მოთხრობები
მოთხრობები
*** თუ ოდესმე ერთად აღარ ვიქნებით ... დამიმახსოვრე, როგორც ოკეანე, რომელშიც ღრმად გაცურავდა კაცი, უკან კი ვეღარ. დამიმახსოვრე, როგორც ნარინჯისფერი ჰორიზონტი, როგორც ფერადი ქვებით სავსე სანაპირო. თუ ოდესმე ერთად აღარ ვიქნებით, დამიმახსოვრე, როგორც მზის ამოსვლა, ვითარცა მარადიული სიცოცხლე და მზის ჩასვლა, ვითარცა სიმშვიდე ამ პლანეტაზე. დამიმახსოვრე, როგორც სიზმარი, რომელშიც ჩემი ბაგეები შენს ბაგეებს ეხება და სხეული ეიფორიით ივსება; როგორც ფარფატა პეპელა, რომელმაც ორი დღის სიცოცხლე შენში თუ ჰპოვა; როგორც მინდვრის ყვავილი, მაღალ ბალახში ამოსული იმიტომ, რომ მე ფრთებს მაღალ ბალახში ვშლი მხოლოდ. დამიმახსოვრე, როგორც თბილი ქარი, ვინაიდან ჩემს სურნელს ყოველი თბილი ქარის დროს იგრძნობ. თუ ოდესმე ერთად აღარ ვიქნებით, დამიმახსოვრე, როგორც ტალღების ხმა უკიდეგანო ზღვის სანაპიროზე. დამიმახსოვრე როგორც გაზაფხულის წვიმა, რომლის შემდეგაც დედამიწას სახლის სუნი ასდის. დამიმახსოვრე, როგორც შობის დილას დაიმახსოვრებდი და, თუ ოდესმე ერთად აღარ ვიქნებით, დამიმახსოვრე როგორც სამყარო, რომელსაც მე, თუ გაჩვენებდი მხოლოდ. *** სიზმარი ვნახე: - მზე დასავლეთიდან ამოსულიყო, ცა ვარდისფრად შეღებილიყო, მთვარეს ფრთები შემოესხა, ხუთი ოკეანე მხოლოდ ერთი იყო. - ადამიანებს კანი უბრწყინავდათ, მე თეთრი თმა მქონდა, შენ კი ცრემლების მაგივრად მარგალიტებს აფრქვევდი. - სული შხაპს იღებდა. - სიგარეტების სასაფლაოზე აღმოვჩნდით. - ცხენმა გადაირბინა, ფერები არეულიყო. ღრუბლებზე ჩამოვსხედით, მზის ჩასვლა აღმოსავლეთმა მიისაკუთრა. - წამოდი გავიქცეთ, სანამ გამეღვიძება. ***თვრამეტ აგვისტოს იხილა ჩემმა თვალებმა პირველად დედაც და მიწაც. ოცი და კიდევ ოთხი წლის შემდეგ, ჩვიდმეტ აგვისტოს, შუადღეს, აივნის ფანჯარაში საკუთარი ანარეკლი დავინახე. შემეცოდა. ოცდახუთი გურიაში შემისრულდა. რვა დღის შემდეგ, სახლში დაბრუნებისას, მანქანის ფანჯარაში ხელახლა შევხედე ჩემს ანარეკლს. როგორი ლამაზი ყოფილა ბედნიერების გრძნობა. სწორედ ამ დროს დავრწმუნდი, რომ სახლი, ადგილი არასდროს ყოფილა - სახლი ადამიანია.