ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მაგრამ

მაგრამ

მაგრამ ...ეძღვნება იმ ანას, რომლად ყოფნასაც, ალბათ,  ვერასდროს შევძლებ… ინსპირაცია მარტა გელჰორნის და სხვა სამხედრო ჟურნალისტი ქალების ისტორიები  პატარა, ერთსართულიანი სახლის აივანზე ვზივარ. ხელში წითელი ღვინით ჭიქა მიჭირავს და სადღაც შორს ვიყურები. ზღვის ტალღებს სცდება ჩემი ფიქრები და ამ წამს მეჩვენება, რომ დედამიწაზე დიდი ვარ, იმდენად დიდი რომ მხოლოდ ერთი სულის შებერვით შემიძლია მისი გაქრობა გალაქტიკის ორბიტიდან. თვალებს ვხუჭავ და დაუფიქრებლად ვცლი ღვინის ჭიქას . და რა შეიძლება იყოს უფრო შორი და უფრო უცხო ვიდრე საკუთარი თავი წარსულში, ვიდრე ქალი, რომლის ცხოვრებაც იცხოვრე და მაინც არ იცნობ კარგად ... რა ან ვინ შეიძლება იყოს უფრო შორეული და მტკივნეული ვიდრე საკუთარი თავი ნამყოფ და განვლილ გზაზე.. ვიდრე ემოცია, რომელიც განიცადე და იცი რომ ,არც არასდროს განმეორდება ...მისი დიდი გახუნებული პერანგი მაცვია.. ეს უხეში ნაჭერი შიშველ სხეულზე მეხება და მის ნათითურებს უფრო მძაფრად ვგრძნობ კანზე, თითქოს, ისევ აქაა, სადღაც გვერდით, თითქოს ახლა ხმაურიანად ამოირბენს კიბის საფეხურებს, ქვიშიან ფეხებს დაბაკუნებით ჩამოიშორებს და თავის გახურებულ ტუჩებს ჩემს აწეწილ თმის ხვეულებში ჩაკარგავს ..თითქოს ისევ მოვა , მოიტანს ზღვის სურნელს და დამავიწყებს, როგორი მარტოსული ვარ, მაგრამ ...„ არცერთი წინადადების დაწყება არ ღირს, რომელიც კი მაგრამ-ით უნდა დასრულდეს . საერთოდ არაფრის დაწყება ღირს, რაც დასასრულისთვისაა განწირული ...არაფერი ღირს წასვლად, სიმარტოვედ, არაფერი „ვუყურებ ამ სულელურ ნაჯღაბნს ძველი დაჟანგებული საბეჭდი მანქანის თავზე ამოჩრილი ფურცლის პირას და შიში მიპყრობს, პირველად ჩემი ხანგრძლივი არსებობის განმავლობაში მეშინია, რომ წერას ვეღარ შევძლებ, რომ თითები ერთხელაც ასე უაზროდ გაჩერდება და მრავალწერტილებს შეატოვებს ჩემს ვერგამოთქმულ სათქმელს. ღმერთო, ეს რა უცნაური შეგრძნებაა. მიტოვებული ქალაქის სანაპიროზე მიტოვებული სახლის კიდევ უფრო მიტოვებულ ოთახში რამდენი ქარიშხლიანი ღამე გამითენებია მარტო და მაინც ასე ძალიან არასდროს არაფრის შემშინებია. რამდენი წერილი დამიწერია ტყვიების და ბომბების ზუზუნის ქვეშ და რამდენჯერ მიგვრძვნია საკუთარი მზერა იარაღის ლულაში მოქცეული და მაინც ასეთი უმწეო არასდროს ვყოფილვარ . სიგარეტს ვაბოლებ, ისევ ზღვას გავქცერი, მერე საკუთარ გაფითრებულ ფეხებს ვხედავ თეთრი პერანგიდან გამოჩრილს და სურვილი მიჩნდება ეს უსიცოცხლო ხორცის ნაგლეჯები დაუნდობლად დავსერო, დავასისხლიანო. მერე რა მაინც ვერაფერს ვიგრძნობ, მაინც არაფერს იგრძნობს ჩემი წელს ქვემოთ მოწყვეტილი, სამყაროს, სიცოცხლეს, ენერგიას მოწყვეტილი სხეული. ჯანდაბას, თან არ მაქვს რამე ბასრი და ის ერთადერთი, რასაც ამ ბოლო დროს ჩემი სულის ხსნა შეეძლო, ახლა უმოძრაო მუხლებზე მიდევს და იმაზე მეტად უსიცოცხლოა, ვიდრე ჩემი ომში დალეწილი, მოძრაობის უნარს სამუდამოდ მოკლებული ფეხები . ტრაგედიის მოახლოებას ვგრძნობდი, ზღვაზე ქარიშხალი იწყებოდა, მე კიდევ სულის პარალიზების მეშინოდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად. შიშები როცა სხეულში გვიბუდდება, მერე საკუთარ უბედურებას და მარტოობას კიდევ უფრო ცხადად ვგრძნობთ. იქნებ უბრალოდ გვეჩვენება,ან ასეა კიდეც მაგრამ შიშს ჩვენი მართვა შეუძლია, ჩვენი უფსკრულში ჩაჩეხვა. ბევრი რამ შეუძლია ამ ოხერ შიშს. პარადოქსი არაა ?ქალს, რომელსაც ორი ომი გამოუვლია, საყვარელი მამაკაცი დაუკარგავს, სამშობლოს მიღმაც აღმოჩენილა და უამრავი ადამიანის უბედურების მიზეზიც გამხდარა, ყველაზე მეტად წერის დაკარგვა რომ აშინებს. მაგრამ რა ქნას ისეთმა ქალმა, ვისაც  ეტლს მიჯაჭვული ერთფეროვანი ცხოვრებისას სულის გადასარჩენად და მეამბოხე ეგოს დასაკმაყოფილებლად მხოლოდ წერა დარჩენია ? რა გზა აქვს მას, არ უნდა ეშინოდეს განა ? აბა, გაბედეთ და მითხარით რომ ლაჩარი ვარ, მითხარით რომ სუსტი და უმწეო ვარ და არაფრად ვვარგივარ, რადგან ასეთი რთული გზის განაპირას მოსული ნაჯღაბნი ფურცლების გროვამ შემაშინა. აბა, გაბედეთ თვალებში მიყურეთ და მითხარით რომ მშიშარა ვარ , თუ გეყოფათ გამბედაობა , ჩამხედეთ თვალებში და მითხარით !ჩემდა გაუცნობიერებლად თურმე ყვირილი დამიწყია , ხელებს სულელურად ვიქნებდი ჰაერში და თან ხმის ჩახლეჩამდე ვყვიროდი :„ როდემდეეეე... როდემდეეეეე... მოდი და გამოჩნი, მოდი და თუ ასეთი მაგარი ხარ პირდაპირ მითხარი რა არის შენი პრობლემა... რა ჯანდაბა პრობლემა გაქვს და რა გინდა ჩემგან ? გამოდი, დამენახე ერთი .. იქნებ გავიგო, რა გინდა... რატომ მიგაქვს ყველაფერი ჩემი ცხოვრებიდან, რატომ მოდიხარ და დაუკითხავად მიგაქვს ყველაფერი ჩემგან.. არაფერი დამიტოვე, აღარაფერი, სინდისი, სიყვარული, სახლი წამართვი, ახლა გინდა რომ საკუთარი თავიც წამართვა და ჩემგან წერა მიგაქვს ? არ გაგატან, გესმის, მოვკვდები მაგრამ არ გაგატან, ვერ გაგატან , ხვდები ? არ შემიძლია, უბრალოდ არ .... „უმწეოდ ჩავხარე თავი, საკუთარ უმოძრაო მუხლებში ჩავრგე ხელები და წამით კიდევ უფრო ცხადად ვიგრძენი საკუთარი მარტოობა .  „ვის დაეკარგე ან შენ ან შენი წერა ?ვისღა ახსოვხარ ?ბოლოს როდის წაიკითხეს შენი ნაწერები ?ბოდიში, ნაჯღაბნები იქნებოდა უფრო სწორიბოლოს როდის დაგიბეჭდეს პუბლიკაცია ან როდის მოგიწყვეს ლიტერატურული საღამო ?ბოლოს როდის მიიღე მკითხველისგან სიყვარულით გაჟღენთილი წერილები როდის იგრძენი რომ ცოცხალი ხარ იქნებ მაშინ დახეიბრდი როცა ჟურნალისტიკის მიტოვება მოგიწია იქნებ მაშინ დაინვაიდდი და მიეჯაჭვე ეტლს, როცა გაზეთებმა უარი თქვეს შენს სტატიებზე და არც სალიტერატურო გამომცემლობები შეხვდნენ დიდი სიხარულით შენს ჩანახატებს გეგონა აქამდე სუნთქავდი ?ჯანდაბა შენ დიდი ხანია მკვდარი ხარ და მხოლოდ ამ წამს გააცნობიერე ეს …თვალი გაუსწორე სიმართლეს , შენ მკვდარი ხარ და ვეღარც ვერასდროს გაცოცხლდები „საიდანღაც ჩამესმოდა ეს ბოროტი, მაგრამ უსაშველოდ მართალი ხმა , რომელიც მძულდა . აბობოქრებულ ზღვას გავხედე, მოსალოდნელი ქარიშხალი კიდევ უფრო ახლოვდებოდა ...   ტყვიების გაბმული ხმა , თვალს უხალისოდ ვახელ და ერთადერთი რასაც ვგრძნობ ეს საკუთარი ხელებია. ფრთხილად ვამოძრავებ და იმის გააზრებაც კმარა, რომ ხელებზე არაფერი მომსვლია,ანუ წერას ჩვეულებრივ შევძლებ. უფ, ამოვისუნთქე თავისუფლად და ირგვლი მიმოვიხედე. ვერაფერი გავარჩიე , ვხედავ მხოლოდ მტვრიან ბუღს და ყუმბარის ნაფლეთებს, რომლებიც ჩემ გარშემო მიმოფანტულა. მერე სადღაც შორიდან გამყინავი ხმა მესმის, ჯარისკაცებს ვხედავ, ხელს მიქნევენ და რაღაცას მანიშნებენ, თუმცა იმდენად სუსტად ვარ, იმის გააზრებაც მიჭირს, რომ ჩემი გაფრთხილება უნდათ. კიდევ ერთი ახედვა და ჩემთან ძალიან ახლოს მეორე ყუმბარა ფეთქდება. ხელებში სწრაფად ვრგავ თავს და ნასწავლი მეთოდებით ვცდილობ თავის დაცვას. მერე წამი იყინება, ნაცრისფერი ედება ჩემს გარშემო ყველაფერს და იმ ჯარისკაცის გასისხლიანებულ სხეულს ვხედავ , რომელიც ცოტა ხნის წინ მეძახდა. ისევ ხელებს დავცქერი და ვხვდები, რომ ადამიანური თანაგრძნობის და ტკივილის უნარი დავკარგე . სხეულში შერჩენილი ძალებით ვიზლაზნები და წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ ვხვდები რომ ფეხები არ მემორჩილება. მეორე წელი დაიწყო, რაც ფრონტის ხაზზე ვარ და აქამდეც ბევრჯერ მოვყოლილვარ მსგავს თავდახსმებსა და ყუმბარების ქარცეცხლში, მძიმე და მსუბუქი ტრავმებიც ბევრჯერ მიმიღია, თუმცა გუმანი რაღაც უცნაურს მიგრძნობს და ავი ფიქრები იპყრობს ჩემს გონებას. ისევ ვეყრდნობი ფეხებს და ნელნელა , თუმცა ძალიან რთულად წამოდგომას ვახერხებ, ბარბაცით ვცდილობ უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე საკუთარი ძალებით მისვლას. ბავშვობიდან მივაჩვიე საკუთარი თავი სიძლიერეს, ამ დროიდან მოყოლებული ვცდილობ ვიყო დამოუკიდებელი და არასდროს ვსაჭიროებდე გამოწვდილ ხელს . შორეული ბავშვობიდან დამჩემდა ეს ჩვევა და ახლაც, როცა ამდენი უბედურების და სისხლის ეპიცენტრში საკუთარი ნებით ვცდილობ საყვარელი საქმის კეთებას, არავის ვენდობი, არავის იმედი არ მაქვს, გარდა საკუთარი თავისა. რთულად გადმოსაცემია ის ტკივილი, რაც ჰოსპიტალში მისვალმდე განვიცადე და ის სიხარულიც, რაც თეთრკაბიანი მედდის დანახვამ მომანიჭა . გონს მეორე დღეს მოვეგე - სისუსტეს ვგრძნობდი, ფეხებსა და მის გამოძრავებაზე ფიქრი არ მინდოდა, თვალი შევავლე ამ თეთრი ნაჭრებით ნაუცბადევად აწყობილ კარავს და ჩემს ყნოსვას სადღაც შორიდან მძაფრი წამლების სუნი მისწვდა. ჩვეულ ადგილას ვარ, ისევ ჰოსპიტალში და ისევ მოყენებულ ჭრილობებს ვიშუშებ, თუმცა ვის ვატყუებ, ვიშუშებ კი არა ვცდილობ მინიმალური სასიცოცხლო უნარები დავიბრუნო , რათა ისევ დავუბრუნე ეპიცენტს და საკუთარი საქმე გავაგრძელო . ნაცნობი მედდას ცოტა არ იყოს შეწუხებულ სახეს ვხედავ , მიახლოვდება თან თბილად მადებს მხარზე ხელს და მეუბნება :-„ ისევ აქ ხარ, თუმცა ამჯერად ყველაფერი სერიოზულადაა, ანნა „გამეცინა, ფილტვების შეკუმშვა ვიგრძენი და უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, თუმცა მაინც ხმამაღლა გავაგრძელე სიცილი .„ ჯანდაბას , ჰანა, უკვე წლებია ყველაფერი სერიოზულადაა, უკვე წლებია ამაზე სერიოზული არაფერი ხდება სამყაროში. გესმის ?“ჩემს ირონიასა და უცნაურ იუმორს მიჩვეული მედდა დანანებით მიყურებს , მერე გადაფარებულ ზეწარს მხდის და ფეხებზე მადებს ხელს, საკმაოდ უხეშად, თუმცა ჩემდა გასაკვირად არ მტკივა, უფრო მეტიც საერთოდ ვერ ვგრძნობ მის ცივ ტლანქ ხელებს კანზე. ისევ იმეორებს ხელებით უცნაურ მოძრაობას, თუმცა ამჯერად უფრო ძლიერად და ძვლების სიღრმეში ყრუდ ვგრძნობ რაღაცას ტკივილის მსგავსს. ჰანას თვალს არ ვაშორებ, ვცდილობ მის შეწუხებულ მზერაში სიმართლე ამოვიკითხო. წყეული ბავშვობიდან ისიც დამჩემდა, რომ რეალობას, როგორი სასტიკიც არ უნდა იყოს, თვალს ვუსწორებ, ჯიუტად, ამაყად და მერე ვეცემი, იქნებ ესეც ბავშვობისდროინდელი ჩვევაა, რომელსაც ვერაფრით მოვუღე ბოლო. ხმას არ იღებს, არც მე ვეკითხები არაფერს, ჩვენ გარშემო ნაცრისფერი ნისლია და ვხვდები, რომ ახლა უფრო მეტად მტკივა ვიდრე, მაშინ როცა ყუმბარების ბუღში გახვეული ვხედავდი საკუთარ დანაწევრებულ სხეულს და ფეხებქვეს გათელილ თმის კულულებს. მაინც არ ვიღებ ხმას, კითხვას არ ვსვამ , გული ხმამაღლა მიძგერს და სადღაც უმისამართოდ გამშტერებია თვალები. იმდენად მიაქვს ჩემი ფიქრები იმ უცნაურ წერტილს, რომელსაც კარვის ზემოთ ვხედავ, რომ ვერც ვამჩნევ ექიმის შემოსვლას. „ მოგესალმებით. მე დავიდი ვარ, ცოტა ხნის წინ გადმომიყვანეს ამ ჰოსპიტალში. თქვენზე შევიტყვე რომ კორესპოდენტი ხართ და ცნობილი გაზეთებისთვის სტატიებს წერთ კონფლიქტის ზონიდან. „უემოციო სახით გავხედე ამ მაღალ, მხრებში უცნაურად გაშლილ უცნობ მამაკაცს, რომელსაც ხელში ფურცლების დასტა ეჭირა და თან თვალს არ აშორებდა ჩემს ნაკაწრებიან ფეხებს და ნამსხვრევებზე გადაყვლეფილ ხელებს. სიჩუმემ დაისადგურა, სტანდარტული პასუხები ჩემი ძლიერი მხარე არაა, თუმცა ვეცადე ახალ ექიმთან მეტი ზრდილობა გამომეჩინა და ჩვეული ცინიზმი ცოტა ხნით დამევიწყებინა :„ მიხარია, რომ ჩემი ბიოგრაფია ასე დეტალურად იცით, არ მეგონა პირად საქმეებში ასე სიღრმისეულად თუ ეწერა ჩვენს შესახებ. ერთი ნახეთ, შემთხვევით მანდ ისიც ხომ არ წერია, ომი როდის დასრულდება ან ამ უაზრო სისხლისღვრას ბოლო როდის მოეღება ? ! „გაღიმება ვცადე. ექიმის მზით დამწვარ ახალგაზრდა სახეს ცოტა არ იყოს მოუთმელობის სხივმა გადაურა, მერე ჰანას გადახედა, თვალებით ანიშნა მარტო დავეტოვებინეთ და გვერდით ჩამომიჯდა :„ ანნა, მძიმე დროა. ეს ჩემზე უკეთ იცით, რადგან ამ საშინელ ქარცეცხლში წინა ფრონტზე იბრძვით, კალმით და თქვენი სიმართლით, რომელიც ასე სჭირდება დღეს მსოფლიოს. მაგრამ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროის განმავლობაში საკმაოდ დაზიანდა . „მერე ისევ პაუზა, ჩემგან სანუგეშო ვერაფერი რომ ვერ გაიგო, საუბარი გააგრძელა :„ აქამდე ფეხის ტკივილს შეუწუხებიხართ ? ან უცნაურ შეგრძნებებს წვივის არეში ? „გაკვირვებულმა გავხედე, მერე სერიოზულად ჩაფიქრება ვცადე და ისევ არაფერი გამომივიდა :„ ექიმო, მეორე წელია, რაც სახლიდან შორს,სისხლიანი ბრძოლების შუაგულში ვიმყოფები, ტანზე სამჯერ დიდი ჯარისკაცის ფორმა მაცვია და ისიც მავიწყდება ხოლმე რომ ქალი ვარ და თქვენ როგორ ფიქრობთ, მექნება კი უცნაური შეგრძნებები ? არა, რას ამბობთ, ყველაფერი ჩვეულებრივაა და სტანდარტულად, ისე როგორც უბრალო ქალების ცხოვრებაში . „დავიდმა უღონოდ ჩამოუშვა ხელები, ფურცლების დასტა უფრო მაგრად მოიქცია მუშტებს შორის, მერე ისევ ჩაახველა თითქოს გამბედაობის მოხმობას ცდილობდა და ბოლოჯერ სცადა :„ აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენს ჯანმრთელობას, განსაკუთრებით გადაადგილების პრობლემები რომ არ შეგექმნათ. ამის რეალური რისკები არსებობს და ამის შესახებ მინდა რომ დროულად გაგაფრთხილოთ . რენტგენი აჩვენებს რომ თქვენმა ძვლებმა უჩვეულოდ დიდი დატვირთვა მიიღო, რაც დამანგრეველი შედეგით შეიძლება დასრულდეს და ახლა სწორი გამოსავალი იქნება თუ ... „ხმას დაუწია და თვალი ამარიდა, თითქოს სადღაც ქვეცნობიერში მივხვდი რასაც მეტყოდა, მაგრამ ...„ თუ რა ?გისმენთ, ბარემ თქვით და დაასრულეთ „„ თუ სახლში დაბრუნდებით და ომზე წერას სხვას მიანდობთ „ბოლოს მაინც გაბედა და ეს მწარე რეალობა სახეში მომახალა, მერე კი ქარიშხლის მოლოდინში გაიყუჩა და ცოტა უკან დაიხია .ხელით ვანიშნე ჩემს გაქექილ , დაბინძურებულ ჯარისკაცის ქურთუკზე, რომელიც გადმომაწოდა. ფრთხილად ამოვიღე გულის ჯიბიდან დაკეცილი ფურცლები, მერე ახლოს მოვიხმე ექიმი და ფურცლების კუთხეში სისხლის წვეთებზე მივანიშნე :„ ამას ხედავთ ექიმო ? კი, ნამდვილად . ეს სისხლია და იცით ის ვის ეკუთვნის ?მიპასუხეთ, იცით, ვის სისხლში ამოსვრილი ფურცლების დასტა დამაქვს გულის ჯიბით ? არ იცით, რა თქმა უნდა, არ იცით, არაფერი იცით...ეს აქაური პატარა გოგონას სისხლია, რომელიც ჩემს თვალწინ მოკლეს, რომელიც თვალებით მთხოვდა დახმარებას და მე ეს ვერ შევძელი. ეს სიმართლის სისხლია, ეს სისხლიც სიმართლეა და მე არ შემიძლია წერის გარეშე. და თქვენ ასეთი მშვიდი, წყნარი და ჯანდაბამდე მართალი დგახართ ჩემ წინ და ჩემთვის სამუდამო განაჩენი გამოქავთ, რა იცით ჩემზე- მხოლოდ ის რაც მაგ სულელურ ჩანაწერებში წაიკითხეთ და რაც ჩემზე გიამბეს. და რაო რა გითხრეს, შეშლილი ქალია, სხვის ომში ჩამოვიდა და სხვის ომში იკლავს თავსო, ალბათ, ეს გითხრეს ხომ. კი, იქნებ ვარ კიდეც შეშლილი , მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, წერა ჩემი ბედისწერაა და სანამ ამ სისხლის შემხმარ ლაქებს ვუყურებ ამ ქაღალდებზე, ვხვდები რომ აქ უნდა ვიყო და ჩემი საქმე გავაგრძელო ! „დავასრულე თუ არა ჩემი ემოციური გამოსვლა, სწრაფად მოვიშორე ხელით თვალს მომდგარი ცრემლი და ექიმს ზურგი შევაქციე ...გაუბედავი ნაბიჯებით გამეცალა დავიდი, ისე რომ სივრცეში დაიკარგა მისი ჩურჩულით ნათქვამი პატიების სიტყვები . მივხვდი თუ არა რომ მარტო ვიყავი თავის შეკავების გაუსაძლის მცდელობებს მოვეშვი და ღვარცოფივით დაიღვარა ჩემი ემოციები ცრემლებად. გახურებულ ხელის გულებში ისევ ის სისხლიანი ფურცელი მეჭირა, რომელზეც თითქმის გადაშლილი ფერმკრთალი ასოებით ეწერა - ე ლ ე ნ ი .  მას პირველად ფრონტის ხაზის განაპირა სოფელში შევხვდი, სადაც რამდენიმე ადგილობრივი ოჯახიღა იყო შემორჩენილი. ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს მშობლიური სახლის დატოვებაზე და ყოველ დღეს ყუმბარებისა და კიდევ უფრო საშიში მტრის თავდასხმაში ატარებდნენ . ახალ ჩასული ვიყავი მათ პროვინციაში, ჯერ კიდევ იქაურ გარემოს და ადამიანებს ვეცნობოდი. ჩემს თავს ხმამაღლა ვუმეორებდი, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი შეიძლებოდა მქონოდა, რომ არავის უნდა ენდოს ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყველას ყურადღებას მხოლოდ იმითაც კი იპყრობს, რომ ქალია და გალეულ სხეულს და თეთრ თმებს ჯარისკაცის მოდიდო ფორმით მალავს . შედარებით მშვიდობიანად მისი პროვინცია მიიჩნიეს და იქვე, ერთერთ მიტოვებულ ქოხში მომცეს ბინა. დიდი მწვანე ზურგჩანთა გამოტენილი ძველებური წიგნებით, ნახატებით, რუკებით, რამდენიმე ხელი ტანსაცმლით და ყველაზე მთავარი ატრიბუტი- ჩემი საბეჭდი მანქანა. სახლის მოწყობას დიდი არაფერი დასჭირდა, მხოლოდ ათი წუთი და ხელების მცირე დატვირთვა. ბევრად მარტივია, როცა სახლს სამშობლოდან შორს იწყობ, როცა ცდილობ საკუთარის დავიწყებით ახალი შექმნა და ის ისე არ შეიყვარო, რომ მისი დაკარგვაც შემაძრწუნებლად არ გეტკინოს. ეს ჩემი ცხოვრებისეული აღმოჩენა იყო - ნაკლებად შეიძლება რამე გეტკინოს ან რამე განიცადო, როცა არაფერი გაქვს დასაკარგი. ეს უბრალოდ ხელოვნური იმუნიტეტი იყო და მეც თავს ვაჯერებდი, რომ ოჯახის მიტოვება და მშობლიურ სახლზე უარის თქმა ბევრ ტკივილს თავიდან ამარიდებდა. თუმცა სრულად უემოციო არსებად რომ არ ვქცეულიყავი სხვების ტკივილის მოწმედ ვაქციე საკუთარი თავი და ამის დაგროვება დავიწყე საკუთარ სხეულში. გალეული ქალის პატარა სხეულს კი ბევრის ტარება არ შეეძლო და ყოველ ღამე გადმომქონდა ეს ტკივილი საბეჭდი მანქანის დახმარებით ჩემი არსებობიდან დაბინძურებულ ქაღალდებზე. დღეები ერთმანეთს მისდევდა, თითქოს ახალი არაფერი ხდებოდა. მოდიოდა ბრძანება, მე ვაწვდიდი ინფორმაციას, ვიღებდი სიგნალს და მსოფლიოს ვაგონებდი ხმას, სიმართლის ხმას, რომელსაც საკუთარი სხეულით ვატარებდი, როგორც არდაბადებულ შვილს. ერთ დღესაც სახლის წინ გამოსული საბეჭდ მანქანას ხმაურიანად ვაწკარუნებდი და მისი მოახლოება ვერც შევამჩნიე. თამამად წამომადგა თავზე და ჩემი ყურადღება, რომ ვერ მიიპყრო, თავისი პატარა თითები კლავიატურას ჩამოუსვა. შევკრთი, გაცეცხლებულმა ავიხედე და ხელთ ათ წლამდე შავგრემანი გოგონა შემრჩა. დაბინძურებული მრგვალი სახე და საოცრად მწვანე თვალები ჰქონდა. ნაცნობივით მიყურებდა, მერე გაკვირვება რომ შემამჩნია გვერდით ჩამომიჯდა და ამჯერად თმებისკენ წამოიღო ხელი . ორი წამიც და თმიდან ფანქარი გამომაცალა, რომელიც ნაუცბადევად მქონდა ხვეულებში გაჩრილი. ყურადღებით დახედა, მერე საბეჭდ მანქანას გამოხედა და კითხვანარევი თვალებით მე მომიბრუნდა . მისი გაკვირვების მიზეზს ჩავწვდი, ერთბაშად მოვლბი, მისი თვალები ჭაობს ჰგავდა და მე ამ მზერაში უმოწყალოდ ვიძირებოდი . წინაღმდეგობის გაწევის ძალა არ მქონდა, შემართული და დაძაბული სხეული მოვადუნე, მხარით მხარზე მივეყრდენი უცნობ გოგონას და ახსნა დავიწყე :„ მართალი ხარ, ეს ფანქარია და ამით წერა შეიძლება, თუმცა ახლა მეოცე საუკუნეა და ბევრი რამ შეიცვალა . მათ შორის წერის საშუალებები და ახლა აი, ამ უცნაური ყუთით შეგიძლია დაწერო . „ყურადღებით მისმინა, მერე გაბრაზებული გამომეტყველება მიიღო, ხელი მოურიდებლად დაავლო ჩემს ფურცლებს, დაკუჭა და დაყარა, შემდეგ წამოდგა, რაღაც უცნაურ ენაზე ბუტბუტი დაიწყო და ჩემს ფანქართან ერთად უკან მოუხედავად გაიქცა . შოკის მდგომარეობიდან რომ გამოვედი საკუთარ თავზე გავბრაზდი. მე ხომ მის გამო ჩემს პრინციპებს ვუღალატე და ნაცნობების გაჩენა დავიწყე, მე ხომ დამეგობრება ვცადე, მაშინ როცა პირობა მივეცი ჩემს თავს, რომ ადამიანების და მათი დაკარგვის გამო კიდევ აღარ მეტკინებოდა, სუსტი აღმოვჩნდი, უძლური გამხადა მისმა თვალებმა, მაინც არ შეიძლებოდა ჩემი საქციელის გამართლება, ისევ გავუბრაზდი საკუთარ თავს და სახლში შევიკეტე, ორი დღე იქიდან ფეხი არ გამომიდგამს . ფრონტის ხაზზე ჩემს დაბრუნებას ტაშის დაკვრით შეხვდნენ. რამდენიმე მათგანმა ირონიულადაც კი გადმომხედა და მითხრეს :„ ცუდია, რომ მოხვედი, არადა ფსონები დავდეთ, რომ ვერ გაუძელი და გაიქეცი . „„ ბოდიში , ბიჭებო, მაგრამ წააგეთ. არსად წავსულვარ და არც ვაპირებ წასვლას, ასე რომ საქმეს მიხედეთ , სჯობს, ამდენ ლაპარაკს . თორემ ჩემი იარაღი თქვენსაზე ბასრია „ - კალამზე მივანიშნე, მერე ჩვეულ ადგილას ჩამოვჯექი და ვცადე კონცენტრირება . მორიგი სისხლიანი დღე იყო, ერთერთი პროვინციის მტრისგან გათავისუფლების გეგმას განიხილავდნენ და თან მზერას უნდობლად ჩემკენ გამოაპარებდნენ ხოლმე. ამას უკვე მივეჩვიე, ის ეტაპი გადავლახეთ, როცა ჩემი ქალობა მათთვის უნდობლობის ან ეჭვის საფუძველი ხდებოდა, ახლა ჩემი კალამი და საქმე იწვევდა მათ გაკვირვებას და ზოგჯერ აგრესიასაც კი. გეგმის განხილვის შემდეგ საუბარი ადგილობრივებზე ჩამოვარდა და სწორედ იმ დღეს გავიგე სოფლის უცნაურ მაცხოვრებელ გოგონაზე, რომელიც მშვიდობისმყოფელების ტანკებს და სამხედრო მანქანებს ქვებს უშენდა და მათ სასმელ მათარებს იპარავდა. „ შავგრემან გოგონაზე საუბრობთ , რომელსაც საოცრად მწვანე თვალები აქვს ?“დაუკითხავად ჩავები მათ საუბარში, გაკვირვებულებმა გადმომხედეს და მითხრეს :„ უკვე გქონდა მისი გაცნობის ბედნიერება ? ფრთხილად იყავი, დიდად არ გვწყალობს. ბაბუამისი ბრმა ტყვიას ემსხვერპლა, გოგონას კი გულზე არ ვეხატებით, ის ყველა მშვიდობისმყოფელს მტრად მიიჩნევს და მოსვენებას არ გვაძლევს . „ახლა კი გასაგები იყო მისი უცნაური ქცევები . ის მიხვდა ვინ ვიყავი მე და ამიტომაც არ მიმიღო, აგრესია გაუჩნდა ჩემი და ჩემებური საბეჭდი მანქანის მიმართ, რომელიც ვიღაცისთვის პროგრესია, მაგრამ ვიღაცისთვის საყვარელი ბაბუის მკვლელი, რადგან სიმართლეს ამბობს, რადგან იმას წერს, რაზეც სხვები სდუმან, ის გამოაქვს სააშკარაოზე, რაც სხვებისთვის დაფარულია. „ რა თქმა უნდა , ასეა . მისთვის ჩემი მანქანა ცივილიზაცია, პროგრესია, მტერია, რომელმაც საყვარელი ადამიანი წაართვა. მისთვის ჩემი ნაწერი სიმართლეა, რომელმაც ყველაზე მართალი , იმედი წაართვა, იმედი, რომ საშველი არსებობს. მისთვის ჩვენ უხეში, სქელჩექმებიანი უცხოელები ვართ, რომლებიც მისთვის უცნობი მიზეზების გამო მოვედით მათ ტერიტორიაზე და ვისვრით, ვკლავთ, ვანადგურებთ. მისთვის ჩვენც ისეთივე მტრები ვართ, როგორც მისი ნამდვილი მტრები და ეს გასაკვირი არცაა. ის პატარაა, ის ბუნებრივია, ისევე როგორც ფანქარი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია პირვანდელი სახე. ის ბუნებრივია და ამიტომაც ვერ აიტანა ჩემი ხმაურიანი, უსაშველოდ მძიმე რკინის მანქანა. „გაბრაზებამ გადამიარა, მეტად დავმშვიდდი, თუმცა მაინც მტკიცედ გადავწყვიტე მისგან და ყველა სხვა ადგილობრივი მაცხოვრებლისგან თავი შორს დამეჭირა . მათთან ურთიერთობას მოვრიდებოდი. იყო დღეები, როდესაც ნახევრადცარიელი სოფლის მიტოვებულ სახლებს ვსტუმრობდი და ყველა იმ ისტორიას თვალნათლივ წარმოვიდგენდი, რომლებიც მისმა ბინადრებმა გამოიარეს. ვენებით ვგრძნობდი ყველა მათგანის ტკივილს, შიშს, იმედგაცრუებას, ბედისამდი უკმაყოფილებას, თითქოს ამ მიტოვებული სახლების კედლებიდან ერთბაშად ჩამესმოდა გულსაკლავი ხმები ;„ რატომ ჩვენ ?რატომ ? როგორ და როდემდე ? რით დავიმსახურეთ ეს უბედურება, ჩვენ ხომ უბრალოდ ადამიანები ვართ და მეტი არაფერი დაგვიშავებია. რატომ მანდამაინც ჩვენ ? ! „სახლებიდან უსაშველოდ მძიმე სხეულით გამოვდიოდი, ისევ გუდას ვივსებდი ამ მძიმე ადამიანური ისტორიებით, რომლებიც საკუთარ წარმოსახვაში ჩემით შევთხზე და მერე საბეჭდ მანქანას დაუსრულებლად ვახმაურებდი ახალი ჩანახატების დასაწერად . ომმა როგორც მწერალი ისე ჩამომაყალიბა. უფრო ზუსტად, როგორც მწერალი ჟურნალისტი და ეს გასაკვირი არცაა, როცა კონფლიქტის ზონაში ხარ და როცა ყოველ დღე ერთადერთი, რაც არ იცვლება ეს ადგილობრივების უბედურებაა, ხვდები რომ რეალობაც მხატვრულია და მას სხვანაირად, ემოციების გარეშე უბრალოდ ვერ გადმოსცემ.ერთერთ სახლთან ვიღაცის სილუეტი შევნიშნე, ფრთხილად მივუახლოვდი და უკანა ეზოში ის პატარა გოგონა დავინახე, მუხლებზე ჩაცუცქული მიწას ჩიჩქნიდა და მტვერში თითების მოსმით უცნაურ ფიგურებს ხატავდა . სუნთქვა შევიკარი, რომ არ დამეფრთხო, თან ყურადღებით ვაკვირდებოდი მის ნამუშევარს, თუმცა უცნაური სილუეტის გარჩევა და აზრის გამოტანა მიჭირდა. დიდხანს ხატა გოგონამ თითებით მტვერში რაღაც გაურკვეველი ფიგურები, ბოლოს ტირილი და ყვირილი დაიწყო, ხელით გადაშალა თავისი ნახატები და ამ მტვერში ჩაიკეცა. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა , იქნებ , როგორც ყოველთვის ზურგი შემექცია და უკანმოუხედავად გავქცეულიყავი, იქნებ როგორც მჩვევია ისევე დამეტოვებინა ადამიანი თავის გასაჭირში და დამევიწყებინა შემდეგ მისი არსებობა, მაგრამ რაღაც მექაჩებოდა პერანგის სახელოზე, თითქოს უხილავი ძალა და შინაგანი ხმა, რომელიც მეუბნებოდა, რომ უნდა დავრჩენილიყავი. უხმაუროდ მივუახლოვდი, მტვერში ჩაწოლილიყო, მოკუნტული სხეული დაფლეთილი ტანსაცმლიდან მოუჩანდა, ისმოდა მისი ჩუმი ქვითინი, ხელი კანკალით წავიღე მისკენ და თმებზე ნაზად მივეალერსე , შეკრთა, ფეხზე წამოიჭრა, რომ დამინახა ზიზღით აევსო თვალები და აგრესიულად შეკრა მუშტი, გვერდით გადადგა, მეც ერთი ნაბიჯით დავიხიე უკან, რამდენიმე წამი ერთმანეთს თვალს ვუსწორებდით , ბოლოს მშვიდობის ნიშნად თეთრი ქაღალდი ამოვიღე შარვლის ჯიბიდან და გავუწოდე, ხელი არ გამომიწოდა, იქვე დავდე მიწაზე, მერე ფანქარზე ვანიშნე რომელიც ჩემგან წაიღო და ახლა მას ჰქონდა თმებში ჩამაგრებული. ცოტა ხანი ჩაფიქრდა, მერე გაუბედავად ჩამოიღო თმიდან ფანქარი , დაიხარა და ფურცელს დაწვდა. რაღაც უცნაური ფიგურების ხატვა დაიწყო, მე კი ყურადღებას არ მაქცევდა, ისე თითქოს არც ვარსებობდი. ბედნიერი გვერდით ჩამოვუჯექი და თვალს ვადევნებდი გოგონას გაცისკროვნებულ სახეს, მისი თითების უცნაურ მოძრაობას და იმითაც კმაყოფილი ვიყავი, რომ მშვიდობამ დაისადგურა, თუნდაც საწყის ეტაპზე მხოლოდ ჩვენ ორს შორის .   ხის კენწეროდან ოდესმე გიცდიათ სამყაროს ცენტრის დანახვა ?იცით, როგორი შეგრძნებაა?აი, თითქოს ერთი ხელის გაწვდენაც კმარა და ცას მიწვდები, თითქოს ხელის გულში მოიქცევ თავისუფლებას და გალაქტიკის კენწეროში მოექცევი ? მერე სულერთი იქნება , ხარ თუ არა მიტოვებული, გულნატკენი, ღმერთზე მეტად მარტოსული...უმაღლესი ხის კენწეროზე შემომსხდარი მე და ელი გარემოს გავცქერით და თან რაღაც უცნაური გემოს მქონე ხილს ხმაურიანად, ენის წკლაპუნით ვჭამთ. ორ კვირაზე მეტი გავიდა ჩვენი დამეგობრებიდან. მე კიდევ თავისუფლად ვსუნთქავ ამდენი წლის შემდეგ ისევ ვსუნთქავ სუფთა ჰაერს და არა ყუმბარების ოხშივარს, ვარსებობ და არა სისხლიან, ომიან სამყაროში, სადაც ადამიანებს ერთმანეთის მოკვლა ასე უმოწყალოდ შეუძლიათ . მე ვარსებობ ჩვენს გამოგონილ მშვიდობიან ნაჭუჭში, სადაც არსებობა სულაც არაა დანაშაული. ელის გავხედავ,ახლა ვიცი, გავხედავ თუ არა შეეღიმება, ისე რომ არც შემომხედავს და მერე ლოყაზე ლამაზი ფოსოები გამოუჩნდება. ასე მგონია მის ჭაობისფერ თვალებსა და ამ ფოსოებზე მართალი ნაკლებად არსებობს რამე სამყაროში. მერე მე ისევ თითის წვერით ფრთხილად მივეალერსები ფოსოზე და ვიგრძნობ, რომ დიდი ხნის მერე სახლში ვარ, როგორც იქნა სახლში, რომელიც არასდროს ყოფილა ასეთი მყუდრო . ყოველთვის მაკვირვებდა ადამიანების სისასტიკე , ომშიც იმის გასარკვევად წამოვედი, რას ვერ ვიყოფთ ასეთს, რომ შეგვიძლია უმოწყალოდ გადავთელოთ და გავწიროთ ერთმანეთი . რა ხდება ყველაზე ხშირად ომების და დაპირისპირების მიზეზები. გგონიათ რამე დავადგინე, ბევრი ვერაფერი. ელი გავიცანი- საოცარი, ყველაზე სუფთა და მართალი და კიდევ უფრო მეტად შემძულდა ომი, ბოროტების და სისასტიკის გამოვლინება.„ როგორ შეგიძლია მას რამე დაუშავო, როგორ.. როგორ მოგიტრიალდება ხელში იარაღი ან როგორ ისვრი ყუმბარას, როცა მას ასეთი საოცარი თვალები აქვს. როგორ იქნები მტერი, ან რის გამო დაღუპავ მას, როცა ის მომავალია, როცა ის ყველაფერია, რაც სამყაროს გააჩნია.ბავშვები არ უნდა კვდებოდნენ, მით უფრო, მათ შეიარაღებული ბოროტმოქმედები თავისი დაუფიქრებელი ნაბიჯებით არ უნდა უსწრაფებდნენ სიცოცხლეს .... „ამ ავ ფიქრებს ხელის აკვრით თავიდან ვიშორებ და მერე ისევ ელის გავქცერი. ნეტარი სახით უყურებს ცას, მერე მიბრუნდება და მეკითხება :„ ცა, რომ იყო როგორი ფერი გექნებოდა ?რა ?- გაკვირვებული შევცქერი და ხმის ამოღება მიჭირს „ ცა , რომ იყო, რა ფერი იქნებოდი. ხომ, აი,. იქ ზემოთ შენ რომ იყო, რა ფერის იქნებოდი , შენი აზრით ?„ ცისფერი. განა სხვა ფერი კი აქვს ცას ?- ცოტა არ იყოს დარცხვენილმა ჩავხარე თავი გაეცინა და თავზე ხელი მეგობრულად წამომკრა „ სულელო, თავს რატომ იზღუდავ . რატომ მანდამაინც ცისფერი? ის თუ წარმოიდგინე, რომ ცა ხარ, იმის უფლება რატომ არ მიეცი თავს რომ შენი ფერი თავად შეგერჩია ?მისმა საყვედურმა გული მატკინა. თითქოს ამ პატარ, სრულიად გამოუცდელმა გოგონამ გამაშიშვლა და ჩემი ყველა სისუსტე სააშკარაოზე გამოიტანა. ჩემი თაობის ქალების პრობლემა სწორედ ეს იყო, ნაკლებად ვარღვევდით დადგენილ საზღვრებს, ნაკლებად ვსვამდით კითხვებს. თუმცა ასე მკაცრადაც არ ღირს ჩემი გასამართლება. მე ხომ 25 წლის გოგონა ვიყავი, რომელიც სტადარტულ ქალურ ცხოვრებას ომის ქარცეცხლში გამოექცა და კითხვების დასმის მეტსაც არაფერს აკეთებდა. მაინც მაკლდა რაღაც, ისეთი ანცი და მოუსვენარი როგორიც ელენი იყო და ახლა შანსი მქონდა ეს დანაკლისი სამუდამოდ ამომევსო .„ შენ როგორი ფერი იქნებოდი ? „ ახლა მე მივუბრუნდი კითხვით .„ გამჭირვალე „ დაუფიქრებლად მიპასუხა .„ მაინც რატომ ?შემომხედა თავისი უძირო თვალებით და მშვიდი, ნაზი ხმით მითხრა :„ მე რომ ცა ვყოფილიყავი, აუცილებლად ვიქნებოდი გამჭირვალე. მე ვიქნებოდი სარკესავით გამჭირვალე და მასში ყველა ადამიანი თავის თავს დაინახავდა . ‘„ და მერე რა ? „„ როგორ თუ რა ? შენი აზრით, იმ გაბოროტებულ ჯარისკაცს, რომელმაც ბაბუას ესროლა, წამით მაინც რომ მოეკრა თვალი საკუთარი თავის ანარეკლისთვის და დაენახა თავისი ადამიანობა დაკარგული სახე, ისევ ესროდა მას? ისევ გამაუბედურებდა და დამტოვებდა სამუდამოდ ასე მარტოსულს ? „ვერაფერი ვუპასუხე, არ ვიცოდი და იმიტომ, დაზუსტებით მართლაც რომ არ ვიცოდი, მისი მოტყუება კი ზუსტად ვიცოდი არ გამომივიდოდა. „ არა, არ გააკეთებდა ამას. წარმოიდგინე, ის აიხედავდა ზუსტად იმ გადამწყვეტ წამს ზეცაში, დაინახავდა თავის ანარეკლს, თვალს გაუსწორებდა საკუთარ თავს და ამ ბოროტებას არ ჩაიდენდა. იცოდე ანნა, არ არსებობს იმაზე დიდი ბარიერი ადამიანისთვის, ვიდრე საკუთარი თავი. მხოლოდ ჩვენვე შეგვიძლია შევუშალოთ ხელი საკუთარ თავს და ეს ცხოვრების საოცარი ძალაა, რომლის გამოცნობას ცოტა თუ ახერხებს . „თავის თავსაც უპასუხა, მეც და სამყაროსაც, რომელიც ათასი კითხვით შემართული იდგა ჩვენი კენწეროს გადასახედთან და მოსვენებას არ გვაძლევდა . არც გამკვირვებია ათი წლის გოგონასგან ამ ცხოვრებისეული სიბრძნის მოსმენა, რადგან ის ელი იყო, ის უბრალოდ ელი იყო და ამით ყველაფერი ნათქვამი და ცხადი ხდებოდა.   ***„ დღეს დიდი შეტაკების მოწმე გავხდი, ეს არ ჰგავდა სხვა დღეებს და არც სხვა შეტაკებებს. ეს ბევრად სისხლიანი და სავალალო აღმოჩნდა სამშვიდობო ძალებისთვის. მტრის მხრიდან წამოსულმა ვერტმფრენმმა ხმაურიანად გადაუფრინა პროვინციას და აქ დაბანაკებულ სამხედრო დანაყოფებს რამდენიმე ყუმბარაც დაუშინა. დაბომბვა მასშტაბური გამოდგა, მას იმაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა, ვიდრე ეს აქამდე დაფიქსირებულა . მწუხარებამ მოიცვა კონფლიქტის ზონა, მტვრის ბუღში გახვეული ჩვენი ფიქრები კი ისევ იქეთკენ მიდის, ისევ ამ კითხვებს ებღაუჭება- რას დაეძებს ადამიანი ? განა ღირს კი რამე სიცოცხლედ ან მშვიდობად ? „მხრებზე თმების შემაწუხებელ შეხებას ვეღარ ვუძლებ, ხელში პირველად მოხვედრილი ფანქრით ვიკრავ ამ კულულების გროვას და ვნანობ, რომ იმის ძალა არ მაქვს მაკრატლის ერთი მოსმით დავასრულო ეს ტანჯვა .დედას თმები მაქვს, მასსავით თეთრში გადასული, ტალღოვანი, მისი თითების მხურვალე კვალი თითქოს ახლაც მაქვს ჩარჩენილი თმის ხვეულებში. ამიტომაც რამდენჯერად ვცადე თმების ბიჭურად გადაპარსვა, იმდენჯერ შემიპყრო მოუსვენრობის განცდამ და ამ განზრახვაზე ხელი ავიღე. მოდიდო თეთრი პერანგი მაცვია, ფეხშიშველი წინ და უკან შეშფოთებული დავდივარ და საბეჭდ მანქანაში ჩატოვებულ , ნახევრად სავსე ფურცლებს ვუყურებ. ეს რთული მომენტია, ეს ყველაზე რთული მომენტია ჩემს ცხოვრებაში, როცა წამი იყინება და ჩემი წერაც თითქოს სადღაც მითვლემილი ივიწყებს ჩემს არსებობას. მე კიდევ ვეძახი, გაღმა ნაპირზე გადასულს, გაქცეულს, ვცდილობ დავაბრუნო , ვცდილობ შემოვირიგო და იმის გარკვევასაც ვერ ვახერხებ, თუ რით გავანაწყენე იგი. ვეძახი ხმის ჩახლეჩამდე, მერე სიგარეტს ვაბოლებ, ამ ორთქლსა და ოხშივარში ჩაკარგული ვივიწყებ მუზის დაკარგვის მძიმე ამბავს , წამით მაგრამ მაინც ვმშვიდდები. მერე კი ისევ თავისით, ისევ საკუთარი ნებით ჩემი წერა ჩემთან ბრუნდება. ახლა ეს ნაცნობი რიტუალები იმაზე დიდხანს გაგრძელდა ვიდრე ჩვეულებრივ, არც სიგარეტის კვამლმა მიშველა, არც ხმამაღალმა მუსიკამ, არც გაუთავებელმა სიარულმა და შორეულმა ძახილმა. ბოლოს როდესაც იმედი გადამეწურა, ელი მოვიდა. უფრო ზუსტად მოირბინა, ფეხშიშველი, თმაგაწეწილი, რომ დამინახა ამ მოდიდო პერაგნში ჩავარდნილი და იქვე მიმოყრილი დაკუჭული ფურცლების გროვას შეავლო თვალი , ყველაფერს მიხვდა, მერე თავით მანიშნა, გამომყევიო. მეც დავყევი მის ნებას და ფეხშიშველი, იმავე ფორმაში ავედევნე უკან ჩემს პატარა მეგობარს, კი მეგობრობაც ესაა, უმისამართოდ სიარულში ნდობა, უგზო-უკვლოდ დაკარგვაში ერთიანობა. ეს რაღაც ძალიან დიდი და ყოვლისმომცველია და მე ის სრულიად მოულოდნელად ვიპოვე წლების შემდეგ მიტოვებულ, გადამწვარ, ომისგან გაუბედურებულ პროვინციაში პატარა გოგონაში, რომელიც მთელ სამყაროს დაატარებდა უძირო ჭაობისფერი თვალებით. ნახევარსაათიანი სიარულის შემდეგ ერთ პატარა მდინარეს მივადექით. ამ პროვინციაში ორწლიანი ცხოვრების შემდეგაც კი ვერ წარმომედგინა, რომ ამ გაუდაბურებულ ადგილებში ასეთ სილამაზეს ვიხილავდი. ამ პატარა წალკოტს ჯერ კიდევ არ ეტყობოდა ომის კვალი, გახურებული ომის დაშანთული კვალი, რომლის ცნობაც ყველაზე კარგად გამომდიოდა. ელი მდინარეს ხარბად დაეწაფა, სახეზე შეისხა და მერე პეშვით მოტანილი ნაკადულის ცივი წყალი სახეზე ფრთხილად წამისვა. ერთბაშად დამშვიდდა ჩემი აბობოქრებული არსებობა, ერთბაშად მოვლბი და იქვე, პატარა ლოდზე ჩამოვჯექი. ელის რამდენიმე წუთი ხმა არ ამოუღია, მერე ხელით მიმანიშნა მდინარის მეორე მხარეს მდგარ დიდ ქვაზე :„ იმას ხედავ ? იქ ბაბუაჩემია. მე ის იმ ქვის ქვეშ დავმარხე წლების წინ და ყველაზე დიდი თავისუფლებაც ამ ადგილში ვიპოვე. ადამიანი, რომელსაც უსრულდება ყველაზე კოშმარული შიში და კარგავს საყვარელ ადამიანს, ერთბაშად თავისუფლდება. ის აღარ ხდება სიცოცხლეზე დამოკიდებული და ბევრად თავისუფალია. ხვდები რას ვამბობ ? სხვებს გაუკვირდებათ ჩემი ეს ნათქვამი და ვერც გამიგებენ, აი , შენ რატომღაც ვიცი, რომ გესმის ჩემი, ხვდები, რასაც ვამბობ. სიცოცხლე მასზე დამოკიდებულს გხდის და როგორც კი საყრდენი ხელიდან გეცლება, იმის ნაცვლად რომ წაიქცე და გაითელო, შენ ბევრად ძლიერი ხდები, საყრდენის გარეშე სწავლობ ფეხზე მყარად დგომას და ამით სიცოცხლე ერთადერთ კავშირს კარგავს შენთან. ხომ ხვდები ? ხვდები, არა ? „თავი დავუქნიე, სადღაც ძალიან სიღრმეში, ზუსტად ვიცოდი, რას გულისხმობდა იგი, ერთი შეხედვით ამ გაუგებარი სიტყვების მიღმა. მერე ელი გვერდით მომიჯდა, ხელი ხელზე დამადო, ცას ახედა, მზეს მიუშვირა ლამაზი, მრგვალი სახე და ჩემთვის გაუგებარ ენაზე სიმღერა დაიწყო . მისი წკრიალა ხმა საოცარ ემოციებს იწვევდა ჩემში. ჰაერით შემევსო ფილტვები, მზის მხურვალება მეტად ვიგრძენი გადამწვარ სახესა და თვალის უპეებთან ჭორფლებშიც კი . იმ წამს, რატომღაც ელის უცნაური სიმღერის მოსმენისას, გამახსენდა, რომ ქალი ვარ, რომ ქალის სხეულში დავიბადე და ბოლო რამდენიმე წელია საერთოდ დაკარგული მქონდა საკუთარი არსებობა სქესთან ერთად. ეს წკრიალა მელოდია რომ მიწყნარდა, ელიმ მიამბო მის შესახებ.„ ღამღამობით, როდესაც ვერ ვიძინებდი, ფიქრებს სადღაც შორს მივყავდი, ბაბუა ჩემთან მოდიოდა, არ ვიცი, როგორ ხვდებოდა, რომ მიჭირდა, მაგრამ ყოველთვის დროულად მოდიოდა. ხელს ხელზე მაგრად მიჭერდა და ამ სიმღერას მიმღეროდა, მაშინვე ქრებოდა ყველა ფიქრი, საერთოდ ყველაფერი ქრებოდა, რჩებოდა ამ სამყაროში მხოლოდ სიკეთე და ის სიმშვიდე, რაც ჩემს არსებობას დაბადების წამიდან აკლდა. ბაბუას ამ მელოდიამ გზის გაგრძელების ძალა მომცა მაშინაც, როდესაც ის წავიდა, უფრო ზუსტად ის წაიყვანეს ბოროტმა ადამიანებმა და ამით კიდევ უფრო მეტად შემაძულებს კაცის მოდგმა. შენც სცადე,აუცილებლად სცადე. ეს მელოდია წაიღიღინე, თან ცოტა ხნით ხელები მაგრად აიფარე სახეზე და იფიქრე, რომ სანაპიროზე ხარ, დიდი , ძალიან დიდი ტალღა გიახლოვდება, შენ კი ხელების სახეზე აფარებით ცდილობ გაექცე რეალობას . „მისი რჩევა გავითვალისწინე, ხელის გულები მაგრად ავიფარე სახეზე და ისე ცხადად წარმოვიდგინე ზღვა, რომ მისი სურნელიც კი ვიგრძენი ამ ომისგან გადაბუგულ უდაბნოდ ქცეულ უწყლო პროვინციაში. ისე ნათლად ვიგრძენი დიდი ტალღის მოახლოება და მისი წვეთების სიგრილე კანზე, რომ შემცივდა კიდეც, ელიმ ხელები ჩემს ხელებს მოუჭირა და წინააღმდეგობის მიუხედავად მისი თვალებიდან მოშორების საშუალება არ მომცა. ვიყვირე კიდეც, ბევრი ვეჯაჯგურე, თუმცა ამ პატარა გოგონას ყველა სხვა საოცრებასთან ერთად გასაკვირი ძალა ჰქონდა და ჩემს შეჩერებას ახერხებდა, მანამ არ გამიშვა ხელები, სანამ ეს წარმოსახვითი ტალღა არ მომიახლოვდა და ერთიანად არ მშთანთქა. ისევ ცხადად ვიგრძენი წყლის ამ დიდი გროვის თავზე გადავლა და ის ემოციაც, რაც შთანთქვას მოაქვს თან. მერე დავნებდი, მოვეშვი, მოვდუნდი და ახლა ეს ტალღა ჩემს შიგნით აღმოჩნდა. სადღაც გულის ბაგაბუგს ზემოთ ვიგრძენი წყლის ხმაური. ჩემს სხეულში ტალღა გაჩნდა, უფრო ზუსტად დამანგრეველი ცუნამი. „ ესეც ასე. ის დაბრუნდა „ - კმაყოფილმა ჩამოკრა ხელი ხელს და მერე გაღიმებულმა გამომხედა. თვალები ფრთილად გავახილე, მის ფოსოებს შევხედე ლოყების კუთხესთან და მივხვდი.ჩემი წერა დაბრუნდა . მტკივნეულად, უცნაურად, მაგრამ ის დაბრუნდა ! *** ჯინტონიკის ნახევრად ცარიელ ჭიქას ვუყურებ, მერე ოფიციანტს ხელით ვანიშნებ და ჭიქას ისევ ვივსებ ალკოჰოლური სასმლით. ერთი, ორი, სამი და ამ მჟავე სასმლის გემო ყელს მიწვავს. სიგარეტის კვამლში გახვეული ვავლებ თვალს გარემოს და მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ პატარა ბარში ვარ, რომელიც ჯარისკაცებით და უცნაური გარეგნობის მამაკაცებითაა სავსე. ბარის კუთხეში ხის პატარა მაგიდასთან ვზივარ. ფეხის ტკივილს ყრუდ ვგრძნობ, ისევ ვიმატებ სასმელს და დაუფიქრებლად ვსვამ. ერთადერთი მიზანი მაქვს - ამ საღამოს კარგად უნდა გავერთო და დავივიწყო ყველაფერი, მათ შორის ფეხის ტკივილიც, ის სულელური დიაგნოზიც და კიდევ უფრო სულელური გამომეტყველების მქონე ახალი ექიმიც. ჭიქას ჭიქაზე ვცლი, ვერ ვგრძნობ ვერც დაღლას და ვერც სიმთვრალეს. როგორი ბახუსი აქვს ომში წამოსულ ქალ ჟურნალისტს? ქალს, რომელსაც აღარც კი ახსოვს, რომ ქალია ? როგორ მოქმედებს სასმელი ქალზე, რომელსაც კაცური ქურთუკი აცვია, სამჯერ დიდ შარვალსა და ბათინკებშია ჩავარდნილი და ბიჭურად შეკრეჭილ თმებზეც კი აღარ ეტყობა, რომ ქალია ?აღარაფერი მოქმედებს ჩემზე დიდად. სულაც არაფერი, განა რას მიზამს ეს ორი პატარა ჭიქა, თუნდაც ასი. რაღამ უნდა იმოქმედოს ჩემზე, როცა ყველას სიკვდილი მინახავს, როცა ამდენი სიკვდილი საკუთარი თვალით მინახავს და თავადაც მომიკლავს ? მიზამს კი რამეს, ეს პატარა სასმისები, მაშინ როდესაც ცხოვრებამ თავისი სიმწარე უკვე მაგემა ყველა ფეხის ნაბიჯზე და არც დილემები და გამოწვევები დაიშურა შემოქმედმა ჩემთვის. „ ჯანდაბა , ეს ცხოვრება დუელია. წესები კი მარტივია, თუ არ დაასწრებ, შენ მოგკლავენ . „ გავიფიქრე მებრძოლ ხასიათზე მყოფმა, თან ცოტა არ იყოს შემთვრალმა და მეზობელ მაგიდაზე მყოფი ჯარისკაცის იაღარისკენ წავიღე ხელი . „ აბა, ვის გაუთენდა უბედური დღე, ვის მოკვლას აპირებთ ? „- ნაცნობი ხმა მესმის, თავს კი ექიმი წამომადგა .„ დავიდ „- ჩუმად ჩავილაპარაკე და ერთხელ კიდევ ყურადღებით ავათვალიერე. თეთრი ხალათის გარეშე, სამოქალაქო ტანსაცმელში პირველად ვხედავდი . ეს ხორბლისფერი პერანგი , რომელიც ხელებზე ჰქონდა აკეცილი, კიდევ უფრო მეტად გამოკვეთდა მის დაკუნთულ სხეულს და მზით გადამწვარ ოქროსფერ კანს. „ ესეიგი, სწორად გამოვიცანი. თქვენ აქ ხართ . „ - ჩაიღიმა და შეთავაზების და კითხვის გარეშე ჩამოჯდა ჩემს წინ მდგარ სკამზე. მერე ოფიციანტს ანიშნა და იგივე სასმელი შეუკვეთა, რასაც მე ვსვამდი . ყურადღებით შეათვალიერა ჩემი ჭიქა და გაკვირვებული მომიბრუნდა :„ ჯინტონიკი ? რატომღაც მეგონა რომ ლუდს სვამდით. ‘„ რატომ, ლუდი უფრო შემეფერება ? ასეთი რთული დასაჯერებელია, რომ ცოტა არ იყოს და ქალური სასმელიც შეიძლება დავლიო ? „„ არა, ეგ არ მიგულისხმია. უბრალოდ ლუდი ბევრად შეესაბამება თქვენს ხასიათს . „„ და მაინც როგორი ხასიათი მაქვს ? „ - ჭიქა ისევ გამოვცალე და გამომცდელი მზერა მივაპყრე ექიმს. „ რთული. „გულიანად გადავიხარხარე, ეს პასუხი, არ ვიცი , იყო თუ არა ის, რასაც ველოდი, მაგრამ სწორი და ნამდვილი მართლაც რომ იყო. სიმარტივეშია გენიალურობაო, ტყუილად არ უთქვამთ, რა ბუნდოვანი რამეა ეს სიტყვა- რთული და რამდენად სწორი შეიძლება იყოს ის მაშინ , როდესაც ჩემნაირ ქალს მიემართება. „ რა გაცინებთ? ხომ არ გეწყინათ რამე, ცუდად არ მიგულისხმია მართლა „- შეწუხებულმა დავიდმა თავის გამართლება სცადა . მის მოჭმუხნულ წარბებს და სწორ რომაულ ცხვირს, ვუყურებდი, რომელიც მეტისმეტი ემოციებისგან შესწითლებოდა და კიდევ უფრო ხმამაღლა ვიცინოდი. მოულოდნელად წამოვდექი, წავბარბაცდი, ხელი შემაშველა, მოვიშორე მისი მარჯვენა, მერე მივუახლოვდი, თავზე წამოვადექი, ალბათ სასაცილოდ გამოვიყურებოდი ამ ფორმაში, თან ფეხშიშველი. მე ხომ ამ მოდიდო პერანგის საყელოდან საავადმყოფოს თეთრი ფორმა მომიჩანდა. ახლა მე გავუწოდე ხელი და ვკითხე „ ეს ჩემი საყვარელი სიმღერაა. ვიცეკვოთ . კითხვის ფორმა არ ჰქონია ჩემს არ რეპლიკას, დავიდიც გაკვირვებული წამოდგა, ისე რომ წინააღმდეგობა არ გაუწევია, გაუბედავად ჩამკიდა ხელი და საცეკვაო მოედნისკენ გამომყვა, რომელსაც მკრთალი შუქი ანათებდა. გაუბედავად მომკიდა წელზე ხელი, მერე მეორე ხელით ჩემს სახეს დაწვდა და მისი გასწორება სცადა. სასაცილო სანახავები ვიყავით. უცნაური ბარის შუაგულში ნახევრად ჩაბნელებულ საცეკვაო სცენაზე ვიდექით, მხოლოდ ჩვენ ორნი და გაურკვეველი მელოდიის ფონზე ვცეკვავდით, არა ეს უფრო რხევა იყო, რადგან ცეკვის უნარები დიდი ხნის დაკარგული მქონდა. რამდენიმე ნაბიჯიც და კოჭთან ახლოს შემაწუხებელი ტკივილი ვიგრძენი. თავის შეკავება ვერ მოვახერხე და სანამ ჩავიკეცებოდი დავიდის ხელი შემომეშველა, მან მზრუნველად შემომხვია ხელი და მაგიდასთან დამაბრუნა, მერე ყურადღებით დამითვალიერა ფეხი და გარეგანად ვერაფერი რომ ვერ შეამჩნია , ისევ წინ ჩამომიჯდა. „ რატომ არ დაიღლები ამ სიჯიუტით. უბრალოდ აღიარე ყველაფერი. ფეხი გაწუხებს და ამის დამალვას აზრი არ აქვს . „მის ხმაში საყვედურზე მეტად მზრუნველობა ვიგრძენი და ამან შემაშინა. აღარ მახსოვდა, ბოლოს ვინ იზრუნა ჩემზე, ბოლოს ვინ იდარდა, ბოლოს ვინ დაინტერესდა ჩემით. ის ვინც დაინტერესდა, ის ვინც შემიყვარა ახლა მიწაში წევს და სულაც არ აქვს აზრი არაფერს , რასაც ერთმანეთის მიმართ განვიცდიდით. ხელი ავკარი. მან კი მკაცრად შემომხედა და მბრძანებლური ტონით მითხრა :„ ჩაიცვი. მივდივართ. „ჩემს ჩანთას დაწვდა და წამოდგა, მე კი ყურადღებაც არ მივაქციე, ოფიციანტს კიდევ ერთი ჭიქა ჯინი მოვატანინე და სმა გავაგრძელე . ვატყობდი, რომ ცოტაც და მოთმინებას დაკარგავდა, თუმცა თავის შეკავებას ისევ ახერხებდა და იმაზე მეტს ითმენდა, ვიდრე ეს ზოგადად სჩვეოდა. ისევ ჩამოჯდა, დაგნებდიო, მანიშნა და თავადაც გამოსცალა დიდი ჭიქით ლუდი. არ ვიცი რამდენი საათი ვისხედით ასე, ალბათ, ორი ან სამი. სიგარეტის კვამლში გახვეული მაგიდის მიღმა მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი მხრების თავზე და ველოდებოდი იმ კითხვას, იმ მთავარ კითხვას, რომელიც ასე აინტერესებდა უკვე კარგა ხანია. ბოლოს გაბედა და ნაბიჯი გადმოგდა ჩემკენ ფრთილად გადმოიხარა , თითქოს ჩურჩულით მკითხა :„ და როგორ მოკვდა ? „დიდხანს რომ ვერ ვუპასუხე, ეგონა კითხვა ვერ გავიგონე და ისევ გაიმეორა :„ აი, მასზე გეკითხები. ელი როგორ მოკვდა ? თითქოს ახლა გამოვფხიზლდი, ამღვრეული თვალებით ავხედე და გამახსენდა, რომ ბარში ვიყავი ნახევრად უცნობ ექიმთან ერთად და დაუთვლელი რაოდენობით ალკოჰოლს ვსვამდი. „ რატომ ჩურჩულებ ? „- ვკითხეგაკვირვებულმა გამომხედა, ცოტა არ იყოსდა შეეშინდა კიდეც მე მგონი. ჩემზე გაგებული ჰქონდა, რომ შეშლილი ვიყავი და ახლა ამ ჩაბნელებულ უკაცრიელ ბარში თუ რამეს დავუშავებდი, ეს არც არავის გააკვირვებდა. „ ჩურჩულით რატომ მეკითხები? განა ამ დაწყევლილ ადგილას ვინმეს სიკვდილი უკვირს ? მიდი ხმამაღლა მკითხე. მიდი ხმამაღლა თქვი ეს სიტყვა- სიკვდილი. „ფეხზე წვალებით წამოვდექი, გაუცნობიერებლად დავიწყე ყვირილი და ერთბაშად მივიპყრე ბარში მყოფი ყველა ჯარისკაცის თუ მიმტანის ყურადღება. „ ჯანდაბა, რას მიყურებთ. მთვრალი ქალი არ გინახავთ ? ან იქნებ მართალი ქალი არ გინახავთ. იმაზე არაფერს ვამბობ , ბოლოს როდის ნახეთ საერთოდ ქალი .“ჩემმა დამცინავმა კილომ რამდენიმე სტუმრის აგრესია გამოიწვია, დავიდვმა იგრძნო სიტუაციის დაძაბვა და უფრო მომიახლოვდა, თან ხელით მანიშნა, დამშვიდდიო. „ რა იყო, არ მითხრათ რომ არ გაგიგიათ სიტყვა სიკვდილის შესახებ. განა ყოველ დღე თქვენი არსებობა მხოლოდ ბრძოლაა არაა სიკვდილის წინააღმდეგ ? განა ყოველ დილით იმიტომ არ დგებით და იარაღს იმიტომ არ იღებთ ხელში, რომ მას შეებრძოლოთ ? არ გიფიქრიათ, მითხარით, ერთხელ მაინც არ გიფიქრიათ, მასზე როგორც მეგობარზე. სიკვდილი ხომ დასასრულია და რატომ არის ყოველთვის დასარული ცუდი?! ჩვენნაირი უინტერესო ცხოვრების მქონე ადამიანებისთვის იქნებ დასარული ერთადერთი გამოსავალია. იქნებ სიკვდილი ერთადერთია, რამაც ცოტათი მაინც შეიძლება გაგვამხიარულოს. „მერე ჭიქას დავწვდი, კოჭლობით მაგრამ მაინც სკამზე შემოვდექი, დავიდი გაოგნებული შესცქეროდა ჩემს თითოეულ მოქმედებას და იმის გააზრება უჭირდა, რაც მის თვალწინ ხდებოდა. „ მოდი, ყველამ აწიეთ სასმისები და სიკვდილის სადღეგრძელო დავლიოთ. ხომ, რატომაც არა. სულ სვამთ სიცოცხლეზე და ამბობთ, როგორი მშვენიერი რამაა იგი. მე კიდევ მიმიფურთხებია მისთვის, მე ახლა ამ სავსე ჭიქას , სავსეს ალკოჰოლით, ცრემლით და ტკივილით, მაღლა ვწევ და ხმამაღლა , უშიშრად ვამბობ, გაუმარჯოს სიკვდილს. ის ერთადერთია, რაც ამ დაწყევლილ ადგილას მახალისებს . აბა, თუ კაცები ხართ , გაბედეთ და ამ სიმართლეს თვალი არ გაუსწორეთ. აბა, გაბედეთ და მითხარით, რომ ასე არაა ! „ირგვლივ გულის გამყინავმა სიჩუმემ დაისადგურა, ყველას ჭიქა გაუშეშდა ხელში, უხერხულად იღიმებოდნენ და თვალს სადღაც ჰაერში აშტერებდნენ. „ სიკვდილს გაუმარჯოს. ამ ჭიქით დასასრულის სადღეგრძელო იყოს, სასმისი შეავსეთ და მერე დაცალეთ, ბიჭებო, სიკვდილს გაუმარჯოს ! „„ შოუ მორჩა „- მკაცრად მითხრა დავიდმა, მხოლოდ ახლა გამახსენდა მისი არსებობა. უხეშად დამავლო ხელი, სკამიდან ჩამომიყვანა, შემომაცვა თავისი პალტო და გარეთ გამომიყვანა. ხმა არ ამოუღია მთელი გზა, მანქანაში მის გვერდით ჯდომა და მისი კისრიდან წამოსული რაღაც საოცრად მძაფრი სუნის ატანა ვეღარ შევძელი. „ გააჩერე, ახლავე გააჩერე „ - ყვირილით ხელი მოვუჭირე საჭეს და ლამის ავარიით დავასრულე ეს სანახაობა. ჰაერზე გავვარდი, კარები მაგრად მივაჯახუნე და ღამის სიბნელეს შევერიე. დავიდიც მანქანიდან გადმოვიდა, უკან ამედევნა, თუმცა რამდენიმე ნაბიჯს მაინც იტოვებდა მანძილს ჩვენს შორის. ფეხშიშველი წინ და უკან მოუსვენრად დავდიოდი გაზონზე, რომელიც ალბათ ვიღაცის სახლის წინ იყო და თან სახეზე ცვარის მოწმენდას ვცდილობდი. მერე როცა შევამჩნიე, რომ ის ისევ აქ იყო და ჩემს დატოვებას არ აპირებდა, მივვარდი , მუშტები მაგრად დავკარი, წინააღმდეგობა არ გაუწევია, სახეზე მაგრად მოვუჭირე ხელები და თვალი თვალში გავუყარე- ღამის სიბნელეშიც კარგად ჩანდა მის მუქ თაფლისფერ თვალის გუგებზე ღია შავი ფერის ხალები. „ ის ჩემს გამო მოკვდა, ის ჩემს გამო მოკვდა... რამდენჯერმე მივიღე მუქარის წერილი, ისინი იყვნენ, მაფრთხილებდნენ, თუ იმ პროვინციას არ გავეცლებოდი და არ შევწყვეტდი წერას, აუცილებლად დამსჯიდნენ. რამდენჯერმ სცადეს კიდეც ჩვენი სოფლის დაბომბვა, თუმცა ეს ხომ ომი იყო და არც არავის გაკვირვებია მათი მოქმედება. ბოლოს სიტყვა შეასრულეს. გამთენიისას გამოჩდნენ , მათი სქელძირიანი ჩექმების ხმაურმა გამაღვიძა, ფანჯრიდან გავიხედე და თვალი ელის მოვკარი. იარაღის ლულა შუბლზე ჰქონდა მიბჯენილი, მშვიდი სახე ჰქონდა, გესმის, მშვიდი და ასე მეგონა, რომ მე მიყურებდა, ჯანდაბას, ის მე მიყურებდა. არ იცოდა, რომ ნახევრადჩაბნელებული ფანჯრის მიღმა გაქვავებული ვიდექი და მაინც, პირდაპირ თვალებში მიყურებდა. დიდი, ბოროტი კაცები თავზე ადგნენ , მასზე დიდ თოფის ლულას შუბლზე ძლიერად ადებდნენ და თან ჩემთვის გაუგებარ ენაზე რაღაცას უყვიროდნენ. მის თვალებში კი იცი რას ვხედავდი ? მიპასუხე , იცი?არა , არ იცი. არც მე ვიცოდი, იმ წამს არ ვიცოდი, მეგონა რომ შველას ითხოვდა ან მისაყვედურებდა ჩემი სილაჩრის და შიშის გამო, მაგრამ არა, ახლა ვხვდები, ის თვალებით მეუბნებოდა, რომ მაპატია. გესმის, მან მაპატია. მან მე სიკვდილი მაპატია, ჩემთვის თვალისმოუშორებლად გამოასალმეს სიცოცხლეს, დასისხლიანებული მისი სხეული კი ისეთი მშვიდი იყო, ისეთი , როგორც არასდროს აქამდე. აკანკალებული ხელებით, ხედავ , აი ამ ხელებით დავუხურე ის უძირო ჭაობისფერი თვალები, რომლებიც ჩემი არსებობის გამართლებად იქცა დიდი ხნის განმავლობაში. მას მე დავუხუჭე თვალები და იმ სისხლიან მტვერში ელისთან ერთად საკუთარი თავი სამუდამოდ დავმარხე. გგონია, მას მერე ცოცხალი ვარ ? გგონია, რომ ვცოცხლობ ?არა, მე არ ვარ ცოცხალი დიდი ხანია ... „სუნთქვა გამიძნელდა, ჩავიკეცე, ის არ დახრილა, გაქვავებული იდგა და სადღაც სიბნელეში იკარგებოდა მისი დაჟინებული მზერა. ახლა ისე ძლიერად მინდოდა ის ყოფილიყო გულთბილი ადამიანი, შევბრალებოდი, დახრილიყო, თავზე ხელი გადაესვა და ეთქვა, რომ არაფერში ვარ დამნაშავე, რომ მე უბრალოდ ადამიანი ვარ და ბუნებრივია , რომ შემეშინდა, რომ მაპატია, მანაც მაპატია, როგორც ელიმ სიკვდილის წინ . მაგრამ ვაი, რომ ასე არ მოქცეულა. რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ ხელი ცივად ჩამკიდა, წამომაყენა ფეხზე, უხმოდ გამიძღვა მანქანისკენ . „ გძულვარ ? „ ჩემი საწყალი და გაუბედავი ხმის თავად გამიკვირდა. არაფერი მიპასუხა.მანქანაში ჩამსვა და პასუხის გაუცემლად დაძრა მანქანა.  -----------------------------------------------------------------------------------------------------------პალატაში საწოლს მიჯაჭვული ხელზე ამოწვერილ ვენებს დავცქერი და იმ დღეებს ვითვლი, რაც იმ უცნაური ღამიდან გავიდა. ვერ ვიხსენებ ეს მართლა მოხდა, რეალურად მოვუყევი მე უცნობ ექიმს იმ საზარელი ამბის შესახებ, რომელიც საკუთარ თავსაც კი დავავიწყე თუ დამესიზმრა და ეს ჩემი სინდისის გამოძახილი იყო ?დანაშაულის შეგრძნებამ ისევ გაიღვიძა, თავი წამოყო და ურცხვად დაეპატრონა ჩემი სხეულის თითოეულ უჯრედს. თითები ფრთხილად ჩამოვუსვი ჩემს გამუქებულ ვენებს და რატომღაც გავიფიქრე, რომ ამ ასაკში ახალგაზრდა გოგონების ხელები ასე არ უნდა გამოიყურებოდეს, რომ ზოგადად, გოგონებს 27 წლის ასაკში ნაკლებად აქვთ ხელზე ამდენი ნაიარევი, სულში კი ამდენი ტრამვა. ზოგადად კი, მაგრამ ...ფარდაჩამოფარებულ პალატაში გატარებული დღეების დათვლა გავაგრძელე, ვერაფერი გავიხსენე ზუსტად, ვერც ის ამბავი ბარში და ვერც მისი მონაწილე ექიმის სახე. მხოლოდ თვალები მახსოვდა, ნათლად , ცხადად, მუქი თაფლისფერი და საოცრად ხალებიანი თვალები, რომლებიც სიძულვილით მიყურებდა და ამ გამოხედვითაც კი იმას მეუბნებოდა, რასაც ვიმსახურებდი. ზუსტად, რასაც ვიმსახურებდი. ისევ მომექავა თითები, უსაშველოდ მომინდა ჩემი საბეჭდი მანქანა თან მქონოდა, თუმცა გონება დავძაბე და გავიხსენე. ბოლოს დიდ აფეთქებამდე ჩემი განუყრელი მეგობარი და დაწერილი ფურცლების გროვა ქოხში დავტოვე. ალბათ ყველაფერი განადგურდა, ალბათ არც არაფერი გადარჩენილა . ალბათ ჩემი წერაც დაიფერფლა იმ დამანგრეველ აფეთქებაში და მე ახლა მართლა ვიყავი პარალიზების ზღვარზე. ფეხის ტკივილზე მეტად იმის შეგრძნება მაწუხებდა, რომ ჩემი შინაგანი ემოციების გარეთ გამოტანას ვეღარ მოვახერხებდი, ეს უსაშველოდ მძიმე ბორკილები კი სულის წიაღიდან ბოლოს მომიღებდა საბოლოოდ. ხელები გულზე დავიწყვე, უმოძრაოდ წოლასაც აქვს თავისებური ხიბლი, მერე ჩემებური ფიქრი დავიწყე: „ იქნებ ასე სჯობს, საბოლოოდ მომეღება ბოლო და ასეც კარგი იქნება, ეს იქნება რეალური და საკადრისი დასასრული. თავი აქამდე მხოლოდ იმიტომ არ მოვიკალი , რომ ელის ერთხელ პირობა მივეცი, არასდროს დამეშავებინა საკუთარი თავისთვის რამე გააზრებულად. ახლა კი ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს, როგორც სწორია . ჩემი წერა დახავსდება, შინაგანი სატანჯველები კი ბოლოს მომიღებს და მე მხოლოდ უმოქმედობაში ვიქნები დამნაშავე, ეს ვერ ჩაითვლება თვითვმკვლელობად. ვერა. ეს იქნება გარემოების მსხვერპლი ქალის ამბავი, რომელიც საკუთარმა უმწეობამ შეიწირა. ეს იქნება ტრაგიკული დასასრული ქალისთვის, რომელსაც სურდა ძლიერი ყოფილიყო, მაგრამ ფარდის მიღმა დამალულმა დახუჭა თვალი საუკეთესო მეგობრის სიკვდილზე და მერე ისე გააგრძელა წერა თითქოს არაფერი. მეტისმეტად ტრაგიკული დასასრული კი იქნება, მაგრამ თან დამსახურებულიც „თვითგვემის მორიგი ტალღა, მე კი ისევ ვწევარ გულზეხელებდაწყობილი უმოძრაოდ ჩაბნელებული პალატის საწოლზე და სუნთქვის შეკავებას ვცდილობ, თან არაფერზე ვფიქრობ. ფანჯრიდან ჩუმი კაკუნის ხმა მესმის, მგონია, რომ მეჩვენება, და ყურადღებას არ ვაქცევ, კაკუნი მეორდება, მერე ფანჯრის ნაპრალიდან თეთრი პატარა ფურცელი ვარდება ჩემს საწოლზე, უინტერესოდ ვიზლაზნები, ნელა ვხსნი ფურცლის ნაგლეჯს და ზედ მიხატულ უცნაურ ფიგურებს ვხედავ . ყელში ბურთი მეჩხირება, ტირილი, ყვირილი და ამ კედლების უმოწყალოდ დანგრევა მინდება, მაგრამ თავს ვიკავებ და ფურცლის ნაგლეჯს გულში მაგრად ვიკრავ, მერე ყურს ვადებ ფანჯრის მინას და ჩუმი ხმა მესმის „ მაშინ მკითხე, გძულვარ თუ არაო, გახსოვს ?’გარედან კედელს მოყრდნობილი დავიდის გულის აჩქარებული ძგერა მესმის და თვალებს ვხუჭავ , ისე მაგრად, რომ ლამის ქუთუთოებიდან ცრემლების მაგივრად სისხლი წამომივიდეს . „ მაპატიე, მაშინ ვერ გიპასუხე. ახლა კი როგორც იქნა რეალობას თვალი გავუსწორე და ჩემი პასუხებით და ამბებით შენთან მოვედი „რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ მისი ჩუმი, ათრთოლებული ხმა ისევ ისმის :„ 15 წელზე მეტია ექიმი ვარ. ხან მოხალისე ვიყავი, ხან დამხმარე, ხანაც დაუფიქრებლად მიმიღია გადაწყვეტილება. ვერც წარმოიდგენ ამ დროის განმავლობაში რამდენი სიკვდილი მინახავს, რამდენის მონაწილე თავად გავმხდარვარ . ყველაზე კარგად მე მესმის შენი . ყოველი ოპერაციის წინ სურვილი მიჩნდება თავად დავიმალო ფარდების მიღმა და ეს საპასუხისმგებლო საქმე სხვას გადავაბარო, მაგრამ მერე თავის ხელში აყვანას ვახერხებ და საოპერაციო მაგიდას ვუბრუნდები . მიკვდებიან თუ არა პაციენტები ? იმდენი, რომ დათვლაც მიჭირს უკვე. ყოველი ახალი შემთხვევა ეს ახალი სატანჯველია, რომლის გადალახვაც ვერც წარმოიდგენ რამხელა ძალისხმევად მიჯდება . ჩაბნელებული ოთახის კუთხეში მუხლმოყრილი ვზივარ ხოლმე, იცი როგორი უმწეო სანახავი ვარ, ხელებს დავცქერი, ჩემს ხელებს, რომლებსაც შეეძლოთ სიცოცხლის გადარჩენა და ვერ შეძლეს , ჩემს თავს ვხედავ პატარა ბავშვის სხეულში, რომელიც სიბნელეს საბნის ქვეშ ემალება ხოლმე. გგონია, მე არ მაწუხებს დანაშაულის განცდა? გგონია, ყოველთვის ყველაფერს კარგად და სწორად ვაკეთებ ? გგონია, ასეთი მარტივი რამეა ცხოვრება ან ასე მარტივია კითხვებზე პასუხის გაცემა ?ჭკვიანი ქალი მგონიხარ და იმედია ასე არ ფიქრობ. ცხოვრება შანსია, მისი გამოყენება კი ჩვენს ხელთაა მხოლოდ და მხოლოდ. ჩვენ ადამიანები ვართ , გესმის? ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენ ცოცხლები ვართ და ვცოცხლობთ, შეცდომებსაც ვუშვებთ, გვტკივა და ვნანობთ კიდეც ამ სისუსტეებს, მაგრამ სწორემ ამიტომ ვართ ადამიანები. მე საჭრისით ხელში, შენ კალმით ვცდილობთ შეცვლას, ჩვენ სიცოცხლის შეცვლას ვცდილობთ და ბუნებრივია, რომ ამ გზაზე ბევრი დაბრკოლების გადალახვა გვიწევს. ჩვენ ყველა ჩვენებურად განვიცდით ხოლმე ჩვენსავე შეცდომებს, მე მაგალითად გავურბივარ რეალობას და იმის დავიწყებას ვცდილობ, რაც ტკივილს მაყენებს. ახლა წლების მერე პირველი ხარ ვისაც ამ მოუშუშებელ ჭრილობებზე ვესაუბრები. შენ კიდევ მცდარი გზა გაქვს არჩეული . ჩაკეტვა არაა გამოსავალი, გთხოვ, გადაწიე იმ დღეს ჩარაზული ფანჯრის ფარდები და მზეს დაენახვე, გაიხსენე, რომ ქალი ხარ, რომ ცოცხალი ხარ, ჯერ კიდევ ცოცხალი და წინ გზა გაქვს სავალი. ძალა მოიკრიბე, თავს მოერიე, თვითგვემას შეეშვი. ტკივილის ხელოვნურად გამოწვევა, რომ ბევრად თავისუფლად იგრძნო თავი და ამით საკუთარ თავს დამსახურებული სასჯელი მიუზღო- დიდად არ ამართლებს. დამიჯერე, ბევრჯერ ვცადე და არ გაიარა. არა, არ გაიარა. არც გაივლის ... „„ აბა ? „ამოვიხავლე და თან მთელი ჩემი გული ამოვაყოლე ამ ერთ , პატარა სიტყვას .„ მიიღე და თვალი გაუსწორე რეალობას. ეს გრძნობა არასდროს გაივლის, შენი წარსულიდან არასდროს გაქრება დღე, როდესაც შეგეშინდა და ის თვალწინ მოგიკლეს, შენ ვერ გააქრობ ანნას, ქალს, რომელმაც ძლიერი ადამიანის ნიღაბი მოირგო, სარკაზმი აქცია იარაღად და ორმაგი მონდომებით გააგრძელა წერა . შენ ამას ვერ გააქრობ, სჯობს წარსული წარსულში დატოვო, გზა გააგრძელო, წინ გადადგა ნაბიჯი. „„ და ის ? ! „კიდევ უფრო ხმამაღლა, აქვითინებულმა ვკითხე .„ ის ყოველთვის შენთან იქნება, ის და დანაშაულის გრძნობა, რომ შეგეძლო და არ ან ვერ ქენი. არასდროს დაგტოვებს ფიქრები იმაზე, რომ უმოქმედობა ამჯობინე და ამით საკუთარ პრინციპებს უღალატე. ეს იქნება შენი თანმდევი, მაგრამ ცხოვრება უნდა გააგრძელო, აუცილებლად და წერაც, რადგან ეს შენი ბედისწერაა. ბედისწერაზე კი უარის თქმის უფლება არ გვაქვს . გესმის . მე არ მოგცემ ამის უფლებას. იცი, რას გეტყვი, გაემზადე, მალე ჩვენ წავალთ .„ სად ?“„ შენს წერასთან „ფანჯარაზე მიხუტებულს ჩამეძინა, მის გახშირებულ სუნთქვას სადღაც ახლოს ვგრძნობდი და ველოდი დღეს, რომელიც მიმიყვანდა ჩემს წერა-ბედისწერასთან .   ----------------------------------------------------------------------------------------------------------------