მთვარეს შეხედა და სულების ჩურჩულში ჩაიძირა. სიბნელეში დიანა ბებოს საფლავი ეუცხოვა. ზუსტად ახსოვდა, როგორი იყო ეს ადგილი, როცა პირველად ამოვიდნენ აქ და ისიც, როგორი გახდა დროთა განმავლობაში. დაბალი ღობით გარშემორტყმული შავი მიწა, რომლის შუაშიც დამუშავებული საფლავის ქვა იდგა. ჯვრის გვერდით კი ბებოს სახელი გვარი და მისი ახალგაზრდობის სურათი გამოესახათ. თორნიკე ასეთ დიანას ისედაც არ მოსწრებოდა და იმ წუთას საერთოდაც, თითქოს უცხო ადამიანს უყურებდა. რამდენიმე წამში ნიკოც ამოვიდა და საფლავის გვერდით ქვაზე ჩამოჯდა. ბაბუა მძიმედ სუნთქავდა და თავისი ცოლის სახეს თვალს არ აშორებდა. თორნიკე საფლავზე ასეთ სიცარიელეს პირველად გრძნობდა. საფლავზე ყოველთვის მთელი ოჯახით ამოდიოდნენ ხოლმე. სულ რომ ჩუმად ყოფილიყვნენ, ამდენი ადამიანის სუნთქვა მაინც არ დაგტოვებდა მარტოს საკუთარ ფიქრებთან. იქნებ, მიზანიც სწორედ ეს იყო? ერთად მხოლოდ იმიტომ სტუმრობდნენ სასაფლაოს, რომ ერთმანეთის დარდი შეემსუბუქებინათ. მიცვალებულის ხსოვნაზე ფიქრი ეული ადამიანების ხვედრი იყო. სული რომ მოითქვა, ნიკომ ქურთუკის ჯიბიდან სქელი სანთელი და მუქი ფხვნილის პაკეტი ამოაძვრინა. ფხვნილი მიწაზე მიმოაბნია და ზედ სანთელი დაადო, შემდეგ თავისივე დასატენი სანთებელათი მოუკიდა ცეცხლი. სანთელს თავზე დაადგა, ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა. თორნიკემ ბაბუას ხელში ძველი, შავ-თეთრი სურათი დაინახა. -არ გინდა, ბაბუ! მასე ხომ ვერ დააბრუნებ. შენც რომ რამე დაგემართოს?!ნიკომ დაღლილი სახით შეხედა შვილიშვილს. -მენდე, შვილო, გიჟი არ ვარ. დამშვიდდი და მიყურე. ბევრს ისწავლი. ერთი წამით იფიქრა, რომ ნიკოსთვის ხელი უნდა მოეკიდა და ძალით გაეყვანა საფლავიდან. მაგრამ ეს შეიძლება ბევრად უარესიც ყოფილიყო. თორნიკეს გონება ჰკარნახობდა, რომ ნიკო სასოწარკვეთილ კაცს არ ჰგავდა. თავის მოკვლა ან გაგიჯება რომ ნდომებოდა, თორნიკეს მოწმედ რატომ წამოიყვანდა?! აქ იმისთვის იყვნენ მოსულები, რომ ნიკოს შვილიშვილისთვის რაღაცის გაზიარება უნდოდა. რამდენიმე წამი ასე ჩუმად იდგნენ. შემდეგ, თვალდახუჭულმა ნიკომ მუშტები შეკრა, ერთი ამოიხვნეშა და წაბარბაცდა. თორნიკეს რომ არ შეეშველებინა ხელი, წაიქცეოდა კიდეც. -ბაბუ, კარგად ხარ? ნიკოს მისთვის არც უპასუხია. იღიმოდა და საფლავის ქვისკენ იყურებოდა. მის უკან ღია ფერის კაბაში გამოწყობილი გრძელთმიანი ქალი იდგა და დაბნეული სახით ათვალიერებდა გარემოს. -ბებო?! - გაუკვირდა თორნიკეს. -კარგად დააკვირდი, დიანა ასეთი გახსოვს? - ამოიღო ხმა ნიკომ. -ნიკო?! შენ ხარ? სად ვართ? აქ როგორ მოვხვდი? სულის ხმა მოგუდულად და შორიდან ისმოდა. კავშირი სუსტი იყო. ქალსაც გაუჭირდებოდა მათი გაგება. თუმცაბაბუა მართალი იყო. ეს ქალი დიანა ბებო არ იყო. თითქოს, რაღაცით წააგავდა, მაგრამ თორნიკე აშკარად მისთვის უცხო ადამიანს ხედავდა. ნიკომ ქალს ხმამაღლა უპასუხა. -ქალბატონო თამარ, ისევ აქ ვართ. დიანას საფლავზე. არ გახსოვთ რამდენიმე დღის წინ რომ ვისაუბრეთ?! შესანიშნავად გამოიყურებით როგორც ყოველთვის. ქალი ნიკოს შეშინებულივით უყურებდა და უარყოფის ნიშნად თავს აქნევდა. -უი, არა ნიკო, არაფერი მახსოვს. რომელი წელია? -2019 ეს კიდევ თქვენი შვილთაშვილია, თორნიკე. შემდეგ ბაბუა თორნიკეს მოუტრიალდა. -თორნიკე, გაიცანი. ეს დიანას ბებიაა, თამარი. შენ ვერ მოგესწრო, სამწუხაროდ. მეც ძალიან ცოტა ხანს ვიცნობდი. -გამარჯობა შვილო. ღიმილით დაუქნია ხელი თამარმა პირდაღებულ თორნიკეს. თვალებს ვერ უჯერებდა. თავისი დიდი ბებიის დედა ელაპარაკებოდა. თან ისე, რომ ასაკით მასზე ბევრად დიდსაც არ ჰგავდა. არადა, აქამდე ეგონა, რომ საკუთარი ნათესავების და ახლობლების გამოძახება საშიში იყო. -სალამი. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ძლივს ამოიდგა ენა თორნიკემ. წუთის წინ თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ნიკო ბებოს გამოხმობას აპირებდა და ჭკუიდან უნდა შეშლილიყო. ახლა კი უყურებდა ბაბუამისი, როგორი ზრდილობითა და მოწიწებით ესაუბრებოდა საკუთარი ცოლის ბებიას. -ნიკო, რა ლამაზი ბიჭია! თან, ზუსტად დიანას თვალები აქვს რომ ვუყურებ. -კი, დაბადებიდან სულ ბებიას ვამსგავებთ. ერთი დედამისი გვეწინააღმდეგება ხოლმე. მე მგავს, გინდათ თუ არაო, - თამარს გაეღიმა. -აბა რას იტყვის, კაცო. დედაა ბავშვის. იმედია, ჩემს რძალს ძალიან არ აბრაზებთ, არა?! -როგორ გეკადრებათ, ქალბატონო თამარ. სულ ხელის გულზე ვატარებთ. ამ სიტყვებზე, თორნიკემ ჩაიცინა. ასეთ ფორმალურ ნიკოს პირველად ხედავდა. წამით ისე იგრძნო თავი, თითქოს სამი მსახიობის სპექტაკლს დგამდნენ და მარტო თვითონ არ იცოდა, რა როლი უნდა ეთამაშა. თუმცა ეს სპექტაკლი ისევე უეცრად მორჩა, როგორც დაიწყო. თამარი ისევ თორნიკესკენ მოტრიალდა და რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ უცებ ძალიან გაფერმკრთალდა. ნელ-ნელა საკუთარი თავის ლანდს დაემსგავსა და სიბნელეს შეერია. სათქმელად პირი გააღო, მაგრამ მისი ხმაც სადღაც უკიდეგანო სივრცეში გადაიკარგა. წამიც და მისი დანახვა შეუძლებელი გახდა. ნიკოს ანთებული სანთელი უკვე ჩამქრალიყო. ნიკომ შვილიშვილს შეხედა და თბილად გაუღიმა. თორნიკემ არ იცოდა რა ეთქვა, მაგრამ თავს უკვე მშვიდად გრძნობდა. - აბა, შეაფასე. იყო აქ რამე საშიში? როგორ გგონია, ვერ გავუძლებ ცდუნებას? ჰკითხა თორნიკეს. -მაგდენი არ ვიცი, მაგრამ ისეთი არაფერი გიქნია. ჩემს ჩარევას რომ ითხოვდეს. უპასუხა თორნიკემ და საკუთარი პასუხი მოეწონა. -წარმოიდგინე, შვილო. ხომ ძალიან ახლოს ვიყავი დიანას მოხმობასთან? -კი. -მაშინ რატომ არ მოვიხმე? არ მინდა ჩემ ცოლთან ლაპარაკი? მასწავლებლური ტონით ჰკითხა ბაბუამ. -ძლიერი ნებისყოფა რადგან გაქვს?ნიკოს თორნიკეს პასუხზე ხმამაღლა გაეცინა. -მეტი არაა ჩემი მტერი. პასუხი უფრო მარტივია. რასაც ჩვენ ვიძახებთ, სული არ არის. გაიხსენე შენით ვინც გამოგიხმია, ყველა ცოტა უცნაურად არ იქცეოდა?! -არ ვიცი, ალბათ. დაბნეულები არიან ხოლმე და არ იციან რა როგორ უნდა მიიღონ. სიკვდილის მერე ისევ დედამიწაზე მობრუნება არ მგონია მარტივი იყოს მათთვისაც. -კი, მეც ზუსტად მასე მეგონა. მაგრამ ბოლო დროს ცოტა სხვანაირი აზრი გამიჩნდა. -რა აზრი? ჩაეძია თორნიკე. -რა და მე არ მგონია, რომ მედიუმი ჩვენი სამყაროს მიღმა წვდება და გარდაცვლილის სულს ცოტა ხნით აბრუნებს. ჩემი აზრით, ჩვენ ვცდილობთ, რომ სამყაროს მეხსიერებაში ჩავიხედოთ და რიტუალისთვის აუცილებელ ადგილებსა და ნივთებს ვთხოვთ თავისი ამბების მოყოლას და ისინიც ისე გვიყვებიან, როგორც ამას ადამიანები იზამდნენ. -დაიცა-დაიცა, ანუ სული არ არსებობს? ჰოლოგრამებს ვუყურებთ, შენი აზრით?-არ ვიცი, სული არსებობს თუ არა და სიკვდილის შემდეგ თუა სიცოცხლე - არც ეგ ვიცი. ის წარმოდგენა, რომ მკვდართან სალაპარაკოდ მისი სულის გამოხმობა გჭირდება, ჩვენი რელიგიებიდან მოდის. თუმცა საქმეში მის აუცილებლობას მე ვეღარ ვხედავ. მე მგონია, რომ ჩვენ შეგვიძლია სამყაროს ვთხოვოთ, უბრალოდ მოგვიყვეს ამბავი წასულ ადამიანებზე. თორნიკე დაფიქრდა. - გამოძახებულებს მათი სიკვდილის შემდგომ მომხდარი ამბები იშვიათად აინტერესებთ. -და რაც აინტერესებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ სიცოცხლეში უკვე ჰქონდათ ეგ კითხვები. მგონია, ვისაც ჩვენ ვიძახებთ, მხოლოდ იმ ადამიანების განვლილი სიცოცხლის ანარეკლს წარმოადგენენ. ახალ ამბებს ვერ ითვისებენ და არც აზრის შეცვლა ან ახლის დამახსოვრება შეუძლიათ. ჩვენ ვხედავთ სამყაროს არასრულყოფილ მოგონებებს იმაზე, თუ როგორი იყო ეს ადამიანი. ჭაში ჩაძახებული ხმის ექოს ვუსმენთ მხოლოდ. -და რაც მეტი დროა გასული, ექოც უფრო და უფრო სუსტდება. ჩაერთო თორნიკე. -დიდი ხნის შემდეგ ადამიანების გარდა თავად სამყაროც გვივიწყებს. მოვა დრო და ჩვენი კვალიც სამუდამოდ წაიშლება.ნიკო ისევ საფლავის გვერდით ქვაზე ჩემოჯდა და შავ მიწას დაუწყო ყურება. გასათბობად ხელები ერთმანეთზე გაუსვა და შემდეგ შარვალზე დაილაგა. მძიმედ სუნთქავდა, რიტუალის დაღლა მის სხეულს ერთიანად მიაწყდა. -ამიტომ იყო ასეთი ძნელი დიდი ბებიისთვის ხმის მიწვდენა?თორნიკე ცდილობდა, მიღებული ინფორმაცია გადაემუშავებიდა. უხაროდა, ამ საკითხის ბაბუასთან ერთად განხილვა რომ შეეძლო. მას შემდეგ რაც თინამ და გოგამ დაარწმუნეს, რომ მათთან ერთად კვლავ ეცადა მკვდრებთან საუბარი, სულ იმის შიში ჰქონდა, რომ საშინელი სისულელე დაემართებოდა. ახლა შეეძლო, რომ თუ რამ კითხვა ექნებოდა, ნიკოსთან მისულიყო და მისი აზრი მოესმინა. ბაბუამ რამდენიმე წამში უპასუხა. - თამარის აჩრდილთან ადრეც მისაუბრია, მაშინ ბევრად მყარი კავშირი გამომდიოდა ხოლმე. რიტუალსაც უფრო ყურადღებით ვატარებდი მაშინ, მაგრამ კავშირის შესუსტებას მაინც ვგრძნობ. -ისე, რაზე ელაპარაკებოდი ხოლმე? ნიკოს თორნიკეს ცნობისმოყვარეობაზე გაეღიმა. -მისგან უკითხავად, დიანას ბავშვობაზე ვაყოლებდი ამბებს და მერე სასხვათაშორისოდ ვუხსენებდი ხოლმე ბებიაშენს. საშინლად ბრაზდებოდა, რომ ვერ ხვდებოდა საიდან ვიგებდი. ეჰ…თორნიკეს დიანას ბებოს გაბრაზება გაახსენდა. -მენატრება. -ვიცი, შვილო, მეც ძალიან მენატრება. ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს, ყელში ბურთი აწვებოდა. -როგორ უძლებ ცდუნებას?! როცა იცი, რომ დღესვე შეგიძლია გამოიხმო და ნახო?! რატომ გიკვირს, მამას რომ ეშინია, რომ ხელი წაგიცდება?! ნიკომ ხელები თავზე გადაისვა. თითქოს, საჭირო სიტყვებს ეძებდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. -არ მიკვრის, მამაშენს რომ არ ესმის. მაგიტომ ვართ ახლა აქ, რომ ვცდილობ შენ მაგ კითხვაზე გაგცე პასუხი. არ არის მარტივი ამბავი. ეცადე, კარგად მომისმინო. ნიკომ ისე დაიწყო მშვიდი ხმით ლაპარაკი, რომ საფლავის ქვისთვის თვალი არ მოუშორებია. -დიანას მე როგორც ვიცნობდი, მასე ერთადერთი თავის თავს თუ იცნობდა. თვალების ყველა დახუჭვაზე შემიძლია დავინახო ცოცხალი და მომღიმარი. ზუსტად ისეთი, როგორიც იყო! ჩემს გონებაში არსებულზე უკეთესი მისი ასლი ამ სამყაროში ვერ იარსებებს, არ მჯერა მაგის. სივრცე ადამიანს ჩემზე უკეთ ვერ შეინახავს. არ მეშინია, რომ დამავიწყდება და არაფერში მჭირდება, რომ ჩემი ნამდვილი მოგონება მისი არასრული აჩრდილით ჩავანაცვლო. ნიკოს ხმა გაუტყდა და წამით შეჩედა, რომ ქვითინი შეეკავებინა. ამოისუნთქა, თორნიკეს თვალებში ჩახედა და განაგრძო. - აჩრდილით, რომელიც დღითი დღე უნდა გამომეცალოს ხელიდან. ხელახლა წლებად გაწელილი მაჩვენოს ერთხელ უკვე გადატანილი დანაკარგი. მაგას მირჩევნია, უბრალოდ მახსოვდეს. ჩემი ასაკის რომ გახდები, მიხვდები, რომ მთავარია, გახსოვდეს. თორნიკემ პირი გააღო, რომ თანხმობა გამოეხატა, მაგრამ მხოლოდ თავის დაქნევით შემოიფარგლა. მიხვდა, რომ საკუთარი ხმის გაგება არაფერში სჭირდებოდა. ნიკო წამით შეჩერდა, შვილიშვილის დაბნეულ სახეზე გაეღიმა და განაგრძო. -ამიტომ, შეგიძლია მშვიდად იყო. ხომ მიყურებდი ახლა?! აქ დიანას მოხმობა ბევრად მარტივი, ბუნებრივიც კი იქნებოდა. მაგრამ ეს არ გავაკეთე და არც არასდროს ვაპირებ. მოკლედ, უნდა დამიჯერო. სევდიანი ღიმილით დაასრულა ნიკომ და ფეხზე წამოდგა. თორნიკემ არ იცოდა, ბაბუასთვის რა უნდა ეპასუხა. მხოლოდ ის იცოდა, რომ მისი გულწრფელობის დაჯერება უნდოდა. უხაროდა, ნიკოს მასთან ასეთი პირდაპირობა რომ შეეძლო. ბოლო დროს ოჯახის წევრებთან უშუალო საუბრობს სულ გადაეჩვია და ეს სახლში ყოფნისას ხშირად აწუხებდა ხოლმე. თავს ისევ ბაბუასთან დატოვებულ ბავშვად გრძნობდა და მიხვდა, რომ ეს გრძნობა ენატრებოდა. -წამოდი ახლა, წავიდეთ სანამ გავყინულვართ… უთხრა ნიკომ და გზისკენ გასწია. პირველი დაღმართი ისე ჩაიარა, რომ უკან არც მოუხედავს. რაც უფრო შორდებოდა ბაბუა, მით უფრო გარკვევით ესმოდა თორნიკეს, გარშემო აჩრდილთა ჩურჩული. არ უნდოდა, ამ ხმაურში მარტო დარჩენილიყო, მაგრამ ბებოს ასე დასატოვებლადაც არ უშვებდა გული. ბოლოჯერ გახედა დიანა ბებოს ახალგაზრდობის სურათს. დაბადებიდან ნაცნობი ღიმილის დ
ანახვა მოსწონდა. “მენატრები, მიყვარხარ.” გაიფიქრა გულში და შემდეგ ისევ ქვემოთ მიმავალი ნიკოს ზურგს გახედა. ძუნძულით წამოეწია და ერთადერთი სიტყვა უთხრა: -მჯერა.