ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ო, იერუსალიმ, იერუსალიმ...

ო, იერუსალიმ, იერუსალიმ...

სათაური: ო, იერუსალიმ, იერუსალიმ...ავტორი: ანეტა მოსულიშვილი   ელენი როცა ბოლოსდაბოლოს გამოფხიზლდა, ისე ბნელოდა, ელენი იმასაც ვერ მიხვდა თვალი ნამდვილად გაახილა თუ არა. გულაღმა იწვა. მთელი სხეული დაბუჟებოდა და ეგონა ვეღარასოდეს წამოდგებოდა. ტკივილი ძვალსა და რბილში გამჯდარიყო და ჩუმად წიწკნიდა. მარჯვენა ხელი ძლივსძლივობით ამოაძრო რაღაცის ქვემოდან. ხელი თითქმის არ ემორჩილებოდა. მტევანი რამდენჯერმე გაშალა და მუშტად შეკრა, მერე მარცხენა ხელის დახმარებით იდაყვის სახსარი აამუშავა და თითები თვალებთან მიიტანა, აამოძრავა, თვალის ქუთუთოები ხელით მოისინჯა, ნამდვილად ახელდა, მაგრამ არაფერი ჩანდა. ალბათ დავბრმავდიო გაიფიქრა. უსაშველოდ დაღლილიყო, თუმცა ტკივილიც იღლებოდა თანდათან. შიშის მდინარე სხეულს მოედო და ტანჯვა გადარეცხა. გულის ფეთქვა ყურებში განგაშის ზარებად ესმოდა. ხელით მოსინჯა მისი სხეულის გარშემო ზედაპირი. მიხვდა, რომ ბეტონზე იწვა და ზემოდან პლასტმასისა და მუყაოს საგნები ეყარა. ფეხის თითები აამოძრავა. სახე ხელებით მოისინჯა. კანი ალაგ-ალაგ უცნაურად ხორკლიანი გახდომოდა, შუბლთან თითქოს უფრო უხეში, ნაპრალივით ჩაღრმავებული იყო და შეხებისას აუტანლად ტკიოდა. პანიკამ ყელიდან ჰაერი გამოწოვა და კისერში მიწოლილი ცხელი სისხლით ახრჩობდა. გონება უნდა მოიკრიბოს. ასე ვერ ისუნთქებს. უნდა გაიგოს სად არის, რა მოხდა. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ღრმად ჩაისუნთქე, დაითვალე, ამოისუნთქე. კიდევ ერთხელ, კიდევ ერთხელ... რამდენიმე წამში გაახსენდა, რომ სამსახურიდან გამოსული სახლში ბრუნდებოდა, ხელში ყუთით ნამცხვარი ეჭირა, რაც შეეძლო ფრთხილად მიჰქონდა და გზაზე გადასვლას აპირებდა, როცა უეცრად რაღაც დიდი და მძიმე დაეჯახა, არც სიგნალის ხმა ახსოვს და არაფერი, მხოლოდ სრული სიბნელე... სრული სიბნელე როგორც ახლა. ალბათ თავში რაღაც დაუზიანდა და დაბრმავდა. მთელი ეს საშინელება რომ გაიაზრა ის იყო პირი უნდა გაეღო და დაეკივლა, უეცრად მაღლა რაღაცამ გაიზუზუნა. მოეჩვენა, თითქოს ძალიან მკრთალი, მოწითალო ლაქა დაინახა, მაგრამ დარწმუნებული არ იყო. ამას კიდევ რამდენიმე სხეულის ჩაქროლება მოჰყვა, მაგრამ ახლა უკვე ნაბიჯების ხმა ისე აშკარად გაიგონა, შიშისგან ენა ჩაუვარდა. არ ესმის, თუ მართლა დაბრმავდა, ლაქა როგორღა დაინახა, ან თუ ხალხმა ჩაუარა, რატომ არავინ გაჩერდა? დარწმუნებულია, რომ სახეს არაფერი უფარავს, ირგვლივ ჰაერი თავისუფლად მოძრაობს, ესე იგი უნდა დაენახათ, აბა, რატომ არ გაჩერდნენ? ან თვითონ ისინი რას გაურბოდნენ? ამასობაში, თითქოს, შორიდან ძნელადგასარჩევი კივილის ხმა მოესმა. გაინაბა. ყური მიუგდო და ეს ხმა მიწყდა. მერე უცებ ერთი ხმამაღალი შეკივლება გაიგონა და ისევ სიჩუმე. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ღრმად ჩაისუნთქე... ელენი ჩაფიქრდა. ერიმუპოლის ამ ქუჩაზე ყოველთვის დიდი მოძრაობა იყო, ახლა კი სამარისებური სიჩუმე ჩამოწოლილიყო და ოდნავი რხევაც კი არ იგრძნობოდა მიწაზე. ნეტა რამდენი ხანია ასე გდია? ნუთუ დიდი დრო გავიდა? ხელახლა შეახო სახეს ხელი. ნელნელა თითის ბალიშებს მიაცოცებდა შუბლისკენ, თანდათან უფრო მეტად ტკიოდა და მიხვდა, რომ ეს დიდი ჭრილობა იყო, უარესიც, დიდი შეხორცებული ჭრილობა. რა დრო უნდა გასულიყო იმ ავარიიდან, რომ ამხელა ჭრილობას ასეთი მყარი ფუფხი გაეკეთებინა? გასაგებია, გონება დაკარგა, მაგრამ ამდენ ხანს ქუჩაში ხომ არ ეგდებოდა?! სასწრაფო ხომ მოვიდოდა? ვინმე ხომ გაჩერდებოდა?კარგი, საღამო იყო და ბნელოდა მაგრამ დაღამებული არ იყო და თან, ხომ გათენდებოდა? როგორ, ნუთუ არავინ არ მოძებნიდა? ლუკა მაინც არ დაუწყებდა ძებნას, სახლში რომ არ დაბრუნდებოდა? ბავშვები? ნეტა ბავშვები სად არიან? ამ დროს ელენმა შენიშნა, რომ სიბნელე, რომელსაც ხედავდა, შავი კი არა, უფრო, ძალიან მუქი მეწამული ფერის იყო. ისეთი მუქი, რომ ძალიან თუ დააკვირდებოდი, შეიძლება ძლივსძლივობით გაგერჩია შავისგან. ჯერ იფიქრა ხომ არ მეჩვენებაო, მაგრამ თვალს როცა ხუჭავდა, ეს მოწითალო შეფერილობა მთლად შავი ხდებოდა. მერე რამდენჯერმე სახეზე ხელები აიფარა, მოიშორა და ასე დააკვირდა. ასე უფრო აშკარა გახდა სხვაობა. ნუთუ არ დაბრმავებულა? ნუთუ მართლა ასე ბნელა? რაც უნდა ხდებოდეს, უნდა ადგეს და სიარული დაიწყოს. ასე რამდენ ხანს იქნება?! რამე უნდა გაიგოს, სადმე უნდა წავიდეს... წამოდგომა სულაც არ აღმოჩნდა იოლი. ზემოდან რა საგნებიც ეყარა გადააწყო, თავი გაითავისუფლა და ნელნელა წამოიწია. გული ერეოდა და მთელი ტანით ირწეოდა, მაგრამ ბოლოს, როგორც იქნა, წონასწორობა შეინარჩუნა. ცალი ფეხსაცმელი ეცვა, ისიც გაიხადა და ფეხშიშველმა ხელების ცეცება და ტრიალი დაიწყო. ამ დროს იგრძნო, რომ ფეხებზე რაღაც დაეჯახა, რაღაც პატარა და რბილი, მუხლამდეც რომ ვერ წვდებოდა ისეთი. ელენმა შეჰკივლა. ამაზე პასუხად ღრენის ხმა მოესმა და მიხვდა რომ ეს უბრალოდ პატარა ძაღლი იყო. ძაღლი, რომელიც, როგორც ჩანს, ისევე ვერ ხედავდა ვერაფერს როგორც თვითონ და ამიტომაც დაეჯახა. ასე გაიაზრა, რომ ირგვლივ სიბნელე გამეფებულიყო. გაუნძრევლად იდგა და ფიქრობდა. ამ ქუჩაზე ღამით მუდამ ენთო ლამპიონები და სინათლე არასდროს აკლდა. ვთქვათ, ყველგან გამოირთო შუქები, მაშინ გათენებას უნდა დაელოდოს, მაგრამ აშკარაა, რომ მის სახეზე დიდი ჭრილობები საკმაოდ მტკიცედაა შეხორცებული, ესეიგი, რამდენიმე სათის წინ ნამდვილად არ დაცემულა. ნუთუ არ გათენდა? ეგ შეუძლებელია, მზის დაბნელებაც არ გრძელდება დიდხანს. მაშინ რა ხდება? ხალხი მაინც რატომ არ არის? არც ლაპარაკი ისმის, არც არაფერი... ადრე, იშვიათად, მაგრამ თუ შუქები ჩაქრებოდა, ხალხი მაშინვე გარეთ გამოდიოდა ხოლმე. ახლა კი, არც მანქანებია... არც ადამიანები... არაფერი... უმჯობესია ასე გაჩერდეს, სანამ ინათებს, მაგრამ როგორ უნდა დაიცადოს?! ვინ იცის, რამდენ ხანს უნდა ელოდოს? თან, საშინლად სწყურია, სასწრაფოდ უნდა იპოვოს წყალი. ეგეც რომ არ იყოს, თუ რაიმე ცუდი მოხდა, სახლამდე მაინც უნდა მივიდეს. ლუკა და ბავშვები ხომ უნდა ნახოს?! ალბათ როგორ ეშინიათ, რომ არ იციან სად არის. თუმცა, თვითონ იცის კი დანამდვილებით? დაფიქრდა, ხომ ისევ იქ ვარ, სადაც გონება დავკარგეო. თუმცა ეს ეჭვი მალევე გაუქრა. ჰაერი ცხვირით ღრმად ჩაისუნთქა და მდინარის ტენიანი, დახავსებული ქვების არომატი შეიგრძნო. ან ისევ იქ იყო, ან იქვე ახლოს. ამ სურნელს ყველაფერში გაარჩევდა. უცებ გაახსენდა ჩანთა, სადღაც ახლომახლო მისი ჩანთა უნდა იყოს! იქვე უნდა ეგდოს სადმე, ჩანთა ხომ თან ჰქონდა, იქ წყალიც იქნება, ტელეფონიც, მთავარია ჩანთა მოძებნოს! ელენი დაიხარა, მუხლებზე დადგა და ხელის ცეცება დაიწყო ასფალტზე. ჯერ პატარა მუყაოს ყუთი იპოვა, წაბორძიკდა, ხელი დაეჭირა და რაღაც მყრალ, წებოვან და ნახევრადფხვიერ მასაში ჩაეფლო თითები. დაყნოსა. ამ სიმყრალეს, ოდნავ ვანილისა და გარგრის მოტკბო სუნიც დაკრავდა. მიხვდა, რომ ეს უკვე გაფუჭებული, კრემიანი ნამცხვარი იყო. თვითონაც ასეთი ნამცხვარი მიჰქონდა სახლში, როცა მანქანა დაეჯახა, ალბათ ის არის. ჩანთაც სადმე აქვე იქნებაო, იფიქრა და ძებნა განაგრძო. კიდევ ერთი ფეხსაცმელი იპოვა, მერე რაღაც გატეხილი ნივთები მოყარ-მოყარა და მალევე ხელში ნაჭრის, რბილი ჩანთა მოჰყვა. ფორმისა და ჯიბეების განლაგებით შეატყო, რომ იპოვა, რასაც ეძებდა. ასფალტზე ჩამოჯდა, ჩანთა გახსნა, ხელი ჩაჰყო და იქიდან ბოთლი ამოიღო. მთლიანად გამოსცალა ნელთბილი, უგემური წყალი. თავბრუ დაეხვა, ცოტა ხანს გაუნძრევლად იჯდა. ნელა და ღრმად სუნთქავდა. მერე ბოთლი გვერდით მიიდგა, წინა ჯიბე გახსნა და ტელეფონი ამოიღო. ღილაკებს ხელს აჭერდა, მაგრამ აპარატს არავითარი რეაგირება არ ჰქონდა. ალბათ ელემენტი დაიცალა და გამოირთო. გრძნობდა ბრაზისგან და იმედგაცრუებისგან როგორ აეწვა სახე. ისედაც ეზიზღებოდა ეს ტელეფონი, წამდაუწუმ ითიშებოდა და გამოცვლას აპირებდა. სასოწარკვეთილმა ჩანთის ჩხრეკა განაგრძო, რადგან არ იცოდა სხვა რა ექნა. მერე კაბელი იპოვა. ეს ალბათ ტელეფონის დამტენი იქნებოდა, ან ყურსასმენები. ამაზე უსარგებლო ნივთს ახლა ვერსად იპოვიდა. კიდევ კოსმეტიკის პატარა ჩანთა, რაღაც ფურცლები და უეცრად ხელში ძველი, ღილაკებიანი ტელეფონი მოჰყვა, რომელსაც სათადარიგოდ ატარებდა და აღარც ახსოვდა. სიხარულისგან ოდნავ წამოიკივლა. ამ სიჩუმეში ისეთ ექოდ დაირხა მისი ხმა, რომ შიშით ენა ჩაუვარდა. ჩართო, პროგრამის დაწყების ნაცნობი ხმა გაიგონა. მაშინვე ხელი დააფარა ბგერის წყაროს და გვერდითი ღილაკიდან ხმა ბოლომდე დაუწია. ეკრანი არ განათებულა. იქნებ სუსტი სინათლეა და უფრო ძლიერი განათება დავინახოო, გაიფიქრა. რამდენიმე წუთს კიდევ დაელოდა და ინტუიციით უკანა ციმციმა ჩართო. მაინც არაფერი ჩანდა. ტელეფონი შემოაბრუნა და თვალთან მიიტანა. ოდნავ შესამჩნევი სინათლე მართლაც დაინახა, ოღონდ ამ დროს მისი წამწამების ბოლოები ეხებოდა ნათურას, ისე ახლოს ჰქონდა სახესთან. ელენი გაოგნებული დარჩა. ჯერ ინტუიციით ლუკასთან დარეკა, მაგრამ ტელეფონს რეაგირება არ ჰქონდა. მერე სასწრაფო დახმარების ნომერზე, რამდენჯერმე სცადა, მაგრამ უშედეგოდ. კავშირის არავითარი ნიშანწყალი არ ესმოდა. ალბათ, სიგნალი საერთოდ არ იყო. ხელახლა მოიცვა შიშმა მთელი სხეული. შეშლილივით იქნევდა თავს. ყველაფერი ტკიოდა, აკანკალებდა და გონებაში აზრებს ვერ კრებდა, რომ გამოსავალი ეპოვნა. აქედან მის სახლამდე კილომეტრზე მეტია, ეს გზა სიბნელეში როგორ უნდა გაიაროს? კი, უკვე ოცდაცხრა წელია იმ სახლში ცხოვრობს და სახლის გზა ნამდვილად ხუთი თითივით იცის. რამდენჯერ უთქვამს, რომ თვალდახუჭულიც მიაგნებდა ყველაფერს, მაგრამ რა ძნელი ყოფილა. ახლა კი მართლა უნდა სცადოს. სხვა გზა არა აქვს. ძალა უნდა მოიკრიბოს და უნდა წავიდეს. ნეტა ბრმები როგორ დადიანო, გაიფიქრა. ხელში ჯოხი უჭირავთ ხოლმე, ჰო, ნამდვილად ჯოხი სჭირდება, მაგრამ სად იპოვოს ამ წყეულ სიბნელეში ჯოხი? უნდა იფიქროს, ბევრი უნდა იფიქროს... ის ახლა მისი სკოლის უკანა შესასვლელთანაა. ასფალტი ტროტუარზე არ აგია, ტროტუარზე ქვაფენილია... ესე იგი ის სამანქანო გზაზეა. სკოლა ნეტა წინაა თუ უკან? მარჯვნივ თუ მარცხნივ? ჯერ ფეხსაცმელების ჩაცმა სცადა. შიგნით რაღაც ეყარა და გადმოფერთხა, ძლივსძლივობით მოირგო. მარცხენა ფეხის პატარა თითი საშინლად ტკიოდა. მუხლებზე დადგა, ხოხვით დაიწყო სიარული და ხელით სინჯავდა გზას. პირდაპირ წავიდა და მარცხენა მხრით ლითონის დიდ, უსწორმასწოროზედაპირიან საგანს დაეჯახა. ხელისგულებით დაათვალიერა და მიხვდა, რომ ეს მანქანა იყო. გზა განაგრძო და ისევ მანქანას გამოედო, ორივე ერთი მიმართულებით იდგა. როგორც ჩანს გზას მიუყვება. ახლა გეზი მარჯვნივ აიღო და მალევე ასფალტი ჩაღრმავდა, მერე კი მკვეთრად აიწია მაღლა. მორჩა, ხელით პრიალა ფილებს გრძნობს. ნეტა ეს სკოლის მხარეა თუ მოპირდაპირე მხარე? გზის გადაღმა გალერეა იყო. როგორ გაარჩიოს რომელია? სვლა განაგრძო და კედელს დაეჯახა. ელენმა გონება დაძაბა. სკოლას ამ მხარეს ავივანი მიუყვებოდა, გალერეას - არა. წამოდგა და შენობას ხელდახელ გაჰყვა. გონებაში ნაბიჯებს ითვლიდა. სანამ ფეხს გადადგამდა, ჯერ საკუთარი თავის გარშემო ნახევარრკალებს ხაზავდა იგივე ფეხით, რომ რამეს არ დაჯახებოდა. უეცრად, თითქოს შენობა დამთავრდა, მყარ ზედაპირს ვეღარ შეეხო და ხელები ჰაერში გაასავსავა. ძირს დაიხარა და კიბეები მოსინჯა ხელით. მერე ისევ მარჯვნივ განაგრძო და ხელებით დიდ სვეტს შემოეხვია. მორჩა, გაირკვა, ეს სკოლა იყო. სკოლაში ახლა, ცხადია, აღარავინ იქნება, ზაფხულია, მაგრამ იქნებ დაცვის თანამშრომელი დარჩა?! თუმცა ალბათ არა, იმასაც ხომ ეყოლებოდა ვინმე, ვისთანაც წავიდოდა... ნეტა ერთიანად და უეცრად დაბნელდა, თუ თანდათანობით? ნეტა რამდენი ხანია რაც ასე ბნელა? კიბეზე აღოღდა და კარამდე მივიდა, სახელური მოსინჯა. კარი ჩაკეტილი დახვდა. ინსტინქტურად ფრთხილად დააკაკუნა, თუმცა მხოლოდ ძლიერი ექო მოესმა პასუხად. შემობრუნდა. კარს ზურგით მიეყრდნო, ჩაიმუხლა, თავი ხელებში ჩარგო. რამდენიმე წუთს იჯდა ასე, ცივ ფილაზე. მერე ადგა და თამამად ჩამოვიდა საფეხურებზე, პირდაპირ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, წინ ხელი გაიწოდა და ხეს შეეხო, ზუსტად ისე როგორც ბავშვობაში, როცა ყოველდღე დამალობანას თამაშობდა სკოლის წინ და ამ ხეს ურტყამდნენ ხელს დასწრების ნიშნად, სანამ ვიღაც იძახდა ,,ვიხილები და მოვდივარ“... რა ადვილი იყო მაშინ... ხის უსწორმასწორო ქერქს სიმშვიდე მოჰქონდა. ხელები შემოჰხვია და ცოტა ხანს ასე იდგა. ბავშვობაში ეს ჭადარი სძულდა.. როცა აყვავილდებოდა და მის საკლასო ოთახში ქოლგისმაგვარ ბუსუსებს შემოყრიდა ხოლმე ქარი, ელენს სულ ხველა ახრჩობდა. თამაშის დროსაც სხვა ბავშვები სულ ასწრებდნენ ამ ხესთან მისვლას, ახლა კი მასზე ახლობელი, მასზე ძვირფასი არაფერი ეგულებოდა ქვეყანაზე. ყველა და ყველაფერი დაიკარგა, ჭადარი კი აქ დგას და ეხუტება, ფეხის მოცვლას არ აპირებს. იქნებ თვითონაც დარჩეს მასთან. იქნებ ჭადარსაც არ უნდა მარტო იდგეს ამ სიბნელეში... მაგრამ ჩვენ ხეები არ ვართ. ჩვენ ფესვები არ გვაქვს და მოძრაობაშია ჩვენი სიცოცხლის ძალა. ისე უნდა მოიქცეს, როგორც ადამიანი ყოველთვის იქცევა, რადგან სხვა გზა არ აქვს. ნელნელა ხელით ხის სხეულს აუყვა და წვრილი ტოტი მოძებნა. ცერებზე დამდგარი ძლივს წვდებოდა თითის ბალიშებით ამ ტოტს. ტკივილი გამხეცდა, ზურგში ჩააფრინდა, მოძრაობის დროს რომ არ ეკივლა ქვედა ტუჩს კბილებს აჭერდა, მუხლებში მოიხარა, წვივის კუნთები ზამბარასავით დაჭიმა და შეხტა, ვარაუდით მოეჭიდა ტოტს, კანი გადაეყვლიფა მაგრამ ხელს არ უშვებდა. ენაზე რკინის გემო გაჩნდა, საკუთარი ცხვირის ნესტოების მოძრაობას გრძნობდა და მთელი სხეულის სიმძიმით ექაჩებოდა ტოტს, აქეთ-იქით ირწეოდა, ფეხებით ხის ტანს უბიძგებდა და ბოლოს მოსალოდნელი ტკაცუნის ხმაც გაიგონა. ტოტი მოტყდა. ნატეხი მის სხეულზე ოდნავ მოკლე იქნებოდა, ასე მეტრნახევარი. ფოთლებით შემოსილი წვრილ-წვრილი შტოებიც ჰქონდა. ცოტა სული რომ მოითქვა ისინიც ჩამოატეხა, დრეკადი კენწერო მოაშორა, ხეს მადლობის ნიშნად ხელისგული ორჯერ გადაუსვა და სიარული დაიწყო. მიმართულება უკვე არჩეული ჰქონდა, იცოდა სახლამდე როგორც უნდა მისულიყო. მთავარია გზაზე ცუდი არაფერი შეხვდეს. ოღონდაც სახლამდე მივიდეს... გონების რუკას უნდა გაჰყვეს. თვალები დახუჭა რომ ყურადღება მოეკრიბა. მერე საკუთარ თავზე გაეცინა. არა, ახლა სიცილის დრო არაა, მეხსიერების ყველა კუთხეში უნდა შეიხედოს, ყველაფერი უნდა გაიხსენოს, მთელი მისი ბედი ამაზეა დამოკიდებული. ტროტუარი ჯერ სწორად უნდა მიდიოდეს, მარჯვნივ რომ მინის კაბინა შეხვდება, ეს ნიშნავს რომ იქ გაჩერებაა და სულ ოდნავ მარცხნივ გადაუხვევს გზა. მერე ბაღის ჩასახვევია, მერე ხიდი... ნელნელა დაიწყო სიარული, წინ ხის ტოტით ამოწმებდა გზას, ძირს დაყრილი რაღაც საგნები ხვდებოდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა, იშვიათად შორიდან ძლივსგასაგონი კივილი ესმოდა ხოლმე, თუმცა ეგ იყო და ეგ, მეტი არაფერი. მთელი ყურადღება იმაზე გადაჰქონდა, რომ მიმართულება არ შეეცვალა. ერთხელაც რომ დატრიალდეს ყველაფრის თავიდან გარკვევა მოუწევს, ორიენტაციას დაკარგავს. უეცრად იგრძნო, რომ ფეხი მინას დაადგა, არ გაუჭრია, მაგრამ უსიამოვნო კრაჭუნმა ტერფებიდან ხერხემლის აყოლებაზე ჟრჟოლა მოჰგვარა და თმის ძირები ისე დაეჭიმა თავის კანზე, თითქოს სხეულში დენმა დაუარა. ხის ტოტი მარჯვნივ გაწია, არაფერი იყო, იგივე მიმართულებით ორი ნაბიჯი გადადგა, დაიხარა და ხელით შეიგრძნო, რომ ძირს ბევრი ნამსხვრევი ეყარა. ცოტა წინ წაიწია და მისი სახელდახელოდ დამზადებული ჯოხი რაღაც მაღალსა და უსწორმასწოროს დაეჯახა. ასე იპოვა გაჩერება, უფრო სწორად, ის დამსხვრეული ნაგებობა, რაც გაჩერებისგან დარჩენილიყო. აქედან გეზი ოდნაც მარცხნივ აიღო. რამდენიმე ნაბიჯში უნდა შეხვდეს დაღმართი, რომელიც ბაღში ჩადის. დაღმართს არ ჩაუყვება, ამ პატარა შესახვევს პირდაპირ გადაკვეთს და ხიდზე გავა. გზა განაგრძო და ჯოხი ისევ რაღაცას წაჰკრა. გვერდის ავლა სცადა, მაგრამ წინ რაღაც კიდევ უფრო დიდს წამოედო. დაიხარა, რომ ხელით მოესინჯა. ქვები ეყარა, ცოტა ნამსხვრევებიც, კიდევ, რაღაც რბილი მოჰყვა ხელში, ტანსახმლის ნაფლეთები და ხელი.. ცივი ხელის მტევანი. შეზარა, ხელი იმ წამსვე გაუშვა, უკან გახტა და დაუფიქრებლად წამოკივლა. ამ ხმაზე რამდენიმე წამით გაშეშდა. გული ყელში მოებჯინა, ჰაერი არ ყოფნის... ერთი, ორი, სამი, ოთხი, ღრმად ჩაისუნთქე, დაითვალე, ამოისუნთქე, კიდევ ერთხელ... აზროვნების უნარი რომ დაიბრუნა, საწყის ადგილს დაუბრუნდა და სწრაფ-სწრაფად განაგრძო ხელების ცეცება, ხელს ტანი მოჰყვა, ტანს - ბორბალი, ბორბალს - მანქანა და ის იყო უნდა შემოევლო მანქანისთვის, რომ შიგნიდან კვნესის ხმა მოესმა. შეჩერდა. ჯერ უკან დაიხია, მერე ნელნელა მიუახლოვდა და ფრთხილად დაიძახა:-        არის აქ ვინმე? ყრუ კვნესის ხმაში ძლივს შესამჩნევი, ხრიალით ნათქვამი ,,მიშველეთ“ გაისმა. ამას მოჰყვა ჩუმი ფხაჭნის ხმა, თითქოს ვიღაც შიგნიდან ფრჩხილებს უსვამდა მანქანის კარს. ელენმა ხელით ჯერ მანქანის მინა, მერე კარის სახელური მოძებნა. გაღება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. რაც ძალი და ღონე ჰქონდა გამოქაჩა, ისე რომ ცალი ფეხით მანქანის მეორე კარს ეყრდნობოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მერე უკანა კართან გადაინაცვლა, იქაც ბევრს ეცადა, თუმცა, როგორც ჩანს, ისიც ჩაკეტილი იყო. მანქანის შიგნიდან ხმაურმა იმატა. უკვე გარკვევით ესმოდა მომაკვდავის შემზარავი ტკივილით ნათქვამი: მიშველეთ, დამეხმარეთ, არ მიმატოვოთ... უეცრად შორიდან ყმუილისმაგვარი ხმა შემოესმა. ჯერ ერთ ადგილას გაშეშდა, სახელურზე ხელებჩაბღაუჭებულმა სუნთქვაც შეაჩერა და სმენად გადაიქცა. ისევ სრული სიჩუმე იდგა. ელენმა ახლა უფრო აჩქარებით, უფრო ძალუმად დაუწყო სახელურს გამოქაჩვა, მაგრამ ამაოდ. ამასობაში ისევ იგივე ხმა განმეორდა, ოღონდ ამჟამად გაცილებით ხმამაღლა და აშკარად მოკლე მანძილიდან. მანქანაში მყოფმაც მოუმატა ხმაურს, ვიღაც ჩახლეჩილი ხმით ცდილობდა დაყვირებას, მაგრამ მხოლოდ ხავილისმაგვარი ხმა ამოდიოდა და სუსტად ურტყამდა მუშტებს მინას. კიდევ უფრო ახლოდან მოესმა ის სისხლისგამყინავი ხმა. ელენი შეჩერდა, კარს ხელი გაუშვა, ნელნელა უკან დაიხია, ხის ტოტს მაგრად მოუჭირა ხელები, ჩუმად ჩაილაპარაკა მაპატიეთო და რაც შეეძლო სწრაფად გაეცალა იქაურობას. რამდენიმე წამს კიდევ ესმოდა მანქანიდან მომაკვდავის ხმა, სანამ ყმუილი გადაფარავდა და ბოლოს მსხვრევით შეწყდა. ხიდის დასაწყის მოაჯირამდე შეუჩერებლად იარა, თავში სისხლის ფექვას გრძნობდა, სული ეხუთებოდა, მუხლები მოეკვეთა, მარმარილოს ზღუდეს ზურგით მიეყრდნო და ჩამოჯდა. შეუძლებელია, შეუძლებელია ეს სინამდვილეში ხდებოდეს. რაღაც კოშმარშია რომლიდანაც ვერ იღვიძებს, ვერ ფხიზლდება. როგორმე აქედან უნდა გაიღვიძოს, თვალი უნდა გაახილოს... ელენმა სახეში სილა გააწნა საკუთარ თავს, ჯერ ერთი ხელით, მერე მეორეთი, მერე კი, უკვე მუშტებს იშენდა, ტკივილი კბილებით ჩააფრინდა, თავში სისხლი ისე აწვებოდა, ეგონა გაუსკდებოდა, მაგრამ გარეთ არაფერი შეცვლილა. უკუნი სიბნელე თავხედური სიმშვიდით ჩაჰყურებდა გაფართოებულ თვალებში. რა იქნებოდა იმ დღეს სახლიდან სულ არ გასულიყო, რა საჭირო იყო ის სულელური ნამცხვარი... თუ ეს სიბნელე გარდაუვალი იყო, ლუკასთან და ბავშვებთან მაინც შეხვედროდა... და იგრძნო როგორ დააწვა გულზე მარტოობის სიმძიმე. მხრებში მოიკუნტა, სახე მუხლებს დააყრდნო, ფეხები შეიკეცა, ხელები შემოხვია და დიდხანს იჯდა ასე, ცრემლების ნაკადმა შემხმარი სისხლით გაუხეშებული სახე დაურბილა და სულ ოდნავი შვება მოჰგვარა. ყოველთვის, ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ როგორმე მოეშორებინა ის საშინელი სიმარტოვე, რომელიც ბნელი აჩრდილივით სდევდა თან მის ყოველ ნაბიჯს. ყველა სურვილზე, ყველა ოცნებაზე, ყველაფერზე ამბობდა უარს, ოღონდაც როგორმე ამ აჩრდილს გაქცეოდა. ახლა კი ის თითქოს გაზრდილა, გასივებულა, გამკვრივებულა და მთელი სამყარო მარტოობის აჩრდილი გამხდარა. იქნებ მხოლოდ ეს კენომური სიცარიელეა ჭეშმარიტი და სხვა ყველაფერი მირაჟი იყო? საკუთარი მარჯვენა ხელი მარცხენას ჩაჰკიდა, მერე ხელები მჭიდროდ შემოჰხვია მხრებს და შეეცადა წარმოედგინა რას ეტყოდა ლუკა ახლა რომ მასთან ერთად ყოფილიყო. ვერაფერი მოიფიქრა. მაგრამ იცის, ზუსტად იცის რომ მარტო არ დატოვებდა, ხელს არ გაუშვებდა... და მთელი სიცხადით წარმოუდგა თვალწინ ერთი საღამო, როცა ორივენი ერთად ისხდნენ ნაწვიმარ ნაპირზე, მოქუფრული ცის ქვეშ გაფენილ უსასრულო ზღვას უყურებდნენ, ზღვას, რომელსაც ჰორიზონტის ხაზი არ ეტყობოდა. ლუკა გიტარაზე უკრავდა და ღიღინებდა: ვიქნები მე მთაში თოვლი, ვიქნები შენს ფეხქვეშ მიწა, ოღონდ შენ არ მიმატოვო, ოღონდ ხელი არ გამიშვა. ვიქნები მე ზღვაში ტალღა, ქვიშაზე რომ ქაფად იქცა, არ დაგეტყოს ოღონდ დაღლა, ოღონდ ჩემგან არ გაიქცე. მე ვიქნები ცეცხლის ალი, სულ ტკაცუნით მომღიმარი, თბილი სიო, ცივი ქარი, შენი ცოლი, შენი ქმარი, დედაბერი, ჩამომჭკნარი, თმათეთრი და თმაჭაღარა, ხან კედელი, ხანაც კარი, ბავშვი, ტკბილად მოუბარი... მე ვიქნები შენი სახლი, მშვიდი ძილი სადაც იშვა, ოღონდ სული განმიახლე, ოღონდ ხელი არ გამიშვა! შენ, მაისის თეთრო ვარდო, არ იტირო! არ იდარდო! უნდა ლაღად გაიფურჩქნო და მინდორში ინავარდო! ვიქნები მე ღამე გრძელი, ქარი - ციდან მონაბერი, კალო, ტევრი, მთა და ველი, შენ ოღონდაც მომე ხელი... მე ვიქნები დედა შენი, მე ვიქნები მამა შენი, გინდ მესია - გადამრჩენი, ან სხვა ყველა დანარჩენი... ჩემო ცავ და ჩემო მიწავ, მე მოგივლი, მე დაგიცავ, ბოროტ სიზმრებს მე დაგიწვავ, შენი სულის სითბოს ვფიცავ! ჩემო მთავ და ჩემო ბარო, ჩემო კარგო მეგობარო, ოღონდ შენ არ დამეკარგო, ოღონდ შორს არ გამეპარო... მე ვიქნები თავი, ბოლო, შენთვის მხოლოდ! შენთვის მხოლოდ! ვუდარაჯებ სიმარტოვეს, ოღონდ შენ არ მიმატოვო... მე ვიქნები შენი სისხლი, შენი ხორცი რასაც ნიშნავს, ყველა სიტყვა რასაც იტყვი, ოღონდ, ხელი არ გამიშვა... ჩურჩულით გაიმეორა ბოლო ნაწილი. ოღონდ ხელი არ გამიშვა - ეს არის რასაც წეღან მომაკვდავი ადამიანი თხოვდა. ეს არის რასაც ყველა ერთმანეთს თხოვს. და ახლა თუ აქ დარჩება, თუ არ წავა, თუ ყველაფერს არ გააკეთებს იმისთვის, რომ სახლში დაბრუნდეს, მაშინ თვითონ გაუშვებს ხელს ლუკას, მის შვილებს... არა, აუცილებლად უნდა განაგრძოს გზა. ამასობაში ტირილი ისე შეეწყვიტა, რომ ვერც შეამჩნია. მაისურით შეიმშრალა სახე, კანზე მიკრული თმები ხელით უკან გადაიყარა, ჯოხი კვლავ ხელში აიღო, მტკიცედ დაიჭირა და წამოდგა. მთელი სხეული მხურვალებას ასხივებდა და ჩახუთული ჰაერი ვერ უგრილებდა შუბლს. ეუცნაურა, ისე ბნელოდა, მაგრამ სრულებით არ გრილოდა, პირიქით, აუტანლად ცხელოდა, როგორც ზაფხულის მზეს ეკადრება ისე. ფრთხილად და ნელა მიიწევდა წინ, შორიახლოს ყმუილის ხმამ იმატა და გამრავლდა. ეს ძაღლების ხმას არ ჰგავდა. ცდილობდა საშიში ფიქრებისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ გონებაში ყველა წინადადებაში ერთი მგელი მაინც ჩნდებოდა. ელენს ყოველთვის ეშინოდა ძაღლების და სახლში გვიან ამიტომაც არ ბრუნდებოდა ხოლმე. თუ მაინც მოუწევდა, მარტო არ მიდიოდა, ბავშვობაში დედა დაჰყვებოდა, მერე ლუკას ურეკავდა და შეხვედრაზე შეთანხმდებოდნენ ხოლმე. ერთი ძალიან ვიწრო, ბნელი და ხეებით დახლართული მოკლე აღმართი იყო მის სახლამდე და სიბნელეში ვერაფრით ვერ გაივლიდა, ისე ეშინოდა იქ მოხეტიალე უზარმაზარი ძაღლების, რომლებიც შეიძლება მთლად ამხელებიც არ იყვნენ, მაგრამ მისთვის ასე იყო და ცხოველების ფიზიკური მონაცემების სტატისტიკა აზრს ვერ შეუცვლიდა. უცებ გააჟრჟოლა, იმ აღმართზე მარტო უნდა ავიდეს? ასეთ წყვდიადში? როცა ქალაქის ქუჩებში ალბათ მგლები დაძრწიან? მუხლები ეკვეთებოდა, ყოველ ნაბიჯზე ეგონა, რომ გზას ვეღარ გააგრძელებდა. ცოტა ხნით ჯოხს დაეყრდნო და გაჩერდა, მაგრამ სადღაც, არც ისე შორიდან ისეთი ღრენის ხმა მოესმა, რომ რაც ძალი და ღონე ჰქონდა მოკურცხლა. ვერ მირბოდა, მაგრამ ნაბიჯს აუჩქარა. ამასობაში უკვე ხიდზე გასულიყო, ამას ქვაფენილის ფორმის ცვლილებასთან ერთად მდინარის ხმის მატებაც ადასტურებდა. აშკარად სწორ გზას ადგა. ხიდზე დაბრკოლებები თითქმის არ ხვდებოდა და ისიც შეძლებისდაგვარად სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა, თავდაჯერებულობა მოემატა. თანდათან მდინარის ხმა უფრო გაძლიერდა. ელენის გამოთვლით, უკვე ხიდის ორი მესამედი ექნებოდა გავლილი, როცა წყლის ჩხრიალის ხმამ მკვეთრად იმატა და უეცრად გზამკვლევი ჯოხი სრულ სიცარიელეში მოიქნია. სანამ გაიაზრებდა ირგვლივ რა ხდებოდა, ნაბიჯი უკვე გადადგმული ჰქონდა, თავი ვეღარ შეიმაგრა და უმოაჯიროდ დარჩენილი, ჩანგრეული ხიდის არმატურაზე შემორჩენილ ბეტონის ფილაზე ჩაბღაუჭებული აღმოჩნდა. გული თითქოს ხიდიდან მის მაგივრად გადავარდა. ჯოხს, რათქმაუნდა, უნებლიედ გაუშვა ხელი. არცერთი აზრი, არავითარი შინაგანი ხმა აღარ შემორჩენოდა. საღმა აზრმა დატოვა მისი სხეული, მაგრამ ამ დროს რაღაც სხვა ცოდნამ გაიღვიძა, უფრო ძველმა, უფრო სანდომ. სხეულის პირველყოფილმა, უძველესმა ცოდნამ, რომელმაც მთელი მისი ძალა თითებში გადაიტანა, ცხოველური სიზუსტით, ყველა კუნთის შეთანხმებული მუშაობით, საყრდენი წერტილი აპოვნინა. რამდენიმე წამიც და ბალანსის შეგრძნებამ აზროვნების უნარი დაუბრუნა. როგორმე ზემოთ უნდა აძვრეს. ფეხებით გრძნობს, რომ დახრილობა მარჯვნივ მეტია. მარცხენა ხელით სიმყარის ძებნა დაიწყო. გარკვევით შეიგრძნობდა მოსაწყვეტად გამზადებულ ასფალტის ბელტებს, მაგრამ იმასაც მიხვდა, რომ მარცხნივ ისე ციცაბოდ აღარ იხრებოდა ხიდის ვეებერთელა ნატეხი. იქ მეტი სიმყარე იყო. ძლივსძლივობით გადაძვრა იმ ნატეხზე, ნელნელა ზემოთ აცოცდა. მალევე თითქმის ჰორიზონტალურ ზედაპირზე აღმოჩნდა. ძალიან უნდოდა გულაღმა გაშოტილს რამდენიმე წუთით მაინც დაესვენა, მაგრამ დასვენებისთვის ალბათ ყველაზე შეუსაბამო დროსა და ადგილზე იმყოფებოდა, ამიტომაც ბევრი არ უფიქრია, მუხლებზე დადგა და ხელით დაიწყო გზის გაკვლევა. როცა დახრილობა ძალიან შეუმჩნეველი გახდა, გულდღმა დაწვა, ხელები და ფეხები მაქსიმალურად განზე გაშალა და მარჯვენა ხელის თითებით იგრძნო რომ ხიდის მეორე მხარის ტროტუარს მიახლოვებოდა. მასზე ავიდა როგორც ჩანს, ხიდი მთელ სიგანეზე არ ჩატეხილიყო, მხოლოდ ერთი ნახევარი. მეორე მხარეს მოაჯირიც შენარჩუნებული ჰქონდა, სრულიად არაქათგამოცლილი ძლივს წამოდგა და მოაჯირს გადაეყრდნო. ხელები მჭიდროდ შემოეხვია მარმარილოს ფილებისთვის. ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც ის და ლუკა ხშირად ჩერდებოდნენ ხოლმე და მაღლა, გორაკზე, აღმოსავლეთით ძველ ეკლესიას უყურებდნენ ხოლმე, ნახევრად დანგრეულს, უსახურავოს, ქვის გაცრეცილი კედლებით, წელიწადის ყველა დროს, ნებისმიერ ამინდში რომ არქაული მედიდურობით გადმოჰყურებდა ქალაქის ბინადართ და არაფრით ჰგავდა უსახურ ტაძრებს, თამბაქოს ჯიხურებივით რომ იყო ჩამწკრივებული ყველა ქუჩასა და ჩიხში. ლუკა მოენატრა. საშინლად, საშინლად აკლია! არ უნდა შეისვენოს, გზა უნდა განაგრძოს და იპოვოს. თუ იპოვის - გადარჩება. გვერდით რომ ჰყავდეს ახლა ალბათ ის ეკლესიაც გამოჩნდებოდა. ელენმა თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა, მხრებში გაიმართა, ნელნელა ამოისუნთქა, თავი დახარა, თითქოს ხიდიდან უნდა გადაეხედა, თვალები გაახილა და ნელნელა ისეთი რამ შენიშნა, რასაც საერთოდ აღარ ელოდა. მისგან ძალიან შორს, მრავალი მეტრით ქვევით, სადაც მდინარე უნდა ყოფილიყო, ბუნდოვანი სიწითლე მოჩანდა, ალაგ-ალაგ სრულიად შავი ლაქებით. ეს ლაქები მდინარის ლოდების ადგილს ემთხვეოდა, ზუსტად ახსოვდა. მთელი ბავშვობა სკოლიდან გამოსული ამ ხიდიდან იხედებოდა და ზაფხულობით, როცა მდინარეში წყალი დაბალი იყო, ზედაპირზე მარმარილოს ქანდაკებებივით თეთრი, ქათქათა ქვები მოჩანდა. ხან რას მიამსგავსებდა და ხან რას, ამიტომაც ყოველგვარი ეჭვის გარეშე იცოდა რომელი ლოდი სად იყო, ოღონდაც ეს სურათი იმდენად ბუნდოვანი იყო, დანამდვილებით ვერ იტყოდა მართლა ხედავდა, თუ მისი სინათლესმონატრებული მხედველობა იტყუებდა თავს. თვალები მოისრისა და თავიდან გაახილა. ცოტა ხნით გამოსახულება უფრო ბუნდოვანი გახდა, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ შედარებით გამოიკვეთა კონტურები. არა, არ ეჩვენება, მდინარის წყალს ნამდვილად ხედავს. ნეტა რომ ჩავიდეს ნაპირზე რა იქნება? მაგრამ არა, ამის შესამოწმებლად დრო არ აქვს. ჩასასვლელი ციცაბოა, რომც იპოვოს დიდად არც ახსოვს როგორია და შეიძლება გადავარდეს, ვერ გარისკავს, სანამ შეუძლია სახლში უნდა მივიდეს. როგორ წყურია.. შუბლი უხურს, ოფლი ასხამს, თავბრუ ისე ეხვევა, თითქოს ესესაა თვალახვეული გადმოვიდა კარუსელიდან მყარ მიწაზე. ახლა გაჩერება არ შეიძლება, გზის მესამედი უკვე გავლილი აქვს. სასწრაფოდ ახალი ჯოხი სჭირდება, ისე ვერ ივლის. ჯერ მოაჯირს გაუყვა, მერე ხიდს იქით, გზაჯვარედინის ბოლოს ქვითკირის ღობე იპოვა. ახსოვდა, იმ ღობის მერე მავთულებშემოვლებული ეზო იყო და ზღურბლზე დაფნის ხეები იდგა. ორივე ხელით ცდილობდა შეეგრძნო ყველაფრის აგებულება რასაც ეხებოდა და მეხსიერებას იშველიებდა, რომ მიმართულება არ დაეკარგა, ნაბიჯის გადადგმამდე გზას ფეხით სინჯავდა, მაგრამ არაფერი შეხვედრია. მალევე მიაგნო იმ დაფნის ხეს. ხე დაბალი იყო, უფრო ბუჩქი ეთქმოდა, ამიტომ ტოტი იოლად მოტეხა და ახალი ხელჯოხი დაამზადა. ახლა უფრო მარტივად გაუყვა გზას. მინებიან შენობას რომ გაუსწორდა, როგორც მოსალოდნელი იყო, გზამ ოდნავ მარჯვნივ გადაუხვია და მერე პირდაპირ წავიდა. ეს ადგილი, საერთოდ, ნაკლებად ხალხმრავალი იყო, შესაბამისად დაბრკოლებები თითქმის არ ხვდებოდა, ოღონდ, ის იყო რომ ირგვლივ გამეფებული არაბუნებრივი სიჩუმე უფრო მეტად აშინებდა, ვიდრე ცხოველების გაურკვეველი ხმები. ისე ფრთხილად დადიოდა, თითქოს მის ფეხქვეშ მხოლოდ თხელი ყინული იყო და ცდილობდა არ გაებზარა, თუმცა საკუთარი ნაბიჯების ხმა მაინც მეტისმეტად ხმამაღლა ესმოდა ამ სიჩუმეში. ასე ფეხაკრეფით იარა კიდევ ორასიოდე მეტრი. მის ქუჩამდე ცოტაღა იყო დარჩენილი. წინ შემაღლებული ფილაქანი შეხვდა, რომელსაც სიგანეზე მიუყვებოდა ჩაღრმავებები და მიხვდა რომ უბნის პატარა მაღაზიასთან იდგა, სადაც ყოველ საღამოს, სამსახურიდან გამოსული შეივლიდა ხოლმე და სახლში ალუბლის წვენი მიჰქონდა. ჩვეულებისამებრ გაუცნობიერებლად მარჯვნივ გაიწია და სახელური მოსინჯა. კარი ღია დახვდა. ჭრიალით გაიღო და ეს ხმა ისეთი მოულოდნელი ხმამაღლობით დაირხა ჰაერში, რომ ელენს შიშისგან გააჟრჟოლა. კარი ფრთხილად მიხურა და ხელისცეცებით გაუყვა ნაცნობ დახლებს. ყველაფერი ცარიელი იყო. მხოლოდ გამორთული მაცივარი ყველაზე შორეულ კუთხეში, სადაც უალკოჰოლო სასმელები ელაგა ზედა თაროებზე, ხელსახოცების და საკანცელარიო ნივთების განყოფილება დარჩენილიყო ხელუხლებელი. დაახლოებით იცოდა სადაც უნდა ეძებნა ალუბლის წვენი. მართკუთხა ფორმის მუყაოს ყუთში უნდა ყოფილიყო. ჯერ ერთი ასეთი კოლოფი გადმოიღო, ხუფი მოხსნა, დაყნოსა, ვაშლის და ბანანის ტკბილი სურნელი იგრძნო. სულმოუთქმელად, ერთი ამოსუნთქვაზე დალია. კიდევ უნდოდა, მაგრამ შეეშინდა, ასე რამე არ დამემართოსო, რადგან მტკივნეული სისავსის შეგრძნება მძიმედ დააწვა გულზე. მერე მეორე გახსნა, ეს ნამდვილად ალუბლის იყო, მის უკანაც ალბათ ალუბლისა იქნებოდა, ისიც აიღო და ცალ ხელში დაიჭირა ორივე. მეორე ხელით ჯოხი მოძებნა, წეღან რომ იქვე, დახლზე მიაყუდა და ის იყო მაღაზიიდან უნდა გამოსულიყო, რომ უეცრად სროლის ხმა გაიგონა. ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ვიტრინებმა ზრიალი დაიწყო. იმ წამს თითქოს მისი სხეული სულმა დატოვა შიშისგან, ალუბლის წვენის კოლოფები და ჯოხი ხელიდან გაუცვივდა, შებარბაცდა, დახლს გადაეყრდნო. დახლი ჭრიალით გაცოცდა. ამას მეორე გასროლა მოჰყვა. ელენმა სასწრაფოდ შემოუარა დახლს და უკან, კუთხეში მოკუნტული დაიმალა. რომ არ ეყვირა პირზე ხელები აეფარებინა და საკუთარ ხელისგულებს კბენდა. გარეთ კვლავ ისმოდა სროლის ხმა, ახლა ცოტა უფრო შორიდან, მერე ამას გაბმული კივილი მოჰყვა, რომელიც მალე შეწყდა და რაღაც ცხოველების ხანმოკლე ღრენით დასრულდა. ელენი წინ და უკან ირწეოდა, კანზე ჭიანჭველების სირბილს გრძნობდა. მუცელი ატკივდა, თითქოს მის სხეულში დანა დარბოდა და შიგნეულობას უსერავდა. ცოტაც და გული აერევა. არა! აქედამ ვერ გავა. სულ აქ იქნება. ვერ ავა, იმ აღმართს ვერ აივლის. რომ გავიდეს რაღაცის ლუკმა გახდება. შვილებს ვერ ნახავს, ვერც ლუკას. ოღონდ გათენდეს, ოღონდ ეს საშინელი წყვიადი გათენდეს და ერთხელ მაინც შეავლოს თვალი ვინც ასე ენატრება, ოღონდ ასე მარტო ნუ დარჩება, ასე დაკარგული... ვინ იცის რამდენ ხანს იჯდა ასე ბნელი მაღაზიის კუთხეში. ქუჩაში ისევ ღრმა და უძრავმა სიჩუმემ დაისადგურა. ელენს დროის აღქმა გაუქრა. ვერაფერზე ფიქრობდა. ისიც ვერ გაიგო ჩათვლიმა თუ არა, მაგრამ რაღაც მომენტში, მოულოდნელად ძლიერი გრუხუნის ხმამ შეაფხიზლა. დაძაბულმა სიბნელეში აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება. ნეტა ეს რაღაა, რისი ხმა იყო... მერე უფრო ძლიერად დაიგრუხუნა და უეცრად, ტკაპა-ტკუპით, ჯერ შეპარვით, მერე ჩქარა, უამრავი წვიმის წვეთი აცეკვდა მაღაზიის ვიტრინებზე, ტროტუარზე, ხის ფოთლებზე, მთელ ქუჩაში... როგორც ჩანს რომელიღაც ვიტრინაში პატარა ღიობი დარჩენილიყო და გრილმა ნიავმა დაუბერა, პეტრიქორის სურნელში გახვია და გააბრუა... სიმშვიდე, რომელიც ცოტა ხნის წინ სამუდამოდ დაკარგული ეგონა, ნელნელა დაუბრუნდა. ბავშვობიდან უყვარდა ელენს წვიმა. დედა უყვებოდა, შენ როცა გაჩნდი ისე წვიმდა ცა ჩამოდიოდა და წყალდიდობა მოჰყვაო. როცა პატარა იყო, წვიმის დაწყებისთანავე ბოტებს ჩაიცმევდა და გარეთ გარბოდა. ერთადერთი, რაზეც გული წყდებოდა ის იყო, რომ ვერ ხედავდა, მხოლოდ ხმა ესმოდა, მაგრამ ეს ხმა ისეთ ნუგეშს სცემდა, თითქოს ის შეუპოვარი სიცარიელე და სიმარტოვე სამუდამოდ გადაერეცხა. თვალები დახუჭა და სულგანაბული უგდებდა ყურს ზაფხულის წვიმას... ელენი ადგა, კართან მივიდა, ალუბლის წვენის ორი კოლოფი იქვე იატაკზე ეგდო, აიღო და მარცხენა ხელში დაიჭირა. მარჯვენათი თავისი დაფნის ჯოხი მოძებნა, გასასვლელისკენ შემობრუნდა და გაშეშდა: გარეთ წვიმდა და მეწამულ ნისლში გახვეულიყო ქუჩა. ბუნდოვნად, ბნელად, მაგრამ მაინც ჩანდა შენობების სილუეტები. მეწამული მთვარის მკრთალი შუქით განათებულს ჰგავდა არემარე. ერთი სულდგმულიც არ მოძრაობდა ქუჩაში. ყველაფერი ისეთი უძრავი იყო, ადამიანი იფიქრებდა დრო გაჩერდა და მხოლოდ მოუსვენარი წვიმის წვეთები არ ემორჩილებიანო დროს. მაღაზიის კარი გააღო და გარეთ გამოვიდა. ჭრიალის ხმა, შესვლისას რომ შემზარავად მოეჩვენა, ახლა თითქმის არც ისმოდა. რამდენიმე წამს გაშეშებული, ხარბად უყურებდა ქუჩას. თითქოს ცდილობდა ყველაფრის დანახვა მოესწრო. მარცხნივ ხეს შეჯახებოდა მანქანა, მას კიდევ ორი სხვა მანქანა და გზა ჩაეხერგათ. მარჯვნივ, გზაზე მიტოვებული ჩემოდნები ეყარა... გზის მოპირდაპირე მხარეს გაუგებარი სილუეტები ჩანდა, მაგრამ ელენს მათთან მიახლოება არც უფიქრია. ოდნავი შუქის დანახვით ბედნიერი სახლისკენ მირბოდა. დროდადრო გუბეებს დაფნის ხის ტოტს წაჰკრავდა ხოლმე. მისი ქუჩისკენ გადაუხვია. გზა ოღროჩოღრო იყო და რამდენჯერმე კინაღამ წაიქცა, რადგან ეს წითელი ნათება საკმარისი მაინც არ იყო. ამ მოსახვევშიც მოძრავი სულიერი არ ჩანდა. აქედან მარცხნივ კიდე ერთი გზა უხვევს და მერე ის ვიწრო, ბნელი ქუჩა და სულ ესაა.. რაც უფრო უახლოვდებოდა ისეთი მოუთმენლობა ეუფლებოდა, რომ იმ შიშმაც გადაუარა. წვიმამ იმატა. ქუხილმაც. აი მიუახლოვდა იმ ასახვევს და ნელნელა შეამჩნია რომ ზუსტად ასასვლელთან ადამიანის სილუეტი გამოიკვეთა. ჯოხი ხელში მაგრად ჩაბღუჯა, ნაბიჯი შეანელა და დაკვირვებით, ნელნელა მიუახლოვდა. კაცის ლანდი იყო, მეზობლის აივნის ქვეშ შეეფარებინა თავი და.. და მის ირგვლივ დაბნეული ციცინათელასავით წრიალებდა სიგარეტის ცეცხლი. გული ყელში მოებჯინა, ცოტა კიდევ მიუახლოვდა.. ნამდვილად ის არის.. თვალები აეწვა. ჯოხს ხელი გაუშვა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა მისკენ წითელ ბურუსში.      მარია   ერთი საათის შემდეგ ერიმუპოლის მაგისტრალზე ჩამოწოლილ წყვდიადში მდგარი მარია კიდევ უფრო ინანებს, რომ ამ დღეს მან და ალისამ სოფელში გავლა გადაწყვიტეს, მაგრამ მანამდე, ბენზინგასამართ სადგურზე გაჩერებულ მანქანაში მჯდომს, ეგონა, რომ დღეს უკვე მოხდა ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, როცა წყლის და შოკოლადის საყიდლად მაღაზიაში გადავიდა, სანამ ალისა საწვავის ავზს ავსებდა. მაცივრიდან ორი ბოთლი წყალი აიღო, შემობრუნდა და შოკოლადის ფილების თაროებთან მივიდა ასარჩევად. უცნაური შეგრძნება დაეუფლა, რომ მარცხენა მხრიდან ვიღაც თვალმოუშორებლად უყურებდა. თავი მიაბრუნა. არავინ ჩანდა. შოკოლადის არჩევა განაგრძო. ორი ფილა აიღო, ერთი თეთრი, მეორე შავი. ალისას შავი შოკოლადი უყვარდა, უეცრად მაჯაზე ვიღაცის ხელის ღონიერი შეხება იგრძნო, თვალი ააყოლა და მის წინ იდგა კაცი, რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად სძულდა. -მარია? -უკაცრავად? -მარია! -ვიღაცაში გეშლებით.. -დაბნეულმა უპასუხა, ხელი გამოსტაცა და სალაროსთან როგორ მივიდა, როგორ მოახერხა, რომ მუხლებს არ ემტყუნათ, თვითონაც არ იცოდა. ხმა ვერ ამოიღო ისე მიაწოდა წყლის ბოთლები და შოკოლადები მოლარეს ხელში. -პარკი გნებავთ? მარია გაშტერებული უყურებდა და ხმას ვერ იღებდა. გრძნობდა როგორ უყურებდა ვიღაც ზურგის მხრიდან დაჟინებით. -პარკი გნებავთ? -დ.. დიახ. უნდოდა ყველაფერი დაეტოვებინა და გაქცეულიყო, რაც შეიძლება შორს და რაც შეიძლება მალე, მაგრამ ასე თავს გაყიდის. ისე უნდა მოიქცეს, თითქოს არაფერი მომხდარა. პროდუქტები ჩაალაგა, კარისკენ წავიდა. გრძნობს რომ უყურებს, მას მიჰყვება. უნდა იჩქაროს, მაგრამ არა ზედმეტად. აკანკალებული ხელით ძლივს გამოაღო მაღაზიის კარი, მანქანამდე როგორც კი მივიდა ალისას უთხრა: - აქედან შენ ატარე, ჩქარა, წავედით, მე არ შემიძლია. - რა მოხდა? - ჩქარა, ჩქარა, წამიყვანე აქედან! ალისას მეტი კითხვა აღარ დაუსვამს, სასწრაფოდ დაძრა მანქანა და წავიდნენ. რამდენიმე წუთს მარია ხმას ვერ იღებდა. ალისა ხან გზას უყურებდა, ხან დას გადახედავდა.-მარია, რა მოხდა, მითხარი! კანკალებდა, ცივი ოფლი ასხამდა, ისედაც ფერმკრთალს სახე სულ გაფითრებოდა. - ის იყო, ალისა, მაღაზიაში.. ლეო შემხვდა - რა? დარწმუნებული ხარ? ხომ არ შეგეშალა? - არა, ის იყო, თვითონაც მიცნო.. - რას ამბობ?! როგორ? რა მოხდა, მომიყევი! - შო.. შოკოლადს ვარჩევდი და მოვიდა და მაჯა დამიჭირა და სახელით მომმართა, მე ვუთხარი რომ ეშლებოდა და წამოვედი. ალისა ჩუმად იყო, რამდენიმე წამის შემდეგ ჰკითხა: - დაგიჯერა? როგორ ფიქრობ? - არ ვიცი, არ მგონია, მაგრამ ალბათ დაეჭვდა რადგან არაფერი მითხრა. სად მიდიხარ? ალისამ მანქანა მოაბრუნა. - სოფელში აღარ გავივლით. - დარწმუნებული ხარ? - აბსოლუტურად. - აბა რა ვქნათ? სურათები? - მე მანამდეც გითხარი, რომ ის სულელური სურათები არაფრად მიღირს. ის წლები არ მიღირს საერთოდ არაფრად. არც უნდა წამოვსულიყავით - მოკლედ მოუჭრა ალისამ. მარიამ ხმა ვეღარ ამოიღო. იცოდა, მისი და მართალს ეუბნებოდა. როგორც ყოველთვის. როგორც ყოველთვის... თხუთმეტი წლის წინაც სიმართლეს ამბობდა, როცა აფრთხილებდა ნუ მეგობრობ ლეოსთან, კარგს არაფერს მოგიტანსო. რომ დაეჯერებინა.. მერე რამდენჯერ ინატრა, ნეტა დროის უკან დაბრუნება შემეძლოსო, მაგრამ ალისას იმას ვერ დაუკარგავდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, არასდროს, არასდროს დასცდენია ხომ გეუბნებოდიო... არადა, ხომ ეუბნებოდა?! თვითონ კი ბრაზდებოდა ხოლმე, უმტკიცებდა შენ არ იცნობო და ზედაპირულ ადამიანს ეძახდა, ერთი შეხედვით გამოგაქვს დასკვნები და ყველას განიკითხავო. როცა ბავშვები იყვნენ, ალისა და მარია ერიმუპოლის მიმდებარედ, პატარა სოფელში ცხოვრობდნენ. მარია ძალიან ლამაზი გოგო იყო, ისეთი ლამაზი, რომ მის ნათქვამს ყურადღებას არავინ აქცევდა, საერთოდაც, არავინ უსმენდა. ისეთი ლამაზი, რომ ყველას დაუმსახურებლად ან უყვარდა ან სძულდა, ან ორივე ერთად. ისეთი, რომ, მაშინაც კი, როცა მთელ დღეს სახლში ატარებდა მეზობლები ხან სად ხედავდნენ, ხან - სად. ასე იყო ალისაც, მისი ტყუპისცალი და. თუმცა, გარშემომყოფთა გასაკვირად, მიუხედავად ნუშისმაგვარი, ლურჯი თვალებისა, ოქროსფერ კულულებად ჩამოშლილი თმებისა, მაღალი, გამოკვეთილი ყვრიმალებისა და მეტიც, ქანდაკებასავით უნაკლო სხეულისა, ორივე დას ჰქონდა ოცნებები და ეს ოცნებები არ ეხებოდა არც ქორწინებას, არც რომანტიკას, არც ტრადიციულ რეპროდუქციულ მარათონში ჩაბმას. ამიტომაც ხშირად იმედგაცრუებული თაყვანისმცემლები ათას გაუგონარ ამბავს ჰყვებოდნენ მათზე. ზოგს არ სჯეროდა, მაგრამ ვინც მიზეზს ეძებდა ამ უსამართლო მშვენიერების სიძულვილისთვის, ერთ ამბავს მეორეს უმატებდა და ასე ბევრმა შეიძულა სოფელში ისინი. რაც საკუთარი თავი ახსოვდა, მარიას ყოველთვის უყვარდა ხატვა. ხატავდა ყველაფერს: ადამიანებს, ცხოველებს, ხეებს, მთებს, სახლებს... ზოგჯერ მუყაოს ნაჭრებისგან მინიატურულ ქალაქებს აგებდა და აფერადებდა. რომ გაიზარდა გადაწყვიტა არქიტექტორი გამხდარიყო და სკოლის ბოლო წლები სულ ამისთვის მზადებას შეალია. თავისუფალ დროს კი ცდილობდა დახმარებოდა ალისას, რომელიც მოჭადრაკეობაზე ოცნებობდა და სულ ეძებდა კომპანიონს, ხოლო თუ ვერავის იპოვიდა, თავის თავს ეთამაშებოდა ხოლმე. დები მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ. მშობლები მუდმივად ჩხუბობდნენ და თითქმის არასდროს იყო მათ სახლში ისეთი სიმშვიდე, როგორზეც მუდამ ოცნებობდნენ. ერთადერთი თავშესაფარი დეიდა მართას სახლი იყო. დეიდა მართა მოხუცი ქალი იყო, მაგრამ ისეთი სტილი ჰქონდა, ისე ცხოვრობდა, ბებოს დაძახება რაღაცნაირად უხერხული ეჩვენებოდათ. მარია ხშირად ფიქრობდა, რომ დედა უფრო მოხუცს ჰგავდა, ვიდრე დეიდა მართა. იგი მათ მეზობლად, მათი სახლის უკან ცხოვრობდა. სხვა მეზობლებს თითქმის არასდროს ესაუბრებოდა და საკმაოდ უკმეხადაც იშორებდა თავიდან დაუპატიჟებელ სტუმრებს, მხოლოდ მარიასა და ალისასთვის მისი სახლის კარი მუდამ ღია იყო. თავიდან მშობლები უშლიდნენ მასთან მისვლას, მაგრამ ისე იყვნენ ხოლმე ჩაბმულნი თავიანთი ყოფის პრობლემებში, რომ ხშირად საათობით ვერ ამჩნევდნენ სად იყვნენ შვილები. ამ დროს მართა ცხელ კაკაოს უმზადებდა ხოლმე ბავშვებს, თვითონ უზარმაზარ ჭიქა შავ ყავას დაიდგამდა და უყვებოდა ათას ამბავს, ამ მთისას და იმ ბარისას. მოსაყოლიც იმდენი ჰქონდა... მართა ძალიან ახალგაზრდა ყოფილა, როცა ამ სოფლიდან წასულა და სხვა ქვეყანებში ცხოვრობდა, მოგზაურობდა, მთელი მსოფლიო შემოვლილი ჰქონდა. ის და მისი მეუღლე თურმე ერთ ადგილას წელიწადზე მეტ ხანს არ გაჩერებულან. მერე ქმარი გარდაეცვალა, შვილები არასდროს ჰყოლია, ღრმა მოხუცებული დედა კი, რომელიც იმ სოფელში ცხოვრობდა, ავადმყოფობდა და ამიტომაც დაბრუნებულა. რამდენიმე წელიწადში დედამისიც გარდაიცვალა, მაგრამ მართა უკვე თავისი ბავშვობის სახლს ხელახლა შეეჩვია და აღარც წასულა. ქალი იქ მცხოვრებ სხვა ქალებს არაფრით არ ჰგავდა. თმას არც იღებავდა, არც იკრავდა, ჭაღარა თმები მრავალ ნაწნავად ჩამოშლოდა თავზე. არც სხეულს მალავდა შავ, დახურულ ტანსაცმელში, სულ ჯინსები და ხელით ნაქარგი ფერადი სამოსი ეცვა. სხეულზე უცნაური ნიშნები დაეხატა. ბავშვები ხშირად ეკითხებოდნენ ხოლმე, ეს რას ნიშნავს, ის რა სიმბოლოაო, მართაც პასუხობდა, მაგრამ მერე მიხვდნენ ალბათ სიმართლეს არ გვეუბნებაო, რადგან ზოგჯერ ერთსადაიმავე ნახატზე სხვადასხვა ამბავს ჰყვებოდა. ნელნელა მართას სახლი მარიას ნახატებით აივსო, ბუხართან კი მუდამ იდგა გაწყობილი, გაწმენდილი ჭადრაკის დაფა და ალისა საათობით თამაშობდა ხოლმე მასთან ერთად. მართამ აჩუქა მარიას პირველი მოლბერტი, ტილოები, საღებავები, ფანქრები, უხსნიდა რომელ საღებავს რომელი გამხსნელი და რომელი ფუნჯი მიესადაგებოდა. ალისაც პირველად მან წაიყვანა ტურნირზე, სადაც გოგონა ბოლო ადგილზე გავიდა და ისეთ იმედგაცრუებას გრძნობდა ტირილი უნდოდა, მაგრამ მართამ უთხრა თავიდან ყველა ბოლო ადგილზე გადისო, დაცინოდა, ეგ როგორ არ იცოდიო, ჯერ ბოლო ადგილზე თუ არ გახვალ ისე პირველზე ვინ მიგიშვებსო და ამ „გამარჯვების“ აღსანიშნად ბავშვები კაფეში წაიყვანა და უალკოჰოლო კოქტეილები დაალევინა. ორი წლის მერე იგივე ტურნირზე ალისამ გაიმარჯვა და სახლში გაბრწყინებული რომ დაბრუნდა, ჭიშკართან მართამ მიიყვანა. ამ სიხარულში დაავიწყდა, რომ დილით სხვანაირადჩაცმული გავიდა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დაბრუნდა სახლში . მამა ეზოში იჯდა და რომ დაინახა, სანამ ალისა თავის გამარჯვებაზე რაიმეს თქმას მოასწრებდა, მშობელმა დაუყვირა შენ რა მთლად ამ ბოზ მეზობელს უნდა დაემგვანოო. გოგონა უკან შებრუნდა და მიხვდა, რომ მართამ ყველაფერი გაიგონა. სირცხვილისგან სახე აეწვა. შემდეგ ის და მარია მთელი ღამე მსჯელობდნენ, ამის მერე როგორ უნდა გამოჩენილიყვნენ მართასთან. ჯერ ფიქრობდნენ, რომ არ შევიმჩნიოთ, იქნებ ეგონოს, მოეჩვენაო. მერე ჩათვალეს, ცოტა ხნით თუ არ მივალთ იქნებ დაავიწყდესო, მაგრამ ესეც მალევე გადაიფიქრეს. ალისამ თქვა, იქნებ იფიქროს, რომ ჩვენც მამასავით ვფიქრობთო. ბოლოს კი გადაწყვიტეს გათენებისთანავე მისულიყვნენ და ბოდიში მოეხადათ მამის მაგივრად და ეთქვათ, რომ თვითონ არასდროს უფიქრიათ მსგავსი რამ მასზე. დაელოდნენ მშობლები როდის გავიდოდნენ სახლიდან სამუშაოდ და მაშინვე მართასთან გაეშურნენ. ქალი სახლის აივანზე იჯდა, სიგარეტს ეწეოდა, მის წინ მთელი გორა იდგა ნამწვების. მივიდნენ, რამდენიმე წამით უხერხულად ჩუმად იდგნენ, მერე მარიამ გაბზარული ხმით დაიწყო: ,,ჩვენ გვინდოდა გუშინდელის გამო...“ მართამ ხელის აწევით შეაჩერა ბავშვები: - მამათქვენის გამო ბოდიშის მოხდას თუ აპირებთ, არ მინდა ამის გაგონება. საერთოდ, ნურასდროს მოიხდით ბოდიშს იმის გამო ვისთან ყოფნაც თქვენ არ აგირჩევიათ. კაკაოს დალევთ? ეს იყო და ეს. იმ დღის მერე მათი მეგობრობა კიდევ უფრო მტკიცე გახდა, მაგრამ რაც უფრო იზრდებოდნენ უფრო ნაკლებ დროს ატარებდნენ სახლშიც და შესაბამისად მართასთანაც. ალისამ სკოლის შემდეგ ყოველდღიურად ერიმუპოლში, ჭადრაკის გაკვეთილებზე დაიწყო სიარული, ზაფხულობით საერთოდ მთელ დღეებს იქ ატარებდა. მარიას მოეწყინა ერთისა და იმავე ნახატების ხატვა და სალაშქროდ სიარული დაიწყო, ახალი ადგილების აღმოჩენა და ჩანახატების გაკეთება. ერთხელ, როცა სოფლიდან ოდნავ მოშორებით მდელოზე ჩამომჯდარიყო და ხატავდა აღმოსავლეთით მდებარე ერთ შორეულ უსახელო მწვერვალს, რომლის ქათქათა ზედაპირი ოქროსფრად ელავდა ჩამავალი მზის შუქზე, ქარმა დაუბერა და მოხატული ფურცლები ჰაერში გაფრინდნენ. რაც მოახერხა დაიჭირა, შეაგროვა, ყველაფერი ჩანთაში ჩააწყო და უკან დაბრუნება რომ დააპირა, მისი თანასოფლელი ბიჭი, სახელად ლეო, წამოეწია და უთხრა, მგონი ეს ნახატი შენ გაგიფრინდაო. მარიამ მადლობა გადაუხადა, ბიჭმა მეც სახლისკენ მივდივარ და გაგაცილებო. ლეო მაღალი, ღონიერი, წითური, ჭორფლიანი და წყლისფერთვალებიანი ბიჭი იყო, უხეში ნაკვთებით, რამდენიმე წლით უფროსი, მამასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა. მარია კარგად არ იცნობდა, მაგრამ, რადგან სახლიდან შორს იყვნენ, გზად ბევრი ილაპარაკეს. ბიჭმა უთხრა თუ ახალ ლანდშაფტებს ეძებ, მე სოფლის ირგვლივ ყველაფერი ხუთი თითივით ვიცი და შემიძლია საინტერესო ადგილები გაჩვენოო. მეორე დღეს, დილით კვლავ შეხვდნენ და ასე დაიწყო მათი მეგობრობა. თითქმის ყოველდღე ლეო მარიას აკითხავდა სახლთან, ერთად მიდიოდნენ ხან მდინარის პირას, ხან მთებში, ხან სად და ხან სად. ასე გაგრძელდა თითქმის ერთი წელი. არაერთხელ უთხრა ამ ერთი წლის მანძილზე ალისამ, რომ ლეო არ მოსწონდა, რომ ცუდ ხალხთან მეგობრობდა და არ ესმოდა მასთან რა ჰქონდა საერთო. ამასობაში მარიამ სკოლა დაამთავრა, გამოცდები ჩააბარა, არქიტექტურის ფაკულტეტზე მიიღეს ევხოპოლში. ალისაც უკვე საკმაოდ წარმატებული მოჭადრაკე იყო და მხოლოდ სკოლის დამთავრებას ელოდებოდა, რომ სოფლიდან წასულიყო. მართა ხშირად ავადმყოფობდა, ისედაც გამხდარი ქალი, სულ ჩამოდნა. ზამთარში ფეხი იღრძო და ხელჯოხით დადიოდა. ოღონდ ეს ხელჯოხიც ისეთი აერჩია, რომ რაღაცნაირად უფრო შარმიანი მოჩანდა. შავი ხის ჯოხს ვერცხლისფერი დრაკონი ეხვეოდა გარს. სხვათაშორის ამ დრაკონს თავი ეხსნებოდა და თუ გვერდებიდან ხელს მოუჭერდი ცეცხლს აფრქვევდა, ამიტომაც, მართა სანთებელად იყენებდა ხოლმე. სახლში სიტუაცია უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა, დედა და მამა ერთმანეთსაც გამუდმებით უყვიროდნენ და შვილებსაც, ამიტომაც გოგონებს ერთი სული ჰქონდათ როდის წავიდოდნენ. ზაფხული რომ მიიწურა და წასვლამდე მხოლოდ სამი დღე იყო დარჩენილი, ლეომ ისევ მიაკითხა და გამოქვაბულების სანახავად წასვლა შესთავაზა. მარიამ უთხრა ვეღარ მოვასწრებ, სამ დღეში გადავდივართ და ბარგს ვალაგებო. ამაზე ცოტა ხნით შეყოყმანდა, მერე უთხრა კარგი, მაშინ საღამოს გამოგივლი და გავისეირნოთ უბრალოდ, სანამ გადახვალო. პასუხს არც დალოდებია ისე წავიდა. საღამოს ისევ მიაკითხა, ცოტა რომ გაიარეს ფეხით, თავის მანქანასთან მიიყვანა და უთხრა, მოდი ერიმუპოლში წავიდეთ, ვივახშმოთ და ვილაპარაკოთო. მარია ჯერ უარზე იყო, მართასთან უნდა წავიდეო, მაგრამ შეატყო, რომ ბიჭს ეწყინა, მას კი არ უნდოდა იმ ადამიანის წყენინება, ვისთან ერთადაც მთელი წელი სასიამოვნოდ გაატარა და გაჰყვა. მერე რა მოხდა ვერაღასდროს გაიხსენა მარიამ. ბუნდოვნად ახსოვდა, რომ მანქანაში ყავას სვამდნენ, ლეო რაღაცას ელაპარაკებოდა იმაზე, რომ არ უნდა წასულიყო, რომ შორიდან ყველაფერი მიმზიდველი და საიმედო ჩანს და სინამდვილეში არაფერი გამოუვიდოდა, რომ ახალ ადგილს ვერ შეეგუებოდა და სჯობდა იქ დარჩენილიყო, მასთან, რომ ერთად კარგად იყვნენ. რაღაც ასეთი შინაარსის ფრაზები ნელნელა უფროდაუფრო ბუნდოვნად ჟღერდა და ბოლოს საერთოდ აღარ ესმოდა მისი ლაპარაკი. ირგვლივ ყველაფერი უცხო და უცნაური ჩანდა, თითქოს მანქანა წინ კი არა უკანა მიმართულებით მოძრაობდა. უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ პირს ვერ აღებდა... მეორე დილით, რომ გამოფხიზლდა, ისევ თავის სოფელში იყო, ოღონდ ლეოს სახლში. მარტო იწვა მის საწოლში და მთელი სხეული ტკიოდა. თვალს რომ ახელდა, ოთახი შეუჩერებლად ტრიალებდა მის ირგვლივ. არაფერი ეცვა. ბარბაცით წამოდგა, სარკეში ჩაიხედა: შუბლზე, თმასთან ნაკაწრი ჰქონდა, თვალის გარშემო ლურჯი ლაქა ეტყობოდა. ირგვლივ მიმოიხედა, მისი ტანსაცმელი ძირს ეყარა. უცებ შეუჩერებელი ღებინება აუტყდა. ცოტა რომ მოსულიერდა, ჯერ ტანსაცმელი აიღო და გაჭირვებით ჩაიცვა, მერე - ფეხსაცმელი. კარი ღია იყო. ოთახიდან რომ გამოვიდა ლეოს პატარა ძმა შეხვდა. გაუღიმა და მიესალმა. მარიას ხმა არ ამოუღია. კარისკენ წავიდა. გარედან ლაპარაკის ხმა მოესმა. კარი გამოაღო და დაინახა, ეზოს ზღურბლთან იდგა ალისა და ლეოს ელაპარაკებოდა. მარიამ ცრემლები სახელოთი შეიმშრალა და მიუახლოვდა. ალისა ნაძალადევად იღიმებოდა, უცებ დას გამოხედა, ერთი წამით მზერა გაუშეშდა, მერე ისევ ლეოს მიუბრუნდა და გაღიმებულმა განაგრძო: - კი, ყველაფერი ჩაალაგა, მაგრამ არის რაღაც-რაღაც დეტალები რაც ქალს სჭირდება, ყველაფერს ნუ ამახსნევინებ - თვალები დახარა, ქვედა ტუჩი მოიკვნიტა, მორცხვად გაიღიმა და ახედა - რა იყო, ნახევარი საათიც არ დაჭირდება, ხელად დავბრუნდებით. ბიჭს მარიას გუშინჩალაგებული ჩემოდანი ეჭირა ცალ ხელში. მეორეთი თავი მოიქექა, ირგვლივ მიმოიხედა, თითქოს რჩევას ეძებსო და მარია შეამჩნია. მოსახვევად გაიწია, მაგრამ გოგონა ერთი ნაბიჯით უკან იხევდა. ალისამ, თითქოს ვერაფერი შეამჩნია, გაუმეორა: -აბა, რას იტყვი? გამოუშვებ? მარიას უსიცოცხლო სახიდან თავის არიდება და ალისას მზესავით ღიმილითვის თვალის გასწორება ისეთი შვება იყო, რომ ლეო უნებლიედ დათანხმდა: -კარგი, კარგი, რა გაეწყობა, მაგრამ მეც წამოგყვებით, ჩემი მანქანით წავიდეთ. ალისამ მხიარულად მიაძახა ეგრე რაო, ბეჭზე ხელიც დაჰკრა გასამხნევებლად. მარია ადგილიდან არ იძვროდა, მაგრამ მისი და მიუახლოვდა, ხელი ჩაჰკიდა, მთელი ძალით მოუჭირა და ისეთი სიმტკიცით წავიდა, რომ ისიც ძალაუნებურად გაჰყვა. ლეო წინ ჩაჯდა, ალისა და მარია უკან. მანქანით სულ 5 წუთის გზა იყო. უხერხული სიჩუმის ასარიდებლად ამ ხუთ წუთში ალისამ ორჯერ ჩამოაგდო სიტყვა ამინდზე და ერთხელ ქორწილზე. მარია ყურებს ვერ უჯერებდა. მისი და ლეოს უხსნიდა მამამისის დანაბარებს, რამდენი სტუმრის მიწვევა უნდა აეღო თავზე მათ ოჯახს. მარიამ პირის გაღება დააპირა, რომ ეთქვა მანქანა გააჩერეთო, მაგრამ ალისამ ისეთი ძალით მოუჭირა ხელზე ხელი, რომ ფრჩხილები კანში ჩაესო და მხოლოდ უნებლიე კვნესა აღმოხდა. სახლში მისულებს დედა და მამა შემოეგებნენ, რომლებიც უცხოებივით იქცეოდნენ, ერთმანეთსაც და მეზობლებსაც დათაფლული ხმით ელაპარაკებოდნენ და უღიმოდნენ. ალისამ თქვა ჩვენ ახლავე დავბრუნდებითო, მერე ყველას გასაგონად მარიას უთხრა, წამოდი, ლამაზი კაბა მაინც ჩაიცვიო და თავიანთ საძინებელში შევიდნენ. კარი მოხურა თუ არა, უცებ მხრებში მოიკუნტა და დას ჩაეხუტა. მერე საჩქაროდ აუხსნა, რომ მშობლებმა გადაწყვიტეს მისი გათხოვება, რომ ამის წინააღმდეგ ერთი სიტყვის გაგონებაც არ უნდოდათ. ვეტყვი როგორც მომექცაო, მარიამ უთხრა, რომ იცოდნენ ეგრე არ იფიქრებდნენო. ალისამ თმაზე ხელი გადაუსვა დას, მერე შუბლზე აკოცა და უთხრა რომ მათ კიარა, მთელმა სოფელმა იცის როგორც მოგექცა, მაგრამ მაინც ასე ფიქრობენო. ამიტომ ბევრი დრო არ გვაქვს, ყველაფერი მოვიფიქრე, რაც უნდა გავაკეთოთო და გამომყევიო. პატარა ჩანთა აიღო, უკანა ეზოს ფანჯარა გააღო და გადაძვრა, მერე მარიას დაეხმარა გადასვლაში და ჩაცუცქულები გაიპარნენ მართასთან. მართა სასტუმრო ოთახში დივანზე იჯდა და კარტს შლიდა. როცა გოგონები დაინახა მაშინვე ფეხზე წამოდგა, ორივე ხელით იმ თავის ჯოხს ეყრდნობოდა, ტუჩები მაგრად მოეკუმა, წარბებშეკრული უყურებდა და ხმა არ ამოუღია, ელოდებოდა რას იტყოდნენ. -რაღაც უნდა გთხოვოთ, მართა -უთხრა ალისამ. -რა? -შენი მანქანა გვათხოვე ორი დღით, მარიას ევხოპოლში დავტოვებ და ზეგ ღამით დაგიბრუნებ. -დამელოდეთ! მართა თავის საძინებელში გავიდა და ორ წუთში დაბრუნდა, ხელში მოზრდილი ზარდახშა ეჭირა. ალისასთან მივიდა, ზარდახშას თავი ახადა და აჩვენა. ლამაზ-ლამაზი სამკაულებით იყო სავსე და რგოლით შეკრული ქაღალდის ფულის ხვეულა იდო გვერდით. მერე თავისი საყურეები და ბეჭედიც მოიხსნა, ისინიც ყუთში ჩააწყო და მხოლოდ ქორწინების რგოლი დარჩა ხელზე. -ამაში რაც დევს, ყველაფერი ოქრო და ბრილიანტია. წაიღეთ, წადით, აი გასაღებიც გამომართვით - შარვლის ჯიბიდან თავისი ყვითელი ფურგონის გასაღები ამოიღო და ალისას მისცა - ოღონდაც, პირობა მომეცით, რომ აქ აღარასდროს დაბრუნდებით. ალისა დაბნეული იყო. ორჯერ დააპირა რაღაცის თქმა და გაჩერდა. მარია გაშტერებული იჯდა და ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა სახეზე. -არასდროს დაბრუნდეთ, გესმით? არც ეს მანქანა დამიბრუნოთ, მე მაინც აღარ მჭირდება. ეს ფული, თუ დაზოგავთ, კარგახანს გეყოფათ. მერე თქვენითაც მიხედავთ თავს. ორივეს მაგრად ჩაეხუტა. ისე ჩაიკრა გულში, ვერავინ რომ იფიქრებდა ამ სიფრიფანა მოხუცის სხეულს თუ ამხელა ძალა ჰქონდა შერჩენილი. მერე სწრაფად გაუშვა ხელი, შებრუნდა და უთხრა: -მანქანა ჭიშკართანაა. პულტით იღება. წადით ახლა, აღარ დამენახოთ. მოხუცი ქალი ფანჯარასთან მივიდა, ოდნავ გამოაღო და თავისი ვერცხლისფერი დრაკონის თავით სიგარეტს მოუკიდა. რამდენიმე წუთში ალისა და მარია სოფელს გაცდნენ და ყვითელი ფურგონით მიჰქროდნენ მთავარ გზაზე. ასე გადაცხოვრდნენ ევხოპოლში. ჩასვლისთანავე დაურეკეს მართას და უთხრეს, რომ მშვიდობით ჩავიდნენ. მერე, ერთ კვირაში, ისევ რომ დაურეკეს, მოხუცმა უპასუხა, კარგი, კარგი, ვიცი რომ გახსოვართ, მაგრამ მეტჯერ აღარ დამირეკოთ, თქვენს ცხოვრებას მიხედეთ და პირობა არ დაგავიწყდეთო. მერე ისევ სცადეს რამდენჯერმე და რომ აღარ უპასუხათ შეწყვიტეს მცდელობა. აქედან თხუთმეტი წელი გავიდა და არცერთხელ არ დაბრუნებულან სოფელში. არც მაშინ, როცა მშობლები დაეღუპათ, არც მაშინ როცა მართას ანდერძი მიიღეს. არც მაშინ, როცა გაზეთში წაიკითხეს, რომ ლეოს ყაჩაღობის გამო ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თმა შეიჭრეს, შეიღებეს, სტილი შეიცვალეს და ყველაფერი თავიდან დაიწყეს. ალისა ცნობილი მოჭადრაკე გახდა, მარია - წარმატებული არქიტექტორი, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მარიას ნოსტალგია მოეძალა. -თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ბავშვობა წაგვართვეს. მინდა ჩვენი სურათები და ნახატები წამოვიღო. -ჩვენ პირობა მივეცით -არ თანხმდებოდა ალისა. -ეგრე რომ მიეღო, მაშინ თავის სახლს ჩვენ არ დაგვიტოვებდა. თვითონაც ენდომებოდა... -არ ენდომებოდა და შენც კარგად იცი. გასაგებად გვითხრა, აღარ დაბრუნდეთო. -აბა სახლი რატომ დაგვიტოვა? -იმიტომ რომ ჩვენ გარდა არავინ ჰყავდა და ვუყვარდით -ამდენი წლის შემდეგაც ალისას ცრემლები ახრჩობდა მართას მონატრებისგან. -შენც გინდა ჩასვლა, ნუ მატყუებ -უთხრა მარიამ. -საფლავზეც მივიდეთ მაშინ. -მივიდეთ. -როგორ დაგვცინებდა რომ გვისმენდეს - თქვა ალისამ და გადაიხარხარა. მერე ორივე დიდხანს იცინოდნენ. ასე გაუდგნენ აგვისტოს ცხელ დღეს ზღვისკენ მიმავალ გზას, თუმცა პელაგოპოლამდე ნახევარი გზა რომ ჰქონდათ გავლილი სოფლისკენ გადაუხვიეს, ბენზინის ჩასასხმელად შეჩერდნენ და მარია მაღაზიაში შევიდა, რომ წყალი და შოკოლადი ეყიდა. მაღაზიაში ლეო დახვდა... ალისა ჩქარა მიაქროლებდა ყვითელ ფურგონს მთავარი მაგისტრალისკენ და თან მარიას უმეორებდა: დამშვიდდი, შეიძლება ვერც ეცნე, ახლა სულ სხვანაირი ხარ. მალე პელაგოპოლის გზაზე ვიქნებით. მარია ხმას არ იღებდა. ალისას არ ტოვებდა შეგრძნება, რომ ცისფერი მანქანა მიჰყვებოდათ. ცდილობდა უკან ჩამოეტოვებინა. სიჩქარეს უმატა. მაგისტრალზე გასასვლელი წრიული მოძრაობა გამოჩნდა, გასასვლელთან პოლიციის მარეგულირებელი იდგა. მის წინ ორი სხვა მანქანა მიდიოდა, სარკეს გახედა, უკან კარგა მოშორებით მოჩანდა პატარა ცისფერი მანქანა. და ამ დროს, ერთ წამში თვალთ დაუბნელდა. -მარია, ჩქარა, საჭეს ხელი მოჰკიდე, ვეღარაფერს ვხედავ - თქვა და ნელნელა მუხრუჭს აწვებოდა ფეხით. ამ დროს მარიამ ყვირილი დაიწყო რა ხდება, ვერაფერს ვხედავო. უეცრად წინიდან მსხვრევის ხმა გაიგო, მაგისტრალის მხრიდან რაღაც აფეთქდა კიდეც. მიხვდა, რომ მხოლოდ თვითონ არ იყო ამ დღეში და გზაზე გაჩერება სიკვდილს უდრიდა. საჭე მარჯვნივ გადაწია, გაზს დააწვა, მინდორში ბრმად გადაიყვანა მანქანა და გაჩერდა.