ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

დათოვლილი კედლები

დათოვლილი კედლები

                               დათოვლილი კედლები                                                                   ნაწილი 1-მარებელები1.  უძილაურთა განწირული იყო. მთებიდან ზარის რეკა მოისმა. გაბმული და გამაყრუებელი ხმა. ამბობენ, რომ ეს ზარი პირქუშმა გამოჭედა მარებეთის ჯურღმულებშიო. პირქუში ფოლადს საკუთარი შელოცვებითა და ჯადოთი სჭედდა, ამიტომ მისი ხმლები უცვეთნი იყვნენ, ფარები და აბჯრები შეუვალნი. არავინ იცოდა, რატომ გამოჭედა პირქუშმა ეს ზარი და როგორ აღმოჩნდა ის უძილაურთას საყდარში, კლდეზე ჯაჭვით დაბმული და ადამიანთათვის საშინელი ამბების საუწყებლად განწირული. პიქუშის ზარი მხოლოდ ორ შემთხვევაში რეკდა, როცა ბერთა-ბერი გარდაიცვლებოდა და როდესაც მარებელები მოვიდოდნენ. ბერთა- ბერი რომ გარდაიცვლებოდა, ღამით საფიხვნო კოშკში სანთელი ინთებოდა და ირემთკალოზე მთების ქარბუქში განმარტოებული მნათეც, ამ მკრთალი შუქის დანახვისას, ერთხელ შემოჰკრავდა პირქუშის ზარს. სხვა იყო მარებელების თავდასხმის მაუწყებელი განგაში. ამ დროს ზარის ხმა აყრუებდა არემარეს, რადგან მნათე მას ცხოვრებაში ბოლოჯერ რეკდა, რეკდა მთელი ძალით და გამეტებით, თითქოს მთელი ცხოვრება ამ წამს ელოდაო. მარებელები ყოველთვის მთებიდან მოდიოდნენ, პირველ რიგში ირემთკალოს მოადგებოდნენ და მნათეს შეჭამდნენ. პირქუშის ზარი დადუმდებოდა და სოფელი მიხვდებოდა, რომ მარებლები უკვე გამაგრებების მისადგომებთან იყვნენ. კოპალას პირქუში არასდროს ენახა, თუმცა მასზე იმდენ რამეს ყვებოდნენ, ზარის გამაყრუებელი ხმისა და თანასოფლელების განწირული კივილის გაგონების შემდეგ პირველი ის გაახსენდა, რომ ზარი პირქუშმა გამოჭედა. მხოლოდ რამდენიმე წამის მერე მიხვდა , რომ ეს ხმა მარებელების თავდასხმას მოასწავებდა. უძილაურთა განწირული იყო.  უძილაურთა განწირული იყო. მარებელთაგან ხალხს ღვითისშვილი იცავდა. კოპალაც ღვთისშვილი იყო, როგორც პირქუში და იახსარი. ღვთისშვილი რომ დაიბადებოდა მორიგე ღმერთი ხალხს ნიშანს აძლევდა. ღვთისშვილის დაბადებისას ანგელოზები მღერას იწყებდნენ. ღამით ცაზე გაწოლილ თეთრ ბილიკზე ნავები გამოჩდებოდნენ: ჯერ ერთი, მერე მეორე და ასე დაუსრულებლად გათენებამდე. ნავები მშვიდად მიცურავდნენ ვარსკვლავეთის ოკეანეში. ღვთისშვილის დაბადების ღამეს ცა განათდებოდა. ნათება მკვეთრზე მკვეთრი იყო, მაგრამ თვალს არავის ჭრიდა. ნათელი მთელ ქვეყნას ეფინებოდა: მარებელების გამოქვაბულებს, ალების და როკაპების ტყეებს, შორეულ ზღვებსა და მდელოებს, რათა მთელ ქვეყანას გაეგო ღვთისშვილის დაბადება. მერე მეზღვნენი მოდიოდნენ. მოდიოდნენ ყველა მხრიდან და მსხვერპლს წირავდნენ მორიგე ღმერთსა და სალოცავებს. მოდიოდნენ და თავიანთი დროშები მოჰქონდათ. დროშა ძირითადად ბერთა-ბერს ან დროშის მტვირთველს ეპყრა ხელთ. ქალები მხიარულ ხმაზე მოიმღეროდნენ სამადლობელს. კაცები, მართალია, მძიმედ მოდიოდნენ, მაგრამ შვების ღიმილი მაინც ჰქონდათ სახეზე. ზღვენობა დიდხანს გრძელდებოდა, თვეები და ხანდახან წლებიც კი. ყველას უნდოდა ახლოდან ენახა ღვთისშვილი და მადლობა გადაეხადათ დამბადებელისათვის, ხალხს კიდევ ერთი დამცველი რომ გამოუგზავნა.  ასე იყო კოპალას დაბადებისასაც. სამასსამოცდახუთ დღეს იღებდა უძილაურთა ქვეყნიერების ყველა კიდიდან ზღვასავით მომდინარე მეზღვნეებს. ქალები ხინკლის ხარშვას და ხმიადების ცხობას ვერ აუდიოდნენ, კაცები კი მთის მაგარი ლუდით მორიგეობით თვრებოდნენ, რათა თავი არ შეერცხვინათ სტუმართან, მაგრამ უძილაურთა მალე მიხვდა, რომ მათი სიხარული ნაადრევი იყო. ღვთისშვილები დიდები და ღონიერები იზრდებოდნენ. ბრძოლა შეეძლოთ. ზოგი ხმალს ისეთი სისწრაფით და ოსტატობით იქნევდა, გაზაფხულის უეცრად მოვარდნილ წვიმაშიც კი შეეძლოთ ხმლები მინდორში გაეტანათ და უკან მშრალი შემოეტანათ. ზოგი მშვილოდასანი იყო. ერთდროულად ხუთ ისარს გაისროდა და ხუთივე ზუსტად ესობოდა სხვადასხვა სამიზნეს. ზოგი გასაოცარი ცხენოსანი იყო. მიუვალ ადგილებში აჭენებდა ცხენს, ქარაფიდან ქარაფზე ისე გადაფრინდებოდა, თითქოს პატარა ქვებს გადაახტაო. ისინი სოფლებს იცავდნენ მარებელთა შეტევებისგან და სხვა საგმირო საქმეებსაც ბევრს ჩადიოდნენ. ხალხი მათ ამბებს ლექსებად ყვებოდა და სიმღერებად დაამღერებდა. კოპალასაც ხშირად მოესმინა ეს ლექსები და სიმღერები. ამ დროს გული სიმაყით ევსებოდა . თავადაც ღვთისშვილი იყო. წლები გავიდოდა და მის  საგმირო საქმეებზეც ითქმებოდა ლექსები და დამღერდებოდა სიმღერები. უძილაურთა კი განწირული იყო. მორიგე ღმერთმა ღვთისშვილად კოპალა მიურგუნა სოფელს. კოპალა კი არათუ ღვთისშვილის ჯან-ღონის, არამედ თანატოლ ბიჭებზე ფერმკრთალი და გამხდარი იყო. ბევრს ეცადნენ სოფლის ოსტატები, მაგრამ ვერც მშვილდი ასწავლეს, ვერც ხმალი და ვერც ცხენზე ჯირითი. ვერც სამჭედლო საქმე მოიხერხა, რომ ღვთისშვილ პირქუშის საძებრად გაეშვათ, რათა ყოვლისმძლებელი ხმლებისა და შეუვალი ფარ-აბჯრების დამზადება ესწავლა. პირველად ცხვრის შეწირვა რომ ანახეს, ღვთისშვილი სამი დღე ბნელი ოთახიდან არ გამოსულა. ტიროდა და მოთქვამდა იმ ცხვრის საცოდაობით. ბერთა-ბერები იმასაც ფიქრობნენ, მორიგე ღმერთმა ხომ არ დაგვცინა, ან ჩვენ ხომ არ შეგვეშალა რაიმე, როცა კოპალა ღვთისშვილად გამოვაცხადეთო. თუმცა მისი დაბადების დღეს ნათელი იმდენად კაშკაშა და თბილი იყო, შეუძლებელია სხვაგვარად ყოფილიყო. კოპალა ღვთისშვილი იყო.  უძილაურთა განწირული იყო. მარებელები მოდიოდნენ და მათი დამცველი ღვთისშვილი ცხრა წლის სუსტი, უღონო ბავშვი იყო, რომელსაც ბრძოლა არ შეეძლო. ღმერთებს მისთვის მხოლოდ კურნების ნიჭი მიემადლებინათ. მკურნალები უიმისოდაც ბევრი ჰყავდა მთას. ლამის ყველა ქალმა იცოდა ძველთა-ძველი ჯადო ბალახების და მალამოების დამზადება. ყველა გოგოს ლაპარაკის სწავლის მერე, კურნებას ასწავლიდნენ. იცოდნენ როგორ გამოეწურათ ბალახიდან წვენი, როგორ დაემზადებინათ ნაყენები თუ ფხვნილები, როგორ უნდა ეთქვათ ძველთაძველი შელოცვები. გოგონებიც ბნელ ოთახებში ისხდნენ და გამალებით ხარშავდნენ ნაყენებს, იძახდნენ შელოცვებს:‘’ბალახის ძალო უძალო,მამაჩემს უნდა უწამლო. სამ დღესა გხარშე ქვაბშიო,მამას შეუდექ ჯანშიო’’.    ასეთ მხარეში ღვთისშვილის კურნების ძალა არავის არაფერში სჭირდებოდა .კიდევ ერთი უცნაური ნიჭი ჰქონდა კოპალას, რომლის შესახებაც არც ერთ ბერთა-ბერს არა გაეგო რა. შეეძლო ყვავილები ნებისმიერ ადგილას გაეჩინა. ხელს გაიწვდენდა და ქვიან კლდეს ერთ წამში ფერად-ფერადი ყვავილებით მორთავდა. ყვავილების ამოყვანა შეეძლო ოთახში, წყალში, საკუთარ ან სხვის სხეულზე. მისი ყვავილები კი დიდხანს არ ჭკნებოდნენ, არ კარგავდნენ ფერს და ნელსურნელებას. მაგრამ, აბა, კურნება და ყვავილთა გაზრდა რას დაეხმარებოდა მარებელთა პირისპირ მდგარ განწირულ მხარეს? თავად კოპალა ხშირად ერთობოდა ამ უცნაური უნარით, ხან გაყინულ ჩანჩქერს ააყვავებდა, ხანაც რომელიმე თანასოფლელს მიეპარებოდა და მთელ სახეს ყვავილებით დაუფარავდა, ხანაც წყაროდან ამომავალ ლამაზ გოგოს აუყვავილებდა გაზაფხულივით სურნელოვან თმებს. თუმცა ეს ყველაფერი შორეულ, ლამაზ წარსულში დარჩენილიყო, როდესაც მარებელების გამოჩენის ნიშანი არსაით სჩანდა. უძილაურთა განწირული იყო. მას შემდეგ რაც აბუდელაურთადან ღვთისშვილმა იახსარმა მარებელები განდევნა, ყველამ იცოდა, რომ ისინი უძილაურთას მოადგებოდნენ. მარებელები სიმაღლით ადამიანზე ოცჯერ მაღლები იყვნენ. მათი ყნოსვა შორეულ მთებშიც კი გრძნობდა კაცის სუნს. ერთ მხარზე ამოზრდილი რამდენიმე თავი კიდევ უფრო შემზარავს ხდიდა მათ. ჩინებული მონადირეები და დაუნდობელი მკვლელები იყვნენ. ადამიანებს ცოცხლად ჭამდნენ. არ ჰქონდათ სიბრალულის გრძნობა, მათ გულს ვერც საჩუქრებით, ვერც ტკბილი სიტყვით და ვერც ცეკვა-თამაშით მოიგებდი. მათი ენაც მათსავით უხეში და სასტიკი იყო და მხოლოდ რამოდენიმე ბერთა-ბერმა იცოდა. იახსარმა რომ მარებელები დაამარცხა, უძილაურთადან აბუდელაურთაში ბერები გაემგზავრნენ, რათა ღვთისშვილისთვის დახმარება ეთხოვათ. იმ დღეს კოპალამ პირველად დატოვა უძილაურთა. ღვთისშვილის დახმარების იმედი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჰქონოდათ უძილაურთელებს, თუ იახსარს თავიანთ ღვთისშვილს წარუდგენდნენ. კოპალა საგანგებოდ გამოაწყვეს , ყველაზე დიდ ცხენზე შესვეს და გაუდგნენ გზას აბუდელაურთასაკენ. ვინაიდან კოპალა ჯანით სუსტი იყო და მისი გადაყვანა დაკბილულ მთებზე გაჭირდებოდა, უძილაურთადან ცოტა ქვემოთ ბარისკენ უნდა ჩამოსულიყვნენ, კორშამდე მინდორ-მინდორ ევლოთ და კორშიდან შესდგომოდნენ აბუდელაურთასკენ მიმავალ გზას. კოპალას გარდა სამი ბერი, ერთი ბერთა-ბერი და ათიოდე მეომარი წამოვიდა. სხვები დარჩნენ, რათა ყველა შესაძლო გზა მოესინჯათ სოფლის გასამაგრებლად. აბუდელაურთას რომ მიადგნენ, იქედანაც საპატიო მანძილზე გამოეგებნენ მათი ბერთა-ბერები. კოპალას ყველაზე მეტად ღვთისშვილ იახსარის ნახვა აინტერესებდა. მასზე, მიუხედავად მისი სიჭაბუკისა, უკვე უამრავ რამეს ჰყვებოდნენ და ბევრ სიმღერასაც დაამღერებდნენ მის საგმირო საქმეებზე. სულ ახლახანს მარებელები მისი მეთაურობით მოიგერიეს აბუდელაურთელებმა. მანამდეც უმარავი საოცარი საქმე ჩაედინა იახსარს. ბევრი ათვალიერა დამხვედრები კოპალამ და დაასკვნა, იახსარი ამათ შორის არც ერთი არ არისო. მართალიც გამოდგა. ღვთისშვილი იახსარი არა თუ დამხვედრთა შორის არ იყო, საერთოდ არ იმყოფებოდა აბუდელაურთაში. აბუდელაურთ მწვანე ტბა იახსარის მიერ ხმლით დაკოდილი მარებელის სისხლით შებილწულა და მის განსაწმენდად იყო გადახვეწილი ღვთისშვილი მაღალ მთებში. ამ ტბის წყალი წმინდა იყო. ახლა კი ამ წყლის დამლევი ადამიანი თუ პირუტყვი ნელი და მტანჯველი სიკვდილით კვდებოდა. იახსარის ადგილ-სამყოფელი და ის, თუ როდის დაუბრუნდებოდა ღვთისშვილი თავის მხარეს, არავინ იცოდა აბუდელაურთაში.  ეს ყველაფერი საღამოთი სათემო შეკრებაზე ითქვა. კოპალა მკაცრად გააფრთხილეს არაფერი არ თქვა, ბალღი ხარ და არ გეკუთვნის სიტყვა ბერთა-ბერების სათემო შეკრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ღვთისშვილი ხარო. კოპალაც ჩუმად იჯდა. ერთადერთხელ, როდესაც აბუდელაურთას ბერთა-ბერმა ზეზვაიმ იკითხა, ღვთისშვილი როგორი მეომარიაო, მოუნდა ეთქვა: ბრძოლა არ მიყვარს და არც შემიძლია, სამაგიეროდ ამ თქვენს ქვიან და უსახურ დარბაზებს სულ ლამაზ-ლამაზი ყვავილებით მოვფენ თუ თქვენი ნებაც იქნებაო. თუმცა თანასოფლელების მკაცრ მზერას წააწყდა და ხმა არ ამოუღია. ზეზვაის კითხვას უძილაურთას ბერთა-ბერმა გასცა პასუხი, კოპალა ჯერ ბალღია, წვრთნა სჭირდება, მარებელების თავდასხმას კი დღე-დღეზე ველით, ამიტომ მოვედით ღვთისშვილ იახსართან შემწეობის სათხოვნელადო. სასიკვდილოდ განწირულმაც კი არ გასცა ღვთისშვილი ბერთა-ბერმა და არ თქვა ბრძოლის შნო და უნარი არ აქვსო. ერთი ონავრობის ჩადენა მაინც მოასწრო კოპალამ აბუდეალურთაში ყოფნის დროს. ცეცხლისფერთმიან მზექალას, აბუდელაურთას ყველაზე განსწავლულ მკურნლს, მაგრამ ჯერაც ყმაწვილ ქალს, კესანებით მოუქარგა ცეცხლისფერი თმები, მაშინ, როდესაც მას კურნების გაკვეთილი უკვე დამთავრებული ჰქონდა და განმარტოებით მჯდარი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გაჰყურებდა. ღამეშიც კი წითლად ელავდა მზექალას თმები, ამან მოხიბლმა პატარა კოპალა. თუმცა მზექალა დიდად არ გაწყრომია, მხოლოდ თავზე გადაუსვა ხელი, გაუღიმა და უთხრა რად არ გძინავს პატარა ღვთისშვილოო. ეს იყო და ეს. ეგ კი არა კოპალას რატომღაც მოეჩვენა, რომ მზექალას თავისი თავი ძალიანაც მოეწონა,როცა წყალში ჩაიხედა.   აბუდელაურთაში ყველანი პატივით მიიღეს, ის ღამეც და შემდეგი ღამეც საუკეთესო ოთახებში მოასვენეს სტუმრები, თუმცა მთავარი საკითხი, ჰქონოდათ თუ არა ღვთისშვილ იახსარის იმედი, გადაუჭრელი დატოვეს. ვეცდებით ხმა მივაწვდინოთ ღვთისშვილსო, ესღა თქვეს აბუდელაურთას ბერთა-ბერებმა. ღვთისშვილი იახსარის შეწუხებას ვერავინ გაბედავდა და არც ის დაბრუნდებოდა თავის მხარეში მანამ, სანამ ტბას არ განწმენდდა. უძილაურთა განწირული იყო.  უძილაურთა განწირული იყო. ამის შემდეგ სამასსამოცდახუთგზის შესწირეს საკლავი ლაშარის სალოცავს. შეევედრნენ მორიგე ღმერთს, რომ მათი ღვთისშვილისათვის რაიმე საბრძოლო ნიჭი მიემადლებინა. მთელი დღეები და ღამეები მოისრობაში, ფარიკაობასა და ცხენოსნობაში ავარჯიშებდნენ კოპალას, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. ოსტატები ქანცის გაწყვეტამდე არბენინებდნენ ბიჭს. ტალახში აგორავებდნენ, დასცინოდნენ, რომ ეგებ ძველი მთის მამის ამაყი სული გაეღვიძებინათ მასში. თუმცა დღე-დღეს მისდევდა და კოპალას ოსტატობას მისხალიც არ ემატებოდ. ამიტომაც, მთელი სოფელი მხოლოდ იმასღა ლოცულობდა, რომ მარებელებს უძილაურთელების სუნი ვერ ეყნოსათ და სადმე სხვაგან წასულიყვნენ ადამიანთა შესაჭმელად. თუმცა ეს ლოცვას კი არა უფრო ოცნებას ჰგავდა. სიმართლე ყველა უძილაურთელმა კარგად იცოდა, თუმცა საჯაროდ ამას არ აღიარებდნენ. ვითომ ხმლებს ლესავდნენ, ვითომ ციხეს ამაგრებდნენ, ვითომ მებრძოლებს წვრთნიდნენ, მაგრამ ამით მხოლოდ ერთმანეთს ამხნევებდნენ. სიმართლე ზარის რეკვის დაწყებამდეც ყველამ იცოდა: უძილაურთა განწირული იყო.2. მარებელები უძილაურთაში დასარჩენად მოვიდნენ. ეს ბევრად უფრო თავზარდამცემი იყო, ვიდრე ზარის პირველი გაბმული ხმის გაგონება. აქამდე ეს არსად მომხდარა. მარებელები ყოველთვის მცირე ხნით დაეცემოდნენ ხოლმე სოფლებს,ხალხს ცოცხლად შეჭამდნენ, სახლებს მიწასთან გაასწორებდნენ და როცა ახლო-მახლო ვეღარავის დაიგულებდნენ, უკან,დაკბილულ მთებში გარბოდნენ ახალი სოფლებისა და ახალი ხორცის საძებნელად.ამ ალიაქოთში ხალხის ნაწილი გაქცევას ყოველთვის ასწრებდა. ვისაც ცოლ-შვილი ჰყავდა, აბჯარს აისხამდა, მარებელებს მედგრად გაეგებებოდა და იმ რამოდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ კაცები საბრძოლო ყიჟინით, ხმლის ფარზე შემოკვრით და მარებელთათვის ცეცხლოვანი ჩირაღდნების სროლით მათ ყურადღებას იქცევდნენ, მანამდე ოჯახი სამშვიდობოს გააღწევდა. მარებელები მართალია ძლიერები იყვნენ, მაგრამ ჭკუა დიდად არ უჭრიდათ. დადგამდნენ სოფლის თავში კაცის ზომის და ფორმის საფრთხობელებს, რომლებსაც ქალები მშვიდობიან დროს კერავდნენ, ჩააცმევდნენ საბრძოლო აბჯარს და მიახატავდნენ სახეს. მარებელები რომ მოვიდოდნენ, პირველად ამ საბრთხობელებს დაეროდნენ და სანამ მიხვდებოდნენ რომ ატყუებდნენ, მანამდე ბევრი ასწრებდა გაქცევას. თუ ხანგრძლივი მშვიდობა ჩამოვარდებოდა, მაღალ მთებში უზარმაზარ ქვებს ქარაფების პირას მოზიდავდნენ და მარებელები ირემთკალოს რომ გამოცდებოდნენ, მათგან შერყეული მიწის გამო ეს ქვები მოწყდებოდნენ და დიდ ზაინს აყენებდნენ მომხდურებს. ისეთი ბრძოლებიც ყოფილა, მარებელთა საკბილოდ მხოლოდ ბერიკაცები და დედაბრები დარჩენილან სოფელში. ამ დროს ახალგაზრდა ვაჟკაცები ეხვეწებოდნენ მხცოვანებს, ჩვენ ცოტა ხანი ყურადღებას მივიქცევთ და ბავშვებთან ერთად გაიხიზნეთო. ამის გამგონე მოხუცები მათ, როგორც ონავარ ბალღებს, ისე დატუქსავდნენ. რას არის რომ როშავთ, თქვენ უნდა გააგრძელოთ უძილაურთას ადათი წესი, გვარი და ჯიშ-ჯილაგი ,აბა ჩვენ რაღა ჩასათვლელები ვართ, დღეს თუ არა ხვალ მაინც მოვკვდებითო. ბერიკაცებს პაპებისდროინდელი ჯვრიანი ჩოხები ეცვათ. დინჯად გაეგებებოდნენ მარებელებს, თითქოსდა საპატიო ვინმე სტუმრები ყოფილიყვნენ. ბოლოჯერ მშვიდად ჩაისუნთქავდნენ მთის გემრიელ ჰაერს და რიხიანად შესძახებდნენ:,,მოდით თქვე მურტლებო და განახებთ რა გვარიცა გვაქვს’’. შორიდან დამნახავები ამბობდნენ, ამ დროს მოხუცის შესაჭმელად გამოქცეული მარებელი წამით გაშეშდებოდა, მიაყურადებდა მოხუცს, უზარმაზარ მკლავებს დაუშვებდა და იდგა ასე გაბოტილი, თითქოს ვერ გაებედა მთასავით მდგარი ბერიკაცის ხელყოფა, სანამ ვინმე სხვა არ შესძახებდა რაღაცას თავიანთ ენაზეო. მოკლედ ადრინდელი თავდასხმებისას, მართალია, სოფელებს დიდი ზიანი ადგებოდა, თუმცა მათი ამოწყვეტის საფრთხე არასდროს დამდგარა. თანაც მარებელები სოფელს რომ მოაოხრებდნენ, მერე კარგა ხანი იმავე სოფელს აღარ უბრუნდებოდნენ. სულ სხვა იყო ეს თავდასხმა. ბერთა-ბერმა ეს მაშინ იგრძნო, როდესაც მარებელთა ქალები და ბალღები დაინახეს. აქამდე ისინი არავის ენახა. ქალებზე მეტად ყველას ყურადღება მარებელთა ბალღებმა მიიქციეს. სიმაღლით ყველაზე ბრგე უძილაურთელზე ერთი თავით მეტნი იყვნენ, მაგრამ ქცევაში ეტყობოდათ ბალღობა. ერთმა ბალღმა ცხვარი დაიჭირა და იმხელა ძალით ჩაბერა პირში, რომ საწყალი პირუტყვი რამდენიმე წამში ტიკივით გასკდა. მოურიდებლად დახტოდნენ უძილაურთას ერთი სახლის სახურავიდან მეორეზე, სახლებიდან გამოქონდათ უზარმაზარი ლუდის სახარში ქვაბები, რომლის დაძვრას ოთხი მაგარი ვაჟკაცი ჭირდებოდა, შიგ შარდავდნენ, მერე პირში დაიგუბებდნენ და ერთმანეთს ასხამდნენ თავიანთ შარდს. განსაკუთრებით მრავალთავიანი ბალღები იყვნენ შესაზარები. ჯერ კიდევ ვერ ეგუებოდნენ ერთ მხარზე ამოსულ ორ ან სამ თავს და ყველა თავი სათითაოდ გაიძახოდა რაღაცას. საკუთარი ხელით ხან ერთ თავს წაუთაქებდნენ და მიაჩუმებდნენ და ხან მეორეს. კაცები უფრო დინჯად იქცეოდნენ. სოფელს რომ დაეცნენ და უძილაუთელებმა ნაცადი გზით გაქცევა სცადეს, იქაც მარებელები დაუხვდნენ მეთვალყურედ დაყენებულები. ამან შეაშფოთათ და გააკვირვათ, მაგრამ ყველაზე მეტად იმან გააკვირვათ, რომ არავინ შეუჭამიათ, ორი თითი ფრთხილად მოკიდეს და სათემოზე დატყევებულ თანასოფლელებთან ერთად დასვეს. მერე დიდი მორებით ღობე შემოღობეს სოფლელების გარშემო. ამ შემოღობილის ოთხივ კუთხეში მეთვალყურეები დააყენეს. ერთადერთი, ვინც მარებელთა პირველ შეტევას ემსხვერპლა, ბერთა-ბერის ვაჟი ჯურხაი იყო. მან მარებელთა ახალფეხადგმულ ბალღზე, რომელიც მასზე სულ ოდნავ მაღალი იყო, ხმლით გაიწია. უეცრად არსაიდან სამთავიანი ქალი გამოვარდა და თვალის დახამხამებაში შუაზე გაგლიჯა ჯურხაი, თუმცა არ შეუჭამია. მარებელთა ბელადმა ქალს ერთი ისეთი სილა გააწნა, რომ ექო შორეულ მთებამდე მისწვდა. მერე ჯურხაის გაგლეჯილი ცხედარი ორმა მარებელმა გაინაწილა და ისე შეუდგნენ ჭამას, თითქოს ხინკალს აგემოვნებენო. ყოველივე ამან საგონებელში ჩააგდო შემოღობილ სათემოში დამწყდეული უძილაურთელები. აქამდე მსგავსი გასაჭირი არავის გამოეცადა. თუ თავიდან ღვთისშვილი იახსარისა და აბუდელაურთელების იმედი მცირედით მაინც ჰქონდათ, ამ ახალმა გარემოებამ სასო წარუკვეთა მედგარ უძილაურთელებს. სრულიად აუხსნელი იყო მარებელთა საქციელი. რაღაც გარდაუვალ და დიდ საშინელებას მოასწავებდა. თავიანთ საქმეს რომ მორჩნენ, მარებელთა ბელადმა ომახიანი ხმით დაიძახა -მდე ბაბარასაკირ მუხალბეგ სხუაი? *მარებელთა ენა მხოლოდ ბერთა-ბერმა იცოდა და ისიც წამოდგა.-ქე ბაბარასაკირ. **მარებელთა ბელადმა დიდხანს ილაპარაკა. უძილაურთელები ხედავდნენ, ნელ-ნელა როგორ ხდებოდა ბერთა-ბერის სახე თავზემოთ წამომართული თოვლიანი მწვერვალების ფერი. რამდენიმეჯერ თითქოს გონიც კი დაკარგა, წაბორძიკდა და იქვე მდგარმა კაცებმა შეაშველეს ხელი. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა. თოვლი განუწყვეტლივ მოდიოდა და ღობურში მდგარ უძილაურთელებს თმა-წვერი ჭარმაგი მოხუცივით თეთრი გაუხდათ. თავის განძრევაც კი ვერავინ გაბედა, სანამ ბერთა-ბერი არ ალაპარაკდა. მარებელთა ბელადი ლაპარაკს რომ მორჩა, ბერთა-ბერი ხალხს მიუბრუნდა და ჩამქრალი ხმით თქვა:,,მარებელები უძილაურთაში რჩებიან მანამ, სანამ საჭმელად ვეყოფით. ნელ-ნელა შეგვჭამენ, უნდათ რომ მთელი ზამთარი ჩვენი ხორცით გადაიტანონ. ზამთარი რომ გადაივლის წავლენ, მაგრამ იმ დროისათვის არც-ერთი ჩვენგანი აღარ იქნება ცოცხალი.’’ აქ უცებ გაჩერდა და კოპალას შეხედა: ,,შენს გარდა, შენზე თქვეს, რომ ძალიან პატარა ხარ და კბილშიც კი არავის გაეჭედები, შენ გაზაფხულზე თან წაგიყვანენ და მარებეთში გაგზრდიან, როდესაც საკმარისად დიდი იქნები, იმისათვის რომ ვინმეს საჭმელად გამოდგე, შენც შეგჭამენ’’. კოპალას გამომცდელი მზერა მიაპყრო და მკაცრად უთხრა: ,,არ იციან რომ ღვთისშვილი ხარ და სანამ დრო არ მოვა, ეცადე ვერც გაიგონ’’ ბერთა-ბერი მოცელილივით დაეცა დათოვლილ მიწაზე. ხალხი დუმდა, გაოცების განცვიფრების ან ბრაზის პატარა ნიშანიც კი არსად ჩანდა. გულში ყველა იმას ნატრობდა, რომ პირველი ის შეეჭამათ, არავის უნდოდა თანასოფლელების კვლა ენახა და მათი განწირული კივილი ესმინა. მაგრამ ყველაზე მეტად ღვთისშვილი კოპალა ეცოდებოდათ. ის ბოლო იქნებოდა და მას მოუწევდა უძილაურთას აღსასრულის ნახვა. მას მოუწევდა ყველა უძილაურთელის კივლის მოსმენა. ამ პატარა ბალღს უნდა გადაეტანა ის, რის გადატანასაც უძილაურთას ყველაზე მაგარი ვაჟკაციც კი ვერ გაუძლებდა. ყველა უძილაურთელი, ვინც კოპალას დასცინოდა და აბუჩად იგდებდა მისი უნიათობის გამო, ახლა მასზე დარდობდა. მაინც რა უცნაური ბედი აქვთ ამ ღვთისშვილებსო, ამის გაფიქრებაღა მოასწრო ბერთა-ბერმა, სანამ ბეჭებზე რკინისებრი დიდი ხელის შემოსალტებას იგრძნობდა. ბერთა-ბერმა თანასოფლელებს გამოხედა, სანამ მარებელის უზარმაზარ ხახაში გაუჩინარდებოდა. სახე ყველამ დამალა. კოპალა კი პირდაპირ მარებელის უზარმაზარი პირისკენ იყუებოდა. ყველაფერი ნახა: ნახა როგორი გამომეტყველება მიიღო ბერთა-ბერმა გარდაუვალი აღსასრულისგან გამოწვეული შიშის გამო, ნახა მარებელის ყელის მოძრაობა ლუკმის გადაყლაპვისას. მარებელი თავის საქმეს რომ მორჩა, კოპალამ ცხოვრებაში პირველად გაშლილი ხელი, საიდანაც ოდესღაც ყვავილები იღვრებოდა, მრისხანედ მომუშტა.3.   უძილაურთას ამბავი მეხის გავარდნასავით გავრცელდა მთაში. როგორღაც მოასწრო სასიკვდილოდ განწირულმა ხალხმა და მიმინო გაუგზავნა აბუდელაურთას, რათა სხვა სოფლები უკეთ მომზადებულიყვნენ. თუმცა არც მათი საქმე მიდიოდა კარგად. აბუდელაურთაში წერილი რომ ჩავიდა, იქაურმა ბერთა-ბერებმა ღვთისშვილ იახსარს ეს საზარელი და შემაშფოთებელი ამბავი შეატყობინეს, ისიც დააყოლეს ამ უბედურებამდე უძილაურთადან სტუმრები გვეახლნენ და მარებელთა მოგერიებაში დახმარება გვთხოვესო. არც ის დაუმალეს ღვთისშვილი კოპალაც გვაახლეს, ცხრა წლის უღონო ბავშვიო. ათ დღეს, როგორც სასიკვდილოდ მოღერებულ ბასრ ხანჯალს, ისე ელოდნენ აბუდელაურთას ბერთა-ბერები ღვთისშვილის პასუხს. იცოდნენ, რომ არ აპატიებდათ იახსარი სიფრთხილის გამო მოძმეთ დახმარებაზე უარის თქმას. იმ საღამოს, უძილაურთელები რომ მოასვენეს, დიდხანს იკამათეს ბერთა-ბერებმა გაეგზავნათ თუ არა ღვთისშვილთან ცნობა. ბოლოს მაინც გაჩუმება არჩიეს. იცოდნენ იახსარის ფიცხი ხასიათი. ტანად ბრგე ჭაბუკი იყო, ბრძოლაში სწორუპოვარი, თუმცა ახალგაზრდობის გამო ხანდახან სიფიცხე სჩვეოდა და საღი გონი ღალატობდა. შესაძლოა წერილი რომ წაეკითხა, ტბის გაწმენდის წმინდა საქმე მიეტოვებინა და უძილაურთელების, ჯერ კიდევ მოლოდინად არსებული საფრთხის გამო, საკუთარი სოფელი გაეწირა. იცოდნენ ბერთა-ბერებმა იახსარი შელოცვების თქმას დაიწყებდა. განსაწმენდელები კი იმგვარი რამაა, ორმოც დღეს დაუჯდომლად უნდა იკითხო, მლოცველის გულს სხვა არაფერი უნდა გაეკაროს. ერთი წამითაც რომ გაუკრთეს მლოცველს ყურადღება, თუნდაც ეს მეორმოცე დღის სულ ბოლო წამი იყოს, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. ადამიანი და პირუტყვი მტანჯველი სიკვდილით იხოცებოდა. სამი ფერის სამი ტბიდან ჩამონადენი წყლით სულდგუმლობდა სოფელი. დაკოდილ მარებელს სოფელთან ყველაზე ახლოს მყოფი მწვანე ტბა წაებილწა. მის ზემოთ ლაჟვარდად მოკამკამე ლურჯი ტბისა და ჭიუხებში დაკარგული თეთრი, სპეტაკი ტბის სისუფთავეს აზრი არ ჰქონდა, მწვანე ტბა თუ არ გაიწმინდებოდა. თუ იახსარი წამალს ვერ იშოვნიდა მათი აღსასრული უფრო მძიმე იქნებოდა ვიდრე უძილაურთელების. ცეცხლისფერთმიანი მზექალა, თავის ბალღ მოწაფეებთან ერთად, როგორღაც ახერხებდა რომ შელოცვებისა და წამლების ძალით აბუდეალურთამდე ჩამოსული შებილწული ტბის წყალი სასმელად ვარგისი გაეხადა, მაგრამ ეს წამლები აცოტავებდა წყალს. ტბის მოწამვლის პირველ დღეებში თუ ერთი სავსე ლუდის კათხიდან ერთი პატარა ყანწი სასმელი წყალი გამოჰყავდათ, ბოლო დღეებში ერთი პატარა ყანწისათვის ლამის ლუდის სახარში ქვაბი წყალი იყო საჭირო. ამიტომ არჩიეს, რომ უმჯობესი იქნებოდა იახსარს არ სცოდნოდა უძილაურთელთა გასაჭირი. ახლა კი უძილაურთას მოსახლეობა მარებელთა ტყვეობაში იყო და ამის დამალვას ღვთისშვილ იახსარს უკვე ვეღარ გაბედავდნენ ბერთა-ბერები, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ ტყვეებს შორის ბალღი ღვთისშვილიც იმყოფებოდა. მეათე დღეს ცეცხლისფერი მიმინო მოფრინდა იახსარისგან მრისხანე წერილით. სამივე ბერთა-ბერი შეაჩვენა იახსარმა, ჭიუხების სამ მწვერვალზე სამუდამო განდეგილობა მიურგუნა და მკაცრად გააფრთილა ბერთა-ბერები, საგზალი არაფერი უნდა წაეღოთ თან. წერილში პირდაპირ ეწერა : ‘’სასტიკი სიკვდილით რომ ჰკვდებოდეთ და ერთი პეშვი წყალი გარჩენდეთ, ხმა იმ პეშვის სათხოვნელადაც კი არ უნდა აღიმაღლოთო’’. მორიგე ღმერთის პირით ემუქრებოდა იახსარი ბერთა-ბერებს. ახალგაზრდული სიფიცხე მაინც იგრძნობოდა მის წერილში, თუმცა ბერთა-ბერები წერილის მრისხანე სიტყვებს შორის ზრდასრული კაცის სიდინჯესაც ხედავდნენ და ეს დიდად ახარებდათ სამუდამო მარტოობისათვის განწირულებს. ’’როდის ყოფილა აბუდელაურთელებს დახმარების სათხოვნელად მოსული სტუმარი და მით უმტეს მოძმე უკან გაებრუნებინოთ? როდის ქმნილა მთაში მოძმეს თუნდაც სიცოცხლის ფასად არ დავხმარებოდით? ან მე, ღვთისშვილმა იახსარმა, რა პირით უნდა ვითხოვო მადლი და ძალა მორიგე ღმერთისაგან, როცა ჩემმა ხალხმა სტუმრად დახმარების სათხოვნელად მოსული ღვთისშვილი უკან უპასუხოდ და უიმედოდ გააბრუნაო?’’-იწერებოდა იახსარი. ცხრა ჯოჯოხეთიდან უღრმესში ჩაგდებით ემუქრებოდა იმ ბერთა-ბერს, რომელიც მის სიტყვას გასტეხდა. უარესს ელოდნენ ბერთა-ბერები, ამიტომ მორჩილად შეხვდნენ სასჯელს.  იახსარმა წერლით სამი ბერთა-ბერის მაგივრად დროებითი მოწესეები დაადგინა მანამ, სანამ მორიგე ღმერთი ვინმე სხვას, ან თავად ამ მოწესეებს მისცემდა ბერთა-ბერობისთვის საჭირო სიბრძნეს. ორი მათგანი ძე იყო მესამე კი ასული. ცეცხლისფერთმიან მზექალაზე იახსარს განსაკუთრებით მიეთითებინა:„რასაც თქვენ წერილში ამბობთ და რაც მე აქ მოსვლამდე ვნახე, ყოველივე ამის მერე ბედის მწერალმა მირჩია, რომ აბუდელაურთას მართვაში ქალი ჩამერთო. ხატობისას საკლავს ნუ შეეხება და ნურც სხვა იმ წესს შეასრულებს, რაც ხატს შეურაცხყოფს, თორემ სხვაფრივ მისი ხმაც ისევე ისმინეთ, როგორც სხვა მოწესეების. ყურად ვიღებ რა ღვთისშვილთა შორის უბრძენესის ბედის მწერელის რჩევას, ბერთა-ბერად მყოფელი და აწ უკვე სამუდამოდ მდუმარე ჯარჯის ასულს, ცეცხლისფერთმიან მზექალას ვუბრძანებ, ყველა გოგო ვისაც კურნების ნიჭი აქვს, პირად შეგირდად აიყვანოს და ჩქარა მკურნალებად აქციოს. დახმარების ხელი გაუწოდოს ყველას თანასოფლელს თუ მეზობელი მხარიდან მოსულ მოძმეს. ყველა ადამიანი თანასწორად მიიღოს და ყველას თანასწორად უწამლოს, ქალი იქნება კაცი თუ ბალღი. თუ ერთი წამალი ჰქონდეს, ეს წამალი აბუდელაურთელს სოცოცხლის ერთ დღეს ჩუქნიდეს და მეზობელს ათ დღეს, აბუდელაურთელი გაწიროს და წამალი მეზობელს მისცეს. თუ შეატყობს რომ მისი ძმა კვდება და სხვა სოფლელის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება ძმა გასწიროს და მეზობელს დაეხმაროს. მზექალას და მის შეგირდებს ცალკე შენობა აუშენეთ. რა ბალახის შოვნასაც გიბრძანებთ, ყველაფერი უშოვეთ, მამის სისხლადაც რომ დაგიჯდეთ. გარდა ამისა, დანარჩენ ორ მოწესეს ვუბრძანებ, მზექალა თანასწორ მოწესედ აღიარონ და მის ხმას მოწესეთა კრებაზე ისეთივე ძალა ჰქონდეს, როგორც კაცებისას.’’  მკურნალ მოწესედ რომ მზექალა აირჩია იახსარმა, ეს არც ერთ ბერთა-ბერს არ გაჰკვირვებია. მზექალა მართლაც გამორჩეული იყო ჯადო-შელოცვებსა თუ სამკურანლო ბალახ-ნაყენების დამზადებაში. სოფლის ყველა გოგო მისი მოწაფე იყო და მათი უმრავლესობა უკვე ახერხებდა მარტივი ნაყენების დამზადებას. რამდენიმე უკვე ისე იყო განსწავლული, ოსტატსაც აღარ უდებდნენ ტოლს. საკვირველი ის იყო, რომ სამ მოწესეს შორის ქალი გაერია და ღვთისშვილმა მას მოწესეთა კრებაზე კაცების თანაბარი უფლებები მიანიჭა. ეს გაუგონარი ამბავი იყო მთაში და მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა. იახსარმა, მას შემდეგ რაც აბუდელაურთადან წავიდა, რაღაც ისეთი იხილა, რისი გამხელაც წერილში არ ისურვა. მან იმაზე ბევრად მეტი იცოდა, ვიდრე წერილში მოიწერა. ეს თვისებაც არ ჰქონდა იახსარს და შეუძენიაო სიხარულით გაიფიქრეს განდევნილმა ბერთა-ბერებმა.  თავად ცეცხლისფერთმიანი მზექალა ღვთისშვილის წერილი რომ გადასცეს, დიდხანს და დინჯად კითხულობდა მას. ბოლოს ცეცხლივით წითელ თმაზე ხელი გადაისვა და გასაგებიაო მიუგო მოსულებს. კაცები ჯერ კიდევ ოთახში იყვნენ, მზექალა თავის მოწაფეებს მიუბრუნდა და სწავლება ისე განაგრძო, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარიყო.  ბერთა-ბერებს წერილის თანახმად საუბრის უფლება აღარ ჰქონდათ, მათ შორის არც ერთმანეთთან. თუმცა წერილში არსებულმა სამმა გარემოებამ ძლიერ შეაშფოთა მათი გულები: პირველი ის, რომ იახსარი ბედისმწერალთან იყო, რაც იმას ნიშნავდა რომ შელოცვებსა და ჯადოებში მისგვარად განსწავლულსა და მორიგე ღმერთთან მისგვარად მიახლოებულსაც კი ვერ გაეწმინდა ტბა. მეორე ის რომ ბედისმწერელი შორეულ საიმერიოში მაღალზე მაღალ სვეტზე განმარტოებით ცხოვრობდა. სვეტს იმგვარი ჯადო ედო, რომ იქ მიმსვლელი უკან მანამ ვერ დაბრუნდებოდა, სანამ ბედისმწერელი არ მოისურვებდა. სანამ მისული უფრო ბრძენი არ გახდებოდა, ვიდრე მისვლამდე იყო. ამ უდიდეს განსაცდელში კი უღვთისშვილოდ დარჩენილი აბუდელაურთა არაფრით არ იყო მარებელთა ტყვეობაში მყოფ უძილაურთაზე უკეთეს დღეში. მესამე ის, რომ, იახსარმა სოფლის მართვაში ქალის ჩარევა ბრძანა.  წერილის თანახმად, მას შემდეგ რაც მოწესეები დადგინდა, ბერთა-ბერები გზას გაუდგნენ სასჯელის მოსახდელად და აბუდელაურთა ორი ახალგაზრდა კაცისა და ერთი დიაცის ანაბარა დატოვეს. მხოლოდ ქარაფზე გადმომდგარი და სოფლისკენ მაცქერალი ბერთა-ბერთ ყოფილი კვირია ფიქრობდა, რომ ახალი დრო დგებოდა. უძილაურთაში მარებელები დასახლდნენ და სოფლელებს ისე სჭამდნენ, თითქოს საზამთროდ გადანახული ხორცის ნაჭერნი ყოფილიყვნენ. მწვანე ტბა წაიბილწა. ღვთისშვილი იახსარი ბოლო ხუთას წელიწადში პირველი მთის შვილი იყო, ვინც დახმარებისათვის ბედისმწერელთან ავიდა შორეულ ცაში დაკიდებულ სვეტზე და მთაში მოწესედ კაცთა მოდგმის დასაწყისიდან პირველად ქალი, ცეცხლისფერთმიანი მზექალა, დადგინდა. კვირიას და მისი თანამოწესე ბერთა-ბერების ცოდნა ალბათ უკვე მარტო უსარგებლო კი არა, საზიანოც იყო ამ ახალი განსაცდელის პირისპირ. დანარჩენი ორი ბერთა-ბერ ყოფილი ბრაზიანი, კუშტი სახით მიუყვებოდა გზას საკუთარი მარტოობისაკენ.4.  აბუდელაუთას ახალმა მოწესეებმა ბერთა-ბერების სათემო კრების კარი რომ შეაღეს და ერთმანეთის პირისპირ დარჩნენ, მხოლოდ მაშინ გააცნობიერეს, თუ რა სწორედ შეერჩია ისინი ღვთისშვილ იახსარს. გიგლაი უბადლო მეომარი იყო. ის ბავშვობაში ღვთისშვილ იახსართან ერთად ვარჯიშობდა და ტოლს არ უდებდა ფარიკაობასა და ცხენით ჯირითში. სოფლის მართვისა და გამგეობისა არა ესმოდა რა, თუმცა ბრძოლის ხელოვნებაში ღვთისშვილი იახსარის მერე პირველი იყო აბუდელაურთაში. ჯარის გაძღოლა და მეომრების გამხნევებაც კარგად ეხერხებოდა. ბრძოლისას ფიცხი იყო, მაგრამ როცა საქმე ლაშქრის მოწყობას და ლაშქრობის დაგეგმვას ეხებოდა, ცივი გონებითა და დიდი ყურადღებით ეკიდებოდა საქმეს. აბუდელაურთას მეომრები მასზე დიდ პატივს მხოლოდ ღვთისშვილ იახსარს მიაგებდნენ. ჯარჯიც არ იყო ურიგო მეომარი, მაგრამ მისი მთავარი ღირსება მისი სიდინჯე და ჭკუა გახლდათ. დაუფიქრებლად ერთ სიტყვას არ იტყოდა, ერთ ნაბიჯს არ გადადგამდა. ყველაფერს წინასწარ აწონიდა და გაზომავდა. ხანდახან საათობით ჩაჰყურებდა მინავებულ ნაკვერჩხალს, სანამ რამეს იტყოდა. სამაგიეროდ როცა ხმას ამოიღებდა, მის სიტყვას ოქროზე მეტი ფასი ქონდა. მისი გონების იმდენი ხვეული ჰქონდა გამოვლილი მის ყოველ სიტყვას, რომ მსმენელი ვერც ახალს შემატებდა და ვერც შესაკამათებელს მოიფიქრებდა რასმეს.  ცეცხლისფერთმიანი მზექალა თითქოს უხერხულად უნდა ყოფილიყო პირველი დიაცის დარად, ვინც სოფლის სამი მმართველიდან ერთ-ერთი იყო, თუმცა კარგად ჰქონდა გააზრებული რამხელა მოვალეობა იდგა იმ უფლების უკან, რაც მას ღვთისშვილმა იახსარმა მიანიჭა. სანამ მისი სიტყვის რიგი დადგებოდა თავდახრილი უსმენდა კაცებს, მაგრამ როდესაც რამის თქმა სურდა, ცეცხლისფერ თმაზე ხელს გადაისვამდა და ელვასავით ნათელ თაფლისფერ თვალებს მოსაუბრეს შეაგებებდა. პირველი სიტყვა მორიდებულად დაიწყო:- ,,მე დიაცი ვარ,მაგრამ’’- აქ ჯარჯიმ საუბარი დინჯად, მაგრამ ცოტა უხეშად გააწყვეტინა და უთხრა-ღვთისშვილი იახსარის განჩინებით შენც ისეთივე მოწესე ხარ, როგორიც მე და გიგლაი, თუ ჩვენი თანასწორობა გწადია, მაშინ თანასწორივით ილაპარაკე-ამის შემდეგ მზექალამ უფრო თავდაჯერებით დაიწყო საუბარი. სამმა ლამის მთელი დღე ითათბირა და მთელი სოფელი სულგანაბული ელოდა, რა იქნებოდა მათი პირველი განჩინებები. ამაზე ბევრი რამ ეკიდა. მარებელთა აქამდე გაუგონარი საქციელის გამო ახლა სოფელს სუსტი და სულელი მმართველები ხეირს ვერ მოუტანდნენ. მზე უკვე გადასული იყო სამმა სათემო რომ დატოვა და სოფლის შეკრება ბრძანა. მათი ბრძანებები იმდენად გონივრული იყო, რომ თანასოფლელებს პირველად მიეცათ იმედი, მას შემდეგ რაც ღვთისშვილი იახსარი სოფლიდან წავიდა. უამრავი წვრილ-წვრილი ბრძანება სამ საბოლოო მიმართულებას იძენდა.   გიგლაიმ ბრძანა აბუდელაურთას ოცი ყველაზე ძლიერი, ფრთხილი და მოხერხებული მეომრის შეკრება, რათა უძილაურთას რაც შეიძლება ახლოს მისდგომოდნენ და თუ შესაძლებელი იქნებოდა, იქიდან ხალხი გამოეპარებინათ. მეომრები თავად მეთაურმა დაასახელა და ქალებს უბრძანა მათთვის მიტკალივით თეთრი სამოსი შეეკერათ, რათა რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყვნენ შეუმჩნეველნი. გიგლამ ამ ოცეულში სრული წესრიგი ბრძანა. არავითარ შემთვევაში ზედმეტი ხმაური არ უნდა აეტეხათ მეომრებს. ყოველი მეომრის ყოველი ნაბიჯი გიგლაისთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. ივლიდნენ ჩუმად და ფრთხილად. ეს ისეთი საქმე იყო, ნებისმიერ არასწორ ნაბიჯს შეეძლო მარებელები აბუდელაურთაში მოეყვანათ. თავისი სიტყვის ბოლოს გიგლაიმ თქვა:  -მოწესე მზექალას განჩინებით, თუ უძილაურთადან ხალხის გამოხსნა მოხერხდა, განსაკუთებული ყურადღება ბალღ ღვთისშვილს, კოპალას დავუთმოთ და პირველი ის გამოვიხსნათ.’’ - ამას ორი მიზეზი აქვს- ომახიანად ჩამოართვა სიტყვა მზექალამ-პირველი ის რომ ეს საქციელი ღვთისშვილი იახსარის წინაშე ჩადენილ ჩვენს ბოლო ცოდვას, რის გამოც ბერთა-ბერები განიკვეთნენ, ნაწილობრივ მაინც წარხოცავს. ღვთისშვილს დიდად ეამება თუ ბალღ კოპალას უვნებელს ჩავაბარებთ. მეორე ისაა, რომ ბალღს უცნაური რამ ნიჭი აქვს, რაც აქამდე არავის გაუგონია და რაც პირადად ჩემს თავზე გამოვცადე მისი აქ სტუმრობისას-ეს რომ თქვა, სახეზე სულ ოდნავ გადაურბინა ღიმილმა- გარდა ამისა- განაგრძო მზექალამ-ბალღს კურნების დიდი ნიჭი ჰქონია, თუ მისი გამოხსნა მოხერხდა, მე მას საპატიო მოწაფედ ავიყვან და ეგებ მისი დიადი უნარები და ჩემი მცირედი ცოდნა დაგვეხმაროს და მოწამლული ტბის საბოლოოდ განწმენდის საშუალებაც უცოდველი ღვთისშვილი კოპალა აღმოჩნდეს. მეორე განჩინებით მოწესე მზექალა თავის რჩეულ მოსწავლეებს მთის სხვადასხვა სოფლებში უნდა გადასულიყვნენ, რათა ცოდნა გაევრცელებინათ, იქაური სწავლულებისათვის საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ და თავადაც ესწავლათ კურნების ყველა საშუალება თუ ჯადო-შელოცვა, რომელიც შეიძლება ხალხს დახმარებოდა. მოწაფეებს დაევალათ ყოველი კვირის თავზე მიმინო გამოეგზავნათ მზექალასთვის და შეძლებისდაგვარად ზუსტად აღეწერათ, თუ როგორ მიდიოდა საქმე ამა თუ იმ სოფელში. ყველაზე რთული და ჩახლათული საქმე, როგორც თანასოფლელები ელოდნენ, ჯარჯიმ აიღო თავის თავზე. ჯარჯის კაცები მთებში გაფანტულ სოფლებს მოივლიდნენ და ნახავდნენ ვინ როგორ მოიპოვებდა წყალს. ათი დღე ითხოვა ჯარჯიმ, რადგან თუ საქმეს დაჭირდებოდა აბუდელაურთას წყალი სხვა სოფლებიდან უნდა ეზიდა. ამას კი უხიფათო გზები სჭირდებოდა. ჯარჯიმ ასევე ორი მაცნე გააგზავნა. მათ უნდა გადაეცათ თხოვნა კისტაანთკარის, ლებაისკარის, ანატორთკარის, არხვატის და მგელიჯვრის გამაგრებების მეთაურთათვის, რომ შეექმნათ სასიგნალო ნიშნები, რათა თუ ამ სოფლებს თავს მარებელლები დაესხმებოდნენ, დანარჩენებს მალე გაეგოთ. არც იმის მითითება დავიწყებია ჯარჯის, რომ ის ღვთისშვილ იახსარს განეწესებინა. იცოდა, რომ ღვთისშვილის განწესილი მოწესის თხოვნას ბრძანების ძალა ექნებოდა გამაგრებების მეთაურთათვის, თანაც ისეთი ძალა მის აბუჩად აგდებას ან მისგან გადახვევას იოლად ვერავინ გაბედავდა . თუ ჯარჯის გეგმა იმუშავებდა მთას ახალი თვალები გაუჩნდებოდა და ასე თუ ისე შესაძლებელი გახდებოდა მარებელთა შემდეგი ლაშქრობის მიმართულების დადგენა. გამაგრებების მეთაურებს დაევალათ, თუ რომელიმე ციხე-სოფელს თავს მარებელები დაესხმებოდნენ, მაშინვე მეჩირაღდნეს ღვთისშვილი იახსარის მიერ უცხო ქვეყნებიდან მოტანილი კაშკაშა წითელი ფხვნილი შეერია ცეცხლში და თუ მშვიდობიანი დღე იქნებოდა ჩვეულებრივი ცეცხლი გაეჩაღებინათ. ჯარჯი პირობას დებდა რომ თავადაც ამგავრი წესით აანთებდა ცეცხლს ყოველ ღამე აბუდელაურთას უმაღლეს კოშკზე. როდესაც ერთ-ერთმა მოხუცმა სოფლელმა შეჰბედა ჯარჯის და უთხრა რომ ამ ცეცხლს მარებელებიც ხომ დაინახავენო, ჯარჯიმ მშვიდად მიუგო: - მარებელები უცეცხლოდ, ყნოსვითა და მონადირის ალღოთიც მშვენივრად გვაგნებდნენ და ეხლა,თუ უძილაურთელთა წერილს დავუჯერებთ, უფრო გონიერნი გამხდარან, ამიტომ დამალვას სჯობს გავერთიანდეთ და მოძმე სოფლებმა ერთმანეთის გასაჭირი ვიცოდეთო.        ეს იყო და ეს. მეტი არავინ შეპასუხებია. თუ გამაგრებების მეთაურები არ გაჯიქდებოდნენ და მის პირობებს შეასრულებდნენ, ჯარჯის უცდომელად ეცოდინებოდა საფრთხის არსებობა. თუ ყველა ცეცხლი ჩვეულებრივი იქნებოდა, მაშინ არა უშავდათ რა და თუ რომელიმე გამაგრებაზე წითელი ცეცხლი აგიზგიზდებოდა ან გამაგრება საერთოდ არ განათდებოდა, ჯარჯის ზუსტად ეცოდინებოდა, რომელ სოფელს დაეცნენ მარებელები და აბუდელაურთა მარებელებს შედარებით უფრო მომზადებული შეხვდებოდა. მაცნეებს დაევალათ, როგორც კი პასუხებს მიიღებდნენ გამაგრებების მეთაურთაგან, მაშინვე მიმინო გამოეგზავნათ ჯარჯისათვის. თუმცა ჯარჯიმ მშვენივრად იცოდა რომ, თუ ბრძოლის დაწყებამდე ღვთისშვილი იახსარი არ დაბრუნდებოდა, ეს ზომები მიანც ამაო იქნებოდა ხალხისთვის. უბრალოდ უქმად ყოფნა არ შეეძლო. აკეთებდა ყველაფერს რისი გაკეთებაც მის ძალებს არ აღემატებოდა. პირველი მიმინო მზექალასთან მოფრინდა. კურნების საქმე კარგად მიდიოდა. გოგონები ირწმუნებოდნენ, სხვა სოფლებს წყლის იმგვარი გასაჭირი არ აქვთ, როგორიც ჩვენ. აქ ცხოვრება ასე თუ ისე ჩვეულებრივ მიედინაბაო. ბევრზე ბევრი ცოდნა გაეზიარებინათ იქაური მკურნალებისათვის და თავადაც ბევრი რამ ესწავლათ. დეტალური მითითებები გამოუგზავნეს მასწავლებელს იმ წამლების დამზადების, რომლებიც მზექალასათვის ცნობილი არ იყო. მზექალამაც, მას შემდეგ რაც დამოუკიდებლად რამდენიმეჯერ მოამზადა ეს ახალი ნაყენები და მძიმე სნეულებზე წარმატებით გამოსცადა, თავისთან დარჩენილ მოსწავლეებს დაუწყო მათი დამზადების სწავლა. ჯარჯის საქმეც კარგად წავიდა ერთ კვირაში ყველა გამაგრების მეთაურისაგან დასტური ჰქონდა და უკვე ყოველ ღამე თვალნათლივ ხედავდა იმედის ნაპერწკალად აბრიალებულ ხუთ ჩირაღდანს. ჯარჯი მაინც არ ისვენებდა. დეტალურად იწერდა ცეცხლის ანთების დროს თითოეული გამაგრების თავზე. რამდენიმე კვირის მერე დროები ერთმანეთს შეადარა და აღმოაჩინა რომ, ცეცხლი პირველი ანატორთკარის თავზე ინთებოდა, შემდეგ მგელიჯვარზე, შემდეგ კისტაანთკარზე, შემდეგ ლებაისკარზე და ბოლოს არხვატზე. დეტალურად ადარებდა თითოეულ ციხესიმაგრეზე ცეცხლის ანთების დროს და შედარებით მაშინ დაუმშვიდდა გული, როდესაც დაასკვნა რომ ყველა ციხე ყოველ ღამე ერთსა და იმავე დროს ანთებდა ცეცხლს. გიგლაი ერთი თვის თავზე, ზამთრის მიწურულს მობრუნდა და ცუდი ამბებიც მოიტანა. უძილაურთას ახლოსაც კი ვერ მიუახლოვდითო გიგლაიმ. მარებელები კარგად იცავდნენ მის მისადგომებს. სოფელთან მისვლა კი არა, ირემთკალოს დანახვაც კი ვერ მოვახერხეთო. ყველამ იცოდა მარებელთა ყნოსვის ამბავი და მათთან ზედმეტად ახლოს მისვლა სიბრიყვე იქნებოდა. თუ მარებელი კაცის სუნს იკრავდა, შესაძლოა მას გამოჰყოლოდა და საბოლოოდ აბუდელაურთას მოსდგომოდა. ამიტომ მიუხედავად პატარა წინსვლისა, საშველი მაინც არ ჩანდა. არც ღვთისშვილ იახსარზე და არც ღვთისშვილ კოპალაზე არავინ არაფერი იცოდა. ყველანი ისევ ერთმანეთის იმედზე იყვნენ.5.   მთელი ზამთარი იყო უძილაურთაში კოპალა მარებელთა ტყვედ, მთელი ზამთარი უცქერდა მისი ბავშვობის სახლის თანდათან განადგურებას. მარებელები დღეში ორ ან იშვიათად სამ ადამიანს შეჭამდნენ ხოლმე. ბერთა-ბერი ერთდაერთი აღმოჩნდა, ვინც მხოლოდ ერთი მარებელის წერა გახდა. დანარჩენებს ბელადის მითითების მიხედვით ინაწილებდნენ. ბერთა-ბერის სიკვდილის შემდეგ უძილაურთელთათვის სრულიად გაუგებარი იყო მარებელთა ბურტყუნი და როგორც კოპალა მიხვდა, ეს მათ წინასწარ დაგეგმეს, რადგან იმ ხალხის დატყვევება რომელსაც შენი არ ესმის, უფრო მარტივია, ვიდრე -მათი, რომელთაც შენი მოსმენა შეუძლია.  ძლიერ უჭირდა ყოველ დღე ორი ახლობლის, თანასოფლელის და მოძმის დაკარგვა. ყოველი დღის გათენებისა ეშინოდა და ლოცულობდა, თვალები დამიბრმავდეს და სმენა წამერთვას, რომ ვერ გავიგონო და ვერ დავინახო ის რაც ხდებაო. მარებელები ორ ახალ მსხვერპლს რომ აირჩევდნენ, კოპალა ყოველთვის მათ უცქერდა. სახეზე ყველას ის გაოგნებული და შეშინებული გამომეტყველება ეწერა, რაც ბერთა-ბერს. ყოველ ღამე ძილში ხედავდა დახოცილ თანასოფლელებს და ამის გამო არც ეძინა ღვთისშვილს. ღამეებს თეთრად ათენებდა კოპალა. თუმცა რაღაც დროის მერე მისმა სუსტმა სხეულმა ვეღარ გაუძლო ამდენ უძილობას და კოპალამაც ასე თუ ისე ჩვეულებრივად დაიწყო ცხოვრება. მისმა სიცოცხლის წყურვილმა თავისი მოითხოვა და ბალღი აიძულა დროულად დაეძინა, საჭმელი ეჭამა და წყალი დაელია. კოპალამ ნელ-ნელა გამორკვევა დაიწყო და საღი გონიც დაუბრუნდა. აღმოაჩინა, რომ მარებელთა ენის რაღაც სიტყვებს არჩევდა. პირველად ეს მაშინ შეამჩნია, როდესაც დილით მარებელთა ბელადი მივიდა ხალხთან და ორ ადამიანზე მიუთითა,ამის შემდეგ თქვა-ღდი ტე ლუტუტუაგაი.ამის მერე მითითებული ორი კაცი წამოდგა და იმ დღეს ისინი გამოაკლდნენ უძილაურთას. ეს სიტყვები რომ მოისმინა კოპალამ, ის საშინელი დღე გაახსენდა, მარებელები პირველად რომ მოვიდნენ და ბერთა-ბერმა მათ ენაზე რომ თქვა : ქე ბაბარასაკირ.როგორც კოპალა ხვდებოდა, ქე ,,მეს’’ ნიშნავდა და ,,ტე’’ შენს. კოპალამ ისიც შენიშნა, რომ მარებელთა ენაში ზმნები გაცილებით უფრო გრძელი სიტყვები იყო ვიდრე სხვა სიტყვები. როდესაც ბელადი რაიმე გრძელ სიტყვას იტყოდა, ყოველთვის რაღაც კეთდებოდა: ვინმეს ან წყალი მოჰქონდა, ან ცეცხლს ანთებდა, ან მოჩხუბარ ბალღებს ერთმანეთს წაჰგლეჯდა.    რამდენიმე დღეში კოპალამ მარებელთა ენაზე თვლაც ისწავლა. ეს ყველაზე მარტივი აღმოჩნდა. მარებელები დღის დასაწყისში ახალ მსხვერპლს რომ შეარჩევდნენ ცამეტი მათგანი ინაწილებდა მას. ყოველ დღე სხვა და სხვა ცამეტეული. ქალებიან ბალღებიანად, როგორც კოპალამ დათვალა, ორმოცდათორმეტი მარებელი იყო მოსული უძილაურთაში. ყოველ დღე საჭმელად ხუთი კაცი ხუთი ქალი და სამი ბალღი გამოდიოდა. ასე რომ თითოეულ მარებელს ჭამა ყოველ მეოთხე დღეს უწევდა. დილით, როდესაც მარებელთა ბელადი რიგს ადგენდა, ხმამაღლა დაიწყებდა ძახილს: უნთხი, რუთხი, სუთხი, თუთხი, ხუთხი და ხუთი კაცი გამოვიდოდა. ასე ითვლიდა ქალებსაც. ბალღებს რომ ითვლიდა მარტო :უნთხი, რუთხი, სუთხი და მორჩა.ასე რომ კოპალა მიხვდა, უნთხი-ერთი იყო, რუთხი-ორი, სუთხი-სამი, თუთხი-ოთხი, ხუთხი-ხუთი. ერთხელაც, როდესაც მარებელებს ბალღი დაეკარგათ და დიდხანს ვერ მოახერხეს პოვნა, ბელადმა რაღაც ბრძანა და ყველა მარებელი მწკრივში ჩადგა. მანაც თვლა დაიწყო. როგორც ჩანს იმის გადამოწმება უნდოდა ნამდვილად აკლდათ თუ არა ერთ-ერთი მათგანი. ორმოცდათერთმეტამდე რომ მივიდა, კოპალამ უკვე მათ ენაზე თვლა იცოდა. ათამდე ასე უნდა დაგეთვალა:უნთხი, რუთხი, სუთხი, თუთხი, ხუთხი, ქუთხი, შუთხი, ვუთხი, ცუთხი და მუქოზ. მუქოზ ათი იყო. შემდეგ გრძელდებოდა: მუქოზ უნთხი, მუქოზ რუთხი და ასე ოცამდე კოპალა გატაცებით უსმენდა და აინტერესებდა როგორ იქნებოდა ოცი, რუთხი მუქოზ თქვა მარებელმა და თვლა განაგრძო. ანუ ოცი იგივე იყო რაც ორიათი. კოპალამ ამ დაკვირვების შედეგად ასამდე თვლა დანამდვილებით იცოდა და თუ იმასაც დაუშვებდა რომ ასი იგივე ათჯერ ათი იქნებოდა (მუქოზ მუქოზ) მაშინ უსასრულოდ შეეძლო ეთვალა მარებელურად. ამ ახალმა აღმოჩენამ ისე გაახალისა, რომ ლამის დაავიწყდა სად იყო და რა მდგომარეობაში. მარებელებმა რომ დაიძინეს თანასოფლელებს გაუზიარა თავისი დაკვირვებები და ისიც უთხრა თქვენც ისწავლეთ ენა და ეგებ გადარჩენის შანსი იყოსო. მარებელები სულელები არიან და მათი ენა თუ გვეცოდინება ეგებ შევძლოთ მოვატყუოთო. ამდენი საშინელების ხილვის შემდეგ, თანასოფლელები უკვე სასოდაკარგულები იყვნენ. ღმერთი არ გაგიწყრეს პატარა ღვთისშვილო და მარებელებმა არ გაგიგონ, მათი ენის სწავლას რომ ცდილობო, მხოლოდ ეს უთხრა ერთ-ერთმა უძილაურთელმა. კოპალა ღამღამობით საშინელ სიზმრებს ხანდახან ისევ ხედავდა. ხედავდა მარებელთა პირველ შემოსვლას და ღამით დაფეთებული იღვიძებდა სხეულზე დაწოლილი სიმძიმისაგან. ეზმანებოდა, რომ ყოველი მკვდარი უძილაურთელი მასზე იწვა და რაც დრო გადიოდა ემატებოდა და ემატებოდა სიმძიმე მის პაწაწინა ბავშვურ მხრებს. თუმცა დღე რომ გათენდებოდა, როგორღაც ყველაფერი თავისით გაივლიდა ხოლმე და კოპალას, თავადაც არ იცოდა საიდან, ხალისი ეძლეოდა. ლამის ისე თავისუფლად იყო სოფელში, როგორც მარებელთა შემოსვლამდე. ამას, პირველ რიგში, თავად მარებელებმა შეუწყვეს ხელი. უძილაურთელთა სასოწარკვეთა რომ იგრძნეს, ღობე ჯერ გააფართოეს, შემდეგ კი საერთოდ მოშალეს. როგორც ჩანს სოფელს კარგად იცავდნენ და იმასაც მიხვდნენ, რომ უძილაურთელები შეეგუენ ამ საშინელ განსაცდელს.  მარებელები, რა თქმა უნდა, იმავე სიძულვილით სძულდა, როგორც მათ მიერ ბერთა-ბერის ხელყოფის დროს, თუმცა იმასაც ამჩნევდა, რომ ბალღების მიმართ სიბრალულს და ლამის სიყვარულსაც გრძნობდა. ხვდებოდა, რომ მათ ნამდვილად არ მიუძღოდათ ბრალი იმ საშინელებაში, რაც მათმა მამებმა უძილაურთაში დაატრიალეს. ეს მაშინ შენიშნა, მარებელთა ბალღი საკუთარ ორ თავს სხვადასხვა მიმართულებით რომ მიჰყავდა. ბავშვის მარჯვნივ დედა იყო და მარცხნივ დიდი კასრი, რომელშიც გამოხდილი ლუდი დასხმამდე ინახებოდა. მარებელთა ბალღები ამ კასრებს სათამაშოდ იყენებდნენ, მთელი დღე დააგორებდნენ აქეთ-იქეთ. კასრისკენ მყოფ თავს საწინააღმდეგო მხარეს მდგარი დედა უნდოდა და დედისკენ მყოფ თავს კასრი. ორმა თავმა ერთდროეულად გაიწია ერთმანეთისკენ და ერთმანეთს შუბლებით დაეჯახნენ. საწყალ პატარას ორივე თავიდან სისხლი წამოუვიდა და საბრალობლად აღნავლდა. მიიკუნტა კუთხეში და ტირილს ვერ იჩერებდა. ამის დამნახველ კოპალას თან შეეცოდა და თან გაეცინა ბალღზე. ბალღი გაჩერებას არ აპირებდა და დედაც გამოემართა მისკენ, მაგრამ სანამ ბავშვამდე მოაღწევდა კოპალამ ხელი გაიწვდინა და მისდა უნებურად ბალღის წინ ლამაზი ყვავილების თაიგული გააჩინა. კოპალას თაიგულის არსაიდან გაჩენა თავად რომ გაუკვირდა, მიხვდა, რომ დიდი ხანია ეს ნიჭი აღარ გამოუყენებია. მთელი ამ დროის განმავლობაში ჰქონდა შეგრძნება, რომ რაღაც აკლდა. ამას დიდი ყურადღებას არ აქცევდა, რადგან ადამიანს, რომელსაც ნახევარი სოფელი ამოუხოცეს და მეორე ნახევარი იმავეს ელოდება, დანაკლისის შეგრძნება ნამდვილად უნდა ჰქონდა. თუმცა თაიგული რომ გაჩნდა და მარებელთა ბალღმა იმავ წამს შეწყვიტა ტირილი მიხვდა, რომ ამ უნარის გამოუყენებლობა აკლდა. ბალღის დედამ ჯერ გაკვირვებით გამოხედა კოპალას და შემდეგ გაუღიმა. კოპალამ პირველად ნახა გაღიმებული მარებელი და მის გაღიმებაზე მეტად იმან გააკვირვა, რომ მარებელი ქალის თვალებში სითბო დაინახა. ამ ამბის მერე დღე არ გავიდოდა ისე რომ, რომელიმე მარებელ ქალს თავისი აღნავლებული ბალღი კოპალასთან არ მოეყვანა. მარებელთა კაცები უხეშები და ველურები იყვნენ. ბალღის ტირილი ჭირის დღესავით სძაგდათ და ატირებულ პატარას ისეთ სილას გააწნავდნენ, საწყალი ბალღები ორჯერ მაინც ამოტრიალდებოდნენ ჰაერში დაცემამდე. დედებს, როგორც ჩანს, უფრო ეცოდებოდათ თავიანთი შვილები და როდესაც გაიგეს, რომ კოპალას მათი დაწყნარების უნარი აღმოაჩნდა, თავიანთი კაცებისგან მალულად მასთან მოჰყავდათ ბავშვები. კოპალაც ამის გამო ნელ-ნელა დაუახლოვდა მარებელთა ბავშვებს, ჩუმად ხან სიმღერებს უმღერდა, ხან, როცა ატყობდა, რომ ბალღი ეცემოდა, უეცრად აბიბინებულ მინდორს გაუჩენდა ფეხქვეშ და ბავშვებიც, ნაცვლად ყინულზე მაგრად დაცემისა, მინდორში გემრიელად წამოკოტრიალდებოდნენ ხოლმე და ხმამაღლა იცინოდნენ. ბალღების დახმარებით კოპალამ უფრო სწრაფად სწავლობდა მათი ენას. დროს ძირითადად მათთან ატარებდა და როცა დედები საგნებზე ხელის მიშვერით მათ დასახელებას ასწავლიდნენ, კოპალაც იმახსოვრებდა ამა თუ იმ საგნის სახელს. კაცებს მთელი ყურადღება დარჩენილი უძილაურთელების თვლასა და გამგზავრების სამზადისზე ჰქონდათ, ამიტომ თავიანთი ბალღებისთვის არ ეცალათ და როგორც ჩანს ქალებიც არაფერს ეუბნებოდნენ კოპალასა და მათი ბალღების უცნაურ სიახლოვეზე.   როდესაც დილით მარებელები დარჩენილი უძილაურთელთა შეკრებას გამოაცხადებდნენ, კოპალაც აუცილებლად იქ იყო, რომ ვინმესთვის ზემდეტი ინტერესის საგანი არ გამხდარიყო. დღის დანარჩენ ნაწილში თითქმის შეუმჩნეველი რჩებოდა. უძილაურთელები უკვე საბოლოოდ ჩაიძირნენ დარდსა და უსასოობაში. არც კოპალას აღარ ელაპარაკეობდნენ და აღარც ერთმანეთს. ისხდნენ და სიკვდილს ელოდნენ. კოპალას გულს უკლავდა ერთ დროს მრისხანე ხალხის ასეთი დაბეჩავება, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა მათ დასახმარებლად. ხანდახან მწარედ გაიფიქრებდა: ,, ჩემი ხალხის ცოცხლად შემჭმელ მტერს უფრო ვეხმარები, ვიდრე თავად ჩემს ხალხსო“. თუმცა კოპალას გულში დარდი დიდხანს არ ჩერდებოდა, მით უმეტეს ახლა, როდესაც მთაში ულამაზესი გაზაფხული მოდიოდა. მარებელთა ბალღებთან თამაში სიამოვნებდა. ძირითადად ან მათთან იყო, ან შორეულ მთებს გაჰყურებდა და მარებეთში გამგზავრებაზე ფიქრობდა. ბოლოს, როდესაც ახლომახლო თოვლი სულ დადნა, ბელადმა გამგზავრება ბრძანა. კოპალამ ეს სიტყვაც იცოდა, რადგან ბოლო დროს ყველას ეს სიტყვა ეკერა პირზე ,,დრუტუტააგაი’’ კოპალამ გამგზავრების დილასღა გააცნობიერა, რომ ის უკანასკნელი უძილაურთელი იყო. როდესაც თავის სოფელს მაღლიდან გადმოხედა, იქ სიცოცხლის ვერანაირი ნიშან-კვალი ვერ დაინახა. სახლები დანგრეულიყო, მიწა კოცონისგან ამომწვარი ბალახებით იყო მოფენილი. კოპალას თავისი სოფელი ისე ეუცნაურა, ისიც კი ვერ გაიხსენა, მისი სახლი სად იდგა მარებელთა შემოსევამდე. მარებელები ირემთკალოზე რომ ავიდნენ და კოპალამ პირქუშის ზარი დაინახა, მხოლოდ მაშინ გააცნობიერა ყოველივე, რაც ამ ზარის გამბული ხმის პირველლად გაგონების მერე მოხდა. ზემოდან რომ გადმოხედა სოფელს, მხოლოდ მაშინ გაიაზრა ბოლომდე, რა მოხდა მარებელთა აქ მოსვლის მერე. უძილაურთა უკაცური იყო, აღარავინ აღარ გაივლიდა მის ბალახზე. მოთოვდა და იმ თოვლზე აღარავინ დატოვებდა თავის ნაკვალევს. დაათოვდა სახლებს, კედლებს. თოვლი შევიდოდა ჩამსხვრეულ მინებში და ეს ოდესღაც ძლიერი სოფელი, რომლის მარტო სახელის გაგონებაც კი მტრებს შიშის ზარს სცემდა, დაუცველი, გაუკაცრიელებული და გაციებული გახდებოდა.6.  კოპალამ ვერაფრით მოახერხა გამოეთვალა, ირემთკალოდან მარებელთა ჯურღმულების შესასვლელამდე რამდენ ხანში მოვიდნენ. ირემთკალოს რომ გამოსცდნენ, ერთხანს თავქვე ეშვებოდნენ და კოპალაც ამ ადგილებს ასე თუ ისე ცნობდა, მაგრამ მერე მწვერვალზე ასვლა დაიწყეს და მისთვის ნაცნობი ადგილებიც დამთავრდა. წარმოდგენა არ ჰქონდა რამდენ ხანს ადიოდნენ კლდეებზე, მთებზე და ვიწრო ბილიკებზე, მაგრამ გზა მეტად რთული იყო. ეს გზა რომ გაიარა, კოპალა მერე მიხვდა, რატომ დასახლდნენ მარებელები უძილაურთაში. ამ გზაზე ჩამოსვლა საკვების მოძიება და მერე უკან ასვლა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა ისეთი ძლიერი არსებებისთვისაც კი, როგორიც მარებელები იყვნენ. მას შემდეგ რაც მწვერვალზე ასვლა დაიწყეს, კოპალა მარებელს მოჰყავდა საგანგებოდ შეკერილი ზურგზე მოკიდებული ჩანთით. ჩანთა მასზე ბევრად დიდი იყო და ბიჭს დიდი ძალისხმევა ჭირდებოდა, მის კიდეზე ამძვრალიყო და გარეთ გაეხედა. მგზავრობის უმეტესი ნაწილი ბნელში გაატარა. რამდენიმეჯერ როცა გადმოიხედა, ირგვლივ ღრუბლების მეტი ვერაფერი დაინახა, ამიტომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენი ხანი იარეს. ვერც დღისა და ღამის წესიერად გარჩევას ახერხებდა, რადგან ტომარა შავი ძენძისაგან შეეკერათ და იქ სულ ბნელოდა. მარებელთა ერთი ნაბიჯით დაფარული მანძილის გასავლელად, მას რომ ოცდაათი ნაბიჯი სჭირდებოდა, ეს ჯერ კიდევ უძილაურთაში ყოფნისას გამოთვალა, მაგრამ არ იცოდა, რამდენი ხანი იარეს მარებელებმა, ამიტომ ვერც იმას გამოთვლიდა, ადამიანთათვის დაახლოებით რამდენი დღის ან თვის სავალ მანძილზე იყო დაშორებული უძილაურთა მარებელთა ჯურღმულების კარს.   იქ მისვლამდე ბევრს ფიქრობდა, როგორი შეიძლება ყოფილიყო მარებელთა ქვეყანა. რატომღაც წარმოედგინა, რომ უზარმაზარი გვირაბების ქსელი იქნებოდა, რომელსაც ჩირაღდნებით გაანათებდნენ. წარმოედგინა გვირაბები, რომელიც მარებელთა ქვეყნის სხვადსხვა ნაწილებს დააკავშირებდნენ. თუმცა ადგილზე მისულს, მხოლოდ ოცამდე სხვადასხვა ადგილზე განლაგებული ბინძური გამოქვაბული დახვდა. თავიდან კოპალა ერთ-ერთ გამოქვაბულში გადაიყვანეს, სადაც ბელადი ცხოვრობდა, მაგრამ რამოდენიმე საათის მერე ბელადმა რაღაც ბრძანა და ერთ-ერთმა მარებელმა უხეშად აიტაცა ხელში, გამოქვაბულიდან გაიყვანა და მიწისქვეშ ჩამავალი უზარმაზარი კიბისკენ მიუთითა. ეს კიბე კოპალასთვის იყო ზედმეტად დიდი, თორემ მარებელთა ბალღიც კი მხოლოდ წელში მოხრილი თუ გაივლიდა იქ. კაცები ხომ ვერასდროს ვერ ჩავიდოდნენ ჯურღმულში. დიდხანს იწვალა კოპალამ ამ საფეხურებზე. თავიდან ჩახტომა სცადა ერთი საფეხურიდან მეორეზე, მაგრამ მანძილი ედიდა. ამიტომ საფეხურის კიდესთან ზურგით დადგა, ხელებით ჩამოეკიდა საფეხურის კიდეს ,ამით მანძილი შეიმცირა და ისე ჩახტა ქვემოთ. ასე გაიარა ასი საფეხური და ბოლოს უკვე ფეხები ტკივილისგან უკვნესოდა. საფეხურები რომ ჩაათავა ,დიდ ფართო დარბაზში აღმოჩნდა. დარბაზის ბოლოდან მსუბუქი ხვრინვა ისმოდა. კოპალამ ჩათვალა, რომ მისი მეთვალყურის ხვრინვა იქნებოდა და გაეცინა, მეთვალყურე რად მინდა იმ საფეხურებზე უკან მაინც რა ამიყვანსო. დიდხანს იარა კოპალამ დარბაზში, რადგან მარებელის გაღვიძება არ უნდოდა. ყველგან საბრძოლო იარაღები და აბჯრები იყო, ზოგი ადამიანის ზომის, ზოგიც კი მარებელთა ზომის შესაბამისი: მშვილდები, ხმლები, ფარები, ჯავშნები და ათასი რამ უცხო იარაღი. უძილაურთაში მარებელები შეუიარაღებელნი მოვიდნენ, მაგრამ აქ მთელი საწყობი ჰქონდათ. ნეტავ რაში სჭირდებათო, გაიფიქრა კოპალამ. ალბათ მათაც ეშინიათ რამის. კოპალას გააჟრჟოლა იმის წარმოდგენაზე, რასაც მარებელები ისე შეეშინებინა, რომ უზარმაზარი აბჯრები დაემზადებინათ. დარბაზის ბოლომდე რომ მივიდა, ხვრინვა გაძლიერდა, თუმცა კოპალამ გააცნოებირა რომ მარებელთა ხვრინვა უფრო ხმამაღალი უნდა ყოფილიყო. ხშირად ესმინა უძილაურთაში ამ შემაზრები ხმისთვის. გაიფიქრა, ნეტავ, რა არსება უნდა იყოსო. სილუეტებს მოჰკრა თვალი, ადამიანს ჰგავდა. მართალია კოპალაზე ბევრად დიდი იყო, მაგრამ მარებელი ვერაფრით იქნებოდა. მაინც შედარებით უხიფათო კუთხიდან მიუახლოვდა. მის წინ მოხუც კაცს ეძინა.       უეცრად კოპალამ კაცის თავზე უცნაური ნათება დაინახა. ნათება სპეტაკი იყო. ჰაერში ეკიდა და საოცარ სინათლეს და სითბოს ასხივებდა. კოპალას ძალიან გაუკვირდა ამ უცნაური სახილველის ხილვა. იფიქრა რომ მელანდებაო, მაგრამ ნათელი თვალწინ ედგა და ჩაქრობას არ აპირებდა. ბიჭს არ შეშინებია, პირიქით ცხოვრებაში პირველად იგრძო სხვა ადამიანთან თანაზიარობა. თითქოს ეს უცხო მოხუცი კაცი, ყველაზე ახლობელი იყო მისთვის მთელ დედამიწაზე. ბევრად უფრო ახლობელი, ვიდრე - თანასოფლელები, ვიდრე მარებელთა ბალღები და ვიდრე აბუდელაურთაში ნანახი ცეცხლისფერთმიანი მზექალა, რომელსაც კესანებით აუვსო ცეცხლისფერი თმები. კოპალამ შეატყო, რომ ამ უცნაური სიახლოვის გამო ტიროდა და სახელოთი მოიწმინდა ცრემლი. სირცხვილი იქნებოდა, კაცს რომ გაეღვიძა და კოპალა ატირებული ეხილა. რამდენიმე საათის შემდეგ ნათელი გაფერმკთალდა. სულ არ გამქრალა, მაგრამ ისე მკაფიო მაინც აღარ იყო. სამაგიეროდ კაცმა გაიღვიძა. ერთი გემრიელად გაიზმორა და ხელში დიდი უროს აღება დააპირა, თუმცაღა კოპალა შენიშნა, თავიდან გაკვირვებული უცქერდა. სახე კუშტი ჰქონდა. ბევრგან აჩნდა ნახმლევი თუ სხვა რამ იარაღისგან დატოვებული იარები. განსაკუთრებით მარჯვენა მხარე ჰქონდა დაღარული. თითქმის მთლიან სახეზე აჩნდა ღრმა ნაჭრილობევი. კოპალამ იფიქრა, ალბათ არასდროს გაუღიმია ცხოვრებაშიო. თვალები შავი და ბნელი ჰქონდა, სახე-უმეტყველო. გრძელი, თეთრი წვერი ლამის მკერდამდე სწვდებოდა. ხელები ღონიერი და უხეში ჰქონდა. ხელისგულები გაუხეშებული და გამურული. კაცმა ერთხანს უცქირა და ბოლოს, როგორც იქნა, ამოიღო ხმა.-გამარჯობა ღვთისშვილო- კაცი კოპალას ენაზე ლაპარაკობდა და არა მარებელურად. თავისი ენა რომ გაიგო ამ უცხო კაცისაგან, ძალიან გაუხარდა. თუმცა რამდენიმე წამის მერეღა გააცნობიერა, რომ კაცმა ,,ღვთისშვილოო’’ ასე მიმართა. საიდან იცის ღვთისშვილი რომ ვარო, გაიფიქრა კოპალამ და მერე იმის შეეშინდა, მარებელებთან არ დამაბეზღოსო. არც იცოდა რატომ, მაგრამ არ უნდოდა მარებელებს გაეგოთ მისი ღვთისშვილობა. ეს თანასოფლელებმაც გააფრთხილეს და კოპალაც მანამდე და მის მერეც ამ აზრზე იდგა.-გამარჯობათ-თავაზიანად მიესალმა კოპალა მოხუცს- საიდან იცით რომ ღვთისშვილი ვარ?-სანამ მეძინა ნათელი დაინახე?-კითხვას კითხვით უპასუხა მოხუცმა.-დიახ დავინახე -მერე გაქრა?-არა არ გამქრალა, მაგრამ გაფერმკრთალდა. ნათელს ეხლაც ვხედავ, თუმცა ისეთი კაშკაშა აღარ არის.-მე კი ეხლა შენს თავზე ვხედავ სპეტაკ და კაშკაშა ნათელს. ეს მაშინ ხდება როდესაც ღვთისშვილი მეორე ღვთისშვილს პირველად ხედავს, რათა უცდომლად ამოვიცნოთ და გავარჩიოთ ერთმანეთი.   კოპალა გაოგნებული იდგა. სულ ორი ღვთისშვილის შესახებ გაეგო საკუთარი თავის გარდა. ღვთისშვილი იახსარი ტბის განსაწმენდელად იყო წასული, ნუთუ მარებელბმა დაატყვევეს? ამის დაჯერება არ უნდოდა. თან როგორც აბუდელაურთელებმა თქვეს, ღვთისშვილი იახსარი ბრგე ჭაბუკი იყო.-რა გქვია ბალღო?-ფიქრი გააწყვეტინა კოპალას მოხუცმა.-კოპალა ჩემო ბატონო-მექანიკურად მიუგო კოპალამ, რადგან ჯერ კიდევ იმაზე ფიქრობდა ეს კაცი ვინ უნდა იყოსო.-მიხარია რომ ჩემამდე მოხვედი ღვთისშვილო კოპალა. მე ღვთისშვილი დავითი ვარ, ყოვლისმკვეთელი ხმლებისა და შეუვალი ფარ-აბჯრების დამამზადებელი. თუმცა ვგონებ მთაში პირქუშის სახელით უფრო მიცნობენ.7.   როდესაც ღვთისშვილმა პირქუშმა უთხრა, ალბათ ბევრი რამ გაინტერესებს და მკითხე, რაც გინდაო, მას მართლაც აუარებელი შეკითხვა ჰქონდა. ყველაზე მეტად ღვთისშვილ იახსარის ამბავი აინტერესებდა. როგორც იცოდა, იახსარი ცხრა თუ ათი წლით უფროსი იქნებოდა მასზე და უკვე ათასი საგმირო საქმის ჩადენა მოესწრო. აინტერესებდა, სად ისწავლა ღვთისშვილმა ბრძოლა, როგორ დაამარცხა მარებელები, რა იარაღით იბრძოდა, როგორ გამოიყურებოდა. იახსარი მისთვის საზომი იყო, მას უკვე მიეღწია ყველაფერი იმისთვის, რისი მიღწევაც კოპალას უნდოდა და რისი მცირედი ნაწილიც ვერ გაეკეთებინა. როგორც კი დააპირა პირქუშისთვის იახსარზე ეკითხა, ბერთა-ბერის სიტყვები გაახსენდა: ,,როდესაც ადამიანი გეტყვის მკითხე რაც გაინტერესებსო, ჯერ თავისი ამბავი აამობინე, ჩვენ ყველაზე მეტად საკუთარ თავზე გვიყვარს საუბარიო’’ დაარიგა ერთხელ ბერთა-ბერმა. თან მარებელთა ტყვეობაში დიდხანს მოუწევდათ ყოფნა, ამიტომ იახსარზე სალაპარაკოდ მერეც მოიცლიდნენ. -თქვენზე მომიყევით თუ შეგიძლიათ, როგორ მოხვდით აქ? სად დაიბადეთ? როგორ მიხვდით, რომ იარაღების კეთება იყო თქვენი ნიჭი?კოპალას ყველა იმას ეუბნებოდა უძილაურთაში, რომ უგერგილო, უნიჭო ღვთისშვილი იყო, ამიტომ აინტერესებდა, როგორ უნდა აღმოეჩინა რისი ნიჭი ჰქონდა. ერთადერთი, რაც დღემდე შეძლო, ხელის გაწვდენა და ყვავილების თუ ხასხასა მოლის გაჩენა იყო. ამ ნიჭისა კი ძლიერ რცხვენოდა ბიჭს. ასევე ბერთა-ბერმა უთხრა კურნების ნიჭი გაქვსო, თუმცა არასდროს არავისთვის უწამლია.-მე თითქმის ათასი წლის ვარ-დაიწყო პირქუშმა საუბარი.  კოპალა გაოგნებული იყო. ის ჯერ მხოლოდ ცხრა წლის იყო და უკვე რამდენი რამ გამოიარა?! წარმოიდგინა რამდენ გასაჭირს გამოივლიდა პირქუში თავისი ათასწლიანი ცხოვრების განმავლობაში.   პირქუში დიდხანს ლაპარაკობდა, თუმცა არა თავის თავზე, არამედ ღვთისშვილებსა და მათ ბედ-იღბალზე. მისი ნათქვამიდან, რაც ღვთისშვილთა დაბადებას სიცოცხლის ხანგრძლივობას და სხვადასხვა ღვთისშვილთა უნარებს შეეხებოდა, კოპალამ ბევრი რამ უკვე იცოდა, მაგრამ მხოცვანი კაცი რომ გესაუბრება, უნდა უსმინოო, ასე დაარიგა ბერთა-ბერმა და ისიც უსმენდა. იცოდა, რომ ღვთისშვილ იახსარს ბრძოლის აქამდე გაუგონარი ნიჭი ჰქონდა, ყველანაირი იარაღის ხმარება ეხერხებოდა, იცოდა რომ ღვთისშვილ ბედისმწერელი ყველაზე ბრძენი ღვთისშვილი იყო, მან ყველა ადამიანისა თუ ღვთისშვილის მომავალი უწყოდა, იცოდა ვინ რა გზას დაადგებოდა და ვის როგორი სიკვდილი ელოდა, ისიც იცოდა, რომ ამდენ ცოდნას ბედისმწერელი სევდიანი გაეხადა. მოესმინა ლეგენდები, მის სვეტს ნამდვილი ღრუბელი კი არა, სწორედ ბედისმწერელის უსაზღვრო სევდა აკრავს გარსო და იქ მიმსვლელი ყოველი ღვთისშვილი ჯერ ამ სევდაში იძირება, სანამ თავად ბედისმწერელს იხილავსო. იცოდა ისიც, რომ ღვთისშვილები უკვდავნი იყვნენ, თუმცა საქმე მთლად ასეც არ ყოფილა.-ყველა ღვთისშვილს აქვს თავისი სუსტი ადგილი. თუ ამ ადგილს ისარს გაარტყამ ან ხმალს მიაწვდენ, ღვთისშვილიც ჩვეულებრივი ადამიანივით კვდება-ამცნო პირქუშმა- თუმცა ყველა ღვთისშვილი ამ ადგილს საგულდაგულოდ მალავს და იცავს, არავის ამ ქვეყანაზე არ უმხელს თავის სისუსტეს, რადგან მტრებმა არ დაამარცხონ. ყველა ღვთისშვილი სხვადასხვა გზით პოულობს თავის სისუსტესო პირქუშმა. ისეთებიც ყოფილან, რომელთაც მაშინ გაიგეს თავისი სისუსტის ამბავი, როდესაც უკვე დაგვიანებული იყო და ამის გამო დაიხოცნენ კიდეცო.   კოპალას ის დააინტერესა, ნეტავ ღვთისშვილ იახსარისთვის სუსტი ადგილი რომელია, ან როგორ იცავსო, თუმცა ისიც გაიაზრა, რომ ამას ვერასდროს გაიგებდა. ისიც იცოდა კოპალამ, რომ ღვთისშვილი, რა ასაკშიც გაიაზრებს და სრულქმნის თავის ყველა ნიჭს, სამარადისოდ იმ ასაკში რჩება და აღარასდროს ბერდება. ღვთისშვილი პირქუში საკმაოდ დიდი ასაკის ჩანდა. დაახლოებით სამოცდაათი წლისას მიუგნია სამჭედლო საქმისათვის, ნეტავ ამდენი ხანი რატომ დააგვიანდაო? ფიქრობდა კოპალა. ღვთისშვილი იახსარი თვრმეტი ან ცხრამეტი წლის ჭაბუკი იყო და როგორც ამბობენ, მან უკვე იპოვნა თავისი ნიჭი და სრულქმნა კიდეც. ამიტომ სამარადისოდ ამ ასაკში იქნებოდა. ამის გამო კიდევ უფრო შურდა იახსარის. ასევე შიშმაც აიტანა. მხოლოდ ყვავილების გაჩენა რომ შეძლებოდა, ეს ხომ თავისთავად დიდი უბედურება იქნებოდა და ამას ისიც დაემატებოდა, რომ სამუდამოდ ათი წლის ბიჭად დარჩებოდა. კოპალამ ისიც იცოდა, რომ ყველა ღვთისშვილის უნარები არ იყო ბრძოლსთან დაკავშირებული. ღვთისშვილ ბედისმწერელს ბრძოლა საერთოდ არ შეეძლო, არც თავად პირქუში იყო დიდი მეომარი, მაგრამ მისი ნიჭი მაინც ომს უკავშირდებოდა. ისეთ ღვთისშვილებსაც უარსებიათ ჩემს დაბადებამდე, სიმღერის მეტი რომ არაფერი იცოდნენ, სამაგიეროდ როდესაც ამღერდებოდნენ, გარშემო ყველა სულიერი, ხეები და ბალახებიც კი გაინაბებოდნენ და მათ უსმენდნენო. მათი სიმღერა იახსარის ცეცხლისმფქვეველ ხმალზე უფრო დიდი იარაღი იყოო პირქუშმა. პირქუში ბევრ ღვთისშვილს პირადად იცნობდა თავისი ასაკის გამო. ისეთ ღვთისშვილებზე უამბო კოპალას, რომელზეც არაფერი არ სმენოდა. მაგალითად ღვთისშვილ ბაადურზე, რომელმაც მარებელებს მათი პირველი გამოჩენისას სძლია, ჯერ კიდევ პირქუშის სიჭაბუკეში. პირქუში ბევრს ლაპარაკობდა, მაგრამ მარებელების გამო მათი საუბარი წყდებოდა. რამდენიმე კვირა, რაც კოპალა პირქუშთან ერთად დაატყვევეს, არც ერთ მარებელს არ მოუკითხავს კოპალასთვის. თუმცა ერთ დღესაც კოპალას მარებელებმა უხმეს. ბალღმა იფიქრა ალბად უკვე შესაჭმელად მეძახიანო და სანამ კიბემდე მივიდოდა, რომ თოკით აეყვანათ გონიც დაკარგა. თუმცა მარებელები მის გასართობად გამოყენებას გეგმავდნენ. კოპალა უზარმაზარ მინდორზე დააყენეს, რომელიც მათი გამოქვაბულებიდან მოშორებით, უფრო ქვემოთ იყო და წინ დიდი ქვა დაუდეს. ქვა კოპალასთვის იყო დიდი თორე მმარებელებმა, ალბათ ბევრი იწვალეს, ასეთი პატარა კენჭი რომ მოეძებნათ. კაცები შეკრებილიყვნენ და ყველა ერთ სიტყვას გაიძახდა ,,ბაბავატატაი’’. კოპალამ იცოდა რომ ეს სიტყვა ,,წაიღეს’’ ნიშნავდა. მარებელები ამ უზარმაზარი ქვის წაღებას უბრძანებდნენ. რამდენიმეჯერ მიაწვა ქვას, სანამ ოდნავ მაინც გადააგორებდა. ქვა რომ ადგილიდან დაიძრა, მარებელების ნაწილმა სიხარულის და ნაწილმა იმედგაცრუების შეძახილი მიაყოლა კოპალას. ბიჭი მიხვდა, რომ მარებელები ნაძლევს დებდნენ, მიათრევდა თუ არა კოპალა ამ ქვას მინდვრის ბოლომდე. ბევრი იწვალა. დილიდან მზის ჩასვლამდე მიაგორებდა მძიმე ლოდს, რატომღაც გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ქვა უნდა მიეტანა. ბოლოს მზე რომ შორეულ მყინვარებს მიეფარა და ბინდა ჩამოწოლა იწყო, ქვა მიათრია და ძლივს წამოდგა ფეხზე. მარებელებმა ,,გამარჯვებული’’ კოპალა ისევ პირქუშთან ჩააგდეს. ხშირად აწყვეტინებდნენ მას და პირქუშს საუბარს. იმ პირველი ნაძლევის მერე, როგორც ჩანს, მარებელები გახალისდნენ და ათასი სხვა გასართობი მოიგონეს. ხან მარებელთა ბალღის შარდით სავსე უზარმაზარ ქოთანში ჩაააგდებდნენ კოპალას და აიძულებდნენ ეს ქოთანი გადაეცურა. ხან დიდ ტერიტორიას შემოუხაზავდნენ და აიძულებდნენ მთელი დღე გაუჩერებლად ერბინა. მოკლედ ათასგვარ გასართობს იგონებდნენ თავიანთთვის და რომ მორჩებოდნენ, ყოველთვის პირქუშთან აბრუნებდნენ. მარებელთა უხეში საკვების მიღება თავიდან უჭირდა, თუმცა დროთა განმავლობაში ამასაც მიეჩვია. დროს ძირითადად პირქუშთან ერთად ატარებდა. როცა პირქუში ერთხელაც ღვთისშვილებზე ლაპარაკს მორჩა, კოპალამ ხელმეორედ სთხოვა, თუ არ შეწუხდებით ახლა თქვენი ამბავი მიამბეთო. უკვე იმდენი ხანი გაატარა ამ კაცთან ერთად, მართლა აინტერესებდა მისი ამბის მოსმენა. თუმცა ჯერ ღვითისშვილმა პირქუშმა სთხოვა შენი ამბავი მომიყევიო.-,,შენ ათი წლისა ხარ და ვფიქრობ შენი ამბავი უფრო ხანმოკლე და სათხრობლად მარტივი იქნება ბალღო’’-სევდიანად სთხოვა პირქუშმა. კოპალამ მართლაც მალე მოათავა თავისი ამბავი, ან კი რა ჰქონდა მოსაყოლი? მოჰყვა თავის უნიათობაზე ბრძოლის საქმეში, მოჰყვა აბუდელაურთაში ბერთა-ბერებთან სტუმრობაზე, მარებელთა თავდასხმაზე, მათთან ერთად გატარებულ დროზე და მისი და მარებელი ბავშვების უცნაურად დაახლოებაზე. ბოლოს დააყოლა, მარებელებმა აქ მომიყვანეს და ელოდებიან დიდი როდის გავიზრდები,რომ შემჭამონო. ეს იყო რისი გაკეთებაც კოპალას მოესწრო და შესაძლოა მალე მარებელების წერა გამხდარიყო.  8.-მე ათასი წლის წინ ბაცალიგოში დავიბადე- დაიწყო პირქუშმა თავისი ამბის თხრობა- ჩემი დაბადებისას ასეთი მძიმე ჟამი არ იდგა, როგორც ეხლა დგას. ქვეყნიერებას ღვთისშვილები ისე არ სჭირდებოდნენ, როგორც ეხლა სჭირდება, ამიტომ მაშინ ღვთისშვილებს შეგვეძლო ჩვენი ნიჭის აღმოჩენასა და სრულყოფაზე არ გვეზრუნა. თუ გვინდოდა, შეგვეძლო ჩვეულებრივი ადამიანებივით გვეცხოვრა. უცხო ქვეყნები გვეხილა ან ოჯახი შეგვექმნა. მოკლედ სოფლის წინაშე არ გვეკისრა იმხელა ვალდებულებები, რამხელაც შენ და ღვთისშვილ იახსარს გაკისრიათ. მარებელების ხსენებაც არ იყო. პირველად მარებელები რომ გამოჩდნენ, უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი და ისე არ გვაწუხებდნენ, როგორც ეხლა. მეც მაშინდელი დროის დარად ლაღად და უდარდელად ვცხოვრობდი. თითქმის დავიწყებული მქონდა, რომ ღვთისშვილი ვიყავ. თანატოლებთან ერთად ვერთობოდი, მათთან ერთად დავდიოდი ცხვარში, გოგოებს ვაბრაზებდით, ხან კოკას გავუტეხდით შურდულით, ხან საგანგებოდ დაწყობილ ნაწნავებს ვუჩეჩავდით. მეც ისევე ვისმენდი ღვთისშვილებზე ზღაპრებს და ლეგენდებს, როგორც ყველა სხვა. არასდროს მდომებია სხვა ღვთისშვილებივით სახელოვანი გავმხდარიყავი. არასდროს მდომებია ვინმეს ჩემზე სიმღერა დაემღერებინა და ლექსი ეთქვა, ყოველთვის ჩვეულებრივი ცხოვრება მინდოდა. ბედნიერი ვიყავი ბაცალიგოში ჩემს ძმებთან ერთად და არაფრის შეცვლა არ მეწადა. თუმცა ღვთისშვილი ვიყავი და ამას ვერსად გავექცეოდი. ხანი რომ გამოხდა და რომ წამოვიზარდეთ, თანატოლებზე ბევრად ღონიერი გავხდი. სოფელში საჭიდაოზე სამ და ხანდახან ოთხ ფალავანს ვცემდი მიწაზე. ამის გამო არავის უნდოდა ჩემთან ერთი-ერთზე ჭიდაობა. ვატყობდი, რომ ყველა მერიდებოდა, თუმცა ვერც კი ვხვდებოდი რატომ. ბერთა-ბერები სულ იმას ჩამჩიჩინებდნენ, დროა შენი ნიჭი იპოვო, სოფელსა და მთას გამოადგეო. დროა ბედისმწერელთან წახვიდე , შორეულ საიმერიოს მაღალ სვეტზე და შენით თუ ვერ არკვევ, მან მაინც გითხრას რა არის შენი გზა და საკეთებელიო. თუმცა არსად არ მინდოდა წასვლა და ამის გამო სულ კამათი მქონდა ბერთა-ბერებთან. ამასობაში წამოვიზარდე და კიდევ ერთმა გასაჭირმა იჩინა თავი-აქ პირქუშს სულ ოდნავ ჩაეღიმა-ვინმე გოგო თუ გყვარებია კოპალა? ან შენ თუ ჰყვარებიხარ ვინმეს?- ჰკითხა ბიჭს კოპალა წამოწითლდა. ვერავინ გაიხსენა, თან რატომღაც შერცხვა პირქუშისათვის ეთქვა, ჯერ არც ერთი გოგოსთვის არ დამიდგამს თვალიო. პატარა კი იყო მიჯნურობისათვის, მაგრამ რატომღაც მაინც შერცხვა. თუმცა კარგად რომ დაფიქრდა, აბუდელაურთაში სტუმრად გატარებული საღამო გაახსენდა, პირველად რომ იგრძნო თავისი ნიჭის გამო სიამაყე.-კი-მხნედ მიუგო პირქუშს- აბუდელაურთაში რომ ვიყავი სტუმრად ბერთა-ბერთან ერთად, ცეცხლისფერთმიან მზექალას სულ კესანებით მოვურთე ის ცეცხლისფერი თმები.-რამდენი წლის იქნებოდა მზექალა?-არ ვიცი,მაგრამ ჩემზე ბევრად დიდი.-მაშინ ეგ არ ითვლება- გაუღიმა პირქუშმა და ხუჭუჭა თმები აუჩეჩა-პატარა ხარ ბალღო, ჯერ რა დროს შენი სიყვარულია?! დიაცებს უცხო რამ ბუნება აქვთ კოპალა. გახსოვდეს ეს. ქალმა თუ შეგიყვარა, ყველაფერის დათმობა მოგიწვს: სულის, გულის, ხორცის, ცხოვრების. ისიც არაფერს დაგიტოვებს, ყველაფერს სათავისოდ წაიღებს. მოვა დრო და ალბათ გაგახსენდება ეს სიტყვები. ხოდა მე მოვწონდი ქალებს. ლამის მთელი ბაცალიგოს დასაქორწინებელი დიაცები მე მყვარობდნენ. თავიდან ძალიანაც კმაყოფილი ვიყავი ამით. ხან რომელს ვეარშიყებოდი და ხან რომელს. უკადრებელს რამ არ ვკადრულობდი, მაგ ცოდვაში ხელს არ გავრევდი. თუმცა რაც დრო გადიოდა, ვატყობდი ჩემს თანატოლ ვაჟებს, ვისთანაც ერთად გავიზარდე და ვინც ძმებად მიმაჩნდნენ, შევძულდი. მათაც უნდოდათ ცოლის შერთვა, მაგრამ მთაში ყველა დიაცი, ვისაც ნანახი ვყავდი, ჩემზე შეყვარებული იყო. ყველას სათავისოდ ვუნდოდი და სხვებს ზედაც არ უყურებდნენ. ამიტომ ყველამ მომიძულა და გამრიყა. გვერდით არავინ მეკარებოდა. ამის გამო ქალების გადამეტებული ყურადღება შემძულდა. მათ დასანახად ვეღარ ვიტანდი, სულ ის მაგონდებოდა, რომ მათ გამო ჩემი ძმები მტრებად მექცნენ. თუმცა დიაცები მოსვენებას არ მაძლევდნენ. მივდიოდი ჩემთვის მარტო მთებში, რომ მწვერვალებს იქით ცეცხლისფერი მზის ჩასვლა მენახა და ჩემს დარდზე არ მეფიქრა. აგერ შემხვდებოდა ვინმე დიაცი. გამომწვევად გამიღიმებდა და მეტყოდა რომ ესა და ეს კაცი აქა და აქ ამა და ამ საქმეზე გიბარებსო. რამდენიმეჯერ მოვტყუვდი და მართლაც მივედი იმ კაცთან, მაგრამ საერთოდ არ ვუკითხივარ მას და არც აინტერესებდა სად ვიყავი .მერე მივხვდი, რომ განზრახ იგონებდნენ ამ მიზეზებს, უბრალოდ ჩემი ნახვა, ჩემთან გამოლაპარაკება და არშიყობა უნდოდათ. ოდესღაც ძმებთან ერთად ლუდს ვსვამდი, ვღრეობდი და ვნადირობდი. სოფელში ყველა მეზობელი და თანატოლი ძმად მიმაჩნდა, ეხლა კი მარტოკაცი დავრჩი. ხშირად გავდიოდი სოფლიდან, მაღალ მთებზე ავდიოდი და იქ შედარებით შვებას ვპოულობდი, ყველასგან მოშორებული და განმარტოებული.  ბაცალიგოში გაჩერება აღარ შემეძლო და დავყაბულდი ბერთა-ბერებს. წავალ საიმერიოში ბედისმწერელს ვნახავ და ეგებ მან მითხრას, რისთვის მოვევლინე ამ ქვეყანას ღვთისშვილად -მეთქი. თუმცა სანამ საიმერიოში წავიდოდი, ლომისაზე ავედი, მორიგე ღმერთის მთაზე. ცხოვრებაში პირველად შევთხოვე მორიგე ღმერთს, რაიმე ისეთი შემამთხვიეთ, ქალებმა ზედ რომ აღარ შემომხედონ მეთქი. ორმოც დღეს დაუჯდომლად ვლოცულობდი და მეორმოცე დღეს ისმინა ჩემი ღმერთმა. უეცრად კლდიდან დიდი ქვა მოწყდა და ზედ მერჯვენა ფეხზე გადამიარა. ამის მერე კოჭლი ვარ, სახის მარჯვენა მხარეც იმ ქვამ გადამიჭრა და დავრჩი ასე მახინჯი და ხიებარი, თუმცა აღარ ვჩიოდი. არ მინდოდა საიმერიოშიც იგივე განსაცდელი მქონოდა. ჩემი ნიჭის საპოვნელად ბედისმწერელთან მისვლა არ დამჭირვებია. საიმერიოში ისე ჩავედი, ვითომ უბრალო ვინმე გადმოხვეწილი ვიყავი. თუ სადმე ღვთისშვილი შემხვდებოდა და ნათლით მიცნობდა, დავაფიცებდი რომ არ გავეთქვი. საგმირო საქმე კი არაფერი ჩამედინა, რომ ადამიანებს, ისიც შორეულ საიმერიოში, ვეცნე. იმერთა მხარეში სხვადასხვა ხელობის ხალხს მოჯამაგირედ და შეგირდად ვუდგებოდი. უამრავი ახალი საქმე ვისწავლე. საიმერიოში ჩასვლა ადვილია, აი იქედან წამოსვლა კი ფრიად ძნელი. ოდესმე შენც თუ მოხვდები ნახავ. იქ ბუნება ბევრად უფრო ლმობიერია, ვიდრე მთაში და ხალხიც უფრო მიმნდობი და ლაღია. ლუკმა პურისთვის ჩვენსავით ბევრი შრომა არ უწევთ და მარებელებიც თვალით არავის უნახავთ. იმერებს ქეიფი და დროსტარება ყველაფერს ურჩევნიათ, ისეთ სასაცილო ამბებს მოგიყვებიან, რომ შეიძლება სიცილით მიწაზე გორვა დაიწყო. სიმღერაც კარგი იციან, ჩვენებური ომახიანი და საბრძოლო არა, უფრო ტკბილი და თბილი. საიმერიოში ერთ სოფელში რომ შეხვალ, სანამ მის ყველა ოჯახში ღვინოს არ დალევ და პურს არ გატეხ, სოფლიდან არ გამოგიშვებენ. ღვინო კიდევ ჩვენებურ ლუდზე ბევრად გემრიელი და ტკბილი დასალევია. მოკლედ ბევრი ხელობის კაცს ვედექი მოჯამაგირედ, სანამ საბოლოოდ მჭედელ დამიანეს არ დავუდექი შეგირდად და მსახურად. არასდროს დამავიწყდება ის დღე, სამჭედლო ქურა პირველად რომ დავინახე. ოსტატს არაფერი არ აუხსნია. ხელები თავად აკეთებდნენ საქმეს. პირველივე ცდაზე ოსტატზე ბევრად უკეთესი ხმალი დავამზადე, უფრო დახვეწილი, უფრო მჭრელი და უფრო მოხდენილი. დამიანე გაოცებული იყო და ყველაფერი ჩემ ნიჭიერებას მიაწერა. რა თქმა უნდა, არ იცოდა ღვთისშვილი რომ ვიყავი. ექვსი წელი ვიყავი დამიანესთან და ვხვეწავდი ჩემი ჭედვის ოსტატობას. საიმერიოდან ბედისმწერელის უნახავად წამოვედი. იქ სამუდამოდ დარჩენა მინდოდა, მაგრამ ჩვენებური მთების სიშორე და სითეთრე, ზვავის ჩამოწოლის მრისხანე ხმა და ჩვენებური სწრაფი მდინარეების კლდეზე შეხეთქებაც მენატრებოდა, თანაც ვატყობდი ჩემი დამზადებული ხმლები სხვა ხმალს ჭრიდა. ჩემი დამზადებულ ფარს კი ვერაფერი აზიანებდა. შემეშინდა ჩემი უნარი კიდევ ერთხელ არ გამხდარიყო შურისა და განხეთქილების მიზეზი. არ მინდოდა უცხო და თან ასეთ თბილი და კეთილი ხალხისთვის უთახნმოება, ომი და სისხლისღვრა მომეტანა. ერთ ღამეს ჩემი დამზადებული ყველა ხმალი, ფარი თუ აბჯარი წამოვიღე სამჭედლოდან და წამოვედი. საიმერიოში ათი წელი გავატარე. მთაში რომ დავბრუნდი მარებელები უკვე მომძლავრებულიყვნენ, ღვთისშვილი ბაადური და მთიელები მათ ებრძოდნენ. ჩემი დამზადებული ხმლები, ფარები და აბჯრები ხალხს ძალიან წაადგა მათთან ბრძოლაში. მეგონა ჩემი დანიშნულება საბოლოოდ ხალხისთვის იარაღის დამზადება იყო, რათა მათ ბოროტება დაემარცხებინათ. მეგონა ჩემი ნავთსაყუდელი ვიპოვნე. სამუდამოდ ჩემს სამჭედლოში ყოფნა და ხალხისთვის ბოროტებასთან ბრძოლაში დახმარება მეწადა. თუმცა ხანი გამოხდა, ბაადურმა მარებელები დაამარცხა და ბედისმწერელეთან წავიდა. უპატრონოდ დარჩენილმა მთიელებმა კი ერთმანეთის რბევა დაიწყეს. შიდა ომები ატყდა. ჩემი დამზადებული იარაღით მანამდე თუ მარებელებს ხოცავდნენ, ეხლა უკვე ერთმანეთის დახოცვა დაიწყეს მთაში. სოფლიდან სოფელში დავდიოდი და ვცდილობდი ხალხი გონზე მომეყვანა. ვესაუბრებოდი ბერთა-ბერებს, გამაგრებების მეთაურებს, უბრალო ხალხს. ვეუბნებოდი, რომ ერთურთი არ ეხოცათ, ძმების სისხლი არ ეღვარათ. თუმცა ამას რომ უძილაურთაში ვამბობდი, მეუბნებოდნენ, ალბათ გუდამაყრებელბმა მოგაგზავნეს, რათა იარაღი დაგვაყრევინო და მერე მუსრი გაგვავლონო, გუდამაყარში რომ მშვიდობას ვქადაგებდი, ისინი უძილაურთელთა მოგზავნილს მეძახდნენ. კისტაანთკარში აბუდელაურთიდან მოგზავნილს მეძახდნენ, აბუდელაურთაში კისთაანკარის ჯაშუშს.  ლამის ოცი წელი მიმდინარეობდა ომები მთაში, ყოველ დღე ვხედავდი ომისგან დაობლებულ ბალღებს და დაქვრივებულ ქალებს. ვგრძნობდი, რომ მეც მიმიძღვოდა ჩემი წილი მათ უბედურებაში. იარაღის ხალხისთვის გადაცემაზე ჯერ კიდევ ომიანობის დასაწყისში ავიღე ხელი, თუმცა კი ჩემს სამჭედლოში მაინც ვჭედავდი ხმლებსა და ფარებს, უბრალოდ სხვანაირად არ შემეძლო.   ვეღარ ვუძელი ჩემი ხალხის საცოდაობას და ვერავის ვერაფერი რომ ვერ შევასმინე, ისევ გაქცევა და გახიზვნა ვამჯობინე. თან ამასობაში ასაკმა მიმატა თითქმის სამოცი წლისა შევიქენ, დაბერებას განვაგრძობდი, ანუ ჩემი სრულქმნა ჯერ ვერ მორჩენილიყო. აქეთ წამოვედი, ვიფიქრე სადმე ეულ მწვერვალზე ავიდოდი და განმარტოებაში გავლევდი სიცოცხლეს. რადგან ყოველთვის, როცა ადამიანებთან ვიცხოვრე, უბედურება მოვიტანე. ჩემი ღიმილიც არავის უნახავს ბაცალიგოში გატარებული ყრმობის მერე. ჩემი ნაიარევისა და გაუღიმებლობის გამო დამარქვა ხალხმა პირქუში. არ ვიცოდი მარებელთა ქვეყნისკენ რომ მოვდიოდი. ტყვედ ჩამიგდეს და აქ გამაწესეს, თავიდან გასართობად მიყენებდნენ, როგორც შენ, მაგრამ მერე როგორღაც ჩემი სამჭედლო გავმართე და ერთი მოუხეშავი ხმალი გამოვჭედე მარებელთა ბელადისთვის. ამ მთებში ლითონი ბლომადაა, ამიტომ მასალის მოძიება არ გამჭირვებია. ბელადს ეს ხმალი ძალიან მოეწონა და მიმანიშნა კიდევ გამომეჭედა. მაშინ მარებელური არ ვიცოდი და იარაღის საჭედ მასალას ჩემით ვეძებდი, ძალიან ვწვალობდი, თუმცა შრომა მსიამოვნებდა. ენა რომ ვისწავლე, მარებელთა ბელადს დაველაპარაკე და ვუთხარი რაც მჭირდებოდა სამჭედლოსთვის. მანაც ყველაფერი შემისრულა. მას მერე აქ ვარ და მარებელთათვის იარაღს ვჭედავ, თუმცა არც ერთ მარებელს არაფერში არ გამოუყენებია. მგონი არც იციან იარაღით ბრძოლა როგორ უნდა, მათთვის ეს უბრალოდ ლამაზი და თვალისმომჭრელი ნივთებია. მარებლები ხარბები არიან და რაც ლამაზია, ყველაფერი უნდათ, თუნდაც მათი გამოყნება და დანიშნულება არ იცოდნენ. ეს სინდისს სუფთად მინახავს. სარგებელი თუ არა, ზიანი მაინც არ მომაქვს კაცთათვის. მარებელთათვის იარაღის მზადება რომ დავიწყე, მალევე დაბერება შევწყვიტე. თავიდან ფრიად გაოცებული ვიყავი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მორიგე ღმერთებმა იარაღის გამოსაჭედად მომავლინა. ვინ როგორ და რისთვის გამოიყენებდა ამ იარაღს ეს უკვე მე აღარ მეხებოდა. ამას კი მივხვდი და ჩემი თავის სრულქმნა ამით მოვამთავრე, თუმცა მაინც აქ დარჩენა გადავწყვიტე. მირჩევნია აქ ვიყო, ჩემი დამზადებული იარაღი გამოუყენებელი იყოს და უქმად ეყაროს, ვიდრე მათი საშუალებით ადამიანებმა ისევ ერთმანეთი ხოცონ.  ღმერთებმა ეს ნიჭი სულ ტყუილად მომიბოძეს. შენი ხანმოკლე თავგადასავალი რომ მოვისმინე, შენი შემშურდა, პატარა ღვთისშვილო კოპალა. შენ კურნება შეგიძლია, შეგიძლია ყვავილები, ბალახი და სიცოცხლე არსიადან გააჩინო. შენ ხალხისთვის სიცოცხლისა და სიხარულის მოტანა შეგძლებია, როგორც იმ შენს მზექალას მოუტანე სიცოცხლე, სილამაზე და ხალისი აბუდელაურთაში. მე კი მხოლოდ სიკვდილი მომქონდა მათთვის. ამიტომ შენი აქ გაჩერება არ შეიძლება. შენ ჭირდები ადამიანებს, იმაზე მეტად, ვიდრე მე ოდესმე ვჭირდებოდი, იმაზე მეტად ვიდრე ღვთისშვილი იახსარი სჭირდებათ და შესაძლოა იმაზე მეტად, ვიდრე რომელიმე ღვთისშვილი ოდესმე დასჭირვებიათ.    ასე დაამთავრა პირქუშმა თავისი ამბის თხრობა და კოპალას ისედაც კითხვებით გაწამებულ პატარა ცხოვრებას, უამრავი ახალი და მძიმე კითხვა შემატა.