უ ს ა ხ ე ლ ო ა მ ბ ა ვ ი
უ ს ა ხ ე ლ ო ა მ ბ ა ვ ი
უ ს ა ხ ე ლ ო ა მ ბ ა ვ ი
- თევზი არავის გნებავთ ?
თითქოს გამბედავი, მკაცრი, ოდნავ ხმამაღალიც კი, მაგრამ მაინც გაბზარული და შიშშეპარული ხმით გაიმეორა სარკესთან მდგომმა. სრულად შევერცხლილი თმა სველი ხელით გადაივარცხნა და მეტნაკლები კმაყოფილებით დატოვა პირველი სართულის “კაცების ოთახი”.
წელიწადში რამდენჯერმე, სამ - ოთხ თვეში ერთხელ, უწევდა სამსახურში თანამშრომლებისთვის ეკითხა, შეეთავაზებინა, - თევზი ხომ არავის უნდოდა.. წელიწადში რამდენჯერმე, სამ - ოთხ თვეში ერთხელ, არ იცოდნენ პირველ სართულზე მომუშავეებმა, სად დამალულიყვნენ, როგორ ეთქვათ უარი, როგორ აერიდებინათ მზერა..
და იმიტომ არა, რომ თევზს არ გეახლებოდნენ ან, რასაც სთავაზობდნენ არ ვარგოდა.. უბრალოდ, ასე იყო მიღებული..
მეორე სართულზე ბევრს იცინოდნენ ამაზე, “თევზი არავის გნებავთ?” - იმეორებდნენ მოღრეჯილი სახეებით, როგორც კი ოთახის კარს გაიხურავდა ვერცხლისფერთმიანი. ერთი - ორი საათი ჰყოფნიდათ გასახალისებლად. მერე ისევ რუტინულ, ნაცრისფერ დღეებში იკარგებოდნენ და შიგადაშიგ ახალ გასართობს იგონებდნენ.
მესამე სართულზე ძნელად თუ გაახსენებდით ვინმეს “ვერცხლისფერთმიანს”, უფრო ახლად დაწინაურებული თანამშრომელი თუ მოიგონებდა ბუნდოვნად..
აი, მეოთხე სართულზე კი მის შესახებ არავინ საუბრობდა, არც არავინ იცოდა რამე…
* * *
ერთ-ერთ რუტინულ, სამუშაო დღეს ახალი გასართობი იპოვეს მეორე სართულის თანამშრომლებმა, ძველ საინფორმაციოს დაუწყეს თვალიერება, საქმე შემოაკლდათ..
- ნახე ?! - “თევზი არ გინდაათ?” - მოღრეჯილი სახით თქვა და გაიცინა ერთმა - იმას არ ჰგავს?! - უჩვეულოდ გააბედნიერა საკუთარმა ჟღერადობამ..
ფოტოდან შევერცხლილთმიანი მამაკაცი იყურებოდა უშინაარსოდ, თუ კარგად დააკვირდებოდით ოდნავ შეშინებულიც კი მოგეჩვენებოდათ.
- ჰგავს კი არა ეგაა, - ორიოდ წუთით მოწყდა საქმეს მეორე, რომ თვალი შეევლო ფოტოსთვის - მოკვდა..
- თავი მოიკლაო, მართალია? - საქმიდან თავამოუღებლად სასხვათაშორისოდ იკითხა მესამემ..
- კი.., - პირველი სართულიდან ახლად დაწინაურებულმა უპასუხა, თითქოს სევდიანად.. ცოტახანს ჩაფიქრდა კიდეც რამდენიმე წუთით.. შემდეგ, ისევ საქმეს მიუბრუნდა.
მესამე სართულზე დიდიხანი არავის გახსენებია, მხოლოდ ერთხელ გაიჟღერა ყოფილი თანამშრომლის თვითმკვლელობის ისტორიამ, აქ უფრო ნაკლები დრო ჰქონდათ უსაქმურობისთვის.
აი, მეოთხე სართულზე კი ამის შესახებ არავინ საუბრობდა, არც არავინ იცოდა რამე…
მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე ჯერაც არავინ გამოხმაურებიათ..