ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

გზაჯვარედინი

გზაჯვარედინი

გზაჯვარედინზე (რომანი)ა.ჯჩემს მეგობრებს, რომლებიც წიგნებს არ კითხულობენ, იმის იმედით, რომ არც ამას წაიკითხავენ.ასევე „ჯოროს“-ბებერ ტოიოტას „მადლობა ტრაგედიისათვის. ჩემი შემოქმედებისთვის მჭირდება.“-კურტ კობეინი, „დღიურები“„სიკვდილი ყველას ანგელოზებად გვაქცევს და გვაძლევს ფრთებს, სადაც მხრები ყორნის კლანჭებივით გლუვი გვქონდა.“-ჯიმ მორისონი, „მეგობართა ნადიმი“© 2023-2024               თავი 1: Carpe Noctemგადამდებმა გამთენიისას გაიღვიძა.ერთხანს პირაღმა იწვა და ბზარებით დასერილ ჭერს უნიათოდ აჰყურებდა. შემდგომ ადგა, ფანჯარასთან მივიდა და მძიმე, გაცვეთილი ფარდები გადაწია. ამომავალი მზის სხივები კუთხეებში დაკიდებულ აბლაბუდებს დასწვდა; თხელი ქსელი ვერცხლისფრად აელვარდა. გვერდითა ოთახიდან ოხვრა და ტახტის ჭრაჭუნი მოესმა. მიხვდა, უნდა ეჩქარა. იატაკზე მიგდებული ტანსაცმლისკენ დაიხარა, სწრაფად ჩაიცვა და დერეფანში გასხლტა. საპირფარეშოს კარმა შემზარავად დაიკვნესა. სახელურზე ხელმოჭერილი წამიერად გაშეშდა. პასუხად რომ მხოლოდ საიჩუმე მიიღო, მოდუნდა. სააბაზანოს სიმყუდროვეში ჩვეული ღიმილი მოირგო: სარკის წინ მდგომმა ტუჩის კიდეები ოდნავ ასწია, მერე ჩამწკრივებული თეთრი კბილებიც გამოაჩინა. შედეგით კმაყოფილი დარჩა. იცოდა ღიმილი საოცრად რომ უხდებოდა.„რა დებილივით იკრიჭები, შე ნაბოზარო?“ გაახსენდა ვირთაგვას მთვრალი ყვირილი და ჩუმად ჩაეცინა. მუდმივ ნაბახუსევზე მყოფი, იაფიანი არყის სუნით გაჟღენთილი ისტერიული ვირთაგვა, იგივე ვართაგავა, სამეზობლოში არავის უყვარდა და არც მისი უეცარი სიკვდილი სწყენია მაინცდამაინც ვინმეს. ალკოჰოლიკი სასმელს რომ ემსხვერპლება ბუნების კანონია. აღარავის უკვირს, აღარავის ეცოდება. რამდენიმე დღეს იქოთქოთებენ, პანაშვიდზე მოვლენ; თუ კარგი ამინდი დაიჭირა, სასაფლაომდეც მიაცილებენ და დაივიწყებენ. არც იმას გაიხსენებდნენ, ბოლო რამდენიმე თვე მის ხელში ბოთლი რომ არავის უნახავს და არც კაპიკიანი არყის ადგილას სასწაულებრივად გაჩენილი 3-ვარსკვლავიანი კონიაკს ამბავს იკითხავდა ვინმე. საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ: მოკვდა და მოკვდა, ერთი მაგისიც. საზღვარი არ აქვს ადამიანის გულგრილობას. ნაგავსა და უიმედობაში მოარსებე ვირთაგვაც ამ გულგრილობას ემსხვერპლა. კარზე მიუკაკუნეს. ყურადღება არ მიუქცევია. აბაზანის კიდეზე ჩამოჯდა. მოგონებებს შეეპყრო: კვლავ ხედავდა ვირთაგვას ბედნიერებისგან დაელამებულ თვალებს. „მადლობა, ბიძიკო, მადლობა, შენ გაიხარე, შენ გაეზარდე დედაშენს... “-ბუტბუტებდა რელიგიურ ექსტაზში ჩავარდნილი მლოცველივით და ნაჩუქარ ბოთლს გამხმარ მკერდზე ისე იხუტებდა, გეგონება ეშინოდა წაართმევდნენ. „არაფრის, ბიძია, თქვენ უფრო გჭიდებათ,“-უთხრა და გზა განაგრძო. სახეზე ტრიუმფის ცივი ღიმილი დასთამაშებდა. მეორე დღეს მეზობელი ქალების წივილ-კივილმა და პოლიციისა და სასწრაფოს სირენების ერთიანმა ღმუილმა რომ გამოაღვიძა, არც გაჰკვირვებია. ფანჯარა მიხურა და კვლავ ძილს მისცა თავი. ან რატომ არ უნდა სძინებოდა? ვირთაგვასთვის არჩევნის უფლება არავის წაურთმევია- საკუთარი გააზრებული ქმედების შედეგად აღესრულა. აღესრულა კი არა ჩაძაღლდა, მაგრამ ამას ვინ უყურებს?ისევ ჩაეცინა. კარზე კაკუნი ბრახუნით შეიცვალა, რომელსაც თან გაბმული ზმუილი და გინებების კორიანტელი მოჰყვა. ხმაზე ანდრო ამოიცნო, რომელსაც გუშინ ტარტაროზასთან ერთად დაელია და დილაადრიან აშკარად შარდის ბუშტის სავსეობას წამოეგდო. წარმოიდგინა აწითლებული, საცვლის ამარა ფეხიდან ფეხზე როგორ გადადიოდა და გუნება უცებ გამოუკეთდა. წამოდგა, გრძელი ქერა თმა უკან გადაიწია, საკუთარ ანარეკლს მზერა უკანასკნელად გაუსწორა და სახელური გამოსწია. -ტაი, გამოეთრიე ეხლა, თორემ თავით მაგ...-ანდრომ მუქარა შუა წინადადებაში გაწყვიტა. აწეული მუშტი ჰაერში გაუკრთა. -აა, შენ იყავი? -მე ვიყავი.-დაუდასტურა, თან უჩუმრად შეათვალიერა: სმით დასიებული გაუპარსავი სიფათი, დაწინწკლული შორტების ქამრიდან გამობზეკილი ღიპი და ჩახსნილი პერანგიდან აჩეჩილი ბანჯგვლები. ანდრომ მისი მზერა იგრძნო, შეკრთა.-მერე ვერ თქვი, შეჩემა? კაცო, ღმერთი არა გწამს? ჩავიფსი.-შესცინა ყალბი ლაღი ტონით. გადამდებმა ქვედა ტუჩზე იკბინა. აიმრიზა, მაგრამ გარეგნულად არ შეიმჩნია. თავს გაღიმება აიძულა. „რა დებილივით იკრიჭები შე ნაბოზარო?“ -გეტყობა კარგად რომ იგრიალეთ გუშინ შენ და ტარტაროზამ.-თქვა.ანდრო გაფითრდა. -გითხრა უკვე? -მივხვდი. იმედია კანონის ფარგლებს არ გასცდენილხართ, ხომ იცი, პრობლემები არ მინდა აქ.-არა, როგორ გეკადრება!-შეიცხადა ანდრომ, მაგრამ მზერა აარიდა, გადამდებს ეს არ გამოპარებია.-ტყუილად გენდობი ხომ? -ხმაში სუსხი გამოურია. -დედას გეფიცები, არაფერი დაგვირღვევია!- ანდრომ თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო.-წინაზეც ასე ამბობდი. დაგავიწყდა, ლამაზო? მერედა ვინ იყო შუაღამისას პაკეტი პლანი რომ მოათრია და სფეის-ქეიქის გამოცხობა დააპირა? -მაშინ სხვა იყო. -აბლუყუნდა ანდრო. -პახოდუ მაგარი მთვრალი ვიყავი და მერე იმ აჩკიანმა ტიპმა საიდანღაც ანაშა გააჩინა...ნუ ხომ გესმის. მოწევას არც ვაპირებდი, პროსტა კაი რეცეპტი მითხრა და ტაის ხო შოკოლადზე მოზგი ეკეტება, ჰოდა...რა მოხდა ბოლოსდაბოლოს მთელი ამსტერდამი მაგას ჩალიჩობს და... -არ მაინტერესებს. -შეაწყვეტინა. -კიდევ ერთხელ ვნახავ პლანს სახლში და იცოდე ორივეს გაგაჯმეინებთ. გინდა ამსტერდამში წასულხართ და გინდა ჯანდაბაში ასეთი იდიოტები თუ ხართ. -მომისმინე...-არ მაინტერესებს-მეთქი.-საპირფარეშოს კარი ფართოდ გამოაღო.-ჰა, შედი ახლა.-მოწყალედ დართო ნება.-შენ გაიხარე! -ანდრო საპირფარეშოში შევარდა და კარი ისე მიაჯახუნა, ლოჯში მძინარე ტარტაროზას კი არა, მოსაზღვრე საბურთალოს სასაფლაოს მკვდრებსაც გააღვიძებდა. გადამდებმა თავი გადააქნია. საკიდზე ჩამოკიდებული ტყავის შავი ქურთუკისკენ წაიწია, მაგრამ მის დანახვისთანავე წუხელ ნანახი სიზმარი გაახსენდა......უზარმაზარი ბროლის ჭაღით განათებული დარბაზი ადამიანებითაა სავსე. ავეჯი კედლისაკენ გაუწევიათ და ოთახის შუაგულში მხოლოდ დიდი მაგიდაა დარჩენილი, რომელსაც გარს ხალხის მჭიდრო წრე აკრავს. თვალს არ აშორებენ ზედ მოცეკვავე აჩრდილს. სიზმარში თავადაც იქით მიიწევს, მუჯლუგუნებით გზას იკაფავს. გული გიჟივით უცემს. იცის როგორ არ იცის, რასაც დაინახავს, მაგრამ მაინც მიდის, ადამიანების ზღვაში იხრჩობა, ის კი მოსეს ბიბლიური ზღვასავით უცებ შუაზე იყოფა, იყოფა და ხედავს...როგორც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.მუსიკის რიტმში ირწევა ნეტარებისგან თვალებმინაბული. ყავისფერი თმა დაცვარულ შუბლზე ეკვრის და დაშვებული წამწამების ჩრდილი გავარდისფრებულ ლოყებზე ეფინება, ტუჩებზე უდარდელი ღიმილი დასთამაშებს. მაყურებელთა ჟინით წაქეზებული, ცეკვაშივე შავ, ტყავის ქურთუკს გაიხდის და განზე, პირდაპირ გადამდების ხელში, მოისვრის...ხელებში ჯერაც ტყავის სასიამოვნო სიმძიმესა და სითბოს გრძნობს, თვალწინ კი მოცეკვავე ვაჟის სილუეტი უდგას. ისიც, თითქოს იგრძნოო, მის მზერას იჭერს და მწვანე თვალები ეშმაკურად უბრწყინდება. ხელის აქნევით რაღაცას ანიშნებს და კვლავ განზე ტრიალდება. მაგიდის კიდესთან მდგომ ლამაზ წითელთმიან ქალიშვილს გამომწვევ ღიმილს ესვრის. მთელი დარბაზი მას მისჩერებია მონუსხულივით. ზოგი ტაშს უკრავს, სხვები წამოძახილებით ამხნევებენ. ერთიც, გადახოტრილთავიანი სვირინგებიანი ტიპი მკლავებს შლის და მისკენ მიემართება გადასახვევად, მას მეორე უერთდება, მეორეს მესამე...  ჭაღის სინათლეში რაღაც წამიერად იელვებს და მაშინვე ჩაქრება. გადამდები ქურთუკს ათვალიერებს, შემხმარი ღვინის ლაქას შეამჩნევს და მის მოწმენდას შეეცდება, მაგრამ ის გაქრობის ნაცვლად, უფრო და უფრო დიდდება, ალისფერი ხდება. დაზაფრული ამოიხედავს და ისევ იმ მწვანე თვალებს აწყდება: გაფითრებულ სახეზე ღიმილი შემზარავად შეჰყინებია, თეთრი პერანგიდან კი თქრიალით სისხლი ჩამოსდის... „მოდი და შემხედე.“სისხლის შხეფები ხელებზე ცრემლებივით ეცემა, წითელთმიანი გოგოს კივილი დარბაზს აყრუებს, ვაჟი კი კვლავ მხარგაშლილი დგას და მას გაშეშებულ, სისხლჩამგდარ თვალებს არ აცილებს. „მოდი და მნახე“... ტორტმანდება, წონასწორობას კარგავს, წუთიც და...გადამდებს დაცემამდე ეღვიძება.ქურთუკს ხელი უშვა და საკიდიდან ტარტაროზას საყვარელი პალტო ჩამოხსნა. არაუშავს, არაფერი დააკლდება მაგ პიჟონს. გარეთ გავიდა.კვირა დღე თენდებოდა და ეზოში ადამიანის ჭაჭანება არ იყო. სადარბაზოსთან მარტო მეზობლის ნაგაზი დაუხვდა- ყეფით მიესალმა, ერთი-ორჯერ კუდი დაუქიცინა და მეზობელი მაკრინეს ყვავილებში მოსასაქმებლად გაიჭრა. გადამდებმა თვალი სევდიანად გააყოლა. საღამოს ეზოს კვლავ მაკრინეს ყვირილი, ნაგაზის საწყალობრივი ყმუილი და მისი პატრონის საპასუხო ლანძღვა-გინება შეძრავდა. აწ უკვე ტრადიციად ქცეული „მიხედე მაგ შენს უჯიშო ძაღლს სანამ პატრული გამომიძახია!“ და „ენა ჩაიგდე, ქალო, უჯიშო შენ თვითონ ხარ!“, გაღიზიანების მეტს არაფერს იწვევდა. ოპერამ თავისი თავშესაქცეობა კარგა ხანია დაკარგა.ძაღლს სუფთა სისხლის ნაგაზობისა მართლაც ცოტა რამ ეტყობოდა, რაც ,სავარაუდოდ, მისი პატრონის გულგრილობის მიზეზი უნდა ყოფილიყო, თუმცა ცხოველი რა შუაში იყო? მიუსაფარივით ზამთარ-ზაფხულ ეზოში დაწანწალებდა და ანდროს მოწყალე გული რომ არა, დიდი ხანია შიმშილით მოკვდებოდა. -საჭმელსაც კი არ უყრის ეგ პიდარასტი. -ბუზღუნებდა და ძაღლს ბეწვიდან გამხმარ ფოთლებს აცლიდა. –ჭამით არ აჭმევს, დაბანით არ აბანავებს, მოფერებაზე ხომ ვაბშე აღარ ვამბობ. აი, რა ჩემს ფეხებად უნდოდა?გადამდებმა მაჯის საათზე დაიხედა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. ამ დილაადრიან რა უნდა ეკეთებინა? ხელი მექნიკურად პალტოს ჯიბისკენ წაიღო სადაც დაკუჭულ ოცლარიანთან ერთად, ზიპოს სანთებელა და სასწაულით შემორჩენილი „კენტის“ ორი ღერი აღმოაჩინა.ძალიან კარგი.სიგარეტს მოუკიდა, ნაფაზი დაარტყა და განზე მოისროლა. დამოკიდებულება სისუსტე იყო, სისუსტეებს კი არავის პატიობდა, ყველაზე ნაკლებად- საკუთარ თავს. საკუთარ თავს ვერც ის სიზმარი აპატია.***რუსთაველზე თერთმეტი საათისთვის ჩავიდა. ქუჩას ჩაფიქრებული მიუყვებოდა და ნაბიჯებს ყურსასმენებში მოლივლივე მუსიკას უწყობდა. მანამდე ანდროსთვის დაერეკა და გუშინდელი ამბების მისი ენაბორძიკი მონაყოლის მერე გუნება კიდევ უფრო წაუხდა. ‘ჯანდაბამდისაც გზა გქონიათ ყველას’-ერთი კი გაიფიქრა და შუა თავის მართლებაში გაუთიშა ზარი. უკვე შეეჩვია ადამიანთა უმეტესობა იდიოტები რომ იყვნენ, მაგრამ ზოგჯერ ამ იდიოტობის უსაზღვრობის მაინც უკვირდა. ნამდვილ იდიოტებს ისევ გამოგონილები ერჩივნა.34-ე ნომრის თაღი გამოიარა, მაღაზიაში შეაბიჯა, მოლარე გოგონას ხმადაბლა მიესალმა და იგრძნო ტანში ნაცნობმა სითბომ როგორ დაუარა. ნესტოებში ახლადდაფქული ყავისა და ქაღალდის მოტკბო სურნელი ეცა და სიამოვნებისგან გაიტრუნა. ახალი წიგნებისკენ არც გაუხედავს-ჯიბეში ოცი ლარის მეტი არ ჰქონდა -„16 ლარის“, შეუსწორა თავს. 4 გზად სენდვიჩში დაეხარჯა და ამ საქციელს უკვე ნანობდა- პირდაპირ Used Books-ის აბრით მონიშნული თაროებისკენ გაეშურა. არჩევანს გულგრილად გადახედა. დიდი არაფერი.იაფფასიანი ფანტასტიკისა თუ ფენტეზის ნიმუშები გვერდს დაფლეთილ დეტექტივებს, ერთჯერადად წასაკითხ თრილერებსა და ჯაშუშურ რომანებს უმშვენებდა. ისეთებს, უცხო ქვეყნის აეროპორტში რეისის წინ იმპულსიურად რომ იყიდი, თვითმფრინავსა ან სასტუმროს ნომერში რამდენიმე საათში ჩაამთავრებ, შემდეგ ჩემოდანში შეაგდებ და დაივიწყებ კიდეც სანამ სახლში მშვიდობით დაბრუნებულს ბარგის ამოლაგებისას ხელში ე.წ „მასმარკეტის“ გაღუნული კიდე არ მოგხვდება. ასეთი წიგნები ცხოვრებას საუკეთესო შემთხვევებში მივიწყებულ თაროზე, უარესში კი ნაგავსაყრელზე ან, ცივილიზებულ ქვეყანაში, მაკულატურის გადამამუშავებელ ქარხანაში დაასრულებენ და ვირთაგვასი არ იყოს, დამტირებელი არც ამათ ეყოლებათ.დამტირებელი. წიგნებს. ისევ წიგნებს ჩაუყვა. არჩევანი მრავალფეროვნებით ვერ დაიკვეხნიდა: რამდენიმე იერდაკარგული სასიყვარულო რომანი, რომელთა ლაპლაპა ყდებზე მონებივრე ფაშფაშაკაბიან მანდილოსნებსა და მკერდაგადაღეღილ მამაკაცებს მტვერი დასდებოდათ... გასულ წლებში პოპულარული თინეიჯერული სერიის ნაკლული ტომები, რომლებიც ვინმე მოზარდობის ასაკიდან ახლადგამოსულ პატრონს მიეტანა... კლასიკის ადაპტირებული ვერსიები... იქვე ფსიქოლოგიის და ნოუ ჰაუ ბესტსელერები მყვირალა სათაურებით სინამდვილეში მხოლოდ თავიანთ ავტორებს რომ ამდიდრებენ, თუმცაღა გულუბრყვილო მკითხველს უდიეტოდ გახდომას, ჩინური გრამატიკის უცაბედ დაუფლებას, სწრაფ გამდიდრებასა და რამე სხვა მსგავს სასწაულს პირდებიან, საბოლოოდ კი კვლავაც მეორად წიგნებში ადენენ ტყაპანს. რეკლამური ინტერვიუებისა და ეგზალტირებული ინსტაგრამ-ბლოგერების პოსტების მიღმა არასოდეს ენახა წიგნს ადამიანს ცხოვრება მართლა შეეცვალა. ზედა თაროს კუთხეში ე.ლ ჯეიმზის „50 ელფერი გრეი“ შენიშნა და სიცილი ვერ შეიკავა. რამდენჯერაც არ უნდა მისულიყო, იმდენჯერ ამ წიგნის ეგზემპლიარს გადააწყდებოდა. თამაშად ექცია უკვე მისი გამოძებნა: წინაზე დამახსოვრებული წიგნი შემდეგი სტუმრობისას აღარ ხვდებოდა, თუმცა მის ადგილს უმალ სხვა იკავებდა. ზედაპირი: პრიალა თუ გლუვი, მდგომარეობა: გადაუშლელი თუ სახედაკარგული, მაგარ თუ რბილ ყდაში ჩასმული ანდა საერთოდაც უყდო „50 ელფერი“ მაღაზიის მუდმივი მკვიდრის სტატუსს ინარჩუნებდა: ყიდულობდნენ და უკან მოჰქონდათ, უკან მოჰქონდათ და ყიდულობდენ ისევ და ამ მეცნიერებით აუხსნელ წრებრუნვას ღობე-საზღვარი არ უჩანდა. თავად არ წაუკითხავს. არც აპირებდა.თვალი მის გვერდით შეყუჟულმა მცირე ტომმა მოსტაცა. თხელ ყდაზე გამოსახული ყორნის სილუეტს გახუნებული ვერცხლის ასოებით ამოტვიფრული Edgar Allan Poe: Selected Poems ჰორიზონტალურად კვეთდა- „ედგარ ალან პო: რჩეული პოემები“. ფასს დახედა, მოეწონა. წიგნი ხელისგულზე დაიდო, გადაშალა და გაღიზიანება დაეუფლა- სატიტულო გვერდზე შავი კალმით რაღაც მიეჯღაპნათ. ის-ის იყო უნდა დაეხურა და თაროზე დაებრუნებინა, რომ ფურცლის კიდეში მიწერილმა ფრაზამ შეაყოვნა:‘დღისით არ დაგწვავს მზე და წყვდიადში არაფერს გავნებს მთვარე... შესვლიდან გამოსვლამდე, უკუნით უკუნისამდე, მარადიულად.’ სიყვარულით, ჰ.შეცბუნებულმა გადაიკითხა...შემდგომ კიდევ და კიდევ. სარჩევის ქვეშ იდუმალ ‘ჰ’-ს საკუთარი ელფოსტის მისამართიც დაეტოვებინა: CarpeNoctem13@mail.com„ჯეკპოტი“-გაახსენდა ტარტაროზას საყვარელი წამოძახილი და საამური მოლოდინისგან გასცრა. ნუთუ...კეფაზე მოლარე გოგონას მზერა იგრძნო და უცებ გამოერკვა. წიგნი დახლზე დაუდო, ტკბილად გაუღიმა და თავი მოაჩვენა თითქოს საპასუხო კეკლუცური ღიმილი, აწითლებული ლოყები და შეღებილი წამწამების ქვეშიდან ნასროლი მზერა არც შეუმჩნევია. მაღაზიიდან გასვლისას გოგონას თვალებში გამოკრთული იმედგაცრუების დანახვამაც კი ჩვეული კმაყოფილება არ მიანიჭა-უფრო საინტერესო საქმე გამოუჩნდა. დარჩენილი ათლარიანი მოსინჯა. სადილზე თავისუფლად ეყოფოდა და აი ხვალ რას იზამდა, უკვე საკითხავი იყო... ან ტარტაროზას რაღას ეტყოდა, თუმცა ასეთ წვრილმანებზე ფიქრით თავს ნაკლებად იწუხებდა.პირველივე სკამზე მოიკალათა და სარჩევს ჩაუყვა, მაგრამ ლექსების სათაურები მისი ყურადღების მიღმა რჩებოდა. მზერა ისევ წარწერისკენ გაურბოდა. ტალღებივით უსწორმასწორო ასოები თვალებს უწვავდა. ასეთი ხელწერა მსოფლიოში ერთადერთ ადამიანს ჰქონდა. ადამიანს, რომელიც ასე უაზროდ დაკარგა და რომლის მეილიც ახლა ხელში ეჭირა. -Carpe Noctem-ლათინური სიტყვები ენაზე მოსინჯა და უმალვე თარგმნა. -დაიჭირე ღამე. რა იგულისხმა ამ მოწოდებაში? ან რატომ აირჩია საკუთარი ელფოსტის მისამართად? უპასუხო კითხვებზე პასუხების მოძიებას ცხოვრებაში ცოტა რამ თუ ერჩივნა. ***ბინაში მისულმა ლუდის ცარიელი ბოთლების გარემოცვაში ტელევიზორის წინ წამოსკუპებული ანდრო იხილა, რომელიც მის შემოსვლაზე დაზაფრული ქათამივით წამოეფეთა. ეტყობოდა არ მოელოდა ასე ადრე თუ დაბრუნდებოდა და შეშფოთებული ხან მას უყურებდა, ხანაც ეკრანზე მწვანედ მობიბინე მინდორს. ტარტაროზა არსად ჩანდა.‘ოჯახთან იქნება გასული’ -გაიფიქრა და რაღაც სინანულისმაგვარმა გაწიწკნა. დედისათვის ბოლოს როდის დაერეკა აღარც ახსოვდა.„დეგენერატი ხარ“-ჩვეული პირდაპირობით ეტყოდა ქრისტი. შეიძლება მართალიც იქნებოდა, თუმცა მაგას ვინ კითხავდა? კი მოენატრა მაინც... ანდროს ირიბად გახედა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს პერიოდულად შავ-თეთრი ბურთის მხურვალე სიყვარული, დროშების ფრიალი და გულშემატკივრების ბღავილი იპყრობდა, ამ ციებ-ცხელებას არც თავად ემონებოდა და ისიც იცოდა ტარტაროზასი არ იყოს, ფეხბურთი ანდროსაც მაგრად რომ ეკიდა ფსონი თუ არ ჰქონდა დადებული. სხვა დროს ამისათვის კარგად შერისხავდა კიდეც, მაგრამ გადაწყვიტა ამ ერთხელ გაეტარებინა. -რამდენი დადე?-ხუთი ლარი. -ყურებამდე გაწითლდა ანდრო. -მარა ტაის კიდევ ათზე დავენიძლავე. -გასაგებია. -ამაღამ ანდროს ვალების გრძელ სიას კიდევ ერთი პუნქტი დაემატებოდა, მისთვის წინასწარ გუნების გაფუჭებას აზრი არ ჰქონდა.-იმედია ამჯერად მაინც მოიგებენ.-ესღა თქვა და საძინებლისაკენ გაემართა.-ლუდი ხომ არ გინდა?-დაეწია მარტივად გადარჩენის სიხარულით შემტკბარი ხმა. კარი პასუხგაუცემლად მიაჯახუნა და ლოგინზე დაემხო. ბინდდებოდა. მთელი დღის ხეტიალითა და აღტაცებით არქათგამოცლილს უცნაური რული მორეოდა. დაიძინებდა კიდეც, მაგრამ მანამდე...ხელი საწოლის ქვეშ შეყო და კომპიუტერის ჩანთა ამოაძვრინა. შესაკრავზე მიმაგრებული ბოქლომი მოსინჯა. უკვე წარმოიდგინა ლეპტოპის კლავიატურაზე ათამაშებული საკუთარი თითების ქვეშ დაბადებული და მიზნისკენ ისრებივით გამოტყორცნილი სიტყვები. იმედია წაიკითხავს. უნდა წაიკითხოს. მეტიც, უნდა უპასუხოს.საბანზე ჩამოდებულ პოს კრებულს ხელი ნაზად გადაუსვა. Carpe Diem, მოწყვიტე დღე. დღის მოწყვეტა რაში აინტერესებდა, ღამეს გამოუდგა დასაჭერად.„შესვლიდან გამოსვლამდე, უკუნით უკუნისამდე. მარადიულად“-ამინ.-მექანიკურად დაამატა გუნებაში და თვალები დახუჭა.   თავი 2: ძველი კლასელების შეკრებაასეთი უჟმური ამინდი ბოლოს როდის იყო აღარც ახსოვდა. წვიმდა რომელია, ცას პირი გაეხსნა და თბილისის თავზე ჭექა-ქუხილად მაინცდამაინც ორშაბათს დაღვრილიყო. თავსხმას გრიგალიც მოჰყვა, რომლის ყმუილს მაღლივის ისედაც გაყინულ დერეფნებში საზარელი ექო გაუდიოდა. სტატისტიკის შუალედური რომ არა, ასი წელი მომსვლელი არ იყო აქ.აუდიტორიიდან პირველი გამოვიდა და პირდაპირ გასასვლელისაკენ დაიძრა, თუმცა მხოლოდ ორიოდე ნაბიჯის გადადგმა მოესწრო, როდესაც ზურგს უკან ნაცნობი ღრიალი მოესმა. -ვაა, კაკიე ლიუდი! -მხარზე უზარმაზარი ტორი დააწვა.-ალბინოსას სალამი!სკოლის მყრალ ტუალეტში ჩაკეტილის, უკანა ეზოში ნაცემის სიმწრის ცრემლებში ჩამარხული, დაფხრეწილი რვეულების ფურცლებზე შანთით ამომწვარი მეტსახელი... და თითქოს იატაკიდან ამოზრდილი ანდრო ლომიძე რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ერთ უნივერსიტეტში სწავლობდნენ, საუკუნეა აღარ ენახა. -რამდენჯერ გითხარი ალბინოსას ნუ მეძახი-მეთქი!-გამოსცრა კბილებში და ტორი მხრებიდან ჩამოიგდო. -რატომ, არ ხარ თუ? -ცალყბად გაუღიმა ანდრომ. -თუ ბროლია გირჩევნია?ესეც მეორე ფლეშბეკი. გვარადაც ხომ განგების ნებით ბროლაშვილი უნდა ყოფილიყო.-ლაზარე მქვია მე! -ე ბიჭო, თორმეტი წელი სულ ალბინოსას გეძახდით და ახლა გაგიხდა პრობლემა? -ვითომ გაუკვირდა ანდროს. მათი უკანასკნელი შეხვედრიდან საერთოდ არ შეცვლილიყო. იგივე დაჯაგრული მრგვალი სახე არაპროპორციულად გრძელი წვრილი ცხვირით, მოჭუტული მოცინარი თვალები და მოკლედ შეკრეჭილ ქოჩორზე ჩამოფხატული განუყოფელი კეპი. ერთი რა, ოდნავ ღიპი დაედო, თორემ სხვა მხრივ ისევ იგივე ანდრო იყო. თავს მოატყუებდა თუკი იტყოდა მისი ნახვა ოდნავ მაინც რომ არ გაუხარდა, თუმცა ეცადა სახეზე არაფერი გამოესახა. -ჰო კაი, ნუ გამებუტე ეხლა.-პასუხი რომ არ მიიღო, მომრიგებლური ტონი შეითვისა ანდრომ. -საქმე მაქვს შენთან.-ფულს არ გასესხებ. –მიახალა ლაზარემ. -ფულს ტარტაროზა მასესხებს. -გაიკრიჭა ანდრო. წინა კბილებს შორის ღარში მწვანილის ნაწილი მოუჩანდა. -შენ ის მითხარი, დიაკვანის ახალი ნომერი თუ გაქვს სადმე.რაო, რა მინდაო? -ვისი ნომერი? -ჰკითხა სულელივით. მოესმა ალბათ, თორემ...-ბექასი, ბიჭო, დიაკონიძის. ნუ გამოიდებილე ახლა მთლად თავი. -გაუწყრა ანდრო. -ერთი კვირაა ფეისბუკზე ვწერ და არ მპასუხობს. ნომერი მინდა მაგისი. გეცოდინება შენ და მომე ძმურად.ლაზარე გაშრა.-იმან დაგაბარა? -ისღა ამოღერღა. ამქვეყნად სასწაულები არსებობდა? -არა.- ანდრომ თავი ჩაღუნა და თავის შელახულ კედებს დაუწყო თვალიერება. -არ იცის მაგან და შენც არ უთხრა თუ ნახავ, თორემ ხო იცი, ისე გაატრაკებს მერე, სულ თავიდან დაიწყება ყველაფერი.-აბა რად გინდა მაშინ?-ვაა არ მომიწყო ამ შუა დერეფანში დაკითხვა? რა გინდოდა შეჩემა ბიზნესზე, იურიდიულზე ჩაგებარებინა დიაკვანივით, პროკურორი იქნებოდი ახლა.არ მოესმა.-გეყო მაიმუნობა. -ლაზარემ მიმოიხედა. კედელთან ატუზული თანაკურსელები მათ დიალოგს ინტერესით აკვიდებოდნენ. -ხუმრობაც აღარ შეიძლება, პროკურორო? -ნაწყენი გამომეტყველება მიიღო ანდრომ. -საქმე მაქვს-თქო გითხარი და პირის გაღებასაც არ მაცლი.ლაზარემ ამოიოხრა. მიხვდა, რომ ასე მარტივად ვეღარ მოიშორებდა. -კარგი. -ეს ხალხიც რას უყურებდა რომ უყურებდა, სხვა თავშესაქცევი არ ჰქონდათ? -გისმენ.-რადიო კი არა ვარ, ბიჭო, რომ მისმინო. -ხშირი წარბები შეკრა ანდრომ. -წამო დავსხდეთ სადმე, დავილაპარაკოთ. ხომ გცალია ახლა? ‘არა’ უნდოდა ეთქვა ლაზარეს, მაგრამ რაღაცნაირად თავისდაუნებურად თავი დაუქნია მცალიაო.-ყავაზე გავიდეთ.-შესთავაზა. გონებაში ჯერაც წვალებით დაზუთხული ფორმულები უტრიალებდა და მათ ერთ ფინჯან ყავაში თუ არ ჩაახრჩობდა, ანდროსთან კონსტრუქციული დიალოგის ძალა ნამდვილად არ ექნებოდა, არადა, ცნობისმოყვარეობა კლავდა. ამდენი ხნის განმავლობაში კარგი ისტორიის სუნი პირველად ეცა.***-კაროჩე -დაიწყო ანდრომ, შენობას რომ გასცდნენ და უნივერსიტეტის ქუჩას გაუყვნენ. -სულ გააფრინა მაგან. -რამე ახალი მითხარი. -ჩაიბურტყუნა ლაზარემ და კაპიუშონი მოიხურა, თუმცა ქარმა მალევე ჩამოგლიჯა, ცივი შხეფები სახეში შეაგება და თმა გვარიანად გაუჩეჩა. წუთებში გაილუმპნენ, მაგრამ ჭეშმარიტი ქართველი მამაკაცებივით ქოლგის დაჭერა არც ერთმა იკადრა და არც მეორემ. ლაზარეს კი ჰქონდა ზურგჩანთის ფსკერზე წინდახედულად მოთავსებული, მაგრამ ანდროსთან მოერიდა რაღაცნაირად. რომც გაეშალა რა ხეირი-დაიმშვიდა თავი- ქარი უმალვე ხელიდან გამოსტაცებდა. ‘ესეც რა იდიოტიზმია’-გაიფიქრა თავისთვის და გამვლელებს თვალი შეავლო. ქოლგები მარტო მანდილოსნებს ეკავათ, მამაკაცები კი იმანჭებოდნენ, გამჭოლი ქარისგან დასაცავად პალტოებსა და ქურთუკებს უფრო მჭიდროდ იხურავდნენ და მაინც ამაყად სველდებოდნენ. აუხსნელი ფენომენი იყო.ანდროც ამ ქარიშხალსა და თავსხმაში ისე უდარდელად მოაბიჯებდა, გეგონება ვაკის პარკში სასეირნოდ გამოსულიყო. კეპიდან წყალი წურწურით ჩამოსდიოდა, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ტლაპოებს მარდად უვლიდა გვერდს და ცხოვრებით სავსებით კმაყოფილი ჩანდა. ლაზარე ფეხდაფეხ მიჰყვა.-მაინც რა მოხდა? -ვეღარ მოითმინა.-ამინდის დედაც! -პასუხის ნაცვლად შეუკურთხა ანდრომ. ტალახში ამოსვრილი კედები ამრეზით შეათვალიერა. -რა გარეცხავს ახლა ამას... მითხარი რამე? ისეთი თქარათქური იდგა, ერთმანეთის ხმას ძლივს იგებდნენ.-რა მოხდა-მეთქი, გკითხე.-გეჩქარება სადმე?-მოულოდნელად უხეშად უპასუხა იმან. -ლაპარაკი შენ გინდოდა და... -შეცბუნდა ლაზარე.-სიარულისას სერიოზული ბაზარი არ მიყვარს. -მოუჭრა ანდრომ. -ადგილზე გეტყვი ყველაფერს. ტარტაროზამაც ამოვალო. ეხლა მორჩა გერმანულს.ტარტაროზას ხსენებაზე ლაზარეს უნებლიე ღიმილი მოერია.-რა ხდება, ძველი კლასელების შეკრება გვაქვს? -გადასძახა. -მაგისთვის მარტო ყავა არ გვეყოფოდა. -თავი გადააქნია ანდრომ. -არა, ამჯერად ჩვენ სამნი ვიქნებით მხოლოდ. ჰა, მოვედით. „ლუკა პოლარეს“ შესასვლელთან უსაშველოდ მსუქანი, ბებერი ძაღლი გაშოტილიყო. ახალმოსულებს რძისფერი უსინათლო თვალები მიაპყრო. -ვაა, სალვადორ, შე ძველო. -ანდრო დაიხარა და ვეებერთელა თავზე ხელი გადაუსვა. -ნახე, ჯერ ცოცხალია ესა. კი დაბრმავდა, მარა... რავა გასიებულხარ, ბიჭო, რას გაჭმევენ ამისთანას, ჰა?„არ ვიციო“ კუდი ზანტად გაიქნია ძაღლმა. ანდროს ხელი აულოკა, დრუნჩი ისევ თათებში ჩამალა და თვლემა გააგრძელა. კაფეში სანატრელ სითბოსთან ერთად ყავის და ნამცხვრის სასიამოვნო სუნი დაუხვდათ. -ერთი ლატე, ერთი ორმაგი ესპრესო, ერთი ამერიკანო და ერთიც კარამელის ნაყინი. -სხაპასხუპით შეუკვეთა ანდრომ და ლაზარეს განცვიფრებულ გამომეტყველებაზე თვალები აატრიალა.-ხედავ? ამდენი წელი გიცნობ, შენი საყვარელი ყავა კი არა, მაროჟნიც კი მახსოვს. დაჯექი ეხლა, გპატიჟობ. მაინც ტარტაროზას ფულებია. -რაღაცნაირად უგემურად იხუმრა და კუთხეში მდგომ მაგიდასთან მოკალათდა. ლაზარე მომლოდინედ მიაჩერდა.‘ერთ წუთს მაცალე,’ ანიშნა იმან. -სად ხარ, კაცო, არ მოდიხარ? -ჩასძახა ტელეფონს. -ყავა შეგიკვეთეთ.-მერე ცარიელი ყავის მეტი ვერაფერი გამოიმეტეთ ჩემთვის? -გაისმა უსაშველოდ ახლოდან. კარებში ტარიელ ტარტარაშვილის სეზონისათვის შეუფერებლად გარუჯული, მუგუზალივით ფიზიონომია გამოჩნდა. პრიალა ფეხსაცმელსა და ახალთახალ პალტოზე წვიმის ერთი წვეთიც არ ემჩნეოდა. ტელეფონიან მკლავზე ქათქათა თეთრი ხალათი გადაეკიდა, მეორე ხელში კი უშველებელი დაკეცილი ქოლგა მოექცია. -მოვიდა პიჟონი. -ჩაიბუტბუტა ანდრომ. ლაზარეს რატომღაც ხმამაღლა გაეცინა. -გამარჯობა, ალბინოსა. –გაუღიმა ტარტაროზამ და მის გადასახვევად გაიწია. ძვირიანი ოდეკოლონის, სიგარეტის და რომელიღაც წამლის სუნი დაჰყვა. -ნუ ეძახი ეგრე, აღარ მოსწონს ლაზოს, აწი პროკურორს ვეძახით. -ამცნო ანდრომ.-მაგარი კომბინაცია კი იყავით, ალბინოსა და ტარტაროზა. -ჩაიხითხითა.ლაზარემ თავადაც იცოდა რა კონტრასტული შესახედაობისა იყვნენ. ლათინოამერიკული სერიალების გმირივით შავტუხა და შავთვალება ტანადი ტარტაროზას გვერდით, თვითონ შეუხედავი და უფერული ჩანდა. ულამაზოდ გამხდარი, გამჭვირვალე თვალებითა და ნიკაპამდე უსიცოცხლოდ ჩამოშლილი, ფერისგან დაცლილი თმით. სწორედ ამ უფერულობამ მოუშხამა ბავშვობა. ნამდვილი ალბინოსი არ იყო, მაგრამ სკოლაში ასეთად შერაცხეს და სრულფასოვანი ტერორიც მოუწყეს. პუტკუნა დონდლო ანდრო ლომიძის გარდა მეგობარი არ ჰყავდა, ყოველ შემთხვევაში, იმ წუთამდე სანამ კლასში ახლადგადმოსულმა ტარიელ ტარტარაშვილმა მისი ქომაგობა არ იკისრა. იმავე წელს ჩასკვნილი ანდრო სიმაღლეში უცებ აიჭრა და ისეთი კუნთები დააჩნდა, ყველა მცირეწლოვან ტერორისტს სკოლის შენობის უკან უმოწყალოდ დასტეხა ცხვირები. ისინიც მოეშვნენ... სხვა რა უნდა ექნათ. -თუ ძმა ხარ, ორი სენდვიჩი ამიღე. - ტარტაროზა ანდროს მიუბრუნდა. -დილიდან უჭმელი ვარ.-ერთი არ გეყოფა ვითომ? -ძმაკაცს ეჭვის თვალით შეხედა ანდრომ.-შენ რა, მაინც ჩემი ფულია. -მშვიდად თქვა ტარტაროზამ. საგულდაგულოდ დაკეცილი ხალათი საზურგეზე დაკიდა და სკამი გამოსწია. რამდენიმე წუთში ანდროც შემოუერთდათ.-აჰა, ხეთქეთ! -სენდვიჩებიანი თეფში მაგიდაზე ენერგიულად დააბრეხვა. -სამი ლორი, ერთი ყველი.-აგაშენა ღმერთმა! -დალოცა ტარტაროზამ. თეფში ლაზარეს გამოუწოდა. იმან უარი დააპირა, მაგრამ ორივემ ისე შეხედა, ხმა ჩაიგდო და ყველიან სენდვიჩს დასწვდა. სხეულში სითბო ჩაეღვარა-ესეც კი ახსოვდათ მის....ამხანაგებს? კლასელებს? მეგობრებს? -რას შვრებით აბა? -იმ წუთას თავად ვერ ხვდებოდა ოდესღაც ასე ახლობლებს როგორ გაუუცხოვდა. -რომ არ გამქრალიყავი მაშინ, გეცოდინებოდა. -ჭრილობაზე მარილი მოაყარა ანდრომ. -ვართ რა, პაწიხონკუ. მე პერაჟკებს ვაცხობ და სამი საგანი მეტენება, ამან კი, დეგენერატმა ამან -ხელი ტარტაროზასკენ გაიშვირა, რომელიც ყბებს აქტიურად ამუშავებდა. -ისევ სტიპენდია აიღო და სულ სიგარეტებში ფლანგავს. -თვის ბოლოს დავანებებ. -წინა თვეშიც იმავეს ამბობდი და მაგის წინათაც. -მართლა დავანებებ.-მაშინაც იგივე თქვი, მერე შედეგი? ექიმი მაინც არ იყო შეჩემა.-ჯერ არ ვარ.- გაიღიმა ტარტაროზამ. -მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. სამედიცინოზე ხომ სწავლობ. -კაი ნუ გადამეკიდე ახლა მართლა. ჩემი გაჭირვებაც მყოფნის. -ჩვენი გაჭირვება. -შეუსწორა ანდრომ. ერთმანეთს პირქუშად გადახედეს.-რას შვრება? -ფრთხილად შემოაპარა ლაზარემ. უკვე მიხვდა საუბარი ვის უნდა შეხებოდა. -როგორ გითხრა. -რაღაცნაირი სარკაზმით დაიწყო ანდრომ. –სუნთქავს, ჭამს, შიგდაშიგ სძინავს და ტუალეტში დადის. ერთი სიტყვით, არსებობს. პრობლემაც ეგაა.-ირგვლივ ყველაფერს წამლავს. -სიტყვა ჩამოართვა ტარტაროზამ. -ყველა სძულს, ყველას ზემოდან უყურებს, ყველასგან რაღაცას ითხოვს, თავად კი არავინ ადარდებს, არავის ემეგობრება, არც უყვარს არავინ...-ის ქალი რომ ჰყავს? -შეაწყვეტინა ანდრომ. -სიყვარულია მერე ეს? -კითხვა შეუბრუნა ტარტაროზამ. -მართლა აუტანელი გახდა. -გააგრძელა. –ვინც უახლოვდება, ყველას ყელს გამოსჭრის, გაანდაგურებს. რასაც უნდა, სულ მუქთად რომ აძლევდნენ მაინც წაართმევს, გატანჯავს, სხვისი ტკივილით დატკბება და მერე დაწყნარდება... მორიგ მსხვერპლამდე. -დაამატა ცოტა ხნის ფიქრის მერე.-გაბრიელს გულისხმობ? -გაუკვირდა ლაზარეს. დიდად გულზე არ ეხატებოდა, მაგრამ ასეთ ფსიქოპათად მაინც ვერ წარმოედგინა.ტარტაროზამ თავი დაუქნია. -ჯერ ვიფიქრეთ, რომ იმ ამბის გამოძახილია, ბოლოსდაბოლოს რამხელა ტრაგედია იყო. თან დიაკვანთან რომ იჩხუბა, ძალიან დაეტყო. უკუსვლაზე ესეც დაემატა, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ... დიაკვანი. დღეში მესამედ ესმოდა მისი ხსენება. ნეტა ის რა შუაშიაო გაიფიქრა და ისევ სმენად იქცა.  -ეგ კარგი, ადამიანურადაც ხომ გაატრაკა მართლა საქმე. -ჩაერთო ანდრო. -მშვიდად რომაა კიდევ აიტანს კაცი, მაგრამ როცა დაუვლის, ყველას დარხეული გვაქვს იმენა. წრიალებს, გიჟივით იყურება და ვინმეს ეძებს სისხლი რომ გამოსწოვოს. იმისავით, რა ჰქვია მაგათ...ზომბი?-ვამპირი. -მექანიკურად გაუსწორა ლაზარემ. ვერაფრით მიმხვდარიყო რა ხდებოდა. -გაბრიელ ელიაშვილზე ამბობთ მაგას? -ყოველი შემთხვევისთვის შეეკითხა კიდევ ერთხელ და მათი სერიოზული სახეები რომ დაინახა, თვალები აქაჩა. -დამცინით ახლა?-ჩვენი დასაცინი რა გჭირს, ისე მოხიე, სანამ კუბო-ვენოკის ამბავი არ დატრიალდებოდა, ასი წელი არ გაგახსენდებოდით არცერთი. –გესლიანად უთხრა ანდრომ. ლაზარემ მის თვალებში საყვედურთან ერთად წყენაც ამოიკითხა.-არ მეცალა. -იგრძნო, საკუთარი ნათქვამის სისულელეზე ყურები როგორ შეეფაკლა. უხერხულობის დასაფარველად, მანამდე ხელუხლებელი ამერიკანო გადაკრა და ხველება აუტყდა.-უშაქროა, ბიჭო. -წამოვარდა ანდრო. ტარტაროზამ ზურგზე ხელი დაუტყაპუნა და საკუთარი ესპრესო უგემურად მოსვა.-სულს მივცემდი ახლა ჰელენას ყავისთვის. -ინატრა თავისთვის. -გახსოვთ, სასტავ?-მილიონი დოლარი ინატრე. უფრო რეალურია. -დაარიგა ანდრომ. -ან გაბოს ჭკუაზე მოსვლა კიდევ. რომ გამომიხტა გუშინ დილაადრიან, ლამის ჩავიფსი. ცვეტში მეგონა მომკლავდა ისეთი ვიდი ჰქონდა- -მეღადავებით? -ხველებისგან თვალზე მომდგარი ცრემლი შეიმშრალა ლაზარემ. -რეებს მელაპარაკებით, გაგიჟდით სუყველა? -მაროჟნი დააყოლე სანამ დადნა, გაგაგრილებს. –მედიკოსის ტონით უთხრა ანდრომ. ლაზარემ კბილები დააღრჭიალა. ერთი დღისთვის საკმარისი სისულელეები მოესმინა.-რა მანიაკურ ზღაპრებს მიყვებით, მეტი საქმე არ გაქვთ? -შეუტია. -ამისთვის მომათრიეთ აქ?-ზღაპარი არაა, ლაზო, რეალობაა. ჯეკპოტი, ოღონდ პირიქით. -ამოიოხრა ტარტაროზამ და მანჟეტიდან ნამცეცები ჩამოიფერთხა. -ეგებ შენც დაგვეხმარო რამით.-მე რითი უნდა დაგეხმაროთ? -გაღიზიანებისგან ხმა დაეჩეხა. -თუ გაბრიელზე მეკითხებით, ტიპს კარგი ფსიქიატრი სჭირდება.-ეგ უშენოდ ვიცით. -ჩაიფრუტუნა ანდრომ. -აი იმასაც თუ შეაგნებინებ, მაშინ საღოლ შენ.-...და საერთოდ რა თქვენი საქმეა თავს რომ ევლებით? -აბა ჩვენ მეტი არავინ ჰყავს იმ საწყალს მშველელი. -ხელები გაასავსავა ანდრომ. -ყველას ეჩხუბა. -დედა ტერეზობა მოგენატრა? -ვერ შეიკავა თავი ლაზარემ. რაც ანდრო ახსოვდა, ყველა უპატრონო და მახინჯ ძაღლს სახლში მოათრევდა, დედამისის გულის გასახარად. -მანამდე მგონი ოთხფეხებით შემოიფარგლებოდი.-უყურე ამას! -თვალები დაუბრიალა ანდრომ. -ჩემი ინტერესიც მაქვს, ძმაო. სად ვნახავ კიდევ პრაქტიკულად უფასო ბინას ამ ქალაქში? -თან ასეთი წყნარი მეზობლებით. -დასძინა ტარტაროზამ.-რაც მართალია მართალია. -დაეთანხმა ლაზარეც. ელიაშვილის ბინაში ჯერ კიდევ მისი ბებიის სიცოცხლეში იყო ნამყოფი და ახსოვდა ფანჯრები რომ საბურთალოს სასაფლაოზე გადიოდა. -ჰო მარა სახლებში რატომ არ ბრუნდებით? -დასვა ერთადერთი ლოგიკური შეკითხვა რომელიც მოაფიქრდა.-როგორ ფიქრობ, ოთხი დისა და მათი დაქალების კუდში დევნით სტიპენდიას ავიღებდი? -ტუჩებზე ღიმილი მოადგა ტარტაროზას. -მშვიდი სასწავლო გარემო მჭირდება. -ჩემთან კიდე მესამე წელი კაპრემონტია და დრელით ტვინი გამებურღა. -ჩაიდუდღუნა ანდრომ. -ფსიქოპატთან ცხოვრებას ისევ ოთხი და და ბურღი არ გირჩევნიათ?-ფსიქოპატი არაა. -შეეპასუხა ტარტაროზა. თვალები შეშლილი მეცნიერივით აულევარდა. -გადამდებია. კონტაჯიო.-დაიკიდე. -სანამ ლაზარე რამის კითხვას მოასწრებდა, ჩაერია ანდრო. -მაინც ვერ გაიგებ. სხვა შეკითხვები?-მუშაობს სადმე? თუ სწავლობს?-ხრენ ზნაეტ. რაღაცეებს ჩალიჩობს კომპიუტერში, პროგრამებს წერს თუ რას შვრება. უნიდანაც არ გააგდეს ჯერ, ზნაჩიტ სწავლობს... ჰა, დიაკვანის ნომერზე რას ვშვრებით? გვაძლევ?-უცებ შეცვალა თემა.რას ჩააცივდა ამ ნომერს, რა უნდოდა? ისეთი ნაჩხუბრები იყვნენ, მთელი სამეგობრო შუაზე გახლიჩეს თავიანთი შუღლით. ამდენი წლის მერე რატომ გაახსენდათ?  -სანამ იჩხუბებდნენ, ცხონებული ჯონის მერე გაბრიელს პირველ კერპად ბექა დიაკონიძე ჰყავდა. -თითქოს მისი აზრები გამოიცნო ტარტაროზამ. -თავად ცოცხალი თავით არ აღიარებს, მაგრამ მგონია, რომ მისი პატივისცემა დღემდე გამჯდარი აქვს, ჰოდა იქნებ ის რომ დაელაპარაკოს...-არ დაელაპარაკება. -მოუჭრა ლაზარემ.-რატომ გგონია რო არა? -ანდრომ მორჩენილი ლატე შეხვრიპა. –ყლეობა იყო მაგათი ჩხუბი თავიდან ბოლომდე. დიაკვანსაც გააზრებული ექნება ეგ. როჟა ჭკვიანია, ამასავით სულელი და გადამდები კი არა...-სულელი და გადამდები? -სისულელე გადამდებია და იმიტომ. -მხრეები აიჩეჩა ანდრომ. -დიაკვანი თუ ეტყვის, მოუსმენს.-საკუთარ მშობლებს არაფრად აგდებს და იმას მოუსმენს? -უკანასკნელად გაიბრძოლა ლაზარემ, თუმცა უკვე ხვდებოდა-კამათი წაგებული ჰქონდა. -ვინმეს თუ მოუსმენს, ლაზო, ისევ ბექას მოუსმენს. -გადაჭრით თქვა ტარტაროზამ. -თუ ასე გირჩევნია, შენ დაუკავშირდი და უთხარი მისი ნომერი რომ გვინდა. თავად გადაწყვიტოს მერე.-კარგი. -ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ კაფეს ჭერი გამქრალიყო და ის ცივი წვიმა თავზე ეღვრებოდა. -ვეტყვი.თქვა და იმწამსვე ინანა, მაგრამ რაღას იზამდა? ტანზე ბუსუსებმა დააყარა რომ წარმოიდგინა ბექა დიაკონიძეს ამ თემაზე უნდა დალაპარაკებოდა. სატელეფონო საუბრის წარმოდგენაც კი უსიამოვნო შეგრძნებას ჰგვრიდა. ანდროს და ტარტაროზას მალევე გამოემშვიდობა-ანდრომ გულში ისე ჩაიკრა, ლამის ნეკნები გადაუმტვრია.-და სახლში მიმავალიც ვერაფერზე კონცენტრირდებოდა. გზად საკანცელარიოში შეიარა და ცალხაზიანი ასფურცლიანი რვეული იყიდა. რისთვის? ჯერ არ იცოდა.სადილისთვის პირი არ დაუკარებია-უკვე აღარ ახსოვდა დედასთან რა სისულელე მოიმიზეზა -და დიაკვანისთვის გასაგზავნი ტექსტის მოფიქრებაში, ოთახს გრძელი ნაბიჯებით დიდხანს ზომავდა. ‘რაც არის არის’ -გაიფიქრა ბოლოს. ფეისბუკის მეგობრებში დიაკონოიძე მოძებნა (პროფილის სურათზე არაფერი ეყენა, არაუშავს, ლეგენდარული რენტგენისმაგვარი მზერის გარეშეც თავზარს სცემდა), მესენჯერის ფანჯარა გახსნა და დღის ამბების მოკლე აღწერასთან ერთად ანდროს და ტარტაროზას თხოვნაც გადასცა. შემდეგ ტელეფონი განზე გადადო და სასწავლო მასალებს ჩაუჯდა. დასაძინებლად პირველ საათზე წავიდა. მანამდე დილოგის ფანჯარა რამდენჯერმე შეამოწმა -ეკრანი ჯიუტად დუმდა.***იმ ღამით ტელეფონის ვიბრაციამ ორჯერ გამოაღვიძა. პირველად, სტატისტიკის ჩატის აფეთქება იყო, ტესტის ქულები დაიდოო. წაუკითხავად დაბლოკა და ისევ ბალიშში ჩარგო თავი. მეორე შეტყობინება რომ მოვიდა, თავს აიძულა ტელეფონი ხელში აეღო. სტატისტიკის ქულა დილამდე მოიცდიდა, ბექა დიაკონიძე-არა. მისი ოპუსის საპასუხოდ ერთადერთი ფრაზა მოეწერა: „დამახრჩვალთა დახმარება თვით დამახრჩვალთა ხელთაა.“ლაზარემ ჩაიფრუტუნა-არა, მართლა, სხვას რას მოელოდნენ? ახლა დაიძინებდა, დილით კი იმ ორს ეტყოდა მცდელობა რომ ჩაიშალა და მოისვენებდა. გაიფიქრა თუ არა, კიდევ ერთი ლაკონური მესიჯი მოუვიდა. „მიეცი.“ გააზრებაც ვერ მოასწრო, ეკრანი კი უკვე სამი წერტილით იტიხრებოდა.„ან კიდევ უკეთესი, ტარტარაშვილის ნომერი მომეცი.“  რატომ ტარტაროზასი და არა ანდროს? აბა ამას როგორ ჰკითხავდა. ნომერი ჩაუგდო, საპასუხო ზრდილობიანი მადლობაც მიიღო და ტელეფონს ხმა გაუთიშა. მისი პრობლემა აღარ იყო. ახლა თავად აგვარონ რაც აქვთ მოსაგვარებელი.როჟა ჭკვიანია, ამასავით სულელი და გადამდები კი არა... სულელი და გადამდები... ვეღარ დაიძინა.              თავი 3: პირველი წერილისაოჯახო სასტუმრო „კოხილი“ ორი რამით გამოირჩეოდა: ხედით, რომელიც ბათუმის სამშენებლო ინდუსტრიას ჯერაც არ წაებილწა და სიმყუდროვით, მხოლოდ პალმების შრიალი, ტალღების გრგვინვა და ბულვარიდან დისკოთეკების სუსტი ექო თუ დაარღვევდა ხოლმე, თუმცა სასტუმროს მთავარი ღირსშესანიშნაობის სტატუსით ვერც ხვიარა მცენარეებით მოწყობილი ბაღი და ვერც ეზოში გაშენებული მცირე საცურაო აუზი დაიკვეხნიდა. „კოხილი“, იგივე ნიჟარა, ყველასათვის განუყოფლად ორფანიდის გვარის ქალთა ხელით მოდუღებულ ყავასთან ასოცირდებოდა. ყოველდღიური რიტუალი იყო. თავისივე დაფქულ არაბიკას, წყალსა და შაქარს ერთმანეთში ზუსტი პროპორციით აზავებდნენ და დიდი ბებიის ნამზითვარ გრძელტარიან მოჩუქურთმებულ ლითონის ყავადანში (რომელსაც ოჯახში ხან ბერძნული ყაიდით იბრიკს ეძახდნენ, ხანაც კი ჯეზვად მოიხსენიებდნენ) ნელ ცეცხლზე მანამ ადუღებდნენ, სანამ არომატულ, ზომიერად ნალექიან, აქაფებულ სითხეს არ მიიღებდნენ, რომელსაც შემდგომ ფაიფურის ჭიქებში სათითაოდ ჩამოასხამდნენ და საუზმეზე ხის ლანგრით მიიტანდნენ. ელენი ორფანიდიც ახლა სწორედ ამ პატივსაცემი საქმით იყო დაკავებული. წაბლისფერი ტალღოვანი თმა ცხენის ძუად შეეკრა და გაზქურასთან მდგომი, რომელიღაც მელოდიას ღიღინებდა. სიმღერა რიტუალის განუყოფელი და ცხონებული სოფია ბებოს სიცოცხლეში, როდესაც ყავის მოდუღების მისია მას ეკისრებოდა, გარშემომყოფთათვის ნაკლებად საყვარელი ნაწილი გახლდათ-აი რა გინდა დედი, სმენა შენ არ გაქვს, ხმა მით უმეტეს, თავადაც ხომ წვალობ და ჩვენც რატომ გვტანჯავ? -შეჰღაღადა ერთხელ უფროსმა ქალიშვილმა ოლღამ, ელენის მამიდამ. ბებოს იბრიკის (თავად ყავადანს მხოლოდ ასე ეძახდა და თურქული სიტყვა ჯეზვას გაგონება სძაგდა) ტარი ხელში გაუშეშდა. -ჩემი მოდუღებული ყავა ხომ გიყვარს? -ჰკითხა დათაფლული ხმით და ოლღამ პასუხის ნიშნად თავი რომ დაუქნია, მოუჭრა. -ჰოდა სიმღერის გარეშე არ გამოდის. არ მოგწონთ, მიდით და თქვენ თვითონ ადუღეთ. მე კიდევ დავისვენებ. -და ნათქვამის სერიოზულობის ხაზგასასმელად, ყავადანს მოშორდა და ინგლისის დედოფალივით ამაყად თავაწეული სამზარეულოს კუთხეში მდგომი ტახტისაკენ გაეშურა. მისი გატრიალება და ყავის გაქცევა ერთი იყო. -გამოტო! ჯანდაბა! -მამიდა გაზქურას მიეჭრა, მაგრამ გვიანი იყო. -დედა, რას აკეთებ! -არც არაფერს. -არხეინად უპასუხა ბებომ. ტახტზე წამოკოტრიალებულ პატარა ელენის შეუღიტინა, სათვალე ცხვირზე დაიკოსა და ვითომ გაზეთის კითხვას შეუდგა. -ეს არ გინდოდა, შვილო?მამიდამ პირი დააღო, ხელები გაასავსავა და შემთხვევით მკლავი ყავადანს გაჰკრა, რომელიც იატაკის ფილებს ზრიალით დაეხეთქა, ამოყირავდა და იქაურობა ყავისფრად შეღება. -იაია! -წამოხტა შეშინებული ელენი. -ბებო, იბრიკი!-არაფერი მოუვა, ჩემო კარგო, ლითონისაა. -ყურიც არ შეიბერტყა ბებიამ. -სიმღერა რომ დააკლდა ეწყინა.-კარგი რა დედა! -იატაკის მოსაწმენდად დახრილ მამიდას ყავადანი ხელიდან მეორედ გაუვარდა. ხმაურზე ოჯახის მამაკაცებიც შემოცვივდნენ და მათ წინაშე გადაშლილ სცენას დააშტერდნენ. დილიდან საღამომდე მოფუსფუსე სოფია ბებო გაზეთით ხელში, მის გვერდით წამოსკუპებული პატარა ელენი და ყავის შხეფებით მოსვრილ სამზარეულოში ყავისვე გუბეში მდგომი ლოყებშეფაკლული ოლღა. -რა მოხდა აქ? -თვალები დააჭყიტა ელენის ბიძამ. -არაფერი, შვილო, ყავის მოდუღების საკითხზე ვიკამათეთ ქალებმა. დღეიდან ოლღა ადუღებს.-რას მერჩი დედი? -საცოდავად ამოიკვნესა მამიდამ, ჩვარს დასწვდა და იატაკს ხეხვა დაუწყო, თუმცა დალაგების ნაცვლად, კიდევ უფრო მოთხუპნა. ბებიამ თავი გადააქნია და გაზეთი გვერდზე გადადო.-რომ მოვკვდები, მერე რა გეშველებათ. -ჩაიბუტბუტა მოჩვენებითი უკმაყოფილებით. ქალიშვილს ჩვარი ჩამოართვა. -სიმღერის თაობაზე ვერ შევთანხმდით. -აუხსნა კაცებს. -ოპა.-ელენის მამამ დას თვალი ჩაუკრა. -სერენადების გარეშე რომ ყავა არ კეთდება, დაგავიწყდა?-არა, მაგრამ--მარია კალასი რომ არ ვარ, თქვენზე უკეთ მე ვიცი. შეხსენება არ მჭირდება.-ცივად თქვა ბებიამ. ყავადანი ნიჟარაში ჩადო და წყალი მოუშვა. -კარგი, დედი, არ გინდა, ხომ იცი, შენი ყავის გულისათვის ნებისმიერ კონცერტებს ავიტანთ. -დაუყვავა ელენის მამამ. -ოი, რომ მოვკვდები მერე რა გეშველებათ. -გაიმეორა ბებიამ. ლურჯი თვალები ეშმაკურად უციმციმებდა. ეტყობოდა ღიმილს რომ ძლივს იკავებდა.-ამას ასწავლე მერე. -თითქოს ხუმრობა მოაფიქრდაო, ჩაეცინა მამას და ელენის თავზე ხელი გადაუსვა. -ტრადიცია არ დაგვეკარგოს. -ოღონდ იმ მარჩილეობებით თუ რაღაც სისულელეებით ნუ გამოუტენი თავს. -დაამატა სამზარეულოდან გასვლისას. ბიძაც თან გაჰყვა.-რაც მთავარია, ბავშვს სმენაც აქვს და ხმაც. -ჩაურთო მამიდამ და ისიც გავიდა. სამზარეულოში ორნიღა დარჩნენ.-იმ რაღაც სისულელეებით... -გამოაჯავრა ბებიამ კარი რომ გაიხურეს. -რა ესმით მაგათ, არა? -ელენის თვალი ჩაუკრა და წინ პაწია ფინჯანი დაუდგა, რომლის მოდუღებაც ყველასგან შეუმჩნევლად მოესწრო. -იაია...-ელენის გაუზავებელი ყავა მანამდე არასდროს დაელია. ბებიას კითხვანარევი მზერით გახედა.-ნელა სვი, სიცოცხლე, ნუ გეჩქარება. წყალიც დააყოლე. -დაარიგა სოფიამ. პირისპირ მიუჯდა. დაფიქრებული გამომეტყველება ჰქონდა.-რაც საჭიროა, ყველაფერს გასწავლი. -გადაჭრით თქვა ბოლოს და შვილიშვილის დაცარიელებული ფინჯანი თავისკენ მოსწია. -აბა ვნახოთ, რა ბედი გელის...     ელენიმ ყავადანი ცეცხლიდან გადმოიღო და ჯერ კიდევ მოშიშხინე ყავა ჩამოასხა. კედლის საათს გახედა. საუზმის დაწყებამდე წუთი წუთში ჰქონდა გათვლილი. სანამ ფინჯნებს ლანგარზე აწყობდა, გაახსენდა რომ თბილისში უწევდა დაბრუნება და ხასიათი მოეშხამა. დედაქალაქიც თავისებურად უყვარდა, მაგრამ ზღვის დატოვება ყოველთვის უჭირდა. ახლა კი დაბრუნება სხვა მიზეზის გამოც არ ეხალისებოდა.ლანგარი სამზარეულოში გრიგალივით შემოჭრილ, მასზე ხუთი თვით უმცროს მამიდაშვილ სტელას გადააბარა და დიდ ვერანდაზე გავიდა, სადაც მამიდა სტუმრებისთვის მაგიდას აწყობდა. რამდენიმე წლის წინ დაქვრივებულს, მუქ კულულებში ჭაღარა გამორეოდა, სახეზე კი დაღლილობას დაეტოვებინა კვალი, მაგრამ ისევ ძველებურად ეშხიანი იყო.-კალიმერა. -გაუღიმა ელენიმ. პურიანი კალათი გამოართვა და ლოყაზე აკოცა. -დახმარება ხომ არ გჭირდება?-ამ დილაადრიან რომ დგები, გოგო, დასასვენებლად არ ხარ ჩამოსული? -ვითომ გაუწყრა მამიდა. -წადი დაიძინე.-ყავას ვინ მოადუღებს? -გაეცინა ელენის. -მოვერევით როგორმე. ადრე ადგომა თბილისშიც გეყოფა. -მხარზე ხელი მოუთათუნა მამიდამ. -ხვალ მივდივარ. -ელენი ბამბუკის სკამზე ჩამოჯდა და თვალები მოჭუტა. -არ მინდა.-არც მე.-ამოიოხრა მამიდამ. –დარჩი კიდევ ერთი კვირით, მამაშენიც ჩამოვა და...ელენიმ თავი გადააქნია.-ცხოვრებაში არ მეგონა პანდემია რომ სანატრელი გამიხდებოდა. -ჩაილაპარაკა თავისთვის. ონლაინ-სტუდენტობის უმეტესი ნაწილი ბათუმში გაატარა და აუდიტორიებისა და თანაკურსელების მონატრების ნაცვლად, მოულოდნელად კარანტინი გაუტკბა. ლექციების პარალელურად გამოძინებასაც ასწრებდა, კითხვასაც და ზღვაზე სიარულსაც ოჯახთან ერთად დროის გატარებაზე რომ არაფერი ითქვას. საუკეთესო მაინც ის იყო, რომ მთელი პანდემიის განმავლობაში შემოქმედებითი კრიზისი ერთხელაც არ დამართვნია.-გაგიჟდი? ხეზე დააკაკუნე! -არ გამოეპარა მისი სიტყვები მამიდას და თავად მაგიდაზე სამჯერ მიაკაკუნა. -ორ წელზე მეტია ხალხი არ გვყოლია, ლამის წყალს გავყევით ამ შეზღუდვებით, პირბადეებითა და ჩაკეტვებით. ახლა ძლივს ცოტა გამოიდარა და შენ კიდევ იგივე გინდა? გუდ მორნინგ -გაუღიმა ვერანდაზე გამოფენილ ნამძინარევ ტურისტებს. ელენიმაც თავი დაუქნია და წასვლა დააპირა. აქ აღარაფერი ესაქმებოდა.-დედაშენმა ფული გადმოგირიცხა. -მიაძახა მამიდამ. -შეამოწმე, ხომ დაგიჯდა ანგარიშზე.‘მაგას ჯობია ჩამოსულიყო ერთხელ.‘ -გაიფიქრა ელენიმ. საკუთარი აზრების შერცხვა. განა ამისთვის იკლავდა დედამისი თავს საბერძნეთში? მესამე წელი აღარ ენახა. რომ ურეკავდა და ჩამოსვლას ეხვეწებოდა, დედა ჯერ ჩაკეტილ საზღვრებს, მერე სამსახურს იმიზეზებდა. ელენისაც ვითომ ესმოდა, მაგრამ ბავშვურად მაინც სწყინდა. მამა თუ ჩამოდის, დედას რა გაუჭირდა ამისთანა? სამზარეულოში დაბრუნება დააპირა.-ელენი, მაიცა, დამელოდე! -მამიდაშვილი ფეხდაფეხ გამოჰყვა. -რა სახე ჩამოგტირის? -შესციცინა. დედამისივით ნუშის ფორმის ღია ყავისფერი თვალები ჰქონდა. ბებოს ლურჯი თვალები ოჯახში მხოლოდ ელენის გამოჰყვა... როგორ ენატრებოდა...-რა დაგემართა? -არაფერი. -ძალით გაუღიმა ელენიმ. -რამე გინდოდა? -კი! -სტელამ დარჩენილი ყავა უცებ გადაყლურწა და ფინჯანი გამოუწოდა.-მიმარჩიელებ? -ჰკითხა წამწამების ფახულით.ელენის ყველაზე მეტად ესეთი მომენტები ეზიზღებოდა. -არ ვიცი მარჩიელობა. -მოიტყუა. -ლეილა ბებოს სთხოვე.-მაგასთან უკვე ვიყავი და ელენიზე კარგად ვერ წაგიკითხავ მეო. ბებომ რომ გასწავლა ეგეც თქვა. -მიაყარა მამიდაშვილმა. -წამიკითხე რა, ძალიან მჭირდება. „ბებერი თხა“-გაღიზიანებით გაიფიქრა ელენიმ. „ვინ ეკითხებოდა საერთოდ.“ბებიამისის სიცოცხლეში, ბევრი, მათ შორის მეზობელი ლეილა, ტკბილ ყავას მკრეხელობაში უთვლიდა, მაგრამ სოფიას (და შემდგომში ელენისაც) შაქრის გარეშე ყავა ვერ წარმოედგინა, ამიტომ დაქალის სტუმრობისას მას ჩაით უმასპინძლდებოდა, რომელშიც, რაოდენ ირონიულიც არ უნდა ყოფილიყო, ლეილა ოთხ კოვზ შაქარს აპირქვავებდა და უდიდესი სიამოვნებით მიირთმევდა.-დიაბეტი დაგემართება.-გააფრთხილა ერთხელ ბებომ. -ერთი მაგისიც.-ართრიტიანი ხელი აუქნია ლეილამ. -მაინც მიწაში ვიქნებით ყველა. ელენის კარგად ახსოვდა, კვირაობით ვერანდაზე წამომსხდარები ერთმანეთის ფინჯნებს როგორ შეისწავლიდნენ და საოცარ ამბებს ჰყვებოდნენ. ისიც ახსოვდა, ერთხელ ლეილას ფინჯანი ხელიდან როგორ გაუსხლტა და უეცრად ქვითინი აუვარდა. -ვიცი, ჩემო კარგო, მეც ვნახე. -მშვიდი ხმით თქვა სოფიამ. ფაიფურის ნამსხვრევები უხმოდ მოხვეტა და უკანვე დაჯდა. ელენიმ რომ შემოიხედა, გვერდიგვერდ ისხდნენ და დამჭკნარ ლოყებზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდათ.ეს ყველაფერი ბებიას გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მოხდა... -ელენი! -მოგონებებიდან დააბრუნა სტელას გაღიზიანებულმა ხმამ. სასწრაფოდ რამე უნდა მოემიზეზებინა.დროის გასაწელავად განჯინიდან შოკოლადიანი ორცხობილების შეკვრა ამოიღო და სანამ მის გახსნაზე შეყოვნდა, მოიფიქრა.-მერე მარჩიელობა რომ მარტო შაბათ-კვირას შეიძლება, არ იცი? -დააბრეხვა და „ღმერთო, ოღონდ ეხლა არ მკითხოს რატომო“ გუნებაში დაამატა.-ვაა. რატომ? -გაოცდა მამიდაშვილი.-იმიტომ! --ბეჭედი დაურტყა ელენიმ. -თან ასე სწრაფად რომ გამოწრუპე, ესეც არ გამოვა, შედეგზე ისახება. როგორმე სხვა დროს ვქნათ, კარგი? სხვა დროს ანუ არასდროს. -კარგი. -მკვახედ დათანხმდა მამიდაშვილი. მაჯაზე ბებოს ნაჩუქარ ნიჟარების სამაჯურს აწვალებდა. ზუსტად ისეთს ელენის რომ თავად ეკეთა. -განაცხადებზე ხომ არ ისმის რამე ახალი?ელენიმ თავი გადაიქნია. -საერთოდ?-არაფერი. -სამოტივაციო წერილები ოცამდე უცხოურ უნივერსიტეტში გაეგზავნა და უკუკავშირს მოუთმენლად ელოდებოდა. -ისე, ჩვენში იყოს, მაინც არ მესმის ამერიკა რატომ ჩაიხვიე. -თქვა სტელამ.-ბრიტანეთში სწავლას ვერ გავწვდებით და იმიტომ. -ევროპა ცუდია?-ევროპის უნივერსიტეტებშიც გაგზავნილი მაქვს. ყველას არ აქვს ეგ სამაგისტრო პროგრამა. -აგერჩია ჩემსავით ტურიზმი და იქნებოდი ახლა არხეინად. -თქვა მამიდაშვილმა. -თავზე საყრელია სტიპენდიებიც და პროგრამებიც გინდა ჩვენთან, გინდა საზღვარგარეთ. აგერ ბაკალავრიატზე თბილისში წასვლაც კი არ მომიწია.სტელა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და ეს ფაქტი ძალიან ეამაყებოდა.-ჰა, წავედი აბა, საყიდელია რაღაცეები. -თეფშიდან ორცხობილა აწაპნა და სამზარეულოდან გაიხვეტა. ელენიმ შვებით ამოისუნთქა. მაგიდასთან წამოჯდა, საკუთარი გაციებული ყავა უხალისოდ მოსვა და ტელეფონს დასწვდა. მიუხედავად იმისა, რომ საუნივერსიტეტო ელფოსტაც ჰქონდა, უპირატესობას მაინც Carpe Noctem-ს ანიჭებდა, რომელიც 13 წლისამ გოთიკური სიმბოლიზმით გატაცების ფაზაში დაარეგისტრირა და მას შედეგ განუწყვეტლივ იყენებდა. თითქოსდა სად გოთიკა, სად Carpe Diem-ის მიბაძვით გუგლ-მთარგნელში გატარებული „დაიჭირე ღამე!“, მაგრამ იმწუთას ფრაზის ჟღერადობა მოეწონა. საფოსტო ყუთში ორი ახალი მეილი დაუხვდა. პირველი დედას გამოეგზავნა, რომელშიც მოკლედ იუწყებოდა რომ ჩამოსვლას ვერც ამჯერად მოახერხებდა და სტანდარტული „მიყვარხარით“-თ სრულდებოდა. შვილმა ასეთივე უგულო „მეც მიყვარხარ“-ითა და იდიოტურად გაღიმებული გულებშემორტყმული სმაილით უპასუხა და მეორე წერილს ჩახედა. გამომგზავნის გრაფაში ვინმე Contagious იყო მითითებული, საგანში კი შესიტყვება-„წყვდიადის დასასრული“.წამიერად შეყოვნდა: გაეხსნა თუ არა? იქნებ სპამი იყო ან, კიდევ უარესი, რამე ვირუსი? სიფრთხილეს მაინც ცნობისმოყვარეობამ სძლია. ფინჯანი მაგიდაზე დადგა და კითხვა დაიწყო.To: CarpeNoctem13@mail.comFrom: Contagious2023@gmail.comSubject: წყვდიადის დასასრული დილით და ღამით, დღისით და საღამოს ათასობით ადამიანი იბადება. ზოგი ბედნიერ ვარსკვლავზეა გაჩენილი, სარძევე კბილებში ვერცხლის თუ სხვა რამ ძვირფასი ლითონის კოვზი აქვს გაჩრილი და მთელ ცხოვრებას სიამოვნებაში ატარებს. სიამოვნებაშივე მიდის ნეტარების ექსტაზით ღონემიხდილი. სხვები კი...ზოგი თვალს ბნელში ახელს და ცხოვრების მანძილზე სინათლის ნახვას არ ეღირსება. მარტოდმარტო დაეხეტება, დაუსრულებელ წყვდიადში იკვლევს გზას. თვალებში შავი ცეცხლი უკრთის და დღისგან დაწყევლილს, ერთიც არ გამოჩნდება დახმარების ხელი რომ გამოუწოდოს. ისევ ღამის მოწყვეტას თუ შეეცდება უბედური.-„ხსნა თუ მოვა?“-„არასოდეს!“ყორანი ფრთებს შლის. ღამეში დაბადებული ღამეშივე კვდება ყველასგან მიტოვებული. სინათლის სამყოფელი, სიბნელის სასუფეველი...ჩვენ კი?...ჩვენ ყველას კი ტყუილის გვჯერა.შესვლიდან გამოსვლამდე, უკუნით უკუნისამდე. მარადიულად.პ.ს. ყველგან სისხლია... თუ მეჩვენება?ვიღაცის ხუმრობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მსგავსი იუმორის მოყვარულს ვერავის იხსენებდა. არც Contagious -ის თიკუნით აგონდებოდა ვინმე. გადამდები...ვინ უნდა ყოფილიყო? -ვინც არ უნდა იყოს, წიგნებს კითხულობს. -დაასკვნა ელენიმ. უცნაური წერილი კიდევ ერთხელ, ამჯერად მეტი გულდასმით, წაიკითხა და მის გაშიფვრას შეეცადა, მაგრამ ამაოდ. ერთადერთი ფრთებგაშლილი შავი ყორანი იცნო, გაფუჭებული კასეტის მსგავსად, ერთადერთ სიტყვას რომ იმეორებს: „არასოდეს!“ ჩაეცინა კიდეც უცნობმა ასეთი კლიშირებული სიმბოლო რომ მოიხმო.„გოთიკურ ფაზაში“, როგორც თავისი მოზარდობის პერიოდს ოცდაერთი წლის მწიფე ასაკის გადმოსახედიდან ახასიათებდა, ედგარ ალან პოს შემოქმედებას აღმერთებდა, თუმცა ყველაზე ნაკლებად სწორედ მისი ყველაზე ცნობილი პოემა მოსწონდა. ელენის აზრით, ასეთ პოპულარულობას არ იმსახურებდა. ირონიით, სიმღერების ტექსტების გამორიცხვით, ზეპირად ორადორი ლექსი ახსოვდა: ერთი „ყორანი“ და მეორეც „მერანი“. დარწმუნებული იყო ღამე რომ გაეღვიძებინა ვინმეს გინდა „ყორანს“ წაუკითხავდა ორიგინალის ენაზე და გინდა „მერანს“ ჩამოურაკრაკებდა, თუმცა ვინც ელენი ორფანიდის გაღვიძებას შეეცდებოდა, რეალისტურად ქართულ-ბერძნული უწმაწური გამოთქმების ლექსიკონის შესავსებად უფრო უნდა შეზადებულიყო ვიდრე პოეზიის საღამოსთვის.- „უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი“-გაახსენდა სტრიქონი ბარათაშვილის პოემიდან. საკუთარი ლიტერატურული მეხსიერების თავისებურებებზე დაფიქრების დრო არ ჰქონდა. ისევ „წყვდიადის დასასრულს“ (ან ეს წყვდიადის დასასრული რა ჯანდაბას ნიშნავდა) ჩაუყვა: „ისევ ღამის მოწყვეტას თუ შეეცდება უბედური“-წერდა გადამდები. ღამის მოწყვეტა, 13 წლის ასაკში გუგლით თარგმნილი Carpe Noctem... წერილის ავტორის შენიღბულმა მინიშნებამ დააფრთხო. ვინ იყო ეს ადამიანი? საიდან იცნობდა? ახალი ფანჯარა გახსნა და Contagious-ს საპასუხო კითხვა შეაგება.To: Contagious2023@gmail.comFrom: CarpeNoctem13@mail.comSubject: Re-წყვდიადის დასასრული.ვინ ხარ? სანამ გააგზავნიდა, შეყოვნდა- იქნებ უბრალო დამთხვევა იყო და ქართულის გაკვეთილებზე ავტორის სათქმელის გააზრებისა არ იყოს, ღამეც უბრალოდ ღამეს ნიშნავდა ტექსტში ოსტატურად ჩაქსოვილი სიმბოლიზმისა თუ მორალის გარეშე? „ყველგან სისხლია თუ მეჩვენება?“ -რა მარაზმია.-ჩაილაპარაკა და უბედურ და ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩენილთა ალეგორიას დაუბრუნდა. დილით და ღამით, დღისით და საღამოს ათასობით ადამიანი იბადება... ნათელი და ბნელი...ესეც საიდანღაც ეცნობოდა...-ჩალაგებას არ აპირებ? -ჰკითხა სამზარეულოში უჩუმრად შემოსულმა მამიდამ. -ვერ მოასწრებ ხვალ. -ჭიქები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში შეალაგა და კარადაში ფათური დაიწყო.-საინტერესო რეცეპტი მომცა იმ ქალმა. კექსი უნდა გამოვაცხო. დახმარება არ მჭირდება.-დაამატა ღიმილით. ელენი მინიშნებას მიხვდა და სამზარეულოდან გავიდა.დარეფანში სტელას მხიარული ხმა მოესმა-ვიღაცას ტელეფონით ელაპარაკებოდა. ასე მალე მობრუნება როდის მოესწრო? ნაბიჯს აუჩქარა და მესამე სართულისკენ მიმვალ კიბეს აუყვა, სადაც ოთახი ეგულებოდა, რომელშიც მისი ბავშვობის დროიდან დიდი არაფერი შეცვლილა. თეთრად შეღებილ კედლებს იგივე პოსტერები ფარავდა, რომლებიც მოზარდ ელენის გაეკრა. ლურჯსაბანგადაფარებული საწოლის თავზე შემტვერილი სიზმრების ხაფანგი და აკვარელით შესრულებული ზღვის პეიზაჟი ეკიდა. საწერი მაგიდა წიგნების გროვის ქვეშ თითქმის არ ჩანდა- კოხილის ოთახები წიგნის თაროების დასაძრახი სიმცირით გამოირჩეოდა. კუთხეში მიდგმულ ტუმბოზე ელენის სიამაყე-ძველებური ფირსაკრავი იდგა, რომელიც მემკვიდრეობით ბებიისგან ერგო. იქვე უჯრაში ფირფიტებიანი ყუთი ინახებოდა. მამამ არაერთხელ შესთავაზა თბილისში წამოვიღოთო, მაგრამ ქალიშვილი ცივ უარზე დადგა. მისთვის ვინილის თბილი, ოდნავ მოსისინე ჟღერადობა სწორედ კოხილის ნესტშეპარულ, ლავანდის სურნელით გაჟღენთილ მყუდრო ოთახებთან, ეზოში პალმების შრიალთან და ზღვის ლურჯ ჰორიზონტთან ასოცირდებოდა, რომელიც მშენებარე მაღალსართულიანებს სასწაულებრივად ჯერ არ გადაეკეტათ. აქ თავის ადგილზე იყო.ელენი საწოლზე წამოჯდა, ყუთი მუხლებზე ჩამოიდო და გაცვეთილ კონვერტებს ხელი გააყოლა. სულ ქვევით ბებოს ფირფიტები იდო-მარია კალასის გარდა, მიკის ტეოდორაკისისის ნაწარმოებსაც ეტრფოდა და ჯაზის შთამბეჭდავი კოლექციაც შეეგროვებინა, თუმცა უფრო მამამისის და ბიძამისის ვინილები ჭარბობდა- ძირითადად „მელოდიის“ მიერ საბჭოთა პერიოდში გამოშვებული ჩანაწერები, რომელთა ზედაპირს შემსრულებელთა საოცრად ნათარგმნი სახელები ამშვენებდა. გვერდით ახალი, უკვე ოფიციალური დისკები ეწყო პრიალა ყდებითა და უკეთესი ხმოვანებით, რომლებიც ელენის ინტერნეტით გამოეწერა. ფირფიტების ოდენობა გამუდმებით იზრდებოდა-ხან მამა მოიტანდა მშრალი ხიდიდან მორიგ ნადავლს, ხანაც თავად მოარბენინებდა ფოსტიდან. -ვერ ხართ თქვენ! -წყრებოდა მამიდა. -იმისთვის გიგზავნით ეს ქალი ფულს პლასწინკებში რომ ყაროთ?-კარგი რა, ოლღა. -ელენის მამას ყურები უფაკლდებოდა. -ისე ამბობ, თითქოს მეც არ ვმუშაობდე.-რაზე უნდა გელაპარაკო, ბავშვობიდან ეგეთი ხარ. -ზუსტად ბებოსავით თავს გადაიქნევდა მამიდა და მამა-შვილს თავს ანებებდა.  გულის სიღრმეში ორივე ხვდებოდა, ინტერნეტის ეპოქაში ვინილის შეძენა ტყუილუბრალო ფულის ხარჯვა რომ იყო, მაგრამ ვერც ერთი ეშვებოდა და ვერც მეორე. ერთმანეთს ეშმაკურად თვალს ჩაუკრავდნენ ნახე რა ვიყიდეო და დღეებს ითვლიდნენ ბათუმში გამგზავრებამდე, სადაც ძველ ფირსაკრავზე დაატრიალებდნენ და მანამდე ათასჯერ მოსმენილიც რომ ჰქონოდათ, მაინც სხვა შეგრძნება იქნებოდა.რამდენიმე ფირფიტა დედამაც გამოუგზავნა. ჯერაც გაუხსნელი შეკვრა ელენის ჩემოდნის ფსკერზე იდო და მამას ელოდებოდა, ერთად რომ მოესმინათ, მაგრამ ახლა შესაფუთი ქაღალდი მოხსნა და პირველივე ალბომს წაავლო ხელი. დორზის დებიუტი აღმოჩნდა. ელენიმ კედელზე მიკრულ პოსტერზე ჯვარცმულ ქრისტესავით მხარგაშლილ ჯიმ მორისონს თვალი ჩაუკრა-დედა თავის ქალიშვილს კარგად იცნობდა. ისიც იცოდა როგორ განიცადა დორზის საუკეთესო ჰიტების დაფხაჭნილმა კრებულმა სული რომ საბოლოოდ დალია.   ფირფიტა კონვერტიდან ფრთხილად ამოაძვრინა. ნემსის წამიერი ტკაცუნი და ოთახში ნაცნობი, საყვარელი მელოდია დატრიალდა. ელენიმ თვალები დახუჭა-რამდენჯერ იყო ასე ზაფხულში „კოხილში“ ჩამოსულ თანასკოლელებთან ერთად, მის ოთახში წამოკოტრიალებულები მუსიკას რომ უსმენდნენ. ფართოდ გაღებული ფანჯრებიდან საამური სიგრილე მოჟონავდა და ბებიამისისის მოქარგულ ფარდებს ნაზად არხევდა, თავად ბებია კი სამზარეულოში ფუსფუსებდა და ყავადანში მოშიშხინე ყავას საკუთარ არამელოდიურ ღიღინს აყოლებდა...ნოსტალგიის ტალღა ჩაახშო-ბებია უკვე წლებია რაც ამქვეყნად აღარ იყო, არც ზაფხული იდგა გარეთ და სკოლის დამთავრების მერე, არც თანასკოლელებთან ურთიერთობდა დიდად. უცვლელი მარტო დისკზე ჩაწერილი, ორმოცდაათი წლის წინ სამუდამოდ გაყინული ხმა იყო. მუსიკის რიტმში ოდნავ ირწეოდა. კონვერტი კვლავ ხელში ეჭირა და სიმღერების დასახელებებს დაუფიქრებლად აყოლებდა თითს: Light My Fire, Soul Kitchen, Alabama Song, The End, End of The Night…End of The Night, ღამის დასასრული ან იქნებ....წყვდიადის დასასრული?ისე უცებ წამოხტა, თავბრუ დაეხვა. ტელეფონს ხელი დაავლო.სინათლის სამყოფელი, სიბნელის სასუფეველი...ნათელი და ბნელი... მაშინვე უნდა მიმხვდარიყო „წყვდიადის დასასრული“ როგორც კი დაინახა სათაურის გრაფაში. -Some are born to sweet delight, some are born to the endless night.-მღეროდა ორმოცდაათი წლის მკვდარი მორისონი.-ზოგი ტკბილი ნეტარებისთვისაა დაბადებული, ზოგი კი უსასრულო ღამისათვის.ელენიმ შუბლზე ხელი იტაცა. ნუთუ ამდენი ხნის განმავლობაში პასუხი ცხვირწინ, ან უფრო კორექტულად, ჩემოდანში ედო?-ილიტია! -შეაგინა საკუთარ თავს. -იდიოტი!სულიერი აღელვების მომენტებში ბერძნულად გინება ჰქონდა ჩვევად. ნაკლები შანსი იყო ვინმეს გაეგო.ჩვენ კი?...ჩვენ ყველას კი ტყუილის გვჯერა. -ან უილიამ ბლეიკს კითხულობს, რაც მეეჭვება...ან დორზს უსმენს რაც ასევე მეეჭვება, მაგრამ სიმართლეს უფრო ჰგავს.[1] -ჩაილაპარაკა. ნეტა კიდევ რამდენი აღმოჩენა ელოდა ამ პატარა წერილში?ნემსმა ვინილის დრეკად ზედაპირზე ბოლოჯერ გაისრიალა და მელოდიაც მიჩუმდა. ალბომი დასრულდა. ელენიმ ფირფიტა კონვერტში დააბრუნა, ყუთში ჩადო და უჯრა ისე მიხურა, დედას გამოგზავნილი სხვა ალბომები არც უნახავს. „შემდეგ ჩამოსვლამდე“-გაიფიქრა. შესვლიდან გამოსვლამდე, უკუნით უკუნისამდე. მარადიულად.ისევ შეყოყმანდა. ვინმესთვის ხომ არ გადაეგზავნა რჩევის საკითხავად? მეგობრები დიდი ალბათობით წერილის წაშლას, გამომგზავნის დაბლოკვასა და მთელი ამბის დავიწყებას ურჩევდნენ. იქნებ ასე აჯობებდა კიდეც. ცდუნებამ გადაწონა.ათიოდე წუთში, პასუხის საბოლოო ტექსტი შეადგინა. Subject: Re-წყვდიადის დასასრული.სჭვრეტ ღამეულ ბრალს და ცოდვებს, მაშ სახელიც მითხარ, იქნებ ჯოჯოხეთურ მეტყვი ბოდვებს...[2]პ.ს. ვინ ხარ? გიცნობ?გააგზავნა, ტელეფონი განზე გადადო და ფეხზე წამოდგა. ბარგი უნდა ჩაელაგებინა.***-რა ვუყო ეხლა ამას? გულზეხელდაკრეფილი ელენი მისი მანიპულაციების შედეგად საგრძნობლად დაცარიელებული ოთახის ცენტრში იდგა და კითხვანარევი მზერით უყურებდა გამოტენილ ჩემოდანს, რომელიც ვერაფრით დაკეტა. -რიტორიკული შეკითხვაა? -მამიდაშვილმა მხრები აიჩეჩა.-ზედ დააჯექი, სხვანაირად ვერ იზამ.-ვცადე უკვე. -ხელი ჩაიქნია ელენიმ. სასტიკად ეძინებოდა. ისედაც გვიან ღამემდე გაეწელა ყველაფერი. -დაგეხმარო?-სტელამ სახელოები აიკაპიწა. ელენიმ წარმოიდგინა როგორ ახტება მის მრავალცოდვილ ჩემოდანს მამიდაშვილის კილოგრამები და თავს გამოფხიზლება აიძულა.-არ მინდა, მადლობა, როგორმე მოვერევი.-აბა შენ იცი. -არ შეეწინააღმდეგა ის. -კაბა არ დაგრჩეს, იცოდე!-უკვე ჩავდე.-ფრთხილად, არ დაგეკუჭოს. -ნუ გეშინია, არაფერი მოუვა. თუ რამე, გავაუთოვებ.-ეჰ..-ამოიოხრა მამიდაშვილმა. –მე ვერ მოვირგე და სხვა მაინც გაახაროს. სტელას გამოსაშვები პანდემიამ შეიწირა და თუმცა საბანკეტო კაბის ჩაცმის იმედს ბოლომდე არ კარგავდა, საბოლოოდ მაინც მარცხი აღიარა და მისი გაყიდვა გადაწყვიტა. მუშტარი მალევე გამოჩნდა.ელენის გამოსაშვები როგორი იყო? „გოთიკური ფაზის“ დასასრულს დაემთხვა და მუქი ლურჯი გრძელსახლოებიანი კაბა ეცვა, რომელშიც სული ეხუთებოდა. ბევრი ალკოჰოლის, ბევრი ხმაურისა და მომდევნო დღეს სასტიკი თავის ტკივილის გარდა არაფერი დაამახსოვრდა. -მივწერ იმ გოგოს დღეს, დაგიკავშირდეს. -მთქნარება-მთქნარებით წამოდგა მამიდაშვილი.-ტკბილი ძილი!-ასევე. -ელენიმ საფეთქლები მოისრისა. რა გაუძლებს ხვალ ამხელა გზას...დროის შესამოწმებლად ტელეფონს დახედა და თითქოს შეულოცესო, დაღლილობა ისე გაუკრთა. საფოსტო ყუთში წაუკითხავი შეტყობინება ელოდა.  Contagious-ს მისთვის ეპასუხა! სამიოდე წინადადება იყო.To: Contagious2023@gmail.comFrom: CarpeNoctem13@mail.comყორნის პასუხი უცვლელია ნებისმიერ თარგმანში. პ.ს. მიცნობდი. ან გამიცნობ.უნდა დაებლოკა, დააპირა კიდეც, თუმცა წინანდელივით რაღაცამ შეაყოვნა. თავს გამოუტყდა რომ უცნობმა დააინტერესა და მასზე მეტის შეტყობა მოუნდა. -მიცნობდი. ან გამიცნობ. რანაირი პასუხია. –„მიცნობდი“ დარწმუნებული იყო ნაცნობებს შორის ასეთი რომ არავინ ჰყავდა, აი „გამიცნობ“ კი დაპირებას ჰგავდა და ავისმომასწავებლადაც ჟღერდა, მაგრამ მეილების უწყინარი გაცვლით რა უნდა დაშავებულიყო? -რას მიზამს ერთი. -გადაიკისკისა ელენიმ. ჩემოდანი ელვის ძლიერი მოქაჩვით დახურა, ტელეფონი ხელში აიტაცა და ახალი აზრით შეპყრობილი, ტექსტის აკრეფას შეუდგა. [1] Some are born to sweet delight, some are born to the endless night.-სტროფები უილიამ ბლეიკის პოემიდან, რომლებიც შემდგომ ჯგუფ The Doors-მაცც გამოიყენა სიმღერაში End of the Night.[2] ნაწყვეტი ედგარ ალან პოს პოემიდან „ყორანი“. ვაჟა-ფშაველას თარგმანი.