იყიდე ბედნიერება
იყიდე ბედნიერება
თავი 1 წიგნის პრეზენტაცია ბანალურზე ბანალური სათაური იყო, მაგრამ რაღაც დამაინტრიგებელი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა, ვინც კი „იყიდე - ბედნიერება!“-ს კითხულობდა, წიგნის შეძენის სურვილით ივსებოდა. რასაკვირველია, არ მეგულება ადამიანი, ვისაც ბედნიერება არ სურს, ან ამაზე არ უოცნებია მაინც, ამიტომ, რამდენადაც დაუჯერებლად არ უნდა ჟღერდეს, სათაურმა გაამართლა... არ ვიცი, როგორ დაეხმარა ადამიანებს ბედნიერების ძიებაში, მაგრამ ერთი რამ კი ცხადია, მე რომ ეს, ალბათ, მოზრდილობის ასაკში წამეკითხა, ბევრ რამეს ისეთს ამოვიტანდი აქედან, რომელიც მწვერვალების დაპყრობაში თუ არა, ჩემი თავის უკეთ შეცნობასა და წინსვლაში ნამდვილად დამეხმარებოდა... თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა, მაგრამ მაინც, იყო ის, რის აღმოჩენასაც ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობდნენ... ყოველ შემთხვევაში, წიგნის სათაურმა თუ მომატებულმა ცნობისმოყვარეობამ, გავიგოთ ბედნიერების საიდუმლო-ო, კარგი სამსახური გამიწია და წიგნი განმეორებითი ტირაჟით დაიბეჭდა. მოგვიანებით რამდენიმე მაღაზიამ დამირეკა და პირადად მთხოვა, ავტორის ავტოგრაფით გაყიდულიყო წიგნები.... და მართლაც ორი-სამი საღამო, უამრავ წიგნით შეიარაღებულ მყიდველს, უკვე გადაშლილ წიგნის სატიტულო ფურცელზე პირადი ავტოგრაფით და მცირე მინაწერით ვანებივრებდი. რომ გითხრათ, ეს დამღლელი არ იყო-მეთქი, ალბათ ტყუილის თქმა გამომივა, მაგრამ ამ ადამიანების სახის დანახვა, მათი მოკრძალებული ღიმილი და რიგში მოთმინებით დგომა, საოცარ სიამოვნებას მანიჭებდა. წიგნის სურნელი, (რომელსაც ჯერ ისევ სტამბის, ტუშით გაჟღენთილი და დაპრესილი ქაღალდის მძაფრი სუნი ასდიოდა), ჩემს ფილტვებშიც აღწევდა და ვცდილობდი, ეს სუნი ისე შემესისხლხორცებინა, როგორც საპატიმროდან ახლად გათავისუფლებულ პატიმარს - ჟანგბადი, რომელიც მეორე სუნთქვას უხსნიდა და აცოცხლებდა... ახლაც მახსოვს, პატარა მაგიდასთან ვიჯექი მაღაზიის მეორე სართულზე, სადაც წიგნებით დახუნძლული სტელაჟები გადმომყურებდა. სიმართლე რომ ვთქვა, სავარძელი მაინცდამაინც მოხერხებული და კომფორტული არ იყო და რამდენადმე მაღალიც გახლდათ მაგიდაზე, რის გამოც, თითქმის წელში მოხრილს მიხდებოდა მინაწერების გაკეთება, მაგრამ არ ვიმჩნევდი და, როგორც შემეძლო მშვიდად, აუცილებელ გარდაუვლობად ვიღებდი ამ ამბავს. საკმაოდ ბევრი ადამიანი ირეოდა ირგვლივ. უმეტესობას ჩემი ახლად შეძელი წიგნი ეკავა ხელში და დაკვირვებული, ინტერესით მიმოდიოდა. როგორც იქნა, რიგი შეთხელდა, რამდენიმე მოღიმარი ადამიანიღა დარჩა და მეც შვებით ამოვისუნთქე... ჩემთვის კი გავიფიქრე, დღეს იმდენი მინაწერი გავაკეთე, ალბათ, ერთი რომანი კიდევ დაიბეჭდებოდა-მეთქი და ჩემს თავზე გამეცინა. ის-ის იყო, საქმეს მოვრჩი და წამოდგომაც დავაპირე, რომ ამ დაბალი მაგიდის და მეტისმეტად მაღალი საზურგის ტყვეობიდან გავთავისუფლებულიყავი, რომ ხმა გავიგონე, თავი ავწიე და უცნობს შევაცქერდი. - მომიტევეთ, მგონი, უკვე დასრულდა თქვენი სამუშაო, მაგრამ უნდა შეგაწუხოთ. ისევ სავარძელში ჩავეშვი და მოსულს დავაკვირდი. უცებ მიღებული თავისუფლების შეგრძნება სადღაც გაქრა. კვლავ საწყის პოზას დავუბრუნდი, ნაძალადევად გავიღიმე და თავი დავუკარი. - კი, დაგაგვიანდათ! - გაღიმება ვცადე - თუმცა, გამონაკლისი შემიძლია დავუშვა. მასაც გაეღიმა ისე, თითქოს ეს-ესაა, გამარჯვების ოქროს მედალი ჩამოჰკიდესო ყელზე, მერე გადაშლილი წიგნი წინ დამიდო და ცნობისმოყვარედ შემომხედა: - სულ ერთია, რაც გინდათ, ის დაწერეთ, მთავარია, რომ თქვენი ხელნაწერი შერჩეს ამ ფურცელს. ისევ ავხედე და ამჯერად უკეთ დავაკვირდი. იქნებოდა, ალბათ, ორმოც წლამდე მამაკაცი, თავის ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად და მხნედ გამოიყურებოდა, არც შემელოტებული და არც ნაადრევად გაჭაღარავებული, თუმცა, თმები მაინც საგრძნობლად შეთხელებოდა. შავი და აქა-იქ თეთრად შევერცხლილი ნაწილები სცვლიდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს ახლოდან, თორემ ჭაღარა სულაც არ ეტყობოდა მკვეთრად. შუბლი გადატკიცული და საკმაოდ ფართო ჰქონდა. თვალებში კი სევდიანი სხივი დანავარდობდა. ყველაზე მეტად ამ დიდმა და მეტყველმა თვალებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. რაღაცნაირი მზერა ჰქონდა, აი ისეთი, პირველივე ნახვისთანავე რომ დაგიპყრობს და დაგაინტერესებს, თავისკენ მიგიზიდავს და უხილავ სამყაროში შეგიპატიჟებს. რამდენიმე წუთს ისე ვუცქერდით, თითქოს ვამოწმებდით და ვაკვირდებოდით ერთმანეთს. მერე ისევ დავხარე თავი და ვიგრძენი, რომ ხელი ამიკანკალდა, იმდენად ძლიერად, რომ კალამი გამივარდა. მაშინვე დაიხარა და მომაწოდა. - ალბათ, მართლა გადაიღალეთ, რამდენიმე საათია აქ ზიხართ გაუნძრევლად და ავსებთ წიგნის გვერდებს ავტოგრაფებით და მინაწერებით, მართალი გითხრათ, მე გამიჭირდებოდა ასე დიდხანს გაუნძრევლად ჯდომა და საქმის კეთება... ინებეთ! კალამი ხელში ჩამიდო და სულ ერთი წამით შევეხე მის დიდ და საკმაოდ გრძელ თითებს, რომლებიც დახვეწილად და მშვენივრად გამოიყურებოდა. ვიფიქრე, რომ ასეთი ხელები მხოლოდ პიანისტს, ან მოცეკვავეს თუ ექნებოდა. უცებ დამაინტერესა მისმა პიროვნებამ და ამის დამალვა არც მიცდია. შევეცადე, პირდაპირი და უშუალო დავრჩენილიყავი, რომ არც ჩემი სიცივით დამეფრთხო და არც ჩემი ჭარბი ყურადღებით. ეს მშვენივრად იგრძნო, როგორც ეტყობა, ქალის ფსიქოლოგია მისთვის უცხო ხილი არ გახლდათ და არც ქალთა საზოგადოება იყო მისთვის ახალი და უჩვეულო. თავი ძალიან მშვიდად და თავისუფლად ეჭირა. - სახელი? გაკვირვებულმა ისე მომხედა, თითქოს ვერ მიხვდა, ახლა მისი სახელი რა შუაში იყო. გამეცინა: - თქვენი სახელი... ეს წიგნი ხომ თქვენთვის გინდათ, თუ „ბედნიერების“ ვინმესთვის ჩუქებას აპირებთ? - ააა.... არა, რას ბრძანებთ, ჩემი ბედნიერება, მხოლოდ ჩემია და არავისთვის გადაცემას არ ვგეგმავ... ნუ .. ამ უახლოეს მომავალში მაინც... სანდრო მქვია... თვალებში ისეთი უცნაური სხივი გაუკრთა, ერთბაშად მოვინუსხე და წინ დადებული წიგნის ცარიელ, სატიტულო ფურცლის შუაგულში დიდი გულმოდგინებით და ძახილის ნიშნით დავწერე მისი სახელი. ისიც ისეთი გაფაციცებით და დაკვირვებით მადევნებდა თვალს, როგორ გამომყავდა ასოები, როგორც დედა პირველკლასელი შვილის გამოწერილ - ნაცოდვილარს. მეორე ხაზზე კალამი მივაბჯინე და წამით შევიცადე. არ ვიცოდი, რა დამეწერა, თითქოს ყველა ფრაზა და წინადადება ჩემი თავიდან გამქრალიყო. შორიდან აბლაბუდაში გახვეული მწერებივით საცოდავად ირწეოდნენ ჩემს გონებაში ნაწყვეტ-ნაწყვეტი სიტყვები და თავს ერთად ვერ ვუყრიდი. ის კი იდგა და მოთმინებით მელოდა, მერე, ეტყობა, მიხვდა, რა გასაჭირშიც ვიყავი და კალმიან ხელზე ხელი შემახო. ავხედე. ისევ ისე, პირველკლასელის დედასავით, თანაგრძნობით მიცქერდა: - ხომ გითხარით, ბევრს არაფერს გთხოვთ, თუნდაც ერთი წინადადება და თქვენი ავტოგრაფი. ვიგრძენი, როგორ გამამხნევა მისმა სიტყვებმა და თითქოს ყველაფერი ერთბაშად დატრიალდა. - კარგით, მხოლოდ რამდენიმე სიტყვას დავწერ... ბოლოს და ბოლოს თქვენ რომანის წაკითხვას აპირებთ და არა ჩემი ავტოგრაფის. ისევ მოვიმარჯვე კალამი და მისი სახელის ქვეშ დიდი და, რაც შეიძლება, ლამაზად გამოყვანილი ასოებით დავწერე: სანდრო! თუ გინდათ, იყოთ ბედნიერი - იქნებით, ამისთვის მარტო წიგნი კი არა, თქვენი განწყობაც საკმარისია! გისურვებთ, საოცარ მოგზაურობას, იმ დიდ გზაზე, რასაც წიგნის წაკითხვით მიღებული სიამოვნება ჰქვია! პატივისცემით, ავტორი დინა ქირია წიგნი მივაწოდე. გამომართვა. შებრუნდა. მერე, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ისევ შედგა. ჩემკენ რომ მოიხედა, წიგნი გულში ჰქონდა ჩაკრული და ცნობისმოყვარედ მათვალიერებდა: - და მაინც, რა გგონიათ ბედნიერების გასაღები, ქალბატონო დინა? წამოვდექი. ფეხები აშკარად მადლობას მიხდიდა, ამდენსაათიანი ტყვეობიდან რომ გავათავისუფლე, თუმცა ცალი ფეხი დამბუჟებოდა და ორივე ხელით მაგიდას დავეყრდენი. - ბედნიერების გასაღები თვითოეულ ჩვენგანშია. უბრალოდ, ყველა კლიტე თავის გასაღებს ითხოვს... ეს რაღაცნაირად მატრიცას ჰგავს, აი ისე გენეტიკაში რომ იგება მატრიცები, შენსას მხოლოდ შენ გრძნობ, სხვა ტრიპლეტები არ გამოგადგება. კოდი სრულიად უნდა ეთანხმებოდეს გასაღებ კარს. სხვანაირად არ ხდება... თავად უნდა იპოვო ბედნიერების გასაღები, წიგნი კი იმ გზებს და საშუალებებს გიჩვენებს, რომელიც სწორი მიმართულებით გადაადგილებაში დაგეხმარება, ერთგვარი კომპასის ფუნქციას ასრულებს... გაიღიმა. როგორ უხდებოდა ღიმილი! მერე თავი მორჩილად დააქნია: - ანუ ყველას თავის ბედნიერების გზა აქვს, მხოლოდ მისთვის კუთვნილი... მთავარია, მიხვდე, რომ ეს სწორედ შენია და სწორედ ის არის, რაც გჭირდება... კარგით, მადლობა!... ეს თქვა და კიბე ჩაიარა. მზერა გავაყოლე. არ ვიცი, გრძნობდა, თუ არა, რომ ვუყურებდი, მაგრამ ზემოდან რომ გადამოვხედე, კიდევ ერთხელ შემობრუნდა, თავი დამიკრა და მოსეირნე დამთვალიერებლებს შეუერთდა. თავი 2 აქსიომების კრებული ( ამონარიდი წიგნიდან) მახსოვს, პირველად გეომეტრიის სწავლა რომ დავიწყეთ, რამდენიმე წესი შეგვასწავლა მათემატიკის მასწავლებელმა. ეს, ალბათ, მეხუთე კლასში იყო. ჩვენი პედაგოგი საკმაოდ სიმპათიური და დინჯი ახალგაზრდა ქალი გახლდათ. დიდი გულმოდგინებით გვიხსნიდა წესებს და დებულებებს. თინა მასწავლებელს ისეთი რბილი და სასიამოვნო ხმა ჰქონდა, მარტო ამ საოცარი ბგერების გამო, რომელიც ყელიდან ამოსდიოდა, ღირდა მისი მოსმენა. დღესაც მახსოვს განმარტება - „აქსიომა“ - არის ჭეშმარიტება, რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება. ბავშვები ცოტა არ იყოს დავიბენით, თუმცა გამოგიტყდებით, ძალიან მომეწონა ეს თეორემა, ანუ ამ სამყაროში არის ისეთი მოვლენებიც, რომლებიც უპირობოდ არსებობენ, ყოველგვარი დამტკიცებების გარეშე და ეს ძალიან მახარებდა. მაშინ ალბათ, დიდი არაფერი მესმოდა ამ ჭეშმარიტებების და, მართალი გითხრათ, არც თავი მიმტვრევია რაიმეს ამოხსნასა და ჩაძიებისთვის. დამტკიცება არ სჭირდება, მაგრამ არის თურმე მეორე მხრივ, რაღაც-რაღაცები, რომლებიც დამტკიცებას და დასაბუთებას მოითხოვენ... და ასეც იყო, ნელ-ნელა გაჩნდა ტერმინები, დაამტკიცეთ, რომ ეს ოთხკუთხედია, სამკუთხედი და ა.შ. რომელიც, მართალი გითხრათ, დიდად არც მეპიტნავებოდა, არანაირი წარმოდგენა არ მქონდა, რა საჭირო იყო ვინმესთვის რამე დამემტკიცებინა, როდესაც ისედაც ჩანდა, რომ ეს უკანასკნელი მართლა სამკუთხედი იყო, ან ოთხკუთხედი, ან კვადრატი? ვერ ვხვდებოდი, რატომ არ შეიძლებოდა, უბრალოდ დაგვეჯერებინა ჩვენი თვალებისთვის და ისედაც ხილული და, ერთი შეხვედით, ყველასათვის გასაგები არ დაგვესაბუთებინა? მაშინ ვერ ვხვდებოდი, ეს ყველაფერი რაში გვჭირდებოდა... დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს ბავშვს ლოგიკური აზროვნების განვითარებაში ეხმარებოდა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავდით, სრულიად ადვილი შესაძლებელია, არ ყოფილიყო ის, რაც გვეგონა. სულ მიკვირდა მასწავლებლის სიტყვები - „ვისაც იურისტობა გსურთ, გეომეტრია მათთვის ყველაზე სასურველი საგანია, რადგან ის სწორედ და დასაბუთებულად ჩამოყალიბებულ, თანამიმდევრულ აზროვნებაში შეგიწყობთ ხელს“-ო. სად იურისტი და სად გეომეტრია არა, როცა მისაღებ გამოცდებში მათემატიკა საერთოდაც არ ბარდებოდა?... მე უფრო აქსიომები მომწონდა, რომელსაც არანაირი დამტკიცება არ სჭირდებოდა. ის იყო - რეალური, ჭეშმარიტი და ზუსტად განსაზღვრული. სამყაროს გამიჯვნა დასამტკიცებელ და დაუმტკიცებელ მოვლენებად ძალიან პირობითი და მარტივი გამოსავალი გახლდათ. მაგრამ ეს ერთგვარად აადვილებდა კიდეც აუხსნელის დაჯერებას, თუნდაც ის, რომ მზე - მზეა და ის ვარსკვლავია, რომელიც დედამიწას სითბოთი და სინათლით ასაზრდოებს, რომ, რომ არა, მზის ენერგია, დედამიწაზე არანაირი სიცოცხლე არ იარსებებდა. რომ დედამიწა, მიზიდულობის კანონის მიხედვით, მოძრაობს მზის გარშემო, ეს არავითარ ეჭვს და დამტკიცებას არ საჭიროებდა, ანდაც მთვარე დედამიწის თანამგზავრი რომ არის, რომელიც მხოლოდ ღამით ჩანს და მასაც მიზიდულობის კანონი ამოძრავებს, რომ ზოგადად პლანეტები უსაზღვრო სამყაროში სწორედ მიზიდულობის კანონით ჩერდებიან და თავისი ღერძის გარშემო და მზის გარშემოც ბრუნავენ... ეს ჭეშმარიტებები, რა თქმა უნდა, უკვე დიდი ხნის წინ აღმოჩენილი და დადასტურებული იყო, რომ აქსიომები შეიძლება რეალურ ცხოვრებაშიც თავისუფლად და თავისთავად გავრცელდეს. ღმერთი, რომელიც ყველგან და ყველაფერში არსებობს, ესეც უდავო ჭეშმარიტება და შეუცვლელი აქსიომაა, მაგრამ ღმერთი, უპირველეს ყოვლისა ჯერ საკუთარ თავში უნდა აღმოვაჩინოთ. აქსიომაა ისიც, რომ ყველა ჭეშმარიტ რელიგიას აქვს თავისი შეხედულებები, მტკიცებულებების მთელი ჩამონათვალი, მაგრამ ყველა რელიგიის მთავარი აქსიომა ის არის, რომ ღმერთი არის სიკეთის და სიყვარულის სიმბოლო, რომელიც ყველა ადამიანს თავისებურად ესმის, ბიბლია, უბრალოდ გასწავლის, გაჩვენებს და წაგიმძღვარებს წინ იმ დიდი და ხიფათით სავსე ლაბირინთისკენ, რომელსაც ცხოვრება ჰქვია. აქსიომაა ისიც, რომ სული უკვდავია და ეს სხეული ადამიანს მხოლოდ დროებით რამდენიმე ათეული წლით ეძლევა, რომ სულმა შეძლოს სხეულში განკაცება და აკეთოს ის, რისთვისაც მოვლენილია ამ სამყაროში... აქსიომების შესწავლა საინტერესოა, რადგან ისინი უბრალოდ ჭეშმარიტებებს ქადაგებენ და მათი ხელახალი დამტკიცება აღარ არის საჭირო. მიიღე უპირობოდ და გაითავისე! - ესაა ერთადერთი ჭეშმარიტება, გაითავისე ღმერთი, გაითავისე, რომ შენ უკვდავი და თავისუფალი სული ხარ და იცხოვრე სიკეთით, უბრალოდ შეეცადე, საკუთარი თავი იპოვო და მიზანი - რისთვისაც ამ სამყაროში მოგიწია მოსვლა. ყოველთვის მაღელვებდა და მაშინებდა იმაზე ფიქრი, ვაი თუ, იმ საქმეს არ ვაკეთებ, რაც ჩემია და რისთვისაც ვარ მოვლენილი-მეთქი, მაგრამ ღმერთის ყოველთვის მჯეროდა და მის სრულყოფილებას ვაღიარებდი. მაშ როგორღა შეეძლო სრულყოფილ არსებას რაიმე არასრულფასოვანი შეექმნა? სრულყოფილება, მხოლოდ სრულყოფილს შობდა და ეს იყო გამოსავალი. ყველა იქ იყო და იმ საქმეს აკეთებდა, რაც მის ძალებს და შესაძლებლობებს შეეფერებოდა, და იმაზე ფიქრი, რომ არასწორ დროს და არასწორ ადგილას დავიბადე, რომ არ ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა, იყო სწორედ არასწორი. ყველანი იქ ვიყავით და იმას ვაკეთებდით, სადაც უნდა ვყოფილიყავით და რაც უნდა გვეკეთებინა... და სისულელედ მეჩვენებოდა, იმის მტკიცება, რომ იქნებ ასე არ უნდა? ...იქნებ აქ არ უნდა? ... ეს უსაქმური და არამცოდნე კაცის გამოსავლის და თავის დაძვრენის შესანიშნავი საშუალებები გახლდათ... უბრალო აქსიომა იყო - სწორედ აქ და სწორედ ახლა... სხვანაირად ვერ გახდებოდი ბედნიერი. ჩემს გონებაში უკვე საკუთარი აქსიომების მთელი ნუსხა გაჩნდა, რომელიც უპირობოდ უნდა შესრულებულიყო, თუ გინდა ბედნიერება შენი მუდმივი თანამგზავრი გამხდარიყო, სწორედ აქ და სწორედ ახლა, სწორედ ამ პრინციპებით უნდა გეხელმძღვანელა, რომელიც მზა რეცეპტი იქნებოდა გემრიელი და ნოყიერი კერძის მოსამზადებლად, თუმცა დასაშვები იყო ამ რეცეპტის შესწორება და სრულყოფაც, ეს ბუნებრივი გზა გახლდათ. დროთა განმავლობაში, ცხოვრებისეული დაკვირვების და გამოცდილების შემდეგ, გაჩნდა აქსიომების მთელი ნუსხა, რომელთა შესრულებაც მხოლოდ წინსვლასა და წარმატებაში დაგეხმარებოდათ... წიგნი რომელიც ამ აქსიომების ნაკრებს წარმოადგენდა, შეიძლება მკითხველისთვის სადავო და რამდენადმე დაუჯერებელიც გახლდათ, მაგრამ აქ იყო სიმართლის მარცვალი, სწორედ ეს ხდიდა მას ასეთ საინტერესოს. გემოვნებაზე არ დავობენო, ნათქვამია, მაგრამ არის მისი საპირისპიროც - სწორედ გემოვნებაზე დავობენო... და რომელია სწორი? ცალ-ცალკე აღებული ალბათ ორივე სწორი და მისაღები ცნებაა, გააჩნია რა კუთხით და როგორ შევხედავთ, ისევე, როგორც მედლის ორი მხარე, აქ ყველაფერი ლოგიკური და გასაგებია... გააჩნია ვინ ხარ და როგორ უყურებ ზოგადად სამყაროს... მსგავსად შეიძლება განვავრცოთ ბედნიერებაც. გააჩნია, ვისთვის რა არის ბედნიერება! ზოგს მცირედი აკმაყოფილებს და შორ გზას აღარ გაუყვება, მცირედს სჯერდება და რჩება იქ, სადაც არის, ზოგს კი - შორეული მოგზაურობა ხიბლავს თავის დაცემებით და წამოდგომებით, უბრალოდ რამდენნაირი ადამიანიცაა, იმდენნაირი ბედნიერებაა, იმდენნაირად განჭვრეტს სამყაროს. ბედნიერების საიდუმლოც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ იპოვო თავი შენი (სოკრატეს ფრაზა - „ეძიე თავი შენი“ აქტუალობას არც ამჯერად კარგავს!), დაისახო მიზნები და ამ მიზნების განსახორციელებლად იბრძოლო, მაგრამ ამავე დროს აკეთო სიკეთე, რომელიც ერთგვარი შუქურა გახდება ამ გზის სიძნელეების გადალახვაში... თუმცა რთული სრულიადაც არ არის ეს ყველაფერი .... პუნქტებად ჩამოვაყალიბოთ და ცალ-ცალკე ორიოდე სიტყვით განვსაზღვროთ. ბედნიერების საიდუმლო 1)აქსიომა - იყავი ის, ვინც ხარ! შეიყვარე საკუთარი თავი, მიიღე ისეთი როგორიც ხარ. გახსოვდეს, რომ სული უკვდავია, მას არც ფორმა და ზომა არ გააჩნია... სულს სხეული სწორედ იმისთვის ეძლევა და ხდება მისი განკაცება, რომ ამ სამყაროში გარკვეული მისიითაა მოსული. იზრუნე შენს სხეულზე, რომ შენი სული არ დაძაბუნდეს, იყოს ჯანმრთელი და მიმზიდველი. სახეზე ბოღმა და ბრაზი წაშალე... როცა სხეულს სიყვარულით ავსებ, ეს სხეული ახალგაზრდავდება და იფურჩქნება ახლად გაშლილი ვარდის კოკორივით და ისეთ სურნელებას აფრქვევს, რამდენიმე მეტრზეც კი ვრცელდება. ღიმილი, რომელიც შენს სახეს ამშვენებს, უფრო მეტ ადამიანს დაიპყრობს და დაიმორჩილებს, ვიდრე ბრაზით და ბოღმით დაამარცხებდი... შეიყვრე შენი სხეული და მიიღე ისეთი, როგორიც ხარ. არ აქვს მნიშვნელობა, რანაირი ხარ - ხეიბარი, მოხუცი, ღარიბი და უიღბლო... გახსოვდეს, რომ შენ ეს სხეული არ ხარ, რომ ყველაზე უსახურ სხეულშიც კი შეიძლება იყოს ყველაზე ახალგაზრდა, მდიდარი და მშვენიერი სული. სულს არც ასაკი და არც ფორმა არ გააჩნია, ის უასაკო და უფორმოა. ის უბრალოდ ამ სხეულში ასრულებს იმ მისიას, რისთვისაც საერთოდ კაცის სხეულად განსხეულდა. არ არსებობს სრულყოფილება გარკვეული იდეის გარეშე. რადგან გაჩნდი და ამ სხეულს ღმერთმა შენი სული შთაბერა, ეს უკვე იდეის განხორციელება გახლდათ. ღმერთს სურდა, შენით ეს სამყარო კიდევ უფრო ლამაზი და მომხიბლავი გაეხადა. გახსოვდეს, შენ ღმერთის ხელში სწორედ ის იარაღი ხარ, რომელიც სიკეთეს და სილამაზეს უნდა ემსახურებოდეს, ხარ ის სახრახნისი, რომლითაც უამრავი ჩუქურთმა შეიძლება შესძინო ამ სამყაროს, ის მუშა ფუტკარი, რომელიც თაფლის - ამ საოცარი ნივთიერების შესაქმნელად, მთელი დღე ყვავილებიდან მტვერს აგროვებს და ჯადოსნურ ნექტარს ქმნის, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს და ადამიანს აჯანსაღებს... ის აგური ხარ, სახლის საძირკველზე დადებული, რომელიც უდიდეს და ულამაზეს შენობას ააშენებს... ის იდეა ხარ, რომელიც უდიდეს სიბრძნეს შექმნის... გაიაზრე შენი როლი და იამაყე იმით, რომ სწორედ ასეთი ხარ, სწორედ ასეთი ცხვირი და პირი გაქვს, იმიტომაც ხარ განსხვავებული და უნიკალური. შეიყვარე შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ და ნურასოდეს დაგცდება საყვედური ღმერთის მიმართ, რადგან მან ერთი კარგი საქმე უკვე გააკეთა, რომ შენ დაიბადე! შეიძლებოდა, ასე სულაც არ მომხდარიყო და არასოდეს შეგეგრძნო ის, რასაც სიცოცხლე და სიყვარული ჰქვია. მან მოგცა სხეული, რომელიც შენი ხუთივე გრძნობის ორგანოთი შეიგრძენი, დაინახე სამყარო თავის უთვალავი ფერით. ხილული სპექტრის მშვენიერება ფერთა დიაპაზონში შეიმეცნე. მოგცა სმენის უნარი, რომ დამტკბარიყავი, მთლიანად გაგეთავისებინა ის არამიწიერი მუსიკალური შეგრძნებები და ნეტარების საოცარ სამყაროში ჩაძირულიყავი. განა ეს საოცრება არ არის? დაინახო, მოისმინო, ანდაც შეისუნთქო საოცარი სურნელება, ასე უხვად რომ ჰფენენ ულამაზესი მცენარეები, გასინჯო და დააგემოვნო გემრიელი კერძები და შეიგრძნო სიყვარული სანეტარო ადამიანთან შეხებით? და რახან ამ სამყაროში ხარ, რახან უკვე ამ ყველაფერს აღიქვამ, ჯეკპოდი მოგიგია, ადამიანო, დატკბი ყველაფრით და წუწუნსა და წყევლა-კრულვაში ნუ დახარჯავ დროს... დრო ისედაც ცოტაა. დრო უსაზღვროა, მაგრამ შენ მხოლოდ იმდენი გეძლევა, რამდენიც გჭირდება ამ მისიის შესასრულებლად... უმაქნის და უსარგებლო ბოსტნეულად ნუ გადაიქცევი. გახსოვდეს, რომ წამზომი ჩართულია! სიცოცხლის ყოველ წუთს გაუფრთხილდი, ეს თითოეული წუთი იმ პატარა აგურივით გჭირდება დიდ შენობას რომ ააგებს, წამზომი ჩართულია! ნუ იდარდებ, თუ უკვე ასაკში, ხარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან გვიან გაიაზრე და გაიგე, გახსოვდეს, არაფერი არ არის გვიან, ყოველთვის შეიძლება დაიწყო, ყოველთვის შეიძლება შექმნა შენი ცხოვრების შედევრი, ისე როგორც გოეთემ, რომელმაც ღრმად მოხუცებულმა დაწერა თავის „ფაუსტი“, როგორც დაყრუებულმა ბეთჰოვენმა თავის სიმფონიები... არასოდეს არ არის გვიან წუწუნს და ღვთის გმობას თავი ანებო და ეს დრო საკუთარი თავის სიყვარულს მოანდომო, გახსოვდეს, თუ საკუთარი თავი არ გიყვარს, არც არავინ შეგიყვარებს! თუ შენ პატივს არ სცემ შენს სხეულში ჩასახლებულ სულს, ვერაფერს მიაღწევ და უფუნქციოდ და უაზროდ მოგიხდება ცხოვრება... შენ სული ხარ და არა სხეული, რომელიც სწორედ ამდროს და აქ გემსახურება. შენი სხეული სამოსია, როგორც ტაძარი - შენი სულისთვის. სხეული შენი სულის ტაძარია, ამიტომ იზრუნე მისთვის, შეიყვარე და დააფასე, რადგან მან შეძლოს იმ ჰანგებით დაგატკბოს, რომელიც ტაძარში საგალობლებიდან იჟღინთება... შეძლოს დაგეხმაროს, რომ შენი ფიქრები და აზრები სწორად განახორციელო, იზრუნე სხეულზე, მის სისუფთავეზე, მის ჯანმრთელობაზე, ნუ დაამახინჯებ მას ათასგვარი პლასტიკური მანიპულაციებით, ისწავლე აზრებით გარდაქმნა იგი, ადამიანის ჰაბიტუსი ყოველთვის მისი ფიქრების კვალია - სახეზე შუბლზე, თვალებზე ყველაფერი იწერება... ამიტომ შეეცადე, გიყვარდეს საკუთარი სულის ტაძარი, რომელიც შენ განკაცებას გაიძულებს. გახსოვდეს, რომ ეს სხეულია შენთვის ყველაზე შესაფერი და საჭირო, ეს სხეულია, რომელიც შენ იმ დიდი მისიის შესრულებაში დაგეხმარება, რომელსაც სიცოცხლე და ზოგადად ცხოვრება ჰქვია. თავი 3 ყველა ავტობუსს თავის მგზავრი ჰყავს გამომცემლობამ მაშინვე გადაწყვიტა წიგნის დაბეჭვდა და სრულიად მშვიდად მოვაწერე კონტრაქტს ხელი. ან თავად უნდა ამეღო დაბეჭვდის ხარჯები და გაყიდვაზეც თავადვე მეზრუნა, ან გამომცემლობა თვითონ კისრულობდა დაბეჭვდას და გაყიდვებსაც, თანხასაც 30% - 70% გაყოფას მთავაზობდა. რა თქმა უნდა, მეორე გზა ავირჩიე, შეიძლება, თუ წიგნი ბესტსელერი გახდებოდა, (და ასეც მოხდა, რის გამოც განმეორებით დაიბეჭდა მომდევნო ტირაჟი), უფრო მეტი მოგება მოეტანა ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, მაგრამ, მართალი გითხრათ, ახლა სირბილი და სხვადასხვა მაღაზიებთან წიგნის გაყიდვებზე შეთახმებაში მონაწილეობა დროის ფუჭ დაკარგად მიმაჩნდა, ამიტომ პირდაპირ მეორე გზა ავირჩიე და მოგების 30% წილს დავთანხმდი. მით უფრო, რომ ჩემი მთავარი მიზანი ფული კი არა, წიგნის დროული გამოცემა იყო. ამიტომ ყველაზე მარტივი გზა ავირჩიე. ახლა არც ფინანსური პრობლემები მქონდა და მხოლოდ დროულ და სწრაფ გამოცემას ველოდი. არც მაღაზიაში წიგნის პრეზენტაციაზე მითქვამს უარი. მკითხველთან შეხვედრაზე ორიოდე სიტყვით ჩემ მიერ დაწერილ ბედნიერების რეცეპტებზეც ვისაუბრე. საღამო მცირე ალაფურშეტით დასრულდა. დაღლილობას ვგრძნობდი, მაგრამ არა იმდენად, რომ სახლში წასვლაზე მეფიქრა, ეს ბრჭყვიალა საზოგადოება, კიდეც მხიბლავდა და ინტერესს აღმიძრავდა... ხელში შამპანურის ბოკალით შეიარაღებული დავდიოდი წიგნის მაღაზიაში და ცნობისმოყვარედ ვათვალიერებდი თაროებზე კეკლუცად გამოფენილ ნაირ-ნაირ წიგნებს, თუ სახელმძღვანელოებს... ეს რამდენადმე მართობდა კიდეც და მთელი დღის მოუხერხებელ სავარძელში მოდრეკილ სხეულს გაშლასა და გამართვაშიც ეხმარებოდა... თაროები დახუნძლული იყო ქართული და უცხოური ლიტერატურით. ბევრ მათგანთან ჩემი წიგნი გაპაექრებასაც ვერ გაბედავდა, მაგრამ ასე რომ ეფიქრათ ადამიანებს, ალბათ ძალიან მწირი ლიტერატურა შემორჩებოდა ჩვენამდე. გამახსენდა, ერთხელ ჩემს მეგობართან ერთად ინტერნეტ გვერდის შექმნა გადავწყვიტე, გვინდოდა, ვიდეოები აგვეტვირთა იუთუბზე, აუდიო წიგნების გახმოვანება მოვინდომეთ, როგორც მაშინ ამბობდნენ, თუ ბევრი მსმენელი გეყოლებოდა, კომპანია თავად დაგინიშნავდა ხელფასს. მერე მსგავსი ვიდეოები ვიპოვე და ჩემს მეგობარს დავურეკე, უარს ვამბობდი აუდიოწიგნების გახმოვნებაზე. რატომო - მკითხა, არ ვიცი, ვუპასუხე გულდაწყვეტით, მსგავსი გვერდები იმდენია, ვეჭვობ ამ იდეამ კონკურენციას გაუძლოს-მეთქი... მახსოვს, მაშინ რა მითხრა ჩემმა მეგობარმა - მერე რა, ასეც უნდა იყოს, ყველა ავტობუსს თავის მგზავრი ჰყავსო... მაშინ ამ სიტყვებმა მართლა რაღაც ქიმიური რეაქცია გამოიწვია ჩემს ტვინში და 360 გრადუსით შემიცვალა შეხედულება... მეგობრის სიტყვებს უკვე მერამდენედ ვიმეორებდი - ყველა ავტობუსს თავის მგზავრი ჰყავს და ვფიქრობდი, რომ სწორედ ასეა, ყველა წიგნს თავის მკითხველი და თაყვანისმცემელი ჰყავს, სწორედაც რომ განსხვავებულობა ქმნის ჯანსაღ კონკურენციას, რომ ვიღაცას შეიძლება ყველაფერი ეს, რასაც წერ და აფასებ, სასაცილოდ მოეჩვენოს, ვიღაცას კი მთელი ცხოვრება ახსოვდეს. ახლაც, როცა ამდენი ხანია ჩემთვის ვცხოვრობ და ვცდილობ, საკუთარ პიროვნებაში მხოლოდ სიკეთის მარცვლები აღმოვაჩინო და მათთვის ვიბრძოლო, თუმცა ეს უდიდეს ენერგიას და ბრძოლას მოითხოვს, და მაინც ამჩნევ, რომ იდიალურისგან ძალზე შორსა ხარ, უამრავი წაკითხული წიგნიდან, მხოლოდ ის დამრჩა, რომელმაც რაღაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაზე, რომლის სიუჟეტიც დღემდე მახსოვს და გავითავისე. თუმცა იყო წიგნები, რომლებიც წაკითხვისთანავე მავიწყდებოდა, ისე როგორც, ჩასაბარებელ გამოცდაზე დაზუთხული მასალა, რომელიც საგამოცდო ოთახიდან გამოსვლისთანავე გავიწყდება. არის გამოცდა, რომელიც უბრალოდ ნიშნის გულისთვის უნდა ჩააბარო და წიგნები, რომლებიც უბრალოდ უნდა წაიკითხო და მორჩა, რომელიც, მხოლოდ იმწამსა და იმ მომენტში გჭირდება... თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა წიგნიდან, თვით ყველაზე ბანალური და უინტერესო წიგნიდანაც, შეიძლება რაიმეს წამოღება, ეს ისეა, ჰუმანიტარულ აქციებს რომ აკეთებენ ჯანმრთელობის გამოსაკვლევად და ან საკვებით ეხმარებიან ადამიანებს, რომელიც შეიძლება არც კი გჭირდება, მაგრამ რახან უფასოა, შეიძლება გვესარგებლა... ასეა მსგავსი წიგნებიც შეიძლება ვისარგებლოთ, უბრალოდ წავიკითხოთ და იმწუთში დრო ამგვარ აქტიურ საქმიანობაში დავაბანდოთ, ტვინი გავავარჯიშოთ, მოკლედ, ყველანაირი წიგნია ამ სამყაროში და ეს ხელს სულაც არ უშლით მათ ავტორებს, რომ რამე ახალი კვლავ შექმნან. ამგვარად, ყველა ავტობუსს თავის მგზავრი ჰყავს... უცებ სალონი მუსიკის ჰანგებმა აავსო, შემოვბრუნდი, რომ განათებულ ვიტრინიდან ლამპიონების შუქში უკვე ძილში ჩაძირული ქალაქი დამენახა. მაისის საამო და მშვიდი ღამე ძალას იკრებდა. გვიანობამდე დარჩენას არც ვფიქრობდი, აქ ახალგაზრდები უფრო აპირებდნენ თავი შეექციათ და, როგორც ვიცოდი, მუსიკის ფონზე რამდენიმე მწერლის მოთხრობის პატარ-პატარა მონაკვეთების მხატვრულად კითხვაში აპირებდნენ გაპაექრებას. ეს ჩემთვის, ამ დამღლელი საღამოს შემდეგ, უკვე ზედმეტ თავის ტკივილად მივიჩნიე. მშვიდად ავიარე მეორე სართულის საფეხურები და იმ მოუხერხებელი და საკმაოდ დიდი სავარძლიდან ჩემი ნივთები ავკრიფე. ეს თხელი დუტის ბეწვშემოვლებული ელექტრიკი ქურთუკი და მწვანე ტყავის ჩანთა გახლდათ, რომლებიც ერთმანეთთან საოცარ კომბინაციას ქმნიდა. თან ჩემს გრძელმკლავიან, ნახევრად ხელოვნურ შავ შალის ნაქსოვ კაბას, რომელშიც ვარსკვლავებივით მბზინავი ბისერი გარეულიყო, ძალიან უხდებოდა. ისე დაკვირვებით მივხვდი, რომ შავ კაბაზე ყველანაირი აქსესუარი მშვენივრად მიდიოდა. თითქოს ფონი იყო, რომელზედაც შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანის შექმნა, როგორც ტილო, რომელზედაც ხატავენ ფერთა გამას... ისე ეს კაბა თავად მოვქსოვე, უფრო იმიტომ, რომ ჩემმა მეგობარმა მირჩია, შეგეძლო, შენი ხელითაც შეგექმნა რამეო. დავინტერესდი, რამდენად შესაძლებელი იყო, ასეთი საოცრება მომხდარიყო, სამთვიან ქსოვის კურსზე ჩავეწერე. ყველა სიმბოლო და ნიშანი რამდენიმე დღეში დავიზეპირე, რაც ყაისნაღით ქსოვისთვის იყო აუცილებელი და ჩემს თითებში ეს უხეში და ურჩი ყაისნაღი ისე დავიმორჩილე, როგორც გასახედნ ულაყს ხედნიან და იმორჩილებენ ხოლმე. აი, მერე კი დაიწყო მთელი თავგადასავალი, უკვე ვეღარ ვაჩერებდი მორჯულებულ ყაისნაღს, რაც მეტს ვქსოვდი, უფრო მითრევდა და მითრევდა. ყაისნაღს კიდევ ერთი დადებითი თვისება ჰქონდა ჩხირებისგან განსხვავებით, ის სწრაფი და უფრო მოხერხებული იყო და ჩემნაირი მოუთმენელი ადამიანისთვის სწორედაც რომ მისწრება გახლდათ. მალევე ვხედავდი შედეგს. ეს პატარა თავკომბალა ჯოხი საოცრებებს ახდენდა. გამოყვანილ თვლებიდან ისე სწრაფად ჩნდებოდა საუცხოო ყვავილების მთელი რკალი, რომ სიამოვნებისგან თვალები მიბრწყინავდა. ეს რაღაცნაირად მწერლობასაც ჰგავდა, როცა პატარ-პატარა წინადადებებით ქსოვდი მთელ სიუჟეტს, ანუ თვითონ დაწერე შენი ცხოვრების ისტორია, თვითონ შექმენი ის, რაც შენი შესაქმნელია, და ნურავის მისცემ უფლებას, რომ შენ მაგივრად შენი ისტორია დაწეროს, შენ ხარ ავტორი შენი შედევრის... ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს ლამაზი კაბაც დასრულებულ ხელოვნების ნიმუშად იქცა. რამდენად უფრო საამაყო და სასიამოვნო იყო, როცა იგებდნენ, რომ ამ სილამაზის შემქმნელი თავად გახლდით, ეს მართლა წარმოუდგენელი განცდა გახლდათ, როცა გაოგნებული შემფასებლები, ვერაფრით იჯერებდნენ, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო და ქალს, რომელსაც ყაისნაღი ცხოვრებაში ხელში არ აეღო, შეეძლო ერთ თვეში უკვე მსგავსი რამ ესწავლა. მე მეღიმებოდა და მათ ვეუბნებოდი: - არაფერი სირთულე ამაში არ არის, უბრალოდ ვისწავლე ყველა სიმბოლო რას ნიშნავს, ეს როგორც ანბანი ისეა და შეგიძლია, თუ კითხვა იცი, ნებისმიერი სქემა გაშიფრო, ისევე, როგორც ნებისმიერი სირთულის ტექსტის წაკითხვა, ყველაფერი მარტივადაა, უბრალოდ ისწავლე ანბანი, კითხვა რომ შეძლო... ალბათ, ცხოვრებას რომ გაუგო, ცხოვრების ანბანის კითხვა უნდა შეგეძლოს... აი, როგორც ჩინური იეროგრიფების გაშიფვრა მთელი ხელოვნებაა, მაგრამ მათი შესწავლით ეუფლები ცოდნას, რომელიც საუკუნეების მანძილზე შეგროვილა და მოუღწევია ჩვენამდე. ალბათ, ყველაფერს აქვს თავისი გასაშიფრი ანბანი, ის ანბანი უნდა აირჩიო, რომელიც შენზეა მორგებული და შენი წინსვლისათვის არის საჭირო. დუტი ჩავიცვი და, ის-ის იყო, ჩანთას დავწვდი, რომ ნაცნობმა ხმამ შემაჩერა, დღეს უკვე მერამდენედ მესმოდა ეს ხმა. თავი ავწიე და მის მოღიმარ სახეს შევაცქერდი. - უკვე მიდიხართ, ქალბატონო დინა? - კი, ვაპირებ, ახალგაზრდებს ვუთმობ ასპარეზს! - ვერ ვიტყოდი, რომ თქვენ ძალიან მოხუცი ხართ? - გაიღიმა მან - და თუ საიდუმლო არ არის, რამდენი წლის ბრძანდებით? - საიდუმლოა, თანაც როგორი, სახელმწიფო საიდუმლოს უფრო გავცემდი, ვიდრე ასაკს! - თვალი ჩავუკარი და წელში გავსწორდი, მისკენ ჩავიარე - ნახვამდის, ბედნიერ წაკითხვას გისურვებთ. - ნახვამდის! უკვე ზურგიდან მომესმა სანდროს ხმა, თუმცა აღარ შემოვბრუნებულვარ, კიბე ჩავიარე და გასასვლელისკენ დავიძარი. კარი ახალგაზრდა ყმაწვილმა გამიღო და მეც, რამდენადაც შემეძლო, ზრდილობიანად გადავუხადე მადლობა. საამო ნიავმა სახეში შემომცინა. გაჩერებისკენ დავიძარი. ტაქსები საღამოს საათებში მაინცდამაინც დიდი სიუხვით არ გამოირჩეოდნენ, თუმცა მათი დალანდვა დაკვირვებული თვალისთვის მაინც შესაძლებელი იყო. რამდენიმე წუთმა განვლო, არც ერთი ცარიელი ტაქსი არ გამოჩენილა, ის კი არა, მანქანათა ქარავანიც საგრძნობლად შეთხელდა. დაყურსულ და დამშვიდებულ ქალაქს ძილის მაცდური ტალღები შემოსალტვოდა. ქუჩა მძიმედ და ნელა სუნთქავდა. კიდევ რამდენიმე წუთმა განვლო, ქუჩა უფრო ცარიელი და მისტიური გახდა. ის-ის იყო ფიქრებში ჩაძვრომა გადავწყვიტე, რომ ჩემ წინ მანქანა დამუხრუჭდა. მძღოლმა გვერდითი კარი გააღო და ჩემკენ გამოიხედა: - ქალბატონო დინა, თუ მიკადრებთ?... - უკვე მერამდენედ ვაღიარე, რომ ამ კაცს ღიმილი საოცრად უხდებოდა. ვეღარ ვფარავდი ამ ჭეშმარიტებას, რომელიც აშკარად აქსიომად ქცეულიყო ჩემს ცნობიერში. - მობრძანდით, ბედნიერი ვიქნები, თუ დღეს უფლებას მომცემთ, რომ მოგემსახუროთ. „ესეც სურპრიზი“- გამიელვა თავში, დღეს უკვე მერამდენედ გადავაწყდი ამ ადამიანს და ისიც, მგონი, მიეჩვია, რომ სწორედ იქცევა, ასე მალიმალ, რომ შემოდის იმ დინებაში, საითაც მე მივცურავ, „შემთხვევითი თანამგზავრი“- ისევ გავიფიქრე- თუმცა არანაირი შემთხვევითობა არ არსებობს, ადამიანები, რომლებიც გვემგზავრებიან, რაღაცნაირად თავად მივიზიდეთ, შეიძლება ასეც ითქვას, და ეს მოხდა სწორედ იმიტომ, რომ ამის გასაკეთებლად, სწორედ ეს ადამიანი გჭირდებოდა. მართალია, ამ ეტაპზე მართლაც ერთი სული მაქვს სახლში დროზე მივიდე, მთელი დღის დაღლილმა თბილი შხაპი გადავივლო და სავარაუდოდ, თერთმეტისთვის მაინც დავიძინო, ჰო, მესმის ეს ჩემს დღის რეჟიმს რამდენადმე არღვევს, მაგრამ გამონაკლისებიც ხომ ხდება ცხოვრებაში? მაშ რატომ არ უნდა ვისარგებლო ამ შემოთავზებით? მით უფრო, რომ საკმაოდ სანდომიანი და მომხიბლავი მამაკაცია და თან ასეთი მაცდური ღიმილით... - შორს ვცხოვრობ - ცალყბად და გამომცდელად გავუღიმე, რომელზეც როგორც მოსალოდნელი იყო, ისევ იმ გასაოცარი ღიმილით მიპასუხა: - მანძილი მხოლოდ საზომია! სიშორე ადამიანებს შორის მანძილით არ განისაზღვრება. შეიძლება, ძალიან შორს იყო, მაგრამ ამავ დროულად ძალიან ახლოს და პირიქით, იყო ადამიანთან ძალიან ახლოს და თქვენ შორის უზარმაზარი უფსკრული არსებობდეს. მანძილი მხოლოდ ციფრებია, რომელიც იდეალურად ჯდება არითმეტიკულ მოქმედებებში, მაგრამ ცხოვრებაში, ზოგჯერ ისინი უბრალოდ არ მუშაობს. „ აი აღმოაჩინა კიდევ ერთი აქსიომა“ - გავიფიქრე ჩემთვის - ვერაფერს ვიტყვი, საინტერესო პიროვნებაა. თქმით კი მხოლოდ ის ვთქვი, რაც იმწუთას თავში მომივიდა: - კარგით, რადგან მანძილის არ გეშინიათ, ნებას გრთავთ, რომ მომემსახუროთ! - თვალი მრავალმნიშვნელოვნად ჩავუკარი და ჩემი ასეთი სითამამისგან თავად გაოცებული, მის გვედრით სავარძელში წამოვსკუპდი. - ყველა ტრანსპორტს თავის მგზავრი ჰყავს - გაიცინა სანდრომ და მანქანა დაძრა. თითქოს ტვინში ჩამიძვრაო ეს კაცი, დღეს მერამდენედ ვფიქრობდი ამ დებულებაზე და როგორც ჩანს, არც თუ ისე ცუდი ინტერპრეტაცია მოუძებნა. გამოდის, რომ სწორედ ეს ტრანსპორტი იყო ამჟამად ჩემთვის ყველაზე უპრიანი. თავი 4 უჩვეულო თანამგზავრი მანქანის სალონში ლამაზი და მყუდრო მუსიკა შემომეგება. ამ დამღლელი და ხმაურინი დღის შემდეგ ყველაზე მეტად ეს გარემო მესიამოვნა. თავს დასვენების ნება მივეცი და მუსიკაში ჩავიძირე. სანდროს მხოლოდ ჩემი სახლის მისამართი ვუთხარი და თვალები დავხუჭე. არ ვიცი, მასაც გადაედო თუ არა ჩემი სიმშვიდე, მაგრამ ფაქტია, რომ აღარ შევუწუხებივარ და ნელა მიუყვებოდა ქუჩას. ეტყობა, სიჩქარე მაინცდამაინც არ უყვარდა, იქნებ დროსაც იგებდა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ისიც არანაირად არ ცდილობდა, ხელი შეეშალა ჩემი კომფორტისთვის. ძილმა წამართვა თავი. მანქანის მინიდან შემოსული სინათლე თვალს მჭრიდა, სახეზე სხვადასხვა ფერად გარდატეხილი სხივი უცნაურ ილუზორულ სამყაროში მახვევდა, ქუთუთოების მიღმა დაფარულ სივრცეს უფრო ამკვეთრებდა და რაღაცნაირ იდუმალებას სძენდა. დროში ჩავიძირე. თავს რეალობიდან სრულიად გათიშვის უფლება მივეცი. რაღაც უცნაური შეგრძნება გამიჩნდა. თითქოს სოფელში ვიყავი და მზით განათებულ, მწვანედ ახასხასებულ მდელოზე მივდიოდი. ბალახების ზღვაში ამოქარგული ყაყაჩოები ლამის წელამდე მწვდებოდა. ნაზი სიო მალიმალ წამოუვლიდა და მოხატული მდელო ზღვის ტალღებივით მოძრაობას იწყებდა. საამო სურნელი ნესტოებს მიწიწკნიდა. მზე ისეთი სავსე და ცხელი იყო, ისეთი ნათელი და ყოვლისმომცველი, თავზე დაფარებულ ჩალის ქუდშიც აღწევდა. ბალახების ზღვაში მივაბიჯებდი და ველურ ყვავილებს ვკრეფდი... მერე ბეღურებმა თავს ზემოთ გადამიფრინეს და უცნაური ჟივილ-ხივილით კამარა შეკრეს. საიდანღაც პეპლების მთელი გუნდი გაჩნდა და პატარ-პატარა ვარსკვლავებივით ყვავილებში მიმოიქარგნენ.... უსაზღვრო იყო ჰორიზონტი და უკიდეგანო ფერდობის ეს მწვანედ აბიბინებული ზღვა. მარტო მოვდიოდი და ნელი სიო სარაფანის არშიებს ოდნავ მიმოძრავებდა. დავიღალე. სიარულმა და მაღალმა ბალახმა მომქანცა. ცოტა ხანს შევჩერდი და უკან მოვიხედე. ჩემგან გათელილი კვალი ვიწრო ზოლად მიუყვებოდა ფერდობს, წინ კი სისრულე ჯერაც არავის დაერღვია. რომ შემოვბრუნდი, შორს, ძალიან შორს, ასეთივე ვიწრო ზოლი დავლანდე, რომელიც ნელ-ნელა ჩემკენ მოიწევდა. ერთი სული მქონდა დამენახა ამ პატარა და შესამჩნევ ბილიკს ვინ ქმნიდა... ნაბიჯს ავუჩქარე, სიშორე მოახლოვდა და მალე ადამიანის თავი დავლანდე, მერე ტანიც გამოჩნდა და ფეხებიც, ღონივრად რომ მოაპობდა აბიბინებულ მინდვრის ყვავილებს და ბალახს, მის უკან კვალი უფრო ფართო და შესამჩნევი რჩებოდა ვიდრე ჩემი, ეს ბუნებრივიცაა, ის ხომ ჩემზე ძლიერი და ღონიერი იყო. თავშიშველი მოდიოდა, ღიმილი უღარავდა მეტყველ სახეს... მაშინვე ვიცანი ეს კაცი - სანდრო იყო.... ... მანქანის შეჩერება და ძრავის ჩაქრობა თითქოს ერთდროულად მოხდა, მუსიკაც იმავე წუთს გამოირთო და მომენტალურად გავახილე თვალი. - მოვედით! - თქვა ჩუმი, რაღაცნაირი ყრუ ხმით. ამ ბგერებში სითბოც იგრნობოდა და სევდაც. ერთბაშად გამოვფხიზლდი, რამდენიმე წუთის წინ ნანახი ჩვენება ჯერ ისევ ჩემს გონებაში ტივტივბდა და გაფანტვას არც კი ცდილობდა. მანქანის სალონს, მხოლოდ გარედან შემოსული ლამპიონების შუქი ანათებდა, მაგრამ ეს სრულიად საკმარისი იყო, რომ მისი თვალები დამენახა. უკვე მერამდენედ ვუტყდებოდი საკუთარ თავს, რომ საოცრად ლამაზი თვალები და ძალიან მიმზიდველი გამოხედვა ჰქონდა. - ასე სწრაფად? - ძლივს წამოვიძახე და სავარძლის საზურგეზე გავსწორდი. - უკვე დიდი ხანია მოვდივართ, უბრალოდ თქვენ გეძინათ და ასე იმიტომ შეამოკლეთ დრო... - გაეცინა. მეც გამეღიმა: - მგონი, მართალი ხართ, სიზმრის ნახვაც კი მოვასწარი. - მართლა? - დაინტერესდა სანდრო - ისე გამოგიტყდებით, არ მეგონა, თუ მწერლები სიზმრებს ხედავდნენ... - რატომ? მწერლებს უფრო მდიდარი ფანტაზია გვაქვს, თან ჩვენს წარმოსახვაში ისეთ რამეებსაც ვაცოცხლებთ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ხდება... - საინტერესოა! - მზერა ჩემგან წინ გადაიტანა და სიგარეტის კოლოფი ამოიღო - რამდენი წელია სიზმარი არ მინახავს, ამგვარ ბედნიერებას დიდი ხანია მოკლებული ვარ. - არ არსებობს, სიზმრებს ყველა ვხედავთ, უბრალოდ, ზოგი იმახსოვრებს, ზოგს გაღვიძებისთანავე ავიწყდებათ. - შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერაფერს ვხედავდი, მფრთხალი ძილი ვიცი, შეიძლება ნებისმიერ მომენტში გამეღვიძოს და მალევე ვიძინებ... ალბათ წარსულის გამოცდილებაა.... - სანდრომ კოლოფი გახსნა და სიგარეტის ღერი ამოიღო, მერე შემომხედა და მიმანიშნა - რომ მოვწიო, ხომ არ შეწუხდებით? - სიმართლე გაინტერესებთ თუ მოგიქათინაუროთ? - სიმართლე! - მაშინ პირდაპირ არტილერიის მძიმე დარტყმას მოგაყენებთ. - არ მომწონს, რომ ეწევიან, ვერც ნიკოტინის სუნს ვიტან, ამქვეყნად იმდენი სასიამოვნო სურნელია, არ მსურს, ფილტვები საწამლავის ბოლით დავიმძიმო, ჯანმრთელი ცხვრების წესს მივდევ... თუმცა, არ ინერვიულოთ, უკვე ჩავდივარ და თავისუფლად შეგიძლიათ მოწიოთ... მადლობა კიდევ ერთხელ, გამოგიტყდებით, თქვენ ჩემი პირველი მკითხველი ხართ, ასე ახლოს რომ მოვუშვი. ვცდილობ ხოლმე, ყოველთვის დისტანცია შევინარჩუნო. საზღვრების და ბარიერების არსებობა, ზოგჯერ საჭირო კი არა, აუცილებელიც არის... სანდრომ ღერი ისევ კოლოფში ჩააბრუნა. კოლოფი ჯიბეში ჩაიცურა და შემომხედა. - მეც შესანიშნავად მესმის, რომ ეს მავნე ჩვევაა, ორგანიზმს წამლავს და ანადგურებს, მაგრამ, როცა დამოკიდებული ხდები, ძნელია თავი დაანებო... - არ გესმით, უბრალოდ გაგიგიათ, რომ ცუდია და ეგაა, რომ იცოდეთ, რა ზიანი შეიძლება მოგაყენოთ, აღარ მოსწევდით. გაეცინა: - იცით, რამდენჯერ დავანებე თავი, მაგრამ, როცა ვნერვიულობ, თავს ვეღარ ვიკავებ. - და გშველით? - შეიძლება არც მშველის, უბრალოდ, თავს ვიტყუებ, ადამიანები ხომ თავის მოტყუების დიდოსტატები ვართ... - ხანდახან მგონია, რომ თქვენც მწერალი ხართ... - გარკვეულ წილად შეიძლება ასეცაა, მაგრამ არასოდეს ერთი აბზაციც კი არ დამიწერია, კარგი მკითხველი ვარ, ყველაფერს, თან მრავალნაირ ლიტერატურას ვკითხულობ და ეს ერთგვარად მწერალს გვამსგავსებს, ეს ისეა, სტაჟიანი ავადმყოფი რომ ექიმთან დადის და ზოგჯერ ექიმზე მეტადაც იწაფება ამ დაავადების შესწავლასა და მკურნალობაში... - ანუ ავადმყოფი თავისი დაავადების უსტაჟო ექიმია? - საინტერესო მიგნებაა, ისევე როგორც თქვენ უსტაჟო მწერალი... გამოგიტყდებით, გენიალური მოსაუბრე ხართ. - თქვენც, ქალბატონო დინა, ალბათ, მთელი ღამე არ მომბეზრდებოდა თქვენთან ამ მანქანაში რომ გვესაუბრა. - საკმაოდ თამამი განაცხადია, მაგრამ ვწუხვარ, რომ იმედი უნდა გაგიცრუოთ, ღამე საუბარი კი არა, ძილი მიყვარს, მით უფრო, რომ ჩემი დღის რეჟიმის მიხედვით, უკვე ღრმა ძილის ფაზაში უნდა გახლდეთ. საუბრისთვის და ნაცნობობისთვის დღე მირჩევნია. მომხედა, მხრები რაღაცნაირი დანანებით აიჩეჩა. - კარგით, რახან ასე გირჩევნიათ, აღარ მოგაცდენთ, როცა დრო გექნებათ დღისით ვისაუბროთ. - ნახვამდის! - მანქანიდან ჩამოვედი, მაგრამ, კარი მივხურე თუ არა, მაშინვე ვიგრძენი, რომ დამაკლდა მისი ღიმილი და სითბო, იმ მზესავით მიზიდავდა, სიზმარში მდელოზე მიმავალს რომ შემომცინოდა სახეზე.... თავი 5 აქსიომების კრებული ( ამონარიდი წიგნიდან) 2) აქსიომა - სურვილები ხდება თუ შენი სურვილი იმდენად ძლიერია, იმდენად მნიშვნელოვანია შენთვის, რომ მზად ხარ ამისთვის, იბრძოლო ბოლომდე, თავგამოდებით, მთელი სამყარო შენ მხარეს იქნება და ამ სურვილის შესრულებაში დაგეხმარება. რატომღაც ბავშობაში ყველაფერი შესაძლებლად და ადვილად ახდენადად გვეჩვენება, მხოლოდ დიდობაში ეს ოცნებები ფრთებს კარგავს, არადა, პირიქით უნდა იყოს. წინააღმდეგობა ბიძგი უნდა გახდეს, რომ დაბრკოლებები გადალახო... ადვილად მიღწევადს არც გემო და არც ხალისი აქვს. ერთი იგავი მაგონდება. მამა ყოველდღე აძლევდა შვილს ფულს, ისიც თავის ნებაზე ხარჯავდა, არ უფიქრდებოდა ეს მისთვის რამდენად საჭირო იყო. ერთხელ მამამ უთხრა, წადი შვილო, და თავად მოიპოვე თუნდაც ერთი ოქრო, და ნახე, ამ ფულის შოვნას რამდენი ჯაფა და წვალება სჭირდებაო. შვილს გაეცინა, ეგონა, ფულის შოვნას ადვილად შესძლებდა. წავიდა და მეზობელ სოფელში მოჯამაგირედ დაუდგა ერთ კაცს. მთელი დღე ხან ცხვრებს მწყემსავდა, ხან საქონელს წველიდა, ხან მიწას ამუშავებდა. ერთი თვის მუშაობის შემდეგ, პატრონმა მისცა ერთი ოქრო და გაუშვა. სახლში რომ დაბრუნდა, ფული მამას გაუწოდა. მამამ შეხედა და გაიღიმა, მერე ეს ოქრო გახურებულ ბუხარში მოისროლა. გადაირია შვილი, შიშველი ხელებით ოქრო ღუმლიდან გამოიღო და მამას საყვედურით უთხრა: - იცი, ამ ერთი ოქროსთვის რამდენი ვიშრომეო.. მამას ისევ გაეღიმა და უთხრა: ახლა ხომ ხვდები, რომ რამეს რომ მიაღწიო, ამისთვის რამხელა ჯაფა და შრომაა საჭიროო?... ასეა, როცა იბრძვი, შრომობ და არ ერიდები არანაირ დაბრკოლებას, ბედიც შენს მხარეს გადმოდის. უამრავჯერ დაეცემი, უამრავჯერ შეგიპყრობს სასოწარკვეთა, ღირდა კი ამდენად ეს, ნეტა მართლა შეიძლება ოცნებების ასრულება, თუ უბრალოდ, უნდა დარჩენილიყავი იქ, სადაც იყავი და მიგეღო, ის, რასაც იღებდი? ღირდა ეს ყველაფერი თავგანწირვად? იქნებ ჯობდა, არც არაფერი დაგეწყო, არც არაფერი გეფიქრა და უბრალოდ გეცხოვრა, ისე მშვიდად, ყოველგვარი თავდადებების და ბრძოლების გარეშე, როგორც ცხოვრობს ათასობით ადამიანი?... შენ თუ ასეთი ცხოვრება მოგწონს, კი ბატონო, იყავი იქ, სადაც ხარ და არც არავინ შეეცდება, აზრი შეგაცვლევინოს, მაგრამ თუ გამორჩეული და ცნობადი გინდა იყო ( და ალბათ ბავშვობაში ყველა განსხვავებულობაზე და ცნობილ ადამიანად გახდომაზე ოცნებობს), მაშინ მიჰყევი შენს ოცნებებს, და არავის მისცე უფლება, თუნდაც ყველაზე ახლობელ ადამიანს, რომ ამ ოცნებიდან გადაგახვევინოს. არა აქვს მნიშვნელობა როგორი ხარ, რამდენი წლის და რა პროფესიის. ყოველთვის შეგიძლია დაიწყო. ისტორია სავსეა მაგალითებით, როცა ოცნებების მიმყოლ ადამიანს უიღბლო და ხელმოცარულად თვლიდნენ, ზოგს დასცინოდნენ, და პირშიც ეუბნებოდნენ, რომ სულელია, თუ მას ამ ფიქრების ახდენის სჯერა, რომ ვერასოდეს გახდები წარმატებული და გამორჩეული... მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ სამყაროს მოევლინე, რომ შეგიძლია დატკბე სიცოცხლით, ცხოვრებით, ხელოვნებით, სიყვარულით და ა. შ. ეს უკვე შენს უნიკალურობაზე და განსხვავებულობაზე მეტყველებს... შეიძლება საერთოდ არ დაბადებულიყავი, ან საკუთარ დედას აბორტის გზით ( რომელიც ყველაზე მიუტევებელი ცოდვაა) სრულიად მოესპო შენი ამქვეყნად მოვლენის შესაძლებლობა. მაგრამ, რახან გაჩნდი, რახან დაიბადე და უამრავ რამეს ეზიარე, იხილე და აღიქვი, უფლება გაქვს იცხოვრო ისე, როგორც თავად გსურს. არსებობს უამრავი გზა და შესაძლებლობები, აი, რას აირჩევ, თავად უნდა გადაწყვიტო, რადგან უფალს შენთვის თავისუფლების ნება მოუცია. ნურავის დაუჯერებ, უბრალოდ შენს გულს ენდე და მიჰყევი შენს ბავშვურ ოცნებას, ბავშვები ხომ ყველაზე გულწრფელები არიან საკუთარ თავთან... ყველა ადამიანში ცხოვრობს გენია, მთავარია, ის შენში აღმოაჩინო და სწორი გზით მიმართო. ნურავის მისცემ უფლებას შენში ეს ნიჭი ჩაკლას, თორემ ცხოვრება ისე გაივლის, რომ შენ ვერც კი მოახერხებ შენში არსებული ამ გენიოსის პოვნას. იპოვე მიზანი და მას მიჰყევი, ნუ შეგაშინებს, ამ მიზნისკენ სავალი გზის სიძნელე, ნურც სიბნელე, გვირაბის ბოლოს გასასვლელი და ნათელი აუცილებლად გამოჩნდება, რა ხანგრძლივი და მოსაწყენიც არ უნდა იყოს ეს გზა.... გზის სირთულე გამოცდილებას და საკუთარ თავში თვითრწმენას მოგცემს, გამარჯვებისკენ მიმავალი გზა ბევრად ტკბილი გახდება, ვიდრე უეცრად მორთმეული იღბალი. დაეცი? - ადექი და გზა განაგრძე, ამ დაცემიდან ბევრი რამის სწავლა და დანახვა შეგიძლია. ისევ დაეცი, უფრო ძლიერი წამოდექი, განაგრძე, შუა გზაში ნუ მიატოვებ დაწყებულ საქმეს, იცოდე, რომ მხოლოდ უამრავი ცდის შემდეგ დაიპყრობ მწვერვალებს. დანებება არ გაბედო... ასე რომ არ ყოფილიყო, დღეს არც ელექტრო ნათურა იქნებოდა, არც ტელეფონი, არც მანქანა, არც თვითმფრინავი, არც ინტერნეტ სივრცე და დავრჩებოდით პირველყოფილი ადამიანის განვითარების დონეზე... მხოლოდ ამ ადამიანების ურყევმა რწმენამ და თუნდაც იმის ღრმა შეგნებამ რომ მათ შეეძლოთ თავიანთი ოცნებების განხორციელება, რომ დასახული მიზნისკენ თავგანწირულმა ბრძოლამ შეიძლება შედეგი გამოიღოს, მოგვიყვანა ამ დონემდე. ეს საოცარი ადამიანები, რომლებიც დღემდე ისტორიას შემორჩნენ და მუდამ დარჩებიან, ისეთივე ჩვეულებრივები და მოკვდავები იყვნენ, როგორიც თავად შენ ხარ, უბრალოდ ირწმუნეს თავიანთი ოცნებების და მათი ახდენის რეალური შესაძლებლობების. არ დარიდებიან გარშემომყოფთა დაცინვას და გმობას, მათ სჯეროდათ და მიდიოდნენ ამ მიზნისკენ. ეცემოდნენ და დგებოდნენ, კვლავ ეცემოდნენ და ისევ დგებოდნენ, ამით უახლოვდებოდნენ იმ მწვერვალს, რომელიც მათი ოცნებების რეალიზაციას შეუწყობდა ხელს. დაიჯერე საკუთარი ოცნებების, დაიჯერე, რომ სამყაროსთვის არ არსებოს სიტყვა „არა“... არის მხოლოდ შეუპოვრობა და რწმენა იმისი, რომ თვით ყველაზე უტოპიური აზრიც კი ფრთებს შეისხამს, თუ ამის გჯერა. მიჰყევი შენს ოცნებებს და ისინი ახდება. თავი 6 ერთი ჩვეულებრივი დღე დილის ვერცხლისფერმა სინათლემ ოთახში შემოაღწია. გამოვფხიზლდი. გულდაწყვეთით დავხედე იქვე კომოდზე მდგარ საათს და მივხვდი, რომ მთელი ორი საათით გვიან გამეღვიძა. რვა ხდებოდა. თუმცა ფარ-ხმალი არ დამიყრია, დილის ვარჯიში, ლოცვა და მედიტაცია შევასრულე და მორიგი რომანის კორექცია დავიწყე. ის-ის იყო, ჩაი დავასხი, წინა დღეს ნაყიდი მარწყვის ტორტის მოკრძალებული ნაჭერი დავაგემოვნე და ნეტარი სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე, რომ ტელეფონის ხმამ გონს მომიყვანა. თვალები გავახილე. ტელეფონს დავწვდი. უკვე ათი სრულდებოდა. - ალო! ხმა რამდენიმე წამში არ ისმოდა, თითქოს სიჩუმე გამეფებულიყო ტელეფონის მიღმა სამყაროში, შემდეგ მოკრძალებული ჩახველება მომესმა და ძალიან დაბალი, მამაკაცური ბარიტონი გავიგონე. ხმა რამდენადმე ჩახრინწოდა და უმალ ვიფიქრე, ამ ხმის პატრონს უკვე მოესწრო რამდენიმე ღერი სიგარეტის მოწევა. - ალო! გამარჯობათ, ქალბატონო დინა! ხმა ძალიან ნაცნობი და, ამავე დროს, უცხოც იყო ჩემთვის. რატომღაც სანდრო გამახსენდა, მაგრამ მაშინვე უარვყავი, რადგან მისთვის ტელეფონის ნომერი არ მიმიცია... - დიახ, გისმენთ? - სანდრო ვარ! - სანდრო? - კი, გუშინდელი თქვენი ერთგული მკითხველი. - ააააა! - გაოცება ვერ დავფარე - კი მაგრამ ნომერი? - ამ დილას გამომცემლობაში დავრეკე, თქვენი წიგნის თაობაზე და ნომერიც მათ მითხრეს. - ნუთუ? - დიახ... თუმცა რატომ გიკვირთ, ოცდამეეერთე საუკუნეში ნომრის გაგება უკვე აღარ წარმოადგენ სიძნელეს. - კი მესმის... დუმილი წუთზე მეტხანს გაგრძელდა. რატომღაც უხერხულება ვიგრძენი. წარმოვიდგინე, როგორ იჯდა სანდრო, სავარაუდოდ, თავის მანქანაში, ცალი თვალით ფანჯრიდან გასცქეროდა ქუჩას, ერთ ხელში ტელეფონი ეკავა, მეორე ხელით კი ანთებული სიგარეტი, რომელსაც დროდადრო ეწეოდა და შესუნთქულ ჰაერს ფილტვებიდან მორუხო თეთრი ღრუბელივით უშვებდა, რომელიც მანქანის სალონში გროვდებოდა და გამჭვირვალე ჰაერს ვერცხლისფრად აფერადებდა. ხელი ოდნავ უკანკალებდა და მერე თავს ხრიდა. წარმოსახვა იმდენად ცოცხალი და ფერადოვანი იყო, კინაღამ შევთავაზე მოდი, გამოვიცნობ, ახლა რას აკეთებ- მეთქი, თუმცა იმავე წამს გადავიფიქრე. კიდევ ერთმა წუთმა განვლო და სიჩუმე რომ ისევ გაგრძელდა, ვკითხე: - სანდრო აქ ხართ? კაცის ხმა უფრო დაიწმინდა: - კი, აქ ვარ, ქალბატონო დინა. ეს „ქალბატონო“ უკვე იმდენად გამაღიზიანებლად ჟღერდა, კინაღამ ვუთხარი, ასე რომ მომმართავთ თავი მოხუცი მგონია-მეთქი, მაგრამ თავი დროზე შევიკავე და რაც შეიძლება, მეტი დამაჯერობლობით ვუპასუხე: - მგონი, გამომცემლობაში დარეკეთ... - დიახ, დიახ, მაგრამ ეს უბრალოდ მიზეზი გახლდათ, ტელეფონის ნომერი რომ გამეგო, ნამდვილი მიზეზი სულ სხვა იყო... - მართლა? - დიახ... - ხმა ისევ შეწყდა, თითქოს ფიქრობდა, შემდეგ რა ეთქვა - თუმცა, მთავარი მიზეზი ის არის, რომ თქვენთან საუბარმა სხვა ტალღაზე გადამტვირთა. მთელი ღამე თქვენს „ბედნიერებას“ ვკითხულობდი და გამოგიტყდებით უამრავი შეკითხვა გამიჩნდა, როცა შეძლებთ, მინდა გაგესაუბროთ. - სასიამოვნოა, რომ ასე დაინტერესდით, მაგრამ ღამის გათენება რა საჭირო იყო, შეგეძლოთ დღე განმარტოებულიყავით და მშვიდად წაგეკითხათ, ამგვარ მსხვერპლს ნამდვილად არ ვითხოვდი... - გამეღიმა. - კი, მესმის! - მორიდებით ჩაიცინა - მაგრამ, როცა რაღაცით ინტერესდები, აზარტიც სწორედ ესაა, რომ ამისთვის შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენო. მართალია, ღამე წიგნის კითხვაში გათენდა, მაგრამ მრავალი რამ გავიგე ისეთი, რაზეც აქამდე არც დავფიქრებულვარ... მე სხვა კუთხიდან ვუჭვრეტდი სამყაროს, არასოდეს მიფიქრია, რომ ის ცხოვრებისეული წახნაგები და ქვაკუთხედები, რომლებიც ჩვენი წუწუნის და უიღბლობის მიზეზი გამხდარა, თავადვე შევქმენით და გამოვიგონეთ, ცხოვრება უფრო მარტივად და ბედნიერადაც შეიძლება, თუ სამყაროს კანონებს იცნობ და ამას იყენებ კიდეც შენს რეალობაში. - გეთანხმებით, სანდრო... რამდენიმე წამს ისევ დუმილი ჩამოწვა, მერე კვლავ მომესმა მისი ხმა. მაშინვე თვალწინ გამიცოცხლდა მისი სახე და ის დაბინდული, უხვ წამწამებში ჩაძირული მზერა. „ არა, თვალები მართლაც საოცრად ლამაზი აქვს“ - ისევ გამიელვა გულში. - ქალბატონო დინა, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მინდა, კიდევ შეგხვდეთ, თუ ნებას მომცემთ, რა თქმა უნდა, სადმე ქალაქგარეთ გავისეირნოთ, გინდაც მცხეთაში ან ჯვარზე ავიდეთ, შემდეგ უგემრიელეს ხინკალზე დაგპატიჟებთ... - არა, არა, ნუ შეწუხდებით, თან ახლა, ძალიან დაკავებული ვარ, გამომცემლობაშიც ვარ მისასვლელი, ჩემი მორიგი წიგნის თაობაზე... შემდეგ კი მთელი კვირით სოფელში ვაპირებ წასვლას და დასვენებას...მართალი გითხრათ, ამ რამდენიმე თვიანმა სამუშაომ, გაუთავებელმა შეხვედრებმა და ლექციებმა დამღალა, ძალების მოკრება მჭირდება... - მესმის თქვენი და სწორედ ამიტომ შემოგთავაზეთ ეს მცირედი ეკსკურსიაც... თუმცა თქვენი ნებაა, როგორც გადაწყვეთ! - ვიგრძენი, მის ხმაში უცებ გაჩნდა უიმედობის ნაპერწკალი... - კარგით სანდრო, მადლობელი ვარ ყურადღებისთვის! - არაფრის! - დაბალი ხმით მითხრა და გააგრძელა - ჩემი ნომერი მაინც ჩაინიშნეთ, კაცნი ვართ, ვინ იცის, შეიძლება ოდესმე თქვენც დაგჭირდეთ ჩემი თავი, და შემეხმიანეთ! - გმადლობთ!- ტელეფონი გავთიშე. ვიგრძენი ისევ დამაკლდა ამ კაცის თვალებიდან გადმოღვრილი სითბო და ძლიერი ყურადღება, რომელიც ასე ადვილად იმორჩილებს ქალის გულს. ტორტის დარჩენილი ნაჭერი შევჭამე. ჩაი დავაყოლე და ჩასაცმელად ავდექი. დღეს მართლა ბევრი საქმე მქონდა, ჯერ გამომცემლობაში უნდა ავსულიყავი და ლამარა მენახა (მთავარი რედაქტორი) ახალი რომანის ტექსტი ამეტანა და ერთად გადაგვეხედა, მერე დაგვეკაბადონებინა და ხელახლა შეგვემოწმებინა, საღამოს კი ჩვენებთან ვაპირებდი ასვლას. მამა უკვე მსაყვედურობდა, რომ საუკუნეა, მათთან აღარ ავსულვარ. რომ „მოხუცები“ სულ დამავიწყდა, და რომ მოუთმენლად ელოდა, ჩემი გამოცემული წიგნის ეგზემპლიარს... ჰო, წიგნი უნდა მომეძია, მგონი, ერთი ეგზემპლიარი კიდევ მქონდა სახლში, მამასთვის რომ დღეს არ ამეტანა, ვიცოდი, მოხუცი სამუდამოდ დამემდურებოდა. რა თქმა უნდა, თავს ვიდანაშაულებდი, პენსიონერი დედ- მამისთვის დრო რომ საერთოდ აღარ მრჩებოდა, თითქოს თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ლიდა ( ჩვენი დაქირავებული ქალი) ჩემზე უკეთ მოუვლიდა, თან ისეთი მოხუცებიც არ იყვნენ, რომ დიდი მომვლელი დასჭირვებოდათ, უბრალოდ, ლიდა სახლის სისუფთავეზე და საჭმელების გაკეთებაზე ზრუნავდა. მოსამსახურის ხელფასს და სახლის ხარჯებს მთლიანად მე ვფარავდი და ჩემს დას ერთ თეთრსაც არ ვახდევინებდი. ის ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო და უსაქმური ქმარი და სამი შვილი მისი შესანახი გახლდათ, ამდენად არც სალი გამძალიანებია, არა მე უნდა გადავიხადოო, შეუწინააღმდეგებლად დათანხმდა, იცოდა, ამ ეტპზე შემეძლო თავისთვის ამის უფლება მიმეცა... მით უფრო, რომ მარტო ვცხოვრობდი, საკუთარი თანხებით ნაყიდ ბინაში. ვცხოვრობდი დამოუკიდებლად, ჯანსაღი ცხოვრების წესით, შეძლებისდაგვარად, ჩემს თავს არაფერზე ვეუბნებოდი უარს, არც დასვენებაზე და არც სპორტულ გამაჯანსაღებელ თამაშობებზე. ბოლო დროს, კვირაში ორჯერ, სამეჯლისო ცეკვებზე დავიწყე სიარული, ისე, გასართობად, ეს გაუთავებელი კურსები სხვადასხვა სფეროებში კი ისე უხვად იყო ჩემს ცხოვრებაში როგორც წვიმის შემდეგ მდელოზე მოფენილი სოკოები. ქსოვიდან - ცეკვა, ცეკვიდან - ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიიდან - უცხო ენა, უცხო ენიდან - კულინარია, კულინარიიდან - კომპიუტერი... და ა.შ. მუდმივად ვსწავლობდი და ამ სწავლას ბოლო არ უჩანდა... ერთ კურსს რომ ვამთავრებდი, მერე მეორე იწყებოდა და ასე დაუსრულებლივ. თუმცა ჩემს ძირითად საქმიანობას არ ვღალატობდი, ვწერდი დღეში ორი საათი, ამდენივე დროს კითხვისთვის გადავდებდი, ამდენივე ან ცოტა მეტს ვუთმობდი კურსს, ოჯახურ საქმიანობას და დროც ისე დნებოდა, როგორც ხელისგულებზე ჩამოცვენილი ფიფქები... წიგნის ერთი ეგზემპლიარი მოვიძიე, ბედად, კარადის წინა თაროზე დამედო. იმდენი გავაჩუქე, რომ ეს ეგზემპლიარი რაღაც სასწაულად შემორჩენილიყო ჩუქნის მსურველ ნათესავებისაგან. გადავშალე და მინაწერი გავუკეთე, ვიცოდი, მოხუცს გაეხარდებოდა. რა ხანია, ამ წიგნს მთხოვდა, მინაწერი კი საჩუქრის ჩუქების სიხარულს გააორმაგებდა. თვალწინ წარმომიდგა მამაჩემის სათვალეების მიღმა სველი, ნამიანი თვალები და გული უნებურად ამიჩვილდა, ჰო, დიდხანს გალოდინე, მოხუცო, მაპატიე, - გულში მოვუბოდიშე და წარწერა გავაკეთე: „ საყვარელ მამიკოს მისი დაუდეგარი გოგოსგან... შენ ყველაზე კრიტიკული შემფასებელი ხარ, მამა, წაიკითხე და მორჩილად დაველოდები შენს შენიშვნებს, მიყვარხარ და მეამაყები!“ წიგნი დავხურე, და ვარდისფერ პერგამენტის ქაღალდში გავახვიე. ზემოდან, პატარა ფერადი ლენტებიც მივასკოჩე, ასე უკეთესია, საჩუქრის გახსნის ცერემონია, თავად საჩუქარზე ძლიერ ემოციას იწვევს... ასე რომ, მამიკო, მოემზადე, სურპრიზისთვის! წიგნი ჩანთაში ჩავდე. სახლიდან რომ გამოვედი, მზე უკვე ცაზე ზარმაცად გაწოლილიყო. პირველი სრულდებოდა, ღრუბლები აქა-იქ გაფანტულიყო და მორიგეობით ეფარებოდა ცეცხლოვან დისკოს. გამომცემლობაში ლამარა უკვე მელოდა. ქალი ჩემზე ბევრად უფროსი იყო, საპენსიო წლებისთვის უკვე მიეღწია, მაგრამ მაინც არ ტოვებდა სამსახურს, თითქოს პენსიის შემდეგ გაათმაგებული ენერგიიით მუშაობდა, პროფესიონალური ალღო არასოდეს ღალატობდა. მისი გამომცდელი ღიმილის მიღმა ყოველთვის ჭკვიანური და საღი აზრი იმალებოდა. უბრალოდ, ვენდობოდი და მჯეროდა ამ ქალის, რამდენიმე რჩევა რაც მოეცა, დღესაც სამაგიდო დებულებებად ქცეულიყო ჩემთვის. ყოველთვის მიაჩნდა, რომ ნიჭიერება ჩარჩოებში არ ჯდებოდა და უამრავი ცდის და უარყოფის მიუხედავად, მაინც იპოვიდა თავის გზას, როგორც მიწისგულიდან ამოსული ნაკადული ან წყარო. გზა, რთული იქნებოდა, მაგრამ ის, რომ უამრავ ადამიანს წყურვილს მოუკლავდა და ამით თავისი არსებობის მიზანს გაამართლებდა, ეს იყო მთავარი... დამღლელმა სამუშაომ ორივე მოგვქანცა, უკვე სიტყვები და აბზაცები ერთმანეთში ამერია და სუსტი თავის ტკივილიც ვიგრძენი. რამდენიმე წუთი შესვენებაზე გავედი. ფუნთუშებით და ფენოვანი ხაჭაპურებით რომ დავბრუნდი, ლამარას ყავის მოდუღება უკვე მოესწრო. მომხედა. იჯდა მაგიდასთან და აშლილ ფურცლებში თავი ჩაეყო. მერე შემომხედა, დაღლილი მზერით სითბო გამომიგზავნა და ჩემი მიწოდებული ფუნთუშა აიღო. მეც ვჭამდი და ცალი თვალით ისევ ნაწერს ვუკირკიტებდი. - რამდენიმე ადგილას, შეიძლება, უფრო გაგეშალა სიუჟეტი, ძალიან მშრალი რომ არ ჩანდეს. - აბა სად? - დავინტერესდი და ქალმაც უკვე ფანქრით მოხაზული აბზაცები მაჩვენა. - აქ კი, პეიზაჟის ზედმეტად გაწელილი და დამღლელი ფრაზებისგან თავის შეკავებას ვარჩევდი... - ისევ მაჩვენა ორმაგად მოხაზული ძახილის ნიშნები... - მოკლედ, საერთო ჯამში არა უშავს, მაგრამ, მინდა, რომ პირველ წიგნს არც ეს ჩამოუვარდებოდეს. მე ახლა როგორც მორიგი მკითხველი ისეთ შენიშვნებს გაძლევ, მოგვიანებით კი, როცა რამდენიმე ადგილს შეასწორებ, და ვფიქრობ, ეს შენთვის სირთულე არ იქნება, მკაცრ კორექტორად გადავიქცევი. გამეცინა, თუმცა მწარედ. ვიცოდი, ლამარას სიმკაცრე რასაც ნიშნავდა. არა ერთ აბზაცზე და აზრზე შემომედავებოდა და ჩვენ შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართებოდა. ეს მისი საყვარელი სფერო იყო, სადაც დანდობა არ ხდებოდა. როგორც იქნა, საქმეს მოვრჩით, პირველი გადახედვისთვის და შენიშვნებისთვის საკმარისად სამუშაო დამგროვებოდა. მერე უკვე წამოწითლებული თვალები ხელსახოცით მოვიწმინდე და გამომცემლობიდან გამოვედი, ექვს საათზე ცეკვის სტუდიაში ვიყავი მისასვლელი, სადაც „ჩემსავით მოცლილი“ და მუდმივი სამუშაოს არარსებობით, უხვად თავისუფალი დროის მქონე პირები იკრიბებოდნენ. ბოლო დროს, ხანგრძლივი ჯდომის გამო ზურგის ტკივილი დამჩემდა და ეს ცეკვის კვირაში ორჯერადი კურსი, სწორედ რომ მისწრება იყო. ორსაათიანი ვარჯიში სრულიად საკმარისი გახლდათ, რომ წელში გავსწორებულიყავი და ტანი მუდმივად ფორმაში მქონოდა. თან ერთი უცნაური რამ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ასაკობრივი ნაოჭები, რომელიც ორმოცი წლის მერე დაუპატიჟებელი სტუმრებივით მემომეპარნენ, ცეკვის წყალობით, სახეზე გაქრა, ყოველ შემთხვევაში ისე მკვეთრად აღარ ჩანდა. როგორც შემდეგ გავიგე, ცეკვის დროს ყველა კუნთი იჭიმება და მოძრაობაში მოდის, ამით კუნთების სისხლმომარაგება უმჯობესდება და მოშვებული კუნთიც ფორმაში დგება, სახეზეც და ტანზეც. ჩემი პარტნიორი გვარდიიდან გადამდგარი პოლკოვნიკია, მამაჩემის ხნის იქნება, მაგრამ ნეტა განახათ, ბატონი ვიტალი როგორ მოძრაობს, ტოლს არ უდებს ოცდაათი წლის ბიჭებს, მოქნილი და ნავარჯიშები სხეული არაფრით არ ამჟღავნებს მის ასაკს, არადა, სამოცს კარგად გადაცილებული იქნება ( იქნებ სამოცდაათსაც, ყოველ შემთხვევაში, ზუსტი ასაკის დადგენა ბევრად გამიჭირდება და ამას არც აქვს არსებითი მნიშვნელობა), ჭაღარა თმა და ნაცრისფერი, საოცრად მოძრავი თვალები აქვს. ღიმილის დროს ლოყები ბავშვივით ეჩუტება და შუბლს ჭმუხავს. როგორც ვიცი, ცოლი ათი წლის წინ გარდაეცვალა, შვილები საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ის კი მარტოა და ამ ცეკვის კურსზე გულის გადასაყოლებლად დადის. თავისუფალ დროს კი, რომელიც თავზე საყრელი აქვს, ხეზე ჩუქურთმებს აკეთებს, თავისი ხელნაკეთების გამოფენა - გაყდვას გეგმავს და მერე ბავშვთა სახლის დახმარებას. ისე შესანიშნავი იდეაა, შეიძლება მეც მივბაძო და ჩემი წიგნებიც შევუერთო ამ საქველმოქმედო საქმიანობას, თუმცა ეს მომავლის საქმეა... ლამარასა და ვიტალის შემხედვარე, სულ ერთი აზრი მიტრიალებს თავში, რომ ეს ორი მარტოსული ადამიანი, რა კარგი იქნებოდა, რომ ერთმანეთისთვის გამეცნო... ალბათ სასაცილოა, საკუთარი თავისთვის ვერ მომინახავს ამდენი წელი შესაფერისი კანდიდატი და ჩემს გონებაში ეს ორი ნიჭიერი ადამიანი დავაწყვილე კიდეც, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ უცხო თვალი უფრო კარგად გრძნობს შესაფერისობას და მსგავსებას. კრიტიკაც საკუთარი თავის ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სხვისი... ასე რომ, ესეც მომავლის საქმეა და აუცილებლად შევახვედრებ მათ. დარწმუნებული ვარ, მათ შორის უხილავი ძაფი აუცილებლად გაიბმება, სხვანაირად შეუძლებელია. გვარდიის გადამდგარი პოლკოვნიკი თავისუფლად ცეკვავს, ცალი ხელით წელზე მეხება, მეორე ხელში კი ჩემი თითები უჭირავს და ნელა, ძალიან ნელა მიჰყვება მუსიკის რიტმს, თავი ლამის გაქვავებული აქვს და სახეზე გაყინული ღიმილით მარჯვნივ იხედება. მსუბუქად და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მოძრაობს, მე ცალ თვალს უზარმაზარი სარკის წინ ვაპარებ და უცებ წარმოვიდგენ მას და ლამარას, არა, ლამარა უნდა გამოვიტყუო ცეკვის სტუდიაში, მით უფრო, რომ კურსი საქველმოქმედოა და საიდანღაც ფინანსდება, ლამარა კი მაინც ძველი ყაიდის ქალია და ამგვარ კურსებზე თანხას არ გადაიხდის.... უკვე გარკვევით ვხედავ სარკეში ოდნავ მოფარფატე წყვილს, ეს ჩემი მრავალწარმოსახვითი გონების ნაყოფია... მართლა კარგი საქმე იქნება, ორი მარტოხელა ადამიანი სიცარიელეს ერთმანეთით შეავსებენ. სულ მახსენდება ჩემი მოხუცის სიტყვები. „ცოლ- ქმარს ერთმანეთი სიბერეში ბევრად უფრო სჭირდებათო, რადგან ერთმანეთით ცოცხლობენ და ერთმანეთს აცოცხლებენო, ისინი ხომ ერთ სულ და ერთ ხორც არიან და მოხუცებულობისას ერთის წასვლა ამქვეყნიდან განახევრებას და მთლიანობის დარღვევას ნიშნავსო. გახლეჩილი სული და სხეული კი დიდხანს ვერ გაძლებს, თუ ვინმემ ეს მთლიანობა კვლავ არ აღადგინაო“- რას ერჩი, ყველას თავის ფილოსოფია და შეხედულება აქვს, ჩემს მოხუცს ამაშიც ვეთანხმები, თუმცა მე ეს მთლიანობა და სულ-ხორც სავსეობა არასოდეს განმიცდია, ამიტომ დიდ მრჩევლად ვერ გამოვდგები.... მუსიკა ჩერდება და გადამდგარი პოლკოვნიკი ხელს მიშვებს, თავს მიკრავს და მაჯაზე მეამბორება. ნუ ეს ძველი ჯენტლმენური მანერები!... მაგრამ ქალის გონებას კი როგორ ხიბლავს. მეც თავს ვუხრი და მადლობის ნიშნად ვუღიმი: - ბატონო ვიტალი, დღესაც არაჩვეულებრივი მეწყვილე იყავით, როგორც ყოველთვის! - თქვენც, მომხიბლავო ქალბატონო! დარბაზიდან გამოსულს ნიავი მიჩეჩავს თმას და აწითლებულ ლოყებზე მეფერება. რვა ხდება, მაგრამ ბინდი უკვე შემოჰპარვია ქალაქს. დროა, ჩემი მოხუცი მოვინახულო და საჩუქარიც გადავცე... ტაქსს ხელს ვუქნევ და ისიც ჩემ წინ უხეშად ამუხრუჭებს. ვჯდები, მისამართს ვკარნახობ და ისევ დროში ვიძირები.... თავი 7 აქსიომების კრებული ( ამონარიდი წიგნიდან) 3)აქსიომა - ფული ბედნიერ ადამიანებთან მიდის. რამდენადაც ფული ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილია, ფულთან მოპყრობის წესები ხელოვნებამდეა დაყვანილი. ალბათ, ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ფაქტია, ვინც არ იცის ეს წესები, ყოველთვის პრობლების, უფულობის წინაშე დგას. ფული ენერგიაა და ფულს უყვარს, როცა ის მუდმივ ქმედებაშია, მუდმივ ბრუნვაშია. სახარებაშიც არა ერთი ადგილია, სადაც სწორედ ამ ქმედებაზეა საუბარი. ერთი ვაჭარი თანხას უტოვებს სამ სხვადასვა ადამიანს, ერთს ათს, მეორეს ხუთს და მესამეს ერთ ოქროს, აქედან პირველები ამ თანხას ბრუნვაში რთავენ და ერთ იმდენს იგებენ, მესამე კი უბრალოდ ჩამარხავს და დაბრუნებულ პატრონს ხელუხლებლივ უბრუნებს. ვაჭარი მას ფულსაც ართმევს და სჯის კიდეც, რომ არანაირი ღონე არ იხმარა და არც უცდია, რომ ფულს ეტრიალა, საქმე ეკეთებინა. ამიტომ „ ყველა მქონეს მიეცემა და არმქონეს კი წაერთმევა ის, რაც აქვთ“. დამალული ფული ენერგიას კარგავს და ის ვერც ახალს მიიზიდავს, ამიტომ ფული იმ ადამიანებს ეძლევათ, ვინც მისი სწორედ მოხმარება იცის... ფული მიდის იმ ადამიანებთან, ვისაც მისი დაჭერა შეუძლია, ფული მოდის მხოლოდ იმდენი, რამდენიც იმ ეტაპზე გჭირდება, ფული არ მიდის იმ ადამინებთან, ვისაც ვალები ან მოვალეები ჰყავს, რადგან ადამიანი ნეგატიურად ფიქრობს თავის მოვალეებზე, და ეს ნეგატივი აფერხებს ფულის მიგრაციას, რადგან ნეგატივი თავს უბედურად შეგაგრძნობინებს, ფული კი მხოლოდ ბედნიერი ადამიანების ხვედრია! ფული როცა შემოდის, სიხარულით მიიღეთ, რათა ფულის ენერგია მიიზიდოთ, მოესიყვარულეთ, მოეფერეთ ( ისევე როგორც ყველა ნივთს და ცოცხლალ არსებას სითბო ჭირდება) მიუჩურჩულეთ, რომ ბედნიერი ხართ, რომ ის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში, სამყაროს დაანახეთ თქვენი პოზიტივი, სურვილი, რომ ასეთი შემოსვლები კიდევ უფრო გახშირდეს, მიეფერეთ (რამდენად სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს): ჩემო ძვირფასებო, ჩემო შრიალა, აბრეშუმის ქაღალდებო, ჩემო ჩხრიალა მონეტებო, როგორ მიხარია, რომ მე ამირჩიეთ და ჩემთან მოხვედით, ვიცი რომ თქვენი მოსვლით უამრავ კეთილ საქმეს განვახორციელებ... მიიღეთ ფული მარცხენა ხელით და გაეცით ყოველთვის მარჯვენათი...არასოდეს დაგენანოთ, როცა ფული თქვენგან გადის, იყავით გამცემნი და გულუხვნი, რადგან სამყაროს კანონი აქაც შეუცდომლად მოქმედებს: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“. არასოდეს დაგენანოთ დახარჯული თანხა, ფულის მოქმედების საიდუმლო მის მუდმივ ბრუნვაშია, რაც მეტად იხარჯება, მეტად შემოდის. ფულის მუდმივი მოძრაობა აუცილებელია, ის მოძრავი მატერიაა. გაეცით სიყვარულით, გულში უთხარით, რომ - „ გიშვებთ, ჩემო ლამაზებო და გელოდებით თქვენს უფროს და-ძმებთან ერთად“ - ეს ერთგვარი რიტუალია, რომელიც მუშაობს და მუშაობს, მხოლოდ მაშინ, როცა ამის გჯერათ... რიტუალები ყველგან არის, ეს აიძულებს გამყიდველს, რომ პირველი მყიდველი არასდიდებით არ გაუშვას, დაუკლოს საქონლის ფასი და ამგვარი ქველმოქმედებით მთელი დღის სარფიანი ვაჭრობაც მიიზიდოს. აღებული ფული კი საქონელს მოატაროს და რაიმე სარიტუალო სიტყვაც წაიჩურჩულოს „სიფთაა“... რიტუალები და აფირმაციები მუშაობს, თუ ამ რიტუალების და წარმატების მოპოვების თავადაც გჯერა... რწმენა კი ის უტყუარი ატრიბუტია, რომლის შეწევნითაც სასწაულები ხდება. მსგავსი რიტუალი საუკუნეების განმავლობაში ხალხში დღემდე ვრცელდება ახალმთვარეობისას... მოხუცები დღემდე ეუბნევიან ბავშვებს, რომ ახალ მთვარეს მონეტები დაანახონ, რათა ფული და სიუხვე მოიზიდონ. სწორი რიტუალი კი ასეთია: მხოლოდ ახალმთვარეობას, როცა ჯერ ისევ ნორჩია, ფანჯრიდან ან გარეთ ხელისგულზე დადებული სამი მონეტა უნდა დაანახო მთვარეს, მონეტები აუცილებლად ერთი ზომის და ერთი ფორმის უნდა იყვნენ. და ასეთი სიტყვები გაუგზავნო სამყაროს: „როგორც შენ იზრდები და ივსები, ახალო და ნორჩო მთვარე, ისე ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა, ჩემი სარჩო და შემოსავალი გაიზარდოს და შეივსოს, ისე გაბრწყინდეს და ნათელით შეიმოსოს ჩემი და ჩემი ახლობლების ცხოვრება... ფულით, სიუხვით და ბედნიერებით აივსოს“ . სიტყვები სამყაროს ესმის და მატერიალიზდება... ეს ერთგვარი დადებითი აფირმაციაა, რომელიც პოზიტივს და ზოგადად დადებით ენერგიას იზიდავს. შემდეგ სამივე მონეტა ფანჯრის რაფაზე დადეთ მთელი ღამით, რომ მთვარის ენერგიით გაივსოს და დაიმუხტოს... მეორე დღეს ერთი მონეტა საფულეში შეინახეთ და ერთი თვე არ დახარჯოთ, მეორე მონეტა უხვფოთლიან მცენარეს დაუდეთ, რომ თქვენი შემოსავალი მისი ფოთლების რიცხვს გაუტოლდეს და მესამე მონეტა დახარჯეთ, გაეცით კეთილი საქმისთვის, ან ისევ ფანჯრის რაფაზე დატოვეთ მომდევნო ახალ მთვარეობამდე, სურვილის მიხედვით... თავადაც გაგაოცებთ იმ თვის შემოსავალი... ეს ერთგვარი რიტუალია, რომელიც ადამიანს ფულის ყადრს და ფასს ასწავლის, ფულის სწორედ შენახვას, დაბანდებას და გაცემას - სამივე საფეხურს ამ პატარა რიტუალით ახორციელებთ, ეს ერთგვარი იმიტაციაა, პატარა სცენარია, რომელიც შენს ქვეცნობიერს კვებავს პოზიტივით. ფულს საფულეში ინახავენ, რომელიც სასურველია მწვანე და ყავისფერი იყოს, ეს სიცოცხლის და მატერიის, ნაყოფიერების ფერებია... შემოსული შემოსავალი სამ ნაწილად გაყავით, ერთი ნაწილი შესანახია, რომელიც შეგიძლიათ რამდენიმე კონვერტში შეინახოთ, მაგალითად კოვერტებს აწერია: „თანხა ბინისთვის“, „ თანხა მანქანისთვის“, „თანხა ჩემი ბიზნესისთვის“, „თანხა ჩემი ქორწილისთვის“ დ ა.შ. კონვერტების რაოდენობა თქვენს სურვილზეა დამოკიდებული და გასანაწილებელი თანხის ოდენობაც, თქვენი შეხედულების მიხედვით, შეგიძლიათ განაგოთ. შემოსავლის მეორე ნაწილი შეგიძლიათ დახარჯოთ ყოველდღიური აუცილებლობებისთვის, ტანსაცმელი, საჭმელი, ტრანსპორტი და ა. შ.... შემოსავლის მესამე ნაწილი კი აუცილებლად უნდა ქველმოქმედებას მოახმაროთ, გაჭირვებულებს დაეხმაროთ, გააჩუქოთ... თუ ფული პატარა სკივრში გაქვთ შენახული, იქ შეგიძლიათ, როგორც ნაყოფიერების სიმბოლო, ხორბლის მარცვლები და შაქრის ნატეხებიც ჩადოთ. ფული ასეთ ენერგიას იზიდავს. ფული ბედნიერ ადამიანებთან მიდის. არ უყვარს წუწუნა და დაბოღმილი ხალხი... ფულის რაოდენობას იმდენად არ აქვს მნიშვნელობა რამდენადაც იმის შეგრძნებას, რომ სავსე ხართ, და ყოველთვის იმდენი თანხა შემოგდით, რამდენიც ზუსტად იმ დროს გჭირდებათ. სწორი ცოდნა ყველაფრის და ყველა საგნის მიმართ ცხოვრებას ამარტივებს, თქვენი ენერგეტიკით მუხტავს და ავსებს. ამ ამოუცნობ სამყაროს უფრო გაახლოვებთ და ნელ-ნელა ისეთი რამეების შემჩნევას იწყებთ, რაც აქამდე ყურადღების ღირსად არ მიგაჩნდათ. ფული ისეთივე მოძრავი ენერგიაა, როგორც ყველა სხვა. ენერგიის ნაკადის გაჩერება სტაგნაციას და სიცარიელეს იწვევს. მატერიის სიცოცხლის საიდუმლო მუდმივი მოძრაობაა. ფულსაც სწორი მოპყრობა ჭირდება და ისიც არ გაგაწბილებთ... ფული არ მიდის იმ ადამიანთან, ვისაც სიმდიდრე და დიდი ფული დანაშაულად მიაჩნია, ვინც ფიქრობს, რომ ფულის პატიოსანი გზით შოვნა არ შეიძლება, რომ მდიდრები ბოროტი და გაუმაძღარი ადამიანები არიან... ასეთი აზრები ცხადია ფულის ენერგიას ახშობს. რამ შეიძლება დააბრკოლოს ფულის ნაკადის შენთან მოსვლა? - შენმავე აზრებმა. პირველი - როცა წარმოუდგენლად გეჩვენება, რომ ოდესმე გამდიდრდები. მეორე - როცა გჯერა, რომ შესაძლებელია გამდიდრდე, მაგრამ ეს ძალიან ძნელი იქნება, მესამე- გჯერა, რომ შეგიძლია გამდიდრდე, მაგრამ შენ ამას არ იმსახურებ. სამივე შემთხვევაში შენ საკუთარი შესაძლებლობების კარს თავადვე ხურავ. როცა გაქვს მიზანი და ამ მიზნისკენ მიისწრაფვი, და შენი გეგმა ადამიანების სიკეთესაც ემსახურება, მიზნის მიღწევისკენ სწრაფვის დროს, ფულიც ჩნდება. ფული არ არის მიზანი, ის არის საშუალება, რომელიც ამ პროცესის თანხლები და გარდაუვალი თანამგზავრია. გაჩნდა მიზანი? წადი შენი მიზნისკენ, განახორციელე ის და ფულიც სამყაროს სხვადასხვა ხაზებიდან დაიწყებს შენკენ მოსვლას. მთავარია გჯეროდეს, გწამდეს, რომ შენ შენი გეგმის განხორციელებას შეძლებ და ფულიც თავისთავად მოვა, როგორც ერთგვარი ჯილდო. მიაღწიე მიზანს, გახდი ამით ბედნიერი, ბედნიერ ადამიანებთან ფული აუცილებლად მივა, საიდანაც არ ელი და არც კი გიფიქრია, ის კარი და ის შესაძლებლობები გაიხსნება შენთვის. გჯეროდეს, იმოქმედე და ჯილდოც დამსახურების შესაბამისად მიიღე! თავი 8 ჩემები ყოველთვის მეგონა, რომ დროში ადამიანები ჩერდებოდნენ, ყოველ შემთხვევაში სამყარო მათ იმდენხანს აცლიდა ამქვეყნად არსებობას, სანამ ისინი სხვებს სჭირდებოდნენ. ჩემი „მოხუცებიც“ ( თუმცა სამოცდახუთი წლის ხალხს სულაც არ ეთქმოდა მოხუცები და ამ სიტყვას მხოლოდ სიტყვის მასალად ვხმარობდი, რომ მოხუცი - ბრძენთან ასოცირდებოდა ამ გადმოსახედით. დედას არ ვიცი, მაგრამ მამას ასე რომ მივმართავდი, ყოველთვის ეღიმებოდა, ზუსტად იმას გრძნობდა ამ სიტყვაში, რასაც სინამდვილეში ვგულისხმობდი და თუ ამას კიდევ ერთ სიტყვას დავამატებდი და „ჩემს ბრძენ მოხუცს“ - ამაზე სათვალეებიდან მოღიმარ თაფლისფერ თვალებს, მართლაც გაორმაგებული გონებამახვილობის და სიბრძნის სხივებიც ემატებოდა). ჰო, იმას ვამბობდი, ჩემი მოხუცებიც სულ მეგონა, რომ ჩემ გვერდით იქნებოდნენ, მათი სახით იმედს და საძირკველს ვხედავდი, რომელიც ძლიერი ბაზა იყო, კარგი და ლამაზი სახლის ასაგებად... მათთან ყოფნა მიყვარდა, მაგრამ ბოლო ხანებში ამით განებივრების საშუალებას თავს ვერ ვაძლევდი, რადგან, უამრავ საქმიანობასთან ერთად, ჩემი სრული თავისუფალი დრო წერას მიჰქონდა. წერას ჩემს ძირითად საქმიანობად და მისიად ვთვლიდი და მისთვის ღალატი არ შემეძლო... თუმცა იყო პერიოდები, როცა შემოქმედებით შიმშილს განვიცდიდი, მუზა თვალსა და ხელს შუა იკარგებოდა და ვჩერდებოდი, ისე როგორც მანქანა ჩერდება საწვავის გარეშე, მაგრამ ეს პრობლემა მოგვარებადი იყო, მანქანაში თუ ბენზინი- საწვავი ესხა, ეს უკვე მას მოქმედების საშუალებას აძლევდა. ჩემთვის ეს საწვავი საინტერესო წიგნი, შთამბეჭდავი ფილმი, მუსიკა, გამოფენა, ანდაც უბრალოდ გარემოს გამოცვლა გახლდათ, ახალი შთაბეჭდილებებით ივსებოდა ჩემი წარმოსახვითი გონება და ისე ავტომატურად იწყებდა დენას, როგორც მდინარის წყალი ფართე კალაპოტში. ახალი შთაბეჭდილებები, ახალი მიმართულებები, და ყველაფერი უცხო, რაც ჩემი გონებისთვის უჩვეულო და სხვანაირი გახლდათ, მხოლოდ უბიძგებდა, რომ მეწერა... ჩემებმა და განსაკუთრებით მამამ იცოდა (აბა ვინ გაუგებდა თავის ნაშიერს ყველაზე უკეთ, მე ხომ მისი სრული ასლი და კვალი ვიყავი, სალისგან განსხვავებით, რომელიც ყველაფრით დედას ჰგავდა, თავისი მუდმივი ბუზღუნითაც კი) ჩემი ეს ამბავი და, მაინცდამაინც, დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, მარტო საცხოვრებლად გასვლა რომ გადავწყვიტე. ნათელამ( დედიკომ) კი წაიბუზღუნა ერთი-ორი, შვილებთან ყოფნა ახლა მინდაო( თუმცა ვერ ხვდებოდა, რომ მისი შვილი უკვე იმდენად გაზრდილიყო, რომ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებაც შეეძლო, ყოველ შემთხვევაში, ამის სრული უფლება ჰქონდა და თავისუფლებაც), მაგრამ მოხუცმა, მხარზე ხელი სიყვარულით მოუთათუნა და შეაჩერა, მე კი თვალი ჩამიკრა და თავი დამიქნია, რაც იმას ნიშნავდა -„ მე თანახმა ვარ, გააკეთე ის, რასაც საჭიროდ თვლიო“ . ჰოდა, მეც ავიკარი გუდა- ნაბადი და ახლადნაყიდ ბინაში გადავბარგდი. არც მინანია. თითქოს უფრო მეტი დრო და პატივისცემაც გაჩნდა. მარტო ცხოვრება ზრდის პიროვნებას და დამოუკიდებლობისკენ ამზადებს, უფრო მდგრადი და მებრძოლი ხდები, ერთადერთი პიროვნება, ვინც ამ დროს შეიძლება დაადანაშაულო საკუთარი თავია და ამდენადაც, არავინაა, ვისაც შენს შეცდომებს გადააბრალებ. ალბათ, მამამ სწორედ ეს დაინახა მაშინ და არ გამძალიანებია. ნათელა მალევე დააშოშმინა. თუმცა უერთმანეთობა ყოველთვის გვიჭირდა, რადგან მშობლებთან მუდამ ახლოს ვიყავი და ეს გარკვეულწილად რაღაცნაირ მიჯაჭვულობის განცდასაც ტოვებდა ჩვენ შორის... სახლში მისულს დედა ისეთი მონატრებით მხვდებოდა, თითქოს მთელი წელი არ ვენახე, და მეც ასეთი დახვედრის დროს ანალოგიური განცდა მეუფლებოდა, სახეს გვერდით ვწევდი, რომ უნებურად წამოსული ცრემლები უპეებზევე შემეკავებინა. მერე, დრო რომ გავიდა, მივეჩვიე, ისინიც მიეჩვივნენ და ახლა როგორც სასურველ სტუმარს ისე მიღებდნენ. კარი ლიდამ გამიღო, მომესალმა და გზა დამითმო. შევედი. სუსტი, მქრქალი მოლურჯო სინათლე ოთახს ძლივს ანათებდა. მამა მაგიდასთან იჯდა და წიგნს კითხულობდა. რომ დამინახა, თავი ასწია, სათვალეების ზემოდან მზერა ჩემკენ გადმოიტანა და ღიმილმა გაუვსო სახე. წამოიწია, ხელებით მაგიდას დაეყრდნო: - მოხვედი, დინა? უკვე მეგონა, დღეს აღარ გამოჩნდებოდი. ახლოს მივედი, ლოყაზე ვაკოცე და ჩანთიდან შეპირებული საჩუქარი ამოვიღე. - ეს რა არის? - გაიკვირვა კაცმა და სკამზე ისევ დაეშვა, ხელი ვარდისფერ პერგამენტს გადაუსვა და შემომხედა. - გახსენი! შენი სააჩუქარია! ნელ-ნელა გადასწია დასკოჩილი ლენტები და როცა ვარდისფერ გადაშლილ პერგამენტზე ჩემი წიგნი დაინახა, კმაყოფილმა ამომხედა: - როგორც იქნა, გაიმეტე ერთი ეგზემპლარი, არადა, რამდენი ხანია, გეხვეწები, წაკითხვა მინდოდა. - ჰოდა, შეგიძლია ოცნება აისრულო, მოხუცო, დრო თავზე საყრელად გაქვს, ფურცელი და კალამი მოიმარჯვე და მერე, რომ მოვალ, კრიტიკა ტყვიებივით დამახალე! ოღონდ არ იფიქრო, რომ კრიტიკა შემაშინებს, უკვე გონება ფოლადივით მომეკალა, მხოლოდ ოდნავ თუ გამკაწრავს... მამამ სიამოვნებით გადაფურცლა წიგნი, მერე დაიხარა, თითქოს სტამბის გამოყოლილ სურნელს შეიგრძნობდა, კმაყოფილი სახით ფურცელს ფურცელზე შლიდა და ღიმილი უკენწლავდა ბაგეებს. - მაშ ასე, ძალიანაც კარგი, თუ კრიტიკის არ გეშინია, სადარდებელიც არაფერი ყოფილა. - არა, შენი კრიტიკის ცოტათი მეშინია, ვთვლი, რომ ყოველთვის სამართლიანი იქნება, რომლის გათვალისწინებაც შემდგომში მომიხდება. - მშვენიერია!... მამამ, წიგნის მოსიყვარულებით გული რომ იჯერა, გვერდზე გადადო და მხოლოდ ამის შემდეგ მომიკითხა: - ეს კარგი, მაგრამ სხვა ახალი რა არის? როგორ ცხოვრობ? - არაფერი მნიშვნელოვანი, ძველებურად! - აბა რა, ხომ არ გაახარებ მშობლებს საკუთარი ოჯახის შექმნით - ეს დედის ხმაა, რომელიც მოულოდნელად წამოგვადგა თავს, მეც და მამაც მას ვუყურებთ, ის კი აგრძელებს - შენ წერე, ეგაა მთავარი და მნიშვნელოვანი და გათხოვებაზე არ იფიქრო! ნათელა მართლა გამწარებულია. ვიცი, ამ თემის გავრცობა ახლა მასთან საშიშია, სჯობს რამდენიმე წუთი დავუთმო მის აბობოქრებას და გულს რომ მოიოხებს, დაშოშმინდება, აბა რას იზამს? - ეს ზევით იკითხეთ, ქალბატონო ნათელა! - ღიმილით საჩვენებელ თითს მაღლა ვწევ - ეს იქ გადაწყვიტეს ყველაფერი! ნათელას საკენკი ეძლევა და ცხარდება: - შენ თუ უშნო და უვარგისი ხარ, ზევით დააბრალე! მოკლედ, გადაბრალებების დიდოსტატი ხარ, რა იქნებოდა, რომ მეც შვილიშვილები ჩამეგორებინა კალთაში... - თვალებში ცრემლები ერევა. - კარგი დედა ახლა, სალის სამი ჰყავს და ჩაიგორე რამდენიც გინდა... შენი ხასიათი რომ ვიცი, ისინიც თავს მალე მოგაბეზრებენ.... - გცხვენოდეს, დინა, მე შენი შვილების ნახვა მინდა, განა ისე უნდა მოვკვდე, რომ ჩემი დიანას შვილები არ ვნახო? ასე შეიძლება დედას გული ატკინო? ნათელა უკვე სატირლად მზად არის. დროზე თუ არ დავაშოშმინე, მთელი დღე ცრემლები არ დაშრება მისი თვალებიდან. მივდივარ, ლოყაზე ვკოცნი და გულში ვიხუტებ. ქალს მხრები უთრთის და მეკვრის: - ბევრს ხომ არ გთხოვ, ადამიანო, ერთი შვილი მაინც იყოლიე, რომ სიბერის დროს პატრონი გყავდეს.... - კაი რა დედა, ზოგს ათი შვილი ჰყავს და სიმარტოვეში კვდება. - ისევ სხვებს ნუ მოიყვან ხოლმე მაგალითად, საკუთარ თავზე იფიქრე! - ვფიქრობ, მაგრამ არაფერი გამოდის, ხომ ხედავ, ისე გარიგებით კი კაცს ვერ გავყვები, თუ ჩემს გულთან არ მოვიდა. დედა უცებ მშორდება და გამწყრალი ნიშნისმოგებით მეუბნება: - ჰოდა, იჯექი მასე! - ჰოდა, ვზივარ, არავის ვაწუხებ ჩემი პრობლემებით, მით უფრო, რომ ყველას თავისი პრობლემებიც საკმარისად აქვთ. დედა ხვდება, რომ საუბრის გაგრძელება სრული წყლის ნაყვაა, აზრი არა აქვს, ხელს იქნევს: - პატარა ხომ არ ხარ, ორმოცდაექვსი წლის ქალი ხარ. შვილსაც ხომ უნდა მოესწრო. გაბრაზებული სამზარეულოში გადის. შესაბრალისად მხრებს ვიჩეჩავ, თითქოს სახელმწიფო დანაშაული ჩამედინოს, სამყაროს კი სულაც არ აინტერესებს, დინა ქირიას ოჯახი ექნება, თუ არა... რამდენიმე წუთში, სიტუაცია იცვლება და მთელი ოჯახი ვვახშმობთ, დედას წეღანდელი წყენის ნატამალიც არ შერჩენია სახეზე. მალე ფეთქდება და მალევე უბრუნდება სიმშვიდე... მოკლედ, მიჩვეული ვარ ჩემი მოხუცების ამგვარ შემოტევებს, მაგრამ ყველაზე ძვირფასები და ყველაზე ახლობლები არიან ისინი ჩემთვის.