დღეს ჩემი ყველაზე ბედნიერი დღეა
დღეს ჩემი ყველაზე ბედნიერი დღეა
დღეს ჩემი ყველაზე ბედნიერი დღეანინო ბალანჩივაძე მე ერთი ნიჭი მაქვს, ზუსტად ვიცი რას გრძნობენ ადამიანები, მაგრამ მე ერთი სისუსტეც მაქვს, ადამიანები ამ გრძნობების შესაბამისად არ იქცევიან ხოლმე თავი I ხელოვნური ბაზარი ხელოვნების ბაზრობაზე დღეს ჩემი ყველაზე ბედნიერი დღეა, ვთქვი, ცრემლები ყელში მოვგუდე და თვალებზე გადაკრული წყალი, სასხვათაშორისოდ, საყვარელი ფილმის გახსენებისგან აჩუყებულ გულს დავაბრალე. ხელოვნების ბაზრის რიგს თავაწეული მივუყვებოდი, ჩემ გარშემო ხალხი წრიალებდა, მე კი დინჯად, ჰაეროვნად მივაბიჯებდი და ათას ნაცნობს თბილად ვესალმებოდი. მძულს სახლიდან გამოსვლა, რადგან მარტოსულობა ბევრ ხალხში უფრო ადვილად მიხელთებს. ყველაფერი მაქვს ბედნიერებისთვის, მეტყვიან სხვები, — ლამაზი, ჭკვიანი და ნიჭიერი ხარ, სექსუალურობას რადიაციულად ასხივებ, ხელს რასაც მოკიდებ, ყველაფერი გამოგდის და სხვების აღფრთოვანებასაც იმსახურებ, ჯანმრთელი ხარ და ახალგაზრდა, დღეს არავინ მომკვდარა, გემრიელად ისაუზმე, გაზაფხულის მზიანი ამინდია და წიგნები უნდა იყიდო, სხვა რა გინდა, უმადური ნუ იქნები, მეტყვიან სხვები. აშვაბრამილის დახლთან მივისეირნე, რომელიც ჩანახატების დღიურებით, საფოსტო ბარათებით, ნაჭრის ჩანთებითა და წიგნის სანიშნებით გადავსებულიყო. — რეპროდუქცია “სამოთხე დედამიწაზე” გაქვთ? — ვკითხე გამყიდველ გოგონას.— ალბათ, გულისხმობთ “დედამიწაზე”. — არ ვიცი?— ნიმუშის სახელი დაკორექტირდა უბრალოდ. — უბრალოდ შეუცვალეს სხვის ნამუშევარს სახელი, — გადავაზუსტე ირონიულად და აღშფოთებულმა შევხედე უცოდველობისგან უტიფარ მოპასუხეს. — არაფერი განსაკუთრებული ჩარევა არ მომხდარა, უბრალოდ ტერმინი “სამოთხე” ძველი ეპოქისთვის დამახასიათებელი იდეალიზმის შემორჩენილი ხინჯი იყო, დღეს, ხომ ფაქტობრივად დედამიწა თავისთავად მოიაზრებს სამოთხის კონცეფციას, რადგან ყველანი ვთანხმდებით, არ არსებობს არანაირი ედემის ბაღი, სამოთხე ჩვენ შიგნით უნდა ვიპოვოთ, — ამ დროს გამყიდველმა გოგონამ ისე დამიქნია თავი, რომ ჩემგანაც მოითხოვა დასტური, — ამიტომ ალბათ, დაბნეულობის თავიდან აცილების მიზნით, ზედმეტი სიტყვა უბრალოდ ჩამოშორდა სახელწოდებას, — გამყიდველს გაშტერებული მივაჩერდი, — ხომ გესმით, ხელოვნება დაწმენდილი უნდა იყოს, აღმატებულობა და ძველი არტისტების პომპეზურობა არაეთიკურია იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათ ვერ იზიარებს. ხელოვნება მარტივია, ხელმისაწვდომი და ყველასთვის გასაგები, — დაამატა გოგონამ უხერხული დუმილის გასაქარწყლებლად.მე კვლავ მდუმარედ შევცქეროდი საოცრად მოსაწყენი გარეგნობის გოგონას, რომელიც ხელებით მგზნებარედ მიხსნიდა რაღაც სისულელეს. ხან რომელ დღიურს მოვკიდებდი ხელს, ხან რომელს წავეპოტინებოდი, მაგრამ ვერც ვხედავდი და აღარც მესმოდა რამე, მისი სიტყვები შორიდან ჩამესმოდა.ნეტავ იცის ამ პატარა ღლაპმა, რომ აშვაბრამილი ნამდვილ ხელოვნებას ქმნიდა და არ მიეკუთვნებოდა ეთიკურობაზე ადაპტირებულებს? ნეტავ, საერთოდ იცის რა არის ხელოვნება? ვიცი, რასაც მიპასუხებს ამ კითხვაზე, — ხელოვნება არის ადამიანის მთავარი მისწრაფება და სულიერი საზრდო.. მაგრამ იცის რას ნიშნავს სულიერი საზრდო?! გეკითხებით. ან იქნებ თქვას — ხელოვნება თერაპიაა.. ღმერთო, გული ამერევა ახლა. არა, არა, უარესი — ხელოვნება პოლიტიკურია! არა, პატარა ძუკნა, ხელოვნება პოლიტიკური არაა, იმიტომ რომ პოლიტიკა ყალბია, ადამიანის მოგონილი, პოლიტიკა ტყუილებით ნაშენები კონტროლის მექანიზმია, ბინძური, ხან ვისა და ხან ვის ხელში მოხვედრილი. არისტოტელე… სახელმწიფო… პლატონი… დანტე ალიგიერი… ყველაზე ცხელი ადგილი ჯოჯოხეთში, განკუთვნილია მათთვის, ვინც ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.. აჰ! გაიძახის მაღალმორალისტური, ფსევდოგანათლებული, მუდამ გაბრაზებული და “სამართლიანი”, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდა, რომელსაც ელემენტარული ემპათიის განცდა არ გააჩნია ადამიანების მიმართ. უვიცთა პათეტიკა. ვინმემ უთხრას რა, რომ აღარც ის ფილოსოფოსები არსებობენ, არც ისინი, ვინც მათ უსმენდა, არც კრეონისეული მმართველები მართავენ ქვეყანას, რომელთათვისაც კანონი უზენაესი იყო, არც ძველ საბერძნეთში ვცხოვრობთ და არც შუა საუკუნეების იტალიაში და რომ დანტეს თუ რაიმე ღვთიური გააჩნდა, სწორედ პოლიტიკამ წაართვა და გამოათაყვანა. დღეს, ადამიანის სულისთვის პოლიტიკა იგივეა, რაც ტუალეტში განავლის ჩარეცხვის აუცილებლობა. და ამ დროს, ხელოვნება. ხელოვნება ფიზიკურ სამყაროში გადმოღვრილი სამყაროს სულია, ადამიანის იმ ქვეყნიდან წამოღებული დიადი მეხსიერება, რომელიც სხვადასხვა სახით ვლინდება, მთავარი არსი, რომელიც ღრმადაა დაბუდებული, ადამიანი კი მთელ შინაგანს ამოიბრუნებს და თავს დაიცარიელებს, გარეთ გამოიტანს ყველაფერს, რაც მასში ღვთიურია. ხელოვნება სულია, რომელიც მყარდება და ნახევრად ფიზიკურ ფორმას იძენს, მხატვრობა — ფერთა სამყაროს გამოძახილია, მუსიკა — უმაღლესი, ღვთაბრივ ბგერათა მოგონებაა, მწერლობა კი, ის სიტყვაა — დასაბამიდან, რომელიც სავსე სიცარიელეში ითქვა. ხელოვნება ყველას ერთნაირად ემსახურება, ერთგულსა და მოღალატეს, მოყვარესა და მტერს, უბიწო პატარძალსა და მკვლელს, მეფესა და მათხოვარს, შეყვარებულსა და მგლოვიარეს. ხელოვნება ყველას ერთნაირად ემსახურება. — აი, თქვენ, რასაც ახლა ხელი მოჰკიდეთ, — გამომარკვია უღიმღამო გოგონას სიტყვებმა, — უკანასკნელი ეგზემპლარია, მას ჰქვია “ბედნიერების კლანჭები” და ეს ჩვენს ეპოქასთან ყველაზე ახლოს დგას, ამიტომ ძალიან პოპულარულია ახალგაზრდებში, თითქოს აშვაბრამილის წინასწარმეტყველებაა და გზავნილი მომავალში. კლანჭები კი ცოტა უხეშად და ძალადობრივად ჟღერს, აი, აქ ჩანს, იმ საშინელი, სასტიკი საუკუნის მიწურულის გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე, მაგრამ თუ კლანჭებს გავიგებთ როგორც რაღაც ფრინველის კლანჭებს და გავიაზრებთ, რომ მხატვარი ამაში გულისხმობდა, ბედნიერების ფრინველს, მაშინ არც ისეთი ნეგატიური გამოვა.ღმერთო, ხმა ჩაიწყვიტოს ამ უტვინომ, — აღმომხდა ჩუმად, რადგან უკვე მოლოდინს გადააჭარბა მისი პოზიტიურობის აპოთეოზმა, მაგრამ რა მჭირს, რატომ ვფიქრობ ასე კეთილგანწყობილ ადამიანზე, დაიცა, სინდისი მაწუხებს? უხეში ვარ? არა, არა, რას ნიშნავს, უხეში ვარ? უბრალოდ ის ვარ, რაც ვარ და ვიღაცის დაზეპირებული სინდისი ვერ მიკარნახებს რომ ეს ხმა არასამართლიანია. ”ბედნიერების კლანჭები” — გამეცინა, კიდევ კარგი თავისებური ახსნა მოუძებნეს, თორემ ხომ მოაშორებდნენ “ზედმეტ” სიტყვას და დატოვებდნენ “ბედნიერებას”. ამ კლანჭების გამო არ ვაძლევ ახლა თავს უფლებას ყალბი ღიმილის ნაცვლად გამყიდველს მივანიშნო, რომ თავი მომაბეზრა. აი, ეს არის ამათი ხელოვნების გაგება, ეს კი, ნამდვილად პოლიტიკაა, ვერ შევედავები, ძალადობამდე მისული ეთიკურობა და კეთილგანწყობა.— ძალიან კარგი, ჩემთვის შემორჩენილა, “ბედნიერების კლანჭებს” ავიღებ, ეს სახელი ხომ ჩემს ცხოვრებას საუკეთესოდ აღწერს, — ვუთხარი გამყიდველს აღტაცებით და დანარჩენი ჩემთვის შევინახე, ვერც ქარაგმას მიხვდებოდა ეს ყეყეჩი, და საპასუხოდ უაზრობამდე ფართოდ გაღიმებულ გოგონას თავი დავუკარი. რა ჯობს შეგნებული იყო და ბოროტი იდეალები გამოძრავებდეს, თუ იდიოტი?გაურკვეველია რისგან გახარებულმა გამყიდველმა ჩქარ-ჩქარა, ნერვულად დაიწყო დღიურის შეფუთვა, თან მარცხენა თვალი უთამაშებდა და დროდადრო გამომხედავდა.— ნუ ჩქარობთ, — ცოტა შემეცოდა კიდეც, — არ მეჩქარება, — დავამატე შეშფოთებულმა.— არა, როგორ გეკადრებათ, ახლავე მოგართმევთ, — მითხრა გოგონამ და ქაღალდის პარკით ჩემკენ გამოიქცა, გზად იატაკზე ერთმანეთში აბლანდულ სადენებს ფეხი წამოკრა და დახლს ტვინი კინაღამ ჩამოასხა. — ფრთხილად! — დავუყვირე, მაგრამ უცებვე გავუღიმე, მხურვალე მადლობით გამოვართვი შეფუთული შენაძენი და ბარათი ტერმინალს დავადე, ეკრანზე ჩემი ფოტო გამოჩნდა.— ბეატრიჩე, რა უცხო სახელი გაქვთ, — გამიღიმა უღიმღამო გოგონამ.— მადლობა, — გავუღიმე კიდევ ერთხელ და დახლს სასწრაფოდ გამოვეცალე. ადრე არ ვიცოდი, რომ ტუჩის უპეებში კუნთები არსებობდა, რომელიც ახლა, ამდენი ნაძალადევი ღიმილისგან დამჭიმვოდა.ცოტა კიდევ გავიარ-გამოვიარე, არავინ რომ არ გამომლაპარაკებოდა, სახეში არ ვუყურებდი ადამიანებს. უამრავი წიგნი გამოვზიდე ბაზრობიდან, რომ მოვასწრო და წავიკითხო ორიგინალი კლასიკოსები, სანამ მათ თარგმანებსაც არ “დააკორექტირებენ” და ყოველგვარ აზრს მოკლებული სიბრძნეებით, თარგმანს მნიშვნელობას არ შემოაცლიან. ყოველი წიგნის ყიდვისას, შეგრძნება მეუფლება თითქოს საშინლად მშია და თაფლაკვერებს დაუღეჭავად ვსანსლავ, რადგან მეშინია ვინმემ არ შემიჭამოს. გამოსვლისას, განივ კედელზე მისხმული ახალი ხელოვნება ერთი თვალის შევლებით შევაფასე და კარისკენ დავიძარი. რა წამს კარიდან გავედი, ცივმა ტალღამ დამიარა. მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ და ამიტომ ვარ ასეთი უბედური. შიგნით გაჩენილ ცარიელ თაროებზე ნაყიდ წიგნებს ვალაგებ, მაგრამ მაინც ვერ ვივსებ სიცარიელეს. არავინ მყავს უბრალოდ, ფიქრს კი, თუ ზრუნვაში არ გადაიზრდება, არაფერი მოაქვს, მხოლოდ ახალ თაროს აჩენს და წლებთან ერთად ალექსანდრიის გამოცარიელებულ ბიბლიოთეკას ემსგავსები.სინამდვილეში არავინ მიცნობს. არც ისინი იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ არ ვიცი, მათ ეს ადარდებთ თუ არა.და თუ შორს, ვინმე ტკბება ჩემი სევდიან ხმებით, ის ჩემს ხმებს მიჰყავს… მე ვის წავყვე ჩემის წამებით? — გადავშალე პირველივე წიგნი, რომელიც ხელში მომხვდა და გალაკტიონის სიტყვები ამოვიკითხე. აქ მას აღარავინ კითხულობს, რადგან თავის დროზე, ის ბედნიერი არ იყო, მე კიდევ მანუგეშებს მისი სიტყვები. ტროტუარის ქვაზე ჩამოვჯექი და თავი ხელის გულებში ჩავრგე. ნეტავ როგორია — როცა შენი ყველაზე ბედნიერი დღე კი არაა, არამედ როდესაც უბრალოდ ბედნიერი ხარ? ვიხსენებ, ოდესღაც არ მქონდა შიში, იმისა რომ ცხოვრება ცუდს მიმზადებს და ყველა ადამიანისგან ცუდს მოველი? არც ის მახსოვს, როგორია, როცა უბედურებას მთელი ეშხით შეიგრძნობ, რადგან ახლა იძულებული ვარ, ყოველ მოსახვევში გაჩენილ საშინელ შეგრძნებას თვალი ავარიდო, რადგან ნეგატივი ცუდია ჯანმრთელობისთვის. მაგის დედაც ვატირე, არ მაინტერესებს რა ბედი მეწევა, საშინელ ხასიათზე ვარ და ახლა ყველას ვაგინებ. — ბეატრიჩე! — მომესმა გახარებული შეძახილი. ნახევარი სახე ხელის გულებიდან განრისხებულმა ამოვყავი და უცნობ ნაცნობს ალმაცერად ავხედე. მზე ურტყამდა და თავიდან ვერ ვარჩევდი ვინ იყო, მაგრამ როგორც კი ვიცანი, დაჩვეულად, ყურებამდე გავიკრიჭე, წამოვხტი და შევეგებე, — როგორ ხარ?! ფუ, შენი, რატომ ვაკეთებ ამას?დიალოგი ნორმალურად წარიმართა, როგორც მიღებულია, — როგორ გამიხარდა შენი ნახვა, რამდენი ხანია არ მინახიხარ?! ნეტავ თუ გაიფიქრებს, სწორი მინახავხარ არისო. ჩლუნგო, პარალელურ ფორმებად დააწესეს უკვე ეგ ორი და ერთი, გაბედე და შემისწორე. ვიცინოდი. რას ვაკეთებ, მხოლოდ სხვებს ვაბითურებ თუ საკუთარ თავსაც?აქ, როდესაც დეპრესიას გადააგორებ, ადამიანები “ნორმალურად” მხოლოდ შემდეგ გესალმებიან და შენც მხოლოდ მაშინ გაქვს უფლება მასზე თამამად საუბრის. ამ დროს, ყველა უნივერსალურ შეკითხვას დაგისვამს: ვერ მითხარი?! არადა კნავი, ისვრი მინიშნებებს, რომ იქნებ ვინმეს გაიგონოს შენი, მაგრამ თან გეშინია, არ მიგიხვდნენ, რადგან რაღაცნაირად, უსიტყვოდ დაკნინების საოცარი ნიჭი აქვთ. გაგრძნობინებენ, რომ თავს აბეზრებ, მაგრამ იმ უნივერსალურ შეკითხვას მაინც დაგისვამენ და იმასაც გეტყვიან, რამეში თუ დაგჭირდი, ხომ იცი, აქ ვარო. ვკითხულობ ბოროტები არიან, თუ იდიოტები? მგონი უბრალოდ ვერ ხვდებიან, მაგრამ ეს ამსუბუქებს მათ დანაშაულს? ესენი ვერაფერში დაგეხმარებიან, ჯობს გაეცალო, დაჭრილი ცხოველი სხვა ნადირებს დახმარებას არ თხოვს, გამოქვაბულში იშუშებს ჭრილობებს. ისევ მე თვითონ გამოძვრები. ნაცნობი, რომელსაც თბილად ვესაუბრებოდი, ადრე ძალიან მომწონდა და მეგონა მასაც, სანამ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ ჩამომიშორა. ვინც კი შესაფერისი მომწონებია ან შემყვარებია, ყველა აღფრთოვანდა ჩემით, მაგრამ წასასვლელი მიზეზი ყველამ იპოვა. ეგრეა, ადამიანს კარგი არ ჰყოფნის, მაგრამ ბოლოს შუალედურს დაკმაყოფილდება ხოლმე, იპოვის უღიმღამო, უსაფრთხოდ ბედნიერ სატრფოს, რომელიც არ ატკენს, არ გაანადგურებს, კომფორტულად აგრძნობინებს თავს, მაგრამ არც იმ სიყვარულს განაცდევინებს, გულს რომ უწურავს ადამიანს. არც უნდა, იმიტომ სჯერდება უსაფრთხოდ ნორმალურს, რომ აღარ შეუძლია, გაურბის, ეშინია , ვაი და ეტკინოს? ლაჩრები არიან ადამიანები. არ მინდა მეც უსაფრთხოდ ნორმალურ სატრფოს დავჯერდე და ყოველმხრივ უზრუნველყოფილი და საშინლად მოსაწყენი გავხდე. მე სულ გავბედავ, აი ეგრე, იმდენჯერ, სანამ არ ვიპოვი. ტკენისაც აღარ მეშინია, სულ რომ ძალიან მოინდომონ, ვეტყვი: — უი, შენც? და რა მერე? წადი, როგორც შენ გინდა.ახლაც, ვუყურებდი მამაკაცს, რომელშიც ადრე იმედის ნაპერწკალს ვხედავდი, სიყვარულის შესაძლებლობას, სიღრმის ალბათობას, ახლა კი — შეჭმული გრძნობების ხარჯზე გაღრმავებული სიცარიელის გარდა ვერაფერს და მინდოდა მეთქვა, — ჩემო საყვარელო, შენ იყავი კარგად, თორემ მე ჩემს სილამაზეს, ჩემს ჭკუას, გრძნობებს, სიგიჟეებს, სითბოს, ჩემს ვნებიან ტუჩებს, დაუცხრომელ ვნებას და სიყვარულს, რომელსაც ჭკუიდან გადაჰყავდი, მაგრამ მაინც არ გინდოდა, ჩემთვის შევინახავ. სირცხვილია ბოლობოლო, როგორ გავბედე შენთვის შემეთავაზებინა, ასეთი ცივილურად ბედნიერი, “ნორმალური” ადამიანისთვის!მე ასე ვიცი, დავინახავ და მიყვარს, ვმალავ უბრალოდ, იმიტომ რომ ვიღაცას რომ უთხრა ერთ საღამოში შემიყვარდიო — გაიქცევა, შეეშინდება, ჩათვლის რომ გიჟი ხარ, არადა ისინი არ არიან გიჟები? როგორ შეიძლება სიყვარულს დრო სჭირდებოდეს, მაგრამ მათ სჭირდებათ, რომ თავი ისე დაიჭირო, თითქოს არ განაღვლებს, ხო უნდა დააცადო სანამ აუდგებათ, აბა, სიყვარული სხვანაირად როგორ? მერე, იმასაც ვფიქრობ, მინდა ასეთი სიყვარული? მე მოთმენა არ შემიძლია, იმიტომ რომ არც სიყვარულს შეუძლია მოთმენა და თავის მოჩვენება თითქოს დრო სჭირდება. მეც ავდგები ერთ დღეს და წავალ, ვიპოვი ჩემს ხალხს, რომელსაც სიყვარულის მთვლელი არ აქვს ჩამოყრილი.მე დიდი სიყვარული შემიძლია, სხვანაირის არ მწამს. ვერ დავიჯერებ, ადამიანი იყო და არ გინდოდეს ასეთი სიყვარული, როდესაც არ გითვლიან. მაოცებს, — რა სჭირთ ადამიანებს, რატომ ეშინიათ, რატომ ჰგონიათ, რომ ატყუებ, რატომაა ასეთი წარმოუდგენელი სიყვარული, რომელსაც გამოხატვის არ ეშინია? თუ სადმე არსებობს ადგილი, რომელსაც მე ვეკუთვნი და იქ ჩემნაირები გამონაკლისები არ არიან, ალბათ, მათაც არ ესმით ბედნიერების, რომელსაც ვითომ კლანჭები არ აქვს, მაგრამ რატომღაც მაინც დაჟინებულად მოითხოვს, რომ ბედნიერი იყო. ხელოვნების არ იყოს, ამათი ბედნიერება საუკუნეებგამოვლილი კაცობრიობის პოლიტკორექტულობის შედეგია, რომელმაც სიცოცხლეს ნამუსი ახადა და ცხოვრების მთავარ იდეოლოგიად შეირაცხა თავი. იგი კეთილშობილია, მაგრამ მნიშვნელობადაკარგული, იგი ნამდვილია, მაგრამ როგორც კი ვალდებულებას ემსგავსება, იმ წამსვე ხელიდან გისხლტება. მას სახელი არ ჰქონდა, მაგრამ დაიჭირეს, დააბეს და მანამ აწამეს, სანამ არ გატეხეს, თავი არ აღიარებინეს და ადამიანების წვალება არ აიძულეს. ჩემი ბედნიერება კი, ჩუმად მაინც გვიჩურჩულებს, წადით, გაიქეცით, მე ის არ ვარ, ვინც გგონივართო, მაგრამ ადამიანებს მხოლოდ ხმამაღალი რაცაა, ის ესმით. აბრეშუმის თეატრი მე სისხლით რომა ვარ, ბოშა, გიტანო, ბოჰემიელი, ციგანი. მამამ ბეატრიჩე დამარქვა, რაც ბედნიერს ნიშნავს, მისგან მხოლოდ სახელი დამრჩა. ბედნიერი ის არის, ვისაც წყალობა აქვს, მე კი ვთვლი, რომ ცხოვრება დაბადებიდანვე დამცინის, მაგრამ იქნებ რაღაც წყალობისმაგვარი მაინც არის იმაში, რომ ერთმა კეთილმა ოჯახმა მიშვილა ჟან გაისგან, რომელმაც მომიტაცა და უცხო ქვეყანაში გამყიდა. ვიცოდი, ხალხს არ ვუყვარდით, ამიტომ რომ არ ჩამკირკიტებოდნენ, თავი მოვიკატუნე, თითქოს არაფერი მახსოვდა, ტირილი ავტეხე, და ერთადერთ იმედს ჩავაფრინდი, ჩემს მომხიბვლელობას, რომლისაც ბევრი არაფერი გამეგებოდა მაშინ, უბრალოდ ინსტიქტი მკარნახობდა რა და როგორ გამეკეთებინა.საბუთებისა და შვილად აყვანის საკითხები როგორ მოაგვარეს დღემდე არ ვიცი, ის დღეები, გაცრეცილად, შიშში და დაზაფრულობაში მახსენდება. ერთადერთი, რაც ჩემი ფესვებიდან არ დავთმე და “მახსოვდა”, სახელი იყო, სხვა სიტყვას არ ვამბობდი, გარდა ბეატრიჩესა.მაშინ ბავშვურად მეგონა, რომ ყველა გავაბითურე და საკუთარი თავის გმირი გავხდი. ჩემი კეთილი ოჯახი სიკეთით დუმდა, არასდროს არცერთს უკითხავს ჩემი ნამდვილი ოჯახის შესახებ, ან მახსოვდა თუ არა ძველი ცხოვრება, ენა, ვფიქრობდი თუ არა დედაზე. ყველა მშობელს თავისი ბავშვისთვის საუკეთესო უნდა, მაგრამ ხანდახან საპირისპირო გამოსდით, არ იციან რა არის საუკეთესო, ისინიც ადამიანები არიან. ერთხელ, სკოლის ეზოში ბურთის თამაშის დროს, გუნდებში გადანაწილებისას, თანაკლასელმა გოგონამ ყველას თანდასწრებით მომაძახა, — შენ უცხო ხარ და შენნაირების გუნდი იპოვეო, — სულ მექიშპებოდა, არ მასვენებდა და ჩემთვის მწარე სიტყვების თქმის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებდა. მახსოვს, ყველამ მე შემომხედა. უფროსმა დამ დამინახა ტუჩი რომ ამიკანკალდა და გადამეფარა, იცოდა, საშინლად ამაყი ვიყავი და საკუთარ თავს ხალხში ატირებას არ ვაპატიებდი. — ბეატრიჩე ჩემი დაა, ის უცხო არაა, — უთხრა ბავშვისთვის უჩვეულოდ მკაცრი, გაყინული ხმით.მას შემდეგ, არ მახსოვს, ვინმეს გაებედოს მსგავსი რამ, მეც ვისწავლე, როგორ მომეთოკა ის სათუთი, რაც ადამიანმა ხალხის თვალს უნდა მოარიდოს.რაც წამოვიზარდე, სიუცხოვის განცდა წლებთან ერთად შედარებით მინელდა, აქაურ საზოგადოებაში ჩავეწერე და სხვებს დავიმსგავსე თავი. მსახიობი გავხდი და ყველა ჩემს უთქმელ დარდს თამაშის დროს ვიოხებ. ვყვირი, ვტირი, სიცოცხლე არ მინდა და ტაშს მიკრავენ. მათი ტაშის ნაცვლად დაირის ხმა მესმის, თითქოს წინაპარი ქალები გამარჯვების ყიჟინის, ჯიშის ტრიუმფის ნიშნად ერთად ახმაურებულან და ამაყობენ ჩემით, მე ვარ მათი გრაალი, საუკუნეთა ხეტიალის ხორცშესხმული ჯილდო. ამ დროს ცოტა ხნით მართლა ბედნიერი ვარ, რადგან ნამდვილი ვარ, სხვებმა კი არ იციან, მათ მხოლოდ მაშინ მოსწონთ, როდესაც თამაში გონიათ. ადამიანებთან ფრთხილი ვარ, მათ ადვილად შეუძლიათ შენი შეჭმა, ამიტომ მოხდენილად ვიმალები, რომას ეს ცეკვასავით კარგად გამოსდის. ერთია, დამალვა მღლის, სიცოცხლეს მაცლის. მსახიობი რომ არ გავმხდარიყავი, ალბათ მართლა მოვკვდებოდი. აბრეშუმის თეატრში ვმუშაობ. რეჟისორი ერთი შუახნის ქალია, მარიაჩი. მის დადგმებზე ბილეთის შოვნა რთულია, დარბაზი მუდამ გადაჭედილია, მკაცრი კრიტიკოსები საოცრად ზრდილობიანები არიან მარიაჩისთან და მისი ხათრით, ჩვენთან, არტისტებთანაც. მარიაჩისთან რომ არ ვიყოთ, კაცმა არ იცის, როგორ დაგველაპარაკებიან, ან საერთოდ ხმას გაგვცემენ თუ არა. ხალხს უხარია აბრეშუმის თეატრში მოსვლა, რადგან თუ იქ აღმოჩნდები, ეს შენს საზოგადოებრივ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს, მთავარია, რაიმე ნიშნით სხვებმა შეგამჩნიონ, რათა ახსოვდეთ, რომ შენ აქ იყავი. ამიტომ ხალხი ზედმეტად ცდილობს გამოჩენას, აცვიათ ზედმეტად ფერადი კაბები, ზედმეტად დიდი საკმაულები უკეთიათ, გაგეცინებათ და დიახ, ბოშისთვის გასაკვირადაც, რაც უფრო უცნაურ, კონტექსტიდან ამოვარდნილ აქსესუარს გაიკეთებენ, უფრო შემართებით უჭირავთ თავიც, მე კიდევ ვუყურებ და მახსენდება ცირკი. მარიაჩი ძალიან ცნობილი და მიღებული ქალია, მაგრამ ვფიქრობ, რომ არც ის არის ბედნიერი. მას არ აინტერესებს საზოგადოებრივი მდგომარეობა და ეს მაღალი პუბლიკაც ნერვებზე დასთამაშებს, მას სიყალბეზე ჩემსავით ძლიერი ყნოსვა აქვს. მარიაჩის სიმართლე უყვარს და წარწყმედილ მოდგმაში შემორჩენილ ნამდვილ ექსპონატებს პოულობს და კალთის ქვეშ იფარებს. იგი შინდლერივით ითვლის ადამიანებს, რომლებშიც მარადიული ცეცხლივით დანთებულ სიმართლეს ხედავს. მისი უზომოდ მადლიერი ვარ, მარიაჩის პიესებმა გადამარჩინა და მაგრძნობინა, რომ სადღაც სხვაც მალავს დარდს. მისი დაწერილი პერსონაჟებით ვითქვამ წლიდან წლამდე სულს, ისინი მაცოცხლებენ.მარიაჩი გვასწავლის, რომ არასდროს გავთქვათ ჩვენში რა ხდება თამაშის დროს, რადგან ჩვენი დროების დიდი რეჟისორები შეეცდებიან “გამოგასწორონ” და “სისულელეზე” ხელი აგაღებინონ. ამიტომ ინტერვიუებზე თუ ვსაუბრობ როგორია გარდასახვა, არასდროს ვამბობ, რომ სინამდვილეში ყველაზე ნამდვილი სწორედ სპექტაკლის დროს ვარ, თამაშით, თეატრს გარეთ ვთამაშობ. ჩემი არცერთი პერსონაჟი ტყუილ-უბრალოდ არ მირჩევს, ისინი ან ჩემს იმდროინდელ სულიერ ყოფას განასახიერებენ ან უნდათ რომ გამაძლიერონ. ზოგი მიდის, ზოგიერთი კი ახლაც ჩემთანაა. უკანასკნელ პიესაში სულის როლი შემხვდა, მშვენიერი, ღვთაებრივი ფერიის, ადამიანის დასახმარებლად რომ იყო მოსული, მაგრამ ამ ქვეყანას არ ეკუთვნოდა. იქნებ მე თვითონ ვცდილობ მოვწყდე ადამიანებს და არა ისინი — მე? იქნებ, ეს ჩემი სისხლის ყივილია. ძვირფასო გურუჯი დღეს ჩემი ყველაზე ბედნიერი დღეა, — შევუძახე თავს, თვალები დავხუჭე და სხეულს საშუალება მივეცი თავის ნებაზე ემოძრავა. მოდუნებული, ერთ ადგილზე ვხტუნავდი და მკერდი მითამაშებდა, ექსტაზურად ვცეკვავდი და პირიდან გაუგებარი ბგერები ამომდიოდა. თითქოს მე კინოთეატრის ბოლო რიგში, სიბნელეში ვიჯექი და ვთვლემდი, ეკრანზე კი ვიღაც სხვა ცეკვავდა. ყურები დამიგუბდა, სხეული დამიბუჟდა და ვიგრძენი როგორ გამოიყო სხეულიდან რაღაც არანივთიერი ნივთიერება.ლატიჰანის ჯგუფში მეგობარმა მომიყვანა, რომლის მიმართ გულგრილი არ ვარ, მაგრამ ის არის გულგრილი სამყაროს მიმართ, თუმცა ძალიან ბედნიერი კი ჩანს. ლატიჰანის მასწავლებელი, რომელიც თავს გურუს უწოდებს, კუმარი, ცეკვის შემდეგ ოთხსაათიან ლექციას გვიტარებს ხოლმე. ჯგუფი იმდენად დიდია, რომ ცეკვა პავილიონში ტარდება და ჯგუფს სამართავად ბევრი მენტორი ჰყავს მიჩენილი. “ტრადიციული ლატიჰანი” — ასე ჰქვიათ მათ, რადგან ტრადიცია იშვიათია და კარგად იყიდება. იმისთვის, რომ ტრადიციული ლატიჰანის ჯგუფის წევრი იყო, აუცილებელია წესების შესრულება. პირველი და მთავარი წესის მიხედვით, ყოველ მესამე დღეს უნდა დაწერო მადლიერების წერილი გურუჯისადმი, როგორც მასწავლებელს უწოდებენ. “მე ქედს ვიხრი შენს ბრწყინვალე ფეხქვეშ, გურუჯი”, ასე უნდა იწყებოდეს წერილი. აუცილებელი პირობაა, რომ მენტორს გაუზიარო ყველაფერი, რაც გაწუხებს და თვლი, რომ ბედნიერებას გაშორებს, რადგან უბედურება მძიმე ცოდვად მიიჩნევა და შვიდ თაობას გადაეცემა. მე როგორც ყველასთან, აქაც სანახევროდ გულწრფელი ვარ, ასე ტყუილში ვერ გამომიჭერენ. მე მჭირდება ეს ცეკვა, მაგრამ არ მჭირდება გურუჯი, მე ჩემს მეგობართან მეტი დროის გატარება მსურს, მაგრამ ის ლატიჰანის გარეშე, არასდროს მნახავს. “მე ქედს ვიხრი შენს ბრწყინვალე ფეხქვეშ, გურუჯი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცუდი ფიქრები ახლა შემიძლია თქვენ გაგიზიაროთ. ბედნიერი ვარ, რომ სამყარომ ნება მომცა და ამირჩია, რომ თქვენს გარემოცვაში ვყოფილიყავი. მე ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი, ყველა სირთულე იმისთვის მოდის, რათა გავიზარდოთ. მადლიერი ვარ, რომ ამდენ სასარგებლო ინფორმაციას ვიღებ თქვენგან, მაგალითად, რა ქიმიური შემადგენლობა აქვს კოსმეტიკას და რამდენად გვისწრაფებს მისი მოხმარება სიცოცხლეს, მაშინ როცა, ადამიანის ორგანიზმი ას ოც წელზე არის გათვლილი, ან თუ ნატურალური მასალისგან დამზადებული ტანსაცმელი არ გვაცვია, ქიმიური შენაერთები კანში შეიწოვება და ჰორმონებს გვირევს. ჯერჯერობით, ფინანსურად ვერ ვახერხებ, რომ თქვენი მაღაზიიდან შევიძინო პროდუქცია, მაგრამ ახლო მომავალში, აუცილებლად ვგეგმავ”. ვწერდი იმ დღეს.ყოველთვის მეზარება კუმარასადმი მადლიერების გამოხატვა და თავს ვიდანაშაულებ მერე, რომ ეს სიტყვები ბუნებრივად არ მომდის, მაგრამ წესი ხომ მაინც უნდა შევასრულო. აღარ ვიცი ხოლმე როგორ გავაგრძელო და გავბერო, წერილებს დასასრულიც ხომ უნდა.— მადლობა ჩემს მენტორს, პუნამს, რომელიც ამ საქმეს უპირობოდ ემსახურება და მუდამ მზადაა საპასუხოდ, — ყოველ წერილში მენტორსაც თუ არ ვახსენებ, ცუდ ტონად ჩამეთვლება. პუნამი ზომბი მგონია, უმეცარი, თანაგრძნობისგან დაცლილი, ვერ ვიტან ამ ქალს, მაგრამ იმდენად მჭირდება ლატიჰანი, თუ იქნებ უბრალოდ გადარჩენა, რომ თავს არ ვუტყდები, იდიოტი რომ არის ეს ქალი. გურუჯიზე მსგავსის ღიად გაფიქრებას ვერ ვბედავ, მხოლოდ მეგობართან ერთად თუ გავიხუმრებ, ვითომ თბილად, ვითომ სიყვარულით დავცინით, ნუ, ყოველ შემთხვევაში მე, ის არ ვიცი რას ფიქრობს, ამიტომ ფრთხილად ვარ. — ბეატრიჩე, გურუჯიმ გადმოგცა, რომ მეტ დჰარანას უსმინო, — მომწერა ერთხელ პუნამმა. დჰარანა ჩანაწერია, რომელსაც გურუჯი “გალობს”. ითვლება, რომ დჰარანა გწმენდს, სინამდვილეში კი, (რასაც საკუთარ თავს არ ვუტყდები), კუმარის ყროყინია, რომელსაც ხმა ბაყაყს მიუგავს, — ეიკამ, დვეინამ, ტრეინამ, — გაჰკივის ჩანაწერში და ჩაძინებისას, ძალით ვუსმენ ყურსასმენებში, თან ვცდილობ მოვდუნდე. — პუნამ, დიდი პატივისცემით, როდესაც დჰარანას ვუსმენ, სხეულში უსიამოვნო შეგრძნებები მიჩნდება, ალბათ, ჩემში შემოჭრილი ბოროტი ძალები ეწინააღმდეგება გურუჯის წმინდა ვიბრაციებს, მაგრამ როგორ შეიძლება, რომ ასე აღარ იყოს? — მივწერე საპასუხოდ. — იწმინდები, ბეატრიჩე, ეს პროცესის ნაწილია, გააგრძელე და მეტი ყურადღებით უსმინე გურუჯის, ჩაიძირე მასში, — მითხრა პუნამმა. ეს სიტყვები თვითონ კი არ მოუგონია, ამდენი ჭკუა სად აქვს, მენტორებისთვის გაწერილი შაბლონია. ლექციებზე კუმარი სტუდენტებს სულ იდიოტებს გვეძახის, მენტორები კი, კვირეული მიმოხილვის მესიჯებში, რომელთა წაკითხვა სავალდებულოა, აუცილებლად ეხებიან ამ საკითხს და განგვიმარტავენ, რომ ეს Tough love არის, ეგრედ წოდებული მკაცრი სიყვარული, რომელიც მორჩილებას გვასწავლის. ის, ვინც ბრაზდება, ეგოს მიერაა შეპყრობილი და უნდა გათავისუფლდეს, ის — ვინც ამის გამო ჯგუფიდან მიდის, ვერაფერი გაუგია და ღირსი არ ყოფილა აქ ყოფნის. ასეთი ამბის მოსმენის შემდეგ, პუნამმა ჩემზე რამე რომ არ იეჭვიოს და ენა არ მიუტანოს კუმარს, ვცდილობ მადლიერება უფრო მგზნებარებით გამოვხატო. ლატიჰანის ეფექტი ლატიჰანის შემდეგ მენტორები ყავას გვიმზადებენ, რომლის მარცვლებს ჰიმალაის მთებში კრეფენ და შიშველი ხელებით პრესავენ (პროდუქტის შესაძენად ეწვიეთ ვებ-გვერდს www.tradlatihan.com). არ მიყვარს ყავა, მაგრამ ადამიანებთან სიახლოვისა და მათთან ერთად უბრალოდ დგომისთვის ერთი ფინჯანი გემრიელად ისმევა. ერთია მხოლოდ, ამ ბოლო დროს, გულის ფრიალი დამჩემდა. დარბაზში ვივალდის ოთხი სეზონი შემოდგომა გაჰკივის, გარეთ კი, ისე ცხელა, რომ სახიდან ყველას ოფლი გვდის, მაგრამ კონდიციონერი ფილტვებს აშრობს, ამიტომ, ხომ ხვდებით. კუმარა რომ შემოვიდა, ტატყანით მივხვდი, მენტორებს ეჩხუბებოდა რაღაცას. უცებ ოთხი სეზონის შემოდგომა გამოირთო და სანატრელმა “ეიკამ, დვეინამმა” შეცვალა, კუმარი მოგვიახლოვდა.— გამოთაყვანებულებო! ენერგიას მუსიკის მოსმენაში არ უნდა ხარჯავდეთ, ვაი, ვაი, გეშველებათ რამე? — ამოტრიალებული ხელი ჩვენკენ გამოიშვირა, დაჭყანულმა რამდენჯერმე თავი გაიქნია და ჩაგვიარა. ჩემ წინ, შეყვარებული წყვილი სახეზე ოფლს ტუჩებით აშორებს ერთმანეთს, ესენი კუმარის კურთხევით დაწყვილდნენ და თავისი ჭკუით, ზრუნავენ ერთმანეთზე, ეს კუმარასაც კი, არ მგონია მოეწონოს. არსებობს კარიკატურული ლიდერი და არსებობენ მასზე უარესი, უნიჭო მიმდევრები, რომლებიც მათი ბელადის უგემოვნო ჭეშმარიტების ღაღადსაც კი უხერხულობამდე შტერულად იგებენ. მათკენ თვალი გავაპარე და ჩემს მეგობარს საიდუმლო, კმაყოფილი ღიმილით გავხედე, მომწონს მასთან საიდუმლოებები რომ მაქვს. მეგობარი ერთ-ერთია, ვისთანაც შემიძლია ის ვიყო, რაც ვარ და ყველაფერი, რაც კი საკუთარ თავში სამარცხვინო და დასამალი მიპოვია, რომ დავფიქრებულვარ, ვიცი, მეგობარს მათ მიუხედავადაც ვეყვარებოდი. ჩემი წარმომავლობის შესახებაც იცის, იმდენივე, რამდენიც მე. აშკარად, ძალიანაც მოვწონვარ, უბრალოდ ჩემი გულთან ახლოს მიკარება მაინც არ უნდა. მეგობარი შეესისხლხორცა ამ ჩაკეტილ სამყაროს, სადაც ადამიანები უბრალოდ სწავლობენ როგორ შეეჩვიონ იმედგაცრუებებს და ამას ცხოვრებას ეძახიან, გულგრილობას კი — სილაღეს. მე კი მინდა, რომ თვალი ავუხილო მას, რადგან მეძვირფასება და დავარწმუნო, რომ ჩვენ, ერთად შეგვიძლია არაფერს არ შევეჩვიოთ და ბედნიერებისთვის ყველაფერი არ ჩავყლაპოთ, ვიყოთ ნამდვილები, რაც აქ მეამბოხეობად ითვლება. ვგრძნობ, რომ ზოგჯერ ზედმეტი მომდის და ვაძალებ რომ ნამდვილი იყოს, ვაძალებ რომ სიმართლე აღიაროს, იქნებ ვტყუი, იქნებ არ უნდა დაიხსნა ადამიანები ჯოჯოხეთისგან, რომც ვერ ხვდებოდნენ რომ ჯოჯოხეთში არიან. ნელ-ნელა ვხვდები, რომ ლატიჰანის ჯგუფიც ერთ-ერთი მინი-ჯოჯოხეთია, მაგრამ არ მივდივარ, რადგან ისიც მეყოფა, მეგობრის ამ სამყაროდან დახსნა რომ არ შემიძლია, ტრადლატიჰანში მაინც ვერ დავტოვებ, ამიტომ ნაწილობრივ სიმართლის ხერხს მივმართავ და ვეუბნები, რომ ცხოვრების მშვენიერებას არ უარვყოფ, თუმცა მისტერ კუმარს ხანდახან ზედმეტი მოსდის. რა ხანია უკვე მეგობარს ველოდები, მთელი გულით მჯეროდა გათავისუფლდებოდა, თავს აღარ მოიტყუებდა თითქოს ბედნიერებისთვის ყველაფერი კმაროდეს, ეს ხომ უბრალოდ ხალხის დაშოშმინების ხრიკია, რომელიც წმინდა მამებს შეტენეს. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ იქნებ მის გარეშე უნდა წავიდე, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის, ფეხები უკან მრჩება.ჰო, ფეხები. რაც ყავა დავლიე ფეხები დამიმძიმდა და გული ამიჩქარდა, რა ყავას გვასმევენ? ეს არის ნამდვილი ყავის ეფექტი, თუ უბრალოდ ვშფოთავ?ანგელოზებო, გამომიგზავნეთ ვინმე, ვინც ოდნავ შემიმსუბუქებს ამ დღეს, გამგები გაიგებსო, მარტო ადამიანებზე კი არ არის ნათქვამი. ლატიჰანიდან პარკში შევისეირნე. დიდი ხნის კარჩაკეტილობის შემდეგ (რაც მისტერ კუმარის ქადაგების შედეგი იყო, თუ როგორ არ უნდა დავიბინძუროთ თავი დაბალი ვიბრაციების მქონე ადამიანებთან ურთიერთობით,) სწორედ იმ დღეს, ჩემ თვალწინ დაკეტილი შადრევანი გადმოიფრქვა, ეს ხომ რაღაცას უნდა ნიშნავდეს? თითქოს ჩემს გამოსვლას გამოეხმაურნენ. სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ანგელოზებს ერთი სიტყვაც კმარათ, რომ ჩვენთან გაჩდნენ, ჩვენ არ გვახსოვს ხოლმე ისინი უბრალოდ, ზედმეტად დაკავებული ვართ “რეალური პრობლემებით”, როცა “რეალურად”, ჭეშმარიტებასთან მიმართებაში, ჩვენი ზრდასრული, სერიოზული ცხოვრების დრამები მხოლოდ მასხრად ასაგდები თუა. არავინ გამოუგზავნიათ, ვინც დღეს შემიმსუბუქებდა, მაგრამ შადრევანმა მაგრძნობინა, რომ მარტო არ ვიყავი და ეს საკმარისი აღმოჩნდა. დღეს თითქმის შემიყვარდა საკუთარი თავი და თითქმის მასაც შევუყვარდი, მაგრამ დაღამდა და სხვა დღე გამითენდა, რა თქმა უნდა, ისიც ყველაზე ბედნიერი. კუმარის მოციქულები მას შემდეგ, რაც კუმარმა ვივალდი უაზრო დროის ხარჯვისთვის დატუქსა, ჭერის კუთხეში დაყენებული დინამიკიდან, კლასიკის ნაცვლად, მუდამ ძვირფასი გურუჯის “ეიკამ, დვეინამ” მოისმის. კუმარი კრძალავს ენერგიის ყოველგვარი სახის უაზრო ხარჯვას, მუსიკას, განსაკუთრებით როკსა და ჯაზს, (მანქანაში მგზავრობისასაც, გვირჩევს დჰარანას ვუსმინოთ) ფილმებს, სერიალებს, კლუბებში სიარულს, ჭორაობას, სხეულის მკვეთრ მოძრაობებს, აღარ საუბრობს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარებაზე. ენერგიის კონსერვაციასთან ერთად, გვასწავლის სისუფთავეს და რეკომენდაციას იძლევა, რომ გამოვიყენოთ მხოლოდ ნატურალური მასალა, გვეცვას აუცილებლად ტყავის ფეხსაცმელი, მოვერიდოთ ენდოკრინული სისტემის ჩამომშლელ ქიმიკალებს, მაგალითად BPA-ს, ანუ, ბისფენოლ A-ს, თავი შევიკავოთ მაღაზიის ჩეკის აღებისგან, რადგან ცხელი დაბეჭდილი ქაღალდის სახით, როგორც ამბობს, ცოცხალ სიმსივნეს გვაწოდებენ ხელში, გადავყაროთ რეზინის სპორტული ბოთლები, ბავშვის სათამაშოები, არ გავეკაროთ კონსერვის ქილაში დაფასოებულ საჭმელს.. აი, ფტალატებს, ქიმიური ნაერთების ოჯახს, შეიცავს დაწყებითი კლასების სასკოლო ჩანთები, სამშენებლო მასალები, თავის მოვლის საშუალებები, სუნამოები, ლანჩ ბოქსები და ვინილის ფირფიტა. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია და ეს ყველაფერი ჩვენს სხეულში იწვევს ჰორმონი ესტროგენის იმიტაციას, რასაც მოჰყვება რეპროდუქციული პრობლემები, კიბო, გულის დაავადებები, ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, გამოხატული სიმსუქნე.ეს ყველაფერი როგორ უნდა გაითვალისწინო საშუალო სტატისტიკურმა ადამიანმა? ამის გაფიქრებაზე სული მეხუთება და ვგრძნობ, როგორი გაჭყეპილი ვარ ქიმიკალებით და შფოთვა მეწყება. დღეს, კუმარს ქიმიის გაკვეთილი აღარ ჩაუტარებია, ძირითადად მორალს გვიკითხავდა: — მთელი ცხოვრება გზაა, რომელმაც ღმერთამდე უნდა მიგიყვანოთ, ეს თქვენი გამოცდაა, რომელიც გცდით მოთმინებასა და გამძლეობაში. სანამ თქვენს გურუს შეხვდებოდეთ, უდაბნოში დადიხართ, არ აქვს მნიშვნელობა, გყავთ აქლემი, გაქვთ თუ არა წყალი მათარაში, თუ სიცხისგან გაუმტარი ტანსაცმელი, თქვენ ამ უდაბნოდან თავს ვერ დაიხსნით, მაგრამ თუ დაიმსახურეთ და გზად გურუ შემოგხვდათ, დაემხეთ მუხლებზე და უთხარით, ო, მე ქედს ვიხრი შენს ბრწყინვალე ფეხქვეშ, გურუჯი! ჩააბარეთ თქვენი ავლა-დიდება მას, უკლებლივ ყველაფერი და რომ გიბრძანოთ, გაშიშვლდი და შუადღის მზეს გულ-მკერდი მიუშვირეო, ეჭვი არ შეიტანოთ მის სიტყვებში… ხანდახან, ადამიანურ პატარა გონებებს ჭეშმარიტი სიკეთის გარჩევა უჭირთ და ამ დროს, “ჭკვიანები” გურუს აუმხედრდებიან, შენ რა, ჩემი სიკვდილი გადაგიწყვეტიაო? ასეთი “ჭკვიანი” უგუნურები უკან დაიბრუნებენ ქონებას და გურუს ჩამოსცილდებიან, იმაზე კი არ იფიქრებენ, რომ გურუს გარეშე უდაბნოს თავს ვერ დააღწევენ. ვეღარ გავუძელი, მთქანრება ამიტყდა და პარალელურად ტეტრისის თამაში დავიწყე. — სანამ ღმერთამდე მიგიყვანდეს, გურუა შენი ღმერთი და ღმერთს კითხვას არ უსვამენ! — ხმას აუწია კუმარამ და ტელეფონიდან თავი დამნაშავე ბავშვივით ამომაწევინა. ერთი-ორ წუთიანი ყურადღებიანი მზერისა და რამდენიმე ჭკვიანური დაქნევის შემდეგ, ბრაუზერი გავხსენი და საძიებო სისტემაში ჩავწერე ს ე ქ ტ ი ს ნ ი შ ნ ე ბ ი. ძიების შედეგები — როგორ ამოვიცნოთ კულტი, 10 საგანგაშო ნიშანი იმისა, რომ სექტაში მოხვდით.ავტორიტარული ლიდერი, რომელიც ანგარიშვალდებული არავისთან არ არისყველა სხვა ავტორიტეტის ჩამოშლა & აკრძალვანულოვანი ტოლერანტობა კრიტიკისა და შეკითხვების მიმართ— ვაი, თქვე იდიოტებო, ვაი ჭკვიანებო, რომ გგონიათ, ყველაფერი იცით. მე ოქსფორდი დავამთავრე, ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი, მე მაგისტრის ხარისხი იურიდიული მიმართულებით ჰარვარდში მივიღე.., — გვაჯავრებდა წრიპინა ხმით კუმარი და თვითონ ტანით ყავისფერ ხვლიკს წააგავდა, სახით კიდევ გომბეშომ რომ წონაში დაიკლოს და თვალები კიდევ უფრო გადმოეკარკლოს, — თქვენი დიპლომები ბუდას, კრიშნას, ქრისტეს წინაშე არაფერს ნიშნავს, ისეთი ჭკვიანები რომ იყოთ, როგორიც გგონიათ, რომ ხართ, განა პიცას და ნაყინებს შეჭამდით? ღმერთისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი სუფთა სხეულია, მაგრამ თქვენ ხომ უკეთ იცით? მე კიდევ გეტყვით, ეჭვი არ შეიტანოთ, იმაში, რასაც გურუ გეუბნებათ. 4. რწმენა, რომ ყველა მიმდევარი, ვინც ტოვებს კომუნას, ტყუის და არ არსებობს წასვლის ლეგიტიმური მიზეზი;5. მორალური/ფიზიკური წნეხი და ძალადობა წევრებზე — ხასიათის მკვეთრი ცვლილება, დეპრესიული გამოვლინებები, ჩაკეტვა;6. კულტის წევრების ფსიქოლოგიური მდგომარეობის კონტროლი — საიდუმლოს არქონა ლიდერებისგან და ნებისმიერი“მწვალებლური” აზრის მათთვის გაზიარება ტელეფონში რამდენიმე წამით კვლავ ჩავხედე და სასწრაფოდ უკან ამოვიხედე. — ოხ, თქვე იდიოტებო! განა არ ვიცი, რამდენნი ფიქრობთ, აქედან წასვლას, რადგან არ გაწყობთ აკრძალვები, თქვენ გინდათ, რომ გურუ გელოლიავოთ და ყველაფრის უფლება მოგცეთ, ნაყინების და პიცის ჭამის ნება დაგრთოთ, სექსის. — სექსის ხსენებაზე ხმას დაუწია და თვალები კიდევ უფრო გადმოყარა, — იცხოვროთ ისე, თითქოს ამას შედეგი არ მოჰყვება და იმხიარულოთ, როგორც გონებასუსტებმა. ფიქრობთ, ხომ, მისტერ კუმარი ზედმეტად მკაცრია, მისტერ კუმარი მიყვირის და წავალო, ან იქნებ, ის გგონიათ, რომ არ წახვალთ და დამიმალავთ თქვენს ჭუჭყიან ფიქრებს, ასე კიდევ უფრო დიდ ცოდვაში ჩადგამთ ფეხს! ტყუილს ნუღარ დაამატებთ თქვენს სიდებილეს, ჯობს მითხრათ, თუ ბინძური ფიქრებიც გაწუხებთ, გურუმ ყველაფერი უნდა იცოდეს მოსწავლის შესახებ, რათა შეძლოს ინსტრუმენტის გაწმენდა.7. ფინანსური ან ენერგეტიკული სარგებელი წევრებისგან8. შეგრძნების გაჩენა წევრებში, რომ ისინი საკმარისად კარგი არასოდეს არიან9. გარე სამყაროს მიმართ უნდობლობის გაჩენა, მისი შავ ფერებში დახატვათვალებს არ ვუჯერებდი, ერთი-ერთში ემთხვეოდა ყველაფერი, ოდნავ გული ამიჩქარდა, ავნერვიულდი, თავი მახეში გაბმულად ვიგრძენი და თავში ათასმა ფიქრმა დამიწყო ტრიალი: აი, თურმე, ყველა ჩემი უსიამოვნო შეგრძნება რისი ბრალი იყო, აქამდე როგორ ვერ მივხვდი, თავი როგორ დავიხსნა, მეგობარს რით ვუშველო… კუმარის საუბარს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვისმენდი:— როგორც თქვენ იკვებებით, წარმოუდგენელია, რასაც მაღაზიაში ყიდიან, ყველაფერი კონსერვანტებით სავსეა. რა გგონიათ, ეკოლოგიურად სუფთა რასაც აწერია, ყველაფერი სუფთაა? ამ რეგულაციებსაც ხომ სახელმწიფო აწესებს, როგორ განისაზღვრება იურიდიულად სიტყვა “ეკოლოგიურად სუფთა”, აბსოლუტურად მათი გადასაწყვეტია. გაგიგონიათ ეკოლოგიურად სუფთა არაჟანი, რომელიც ორ თვეს გასტანს? მაშ როგორ მოვიქცეთ, ისმის კითხვა. ჩვეულებრივი ხალხი ხელ-ფეხშეკრულია, მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, მაგრამ თქვენ გაგიმართლათ, თქვე სულელო, ჩერჩეტო ბატებო, თქვენ კიდევ ნერწყვი გადგებათ კარტოფილი ფრის დანახვაზე. ვაი, ვაი. ტრადიციული ლატიჰანის მაღაზიაში ყველა მარცვლოვანი თვით ჰიმალაის მთებში მოყვანილი კულტურებიდან მოგვაქვს, მაგალითად ეს ენერგო გრანოლები უზღვავ ენერგიას გაძლევს და მუცელსაც მინიმალურად ავსებს, ისე რომ მთელი თქვენი ენერგია კუჭში არ გაემართოს! აი, ნახეთ, რომ დარწმუნდეთ რამდენად ხარისხიანია, ახლავე შევჭამ, თქვენ თვალწინ, — კუმარმა ენერგო გრანოლა გახსნა და გემრიელად ხრამუნი დაიწყო, აღარ გვიყურებდა და შეექცეოდა ჰიმალაურ ნუგბარს და თან პირს აწკლაპუნებდა, — გრანოლებს თაფლი აქვს, რათა შეიკრას და კარგად დაგვანაყროს, ეს თაფლიც რა თქმა უნდა, ჰიმალაის მეფუტკრეობას ეკუთვნის.ჭამა რომ დაამთავრა, შემდეგ პროდუქტს დასტაცა ხელი, კონტეინერი ეჭირა, — ეს აღმოსავლური ნუშის ფხვნილია, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის პროტეინის ყველაზე ჯანსაღ წყაროს წარმოადგენს, — თან ჩვენ თვალწინ გახსნა და ფხვნილი ხელით მოსრისა, თითქოს მისი კონსისტენციით ხარისხის დასკვნას დავდებდით, — კოკაინი რომ იყოს, — გადავუჩურჩულე მეგობარს და ფკუხუკუნი ავტეხეთ. იქვე მდგარმა მენტორმა “მიმა-სსსუ-უსა” და თვალები დამიბრიალა, მაგრამ კუმარს არ გაუგია, საკუთარ მსჯელობას ეშხში სულ მთლად შეეყვანა:— ცხოველის ცილა სასტიკად მავნებელია!!! რა თქმა უნდა, ის შეიცავს უჯრედთა ზრდისთვის აუცილებელ ნაწილაკებს, მაგრამ დამატებით, სიკვდილის დნმ-ი შემოდის ჩვენში და მისგან მოყენებული ზიანი სულისთვის გაცილებით დიდია, ვიდრე სიკეთე, აგერ, ზოგიერთი თქვენგანი რომ ქათამს, ღორს, ძროხას ან თევზს დამგვანებია, თქვენი აზრით, რისი ბრალია?! ვაი, ვაი, ჩემამდე მოსულხართ და ლეშისთვის ვერ დაგინებებიათ თავი. ახლა თეთრი დაფის უკნიდან გამჭირვალე მაღალი ბოთლი გამოიღო, რომელშიც ცისფერი სითხე ესხა. — ეს ნატურალური გამწმენდი საშუალებაა, ის შეიცავს ისეთ ქიმიურ შენაერთებს, რომელიც არ იწვევს თქვენში ნივთიერებათა უხეშ დარღვევას, ჩემს ლაბორატორიაშია შედგენილი, ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ და თანაც, ყველაფერს ისე წმენდს, ბზინვარება გაუდის! აი, მაგალითად, შეგვიძლია გავწმინდოთ ჩვენი ფანჯრის შუშა, მაგრამ ავეჯიც ასეთივე წარმატებით იწმინდება და იატაკიც. კუმარმა სითხე საწმენდ ტილოზე დაასხა და ფანჯრის ისტერიულ წმენდას შეუდგა. კიდევ დიდი ხანი დარჩა ნეტავ? ერთ ადგილას ვეღარ ვისვენებდი.შემდეგი და ბოლო პუნქტი: 10. ცოდნის და საუბრების გარეთ გატანის აკრძალვა — თქვენ რჩეულები ხართ, მაგრამ იცოდეთ, როგორც ქრისტიანები იტყვიან, ღორებს მარგალიტი არ უნდა დაუყაროთ, თორემ თქვენც ტალახში ამოიგანგლებით. ეს ცოდნა, რასაც გიზიარებთ, სხვას არ ეკუთვნის, თქვენი სულიერი გზა საიდუმლოდ უნდა დარჩეს, თქვენი გულის დარდები მხოლოდ ჩვენ უნდა გაგვიზიაროთ, თქვენს ძვირფას მენტორებს, რომლებსაც შეუძლიათ მოგისმინონ და ჩვეულებრივი ადამიანების მსგავსად, თავად არ ჩავარდნენ ცოდვაში. გახსოვდეთ, ცოდვაზე ბევრი საუბარი ამრავლებს მას! ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ სექტაში მოვხვდით. წამიერად გადამიარა ყველა სიმძიმემ, რაც თურმე კუმარის დამთრგუნავი “ფიჩინგის” დამსახურება ყოფილა. ძალიან გამეცინა საკუთარ თავზე, ათივე პუნქტს ვაკმაყოფილებდი და ლამისაა, კუმარის გამო განდეგილობის გზას დავდგომოდი, თვალის ჩრდილებს აღარ ვისვამდი ქიმიკალების გამო. ტყუილს ვერ ვიტყვი, ბევრი მასწავლეს, სასარგებლო ინფორმაციები მომაწოდეს, მაგრამ შემდეგ გარე სამყაროს მომწყვიტეს, ამ ცხოვრებისეული სიამოვნებებისთვის დანაშაულის გრძნობა გამიჩინეს, ცოდვის სავალალო შედეგებით დამაშინეს, პირიც ამომიკერეს და ჩემგან მოსალოდნელი ქმედებებიც წინასწარ დაბლოკეს. მეგობარს გავხედე — ჩემს წესების დამცველ, კეთილსინდისიერ, წესიერ მეგობარს, რომელიც იმდენად პასუხისმგებლიანი იყო, რომ მისი აქედან გამოთრევა ადვილი საქმე არ იქნებოდა. მეტსაც გეტყვით, სანიმუშო ქცევისთვის და უკვე შესრულებული ერთწლიანი მსახურებისთვის მენტორად დანიშნეს.დამაცადოს კუმარმა! თუ მას და მის მოციქულებს და მათთან ერთად ყველა სექტის ლიდერს თავისი ეფექტური სტრატეგია ჰქონდა შემუშავებული, აი, ფანატიკოსები ჭკუაში ნამდვილად ვერ მაჯობებდნენ, მეც ჩემი შევიმუშავე და იგი გამოიყურებოდა ასე:ჯიუტ მეგობარს არაფერი დააძალო, თორემ უარესს მიიღებ, სამუდამოდ დაკარგავ, აღარ დაგიჯერებს და სექტაც უფრო ღრმად შეიწოვს. ჯობს თავისით მიხვდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ე გ ო ნ ო ს, რომ თავისით მიხვდა. რამდენიმე თვეში ჩვენი ღრმა საუბრების დროს ჩაწვეთებული აზრების დამსახურებით, მე და მეგობარი კუმარის მოციქულებს უმტკივნეულოდ გამოვემშვიდობეთ, მეტსაც გეტყვით, მეგობარი გამოაგდეს, რადგან სტუდენტს დაზეპირებული კი არა, თავისი აზრი გაუზიარა და, აი, მანდ კი, მასაც აენთო, ვერ გათვალეს, რომ თითის ქნევა მეგობართან არავისგან არ ჭრიდა. ერთხმად ვაღიარეთ, რომ სექტაში მოვხვედრილვართ, გულიანად ვიცინეთ და დანარჩენი უთქმელი ისევ ჩვენ-ჩვენთვის შევინახეთ.მეგობარს აღარ დავლოდებივარ, მივხვდი, რომ ის, ვინც ცხოვრებაში თავად არ მოგყვება, მის გარეშე უნდა გააგრძელო გზა. მხოლოდ გულში, მისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი ადგილი შევინახე და ყოველთვის უდიდესი სიყვარულით და სითბოთი ვიხსენებ მას. ამას, სწორედ მას ვუმადლი, ჩემს უძვირფასეს მეგობარს, რომელმაც ერთხელ მითხრა რომ სამყაროსთვის ყოველთვის თბილი თვალებით შემეხედა. მარიაჩის დროებით გავეთავისუფლე და ამერიკაში გავფრინდი ჩემს დასთან, ცხოვრების ახალი თავის დასაწყებად, ან უბრალოდ სიყვარულის და ბედნიერების საძებრად. მარიაჩიმ უსიტყვოდ გამიგო, თავი დამიკრა და დინჯად მითხრა: — ბეატრიჩე, ნებართვას კი ნუ იღებ, შენ უნდა წახვიდე. ყოველთვის წადი. მარიაჩის ჩავეხუტე, მისმა სიტყვებმა მხნეობა შემმატა და იმ ხალხის ჩიჩინს, თითქოს მუდამ ღრუბლებში დავფრინავდე, არასაჭირო კონფლიქტებში შევდიოდე და აუტკივარ თავს ხშირად ვიტკიებდე, სწორედ ჩემი ღრუბლებიდან გადმოვხედე. ჰო, ადამიანებო, ცხოვრება ის კი არაა, ყველაფერზე თვალი დახუჭო, ყველაფერზე იძახო “რას იზამ”.. ან გაუღიმო იმას, ვისთვისაც არ გეღიმება, რადგან ჩხუბის თავი არ გაქვს.. ან ემეგობრო მას, ვინც მტერია, რადგან უბრალოდ ეტიკეტი ასე მოითხოვს.. ან კიდევ, არ გააკეთო რაღაც, იმიტომ რომ გეშინია და საკუთარი თავის სიყვარულით დაიმშვიდო თავი, რომ არაუშავს, თუ მთავარს და მნიშვნელოვანს ვერ გაბედავ.. დასჯერდე ნელ-გრილ ურთიერთობებს, რადგან ადამიანები უბრალოდ ასეთნი გახდნენ.. ან მონასავით გამუშავებდნენ და შენ პიროვნული განვითარების მათივე ნაყიდ კურსს გადიოდე და ამით გეგონოს იზრდები.. ან სხვის არასწორ აზრს შენს მართალს ნაჯახივით უჩაჩქუნებდე და გეგონოს, რომ თავისუფლება პროგრესულობაა და პროგრესი ბრძოლას მოითხოვს. გვერდით კი არ უნდა გაიხედო და თავი დაიმშვიდო, რომ სხვებიც ასე ცხოვრობენ, ზემოთ უნდა აიხედო და მოისმინო რა გეძახის, რა გიხმობს. ცხოვრება სწორედ ისაა, აუტკივარი თავი რომ უნდა აიტკიო, კეთილი ინებო და რისიც გჯერა, მაგრამ რაც უკვე გგონია, რომ იქნებ არც კი არსებობს, ადგე და იპოვო.