მოთხრობები
მოთხრობები
უ ს ა ხ ე ლ ო ა მ ბ ა ვ ი - თევზი არავის გნებავთ ? თითქოს გამბედავი, მკაცრი, ოდნავ ხმამაღალიც კი, მაგრამ მაინც გაბზარული და შიშშეპარული ხმით გაიმეორა სარკესთან მდგომმა. სრულად შევერცხლილი თმა სველი ხელით გადაივარცხნა და მეტნაკლები კმაყოფილებით დატოვა პირველი სართულის “კაცების ოთახი”. წელიწადში რამდენჯერმე, სამ - ოთხ თვეში ერთხელ, უწევდა სამსახურში თანამშრომლებისთვის ეკითხა, შეეთავაზებინა, - თევზი ხომ არავის უნდოდა.. წელიწადში რამდენჯერმე, სამ - ოთხ თვეში ერთხელ, არ იცოდნენ პირველ სართულზე მომუშავეებმა, სად დამალულიყვნენ, როგორ ეთქვათ უარი, როგორ აერიდებინათ მზერა..და იმიტომ არა, რომ თევზს არ გეახლებოდნენ ან, რასაც სთავაზობდნენ არ ვარგოდა.. უბრალოდ, ასე იყო მიღებული.. მეორე სართულზე ბევრს იცინოდნენ ამაზე, “თევზი არავის გნებავთ?” - იმეორებდნენ მოღრეჯილი სახეებით, როგორც კი ოთახის კარს გაიხურავდა ვერცხლისფერთმიანი. ერთი - ორი საათი ჰყოფნიდათ გასახალისებლად. მერე ისევ რუტინულ, ნაცრისფერ დღეებში იკარგებოდნენ და შიგადაშიგ ახალ გასართობს იგონებდნენ. მესამე სართულზე ძნელად თუ გაახსენებდით ვინმეს “ვერცხლისფერთმიანს”, უფრო ახლად დაწინაურებული თანამშრომელი თუ მოიგონებდა ბუნდოვნად.. აი, მეოთხე სართულზე კი მის შესახებ არავინ საუბრობდა, არც არავინ იცოდა რამე… * * * ერთ-ერთ რუტინულ, სამუშაო დღეს ახალი გასართობი იპოვეს მეორე სართულის თანამშრომლებმა, ძველ საინფორმაციოს დაუწყეს თვალიერება, საქმე შემოაკლდათ.. - ნახე ?! - “თევზი არ გინდაათ?” - მოღრეჯილი სახით თქვა და გაიცინა ერთმა - იმას არ ჰგავს?! - უჩვეულოდ გააბედნიერა საკუთარმა ჟღერადობამ.. ფოტოდან შევერცხლილთმიანი მამაკაცი იყურებოდა უშინაარსოდ, თუ კარგად დააკვირდებოდით ოდნავ შეშინებულიც კი მოგეჩვენებოდათ. - ჰგავს კი არა ეგაა, - ორიოდ წუთით მოწყდა საქმეს მეორე, რომ თვალი შეევლო ფოტოსთვის - მოკვდა.. - თავი მოიკლაო, მართალია? - საქმიდან თავამოუღებლად სასხვათაშორისოდ იკითხა მესამემ.. - კი.., - პირველი სართულიდან ახლად დაწინაურებულმა უპასუხა, თითქოს სევდიანად.. ცოტახანს ჩაფიქრდა კიდეც რამდენიმე წუთით.. შემდეგ, ისევ საქმეს მიუბრუნდა. მესამე სართულზე დიდიხანი არავის გახსენებია, მხოლოდ ერთხელ გაიჟღერა ყოფილი თანამშრომლის თვითმკვლელობის ისტორიამ, აქ უფრო ნაკლები დრო ჰქონდათ უსაქმურობისთვის. აი, მეოთხე სართულზე კი ამის შესახებ არავინ საუბრობდა, არც არავინ იცოდა რამე…მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე ჯერაც არავინ გამოხმაურებიათ..ერთი საათიფეხები უკვე ძალიან დამძიმებოდა, ძლივს მიათრევდა.. ტანი აღარ ემორჩილებოდა, მაგრამ, კიდევ ერთი საათი უნდა გაეძლო, სხვა გზა არ ჰქონდა.. ერთ საათში მეტროც დაიკეტებიდა, და ეს დღეც დასრულდებოდა.. ბოლო „შემოვლა“ დაიწყო. ვაგონები თითქმის ცარიელი იყო, თუმცა, მაინც შევიდა, პირის გაღება სცადა, მაგრამ ხმა აღარ ამოსდიოდა. დაიღალა.. თვალი მოავლო ვაგონს და მიხვდა, მოწყალების გამცემი არავინ ჩანდა, ვერც „თავისიანს“ ხედავდა, ამიტომ პირდაპირ სკამისკენ გალასლასდა და მოწყვეტით დაეცა. ღვთისმშობლის ხატი ხელში ისე ჩაებღუჯა, როგორც ომში დანებებულს თეთრი ალამი. თუ ვინმე „თავისიანი“ წამოადგებოდა სათქმელი ექნებოდ, აი ხელში ხომ მაინც უჭირავს, იქნებ ყიდვაც მოუნდეს ვინმეს, რომ დაინახავს.. ამას მხოლოდ მისი ქვეცნობიერი ფიქრობდა, თვითონ კი ჩამქრალი მზერით ვაგონში მყოფ ადამიანებს დაუწყო თვალიერება.მატარებელი გაჩერდა, ღვთისმშობლისხატიანი ბიჭის წინ დედა და პატარა გოგონა დასხდნენ, გოგონამ დაამთქნარა, დედას მიეხუტა და მატარებლის რწევაში მალევე ჩაეძინა.ბიჭი უნებურად მიაშტერდა დედა-შვილს.. თავი ოდნავ გვერდზე გადაეხარა, გახუნებული, ჩალისფერი ლოკნები, შუბლიდან ჩამქრალ, მწვანე თვალებზე ჩამოუცვივდა, კარგად თუ დააკვირდებოდით შეამჩნევდით, რომ პირი ოდნავ ღია დარჩენოდა, შეიძლება დაღლილობისგანაც.. თითქოს, დედა, რომელიც თავის გოგონას თმაზე ეფერებოდა, ბიჭს ცნობიერებას უცვლიდა და სხვა, კიდევ უფრო სევდიან და ტკივილიან სამყაროში გადაჰყავდა.. დარჩენილი ერთი საათი იწურებოდა, როცა მოულოდნელად ვაგონში ჩოჩქოლი ატყდა, კანტი-კუნტად დარჩენილი ადამიანები ერთ სავარძელთან შეგროვილიყვნენ, ზოგი წამალს ითხოვდა, ზოგი წყალს.. ბიჭი შეფხიზლდა, ბავშვურმა ცნობისმოყვარეობამ სძლია და ხალხს შეერია..ვაგონში მყოფ ახალგაზრდა გოგოს გონება დაეკარგა და ახლადმოსულიერებული ვერაფერს იხსენებდა.„რა ჰქვია არ ახსოვს?“.. „სულ არავინ ახსოვს?“.. „დაურეკოს რა ვინმეს?! დილამდე აქ ხომ არ ვიდგებით!..“ ისმოდა შეშფოთებული შეძახილები. „ეს ვინღაა?“ „მოაშორეთ აქედან!“ „ფრთხილად, რამე არ წაგაცალოთ!“ ღვთისმშობლისხატიანი ბიჭის დანახვისას უფრო ენერგიულად ახმაურდა ბრბო. ვიღაც ზორბა ქალი, მტვრიან და მზეზე გახუნებულ ოქროსფერ თმაში სწვდა ბიჭს, გაგდება სცადა.. უცნაურია, მაგრამ ყველას თვალებში შეამჩნევდით არსაიდან მომავალ შიშსა და ზიზღს.. ეჩხუბებოდნენ და თან ერიდებოდნენ ამ ექვსიოდე წლის, ღვთისმშობლისხატიან ბიჭს..წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიჭმა მაინც მოახერხა ავადმყოფამდე მისვლა, როგორც ჩანს, ასეთი „ბრძოლა“ მისთვის, პირველი არ იყო.. მუხლები გაიფერთხა, თან თავზედამყურეები შეათვალიერა.. მასაც ეშინოდა, მაინც.. კიდევ ვინმეს არ წაევლო თმაში ხელი.. აკანკალებულ გოგონას ხელი ფრთხილად დაადო მხარზე და ჩურჩულით ჰკითხა - დედა არ გყავს?.., დედა გემახსოვრება...პირველი ივლისიდღეს პირველი ივლისია, ათას ცხრაას ოთხმოცდათოთხმეტი წლის, ხვალიდან ეს დღე მამაჩემის გარდაცვალების დღედ იქცევა. მაგრამ მე, მხოლოდ ოცდაშვიდი წლის შემდეგ გავიგებ ამას.ამბობენ, შინაურ ცხოველებს განსაკუთრებული წინათგრძნობა აქვთ, ყოველთვის გრძნობენ მოსალოდნელ უბედურებასო. დანტეც გრძნობდა, იცოდა.. არ შორდებოდა თავის პატრონს, აღარ ჭამდა.. თუ გუგას აგვიანდებოდა, ძაღლი ჭიშკარს არ შორდებოდა. ოჯახის წევრებს სჯეროდათ, რომ მის ასეთ ქცევას რაიმე სტიქიური უბედურება უნდა მოჰყოლოდა. ოჯახი ცრუმორწმუნე არ გეგონოთ, ბოლო წლებში მომხდარი ძლიერი მიწისძვრების წინაც ასე იქცეოდა, თურმე, ჩვენი დანტე..პირველი ივლისის წინა საღამო იყო, როცა გუგას უცნობმა დაურეკა სახლში და მეტროსთან შეხვედრა სთხოვა. ნასვამი იყო, სახლიდან გასვლას არ გეგმავდა, ბავშვებს ეთამაშებოდა, თავს უჩვეულოდ კარგად გრძნობდა და ძალიან არ ესიამოვნა ეს უადგილო ზარი, თუმცა, შეხვედრა შვიდ საათზე ჩაინიშნა.. გუგას მოუსვენრობა შეეპარა, სიგარეტს სიგარეტზე უკიდებდა, ბოლთას სცემდა. რამდენჯერაც საათი შეამოწმა უაზროდ უყურებდა, რომ გეკითხათ, ვერ გიპასუხებდათ რომელი საათი იყო.. მხოლოდ იმას იგებდა, რომ ჯერ გასვლის დრო არ იყო, თან რა მიუდგომელ ადგილას ეკიდა ეს საათი. იმ საღამოს მიხვდა როგორ ვერ იტანდა კედლის ამ მხარეს, საერთოდ, ვის მოუვიდა აზრად საათის აქ დაკიდება? გუგამ გადაწყვიტა სახლში რა დროსაც არ უნდა დაბრუნებულიყო აუცილებლად შეუცვლიდა საათს მდებარეობას..საღამოს სახლიდან გასვლის წინ ცოლს დაუძახა, თვითონაც ვერ მიხვდა რატომ, დამშვიდობება უნდოდა. ლილი რადიომიმღებით ხელში გამოვიდა ოთახიდან, ჯონ ლენონის „Love is real“ ისმოდა რადიოდან, რა უცნაურად დაემთხვა.. უყვარდა ეს სიმღერა, ყველაფერს დათმობდა ახლა ბოლომდე მოსმენა რომ შეძლებოდა, მაგრამ მოუსვენრობამ არ აცადა, დაუმშვიდობებლად გაიხურა კარი და წავიდა..მას შემდეგ ყველა არხის საინფორმაციო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად ატრიალებდა ერთსა და იმავე ამბავს, თუ როგორ მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი, თუ რამდენი ტყვია ჰქონდა ნასროლი და სად.. ასევე, საინფორმაციოს ბოლოს, აქვეყნებდნენ გერმანული ნაგაზის ფოტოს, სახელად - დანტე, რომელიც პირველი ივლისის შემდეგ არავის უნახავს.. რაც შეეხება საათს, რომელიც გუგას უნდა ჩამოეხსნა და მდებარეობა შეეცვალა, ასეც მოხდა.. პირველი ივლისის შემდეგ, საათის ადგილი უზარმაზარმა, შავ-თეთრმა პორტრეტმა დაიკავა.თუ რა მოხდა იმ საღამოს მეტროსთან, შენობის პირველ სართულზე მდებარე კაფეში, ამაზე პასუხი არავის ჰქონდა.. დღეს პირველი ივლისია, ორიათას ოცდაერთი წლის პირველი ივლისი და დღეს ჩემი შვილი დაიბადება.. ცრუმორწმუნე არ გეგონოთ, მაგრამ ვიცი, რომ ეს ნიშანია..