ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ამბები ახალი იმრონიდან

ამბები ახალი იმრონიდან

 

 

თორნიკე არჯევანიძე

  

ამბები ახალი იმრონიდან

 

 

  

ნამდვილი ხელოვანი



757 წელი პირველი გამოცხადებიდან

 

 

თავი პირველი

  

 

მაშ, მალე ამ წუთისოფლის კიდევ ერთი შედევრი გაიბრწყინებდა ?

ბიანკას კმაყოფილს ჩაეღიმა და თავისი ოთახის აივნიდან ხალისიანად მოავლო თვალი ჯერ მიწისფერ ცას და შემდეგ ქალაქის შენობების ალაგ-ალაგ დათოვლილ სახურავებს. გათოშილი კრამიტები და ფიქლები ნაღვლიანად გაშეშებულიყვნენ და ცივი ქარის მიერ მოტანილი ნამქერის შეხებაზე თითქოს კიდევ უფრო იბუზებოდნენ. მაგრამ მათი არ ესმოდა ბიანკას, არც იმ ხალხის, რომელიც დღედაღამ სიცივის ან აჭყაპებულ ფილაქნებზე სიარულის გამო წუწუნებდა. როგორ შეიძლება თოვლი არ გაგხარებოდა ? თან სად ? – ბელეგაში. აქეთ ხომ თოვლი კიდევ უფრო იშვიათი იყო, ვიდრე პატიოსანი ბერი ან მოციქული კასტა-მარინოში ?

„საწამლავი... ყველაზე კარგი საშუალება საწამლავია. თან ქალს განსაკუთრებულად უხდება საწამლავით მოქმედება... ძალზედ პოეტურია“, – შორეული რუხი კოშკებისა და პირქუში კედლების მიღმა აკანკალებულ მოთეთრო ზღვას მიაშტერდა ბიანკა. მოქუფრული ცა ხელახალი გათოვებით ემუქრებოდა აქაფებულ წყალს. უცებ ამადეოს სახე წარმოუდგა თვალწინ, როცა ეს უკანასკნელი შხამის მწველ მარწუხებს იგრძნობდა ფაფუკ მუცელში და ნაღვლიანმა აღტაცებამ ერთიანად აუფრიალა გულ-მუცელი. ასე ეგონა, ქალაქის შენობების თავზე მონავარდე ცივი ქარი სხეულში შეუძვრა და ახლა სასიამოვნოდ უღიტინებდა მის შიგნეულობას. ვინ იცის, ჩემზე სპექტაკლებიც კი დადგან დიდმა მაესტროებმაო, გაიფიქრა და გაახსენდა ათიოდე წლის წინ თვითონ როგორ თამაშობდა ჩრდილოეთ ერქონის იმპერატორის მკვლელის, მშვენიერი აურელიას როლს დელლა-ვერდეს ამფითეატრში.  

„ბიანკა... ბელეგას არქიმოციქულის მკვლელი. მმ, კარგად ჟღერს.“  

ვინ იცის, ჩემი თავიც მე ვითამაშოო, ჩაეცინა. როცა ამადეოს სულს გააფრთხობინებდა შეეძლო ისევ რომელიმე თეატრს შეერთებოდა, ან სულაც... სულაც თავად გამხდარიყო დიდი მაესტრესა. კი, თავისუფლად შეეძლო თავისი თეატრი დაეფუძნებინა, – იმ ოცდახუთი ოქროთი, რომელსაც ამადეოს მკვლელობისთვის დაჰპირდნენ თავისუფლად იყიდდა მიწას გლეხებითურთ რომელიმე გაღარიბებული მცირე დონისგან ან მემამულე რაინდისგან და ულამაზეს შენობას წამოჭიმავდა იქ – პირველ თეატრს, რომელიც კონკურენციას გაუწევდა ბელეგას დიდი ქალაქების ამფითეატრებს. დადგებოდა და თავისივე სამფლობელოში თავადვე დაწერდა და დადგამდა პიესებს... თავადვე ითამაშებდა ზოგიერთ როლს. კიდევ, ნიჭიერ, დაუფასებელ მსახიობებსაც დაიქირავებდა და იქვე აცხოვრებდა საბრალოებს... თეატრში –ცხოვრებისგან ნაგვემ ხელოვანთა ერთადერთ ამქვეყნიურ თავშესაფარში. სხვებსაც მიიღებდა იქ – მწერლებს, პოეტებს, მუსიკოსებსა და მხატვრებს. განა ესენი ნაკლებ საჭირონი არიან სპექტაკლების წარმოდგენისას ? დააკელი წვნიანს მარილი ან წყალი, ცხიმი ან მწვანილი, რა გამოვა მისგან ? იქნებოდა ბიანკა სხვა ხელოვნებთან ერთად და მათი დახმარებით ხელახლა შეასხამდა ხორცს ერთმანეთზე მხურვალედ შეყვარებულ ტონიოსა და კარლას... ჰერცოგ ნოვარესა და მის საყვარელს, ყვითელთვალება ალმას... ცივის მიერ შუაზე გაგლეჯილ დონა სესილია დი მარცანოს და დიდი ხნის წინ მტვრად ქცეულ სხვადასხვა პიროვნებას ბელეგას ისტორიიდან... და არა მხოლოდ ბელეგას, არამედ მთელი ახალი იმრონის ისტორიიდან; განასხეულებდა და მაყურებელთა გულებამდე მიიტანდა მნიშვნელოვან, სასაცილო, საზარელ, ხალისიან, ბედნიერ, ტრაგიკულ ისტორიებს. რეალურს თუ გამოგონილს – ყველაფერს აჩვენებდა მათ. არაფერს დაუმალავდა. აჩვენებდა ცხოვრებას ისეთს, როგორიც სინამდვილეშია. მათ ოცნებებს ფრთებს შეასხამდა, თუმცა, შემდეგ ამ ფრთებს დაამტვრევდა და მიწაზე დაანარცხებდა მათ, ტალახიან, ცივ მიწაზე, სადაც ცოცხალი არსებები დაუსრულებლად იბრძვიან გადარჩენისთვის, სიამოვნებისთვის, ძალაუფლებისთვის, სიდიადისთვის, სიყვარულისთვის. იმდენი ხალხი დაიწყებდა სიარულს მის „ხელოვნების ტაძარში“, რომ ვერც პატრიარქები და არქიმოციქულები, ვერც დონები, გრაფები, ჰერცოგები თუ მეფეები გვერდს ვერ აუვლიდნენ მის თეატრს... ხოლო, მისი დაკეტვა რომც მოენდომებინათ, ისეთ წარმოდგენას შესთავაზებდა ბიანკა მათ, რომ დაკეტვა კი არა, იქნებ, იმას შეხვეწებოდნენ, ჩვენც შენს „ხელოვნების ტაძარში“ დაგვიტოვე სამუდამოდო.

– მაშ, თეატრი... მაესტრესა ბიანკა... არქიმოციქულის მკვლელი... მეუფეო, რა პოეტურია, –ჩურჩულით თქვა თავისთვის და კვლავ საძინებელში შევიდა.

ამადეო მუცელზე იწვა და მშვიდად თვლემდა. ბიანკამ უკვე კარგა ხანია იცოდა, როგორ უნდა გაეჭენებინა იმგვარად კაცი, რომ ამ უკანასკნელს ისე ტკბილად სძინებოდა, როგორც ახლა ამადეოს ეძინა. ერთადერთი, ვისაც ვერაფერი უშველა, თეატრ „გენტოს იების“ მაესტრო როლერო იყო – ზედმეტად მშფოთვარე გულის პატრონი. ყველაფერზე ღელავდა იგი, ყველაფერზე ბობოქრობდა. თუმცა ეს შფოთიც ელამაზებოდა ბიანკას. შფოთიც ხომ ამ ცხოვრების ისეთივე ნაწილია, როგორც სიმშვიდე ან ბედნიერება. განა ყველაფერი, რაც ამ ცხოვრებაში ხდება, სრულყოფილი არაა ? და არათუ შფოთი, არამედ ისიც კი მშვენიერი მოეჩვენა ბიანკას გულის სიღრმეში, როდესაც მაესტრომ კასტა-ვერდეს ერთ-ერთი სამორინეს ვალის გამო თავი ჩამოიხრჩო იმ ტრაქტირის საჯინიბოში, სადაც მათი თეატრი იყო დაბინავებული.

ბავშვობიდან მოყოლებული ბიანკა რატომღაც ისე ხედავდა ცხოვრებას, როგორც ერთ დიდ სპექტაკლს, ხოლო როდესაც მისი ოჯახის საგვარეულო ციხესიმაგრესთან მოხეტიალე თეატრმა ჩამოიარა და მამამისის დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ სოფელში წარმოდგენა გამართა, იმდენად მოიხიბლა ცხრა წლის გოგო მსახიობთა თამაშით, რომ თავის უფროს დას, კორას უთხრა მეც მათსავით ვარ, რადგან ასე მგონია, სინამდვილეში ბავშვი არ ვარ და უბრალოდ ბავშვის როლს ვთამაშობო.

როდესაც ცამეტი წლის იყო და მამამ მათი მეზობელი დონ კარუზოს ვაჟზე გათხოვება დაუპირა, სახლიდან გაიპარა და პალმიროსთან დაბანაკებულ მოხეტიალე თეატრს, სახელად „დანილიელ ობლებს“, შეუერთდა. თეატრის მაესტრომ, ვინმე დანტე ვალენტელმა დიდი ნიჭი დაინახა მასში და გაშლილი ხელებით მიიღო თავის მსახიობთა რიგებში. იმის მერე ბიანკამ მთელს ბელეგაში დაიწყო მათთან ერთად წოწიალი. რამდენჯერმე ერგუნდიაშიც იყვნენ გადასულები და სადაც მიდიოდნენ ყველგან თავბრუდამხვევ წარმოდგენას სთავაზობდნენ მდიდრებსა თუ ღარიბებს, მდაბიოებსა თუ დიდებულებს – ყველას. ნელ-ნელა ბიანკამ ყველაფერში ხელოვნების დანახვა დაიწყო. თვალს მიაპყრობდა ხოლმე ამომავალ თუ ჩამავალ მზეს და სანახაობით მონუსხულს ბურძგლები აყრიდა კანზე; შეაცქერდებოდა დღის სინათლეზე თეთრ-ლურჯად მოლივლივე ზღვას და მის თითებში ნაზი ხიცინი იწყებდა ცეკვას; მოჰკრავდა თვალს ბედნიერ სიძე-პატარძალსა და მექორწილეებს და გული სიხარულით ევსებოდა; ყურადღებით აკვირდებოდა, როგორ სახეებს იღებდნენ მამაკაცები მასთან წოლისას და აღტაცება ერთიანად იპყრობდა მთელ მის არსებას; ხედავდა როგორ არხევდა ქარი იასამნის ტოტებს, როგორ აგლეჯდა მას ყვავილებს, როგორ უფლეთდა ფოთლებს და აღფრთოვანებული იყო ამით; უცქერდა, როგორ ტიროდნენ დედები თავიანთი შვილების მიწაში ჩადებისას და აღმაფრენას ძლივს მალავდა; უმზერდა, როგორ ბუზებივით იხოცებოდა ხალხი წითელი ჟამიანობისას და მოჯადოებული მისჩერებოდა მესაფლავეთა ტალახიან ფორნებზე შემოლაგებულ მათ გვამებს; ესმოდა, როგორ გმინავდნენ მომაკვდავები და ისეთი გრძნობამორეული უგდებდა ყურს მათი ნატანჯი პირებიდან ამოსულ ბგერებს, გეგონება, არ უნდა, ერთი პატარა გაფაჩუნებაც რომ გამორჩესო.

ყველაფერი – სიკეთე, ბოროტება, სიყვარული, სიძულვილი, სიამოვნება, ტკივილი, სიმდიდრე, სიღარიბე, ნაყროვანება, შიმშილი, სილამაზე, სიმახინჯე – ხელოვნება იყო. დიადი ხელოვნის მიერ შექმნილი სრულყოფილება. ოღონდ, ნურავის ეგონება ბიანკას მხოლოდ სხვების თავზე დატრიალებული ამბები ხიბლავდა. არა, თვითონაც ყველაფრის თანაზიარი იყო თავის ცისქვეშეთის და-ძმებთან ერთად და მის თავს მოწეული ნებისმიერი რამ აღაფრთოვანებდა.

როდესაც მისი პირველი ქმარი და თანამსახიობი გერალდო დათვრებოდა და მუშტებს დაუშენდა ხოლმე, ბიანკას თვალებიდან გადმოდენილი ცრემლების მიღმა საოცარი სიამოვნება იმალებოდა; როდესაც მისი შვილი, ხუთი წლის ალესანდრო კეთრმა მიისაკუთრა, მის მძიმე გლოვაში ერთგვარი სიტკბოს წვეთებიც ერია; როდესაც ცხელებისგან გათანგული ლოგინად ჩავარდნილა, ყოველი მტკივნეული ამოსუნთქვითა და ამოხველებით ყველაფრის შემოქმედ დიად ხელოვანს ადიდებდა; როდესაც მეორე ქმარმა, დელლა-ვერდეს ყასაბთა გილდიის თავმჯდომარემ, ანტონიომ ქუჩაში გამომწვევად სიარულისა და ცალფეხა მჭედელ ბენიტოსთან დაწოლის გამო ბეჭდიანი არათითი მოჰკვეთა თავისი ჟანგიანი წალდით, ბიანკას ტაკვიდან გადმოდენილი სისხლი ტკივილიან სადიდებელს უგალობდა იმ გარემოებებს, რომლებმაც მტვრიან ფილაქნებზე მისი დაღვრა გამოიწვია.

„მმ, ისევე როგორც ყველაფერი, ამის სიკვდილიც ნამდვილი შედევრი იქნება... და წილად მხვდა პატივი მე შევასხა ხორცი ამ შედევრს... მე, მაესტრესა ბიანკამ“, – ჩაეღიმა ბიანკას ამადეოს ზღარბივით აჩეჩილი, თითქმის ბოლომდე გაჭაღარავებული თმის შემხედვარეს, რომელსაც ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლი ნაირ-ნაირი ჩრდილებით ეფერებოდა.

– ადგომის დროა, თქვენო უწმინდესობავ ! – საწოლთან მინარნარდა ქალი და სასთუმალთან ჩამოუჯდა საყვარელს.

კაცმა თვალები ნელა გაახილა და ბუღასავით დაიზმუვლა. შემდეგ კვადრატულად გაკრეჭილ წვერზე დაისვა ხელი.

– რა... რა ხდება ?... რა ხდება ?

– ასე არ მითხარი, დილის მეათე საათზე გამაღვიძეო ? - ბიანკამ ბუხრის გვერდით დადგმულ კარადასავით მექანიკურ საათს შეხედა, რომლის მოვერცხლილი ისარიც უკვე თითქმის მეათე საათთან იყო მისული, – აღარ გახსოვს ? დღეს, მეთორმეტე საათზე საბჭოს შეხვედრა გაქვს დანიშნული, შე ძილისგუდავ. ადექი !

ამადეო ზურგზე გადაბრუნდა და ამოიხვნეშა. თვალები ისევ დახუჭა.

– მმმ... ეჰ... ნეტავ, რა ჭირად მინდოდა ეს არქიმოციქულობა ? წყეულიმც იყოს ლაზარო.

– იმ უბედური მეფისგან რაღა გინდა ?  

– რა მინდა ? რა მინდა და მან არ დამარწმუნა, გინდა თუ არა არქიმოციქული უნდა გახდეო ? ხოდა, ახლა იმ ჩრდილოელი ნაბიჭვრების დანები სულ ჩემკენაა მომართული.

– ოჰ, ოჰ, – ჩაეცინა ბიანკას, – იმ დღეს არ მითხარი ბავშვობიდან ვოცნებობდი ახალი იმრონის არქიმოციქული გავმხდარიყავიო ? ჰა ? ეგრე არ მითხარი, შე მელაკუდა ? ოდითგან მინდოდა, მთელს ახალ იმრონს ჩემს ჭკუაზე ევლოო. ახალი იმრონის ვერა, მაგრამ მთელი ბელეგასი ხომ გახდი ?

– ხო, მაგრამ, – ეშმაკურად გაეღიმა ამადეოს, – არ ვიცი... როგორც წესი, ყველაფერი უფრო რთულადაა ხოლმე, ვიდრე კაცს გგონია. ვინ იფიქრებდა, რომ ის ნაბიჭვრები ასე გაგიჟდებოდნენ ჩემს არქიმოციქულობაზე ?... არა, ლაზარომ იცოდა და ზუსტად მაგიტომ დამეხმარა არქიმოციქულის სკიპტრა დამეკავებინა ხელში... უბრალოდ, ტრაკის ჩვენება უნდოდა კემბრიისთვის, ჰოდა, ახლა იქით გვაჩვენებენ თავიანთ ცივ ტრაკებს ის ნაბიჭვრები... ოგერ-კერმუდის და ბაშდურის ურდოებივით მოგვაწყდებიან სადაცაა.

ხავერდის ხალათზე მიაჩერდა ბიანკას ამადეო, უფრო სწორად იმ ადგილს, სადაც მკერდი ეგულებოდა. ესეც აღაფრთოვანებდა მამაკაცებში ბიანკას, – მათი სიმარტივე, ასე ძლიერ რომ იზიდავდა მათ ქალის ძუძუ: სიმბოლო მაძღრობისა და ნეტარებისა. ვინ იცის რამდენი მათგანის სიცოცხლე შეუწირავს მათ სირბილეს. ომები, დუელები, ჩხუბები, – განა, ხშირად ქალთა მკერდის გამო არ იწყებოდა ? ყოველ შემთხვევაში, ბელეგაში ასე იყო. ის, რაც მამაკაცებს სიყრმისას კვებავდა, ჭაბუკობისას ან ზრდასრულობისას მათი დაღუპვის მიზეზად იქცეოდა. ოხ, მართლაც რა პოეტური იყო მთელი ეს უბადრუკი პროცესი.

– ყველაფერი რთულადაა, – გაუღიმა ბიანკამ, – მაგრამ, ამავდროულად, მარტივად... ძალიან მარტივად.

– ჰო. ერთ რამეში კი ძალიან გამიმართლა, – ქათქათა ბალიშზე დასვენებული თავი კატასავით გადახარა გვერდზე ამადეომ, – ფილოსოფოსი საყვარლით ბევრი ვერ დაიკვეხნის, – ბიანკამ საყვარლის ჩასუქებული თითები შეიგრძნო მკლავზე, - თან, ასეთი ლამაზით... ნეტავ, ვის აქვს შენნაირი გახუხული ქვიშასავით მუქი და თან ასეთი... ასეთი ფაფუკი კანი ? ვის ? ვის აქვს შენნაირი ხავსივით მწვანე თვალები ?

– ოჰო, – ჩაეღიმა ბიანკას, – ვიღაცას პოეტური გამონათქვამები უსწავლია ?!

– ჰო, დამეტყო შენი ძუძუს წოვა. ერთი ეგაა ფილოსოფიას ვერაფერი გავუგე.

– ყველა ადამიანი სულით ფილოსოფოსია, ამადეო... უბრალოდ, ზოგს სიმართლისთვის თვალის გასწორება ეშინია.  

– ჰმ, – იდაყვზე წამოჯდა არქიმოციქული და დაამთქნარა, – რომელი სიმართლისთვის ?

– იმ სიმართლისთვის, რომ სიმართლე არ არსებობს ! – ფართოდ გაიღიმა ბიანკამ და ფეხზე წამოდგა. ხალათი გაიხადა, საწოლზე დააგდო და დედიშობილა ფურცლებდახვავებული საწერი მაგიდის გვერდით დადგმული მუხის დიდი ჩუქურთმებიანი კარადისკენ წავიდა შესამოსად.

ამადეომ თავი გააქნია. უკვე თითქმის ერთ წელია მიჩვეული იყო საყვარლის უცნაურ გამონათქვამებს და არასდროს იწუხებდა თავს მათი სიღრმის ჩასაწვდომად. მხოლოდ იმის გააზრება შეუძლია, რაც ამა თუ იმ მომენტში სჭირდება ან რაც გადარჩენაში დაეხმარებაო, მისი რეაქციებით გახალისებული ფიქრობდა ხოლმე ბიანკა, მხოლოდ ქვები, ფოლადი, ფული, დაუსრულებელი ინტრიგები და ძალაუფლებაა მისი სამყაროო.

– შენც დაესწრები დღევანდელ შეხვედრას ! – სახსრების ტკაცუნით წამოჯდა ამადეო და ბამბის ფაფუკ მაქმანებიან წუღებში ჩაყო ფერმკრთალი ფეხები, – როცა გვერდით მყავხარ გამბედაობა მემატება... გამბედაობა ყოველთვის გჭირდება კაცს, როცა ჯიუტ თხებთან გაქვს საქმე.

– მერე აბატი გაეტანო ? – ამადეოს მიერ ნაყიდი ხავერდის სისხლისფერი კაბა გამოიღო ბიანკამ და განზრახ ისე დაიფინა სხეულზე, რომ ცალი ძუძუ გამოსჩენოდა, – ისევ რომ დაიწყოს ყვირილი: „მეძავებს არაფერი ესაქმებათ „ქალაქის მმართველ საბჭოში“ ?

არქიმოციქულს გაეცინა.

– ჰა-ჰა, ზუსტად ეგრე იძახდა იმ დღეს. კი. ჭირსაც წაუღია ეგ სულელი ბებერი. თუ რამეს გაბედავს, მაშინვე თავის ადგილზე მოვსვამ... მჭირდები ! ჩემი ნიჭიერი და ბრძენი ბიანკა მჭირდება. უჰ, რა ქალი ხარ ! სულთა მეუფემ დაგილოცოს ეგ საგულდაგულოდ გამოძერწილი სხეული ! ახლა მოსამზადებელი არ ვიყო, შენ გიჩვენებდი სეირს !  

– თქვენს სამსახურში მიგულეთ, თქვენო უწმინდესობავ ! – რევერანსი გაუკეთა შიშველმა ბიანკამ კაბით ხელში და, როგორც სჩვეოდა, ფართოდ გაიღიმა.

 

 

****

 

 

დარბაზში შესულებს „ქალაქის მმართველი საბჭოს“ წევრები მოსულები დახვდნენ. პირველი, ჩასუქებული ხაზინადარი ბაროლე წამოვარდა ფეხზე, შემდეგ დანარჩენები. აბატმა გაეტანომ ზიზღით დაბერილი თვალები მიანათა ბიანკას და შემდეგ ისევ ფიჭვის სქელ მაგიდას ჩააჩერდა, რომელზეც სამკუთხა ფარის ფონზე გადაჯვარედინებული ხმლები იყო გამოსახული, - მარინესეების საგვარეულო გერბი.

ამადეოს ვაჟები – თადეო და ანჯელო – არქიმოციქულის სავარძელთან ყველაზე ახლოს მოთავსებულიყვნენ მაგიდის ორივე მხარეს. შემდეგ მოდიოდნენ ხაზინადარი ბაროლე და კასტა-მარინოს მთავარი მსაჯული დემონტე, აბატი გაეტანო და მთავარინკვიზიტორი დომენიკო, მაგიდის ბოლოში კი ქალაქის დაცვის მეთაური, დონ ფაბრიციო როვერე იდგა.

– თქვენო უწმინდესობავ ! – ერთხმად დაიძახეს საბჭოს წევრებმა და თავი დაუკრეს არქიმოციქულს.

არქიმოციქულის პირადი გვარდიის კაპიტანი, დონ ლორენცო ბრენტო, რომელმაც თავის ორ რაინდთან ერთად მიაცილა ამადეო და ბიანკა შეხვედრების დარბაზში, პირდაპირ ამადეოს სავარძლის უკან ჩამოდგა ქანდაკებასავით დანარჩენ რაინდებთან ერთად.

სამივე ფანჯარა დაკეტილი იყო. შუშებს წარამარა ახლიდა ნამქერს ქარი. გარედან შემოსული ცივი და რუხი სინათლე საბჭოს წევრთა ნამძინარევ სახეებს ზანტად ეფინებოდა და მოქანცულ ელფერს სძენდა მათ. ერთადერთი, რაც ბელეგელთათვის დამახასიათებელ მხურვალებას ინარჩუნებდა, გობელენებიანი კედლის ქვემოთ გამოჭრილი ბუხარი იყო, რომელიც გადამეტებული აგზნებით აცეკვებდა ღაჟღაჟა ცეცხლის ალებს თავის გაუმაძღარ მუცელში შეყრილ გაშავებულ შეშის ნაჭრებზე.

– დასხედით, გთხოვთ ! – დაიძახა ამადეომ და მაგიდის თავში დადგმულ მისთვის განკუთვნილ ზარნიშებიან და ლალის თვლებით მორთულ სავარძელში ჩაესვენა.

ბიანკას სკამი არქიმოციქულის სავარძლის გვერდით იდგა. ისევე როგორც საბჭოს რიგითი წევრების სკამებს, მასაც ორნამენტებიანი რბილი საზურგე ჰქონდა და ლამაზად მოჩუქურთმებული ფეხები.

აბატი გაეტანოს გარდა ყველამ მაშინვე სკამებზე დააკრა უკანალი.

– არ... არ უნდ ვილოცოთ, თქვენო... თქვენო უწმინდესობავ ?  

– აჰ, რა თქმა უნდა, – არქიმოციქული ისევ ფეხზე წამოდგა ზოზინით და ისე მიაჩერდა აბატს ბიანკამ იფიქრა ყელში არ სწვდეს უცებო. დანარჩენებიც ხელახლა წამოდგნენ ფეხზე. ბიანკა, რა თქმა უნდა, გვერდით ედგა საყვარელს და ამჯერად პირდამუწული იღიმოდა მხოლოდ.

ამადეომ ერთაზე ჩაარაკრაკა დიად მოციქულთა ლოცვა და შემდეგ დახმარება შესთხოვა სულთა მეუფეს, რათა სწორი გადაწყვეტილებები მიეღოთ საბჭოს შეხვედრაზე.

– მაშ, ასე – ლოცვის შემდეგ მყუდროდ მოკალათდა სავარძელში არქიმოციქული და შალის თეთრი კაბის კალთები შეისწორა. კისერზე ჩამოკიდებულ ხუთშვერილიან ოქროს სამეუფეო წრესაც მიეფერა საფირონისთვლიანი და ძოწისთვლიანი ბეჭდებით გამშვენებული თითებით, –აბა, რა ამბებია ?

სკამებზე ჩამომჯდარმა საბჭოს წევრებმა ერთმანეთს გადახედეს და ბიანკასთან ახლოს მჯდომმა თადეომ, რომელიც ორი წლის წინ, არქიმოციქულად არჩევისთანავე, სამოციქულო ჯარების მთავარსარდლად დანიშნა მამამისმა, ხმა აიმაღლა.

– მამ... თქვენო უწმინდესობავ, როგორც ჩემმა ჯაშუშმა მომწერა, ერგუნდიაში უკვე დაიწყო რეკრუტთა გაწვევა, – თან, ბიანკასკენ ნაღვლიანად აპარებდა თვალს თადეო.

„რაო, კიდევ ხომ არ გინდა აგატირო, პატარა ლეკვო ?“ – ბიანკას თვალწინ წარმოუდგა როგორ გამოუტყდა სიყვარულში ამადეოს უფროსი ვაჟი თითქმის ერთი კვირის წინ და როგორი გრძნობით სთხოვდა ერთად გავიქცეთ აქედანო, ხოლო როდესაც უარი მიიღო ქალისგან, როგორ გადმოდინდა თვალებიდან ცრემლი ნაწყენი პატარა ბავშვივით.

– ოლდენიდანაც მსგავსმა ხმებმა მოაღწია ჩემს მეორე ჯაშუშამდე, – განაგრძო თადეომ, – ამას გარდა, სურსათ-სანოვაგის მოგროვებაც დაუწყიათ... ჰარდინგიდან დამარილებული საქონლის ხორცითა და ლორით დატვირთული ოთხმოცი გემი დაძრულა სამხრეთისკენ... ალბათ ერგუნდიაში ჩავა.

– ჩვენკენ აპირებენ გამოლაშქრებას, წყალი არ გაუვა ! – გაქათქათებულ კბილებში გამოსცრა ხუჭუჭთმიანმა ანჯელომ, რომელიც უმცროს სარდლად ჰყავდა უფროს ძმას დანიშნული. თადეოს მსგავსად, მასაც ტყავის დათბილული შავი კამზოლი ეცვა და ფარჩის ცისფერი მოსასხამი ჰქონდა მარცხენა მხარზე მოგდებული, – ჩრდილოელი დამპალი არქიმოციქულის მოწოდებას ყველანი ძაღლებივით ემორჩილებიან, როგორც ჩანს !

ამადეომ ტუჩები ოდნავ შეათამაშა და ახლა ხაზინადარ ბაროლეს მიაჩერდა.

– თქვენო უწმინდესობავ, – დაიკნავლა ხაზინადარმა და აწითლებული ცხვირის წვერზე დაისვა საჩვენებელი თითი, – ვშიშობ, იმ დღეს რაც დამავალეთ არ... არ გამომივიდა... მეფე ლაზაროს ხაზინადარმა, ფლავიომ იქით მოგვწერა შვიდასი ათასი არია გვასესხეთო... მარენცაზე გალაშქრებას აპირებს მეფეო.

– განა ვერ ხვდება ეგ ყეყეჩი, რომ მთავარი და დამღუპველი საფრთხე ახლა ჩრდილოეთიდან მოდის ? – თითქმის ყვირილზე გადავიდა ამადეო, – ნუთუ, ვერ ხვდება, ახლა მხოლოდ ერთიანობა რომ გადაგვარჩენს ?  

ყველამ ერთმანეთს გადახედა.

„ჰა, ნუთუ, აპატიებთ მეფისთვის ყეყეჩის წოდებას ვინმეს ?“ – გახალისდა ბიანკა.

რა თქმა უნდა, არავინ არაფერი თქვა.

– დანარჩენმა მეფეებმა რა მოიწერეს ?... ენცომ და კონსტანტინომ.

– ჯერ-ჯერობით არაფერი, თქვენო უწმინდესობავ, – თვალები მორცხვად დახარა ხაზინადარმა, – არც თავისუფალი ქალაქებიდან ისმის რამე. 

არქიმოციქულმა მზერა ჭერს მიაპყრო და უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა.

– რეგვენები, ჯიუტები... სულელები... კარგით, ჩვენმა ბამბით მოვაჭრეთა გილდიამ რაო ?  

– ოცი ათას არიას გვასესხებენ, თქვენო უწმინდესობავ. სამწუხაროდ მეტს ვერაო, ასე მომახსენა თავმჯდომარე რაგოსამ, – ტუჩები მტკივნეულად მოკუმა ხაზინადარმა, - იმრონის ზღვაში ჩვენს თხუთმეტ ხომალდს მეკობრეები დაესხნენ თავს და ძალზედ დიდი ზარალი ვნახეთო... ცხრა ათასამდე ფუნტი ბამბა გაუტაცებიათ და ხომალდებიც, თქვენო უწმინდესობავ.

ამადეომ თვალები დახუჭა და გაღიზიანებულმა დაუტყაპუნა მარჯვენა ხელის გული მაგიდას.

– დანარჩენმა გილდიებმა, რაო ? მქსოველებმა, ოქრომჭედლებმა, ცხენებით მოვაჭრეებმა, მენახშირეებმა, კიდევ ვინ არიან ?... მეწაღეები და მეპურეები. რა მოიწერეს ? მაგათ გარდა სხვებიც ხომ არიან კიდევ ?

– ბამბით მოვაჭრეთა გარდა, ჩვენი ქალაქის თექვსმეტივე გილდია საერთო ჯამში დაახლოებით ოცდაათი ათას არიას გვასესხებს, თქვენო უწმინდესობავ, – ამოიქშინა ხაზინადარმა, – მეტს ვერა. ზოგმა რა მიზეზი მოიწერა, ზოგმა რა... რომელიღაცამ თქვა ბანკის ვალი გვაქვს და ათას ხუთასზე მეტს ვერ გასესხებთო, მეპურეებმა თქვეს, კაროლას ველზე რომელი ბეღლებიც გვაქვს ცეცხლი გაუჩნდა, ხორბალი დაგვეწვა და ახლა ისტლენდიდან გვიწევს შემოტან...

– ოცდაათი ათასი, – არქიმოციქულმა სიტყვა გააწყვეტინა ხაზინადარს, – დაუმატე ბამბის ოცი ათასი, ეგეც შენი ორმოცდაათი ათასი. ბევრი არაა, მაგრამ ჩვენი ჯარისკაცების გასამრჯელოს კი დაფარავს სადღაც ორი თვე მაინც, არა, ძვირფასო ხაზინადარო ?

– დიახ, თქვენო უწმინდესობავ, – სქელქუთუთოებიანი თვალები მოჭუტა ხაზინადარმა და გონებაში აშკარად თვლა დაიწყო, – დიახ, დაახლოებით ორი თვე.  

– თქვენო უწმინდესობავ, – დაიძახა მთავარინკივიზიტორმა და თავისი ნახშირივით შავი და ხშირი წვერ-ულვაში ააცმაცუნა, – მე... ვშიშობ, მე ცუდი ამბავი მაქვს... დიდმა მაგისტრმა მანეროლემ უარი მომწერა... მხურვალე მიწებიდან ბაშდურის ურდოები მოცურავენ ჩვენსკენ და მათ მოსაგერიებლად ვემზადებითო... კასტა-მარინოს დასაცავად ახლა არ გვცალიაო... გთხოვათ, ჩვენთვის ილოცოსო.

– ესე იგი, ილოცოსო, არა ? – ამადეომ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და ბოღმიანად ჩაეღიმა, – სულ თავს გავიდნენ ეს ორდენები.

– მე კი, – აბატმა გაეტანომ გაქუცული თავი მოიფხანა, – მე კი... წმინდა პაოლოს ორდენის მაგისტრმა მომწერა, ჩვენ... ჩვენ...

– რაო, ძმაო გაეტანო ? – მაგიდას დაეყრდნო იდაყვებით არქიმოციქული, – რა მოგწერათ ?

აბატმა შეშინებულმა მოავლო თვალი ჯერ ბიანკას და შემდეგ არქიმოციქულს.

– ასე მომწერა, რომ... რომ...

– რაო ? ჰა, ამოღერღე ბერიკაცო !

კიდევ ერთხელ, თვალებგაფართოებული მიაჩერდა ბიანკას მოხუცი აბატი და შემდეგ მაგიდას ჩააშტერდა დაჟინებით.

– ასე მომწერა... ჩემს რაინდებს ვერ გავწირავ იმ არქიმოციქულის დასაცავად, რომელიც უქორწინებლობის აღთქმას... უქორწინებლობის აღთქმას... არღ... არღვევსო.

– ნამდვილად ეგ მოგწერათ ? – გაეღიმა ამადეოს, – იქნებ სხვა რამეებიც ეწერა იმ მოღალატის წერილში ? ჰა ? ეგრეა ? გადმომეცით შემდეგ ეგ წერილი ! პირადად მინდა წავიკითხო !

აბატმა თავი დააქნია და მაგიდის თვალებით ბურღვა განაგრძო.

– რა გინდა, რომ ქნა ? – სავარძლის საზურგეზე გადაწვა არქიმოციქული, – იმ უწმინდურის მოწოდებაზე ჩრდილოეთში ერთიმეორეს ასწრებს ყველა და ჩემს ხმობას თაგვის ცურცლის ფასი აქვს ბელეგაში...  

– ძია მატეო ხომ ჩვენ გვერდით დგას, არა ? – მხრები ნერვიულად აათამაშა ანჯელომ.

– გაჩუმდი ! – დაუბღვირა თავისმა ძმამ.

– მერე რამდენი ჯარისკაცი ჰყავს ძია მატეოს ? – გაღიზიანებული მიუბრუნდა უმცროს ვაჟს არქიმოციქული, – მთელი ჩვენი ჯარი ფორცაშია... სამი ათასი კაცი. მიუმატე მაგას ჩვენი ვასალების ხალხი გლეხებიანად, ჰა, რამდენი ? ხუთი ათასი კაცი ? ეგეც შენი რვა ათასი... იცი ჩრდილოეთიდან რამდენი კაცი მოგვაწყდება ? მითხარი, შვილო, მითხარი.

– არ... არ ვიცი, – დაიბნა ანჯელო.

ბელეგას პირველი ომის დროს ორასი ათასი კაცი მოაწყდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს ყველა მხრიდან... ორასი ათასი. გესმის ? თან, მაშინ ჩრდილოელებს არ მიუღიათ ომში მონაწილეობა. ახლა კი, მგონი მოარჯულა ეგ ველურები აროსმა... ეგენიც ჩამოეთრევიან აქ თავიანთი ბინძური დაწნული წვერებით... სამასი ათას კაცზე ნაკლები არ იქნებიან.

საბჭოს წევრებს ოხვრა აღმოხდათ.

– მაშ, სხვა გზა არ მრჩება, – მხრები აიჩეჩა ამადეომ, – მომიწევს ჩემი ძალაუფლება სრულად ავამოქმედო. დღესვე მივწერ ახალ წერილებს როგორც მეფეებს, ისე იმ უნამუსო მაგისტრებს და თავისუფალი ქალაქების პრეფექტებს... ვეტყვი, რომ კასტა-მარინოს თუ არ დაიცავენ, სამოციქულო საყდრიდან განვკვეთ ! ყველას ! არავის დავინდობ ! კი, ეგრე ვიზამ ! სხვა გზას არ მიტოვებენ... დონ ფაბრიციო, რა მდგომარეობაშია ჩვენი კედლები ? – ქალაქის დაცვის მეთაურს მიმართა ამადეომ.

– ისა... ეეე, – დაიბნა რაინდი. ეტყობა, არ მოელოდა ასე უცბად თუ მიმართავდა მას არქიმოციქული, – კარგ მდგომარეობაშია, თქვენო უწმინდესობავ... კი, კარგ მდგომარეობაში. თუმცა ფირალეს და... და აურელიას კედლებს ნახეთქები აქვთ გაჩენილი და... და ღრმულები კიდევ... ბევრი ღრმული. ჩრდილოეთის კარიბჭის მხარესაც ბევრი ღრ... ღრმული აქვს კედელს... საკმაოდ ღრმა ღრმულები.

– ძალიან კარგ მდგომარეობაში ყოფილა, ვერაფერს იტყვი, – ამადეომ ნერვიულად აათამაშა მაგიდაზე ბეჭდებიანი თითები, – ხაზინადარო ბაროლე, რა გვაქვს სამოციქულო საცავში ?

– აამ... ოცდაათი ათასი არია, თქვენო უწმინდესობავ, – მოიკუნტა ხაზინადარი, –ორმოცდაათი... არა, ორმოცდათორმეტი ფუნტი ვერცხლი და... და სამოცი ოქროს მონეტა.

ამადეომ უკმაყოფილოდ გააქნია თავი, ბიანკას კი ძლივსშესამჩნევად ჩაეღიმა და ირონიულად გაიფიქრა, მეც ხომ არ დავეხმარო ამათ გასაცოდავებულ საცავს, როცა გასამრჯელოს გადამიხდიანო.

– დონ ფაბრიციო, – კვლავ ქალაქის დაცვის უფროსს მიმართა არქიმოციქულმა, – საუკეთესო კალატოზები იპოვეთ ქალაქში და კედლების შეკეთებას შეუდექით. თუ საკმარისი არ იქნებიან, ბრუგეადან ჩამოიყვანეთ... ნახევარ წელიწადზე მეტი არ გვაქვს, სანამ იმ უწმინდურის მიერ დაგეშილი ხალხი მოგვაწყდება ჩრდილოეთიდან.

– თქვენო უწმინდესობავ, – თვალები გაუფართოვდა რაინდს, – მე... მე... ფული... კალატოზები ისე არ იმუშავებ...

– თქვენი აზრით, რატომ ვკითხე ხაზინადარ ბაროლეს საცავის შესახებ ? ჩვენი ძვირფასი ხაზინადარი შესაბამის რესურსებს გამოგიყოფთ, კალატოზებს რომ გასამრჯელო გადაუხადოთ.

ბაროლე ჯერ დაიბნა, შემდეგ უმალ დააქნია ნაკეცებიანი თავი და რაინდს მიაჩერდა.

– და თავის რომელიმე მოხელესაც გამოგიყოფთ ძვირფასი ხაზინადარი, ხარჯების თვლაში რომ დაგეხმაროთ. იცოდეთ, ისე უნდა აღადგინოთ კედლები, რომ ქალწულის საშოზე უფრო დახშული იყოს !

არქიმოციქულის ბოლო სიტყვებზე აბატსა და მთავარინკვიზიტორს ლამის ერთდროულად მოეღუშათ სახეები, მაგრამ უმალ მოადუნეს ნაკვთები, რამე რომ არ შეემჩნია მას.

– დონ ფაბრიციო, იცოდეთ, პირადად შევამოწმებ ყველაფერს. ყოველ კედელს დავივლი და საგულდაგულოდ შევამოწმებ.  

რაინდმა თავი დაუკრა ამადეოს.

– და თხრილი ? რა მდგომარეობაშია ?

– ქალაქის გარეთ რომელიცაა ?

– არა... ბებიათქვენს რომელიც აქვს ბოსტანში გაყვანილი. 

თადეოსა და ანჯელოს ჩაეცინათ, რაზეც უმალ მამის მწყრალი მზერა აირტყეს.

– რა თქმა უნდა, ქალაქის თხრილზე გელაპარაკებით, დონ ფაბრიციო. რა გჭირთ ?

– დიახ, – ბიანკამ შეამჩნია, რომ სიგრილის მიუხედავად რაინდს ოფლით ჰქონდა შუბლი დაცვარული, – თხრილი... კარგადაა თხრილი. წყალი ზოგიერთ ადგილას გაყინულია ახლა, მაგრამ გაზაფხულზე და მითუმეტეს... მითუმეტეს ზაფხულში უკვე გადნება.

– ოცდაცამეტი ფუტი აქვს, არა, სიგანე ?

– ორმოცი, თქვენო უწმინდესობავ ! – თავისი ხრინწიანი ხმით ჩაერთო საუბარში მთავარინკვიზიტორი.

– დიახ, – რაინდიც დაეთანხმა მთავარინკვიზიტორს, – ორმოცი ფუტი... დიახ, ორმოცი.

– სამოცდაექვსი გახადეთ !

რაინდი შეკრთა და საბჭოს დანარჩენ წევრებს შეხედა რიგ-რიგობით. გეგონება, უსიტყვოდ სთხოვდა, დამიცავითო, მაგრამ, რა თქმა უნდა, არავინ აპირებდა მისთვის სიტყვის შეწევნას. ერთადერთი, მთავარინკვიზიტორი აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით, თითქოს რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ვერაფრით აყენებდა საშველს.

– რამდენი ჯარისკაცი გყავთ თქვენს განკარგულებაში ? – ჰკითხა რაინდს არქიმოციქულმა.

– ექვსასზე მეტი, თქვენო უწმინდესობავ.

– ექვსასზე მეტი ? ზუსტად არ იცით რამდენი ?

– ექვსას... ექვსას... ექვსას ორმოცდათორმეტი !  

– ყველა თქვენი ჯარისკაცი თხრილზე ამუშავეთ ! – უბრძანა არქიმოციქულმა, – რა თქმა უნდა ისინი, ვინც კედლების მეთვალყურედ არ იქნებიან გამწესებულები. იმედია, ხვდებით ამას. და კიდევ ქალაქის მოსახლეები დაიქირავეთ ! ვგონებ, ოთხასი ათას კაცში ბევრი უსაქმური იქნება. ყველა უსაქმურს ნიჩაბი მიეცით ხელში ! გასამრჯელოდ დღეში ერთ არიას დაჰპირდით !

– მე... კი მაგრამ, თქვენო უწმინდესობავ, როგ... როგორ... 

– ხაზინადარი ბაროლე საჭირო რაოდენობით ფულს გამოგიყოფთ ! თუ რამდენი იქნება საჭირო, ამ ყველაფრის დათვლაში მისი მოხელე დაგეხმარებათ, არა ხაზინადარო ?

ბაროლე უმალ ნაოჭებიანი ღაბაბის ქნევას მოჰყვა თანხმობის ნიშნად.

– დიახ ! რასაკვირველია, თქვენო უწმინდესობავ, რასაკვირველია.

– ამას გარდა...  

– მომიტევეთ, თქვენო უწმინდესობავ, – მთავარინკვიზიტორმა როგორც იქნა მოახერხა ხმის ამოღება.

– გისმენთ, ძმაო დომენიკო, – არქიმოციქული ცივად მიაჩერდა მას.

მთავარინკვიზიტორმა სისხლისფერი კაბა შეისწორა და წელში გაიმართა.

– თხრილის გაფართოება... ხომ არ... ხომ არ...

– რა ?  

– სახნავ-სათესი მიწების დატბორვას ხომ არ... ხომ არ გამოიწვევს ? და კიდევ ვენახების, ტყის მხარეს რომელიცაა იმათსას. ზღვის წყალს ქალაქის გარშემო კიდევ უფრო მეტად თუ შემოვუშვებთ, მგონი, დაგვეტბორება მიწებ... 

– სამაგიეროდ ქალაქი კიდევ უფრო მიუდგომელი გახდება, ასე არაა ? - ცბიერად ჩაეღიმა არქიმოციქულს, - თუ გგონიათ თქვენი ოჯახის მიწების გამო კასტა-მარინოს გავწირავ ?

მთავარინკვიზიტორს წყენა შეეტყო სახეზე. პირი გააღო რაღაცის სათქმელად და მერე ისევ დამუწა.

– ოჰ, რატომ ღელავთ, ძმაო დომენიკო ? – ჩაეცინა ამადეოს, – მანოლე კი არ ვარ, სრულ ტერორში რომ ჰყავდით... დამთავრდა ამ ქალაქში მისი მმართველობა. თხრილს ჯებირებს გაუკეთებს ჩვენი ძვირფასი დონ ფაბრიციო რათა თქვენი მიწები არ დაიტბოროს, არა, დონ ფაბრიციო ?

რაინდმა ისეთი სახე მიიღო ბიანკამ იფიქრა სადაცაა გასკდებაო, მაგრამ ამის ნაცვლად მორჩილად დააქნია თავი.

– ესეც ასე. მგონი, შევთანხმდით, – ნიკაპზე ამოსულ წვერს მიეფერა არქიმოციქული, – ახლა სხვა საკითხებზე გადავიდეთ, – და ანჯელოს შეხედა, – შენ, იმრონისკენ გაცურავ ორ-სამ დღეში !... და მოქირავნეებს ჩამომიყვან აქ !... თავისუფალ გაერთიანებას.  

ანჯელო თავის ძმას შეაცქერდა გაკვირვებული და მერე ისევ მამას მიაპყრო თვალი.

– ოღონდ, მხოლოდ „ოტავიოს ნაბიჭვრებს“, გასაგებია ? სამი ათას კაცს. სამოცი წლის წინ, დელლა-ვერდეს ალყისას მათ რომ არ დაეცვათ ქალაქი, ბელეგა ახლა ალბათ ისევ ახალი იმრონის სამეფოს ნაწილი იქნებოდა. ასი კაცი წაიყვანე თან ! გასამრჯელოს რასაც მოგთხოვენ, დათანხმდი !

ახლა თადეოს მიუბრუნდა ამადეო.

– შენ კიდევ დიადი ჯვრის სრუტეს გადაცურავ და ისტლენდში ჩახვალ !

თადეომ ბიანკას შეხედა ვედრებით, გეგონება ამ უკანასკნელისგან სიტყვის შეწევნას ელოდა და მერე ისევ მამას შეაჩერდა.

– რომელიმე მაგს ჩამომიყვან. ოღონდ, ისეთს ვისაც სტიქიების მბრძანებლობა შეუძლია... ხომ შეუძლია ზოგიერთს ? – საბჭოს დანარჩენ წევრებს მიმართა არქიმოციქულმა.

– აა... დიახ, – ხმა ამოიღო ქალაქის მსაჯულმა დემონტემ, სუსტი მკერდი გამოსწია წინ და რაც ძალი და ღონე ჰქონდა ჩაახველა, – გამიგია, ისტლენდის დიად დაბლობზე გაშენებულ ზოგიერთ თავისუფალ ქალაქ-სახელმწიფოში მაგების ისეთი გილდიებია, რომელთა წევრებსაც ბუნების მბრძანებლობა ხელეწიფებათ. 

– შესანიშნავია. მაინც იქით გაქვს გზა, – კვლავ უფროს ვაჟს მიუტრიალდა ამადეო, –გაიკითხავ, რომელ ქალაქებში არიან ისეთი მაგები, როგორებიც მე მსურს და აქ ჩამომიყვან ერთ-ერთს, გასაგებია ? რამდენსაც მოგთხოვს გასამრჯელოს, იცოდე, ყველაფერზე დათანხმდი ! ბელეგას მთების წონა ოქროც რომ მოგთხოვოს, ეტყვი, რამდენსაც ინებებთ იმდენს გადაგიხდით, არაა პრობლემაო, ხომ გასაგებია ? შენ ორას კაცს წაიყვან თან !

თადეომ გაოფლილი შუბლი შეარხია. ბიანკამ შეამჩნია, რომ აბატსა და მთავარინკვიზიტორს ისე წამოუწითლდათ სახეები, გეგონება, ძლივს იკავებდნენ თავს ყვირილისგან.

– მსაჯულო დემონტე ! – ახლა კასტა-მარინოს მთავარ მსაჯულს მიუბრუნდა არქიმოციქული, – კატორღებში რამდენი დამნაშავე გვყავს გამწესებული ?

მსაჯულმა ნაყვავილარი ლოყები გამობერა.

– ალ... ალბათ, ხუთი ათასი ?

– მე თქვენ გეკითხებით და თქვენ მე მეკითხებით ?

მთავარი მსაჯული სკამზე აწრიალდა.

– გავარკვევ... ზუსტი რიცხვი არ... არ ვიც...

– გაარკვიეთ და მომახსენეთ ! მათი ნახევარი მაინც უნდა გამოვიყენოთ, როცა ქალაქს მტერი მოადგება. თქვენი ხალხი გაგზავნეთ მათთან მოსალაპარაკებლად ! უთხრან, რომ სასჯელისგან გაათავისუფლებთ, თუ ქალაქს დაიცავენ !  

– კი მაგრამ, თქვენო უწმინდესობავ, ისინი ხომ მძიმე... ძალზედ მძიმე დამნაშავეები არიან... უმეტესობა...  

– ეს მხოლოდ დაპირება იქნება, – ოინბაზურად გაუღიმა არქიმოციქულმა, – რომელიც შეგვიძლია რომ არ შევასრულოთ. თან, ყველა მათგანს კედლებს გარეთ გავუშვებთ და პირველივე შეტაკებისასვე შევაკლავთ მტერს. ომის შემდეგ, თუ რომელიმე ცოცხალი გადარჩება, ისევ კატორღებზე დავაბრუნებთ... ჩემს სპილენძის მაღაროებს მუშახელი არასდროს აწყენს, ასე არაა ?

მთავარმა მსაჯულმა დემონტემ დაშაშრული ტუჩები წინ გამობზიკა.

– დიახ, თქვენო უწმინდესობავ. როგორც მიბრძანებთ. 

– ამმმ... თქვენო... თქვენო... თქვენო უწმინდესობავ, – ძლივს ამოღერღა აბატმა გაეტანომ და ხელახლა მოიფხანა გაქუცული თავი ორი თითით, – არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ... რომ...

– რა, ძვირფასო აბატო ? – დამცინავად მიაჩერდა ამადეო.

– მაგებიო, ასე... ასე თქვით ?   

„ასეც ვიფიქრე“, – ჩაეღიმა ბიანკას და საყვარელს გახედა. ამადეოს სახე ნელ-ნელა სუსხიანი სიმკაცრის ტალღებში იძირებოდა.  

– მაგები ხომ... ისინი ხომ... ისინი ხომ ჰადინის მსახურები არიან, თქვენო უწმინდესობავ.

– დიახ. ზუსტად ეგრეა ! – უცბად გამბედაობით აღივსო მთავარინკვიზიტორი დომენიკო, –მათნაირებს ჩვენ ცეცხლს ვაძლევთ !

– თქვენ ცეცხლს საწყალ გლეხებს და გაღლეტილებს აძლევთ ! – კბილებში გამოსცრა არქიმოციქულმა, – იმათ, ვინც შურიანმა მეზობელმა დააბეზღა... ვისაც ერთი გავლენიანი მეგობარიც კი არ ჰყავს, ვისაც ერთი გახვრეტილი არიაც კი არ აქვს, თქვენ რომ შემოგაძლიოთ... თქვენი მარწუხებისგან რომ დაიხსნას თავი ! არ ვიცოდე მაინც, რა ხდება სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში. ასი წლის წინ, რომ კლარა ილარიელი დაწვა ინკვიზიციამ, იმის შემდეგ ნამდვილი მაგი ერთიც არ დამწვარა ბელეგაში... მხოლოდ საწყალი გლეხები, უპატრონოები და უიღბლოები.

– ჩვენ... ჩვენ...

– ჰო თქვენ, თქვენ ! 

– თქვენო უწმი... უწმინდესობავ, – ისევ ჩაერთო საუბარში აბატი გაეტანო, – ჩვენ, როგორც სულთა მეუფის ერთგული მსახურები, ვალ... ვალდებულები ვართ მხოლოდ მეუფეს მივენდოთ... მხოლოდ მის... მის იმედად ვიყოთ. თქვენ კი ჩვენი წინამღოლი ხართ ! თქვენ ხომ... თქვენ ხომ მაგალითი უნდა იყოთ როგორც... როგორც ჩვენთვის, ისე მთელი ბელეგას მოსახლეობისთვის ?

– ესე იგი, მხოლოდ მეუფეს მივენდო, არა ? – ამოიხვნეშა ამადეომ, – მითხარით, ძვირფასო აბატო, რატომ არ დაეხმარა ღრმად მორწმუნე ჰერცოგ კანოლეს მეუფე, როდესაც საკუთარ ქორწილში გამოსჭრეს ყელი ? ჰა ? მითხარით ერთი ! რა, არ შეეძლო მის კანზე დადებული დანა კარაქად ექცია ? ან, ის მითხარით, ვინ დაეხმარა აწ განსვენებულ მუდმივად მმარხველ მეფე ალბერტოს კამინის ბრძოლაში ? სულთა მეუფე ? თუ მამაჩემი, რომელიც ექვსიათასი მძიმედ შეჭურვილი მხედრით დაეშვა ალმას ფერდობიდან ? – იღრიალა არქიმოციქულმა.

მაგიდაზე მსხდომები ერთიანად შეხტნენ. მხოლოდ ბიანკას არ შეუხრია წარბი. იგი ისე კარგად გრძნობდა, როდის წამოიყვირებდა მისი საყვარელი, თითქოს მის ტყავში იჯდა.

– ჩვენი მტრ... მტრების არქიმოციქული ღრმად მორწმუნე კაციაო, ასე ამბობენ, – დაიკნავლა მთავარინკვიზიტორმა.

– მერე ? – მოუთმენლად შეკრა მუშტი ამადეომ, – ამით რისი თქმა გსურთ, ინკვიზიტორო ?

– არაფ... არაფრის. უბრალოდ... უბრალოდ იგი მეუფეს ენდობა აშკარად... და ჩვენც იგივე არ გვმართებს ? მეუფე შეგვეწევა, თთ... თქვენო უწმინდესობავ მხოლოდ მას თუ მივენდობით. იმ... იმ არქიმოციქულზე ამბობენ ლოცვით სნეულებს ჰკურნავსო.

– ვისზე ? იმ უწმინდურზე ?

– დდ... დიახ.     

– ხო ? მე კიდევ მეხს ვისვრი ხოლმე ტრაკიდან ! – იყვირა ამადეომ, მაგრამ ამ სიტყვებზე, ბიანკას გარდა, ვერავინ გაბედა გაღიმება, – მითხარით ერთი, ძმაო დომენიკო, თუ ასე ძალიან ენდობა ის ვაჟბატონი მეუფეს, ილოცოს მისადმი და შემმუსროს !... ილოცოს, ხო ! ნუთუ, მთელი ერგუნდია, ოლდენი, ზემო ოლდენი, კემბრია და ჩრდილოეთი დასჭირდა, მე რომ დამსაჯოს ?

ვერავინ ვეღარაფერს იძახდა. ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, ბუზები ზამთრის სიცივეს რომ არ დაეხოცა მხოლოდ მათი გაფრენ-გამოფრენის ხმას გაიგებდა კაცი.

– მოკლედ, – ცოტა ხანში ღრმად ჩაისუნთქვა პირით ამადეომ და სათითაოდ მიაჩერდა საბჭოს წევრებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვეღარ ბედავდნენ მისთვის თვალის გასწორებას, –ყველაფერს ისე ვიზამთ, როგორც მე გადავწყვეტ ! მე ! მე ! გასაგებია, თქვენი დედაც ? გასაგებია, აბატო ?

აბატმა მაშინვე თავი დააქნია.

– და თქვენთვის, ძმაო დომენიკო ? – არქიმოციქულმა ახლა აბატის მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მთავარინკვიზიტორს დაუწყო თვალებით ბურღვა და ამ უკანასკნელმაც უმალ დაატაკა წვერით დაფარული ნიკაპი მკერდს.

– სნეულებს კურნავს თურმე ვაჟბატონი. აბა, ერთი მუცელს გამოვფატრავ ჩემი ოჯახის საგვარეულო ხმლით და ვნახავ ერთი როგორ გაიმთელებს ლოცვით !... ინკვიზიტორო, თქვენი ხალხი დონ ფაბრიციოს მიახმარეთ თხრილზე ! სასარგებლო საქმეს მაინც გააკეთებთ ცოტა ხანს.

მთავარინკვიზიტორს ნიკაპი აუცახცახდა.

– თქვენო უწმინდესობავ, ჩჩჩ... ჩვენ... ჩვენ...

– თქვენ თქვენს ხალხს მიახმართ დონ ფაბრიციოს ! – კლდესავით მტკიცედ წარმოთქვა ამადეომ.

– დდ... დიახ, თქვენო უწმინდესობავ, – სკამზე მოიკუნტა ინკვიზიტორი, – როგ... როგორც მიბრძანებთ.

მცირე ხანს სიჩუმე ჩამოწვა. ოთახში მყოფთა თვალები ერთმანეთს, ორნამენტებიან კედლებსა და მაგიდას შორის ცმუკავდნენ.

– კარგით, – მცირე ხნის შემდეგ დაწყნარებულმა თქვა ამადეომ, – ესე იგი, შევთანხმდით. ხაზინადარო ბაროლე, ნეროას ბანკის მმართველსა და მარცანოს ფულის გადამცვლელთა გილდიის თავმჯდომარეს მივწერ წერილებს ფული რომ გვასესხონ... მილიონი არია მაინც. მოქირავნეებისთვის და მაგისთვის ფული დაგვჭირდება... ბევრი ფული.

– თუ გნებავთ, მე მივწერ, თქვენო უწმინდესობავ, – თვალები გაუბრწყინდა ხაზინადარს, – თქვენს სამსახურში მიგულეთ !

– არა. ჩეზარეც და ფრანკოც მეტისმეტად ამაყი კაცები არიან. ბელეგას არქიმოციქულის თხოვნას მაინც სხვა ძალა ექნება მათ თვალში. სიამაყე... ყველგან ეს უაზრო სიამაყე მძვინვარებს, არა, ძმაო დომენიკო ? – ამადეო მთავარინკვიზიტორს მიაჩერდა, რომელიც ბანჯგვლიან ლოყებს აცანცარებდა ნერვიულად. ეტყობა, ისევ წეღანდელ სიტყვიერ შეხლა-შემოხლაზე ფიქრები უხუთავდა სულს.

– დდ... დიახ, თქვენო უწმინდესობავ, – ქვედა ტუჩი მოიკვნიტა მან, – რასაკვირველია.

ბიანკამ იფიქრა, მგონი, არც გაუგია რას ეუბნებოდა ამადეო, ისე იყო აზრებში გართულიო.

– კეთილი, – ამადეომ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი მაგიდაზე მსხდომებს, – რაც დაგავალეთ ყველაფერს ზუსტად ისე იზამთ, გასაგებია ?

გასაგებიაო, ერთხმად დაიძახეს საბჭოს წევრებმა.

– თქვენი საქმიანობის შედეგებზე ყოველ კვირა მომახსენეთ !   

– თქვ... თქვენო უწმინდესობავ, – ამოიქშინა აბატმა გაეტანომ, – წერილზე რომ მითხარით... წმინდა პაოლოს ორდენის წერილზე. ჩემს რომელიმე ბერს გამოვატან როგორც კი მონასტერში მივალ.

– თქვენ თვითონვე შეგიძლიათ მომართვათ, ასე არაა ? რატომ შევაწუხოთ ბერები ? დაე, ილოცონ მათ. რაც შეიძლება მეტი ილოცონ. ლოცვა დიდად შეგვეწევა მოსალოდნელ ომში, ხომ ასეა ?

– დდ... დიახ, თქვენო უწმინდესობავ ! – ნიკაპის ქვეშ გაბურდული წვერი აღელვებულმა მოიწიწკნა აბატმა, – დღესვე მოგართმევთ... წერილს, თქვენო უწმინდესობავ.

ამადეომ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი საბჭოს წევრებს და შემდეგ ფეხზე წამოდგა.

– შეხვედრას დასრულებულად ვაცხადებ ! დაე, სულთა მეუფე შეგეწიოთ თქვენ-თქვენს საქმეებში !

 




 

****

 

 

ბიანკა ამადეოს ოთახში, საწოლზე გაწოლილიყო და ნივნივებიან ჭერზე გამოსახულ მანოლეების უშველებელ საგვარეულო გერბს მისჩერებოდა. ფრთები ისე ფართოდ გაეშალა ჭაღში ჩამაგრებული სანთლების ლიცლიცა შუქით განათებულ ლომს, იფიქრებდი, სადაცაა გაცოცხლდება, ორნამენტებიან ჭერს გამოეყოფა და აივნის კარიდან გაფრინდება გარეთ, ცივ სიბნელეშიო. საოცარი იყო, რომ ოჯახისგან, რომელიც ორას წელზე მეტხანს მართავდა კასტა-მარინოს, აღარაფერი დარჩენილიყო კატორღაზე გამწესებული მათი უკანასკნელი თექვსმეტი წლის ვაჟის გარდა და ისიც, ამადეოს თქმით, ალბათ, დღე-დღეზე მოკვდებოდა ტიფით.

ამადეო თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა და უკვე მეორე წერილს წერდა. საწერ ბუმბულს თაგვივით აწრიპინებდა ქაღალდზე. გაჩახჩახებული ჩუქურთმებიანი მარმარილოს ბუხარი თავისი დამამშივდებელი ტკაცატკუცით აძლევდა ბანს კალამს.

„თერთმეტი დღე“, – წმინდა კორნელიას დღემდე დარჩენილი დღეები გადათვალა გონებაში ბიანკამ. როგორც ამადეოს მკვლელობის დამკვეთებმა მოსწერეს, ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა სრულად, თუ წმინდა კორნელიას დღეს არ გადააცილებდა მკვლელობას. არადა, საწამლავი ჯერ არ ჰქონდა ნაშოვნი. გაგონილი ჰქონდა, რომ ერთ-ერთს ისეთი მოქმედება ახასიათებდა, თუ დალევდი ფაღარათით მოგკლავდა. სწორედ ამ შხამისკენ მიუწევდა გული ბიანკას, – ბელეგას არქიმოციქულს, რომელსაც მთელი ბელეგას თავის ჭკუაზე ტრიალი სურდა, საკუთარი უკანალი დაატრიალებდა თავის ჭკუაზე.

– ჩემო ძვირფასო, – დაიძახა ამადეომ, – მითხარი აბა, რომელი ფრაზა სჯობს ? „დროულად გამოგზავნეთ თქვენი ხალხი კასტა-მარინოში თუ არა და შეგიძლიათ სულთა სავანეს სამუდამოდ დაემშვიდობოთ“ თუ „თუ თქვენს ხალხს დროულად არ ვიხილავ კასტა-მარინოში, მომიწევს სულთა სავანეში შემავალი კარი სამუდამოდ დაგიხშოთ“ ?

– მეორე, – მაშინვე უპასუხა ბიანკამ, – უფრო ლამაზად ჟღერს.

– ეგრეც ვიფიქრე.

ისევ აწრიპინდა ბუმბული. ბიანკამ კი ფიქრი განაგრძო. კასტა-მარინოში ორ აფთიაქარს იცნობდა, – კარლასა და ემილიოს. კარლასგან, რომელიც „ძმები კორნარეების წამლის სახლის“ აქაური განყოფილების უბრალო მუშაკი იყო, ოთხჯერ იყიდა მუცლის მოსაშლელი ხსნარი, ხოლო ერთხელ მისი ქმარი ზედმეტად მძვინვარე მოვალისგან გადაარჩენინა ამადეოს. „ახალ აფთიაქართა გილდიის“ რიგითი წევრი ემილიო კი... იგი უბრალოდ მისადმი სიყვარულით იწვოდა. ბიანკა ყოველთვის თვლიდა, რომ სჯობს იმ მამაკაცს მიენდო, რომელსაც უყვარხარ, ვიდრე იმ ქალს, რომელიც მეგობრად გთვლის და გემადლიერება.

„ქალებში მეტი შურია... კაცებს მხოლოდ ერთი რამ უნდათ. მისცემ და ცხოვრების ბოლომდე შენი ფინიები იქნებიან.“

შემდეგ, იმ დაკონკილ მოსასხამში გახვეული ქალის სახე გაახსენდა, რომელმაც წვრილი გრაგნილი და ავანსად ოთხი ბელეგური ოქროს მონეტა მოართვა პირდაპირ თავის ოთახში. არც ისე ლამაზი, არაფრით გამორჩეული სახე, – სახე, რომელიც ციტადელში ვეღარსად ნახა. ნეტავ, ვინ იყო ან როგორ შემოაღწია ციტადელის კარიბჭეშიო, იფიქრა ბიანკამ, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას ? მთავარია, დიდად მოეწონა ამგვარ ინტრიგაში რომ შეასრულებდა მთავარ როლს, –ინტრიგაში, რომლის მსგავსებიც სამეფოებისა და მასში მცხოვრები მრავალი ადამიანის ბედს წყვეტენ, ინტრიგაში, რომელშიც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშეც დიდი სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას ბიანკა.

– ნახე ერთი, რას იწერება ეს ბოზის გაგდებული ! – ფიქრებიდან გამოარკვია ამადეოს ღრენამ, – „ჯერ ლოცვა ისწავლოს არქიმოციქულმა და მერე მოითხოვოს ჩვენგან მისი უკანალის დაცვა. ჩემი რაინდების სისხლს არაფრის დიდებით არ დავღვრი უქორწინებლობის აღთქმის დამრღვევისთვის“.... ნაბიჭვარი ! მოღალატე ნაბიჭვარი ! ამას ვუჩვენებ სეირს !

– ეგ ვინაა ? აბატმა რომ ახსენა დღეს ?  

– ჰო. წმინდა პაოლას თუ პაოლოს ორდენის ნაბიჭვარი მაგისტრი ! მაგის დედაც ! მე შენ გაჩვენებ, დამაცადე !

– დავიღალე, ამადეო. წავალ დავწვები, – ფეხზე წამოდგა ბიანკა და ჩუქურთმებიანი კარისკენ წალასლასდა, – თუ მოგენატრები, იცი, სადაც მომაგნო. 

მაგრამ არქიმოციქულს არც მიუქცევია მისთვის ყურადღება ისე იყო კალმის გაცხოველებული წრიპინით გართული.

ბიანკა ფარნებით მკრთალად განათებულ დერეფანში გამოვიდა და მოზაიკის კედლებზე გაწელილ მუქ ჩრდილებს შორის წანარნარდა. თადეოს ოთახის კარი ღია დახვდა, თუმცა თავად არქიმოციქულის უფროსი ვაჟი არსად ჩანდა, – მხოლოდ თავსაფრიანი მსახური გოგონები ფაცაფუცობდნენ შიგნით რაღაცას გრძელ ჯოხებზე დახვეული სველი ნაჭრებით. უცბად, გარეთ ქარმა დაიხუვლა, მისმა შემზარავმა ხმამ თადეოს ოთახის დაგმანულ ფანჯრებშიც კი შემოაღწია და სიკვდილმისჯილი ქალის წამოკივლების ექოსავით მოეფინა ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანს. ბიანკამ ცხვირით ღრმად შეისრუტა ჰაერი, ჩათვალა ამგვარად გულ-მუცელში ჩაუშვებდა ქარის სიმღერას და მისი სიმსუბუქით აღივსებდა თავის არსებას.

ასეც მოხდა. თვალებდაწვრილებულმა ჩაიცინა და ქვედა სართულზე ჩამავალი გრანიტის კიბისკენ წავიდა.

 

 

 

თავი მეორე

 

 

ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ კარგად შეისწავლა ქალაქის ცენტრამდე მისასვლელი ქუჩები ბიანკამ. თუმცა მარტოს არასდროს უშვებდა ციტადელიდან ამადეო. ალბათ, ახლაც არ გამომიშვებდა ფორცაში რომ არ წასულიყოო, იფიქრა ქალმა და ხალისიანად დაეშვა აჭყაპებულ მოფილაქნებულ დაღმართზე. ის დრო მოაგონდა, როცა გაცილებით ნაკლებ მნიშვნელოვან კაცებთან იყო და თავისუფლად დადიოდა ქალაქების ქუჩებში, ბაზრებში, სიცილით წაეთამაშებოდა შადრევნების გარშემო მორბენალ გოგო-ბიჭებს, ოფლიან ხელოსან მამაკაცებს თავისი თვალისმომჭრელი ღიმილით დაათრობდა, საროსკიპოების აივნებზე გადმომდგარ მეძავებს შურს გაუღვივებდა, სისხლადუღებულ ჭაბუკებს საკუთარი მგზნებარე მზერით კიდევ უფრო აუთუხთუხებდა გულებს, მაგრამ მათგან მხოლოდ ძალზედ ცოტას თუ აღირსებდა შვებას, ამფითეატრების სცენებზე სხვადასხვაგვარ ფერად კაბებში გამოეწყობოდა და მაყურებელს საოცრებათა ქვეყნებში ამოგზაურებდა.

„კარგი დრო იყო. თუმცა ესეც ძალზედ კარგი დროა“, – გაციებულ ცას ახედა, რომელიც ხელახალი გათოვებით იმუქრებოდა.

ემილიოს სახლი თხუთმეტი ქალწულის მოედანზე მდებარეობდა ქალაქის მთავარ ტაძართან ახლოს. იქ მისასვლელად ბიანკა აუჩქარებელი ნაბიჯით გავიდა დონების უბნიდან, სადაც უშველებელი ციტადელის გარდა, კასტა-მარინოში მცხოვრები შეძლებული ვაჭრებისა და სხვადასხვა გილდიების გავლენიანი წევრების სახლებიც იდგა და ფეხი მოუფილაქნებელ ყასაბთა უბანში დადგა.

წაგრძელებულ და ოდნავ მოხვეულ ქუჩაზე გაბნეული ტალახიანი გუბეები სხვადასხვა ზომის ხალებით გამშვენებულ ცხენის კისერს მიამგვანა. აქა-იქ ძველისძველ ხიმინჯებზე დამდგარი მოფამფალებული სახლები კი ხელჯოხებზე დაყრდნობილ დაჩაჩანაკებულ მოხუცებს. ბიანკამ ღრმად შეისუნთქა უბნის სურნელი და გულის გამაწვრილებლად ჭრიალა, ლაფიან საზიდრებს შორის დაიწყო გზის გაკვლევა. წვივებატალახებულ ცხენებსა და ჯორებს ღიმილით უთმობდა გზას და ამის შემდეგ აგრძელებდა სვლას. საზიდრებში შებმულ, ბეწვზე ტლაპომიმხმარ ხარებსა და კამეჩებს თვალებით ეფერებოდა. ერთიმეორეზე ბინძურ მამაკაცებსა და ქალებს გულიანად უღიმოდა. ყველას სათითაოდ ჩაეხუტებოდა სისუფთავის შენარჩუნება რომ არ სჭირვებოდა აფთიაქარ ემილიოსთან შეხვედრისთვის. ყველაფერი მოსწონდა... ყველა და ყველაფერი, რამეთუ ერთი დიდი და საოცარი წარმოდგენის ნაწილად ესახებოდა. ეს ყველაფერი ხომ ნამდვილი ხელოვნება იყო ?

ერთ საროსკიპოსა და ტავერნას შორის წარმოქმნილი შუკის შესასვლელთან ბორდიურზე ჩამომჯდარი, ჩამოძონძილი და მეტისმეტად გამხდარი ბიჭუნა დაინახა. ობიანი პურის ნაჭერს ისე ჭამდა იგი, როგორც უგემრიელეს ორცხობილას. თავისი ვაჟი, ალესანდრო მოაგონა მან, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ორი-სამი წლით უმცროსი იქნებოდა, როცა კეთრმა მოკლა. თვალები ცრემლმა აუვსო ბიანკას, უნდოდა როგორც საკუთარ შვილს, ისე მოხვეოდა ბიჭუნას და ქალაქში ყველაზე გემრიელი ორცხობილები ეყიდა მისთვის, მაგრამ რატომღაც არც ერთი ქნა და არც მეორე. მეჩქარებაო, თქვა თავისთვის და გზა განაგრძო. „კაბა და მოსასხამიც დამესვაროს შეიძლება“, - ეს გაივლო თუ არა გულში სინდისმა დახრჩობა დაუპირა, მაგრამ იმდენად მშვენიერი ეჩვენებოდა სინდისის ქენჯნაც, რომ მან ვერ გაძლო მასთან და, ალბათ, დაუყოვნებლივ იმის საძებნელად გაქროლდა, ვისაც ნამეტნავად ზარავდა.

გუბეებს თავს არიდებდა ბიანკა, მაგრამ ტალახს ვერსად წაუვიდოდა. ამადეოს მიერ ნაყიდი ტყავის ძვირფასი, ვერცხლისსამაგრებიანი ჩექმები ლამის მუხლებამდე ამოეგანგლა. თანდათან, ძმათა უბანში შევიდა, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ორ-სამ სართულიანი საროსკიპო იდგა და წუმპეების გამო გართულებული მოძრაობის გამო არც ისე მცირე ხანი მოანდომა აბრეშუმით მოვაჭრეთა მოედანზე შესვლას, საიდანაც უკვე ფართო და შედარებით სუფთა მოფილაქნებული გზა მიემართებოდა ქალაქის მთავარი მოედნისკენ.

– თავშალს ხომ არ იყიდით, დონა ? – ვიღაც გამხდარმა მამაკაცმა შესციცინა, – ან მოსასხამს ? თქვენნაირ ლამაზ დონას ზუსტად ჩვენი საქონელი მოუხდება... არგეადან ჩამოტანილი ქსოვილებიც კი გვაქვს. 

ბიანკამ მხოლოდ გაუღიმა დახლიდარს და გზა განაგრძო. სამოსები თუ მოსართავები არაფერი აკლდა, – ამადეოს ახალ-ახალ სამოსში მისი ხშირ-ხშირად გამოპრანჭვა უყვარდა ლამაზი თოჯინასავით.

მთავარი მოედანი, სადაც ქალაქის მთავარი ტაძარი იდგა, წმინდა ამოსის უბანში მდებარეობდა. მართალია ერთხელ იყო ბიანკა აფთიაქარი ემილიოს საბინადროსთან, როდესაც მას, ამადეოს და მის მცველ რაინდებს გილდიის შენობიდან დონების უბნისკენ აცილებდა აფთიაქარი, მაგრამ ბავშვობიდან მოყოლებული ისეთი მეხსიერება ჰქონდა, არაფერი ავიწყდებოდა - განსაკუთრებით ადგილები და შენობები.

თლილი ქვებით ნაგებ მომცრო ტაძარს გასცდა ბიანკა, დიად მოციქულთა ადამიანის სიმაღლის ქანდაკებებით გამშვენებულ სამოციქულო ხიდზე გადავიდა, რომლის ქვეშაც დამდნარი ტლაპოსავით ჩაშავებული მდინარე ანტონინა მოჩუხჩუხებდა და არც ისე გრძელ, დუქნებით, ტავერნებითა და ზეინკალთა ფარდულებით გადავსებული ქუჩა გაიარა.

„ნეტავ რომელ სართულზე ცხოვრობს ? – ფილაქნებდამსხვრეულ პატარა მოედანზე შესვლისთანავე მიაჩერდა ადგილ-ადგილ ბათქაშჩამოყრილ სამსართულიან მორკალულ შენობას, რომელსაც ყოველი სართულის გაყოლებაზე თხუთმეტი ფანჯარა მაინც ჰქონდა, – ან რომელ საბინადროში ?“

მოედნის იმ მხარეს, სადაც რომელიღაც ჯარისკაცის თაბაშირისგან გამოძერწილი ბავშვის სიმაღლის გვერდწატეხილი ქანდაკება იდგა, ვიღაც სქელმკლავებიანი ჩაკურატებული ქალი ხარიხაზე გადაკიდებულ გახუნებულ ფარდაგს ბერტყავდა ჯოხით. იქვე ახლოს ბიჭუნა და გოგონა დახტოდნენ ერთად, ჰაერში ლომისა და ირმის ფორმის ხის კუკნა სათამაშოებს ისროდნენ და შემდეგ კვლავ მათ დაჭერას ცდილობდნენ. ხავსმოდებული ფიცრებით გადახურულ, ხისა და ლითონის ათასი ხარახურით გამოტენილ ფარდულთან ერთი ყურწათლილი მამაკაცი იჯდა მორყეულ ხის სკამზე და ძირგამოხვრეტილ, ტალახში ამოგანგლულ წაღას წმენდდა სელის ბინძური ნაჭრით.  

– მეუფის მშვიდობა, დონ, – ბიანკა მასზე მოშტერებულ კაცს მიუახლოვდა.

– მეუფ... მეუფის მშვიდობა, დონა, – ამოთქვა კაცმა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, – წმინდაო აურელია შემიწყალე, რა ლამაზი ბრძანდებით... რა ლამაზ...

– ემილიოს ვეძებ, – ჩაეცინა ბიანკას, – აფთიაქარს. ხომ აქ ცხოვრობს ?

– ემილიო რად გინდათ, როცა მე აქ ვარ ? – ფეხზე წამოიმართა მამაკაცი და წაღაც და სელის ნაჭერიც ძირს დააგდო, – მე დაგეხმარებით... კი, ყველაფერში დაგეხმარებით, რაც მოგესურვებათ.

– ჰა, კოზიმო, ხომ არ გინდა სტელას დავუძახო ? – აყეფდა ჩაკურატებული ქალი, – აი, ასე გაგბერტყავს თუ გაიგო როგორი ყურუმსაღიც ხარ ! – და კიდევ ერთხელ მაგრად შემოსცხო ფარდაგს ჯოხი.

– შენს საქმეს მიხედე, ქალო ! ორმოცდაათ წელს მივუკაკუნებ სადაცაა, შენი ჭკუის სწავლებაღა მაკლია !

ბიანკას გაეცინა მთელ ამ ალიაქოთზე, რომელიც მისმა გამოჩენამ გამოიწვია.

– ბიან... დონა ბიანკა ? – მოესმა მორკალული შენობის მხრიდან და შემობრუნდა.

ემილიო მეორე სართულის ერთ-ერთი ფანჯრიდან გადმოყუდებულიყო და თვალებს ისე აფახურებდა, გეგონება თავი სიზმარში ჰგონიაო. კიდევ უფრო გამხდარი და მობერებული მოეჩვენა ბიანკას იგი.

– მეუფე დიდებულო, დონა ბიანკა, აქ... აქ რამ მოგიყვანათ ? ამ სოროში თქვენი ადგილ... ოო, მეუფეო...

ქალმა არაფერი უპასუხა და ღიმილით დაიძრა სადარბაზოსკენ. უკნიდან კოზიმო ეძახდა აქ დარჩით, ნეტავ რა გინდათ მაგ უილაჯოსთანო, მაგრამ ყური არ ათხოვა მას და მეორე სართულზე ამავალ ფიქლის კიბეს აუყვა. ბაქანზე ჯერ კიდევ არ იყო ასული, რომ ემილიო გამოეგება.

– ოო, დონა ბიანკა, – ხელზე ეამბორა აფთიაქარი და მორკალულ დერეფანში შეიყვანა, – რას... რას მივაწერო ასეთი პატივი ?  

ტალანში ხის რამდენიმე კარი გაიხსნა და ცნობისმოყვარეობით ანთებული თვალები მიენათა მასპინძელსა და მის სტუმარს.

– აბა, შედით ! – ბრაზი მოერია ემილიოს, – არაა თქვენი საქმე ვინ მოვა ჩემთან... ფაბიოლა, შენს საქმეს მიხედე, გეთაყვა ! დონა კლარა, გთხოვთ !... ანტონიო, კმარა !

დერეფნის ბოლომდე ოთხი კარი აშორებდა ემილიოს საბინადროს. ფიჭვისგან დამზადებულ გაბზარულ კარში შეიყვანა აფთიაქარმა ბიანკა. ოთახი გრაგნილებით, თიხის და მინის სხვადასხვა ზომის ქილებით, აქეთ-იქით მიყრილი მრავალგვარი ფოთლითა და პატარა ტომსიკებით იყო სავსე. წამლების უცნაური სუნით იყო გაჟღენთილი იქაურობა.

„ესე იგი, აქედან მომწერე ის ორი წერილი ?“ – ბიანკა ქაოსით მოხიბლული ათვალიერებდა ყველაფერს.

ანჯამებმორყეული, ნახევრად გამოღებული ფანჯრის გვერდით, ქაღალდებითა და პერგამენტებით დატვირთული ერთი მოზრდილი მაგიდა იდგა, რომლის ერთ-ერთ წინა ფეხსაც გაყავისფერებული ფურცლებისა და ტყავის ბინძური ნაჭრის გროვა ჰქონდა შეყენებული. ფანჯრის ორივე მხარეს გახუნებული მოყვითალო ფარდები ეკიდა. ბათქაშით გალესილ, ადგილ-ადგილ დამსკდარ ჭერს დიდი ყავისფერი ლაქა ჰქონდა, რომელიც ერთ-ერთი კედლის შუამდე ჩამოწელილიყო ნაძვზე ჩამოღვენთილი ფისივით. ოთახში არც ღუმელი იდგა, არც ბუხარი და თითქმის ისევე ციოდა, როგორც გარეთ. არც იქით იქნება რამე ქურის მსგავსიო, ბიანკამ ტახტის გაყოლებაზე, კედელში გამოჭრილი ვიწრო შესასვლელისკენ გააპარა თვალი.

– ბოდიშს გიხდით, დონა ბიანკა ! – ძირს დავარდნილ თითქმის ბოლომდე გაფხრეწილ ქაღალდს დასწვდა ემილიო და ოთახის კუთხეში მიაგდო, – ბოდიშს გიხდით ! რომ მცოდნოდა, ჩემთან მობრძანდებოდით, უკეთესად დაგხვდებოდით !.... გაცილებით უკეთესად !

– მომწონს თქვენი ოთახი, დონ ემილიო. ისეთივე ქაოტურია, როგორც ყველა ჩვენგანის ცხოვრება.

– ოო, მეუფეო, თქვენი საუბარი... ისეთივე ტკბილია, როგორც... როგორც პოეზია, დონა ბიანკა ! დაბრძანდით, გთხოვთ !

მასპინძელმა ბიანკა დანესტილ კედელთან მიდგმულ ტახტზე დასვა, რომელსაც ჯვალოს გადასაფარებელი ამომწვარ-ამოგლეჯილი ჰქონდა ზოგან. თვითონ მაგიდასთან მიდგმული საზურგემორყეული სკამი გამოსწია და ზედ ჩამოჯდა სტუმრისგან ერთი ხელის გაწვდენაზე. ისე ჭრიალებდა სკამი, ბიანკამ იფიქრა, არ ჩაუტყდეს და იატაკზე არ გაიშხლართოსო.

მიხაკისფერ თვალებში მწველი ცეცხლი უგიზგიზებდა ემილიოს. მისი შემხედვარე იფიქრებდი, ცოტაც და სიმხურვალე ლავასავით გადმოეღვრება ალმოდებული გუგებიდან და უპეებზე ამოსულ ბლომად ხორბლის მარცვლისოდენა მეჭეჭებს ერთიანად დაუდაგავსო.

მართალია, ვერავინ იტყოდა ემილიოზე ლამაზიაო, მაგრამ ბიანკას მაინც მოსწონდა იგი. თვალში მოსდიოდა მოზრდილი ყურების ზემოთ ბოლომდე გათეთრებული მისი გვარიანად შეთხელებული თმა, მოტვლეპილ თხემზე დასკუპებული ორი ცალი ამობურცული წაბლისფერი ხალი, ცხვირზე ელვასავით გაკლაკნილი იისფერი კაპილარები, მის სუსტ, თუმცა ხორკლიან ნიკაპზე ამოსული თოვლისფერი ღინღლი. ეს ყველაფერი ხომ წმინდა შემოქმედება იყო, – საოცარი სიზუსტით გამოძერწილი სრულყოფილი ნაკლოვანება.

„თიხა მამაკაცის თესლია, დაზგა კი საშვილოსნო... ამ ორის გარეშე ვერაფერი გამოიძერწება“.

– დონა ბიანკა, ძვირფასო ბიანკა, – ამოთქვა ემილიომ და გულზე დაიდო მარჯვენა ხელის გული. ახლაღა შეამჩნია ბიანკამ, რომ ნეკა თითი გაშავებული ჰქონდა კაცს, ალბათ დამწვარი, –ნუთუ, გაალღო ჩემმა წერილებმა თქვენი გული ? ნუთუ, შეიწყალეთ საბრალო ემილიო ?

– რა, ყინულის გული მაქვს ? – ეშმაკურად გაიღიმა ბიანკამ.

– ოო, არა, ჩემო მშვენიერ... ძვირფასო ბიანკა ! – სკამიდან გადმოხტა აფთიაქარი, ცალი მუხლი მოიყარა და სტუმრის თითები გამომშრალ ხელის გულებში მოიქცია, – არამც და არამც. უბრალოდ, ხომ იცით ასეთი გამოთქმაა. ესაა და ეს.

ფანჯრის გარეთა რაფაზე მტრედი შემოჯდა, შაბიამნისფერი კისერი წაიგრძელა, მიიხედ-მოიხედა და ფრთების ტყლაშუნით გაფრინდა.

– თუ შეიძლება, ფანჯარა დაკეტეთ, დონ ემილიო.

აფთიაქარმა სიფრიფანა ტუჩები წინ გამობურცა, თვალები გააფართოვა და მაშინვე ფანჯარასთან მიიჭრა.

– ასე. თქვენი სიტყვა ჩემთვის კანონია, – ისევ სკამზე ჩამოჯდა და სუსტ მხრებზე ჩამოკიდებული შალის სქელი დაბებკილი კურტაკი შეისწორა, – მაპატიეთ რომ შეგამცივნეთ, ძვირფასო დონა ბიანკა. ოო, დონა ბიანკა, რომ იცოდეთ როგორ ველოდი ამ წამს.

– ხო ? – ბიანკამ ნელა და გამომწვევად გადაიდო ფეხები ერთმანეთზე. ტალახით მოთხუპნული ჩექმები ეცვა, მაგრამ მასპინძელი თითქოს ვერც კი ამჩნევდა ამას, – გამბედავი კაცი ხართ, დონ ემილიო... აფთიაქარი ხართ, თუმცა ხშირად რაინდებიც კი ვერ დაიკვეხნიან თქვენნაირი გამბედაობით.

– თქვენ გამო, – თავი ჩაქინდრა ემილიომ და შემდეგ ისევ თვალებში შეაჩერდა სტუმარს, - თქვენ გამო, დონა ბიანკა, დიადი ჯვრის სრუტეს გადავცურავ და ოგერ-კერმუდის ურდოებს დავუპირისპირდები ! ბაშდურის ურდოებთანაც არ დავზოგავ თავს ! თქვენ გამო ყველაფერს ვიზამ ! თქვენ გამო...

– საწამლავებში კარგად ერკვევით ? – გააწყვეტინა ბიანკამ.

აფთიაქარმა აქეთ-იქით მიმოიხედა და მერე ისევ ქალს მიაჩერდა.

– დი... დიახ. ვიცი რაღაც-რაღაცები, დონა ბიანკა.

– მიპასუხეთ, რომელია ის საწამლავი, რომელიც ადამიანს საპირფარეშოს მიაწებებს და ამით მოკლავს ? – პირდაპირ მიახალა ბიანკამ. 

ემილიოს წარბები შუბლზე აუცოცდა. შემდეგ თხემზე ამოსული ხალები ცოტა არ იყოს აღელვებულმა მოიზილა თითებით და ხმარებისაგან გაცრეცილი შალის უხეში წუღები ოდნავ დააბაკუნა ფიცრის იატაკზე.

– ვერ... ვერ ვხვდები, დონა ბიანკა რას... რას...

– უბრალოდ, მიპასუხეთ, დონ ემილიო, – წინ გადაიხარა ბიანკა და მასპინძლის ლოყას თითებით მიეფერა, – ხომ მითხარით, თქვენ გამო ყველაფერს ვიზამო ? ნუთუ, ჩემს შეკითხვაზე პასუხის გაცემა უფრო რთულია, ვიდრე ოგერ-კერმუდის ურდოებთან ბრძოლა ?

აფთიაქარმა თავი დააქნია. ისეთი თვალები ჰქონდა ბიანკამ იფიქრა მგონი სადაცაა ატირდებაო.

– ყველაფერს, დონა ბიანკა ! ყველაფერს ვიზამ... გპირდებით ! თქვენ გამო ყველაფერს ვიზამ, ოღონდ კი ერთხელ მაინც შევიგრძნო... შეგიგრძნოთ...

– ყველაფერს თავის დრო აქვს, – ხელი ისევ კალთაზე დაასვენა ბიანკამ და ფართოდ გაიღიმა, ბოლომდე გამოაჩინა დიადი ხელოვნის მიერ მისთვის ნაბოძები უზადო თეთრი კბილები, – ჩემს შეკითხვაზე უნდა გეპასუხათ, დონ ემილიო.

– დიახ... ეგ... ეგ... მაგას „მუცლის მჭეჭყავს“ ეძახიან. თუ შესაბამის დოზ... დოზას მიიღებს ადამიანი, სავსებით შესაძლებელია სიკვდილი მოგვიანებით დადგეს. მაგრამ, თქვენ, დონა ბიანკა, რა საერთო გაქვთ ეგეთ სახიფათ...

– სად შეიძლება ვიშოვო ? – სახე განზრახ დაისერიოზულა ბიანკამ.

აფთიაქარმა ნაღვლიანად შეხედა და მერე თვალები დახუჭა.  

– არ... ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მიყვარხართ ! ერთი ნახვით შემიყვარდით, დონა ბიანკა ! შემიბრალეთ, გთხოვთ !  

– მიპასუხეთ, დონ ემილიო ! – მუხლზე დაადო ხელი ბიანკამ და მოსასხამი შეიხსნა ლავიწები რომ გამოსჩენოდა. მართალია სციოდა, მაგრამ ასე ჯობიაო, ჩათვალა.

აფთიაქარმა ისევ გაახილა თვალები და ხელზე ხელი დაადო სტუმარს. მის ბოლომდე მოტიტვლებულ ყელს უნახავივით მიაჩერდა.

– ოო, თქვენი ხმა... რატომაა ასეთი...

– დონ ემილიო !    

– ჩვენს გილდიასაც აქვს ! შიდა საცავში ინახ... – პირი საჩქაროდ დამუწა ემილიომ და უცებ ნამეტნავად დადარდიანდა, – ოო, მეუფეო რატომ ? არ უნდა მეთქვა ! შემიბრალეთ, დონა ბიანკა, შემიბრალეთ ! არავის უთხრათ... მომკლავენ... ჩემი გილდიის წევრები მომკლავენ. გთხოვთ !

ბიანკა ფეხზე წამოდგა და მისი თავი მუცელზე მიიკრა. გაციებულ, ხორკლიან კეფაზე დაუწყო მოფერება. აფთიაქარმა წელზე მოხვია მკლავები, როგორც დედაზე მიხუტებულმა პატარა მტირალა ბავშვმა.

– ნეტავ... ნეტავ საერთოდ არ შეგხვედროდით, დონა ბიანკა. 

– ოო, ეს გარდაუვალი იყო. ისევე, როგორი გარდაუვალიც ის იყო თქვენთან რომ მოვედი ახლა... ისევე, როგორი გარდაუვალიც ის იქნება საწამლავს რომ მომიტანთ.

ემილიომ ნაღვლიანი, თუმცა გაციებული თვალებით ამოხედა.

– მოწყალების ნატამალი არ გაგაჩნიათ ქალებს... ლამაზ ქალებს, განსაკუთრებით. 

– ოო, საბრალო დონ ემილიო, – კაცის ლოყა მარჯვენა ხელის გულში მოიქცია ბიანკამ და რაც შეეძლო თბილად გაიღიმა, – ქალების მოწყალება რომ არა ამ მიწაზე საერთოდ არ ივლიდით, ჰაერს ვერ ჩაისუნთქავდით, თქვენს ხახას წყალი ვერ შეეხებოდა, კუჭს კი საჭმელი.

აფთიაქარმა გაქუცული თავი დაღვრემილმა გააქნია.

– მაპატიეთ, დონა ბიანკა. მაპატიეთ, მაგრამ მე... მე ვერაფრით დაგეხმარებით. საწამლავების შენახვა ჯერ კიდევ დონ არსენიო მანოლემ აკრძალა... თქვენს... არქიმოციქულს მისი ბრძანება არ გაუუქმებია.

ბიანკას უცებ თვალები აუწყლიანდა და ცრემლებმა ერთიმეორის მიყოლებით დაიწყო მის ლოყებზე დენა. ბრძანებით ტირილის ნიჭი ბავშვობიდან ჰქონდა და წარმატებითაც იყენებდა, – უმეტესად იმას იღებდა, რაც სურდა. წლების შემდეგ, სცენაზე თამაშისას, ერთ-ერთი იმ მცირე მსახიობთაგანი იყო, ვისაც ტირილის შესრულებისთვის გაჭრილი ხახვის თვალებთან მიტანა საერთოდ არ სჭირდებოდა.

– ოო, ჰადინმა დამწყევლოს ! – აღმოხდა აფთიაქარს, – გთხოვთ, დონა ბიანკა !... გთხოვთ, არ იტიროთ !

– არადა, მეგონა, თქვ... თქვენ მაინც დამეხმარებოდით, – სლუკუნებდა ბიანკა ისევ ტახტზე ჩამომჯდარი, – მეგონა თქვენ მაინც დამიხსნიდით იმ ტანჯვისგან, რომელ... რომელშიც თითქმის ერთი წელია ვარ... ერთი წელი, წარმო... გიდგენიათ ? თქვენ გგონიათ მართლა ისეთი ძლიერი ვარ როგორ... როგორადაც თავს გაჩვენებთ ?... მცემს... სულ მცემს...

– რა ? – წინ გადმოიხარა ემილიო, – ვინ გცემთ ? არქიმოციქული ?

– რა მნი... შვნელობა აქვს ? – თვალების მაჯებით წმენდას შეუდგა ბიანკა.

– მითხარით, ჩემო ვარდო, ჩემო ერთადერთო... გთხოვთ !  

– არ... არ მინდა რამე საფრთხე შეგე... ქმნათ ! – აწითლებული ნესტოები გამობერა ბიანკამ.

– კი. ისაა ! – დიდი შურისმაძიებელივით დაიძახა აფთიაქარმა, თუმცა, როგორც ბიანკა მოელოდა თვალები სიხარულით აუციმციმდა კაცს, – მეუფის შიში არ აქვს, გასაგებია, კარგი, მაგრამ ქალზე როგორ სწევს ხელს, ეგ არაკაცი ? თან, როგორ ქალზე ? ჩემს დონა ბიანკაზე !

– დონ, ემილიო, გთხოვთ, არაფერი ქნათ ! გთხოვთ, ჩემს თავს ვერ ვაპატიებ რამე რომ... რამე რომ დაგმართოთ იმ... იმ უწმინ... დურმა ! 

– ოო, მეუფეო, – ფეხზე წამოაყენა სტუმარი კაცმა. მისი თვალებიდან მადლიერება მდინარესავით მოედინებოდა, – ნუთუ, ამას მართლა ამბობთ ? ნუთუ...

– ქალები ხში... ხშირად უმოწყალოს როლს ვთამაშობთ თავები... უხეში მამაკაცებისგან რომ... რომ დავიცვათ თავები, დონ ემილიო.  

აფთიაქარმა სახის წინ წამოწევა იწყო, ცოტა არ იყოს უსიამოვნო სუნი ამოუვიდა ოდნავ გაღებული პირიდან და ბიანკა უმალ ფანჯარასთან მივიდა. გარეთ მხოლოდ ბავშვები და ჩასუქებული ქალიღა დარჩენილიყვნენ. ის კაცი, არშიყი რომ დაუწყო წეღან, აღარსად ჩანდა. იმ ადგილას, სადაც ის იჯდა სელის ჭუჭყიანი ნაჭერიღა ეგდო ძირს, ფარდულთან.

– სხვა გზა არ მაქვს, დონ ემილიო, გესმით ? – თავი დაიწყნარა ბიანკამ და ცერა თითით ამოიწმინდა თვალები, – თქვენ ჩემი ერთა... ერთადერთი იმედი ხართ !  

როდესაც უკან მიიხედა აფთიაქარს სახეზე ეტყობოდა, რომ უკვე აშკარად „ესმოდა“.

– დონა ბიანკა, აუცილებლად გიშოვით იმას, რაც გსურთ, რასაც ეძებთ !... გპირდებით ! ოღონდ... ოღონდ...

– ოღონდ, რა ?   

– ერთად... ერთად გავიქცეთ შემდეგ... აქედან გავიქცეთ !... ქალაქიდან.

– გამათავისუფლეთ ურჩხულისგან, დონ ემილიო და თქვენი ვიქნები. სამუდამოდ თქვენი !

ბიანკამ კიდევ ერთხელ ამოიმშრალა თვალები მაჯით და დერეფანში გასასვლელი კარისკენ გადადგა ნაბიჯები თავისი სამსახიობო ოსტატობით მოხიბლულმა.

 

 

 

 

 

****

 

 

აფთიაქარმა ემილიომ წერილი მეორე დღესვე მოიწერა, – თავის მეზობელ ობოლ ბიჭუნას გამოატანა ციტადელამდე, რაშიც ერთი არია გადაუხადა მას. ბიანკა თავისი თავით კმაყოფილი კითხულობდა აფთიაქარის ბატიფეხურად დაწერილ წერილს და როდესაც ის ადგილი ამოიკითხა, სადაც „ამანათის“ ხვალვე მიწოდებას ჰპირდებოდა, თითებში საამური თრთოლვა იგრძნო.

„ისე ვიზამ, რომ ზუსტად წმინდა კორნელიას დღეს დაიწეროს ისტორია... უფრო საინტერესო და გასაოცარი იქნება“, – აგზნებული, სასწრაფოდ შეუდგა საპასუხო წერილის წერას ბიანკა, პაემნის დრო და ადგილი დაუთქვა აფთიაქარს. როდესაც წერას მორჩა, ქაღალდი დაგრაგნა, თხელი თასმით შეკრა და ციტადელის კარიბჭესთან მომლოდინე ბიჭს ჩაუტანა. თვითონ, ორი არია მისცა მას. 

მომდევნო დღეს, როგორც დაგეგმილი ჰქონდა, დილითვე წავიდა აფთიაქართან შესახვედრად. ორივენი დონების უბნის მახლობლად, ერთ-ერთ ტავერნასთან უნდა მისულიყვნენ, რომელსაც სახელად „აურელიოს ნუგბარი“ ერქვა. ეს ადგილი განზრახ შეარჩია ბიანკამ, რადგან რამდენჯერაც იქ ჩაიარა, შეამჩნია, დილიდანვე ლოთებით იყო ხოლმე სავსე და მუდამ აურზაური იყო მის სიახლოვეს, – თუ ციტადელიდან ვინმე ჩუმად აედევნებოდა უფრო მეტად გაუჭირდებოდა იმ მომენტის დანახვა, როდესაც ემილიო „ამანათს“ გადასცემდა მას.

აფთიაქარი იმავე კურტაკში გამოწყობილი დაუხვდა, რაც იმ დღეს, თავის საბინადროში ეცვა. ამჯერად ჩექმებიც ამოეცვა, – ლანჩაგაცვეთილი, ყელგახეხილი, კიდეებშემოჭმული ჩექმები. მობუზული იდგა და აფორიაქებული მისჩერებოდა ერთმანეთთან მოკინკლავე შეზარხოშებულ მამაკაცებს, ტლაპოში წინ და უკან მორბენალ ბავშვებს და შუკაში, საჭმლის ნარჩენებზე მიმდგარ გაძვალტყავებულ მაწანწალა ძაღლებს. როგორც კი ბიანკა დაინახა, ნაძალადევად გაიღიმა.

– ოო, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ვღელავ, დონა ბიანკა, – ამოიკნავლა ქალის მიახლოებისთანავე, – ყველა ადამიანი ცოდოა სიკვდილისთვის, ასე არაა ?

– ჩუმად ! – შეუბღვირა ბიანკამ, – მომყევით !

შუკაში შეიყვანა. ძაღლებმა ერთი ამოხედეს და ისევ ნაყარ-ნუყარის ქექა განაგრძეს.

– მოიტანეთ ? – გამომცდელად შეაჩერდა თვალებში ბიანკა.

ემილიომ თავი დააქნია და სასწრაფოდ ჩაიყო ხელი კურტაკის ჯიბეში. ჯვალოს ყავისფერი დაკეცილი ქსოვილი ამოიღო.

– შუშის პატარა კოლბაა. ოღონდ, დონა ბიანკა, გაფიცებთ, ორ წვეთზე მეტი არ ჩაუწვეთოთ... მეტმა შეიძლება ძალზედ სწრაფად მოკლას და ეჭვს მაშინვე თქვენზე მიიტანენ.

ბიანკამ ქსოვილი გამოართვა და ნაჭერი ოდნავ გაშალა. მოწითალო, ოდნავ გამჭვირვალე სითხე ესხა კოკროჭინა მინის კოლბაში.

– რამე გემო აქვს ?   

– აა... არამგონია, – მთავარი ქუჩისკენ გაიხედა ემილიომ, – მსგავსზე არაფერი გამიგია.

– ღვინოში გამოდგება, იმედია... წითელ ღვინოში.

აფთიაქარმა თავი გადააქნია.

– საწვეთური აქვს, დონა ბიანკა, – საჩვენებელი თითი კორპის ნამცეცა საცობთან მიიტანა, - ორი წვეთი ! არ დაგავიწყდეთ !

– და ღვინო რამდენი უნდა იყოს ?   

– უი, სულ დამავიწყდა, – თავზე ხელი მიირტყა ემილიომ. აშკარად უკმაყოფილო იყო საკუთარი თავით, – მთავარიც ეგაა, დონა ბიანკა... რა სულელი ვარ ! ორი წვეთი, ორმოციდან ორმოცდაათამდე უნცია ღვინოში უნდა გაიხსნას... იმავე რაოდენობის წყალში თუ ხსნით ერთი წვეთიც იკმარებს.

– და რამდენი უნდა დალიოს ? ერთი სასმისი... ორი თუ რამდენი ? 

– ეგ... ეგ... არ ვიცი ზუსტად, რომ არ მოგატყუოთ. მსმენია, ერთი სასმისიც კი საკმარისიაო. გამოცდილება ამ კუთხით ძალზედ მწირია, ჩემო ერთადერთო... ჩემო მშვენიერო.

ბიანკამ გაიფიქრა, ის დოქები, რომლიდანაც პურობისას ღვინოს ვუსხამ ხოლმე ამადეოს ზუსტად იმ მოცულობის იქნება, რასაც ეს მეუბნებაო. მაშ, შეეძლო რომელიმეში ჩაეწვეთებინა და ყველაფერი მზად იქნებოდა.

– როდის ? როდის აპირე... როდის უნდა გავიქცეთ ?

– ამ ყველაფერს წერილით შეგატყობინებთ.

– ოო, დონა ბიანკა, – მოულოდნელად გადაეხვია ემილიო, – გევედრებით, ფრთხილად იყავით, ჩემო ერთადერთო... ჩემო მზეო და მთვარეო... 

– საკმარისია, დონ ემილიო, – ოდნავ უბიძგა ბიანკამ და რომ არ სწყენოდა მაშინვე გამოამზეურა კბილები, – რამე არ იეჭვოს ვინმემ. ეს ყველაფერი მერე, დონ ემილიო... მერე, როცა უსაფრთხოდ ვიქნებით. საკმარისზე მეტი დრო გვექნება, მერწმუნეთ !

თავი მორჩილი ფინიასავით დააქნია აფთიაქარმა. ბიანკა კი გაეცალა. ციტადელისკენ წავიდა.

„ესე იგი, ორი წვეთი, – ჩაეღიმა ბიანკას მისი თაყვანისმცემლის სიტყვებზე, – ნუთუ, ორი წვეთი გადაწყვეტს ამდენი ადამიანის ბედს ? ნუთუ, ორი წვეთი გადაწყვეტს ჩემი თეატრისა და უამრავი ტანჯული ხელოვანის ბედს ?“  

და თუ საერთოდ ომსაც აირიდებდა ბელეგა თავიდან იმის გამო, რომ ახალი იმრონის არქიმოციქულს მოქიშპე ჩამოსცილდებოდა, წარმოგიდგენია რამხელა გავლენა ექნებოდა ამ ორ წვეთს ? უამრავი წამებულის კვნესა, სისასტიკე და სისხლის ზღვები იქნებოდა თავიდან არიდებული, რამდენი ადამიანი გადაურჩებოდა თბილი სისხლით გაბერილ ხორცში ცივი მახვილის, შუბისა თუ ისრის ბუნიკის შერჭობას, ცეცხლის ალებში გახვევას ან ტალახში ჩახრჩობას, რამდენ დედას არ მოუწევდა შვილის ომში დაღუპვის გამო გლოვა, რამდენი ბავშვი არ დაობლდებოდა და რამდენი ქალი არ დაქვრივდებოდა.

„ორი წვეთი... ამხელა ძალა“, – აღფრთოვანებისგან გული გამალებით აუძგერდა ბიანკას.

 

 

 

 

თავი მესამე

 

 

– ყველანი ამოვხოცეთ ! – ამადეოს ხმა ექოდ ეფინებოდა უშველებელ დარბაზს. თვალებს ბუხართან დაწოლილი კატასავით ლულავდა ბელეგას არქიმოციქული. ღვინო უკვე კარგა გემრიელად მოჰკიდებოდა, – არც ერთი არ დავტოვეთ ცოცხალი... მოღალატეები... გარეწრები...

– აბა, კატორღაზეა ის ბიჭიო ? – ბიანკამ შემწვარი ბატის მორიგი ლუკმა ჩაიდო პირში.

– ეგეც მოკვდა ! – ოქროთი მოვარაყებული სასმისი აუწია არქიმოციქულმა და ჩაიცინა, – ორი დღის წინ ! თურმე ისეთი გამოფიტული ყოფილა ერთი ცრემლიც კი არ გადმოვარდნია თვალებიდან. აბა, რა ეგონათ ? ყველა ! ყველა, ვინც მარინესეებს დაუპირისპირდება მათსავით და მა... მათზე უარესად დაასრულებს !

„ჰმ, სამართლიანობა კი აღდგება სულ ცოტათი მაინც, მაგრამ მანოლეები მაინც ვერ გაიგებენ ამას... სევდიანია, მაგრამ მაინც გასაოცარი“, – ბიანკამ თვითონაც მოსვა გენარიული სისხლისფერი ღვინო და მთავარი დარბაზის სანთლებით განათებულ კედელზე გაკრულ, ტილოზე შესრულებულ მანოლეების ოჯახის უშველებელ პორტრეტს გახედა, რომელზე გამოსახულ ადამიანებსაც თვალების ადგილები სულ დანით ჰქონდათ ამოგლეჯილი. დონა მანოლეს კი ორივე ძუძუს ადგილასაც ჰქონდა ტილო ამოხეული.

– მოგწონს, არა ? – ამადეოც მიაჩერდა ჩუქურთმებიან მოოქრულ ჩარჩოში ჩასმულ ნახატს, –განზრახ დავატოვებინე ჩემს ხალხს.

– ერთხელ უკვე მითხარით ეგ, თქვენო უწმინდესობავ, - ჩანგალი ახლა კამასა და მდოგვში შემწვარ ქაშაყს ჩაარჭო ბიანკამ.

– ჰოდა, კიდევ გეუბნები. და ის თუ გითხარი, ის რომ დავმართე ამ ნახატს, რაც მართლა დავმართე ამ ბედშავებს ?

– კი, მითხარი, – კბილები გაკრიჭა ბიანკამ და ლუკმის ღეჭვას შეუდგა. დარწმუნებული იყო, როგორც ყოველი დათრობისას, ახლაც იმის მოყოლას დაიწყებდა ამადეო თუ როგორ ამოხოცა მანოლეების ოჯახი და მერე ალბათ სხვა უკვე მრავალჯერ მოყოლილ ამბებზე დაიწყებდა ენის ჭარტალს.     

– ეს ქალი უნდა გენახა, – ჩაეცინა არქიმოციქულს და თვალდახუჭული მიეყრდნო თავის ხავერდისზურგიან სავარძელს, – დონა მანოლე... დონა მკივანა კატა. ჩემი ხელით დავაჭერი ძუძუები... სულ ხალები ჰქონდა ზედ, – შემდეგ თვალები გაახილა და ნახატისკენ გაიშვირა თითი, – აი, იმ ბიჭს კიდევ, გვერდზე რომ უდგას, ჩხირივით ფეხები რომ აქვს, ეს ყველაფერი ვაყურებინე. ჰო, ვაყურებინე რაებს ვუშვრებოდი დედამისს. დანარჩენები, მგონი უკვე მკვდრები იყვნენ, – ამადეომ ჩაფიქრებულმა დაიწყო ქვედა ჩასუქებული ტუჩის ცერა და საჩვენებელი თითებით წვალება, – თუ, მგონი, აი, ის ქერათმიანი უშნო გოგო რომაა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო... მმ, აღარ მახსოვს.  

არქიმოციქულმა მასთან ახლოს დადგმულ ბროლის ვაზაში ჩადებულ ერთ-ერთ გვერდწითელ ვაშლს დანის წვერი ჩაარჭო, პირთან მიიტანა და ისე მაგრად ჩაკბიჩა, რომ შხეფები ლოყაზე მიესხა ბიანკას.

– ჩემი ძმა მატეო მეუბნებოდა ეგეთი სისასტიკე არ გინდა სახელს შეგიბღალავს, შეიძლება ორჭოფობა დაიწყონ პატრიარქებმა შენს არქიმოციქულად არჩევაზეო... მაგრამ, იცოცხლე ამირჩიეს. ფული და ძალაუფლება დაანახვე და წმინდანებიც კი შენს ჭკუაზე სირბილს დაიწყებენ... ასეა. ყველაფერი ჩვენს ჭკუაზე შემოვატრიალეთ. ერთი ეგაა, ამოს პირველს მეძახიან. ამადეო მერჩივნა... ჩემი ნამდვილი სახელი. მაგრამ მეფემ გინდა თუ არა, დიადი მოციქულის სახელი სჯობსო, იმ ჩრდილოელ უწმინდურს სახელითაც მეტოქეობას გაუწევო.

– ისე, კი ჰგავს შენს სახელს, – ჩაიცინა ბიანკამ და ტილოს ქსოვილი, რომლითაც წეღან ლოყიდან ვაშლისა და ნერწყვის წუნწკლები მოიწმინდა, იქვე დადო.

ამადეომ ამრეზილმა ჩააქნია ხელი და ჭერში ჩამოკიდებულ ვერცხლის უზარმაზარ ჭაღში ჩარჭობილ ქონის ცეცხლმოკიდებულ სანთლებს მიაჩერდა.   

სულთა მეუფე... სამართლიანი და მოსიყვარულეო, გამუდმებით ენაზე აკერიათ მოციქულებს. ამათთვის არც ისე მოსიყვარულე გამოდგა, ჰა ? – ნახატისკენ გაიშვირა თითი არქიმოციქულმა და ადუღებული ღვინის სუნად აყროლებული სიცილი ამოუშვა ხახიდან. შემდეგ, ხელახლა ჩაკბიჩა ვაშლი, – პირიქით, დასაჯა. ამათი გახრწნილი გვამები, ქალაქის გარეთ რომ თხრილია იმის ფსკერზე ყრია ახლა, მარილიან და აქოთებულ, დამყაყებულ წყალში. ვინ იცის, დონ ფაბრიციოს და მთავარინკვიზიტორის ხალხს მათი ძვლებიც შეეჩეხოთ თხრისას, ჰა-ჰა.

ნახევრად შეჭმული ვაშლი იქვე დააგდო, მოსირმულ გადასაფარებელზე და ახლა ადგილ-ადგილ შეყვითლებულ მსხალს ჩაარჭო დანის წვერი.  

– მე კიდევ არ დამსაჯა მეუფემ, – ჩაკბიჩა მსხალი, – პირიქით, დამაჯილდოვა, ბელეგას არქიმოციქულადაც კი გამომირჩია და მმ... ამქვეყნად ყველაზე მშვენიერი ქალი შემახვედრა, – ლუკმის ცოხნით მიანათა ბიანკას ვნებით ანთებული თვალები, – ბედნიერი ვარ... დაკმაყოფილებული... გამაძღარი.

სასმისი მოიყუდა ამადეომ და რამდენჯერმე ძალუმად მოყლუპა.

– ძალიან ბევრსაც ნუ დალევთ, თქვენო უწმინდესობავ, ხვალ დილით მსახურება უნდა ჩაატაროთ, ხომ გახსოვთ ?

– მმმ... ეს წყეული წმინდა კორნელია, – ლოყები თევზივით გამობერა არქიმოციქულმა, – რამდენი არიან ეს წმინდანები, რა უბედურებაა ? დავიღალე... ყოველ ხუთ-ექვს დღეში მაგათი მსახურებებია ჩასატარებელი. მეუფემ დალოცოს წინამძვარი ჰარონი ასე რომ მეხმარება და უმეტესად თვითონ ატარებს მსახურებებს, სანამ მე შენთან ერთად ვკოტრიალობ ხოლმე ლოგინში, ჰა-ჰა... ჰო, მერე დიად მოციქულთა სასწაულებიო...  მკვდრების აღდგენის ხსენებაო... სნეულთა განკურნებაო... ის ხატიო, ეს ხატიო... ვიღაცის ძვალიო, ვიღაცის თავის ქალაო.... წმინდა ტრუპატას კოჭიო... წმინდა ტრიპატოს ტრაკიო... სულ რაღაც მსახურებაა ჩასატარებელი, სულ ! ხვალაც არ გავადგამდი ფეხს გარეთ, მაგრამ ჰარონმა გინდა თუ არა კასტა-მარინოს მფარველი წმინდანია კორნელია და ხალხის თვალში ნამეტნავად ცუდად გამოჩნდება შენ თუ არ იმსახურებო. დამისხი, ჩემო ლამაზო, მიდი, დაუსხი მამიკოს... დაუსხი მის უწმინდესობას !

– ახლა, კაპრიულს ხომ არ ინებებთ, თქვენო უწმინდესობავ ? – კბილები თაღლითივით გაკრიჭა ბიანკამ და იქვე დადგმული მოჭიქული თიხის დოქი შეათამაშა ხელში, – კაპრიის მზეზე დამწიფებული ყურძნისაა, მაშ !

ამადეო სულელივით გაიღრიჭა.

– კარგად ვიცი, თქვენი გემოვნება თქვენო უწმინდესობავ, – ფეხზე წამოდგა ბიანკა და საყვარელთან მინარნარდა, – კარგად ვიცი. 

დოქი გადმოხარა და ღამესავით შავი ღვინო ფაქიზად ჩაწანწკარდა არქიმოციქულის სასმისში.

„ბნელი სასმელი... სიბნელეში შემყვანებელი, – სასმლის ზედაპირზე თავისი თვალების ანარეკლს ხედავდა ბიანკა, – დალიეთ და დაისვენეთ, თქვენო უწმინდესობავ... ოღონდ, მთლად ახლავეც არა.“

– ჩემი ბიანკა, – ხვნეშოდა ამადეო, – ჩემი კაპრიის მზეზე დამტკბარ ყურძენზე უფრო ტკბილი ბიანკა.

– ოჰო, პოეზია აშკარად დაგიხვეწავთ, – გაოფლილ ლოყაზე ეამბორა ბიანკა, – თქვენო უწმინდესობავ... ბელეგას მთების თოვლზე სპეტაკო.

ამადეომ ჩაიფხუკუნა და ხარბად დაეწაფა საყვარლის მიერ ჩამოსხმულ ღვინოს. ერთი, ორი, სამი... ოთხი ყლუპი ზედიზედ გადაუშვა გაუმაძღარ ხახაში. შემდეგ, იქვე, ნიორში შებრაწული ქათმის უშველებელ ბარკალს ჩაარჭო ჩანგალი და ბატისა და ბურვაკის ძვლებით დახუნძლულ კერამიკის თეფზე გადაიღო.

– სადაა ის უვარგისი გოგო ? გამევსო თეფში ! – იღრიალა უცებ, – სელია !... სელია ! სად ხარ ? გამომიცვალე თეფში ! უჰუ, ვირთხა ! – ჩუქურთმებიანი სვეტისკენ გაიქნია თითი, – ჰა-ჰა, ამდენი კატა გვყავს და მაინც შემოგვპარვია.

ბიანკამ ვირთხის მსგავსი ვერაფერი დაინახა.

– სელია !

ცოტა ხანში, ფეხების აჩქარებული ფლატუნის ხმა გაისმა და თავსაფრიანი გოგო გამოჩნდა. ახალი თეფში მოჰქონდა, მოოქრული.

– ოო, აი, ეს, სულ სხვაა, – გაიცინა ამადეომ, – ჰმ, რას წამოგიფარებია ეგ უგვანი თავსაფარი, გოგო ?

ქალიშვილმა თეფში გამოუცვალა და დაბნეული მიაჩერდა ხელის თითების წვალებით. აშკარა იყო ვერ ხვდებოდა რა ეპასუხა.

– ვერ ხედავ, დონა ბიანკას სულ მოტიტვლებული აქვს თავისი მშვენიერი მხრები... თმა ზღვის ტალღებივით აქვს გაშლილი... ყელი... 

– ნუ არცხვენთ, საბრალო გოგოს, თქვენო უწმინდესობავ, – ბიანკამ მხიარულად აუქნია ხელი საყვარელს, – განა ყველა ქალი მოვალე არაა თქვენს წინაშე მოკრძალებულად გამოიყურებოდეს ?

– მერე, შენ რატომ არ იქცევი ამ მონაზონივით ? – ამადეომ კბილებს შორის გამოაკვეხა ღვინისგან გაშავებული თავისი ენა, – მეუფემ რომ დაგსაჯოს არქიმოციქულის ცდუნებისთვის, სად მიდიხარ მერე ?

ბიანკამ გამომწვევად შეხედა საყვარელს. იცოდა, ახლა სიცილი ან უაზრო ხუმრობა ამოვიდოდა მისი გალეშილი პირიდან.

და არც შემცდარა.

– ჰა-ჰა, – ახარხარდა ამადეო, – გეხუმრე, ჰა-ჰა ! მონაზონივით ჩაიცვამ და იმავ წამს მონასტერში გაგამწესებ, მაშ ! ჩემი ბიანკა მონაზონი ? არამც და არამც, ჰა-ჰა.

მოსამსახურე გოგო ისევ იქ იდგა, გაშეშებული და ბიანკამ ჩუმად ანიშნა გაეცალე აქაურობასო.

– წავიდა, ნახე, ჰა-ჰა, შერცხვა. გეუბნები, კაცის საოხრე აბანოს ჭუჭრუტანიდანაც კი არ ექნება დანახული... ჩემს უწმინდეს წვერს ვფიცავ, ეგრე იქნება. სადაა ჩემი ბარკალი ? – ცარიელ თეფშს ჩააჩერდა ამადეო.

– ეტყობა, იმ თეფშს გააყოლა, თქვენო უწმინდესობავ. მჯერა, სხვა თქვენსავით ღირსეულ ნაჭერსაც ამოარჩევთ ამდენი კერძიდან. აი, ღვინოში მოხარშულ საქონლის ხორცს ხომ არ ინებებთ ?

არქიმოციქულმა ჩანგალი ააქნია.

– აი, ამ ბარკალს ავიღებ ისევ... ოჰ, ოჰ, კარგად გამოიყურება.

მსუნაგი კბილებით მადიანად შემოაგლიჯა შემწვარი კანი და ხორცი ძვალს და ყბები წისქვილის ბორბალივით აამუშავა. ცოტა ხანში, ღვინოც მოიყუდა და ზედიზედ ორი ყლუპი ჩაიღვარა ყელში.

უცებ წამოიყვირა და წინ გადმოიხარა. თვალები ნამეტნავად გადიდებოდა. ბიანკას გული გადაუქანდა, უკვე ხომ არ კვდებაო. მაგრამ ამადეომ ხელში დაატრიალა ქათმის ნაჭერი და დაიძახა:

– ვიცი... ვიცი კიდევ როგორ ვიშოვო ფული ! ჰა-ჰა, კი. ეს, იმაზე არანაკლებ ფულს მომიტანს, ვიდრე ბანკები და გილდიები მასესხებენ. ექვს თვეში კი მოგროვდება გვარიანად ფული.

– რაზე ამბობ ? – წეღანდელი შიშის განცდა ჯერ კიდევ ისროდა აღტაცების ნაპერწკლებს ბიანკას შიგნეულობაში.    

– ჰა-ჰა, ეს რა კარგი ღვინო დამალევინე... გონება გამიხსნა... ჩემი წმინდა გონება. აი, რაზე, ვამბობ, მისმინე, რომელიმე ბერის ძვლებს გამოვატანინებ იმ სულელ აბატს... გაეტანოს თავიანთი მონასტრის საძვალიდან, – ამადეომ ხელახლა მოყლუპა ღვინო, – მმ, ან მიწიდანაც ამოვათხრევინებ რომელიმე ძვლებად ქცეულ მაწანწალას, რა მნიშვნელობა აქვს ? ჰოდა, ხმას დავაგდებინებ ბერებს და მოციქულებს, რომ ვითომ რომელიღაც წმინდანის ან დიადი მოციქულის ძვლებია... დავასვენებთ ელეონის ტაძარში და ფული ანტონინასავით წამოდინდება... მომლოცველები ივლიან მთელი ბელეგადან. იმასაც ვათქმევინებ, რომ უშვილობას კურნავს... კეთრს და ასე შემდეგ, ყველა უბედურებას, რაც კი არსებობს. სამ არიას დავაწესებინებ წმინდა ნაწილებთან მიახლების საფასურს... არა, ხუთს. კი, ზუსტად ეგრე ვიზამ.

– მართლაც რომ ჭეშმარიტი სიწმინდის განსახიერება ხართ, თქვენო უწმინდესობავ.

ეს თქვა ბიანკამ და ორივენი ერთხმად ახარხარდნენ.     

– აბა, რა ჭირი ვქნა ? – ცოტა ხანში ხორცის ლუკმის ღეჭვით ამოიხვნეშა არქიმოციქულმა, – ომებს ფული იგებს ! ფული მჭირდება, ფული ! ყველაფერს ეს წყეული ფული სჭირდება ! საჭმელსაც კი... ჭამა, ჭამა, სულ ჭამა ! ყველას ჭამა უნდა ! რა ჩემი ბრალია ? – და ახლა ვერცხლის ლანგარზე დადებული ცხიმიანი ჩაყვითლებული ყველის ერთ-ერთ ნაჭერს დაუწყო მადიანად კბეჩა, – დამისხი კიდევ !

ბიანკა უცებ დაფიქრდა, რა ვქნა ისევ ეს დავალევინო თუ მეორე ღვინო დავუსხაო. მაგრამ, ემილიოს ნათქვამმა, რომ შესაძლოა ერთი სასმისიც საკმარისი ყოფილიყო, დააეჭვა.

„ისეთი დაბნეული იყო, ვერ ვენდობი ბოლომდე... ერთი სასმისი, მაგრამ რამხელა სასმისი ? ეს, რომ არ იყოს საკმარისი, რა ვქნა მერე ?“

ხელახლა წამოდგა ფეხზე ბიანკა და კვლავ კაპრიული ღვინით აუვსო სასმისი საყვარელს. ეს უკანასკნელი უმალ დაეწაფა მას. მოწამლული ღვინო მეტი აღარ დაულევინებია ამადეოსთვის. მერე უკვე, კანოლაში გაშენებული ვენახების ღვინო ჩამოუსხა ერთხელ, – უკვე გვარიანად გამომტყვრალიყო არქიმოციქული და ვერც მიხვდა კაპრიულს რომ აღარ სვამდა.

მიუხედავად იმისა, რომ ძლივსღა დადიოდა, ღამით ამადეომ მაინც მოინდომა ბიანკასთან დაწოლა. ბიანკა ეხუმრებოდა ძალიან ბევრი გაქვს დალეული და იცოდე ტყუილად არ წამათრიო შენს საძინებელშიო, მაგრამ არქიმოციქული არ იშლიდა თავისას, შენნაირ ქალთან მომაკვდავიც კი არ შევრცხვებიო, ეუბნებოდა ოინბაზური სახით. რა თქმა უნდა, ბიანკა აღმოჩნდა მართალი, – როგორც კი ამადეოს წინაშე გაშიშვლდა, ამ უკანასკნელს კისერი მოსწყდა და ფუმფულა ბალიშებზე გაწოლილი მიითიშა.

ქალი საყვარლის გვერდით დაწვა. თუ ცუდად შეიქნებოდა იგი, არ უნდოდა გამორჩენოდა ის მომენტი, როცა ამადეო მიხვდებოდა, რომ მისი მზე ჩასვენებას იწყებდა.

 

 

 

 

****

 

 

 

მაგრამ არათუ ღამით, დილითაც კი არ გამხდარა არქიმოციქული ავად. ერთადერთი, ნაბახუსევმა გაიღვიძა და თავი საძაგლად სტკიოდა. ამის მიუხედავად, მთავარ დარბაზში ჩავიდა სასაუზმოდ. რამეს შევჭამ და ისე წავალ ტაძარშიო, იძახდა. ბიანკამ ძილიანობა მოიმიზეზა და საწოლში დარჩა. ასე სჯობდა. არქიმოციქული მარტო ისაუზმებდა, მზარეულთა მიერ მომზადებული კერძებით კიდევ ერთხელ აივსებდა კუჭს და მოგვიანებით, როცა მოკვდებოდა, მზარეულების გარდა სხვა ვისზე იქნებოდა ეჭვი მისატანი ? თან, ორი ოქროს მონეტაც უკვე ჩამალული ჰქონდა ბიანკას ციტადელის რვა მზარეულიდან ერთ-ერთის, არმანდოს ლეიბის ქვეშ, ისე რომ ამ უკანასკნელს წარმოდგენაც არ ჰქონდა ამნაირ სიმდიდრეზე გართხმულს რომ ეძინა აგერ უკვე ოთხი დღეა. თუ არქიმოციქულის მკვლელობაზე გამოძიება დაიწყებოდა და დამნაშავის ძებნას შეუდგებოდნენ საუკეთესო კანდიდატი რა თქმა უნდა არმანდო აღმოჩნდებოდა. აბა, საიდან უნდა ჰქონოდა უბრალო მზარეულს ორი ოქროს მონეტა ? ცხადია არქიმოციქულის მკვლელობის დამკვეთები მისცემდნენ.

ბიანკას ებრალებოდა ახალგაზრდა მზარეული, რომელიც როგორც გაგონილი ჰქონდა ალურიელ მეთევზეთა უბანში მცხოვრები საბრალო ქვრივი ქალის ერთადერთი ვაჟი იყო, მაგრამ რა ექნა ? რომელ მზარეულთანაც ჩადო ოქრო, – ჩადო. ყველაფერი შემთხვევითობაა... უაზრო შემთხვევითობა, რომელიც ადამიანთა ცხოვრების პიესის მთავარი ატრიბუტია.  

„და ეს უსამართლო შემთხვევითობაც ლამაზი და სრულყოფილია... წმინდა ხელოვნებაა ესეც“.

როდესაც ამადეო უკან ამობრუნდა, მოყოჩაღებული იყო. თავი ოდნავღა მტკივაო, უთხრა ჯერ ისევ ლოგინში მყოფ ბიანკას. შემდეგ, ოთხი მსახური ბიჭი იხმო და შემმოსეთო უბრძანა.

ვაჟებმა ბაჯაღლო ოქროთი მოსირმული შალის საცერემონიო თეთრი კაბა ჩამოაცვეს, ლალის თვლებით შემკული, ოქრონემსული ქამხის ქამარი შემოარტყეს, საფირონის თვლებით გამშვენებული ხუთშვერილიანი ოქროს სამეუფეო წრე კრძალვით ჩამოჰკიდეს კისერზე, აბრეშუმის მოოქრულარშიებიანი და ორნამენტებიანი მოსასხამი მოახვიეს და წითელი ალმასის ქვებით გამშვენებული ოქრომკედით ნაქარგი არქიმოციქულის ოთხკუთხა ქუდიც დააფარეს თავზე.

ამ ყველაფერს საბანში გახვეული უცქერდა ბიანკა. ეგონა, არც ამჯერად იახლებდა თან საყვარელი, რათა მსახურებაზე მოსული ბერები და მოციქულები არ გაეღიზიანებინა, მაგრამ ამადეომ აიჩემა დროზე ჩაიცვი და გამოიპრანჭე, გინდა თუ არა შენც უნდა წამომყვე დღეს ტაძარშიო.

– იმ დღეს ისე გვარიანად მოვსვი ადგილზე ის სულელები...აბატი და მთავარინკვიზიტორი, ახლა რომ არ წაგიყვანო ეგონებათ სულ პატარა გავლენა ისევ აქვთ ჩემზე, – ამადეომ სახელდახელოდ შეისწორა კაბის კალთები, – არქიმოციქული ვარ, ამის დედაც ! მთელი ბელეგას არქიმოციქული ! სამი სამეფოს და ხუთი თავისუფალი ქალაქის სულიერი მამა !... ორდენებისაც ! იმას ვიზამ, რაც მომეპრიანება ! ვიღაც დაუბანელი ბერების ჭკუაზე არ ვივლი !

ოქროთი მოჭედილი ეტლით დაიძრნენ დიად მოციქულ ელეონის სახელობის ტაძრისკენ. ცხრა რაინდი მიაცილებდათ, – მათ შორის, დონ ლორენცო ბრენტო, რომელიც თოვლივით ქათქათა ფაშატს მიაგოგმანებდა პროცესიის წინ. ეტლის ფანჯრიდან მისჩერებოდა ბიანკა ტყავის ლამაზ ბრიგანდინებში გამოწყობილ რაინდებს და გაოგნებული იყო იმით თუ რა იღბლიანი გამოდგა წინა საღამო მისთვის. ყოველი საუზმისას, სადილისას თუ ვახშმისას, მცველად, ორი რაინდი მაინც ედგა ხოლმე სავარძლის უკან ამადეოს, გუშინ კი ყველა დაითხოვა, მომწყდით თავიდან, ჩემს მზეთუნახავთან ერთად მარტომ მინდა მოვილხინოო. იღბალი თუ არ იყო ეს, აბა, სხვა რა იყო ? თითქოს, თავად დიადმა ხელოვანმა შეუწყო ხელი, რომ ჩუმად ჩაეწვეთებინა ღვინით გავსებულ დოქში ისტორიის დამწერი ორად ორი წვეთი.

მზეს მოქუფრულ ღრუბლებში ჭუჭრუტანა ეპოვნა და იქიდან აფრქვევდა თავის სუსტ ნათელს ქალაქის მთავარი ტაძრის უშველებელ მარმარილოს სვეტებსა და ვერცხლის ქოლგისებურ გუმბათზე აღმართულ მოოქრულ სამეუფეო წრეს. ბიანკას შინდისფერი ფარჩის კაბა ეცვა და შალის თბილი შავი მოსასხამი ჰქონდა მოსხმული. თავსაფრის წამოღებას ფიქრობდა, მაგრამ ამადეომ უბრძანა არ დავინახო ეგ მშვენიერი თმა დაიფაროო.

„უნდა ვაჩვენო იმ ნაბიჭვრებს, რომ ნებისმიერ წესსზე მაღლა ვდგავარ მე და თუ მოვინდომებ ჩემს ქალს ისე გავათავისუფლებ ტაძარში თავის შებურვის წესისგან, რომ არავის არაფერს დავეკითხები, – ეუბნებოდა ამადეო, როდესაც ციტადელის ეზოში ჩამოდიოდნენ კიბეებით, წესები, ეს მე ვარ. აბა, ერთი რამე თქვან, მანოლეები ხომ გახსოვს ? უარესს დავმართებ მაგათ.“

მთავარ მოედანზე ზღვა ხალხი შეკრებილიყო. ბლომად ბერი და მოციქული ჩამომდგარიყო ტაძრის ბაჯაღლო ოქროთი შეჭედილ დასავლეთის კარიბჭესთან. არქიმოციქულის ეტლი ზარების ხმამაღალი რეკვის ფონზე გაჩერდა მოედნის ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც პირდაპირ ტაძრისკენ მიემართებოდა მოკირწყლული ბილიკი. როდესაც ეტლიდან ჩამოვიდნენ, ბერებისა და მოციქულების უმეტესობას სახე გაუქვავდა ბიანკას დანახვაზე, – თან როგორი ბიანკასი: თავდაუბურავის და გამოპრანჭულის. აბატი გაეტანო და მთავარინკვიზიტორი დომენიკოც კარიბჭესთან იდგნენ და უკმაყოფილო მზერით ბურღავდნენ არქიმოციქულსა და მის საყვარელს.

შვიდი ჩამოქვეითებული რაინდის თანხლებით დაიძრნენ კარიბჭისკენ არქიმოციქული და მისი საყვარელი. ორი რაინდი ეტლთან დარჩა, ცხენებზე ამხედრებული. გვერდით მიჰყვებოდა ამადეოს ბიანკა და ხედავდა თანდათან როგორ უღრეჯდა ზიზღი ხალხს სახეებს.

– თქვენო უწმინდესობავ ! – თეთრი კაბით შემოსილი მაღალი და ხმელი წინამძღვარი ჰარონი გამოეგება არქიმოციქულს სხვა რამდენიმე მოციქულთან ერთად და თავი მდაბლად დაუკრა. ხელში, თავსახურიანი ვერცხლის მომცრო ფიალა ეკავა. ფიალის მუცელზე ხუთი დიადი მოციქულის გრავიურა იყო გამოსახული, – მადლი წმიდისა კორნელიასი ! – ფიალას თავსახური მოხადა და ცხვირთან მიუტანა.  

ამადეომ სამეუფეო წრე გამოისახა სახეზე და დიად მოციქულთა რაოდენობის შესაბამისად, ხუთჯერ შეისუნთქა ფიალიდან ამომავალი საკმევლის ფაქიზი კვამლი და შემდეგ დასჭექა:

– დაე, მომიმართოს ხელი წმინდა კორნელიამ ღირსეულად ვადიდო სულთა მეუფე, დიადნი მოციქულნი მისნი და ყოველნი წმიდანი მისნი !

– დაე, აღსრულდეს ნება მეუფისა ! – დაიქუხეს მოციქულებმა, ბერებმა და გარშემო შეკრებილმა ერისკაცებმა.

წინამძღვარმა და მოციქულებმა გზა მისცეს არქიმოციქულს, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა თუ არა ამ უკანასკნელმა, მოიკაკვა და გაჩერდა. ამის შემხედვარე ბიანკას გულმა ბაგაბუგი დაუწყო. ნუთუ, საწამლავი მოქმედებას იწყებდა ?

– ამადეო, კარგად ხარ ? – აჩქარებით მიიჭრა საყვარელთან.

– თქვენო უწმინდესობავ, – იქვე გაჩნდა წინამძღვარიც.  

დონ ლორენცომ და ორმა სხვა რაინდმა ხელი შეაშველეს არქიმოციქულს.

– თქვენო უწმინდესობავ, – შეშინებულმა შეუძახა პირადი გვარდიის კაპიტანმა.

– რაღაც, – ოდნავ გასწორდა წელში ამადეო და ჩაეცინა, – რაღაც ვერ ვარ...

და უცბად მძლავრად ამოასხა პირიდან სისხლი და პირდაპირ წინამძღვარ ჰარონს მიარწყია კისერზე ჩამოკიდებულ ხუთშვერილიან მოცერხლილ რგოლზე. ატყდა ალიაქოთი. აბატმა და პირველმა ინკვიზიტორმა თავიანთ ბერებთან ერთად მოირბინეს არქიმოციქულთან. ბიანკამ იყნოსა, რომ სწორედ ახლა იყო შესაფერისი მომენტი და მთელი ხმით აკივლდა:

– ამადეო ! ოო, მეუფეო, დონ ლორენცო, ჰქენით რამე ! ამადეო ! ამადეო !

„აჰ, მგონი ზედმეტი დავალევინე.“

მაგრამ ამადეო უკვე უკნიდანაც ასხამდა სისხლს. წამში შეიღება საჯდომის ადგილას მისი საცერემონიო შალის კაბა და მოსასხამი წითლად. განავლის მყრალმა სუნმა ანაზდად მოიცვა იქაურობა. ძირს დავარდა არქიმოციქული.

– ოო, მეუფეო, ამადეო ! ამადეო ! – ქოთქოთებდა საყვარელთან ჩამუხლული ბიანკა, – დონ ლორენცო, უშველეთ რამე ! წინამძღვარო ჰარონ, ჰქენით რამე ! ამადეო !

შეშინებული წინამძღვრის აკანკალებულ ხელებში მოქცეული ფიალის ხელახლა დანახვაზე ბიანკას უცბად გონება გაუნათდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაიწივლა:

– უწმინდურებო ! თქვე უწმინდურებო ! თქვე შურიანებო ! ეს რა უქენით თქვენს არქიმოციქულს ? რა შეასუნთქეთ ? დონ ფაბრიციო, ჰქენით რამე ! ოო, მეუფეო, ამადეო !

გვარდიის კაპიტანმა თვალები მოწკურა, თითქოს ახლაღა მიხვდა რაშიცაა საქმეო და მრისხანედ შეაცქერდა წინამძღვარსა და მის თანმხლებ მოციქულებს, რომლებიც დაფეთებულები უმზერდნენ ძირს მგორავ, აფართხალებულ არქიმოციქულს. როგორც წინიდან, ისე უკნიდან, უკონტროლოდ ასხამდა ამადეო მუქ სისხლს, საძაგელ ლორწოსა და განავალს.

– მისი უწმინდესობის სახელით, დაკავებული ბრძანდებით ! – ხმლის ვადაზე ჩაბღაუჭებულმა დაიგრგვინა დონ ლორენცომ და თავის რაინდებს თვალით ანიშნა მოციქულებზე.

ბიანკა კი უკვე თითქმის გონდაკარგულ საყვარელთან იჯდა ისევ და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაჰკიოდა მის სისხლსა და განავალში ჩაფლული:

– ოო, ამადეო, ჩემო ძვირფასო !... თქვენო უწმინდესობავ ! ეს რა გიქნეს ? ოო, მეუფეო, ამადეო ! დონ ლორენცო, დააკავეთ, ჰო, დააკავეთ ეგ უნამუსოები !... ოო, მეუფეო ! ამადეო ! წყეულიმც იყავით ყველანი ! არქიმოციქულის მკვლელობა არავის შეგრჩებათ ! ამადეო !

 

 

 

თავი მეოთხე

 

 

ქარი გამაყრუებელი ღრიალით ეხლებოდა ფანჯრებს. სიბნელეში ჩაძირული შენობების სახურავები კრამიტების მძიმე რახარუხით ხვდებოდნენ მას და მის შემდგომ თავდასხმებს გარინდებულები ელოდნენ. ციტადელიდან შორს მყოფი მაწანწალა ძაღლები საბრალო ყმუილით იხვეწებოდნენ დანდობას. თავის საწოლზე პირაღმა გაწოლილი ბიანკა უკვე ორი დღეა უმეტესად ოთახში იჯდა და მგლოვიარე საყვარლის როლს წარმატებით ასრულებდა. ხანდახან ციტადელის ტაძარშიც ჩადიოდა, სადაც ამადეოს ცხედარი იყო დასვენებული და კვნესა-გოდებას მოჰყვებოდა ხოლმე. საჭმელსაც ისე ცოტას ჭამდა, რომ ციტადელის მსახურები სულ ხვეწნა-ხვეწნით აჩეჩებდნენ ხელში წვნიანით სავსე მათლაფას, ხორციან კერძს ან ხილიან ლანგარს.

წუთი-წუთზე ელოდა კარზე მომდევნო დაკაკუნებას, რადგან როგორც ამადეოს მკვლელობის დამკვეთების თავდაპირველ წერილში ეწერა, დანარჩენი ოქროს ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას არქიმოციქულის სიკვდილიდან ორი დღის შემდეგ შეატყობინებდნენ.

ტაძრის შესასვლელთან მომხდარი ამბის შემდეგ მართალია თავიდან ბოლომდე დაბანეს და გახეხეს ციტადელის მსახურმა ქალებმა, მაგრამ ბიანკას მაინც ეჩვენებოდა, რომ ჯერ კიდევ ასდიოდა თითებზე ამადეოს სისხლისა და განავლის უღონო სუნი, – სუნი, რომელიც ერთადერთი რამღა იყო კაბებთან და სხვა ტანისამოსთან ერთად, რაც საყვარლისგან დარჩა. ბიანკა მზად იყო თუნდაც მთელი ცხოვრება ეტარებინა თან ეს უცნაური სურნელი, როგორც მოგონება იმ შედევრისა, რომელიც ორი დღის წინ თავისივე ხელებით გამოძერწა. ამადეოს თვალებიც არ ამოსდიოდა გონებიდან, – მისი პატარა ბავშვივით შეშინებული თვალები. გასაოცარია, როგორ აუსუსურებს ტკივილი და იმის გააზრება, რომ სადაცაა ისევ მტვრად იქცევი თუნდაც ყველაზე ძლევამოსილებს. ბიანკამ იფიქრა, ალბათ მეც მასსავით შევშინდები, როცა ჩემი აღსასრულის მომენტი დადგებაო და ამის გააზრებამ თითქოს აღტაცების მთრთოლვარე ნემსები ჩაძირა მის კანში. 

როგორც მოსამსახურე ბერნადეტისგან გაიგო დღე-დღეზე ამადეოს ძმა, დონ მატეო მარინესე ჩამოვიდოდა კასტა-მარინოში და იგი ითავებდა ქალაქის მართვას. ბიანკა ფიქრობდა, ალბათ თავისი ძმის მკვლელობის გამოძიებასაც დაიწყებსო, მაგრამ ამაზე საერთოდ არ ღელავდა, – მისი იმდღევანდელი გაქნილობის წყალობით ერთადერთი ეჭვმიტანილები ჯერ-ჯერობით ქალაქის მთავარი ტაძრის წინამძღვარი და მისი ქვეშევრდომი მოციქულები იყვნენ, რომლებიც ციტადელის დილეგში ჰყავდა ჩაყრილი დონ ლორენცო ბრენტოს, ხოლო თუ გამოძიება მათ უდანაშაულობას დაადგენდა, შემდეგ, რა თქმა უნდა, მთავარ ეჭვმიტანილად ახალგაზრდა მზარეული არმანდო იქცეოდა. წესით, ვერავინ მიიტანდა ეჭვს ბიანკაზე.

„მაგრამ, იქნებ იმ საბრალო ბიჭამდე ვერც მივიდნენ. მგონი, საკმარისად დამაჯერებელია, რომ ვითომ შურისა და არქიმოციქულისთვის შეუფერებელ ქმედებებზე გაბრაზების გამო გამოასალმეს სიცოცხლეს ამადეო მოციქულებმა... იქნებ, აბატი და მთავარინკვიზიტორიც მივუჯინო გვერდით მათ... დონ მატეოს ჩავაწვეთებ ჩემებურად, როცა ჩამოვა.“

დერეფნიდან ფეხის ხმა მოესმა ბიანკას და სმენა დაძაბა. ვიღაც ნელა მოფრატუნებდა.

– მოდი, ნუ გეშინია, – დაიჩურჩულა და ოდნავ ჩაეღიმა. დარწმუნებული იყო საჭმლის ნაცვლად ახლა წერილს მოართმევდნენ.

კარზე სუსტი კაკუნი გაისმა და მაშინვე კმაყოფილი წამოჯდა საწოლზე. არ უკითხავს, ვინ არისო. რად უნდოდა ? ისედაც გასაგები არ იყო ვინ იქნებოდა ?

ნელა გამოაღო კარი. ის ქალი იყო. იგივე დაკონკილი მოსასხამი ჰქონდა წამოსხმული. ოღონდ, ნახევრად გაჭაღარავებულ თმას ახლა შავი გახუნებული თავშალი უფარავდა. ხელში ვერცხლის ლანგარი ეკავა, ზედ კი დაგრაგნილი და სელის ვიწრო თასმით შეკრული ქაღალდი იდო. ბიანკამ უსიტყვოდ აიღო გრაგნილი ისე, რომ ქალისთვის თვალი არ მოუცილებია. ამ უკანასკნელმა თავი დაუკრა და მარჯვნივ გაუყვა დერეფანს. ბიანკამ თვალი გააყოლა როგორ შეიწოვა ნელ-ნელა უცნობი ქალი სასანთლეებით განათებული დერეფნის მუქმა ჩრდილებმა.

კარი დაგმანა ბიანკამ, ქაღალდს თასმა შეხსნა და გაშალა. ზუსტად იგივე ხელწერა იყო: ამჯერად კიდევ უფრო მოკლე და კონკრეტული.

„სოფელ მერელლოში ჩადით. „უხუცესთა მუხის“ ძირში, მდინარის მხარეს, მიწა ამოთხარეთ. ეს წერილი დაწვით.“

როგორც წინა წერილი, ეს წერილიც თავისი ოთახის აგიზგიზებულ ბუხარში შეაგდო ბიანკამ.

„სოფელი მერელლო... მგონი, ფოკარასთანაა. აუცილებლად გიპოვნი.“

უცბად ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო ბიანკა, ნეტავ ვინ დამიკვეთა არქიმოციქულის მკვლელობაო. გონებაში აწონ-დაწონა ვის შეიძლება ნდომებოდა ყველაზე მეტად ამადეოს სიკვდილი, მაგრამ მეტისმეტად რთული სათქმელი იყო, – ახალი იმრონის არქიმოციქულიდან დაწყებული, თავად ამადეოს უფროსი ვაჟით, თადეოთი დამთავრებული, ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო დამკვეთი.

„მაგრამ, თადეოს ამდენი ფული საიდან ექნებოდა ? ვითომ, რომელიმე გილდია ან... ან ბანკი ? რომელიმე ჩვენებური მეფე ?“

მაგრამ, ამაზე ფიქრით თავი აღარ შეუწუხებია. ახლა უკვე იმაზე დაიწყო გონებაში მსჯელობა როდის და როგორ უნდა წასულიყო კასტა-მარინოდან. მალევე გადაწყვიტა, რომ როდესაც მატეო ჩამოვიდოდა, ჯერ აჩვენებდა თუ როგორ გლოვობდა მის აწ გარდაცვლილ ძმას და შემდეგ ეტყოდა, უნდა წავიდე ამ ქალაქიდან რადგანაც ყველაფერი ჩემს საყვარელ ამადეოს მახსენებს აქ და ზედმეტად მტკივნეულია ჩემთვის აქ ყოფნაო. ამის შემდეგ, სხვა რომელიმე ქალაქში იმ ორი ოქროთი, რაც დარჩენილი ჰქონდა, ათამდე მოქირავნე მებრძოლს დაიქირავებდა გამყოლად, ფორანსა და ცხენს იყიდდა და სოფელი მერელლოსკენ გაემართებოდა. აბა, მარტო სახიფათო იქნებოდა ამხელა განძის როგორც ამოთხრა, ისე მასთან ერთად გადაადგილება, ოღონდ თავისი თავი კი არ ედარდებოდა ბიანკას, არა, ამ ყველაფერს თეატრისთვის... ხელოვნებისთვის აკეთებდა და კიდევ ხელოვანი ადამიანებისთვის.

თუმცა, ადრე თუ გვიან ხომ გაიგებდა ამადეოს ოჯახი, რომ მისმა ყოფილმა საყვარელმა მიწა იყიდა გლეხებითურთ, ზედ თეატრი გახსნა და კიდევ იმდენი სახსრებიც აქვს, რომ დაქირავებულ მწერლებს, პოეტებს, მუსიკოსებსა და მხატვრებს იმის გარდა, რომ მიწიდან მოწეული მოსავლით კვებავს, ჯამაგირსაც უხდის ?

„ვნახოთ. იქამდე ახალი მფარველი ვიშოვნო იქნებ. ვინ იცის, უფრო ძლიერიც კი, ვიდრე ამადეო იყო“.

ბიანკამ ჩუმად ჩაიცინა და ისევ ლოგინზე გაწვა. ქარი ისევ ისე ღმუოდა. მისი შემწე არავინ ჩანდა.

 

 

 

 

 

 

 

****

 

 

დონ მატეო მარინესე ამადეოს კაბინეტში, მუხის მოჩუქურთმებულ მაგიდასთან იჯდა და სადაფით შემკულ წაგრძელებულ ჩიბუხს ექაჩებოდა. მისი თვალები ბიანკას, სქელ გახუნებულყდიან „სამოციქულოსა“ და ჭერში ჩამოკიდებულ მარინესეების ალამს შორის დაცურავდა მშვიდად. დროდადრო, ახალაბრიალებულ ბუხარსაც სწვდებოდა მისი მზერა. ფანჯრიდან შემოსული გაციებული მზის შუქი უცნაურ კუთხოვან ჩრდილებს ჰფენდა იქვე დადგმულ წიგნებითა და ნაირ-ნაირი გრაგნილებით გამოტენილ კარადას და მის მოპირდაპირე კედელზე ჩამოკიდებულ სარკესავით პრიალა ფირფიტებიან, ადგილ-ადგილ მოოქრულ ჯავშანს.

– დიახ, ფორცაში გავგზავნი ხვალვე, რათა ჩვენი ოჯახის საგვარეულო საძვალეში განისვენოს სამუდამოდ, მაგრამ საუბრის თემას რომ არ ავცდეთ, მალევე დაეცა, როცა წინამძღვარმა მადლი შეასუნთქა ?

ბიანკამ თავი გვერდზე გადააგდო და აცრემლებული მარჯვენა თვალი აცმუკებული ცერა თითით ამოიწმინდა.

– ორი... სამი ნაბიჯი გადადგა და, – ისევ აკრუსუნდა ბიანკა, – და ის საშინელება დაიწყო... მოწამლეს ! ნამდვილად მოწამლეს ! სხვა... სხვა... 

– გეთანხმებით, - დონ მატეოს ლამაზად გაკრეჭილ ალაგ-ალაგ შეჭაღარავებულ წვერ-ულვაშს თამბაქოს კვამლი ნაზად ეფერებოდა, – მაგრამ, მითხარით დონა ბიანკა, განა ზედმეტად აშკარა არ იქნებოდა ამგვარი მკვლელობა ?! თან ვისი... ბელეგას არქიმოციქულის... შეიძლება ღრმად მორწმუნეები არიან წინამძღვარი ჰარონი და მისი... მოდი ასე ვთქვათ, თანამზრახველები, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, ჩვენს დროში, ყველაზე თავგადაკლული მორწმუნეებიც ისევე უფრთხიან სიკვდილს, როგორც ნებისმიერი... მოდი, ასე ვთქვათ, ნებისმიერი ნადირი. სიცოცხლე ყველას უნდა, დონა ბიანკა, – თავისი ჭკვიანი, მრუმე თვალებით გამომცდელად მიაჩერდა დონ მატეო ბიანკას და ხელახლა, ღრმად შეისუნთქა თამბაქოს კვამლი, – მეეჭვება, წინამძღვარი და... და დანარჩენები ასეთ აშკარა დანაშაულზე წასულიყვნენ.

ბიანკა მოხიბლული იყო თავისი აწ გარდაცვლილი საყვარლის ძმის ჭკუით. იგი მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი, შვიდი თუ რვა თვის წინ, როდესაც ფორცას სპილენძის მაღაროებში მოპოვებული მადნის ძვირად მიყიდვას ცდილობდა ფოკარას ბანკისთვის და ამასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად ჩამოვიდა თავის უფროს ძმასთან კასტა-მარინოში. მაშინ მხოლოდ მშრალი მისალმებით შემოიფარგლნენ ბიანკა და დონ მატეო, ახლა კი ერთმანეთისგან სულ რაღაც ორი-სამი ნაბიჯით დაშორებულები ისხდნენ და პირისპირ საუბრობდნენ.

– მმ... ასეთ აშკარა დანაშაულზე ნამდვილად არ წავიდოდნენ ! – თვალები ოდნავ მოჭუტა დონ მატეომ და ბიანკას გული აუფანცქალდა დაძაბულობისგან. ასე ეგონა, სადაცაა მე დამდებს ბრალსო, – თუმცა, მოდი ასე ვთქვათ... ამ ეტაპზე ვერავისზე მივიტან ეჭვს მათ გარდა.

დონ მარინესეს თავისი თავით კმაყოფილს ჩაეღიმა და ხავერდისზურგიან სავარძელზე გადაწვა. პირიდან ერთიმეორის მიყოლებით ამოუშვა კვამლის ბოლქვები.

მოსწონდა ბიანკას მისი მანერები, მისი საუბარი... მისი თამაში. ისე მოიხიბლა ამადეოს ძმის გამჭრიახობითა და მისი პიროვნებით, თეატრის ბედი რომ არ ყოფილიყო მასზე დამოკიდებული, შეიძლება იქვე ეღიარებინა ყველაფერი.

თუმცა, გადაწყვიტა ცოტათი მაინც აჰყოლოდა თამაშში.

– ეგ... ეგ მე... მე.. მეც ვიფიქრე, დონ მატეო, – თვალები ოდნავ გააფართოვა ბიანკამ და წამწამებზე დაგროვილი ცრემლი ლოყებზე ჩამოეღვარა, – მაგრამ... მაგრამ... – და უცებ ისე მიმოიხედა აქეთ-იქით თითქოს რაღაც ძალზედ მნიშნელოვანი გაახსენდაო, – წინა დღეს ვახშამი მივირთვით... საუ... საუზმეც, ოღონდ მხოლოდ ამადეომ. საუზმე წმინდა კორ... კორნელიას დღეს მიირთვა. ვითომ, ციტადელში მოწამლა ვინ... ვინმემ ? მაგრამ ვის... ვის უნდა გაებედა ამგვ... ამგვარი რამ ?

ცოტა არ იყოს ინანა ბიანკამ, რადგან დონ მატეოს დიდი ალბათობით მზარეულ არმანდოზე გაიყვანდა მისი გამჭრიახი გონება, მაგრამ რა ექნა ? თავი ვეღარ შეიკავა ისე აინტერესებდა როგორ მოქაჩავდა ჩიბუხს ამადეოს ძმა, როგორ მოწკურავდა ჭკვიან თვალებს და როგორ დაიწყებდა თავისებურ მსჯელობას.

– ციტადელი... საუზმე... ვახშამი, – გაწელილად თქვა დონ მატეომ და ბოლის ისეთი ქარბორბალა დააყენა თავისი თავის გარშემო, იფიქრებდი ნისლი ჩამოწვა ოთახშიო.

– დიახ, დონ მატეო, – ჩაახველა ბიანკამ, – როგ... როგორ გგონიათ შესაძლებელია ვახშმისას მოეწამლა ვინმეს ? ან... ან საუზმისას ?

– მომიტევეთ ! – ფეხზე წამოდგა დონი და ფანჯარა ოდნავ გამოაღო. გარედან გრილი ჰაერი ისე შემოიჭრა, გეგონება ზამთარში გარეთ გაგდებული კატაა, რომელსაც ერთი სული აქვს როდის მიეცემა შიგნით შემოვარდნის და კვლავ ბუხართან გაწოლის საშუალებაო.

ბიანკამ ამადეოს მიერ თვენახევრის წინ ნაყიდი ხავერდის სქელი ფირუზისფერი მოსასხამი მჭიდროდ მოიხვია სხეულზე.

– ცოტათი განიავდეს ოთახი და დავკეტავ, – ისევ სკამზე მოკალათდა დონ მატეო, – მაშ, ვახშმისასო, ამბობთ ? და კიდევ მომდევნო დღეს საუზმისასო ?

ბიანკამ თავი დაუქნია.

– მითხარით, დონა ბიანკა, რატომ გგონიათ რომ მაგ ორიდან რომელიმეს დროს მოწამლეს მაინცდამაინც ?

– არ... არ ვიცი. ვიფიქრე...

– იფიქრეთ ? რა იფიქრეთ ? 

– საწამლავები ხომ... არ ვიცი... მაშინვე არ მოქმედებენ ? 

– მაშინვე მოქმედებას ეძახით მეორე დღეს სიკვდილს ? – დონ მატეომ თამბაქოს კვამლი პირდაპირ ფანჯრისკენ გააფრქვია, – ან იმავე დღეს, თუმცა მოგვიანებით ?

„ჭკვიანი ხარ... ძალიან ჭკვიანი. შენი გონება თვით დიადი ხელოვნის შეკოწიწებულია.“

– მე... მე... არ... არ ვიცი, დონ მატეო, მე...

– საწამლავებში ერკვევით, დონა ბიანკა ? იცით, რომელი როგორ მოქმედებს ან რომელი რამდენ ხანში კლავს მსხვერპლს ?

– არა, დონ მატეო...

– მაშ, რაზე დაფუძნებით ამბობთ, რომ ჩემი ძმა სავარაუდოდ ვახშმისას ან მომდევნო დღეს საუზმისას მოწამლეს ? 

– მე... მე ისე ვთქვი, – ცოტა არ იყოს შეშინდა ბიანკა. ნუთუ, მისი თეატრის აგებასა და გახსნას საფრთხე ექმნებოდა ? – მე... მე ვარაუდი გამოვთქვი. მე... მე არაფერი გამეგება საწამლავების...

– მოდი ასე ვთქვათ, – მარცხენა ხელის თითები სავარძლის გაპრიალებულ ხის სახელურზე აათამაშა კაცმა და ჭერს ახედა, სადაც ფრთიანი ლომების პატარ-პატარა ბარელიეფები იყო გამოსახული, – ჩემი აზრით, ჩემი ძმა, მისი უწმინდესობა... ვიღაცამ მოწამლა... და გეთანხმებით ეს სწორედ ციტადელში მოხდა.   

დონ მატეომ მუნდშტუკს თავისი ძმასავით ჩასუქებული ტუჩები მოუჭირა და ცოტა ხანში ბოლი ნესტოებიდან გამოუშვა.

– და იმაშიც გეთანხმებით, რომ საწამლავი ვახშმისას ან საუზმისას ჩაუწვეთეს... დიახ, ჩაუწვეთეს, რადგან ის სიმპტომები, რაც დონ ლორენცომ აღმიწერა სწორედ თხევად საწამლავებს ახასიათებთ... მუცლის მსერავებს, მუცლის მჭეჭყავებს... კუჭის მხვრეტავებს, კუჭის მჭყლეტავებს... გულის მხეთქავებს, გულის მსერავებს... ღვიძლის დამშლელებს.

ბიანკა ვეღარ ხვდებოდა რა ეთქვა, ან საერთოდ უნდა ეთქვა თუ არა რამე. ერთგვარ გაოგნებას გრძნობდა, რომ ვიღაცამ მასზე ზედა საფეხურზე აძრომა მოახერხა სიტყვების სპექტაკლის კვარცხლბეკზე. იგი, ახლა, მონა ქალი ესტრელა იყო, რომელსაც ზემოდან თავმომწონედ დასძახოდა დონ კარლო აბიატი.   

– მოდი ასე ვთქვათ, გამოუცდელი ადამიანის მოწამლულია ამადეო, – დონ მატეომ ჩიბუხი მაგიდაზე დადო და კვამლის უკანასკნელი ფანტელები ნელა გამოუშვა ცხვირ-პირიდან. თუთუნის ჩასაყრელიდან თხელი ძაფების ხლართივით იკლაკნებოდა ბოლი, – იმის, ვინც საწამლავებს კარგად არ იცნობს... ან, ვისაც საერთოდ არაფერი გაეგება საწამლავების, – ამ სიტყვებზე მარცხენა წარბი ოდნავ ზემოთ აზიდა და სუსტმა ღიმილმა ჩაუჭრა მარჯვენა ტუჩის კუთხე, – არც მისი დოზების... არც გაზავების წესების. საწამლავების დიდოსტატი ისე მოკლავს თავის მსხვერპლს ვერავინ ვერაფერს მიხვდება. ბუნებრივი სიკვდილი ეგონება ნებისმიერს... თუ, რა თქმა უნდა, შურისძიება ან სხვა მიზეზი არ ამოძრავებს, რომ ტანჯვითა და დამცირებით მოკლას სამიზნე.

ბიანკამ იფიქრა, აი, სადაცაა შემეკითხება რატომ მოკალი ჩემი ძმაო, მაგრამ დონ მატეო მხოლოდ მდუმარედ უმზერდა ჩაფიქრებული. ცოტა ხანში ფანჯარა დაკეტა და ისევ სავარძელში ჩაჯდა. არაფერს იძახდა. თვალებიც კი დახუჭა და მისი ნამეტნავად დამშვიდებული სახის შემხედვარე ნებისმიერი იფიქრებდა ჩაეძინაო.

– თქვენ მსახიობი იყავით დონა ბიანკა, ასეა ? – სრულიად მოულოდნელად დაიძახა დონ მატეომ და თვალები გაახილა.

ბიანკა სკამზე შეიშმუშნა. არათითის ადგილას შერჩენილი ტაკვი მოიზილა ცერით.

– დიახ. თეატრის მსახიობი ვიყავი, დონ მატეო... დიახ.

– იცით, ჭაბუკობაში მეც ვმუშაობდი მსახიობად, – დონ მატეომ იმ მოხუცივით ჩაიღიმა, რომელიც ტკბილ ახალგაზრდობას იხსენებდა.

ამას კი ნამდვილად არ მოელოდა ბიანკა. ამადეოს ძმა, – მსახიობი ?  

– თოთხმეტი წლის როდესაც ვიყავი, მამაჩემს ვახლდი ერთხელ კასტა-ვერდეში. იქ ვნახე პირველად სპექტაკლი... სახალხო ამფითეატრში... დონა ანჟელიკას ვარდები. ისე მომაჯადოა მსახიობთა თამაშმა, მეც მომინდა მათსავით მეთამაშა და მოდი ასე ვთქვათ, ვითამაშე კიდეც. მთელი ორი წელი. მამაჩემს შევეხვეწე, თეატრს მიმაბარე-მეთქი. უარი არ უთქვამს... მე ყველაზე უმცროსი ვიყავი მის ვაჟებს შორის, რომც დავეკარგე, ალბათ დიდად არც ინაღვლებდა. თან მაშინ ანჯელოც ცოცხალი იყო... ორივე თვალიც ადგილზე ჰქონდა.

სიჩუმე ჩამოვარდა. ბიანკა ერთდროულად შიშს, აღტაცებასა და მოხიბლულობას გრძნობდა. უნდოდა ამდგარიყო და იმ დიალოგზე დაფუძნებული გვარიანი პიესა დაეწერა, რომელსაც ახლა ჰქონდა ადგილი მასსა და მის მიერ მოკლული საყვარლის მეტისმეტად გამჭრიახ ძმას შორის.

„ეს რომ დავწერო, ჯერ უნდა გადავურჩე ამ მზაკვარს“, – აგზნების ღიმილი ძლივს შეიკავა ქალმა.

დონ მატეომ მაგიდაზე დადებულ ვერცხლით შეჭედილ პატარა სკივრს თავსახური ახადა, სამი თითით ყავისფერი თუთუნი ამოიღო იქიდან და ჩიბუხს დაუმატა.

– და აქ იბადება მთავარი კითხვა, – ისევ აიღო ჩიბუხი და იქვე დაგდებული ჩალის ეული ღეროთი სკივრის გვერდით მოთავსებული მომინანქრებული ჭრაქიდან მოუკიდა. მისი პირიდან ზღვის ტალღებივით გამოლივლივებული ბოლი პირდაპირ ბიანკას მიელამუნა თმაზე, – ვინ უფრო კარგი მსახიობია ?  

სიჩუმე. ერთი წყვილი თვალი მეორე წყვილ თვალს უყურებდა. ორი მსახიობი. ორი თამაში ?!

– ვერ... ვერ ვხვდები, დონ მატეო, – შეიცხადა ბიანკამ, – რას... რას გულისხმობთ ?

– მოდი ასე ვთქვათ, თქვენი დამკვეთი დიდად კმაყოფილია თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოთი, – დონ მატეომ მაგრად მოქაჩა ჩიბუხს და ტუჩები მაშინვე კვამლით დაიფარა, – თუმცა შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ნაკლებ დრამატულადაც შეიძლებოდა ყველაფრის შესრულება... კი. მაგრამ ნამდვილი ხელოვნის ცხოვრებაში ყოველთვის ისე ეწყობა ყველაფერი დრამას ვერაფრით არიდებს თავს, ასე არაა ?

რას ნიშნავდა ეს ლაპარაკი ? ნუთუ თვითონ იყო თავისი ძმის მკვლელობის დამკვეთი ?

– დონ მატეო, – დაიბნა ბიანკა, – მე... ვერ ვხვდები რას გულისხმობთ.

უცბად ტაშის კვრა დაიწყო დონ მატეომ. პირში ისევ გაჩრილი ჰქონდა ჩიბუხი.

– ბრავო ! შესანიშნავია, დონა ბიანკა. უნდა, შეგაქოთ ! შესანიშნავად ითამაშეთ ! ბრავო ! თქვენში არ შევმცდარვარ.  

„რა ხდება ? რაღაცას ოინბაზობს ეს წყეული ?“

– დონ მატეო, გეყოთ ! – ფეხზე ნაწყენივით წამოდგა ბიანკა და თვალები ხელახლა აიწყლიანა, – არ გრცხვენიათ ? მე ხომ... მე ხომ მთელი გულით მიყვარდა თქვენი ძმა... ჩემი ამადეო. არ გრცხვენიათ ?

ამაზე სულელივით აკაკანდა არქიმოციქულის ძმა და ისეთი ხველა აუტყდა, კინაღამ ხელიდან გაუვარდა ჩიბუხი.

– ოჰ, დონა ბიანკა, – დაიძახა სულის მობრუნებისთანავე, – მართლაც საოცარი მსახიობი ბრძანდებით ! ნუ გეშინიათ. შეგიძლიათ მენდოთ, – შემდეგ წინ გადმოიხარა მაგიდაზე და ლამის ჩურჩულით თქვა, – მე... მე შეგიკვეთეთ მისი უწმინდესობის მკვლელობა.    

– თქვენ... თქვენ მოკალით ამადეო ?! – სკამზე მოწყვეტით დაეხეთქა ბიანკა, – ოო, მეუფეო... ჩემი ამადეო... ჩემი... ჩემი...

– კარგით, გეყოთ-მეთქი, – ხელი ჩაიქნია კაცმა და ხარბად შეისუნთქა თამბაქოს კვამლი, –თორემ, მართლა მეგონება, რომ თქვენს ნაცვლად სხვას მიუტანა ჩემმა ჩიტმა წერილი... ასე რომ იყოს, მაშინ, მოდი ასე ვთქვათ... მმ, აქვე მომიწევდა თქვენი მოკვლა, დონა ბიანკა. ისე, ხომ მართლა თქვენ მიიღეთ ჩემი წერილი ?

დონ მატეოს გამხიარულებული იერი ელვის სისწრაფით შეცვალა დაუნდობელმა სიმკაცრემ, – ისეთმა სიმკაცრემ, რომ ბიანკა უცბად დარწმუნდა, არა რომ ვუთხრა შეიძლება უცებ მომახტეს ყელზე და დახრჩობა დამიწყოსო. მაგრამ, ხომ შეიძლებოდა ესეც თამაშის ნაწილი ყოფილიყო და უბრალოდ ძმის მკვლელობის დამკვეთად ასაღებდა თავს, რათა როგორმე დანაშაულში გამოეტეხა ?

„რა ვქნა ?“ – ასეთი დილემის წინაშე არასდროს მდგარა ბიანკა. ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია ამ ვირეშმაკმა და რაც არ უნდა ეპასუხა სიცოცხლის გარანტია არცერთ პასუხზე არ ექნებოდა. ან იყო არქიმოციქულის მკვლელობის დამკვეთი დონ მატეო, ან არა. ან ახლავე მოკვდებოდა ბიანკა, ან მოგვიანებით, როცა სიკვდილი ეწვეოდა. ან ჰქონდა მომავალი მის თეატრს, ან იდეის დონეს ვერ გასცდებოდა ვერასდროს.

„შენი გამჭრიახობის ნახევარი მაინც რომ ჰქონოდა ამადეოს, ახლა ცოცხალი იქნებოდა, ალბათ, – აღტაცების ნიავმა ერთიანად ამოაცალა ჰაერი ფილტვებიდან ბიანკას. არ ეგონა, ასეთ ღირსეულ მოწინააღმდეგეს თუ შეხვდებოდა ოდესმე, – ხელოვანია... ესეც ნამდვილი ხელოვანია.“

– მინდა შეგახსენოთ, დონა ბიანკა, რომ სიჩუმე მხოლოდ ამძაფრებს ეჭვებს, – პირში გაჩხერილ ჩიბუხს მარჯვენა ხელი მოაშორა დონ მატეომ და გამომშრალი მუშტი ისეთი გულმოდგინებით შეკრა, გეგონება სადაცაა მთელი ძალით მოიქნევსო.

უნდა გაერისკა. რაც იქნებოდა, იქნებოდა. განა, მთელი ცხოვრება რისკი არაა ? ყოველი ნაბიჯი, ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა რისკია. ყოველი თვალის დახუჭვა და გახელა კამათლის გაგორებაა. ერთადერთი ნუგეში ამ სამყაროში ისაა, რომ რაც არ უნდა მოხდეს მაინც სრულყოფილია, შედევრია... წმინდა შემოქმედებაა.

– არ მჯერა თქვენი, დონ... დონ მატეო, – ამოიკნავლა ბიანკამ, – არ მჯერა, რომ ძმას მოკლავდით ! თქვენზე ყოველთვის კარგს ამბობდა ამადეო. იცით, რომ მოსალოდნელ ომშიც თქვე... თქვენი იმედი ჰქონდა ?

მატეომ ნელა გამოიღო პირიდან ჩიბუხი, მაგიდაზე დადო და ფეხზე წამოდგა თვალების ბრიალით.

ესე იგი, თეატრი არ გაიხსნებოდა ? არა უშავს, ესეც დიადი ხელოვნის ნამუშევარია და შეიძლება არცაა საჭირო დამატებითი სპექტაკლებიო, გაიფიქრა ბიანკამ და გრძნობამორეული შეემზადა იმ მომენტისთვის, როცა დონ მატეოს მუშტი მოხვდებოდა ყბაში... ან იქნებ ცხვირში ? მამაკაცი ღრენით მიუახლოვდა. ბიანკამ გულში გაივლო, აი, ახლა დამატაკებს მუშტსო და...

უცებ ხელახლა აკაკანდა დონ მატეო.

– ვგონებ, ფრეა ?! კი, ფრეა ! ოჰ, დონა ბიანკა, მართლაც რომ შესანიშნავი... შესანიშნავი მსახიობი ბრძანდებით ! არადა, მეგონა გაგტეხეთ... მაშ, არ შევმცდარვარ თქვენში.

შებრუნდა და ისევ ამადეოს ნაქონ სავარძელში ჩაესვენა გამხიარულებული. ესე იგი, ამადეო ამის მოკლული იყო ? თუ ისევ რაღაცას თამაშობდა ეს ვირეშმაკი ? ცოტა არ იყოს ყელში ამოუვიდა ბიანკას ასეთი გაურკვევლობა. თუმცა, ხელახლა მიეცა იმედი, რომ მისი თეატრი ადრე თუ გვიან ხორცს შეისხამდა.  

– დონ მატეო, გთხოვთ, – თავი ხელებში ჩარგო ბიანკამ და ერთ ადგილზე რწევა დაიწყო. ყოველი შემთხვევისთვის, როლიდან ჯერ არ გამოდიოდა, – გევედრებით, ამიხსენით, რატომ... რატომ მაწვალებთ ? რა დაგიშავეთ ? მე ხომ თქვენი ძმა... 

– ოჰ, თქვენი ძმა... მე ხომ მიყვარდა, თქვენი ძმა, მისი უწმინდესობა ამოს პირველი, - დაწვრილებული ხმით გამოაჯავრა კაცმა, – დამშვიდდით, დონა ბიანკა. დამშვიდდით. თუმცა, მოდი ასე ვთქვათ, ალბათ ვერ დამშვიდდებით, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ნამდვილად მე ვარ თქვენი დამკვეთი, არა ?

ბიანკამ არაფერი უპასუხა. ხელებში თავჩარგულმა განაგრძო რხევა.

– მმ, რამდენი ინატრებდა თქვენს ადგილას ყოფნას ახლა... რომ იცოდეს რა იმალება მიწის ქვეშ...

ბიანკამ ყურები ცქვიტა.

– მუხის... ძირში, – სიტყვებს განზრახ წელავდა დონ მატეო. ეტყობა, მოსწონდა ბიანკას წვალება.

„მგონი, მორჩა თამაშს. მართლაც ეს ყოფილა დამკვეთი ?!“

– მუხისა... რომელსაც... ეძახიან...

„თქვი, მიდი, შე მზაკვარო, – გულის ფანცქალი სულს უხუთავდა ბიანკას, – თქვი და ამომასუნთქე... შენც ხომ მსახიობი ხარ ? შენც ხომ გინდა ტაში ?“

– რომელსაც ეძახიან...  

სიჩუმე ჩამოვარდა. აღარაფერს იძახდა დონ მატეო. ბიანკას მთელი არსებით მოუნდა თავის ხელებიდან ამოწევა და მისი შეხედვა, მაგრამ საეჭვოდ გამოჩნდებაო, გაიფიქრა.

– „უხუცესთა მუხას“ ! – უცბად დაიძახა ამადეოს ძმამ.

მორჩა. ნამდვილად ეს იქნებოდა ამადეოს მკვლელობის დამკვეთი. უკვე შეეძლო მშვიდად გამოსულიყო როლიდან.

ბიანკამ სახე ხელებიდან ამოიღო და ფართოდ გაიღიმა. შემდეგ, ტაშის კვრას მოჰყვა. დონ მატეო ფეხზე წამოდგა და თავი ისე დაუკრა, გეგონება სცენაზე დგასო.

– ბრავო, მაესტრო ! – შეუძახა ბიანკამ სიცილით, – მართლაც საოცარი შესრულება იყო, დონ მატეო ! საოცარი მსახიობი ბრძანდებით ! უკვე კარგა ხანია მინდა გითხრათ, მაგრამ...

– მაგრამ, მოდი ასე ვთქვათ, გეშინოდათ არ გამეცურებინეთ, – ეშმაკური სახით გააბოლა დონ მატეომ, – ოჰ, დონა ბიანკა, რომ იცოდეთ როგორ ველოდი ამ ჩვენს საუბარს. გაგონილი მქონდა თქვენზე და ერთი სული მქონდა როდის ვიხილავდი თქვენს შესრულებას... ოღონდ, არა სცენაზე, არამედ აქ... ნამდვილ ცხოვრებაში. მოხიბლული ვარ, ჭეშმარიტად მოხიბლული ვარ, მაესტრესა !

ერთმანეთს მიაჩერდნენ როგორც ხელოვანი – ხელოვანს. იღიმოდნენ. ცოტა ხანს ასე უყურეს ერთმანეთს და შემდეგ დონ მატეომ აიმაღლა ხმა: 

– ეზოში ფორანი გელოდებათ, დონა ბიანკა. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დატოვოთ კასტა-მარინო.  

ბიანკამ მდაბლად დაუკრა თავი.

– გმადლობთ, დონ მატეო.

– გადაწყვეტილი გაქვთ რაში მოიხმართ ფულს ? 

– თეატრი მინდა გავხსნა... ჩემი საკუთარი. მიწას ვიყიდი სადმე და იქ ავაგებ ჩემს „ხელოვნების ტაძარს“.

– შესანიშნავია, – ჩიბუხი დააქნია დონ მატეომ, – მართლაც რომ შესანიშნავია.

– დამნაშავეზე რას აპირებთ ? – დაინტერესდა ბიანკა.

– მოციქულებზე ? – ჩაეღიმა ამადეოს ძმას, – სიკვდილით დაისჯებიან. ბელეგას არქიმოციქულის მკვლელობას ვერ შევარჩენ... მითუმეტეს, როცა არქიმოციქული ჩემი ძმა იყო.

„ოხ, დიდი მზაკვარი ვინმე ხარ... დიდი მზაკვარი“, - კაცის გაქნილობით მოხიბლული იყო ბიანკა.

– ისე, შეიძლება მეც გავხდე არქიმოციქული, – თვალებმოჭუტულმა მიაპყრო თვალი თავისი ოჯახის ალამს, – რას ფიქრობთ ? მეფე ლაზარო წინააღმდეგი არ იქნება... არც დანარჩენი მეფეები... პატრიარქებს ისევ მოვისყიდით და... და ხალხის წინაშე ახალი არქიმოციქული წარსდგება, –ხელები ცბიერი ღიმილით გაშალა დონ მატეომ, – ერთი ეგაა, ბერების და მოციქულების მორჯულება მომიწევს. ახლა, თურმე ჰგონიათ, რომ თავად სულთა მეუფემ დასაჯა ამადეო იმის გამო, რომ თქვენ გიახლათ მსახურებაზე... რიგით მორწმუნეებსაც ასე სჯერათ... ზოგი ამბობს წმინდა კორნელიამ შემუსრაო. მოკლედ, მოდი ასე ვთქვათ, სამუშაო იქნება ამ კუთხით... და კიდევ მრავალი კუთხით. ომი მოგველის, სერიოზული ომი. სათანადოდ უნდა მოვემზადოთ !

– აბატი და მთავარინკვიზიტორიც დილეგში ჩააგდეთ, გირჩევთ. ამადეოს სისხლს უშრობდნენ.

– ვიცი, – გაიბადრა დონ მატეო. 

– მე მგონია, რომ დიდებული არქიმოციქული იქნებით, დონ მატეო... ბელეგას ღირსეული არქიმოციქული !

დონ მატეომ გულზე ხელი დაიდო და გაბადრული სახე თვალის დახამხამებაში ჩაძირა პირიდან მძლავრად გამოშვებულ ბოლში.

– შეიძლება ერთი რაღაც გკითხოთ ? - მარჯვენა ყურზე ნაზად გადაიწია თმა ბიანკამ.

– რატომ ვქენი ის, რაც ვქენი ? – დონ მატეომ კბილები გაკრიჭა, – მეც შემოთავაზება მივიღე... თქვენსავით და გავრისკე.

– ვისგან ? 

– სჯობს ეს საიდუმლოდ დავტოვოთ, დონა ბიანკა. მოდი ასე ვთქვათ, ჩემთვისაც და თქვენთვისაც ასე აჯობებს.

 

 

 

 

****

 

 

ბიანკამ მომდევნო დღეს დატოვა კასტა-მარინო, მას შემდეგ, რაც ამადეოს ცხედარი ფორცაში დასაკრძალად წაასვენა კამეჩშებმულმა საზიდარმა ოცამდე შეჭურვილი მხედრის თანხლებით. ჩარდახიანი ფორანი გამოეყო მისთვის დონ მატეოს და ღონიერი საფორნე ცხენი, რომელიც ცეცხლისფერი იყო, ხოლო შუბლი თოვლივით ქათქათა ჰქონდა. რამდენადაც ლადონტეში –კასტა-მარინოდან სულ რაღაც ორ-ნახევარი დღის სავალზე მყოფ ქალაქში – ჩასვლა გადაწყვიტა ქალმა, ოთხი რაინდიც გამოურჩია გამყოლად დონმა, რათა უსაფრთხოდ ჩასულიყო დანიშნულების ადგილამდე.  

მზარეული არმანდოს ლეიბის ქვეშ დამალული ორი ოქროს მონეტა თან არ წაუღია ბიანკას. პირიქით, დაძვრამდე, ახალგაზრდა მზარეულს ოინბაზური ღიმილით უთხრა ქვეშაგის ქვეშ ხელი მოუსვი, ხანდახან საოცარი რამეები იმალება ლოგინებშიო. ასე სჯობდა. ამხელა იღბლის საფასური ყოველთვის უნდა გადაიხადო. დაე, გამოეყენებინა საბრალო ვაჟს ის ორი ოქრო, რომელიც მანამდე დაღუპვას უქადდა, თავის ქვრივ დედასაც საშველს მისცემდა და ცოტას ამოასუნთქებდა.

აფთიაქარი ემილიოსთვის რასაკვირველია არაფერი მიუწერია ბიანკას. არადა, ვინ იცის, როგორ მოელოდა კაცი მის ხმობას... სატრფოს ძახილს... ძახილს სიხარულისას. როგორმე გადაიტანს გულგატეხილობასო, გაიფიქრა ქალმა ფორნის კოფოზე ასვლისას და ნაღვლიანად ჩაეღიმა მის გულუბრყვილობაზე.

როდესაც ქალაქის სამხრეთის კარიბჭიდან გავიდა და მანოლეების ხიდს შეუყენა ფორანი, ხიდის ქვეშ გამავალ თხრილთან მომუშავე ასობით მამაკაცი დაინახა მთელი ღრმულის გაყოლებაზე. მომუშავეთა შორის ქალებიც ერივნენ აქა-იქ და კიდევ ბერებიც. ყველას ნიჩბები და წერაქვები ეკავა ხელში და ატალახებულ მიწას მოქანცული სახეებით ჩიჩქნიდნენ. ყველანი მათი აწ გარდაცვლილი არქიმოციქულის ბრძანებას ასრულებდნენ, – ბრძანებას, რომელსაც ალბათ უცვლელს დატოვებდა მისი მეტისმეტად გამჭრიახი ძმა.

მაგრამ ეს ბიანკას საქმე აღარ იყო. მას თეატრი ელოდებოდა... საკუთარი თეატრი და თუ მოსალოდნელი ომის ტალღები მის „სამფლობელომდე“ მიაღწევდა, დაე მიეღწია. განა ყველაფერი რაც ხდებოდა სრულყოფილი და დიადი ხელოვნის წმინდა შემოქმედება არ იყო ?

ბიანკამ ცხენის სადავე დააქნია, ხიდზე გადაიყვანა ფორანი ლამაზ ტყავის ბრიგანდინებში გამოწყობილი რაინდების თანხლებით და კუნელისა და მაყვლის ტიტველ, გაფიჩხებულ ბუჩქებს შორის გამავალ ატალახებულ გზას შეუდგა.

 

 

 

უკანასკნელი საქმე

 

 

774 წელი პირველი გამოცხადებიდან

 

თავი პირველი

 

 

გზის განაპირას ამოსული გვიმრები წვიმის ქვეშ ცახცახებდნენ. ობობას ქსელისფერი ცა უმოწყალოდ რეცხავდა გარშემო ყველაფერს. ცხენებს ფლოქვები ტალახში უსრიალებდათ და ლეროიმ იფიქრა ფრიად სასაცილო იქნება ამხელა გზის გამოვლის შემდეგ ახლა აქ თუ მოვკვდიო.

„ორი ათასზე მეტი მილი გაიარა ჩვენი დიდებული სამეფოს ერთ-ერთმა საუკეთესო გამომძიებელ-ინკვიზიტორმა, გერჰარდტების ლამის მთელი სამფლობელო მოიარა, ყველა მკვლელობა სათითაოდ შეისწავლა და ბოლოს დანიშნულების ადგილამდე ხუთასი ფუტიღა რომ აშორებდა ლაფში წაქცეული ცხენის ქვეშ მოჰყვა. ფრიად დასანანია, რომ სული ისე გააფრთხო დამნაშავის დაჭერა ვერ მოასწრო საწყალმა... მისთვის ვილოცოთ ძმებო“, - ზუსტად ასე ილაზღანდარებს ჩემზე გაიძვერა ძმა კლოვისი, მერე იმ უშნო, ჩაყვითლებულ კბილებსაც გადმოყრის და ცბიერ ქირქილს მოჰყვებაო, გულში გაივლო ლეროიმ და ყბები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა სიბრაზისგან.

ციხესიმაგრე, თავის მოყავისფრო კოშკებთან ერთად, შვერილებდაჟანგული სამეფო გვირგვინივით მოჩანდა გზიდან. ტყეში ჩამოწოლილ ნისლს თავისი ფერმკრთალი გრძელი თითები ბებერ ფიჭვებს შორის გამოეყო და პირდაპირ ციხესიმაგრის წვიმისგან დალტობილ კედლებს ელაციცებოდა.

– ძმაო რეიმონდ, ნუთუ ყველგან ასეთი ნისლია აქეთ ? – ლეროიმ თავზე წამოფარებული გალუმპული კაპიუშონიდან გასძახა უკან მომავალ რაინდს და ერთი მაგრად დააცემინა.

– ასეთი ნისლია, აბა, ძმაო ლეროი, – დაიხრიალა რაინდმა-ბერმა და აქერცლილი ცხვირიდან ჩამოსული სისველე მაჯით მოიწმინდა, – ბრუგჰემს რომ გასცდები და დედოფლის უღელტეხილზე გადახვალ საშინლად ნისლიან და სველ მიწებზე ამოჰყოფ თავს კაცი... ჩრდილოეთს უფრო ჰგავს აქაურობა, ვიდრე კემბრიას. ბიმ, მოქაჩე ერთი მაგ გლახა ჯორს, მივედით უკვე და ეგაა !

ცოტა ხანში, როდესაც გზის განაპირას დაგდებულ უშველებელ დამპალ მორს და კამეჩის გახრწნილ ლეშს ჩაუარეს, ათი მხედარი, ორი ჯორი და სამი ფორანი ციხესიმაგრის გარშემო გაყვანილ თხუთმეტი ფუტის სიგანის თხრილს მიუახლოვდა. კარიბჭის თავზე უშველებელი გახუნებული ალამი ეკიდა, – ლურჯ ფონზე გამოსახული ორი რუხი ისარი ერთმანეთს კვეთდა.

„ციხესიმაგრეც თავიანთი ალამივით უგვანი აქვთ“, – გაიფიქრა ლეროიმ და ადგილ-ადგილ დახეთქილ კედლებს მოავლო თვალი.

როდესაც ინკვიზიტორის შინდისფერი კაბა ქონგურებთან მდგომმა გუშაგებმა შეამჩნიეს, მაშინვე ყვირილი ატეხეს და ხის ასაწევმა ხიდმა ჩამოშვება იწყო. კარიბჭეც აჭრიალდა საბრალობლად.

ხიდზე აბაკუნდა ცხენების ფლოქვები. შემდეგ, ჯორებმა და ფორნების ლაფით მოთხუპნულმა ბორბლებმა აახმიანეს სქელი გაცრეცილი ფიცრები და ბოლოს ისევ ცხენებმა გადაიბარეს ასპარეზი.

კარიბჭეში შესულმა ლეროიმ თვალი მოავლო ციხესიმაგრის მომცრო ეზოს.

ტალახი... ყველგან ტალახი იყო და კიდევ გუბეები... მუქი და ბინძური გუბეები. შეშის ფარდულთან ახლოს, ერთ-ერთ წუმპეში უშველებელი ღორი ეგდო... ნეზვი. აი, მას კი საერთოდ არ ანაღვლებდა არც წვიმა, არც ტალახი და არც ნისლი, - ძუძუები ტურტლიან წყალში ჰქონდა ჩაყოფილი, თვალებს კი ნეტარებისგან ლულავდა.

„რა ჯანდაბა მინდა აქ ? – უკმაყოფილოდ შეისწორა ჯვალოს შავი მოსასხამი და ხელახლა დააცემინა, – არ უნდა მომეკიდებინა ხელი ამ წყეული საქმისთვის, მით უმეტეს, ამ ასაკში. მაგრამ, როგორია არქიმოციქულს უარი სტკიცო ?“

– ჩამობრძანდებით, უფროსო ძმაო ? - შავკოპლებიანი ქურანიდან ჩამობობღდა შალის შავი კაბით შემოსილი მორჩილი გილენი და მუხისგან დამზადებული, მოვერცხლილტარიანი ხელჯოხი გაუწოდა.

ლეროიმ ხელი აუქნია. თავისი რძისფერი, მაგრამ ახლა უკვე მიწისფერი საფერხე ფაშატიდან ჩამოსვლა ეზარებოდა.

–       ჯერ გამოგვხედოს ერლმ... ლორდმა, თუ ვინცაა.

„არ შემეშალოს და ერლის ძახილი არ დავუწყო... ერგუნდიაში არ ხარ, ძმაო ლეროი, ეს კემბრიაა... აქეთ ლორდები ჰქვიათ ამ კუდაბზიკებს, ლორდები.“

– სად ჭირშია ალტონი ? – ქვის კიბეებზე ჩამოირბინა ტყავის ლაბადაგადახურულმა შავტუხა კაცმა, – ალტონ ! – ალტონი არსად ჩანდა, – მაშინ თქვენ ჩამოართვით ცხენები ! – დაუძახა მცველებს, – ოო, ინკვიზიტორო ბელმონტ ! მობრძანდით ! ხვალ გელოდათ ლორდი ბარვიკი, მაგრამ ძალიან კარგია, დღესვე რომ ჩამოხვედით. მე, დოვერ ბარვიკი გახლავართ, ბარვიკების ციხესიმაგრის განმკარგულებელი. ლორდი ბარვიკის ძმა ვარ.

უკან სამი მსახური ქალი მოჰყვა განმკარგულებელს და ორი ვაჟი.

– თავად სადაა ერლ... ლორდი ბარვიკი ? – ცხენიდან კვლავ არ ჩამოდიოდა ლეროი.

მართლაც, სად ბრძანდებოდა ლორდი ბარვიკი ? მის სამფლობელოში საძაგელი დანაშაულები უნდა აღეკვეთა და ნუთუ შეგებების ღირსადაც არ ჩათვალა ? თან, უბრალო გამომძიებელი ხომ არ იდგა მის ატალახებულ ეზოში ? ბოლოს და ბოლოს, ახალი იმრონის სამეფოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამომძიებელ-ინკვიზიტორი ლეროი ბელმონტი და მისი ცხენი ტკეპნიდნენ მის უბადრუკ ტლაპოს.

– ჩვენი რძალი მშობიარობს, ძვირფასო ინკვიზიტორო, – დარცხვენილივით უთხრა დოვერმა.

უცბად ციტადელის რომელიღაც ფანჯრიდან ქალის ისეთმა კივილის ხმამ გამოაღწია, გეგონებოდა, ცოცხლად ატყავებენ საბრალოსო.

– აი, უკვე მალე დაბადებს, ალბათ, – ზემოთ აიხედა განერვიულებულმა.

ჯაჭვის პერანგებში გამოწყობილმა გუშაგებმა ცხენები ჩამოართვეს სტუმრებს. რაინდი, მხოლოდ ორი იყო მათ შორის, – სერ რეიმონდი და სერ ერიკი. დანარჩენები, კემბრიის პატრიარქის რიგითი გვარდიელები იყვნენ.

სერ ერიკი ბერი არ იყო. ერისკაცი რაინდის თან წამოყვანა არ უნდოდა ლეროის, მაგრამ კემბრიის პატრიარქმა ედმუნდმა თავი გაიგიჟა – გინდა თუ არა უნდა გაგაყოლო სერ ერიკი, ჰელიონის ტურნირში თავად სერ ჰილბერტ უოლტონი გადმოაგდო ცხენიდან და მისნაირი კარგი მებრძოლი დიდად წაგადგებათ იმ საქმეში, რომელსაც უნდა შეეჭიდოთო.

– დოვერ, დააბინავე ჩვენი ძვირფასი სტუმარი, რას დააყუდე მაგ წვიმაში ? – მესამე სართულის ერთ-ერთი სარკმლიდან თითქმის ბოლომდე გათეთრებული თავი იყურებოდა, - დანარჩენებიც ! ისა, ძვირფასო ინკვიზიტორო, ერთი სული მაქვს ახლოდან როდის გიხილავთ. დიდებული დღეა, მართლაც დიდებული !... წყეულიმც ვიყო, სადაცაა შვილიშვილი დამებადება და თან ჩემს ციხესიმაგრეში თავად ლეროი ბელმონტია, გაგიჟება შეიძლება !

ლეროის ცხენიდან ჩამოსვლაში მორჩილი გილენი და განმკარგულებელი მიეხმარნენ. როგორც კი მიწაზე ფეხი დადგა, მაშინვე გაუწოდა თავისი ხელჯოხი გილენმა. ეუცნაურა კვლავ საკუთარი სიმძიმის შეგრძნება ბერიკაცს; მის მტკივან მარცხენა ფეხს – კიდევ უფრო მეტად. არადა, ახალი არაფერი ხდებოდა. თეძოდან ფეხისგულამდე ისე სტეხდა ყოველი ინჩი, გეგონება კანქვეშ დამსხვრეული წვეტიანი შუშები ჰქონდა ჩატენილი ყველგან და უმცირეს ადგილსაც კი არ უტოვებდა დაუჩხვლეტავს.

 – მომყევით, ძვირფასო ინკვიზიტორო, – კიბეზე ასწვლა იწყო დოვერმა.

„მეუფეო, შემეწიე, გევედრები, რომ სხვა მიწებზე აღარ მომიწიოს წათრევამ, - ნაცნობი ტკივილისგან უეცრად გაოფლილი შუბლი მოიწმინდა ლეროიმ და ხელჯოხსა და მორჩილ გილენზე დაყრდნობილი კოჭლობით მიჰყვა უკან განმკარგულებელს. სერ ერიკი და სერ რეიმონდი ფეხდაფეხ აედევნენ მას, – მგონი, ძალზედ დავბერდი, ეს ოხერი. იმედია, აქვე ჩავიჭერთ დამნაშავეებს და ამ ჩემს უკანასკნელ საქმესაც აქვე მოვამთავრებ.“

ციტადელში შესვლისთანავე დაბანა შესთავაზა სტუმრებს დოვერმა, - ოღონდ, მხოლოდ ლეროისა და რაინდებს. მორჩილი გილენი თითქოს არც არსებობდა მისთვის.

ცოტა ხანში მსახურმა გოგონებმა ფარნებით განათებულ ცივ სარდაფში დადგმული წიფლის დიდი გეჯა აავსეს ცხელი წყლით, შემდეგ კი, ვაჟებს გადაულოცეს ასპარეზი. ხუჭუჭა გამხდარმა ბიჭებმა, რომლებიც ლეროიმ ძმებად ჩათვალა, კარგად გასაპნეს იგი და მთელი ჭუჭყი ჩამორეცხეს. დიდად ეამა ინკვიზიტორს ცივ ტლაპოებში ხანგრძლივი წოწიალისა და სუსხიან წვიმაში დალტობის შემდეგ კანზე ცხელი წყლის შეხება. ცემინებითაც აღარ აცემინებდა.

მორჩილმა გილენმა ინკვიზიტორისთვის ახალი და მშრალი შინდისფერი კაბა შემოაწოდა მსახურებს, რა დროსაც ლეროიმ მათ სთხოვა ხელ-პირი მაინც დააბანინეთ ჩემს მორჩილსო, რადგან იცოდა, თავიდან ბოლომდე არავინ აჭყუმპალავებდა მას. ბიჭებმა სათლიდან ერთი გადმოუსხეს წყალი ხელის გულებზე გილენს და ეგ იყო.

როდესაც დერეფანში გამოვიდა, სერ რეიმონდი და სერ ერიკი უკვე დაბანილები დაუხვდნენ ლეროის. რაინდებმა უთხრეს, ჩვენ სხვა სარდაფებში დაგვბანესო. მორჩილი გილენიც მათთან ერთად იყო. ხელ-პირი შედარებით სუფთა ჰქონდა და კაბაც ახალი გადაეცვა... გახუნებული, მაგრამ მშრალი.

– მომყევით, ჩვენო ძვირფასო სტუმარო, – არსაიდან გაჩნდა განმკარგულებელი და ქვის კიბეზე აუძღვა ინკვიზიტორს. რაინდები და მორჩილიც უკან მიჰყვნენ. – თქვენი ხალხი გარეთ დავაბინავეთ სამჭედლოსა და საჯინიბოში... საჭმელსაც იქ მივართმევთ.   

– მადლობას მოგახსენებთ სტუმართმოყვარეობისთვის, მილორდ, - ხელჯოხსა და მორჩილ გილენზე დაყრდნობილმა უთხრა ლეროიმ და მისმა დაკვირვებულმა თვალმა უკნიდან უმალ შეატყო დოვერის ფართო ყბებს მოძრაობა. ეს იმას ნიშნავდა, რომ გაიღიმა... კმაყოფილებით.

მთავარ დარბაზში ჯერ ისევ შლიდნენ სუფრას. მსახური გოგონები დიდი კვადრატული ქვებით მოპირკეთებულ იატაკზე დარბოდნენ ლანგრებით, მათლაფებით, კოვზებითა და ჩანგლებით ხელში. ერთ-ერთი პუტკუნა ქალი დანებს აწყობდა მაგიდაზე. ფანჯრებიდან შემოჭრილ რუხ ცივ სინათლესა და ჭერში ჩამოკიდებულ ჟანგმოდებულ ჭაღში ჩარჭობილი სანთლების თბილ ნათებას სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაემართა მაგიდაზე დახვავებულ ხორცეულსა და ბოსტნეულს შორის.

მაგიდის უკან აგიზგიზებულ ბუხართან ყავისფერ ჯვალოს კაბაში გამოწყობილი ჩასუქებული მამაკაცი იდგა, რომელიც სტუმრების შესვლისთანავე შემოტრიალდა და როგორც კი ლეროი დაინახა, მაშინვე მისკენ გამოქანდა კისერზე ჩამოკიდებული სამეუფეო წრის თახთახით.

– ოო, ინკვიზიტორო ბელმონტ, – რუხარშიებიანი სახელოებიდან გამოასრიალა ორივე ხელი და წინ გამოიწოდა, – ძმაო ლეროი ... მადლობა მეუფეს, რომ თქვენი თავი გამოგვიგზავნა ! მე ამ ციხესიმაგრის მოციქული გახლავართ... მოციქული ბრამი. ძალზედ დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა ! თქვენს სამსახურში მიგულეთ !  

– ჩემი ვალია სულთა მეუფის საყდარსა და სამეფოს ვემსახურო, - უთხრა ლეროიმ და ცალი თვალი თიხის მოზრდილ დოქებს შორის ჩადგმული გემრიელად დაბრაწული ბურვაკის მწვადის ნაჭრებისკენ გაექცა. 

– გასაოცარია ! ოლდენურად ისე საუბრობთ, სულ ოდნავ გაქვთ აქცენტი.

– აამ... ახალ იმრონში გავრცელებულ ყველა ენას ვეუფლებით წმინდა ინკვიზიციაში.

დარბაზში შემოსასვლელ მოზრდილ კართან ფეხების ხმამაღალი ბაკუნის ხმა გაისმა.

– აბა, სადაა ? – იცინოდა ლორდი ბარვიკი და ქამხის სქელი კურტაკის ქნევით მოიწევდა წინ. – ინკვიზიტორო ბელმონტ ! რომ იცოდეთ, რამხელა პატივია თქვენთან შეხვედრა !

უკან ლურჯ კამზოლებში გამოწყობილი სამი წითური ვაჟი მოჰყვებოდა. სამივე ერთიმეორეზე ჭორფლიანი იყო.

– მიხარია ! ძალიან მიხარია, რომ აქ... ჩემი წინაპრების მიერ აგებულ ციხესიმაგრეში დგახართ, ძვირფასო ინკვიზიტორო ! ხომ კარგად იმგზავრეთ ?

– გზა ცივი და რთული იყო, მაგრამ მეუფის შეწევნით მშვიდობიანად ჩამოვაღწიეთ, მილორდ, – თავი დაუკრა ლეროიმ და ხელჯოხისგან თავისუფალი ხელი ჩამოართვა მასპინძელს.

– ჰაჰ, გაგიჟება შეიძლება, – დაიხვიხვინა ლორდმა ბარვიკმა, –  ვერც ვიფიქრებდი ჩვენებური არაა-მეთქი, რომ არ ვიცოდე ერგუნდიელი რომ ხართ.

– ყველა ენას სწავლობენ წმინდა ინკვიზიციაში, მილორდ, – თვალების ქაჩვით ჩაეჩარა საუბარში მოციქული ბრამი.

– მხოლოდ ახალ იმრონში გავრცელებულ ენებს, –  ჩაუსწორა ლეროიმ.

– დიახ, მხოლოდ ახალ იმრონში, – შევერეცხლილი გრუზათმიანი თავი დააქნია მოციქულმა, – ახალ იმრონში გავრცელებულ ენებს.

სანამ მაგიდას მიუსხდებოდნენ, ნამეტნავად წითური და ჭორფლიანი ლედი ბარვიკი შემოვიდა დარბაზში თავის სამ ქალიშვილთან ერთად. ადგილს ვერ უნახავდი კანზე ჭორფლი რომ არ ჰქონოდა. ქუთუთოებიც კი მოწითალო-მოყავისფრო ლაქებით დახუნძლოდა. თუმცა, გოგოებს ნახშირივით შავი თმა ჰქონდათ. საერთოდ არ ჰგავდნენ დედას. მათმა შემხედვარე ლეროიმ იფიქრა, ეტყობა, მხოლოდ ბიჭები დაიმგვანა ქალბატონმაო.

 თავისი ცხენივით კბილები გადმოყარა ლედი ბარვიკმა, მებუკესავით დაბერილი ლოყები დამანჭა და ამგვარად გაღიმებული მიესალმა საპატიო სტუმარს. ლორდმა ბარვიკმა მაშინვე გაყარა ცოლი და ქალიშვილები დარბაზიდან, სტუმრად ორი ბერი გვყავს და მათთან ერთად ქალებს ვერ დაგსვამთ სუფრაზეო.

– გთხოვთ, გადაიღეთ... ქათამი, ბურვაკის მწვადი, მოთუშული საქონელი, შემწვარი მწყერი... აგერ ბატიც. მარხვა ოთხ დღეში იწყება, არა ? - მაგიდის თავში მოკალათებულმა ლორდმა ბარვიკმა სოკოში ჩათუშული ცხვრის ხორცი გადაიღო თიხის თეფშზე, - ისა, მისი უწმინდესობა როგორ ბრძანდება, ძვირფასო ინკვიზიტორო ?  

– ლა-გრუნვარში იშვიათად ვარ ხოლმე, მილორდ, – ლეროიმ მისთვის სანატრელი ბურვაკის მწვადი დაითრია და მტკივანი მარცხენა ფეხი წინ გაშალა. წამით ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მუხლსა და წვივზე დაგეშილი მწევარი ჩააფრინდა თავისი მეტისმეტად ბასრი კბილებით, თუმცა ნელ-ნელა ტკივილმა უკან დაიხია, ოღონდ მთლად შორსაც არ წასულა. აბა, მოხუცი ინკვიზიტორის შემდგომი გამოძრავებისთვის ხომ არ უნდა დაეგვიანა დანიშნულების ადგილზე ? – როგორც ვიცი, გამოკეთდა. შარშანდელი ზამთრის ჟამიანობის შემდეგ ჯანმრთელობას უჩიოდა.

– მეუფემ მისცეს მხნეობა და ჯანი ! - ინკვიზიტორის მოპირდაპირე მხარეს მჯდომმა მოციქულმა ბრამმა სახეზე სამეუფეო წრე გამოისახა ერთმანეთზე შეტყუპებული შუა და საჩვენებელი თითებით, - სწორედ მისი ლოცვითაა, რომ აგერ უკვე ათ წელზე მეტია წყეულ ოგერ-კერმუდელებს აღარ დაუდგამთ ფეხი ჩვენს მიწებზე.

რაინდმა-ბერმა რეიმონდმა თავი დააქნია თანხმობის ნიშნად.

– წყეულიმც ვიყო, – დაჭრილი დათვივით ამოიგმინა ლორდმა ბარვიკმა და სერ რეიმონდის გვერდით მჯდომ სერ ერიკს მიაჩერდა, – არდენიო, ასე მითხარით, ხომ ? თქვენ სერ... ის სერ ერიკ არდენი ხართ ? სერ ასტონ ბლეიქი თქვენ არ გადმოაგდეთ ცხენიდან ? ჰელიონის ტურნირზე... გიყურებდით ! იქ ვიყავით ჩვენც !

– დიახ, – თავი დაუკრა სერ ერიკმა, - მაგრამ სერ ასტონი ნასვამი იყო მაშინ და ქება მაინცდამაინც არ მეკუთვნის, მილორდ.

„ოჰოო, თავმდაბალი რაინდი ?!. ლოთების მძლეველი. თავისმა პატრიარქმა კი შეასხა ქება-დიდება“, - თეთრი ღვინო მოყლუპა ლეროიმ.

– ჰო, ძალზედ დასანანია, შემდეგ ორთაბრძოლაში რომ დამარცხდით, – ლორდმა ბარვიკმა მუშტი დაჰკრა მაგიდას და თან ცოტა არ იყოს გაგულისებული ღეჭავდა ლუკმას, – ისა, რა ერქვა იმ მოხეტიალე რაინდს ?.. ნიღაბი რომ ეკეთა... 

– უსახოს ეძახდნენ, მგონი, – ხმა ამოიღო მასპინძლის ერთ-ერთმა ვაჟმა, რომელსაც ბურვაკის მოზრდილი ხორციანი ძვალი დაეკავებინა ხელში და ველურივით ძიძგნიდა კბილებით.

– სერ ბეილ უსახო, – თქვა სერ ერიკმა, – ღირსეული რაინდია, მილორდ. ერგუნდიიდანაა. პირველივე შეტაკებისას გადმომაგდო ცხენიდან. 

ლორდის ვაჟებს ჩაეცინათ და უმალ მამის მწყრალი მზერა დაიმსახურეს.

– არ გეწყინოთ, სერ ერიკ. აი, ამ ვირმა ბავშვი გააკეთა, – ლორდმა ბარვიკმა იმას აუქოჩრა ცეცხლისფერი თმა, რომელსაც ბურვაკის ძვალი ეკავა ხელში, – დღეს გამოძვრა გარეთ პატარა ჯონი... ბაბუის სეხნიაა, მაშ, – შემდეგ დანარჩენი ორისკენ გააქნია ხელი, – ამ ცინგლიანებს კიდევ უხარიათ ბიძები რომ გახდნენ.

ბიჭებმა სულელებივით დააქნიეს თავები. ლეროის მოუნდა, სამივე ერთი კარგად გაეროზგა და სულ მთლად აეჭრელებინა მათი ჭორფლიანი ტრაკები.

„ზოგიერთს აკვნიდანვე თუ არ მიაჩვევ როზგს, თავზე ისე დაგაჯდება, ჯერ წვერი არ ექნება ამოსული“.

– მაშ ასე, მილორდ, – ლეროიმ საქმეზე გადასვლა გადაწყვიტა, – მითხარით, გეთაყვა, რამდენი სოფელია თქვენს განკარგულებაში ?

– ეეემ... ჩემს განკარგულებაში ? ხუ... ხუთი, – მასპინძელი თავის ძმას მიაჩერდა, რომელმაც უმალ თავი დაუქნია, – ხუთი სოფელი.

– და ერთი დაბა, ძვირფასო ინკვიზიტორო, – თავის ლორდ ძმას მიეშველა განმკარგულებელი.

„მეუფეო, რატომ აწყობ ისე, რომ დიდებულებად უმეტესად ასეთი ცალტვინები იბადებიან ? წესიერად არც კი იცის, რას განაგებს.“

– მკვლელობები, როგორც გავიგე, მათგან მხოლოდ ერთში არ მომხდარა ჯერ-ჯერობით...

მასპინძელმა განმკარგულებელს შეხედა.  

– დაბაში, – თქვა დოვერმა, – კოლბორნში არ მოუკლავთ ჯერ არავინ.

– დიახ, – დაეთანხმა ლორდი ბარვიკი, – ეგრეა. ზუსტად მანდ.

– ჰოდა, კოლბორნში უნდა წავიდე, – ღვინო მოწრუპა ლეროიმ, – სოფლებში როგორ დაიხოცა ხალხი ? დაიძინეს და აღარ გაიღვიძეს ?

– დდ... დიახ, – თავის ქნევას მოჰყვა მასპინძელი, – ათამდე ორსული ქალი დააძინა მკვლელმა და ჩვილები კიდევ...

– ოცდაათამდე ჩვილი, პატივცემულო ინკვიზიტორო, – დაიძახა განმკარგულებელმა.

– გაგონილა ასეთი რამე ? ასე თუ გაგრძელდა, ჩემს შვილებს მსახურები აღარ ეყოლებათ... არც შვილიშვილებს.

„ყველგან ერთი ხელწერა. ძალადობის ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა. საქმე ნამდვილად არ გვაქვს ვიღაც შეშლილებთან, რომლებიც სიამოვნებას მსხვერპლის წვალებით და დაჩეხვით იღებენ ხოლმე... უფრო ღრმა მოტივი იქნება სახეზე, დარწმუნებული ვარ.“

– ჰადინმა დასწყევლოს ის ავისმოქმედი ! – ღაბაბი აათახთახა მოციქულმა ბრამმა და მადიანად ჩაკბიჩა მწვადის ნაჭერი, – ძუძუს ბავშვებს როგორ უნდა შეეხო ?

– ისა და კოლბორნში რა გინდათ ძმაო... ინკვი... ძვირფასო ინკვიზიტორო ? – დაინტერესდა ლორდი ბარვიკი.

ლეროიმ ხელახლა მოყლუპა ღვინო.

– ჩემი გამოძიების საფუძველზე იმ დასკვნამდე მივედი, რომ შემდეგი მკვლელობა სავარაუდოდ იმ თქვენს... იმ თქვენს დაბაში მოხდება. სიმართლე რომ გითხრათ, მაინცდამაინც რთული მისახვედრი არ იყო. დანარჩენი ლორდების სოფლები და დაბები სრულად მოიცვა დანაშაულმა და ერთი ეგღა დარჩა... თქვენი დაბა.

– დანარჩენი ლორდების სოფლები ? – ჩაეღიმა მასპინძელს, – რა, ასეთი რამ სხვაგანაც ხდება ?

„არაფერი იცის. თუმცა, რა არის გასაკვირი ?!. თავისი სამფლობელოც კი არ იცის წესიერად ამ ცალტვინამ.“

– მილორდ, მკვლელობები როგორც გლედველებისა და ეშკროფტების, ისე დრეიკებისა და ელდრედების მიწებზეც მოხდა... ლორდი ეშბის სოფლებშიც.

ლორდმა ბარვიკმა, განმკარგულებელმა და მოციქულმა გაშტერებულებმა გადახედეს ერთმანეთს.

– ყველგან ერთი მეთოდით... დაძინებით. 

– კი მაგრამ, როგორ ? – ტუჩები აუცახცახდა მოციქულს, – რო... როგორ ?

– საწამლავი, ძმაო ბერ... ბრა...

– ბრამი.  

– დიახ, ძმაო ბრამ. საწამლავის მეშვეობით.

– მერე ? არსებობს კი ეგეთი საწამლავი, ძმაო ლეროი ? 

– რა თქმა უნდა, – უნებურად ჩაეღიმა ლეროის, – ორი-სამი წვეთი და ისე ღრმად დაიძინებს ნებისმიერი, როგორც არასდროს. თუმცა, რამდენიმე მსგავსი საშუალება არსებობს... რთული სათქმელია, რომელი იქნა გამოყენებული თითოეულ შემთხვევაში.

– ოო, მეუფეო ! – სახეზე სამეუფეო წრე გამოისახა მოციქულმა, – შეგვიწყალე და დაგვიცევ !

მწვადის ნაჭერს მოზრდილი ნაწილი ჩამოაკბიჩა ლეროიმ და ფანჯარაში გაიხედა. გარეთ, მოღუშული კოშკი მოჩანდა, რომლის აქა-იქ წამტვრეულ ქონგურებსა და კრამიტებდამსხვრეულ სახურავს წვიმის წვეთები უფერული ისრებივით ცხრილავდა.

– ეე... ისა, – ლორდმა ბარვიკმა იმგვარი სახე მიიღო, თითქოს რაღაცის კითხვა სურდა სტუმრისთვის, მაგრამ ერიდებოდა, – მინდოდა მეკითხა, ძვირფასო ინკვიზიტორო, მართალია, რომ... რომ თქვენი ფეხი... მართალია, რომ ახალგაზრდობაში ოგერ-კერმუდელთა ურდომ დაგაშავათ ?

„ამასაც გაუგია... ნეტავ რად მინდა ასეთი სახელის გავარდნა ? სულ ერთსა და იმავე წყეულ შეკითხვებზე გიწევს პასუხების გაცემა კაცს“.

– ბრძოლაში დავიზიანე, მილორდ, დიახ... მაგრამ ბაშდურელებთან შეტაკებისას და არა ოგერ-კერმუდელებთან.  

– ბაშდურელებთან ? – გაიკვირვა განმკარგულებელმა და სახე აემრიზა, – მაგ საკუთარი დედების წამბილწველებს სადღა შეხვდით, ძვირფასო ინკვიზიტორო ?

– ბელეგაში, – მოუჭრა ლეროიმ.

– და ისა, – დარცხვენილმა ააქანქარა თავი ლორდმა ბარვიკმა, – ისიც მართალია, რომ უროთი... უროთი დაგაშავეს ? მართალია ?

– დიახ, – გაღიზიანდა ლეროი და მოუნდა, ყველაფერი შეულამაზებლად მიეხალა პირში მისთვის, – იქამდე მირტყეს ურო ფეხში, სანამ ყველა ძვალი არ დამიმტვრიეს.

წამით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.

– აი, მე ნეკი დავკარგე, – ლორდმა ბარვიკმა მარჯვენა ხელი აჩვენა და ლეროიმ ახლაღა შეამჩნია, რომ ერთი ბეწო ტაკვიღა ჰქონდა შერჩენილი ნეკა თითის ადგილას, – ჩრდილოელი ყაჩაღები დაგვესხნენ თავს... ხუთი წლის წინ, ბრუგჰემიდან როცა ვბრუნდებოდით. ნაჯახი ჩამარტყეს თითში.  

– საზარელი ბრძოლა იყო, – საუბარში ჩაერთო მისი ძმა დოვერი – რამდენიმე, სერ ტროიზე დიდიც იყო, მგონი. მაყვლის ბუჩქებიდან რომ გამოვიდნენ, ასე მეგონა მთებმა ფეხი აიდგესო.

„მეუფეო, გევედრები, გამაგებინე, რატომ უყვარს უმეტესობას საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად უაზრო ბაქიბუქი ?“

– ისა, ხო, სერ ტროი ჩვენი რაინდია, ძვირფასო ინკვიზიტორო, – სასმისი მოიყუდა ლორდმა ბარვიკმა, – იცით, რამხელაა ? შვიდი ფუტია ლამის სიმაღლეში, – მასპინძელმა უმცროსი ვაჟებისკენ გაიშვირა თითი ოხუნჯური სახით, – აი, ესენი რომ დააყენო ერთმანეთზე, მაგხელაა ლამის. ხვალ-ზეგ ჩამოვა, ალბათ... მოსავლის წამოსაღებად გავუშვი უილბოროში.

– მითხარით, გეთაყვა, რამდენი დღის სავალია იმ თქვენს... დაბამდე ? – ისევ საქმეს დაუბრუნდა ლეროი. თან საქონლის მოხარშული ხორცი გადაიღო თეფშზე.

– კოლბორნამდე, არა ? – თვალები მოჭუტა ლორდმა ბარვიკმა და თავის ძმას მიაჩერდა.

– დღე-ნახევარში ჩახვალთ იქ, ცხენით თუ ივლით, – თქვა განმკარგულებელმა, – ჭენება არც დაგჭირდებათ.

– კი, –  ჩათუშულ სოკოს დააცხრა მასპინძელი, – დღე-ნახევარი. მეტი არა.

– ძმაო ლეროი, – ხმა აიმაღლა მოციქულმა. თან ძროხასავით იცოხნებოდა, – იქ რამდენი დაიღუპა ? ეშკროფტებთან და... და დანარჩენებთან.

– ორმოცი... სამოცდაათი... ოთხმოცი... ყველგან სხვადასხვა რაოდენობით იყო მსხვერპლი.

ამის გაგონებაზე მოციქულმა ქალივით წამოიკივლა.

– ჩვილებიც ?

ლეროიმ თავი დააქნია და ზედიზედ ორჯერ ჩაკბიჩა საქონლის ხორცი.

– მეუფეო, გვიხსენი ! – კვლავ სამეუფეო წრე გამოისახა მოციქულმა, – კი მაგრამ, რანაირად ? ასეთი სისასტიკე... გაუგონარია... ნამდვილ...

– სწორედ ამიტომ ვარ აქ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულო ეს სიგიჟე. მინდა, გითხრათ, რომ როგორც ლორდი გერჰარდტი, ისე მეფე ძალზედ შეშფოთებული არიან იმით რაც აქეთ ხდება.

– მეფ... მეფეც ? – ლორდი ბარვიკი მოუსვენარი ბავშვივით აწრიალდა სკამზე, – მეფეო, ასე თქვით ?

„აბა, რა ჰგონია ამას ? მხოლოდ გერჰარდტის დაძახებულზე გამომგზავნა არქიმოციქულმა აქეთ ?“

– დიახ, მილორდ. მეფე ბანოსი შიშობს, რომ გერჰარდტების სამფლობელოს თუ გასცდა დანაშაულები, შესაძლოა, ნელ-ნელა ერდალების მიწებამდეც მიაღწიოს, შემდეგ კოლტონებამდე და ასე შემდეგ... მთელს კემბრიაში შეიძლება გავრცელდეს... ხვდებით, მილორდ ? დანაშაული განგრენასავითაა... დასაწყისშივე თუ არ მოჰკვეთ მას, თანდათან მთელ სხეულში გავრცელდება.

ერთ კიკინებიან მსახურ გოგონას შემწვარი წიწილებით დახუნძლული ხის ლანგარი მოჰქონდა, ის-ის იყო, მაგიდაზე უნდა დაედო, რომ წაბორძიკდა და ძირს დაეყარა ყველაფერი.

– ოხ, ოხ, ტესა ! – დაიღრინა ლორდმა ბარვიკმა, – გვარიანი გასატყეპი ხარ. თხუთმეტი წლის ქალმა რით ვერ ისწავლე სიარული ? ნახე, დაფანტა... საგულდაგულოდ დაბრაწული წიწილები დაფანტა... დოვერ, ხედავ ?

– აკრიფე ყველაფერი და მოშორდი აქედან ! – განმკარგულებელიც გაუწყრა გოგონას, – ეჰ, რა წიწილები გააფუჭა ამ სულელმა გოგომ. იცოდე, შენ აღარ დაგინახო აქ ! ლეამ მოგვიტანოს, რაც მოსატანი იქნება !

– გათხოვება უნდა, – ახვიხვინდა ლორდი ბარვიკის ერთ-ერთი ცისფერთვალება ვაჟი, – კაცი უნდა, ეტყობა.

ეს თქვა თუ არა, მასპინძელმა სოკო ესროლა მას გაგულისებული სახით.

– ეგეთ რამეებს როგორ ამბობ ბერების წინაშე, შე ვირო ?! აპატიეთ, ძმაო ლერ... პატივცემულო ინკვიზიტორო, ჭაბუკები, ხომ იცით ?!. სულ ერთი რამ უტრიალებთ გონებაში. უჰ, მეც ეგრე ვიყ... ხო, დიდი გაიძვერები არიან ჭაბუკები.

ჭამა განაგრძეს. ლორდმა ბარვიკმა თავისი ხელით დაუმატა ღვინო პატივსაცემ სტუმარს.

– ერთი რამ ვერ გამიგია, ძმაო ლეროი, – მოციქულმა ლოყები ხელში აღებული საქონლის თიმთიმა ხორცივით ააკანკალა, – რანაირად ? რანაირად მოახერხა ერთმა... ერთმა ნამუსგარეცხილმა და უწმინდურმა ამდენი დანაშაულის ჩადენა ?

– ოო, ძმაო ბრიმ...

– ბრამი, ძმაო ლეროი, ბრამი.

„ნეტავ ერთი რა მნიშვნელობა აქვს, რას დავუძახებ შენნაირ უსარგებლოს ?“

– დიახ. ბრამ... ძმაო ბრამ. საქმე იმაშია, რომ ძალიან დიდი ალბათობით რამდენიმე ადამიანი სჩადის იმას, რასაც სჩადის.

– რამდენიმე ? – თვალები შუბლზე აუვიდა მოციქულს.

– დიახ. ეშკროფტების ერთ-ერთ სოფელში რომ მოხდა მკვლელობა... სახელი აღარ მახსოვს, შემდეგ, მეორე დღეს უკვე დრეიკების დაბაში მოკლეს სამი ჩვილი. მათ შორის ხუთი-ექვსი დღის სავალი მაინცაა.

– ქოლდველი ერქვა, მგონი, იმ სოფელს, – ხმა ამოიღო სერ რეიმონდმა. ხორცეულს წისქვილივით ფქვავდა რაინდი-ბერი, – ეშკროფტებისას.

ლორდმა ბარვიკმა უკმაყოფილოდ შეკრა წარბები და ნაცრისფერი სოკო შეისრიალა პირში.

– მეუფეო, გვიხსენი ! – აღმოხდა მოციქულს, – რამდენიმე თანამოაზრე ? საშინელებაა.

– მილორდ, რამდენი... 

– ისა, ერთსაც გკითხავთ, პატივ... პატივცემულო ინკვიზიტორო, – გააწყვეტინა მასპინძელმა ლეროის, – ისიც მსმენია თქვენზე, რომ ერთხელ ცივი დაიჭირაო... ცივიო.

„მეუფეო, ნუთუ ყველაფერი ახლა უნდა დააზუსტოს, რაც კი ჩემზე თქმულა ?! მგონი, საერთოდ არ ადარდებს, თავისი ქვეშევრდომები პანტაპუნტით რომ იღუპებიან.“

ლეროიმ თავი დაუქნია მასპინძელს.

– ჰოდა, დიდად მაინტერესებს, რანაირი... როგორები არიან ? როგორ მოახერხეთ ეს ?

– როგორები არიან ცივები ? – ირონიულად ჩაეღიმა ინკვიზიტორს, – ისინი თავად განსხეულებული და მოსიარულე სიკვდილები არიან... თავადაც მკვდრებს სურთ, ყველანი ბინძურ მიწაში ჩააწვინონ... ოღონდ ჯერ სისხლს ბოლომდე გამოგწოვენ, ერთ წვეთსაც არ დაგიტოვებენ ძარღვებში. აი, როგორები არიან ცივები

– მოკალით ? – საუბარში ჩაერთო ციხესიმაგრის განმკარგულებელი, რომელიც ცხვრის ხორცს ძიძგნიდა კბილებით, – დაწვით ?   

ცივების მოკვლა შეუძლებელია, – ერთგვარმა სიამაყემ გამოჟონა ლეროის ხმაში, –რამდენადაც, როგორც წეღან აღვნიშნე, უკვე მკვდრები არიან. მათ წინაშე ნებისმიერი იარაღი უძლურია... ცეცხლიც კი.

– აბა, როგორ... ანუ, როგორ მოაშორეთ თუ მოკალით ? – ორაგულის აწითლებულ კუდს ერთგვარი აზარტით შეპყრობილი წასწვდა პირით მასპინძელი, – ხომ ხვდებით რასაც ვგულისხმობ ?

– ის ვქენით, რაც დიდი წმენდისას მოიმოქმედეს ჩვენმა წინაპრებმა... მძიმე ჯაჭვებით გავკოჭეთ და ზღვაში გადავუძახეთ. თუმცა, მთავარ თემას რომ არ ავცდეთ, მილორდ, მითხარით, გეთაყვა, რამდენი მოსახლეა თქვენს დაბაში ?

– ჰო, კოლბორნში... კოლბორნში, – ჩაფიქრებული მიაჩერდა თავის ძმას ლორდი ბარვიკი.

„რა თქმა უნდა, არ ეცოდინება ამ ცალტვინას. ნეტავ, რაღას ვეკითხები რამეს ?!“

– ორასზე მეტი, ძვირფასო ინკვიზიტორო, – პირიდან ხორცის პატარა ნაწილები გადმოსცვივდა განმკარგულებელს.

– ჰაჰ, ნახეთ, რამხელა ნაჭერია, – ხელში შეათამაშა ცხვრის ქონიანი ძვალი მასპინძელმა.

– რამდენი ფეხმძიმე ცხოვრობს, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ? –  ახლა უკვე პირდაპირ დოვერს მიუბრუნდა ლეროი.  

– ოო, ვერ გეტყვით, ძვირფ... ძვირფასო ინკვიზიტორო. რთული სათქმელია.

ლეროიმ ზედიზედ რამდენიმე ყლუპი ღვინო ჩაუშვა ხახაში.

– კარგი. ჩავალთ და ყველაფერს თავადვე გავარკვევთ. მთავარია, უნდა მოვასწრ...

და უცებ საზარელმა კივილმა გააყრუა მთელი დარბაზი.

– ჯონ ! ჯონ ! – დარბაზში შემოსასვლელი კარი ლედი ბარვიკმა შემოგლიჯა, – მიშველე ! მეუფეო, გვიხსენი !

მასპინძელი, მისი ვაჟები, განმკარგულებელი და მოციქული ერთდროულად წამოიჭრნენ ფეხზე.

– ჯონი ! პატარა ჯონი ! – გაჰკიოდა ციხესიმაგრის ქალბატონი.

– რა მოხდა ? – მაგიდის ფეხს დაეჯახა ლორდი ბარვიკი და კინაღამ აატრიალა მთელი სუფრა. ცოლისკენ გაიქცა.

– აღარ სუნთ... აღარ სუნთქავს !

მასპინძელი და მისი სახლეული დარბაზიდან გაიჭრნენ.

„აქაც ? – გაოცდა ლეროი და თვალით ანიშნა მორჩილ გილენსა და რაინდებს, ჩვენც წავედითო, – რანაირად ?“

სერ ერიკმა და სერ რეიმონდმა გადაასწრეს და წინ გაცვივდნენ. მხოლოდ მორჩილი გილენი დარჩა მასთან, ხელკავი გამოსდო და ერთად დაიძრნენ ლორდი ბარვიკის შვილიშვილის სამყოფლისკენ. ფეხის აბეზარი ტკივილი, რა თქმა უნდა, თავის ადგილზე იყო. კიბეებთან მისვლისთანავე ქალის წივილ-კივილის სულისშემძვრელი ხმა ჩაესმა ლეროის, ხოლო როდესაც მესამე სართულზე ავიდნენ და გრილ დერეფანში შეაბიჯეს, გამაყრუებელმა აურზაურმა კინაღამ გული შეუღონა ინკვიზიტორს.

ოთახი, სადაც ბარვიკების რძალმა იმშობიარა, საზარელ გლოვას მოეცვა. ბალდახინიან საწოლზე მწოლიარე საბანში გახვეულ ოქროსფერთმიან ქალიშვილს დუჟი ჰქონდა პირზე მომდგარი და საბრალობელი ხრიალით იშვერდა ხელებს ფანჯარასთან ახლოს დადგმული აკვნისკენ. ლედი ბარვიკი და მისი ქალიშვილები აცრემლებულ-გაოგნებულები აკავებდნენ მას. ლორდი ბარვიკი აკვანთან ჩამუხლულიყო და მწარედ ქვითინებდა. ბავშვის მამას აკვნის მოაჯირისთვის ჩაეჭიდა ხელები და ერთმანეთის მონაცვლეობით, თვალებგაფართოებული მისჩერებოდა სიცოცხლისგან დაცლილ შვილსა და ტირილით დაოსებულ ცოლს. მისი ძმები პირგაღებული უყურებდნენ ერთმანეთს და ყველას, ვინც ოთახში იყო. მოციქული ბრამი წარამარა სამეუფეო წრეს ისახავდა დაზაფრული სახით, ხოლო განმკარგულებელს თავისი ლორდი ძმის მხარზე დაედო ხელი და მის ნუგეშისცემას ცდილობდა.

– ვითომ, ჩვენი საქმეა ? – გადაუჩურჩულა ლეროის სერ რეიმონდმა, – სხვა რამ ხომ არ მოხდა ?

ინკვიზიტორი დადუმებული წავიდა აკვნისკენ ხელჯოხის კაკუნით და შიგნით ჩაიხედა. ფერმიხდილი ჩვილი ტილოს თეთრეულზე იდო. მარცხენა ხელი ოდნავ წინ წამოწეული გაშეშებოდა. მარმარილოს მოცუცქნული თოჯინააო, იფიქრებდი მისი შემხედვარე. თითქოს, რთული იყო იმის დაჯერება, რომ ოდესმე სუნთქავდა და ნამდვილი ადამიანი იყო. ლეროიმ მთელი გულმოდგინებით მოავლო თვალი ბავშვს, განმკარგულებლის თანხმობით გვერდებზეც გადააბრუნა, უკნიდანაც დახედა, მაგრამ არაფერი, – ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებოდა არსად. 

– ინკვი... ძვირფასო ინკვი... ინკვიზიტორო ! – ლეროის კალთას ისე ჩააფრინდა აღნავლებული ლორდი ბარვიკი, კინაღამ ძირს დააგდო. ხელჯოხი რომ არ ჰქონოდა, ალბათ ასეც მოხდებოდა. - რა უყვეს, ნახეთ... ნახეთ, რა უყვეს ჩემს... ჩემს პატარა... ჯო... ჯონს ! უნდა მიშველოთ... უნდა დაიჭიროთ... ამმ... ამმ... ამის შემოქმედი ! ცოცხლად გავ... გავატყავეებ !

ლეროი ჩაფიქრებული მისჩერებოდა გაქვავებულ ჩვილს და თითებს ხელჯოხის ტარზე ათამაშებდა, როგორც სჩვეოდა ხოლმე ტვინის განსაკუთრებული ჭყლეტისას.

ჯანდაბა. ნუთუ, ყველაფერი უფრო ჩახლართული იყო, ვიდრე მოელოდა ?

 

 

 

თავი მეორე

 

 

იმ საღამოს მთელი ციხესიმაგრე საგულდაგულოდ ჩააკეტინა ლეროიმ ლორდ ბარვიკს, –ყველა კარიბჭე, ყველა ფარული გარეთ გასასვლელი, ფანჯრებიც კი, ყველაფერი რითაც კედლებს გარეთ გაძრომა ან შიგნით შემოღწევა იყო შესაძლებელი. სანამ ყველაფერში არ გავერკვევი ვერც ვერავინ გავა გარეთ და ვერც ვერავინ შემოვა შიგნითო, მკაცრად ბრძანა დაწოლის წინ ინკვიზიტორმა.

დასაძინებლად მეორე სართულზე, სტუმრებისთვის გათვალისწინებული ერთ-ერთი მოზრდილი ოთახი გამოუყო მასპინძელმა. შიგნით ბუხარი ენთო, კედლები საგულდაგულოდ ნაქარგი, ფერადი რომბებით გაწყობილი ფარდაგებით იყო გამშვენებული, ხოლო ქვის იატაკის უმეტეს ნაწილზე თბილი ნოხი ეფინა. სერ რეიმონდი და სერ ერიკიც ციტადელში დააბინავა ლორდმა ბარვიკმა, მორჩილ გილენს კი ლეროის თანმხლებ მხედრებთან ერთად მოუწია საჯინიბოში განთავსებამ.

მომდევნო დღეს ყველას დაკითხვა გადაწყვიტა ლეროიმ. სასწრაფოდ უნდა გაერკვია ჩვილი ჯონის დაღუპვა რაიმე კავშირში იყო თუ არა იმ დანაშაულებთან, რომელთა გამოც ამ ნისლიან მიწებზე ჩამოსულიყო.

– სამუშაოდ რომელიმე ოთახი დამჭირდება, გეთაყვა, - დილაადრიან უთხრა ლორდ ბარვიკს, – ოღონდ, ისეთი, მაგიდაც რომ იყოს იქ... ჩანაწერების გაკეთება დამჭირდება. ოღონდ, დროულად, მილორდ ! ასეთ დროს წუთებიც კი გადამწყვეტია.

მეოთხე სართულზე მწიგნობრის ოთახი გამოუყო მასპინძელმა ლეროის. მწიგნობარი, ვინმე ჯერომი აღმოჩნდა, ლეროიზე ათი-თორმეტი წლით უფროსი, ძალზედ ასაკოვანი კაცი. როდესაც განმკარგულებელმა ზემოთ ააცილა ლეროი და მწიგნობარს აცნობა – შენი ოთახი უნდა დაუთმო ჩვენს სტუმარსო, ჯერომი სიბრაზისგან სულ ქვედა ტუჩის ცახცახით გამოფრატუნდა გარეთ.

პირველი ლედი ბარვიკი გამოჰკითხა ლეროიმ. საუბრისას ქალი წარამარა კანკალებდა ყინვაში გარეთ გაგდებული ძაღლივით... შემდეგ – მისი ქალიშვილები და მსახურები, მწიგნობარი, გუშაგები, მემტრედე და მოციქული ბრამის შეგირდი ბიჭი. არავინ არაფერი იცოდა. ყველა იძახდა, რომ იმ ოთახთან, სადაც ახალშობილი დაიღუპა, ახლოსაც კი არ იმყოფებოდა მაშინ, როცა სავარაუდო დანაშაული მოხდა. ერთადერთი, მსახურმა გოგომ, ლეამ თქვა, რომ როდესაც სამზარეულოში შედიოდა, ზემოთ ამავალ კიბეებზე ფეხის ხმა გაიგონა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო.

ბოლოსთვის ციხესიმაგრის მკურნალი, ვინმე ბარნეტი, მოიტოვა ლეროიმ, რათა მისი ჩვენებაც მოესმინა, მაგრამ მანამდე დაღუპული ჩვილის დედასთან გასაუბრება მოინდომა.

ლედი როვენა, რომელიც გერჰარდტების ერთ-ერთი ვასალი ლორდის, ელდრედის, ქალიშვილი აღმოჩნდა, შედარებით დაწყნარებულიყო. ჩვილის გვამი ციხესიმაგრის ტაძარში ჰყავდათ დასვენებული და როგორც ჩანს, იმას, რომ საკუთარ გაშეშებულ პირმშოს ვეღარ ხედავდა, მცირედი შვება მიეცა მისთვის.

ლედი ბარვიკიც შეჰყვა ლეროის რძლის მოსასვენებელ ოთახში. ბარვიკების რძალს უპეები ჩაშავებული ჰქონდა. როგორც ციხესიმაგრის ქალბატონმა თქვა, მშობიარობის შემდეგ საჭმელს არ გაჰკარებიაო.

– მესმის რომ ძალზედ მძიმეა თქვენთვის ახლა ამაზე საუბარი, მილედი, – ხის რბილსაზურგიან სკამზე ჩამომჯდარმა და ფეხის ტკივილისგან სახედამანჭულმა წამოიწყო ლეროიმ, - მაგრამ, იქნებ გაიხსენოთ რამე გუშინდელი უბედურებიდან... რამე ხომ არ გაგიგიათ ? ვინმე ხომ არ დაგინახავთ ?

ახალგაზრდა ქალმა ამოიკვნესა და თვალები უღონოდ მილულა.

– ჩექ... ჩექმა დავინახე.

– ჩექმა ?

– ჩექმა ? - გაკვირვებული მიუახლოვდა საწოლს ლედი ბარვიკი. – ვინ იყო ? ოო, მეუფეო, როვენა აქამდე... აქამდე არ უნდა გეთქვა, კი მაგრამ ?

– და კიდევ შავი მოსასხამის... მოსა... მოსასხამის ბოლო.  

„ჩექმა და შავი მოსასხამი“, - ლეროიმ თითები აათამაშა ხელჯოხის ტარზე და ფანჯრის მიღმა გამოჩენილ ციხესიმაგრის ტაძრის ფიქლის გუმბათს მიაჩერდა. ნისლი ბამბის ქულებივით ჩამოწოლილიყო სამეუფეო წრის გარშემო. გადაუღებელ წვიმას დაუსრულებელი შხაპუნი გაჰქონდა გუმბათის გაცვეთილ ფილებზე.

– მეტი... ვერაფერი, – ამოიკნავლა შვილმკვდარმა დედამ და ზედა ტუჩი ზემოთ აეპრიხა.

– რამე დამახასიათებელი ნიშანი ხომ არ ჰქონდა ჩექმას ?... ან მოსასხამს თუნდაც. ნებისმიერი რამ დამეხმარება, მაგალითად, ფერი... ახალს ჰგავდა თუ ძველს... ორნამენტები ხომ არ ჰქონდა ან...

– წითე... წითელი ჩექმები დავინახე.   

„წითელი ჩექმები, შავი მოსასხამი.“

– მოსასხამი... არ ვიცი, – დასძინა ქალიშვილმა, – ჩვეულ... ჩვეულებრივს ჰგავდა... არც ძველ... არც ძველს ჰგავდა. არ ვიცი.

თვალები ძალდატანებით გაახილა ახალგაზრდა ლედიმ და შემდეგ ისევ მოჭუტა.

– ჩექმები, მილედი, – ლეროი ოდნავ წინ გადაიხარა სკამიდან და ცერა თითი მაგრად ჩაიჭირა ბარძაყში, რომ სპაზმი მოშვებოდა, – ხომ არ გახსოვთ, ტყავის იყო ? ხავერდის ხომ არ ყოფილა ან... ან რაიმე სხვა მასალის ?

ქალიშვილმა ხელახლა დააჭყიტა თვალები, თავი ოდნავ წამოსწია და მერე ისევ დააგდო ფაფუკ ბალიშზე. აღარაფერს იძახდა. როგორც ჩანს, სხვა არაფერი ახსოვდა.

– როვენა, უნდა ჭამო, ჩემო გოგო, – საწოლის კიდეზე ჩამოჯდა ლედი ბარვიკი და ნამეტნავად მზრუნველი სახე მიიღო, – ასე არ შეიძლება. შვილებს კიდევ იყოლიებთ შენ და ბოვერი... ამ... ამ უბედურებით კი არ დამთავრებულა თქვენი ცხოვრება... მე ორი ბავშვი მომიკვდა მშობიარობისას, მაგრამ რას ვიზამთ, ასე განაჩინა სულთა მეუფემ, ასე არაა, ძვირფასო ინკვიზიტორო ?

ლეროიმ არაფერი უპასუხა ქალს და ფეხზე წამოდგა გაჭირვებით.

– მილედი, დაგემშვიდობებით, – მიმართა მწოლიარე ლედის, – გპირდებით, ყველაფერს მოვიმოქმედებ, რაც ჩემს ძალებშია, რომ თქვენი შვილ... რომ სამართალმა იზეიმოს.

კარისკენ წავიდა ხელჯოხის კაკუნით ლეროი და დერეფანში გამოვიდა. გარეთ მორჩილი გილენი და ორივე რაინდი ელოდნენ. სამივემ პირი დააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ინკვიზიტორმა ყველას დაასწრო:

– სერ ერიკ, განმკარგულებელს უთხარით ციხესიმაგრეში ამჟამად მყოფთა ჩექმები შეამოწმონ... წითელი ჩექმა გვჭირდება.

რაინდმა თავი დაუკრა და კიბეებისკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯით.

– და მოსასხამებიც ! შავი მოსასხამი თუ ვინმეს ექნება ან წითელი ჩექმები, დაუყოვნებლივ დააკავეთ და გამაგებინეთ !

– დიახ, ინკვიზიტორო ! – რიხიანად დაიძახა სერ ერიკმა და კიბეზე დაეშვა.

შემდეგ სერ რეიმონდს მიუბრუნდა ლეროი და უბრძანა, მკურნალი მომგვარეთო. ამის მერე მორჩილ გილენთან ერთად აუყვა კიბეს თავისი კაბინეტისკენ.

– როგორ ფიქრობთ, უფროსო ძმაო, ჩვილი მოკლულია, თუ ? - ჰკითხა გილენმა ქვის გაცრეცილ საფეხურებზე ასვლისას, - თუ ბუნებრივ... ბუნებრივად დაიღუპა ?

– ჯერ არაფერს არ ვფიქრობ, ჩემო ბიჭო, - ლეროის ყოველ ნაბიჯზე ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გახურებული ნემსები ესობოდა მუხლსა და ბარძაყში, - ჩემს მოსაზრებას მოგვიანებით გავაჟღერ...

და უცბად ადგილზე გაშრა ლეროი.  

– ჯანდაბა. ნუთუ, დროის მოსაგებად... სასწრაფოდ უთხარი, სერ რეიმონდს იმ დაბისკენ გაემართოს !... რა ერქვა ?

– კოლბორნისკენ ?

– ჰო. რაც ჰქვია. მიდი, დროზე ! მიდი, მეოთხე სართულზე ჩემით თუ ვერ მოვახერხე ასვლა კარგად მქონია საქმე. უთხარი, ოთხ კაცზე მეტი არ წაიყვანოს. რა ვიცი რაში დამჭირდეს დარაჩენი ორი ?! მიდი ! – ხელით უბიძგა ბიჭს.

მორჩილი მაშინვე ქვემოთ დაეშვა კაბის კალთების ფრიალით.

-        უთხარი, ინკვიზიტორი ბელმონტი გიბრძანებს ამას-თქო ! – ჩასძახა ლეროიმ.

„როგორ ვერ გავთვალე ?!. – თავისი თავით უკმაყოფილომ განაგრძო ზემოთ ხვნეშით ასვლა ინკვიზიტორმა. - შეიძლება, სანამ მე აქ დროს ვკარგავ, ის უწმინდურები უკვე ახალ-ახალ მსხვერპლს აძინებენ იმ წყეულ დაბაში... ჯანდაბა. მგონი, მართლაც ძალზედ დავბერდი.“

მკურნალი ბარნეტი ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა. უდარდელად, დიდი ლორდივით შემოვიდა ოთახში და ლეროის წინ სკამზე დაესვენა. ტანთ აბრეშუმის ორნამენტებიანი სქელი კამზოლი ემოსა, ხოლო ბარძაყებსა და წვივებზე შემოტკეცილი ქამხის შარვალი სპილენძისსამაგრებიან ტყავის შავ ჩექმებში ჩაეტანიებინა. ინკვიზიტორმა მწყრალად გადახედა მას მაგიდის ზემოდან, წელში მტკივნეულად გასწორდა და დაიწყო:

– ამ დღეებში რაიმე წამალი ხომ არ დაგკარგვიათ, მკურნალო ?

– პირველ რიგში, ნება მიბოძეთ, ჩემი უდიდესი პატივისცემა დაგიდასტუროთ, ინკვიზიტორო ბელმონტ. ვინ იფიქრებდა, რომ ოდესმე გიხილავდით ?! და თან – სად ? აქ ? –ხელები ცოტა არ იყოს დამცინავად ასწია ჭერისკენ მკურნალმა, – აქ ? – შემდეგ წინ გადმოიხარა და ლამის ჩურჩულით დასძინა, – ამ მყრალ წუმპეში ?

ლეროიმ მცირე ხანს დუმილით უყურა გაციებული სახით და შემდეგ ისევ ამოიღო ხმა.

– ჩემს შეკითხვაზე უნდა გეპასუხათ.  

– დიახ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, – ქათქათა საფეთქელზე დაისვა საჩვენებელი თითი, –დამეკარგა... წამალი. ნამდვილად დამეკარგა !

ლეროის უნდოდა, ეკითხა, რომელი წამალიო, მაგრამ მკურნალმა დაასწრო:

– საძილე საშუალება... ასტერუმ პენდულა. მაგრამ შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ, – ცალი ხელი წინ გამოიშვირა, – რომ... რომ მე არაფერ შუაში ვარ იმ უბედურებასთან, რაც... რაც იმ საბრალო ბავშვს ეწია... მე...

„რა თქმა უნდა. მკვლელი თუ შენ ხარ, ზუსტად ამას იტყოდი, – გამომცდელად მიაჩერდა ლეროი, – მაგრამ ჩემი ალღო რატომღაც მკარნახობს, რომ შენ არ იქნები მკვლელი, მიუხედავად იმისა, რომ დიდად აშკარად არ გეხატება გულზე აქაურობა... და როგორც ვხვდები, არც აქაურობის ბატონ-პატრონები.“

– აქ როგორ მოხვდით, მკურნალო ბერნ...

– ბარნეტი, ინკვიზიტორო ბელმონტ.

„ჯანდაბა. რა ჭირი მეტაკა ამ წყეულ სახელებს რომ ვეღარ ვიმახსოვრებ ? ვითომ, მხოლოდ სიბერის ბრალია თუ ამ ჰადინისგან დაწყევლილი ნისლის და წვიმისაც ?“

– მკურნალო ბარნეტ... დიახ. მიპასუხეთ შეკითხვაზე, გეთაყვა.

მკურნალმა ამოიხვნეშა. ჭერს შეაცქერდა და შემდეგ ისევ ლეროის გაუყარა თვალი თვალში.

„კი. არა მგონია, ეს იყოს. დამნაშავეებს, როგორც წესი, ყოველთვის უჭირთ იმისთვის თვალის გასწორება, ვინც მათ გამოჭერას ცდილობს... თუმცა, ზედმეტად ცბიერები თუ არიან მაშინ... მაშინ სულ სხვაგვარადაა საქმე.“  

– ცხოვრებას იუმორის დიდი გრძნობა აქვს, – ბარნეტმა კბილები ძალით გაკრიჭა და შემდეგ ისევ დამუწა სიფრიფანა ბაგეები, – როგორც კი აკადემია დავამთავრე, მეგონა... მეგონა, ჰელიონში, დედაქალაქში მაინც ვიმსახურებდი. მეფის სასახლეში თუ არა, სამეფო საბჭოს რომელიმე წევრის სახლში მაინც... იქ თუ არა, რომელიმე კემბრიელი დიდი ლორდის ციხესიმაგრეში მაინც... ერთ-ერთი საუკეთესო შეგირდი ვიყავი აკადემიაში. დასტაქრობაშიც კი არაფრით ჩამოვუვარდებოდი ოსტატებს, მაგრამ აქ... ამ მეუფისაგან მივიწყებულ, – ხელები ისევ ჭერისკენ აღაპყრო მკურნალმა, – ამ... წუმპეში ამოვყავი თავი. ერთადერთი მიზეზის გამო. მამაჩემს გავლენა არ ეყო, რომ გილდიას ჩემ ნაცვლად სხვა გამოეგზავნა აქ.

– ვინ არის მამათქვენი ? 

– ალბათ, უნდა გეკითხათ, ვინ იყო მამაჩემი, - ფერიმჭამელებიანი ნესტოები მოიზილა მკურნალმა, – შარშან დაიღუპა ჩუტყვავილათი. ჰელიონის სპილენძის შენადნობების ჩამომსხმელთა გილდიის წევრი იყო... საკმაოდ გავლენიანი თავის წრეში, თუმცა, როცა ლორდებს და დედაქალაქის მკურნალთა გილდიას შეეხო საქმე, მის გავლენას ჩალის ფასი აღმოაჩნდა.

ფანჯარას წვიმის შხეფები მოაყარა ქარმა და ისეთი ხმა გაისმა, გეგონებოდა, ვიღაცამ ნაზად დააკაკუნა შუშებზეო.

– სად იმყოფებოდით გუშინ ? – ლეროიმ მელანში ჩააწო საწერი ბუმბული და იმ ქაღალდის ზემოთ გააჩერა, სადაც სხვა გამოკითხულთა ადგილმდებარეობები ჰქონდა ჩამოწერილი, – იმ დროს, როცა სავარაუდო დანაშაული მოხდა ?

მკურნალი დაფიქრდა.

– თქვენ რომ შემობრძანდით კარიბჭეში, იმ დროს ლედი ბარვიკის მშობიარობას მოვრჩი.... ანუ, ახალგაზრდა ლედიზე მაქვს საუბარი... ლედი როვენაზე. ფანჯრიდან მეც გადმოგხედეთ. ისე, თქვენი თანმხლები ერთი რაინდი მეცნო, მგონი, ტურნირზე ვნახე სადღაც...

– მერე ? – შეაწყვეტინა ლეროიმ, – განაგრძეთ ! 

– ჰო, მერე... მშობიარობის მერე, ხელ-პირი დავიბანე, ტანისამოსი გამოვიცვალე და სამზარეულოში შევედი. ჰილდას უგემურ წვნიანს გეახელით. მინდოდა, მეც თქვენთან ერთად მეტრაპეზა სუფრაზე, მაგრამ სხვაგან აღმოვჩნდი საჭირო... ყოველ შემთხვევაში, ასე ვაჯერებ ჩემს თავს, – ჩაეცინა მკურნალს, – ჯერ ახალდაბადებული ლორდი... ლორდი ჯონი მოვინახულე. მერე უკვე მეჯინიბე ალტონს მივხედე... იმ რეგვენს თქვენი ხალხის ერთ-ერთმა ცხენმა დაარტყა იდაყვში წიხლი.

ნახეთქებიანი ხის კარის მიღმა აჩქარებული ნაბიჯების ხმა გაისმა კიბეებზე.

– გუშინ იმ ოთახში კიდევ იმყოფებოდით ? – გაუკვირდა ლეროის, – ლედი რივე... ახალნამშობიარები ლედის მოსასვენელ ოთახში ?

ფეხის ხმა უფრო მოახლოვდა. ლეროის, გამოცდილებით შეეძლო, ეთქვა, რომ რამდენიმე კაცი ამორბოდა კიბეზე და უკვე მიხვდა, რატომაც.

– დიახ, მე... 

– მითხარით, მკურნალო, გეთაყვა, წითელი ჩექმებიც გაქვთ ?

მკურნალმა წარბები შეჭმუხნა და ჩაეცინა.

– აჰ, ეგენი ჯერ კიდევ...

ანაზდად სერ ერიკმა შემოგლიჯა კარი. მას განმკარგულებელი დოვერი, ლორდი ბარვიკი და დაღუპული ჩვილის მამაც შემოჰყვნენ. სამივენი გაცოფებული ქოფაკებივით აღრჭიალებდნენ კბილებს, მაგრამ ლორდი ბარვიკი მაინც ყველაზე გაშმაგებული ჩანდა.

– წმინდა ინკვიზიციის სახელით დაკავებული ბრძანდებით ! – სერ ერიკმა ზემოდან დასჭექა მკურნალს და ლეროის თავი დაუკრა, გეგონებოდა, უსიტყვოდ უთხრა მას, თქვენ ნუ შეწუხდებით, მე წარმოვთქვამ ამ სიტყვებს თქვენ ნაცვლადო. 

– შე ნაბიჭვარო ჭიაყელა ! – ლორდი ბარვიკი ბარნეტს ეცა, სკამიდან გადმოაგდო და ყელში ჩაავლო მსხვილი თითები. დახრჩობა დაუწყო. მკურნალი შესაბრალისად ახრიალდა, – ცოცხლად გაგატყავებ ! გაგატყავებ და ყველგან მარილს მოგაყრი, შენი დედაც ! შე ნაბიჭვარო ! შენს სისხლს დავლევ !

– მილორდ ! – ხელჯოხის დახმარებით ძლივს წამოდგა ფეხზე ლეროი, – მკურნალი ბარნეტი ჩემი... წმინდა ინკვიზიციის ტუსაღია ! სერ ერიკ ! – ახლა რაინდს მიმართა და ძირს მფორთხავ ლორდსა და მკურნალზე თვალით ანიშნა, რამე ჰქენიო.

„არა, არა. არა მგონია, ეს იყოს მკვლელი... რაღაც ვერ არის ისე, როგორც უნდა იყოს“, - ხელჯოხის ტარზე ნერვიულად აათამაშა თითები ლეროიმ.

 

 

 

****

 

 

ლორდი ბარვიკი ძლივს დაითანხმა ლეროიმ, რომ ჯერ-ჯერობით ცოცხლად არ გაეტყავებინა მკურნალი ბარნეტი. ხვეწნამ რომ არ გაჭრა, ბოლოს მკაცრად დაჰკრა ხელჯოხი იატაკს და ამაყად დასჭექა: „მე მისი უწმინდესობის, ახალი იმრონის არქიმოციქულის, ამოს მეოთხის ნების აღმსრულებელი გახლავართ და გამოძიებაში ხელს თუ შემიშლით პასუხისგება თავად მისი უწმინდესობისა და მეფის წინაშე მოგიწევთ ! ახლა კი მისი უწმინდესობის სახელით გიბრძანებთ, მომეცით დრო და საშუალება, უფრო ღრმად შევისწავლო ყველაფერი !“

მკურნალი ციხესიმაგრის ერთ-ერთ ჩაბნელებულ დილეგში ჩააგდეს. ხელებსა და ფეხებზე ჟანგიანი ბორკილები დაადეს და ყინულივით ცივ და ნესტიან კედელს გამოაბეს ნაგვემი ძაღლივით. სანამ აგერ უკვე მესამე დაკითხვას მოუწყობდა მას, ლეროი მისთვის გამოყოფილ კაბინეტში ხელახლა დაჯდა მაგიდასთან და ქაღალდის ფურცლების კირკიტი დაიწყო. ნელ-ნელა ლამის ზეპირად დაისწავლა, ციხესიმაგრეში მკვიდრთაგან ვინ სად იმყოფებოდა სავარაუდო დანაშაულის დროს.

„მრეცხავი ქალები თავლაში დაშავებულ მეჯინიბეს უვლიდნენ... ლორდი, განმკარგულებელი, მისი რეგვენი ვაჟები და მოციქული, ყველანი ჩემთან ერთად იყვნენ მთავარ დარბაზში... ლედი ბარვიკი და ახალგაზრდა ქალბატონები ქსოვდნენ. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობენ... ის ხუჭუჭა ბიჭები, მე რომ დამბანეს, ტალახისგან წმენდდნენ ფარდულებს... მოციქულის შეგირდი სანთლების ნაღვენთისგან ასუფთავებდა ტაძარს და იქაურობას ხვეტდა... ის თავგასიებული მზარეული ფინი და მისი ერთიმეორეზე უშნო ოთხი ამხანაგი სამზარეულოში ტრიალებდნენ, ხორცეულს ამზადებდნენ... ცალხელა მემტრედე თავისი მტრედების ნაედონს ხვეტდა... ის გოგოს, ლანგარი რომ დაუვარდა, სულ წინ და უკან დარბოდა... ვითომ, რომელიმე მომენტში ზემოთ აირბინა და საწამლავი ჩააწვეთა პატარა ლორდს ?! თუ ძილის წამალი, რომელიც მკურნალს დაეკარგა ?! მაგრამ ძილის წამალი ძალიან ბევრი უნდა ჩაესხა პირში, ჩვილი რომ მოეკლა... ჰმ, დედა... მას ეძინა და რატომღაც ზუსტად იმ მომენტში გაახილა თვალები, როდესაც შესაძლო მკვლელი ოთახიდან გადიოდა... ესეც შენი წითელი ჩექმები და შავი მოსასხამი... რა ხელსაყრელია, სხვას დააბრალო შენ მიერ ჩადენილი დანაშაული. მაგრამ დედას რატომ უნდა მოეკლა თავისი შვილი ? ან მას რომ მოეკლა, განა პირდაპირ არ იტყოდა, მკურნალი გადიოდა ჩვენი ოთახიდანო ?! პირდაპირ მკურნალს დაბრალდებოდა და თვითონ მშრალად გამოძვრებოდა მთელი ამ სიტუაციიდან...“

ლეროი სკამის დაკონკილნაჭრიან საზურგეს მიეყუდა და თვალები დახუჭა. ფანჯრიდან შემომავალ წვიმის შხაპაშხუპს მიუგდო ყური. ისეთი შემთხვევები გაახსენდა, როდესაც მშობიარობის ტკივილებისგან გაგიჟებული დედები საკუთარ შვილებს უნებურად კლავდნენ.

„მაგრამ... არანაირი დაზიანება არ ჰქონია გვამს. ვითომ, წინასწარ დაიგულებდა საწამლავს, იმშობიარებდა და შემდეგ ჩაასხამდა პირში თავის ახალშობილ ვაჟს ? არა, სიგიჟეა. სხვა რამეში უნდა იყოს საქმე... მაგრამ, რაში ?“ – თითები ხელჯოხის ტარზე ააცეკვა და ვაივაგლახით წამოიმართა ფეხზე. კოჭლობით მივიდა ჩარჩოაქერცლილ ფანჯარასთან. არც ისე შორეული მოქუფრული გორებიდან საშინლად ნელა, ზღვასავით მოედინებოდა ბინდნარევი ნისლი ციხესიმაგრიდან ორასი ფუტის მოშორებით ჩამომავალი ღელეებისკენ და მათთან დაყრილი ათამდე დამპალი მორისკენ. დასავლეთის მხარეს დაგუბებულ სქელ ღრუბლებს ბაც ნარინჯისფრად აელვარებდა მათი უსწორმასწორო ყომრალი კედლების ტყვეობაში ჩავარდნილი გასავათებული მზე. ჩრდილოეთით, შორეულ მინდორ-ველზე, ტყესთან ახლოს ამოსული უშველებელი ეული ნაძვი გრძელი კაბით შემოსილი მოღუშული გიგანტივით იდგა ერთ ადგილას გაშეშებული. 

„ვინ იხეირებდა ამ მკვლელობით ? – ისევ მაგიდისკენ წაჩლახუნდა ლეროი და სკამზე დადო ატკიებული უკანალი. ფურცლებზე ჩამოწერილ სიტყვებს ისეთი გულმოდგინებით დაუწყო კირკიტი, გეგონებოდა, მის მიერ გამოყვანილ შავ ასოებს მიღმა იპოვიდა პასუხებს, – მზარეული ჰილდა, მსახური ლეა და ის მეორე გოგო... ელამი, რომ იყო, ფხალს ამზადებდნენ. ძიძა ემა და მისი ორი თანაშემწე ჩვენ გვიგებდნენ თეთრეულს და ოთახებს ასუფთავებდნენ... ზედა სართულზე არბენას და ბავშვის მოკვლას კი მოასწრებდნენ, რამე რომ იყოს, მაგრამ რატომ ? რა მოტივი უნდა ჰქონოდა რომელიმეს, რომ პატარა ლორდი მოეკლა ? შურისძიება ? შელახული პატივი ?!“

და უცბად გონებაში ლორდი ბარვიკის უმცროსი ვაჟის მიერ ნათქვამი სიტყვები ამოუტივტივდა იმ გოგოზე, რომელსაც ლანგარი დაუვარდა: „... კაცი უნდა ეტყობა“.

ვითომ რომელიმეს მანამდე ნამუსი ახადა იმ უტიფარმა ? მაგრამ, მასზე ძმისშვილის მკვლელობით რატომ იძიებდნენ შურს ?

„ძმა... მამა. შეიძლება, ახალშობილის მამამ, იმ რეგვენის ძმამ ახადა ნამუსი ამ რომელიმე ქალს ან გოგონას და ამ უკანასკნელმა იმით იძია შური, რომ შვილი მოუკლა ? მაგრამ ეს რა კავშირშია იმ მკვლელობებთან, რომლებიც მე მაინტერესებს ?... ჰადინმა დასწყევლოს, შეიძლება უბრალოდ დაემთხვა შეურაცხყოფილი ქალის შურისძიება ჩემს აქ ჩამოსვლას და ახლა ტვინის ჭყლეტა მიწევს, კავშირშია თუ არა ეს მკვლელობა იმ მთავარ მკვლელობებთან.“

– ლანგრიანი გოგო ან ძიძა და მისი თანაშემწეები, – ქაღალდს ჩაახუტა მელნიანი ბუმბული ლეროიმ და შესაძლო დამნაშავეები მოინიშნა.  

„მაგრამ ამ წყეულ წითელ ჩექმებსა და მოსასხამს რაღა ვუყო ? – დაღლილი თვალები გამომშრალი ცერა თითით მოიჭყლიტა ლეროიმ, – მხოლოდ იმ მკურნალს აღმოაჩნდა წითელი ჩექმებიც და შავი მოსასხამიც, ასე არაა ? ჩუმად ვერავინ დაუწყობდა ოთახში ამ ყველაფერს, რადგან თვითონვე აღიარა დილეგში, – ჩემიაო. ვითომ... ვითომ ვინმე შეიპარა მის ოთახში, მისი ჩექმები ჩაიცვა, მოსასხამი მოიხურა და ჩუმად აიპარა ზემოთ ბავშვის მოსაწამლად, რათა მკვლელობა მას დაბრალებოდა ? მაგრამ როგორ ? მეორე დაკითხვისას თვითონვე მითხრა, რომ მას შემდეგ, რაც ბარვიკების რძალი ამშობიარა და ხელ-პირი დაიბანა, ზუსტად ამ წითელ ჩექმებსა და შავ მოსასხამში გამოეწყო, რადგან იმედი ჰქონდა, პურობაზე მასაც მოიწვევდა ლორდი ბარვიკი... არ მოიწვია. დაიბოღმა და ზემოთ ავიდა მისი ნანატრი შვილიშვილის მოსაწამლად ?!“

– ჰმ, ესეც აქვე ჩავსვათ, – წეღანდელი შესაძლო დამნაშავეების ქვემოთ მიაწერა ლეროიმ მკურნალი, მაგრამ გამომძიებლის ალღო რატომღაც მთელი ხმით უკიოდა, ეგ არ იქნებაო, – ჯერ-ჯერობით... სანამ უკეთესი კანდიდატი გამოჩნდება.

„მიდი, ლეროი... შენ ხომ... შენ ხომ ერთ-ერთი საუკეთესო გამომძიებელი ხარ მთელ ახალი იმრონის სამეფოში ? ხომ ხვდები, რომ რაღაცას ვერ ხედავ ? რომელიღაც პატარა დეტალს... ან რაღაცას ვერ იხსენებ. შეიძლება ცხვირწინაც გაქვს რამე მინიშნება. ყოველთვის ასე არაა ხოლმე ? რაც უნდა ცბიერები იყვნენ ადამიანები, ყოველთვის უშვებენ შეცდომას ან რაიმე ისეთი წამოსცდებათ, რაც აუცილებლად გასცემს მათ.“

– მაგრამ იქნებ, – ნიკაპზე ამოსული საკმაოდ გრძელი და გაფიჩხებული წვერის წიწკნას შეუდგა ლეროი, – იქნებ დამნაშავესთან საერთოდ არ მაქვს საქმე ამ შემთხვევაში ? იქნებ, ძმა რეიმონდის შეკითხვა სულაც არ იყო უსაფუძვლო ?!

და მართლაც, იქნებ სრულიად ბუნებრივად დაიღუპა ბავშვი ? განა ხშირად არ ხდებოდა, რომ ხანდახან ჩაბჟირებისგან იხოცებოდნენ ჩვილები ?.. ასეთ შემთხვევაში, გარეგნული დაზიანება საერთოდ არ ექნებოდა გვამს, ასე არაა ?

„მაგრამ მომკალი და არ მჯერა ამის. მოკლედ, სერ რეიმონდს უნდა დაველოდო ან მის წერილს. თუ უკვე მკვდარი დახვდა იმ დაბაში ხალხი, მაშინ ძალიან დიდი ეჭვი შემიძლია, მქონდეს, რომ განზრახ მოკლა ვიღაცამ პატარა ლორდი, რათა დაბის მკვლელობებისთვის დრო მოეგო... იმედი ჰქონდა, რომ ამ მკვლელობის გამოძიებას დავიწყებდი და დაბისთვის დრო აღარ დამრჩებოდა. თუ ასე იქნება, შემიძლია, ბუნებრივი სიკვდილი გამოვრიცხო, მაგრამ დამთხვევა ?... დამთხვევა მაინც შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებ სავარაუდო.“

– ლანგრიანი გოგო, ძიძა ან მისი რომელიმე თანაშემწე, – თავისთვის ჩაილაპარაკა ლეროიმ და მაგიდაზე დადგმულ მოვერცხლილ შანდალში ჩარჭობილი ქონის სანთლების ნარინჯისფრად მოლიცლიცე ალებს მიაჩერდა. ცეცხლის ენები იმ ბაშდურელი მოცეკვავე ქალებივით არხევდნენ მხურვალე თეძოებს, რომლებიც ოციოდე წლის წინ მისცა ცეცხლს ალქაჯობის ბრალდებით, - მკურნალი... მისი წყეული ჩექმები და მოსასხამი...

„მაგრამ, თუ დროის მოსაგებად იქნა ჩადენილი ეს მკვლელობა, რატომაა უფრო მნიშვნელოვანი დაბა აქაურობაზე ? დაბის მცხოვრებნი რით სჯობიან პატარა ლორდს ?!“

და უცბად ლეროის თითქოს გონება გაეხსნა. მიხვედრილობის სინათლის სხივებმა აზრნაკლებობის დაბურულ აბლაბუდებში შემოაღწია. ლორდი ბარვიკის მიერ პურობისას წარმოთქმული სიტყვები გაახსენდა: „ასე თუ გაგრძელდა ჩემს შვილებს მსახურები აღარ ეყოლებათ.“

– ესეც შენი უფრო ღრმა მოტივი, – თვალები წამოენთო ლეროის და უნებურად დაიწყო გაქუცული კეფის ფხანა, – შეიძლება ვიღაცას უნდა, რომ ლორდები მსახურებისა და გლეხების გარეშე დატოვოს.

კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ჩვენებებსა და შესაძლო დამნაშავეთა სიას, მაგრამ რთული სათქმელი იყო, ვის შეიძლებოდა ნდომებოდა ამგვარი რამ. ზოგადად, ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო იმის მოსურნე, რომ ლორდები მშივრები დარჩენილიყვნენ. ბოლოს და ბოლოს, თვითონაც არ იტყოდა უარს მსგავსი რამის ხილვაზე ლეროი.

„უქნარა და გაზულუქებული ლორდების მშიერი დატოვება ? კი ბატონო. შესანიშნავია... მაგრამ ამის გამო საწყალი ფეხმძიმეებისა და ჩვილების დახოცვა ?!“

– ან... ან, შეიძლება სხვა რამეშია საქმე... როგორც ხშირად ხდება ხოლმე... ნეტავ...

უცბად კაკუნის ხმა გაისმა კარზე.

„ჯანდაბა. დამაცადეთ ფიქრი, რა იქნება ?!“

– ვინ არის ? – დაიღრინა ლეროიმ.

– მოციქულ... მოციქული ბრამის შეგირდი გახლავართ, ძვირფასო ინკვიზიტორო, – კარის ნახეთქიდან შემოაღწია ჭაბუკის ფაქიზმა ხმამ.

– შემოდი !

ისევე, როგორც დილით, ახლაც ჯვალოს იმავე მოყავისფრო გახუნებულ კაბაში გამოწყობილი შემოვიდა ვაჟი.  

– რა გინდა, ბიჭო ? საღამოს მსახურებას არ უტარებთ პატარა ლორდს ?

– ცოტა... ცოტა ხანს გავეთავისუფლე მოციქულს... მინდოდა, მეთქვა, თქვენთვის მეთქვა, რომ... რომ რაღაც დავინახე გუშინ.

ლეროიმ ქაღალდს ჩახედა, სადაც ბიჭის ნათქვამი ჰქონდა მონიშნული და ანაზდად წინ გადმოიხარა გაფაციცებული.

– გუშინ რატომ მითხარი, არაფერი დამინახავსო, შე უვარგისო ?

ბიჭმა სველი ტუჩები ააკანკალა.

– გინდა, ალიყური აირტყა ? გინდა, მოციქულს ვუთხრა, რა ყურუმსაღიც ხარ ? აბა, გისმენ !

– მომიტევეთ, ძმაო... ძვირფასო ინკვიზიტორო, – ერთ ადგილას აცმუკდა შეგირდი, –შემეშინდა... უბრალოდ, შემეშინდა. ქალი დავინახე ეზოში... წითელი ჩექმები ეცვა და შავი მოსასხამი ჰქონდა მოსხმული, – ხელის გული მოისვა ოდნავ გაოფლილ შუბლზე, – ვერ მივხვდი... ვერ მივხვდი, ვინ იყო, კაპიუშონი ეხურა თავზე... ვერ მივხვდი, სანამ მკურნალი ბარნეტის კაბინეტში არ შევიდა.

– მერე, ბიჭო ? ვინ იყო ? – ლეროიმ დაძაბულმა გადააჭდო ერთმანეთს თითები.

– ზუსტ... ზუსტად ვერ დავინახე, მაგრამ მგონია... მჯერა, რომ ძიძა ემა იყო. ყველა მსახურმა იცის, რომ ისინი... ისინი...

– რა ?

– ერთად... ისინი... სიძვის ცოდვაში არიან.

ლეროი ჩაფიქრებული მიეკრო სკამის საზურგეს. მარჯვენა ხელი მაგიდაზე მიყუდებულ ხელჯოხს ჩაავლო და თითები გაცხარებით აათამაშა მის ტარზე.

„შესაძლო დამნაშავეთა სიაში კი მყავს ძიძა, მაგრამ ვითომ იმათთანაა შეკრული, ვინც ამ მეტად უცნაურ მკვლელობებს სჩადის გერჰარდტების ვასალთა მიწებზე და უბრალოდ ჩემი მოცდენა უნდოდა, რომ დაბაში არ გავმგზავრებულიყავი ? თუ ბარვიკებისადმი წყენა ან რამე სხვა მიზეზი ჰქონდა და უბრალოდ მათ გასამწარებლად ჩაიდინა დანაშაული ?!“

– დიდი ხანია, რაც აქაა ეგ ქალი ?

ბიჭი დაიბნა. თითქოს არ იცოდა, რა ეპასუხა.

– ჰა, ბიჭო, ამოღერღე ! 

– დიახ, პატივ... პატივცემულო ინკვიზიტორო. აქაა, უკვე დიდი ხანია. სანამ მოციქული ბრამი შეგირდად ამიყვანდა, იგი... იგი უკვე აქ იყო.  

– და შენ რამდენი ხანია, რაც აქ ხარ ?

– მე ? მე... მე... ერთი წელი შესრულდება წმინდა ანდროსის დღეს, რაც აქ ვარ. დიახ.

– მერე ეგაა დიდი ხანი, ბიჭო ? იქნებ ორ წელზე მეტი არაა, რაც ის ქალი აქაა ?... კარგი, თავისუფალი ხარ !

ბიჭი გასასვლელისკენ შებრუნდა და სანამ ოთახიდან გავიდოდა, კარი მორჩილმა გილენმა შემოგლიჯა.

– უფროსო ძმაო... ძმაო ლეროი ! – თავი დაუკრა მან ინკვიზიტორს.

ისეთი სახე ჰქონდა მას, ბერიკაცი მაშინვე მიხვდა, რაღაც ცუდი მოხდა.

– მკურნალი !... მკვდარია !

– რაო ? – ლეროი განრისხებული წამოიჭრა ფეხზე. ფეხის ტკივილი აღარც კი ახსოვდა, ისე გაცოფდა, – ახლავე მივწერ წერილს მის უწმინდესობას !... მაგ რეგვენს ვაჩვენებ, როგორ უნდა გამოძიებისთვის ხელის შეშლა !

– არა, უფროსო ძმაო, ლორდი... ლორდი ბარვიკი არაფერ შუაშია.

– ჰა ?

– მკურნალმა დაიძინა და აღარ გაიღვიძა.

 

 

 

****

 

 

– კი მაგრამ, მე... მე... მსახურებას ჯერ ვერ ჩავუტარებ მას, - მოციქული ბრამი შეშინებული აცანცარებდა მსუქან თავს ხელში დაკავებულ მოზრდილ ფარანთან ერთად, – ლორდი ფიქრობს, რომ იგია პატარ ჯონ... ჯონის მკვლელი. მე ვერ... მის ნებას ვერ... თქვენ, ძმაო ლეროი, თქვენ რომ ჩაუტაროთ მსახურება ?

– მე მოციქული არ ვარ, – მკაცრად მიუგო ლეროიმ და მკერდზე დაისვა ხელი, სადაც სამეუფეო წრისმაგვარი არაფერი ეკიდა, – უბრალო ბერი ვარ, ვერ ხედავთ ?

ინკვიზიტორმა ბოლოჯერ მოავლო თვალი მკურნალის ძირს გაწოლილ ჯერ კიდევ თბილ გვამს და გაჭირვებით წავიდა კიბეებისკენ. მორჩილმა გილენმა ხელი შეაშველა.

– სიტყვას მოვაყოლე მსახურების ჩატარება, თორემ ნება თქვენია... მსახურებების ჩატარება-არჩატარება თქვენი გადასაწყვეტია, მოციქულო. ვიფიქრე, ცოდოა-მეთქი ახალგაზრდა კაცი იმქვეყნიური შეწევნის გარეშე... მით უმეტეს, რომ დარწმუნებული ვარ, მკვლელი ის არ ყოფილა.

– როგორ ? ძმაო ლეროი, ნუთუ... ნუთუ მკვლელი ისევ აქაა და... და თავისუფლად დააბიჯებს ამ ეზოში... ამ დერეფნებში, ამ დარბაზებში ?!

„აბა, შენი აზრით ვინ მოკლა მკურნალი, შე ცალტვინა ?“

– დიდხანს ვეღარ ივლის ! – მხრის უკნიდან გასძახა ლეროიმ და კიბეზე ასვლა იწყო.

– მეუფემ მოგიმართოთ ხელი, ძვირფასო ძმაო !  

უკან აღარ მიუხედავს, მაგრამ ლეროი დარწმუნებული იყო, რომ მოციქული ახლა სამეუფეო წრეს სახავდა თავისი გატიკნული თითებით.

სერ ერიკი ზემოთ, ეზოში ელოდა ლეროის. განმკარგულებელიც მასთან ერთად იყო. წვიმას თითქმის გადაეღო, ოდნავღა წინწკლავდა.

– სერ ერიკ, გთხოვთ, დააკავეთ ძიძა !... ემა, ხომ ? – ახლა დოვერს მიუბრუნდა.

– დიახ, – დაიბნა განმკარგულებელი, – ჩვენს ძიძას ემა ჰქვია... მაგრამ...

– რა... რა ხდება ? – ლორდი ბარვიკი ღამის პერანგში გამოწყობილი მობარბაცებდა ციტადელში შესასვლელი ჩუქურთმებიანი თაღიდან. აშკარად ნასვამი იყო, – რაღაცები ხდება ჩემს ციხესიმაგრეში და მე არაფერი უნდა ვიცოდე ? ჰა, მითხარით ერთი, ლორდი არ უნდა ჩააყენოთ საქმის კურს... კურსში ?  

– მილორდ, მკურნალი მკვდარია, – მიუგო ლეროიმ, – ამ წუთას სერ ერიკს თქვენი ოჯახის ძიძის... ემას დაკავების ბრძანება მივეცი. იმედია, არ დამჭირდება თქვენთვის ხელახლა შეხსენება, თუ ვინ ვარ და ვის მიერ გამოგზავნილი.

– ჩვენი იმედი იქონიეთ, ძვირფასო ინკვიზიტორო ! – რაღაცის სათქმელად გაღებული პირი ლამის თავისი საკუთარი ხელით დაამუწინა თავის ლორდ ძმას განმკარგულებელმა, –ყველაფერში ხელს შეგიწყობთ !

– შესანიშნავია. მაშინ ოთახი გამომიყავით, სადაც ძიძას დავატყვევებთ ! სერ ერიკ, თუ სწორად მახსოვს, პატრიარქის ორი გვარდიელი ისევ ჩვენთანაა.

– დიახ, ინკვიზიტორო ! – რაინდმა თავისი ხმლის მოვარაყებულ ვადას საქმიანად წაავლო ხელი.

– უთხარით, დარაჯად დაუდგნენ ძიძას. მორიგეობით დადგნენ კართან... და გააფრთხილეთ, ერთი წამით არ დატოვონ მეთვალყურეობის გარეშე. ჩემ გარდა ვერავინ უნდა შევიდეს მასთან. სანამ ყველაფერს მოაგვარებთ, მე ჩემს კაბინეტში ავალ. ხვალ დილით დავკითხავ ძიძას. განმკარგულებელო, გთხოვთ, მიეხმაროთ სერ ერიკს იმ ყველაფრის მოგვარებაში, რაც დავავალე.

– რა თქმა უნდა, ძვირფასო ინკვიზიტორო ! – თავისი ძმის ციტადელში შეყვანას შეუდგა განმკარგულებელი.

– ყველაფერს ზუსტად ისე ვიზამ, როგორც მიბრძანეთ, ინკვიზიტორო ბელმონტ ! – სერ ერიკმა თავი დაუკრა ლეროის და ბარვიკებს მიჰყვა უკან.

– ოო, ჩემი პატარა ჯონი, – ასლუკუნდა ლორდი ბარვიკი, – რაო, დოვერ, ჯერ ვერაფერიო ?

– მუშაობს, ჯონ, მუშაობს პატივცემული ინკვიზიტორი. უნდა ვაცადოთ და ყველაფერს გამოარკვევს.

მორჩილმა გილენმა, როგორც ყოველთვის, ხელკავი გამოსდო ლეროის და მისთვის გამოყოფილ კაბინეტში აცილება დაუწყო.

– ასე იხლართება ხოლმე ყველაფერი, ჩემო ბიჭო... და უფრო უარესადაც. როდესაც გამომძიებლად დაგნიშნავენ, არ დაივიწყო ეს. ასი თვალი, ასი ყური და, რაც მთავარია, ყოვლის განმჭვრეტი გონება უნდა გქონდეს.

– დიახ, უფროსო ძმაო ! – გამგონი მოწაფესავით უთხრა გილენმა.

– მერე ისევ ჩამოდი ქვემოთ და თვალი მიადევნე, რას როგორ იზამენ... ბოლომდე მხოლოდ შენ გენდობი.

– როგორც მიბრძანებთ, უფროსო ძმაო !

მწიგნობრის ოთახში დაბრუნებული ლეროი სკამზე დაჯდა და მტკივანი ფეხი ქვის იატაკზე გაშალა, მაგრამ გახურებული ნემსები, რომლებიც თითქოს ხორცში ესობოდა, სულ ოდნავ გაგრილდა. დიდი ვერაფერი შვება.

„წყეული ბაშდურელები... ოჰ, როგორ მინდა თქვენი ურჯულო სახეების დავიწყება, მაგრამ აგერ უკვე ორმოცდაშვიდი წელია ყოველ ჯერზე, როცა ფეხზე ვდგები, თქვენც ტკივილთან ერთად დაგატარებთ თან... ყველგან... ყველგან. იმედია, სიკვდილის მერე მაინც დაგივიწყებთ.“

ისევ მაგიდაზე დაყრილ ქაღალდის ფურცლებს ჩააჩერდა ლეროი. იმედი ჰქონდა, რომ როდესაც სერ რეიმონდი დაბის ამბებს ჩამოიტანდა, უფრო მეტი ნათელი მოეფინებოდა ამ მეტად უცნაურ და ჩახლართულ საქმეს. 

– მაშ, ძიძა ? – ამოიხვნეშა ლეროიმ და ენით მოისინჯა უკანა ცარიელი ღრძილები, სადაც ერთ დროს საკმაოდ საღი კბილები ჰქონდა, – ვითომ შენ ხარ ის, ვისაც ამდენი ხანია, ვეძებ ? თუ უბრალოდ ერთ-ერთი ჭანჭიკი ხარ ? შეიძლება, სულაც შემთხვევითი ჭანჭიკი ?!

უცებ გარეთ ძლიერი ქარი ამოვარდა. ლაფიანი ფოთლებისა და წიწვების მოყრა დაუწყო ფანჯრებს. ლეროის სახე კიდევ უფრო მოეღუშა, ასე ეგონა, თითქოს უშუალოდ მას ებრძოდა ბუნება. მაგრამ ვერც ბუნება და ვერც მისი სტიქიები მის შეჩერებას ვერ შეძლებდა. რა რთულ და უცნაურ შემთხვევას არ შესჭიდებია ბოლო ორმოცდახუთი წლის განმავლობაში, მაგრამ გაუხსნელი არცერთი არ დარჩენია. არც ამას დატოვებდა ასე. ბოლოს და ბოლოს, იგი ხომ გამომძიებელ-ინკვიზიტორი ლეროი ბელმონტი იყო ?!

 

 

 

 

თავი მესამე

 

 

ძიძა ემას თვალები ტირილისგან ჰქონდა ამოწითლებული. წინა დღის დაკითხვისგან განსხვავებით, თავი ახლა შებურვილი აღარ ჰქონია და შავწითელი, საკმაოდ ლამაზი თმა პუტკუნა მხრებზე ჰქონდა ჩამოყრილი. მაგრამ ჰადინს დაელახვრა ლეროი თუ გულში ბილწი ვნება გაეჩერებინა. სხვა თუ არაფერში ხორციელი სიწმინდის დაცვაში მაინც ზედმიწევნით ერთგულებდა სულთა მეუფეს აგერ უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია და მეტი საქმე არ ჰქონდა, ახლა გადაეყარა წყალში ამდენი წლის ნაღვაწი.

– კიდევ ერთხელ მითხარით, დაო, რას აკეთებდით მაშინ, როცა პატარა ლორდი დაიღუპა ? –ლეროიმ უნებური ზიზღი იგრძნო ქალისადმი. თითქოს მთელი გულით ეწადა, სწორედ იგი აღმოჩენილიყო დამნაშავე და მერე... ოო, მერე უკვე ცეცხლი მოაგვარებდა ყველაფერს... ან ლორდი ბარვიკი და მისი ცოცხლად გატყავება. ესეც სავსებით მისაღები იქნებოდა ინკვიზიტორისთვის.

– როგორც გუშინ გითხარით, პატივცემულო ინკვიზიტორო, თქვენთვის და თქვენი თანმხლები რაინდებისთვის ოთახებს ვაწესრიგებდით... თეთრეულს ვაგებდით...

– წითელი ჩექმები გცმიათ გუშინ, – რაც კი სიმკაცრე ჰქონდა, ყველაფერი ზედ მიაფრქვია ლეროიმ ქალს და სკამზე ბოლომდე გაიჯგიმა მტკივნეულად, - საიდან ? თქვენ ხომ მსგავსი არაფერი გაქვთ ?

– მე... მე... წითელი ჩექმის მსგავსი არაფერი მცმია გუშინ, პატივცემულო ინკვიზიტორო ! –თვალები ხელახლა აუწყლიანდა ქალს, – გეფიცებით ! დაე, აქვე ამომიღოს სული მეუფემ, თუ ვტყუოდე ! გეფიცებით ! გევედრებით, დამიჯერეთ !

„მაგ შენს ცრემლების ღვარღვარს შეიძლება ის უბედური მკურნალი გამოელენჩებინა, მაგრამ ჩემთან არაფერი გაგივა... მე ლეროი ბელმონტი ვარ.“

– მითხარით, რა კავშირი გქონდათ მკურნალთან ?... რა ერქვა ?

– ბარნ... ბარნეტი, – ამოისლუკუნა ქალმა, – მეუფეო, შემიწყალე. რა დავაშავე ?!.

– ჰოდა, მითხარით, რა კავშირი გქონდათ მკურნალ ბარნეტთან ! – სიტყვებთან ერთად ისეთი სიცივე გამოიჭრა ლეროის პირიდან, რომ ეს უკანასკნელი, ცოტა არ იყოს, შეძრა თავისმა თავმა.

აცრემლებულმა ქალმა თავი უკან გადააგდო. ყელი მოიღერა. ლეროის გააკანკალა მისი სათუთი კანის დანახვაზე.

„ოხ, შე მაცდურო, გგონია, ჩემზე ეგეთები გაჭრის ? კარგად ვიცი, ვინც ხართ ქალები... კარგად ვიცი, რისი მკადრებლებიც ხართ“.

– მიყვარდა, – ამოთქვა ქალმა, – ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი. მაგრამ გეფიცებით, მისი ჩექმა არასდროს მცმია... გეფიცებით ! გევედრებით, დამიჯერეთ !

– ბავშვის მამასთან რა დამოკიდებულება გქონდათ ?  

– ლორდ ბოვერთან ?

– ბიძის სახელი ჰქვია ?

– არა, პატივცემულო ინკვიზიტორო. განმკარგულებელს დოვერი ჰქვია.

„ჰაჰ, ისევ ამერია ეს წყეული სახელები.“ 

– მიპასუხეთ შეკითხვაზე !

– ახალგაზრდა ლორდისადმი ისეთივე დამოკიდებულება მაქვს, როგორიც... - ემამ სათნოდ გაიღიმა და უცებ ისევ მოეღუშა სახე, – როგორიც ნებისმიერ მსახურს უნდა ჰქონდეს თავისი ლორდის მიმართ... პატივს ვცემ, რა თქმა უნდა. ვერ... ვერ ვხვდები, ეს რა შუაშია ?

– ოდესმე უძალადია თქვენზე ?   

– ბოვერს ? – თვალები გააფართოვა ქალმა, – რას ამბობთ. იგი ხომ შვილივითაა ჩემთვის ან... ან უმცროსი ძმასავით, ისევე, როგორც მისი ძმები... ისინი...

– რომელიმე მსახურ ქალზე უძალადია რომელიმეს ? შესწრებიხართ ოდესმე ან გაგიგიათ მსგავსი რამ ?

ქალმა მაშინვე თავი გააქნია უარის ნიშნად.

– სამივე შესანიშნავი ბიჭები არიან. მეუფემ დამწყევლოს, თუ ოდესმე ეგეთი რამ დავაბრალო მათ. არა !... არა !

– ბავშვის დედამ თქვა, რომ წითელ ჩექმებსა და შავ მოსასხამში გამოწყობილი ადამიანი გავიდა მისი ოთახიდან... სახე ვერ დაინახა...

– დდ... დიახ, ბარნეტი იყო ასული ბავშვის დასახედად... მკურნალი, ძვირფასო ინკვიზიტორო.

„ვითომ მკურნალმა მომატყუა ? სინამდვილეში შენ იყავი ასული და მოიგონა, ვითომ მშობიარობის შემდეგ წითელ ჩექმებსა და შავ მოსასხამში გამოეწყო, რათა შენზე ეჭვი არავის მიეტანა ? ვითომ ისე ძლიერ უყვარდი, რომ მზად იყო, შენ ნაცვლად ეგო პასუხი ?“

– იქნებ თქვენ იყავით ?

– არა ! ყოველ წმინდანს გეფიცებით, არა ! მე საერთოდ არ გავკარებ...

– საიდან იცით, რომ მკურნალი იყო ასული პატარა ლორდის დასახედად ?

– საიდან ? – ცრემლისგან დამწვარი ლოყები აუთრთოლდა ქალს, – საიდან ?

„რაო, ხომ არ გაგაბი ხაფანგში, შე მაცდურო ?“

– ჰო, საიდან ? 

– როდესაც სამრეცხაოდან ახალი თეთრეული ამქონდა... თქვენს ოთახებში... თქვენს ოთახებში ამქონდა, პატივცემულო ინკვიზიტორო... თავად ბარნეტი შემხვდა კიბეებზე და მითხრა, ბავშვს უნდა დავხედოო... ლეიფმა მითხრა, ბავშვი ტირის და დახედეო... დიახ, ასე მითხრა.

ლეროის თხემზე შერჩენილი თმის ღინღლები ყალყზე დაუდგა.

– ლეიფი ვინღაა ?  

– ლეიფი ? შეგირდი, ძვირფასო ინკვიზიტორო. ჩვენი პატივცემული მოციქულის... მოციქულ ბრამის შეგირდს ჰქვია ლეიფი.

ლეროის თავში რაღაცამ გაუელვა და კინაღამ სუნთქვა შეეკრა. მისი თითები თავისით აცმუკდნენ ხელჯოხის ტარზე. უცბად უამრავი გამოსახულება ისე ჩამოესხა მის გონებაში, როგორც გამდნარი ლითონი სხვადასხვა ფორმის ყალიბებში... და კიდევ ფრაზებმა... სიტყვებმა... გამონათქვამებმა დაიწყო აბეზარი მუსიკასავით წკრიალი „...უფრო ღრმა მოტივი უნდა იყოს... ჩემი შვილები და შვილიშვილები მსახურების გარეშე დარჩებიან... მჯერა, რომ ძიძა ემა იყო... მკურნალმა დაიძინა და აღარ გაიღვიძა... მეუფემ მოგიმართოთ ხელი, ძვირფასო ძმაო... მინდოდა, მეც თქვენთან ერთად მეტრაპეზა, მაგრამ სხვაგან აღმოვჩნდი საჭირო...“

„აქამდე რატომ არ ვიფიქრე ამაზე ? ოხ, ლეროი, არ გეკადრება ასეთი რამ. მგონი, მართლაც ძალზედ დაბერდი. თუმცა, არა უშავს. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.

– მითხარით, მოციქული ბრამი დიდი ხანია, აქ მსახურობს ?.. ბარვიკებთან.

ქალმა გასველებული ცხვირი მოიზილა და შუბლზე განერვიულებულმა მოისვა ხელი.

– დიახ. ხუთი წელი იქნება უკვე, ალბათ... მახსოვს, ძალიან ბედნიერი იყო, მოციქულად რომ აკურთხა პატრიარქმა, – ოდნავ გაიღიმა ემამ, – მით უმეტეს, იმ უსამართლობის შემდეგ, რაც დედაქალაქში გადახდა.

– და რა გადახდა დედაქალაქში ?

– საბრალო მოციქული, ჩვენი მოციქული ბრამი, მკურნალი იყო მანამდე...

ლეროის მაჯებში გააკანკალა. სისხლი სახეში აუვარდა და სიმხურვალემ ყურის ბიბილოებამდე მიაღწია.

– მერე ? განაგრძეთ !  

– დიახ. ჰელიონის აკადემიაში ასწავლიდა იგი, როგორც გავიგე... სანამ მოციქული გახდებოდა.    

„ჰმ, საინტერესოა... ძალიან საინტერესო.“

-        თურმე მკურნალად უნდა დაენიშნათ... არც მეტი, არც ნაკლები, თეთრ სასახლეში. წარმოგიდგენიათ ?!

„ოო, წარმომიდგენია... დამიჯერე, ძალიან კარგად წარმომიდგენია“.

– მერე ?  

– მერე, როცა უკვე სასახლეში უნდა ჩასულიყო, ერთმა ოსტატმა აცნობა, რომ ვიღაც... ვიღაც... სახელი აღარ მახსოვს, ძვირფასო ინკვიზიტორო...

– მიდი, მითხარი, რა აცნობა ? – ლეროიმ ისე დაჟინებით შეხედა ქალს, კინაღამ თვალები გადმოსცვივდა ფოსოებიდან, – სახელს არ აქვს მნიშვნელობა ! 

– დიახ, აცნობა, რომ... რომ ეს ვიღაც დანიშნულა მის ნაცვლად სასახლეში... რომელიღაც ლორდის შვილი ყოფილა ის კაცი. მამამისს საკმაო გავლენა ჰქონია სამეფო კარზე.

„ახლა გული ამიჩუყდება. როგორი მსგავსი ისტორია ჰქონიათ მკურნალსა და ამ ჩვენს მართლაც რომ წმინდა მოციქულს ?“

– ეს ამბავი საიდან იცით ?

– ბარნეტმა მიამბო...

– მკურნალმა ?   

– დიახ. აკადემიაში მისი ოსტატი იყო ბრამი... ახლა უკვე მოციქული ბრამი...

– მოდი, გამოვიცნობ, შხამ-ქიმიკატების დამზადებას ასწავლიდა ?

ქალს გაოცებამ დაუფარა ნამტირალევი სახე.

– საიდ... საიდან მიხვდით ?

– მე ლეროი ბელმონტი ვარ ! – ამაყად წარმოთქვა ინკვიზიტორმა და ზეზე გაჭირვებით წამოდგა. კარისკენ წავიდა ხელჯოხის რაკუნით.

– გეფიცებით, ინკვიზიტორო, მე არაფერ შუაში ვარ, – ნაწამები კატასავით შეჰკნავლა ქალმა, –გეფიცებით ! გამომიშვით ამ ოთახიდან, გევედრებით !

რაც არ უნდა ძლიერ ნდომებოდა ქალის დამნაშავეობა, ლეროი მას ხელს არასდროს შეაწმენდდა, თუ ოდნავ მაინც შეეპარებოდა ეჭვი, რომ იგი არ იყო დანაშაულის ჩამდენი. ლეროი ხომ ერთ-ერთი იმ იშვიათ გამომძიებელ-ინკვიზიტორთაგანი იყო, ვინც პირადი გრძნობების, დამოკიდებულებების ან რაიმეს გამორჩენის მიხედვით არასდროს წყვეტდა ვინმეს დამნაშავეობა-უდანაშაულობას. ახლა კი თითქმის ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ ძიძა მართლაც არაფერ შუაში იყო იმასთან, რაც მოხდა ან რაც ახლომახლო სოფლებსა და დაბებში ხდებოდა.

– მჯერა, – ხელჯოხზე დაყრდნობილი შემობრუნდა ინკვიზიტორი, – თითქმის მჯერა. მაგრამ, მერწმუნეთ, თქვენთვისვე აჯობებს, ცოტა ხანს კიდევ დარჩეთ ამ ოთახში.

 

 

 

 

 

 

****

 

 

მიუხედავად იმისა, რომ დღე იყო, დაბურული ნისლის გამო მაინც ნამეტნავად ბნელოდა. ფანჯრიდან თითქოს უსინათლო ნათელი შემოდიოდა ოთახში, მაგრამ ეს არ სწყენია ლეროის. სიბნელის გამო სანთლები აანთებინა მორჩილ გილენს. სანთლები კი ყოველთვის ეხმარებოდა ხეირიან აზროვნებაში.

– მარტო დამტოვე ! – უბრძანა ბიჭს.

ოდითგან უკეთესად იაზრებდა ყველაფერს, როცა სრულიად მარტო იყო ოთახში, როცა ერთი სულიერიც კი არ იმყოფებოდა მის სიახლოვეს. ერთადერთი, ვინც პირიქით, ხელს უწყობდა ფიქრში, ერლი მალთუსი იყო, – მისი მონასტრის შავტუხა კატა, რომელიც, სადაცაა ოცი წელი შესრულდებოდა, რაც წმინდა ანდროსის სახელობის მონასტრიდან გაუჩინარდა და იმის მერე აღარასდროს გამოჩენილა.

„ალბათ, ის უვარგისი ჟაკი აწვალებდა... მან გააქცია, დარწმუნებული ვარ. უკან რომ დავბრუნდები, იქნებ ერლი მალთუსის გაუჩინარების საქმეც გავხსნა, - ნაღვლიანად ჩაეღიმა ლეროის, – თუმცა, ჯერ ეს გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე უნდა მოვიშორო თავიდან.“

ბუმბული მოიმარჯვა ლეროიმ და მელანში ჩააწო.  

„მოციქული ბრამი“, – მიამატა ქაღალდზე ჩამოწერილ შესაძლო დამნაშავეთა სიას, თუმცა, როგორც არასდროს, ისე ჰკარნახობდა ახლა ალღო, რომ სწორედ იგი იყო პატარა ლორდის მკვლელი. ახლა ისღა დარჩენოდა, გაერკვია, რამე კავშირი ჰქონდა თუ არა მას დანარჩენ მკვლელობებთან.   

მოციქული. მშვიდად დაძინებული გლეხი ქალები და მათი პირმშოები. ვითომ, უბრალო შურისძიება იყო ლორდებზე იმის გამო, რომ ერთ-ერთის გამოისობით თავის დროზე მეფის სასახლეში ვერ მოხვდა მკურნალად ?  

„ღრმა მოტივი, – ხელი მაგრად მოუჭირა ხელჯოხის სახელურს. მისი თითები მოვერცხლილგრავიურიან სახელურზე აცეკვდნენ, – ვითომ, საკმარისად ღრმაა ?!“

როგორ შეიძლებოდა, მოციქულს ჩვილი მოეწამლა მაშინ, როცა თვითონ დარბაზში იჯდა პურობაზე ?

„იმ ბიჭმა გააკეთა მისი გასაკეთებელი, სანამ ჩვენ სუფრასთან ვისხედით ?! ვითომ, მას ანდობდა ამ საქმეს ?! ან... ან...“

 ან შეიძლება სულაც თვითონ ქნა ყველაფერი... ოღონდ მანამდე, სანამ სუფრას მიუსხდებოდნენ. მაგალითად, მაშინ, როცა ლეროის მსახური ბიჭები ბანდნენ. მაგრამ როგორ ? ნუთუ უცებ ჩააწვეთა საწამლავი პირში ჩვილს, როგორც კი ეს უბედური დედის საშოდან გამოძვრა ?

„აჰ, – ჩაეღიმა ლეროის, – სამეუფეო წრე... ხანდახან სასწაულებს ახდენს იგი, ასე არაა, ძმაო ბრამ ? მმ, როგორც იქნა, დავიმახსოვრე თქვენი სახელი“.

ფეხის ხმამ შემოაღწია კარის ღრიჭოდან. ცოტა ხანში მორჩილი გილენის ნაცნობი სახე შემოსრიალდა ოთახში.

– ხომ გითხარი, მარტო დამტოვე-მეთქი ? – დაუყეფა ლეროიმ.  

– მაპატიეთ, ინკვიზიტ... უფროსო ძმაო. სერ რეიმონდი ბრუნდება... გუშაგებმა თქვეს. სადაცაა კარიჭეში შემოვა.

– მოდი, მომეხმარე ! – ფეხზე წამოდგომას შეუდგა ლეროი.

როდესაც ეზოში ჩავიდნენ, კარიბჭე უკვე გაღებული დახვდათ. თავიდან ბოლომდე ტალახში ამოვლებულები იყვნენ როგორც რაინდი და მისი მხლებელი გვარდიელები, ისე მათი ცხენები. ეტყობა, სულ ჭენებ-ჭენებით ატარეს ცხენები და ამიტომ არიან ასეთ დღეშიო, დაასკვნა ლეროიმ. სერ ერიკი, განმკარგულებელი დოვერი და ლორდი ბარვიკის ერთ-ერთი უმცროსი ვაჟიც ეზოში იყვნენ.

– ძმაო ლეროი ! – დაიძახა ჯერ კიდევ ცხენზე მჯდომმა სერ რეიმონდმა, – ვერ ჩავუსწარით ! მკვდრები... მკვდრები დაგვიხვდნენ.

– რამდენი ? – ლეროი მისკენ წავიდა გაჭირვებით და მორჩილმა გილენმაც უმალ ხელკავი გამოსდო მას. 

– ორი ფეხმძიმე... და სამი ჩვილი.

– მშვიდად ეძინათ ? – ლეროიმ ღიმილით გააპარა თვალი ტაძრისკენ, მაგრამ ვერც მოციქულს მოჰკრა თვალი და ვერც მის შეგირდს.

– დიახ ! ისევე, როგორც ყველგან, სადაც ვიყავით, – ცხენის სადავე მკლავზე არტაშანდადებულ მეჯინიბე ბიჭს მიუგდო რაინდმა და მიწაზე ჩამოხტა.

– ისევ ვერავინ გამოიჭირეთ ?  

– ჩვენ ვერა, მაგრამ ერთი მჭედელი გადაეყარა მკვლელს დილაადრიან... წერაქვით გაუხვრიტა თავი. მისი გვამი დავათვალიერე... ვიღაც ჭაბუკი იყო. მაჯაზე აი ეს ნიშანი ჰქონდა შანთით ამომწვარი.

და სერ რეიმონდმა კანის სისხლიანი ნაგლეჯი ამოიღო ტყავის სქელი გაცრეცილი კურტაკის ჯიბიდან.  

– მესმის, საძაგლობაა, ძმაო ლეროი, მაგრამ ჩავთვალე, რომ ეს აუცილებლად უნდა გენახათ. თან ეს ხომ პირველია, ვინც ხელში ჩაგვივარდა... მართალია, მკვდარი, მაგრამ მაინც.

ლეროიმ მაშინვე გამოართვა ადგილ-ადგილ ჭორფლიანი კანის ნაგლეჯი და სახე ზიზღმა დაუფარა.

„ესეც შენი კიდევ უფრო ღრმა მოტივი... გაცილებით ღრმა.“

მოკლულ ვაჟს მაჯაზე ჯვრებით გადახაზული სამეუფეო წრე ჰქონდა დაღად დასმული.

„ესე იგი, არგეადან ჩვენს მიწებამდეც ჩამოაღწია ამ სიგიჟემ. აქამდე როგორ არ მომაფიქრდა ?!“

– ეს რა უხამსობაა ?! – სახის გარშემო ორი თითი შემოიტარა განმკარგულებელმა. მისი ძმისშვილიც ახლოს მოვიდა და დაჯღანული მიაჩერდა ლეროის ხელს, – სამეუფეო წრის ასე დამახინჯება ვინ გაბედა ?

– ოო, ეს მარიუსის სექტის ნიშანია, ძვირფასო განმკარგულებელო.

– მარიუსის ? ეგ ვინღაა ? – გაიკვირვა სერ რეიმონდმა, მაგრამ არ გაჰკვირვებია ლეროის. როგორც პატრიარქმა ედმუნდმა გაანდო, მის რაინდ-ბერს მხოლოდ და მხოლოდ ხმლისა და შუბის ქნევა იტაცებდა, „სამოციქულოს“ გარდა კი, სხვა წიგნებისა და ნაშრომების კითხვით მაინცდამაინც არ იწუხებდა თავს. 

– დიახ, ძმაო რეიმონდ, – გაუღიმა ლეროიმ, – მარიუსი ერთი ერქონელი ბერი იყო, რომელიც ისეთ სიგიჟეში გადავარდა, ჩვენს აწ უკვე განადგურებულ წითელ ძმებსაც რომ არ დაესიზმრებოდათ... როგორც ჩანს, მისმა შეშლილმა იდეებმა ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის გულშიც მოიკიდა ფეხი, – განმკარგულებლისკენ მიტრიალდა ლეროი, – პატივცემული მოციქული სად ბრძანდება ?

– აამ... მგონი, სამზარეულოშია... სადილობს, თუ არ ვცდები.

– სერ ერიკ, ახლავე დააკავეთ იგი ! სერ რეიმონდ, თქვენც მიეხმარეთ ! ის ბიჭიც გვერდით მიუსვით დილეგში... შეგირდი !

ციტადელის შესასვლელისკენ დაიძრა ლეროი. მის გონებაში, თითქოს თავისით, ყოველი ძალისხმევის გარეშე დაიხატა ყველაფერი, რაც მანამდე და მას შემდეგ მოხდა, რაც ბარვიკების ციხესიმაგრის კედლებს შიგნით შემოდგა ფეხი. როგორც მოძრავ ნახატებს, ისე ხედავდა ყველაფერს, ვინ რა და როგორ ქნა, რომ მისთვის თავგზა აებნია.

– ისიც ? – გაიკვირვა დოვერმა, – ნუთუ, მოციქულ...

– რა თქმა უნდა ! – რიხიანად დაიძახა ლეროიმ, – დანაშაულმა სტატუსი არ იცის !.. არასდროს იცოდა !

 

 

 

თავი მეოთხე

 

 

გარედან წვიმის შხაპუნის ხმა ოდნავ აღწევდა დილეგებში ჩამავალ ცივ კიბეებზე. ფარნების შუქი რომ არა, უკუნეთი სიბნელე იმეუფებდა ყველგან. როგორც იმ დღეს მკურნალის დაკითხვისას, ახლაც ნესტისა და ლპობის საძაგელი სუნი იდგა საკნებში.

– ძმაო ლეროი, ეს რაღაც საშ... საშინელი შეცდომაა ! – ამოიგმინა ბორკილებდადებულმა მოციქულმა როგორც კი საპყრობილეში შესული ლეროი დაინახა, – მე... მე რა შუაში ვარ ? დღედაღამ ბარვიკების კეთილდღეობაზე ვლოცულობ, აგერ ჰკითხეთ ამას, ასე არაა ? უთხარი, ბიჭო, მიდი ! 

მის გვერდით, კედელზე ჯაჭვით გამობმულმა შეგირდმა აკრუსუნებულმა დააქნია გაზიზნილი თავი.   

– კიდევ უფრო კარგად მიანათე, ჩემო ბიჭო, – ლეროიმ გვერდით მდგომ მორჩილს უთხრა, რომელსაც ხელში მოზრდილი ფარანი ეკავა, – მინდა, კარგად ნახო, რა დაუჯერებელი შეიძლება ჩანდეს, რომ დამნაშავე ისაა, ვისზეც საბოლოოდ შეჯერდები. დამიჯერე, დიდად გამოგადგება მომავალში. სერ ერიკ, თქვენი ფარანი აი, იმ შვერილზე დადეთ, გეთაყვა ! – უკან მდგომ რაინდს მიმართა ლეროიმ, – კიდევ უფრო რიგიანად გამოჩნდება მათი... მათი სახეები.  

რაინდმა უმალ შეასრულა მისი ბრძანება და პირდაპირ მოციქულსა და მის შეგირდს შორის გამოწეულ ჟანგიან ლითონის ფირფიტაზე დადგა ფარანი. უცბად გააბრწყინა ფარანში ჩადგმულმა სანთელმა ბრალდებულთა ბნელითმოცული სახეების ნახევარი.

– თავისუფალი ბრძანდებით. შეგიძლიათ, ზემოთ დამელოდოთ. თუმცა, მაინცდამაინც წვიმაში ნუ დადგებით, არ დასველდეთ.

– დარწმუნებული ხართ, პატივცემულო ინკვიზიტორო ? თქვენი დაცვა ხომ ჩემი ვალდებულებაა ?!

– დაიხ, სერ ერიკ ! დაისვენეთ ! ასეთი ადვილი კი არაა ჩემი მოკვლა, – ძალით გაიღრიჭა ლეროი, – ძველი ჯარისკაცი ვარ, ბოლოს და ბოლოს. თან ჩვენი ძვირფასი მორჩილიც ხშირად ვარჯიშობს ხმლით. მართალია, ნამდვილი ბრძოლა ჯერ არ უნახავს, მაგრამ რამე რომ იყოს, მგონი, ორი კაცი თავისუფლად გავუმკლავდებით ბორკილებდადებულ ურწმუნოებს.

ლეროიმ უმალ შეამჩნია, რომ წამით სახე შეეცვალა მოციქულს და შემდეგ ეს უკანასკნელი ისევ იმავე უცოდველი იერით მოჰყვა გოდებას:

– ოო, ძმაო ლეროი... ძვირფასო ინკვიზიტორო, მერწმუნეთ, შეცდომაში ხართ შეყვანილი... ძალიან დიდ შეცდომაში.

ჩაბნელებულ კიბეებზე სერ ერიკის ფეხის ხმა ნელ-ნელა მიწყდა, არადა ლეროის ეგონა, სადაცაა მისი ბრაგვანი გააყრუებს აქაურობასო.

შეცდა.

„არც ისეთი უხეირო ვინმე ჩანს... ყოველ შემთხვევაში, უკუნეთ სიბნელეში გარკად იკვლევს გზას. ხალხსაც კარგად აკავებს... თვალზე უსწრაფესად.“

სიჩუმე ჩამოწვა. დაძაბული სიჩუმე.

– აბა, მოციქულო, – ლეროი საკანში მისთვის მანამდე დადგმულ სკამზე კმაყოფილი ჩამოჯდა. რატომღაც ეგონა, გამკივანად დაიჭრიალებსო, მაგრამ დაძაბული მყუდროება ოდნავადაც არ დარღვეულა. ეტყობა, განმკარგულებელმა ცუდი სკამი ვერ მაკადრაო, გაიფიქრა და ჩაეღიმებოდა კიდეც, აბეზარ ტკივილს რომ არ ჩაეკაკუნებინა მისი ფეხისთვის, – ვგონებ, არ მოელოდით, აქ რომ ამოჰყოფდით თავს... არადა, ყველაფერი კარგად... შესანიშნავად დაგეგმეთ, არა ?!

მოციქულმა ჩასუქებული ლოყები შეშინებულმა შეარხია.

– გეგონათ, გამაცურებდით ? მე ?! ლეროი ბელმონტს ?! 

– რას ამბობთ, ძმაო ლეროი ?! მე ხომ... მე ხომ... არაფერი დამიშავებია... მე სულთა მეუფის კაცი ვარ. ასე ვერ მომექცევით. ამის უფლება არ გაქვთ.

– ახლა უკვე ყველაფრის უფლება მაქვს. აბა, მითხარით, რამდენი ხართ ? რამდენი სჩადიხართ ამ სისაძაგლეს ?

მოციქულმა მძიმედ ამოიოხრა და თავი ჩაქინდრა. შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და თვალი მტკიცედ გაუსწორა ინკვიზიტორს. ერთგვარი სიმკაცრეც კი გამოსჭვიოდა მის მზერაში.

– რაო ? - ოინბაზურად გაუღიმა ლეროიმ, – აბა, გისმენთ !

– მე კემბრიის პატრიარქის მიერ ნაკურთხი მოციქული გახლავართ ! არაფერში მიმიძღვის ბრალი. მოვითხოვ, ამიხსნათ, რის საფუძველზე დაასკვენით, რომ მე ვარ დამნაშავე და... და კიდევ ეს, – შეგირდისკენ გააქნია უფერული ყბა, – ეს უბედური ?  

ლეროიმ ტუჩები კმაყოფილმა მოილოკა. ყოველთვის სიამოვნებდა, როდესაც იმაში ამხელდა დამნაშავეებს, რაც მათ ჩაიდინეს. საოცარ სიამაყეს გრძნობდა, როდესაც მათ თვალებში წამონთებულ გაკვირვებას ხედავდა, როცა ყველაფერს ზუსტად ისე ეუბნებოდა, როგორც ქნეს.

– კარგი. რახან ასე გინდათ, მაშ დავიწყოთ, – თითებით მიეფერა ხელჯოხის ტარს, – თქვენ მარიუსის სექტის წევრი ხართ... ერთ-ერთი წევრი, ან შეიძლება თავიც კი. ამას მნიშვნელობა არ აქვს.

– კი მაგრამ, საიდან მოიტანეთ ეს, ძმაო ლეროი ? ჰა ? საიდან ? 

– ჩემი აქ ჩამოსვლის შესახებ რამდენიმე დღით ადრე გაიგეთ. მიხვდით, რომ ბარვიკების დაბაში ვაპირებდი ჩასვლას და არ გინდოდათ, იქ გამომეჭირა თქვენი ხალხი. ამიტომ გადაწყვიტეთ, ყველაფერი ისე მოგეწყოთ, რომ როგორმე ხელი შეგეშალათ ჩემთვის... დრო მოგეგოთ თქვენი ხალხისთვის. აბა, საბრალო ფეხმძიმეებისა და ჩვილების დახოცვა ხომ უნდა მოესწროთ მათ იმ ბედშავ დაბაში ?

მოციქულის თვალებს ჯერ ისეთი არაფერი ეტყობოდა. უბრალოდ, გაფაციცებული მიჰპყრობოდა ლეროისა და მის ხელჯოხს. აი, მისი შეგირდი კი, თანდათან გაკვირვების ტალღებში ეფლობოდა. არც მორჩილი გილენი იყო შეგირდისგან დიდად განსხვავებულ მდგომარეობაში. ისიც ხომ პირველად ისმენდა ამ ყველაფერს ?!.

– ალბათ, ფიქრობდით, რა მოგემოქმედათ; იმედი გქონდათ, რომ ბარვიკების რძალი ჩემს ჩამოსვლამდე იმშობიარებდა, რომ ახალშობილი მოგეკლათ და როგორც კი კარიბჭეში ფეხს შემოვდგამდი, მისი მკვლელობის გამოძიება დამეწყო. გინდოდათ, აქ... ამ ციხესიმაგრეში ჩავმჯდარიყავი ერთი დღე მაინც... თუნდაც, ერთი დღე... ეგეც საკმარისი იქნებოდა, არა, ძვირფასო მოციქულო, რათა თქვენი ხალხისთვის დრო მოგეგოთ ?! ამისთვის მკურნალისგან წინასწარ მოიპარეთ საძილე საშუალება, რომ თუ გამოძიებას დავიწყებდი, ეჭვი პირველ რიგში მასზე მიმეტანა... შეიძლება, სხვის მოკვლასაც ფიქრობდით, თუ ბავშვი დაბადებას ვერ მოასწრებდა, მაგალითად, ლედი ბარვიკის, განმკარგულებლის ან... არ ვიცი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თქვენთვის მთავარი იყო, დამატებითი საქმე გამოგეჩინათ ჩემთვის... და უცბად, ჰოი საოცრებავ... ბარვიკების რძალს მშობიარობა დაეწყო. თან, რა დამთხვევაა, არა ? ზუსტად მაშინ ჩამოვედი, როცა პატარა ლორდი მუცლიდან გამოძვრა. დარწმუნებული ვარ, მეუფეს მადლობას შესწირავდით ამგვარი იღბლისთვის, მისი რომ გწამდეთ, არა, მოციქულო ?

ბრამმა თავი გააქნია უარის ნიშნად და გაბრაზებისგან ტუჩები მოკუმა.  

– თქვენ ! – რიყის ქვებით მოპირკეთებულ იატაკს დაჰკრა ხელჯოხის წვერი ლეროიმ, – თქვენ მოწამლეთ პატარა ლორდი !.. ჰაერის ხეირიანად ჩასუნთქვაც კი არ აცადეთ საბრალოს ! ოღონდ, – ჩაეღიმა უნებურად, – იმ საძილე საშუალებით არა, რომელიც საწყალ მკურნალს მოჰპარეთ. არა. საძილე საშუალება ბლომად უნდა ჩაგესხათ პატარა ლორდისთვის პირში, სამუდამოდ რომ ჩასძინებოდა. ასე ვერ გარისკავდით, შეიძლება, ბავშვის დედას დაენახეთ. ამიტომ... ამიტომ, თქვენ საწამლავი იხმარეთ... ძლიერი... ისეთი ძლიერი, რომლის პირზე ერთი შეხებაც ან.. ან, თუნდაც, შესუნთქვაც კი საკმარისია.

და უცბად ლეროისთვის ნაცნობმა გაოცებამ დაიწყო მოციქულის დამფრთხალ თვალებში აგიზგიზება, – გაოცებამ, რომელიც ნელ-ნელა ბოლომდე გასცემდა მას.

„ყოველ ჯერზე ჭრის... გასაოცარია. მართლაც რომ გასაოცარია.“  

– მაგრამ... ამასაც მოხერხება უნდოდა ! – ომახიანად წამოიძახა აზარტში შესულმა ლეროიმ. ფეხის ტკივილი საერთოდ აღარ ახსოვდა, – ამიტომ თქვენ ისეთი მოქმედება უნდა შეგესრულებინათ, რომელიც ბუნებრივი იქნებოდა... რომელსაც ყველა მოელოდა თქვენგან.

განზრახ გაჩუმდა ინკვიზიტორი, რომ საკანში ჩამოწოლილი დაძაბულობა კიდევ უფრო გაეღვივებინა.  

– მე მჯერა, რომ თქვენ... დალოცვისას შეახეთ საწამლავი ბავშვს პირზე. აბა, მეუფის ჭეშმარიტ მსახურს ხომ უნდა დაელოცა ახალშობილი ?! ჰოდა, დალოცვაც არ დაიშურეთ. ალბათ, შეისუნთქა კიდეც საბრალომ საწამლავი. მაგრამ, ნეტავ როგორ უნდა გექნათ ეს ? – ლეროიმ ცბიერი სახით დაისვა წვერზე ხელი, – ოო, სამეუფეო წრე. თქვენთვის ხომ ჩვენი სარწმუნოების მთავარი სიმბოლო მხოლოდ და მხოლოდ უბრალო რგოლია და მეტი არაფერი ?! და როგორ უნდა დალოცოს მოციქულმა უკეთ ახალშობილი, თუ არა სამეუფეო წრით ?! პირდაპირ ტუჩებზე შეახეთ მოწამლული სამეუფეო წრე, ალბათ, ენაზეც, ხომ სწორი ვარ ? შეიძლება სულ ცოტა ხანს კიდევ დატოვეთ მის ცხვირთან, ჩანუსთქვაც რომ მოესწრო.

მოციქულს ტუჩები აუცახცახდა. თვალები დაბოღმილი გომბეშოსავით გადმოეკარკლა.

– გავაგრძელო ? – წელში გასწორდა ლეროი და სკამის საზურგეს მიეყუდა, – ახლა, ყველაზე საინტერესო იწყება.

ბრამმა მხოლოდ მოგუდული ღმუილით უპასუხა. ლეროიმ გაიფიქრა, ხელები თავისუფალი რომ ჰქონდეს, ალბათ, მომვარდებოდა და დახრჩობას დამიწყებდაო.

– ამის შემდეგ, თქვენ ქვემოთ ჩახვედით, – კმაყოფილმა განაგრძო ინკვიზიტორმა, – მთავარ დარბაზში... ან შეიძლება სხვაგან, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამას. მთავარია აი, რა, – და ახლა შეგირდს შეხედა, – სანამ დამბანდნენ და პურობაზე ამოვიდოდი, ამ ლენჩს უთხარით, რომ როდესაც მკურნალი სამზარეულოში დანაყრდებოდა, მისთვის ეთქვა, რომ პატარა ლორდისთვის დაეხედა... ამგვარად მთავარ ეჭვმიტანილად აქცევდით საბრალო მკურნალს, ოღონდ... ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე დაინახავდა მას, როდესაც დედა-შვილის მოსასვენებელი ოთახიდან გამოვიდოდა... კი, ზუსტად ეგრე იქნებოდა და ეგრეც მოხდა. მაგრამ... მაგრამ ამისთვის საკმაოდ კარგად უნდა გცოდნოდათ შხამ-ქიმიკატების თვისებები, მათი დოზირება, მოქმედება და ასე შემდეგ, ასე არაა ?! მკურნალს უკვე მკვდარი რომ დახვედროდა ბავშვი, ყველაფერი წყალში ჩაგეყრებოდათ. თქვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ პატარა ლორდი მკურნალის ხელმეორე მონახულების შემდეგ მომკვდარიყო. მაგრამ ასე ზუსტად რომ გათვალო ყველაფერი, შხამ-ქიმიკატებისა და საწამლავების ნამდვილი დიდოსტატი უნდა იყო და... ნეტავ საიდან უნდა იყოს უბრალო მოციქული ამ ყველაფრის დიდოსტატი ?! ჰმ, საინტერესოა. საინტერესოა, არა, უმცროსო ძმაო ? - გილენს მიაჩერდა ლეროი.

მორჩილმა დაბნეულმა დაუქნია თავი.  

– ამ საკითხს ცოტა ხანში დავუბრუნდები, – ლეროიმ გამომცდელად მიანათა თვალები მოციქულს, რომელსაც მრისხანებისგან ლამის უკვე დორბლები ჩამოსდიოდა დაშაშრული ტუჩებიდან, – ჰო, საბოლოოდ მაინც მიაღწიეთ თქვენსას, დრო ნამდვილად მოიგეთ. ჩემმა ხალხმა ვერ მიუსწრო თქვენს ხალხს დაბაში. სამწუხაროდ, გვიან ვიეჭვე, რომ პატარა ლორდის ამბავი შესაძლოა, სწორედ დროის მოსაგებად ყოფილიყო მოწყობილი... მაგრამ არა უშავს. ბერიკაცს ეპატიება რაღაცების დაგვიანებით მიხვედრა, ასე არაა ?! – რიგ-რიგობით შეხედა სათნო ღიმილით როგორც მოციქულსა და მის შეგირდს, ისე მორჩილ გილენს, – ძირს დადგი ეგ ფარანი, ჩემო ბიჭო, ხელი გეტკინებოდა უკვე. ახლოს დაუდგი, რომ კიდევ უფრო კარგად დავინახოთ ჩვენი ძვირფასი დამნაშავეები.

მორჩილი თითქოს ძილ-ბურანიდან გამოერკვაო, ჯერ თავის ხელს დახედა, შემდეგ ფარანს და მოციქულსა და მის შეგირდს შორის, იატაკზე დადო. როდესაც ლეროის ამოუდგა გვერდით, მკლავს იზელდა.

– ხედავთ, ძვირფასო მოციქულო, ისეთი ინტერესით ისმენდა, ვერც კი შეამჩნია ტკივილი. რაც მართალია, მართალია, თქვენი წყალობით მართლაც რომ კარგ გაკვეთილს ვუტარებ ჩვენს გილენს.

მოციქულ ბრამს ძლივსშესამჩნევად ჩაეცინა და წინა კბილები ბოღმიანად მოილოკა გამომშრალი ენით.  

– მაგრამ ისევე, როგორც მე, თქვენც, საბედნიეროდ, ადამიანი ხართ, ძვირფასო მოქიცულო. შეცდომა თქვენც დაუშვით... ვერ გათვალეთ, რომ მკურნალის დაკითხვისას შეიძლებოდა გამეგო, მისი ოსტატი რომ იყავით აკადემიაში, – თვალები ვირეშმაკულად მოწკურა ლეროიმ, – ჰა ? ხომ ასე იყო ? შხამ-ქიმიკატები საინტერესო რამაა, არა ?! აი, რატომ ფლობთ ასეთ ცოდნას საწამლავების მხრივ. თუმცა, მაშინ კვლავ გაგიმართლათ, საკანში მას და ჩემ შორის შემდგარ საუბარში საერთოდ არ გამომჟღავნებულა ეს მეტად მნიშვნელოვანი დეტალი... ასე ვიტყოდი, უბრალოდ, სიტყვამ არ მოიტანა. თქვენ ამას მიხვდით, რადგან ჩათვალეთ, სიმართლე რომ გამეგო, წესით, უკვე თქვენი ყოფილი მოწაფის გვერდით იქნებოდით ბორკილებშებმული ამ... ამ სიმყრალეში.

ახლაღა დაუკვირდა ხელახლა ლეროი, თუ რა საძაგელი სიმყრალე იდგა ქვემოთ, ყველგან. გეგონებოდა, სადღაც ახლომახლო ერთად დაყრილი საქონელი და ადამიანები იხრწნებოდნენ ნესტში.

– ასე რომ, გადაწყვიტეთ, კვლავ გემოქმედათ... ისევ დალოცვა ? მართალი ვარ ? პატარა ლორდის დალოცვის შემდეგ ახლა უკვე თქვენი ყოფილი მოწაფის დალოცვა გადაწყვიტეთ... ალბათ, იმავე საწამლავით. მაგრამ ხომ შეიძლებოდა, შემთხვევით მე გამომეჭირეთ ? – ლეროი ისევ მოციქულის შეგირდს მიაჩერდა. ამ უკანასკნელმა უმალ მოარიდა მზერა ინკვიზიტორს და ფარნით მკრთალად განათებულ იატაკს ჩააჩერდა, – ამიტომ ეს ლენჩი გამოგზავნეთ ჩემთან გონების ასარევად. რაო, ბიჭო ? როგორ მითხარი ? ესე იგი, ძიძა იყო წითელ ჩექმებსა და შავ მოსასხამში გამოწყობილი, არა ?! გეგონათ, ეგეთი ხრიკები გაგივიდოდათ ჩემთან ? ჩემთან ? მე ხომ... მე ხომ...

– ლეროი ბელმონტი ხართ ? – ზიზღით ამოიზმუვლა მოციქულმა, – ამპარტავნება... თქვენნაირი საძაგელი ამპარტავნება იშვიათია.

– ჩემს ყოველ ცოდვაზე და მათ შორის ამპარტავნებაზეც პასუხს თავად სულთა მეუფის წინაშე ვაგებ, ძვირფასო მოციქულო. აი, თქვენ რას აპირებთ, საინტერესოა.

ბრამმა სიმწრისგან ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და მაჯებზე შებმული ჯაჭვები ააჟღარუნა.

– გავაგრძელო ?

პასუხი არ იყო.

– მაშ ასე, – მაინც განაგრძო ლეროიმ, – და აი, აქ უკვე კიდევ ერთხელ გამოვლინდა ადამიანური ბუნების არასრულყოფილება... კერძოდ კი, თქვენი, მოციქულო. კიდევ ერთი შეცდომა დაუშვით. დიახ... ვინ იფიქრებდა, რომ ასე ჭკვიანურად დაგეგმილ დანაშაულს ასე... ასე ჩააფლავებდით ? გეგონათ, მას შემდეგ, რაც მკურნალს მკვდარს ვიპოვიდით, მომდევნო ეჭვიმატანილს, რომელიც, რასაკვირველია, ძიძა გახდებოდა, ისევ დილეგში დავამწყვდევდი ? ჰა ? ასე გეგონათ ? გეგონათ, ისევ მიგიშვებდით მასთან ?!

– წყეულიმც იყავ ! – დაიყეფა მოციქულმა, – წყეულიმც იყავ ! ნეტავ მართლაც არსებობდეს ეგ შენი მეუფე, დიდი სიამოვნებით ვიხილავდი, როგორ მოგხარშავდა ჯოჯოხეთის ცეცხლში ! სამუდამოდ ადუღებულ ტალახში უნდა იწვოდეს შენნაირი ამპარტავანი ბებერი !

ლეროის ჩაეცინა.

– ოჰოო, ხედავ, ჩემო ბიჭო ? – შეხედა მორჩილს გამხიარულებულმა, – ამ წამს ძვირფასმა მოციქულმა, ფაქტობრივად, თავისივე პირით აღიარა, რომ მეუფის არ სწამს... ახლა არ თქვა, თუ მომესმა, ნეტავ არსებობდეს მეუფეო ? ეს იგი, ეს რას ნიშნავს ?

– რომ მეუფის არ სწამს, – კბილებში გამოსცრა გილენმა.

– სწორია ! აი, ასე უნდა იმუშაო, როცა ჩემს საქმეს გადაიბარებ, როცა შენც გამომძიებელ-ინკვიზიტორთა რიგებს შეუერთდები. ისე უნდა დაუღეჭო ყველაფერი დამნაშავეს, რა როგორ ჩაიდინა, რომ გაცოფებისგან თვითონვე აღიაროს დანაშაული. დაიმახსოვრე, სიმართლეს ყველაზე ცბიერი დამნაშავეებიც კი ვერ იტანენ. სიმართლის ცეცხლის წინაშე მაშინვე თავიანთ ნამდვილ სახეს ავლენენ ხოლმე, გასაგებია ?

მორჩილმა ინკვიზიტორს შეხედა და დამჯერად დაუქნია თავი.

– წყეულიმც იყავ ! წყეულიმც იყავ ! – იღრინებოდა მოციქული.

– ეჰ, ყველანი წყეულები ვართ, ძვირფასო ძმაო, – ლეროიმ ხელახლა დაჰკრა იატაკს ხელჯოხი, – მას შემდეგ, რაც მეუფის ნაცვლად ჰადინის დიდება დაიწყეს ჩვენმა წინაპრებმა, ყველანი დავიწყევლეთ. ახლა მხოლოდ მეუფის მოწყალება თუ გადაგვარჩენს, სხვა არაფერი... კარგი, გავაგრძელოთ...

– არ მაინტერესებს შენი ყბედობა ! – იღრიალა მოციქულმა, – მიდი, მიმეცი ცეცხლს და გაათავე ამით ! ეს არაა შენი საქმე ?.. რომ ადამიანები ცეცხლის გაუმაძღარ ენებს შეაჭამო ?! 

– ოო, არა, ძვირფასო მოციქულო, არა, – განზრახ ჩაიცინა ლეროიმ, – ჯერ გაკვეთილი უნდა დავასრულო. ხვდებით, მორჩილი გილენი მე მომაბარეს, რომ ჩემგან ისწავლოს ხეირიანი გამოძიების საფუძვლები, კვალის სწორად აღება, სწორი დასკვნების გამოტანა... ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, რომ მოწაფეს აუცილებლად ბოლომდე უნდა ჩაუტარო გაკვეთილი, თორემ შეიძლება... შეიძლება გაზარმაცდეს და მერე აღარაფერი შეუშვას თავში. თქვენც ხომ ოსტატი იყავით ? გეცოდინებათ.

მოციქული კბილებს აღრჭიალებდა მრისხანებისგან. ხოლო მისი შეგირდი ისევ ისეთი შეშინებული კრუსუნებდა, როგორც მანამდე.

– სად გავჩერდით ? – ჩაფიქრდა ლეროი, – ჰო, ძიძაზე... მას შემდეგ, რაც თქვენმა ლენჩმა შეგირდმა ძიძაზე მითხრა ის, რაც მითხრა, რა თქმა უნდა, მისი დაკავების ბრძანება გავეცი. სერ ერიკი, ხომ გახსოვთ ? არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ყველა ჩემი ბრძანება დროულად და ზედმიწევნით შეასრულა. ნამდვილად კარგი ახალგაზრდაა.

ინკვიზიტორმა ჩაახველა. ცოტა არ იყოს, გამოუშრა ყელი ამდენი ლაპარაკისგან, მაგრამ ახლა გილენის წყალზე გაგზავნის დრო არ იყო.

– ჰო, და ის შეცდომა, რომელიც დაუშვით, უკვე საბოლოო აღმოჩნდა თქვენთვის, ძვირფასო მოციქულო. ასეა, შეცდომები ადრე თუ გვიან გვღუპავს. რას იფიქრებდით, თუ თქვენს ყოფილ მოწაფეს თქვენი ძველი ნაცნობობის შესახებ ექნებოდა ნალაპარაკები ძიძასთან ? თუმცა... ჰმ, თქვენს ადგილას მე, ალბათ, მაგასაც გავთვლიდი...

– ტაშს დაგიკრავდით, რომ შემეძლოს, – ამოიყმუვლა მოციქულმა და ბორკილებდადებული მაჯები გააქნია.

– გმადლობთ. ჰო, ამის შემდეგ უკვე ყველაფერმა თავის ადგილას იწყო დალაგება... მით უმეტეს, როცა სერ რეიმონდი დაბრუნდა დაბიდან და... ჰო, ვგონებ, არც მაგას მოელოდით, რომ ერთ-ერთ თქვენიანს ვინმე წაასწრებდა, ჰა ?!

– რას ბოდავთ ?  

– დიახ, – თავი დაუქნია ლეროიმ, – ერთ-ერთი თქვენიანი მოკლეს დაბაში... თავი წერაქვით გაუხვრიტეს. სერ რეიმონდმა მისი დამღა წამოიღო. კანზე დასმული დამღა... აათალა... ალბათ, დანით. როდესაც მარიუსის სექტის ნიშანი ვნახე, ყველაფერი მეყსეულად დალაგდა თავის ადგილას... პატარა ლორდი... ლენჩი შეგირდი... შხამ-ქიმიკატების გაკვეთილები აკადემიაში... ისე, – საჩვენებელი თითი თვალებმოჭუტულმა დააქნია ინკვიზიტორმა, – უნდა ვაღიარო, რომ მთლად ასეთი ღრმა მოტივი თუ ჰქონდა ამ დანაშაულებს, არ მეგონა. ვიფიქრე, ვიღაცები უბრალოდ შურისძიებას ცდილობენ ლორდებზე-მეთქი, უნდათ, მშივრები დატოვონ-მეთქი, მაგრამ დამღამ... დამღამ ყველაფერი შეცვალა. ვის მიუწვდებოდა ხელი მარიუსის შეშლილ სწავლებებზე, თუ არა მოციქულს ?.. ან მოციქულებს... მაგ ყველაფერს და სხვა დეტალებს ხვალ გავარკვევთ.

– ჩემგან ვერაფერს გაიგებ, შე დამპალო ! – დაიბღავლა მოციქულმა.

ლეროი კი, თითქოს არაფერი გაუგონიაო, მორჩილს მიუბრუნდა.

– ესეც ასე, ჩემო ბიჭო. გაკვეთილი დასრულებულია.

– რაც გინდა მიქენი ! – ყვიროდა ბრამი, – შენგან განსხვავებით, უკვე ორასზე მეტი სული გადავარჩინეთ ამ ხორცსაკეპისგან, რასაც ცხოვრებას ვეძახით ! მათ შორის, პატარა ლორდიც ! შენ რამდენი გადაარჩინე ? მითხარი, რამდენი მიეცი ცეცხლს ? რამდენი აწამე ?  

– ოო, წამება ჩემი მეთოდი არასდროს ყოფილა, – მხრები აიჩეჩა ლეროიმ, – მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მრავალი ძმა ინკვიზიციაში ნამდვილად ვერ დაიკვეხნის მისი ნაკლებობით. მე არასდროს დამჭირვებია, – ისევ მორჩილს შეხედა, – დაიმახსოვრე, ჩემო ბიჭო, წამება ყოველთვის უკანასკნელი მეთოდი უნდა იყოს სიმართლის დადგენისათვის... გონება... გონება უნდა ავარჯიშო, რომ მისით დამნაშავის ტყავში შეძვრე და მისი თვალებით შეძლო ყველაფრის შეხედვა... გარემოებების შეფასება...

– ჩემით არაფერი დასრულდება ! – ლამის ქალივით წამოიკივლა მოციქულმა, – კიდევ მრავალ საბრალო ადამიანს გადაარჩენენ ჩემი ძმები და... და დები.

– გადარჩენა, ესე იგი ? – ლეროიმ თითები მოუჭირა ხელჯოხს, – ამას ეძახი გადარჩენას ? ამდენი სიცოცხლე მოაშთეთ სანამ... ისე რომ, თვალის ახელაც ვერ მოასწრეს... 

– რა რეგვენი ხარ. ნამდვილი რეგვენი. ვერც კი ხვდები, რა ხდება სინამდვილეში, არა ? წარმოდგენა არ გაქვს არაფერზე, ისე დაგიბნელა გონება მაგ შენმა რელიგიურმა ზღაპრებმა.

– ხმა ჩაიგდე, ჰადინის ნაშიერო ! – დაუყვირა გილენმა მოციქულს.

– გაახილეთ თვალები ! შეხედეთ ბუნებას !... შეხედეთ სამყაროს ! – ამოიკვნესა ბრამმა, –შეხედეთ ერთმანეთს ! ტანჯვა... შიმშილი... ტკივილი... ძალადობა... სისხლი... ომი... ურჩხულები... უსამართლობა... 

– და თვითონ, ეს ურწმუნოები, ადამიანთა უსამართლო მკვლელობით ებრძვიან ძალადობასა და უსამართლობას. აი, ესაა მარიუსის სექტის სწავლება, ჩემო ბიჭო, – მორჩილს მიუბრუნდა ლეროი, – როდესაც მონასტერში დავბრუნდებით, თუ წინამძღვარი მენონი უფლებას მოგცემს შეგიძლია ჩვენს ბიბლიოთეკაში დეტალურად გაეცნო ამ სიგიჟეს... ოღონდ, დაიმახსოვრე, რწმენაში საკმარისად უნდა იყო განმტკიცებული, რადგან ეს სწავლება მეტისმეტად მძიმეა... და... და ბოროტი...

– მითხარი, ინკვიზიტორო, ბოროტებაა ადამიანი არ მოესწროს იმას, თუ როგორ დაკლავენ მის მშობლებს ყაჩაღები ?... ქათმებივით როგორ დაკლავენ. ბოროტებაა, არ მოესწროს იმას, თუ როგორ წაათრევს თავისი ლორდი ომში და როგორ შეაჭმევს მის ხორცს მტრის ცივ ფოლადს ? ამიხსენი, რატომაა ბოროტება, ადამიანმა იქამდე დაიძინოს მშვიდად, ვიდრე იმ ყველაფერს მიეჯაჭვება, რასაც ადრე თუ გვიან აუცილებლად დაკარგავს ? რატომაა ბოროტება, ადამიანმა იქამდე დაიძინოს სამუდამოდ, სანამ ძილს ამქვეყნიური ურჩხულები დაუფრთხობენ ?

– და ორსულებზე რას იტყვი ? კარგი, თქვენი მოკლე ჭკუით გგონიათ, რომ ჩვილები დაინდეთ, მაგრამ ორსულები ? მათ ხომ ოჯახები ჰყავდათ... ქმრები... მშობლები... სხვა შვილები... ეშკროფტების ერთ-ერთ სოფელში ორი ბავშვი დასტიროდა მკვდარ დედას, ცრემლები სულ ღაპაღუპით ჩამოსდიოდათ თვალებიდან... ჰო, თქვენ მიერ მოკლული ორსული ქალის შვილებს.

მოციქულმა თვალები დახუჭა და მძიმედ ამოიოხრა. მისი შეგირდი ასლუკუნდა.

– მერწმუნე, ინკვიზიტორო, ისინი... იმ ორსულებს ახლა ლაპარაკი რომ შეეძლოთ მადლობას იტყოდნენ. აქ... ამ აქოთებულ წუმპეში, რომელსაც ცისქვეშეთს ვეძახით, კარგი მაინც არაფერი ელოდათ... მხოლოდ დაუსრულებელი ტკივილები, სიბინძურე, ტალახი და... და თავიანთი შვილების რომელიმე საძაგელი სნეულებით სიკვდილის ცქერა. ის ფეხმძიმეებიც დავინდეთ და მათ მუცლებში გამომწყვდეული ჩვილებიც. რომ იცოდე, რამდენისგან მომისმენია, ვნანობთ ამქვეყნად დაბადებასო... ამ... ამ საძაგელ ხორცსაკეპში დაბადებასო...

– შეშლილი ხარ, ნამდვილი შეშლილი ! – ლეროი ხელჯოხს დაეყრდნო და ფეხზე წამოდგომა იწყო ფეხის ტკივილით შეწუხებულმა. მორჩილი გილენი უმალ მიეშველა.

– დამიჯერე ინკვიზიტორო, სხვა გზა არაა, – დაიძახა მოციქულმა და თავი უღონოდ ჩაქინდრა, – ერთადერთი გამოსავალი ამ ყველაფრიდან... ჩვენი მეთოდია. ამ ქვეყანას არაფერი გაასწორებს... მისი ფუნდამენტი ძალადობა და ტკივილია... ერთმანეთის ჭამა... სხვა საშველი, სამწუხაროდ... სამწუხაროდ, არაა.

– საბედნიეროდ, ამ სამყაროს ყოვლადმოწყალე სულთა მეუფე განაგებს, – საკნიდან გასასვლელისკენ დაიძრა ლეროი, – დიდება მას ! ფარნები წამოიღე, ჩემო ბიჭო. შეიძლება უსამართლოდ გეჩვენება მისი განგებულება, მოციქულო, მაგრამ საბოლოოდ ის ყველაფერი, რაზეც შენ საუბრობ, ჩვენთვის სასარგებლო ნაყოფს გამოიღებს !... ყოველი ჩვენგანისთვის სასარგებლო ნაყოფს !

– და თუ ეგ შენი მეუფე არ არსებობს ? – მიაძახა კვლავ სიბნელეში ჩაძირულმა ბრამმა ჯაჭვების ჩხარუნით, – მითხარი, ინკვიზიტორო, რისთვის იტანჯება ამაოდ ამდენი სულიერი ?

ლეროიმ არაფერი უპასუხა. რა აზრი ჰქონდა ? შეშლილსა და ურწმუნოს რას შეაგნებინებ ?..

ხელჯოხის კაკუნით ცივ კიბეებს აუყვა მორჩილთან ერთად.

 

 

 

****

 

 

მოციქული ბრამი, როგორც ლეროი ეძახდა ხოლმე მისნაირებს, ჯიუტი თხა გამოდგა. მეორე დღე, ორჯერ ჩავიდა მასთან საკანში ინკვიზიტორი, მაგრამ არაფრის დიდებით არ უთხრა, ვინ იყვნენ მისი თანამოაზრეები ან სად იმყოფებოდნენ ისინი. შეგირდმა ბიჭმაც არაფერი თქვა, თუმცა, როგორც მოციქული ირწმუნებოდა, მან არაფერი იცოდა მისი თანამოაზრეების შესახებ. ბოლოს, როდესაც უკვე სხვა გზა არ დარჩა, მოხუც ინკვიზიტორს ცხოვრებაში პირველად მოუხდა წამების გამოყენება. ლორდი ბარვიკი ამ მხრივ დიდად გამოსადეგი აღმოჩნდა და კიდევ ციხესიმაგრეში მოსავლით დაბრუნებული მისი რაინდი, სერ ტროი, რომელიც ყველაზე ზორბა კაცი იყო ერთი ლა-დელმარელი მოციქულის, ტრისტანის, შემდეგ, ვინც კი ოდესმე ენახა ლეროის.

„თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, მე ავალაპარაკებ მაგ გაიძვერებს. მაშ, რისთვის მომცა მეუფემ ამხელა ძალა ?“ – გაკრიჭა თავისი ადგილ-ადგილ ჩაშავებული კბილები რაინდმა, როდესაც თავის მწუხარებისგან გაგიჟებულ ლორდთან ერთად დაიწყო დილეგებისკენ ჩასვლა.

ამის მიუხედავად, მოციქულმა იქამდე არაფერი თქვა, სანამ ორივე ბარძაყი არ შემოუტყავეს საკუთარი ხელით ლორდმა ბარვიკმა და მისმა რაინდმა. მისი შეგირდის ტანჯვამაც კი არ დააცდენინა სიტყვა, არადა, ლეროიმ ურჩია ლორდ ბარვიკს, ჯობს ჯერ ბიჭი აწამოთ, იქნებ შეიცოდოს და გვითხრას რამეო.  

– ესეც მისი თანაგრძნობა და ტანჯულებზე ზრუნვა, – ეუბნებოდა ლეროი მორჩილ გილენს, რომელიც დაზაფრული მისჩერებოდა მუცლის გატყავებისგან დაღუპული შეგირდის გვამს, – სიკვდილისთვის გაწირა თავისი ძვირფასი შეგირდი. ხედავ მის თვალთმაქცობას, ჩემო ბიჭო ? სინამდვილეში სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ყველა და ყველაფერი.

საბოლოოდ გაირკვა, რომ მოციქული ბრამის თანამოაზრე ოთხი სხვა მოციქული და ოცდაათამდე გლეხი იყო გერჰარდტების ვასალი ლორდების ზოგიერთი სოფლიდან და დაბიდან. ლეროიმ მაშინვე შეადგინა წერილი კემბრიის პატრიარქ ედმუნდის სახელზე და ყველაფერი აცნობა მისი გამოძიების შედეგების თაობაზე. ასევე, მოახსენა ყველაფრის ლორდი გერჰარდტისთვის შეტყობინების აუცილებლობის შესახებ, რათა ამ უკანასკნელს დამნაშავეთა დაჭერა უზრუნველეყო.

„...ზემოხსენებული მოციქულებისა და გლეხების შეპყრობით მარიუსის შეშლილი იდეების გამზიარებელი ყოველი ის პირი იქნება შეპყრობილი, ვისაც ხალხისთვის შემდგომი ზიანის მიყენება ძალუძს. მაშ, ამით დასრულდა ჩემი მისია, წმინდაო პატრიარქო. გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, ცოდვილი ბერის, ლეროი ბელმონტისთვის. მოუთმენლად ველი თქვენს ხილვას ჰელიონში“, – ამ სიტყვებით დაასრულა წერილი ინკვიზიტორმა. შემდეგ დაგრაგნა, წმინდა ინკვიზიციის ბეჭდით დალუქა და ლორდი ბარვიკის მწიგნობარს გადასცა, რომელიც ძალზედ გახარებული ჩანდა იმით, რომ როგორც იქნა დაიბრუნა თავისი კაბინეტი.

როდესაც ცოტა ხანში ფეხზე წერილმიმაგრებული რუხი მტრედი ცივ, ნისლიან ჰაერში აიჭრა და სამხრეთ-დასავლეთისკენ გაფრინდა, ლეროიმ იქამდე არ მოაშორა მას მზერა, სანამ თვალს არ მიეფარა დაბურული ნაძვების მიღმა.

მოციქული ბრამი იმ დღესვე მოკვდა, როცა მისი წამება დაიწყეს ლორდმა ბარვიკმა და მისმა რაინდმა. დილეგიდან ეზოში ამოსული სისხლში ამოვლებული სერ ტროი გაკვირვებული იძახდა, ასეთი გამძლე კაცი ჯერ არ მინახავს, ყბებამდე რომ მივედით, მერეღა გააფრთხო სულიო.

ლეროიმ დიად მოციქულთა მარხვის დაწყების დღეს დატოვა ბარვიკების ციხესიმაგრე. როგორც ჩამოსვლისას, ახლაც წვიმის ქვეშ მოუწიათ ინკვიზიტორსა და მის თანმხლებებს გამგზავრებამ. 

– ასეა, ჩემო ბიჭო, ყოველ საქმეზე შესაძლოა მრავალი სირთულე შეგხვდეს... ადამიანები... ამინდი, – მოქუფრულ ცას ახედა ლეროიმ, – შეიძლება გეგონოს, რომ ყველა და ყველაფერი შენს წინააღმდეგაა, მაგრამ ცივი გონებით თუ იმოქმედებ საბოლოოდ ყოველთვის მიხვალ სიმართლემდე. არ დაივიწყო ეს.

– დაიხ, უფროსო ძმაო, – მიუგო მორჩილმა გილენმა.

გრძელი გზა ჰქონდათ გასავლელი... ძალზედ გრძელი, სანამ თავიანთ მონასტერში ჩავიდოდნენ, მაგრამ ლეროის მაინც კმაყოფილების ტალღები უვლიდა ბებერ ძვლებში. ეს ხომ მისი უკანასკნელი საქმე იყო, – საქმე, რომელიც წარმატებით დაასრულა. შეეძლო, თავისუფლად ეთქვა, რომ მრავალწლიანი სამსახურის შემდეგ ვალი მეუფის წინაშე ღირსეულად მოიხადა.

 

როზის უკანასკნელი დღეები

 

694 წელი პირველი გამოცხადებიდან

 

თავი პირველი

 

 

როდესაც ყასაბი კალინის ფორანი შემოჭრიალდა ეზოში, როზიმ განზრახ აიჩეჩა შალის კაბა ფეთხუმი რომ მოსჩვენებოდა სტუმარს, მაგრამ დედა მაშინვე ყურში სწვდა და ძალით გაასწორებინა სამოსი.

– წესიერად მოიქეცი, იცოდე ! შენებურები არ დაიწყო ! მეუფემ რომ გადმოგხედა ვერ ხვდები განა ?

მამამისი უკვე შესაგებებლად მიჩლახუნობდა ყასბისკენ. იქვე მოსიარულე ქათმებს კოჭლი ფეხი აუქნია და გზა მისცა ფორანს.

საზიდრის ატალახებული ბორბლები ფარდულს მოუახლოვდა, სადაც როზი და დედამისი იდგნენ და მათგან სამ-ოთხ ნაბიჯში გაჩერდა. სქელფეხება საფორნე ცხენმა რუხი კისერი შეარხია და წინა მარჯვენა ფლოქვი რამდენჯერმე წაუსვა ლოპოიან ტლაპოს. კაპიუშონიან ბრეზენტის მოსასხამში გამოწყობილმა ყასაბმა კალინმა ცივად შეავლო თვალი როზის და მსუქანი საჯდომი კოფოდან ჩამოიღო.

– მეუფის მშვიდობა აქა ! – ისეთი ხმით დაიძახა, რომ გოგოს კინაღამ ტანში გააჟრჟოლა: ასე ეგონა ვიღაც დანის წვერს ახახუნებდა თეფშზე.

– მეუფის მშვიდობა თქვენდა, ძვირფასო კალინ, – მიუგო როზის დედამ.

ბომ და ტრევორმა თავები გამოჰყვეს კარიდან და ინტერესით მიაჩერდნენ სტუმარს.

– შედით შიგნით ! – უმალ დაუცაცხანათ დედამ.

მამასახლისმა სტუმარს ფორანი და ცხენი ჩამოართვა და უსწორმასწოროდ ნაგები ფიცრული ბოსლისკენ წაიყვანა.

– მობრძანდით ! – სახლში შეიპატიჟა სტუმარი დიასახლისმა, – როზი, ჰე, აბა დატრიალდი ! –მუჯლუგუნი ჰკრა ქალიშვილს.

ისეთი ქონის სუნი ასდიოდა ყასაბს, გეგონება მის მიერ დაკლული ღორების გაცხელებული ქონით ავსებდა გეჯას ყოველ საღამოს და შიგნით წვებოდა.

– ოსპენიდან მოყოლებული გადაუღებლად წვიმს ! – ისე თქვა თითქოს მასპინძლების ბრალი იყო წვიმაში რომ მოჰყვა.

– მადლობა მეუფეს, მშვიდობით ჩამობრძანდით !

როზი კერას მიუახლოვდა, სადაც თუჯის ქვაბში ბოსტნეულის წვნიანი ცხელდებოდა და რამდენჯერმე მოურია კამეჩის რქისგან გამოთლილი მოზრდილი ჩამჩით. ნეტავ საწამლავი მქონდესო, ინატრა როდესაც კიდევ ერთხელ შეავლო თვალი სტუმარს, რომელიც დამშეული ქოფაკივით უმზერდა დროდადრო.

„ჩუმად ჩავუყრიდი საჭმელში და აქვე გავაფრთხობინებდი სულს“.

დიასახლისმა მოსასხამი გამოართვა ყასაბს და ხის მაგიდასთან დასვა, სადაც თიხის ჭრაქი ედოთ. ბო, ტრევორი, ელლა და გერდა საძინებლის კედლიდან უჭვრეტდნენ სტუმარს. მათ დანახვაზე როზიმ თავი უკმაყოფილოდ გააქნია და გულში თქვა რა სულელები არიან, ესეც ახლა დიადი რაინდი არ მყავდეს ფარულად საცქერალი რომ იყოსო.

ყასაბმა კალინმა ოთახის თვალიერება დაიწყო თავისი გადმოკარკლული თვალებით, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც როზის უცქერდა, რაც უხერხულობის განცდას ჰგვრიდა გოგოს. ამ უკანასკნელს ასე ეჩვენებოდა როგორც გასაყიდ საქონელს ისე ათვალიერებდა სტუმარი.

სელის დაბებკილი ტუნიკა ეცვა ყასაბს. ღიპზე, ტყავის უხეში ქამარი ჰქონდა გაჭერილი. ფეხები კი ტყავის გახუნებულ, თუმცა საკმაოდ სქელძირიან ჩექმებში ჰქონდა ჩადგმული.

– როზი, ჰე, მოიტანე მათლაფები და დაასხი უკვე, დაასხი ! – უთხრა დედამ, – ძვირფასო კალინ, დედათქვენი როგორ ბრძანდება ? ქალიშვილობიდან მახსოვს მისი სიკეთე, ისეთი კაბები შეგვიკერა სოფლის გოგონებს კაცებს სულ თვალები რჩებოდათ ჩვენზე, აბაა.

– წითელმა ჟამმა წაიყვანა მეუფესთან, – ისე უგულოდ მიუგო ყასაბმა, თითქოს დედაზე კი არა ხორცის ნაჭერზე საუბრობდა.

– ოო, რას ამბობთ ? დასნეულდა ? – დიასახლისმა ისეთი სახე მიიღო, გეგონება საკუთარი დედის სიკვდილი ამცნესო, მაგრამ როზიმ კარგად იცოდა სინამდვილეში სულ ფეხებზე რომ ეკიდა დედამისს ყასბის დედა. ბებია ჰეგე რომ მოკვდა მაშინ არ გადმოვარდნია თვალთაგან ერთი ცრემლიც კი და ვითომ ახლა გახდა გულჩვილი ? – ხვალვე ვთხოვ ჩვენს მოციქულს მსახურება ჩაატაროს მისთვის ! კი, ხვალვე, ძვირფასო კალინ. ერთი ეგაა, სმას მიჰყო ხელი და იმედია ფხიზელი დამიხვდება ის უგვანი. ოო, დედილო ოლენა, მეუფემ დაგამკვიდროს ნეტარების სავანეში !

როზიმ შეამჩნია, რომ ყასაბს სულ ოდნავ გაუპო ღიმილმა უფერული ტუჩის კუთხეები. ალბათ ხვდება, რომ თავს აჩვენებს დედაო, დაასკვნა გოგომ.

წვნიანი ოთხ ცალ ხის მათლაფაში ჩამოასხა და მაგიდაზე დაალაგა. არყის ხისგან დამზადებული იმავე რაოდენობის კოვზიც მოიტანა.  

ამასობაში მამასახლისიც შემოვიდა. თავიდან ფეხებამდე გაწუწული იყო.

– გამომაცვლევინე, დედაკაცო ! – მიუგო ცოლს და ჯვალოს მარჯვენა გვერდზე გამორღვეული ტუნიკის ბოლო იქვე გაწურა, – ახლავე მოვალ, კალინ ! შეუდექით ჭამას, ნუ დამელოდებით !

სანამ ქმარს უკან გაჰყვებოდა, დედამ მდინარე ყინულასფერი თვალები დაუბრიალა როზის და სტუმარზე ანიშნა მიდი, დაუჯექიო.

როზიც ჩამოჯდა ხის ტაბურეტზე და უღიმღამოდ დაიწყო წვნიანის ხვრეპა ხის კოვზით. მართალია თვალებში არ უყურებდა, მაგრამ გოგო გრძნობდა, რომ სტუმარი, ლამის ყოველი ლუკმის შემდეგ აკვირდებოდა.

– მმ, გემრიელი წვნიანია, – ყასბის ხმა ისევ უსიამოვნოდ ხვდებოდა როზის ყურს და ეს უკანასკნელი ფიქრობდა ნეტავ მართლა ცუდი ხმა აქვს თუ ასეთი უშნო და თავგასიებული რომაა იმიტომ მეჩვენება ასეთადო, – სტაფილო და კომბოსტო აქვს შიგ ჩაჭრილი, არა ?

– დიახ, – მიუგო გოგომ, – ბოლოკიც.

უკანა ოთახიდან, სადაც როზის დედ-მამა შევიდნენ, თოთო ბავშვის ტირილის ხმა გამოიჭრა მთავარ ოთახში. გახუნებული შალის ფარდით გამოყოფილი საკუჭნაოდან სახლში შემოსასვლელ ნაპრალებიან კარამდე და ადგილ-ადგილ დახეთქილი ფიცრის იატაკიდან გაცვეთილი მორებით გამაგრებულ ჭერამდე ყველაფერს მისწვდა ყრმის ხმა.

როზი მაშინვე ფეხზე წამოვარდა, მაგრამ დედა უკვე გამოსულიყო ოთახში და ხელით ანიშნა დაჯექიო.

– გერდა მიხედავს ! ჭამე შენ, ჭამე !

დიასახლისი ქალიშვილის გვერდით ჩამოჯდა და ნაძალადევი ღიმილით შეექცა წვნიანს.

– გრევორიც ახლავე გამოვა, ძვირფასო კალინ, – მიუგო სტუმარს.

მამასახლისი ისეთივე ტუნიკაში გამოწყობილი გამოვიდა, რაც მანამდე ეცვა, ოღონდ, ეს ოდნავ იყო მკერდთან გარღვეული და ფერდებზე სულ მცირედით ჰქონდა ფართო.

ორივე ტუნიკა როზის ნახელავი იყო.

– აბა, ვნახოთ ამჯერად რა გაგვიკეთა ჩვენმა გოგომ, – ღიმილიანი სახე მოავლო მაგიდაზე მსხდომთ გრევორმა და ნიკაპის ქვემოთ კუდივით ჩამოკიდებულ ნაწნავზე ჩამოისვა ჭუჭყისგან გაყავისფერებული თითები, – უგემრიელეს წვნიანებს აკეთებს ჩვენი როზი, კალინ. სოკოსი რად არ გააკეთე ? სოკოსი ყველაზე კარგი არ გამოგდის ხოლმე განა ?

– გახმა, – უღიმღამოდ თქვა გოგომ, – ახალია მოსაკრეფი.

– ეჰ, მგლის სოკოღა გვქონდა დარჩენილი, არა ? კარგი რამეა მგლის სოკო, მაგრამ მოტანისთანავე თუ არ ჭამე აღარაფრად ვარგა, – კოვზიდან ძალუმად მოხვრიპა წვენი მამასახლისმა, – აი, მდელოს ქამა სულ სხვაა. როცა გინდა ჭამე, მაინც კარგია.

ყასაბმა ლუკმა გადაყლაპა, ამოიხვნეშა და ხელახლა ჩააყვინთინა კოვზს წვნიანში.

– ჩვენკენ ბლომად ბებერასოკოა ტყეში, – თქვა მან.

– მუხები და წიფლები ბევრი იქნება იქ, – გამოეხმაურა გრევორი, – მაგათთან იზრდება, არა ?

კალინმა თავი დააქნია მოხარშული სტაფილოს ღეჭვით.

– რცხილებთანაც.

როზიმ იფიქრა, ნეტავ სულ სოკოებზე ილაპარაკონ და საქმეზე საერთოდ არ გადავიდნენო, მაგრამ დედამისმა მაშინვე გააღო პირი:

– ჰოდა, ჩვენი როზი ბებერასოკოს ისეთ წვნიანებს მოგიმზადებთ ხოლმე, ძვირფასო კალინ, თითებს ჩაიკვნეტთ, აბაა.

დაისახლისმა ხმამაღლა გაიცინა.

– უჰ, უგემრიელესს, – თვალების ქაჩვით დაეთანხმა მამასახლისი.

ყასაბს არც კი გაღიმებია. ისეთივე პირქუში იყო, როგორც მოსვლისას. როზიმ გულში ლოცვა დაიწყო, მეუფეო, შემეწიე, გევედრები, იქნებ ისე ჰქნა, რომ არ მოვეწონოო.

„ამ თავგასიებულ აყროლებულ ღორთან როგორ უნდა ვიცხოვრო ? მეუფეო, გადამარჩინე, გევედრები“.

– დიად მოციქულ დემეტრას დღე მოგვეწევა მალე, – თქვა კალინმა, – მარხვაც სადაცაა გათავდება. მერე უკვე შემეძლება ქალის წაყვანა.

როზის სახე წამოუხურდა სიბრაზისგან. მოუნდა იქვე ჩაჰფრენოდა ჩასუქებულ ყელში ყასაბს და მაგიდაზევე მოეხრჩო.

– ძვირფასო კალინ, – წამოიწყო დიასახლისმა, – ლორდ ერლინგთან რომ არ გაგვირკვევია ჯერ ? თანახმა იქნება, იმედია. ჰა, გრევორ, თანახმა არ იქნება განა ?

– წესით...

– თანახმაა ! – მამასახლისს სიტყვა გააწყვეტინა ყასაბმა, – ათიოდე დღის წინ ვიყავი მასთან, ციხესიმაგრეში. იქორწინეთო, მითხრა.

გრევორს ხშირწამწამებიანი თვალები აუციმციმდა.

– მაშ, ყველაფერი წესრიგში ყოფილა, ჰა ? – ჩალისფერი კბილები გაკრიჭა დიასახლისმა.

როზის კი კიდევ უფრო ძლიერმა მრისხანებამ დაუწყო გაგუდვა. ნეტავ რანაირად ვითმენ, რომ მთელი ხმით არ ვყვირიო, უკვირდა თავისი თავის.

დედა და მამა. ერთადერთი რაზეც ფიქრობდნენ ის იყო როგორმე დროულად გაეყიდათ თავიანთი უფროსი ქალიშვილი და როგორც იქნა იშოვნეს კლიენტი. ვინ ? – ვიღაც აქოთებული, თავგასიებული ყასაბი, რომელიც ორგზის ქვრივი იყო და შვიდი შვილი ჰყავდა, ხოლო მათგან ხუთი თუ ოთხი როზიზე უფროსი იყო.

„ოო, ჩემო საწყალო ენვორ, რა მოხდებოდა ცოცხალი დაბრუნებულიყავი ომიდან ?“

მართალია, ჭარხალივით ცხვირი და მოკლე მარცხენა ფეხი ჰქონდა როზის აწ გარდაცვლილ ქმარს, მაგრამ ისეთი საზიზღარი მაინც არ იყო, როგორადაც ეს უგვანი ყასაბი ეჩვენებოდა.

– მზითევი არაფერი არაა საჭირო, ღმერთმანი, – მამასახლისს მიუბრუნდა ყასაბი, - უბრალოდ იმ დღეს როგორც ვთქვით, ყინულას მხარეს რომელ მიწასაც ამუშავებთ, ღორების ფერმას გავაკეთებ იქ... დიდ ფერმას.

– დიდად მოხარული ვიქნები, – თქვა გრევორმა, – მიწა გამისკდეს თუ ყველანაირად ხელი არ შეგიწყო და დაგეხმარო. აბა, როგორ ?

– ფერმა ? – გაიკვირვა დიასახლისმა, – რა ფერმა ?

მართლაც, რა ფერმა ? როზიმაც არაფერი იცოდა. ნუთუ, მის ოჯახსაც უნდა გადაეხადა რაღაც, რომ ამ მყრალ არსებას ცოლად წაეყვანა ? არადა, რომ გეკითხა მზითევი არაფერი უნდოდა მას.

– ჰო, ძვირფას კალინს კარგი გეგმები აქვს, ბრენა, – ხელის გულები ისე გაშალა გრევორმა, გეგონება მოციქული იყო, რომელიც სადაცაა ქადაგებას დაიწყებდა, – ღორების მოშენება უნდა. სამხრეთიდან თურმე ხმები მოდის მეფე ერთ-ორ წელიწადში ბელეგაში გალაშქრებას აპირებსო. იქამდე ღორებს მოვაშენებთ ჩვენთან და მერე გავყიდით, აბაა. 

– რა ? – დიასახლისს კოვზი გაუვარდა ხელიდან, – რა ღორები ? სად უნდა გაყიდო რომ ? იყიდის კი ვინმე განა ?

– იყიდიან რომელია ! – საუბარში მტკიცედ ჩაერია ყასაბი კალინი და წელში გასწორდა, - ჩვენებური ლორდები იყიდიან !... ჩრდილოელი ლორდები ! დედაკაცმა რა უნდა იცოდეს, მაგრამ ომში საჭმელი განა ნაკლებ საჭიროა, ვიდრე ხმლები და ნაჯახები ?

– კი მაგრამ, ჩვენ ხომ... გრევორ, ხომ თქვი...

– რა ვთქვი ? – მხრები აიჩეჩა მამასახლისმა, – რა ?

– შემინდეთ, ძვირფასო კალინ, – სტუმარს მიუბრუნდა ბრენა. თან, თითებით ნერვიულად ისრესდა დაკოჟრილ ხელის გულებს, – მაგრამ რაღა დაგიმალოთ და მე მეგონა, ოთხმოცი ბროილი უნდა გადაგეხადათ ჩვენთვის და...  

– ოთხმოცი ბროილი, არა ? – თვალები კიდევ უფრო გადმოკარკლა ყასაბმა და თითქმის ბოლომდე გათეთრებული ორნაწნავიანი წვერი მოიწიწკნა, – თქვენი გოგო განათხოვარია !... ბავშვიც ჰყავს ! დოირში ალბათ ყველა სიცილს დამაყრის, განათხოვარ ქალს რომ შევირთავ ცოლად ! თან ლერწამივით აქვს მაჯები... ვერ ხედავ რა წვრილი აქვს ? ყანაში იმუშავებს ეს განა ?

– ხო, მაგრამ... 

– არა, ოთხმოც ბროილს კი გადაგიხდით... გრევორ, ჩვენი ძველი მეგობრობის ხათრით, შენ მაინც ხომ ხვდები რასაც ვამბობ ?

მამასახლისმა თავი დაუქნია ყასაბს და შემდეგ ცოლს მიუბრუნდა:

– შენი ადგილი იცოდე, დედაკაცო !

როზის მოუნდა გარეთ რომ ურო იდო კართან, აეღო და მეტწილად გამელოტებული თავები გაეჩეჩქვა როგორც ყასბისთვის, ისე მამამისისთვის. დედაზეც გულმოსული იყო, მაგრამ მთლად უროსთვის არ ემეტებოდა.

– როდესაც ჩვენი ძვირფასი კალინი ჩვენს როზის შეირთავს, ჩვენ ერთი ოჯახი შევიქნებით, –თქვა გრევორმა და სათითაოდ შეხედა ჯერ ცოლს და შემდეგ ქალიშვილს, – ასე არაა ? – ახლა, სტუმარს მიაჩერდა.

ყასაბმა წვერი დააქნია და კოვზით თავისი წვნიანი მოათავა.

– ხო, მაგრამ იმ მიწაზე ქერი და ჭვავი გვაქვს დათესილი, გრევორ, – არ ცხრებოდა ბრენა, – რა უნდა ვჭამოთ მერე ?

– წისქვილებისკენ, საზიარო მიწაზე ხომ გვაქვს ხორბალი დათესილი ?... ფეტვიც გვაქვს. მაშ, ეგ მოსავალი არ გვეყოფა ?!

– ერიჰა და ლორდი ერლინგი, რომ წაიღებს მოსავლის ნახევარს და უფრო მეტსაც საკუთარი ხორცი გამოვიჭრა ბარძაყებიდან და ის ვაჭამო ბავშვებს ? – გაწიწმატდა ქალი, – ჰა ? მითხარი ერთი.

– შენი ადგილი იცოდე-მეთქი, დედაკაცო ! – მუშტი მაგიდას დასცხო მამასახლისმა, – ყველაფერს ისე ვიზამთ, როგორც მე გადავწყვეტ !

როდესაც ყველამ მოათავა ჭამა, ყასაბმა კალინმა ცხვრის გაცრეცილი ტყავით დაფარულ ფანჯარაში გაიხედა და ფეხზე წამოდგა, წავალო, უთხრა მასპინძლებს. გრევორმა თავი გაიგიჟა, ამაღამ ჩვენთან დარჩი, ყაჩაღები არ გადაგეყარონ გზაზეო, მაგრამ სტუმარმა დაიჟინა უნდა წავიდეო.

ტბისპირეთიდან  ხორბალი მაქვს წამოსაღები. დაბნელებამდე უეჭველად უნდა მოვასწრო ჩემს ძმასთან ჩასვლა, – თქვა და გულისწყრომით მიაჩერდა დიასახლისს, გეგონება თვალებით ანიშნებდა როგორ გაბედე ჩემს შემოთავაზებაზე შეკამათებაო.

როგორც კი სტუმარი გააცილა მამასახლისმა და თავის გზაზე გაუშვა, უკან შემობრუნდა სახლში და ცოლს ჩხუბი აუტეხა: როგორ ბედავ და ჩემს გადაწყვეტილებას ეჭვის ქვეშ აყენებ სტუმრის წინაშეო.

– ნეტავ შენს ოჯახზე იფიქრებდე სხვაზე გადაყოლის ნაცვლად, აი ! – მათლაფების საკუჭნაოში გატანას შეუდგა ბრენა.

როზი იქვე, კერასთან დადგმულ საწოლზე წამოგორდა. არ ერეოდა მშობლების ჩხუბში. რა აზრი ჰქონდა ? მაინც არავინ არაფერს ეკითხებოდა. ორჯერ რომ შეეკამათა მათ გათხოვება აღარ მინდაო, ვინ ათხოვა ყური ? წავიდა მამამისი და თავის ძველ მეგობარს გაურიგდა, ოთხმოც ბროილად მოგათხოვებ ჩემს გოგოსო.

„მაგ ფულით ორ-სამ თიკანს ვიყიდით და როცა წამოიზრდებიან რძე და ყველი იმდენი გვექნება მაიკენში შევძლებთ გაყიდვას, მაშ“, – იძახდა გრევორი და ნელ-ნელა ცოლიც აიყოლია.

„კი, როზი, უნდა მოგვეშველო, აბა, როგორ გინდა ? – რეცხვისგან გამომშრალი თითის ქნევას მოჰყვებოდა ხოლმე ბრენა, – გერდას ხომ არ გავათხოვებთ, აბა ? ჯერ ძუძუებიც არ დასტყობია, ელლა კიდევ წარამარა ძირს იშოტება, მუხლები სულ გადატყავებული აქვს, ვერ ხედავ განა ? ლოთი რუბენიც კი არ ითხოვს მაგათ.“

ცოტა ხანს კიდევ იკამათეს გრევორმა და ბრენამ და მერე მიჩუმდნენ. როზი საძინებელში გავიდა და თავის პატარას დახედა. ეინარი მშვიდად თვლემდა მიუხედავად იმისა, რომ წამის წინ გვარიანად ხმაურობდნენ მისი ბებია-ბაბუა. ტრევორი, ბო, გერდა და ელლაც უკვე საბნებში იყვნენ გახვეულები.

– რა გენაღვლება შენ, ვერაფერს იგებ, – ჩურჩულით უთხრა შვილს როზიმ, – ნეტავ მეც სულ შენხელა ვყოფილიყავი... ან საერთოდ არ დავბადებულიყავი. ახლა მთელი ცხოვრება ვიღაც აყროლებულ ღორს უნდა ვურეცხო კიდევ უფრო აყროლებული საცვლები... ყანა უნდა ვუთოხნო და ძროხასავით ვუჩინო შვილები. იმედია, ესეც ისევე მალე მოკვდება, როგორც მამაშენი.

– რას ეუბნები ? – საწოლზე წამოჯდა ბო. თან მარცხენა თვალს იჭყლეტდა პატარა მუშტით.

– დაიძინე, თორემ ალიყურს აირტყამ ! – უმცროს ძმას შეუბღვირა როზიმ, – შენც, გერდა, თორემ ხვალ დილით თაგვის ცურცლებს ჩაგიყრი ფაფაში !

– როდის უნდა წაგიყვანოს იმ სუნიანმა კაცმა ?

– დაიძინე-მეთქი, გერდა !

 ბომ და გერდამ წარბები შეიკრეს და ისევ საბნებში გაეხვნენ.

„არა. რამე უნდა მოვიფიქრო, ღმერთმანი. თავს არ ვიცოცხლებ იმ აქოთებულთან დაწოლამ რომ მომიწიოს.“

 

 

 

 

 

 

თავი მეორე

 

 

ტყეში კიდევ უფრო გრილოდა, ვიდრე სოფელში. როზის შალის სქელი მანტია ჰქონდა მოხვეული და უღიმღამოდ მიაბიჯებდა პერიოდული ჟინჟღლისგან გაწუწულ ნაძვებსა და ფიჭვებს შორის. ხანდახან, ნეკერჩხლები, ცაცხვები და არყებიც ხვდებოდა. კარგად იცნობდა ამ ტყეს. ბავშვობიდან აქ დაჰყავდა დედას სოკოს საკრეფად, ხოლო მერე, როცა უკვე წამოიზარდა, უმეტესად სულ მარტოს მოჰქონდა ტყიდან სოკო.

როზის გადაწყვეტილი ჰქონდა ჯერ ტყე მოევლო და შემდეგ ღელეს იქითა კორდიდან მდელოს ქამაც წაეღო სახლში. საერთოდ არ ეზარებოდა სოკოს კრეფა. ეს ხომ ერთადერთი დროის მონაკვეთი იყო მთელი დღის განმავლობაში, როცა მარტო დარჩენას და თავის ნებაზე ყოფნას ახერხებდა ხოლმე. აქ, აღარც დედ-მამა აწუხებდა, აღარც და-ძმები და აღარც პატარა ეინარი. აქ, სრულიად მარტო იყო, თავისუფალი, როგორც გუდბრანდის მთებიდან მობერილი ნიავი.

როდესაც ღრმად შევიდა ტყეში, ფოთლოვანი ხეები გახშირდა. ბებერ არყებთან, რომელთაც დაჩაჩანაკებულ ცოლ-ქმარს ამსგავსებდა, რამდენიმე არყისძირა შეამჩნია და უმალ ამოაძრო შავი და ცივი მიწიდან. წნელის კალათაში ჩაუძახა და გზა განაგრძო. 

რამდენიმე ნაბიჯში, როზიმ, მისი კაბასავით გახუნებული ნაძვის ძირში, მურა სოკოები დაინახა და ესენიც მაშინვე კალათაში ჩაიყარა. დღე-დღეზე, მთელი ძალმოსილებით შემოიჭრებოდა შემოდგომა თავისი ჟანტიანი ქარებით და მერე უკვე ვეღარსად ნახავდა მურა სოკოებს.

დურგალი უვესავით გამხდარ ნეკერჩხლებთან ტყის ქამასოკოებს წამოეყოთ მოწითალო-მოთეთრო თავები, ხოლო მჭედელ გუნარივით ტანად და ხავსმოდებულ სოჭებთან ირმისტუჩები გაყურსულიყვნენ.

დაახლოებით ათასი ფუტი გაიარა სოკოების კრეფა-კრეფით და გამხმარი თელების მონაკვეთს როდესაც მიუახლოვდა მარჯვნივ წავიდა ნაცრისფერი ჩირგვების გავლით და სადღაც ცხრაასი ფუტი მაინც იარა მაყვლიანამდე. შემდეგ, ჩრდილოეთის მხარეს გაემართა და ნაცნობ კუნელის ბუჩქებთან მისულს უკვე ლამის ნახევრამდე ჰქონდა გავსებული კალათა. ყველაზე მეტი ტყის ქამასოკო შეხვდა. შესაბამისად, კალათაშიც ესენი სჭარბობდნენ დანარჩენებს. ერთი, დათვისსოკოც ეგდო შიგნით, - ტოტებდამსხვრეულ ფიჭვთან შეამჩნია წითელ ღვინისფრად შეღებილი ქუდი, რომელიც პატარა ბალიშს მიამსგავსა და სასწრაფოდ მიიჭრა მასთან. დათვისსოკოს ხშირად ვერ ნახავდი ამ ტყეში და ცოტა არ იყოს მონატრებული ჰქონდა მისი საამური გემო. იმედია, მამა ან ბო არ შემიჭამენო, იმედოვნებდა როზი.

ცოტა ხანს კიდევ დაიარა ახლომახლო ხეები, ყურადღებით ათვალიერა მათი ძირები და როგორც კი ნახევრამდე გაავსო კალათა, ღელესკენ გაემართა.

მიდიოდა როზი და ფიქრობდა, რა იქნება რომ მოკვდეს ყასაბი კალინიო. მკვდარი ხომ ვეღარ მოიყვანდა ცოლად, ასე არაა ?

„ცოტა ხანს მაინც დავისვენებდი, სანამ ახალ საქმროს გამომიჩხრეკენ დედა და მამა“.

რა იქნებოდა ვინმე ნორმალური საქმრო ეშოვნათ მისთვის ? ჯერ იყო და გვერდითა სოფლელი მთრიმლავის წითელცხვირა და მოკლეფეხა ბიჭს მიათხოვეს, რომელიც ომში რომ არ მომკვდარიყო, ალბათ ელში ან ტაფლუჭში ჩაიხრჩობდა თავს და ახლა ამ აქოთებულ ბებერ ყასაბზე ჰყიდდნენ, რომელიც როგორც ხორცის ნაჭერს ისე უყურებდა როზის.

„განა არ შეიძლება ცოტათი მაინც გამიმართლოს ?“

არადა, ლამაზი გოგო იყო როზი, არა ? როცა არ უნდა ჩაევლო ტაძართან ლოთი რუბენი სულ თვალს აყოლებდა, ხანდახან, უკბილო მონადირე ვალტერიც, ხოლო, მოციქულ ულრიკს ხშირად მიუცია შენიშვნა ტაძარში მსახურებაზე ყოფნის დროს, თავშალი გაისწორე, თორემ მამაკაცებს ცოდვაში ჩააგდებს ეგ შენი ნახშირივით შავი თმაო.

„განა მეუფე გაწყრება რომელიმე რაინდმა, რომ ჩამოიაროს ჩვენს სოფელში ? თუნდაც მოხეტიალე რაინდმა, ოღონდაც ლამაზმა, ჰა ? იქნებ, მოვეწონო და ცოლადაც წამიყვანოს რაღა. მერე მდიონ კუდში წითელცხვირა მთრიმლავებმა და აქოთებულმა ყასბებმა.“

მაგრამ, ასეც რომ მომხდარიყო ბავშვისთვის რა უნდა ექნა ? ნუთუ, მიატოვებდა პატარა ეინარს ? ცოტა ხანს დაფიქრდა როზი და მერე გულში თქვა, თუ მართლა შემიყვარებდა ლამაზი და ღირსეული რაინდი, ჩემს შვილთან ერთად წამიყვანდა სოფლიდან, აბა როგორო.

„აჰა. ყველაფერი მოგვარდა“.

ერთი კენწეროწატეხილი, დამპალი ფიჭვის ძირში რამდენიმე მგლის სოკოს მოჰკრა თვალი და მაშინვე კალათაში ჩაუძახა. მღიერებით დაფარული იქვე მდგომი არყის ძირში მუხისძირა შეამჩნია და გაუკვირდა. შენ აქ საიდანო, უთხრა და ესეც შინ წასაღებ სოკოებს მიამატა. არადა, დედამ როგორც ასწავლა, მუხისძირა წიფლებთან და მუხებთან იკიდებდა ფეხს.

– ახლა განა მე უფრო მეტი არ ვიცი, ვიდრე მან ?

როდესაც ცოტაღა აშორებდა ღელეს, შორეული სიცილის ხმა ჩაესმა: ძველი მონასტრის ნანგრევების მხრიდან მოქროლდა აშკარად, იდუმალი ნიავივით.

კიდევ ერთხელ გაისმა სიცილი. ნამდვილად კაცები იქნებიანო, დაასკვნა როზიმ და გზა განაგრძო. კარგად იცოდა უცხო მამაკაცებთან საქმის დაჭერა ყოველთვის სახიფათოა, –მითუმეტეს ტყეში.

„ვაითუ თან ყაჩაღებიც იყვნენ“.

მაგრამ გაჩერდა და ისევ შორეული მონასტრის მიმართულებით გაიხედა. აქედან ვერაფერს ხედავდა, თუმცა ზუსტად იცოდა, რომ ხუთასი ფუტის მოშორებით მდგომ ერთიმეორეზე მაღალ ფიჭვებს თუ გასცდებოდა, ეკალბარდებიან დაღმართს გვერდს აუვლიდა და ერთმანეთზე ლოთებივით მიყუდებულ ორ ცალ დამპალ მუხას ჩამოიტოვებდა უკან, თხუთმეტიოდე ნაბიჯში თხილის ბუჩქებთან აღმოჩნდებოდა, რომლის მიღმაც მონასტრის ნანგრევები იყო.

ისევ ღელესკენ გაემართა როზი, მაგრამ მისი ფეხები ნელ-ნელა თავისით შეჩერდა თითქოს.

მონასტერი. შეიძლება სისულელე იყო, მაგრამ რატომღაც ნამეტნავად აინტერესებდა ვინ იყო იქ.

– იმედია, არ ინანებ, სულელო გოგოვ, – თავის თავს უთხრა და ხმაურის მიმართულებით გასწია.

დაღმართთან მისულს კინაღამ ფეხი დაუცდა წვიმისგან მოლიპულ ქვაზე. კიდევ კარგი ჩექმები ჩავიცვი, თორემ ახლა ალბათ, ქვემოთ, ჯაგნარში ვეგდებოდიო, გაიფიქრა.

კვამლის სუნიც ეცა. ეტყობა, ცეცხლი ჰქონდათ უცნობებს დანთებული.

ფეხაკრეფით მიუახლოვდა თხილნარს. მამაკაცთა ხმები ბუნდოვნად ესმოდა, მაგრამ ვერ ხედავდა მათ.

„ნამდვილად ფრესკებიანი თაღის მხარეს ზიან“.

ძალიან ნელა დაიწყო ქურდივით მოკუნტულმა მონასტრის შემოვლა. ყურადღებით უმზერდა ძირს დაყრილ გამხმარ რტოებსა და ფოთლებს, რათა ხმაური არ გამოეწვია. როდესაც მეორე მხარეს მიაღწია, ჩაიცუცქა და ნადირივით გაიტრუნა ბუჩქებში. სულ რაღაც ოცი-ოცდახუთი ფუტი აშორებდა უცნობებისგან.

ხუთი მამაკაცი იჯდა კოცონის გარშემო, რომლის ოდნავ მოშავო ბოლი ნასუქი გველივით იკლაკნებოდა მონასტრის მთელად დარჩენილი თაღის ქვეშ. გვერდებჩამორღვეული სარკმლებიანი ქვის კედელი ისე მიყუდებოდა თაღს, გეგონება მომაკვდავი კაცია, რომელიც სადაცაა სულს გააფრთხობსო.

როზი, დაგრეხილ მორზე მოკალათებული სამი უცნობის სახეს ხედავდა და ჩათვალა, რომ მამამისის ხნის ან ოდნავ უმცროსები იქნებოდნენ. დანარჩენი ორი ზურგით იჯდა მისკენ, მათ იერს ვერ ჭვრეტდა, მაგრამ დაასკვნა, ალბათ ესენიც მათი თანატოლები იქნებიანო.

იმათ, რომელთა სახეებსაც ვერ ხედავდა, ქამრებში ჩაჩრილი ხისტარიანი და ტყავისქარქაშიანი დანები შეამჩნია როზიმ, დანარჩენებს, – ერთი ხმალი, ერთი შუბი და ერთიც დიდი ნაჯახი ჰქონდათ მიყუდებული მორზე. ერთს, – ცხვირგაბრტყელებულ და ზორბა წვეროსანს სადაფისტარიანი მოზრდილი დანაც ედო იქვე. 

„ის ჟანგმოდებული ნაჯახიც მისი იქნება, წყალი არ გაუვა, – იარაღის გაყავისფერებულ პირს მიაჩერდა როზი და გააჟრჟოლა. თვალწინ წარმოუდგა რა საძაგლობა იქნებოდა ფაფუკ ხორცს რომ გადაგიჩეხავდა მისით ვინმე, – ჩვენებურები არ უნდა იყვნენ.“

რასაც ხედავდა, წვერი მხოლოდ ორს ჰქონდა, ისიც გაცილებით მოკლე, ვიდრე ჩრდილოელ მამაკაცებს სჩვეოდათ და თან ერთი ნაწნავიც კი არ ჰქონდათ ზედ.

მადიანად ილუკმებოდნენ უცნობები. კოცონის გვერდით, ფიჩხებთან დაგდებული დაჩეხილი ცხოველის ლეშთან ეშვები შენიშნა როზიმ და გულში გაივლო ეტყობა, ტახის ხორცს ჭამენო.

– იცოდე, როცა ბრაუს მივადგებით, ეგეთები არ დაიწყო ! – უცნაური აქცენტით დაიძახა სქელტუჩებამ, რომელსაც მარჯვენა თვალი გაცილებით ვიწრო ჰქონდა, ვიდრე მარცხენა.

ამაზე ყველას გაეცინა.

„ბრაუს ? ტყის იქით რომ სოფელია, ორი დღის სავალზე, ბრაუ არაა ?“

– სულელი კი არ ვარ, – თქვა როზისგან ზურგით მჯდომმა ერთ-ერთმა კაცმა, მაგრამ გოგო ვერ მიხვდა რომელმა: მელოტმა თუ ადგილ-ადგილ შევერცხლილთმიანმა.

ცხვირგაბრტყელებულმა მოზრდილი ტიკი მოიყუდა, რამდენიმე ყლუპი მოსვა და შემდეგ დანარჩენებს გადააწოდა. ნეტავ, თაფლუჭს სვამენ თუ ღვინოსო, დაინტერესდა როზი, რადგან როგორც გაგონილი ჰქონდა, სამხრეთელები უმეტესად ღვინოს ეტანებოდნენ.

– ისე, ბრეტს ნეტა რა ჩემ ფეხებად უნდა დავუცადოთ ? – ხმა აიმაღლა როზის ბუჩქებისკენ ზურგით მჯდომმა ერთ-ერთმა მამაკაცმა.

– ვერ ხვდები, ხომ ? – ღორის ქონისგან აპრიალებული ტუჩები შეარხია სქელტუჩებამ. თან, აჩქარებით ღეჭავდა ხორცს, – რაინდების შესახებ არაფერი გაგიგია, არა ?

– ჰაჰ, რაინდი ახლა ეგეც „ჩრდილოეთის მახვილი“ არ მყავდეს, – გაიცინა ცხვირგაბრტყელებულმა, – ან, ისა კიდე... „წითელი მგელი“. 

„ჩრდილოეთის მახვილის“ შესახებ გაგონილი ჰქონდა როზის. როდესაც მისი ქმარი და სოფლის სხვა მამაკაცები ომში წაიყვანა ლორდმა ერლინგმა, ასე ამბობდნენ სოფლის მოხუცები, ეჰ, ალბათ უმეტესობა ვეღარ დაბრუნდება სახლში, „ჩრდილოეთის მახვილთან“ ბრძოლას ვინ გადარჩენია ცოცხალიო.

მართლაც, ომიდან მხოლოდ მჭედელი უვარი დაბრუნდა სოფელში, – ისიც, ფეხნაკლული.

– ჰა, ერთი დღე კიდევ შევიცადოთ, – თქვა სქელტუჩებამ, – თუ არ გამოჩნდა მერე ჩვენით დავეცეთ სოფელს და ეგ იქნება.

„რაო, სოფლის გაძარცვაო ? – შეშინდა როზი, – მეუფეო, ყაჩაღები არიან. სულელო გოგოვ... დიდი სულელი ვინმე ხარ, აი. ხომ ხარ ახლა ღირსი აქვე გაგაფრთხობინონ სული ?“

უკან დახევა იწყო როზიმ და როგორც კი მეორე ნაბიჯი გადადგა მის ფერხთით რტომ დაიტკაცუნა.

გაშეშდა და დაფეთებულმა გაიხედა კოცონისკენ. მისკენ ზურგით მჯდომი მელოტი კაცი პირდაპირ მისი ბუჩქებისკენ იყურებოდა ლუკმის ღეჭვით, – ნაიარევი ჰქონდა წარბზე და უზარმაზარი ხალი ეჯდა ლოყაზე. ცოტა ხანს უცქირა უცნობმა ბუჩქებს და მერე ისევ ცეცხლსა და ამხანაგებს მიაჩერდა.

– რა იყო ? – იკითხა რომელიღაცამ ხრინწიანი ხმით.

– კურდღელი, ალბათ.

ცოტა ხანს დავიცდიო, ისევ ჩაიცუცქა როზიმ. არადა, უკვე მუხლები სტკიოდა ჩაკუზულ მდგომარეობაში ყოფნისგან. აპირებდა, მაშინ გასცლოდა იქაურობას როდესაც ლაპარაკს დაიწყებდნენ.

საკმაოდ ბევრს ჭამდნენ და სვამდნენ მამაკაცები. ტოტებისგან შეკოწიწებულ სადგამზე ცეცხლის ზემოთ გადებულ ხორცს დროდადრო ნაჭრებს ათლიდნენ დანებით და ერთი-ორი სულის შებერვის შემდეგ პირებში უძახებდნენ. ტიკი კი ერთიდან მეორის ხელში გადადიოდა, მერე, - მესამის და ასე შემდეგ.

„ჰა, მიდით, დაილაპარაკეთ“, – გონებაში თქვა როზიმ და გეგონება ამას ელოდაო, მაშინვე დაიძახა ზორბამ:

– მამაჩემი ტახმა მოკლა !

როზიმ სასწრაფოდ გადადგა უკან ნაბიჯი და სანამ ხელახლა შეახებდა ჩექმას მიწას, ზემოთ ხმამაღალი ტკაცანის ხმა გაისმა.

ყაჩაღებმა მაღლა აიხედეს და მონასტრის თაღთან ახლოს მდგომი ნაწილობრივ ფოთლებგაცვენილი უშველებელი მუხის კენწეროს მიაჩერდნენ. ერთ-ერთი, რომელსაც ნაყვავილარი ლოყები და წითელი წვერი ჰქონდა, ფეხზე წამოდგა და ამგვარად მიაჩერდა ხის მსხვილ და ქერქდაბზარულ ტოტებს.

– რა ჯანდაბაა ?

– არწივია ? – ფეხზე წამოდგა სქელტუჩებაც.

როზიმაც ახედა მუხას. ტოტებისა და მეჩხრად დარჩენილი მომწვანო-მოყვითალო ფოთლების მეტს ვერაფერს ხედავდა.

– ნუ ჩაიჯვით, რომელიმე დიდი ჩიტი იქნება, – ისევ გაისმა ხრინწიანი ხმა და მელოტის გვერდით რომ შევერცხლილთმიანი კაცი იჯდა წამოიმართა და პირდაპირ როზის ბუჩქისკენ წამოვიდა.

გოგოს სუნთქვა შეეკრა აღელვებისგან. თუ კარგად დააკვირდებოდა უცნობი ფოთლებსა და ტოტებს, წესით, უმალ შეამჩნევდა ვიღაც რომ იყო გაქვავებული მათ მიღმა. მაგრამ, უკანაც რომ გადაედგა როზის ნაბიჯები, ფეხის ხმას მაინც გაიგებდა ალბათ ყაჩაღი.

„სულელო... სულელო გოგოვ. გაები, შე ბენტერა შენა“.

მამაკაცი ბუჩქებს მოუახლოვდა, შარვალი ჩაიწია და ასო ამოიღო. მოშარდვა დაიწყო. თან, გამაძღარი ქოფაკივით ხვნეშოდა. როზის დაკივლება მოუნდა, მაგრამ მუცელში ჩაიკლა ბგერები და თვალი მოარიდა ასოს, რომელიც მისი აწ გარდაცვლილი ქმრისაზე ოდნავ გრძელი და მსუქანი მოეჩვენა.

ფოთლების შარიშური არა და არ წყდებოდა. ამდენი რა დალიაო, წუხდა გოგო და მიწას მიშტერებოდა დაძაბული.

„აქეთ არ გამოიხედო, ჰა. გეხვეწები“, – იძახდა გულში.

ცოტა ხანში, ისევ მიჩუმდა ბუჩქები.

მგონი, გადავრჩიო, ნელა ჩაისუნთქა როზიმ და ნამეტნავი სიფრთხილით შეხედა უცნობის თვალებს.

ადგილზე გაშრა. პირდაპირ მას მისჩერებოდა ცასავით ლურჯი თვალები.

„ოო, მეუფეო. მიშველე, მეუფეო“, – ადგილიდან ვეღარ იძვროდა როზი.

კაცმა შარვალი აიწია, თხილის ბუჩქს გვერდი აუარა და პირგაღებული მიაჩერდა მას. სასმლისგან ამღვრეული იერი ჰქონდა. როზის თვალები ისე გაუფართოვდა, ასე ეგონა ვეღარასდროს დახუჭავდა.  

– კრეინ, რა ჯანდაბას შვრები ? – უკნიდან დაიძახა ვიღაცამ.

– ჩიტი ! ვიპოვე, მგონი !

როზიმ კაბა ოდნავ აიკალთა და გაქცევა მოინდომა, მაგრამ უცნობს ზურგი აქცია თუ არა ამ უკანასკნელმა იღრიალა და ისეთი სისწრაფით მიახტა, რომ ფეხის ადგილიდან მოცვლა ვერ მოასწრო.

ატალახებულ მიწაზე დავარდა. ზემოდან ტლანქი სიმძიმე იგრძნო. კალათა ძირს დაუვარდა და სოკოები მიწაზე გაიფანტა.

– სად წამიხვალ, ჩიტუნა ! – სასმლის საძაგელი სუნი ამოანთხია პირიდან კაცმა.

– გამიშვით, გევედრებით ! – ამოიკვნესა როზიმ, – ძუძუს ბავშვი მყავს, დამბადებელს ვფიცავ !

კაცმა ხელი შეუსრიალა მკერდთან.

– ოჰოო, გეტყობა. მეც მომაწოვე, რაღა. მომაწოვებ ?

როზი აკივლდა და მარცხენა იდაყვის თავში რტყმა დაუწყო მოძალადეს. კაცი აყვირდა და მუშტები დაუშინა ზურგში გოგოს. როზის ასე ეგონა, სადაცაა წელს გადამიმტვრევსო, მაგრამ, კაცი ფეხზე წამოვარდა, კოჭში ჩაავლო ხელი და კოცონისკენ წათრევა დაუწყო.

კიდევ უფრო ხმამაღლა აკივლდა როზი. მიწას ფრჩხილებით ხოკავდა. მთელ კაბასა და მოსასხამზე ტალახი და გამხმარი ფოთლები აიკრა. კოცონის მხრიდან დანარჩენი მამაკაცების ჩაცინებების ხმები ჩაესმა.

– ვაა, სად იშოვე ქალი, შე სულძაღლო ? – კმაყოფილმა დაიძახა სქელტუჩება ყაჩაღმა.

– ეე, კარგი ტრაკი აქვს, არა ?   

– და როგორი ქორფაა, ჰა. თექვსმეტ წელზე მეტის არ იქნება, ჩემს ყველა ნაბიჭვარს ვფიცავ.

– ძუძუებში რძე აქვს ! – გაიცინა იმან, ვინც როზის მიათრევდა და რამდენჯერმე მაგრად ჩაახველა.

როდესაც ცეცხლთან ახლოს მიიყვანა, ხელი უშვა. გოგო, შეშინებული მიაჩერდა მამაკაცებს. აღარ გარბოდა. რა აზრი ჰქონდა ? მაშინვე დაეწეოდნენ და უარესს დამართებდნენ.

ყველანი კმაყოფილი სახეებით მისჩერებოდნენ მას. ნერწყვმომდგარ ძაღლებს ჰგავდნენ, რომლებიც სადაცაა უგემრიელეს სალაფავს დააცხრებოდნენ.  

– მითხარი, ჩიტო, – მოუახლოვდა სქელტუჩება, – აქ საიდან გაჩნდი, ჰა ?

როზის არაფერი უპასუხია. თვალები ძირს დახარა აკანკალებულმა და მიწას ჩააჩერდა.

– ჰე ახლა, პირველი რომელი მივიდეთ ? – ტუჩები გაილოკა ცხვირგაბრტეყელებულმა ზორბა მამაკაცმა.

– მე მივალ, – დაიძახა ლოყებდაკენკილმა ყაჩაღმა, – იმ დღეს, განა სულ ბოლო არ მიმიშვით იმ ოქროსფერთმიან ქალთან ?... ახლა ჩემი ჯერია პირველი ვიყო.

– ოჰ, კარგი ერთი, – მიუბრუნდა ამხანაგს სქელტუჩება და შემდეგ ისევ როზის მიაჩერდა, – პირველი მე ვარ.

შარვლის ჩახდა დაიწყო მან და ამ დროს უკნიდან ერთ-ერთმა ყაჩაღმა ისე ამოიგმინა, გეგონება ერთბაშად ამოართვეს სულიო.

დასაკლავი ბუღებივით აბღავლდნენ მამაკაცები. როზიმ ხმლით შეიარაღებული ვიღაც მეტისმეტად ფერმკრთალი, მკვდრისფერი შავსამოსიანი ახალგაზრდა დაინახა, რომლის გარშემოც სისხლი ნაკადულებად მოედინებოდა.

გოგოს იმედი მიეცა, ჩემი გადამრჩენელიაო, მაგრამ უეცრად ისეთი რამ ჰქნა ვაჟმა თვალები შუბლზე აუვიდა, – ცხვირგაბრტყელებულ ზორბა ყაჩაღს ყელში ეცა პირით და ერთიანად გამოაგლიჯა ყანყრატო, ხოლო სქელტუჩებას ისე სწრაფად და ისე ძლიერად უთავაზა მუცელში წიხლი, რომ ოცდახუთი ფუტის იქით გადააგდო და მონასტრის კედელს მიანარცხა ჩალის თოჯინასავით.

– ოო, მეუფეო, – ამოიკვნესა როზიმ, როგორც კი უცნობი ჭაბუკის სავსემთვარისფერი თვალები და წვეტიანი ეშვები დაინახა, – შეგვეწიე და შეგვიწყალე !  

ნუთუ, ეს... ნუთუ, ეს ცივი იყო ? ნუთუ, ისევ დაბრუნდნენ ახალ იმრონში ?

ფეხზე წამოიმართა როზი, რათა სასწრაფოდ გასცლოდა ამ საზარელ ადგილს, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმისთანავე ისევ ძირს დაეცა ძრწოლისგან და განცვიფრებისგან თავბრუდახვეული.

– სულელო, სულელო გოგოვ, – იმეორებდა თავისთვის და თან თვალს ვერ აცილებდა თუ რას მართებდა ცოცხლად დარჩენილ ბოლო ორ ყაჩაღს ვაჟი.

ლოყებდანკეკილ კაცს მუცელში გაუყარა ხმალი შემაძრწუნებელი ძალით და შემდეგ ორივე ხელით ისე ადვილად მოაგლიჯა თავი, გეგონება ხერხემლის ნაცვლად თხელი რტო ჰქონოდა კისერში, ხოლო კანის ნაცვლად, – სიფრიფანა პერგამენტი.

ის კი, ვინც ძალით მიათრია როზი კოცონთან, ხმლის ერთი მოქნევით გაკვეთა შუაზე და ხელებაფართხალებული ბაყაყივით დააგდო ძირს.  

მისი ფეხები ცალკე ფართხალებდა.

როზი ნიკაპის ცახცახით მისჩერებოდა აქეთ-იქით მიმოფანტულ დასახიჩრებულ ყაჩაღებს, რომელთაც ცოტა ხნის წინ ნერწყვი ჰქონდათ პირზე მომდგარი მოსალოდნელი ნეტარებისგან, ახლა კი უსულო საფრთხობელებივით ეყარნენ ატალახებულ მიწაზე.

ჭაბუკმა სისხლიანი ხმალი მკერდგამოგლეჯილ მელოტ მამაკაცს შეაწმინდა ტილოს შარვალზე და შემდეგ ქამარზე შებმულ ტყავის ორნამენტებიან ქარქაშში ჩააგო. ერთი შეხედა როზის და მერე ყანყრატოგამოგლეჯილ ზორბა ყაჩაღის გვამთან ჩაიმუხლა. ისე დაეწაფა მისი ყელიდან მომდინარე სისხლს, როგორც ნადირის ხანგრძლივი დევნისგან დაღლილი მონადირე კლდიდან გადმოდენილ გრილ და საამურ წყაროს წყალს.

– მეუფეო, მიხსენი, გევედრები ! – ლამის ტუჩების გამოძრავების გარეშე ბუტბუტებდა ვაჟის შემხედვარე როზი, – შემეწიე, გევედრები ! მაპატიე, სიკვდილი, რომ ვუსურვე ყასაბ კალინს ! მაპატიე, გევედრები ! 

უცნობი ჭაბუკი მალევე წამოიმართა ფეხზე და როზის მიუბრუნდა:

– ნუ გეშინია ! ჩათვალე, შენმა მეუფემ მე გამომგზავნა შენ გადასარჩენად !

რაო ? ნუთუ, ასე ხმამაღლა ვლოცულობდი, რომ ჩემი ხმა გაიგოო, გაიფიქრა როზიმ და მუცელში რაღაც მტკივნეულად შეეკუმშა ვაჟის სისხლით მოთხვრილი, თუმცა საზარლად ლამაზი სახის შემხედვარეს, ხოლო მისი უცნაური ხმის გაგონებაზე ერთიანად დაბურძგლა ტანში.

ახლა, მონასტრის კედელთან დაგდებულ სქელტუჩება მამაკაცს მიუახლოვდა ახალგაზრდა. კედელი ნაწილობრივ ჩამოშლილი იყო და ნაფხვენების ნაწილი ზედ ეყარა გვამს.

ცალი ხელით გადმოაბრუნა ყაჩაღი ჭაბუკმა, ჩაიმუხლა და მგელივით ჩააფრინდა მის ყელს. როზის გულისრევის შეგრძნება დაეუფლა და ისევ მიწას ჩააჩერდა, თუმცა მაინც გაურბოდა თვალი ცივისკენ. თან, იმას ფიქრობდა გავიქცე თუ ასე ვიჯდეო. ვეღარ ხვდებოდა რა ექნა. როგორც ჩანს, მართალი იყო რასაც ცივებზე ჰყვებოდა ხალხი. ისინი, თვალივით სწრაფები და გიგანტებივით ძლიერები იყვნენ. რომც გაქცეულიყო, როგორ უნდა დაეღწია თავი ამგვარი არსებისგან ?

როდესაც სისხლით გული იჯერა ვაჟმა, ისევ ფეხზე წამოდგა. ორნამენტებიან ქამარზე შებმული ტყავის მათარა მოიმარჯვა და ერთ-ერთ ყელგამოჭრილ გვამთან ჩაიმუხლა. ყელზე თითებით დააწვა და ჭრილობიდან გადმოჟონილ სისხლს მათარა შეუშვირა.

– უნდა... უნდა მომკლათ ? – ამოიკნავლა როზიმ. აკანკალებდა. ასე ეგონა, სრულიად შიშველი იყო ყინვაში გაგდებული.

– არა ! – ჭაბუკმა ყინულივით ცივი თვალები მიანათა და შემდეგ ისევ მათარას ჩააჩერდა.

ყველაფერი შავი ფერის ეცვა ცივს, – ტყავის კამზოლიც, ტილოს შარვალიც და ტყავის ატალახებული ჩექმებიც. კიდევ უფრო შავი, უმთვარო ღამესავით ბნელი აბრეშუმის მოსასხამი მხრებზე ჰქონდა მოგდებული და მხოლოდ შევარდნის ფორმის პატარა ვერცხლის სამაგრები აღიავებდა მის სამოსს.  

– მე... მე... პატარა ბავშვი მყავს... ძუძუს ბავშვი... დამბადებელს ვფიცავ...

– ხომ გითხარი, ნუ გეშინია-მეთქი ! ჩემი რჩევაა, მომავალში, როცა მამაკაცებთან მარტო იქნები აღარასდროს ახსენო სიტყვა „ძუძუ“ !

ცივმა მათარა მოაშორა ჭრილობას. შემდეგ, სისხლით შეღებილი ფერმიხდილი თითები გაილოკა და საცობი უხალისოდ დააცო მათარას.

– სახლში წადი ! – უთხრა როზის და ზურგი აქცია.  

ნანგრევების მიღმა ამოზრდილი ტოტებდაღრეცილი ნეკერჩხლებისკენ გაემართა იგი.

ტყვიისფერი ცა ცივ და რუხ სინათლეში აბანავებდა მოღუშულ ხეებს და ხელახალი გაწვიმებით ემუქრებოდა ნესტისგან დამპალი ფოთლებითა და რტოებით გაჟღენთილ მიწას. უყურებდა მისგან უფრო და უფრო შორს, პირქუშ სიმუქეში მიმავალ ცივს როზი და ფიქრობდა, მგონი იგი უფრო ცივია, ვიდრე ცაო, ვიდრე თუნდაც თავად მდინარე ყინულაო.

 

 

 

თავი მესამე

 

 

სახლში დაბრუნების შემდეგ, ორი დღე გარეთ აღარ გასულა როზი. აღარც მშობლებს მიხმარებია სახლის საქმეებში, – ცუდად ვარო, იძახდა. უმეტესად საწოლზე იყო გაწოლილი და საძინებლის ნაპრალებიან ფიცრის ჭერს მისჩერებოდა. აღარც ყასაბი კალინი ახსოვდა, აღარც გათხოვება, პატარა ეინარისთვის ძუძუს მოწოვებაც კი გადაავიწყდა რამდენჯერმე და დედამისსა და გერდას რომ არ გამოეფხიზლებინათ, ალბათ მშიერს დატოვებდა შვილს.

ტყეში თავს გადახდენილ ამბავზე სახლში არაფერი მოუყოლია. შინ დაბრუნებული თავიდან ბოლომდე ტალახში ამოვლებული რომ დაინახეს დედამ, ტრევორმა და გერდამ, ასე თქვა, ქვაზე ფეხი დამიცდა და წუმპეში გავგორდიო. ბევრს აღარაფერს ჩაჰკითხვიან, – მთავარია, სოკო მიიტანა სახლში.

იწვა როზი თივით გამოტენილ ჯვალოს ლეიბზე და სხვადასხვა თქმულებები და ლეგენდები ახსენდებოდა ცივებზე.

ისინი ხომ მას შემდეგ გამოჩნდნენ ახალ იმრონში, რაც ძალიან დიდი ხნის წინ იმრონელები ჩამოვიდნენ აქ. მჭედელი უვარისგან ჰქონდა ერთხელ მოსმენილი, რომ ცივები იმრონელებსა და ძველ ჩრდილოელებს მფატრავების ახალი იმრონიდან განდევნაში დაეხმარნენო. ხოლო მათ სოფელში ოთხი ზამთრის წინ ჩამოსული ჩამოძონძილი მოხეტიალე მეზღაპრე, რომელმაც ცივების შექმნის ლეგენდა უამბო მის გარშემო შექუჩებულ ხალხს, იძახდა, რომ ზოგიერთი ადამიანის ცივად გარდაქმნაში ისტლენდელი ბნელი მაგებისა და ალქიმიკოსების ხელი ურევია და რომ პირველი ცივი სწორედ მფატრავისა და ადამიანისგან შექმნეს მათ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ახალი იმრონიდან არც ისე დიდი ხნის გაქცეულები იყვნენ როგორც ალქაჯები, ისე ნიმფებიო.

ცივებზე სხვა თქმულებებისთვისაც ჰქონდა როზის ყური მოკრული მთელი თავისი თხუთმეტწლიანი ცხოვრების განმავლობაში, თითქმის ყველა მათგანი ურთიერთსაწინააღმდეგოც იყო ბევრ რამეში, მაგრამ ერთი რამ ყველგან ემთხვეოდა, – ყოველი ცივი უკვდავი იყო და ყოველ მათგანს ნებისმიერი ადამიანის თავისნაირად ქცევა შეეძლო.

როზი თავს უსუსურად გრძნობდა იმის გამო, რაც ტყეში დამართეს ყაჩაღებმა. იმ შიშის მოგონება, რასაც მაშინ განიცდიდა, ეკლებიანი გველივით მტკივნეულად ეხვეოდა გულზე. ცივის გახსენებაც ზარავდა, მაგრამ თან ერთგვარი იმედი ეღვრებოდა სულში, როცა აცნობიერებდა, რომ მან იგი ნამუსის ახდას და ვინ იცის სიკვდილსაც კი გადაარჩინა.

და ნუთუ შესაძლებელი იყო თუ მოინდომებდა როზიც ცივი გამხდარიყო ? ნუთუ, შესაძლებელი იყო, რომ აღარასდროს აღარაფრის შეშინებოდა ? ეს აზრი გოგოს არსებაში ხვიარასავით იდგამდა ფეხს და გრძნობდა თანთანად როგორ ეხვეოდა მის ტყვეობაში უფრო და უფრო ღრმად, ისევე როგორც ბუზი - ობობას ქსელში.

„მისნაირი ძლიერი ვიქნები... ვეღარც დედა და მამა დამიმორჩილებენ, ვეღარც გამათხოვებენ... ვერავინ ვერაფერს დამაძალებს, ვერავინ ვერაფერს დამიშავებს... აღარაფრის აღარ შემეშინდება, ღმერთმანი“, – მეტად მიმზიდველად ეჩვენებოდა ეს აზრი როზის და თავბრუ დაესხა, როცა გააცნობიერა რას ნატრულობდა.

ტყიდან დაბრუნების მესამე დღეს სახლის საქმეებში ისევე ჩაერთო, როგორც მანამდე. ყოველ დილით, სანამ პატარა ეინარს ძუძუს მოაწოვებდა, მამას ეხმარებოდა მთელი სოფლის საქონლის მოკრებაში რამდენადაც მენახირეობა უწევდა გრევორს წმინდა ანეტას დღემდე. შემდეგ, შვილს გამოკვებავდა და დედას ეხმარებოდა რეცხვასა და სადილის მომზადებაში. მერე ქათმების მოვლას იწყებდნენ და ბოლოს ბოსტნის გამარგვლასა და გათოხნაზე გადადიოდნენ.

– იცოდე, არ შემარცხვინო კალინთან, – რამდენჯერმე გაუმეორა დედამ მუშაობისას, – ეს მონაგონი უნდა იყოს იმდენი უნდა იმუშაო თავისთან როცა წაგიყვანს. სუსტი მაჯები აქვსო შენზე რომ თქვა იმ დღეს, ხომ გაიგონე ? ხოდა, უნდა აჩვენო, რომ ტახივით დედაკაცზე მეტი შეგიძლია, მაშ. რეცხვაც გასწავლე, კერვაც, თოხნაც, პურის ცხობაც და საჭმლის კეთებაც. ისე უნდა ჰქნა, რომ გამზრდელი შეგიქოს ქმარმა, აბაა.“

როზიმ კი უთხრა, რაო აღარ სწუხხარ მიწის დათმობა რომ გიწევს სიძისთვისო და ამაზე კინაღამ თმები დააპუტა დედამ. ბავშვობაში უფრო მეტი უნდა მეტყიპე ხოლმეო, დაუცაცხანა.

ხანდახან გერდა და ბოც ეხმარებოდნენ საშინაო საქმეებში დედას, მაგრამ ძირითადი სიმძიმე მაინც როზიზე გადადიოდა. როზი კი იღლებოდა და იღლებოდა და როცა წარმოიდგენდა, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ სახლის უაზრო საქმეებისთვის უნდა მიეძღვნა, სული ეხუთებოდა. ასე ეგონა, ძალდატანებით თუ არ გააგრძელებდა სუნთქვას, ცოტაც და კვახივით გასკდებოდა.

და თან ვისი სახლის საქმეებს უნდა გადაჰყოლოდა ? – ვიღაც სუნიანი ყასბის.

„არა, რამე უნდა ვქნა. უნდა ვიპოვო იგი. იქნებ, ისევ აქ იყოს ?“ – მოუთმენლად ელოდა როზი იმ დღეს, როდესაც სოკო გაუთავდებოდათ და ტყეში ხელახლა წასვლა მოუწევდა.  

 

 

 

 

 

****

 

 

ტყისკენ მიმავალ ქვიან აღმართზე წამოშოლტილი უსუპები დილის მზის ნამეტნავად გრილ სხივებში ბანაობდნენ, ნიავისგან აცეკვებული ზამბახები და იები ოდნავ არხევდნენ პეპლის ფრთებივით ფაქიზ ფურცლებს, ხოლო მობუზული გვირილები ზანტად აკანტურებდნენ კოხტა თავებს. აღმართი აიარა როზიმ და ნელ-ნელა ხეებს შორის შეაბიჯა. ცოტა ღრმად უნდოდა შესვლა, მისი ძახილი რომ ვერავის გაეგო სოფელში, თუმცა მაინცდამაინც ყვირილს არ აპირებდა. დარწმუნებული იყო, ცივი ისეთ საუბარსაც კი გაიგებდა, როგორითაც თუნდაც ხუთი-ექვსი ფუტით დაშორებული ადამიანები ესაუბრებიან ერთმანეთს.

„აბა, მაშ როგორ უნდა გაეგო იმ დღეს ჩემი ბუტბუტი ?“

გზადაგზა სხვადასხვა სოკოებს იყრიდა კალათაში და წინ და წინ მიიწევდა. დაბურულ ნაძვებთან მისულს მოაფიქრდა მონასტრის ნანგრევებთან მივალ, იქნებ ისიც იქ, ახლომახლო იყოს სადმეო.

იმის მერე, რაც ტყიდან სახლში დაბრუნდა, აღარ უწვიმია და მიწა კარგად იყო გამომშრალ-გამაგრებული. ერთ ადგილზე გაშეშებულ ნეკერჩხლებსა და ცაცხვებს ტოტები ხელებივით ჰქონდათ მაღლა აშვერილი და როზიმ ისინი მაღალ მამაკაცებს მიამგვანა, რომლებიც მზეს ისევე ადიდებდნენ, როგორც მოციქული ულრიკი სულთა მეუფეს სხვადასხვა მსახურებისას.

მონასტერთან მიახლოებისას ნაბიჯი მკვეთრად შეანელა. ვაითუ, ახლა სხვა ყაჩაღები ისხდნენ აქაო, შიშობდა. მაგრამ, როდესაც თხილის ბუჩქებამდე მიაღწია, დამშვიდდა. 

ცოცხალი არავინ იყო იქ. ყაჩაღთა გვამებიდან ერთიღა იყო დარჩენილი, იმასაც სახის უმეტესი ნაწილი, მარცხენა ბარძაყი, მუცელი და ფერდები სულ გამოგლეჯილი ჰქონდა, ძვლებამდე.

„ვითომ მგლებმა შეჭამეს ? – ზიზღმა დაუფარა სახე როზის. როგორც სმენოდა, ცივები ადამიანის ხორცს არ ჭამდნენ, –  არც ტურები და ყორნები დაზარდებოდნენ ამ საქმეს.“

 ჩამქრალი ნაკოცონარი აღარც კი ხრჩოლავდა და მისი გამაღვივებლებივით ბოლომდე მომკვდარიყო. ღორის ხორცი ნახშირად იყო ქცეული და უზარმაზარი დაშრეტილი მუგუზალივით იდო ტოტებისგან შეკოწიწებულ სადგამებს შორის.

ბუჩქებს გასცდა როზი და როგორც კი ოდნავ მიუახლოვდა მონასტრის ნანგრევებს, დამპალი ხორცის სუნი ეცა უმალ. უკან დაიხია სასწრაფოდ და თვალი მოარიდა აყროლებულ გვამს, რომელიც, როგორც ამოიცნო იმ მელოტ ყაჩაღს ეკუთვნოდა ნაიარევი წარბი, ხოლო ლოყაზე დიდი ხალი რომ ჰქონდა.

ახლა უკვე აღარც ხალი ჰქონდა შერჩენილი მას და აღარც წარბი. ერთადერთი, რითაც მისი ცნობა იყო შესაძლებელი, უთმო ადგილი იყო გალურჯებულ თხემსა და შუბლზე.

იქვე ახლოს ორი ცალი დანა ეგდო მიწაზე. ყაჩაღთა დანარჩენი იარაღებიც აქეთ-იქით იყო მიმოფანტული.

როზიმ გადაწყვიტა ცივისთვის ეხმო, მაგრამ პირი რომ გააღო მიხვდა მისი სახელი არ იცოდა.

„როგორ დავუძახო ?“

ალბათ, დიდებულიაო, დაასკვნა. აბა, ვერცხლის სამაგრები საიდან ექნებოდა მოსასხამზე ? საუბარზეც აშკარად ეტყობოდა, რომ გლეხი არ იყო.

– მილორდ !.. – ოდნავ ხმამაღლა დაიძახა როზიმ, – თქვენთან საუბარი მინდა, მილორდ !

არაფერი.  

შემდეგ, ზემოთ, ხეების კენწეროებს მიმართა, რადგანაც დარწმუნებული იყო იმ დღეს მაღლა იმიტომ დაიტკაცუნა ტოტებმა, რომ ის ცივი უშველებელი მუხიდან აკვირდებოდა მონასტრის ეზოსა და მის მიმდებარე ბუჩქებთან მიმდინარე მოვლენებს.

კვლავ არაფერი. მხოლოდ ჩიტები გამოეხმაურნენ და ნიავისგან აშრიალებული მოკუნტული ფოთლები. იფიქრა, მოდი სხვანაირად მივმართავ, იქნებ ვერ ხვდება ვინ იძახისო.

ცივთან საუბარი მინდა !... ჩემს მხსნელ ცივთან !

თვალები ყურადღებით მოავლო არემარეს როზიმ. არავინ იძვროდა არც ზემოთ, არც ქვემოთ. იმედი არ დაუკარგავს, ტყე ძალიან დიდია და შეიძლება მთლად ამსიშორეზეც არ ესმის ჩემი ძახილიო.

მონასტერს გვერდი აუარა და ხმელი არყებისკენ წავიდა. თან თავის მხსნელს მიმართავდა დროდადრო. შემდეგ, აღმოსავლეთისკენ წავიდა ძახილ-ძახილით, კარგა ხანს იარა და მაშინღა შედგა, როცა ჭაობებთან ახლოს ამოსულ პანტის ხეებს მიადგა.

არავინ ეხმიანებოდა.

იქნებ საერთოდ წავიდა ამ ტყიდანო, შეშინდა როზი და უიმედობამ ისევე აჩქარებით იწყო მის შიგნეულობაში ჩაღვრა, როგორ სწრაფადაც მეფუტკრე გუნვორი ასხამდე ხოლმე გაზაფხულის თაფლს თიხის ქილებში.

 ახლა ღელესკენ წავიდა. გზაში თან თავის მხსნელს უხმობდა, თან სოკოებს კრეფდა. გვიან დილამდე მოანდომა ჯაგნარამდე მისვლას, რომელიც წყლის ნაკადის ნაპირებზე ამოსულიყო და მთელი ამ ხნის განმავლობაში არათუ ცივის მსგავსს, არამედ ჩვეულებრივ ადამიანსაც კი არავის შეხვედრია. მხოლოდ ორ ციყვს მოჰკრა თვალი გირჩებით დახუნძლულ ფიჭვებზე, ნისკარტმოთხვრილ კაჭკაჭს, – კუზიან მუხაზე და აქეთ-იქით მიმომავალ ჭიანჭველებსა და მომწვანო ხოჭოს, – ერთ გაქუცულ ნეკერჩხალთან.

„თუმცა კარგია, ადამიანი რომ არავინ შემხვდა. ვაითუ, ისევ ყაჩაღებს გადავეყარო“.

ღელეს იქით გადავიდა როზი და კორდისკენ გაემართა, ბარემ მდელოს ქამასაც წავიღებ სახლშიო, იფიქრა იმედგაცრუებულმა.

უკანა გზაზეც ლამის ყოველ სამ-ოთხ ნაბიჯში უხმობდა ცივს, მაგრამ უშედეგოდ. სახლში დაბრუნებულს მეტად დამძიმებული ჰქონდა გული, თუმცა რას იზამდა ? ამის მიუხედავად თავისთვის იძახდა, არ დავნებდებიო.

მომდევნო სამი დღე ისეთი ძლიერი წვიმები დაიჭირა, ისედაც ატალახებული სოფელი მთლიანად ლაფში ჩაეფლო. როზის მამა მთელი დღეები სახლში იყო, რადგან ნახირის საბალახოდ წაყვანას აზრი არ ჰქონდა ამგვარ ამინდში, ასე რომ მშობლების განუწყვეტელი კამათის მოსმენა უწევდა გოგოს.

ხან რაზე კამათობდნენ გრევორი და ბრენა, ხან რაზე, თუმცა ყველაზე მეტს მაინც ჭვავის ხელმომჭირნედ გამოყენებაზე, თხების შეძენასა და საშემოდგომო ხვნა-თესვაზე დავობდნენ. ერთი-ორჯერ ზედმეტი თაფლუჭის დალევის გამოც აუზვირთდა ბრენა ქმარს, მაგრამ დიდად არ წუხდა მშობლების ცილობაზე როზი, – მთავარია გათხოვებაზე საუბრით არ უწუხებდნენ გულს.

როდესაც გამოიდარა, მაინც ისეთი საძაგელი ტალახი იყო გარშემო ყველგან, რომ ნებისმიერი იტყოდა ახლა ტყეში წასვლა სიგიჟეაო, თუმცა როზი მაინც გაემართა სოკოს საკრეფად. გამოლეული რომ არ ჰქონოდათ მაინც წავიდოდა ტყეში და მითუმეტეს რა გააჩერებდა ახლა, როცა ავდრის დღეებში ერთიანად გააქრო სოკო მისმა მსუნაგმა ოჯახმა.

ღობესთან მისულს დედამისმა მიაძახა დროზე დაბრუნდი, ეზოს და ნაკვეთების გაწმენდაში დაგვეხმარე მე და მამაშენსო, მაგრამ ვინ რა პასუხს მოსთხოვდა გვიანაც რომ დაბრუნებულიყო ? იტყოდა, შორს წასვლა მომიწია სოკოს საპოვნელადო და ეგ იქნებოდა.

იმედიანად შეაბიჯა ტყეში კამეჩის ტყავისგან შეკერილი დედამისის ნაქონი სქელძირა ჩექმებით, თავიდანვე ძახილ-ძახილით დაიწყო ხეებსა და ეკლიან ბუჩქებს შორის გზის გაკვლევა, მაგრამ რად გინდა, – არც მონასტრის ნანგრევებამდე მისულს გამოეხმაურა ვინმე და არც პანტის ხეებამდე და ნაცნობ კორდამდე ტალახში ტოპვისას.

მხოლოდ ჩიტები, ციყვები, ქინქლები და ჭიანჭველები ენახვებოდნენ. ეს იყო და ეს.

დიდად დამწუხრდა როზი. კიდევ კარგი სოკო მაინც მოვკრიფე ცოტაო, კალათში ჩაყრილ ტლაპოიან ტყის ქამასოკოებსა და არყისძირებს დახედა, ოღონდ შვება მაინც არ უგრძნია.  

ამის მიუხედავად, არ დანებებულა გოგო, – ყოველ სამ-ოთხ დღეში მიდიოდა ტყეში, თუმცა ხეებსა და ბუჩქებს შორის უშედეგო ძრომიალის შემდეგ უფრო და უფრო გულდაწყვეტილი ბრუნდებოდა სახლში. არადა, ყველა ნაცნობ ადგილს მოივლიდა ხოლმე. ერთი-ორჯერ შორეულ, ხავსივით მწვანე პატარა ტბამდეც კი მიაღწია, რომელიც აქამდე არ ჰქონდა ნანახი, იმედი მიეცა იქნებ სადმე ახლომახლო იყოს ცივიო, მაგრამ მაინც არაფერი: არც ისე მცირეხნიანი ძახილის შემდეგ დაღვრემილი გაშორდა ტბის ნაპირას ამოსულ ისლის გახუნებულ ბუჩქებს.

ნელ-ნელა ახლოვდებოდა დიად მოციქულ დემეტრას დღე. ბრენამ თავისი ქალიშვილობის დროინდელი კაბის განახლება დაიწყო, რათა როდესაც წასაყვანად მოაკითხავდა როზის საქმრო, რაც შეიძლება კოხტა და კოპწია მოსჩვენებოდა ამ უკანასკნელს პატარძალი.

– ჰო, ისეთი უნდა დახვდე, ოთხმოცი კი არა ასი ბროილიც რომ არ დაენანოს, – კმაყოფილი იძახდა ნემსმომარჯვებული ბრენა და სელის ოდესღაც თეთრ, თუმცა ახლა უკვე ქერისფერ კაბას ხან ერთ მუხლზე გადაიფენდა, ხან მეორეზე. ამის შემხედვარე როზის ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ნემსს დედამისი ქსოვილს კი არა პირდაპირ მის გულს უყრიდა.

გრევორს უკვე თხების ძებნა ჰქონდა დაწყებული, რომელთა შეძენასაც სიძის მიერ მისაცემი ფულით აპირებდა. ოღონდ, ყაჩაღების შიშით ტბისპირეთს არ გასცდენია და ასე იძახდა, ჩვენს ოლაფზე უკეთესი თხები არავის ჰყავს, სჯობს ისევ შინაურისგან შევიძინოთო.

ყველაფრისგან დაქანცული როზი საძინებელში წამოწვებოდა ხოლმე პატარა ეინარის გვერდით და ჩუმად ეჩურჩულებოდა მას თავის გულისტკივილს. ჩურჩულს კი როგორც წესი ამგვარად ასრულებდა:

– ხომ არ გეწყინება დედიკო რომ ვეღარასდროს ნახო ? მაპატიე, ძალიან დავიღალე... რა ვქნა, დავიღალე.

 

 

 

თავი მეოთხე

 

 

– გერდა, ძაფი მომაწოდე ! ტრევორ, ბო, იცოდეთ მიიტყიპებით ! – ბრენამ კაბის სახელოები შეუსწორა კერასთან ახლოს, თოჯინასავით დამდგარ როზის და უმცროსი ქალიშვილის მიერ მიწოდებული ძაფის გაყრა დაიწყო ნემსის ყუნწში.

ტრევორი და ბო ერთმანეთს გარედან შემოტანილ კენჭებს ესროდნენ. ელლა პირგაღებული მისჩერებოდა მათ, ხოლო გრევორი მაგიდას მისჯდომოდა და თაფლუჭს კმაყოფილი სახით წრუპავდა.

– დედაკაცო, რაღას წვალობ მაგდენს, ყასაბს ვაყოლებთ ცოლად, ლორდს კი არა ! – გაიცინა და სასმლით დალტობილი ულვაში მოიწმინდა.

ბრენამ ერთი ამოიფშვინა, უკმაყოფილოდ გახედა ქმარს და კაბის მარცხენა სახელოს კემსვა დაიწყო.

– ისე, მთრიმლავის მერე ყასაბი მთლად ცუდი არაა. ჰაჰ, როზი, მერე უკვე შეგიძლია რაინდს გაჰყვე ცოლად, ჰა ? ოღონდ მემამულეს... აბა მოხეტიალე და ჯიბეგაფხეკილი ჩემი თავიც მეყოფა... ან, სულაც ლორდს, მაშ. ყვერულები და შემწვარ-მოხრაკულები არ მოგვაკლდებოდა. თავისი მიწების მართვას ჩამაბარებდა ძვირფასი სიძე. ვინ იცის, ციხესიმაგრის განმკარგულებლადაც კი დავენიშნე, ჰა ?

– ნეტავ არ მიედ-მოედებოდე რაღაცებს ! – დაუცაცხანა ცოლმა, – ჰე, დაწექი ახლა ! მთვრალი ხარ უკვე, ვერ ატყობ ?

ბომ შემთხვევით კენჭი მოარტყა მკერდში მამას და ეს უკანასკნელი მხიარული ზმუილით წამოვარდა მაგიდიდან. ჩლახუნით გამოუდგა უკან ვაჟებს და აქეთ-იქით დაიწყეს ერთად სახლში მხიარული სირბილი. ელლაც მანჭვა-გრეხით შეუერთდა მათ. 

– ეინარი არ გააღვიძოთ ! – გაწიწმატდა ბრენა, – გრევორ, რამ გაგაგიჟა ამხელა კაცი ? აი, ნახე, ოლაფს თუ არ ვუთხრა აღარც კი დაგასუნინოს თავის თაფლუჭს ! მაშ დედაკაცი არ ვიყო ეგრე თუ არ მოვიქცე !

როზიმ საძინებლისკენ გაიწია, მაგრამ დედამ კაბაზე მოქაჩა და არ გაუშვა.

– გერდა მიხედავს ! გერდა, მიდი, დახედე ბავშვს ! გრევორ, გეყოთ ! ბო, ტრევორ, გარეთ ითამაშეთ თუ ვერ ჩერდებით, დროზე გადით !

ისევ ჩაწყნარდა ოჯახი. გრევორი თავის ადგილს დაუბრუნდა, ბიჭები და ელლა გარეთ გაიძურწნენ, გერდა კი, რომელმაც ერთი დახედა მძინარე ეინარს და შემდეგ ისევ უკან გამობრუნდა, ფრჩხილების კვნეტით მისჩერებოდა უფროს დას და მის ახალ კაბას.

– წელში ცოტათი მიჭერს, – თქვა როზიმ.

– ოჰ, სამაგიეროდ დიდ თეძოებს გიჩენს ! შენნაირი თეძოები რომ მქონოდა ფერმერი კრაუსიც კი წამიყვანდა ცოლად !

გრევორმა ჩაიცინა და თაფლუჭი მოყლუპა.

– ჰა, დედაკაცო, ხომ არ ნანობ იმ ახმახ ფერმერს რომ არ გაჰყევი თავის დროზე ? მამაშენის ძმაბიჭი იყო, არა ?

ბრენამ არაფერი უპასუხა ქმარს და კაბის სახელოს კემსვა განაგრძო.

– გავიხდი და ისე ჰქენი, არ შეიძლება ? – შეწუხდა როზი. 

– ცოტა ხანს შეიცადე. მაშ, ისე როგორ მოგარგო ? – თვალები დაუბრიალა დედამ.

– გაიგონე, გერდა ? – უმცროს ქალიშვილს დაეჯღანა გრევორი, – დედაშენს როზისხელა თეძოები რომ ჰქონოდა შეიძლება საერთოდ არ დაბადებულიყავი, აბაა ! ჰაჰ, თურმე ფერმერ კრაუსს გაჰყვებოდა ცოლად. ისე, რა ჭირი გინდოდა კრაუსსთან ? ცუდი იღბალი აქვთ მაგათ. ყველამ თავი არ ჩამოიხრჩო ? მაგან, მაგისმა ძმამ... დედამისმაც, არა ?

– წადი, დაიძინე უკვე, გრევორ ! – ძაფგაყრილი ნემსი მოუღერა ცოლმა, – ვეღარც ხვდები რაებს როშავ !

მამასახლისმა ხის სასმისი აუწია ბრენას, შემდეგ ბოლომდე გამოცალა და კერასთან ახლოს დადგმული საწოლისკენ წავიდა. მკვდარივით დაემხო ზედ და თვალებმილულული მიაჩერდა ცოლსა და ქალიშვილს.

– მე როდისღა უნდა გამათხოვოთ ? – იკითხა გერდამ.

– აჰა, უყურე ერთი, – ჩაეცინა ბრენას, – ზოგს ძალით ათხოვებენ, ზოგს სახლში ვერ აკავებენ.

მე როდისღა უნდა გამათხოვოთ, – ჩლიფინით გამოაჯავრა დას როზიმ, – კარგი რამე გგონია გათხოვება, შე ბენტერა ?

– როზი ! – თვალები გადმოუკარკლა დედამ. 

– ხომ არ გგონია მართლა რაინდი ან ლორდი გითხოვს ? – მრისხანების მოძალება იგრძნო როზიმ, – არა. ვიღაც მსუქან და აყროლებულ მეტყევეს მიგათხოვებენ !... ან არა, ყასაბს !... ჰო, ყასაბს და მთელი ცხოვრება მისი აქოთებული საცვლები უნდა რეცხო. ლოცვას დაიწყებ, მალე მოკვდეს ნეტავო ! შენთან როცა დაწვება...

– როზი, გეყო ! – ხმას აუწია ბრენამ და წელში გასწორდა. 

– სუნთქვის შეკავება მოგიწევს. ჰო, აბა ? თორემ ზედ მიარწყევ უეჭველად !

– ჰაჰ, ნუ აშინებ ბალღს ! – უკნიდან დაიძახა გრევორმა სიცილით.

– დააჭერ თუ არა კბილს მაგ დასაწვავ ენას ? – ლამის ყვირილზე გადავიდა ბრენა.

– და თუ გაგიმართლებს, დედასავით იქნები ! – გუდას პირი მოხსნა როზიმ, – გაყვითლებული და გაფუჭებული კბილები გექნება და ერთადერთი რაზეც იფიქრებ შენი ქალიშვილების გათხოვება იქნება !... არა, მათი გაყიდვა !

დედას განრისხებული თვალები მიანათა როზიმ და უმალ ისეთი ალიყური აირტყა, ზედა ტუჩიდან სისხლი წასკდა.

– თავხედი, გოგო ! – კბილებში გამოსცრა ბრენამ.

– მეზიზღები ! – ატირდა როზი, – შენც მეზიზღები ! – ახლა დას მიუბრუნდა, – ყველანი მეზიზღებით !

გარეთ გავარდა. ბო, ტრევორი და ელლა შეშინებული სახეებით მიაჩერდნენ.

– გამატარეთ, თქვე ცინგლიანებო !

მათი ეზოს მორყეული ფიცრული ჭიშკრისკენ გაემართა სწრაფი ნაბიჯით.

– მობრუნდი, შე თავხედო ! კაბა არ გააფუჭო იცოდე, თორემ ხომ არ გგონია გადამირჩები ? სულ თმებით გათრევ ! – მიაძახა დედამ, მაგრამ ახლა სულ ცალ ფეხზე ეკიდა როზის დედაც, მთელი თავისი ოჯახიც და ეს წყეული კაბაც, – სად მიეთრევი ? გრევორ, მალე მოსაღამოვდება, სად მიეთრევა ?

„ჭირსაც წაუღიხართ !“

ჭიშკრის კარები გაიბრახუნა როზიმ და ტყის მიმართულებით გაიქცა. ტუჩიდან მომდინარე სისხლს აქეთ-იქით აფურთხებდა. დედის ქოთქოთი ჩაესმოდა უკნიდან, მაგრამ არა უშავს, ტყეს მიუახლოვდებოდა და მის კრინტსაც ვეღარ გაიგებდა. კიდევ უფრო აუჩქარა ფეხს გოგომ, რაც შეიძლება მალე რომ გასცლოდა სოფელს. მონადირე სიგურდის ქოხთან ჩავლისას მისმა ჭორფლიანმა და უშნოდ აწოწილმა ბიჭმა გამოჰყო ბოსლიდან თავი და როზის მიაშტერდა. ამ უკანასკნელმა ერთი შეუღრინა რას მომჩერებიხარ, შე მახინჯოო და იმანაც მაშინვე შემალა ცეცხლისფერი თავი კედლებდახეთქილ ხის ბოსელში.

როდესაც სოფლის ჭაობზე გადებულ უშველებელ მორებზე გადავიდა, რომელიც ხიდის ფუნქციას ასრულებდა, დურგალი უვე მიაჩერდა სასმისით ხელში. მასაც ავი ძაღლივით გახედა როზიმ, ოღონდ თქმა ვერაფრის გაუბედა.

ტყეში შესვლისთანავე დანგრეული მონასტრისკენ გაემართა. წავალ და ერთ-ერთ დანას დავისვამ მაჯაზეო, გადაწყვიტა. კაბას განზრახ არ იკალთავდა, უნდოდა კარგად ამოგანგლულიყო და ამგვარადაც ეძია შური დედაზე. ჭანჭყატის ბუჩქებთან მისულმა უკვე შეამჩნია, რომ ჩამოწოლას იწყებდა ბინდი, მაგრამ რა უშავდა, – სახლში დაბრუნებას მაინც აღარ აპირებდა და შეეძლო სიბნელეში სიარულის შიში სამუდამოდ დაევიწყებინა. ეინარის სახე ამოუტივტივდა გონებაში, როგორ უნდა მივატოვო შვილიო, გაიფიქრა, მაგრამ მოთუხთუხე მრისხანებამ ისიც უმალ შეაძულა, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მისი სახლში დარჩენისა და ყასაბ კალინზე გათხოვებისა.

– მეჯავრებით ! თვალის დასანახავად მეჯავრებით ! ჭირსაც წაუღიხართ ! – ჯუჯღუნით მიიწევდა წინ, – ჩემი უბედურების ხარჯზე გინდათ ხომ ცხოვრების აწყობა ? ვერ მიიღებთ !

აი, თხილიანიც გამოჩნდა. მონასტრის თაღი და მორღვეული კედლები მეტად პირქუშად გამოიყურებოდა მოღუშული ციდან საღამოს მრომის ჩამოღვრასთან ერთად.

თხილის ბუჩქებს გასცდა როზი და ნაცნობ ადგილას აღმოჩნდა. ყაჩაღის გვამისგან ძვლებიღა დარჩენილიყო, რომელსაც აქა-იქღა ჰქონდა თხელი კანი გადაკრული. ადგილ-ადგილ თმებიც მიწებებოდა ძვლებს, რაც მეტად საძაგლად მოეჩვენა გოგოს, მაგრამ მთავარია აღარ ყარდა ის, ვისაც ოდესღაც მისთვის ნამუსის ახდა მთელი გულით ეწადა.

ნაკოცონარისგან ათი ფუტის იქით დაგდებულ სადაფისტარიან მოზრდილ დანას დასწვდა როზი ნაჩქარევად, შიშობდა ვაითუ თავის მოკვლა გადავიფიქრო თუ შევყოვნდებიო, მაგრამ დაიდო თუ არა დანის გრილი პირი მაჯაზე, მაშინვე მოიცილა.

შემდეგ, ისევ იგივე ქნა, თუმცა მაინც ვერ გააკეთა, რაც სურდა.

ოხ, რა რთულია საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენებაო, გაიფიქრა და მუხლებზე დავარდა.

„იმ თავგასიებულ, აყროლებულ ღორზე გათხოვება მირჩევნია განა ? ახლა თუ არ დავამთავრებ ყველაფერს მერე აღარაფერი მეშველება“.

თუმცა ცოტას თუ მოიცდიდა არაფერი უჭირდა. კარგად რომ ჩამობნელდება მერე გადავიჭრი ვენებსო, გადაწყვიტა როზიმ.

„დანას რომ ვეღარ დავინახავ, იქნებ უფრო ადვილად ვქნა გასაკეთებელი“.

მართლაც, ზედმეტად საძაგლად გამოიყურებოდა მისი ადგილ-ადგილ ტალახმიმხმარი პირი.

დანარჩენ დანებსაც მოავლო თვალი. ერთ-ერთი, – ხისტარიანი, სრულიად უხმარს ჰგავდა. ამით ვიზამო, თქვა გულში და სადაფისტარიანი ისევ მიწაზე დააგდო.

ახალი დანა შედარებით პატარა იყო. ტარზე კვადრატული ჩუქურთმები ჰქონდა და ხელში კარგი დასაკავებელი იყო. ესეც ასე. ამის მითუმეტეს აღარ შეეშინდებოდა, როცა დაღამდებოდა.

მიწაზე ჩამოჯდა როზი და ლოდინი დაიწყო. ფიქრების ქარიშხალი მისი გონების ყოველ კუთხე-კუნჭულს აწრიალებდა. ყველაზე ხშირად შვილის ხატება არ ასვენებდა. ვინ იცის როგორ ღნაოდა ახლა პატარა ეინარი, რომელიც წესით უკვე მოშიებული და დედის ძუძუს მონატრებული იქნებოდა.

„ჩემი ბრალია განა ? მე ხომ არ მომიწყვია ეს ცხოვრება ასე ? ვინ მოსთვლის რამდენი ბავშვი იზრდება უდედოდ, როგორღაც კი ახერხებენ გადარჩენას“.

მაგრამ უდედოდ დარჩენილ ეინარს ვინ დაალევინებდა მერე რძეს ? სოფელში ერთადერთი მეძუძური ქალი ხომ მეტყევე ეგილის ცოლი აგნეტა იყო ? მართალია ბლომად რძე ჰქონდა მას, მაგრამ იმხელა ტყუპი ბიჭი ჰყავდა ალბათ ოთხ-ხუთ წვეთზე მეტი რძე არ რჩებოდა ძუძუებში.

„რამეს მოიფიქრებენ დედა და მამა“.

და როდესაც მშობლები გაახსენდა როზის, კვლავ ელვის სისწრაფით მოიცვა გაგულისების ცეცხლმა მთელი მისი სული.

– მაშ, ჩემი თხებში გაცვლა გადაწყვიტეთ ? ოხ, როგორ მეჯავრებით, რომ იცოდეთ !

რისთვისღა დალოდებოდა დაღამებას ? დანა მოიმარჯვა და მაჯაზე დაიდო. ოხ, რა გრილი და ბასრი იყო მისი პირი.

 და მაინცდამაინც ახლა გაახსენდა ჯოჯოხეთი. როდესაც დურგალი უვეს ძმამ თავი ჩაიხრჩო მათი სოფლის ჭაობში, განა მოციქულმა ულრიკმა არ თქვა, რომ როგორც კი მისი სული სხეულს დატოვებდა მაშინვე ჯოჯოხეთის ცეცხლში იქნებოდა ჩაგდებული და ჰადინის უმოწყალო მარწუხებისთვის გადაცემული ?

იქნებ მაინც შემიწყალოს მეუფემ და დამამკვიდროს თავის ნეტარების სავანეშიო, თავი დაიიმედა როზიმ.

„კი. მეუფე მოწყალე არაა განა ? სანამ მოვკვდები შეწყალებას ვთხოვ მთელი გულით... მის დიად მოციქულებსაც ვთხოვ ჩემთვის ლოცვას... და კიდევ ყველა წმინდანს“.

მაგრად ჩაბღუჯა დანა, მაჯაზე მის დასასმელად მოემზადა. ახლა უკვე ნამდვილად გადაიჭრიდა ვენებს, ვეღარაფერი შეაჩერებდა...

და მოულოდნელად ზამთრის სუსხივით ხმამ გაკვეთა ჰაერი:

– რას შვრები ?

როზიმ ტაძრის თაღისკენ გაიხედა.

ის იყო. როგორც იქნა, გამოჩნდა. მისი თვალები ბინდბუნდში ორი პატარა მთვარესავით ანათებდა.

როზის, სიხარულისა და მწუხარების ცრემლები ერთდროულად ჩამოეღვენთა ლოყებზე.

– მოხვედით ? ჩემო მხსნელო !... ჩემო იმედო ! რომ იცოდეთ რამდენს გეძახდით ! არ გესმოდათ ჩემი ხმა ?

პასუხი არ იყო.

– გეხვეწებით, მილორდ, თქვენნაირად მაქციეთ. მეც თქვენსავით ძლიერი მინდა ვიყო... მინდა აღარაფრის მეშინოდეს... გეხვეწებით !

ცივი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა როზის. მის კანს, თითქოს, უხილავი გრილი ღრუბლები ეკრა გარშემო. უცნაურია, მაგრამ საერთოდ არაფრის სუნი არ ასდიოდა მას. თვალები რომ დაგეხუჭა ვერც მიხვდებოდი ვინმე თუ იდგა შენთან, უბრალოდ ჩათვლიდი ჩემს სიახლოვეს გვარიანად აცივდაო.

– გინდა სამუდამოდ მკვდარი იყო ?

როზი ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა იგი.

– მე მკვდარი ვარ... მალე ორასი წელი შესრულდება, რაც მოვკვდი.   

– დაე, ვიყო მკვდარი, – ამოთქვა როზიმ, – მაინც არ ვაპირებ თავი ვიცოცხლო.

– არ იცი, რას ითხოვ, – გახეთქილ ზედა ტუჩზე აუსვა თითი ცივმა და შემდეგ ენით აილოკა. როზის ასე ეგონა ყინული შემეხოო, – მთელი ცხოვრება სისხლის წყურვილი გაგტანჯავს. ძლივს ვიკავებ ახლა თავს ეგ ტუჩი რომ არ გამოგაჭამო... საკუთარი ტანჯვის ფასად ვახერხებ ამას.

როზი შეშინდა და ოდნავ უკან ჩაიჩოჩა სასწრაფოდ.

– უბრალოდ თქვენი სისხლი დამალევინეთ, მილორდ... გევედრებით ! ამგვარად ხომ თქვენნაირი გავხდები მეც, არა ? ეგრე არაა ?

გოგოს ასე ეჩვენებოდა, რაც უფრო ბნელდებოდა მით მეტად ელვარებდა ცივის თვალები.

– ჯერ სიკვდილი უნდა იგემო !  

– ჰა, ახლავე ვიგემებ, მილორდ, ახლ...

– და მეტჯერ აღარასდროს მოკვდები ! – მისმა ხმამ ისეთი სიძლიერე გამოასხივა, როზიმ ყველაზე უსუსურ არსებად იგრძნო თავი.

რა თქმა უნდა აღარასდროს მოკვდებოდა, იგი ხომ უკვდავი გახდებოდა ? ამას რად უნდოდა ლაპარაკი ?!  

– ხვდები, რას ვამბობ ? – ჩაიმუხლა ცივმა და ამგვარად მიანათა როზის თავისი იდუმალი თვალები.

– უკვდავი ვიქნები, არა ?!... თქვენსავით უკვდავი.

– შენი გონება აღარასდროს ჩაქრება. ხვდები, რას ნიშნავს ეს ?  

როზიმ აქეთ-იქით მიმოიხედა, გეგონება შეკითხვაზე პასუხს მრუმ მიწასა და ბუჩქებს შორის იპოვიდა.

– ეს, წყევლაა ! – თქვა ცივმა და მისი ხმა გაყინული ეკალივით შეერჭო გულში როზის, – სიკვდილი შვებაა... შვება, რომელიც მე არასდროს მეღირსება.

– მილორდ, მე... 

– ზოგიერთი ჩემნაირი საგულდაგულოდ გაკოჭეს და მიწაში ჩამარხეს ! სიბნელეში დანთქმულები, ყოველ წამს გრძნობენ როგორ აცოცდებიან ბინძური მატლები და ხოჭოები სახეზე, როგორ ცდილობენ თავიანთი საძაგელი საცეცებით მათ პირებში შეძრომას... მათ ნესტოებში დავანებას... ზოგიერთი ზღვაში გადააგდეს სქელი ჯაჭვებით გაკოჭილები და ახლა ისინი სველ, ბნელ... მარილიან უფსკრულებში წვანან !... მათ გარშემო ზღვის საზარელი და პირქუში ბინადრები დაცურავენ. ისინიც, ყველაფერს გრძნობენ !... ყველაფერი ესმით ! და იმათ წყევლიან, ვინც უკვდავებად აქცია ისინი... მათ გონებას ვერაფერი შრეტს... თვით, ჩრდილოეთის ზღვის დიადი გველების ცივი და ბასრი კბილებიც კი.

როზიმ ამოიხვნეშა. მგონი, ვხვდები, რასაც მეუბნებაო, გაიფიქრა.  

– ამას, – თავზე დაიკაკუნა საჩვენებელი თითი ცივმა, – ვერაფერი დააძინებს... ვერასდროს... ამ ძვლებს, – ახლა ხელებსა და კისერზე მოითათუნა ხელი, – ვერაფერი გახვრეტს... ვერაფერი გაკვეთს. სულ ასეთი იქნება და არაფერი შეიცვლება. გინდა, ასეთი რამ დაგემართოს შენც ? და სისხლის წყურვილი... გამუდმებული წყურვილი გაგტანჯავს. გინდა, გამუდმებული ტანჯვა ?!

– მაგრამ... მაგრამ თუ ვერავინ დაგიჭერთ და... და მიწაშიც ვერავინ ჩაგმარხავთ... და თუ ზღვაშიც ვერავინ ჩაგძირავთ, განა მთლად ცუდია ამგვარი არსებობა ? – მავედრებელი სახით მიაჩერდა მას როზი, – თქვენ ხომ ასეთი ძლიერი ხართ... უშიშარი. შეგიძლიათ მთელი სამყარო მოიაროთ, ეგრე არაა ? შეგიძლიათ... შეგიძლიათ შორეული არგეას დიადი ქალაქებიც კი იხილოთ... სნეულება თქვენ არ მოგეკარებათ და... და უძლურება.   

– არგეაში არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მთელი ახალი იმრონი მაქვს მოვლილი ღრმა ჩრდილოეთიდან, სადაც დაუსრულებელი თოვლია, ბელეგას სამეფოებამდე და თავისუფალ ქალაქებამდე, სადაც ხალხი გაცილებით ლაღია, ვიდრე აქეთ. ისტლენდიც თავიდან ბოლომდე მაქვს მოვლილი ბრუდვაგენის სამთავროდან ალქაჯთა ყურემდე. ყველგან ერთი და იგივე ხდება. ომი, შიმშილი... ტანჯვა, სიკვდილი, უსამართლობა... მოწყინება... ლამაზი და მაღალი კედლები ვერაფერს შველის ცოცხალ არსებებს.

– ჰო, მაგრამ...

ცივი ფეხზე წამოდგა. აღარაფერს იძახდა. ნეტავ, ხომ არ გამიბრაზდაო, გაიფიქრა გოგომ. ნელ-ნელა, მისგან განშორება იწყო წეღანდელმა სიგრილემ.

– მილორდ, გევედრებით, არ მიმატოვოთ ! თავს არ ვიცოცხლებ, იცოდეთ ! გეხვეწებით, თქვენნაირად მაქციეთ, რაღა ! ძალიან მინდა ეს ! მაქციეთ თქვენნაირად, თუ არადა ახლავე გადავიხსნი ვენებს ! – აყვირდა როზი, – ახლავე ! სიკვდილისთვის გამწირავთ განა ? განა ვერ ვხედავ გული რომ შეგტკივათ ჩემზე ? 

უშველებელ მუხასთან მისულმა ცივმა ერთი გამოხედა და მერე კვლავ ზურგი აქცია.

– აი ! – დაიძახა როზიმ და მაჯა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დანის პირით გაისერა.

ხელის გულზე ანაზდად ჩაეღვარა თბილი სისველე.

„ნუთუ გავბედე ? ნუთუ ეს ვქენი ? – თვალებგაფართოებული მისჩერებოდა ნაკადს, რომელიც საოცრად შავი ეჩვენებოდა, გეგონება უკუნეთი ღამე იღვრებოდა მისი ვენებიდან, – ალბათ, სიბნელის გამო ჩანს ასე“.

ნუთუ, მალე მოვკვდებიო, შეშინდა როზი, მაგრამ როდესაც კვლავ მისკენ წამოსული ცივი დაინახა, იმედი მიეცა. ვითომ, სადაცაა თავისნაირად აქცევდა ?

როზის თავბრუ დაეხვა და მიწაზე გაწვა.

– ჯობდა არ გექნა ეს, – ისევ მასთან ჩაიმუხლა ცივმა. მისი თვალები ახლა უფრო დიდი ეჩვენებოდა და თან თითქოს წითელი წინწკლები ჩაღვროდა ადგილ-ადგილ.

– ახლა თქვენნაირად მაქცევთ, არა ? მითხარით, რომ... რომ მალე... მალე მეც თქვენნაირი ვიქნები, ჰა... მით... მითხარით.

მაგრამ პასუხად როზიმ მხოლოდ ძლიერი და ცივი დაწოლა იგრძნო გადაჭრილ მაჯაზე. როდესაც თვალები გადააბრუნა, მის მაჯასთან ჩაჩოქილი ცივი დაინახა.

– რა... რას შვრებით ? – თანდათან აეწვა მაჯა. დაკივლება მოუნდა, მაგრამ თავი აღარ ჰქონდა.

მიხვდა როზი, რომ მის სისხლს სვამდა იგი.

– მეც დამალევინებთ, არა.. თქვ... თქვენს სისხლს ? გეხვეწებით, ასე არ... არ დამტოვოთ... მტკივა... მტკივა... გეხ... გეხვეწებით...

ცივმა პირი მოაშორა მაჯიდან. როზი დარწმუნებული იყო, სიბნელე რომ არ ყოფილიყო, უეჭველად მისი სისხლით მოთხვრილ პირს დაუნახავდა ცივს.

– დაიძინე ! მშვიდად დაიძინე ! 

– რა ?... განა არ... არ უნდა დამალევი...

– დაიძინე ! ნუ გეშინია !

– ჯოჯოხეთში მოვხვდები... გეხ... გეხვეწებით.  

– როგორც გითხარი, ერთხელ მეც მოვკვდი. გამოცდილებით შემიძლია გითხრა, რომ მშვიდი და ღრმა ძილის მეტი არაფერი მოგელის, – ფეხზე წამოდგა ცივი, – ისევე უდარდელად გეძინება, როგორც საკუთარ დაბადებამდე.

როზი კიდევ უფრო ბუნდოვნად ხედავდა ისედაც მიმქრალებულ გარემოს. ცივიც ისე ჩანდა უკვე, თითქოს ამღვრეული წყლის ნაკადის მიღმა იდგა.

– მადლობას მეტყოდი, რომ შეგეძლოს, – ჩაესმა ხმა, რომელიც მალამოსავით მოედო მის ყურთასმენას. თითქოს ახლა სითბო უფრო მეტი იყო მასში, ვიდრე სიცივე, – მე არავინ მომცა შენნაირი შანსი.

როზი მიხვდა, რომ ცივი ვერასდროს გახდებოდა, მაგრამ რატომღაც საერთოდ აღარ ედარდებოდა ეს ამბავი.

გაახსენდა, რომ სულთა მეუფისთვის შეწყალების თხოვნას აპირებდა, ოღონდ სიტყვებს ვერ უყრიდა გონებაში თავს და თითქოს დავიწყებოდა კიდეც ლაპარაკი.

მაგრამ რატომღაც აღარც ეს ედარდებოდა როზის.

კაპრიელი მაწანწალები

 

881 წელი პირველი გამოცხადებიდან

 

თავი პირველი

 

 

არ უნდა ჩამეცვა ეს წყეული ჩექმებიო, გადაღლეტილი, ჩაოფლილი ცერა თითებისა და ქუსლების წვისგან შეწუხებული ბობოქრობდა გულში დანტე. თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა რომლებს ჩაიცვამდა ? ოდითგან დიდი ცერა თითები ჰქონდა ფეხებზე და რომელი ფეხსაცმელიც არ უნდა ჩაეცვა, დღის ბოლოს ყველადან გადატყავებული ამოჰქონდა თუ ბინტს არ დაიხვევდა ზედ.

„წყეული ბინტი... როგორ დამავიწყდა ?“

მაგრამ როგორ გინდოდა არ დაგვიწყნოდა რამე, როცა თავად თავმჯდომარე უგოლინოს ხვდებოდი და სწორედ მას უნდა მოლაპარაკებოდი გასამრჯელოზე ? კაცს, რომელიც, როგორც დანტეს ჰქონდა გაგონილი, ისეთი გავლენიანი ვინმე იყო, სულ თავის ჭკუაზე ატრიალებდა მთელს კარონას, – მათ შორის ქალაქის მმართველ საბჭოსა და პრეფექტსაც კი. 

თამბაქოთი მოვაჭრეთა გილდიის შენობა მომცრო ტაძარს ჰგავდა. ქალაქის მთავარ მოედანზე იდგა იგი, უშველებელი ბიბლიოთეკის პირდაპირ. სიცხის მიუხედავად, ხალხი ჭიანჭველებივით ირეოდა გახურებულ ფილაქნებზე.  

– აქ დამელოდე, ბენიტო, – ქვის ფართო კიბეებთან მიახლოებისას გადაულაპარაკა გვერდით მომავალ ამხანაგს დანტემ და ბრეზენტის ფართოფარფლებიანი ქუდი შეისწორა, – ახლომახლო იყავი სადმე. იცოდე, უჩემოდ ქალებში არ გაძვრე.

– აქვე ვიქნები, – კუშტად მიუგო ბერიკაცმა და ეს უკანასკნელი იქვე ახლოს დადგმული ქალის რვაფუტიანი ქანდაკებისკენ წავიდა.

ღიად დატოვებულ ორფრთიან მუხის კართან ჩამომდგარ, ლურჯ-წითელ ლივრეებში გამოწყობილ შუბოსან მცველებს დანტემ მოახსენა თავმჯდომარე უგოლინოსთან ვარ შეხვედრაზე დაბარებულიო და ამათაც უპრობლემოდ შეატარეს შიგნით, მიუხედავად იმისა, რომ ხმალი ჰქონდა ქამარზე შებმული. შიგნით ლამაზ-ლამაზ კამზოლებში გამოწყობილი ბლომად ხალხი ირეოდა. წიგნაკებითა და ეტრატებით დაიარებოდნენ აქეთ-იქით მარმარილოს გრილ კედლებს შორის. ლამაზ თეთრმოაჯირიან, პატარ-პატარა ქანდაკებებით გამშვენებულ კიბეებზე ადი-ჩამოდიოდნენ, ერთმანეთში ჭორაობდნენ, მხარგამორღვეული კურტაკითა და დაბებკილი შარვლით შემოსილ დანტეს მედიდურად აყოლებდნენ თვალს.

ერთ-ერთ გაღიპულ ულვაშა მამაკაცს დანტემ ჰკითხა რომელ სართულზე იჯდა თავმჯდომარე უგოლინო, პასუხად კი მიიღო მგონი ჯერ არ მოსულაო.

– მესამე სართულზე დაუცადე, – წარბაზიდულმა აათვალიერ-ჩაათვალიერა მამაკაცმა დანტე, – ზემოთაა მისი კაბინეტი.

მესამე სართულზე ასული კაპიტანი მოზაიკისკედლებიან დერეფანში აღმოჩნდა. მარცხენა კედელზე ვიღაც თეთრად შემოსილი მხედარი იყო გამოსახული, რომელიც ჯავშანში ჩამჯდარ ქვეითებს მიუძღოდა. მარჯვენა კედელს აქაფებულ-გაბრწყინებული ზღვა და კაშკაშა მზე ამშვენებდა, თუმცა რამდენიმე ნაბიჯს გადადგამდი და დღის სინათლით განათებულ ზღვას ბნელი ტალღები ჩაანაცვლებდა, ელვარე მზეს კი – უღიმღამო მთვარე.

– კაპიტანი დი მარონე ხომ არ ბრძანდებით ? – მარცხენა კედელში გამოჭრილ თაღთან ისე ჩაიარა დანტემ, ვერც კი შეამჩნია ვრცელ მისაღებში, ხის პრიალა მაგიდასთან ჩამომჯდარი სიფრიფანა მამაკაცი, – თქვენ ხართ „კაპრიელი მაწანწალების“ კაპიტანი ?

– დიახ, – ყვავილების ორნამენტებით გამშვენებულ თაღში შეაბიჯა კაპიტანმა და გაიბადრა, – მე გახლავართ სახელგანთქმული კაპიტანი დი მარონე, – ქუდი რაც შეეძლო ელეგანტურად მოიხადა და თავი დაუკრა გილდიის მოხელეს, – თავმჯდომარე უგოლინოსთან მაქვს შეხვედრა ჩანიშნული.

– შეგიძლიათ, აქ დაელოდოთ. წესით, წუთი-წუთზე უნდა მობრძანდეს პატივცემული თავმჯდომარე. დაბრძანდით !   

გილდიის მოხელის მითითების შესაბამისად, მაგიდის მოპირდაპირე მხარეს, რძესავით ქათქათა კედელთან მიდგმულ ბალიშებიან სავარძელში ჩაეშვა დანტე. საჯდომი სიამოვნებისგან აუცახცახდა. აღარც კი ახსოვდა ბოლოს როდის იჯდა ასეთ სირბილეზე. მთელ დღეებს ან ცხენის ზურგზე ატარებდა, ან ქვაზე, ან კარავში – გაქვავებულ ქვეშაგზე.

– კარგად მოწყობილხართ, ვერაფერს იტყვის კაცი, – ქუდი მარჯვენა მუხლზე დაიდო დანტემ და სპეტაკი კედლები და ოქროსჩუქურთმებიანი ჭერი მოათვალიერა. თეთრად შეღებილი ვრცელი ფანჯრებიდან მზის შუქი ნიაღვარივით მოედინებოდა ოთახში, კედლებს, ჭერსა და მოზაიკის იატაკს გაცხოველებული ეხუტებოდა და იფიქრებდი გარშემო ყველაფერი ზედმეტი სინათლისგან ცახცახებსო, – კარგად გიხდის თავმჯდომარე ?

მოხელემ მხოლოდ გაუღიმა უხერხულად და მაგიდაზე გაშლილ ეტრატს ჩააცქერდა. თითს აყოლებდა ზედ წაწერილ სიტყვებს.

– კარგი, – თქვა დანტემ და კიდევ უფრო კარგად მოეწყო სავარძელზე, – თუ სიჩუმე გირჩევნია, ჩუმად ვიყოთ. სიჩუმე მეც მიყვარს... ხანდახან.

უცბად დერეფნიდან ფეხის ნაბიჯების ხმა გაისმა. აშკარად რამდენიმე კაცი მოდიოდა. ცოტა ხანში, ქალის კისკისი მოეფინა ექოდ დერეფანსა და მისაღებს. ნეტავ საყვარელთან ან ცოლთან ერთად ხომ არ მობრძანდება თავმჯდომარეო, გაიფიქრა დანტემ, მაგრამ მხოლოდ ოქროსფერთმიანმა ქალმა და ორმა შეიარაღებულმა ახმახმა შემოაბიჯეს თაღში. ერთი შავთმიანი ქალიშვილიც მოჰყვა მათ ფეხდაფეხ. 

რა ხდებოდა ? სად ჯანდაბაში იყო უგოლინო ?  

დანტე მაშინვე ფეხზე წამოდგა რახან ზრდილობა მოითხოვდა ამას და თან დასამალი რა იყო და ნამდვილ ლამაზმანებად მოეჩვენა ორივე ქალი, – განსაკუთრებით ოქროსფერთმიანი. თეთრმანჟეტებიანი სისხლისფერი კაბა ეცვა მას. მაქმანებით მორთული აბრეშუმის ქსოვილი იმაზე ძვირფასი მოეჩვენა კაპიტანს, ვიდრე თავად მთელი ის შენობა იყო, სადაც ახლა იდგნენ. ლალის თვლებით მორთული ბაჯაღლო ოქროს ყელსაბამი გედივით მაღალ, ოდნავ გარუჯულ ყელსა და მკერდს იმაზე მეტად უმშვენებდა ქალს, ვიდრე დელლა-ვერდეს დედოფალთა მოედანზე მდგომ წმინდა ელენას ქანდაკებას ამკობდა ჰერცოგ ბალდონეს ბრძანებით შებმული უძვირფასესი, წითელი ალმასებით მორთული ყელსაბამები. ცერას გამოკლებით, ორივე ხელის თითები, თავისი თვალებივით ლურჯი ბრილიანტის ბეჭდებით ჰქონდა მორთული, ხოლო დღის სინათლისგან გაბზინებულ თმას კოხტად დამაგრებული მოოქრული სარჭები უმშვენებდა.

– კაპიტანი დი მარონე ? – ქათქათა კბილები გამოაჩინა ქალმა და დანტესკენ გადმოდგა ორი ნაბიჯი. მისი ხმა ნამდვილი თაფლი იყო და უეჭველად ისე მიიზიდავდა ნებისმიერს, როგორც ფუტკარს.

კაპიტანმა ქუდი შეარხია და რაც შეეძლო მოხდენილად დაუკრა თავი ქალს.

ვინ იყო ? ნუთუ... ნუთუ ეს ქალი იყო თავმჯდომარე უგოლინო ? კი, აშკარად ეს იქნებოდა, აბა ასე კრძალვით რატომ ჩახრიდა თავს გილდიის მოხელე ?

„კი მაგრამ, რატომ მეგონა – კაცი ? რომ მცოდნოდა ქალი იყო და თან ასეთი მზეთუნახავი, უკეთესად გამოვეწყობოდი.“

– მობრძანდით, – ოქროსჩუქურთმებიანი ორფრთიანი კარისკენ წავიდა ქალი. მშვენიერი გოგოც უკან მიჰყვა მას წელში გამოყვანილი ზღვისფერი კაბის დაკლაკნილი ბოლოების ფრიალით. უკან გაბზეკილ უკანალს მწიფე ატამივით მიარხევდა, – ჩემს კაბინეტში გავისაუბროთ. ვეციო, ფრანკო, თქვენ გარეთ დარჩით ! 

– ეს ჩვენ დაგვიტოვე, მეგობარო, – მხარზე ხელი დაადო კაბინეტის კარისკენ წასულ დანტეს სქელწარბა მცველმა, რომელიც ლამის ერთი თავით მაღალი იყო მასზე და წამწამებგაცვენილი თვალებით ქამარზე შებმულ ხმალზე ანიშნა.

– კარგი, – მახვილის შეხსნას შეუდგა კაპიტანი, – ოღონდ მიმიხედე. ზედმეტად ძვირფასია ჩემთვის.

თავმჯდომარის კაბინეტში შესული დანტე უხმლოდ თავს შიშველივით გრძნობდა, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობდა, –  დიდად მოსწონდა ეს სიშიშვლე ისეთი მშვენიერი ქალების წინაშე, რომელთა პირისპირაც ახლა იდგა. არადა, მამამისი ბავშვობიდან უჩიჩინებდა, დაიმახსოვრე ამქვეყნად კაცისთვის ლამაზ ქალზე სახიფათო არაფერი არისო.

„მრავალი ვაჟკაცი შესწირვია ქალთა სილამაზეს. იცოდე, არასდროს გასულელდე და მათი გულის მოსაგებად რამე უბედურება არ მოიწიო. აგერ, ხომ გახსოვს ბიძაშენი დარიო ? ახალგაზრდა და ტურფა დონას სიყვარულის ქარს გააყოლა თავისი ჭკუა და კი ჭამენ ახლა თევზები გენარიის ზღვის ფსკერზე საწყალს... ლამაზი ქალები ოლეანდრებივით არიან. მშვენიერები, მაგრამ მეტად შხამიანები.“

მაგრამ როდის აქეთ უხმარია ჭკუა დანტეს, როცა საქმე ქალებს შეეხებოდა ? ბინძური მეძავების გამო არაერთხელ გაუმართავს ხელჩართული ჩხუბი სხვა კაცებთან როგორც პალმიროს, ისე დელლა-ვერდეს მტვრიან შუკებში, თავისი საყვარლების მონახულება მაშინაც კი არ უუარია, როცა მათი ქმრები შინ იყვნენ და ასეთი მზეთუნახავებისთვის რაღას იზამდა ?

„მაპატიე, მამილო. მეუფემ ძია დარიოს უფრო მიმამგვანა, ვიდრე შენ... ხანმოკლე, თუმცა საინტერესო ცხოვრება უფრო ახლოსაა ჩემს გულთან, ვიდრე შენნაირი ხანგრძლივი, მოსაწყენი და ზოზინა ცხოვრება.“

კაბინეტის კედლები ნაირ-ნაირი ფარდაგებითა და გობელენებით იყო გაწყობილი. ჩამქრალი ბუხრის ზემოთ, ქვის თაროზე, ოქროსა და ვერცხლის სხვადასხვაგვარი სასმისები შემოედგათ. ხავერდისფარდებიან განიერ ფანჯარას, საიდანაც მზით გაბრწყინებული ციტადელის ხედი იშლებოდა, სხვადასხვა მომნუსხველი ფერის შუშის წყლიან ლარნაკებში ჩაწყობილი წითელი, თეთრი და ვარდისფერი ყვავილები ამკობდა. ნივნივებიანი ჭერი ერთმანეთში გველებივით გადახლართული დედიშობილა ქალებისა და მამაკაცების ორნამენტებით იყო გადავსებული.

– ზუსტად დათქმულ დროს მოსულხართ, კაპიტანო, – ჩუქურთმებიან სავარძელში მოკალათდა თავმჯდომარე და შავთმიან ქალიშვილს გვერდით დადგმულ რბილ სკამზე ანიშნა, ჩამოჯექიო, – ამგვარი პასუხისმგებლობის გრძნობა დასაფასებელია.

– მზად ვარ გემსახუროთ, დონ... დონა უგოლინო, – ქუდის ფარფლები ორივე ხელით ჩაბღუჯა ქალის სილამაზით მოჯადოებულმა დანტემ.

– მალე მოვრჩეთ, რა, – დაიწუწუნა ქალიშვილმა და თავისი ხორბლისფერი თვალები თავმჯდომარეს იმ ბავშვივით მიანათა, რომელსაც გაბრაზებული მშობლის გულის მოლბობა სწადია, – კოზიმო და ოფელია გველიან, ხომ გახსოვს ?

– ყველაფერს მოვასწრებთ, სიყვარულო. არ იდარდო. 

„სიყვარულო ? ოო, მეუფეო, დიდება შენდა, მგონი, ერთმანეთის საყვარლები არიან“, – კმაყოფილს ჩაეღიმა დანტეს.

დონა უგოლინომ ცალი წარბი ასწია.

– ნუთუ უცნაურად არ გეჩვენებათ ეს ყველაფერი, კაპიტანო ?! ერთი ქალი მეორეს ამგვარად რომ მოიხსენიებს ?!

– ოო, არა, დონა უგოლინო, – წელში ამაყად გაიჯგიმა დანტე, – თითქმის ყველაფერი მინახავს ჩემი ორმოცდაორწლიანი ცხოვრების განმავლობაში. ადამიანები სიყვარულისთვის ვართ გაჩენილები... სიამოვნებისთვის. ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა და მტკივნეული, მოციქულთა ბოდვის გამო რომ ამოვდოთ ლაგამი ჩვენს სურვილებს.

– ბნელი იდიოტები, – მარწყვივით ტუჩები ნაწყენივით გამობურცა შავთმიანმა.

– ჰმ, მომწონხართ, – ლამაზი და გრძელი შუა თითი ისე ფაქიზად და დამათრობლად მოუსვა დონა უგოლინომ მაგიდის პრიალა ზედაპირს, დანტეს გააკანკალა, – ძალიან მომწონხართ, – და ნეტარი მზერით ახედა ჭერს.

დანტესაც მოუნდა ეთქვა, მეც მომწონხართო, მაგრამ ენას კბილი დააჭირა. მისი გამოცდილებით, ლამაზმანებთან ყველაფრის პირდაპირ წამოროშვით ვერასდროს ვერაფერს მიაღწევდი, რადგან ვერაფრით გააკვირვებდი მათ. მათ სიახლე იზიდავდათ. თავგადასავლები. თამაშები. გადაკრული სიტყვები.

– ომში ნამყოფი ხართ, არა ? – თვალები აუციმციმდა შავთმიანს.

– ლოლა, – ჩაეცინა თავმჯდომარეს, – აპატიეთ, კაპიტანო. ომგამოვლილი მამაკაცები მისი სისუსტეა... ისე, რაღა დაგიმალოთ და ჩემიც.  

„მაშ, კაცებიც მოგდით თვალში და ქალებიც ? მეუფეო, შენ მიშველე“, – ამწვარი ცერა თითები ჩექმებში აუწრიალდა დანტეს, მაგრამ ყველანაირად შეეცადა არაფერი შემჩნეოდა. 

– დიახ, დონა ლოლა, – თავი დაუკრა დანტემ ქალიშვილს, – შვიდი წლის წინ ბაშდურელების წინააღმდეგ საომრად დაგვიქირავა მარენცას მეფემ... ანტონიომ. 

– აჰ, ანტონიო, – ჟოლოსავით წითელი, ფუმფულა ტუჩები მოილოკა დონა უგოლინომ, – სამწუხაროა, რომ კეთრმა მოკლა. ამბობდნენ სირინოზივით ლამაზი იყოო, ხმა კი ბულბულივით საამური ჰქონდაო. საინტერესო იქნებოდა მისი ხილვა... მისი ნამღერის მოსმენა. 

– დიახ, დონა უგოლინო, – კბილები გაკრიჭა დანტემ, – რომ დავინახე, თავი ძლივს შევიკავე მისი კოცნისგან.

– საკმაოდ გამბედავი კაცი ხართ, არა ? – ფუმფულა ქვედა ტუჩს წინა კბილებით დააწვა თავმჯდომარე.

– მხოლოდ მაშინ, როცა ვხედავ, რომ კარგ რამეს გამოვკრავ ხელს, დონა. სხვა დროს რაზე შევიწუხო თავი ?

ქალმა ცბიერი ღიმილით გააქნია ოქროსფერი თავი.

– თქვენზე გავიგე, ადრე ბერი იყოო. მართალია ?

– ბერი ? – გაიცინა ლოლამ, – მართლა ?

– დიახ. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ქალები უფრო მეტად მიტაცებდა, ვიდრე ლოცვა.

– ჰმ, ვითომ მხოლოდ ამიტომ გამოიქეცით მონასტრიდან ?   

– დიახ. თუმცა... მმ, თუმცა, ალბათ კიდევ იმიტომ, რომ ერთ დღეს აბატმა ხელების ფათური დამიწყო და... მოკლედ, მთავარია ახლა აქ ვარ, თქვენ წინაშე.

ქალებს ჩაეცინათ მის ნათქვამზე და გეგონება შეთანხმებულები არიანო, ტუჩები ზუსტად ერთდროულად მოილოკეს თავიანთი ნამეტნავად სველი ენებით.

– საქმეზე გადავიდეთ, – ღრმად ამოისუნთქა დონა უგოლინომ, – როგორც გავიგე ორმოცდაათზე მეტი კაცი გყავთ თქვენს განკარგულებაში. 

– დიახ, დონა უგოლინო. ორმოცდათოთხმეტი.

– მშვენიერია, – ოქროს ყელსაბამით შემკული მკერდი წინ წამოსწია თავმჯდომარემ, – ხუთ-ექვს დღეში ბიანკოს გზაზე მარენცას პრინცი ჩამოივლის... აწ გარდაცვლილი ანტონიოს ძმისშვილი.  

– ჩემი ენნიო, – ხელისგულები ერთმანეთს შეატყუპა ლოლამ და მზისგან გაჩახჩახებულ ფანჯარას ისე მოხიბლულმა გახედა, გეგონება რომელიმე წმინდანის ხატს ან ფრესკას უმზერდა. მაგრამ დანტე მზად იყო დაეფიცა, რომ ერთგვარი სივერაგე შეამჩნია ქალიშვილის მზერაში, – ჩემი მამაცი ენნიო.

„ლომკაცი ? ლომკაცი ენნიო ?“

მარენცას სახელგანთქმული პრინცი ომის დროს ჰყავდა დანტეს ნანახი, ისიც სულ ორჯერ. ერთხელ, როდესაც ძველ ხიდთან იყვნენ დაბანაკებულები და სათათბირო კარვიდან გამოსულმა ლომკაცმა უცბად ერთ-ერთ თავის ჯარისკაცს უთავაზა ყბაში მუშტი რაღაცაზე გაბრაზებულმა და მეორედ, როდესაც მონცას ველისკენ მიემართებოდნენ და სოფელ ნასერასთან შესვენებისას პირდაპირ მდინარეში დაიწყო მთვრალმა პრინცმა მოფსმა. რაც შეეხება მის ბრძოლას, მიუხედავად იმისა, რომ მონცას ველზე იგი თავის ათას ხუთას მხედართან ერთად მიეშველა „ოტავიოს ნაბიჭვრებსა“ და „კაპრიელ მაწანწალებს“, საკუთარი თვალით არასდროს ენახა დანტეს, – როგორც ამბობდნენ იგი ხეობის მხრიდან დაეცა ბაშდურელებს. მხოლოდ ლეგენდები ჰქონდა მოსმენილი, რომ ლომკაცი ვითომ მეორე დონ ბალდო ვალენტელი იყო და მასზე კარგად თუ არა, არანაკლებ ხმარობდა ხმალსა და შუბს.

– ჰო, საყვარელო, შენი მშვენიერი და მამაცი ენნიო, – თვალებში შესციცინა დონა უგოლინომ ახალგაზრდა საყვარელს და კაბის ქვეშ დამალულ ბარძაყზე მოუთათუნა ხელი, – კაპიტანო, თქვენ მისი მოკვლა გევალებათ ! – უეცრად ისე მკაცრად შემოხედა დანტეს, ამ უკანასკნელს კინაღამ თხემზე მიეყინა თმები. აი, თურმე რას ნიშნავდა ის სივერაგე, – და არამარტო მისი. მთელი მისი ამალა უნდა ამოხოცოთ, ხოლო პრინცის თავი მე უნდა მომიტანოთ. ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულეთ. თუ ყველაფერს შეასრულებთ, ორმოც ოქროს მიიღებთ გასამრჯელოდ. ამას გარდა, შეგიძლიათ, თუ რამ ძვირფასეულობა ექნება პრინცს თან, ისიც მიისაკუთროთ. ოღონდ, მთავარია, ვერავინ გაიგოს, რომ ეს ყველაფერი მე დაგავალეთ... და კიდევ, მანამდე უნდა დახოცოთ ისინი, სანამ სანტიმოს გამოსცდებიან.

პრინცზე თავდასხმა ? ეს ხომ სიგიჟე იყო ? მართალია ზუსტად ამგვარი პატარ-პატარა, უმეტესად შავბნელი დავალებებისთვის ქირაობდნენ ხოლმე დანტეს და მის ხალხს, მაგრამ სად მცირე დონები ან თუნდაც გილდიების თავმჯდომარეები და სად პრინცები ? ბარემ რომელიმე მეფის მოკვლა დაევალებინათ მისთვის ან სულაც პატრიარქის და ეგ იქნებოდა.

– აა... დონა უგოლინო...  

მაგრამ როგორ გინდოდა უარის თქმა ასეთი ქალისთვის ? ოჰ, რა მომნუსხველად აცახცახებდა გრძელ წამწამებს. მათი შემხედვარე იფიქრებდი, ლურჯ სრუტეზე გადებული ვიწრო ხიდებიაო.

– არ მითხრათ, რომ პრინცი ენნიოს რეპუტაციამ შეგაშინათ კაპიტანო, – ცოტა არ იყოს დამცინავად მიაჩერდა ქალი, – არადა, თქვენზე გავიგე ბაშდურელთა გამძვინვარებულ მხედრობას სრულიად მარტო დაუხვდა მონცას ველზეო

დანტეს ჩაეღიმა, რადგან სინამდვილეში მთელ თავის რაზმთან და კიდევ „ოტავიოს ნაბიჭვრების“ სადღაც შვიდასამდე მებრძოლთან ერთად დაუხვდა უცხომიწელებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფერი უთქვამს.

„ნამდვილად განზრახ მეუბნება, ანკესზე რომ ადვილად წამომაგოს. წესით, იცის კიდეც სინამდვილეში რაც მოხდა იმ დღეს... ოო, დიდი გაქნილი ვინმე ხარ.“

– შიში არ მჩვევია, მშვენიერო დონა, – რაც შეეძლო ღირსეულად დაიძახა, – მზად ვარ გემსახუროთ, მაგრამ ვშიშობ მხოლოდ ფული არ ეყოფა ამ თქვენს... დავალებას. პრინცზე თავდასხმისთვის... ხომ ხვდებით... მეტი მოტივაცია მჭირდება.

„და კარგად ხვდები რასაც ვგულისხმობ, ხომ ასეა ?!“

– მმ, – ერთგვარი კმაყოფილება გამოკრთა ქალის ბაგეებზე, – ნეტავ რა უნდა იყოს თქვენთვის მოტივაციის ამმაღლებელი, მამაცო კაპიტანო ?

– ხმალს თავისი ქარქაშები სჭირდება, – ნიკაპი ამაყად ასწია ზემოთ დანტემ.

– ქარქაშები ? მეგონა, თითო ხმალს თითო ქარქაში სჭირდებოდა.

– ოო, თუ ხმალი კაპრიულია, მერწმუნეთ, მხოლოდ ერთი ქარქაში არ ეყოფა მას. ორი მაინცაა საჭირო.

თავმჯდომარემ ცბიერად გადახედა საყვარელს.

„კი. კარგად მიხვდი, რასაც ვგულისხმობ.“

– კაპრიელი ცხელთავიანი ხართ, არა ?! მოხიბლული ვარ, კაპიტანო. ნამდვილად მოხიბლული ვარ თქვენი გამბედაობითა და ენის ტრიალით. სხვაგან რომ ყოფილიყავით მართალია მაგ ენას თვალის დახამხამებაში დაკარგავდით, მაგრამ თქვენდა საბედნიეროდ, გაგიმართლათ... თქვენ ჩემ წინაშე დგახართ !

– ბავშვობიდან ასეთი ვარ, დონა უგოლინო, - ფართოდ გაიღიმა დანტემ, – იღბლიანი და მომხიბვლელი... საყვარელი.

ქალებს ერთხმად გაეცინათ. მათი ტკბილი ბაგეებიდან გამოჭრილი ბგერები თაფლში ამოვლებული გველებივით შეუძვრნენ ყურებში დანტეს, ყურებიდან ყელში ჩაუსრიალდნენ, შემდეგ – მუცელში, იქიდან კი ჩახურებულ ჭანჭლებში აუტეხეს ხიცინი.

– მართლაც რომ საყვარელი ვინმეა, არა, პაოლა ? – ლოლამ ყურს უკან გადაიწია თმა და ლამაზი თეთრი ბიბილო მიუშვირა საყვარელს.

„პაოლა... ლამაზი სახელია. პაოლა და ლოლა. ლოლა და პაოლა. შაქარყინულის ორი მხარესავით არიან.“

– თქვენი იმედი მაქვს, კაპიტანო, – მაგიდაზე გადმოიხარა პაოლა, – სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თქვენთან საქმის დაჭერა. გპირდებით, არ ინანებთ ჩემთან თანამშრომლობას, ამას ნებისმიერი დაგიდასტურებთ, ვინც ახლა ამ შენობაში იმყოფება... და კიდევ მრავალი მის კედლებს მიღმა... არ... ინანებთ ! – ეშმაკურად ააციმციმა თვალები, – შეასრულეთ ყველაფერი ისე, როგორც დაგავალეთ და გპირდებით, ფულსაც მიიღებთ და თქვენი ხმალიც ზუსტად იმ ქარქაშებში მოისვენებს, რომლებსაც ისურვებს... ოღონდ, დაიმახსოვრეთ, თქვენ გარდა, ვერავინ უნდა გაიგოს ჩემი დაკვეთით რომ იმოქმედებთ.

დანტემ თავი დაუკრა და სიხარულის ნაპერწკლებმა ერთიანად აუბრიალა მთელი შიგნეულობა. ნუთუ ორივეს ერთად ჩაუგორდებოდა ლოგინში ? ამ ორ მზეთუნახავს ? ნუთუ ისევე გადაიხლართებოდნენ სამივე ერთმანეთში, როგორც ჭერზე გამოსახული დედიშობილა ქალები და მამაკაცები იყვნენ ერთმანეთზე გადაფსკვნილები ? ასეთ ლამაზ ქალებთან ხომ არასდროს წოლილიყო ? მითუმეტეს, ერთდროულად ორთან. ეს ორი ქალი ბონერას იუველირთა გილდიის თავმჯდომარის მოადგილის ცოლს, ხუჭუჭთმიან მეასაც კი ჩრდილავდა, რომელიც თამბაქოთი მოვაჭრეთა გილდიის შენობაში მოსვლამდე ყველაზე ლამაზი ქალი ეგონა დანტეს, ვინც კი ოდესმე ეხილა.

– არ დაგავიწყდეთ. ვერავინ... უნდა... გაიგოს, – ზედმეტად სერიოზული სახით წარმოთქვა თავმჯდომარემ და შემდეგ ისევ მსუბუქი ღიმილი მოეფინა, – თუმცა, ვგონებ თქვენ ამ მხრივ არავისთვის გაგიცრუებიათ იმედები, რადგან წარმოდგენა არ მაქვს ვინ დაგიქირავათ ჩემამდე და რა საქმეებზე... მხოლოდ და მხოლოდ ის ვიცი, რომ ამგვარ საქმეებში ერთ-ერთი საუკეთესო ხართ მთელს ბელეგაში. ამიტომაც ვახმობინე ჩემს კაცს თქვენი თავი.

– როგორც ყველა სხვა საიდუმლოს, ამ საიდუმლოსაც მიწაში ჩავიტან, დონა უგოლინო.

ერთმანეთს კმაყოფილი სახეებით მიაჩერდნენ.

„მეუფეო, რა ლამაზია“.

– მაშ, უკვე შეგვიძლია თქვენს დავალებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც დავილაპარაკოთ, – სკამის საზურგეზე გადაწვა პაოლა და შუა თითი კვლავ მომხიბვლელად წაუსვა მაგიდის ზედაპირს.

 

 

****

 

 

დანტე და ბენიტო გვიან დაბრუნდნენ თავიანთ ბანაკში, რომელიც კარონადან ნახევარი დღის სავალზე ჰქონდათ დაცემული ნახევრად დამშრალ ხეობასა და ქვიშაქვის კლდეებს შორის. სიბნელეს უკვე ყველაფერი თავის უშუქარ მარწუხებში ჰქონდა მოქცეული, როდესაც კარვებს შორის შეიყვანეს საფერხე ცხენები. რამდენადაც უკვე თითქმის ყველას ეძინა, კაპიტანმა გადაწყვიტა დილით შეეკრიბა თავისი ხალხი და მერე ეცნობებინა მათთვის ახალი დავალების შესახებ.

ღამით, თავის კარავში გაწოლილი დანტე დონა უგოლინოზე ფიქრობდა... ლოლაზეც – ამ მეტად მშვენიერ და კოხტა მუქთმიან ლამაზმანზე – მაგრამ უფრო მეტად მაინც დონა უგოლინოზე. თითქოს რაღაც განსაკუთრებული იყო ამ ქალში სილამაზის გარდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა – რა.

„პაოლა... პაოლა...“ – ჩაძინებამდე იმეორებდა გონებაში მის სახელს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც გაეგონა და მისთვის დიდად არ მიუქცევია ყურადღება, ახლა რატომღაც ყველაზე ლამაზ სახელად ეჩვენებოდა.

დილით, მთელი ბანაკი სიცხისგან გაყვითლებულ ჩირგვებსა და მდინარეს შორის შეაკრებინა დანტემ ბენიტოს. როდესაც თავისი რაზმის წევრებს აცნობა, რომ მარენცას პრინცისა და მის თანმხლებთა მოკვლა ევალებოდათ, უმეტესობას შიშნეული შეძახილი აღმოხდა პირიდან. კაპიტანმა იმით სცადა მათი დამშვიდება, რომ ყველაფერს ისე დაგეგმავდა, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი ჰქონოდათ და რაც მთავარია ახსენა ორმოცი ოქრო, რომელსაც დავალების შესრულების სანაცვლოდ მიიღებდნენ.

– ჰო, კიდევ პრინცის ძვირფასეულობაც ჩვენ დაგვრჩება... ყველაფერი, რაც თან ექნება მის ამალას.

დამკვეთის შესახებ, რა თქმა უნდა, არაფერი უთქვამს. ეს ხომ ჯერ კიდევ კაპრიელი მგლის დროინდელი წესი იყო, რომელსაც ზედმიწევნით ასრულებდა დანტე. სწორედ ამგვარად ახერხებდნენ იმას, რომ ერთხელაც არ გამჟღავნებულა თუ ვისი დავალებით მოქმედებდნენ ამა თუ იმ შემთხვევაში. ერთადერთი მხოლოდ ბენიტოს შეიძლებოდა სცოდნოდა დამკვეთების ვინაობა მიახლოებით მაინც, რადგან მასთან ერთად დადიოდა ხოლმე დავალებების მისაღებად დანტე, მაგრამ ისეთი ჯიუტი იყო ბერიკაცი, ალბათ წამების შემთხვევაშიც კი არ გათქვამდა ინფორმაციას. 

– მე და ზოგიერთი თქვენგანი დღესვე წავალთ ჩრდილოეთისკენ, – კაპიტანმა ცხელ შლამზე გაახოხიალა ჯოხი და იმ ხაზთან გააჩერა, რომელიც ბიანკოს გზას აღნიშნავდა. წელში გაიმართა და ფართოფარფლებიანი ქუდის ქვემოდან ლამის სათითაოდ მოავლო თვალი მის გარშემო შემოჯარულ თანარაზმელებს. ფეხის თითები ამჯერად დაბინტული ჰქონდა და აღარ ეწვოდა, თუმცა გვარიანად კი ჰქონდა ჩაოფლილ-ჩახურებული, – სანტიმო რომაა სოფელი, იმას გავცდებით და კარგად დავზვერავთ არემარეს. ვნახავთ, ბუჩქები თუ არის სადმე, სამალავად რომ გამოვიყენოთ. პრინცს და მის ამალას იქიდან დავუშენთ ისრებს...

– მერე სულ ხუთი არბალეტი არ გვაქვს, კაპიტანო ? – დაიძახა გერალდომ, – გვეყოფა ? თან, ერთს ლარი გაწყვეტაზე აქვს უკვე.

– ამდენი წელია ჩვენთან ხარ და მოცდა მაინც ვერ ისწავლე, ხო ?! – შეუბღვირა ბენიტომ აწითლებული თვალების ქაჩვით, – დააცადე, იტყვის ყველაფერს !

– არა უშავს, ბენიტო, – გაეცინა დანტეს, – ნუ გაუწყრები. ნერვიულობენ ბიჭები, მესმის.

– ჰო, აბა, ლომკაცს ტყუილად კი არ ეძახიან ?! - დაიგუგუნა ახმახმა, თუმცა ნამეტნავად გამხდარმა ბარომ, – ყველა ტურნირი, რაც ბელეგაში გაიმართა... ყველა ტურნირში გაიმარჯვა, მგონი. ყველა რაინდი ერთიმეორის მიყოლებით გადმოყარა ცხენებიდან. გამიგია, ერთხელ ერგუნდიაშიც გაიმარჯვა... ნორბურგის ტურნირში.

– ერგუნდიაში არა, ისა კიდე, – შეეპასუხა ცალთვალა მარკო და მარჯვენა თვალზე აფარებული გახუნებული ნაჭერი შეისწორა, – სანაძლეოს ჩამოვალ აქაც იმიტომ დაუთმო ყველამ, რომ პრინცია.

– კი, ეგრე იქნება, – დაეთანხმა თევზი პიპპო და თავისი ღონიერი მხრები შეათამაშა, – კარგად ვიცნობ რაინდებს. თავისზე დიდგვაროვანს დაინახავენ თუ არა, მაშინვე იჯვამენ. ყველა რაინდი ქვეშაჯვიაა.

– ესე იგი, მეც ქვეშაჯვია ვარ ? – თავისი ხმლის ტარს დაადო ხელი მოხეტიალე რაინდმა, დონ არიომ, რომელიც თვენახევრის წინ შემოუერთდა „კაპრიელ მაწანწალებს“.

– ქვეშაჯვია ხარ, აბა რა ხარ ? შენი ნაბრძოლი ჯერ არ მინახია.

– მოკეტავთ თუ არა ?! – ქორივით დააბრიალა თვალები ბენიტომ, – დააცადეთ კაპიტანს !

– ძმებო, ნუ აბრაზებთ ჩვენს ბენიტოს, – გაიცინა დანტემ, – ხომ იცით, თავის დროზე ოფიცერი იყო ჯარში და წესრიგი მეტისმეტად უყვარს. გეუბნებით, რომ არბალეტებიც საკმარისად გვექნება და მშვილდებიც... რა თქმა უნდა, ისრებიც. ჩვენი დამქირავებელი ყველაფერს მოგვაწვდის, რაც დაგვჭირდება. ხვალ შუადღეს მოგვაწვდის. მითხარით, აქამდე ვინმეს მოუცია ჩვენთვის იარაღი ?... არა. ჰოდა, ამჯერად სხვაგვარადაა საქმე. ამჯერად ძალიან გაგვიმართლა.

– ახალი აბჯარი არ იქნება ? – კლდესავით ფართო და ძლიერი ყბები აამოძრავა უმბერტომ, რომელიც ჯალათად მუშაობდა დელლა-ვერდეში, სანამ ერთი წლის წინ დანტეს რაზმს შემოუერთდებოდა, – ჩემი ბექთარი მკერდთან სულ დაჟანგდა, გულს თუ ვერ დაიცავს...

– გაჩუმ...

დანტემ ხელის აწევით შეაჩერა ბენიტო, რომელიც ხელახალ შეყვირებას აპირებდა.

– სამწუხაროდ ახალი აბჯარი არ გვექნება, – თქვა მან, – მხოლოდ იარაღები და ფარები.

– აბა ყველაფერს მოგვაწვდის, რაც დაგვჭირდებაო ?

– ხმლები იქნება ? – ლამაზმა ვიკომ თავისი ხმლის ვადას წაავლო ხელი, – აი, ნახეთ, ჩემს მახვილს სახელური ოდნავ უყანყალებს, მეშინია ბრძოლაში არ მოსძვრ...

– იმ დღეს შეშას რომ დაჰკარი, რა გეგონა, შე ყეყეჩო ? – დაიხვიხვინა წრიპა კარლომ, – პირი რომ არ მოატყდა ეგაა სასწაული, სახელურს ჩივი ? შენც შენი ძმასავით ყეყეჩი ხარ, აი !

– მეც კი დავკარი ერთი-ორჯერ, მაგრამ განა რამე მოუვიდა, – თქვა ლამაზი ვიკოს ტყუპისცალმა უშნო ვიტომ, რომელსაც შვიდი წლის წინანდელ ომში დანგრეული ყბები საძაგლად ჰქონდა მოქცეული, – ამისი იმ ცრუპენტელა სტეფანოს დამზადებულია...

– სტეფანო ბიძაჩემია, – დაიძახა ხუთი ყოფილი კატორღელიდან ყველაზე მაღალმა, – ბორსომ, – იცოდე, ეგრე არ ილაპარაკო მასზე, შე ფუნისსახიანო, თორემ აქვე დაგკლავ ღორივით !

– ხო ? მოდი აბა, მაჩვენე ერთი, რა შეგიძლია, შე ბინძურო დედისმკვლელო. ბაშდურელთა ურდოებმა ვერაფერი დამაკლეს მონცას ველზე და შენ რას მიზამ ?

– ვერაფერი დაგაკლეს ? სარკეში ბოლოს როდის ჩაიხედე ?

უცბად ხმლებმა იელვა თაკარა მზის შუქზე. 

– მოკეტეეეთ ! აბა, დაშოშმინდით ახლავე, თორემ კინწისკვრით გაგისვრით მაწანწალებიდან ! ვიტო, ახლავე ჩააგე ხმალი ქარქაშში !... შენც, ბორსო ! დროზე-მეთქი, თორემ კბილებს დაგაყრევინებ !

– ძმებო, ძმებო ! – გაიბადრა დანტე, – საჩხუბარი რა გაქვთ ? ცხელთავიანი „კაპრიელი მაწანწალები“ ხართ, გასაგებია, მაგრამ ეგ ცეცხლი საქმისკენ უნდა მიმართოთ, ერთმანეთისკენ კი არა !  

– მე გენარიელი ვარ ! – დაიძახა დონ არიომ და ამაყად გაიმართა წელში.

– მეც.

– მოკეტავთ, თუ არა ?! – ბენიტომ ცოფების ყრით წაივლო ტყავის გაცრეცილ ქამარზე ხელი.

– მეც.

– მეც. აბა, მართლა კაპრიელი კი არ ვარ ?

– მე კიდევ კონიელი.

– ჰო, მეც.

– ერთი ის მითხარით, რა შუაშია სად გაგაკეთეს თქვენმა ვიგინდარა მამებმა ? – გაიცინა ცალთვალა მარკომ, – მე კიდევ ერილიიდან ვარ, მერე ? აგერ, ჩვენი პიპპო კიდევ, თევზივით კარგად რომ დაცურავს, ლიდანოდანაა, მერე რა ?

– სამაგიეროდ მე ვარ, კაპრიელი, – ხმა აიმაღლა უშნო ვიტომ და თვალი მოავლო დანარჩენებს.

– მეც, – დაიძახა მისმა ძმამ.

– მეც.

– მეც კაპრიელი ვარ.

– მეც.

– მეც.

– რისი თქმა გსურთ, დონ არიო ? – ცოტა არ იყოს მკაცრად მიუბრუნდა დანტე მოხეტიალე რაინდს, – გენარიელი რომ ხართ, მერე რა ?

 – იმის, რომ მთლად სწორი არაა, „კაპრიელი მაწანწალები“ რომ გვქვია. უფრო სწორი იქნებოდა უბრალოდ მაწანწალები ან...

– ენა ჩაიგდე ! – კბილებში გამოსცრა ბენიტომ, – მადლობა თქვი, საერთოდ რომ მიგიღეთ ჩვენს რიგებში ! დაგვიწყო აქ ჭკუის სწავლება ! ჯერ ერთ საქმეზეც კი არ ყოფილხარ ჩვენთან ერთად, მუქთად ჭამ, მუქთად სვამ და კიდევ პრეტენზიები გაქვს ?!

– ჩვენი რაზმი... „კაპრიელი მაწანწალები“, კაპიტანი ლანდოს, იგივე კაპრიელი მგლის დაარსებულია ! – თვალები მოწკურა გერალდომ, – რაზმის სახელის შეცვლაზე არც იოცნებოთ... მის ხსოვნას შეურაცხყოფას არ მივაყენებთ ! როცა მე და დანტე მონასტრიდან გამოვიქეცით, სწორედ მან შეგვიფარა. ყველაფერი მან და ბენიტომ გვასწავლეს: ბრძოლა, ცხენზე ჯდომა... დაგვაპურეს და კაცებად დაგვაყენეს !

– დამშვიდდი, გერალდო, – მიუახლოვდა მას დანტე და მხარზე დაადო ხელი, – სანამ ცოცხალი ვარ, მამილო ლანდოს ხსოვნას ვერავინ მიაყენებს შეურაცხყოფას.

– და ვინ ეგდო ეგ თქვენი მამილო ? ერთი შარაგზის ყაჩაღი იყო, რომელმაც თავისნაირ ყაჩაღებად გაქციათ ! – მიწაზე დააფურთხა დონ არიომ, – წავედი მე აქედან !

– შე, ნაბიჭვარო ! – ნაბიჯის გადადგმა არ აცადეს რაინდს, ისე გაქანდნენ მისკენ გერალდო, ბენიტო, უშნო ვიტო და ცალთვალა მარკო.

– შეჩერდით ! – იღრიალა დანტემ და ქანდაკებებივით გააშეშა ამხანაგები ერთ ადგილას.

– მოდი და შენ თვითონ მომთხოვე პასუხი, თუ რამის თავი გაქვს ! – ხმალი იშიშვლა დონ არიომ და კაპიტანს მოუღერა, – მე აქედან მივდივარ. გამაჩერე, თუ შეგიძლია !

– გერალდო ! – შეაჩერა დანტემ რაინდისკენ ხელახლა დაძრული ამხანაგი, – ეს ჩემი მოვალეობაა. კაპიტნად მე ამირჩიეთ, ასე არაა ? 

დანტემ ქუდი მოიხადა და ბენიტოს გადაუგდო.

– კიდევ ვინმეს ხომ არ აქვს რამე პრეტენზია ? – თვალი მოავლო დანარჩენებს.

არავინ არაფერი თქვა. ისინიც მკვდრებივით მიჩუმებულები იდგნენ, ვინც წეღან დონ არიოსთან ერთად გაუსვა ხაზი თავის არაკაპრიულ წარმომავლობას.

– მშვენიერია, – კმაყოფილმა ჩაიღიმა დანტემ და ხმალი ამოაძვრინა ქარქაშიდან: კაპრიელი მგლის ნაქონი ხმალი. მოხეტიალე რაინდის პირისპირ დადგა. ფოლადი სარკესავით ელვარებდა მზის შუქზე. ორნამენტებიანი ტარის პატარა ღრმულებში მუქი ჩრდილები იღვრებოდა.

– ესე იგი, უბრალოდ გაპარვა გინდოდა და იმიტომ დაიწყე ენის ჭარტალი ? – ხმა აიმაღლა ცალთვალა მარკომ, – ჩვენი საჭმელი ჭამე... ჩვენი სასმელი დალიე და ახლა, როცა მუშაობა დაგეზარა, შენი გენარიელობა გაგახსენდა ?

– ჰო, აქამდე ვითომ არ იცოდა ბიჭმა, რა ერქვა ჩვენს რაზმს ! – დაიღრინა ბენიტომ.

– მაგარ შარში კი გაეხვიე... – ჩაშავებული კბილები გაკრიჭა წრიპა კარლომ, – დიადო რაინდო. კაპიტანი მაგარზე მაგარი მებრძოლია.

– მე კიდევ რაინდი ვარ, – საბრძოლველად მოამზადა ხმალი დონ არიომ, – ხმალი ჩემი მესამე ხელია ბავშვობიდან.

დანტემ ღრმად ამოისუნთქა და ველის ქარივით სწრაფად ეკვეთა მოხეტიალე რაინდს. ხმლებმა გულის გამაწვრილებელი ჭახანი გაადინეს. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ შემოჰკრეს ერთმანეთს და სამივეჯერ ნაპერწკლები გადმოანთხიეს ფოლადებმა.

– მიდი, კაპიტანო, მოკალი ეგ ნაბიჭვარი !

– თავი წააცალე მაგ ბოზის ნაშიერს !

– გამოფატრე ეგ მუქთამჭამელი !

ხალხის შეძახილებმა მკერდი აღტაცებით აუფანცქალა დანტეს, მაგრამ უცბად ისე სწრაფად მოუქნია მახვილი მოწინააღმდეგემ, კინაღამ ყელი გამოღადრა, – ძლივს მოასწრო მოგერიება.

გულმიცემულმა მოხეტიალე რაინდმა ხმლის ზემოდან ჩაცემა დაუპირა კაპიტანს. ამ უკანასკნელმა მოიგერია, შემდეგ ოდნავ უკან გახტა და როგორც კი ნაბიჯი წინ გადმოდგა მოწინააღმდეგემ, მთელი ძალით უთავაზა წიხლი მუცელში. ქვიშაში ჩავარდა აწკმუტუნებული რაინდი.

– ადექით, დონ არიო, – შედგა დანტე, – არ მინდა ვინმემ ცილი დამწამოს წაქცეულს აჯობაო.

– შენ თვითონ არ წააქციე ? – შეუძახა უშნო ვიტომ, – არავინ დაგწამებს ცილს. მიდი, მოკალი ეგ უქნარა !

– ჰო, მოკალი ! მოკალიი !

ამის მიუხედავად, მაინც დააცადა დანტემ მოწინააღმდეგეს ფეხზე წამოდგომა და სულის მოთქმა.

ხელახალი ჭახანი. მრისხანებისგან კბილების ხელახალი ღრჭიალი. ხელდახელ მუშტიც მოუქნია დონ არიომ კაპიტანს, მაგრამ ამ უკანასკნელმა ჩაკუზვით აირიდა და ხმლის სხარტი მოძრაობით ღრმად გაუსერა ბარძაყი.

სისხლით მოირწყა ქვიშა. მოხეტიალე რაინდი ძირს დავარდა და მოთქმა-გოდებას მოჰყვა ტკივილისგან. „კაპრიელი მაწანწალების“ უმეტესობამ კმაყოფილების ყიჟინა დასცა.

– აბა, რა გეგონა, დიადო რაინდო ? – ადგილ-ადგილ ჩაშავებული კბილების ლოკვით წამოადგა თავზე წრიპა კარლო ქვიშაზე გაწოლილ დონ არიოს, – კაპიტანი ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია... მე ვიტყოდი, მთელს ბელეგაში ერთ-ერთი საუკეთესო. მამილო ლანდო ასე იძახდა, კაცს ასე გვიან დაეკავებინოს ხელში მახვილი და ასე მალე დაოსტატდეს პირველად ვნახეო. შენც ხომ ეგრე ამბობდი, ბენიტო ?

ბერიკაცმა პასუხად თავი დააქნია მხოლოდ.

– მაშ, შენ ბავშვობიდან გიკავია ხმალი ? – ჩაიცინა წრიპა კარლომ, – ამან კიდევ ოცდაორი წლისამ ჩაბღუჯა პირველად...

– ოცდასამი ! – შეუსწორა ბენიტომ.

– ჰო, ოცდასამი. აბაა, ასეთია ჩვენი კაპიტანი დი მარონე... როგორც მამილო ლანდო იტყოდა: ზედმეტად ნიჭიერი.

– კმარა, კარლო, – გაბადრული მიუახლოვდა დანტე ძველ ამხანაგს, – ამდენი ქება არაფერში მარგია. ბევრი ქება კაცს აფუჭებს.

– მოკალი, მიდი, დანტე და წავიდეთ იმ წყეული გზის დასაზვერად, – დაიძახა გერალდომ, – ბიანკოს გზაო, ასე თქვი, ხომ ?

– ჰო, – ცალთვალა მარკომ ხმაურიანად მოიხოცა ცხვირი, – მიდი, კაპიტანო, გვაყურებინე როგორ ჭყივის ეგ უქნარა და წავედით !

დანტე დონ არიოს წამოადგა თავზე. ცალფხაგაწითლებული ხმალი შემართა, რომელიც ცოტა ხანში ბოლომდე ამოევლებოდა სისხლში.

– ეჰ, დონ არიო. შეგეძლოთ ჩვენთან ერთად ყოფილიყავით... ჩვენთან ერთად გებრძოლათ. ეს რა სისულელე ჰქენით.

– წადი შენი ! – პირდაპირ ჩექმაზე მიაფურთხა რაინდმა.

– ოო, ეს არ უნდა გექნა.

 

 

თავი მეორე

 

 

სოფელ სანტიმომდე მისვლას ნახევარი დღე მოუნდნენ. გვიანი შუადღე იყო, როდესაც ათამდე ხისსახურავიანი და კიდევ უფრო მეტი ჩალით გადახურული სახლი გამოჩნდა მზისგან გადამწვარი მინდვრის მიღმა. ცაში რამდენიმე ქორი დაფრინავდა. დასავლეთიდან მობერილი ნიავი ბალახიდან ამოზიდულ ჭინჭრებს ზანტად არხევდა, ბაბუაწვერებს ადგილ-ადგილ უტიტვლებდა ბებერ თავებს.

– ხომ არ შევიაროთ ? – გამომშრალი ენა ძაღლივით გადმოაგდო უშნო ვიტომ და შემდეგ ისევე უგვანად გაიღიმა, როგორც ყოველთვის იღიმოდა ხოლმე, – კაი ხანია ქალის სიტკბო აღარ გვიგემია, ჰა ?

– ჰო, რაღა ეშველებათ ქალებს შენს ლამაზ სიფათს თუ არ ნახავენ, – თქვა წრიპა კარლომ.

– მოკეტე !

– რამდენიმე დღეც მოიცადე, ვიტო და ფული იმდენი გვექნება, შეგიძლია საროსკიპოში გადასახლდე ! – გამოსძახა დანტემ.

ცალთვალა მარკოს, ლამაზ ვიკოს და წრიპა კარლოს გაეცინათ. მხოლოდ ბენიტოს არ შესცვლია სახე, – ისეთივე პირქუში დარჩა, როგორიც მანამდე იყო. სულ ხუთი კაცი წამოიყვანა თან დანტემ, – თავისი ძველი თანამებრძოლები, რომელთაც თვალდახუჭულიც კი ენდობოდა. მათ რიგებში გერალდო და თევზი პიპპოც შედიოდნენ, მაგრამ ისინი ბანაკში დატოვა დანარჩენების ზედამხედველებად.

გაყვითლებული გორების მხარეს წაუძღვა კაპიტანი თავის ხალხს. მოხრეშილ გზაზე ცოტა ხანს კიდევ ატარეს ცხენები და შემდეგ მინდორზე გადავიდნენ. გარშემო არსად ჩანდა ბუჩქნარი, სადაც პრინცსა და მის ამალაზე თავდასასხმელად დამალვას შეძლებდნენ, მხოლოდ ნარშავები და ჭინჭრები ამოზრდილიყო მხურვალე მიწიდან ადგილ-ადგილ.

– მგონი, პირდაპირ მოგვიწევს ლომკაცთან შეტაკება, – დაიდუდუნა ცალთვალა მარკომ.

– იქითაც დავათვალიეროთ, – ცხენს დეზები შემოჰკრა ფერდებში დანტემ და შორეული რცხილების კორომისკენ წაიყვანა ჩორთით.

როდესაც სიცხისგან აქა-იქ გაყვითლებულ ხეებს გასცდნენ, აღმოაჩინეს, რომ იქვე ახლოს ღელე მორაკრაკებდა ღორღიან ნაპირებს შორის. დასავლეთით აღმართული კლდოვანი მთებიდან წამოჩუხჩუხებული წყლის ნაკადი ჩრდილოეთისკენ მიჩხრიალებდა გზის გასწვრივ. ადგილ-ადგილ ისლის რამდენიმე ბუჩქი იდგა. ერთ ქერქგახუნებულ რცხილასთან ახლოს, ერთი ბეწო ლელიანი გაფურჩქნულიყო წყლის პირას.

დანტემ მხარზე გადაკიდებული ტიკი მოიყუდა და სიცხისგან გამთბარი წყალი დალია. გზას გახედა. ბუჩქის მსგავსი არსად არაფერი იყო სხვაგან.

– აქ რამდენი კაცი დაიმალება, ვითომ ? ხუთი ? ექვსი ?

– ათიც დაიმალება, – თქვა ბენიტომ, – ხეებსაც თუ ამოეფარებიან.

დანტემ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.

– წვრილი ხეებია. შორიდანვე დაინახავენ და ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება... მოულოდნელობის უპირატესობას... – კაპიტანმა თითები გაატკაცუნა, – აი, ასე უცბად დავკარგავთ.

ბენიტომ მხრები აიჩეჩა.

– იმ ლოდებზე რას იტყვი, კაპიტანო ? – გზის გადაღმა, ქვიშაქვის ნასვრეტებიანი კლდიდან ჩამოტეხილ ვეებერთელა ქვებზე მიანიშნა ცალთვალა მარკომ.

– ჰმ.

დანტემ ლოდებისკენ წაიყვანა ცხენი. დანარჩენებიც ფეხდაფეხ მიჰყვნენ. თითქმის ბოლომდე გახრწნილი, აყროლებული კურდღლის მძორი ეგდო ქვებთან. კაპიტანი ჩამოქვეითდა და ფეხის კვრით გადააგდო ლეში მოშორებით. თავისი საფერხის აღვირი უშნო ვიტოს გადასცა. ლამაზი ვიკო და ბენიტოც ჩამოხტნენ ცხენებიდან. სადავეები ცალთვალა მარკოსა და წრიპა კარლოს შეაჩეჩეს ხელში.

– აქ ბევრი-ბევრი ექვსი კაცი დაეტიოს, – ლოდების უკან გასვლისთანავე თქვა დანტემ.

– ეგრეა, – დაეთანხმა ბენიტო, – აი, იმ ქვასთანაც შეიძლება ერთი კაცი ჩაჯდეს, მაგრამ რა ვიცი... შეიძლება დაინახონ.

– ექვსი აქ, – თქვა დანტემ და ღელესკენ გაიხედა, – ექვსიც იქ. თორმეტი ისარი საუკეთესო შემთხვევაში თორმეტ კაცს მოკლავს... თუ ვერ მოკლავს, ისე მაინც დაჭრის, რომ ბრძოლა ვეღარ შეძლოს. გამოდის, დანარჩენებს ხელჩართული ბრძოლა უნდა გავუმართოთ... არბალეტები წესით საკმარისი გვექნება. საუკეთესო მსროლელებს უნდა მივცეთ.

– რამდენი იქნებიან ვიცით ? – იკითხა ლამაზმა ვიკომ, – ანუ რამდენი კაცი გამოყვება პრინცს.

კაპიტანმა თავი გააქნია.  

– მაშინ სხვა ადგილებიც დავათვალიეროთ. იქნებ მეტი ბუჩქი იყოს სადმე.

– ჰო, – თქვა დანტემ და თავისი ცხენისკენ წავიდა.

ჩრდილოეთის მიმართულებით გაუყვნენ გზას. კარგა ხანს იარეს, მაგრამ ისეთი რამ, რაც საფარად გამოდგებოდა, არსად აღარაფერი შეხვედრიათ. მხოლოდ ერთფეროვანი ხრიოკი ველები და ხრეშიანი გზა ეგებებოდათ. ღელეს გასწვრივაც არაფერი იყო, –  ერთ პატარა ბუჩქსაც კი ვერ მოჰკრეს თვალი, სადაც კაცი დამალვას შეძლებდა.

ისევ უკან დაბრუნდნენ და ნაცნობი ლოდების გასწვრივ შედგნენ გზაზე.

– კი. აქ მოგვიწევს ბრძოლა, – თქვა კაპიტანმა, – ამაზე უკეთესი ადგილი არსადაა. აქამდე რომ მოვლენ, ჩვენები ისრებს დაუშენენ და მერე დანარჩენებიც დავარტყამთ ფლანგებიდან.

– და... კაპიტანო, დანარჩენები სად დავიმალებით ? – ხმამაღლა დაახველა ბენიტომ.

ეს საკითხი სულ გადავიწყნოდა დანტეს და ამის გამო იფიქრა, რა სულელი ვარო.

„ჰაჰ, მთავარი დამვიწყნია“, – თავისი თავით უკმაყოფილო მიაჩერდა კლდეს. გზიდან გადავიდა და მისკენ წაიყვანა ცხენი. საბედნიეროდ, არც ისე სქელი აღმოჩნდა კლდე. „კაპრიელი მაწანწალების“ ძირითად ბირთვს შეეძლო მის უკან დამალულიყო და როცა პრინცს და მის ამალას მეარბალეტეები სროლას აუტეხდნენ, ესენი უცბად გამოვარდებოდნენ და მოწინააღმდეგეს ეკვეთებოდნენ, აზრზე მოსვლა რომ არ ეცდიათ მისთვის.

– აქედან დავარტყამთ, – უთხრა მასთან მიახლოებულ თანარაზმელებს კაპიტანმა.

– ოჰ, არაა ცუდი ადგილი, – თქვა ცალთვალა მარკომ.

– კი, – ხმლის ვადაზე დაიდო ხელი ბენიტომ, – წესით მოვასწრებთ, რომ ჩვენი იარაღი იქამდე ვაგემოთ პრინცს, სანამ გაიაზრებს რა ხდება მის თავს.

– შეგვიძლია მიწაზე გავწვეთ, არა ? – ოფლით დაცვარული შუბლი მოიწმინდა ლამაზმა ვიკომ, – ვერავინ დაგვინახავს გზიდან, ჰა ?

– ეგაა, – დანტემ ხელახლა მოიყუდა წყლიანი ტიკი.

ღელეს მიდამოც კიდევ ერთხელ მოათვალიერეს და შემდეგ თავიანთი ბანაკისკენ გაემართნენ.

 

 

****

 

 

დონა უგოლინოს გამოგზავნილი იარაღი მეორე დღეს, გვიან დილით ჩამოვიდა. როგორც მოზრდილი ფორნის თანმხლებმა ოთხმა შეიარაღებულმა მხედარმა თქვა, გათენებამდე კარგა ხნით ადრე გამოსულან კარონადან და სწორედ ამიტომ ჩამოვიდნენ დათქმულზე ადრე. რაინდს არცერთი არ ჰგავდა. დანტემ დაასკვნა ალბათ უბრალო დაქირავებული გამყოლები არიანო. თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას ? მთავარია, აღჭურვილობით მოამარაგეს „კაპრიელი მაწანწალები“.

თვრამეტმა დელლა-ვერდეს კედლებივით მტკიცე სხვადასხვა მოყვანილობის ფარმა, რვა პირაპრიალებულმა ხმალმა, ათმა მყარმა და დაუჟანგავმა შუბმა, ათმა გაკრიალებულმა მშვილდმა, ჩვიდმეტმა მზეზე მოლაპლაპე არბალეტმა და ახალთახალმა სამოცამდე ისარმა პირი დააღებინა დანტეს რაზმის წევრებს. ერთ-ერთ არბალეტს საერთოდ ვერცხლის ფირფიტებით გამშვენებული ორნამენტებიანი კონდახიც ჰქონდა, ხოლო ისრის ჩასადები ღარი – ბრინჯაოსი.

აი, ზუსტად ჩემთვისაა ეს გამოჭედილიო, თვალებგაბრწყინებული მისჩერებოდა ლამაზი ვიკო ერთი შედარებით მოკლე ხმლის გრავიურებით გამშვენებულ ვადაჯვარსა და სახელურს, ხოლო შუბმომარჯვებული ერთ-ერთი ბუღასავით ჩასკვნილი ყოფილი კატორღელი, სახელად კორსა იძახდა, ისეთი ხეშეშია ამით ათ ფოლადის ფირფიტასაც კი გავხვრეტ ერთი ღონიერი ჩხვლეტითო.

არბალეტები თორმეტ კაცს გაუნაწილა დანტემ – ისეთებს, რომელთაც სროლის საკმაო გამოცდილება ჰქონდათ. რა თქმა უნდა, თევზი პიპპოც მათ შორის იყო, როგორც ყველაზე ნაცადი და საუკეთესო მოისარი მთელს რაზმში. შვიდი წლის წინანდელი ომის დროს მან ხომ ლამის ხუთასი ფუტის დაშორებიდან გაარტყა მშვილდიდან ნატყორცნი ისარი ბაშდურელთა ერთ-ერთ მეთაურს პირდაპირ სახეში.

ყოფილი ბანდიტი კარო იძახდა მშვილდი მირჩევნია არბალეტს, ამის გადატენის თავი არ მაქვსო, მაგრამ კაპიტანმა არ დაანება იარაღის გამოცვლა. სჯობდა თორმეტივეს არბალეტიდან ესროლა, რადგან არაერთხელ ჰქონდა თავისი თვალით ნანახი როგორ ხვრეტდა არბალეტიდან ნატყორცნი ისარი ჯავშანსაც კი. ხოლო, პრინცის ამალის წევრების უმეტესობა შესაძლოა მძიმე ჯავშანში ჩამჯდარი რაინდი ყოფილიყო. თან, ერთ გასროლაზე მეტი მაინც არ დასჭირდებოდათ მეარბალეტეებს. როგორც კი სასხლეტებს გამოჰკრავდნენ თითებს, მაშინვე შუბებს ან ხმლებს უნდა დასწვდომოდნენ და კლდის უკან დამალულებთან ერთად ძგერებოდნენ ლომკაცსა და მის ამალას.

იარაღის გარდა, სხვა რამეც გამოუგზავნა დანტეს დონა უგოლინომ, – წერილი, რომელიც მასავით კოხტად იყო ნაწერი. როგორც ლამაზმანი იწერებოდა, მას სანდო წყარომ აცნობა, რომ პრინცის ამალაში ერთი მაგიც იქნებოდა. იგი ლომკაცის ბავშვობის მეგობარი ყოფილა, რომელიც ერთ-ერთი ისტლენდელი მაგის მიერ განსწავლულა თავის დროზე.

„...გთხოვთ, ფრთხილად იყავით, კაპიტანო“, – წერილის ამგვარმა დასასრულმა შიშთან ერთად სიხარულითაც აუძგერა გული დანტეს. ნუთუ მართლა ღელავდა მასზე პაოლა ? თუ მხოლოდ იმის ეშინოდა, რომ სიმართლე არ გამჟღავნებულიყო პრინცზე თავდასხმის დამკვეთის შესახებ ?

წაკითხვის შემდეგ კაპიტანმა წერილი რამდენჯერმე გადახია და მათ ბანაკთან ჩამომავალ მდინარეს გააყოლა სასწრაფოდ. ჩათვალა, რომ მაგის შესახებ არავის უნდა გაეგო... ბენიტოსაც კი. იფიქრა, ეს თავზარს დასცემს სულყველას და დიდი ალბათობით იქამდე ჩაიყრება წყალში ყველაფერი, სანამ პრინცს შევებმებითო.

– ისე, სჯობდა შუბები და ხმლები გამოეგზავნათ უფრო მეტი, – უთხრა ბენიტომ, როდესაც ეს უკანასკნელი ფხას უსინჯავდა ერთ-ერთ მახვილს, – არბალეტს თორმეტზე მეტი მაინც ვერ იხმარს... რაში გვჭირდებოდა ამდენი ? ან ამდენ ისარს ფარები არ სჯობდა ისევ ?

– რაც შეძლეს გამოგვიგზავნეს, ბერიკაცო, – ვაშლი ჩაკბიჩა დანტემ და ქვაზე ჩამოჯდა, – მადლიერება, ჩემო ბენიტო, მადლიერება გვმართებს.

„გმადლობ ყველაფრისათვის, პაოლა. მალე გესტუმრები გამარჯვებული და აბა შენ იცი... და შენმა მუქთმიანმა ცუგრუმელამ კიდევ. იცოდეთ, იმედი არ გამიცრუოთ“, – კაპიტანს მოსალოდნელმა კმაყოფილებამ აუცახცახა ყბები, თუმცა შემდეგ მაგის ამბავი გაახსენდა და ცხვირ-პირი ჩამოუშვა.

სად ჭირიდან მოეთრა მაგი ?! ახლა იქნებოდა საქმის გართულება, როცა სადაცაა ასეთ სიამეებს წაეპოტინებოდა დანტე ?! მაგებზე მაინცდამაინც ბევრი არ იცოდა, მაგრამ ის კი ნამდვილად სმენოდა, რომ ორი საყდრის ომის დროს კასტა-მარინო სწორედ ისტლენდიდან ჩამოყვანილმა მაგმა გადაარჩინა, – ზღვის ტალღებს წაალეკინა ჩრდილოელთა ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილი და ქალაქის დამცველებს გადამწყვეტი უპირატესობა მიანიჭა. იმედია, მასავით ძლიერი არ იქნება ლომკაცის მაგიო, ფიქრობდა თავის კარავში, გაცრეცილ ქვეშაგზე გაწოლილი დანტე და ჩაფიქრებული მისჩერებოდა გახუნებულ ბრეზენტს.

ბანაკი მომდევნო დღეს აყარა კაპიტანმა და ბიანკოს გზისკენ წაასხა აღალი. მათი ურმები და ფორნები გულის გამაწვრილებლად აჭრიალდნენ უსწორმასწორო ნიადაგზე. ცხენებმა და ჯორებმა ზანტად გააბიჯეს წვეტიან ქვებზე. ადამიანებმა უღიმღამოდ გააბოტეს ხმელ ჩირგვებსა და გამოფიტულ ლელიანს შორის. შემდეგ ჭინჭრებიანი ველი გადაიარეს, დამშრალი ჭაობების მონაკვეთს გასცდნენ და ხრიოკ გზას შეუდგნენ, რომელიც ჯერ კარონამდე მიიყვანდათ ნელ-ნელა და მერე უკვე ბიანკოს გზაზე დააყენებდათ.

სანამ კარონამდე მიაღწევდნენ, მეარბალეტედ გამწესებულ ყოფილ ჯარისკაც ბინოს ერთმა საფორნე ულაყმა ანაზდად მკერდში წიხლი ხეთქა და ადგილზევე მოკლა. მის ნაცვლად დანტემ წრიპა კარლო დააყენა მეარბალეტედ. მართალია ბინოსავით კარგი მსროლელი არ იყო კარლო, მაგრამ რაც მართალია, – მართალია: მშვილდ-ისრით ნადირობისას იმაზე ნაკლებჯერ დაბრუნებულა ხელცარიელი, ვიდრე ნანადირევით. ბინო იქვე დამარხეს, ასკილის ბუჩქებთან და შემდეგ ისევ ქალაქისკენ გააგრძელეს გზა.

შინაგანად ჩქარობდა კაპიტანი. უნდოდა მიესწროთ იმ ადგილამდე, სადაც ჩასაფრება ჰქონდათ განზრახული, რადგან ჯერ ბანაკი უნდა დაეცათ მოშორებით და ამის შემდეგ მისულიყვნენ დანიშნულების ადგილამდე. მაგრამ, ამაზე ჩქარა საზიდრების ტარება სახიფათო იქნებოდა, შეიძლება ბორბლები დასძრობოდათ ფორნებსა და ურმებს ადგილ-ადგილ უსწორმასწორო და მოხრეშილ გზაზე გადამეტებული ჯაყჯაყისგან. ასე რომ, სოფელ სანტიმოს საღამომდე ვერ მიუახლოვდნენ.

თან ედარდებოდა დანტეს, ერთი კაცი რომ გამოაკლდათ, – ვინ იცის რამდენი მებრძოლი ყოფილიყო პრინცის ამალაში და შეიძლება ერთით მეტ კაცსაც კი გადაეწყვიტა მათთან შეტაკების ბედი. მითუმეტეს, იმ პირობებში, რომ სამი-ოთხი კაცის ბანაკში დატოვება მოუწევდა თავიანთი რაზმის ავლა-დიდების მეთვალყურედ.

– საჭმელი საკმარისი გვაქვს, არა, ბენიტო ? – ჰკითხა დანტემ ბერიკაცს, როდესაც სოფლის სახლების ცეცხლით განათებულ ფანჯრებს მოჰკრა თვალი.

– ექვსი ყუთი აპოხტი გვაქვს დარჩენილი, – ფარანზე მიმჯდარ პეპელას ხელი აუქნია ბენიტომ. სულ ორი ფარანი ჰქონდათ რაზმში: ერთი სულ წინ, კაპიტნის გვერდით მომავალ ბენიტოს ეკავა, მეორე კი სულ უკან მომავალ ცალთვალა მარკოს, – ოთხი ტომარა ბარდა...

– დავიღალე ამ გაქვავებული ხორცის ლოკვით, – დაიღრინა გერალდომ, – თქვენ არ დაიღალეთ ? მოდი, დავეცეთ ამ სოფელს და შევუჭამოთ ყველაფერი, რაც აქვთ... მერე სოფლის ქალებთანაც გავგორდეთ თივაში. 

– და ამას ყოფილი ბერი ამბობს, – ბენიტომ ფარანი წინ გასწია გზის უკეთ დასანახად. ხის გაცრეცილ კარკასში ჩასმულ ქონის სანთელს წვრილი ნახეთქი ჰქონდა მთელს სიგრძეზე გაჩენილი და მისი შემხედვარე იფიქრებდი, სადაცაა შუაზე გადაიხსნებაო.

– ამ სოფელს ვერ შევეხებით, – მხრის უკნიდან გასძახა დანტემ, – კარონას ექვემდებარება.

– ანუ კარონას პრეფექტია ჩვენი დამქირავებელი ? – ლამის ჩურჩულით იკითხა გერალდომ უკან მომავალ თანარაზმელებს რომ არ გაეგოთ არაფერი, – მას ვერ ვაწყენინებთ ? თუ საბჭოს რომელიმე წევრია ?

– მოკეტე, გერალდო ! – შეუბღვირა ბენიტომ.

–კარგად იცი მამილო ლანდოს ნათქვამი, ძმაო, – თაღლითურად გაიღიმა დანტემ, – ერთ კაცს მაინც გაანდე საიდუმლო და...

– ცოტა ხანში საიდუმლო აღარ იქნება, – დაასრულა გერალდომ, – ხო მაგრამ, მე ხომ...

– მოკეტე-მეთქი ! – თითი აუწია ბენიტომ და იქვე მიაჩუმა, – სანამ მე ცოცხალი ვარ, წესებს არ დავარღვევთ ! მიწა რომ შემჭამს, რაც გინდათ ის ჰქენით მერე !

ნელ-ნელა გზიდან გადავიდნენ და სოფლიდან მესამედ მილზე, ხორბლის ყანის მიმდებარედ გაჩერდნენ ღამის გასათევად. იქ მისვლა ადვილი არ ყოფილა. მართალია ორი ფარანი ჰქონდათ მაგრამ დიდ ვერაფერ ხეირს იძლეოდა უშველებელ ჩაბნელებულ ველზე, რომელზეც ბლომად ჯაგი ამოსულიყო. ცხენები და ჯორები რამდენჯერმე გაიხლართნენ ეკალბარდებში და მათ გამოხსნას არც ისე მცირე დრო მოანდომეს.

ღამე მიწაზე გაათიეს. უკუნეთ სიბნელეში კარვების გაშლა და გამართვა მარტივი საქმე ნამდვილად არ იქნებოდა, ასე რომ კაპიტნის ბრძანებით ქვეშაგები ძირს დააფინა ყველამ და იქვე, ფორნებთან და ურმებთან გაწვნენ დასაძინებლად. ზაფხულის სიცხის კვალობაზე, გაშლილი მინდვრის სიგრილე დიდად ეამათ „კაპრიელ მაწანწალებს“. გამთენიისას, დანტემ აღმოაჩინა, რომ იმ მხარეს, სადაც ღელე ეგულებოდა, მუხები არც ისე პატარა კორომს ქმნიდნენ მათგან ორასიოდე ფუტის იქით; მაყვლის ბუჩქებიც ამოზრდილიყო ახლომახლო და გადაწყვიტა იქვე გაეშალათ კარვები, სადაც ახლა იყვნენ გაჩერებულები, რადგან გზაზე მომავალი კაცი წესით მხოლოდ საგულდაგულო დაკვირვების შემთხვევაში თუ შეამჩნევდა, რომ გზის გადაღმა, შორს, ვიღაცები იყვნენ დაბანაკებულები. რაც ნაკლები ეჭვები გაუჩნდებოდათ ლომკაცსა და მის ამალას, მით უკეთესი.

საუზმის შემდეგ კაპიტანმა ორი-სამი დღის სამყოფი საგზლის მოგროვება ბრძანა. ისიც დაიძახა, ვისაც გინდათ აისხით თქვენ-თქვენი აბჯარიო. თვითონ უაბჯროდ ბრძოლა ჰქონდა გადაწყვეტილი. ჯერ ერთი, მსუბუქად იქნებოდა და მეორეც – მზისგან ნამეტნავად გახურებულ ფოლადში არ მოუწევდა წვალება.

სანამ საქმეს შეუდგებოდნენ, ლამაზ ვიკოს უბრძანა სამ ყოფილ კატორღელთან ერთად დარჩენილიყო ბანაკში. დიდად დანაღვლიანდა ვიკო იმის გამო, რომ დანარჩენებთან ერთად ბრძოლა არ მოუწევდა, მაგრამ დანტემ უთხრა ბანაკში ერთი ისეთი კაცი მაინც უნდა დავტოვო, რომელსაც თვალდახუჭულიც კი ვენდობიო.

– შენ გარეშე ამათ შეიძლება მთელი ჩვენი ავლადიდება გაიტაცონ და გაიქცნენ. მჭირდები ვიკო, მჭირდები... ოღონდ აქ.

შუადღე იყო, როდესაც ღელესკენ დაიძრნენ. ორმოცდაცხრანი იყვნენ. დანტემ გადაწყვიტა ერთ-ერთ მეარბალეტედ თვითონ დარჩენილიყო ლოდებთან, რათა როგორც კი მაგს მოჰკრავდა თვალს, მაშინვე დაეხალა მისთვის ისარი. აზრზე მოსვლა არ უნდა ეცლია მაგისთვის, თორემ მეუფემ უწყის რას მოიმოქმედებდა ის სულწაწყმედილი. მართალია საუკეთესო მეარბალეტე არ იყო დანტე, მაგრამ რამდენჯერაც ბანაკში ვარჯიშისას სასხლეტისთვის თითი გამოუკრავს, უმეტესად მიზანს არ ასცდენია მისი ნასროლი. მაგრამ როგორ უნდა ეცნო მაგი ? რაიმე განსაკუთრებული ეცმეოდა ? რაიმე განსხვავებული იარაღი ეკავებოდა ? იმ მაგზე, რომელმაც ორი საყდრის ომის დროს კასტა-მარინო დაიცვა, კი გაგონილი ჰქონდა, რომ კვერთხი ეჭირა ხოლმე ხელში და მისი დახმარებით აღასრულებდა იმას, რასაც აღასრულებდა, მაგრამ იმისთვისაც ჰქონდა ყური მოკრული, რომ ზოგიერთი ისტლენდელი მაგი საერთოდ შიშველი ხელებით იქმოდა სასწაულ საქმეებს.

„გააჩნია, რომელი „ჯიშის“ მაგს ედგა შეგირდად ის სულწაწყმედილი... რაც იქნება – იქნება, რომელიმეზე ეჭვს მივიტან და მაშინვე დავაჭედებ ისარს.“

როგორც კი წყლის ნაკადს მიუახლოვდნენ, ექვსი კაცი და მათ შორის თევზი პიპპოც ლელიანთან და ისლის ბუჩქებთან დატოვა. პრინცის ამალის ბოლოში მყოფებისთვის ისრების დაშენა დაავალა მათ, ოღონდ მხოლოდ მაშინ უნდა ექნათ ეს, როცა ერთხელ და ხმამაღლა დაუსტვენდა. ლოდებთან მისულმა კი უცბად გამოაცხადა, რომ გადაწყვიტა თვითონაც არბალეტით დალოდებოდა პრინცს. წრიპა კარლოს უთხრა მე ჩაგანაცვლებო. ასე რომ არბალეტი გამოართვა მას და კლდის უკან დასამალთა რიგებში გაამწესა, რომელთა მეთაურადაც ბენიტო დააყენა.

– დარწმუნებული ხარ, კაპიტანო ? – ჩაფიქრებულმა ჰკითხა ბერიკაცმა, – ხომ არ სჯობს შენც კლდის უკან იყო ჩვენთან ერთად ?

დანტემ მოიმიზეზა, რომ პირდაპირ ლომკაცისთვის სროლა შეიძლება ვერცერთს ვერ გაებედა და ამიტომ ერჩივნა თვითონ დარჩენილიყო ლოდებთან.

– მე არაფერს მოვერიდები, ხომ იცი ? დანარჩენებს მიხედე, მიდი. იცოდე, შენი იმედი მაქვს, ბერიკაცო. როგორც კი ერთხელ დავუსტვენ, არ დააყოვნოთ, მაშინვე გამოქანდით.

დაიწყო ლოდინი. ისე დაღამდა, არავის ჩამოუვლია გზაზე. დაძინებით იქვე დაიძინეს, სადაც ჩასაფრებულები იყვნენ. თუ გამთენიისას უცბად ჩამოივლიდა პრინცი, აქეთ-იქით ფორთხიალის დრო არ ექნებოდათ, ყველა თავის ადგილზე უნდა ყოფილიყო, რომ დროულად ემოქმედათ.

მეორე დღესაც არ გამოჩენილა ლომკაცი. გამთენიისას კარონას მხრიდან მომავალმა კასრებითა და ტომრებით დატვირთულმა რამდენიმე ფორანმა ჩაიჭრიალა გზაზე, ხოლო შუადღეზე სამმა უაბჯრო, თუმცა შეიარაღებულმა მხედარმა, – ეს იყო და ეს. ერთადერთი, რამაც დანტე გაახარა, ის იყო, რომ ვერც მეფორნეებმა და ვერც მხედრებმა ვერ შენიშნეს ორმოცდაცხრა კაცი თუ იყო ჩასაფრებული იქვე – მაშ, ვერც პრინცი და მისი ამალა შეამჩნევდნენ... წესით.

კვლავ ისე დაღამდა პრინცისმაგვარი არავინ გაჭაჭანებულა ახლომახლო, მაგრამ არა უშავდა. გული უგრძნობდა დანტეს, რომ ცოტაც და აუცილებლად შეხვდებოდნენ ლომკაცსა და მის ამალას. მაშინ უკვე ყველაფერს მოხერხება, სისწრაფე და ძალა გადაწყვეტდა.

„ოხ, დონა უგოლინო, ერთი სული მაქვს როდის მოგეალერსებით... თქვენ და თქვენს უმშვენიერეს ლოლას“, – ქვებზე ჩამომჯდარი სინჯავდა არბალეტს დანტე და ჩექმებში ჩადგმულ, გაბინტულ თითებს ჩახურებულ ჩექმის ძირებზე ახახუნებდა.

 

 

 

 

თავი მესამე

 

 

– გეფიცებით მიყვარდა, ნამდვილად მიყვარდა, – ამოიხვნეშა ყოფილმა კატორღელმა ბორსომ. ისიც ერთ-ერთი მეარბალეტე იყო დანტესთან ერთად, ლოდებთან, – ერთი ეგაა, ტრაკი ჰქონდა ბრტყელი... ტაფასავით. ქალში კიდევ ყველაზე მეტად ტრაკზე ვირევი. შევეცი ჩემს ბედს... ყველაფერი ერთად არ გეძლევა კაცს. ეგრე არაა, ივო ?

ამაზე ყველას გაეცინა მონადირე ივოს გარდა, რომელსაც ჩუმს ეძახდნენ, იმის გამო, რომ ენა ამოჭრილი ჰქონდა. თუმცა, როგორც ბორსო იძახდა, იგი არც მანამდე გამოირჩეოდა დიდი მჭევრმეტყველებით, სანამ ჰერცოგ ალმანოს ძმისშვილის შეპასუხების გამო დაკარგავდა ენას. ივო, გვერდითა ლოდთან იყო ჩამომჯდარი და დონა უგოლინოს მიერ გამოგზავნილ ფარს თითებს უსვამდა, მის სიმაგრეს ამოწმებდა. შუბლიდან წყალივით ჩამომავალ ოფლს ტუნიკის სახელოებით იწმენდდა.

– ჰო, – აპოხტის ნაჭერი გაძიძგნა კბილებით დანტემ და ეშმაკურად ჩაეღიმა, – თუმცა, ზოგიერთ იღბლიანს ყველაფერი ეძლევა... ცოტა ხნით მაინც. 

ნუთუ თვითონ იყო ეს იღბლიანი ? დონა უგოლინო ხომ ჭეშმარიტად სრულყოფილი ქალი იყო ? შეხედავდი მას და მაშინვე იფიქრებდი, აი ესაა ის, ვისაც ყველანაირი სიკეთე გადმოაბერტყა მეუფემო. იტყოდი, ამასთან სულ ცოტა ხნით დროის გატარებაც კი უბედნიერეს კაცად მაგრძნობინებს თავსო. ნუთუ მალე სწორედ ასეთ ქალთან და მის არანაკლებ მშვენიერ საყვარელთან გაიხარებდა დანტე ?

– იჰ, ეგ შენ გგონია იღბლიანი, კაპიტანო, – ხელი ჩაიქნია გვიდომ, რომელიც ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ რიგით გუშაგად მსახურობდა გენარიელ დონ კასტორესთან, – აგერ ჩემი დონის... ყოფილი დონის ბიჭს, ულამაზესი ცოლი ჰყავდა... მართლაც ულამაზესი. თაფლისფერი ხუჭუჭა თმა ჰქონდა. კბილები, რძეზე უფრო თეთრი. ციხესიმაგრეში ბიჭები, სულყველა მაგაზე ვჩუკნობდით... ყველას გვშურდა იმ ცინგლიანი რეგვენის... დონ ჩეზარესი. ჰოდა, ბოლოს რა უქნა იმ ქალმა არ გაინტერესებთ ? ისეთი კაპასი აღმოჩნდა, თავი მოაკვლევინა ჩეზარეს. აბაა, ისე გაამწარა, ბიჭმა თავისივე ხელით გამოისვა ყელში დანა. მემკვიდრის გარეშე დატოვა საწყალი დონ კასტორე იმ მაცდურმა დედაკაცმა. მაგის მერე ქალების გარეგნობას აღარ ვენდობი. ოდესმე ოჯახს თუ მოვეკიდები, ისეთ დედაკაცს შევირთავ, მშვიდად რომელიც მაგრძნობინებს თავს. ჭირსაც წაუღია ძუძუები და ტრაკი... თმებიც და კბილებიც.

– ეგეთი ქალი სადაა ნეტავ ? – ჩაიცინა მსხვილმაჯებიანმა ყოფილმა მეკობრე პოლიტომ და თავის ახალგადატენილ არბალეტს მიეფერა, – მომინდომა სიმშვიდე და კაი ცხოვრება. ყველა ქალი ადრე თუ გვიან სულს შეგიღონებს, დამიჯერე. ოთხი ცოლი მყავდა. ვიცი, რაზეც ვლაპარაკობ. ამიტომ ჭკუა ვისწავლე და ახლა მარტო საროსკიპოებში დავსეირნობ. მირჩევნია ისევ ფული ვიხადო. სულიც თავისუფალი მაქვს და საოხრეც, ჰა-ჰა.

– მაგას იცი რატომ ამბობ ? – წყლიანი ტიკი მოიყუდა ბრუნომ. სანამ ორი წლის წინ „კაპრიელ მაწანწალებს“ შემოუერთდებოდა, იგი ინკვიზიციის გვარდიელი იყო ფოკარაში. წყლის წვეთები ადგილ-ადგილ დაჟანგული ბექთარის სახელოზე ჩამოეწუწა, – გინდა გითხრა ?

– ჰა, რატომ ? ამოღერღე.

– არცერთი არ გყვარებია და იმიტომ. ჰო, ქალი როცა გიყვარს, იქ ყველაფერი დამთავრებულია... სულის შეღონება და შეწუხება რა ჩემი ფეხებია ?

– ჰო ? ვითომ ეგრეა ? შენს ქალზე მოგვიყევი ერთი...

– გეყოთ ! – დანტემ სასწრაფოდ ჩააგდო მოკბეჩილი აპოხტის ნაჭერი ტომარაში და მკვირცხლად შეუკრა თავი ქსოვილს. ფართოფარფლებიანი ქუდი მოიხადა და არბალეტს დასწვდა.

გზაზე, შორს, ჰაერში აჭრილ ბუღს მხურვალე მზე ეფერებოდა. აშკარად მხედრები მოემართებოდნენ და საკმაოდ ბევრნიც იყვნენ.

– მოდიან ? – გაოფლილი შუბლი მოიწმინდა პოლიტომ, – ეგენი არიან ?

კაპიტანმა ცერა და საჩვენებელი თითები პირში ჩაიდო და ზედიზედ ორჯერ შესტვინა, მზადყოფნისკენ მოუწოდა ღელესთან და კლდის უკან ჩასაფრებულ ამხანაგებს. ლელიანსა და ისლის ბუჩქებს ალმური ასდიოდა. ნასვრეტებიანი კლდე თითქოს ღრმულებში იწოვდა სიცხეს და მდუღარე ქვაბივით თუხთუხებდა შიგნიდან.

– ჰო, – დანტემ მხედართა მუქ ლურჯ ალმებზე გამოსახული ორი ცალი ოქროსფერი არწივი გაარჩია: მარენცას მეფეთა გერბი, – მობრძანდება მისი უდიდებულესობა. აბა, მოემზადეთ ! პოლიტო, ნუ მიხვნეშ კისერში ! გვიდო, ხელი დაიმორჩილე, კანკალი ვერაფერს გიშველის ! ბორსო, რა დროს მოფსმაა ახლა, შე შეჩვენებულო ? მიდი, დროზე გადადი ივოსთან.

– აი, უკვე მოვრჩი, კაპიტანო, მოვრჩი. ბრძოლის დროს ჩაფსმას, სჯობს, ახლა ჩავიფსა, ასე არაა ?

დანტემ არბალეტი სასროლად გაამზადა. ლოდებს შორის სივრციდან აპირებდა ისრის ტყორცნას. ოღონდ, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა მაგს ამოიღებდა მიზანში.

– კარგად დაიმახსოვრეთ, რაც გითხარით ! სანამ მე არ გავისვრი, თქვენი თითები სასხლეტთან იქნებიან გაშეშებულები ! ჩემს სროლას დაელოდეთ !

ყველანი მოჭიმულები ისხდნენ. მღელვარებისგან დაძაგრული, გაოფლილი სახეებით იყურებოდნენ გზისკენ.

– პრინცებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, არ დაივიწყოთ. ისევე ფსამენ და ჯვამენ, როგორც შენ, ბორსო... რაინდებიც ეგრე. ეცადეთ, მხედრებს დაუმიზნოთ !

ყველაზე მეტად ივოს იმედი ჰქონდა დანტეს. მონადირე ისე მშვიდად და უდარდელად იყო ჩასაფრებული გეგონება შეიარაღებულ რაინდებს კი არა პატარა კურდღლებს ელოდებოდა.

„მგონი მე უფრო ვღელავ, ვიდრე ეს უტყვი ნაბიჭვარი... თუმცა, ამან მაგზე არ იცის. საინტერესოა, რომ სცოდნოდა, ისევ ასე მშვიდად იჯდებოდა ?“

აი, უკვე გარკვევით გამოჩნდნენ მხედრები კლდესა და ივოს ლოდს შორის სივრციდან. ოცდაათზე მეტნი არ იქნებოდნენ. უმეტესობა ტყავის ლამაზ, მოსირმულ ბრიგანდინებში იყო გამოწყობილი. მძიმე ჯავშანი არავის ემოსა. ჩორთით მოჰყავდათ ცხენები. სამი ცალი ფორანიც ერია კოლონაში. მუქი ბრეზენტი ჰქონდა ტვირთს გადაფარებული. მეფორნეებადაც ბრიგანდინიანი მამაკაცები ისხდნენ კოფოებზე.

„მაგი მინდა, მაგი. რაინდებს მერე მოგხედავთ. სად ხარ, შე უწმინდურო ? რომელი ხარ ?“

ახლა ვერცხლისსამკერდიან მუქ წაბლისფერ ცხენზე ამხედრებული მამაკაცი დაინახა. განიერი მხრები და ფართო მკერდი ოქრომკედით ნაქარგ, თეთრ კამზოლში ჩაემალა მას. მოზრდილი ღიპით შეუბრალებლად აწვებოდა მოოქრულ ღილებს. ხშირი, შავი წვერი ლამის მკერდამდე სცემდა. ლაღად გაღიმებულ სახესა და ცომივით გაფუებულ ლოყებს პატარ-პატარა ნაიარევები უმკობდა ადგილ-ადგილ. აბრეშუმის ლურჯი შარვლით დაფარულ ჩასუქებულ ბარძაყთან, მოვარაყებულ ქარქაშში ჩასვენებული ვერცხლისტარიანი ხმალი უკონწიალებდა.

„ლომკაცი, – დანტემ არბალეტს მაგრად მოუჭირა მარცხენა ხელი, რომ ცდუნებას არ აჰყოლოდა და პირდაპირ მისთვის არ ესროლა, – იცოცხლე გაუსუქებია განცხრომით ცხოვრებას.“

წინ ექვსი ბექთარიანი მხედარი მოუძღვებოდა მარენცას პრინცს, რომელთაც ოქროსფერი არწივებით გამშვენებული მუქი ლურჯი გარსაცმელები ეცვათ. გვერდით კი...

„ჰმ, გიპოვე. შენ ხარ, ხომ ? შენ იქნები.“

თეთრ ცხენზე შემომჯდარი ქოსა მამაკაცი თვალებმოჭუტული უსმენდა პრინცის მხიარულ ლაზღანდარობას. მოციქულებისა და ბერების მსგავსად, გრძელი კაბა ეცვა, ოღონდ ლურჯი და არწივებით მორთული. ლომკაცის გვერდით მოდიოდა. მარცხენა ხელის მტევანი არაბუნებრივად ჰქონდა გაშავებული, გეგონება დამპალი აქვსო. კვერთხისმაგვარი არსად არაფერი ჰქონია, მხოლოდ ხორბლისფერტარიანი ხმალი შეება ტყავის ორნამენტებიან ქამარზე, მაგრამ დანტე დარწმუნებული იყო, რომ სწორედ იგი უნდა ყოფილიყო მაგი.

ივოსა და ბორსოს ლოდი მოეფარა ქოსასა და პრინცს. დანტემ სასწრაფოდ გაამზადა არბალეტი. ცოტა ხანში ისევ გამოჩნდებოდა მაგი და თვალის დახამხამებაში გადაწყდებოდა მოსალოდნელი შეტაკების ბედი.

„აბა, მაჩვენე ერთი რა შეგიძლია“, – მარჯვენა მხარი დაატრიალა კაპიტანმა. საკუთარი სახსრების ჭრიალი ჩაესმა.

და აი, ისევ გამოჩნდა ლომკაცი. მაგიც. ერთ მომენტში ოდნავ ჩამორჩა მისი ცხენი პრინცისას და დანტემ აჩქარებით გამოჰკრა სასხლეტს თითი...

ჩხაკუნის ხმა ყურებში ექოდ ჩაესმა. მსუბუქ გუგუნად ჩაუვიდა ყურებიდან ყელში და შემდეგ მთელ მის მკერდს ტაძრის ზარების რეკვასავით მოეფინა. დაინახა როგორ ეძგერა ყელში ქოსას მსხვილი ისარი და როგორ იშხეფა სისხლმა მისი ყანყრატოდან.

ლოდს ამოეფარა და მაშინვე ჩაესმა დანარჩენი არბალეტების წამიერი სიმღერა. გზაზე მყოფ მამაკაცთა შეყვირების ხმა გაისმა თუ არა, თითები პირში შეილაგა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაუსტვინა.

–       წიინ ! – იღრიალა მთელი ხმით და ხმალი იშიშვლა.

კლდის უკნიდან გრუხუნად აიჭრა ცაში ბენიტოსა და დანარჩენების საბრძოლო ყიჟინა. დანტე თავის ხუთეულთან ერთად გამოვარდა ლოდებიდან. დაუფიქრებლად მივარდა წაბლისფერ ცხენს და პირდაპირ ყელში გამოუსვა ხმლის ფხა. მხედრიანად დავარდა ძირს ცხენი და ბუღი აადინა იქაურობას. სისხლი ფეთქვა-ფეთქვით ასხამდა ჭრილობიდან; ამტვერებულ ხრეშზე ჭარბად იღვრებოდა. ლითონის ნაცნობმა სუნმა წამებში აავსო არემარე. დანტე თავზე წამოადგა დაბნეულ, ახვნეშებულ ბექთარიან ჯარისკაცს და დაუფიქრებლად ჩაძირა მის მკერდში ხმლის ნესტარი.

– მოდით, თქვე ბოზის ნაშიერებო ! – გაისმა ღრიალი. ლომკაცი იყო: სისხლით მოთხვრილი და ამოგანგლული. მხარში არბალეტის ისარი ჰქონდა გარჭობილი. მისი ცხენი მკვდარი ეგდო მის ფერხთით.  იქვე, მხედრიანი თუ უმხედრო შეშინებული ცხენები ყალყზე დგებოდნენ. კოლონის უკანა რიგებში მყოფ რაინდებს სადაცაა დაეტაკებოდნენ ბენიტო და მისი კაცები. ღელეს მხრიდან გამოქცეული თევზი პიპპო და დანარჩენი მეარბალეტეები ხმლებითა და შუბებით შეიარაღებულები უახლოვდებოდნენ გზას.

– დონ ენრიკო, თქვენ და თქვენმა ბიჭებმა მარჯვენა მხარეს მიხედეთ ! - გაისმა პრინცის ამალიდან ვიღაცის ძლიერი ხმა, – ჩვენ ამათ დავუხვდებით ! 

მაშ, დაუხვდებოდნენ ? დანტე პრინცისკენ გაქანდა, მაგრამ გვერდიდან ძლიერად დაეჯახა ვიღაც და ძირს დასცა. ბდღვირში რაღაცამ იელვა. ხმალი იქნებოდა. ხრეშზე გაწოლილმა კაპიტანმა სხარტი მოძრაობით მოიგერია შეტევა და მყის ძლიერად მოიქნია მახვილი. კივილით დაეცა მუხლებზე სხვა ბექთარიანი ჯარისკაცი, – წვივები გადაუჭრა. ფეხზე წამოვარდა დანტე და ღრიალით წაასხიპა თავი. ისეთი ბუღი ჩამოწოლილიყო გარშემო, მთლად კარგად ვეღარ ხედავდა ვინ – ვინ იყო. მაგრამ ის კი კარგად გაარჩია როგორ გაუხვრიტა ხმლით მუცელი დაჭრილმა პრინცმა ენნიომ ყოფილ კატორღელ ბორსოს.

მთელი არემარე საზარელმა ღრიალმა და რახარუხმა მოიცვა. როგორც ჩანს, უკვე ყველა „კაპრიელი მაწანწალა“ ბრძოლაში იყო ჩართული.

ახლომახლო რასაც ხედავდა დანტე, არც ერთი ბექთარიანი აღარ იყო ცოცხალი. დაჩეხილ-გახვრეტილები ეყარნენ ამტვერებულ სისხლის გუბეებში. თუმცა რა დროს ისინი იყვნენ ? დანტე გვიდოსთან დაპირისპირებულ პრინცს მივარდა და მუხლი გაუსერა სასწრაფოდ. ღრენით ჩაიკეცა ლომკაცი. კაპიტანმა ხმალი შემართა, კისერი რომ ჩაეხვრიტა მისთვის და ამ დროს ადგილიდან მოწყდა, გზიდან გადაფრინდა და რაღაც მაგარს მიეჯახა მკლავით. გვერდატკიებულსა და გაბრუებულს ბრძოლის ხმები იავნანასავით ჩაესმა. თავი წამოსწია. მტვრის კორიანტელი თითქოს გრიგალად ქცეულიყო, რომლიდანაც წარამარა იყრებოდნენ მისი რაზმელები. თვითონ, ოცდაათი ფუტის იქით, იმ კლდესთან ეგდო, სადაც მანამდე ივო და ბორსო იმალებოდნენ. ფეხზე წამოდგა გაჭირვებით. მარჯვენა ბეჭი გაშეშებული ჰქონდა. კისერი მტკივნეულად უფეთქავდა.

რა ჯანდაბა მოხდა ? რამ მოისროლა ასე შორს ? მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ იყო ახლა. შეტაკების ადგილისკენ წაჩლახუნდა ისევ. ბუღში შეაბიჯა და ის დაინახა... მაგი. სისხლში ამოვლებული, თუმცა საღსალამათი იდგა ფეხზე და ხმალმომარჯვებული ერთდროულად ებრძოდა წრიპა კარლოსა და ყოფილ მეკობრე პოლიტოს. გახვრეტილ-გასისხლიანებულ ყელში ისარი აღარ ჰქონდა გარჭობილი. ეტყობა, გადატეხა და გამოიძროო, გულში გაივლო კაპიტანმა.

რანაირად ? რანაირად გადარჩა ცოცხალი ? უცბად, პოლიტომ კისრის გასწვრივ მოუქნია ხმალი. ქოსამ მოიგერია და შემდეგ ხელის კარლოს მხარეს გაქნევით, ეს უკანასკნელი გზის მიღმა გადააფრინა ოციოდე ფუტზე.

აი, თურმე რა მოხდა. მაგია... წყეული მაგია.

– სულწაწყმედილი ნაბიჭვარი, – კბილებში გამოსცრა დანტემ და ქოსასკენ გააბიჯა, თუმცა ვიღაც ბრიგანდინიანი ლამაზი ჭაბუკი გადაუდგა წინ და შეტევები საძაგელი სისწრაფით დააყარა თავისი სისხლიანი მახვილით. რაინდი იქნებოდა. ფოლადის გაცხარებული რახარუხით გადავიდნენ გზიდან. დანტე მრისხანებისგან ათუხთუხდა. ძლივს იგერიებდა მოწინააღმდეგის შეტევებს. მარჯვენა ბარძაყისკენ მოქნეული ხმალი ძლივ-ძლივობით აირიდა და უცბად ჭაბუკისთვის ყელის გამოჭრა დააპირა თუ არა, ამ უკანასკნელის ფეხი მუცელში მოხვდა ძლიერად და გახუხულ ბალახზე გაიშხლართა ზურგით. სუნთქვა შეეკრა. რაინდი ხმალშემართული წამოადგა თავზე, უეჭველია ისევე აპირებდა მის შიგანში მახვილის ჩაფვლას, როგორც თვითონ უქნა ბექთარიან ჯარისკაცს.

მაგრამ უცბად შუბმა გამოუგლიჯა მუცელი ჭაბუკს და კაპიტნის ფერხთით აკრუსუნებული დაემხო მუხლებზე.

ბენიტო იყო. ფეხზე წამოაყენა დანტე.

– ლომკაცი მოვკალი ! – ამოიქშინა ბერიკაცმა და გზაზე, ორ დაჩეხილ რაინდთან ერთად ზურგზე დაგდებული პრინცისკენ გააქნია შუბი. მთელი სახე სისხლისგან ჰქონდა აწითლებული ლომკაცს. ცალი მუხლი საჯდომის ქვეშ შეკეცვოდა უსულო თოჯინასავით, – რაინდებიც ცოტანიღა არიან... იმას რა ვუქნათ, შენ ის მითხარი. უკვე ხუთჯერ მაინც გავუხვრიტე ხორცი ! არ კვდება ეგ დამპალი !

მაგი ერთდროულად შვიდ მაწანწალას ებრძოდა. მკლავი აიქნია ცალთვალა მარკოსკენ და უცბად სამოცდაათი ფუტის სიმაღლეზე მაინც აისროლა ცაში ქვასავით. ყველა პირგაღებული მიაჩერდა აკივლებულ მარკოს. დანტესთან და ბენიტოსთან ახლოს დაეზღერთა საბრალო. დაცემის ძალამ კისერი და ყბები გულისამრევად მოუღრიცა. პირიდან მუქი სისხლი ამოარწყია და მიყუჩდა.

– ააჰ, მარკო ! - დაიბღავლა ბერიკაცმა და დასახიჩრებულ გვამად ქცეულ თანამებრძოლთან ჩაიჩოქა.

დანტემ აწკმუტუნებულმა აუქნია ხელი ბენიტოს, ანიშნა, მიდი დანარჩენებს მიეხმარეო. მოკუნტული იდგა, მუცელს ისევ ტკივილი უჭეჭყავდა, სუნთქვა კვლავ შეკრული ჰქონდა და ხმას ვერ იღებდა.

მოხუცი შუბმოღერებული გაქანდა მაგისკენ. კაპიტანმა დაინახა როგორ გახვრიტა მისი ადგილ-ადგილ დაფხრეწილი, მტვერში ამოგანგლული ლურჯი კაბა შუბმა, როგორ დაეცა ძირს, შემდეგ წაქცეულს როგორ დაუწყეს ხმლებისა და შუბების დაფლეთილ ტანში ჩაძირვა „კაპრიელმა მაწანწალებმა“, მაგრამ უცბად ზუზუნისმაგვარი ხმა გაისმა და ყველანი უკან გადაფრინდნენ. ისევ ფეხზე წამოდგომა იწყო მაგმა. მეორე ხელიც სულმთლად გაშავებოდა. დანტე დარწმუნებული იყო, ამას დაბეჟილობებთან საერთო არაფერი ჰქონდა. მაგიის ბრალი უნდა ყოფილიყო მთელი ეს საძაგელი სიშავე.

– ამის დედაც, რანაირად ? – ჰაერმა ანაზდად ისევ აუვსო ფილტვები კაპიტანს, – თავი... თავი მოჰკვეთეთ... თავი წააცალეთ...

თავის გარეშე უკვე ვეღარ წამოდგებოდა ფეხზე, ასე არაა ? უკან ხომ არ მიებმებოდა ? თუმცა ამ „სასწაულების“ შემდეგ არც ეგ იყო გამორიცხული ამ სულწაწყმედილისგან.

 დანტე მაგისკენ წავიდა ფეხაკრეფით. ეპარებოდა. თან თვალი მიმოავლო იქაურობას. პრინცის ამალიდან სხვა აღარავინ იდგა ფეხზე. „კაპრიელი მაწანწალები“ კი თექვსმეტნიღა იყვნენ. თექვსმეტი კაცი ერთი გამორჩეული... განსაკუთრებული კაცის წინააღმდეგ. ალყაში ჰყავდათ იგი მოქცეული. თავისა და ხმლიანი ხელის მოკვეთას ცდილობდნენ მისთვის, მაგრამ რატომღაც კისრისა და მკლავისკენ მიმართული ყოველი შეტევის მოგერიებას ან არიდებას ახერხებდა იგი.

არადა მაგი აშკარად დაქანცული იყო. ძლივსღა იქნევდა მახვილს. წარამარა ესერებოდა კანი. ჩამოძონძილ კაბაში გამომკრთალი ხორცი თანდათან აწითლებული ღრმულებით ევსებოდა. სისხლი თითქოს შედედებოდა და აღარც კი გადმოსდიოდა ჭრილობებიდან. ტკივილისაგან კივილისმაგვარ ხმებს უშვებდა ყელიდან.

ყოფილი მეკობრე პოლიტო და გვიდო მარკოსავით აფრინდნენ ჰაერში, ძალიან მაღლა და წივილით დაეხეთქნენ სისხლით მოთხვრილ ხრეშს. შემდეგ უცბად თევზი პიპპოც მოკვდა, ოღონდ მაგის ხმალმა შეიწირა იგი და არა დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნამ, – მუცელი ისე ძლიერად გამოეფატრა, წელები მიწამდე გადმოეკიდა.

„მოგკლავ და ზედ დაგაფსამ, შე სულწაწყმედილო“, – დანტე ძლივს იკავებდა თავს, რომ შლეგივით არ გაქანებულიყო ამ დამპალი ქოსასკენ. არადა, მთელი გულით უნდოდა ლომივით ძგერებოდა მას და უმოწყალოდ დაეჩეხა.

არა. ჭკვიანურად უნდა ემოქმედა. ჩუმად უნდა მიპარვოდა და ერთი მოქნევით წაესხიპა თავი მისი მხრებიდან.

უშნო ვიტოც აფრინდა ჰაერში და მოწყვეტით, ისეთი ძალით დაეზღერთა ერთ-ერთ ფორანს, რომ ცალი წინა ბორბალი გააძრო. ამის შემდეგ კი ისეთი რამ მოხდა ყველამ დაზაფრული შეძახილები ამოანთხია პირიდან, – ბუღასავით ჩასკვნილმა ყოფილმა კატორღელმა კორსამ, რომელმაც შუბით აგერ უკვე ლამის მეცხრედ გაუხვრიტა მაგს ფერდი, უცბად იარაღი ძირს დააგდო როგორც კი ქოსამ რაღაც დაიძახა სრულიად უცხო ენაზე, ხელები ყურებზე სასოწარკვეთილმა იტაცა და ანაზდად თავი დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნილი გოგრასავით გაუსკდა. ისეთი ზათქი გაადინა მისმა თავის ქალამ, გარშემო არავინ დარჩა, ვისაც მისი ტვინის სისხლიანი ნაგლეჯები არ მიეგდო ზედ.

ზოგიერთ „კაპრიელ მაწანწალას“ რწყევა აუტყდა. გერალდომ ხმალი ძირს დააგდო და უკან გადავარდა აკანკალებული. მაგს უცბად კისერი და კეფაც გაუშავდა.

რა იყო ეს ? ვითომ რაც უფრო მეტ ძალას იყენებდა, უფრო და უფრო შავდებოდა ? უფრო და უფრო ლპებოდა ?

– წინ ! წინ ! – ყვიროდა ბენიტო და გამწარებული იქნევდა შუბს, – არ შეუშინდეთ ამ ჰადინის ნაშიერს !  

როგორც იქნა მიუახლოვდა დანტე მაგს. უკვე შეეძლო ერთი მოქნევით წაეცალა მისთვის თავი, მაგრამ ხმლის ჩაცემა დაუპირა თუ არა, ეს უკანასკნელი მეტისმეტად აჩქარდა, მისკენ შემობრუნდა და ისე ადვილად მოიგერია მისი შეტევა, გეგონება პატარა ბავშვი ყოფილიყო კაპიტანი. შემდეგ უცბად გაშავებული ხელისგულიც მიუშვირა, ჭექასავით ხმა გაისმა და ისევ უკან, ლამის ღელემდე გადააგდო.

კინაღამ გონება დაკარგა დანტემ, როდესაც მინდორზე დაენარცხა. თავი ძლივძლივობით წამოსწია და აღმოაჩინა, რომ ჭინჭრებსა და ნარშავებზე ეგდო ხორცით სავსე ტომარასავით. არაფერია. მთავარია, არაფერი ჰქონდა მოტეხილი. ისევ ფეხზე წამოდგა გაჭირვებით. ყოველი სახსარი სტკიოდა, მაგრამ დაე აქვე ჩაეყლაპა მიწას თუ ამ უწმინდურს დანებდებოდა. არ მოისვენებდა, სანამ თავის გარეშე არ დატოვებდა მას.

„კეფაზეც ხომ არ აქვს თვალები ამ სულწაწყმედილს ? წყეულიმც იყოს !“

სანამ ბრძოლის ადგილამდე მიაღწია, ცხრანიღა დარჩნენ „კაპრიელი მაწანწალები“ მისი ჩათვლით. როდესაც ხმალი უშედეგოდ მოუქნია წარმოუდგენლად ძლიერ მოწინააღმდეგეს, ამ უკანასკნელმა ინკვიზიციის გვარდიის ყოფილ წევრ ბრუნოს მუცელი გაუხეთქა უცნაური სიტყვების ხელახალი წამოყვირებით. ნიკაპაკანკალებული დავარდა მიწაზე ბრუნო და ტკივილისგან მოკაკული თითები მზისგან გაბრწყინებულ ზეცას მიუშვირა. მისი გამოგლეჯილი ბექთარის ჟანგმოდებული ჯაჭვებიდან მუქი სისხლი წვეთავდა.

რვა.

ახლა სახეც გაუშავდა მაგს და მანამდე ცისფერი თვალები სისხლისფერი გაუხდა. საზარელი იერი მიეცა მას. წინა კბილებიც ჩაემტვრა, ლოყებიც დაუნაოჭდა და დანტე მზად იყო დაეფიცა, რომ თვალის დახამხამებაში ოცი წლით უფროსი მაინც შეიქნა იგი.

კიდევ უფრო შენელდა მაგი. ახლა უკვე თითქმის ვეღარ იგერიებდა შეტევებს. უმოწყალოდ უფლეთდნენ ხმლები და შუბები ნატანჯ ხორცს, შეუბრალებლად უხვრეტდნენ ლპობაშეპარულ კანს. რამდენჯერმე კისერიც მოუსინჯა დანტემ, მოიგერია ქოსამ, მაგრამ ეტყობოდა, რომ მალე ვეღარ მოახერხებდა ამას. აშკარა იყო, რაც უფრო მეტი ჭრილობა უფარავდა ტანს, უფრო და უფრო სუსტდებოდა, უფრო და უფრო ნელდებოდა. ადრე თუ გვიან ყველა იღლება. ყველაფერი ჩერდება. ადრე თუ გვიან მაგიაც კი ვეღარ გიშველის.

– ტანი დაუჩეხეეთ ! – რაც ძალი და ღონე შერჩენოდა, იქნევდა და იქნევდა დანტე ხმალს, – გახვრიტეეეთ !... მოკალით ეს დამპალიი !

ბენიტომ, ვინ იცის უკვე მერამდენედ, სასოწარკვეთილი ხვნეშით გაუყარა მაგს შუბი დახვრეტილ მუცელში. დანარჩენებმაც იმავ წამს ჩასცეს ხმლები. გულისამრევად გაშავებული ხორცი ბასრმა ფოლადმა ამოავსო. მაგმა პირი გააღო. მისი შემხედვარე იფიქრებდი სადაცაა მოკვდებაო... ან შეიძლება ისევ იმ წყეულ ენაზე აპირებდა რაიმეს დაძახებას ? არა. ამას ვეღარ დაუშვებდა დანტე.

იღრიალა და მთელი ძალით გაუქანა მახვილი კისრისკენ, მაგრამ ფოლადის ნაცნობი ჭახანის ხმა გაისმა, – მაინც მოიგერია შეტევა მაგმა. ყველაფრის მიუხედავად მაინც მოახერხა ეს.

– ააჰ, შენი დედაც !

რანაირად ? რანაირად ახერხებდა ამას ეს მართლაც რომ სულწაწყმედილი ? უიმედობა გრიგალივით დაატყდა თავს კაპიტანს. ასე ეგონა, გაჭირვებით, მაგრამ ნელ-ნელა ყველას მოგვიღებს ბოლოსო. თუმცა, უცბად, მაგს ცხვირგატეხილმა წრიპა კარლომ მოჰკვეთა იარაღიანი მკლავი. გაშეშებული ხელი და ხორბლისფერტარიანი, თუმცა ახლა უკვე სისხლით მოთხვრილი ხმალი ერთდროულად დავარდა ხრეშზე.

ეგაა. ახლა უნდა ემოქმედა. ახლა ვეღარაფრით დაიცავდა თავს ქოსა.

დანტემ, ელვის სისწრაფით, კისრის გასწვრივ მოუქნია მახვილი და როგორც კი მისმა ხმლის ფხამ გაშავებული კანი გახეთქა, ძვალი გადატეხა და ხორცში გასრიალდა, შვებით აევსო მკერდი.

ნუთუ მორჩა ? ნუთუ დასრულდა ეს არაბუნებრივი საშინელება ?

გაშავებული თავი მტვერში გაგორდა. დასახიჩრებული ტანი ძირს დაენარცხა ანაზდად. თავს მივარდა კაპიტანი და წიხლებით შესდგა ყოველი შემთხვევისთვის. საფეთქელსა და თავის ქალაშიც ჩასცა რამდენჯერმე ხმლის წვერი. როცა ასეთ სიშლეგესთან გაქვს საქმე, სჯობს ყველაფერი ქნა, თავი რომ დაიზღვიო.

ტანისკენ რომ გაიხედა, აღმოაჩინა, რომ ბენიტოც იმავეს აკეთებდა. გულის ადგილს გაცოფებული ჯიჯგნიდა ბერიკაცი შუბის ბუნიკით.

მაშინღა შედგნენ, როდესაც დარწმუნდნენ, რომ ვეღარაფერი წამოდგებოდა ფეხზე.

– ეს... ეს რა ჯანდაბა იყო ? – წრიპა კარლომ ლორწოიანი სისხლი გადმოაფურთხა პირიდან. გახურებული ქვები წითლად აბუყბუყდა, – მაგი იყო ? ჰა ?

პასუხი არავინ გასცა.

ყველანი ძირს გაწვნენ არაქათგამოცლილები. დანტესაც მუხლები მოეკვეთა და ხრეშზე დავარდა მკვდარივით.

 

 

 

****

 

 

„კაპრიელმა მაწანწალებმა“ ან უფრო სწორად იმათ, ვინც მათგან დარჩა, პრინცი ენნიოსა და მისი ამალის წევრების გვამები პირდაპირ გზაზე დატოვეს. ჯერ ისე არავინ აპირებდა მათ დამარხვას და მითუმეტეს არ შეიწუხებდა არავინ თავს მას შემდეგ, რაც ამხელა მსხვერპლი მოჰყვა მათთან შეტაკებას.

სანამ ბანაკისკენ დაიძრებოდნენ, ყველანი გატეხილები და მეტისმეტად დამწუხრებულები მისჩერებოდნენ ამხანაგების ცხედრებს. წრიპა კარლო ისე დასტიროდა უშნო ვიტოს, გეგონება მისი ღვიძლი ძმა ყოფილიყო და მრავალი წლის განმავლობაში ხშირ-ხშირად არ ეკინკლავა მასთან. გატეხილი ცხვირიდან სისხლიანი ცინგლები ჩამოსდიოდა. ჩუმი ივო დაჭრილი იყო. ბენიტოც. ერთს, ფერდი ჰქონდა გასერილი, მეორეს – ბეჭი: ჭრილობებს მშიერი ბატებივით დაეღოთ პირები. ამას გარდა, დანტეს, ბენიტოს და კარლოს გარდა, ყველანი სულიერად დასნეულებულებს ჰგავდნენ. ყოფილ ჯალათ უმბერტოს და ახმახ ბაროს ხელები უკანკალებდათ, ჩუმი ივო თავს აკანტურებდა უაზროდ და ცას მისჩერებოდა მავედრებელი მზერით. გერალდო და ყოფილი ბანდიტი კარო კი უნებლიედ ხან ტიროდნენ, ხან სულელებივით იცინოდნენ. ასეთი რამ შვიდი წლის წინ, ომში ჰქონდა ნანახი დანტეს. ფოკარას ალყისას, როდესაც ბაშდურელებმა ადამიანთა გახრწნილი გვამები კატაპულტებით დაუშინეს ქალაქს და აყროლებულმა ხორცმა ფილაქნებსა და ქვითკირის კედლებზე იწყო განავლით სავსე კასრებივით გასკდომა, გალავნის შიგნით მყოფ ზოგიერთ ჯარისკაცს უნებურად აუკანკალდა ხელები, ქალაქის დაცვის უფროსმა საკუთარი ხელით დაითხარა თვალები, ხოლო ერთმა რაინდმა, რომელმაც პატარა ბავშვივით დაიწყო ჩაფსმა, საერთოდ ქონგურებიდან გადაიგდო თავი.

გულმოსულმა დანტემ რიგ-რიგობით დააფსა მაგის ნამეტნავად დასახიჩრებულ ტანსა და თავს. ისე ჰქნა, რომ ოდნავ გაღებულ, სულ მთლად გასისხლიანებულ პირშიც ჩასვლოდა სტაფილოსფერი შარდი ქოსას. ყურადღებით აკვირდებოდა როგორ შხაპუნებდა ფსლის თბილი ნაკადი მის უსწორმასწოროდ ჩამტვრეულ კბილებზე, როგორ მიედინებოდა აქაფებული ზღვასავით მის გაშავებულ, მტკივნეულად გამომშრალ ენაზე.

– ვისაც გეფსიათ, დააფსით ! – დაიძახა მან შარვლის აწევისას, – ამით მაინც ვიყაროთ ჯავრი ჩვენი ძმების გამო ! ოღონდ დროზე ჰქენით, ბანაკში უნდა დავბრუნდეთ ! კარლო, შენ ახლავე წადი ბანაკში და ერთი დიდი ფორანი წამოიყვანე, ჩვენი მკვდრები რომ წავასვენოთ ! მიდი, გეყო ტირილი ! ესენი ყორნებს დავუტოვოთ საჯიჯგნად !... ყველა გვამი შეამოწმეთ ! რაიმე ძვირფასი თუ ექნებათ, ბეჭედი ან სხვა რამ, თან წამოიღეთ ! მათი სამოსი და ფეხსაცმელი თუ მოგეწონებათ, გახადეთ !.. ბრინაგდინებიც ! ამათი იარაღებიც წავზიდოთ და კიდევ... ცხენები ყველანი დაიფანტნენ ? არაფერია. მაშინ ისინი წავიყვანოთ ! – ბორბალმოგლეჯილ ფორანში შებმულებისკენ გაიშვირა თითი, – ჰო, რომელიმემ თავიც მოჰკვეთეთ პრინცს... თავი დაგვჭირდება !.. ამათი ორი ფორანი კიდევ, მთელები რომლებიცაა, თან გავიყოლოთ !

ნანობდა დანტე... ნანობდა, რომ არაფერი უთხრა რაზმელებს მაგის შესახებ. მაგრამ, იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ ამ ამბის გამხელით კარგს არაფერს დაიჭერდა, – მაგისგან დაშინებული მამაკაცები დიდად ვერ იბრძოლებდნენ, შესაბამისად ვერც ორმოც ოქროს იშოვიდნენ დიდი ალბათობით და ვერც დონა უგოლინოს ჩაუგორდებოდა ლოგინში დანტე. თუმცა კარგად ხვდებოდა კაპიტანი, რომ უკანასკნელი უფრო აღელვებდა მას, ვიდრე თუნდაც ოქრო.

„ჰაჰ, მხოლოდ ქალის გამო გავწირე ამდენი ხალხი ? ერთი გაქნილი კახპასთვის და მისი ჩერჩეტი საყვარლისთვის ჩავაწვინე მიწაში ამდენი სულიერი ? წყეულიმც იყოს ის ქალი... და წყეულიმც ვიყო მე.“

პრინცი ენნიოს ამალის ფორნებზე ბლომად ჯავშანი, ფარები და საგზალი ელაგა. ასევე, საკვები, მძივების ასხმა, ნაირ-ნაირი თვლებით გამშვენებული ოქროს ყელსაბამები და ოქროსა და ვერცხლის ბეჭდები იყო ტომრებსა და ზარდახშებში განაწილებული, – ერთი სიტყვით, მთელი განძეული. უეჭველად იმ პატარა კახპასთვის მიჰქონდაო, გაიფიქრა დანტემ ერთი ლალისთვლიანი დაკბილულკიდეებიანი ბეჭდის ცქერისას და ლოლა მოაგონდა, თუ როგორ ვერაგულად წარმოთქვა იმ დღეს მან ლომკაცის სახელი.

„ეტყობა თავი შეაყვარა უგოლინოს თხოვნით პრინცს და აქეთ გამოიტყუა დასაკლავად.“

ბორბალმოგლეჯილი ფორნიდან ყველაფერი დანარჩენ ორზე გადაანაწილეს და ისე გადაახრიგინეს გზიდან საზიდრები. გვამებსაც ყველანაირი ძვირფასეულობა ააცალეს, რაც გააჩნდათ და თან წაიღეს. ტანსაცმელი და აბჯარიც გახადეს უმეტესობას. მართალია სისხლიანი იყო, მაგრამ გაირეცხებოდა, გაიწმინდებოდა და ან ჩასაცმელად გამოიყენებდნენ, ან – გაყიდდნენ.

როდესაც ბანაკში დატოვებულმა ლამაზმა ვიკომ თავისი ძმის სიკვდილის ამბავი გაიგო და მის გაუბედურებულ გვამს დახედა, გული შეუღონდა. ყოფილ კატორღელებსაც არანაკლები დაემართათ, როდესაც თანამოძმეების ცხედრები დაინახეს, განსაკუთრებით კი ის, რაც კორსასგან დარჩენილიყო: ტანი და კისერზე შემული ყბის სისხლიანი ნატეხები. წვრილფეხება და ნამეტნავად შავგვრემან იკარდოს რწყევაც კი აუტყდა.

ბენიტოს და ჩუმ ივოს ჭრილობები გაუკერა დანტემ. ორივენი დაოსებულები კვნესოდნენ ნემსის ყოველი ჩხვლეტისას. შემდეგ, ბანაკთან ახლოს, ჯაგებს შორის ამოთხარეს მიწა ლამაზმა ვიკომ და ყოფილმა კატორღელებმა და ბრძოლაში დაცემული რაზმელები დამარხეს. იმ საღამოს ყველა ჩუმად იყო უმეტესად. მითუმეტეს ღამით. მხოლოდ ხანდახან ისმოდა ოხვრის ხმები, რომელიც ჭრიჭინების უდარდელ გალობას ერეოდა.

 

 

 

****

 

 

დილით, ბენიტო და ჩუმი ივო მკვდრები დაუხვდნენ დანტეს. ეტყობა, ჭრილობების გამო ცხელება დაეწყოთ და სული ამოართვათ ხურვებამო, დაასკვნა მან.

„სულ ტყუილად ვაწვალე ნემსით საბრალოები.“

ათნიღა დარჩნენ „კაპრიელი მაწანწალები“. კაპიტანმა თავისი ხელით ამოთხარა მიწა ბერიკაცისთვის და გერალდოსთან ერთად საკუთარი ხელებით ჩაასვენა ორმოში. ბენიტომ ხომ თავის დროზე მამილო ლანდოსთან ერთად ასწავლა მას ყველაფერი: იარაღის ხმარება, ცხენზე ჯირითი, კაცობა. ეს იყო ერთადერთი რითაც ახლა მისთვის პატივის მიგება შეეძლო. ჩუმი ივო ყოფილმა კატორღელებმა და ლამაზმა ვიკომ დამარხეს.

მიწის თხრისას გერალდო ცრემლებს აღვარღვარებდა და დანტეს ეგონა ბენიტოს დასტირისო, მაგრამ როცა ხმააკანკალებულმა ყოფილმა ბერმა დაიძახა არ მეგონა ასეთი რამეები მართლაც თუ არსებობდაო, ყველაფერი ცხადი შეიქნა, – მაგს გულისხმობდა.

– არ... არ შეიძლება ასეთ... ასეთი რაღაცების არსებობა... არა. უსამართლობაა. არას... არასწორია. როგორ შეიძლება ერთი... ერთი თუ ორი სიტყვა დაი... დაიძახო და ამით თავი გაუხეთქო ადამიანს ?... ან... ან მუცელი ? რატომ... რატომ უშვებს სულთა მეუფე ასეთ სისა... სისაძაგლეს ? ასეთ... ასეთ სიმახინჯეს ? ჰა, დანტე, მით... მითხარი ერთი...

გვიანი დილა იყო, როცა ბანაკი აყარეს. ოღონდ ჯერ სოფელ სანტიმოში შეიარეს. ერთი დღე გაჩერდნენ იქ. ჭის წყლით თავები მოიწესრიგეს; გლეხის ქალებს, იმ მცირედი ფულის სანაცვლოდ, რაც დარჩენილი ჰქონდათ, სისხლითა და მტვრით მოთხვრილი პერანგები და ტუნიკები დაარეცხინეს; პრინცი ენნიოს თანმხლებთა ბრიგანდინები გააწმენდინეს. რამდენადაც დანტემ ქალების მიკარება აუკრძალა თავისიანებს, წრიპა კარლომ თავის გახალისება იმით სცადა, რომ ჯვალოს ტომარაში ჩაგდებული პრინცი ენნიოს თავი მოჰპარა კარვიდან და იმით აედევნა უკან სოფლის ქალებსა და ბავშვებს. ამის გამო, დანტემ ერთი პანჩური უთავაზა მას და გაუწყრა, რამე რომ მოუვიდეს ამ თავს, იცოდე შენ მოგჭრი და იმას მივართმევ დამკვეთსო.

პაპანაქების გამო ლომკაცის თავმა მალე დაიწყო აყროლება. რამდენიმე თასმით მაგრად შეუკრა კაპიტანმა ფორანზე შემოდებულ ტომარას ყელი, საძაგელ სუნს რომ არ შეეწუხებინა კარონასკენ მიმავალი მისი ცხრაკაციანი რაზმი. რამდენადაც უმრავლესობა მიწაში ჩაწვა, ახლა თითო კაცს რამდენიმე ცხენი და ჯორი მოჰყავდა საბელით. საფორნე ცხენების ნაწილი ზოგიერთი საზიდრის მოაჯირსაც გამოაბეს. აბა, გზაში ხომ არ დატოვებდნენ თავიანთ ქონებას ? რაც აღარ სჭირდებოდათ გაყიდდნენ და ფულს აიღებდნენ. ერთი ეგაა, ორი ურმის სოფელი სანტიმოს გლეხებისთვის დატოვება მოუწიათ, რადგან თვითონ საკმარისნი აღარ იყვნენ იმისთვის, რომ კოფოებზე შემომსხდარიყვნენ და მათი მსვლელობისთვის მიმართულება მიეცათ. ასე რომ, იმ ურმებზე შემოლაგებული ავლა-დიდება დანარჩენ ფორნებზე გაანაწილეს. რაც მთავარია, პრინცი ენნიოს „განძის“ წაღება არ დავიწყებიათ. რა დაავიწყებდათ ? მისი დახურდავების შემთხვევაში ხომ იმდენ ფულს აიღებდნენ, რომ მოენდომებინათ თავ-თავიანთ საროსკიპოებსა და სამორინეებს გახსნიდნენ ყველანი. ვინ იცის, აღარც კი დასჭირვებოდათ ამტვერებულ გზებსა და სხვადასხვა ქალაქის მყრალ ქუჩებში ვიღაც-ვიღაცების ჩასაფრება.

გზაში დანტე იმაზე ფიქრობდა თუ რა იღბლიანი აღმოჩნდა დანარჩენებთან შედარებით. მის ამდენ რაზმელს გაუმაძღარი მიწა ლოკავდა, ცოცხლად დარჩენილებიდან ზოგიერთი ლამის ჭკუიდან შეშლის ზღვარს მიახლოებოდა, თვითონ კი მხოლოდ მარჯვენა მხარი სტკიოდა. ფეხის ცერა თითები და ქუსლებიც ეწვოდა, მაგრამ ამას მიჩვეული იყო. ეს ძველი და ნაცნობი შეჭირვება იყო. ეს არ ითვლებოდა. იმასაც ფიქრობდა, ნეტავ რა ჯანდაბად უნდოდა იმ წყეულ ქალს პრინცის მოკვლაო .

„პოლიტიკის ამბავი იქნება... ფულის და ძალაუფლების. ჩვენც რა ფულის გამო არ ჩავდივართ იმას, რასაც ჩავდივართ ?“

კარონას ერთ-ერთ მისადგომთან, როგორც კი მდინარე ველარაზე გადებულ ხიდს მიუახლოვდნენ, დანტე ცხენიდან ჩამოხტა და იმ ფორანზე აცოცდა, სადაც გამოსაცვლელი ტანსაცმელი ეგულებოდა. აბრეშუმის მეორე შარვალი ამოიცვა და კამეჩის ტყავის გასუფთავებულ ჩექმებში ჩაყო ჩახურებული ფეხები. პერანგიც აბრეშუმისა ჩამოიცვა. წინ, სულ ქვედა ნაწილი დაბებკილი ჰქონდა პერანგს, მაგრამ არაუშავდა, შარვალში ჩაიტანიებდა და არაფერი გამოჩნდებოდა. თავისი ბამბის სამი მოსასხამიდან, მეწამული ამოირჩია, რადგან თვლიდა, რომ ყველაზე მეტად სწორედ ის უხდებოდა. მონეტის ფორმის თითბრის სამაგრებით დაიმაგრა მხრებზე. ის ფართოფარფლებიანი ქუდიც დაიხურა თავზე, რომელიც ყველაზე ძვირფასი ჰქონდა, – ტილოსი, შავი, მარცხენა საფეთქლის მხარეს რომ იყო ჩაჭრილი. როდესაც სპილენძისმოქლონებიანი ტყავის ქამრის გაჭერას შეუდგა, შეამჩნია, რომ ყოფილი ჯალათი უმბერტო ხელების კანკალით, თვალებგაფართოებული მისჩერებოდა და უცბად თავისი თავი შეზიზღდა. ამდენი ძმა დაკარგა, მისი ცოცხლად დარჩენილი ზოგიერთი რაზმელი იტანჯებოდა და ამ დროს თვითონ ქალებთან დროის გასატარებლად ემზადებოდა ?!

„ესეც არასწორია, გერალდო, – უღიმღამოდ გაისწორა ფოლადის ბალთა და წინ მიმავალ გერალდოს გახედა, – არასწორია მეუფე ასეთ რამეებს რომ უშვებს... ზოგი იტანჯება და ზუსტად ამ დროს ზოგი განცხრომაშია. სწორი ის იქნებოდა, როცა ერთს სტკივა, მეორეს ამ დროს საოხრე არ უმაგრდებოდეს... კი, ასე აჯობებდა.“

მაგრამ, როცა დანტეს დონა უგოლინოს მაღალი კისერი გაახსენდა, მისი თვალები და ფაფუკი კანი, როცა ლოლას საგულდაგულოდ გამოძერწილი თეძოები და უკან გაბზეკილი უკანალი აუცეკვდა გონებაში, სულ გადაავიწყდა გვამებად ქცეული და ტანჯული ძმები. ახლა მხოლოდ მოლოდინი თუხთუხებდა მის გულში: ნეტარების მოლოდინი.

კარონაში თანარაზმელებთან ერთად შესვლა გადაწყვიტა კაპიტანმა. სჯობდა, ორი-სამი დღე ქალაქში დაესვენათ; ცოტა შვება ენახათ ბრძოლის შემდეგ. თან, ლამაზ ვიკოსა და წრიპა კარლოს ზედმეტი ჯორებისა და ცხენების, პრინცი ენნიოს ამალის წევრთა ჯავშნებისა და იარაღების ნაწილის გაყიდვა დაავალა. სამკაულები მერე გავყიდოთ, როცა დამქირავებლისგან დავბრუნდებიო, უთხრა მათ.

დასავლეთის კარიბჭესთან შელაპარაკება მოუვიდათ გუშაგებთან, თხუთმეტის ნაცვლად ოცდაათი არიის გადახდა მოსთხოვათ ჩოფურა ცვლის მეთაურმა, ლამის ბრძოლამდეც კი მივიდა საქმე, მაგრამ როცა გაცეცხლებულმა დანტემ ტომარაში ჩაგდებული თავი შეუთამაშა და უთხრა, რომ ქალაქის მეტად გავლენიანი მოსახლის დაქირავებული იყო და კარგი დღე არ დაადგებოდათ გუშაგებს თუ ამ თავს დროულად არ მიართმევდა დამქირავებელს, მეთაურმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და საერთოდ ყოველგვარი ბაჟის გადახდის გარეშე შეატარა ქალაქში „კაპრიელი მაწანწალები“.

– ყველანი გავწყდით ლამის და მომინდომა ვაჟბატონმა ფულის კეთება ! – ბობოქრობდა დანტე კარიბჭეში შესვლისას, – ხომ არ გეგონა შენს მონაჩმახს ვჭამდით ? ვისთანაც გაგდის, იმას აჭამე ეგეთები !

ქალაქის საბჭოს უშველებელი მარმარილოსსვეტებიანი შენობის გადაღმა, იმ ქუჩაზე დაბინავდნენ ტრაქტირში, სადაც ბლომად საროსკიპო და ტავერნა იყო. წმინდა კლარიტას ქუჩა ერქვა მას, თუმცა სიწმინდისა არაფერი ეტყობოდა იქაურობას. ერთ-ერთი ტავერნის წინ ვიღაც მამაკაცის თითქმის ჩონჩხადქცეული, ყელზე თოკგამობმული გვამიც კონწიალობდა ხარიხაზე.

როდესაც დარწმუნდა, რომ მისი თანარაზმელები უსაფრთხოდ იქნებოდნენ, დანტემ ლომკაცის თავი მოიგდო მხარზე, თავის შავ ცხენს მოახტა და პრეფექტთა უბნისკენ გაემართა. აბა სხვაგან სად იცხოვრებდა თამბაქოთი მოვაჭრეთა გილდიის თავმჯდომარე ? მისი სამყოფლის მონახვა არ გასჭირვებია. ზღვის მხარეს, მეორე ციტადელივით იდგა დონა უგოლინოს პალატი. გალავანიც არანაკლები ჰქონდა გარშემო შემოვლებული, – თეთრი, თლილი ლოდებით ნაგები. ქონგურებთან და ჭიშკართან შავ-წითელ ლივრეებში გამოწყობილი შუბოსანი მცველები იდგნენ. კაპიტანმა თავისი ვინაობა გაუმხილა მათ და უსიტყვოდ შეუშვეს ეზოში. როგორც ჩანს დაბარებული ჰქონდა ქალს, რომ სტუმარს ელოდა დღე-დღეზე.

კვიპაროსებს შორის მოქცეული მოფილაქნებული ბილიკი მიიწევდა პალატისკენ. მარჯვნივ და მარცხნივაც მიემართებოდა მოპირკეთებული ბილიკები, ერთი – თეთრ-წითელი ვარდებით გამშვენებული თაღისკენ, რომლის მიღმაც ალუბლის ხეები მოჩანდა, მეორე – მარმარილოსა და გრანიტის ნაირ-ნაირი ქანდაკებების ჯარისკენ.

დანტე წინ წავიდა. პალატისკენ მიმავალი ბილიკის ბოლოში, შადრევანი იდგა ვაშლის ხეებს შორის. გრანიტის ხუთი გველი ამოზრდილიყო მარმარილოსმოაჯირიანი აუზიდან. პირიდან ნაზად ასხამდნენ წყალს. პალატს ბეტონის უშველებელი კედლები და მოოქრული გუმბათები ქმნიდა. გუმბათებს ცისკიდურიდან გამოპარული, თითქმის ბოლომდე ჩასული მზის სხივები აელვარებდა აქა-იქ, წითლად აგიზგიზებული სუროსავით ეხვეოდა შვერილებზე. შენობაში შესასვლელი თაღის ზემოთ, პარაპეტზე ადამიანისმაგვარი ფრთიანი არსებების რვა ფუტის სიმაღლის ქანდაკებები იდგა. მათი შემხედვარე ნებისმიერი იფიქრებდა, აი, სადაცაა ზემოდან დაგვაცხრებიანო.

ამანები ? – გაიფიქრა დანტემ და გაუკვირდა ბელეგელ ქალს მსგავსი არსებების ქანდაკებები რომ წამოეჭიმა თავის სახლში. ახალ იმრონში, ოთხმოცი წლის წინ, ოგერ-კერმუდელი მაგების მიერ ჩამოყვანილმა ამანებმა ანუ ფრთიანებმა, სამხრეთ ერგუნდიასთან ერთად ხომ ბელეგაც ერთიანად ააოხრეს კაროლას ველიდან ლევერონეს უღელტეხილამდე ?! რომ არა ბალისტები, თვით კასტა-ვერდეს უშველებელი კედლებიც კი უსარგებლო გახდებოდა ცაში მფრენი კაციჭამია არსებების შემოტევისას. უამრავი ბავშვი და ქალი შეეწირა მათ გაუმაძღრობას. მართალია, თავისუფალ ქალაქებს განსაცდელი არ შეხებია მაშინ, მაგრამ ყველანი მაინც ბელეგას შვილები არ იყვნენ ?! განა ბელეგას ყოველი მკვიდრისთვის დიდი ტრაგედია არ იყო ის, რაც ოთხმოცი წლის წინ ოგერ-კერმუდელებმა დაატრიალეს ამანების მეშვეობით ?! კი, ნამდვილად საკვირველი სილამაზის პატრონი იყო დონა უგოლინო და თან საოცრად მდიდარიც, მაგრამ ნუთუ ასეთ სითავხედეს ანებებდნენ ამ ქალს ? – ფული და ძალაუფლება ყველაფრისგან დაგიხსნის... მტრის ქოფაკებიც გააღმერთე თუ გინდა. ვინ რა ფეხებს მოგჭამს ?“

დანტეს ვიღაც მწვანეთვალება, პირმშვენიერი ბიჭი გამოეგება და ცხენი ჩამოართვა. ჩამოქვეითების შემდეგ კაპიტანმა კიბეები აიარა და ხის ორფრთიან კართან შედგა. მცველებმა ცივად შეხედეს.

– საჩუქარი მიმაქვს თქვენი მშვენიერი დონასთვის, – ტომარა შეათამაშა ხელში.

– გკითხე რამე ? – დაუბღვირა ჩასკვნილმა გუშაგმა, – შედი !

კაპიტანმა მხრები აიჩეჩა და გრილ დარბაზში შეაბიჯა. კედლების გარდა, ყველაფერი მარმარილოსი იყო გარშემო. შანდლებით განათებულ მოზაიკის კედლებზე გამოსახულმა უამრავმა ფიგურამ თითქოს სული შეუხუთა დანტეს. რას აღარ ნახავდი იქ: ლამის ყველანაირ ცხოველს, მცენარეებს, ადამიანებს, ცას, მზეს, ვარსკვლავებს, ზღვას, მთებს, მდინარეებს, დასაკრავ ინსტრუმენტებს, უცნაური მოყვანილობის საგნებს, უცნაური ფორმის ფრინველებს. ამდენი რამის ერთაზე ყურება მეტისმეტად მოეჩვენა კაპიტანს და ნაჩქარევად აუყვა დარბაზის შუაგულში გაკეთებულ მოჩუქურთმებულმოაჯირიან მარმარილოს კიბეს. მეორე სართულის ბაქანზე პაოლას სქელწარბა მცველი შეეჩეხა. ხავერდის მუქი ლურჯი კამზოლი ეცვა მას. მოვარაყებულქარქაშიანი ხმალი ჰქონდა ქამარზე შებმული.

– მესამე სართულზე ადი, იქ ბრძანდება დონა... ხმალი აქ დამიტოვე.

დანტემ მახვილი გაუწოდა მას და თვალი ჩაუკრა. მცველმა შურიანი მზერა მიანათა. წელში გაიმართა კაპიტანი და ზემოთ ასვლა განაგრძო.

მესამე სართულის დერეფანს ქვის კედლები ჰქონდა. ორივე მხარე ყვავილების ორნამენტებით იყო მორთული. დერეფნის ბოლოში გამოჭრილი მაღალი ფანჯრიდან საღამოს მკრთალი სინათლე მოჟონავდა და კედლებთან დადგმულ სასანთლეებს ელოლიავებოდა ჩაძინების პირას მყოფი სატრფოსავით. ღიად დატოვებულ ერთადერთ ორფრთიან კარში შეაბიჯა დანტემ.

ისინი აქ იყვნენ. პაოლა და ლოლა. ექვსკუთხა აუზში. იცინოდნენ. სრულიად შიშვლები. გეგონება განზრახ დაუხვდნენ ამგვარად სტუმარს. აუზის კუთხეებიდან ამოზრდილი მარმარილოს მოჩუქურთმებული სვეტები უშველებელი მცველებივით ატუზულიყვნენ ექვსივე მხრიდან. კაპიტანმა ქუდი მოიხადა და კარის ზღურბლიდან ორ-სამ ნაბიჯში გაშეშდა.

საკმაოდ დიდი დარბაზი იყო. ბარელიეფებით გამშვენებული. აუზთან ახლოს, მარმარილოს მოზრდილ მაგიდაზე ხილი და ნაირ-ნაირი ნუგბარი ეწყო ვერცხლის გაკრიალებულ ლანგრებზე. მარჯვნივ, უზარმაზარი მოჩუქურთმებული ფანჯრიდან შემოჭრილი ჩამავალი მზის სისხლისფერი ნათელი აუზის ორთქლადენილ წყალს ერეოდა და ნარინჯისფრად აელვარებდა მას. ექვსი-შვიდი წლის ოქროსფერთმიანი ბიჭუნა იდგა ფანჯარასთან. ხელში ქვისგან გამოთლილი მხედრის სათამაშო ეკავა და ფანჯრის რაფაზე ახტუნავებდა მას. ოთხი მსახური ქალიც იყო დარბაზში. ხის სათლებით ცხელ წყალს უმატებდნენ აუზს.

– კაპიტანო დი მარონე, – დაიჟღურტულა პაოლამ და აუზის კიდეს შიშველი იდაყვებით დაეყრდნო. ფართოდ და ლამაზად გაიღიმა მან. სველი თმა კოხტად ეფინა ოდნავ შეფაკლულ ღაწვებზე, – რა შესაფერის დროს მოსულხართ. მართლაც რომ იღბლიანი ხართ, არა ?

დანტეს გული აუძგერდა. ნუთუ უკვე ცოტა ხანში მოხდებოდა ის, რაც მთელი გულით ეწადა ?

– ეე, მანდ ის გაქვთ, რაც მე მგონია ? - უგოლინოს გვერდით მოცურდა ლოლა და მის მსგავსად იდაყვებით დაეყრდნო აუზის კიდეს. თვალები ისე უბრწყინავდა, გეგონება იქვე დადგმულ სასანთლეებში ჩარჭობილი სქელი სანთლების ნათება შეიწოვა მისმა ფოსოებმაო.

დონა უგოლინო ხელის გულებს დაეყრდნო და აუზიდან ამოზიდა მშვენიერი ტანი. დანტემ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და უბეში საამური შესიება იგრძნო. ის მისკენ მოდიოდა. სრულიად შიშველი.

„ოო, მეუფეო“.

მისი შემხედვარე იფიქრებდი, ულამაზესი და საოცარი ოსტატობით ნაძერწი ქანდაკება გაცოცხლდაო. ნატიფ მხრებსა და გამაგრებულ ძუძუსთავებზე წყლის ბრჭყვიალა წვეთები თითქოს მთელი ძალით მიჰკვროდნენ და არასდროს აპირებდნენ მისგან განშორებას. ბოქვენის ჩალისფერი თმიდან თბილი წყალი მოწვეთავდა მარმარილოს იატაკზე. დანტემ ბიჭუნასკენ გააპარა თვალი. ამ უკანასკნელმა წამით გამოხედა ქალს და შემდეგ ისევ თავის სათამაშოს მიუბრუნდა. ეტყობა, მიჩვეული იყო შიშველი ქალების ყურებას.

„ვითომ, დედამისია ?.. ჰმ, ქმარიც ხომ არ ჰყავს ნეტავ ?“

– მაჩვენეთ, – გაბადრული მაიჩერდა დანტეს პაოლა.

კაპიტანმა მაშინვე შეუხსნა ტომარას ყელი და პრინცი ენნიოს თავი გამოაჩინა. თვალის დახამხამებაში ამოიჭრა ზემოთ საძაგელი სუნი, მაგრამ დონა უგოლინოს გამომეტყველება ოდნავადაც არ შესცვლია, პირიქით, დანტეს მოეჩვენა, რომ კიდევ უფრო მეტი სიხარული გადაეფინა მას კოხტა სახეზე.

– სულ სხვანაირია. საშინელებაა სიკვდილი, – ლოლასკენ გაიხედა, – საყვარელო, არ გინდა შენი სიყვარული ნახო ?

ლოლაც ამოხტა წყლიდან. ხორციანი თეძოების თახთახით მოცუნცულდა საყვარელთან.

– ჩემი ენნიო... ჩემი მშვენიერი და მამაცი ენნიო, – მოწყენილმა ჩაიჩოქა თავთან, – ეს რა დაგმართნია. ჩვენთან ვიყოლიოთ, რა ? – მავედრებელი მზერით ამოხედა პაოლას, – ჩვენს საძინებელში შემოვდოთ თაროზე. არ მოიწყენს იქ. ჩვენს სიყვარულს უყურებს და გაიხარებს. ჰა ? – ბიჭისკენ გაიხედა, – ჯაკომოსაც მოეწონება, ალბათ?

დონა უგოლინომ თავი დაუქნია.

„წყეულიმც იყავით, თქვე შეშლილებო... თქვენი დედაც“, – დანტეს მეყსეულად შესძულდა ეს ორი ქალი. მაგრამ... მაგრამ თან მთელი გულით ეწადა მათთან სიტკბოს განცდა. განსაკუთრებით პაოლასთან. თითქოს უყვარდა კიდეც იგი. თან სძულდა და თან უყვარდა.

– კლარიტა ! რინა ! –  მსახურ ქალებს გასძახა დონა უგოლინომ და თან ცბიერი ღიმილით მიაჩერდა უბეზე დანტეს, – დაბანეთ ჩვენი სტუმარი და მერე აუზისკენ გამოუშვით ! აგალინა, შენ ეს ტომარა გაიტანე, ვეციოს მიეცი, სადმე შეინახოს ! დინა, შენ ჯაკომო გაიყვანე აქედან ! – ახლა თვალების ნაზი ფახურით შეაცქერდა დანტეს, – ჩემი მსახურები გვერდითა ოთახში მოგაწესრიგებენ, კაპიტანო, – თავი დარბაზში გამოჭრილი პატარა თაღისკენ გადახარა, – და შემდეგ... მმ, შემდეგ თქვენს კაპრიულ მახვილს უნდა მოვუხერხოთ რამე, – ჩაეცინა მას. ლოლაც გვერდით ამოუდგა და დოინჯშემოყრილი, ვნებიანად მიაჩერდა სტუმარს, – იმედია, ჩვენი ქარქაშებით კმაყოფილი დარჩება თქვენი მახვილი ?!

 

 

 

****

 

 

მიუხედავად იმისა, რომ გასაოცარ სიამეს მოელოდა, დიდი ვერაფერი ქალები აღმოჩნდნენ პაოლა და ლოლა, როცა საქმე საქმეზე მიდგა. საკმაოდ მოსაწყენები და გულგრილებიც კი გამოდგნენ დანტეს აზრით. ერთადერთი მათი სილამაზით თუ გაიხარებს კაცი, თორემ ამათ ისევ პალმიროს საროსკიპოს პუტკუნა მეძავი ამბრა სჯობს, ის სიცოცხლითა და ვნებით მაინცაა სავსე და ყველაფერს გააკეთებს რომ გასიამოვნოსო, ფიქრობდა იმედგაცრუებული, როდესაც ყველაფერს მორჩნენ და ჩაცმას შეუდგა. სინდისმაც კიდევ უფრო ძლიერად დაუწყო ქენჯნა. ნუთუ ამ უსიცოცხლო თოჯინების გამო გაწირა თავისი ხალხი ? – ხალხი, რომელიც მასზე ამყარებდა იმედებს და ენდობოდა.

უგოლინომ ღამით თავისთან დარჩენა შესთავაზა, მაგრამ კაპიტანმა იუარა, ჩემი ბიჭები მელოდებიან და უნდა წავიდეო, უთხრა მას. ამგვარმა პასუხმა აშკარად გააკვირვა ქალი, მაგრამ აბა სხვას რას მოელოდა ? ეგონა მხოლოდ იმის გამო დაიწყებდა დანტე სიხარულისგან ხტუნვას, უსულო მორივით რომ გადაუშლიდა ფეხებს ?

„წყეულიმც იყოს თქვენი გამოფუტუროებული სილამაზე“, – კაპიტანმა გაღიზიანებულმა გაიჭირა ქამარი წელზე.

გასამრჯელოს რაც შეეხება, შეთანხმდნენ, რომ ხვალ შუადღეს პირდაპირ მათ ტრაქტირთან მოიტანდა უგოლინოს ხალხი ორმოც ოქროს მონეტას, თორემ ახლავე რომ წაეღო დანტეს, სახიფათო იქნებოდა, – შესაძლოა ქუჩის რომელიმე ბანდა დასხმოდა თავს დატვირთული საზიდრით თუ დაინახავდნენ და ერთიანად გაეღლიტათ.

– მეტად სასიამოვნო იყო თქვენთან საქმის დაჭერა, კაპიტანო, – მიუგო შიშველმა დონა უგოლინომ. ისე შეაცქერდა, თითქოს რაღაც განსაკუთრებულის თქმას მოელოდა კაცისგან. ლოლა იქვე იჯდა მაგიდასთან. გაცხოველებული ჭამდა ყურძენს.

დანტემ არაფერი უთხრა. მხოლოდ თავი დაუკრა პაოლას და დერეფნისკენ გაემართა. კიბეებზე ჩასვლისას შიშმა შეიპყრო, ჩემი შეპყრობა არ უბრძანოს თავის ხალხს იმის გამო, რომ დიდი აღფრთოვანება არ შემეტყო მათთან მოლხენის შემდეგო.

„მოხიბლული სულელის როლი უნდა მეთამაშა. ყველა ქალი ხომ ბუნებით შურისმაძიებელია ? ყველაფერს გაპატიებენ იმის გარდა, რომ არ მოგეწონა... ჯანდაბა. ხმალი მაინც მქონდეს თან.“

მაგრამ პრობლემა არსად შეჰქმნია. ხმალიც დაიბრუნა, ეზოშიც თავისუფლად გამოვიდა და მისი ცხენის მოსაყვანადაც გაემართა მეჯინიბე ბიჭი. ამის მიუხედავად, მაინც დაძაბული იყო. ან ახლა მოხდება რაღაც, ან ახლაო, ფიქრობდა.

– აბა, როგორი იყო ? - მამაკაცის ხმა გაისმა იქვე დარგული ვაშლის ხეებიდან.

დანტემ დამფრთხალმა გაიხედა ხეების მიმართულებით. პატარა წერტილი ანათებდა წითლად. ცეცხლი იყო. ინავლებოდა და შემდეგ ისევ ეგზნებოდა.

ჩიბუხი ? ვიღაც ჩიბუხს ექაჩებოდა აშკარად.

კაპიტანმა ნათებისკენ გადადგა ნაბიჯები. მამაკაცის სილუეტი გაარჩია. ხის ქვეშ იჯდა იგი პატარა სკამზე.

– მოწევთ ?

კიდევ ერთხელ აგიზგიზდა თუთუნის ჩასაყრელი და მკაფიოდ გამოჩნდა უცნობის ნაყვავილარი ლოყები და შევერცხლილი ქოჩორი. თვალებიც დაინახა დანტემ, – მოქუფრული ღამესავით შავი და ჭკვიანი თვალები.

– აამ... რატომაც არა.

კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და უცნობთან შედგა. გამოწვდილი ჩიბუხი გამოართვა მას. უკვე კარგა ხანი იყო არ გაებოლებინა. ხის ყალიონი იყო. ნაირ-ნაირი ნაჭდევები იგრძნობოდა მასზე თითებით.

– ჩემს შეკითხვაზე არ გიპასუხიათ.

დანტემ კვამლი შეისუნთქა და მერე სიბნელეს მიაფრქვია იგი.

– ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ.

კიდევ ერთხელ გააბოლა და უკან დაუბრუნა უცნობს ჩიბუხი. 

– მე მგონია, რომ ძალიან კარგად ხვდებით... ნუ გეშინიათ, მე იმ კაცების რიცხვს არ მივეკუთვნები თავიანთი ცოლების საყვარლებს მოსაკლავად რომ დასდევენ.

კაპიტანს ხველება აუტყდა. რაო ? ნუთუ პაოლას ქმარს ესაუბრებოდა ?

„დონ უგოლინო ?... ქმარი ჰყოლია ამ კახპას.“

– აამ... მე...

– მართლა, – ჩაეცინა დონ უგოლინოს, – ნუ ღელავთ. თქვენს ცხენს ელოდებით, არა ?

– აა... დიახ.

– თქვენი გამომეტყველება, აი იქ, კიბეებთან როცა იდექით, ფარნებთან, მაშინ შევამჩნიე და მაგ თქვენი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებ, დიდად მოხიბლული არ ჩანხართ.

თამბაქოს კვამლის სუნი ცხვირში შეუძვრა დანტეს. არ იცოდა, რა ეთქვა. რა უნდა ამოუშვა პირიდან მაშინ, როცა ასეთ უცნაურ და უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდები კაცი ?

– მესმის თქვენი. მეც ეგრე ვიყავი, როცა პირველად დავწექი მასთან. მისნაირი ლამაზი ქალები უმეტესად ეგრე არიან. თვლიან, რომ ხელის განძრევაც არ სჭირდებათ საწოლში, რახან ასეთი... ზედმეტად ლამაზები არიან... ჰოდა, ახლა ორივენი ჩვენ-ჩვენი გზით ვართ წასულები... ხვდებით, რასაც ვგულისხმობ ?

– ანუ... ანუ თქვენ სხვა ქალთან დადიხართ ?

– ქალებთან, – დონ უგოლინომ პირიდან ნაზად გამოუშვა ბოლი, – ერთმანეთი მალევე მოგვბეზრდა... ჰო, მომბეზრდა. წარმოგიდგენიათ ასეთი ქალის მობეზრება ? ოღონდ, ხორციელად მოგვბეზრდა, თორემ ისე ძალიან გვიყვარს ერთმანეთი... მე და პაოლას... ჩვენი ვაჟი ჯაკომოც ძალიან გვიყვარს ორივეს. კი... ჰაჰ, უცნაური რამაა სიყვარული. ზოგი ერთმანეთს თავგადაკლული ერთგულებს, ზოგი ისე ცხოვრობს, როგორც... როგორც მე და პაოლა. ჰო.

„ძალიან ცდები მეგობარო, თუ გგონია, რომ მაგ ქალს უყვარხარ... ძალიან ცდები.“

– ხორცი, – დონ უგოლინომ ხელახლა გაუწოდა ჩიბუხი დანტეს, – რაც არ უნდა კარგი და გემრიელი იყოს, სულ ერთსა და იმავე ხორცს თუ ჭამ კაცი, გბეზრდება, ეგრე არაა ? გწყინდება. ცუდია, რომ ეგრეა, მაგრამ რას ვიზამთ... თუმცა ერთი მეგობარი მყავს, მარტინო ჰქვია, ჩვენი ქალაქის სპილენძის მომპოვებელთა გილდიის თავმჯდომარეა... ჰოდა, მარტინო ისეთი ბედნიერია თავის ცოლთან, ერთხელაც არ დაწოლილა სხვა ქალთან... ერთხელაც. ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე ამბობს. არადა, გარეგნობით პაოლას ფეხის ფრჩხილადაც არ ვარგა ის ქალი. ვერაფერს გაიგებ. უცნაური რამაა ცხოვრება. თქვენ გყავთ ცოლი ?

– არა, დონ, – ამჯერად ბალახს მიაფრქვია ბოლი დანტემ.

დონ უგოლინომ თავი დააქნია.

– ერთხელ ისიც ვიფიქრე გავშორდები-მეთქი, უფრო ნაკლებ მოსაწყენ ქალს შევირთავ-მეთქი. მაგრამ იმ ლამაზ თვალებში რომ ჩავხედე, მივხვდი, რომ... მივხვდი, რომ მიყვარს. როგორ შეიძლება ასეთი ქალი არ გიყვარდეს, არა ? მის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა... ალბათ. არ ვიცი. თან ძალზედ კარგად უძღვება ჩემს საქმეებს... გილდიის საქმეებს. ჩემზე უკეთესადაც კი. მასზე უკეთესს ვერავის ჩავაბარებდი იმას, რაც ჩემი თავდაუზოგავი შრომით ავაშენე.

– რაღა დაგიმალოთ და, – დანტემ ძალუმად მოქაჩა ტუჩებით ყალიონს და მაშინვე უკან დაუბრუნა დონ უგოლინოს, – მეგონა თქვენ დამიხვდებოდით, როცა თქვენი გილდიის შენობაში მივედი... მეგონა თქვენგან მივიღებდი დავალებას, მაგრამ...

– მაგრამ ჩემი ცოლი დაგიხვდათ. ჰო, ორი წელია საქმეებს ჩამოვშორდი... დავიღალე. დამღალა ფურცლებში ქექვამ და ფულზე დახარბებულ ხალხთან მოლაპარაკებებზე სიარულმა... უაზრო გავლენებისთვის ბრძოლამ. ვაჭრობამ. ყველაფერი ვაჭრობაა. წყეული ვაჭრობა. ახლა, ვისვენებ. მთელი დღეები ჩიბუხს ვექაჩები, ქალებთან ვგორაობ, – ხელით ხეს მიეფერა, – ჩემი ხელით დარგულ ვაშლს ვაგემოვნებ... ჩემს ვაჟს განვსწავლი. თუმცა... რა ვიცი, დიდად ბედნიერი მგონი მაინც არ ვარ. არადა, ყველაფერი მაქვს ამ ცხოვრებაში.... ყველაფერი. აი, თქვენი ცხენია ეს, ალბათ.

მეჯინიბე ბიჭს დანტეს საფერხე მოჰყავდა.

– დიახ, დონ... დაგემშვიდობებით.

დანტემ და დონ უგოლინომ თავები დაუკრეს ერთმანეთს. მიუხედავად ამ საუბრისა ცოტა არ იყოს მაინც დაძაბული იყო კაპიტანი, სულ აქეთ-იქით იყურებოდა ვინმე ხომ არ მისაფრდებაო და სანამ გალავანს არ გასცდა და ფარნებით განათებულ, მოფილაქნებულ ქუჩაზე არ დააყენა თავისი ცხენი, იქამდე ვერ მოდუნდა. გარეთ გამოსულმა ჩორთით წაიყვანა თავისი საფერხე, დროულად რომ გასცლოდა იქაურობას. რა უცნაური კაცი იყო დონ უგოლინოო, ფიქრობდა დაღმართზე ჩამავალი დანტე. 

 

 

 

ალქაჯზე ნადირობა

 

832 წელი პირველი გამოცხადებიდან

 

თავი პირველი

 

 

ზედამხედველის მათრახივით ეჯავრებოდა ის მომენტები აურიგს, როცა კატორღის დღეებზე რაიმეს ეკითხებოდნენ. ასეთ დროს, ხელების კანკალი ისე უძლიერდებოდა, საცერი რომ მიგეჩეჩებინა მისთვის და შიგნით ბლომად ფქვილი ჩაგეყარა, მასზე უკეთ ალბათ ვერავინ გაცრიდა მთელს ზემო ოლდენში.

– ოო, არ მეგონა თუ ასე... მაპატიე... 

აურიგმა აცახცახებულმა შეხედა გოგონას ზიზღით და მაშინვე ელდანაცემივით წამოვარდა საწოლიდან. მისი ვეება ფეხების შეხებაზე ხის იატაკმა საწყალობლად დაიჭრიალა.

– არ გეგონა ? ფული იმაში კი არ გადამიხდია, რომ გული გადაგიშალო და წარსულის იარები გავიხსნა ?

ძლივს ჩამოიცვა იატაკზე დაგდებული თავისი სქელი შალის ტუნიკა და შალისავე შარვლის ჩაცმას შეუდგა.

– მე... მე, – დედიშობილა გოგონამ შავტუხა მკლავები შემოიხვია ტანზე და დაბნეული მიაჩერდა მას.

– მომე ფული ! – ტყავის გაცრეცილ ქამარს დაავლო ხელი კაცმა და დიდრონი ხელისგული გოგოსკენ გაიწოდა. რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაჭიმა ხელი, კანკალი რომ არ შეტყობოდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, არაფერი გამოუვიდა, – ჰო, რას მიყურებ ქალწულივით ? ბოზი ხარ, დაგავიწყდა ? ფული წინასწარ გამომართვი, ხეირი კი არაფერი მინახავს შენგან. მომე ფული, მომე !

გოგომ შეშინებულმა შეასრიალა ბალიშის ქვეშ გრძელი თითები და ხუთი ცალი თითბრის მონეტა ამოიღო. 

– ერთი ბროილი აკლია, – შეუბღვირა აურიგმა და თითი დაუქნია, – იცოდე, ჩემთან ეგეთები არ გაგივა. ხომ გითხარი, აბრეშუმით მოვაჭრეთა გილდიისთვის ვმუშაობ-მეთქი. მათი ვალების ამკრეფი ვარ. სხვისი ფულის გამო ხალხს თავ-პირს ვალეწავ და ჩემს საკუთარ ფულზე რას ვიკადრებ, ხომ ხვდები ? 

– ბო... ბოდიში, – ისეთი ხმით დაიძახა ქალიშვილმა, იფიქრებდი, სადაცაა ტირილს დაიწყებსო, – უბრალოდ... შემე... შემეშალა...

კიდევ ერთი ბროილი გაუწოდა მუშტარს და საბანი მოიხვია შეშინებულმა. აურიგი თავისი ნამეტნავად გახეხილი ტყავის ჩექმების ჩაცმას შეუდგა. მარჯვენა ჩექმას, იმის გარდა, რომ საშინლად გაცვეთილი იყო, ძირიც გამოხვრეტილი ჰქონდა. 

– ჰო, მიყურე ახლა ეგრე. კაცი წელებზე ფეხს ვიდგამ... ათას ხათაბალაში ვყოფ თავს ამ დამპალი დახლიდარების გამო და დამიწყო ამან სულში ხელების ფათური.

– არ მეგონა თუ ასე... თუ ასე...    

– თუ ასე გავგიჟდებოდი ? – თვალების ბრიალით მიაჩერდა აურიგი და კატორღელის დამღიანი შუბლი გადაიჭიმა თითებით, – გეგონა ამ სიმახინჯის გახსენება მესიამოვნებოდა ? – ახლა დადაღული მაჯები მიუშვირა გოგოს, – ან ამეების ? ჰა ? მითხარი ერთი, – ტუნიკაც აიწია და მათრახისგან დატოვებული მთაგრეხილებივით ამობურცული ნაიარევებით დაფარული ზურგი კიდევ ერთხელ დაანახვა, – ან ამის ? ჩემი ორი ბიჭის, მამაჩემის და ჩემი ძმების სიკვდილს ვუყურე იმ დამპალ ჯურღმულებში... ჩემი ძმისშვილების სიკვდილს კიდევ. სული ტანჯვით ამოხდათ სულყველას... და ამის გახსენება მესიამოვნებოდა შენი მოკლე ჭუით ?

– არ... არ ვიცოდი, – აკრუსუნდა ქალიშვილი და კიდევ უფრო მოიბუზა საბანში, – არ მეგონა...

– წადი შენი ! – ქვითკირის კედელზე მიყუდებული თავისი ხისკოტიანი და ვადაჯვრიანი მძიმე ხმალი ჩაბღუჯა აურიგმა და კარი გაიჯახუნა. დერეფანში გავიდა.

გარეთ გამოსულმა, მხარსზემოდან უკმაყოფილოდ გახედა ხიმინჯებშეყენებულ საროსკიპოს და ატალახებულ ხალხმრავალ ქუჩას გაუყვა. ადგილ-ადგილ, შემოდგომის ჟამიანობით დახოცილთა სუდარებში გახვეული გვამები ეყარა. ქარი, გაციებულ ჟინჟლს აყრიდა სახეში. გულში, ისევ სიბრაზე უთუხთუხებდა, მაგრამ ახლა უკვე მეძავ გოგოზე კი აღარ მრისხანებდა, არამედ ყველა იმ გარემოებაზე, რომელმაც ახლანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა.

წყეული სამოქალაქო ომი. რა ჭირად მიემხრო ლორდი უოლტონი იმ ნაბიჭვარ ბოროსს ? მერე უკვე აურიგის მამაც, ლორდი კეიდენიც იძულებული გახდა თავის სიუზერენს, ლორდ უოლტონს დამორჩილებოდა და სამოქალაქო ომში უკვე თითქმის წაგებულ მხარეს ებრძოლა. მაგრამ მარტო წაგებას ვინ ჩივის ? მდინარე დიმუეისთან და მის შენაკადებთან გამართული გადამწყვეტი ბრძოლის შემდეგ დამპალმა ბანოსმა აჯანყებული დიდებულების ნაწილი კატორღებში გაამწესა, – ყოველ შემთხვევაში ისინი მაინც, რომელთაც არავინ ჰყავდათ არც სამეფო კარზე და არც დიდ ლორდთა შორის, რომ მათთვის ორიოდე სიტყვა შეეწია ახალი მეფის წინაშე. კეიდენების შემწე კი, სამწუხაროდ არავინ აღმოჩნდა და მათი ციხესიმაგრითა და მიწებით მეფემ თავისი ერთგული კუდაბზიკა კემბრიელი მცირე ლორდის, დრეიკის უმცროსი ძმა დააჯილდოვა.  

„ესეც შენი ჯილდო... ნაბიჭვარო. იმედია ცხვირში ძმრად ამოგდინდება ყველაფერი, რაც ჩემმა წინაპრებმა ააშენეს, – გაიფიქრა აურიგმა და ახლა მთელი სამეფო ოჯახისადმი სიძულვილმა შეუხუთა სული უკვე მერამდენედ, – წყეული ფიქრები... სულ ერთი და იგივე წუმპესთან გატრიალებენ და მოსვენებას არ გაძლევენ. გლადიების დამპალი დინასტია... დიადი ზღვის იქიდან ჩამოთრეული ნაბიჭვრები დაგვასხდნენ თავზე მთელს ახალ იმრონს. აჰ, ისევ იგივე ფიქრები. რა გინდა, რომ ქნა ?... იმ დამპალი ბოზის ბრალია ყველაფერი. წყეულიმც იყოს !“

გრაფი ბრეილენის ქუჩაზე შეუხვია აურიგმა, სადაც აბრეშუმით მოვაჭრეთა გილდიის ერთ-ერთი წევრის დუქანი იდგა. სწორედ იგი აძლევდა ხოლმე დავალებებს გილდიის სახელით, თავად გილდიის აქაური განყოფილების თავმჯდომარე და მოადგილეები კი ერთხელაც არ შეხვედრიან მას. არადა, ვინ ეყარნენ ეს ვაჭრები, თავს რომ არ უყადრებდნენ აურიგს ?! იგი ხომ ლორდი იყო ერთ დროს  ?! მართალია მცირე, მაგრამ მაინც ლორდი. მის ოჯახს ხომ ოთხი სოფელი და ერთი დაბა ექვემდებარებოდა. მდინარე კრამის ჭალებიდან ოთხი ძმის გორებამდე ყველაფერი მათი იყო, ხოლო მათი საგვარეულო ციხესიმაგრე, თავად წითელი კლდეებიდან მოტეხილი ლოდებით იყო აგებული.

– წყეული დახლიდრები, – გამოსცრა კბილებში აურიგმა და სიცივისგან ოდნავ მოიბუზა, – მგონი, უკვე მეფეებზე მეტი ძალაუფლება აქვთ ამ ცბიერ ნაბიჭვრებს. რა გინდა რომ ქნა ? აქაურობას უკვე ეგ დამპლები მართავენ სრულად.

კალენბორნის ქვანახშირის მომპოვებელთა გილდიის ბათქაშჩამოყრილი შენობის წინ დაგუბებულ წუმპეებს გვერდი აუარა, რამდენიმე ხმაურიან ტავერნას გასცდა და მოზაიკის სვეტებით გამშვენებულ აგურით ნაგებ მომცრო შენობას მიაჩერდა. „ოსბერტის ქსოვილები და ტანისამოსი“, – ეწერა ნაგებობაში შესასვლელი კარის თავზე ჩამოკიდებულ ფიცრულ აბრაზე. 

– რატომ ვშვრები ამას ? – ზიზღით მიაჩერდა წითელი საღებავით შესრულებულ წარწერას.

„მაგრამ, მარტოს რა შემიძლია ? ესენი რომ არა შიმშილით კუჭი გამიხმებოდა.“

დუქანში შესვლისთანავე, აურიგს, ვაჭრის უშნო გოგოს სახე შეეფეთა, – მისი საძაგლად დაკენკილი ლოყები და ნამეტნავად მოკაუჭებული ცხვირი. აწითლებული ნესტოებიდან ცინგლები ჩამოსდიოდა. ნეტავ, ამასაც ჟამი ხომ არ შეეყარაო, გაიფიქრა აურიგმა.

– სადაა მამაშენი ?  

ქალიშვილმა არაფერი უპასუხა. მოურიდებლად შეხედა კაცს და დახლის უკან გამოჭრილ მოჩუქურთმებულჩარჩოიან თაღში გავიდა. აურიგმა ნაირ-ნაირი ქსოვილით დახუნძლულ კედლებს მოავლო თვალი. ყველანაირ ფერს ნახავდი აქ, ისეთებსაც, რომელთა სახელიც შესაძლოა ხანგრძლივი ფიქრის შემდეგაც კი ვერ მოგეფიქრებინა.

– აჰ, სერ აურიგ, – ამინდთან შეუფერებელი, გაბადრული სახით გამოვიდა თაღიდან ვაჭარი ოსბერტი. სულ სამჯერ ჰყავდა იგი ნანახი აურიგს და იერი სამივეჯერ გადამეტებული კმაყოფილებით ჰქონდა გაბრწყინებული.  

– ხომ გითხარით, ეგრე ნუ მეძახით-მეთქი ? – შეუბღვირა აურიგმა და რაც შეეძლო გაიმართა წელში. მასზე ლამის ორჯერ უფრო დიდი, მთასავით დაადგა თავზე.  

„მაგრამ, რად გინდა ? ზომაზე არაა დამოკიდებული შენი ცხოვრება... მხოლოდ იღბალზე და ჭკუაზე. ამ ნაბიჭვარს კიდევ ორივე საკმარისზე მეტი აქვს.“

– ვიფიქრე, პატივისცემას გამოვხატავ-მეთქი, – მეჩხერი კბილები გაკრიჭა ვაჭარმა და შეთხელებულ ჟანგისფერ თმაზე დაისვა კოტიტა თითები, – ერთ დროს რაინდი ვიყავიო, რომ მითხარით... ხომ ხვდებით ? მაშ, ოსტატი დაგიძახოთ ? ისევ ? 

აურიგმა არაფერი უთხრა. ცივად მიაჩერდა მხოლოდ.

– კეთილი, – ოსბერტმა ხელის გული დაჰკრა გახუნებულ დახლს და გამომცდელად დააჭყიტა ჭროღა თვალები, – ოსტატო აურიგ, შემდგომ დავალებას როდესაც შეასრულებთ ჩვენი გილდია ორას ბროილს გადაგიხდით.

აურიგმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. ორასი ბროილი ? ეს ხომ ორი ვერცხლი იყო ? ნუთუ, მხოლოდ ერთი დავალების შესრულებაში მიიღებდა ამხელა თანხას ? მაგრამ... ოო, რამე საძაგელი საქმე იქნებოდა. ვაჭრები როდის აქეთ იძლეოდნენ ასე მარტივად ფულს ? როცა იმ დღეს ერთ ყასაბს გილდიის ვალი წაგლიჯა, არც ისე მარტივი ჩხუბი მოუწია როგორც ყასაბთან, ისე მის ორ ვაჟთან და ასეთი ზორბა რომ არ ყოფილიყო, ვინ იცის ერთი წინა კბილის ნაცვლად ორს ან სამსაც კი დაკარგავდა მათთან ჩხუბში. თან, მაშინ, სულ რაღაც ოცი ბროილი გადაუხადეს და ახლა ორასს ჰპირდებოდნენ ?   

„მიდი, მითხარი, რა უნდა გავაკეთო. რომელიმე ქვრივ დედაბერს უნდა გამოვტაცო ხელიდან უკანასკნელი ლუკმა ? – უკბილოდ დარჩენილი ღრძილი მოილოკა აურიგმა, – ობლები უნდა დავტოვო მშიერი ? თუ რომელიმე ხეიბარი უნდა დავასახიჩრო კიდევ უფრო მეტად ?“

– რა უნდა გავაკეთო ?

– მიწა უნდა შემსუბუქდეს, – საჩვენებელი და შუა თითები მორცხვი ქალიშვილივით მოუთათუნა დახლს ვაჭარმა, – სადღაც... სადღაც, ორასი ფუნტით უნდა შემსუბუქდეს. 

უცებ ვერ მიხვდა აურიგი, რას გულისხმობდა ოსბერტი. მაგრამ როგორც კი გაიაზრა, ალბათ, თმები ყალყზე დაუდგებოდა თმისმაგვარი რომ ჰქონოდა თავზე რამე შერჩენილი.

– დაიცა, – წამიერად სუნთქვა შეეკრა და მოზრდილ წვერზე დაისვა ხელი, – დაიცა, ვინმე უნდა მოვკლა ? 

– ჩუმად ! – ცბიერი თვალები დუქანში შემოსასვლელი კარისკენ გაექცა ვაჭარს, თუმცა კმაყოფილი ღიმილი მაინც არ მოსცილებია მის აწითლებულ ლოყებს, – ჩუმად, ოსტატო აურიგ ! ჩუმად ! უბრალოდ, მიწა უნდა შემსუბუქდეს-მეთქი...  

– მიწა არ შემსუბუქდება, შიგ თუ ჩაწვები ! – პირში მიახალა აურიგმა.

ესე იგი, მკვლელობას ავალებდნენ ეს გაქნილი ნაბიჭვრები ? ჯერ მარტო იმის გამო ეზიზღებოდა საკუთარი თავი, რომ გილდიის მოვალეებს უკვე სამჯერ ძალით წაგლიჯა ფული და ახლა უკვე მკვლელობა ? ეს რომ ექნა, ხომ ეგაა და თავს ჩამოიხრჩობდა საკუთარი თავის შეძაგებისგან ?!

– მაშ, მეტი გნებავთ ? – გამომშრალ ქვედა ტუჩს კბილებით დააწვა ვაჭარი და აქეთ-იქით მიმოიხედა, – სამართლიანია. შრომის საფასურს მშრომელი ირჩევს. კი, ეგრე უნდა იყოს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ საქმეში თქვენი დამხმარეები დიდად კმაყოფილები დარჩნენ... არადა, მათ სულ რაღაც ას-ასი ბროილი შევთავაზეთ.

აურიგს სისხლი მოაწვა შუბლში. ხელები, ლამის ისევ ისე აუკანკალდა, როგორც საროსკიპოში. მოუნდა იქვე ჩაებღუჯა ამ ცბიერი ჭიაყელას ყელი და თავისივე დახლზე მიეხრჩო.

– არც იოცნებოთ, – საოცარი, ლამის მტკივნეული ძალისხმევის საფასურად აიყვანა თავი ხელში, – თქვენს გამო კაცს არ მოვკლავ. 

ოსბერტმა ისევ კარისკენ გაიხედა.

– კი მაგრამ, ჯერ ხომ არ გამინდია თქვენთვის დეტალები, სერ... ოსტატო აურიგ. უბრალოდ, სამორინეს განმკარგულებელი უნდა... ხომ ხვდებით ? ვალს არაფრის დიდებით არ აბრუნებს და ამის გამო ჩვენი მმართველი საბჭო ძალზედ შეშფოთებულია. თუ... თუ პასუხისმგებლობა გაშინებთ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ქალაქის დაცვასთან ყველაფერი... უკვე ყველაფერი შეთანხმებულია... 

– ჰოდა წავიდნენ ეგ შენი საბჭოს წევრები და თავიანთი შეშფოთება ფულების თვლაში ნაცადი თავიანთივე ხელებით დაიცხრონ ! – აურიგი კარისკენ წავიდა.

– კი მაგრამ, თქვენ ხომ ომში... ომში ხომ უკვე ჰქენით ის, რის გაკეთებასაც ახლა გთხოვთ ? რა მნიშვნელობა აქვს... ეს ხომ, იგივეა ?

არა. აქ თავის შეკავება უკვე შეუძლებელი იყო. აურიგი დახლისკენ გაქანდა ცოფების ყრით და პირდაპირ ყელში სწვდა ვაჭარს. 

– რა თქვი ? იგივეა, არა ? – მაგრად შემოაჭდო აკანკალებული თითები პარსვისგან გაწითლებულ ხორხზე. ოსბერტი მაშინვე ყელგამოჭრილი ღორივით ახრიალდა, – ომი საშინელებაა... მაგრამ ჩვენი მოვალეობა იყო და მაინც ვიბრძოდით მე... მამაჩემი და ჩემი ძმები ! ჯერ მაგ-ჰარონის ალყისას და მერე უკვე მდინარეებთან სამეფოს საუკეთესო მეომრებს შევებრძოლეთ !... საუკეთესო რაინდებს ! დავმარცხდით... მაგრამ, ღირსეულად !

ოსბერტის გოგო გამოვარდა თაღიდან. წივილ-კივილი მორთო და მამამისზე ჩაფრენილ აცახცახებულ უზარმაზარ მკლავს ჩამოეკიდა. მაგრამ, დაე აქვე გასკდომოდა მიწა აურიგს, თუ იქამდე გაეშვა ხელი ვაჭრისთვის, ვიდრე თავის სათქმელს დაამთავრებდა.

– მაშ, იგივეა, არა ? ამ თქვენს დავალებას რა მიზანი აქვს ? ის, რომ ორი ძონძის გამყიდველ დახლიდრებს, რომელთაც სისხლის დანახვაზე გული მისდით, თავები მაგარი ბიჭები ეგონოთ ? ჰა ? გინახავთ ომი ? ოდესმე გადაგტყავებიათ ხელისგულები იარაღის ჭერით ? მოგისმენიათ ისრებით დაცხრილული თანამებრძოლების კვნესა ? გინახავთ, როგორ უკავიათ ხელში ადამიანებს საკუთარი გაფატრული მუცლებიდან გადმოკიდებული წელები ? ჰა ? გინახავთ ? გადაეცი შენს ბატონებს, რომ ლაჩრები არიან და სიმამაცეს ვერასდროს იყიდიან ! გადაეცი, რომ ტრაკში გაიკეთონ ეგ ორასი ბროილი !

აურიგმა კედელზე მიაგდო ვაჭარი და ამ უკანასკნელს მაშინვე ხველა აუტყდა. ნაჭრები ჩამოცვივდა და ზემოდან დაეყარა ძირს დავარდნისთანავე.

– დამპალო ! – აყეფდა ოსბერტის გოგო. ცინგლები წყალივით ჩამოსდიოდა ცხვირიდან, –დამპალო ! ნახე, რა გიყოს მამამ ! შენ დაიცადე... ნახავ, რაც მოგივა !

აურიგმა იატაკზე დააფურთხა და გარეთ გამოვიდა. ბინდის ჩამოწოლასთან ერთად ჟინჟლი გვარიან წვიმად გადაქცეულიყო, მაგრამ თავს ისე კარგად გრძნობდა აურიგი, როგორც არასდროს. როგორც იქნა აჩვენა ამ ნაბიჭვრებს ვინ იყო თვითონ და ვინ იყვნენ ისინი. ოფელიას ქუჩისკენ წავიდა, გული ისე უგუგუნებდა აღტაცებისგან, გეგონება სადაცაა თავისი განადგურებული ოჯახის წევრებს შეხვდებაო.

მაგრამ, როგორც სხვა ყველაფერმა კარგმა, ამ მდგომარეობამაც არ გასტანა დიდხანს. როდესაც ძველ უბანში შეაბიჯა და ხარაჩოებშეყენებულ ტაძარს მიუახლოვდა, სადაც ხელგაწვდილი გლახაკები და ტურტლიან, დალტობილ სუდარებში გახვეული ცხედრები ეყარნენ ტალახში, მუცელში გვრემისმაგვარი რაღაც იგრძნო. რა იყო ეს ? სინანული ? მომავლის შიში ?

– ამის დედაც, – ხმლის ტარზე დაასვენა აკანკალებული ხელი აურიგმა და მოქუფრულ ცას ახედა. ასე ეგონა მთელი ის მოღუშულობა, რაც ზეცაში დაგუბებულიყო, მის დასველებულ თავზე ეშვებოდა, ნესტოებში უძვრებოდა და თანდათან შიგნეულობის შეუბრალებლად შეჭყლეტას უწყებდა, – მეც იქ უნდა მოვმკვდარიყავი... თქვენთან ერთად... ცოცხალი არ უნდა გამოვმძვრალიყავი იმ ბნელი ჯურღმულებიდან... ამის დედაც.

„ასეთი რაღაცების შემდეგ სჯობს ცოცხალი არ გადარჩე... სჯობს, შენც გვერდით მიუწვე შენიანებს. სჯობს, მათთან ერთად შეგჭამოს მიწამ. იქნებ, ამ დღეებში მეც მომსრას ჟამმა და ამით გათავდეს ყველაფერი ?!“

გზა განაგრძო. სად მიდიოდა არ იცოდა. სახლში წასვლა რომ არ უნდოდა ერთი ის იცოდა... სახლში რა ბნელ სოროში, რომელსაც ერთი უსინათლო დედაბრისგან ქირაობდა და სადაც ფეხებდაბზარული საწოლის მეტი არაფერი იდგა.

„მაგრამ, ახლა რითღა უნდა გადავიხადო ქირა ? რა ჯანდაბა უნდა ვქნა ?“

მგონი, მეც ამასავით მომიწევს ხელის გაწვდენაო, გაიფიქრა ერთ-ერთი ტავერნის ფარდულის ქვეშ ჩამომჯდარი გაბანჯგვლულ-ჩამოძონძილი, ნამეტნავად დამჭლევებული გლახაკის შემხედვარემ და გული მტკივნეულად შეეკუმშა. ნუთუ კაცი, რომელიც ერთ დროს ლორდი იყო, რაინდობით იწონებდა თავს, თავისი საგვარეულო ციხესიმაგრის დიდებულ დარბაზებში დააბიჯებდა და გაქათქათებულ საომარ ულაყს დააგელვებდა თავისი ოჯახის კუთვნილ მინდორ-ველებზე, ცხოვრებას ატალახებულ შუკებში ფორთხვითა და ტავერნებიდან გადაყრილ ნარჩენებში ქექვით დაასრულებდა ?  

– ამის დედაც. უნდა დავლიო, თორემ, მგონი, სადაცაა გავგიჟდები.

ჯორებშებმულ ფორნებს გზა მისცა და ნალბანდთა ფარდულების გვერდით აგებულ ერთსართულიან სახურავშელახულ ტავერნაში შეაბოტა თავისი დასველებული ჩექმებით. მარჯვენა ფეხის თითების მოხრისას გრძნობდა როგორ დაცურავდა ცერა თითთან გაფხრეწილი შალის წინდა ჩექმის ძირის ნახვრეტიდან შემოჟონილ სველ ტლაპოში.

ოფლისა და შემწვარი ქონის სუნი; ჭუჭყიანი და აწითლებული სახეები; გაფუჭებული კბილები; დამწვარი, ჟღვინტიანი ცხვირები; ფიცრულ იატაკზე დაწებებული ცხიმისა და სანთლის ღვენთები; ახარხარებული ლოთები; ნამუსრევ მამაკაცთა კალთაში ჩამჯდარი ბინძური მეძავები; გაბზარული ლანგრები; ხის მოყანყალებული სკამები; ფეხებმორყეული მაგიდები, – საითაც არ უნდა გაგეხედა ერთ-ერთი ან რამდენიმე მაინც გეტაკებოდა თვალში ან ცხვირში... ან ორივეში. თუმცა, რა იყო აქ გასაკვირი ? ეს ხომ ძველი უბანი იყო ? ყველაზე მეტ სიბინძურეს, სისაძაგლესა და საცოდაობას სწორედ აქ ნახავდი. ოთახიც სწორედ ამ უბანში ჰქონდა დაქირავებული აურიგს, რადგან მთელს ქალაქში ყველაზე იაფად სწორედ აქ თუ იპოვიდი ბუნაგს. როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე ძველ უბანში ერთი ლუკმა პურისთვის ნებისმიერი საკუთარ დედასაც კი გამოსჭრის ყელსო.   

„თუმცა, მგონი, მალე იმის ფულიც აღარ მექნება, რომ ამ წუმპეში მქონდეს სორო“, – ვიღაც ჭარხალივით სახეაწითლებული ულვაშა კაცების გვერდით ჩამოჯდა ერთადერთ ეულად შთენილ მაგიდასთან, რომელიც თითქოს სწორედ მას ელოდა... ელოდა, როგორც ერთგული ცოლი ომიდან დაბრუნებულ ქმარს. დაჯდომისას საზურგემორყეულმა სკამმა იმხელაზე დაიჭრიალა, აურიგმა იფიქრა, მგონი, სადაცაა იატაკზე გავიშხლართებიო, მაგრამ არა, – სკამი საკმაოდ მყარი აღმოჩნდა: თავის ადგილზე დარჩა, როგორც მაგ-ჰარონის ციხესიმაგრის უშველებელი კედლები ზემო ოლდენელთა და ოლდენელთა გაერთიანებული ჯარის განუწყვეტელი იერიშებისას სამოქალაქო ომის დროს.

კოჭლმა მიმტანმა გოგონამ მოახსენა ამ საღამოს საქონლის წვნიანი და ცხვრის მწვადი გვაქვსო. ორივე აირჩია აურიგმა, – თითო-თითო ულუფა. ცხელი წვნიანი ძვლებს გაუთბობდა. ცხელი წვნიანი გაციებულ ყელს გაუფიცხებდა. ცხელი წვნიანი თავისი საამური მხურვალებით აუვსებდა დამშეულ კუჭს. ცხელი წვნიანი ალხიან სისველეს გაშლიდა მის გაციებულ და ნამეტნავად დალტობილ მარჯვენა ფეხსა და აკანკალებულ ხელებში. ხოლო, ცხვრის მწვადი კი, მმ... ცხვრის მწვადი თავისი გემოიანი ცხიმით გაუპოხავდა ენას და სიამით გაუჟღინთავდა მწუხარებისგან დაღლილ სხეულს.

დასალევად ექვსი სირჩა არაყი შეუკვეთა. უფრო მალე შემათრობს და იქნებ დამძიმებული გულიც დროულად გამილაღდესო, იფიქრა აურიგმა. მაინც ერთი-ორი ჭამა-სმის სამყოფი ფულიღა ჰქონდა დარჩენილი და შეეძლო გვარიანად მოელხინა. სჯობდა ერთხელ გაეხარა ხეირიანად, ვიდრე ფული გამოეზოგა და ნახევრად მშიერს ევლო.

აქ, ამ ტავერნაში, პირველად იჯდა. ჭერში, ალაგ-ალაგ, გაცრეცილ ბაწრებზე, ირმის გამომშრალი რქები ეკიდა ჭაღებივით, ოღონდ, სანთლისმაგვარი მათში არაფერი იყო ჩამაგრებული, – სანთლები მხოლოდ ზოგიერთ მაგიდაზე დადგმულ ხის გამოჩორკნილ შანდლებში იყო ჩარჭობილი და კიდევ იატაკზე აქა-იქ დაწყობილ ამოღრუტნულ ჯირკებში.

ჭერში დაკიდებულმა ირმის რქებმა აურიგი ვერ გააკვირვა. მას შემდეგ, რაც კატორღიდან გათავისუფლებულმა ჰარდინგის ერთ-ერთ ტავერნაში ისადილა, შეეძლო დარწმუნებით ეთქვა, რომ ტავერნების მორთულობა აღარასდროს გააოცებდა. იქ, მამონტის უშველებელი, სიძველისგან გაყავისფერებული ეშვი იყო ჩამოკიდებული ჭერში გადებულ მორებზე ძალზედ მსხვილი ჯაჭვებით და განსაკუთრებული ისტორიაც ჰქონდა მოსაყოლი ტავერნის მეპატრონეს თუ როგორ აღმოჩნდა მამონტის ვეებერთელა ეშვი შორეული გაყინული ჩრდილოეთიდან ზემო ოლდენში, მის მფლობელობაში.

როდესაც მიმტანმა გოგონამ შეკვეთა მოართვა, აურიგმა პირველ რიგში არაყი გადმოისხა წიფლის სირჩაში თიხის მომცრო ხელადიდან და ერთაზე გადაჰკრა, – ამგვარად, უფრო მალე მოეკიდებოდა სასმელი. შემდეგ ხის გახეხილი კოვზი მოიმარჯვა და ცხელ-ცხელ წვნიანს შეექცა. სამ-ოთხჯერ მოხვრიპა მწვანილით შენელებული წვენი, მხურვალე სისველით გაჟღენთილი ბებერი საქონლის ხორცი ჩაკბიჩა და მომდევნო სირჩა არაყიც გადაჰკრა. ისევ ჭამა განაგრძო, მერე კვლავ დალია, ისევ ჩაღეჭა ხორცი, შემდეგ წვენი მოხვრიპა, ხელახლა დალია სასმელი და ამგვარად, სანამ საქონლის წვნიანს მოათავებდა უკვე ბოლომდე გამოცალა არყის ხელადა. არადა, ცხვრის მწვადის ულუფაც შესაჭმელი ჰქონდა. თუმცა მშრალი ყელით ხომ არ შეჭამდა ასეთ ნუგბარს ? მიმტან გოგოს მოუხმო და დაავალა ნახევრამდე გამივსე არყით ეს ხელადაო. უფრო მეტის დალევა აღარ უნდოდა. გამოცდილი ჰქონდა, მისი კუჭი ვერ იტანდა მეტისმეტ სასმელს და არ უნდოდა რწყევით გაწამებულიყო.

– იცოდე, დროზე მომიტანე, თორემ, – უკვე გვარიანად დამთვრალმა მიაძახა გოგოს. ყველაფერს წყალწყალა ფერებში ხედავდა თითქოს, – ხომ ხედავ რამხელა ვარ ? დიდხანს თუ მალოდინებთ ყველას თავ-პირს დაგინაყავთ, მაშ !  

შემდეგ იქვე მჯდომ ულვაშა კაცებს შეუბღვირა, იმათ კიდევ გაყავისფერებულ-ჩაშავებული კბილები გადმოუყარეს. ერთ-ერთმა, რომელსაც ორი ნაკეცი ჰქონდა კისერზე, უთხრა კალენბორნში ერთი შენ ხარ ამხელა და მეორე ალგერი იყოო.

– ალგერი ვინღა ჩემი ფეხებია ? – დაიძახა აურიგმა ცხვრის მწვადის ცხიმიანი ლუკმის ღეჭვით.

– იჰ, ზეინკალი იყო. წისქვილებთან ჰქონდა ფარდული... ოთხი თუ ხუთი დღის წინ მოკლა ჟამმა. ერიჰა, ნახე, რას შვრება !

ტავერნაში შემოსასვლელ კართან ახლოს, ვიღაც ახალგაზრდა ხელებზე დადგა და ამგვარად დაიწყო სიარული. ერთი-ორი გაიარ-გამოიარა და ოთხი გალეშილი კაცის მაგიდას შეასკდა. მაშინვე ამოყირავდა სუფრა და საჭმელ-სასმელი, რაც ზედ ელაგა, სულ იატაკზე დაცვივდა. მოზრდილი თიხის დოქი გატყდა და წითელი ღვინო სისხლივით დაიქცა ფიცრებზე. მისი დიდი ნაწილი იატაკის ღრიჭოებში ჩაიღვარა.   

ატყდა ცემა-ტყეპა. ხელებით მოსიარულე ბიჭს წიხლებით შესდგნენ გალექებული კაცები, მაგრამ ვიღაცები მოიჭრნენ მათთან და იქით დაუშინეს ტლინკები, – არ დაანებეს ვაჟის გვემა.

– იმ რეგვენის ამხანაგები იქნებიან, – აურიგმა გამხიარულებულმა გადაუშვა მწვადის მომდევნო ნაჭერი ყბაში, – მომინდომა აქ ხელებით სიარული... ეგეც ახლა... ეგეც ის არ მყავდეს...

მაგრამ ვეღარ მოისაზრა რის თქმა სურდა. რა მნიშვნელობა ჰქონდა ? მთავარია ნანატრ სიმსუბუქეს გრძნობდა მუდმივად დამძიმებულ გულში.

– ჰეი, გოგო, სადაა ჩემი არაყი ? – იღრიალა თუ არა, მასთან გაჩნდა მიმტანი გოგონა.

მაშინვე გამოართვა ხელადა. დამძიმებული იყო.

„იფ, იფ რა კარგია.“

– წადი ! თავისუფალი ხარ !

არყის ჩამოსხმა დაიწყო, მაგრამ ისე ერთბაშად გადმოესხა, რომ სასმელი სირჩიდან გადმოვიდა და მაგიდაზე პატარა მბრწყინავი გუბე დააყენა.

– ჰო, მადლობა ! – მიაძახა სხვა მაგიდისკენ წაჩლახუნებულ გოგოს.

აურიგმა მწყურვალი მგელივით გადმოაგდო ენა და მაგიდაზე დაღვრილი არაყი შეხვრიპა. ამაზე სიცილი აუტყდათ ულვაშა კაცებს.

– ჰა, ხომ არ გინდათ ფრენა გასწავლოთ ? – მუშტი დაჰკრა მაგიდას და კაცები უმალ მიჩუმდნენ, – იცით, მე ვინ ვარ ? ჰა, იცით ? ბრძოლაში მეფის გვარდიელი რაინდი მოვკალი... ომში. სერ ბელტონ ლამბერტი... ჰო, აბაა. ლინდენის ლომს ეძახდნენ იმ საცოდავს. ჩემი ფარით ჩავუჩეჩქვე ის ლამაზი თავი. ვურტყი და ვურტყი... ვურტყი და ვურტყი. მხარში არბალეტის ისარი მომხვდა, მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი... ვურტყი და ვურტყი.

– შენ ისა თქვი, კატორღიდან როგორ გამოხვედი ? – ჰკითხა მის გვერდით, გახეთქილ ხის სვეტთან ჩამომჯდარმა ერთმა წითურმა კაცმა, რომელიც ცნობისმოყვარედ მისჩერებოდა მის შუბლს. მარჯვენა ხელის მტევანი მოკვეთილი ჰქონდა მას და ბინძური, დაბებკილი ტუნიკის სახელოდან საძაგლად გაკერილი და ყვითელი გოგრის თავივით შეკუმშული მაჯა მოუჩანდა.

აურიგს არ უნდოდა ეღიარებინა მეფემ შემიწყალაო, მაგრამ ფაქტი ჯიუტი იყო. ერთმა მეფემ კატორღაში გაამწესა, მეორემ – შეიწყალა. ერთმა გლადიამ სპილენძის მჟავე სუნად აქოთებულ მიწისქვეშეთში ტანჯვა მიუსაჯა, მეორემ – სუფთა ჰაერით ფილტვების ამოვსების საშუალება მისცა. 

„მაგრამ ეს რა შეწყალებაა ? სჯობდა იქ დავეტოვებინე. იქნებ ჩემიანების კვალდაკვალ მეც მოვმკვდარიყავი ? აბა, ეს ცხოვრებაა რასაც ბოლო ორი თვეა ვჯახირობ ?“ 

– ააახალგაზრდა მეფე შეიიიწყალებდა... აროოოსი, – ენის ბორძიკს მოჰყვა წითურის გვერდით მჯდომი სახემოღრეცილი კაცი. ყვრიმალებიდან ყურებამდე და ტუჩის კუთხეებიდან ყბების ბოლოებამდე საზიზღარი, ამომშრალი ხეობასავით ნაიარევები გასდევდა. ეტყობოდა, რომ თავის დროზე მაგრად დაემსხვრა სახე და ამის გამო ლოყები ერთიანად გაეკერათ მისთვის, – აააამბობენ, ფრიიიად მორწმუნეაო და მოოოწყალეცო, მააამამისსსს საააერთოდ არ ჰგავსსსო.    

– ყველა გლადია ნაბიჭვარია ! – იღრიალა აურიგმა. მანამდე ასე ხმამაღლა და პირდაპირ ვერ გაბედავდა ამის თქმას, მაგრამ ახლა არაყმა და ბრუჟმა გამბედაობა გაუათმაგა. საერთოდ აღარ ანაღვლებდა, რომ ამ სიტყვებს შესაძლოა მისი სიცოცხლე შესწირვოდა თუ შესაბამის ადამიანთა ყურამდე მიაღწევდა. სიკვდილი ? ნეტავ რა იყო მასში ცუდი ? მოკვდებოდა და ისევ შეხვდებოდა თავის ნატანჯ ბიჭებს, მამასა და ძმებს... ძმისშვილებსაც. თავის ცოლს, ელლასაც ნახავდა... თუმცა მას აბა როგორ ? ელლა წესით ჯერ კიდევ ცოცხალი იქნებოდა იმ მონასტერში, სადაც სამეფო ბრძანებით იქნა გამწესებული, – მამამისის სისხლი სჩქეფს მის დამპალ ვენებში ! გლადიების დამპალი სისხლი ! მოვა დრო და ეგეც ბანოსივით გამოაჩენს კლანჭებს ! მოწყალე გლადია არ არსებობს ! გლადიამ ჩაგვაგდო იმ მყრალ ჯურღმულებში ! გლადიას გამოისობით დაიხოცნენ მამაჩემი... ჩემი ბიჭები და ჩემი ძმები... ჩემი ძმისშვილები ! გლადიას გამოისობით დაგვდაღეს ! გლადიას გამოისობით დავკარგეთ ყველაფერი !... ლორდი ვიყავი ! ხვდები ? ლორდი ! გლადიას გამოისობით ვხეხე ორი წელი ის მყრალი ჯურღმულები ! – სქელი კოჟრებით დაფარულ თითებსა და ხელისგულებზე დაიხედა, – ნახე, რას დაამგვანა ჩემი ხელები წერაქვის განუწყვეტელმა ქნევამ ! გლადიას გამოისობით გამოვედი კატორღიდან გაძვალტყავებული !... აი, იქ, გარეთ რომ ზის გლახაკი იმასავით და იმაზე უფრო დამჭლევებული ვიყავი ! ჰო, ასეთი კი არ ვიყავი სამი თვის წინ ? დღეში ერთხელ გვაჭმევდნენ იმ დამპალ ჯურღმულებში !... წყალწყალა ფაფებს... ხანდახან, ორ მუჭა ბარდას... მეტს არა. არაფერი აღარ დამრჩა ამ ცხოვრებაში... არაფერი ! და როცა გამომიშვეს თავისუფლებაზე, იცი რაებს ვაკეთებდი, რომ ლუკმაპური შემეჭამა ? – აურიგმა ხელების კანკალით შეუბღვირა ლოყებგაკერილს. მოუნდა ყველაფერი მიეხალა, რათა კარგად დაენახვებინა მისთვის რა დღეშიც ჩააგდო გლადიების „მოწყალებამ“, – ჯერ ერთ მსუნაგ მეწაღეს დავუდექი მოჯამაგირედ... ჰარდინგში. ტყავის და ხის ნარჩენებს ვეზიდებოდი, ნაგავსაყრელზე ვყრიდი... ცოტა ხანს მამუშავა იმ დამპალმა და მერე გამაგდო. ჰო, გამაგდო... მერე... მერე, ბებერ მთრიმლავთან გადავედი, საქონლის აქოთებულ ნაწლავებს და შიგნეულობას დავათრევდი ხელის ურიკით... ესეც ჰარდინგში იყო. მაგანაც გამაგდო.... ყოფილ კატორღელთან საქმის დაჭერა დიდად არავის უნდა. აქ კიდევ, ვაჭრებს დავუდექი მოჯამაგირედ... უფრო სწორად, ხელის ბიჭად... ვინმეს თუ მათი ვალი ჰქონდა მე მივდიოდი და ძალით ვართმევდი ფულს... მაგრამ ახლა ეგ სამსახურიც დავკარგე. აწი რით შევჭამ პურს არც კი ვიცი... ჰაჰ, ან, ხელგაშვერილი სიარულს დავიწებ ან ალბათ... ან ალბათ ყაჩაღობას. ჰო, მთავარი დამავიწყდა, როცა კატორღიდან გამომიშვეს ჯერ ჩემი ოჯახის ერთ-ერთი სოფლის გლეხმა შემიფარა ჩუმად... ჰო, ჩუმად, აბა ჩემს მიწა-წყალს სხვა დაეპატრონა „მოწყალე“ გლადიების გამოისობით და რომ გაეგო მე მკვებავდნენ და მივლიდნენ... მისი ახალი ქვეშევრდომები რომ მე მეხმარებოდნენ, ეგ რომ გაეგო, ყველას თავებს დააყრევინებდა ალბათ. მეუფემ დალოცოს ფინი და მისი დედაკაცი იმ სიკეთის გამო, რაც მიყვეს. ერთი თვე ვიყავი მათთან. იქ მოვიკეთე, თორემ აბა ჩემი ჯამაგირი ხეირიანი ჭამა-სმის გასაქანს სად მაძლევს ? აი, – აცახცახებული ხელი სამოსზე დაისვა, – ეს ტუნიკა და შარვალიც მაგათ მომცეს... ფინის დედაკაცმა შემიკერა, თორემ ალბათ ისევ კატორღელის ჩვრებით ვივლიდი. ჩექმებიც მაგათი მოცემულია, წინდებიც, ქამარიც, ყველაფერი, რაც მაქვს. ჰო, გაახაროს მეუფემ ფინი და მისი დედაკაცი. უკვე შვიდი შვილი ჰყავთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი მისცეთ. მოწყალეები ეგენი არიან და არა... და არა ნაბიჭვარი გლადიები ! ჰო, უჰ, – ისე ჩაეცინა თითქოს რაღაც ძალზედ მნიშვნელოვანი გაახსენდაო და ხმლის ვადას მიეფერა, – ხმალიც ფინისაა. ომის მერე ერთ ჭაობში უპოვია და არ დაენანა ჩემთვის მოცემა. ჰო, ასეთი კარგი კაცია, მეუფემ გაახაროს. 

წეღანდელი ცემა-ტყეპა მიინავლა. ზოგიერთი მოჩხუბარი გარეთ გააგდეს, ზოგი ტავერნის იატაკზე ეგდო უგონოდ და მათი გულშემატკივარი არავინ ჩანდა, – ყველას ფეხებზე ეკიდა, ცოცხლები იყვნენ თუ მკვდრები.   

– დაიცა, შენ იყავი ვითომ ?... ჩემს ძმას იმ დღეს ფული წაართვა ვიღაცამ, – ნაწყენი სახე მიიღო იმ ულვაშა კაცმა, რომელსაც კისერზე ნაკეცები ჰქონდა, – მოვალეებს ძალით ვართმევდი ფულსო, ასე არ თქვი ? მჭედელია ჩემი ძმა. როი ჰქვია. მარილით მოვაჭრეების ვალი ჰქონდა, მგონი.

– დავუშვათ მე ვქენი, – განზრახ თქვა აურიგმა მიუხედავად იმისა, რომ შეხება არ ჰქონია მარილით მოვაჭრეებთან და გაიბღინძა, – მერე ? რაც დასაბრუნებელია, უნდა დააბრუნო.

– არა, არაფერი, – ულვაშა მოიბუზა და ისევ თავის სასმისს მიუბრუნდა, – ისე ვთქვი რა... გამახსენდა უბრალოდ.    

– უჰ, შეეენ რა გიჭირს, გოოოლიათო ? – თავის თითქმის ბოლომდე დაცარიელებულ თეფშს უკმაყოფილოდ გაჰკრა ხელი ლოყებგაკერილმა, – რამე სიიიამეს მაინც ნა... ნა... ნააახავდი თავის დროოოზე, სანამ ლოოორდი იყავი. აგერ მე მეეესაფლავე ვარ... გვაა... გვააამეეებს ვეზიდები ფორნით... ფოოორნის ქირას ცააალკე ვიხდი, ცხეეენისაააას ცალკე... ორ ბროოოილზე მეტი არ მრჩება დღეში... ჰა-ჰა სსსააამი ბროილი... მეეეტი არა. დღე-დღეზეეეე აააალბათ მეც ჟამი მომკლავსსსს... და რისთვიიიის ? ორი-სამი ბროილიიისთვის. ცოოოლი მე არ მყავს და შვიიილი... ვინ გამომყვებოდა ააასეთს ? – დასახიჩრებულ სახეს მიუშვირა საჩვენებელი თითი, – თან ჯიიიბეგაფხეკილს.... ეეენაბორძიკაასსს. უშვილძიროდ გაააადავშენდები და ეგ იიიქნება... და ხელები ააარც მე მიიივარგა, – ხელისგულები გამოაჩინა. მასაც აურიგზე არნაკლები კოჟრები ჰქონდა ყველგან. შუა თითის ქვემოთ საერთოდ გაშავებული ჰქონდა კანი, – ბააავშვობიდან მძიმე შრომის მეეეტი არაფერი მიიინახავსსს.

– ჰოდა, დალიე მეგობარო, დალიე ! – სირჩა აუწია აურიგმა, – ხანდახან ერთადერთი ნუგეში ამ ცხოვრებაში სასმელია ! სმა თუ შეგიძლია, დალიე !

ერთაზე ჩაიღვარა მხურვალე სითხე ყელში და ამოიქშინა. ცხვრის მწვადის ჭამა განაგრძო. ერთ-ერთ მაგიდაზე, რომელიც გაზიზნილი თეფშებით გამოვსებულ კარადასთან იდგა, ვიღაც ახოვანმა ჭაბუკმა ხის ყალიონი ჩაიდო პირში და თამბაქოს გაბოლება დაიწყო. ამან კი დიდად გააკვირვა აურიგი. თამბაქო – ზემო ოლდენში ? ნუთუ აქამდეც ჩამოაღწიაო, გაოცდა.

„ვაჭრები... წყეული ვაჭრები. ყველგან და ყველა მხარეში ძვრებიან თავიანთი გაუმაძღარი ჯიბეების გასასქელებლად.“

– ფუუული გჭირდება, არა, გოოოლიათო ? – დაიძახა ლოყებგაკერილმა და თავისი ხის ფიალა მოიყუდა.

– მჭირდება რომელია, – ლუკმის ცოხნით მიაჩერდა აურიგი, – ხვალ-ზეგ შეიძლება ობიანი პურის ფულიც აღარ მქონდეს... დამპალი დახლიდრები. მაგათი ბრალია ყველაფერი...

– ჰოდა, მიიისმინე, შეგიძლია ციტადელში მიიიხვიდეეე და მთავარინკვიზიტორი რააა... რააანდოლფი იკითხო... ხალხს კრებშ, როგორცცც გავიგე... გვარიან გასამრჯეეელოს იიიძლევა. ტყეში უნდა გაგზავნოსსს ხალხი ააალქ... ააალქაჯის მოს... მოსსსაკლავად. შენნაირ გოოოლიათს რომ დაინახავსსს არც დაფიქრდება ისსსე მიგიღებს თააავის რი... რი... რიიიგებში.

– ალქაჯი ? – ჩაეცინა აურიგს, – სადაა ალქაჯი ? რა ალქაჯი ?

ლოყებგაკერილმა იქვე მჯდომ ცალხელა წითურს შეხედა გაკვირვებულმა.   

– სად იქნება ? ტყეში, – დასახიჩრებული მაჯა ფანჯრისკენ გაიქნია წითურმა და წვნიანი მოხვრიპა მთელად შერჩენილი ხელით, – ჯერ კიდევ... ჯერ კიდევ ბაბუაჩემის ბაბუის დროიდან კაციშვილი ვერ შედის იქ... ბნელი ქალბატონის ტყეს ვეძახით. რა, არ გაგიგია ?

– ჯერ ერთი თვეც არაა, რაც აქ ვარ. თქვენი ზღაპრების გასაცნობად ვერ მოვიცალე... მევახშე დახლიდრებს გადავყევი, მაგ ნაბიჭვრებს.

– ზღაპარი ეძახე შენ და კი დაბრუნდა გაგიჟებული ბაბუაჩემის ახმანაგი მაგ ტყიდან. ასე იძახდა სარკეები ვნახე იქ და შიგ რომ ჩავიხედე ჩემი სიკვდილი ვნახეო.

აურიგმა ღიმილით ჩამოისხა არაყი სირჩაში.

– აბა, ბაბუაჩემის ბაბუის თუ კიდევ იმის ბაბუის დროიდან ვერავინ შედის შიგნითო ?

– მაინც შევიდა ეს, – მხრები აიჩეჩა წითურმა, – ჰო, შევიდა... ბაბუაჩემის ამხანაგი.

– ცრუპენტელები ხართ ყველანი, – გადაიხარხარა აურიგმა, – ერთი კარგად უნდა დაგბეგვოთ, იქნებ გადაგაჩვიოთ ტყუილებს.  

– ცრუპენტელა არა ისა. აბა, ერთი ეგ ბაბუა ბერკისთვის გეთქვა. 

– ეგ ვინღაა ?

– ვინ იქნება ? ბაბუაჩემის ამხანაგი. ზუსტად ისე მოკვდა, იმ წყეულ სარკეში როგორც ნახა. ფუი ალქაჯს.

აურიგმა ხელი ჩაიქნია და არაყი გადაჰკრა. ყველაფერს, რასაც უყურებდა, წითელ-ყვითელ ფერებში აციმციმებული ეჩვენებოდა და თითქოს ყველა, ვინც ტავერნაში იჯდა, უჩინარი ზღვის ნაზ ტალღებზე ლივლივებდა თავ-თავის მაგიდიანად და სკამიანად. ჭერი და მასში დაკიდებული ირმის რქები ისე ცახცახებდნენ, ასე ეგონა სადაცაა ჩამოიქცევა ყველაფერი და თავზე დაგვეყრებაო.  

– წწწააადი, წწაადი, – მოქცეული ყბა მოიფხანა ლოყებგაკერილმა, – უუუეჭველი მიგიღებსსს მთავარ... მთავარიიინკვიზიტორი. ააამხელა კაცცცი ხარ. მოკალით ის ალქაჯი დააა იქნებ დააასრულდეეესსს ჟჟჟამიცცც...

– რა დასრულდეს ? – ნათქვამი ხეირიანად ვერ გაიგო აურიგმა.

– ჟამიო, ჟამიო, – ჩაეცინა წითურს, – ასე ამბობენ ამდენი ხანი რომ არ მოვაშორეთ ტყეს ის ალქაჯი, იმიტომაც გვსჯის სულთა მეუფე ჟამითო... შეიძლება ეგრეცაა, რას გაიგებ კაცი ?

აურიგმა მხრები აიჩეჩა და მწვადის მომდევნო ნაჭერი შეიდო პირში ზოზინით. ცოტა ხანში, ბოლოჯერ დალია, ცხიმიანი ხელები გვერდით დადგმულ ტაბურეტზე დაგდებულ ჯვალოს ბინძურ ქსოვილზე შეიწმინდა და მიმტანი გოგო მოიხმო. რამდენი მაქვს გადასახდელიო, პირიდან არყის სურნელი შეაფრქვია. როდესაც გოგომ უთხრა, თოთხმეტი ბროილისა ჭამე და სვიო, აურიგმა უყოყმანოდ ამოიღო ჯიბიდან ტყავის პატარა გახუნებული ქისა და გოგოს გაუწოდა.

– ეგ თასმა გაუხსენი და შენ ამოიღე, გვარიანად დავთვერი მე. ოღონდ, იცოდე, არ მომატყუო, თორემ ხვალ დავბრუნდები და ხომ იცი ? ჰო, ამოიღე, მიდი. თავიც შენ გაუკარი, მაგაზე არ მაწვალო ახლა.

გოგომ მალევე დაუბრუნა უკან თავშეკრული, თუმცა გაცილებით შემსუბუქებული ქისა. აურიგმა ისევ ჯიბეში ჩაიდო და წასასვლელად წამოდგა ფეხზე. წითურმა უთხრა, რა იქნება ისე არ წახვიდე ერთად რომ არ ვიმღეროთო.  

– ჰა-ჰა, თუ არ გინდა დაყრუვდე, გამეცალე, მეგობარო.

სიმღერა არასდროს ეხერხებოდა და რა აუცილებელი იყო ყელიდან გაუგებარი ბგერების ამოშვება ? თან მეგობრებს არ ეძებდა. რა საჭირო იყო ისინი ? მეგობრები ხომ უმეტესად არაფერში გეხმარებიან და მხოლოდ შენგან უნდათ ყველაფერი ? მარტოობა გაცილებით მარტივიაო, გაიფიქრა და გასასვლელისკენ წაბარბაცდა.

 

 

 

თავი მეორე

 

 

დილით თავის სოროში აახილა თვალები აურიგმა. როგორც ყოველთვის, პირველი, გრილი სიბნელე შეეფეთა. დაბზარულ კედლებთან, ნაპრალებიან ჭერთან და ჩარჩოგატეხილ ფანჯარასთან რუხი კვამლის ფანტელებივით ეკიდა ბინდი. იატაკის დამსკდარ, გახეხილ ფიცრებზე ჩასუქებული მუქი ჩრდილი ჩამოწოლილიყო უშუქარი წაქცეული გორასავით. ოთახში შემოსასვლელი სახელურმორყეული სიფრიფანა კარი ოდნავ ღიად იყო დარჩენილი და შუკაში დროდადრო შემოვარდნილი ცივი ნიავი სუსტი ჭრაჭუნის თანხლებით არწევდა მას. თითბრის გასაღები ისევ კარში იყო გარჭობილი, ოღონდ გარედან.

ეტყობა, სიმთვრალეში ჩამრჩა კარშიო, გაიფიქრა აურიგმა და შუბლზე დაიდო მაჯა. თავს მფეთქავი ტკივილი უბერავდა და ასე ეგონა სადაცაა გამისკდებაო. მატყლის საბნიდან გამოყოფილი ტერფები სიცივისგან ჰქონდა გაშეშებული. ფეხები სითბოში შემალა და მუხლები ისე ეტკინა, თითქოს მყესები ჰქონდა დაწყვეტილი. კუჭში ტკივილისმაგვარი, გულისამრევი შეგრძნება უბუყბუყებდა, პირში ჭარბად ნერწყვი დაგროვებოდა, გული გამალებით უცემდა და იმას ფიქრობდა ნეტავ შუკაში ჩადგმულ საპირფარეშომდე თუ მივასწრებ, სანამ ამოვარწყევო.

ოდნავ წამოიწია მარჯვენა იდაყვზე. ვერ მიასწრებდა.  

საცვლის ამარა წამოვარდა საწოლიდან. აღებინებდა, მაგრამ ჯერ პირს არ აღებდა, თავისი ოთახის იატაკი რომ არ მოეთხვარა. ფეხშიშველი გავარდა გარეთ, სიცივეში. მუხლების ტკივილი საერთოდ აღარ ახსოვდა. უცბად, იმდენი ნარწყევი დაუგროვდა პირსა და ცხვირში, ტუჩები თავისით გაეხსნა და ატალახებულ შუკაში დაიწყო ზიდება, – აზრი აღარ ჰქონდა საპირფარეშომდე მისვლას. ხელით თავისი ოთახის კედელს მიეყუდა, ტლაპოში რომ არ ჩავარდნილიყო. მტანჯველი ჭინთვისგან, რწყევისგან და ცხვირისა და ყელის წვისგან საოცარ უსუსურობას გრძნობდა. ასე ეგონა, ამქვეყნად ყველაზე უმწეო არსება ვარო. მაგრამ ცოტა ხანში, როდესაც ბოლომდე ამოიღო საზიზღარი მომწყვანო-მოყვითალო ლორწო, ოდნავ მოეშვა და მხნეობა ნაწილობრივ დაუბრუნდა.  

„ამის დედაც. მაინც ზედმეტი მომივიდა ეს წყეული სასმელი“, – იქვე, სამჭედლოს უკანა კედელთან მიდგმულ, სიძველისგან გაშავებულ, რკინით შეჭედილ ნახევრად დამპალ კასრთან მიბანცალდა, რომელიც წინა დღეების წვიმის წყლით იყო გავსებული. ხელ-პირის დაბანა უნდოდა, თუმცა ჯერ შეიცადა. ცხვირი ნარწყევით ჰქონდა გამოტენილი და ხელახლა აზიდებდა. მაგრად მოიხოცა ცხვირი, ნესტოები გამოითავისუფლა, ოღონდ იმდენად საზიზღარი მოეჩვენა აცახცახებულ თითებსა და წვერ-ულვაშზე შერჩენილი მომწვანო ჟღვინტი, რომ ხელახლა აუტყდა რწყევა.

ისევ ჭინთვა, ისევ საძულველი შეგრძნებები.

როდესაც ყველაფერი მოითავა, კასრში დაგუბებული წვიმის წყლით დაიბანა ხელები, სახეზეც მიისხა ცივი წყალი და პირიც გამოირეცხა. ოთახში შებრუნებამდე ტალახიანი, გაყინული შიშველი ფეხები ოდნავ შემაღლებულ ზღურბლს გაუხახუნა, გაიწმინდა როგორც შეეძლო და შიგნით შევიდა. საწოლზე ჩამოჯდა გაოფლილ-აკანკალებული და სასწრაფოდ გაეხვა საბანში.

ძირს დაგდებული, ერთმანეთში აზელილი ტუნიკა და შარვალი მოსინჯა ხელით, – ისევ ნესტიანი იყო ორივე წვიმაში გუშინდელი სიარულის გამო. შემდეგ საწოლის ბოლოსკენ დაყრილი ჩექმები შეამოწმა, – ესენიც ტენით იყვნენ გაჟღენთილები. იქვე მიყრილი შეკუმშული წინდებიც არანაკლებ დღეში იყო, განსაკუთრებით მარჯვენა იყო ლოპოიანი. ერთადერთი, საწოლის თავთან ახლოს დაგდებული გველივით დაკლაკნილი ტყავის ქამარი იყო გამშრალი.

„რატომ არ წავედი სამხრეთში ? რა მნიშვნელობა აქვს სად ვიცხოვრებ ძაღლურად ? იქ ცოტა უფრო სითბო მაინც იქნებოდა ახლა... და სიმშრალეც. სამ-ოთხ კვირაში ზამთარი დაიწყება და თოვლმა შეიძლება გზები ჩაკეტოს. ასე თუ მოხდა შუა გაზაფხულამდე ზემო ოლდენს ვეღარ დავაღწევ თავს.“

მაგრამ სამშობლოს ხომ არ მიატოვებდა ამაყი ლორდი კეიდენი ? ზემო ოლდენელი ხომ ზემო ოლდენში უნდა მომკვდარიყო... თავის წინაპართა ძვირფასი ფეხების მიერ ნატკეპნ მიწაზე.

სრული სისულელე. სამშობლოსი და მსგავსი რაღაცების იმ მომენტიდან აღარ სწამდა აურიგს, როდესაც მისმა გატანჯულმა უფროსმა ვაჟმა ბოლოჯერ ამოახველა სისხლი გატანჯული ყელიდან. ყოველი ადამიანი მარტო იბადება და მარტო კვდება, უსამშობლოდ, უყველაფროდ. ერთადერთი სამშობლო და ერთადერთი იმედი ნეტარების სავანეა, რომ ადრე თუ გვიან სულთა მეუფე ჩაგიხუტებს, სამართლიანობა აღდგება, ისევ იხილავ საყვარელ ადამიანებს, ისინი კი, – შენ, რომ მოვა დღე და საბოლოოდ მოგიშუშდებათ ამ ცხოვრების მიერ დატოვებული ყოველი ნაიარევი.

„მაგრამ, რაც კატორღიდან გავთავისუფლდი, ერთხელაც არ შევსულვარ ტაძარში. რატომ ?“

და მართლაც, რატომ ? ამ შეკითხვაზე ისევე არ ჰქონდა პასუხი აურიგს, როგორც სხვა მრავალ შეკითხვაზე. მაგალითად, რატომაა სამყარო ისე მოწყობილი, რომ ყოველ სიამეს შეჭირვება მოსდევს ? რატომ გაზიდებს და რატომ გისკდება თავი ხეირიანი მოლხენის შემდეგ ? რატომ გიწევს შრომა და უაზრო, მოსაწყენი საქმიანობა, რათა ლუკმაპური ჭამო ? რატომ ფიქრობ სულ იმაზე, რაზე ფიქრიც გაძრწუნებს ?

უცბად შარვალმა მიიქცია მისი ყურადღება. რა ? მარჯვენა ჯიბე გამობერილი აღარ იყო. დაფეთებული ეცა მას.

– ამის დედაც, – უბეში ჩაყო ხელი.

არაფერი.

ახლა, ოთახში მიმოიხედა. მართალია ჩაბნელებული იყო იქაურობა, მაგრამ ქისისმაგვარი რომ სადმე რამე გდებულიყო, აუცილებლად შეამჩნევდა.

– არა, არა, – ხელები საცვალზე ისე დაიდო, გეგონება იქ ექნებოდა ფული.

შემდეგ საბანს სწვდა და ლოგინი საგულდაგულოდ მოქექა. აქაც არაფერი. გაჭირვებით დადგა მუხლებზე ცივ იატაკზე და საწოლის ქვეშ შეიხედა. კვლავ არაფერი.

– ამის დედაც, – ისევ საწოლზე დაჯდა.

მოპარეს ? ან იქნებ სანამ ტავერნიდან თავისი სადგომისკენ მოლასლასებდა ჯიბიდან გადმოუვარდა ? იმ მიმტანმა გოგომ ხომ არ უმუხთლა რამე ? მაგრამ როგორ ? მართალია ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ახსოვდა, რომ მან უკან დაუბრუნა ქისა.

– ესეც შენი კიდევ ერთი რატომ. რატომ ხდება ისე, რომ ყველანაირი უიღბლობა სწორედ ყველაზე გაღლეტილებს მოეწევათ ხოლმე ?

„რატომ ხდება ისე, რომ წაქცეულს წაქცევას არ აკმარებს ხოლმე ცხოვრება და მაშინვე ზემოდანაც აჭერს წიხლს ? რატომ ?“

რაღაც უნდა ექნა. რამე უნდა მოეფიქრებინა. ისევ ბენტში წასვლა ხომ არ სჯობდა ? ფინი და მისი დედაკაცი უარს არ ეტყოდნენ ორი-სამი დღით შეფარებაზე. გემრიელ ყველს შეაჭმევდნენ, რძესა და შემწვარ წიწილას არ მოაკლებდნენ, მდინარის კალმახსაც მოართმევდნენ. მაგრამ ნამეტნავად ერიდებოდა აურიგს ასე გლახაკივით მისდგომოდა კარზე გლეხებს. მაშინ, როცა კატორღიდან გამოვიდა, რაღაც გამართლება მაინც ჰქონდა, – დამშეული იყო, შიშველ-ტიტველი, დაუძლურებული, გაძვალტყავებული. ახლა, რა გამართლება ჰქონდა ? ბოლო-ბოლო, მათი ყოფილი ლორდი იყო და ასეთი შეუფერებელი ქმედება რა საკადრისი იქნებოდა ? რას იფიქრებდნენ ? ხომ იტყოდნენ, კაცი, რომელიც ერთ დროს ჩვენი ლორდი იყო და თავის ადგილ-მამულს ამაყად განაგებდა, ახლა ნამდვილი ცხოვრების პირისპირ აღმოჩნდა და გლახაკობის მეტი არაფერი შეუძლიაო ?

– ამის დედაც, რა ვქნა ? ფული საერთოდ აღარ მაქვს. დღეს რით უნდა ვჭამო პური ? ისევ რომელიმე გილდიას შევეხვეწო რამე საქმე მომცენ ? დამპალ ვაჭრებსა და მევახშეებს ?... დამპალ დახლიდრებს ?

და თავისუფალი გაერთიანება ? რომელიმეს რომ შეერთებოდა ? მოქირავნეები ხომ ყველას იღებდნენ, ვისაც რაიმე საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა. არც ყოფილ კატორღელობას დაგიდევდნენ, არც ყაჩაღობას და არც არაფერს. მთავარია, ხეირიანად გცოდნოდა როგორ გაგეხვრიტა ან გაგესერა მეორე ადამიანის ხორცი. განა, ჩრდილოეთის ომის დროს „შავი არსენის ბიჭების“ მეთაური ყაჩაღი არ იყო ? – ვინმე ემერიკი, რომელიც მანამდე შარაგზებზე აყაჩაღებდა ქარავნებს.  

„მაგრამ მეფე ბოროსს სულ ფეხებზე ეკიდა ვინ იყო იგი. უყოყმანოდ შეაძლია ერთი ტომარა ოქრო.“

და განა „ტრისტანის თესლების“ შვიდივე კაპიტანი მძიმე დამნაშავე არ იყო ? ზოგს ღვიძლი ძმა ჰყავდა მოკლული, ზოგს – მამა. მაგრამ იცოცხლე გამოიყენა ისინი მეფე კაროსმა, როცა ერქონული საომარი ხომალდები ჩამოდგნენ დიადი ზღვის სანაპიროზე.

„აქამდე როგორ არ მომაფიქრდა ? – იმედი მიეცა აურიგს, მაგრამ იგრძნო როგორ უკანკალებდა ხელები საბნის შიგნით და ისევ დაუმძიმდა გული. შეიძლება არცერთ თავისუფალ გაერთიანებას არ მიეღო თავისთან რახან განუწყვეტელი ცახცახი ჰქონდა შეჩენილი ხელებში, – მაგრამ ხმალს ვისზე ნაკლებ ვხმარობ ? შუბით ბრძოლაც მეხერხება... ბოლო-ბოლო, ამხელა ვარ. ვინ მეტყვის უარს ?“ 

უცბად იმ ლოყებგაკერილი კაცის ნათქვამი ამოუტივტივდა გონებაში, რომ მთავარინკვიზიტორი გასამრჯელოს სანაცვლოდ ჰკრებდა ხალხს. იმ უბედურმაც ეგ არ უთხრა მთავარინკვიზიტორი რომ დაგინახავს ამხელა ხარ მაშინვე მიგიღებს თავის რიგებშიო ? საბანი გადაიძრო და შარვალს წაეპოტინა. მართალია, ნესტიანი იყო, მაგრამ მაინც შეუდგა მის ჩაცმას. სამოსის გაშრობას ვერ დაელოდებოდა, – დროულად უნდა მისულიყო ციტადელში, სანამ შიმშილი დაუწყებდა კუჭის ღრღნას. იქნებ ავანსად რამდენიმე მონეტა მაინც გადმოეგდო მისთვის მთავარინკვიზიტორს და მცირედი საჭმლის ყიდვა მოეხერხებინა შემდეგ ? თან ცა მაინც გაწვიმებით იმუქრებოდა და ახლა ეცმეოდა სველი სამოსი თუ მერე, როცა მოგვიანებით გავიდოდა გარეთ, დიდ განსხვავებას ვერ ხედავდა.

– ეს საქმე წყალივით მჭირდება, – ახლა ტენიანი ტუნიკა ჩამოიცვა და ქამრის გაჭერას შეუდგა.

მართლაც, პირველ რიგში, ალქაჯზე ნადირობაში უნდა ჩართულიყო. ცოტა ფულს გააკეთებდა ამ საქმით და შემდეგ უკვე თავისუფლად შეეძლო სამხრეთისკენ მოეძუძგა. უფულოდ ჯერ მაინც ვერ წავიდოდა თავისუფალი გაერთიანებებისკენ, რამდენადაც ორი მათგანი ერგუნდიაში იყო, სამი კი - ბელეგაში. ერგუნდიაში დამკვიდრებული ყველაზე ახლომდებარე თავისუფალი გაერთიანებაც რომ აერჩია სამიზნედ, იქამდე სამ კვირას მაინც მოანდომებდა კალენბორნიდან ჩასვლას. სამი კვირის საკვებს კი არც ისე ცოტა ფული დასჭირდებოდა.

„იქნებ ბლომად გადამიხადოს მთავარინკვიზიტორმა, –  წინდების ამოცმა დაიწყო, – იმდენი მაინც, ოსილონამდე რომ მოვახერხო ჩასვლა... „შავი არსენის ბიჭები“ სწორედ ოსილონის ერთ-ერთ ქალაქში არ მკვიდრობენ ? იმედია, ისევ რომელიმე ყოფილი ყაჩაღი ან ბოროტმოქმედი იქნება მათი მეთაური... ვინმე ისეთი გაშლილი ხელებით რომ მიმიღოს.“

როდესაც ჩექმებში ჩაყო ფეხები, მისმა ძირებმა ნესტისგან გულის გამაწვრილებლად დაიღრჭიალა. მაგრამ რას იზამდა აურიგი ? ამგვარი იყო გარემოებები, რომელშიც ამჟამად იმყოფებოდა. ტყავის თხელი თასმები შეიკრა, ხმალი ქამარში ჩაიჩარა და კარისკენ წავიდა.

 

 

 

****

 

 

წმინდა უბნამდე არც ისე დიდი გზა რომ ჰქონდა დარჩენილი, გაწვიმდა. ციდან ჩამოცვენილმა ნაცრისფერი წყლის მსხვილმა წვეთებმა ნაღვლიანად აამღერეს საროსკიპოების, ტავერნებისა და ხელოსანთა ფარდულების კრამიტის სახურავები. მარილით მოვაჭრეების გილდიის მაღალი შენობის წინ დამდგარმა უზარმაზარმა წუმპემ გამოცოცხლებული ჩხრიალით მისცა ბანი სახურავებს. ღარებიდან პატარა რუებივით ჩამოდენილი წვიმის წყალი ქუჩის კიდეებზე გაყოლებულ ვიწრო აყროლებულ არხებში ჩაქცეულ შარდსა და წყალწყალა განავალს უყოყმანოდ შეერია და ქალაქში ჩამომავალი მდინარისკენ წაარაკრაკა. აქედან, წვიმის საბურველში გახვეული ციტადელის ოთხკუთხა კოშკებს ხედავდა აურიგი. მათი ყომრალი ფიქალის სახურავები თითქოს ჟამისგან გვემულ ქალაქს დასტიროდა ზემოდან.

არც ისე განიერი ფიცრული ხიდი, რომელიც დანარჩენ ქალაქს წმინდა უბანთან აკავშირებდა, ატალახებულ საზიდრებს, ჯორებსა და ხარებს ჩაეხერგათ. ტყავის ტომრებით დატვირთულ ერთ-ერთ ურემს ბორბალი მოსძრობოდა და გვერდულად გადაქანებულს მთელი მოძრაობა ჩაეკეტა. ლაფში ამოვლებული ოთხი მამაკაცი ცდილობდა ხიდის კიდესკენ მის გაჩოჩებას, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი გამოსდიოდათ. აურიგი დრუნჩმოთხუპნულ ხარებსა და მოწყენილ ჯორებს შორის გაძვრა, გაგულისებისგან დუჟმომდგარ მეურმეებს გვერდი აუარა, ბარგი-ბარხანით დამძიმებულ ფორნებსა და ურმებს შუა გასხლტა და ნელ-ნელა მეორე მხარეს გადავიდა.

წმინდა უბანი ? სიმწინდისა და სისუფთავის დიდი არაფერი ეტყობოდა აქაურობას, –  თითქმის ისეთივე აქოთებული და ატალახებული იყო, როგორც მთელი დანარჩენი ქალაქი, როგორც თუნდაც თვით ძველი უბანი. ერთადერთი, საროსკიპოები არ ჩანდა აქეთ არსად და ბილწი ვნებების დაკმაყოფილების ხმები არ ჟონავდა ქუჩებში, თორემ დანარჩენი ყველაფერი იგივე იყო, – მყრალი არხები, ადგილ-ადგილ ბათქაშჩამოყრილი შენობები, გაძვალტყავებულ-ამოგანგლული გლახაკები, გაქუცული მაწანწალა ძაღლები და კატები, ბინძურ სუდარებში გახვეული გვამების გროვები, ტლაპოში ამოვლებული პირუტყი, გულის გამაწვრილებლად ჭრიალა საზიდრები, ოფლიანი ხელოსნები, ნამთვრალევი მამაკაცები, ჭუჭყიანი, ბზინვარებადაკარგული ჯავშნით შემოსილი გუშაგები.

აურიგმა უშველებელ ტაძარს ჩაუარა, რომლის გამურულ-გაშავებული ცოკოლიც ლაფისგან იყო დამძიმებული. სვეტებს შორის ამოშენებულ პირქუშ კედელზე გაყოლებული ფრიზი აქა-იქ ჩამოფხვნილიყო და მასზე გამოსახული დაღვრემილი ადამიანების შემხედვარე იფიქრებდი ესენიც ისევე იტანჯებიან, როგორც ქალაქის მოსახლეები, – ჟამისგანო.

თუმცა როდესაც მეწაღეების ფარდულებს გასცდა და ვრცელ მოფილაქნებულ მოედანზე შევიდა, შედარებით მოპირკეთებულფასადიანი შენობები და საცხოვრებელი სახლები შეეგება. მოზაიკის სვეტები, მოჩუქურთმებული მარმარილოს ფილებით გამშვენებული კედლები, შეუბღალავი ფრიზები, გაპრიალებული ბარელიეფები, თიხის, ალებასტრისა და გრანიტის კოხტა ქანდაკებები, ორნამენტებიანი თაღები თვალს ფრიად ახარებდა იმ სიბინძურის შემდეგ, რომლითაც დანარჩენი ქალაქი იყო გაჟღენთილი.  

„ალბათ აქ ცხოვრობენ ქალაქის მმართველი საბჭოს წევრები... მდიდარი ვაჭრები, – აურიგი ზიზღით მიაჩერდა ქვითკირის ღობეშემოვლებულ ერთ ბეტონისკედლებიან სახლს, – ორდენი დაეცა და ახლა მევახშეებსა და დახლიდრებს ჩაუვარდათ ხელში ქალაქი. წმინდა კი არა დახლიდრების უბანი უნდა ერქვას აქაურობას.“

მოედნიდან ფართო ქუჩა მიემართებოდა ციტადელისკენ. ქუჩის თავში დიად მოციქულ ელეონის ორდენის დიდი მაგისტრის, გოდვინის მარმარილოს ათი ფუტის სიმაღლის ქანდაკება თავის ლამაზად გამოთლილ სპეტაკ თითს იშვერდა ციტადელისკენ, გეგონება ნებისმიერ გამვლელს ანიშნებდა აქეთ წადი და გეშველებაო. მისმა შემხედვარე აურიგმა იფიქრა, ალბათ ახლა სიმწრისგან საფლავში იტრიალებდა, ინკვიზიციას რომ არ ექცია ფერფლად კოცონზეო.

„რაო, ხალხს ციტადელზე უთითებ, რომელიც ახლა ვაჭრებითაა გამოტენილი ? ასეა, ძვირფასო მაგისტრო, ინკვიზიციას დაუპირისპირდები და ცოცხლად შეგბრაწავენ... შენი და შენი ძმების სამფლობელოში კი უხამსი დახლიდრები და მევახშეები იბატონებენ.“

ვერცხლით მოჭედილ კარიბჭესთან მიახლოებისთანავე აურიგის ყურადღება ქონგურების ქვემოთ გადმოკიდებულმა ალამმა მიიქცია. როგორც ქალაქში შემოსასვლელი კარიბჭეების თავზე აქაც მეწამულ ფონზე, ოქროსფრად, სამეუფეო წრესავით იყო გამოსახული მონეტები, აბრეშუმის ქსოვილები, ქვა-ნახშირი, მარილი, ოქროს ზოდები, ძვირფასი ქვები და ტყავები, - ქალაქის მმართველი საბჭოს წევრთა გილდიების სიმბოლოები.

ორმოცი ფუტის სიმაღლის დამცავი კედელი საგულდაგულოდ გაპრიალებული გრანიტის ერთი შეხედვით უძლეველი ბლოკებით იყო ნაგები, თუმცა დასავლეთის მხარეს, სამოცდაათი-ოთხმოცი ფუტის გაყოლებაზე, ხარაჩოები გასდევდა. აღმოსავლეთის მხარეს, იქ, სადაც რამდენიმე გალუმპული მაწანწალა ძაღლი იქექებოდა ნაგავში, ერთ-ერთ ჩასუქებულ კოშკს ფასადი ჰქონდა ნაწილობრივ ჩამოფშვნილი და ჯერ-ჯერობით მხოლოდ ხის ბოძებით იყო გამაგრებული.

– დახე რამხელა კაცია, – გადაულაპარაკა კარიბჭის თაღის ქვეშ მდგომმა ერთმა ლოყებღაჟღაჟა გუშაგმა მეორეს. ორივენი მძიმედ შეჯავშნულები იყვნენ. ცალ მხარეს მეწამული მოსასხამები ჰქონდათ მოგდებული. წინ წამოვიდნენ, აურიგისთვის გზის გადასაღობად. წვიმამ შხაპუნი აუტეხა მათ უსუფთაო აბჯრებსა და ნაჭდევებიან მუზარადებს, მოსასხამმა წყლით გაჟღენთა იწყო, – „მტირალაზე“ დიდია, მგონი.   

– რამხელაც გინდა იყოს, მოწყალების დღეები კი გაუქმებულია და, – დაიღრინა მეორემ და აურიგს მიმართა, – ჰეი, შენ, მოწყალების დღეები გააუქმა საბჭომ ! წადი აქედან !

– მოწყალება არ მჭირდება, – აურიგი შედგა და ისე გაიმართა წელში, როგორც ლორდს შეეფერებოდა. არადა, წვიმა პირდაპირ კისერში ჩასდიოდა, ისედაც გალართხულ სამოსს კიდევ უფრო უსველებდა და გლახაკივით მობუზვას ანდომებდა, – სამუშაოზე ვარ. ალქაჯზე მონადირეებს მინდა შევუერთდე.

გუშაგებმა დამცინავად აათვალიერეს აურიგი.

– კატორღაში იყავი, არა ?  

– ჰო, აბა სად დამართებდნენ ამისთანას ? გვარიანი დაღი კი დაუსვამთ შუბლზე, იცოცხლე.

– დახე ხელები როგორ უკანკალებს.   

– ვინმეს დაუძახეთ! – მკაცრად მოუჭრა მათ აურიგმა, – ან შემიშვით შიგნით !

ეგონა ისევ მის აბუჩად აგდებას გააგრძელებდნენ, მაგრამ მისდა გასაკვირად გაღებულ კარიბჭეში შევიდა ლოყებღაჟღაჟა. აურიგმა დაცდა დაიწყო. იმდენი ხანი არ დაბრუნებულა გუშაგი, რომ იძულებული გახდა გალავნის მოპირდაპირე მხარეს აგურით ამოყვანილ შენობასთან დადგმული ჩარდახისთვის შეეფარებინა თავი. თავსზემოთ წვიმისგან ათქაფუნებულ ჭრელაჭრულა ბრეზენტს მისჩერებოდა და ფიქრობდა, ალბათ რომელიმე დახლიდარი ყიდის ხოლმე აქ თავის საქონელსო. უკვე მოშიებოდა კიდეც. ზიდებისმაგვარს აღარაფერს გრძნობდა, – მხოლოდ დამშეული კუჭის წვაღა აწვალებდა ახლა.

როდესაც როგორც იქნა გამოჩნდა გუშაგი, მაშინვე გამოვიდა ჩარდახიდან აურიგი და კვლავ კარიბჭისკენ წავიდა. კაპიუშონიან მოსასხამში გამოწყობილმა ვიღაც მოკუნტულმა გამხდარმა კაცმაც გამოაბიჯა ბჭესთან. ხელები იღლიებში ჰქონდა მას შეყოფილი.

– მეუფეო დიდებულო, მართლაც რამხელაა, – აღმოხდა მას, როგორც კი აურიგი მიუახლოვდა.

– ალქაჯზე მონადი... 

– წამო, გამომყევი, – თქმა არ დააცადა აურიგს და მობუზული, ნაჩქარევად შევიდა კარიბჭეში.

მართალია ციტადელის ეზო მოფილაქნებული იყო, მაგრამ ტალახიანი წყალი ნაკადულებად მოედინებოდა გათლილ ქვებს შორის. აურიგი გრძნობდა როგორ უკაკუნებდა მოტვლეპილ თავში წვიმა თავის ცივ თითებს, როგორ ეჟღინთებოდა ტუნიკა სისველით და როგორ მწველად ეკრობოდა მუცელსა და დასახიჩრებულ ზურგზე, როგორ უხეხავდა მუხლებსა და ბარძაყებს გალუმპული შარვალი, როგორ უჭყაპუნებდა დასუსხული ტერფები და გადაყვლეფილი კოჭები ბოლომდე დალტობილ ჩექმებში, მაგრამ წუწუნისთვის არ ეცალა. კვალდაკვალ მიჰყვებოდა კაპიუშონიან კაცს, რომელიც ჯერ უშნოდ აწოწილი ორი კოშკის შემაერთებელ თაღში გავიდა, ქვის სრიალა კიბეებზე დაეშვა, არც ისე პატარა მოხრეშილი ეზო გადაჭრა, სადაც ფარდულებში მოწესრიგებულად ელაგა ბლომად შეშა და ჩალა, კრამიტით გადახურულ სურომოდებულ ჭასთან ჩაიარა, კიდევ უფრო სრიალა კიბეებზე ავიდა, მერე კი ნაირ-ნაირი მარმარილოს ქანდაკებებით გამშვენებულ ბაღში შეაბიჯა, ფიცრებით გადახურულ აგურით ნაგებ ჭას გასცდა, წვიმისგან აგუგუნებული ნაძვების დაბურული ხეივანი გაიარა, ხის მოაჯირიან მომცრო ხიდზე გავიდა და მოზაიკის ფილებით მოპირკეთებულ მომცრო ეზოში გაჩერდა, რომელსაც სიპი ქვითა და აგურით ნაგები კვადრატულად ჩადგმული სამსართულიანი შენობები ქმნიდა.

ოთხივე შენობის შესასვლელთან ორი-ორი შეიარაღებული მცველი იდგა. პრიალა ჯაჭვის პერანგებზე ჩამოცმული შინდისფერი გარსაცმელებით, რომელზეც სამეუფეო წრე იყო ოქროსფრად გამოსახული, აურიგმა მაშინვე იცნო ინკვიზიციის გვარდიელები. მათი დანახვისთანავე კბილები გააღრჭიალა მრისხანებისგან. დასანახავად ვერ იტანდა მათ. მდინარე დიმუეისთან და მის შენაკადებთან გამართულ ბრძოლაში უამრავი ინკვიზიციის გვარდიელი იბრძოდა ბანოსის მხარეს და რომ არა ეს უმოწყალო ნაბიჭვრები, ვინ იცის იქნებ გაემარჯვა კიდეც პრინცი ბოროსის გამეფებისთვის მებრძოლ ჯარს. ამ შემთხვევაში, ხომ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა და კატორღებშიც სხვები გაიტანჯებოდნენ და არა აურიგი და მისი სახლეული.

„ჰადინმა დაგწყევლოთ, თქვე წყეულო ფანატიკოსებო.“

– მეუფეო შემიწყალე, ეს სად იპოვე „ქეციანო“ ? – დაიხვიხვინა ერთ-ერთმა სახედაკენკილმა გვარდიელმა. დანარჩენებიც ათქართქარდნენ, – ჰა ? ლაპარაკი თუ იცის ? აბა თქვი მე... დიდი... ბიჭი... ვაარ.

აურიგს მოუნდა პირდაპირ კედელზე მიეხეთქებინა მისი თავი, რათა სიპი ქვებისთვის შეეზილა მისი დამპალი კეფა. მართალია, ფოლადის ჩაჩქანი ეფარა გვარდიელს თავზე, თუმცა საკმარისად თუ მოინდომებდა მასშიც მოახერხებდა მისი ტვინის თბილი კარაქივით ათქვეფას. მაგრამ ჩემს ბედს შევეციო, გაიფიქრა აურიგმა. ასე ძალიან რომ არ სჭირვებოდა ინკვიზიციის ფული, არამარტო ამ სახედაკენკილს, დანარჩენებსაც საომარი ულაყივით გადათელავდა.

– ძმა ჰუგოსთან მიმყავს, ჩამომეცალეთ ! – დაუცაცხანათ „ქეციანმა“ და კაპიუშონი გადაიძრო თავიდან. გაწითლებულ-გალურჯებული კაპილარები საძაგლად უელავდა კარგად აპარსულ კეფაზე.

– სად მიდიხარ, რომ მიდიხარ ? – მტრედისფერი თვალებით შეუბღვირა აურიგს იქვე მდგომმა მეორე გვარდიელმა და ტყავის შავ ხელთათმანში ჩამალული ხელისგული დაჰკრა მკერდზე, – ხმალი !... დატოვე !

– სულ დამავიწყდა, – „ქეციანმა“ კარიდან გამოჰყო თავი, – ჰო, ჰო, ამათ დაუტოვე ეგ ხმალი.

აურიგმა ქამრიდან ამოიძრო მახვილი და გვარდიელს შეაჩეჩა ხელებში.

– ოჰო, კაი მძიმე ყოფილა, – ჩაიცინა მან და მხარზე შემოჰკრა ხელი.

მუხის ფართო კარში შესულმა „ქეციანმა“ დახუთულ დერეფანში შეიყვანა აურიგი. მათი ნაბიჯების ხმა ნახევრად ჩაბნელებულ მობათქაშებულ კედლებს ეხლებოდა და აურიგს ყრუდ უბრუნდებოდა დალტობილ ყურებში. დერეფნის ბოლოში გასვლისთანავე მოზაიკის კიბეებს აუყვნენ, რომლებიც ყოველ ხუთ-ექვს საფეხურში კედლებზე დამაგრებული ფარნების შუქზე წითლად და ოქროსფრად ბზინავდა. მესამე სართულზე ავიდნენ, მოჩუქურთმებულ კედლებს შორის შეაბიჯეს და ერთ წიფლის კართან გაჩერდნენ.

– ძმა ჰუგო ბერია, – პრიალა თვალები შეანათა „ქეციანმა“ აურიგს.

– მივხვდი.

– წვეთები ჩამოიბერტყე, – თვითონაც დაისვა სუსტი ხელები მხრებსა და მკერდზე, – ოთახი არ მოვუთხვაროთ.

აურიგმა მას მიბაძა. გრანიტის ფილებიანი იატაკი უმალ გამუქდა მათ ფეხქვეშ ადგილ-ადგილ, გეგონება წვიმამ დერეფანშიც შემოაღწიაო.

„ქეციანმა“ დააკაკუნა, მცირე ხანს შეიცადა და მერეღა შეაღო კარი. აურიგს ეგონა, ახლა ვიღაც გულზვავი ინკვიზიტორის კაბინეტში შევდგამ ფეხსო, მაგრამ ამის ნაცვლად მკრთალად განათებულ, მოკრძალებულ ოთახში აღმოჩნდა. ერთი ხმელი საწოლი იდგა შიგნით, რომელზეც მხოლოდ ჯვალოს ქვეშაგი იყო გაშლილი, ზემოდან კი შალის აჩეჩილი უფერული ქსოვილი ეგდო. სიფრიფანაჩარჩოიან ფანჯარასთან მომცრო ფიცრული მაგიდა იყო მიდგმული. მის სანთლის ნაღვენთებიან ზედაპირზე ერთი ყდადაგლეჯილი წიგნი იდო და ქაღალდის ერთი ცალი ჩალისფერი გრაგნილი. შინდისფერ კაბაში გამოწყობილი გაქუცული მამაკაცი ფანჯარასთან ჩაჩოქილიყო და თავს ისე აკანტურებდა, იფიქრებდი სადაცაა ჩაეძინებაო. მაგრამ როგორც კი „ქეციანმა“ ჩაახველა, უკან გამოიხედა და ზლაზვნით წამოიმართა. ისეთი იერი ჰქონდა, გეგონება საზარელმა ტკივილმა გააწამა ფეხზე წამოდგომისასო. მისი ჩაცვენილი ლოყები თხელ ჭაღარა წვერს დაეფარა. მარჯვენა ღაწვზე მოწითალო მეჭეჭი უბზინავდა. თითებგადაჭდობილი, დაღლილი შეაჩერდა წუმპისფერი თვალებით ჯერ „ქეციანსა“ და შემდეგ აურიგს.

– ძმაო ჰუგო, – წამოიწყო „ქეციანმა“, – ამ კაცს ალქაჯზე ნადირობა სურს... დანარჩენებთან ერთად, ძმაო ჰუგო... ტყეში.

– ხომ იცი, რომ ვლოცულობ ხოლმე ამ დროს ? – ხორციან ცხვირზე იჩკმიტა ინკვიზიტორმა და იმგვარი სახე მიიღო, თითქოს მოსისხლე მტრებს მისჩერებოდა: იმათ ვინც ნეტარების სავანეში მის დამკვიდრებას უშლიდა ხელს. 

აურიგმა იფიქრა ესეც ისეთივე ნაბიჭვარია, როგორც ყველა ინკვიზიტორიო. კარგად იცნობდა მისნაირებს. საკუთარი თავისადმი გადამეტებული სიმკაცრის გამო ყველაზე და ყველაფერზე გაბოროტებულები რომ არიან ხოლმე, თითქოს სხვების ბრალი იყოს მათი ტანჯვა. ასეთივე იყო კეიდენების ერთ-ერთი სოფლის, გრინუოთერის ბერ-მოციქული ოსრიკი, რომელიც იმის გამო, რომ ახალშეუღლებულებს ქორწინებიდან ორი თვე სარეცლის გაზიარების კურთხევას არ აძლევდა, სოფლიდან გააძევა მოსახლეობამ.

– მე... ვი... ვიცი, ძმაო ჰუგო, – თითების ნერვიულად ზელა დაიწყო „ქეციანმა“, – მაგრამ ნახეთ რამხელაა. ვიფიქრე დიდად წაადგება დანარჩენებს-მეთქი... ალქაჯზე ნადირობაში-მეთქი. წამო ! – ახლა აურიგს მიუბრუნდა, – სხვა დროს მოდი და...

– კატორღიდან როდის გათავისუფლდით ?  

„ქეციანი“ შედგა და თავით ანიშნა აურიგს, უპასუხეო. ინკვიზიტორს ახლა უკვე ინტერესით წამონთებოდა თვალები. ის მტრობა, რაც წეღან გამოსჭვიოდა მის მზერაში, თითქოს ისევე უკვალოდ აორთქლებულიყო სადღაც, როგორც ქვაბში ჩასხმული წყალი მეტისმეტი დუღილისას.

– სამი თვის წინ... ძვირფასო ძმაო, – ძლივს წარმოთქვა ბოლო სიტყვები აურიგმა.

– მეფე აროსი, მართლაც რომ საოცრად მოწყალეა. მგონი, პირველი შემთხვევაა კატორღელები ვინმეს შეეწყალებინოს... მართალია ძალზედ ცოტა შეიწყალა, მაგრამ მაინც... გასაოცარია !

საწოლის კიდეზე ჩამოჯდა ძმა ჰუგო. ისე ათვალიერებდა აურიგს, როგორც მეტად საინტერესო ქანდაკებას.  

– დიდგვაროვანი ხართ, წყალი არ გაუვა. ვინ იცის, ბრძოლის ველზეც კი შევხვედრივართ ერთმანეთს.

რაო ? ესეც ? ეს... ეს გაქუცული ჭიაყელაც ომობდა ორი წლის წინ ? აურიგმა ხელები უკან წაიღო და მაგრად მომუშტა. იმის გაგებამ, რომ ეს დამპალი სამოქალაქო ომში მის მოწინააღმდეგეთა მხარეს მონაწილეობდა, საბოლოოდ შეაძულა იგი.

– დიდგვაროვანი ? – პირი დააღო „ქეციანმა“, – ეს... ეს ?  

– დიახ, ძმაო, – დამცინავად გაუღიმა ინკვიზიტორმა, – დაკვირვებული კაცი დიდგვაროვან ლებანს ჭუჭყისა და ღარიბული სამოსის ნაჭუჭშიც ამოიცნობს. გარეთ დაელოდე !

– აა... მაგრამ... მე ხომ...

– გარეთ დაელოდე-მეთქი ! – შეუღრინა ინკვიზიტორმა და თვალით გააცილა კარისკენ.

მარტონი დარჩნენ. სრულიად მარტონი.

– პრინცების ომი, ჰა ? – ჩაეღიმა ინკვიზიტორს, – თუმცა თქვენ რომ შეგხვედროდით ბრძოლაში... მმ, ძნელია თქვენ ვერ დაგიმახსოვროთ კაცმა. სად იბრძოდით ?

აურიგს საშინლად მოუნდა მივარდნოდა და წიხლებით დაებრტყელებინა ცივ იატაკზე, დაჭყლეტილი ხორცისა და სისხლის გუბეღა დაეტოვებინა მისგან. იქნებ, სჯობდა ასე მოქცეულიყო ? თან ოთახში მათ მეტი აღარავინ იყო და მის მტვრად ქცევას თავისუფლად მოასწრებდა. მაგრამ ფული... ეს დამპალი ფული სჭირდებოდა გადასარჩენად და რა ექნა ?

– მდინარეებთან... დიმუეისთან და მის შენაკადებთან, ძვირფასო ძმაო, – ბოლო ორი სიტყვა საოცარი ძალდატანებით წარმოთქვა აურიგმა, – მაგ-ჰარონთანაც ვიყავი... ალყისას.

– აჰ, სველი ხმლების ბრძოლა, – ძმა ჰუგომ ამოიოხრა და ოთახის შუაში ჩადგმულ მუხის კვადრატულ სვეტზე დამაგრებული სპილენძის სასანთლეებიდან ერთ-ერთს მიაჩერდა. ნაღვენთით თვალებამოვსებული პირდაღებული ლომი ხახაში ჩადგმული ცვილის სანთლის გადაყლაპვას მეტისმეტი მონდომებით ლამობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

„ასეთი სახელი შერჩა ამ ბრძოლას ? სველი ხმლები ? საიდან მოჩმახეს ?“

– მე და ჩემი ძმები თავად წითელი პრინცის ჯარს შევეტაკეთ, – ამოიკვნესა ინკვიზიტორმა, –  ლა-დელმართან... გაშლილ ველზე. ნორბურგიდან მოემართებოდა ჩრდილოეთისკენ. დაგვამარცხა... ბევრი ჩვენგანი სარებზე გასვა, მაგრამ კარგად გეცოდინებათ, რომ სამ კვირაში თვითონაც დამარცხდა... მაგ-ჰარონთან და თვითონაც სარზე შემოჯდა. ლორდი გერჰარდტი ჩვენი სამეფოს საუკეთესო სტრატეგია.

„შევეცი ნაბიჭვარ გერჰარდტს. ეგ რომ არა, ახლა მთელი ჩემი ოჯახი ცოცხალი იქნებოდა“, –  აურიგი ფიცრის ფირფიტებიან ჭერს მიაჩერდა გამწარებული. ზედა კუთხეში გაბმული თხელი აბლაბუდა გაშეშებული წყალივით ირეკლავდა სანთლების შუქს და თავის იდუმალ ბზინვარებაში იწებებდა სინათლის სხივებს.

– რა გვარის კაცი ხართ ? – გამომცდელად მიაჩერდა ძმა ჰუგო.

– კეიდენი.

– კეიდენი... კეიდენი, ჰო, – ცხვირის ფხანით იხსენებდა ინკვიზიტორი, – უოლტონების ვასალები იყავით, ხომ ასეა ?

აურიგმა იფიქრა, ალბათ, ესეც რომელიმე დიდებული ოჯახის შვილი იქნება, თორემ უბრალო ბერს ასე კარგად არ ეცოდინებოდა ვინ ვისი ვასალია ზემო ოლდენშიო.

– დიახ, ძვირფასო ძმაო. 

– ალბათ, ფული გჭირდებათ ახლა. ყოფილი კატორღელისთვის ადვილი არაა თავის გამოკვება, – ათრთოლებულ ხელებზე ჯიუტად მიაჩერდა ინკვიზიტორი, – მით უმეტეს თქვენს მდგომარეობაში. 

აურიგმა თავი დაუკრა და ხელების დაშოშმინებას როგორც ყოველთვის უშედეგოდ შეეცადა.

– თქვენდა საბედნიეროდ მთავარინკვიზიტორ რანდოლფს მტკიცედ სწამს, რომ ტყეში დაბუდებული ალქაჯის მოკვლა ჟამიანობას დაასრულებს, – დახეთქილი ტუჩები უკმაყოფილოდ გაილოკა ძმა ჰუგომ, – თუმცა, როგორც გავიგეთ ჟამი კემბრიაშიც მძვინვარებს ზოგან და ოლდენის ჩრდილოეთშიც. ვითომ ამდენი ალქაჯია ჩვენს მიწა-წყალზე ? თუ ამ ჩვენი ალქაჯის უწმინდურება მრავალი მილის იქით მცხოვრებთაც სწვდებათ ?

აურიგმა თვალები ააცეცა დაბნეულმა. რამე უნდა ეპასუხა ? ვერ ხვდებოდა რატომ ეუბნებოდა ამ ყველაფერს ინკვიზიტორი. ფანჯრის მიღმა, თითქმის ბოლომდე გატიტვლებული ხეებიდან ამოზრდილ მარმარილოსსვეტებიან მაღალ და განიერ შენობას მიაჩერდა კითხვის გამომხატველი მზერით, მაგრამ გრილი, სველი და უფერული გულგრილობის მეტი სხვა პასუხი არ მიუღია მისგან.

– ოტისი მართალია, – ფეხზე წამოდგა ინკვიზიტორი და თავისი კაბის მეწამულ არშიებს მიეფერა კოჟრებიანი თითებით, – დიდად წაადგებით დანარჩენებს.

„ეტყობა, ეს იმ „ქეციანის“ ნამდვილი სახელია... ოტისი.“

– სხვა თუ არაფრით, იმას რომ დაინახავენ თქვენნაირი გოლიათი მიჰყვებათ ტყეში გული გაუმაგრდებათ, – თბილად გაიღიმა ძმა ჰუგომ.  

– რამდენი ? – აურიგს ეუხერხულებოდა, მაგრამ ყველაფერი უნდა გაერკვია. სხვა გზა არ ჰქონდა, – გასამრჯელო... რამდენი მეკუთვნის ? ან წინასწარ თუ გადამიხდით ცოტას მაინც ?

– ოო, მაგაზე განმკარგულებელს უნდა მოელაპარაკოთ, – შეიძლება მოეჩვენა აურიგს, მაგრამ წამით თითქოს სიბრალული ამოიკითხა ინკვიზიტორის თვალებში, – მე მხოლოდ... აგარჩიეთ. თუმცა, წესით, თქვენც იგივეს გადაგიხდიან რასაც დანარჩენებს. ზუსტად არ ვიცი. მთავარინკვიზიტორის წამოწყებას ქალაქის მმართველი საბჭო აფინანსებს.

„ამის დედაც. რამე არ გამირთულონ, რახან იმ ნაბიჭვარს ყელში ვწვდი... აბრეშუმით მოვაჭრეთა გილდიის წევრია მაინც.“

– ანუ უკვე ამარჩიეთ ?  

– დიახ. ამიერიდან თქვენც ერთ-ერთი მონადირე ხართ... ალქაჯზე მონადირე, – ცალი წარბი ცბიერად აპრიხა ძმა ჰუგომ, – ოტისი კი შეატყობინებს, მაგრამ თუ რამეს გეტყვით განმკარგულებელი უთხარით, რომ მე აგარჩიეთ.

გაბადრული მისჩერებოდა ძმა ჰუგო სტუმარს. აურიგი კი პირქუშად დაჰყურებდა ზემოდან. დაჰყურებდა, როგორც მოქუფრული მთა მის ძირში ამოსულ სიფრიფანა ხეს.

– მეუფე შეგეწიოთ, ლორდო კეიდენ, – თავი დაუკრა ინკვიზიტორმა.

დამცინავი არაფერი ყოფილა მის სიტყვებში. პირიქით, პატივისცემით თუხთუხებდა თითქოს მისი ნათქვამი, – პატივისცემით, რომელიც უკვე დიდი ხანია არ ეგრძნო აურიგს. და ამან ძალიან გააბრაზა ყოფილი ლორდი, რადგან როცა ვინმე პატივს გცემს, როგორც წესი შენი გულიც იმავეთი პასუხობს. სიძულვილის გარდა კი სხვა არაფერი უნდოდა ეგრძნო ინკვიზიტორისადმი.

აურიგმაც დაუკრა თავი ძმა ჰუგოს და კარის სახელურს ჰკიდა ხელი.

 

 

 

****

 

 

ხარაჩოებშეყენებული კოშკის გვერდით აგებულ მომცრო სამჭედლოში შევიდა „ქეციანი“. როგორც კი აურიგმაც შეაბიჯა ხის ჭრაჭუნა კარში ანაზდად შეეგება თბილი ნიავი და ხელახლა დასველებულ თავ-პირზე ძალუმად მიეალერსა.

– კიდევ ერთი მოგიყვანეთ, ბიჭებო, – დაიძახა „ქეციანმა“. 

სამნი იყვნენ ქურასთან. სამივე აშკარად ერთიმეორეზე უფრო გაღლეტილები. ჩამოძონძილები. ბედშავები. სუნიანები. ხოლო ერთ მათგანს, – ცალთვალას და შევერცხლილთმიანს, – თავისებური სიამაყეც დასთამაშებდა სახეზე, გეგონება, იმის თქმა სურდა, ამ ჩვრებში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამოვეწყვე, რომ ვერავინ მიხვდეს სინამდვილეში ვინ ვარო. მისმა შემხედვარე აურიგმა იფიქრა, ალბათ ერთი ნიფხავგამოხეული მოხეტიალე რაინდია, რომელსაც ყველა ტურნირზე პირველივე შეტაკებისასვე აგდებენ ცხენიდანო. კვინტაინები, – ასე ეძახდა ერთ დროს აურიგი ამნაირ უსარგებლო რაინდებს. 

– აი, იქ, ძველი ფარდაგები და ქსოვილები აწყვია, – ღუმლის გაყოლებაზე დადგმულ აბლაბუდებიან კარადაზე მიანიშნა ოტისმა, – შეგიძლია ძირს გაშალო და დაიძინო თუ მოგინდება. იცოდეთ, არ იჩხუბოთ, თორემ სულყველას გაგყრით აქედან !

„ქეციანი“ სამჭედლოდან გავიდა და აურიგი მარტო დატოვა დანარჩენებთან. როდესაც კარი გაიხურა მერეღა გაახსენდა ყოფილ კატორღელს, რომ გასამრჯელოზე დალაპარაკება სურდა განმკარგულებელთან, მაგრამ ამის სათქმელად ოტისის გაკიდების და ისევ წვიმაში დალპობის თავი აღარ ჰქონდა.

– რამდენი ხარ სიმაღლეში ? შვიდი ფუტი ? – მკვახედ გამოსძახა კუნძზე ჩამომჯდარმა შავტუხა კაცმა. ცხვირი იმგვარად ჰქონდა მას გატეხილი, იფიქრებდი ვარდისფერი ელვა მიეწება ღაწვებს შორისო. კალთაში ნაირ-ნაირფიგურებიანი, თუმცა გახუნებული ფარდაგი ედო.

– მეტი ! – მოუჭრა აურიგმა და იქაურობას მოავლო თვალი.

სამჭედლოს შიდა სივრცე იმხელა კი იყო, რომ ოთხი კაცი თავისუფლად დატეულიყო შიგნით, მაგრამ კარადის კიდესთან დაყრილი ხისა და ლითონის დამტვრეულ-დაჟანგული ხარახურისა და კარიდან ორ ნაბიჯში დახვავებული ფოლადის მტვრიანი ფირფიტების გამო, როგორც ცხვრები ბოსელში ისე იყვნენ შექუჩებულები. არც ქურასა და კარს შორის დადგმული გაცრეცილი გეჯა, ქვის მომცრო გახუნებული როფი და ბზარებგაჩენილი სანახშირე გოდორი უწყობდათ ხელს ხეირიანად მოწყობაში.

ქურის თავზე თუჯის გვერდებაქერცლილი ქვაბი თუხთუხებდა. სამივენი ისე შესცქეროდნენ მას, როგორც მაწანწალა ძაღლები ტავერნის პატრონს, რომელიც სადაცაა ღრეობისშემდგომ ნარჩენებს გადაუყრის მათ. მაშ, საკვებს აძლევდნენ ? ძალიანაც კარგი. დასაპურებლად განმკარგულებლისთვის გასამრჯელოს ნაწილის წინასწარ გამორთმევაც საჭირო აღარ იქნებოდა. სქელი ფიცრებით ნაგებ გაჭვარტლულ კედლებზე ლითონის ნაირ-ნაირი წაგრძელებული ნაჭრები ეკიდა ლურსმნებზე. აქა-იქ დახვეული და სანახევროდ გაშლილი, აბურდული თოკებიც ეყარა, – ზოგი ძირს და ზოგიც მაგიდაზე, რომელზეც დაგრეხილი ნალები, გაშავებულ-გამურული მარწუხი და ორი ცალი ტარგაცვეთილი ჩაქუჩიც ეგდო. ნახევარმთვარისებურ ფართო სარკმელთან ერთი ცალი ხელის ხერხი ეკიდა ლურსმნებზე. კბილანები ადგილ-ადგილ დაჟანგული ჰქონდა ხერხს, ხოლო სახელურზე ნაჭდევები და ხმარებისგან აქერცლილი ადგილები გასჩენოდა.  

– ხელებზე რაღა გჭირს ? – ისევ აიმაღლა ხმა შავტუხამ. მის გვერდით მჯდომი წვრილფეხება კაცი, რომელიც ჭუჭყიანი თითებით აწვალებდა გულზე მიხუტებულ, კიდეშემოფხრეწილ ჭაობისფერ ნაჭერს, თვალების კარკვლით იყურებოდა აქეთ-იქით, – მოფსმა არ გიჭირს ხოლმე ?

აურიგმა პასუხი არ გასცა. როფსა და გოდორს შორის გაძვრა და კარადისკენ წავიდა. რამე ქსოვილი უნდოდა. სითბო. სიმშრალე. ასე ეგონა, ახლავე თუ არ დაიწყებდა გაშრობას, სადაცაა ამოარწყევდა.  

ფიცრულ ჭერს რაკუნი გაჰქონდა იმ თქეშისგან, რომელსაც გარეთ შენობები ცივ და რუხ სუდარაში გაეხვია. სარკმლიდან წვიმის გუგუნი იჭრებოდა სამჭედლოში და მოგუდულ შიშხინად ეფრქვეოდა ლითონით დახუნძლულ კედლებს.

– ეყოფა, მგონი, – დაიღრინა შავტუხამ. კუნძიდან წამოდგა, ფარდაგი ზედ დადო და ბინძური, თუმცა სქელი ნაჭრით, ქვაბი ქვის იატაკზე გადმოდგა. შემდეგ, იქვე, ძირს დადებული ხის ჯამი აიღო და ხისავე მოზრდილი ჩამჩით ჩაირაკრაკა შიგ მოყვითალო-მონაცრისფრო სითხე.

აურიგის გარდა, ყველას ჰქონდა ჯამი. კოვზიც. არაუშავდა. სამაგიეროდ ახლა თვითონ ტილოს მშრალი ქსოვილი ეფინა ხელისგულებზე. მართალია, გვერდები შემოჭმული ჰქონდა ნაჭერს, მაგრამ რაც მთავარია უნესტო იყო. ჯერ შეძლებისდაგვარად გამშრალდებოდა და მერე ჭამაზეც მოიფიქრებდა რამეს.

– სულ სამი კაცი ? – ქურას მიუახლოვდა კისერსა და თავ-პირზე ქსოვილის ხახუნით, – მხოლოდ თქვენ ხარ ?

– მეტს ელოდი ? – ჩაჟამებული კბილები გაკრიჭა წვრილფეხება კაცმა და მანაც დაიწყო წვნიანის ჯამში ჩამოსხმა. სოკოსა და ბარდის ნახარში იყო აშკარად.

– მთელმა ქალაქმა ჩაიჯვა, – თქვა შავტუხამ წვენის ხვრეპით, – უჰ, ძაან ცხელია. ჩვენ კალენბორნის ყველაზე მამაცი ხალხი ვართ, მაშ.

ჩექმებში ჩადგმული დასველებული ფეხისგულები და თითები სიცივისგან ესუსხებოდა აურიგს. რომ რამე, დიდი სიამოვნებით მოიტიტვლებდა ფეხებს და ღუმელს მიუშვერდა.

– კაცი თუ გყავს მოკლული ? – შავტუხას აურიგის ქამარში ჩატენილი ხმლისკენ გაექცა მზერა.

– კი, მყავს.    

– ერიჰა, გამოდის, მარტო შენ და ამის იმედზე ვართ, – ჩაიცინა წვრილფეხებამ და თავი ცალთვალასკენ გაიქნია, რომელიც ქურის შვერილზე მოკალათებულიყო. ამ უკანასკნელის ლამის ბოლომდე გათეთრებულ ცალ თვალში ისე ბრჭყვიალებდა ცეცხლის შუქი, როგორც გაყინული და თხელი გამჭვირვალე ფარდის მიღმა, – ბუნდოვანი კოცონი. სამაგიეროდ მეორე თვალში, შავსა და ფერსავსეში გაემართა ცეცხლს მხურვალე წარმოდგენა, – სიცოცხლით სავსე ბელეგელი მოცეკვავე ქალებივით როკავდა მისი ფიცხი ენები მრუმე წრით შემოსაზღვრულ ბნელითმოცულ სცენაზე. 

– მე სერ ოტო დენვიკელი ვარ, – ამოიხრაგუნა ცალთვალამ. ისეთი ხმა ჰქონდა, გეგონება ორ დამპალ ფიცარს ურტყამდა ერთმანეთს ვიღაც, როგორც კი იგი პირს აღებდა.

„ასეც ვიფიქრე... მაშ ორი გაღლეტილი სულელი და ერთი ნიფხავგამოხეული რაინდი. მშვენიერია.“

– ესე იგი, სისხლი არასდროს დაგიღვრიათ ?

– როგორ არა, – ჩაიქირქილა წვრილფეხებამ და კიდევ უფრო გადმოკარკლა თვალები, –ფერმაში იმდენი ქათმისთვის წამიცლია თავი, ვინ მოთვლის. სისხლის დაღვრა მაშინ უნდა ნახო, თავწაცლილები რომ იწყებენ სირბილს. ქათმების რისხვა ლეოს ტყუილად კი არ მეძახდნენ ფერმაში ?

– სისხლის დაღვრა, არა ? – საუბარში ჩაერთო შავტუხა. თან, ჯამში აკაკუნებდა ხისგან გამოჩორკნილ კოვზს. პირის წკლაპუნით შეხედა აურიგს, – ქუჩის ჩხუბები მოსულა ? მუცელში დანები და ყელში ფრჩხილები ?  

– მხოლოდ ჩვენ ვართ, გოალიათო, – თქვა რაინდმა და თვალი თვალში გაუყარა აურიგს. ხმალი იქვე, ქურის აგურით ნაგებ კედელზე ჰქონდა მიყუდებული. მასაც ხისკოტიანი მახვილი ჰქონდა, ოღონდ ოდნავ უფრო მოკლე, ვიდრე აურიგისა იყო და ვერცხლისქუდიანი, სპილენძის ნაცვლად. ქარცისფერ ბუდეს უხეში ნაკერები ჰქონდა ალაგ-ალაგ, ეტყობოდა, რომ პატრონივით ბედშავი იყო, – მხოლოდ ჩვენ ვართ, ვისაც ხმლის რიგიანად ხმარება შეუძლია... თუ შენ მაინც იცი ხმლის რიგიანად ხმარება. დიდი-დიდი ესეც წაგვეშველოს რამეში, – შავტუხასკენ გააქნია წვერიანი ნიკაპი. 

– ფლინტი მქვია. სახელით მომმართავ ხოლმე, თორემ იცოდე აქვე გამოგჭრი ყელს, –გახეხილი ჩექმის ყელიდან ძვლისტარიანი დანა ამოაძვრინა შავტუხამ და შემდეგ ისევ უკან ჩაძირა.

რაინდს თავდაჯერებულად ჩაეღიმა მის მუქარაზე და ხელები ისე ასწია, ვითომ ნათქვამმა შეაშინა.

აურიგმა გეჯა ამოაბრუნა და ქურასთან ახლოს ჩამოჯდა მასზე. პირველ რიგში ის იკითხა გასამრჯელოს რამდენს შეჰპირდათ განმკარგულებელი და ლამის ყველამ ერთხმად დაიძახა სამას ბროილსო. სამასი ბროილი კარგი თანხა იყო, ცხენსაც იყიდდა, საგზალსაც და თავისუფლად ჩავიდოდა ერგუნდიაში. ახალ ნაცნობებთან საუბარში ნელ-ნელა გაარკვია, რომ მხოლოდ რაინდი არ იყო კალენბორნელი.

ფლინტი, ყოფილი ბანდიტი იყო. ქალაქის ერთ-ერთი ბანდიდან გამოუგდიათ, რომლის წევრებიც თავს ორი უბნის დამცველებს ეძახდნენ. ბანდის სხვა წევრის დასთან წოლილა და ეს მათი შიდა წესის მიხედვით ყოვლად მიუღებელი ყოფილა. თურმე კვერცხების დაჭრას ძლივს გადაურჩა, – ბანდის მეთაურის უახლოესი მეგობარი ფლინტის აწ გარდაცვლილი მამის ძველი ძმა-ბიჭი აღმოჩნდა და მას დაუხსნია საჭურისის ცხოვრებისგან.

„ჰოდა, ახლა მინდა ცოტა ფული გავაკეთო. ამ დამპალი ქალაქიდან დახვევა მინდა, – იძახდა თავისი უშნოდ გაკლაკნილი ცხვირის წვალებით, – დედაჩემი ჟამმა მოკლა... ჩემი დებიც. ცოლი მე არ მყავს და შვილები. რაღა ჩემი ფეხები დამრჩენია აქ ?“ 

ქათმების რისხვა ლეო დიდი მექალთანე ვინმე ყოფილა, რამაც ძალზედ გააკვირვა აურიგი, იმას თუ გავითვალისწინებდით, რომ ნამეტნავად უსახური იყო იგი. პირველი კედლის უბანში ლამის ყველა მეტ-ნაკლებად ლამაზ ქალთან დაწოლილა და ახლა მოსაკლავად დაეძებდნენ თურმე ამ ქალების ქმრები, ძმები და მამები.  

„ერთი ქვრივი ქალიც დამეძებდა, – უშნოდ იღრიჭებოდა ლეო წვნიანის ჭამისას, – ტავერნის მეპატრონე იყო... ოთხი ქალიშვილი ჰყავდა და ოთხივე გავუხვრიტე. კიდევ კარგი ჟამმა მოკლა. რაც ნაკლებს უნდა შენი მოკვლა მით უკეთესი, ეგრე არაა ? ერთით ნაკლებიც რაღაცაა.“

როგორც ლეომ თქვა, ალქაჯის მკვლელობაში აღებული ფულით მასაც ქალაქიდან გაქცევა სურდა, ფლინტივით.

 სერ ოტო, რომელიც დაბადებით უბრალო კემბრიელი გლეხის ბიჭი იყო, ჭაბუკობაშივე გამხდარა რაინდი. მანამდე, მასავით მოხეტიალე, ვინმე სერ დალტონ ჰარდინგელის საჭურველთმტვირთველი ყოფილა, რომელმაც თურმე პირდაპირ სიკვდილის წინ აკურთხა რაინდად. სერ ოტოს აღჭურვილობისა და ცხენის შესაძენად სჭირდებოდა ფული. როგორც ამბობდა, ჰელიონის დიად არენაზე გაზაფხულის დამდეგს, წმინდა რანდელის კვირეულში დიდი ტურნირის ჩატარება იგეგმებოდა და მასში მონაწილეობა სურდა. მისი თქმით, კემბრია, ოლდენი, ზემო ოლდენი, ჩრდილოეთი, ერგუნდია, ბელეგა - მთელი ახალი იმრონი იქ იქნებოდა, ყოველი მხარის საუკეთესო რაინდები.

„ორდენების რაინდებიც ჩამოვლენ, ალბათ, – ზოზინით ხვრეპდა წვნიანს, – კარგი სანახავი იქნება როგორ გადმოყრიან ოქრო-ვერცხლით მორთული ცხენებიდან მაგ ვაი-წმინდანებს. მეც უნდა გამოვიჩინო თავი. იქნებ რომელიმე დიდგვაროვანმა შემომთავაზოს თავისთან სამსახური... ჭამა-სმა არ მომაკლდება. ცოტას ამოვისუნთქებ. პატარა ბიჭი აღარ ვარ.

აურიგმა იფიქრა, ეტყობა აღჭურვილობა რომელიმე ტურნირზე ან დუელში წააგო ან საერთოდაც არ ჰქონიაო და მეტს აღარაფერს ჩაჰკითხვია მოხეტიალე რაინდს. მთელ ამ საუბრებში თავის თავზეც მოუწია ლაპარაკი, მაგრამ ის, რომ ერთ დროს ლორდი იყო, დამალა.

– ერთი ეგ ჯამი მათხოვე, მეგობარო, – ამოცარიელებული ჭურჭელი და კოვზი გამოართვა ფლინტს, როდესაც ეს უკანასკნელი ჭამას მორჩა, – მთელი დღეა ხემსი არ ჩამსვლია პირში.

თვითონაც ჩაბღუჯა ჩამჩა და სოკოსა და ბარდის წვნიანი ჩამოისხა. ისევ გვარიანად ცხელი იყო კერძი. საამურად უვსებდა ალხიანი სისველით კუჭს და მხურვალე ნაპერწკლებს ესროდა მთელს მის გაციებულ შიგნეულობას.

– ჩვენით მოვხარშეთ, – კბილებში გამოსცრა ფლინტმა, – ერთი მზარეულიც კი არ გვარგუნეს.

– ჩვენით ? – ჩაიფხუკუნა ლეომ, – ყველაფერი მე დავჭერი, მე ჩავყარე შიგნით და მაინც ჩვენით, არა ?

– ნუ წუწუნებ რა. ეგრე მეც კი დავჭერი გუშინ კომბოსტო და ის უვარგისი ჭარხალი.

რამდენიმე სოკოც ჩაკბიჩა აურიგმა. მოხარშვა ეკლდა ცოტათი, მაგრამ ეს ვერ შეაჩერებდა მის გამგელებულ კბილებს.

– მაგრად კი გაულამაზებიხარ კატორღას, ვერაფერს იტყვი, – თვალები ისე დააჭყიტა ლეომ, იფიქრებდი ან ახლა დაუსკდება ან ახლაო. 

– შენზე ლამაზი მაინც ვარ, – უთხრა აურიგმა და მერე ხელების კანკალით ყველას სათითაოდ მიუშვირა კოვზი, – გაფრთხილებთ კატორღაზე არაფერი მკითხოთ, თორემ... გავბრაზდები.

ამ სიტყვებზე ლეო და ფლინტი გაიღრიჭნენ.

– მაშ ომში იყავი, გოლიათო ? – ტუჩების ლოკვით შეხედა სერ ოტომ, – ხელები... იქ დაგემართა თუ კატორღაში ?

– კატორღაში ! – მოუჭრა აურიგმა და ისეთი სახე მიიღო ყველა მიახვედრა, რომ ამ თემაზე მეტი აღარ ელაპარაკათ.

ხელად მოათავა წვნიანი და კიდევ დაიმატა.

– ერთი ის მითხარით, მართლა ალქაჯი უნდა მოვკლათ ? 

– მაშ, – ფარდაგი მხრებზე შემოიხვია ფლინტმა, – პირდაპირ თავის აყროლებულ ქოხში უნდა მივაკითხოთ, სადაც ბავშვებს ხარშავს ხოლმე და მათი ძვლებისგან სამკაულებს იმზადებს.

– ხალხს კი სჯერა და... მთავარინკვიზიტორსაც.

– ხალხს სამთავა ჯეკისაც სჯერა და იმათი კიდევ რა ჰქვიათ... ჰო, ქალთევზების კიდევ.

– დიდი-დიდი ვიღაც გადაღრძუებულ ბებოსთან შებრძოლებამ მოგვიწიოს, - ჩაიხვიხვინა ლეომ.

– ბებოსთან ? 

– ჰო, არ გაგიგია ? გეტყობა, აქაური რომ არ ხარ.

ფლინტმა აურიგს უამბო, რომ ორი კვირის წინ, სანამ ჟამიანობა დაიწყებოდა ტყისკენ მიმავალი ვიღაც მიხრწნილი ქალი დაუნახავთ წმინდა ტერეზას ქუჩაზე მცხოვრებ ბავშვებს. სახლში დაბრუნებულებს მშობლებისთვის უთქვამთ ალქაჯი დავინახეთო, ჰოდა, როდესაც ჟამმა ხალხის გაწყვეტა დაიწყო, ყველას იმ მოხუცისთვის დაუბრალებია განსაცდელი.

– ესეც შენი ბნელი ქალბატონი

– და სარკეები ? იმ დღეს მომიყვა ერთმა ტავერნაში მგონი... ჰო, ბაბუაჩემმა თუ ვიღაცამ სარკეები ნახა ტყეშიო. თავისი სიკვდილი დაინახა მათშიო.

– და მერე ზუსტად ისე გააფრთხო სულიო, როგორც სარკეში დაინახაო, არა ? ზღაპრები !

– იცი, რა მგონია ? – ამოსისინა ლეომ, – რომელიმე ახლომახლო სოფლის ბებერი იქნებოდა... ის ბებერი, ბავშვებმა რომ დაინახეს. გულმავიწყობა დაეწყებოდა და სახლიდან გამოიქცეოდა. თავისიანებს ვეღარ სცნობდა ალბათ ის უბედური. ჩემი ერთი მეზობელი იყო ეგრე, ბებია ამალიას ვეძახდით, თავის შვილებს და შვილიშვილებს ვერ სცნობდა. არ ვიცი ვინ ხართო, წარამარა ეუბნებოდა. გამიშვით აქედანო, გაჰყვიროდა სულ. ჰოდა, ერთხელაც გარეთ გაიქცა და ცხენებმა გადათელეს.

– თუ ეგრეა, ის დედაბებერი უკვე მკვდარი იქნება, – თქვა აურიგმა, – ტყისკენ მიდიოდაო, ასე არ თქვით ? რა გადაარჩენდა ტყეში ? თან ამ წვიმებში.

– ძალიანაც კარგი, – გაუპარსავი ყანყრატო მოიზილა ფლინტმა და კიდევ უფრო მაგრად გაეხვა ფარდაგში, – მხოლოდ ტყეში გასეირნებაში ავწაპნავთ ფულს ამ... – კარისკენ გაიხედა და ჩურჩულით თქვა, – ამ ხარბ დამპლებს. ამ ბოზის გაგდებულებს.  

– და თავის ან სხვა რამის მოტანა რომ მოგვთხოვონ ? – ლეომ კოვზის თითებს შორის თამაში დაიწყო კარტივით, – ხელის, ფეხის... ან სხვა რამის ?

ფლინტმა ჩაიცინა და ხელი ჩაიქნია.

– რამეს მოვიფიქრებთ. თუ იმ ქალს ვერ ვიპოვით, რომელიმე ახლომახლო სოფელში შევივლით... იქაურ დედაბერს დავიმარტოხელებთ, თავს მოვაჭრით და ეგ იქნება. ვიტყვით, ალქაჯიაო. ვინ შემოგვედავება ?  

– გუშინ... სანამ აქ მოვიდოდი, ქუჩაში მოვკარი ყური, რომ ჩვენ პირველები ვართ, –  დაცარიელებული ჯამი იატაკზე დადო სერ ოტომ, – ეტყობა, თუ ჩვენ არაფერი გამოგვივა მერე თავისი გვარდიელების გაშვებას აპირებენ ესენი... მთავარინკვიზიტორი და მისი ხალხი, თუ ვინც არიან.  

– ესე იგი, ჩვენ ალქაჯისთვის კბილის გასასინჯად გვგზავნიან ? – წვნიანი ძალუმად მოხვრიპა აურიგმა.

– იჰ, მაგაზე არ იდარდო, – დაბერილი თვალები კატასავით მილულა ლეომ, - ალქაჯი არ არსებობს.

 

 

 

თავი მესამე

 

 

მომდევნო დღეებში აღარ უწვიმია. აურიგი მოელოდა, რომ დღე-დღეზე ალბათ ტყეში გაგვიშვებს მთავარინკვიზიტორის ან განმკარგულებლის ხალხიო, მაგრამ „ქეციანის“ და ყბაგასიებული მსახურის, სახელად კრაუსის მეტი არავინ მოდიოდა მათ სამჭედლოში.

როგორც ჩანს, ოტისს მათი მეთვალყურეობა ჰქონდა დავალებული, მსახურს კი მათთვის შეჭამანდის მომზადებისთვის აუცილებელი ინგრედიენტები მოჰქონდა. მეორე დღეს, დილით, ჯვალოს პატარა ტომრით ერთი კომბოსტო და ოთხი სტაფილო მოუტანათ კრაუსმა და დაუდევრად დაუგდოთ სამჭედლოს იატაკზე, იმის მომდევნო დღეს კი – ორი მუჭა ბარდა და ექვსი თავი სოკო.

სტაფილო და კომბოსტო... სოკო და ბარდა... ნეტავ რამდენი ხანი აპირებენ ამ ნაგვით ჩვენს რჩენას ? ბოზის გაგდებულები ! სადაა ხორცი ?“ – ცოფებს ყრიდა ხოლმე ფლინტი, როცა ჯვალოს ტომარაში ჩაიხედებოდა და ბოსტნეულის მეტი არაფერი შერჩებოდა ხელში. მისი შემხედვარე აურიგი ფიქრობდა, კიდევ კარგი მარილს მაინც გვაწვდიან და ცოტათი მაინც ვაგემრიელებთ წვნიანებს, თორემ შეიძლება ერთხელაც იმ უბედურმა კრაუსმა ცოცხალმა ვეღარ გააღწიოს აქედან და მერე ჩვენ აქედან დაგვიფრინონ ხახამშრალებიო.

წვნიანებს, სამჭედლოს უკან ამოთხრილი ჭის წყლით ამზადებდნენ. რიგ-რიგობით გადიოდნენ ხოლმე უკანა ეზოში და გაცრეცილ თოკზე გამობმული სათლით ეზიდებოდნენ წყალს ჭის ბნელი და ცივი ძირიდან. რამდენადაც ჭას გვიმზე სახურავი არ ედგა, წყალი უსუფთაო იყო, - ბლომად ტალახი და მიწა ერია მასში. ასე რომ, ქვაბში წყლის ჩასხმამდე ჯერ აუცილებლად კრაუსისთვის გამორთმეულ საცერს უდგამდნენ მას რაიმე უწმინდური რომ არ შეეჭამათ შემდგომ.

წვნიანებსაც რიგ-რიგობით აკეთებდნენ. მართალია მზარეულობა არ იცოდა აურიგმა, მაგრამ რამდენადაც მაინცდამაინც რთულად მოსამზადებელ კერძებთან არ ჰქონიათ საქმე, ისიც დანარჩენებივით იქცეოდა, – ბოსტნეულს ფლინტის დანით ჭრიდა და წყალში ყრიდა მოსახარშად.

ალქაჯზე მონადირეებს ოთხი შეიარაღებული მცველიც ჰყავდა მიჩენილი, – უფრო სწორად ოთხი დარაჯი, რომლებიც იმას მეთვალყურებოდნენ, რომ ციტადელის ეზოში მათთვის გამოყოფილი ტერიტორიის საზღვრებს არ გასცდენოდნენ. ალქაჯზე მონადირეთათვის გამოყოფილი ტერიტორია კი სულ რაღაც ორმოცი ფუტი თუ იქნებოდა სიგრძეში, ხოლო ოცდაათი – სიგანეში. აღმოსავლეთით, ხარაჩოებშეყენებულ კოშკს ვერ გასცდებოდნენ, დასავლეთით – დაძველებული ტყავის ნაჭრებისა და ლითონის ხარახურის შესანახ ფარდულს, ჩრდილოეთით, – კვადრატულად ჩადგმული სამსართულიანი შენობებისკენ მიმავალ დაჩვრეტილ კიბეებს, სამხრეთით, – მოზრდილ, ისლის ჩალით გადახურულ ნალიას.

როდესაც ოთხი დღე გავიდა და არა და არ დაავალეს მონადირეებს იმ საქმეზე წასვლა, რისთვისაც გასამრჯელოს დაჰპირდნენ, აურიგმა ოტისი გამოიჭირა მათ დასახედად ერთ-ერთ მოსვლაზე და ყველაფერი გამოჰკითხა. როგორც გაირკვა, მთავარინკვიზიტორის ბრძანება ყოფილა ჯერ-ჯერობით კიდევ დალოდებოდნენ ალქაჯზე ნადირობის დანარჩენი მსურველების გამოჩენას და თუ ხუთ-ექვს დღეში ახალი არავინ გამოცხადდებოდა, მხოლოდ მაშინ გაუშვებდნენ საქმეზე.

ეს რომ ფლინტმა გაიგო, სულ გადაირია. არც ლეო და სერ ოტო ჩანდნენ კმაყოფილები. ყველას დროულად უნდოდა საქმის მოთავება და შემდეგ ფულით ავსებული ქისით ან ქისებით თავისი გზის გადგომა. აურიგიც დიდად შეაწუხა ამ ამბავმა. ვაითუ, კარგა ხანი დასჭირვებოდათ ტყეში წანწალი და დაზამთრებამდე ვერ მოეთავებინათ ეს საქმე ? მერე რაღა უნდა ექნა თოვლი თუ ჩაკეტავდა ზემო ოლდენიდან გასასვლელ გზებს ? ან გათოშილ ჭაობებსა და ღელეებში, პირქუშ ჯაგნარებსა და გატიტვლებულ, თოვლით ავსებულ კუშტ ტყეებში უნდა დაეწყო გზების გაკვლევა და ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით იქამდე გაიყინებოდა, სანამ კემბრიაში ან ოლდენში გადავიდოდა, ან ზემო ოლდენში დარჩენა მოუწევდა და ლუკმაპურის საშოვნელად კვლავ სამარცხვინო და გულისამრევი საქმეებისთვის უნდა მოეკიდებინა ხელი. ერთადერთი იმედი ის ჰქონდა, რომ შესაძლოა ანორას უღელტეხილი ბოლომდე არ დათოვლილიყო და იქიდან მოეხერხებინა ზემო ოლდენიდან გაღწევა. მაგრამ, რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელი იყო ეს იმედიც გაცრუებოდა, რადგან როგორც ლეო იძახდა, დაახლოებით ერთი კვირის წინ ტავერნაში ვიღაც მკითხავს შეხვდა, რომელიც ირწმუნებოდა თურმე, რომ ეს ზამთარი თითქმის ისეთივე თოვლიანი და ცივი იქნებოდა, როგორიც ოცდათექვსმეტი წლის წინ, აროსის ჟამიანობის დროს იყო.

ღამით, დაღონებულები დაწვნენ თავ-თავიანთ ადგილებზე. აურიგს, სამჭედლოში მოსვლის პირველივე ღამიდან მოყოლებული ერთად დახვავებულ ფოლადის ფირფიტებსა და როფს შორის ეპოვა ადგილი და იქ იძინებდა ხოლმე თავის ხმალთან ჩახუტებული, თუმცა ძალზედ აწუხებდა სანახშირე გოდორთან გაწოლილი სერ ოტოს ტურტლიან ფეხებზე ადენილი ოფლის მჟავე სუნი. რა ექნა ? სხვა ადგილი არ იყო, მითუმეტეს ისეთი გოლიათისთვის როგორიც თვითონ იყო, – კარადასა და ხისა და ლითონის ხარახურას შორის ფლინტი იწვა, სანახშირე გოდოლსა და გეჯას შორის – ლეო. სხვაგან კიდევ იმხელა სივრცე არსად იყო, რომ ბოლომდე გაეშალა სხეული იატაკზე. 

– იმედია, მაინცდამაინც მაშინ არ იწვიმებს, როცა საქმეზე გაგვიშვებენ, – ბუზღუნებდა მომდევნო დღეს, შებინდებისას, ქვაბთან ჯამითა და კოვზით ჩამომდგარი ფლინტი, – ჰა, რას იტყვი, მოტვლეპილო ? 

აურიგმა ბევრჯერ გააფრთხილა ყოფილი ბანდიტი, რომ ამგვარად არ მიემართა მისთვის, მაგრამ თავისას მაინც არ იშლიდა იგი. ჯერ-ჯერობით აღარაფერს ეუბნებოდა, რადგან შიშობდა მასთან ჩხუბი რომ მომიწიოს და რამე დავმართო შეიძლება აქედან გროშის გარეშე გამაგდონო, მაგრამ გადაწყვეტილი კი ჰქონდა, რომ როგორც კი ციტადელიდან ტყეში გაგზავნიდნენ და ხელახლა ამოვიდოდა ფლინტის პირიდან სიტყვა „მოტვლეპილი“, საკადრის პასუხს გასცემდა მას.  

– რა თქმა უნდა, იწვიმებს, – ძალით დამშვიდებული, თუმცა მტკიცე ტონით წარმოთქვა კუნძზე ჩამომჯდარმა აურიგმა, – ყოველთვის ყველაფერი ისე ხდება, რომ რაც შეიძლება გაურთულდეს კაცს საქმე.

– ჰო, – ჩაეღიმა სერ ოტოს, – ეგრეა... ერთხელ, ოლდენში ვიყავი და ჰაროუში ხალხი გროვდებოდა... კაცები. ტყეში, გზასთან დაბუდებულ ყაჩაღებს უნდა დასხმოდნენ თავს. თურმე გრომერტონში ვერაფერი ვეღარ ჩაჰქონდათ, როგორც კი რაიმე საქონლით ტყის გზაზე გაივლიდნენ, ყველაფერს ყაჩაღები ართმევდნენ...

– მერე სხვა გზა არ იყო, რომ ? – დაიჭყანა ლეო.    

– არა. მარტო ეგ ერთი გზა მიდიოდა გრომერტონისკენ... მეც შევუერთდი. სიხარულით მიმიღეს, როცა გაიგეს რაინდი ვიყავი. ჰოდა, ტყისკენ რომ გავემართეთ საძაგელი წვიმა დაიწყო. ჩექმები სულ წყლით ამევსო. ახლაც ტანში მცრის რომ მახსენდება, – სერ ოტო უფრო მჭიდროდ გაეხვა შალის ქსოვილში, – სულყველა იძახდა, იმედია ტყემდე რომ მივალთ, მაშინ მაინც გადაიღებსო... ოცზე მეტნი ვიყავით. მივედით ტყესთან და რას ვხედავთ... ხეებს შორის ღელეებად მოედინება ფერდობებზე წყალი. წვიმამაც დაუშვა და დაუშვა კიდევ უფრო. უკან დაბრუნება შევთავაზე. იუარეს. ამდენი ვიარეთ და უკან გაბრუნება არ ღირსო, ასე მითხრა იმათმა თავმა... ღონიერი კაცი კი იყო. ძლივს ავედით ბორცვებზე და ტყეში რომ შევედით, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით და მიწამ არ დაიწყო ხალხის ჩაყლაპვა ?... დაჭაობებული ყოფილა ყველაფერი. ბევრი ვეცადეთ მათ ამოყვანას... მოტეხილი ტოტებით, ნაჯახების სახელურებით... ვერაფერი ვუშველეთ. თოთხმეტიღა დავრჩით. ისევ ვუთხარი, უკან გავბრუნდეთ-მეთქი, თქვენს ლორდს შეატყობინეთ, ხალხი გამოგზავნოს თქვენს დასაცავად-მეთქი, მაგრამ იუარეს... ისე, უკვე ნათხოვნი ჰქონდათ თურმე ლორდი ლამბერტისთვის მოგვეშველეო, მაგრამ როგორც ესენი იძახდნენ, წმინდა ტერეზას ორდენის დასახმარებლად ჰყოლია თავისი კაცები გაგზავნილი. ბაშდურელების შემოსევა იყო, მგონი თუ...

– ჰა, მოყევი, მერე რა მოხდა, – ჩაიბუზღუნა ფლინტმა, – ლამბერტების ამბები სირზე არ მკიდია ?    

– გავაგრძელეთ გზა, – ოდნავ ჩაეღიმა სერ ოტოს და საჯდომი შეისწორა ქურის შვერილზე, – ვიპოვეთ ყაჩაღები. ხუხულები ჰქონდათ აგებული შუაგულ ტყეში... რამდენიმე კარავიც ჰქონდათ გაშლილი. და რამდენი იყვნენ არ გაინტერესებთ ? ყველა წმინდანს ვფიცავ ორმოცდაათზე მეტნი იყვნენ... შეიძლება სამოცზე მეტიც. ისევ ვუთხარი უკან გავბრუნდეთ-მეთქი, თოთხმეტი კაცი რას გავხდებით ამდენ ყაჩაღთან-მეთქი და ამჯერად გამიგონა იმათმა თავმა, – ამაყად მოიფხანა ნიკაპი მოხეტიალე რაინდმა, – უკან დახევა დავიწყეთ და უცბად ისრების წვიმა არ ჩამოგვექცა თავზე ? დაგვინახეს თურმე ყაჩაღებმა. თავგუდმოგლეჯილები გავიქეცით, ისრებს მარტო სამნი გადავურჩით... მერე ერთი ჭაობმა ჩაყლაპა, სოფლის თავი რომელიც იყო, ეგ. მხოლოდ ორნი გადავრჩით. ასეთი იღბლიანი, რომ არ ვიყო მეც იქ დავლპებოდი, ალბათ.

– რაღაც არ მჯერა მაგ შენი ამბის, – ლეომ ცალთვალმოჭუტულმა შეხედა რაინდს, – ეგეთ ამბავს ვერ გადაურჩებოდი. 

აურიგმა იფიქრა ახლა ფეხზე წამოვარდება ალბათ ოტო და ხმალს იშიშვლებს რახან ტყუილში დასდრო ბრალიო, მაგრამ ამის ნაცვლად მხოლოდ და მხოლოდ თავდაჯერებულად ჩაიღიმა მოხეტიალე რაინდმა.   

– შეიძლება საუკეთესო რაინდი არ ვარ, ოსტატო ლეო. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ნამდვილად ვარ მთელი ახალი იმრონის რაინდებს შორის. 

– რაღაც არ გეტყობა იღბლიანობა, – კბილებში გამოსცრა ფლინტმა, – ჩამოძონძილი დადიხარ... აბჯარიც კი არ გაქვს. ცხენი საერთოდ დანახული მაინც გყავს, როგორია ?

– იღბლიანი ცოცხლად დარჩენაში ვარ, სხვა რამეში კი არა, – ზანტად დაამთქნარა სერ ოტომ და წამით აურიგს ეჭვი შეეპარა, შეიძლება სულაც არაა რაინდი და უბრალოდ იგონებს, თავი რომ მოიწონოს ჩვენთანო, – ისრები რომ დაგვიშინეს ყაჩაღებმა ერთიც არ მომხვედრია... ჩემს გარშემო კი ლამის ყველა ერთიანად დაემხო მიწაზე. გრომერტონში ჩამოხრჩობას რომ მიპირებდნენ... - მოხეტიალე რაინდმა ადგილ-ადგილ გარღვეული ქურთუკის საყელო გადაიწია და ყელზე დარჩენილი თოკის ნაჭდევი გამოაჩინა: ოდნავ შეწითლებული უსწორმასწორო მსხვილი ზოლი, – ოთხჯერ გაწყდა თოკი. მაინცდამაინც მძიმე რომ არ ვარ, ალბათ კარგად ხედავ. ბოლოს ასე თქვა იქვე მდგომმა მოციქულმა, ეს ალბათ მეუფის ნიშანია და სჯობს გავუშვათ, რამე სასჯელი არ მოგვწიოსო... გამიშვეს, – ოტომ ხელები ჭერისკენ აღაპყრო, – დიდება სულთა მეუფეს, რომ ჩემნაირ ცოდვილებს მფარველობს.

– რაზე გახრჩობდნენ ?       

– ერთი ბანკირის ცოლს ჩავუგორდი ლოგინში, – მოხეტიალე რაინდმა ეშმაკურად შეხედა ლეოს, ამ უკანასკნელმა კი ცარიელი ჯამი ღვინით სავსე სასმისივით აუწია, – იმისმა ქმარმა ჩემი სიკვდილით დასჯა მოითხოვა... მეუფის შეწევნით მაინც გადავრჩი, ის კიდევ ახლა ალბათ პატარა ოტოს ზრდის და თავისი შვილი ჰგონია.

ამაზე ხმამაღლა გადაიხარხარეს ფლინტმა და ლეომ. აურიგს არ გასცინებია.

– აი, ერთხელ კიდევ, – თითი ბრძენკაცივით შემართა მოხეტიალე რაინდმა, – არლინგტონში ჩხუბ... 

– ეგ სადღაა ? – ფლინტმა კომბოსტოსა და სტაფილოს წვნიანის ჩამოსხმა დაიწყო ჯამში.

აურიგმაც გაამზადა თავისი ჯამი და კოვზი, რომელიც იმ დღეს „ქეციანმა“ შემოაწოდა ბევრი თხოვნის შემდეგ, გეგონება ხის გამოჩორკნილ ჯამსა და კოვზს კი არა, არქიმოციქულის ძვირფასი თვლებით შემკობილ ოქროს კვერთხს ითხოვდა. 

– კემბრიაშია. საკმაოდ დიდი ქალაქია. ჰოდა, იქ ჩხუბი მომიხდა ქუჩის ბანდიტებთან... აი, ზუსტად შენნაირებთან, ოსტატო ფლინტ, – ჩამჩამომარჯვებული ფლინტი დამცინავად მიაჩერდა ოტოს, – ოთხნი იყვნენ. ერთი ამნაირი უბედური ქურთუკი მქონდა ადრე და ის მოეწონათ ვაჟბატონებს, – რაინდმა ფაქიზად დაუსვა ხელი გაცრეცილი ტყავის ქურთუკის დაბებკილ სახელოს, – მახსოვს, ერთი ჩვიდმეტჯერ მაინც ვიგრძენი ჩხვლეტა... მკერდში, მუცელში, ზურგში... ყველაზე მეტი მაინც მკერდსა და მუცელში. დანები ჰქონდათ იმ მავნეებს. ჰო, ჩვიდმეტჯერ დამარტყეს დანა, რაც მახსოვს და მერე იმ მკურნალმა მითხრა, ვინც ფეხზე დამაყენა, რომ ერთი შვიდჯერ თუ რვაჯერ კიდევ ჩაგარტყეს დანა მუცელშიო... ეგ თურმე უკვე მერე, ფილაქნებზე როცა დავემხე გულშეღონებული. ქურთუკიც მერე გაუხდიათ. არადა, მკურნალმა მითხრა ისეთი დაფხრეწილი იყო, დიდოსტატი თერძიც კი ვერაფერს უშველიდაო. მაინც წაუღიათ იმ მავნეებს... ჰო, სადღაც მეჩვიდმეტე ჩხვლეტის მერე უკვე აღარაფერი მახსოვს... მკურნალის სახლში გავიღვიძე მერე. ოთხი დღე უგონოდ ვიყავი. კიდევ კარგი... თურმე სულ ერთიანად გაუკერავს შიგნეულობა და ჭრილობები... დასტაქრობის დიდოსტატი ყოფილა. მეუფემ გაახაროს. თან სულ უსასყიდლოდ მიქნა ეგ სიკეთე.

– დაუჯერებელია, – ახლა უკვე ლეო მივიდა ქვაბთან და ჩამჩა მოიმარჯვა, – აბა, გვაჩვენე ერთი ეგ შენი ცრუპენტელა მუცელი...

სერ ოტომ უსიტყვოდ აიწია შალის ტუნიკა და გულ-მუცელი მოიტიტვლა. აურიგი თვალებს არ უჯერებდა. ჭიპიდან მკერდამდე, ლამის ყოველი ადგილი ჩასუქებული მატლებისმაგვარი ნაიარევებით ჰქონდა დაფარული. მკერდზე, მარცხენა ძუძუსთავთან ჰქონდა ორი მსხვილი ნაჭრილობევი, ხოლო მარჯვენა ლავიწის ქვემოთ, – სამი შედარებით წვრილი.

– შეუძლებელია, – ჩამჩა კინაღამ ხელიდან გაუვარდა ერთ ადგილზე გაშეშებულ ლეოს.

– რანაირად გადარჩი ? – ფლინტს ქვედა ტუჩიდან ნახარშის წვეთები ჩამოსდიოდა გაკვირვებისგან.

მოხეტიალე რაინდი ფეხზე წამოდგა და ახლა ზურგი გამოაჩინა. იქაც იგივე მდგომარეობა ჰქონდა. ხერხემლის აყოლებაზე შვიდი ცალი გვარიანი ნაკოდი ასდევდა კამზოლის მოქლონებივით.  

– არ ვიცი რატომ გადავრჩი, – ისევ თავის ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა სერ ოტო, – ან როგორ. ის მკურნალიც მაგას მეუბნებოდა, ასეთი ჭრილობებით უკვე საფლავში უნდა ლპებოდე წესითო... მაგრამ, თურმე შიგნეული არ დაზიანებულა დიდად. ყველა დანამ, რაც შემესო, რბილობი გახვრიტა მხოლოდ... კანი და ხორცი. ერთი, მარტო ღვიძლი და წელები ყოფილა აქა-იქ ჩაჩეხილი, მაგრამ რიგიანად კი გამიკერა მკურნალმა, გაახარებს მეუფე. 

– უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, – ლეოც შეუდგა წვნიანის ჭამას.

– თუმცა დიდად კი გამაწვალა ნაკერებმა... საძაგელი ტკივილებით ვიტანჯებოდი მთელი ერთი თვე და მეტიც კი. ასე მეგონა მუცელში ჭიები დამიდიოდნენ და განუწყვეტლივ შიგნეულს მიკბენდნენ... სისხლს ვჯვამდი და ვფსამდი. თან სახლი მე არ მაქვს და კარი. მაწანწალებთან ერთად ვეგდე ხოლმე ქუჩებში. მინდვრებში კიდევ კამეჩის ლეშივით ვწვებოდი და ვეგდე ასე... ველოდებოდი, როდის მომეცემოდა შვება. სულ იმას გავიძახოდი, ნეტავ მოვმკვდარიყავი და დამესვენა-მეთქი, მაგრამ ასეთი ყოფილა სულთა მეუფის ნება. მთავარი ისაა, რომ ბოლოს მაინც მომაკეთა და აქამდე მომიყვანა, – გაიბადრა მოხეტიალე რაინდი, – ალქაჯზე სანადიროდ.

აურიგმაც ჩამოისხა წვნიანი და ჭამას შეუდგა. 

– აჰა, გადმოვდგამ, თორემ ზედმეტად არ ჩაგვეხარშოს, – სერ ოტო ბინძური ტილოთი ჩაებღაუჭა ქვაბის სახელურებს და შემდეგ თვითონაც ჩამოისხა ნახარში.

ცოტა ხანში, გარეთ ნაბიჯების ხმა გაისმა.  

– ახლა ისევ კომბოსტოს თუ მოიტანს ის ბოზის გაგდებული, უეჭველი მოვკლავ, – დაიღრინა ფლინტმა.

მაგრამ კარმა რომ დაიჭრიალა, ოტისმა შემოჰყო შიგნით თავი.

– აბა, რას შვრებით, ბიჭებო ?

– თქვენს უგემრიელეს სალაფავს გეახლებით, – წარბები შეკრა ფლინტმა.

– მზად ხართ საქმეს შეუდგეთ ?  

ყველამ გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს.

– ხუთი-ექვსი დღე აღარ ვიცდით ? – გაფაციცებული მიაჩერდა აურიგი.

„ქეციანმა“ თავი გააქნია.

– გადაიფიქრა მთავარინკვიზიტორმა. თვლის, რომ თუ ვინმე მომსვლელი იყო, აქამდე მოვიდოდა. თან, წუხელ ორასზე მეტი კაცი მოკლა ჟამმა.

– და გინდათ დროზე მოვკლათ ალქაჯი, – ფეხები გეჯაზე არხეინად შემოდო ლეომ, – ხალხი რომ გადავარჩინოთ.

– ეგრეა. ხვალ გახვალთ. დღეს დაისვენეთ. ყველაფერს მოგცემთ, რაც გზაში დაგჭირდებათ, საჭმელს, წყალს... 

– და იარაღს ? – თითები აათამაშა ლეომ, – ალქაჯს რას დავაკლებ ამ მშვენიერი თითებით ?

– თუ დამაცდი, გეტყვი, – შეუბღვირა ოტისმა, – ჰო, იარაღსაც მოგცემთ. აბა, როგორ ?

– ცხენები იქნება ? – ფლინტმა გაბრაზებულმა ჩაუკაკუნა კოვზი ჯამის ძირს.

– ცხენებზე ბოდიში. ფეხით წახვალთ. ნუ მიყურებთ ეგრე ! დაისვენეთ ახლა და ძალები მოიკრიბეთ ხვალისთვის.

როდესაც ოტისი კარს მიღმა გაუჩინარდა, ალქაჯზე მონადირეებმა ერთმანეთს გადახედეს.

– როგორც იქნა, – პირში შეისრიალა კოვზი ფლინტმა, - ცოტა ჰაერს მაინც ჩავყლაპავთ.

 

 

 

****

 

 

აურიგის სიტყვები ახდა. ღამით წვიმამ დაასხა და რაკარუკი აუტეხა სამჭედლოს სახურავს. ცოტა ხანში, ისეთი თქეში წამოვიდა, რომ წყალმა კარსა და იატაკს შორის ღრიჭოში შემოჟონა და პატარა გუბე დააყენა სამჭედლოში პირდაპირ აურიგის ფეხებთან. შემცივნებული კნუტივით მოკუნტვა დასჭირდა მას, ჩექმები რომ არ გასველებოდა.

როდესაც ინათა, წვიმამ იკლო, მაგრამ ისე კი მოედინებოდა, თავიდან ფეხებამდე რომ გაელუმპა ნებისმიერი. ადრიანი დილა იყო, როცა კარმა დაიჭრიალა და „ქეციანის“ უკვე კარგად ნაცნობი კაპიუშონში გახვეული სახე შემოსრიალდა სამჭედლოში. ხელში ბრეზენტის ფერდაკარგული, გახეხილი მოსასხამები ეკავა.

– აჰა, თქვენ, – გეჯაში ჩაყარა მანტიები და შემდეგ ჯიბიდან ხის უბრალო და გაცრეცილი სამაგრებიც ამოიღო. 

ხელახლა დაიჭრიალა კარმა და ვიღაც გამბეზონიანი ჭაბუკი შემოვიდა. მასაც ბრეზენტის მოსასხამი ჰქონდა მოსხმული, ოღონდ – ჭაობისფერი. იარაღები მოიტანა მან, – ორი ხმალი და ორი შუბი. ერთ მახვილს წვერი ჰქონდა დაბლაგვებული, მეორეს, – ცალი ფხა. შუბებს რაც შეეხება, ერთს, შედარებით მოკლეს, – ჟანგშეპარული ბუნიკი ჰქონდა, მეორეს კი, გრძელსა და მძიმეს, – ზედმეტად ხეშეში ტარი: ისეთი, რომ ხელთათმნიან ხელებსაც კი მალე გადაუტყავებდა ნებისმიერს, ვინც მის ტარებას გადაწყვეტდა. 

– მადლობას მოგახსენებთ, ოსტატო ოტის, მაგრამ ჩემს ხმალს ვერ შეველევი, – წამოიძახა ძირს დაყრილი იარაღების შემყურე სერ ოტომ.

– ვერც მე, – წელში გაიმართა აურიგი და ბუდეში ჩასვენებული თავისი ხმლის ვადა ჩაბღუჯა.

ლენჩივით მიშტერებოდა გამბეზონიანი ჭაბუკი აურიგს.

– რა ჯანდაბა გინდა ?  

– ჰო, მაღალია, მაღალი, – ფლინტმა ჭაბუკს შეუბღვირა და ფეხი წაჰკრა წვერდაბლაგვებულ ხმალს, – ეს რა მომითრიე ? ამით უნდა გადავარჩინო ქალაქი ჟამიანობას ?

– შეგიძლია მეორე აიღო, – დაეჭყანა მას ოტისი, – ან შუბი, რომელიც გაგიხარდება.

– გირჩევთ შუბები აიღოთ ორივემ, – საქმეში ჩაერია სერ ოტო, – ხმალი მაინც... თუ ხმარება არ იცი, აზრი არ აქვს მის ტარებას. შუბი უფრო მარტივი იარაღია. გაიქნევ და უჩხვლეტ რასაც გინდა.

როდესაც აურიგმა მანტია მოისხა და ოტისის მოტანილი სამაგრებით დაიმაგრა, მუხლებამდე ძლივს მისწვდა მისი ბოლო.

– კაბასავით გაქვს, მოტვლეპილო, აი, – ჩაიქირქილა ფლინტმა.

– შენი ზომა ვერსად ვიშოვე, – კეფა მოიზილა „ქეციანმა“, – თავ-პირს და მხრებს კი დაგიფარავს წვიმისგან, რა გინდა ?  

აურიგი მიხვდა, რომ წუწუნს აზრი არ ჰქონდა და ქამარში ჩაიჩარა თავისი ხმალი. ფლინტმა ჟანგშეპარული შუბი დაითრია და განაწყენებულ ლეოს, რომელსაც უხეშტარიანი ოროლი შეხვდა, დაჰპირდა გაგიცვლი ხოლმე, არ იდარდოო.

საკმაოდ ძლიერი ქარი უბერავდა, როდესაც სამჭედლოდან გამოვიდნენ. სახეში მაშინვე ღრიალით დაეძგერა აურიგს წვიმის ნასუქი წვეთები და წურწურით ჩაუვიდა ყელში. ჩექმებში ჩადგმული ტერფები მომენტალურად გაულუმპა ტალახიანმა გუბეებმა და ნასვრეტებიანი კიბეებიდან ჩამოდენილმა ნიაღვარმა. ხარაჩოებშეყენებული კოშკის მხარეს წაიყვანათ ოტისმა და ცოტა ხანში ერთ მომცრო ჩალისსახურავიან ქვითკირის შენობაში შეუძღვათ.  

– ასეთ წვიმაში რანაირად უნდა ვიაროთ, ჰა ? – შეწუხებულმა გადაიძრო კაპიუშონი ლეომ.

– ნავი მაინც მოგეცათ, ამის დედაც, – დაიზმუვლა ფლინტმა, – აქედან ფეხის გამდგმელი აღარ ვარ !  

– წახვალთ, წახვალთ ! თან ახლავე ! – ჯიქურად შეხედა ოტისმა, – არ წახვალთ და სულყველას გაგყრით აქედან ! ერთ ბროილსაც ვერ მიიღებთ !

სამზარეულოში იდგნენ. ვიღაც თმახუჭუჭა მსხვილწინამხრებიანი კაცი აპოხტის ბოლო ნაჭრებს ალაგებდა ბრეზენტის ერთ-ერთ ტომარაში.

– მზადაა ! – დაიძახა მან და აურიგის შემხედვარემ უმალ დაიკაკანა, – ესაა, ის ? რამხელა ყოფილა მართლაც. რამდენი ? სიმაღლეში რამდენი ხარ ?

აურიგმა მხოლოდ პირქუშად შეხედა მას და ანაზდად აუორთქლა ნაოჭებიან სახეზე მოფენილი უშნო ღიმილი. 

– აიღეთ ეს ტომრები, – თმახუჭუჭას მიუახლოვდა ოტისი, – თქვენია. წაიღეთ, საგზალია. ბლომადაა ყველაფერი. კაი ხანი გეყოფათ. ამაში პურია. ამაში – ბოსტნეული. ამაში კიდევ –ხორცი... ჰო, ამ ტიკებში, წყალია. ღვინო არ მომთხოვოთ ახლა, დასათრობად არ გცალიათ ! აი, ტალ-კვესიც წაიღეთ ცეცხლის დასანთებად.  ჩაიდეთ რომელიმემ !

ალქაჯზე მონადირეები ფუთებთან მივიდნენ.

– მიდი, შენ ის აიღე, მოტვლეპილო... ხორცი, – მიუთითა ფლინტმა აურიგს, – ყველაზე მძიმე ეგ იქნება.

აურიგმა წარბშეკრულმა შეხედა მას, ღვედებს ორივე ხელი ჩაჰკიდა და მხარზე უპრობლემოდ მოიგდო მისთვის საკმაოდ მსუბუქი აპოხტიანი ტომარა. გასასვლელისკენ დაიძრა. გარეთ გამოსულმა აღმოაჩინა, რომ ფლინტის გარდა, ყველას ტომრები ჰქონდა აკიდებული. ყოფილ ბანდიტს მხოლოდ წყლით სავსე მომცრო ტიკები ეკავა ხელში.

„მე შენ გაჩვენებ სეირს, – აურიგმა ენით მოილოკა უკბილო ღრძილი, – ერთი გარეთ გავიდეთ.“

ოტისმა საჯინიბოების მხარეს წაიყვანა ალქაჯზე მონადირეები. შემდეგ ფიცრით ნაგებ გალუმპულ სამტრედეებთან ჩაატარა და ორნამენტებიანი კედლებით გამშვენებული ტაძრის იქით გაიყვანა. არც ისე ცოტა ხანში, როდესაც ნაირ-ნაირი კასრებით გატენილ ფარდულებს გასცდნენ და ყვავილებისგან გაცლილი, მოტიტვლებული ბაღიც გადაიარეს, მორკინულ ალაყაფის კარებს მიადგნენ.  

– აქედან პირდაპირ ტყისკენ წახვალთ, – ოტისმა გალავნის ადგილ-ადგილ ხავსმოდებული თაღის ქვეშ, ფილაქნებზე დააბაკუნა გაწუწული ჩექმები, – ქალაქში სიარული აღარ მოგიწევთ. გახსენით ! – მიმართა იქვე მდგომ ორ შეჯავშნულ გუშაგს, რომლებიც მეტისმეტად მოწყენილი სახეებით მისჩერებოდნენ აურიგსა და მის თანმხლებებს. 

საბრალობელი კვნესა ატეხა კარიბჭემ. ეტყობოდა, რომ დიდი ხანი იყო, არავის გაეხსნა.

– ჰე, წადით, ახლა. რას უდგახართ ? – „ქეციანმა“ ისე აუქნიათ ხელები ალქაჯზე მონადირეებს, როგორც საქათმიდან გარეთ გასაყრელ ქათმებს, – მეუფე გფარავდეთ. იცოდეთ, თქვენს იმედზეა მთელი ქალაქი.

აურიგმა გუშაგების ჩაცინების ხმა გაიგონა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს და ხელახლა დაიძახა ოტისმა:  

– სულ დამავიწყდა... ალქაჯის თავი უნდა მოიტანოთ, იცოდეთ ! თავის გარეშე ერთ ბროილსაც ვერ მიიღებთ !

– აჰა, ხომ ვთქვი ? – ნაძალადევად ჩაიფრუტუნა ლეომ.

– ჰო, მოგიტანთ ! – გასძახა ფლინტმა, – შეგიძლია ტუჩები დაუკოცნო მერე !

აურიგმა დანარჩენებთან ერთად გააბოტა გარეთ, მოხრეშილ გზაზე, საიდანაც ოცდაათ-ორმოც ფუტში უკვე დაჭანჭახებული კუშტი მინდორი იმუქრებოდა მასზე გამვლელების კიდევ უფრო მეტი გალართხვით. ყურებს მოსასხამის კაპიუშონზე დაცემული წვიმის წვეთების რახუნი უყრუებდა აურიგს. სისველით გაჟღენთილი ჩექმები ჟანტიან კენჭებზე უსრიალებდა.

წინ, არც ისე შორს, დაბურული, წიწვოვანი ტყე მოჩანდა მოჟამული ცის ფონზე. მაშინვე მისკენ გაემართნენ ყველანი.

როგორც იქნა დაიწყო ალქაჯზე ნადირობა.

 

 

 

****

 

 

– კაი ახლა, დავიღალე უკვე ამის თრევით, – ამოიკნავლა ფლინტმა, – გამომართვით ვინმემ, მეუფის არ გწამთ ?

– ცოტა ხანს კიდევ ატარებ, კარგად რომ მორჯულდე ! – მხრის უკნიდან გასძახა აურიგმა და ნაძვების კენწეროების მიღმა გამოჩენილ მოქუფრული ცის ნაგლეჯს ახედა. ეტყობოდა, რომ ადრე თუ გვიან ისევ დაუშვებდა წვიმა. თუმცა დიდად აღარ დარდობდა ამაზე: წიწვებითა და გირჩებით დახუნძლული სქელ-სქელი ტოტები კარგად იფარავდათ ცის რისხვისგან.

როგორც კი კარიბჭე დაიხურა და ქალაქს საკმაო მანძილზე მოსცილდნენ, აურიგმა თავის ადგილზე მოსვა ფლინტი. იმას აღარ დალოდებია მოტვლეპილს როდის დაუძახებდა ხელახლა, – ტომარა ძირს დააგდო და ყელში მაგრად წაუჭირა აცახცახებული ხელი. იცოდე კიდევ ერთხელ თუ დამიძახებ მოტვლეპილს ჩემივე ხელით გამოგაგლეჯ მაგ უშნო ყანყრატოსო, პირდაპირ მიახალა მისი თითების მოჭერისგან ახრიალებულ ყოფილ ბანდიტს.  

„მანამდეც ხომ გითხარი ? რატომ არ გამიგონე, შე ნაბიჭვარო, ჰა ?“ – დაუყეფა და თან პატარა უსულო თოჯინასავით შეანჯღრია იგი. 

მაგრამ მხოლოდ ეს არ აკმარა ფლინტს, – როცა ხელი უშვა, აპოხტიანი ტომარაც მოაკიდებინა ზურგზე და ისე გააგრძელებინა გზა.

„გეგონა, ყველაზე ჭკვიანი ხარ, შე ბინძურო ნაბიჭვარო ? გეგონა, ტომრებს ჩვენ ვათრევდით და შენ თავისუფლად ისეირნებდი ?“ – მიაძახა უკნიდან ტვირთის ქვეშ მოკაკვულ ფლინტს.

– აი, ჩხიკვია ეს, არა ? – თვალი გააყოლა ლეომ ერთ-ერთი ტოტიდან აფრენილ აგურისფერგულიან ჩიტს, რომელიც ახალგაზრდა ფიჭვის კენწეროზე დახტა და შემდეგ მარცხნივ, ჭანჭყატის ბუჩქებისკენ გაქროლდა.

არავინ უპასუხა ლეოს. არავის ადარდებდა ახლა ჩიტები. უკვე კარგა ხანია ტყეში იყვნენ შემოსულები და არც დაკარგული მოხუცი შეხვედრიათ სადმე და არც მისი გვამი ან ნარჩენები.

– გეუბნებით, მარჯვნივ გავუხვიოთ, სანამ გვიანი არაა, – ისე ამოიკრუხუნა ფლინტმა, იფიქრებდი სადაცაა სულს გააფრთხობსო, – ტყიდან რომ გავალთ, ორ დღეში წესით სოფელს მივადგებით... მგონი, ბრაი ჰქვია. იქ ვინმე...

– უკვე ვთქვი, უდანაშაულო დედაბერს არ მოვკლავთ ! – უდრეკად დაიძახა აურიგმა.

– აბა, შენ რა, მართლა კუდიანს ელოდები ? ის... ის ქალი არსადაა, ვერსად ხედავ ?.. ააჰ.

ფლინტი მუხლებით დავარდა ტლაპოიან გვიმრებზე. ტომარა მიწაზე დაეხეთქა. შუბიც იქვე ჩაეცა ლაფში. ხვნეშით მისჩერებოდა ყოფილი ბანდიტი ჩამოცვენილი წიწვებითა და დამპალი გირჩებით გაჯერებულ ტალახში ჩაფლულ თავის ხელებს.  

– ერთი ტომრის თრევაც კი არ შეგძლებია, შე უვარგისო, – მიუახლოვდა მას აურიგი და ისე ადვილად გადაიკიდა მხარზე ტომარა, გეგონება სულ მთლად ცარიელი ყოფილიყო, – აჰა, ისევ ესენი წამოიღე, – ერთმანეთზე გადაბმული ტიკები ჩამოჰკიდა ბანჯგვლიან კისერზე, – წამოდი !

არც ისე მცირე ხანს იარეს ჩრდილოეთის მიმართულებით და როდესაც უკვე ყველანი გვარიანად დაიღალნენ, ერთ ქერქდახეთქილ ნაძვთან ამოსულ გაყავისფერებულ ჩირგვებთან ჩამოსხდნენ შესასვენებლად. წახემსებაც გადაწყვიტეს.

– ისე, ამხელა ტყეში სად უნდა ვიპოვოთ იმ ბებრუხანას ლეში ? – წყლიანი ტიკი მოიყუდა ლეომ, – ტურები შეჭამდნენ უკვე... ან მგლები.   

– ვერც ვიპოვით, – ამოიხრა ფლინტმა და აპოხტის ნაჭერი უკმაყოფილოდ ჩაკბიჩა, – აჰ, ჰადინმა დასწყევლოს, ქვაა თუ ხორცი ? კინაღამ კბილები ჩამრჩა შიგ, – დაღრეჯილი მიაჩერდა ხორცს, – ჰო, ვერ ვიპოვით. მითუმეტეს თავს. ბიძაჩემი იძახდა ტურებს ყველაზე მეტად ტვინი უყვართო... მონადირე იყო. იმ დედაბრის ძვლებიც აღარ იქნება ალბათ დარჩენილი.

– ვერ გაიგეთ, რა თქვა ჩვენმა გოლიათმა ? – საუბარში ჩაერია სერ ოტო, – პირველ დღეს გვამის ძებნაში გავატარებთ და თუ ვერ ვიპოვით, მერე სხვა რამეს მოვიფიქრებთ, არა ?

აურიგმა გამხმარი ხორცის ღეჭვით დაუქნია თავი. მართლაც ისეთი გაქვავებული იყო აპოხტი, შიშობდა დანარჩენი კბილებიც არ ჩამომცვივდესო. მაგრამ რას იზამდა ? რაც ჰქონდათ, იმით უნდა დაკმაყოფილებულიყო.

იმის მერე, რაც ფლინტს დამართა, აურიგი მეყსეულად იქცა ჯგუფის მეთაურად. სერ ოტოც და ლეოც ცოტა არ იყოს დამფრთხალები მიაჩერდნენ მას, როცა თითები უშვა ყოფილი ბანდიტის ყელს და ამის შემდეგ ყველაფერს თითქმის უსიტყვოდ, ზუსტად ისე ასრულებდნენ, როგორც აურიგი იტყოდა ხოლმე. ეს უკანასკნელი ამისგან ერთგვარ კმაყოფილებას გრძნობდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ისევ ლორდი იყო, როდესაც მის ნებისმიერ ბრძანებას ულაპარაკოდ ასრულებდა მისი ხალხი.

– წავედით ! – დაიძახა აურიგმა, როდესაც ყველამ მოათავა ჭამა, – დრო არ დავკარგოთ. კარგი, უვარგისო, ნუ ჩაისვარე, – თვალი თვალში გაუყარა მეტისმეტად დაღონებულ ფლინტს, – ხორცს, ჯერ-ჯერობით, მე წამოვიღებ.

შებინდებამდე გაუჩერებლად იარეს. ნაირ-ნაირი სიმაღლისა და სისქის ხე ჩამოიტოვეს უკან, ერთი წყლიანი მომცრო ხევი გადალახეს, ლელიან ჭაობებს შორის დიდი სიფრთხილით გაძვრნენ, ჯაგნარით ჩახერგილ მონაკვეთს გვერდი აუქციეს, მოტიტვლებული ნაღვლიანი მდელო გადაჭრეს და ბოლოს ერთ უშველებელ ურთხელთან გაჩერდნენ ღამის გასათევად.

ადამიანის გვამის მსგავსი არსად არაფერი შეხვედრიათ. არაფერი. ყველანი დაღლილები იყვნენ... მეტისმეტად დაღლილები. იქვე დაყრილი რამდენიმე გამხმარი რტო შეაკოწიწეს უცბად და ცეცხლი დაანთეს.

– რამე უნდა მოვიფიქროთ, – ხმა ამოიღო აურიგმა, როგორც კი ხის ძირში ჩამოჯდა.

– ჰოდა, მაგიტომ ვიძახდი მეც... იმ სოფელში წავიდეთ-მეთქი, – ამოიხრიალა ძირს გაშხლართულმა ფლინტმა.

მანამდე არაფრის დიდებით არ გაივლებდა გულში ამგვარ რამეს, მაგრამ ახლა, როცა დაქანცული იყო უშედეგო და უაზრო ხანგრძლივი სიარულით, აურიგს ნელ-ნელა უკვე ჭკუაში უჯდებოდა ფლინტის იდეა, რომ რომელიმე სოფლელი ბებრუხანა მოეკლათ და მისი უბედური თავი შეესაღებინათ მთავარინკვიზიტორის ხალხისთვის ალჯაქის თავად.  

წყეული ღირსება. რა მოუტანა ღირსებამ მას და მის ოჯახს ? – ტანჯვა და სიკვდილი. მეტი არაფერი. ნუთუ აქამდე ვერ მიხვდა, რომ ფულს ღირსეული მოქმედებით ვერ იშოვიდა ? მითუმეტეს მაშინ, როცა არარსებულ ალქაჯზე უნდა ენადირა.

– რამსიშორეზეა ის სოფელი ?.. აქედან.

ფლინტი იდაყვებზე წამოიწია. ცეცხლის ნათებამ გაკლაკნილი ცხვირი აუელვარა. მიწაზე მოკუნტული სერ ოტო და ურთხელის ჩასუქებულ ფესვზე ჩამომჯდარი ლეო აურიგს მიაჩერდნენ გაკვირვებულები. ფლინტს ეტყობოდა, რომ მისთვის რაღაცის მკვახედ პირში მიხლა უნდოდა, მაგრამ ვერ ბედავდა.

– აბა, მე რა ვიცი. ისიც არ ვიცი, სად ვართ ახლა, – ყოფილი ბანდიტის სიტყვებში ნაძალადევი თავშეკავება იგრძნობოდა.

– აღმოსავლეთისკენ არაა ის სოფელი ? – თქვა სერ ოტომ და ჩაახველა, – დილით იქნებ მზემ გამოანათოს ცოტა ხანს მაინც... დაგვეხმარება მიმართულების გაგნებაში.

– იქითაა აღმოსავლეთი, – თავი უღონოდ გააქნია ლეომ ჩაბნელებული ფიჭვებისკენ, – აქეთ რომ მოვდიოდით, სოფლის მიმართულება დავიმახსოვრე.

– ჰოდა, რომ გათენდება იქით წავიდეთ, – ბრძანა აურიგმა.

ცოტა წაიხემსეს, წყალიც დალიეს და როდესაც დაძინების დრო მოვიდა ფლინტმა ამოიგმინა:

– ბოზის გაგდებულები ! არაფერი არ გამოგვაყოლეს არა, ზედ რომ დავიძინოთ ? ის ფარდაგები მაინც წამოგვეღო. აღარც მე აღარ გამახსენდა. რაზე უნდა დავიძინოთ ?

აურიგმაც ახლაღა გააცნობიერა, არაფერი რომ არ ჰქონდათ ძირს გასაფენად, მაგრამ სამაგიეროდ... სამაგიეროდ მანტიები ჰქონდათ, ასე არაა ?

– მიწაზე, ოსტატო ფლინტ, – შავ ნიადაგზე გაწვა სერ ოტო, – მიწაზე. წლებია მიწაზე მძინავს და მშვენივრად ვარ.  

– მიწა ჩემი ლოგინია, ცა კი ჩემი საბანიიი, – წაიმღერა ლეომ, - სადღაც მოვისმინე ეს სიმღერა. ვეღარ ვიხსენებ...

– მოკეტეთ ! – მოსასხამი მოიხსნა აურიგმა აკანკალებული ხელებით და ძირს გაფინა. სამაგრები ჯიბეში ჩაილაგა, – დამაძინეთ !  

– ესეც შენი ფარდაგი, ოსტატო ფლინტ, - ჩაიცინა აურიგის შემხედვარე სერ ოტომ და მანაც მოსასხამი გაფინა მიწაზე. 

მშვიდი საღამო იყო. რაც მთავარია, აღარ წვიმდა და სახეზე დაცემულ წყლის წვეთებს ხელი არ შეუშლია აურიგისთვის ჩაძინებაში. ცოტა ხანს, წარსულის ლანდები აცეკვდნენ მისი უსინათლო ქუთუთოების სცენაზე, – მისი ვაჟები, მამამისი, მისი ძმები და ძმისშვილები ერთიმეორის მიყოლებით ენარცხებოდნენ მიწაზე, გათხუპნულები და სასოწარკვეთილები. კატორღის ზედამხედველების ტალახიანი მათრახები ისე დასრიალებდნენ ბუღში, როგორც წყლის გველები - დამყაყებულ ჭაობში. ერთი-ორჯერ თავისი ყოფილი ცოლის – ელლას არც ისე ლამაზი, თუმცა მეტისმეტად სათნო სახეც შემოსრიალდა ტკივილიანი და უსიამო წარმოდგენის შუაგულში, მაგრამ ძალიან მალე ესეც სხვა ყველაფერთან ერთად ჩაიკარგა ბნელ თავდავიწყებაში.

 

 

 

 

 

 

****

 

 

მიდიოდნენ და მიდიოდნენ. შეუჩერებლად მიიწევდნენ აღმოსავლეთისკენ, მაგრამ ტყის კიდე არა და არ ჩნდებოდა. მხოლოდ უფრო და უფრო მეტი პირქუში ხე, ბუჩქი, ბალახი და ადგილ-ადგილ ამოსული უფერული სოკო ეგებებოდათ. ცაც, თითქოს მომკვდარიყო და ვიღაცას თალხისფერი მარადიული სუდარა გადაეფარებინა მისთვის, – სუდარა, რომელსაც გეგონება ვეღარასდროს დააღწევდა იგი თავს.

– გეუბნებით, არასწორად მივდივართ, – გატანჯული ხმა ამოუშვა ფლინტმა ყელიდან, –აქამდე უეჭველი უნდა გავსულიყავით აქედან. 

– დავისვენოთ, ამის დედაც ! – დაიძახა აურიგმა და კოჟრებიან ფიჭვთან გაჩერდა.

– არადა, მგო... მგონი არ შემშლია, – ბოსტნეულიანი ტომარა ძირს დააგდო აქოშინებულმა ლეომ.

– ვჭამოთ !

აურიგი ამჯერად პურის მოზრდილ ნატეხს, კომბოსტოს ფურცლებსა და სტაფილოს დასჯერდა. სტაფილო მიწიანი იყო, შარვალს შეაწმინდა იგი და ისე დაუწყო მადიანი კბეჩა.

– ახლა მე წამოვიღებ ხორცს, – მიმართა ნაძვთან მიგდებულ ფლინტს, – შენ წყლები წამოიღე.

ფლინტმა მორჩილად დაუქნია თავი.

– პური მაინც ყველაზე კარგია, – სერ ოტო ლუკმის ღეჭვით მიაჩერდა დანარჩენებს, – მმ, კაი რამეა.  

– ერთი ქალი მყავდა, – აპოხტის ნაჭერი ამოიღო ტომრიდან ლეომ, - მეწაღის ცოლი. მარტო პურს ჭამდა ხოლმე. ბავშვობის მერე ხორცს არ მიჰკარებია, თურმე. არც ბოსტნეულს.

– მაგის ყეყეჩ ქმარსაც უნდა შენი მოკვლა ? – ტიკი მოიყუდა ფლინტმა.

– ენდომებოდა ცოცხალი რომ იყოს. ჟამმა მოკლა. ახლა, მისი უფროსი ვაჟი იცავს დედის ღირსებას. უფრო სწორად, ცდილობს.

ორმა ჩიტბატონამ გაკვეთა ალქაჯზე მონადირეების ზემოთ დაკიდებული ქუფრი ჰაერი. ნარინჯისფრად შეფერილი თავები ისე უელავდათ, გეგონება ცეცხლი უკიდიათ ზედო.

– ცოტა ხანს კიდევ ვიაროთ ამ მხარეს, – თქვა აურიგმა, – თუ ტყის გასასვლელი არ გამოჩნდა, უკან გავბრუნდეთ მერე.

– ეჰ, იმედია მამაჩემივით არ დაგვემართება, – ამოიოხრა სერ ოტომ.

– რა დაემართა, რომ ? – ფლინტმაც აპოხტს დაავლო ხელი.   

– ტყეში წავიდა, ათი წლის როცა ვიყავი. სანადიროდ. იმის მერე აღარ მინახავს. დედაჩემი ამბობდა დაიკარგაო, მაგრამ, რა ვიცი, არამგონია. ხუთი თითივით იცნობდა ჩვენს ტყეს.

– ნუ ჩაისვარეთ, – ტიკს დასწვდა აურიგი, საცობი მოხსნა და გამომშრალ ყელში ჩაისხა წყალი.

უცბად, რაღაცამ გაიელვა მარცხნივ, მაყვლის ბუჩქების მიღმა და უმალ იქით გაიხედა აურიგმა.

– რა არის ? – ბუჩქებს მიაჩერდა ლეოც.

– შენი დედაც ! – წამოიძახა ფლინტმა, – ბრწყინავს, არა ? რაღაც ბრწყინავს, მგონი.

– წავედით ! – ბრძანა აურიგმა და ყველამ მაშინვე აიკიდა ბარგი. თვითონ, ხორცის ტომარა მოიგდო მხარზე.

მაყვლის ბუჩქებს გასცდნენ თუ არა, ადგილზე მიეყინენ. მათგან ორმოც ფუტში ბებერი მუხის ხე იდგა. ხავსიან ტოტებზე ექვსი სარკე ეკიდა, – ხის მოჩუქურთმებულ ჩარჩოებში ჩასმული სხვადასხვა ზომის ექვსი სარკე.   

– ვიღაც ბოზის გაგდებული ცუდად გვეხუმრება, – კოპები შეიკრა ფლინტმა, – ძალიან ცუდად.

აურიგი დაუოკებელმა სურვილმა შეიპყრო თუნდაც ერთ სარკეში მაინც ჩაეხედა. ტომარა ძირს დააგდო და ხისკენ წავიდა. მისი ფეხები თითქოს თავისით მიიწევდნენ წინ და ასე ეგონა ძალიანაც რომ მოენდომებინა, მათ გაჩერებას ვერაფრით შეძლებდა. კატორღაში მომკვდარი მისი ვაჟებიც რომ გამოცხადებოდნენ ახლა და შეხვეწებოდნენ მამა სარკეში ნუ ჩაიხედავო, დარწმუნებული იყო ისინიც კი ვერაფერს გახდებოდნენ მის ფეხებთან.

ცოტაც და პირისპირ დადგა ერთ-ერთთან. მისი ჩარჩო ერთმანეთში ჩასმულ კვადრატებს, სამკუთხედებსა და ისეთი უცნაური ფიგურების ჩუქურთმებს დაეფარათ, რომლებზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ასეთი ფორმები თუ არსებობდა. ლამაზი იყო სარკე და ამავდროულად საზარელი. დიდებული და თან უბრალო. დამაშოშმინებელიც და შფოთის შემომტანიც.

თავისი ბინძური სახე დაინახა შიგნით აურიგმა: დამღით დამახინჯებული ფართო შუბლი, ნაღვლიანი ცისფერი თვალები და გაბურდული წვერი. რამდენი ხანია ასე ახლოდან აღარ დაენახა საკუთარი თავი. უცნაური შეგრძნება დაეუფლა. მაგრამ არამხოლოდ საკუთარი თავის დანახვისგან. ასე ეგონა უკიდეგანო, ბნელი უფსკრულის წინაშე იდგა და მის უშუქარ, თვალუწვდენელ ჰორიზონტებს უცქერდა, – შეუცნობლის შემაძრწუნებელ სიღრმეებს.

– ეს უკვე მოხდა, ვეღარაფერს შეცვლი ! – უეცრად ცხადად ჩაესმა ყურებში ვიღაცის გველივით სისინა ხმა და აქეთ-იქით მიმოიხედა, ვინმე ხომ არ დგას აქვეო. იმასაც ვერ იტყოდა ზუსტად ქალის ხმა იყო თუ კაცის, – ცანი და მიწანი შეითქვნენ, ახლა აქ რომ ყოფილიყავი !

ვერავინ დაინახა. სამაგიეროდ აღმოაჩინა, რომ მისი თანმხლებებიც იქვე იდგნენ, მის გვერდით, სარკეებთან. სამივე გაფაციცებული იყურებოდა მათში. უცბად, თითქოს ვიღაც უხილავმა მოქაჩა ნიკაპზე და ისევ სარკეში ჩაახედა ძალით.

კვლავ ნაცნობი სახე. შუბლი. თვალები. სცადა გვერდზე გაეხედა, მაგრამ აშკარა იყო, მიწაც რომ გასკდომოდა ფეხქვეშ, მზერას მაინც ვერ მოაცილებდა სარკეს.

ნელ-ნელა მისმა ანარეკლმა დაშორება იწყო. ყბები, ლოყები, ტუჩები და შუბლი საძაგლად დაეფლითა უმალ. სისხლმა მოუთხვარა მთელი სახე. წვერი. ყელი. მკერდი. მუცელი. წელი. თეძოები. ბარძაყები. ფეხები. მის უკან ტალახი გაჩნდა და სისხლის ტბორი, რომელშიც იწვა. შეიძლება ეჩვენებოდა ნამდვილ აურიგს, მაგრამ სარკის აურიგს თითქოს ცხვირიც მოღრეცილი ჰქონდა, გატეხილი და ლამის ფლინტის ცხვირივით უსწორმასწორო.

რა ? რანაირად ?

აშკარად ტალახში იწვა, დასახიჩრებული და მომაკვდავი. კიდევ ერთხელ დააკვირდა და აღმოაჩინა, რომ სარკის აურიგს ხელების გარდა, ნიკაპიც უკანკალებდა. ტიროდა კიდეც, თითქოს. ასეთი დასახიჩრებული რანაირადღა იყო ცოცხალი ? კი მაგრამ, სად იყო ?

აა, ეს ხომ ქუჩა იყო. კი. ქალაქის ქუჩა. ვითომ, კალენბორნის ? მისი სხეულიდან ისე ჟონავდა სისხლი, როგორც ნახვრეტებიანი ტიკიდან – წითელი ღვინო. უფრო და უფრო ჟანგისფერი ხდებოდა ტალახი. აშკარად ბლომად ჭრილობა ჰქონდა. აბა, ამდენი სისხლი საიდან ?

– ეს უკვე მოხდა, ვეღარაფერს შეცვლი ! – ჩაესმა ხელახლა და სიბრაზემ შეიპყრო, – ჩემი მუსიკა ისეთივე ძველია, როგორც გარიჟრაჟი ცისა და მიწისა !

სარკის აურიგმა თანდათან ხელებისა და ნიკაპის ცახცახი შეწყვიტა და გაშეშდა. მოკვდა ? ნუთუ, ასე მოკვდებოდა ? ნუთუ, ასე დამთავრდებოდა ყველაფერი ?

– ეს უკვე მოხდა, ვეღარაფერს შეცვლი !  არ იდარდო ! შენი ჰანგი ისევ და ისევ გაჟღერდება... იქამდე, სანამ ყოველი ცა და ყოველი ქვეყანა არ გადავა !

აურიგს მრისხანებამ დაუწყო მოხრჩობა და იგრძნო როგორ მცირდებოდა ნელ-ნელა სარკისადმი ამოუხსნელი მიზიდულობა.

მისი ანარეკლი ტალახში ეგდო. გვამად ქცეული. ეგდო, როგორც ერთი რიგითი გვამი. ცხადზე უცხადესი იყო, რომ ფეხზე წამოდგომას ვეღარასდროს მოახერხებდა.

ცოტაც, კიდევ ცოტაც და უკან გახტომა მოახერხა აურიგმა.

– ააჰ, ამის დედაც ! ეს რა ჯანდაბა იყო ?... რანაირად ?

დანარჩენები ჯერ კიდევ ჩაჰყურებდნენ სარკეებს მონუსხულები. გეგონება, ისეთ საკვირველებას მისჩერებოდნენ, როგორიც აქამდე არასდროს არაფერი ენახათ. მასთან ყველაზე ახლოს მდგომი სერ ოტოს სარკეში აურიგმა მხოლოდ რაინდის სახის ანარეკლი დაინახა და გაუკვირდა ნეტავ რას მისჩერებია თავის უშნო სახეს ასეთი გულმოდგინებითო. ვითომ სინამდვილეში ესენიც თავ-თავიანთ სიკვდილს ხედავდნენ ?

– ოო, მეუფეო ! – აღმოხდა უცბად ლეოს და სარკეს მოშორდა. საჯდომით დავარდა მიწაზე.

– შეუძლებელია ! – ცოტა ხანში ამოიკნავლა ფლინტმა და მუხლებზე დაემხო, – სიგიჟეა !

სერ ოტო უკან მთვრალივით გადმოქანდა. აურიგისკენ წამოვიდა ტორტმანით.

– მე... მე იღბლიანი ვარ... ეს ტყუილია. მე თავად სულთა მეუფე მმ... მმფარველობს.

აურიგმა ხელი შეაშველა ძირს რომ არ დაცემულიყო.    

– სერ ოტო ! – შეუძახა მან, – არ დაგავიწყდეთ, თქვენ რაინდი ხართ ! თავი ხელში აიყვანეთ !

– მეუფე... მმ... მმ... მმფარველობს. ნუ... ნუთუ იმისთვის გადამარჩინა ამდენჯერ, რომ... რომ ას... ასე მოვვ... მოვკვდე აქ ? 

რაინდი მიწაზე ჩამოჯდა დაზაფრული. ფლინტი თავის ქნევით ბუტბუტებდა თავისთვის რაღაცას. ლეოს ხელისგულებში ჰქონდა სახე ჩარგული და მშობიარე ქალივით ხვნეშოდა პირით.

– ესე იგი, თქვენც სიკვდილი ნახეთ ? – დაიძახა აურიგმა, – თქვენი სიკვდილი ?

პასუხი ვერ მიიღო, მაგრამ რა საჭირო იყო რამის თქმა ? ყველაფერი ისედაც აშკარა იყო.

– ესეც თქვენი წყეული ზღაპრები !

 

 

 

****

 

 

სასწრაფოდ მოშორდნენ იმ საზარელ ადგილს. თავიდან ტომრებსა და წყლის გუდებს აურიგი მიათრევდა, – აბა, სადღა ჰქონდათ რამის თავი დანარჩენებს ? სერ ოტოც, ფლინტიც და ლეოც მეხსიერებადაკარგული, მთვრალი მოხუცებივით იყურებოდნენ აქეთ-იქით და ძლივს მიბარბაცებდნენ ხეებს შორის აურიგის კვალდაკვალ. სილის რამდენჯერმე ტკეცა დასჭირდა მათთვის ყოფილ ლორდს, როგორმე აზრზე რომ მოეყვანა.

როდესაც მეტ-ნაკლებად გამოცოცხლდნენ, მათაც აჰკიდა ტვირთის ნაწილი და ასე განაგრძეს გზა. ბუჩქებსა და ხეებს შორის მიაბიჯებდნენ, ოღონდ წარმოდგენა არ ჰქონდათ სად მიდიოდნენ. უკვე ყველანაირი მიმართულება ჰქონდათ არეული.

– აქედან ვერასოდეს გავალ, – ამოიწკმუტუნა ფლინტმა, – აქ მოვკვდები, ეგრეა ? რატომ მაინცდამაინც აქ ?

– მოკეტე და იარე ! – შეუბღვირა აურიგმა.

შესასვენებლად ორ ერთმანეთთან მოალერსე, წიწვებგაცვენილ ბებერ ნაძვთან შეჩერდნენ. ხეები ერთმანეთს ეფერებოდნენ თავიანთი გამომშრალი ტოტებით, – ყველგან, სადაც შეეძლოთ. მათი შემხედვარე იფიქრებდი, მომაკვდავი ცოლ-ქმარია, რომელსაც სურს სიცოცხლის ბოლო წამები რაც შეიძლება მეტ სიყვარულში გაატაროსო. 

– ჭამეთ ! – ბრძანა აურიგმა, – და რიგ-რიგობით ჩამოურიგა თანმხლებებს პურის ნატეხები.

ხმას არავინ იღებდა. მხოლოდ პირების მსუბუქი წკლაპუნი ეფინებოდა არემარეს. ცის ნაგლეჯებიდან ნამცეცა წინწკლები იწყებდა ჩამოცვენას.

– იმან ქნა ეგ, – ცოტა ხანში დუმილი დაარღვია ლეომ, – იმან დაკიდა სა... სარკეები. ალქაჯმა... კუდიანმა. მისი ხრიკებია. 

– შენ არ იძახდი ალქაჯი არ არსებობსო ? – გაქვავებული ხორცი ძლივ-ძლივობით მოკბიჩა აურიგმა.

ლეომ ვეღარაფერი თქვა. მდუმარედ განაგრძო პურის ციცქნა. თანდათან აურიგმა გაარკვია, რომ მის სამივე თანმხლებს სარკეებში ტყეში თავ-თავისი სიკვდილი უნახავს.

ანარეკლში, სერ ოტო, თავ-პირჩაჩეხილი ჩავარდნილა თხილის ბუჩქში, ტალახში ამოვლებულ ფლინტს თავი ჰქონია მოკვეთილი – ოღონდ უსწორმასწოროდ, ლეო კი ნასუქი ღორივით ყელგამოჭრილი გდებულა მიწაზე.

და კიდევ სამივეს გაუგია უცნაური სისინა ხმა და სიტყვები: „ეს უკვე მოხდა, ვეღარაფერს შეცვლი !“

და კიდევ სხვა, მეტად უცნაური სიტყვები: ზუსტად ისეთი, როგორიც აურიგს ჩაესმა.

– მე ქალაქში ვნახე ჩემი თავი, – აღიარა ყოფილმა კატორღელმა. ტანში გააჟრჟოლა იმის გახსენებაზე, რაც სარკეში დაინახა, – იქ მოვკვდი, ქუჩაში... ტალახში.  

– სარკე... რან... რანაირად ? – ხელი გაიშვირა ფლინტმა იმ მიმართულებით, სადაც ის საძაგელი მუხის ხე იდგა, – რა... რა იყო ეს ? სარკე ხომ... რანაირად ? 

– ალქაჯი მართლაც არსებობს, წყალი არ გაუვა, – თქვა ლეომ, – ამიტომ გამოგვგზავნეს ჯერ ჩვენ... აინტერესებთ რამეს თუ გავხდებით მასთან.

ჩირგვებთან ჩამომჯდარმა სერ ოტომ თავი დააქნია შუბლის ზელით და დაქანცული თვალებით მიაჩერდა დანარჩენებს.

– შევეცი მაგ ბოზის გაგდებულებს, – ფლინტი გამოცოცხლებული წამოვარდა ფეხზე, წვერდაჟანგული შუბი ჩაბღუჯა და ხეებს შორის გააბოტა, – აქედან მივდივარ. ის სამასი ბროილი უკან გაიკეთონ... მივდივარ.

– მარტო ? – გასძახა აურიგმა აპოხტის ბოლო ლუკმის ღეჭვით.

ფლინტი შედგა. თვალებდამრგვალებულმა მოიხედა უკან, თითქოს გაახსენდა რა ხიფათიც ემუქრებოდა ტყეში და ისევ უკან დაბრუნდა შიშატანილი.

– არ უნდა დავიშალოთ ! – დაიგრგვინა აურიგმა, – ერთად უნდა დავდგეთ ! ერთად უნდა გავაღწიოთ ამ წყეული ტყიდან !  

– გეთანხმები, გოლიათო, – წელში ნაძალადევად გაიმართა სერ ოტო. მოუძლურებულ სახეზე ეტყობოდა, როცა აღარავინ შეხედავდა, უმალ მოეშვებოდა და ისევ ბებერივით მოიკუნტებოდა.

– ისეთი ნამდვილი ჩანდა, რაც ვნახე, – ნიკაპის ცახცახით იძახდა ლეო, – ისეთი ნამდვილი. არ ვიცი რატომ, მაგრამ თითქოს მთელი გულით მჯერა, აქ რომ მოვკვდები... არადა, დიდად არასდროს არაფრის მჯეროდა.

– ეს უკვე მოხდაო, ხომ გვითხრა ? – ფლინტმა უსუსური ბავშვივით შეხედა დანარჩენებს სათითაოდ, – იქნებ, მართლაც მოხდა ? იქნებ... იქნებ...

– ჰო. ვაითუ მომავალში იჭვრიტება ის ავსული.

– გეყოთ ბოდვა, – მოსასხამი შეისწორა აურიგმა და კაპიუშონი წამოიფარა. წვიმას იწყებდა. ხორციანი ტომარა თვითონ აიკიდა, აბა ფლინტს რისი თავიღა ჰქონდა ? – წავედით !

– დაღამებამდე თუ ვერ გავალთ ამ ნაბოზარი ტყიდან, ღამ... ღამით აქ დამძინებელი აღარ ვარ მე, – ამოიღნავლა ფლინტმა.  

ისევ იმავე მიმართულებით განაგრძეს სვლა რა მიმართულებითაც დილით მიდიოდნენ, - ყოველ შემთხვევაში აურიგი ასე ფიქრობდა. ცოტა ხანში, ყოფილმა კატორღელმა შეამჩნია, რომ მისი სამივე თანმხლები მალ-მალე უცქერდა ხეების ტოტებს, გეგონება სწორედ იქიდან ელოდებოდნენ ხიფათის გამოჩენას. სერ ოტომ და ფლინტმა ფეხიც კი წამოჰკრეს რამდენჯერმე ნესტიანი და ცივი მიწიდან ამოყოფილ ხის მსხვილ-მსხვილ, ხავსიან ფესვებს და კინაღამ ძირს გაიშხლართნენ ტომრებიანად.

ერთ ადგილას ჭაობი შემოხვდათ. გვერდი კი აუარეს, მაგრამ გონებადაფანტულმა ფლინტმა მაინც ჩააბიჯა შიგ და მყისიერად იწყო ტალახში ჩაძირვა.

– მიშველეეთ ! – გაჰკიოდა აურიგის უშველებელ მკლავს ჩაბღაუჭებული ყოფილი ბანდიტი, – მიშველეეთ ! აქ არ ჩამტოვოთ, მეუფის წმინდა სახელს გაფიცებთ !   

ისეთი ჩამთრევი იყო ტალახი, რომ აურიგს სერ ოტოსა და ლეოს მიხმარებაც კი დასჭირდა ჭყანტობიდან ფლინტის ამოსათრევად. ამოიყვანეს, მაგრამ რად გინდა ? ზედ რომ დაიხედა, ფლინტს უმალ აურიგზე მეტად აუკანკალდა ხელები.

– ააჰ, შევეცი !... შევეცი იმ სარკეებს ! – თითები აჩქარებით დაისვა ამოგანგლულ ტუნიკასა და შარვალზე, მოსასხამზეც. ვერ გაიწმინდა. პირიქით, კიდევ უფრო გაისვარა და ზედ მიიგნისა ლაფი, – ზუსტად ასეთი ვიყავი სიკვდილისას... შევეცი ! შევეცი ! ააჰ, მალე მოვკვდები უკვე !... მა... მალე ?

– ნუ გეშინია, არ მოკვდები ! – აურიგმა თხელ მხრებში ჩაავლო თავისი ტორები, - უნდა გავაგრძელ...  

უცბად ყვირილის ხმები გაისმა, – ბრძოლის ყიჟინის მსგავსი. გვერდზე გახედვა ძლივს მოასწრო აურიგმა, რომ სერ ოტოზე მიმდგარი მათსავით ბინძური ნაჯახიანი კაცი დაინახა. ხმალი იშიშვლა თუ არა, იქვე ამოსული ისლის ბუჩქებიდან ოთხი მუქი ფიგურა გადმოხტა. ერთი აშკარად ქალი იყო. ყაჩაღები ? არც კი დაფიქრებულა აურიგი ისე ჩასცა მთელი ძალით თავისი მძიმე ხმლის ფხა ერთ-ერთ კაცს თხემში. როდესაც თავი შუაზე გადაუხსნა და მკერდამდე ჩაუყურყუმელავა მახვილის პირი, მაშინღა შეამჩნია, რომ მარჯვენა ხელი არ ჰქონდა მას. 

ფლინტმა შუბი მიწაზე დააგდო და გაიქცა. ერთ-ერთი ნაჯახიანი კაცი გამოუდგა მას, – წითური და მსხვილფეხება. ლეოს შუბს უშნო და ტახივით ჩასკვნილი ქალი ურტყამდა ხმალს გამალებული. ჭაობის პირას ამოსულ თხილის ბუჩქებს საზარელი შარიშური გაუდიოდა, – ორი ფიგურა გაცხოველებული ჭიდაობდა შიგ. აურიგს უროიანი და მახვილიანი მამაკაცები მივარდნენ, მაგრამ იქვე დაგდებულ ერთ-ერთ ტომარას ფეხი წამოჰკრა ხმლიანმა და პირდაპირ აურიგის ფერხთით დავარდა. მაშინვე საზარელი ძალით ჩასცხო ჩექმის ქუსლი კეფაში აურიგმა ძირს გაშოტილ მომხდურს, უცბად სირბილეც კი შეიგრძნო ფეხით. მაგრამ მკლავში ურო მოხვდა ძალიან ძლიერად და გვერდზე გადაქანდა.

– უჰ, შენი დედაც ! – იღრიალა აურიგმა და ისეთი ჰკრა წიხლი მტერს, რომ თვალის დახამხამებაში გადააფრინა ჭაობში თავის უროიანად.

ჯანიანი ქალი აღრენილი ეჯდა ზემოდან ლეოს. ყელზე აწვებოდა თავისი ხმლით, ლეოს კი შიშველი ხელებით ჩაებღუჯა მახვილის ფხები და კბილებაკაწკაწებული ცდილობდა მის შეჩერებას.

– გაუშვი, ბოზო ! – მისკენ გაქანდა აურიგი, მაგრამ ლეოს შველა ვერ მოასწრო. ელვის სისწრაფით გასრიალ-გამოსრიალდა მისი ყანყრატოს ფერმკრთალ კანზე ხმლის ბინძური პირი და უმალ ჩაიძირა ღრმად მის ყელში.

ქალი სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე აურიგს რომ დახვედროდა, მაგრამ მოტრიალება ნახევრადღა მოასწრო ისე შეუგლიჯა ფერდი მძიმე ხმალმა.

– მოკვდი, დამპალო ბოზო !

ტკივილისგან ახრიალებულმა ქალმა ანაზდად შუბლი ჩასცხო ცხვირში აურიგს და ეს უკანასკნელი უმალ სისხლისა და ჟანგის მჟავე გემომ გააბრუა.

– ოხ, შე დამპალო, – ხმალს ხელი უშვა და გასისხლიანებულ ცხვირზე იტაცა ორივე აკანკალებული ხელი. ქალი აკრუსუნებული დავარდა მიწაზე ფერდში გაჩხერილ მის ხმალთან ერთად. აურიგს გაახსენდა, ცხვირგატეხილი რომ კვდებოდა სარკეში და სიბრაზემ, შიშმა და გაოგნებამ ერთდროულად შეიპყრო, – მოკვდი, შე ბოზო, მოკვდი ! – წიხლებით შესდგა ქალს და წამებში დაუსახიჩრა მთელი თავ-პირი.

გვერდიდან ბუყბუყი გაიგონა. უეჭველი უროთი შეიარაღებული ყაჩაღი იხრჩობოდა ჭაობში. თხილის ბუჩქიდან წვერგაბურდული კაცი გამობარბაცდა. ნაჯახი აღარ ეკავა მას ხელში. მკლავები და სახე სულ სისხლით ჰქონდა მოთხვრილი. აურიგი ბუჩქს დააკვირდა და შიგ ჩავარდნილი სერ ოტო გაარჩია. ყოფილ რაინდს ნაჯახი ლამის ყუამდე ჰქონდა შუბლში ჩაფლული.  

„ორივე ზუსტად ისე, როგორც თქვეს“, – განრისხებულმა გაიფიქრა აურიგმა და წინ გადადგა ნაბიჯები. ცხვირიდან წამოსული სისხლი გათხუპნულ ჩექმებზე დაეწვეთა. საძაგელ უხამსობად ეჩვენებოდა ის ყველაფერი, რაც თავს დაატყდათ.

წვერგაბურდული კაცი უცბად გამოფხიზლდა. აქეთ-იქით მიაწყდა ბუჩქებს. იარაღს ეძებდა აშკარად. არ იცოდა რა მოემოქმედა ამხელა გოლიათთან. ბოლოს, ქვას სტაცა ხელი, მაგრამ გვიანი იყო, – აურიგის უშველებელი ტორები სახეზე შემოეჭდო და იქამდე არ მოსცილდა, სანამ ბინძური, მსხვილი ცერა თითები ბოლომდე არ ჩაფლო მის თვალებში.

თვალებამოჩიჩქნილი კაცის გამაყრუებელი კივილისგან ყურები დაუგუბდა აურიგს, მაგრამ ისე იყო გაგულისებული, სულთა მეუფის, მისი დიადი მოციქულებისა და ყველა წმინდანის კივილიც კი ვერ გადააფიქრებინებდა იმის გაკეთებას, რაც სულ ცოტა ხნის წინ ჰქნა.

– გერდა ! არა, არა, გერდაა ! – უკან დაბრუნდა წითური, რომელიც მანამდე ფლინტს დაედევნა. ნაჯახი წითლად ჰქონდა შეღებილი და ჭაობის მისადგომებთან გაჩერებული შეშლილივით მისჩერებოდა აურიგის მძიმე ფეხების მიერ დასახიჩრებულ ქალს, – ჩემო გოჭუნა !

– მე გავუჟიმე სახე შენს ღორს ! – ხელი ააქნია აურიგმა და სისხლი გადმოაფურთხა. შემდეგ ძალით გაიკრიჭა, – არ ეტყობა ?   

ღრიალით გამოქანდა მისკენ წითური კაცი. აურიგი ახლაღა მიხვდა, მისი ხმალი ისევ იმ ჩასკვნილი ქალის ფერდში რომ იყო გაჩრილი. უცებ მიმოიხედა და კეფადაჭყლეტილი მომხდურის მახვილისკენ გაიწია. ვერ მოასწრო მისი აღება, – წითურმა წიხლი წაჰკრა იარაღს და ბუჩქებში შეაგდო.  

სულელი. არ სჯობდა პირდაპირ ჩაერტყა ნაჯახი ? შეცდომის პატიებას არ აპირებდა აურიგი. ადგა და პირდაპირ ყბაში მოსდო თავისი ვეება მუშტი მტერს და მყისიერად ჩააგდო ლაფში. მისი ყუადაჟანგული ნაჯახი იქვე დავარდა, ჭაობის კიდესთან.

– შენც იგივეს გიზამ, – თავზე წამოადგა აურიგი დარეტიანებულ წითურს, რომელმაც რამდენიმე ჩაშავებული კბილი გადმოაფურთხა პირიდან, – არა, უარესს. შენ საერთოდ ფაფად გიქცევ სახეს, შე ნაბიჭვარო. 

ზემოდან გადააჯდა და შუბლი მთელი ძალით დაჰკრა ცხვირში. შემდეგ, კიდევ ერთხელ. კიდევ. კიდევ. კიდევ უფრო ძლიერად. ურტყა და ურტყა, ურტყდა და ურტყა, სანამ აწითლებულ ლოყებს შორის ცომივით არ გაუბრტყელა დინგი. ახლა მუშტების ჯერი დადგა და მძიმე ლოდებივით აწვიმა გონებადაკარგული მტრის სახეზე. ხვნეშით წამოიმართა და ფეხებითაც შესდგა თავ-პირზე. იქამდე ურტყა, სანამ მორუხო-მოწითალო ფაფად არ უქცია ყელს ზემოთ ყველაფერი და მიწაზე არ გატკეპნა რიგიანად.

– აჰა, ისეთ დღეში ჩაგაგდე დედაშენიც ვერ გიცნობს, შე ნაბიჭვარო, – ბარბაცით გასცილდა მას აურიგი. ახლა ქალთან მივიდა და მის ფერდთან დაიხარა თავისი ხმლის გამოსაძრობად, –  შენც ხომ მიიღე, რასაც იმსახურებდი, შე დამპალო ბოზო ? აბა, რა გეგონათ მე რომ მესხმოდით თავს ? 

მახვილი ტანსაცმელზე შეაწმინდა ქალს და ისე ჩააგო ბუდეში.  

– ნახე, რას გავხარ. ისედაც უშნო იყავი და ახლა ხომ საერთოდ იმას... ალქაჯს დაემსგავსე.

ანაზდად გონება გაუნათდა აურიგს. რა უჭირდა თუ ამ უშნო და დასახიჩრებული ქალის თავს მიიტანდა ციტადელში ? მაინც ალქაჯს ჰგავდა და. ტომრით მიუტანდა ამ ბოზის მოკვეთილ თავს „ქეციანს“, ძმა ჰუგოს ან ვინც დახვდებოდა იმას და თავისი კუთვნილი გასამრჯელოს გადახდას მოსთხოვდა.

„ჰო, ზუსტად ეგრე ვიზამ.“

აურიგმა წითური მამაკაცის ნაჯახი აიღო და ქალის სისხლით მოთხვრილ ყელს დაუმიზნა.

– ჩემთან ერთად წამოხვალ შენ.

 

 

 

თავი მეოთხე

 

 

ისეთი ფრეტი მოდიოდა ციდან, რომ დაბურული ნაძვებიც კი ვერ აკავებდნენ წყლის ძლევამოსილ ნაკადებს. ჯანღი, მძიმე და უზარმაზარი მოჟამული ღრუბელივით ჩამოწოლილიყო ყველგან და მისი შემხედვარე იფიქრებდი აწი აღარასდროს აიზლაზნება ტყიდანო. წყალი ნიაღვრებად მოედინებოდა ხეებშუა, ატალახებულ დაღმართებზე და ტყეში ამოზრდილ ბორცვებს შორის პატარა ნისლიან ხეობებს ქმნიდა. გაწუწული ხეები მოყავისფრო კოშკებივით იდგნენ უძრავად და თითქოს მორჩილად ელოდნენ როდის მოიღებდა მოწყალებას ზეცა და გაშრობის საშუალებას მისცემდა. სრულიად მარტო დარჩენილი აურიგი ტომრებმოკიდებული მიალაჯებდა აჭყაპებულ მიწაზე და გრძნობდა ნელ-ნელა როგორ ევსებოდა ჩექმები ცივი და სველი ტალახით. მართალია დარწმუნებული იყო იმაში, რომ ტყეში თვითონ არაფერი მოუვიდოდა, მაგრამ მაინც გაფაციცებით ადგამდა ყოველ ნაბიჯს, რომ სადმე ჭაობში არ ჩაფლულიყო და სიმწრით მოპოვებული „ალქაჯის თავი“ არ დაეკარგა. როგორ გინდოდა არ დაგეჯერებინა ის, რასაც იმ წყეულ მუხაზე დაკიდებული სარკეები გაჩვენებდა ? ლეოც, სერ ოტოც და ფლინტიც ზუსტად ისე დაიღუპნენ, როგორც სარკემ აჩვენათ. ყაჩაღი ქალისთვის თავის მოკვეთის შემდეგ განზრახ მოძებნა აურიგმა ფლინტის გვამი და როდესაც ფიჭვის ძირში მიგდებული მისი გასისხლიანებული, უსწორმასწოროდ მოკვეთილი თავი აღმოაჩინა, უკვე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ის სარკეები ნამდვილად მომავალს აჩვენებდა მათში ჩამხედავს.

მაგრამ ერთადერთი რისაც ბოლომდე არ სჯეროდა აურიგს, თავისი სიკვდილი იყო... ან სჯეროდა, თუმცა იმედი ჰქონდა, რომ იგი გამონაკლისი იქნებოდა. ფაქტიურად მარტომ ერთიმეორის მიყოლებით დაუბნელა მზე ყაჩაღებს და ვის უნდა გადაყროდა ქალაქში ისეთს, რომ მასთან შეტაკებას დასახიჩრებული დაეტოვებინა ქუჩაში სასიკვდილოდ ? ვინ უნდა ყოფილიყო ისეთი, ვისაც ვერ გაუმკლავდებოდა ?

„აბრეშუმით მოვაჭრეებმაც რომ მომიგზავნონ მკვლელები იმის გამო, რომ იმ ნაბიჭვარ დახლიდარს ყელში წავუჭირე ხელი, მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ. მე კეიდენი ვარ. არავის დავნებდები. ვერაფერს დამაკლებენ, – გონებაში მსჯელობდა და ისე მიიწევდა წინ აურიგი, –  არადა, რომ მკითხო ძალიან მინდა სიკვდილი... რატომაა ასე ? ყველაფერი თან გინდა კაცს და თან არ გინდა.“ 

როდესაც საღამოს მწუხრმაც იწყო გარშემო ჩამოწოლილ სიბნელესთან შერევა, ერთად შეჯგუფებულ სქელტოტება ნაძვებთან გაჩერდა. აქ მაინც შედარებით ნაკლებ მოედინებოდა წყალი. მიწაზე ის ტომარა გაფინა, სადაც მანამდე ბოსტნეული ეყარა, ახლა კი მხოლოდ ქალის თავი ეგდო შიგ. ტომრის ყელზე ჩამოჯდა აურიგი. ბრძოლის ადგილიდან დაძვრამდე ბოსტნეული ჭაობში გადაყარა, აბა თავი რით წამოეღო ? მხოლოდ ხორცი და პური დაიტოვა საგზლად.

წყვდიადის ჩამოწოლასთან ერთად წვიმამ გადაიღო. აურიგმა ხელის ცეცებით იპოვა აპოხტის ნაჭერი და დამშეული კბილებით გაჯიჯგნა. მარილიანი ხორცის გემო ცხვირიდან ყელში გადასული სისხლის მჟავე გემოს შეერია და სახე დაემანჭა ყოფილ ლორდს. სასწრაფოდ მოიყუდა ერთ-ერთი ტიკი და წყალი მიაყოლა საჭმელს. ორი ტიკიღა ჰქონდა. ერთი სრულად იყო სავსე, ერთი – ნახევრად. დანარჩენი სამი დაცარიელდა და ბუჩქებში მოისროლა მანამდე. როგორც გონებაში გადაითვალა, ციტადელიდან წამოღებული წყალი ორი დღის სამყოფიღა ჰქონდა, მაგრამ ამაზე არ დარდობდა, – წვიმის წყალი იმდენი იყო გარშემო, რამდენიმე ათასკაციან ჯარს ეყოფოდა. წვიმას კი ისეთი პირი უჩანდა, რომ აწი უფრო და უფრო იქცეოდა ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად, სანამ ნელ-ნელა თოვლი არ ჩაანაცვლებდა მას.   

გატეხილი ცხვირი გასიებული ჰქონდა. სუნთქვა უჭირდა. თითი რომ დაიჭირა ზედ შესამოწმებლად საშინლად ეტკინა და იმის მერე აღარ შეხებია. დროდადრო სისხლი ჩამოსდიოდა ნესტოებიდან და წარამარა იწმენდდა ტუნიკის სახელოთი. მარცხენა მკლავიც საკმაოდ სტკიოდა, ურო რომ მოგხვდება მთელი ძალით აბა სხვას რას უნდა ელოდო ? მაგრამ მთავარია, მოტეხილი არ ჰქონდა. დანარჩენს თანდათან ეშველებოდა.

ღამით, სიცივის გამო ჩაძინება ვერ მოახერხა. გალუმპული ტანისამოსი კანზე ჰქონდა მიკრული. ისე კანკალებდა, თითქოს ყინულის საბანში იყო გახვეული. სველი ფეხები ჩექმებში ჰქონდა ცივად ჩაქვავებული და ასე ეგონა ერთ ნაბიჯსაც ვეღარ გადაადგამდა დილით. შიშიც ჰქონდა შეჩენილი, უცნაური შიში, რომელიც აქამდე არასდროს ეგრძნო, – შიში ამოუცნობისადმი, იდუმალისადმი. რა იყო ის სარკეები ? რანაირად აჩვენებდნენ მასში მაცქერალს იმას, რასაც აჩვენებდნენ ? ის ნამეტნავად უცნაური სიტყვები რაღას ნიშნავდა ? ან თავად ალქაჯი სად იყო ან რანაირი იყო ? აურიგის გონებამ ალქაჯი გადაღრძუებულ, უშნო და საძაგელ დედაბრად წარმოიდგინა, რომელსაც პირიდან ცოფიანი ძაღლივით გადმოსდის დუჟი და ხანდახან ოთხზე დამდგარიც კი მისდევს თავის მსხვერპლს. ამ ფიქრმა მოსვენება საერთოდ დაუკარგა და ტყეში გაჟღერებული ყოველი პატარა გაფაჩუნებაც კი ალქაჯის საზარელი თავდასხმის მომასწავებლად ეზმანებოდა.

ცისკარზე ზლაზვნით წამოიმართა. მაინც უმუშავებდა გახევებული ფეხები, – მართალია მტკივნეულად და ნელა, მაგრამ მაინც. ნისლი ნაწილობრივ გაფანტულიყო და მხოლოდ აქა-იქღა ეკიდა გასვრილი ბამბის მოზრდილი ნაგლეჯებივით. იმავე მიმართულებით გაემართა აურიგი, საითაც წინა დღეს მიდიოდა შებინდებამდე, საითაც მანამდე მიაბიჯებდა დანარჩენებთან ერთად. მტკიცედ სწამდა, რომ თუ გეზს არ შეიცვლიდა ადრე თუ გვიან აუცილებლად გააღწევდა ტყიდან. და რა თქმა უნდა გააღწევდა, ასე არ აჩვენა სარკემ ?

მცირე ბორცვს შეუდგა. ჩექმები ტალახზე უსრიალებდა, რამდენჯერმე ჩავარდა კიდეც ლაფში. ზემოთ ასულს არყის ხეები დაუხვდა, – მოტიტვლებული, როგორც მუშტრებთან განმარტოებული ფერმკრთალი მეძავები. გაუკვირდა აურიგს მათი დანახვა. ავმა წინათრგძნობამ დაუწყო სულის შეხუთქვა. ამხელა ტყეში ერთადერთი ფოთლოვანი ხე შემოხვდათ, რომელმაც კინაღამ შიშისგან ჩაასვრევინათ და ახლა ათამდე არყის ხე ნეტავ რას უმზადებდა ?

ფრთხილად შეაბიჯა მათ შორის. ხმლის ვადაზე ედო ხელი, ყოველი შემთხვევისთვის. წვიმისგან დამპალი ყავისფერი ფოთლები მის ფეხქვეშ აჭყივლდნენ. თხელი რტოები საბრალობლად კვნესოდნენ ტალახიანი ჩექმების ძირების სიმძიმისგან. ერთ, ორ, სამ, ოთხ ხეს ისე ჩაუარა, საეჭვო არაფერი შეუმჩნევია. მეხუთემაც არ გაუცრუა იმედი. აი მეექვსემ კი კინაღამ გული აურია.

საძაგლად ჰქონდა მას ღერო ერთ ადგილას გამობერილი, გეგონება ორსული ქალია, რომელიც დღე-დღეზე გონჯს დაბადებსო. გამობურცული ადგილი წებოვანი შავი ნივთიერებით იყო შეღებილი, რაც კუპრს მიამსგავსა აურიგმა. ნახეთქში, საიდანაც ჩირქისებური მყრალი ლორწო წვეთავდა ხის ძირთან ამოთხრილ ფართო ღრმულში, ნაცრისფერი მატლები დაცოცავდნენ. ღრმულში ჩაგუბებულ ლორწოში ბლომად ხოჭოები და სხვა საზიზღარი მწერები იწვნენ; განცხრომით არხევდნენ პატარა ფეხებსა და კუდებს.

აურიგი სასწრაფოდ გაერიდა ამ საძულველ სანახაობას. დანარჩენი არყის ხეებისთვის აღარ შეუხედავს. კარგს რას მისცემდა მათი თვალიერება ? ნაბიჯს აუჩქარა და ტყის კამების მონაკვეთის გავლით ბებერ, ქერქდახეთქილ ფიჭვებს შორის შეაბიჯა. ცოტა ხანში, ისევ წამოვიდა წვიმა, ოღონდ – ჟინჟლი. კენწეროებიდან დროდადრო გამომძვრალ წყლის წვეთებს მსუბუქი წკაპაწკუპი გაჰქონდა აურიგის მოსასხამის კაპიუშონზე.  

კარგა ხანს იარა და როდესაც უკვე დაღლილობამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია და იმედი აღარ ჰქონდა, რომ სამშვიდობოზე დღესვე გავიდოდა, ერთი თხელი კედარი დაინახა, მის მიღმა კი – ჭინჭრებით გავსებული კორდი. მაშინვე გავარდა აურიგი წინ და ისეთმა გახარებულმა შეტოპა ჭინჭრებში, როგორც მთელი დღის მწყურვალმა საქონელმა – მდინარეში. მსუსხავი ბუსუსების ჩხვლეტა შარვალშიც იგრძნო, მაგრამ არ ანაღვლებდა. წინ, ხევის გადაღმა გადაშლილი კლდოვანი ბორცვების პეიზაჟი მის გულს სალბუნად ედებოდა, ხოლო იქიდან მოვარდნილი გრილი და მსუბუქი ნიავი ფილტვებს შვებით უვსებდა. როგორც იქნა დასრულდა ტყე. დასრულდა ალქაჯზე ნადირობა.

 

 

 

****

 

 

აურიგი ზუსტად ვერ ხვდებოდა სად იმყოფებოდა, მაგრამ როგორც ვარაუდობდა კალენბორნისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით იყო დღენახევრის სავალზე მაინც. კლდოვან დაღმართზე დაშვების შემდეგ, იქვე ჩამომავალ ღელეში დაიბანა ხელ-პირი და მის ნაპირს გაუყვა სამხრეთისკენ, იმის იმედით, რომ ადრე თუ გვიან ქალაქს მიადგებოდა.

„ალბათ იმ მდინარეს შეუერთდება, ქალაქში რომელიც ჩამოდის... ნეტავ სახელი თუ აქვს ?“

ასე იარა შებინდებამდე. მრომის ჩამოწოლისთანავე წყლის პირას ამოსული ეული ტირიფის ძირში ჩამოჯდა. ღამით აღარ უწვიმია და აურიგმა ჩაძინება მოახერხა, მაგრამ მალ-მალე უჭერდა გულში შფოთი თავის ანც თითებს და წარამარა აფხიზლებდა. სარკეებისა და ტალახში გაშხლართული საკუთარი დასახიჩრებულ-აცრემლებული თავის ხატება გრანიტის ლოდივით ეწვა მის სულს.

დილით, დაღლილმა განაგრძო გზა. ფიქრობდა, სანამ კალენბორნს არ გავეცლები და არ დავრწმუნდები, რომ სარკეში ნანახი არ ამიხდა, იქამდე ვერ დავწყნარდები ალბათო.

„სერ ოტოსა და იმ ორი სულელის არაფერი ვიცი... მე სულ სხვა ვარ, – ნესტიან ქვებზე მიახრაშუნებდა ჩექმებს, – ჩემი მოკვლა ასე ადვილი არაა. ომმა ვერაფერი მიქნა და კატორღამ კიდევ. ვინ რას დამაკლებს კალენბორნში ? მაგრამ იქნებ კალენბორნში სულაც არ ვიყავი ? იქნებ, სხვა ქალაქში მოვკვდი ?“ 

მართლაც, თუ ამგვარად იყო ყველაფერი, მაშ არასდროს უნდა დაესვენა ? მუდამ ხიფათის მოლოდინში უნდა ყოფილიყო ყველგან სადაც ჩავიდოდა ? უკვე აღარ იცოდა რა ჯობდა. კალენბორნში სიკვდილი და საბოლოოდ დასვენება თუ ქალაქიდან მშვიდობით გაღწევა, თუმცა შემდეგ მთელი დღეები იმის მოლოდინი თუ როდის მოეწეოდა სარკეში ნანახი საშიშროება.

წყლის დინებას მიჰყვებოდა აურიგი, მაგრამ როდესაც ლელიანსა და ჯაგნარებს გასცდა, აღმოაჩინა, რომ ნელ-ნელა ღელე წინ აღმართული ნისლიანი ქედის ძირში იკარგებოდა, პატარა და ბნელ წყლიან გვირაბში. ყოფილი ლორდი შედგა და არემარე დაათვალიერა. ეტყობა, აქედან შედის წყალი და მთის მეორე მხრიდან გამოდისო, დაასკვნა. კლდოვან ფერდობებზე აცოცების და მეორე მხარეს გადაძრომის თავი ახლა ნამდვილად არ ჰქონდა, არც ჩაბნელებულ გვირაბში შეცურვის. ასე რომ გადაწყვიტა მარცხნივ წასულიყო და მეორე მხრიდან მოეარა მთისთვის. ბლომად დროს კი დაკარგავდა ამგვარად, მაგრამ არაუშავდა, საგზალი მაინც საკმარისად ჰქონდა და ამ მხრივ არ გაუჭირდებოდა. აბა, მარჯვნიდან რომ მოეარა ქედისთვის, უეჭველი ტყეში მოუწევდა შესვლა და იმ ავბედით ადგილას დაბრუნებას ყველაფერი ერჩივნა ახლა.

ღელეში გააჭყაპუნა ფეხები და მეორე მხარეს გადავიდა. ქვიან მთისწინეთს შეუდგა. აუჩქარებლად მიდიოდა ძეძვნარებს, თუთუბოებსა და ძაღლნიორებს შორის. გზადაგზა ჯაგრცხილები, ძირწითელები და მთის კესანეებიც ხვდებოდა. რა ეჩქარებოდა ? როცა ჩავიდოდა ქალაქში, მაშინ მისცემდნენ გასამრჯელოს. შეიძლება სჯობდა კიდეც, რომ რაც შეიძლება გვიან გამოცხადებულიყო ციტადელში. იქ მისული იტყოდა, დრო დასჭირდა ალქაჯის პოვნას და მის მოკვლასო. უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, როდესაც ყაჩაღი ქალის თავს გადასცემდა მთავარინკვიზიტორის ხალხს. მაგრამ, ჟამიანობა რომ არ დასრულდებოდა მერე რაღა უნდა ექნა ?

„რა ჩემი ბრალია ? იმ ინკვიზიტორსაც... ჰუგო თუ რაც ერქვა, მგონი დიდად არ სჯეროდა, ალქაჯის მოკვლა რომ ჟამიანობას დაასრულებდა. თუ არაფერი ეშველება ქალაქს, მე რა შუაში ვიქნები ? მთავარინკვიზიტორი გამოვა შემცდარი. მე მხოლოდ ის საქმე გავაკეთე, რაც დამავალეს. რით დამიმტკიცებენ, რომ ალქაჯის თავი არაა ეს ?“

უცბად შედგა. ახლაღა გააცნობიერა, რომ ყაჩაღ ქალს თეთრი თმა არ ჰქონია. ინკვიზიცია კი ალბათ მოხუც ალქაჯს ელოდა, რახან ქალაქში ბავშვებისგან გავრცელდა ხმები, რომ ჟამიანობის დაწყებამდე ტყისკენ ვიღაც ბებრუხანა მიდიოდა. აურიგს შეეძლო მოეგონებინა, რომ ვითომ გაცილებით ახალგაზრდა აღმოჩნდა ალქაჯი ან სხვა რამ, მაგრამ უღირდა რომ გარისკვად ? ამიტომ გადაწყვიტა თავი გადაეპარსა მისთვის.

ხმალი ამოაძვრინა ქარქაშიდან. ტომრიდან გადმოაგორა დასახიჩრებული თავი და თავისი მახვილის ბასრი ფხით დაუწყო თმების აფხეკა. უმეტესად კანიც მიჰყვებოდა თმას, მაგრამ რა უჭირდა ? მთავარია შავი თმა აღარ შერჩებოდა თავს და გადატყავებული თხემი პირიქით კიდევ უფრო დაამგვანებდა საძაგელ მოხუც ალქაჯს. როდესაც საქმეს მორჩა, აურიგს უკან, ღელესთან დაბრუნება და როგორც მოკვეთილი თავიდან, ისე ხმლიდან თმისა და კანის ნარჩენების ჩამორეცხვა დაეზარა. ერთ-ერთ ტიკს მოხსნა საცობი და შიგნით ჩასხმული წყლით გადარეცხა ორივე. ხელებიც გადაიბანა, კარგად ჩამოირეცხა ზედ მიწებებული თმის ბინძური ღერები, კანის სისხლიანი ნაფლეთებიც და ისე განაგრძო გზა.

თითქმის შებინდებამდე მოანდომა ქედის ბოლომდე გასვლას, სადაც ჩრდილოეთის ფერდობი ფიჭვების კორომებით იყო მოფენილი. მთის მარცხნივ მდინარე მოჩხრიალებდა, რომელიც აშკარად გარშემო უვლიდა მთაგრეხილს. ნამდვილად სამხრეთ-დასავლეთისკენ მიემართებაო, გაიფიქრა აურიგმა.

„ალბათ, იმ ღელეს რომ მოვყვებოდი მანამდე, ისიც ამას უერთდება და მერე ერთად მიედინებიან კალენბორნისკენ.“

ნარშავებითა და ღამის იებით გავსებულ კორდზე მოკალათდა აურიგი, ჩამოშლილი კლდის ერთ-ერთ ლოდთან. საღამოს ქარი ამოვარდა და ერთიანად ააცახცახა, სულ ძილ-ღვიძილში გაატარებინა მთელი ღამე. შემდეგ, გამთენიისას წვიმამაც დაასხა და მაშინვე ფეხზე წამოაგდო.

მთის აწუნწუხებულ ძირს გაუყვა დაღლილ-დაქანცული აურიგი. როდესაც მდინარის ნაპირს მიუახლოვდა, ცხვირის ცემინება დააწყებინა და გაციებული ნესტოებიდან წყალივით წამოუვიდა სისხლნარევი ცინგლები.

ცხვირ-ხახაში სისველე, სამოსში სისველე, გარშემო სისველე, ყველგან სისველე. თან, ამას ქარიც ემატებოდა, რომელიც მთელ ამ სისველეს თითქოს ერთიანად აყინავდა ზედ.

„ესეც კიდევ ერთი რატომ, – სახედაჯღანული მიიწევდა წინ აურიგი, – რატომ რთულდება ჩემს თავს ყოველთვის ყველაფერი ისე, რომ ჭკუიდან გადამიყვანოს ? რა იქნება ხანდახან რაღაცები მარტივად რომ მომეცეს მეც ? აი, ისე, როგორც იღბლიან ნაბიჭვრებს მიერთმევათ ხოლმე მოოქრული ლანგრით ყველანაირი ამქვეყნიური სიკეთე. რა დაშავდება ამით ? უსამართლობაა და მეტი არაფერი ეს ყველაფერი.“

სულ ქვა-ღორღიანი ნაპირი გასდევდა მდინარეს და ფეხისგულებსა და ქუსლებს უმოწყალოდ უჩხვლეტდა. ერთი-ორჯერ ფეხიც აუსრიალდა და მუხლებით მტკივნეულად დავარდა ქვებზე. როდესაც კარგა ხანს იარა, ისეთ ადგილამდე მივიდა, სადაც კლდის ბასრი შვერილები იმგვარად იყო გზაზე გამოწეული, რომ იქ გავლას შეუძლებელს ხდიდა, ამიტომ უკან დაბრუნება და ფონის პოვნა მოუწია. ქაცვის ბუჩქების მონაკვეთთან შეტოპა მდინარეში, ცივი წყალი თეძოებამდე მისწვდა და ერთიანად ააკანკალა. მეორე ნაპირზე გადასულმა სასწრაფოდ წაიძრო ფეხებიდან ჩექმები და შიგ ჩაგუბებული წყალი ქვებზე გადმოღვარა. შემდეგ, კვლავ ჩაიცვა და ისე გააგრძელა გზა თავიდან ფეხებამდე აცახცახებულმა. შებინდებისას წვიმამ გადაიღო. აურიგმა ერთ ჭინჭრებიან ბექობამდე მიაღწია. ზედ ავიდა და იქიდან გადახედა ლანდშაფტს. შორს, რუხი ბორცვებისა და მოღუშული ჭანჭრობების მიღმა ქალაქი მოჩანდა. იქვე იყო ტყეც, რომელიც მარჯვნივ მიიწევდა მთაგრეხილისკენ. როგორც ივარაუდა, მდინარე ზუსტად კალენბორნისკენ მიჩუხჩუხებდა. ამდენი წვალების შემდეგ კმაყოფილება იგრძნო აურიგმა. ხვალ შუადღეს უკვე ქალაქში იქნებოდა. იმედი ჰქონდა კუთვნილ გასამრჯელოსაც მიიღებდა.

 

 

 

****

 

 

„ქეციანი“ ამრეზილი უყურებდა ტომრიდან ახლახან გადმოგორებულ „ალქაჯის თავს“. მასთან მდგომ ინკვიზიციის გვარდიელებს ზიზღი ეფინათ პირქუშ სახეებზე. აურიგიც მათსავით დაჯღანული იდგა ხორცის ხრწნის საძაგელი სუნისგან შეწუხებული და თან დაძაბული ელოდა იმ მომენტს, როცა რომელიმე დაიძახებდა ეს რა მოგვითრიე, ეს ხომ ჩვეულებრივი ადამიანიაო.

– როდის მოვკალიო, რა თქვი ? – კრიალა თვალები მიანათა ოტისმა.

– ორი... ორი დღის წინ. 

„ქეციანმა“ თავი დააქნია.

– ჰო, დაეტყო ქალაქს. უკვე ორი-სამი დღეა იმდენ ხალხს აღარ კლავს ჟამი.

აურიგს სიხარულით აუგუგუნდა გული. ნუთუ როგორც იქნა გაუმართლა ? ნუთუ როგორც იქნა მის წინააღმდეგ არ იყო ამქვეყნად სულყველაფერი ?

– კიდევ უფრო გაულამაზებიხარ კუდიანს, ვერაფერს იტყვი, – მის ცხვირს მიაჩერდა ლოყანაიარევი გვარდიელი და შემდეგ ისევ მოკვეთილ თავს ჩააცქერდა ცხვირზე ხელთათმანაფარებული, – და შენც კარგად გაგილამაზებია, იცოცხლე. ფუჰ, ნახე, რას უგავს თავი ამ უწმინდურს.

ოტისმა ჩექმა წაჰკრა მოკვეთილ თავს და ისევ ტომრის ყელთან მიაგორა.

– მიდი შეახვიე კარგად, – ხელით ანიშნა აურიგს, – როგორ ყარს ეს წყეული. კალუმს ვეტყვი წაიღოს და გუშაგებს მისცეს. ამის ადგილი კედელზეა, სარზე.

– ადვილი ნამდვილად არ ყოფილა ამის მოკვლა, – დასახიჩრებული თავის ტომარაში საგულდაგულოდ შეხვევის შემდეგ აურგიმა დაბეჟილ მკლავზე დაიდო ხელი, – საგზალი კარგად გვეყო, – იქვე დაგდებული დანარჩენი ორი ტომრისკენ გადააქანა თავი.

– გეყოფოდა, აბა რა იქნებოდა ? – დაიხვიხვინა ჯირკვივით ჩასკვნილმა გვარდიელმა, – მთელი სალაფავი მარტო შენ დაგრჩა. უჰ, მგონი, ისე ძაან აღარ ყარს აქაურობა. 

– აქ დაიცადე, – საჯინიბოდან გასასვლელისკენ წავიდა ოტისი, – გასამრჯელოს მოგიტან.

ხარიხებზე მიბმული ცხენები მშვიდად აკანტურებდნენ თავებს. ეტყობოდათ, სულ ცალ ფეხზე რომ ეკიდათ ადამიანთა საქმეები. უმინო ფანჯრებიდან შემოსული წვიმის შხაპუნის ხმა ფაქიზ ექოდ ეფინებოდა ქვითკირის კედლებსა და რიყის ქვებით მოკირწყლულ იატაკს.

– მშურს შენი, – ხალიანი ყურის ბიბილო მოიზილა ლოყანაიარევმა გვარდიელმა, – ახლა ალბათ საროსკიპოში დასცემ კარავს, არა ? ფული საკმარისი კი გექნება. 

– ვნახოთ, – თავშეკავებულად უპასუხა აურიგმა. 

– შენს ადგილას მე ეგრე მოვიქცეოდი. ქალზე კარგად რა ანუგეშებს ნატანჯ ხორცს ?

– იჰ, არაფერი, - დაეთანხმა ამხანაგი.

ოტისი ხელცარიელი დაბრუნდა უკან. აურიგს გული გადაუქანდა ნეტავ უარზე ხომ არაა მთავარინკვიზიტორი გასამრჯელოს გადახდაზეო, მაგრამ როდესაც ჯიბეში ჩაიყო ხელი „ქეციანმა“ და სამი ვერცხლის მონეტა გაუწოდა, შვებით ამოისუნთქა.

– ესეც შენი სამი ვერცხლი, – დაიჯღანა ოტისი, – სამასი ბროილია, ხომ იცი ? მერე არ მოგვედავო რამეზე.  

– ვიცი, – აურიგმა მონეტებს დახედა. გვირგვინოსანი ჭაბუკი იყო ზედ გამოსახული. ის ახალი მეფე იქნებოდა, კატორღიდან მისი განმათავისუფლებელი. შემდეგ შარვლის ღრმა ჯიბეში ჩაიჩხრიალა მონეტები, სადაც თავისი ბინის გასაღებიც ეგდო, – რომელიმე ტომარა გამატანე. ფულს რომ გადავახურდავებ, დამჭირდება.  

– აი, ეს წაიღე, – ფეხი იმ ტომრისკენ გააქნია ქეციანმა, რომელშიც რამდენიმე პურიღა ეგდო, – აქვე დაყარე პურები... ჰო, მანდ. უკვე ობი ექნება შეპარული. კალუმს ვეტყვი და ღორებს აჭმევს მერე. მოსასხამი შენი იყოს. ტიკიც წაიღე თუ გინდა, რომელიც თვალში მოგდის. ჩათვალე ინკვიზიციის საჩუქარია ეს, – შემდეგ გვარდიელებს რიგ-რიგობით შეხედა, – ლორდი ყოფილა ეს, იცოდით ?  

ორივე გვარდიელი პირდაღებული მიაჩერდა აურიგს, მაგრამ ეს უკანასკნელი უკვე გამოთავისუფლებული ტომრითა და ბაცი ყვითელი ტიკით ხელში მიაბიჯებდა გარეთ გასასვლელი ხის ორფრთიანი კარისკენ. არ აპირებდა ამ რეგვენების შეკითხვებზე პასუხების გაცემას და მათი ბინძური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას.

– ჰო, – ჩაეცინა ოტისს და უკან აედევნა აურიგს, – დაიცა, გაგაცილებ.

ციტადელის კარიბჭიდან გამოსული აურიგი იმ მხარეს გაემართა, სადაც მაგისტრი გოდვინის ქანდაკება იდგა. ფულის გადახურდავება სურდა, ასე რომ როდესაც ხიდი გადაიარა ფულის გადამცვლელთა გილდიის პირველივე შენობაში შეაბიჯა ოლდენელი ძმების ქუჩაზე და ერთი ვერცხლი ბროილებად გამოართვა გილდიის მოჯამაგირეს. ორი ვერცხლის მონეტა ხელუხლებლად დატოვა, მოგვიანებით გადავახურდავებო, გაიფიქრა. ქუჩებში მართლაც გაცილებით ნაკლები მიცვალებული იწვა. აშკარა იყო – ჟამისგან მოსრულთა რიცხვი იკლებდა.

თავის ბინაში დაბრუნებულმა კარი გასაღებით გადაკეტა, ტომარა იატაკზე დააგდო და საწოლზე გაწვა დაოსებული. ახლა, როცა ისევ ამ გაუბედურებულ კედლებს, ჭერს და მწუხრის სიბნელენარევი შუქით განათებულ იატაკზე მოფენილ მუქ მტვერს მისჩერებოდა, ასე ეგონა ის ყველაფერი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში გადახდა, თითქოს არც მომხდარიყო და გატეხილი ცხვირის, მკლავის და გადატყავებული ფეხისგულების აბეზარი ტკივილი რომ არა ალბათ დაეჭვდებოდა კიდეც წინა დღეების სინამდვილეში. ტკივილი. უცნაური რამაა. იქნებ სწორედ იმიტომ არსებობს იგი, რომ ცხოვრებას ნამდვილობის განცდას სძენს ?

გადაწყვიტა ხვალვე დაეტოვებინა კალენბორნი. კალენბორნში სიკვდილი აჩვენა სარკემ თუ სხვაგან, შიშს ვერ აჰყვებოდა. ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა. ასეა წესი. ყველაფერი გრძელდება იქამდე, სანამ თვითონ ცხოვრება არ გადაწყვეტს მის შეჩერებას. რაც მეუფისგან ეწერა ის მაინც არ ასცდებოდა, რაც არ უნდა დამალულიყო და თავი აერიდებინა ხიფათისთვის. დილითვე წავალ ცხოველების ბაზარში და ჯერ ცხენს ვიყიდი, მერე კი საგზალს რომელიმე ტავერნაშიო, გაიფიქრა. შემდეგ აჰკიდებდა ცხენს საპალნეს, თვითონაც შემოაჯდებოდა ზურგზე და სამუდამოდ გაშორდებოდა ამ ავბედით ქალაქს.

ჭერზე გადაწელილ ჩრდილებს მიაშტერდა აურიგი. მუქი გამოსახულებები წვეტიან მთებს, ტევრებსა და კორომებს მიამსგავსა. იქვე მოლიცლიცე თალხი, თუმცა შედარებით ნათელი ხაზები კი მდინარეებს, რომლებიც თითქოს ხეობებს ქმნიდნენ მთებს შორის. წყლის ზოგი ნაკადი საერთოდ ნიაღვარივით მოედინებოდა ბნელ ფერდობებზე და ქვემოთ გაშლილ ტყეებს ტბორავდა, ზოგი კი კორომებთან მოჩუხჩუხებდა და ჭალებად აქცევდა იქაურობას. აჩრდილთა მომაჯადოებელმა სიმრუმემ თანდათან ქუთუთოები დაუმძიმა აურიგს.

თვალები რომ გაახილა, ისეთივე ბინდბუნდი შეეგება, როგორიც მათი დახუჭვისას. თავის გაბრუება და პირში მჟავე გემო რომ არა ვერც კი მიხვდებოდა თუ ეძინა. შუკიდან ბატების ყაყანის ხმამ შემოაღწია. დილა იყო, წყალი არ გაუვიდოდა. დროა საქმეს შესდგომოდა.

ბინიდან გასვლისთანავე შენობის გვერდითა კიბეს აუყვა. მასპინძელი დედაბერი მეორე სართულზე ცხოვრობდა. ბევრი აკაკუნა წიფლის აბლაბუდებიან კარზე აურიგმა, მაგრამ არავინ გაუღო. ნეტავ ჟამმა ხომ არ მოკლა და ახლა შიგნით გდია გახრწნილიო, გაივლო გულში. კარის ღრიჭოს დასუნა, მაგრამ ლპობის სუნი არ უგრძნია. გვერდითა მეზობელს დაუბრახუნა. მალევე გაიხსნა კარი. ვიღაც უგვანი დედაკაცი იყო, ცხვირზე უზარმაზარი მუწუკითა და მუქი ღინღლებით ნიკაპზე. როგორც აღმოჩნდა, წარმოდგენა არ ჰქონდა მას სად იყო მოხუცი.

– როცა ნახავ, ეს სამი ბროილი მიეცი, – თითბრის მონეტები გაუწოდა აურიგმა, – ბინის ქირაა. იცოდე, არ მიითვისო, თორემ უკან როცა დავბრუნდები, ცუდად წაგივა საქმე. 

ცხოველების ბაზრისკენ გაემართა აურიგი ფულიანი ტომრის ჩხარუნით. როგორც იცოდა, უახლოესი, ოსილონელ მეწაღეთა უბანში იყო, მინის მიტოვებული საამქროს შენობაში. საკმაოდ შიოდა, მაგრამ გადაწყვეტილი ჰქონდა ჯერ ცხენი შეეძინა და შემდეგ წაეხემსა რომელიმე ტავერნაში, სანამ ქალაქიდან გაემგზავრებოდა.

ოსილონელ მეწაღეთა უბანში შესულმა კითხვა-კითხვით მიაგნო ცხოველების ბაზარს. ოხრად დაგდებული უშველებელი საამქრო ინკვიზიტორ ლეროი ბელმონტის ქუჩაზე აღმოჩნდა. წინა ფასადი საერთოდ მოენგრიათ მისთვის და ახლა მთელს სიგრძეზე აყაყანებული მოვაჭრეები ჩარიგებულიყვნენ თავ-თავიანთი საქონლით. მათ მოპირდაპირე მხარეს, გვიმგაბზარულ ჭასთან რამდენიმე მეწვრილმანესაც ჰქონდა დახლი გაშლილი.

ქათმებსა და ღორებს გულგრილად ჩაუარა აურიგმა; თხებით, ხარებითა და ძროხებით მოვაჭრეებს ყური არ ათხოვა და პირველივე მეცხენესთან გაჩერდა. კოხტად წვერგაკრეჭილ კაცს სულ ბელეგადან, ბაშდურის უდაბნოდან და შორეული ბრაქიიდან ჩამოყვანილი სახელგანთქმული ჯიშების ცხენები ჰყავდა და შვიდას ბროილზე ნაკლებად არცერთს არ აფასებდა. ერთი ქათქათა, მაღალფეხება და ულამაზესი ფაშატი საერთოდ ორი ოქრო ღირდა. მის შესახებ კბილებგაკრეჭილი იძახდა მეცხენე, ეს მშვენიერი ლედი ბრაქიის წმინდა მდინარეების წყალზეა გაზრდილი და ორ ოქროზე ნაკლებად რომ გავატანო ვინმეს ბრაქიის ბნელი ღმერთები უთუოდ რამე სასჯელს მომივლენენო.

რამდენიმე ვაჭარს გაესაუბრა აურიგი. ყველაზე იაფფასიანი ცხენები ცალთვალა ჭარმაგ მოხუცს ჰყავდა გასაყიდად გამოყვანილი, ასე რომ მასთან გაჩერდა ყოფილი ლორდი. ბერიკაცი ირწმუნებოდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ნოქარი იყო და თან წარმოშობით ჩრდილოელი, არადა სახეს არათუ ნაწნავები, არამედ პატარა ღინღლიც კი არ უმკობდა. ყველაზე ხელმისაწვდომ ფასში ჩრდილოური ტანმორჩილი საფერხე ჰყავდა მას.   

– ას ოთხმოც ბროილზე ნაკლებად ვერ გაგატან, ღმერთმანი, – უცნაური აქცენტით იძახდა ნოქარი, – კიდევ რომ დაგიკლო აქედან დამიფრენს თავმჯდომარე ლოველი. კარგი ცხენია, კარგი. უკვე გახედნილია. გამძლეცაა. ხედავ როგორი მსხვილი კანჭები აქვს ? ზუსტად შენი ზომის კაცისთვისაა ზედგამოჭრილი.

– წავიყვან, – ყურებზე მიეფერა აურიგი მორჩილად ჩამომდგარ დაღვრემილ ცხენს, - უნაგირიც ხომ არ გაქვს ?

როგორც აღმოჩნდა არათუ უნაგირი ჰქონდა ნოქარს, არამედ აღვირიც. საამქროს ბათქაშჩამოყრილ კედელთან გაჩერებული ფორნიდან უცბად გადმოიღო მოხუცმა ბალიშგახეხილი და გაცრეცილფრთებიანი ფერდაკარგული უნაგირი, რომელსაც სამკერდეც ჰქონდა და კიდევ გვარიანად ნახმარი აღვირი, ჟანგმოდებული ლაგამითა და გახუნებული სადავეებით. მთელ აღკაზმულობას ოც ბროილად მოგცემ და ზუსტად ორი ვერცხლის შენაძენი გამოგივაო, უთხრა აურიგს.    

– ასე იაფად უნაგირს და აღვირს ვერსად იშოვი, დამიჯერე, – ციებიანივით აბრიალებდა თვალებს მოხუცი, – უჰ, სარაჯებს ცეცხლის ფასი უდევთ აღკაზმულობაზე. აგერ მე თან სარბილოსაც გაგატან და თექალთოსაც... და ამ ყველაფერს ოც ბროილად, აბაა.

ყოფილ ლორდს ვაჭრობის თავი არ ჰქონდა და თანხმობა განაცხადა.

– სიკეთეში მოგახმაროს მაღალმა მეუფემ, – თვალებგაბრწყინებულმა მიუგო მოხუცმა როგორც კი ორი ვერცხლის მონეტა დაიგულა და ცხენის შეკაზმვაშიც მაშინვე მიეშველა.

აურიგმა შალის ორგანყოფილებიანი მოზრდილი აბგის შეძენაც გადაწყვიტა იქვე ახლოს ჩამომდგარი ერთი კბილებჩამტვრეული მეწვრილმანისგან. მასში თავისუფლად ჩააწყობდა როგორც ფულს, ისე საგზალს. კიდევ, სამი ცალი ორი წყრთის სიგრძის თასმა იყიდა მისგან, – რა იცოდა რაში გამოადგებოდა.

აბგა უნაგირზე გადაკიდა. ფული მის ერთ-ერთ ჯიბეში ჩაყარა. ტომარა დაკეცა და ისიც ფულთან ჩადო მჭიდროდ, გადამეტებულად რომ არ ეჩხრიალა მონეტებს. როდესაც უნაგირზე შემოჯდა აურიგი და ლაჯები ცხოველის ფერდებიდან გადმოუშვა, ფეხის წვერები მიწას შეახო ლამის.

„ალბათ, ისე ვჩანვარ თითქოს ჯორზე ვიჯდე“, – უკმაყოფილოდ დაიჯღანა და ბაზარს ნელა მოაშორა თავისი ნისლა. ომის მერე ცხენზე აღარ მჯდარიყო აურიგი და ახლა ცოტა არ იყოს ეუცხოებოდა უნაგირზე რომ ედო საჯდომი.  

– ვჭამოთ ახლა, რას იტყვი ? – კისერზე მიეალერსა ცხენს, როდესაც პრინცესა ტერეზას ქუჩაზე გაუხვიეს, – სახელს მერე მოგიფიქრებ... ჯერ შევჭამ. ისე, გინდა სახელი რომ გერქვას ?

ანაზდად ცხოველმა მარჯვენა ყური შეათრთოლა. ესე იგი, თანახმა იყო ? აურიგმა, მომდევნო ქუჩაზე, ერთ ორსართულიან, ფიქლით გადახურულ ტავერნაში წახემსება გადაწყვიტა, –  მარილით მოვაჭრეთა გილდიის თაღგაბზარული შენობის მოპირდაპირე მხარეს იდგა იგი. შიგნით შესვლის წინ, აბგა თვითონ გადაიკიდა მხარზე, რადგან ეშინოდა ფულის უყურადღებოდ დატოვება, ხოლო ცხენი ტავერნის საჯინიბოში დააბმევინა დარაჯ ბიჭს. იცოდე, აჭამე და ასვიო, გააფრთხილა იგი და ტომრიდან ამოღებული ერთი ცალი თითბრის მონეტა გადაუგდო.

შიგნით შესულს არც ისე ბევრი ხალხი დაუხვდა იქ. ბურვაკის მწვადები და სამი ფიალა სამხრეთ კოვნერული თეთრი ღვინო შეუკვეთა. პურობის შემდეგ, ჭამა-სმისგან მოთენთილმა დაიწყო იმაზე ფიქრი რომელი კარიბჭით გასულიყო ქალაქიდან. მალევე გადაწყვიტა დასავლეთის ბჭედან დაეტოვებინა კალენბორნი. იქიდან მიმავალი გზა ნელ-ნელა როჩესტერების გზას შეუერთდებოდა, რომლითაც თანდათან ანორას უღელტეხილამდე მიაღწევდა და შემდეგ უკვე უღელტეხილით გადავიდოდა ოლდენში. იქ უკვე სამი ლორდის გზას დაადგებოდა და ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩავიდოდა ერგუნდიაში. კი, ეგრე ვიზამო, ფიქრობდა თავისი თავით კმაყოფილი აურიგი. წასვლის წინ, საგზლად, ადგილ-ადგილ თმაგაცვენილ, თუმცა საკმაოდ პირმშვენიერ მიმტან ქალს ოცდაათი ნაჭერი ლორის რაიმე ქსოვილში გახვევა და თავისი ტიკის წყლით ავსება სთხოვა. როდესაც ყველაფერი მოართვა მიმტანმა, ამ უკანასკნელმა უთხრა შენი საგზალიც და ის, რაც წეღან ჭამე და სვი, სულ ოცდაორი ბროილისაა ყველაფერიო. აურიგმა უყოყმანოდ ამოიღო აბგიდან ოცდაორი თითბრის მონეტა და მაგიდაზე დაუწყო ქალს, ხოლო შემდეგ, დაძონძილ ტილოს ნაჭერში გახვეული ხორცი აბგის თავისუფალ განყოფილებაში ჩადო და წყლიანი ტიკიც გვერდით მიუდო. ისევ მხარზე აბგაგადაკიდებული დაიძრა ნამეტნავად ჭრიალა კარისკენ, მაგრამ როდესაც გარეთ გამოვიდა, მეყსეულად შეცბუნდა. 

ექვსი კაცი. შავებში ჩაცმული ექვსი ბინძური კაცი იდგა გარეთ. ტიპური ქუჩის ბანდიტები. ვინ იცის, ფლინტსაც კი იცნობდნენ თავის დროზე. ერთი მათგანი, – თმახუჭუჭა და ცხვირგატეხილი, – საკმაოდ ზორბა იყო. აურიგამდე არც ისე ბევრი ეკლდა. მათი მეთაური გამხდარი და წაგრძელებულსახიანი კაცი იყო აშკარად. მზაკვრულად გაღიმებულს ცალი ხელი ტილოს შარვლის ჯიბეში ჩაეყო უდარდელად, ხოლო მეორე ხელით გაწაფული ათამაშებდა პატარა ხისტარიან დანას. ექვსეულიდან მხოლოდ ორს მოუჩანდა ხმალი, – თმახუჭუჭა ზორბას და კარადასავით განიერ, სახეაწითლებულ მელოტს. დანარჩენები ალბათ დანებით და მეუფემ უწყის რით იყვნენ შეიარაღებულები.

აურიგის და რამდენიმე უცნობის თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. ყოფილმა ლორდმა მაშინვე მოარიდა მათ მზერა და საჯინიბოსკენ გაემართა თავისი ნისლას გამოსაყვანად. თან თავ-ბედს იწყევლიდა ნეტავ რას დავლიე, ხომ ვიცოდი, რომ საფრთხე მომელოდაო, – მართალია დამთვრალი არა, მაგრამ მოშვებული კი იყო. თუმცა იქნებ მასთან სულაც არ იყო ექვსეული მოსული ? იქნებ ვინმე სხვას ელოდნენ ? 

მაგრამ როგორც კი ცხენზე შემოჯდა და ქუჩას გაუყვა, იმედი მაშინვე გაუქარწყლდა, – უცნობები ფეხდაფეხ მიჰყვნენ მას. მაშ, ყველაფერი გასაგები იყო. გარდაუვალობის შეგრძნება დაეუფლა აურიგს. ასე ეგონა, რაც არ უნდა ექნა აქ სიკვდილს მაინც ვერ აარიდებდა თავს და რომც აერიდებინა ამასაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოახერხებდა, რომ სინამდვილეში სარკისეული ბედისწერა იქნებოდა ამგვარი.

– ესე იგი, ეს უკვე მოხდა ? – ჩაილაპარაკა თავისთვის და რაც არ უნდა უცნაური ყოფილიყო ერთგვარი შვება იგრძნო თითქოს, – სულ ყველაფერი მოხდა უკვე ? 

ძალისხმევა. რისთვის ამდენი ძალისხმევა ? თუ ყველაფერი უკვე მოხდა, ნუთუ შეეძლო ცხოვრებაში პირველად აღარ ედარდა იმაზე, სწორად იმოქმედებდა თუ არა ? თუ ჩხუბი და სისხლისღვრა მოუწევდა, გასაკეთებელს მაინც გააკეთებდა, მაგრამ ლაღად და თავისუფლად, ბედისწერას შეგუებული. სხვა რა შეუძლია ადამიანს ასეთ ძალებთან, იმასთან რასაც გონებით ვერ ჩასწვდება ? რას გახდება ჭიანჭველა ჭექა-ქუხილთან ?

ცოტა ხანში, ტყვიისფერმა ცამ მიწაზე ჟინჟლის ჩამოშვება იწყო. აურიგმა მოსასხამის კაპიუშონი წამოიფარა და ისე განაგრძო გზა. უყურებდა როგორ მოწანწკარებდა უსუფთაო წყალი კრამიტის ფერდაკარგულ სახურავებზე; როგორ ეჟღინთებოდათ გათხუპნული ბეწვი სისველით სანაგვეებზე მიმდგარ ღორებსა და მაწანწალა ძაღლებს; როგორ აფახურებდნენ ცხენები თვალებს წვიმის წვეთების წამწამებზე დაცემისას; როგორ ეხვეოდნენ ცივი ნესტისგან მობუზული ადამიანები მანტიებსა და შალის სქელ ქსოვილებში; როგორ ჭყაპუნებდა სხვადასხვანაირი ჩექმები მუქ წუმპეებში; როგორ იმანჭებოდა სახეები ამ ყველაფრის მოწყინებისგან.

ნუთუ ეს ყველაფერიც უკვე მომხდარი იყო ? თუ იმ წყეულ სარკეებში ნებისმიერი დაინახავდა თავის სიკვდილს, ანუ მომავალს, გამოდის ყველაფერი უკვე განვლილი იყო, ასე არაა ? ყოველი ცხოვრება, ყოველი მოვლენა, ყოველი უმცირესი დეტალი, ნიავის მიერ ფოთლის პატარა ნაგლეჯის აშრიალებაც კი. მაგრამ რანაირად ? ვისი დაკიდებული იყო ტყეში ის სარკეები ? ვინ იყო სინამდვილეში ალქაჯი ? რატომ დაუშვა სულთა მეუფემ  ამგვარი რამის არსებობა ?

და რა თქმა უნდა არც ამ შეკითხვებზე ჰქონდა პასუხი აურიგს. უკან გაიხედა. ექვსი უცნობი კვალდაკვალ მოჰყვებოდა. გეგონება, შესაფერის მომენტს ელოდნენ, რათა ერთიანად მიწყდომოდნენ, როგორც მწევრები დაჭრილ ნადირს. ძაღლი იქამდე გამოგიდგება, სანამ არ დაანახვებ, რომ მისი არ გეშინიაო, გულში გაივლო აურიგმა და ცხენი ერთ-ერთ ტავერნასთან შეაყენა. ჩამოქვეითდა და იქვე გაკეთებულ ხარიხაზე გამოაბა აღვირით. თუ ახლა მოკვდებოდა, ნეტავ რა ეშველებოდა ამ ნისლას ? თუმცა სადარდებელი ალბათ არაფერი იყო, ცხენები უპატრონოდ ხომ ძალზედ იშვიათად რჩებოდნენ.

აურიგმა ექვსეულს გახედა. უცნობები ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ. ორ მათგანს უკვე მოზრდილი ბებუთებიც ჰქონდა ჩაბღუჯული. რა უნდა ექნა ? ადგა და ხმალი იშიშვლა. დაე, მომხდარიყო, რაც მოსახდენი იყო. ქუჩაში მოსიარულე ხალხს შეშინებული შეძახილები აღმოხდა. ყველა მაშინვე გაერიდა იქაურობას. რამდენიმე მხედარიც იყო ახლომახლო და უმალ შეაყენეს მათ თავიანთი ცხენები, ინტერესით დაუწყეს აურიგსა და მის მოწინააღმდეგეებს დაკვირვება. ქარქაში იქვე დააგდო ყოფილმა ლორდმა, – ტალახში. ბრძოლაში ხელს შემიშლისო, იფიქრა.

„იქნებ სხვა ქალაქში მიწევს სიკვდილი და არა აქ ?“ – იმედი მიეცა. თუ მართლაც ასე იყო, მაშინ ეს უგვანები ვერაფერს დააკლებდნენ, ვინ იცის სიცოცხლესაც კი გამოასალმებდა ყოველ მათგანს. მაგრამ აქ სიკვდილიც რომ რგებოდა წილად, რა პრობლემა იყო ? შეეძლო ბედისწერას მინდობოდა და ებრძოლა იქამდე, სანამ იბრძოლებდა.

ექვსეულის მეთაურმა ნაცრისფერი კბილები გაღრიჭა და ტყავის ქურთუკის სახელოდან დანა გამოაძვრინა.

– მოდით, თქვე ნაბიჭვრებო ! – იღრიალა აურიგმა და თავისი მძიმე ხმალი შემართა, – ყველას მოგხედავთ !  

დანარჩენმა მომხდურებმაც იშიშვლეს იარაღები, ვისაც რა ჰქონდა. მხარბეჭიანი ალბინოსის დაჟანგულპირიანი სატევრის, თმახუჭუჭა ზორბას ხმლის გაშავებული ღარებისა და ჩაგოდრებული წითურის ეკლებიანი, სისხლმიმხმარი რკინის ხელთათმნის დანახვაზე აურიგს გააჟრჟოლა და ის სილაღე, რომლით ბრძოლასაც აპირებდა, უცბად აუორთქლდა სადღაც.

– დიდი შეცდომა კი დაუშვი, ოსბერტს რომ აწყენინე, – ოინბაზური სახით დაიძახა მეთაურმა და დანა თითებს შორის საოცარი ოსტატობით ააცეკვა. გაჩერდა და მკლავებგაშლილმა დანარჩენებიც შეაჩერა, – შეგეძლო ჩვენთან ერთად წაგემუშავა სამორინეში... მაგრამ სხვა გზა აირჩიე.  

ესე იგი, ვაჭრებმა შეუკვეთეს მისი მოკვლა ან... ვაჭარმა. 

– მაშ, დახლიდრებს დაუდექით მოჯამაგირეებად არა, თქვე ნაბიჭვრებო ? – აურიგს რაც შეეძლო გაიმართა წელში, რომ კიდევ უფრო დიდი გამოჩენილიყო. იქნებ შეშინებოდათ ამ ბინძურ ძაღლებს და ხელი აეღოთ საქმეზე ? – და ამის მერე კაცებს ეძახით თქვენს თავებს ?

– ჰეჰ, შენნაირი რეგვენები კაცობას რასაც ეძახიან, პურს ვერ გვაჭმევს, – ჩაიქირქილა მეთაურმა, – ისე, პირველი ლორდი კი იქნები ვისაც სულს გავაფრთხობინებთ.   

– თავის დროზე უბრალო ხალხი ყვლიფე, არა ? ჩვენნაირები ? ჰოდა, ახლა შენი დამპალი ხორცით უნდა გადაიხადო ვალი, შე მართლა ნაბიჭვარო, – დაიძახა ალბინოსმა და სატევრიანი მაჯა დაატრიალა. საბრძოლველად მოემზადა, – მალე ჩაძაღლდები, შენი დედაც.

– წრე ! – დაიყივლა მეთაურმა და ბანდიტებმა მაშინვე დაიწყეს გაშლა. ალყაში აქცევდნენ აურიგს.

აურიგმა კაპიუშონი გადაიძრო და ხმალი შეათამაშა ხელში. თითებათრთოლებულმა თვითონაც წრეზე დაიწყო ტრიალი. ნებისმიერი მხრიდან შეიძლებოდა დასხმოდნენ თავს და არ უნდოდა გამორჩენოდა ის მომენტი, როცა რომელიმე გადმოდგამდა მისკენ ნაბიჯს. აშკარა იყო მის დაზოგვას არავინ აპირებდა. ყოველ ბანდიტს ეტყობოდა, რომ ისე ძლიერ უნდოდა მისი დაჩეხვა, როგორც ცხელ უდაბნოში დაკარგულ კაცს, – ცივი წყალი. სხვას თუ ვერავის ამ ორ დამპალს მაინც უნდა დავუბნელო მზეო, ფიქრობდა აურიგი კმაყოფილებით აღრენილ ბანდიტთა მეთაურსა და სატევრიან ალბინოსზე. 

– სისხლისგან დაგცლით, შე ბოზის ნაშიერო, – გაისმა ნამეტნავად ბოხი ხმა.

– რაღას ვუცდით ? დროზე დავკლათ და წავიდეთ ბოზებში.

– ჰაჰ, ხელები ბებერი ჰალივით არ უკანკალებს ? ჩემს ყველა ნაბიჭვარს ვფიცავ, უეჭველი სულ ზედ იფსამს ხოლმე.  

აურიგს წვიმის წვეთები აცვიოდა თავზე. სისველე ყურებში ჩასდიოდა. ლოყებს ცივი ნიავი უწვავდა. გულ-მუცელი გაშეშებული ჰქონდა დაძაბულობისგან. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო ერთდროულად ექვს ქუჩის ბანდიტთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ შებმა ? უცბად მარჯვენა მხრიდან ნაბიჯი გადმოდგა მისკენ ვიღაცამ. სასწრაფოდ შეტრიალდა მისკენ ყოფილი ლორდი. ცალთვალა და წინაკბილებჩამტვრეული უშნო კაცი შერჩა ხელში. ღრიალით მოუქნია ხმალი და ქვედა ყბა თვალის დახამხამებაში მოათალა. გარშემო ღმუილი გაისმა და იგრძნო როგორ გამოქანდა მისკენ ერთბაშად დანარჩენი ხუთი მამაკაცი. ანაზდად იელვეს ხმლებმა და დანებმა. ერთი. ორი. სამი. მეოთხეც მოიგერია აურიგმა თავისი მახვილით, მაგრამ მეყსეულად შეჰყვირა, –  ცივი ჩხვლეტა იგრძნო ფერდში. შემდეგ ზურგში. ბარძაყში. თეძოში. ბეჭში. მკერდში. მუცელში. კუჭიდან ამოსულმა მხურვალე სისხლმა პირი აუვსო. ამის მიუხედავად, ხმალს გამწარებული იქნევდა. რაღა ჰქონდა დასაკარგი ? დაინახა როგორ მოსწყვიტა მისმა მახვილმა ბანდიტთა მეთაურს მხრებიდან ის უგვანი თავი, ხოლო ალბინოსს როგორ ჩაუჩეხა ტანი მხრიდან მუცლამდე. მაშ, სულ მცირე სამ კაცს მაინც გაიყოლებდა თან. ამ პირობებში შესანიშნავი ნამუშევარი იყო.

ისევ მსუსხავი ჩხვლეტა. მკერდში. ზურგში. კვლავ მკერდში. ისევ ზურგში. კისერში. ყელში. ტუჩებში. ნიკაპში. ისევ მკერდში. ლოყაში. მარჯვენა ყბაში. ყურში. შუბლში. მარცხენა ყბაში. კვლავ შუბლში. ისევ ტუჩებში. რა უცნაური იყო, ცხვირში რატომ არ ურტყამდნენ ? ლითონის ელვარებით თავბრუდახვეულმა და ყურების წუილით გაგიჟებულმა აურიგმა წამით იფიქრა, მგონი ზუსტად ისე დამასახიჩრეს, როგორც სარკეში ვნახეო და მუხლებზე დავარდა. პირი, მწკლარტე სისველით ევსებოდა. ხედავდა როგორ რწყავდა მისი ბაგეებიდან, მკერდიდან და მუცლიდან გადმოდენილი სისხლი აწუმპებულ ტალახს. რაღაც მაგარის მოხვედრა იგრძნო გვერდებში, თავშიც, – ალბათ წიხლების. უცბად დაჩეხილ მკერდში ძლიერად უბიძგა შავმა რაღაცამ და ზურგზე დაეცა ლაფში. ჩამუქებული ცა დაინახა. უცნაურად ციმციმებდა იგი. გეგონება, ზემოთ ცა კი არა ზღვა იყო, რომლის თალხ ტალღებსაც ძლიერი ქარიშხალი აბობოქრებდა. კიდევ ერთი ჩხვლეტა იგრძნო თითქოს, ოღონდ სად, ვეღარ ხვდებოდა რატომღაც.

რა საოცარი იყო. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც სარკემ აჩვენა. და რაც მოხდა, მოხდა. რაღას შეცვლიდა ? ნუთუ ეს იყო ? ნუთუ საბოლოოდ მთავრდებოდა მისი ამქვეყნიური ცხოვრება ? ნუთუ სადაცაა თავის ვაჟებს ჩაიკრავდა გულში ? ნუთუ მამამისსა და თავის ძმებს ხელახლა ჩახედავდა თვალებში და კიდევ ერთხელ აუქოჩრავდა მაყვლისფერ თმას ძმისშვილებს ? ნუთუ ყველანი ერთად მოიგონებდნენ ომისდროინდელ ამბებს ?

თვალები აუწყლიანდა აურიგს. თითქმის ვეღარ სუნთქავდა. მის ყელსა და მკერდს ამაო ჭინთვა იპყრობდა, მაგრამ პანიკაში რატომღაც არ ეფლობოდა. თითებში ნაცნობი კანკალი იგრძნო უცბად. მზად იყო დაეფიცა, რომ ნიკაპიც უცახცახებდა, მიუხედავად იმისა, რომ ცხვირის ქვემოთ ვეღარაფერს გრძნობდა. 

ცა კიდევ უფრო აციმციმდა. არსაიდან სინათლის მსხვილ-მსხვილი ნაპერწკლები გამოჩნდა თითქოს და ზეცაში დაგუბებულ ბნელს უცნაური გუგუნით შეუტია. გაუგებარი იყო, რომელი მხარე გაიმარჯვებდა.

 


ოსტატი „ქორი“

 

776 წელი პირველი გამოცხადებიდან

 

თავი პირველი

 

 

უზარმაზარი ქათქათა ღრუბელი ეკიდა ცაში. მზე თავის მხურვალე ისრებს უშენდა მას. ცხელი ნიავი მიწასა და ზეცას შორის დანარნარებდა და აცახცახებულ ბუღში ხვევდა გარემოს.

კოლისმა დახრუკულ ბალახზე შეისწორა თავი და ჯიუტად მიაჩერდა ღრუბლის გასწვრივ მონავარდე ქორს, რომელიც ცაში ფართო კამარას კრავდა.

– ცოტა ქვემოთ ჩამო ! – თავისთვის თქვა კოლისმა.

გეგონება ამას ელოდაო, უმალ მოიმატა ზომაში ფრინველმა.

– ახლა ისევ ზემოთ ადი და მარცხნივ გაფრინდი, ღრუბლისკენ !

ქორმა ფრთები ოდნავ შეაფრთხიალა, დაპატარავდა, მოუხვია და პირდაპირ ღრუბლისკენ გაქანდა.

– ღრუბელში შედი !  

და მაშინვე ჩაიკარგა ფრინველი სითეთრეში.

კმაყოფილს ჩაეღიმა კოლისს. რაც თავი ახსოვდა, ყოველ ჯერზე, რაც არ უნდა ეთქვა ნებისმიერი ქორისთვის და რა შორსაც არ უნდა ყოფილიყო იგი, ეს უკანასკნელი დაუყოვნებლივ ასრულებდა მის ბრძანებას. ოღონდ, ამისთვის აუცილებლად მისი თვალთახედვის არეში უნდა ყოფილიყო ქორი.

– ჯანდაბა ! – ოდნავ წამოჯდა კოლისი და შეშინებული მიაჩერდა ღრუბელს, – რა ჯანდაბად ვუთხარი ეს ? 

გაფაციცებული აკვირდებოდა ცას, მაგრამ ქორისმაგვარი აღარაფერი ჩანდა.

„ღრუბელში დარჩა ?“

– გამოდი ! გეყურება ? გამოდი ! – ხმამაღლა დაიძახა კოლისმა, მაგრამ სპეტაკი ღრუბლისა და ლილისფერი ცის მეტს ვეღარაფერს ხედავდა.

ფეხზე წამოვარდა, თელის ხის ჩრდილიდან გამოვიდა, თვალები ხელით მოიჩრდილა და ახლა ამგვარად დაუწყო დაკვირვება ზეცას. ამწვანებული გორების, ჭალების, მუდამ დათოვლილი ბელეგას მთების, მდინარე ალინის მხარეს, ლამის ცის ყოველ წერტილს მოავლო თვალი, თუმცა ქორის მსგავსს კვლავ ვერაფერს მოჰკრა თვალი.

– გამოდი ! გამოდი-მეთქი ! გამოფრინდი ღრუბლიდან ! – ახლა ისევ ჩასუქებულ ღრუბელს მიაჩერდა.

– გაგიჟდი ? – ჩაესმა უკნიდან.

კოლისმა მაშინვე ელდანაკრავივით მიაბრუნა თავი.

ტრემი იყო. კიდევ ერთი მუწუკი ამოსვლოდა ფერმკრთალ, თუმცა მეტად ჭორფლიან შუბლზე.

„უჰ, გადავრჩი“, – შვებით ამოისუნთქა კოლისმა და უმალ მიუგო:

– ნეტავ თავს დამანებებდე !   

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ცხრა წლის იყო აწ გარდაცვლილმა მოციქულმა ამოსმა მკაცრად გააფრთხილა, იცოდე არასდროს არავის უთხრა ასეთი რამ რომ შეგიძლიაო.

„დედაშენსაც კი არაფერი უთხრა იცოდე, ბიჭო ! გესმის თუ არა ? – თითის ქნევით ეუბნებოდა შევერცხლილწვერიანი მოციქული, – თორემ, სადაც ერთი და ორი იგებს ასეთ რამეს, იქ ინკვიზიციამდეც მალე მიაღწევს ხმები. არც ჩემთვის უნდა გეთქვა !

– ვის ეძახდი ? – სახედაჯღანულმა აიხედა ზევით ტრემმა.

– წადი რა, საქმე ნახე !  

ტრემმა ჭორფლიანი ცხვირი მოიფხანა და ისიც ხის ჩრდილში გაწვა, ოღონდ, იმ მხარეს, სადაც მოზრდილი ფუღურო ჰქონდა მას. თავისი ცეცხლისფერი თავი პირდაპირ სიცხისგან დაოსებულ გვირილებზე დადო და დასრისა.

– ჰეროლდი იყო მოსული... ერლი ბლანშარდის.

– მერე ? – კოლისი ისევ გაწვა თავის ადგილას და ღრუბლის ცქერა განაგრძო. ქორის ჭაჭანება არსად იყო.  

– თოთხმეტი წლის ზემოთ ვინც ხართო, მმ, ყველანი ერლის ციხესიმაგრეში გამოცხადდითო... წმინდა ტერეზას დღესო... ომი იწყება, – ნაღვლიანად თქვა ტრემმა.

„მაშ, ჩემი დროც დამდგარა.“

ქვემოთ განფენილი ჭალების მხრიდან საამურმა ნიავმა მოუბერა და ჯვალოს შარვლის ტოტებში შეუძვრა კოლისს, თავისი ოდნავ გრილი თითებით მოეფერა ჩახურებულ კანზე.

საშინელი გვალვა დაიჭირა დიად მოციქულ ელეონის დღის შემდეგ. სახნავ-სათესი მიწები სულ გამოაშრო, გზები იმაზე უფრო მაგრად დახეთქა, ვიდრე შარშანდელი მიწისძვრისას დასკდა დაბის ტაძრის კედლები. მდინარე ალინიც კი ორჯერ უფრო ვიწრო და დაბალი იყო ახლა, ვიდრე თუნდაც დიად მოციქულ ელეონის დღემდე, – ცხენები და ხარები თავისუფლად გადადიოდნენ მასზე.

„ეს ცოდვების ბრალია... ერგუნდიის მფარველ წმინდანთა დღეს ბილწი ღრეობა რომ მოაწყვეს ერლებმა ნორბურგში, ეე,ზუსტად ამიტომ დაგვსაჯა დიადმა მოციქულმა, – წარამარა ჩაესმოდა კოლისს დედამისის ვიშვიში, როცა სახლში იყო, - სულ გაგვინახევრებს მოსავალს ეს გვალვა... მეუფეო, შეგვიწყალე !“

ტრემმა ჩაახველა და ბარძაყზე იჩქმიტა .

– მერე ნეტავ შენ რა გადარდებს ? თორმეტი წელიც არ შეგსრულებია ჯერ, – თქვა კოლისმა.

– ჰო, მე არა, მაგრამ ჩემი ძმა ხომ უნდა წავიდეს ?... დედა მთელი დღეა ტირის. მამა სვამს... ისიც უნდა წავიდეს.  

– მამაშენიც ? 

– ჰო. ასე თქვა ჰეროლდმა ყველა უნდა წამოხვიდეთო... ორმოცდა... დაიცა... არ მახსოვს... ორმოცდა რაღაც წლამდე ვინც ხართო... მამასაც უწევს.

მართალია კოლისის მამა, კოლერი ომში დაიღუპა ცხრა წლის წინ, თუმცა ბიჭი თვითონ დიდად არ დანაღვლიანებულა მასაც ომში წასვლა რომ უწევდა. მთელი ცხოვრებაა, დაბის საზღვრებს არ გასცდენოდა და ახლა შანსი ეძლეოდა სხვა დაბები და სოფლებიც ენახა... და რაც მთავარია, ერლი ბლანშარდის ციხესიმაგრე ეხილა. მასზე ხომ მეტყევე გასტონმა თქვა ერთხელ, რომ მათი დაბის ტაძარზე ორჯერ უფრო მაღალი კედლები იცავდა.

ერთადერთი, ქვრივ დედაზე ედარდებოდა. საბრალო ქალს ძალზედ გაუჭირდებოდა უფროსი ვაჟის გარეშე სახლის საქმეების გაძღოლა. მაგრამ ლორისი და ბუნი უკვე მთლად პატარებიც აღარ იყვნენ და მიეშველებოდნენ დედას. აგერ ლორისი უკვე თავისუფლად იკავებდა თოხსაც და ბარსაც. მალე არც უროს აწევა გაუჭირდებოდა.

– შენც უნდა წახვიდე, არა ? თხუთმეტის არა ხარ უკვე ? – ფეხები ბალახს გაუხახუნა ტრემმა.

– კი.

– თუ არ წახვალ, ერლის აღამსრულებელი თავს წაგაგდებინებს. ხომ გახსოვს, რა უქნეს მჭედელი გაელის ბიჭებს ?  

– მივდივარ-მეთქი, არ გეყურება ? არ ვაპირებ აქ დარჩენას.

ქორი ისევ არ ჩანდა და კოლისს ეს მძიმე ლოდად ეწვა გულზე.

– მომენატრები. 

– შეგიძლია, აწი ლორისს და ბუნს მოაბეზრო ხოლმე თავი, სანამ... სანამ მე არ ვიქნები.

თავის მიერ წარმოთქმულმა ბოლო სიტყვებმა დააეჭვა კოლისი. დაბრუნდებოდა რომ ომიდან ? მამამისი, რომელიც ბელეგას ომის ვეტერანი იყო, გუშაგად მსახურობდა ბლანშარდების ციხესიმაგრეში და შუბის და ხმლის ხმარება საკმაოდ კარგად ეხერხებოდა, სახლში ვერ დაბრუნდა და არლის ხიდთან ოცდათექვსმეტი წლის ასაკში დაასრულა სიცოცხლე, როდესაც სხვა ჯარისკაცებთან ერთად შეეტაკა ოგერ-კერმუდელთა ურდოს.

და თვითონ ? ბიჭი, რომელსაც ნამდვილი ბრძოლის გამოცდილება არასდროს ჰქონია, რა ძალას უნდა გადაერჩინა ? თან ვაითუ ისევ იმ შეშლილი ოგერ-კერმუდელების შემოსევა იყო დაწყებული და სწორედ მათთან საბრძოლველად ჰკრებდა ერლი ბლანშარდი ლაშქარს ? როგორც თავის დროზე მოციქული ამოსი იძახდა, იგი ორჯერ იყო მოსწრებული ისტლენდიდან ჩამოთრეული ურდოების შემოსევას და ყოველ ჯერზე მათ დასახვედრად დაბიდან წაყვანილი ბიჭებისა და კაცების ნახევარზე მეტი აღარასდროს დაბრუნებულა სახლში.

„რაც იქნება, იქნება. სანამ მომკლავენ თვალს მაინც დავალევინებ ცოტა წყალს.“

– და ვის უნდა ვეომოთ არ უთქვამს ჰეროლდს ?

– აა, კი...    

– მერე ეგ არ უნდა გეთქვა, შე ჩერჩეტო ?

– წმინდა ანდროსის ორდენსო, ასე თქვა... არქიმოციქულს ომი გამოუცხადებია მათთვის... საღვთო ომი.

ესე იგი, იმ შეშლილ გადამთიელებს აღარ ? როგორ მოხდა ?

– ხვალის შემდეგ რომ დღე გათენდება მერე უნდა წახვიდე შენც, არა ? მამა და გრემიც ეგრე მიდიან.

– მაგას ზეგ ჰქვია, ჩერჩეტო, რით ვერ დაიმახსოვრე ? – ისევ ფეხზე წამოდგა კოლისი. თვალი მოავლო ცას, ღრუბელს. ქორი კვლავ არსად იყო.

– ჰო, ზეგ, ანუ.

– წავედი სახლში, - თქვა კოლისმა.

ტრემიც უკან აედევნა. სიცხისგან გახუხული ორი ბორცვი გადაიარეს, გაქუცული ფიჭვების კორომს გასცდნენ და მათი დაბის შესასვლელთან მივიდნენ. დასახლებაში შემავალ ოღროჩოღრო გზას იმხელა ნახეთქები გასდევდა მთრიმლავი გოლენის ნალიამდე, რომ კოლისი ფიქრობდა მათში ერთდროულად ალბათ ძროხი ორი ჩლიქიც კი ჩაეტევაო.

როდესაც დაბაში შესულმა ბიჭებმა მეწაღე ელმონის ჩალისსახურავიანი სახლის ღობემდე მიაღწიეს, გაიყარნენ. კოლისი წინ წავიდა, წისქვილისკენ, ტრემი კი ღობის იმ მხარეს გაჰყვა, სადაც გამხმარი ალუბლის ხეები იდგა, გზის ნაპირზე.

სახლისკენ მიიწევდა კოლისი და ქორზე უფრო მეტს ფიქრობდა, ვიდრე იმაზე, ომში წასვლა რომ უწევდა. ვაითუ რამე მოვწიე იმ საბრალოსო, ფიქრობდა.

„ვითომ ისევ ღრუბლებშია ახლა ?“

დაუჯერებლად ეჩვენებოდა ეს. კი მაგრამ, რამდენი ხანი შეიძლება გაეძლო ჩიტს ერთ ადგილას გაჩერებულს ?

ვერც გაუძლებსო, შეშინდა ბიჭი და ისევ ახედა ღრუბელს.

არაფერი. ზეცა ისეთივე მშვიდი იყო, როგორც დაბის ტაძარი საღამოს მსახურების დასრულების შემდეგ.

სანამ თავისი სახლის მოფამფალებულ ღობეს მიუახლოვდებოდა, ივეტის ეზოსთან ჩაიარა და ნაღვლიანად ჩაეღიმა ისე, როგორც ყოველთვის ეღიმებოდა ხოლმე იქ ჩავლისას. ბავშვობიდან უყვარდათ კოლისს და ივეტს ერთმანეთი. თერთმეტი წლისები როდესაც იყვნენ პირველად აკოცეს ერთმანეთს ბოსელში, ძროხების წინაშე. ეს მათი პირველი კოცნა იყო. პირველი სუნთქვა სიყვარულისა.

მაგრამ როგორც კი ცამეტი წლისა შეიქნა გოგო, მამამისმა და დედამისმა პირმშვენიერ, თუმცა მეტად უხეშ დურგალ ლუის გააყოლეს ცოლად, რომელიც ტყის მხარეს, დაბის საბჭოსა და საერთო ბაკებს შორის ცხოვრობდა, ღელესთან.

ივეტი, მშობიარობას გადაჰყვა. ბავშვი გადარჩა. გოგო. მაგრამ, ეს კოლისის საქმე აღარ იყო. არც მისი შვილის ნახვა სურდა. არადა, როგორც ამბობდნენ, ზუსტად ივეტივით მაყვლისფერი თვალები ჰქონდა პატარა ინეზს. ყოველ ჯერზე, როცა ფიქრი მოუვლიდა კოლისს საერთო ბაკებისკენ გაევლო, რომ იქნებ თვალი მოეკრა ბავშვისთვის, საკუთარ თავს იმის თქმით აკავებდა ხოლმე, რომ ალბათ დიდად არ მყვარებია ივეტი და მისი შვილის ნახვა რაღა საჭიროაო. „აბა, მართლაც რომ მყვარებოდა ჩემს საიდუმლოს არ გავუმხელდი ?“

და მართლაც, მას შემდეგ, რაც მოციქული ამოსი ზამთრის ჟამიანობამ იმსხვერპლა ექვსი წლის წინ, ცისქვეშეთის არცერთ სულიერს აღარ გაუგია კოლისის ძალის შესახებ.  

– დედა ტირის ! – თავისი სახლის ეზოში შესულ კოლისს ანეტა შემოეგება. ჯვალოს კაბა, საჯდომის გარდა, ბარძაყთანაც გამოერღვია გოგოს, – ომში რომ მიჰყავხარ ერლს, მაგიტომ ტირის. როდის მიდიხარ ? ციხესიმაგრე უნდა ნახო ?

– სად არის ?

– დედა ?    

– არა, ტყის დემონი.

– ბოსტანშია.

წნულღობის კარი გამოაღო კოლისმა და ბოსტანში შეაბიჯა. დედამისი და ბუნი იდგნენ იქ. თალგამს იღებდნენ მიწიდან. კლარისა წამდაუწუმ თვალებზე ისვამდა მაჯებს.

როგორც კი დედასა და ძმას მიუახლოვდა კოლისი, კლარისამ უმალ ღაპაღუპით გადმოანთხია ცრემლები თვალებიდან. ერთი ცალი თალგამი ისევ ეკავა მარჯვენა ხელში ქალს.

– ეჰ, შვილო, გაიგე ? ომში მიჰყავხარ ერლს ! რამე უნდა მოვიფიქროთ ! მამაშენის მერე შენს დაკარგვას... არა, ვეღარ გადავიტან !... არა, გავგიჟდები და ეგაა ! – ახლა ზემოთ აიხედა, – მეუფეო, რა დაგიშავე ასეთი ? რა იქნება, მშვიდობა იყოს ? სანამ ცოცხალი ვარ, იქამდე მაინც ! სანამ შვილებს ვუყურებ, ჰა ? რა იქნება ?

– უნდა წავიდე ! – მტკიცედ თქვა კოლისმა. 

– გაგიჟებულხარ და ეგაა ! იარაღი ნანახი არ გაქვს. სად მიდიხარ, რომ მიდიხარ ?

– ნანახი მაქვს ! გასტონთან ! გვავარჯიშებდა კიდეც მე და გომონს ხანდახან.

– იქაც ავარჯიშებენო, – ხმა ამოიღო ბუნმა, – ჰეროლდმა ეგრე თქვა... ორი კვირა ვავარჯიშებთო... შუბს და ხმალს...

– რაო, ბიჭო ? ვის გავწვრთნითო ? - შეესიტყვა კლარისა უმცროს ვაჟს.

– ვინც ჩამოხვალთ იმათო.  

– მეუფეო ! – თალგამი ძირს დააგდო კლარისამ, – ვერ ხედავ, რა გამხდარია შენი ძმა ? რამდენიც გინდა ავარჯიშე ეს, რა გამოვა ამისგან ?

კოლისი გააბრაზა დედის სიტყვებმა.  

– იმ დღეს გომონს დავეჭიდე და ვაჯობე ლამის !... გასტონის ბიჭს !

– ლამის ? ოი, ოი, მამაშენმაც ლამის აჯობა იმ ველურებს, მაგრამ ახლა კი წევს მიწაში სადღაც გადაკარგულში !... მშობლიურ მიწაში ჩადებაც კი არ ეღირსა საწყალს !

– მაშ, რა ვქნა ? ფული ჩვენ არ გვაქვს... არაფერი ჩვენ არ გვაქვს, ჩემს ნაცვლად რომ შევაძლიოთ ერლს ! თუ გაქვს, ჰე, მიდი, გადაიხადე და დავრჩები სახლში !

კლარისამ თვალები აქეთ-იქით დაატრიალა თავდაყირა დადგმულ სასმისში გამომწყვდეული ბუზივით და დაიძახა:

– გაიქეცი ! გაიქეცი, შვილო, გეყურება ? ტყეში გაიქეცი ! სადაც გინდა, გაიქეცი, ოღონდ ომში არ წახვიდე ! არ შემშალო ჭკუიდან ! გეყურება ? მოგკლავენ ომში !

კოლისს ყელში ამოუვიდა დედის ამგვარი თავაბნეულობა.

– მჭედელი გაელის ბიჭები თუ გახსოვს ? გინდა მეც მათსავით წამაცალოს თავი ერლის აღმასრულებელმა ? – იღრიალა მან. 

კლარისა შეცბა. გამოფიტულ მიწას დახედა აკანკალებულმა და მერე ისევ შვილს მიაჩერდა.

– მოგკლავენ, შვილო ! მოგკლავენ, არ გეყურება ?

– მომკლავენ და მომკლან ! ძალიანაც კარგი ! – ზურგი აქცია კოლისმა, – მოვისვენებ ამ შენი უაზრო ქოთქოთისგან ! 

 

 

 

****

 

 

როგორც აღმოჩნდა, მთელი დაბის კაცები და ბიჭები ერთად აპირებდნენ ერლი ბლანშარდის ციხესიმაგრისკენ დაძვრას. კოლისმა მომდევნო დღეს მათ სახლში სტუმრად მოსული ტრემისგან გაიგო, რომ შეკრების ადგილად ტაძრის ეზო იქნა დათქმული.

– წინამძღოლი ამესისთვის უთქვამს იმ დღეს ჰეროლდს თურმე, შენი ფორნებით გამოუშვი ხალხიო... ოთხ ვერცხლს გადაგიხდის ერლი ბლანშარდიო, – თქვა ბიჭმა იმ ბოსტნეულის წვნიანს შექცეულმა, რომლის კეთებაც კლარისამ დილითვე მოათავა, –  ჩრდილოეთის გზით უნდა გაგვამგზავროს წინამძღოლმაო, ასე თქვა მამამ.   

– რა ენაღვლებათ ! – ამის მოსმენისთანავე აქოთქოთდა კლარისა, – სხვისი შვილებით უნდა გამოაძღონ მიწა !... ის წყეული ვაჭარი კიდევ ამაში ფულსაც ჩაიჯიბავს, განა დაერიდება ?

კოლისს აღარ აინტერესებდა რას იტყოდა დედამისი. წინა საღამოდან მოყოლებული უკვე ყურსაც აღარ უგდებდა რა ამოდიოდა ქვრივი კლარისას სასოწარკვეთილი პირიდან.

როდესაც ტრემი წავიდა, კოლისმა სანდლები ამოიცვა და იმ მინდვრისკენ გაემართა, სადაც წინა დღეს იყო წამოწოლილი. აინტერესებდა, ის ქორი ხომ არ გამოჩნდაო. ლორისიც აედევნა უკან, – აიჩემა მეც წამოგყვები, დავიღალე დედას ვაი-ვიშის მოსმენითო.

– იცოდე, ყველაფერში დაეხმარე დედას, გეყურება ? – გააფრთხილა უმცროსი ძმა, როდესაც „ქონიანი ბენის“ ღორების ფერმას მიუახლოვდნენ.

– მეც კი მინდა შენთან ერთად წამოსვლა, – დამწუხრებულმა თქვა ლორისმა ნაიარევი წარბის წვალებით.

– ნუ გეშინია, მოესწრები ომს. ცოტაც მოითმინე და შენც წაგასხავენ დანარჩენებთან ერთად. უარს გეტყვიან გგონია ?

– კორტს რა უთხრა ჰეროლდმა, არ გაინტერესებს ? იცოდე, შენ არ დაგინახო ჩამოსულიო. ტაძართან ვიყავით ერთად, თავისი ქურანით როცა მოვიდა ის ჰეროლდი... ცალთვალა იყო. ასე უთხრა მოღრეცილი ფეხით მწყობრში ვერ ივლიო.  

– მერე შენ რა, კორტივით გაქვს ფეხი მოღრეცილი ? – კოლისმა ბუზებდახვეულ საქონლის ფუნას აუარა გვერდი, – ნუ გეშინია-მეთქი, ხანდახან ცამეტი წლისებიც კი მიჰყავთ ომში. ეგ რა არის ? მეტყევე გასტონმა თქვა ერთხელ, ბელეგაში სალაშქროდ რომ მივდიოდით, თორმეტი წლის ბიჭებიც გარეკა ერლმაო... ომშიო.

ცაში ამჯერად რამდენიმე ღრუბელი გამოკიდებულიყო მხოლოდ. ყველაზე დიდი, რომელიც სამხრეთის მხარეს ლივლივებდა, თალხისფერი იყო. ნუთუ გაწვიმდებოდა ამდენი ხნის შემდეგ და სახნავ-სათეს მიწებს რამე ეშველებოდა ? ნუთუ, როგორც იქნა, შეუხორცდებოდა გზებს ნახეთქი ჭრილობები ? ნუთუ, როგორც იქნა, დასრულდებოდა წყეული გვალვა ?

როგორც კი ნაცნობ მინდორზე შეაბიჯა კოლისმა, გაფაციცებულმა მოავლო ზეცას თვალი.

კვლავ არაფერი.

– რას უყურებ ? – დაიბნა ლორისი.

უმცროსი ძმის შეკითხვა უპასუხოდ დატოვა კოლისმა. ახლა თელის ხის ქვეშ დადგა და აქედან აიხედა ზემოთ. კარგად მოათვალიერა ცის კამარა, მაგრამ მხოლოდ ქვემოთ გაშლილი ჭალებიდან გამოფრენილ კაჭკაჭებს მოჰკრა თვალი, ეს იყო და ეს.

– ისა, წამო, ჭალაში ჩავიდეთ, არ გინდა ? ფეხები გავისველოთ.

– დამაცადე ! შენ წადი, თუ გინდა !  

ლორისი არსად წასულა. იქვე დარჩა და თავის უფროს ძმას მიაჩერდა, რომელიც ახლა უკვე მინდორს ზვერავდა. თელის ხიდან ოცი ფუტის იქით ამოსული ენძელებისა და ყოჩივარდებისკენ წავიდა კოლისი, ყურადღებით მოათვალიერა იქაურობა, შემდეგ ისევ ცას ახედა, თვალით ზომავდა სად იყო გუშინ ის ღრუბელი და მინდვრის რომელი მონაკვეთის თავზე იქნებოდა ის ქორი, მაგრამ გაყვითლებული ბალახისა და ყვავილების მეტი ვერაფერი ნახა აქეთ.

ახლა დაღმართზე დაეშვა, ასკილის ბუჩქებისკენ.

– ჭალებისკენ მიდიხარ ? – დაუძახა ზემოდან ლორისმა. 

– არა ! – შეუღრინა კოლისმა, – წადი-მეთქი, თუ გინდა ! მომასვენე !

როდესაც იქვე ამოსულ ჭინჭრებს გასცდა და ასკილის ბუჩქებს მიუახლოვდა, კვნესა აღმოხდა. ჭრელგულა ქორი პირდაპირ ერთ-ერთი ბუჩქის ტოტებში იყო გახლართული. ფრთები საძაგლად მოღრეცოდა, – დამტვრეული ჰქონდა აშკარად. მარჯვენა ფეხი ისე ჰქონდა მოკაკული, რომ მის დანახვაზე წვივი ასტკივდა კოლისს. და ბუმბულები, – ბუჩქში მიმოფანტული ბუმბულები რუხ-წაბლისფერი ფოთლებივით ჩამოკონწიალებოდა ტოტებს.   

– მაპატიე, მეგობარო, რა იქნება, – მომკვდარი ქორის წინაშე თავი დახარა კოლისმა და შეეცადა ლპობაშეპარული ხორცის სუნზე სახე არ დამანჭოდა, – მაპატიე, ამ დღეში რომ ჩაგაგდე.

მორჩა, ასეთ რამეს არცერთ ქორს აღარ ვუბრძანებო, დანანებით გაიფიქრა ბიჭმა.

– ეგ რაღაა ? – წვრილ კისერს გველივით ატრიალებდა ლორისი. აინტერესებდა, რა ეგდო ბუჩქებში.

– არაფერი ! – ბუჩქს მოსცილდა კოლისი, – ქორი !... ჩამოვარდა ! წამო ჭალებში, თუ გინდა !

ლორისი დაღმართზე ჩამოძუნძულდა გახარებული. ძმები ერთად გაემართნენ ფეხების გასასველებლად. ვინ იცის, სულ უკანასკნელი ყოფილიყო მათი ეს გავლა-გამოვლა.

 

 

 

****

 

 

დილაადრიან მივიდა კოლისი ტაძართან. დედა, ძმები და დაიკო თან ეხლდნენ გასაცილებლად, მიუხედავად იმისა, რომ არ სურდა მათი წაყვანა. განსაკუთრებით კლარისას იქ ყოფნა არ უნდოდა, – შიშობდა, დედიკოს ბიჭად არ ჩამთვალონო. მაგრამ როდესაც აღმოაჩინა, რომ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ლამის ქალები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე კაცები, დაწყნარდა.

ორი დიდი ჩანთა ჰქონდა აკიდებული მხრებზე. ერთში, საგზალი ჩაულაგა დედამ, მეორეში, – ჯვალოს ქვეშაგი, ტილოს გახუნებული ქსოვილი, ტუნიკა, შარვალი, სანდლები და ერთი ცალი საცვალი. ზონრიანი ტყავის ფეხსაცმელიც ჩააცმევინა გათენებისას კლარისამ, გინდა თუ არა, შეიძლება გაწვიმდეს და სანდლებში წყალი ჩაგივაო, თავისი ხელით დაუწყო ზონრების წვივებზე მოხვევა ქალმა.

„თუ ისევ დაცხება, მერე გაიხადე, გეყურება ? პური არ დაგრჩეს... ორი ტიკი წყალი და ოთხი ვაშლი ჩაგიდე ჩანთაში... და სტაფილოც... ექვსი სტაფილო. სამი დღე კი გეყოფა თავისუფლად,   დედის სიტყვები სიზმარში გაგონილივით ჩაესმოდა თავის ფეხმორყეულ საწოლზე ჩამომჯდარ კოლისს. ვერ იჯერებდა, რომ ცოტა ხანში სახლს დატოვებდა. და ვინ იცის, სამუდამოდაც კი დატოვებდა მას, – მამაშენი თავისი ჯაგლაგით ზუსტად სამ დღეს ანდომებდა ხოლმე იქიდან ჩამოსვლას... კი, ეგრე იყო. მეტს არა.“  

სამი ფორანი იდგა ტაძართან ამოსულ ბებერ იფნებთან. ექვსი ძვალმსხვილი და სქელკოჭება ცხენი იყო მათში შებმული, – თითოში ორ-ორი. ოთხი მათგანი ხეების ძირში ამოსულ ბალახს ძიძგნიდა და ყურებს შემოდგომის ქარზე აფრიალებული ფოთლებივით ათამაშებდა. 

– აბა, აბა, ჩანთები ამაზე დააწყვეთ, ვინც ახლა მოხვედით ! – ბორბლებზე ტალახმიმხმარ ერთ-ერთ ფორანს უტყაპუნებდა დიდრონ ხელს წინამძღოლი ამესის ძმა ასტორი, რომელსაც გასულ წელს თავისი მეორე ცოლი შემოაკვდა სიმთვრალეში ჩხუბისას, თუმცა ფულიანმა ძმამ მაინც მოახერხა მისი გადარჩენა: ერლი ბლანშარდის აღმასრულებელს ქრთამი მისცა და ამით ჩაფარცხა ყველაფერი, – გაინძერით, თორემ დაგვაგვიანდება ციხესიმაგრეში ჩასვლა ! რუბენ, დაუჩქარე ! მაგ შენს მოხუცს დაბა მიხედავს, არ იდარდო ! ბო, ერთი გამაგებინა რას ჩამომდგარხარ ჭორიკანა დედაკაცივით ? გაინძერი, გაინძერი !

წამსვლელებს შორის დურგალი ლუიც იყო. წვერი ჰქონდა მოშვებული და უგრძნობლად აცეცებდა აქეთ-იქით თავის წყლისფერ თვალებს. მისი ახალი ცოლიც იქვე იდგა, – სქელმაჯება და ღონიერი დედაკაცი. პატარა ოქროსფერთმიანი გოგონა ეკავა ხელში, ხოლო მარჯვენა ძუძუზე ჯვალოს სახვევში გამოკრული ჩვილი ჰყავდა ჩამოკიდებული.  

კოლისს თავისდა უნებურად გაექცა მზერა დურგლის ქალიშვილისკენ და როგორც კი მის თვალებს წააწყდა, გულის იარა გაეხსნა. მართლაც დედის თვალები ჰქონდა ბავშვს. მაგრამ კოლისს რა ხეირი ამით ?

„ესღა მაკლდა“, – დაღონებულმა შემოდო თავისი ჩანთები ფორანზე, რომლის გახეხილი ძარაც უკვე ლამის ნახევრად იყო გავსებული. ცხვრის გახუნებული ტყავები და ბოძებიც ელაგა კოფოსთან ახლოს. ალბათ, თუ გაწვიმდა, ზემოდან გადააფარებენ ფორნებსო, გაიფიქრა კოლისმა.

– ჰა, უკვე კაცი ხარ, ბიჭო, კაცი ! – მხიარულად წაუთაქა თავში ასტორმა ბიჭს, – აბაა, ომის დრო დაგიდგა !

თვითონ ალბათ არანაირ ომში არ აპირებს წასვლასო, გულში გაივლო წათაქებისგან ოდნავ დარეტიანებულმა კოლისმა. თავისი ნამუსგარეცხილი ძმა გადაუხდიდა ფულს ერლს და ჯარისგან გამოიხსნიდა თავის საყვარელ ძამიკოს. აბა, როგორ ?  

წინამძღოლის ძმისშვილი, მოციქული კლეოსი, რომელიც მოციქული ამოსის სიკვდილის შემდეგ კოლენსის პატრიარქს აკურთხებინა მათი დაბის მოციქულად ამესმა, იქვე იდგა და ფუმფულა ლოყის ფერებით, სათნო ღიმილით მისჩერებოდა ხან ომში მიმავალ ხალხს და ხან მოქუფრულ ცას. მასზე ყველამ იცოდა, რომ მოციქულად კურთხევამდე გრაფი დე ბლერის ციხესიმაგრესთან ახლოს აგებულ წმინდა ალბერტის სახელობის მონასტერში იყო გამწესებული ბერად, მაგრამ მისმა ცბიერმა ბიძამ როგორღაც მოახერხა და სახლში დააბრუნა იგი, მთელი დაბა ჩააბარა სამწყსოდ და ახალი იმრონის სამოციქულო საყდრის ყველანაირი წესის დარღვევით ცოლიც კი შერთო, – მეწაღე დუბუას შველივით ლამაზკისერა და მშვენიერი ქალიშვილი, ქლოი.

მეტყევე გასტონსა და გომონს მოჰკრა თვალი კოლისმა. ომში მიმავალი მამა-შვილი ტაძრის წინ დაყრილ, დამტვრეულ დიდ ქვებზე იჯდა. თავისი მუხისტარიანი ხმალი ბარძაყზე ჰქონდა მიყუდებული გასტონს, – ხმალი, რომლის სახლში წაღების უფლებაც ჯერ კიდევ მაშინ მისცა მას ერლმა ბლანშარდმა, როდესაც ჭაბუკობისას, კოლისის მამასთან ერთად იომა ბელეგელი დონების წინააღმდეგ.

„ბელეგას მეორე ომი, მაშ... იმ დღეს მითხრა ნორბურგიდან ჩამოსულმა ერთმა მჭედელმა. ასე დაურქმევიათ თურმე მეფის მემატიანეებს იმ ომისთვის... მე, მამაშენი და გრევი რომელშიც ვიბრძოდით, – სიამაყით უთხრა ერთხელ კოლისს მეტყევემ, როდესაც გომონთან ერთად ხმლით ბრძოლას ასწავლიდა თავის უკანა ეზოში, – ბელეგაში თურმე ორი საყდრის ომს ეძახიან, მაშ. მთელი ერგუნდია და კემბრია იქ ვიყავით... ოლდენელები და ზემო ოლდენელებიც ბლომად იყვნენ... წვერდაწნული ჩრდილოელებიც. სადაც არ გაიხედავდი, ყველგან ჯარისკაცები და რაინდები იყვნენ... დიდი თუ მცირე ლორდები და ერლებიც ბლომად იყვნენ.“

 როგორც ჩანს, ჩანთები უკვე შემოეწყოთ ფორანზე გასტონსა და მის ერთადერთ ვაჟს. მათ არავინ აცილებდა. ან ვის უნდა გაეცილებინა რომ ? – დაქვრივების შემდეგ მეტყევეს აღარავინ გაჰყვა ცოლად გომონის გარდა სხვა ჯალაბიც რომ გაეჩინა. ასე რომ, იჯდა ახლა მამა-შვილი და დანარჩენებს უცქერდა, ვინ როგორ ემშვიდობებოდა თავ-თავის ოჯახს.  

ზორბა ერიკს, რომელიც მეწაღე ელმონის სახლის გაყოლებაზე ცხოვრობდა ღობემორღვეულ სახლში, ახალმოყვანილი ცოლი და სამი და აცილებდა ომში. იცოდე, ძალიან ნუ გამოიდებ თავს ბრძოლაში, ჯერ ორსულადაც კი არ ვარ და აუცილებლად უნდა დაბრუნდეო, ეუბნებოდა ცოლი თავსაფრიდან გამოყოფილი კიკინის ქნევით.

უკბილო ბუნი, ცხვრის ტყავის საკაცეზე გაწოლილ თავის ხეიბარ, აცრემლებულ მოხუც დედასთან ჩაჩოქილიყო და ხშირ-ხშირად უმეორებდა ჩიფჩიფით, ნუ გეშინია, აუცილებლად დავბრუნდები, ხოლო მანამდე კოლეტი მოგხედავსო. იქვე მდგომი კოლეტი კი, რომელიც მათი კარის მეზობელი იყო, ცრემლების ღვარღვარით მისჩერებოდა როგორც დედა-შვილს, ისე თავის ქმარს, ტრისტანს, რომელიც ომში წამსვლელთა შორის იყო.

მჭედელ გაელს, მხოლოდ თავისი ცალფეხა ძმა და რძალი აცილებდნენ. ეს არ გაჰკვირვებია კოლისს. მას შემდეგ, რაც ვაჟები ერლი ბლანშარდის აღმასრულებელმა დაუხოცა მჭედელს და მისი ცოლი შვილებზე დარდს გადაჰყვა, ახალი ცოლი აღარ შეურთავს მას. ასე იძახდა საბრალო, რამე რომ მოხდეს, მეორე პირი ცოლ-შვილის დაკარგვას ვეღარ გადავიტანო.

მასხარა გილენს ცოლი და შვიდი შვილი ეხლდა თან. ასე იძახდა სიცილით, ნუღარ დამელოდებით, ომში იმდენ ფულს ვიშოვი, თქვენთან ჩამომსვლელი აღარ ვარ, ზღვის ნაპირზე ავაგებ ჩემს ციხესიმაგრეს, ახალ ცოლსაც შევირთავ და იქ დავსახლდებიო.

– აბა, ჰე და მეც მეშველება, რაღა. მეუფე შემეწევა და იქნებ ისეთ კაცს გამაყოლოს ცოლად, ვისაც შენნაირი ბოლოკივით ცხვირი არ ექნება, – კისკისით ეუბნებოდა მას ტლანქი და მეჩხერთმიანი ცოლი. 

შატაბუტა გასტონს კი არავინ აცილებდა. იდგა და ფართოდ გაღიმებული მისჩერებოდა დანარჩენებს. კოლისმა ყური მოჰკრა როგორ უთხრა მან მეწაღე გის ბიჭს, თვალებგადმოკარკლულ გადს: „იფ, იფ, ომი კარგი რამეა, იმდენ ქალს ავხდით ნამუსს, ნეტავ ვის რაღად უნდა ცოლი, ჰა ?“

მალე წინამძღოლი ამესიც გამოჩნდა. იქვე ახლოს აგებული, სამსართულიანი, კრამიტისსახურავიანი და თიხატკეპნილი სახლიდან გამოაბაჯბაჯა თავისი ფაშვი და ფორნებისკენ გამოაბოტა. ყველაფერთან ერთად, გაქნილი ვაჭარიც იყო ამესი. საქონლის ფერმები ჰქონდა ტყესთან ახლოს, ტბის პირას და როგორც ხორცს, ისე ყველს ჰყიდდა ნორბურგსა და ლა-დელმარში. ამას გარდა, როგორც თავისი დაბის, ისე დღენახევრის სავალზე გაშენებული სოფლების, – დიჟუს და ვერნის მოსახლეობისგანაც იბარებდა მოსავალს და კიდევ ნებისმიერ რამეს, რისი ფულად ქცევაც შესაძლებელია. ასევე მეტყევე გასტონისგან ჰქონდა კოლისს გაგონილი, რომ ხე-ტყითაც ვაჭრობდა დაბის მმართველი, კიდევ, ნოელის ქვა-ნახშირის საბადოშიც ფლობდა პატარა წილს და ბუტენის ერთ-ერთ ველზე გაშენებულ თამბაქოს პლანტაციაშიც.

„ერთხელ ერთ ბელეგელ ვაჭარს მიჰყიდა ათი ფორანი ქვა-ნახშირი, მაშ. იმან კიდევ თავისიან მცირე დონს შეაძლია ყველაფერი, – ჩუმად ეუბნებოდა გასტონი გომონსა და კოლისს, როცა ეს უკანასკნელები ტყემლის კრეფაში ეხმარებოდნენ მას ორიოდე კვირის წინ, – იცოდეთ, არსად წამოგცდეთ ეს, თორემ ჩამოახრჩობს ერლი ამ ქონიანს... მანამდე კიდევ მე მომიგრეხენ კისერს ამის აყუდებული მავნებლები... არც შენ დაგზოგავენ, გომონ. 

დაბის მმართველს უკან, ორი ახმახი და ხარივით ჩაგოდრებული თავისი ტყუპი ვაჟი, ნასტერი და ნამესი ისე მოჰყვებოდა, როგორც მეფეს, – მცველი რაინდები. ორივენი ზუსტად ერთი სიმაღლისანი იყვნენ და შვიდ ფუტზე ნაკლები არიანო, ვერავინ იტყოდა. ზუსტად ერთნაირი რკინისტარიანი და ტყავისქარქაშიანი ხმლები ჰქონდათ ქამრებზე შებმული და ორი დიდი ჩანთაც მოჰქონდათ. დასანახად ვერ იტანდა მათ კოლისი, რადგან ნახევარი წლის წინ ჭორფლიან ტრემს ძალით შეაჭამეს ძროხის ფუნა მდინარის ნაპირზე, მის ძმას, გრემს კი, რომელმაც თავისი უმცროსი ძმის დასაცავად გაიწია, ყურის ბიბილო მოათალეს დანით და შემდეგ თავისივე კბილებით ჩააღეჭინეს. 

„ნამდვილი მავნებლები არიან, ეგ უგვანები, ეგენი. იცოდე, თავი შორს დაიჭირე მაგათგან, თუ არ გინდა საბრალო დედაშენი ცრემლებად დაიღვაროს, – გააფრთხილა მეტყევე გასტონმა კოლისი მას შემდეგ, რაც ტრემისა და მისი ძმის ამბავმა მოიცვა მთელი დაბა, – რა გგონია, როგორ იშოვა ფული იმ გაბერილმა ? ამ თავისი ვირების ძალმომრეობით, მაშ. ზოგი სცემეს, ზოგს თითები დააჭრეს... ერთ დიჟუელ ფერმერზე გავიგე, თურმე საერთოდ ცოცხლად ჩაუმარხავთ ღორის ჩხრინკელში... მერე მის ბიჭს შურისძიება მოუნდომებია და ისიც გვერდით მიუწვინეს მამამისს თურმე.“ 

– აბა, ჰე, წადით უკვე, წადით ! – მსუქანი ლოყები აათახთახა სელის ტუნიკაში გამოწყობილმა დაბის მმართველმა. მისმა ვაჟებმა, ჩანთები, თავიანთ ძია ასტორს ჩააბარეს და შემდეგ თავისუფალი ფორნების კოფოებზე შემოსხდნენ. იმხელები იყვნენ, გეგონება მუქი თივის უშველებელი ზვინები შემოდგა ვიღაცამ საზიდრებზეო. 

– ესენიც მოდიან ომში, განა ? - ძალით დაბოხებული ხმა ჩაესმა კოლისს.

გრემი იყო. შეშინებული სახით მისჩერებოდა გოლიათ ძმებს. ტრემიც უმალ გაჩნდა მათთან.

– იმედია არა, თორემ სამ დღეზე მეტი არ ვარ ამათი გამძლები, – ჩუმად უპასუხა კოლისმა.

ზორბა ერიკთან ახლოს ჩამომდგარი ტრემისა და გრემის მამა, – გრევი, ცოლსა და ოთხ ქალიშვილს ემშვიდობებოდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა ეხუტებოდა მათ. ისევე, როგორც მეტყევე გასტონს, ხმალი მასაც ჰქონდა ქამარზე შებმული, – გადმონაშთი იმ დროისა, როდესაც კოლისის მამასთან და გასტონთან ერთად იბრძოდა ბელეგას მეორე ომში.

„რა იქნებოდა მეც მქონოდა მამაჩემის ხმალი ?“ – გული დასწყდა კოლისს.

– იცით, ამათ დანახვაზე ხანდახან მაინც კი ვგრძნობ ფუნის გემოს პირში, – ამოიკნავლა ტრემმა და შეშინებულმა გახედა კოფოზე შემომჯდარ ნამესს, – აი, მგონი ახლაც ვგრძნობ.

– მე კიდევ... მე კიდევ ყური მიწყებს ხოლმე წვას, – ბიბილომოკვეთილი მარცხენა ყური მოიზილა თავისი უმცროსი ძმასავით ჭორფლიანმა გრემმა.

– ოე, ბოთეებო ! – გამოსძახათ ნამესმა თავისი ნამეტნავად ბოხი ხმით. კოლისი მას აგურივით ნიკაპზე მატლივით გაკლაკნილი ნაიარევით სცნობდა, – დროზე ამობღოტდით, თორემ, ყურებს დაგაჭრით ! 

ნასტერის ფორანზე უკვე ექვსი კაცი იყო ასული. იქვე მდგომი ბავშვები და ქალები, ზოგი ღიმილით, ზოგი – ტირილით მისჩერებოდა მათ. 

– ჰე ახლა, რაღას უდგახართ ? – უკნიდან მოესმა კოლისს თავისზე ლამის ერთი თავით მაღალი გომონის ხრინწიანი ხმა. მამამისთან ერთად მოახლოებოდა ფორანს. ბიჭი უმალ აძვრა ფორანზე.

– ოე, მეტყევევ, მიდი ერთი, ამოყარე ეგ ცინგლიანები, – ახლა გასტონს გამოსძახა ნამესმა და ფორანზე ამავალ სხვა მამაკაცებს დაუწყო თვალყურის დევნება.

ამ დროს კოლისსთან დედამისი მოიჭრა და თავ-პირი ჩაუკოცნა.

– იცოდე, ფრთხილად იყავი, შვილო ! გასტონს დაუჯერე და გვერდიდან არ მოსცილდე, გეყურება ? ნაომარი კაცია მაინც !  

– კარგი დედაკაცო, კარგი, – ღიმილით მიუგო გასტონმა კლარისას, – კაცია უკვე, კაცი. რაღა ბედენად უნდა ამდენი რჩევა-დარიგება ? აბა, მიდი, კოლის, ახტი ზემოთ.

– მიმიხედე გასტონ, გეხვეწები, მეუფის წმინდა სახელს გაფიცებ ! კოლერის ხსოვნას გაფიცებ, გეყურება ?

– მაგის თქმა რაღა საჭირო იყო, აბა ? – ცხვირი ჩამოუშვა გასტონმა, – ვითომ არ იცოდე საკუთარი შვილივით რომ მიყვარს კოლისი. შენი ქმარი განა ძმასავით არ იყო ჩემთვის ?... ეჰ, კოლერი, ჩემი კოლერი.

კოლისი მაშინვე ფორანზე აბობღდა და კიდისკენ გადმოსული გომონის გვერდით ჩამოჯდა. გულში გაივლო, ხომ არ გადავყო თავი და მეც ხომ არ ვაკოცო დედასო, მაგრამ გადაიფიქრა. „დამინახავენ და სუსტი ვეგონები დანარჩენებს... გომონი სიცილს დამაყრის, ალბათ.“

გრემს დედამისი მივარდნოდა და მასაც კოცნა-კოცნითა და დარიგებებით აცილებდა იგი.

– გეყოფა, დედაკაცო, კმარა ! – შეუძახა გასტონმა ქალს, – ამდენი ხვევნა-კოცნა რა უბედურებაა ამხელა კაცზე ? ყვავილებივით განაზდებიან ეს თქვენი ბიჭები და მერე იძახით რატომო ! ეე, შეხედეთ ჩემს ბიჭს ! – მამის ძახილზე გომონმა დაჭიანებული კბილები გაკრიჭა, – ლამისაა ომში გამასწროს, მაშ !    

– გეყოთ ახლა ხვევნა-კოცნა და მანჭვა-გრეხა ! – დასჭექა მოციქული კლეოსის გვერდით ჩამომდგარმა წინამძღოლმა და ღიპი მოიზილა. ომში მიმავალი მამაკაცები, რომლებიც ჯერ კიდევ მიწაზე იდგნენ, ბოლოჯერ ჩაეხუტნენ თავ-თავიანთ გამცილებლებს და ფორნის ძარებზე აძრომას შეუდგნენ, – მოუსვით აქედან ! ერლი გელოდებათ ! თქვენს გამო საყვედური რომ მივიღო მისგან, ტყავს გაგაძრობთ, იცოდეთ ! – ახლა თავის ძმისშვილს მიუბრუნდა, რომელსაც ფორნებისკენ სვლა დაეწყო ყელზე ჩამოკიდებული მოვერცხლილი ხუთშვერილიანი სამეუფეო წრით ხელში, – ანდორ კი არა და... მოციქულო კლეოს, აღარ უნდათ გზის დალოცვა, ისედაც დალოცვილები არ არიან ყველანი ? აღარაა ამის დრო, აღარ !

წინამძღოლის ძმამ თვალი ჩაუკრა თავის მოციქულ შვილს და ოინბაზური ღიმილით სასწრაფოდ ახტა ჩანთებით დატვირთული ფორნის კოფოზე. 

– ჰე, ახლა, ამოეტიეთ, ვინც არ ამოსულხართ ! – გაისმა ნასტერის გულის გამაწვრილებელი ბრდღვინვა, – დროზე ! დროზე !  

– ოე, მეტყევევ, კი კარგია სხვები რომ ამოყარე, მაგრამ, თქვენც ხომ არ ამობრძანდებოდით, თქვენო უდიდებულესობავ ? – დაიღრინა ნამესმა.

გასტონიც ახტა ფორანზე. მეორე საზიდარზე, ბოლოს, დურგალი ლუი და კიდევ ორი სხვა კაცი აძვრა. 

მორჩა. წამსვლელები წასასვლელად იყვნენ მზად, დამრჩენები, – დასარჩენად.

საზიდრების თვლებმა დაიჭრიალა და ბუღი დააყენა. კოლისმა ხელი დაუქნია თავის ძმებსა და დაიკოს. აცრემლებულ დედასაც. რა თქმა უნდა არ დავიწყებია ტრემიც, რომელიც თავისი ოჯახის ნაცვლად, ახლა უკვე მისი ძმის, ლორისის გვერდით ატუზულიყო.

„მომენატრებით“,– გაიფიქრა კოლისმა.

ივეტის ბავშვსაც ხომ არ შევხედო კიდევ ერთხელო, გაივლო გულში, ვაითუ ვეღარასდროს ვნახო მისი თვალებიო, მაგრამ თავს ძალა დაატანა და ერთხელაც აღარ გაუხედავს მისკენ.

რამდენიმე ქალი და ბავშვი ფორნებს გამოეკიდა. თავ-თავიანთ ქმრებს, ძმებსა და მამებს ეძახდნენ მალე დაგვიბრუნდითო, გეგონება ეს სულ მათზე ყოფილიყო დამოკიდებული. დაბებკილ ჯვალოს ტუნიკაში გამოწყობილი ერთი პატარა შავტუხა ბიჭი, რომელიც მეწაღე დუროს მეზობლად მცხოვრები ელამი ლორინის ვაჟი იყო, ფორანს დაეწია და მამასთან ამოხტომა მოინდომა. ამაზე ნამესმა ლორინს დაუბღავლა აქ არ დავინახო ეგ პატარა მატლი, თორემ მასაც ცოცხლად გავატყავებ და შენცო.

– უკან გაბრუნდი, დორინ, უკან გაბრუნდი, მამა კი გენაცვალოს ! – ფოჩებივით ულვაშიდან ჩასძახა ფეხზე წამომდგარმა ლორინმა ვაჟს და ელამი თვალებით შესციცინა, – დედა არ ანერვიულო ! დედას გაუგონე, იცოდე ! 

ბავშვი გაჩერდა. ცოტა ხანს კიდევ უყურა საზიდარს და უკან გაბრუნდა ტაძრისკენ.

არახრახებული ფორნები ჯერ თივის ზვინებით სავსე მთრიმლავთა ბაკების ეზოს გასცდნენ, შემდეგ ღელეზე გადებულ მოაჯირმომპალ ხის ხიდზე გადავიდნენ, ორი წლის წინ ინკვიზიციის მიერ დაბუგული კუდიანი შანტალის ნანგრევებად ქცეული სახლი უკან ჩამოიტოვეს და როდესაც დაბის ორფრთიან მუხის ჭიშკარს გასცდნენ, რომელიც ჩრდილოეთის მხარეს გავლებულ მარგილებით გაკეთებულ ღობეში იყო დატანებული, სიცხისგან მეტისმეტად გამოფიტულ ფართო გზაზე წახრიგინდნენ.

სამი ფორანი გავიდა დაბა ოლმარიდან. ოცდაექვსი ოლმარელი კაცი საომრად მიემართებოდა.

 

 

 

****

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ცა ყოველ წამს გაწვიმებით იმუქრებოდა, შებინდებამდე ერთი წვეთი არ გადმოუგდია გვალვისგან გატანჯულ მიწაზე და როდესაც, მრომის ჩამოწოლისას, როგორც იქნა, სისველე შეიგრძნო თავის გაოფლილ-ჩახურებულ კანზე ერლი ბლანშარდის ციხესიმაგრისკენ მიმავალმა ხალხმა, ბევრმა მათგანმა სიხარულის შეძახილები ამოუშვა ყელიდან. ზორბა ერიკი საერთოდ ფორნიდან გადმოხტა, ახალდანამულ მიწას ეამბორა და ზეცას შეჰღაღადა, მადლობა მეუფეო, რომ გადმოგვხედე და შეგვიწყალეო.

იმ საღამოს სამივე ფორანი ტყავებით გადახურეს ზემოდან და გზის მიმდებარე ნეკერჩხლების კორომში შეაგორეს, რათა ხეთა დაფოთლილ ტოტებსაც დაეცვა დასველებისგან. ღამით ვერაფრით ვერ დაიძინა კოლისმა. ოფლის მჟავე სუნი შემაწუხებლად უძვრებოდა ნესტოებში. ასე ეგონა სიმყრალე ცოცხალ არსებად ქცეულიყო, რომელიც თვითნებურად უყოფდა ცხვირში თავის საძაგელ თითებს. მგონი ყველაზე მეტად სამთვალა ბო ყარსო, ფიქრობდა. გასტონის მეზობელს, რომელსაც წარბებს შორის იმხელა მეჭეჭი ეჯდა, რომ ყველა სამთვალას ეძახდა, სიცხისგან და დაუბანლობისგან ყველაზე მეტად ჰქონდა კისერი აწითლებულ-ჩათუთქული. რა იყო ამაში გასაკვირი ? იგი ხომ მთელ დღეებს, მზის გულზე, ყანაში ატარებდა ხოლმე ცელით, ბარით, თოხით ან ნამგლით ხელში და ყველაზე მეტს მუშაობდა, ვიდრე მისი ნებისმიერი მეზობელი.

ამას გარდა, წამოწოლაც შეუძლებელი იყო, მითუმეტეს მაშინ, როცა გოლიათი ნამესიც მათთან ერთად იყო შეყუჟული ტყავით გადახურული ფორნის ძარაზე. ერთადერთი შესაძლებლობა დამჯდარ მდგომარეობაში ძილი იყო, ან მიწაზე გაწოლა, რაც ამჯერად ვერავინ მოახერხა, რადგან ციდან ისეთი თქეში მოდიოდა, ხეები და მიწა სულ ერთიანად ირეცხებოდა.

გრემი მალ-მალე კვნესოდა და ცმუკავდა. ეტყობა, წარამარა ეღვიძებაო, ფიქრობდა მასზე მოყრდნობილ ბიჭზე კოლისი. სიბნელეში ვერ ხედავდა ვინ, მაგრამ ძარის შუა ნაწილში, ვიღაც გულის გამაწვრილებლად ხვრინავდა, ოღონდ ეს, როგორც ჩანს, მხოლოდ მას და დიდი-დიდი გრემს აწუხებდა, – სხვები, თოთო ბავშვებივით მშვიდად ფშვინავდნენ.

წვიმამ დილითღა გადაიღო. მართალია, გამთენიისას ისე ძლიერად აღარ წვიმდა, თუმცა მაინც ჟინჟლავდა. ამის მიუხედავად, ნამესმა და ნასტერმა გზის გაგრძელება გადაწყვიტეს. თავიანთი ბიძაც, რომელიც იძახდა დავიცადოთ და რომ გადაიღებს მერე გავუდგეთ გზასო, ძალით შეაგდეს კოფოზე და ლამის ცხენების სადავეებიც თვითონვე დააქნევინეს.

– ოე, წმინდა ტერეზას დღეს იქ უნდა ვიყოთ, თორემ ტყავს გაგვაძრობს მამა ! – დაიძახა კაპიუშონიან შავ მოსასხამში გახვეულმა ნამესმა, რომელიც კოლისმა ამგვარ ჩაცმულობაში უზარმაზარ ყაჩაღს მიამგვანა. 

გზა ატალახებული იყო. წვიმის ბინძური წყალი ნიაღვრად მიედინებოდა მასზე. მაყვლის ბუჩქებიან ადგილას, ლაფიან ორმოში ჩაეჭედა ნასტერის ფორანს თვალი და კინაღამ ძირს გადმოცვივდა ძარაზე ჩამომსხდარი ხალხი. დურგალი ლუი გადაეკიდა კიდეც საზიდრის მოაჯირზე და მისი მეზობელი კარლის სისწრაფე რომ არა, ალბათ ტალახში გაადენდა ზღართანს.

უეცარი შეჩერებისგან დამფრთხალი ცხენები ყალყზე შედგნენ. წინამძღოლის ვაჟმა საზიდარი დააცლევინა მგზავრებს და რიხიანად შეუძახა, მიდით ამოსწიეთ თვალიო.

ვერაფერი ჰქნეს მათ.

ბოლოს თვითონაც ჩამოხტა კოფოდან გინებით და სანამ თავად არ მიეხმარა დანარჩენებს, გზის გაგრძელება ვერ მოახერხეს.

გვიან დილით ჟინჟლიც შეწყდა, ოღონდ ცა მაინც მოქუფრული დარჩა. როდესაც სოფელ ვერნის გასწვრივ ჩაიარეს, მზემ გამოიჭვრიტა სქელი ღრუბლებიდან. უძილობისგან მოქანცული კოლისი გაფაციცებული მიაჩერდა სოფელს და მასთან ახლოს ჩამომავალი მდინარის გაღმა გაშენებულ მეორე სოფელს, რომელზეც იფიქრა ის უკვე ალბათ დიჟუაო.

– ეს ალინია, ვითომ ?... ალინი ჩამოდის აქაც ? – მდინარეზე ჰკითხა გასტონს და პასუხად მხოლოდ თავის დაქნევა მიიღო.

დიდად არ მოხიბლულა სოფლებით კოლისი. ორივე მათგანი ისეთივე იყო, როგორც ოლმარი, ოღონდ გაცილებით პატარა და თან არცერთში არ იყო ტაძარი.

მას შემდეგ, რაც სოფლები ჩამოიტოვეს უკან, დამყაყებულ ჭაობებში ჩაფლული გამხმარი რცხილების კორომებს გასცდნენ და დამწვარ-დანგრეულ წისქვილებთან ჩაიარეს, ნელ-ნელა ერთ არც ისე დიდ ტბას გაუსწორდნენ, რომელშიც წყალი მოწითალოდ ელვარებდა.

ტბის შუაგულში უშველებელი, უსწორმასწორო ლოდი ეგდო, კუნძულივით. გარშემო ბებერი მუხები და ხმელი ფიჭვები ეკრა წყალს.

მასხარა გილენი წინ გადმოიხარა. ჯერ კოლისსა და გრემს მიაჩერდა, მერე იქვე მჯდომ გომონსაც შეხედა ცბიერად.

– გაინტერესებთ, არა ? გაინტერესებთ რატომაა წითელი, არა ?

– ოო, არ დაიწყო ახლა შენებურები, – ამოიხვნეშა გრემის მამამ, გრევმა.

– ნწ, ნწ, მაშ ჩვენი წარსული არ უნდა იცოდნენ ? – ადგილ-ადგილ ჩაშავებული კბილები გაკრიჭა გილენმა, – წარსულის დავიწყება არ შეიძლებაო, სულ ამას არ ქადაგებს ჩვენი მოციქული ?... ქადაგებდა უფრო სწორად, – ნამესს გახედა გილენმა და შემდეგ ჩუმად დაამატა, – აბა, ახალი ნეტავ რაღას ქადაგებს რომ ?  

– ეგ მითია და მორჩა. მეტი არაფერი, – თქვა გასტონმა.

– ჰო-ჰო, ცივებიც კია მითია, მაგრამ იცოცხლე ნახა ერთხელ ბიძაჩემმა ცივი.

– მოყევი, ძია გილენ, აბა, – დაიძახა გომონმა, – ვითომ რატომაა წითელი ?

ცივებია ხომ მითი ? – ხმა აიმაღლა სამთვალა ბომ, – მართლა არსებობდნენ, მართლა... ახლაც არსებობენ. 

ცაში რომელიღაც ფრინველმა ჩაიქროლა ისარივით. ნეტავ ქორი ხომ არ იყოო, გაიფიქრა კოლისმა, მაგრამ თვალი ვეღარ მიადევნა, ისე გაუჩინარდა იგი გზასთან ახლოს ამოსული კენწეროგამხმარი ნაძვების მიღმა.

– ძალიან... ძალიან ძველად... როცა ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ახალ იმრონში ფეხი დადგმული იმრონელებს, აქაური ქალები თავიანთ პირველშობილ ბალღებს ტბის ქალღმერთს სწირავდნენ, – ბოროტი ღიმილით დაიწყო მასხარა გილენმა, - იმ საცოდავებს თურმე ეგონათ მფატრავებისგან დაიცავდა ქალღმერთი მათ და მათ იმ... რა ჰქვია... ჰო, მათ იმ პირმშოებს, რომელთაც შემდგომ გამოაგდებდნენ თავიანთი ბნელი საშოებიდან. მაგრამ ჰაჰ, ვერ მიართვეს... ერთიანად შეჭამეს მფატრავებმა ისინიც, მათი შვილებიც, შვილიშვილებიც და კიდევ შვილთაშვილებიც.

– ჰო, აბა, მფატრავები, – ჩაეცინა ზორბა ერიკს, – ჩემი ძროხა კიდევ დაფრინავს, აი.

გილენმა ერთი შეხედა მეზობელს მზაკვრული ღიმილით და შემდეგ ისევ ბიჭებს მოუბრუნდა:

– ამბობენ, იმდენი ბალღი შესწირეს ქალებმა ტბის ქალღმერთს ნელ-ნელა მათი სისხლისგან გაწითლდა ტბაო. აგერ ხომ ხედავთ თქვენც ? თურმე ჯერ ყელს ჭრიდნენ ბალღებს და მერე ყრიდნენ წყალში.

კოლისმა კიდევ ერთხელ გახედა ტბას, მაგრამ არაფერი იგრძნო. მხოლოდ სიმშრალემ მოუფხაჭუნა ყელში, როდესაც გარშემო ამოსულ ხმელ ფიჭვებს მოავლო თვალი.

ცოტა ხანში, როდესაც ჭინჭრებითა და ოროვანდებით გადავსებულ მინდვრამდე მიაღწიეს, ტყუპებმა და მათმა ბიძამ ფორნები გააჩერეს. საჭმელი ჭამეთო, დაიყვირა ნასტერმა.

– ოე, ცოცხლები უნდა ჩაგიყვანოთ ერლთან ! – ხმა შეაშველა ძმას ნამესმა, –  მკვდრები არაფერში არგიხართ ! ჭამეთ !

ვაშლები სულ შეეჭამა კოლისს და ახლა სტაფილოს მიადგა. პურსაც ატანდა დროდადრო და კიდევ წყალს, მამამისის ნაქონი გაცრეცილი ტიკიდან.

– იმედია გვაჭმევს ერლი როცა ჩავალთ, ჰა ? – სახლიდან წამოღებული აპოხტის ღეჭვით იძახდა ზორბა ერიკი.

– გვაჭმევს, გვაჭმევს, მაშ რას იზამს ? – ამხანაგს გაუღიმა „შატაბუტა გასტონმა“, – ცოცხლები სჭირდებითო, ვერ გაიგე ? აბა, შიმშილით თუ დაგვხოცა, ვინღა მოკვდება მის ომში ? გრევ, გასტონ, ხომ ნამდვილად გვაჭმევს ? თქვენ მაინც ნამყოფები ხართ ომში და გეცოდინებათ !  

მეტყევე გასტონმა და გრევმა თავები დააქნიეს. ერთი, ყველს ღეჭავდა, მეორე – გამხმარ სოკოს.

– მისი ომი რათაა ვითომ ? ეს, ჩვენი ყველას ომი არაა, განა ? – დაიძახა ფორანს მიყუდებულმა დურგალმა ლუიმ და წვერზე მოცხებული პურის ნამცეცები ჩამოიბერტყა, – ერეტიკოსები თუ ვაცოცხლეთ ჭირს აგვაცდენს მეუფე განა ?     

„ეს როდის აქეთ გახდა ინკვიზიტორი ?“ – გაიფიქრა კოლისმა და ოდნავ ჩაეღიმა.

– ეჰ, ხმალს რომ იშიშვლებ და დაინახავ გარშემო ყველა შენს მოკვლას ცდილობს რამეღა გემასოვრება გგონია ? – დაიძახა გრევმა. აღარაფერი... აღარც ის რისთვის ომობ, აღარც ერეტიკოსები... ცოლ-შვილიც კი მიგავიწყდება, აბაა.

– ჰმ, მე იცოცხლე მემახსოვრება რისთვისაც ვომობ, – „შატაბუტა გასტონმა“ ოინბაზურად გაკრიჭა ყველით გაგნესილი კბილები.   

– ჰი-ჰი, სოფლების აოხრება თუ არ მოგვიწია, რას იზამ ერთი, საინტერესოა, – დაიძახა ფორნის თვალთან, ბალახზე ჩამომჯდარმა გრძელკისერა ბერლმა, – სად... სად იშოვი ერთი ქალებს, საინტერესოა. 

– იჰ, სოფლებს მისდღემში აოხრებენ ომებისას, – ხელი ჩაიქნია „მასხარა გილენმა“, – მაშ, ისე როგორ დაამშევ მტერს ? ეგრე არაა, გასტონ ?

მეტყევე გასტონმა კვლავ უხმოდ დააქნია თავი და ახლა ჭვავის პური ჩაკბიჩა თავისი სიფრიფანა ბაგეებით.

– შადაა იშ ორდენი ? – დაიჩიფჩიფა უკბილო ბუნმა, – დიდი ხნიშ შავალი იქნება ვითომ ?

– ორი კვირა მაინც უნდა ვიაროთ ! – დაიქუხა შებოლილ ხორცს პირით ჩაფრენილმა ნასტერმა და კოლისს უმალ გადაუქანდა გული, – ვალ-დე-ნუარშია ეგ დამპალი ორდენი... ერგუნდიის ზღვის სანაპიროზე აქვთ ქალაქი... კალტერონიო, თუ რა ჰქვია ? 

– ჰო, კალტერონი, – ლუკმის ღეჭვით დაუქნია თავი ძმამ.

ესე იგი, ეს ორი ავაზაკიც მათთან ერთად აპირებდა ომს ? ნუთუ დაბის მმართველმა არ დაიხსნა თავისი შვილები ომისგან ?

კოლისმა გრემს შეხედა, რომელიც თვალებგაფართოებული ღეჭავდა ქერის პურს, მარჯვენა ხელით კი დასახიჩრებულ ყურს იზელდა.

არც გომონი იყო დიდად გახარებული. ნერვიულად ფქვავდა თავისი ფართო ყბებით მამის მიერ მიწოდებულ აპოხტს.

– ორი კვირაო ? – ჩაიცინა ასტორმა. ხელში შებოლილი თევზი ეკავა, - მმ, ორ კვირაში კი დაიხოცებით ყველანი ! თან, ასე ჩაჭუჭყნულები თუ ივლით ერთად ! უთუოდ რამე საძაგელი სნეულება გაგათავებთ, ჰეჰ !

– ოე, ნეტავ ხმას ჩაიგდებდე ბერიკაცო ! – შეუბღვირა ბიძას ნამესმა, – ამას კი ვერანაირი სნეულება ვერ მოსჭამს ფეხებს და, – თავის ძმას დაადო მხარზე ხელი და მერე დანარჩენებისკენ გააქნია თავი, – ამათი არაფერი ვიცი !  

ნეტავ მარტო ნასტერი მოდის თუ ორივეო, ცნობისმოყვარეობა შეუჩნდა კოლისს.

როდესაც გზა განაგრძეს, ისევ მოიღრუბლა. ყველას ეგონა სადაცაა გაწვიმდებაო, მაგრამ წვეთი არ ჩამოვარდნილა ციდან.

ღამის გათევა, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც გზის პირას ამოსული დაბურული ნაძვების ქვეშ გადაწყვიტეს. თუმცა ამჯერად მიწაზე გაწვა მამაკაცთა უმეტესობა. კოლისმა კუნელის ბუჩქთან ახლოს მოკალათებული გასტონისა და გომონის გვერდით გაშალა თავისი ჯვალოს ქვეშაგი და ტილოს ქსოვილი წაიფარა ზემოდან. მიწა ცოტათი ნოტიო იყო ისევ და გარშემო წვიმისგან დალტობილი მტვრის სუნი ტრიალებდა.

ჩაბნელებულ ნაძვის ტოტებს მიშტერებული კოლისი იმ ჭრელგულა ქორზე ფიქრობდა, ასკილის ბუჩქში რომ იპოვა და ეცოდებოდა. ნეტავ სად მიდიან დაღუპული ქორებიო, გაივლო გულში და ამ ფიქრში ჩაეძინა.

 

 

 

თავი მეორე

 

 

– მეუფეო, რამხელაა, არა ? ძაან დიდი არაა განა ? - იძახდა ერლი ბლანშარდის ციხესიმაგრეს მიშტერებული ზორბა ერიკი.  

– ჰაჰ, შენ ის უნდა ნახო რამხელა ციხესიმაგრეებია ბელეგაში... და რა დიდებულები, – გაეცინა გასტონს, რომელიც უღელში შებმული ხარივით იყო გაოფლილი, – იმ წყეულ დონებს გემოვნება აქვთ, ვერაფერს იტყვი... ქალაქები კიდევ უფრო დიადები აქვთ, მაშ. 

კოლისი პირგაღებული მისჩერებოდა ხვლიკისფერი ქვებით ნაგებ უშველებელ გალავანს. ასევე იყვნენ გრემი და გომონიც... და კიდევ სხვებიც მათ ფორანზე.

მეორე საზიდარზე რა ხდებოდა, არ აინტერესებდა კოლისს. მაშინაც კი არ მოუწყვიტავს თვალი კლდოვან ბორცვზე წამომართული ციხესიმაგრისგან, როდესაც ფორანი ძალუმად შეირყა ერთ მომენტში, დაღმართზე დაშვებისას.

მათ წინ ხალხითა და კასრებით დატვირთული სხვა რამდენიმე ფორანიც მიემართებოდა ციხესიმაგრისკენ. ოთხი-ხუთი მხედარიც მიიწევდა ლაშქრის შეკრების ადგილისკენ. ჯვალოს ტუნიკასა და დაძონძილ მოსასხამში გამოწყობილ ერთ-ერთ მხედარს ბაწრით ჯორიც მიჰყავდა, რომლის საპალნესაც ფოლადის აღჭურვილობა შეადგენდა. თავთან ოდნავ შეჭყლეტილ მის ზარადიან ჩაფხუტს სისხლისფერი ჯიღები შეამჩნია კოლისმა, როდესაც უცნობს მიუახლოვდნენ. ეტყობა, რაინდიაო, გაიფიქრა ბიჭმა.

„მოხეტიალე რაინდი იქნება, თორემ უკეთესად ეცმებოდა უეჭველია.“

გზის მარჯვნივ განფენილ შამბნარს როცა გაუსწორდნენ, უკან გამოიხედა კაცმა. არწივივით ცხვირი და ფართო შუბლი ჰქონდა, თუმცა იერი, – მეტად უილაჯო. მარცხენა ლოყაზე ღრმა, დამშრალი კალაპოტივით ნაიარევი გასდევდა, რომელშიც ჭაღარა თმიდან მდინარესავით ჩასდიოდა ოფლი.  

მისი ჯაგლაგიც მასსავით უღიმღამო იყო. ზანტად მიათრევდა ფსლისფერ ფეხებს და მისი შემხედვარე იფიქრებდი, სადაცაა დავარდება და მხედარს ქვეშ მოიყოლებსო. ამის მიუხედავად, უცნობმა დეზები ოდნავ ამოჰკრა ფერდებში ცხენს და ჯორიც ააჩქარა, – როგორც ჩანს, არ უნდოდა მის უკან მომავალ საზიდრებს გაესწროთ მისთვის.

ციხესიმაგრე საკმაოდ დიდი გარშემოწერილობის ჩანდა. გალავნის ყოველ სამას-სამას ორმოცდაათ ფუტში კოშკი იყო ამოწვერილი. მარცხნივ, მოტეხილი ფიჭვებით ნაწილობრივ ჩახერგილი შორეული ხევის თავზე აზიდულ კოშკს, ქონგურების ნაწილი და კრამიტის სახურავი ალაგ-ალაგ ჰქონდა ჩამონგრეული. კედლის მიღმა, ციხესიმაგრის შიგნით ამობურცულ კლდეში ნაკვეთი საკმაოდ მაღალი და სქელი, მეტად უღიმღამო თაგვისფერი ნაგებობა იდგა. მიუხედავად იმისა, რომ მზე თავის მხურვალე და ნათელ სხივებში აბანავებდა მას, მაინც მეტად პირქუში ეჩვენებოდა იგი კოლისს. ალბათ იქ ცხოვრობს ერლი ბლანშარდიო, დაასკვნა ბიჭმა.

ბოლო ორი დღე აღარ უწვიმია. სანამ ციხესიმაგრემდე მოაღწევდნენ მრავალი მინდორ-ველი, მწვანე ტბები, დაბა რენფლორი და ამწვანებული გორების მიღმა ამოზრდილი უზარმაზარი მოწითალო ხიდისებური ნაგებობა ჩამოიტოვეს უკან, რომელზეც, როგორც გასტონმა თქვა ყველას გასაგონად, აკვედუკი იყო.

„მგონი, ნორბურგისკენ მიემართება... ან შეიძლება მაგნუსისკენ. წყლით ამარაგებს ქალაქს, მაშ“, – იძახდა სალესი ქვით თავისი ხმლის ლესვისას მეტყევე. 

ხიფათსაც გადაეყარნენ ერლი ბლანშარდის ციხესიმაგრიდან ერთი დღის სავალზე, გზაჯვარედინთან ახლოს. შებინდებისას, ბლანშარდების ტყის შესასვლელთან დაბანაკებისას, დაბებკილ, ჩამოძონძილ ტუნიკებში გამოწყობილი შარაგზის ყაჩაღები წამოადგნენ თავს. სულ თერთმეტნი იყვნენ, – ერთიმეორეზე უშნოები და დაუბანლები. ფული მოგვეცი, ტანსაცმელი და საჭმელიო, ჟანგიან ხმალს უღერებდა ძეძვნართან მოსასაქმებლად ჩამჯდარ ზორბა ერიკს მათი თმაგაზიზნილი მეთაური. მაგრამ როდესაც ბუჩქების მიღმა ჩამომსხდარი ოცდაცხრა კაცი დაინახეს და თან ნამესი და ნასტერი წელში გასწორდნენ და ორი მთასავით აიზიდნენ ჰაერში, ყაჩაღები შეშინებული ტურებივით დაიფანტნენ.

– უჰ, ჩვენჩ აშე უნდა დაგვაყენონ ? – კაშკაშა მზეს ახედა უკბილო ბუნმა და ოფლით დაცვარული შუბლი მოიწმინდა მაჯით.

ციხესიმაგრის კარიბჭესთან რიგი იყო დამდგარი. ადგილ-ადგილ ჟანგშეპარული ჯავშნით შეჭურვილი შუბოსანი გუშაგები ცოტა ხანს აჩერებდნენ საზიდრებს, რაღაცას ეუბნებოდნენ მეფორნეებს და მხოლოდ ამის შემდეგ უშვებდნენ შიგნით.

– ეკითხებიან ალბათ საიდან ჩამოხვედითო, არა ? – იკითხა მასხარა გილენმა.

– კი. ჩვენს დროსაც მასე შვრებოდნენ, – თქვა მეტყევე გასტონმა, – მაშინ კარიბჭესთანვე გვითხრეს სადაც უნდა დავბინავებულიყავით ციხესიმაგრეში, მაშ. ვნახოთ ახლა რა იქნება.

როდესაც გზაზე ამოსული კუროსთავების მონაკვეთი გაიარეს და ტყის ფარსმანდუკების ზღვაში ჩაფლულ დამპალ მუხებსაც გასცდნენ, ნამესმა საზიდარი შეანელა და ნელ-ნელა უკან ამოუდგა უილაჯო რაინდს, რომლის წინაც სხვა ორი მხედარი და სამი ფორანი ჩამომდგარიყო კარიბჭეში შესასვლელთან. ნასტერი და ასტორი თავ-თავიანთი ფორნებით ამოუდგნენ უკან ნამესს.

კარიბჭის თავზე ორი ერთნაირი ალამი იყო გადმოკიდებული, – ლურჯ ფონზე შავად გამოსახული ორ ფეხზე შემდგარი დათვის. ეტყობა, ესაა ბლანშარდების გერბიო, დაასკვნა კოლისმა.  

– ჩვენც ჩაგვაცმევენ ჯავშანს, მამა ? – გუშაგებს მიაშტერდა გომონი.

– ეგეთ ფირფიტებიანს ? არამგონია... უბრალო ჯაჭვის პერანგებს მოგვცემენ... ადრე, მხოლოდ ჯაჭვის პერანგები მოგვცეს და ეგ იყო. 

– რად გინდა ბიჭო ჯავშანი ამ სიცხეში ? – სახედაჯღანულმა შეხედა გომონს მასხარა გილენმა.

– ზოგ-ზოგიერთს კი უნდა ცოცხლად დარჩენა, – ხორციანი ცხვირიდან მძლავრად ამოიქშინა გრევმა.

– მე რა, არ მინდა ? ფულის შოვნა მინდა ომში... გამდიდრება... ჩემი ციხესიმაგრე... ლამაზი ქალები. აბა, როგორ ?

– ჰოდა ჩაიცვი რასაც მოგცემენ !... ჩაიცვი, დამიჯერე !

კოლისს არ ესმოდა რას ეუბნებოდნენ გუშაგები წინ მდგომი საზიდრების კოფოებზე მოკალათებულ მამაკაცებს, მაგრამ როდესაც მხედრების ჯერი დადგა, ყველაფერი გარკვევით გაიგონა.

ქურან, თეთრ, რუხ და საღრა ულაყებზე ამხედრებული მამაკაცები, ჯალათები აღმოჩნდნენ. როგორც წელში ნამეტნავად გაჯგიმულ და ოფლში გახვითქულ გუშაგთა ცვლის მეთაურს მიუგეს, არქიმოციქულის მოწოდების შესაბამისად გვსურს წმინდა ანდროსის ორდენის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა და ისეთ მამაც მეომართან ერთად ბრძოლა, როგორიც ერლი ბლანშარდიაო.

– ის ერთი მეცნობა, დიდი ყურები რომელსაც აქვს, –  თქვა „შატაბუტა გასტონმა“, – ბუნ, ეგ არ იყო, ძლივს რომ წააცალა თავი დიჟუელი მთრიმლავის მამას ? გასალესი ხმალი რომ აღმოაჩნდა მაგ უვარგისს. 

– ჰო, მგონი, მართლაჩ ეგ იყო, – სიცხისგან დახეთქილი ტუჩების ცმაცუნით მიაჩერდა ჯალათს უკბილო ბუნი, – კი, ეგაა, ჩხვირჟე ხალი აქვშ. ეტყობა, ჩოდვებიშ გამოშყიდვა მოუნდა, აი.

ჯალათებს გუშაგთა მეთაურმა მიუგო, რაც მეტი კაცი გვეყოლება მით უკეთესიო და ბოლოს უთხრა შეგიძლიათ სამჭედლოებში დაბინავდეთო.

– ჰო და განმკარგულებელი კორტი მონახეთ ან მისი რომელიმე მსახური ჩააყენეთ საქმის კურსში ! – თავისი გამკივანი ხმით მიუგო გუშაგთა მეთაურმა.

კოლისის ვარაუდი გამართლდა, – უილაჯო მხედარი მართლაც მოხეტიალე რაინდი აღმოჩნდა.   

– სერ დაროლდ ხისტი გახლავართ ! – მოულოდნელად საკმაოდ მჭახე ხმით დაიძახა მან.

არავინ ეკითხებოდა, მაგრამ თავისი თაოსნობით დაიძახა, რომ ხუთი წლის წინ, ოსტერნის ტურნირში მონაწილოებისას კემბრიელი სერ ასტონ ბლეიქი გადმოაგდო ცხენიდან, ხოლო მისმა შემდგომმა მოწინააღმდეგემ, სახელგანთქმულმა სერ ბელტონ „რკინის მუშტმა“ მხოლოდ მეოთხე ცდაზე მოახერხა მისი ცხენიდან ჩამოგდება. სამი წლის წინ კი, ჰელიონის დიად არენაზე გამართულ ორთაბრძოლების ტურნირზე, ოლდენელი სერ ბრენტ ტროდელი განვაიარაღეო, ამაყად თქვა მოხეტიალე რაინდმა.

– ნეტავ ვის აინტერესებს ამის ბოდიალი ? – ჩაიფრუტუნა ზორბა ერიკის მეზობელმა, თმახუჭუჭა გიმ, – სერ იდიოტიც რომ მოვიდეს იმასაც შეუშვებენ, ალბათ... სასიკვდილე ხორცი სჭირდებათ, ეგრე არაა ? რაც შეიძლება მეტი ხორცი.

– მობრძანდით, სერ დაროლდ ! – მიუგო გუშაგთა მეთაურმა, - შეგიძლიათ თქვენც რომელიმე სამჭედლოში დაბინავდეთ !

და ისიც შეახსენა, განმკარგულებელი კორტი მონახეთ ან მისი რომელიმე მსახური ჩააყენეთ საქმის კურსშიო.

კოლისის ფორნის ჯერიც დადგა.

– ოლმარიდან მოვდივართ ! – დაიბუხუნა ნამესმა, – ერლი ბლანშარდის ჰეროლდმა დაგვიბარა !

– ომში რამდენი მიდიხართ ? ერთად ხართ, არა ? ოჰო, ტყუპები, – ჯერ ნამესს მიაჩერდა გახალისებული გუშაგთა მეთაური და შემდეგ ნასტერს.

– ოცდაექვსი, – მიუგო ნამესმა. 

– ოცდაშვიდი ! – უკნიდან დაიგრგვინა ნასტერმა.

– ჰო, ოცდაშვიდი.

„ვითომ, მხოლოდ ერთი რჩება აქ ? – გაიფიქრა კოლისმა, – ამას კიდევ რა უშავს ? სად მძღნერით სავსე ერთი კასრის ყნოსვა და სად ორის.“  

მიუხედავად მშვიდობიანად დაწყებული მგზავრობისა, გზას მაინც არ ჩაუვლია ტყუპების მავნებლობის გარეშე. სანამ ციხესიმაგრეს მიუახლოვდებოდნენ, მინდვრის ნარებით გადავსებულ ერთ კორდთან შესვენებისას, ნასტერი გრემს აუტყდა გინდა თუ არა ხელი მომაკიდებინე მაგ შენს ლამაზ ყურზეო და ბიძამისისთვის მანამდე გამორთმეული ტყავისტარიანი დანით ხელში, უშნო ღრეჭით უახლოვდებოდა მას. გრევმა თავისი ვაჟის დასაცავად გაიწია, ხმალი იშიშვლა და დანარჩენი მამაკაცები რომ არ ჩარეულიყვნენ საქმეში, უეჭველად სისხლი დაიღვრებოდა, – ნამესმა, ძმის დასახმარებლად, თავისი მახვილი ამოაძრო ქარქაშიდან გინებით და მზად იყო მასთან ერთად დარეოდა სულყველას. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ტყუპების ბიძამ, ასტორმა ივაჟკაცა. იგი რომ არ ყოფილიყო იქ, ალბათ უბედურება წისქვილის ბორბალივით ადვილად დატრიალდებოდა.

„გადაირიეთ და ეგაა. ნასტერ, ნამეს, მეუფის გულისთვის, დაშოშმინდით, ახლავე ! – იძახდა დანარჩენებს გადაფარებული ასტორი, – მამათქვენს რა პირით უნდა შეხედოთ მერე, ჰა ? ეს ხალხი ერლისთვის მიგყავთ, დაგავიწყდათ ?   

– შედით ! – ხმამაღლა დაიძახა გუშაგთა მეთაურმა და ნამესის ფორანში შებმულ ერთ-ერთ შავ ფაშატს საჯდომზე შემოსცხო მსუბუქად ხელი, – დაბების მოსახლეებისთვის სავარჯიშო მოედნის ტერიტორიაა გამოყოფილი... ხომ იცით, ვინც უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში ?

ვიცითო, გამოეპასუხნენ ტყუპი ძმები და რკინით შეჭედილ კარიბჭეში შეარახრახეს ფორნები. ასტორიც, რა თქმა უნდა, უკან მიჰყვა ძმისშვილებს.

ციხესიმაგრის კედლებს მიღმა აღმოჩენილ კოლისს გული აუფანცქალდა. ნუთუ მოსაწყენი ოლმარიდან ერლის ციხესიმაგრის შიგნით აღმოვჩნდიო, თვალებგაფართოებული მისჩერებოდა ქვითკირის შენობებსა და მათ შორის გაყვანილ ატალახებულ გზებზე მოსიარულე შეიარაღებულ მამაკაცებსა და ნაირ-ნაირ ცხენებს.

არ სჯეროდა იმის, რასაც ხედავდა.

 

 

 

 

****

 

 

სავარჯიშო მოედანი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, მაგრამ მხოლოდ მასზე ვერ ეტეოდნენ სხვადასხვა სოფლიდან და დაბიდან საომრად ჩამოსული მამაკაცები. ასე რომ, ციხესიმაგრის განმკარგულებლის მსახურებმა მათი ნახევარი მაინც მოედნის გარშემო ჩადგმულ საჯინიბოში, საბძლებში, ბოსლებში, საქათმეებსა და უშველებელ საღორეებში გაანაწილა.

მართალია, კოლისი, საღორეში მოხვდა გრემთან, მის მამა გრევთან და ზორბა ერიკთან ერთად, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო ამით, რადგან ნასტერი მათგან მოშორებით, საჯინიბოში მოათავსეს რამდენიმე სხვა ოლმარელთან ერთად. თავად სავარჯიშო მოედანზე აგებულ ხუხულებში კი, დურგალი ლუი, მეტყევე გასტონი, გომონი და შვიდი სხვა ოლმარელი დააბინავეს.

– როგორც იქნა მოგვშორდა ეგ ავისმქმნელი, – ნასტერის შესახებ იძახდა გრევი ღორის ჩხრინკელითა და ტალახით მოთხვრილ მიწაზე თავისი ჭილობის გაფენისას, – მამამისს არ სცოდნია, ომში რომ მიეთრევა... თავის გამოჩენა მონდომებია ვაჟბატონს. ხომ არ ჰგონია, რაინდად აკურთხებს ვინმე ? 

უკან, ოლმარისკენ დაძვრამდე, ნამესი ისე დაემშვიდობა თავის ტყუპისცალ ძმას, გეგონება სატრფოები ყოფილიყვნენ, – თავი თავზე მიადო და შემდეგ რამდენჯერმე მაგრად ეამბორა შუბლზე. ბიძამისი ასტორი კი ერთი გადაეხვია მას, ვეება ზურგზე ხელი შემოსცხო და გაეცალა. ამის შემხედვარე კოლისი ნანობდა, უფრო მეტი სითბო უნდა გამომეჩინა დედაჩემისადმიო.

„ამ ჯიბგირებს არაფრის ერიდებათ და მე რაღა მეუფე გამიწყრა ? ერთი მაინც გადავხვეოდი ხეირიანად. რა დაშავდებოდა ?“

წვრთნა მეორე დღიდანვე დაიწყეს. რამდენადაც ციხესიმაგრის არც ისე მცირე მოედანი რამდენიმე კარვითა და აუარება ხუხულით იყო გადავსებული, დილაადრიან კედლებს მიღმა გაიყვანა ერლის ხალხმა ომში წასაყვანი სამასზე მეტი გლეხი და სამ რიგად მოწყობის შემდეგ ხევისკენა მინდორში დაუწყო მათ სწავლება ბლანშარდების ერთ-ერთმა ოფიცერმა, რომელიც დურელად გაეცნო მათ. ტანადი კაცი იყო დურელი, თუმცა ნასტერის სიმაღლემდე მაინც ბევრი ეკლდა. ბლანშარდების ალმის ფერებში – ლურჯსა და შავში, - გაწყობილი ტილოს გახუნებული ბრიგანდინი ეცვა მას. 

პირველივე დღეს, როგორც კი ხის ხმლები ჩამოურიგა რეკრუტებს ერლი ბლანშარდის ორმა ახალგაზრდა ჯარისკაცმა, შეტევისა და თავდაცვის ძირითადი მოძრაობები აჩვენა მათ დურელმა და იგივეს გამეორება უბრძანა. კოლისიც იდგა და ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც ოფიცერმა მიუთითათ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე იცოდა მან, – გასტონი ხომ სწორედ ამას ასწავლიდა ხოლმე ოლმარში მას და გომონს: „ხმალი მხრის გასწვრივ... ნაბიჯი წინ... ნაბიჯი უკან... შეტევა ზემოდან... შეტევა გვერდულად... ჩხვლეტა... კისრის დაფარვა... ფეხის დაფარვა... ნაბიჯი წინ... ნაბიჯი უკან...“.

როგორც აღმოჩნდა გლეხების არც ისე მცირე ნაწილმა უკვე იცოდა ის, რასაც ოფიცერი ასწავლიდა მათ, მაგრამ ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მთელი ორი კვირა სწორედ ძირითად მოძრაობებში უნდა ევარჯიშათ, რადგან დიდ ბრძოლაში მეტის ცოდნა მაინც არაფერში გამოადგებოდათ.  

– ჰელიონის დიად არენაზე დუელი არ მოგელით, სადაც მაყურებელი თქვენი ოსტატობით უნდა მოხიბლოთ ! – დასჭექა ოფიცერმა და გიშერივით შავ ულვაშს დაუწყო უხეში თითებით წვალება, – ერთადერთი, რაც მოგეთხოვებათ ისაა, რომ მტერს ღრმად უნდა გაუყაროთ ხმალი ან უმოწყალოდ გასეროთ !... გასაგებია ? შუბის ხმარებასაც გასწავლით ! მომდევნო ვარჯიშზე დაგაკავებინებთ შუბებს ! აი, მომდევნო კვირიდან კი ფარის დაკავებასაც გასწავლით ! რაც უფრო მეტად დაოსტატდებით საფუძვლებში, მით უკეთესი ! დანარჩენს თავად ნამდვილი ბრძოლა გასწავლით, როცა იმ კაცებს შეეჩეხებით, რომელთაც თქვენი მზის დაბნელება იმაზე მეტად ენდომებათ, ვიდრე რომელიმე მზეთუნახავთან დაწოლა !

გარკვეული დროის განმავლობაში ხის ხმლების ჰაერში ქნევის შემდეგ, დურელმა გლეხები დააწყვილა და ერთმანეთთან ბრძოლა დააწყებინა. 

– ყოველდღე ივარჯიშებთ ! დღეში ორჯერ ! – აქეთ-იქით მიდი-მოდიოდა დურელი და თან მოვარჯიშეებს აკვირდებოდა, – ისე უნდა გაითავისოთ ყოველი მოძრაობა, ტკბილად ჩაძინებულებიც რომ წამოგაგდოთ ფეხზე, არაფერი უნდა შეგეშალოთ, იცოდეთ ! კარგია, ბიჭო ! ოღონდ, მთლად მაგხელა ნაბიჯსაც ნუ დგამ ! სქელა, ცოტა ნელა, თორემ თავს გაუხეთქავ მაგ ბეჩავს !

კოლისი და გრემი ერთად დაწყვილდნენ. რამდენადაც, გრემსაც ასწავლა თავის დროზე მამამისმა ხმლით ბრძოლის ის საფუძვლები, რასაც ახლა იმეორებდნენ, არც ისე ცუდად გამოსდიოდათ ვარჯიში, – ერთ-ერთი ჩავლისას შეაქო კიდეც ოფიცერმა დურელმა ოლმარელი ბიჭები.

არც ისე მცირეხნიანი ვარჯიშის შემდეგ კვლავ ციხესიმაგრეში შერეკეს გლეხები ერლის მსახურებმა და თავ-თავიანთი დაბინავების ადგილების მიხედვით ბოსტნეულის წვნიანი ჩამოუსხათ მათლაფებში ერთმა კუზიანმა და სახედაღმეჭილმა კაცმა.

გრემის გვერდით, საღორის ფიცრულ კედელს მიყუდებული კოლისი ფიქრობდა ნეტავ ერლს თუ ვნახავთ ოდესმეო და წვნიანის ხვრეპით მისჩერებოდა საჯინიბოს მხარეს წამომართულ დიდრონ ქონგურებიან ნაგებობას, რომელსაც, როგორც მანამდე გრევისგან გაიგო, პალატი ერქვა.

ნაშუადღევს კვლავ გარეთ წაასხეს გლეხები და ახლა ხის შვიდფუტიანი ბოძები დააკავებინათ ხელში ოფიცერმა დურელმა.  

„აბა, შუბებიო ?“ – ცოტა არ იყოს გული დაწყდა კოლისს.

პირველ რიგში ის აჩვენა მათ დურელმა, თუ როგორ უნდა სჭეროდათ ხელში შუბი და შემდეგ ჩხვლეტისა და მოქნევის ძირითადი მოძრაობები შეასრულა. 

– გაიმეორეთ, მიდით ! აბა, ჩხვლეტა ! – ისევ ისე დაიწყო წინ და უკან სიარული ოფიცერმა, როგორც ხმლით ბრძოლის გაკვეთილზე და აკვირდებოდა როგორ იქნევდნენ ჰაერში „შუბებს“ რეკრუტები, – მოქნევა ! შავტუხა, სახრე კი არაა ეგ, შუაში და ბოლოში წაავლე ეგ ჭუჭყიანი ხელები ! ყოჩაღ სქელა... შუბის ჭერა აშკარად შენი საქმეა ! ჩხვლეტააა !

კოლისს შუბი არათუ არასდროს სჭეროდა, ნანახიც კი არ ჰქონდა და ახლა ბოძი ხელიდან უსხლტებოდა დროდადრო. ერთხელ კინაღამ მოარტყა კიდეც შემთხვევით მის წინ მდგომ მასხარა გილენს.

მომდევნო შვიდმა დღემ მეტად მოსაწყენად ჩაიარა: ხმლით ვარჯიში, ჭამა, დასვენება, შუბით ვარჯიში, ჭამა, დასვენება, ძილი, ხმლით ვარჯიში... – სულ ეს იყო რეკრუტთა ყოველდღიურობა. ყველანი იმას ნატრობდნენ, რა იქნება სხვა რამ მაინც გვაჭამონო, რადგან მუდამ წვნიანს ჩამოუსხამდა ხოლმე მათლაფებში მათ ერლის კუზიანი მსახური ვარჯიშის შემდეგ. ერთადერთი, რითაც ოდნავ ხალისდებოდა ხოლმე კოლისი შესვენებების დროს სხვადასხვა ამბების მოსმენა იყო, რომელთაც ზოგიერთი გლეხი ჰყვებოდა და კიდევ დროდადრო ცაში გამოჩენილი ქორები. ერთხელ, იმდენად მოიწყინა, რომ როგორც კი ციხესიმაგრის თავზე მონარნარე ქორი დაინახა სავარჯიშო მოედანზე მობაქიბუქე ნასტერთან მიუშვა და დიდად დააფეთა როგორც გოლიათი, ისე მის გარშემო შეკრებილი ხალხი, რომლებიც საერთოდ არ მოელოდნენ ფრინველის ამგვარ თავდასხმას.  

– ერიჰა, ორმოც ზამთარზე მეტია მიწაზე დავაბიჯებ და ამგვარი რამ ჯერ არ უნახავთ ჩემს თვალებს, – იძახდა ერთი სიმელოტეშეპარული, სქელწარბა კაცი, როდესაც კოლისმა ისევ ცაში აჭრა უბრძანა ქორს, – ეტყობა, ძალიან დამშეული იყო ეს ოხერი, ჰა !

ციხესიმაგრეში ჩამოსვლის პირველი შვიდი დღის განმავლობაში, საშინლად სტკიოდა მთელი სხეული კოლისს. ასე ეგონა, მძიმე ქვები ეკიდა როგორც ხელებზე, ისე ფეხებზე, კუნთები კი ბასრი კენჭებით ჰქონდა ამოვსებული. მაგრამ რამდენადაც ერთადერთი არ იყო, ვინც ამგვარ რამეს გრძნობდა, გადამეტებულად არ უდარდია ამ ამბავზე. ერთ-ერთი ვარჯიშის წინ მეტყევე გასტონმა თქვა, არაფერია ცოტა მოვითმინოთ, მივეჩვევით და გაგვივლის ტკივილიო.

– მახსოვს, მაშინაც მურტალი ტკივილი გვაჭირვებდა თავიდან, მაშ ! – იძახდა მეტყევე, – ბრძოლას მიუჩვევლები ვართ და იმიტომ !  

იმასაც იძახდა გასტონი, რომ როდესაც ნამდვილ ბრძოლაში ჩაერთვებოდნენ და მათი მოკვლის მსურველ მოწინააღმდეგეებს პირისპირ იხილავდნენ, შეიძლება საერთოდ აღარ გახსენებოდათ ის წვრთნა, რასაც ახლა გადიოდნენ, მაგრამ ისიც დაამატა, რომ ცოტათი მაინც წაადგებოდათ ყოველდღიური ვარჯიშები.

– ხელი მაინც თავისას იზამს ხმლის ჭერას თუ მიაჩვევთ ! შუბზეც ეგრე იქნება, მაშ ! მაშინ ომში ლამის ჩავისვარე, მაგრამ ჩემი მარჯვენა მაინც თავისას შვრებოდა !

პარალელურად, მოედინებოდა და მოედინებოდა ფორნები და ურმები ციხესიმაგრეში. ნაწილზე საჭმელ-სასმელი ელაგა, ნაწილზე – საომარი აღჭურვილობა. გასამგზავრებელ სამზადისში მყოფი ერლის ჯარს კიდევ ოთხი მამაკაცი შემოუერთდა, რომლებიც, როგორც ერთი დიჟუელი გლეხის საუბარს მოჰკრა ყური კოლისმა, წმინდა აბელარდის ორდენიდან განდევნილი ნარაინდალი ბერები იყვნენ.   

– სხვებისა არაფერი ვიცი რის გამო გამოაბუნძულეს, მაგრამ აი, იმ ერთს, ცალი თვალი რომ ახვეული აქვს, ერთი გლეხი ქალისთვის აუხდია ნამუსი, მისი ქმარი კი მოუკლავს, – იძახდა დიჟუელი რეკრუტი, – თურმე ცოდვების გამოსყიდვის იმედი ჰქონია ! ასე გამოუცხადებია არქიმოციქულს, ვინც ამ საღვთო ომში იბრძოლებს, ყველა ცოდვა მიეტევებაო !

მერვე დღეს უკვე ხის ფარები დაიკავეს ხელში რეკრუტებმა. ოღონდ, ამჯერად უკვე ოფიცერი დურელის ნაცვლად, ვინმე ოფიცერი მეისი დაუხვდათ სავარჯიშოდ გარეთ გასულ გლეხებს, –  ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იმდენად ლამაზი პირისახის იყო, რომ გასტონსა და შატაბუტა გასტონს ქალი ეგონათ, მაგრამ როდესაც საკმაოდ ბოხი ხმით დაილაპარაკა უმალ მუცელში ჩაუვარდათ ენები. ესეც, ლურჯსა და შავ ფერებში იყო გამოწყობილი.

პირდაპირ წყვილებში ვარჯიში დააწყებინათ მან.   

– ფარი !... ფარი დაახვედრეთ ხმალს ! – ოფიცერი დურელივით მიმოდიოდა მეისი, –  დაიმახსოვრეთ, ფარიც და ხმალიც თქვენი სხეულის განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს !

ჭამისა და დასვენების შემდეგ უკვე ბოძებითა და ფარებით ივარჯიშეს რეკრუტებმა. ამჯერადაც იგივე თქვა ოფიცერმა და ისიც დაამატა, რომ ისევე როგორც ხმალი, შუბიც ხელია, ოღონდ უფრო გრძელი.

მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში ვარჯიშისას ხელიდან არ გაუგდიათ ფარები გლეხებს. ერთ-ორ ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი წვრთნის ბოლო დღეებში, – ნასტერმა ისე მაგრად აძგერა ფარი ერთ-ერთ სოფლელს სახეში, რომ წინა კბილები ერთიანად ჩამოუმტვრია, ხოლო შატაბუტა გასტონს ცხვირი გაუტეხა ზორბა ერიკმა ხის ხმლით.

მაგრამ ამგვარი დაშავება ვერ იხსნიდა მათ ომისგან. გრევი იძახდა, ჩემს დროს ერთ კურდონელ გლეხს იდაყვი დაუმსხვრია მეწყვილემ ვარჯიშისას, მაგრამ მაინც წამოიყვანეს ბელეგაშიო.

– კასტა-ვერდემდე სანამ მივიდოდით, გზაში მოკვდა ცხელებისგან ის ბედშავი.

უკანასკნელი ვარჯიშის შემდეგ, საქონლის წვნიანი ჩამოუსხათ მათლაფებში ერლის კუზიანმა მსახურმა. გამგზავრების წინა დღე იყო და ბებერი საქონლის ხორცის თითო-თითო პატარა ნაჭერი ყველას წაახალისებდა, აბა როგორ ?  

– სულელები ვგონივართ იმ ვაჟბატონს, არა ? – უკმაყოფილო იძახდა ბროოელი მთრიმლავი კასპერი, როდესაც ერლის მსახური გაეცალა იქაურობას, – მთელი ეს დღეები წყალდასხმული სტაფილოსა და კომბოსტოს მეტი არაფერი გვაგემა და ახლა ჰგონია ამ გამხმარ ლეშს თუ ჩაგვაღეჭინებს, მისთვის თავებს დავდებთ ? ელოდოს !

– მმ, მგონი, ოხრახუშიც აქვს წვნიანს ! – ოხუნჯურად გაიღიმა მასხარა გილენმა, - რას ამბობ, ოხრახუშის გამო თავს დავდებ კი არა, აქვე მოვიჭრი საოხრეს თუ ერლს დასჭირდება !

ახლომახლო მჯდომმა რეკრუტებმა სიცილი ატეხეს.

– მოკეტეთ ! – დაიღრინა სავარჯიშო მოედნის ჭრაჭუნა მოაჯირზე მიყუდებულმა ნასტერმა და აქეთ-იქით მიმოიხედა, – თქვენ გამო ყველას თავებს წაგვაცლიან !

კოლისი წვნიანს ხვრეპდა ხის კოვზით და დროდადრო ცას მისჩერებოდა. ფიქრობდა, ნეტავ რომელიმე ქორი თუ გამოჩნდება, ხვალ დილით ომში რომ გამაცილოსო.

 

 

 

****

 

 

ერლი ბლანშარდი ჩასკვნილი და მეტად ბანჯგვლიანი კაცი აღმოჩნდა. ციხესიმაგრის გარეთ, დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე მწყობრად დამდგარმა ყველა გლეხმა დაინახა თუ როგორ გამოაგოგმანა მან თავისი სისვი ულაყი და როგორ ჩაუდგა სათავეში მოლაშქრეებისა და საზიდრების კოლონას თავის სამ ვაჟთან, ხუთ რაინდთან, მათ საჭურვლეთმტვირთველებთან და მასსავით ბანჯგვლიან მოციქულთან ერთად. მისმა შემხედვარე კოლისმა იფიქრა, მგონი თვალებიდან ეწყება წვერიო.

როგორც ერლი, ისე მისი სახლეული, რაინდები და ჯარისკაცები, ყველანი ლურჯ-შავად იყვნენ შემოსილები. მხოლოდ მოციქულს ემოსა გრძელი ყავისფერი კაბა. გლეხებს რაც შეეხებათ, მათ სიფრიფანა ჯაჭვის პერანგები და უფერული გარსაცმელები მიუგდეს გამთენიისას. ეტყობა, ბლანშარდების ალმის ფერის გარსაცმელები აღარ აქვთ მეტიო, იძახდა ჯაჭვის პერანგის ზემოდან გაცრეცილი ნაჭრის ჩამოცმისას მეტყევე გასტონი.

იარაღი და ფარებიც ჩამოურიგეს რეკრუტებს ერლის ჯარისკაცებმა, ჩამოურიგეს რა, პირდაპირ სავარჯიშო მოედანზე მოიტანეს სამი ფორნით და თავად გლეხებსვე დაახვავებინეს მიწაზე. კოლისს ხმალი ერჩივნა, მაგრამ ერთი ადგილ-ადგილ ტალახმიმხმარი შუბიღა შეხვდა, რომელსაც ბუნიკი ნაწილობრივ დაჟანგული ჰქონდა, – აბა, ხმლები და უკეთესი შუბები უმალ დაიტაცეს დანარჩენებმა.

თუმცა ფარი უფრო ხეირიანი შეხვდა, ვიდრე შუბი, – მუხისგან დამზადებული და რკინით შეჭედილი. ერთი ისაა, შიგნიდან მეტად უხეში ღვედი ჰქონდა და დარწმუნებული იყო თუ დიდხანს ეკავებოდა, ნელ-ნელა ხელის გულს გადაუტყავებდა.

მალ-მალე იყურებოდა ცაში ციხესიმაგრის კედლებს გარეთ მდგომი ბიჭი. მაგრამ პირდაპირ მათ თავზე დაკიდებული თალხისფერი სქელი ღრუბლების მეტს ვერაფერს ხედავდა. ქორი კი არა, რატომღაც კაჭკაჭები და ყვავებიც კი არსად ჩანდნენ.

ერლმა ბლანშარდმა რაღაც წარმოთქვა დაძვრის წინ, მაგრამ მისმა ერთმა სიტყვამაც კი ვერ მოაღწია რეკრუტთა მეცხრამეტე რიგში, გომონთან და გასტონთან ერთად მდგომი კოლისის ყურამდე. დასავლეთის მხარეს გაშლილი ტყისკენ წაუძღვა თავის ასოც ჯარისკაცს, სამასზე მეტ გლეხსა და თორმეტ მოხალისეს.

როგორც აღმოჩნდა, სამი მოხეტიალე რაინდი იყო მათ ლაშქარში. სერ დაროლდ ხისტს, რომელიც პირდაპირ გლეხთა კოლონის გვერდით მიაჩაქჩაქებდა თავის ჯაგლაგს, კარგად სცნობდა კოლისი. აი, დანარჩენ ორ რაინდს კი, რომლებიც ჯალათების უკან მიდიოდნენ, პირველად ხედავდა. ერთს, – ბოლომდე გამელოტებული თავი სულ მსხვილ-მსხვილი ნაიარევებით ჰქონდა დაფარული, მეორეს, – მეტად ახოვან და მხარბეჭიან მამაკაცს სახე ტყავის თხელ შავ ნიღაბში ჩაემალა. ამ უკანასკნელზე კოლისმა გაიფიქრა, ეტყობა ესაა ის მოხეტიალე რაინდი, ნასტერმა რომ ახსენა იმ დღესო.   

„თურმე ბავშვობაში ვიღაც შეშლილ დედაბერს ჩავარდნია ხელში... ალქაჯს, – აღტაცებული უყვებოდა იმ დღეს სავარჯიშო მოედანზე თავმოყრილ გლეხებს ოლმარის წინამძღოლის ვაჟი, როდესაც იგი სამჭედლოებისკენ გასეირნების შემდეგ დაბრუნდა უკან, – თვალები, ტუჩები, ლოყები... ჰო შუბლიც, მთელი სახე მახათით ამოუკერავს მისთვის იმ კუდიანს, ჰოდა ასე დამახინჯებული გაუშვია უკან სახლში მის უბედურ მშობლებთან... იმის მერე სულ ნიღაბს ატარებსო, ასე მითხრა იმ მრეცხავმა დედაკაცმა. ჰაჰ, მგონი, ის კუზიანი უფრო ლამაზია საჭმელი რომ მოაქვს ხოლმე ჩვენთვის, ვიდრე ის გონჯი რაინდი... უსახოს ეძახიან თურმე იმ ბეჩავს.“

წმინდა აბელარდის ორდენიდან განდევნილი ნარაინდალი ბერებიც გლეხთა კოლონას მიჰყვებოდნენ გვერდით. ერთი მათგანი, ლოყებღაჟღაჟა და ხელგამხმარი, ჯახრაკა ჯორზე იჯდა, დანარჩენები – წვივებატალახებულ საჯოგავ უფერულ ცხენებზე. ოთხივეს გრძელი რუხი ჯვალოს კაბა ემოსა და ოფლი წურწურით გასდიოდა. სამი საპალნიანი ჯორიც მოჰყავდათ. ალბათ გამოსაცვლელი ტანისამოსი უწყვიათ შიგნითო, დაასკვნა გახეხილი ფუთების შემხედვარე კოლისმა.

საზიდრებში ძირითადად ხარები და კამეჩები იყვნენ შებმულები, თუმცა აქა-იქ უღელდადგმულ საფორნე ცხენებს, ჯორებსა და ვირებსაც მოჰკრავდი თვალს. ღვინით სავსე კასრები, აპოხტი, ღორის, საქონლისა და თევზის დამარილებული ხორცი ბლომად მიჰქონდა ჯარს. ასევე საკმაოდ ბევრი საზიდარი იყო ისეთი, რომელზეც კარვები და მათ გასაშლელად საჭირო ატრიბუტები ელაგა. რამდენიმე ფორანი გლეხებისა და ჯარისკაცების ჩანთებისთვის იყო გამოყოფილი, რამაც დიდად გაახარა რეკრუტები. ბევრი მათგანი შიშობდა, ვაითუ ჩვენ-ჩვენი ნივთები ჩვენვე გვათრევინოს ერლმაო, მაგრამ ამ მხრივ გაუმართლათ.

მსახურებიც მოჰყავდა ერლს, – მწიგნობარი, მზარეულები, მჭედლები და მისი პირადი მოსამსახურე ბიჭები. ერთი საზიდარი ჰყოფნიდა მათ. ამას გარდა, ბლომად თავისუფალი როგორც საფორნე და სასაპალნე, ისე საფერხე ცხენი და საკმაო რაოდენობის ჯორი მოჰყავდათ ჯარისკაცებს.

შუადღემდე გაუჩერებლად იარეს. არადა, იქიდან მოყოლებული, რაც გვიან დილით მდინარე დერონის ერთ-ერთ შენაკადზე გადებული ქვითკირის ხიდი გადაიარეს, ოფლში გახვითქულ კოლისს ასე ეგონა, ზონრიან ტყავის ფეხსაცმელში ჩადგმული ნამეტნავად ჩახურებული ფეხისგულები სადაცაა დაუსკდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მზემ მთელი გზა მხოლოდ ერთი-ორჯერ გამოაჭყიტა ღრუბლებიდან, მაინც ძლიერი ხვატი იდგა. ამას გარდა, ბიჭს ეჩვენებოდა თითქოს ცა თავის უხილავ, უზარმაზარ წიხლსაც აჭერდა ზემოდან. არ გაჰკვირვებია ეს, – კარგა ხანია, შემჩნეული ჰქონდა, რომ როდესაც სიცხეში იღრუბლებოდა, ამ დროს თითქოს ჰაერი სქელდებოდა და სუნთქვა კიდევ უფრო ჭირდა, ვიდრე თუნდაც ისეთი პაპანაქებისას, როცა ცა წყაროს წყალივით გაკრიალებული იყო.

ჩრდილოეთით აზიდული მთებიდან მომდინარე ღელეებთან შეისვენა ლაშქარმა. წყალში სახით ჩაეფლო კოლისი, სმა დაიწყო და იქამდე არ ამოსწია ზემოთ, სანამ ლამის გაგუდვამდე არ მივიდა. ერლის შუბლდამწვარმა მზარეულმა აპოხტი ჩამოურიგა რეკრუტებს, – ორ-ორი ნაჭერი.

– აქაოდა, ზედმეტი არ მოგივიდეთ, ძალიან არ გაძღეთო ? – უკმაყოფილოდ ჩაეცინა შატაბუტა გასტონს, როდესაც ფეხსაცმლის ძირივით გამხმარი ხორცი ჩაბღუჯა თავისი ბინძური, გამომშრალი თითებით.

უკბილო ბუნმა თქვა, სად მაქვს ამის კბილებიო. თავისი გაცხაული დაბალყელიანი ჩექმით წყალი აავსო ღელედან და იმაში დაიწყო აპოხტის ჩალბობა.

– ჩაჩქანები მაინც მოეჩათ, ჰადინმა კი დალახვროშ ეშენი, ჰა ? იმაში უფრო ადვილად არ ჩავალბობდი ?

– ერიჰა, ამ სიცხეში რა ჩაჩქანი აგიტყდა ? – გამოეხმაურა იქვე მჯდომი ზორბა ერიკი, - ჭამე ეგრე, რაღა... თუ გინდა მერე კიდევ ერთხელ გაავლე წყალში და ეგაა.

ნაშუადღევს ისევ განაგრძეს სვლა. ვრცელი მინდორ-ველები გადაჭრეს, ერთიმეორეზე მაღალ ხავსმოდებულ კლდეებს ჩაუარეს და მდინარე დერონის სხვა შენაკადის თავთხელზე გადავიდნენ. ერთ ღარტაფთან ჩავლისას, ცალთვალა ნარაინდალმა ბერმა საუბარს მოაყოლა, რომ ალბათ ერთ კვირას მაინც მოანდომებდნენ ლა-დელმარში ჩასვლას, რამაც ცოტა არ იყოს აურზაური გამოიწვია გლეხებში.

– რაო ?   

– ვალ-დე-ნუარში არ მივდივართ ?

– ბრძოლა არ მოგვიწევს ჯერ განა ?

– იქ რაღა ჯანდაბა გვინდა ნეტავ ?  

– იჰ, ესენი იმაზე ათჯერ მეტს გვატარებენ, ვიდრე საჭიროა ! 

– თქვენ რა, გეგონათ ფეხით მივდიოდით ვალ-დე-ნუარში ? –  ჩაეცინა ბერს და ჩაწითლებული ცალი თვალი მიმოავლო მის გვერდით მიმავალ ახლომახლო გლეხებს, – ჩვენ ზღვით უნდა შევუტიოთ იმ წყეულ ერეტიკოსებს ! ეგრე მოვკარი ყური იმ დღეს ! ეგრე არ იყო ? – გვერდით მომავალ თავის ცხვირგატეხილ ძმას შეხედა, რომელმაც მაშინვე დაუქნია თავი, – კიდევ რამდენიმე ერლის ხალხთან გავერთიანდებით ლა-დელმარში და იქიდან გავცურავთ გემებით !... ლა-დელმარის ნავსადგურიდან !

ამას კი არ მოელოდა კოლისი. საკმაოდ აღელდა. ესე იგი, ზღვას იხილავდა ? ეგ არ იყო მთლად ცუდი, მაგრამ ცურვა რომ არ იცოდა ? გაგონილი ჰქონდა არც ისე იშვიათად იძირებოდნენ გემები ღრმა წყლებში და მათი ხომალდიც რომ ჩაძირულიყო, რა ჯანდაბა უნდა ექნა მერე ?

ტყის პირას დაბანაკდნენ. ერლი, მისი სახლეული, მისი ციხესიმაგრის რაინდები და მოციქული, რა თქმა უნდა, კარვებში შეიყუჟნენ. ყველა სხვა დანარჩენი, თავ-თავიანთ ქვეშაგებზე მოთავსდნენ ღია ცის ქვეშ. კოლისი ისეთი დაქანცული იყო, რომ დაწოლისთანავე ჩაეძინა, –  ამჯერად ვერც ოფლის სუნმა მოახერხა მისთვის ჩაძინებაში ხელის შეშლა, ვერც ზოგიერთის ხვრინვამ და ვერც ზღვაში მოსალოდნელი გაცურვის გამო შფოთმა.

მაგრამ რად გინდა, – შუაღამეზე წვიმამ დასცხო და ყველა ერთიანად წამოყარა ფეხზე. ზოგმა ხეებს შეაფარა თავი, ზოგი ფორნების ქვეშ შეძვრა, ზოგს ერლის ოფიცრებმა საკვებით დატვირთული საზიდრების ტყავებით გადახურვა დააწყებინეს, რათა საგზალი არ გაეფუჭებინა წვიმას.

კოლისმა გასტონთან, გომონთან და კიდევ რამდენიმე ოლმარელთან ერთად შეაფარა თავი ერთი უშველებელი ნაძვის ქვეშ, რომელიც ობობას ქსელივით გაბურდული უხვწიწვიანი ტოტებით იფარავდა ახლომახლო მიწას. იქ გაშალეს ქვეშაგები, მაგრამ წესიერად ვეღარ დაიძინა ბიჭმა, – წვიმა დროდადრო მაინც ჟონავდა წიწვებს შორის და სახეზე, კისერსა და ყელზე ეწვეთებოდა.

მომდევნო დღეს კვლავ მაგრად დააჭირა მზემ. მას შემდეგ, რაც დილით ქვა-ღორღიან გაყვითლებულ გორებს შორის მომდინარე ბინულიდან ტიკები, მათარები და თავისუფალი კასრები აავსეს, მდინარე ან ღელე აღარსად შეხვედრიათ.

– კარგად აავსეთ ! ბოლომდე ! – იძახდა შავკოჭებიან თეთრ ფაშატზე ამხედრებული ოფიცერი დურელი კოლონის გასწვრივ ჩამოვლისას, – სამი დღე სულ პატარა რუსაც კი ვეღარ იხილავთ ვერსად ! ახლაც დალიეთ ! მუცლებითაც წამოიღეთ, რასაც შეძლებთ ! 

მართალი აღმოჩნდა ოფიცერი. მომდევნო სამი დღე უნახავთ სადმე წყალი. მხოლოდ სიცხისგან გადახრუკული ველები, ფერდაკარგული შორეული გორები, გაქუცული ჩირგვები, გამხმარი ბუჩქები, ქვიშისფერი კალიები, დამსკდარი გზა და მის თავზე დროდადრო ზანტად გადაფრენილი ყორნები იყო ერთადერთი სანახაობა.

გარშემო ძალზედ იშვიათად თუ ნახავდი ხეს, ისიც ეულად მდგომსა და გამხმარს. ასე რომ, მზისგან აღარაფერი იცავდა ომში მიმავალ მამაკაცებს. ვისაც ფართოფარფლებიანი ქუდი, ზედმეტი ტუნიკა ან რაიმე ქსოვილი ჰქონდა თავის დასაფარად ყველაზე ყისმათიანი აღმოჩნდა, ვისაც არ ჰქონდა – იმას ძალიან არ გაუმართლა.  

ათამდე გლეხი დავარდა ძირს, მათ შორის უკბილო ბუნიც. მათი ფეხზე წამომყენებელი არავინ იყო და არც ხელით მათი ტარება შეეძლო ვინმეს.

ისინი მზემ და ხორშაკიანმა მიწამ დაისაკუთრა. და კიდევ ყორნებმა.

კოლისს ბუნის ხეიბარი დედა შეებრალა. გაახსენდა, როგორ ემშვიდობებოდა იგი საკაცეზე მწოლიარე აცრემლებულ ქალს, როგორ ჰპირდებოდა დავბრუნდებიო, მაგრამ აბა თვითონ რა უნდა ექნა ? მასზე ორჯერ უფრო მძიმე მაინც იქნებოდა მისი მეზობელი და როგორ უნდა ეტარებინა ამ მეტისმეტად ალხიან ადგილას ? მასზე გაცილებით ღონიერმა და დიდმა კაცებმა არაფერი ჰქნეს და თვითონ რა ვალდებული იყო თავი გამოედო მის გადარჩენაზე ?

ერთი ჯალათი და ერთი ნარაინდალი ბერიც დაიტოვა იმ წყეულმა ადგილმა და კიდევ ოცამდე ცხენი, ჯორი, ხარი და კამეჩი, რომელთა შორის სერ დაროლდ ხისტის ჯაგლაგიც მოხვდა. ცხოველი თუ ადამიანი, ყველა თავის მხურვალე მკლავებში ჩაიკრა მიწამ.

ცოცხლად დარჩენილმა ბერებმა მიწაზე დავარდნილი, პირღია დარჩენილი თავიანთი ხელგამხმარი ძმა ერთი დაიტირეს, დაჰპირდნენ შენთვის ვილოცებთ, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლისგან გიხსნას სულთა მეუფემო და ისე განაგრძეს სვლა რეკრუტების მხარდამხარ. მის დამარხვაზე თავი არ შეუწუხებიათ. ხოლო, სერ დაროლდი ისე დაემშვიდობა თავის ცხენს, როგორც უახლოეს მეგობარს. რამდენადაც შესვენებისას დავარდა ჯაგლაგი, მოხეტიალე რაინდმა მასთან ჩაიმუხლა, ყურებსა და ყელზე არც ისე მცირე ხანს ეფერა, სიტყვებითაც მიეალერსა და ბოლოს ტარზე ბაწარშემოხვეული თავისი დანით გამოსჭრა ყელი. სერ დაროლდის ნამეტნავად მოღუშული სახის შემხედვარე კოლისმა იფიქრა, ასეთი სიცხე რომ არ იყოს და ასეთი გამოფიტულები რომ არ ვიყოთ, უეჭველად ცრემლები გადმოდინდებოდა თვალებიდანო.

სულ ბოლო, შებოლილი ხორცის კასრებით დატვირთულ საზიდარში შებმული ერთ-ერთი ჯორი დავარდა და როდესაც ერლის ჯარისკაცებმა უღელი ახსნეს მას და სხვა ჯორით ჩაანაცვლეს, უფრო და უფრო წინ მიმავალი კოლონის უკან დაგდებული ცხოველისკენ ერთი გააპარა თვალი კოლისმა. ამჯერადაც არსაიდან გაჩენილიყვნენ ყორნები და როგორც წინა შემთხვევებში, ახლაც არც ისე ზანტად მისეოდნენ მომაკვდავ არსებას.

ნელ-ნელა, როგორც იქნა, დასრულდა ეს ჯოჯოხეთი. როდესაც უცნაურად დაგრეხილ ხრიოკ გორებს გასცდნენ და მზისგან გახუხული კიდევ ერთი ველი გადაიარეს, გვარიანად დაფოთლილი ხეების კორომები გამოჩნდა, – მუხების, იფნებისა და თელების. აქ შეისვენეს გარკვეული ხანი და მერე ისევ განაგრძეს გზა.  

კორომების უკან ჩამოტოვებისა და გზის მარჯვნივ დაგუბებული მოზრდილი აყროლებული ჭანჭრობისთვის ზურგის შექცევის შემდეგ, წინ, დაბლობზე, გრანიტის უშველებელი კლდეები და მათ შორის მოთქრიალე ვრცელი მდინარე დაინახეს. სამხრეთ-დასავლეთისკენ გაშლილი ტყისკენ და ხეებითა და ბუჩქებით დახუნძლული კიდევ უფრო დიდი კლდეებისკენ მიიკლაკნებოდა იგი.

მეფის მდინარე ! – დაიძახა გასტონმა და თავზე წაკრული ტუნიკა შეისწორა, – უეჭველად ეგ იქნება ! ომის დროს, ბელეგადან რომ წამოვედით, სამხრეთიდან ამოვუყევით მას ალესიამდე, მაშ !  

მაგრამ მეფის მდინარე იყო ეს თუ „პრინცის ფსელი“, საერთოდ არ ანაღვლებდა კოლისს. ზუსტად იცოდა, რომ როგორც კი მას მიუახლოვდებოდნენ, პირდაპირ თავით ჩაეშვებოდა მასში და გვარიანად გაიგრილებდა გავარვარებულ სხეულს.

 

 

 

თავი მესამე

 

 

ლა-დელმართან შედარებით ერლი ბლანშარდის ციხესიმაგრე პატარა სოფელს უფრო ჰგავდა ან პატარა ფერმას.

„ეგრეა, წყალი არ გაუვა“, – გაიფიქრა სახტად დარჩენილმა კოლისმა.  

ქალაქის დამცავი უზარმაზარი, კოშკებით დახუნძლული რძისფერი გალავანი შორიდან მოქლონებიანი თეთრი ქამარივით მოჩანდა, რომელიც ჯერ სამხრეთისკენ და ჩრდილოეთისკენ მიიკლაკნებოდა კარგა მანძილზე, შემდეგ – დასავლეთით გაშლილი უკიდეგანო ზღვისკენ. ახალამოსული მზის სხივებით გაბრწყინებული მოთეთრო შენობები აურაცხელი კბილივით ჩაყრილიყო კედლებს შორის. ზღვის მხარეს, ძალიან შორს, რკალის ფორმის ნავსადგური იყო მოწყობილი. უამრავი იალქნიანი თუ უიალქნო გემი ტივტივებდა ნავმისადგომებთან. მთის ფერდობიდან ხორბლის პატარა მარცვლებს მიამგვანა ხომალდები კოლისმა.  

ქალაქს, გარშემო, წყლით სავსე საკმაოდ ფართო თხრილი ჰქონდა შემოვლებული მთელ სიგრძეზე, ზღვამდე. მისი ფეხით ან ცხენით გადალახვა შეუძლებელი იყო, ამიტომ კარიბჭეების გასწვრივ ქვითკირის ხიდები იყო გადებული, ოღონდ, მხოლოდ თხრილის შუამდე აღწევდა ისინი. როგორც ჩანს, ქალაქში შესვლას ვერავინ მოახერხებდა შიგნით მყოფთა ნება-სურვილის გარეშე, თუ ეს უკანასკნელნი ასაწევ ხიდებს არ დაუშვებდნენ კარიბჭეებიდან. ამჯერად, ასაწევი ხიდის მეშვეობით, მხოლოდ ორი ხიდი იყო დაკავშირებული ქალაქთან, – ისინი, რომლებიც ჩრდილოეთის პირველი და აღმოსავლეთის მეორე კარიბჭეების მოპირდაპირედ იყო აგებული.

გზა, პირდაპირ მთის რუხ კალთაზე ეშვებოდა და ნელ-ნელა მწვანე დაბლობს უერთდებოდა. ჩრდილოეთის მხარეს, ერთი სხვა გზაც მოჩანდა ცხენის მუცელზე შემკრთალი ძარღვივით.

– დახე, რამხელა ქალაქია ! – ვიღაცის ხმა ჩაესმა კოლისს, – ნამეტნავად ბევრი ხალხი იცხოვრებს აქ ! 

ქარავნებიც მიემართებოდნენ ლა-დელმარისკენ, ოღონდ მეორე გზით.

– დანარჩენი ერლები უკვე ჩამოვიდოდნენ, არა ? – დაიძახა თავისზე გაცილებით დაბალი მამაკაცების რიგში მდგომმა ზორბა ერიკმა, მაგრამ პასუხი არავინ გასცა.

ზუსტად ხუთი დღე მოანდომეს მეფის მდინარიდან აქამდე მოღწევას. დროდადრო წამოწვიმდა ხოლმე, მაგრამ უმეტესად მაინც მზის გულზე უწევდათ სიარული. ამ დროის განმავლობაში ოცდაათზე მეტი ჯარისკაცი და რეკრუტი დაიღუპა სნეულებით, – მათ შორის საბრალო გრემიც.  

ცალთვალა ნარაინდალმა ბერმა თქვა ეს ტიფიაო, როდესაც პირველი ექვსი დაღუპულის გვამს წითელი წერტილები შეამჩნია მკერდსა და მუცელზე.

„უჰ, ნამდვილად ეგ იქნება. თან სულ არწყევდნენ და უკნიდანაც გასდიოდათ, – თავის უკმაყოფილო ქნევით იძახდა თელის ხეზე ხელით მიყრდნობილი ბერი, – საჭმელი დაგვიბინძურდა ალბათ, ან წყალი... წვიმა ჩავიდა ვითომ ?“ 

მაგრამ სიკვდილის შიშითაც კი საჭმელსა და წყალზე უარს ვერავინ ამბობდა. ამგვარად ნელ-ნელა ოცდაცამეტ გვამამდე ავიდნენ. კოლისი შეშინებული კბეჩდა ხოლმე ერლის მსახურის მიერ ჩამორიგებულ ლორსა და დამარილებულ თევზს, კიდევ უფრო ფრთხილად იყუდებდა ხოლმე თავის ტიკს, იმედი ჰქონდა არ ვინანებ ჭამა-სმასო და არც უნანია, – საღსალამათმა მოაღწია ლა-დელმარამდე. 

აი, წითურმა გრემმა კი ალბათ დიდად ინანა, – წინა საღამოს საწყალ ბიჭს ეგონა, მგონი გადავრჩიო, მაგრამ ისევე როგორც მანამდე კურდონელი გლეხები, ისიც საზარელმა რწყევამ გამოაღვიძა გამთენიისას, იმდენად საზარელმა, რომ სისხლიც ბლომად ამოაღებინა და იქვე, ფიჭვების კორომთან დალია სული.

მამამისი გრევი გაგიჟებული დასტრიალებდა შვილის გაციებადაწყებულ სხეულს და შეშლილი მოთქვამდა. ბევრს შეებრალა მამა-შვილი, თუმცა გოლიათმა ნასტერმა სიცილი დააყარა და ხმამაღლა დაიძახა დიდი ქვეშაჯვია იყო ეგ ბავშვი და ზუსტად ქვეშაჯვიასავით მოკვდაო.

„ჩაიჯვა კიდეც, არა ? თუ მხოლოდ არწყია და ეგ იყო ?“ – ინტერესით მისჩერებოდა გრემის ცხედარს შორიახლოდან. ამის გამო გრევი ფეხზე წამოვარდა, ხმალი იშიშვლა და გოლიათის მოსაკლავად გაიწია. ამ უკანასკნელმაც იგივე ქნა, მაგრამ დანარჩენებმა გააშველეს, ჯარისკაცებიც ჩაერივნენ საქმეში და ნელ-ნელა ისევ განაგრძეს გზა.

არადა, გრევი ბევრს ეხვეწა ოფიცერ დურელს შვილს დავმარხავ და მერე წამოგეწევითო, მაგრამ ოფიცერმა მკაცრად უთხრა არავითარ შემთხვევაშიო.

„ჩამოგახრჩობს ერლი, შე უბედურო, ვერ ხვდები ? ამდენი კაცი დაკარგა და ასე შენს ნებაზე არ მიგიშვებს ! თუ დარჩები, შეიძლება მაინც ვერ დამარხო შვილი... ჩამოგახრჩობს ! შეიგნე !“

რა უნდა ექნა გრევს ? ადგა და ლა-დელმარისკენ მიმავალ კოლონას შეუერთდა ისევ. სამაგიეროდ გასტონმა გაახერხა და მათ რიგში მდგომ ნისკარტა რონანელ გლეხს ადგილი გააცვლევინა გრევისთვის და შვილმკვდარი ამხანაგი გვერდით ამოიყენა მეტყევემ.

ლა-დელმარში შესვლა ცოტა არ იყოს გაუჭირდათ. გუშაგებმა კარგა ხანს აყურყუტეს გარეთ აღმოსავლეთის მეორე კარიბჭიდან ქალაქში შესვლის მსურველი ერლი ბლანშარდი და მისი ლაშქარი. თურმე, როგორც ცვლის მეთაური იძახდა, ისედაც აურაცხელი ჯარისკაცით იყო ქალაქი გადატენილი და დამატებითი მშიერი პირების გამოკვების ფუფუნება აღარ ჰქონდათ მათ. ქალაქის გამგებლის, ერლი მორბენის განმკარგულებლის ბრძანება ყოფილა ახალი ჯარები აღარ შეეშვათ ქალაქში.

როგორც წინა რიგებიდან მოაღწია ამბავმა, დიდად გააგულისა ამგვარმა დამოკიდებულებამ ერლი ბლანშარდი და სულ თავისი სიუზერენის, გრაფი მოლვინის სახელის ხსენება დაუწყია წარა-მარა. უმეორებდა და უმეორებდა თურმე გუშაგებს, რომ სწორედ გრაფის მიერ იყო დაბარებული ლა-დელმარში და კიდევ იმასაც გაიძახოდა, რომ მათი საკვები არაფერში სჭირდებოდა, რადგან საკმარისი საქონელი ჰყავდა წამოყვანილი, რომელთაც თუ საჭირო გახდებოდა დაკლავდა და თავის ხალხს შეაჭმევდა. მაგრამ რად გინდა, – სანამ ერლმა გუშაგებს თავად გრაფი მოლვინის ერთ-ერთი რაინდი არ გამოახმობინა გარეთ და ამ უკანასკნელმა არ აიძულა ისინი, რომ შიგნით შეეშვა ახალმოსულები, ფეხი ვერ შედგეს ქალაქში.

კოლისს თავბრუ დაახვია ლა-დელმარის რიყის ქვებით მოპირკეთებულმა, თუმცა მეტად მტვრიანმა ქუჩებმა, რომლებიც დაუსრულებლად შედი-გამოდიოდა ერთმანეთში. სხვადასხვა სიმაღლისა და სიგანის ერთგვაროვანი შენობები გამუდმებით ენაცვლებოდა ერთმანეთს. ხალხი, ჭიანჭველებივით მიმოდიოდა აქეთ-იქით. ზოგი ვაჭრობდა, ზოგი სხვა საქმეზე მიიჩქაროდა, ზოგი ხელის ურიკას მიათრევდა, ზოგი ზურგზე აკიდებულ ტომარას ან კასრს. მკერდმოღეღილი მეძავები საროსკიპოების აივნებიდან გადმომდგარიყვნენ და ქვემოთ მიმავალ მამაკაცებს ცბიერი სახეებით უქნევდნენ ხელს; სხვადასხვაგვარ ფორმაში გამოწყობილი მხედრები თუ ქვეითი ჯარისკაცები ჯგუფ-ჯგუფად დადიოდნენ აღმა-დაღმა; ცხენები, ჯორები, ვირები, ხარები და კამეჩები თავიანთ ოფლიან კისრებს აქნევდნენ; ბორდიურებზე დაყრილი მათხოვრები ხელგაწვდილები შესჩერებოდნენ გამვლელებს; უპატრონო ობოლი ბავშვები ღორებთან და მაწანწალა ძაღლებთან ერთად იქექებოდნენ შუკებში დაყრილ ნაგავში; ტავერნებიდან გამოსული ტურტლიანი მამაკაცები ხმამაღლა იცინოდნენ; სამრეცხაოებიდან აქაფებულ წყალს ასხამდნენ ხვატისგან სახეაწითლებული ქალები; ხელოსნები ოფლად იღვრებოდნენ თავ-თავიანთ ფარდულებში; საცხოვრებელი შენობების ფანჯრებიდან ზოგიერთი ბინადარი განავლითა და შარდით სასვე ქოთანს ცლიდა ქუჩის კიდეზე გამავალ აქოთებულ არხში.

ამ ყველაფერს თვალებგაფართოებული უყურებდა კოლისი და ფიქრობდა სოფელში ან დაბაში ცხოვრება ბევრად უკეთესია, ვიდრე ამ სიბინძურეშიო. დანარჩენი რეკრუტებიც არც ისე მოხიბლულები ჩანდნენ იმით, რასაც ხედავდნენ. საროსკიპოებით გადავსებულ ერთ-ერთ ქუჩაზე საერთოდ მუხლს ქვემოთ ფეხებმოკვეთილი ჩამომხრჩვალი ქალ-ვაჟი შემოხვდათ, რომლებიც პირდაპირ ბორდიურის თავზე კონწიალობდნენ კოჟრებიან ხარიხაზე. კანი ნაწილობრივ შემომპალი ჰქონდათ უკვე, მაგრამ მათი ჩამომხსნელი და მიწაში ჩამდები, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არავინ იყო.

გრაფი მოლვინის ქამხის კამზოლში გამოწყობილი ოქროსფერთმიანი რაინდი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილისკენ წაუძღვა ერლ ბლანშარდსა და მის ლაშქარს. როგორც აღმოჩნდა, აქეთ, ქალაქის გარნიზონის ყაზარმები ყოფილა გაშენებული და სწორედ მის გარშემო დახვავებულ შენობებში დაბინავებულა მოლვინების ხალხი. იქვე იყვნენ გრაფი მოლვინის ვასალებიც თავ-თავიანთ ჯარისკაცებთან და რეკრუტებთან ერთად.   

– აი, ის, ერლი კორნეტია, მგონი... „მგლის ბუნაგის“ ერლი, – გასტონმა კოლისსა და გომონს მოწითალო გარსაცმელში გამოწყობილ ერთ ბრგე კაცზე მიანიშნა, რომელსაც გულისპირზე შავი მგელი ჰქონდა ამოქარგული, – მახსოვს, ბელეგაში ეგეც იყო... თქვენი ტოლა ბიჭი იქნებოდა მაშინ, მაშ.

გრანიტის ქვებით ნაგები ყაზარმების გარშემო ბლომად სამჭედლოები იყო, ხელოსანთა ფარდულები, საამქროები, სამრეცხაოები, სამსართულიანი საცხოვრებელი შენობები და ორი მოზრდილი ტაძარი.

გრაფი მოლვინის რაინდმა ერლი ბლანშარდი და მისი ლაშქარი მეწაღეთა ფარდულებში, ლითონის გადასადნობ უშველებელ საამქროსა და ერთ-ერთ ტაძარში გაანაწილა.

კოლისი, გომონი, გასტონი და გრევი სწორედ ამ საამქროში მოხვდნენ სხვა დანარჩენ ასზე მეტ ჯარისკაცთან და რეკრუტთან ერთად. გრევი აქეთ-იქით იყურებოდა სულ, ნასტერს ეძებდა და იძახდა იქნებ ეგეც ახლოს დააბინავონ სადმე, ამაღამ ყელი თუ არ გამოვჭერი ვერ მოვისვენებო.

– ჩემი... ჩემი საწყალი გრემი, – მოთქვამდა ხმააკანკალებული, – როგორ გამიწვალა მაგ ნაბიჭვარმა ჩემი საბრალო ბიჭი, ჰა ? როგორ გამიწვალა, მაგ წყეულმა მაგან.

გასტონი ეუბნებოდა, იცოდე სისულელე არ ჰქნა, თორემ სიკვდილით დაგსჯიანო.

– შენს ცოლს ქვრივობისთვის სწირავ განა ? ბავშვებს უპატრონოდ ტოვებ ?

მაგრამ გრევი ჭკუიდან გადასულს ჰგავდა. თავი უცანცარებდა და ამღვრეული თვალებით იცქირებოდა უმისამართოდ.

კოლისმა დანარჩენ ოლმარელებთან ერთად გაფინა თავისი ქვეშაგი აგურის იატაკზე. ერთ-ერთ უშველებელ გაბზარულ სადუღართან მოთავსდნენ, რომლის ზემოთაც, ჩაბნელებულ ჭერში გადებული ვეებერთელა ხის მორების სილუეტები მოჩანდა. დიდი დრო არ დასჭირვებია, მთელი საამქრო დაუბანელ მამაკაცთა ოფლის სუნში რომ ჩაძირულიყო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია დაქანცული კოლისისთვის ჩაძინებაში.

****

 

 

საწყალმა გრევმა მაინც დაიმართა დასამართი. მაგრამ, ისე კი ჰქნა, რომ ნასტერიც თან გაიყოლა.

ლა-დელმარში ჩამოსვლიდან მესამე დღეს, კოლისი და დანარჩენი ოლმარელები ჩამტვრეული და ანჯამებიდან ნახევრად ამოგდებული ფანჯრიდან შემოსულმა ხმაურმა გამოაღვიძა. გარეთ გავარდნილებს ხელში სისხლში ამოვლებული გრევი შერჩათ, რომელიც იქვე მყოფ ჯარისკაცებს შეეპყროთ. როგორც ისინი იძახდნენ, გრევი, გამთენიისას, ჩუმად მიჰპარვია ტაძარში მძინარე ნასტერს და მის ყელში ჩაუფლავს თავისი ხმლის წვერი.

მიუხედავად გასტონის დიდი ხვეწნისა და იმის შეხსენებისა, რომ გრევი ბელეგას მეორე ომის ვეტერანი იყო, ხოლო ნასტერი, – საძულველი მავნებელი, ერლმა ბლანშარდმა შვილმკვდარი მამა მაინც ჩამოახრჩო. ჩემს ჯარში თანამებრძოლის მკვლელს ვერ ავიტანო, იძახდა თურმე გაბურდულ წვერში ბინძური თითის ტრიალით.

სამაგალითოდ დაისაჯა გრევი. ერლმა ბლანშარდმა ორივე ხელის მტევანი ნაჯახით მოაკვეთინა მისთვის თავის ერთ ტყირპიან ჯარისკაცს, რამდენადაც, როგორც თვითმხილველებმა თქვეს, ორივე ხელით ჩაუძირავს ნასტერის ყელში ხმალი, და შემდეგ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივ ჩამოფშვნილი კედლიდან გამოშვერილ ფიცარზე ჩამოახრჩობინა.

ასე დატოვეს გრევი. თავისი ხალხი გააფრთხილა ერლმა, ხელი არ ახლოთ, როგორცაა ისე იყოსო. ეტყობა, სხვა რეკრუტებისთვის მაგალითის მიცემა სურდა, რა დაემართებოდათ თუ თანამებრძოლზე ხელს აღმართავდნენ.

„ის ქალ-ვაჟი, იმ დღეს რომ შემოგვხვდა ისე ეკიდა ამდენი ხანი და არამგონია ამაზე გაიგიჟოს თავი ერლმა მორბენმა ! – იძახდა ერლი ბლანშარდი ერთ-ერთი ფარდულიდან ქუჩაში გამოტანილ გახეხილ მაგიდაზე ლორის ჭამისას, როცა ფიცარზე ჩამოკიდებულ ჯერ კიდევ მოფართხალე გრევს მისჩერებოდა, – თუ რამეს გვეტყვიან, მერე ჩამოვხსნათ და ქალაქის გარეთ დავმარხოთ !“

რაც შეეხება ნასტერს, მისი გვამი ქალაქის კედლების მიღმა, პატარა ჭყანტობის გვერდით დამარხა ერლის ოთხმა ჯარისკაცმა. გასტონი იძახდა, კიდევ კარგი ყველა კაცი, ფორანი და ცხენი თუ ჯორი სჭირდება ერლს, თორემ ოლმარში რომ გაეგზავნა იმ მავნებლის ცხედარი შეიძლება გრევის ოჯახი დაეწიოკებინა წინამძღოლსა და იმ მეორე მავნებელსო.

– იცოცხლე, წერილსაც კი მისწერდა იმ გაბერილს, მაშ. აუხსნიდა რა დაემართა მის ნაბიჭვარს და მერე გენახა რა დღე დაადგებოდა ბედშავი გრევის ქვრივს... ბავშვებს ხომ საერთოდ, – კოლისის თანდასწრებით ეუბნებოდა მასხარა გილენს გასტონი.

გრევის ჩამოხრჩობის მომდევნო დღეს თავ-თავიანთი რეკრუტები და ჯარისკაცები დილაადრიან წაარეკინეს ნავსადგურში ერლებმა თავიანთ რაინდებს. კოლისმა იფიქრა უკვე ზღვაში ხომ არ გავდივართ ნეტავო, მაგრამ ყაზარმების პარალელურ ქუჩაზე გახვევისთანავე გააცნობიერა, რომ აღჭურვილობა და ჯაჭვის პერანგები საამქროში დაატოვებინეს და წესით სხვა რამეში უნდა ყოფილიყო საქმე.

მართალიც აღმოჩნდა. როდესაც შმორის სუნად აყროლებული ვეებერთელა ნავსადგურის ტერიტორიაზე შეაბიჯეს, შავ ულაყზე ამხედრებულმა ერლი ბლანშარდის დიდხელება რაინდმა, სერ ბოისმა, დანარჩენი რაინდების მსგავსად, თავისიანების გასაგონად ხმამაღლა დასჭექა, სარდაფებში რაცაა ყველაფერი გემებზე აიტანეთო.

– ნავებიც აიტანეთ გემბანებზე ! ოღონდ, ჯერ საბიჯელები მიუყენეთ გემებს ! – საჩვენებელი თითი ერთმანეთისგან ოცდაათ-ოცდაათი ფუტით დაშორებული მოწითალო, თაფლისფერი და მიხაკისფერი ხომალდებისკენ გაიშვირა, – ეს სამია ჩვენი ! ფარნები უნდა იყოს ქვემოთ და აანთეთ, კისერი არ მოიტეხოთ ! 

ყველა რაინდთა ბრძანებების შესრულებას შეუდგა. თუმცა კოლისმა და გომონმა ოდნავ აითრიეს ფეხი, – გემებს მისჩერებოდნენ გაკვირვებულები.  

ფიცრებით ნაგები ასამდე ხომალდი უშველებელი გეჯებივით ჩარიგებულიყო ნავმისადგომებთან და ზანტად ლივლივებდა წყალზე. იალქნები ამჯერად ყველა მათგანზე დაშვებული იყო. ახალამოსული მზის მწიწკნავი სხივები ისე ძალუმად აწვებოდა გემების ბებერი ფიჭვებივით სქელ ანძებსა და მათ მკვრივ, სხვადასხვანაირ ქიმებს, რომ კოლისმა იფიქრა ცეცხლი არ გაუჩნდეთო, თუმცა, როგორც ატყობდა, ამგვარი რამ ნაკლებ მოსალოდნელი იყო.

ნესტიანი სარდაფები მრავალგვარი ზომის სკივრებით, ყუთებით, ტომრებით, კასრებით, ქოთნებით, ქილებით, ტიკებითა და დოქებით იყო გამოძეძგილი. ზოგი იმხელა იყო, ორ-სამ კაცს ერთად უნდა აეწია და ისე უნდა აეტანა ხომალდზე.

იმ გემის საბიჯელა, რომელზეც კოლისს უწევდა ასვლა-ჩასვლა, ისე კანკალებდა ხოლმე მასზე ერთდროულად რამდენიმე კაცის მიერ მძიმე ტვირთის ატანისას, როგორც ბარბითის სიმი საზეიმო სიმღერისას. როდესაც კოლისმა გასტონთან და გომონთან ერთად იწყო ზემოთ ასვლა საკეტზე ჟანგმოდებული საშინლად მძიმე სკივრით ხელში და საბიჯელა მეტისმეტად აყანყალდა, ასე ეგონა ცოტაც და ქვემოთ გადავცვივდებითო, – ქვემოთ, სადაც ნავმისადგომის ხიმინჯებს ისეთი ხშირი ხავსი ჰქონდა მოდებული, იფიქრებდი, დამყაყებულ წყალზე დაძონძილი სქელი მწვანე მოსასხამები ლივლივებსო.

მაგრამ გადარჩნენ. ჭრიალა გემბანზე ისე დადგა სამივე, რომ ოფლის მეტი სხვა სისველე არ შეხებია მათ კანს. ტვირთს, სულ ქვედა კაიუტებში, ფსკერზე ალაგებდნენ, იქ სადაც ბალასტი იყო ჩაყრილი. საკვებით ამოვსებული სკივრები, ყუთები, ქოთნები და ქილები კიჩოსკენ დააწყობინათ ოფიცერმა მეისმა, ხორბლის, ქერისა და შვრიის მარცვლებით გამოტენილი ტომრები, – შუაში, ხოლო წყლითა და ღვინით გავსებული კასრები, ტიკები და დოქები, – ცხვირისკენ. რაც შეეხება ნავებს, ისინი გემბანზე, ბორტებთან განათავსეს და მსხვილი თოკებით გამოაბეს მათ.

ტვირთის ხომალდზე დაბინავებისას კოლისმა მრავალჯერ აიარ-ჩაიარა ფარნების შუქით განათებული შუა გემბანი, სადაც აურაცხელი ნიჩაბი ელაგა იატაკზე და ყოველ ჯერზე გული ეკუმშებოდა მათი გაცრეცილი, ადგილ-ადგილ ოფლისგან ამომწვარი სახელურების დანახვაზე. იმედია, ჩვენ არ გაგვამწესებენ მენიჩბეებადო, ფიქრობდა შეშინებული.

საღამომდე მოანდომეს საჭირო მარაგებით გემების გავსებას. შუადღის დადგომამდე უკვე ისე დაიქანცა კოლისი, ვეღარ გრძნობდა როგორ ადგამდა ნაბიჯებს აქეთ-იქით, როგორ ჰკიდებდა ატკიებულ ხელებსა და თითებს სკივრების ან ქოთნების გაცვეთილ სახელურებს, ყუთების უხეშ, ხიჭვიან წიბოებს, როგორ ადიოდა საბიჯელაზე და როგორ აწყობდა ტვირთს გემის ჩახუთულ კაიუტებში. როდესაც მუშაობას მორჩნენ, თვითონვე უკვირდა რანაირად გავახერხე ამგვარად შრომაო. არადა, სულ ორჯერ მისცეს შესვენებისა და დაპურების უფლება რაინდებმა, რომელთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში სარდაფების გვერდით გაკეთებული ფარდულების ჩრდილს იყო შეფარებული, ზოგი კი დოკების მუშათა სათავსებში შეყუჟულიყო.

როდესაც არაქათგაწყვეტილები მიდიოდნენ ქალაქის იმ ნაწილისკენ, სადაც მათი საამქრო იდგა, გასტონი შიშობდა ხვალვე არ გაგვრეკონ ზღვაშიო, მაგრამ მომდევნო დღეს კი არა ოთხი დღის მერეც ძლივს დაიძრნენ, – ათამდე გემი შესაკეთებელი აღმოჩნდა და ქალაქის გამგებელ ერლს დილიდან დაღამებამდე რომ არ ემუშავებინა მუშები დოკებში, ალბათ უფრო გვიან გავიდოდნენ ლა-დელმარიდან.  

შხაპუნა წვიმა მოდიოდა ციდან, როცა ნავმისადგომს გასცილდა კოლისის ხომალდი, რომელზეც მისი დაბიდან მხოლოდ გასტონი, გომონი, ზორბა ერიკი და დურგალი ლუი იყვნენ. მათ გემზე მოხვდა ასევე სამივე ნარაინდალი ბერი და კიდევ ორი მოხეტიალე რაინდი, – სერ დაროლდ ხისტი და სერ ბეილ უსახო. სულ ორასორმოცი კაცი იყო ხომალდზე ერლი მორბენის მზარეული მამა-შვილისა და მენიჩბეების ჩათვლით. ამ უკანასკნელებს რაც შეეხებათ, კოლისის შიში ამ მხრივ არ გამართლდა, – ერგუნდიის შერიფს კატორღელების მთელი ჯარი ჰყოლია ჩამოყვანილი, რომლებიც ყველა გემზე გაანაწილეს მენიჩბეებად.   

წვიმის მძიმე წვეთებისგან დაცხრილულ ზღვას მიაპობდა ვალ-დე-ნუარისკენ მიმავალი ასამდე ხომალდი. თავისი ჩანთის ქვედა კაიუტაში განთავსების შემდეგ, კოლისი, გემბანზე დადგა გასტონთან და გომონთან ერთად. ჩრდილოეთიდან მობერილი ქარი მარილიან სისველეს ასხურებდა სახეზე, ოდნავ უწვავდა კანს, მაგრამ თავისუფლების იმგვარი შეგრძნება დაეუფლა, როგორც არასდროს. ასე ეგონა თითქოს შორეული მოქუფრული ჰორიზონტი, დგაფუნა ბნელი ტალღები, წყალზე შერხეული, წვიმისგან დასველებული ხომალდები, – ყველაფერი მას ემორჩილებოდა და იგი სამყაროს ზღვათა მპყრობელი დიდებული კაპიტანი იყო. თუმცა, ცოტა ხანში, როდესაც ხმელეთისგან საკმაოდ შორს დაიწყეს მის გასწვრივ მოძრაობა, უცბად შიშმა შეიპყრო კოლისი. გაახსენდა, ცურვა რომ არ იცოდა და მიხვდა ახლა უცებ ჩაძირვას თუ დაიწყებდა ხომალდი ვერავინ და ვერაფერი უშველიდა. თუმცა, ცოტა ხანში, იფიქრა სანერვიულო ალბათ არაფერიაო. ნავები აქ არ იყო ? თუ რამეა ჩასხდებოდნენ მათში და ნაპირამდე მიცურდებოდნენ.

მათი გემის კაპიტნად, ერლი მორბენის ერთ-ერთი ოფიცერი, ვინმე ბურონი გაამწესეს, –ადგილ-ადგილ თმაშევერცხლილი და მარცხენა ხელზე სამ თითნაკლული, თუმცა მეტად ღირსეული და მკაცრი გარეგნობის კაცი. კოლისს ეგონა თავად ლორდი ბლანშარდის რომელიმე ოფიცერს ან რაინდს გაამწესებდნენ მათი გემის კაპიტნად, მაგრამ როგორც გასტონმა განუმარტა მას, ზღვაოსნობის გამოცდილება საერთოდ არ აქვთ ჩვენებურებს და ამიტომ ლა-დელმარელი ზღვაში გამობრძმედილი ოფიცრები გვიწინამძღოლებენ ამჯერადო.

მესაჭედ კაპიტანმა თავისი ქვეშევრდომი ჯარისკაცი დააყენა. აყლაყუდა ვაჟს, იმხელაზე ჰქონდა ნიკაპი წინ გამოწეული, გეგონება ტუჩების ქვეშ მაგიდის უჯრა აქვს, რომელიც გამოღებული დარჩათო.

ცურვის დაწებიდან მალევე, როდესაც ზღვა კიდევ უფრო აღელდა, კოლისს მუცელი აუბუყბუყდა და საძაგლად იგრძნო თავი, – ღებინების შეგრძნება დაეუფლა. კარგა ხანს იკავა თავი, მაგრამ როდესაც ბორტზე გადაყუდებული ზოგიერთი ჯარისკაცი, მისნაირი რეკრუტი და მოხალისე დაინახა, რომლებიც დასაკლავი ღორებივით იჭაჭებოდნენ და პირებიდან გადმოდენილ საზიზღარ მასას აქაფებულ წყალში ასხამდნენ, თვითონაც მოაჯირზე გადაეკიდა ხრიალით.

– მეუფეო, ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ, – მუცელზე იდებდა მარჯვენას ცხვირგატეხილი ნარაინდალი ბერი.

– ნეტავ მთელი გზა ასეთ დღეში უნდა ვიყოთ ? – წკმუტუნებდა ერთი ახმახი გლეხი, – ერთ კვირაზე მეტი დაგვჭირდება კალტერონამდე, არა ? ოო, მოწყალეო მეუფეო, შეგვეწიე !  

– მამ... მამა, შენც... შენც ასე იყავი ომ... ომის დროს განა ? – თან არწყევდა გომონი და თან თავის და კოლისის შუბლებს ჩაფრენილ მამას მიმართავდა. 

გასტონი კი იძახდა ჩვენს დროს ზღვაში გასვლა არ დაგვჭირვებიაო.

– მე არაფერი მაწუხებს და თქვენ რა ჭირი გეტაკათ ნეტავ ? – გაკვირვებული მისჩერებოდა ბიჭებსა და ღებინებით შეჭირვებულ მამაკაცებს. 

ზორბა ერიკი და დურგალი ლუიც მშვენივრად იყვნენ. ერთ მომენტში, კოლისმა შეამჩნია როგორ გაუკვეთა დურგალს ღიმილმა ოფლიანი ტუჩის კუთხე და მოუნდა პიდაპირ კუჭში ეტაკებინა მისთვის მუშტი, რათა იქნებ მასაც დაწყებოდა გულისრევა. აბა, ჯერ ის არ იკმარა, ივეტი რომ წაართვა და ახლა დასცინოდა კიდეც ?

სერ დაროლდ ხისტიც მაგრად აღებინებდა და ნიღბიანი რაინდი მასთან ახლოს რომ არ ყოფილიყო, ალბათ ბორტს მიღმა გადავარდებოდა ჭინთვისგან.

– არ იდარდო, მეგობარო ! – ეუბნებოდა მის დაძონძილ მოსასხამს ჩაფრენილი სერ ბეილი, –  შენი ძმა იზრუნებს შენზე ! შენნაირი მოხეტიალე ძმა !  

რასაც კოლისი ხედავდა სხვა ხომალდებზეც იგივე ხდებოდა. ყოველი მათგანის მოაჯირზე თხუთმეტი-ოცი მამაკაცი მაინც იყო გადმოყუდებული და ამან ცოტა არ იყოს ანუგეშა, – ესე იგი, მარტონი არ იყვნენ ამ საძაგელ განსაცდელში.

ბინდის ჩამოწოლასთან ერთად წვიმა შეწყდა და ზღვაც დაწყნარდა. კატორღელებს ნიჩბების მოსმა შეაწყვეტინეს და როდესაც ხომალდები შეჩერდნენ, ზოგიერთმა ტანჯულმა ამოსუნთქვა მოახერხა, – თუმცა, მათ შორის ვერ მოხვდა ცხვირგატეხილი ნარაინდალი ბერი და ერლი ბლანშარდის ორი ჯარისკაცი. არადა, ისეთი აღარაფერი ამოსდიოდათ კუჭებიდან: მხოლოდ ქაფი და მოყავისფრო ლორწო იღვრებოდა ზღვაში მათი დაოსებული პირებიდან.

კაპიტანმა ბურონმა გემბანის ქვემოთ, დიდ კაიუტაში დაწოლის ბრძანება გასცა.

– თქვენ აქ დაიძინეთ, გემბანზე ! – ბერსა და ჯარისკაცებს მიმართა მან, – არ მინდა ქვემოთ რამე მოთხვაროთ ! ვინმემ ამოუტანეთ ლეიბები, თორემ ფეხზე ძლივს დგანან !

ცალთვალა და ქოსა ბერებმა თავიანთ დაუძლურებულ ძმასთან დარჩენა გადაწყვიტეს, ასე რომ გემბანზე ამოიტანეს თავიანთი ქვეშაგები.

მიუხედავად დიდი ზომისა, კაიუტა საკმაოდ ჩახუთული აღმოჩნდა, ამიტომ კოლისმა და გომონმაც ჰაერზე ძილი ამჯობინეს. მართალია, ზემოთ ალბათ ბერისა და ჯარისკაცების პერიოდული ჭინთვა შეაწუხებდათ, მაგრამ ბიჭებმა ჩათვალეს, რომ მეტად მჟავე ოფლის სუნში ჩაიძირებოდა სადგომი მალე. აქ, შეიძლება რწყევა აგვიტყდესო, უთხრეს გასტონს და ისევ ზემოთ ამოვიდნენ.

მეტყევეც მათ მიჰყვა უკან.

– სადაც თქვენ იქნებით, შვილებო, მეც იქ ვიქნები, მაშ. აბა, როგორ ?

მართალია სუფთა ჰაერი ტრიალებდა გემბანზე, მაგრამ სიცივემ მეტისმეტად შეაწუხა კოლისი. გომონიც იკუნტებოდა და იკუნტებოდა და კოლისს ასე ეგონა სადაცაა უკანალში შეიყოფდა თავს მისი ამხანაგი. მათსავით ძილ-ღვიძილში მყოფმა გასტონმა რამდენჯერმე შესთავაზა მათ კაიუტაში ხომ არ ჩავიდეთო, მაგრამ ყოველ ჯერზე მტკიცე უარი სტკიცა შვილმა. კოლისიც ამხანაგს ეთანხმებოდა, მიუხედავად იმისა, რომ აკანკალებდა.

მოწმენდილი ცა ათასობით ვარსკვლავის შუქზე ცახცახებდა. მალ-მალე გამოფხიზლებულ კოლისს ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სწორედ ვარსკვლავებიდან მოფრიალებდა ცივი ნიავი და ვინ იცის იქნებ მართლაც ეგრე იყო ? სახლიდან წამოღებული მეორე ტუნიკაც გადაიცვა და უფრო და უფრო მაგრად ეხვეოდა ტილოს ქსოვილში, მაგრამ მაინც სციოდა. ნარაინდალი ბერი და ჯარისკაცები დროდადრო იჭინთებოდნენ, უკვე ფეხზე ვეღარ დგებოდნენ და პირდაპირ ფიცრის იატაკზე აღებინებდნენ. დანარჩენი ორი ბერი მათ ნუგეშისცემას ცდილობდა.

– ნუ გეშინიათ, რამეთუ მოწყალეა სულთა მეუფე ! – უმეორებდათ ცალთვალა, – ისეთ განსაცდელს არ მოგივლენთ რისი ტვირთვაც არ შეგიძლიათ !

დილით, როდესაც გზა განაგრძეს, კაპიტანმა გემბანის ნარწყევისგან მოწმენდა უბრძანა ძირს, მკვდრებივით დაყრილ ჯარისკაცებსა და ბერს, მაგრამ მოწმენდა კი არა ხელებს ძლივს ატოკებდნენ საბრალოები. სახეები, სამივეს სისხლჩაქცევებით ჰქონდა დაფარული ხშირ-ხშირი ჭაჭვისგან და ისე გამოიყურებოდნენ, გეგონება მთელი ღამე ვიღაც სცემდაო. ასე რომ, გემბანის მოწმენდა ცალთვალა ბერმა და მისმა ქოსა ძმამ იტვირთეს.

– რა უბედურებაა, ამდენი სირისტიანი საიდან მოხვედით ? – უკმაყოფილო სახით იძახდა კაპიტანი ბურონი, – მენიჩბეებმაც სულ ნარწყევით აავსეს იქაურობა !

ზღვა მთელი დღის განმავლობაში წყნარი იყო, მაგრამ ჯარისკაცებისგან განსხვავებით ბერი მაინც ვერ ჰპოვებდა შვებას. ნელ-ნელა უკვე სისხლმა დაიწყო მისი კუჭიდან ამოსვლა. თან, ერთ ყლუპ წყალსაც ვერ სვამდა და თუ სვამდა უმალ უკან ამოჰქონდა საძაგელი ხრიალით. კოლისმა ყური მოჰკრა ყოჩაღად მყოფი მისი ძმების საუბარს: ცალთვალა შეშინებული იძახდა ნეტავ ტიფი ხომ არ აქვსო, მეორე კი ეუბნებოდა, ტიფი კი არა თავისი ცოდვის გამო სჯის მეუფეო.

– არ გახსოვს, ერთხელ რომ თქვა ერისკაცობისას ჩემს ქალიშვილთან ვიწექიო ? ჰოდა, ახლა უწია ცოდვამ. ომში დაღუპვის და ცოდვის გამოსყიდვის საშუალებას ან მისცემს მეუფე ან არა... მისთვის ვილოცოთ, ძმაო.

მაგრამ, ვერც ლოცვამ უშველა საბრალო ნარაინდალ ბერს და ვერც ვერანაირმა ნუგეშმა, –შებინდებისას, როდესაც კვლავ შეჩერდნენ ხომალდები, გონება დაკარგა და ძალიან მალე სუნთქვაც შეწყვიტა. ამის შემდეგ, მისი ბორტს მიღმა გადაგდება ბრძანა კაპიტანმა ბურონმა და დაძინება უბრძანა ყველას. ცოცხლად დარჩენილმა ორმა ბერმა მთელი ღამე მოაჯირთან გაატარა ჩუმ ლოცვაში.

მომდევნო დღეებში მხოლოდ პერიოდული გულისრევის შეგრძნება აწუხებდა კოლისს. აღარც დანარჩენები არწყევდნენ, თუმცა ზოგიერთ ჯარისკაცსა და რეკრუტს სახეზე ატყობდა ხოლმე, რომ მთლად ყოჩაღად ვერც ისინი იყვნენ. იმედია ისე ძლიერ აღარ აღელდება ზღვაო, ფიქრობდა ხოლმე მოაჯირთან ჩამომჯდარი კოლისი, რომელსაც ზიდებასთან ერთად ახლა უკვე მოწყენილობაც უღრღნიდა გულს.

მთელი დღეები არაფერს აკეთებდნენ. მხოლოდ ბორტთან ისხდნენ და ელოდნენ როდის მიცურდებოდნენ წმინდა ანდროსის ორდენის სამყოფელთან. ჯარისკაცებს რამეს მაინც აკეთებინებდა ხოლმე კაპიტანი, აფრებს აშლევინებდა და აშვებინებდა, ბაგირებს ხან იქით გადააბმევინებდა, ხან – აქეთ, მენიჩბეთა ზედამხედველებად უშვებდა ქვემოთ, საკვების განაწილებას, გემზე წესრიგის დამყარებას და სისუფთავის დაცვაზე მეთვალყურეობას აკისრებდა. მაგრამ რეკრუტებს არაფერს ავალებდა. ერთხელ, ერთმა ალუელმა გლეხმა სთხოვა რამე საქმე მომეცი კაპიტანო, თორემ სადაცაა უსაქმურობისგან თავს გადავიგდებ გემიდანო, რაზეც ამ უკანასკნელმა პასუხად მიიღო, რაც გინდა ის ჰქენი, სამხედრო გამოცდილების უქონელ კაცს ხომალდის საქმეებს ვერ ვანდობო.

მიუხედავად იმისა, რომ კარგად ხვდებოდა ზღვაში ქორს ვერ ნახავდა, კოლისი მაინც მალ-მალე იყურებოდა ცაში. ვინ იცის, იქნებ რომელიმე ჩიტს გამოდევნებოდა ერთ-ერთი მაინც საკმაოდ შორეული ხმელეთიდან, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა წვრილი შავი თოკივით მოჩანდა ზღვიდან.

„ჰე, გამოიფრინეთ, რა იქნება ? ცოტა გამახალისეთ, არ გეცოდებით ?“

მაგრამ, არაფერი. ქორებს კი არა თოლიებსაც ძალზედ იშვიათად ხედავდა ბიჭი.

 

 

 

თავი მეოთხე

 

 

– აისხით წყეული აბჯარიი ! გაინძერიიით ! – კოლისს ისე ჩაესმა კაპიტნის ხმა, გეგონება ქეიფის დროის დადგომას ამცნობდა მათ.

ნუთუ დასრულდა ლოდინის ჯოჯოხეთი ? ნუთუ ჯდომის, წოლის, ჭამის, მოსაქმების და რწყევის გარდა სხვა რამესაც გააკეთებდნენ ?

ყველანი, – როგორც ჯარისკაცები, ისე რეკრუტები – გამოცოცხლებული შეძახილებით გაცვიდნენ ქვედა კაიუტებისკენ, სადაც აღჭურვილობა ინახებოდა. სხვა გემებზეც იგივე ხდებოდა. ყველანი საბრძოლველად ემზადებოდნენ.

როდესაც ყველაფერი მოითავეს და კლავ გემბანზე ამოვიდნენ, კოლისს მოეჩვენა, რომ ხმელეთი წვრილ თოკს კი არა ახლა უკვე შორეულ წნულღობეს დამსგავსებულიყო. ესე იგი, ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ მიწას, ასე არაა ? თუმცა კოლისი ატყობდა, რომ ძირითადი კურსი მაინც ხმელეთის გასწვრივ ჰქონდათ გემებს აღებული.

მოჟამული ციდან წვიმის წვეთები წვრილი ნემსებივით ცვიოდა, გრილი ნიავისგან გადრეკილ აფრებს ასკდებოდა ზემოდან და თავისი ნაღვლიანი სისველით ჟღენთდა. კოლისი გრძნობდა როგორ უკაკუნებდა თავში მსუბუქად წვიმა, როგორ იდგამდა ნესტი ფესვებს მის გაზიზნილ თმაში, როგორ ეშვებოდა წვეთები ოფლისგან დამწვარ მის ყელსა და კისერზე, როგორ ჩასდიოდა ჯაჭვის პერანგის ქვეშ ჩაცმულ ტუნიკაში, მაგრამ ფეხებზე ეკიდა.

აღარც ზიდება ანაღვლებდა. ოღონდ კი ამ წყეული ხომალდიდან ჩასულიყო და ყველაფრისთვის მზად იყო. რწყევა-რწყევითაც კი იბრძოლებდა თუ ეს ამ ჯოჯოხეთური ტყვეობიდან დაიხსნიდა.

ნელ-ნელა, მარჯვნივ, ორი რუხი ეშვივით რაღაც გამოჩნდა. კოლისმა იფიქრა, ნეტავ კოშკები ხომ არააო, მაგრამ ცოტა ხანში, როდესაც უფრო მიუახლოვდნენ, კლდეები აღმოჩნდა.

„რა იქნება, უკვე მალე გამოჩნდეს ეს წყეული კალტერონი ?“

მაგრამ არც ისე მცირეხნიანი ცურვის შემდეგაც უღიმღამო გორების, მკაცრი კლდეებისა და უსიცოცხლო სანაპიროების მეტი არაფერი გამოჩენილა. როდესაც ნახევარ მილზე ნაკლებიღა აშორებდათ ხმელეთისგან ერთ-ერთ სანაპიროზე შუაზე გადამტვრეული უზარმაზარი ხომალდი შენიშნა კოლისმა. მისი ნამსხვრევები აქეთ-იქით მიმოფანტულიყო გარშემო ამოსულ ბებერ სოჭებს შორის.

ყველა ხმელეთზე გადასხდომას ელოდა, მაგრამ კაპიტანმა ისევ ბორტებთან ჩამოჯდომა ბრძანა. ნუთუ ჯერ კიდევ შორს იყვნენ კალტერონისგან ?

– ეჰ, ვერაფერს გაიგებ, – ამოიოხრა გასტონმა, – კიდევ ერთი დღე მაინც რომ მოგვიწიოს ცურვამ, განა გამიკვირდება... ბელეგაში საერთოდ ორი თუ სამი დღით ადრე ჩაგვაცვმევინეს აბჯარი, სანამ კასტა-ვერდესთან მივიდოდით.

ამ სიტყვებზე კოლისს გული შეუწუხდა. ასე ეგონა, სადაცაა ამოარწყევდა. მაშ, ამ საძაგელ ჯაჭვის პერანგში გამომწყვდეული კვლავ უსაქმოდ უნდა მჯდარიყო ?

როდემდე ?

გემი წარამარა ძაგძაგებდა. ყველა აღელვებული უჭერდა თავ-თავის იარაღს ხელს და აქეთ-იქით იყურებოდა. მხოლოდ ფოლადის დაკენკილი ფირფიტებით შეჯავშნული სერ დაროლდ ხისტი ჩანდა მშვიდი. გემის ცხვირთან ახლოს ჩამომჯდარიყო და წყნარად ათამაშებდა ხელში ვერცხლისქუდიან და მუხისკოტიან ხმალს. ფარიც იქვე ჰქონდა მიყუდებული, – წითელი კლდე და ელვა იყო მასზე გამოსახული.

ალბათ სერ ბეილიც მშვიდადააო, გაიფიქრა კოლისმა შავი ნიღბის ნახვრეტებში გამოჩენილი მისი მილულული თვალების დანახვაზე. დიჟუელ გლეხებს შორის ჩამომჯდარ მოხეტიალე რაინდს ნელა აუდ-ჩაუდიოდა ჯაჭვის პერანგით დაფარული მკერდი სუნთქვისას. გარედან შავი გარსაცმელი ჰქონდა ჩამოცმული, რომლის გულისპირზეც ეკლებიანი თეთრი ვარდი იყო გამოსახული. საბარკულებიც ეკეთა და მარცხენა ბარძაყს რომელიც უფარავდა, ადგილ-ადგილ ჟანგი ჰქონდა შეპარული.

ნარაინდალი ბერები ზორბა ერიკის გვერდით ისხდნენ ტარზე თოკდახვეული ხმლებით ხელში. მალ-მალე ხუჭავდნენ თვალებს და რაღაცის ბუტბუტს იწყებდნენ ხოლმე თავისთვის. ალბათ, ლოცულობენო, დაასკვნა კოლისმა. რა გასაკვირი იყო ? ჯვალოს კაბებში გამოწყობილებს აბჯრის ნასახი არ იფარავდა.

უცებ ერთი წითელწვერა რეკრუტი წამოხტა ფეხზე და ბორტიდან გადაბობღებას შეეცადა.

– გამიშვით ! განა აქაა ჩემი ადგილი ? – ატეხა საწყალობელი ყვირილი, – არა ! ჩემს ბიჭებს უნდა მივხედო !... გაელსა და ჟაკს უნდა მივხედო ! გამიშვით, გეხვეწებით !

მაშინვე ეცნენ დანარჩენები და უკან დააგდეს იატაკზე. 

– კიდევ ერთხელ იზამ ეგრე და თავს წაგაგდებინებ, გასაგებია ? – შეუბღვირა გემის ცხვირთან მდგომმა კაპიტანმა ბურონმა და ქამარზე შებმულ უბრალო ხმლის ტარზე წაივლო ის ხელი, რომელზეც ხუთივე თითი ჰქონდა.

ეტყობა, გაგიჟდა საბრალოო, გაიფიქრა გლეხის შემხედვარე კოლისმა და მოულოდნელად გააკანკალა, – თითქოს გონება გაუნათდა.  

ომში მიდიოდა, არა ? ომში ხომ ჭიანჭველებივით იხოცება ხალხი ? რა გარანტია ჰქონდა, რომ თვითონაც ერთ-ერთ გაჭყლეტილ ჭიანჭველად არ იქცეოდა ? ნუთუ ამ ყველაფერს აქამდე ვერ იაზრებდა ? არა, კი იაზრებდა, მაგრამ მთლად ასე მძაფრად ვერა, როგორც ჩანს.

შუბი ხელში აუთრთოლდა. ხედავდა როგორ ნამავდა წვიმა მის ალაგ-ალაგ დაჟანგულ ბუნიკს.

თუ მოკვდებოდა ვერასდროს დაბრუნდებოდა სახლში, ვერასდროს იგემებდა საჭმელს, ვერასდროს დაწვებოდა ქალთან, ვერასდროს დალევდა ცივ წყალს... ვერასდროს... ვერასდროს... ვერასდროს ნახავდა ქორებს...

ცაში აიხედა შეშინებულმა, იქნებ ქორი იყოს სადმე, რომ ჩემი დაცვა ვუბრძანოო, მაგრამ რუხ სინათლეზე აელვარებული წვიმის წვეთებისა და მოქურუხებული ცის მეტი ვერაფერი დაინახა.

უცნაურია, მაგრამ ახლა საერთოდ აღარ უნდოდა დროულად მისულიყვნენ კალტერონამდე. პირიქით, რაც უფრო გადავადდებოდა ჭიანჭველების ჭყლეტა მით უკეთესი. მაგრამ როდემდე ? ადრე თუ გვიან ხომ აუცილებლად დაიწყებოდა ეს საშინელება ?

ნარაინდალი ბერები ლოცულობდნენ და ლოცულობდნენ დაუღალავად. თვითონაც მოუნდა ლოცვა, მაგრამ თითქოს ყველა სიტყვა დავიწყებოდა, რაც კი ოდესმე მოესმინა ტაძარში.

მათთან მიბობღდა კოლისი.  

– მეუფ... მეუფისეულო ძმებო... მეც... მეც მინდა... მეც ვილოცებ თქვენთან ერთად, რა იქნება.

ცალთვალამ თავი დაუკრა, ქოსამ ოდნავ ჩაიჩოჩა და თავის შუაში ჩასვეს ბიჭი.

ოდნავ აუწიეს ხმას ბერებმა: ძველ ოსილონურად წარმოთქვამდნენ სიტყვებს.  

მეუფე ჩემი, სულისა ჩემისა მწყემსი არს... ვერვინ დამაბრკოლოს გზასა მისსა, – იძახდნენ ერთხმად, რამეთუ თავად იგია შემწე ჩემი და ნუგეში ჩემი... ოდეს მომადგეს მტერი ურიცხვი... ძალითა მისითა მოვსრავ ყოველსა წინააღმდგომსა ჩემსა...  

კოლისი თვალდახუჭული შეუდგა ბუტბუტს. ყველაფერს ზუსტად ისე იმეორებდა, როგორც ბერების პირებიდან ამოდიოდა. მართალია, ოფლის მჟავე სუნად ყარდნენ ისინი, მაგრამ რა უჭირდა ? ნუგეშს თუ ჰპოვებდა მათთან ერთად ლოცვით, დაე შეეწუხებინა სიმყრალეს, მითუმეტეს, როცა არც თვითონ ასდიოდა ვარდის სურნელი. 

მეუფეო სულთაო, მეუფეო დიადო, აკურთხე ხმალნი ჩვენნი და შუბნი ჩვენნი რათა აღვასრულოთ ნებაი შენი ! მთელი გრძნობით განაგრძო ცალთვალამ და კოლისი დანანებით ფიქრობდა ნეტავ მეც მასსავით გულწრფელი ლოცვა შემეძლოსო, – დაგვიცევ საფრთხისაგან ყოვლისა ! შეგვეწიე ჩვენ ცოდვილებსა და უღირსებს და დაგვამკვიდრე სავანესა შენსა ნეტარებისასა ! მოგვეც ძალა დიადისა მოციქულისა შენისა ელეონისა და მოთმინება წმინდისა შენისა აპიოსისა !

ცოტა ხანში, კოლისს უცხო ბუტბუტის ხმები ჩაესმა და თვალები გაახილა.

გომონიც ბერებთან მოხოხებულიყო, გასტონიც, დურგალი ლუიც, ზორბა ერიკიც, სამი ვერნელი გლეხიც და სერ ბეილ უსახოც. ყველანი ბერებთან ერთად ლოცულობდნენ. ნელ-ნელა კიდევ უფრო შემოემატათ ხალხი, – როგორც რეკრუტები ისე ჯარისკაცები – და ბოლოს კაპიტნის, მესაჭისა და სერ დაროლდ ხისტის გარდა ყველანი ლოცვად დავარდნენ. 

მეუფეო სულთაო... მეუფეო ცისა და ქვეყანისა, გვაკურთხე ჩვენ, – იძახდა ნარაინდალი ქოსა ბერი და პირიდან წამდაუწუმ ნერწყვს ისროდა, აკურთხე ფარნი ჩვენნი და დაგვიცევ ჩვენ უღირსნი, როგორც წმინდა აბელარდი დაიცევ ოგერ-კერმუდის ურდოთაგან.

დაგვიცევ ჩვენ მეუფეო !... დაგვიცევ ჩვენ ! – ლამის ერთხმად გაიმეორა რამდენიმე მლოცველმა. 

მოგვეც ჩვენ სიმამაცე დიადისა მოციქულისა შენისა ჰარონისა ! – ახლა კვლავ ცალთვალა ბერმა აიმაღლა ხმა, – და დაგვიცევ ჩვენ ყოველთა შეურაცხმყოფელთაგან სარწმუნოებისა შენისა, უკუნისამდე ! 

შენთვის მოვკვდები, მეუფეო ჩემო ! რა არს ტანჯვაი სიკვდილისაი სავანეებთან შენთა ? ერთი გაელვება, ერთი გაფაჩუნება, არაფერი სხვა... ყოველი შეჭირვება სასაცილო არს დაუსაბამობასთან შენისა !

ნელ-ნელა კოლისს ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს ვერასდროს ვერაფერი მოკლავდა და თუ მაინც მოკლავდა დიდი ამბავი, –  მაინც სულთა მეუფის მიერ მისთვის და დანარჩენებისთვის გამზადებულ ნეტარების სავანეებში განისვენებდა დაუსრულებლად. აღარც ზიდების ეშინოდა და აღარც იმის, რომ ცურვა არ იცოდა, – თუ საჭირო გახდებოდა მეუფე ზღვის სიღრმიდან რომელიმე უშველებელ თევზს გამოგზავნიდა, რომელიც თავისი ზურგით მიაცურებდა მას ნაპირზე, არა ? თუ არა და დაე მომკვდარიყო, რამეთუ ასეთი იქნებოდა სულთა მეუფის ნება. მისი ნება კი ყოველთვის სასარგებლოა ადამიანისთვის.

ბოლოს, დიად მოციქულთა ლოცვის წარმოთქმა დაიწყეს ბერებმა ერთხმად და ყველა მლოცველი მათ აჰყვა:

მეუფეო სულთაო, მპყრობელო ყოვლისა სულიერისა ქვეყანასა ზედა და ზეცასა შინა, მოგვეც ჩვენ ძალა ერთგულებისა შენისა ! მოგვეც ჩვენ მოთმინება ცხოვრებისა სწავლებათაებრ შენთა ! ლოცვითა დიადთა მოციქულთა შენთა აკურთხე გზანი ჩვენნი ცისქვეშეთისანი ! მოგვეც ჩვენ გული განმსჭვალული სიყვარულითა შენითა ! მოგვეც ჩვენ გული განმსჭვალული სიყვარულითა ძმათა ჩვენთა ! მოგვეც ჩვენ ძალა აღსრულებისა ნებისა შენისა ! მოგვეც ჩვენ სინანული ცოდვათა ჩვენთათვის ! იყავნ ნებაი შენი და წყალობაი შენი ჩვენსა ზედა ყოველთა ჟამთა ცხოვრებისა ჩვენისათა ! შეგვიწყალე და დაგვამკვიდრე სავანეთა შენთან ნეტარებისათა ! რამეთუ, მშობელი ჩვენი ერთადერთი შენ ხარ, უკუნისამდე ! დიდება შენდა !

ყველანი ღრენით წამოდგნენ ფეხზე. ლოცვითი აღტაცება გრიგალივით დაჰქროდა გემბანზე.

– კაპიტანო, მალე მივალთ ? იმ უწმინდურების სისხლი უნდა შევსვა ! – დასჭექა ერთმა დიჟუელმა დიდყურება გლეხმა და ისე მოუჭირა შუბს გამომშრალი მარჯვენა, იფიქრებდი სადაცაა ხელში შემოატყდებაო. 

კაპიტანმა ბურონმა თავით მიანიშნა მას ნაპირისკენ და მთელმა გემმა ერთხმად დასცა ყიჟინა. ფარებისა და იარაღის ერთმანეთზე რახუნი დაიწყეს.

ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს, მესამედი მილის დაშორებით მოწითალო გალავანი და კოშკები გამოჩენილიყო. ქალაქი პირდაპირ ერთმანეთის გვერდიგვერდ ზღვიდან ამოზრდილი მოშავო კლდეების თავზე იყო გაშენებული. ზღვის ტალღები დაუსრულებლად ეხეთქებოდა მათ, მაგრამ ვერაფერს აკლებდა. თვალით ზომავდა კოლისი და რასაც შორიდან ატყობდა ლა-დელმარისხელა ან ოდნავ უფრო დიდი უნდა ყოფილიყო კალტერონი. მისი კოშკების კონუსისებური სახურავების მოვერცხლისფრო ელვარება გამაღიზიანებლად მოქმედებდა მოიერიშეებზე, – ზოგი რეკრუტი და ჯარისკაცი გაჰყვიროდა სულ თავზე დავანგრევთ მაგ ბრჭყვიალა კოშკებს მაგ ნაბიჭვარ ერეტიკოსებსო. სხვები გამწარებულები იღრინებოდნენ. კოლისიც ღმუოდა აღტაცებისგან.

– მე მგონი, გადავსხდებით ! – თვალებმოჭუტული იყურებოდა კლდეებისკენ გასტონი, –  პატარა სანაპირო ჩანს იქ, აი ! – შემდეგ, თავის ვაჟსა და კოლისს მოუბრუნდა, – იცოდეთ, გვერდიდან არ მომცილდ...

და უცებ თავი გადამწიფებული ლეღვივით გაუსკდა გასტონს, მისი სისხლმდინარე სხეული კი ბორტს მიღმა გადაფრინდა.

ატყდა წივილ-კივილი.

– ყველანი დაწექიიით ! – იღრიალა კაპიტანმა.

რეკრუტები, ჯარისკაცები და მოხალისეები ერთბაშად დაეხეთქნენ გემბანის იატაკს. ძირს გართხმულმა კოლისმა სახეზე მოისვა ხელი, – სულ სისხლით ჰქონდა მოთხვრილი: გასტონის სისხლით.

ჯანდაბა ! გასტონი ! ნუთუ... ნუთუ, ცოცხალი აღარ იყო ?

იქვე გაწოლილ გომონს გახედა. დურგალის ბიჭიც სისხლში იყო ამოვლებული და შეშინებული კნუტივით კანკალებდა.

სხვა გემებიდანაც ყვირილისა და აურზაურის ხმები მოდიოდა. რა ჯანდაბა ხდებოდა ?

– პრინცის ფლოტიაა ! – მარცხენა ბორტს მიღმა მცურავი ხომალდიდან მოაღწია ხმამ.

ვინ პრინცის ? რა პრინცის ? რა ჯანდაბა ხდებოდა ? ვერაფერს ხვდებოდა კოლისი.

– ოსტერნის პრინცის ფლოტი გვიტეეევს ! – ოდნავ თავწამოწეულმა დაიღრიალა კაპიტანმა და ანაზდად მარცხნიდან ისეთი ძალით მოხვდა მოაჯირს რაღაც, რომ გაგლიჯა და მეორე მხარეს მყოფი ერთი ვერნელი გლეხი მარჯვენა მოაჯირის სვეტზე მიაჭედა მუცლით.

ისარი იყო... შუბივით ისარი... უშველებელი და მოვერცხლილი.

– ბალისტააა ! – იღრიალა დაფეთებულმა კაპიტანმა.

ეგ რაღა ჯანდაბააო იფიქრა კოლისმა, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა ? კი ჩააფსმევინა ყველას, ვინც წეღან ლამის ბაგირებს ღრღნიდა ლოცვის მიერ მიცემული ძალით.

მოაჯირს მიჭედებული რეკრუტი ჯერ ისევ ცოცხალი იყო: საწყალობლად იჭინთებოდა, სისხლს არწყევდა და ხელებით ეპოტინებოდა მუცელში ჩაფლულ დაკბილულწვერიან ისარს. გარშემო მსხვრევის ხმები ისმოდა. უეჭველია, ყველა გემს ამ საზარელ ისრებს უშენდნენ. 

– დაწექიიით ! თავები არ წამოსწიოთ ! – ღრიალებდა რომელიღაც ჯარისკაცი.

– დაწექი, შე სულელო ! 

– ერეტიკოსებს დაეხმარება ის ურჯულო ნაბიჭვარი, აბა რას იზამს ? წყეულიმც იყოს !

– ასეთი რა ქონების პატრონია ეგ უწმინდური ნაბიჭვარი, ჰა ? ისრებსაც კი ვერცხლში ავლებს !

სერ დაროლდ ხისტმა თავი წამოსწია ნაჩქარევად და შემდეგ ისევ იატაკზე გაწვა.

– კაპიტანო, ერქონული საომარი ხომალდებია ! მგონი... მგონი, პელორანები !

– ჯანდაბა ! ამის დედაც ! მენიჩბეებს ჩასძახეთ მოსმა არ შეწყვიტოონ !

კოლისმა იფიქრა მეც ხომ არ გავიხედო რა ხდებაო, მაგრამ იმდენად ეშინოდა გასტონისა და ვერნელი გლეხის ბედი არ გაეზიარებინა, რომ იატაკს შეეზარდა ლამის.

„ოო, გასტონ.“

ისევ გომონს გახედა. მეტყევის ბიჭი თავის ცანცარით მიაჩერდა მას. მისი თვალების მიღმა თითქოს აღარავინ იყო.

უცებ, ისეთი სახე მიიღო გომონმა, გეგონება რაღაც საშინელი გაახსენდაო, ფეხზე წამოვარდა შეშლილივით და ბორტთან მიიჭრა.

– მამა ! მამაა ! – ატეხა გულსაკლავი ყვირილი.

– დაწექი, შე ყეყეჩო ! – ფეხში მკლავი გამოსდო სერ ბეილმა და ძირს დააგდო.

მაშინვე შემზარავი ზუზუნი გაისმა და გვერდითა ხომალდის ანძამ ისეთი ჭახანი გაადინა, გეგონება მეხი დაეცაო, – ბეწვზე გადარჩა მეტყევის ბიჭი.

– კაიუტებს შეაფარეთ თავიი ! – იკივლა კაპიტანმა.

– რა კაიუტები, ხომ არ გაგიჟდი ? – იყვირა ერლი ბლანშარდის ერთმა წარბებგადაბმულმა ახალგაზრდა ჯარისკაცმა, –  ვერ ხედავ, სადაცაა ჩავიძირებით ! ნავებში, დროზეე !

მაგრამ არავინ იძვროდა ადგილიდან.

– მოკეტე, შე ნაბიჭვარო ! იცოდე, თავს წაგაგდებინებ ! – მრისხანებისგან დორბლები გადმოყარა კაპიტანმა.

– წადი, შენი !

კაპიტანმა ხმალი ამოაძრო ქარქაშიდან და ჩაკუზულმა დაიწყო ჯარისკაცისკენ გაჩოჩება. ამ უკანასკნელმაც იშიშვლა ხმალი, ოღონდ ისევ გაწოლილი რჩებოდა. მათ გასაშველებლად თავის გამოდებას აშკარად არავინ აპირებდა. მსხვრევისა და ნგრევის ხმები უფრო და უფრო ძლიერდებოდა გარშემო.

– ოო, მეუფეო, გვიახლოვდებიან ! – აღმოხდა ცალთვალა ნარაინდალ ბერს.

– უხ, შე პატარა ნაბიჭვარო ! – დაიძახა კაპიტანმა როგორც კი ჯარისკაცს მიუახლოვდა და ოდნავ წამოსწია თუ არა თავი, კვახივით გაუსკდა.

მისი გათქვეფილი ტვინი და სისხლი გარშემომყოფებს წვიმასთან ერთად მიეშხეფა, ხოლო სისხლმდინარე ტანი სერ ბეილსა და ორ რეკრუტს მიეგდო ზედ.

განწირული კივილი ატეხა უმეტესობამ.

– ამის დედაც !  

– მეუფეო, შეგვიწყალე !

– ნავებისკენ, ჩქარააა !

– გაიქეციით !

გემის კორპუსის ქვედა ნაწილს რახა-რუხი აუტეხა დიდრონმა ისრებმა და ისეთი ზანზარი დაიწყო მთელმა ხომალდმა, გეგონება უძლიერეს ქარიშხალში მოხვდნენ.

– ადექი, ბიჭო, ადექი ! – მოკუნტულმა სერ ბეილმა ფეხზე წამოაგდო კოლისი თავისი ღონიერი ხელით. ნიღაბზე სულ ტვინის ნარჩენები და სისხლის წვეთები ჰქონდა დაკიდებული, – ადექიით ! წოლას აზრი აღარ აქვს ! გაიქეციიით !

ჩაკუზულმა სერ დაროლდმა ხმალი შემართა.

– ჩემთან დარჩით და იბრძოლეთ ამ უწმინდურების წინააღმდეეგ !

მაგრამ არავინ რომ არ შეუერთდა, მანაც დანარჩენებთან ერთად მოძუძგა ნავებისკენ. სანამ კაპიტნის კაიუტისა და სამზარეულოს კედლებს ამოეფარებოდნენ, კოლისმა მარჯვნივ გახედვა მოასწრო, – უამრავი ხომალდი უახლოვდებოდა მათ, რომელთა თეთრ აფრებზეც ორი წითელი ლომი იყო გამოსახული. ყოველი მათგანი ლა-დელმარიდან გამოსულ გემებზე უფრო დიდი ჩანდა.   

– ათამდე ხომალდი მაინცაა ჩვენ შორის ! –  იღრიალა სერ ბეილმა, – იქნებ, მოვასწროთ ნავებში ჩასხდომა ! დროზე ! ჰა, გაინძერი ბიჭო ! – ახლა გომონს შეუძახა, რომელიც მოსიარულე გვამს დამსგავსებოდა.

მაგრამ მხოლოდ სამი ნავი ეწყო გემბანის მარჯვენა მხარეს, დანარჩენი სამი, – მარცხენა მხარეს. იქით კი ყველაფერს რახარუხი გაჰქონდა. ყველაფერი უმოწყალოდ იმსხვრეოდა.

გარშემო მიმოავლო თვალი კოლისმა. ლა-დელმარიდან გამოსული გემების ქიმები ერთმანეთის მიყოლებით ილეწებოდა; ანძები მოჭრილი ხეებივით ცვიოდა გემბანებზე ან ზღვაში; ხომალდების კედლები გამთბარი კარაქივით ადვილად იხვრიტებოდა უშველებელი ისრებისგან; ხალხი ზღვაში ცვიოდა ან თავისი ნებით ხტებოდა; აფრები ქაღალდივით იფხრიწებოდა.

იქვე ახლოს მყოფ ხომალდზე ოფიცერ დურელს მოჰკრა კოლისმა თვალი. უეცრად, ელვის სისწრაფით წააცალა მას ფეხი მუხლს ქვემოთ ისარმა და ბღავილით დასცა ფიცრებაყრილ იატაკზე. მათი ხომალდის კატორღელები უკვე გემბანზე ამოსულიყვნენ და ნავებში ჩასხდომისთვის ებრძოდნენ ჯარისკაცებსა და რეკრუტებს.

ნეტავ ჩვენი მენიჩბეები რაღას შვრებიანო, გაიფიქრა კოლისმა და უმალ მისგან ოთხ ნაბიჯში გაჩერებული რამდენიმე ათეული გაოფლილ-აწითლებული და სისხლით მოთხვრილი სახე შეამჩნია.

– ეჰა, ბიჭებო, მიდით, ჩაუშვიით ! – იღრიალა ერთმა ახმახმა ჯარისკაცმა, – დროზე, დროზეე !

– ჰეი, ჩვენც მოვდივართ ! – დასჭექა ჩასკვნილმა კატორღელმა.

ხმალი მხოლოდ ორ კაცს ჰქონდა მათგან.

– ჰო, ჩვენც მოვდივართ !

– აქ გინდოდათ არა, ჩვენი დატოვება, თქვე ძაღლის გაგდებულებო ?

– იქითაცაა ნავები ! – დაუყვირა მათ წარბებგადაბმულმა ჯარისკაცმა.

– იქით, შენ წადი ! ფიცრების ფაფადაა ქცეული იქაურობა... ოცდაათი ჩვენგანი მაინც გახვრიტა მათმა წყეულმა ისრებმა !

რამდენიმე კატორღელი ნავებისკენ დაიძრა.

– იცოდეთ, ადგილზე დარჩით, ნაბიჭვრებო ! – ხმალი მოუღერა ერთმა ჯარისკაცმა მათ და დანარჩენმა ჯარისკაცებმაც იგივე ქნეს.

– უხ, თქვე დამპალო ღორებო ! – დაიღრიალა ტანმაღალმა კატორღელმა და თავისიანებთან ერთად მივარდა ჯარისკაცებს, რეკრუტებსა და მოხალისეებს.

ატყდა ბრძოლა... გადარჩენისთვის ბრძოლა. კოლისს ვიღაც კასრივით მენიჩბე ისე დაეტაკა, შუბი გააგდებინა ხელიდან. ნეტავ ფარი სადღა დამივარდაო, გაიფიქრა უცებ კოლისმა, მაგრამ რა დროს ეს იყო ?

პირდაპირ ყელში ჩააფრინდა კატორღელი და დახრჩობა დაუწყო. ისეთი ძლიერი თითები ჰქონდა უცნობს, ასე ეგონა ბიჭს სადაცაა თვალებს ამომაყრევინებსო, მაგრამ ანაზდად თავი მოსწყდა მენიჩბის მხრებს და პირდაპირ პირში ჩაესხა მისი სისხლი კოლისს. სამაგიეროდ, ყელში მოჭერა შეუმსუბუქდა და მაშინვე ხველებით გადმოანთხია პირიდან კატორღელის სისხლი.

ცალთვალა ნარაინდალი ბერი იყო. მან გადაარჩინა.  

– წამოდექი, ბიჭო, წამოდექი ! – შეუძახა თუ არა ბერმა, ეს უკანასკნელი თვალის დახამხამებაში მოწყდა ადგილიდან საწყალობლად აკივლებული: უშველებელმა მოვერცხლილმა ისარმა კაიუტის კედელი გამოხვრიტა, ფერდში ეძგერა საზარელი ძალით და ზღვაში გადაუძახა ხმამაღალი დგაფუნით.

კოლისმა ყელში ჩაფრენილი უთავო კატორღელის ხელები მოიცილა და წამოჯდა. თვალი მოავლო გემბანს, – თავის შუბს ეძებდა, მაგრამ შუბის გარდა ყველაფერს ხედავდა.  

ერთი თმაგაქუცული კატორღელი თვალებს ჩიჩქნიდა ზორბა ერიკს თავისი ბინძური თითებით; ქოსა ნარაინდალი ბერი ერთდროულად ორ მენიჩბეს ებრძოდა; ძირს დავარდნილ სერ დაროლდს წიხლებს ურტყამდა ორი ერთმანეთზე მაღალი კაცი; სერ ბეილი ერთიმეორის მიყოლებით ჩეხავდა კატორღელებს; გომონი ყურებზე ხელებაფარებული მოკუნტულიყო იატაკზე და თავისთვის ღნაოდა; წარბებგადაბმულ ჯარისკაცს ცოფიანი ძაღლივით კბენდა ცხვირზე ვიღაც მელოტი ტანშიშველი კაცი; დურგალი ლუი ყელგამოღადრული ფართხალებდა და იატაკს ფხაჭნიდა ფრჩხილებით; დანარჩენები, – ზოგი სხვებს კლავდა, ზოგი თვითონ კვდებოდა, ზოგი ნავებს უშვებდა ქვემოთ თოკებით.

– წავედიით ! ბლეზ, ბუნ, წავედიით ! – დაიბღავლა ბლანშარდების ერთმა თავგადაპარსულმა ჯარისკაცმა და გემის გარეთა კედელზე ჩაფენილი სქელი ბადის გამოყენებით უკვე წყალზე მოტივტივე სამი ნავიდან ერთ-ერთისკენ დაიწყო დაშვება.

ამის დანახვაზე უმალ ბადისკენ გაცვივდა უმეტესობა.

– წავედიით ! – იღრიალა სერ ბეილმაც და სასწრაფოდ წააგდებინა თავი სერ დაროლდზე მიმდგარ ერთ-ერთ კატორღელს. მეორეს თავად სერ დაროლდმა მიხედა, – სხარტი მოძრაობით გამოუხვრიტა ზურგი თავისი ხმლით.

კოლისი ფეხზე წამოდგა.

– დაიხარე ბიჭო, დაიხარე ! ვერ ხედავ რაები ხდება ? – მკლავში წაავლო ხელი სერ ბეილმა და ბადისკენ წაათრია.   

სერ დაროლდმა გომონი წამოაგდო ფეხზე.

– წამო, შე მტირალა ! წამო !

მაგრამ როგორც კი თვალებამოჩიჩქნილ და აწივლებულ ზორბა ერიკს გადააბიჯეს, იმხელა ზათქი გაადინა სამზარეულოს კედელმა, რომ ათიოდე ფუტის იქით მაინ გადაფრინდნენ. ისეთი ძალით დაეხეთქა იატაკს კოლისი, იფიქრა ალბათ იდაყვები დამემსხვრაო. თავი წამოსწია და დაინახა ისრების გარდა, ახლა ნაცრისფერი ლოდებიც ცვიოდა ციდან. სამზარეულოს კედელს გახედა და ნამსხვრევებში მოყოლილი მზარეული მამა-შვილი დაინახა. ცოცხალს არცერთი არ ჰგავდა.

ბადესთან ახლა უკვე ყველა ერთმანეთს ებრძოდა. ერთმა ჯარისკაცმა მეორეს თავი გადაუჩეხა ნაჯახით, ხოლო ერთმა კურდონელმა გლეხმა ბიჭმა ლოყა გამოაჭამა თანასოფლელს. აღარავის ახსოვდა, სულ ცოტა ხნის წინ, მხარდამხარ ბრძოლას რომ აპირებდნენ ბილწი ერეტიკოსების წინააღმდეგ.

სერ ბეილი ფეხზე წამოხტა და უკნიდან დაეტაკა თანამებრძოლებს. ოთხი კაცი მაინც გადააგდო ზღვაში: მათ შორის ქოსა ბერიც.

– სერ დაროლდ, წავედით ! – დაიყვირა მან და ბადეზე დაეშვა.

კოლისისა და გომონის წაყვანაზე აშკარად აღარ დარდობდნენ მოხეტიალე რაინდები. სერ დაროლდმა მუცელი გამოფატრა ერთ წვეროსან ჯარისკაცს, მაგრამ ანაზდად უშველებელი ისარი ისეთი გამაოგნებელი სიძლიერით მოხვდა ზურგში, რომ თვალის დახამხამებაში გააქრო გემბანიდან. სამი კატორღელი და ერთი რეკრუტიც გადაიყოლა წყალში სერ დაროლდმა.

კოლისი ფეხზე წამოდგა ბარბაცით. ხომალდმა ჭრიალს, რახარუხსა და ტორტმანს უმატა.

– გომონ ! წამ... წამოდექი ! – შეუძახა მეგობარს, რომელიც ისევ ყურებზე ხელაბაფარებული ტიროდა.

იატაკი სკდებოდა და თანდათან ფეხქვეშ ეცლებოდათ. მოაჯირთან მიბარბაცდა კოლისი. ნავები უკვე გავსებული იყო. ვინც მათზე ასვლას ცდილობდა შიგნით მსხდომები ნიჩბებს ურტყამდნენ სახეში და წყალში ძირავდნენ.  

– მოუსვიით ! მოუსვიით ! – ყვიროდა ერთ-ერთ ნიჩაბს ჩაბღაუჭებული სერ ბეილ უსახო.

მაგრამ ერთ წამში უკვე აზრი აღარ ჰქონდა ნიჩბების მოსმას, – პირდაპირ მათ გვერდით ისეთი ძალით დაეხეთქა წყალს უშველებელი ლოდი, რომ ნავი ამოაყირავა და ყველა ვინც შიგნით იჯდა წყალში აღმოჩნდა. მაშინვე ჩაძირვა იწყეს ჯაჭვის პერანგიანმა და შეჯავშნულმა მამაკაცებმა. ჯაჭის პერანგით შემოსილი სერ ბეილიც წყალქვეშ გაუჩინარდა თავის ნიღბიანად.

კატორღელებს მხოლოდ ტუნიკები ეცვათ ან წელსზემოთ შიშვლები იყვნენ და ვინც წყალში იყო ჯერ-ჯერობით არ იძირებოდა, თუმცა რა ხეირი ? – ამოყირავებულ ნავს ვერაფრით ატრიალებდნენ და არც იქვე მყოფ ორ სხვა ნავზე უშვებდა მათ ვინმე. 

– ჯანდაბა ! რა უნდა ვქნათ ? ჯანდაბა ! – კოლისი გომონს მიაჩერდა. მეტყევის ბიჭი აღარ ტიროდა. გაშტერებული უმზერდა ბადეზე ჩამავალ მამაკაცებს.

ხომალდმა ერთდროულად ათასი ანჯამასავით დაიჭრიალა და კოლისი უმალ იატაკზე გაწვა. გარსაცმელი აიხადა და ჯაჭვის პერანგიც სასწრაფოდ გაიძრო.

– გომონ, გაიძრე, გესმის ? ჯაჭვის პერანგი... გაიძრე, თორემ წყალში როცა ჩავვარდებით მაშინვე ჩავიძირებით.

ალბათ ისეც ჩავიძირებიო, გაიფიქრა, მაგრამ იქნებ რაიმეს ჩაჭიდება მოესწრო ? აშკარა იყო, ცოტა ხანში, ამ წყეული გემისგან მხოლოდ ნამსხვრევებიღა დარჩებოდა და ჩასაჭიდებელი რამ ბლომად ექნებოდათ.

როდესაც ბოლო კატორღელი მიბობღდა ბადესთან, ანძა გადატყდა და ზრიალით დაეხეთქა გემბანსა და მარჯვენა მოაჯირს. მენიჩბე ყვირილით გადავარდა ზღვაში. ხომალდი ისე შეზანზარდა მოაჯირის სვეტს ჩაეჭიდა კოლისი.

თვალები რომ გაახილა გომონი აღარსად იყო.

– გომოონ ! გომოონ ! სად ხარ ?

ალბათ წყალში ჩავარდა საწყალიო, გაიფიქრა. ცურვა არც მან იცოდა. თან ჯაჭის პერანგი ეცვა, ასე რომ...

– ეჰ, გომონ !... გასტოონ !... ჯანდაბააა ! ააააჰ !

კოლისის გარდა ცოცხალი აღარავინ დარჩა ხომალდზე. მხოლოდ ორი ჯარისკაცისა და რამდენიმე კატორღელის გვამიღა ეგდო კაპიტნის კაიუტის კედელთან.

რამდენიმე წამში, კიდევ ერთხელ დაიჭრიალა გემმა განწირულად, მაგრად შეტორტმანდა და მხოლოდ ერთი ჯარისკაცის გვამიღა დარჩა მოაჯირის ნაპრალში გაჩხერილი.

„მეუფეო, რა ვქნა ? –  შიშის ზარმა აიტანა კოლისი, – მეუფეო, მიხსენი, გევედრები.“

ნუთუ ასე დასრულდებოდა ყველაფერი ? ნუთუ ზღვაში დაინთქმებოდა და ასე დაგვირგვინდებოდა მისი ხანმოკლე ცხოვრება ?

და ამ დროს ვიღაც მამაკაცის ხმამაღალი ძახილი მოესმა ქვემოდან:

– ოსტატო „ქორო“ მანდ ხართ ? ოსტატო კოლის !

რაო ? კოლისი სასწრაფოდ მიბობღდა მოაჯირთან და ქვემოთ ჩაიხედა.

პატარა ნავი ტივტივებდა წყალზე. მასში მჯდომი გაჭაღარავებული კაცი ფეხზე წამომდგარიყო და ისე იღიმოდა სულელივით, გეგონება საერთოდ არ ეხებოდა მას ის საზარელი აურზაური, რაც გარშემო ტრიალებდა. გახუნებული, ჭაობისფერი სელის გრძელი კურტაკი იმავე ფერის ტუნიკაზე ჰქონდა უცნობს შემოცმული. შარვალიც ჭაობისფერი ეცვა, ოღონდ ჯვალოსი. მის მხარზე რაღაც დაცოცავდა და როდესაც კოლისი კარგად დააკვირდა, მიხვდა, რომ ვირთხა იყო. 

ვინ იყო ეს კაცი ? რომელიმე რეკრუტი ? და რაც მთავარია, რატომ უწოდა „ქორი“ ?

– ჰიჰ, ჩამოხტით, თორემ სადაცაა ისევე ჩაიძირება ეს გემი, როგორც ალარიკის მთა ძალიან დიდი ხნის წინ ! – უცნობმა გაღრეჭილმა მოავლო თვალი არემარეს, – უჰ, კი ძალიან დიდი ხნის წინ იყო ეგ ! 

– ვერ... რა... ვინ ხარ ? – იღრიალა კოლისმა 

– გარონი გახლავართ ! – თავი დაუკრა უცნობმა, – გარონ „ვირთხაბიჭი“ ! აბაა, მასე მეძახიან ! თქვენს სამსახურში მიგულეთ ! მაგისტრმა ანსელმა გამომგზავნა თქვენს წასაყვანად ! ფრთხილად, ოსტატო „ქორო“ ! 

და უცბად ისე დაიგრგვინა ხომალდმა და ისე შეზანზარდა, რომ კოლისი წინ გადავარდა და მოაჯირს მთელი ძალით ჩაებღაუჭა. ფეხები ჰაერში ჩამოეკიდა. ასე ეგონა თავი კვერცხივით გამილაყდაო. მარჯვნივ გაიხედა და აღმოაჩინა, რომ მათი გემი რომელიღაც სხვა გემს დასჯახებოდა, – ან, პირიქით, ის დაეჯახა მათ ხომალდს. რას გაიგებდი ამ საგიჟეთში ?

– ჩამოხტით, ბარემ, ოსტატო „ქორო“ ! რაღას უცდით ? გრძელი გზა გვაქვს გასავლელი ! ჩამოხტით, ნუ გეშინიათ ! დაგიჭერთ !

რა ჯანდაბა ხდებოდა ? ვინ იყო ეს შეშლილი ? რა უნდოდა ? და ეს მაგისტრი ენსელი თუ ანსელი ვინღა იყო ?

თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა ? მთავარია როგორმე გადავრჩეო, გაიფიქრა კოლისმა და როდესაც საფორნე ცხენის სისქეზე გადახსნილი გემბანის იატაკი დაინახა მოაჯირს ხელი გაუშვა.

გრილი და მარილიანი წყალი მაშინვე ცხვირში შეუძვრა ძალუმი თქრიალით. ხელ-ფეხის უმიზნო ქნევა დაიწყო, ასე ეგონა სადაცაა დავიხრჩობიო, მაგრამ უცბად ქეჩოში საოცრად ღონიერი აქაჩვა იგრძნო ზემოთ და იმავ წამს ჰაერიც მოელამუნა სახეზე. ხველა აუტყდა.

– ამოდით, ნუ გეშინიათ ! – ნავზე აათრია უცნობმა, – აღარ მთავრდება ეს უაზრო ომები ! თუმცა, ჰიჰ, ჩვენ ალბათ საქმის გარეშე დავრჩებოდით, ამდენი შეშლილი რომ არ იყოს ამ სამყაროში !

კოლისი ახველებდა და ახველებდა. ნავის ჟანტიან ძირზე ზღვის გულისამრევად მარილიან წყალს ასხამდა პირიდან. გარონ „ვირთხაბიჭი“ ნიჩბებს მიუჯდა და მოსმა დაიწყო. იმ ხომალდმა, რომელზეც კოლისმა უკანასკნელი შვიდი დღე გაატარა, კიდევ ერთხელ ამოიოხრა შესაბრალისად და ნაფოტები და ანძის ნამსხვევები უცბად ბუყბუყით გადმოარწყია აქაფებულ ზღვაში.

ნავი შეზანზარდა, – ვიღაცის სისხლმდინარე ხელი წაეპოტინა მის მარჯვენა კიდეს და მალე ამ ვიღაცის სახეც გამოჩნდა: საზარელი ნაიარევებით დაფარული სახე.

„სერ ბეილი ? – ზიზღისმაგვარი გრძნობა დაეუფლა კოლისს, – ეტყობა, ნიღაბი გასძვრა წყალში.“

მოხეტიალე რაინდს, თავ-პირზე, იმგვარად ამობურცული ნაჭრილობევები ჰქონდა ყველგან, იფიქრებდი დამატებით ორი უფერული წარბი, ორი ნაცრისფერი ტუჩი, სამი დახუჭული თვალი, ორი დათხელებული ცხვირი და ორი ნიკაპი აქვსო.

– მიშველე, – შეჰკნავლა რაინდმა კოლისს, – ბიჭო... მი... მიშველე.

– აჰ, აჰ, – დაიძახა გარონ „ვირთხაბიჭმა“, – მაგისტრმა ანსელმა მკაცრად გამაფრთხილა იდუმალი ქალბატონის მუსიკა მცირედითაც კი არ შეცვალოო !

და თითები ნავის კიდესთვის გააშვებინა რაინდს. კოლისმა თვალი მიადევნა როგორ ჩაიძირა სერ ბეილის დაღლილი თვალები ნაღვლიანად აბუყბუყებულ წყალში.

გარშემო საოცარი გნიასი იყო. გემების მსხვრევის ხმა, ადამიანთა განწირული კვნესა და ყვირილი, ლოდების შემზარავი გრუხუნი და ვეებერთელა ისრების გამაყრუებელი ზუზუნი თითქოს ერთ მტკივნეულ სიმღერად ქცეულიყო, რომელიც ნესტიან ნიავთან ერთად დაქროდა ხომალდებს შორის.

კოლისი და მისი უცნაური კომპანიონი გემების ნამსხვრევებს, დაგლეჯილ აფრებსა და გვამებს შორის მიცურავდნენ. რამდენიმე ჯერ კიდევ ცოცხალმა ჯარისკაცმა თუ რეკრუტმა მათ ნავზე აძრომა მოინდომა, მაგრამ გარონ „ვირთხაბიჭმა“ არავინ აუშვა ზემოთ. ერთ ცისფერთვალება ცხვირწათლილ ჭაბუკს ბოდიშიც მოუხადა, კი გადაგარჩენდი, მაგრამ რა ვქნა არ მაქვს ამის უფლებაო.

ობისფერი ვირთხა აქეთ-იქით დარბოდა ნავში, გარონსაც აცოცდებოდა და თან ისე მალ-მალე უყურებდა კოლისს, გეგონება მის შესწავლას ცდილობდა.

როდესაც ჩაძირვის პირას მყოფ ხომალდებს გასცდნენ, კოლისმა კლდეებისკენ მცურავი ორმოცამდე ნავი დაინახა. რამდენიმე ნავს უკვე მიეღწია სანაპიროსთვის, მაგრამ მისი ყველა მგზავრი ისრებით დაცხრილული ეყარა ტალახში, – ქონგურებთან მდგომ ქალაქის დამცველებს ისრები დაეშინათ ოსტერნის ფლოტის დამანგრეველ იერიშს გადარჩენილების პირველი ტალღისთვის და უეჭველია მათ შემდგომ ტალღებსაც იგივენაირად გაუმასპინძლდებოდნენ.

– ჩვენ იქით გავცუროთ, – გარონ „ვირთხაბიჭმა“ ნავს გვამებით მოფენილი სანაპიროსგან მარჯვნივ გაახვევინა. ვირთხა მხარზე ააცოცდა და ყურთან დაუცმაცუნა პირი, – hო, ვიცი. ჰიჰ, გაიგებს ყველაფერს ნელ-ნელა. მეც ეგრე ვიყავი თავიდან.  

კოლისი პირგაღებული მისჩერებოდა უცნაურ კომპანიონსა და მის პატარა მეგობარს. ახლაღა დაუკვირდა, რომ იდაყვების ტკივილი მხრებამდე ასდიოდა და ბეჭებშიც კი უცოცდებოდა.

– მგონი, მოვიტეხე, – ამოიგმინა დაღლილმა, – იდაყვები... წეღან დავეცით... 

– მმ, ვითომ მოტეხილი გაქვთ, ოსტატო კოლის ? – თვალებმოჭუტული მიაჩერდა მკლავებზე გარონ „ვირთხაბიჭი“ და ახალამოსული წვერით დაფარული ნიკაპი აქეთ-იქით გააქნია, – სამწუხაროდ გამამთელებელი შელოცვები არასდროს გამომდიოდა. სჯობს, აკადემიაში როცა ჩავალთ, იქ მოგხედონ. მაგისტრ ანსელს ყველაფერი ეხერხება. მაგისტრ არლეტსაც... თუმცა, ჰიჰ, რისთვის შევაწუხოთ ისინი ? მაგისტრი კარლოტა ხომ ყველაზე ძლიერია მედიცინაში.

რაც უფრო მეტს საუბრობდა უცნობი მით მეტი კითხვები უჩნდებოდა კოლისს.

რა აკადემია ? რა გამამთელებელი შელოცვები ? ვინ ოხრები იყვნენ ეს მაგისტრები ? საერთოდ რას მიედ-მოედებოდა ეს შეშლილი ? და რაც მთავარია, სად მიჰყავდა ?

უცებ ისე მოერია ძილი, გეგონება მთელი ცხოვრებაა არ სძინებია და მთელი ეს უძილობა ახლა აპირებს დანაკლისის ანაზღაურებასო.  

– ჰიჰ, კი, მართალი ხარ, ჟირონ მეორევ. ეს კი ყოველთვის კარგად გამომდიოდა, – ჩაიხითხითა გარონ „ვირთხაბიჭმა“,– დაისვენოს ცოტა, მართალი ხარ.

კოლისი უფრო და უფრო ბუნდოვნად ხედავდა უცნობსა და მის მხარზე მოკალათებულ ვირთხას. ისე აუტანლად დაუმძიმდა ქუთუთოები, ახლა ვინმეს რომ ეთქვა მისთვის, ცოტაც მოიცადე და ივეტს დაინახავო, ალბათ მაინც დახუჭავდა თვალებს.

 

 

 

****

 

 

ჭრიალი. კვლავ ჭრიალი. განუწყვეტელი ჭრიალი.

რა ჯანდაბა ჭრიალებდა ? მათი ეზოს მორყეული კარი ?

მაგრამ იქ რა უნდოდა ? ომში არ წაიყვანეს ? საიდან უნდა გაეგო, ოლმარში რა როგორ ხმაურობდა ?

იქნებ სხვა რამ ჭრიალებდა ?

გემი. გემიც ხომ ამგვარად და გაცილებით ძლიერ ჭრიალებდა ? ოო, მეუფეო, ნუთუ ისევ გემზე იყო ?

თან ირხეოდა კიდეც.

ჯანდაბა. ჯანდაბა.

კოლისი შეკრთა და თვალების გახელისთანავე ლამის მის სახეზე მობჯენილი პატარა შავი დინგი და ულვაშები დაინახა.

რა იყო ?

ვირთხა !

შეშლილივით შეხტა და ელდანაცემივით გახოხდა უკან.

– ჟირონ მეორევ, ხომ გითხარი ეგ არ ქნა-მეთქი, შე ყურუმსაღო ? –  მკაცრად დაიძახა გარონ „ვირთხაბიჭმა“, – აპატიეთ ჩემს მეგობარს, ოსტატო „ქორო“, ვირთხები მეტისმეტად ცნობისმოყვარეები არიან... ჰო, შეეშინდებოდა, აბა რა იქნებოდა ? – ახლა მხარზე აცოცებულ ვირთხას მიმართა, – ეგრე ახლოს რომ დამდგომოდი შეიძლება მეც ჩამესვარა. უი, ჰიჰ, ოსტატო „ქორო“, ანუ... ის კი არ მიგულისხმია, რომ თქვენ... რომ თქვენ ჩაისვარეთ... არა, უბრალ...

– სად ვართ ? – გააწყვეტინა კოლისმა უცნაურ კომპანიონს.   

ძარაგაბზარულ ურემზე იწვა. ურმის ნახეთქებიან მოაჯირს მიღმა, მზის სინათლით განათებული გადამწვანებული და გამხმარი ხეები ისე ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, როგორც ცოცხლები და მკვდრები ამ ცისქვეშეთში.

– ჰიჰ, ოლდენში გადავალთ საღამომდე, – ჩაიფხუკუნა კოფოზე მჯდომმა გარონ „ვირთხაბიჭმა“ და მისი ვირთხა მაშინვე ქვემოთ ჩამოხტა. კოლისს მიაჩერდა.

– ჰა ? ოლდენშიო, ასე თქვი ? – ლამის შუბლამდე აუვიდა თვალები კოლისს. ახლაღა შეამჩნია რომ ჯერ არნახულად სწყუროდა, – მეუფეო, რატომ მწყურია ასე საშინლად ?

– უი მართლა, აი იმაში წყალია, ოსტატო კოლის ! – გარონმა ძარის კუთხეში დადებულ ხბოს ტყავისგან დამზადებულ ტიკზე მიუთითა, – დალიეთ, მიდით !  

კოლისი ტიკს მივარდა, ბაწარი შეუხსნა და უნახავივით დაეწაფა წყალს.

– ჰო, საღამოს უკვე იქ ვიქნებით !... ოლდენში, ოსტატო „ქორო“. რომელიმე იქაურ ფუნდუკში გავათიოთ ღამე, – ვირთხამ ისევ აირბინა გარონის მხარზე და ამ უკანასკნელმა კვლავ აშკარად მას მიმართა, – ჰო, გაუკვირდებოდა, აბა რა. მგონი ადრეც მითქვამს, არა ? უბრალო ხალხი ძალზედ იშვიათად მოგზაურობს, ჟირონ მეორევ. ჰიჰ, მეც ეგრე ვიყავი ჭაბუკობაში, ჩემი სოფლის გვერდით რომ ჩანჩქერები იყო, იმას არ გავცდენივარ... სად და ეტენში... ეე, შენც კაი გულმავიწყი ვინმე ხარ, ბელტონივით... ჰიჰ.

კოლისმა იფიქრა ნამდვილად შეშლილიაო, მაგრამ გაახსენდა, რომ ხანდახან თვითონაც ელაპარაკებოდა ქორებს, – მართალია, შორიდან, მაგრამ მაინც.

„იქნებ, მეც შეშლილი ვარ ?“ – ფიქრობდა და თან გადარეული აგრძელებდა წყლის სმას.

– ეტენიდან ხარ ? – ჰკითხა კომპანიონს როგორც კი სული მოითქვა, – ერგუნდიაში რომაა ეტენი... სოფელი... მაქედან ? თუ... 

– ზუსტად მაქედან, ოსტატო კოლის... ზუსტად მაქედან. სწორედ ამიტომ გამომგზავნა მაგისტრმა ანსელმა. რახან ოსილონური ჩემი მშობლიური ენაა და წარმოშობით ერგუნდიელი ვარ, იფიქრა უფრო ადვილად დაიყოლიებ ბიჭსო... ანუ, ოსტატ „ქორსო“, თქვენზე იგულისხმა. ჰიჰ, ვგონებ, კარგად გამომივიდა, არა ? რას იტყვით ?

დაყოლიება ? კი მაგრამ, დაყოლიება რაზე ?

– გარ... გარონ, ხომ ? ვერაფერს ვხვდები, ღმერთმანი, – წამოიწყო კოლისმა, – ვინ ხარ ? სად მიგყავარ ? გამაგებინე, მეუფის გულისთვის.

ვირთხამ ცხვირი შეარხია გარონის ყურთან.

– ჰო, ვხვდები, მაგრამ მაგისტრმა ანსელმა მითხრა აქ მომიყვანე და მე ავუხსნი ყველაფერსო... ოსილონურად საკმაოდ კარგად საუბრობს ისიც... ჰა ? ჰო, კარგი, კარგი. მაგის თქმით არაფერი დაშავდება, ალბათ... კი, არც მე მგონია, რომ გაგვიწყრება.

ვირთხამ ქვემოთ ჩამოირბინა და ძარაზე ჩამოჯდა. კოლისს უყურებდა ულვაშების ცახცახით.

– მაშ ასე, ოსტატო „ქორო“,– ხმა აიმაღლა გარონ „ვირთხაბიჭმა“,– მაგიის აკადემიაში მიმყავხართ ! თქვენი სახელი მეორექმნილ მუსიკაში მოისმინა მაგისტრმა ანსელმა... და ამიტომ ახლა თქვენი განსწავლა ჩვენი აკადემიის მაგისტრების ვალდებულებაა. 

კოლისი ყურებს არ უჯერებდა.  

– რა... რა... რა ? მაგიის აკადემია ? მაგია ?

ვირთხა ისევ ააცოცდა გარონს, მცირე ხანს აცმაცუნა პირი მის ყურთან და შემდეგ ისევ ქვემოთ ჩამოირბინა. 

– ჰიჰ, განა ასეთი დაუჯერებელია ? თქვენი ძალა, ოსტატო კოლის, თქვენი აზრით რატომ გეძახით ოსტატ „ქორს“ ? – ჩაეცინა გარონ „ვირთხაბიჭს“,– ზუსტად ეს სახელი ჩაესმა ყურში მაგისტრ ანსელს, როდესაც მეორექმნილ მუსიკას უსმენდა.

– მაინც ვერაფერს ვხვდები, ღმერთმანი, – დაიბნა კოლისი, – რა... რა მუსიკა ?  

ურემში შებმული ჯაგლაგი ნისლა ხალებიან გამხდარ კისერს უღონოდ აქნევდა სიარულისას.

– ოო, მაგ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი უხუცეს მაგებსაც კი არ აქვთ, ოსტატო „ქორო“,– ვირთხა ელვის სისწრაფით გაჩნდა თავისი ამხანაგის მხარზე, – ჰო, მაგრამ არც მან იცის... ჰიჰ, ეგ ისე ამბობს ხოლმე... ხუმრობს. ჰო, ოსტატო კოლის, არავინ არაფერი იცის ზუსტად. ყველა მაგის სახელი მეორექმნილ მუსიკაში გაისმის, ანუ მათი ვისაც ძალა აქვს, ისიც არა ყოველთვის... ერთ წელზე მეტხანს უსმინა მუსიკას მაგისტრმა ანსელმა, რომ თქვენი სახელი გაეგო. 

– დაიცა, მე... მე მაგი ვარ განა ? – გაოგნდა კოლისი. ისტლენდელი მაგების შესახებ ჰქონდა გაგონილი და არ ეგონა ახალ იმრონშიც თუ იყვნენ მაგები, – შენ ? შენც მაგი ხარ ? ის მაგისტრ...

– მაგისტრი ანსელი მაგია... მეც... მეც მაგი ვარ, – ყურში რაღაც ჩაუწრიპინა ვირთხამ და გარონს გაეცინა, – ჰიჰ, ჰო, ვეტყვი, აბა რას ვიზამ... კარგი, ნუ დამაყრუე ! მაგრამ, მე ვერ შევედრები მაგისტრ ანსელს, ოსტატო კოლის. მე მეხუთე ხარისხის მაგი ვარ... ის მეორე ხარისხის. მე, ერთი უბრალო თანაშემწე ვარ... ის, მაგისტრი.

– და მე ? მიპასუხე, რაღა.   

– თქვენ... თქვენ, – ცოტა არ იყოს დაიბნა გარონ „ვირთხაბიჭი“,– ჰიჰ, თქვენ ჯერ შეგირდიც არ ხართ... თუმცა... თუმცა აუცილებლად გახდებით ოსტატი, მეორექმნილი მუსიკა არასდროს ტყუის... უი... ჰო, ჰმ, ჯანდაბა, მანამდე ვერ შემახსენე, შე უვარგისო ? – მიმართა თავაკანკალებულ ვირთხას, – ანუ, ოსტატო „ქორო“, ეს... ეს არ უნდა მეთქვა თქვენთვის... გთხოვთ, როცა... როცა მორსტედტში ჩავალთ არაფერი უთხრათ მაგისტრ ანსელს... არ უთხრათ, რომ ოსტატს გეძახდით, ჰა ? მოსულა ? ჩვენი პატარა საიდუმლო იყოს.

კოლისმა თავი დაუქნია. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ზღაპარში აღმოჩნდა. საზარელ ომს გადარჩენილი ოლმარელი ბიჭი მაგი გახდებოდა ? რა ?

– მაგრამ გარონ... მე... დედაჩემი... ჩემი ძმები, პატარა დაც მყავს... როგორ მივატოვო ? რა ეშველებათ ? 

– ჰიჰ, თუმცა ჰო, სასაცილო არაფერია ამაში... მაგრამ, ოსტატო კოლის, სახლში რომ დაბრუნდეთ, ხომ იცით... სიკვდილით დაგსჯიან დეზერტირობისთვის, ან ისევ სისხლისღვრაში შეგაგდებენ და... ხომ ხვდებით ?... დიდი ალბათობით, დაიღუპებით. ომი ჯერ არ დასრულებულა... და კარგა ხანს არ დასრულდება. როგორც ყური მოვკარი, სისხლის მუსიკის თანახმად, კიდევ ოთხი წელი გაგრძელ... – ვირთხამ ოდნავ უკბინა კისერზე და გააჩერა, –  აჰ, ხო, ანუ... ანუ, ის მინდოდა მეთქვა, რომ ძალზედ სახიფათოა სახლში თქვენი დაბრუნება... კი, ნამდვილად ასეა, მერწმუნეთ. მაგრამ, ეგეც რომ არ იყოს, სხვა გზა... – ხელახლა უკბინა ვირთხამ და ხმა გააკმენდინა, – ააჰ, ცოტა ნელა, შე უვარგისო, – ნაკბენი წითლად აუელვარდა გარონს.

სწორს ამბობდა გარონი. სახლში ან ჯალათის მიერ სიკვდილი ელოდა ან ომში სიკვდილი. ოჯახს ვერც ერთით არგებდა და ვერც მოერეთი.

– და თქვენთან.... რამდენი ხანი უნდა ვისწავლო თქვენთან ? აკადემიაში, არა ? სახლში როდის დავბრუნდები, ჰა ?  

გარონ „ვირთხაბიჭი“ სახეზე წამოწითლდა.

– ჰო... ჰიჰ, ოსტატო „ქორ... ოსტატო კოლის, ეგ... ეგ არავინ იცის. აწი, თქვენ სამუ... სიცოცხლის ბოლომდე ორდენს უნდა ემსახუროთ... ჩვენს ორდენს.

– ორდენს ? – წინ გადაიხარა კოლისი, – რა ორდენს ? 

– მეორექმნილი მუსიკის ორდენს... დიახ, ასე ჰქვია ჩვენს ორდენს. აკადემიაც ჩვენი ორდენის დამაარსებელმა დააარსა... მაგისტრმა კონრად „შავხელამ“... ორას ოცი წლის წინ... დიახ. კონრადის აკადემიასაც ამიტომ ეძახიან. ჩვენ მეორექმნილ მუსიკას ვემსახურებით და მის ნებას აღვასრულებთ.

– დაიცა, იმას მეუბნები, რომ შეიძლება სახლში ვერასდროს დავბრუნდე ? – შეშინდა კოლისი, – ვერასდროს ? 

ჟირონ მეორემ თავის ქნევით დაიწყო ულვაშების წინა თათებით ზელა გარონის ყურთან. თან, რაღაცას წრიპინებდა მეტად ხმადაბლა.

– ჰო, საშიშია, რამე არ დაიმართოს. კი... ჰოდა, რაღას მკბენდი წეღან, შე უვარგისო ? ამის თქმა მინდოდა ზუსტად, – გარონმა ნაკბენი ჭრილობიდან გადმოდენილი სისხლის რამდენიმე წვეთი მოიცილა ორი თითით, – მაშ ასე, ოსტატო კოლის, ყველაფერი... ყველაფერი მეორექმნილ მუსიკაზეა დამოკიდებული. მაგას ვერავინ გეტყვით, ოსტატო კოლის... ანუ დაბრუნდებით თუ არა სახლში, ან როდის დაბრუნდებით, ვერავინ გეტყვით. 

კოლისმა თავზე იტაცა ხელები. რაო ? ნუთუ, ვეღარასდროს ნახავდა ბუნს, ლორისსა და ანეტას ? და დედას ? ხომ გაგიჟდებოდა საწყალი დედა თავისი უფროსი ვაჟის დაკარგვით ?

– ოსტატო „ქორო“, სხვა გზა არც გაქვთ, – ცხენი შეაჩერა გარონ „ვირთხაბიჭმა“ და კოლისისკენ შემობრუნდა მეტად სერიოზული სახით, – თუ თქვენს ნებაზე მოიქცევით, ძალზედ დიდი უბედურება დაგატყდებათ თავს. მეორექმნილი მუსიკის გადახვევა მძიმე... ძალზედ მძიმე შედეგებს იწვევს ხოლმე. სიკვდილს მეორექმნილი მუსიკის წყალობით გამოგტაცეთ ხელიდან, ხვდებით ? ამის გამო, მეორექმნილ მუსიკას უფლება აქვს, რაც მოეპრიანება ის დაგმართოთ, როგორც კი მის ნებას გადაუხვევთ... გამიგია, ის ვინც მას არ დაემორჩილა ხშირად სიკვდილზე ბევრად უარესი რამ მოიწია.

კოლისი ხან თვალებმოპაჭუნე ვირთხას უყურებდა დადუმებული, ხან გარონს.

– ეგ იმ ქალის მუსიკაა ? ნავში რომ ახსენე... იდუმალი ქალისო თუ ვიღაცის ?

– იდუმალი ქალბატონის ?... ის სხვა მუსიკაა, სიკვდილ-სიცოცხლის მუსიკა. იგი ლამის ისეთივე ძველია, როგორც პირველქმნილი მუსიკა. ისე ბევრი კი ფიქრობს, რომ მეორექმნილ მუსიკაშიც ურევია იდუმალი ქალბატონის ხელი... ისევე, როგორც ყველა სხვა მუსიკაში. არ ვიცი. მოკლედ, რაც უფრო დიდი მაგი გახდებით, მით მეტ საიდუმლოს გაიგებთ, ოსტატო კოლის. ასეა, მე მეტი ვერ შევძელი და კი ვარ ასე... ცოტა რამ ვიცი, ჰიჰ, – ვირთხამ წრიპინით წაუსვა დინგი ნაჭრილობევ კისერზე და სისხლი მოსწმინდა, – ჰო ვეტყვი, დამაცადე... თუმცა მაინც არ ვემდური ცხოვრებას. მორსტედტი ნამდვილი სახლია ჩემთვის, სადაც ჩემს ნამდვილ დებთან და ძმებთან ერთად ვცხოვრობ... ყოველ ჯერზე, როცა „სამი ძმის კარიბჭეში“ შევდივარ, გული სიხარულით მევსება. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე თქვენთვისაც სახლად იქცევა იქაურობა.

ისევ განაგრძეს გზა. გარშემო შროშანებით გამშვენებული გადამწვანებული გორები ამოზრდილიყო. ჩიტბატონები და კაჭკაჭები გზის პირას ამოსული ერთი ხიდან მეორეზე ხტებოდნენ, ცაში იჭრებოდნენ, კორდების თავზე დაფრინავდნენ, არყებისა და თელების კორომებში გაშრიალდებოდნენ და მერე ისევ ცაში ეკიდებოდნენ.

კოლისი იმაზე ფიქრობდა, რაც კომპანიონმა უთხრა. მატყუარას არ ჰგავდა გარონი და თუ მართლაც ისე იყო საქმე, როგორც იგი ამბობდა, რა გაეწყობოდა ? ჩავიდოდა ამ ოხერ აკადემიაში და თავისი თვალით ნახავდა რა როგორ იქნებოდა. როგორმე გადაიტანდნენ დედამისი და და-ძმები მის გაუჩინარებას, – ყოველ შემთხვევაში, დაბაში მარტოები არ იქნებოდნენ იმ განსაცდელში, რასაც ოჯახის წევრის ომიდან ვერდაბრუნება ჰქვია.

– და რა უნდა ვისწავლო აკადემიაში ?  

– ოო, მაგას მაგისტრი ანსელი გადაწყვეტს, – მიუგო გარონმა, – მაგრამ მე მაინც მგონია, პირველ რიგში თქვენი ძალის სრულად ფლობას შეისწავლით... ქორების მბრძანებლობას. ვინ იცის, სხვა ფრინველების მბრძანებლობაც შეძლოთ. ეგ ყველაფერი ნელ-ნელა გაირკვევა. რუმბერგში ბლომად არწივები დაფრინავენ ისე... ლამაზი, თეთრთავიანი არწივები. იარაღებით ხეირიან ბრძოლასაც შეგასწავლით დიდოსტატი ბერნტი.

– რუმბერგი ? ეგ სადღაა ? 

– ისტლენდში. დიადი ჯვრის სრუტეს გადავცურავთ და ოთხ-ხუთ დღეში იქ ვიქნებით. მორსტედტი რუმბერგშია.

რაო ? ანუ, ისტლენდში მიდიოდნენ ?

– ახალ იმრონში არაა განა ეგ... ეგ თქვენი აკადემია ? – კოფოსთან მიჩოჩდა კოლისი.

ვირთხა ქვემოთ ჩამოხტა და ხმადაბალი წრიპინით მიაშტერდა მას.

– ჰიჰ, არა. ვინ გააჩერებდა ახალ იმრონში მაგიის აკადემიას ? ეჰ, ჩვენს სამშობლოში მაგია ბოლომდე ვერასდროს ხარობდა, ოსტატო კოლის. ჩვენი ხალხის გულში ყოველთვის ისეთი რელიგიები იკიდებდა ფეხს, რომელიც მაგიას და ყველაფერ... მმ, ყველაფერ მაგიურს დევნიდა. ჯერ პირველყოფილი ღმერთები და მათი წინასწარმეტყველები, მერე ზეციური დედები და მათი ქურუმები... ახლა, სულთა მეუფე და მისი მოციქულები და ინკვიზიტორები... კი, სულ ასე იყო. ისტლენდის კონტინენტზე უფრო მეტი თავისუფლებაა მაგიისთვის. იქ ბევრ ქვეყანაში, რელიგია და მაგია განუყოფელია ერთმანეთისგან... ერთი მთლიანობაა, აბაა. ისტლენდში, ზოგ ადგილას, მაგები, იმპერატორებისა და მეფეების მთავარი მრჩევლებიც კი არიან. აბაა, ასეა იქ, ჰიჰ.

კოლისმა, ძარაზე, პირდაპირ მის გვერდით დადებული ჩალისფერი გახუნებული ბოხჩა შეამჩნია. ამის დანახვაზე, ჟირონ მეორე უმალ თავის ამხანაგს ააცოცდა მხარზე.

– ჰო, ეგ შედარებით თბილი ტუნიკა და მოსასხამი გიყიდეთ ბულონში, ოსტატო კოლის, –  ღიმილით მოიხედა უკან გარონ „ვირთხაბიჭმა“,– სულ ჩვიდმეტი ბროილი დამიჯდა. ჩრდილოეთშიც ხომ უნდა გადავიდეთ და იქ... იქ ეციება წესით. თქვენს ავად გახდომას ვერ დავუშვებ. საღსალამათი უნდა ჩაგიყვანოთ მორსტედტში.

– გმადლობ, გარონ.

– თქვენს სამსახურში მიგულეთ, ოსტატო „ქორო“,– თვალი ჩაუკრა გარონმა, – აბა, თანაშემწეები რისთვის ვარსებობთ ?

გაგიჟება შეიძლებოდა. ნუთუ ოლდენსა და ჩრდილოეთს გაივლიდა და შემდეგ უკვე ისტლენდში გადავიდოდა ბიჭი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში დაბა ოლმარს არ გასცდენია ?

„სასწაულია, ღმერთმანი... ნამდვილი სასწაული.“

– რამდენი ხანი მეძინა ? შენ დამაძინე, არა ? 

– ჰიჰ, კი, მე დაგაძინეთ. ორ კვირაზე მეტია, ოსტატო კოლის... ორ კვირაზე მეტია ჩვილი ბავშვივით ღრმად გძინავთ, აბაა. კარგად დაგასვენეთ... იმ საშინელებების შემდეგ, რაც თქვენ იხილეთ, ძილის საფარველი ძალიან სჭირდებოდა თქვენს გონებას. აბა, თქვენი აზრით რატომ გწყუროდათ ასე ძალიან ? სამი დღეა წყალი არ შეხებია თქვენს ყელს.

– აბა, ორი კვირაო ?

– ანუ... ჰო, ეგ არ გემახსოვრებათ... სულ სულ ოდნავ გაფხიზლებდით ხოლმე ყოველ სამ დღეში, რომ წყალი დამელევინებინა თქვენთვის. ჰო, ეგრე ვქენი... გამიგია, სამ დღეზე მეტხანს უწყლობამ შეიძლება მოკლას ადამიანიო. ჰოდა, მაგის ჩიტი არაა გარონ „ვირთხაბიჭი“ უწყლობას დაუთმოს თქვენი თავი. ჰო, მართლა, იდაყვები კიდევ გტკივათ ?

კოლისს სულ დავიწყნოდა იდაყვები და ახლა რომ დაუკვირდა, ტკივილის ნასახს ვერ გრძნობდა.

– აღარ მტკივა... ჰეჰ, გამიარა. ეს შენ ჰქენი ? შელოცვაო თუ რაღაც ხომ ახსენე იმ დღეს ნავში.

– ოო, არა... მაგას ვერ გავრისკავდი. არა, უბრალოდ ძილი გიშველიდათ. მოტეხილი არ გქონიათ, როგორც ჩანს. ძილი, ოსტატო კოლის, ძილი საუკეთესო მკურნალია... მაგისტრმა ერნსტმა მითხრა ეს ერთხელ... ჩემმა ოსტატმა. ძალიან მენატრება, ძალიან.

– გმადლობ, გარონ.

– როგორც მოგახსენეთ, თქვენს სამსახურში მიგულეთ, ოსტატო „ქორო“,– გაბადრულმა გამოხედა გარონმა.

ჟირონ მეორე ისევ ძარაზე ჩამოხტა და მის კუთხეში მოკალათდა ტიკის გვერდით დადებულ ტყავის ტომარასთან. რაღაც დაიწრიპინა და გარონმა მაშინვე დაიძახა:

– უი, მართლა, სულ დამავიწყდა, მანდ საჭმელია, ოსტატო კოლის... ტომარაში. ოღონდ, იცოდეთ, ცოტა ჭამეთ ჯერ... ორი კვირაა საჭმელი არ ჩასულა თქვენს კუჭში. ძეხვი ვიყიდე ერთი ფერმერისგან, ლორიც... ჰო, და კიდევ აპოხტი. ისე, ცოტა კი დამჭლევდით ამ ორ კვირაში. უნდა მოგასუქოთ, სანამ მორსტედტში ჩავალთ.

მაგიის ამბებით მონუსხულმა კოლისმა ახლაღა იგრძნო, შიმშილი ატეხილი ცხვარივით რომ უხტოდა გულ-მუცელში. თავი შეუხსნა ტომარას და ერთ ცალ ორი თითის სიმსხო ძეხვს დასწვდა. დიდად ეამა მისი მლაშე გემო.

– ჰო, აი ეგრე. ცოტ-ცოტა მოკბიჩეთ. ერთაზე ნუ გადასანსლავთ ყველაფერს. ჟირონ მეორევ, მიაქციე ყურადღება, იცოდე !

უფრო და უფრო წინ მიიწევდნენ სარეველებით დახუნძლულ გზაზე ოლმარელი ბიჭი, გარონ „ვირთხაბიჭი“, ჟირონ მეორე და მათი ჯაგლაგი. ნელ-ნელა აღტაცებამ მოიცვა კოლისი. ვინ იცის, პირველი ოლმარელი ყოფილიყო, რომელიც ისტლენდის მიწაზე დადგამდა ფეხს.

მგონი, ეს ჭეშმარიტად ახალი ცხოვრების დასაწყისიაო, იფიქრა და კმაყოფილი მიეყუდა ურმის მოაჯირს ძეხვის ლუკმის ღეჭვით.

 

 

 

შეშლილი გრიმი

 

393წელი პირველი გამოცხადებიდან

 

თავი პირველი

 

 

– ჰე, ერთი კიდევ დამისხი, ბელა, – წინა კბილები გამოამზეურა გრიმმა, – ბელა, ბელა, კარგი სახელია... ბელა. მამაშენს კარგი გემოვნება ჰქონია, აი.

– ბელა დედამ დამარქვა ! – მკაცრად მიუგო მეფუნდუკის ჩასუქებულმა ცოლმა და დოქიდან ქარვისფერი ღვინო ჩამოუსხა.

სამზარეულოს ჭრიალა კარიდან ხუთი-ექვსი წლის ბიჭუნამ გამოჰყო თავი. სასადილოში მჯდომ სტუმრებს ცხვირში თითშეყოფილმა მოავლო ჭაობისფერი თვალები და მერე ისევ კარის მიღმა გაუჩინარდა.

– ეჰ, ჩემი ბრიმიც ამხელა იყო მიწაში როცა ჩავდე, – ამოთქვა გრიმმა და თვალები აუწყლიანდა. ერთი ამოიგმინა და ბლომად ღვინო გადაუშვა ჩამწვარ ხახაში. ყოველი მომდევნო ყლუპი თითქოს უფრო და უფრო უჭრელებდა თავლთახედვას.  

– მერე ? რისი თქმა გწადია ? – დოინჯი შემოიყარა ქალმა. მისი გადმოკარკლული თვალების შემხედვარე გრიმმა იფიქრა გაჭყლეტილი გომბეშო მომჩერებიაო, – დროზე წაეთრიე აქედან !... ჰა, დალიე და მოშორდი ! ერთი ჩემი ალფი იყოს აქ, სულ ერთიანად ჩამოგიღებდა მაგ ფსლისფერ კბილებს ! მეუფეო, რაღა ჩვენთან უნდა შემოვიდეს ყველა ლოთი და მაწანწალა ?

– ერიჰა, რა გეტაკა ქალო ? ის კი არ მითქვამს შენს ბავშვს დაემართება რამე-მეთქი ! უყურე ერთი, რაებს აბრალებს შეშლილ გრიმს !

მეფუნდუკის ცოლი უკანალის თახთახით მიიჭრა სამზარეულოს კართან, დალიე და სასწრაფოდ მოშორდი აქედანო, დაიძახა კიდევ ერთხელ და შიგნით შევიდა.

– აჰა, მერე კიდევ იმაზე იწუწუნებენ, ცოტა ხალხი შემოდის ჩვენთანო ! – გრიმი ჯერ თეთრწვერა დაჩაჩანაკებულ მოხუცს მიაჩერდა, შემდეგ კი ერთმანეთის პირისპირ მჯდომ სახეგამურულ მამაკაცებს, რომლებიც ცხვრის მწვადებს სვავებივით ჩაჰფრენოდნენ, – ფსლისფერი კბილებიო ! თვითონ ხომ თოვლში ამოვლებული აქვს, რას ამბობ ! მმ, არ უნდა გადამეხადა ფული ! რას გახდებოდა ერთი შეშლილ გრიმთან, საინტერესოა !

– შეშლილს გეძახიან ? – ჟანგიანმა ხმამ ამოხეთქა ერთ-ერთი სახეგამურული კაცის ყელიდან. უხეშ ულვაშზე ქონის ნამცეცი ჰქონდა მიკრული, – ვითომ, რატომ ?

გრიმმა ტუჩები მოკუმა და მერე ხელახლა მოსვა ღვინო.

– რატომ ? ჰა, გინდა იცოდე რატომ ? – თითქმის ბოლომდე გაჭაღარავებულ თავზე გადაისვა ჩირივით გამომშრალი თითები, – რატომ და... გითხრა ? იმიტომ, რომ მიდვილში გულღრძო ხალხი ცხოვრობს ! აი, რატომ !  

– ჰმ, ხალხი ყველგან გულღრძოა, ღმერთმანი.

გრიმმა მხრები აიჩეჩა.

– ჩემი შვილი როცა მოკვდა და მერე ჩემმა ცოლმა თავი ჩამოიხრჩო, ნახევარი წელიწადი ბოსელში მეძინა, მაშ. იცით, რა კარგი ცოლი მყავდა ?... ახალგაზრდა. დენვიკიდან ჩამოვიყვანე. იქაური მეწისქვილის ქალიშვილი იყო... მომათხოვა. ჩვიდმეტი წლის იყო მაშინ. ეჰ, რა ბედნიერი ვიყავი. ჰოდა იმ უბედურების შემდეგ, რაც ჩვენს კოკროჭინა ოჯახს ეწია, განაღა შემეძლო იმ ოთახში ძილი... სადაც ცოლ-შვილთან ერთად ვიწექი ? აღარ შემეძლო... მათი სუნი მცემდა იქ. სუნი, სუნი, წყეული სუნი. ჰოდა ბოსელში რომ მეძინა, აბა გამოიცანი რა დამარქვეს მაგის გამო ?

– შეშლილი გრიმი ?

გრიმმა სასმისი აუწია სახეგამურულ კაცს და ზედიზედ ოთხჯერ მოყლუპა, – ბოლომდე გამოცალა სასმელი. შემდეგ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი მთელს სასადილოს. ახლა, კარგად დალეულზე, ჭერში გადებული ხის მორები უფრო მსხვილი ეჩვენებოდა და თან ყოველი მათგანი ისე კანკალებდა, გეგონება მიწა იძვრისო. ქვის იატაკი შევიწროებული ჩანდა და თითქოს პატარ-პატარა ბორცვები ამოზრდილიყო ადგილ-ადგილ. კედლები... ფიცრებით შეკოწიწებული კედლები ისევ ისე იდგა, რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, თუმცა ერთ-ერთი ჩარჩოდაბზარული სარკმლის გვერდით ჩამოკიდებულ ტახის ფიტულს აშკარად უფრო მეტად დაეღო პირი და გრიმმა იფიქრა, სადაცაა დაიღრუტუნებს გეხვეწებით ჩამომხსენით ვინმემ აქედან, რომ მეფუნდუკის ცოლს ის გასიებული ტრაკი გამოვაჭამოო.

– აქ რატომ ვარ, არ გაინტერესებთ განა ?  

მოხუცმაც და სახეგამურულმა მამაკაცებმაც მხოლოდ შემოხედეს, მაგრამ არაფერი უთხრეს. მოხუცი უკბილო პირს აცმაცუნებდა, სოკოს წვნიანს ჭამდა და ცხიმიანი ტუჩები ისე ჰქონდა წინ გამობურცული, იფიქრებდი ვინმეზე საკოცნელად იწევსო.

– თქვენი ლორდი უნდა მოვკლა ! – გრიმი თავის მაგიდაზე დადებულ ტყავისქარქაშიან ხმალს ისე მიეფერა, როგორც უძვირფასეს განძს.

სახეგამურულ კაცებს სიცილი აუტყდათ. ბერიკაცმა თვალებმოჭუტულმა დაიწყო აქეთ-იქით ყურება. გაუგებარია, საერთოდ ესმოდა თუ არა ვინმეს საუბარი. ვინ იცის, დაყრუებულიც კი იყო.

– ჰო, ჰო, – გაიცინა გრიმმაც, – თქვენი კუდაბზიკა ლორდი უნდა ააგოს ამ ხმალზე შეშლილმა გრიმმა, მაშ... უნამუსო ლორდი ალგორი.

ხმალი ამოაძრო ქარქაშიდან. ვადა ადგილ-ადგილ შეეჭამა ჟანგს. ლამის წვერამდე მიტანებულ ღარშიც არც ისე ცოტა მოწითალო ნადები იყო ჩაკრობილი. ხის კოტაზე გადაკრული ტყავი მთელს სიგრძეზე იყო წვრილად გახეთქილი.

– ერთი სული კი მაქვს როდის გავუხვრეტ იმ გაბერილ მუცელს, აი ! ჩემი ბიჭი მაგან მოკლა... ჩემი პატარა... კეთილი ბიჭი. არ გაინტერესებთ, როგორ ?

სასადილოში მსხდომები კვლავ დადუმებულები ისხდნენ და ჭამას აგრძელებდნენ.

– ცხენით... ცხენით დაეჯახა ვაჟბატონი. ჩვენს ლორდთან იყო სტუმრად მობრძანებული, ჰოდა, როცა ისევ თავისი დამპალი სამფლობელოსკენ დაიძრა, ცხენით გადათელა ჩემი ბრიმი... ჩემი პატარა ბრიმი. ოოჰ, შვილო, შენს გამო მთელს ცისქვეშეთს გადავწვავ... რაღა ჩვენი სოფლის გზაზე ჩაიარა იმ დროს იმ ნაძირალამ, ჰა ? რაღა იქ ჩაიარა ?

– შენი ლორდი ვინღაა ? – ახლა მეორე სახეგამურულმა კაცმა ამოიღო ხმა. ცხვირზე იმხელა ხალი ჰქონდა, იფიქრებდი მაყვლისფერი ხოჭო აზის ზედო.

გრიმმა თავი გააქნია და ამოიგმინა.

– ელდონი... ლორდი ელდონი... სველი ბორცვის დიადი მბრძანებელი, მაშ. შევეცი მაგას და მაგის ცოლ-შვილს ! მისთვის ვიბრძოდი, მაშ ! მისი ბრძანებით ერქონულ ლეგიონებს ვეომე რვა, თუ არა, ცხრა... ცხრა წლის წინ, ჰო ! ცხენის ნაწლავებში ვგორავდი და ვიხრჩობოდი ! სისხლში ვიწექი ორი დღე ! რა ხეირი ? ჩემი შვილი რომ მოკვდა, რა მითხრა არ გაინტერესებთ ? ჰეჰ, იცით რა მითხრა ? ალგორები იაფად მაძლევენ რკინას და მათ პასუხს ვერაფერზე მოვთხოვო. აი, ასე მითხრა იმ დამპალმა ნაბიჭვარმა ! ჰოდა, აგრემც დასწყევლოს ჰადინმა ეგეც და ყველა დიდებულიც ! და კიდევ ყველა მეფე უკან მიეწიოს მაგ დამპლებს !

გრიმმა სასმისს სტაცა ხელი. დალევა უნდოდა, მაგრამ ღვინო რომ ვეღარ ნახა შიგნით, ისევ უკან დადო.

– სად ხარ, ქალო ? – იღრიალა მთელი ხმით, – გამოდი ! ერთი კიდევ დაუსხი შეშლილ გრიმს, თორემ გაუშრა ყელი !

სამზარეულოს კარიდან არავინ გამოსულა. არც არავის დაუძახია რამე.

– ამასაც შევეცი ! – დაიღრინა და ფეხზე წამოდგა გაჭირვებით, – შევეცი ყველას და ყველაფერს ! შეშლილმა გრიმმა შესცა ყველას და ყველაფერს !

თავისი ხმალი აიღო, კანაფის გახუნებული ჩანთაც გადაიკიდა მხარზე და გარეთ გასასვლელი კარისკენ წაბარბაცდა. გარშემო ყველაფერი გადღაბნილი ნახატივით ჩანდა, მაგრამ არაფერია, თანდათან გადაუვლიდა გაბრუება, პირველად ხომ არ იყო მთვრალი.

არც მოხუცი და არც სახეგამურული კაცები არ დამშვიდობებიან. არც თვითონ უთქვამს რამე, პირდაპირ მიაწვა კარს და გარეთ გაალაჯა. უკვე კარგა ხანია, მიჩვეული იყო ადამიანთა სიცივეს. ცოლ-შვილის სიკვდილის შემდეგ კი ყველა განსაკუთრებულად უხეში და მსუსხავი ეჩვენებოდა. ერთადერთი სითბო იმ უბედურების შემდგომ, რაც თავს დაატყდა, ჩრდილოელმა მეძავმა ბრიგიტამ აგრძნობინა, რომელსაც არლინგტონის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბულ საროსკიპოში შეხვდა. ისე ჩაიკრა მეძავმა ქალმა თავის თიმთიმა გულმკერდში მწუხარებისგან გულგაგლეჯილი კაცი, როგორც ამქვეყნად ყველაზე მოსიყვარულე სატრფომ და თავის მოკვლა გადააფიქრებინა. თან როგორ ? – ნისიად. ეძახე ჩრდილოელებს ცივები, – განსაცდელში, სწორედ იქაურმა ქალმა გაათბო და არა ვინმე თავისიანმა.

გზაზე იდგა გრიმი. როგორც იცოდა, მარჯვნივ თუ წავიდოდა არც ისე შორეული ჭალებისკენ და მერე გზაჯვარედინზე ერგუნდიისკენ მიმავალი გზის ნაცვლად მეორე გზას გაუყვებოდა, ერთ დღეში ალგორების საადგილმამულო მიწებს მიადგებოდა.

ნეტავ ცხენის ფული მქონოდაო, გაიფიქრა დანანებით. ცხენზე რომ მჯდარიყო ახლა, ალბათ დაბნელებამდეც მიაღწევდა ციხესიმაგრემდე.

სხვა რა გზა ჰქონდა ? – წაბარბაცდა. რამდენიმე ნაბიჯში წყლით სავსე ღრმული იყო გზაზე. ფეხი აარიდა გუბეს, მაგრამ რატომღაც მაინც ჩააჭყაპუნა მასში. იგრძნო, როგორ შემოაღწია სისველემ მის ძირგახვრეტილ, თხის ტყავის ჩექმაში და როგორ დაუსველდა ფეხისგული.

„უჰ, მგონი მაგრად დათვერი, შეშლილო გრიმ, – მხარზე გადაკიდებული ჩანთა ღიმილით შეისწორა და ხმალი ტუნიკაზე ქამრის ნაცვლად გაჭერილ ბაწარში ჩაიდო, რომლითაც ერთ დროს სოფელში თავის ძროხას „ცალრქას“ აბამდა ხოლმე მინდორში, –  კიდევ კარგი ზაფხულია, თორემ ზამთარი რომ იყოს ახლა, ვაი როგორ მოგეყინებოდა ეგ ტურტლიანი ფეხი.“

ჩიტები მხიარულად მღეროდნენ გზის კიდეებზე ამოსული თელის ხეების ტოტებში და შეშლილი გრიმიც ბანს აძლევდა მათ. უყვარდა ჩიტები. მათზე ცუდს არასდროს არაფერს ამბობდა, – ოღონდ, არწივების, სვავების, ქორების, ყორნებისა და ყვავების გარდა. ესენი რატომღაც დიდებულებს აგონებდნენ: სულ იძახდა, ლორდებიც მათსავით დაუნდობლები, უნამუსოები და წამგლეჯავები არიანო.

უყურებდა გარემოს შეშლილი გრიმი, – ხეებს, ცას, აბიბინებულ ბალახს, ჩიტებს, ცდილობდა დამტკბარიყო მათით, მაგრამ არ კი გამოსდიოდა. ფხიზელსაც არ გამოსდიოდა ხოლმე და მთვრალი რას მოახერხებდა ? არადა, თითქოს, უტყუარი წინათგრძნობა ჰქონდა, რომ ეს დღეები, სანამ ლორდ ალგორს გადაეყრებოდა სადმე, უკანასკნელი იქნებოდა მისთვის ამ ცისქვეშეთში.

„არა უჭირს. იქნებ, ნეტარების სავანეებში მაინც დავტკბე სინათლის ხეებითა და სავანეების ჩიტებით, ჰა ? ოღონდ, ჩემს კამელიასთან და ბრიმთან ერთად... მაკურნებელი წყაროებიდანაც დავლევთ ზეციურ წყალს, მაშ და ერთად ვიქნებით სამუდამოდ. ვერცერთი გახრწნილი ლორდი ვეღარ დაგვაშორებს ერთმანეთს იქ. სულ ერთად ვიქნებით, სულ.“

ასე არ იძახდა მოციქული კლიმოსი ? კი, ნამდვილად ასე იძახდა. კიდევ იმასაც ამბობდა მეუფე ყველა ჭრილობას მოუშუშებს ადამიანს ნეტარების სავანეებშიო და თავისი ახლობლების ნახვით გაუხარებს ამქვეყნიური უსამართლობებით დაკოდილ გულსო.

მაგრამ მოხვდებოდა რომ ნეტარების სავანეებში საბრალო გრიმი ? განა შურისძიება და ადამიანის მოკვდინება ცოდვა არაა ?

„სხვანაირად არ შემიძლია და რა ვქნა. როგორ დავტოვო ცოცხალი ის ნაძირალა ? ჩემი კამელია და ბრიმი მიწაში იხრწნებოდნენ და ის ცხოვრებით ხარობდეს ?! ასე არ გამოვა... არა. მეუფე მოწყალე არაა განა ?... უნდა გამიგოს. კი, უცილობლად გამიგებს. უცილობლად შეიწყალებს საბრალო, შეშლილ გრიმს“. 

– გადმომხედე მეუფეო, მოწყალებითა შენითა ! – თქვა გრიმმა და გაკრიალებულ, ტოპაზისფერ ცას ახედა. თან, ბანცალით მიიწევდა წინ, – შემიწყალე, რაღა და ჩემს კამელიასთან და ჩემს პატარა ბრიმთან ერთად მამყოფე სამუდამოდ ! გეხვეწები, მეუფეო სულთაო ! როგორც საკუთარი დედების წამბილწავი ვაჟები შეიწყალე, ისე შემიწყალე მეც, ჰა... შენი უღირსი და ლოთი შვილი: შეშლილი გრიმი !

ნელ-ნელა ჭალებამდე მიაღწია გრიმმა. ნაზი, ოდნავ გრილი სიო მოელამუნა ჭუჭყიან წვერსა და გამომშრალ, ოფლისგან დამწვარ ლოყებზე. მდინარეს მიუახლოვდა და დაიჩოქა. სახე წყალში ჩაყო. პირით ძალუმად შეისრუტა წყალი რამდენჯერმე, შემდეგ კვლავ ამოსწია ზემოთ სახე და იქვე მოტივტივე დუმფარების მიღმა, თვრამეტი ფუტის იქით, ბიჭი დაინახა. რვა-ცხრა წლის იქნებოდა. მდინარის პირას ამოსული იფნის ძირში იჯდა. ნეტავ წეღანაც აქ ხომ არ იყოო, გაიფიქრა გრიმმა. „ჰაჰ, კარგად კი გამაბრუა ღვინომ.“

გრძელი წკეპლა ეკავა ხელში ბავშვს და ზემოთ-ქვემოთ აქანავებდა ანკესივით.

– იცი, ვინ ვარ ? – დაუძახა გრიმმა, – შეშლილი გრიმი ვარ !

– მე კარლი ვარ ! – უპასუხა ბიჭმა და ზემოთ აიხედა, იფნის ტოტებისკენ.

– მწყემსი იქნები უეჭველი !   

ბიჭმა თავი დააქნია და ლოყები გამობერა. შემდეგ ისევ შეკუმშა.

– ასეთი პატარა, – ჩაიცინა გრიმმა, – მე ბიძაჩემს დავყვებოდი ხოლმე სამწყესურში, შენხელა რომ ვიყავი !... ის მწყემსავდა ჩვენი სოფლის საქონელს, მე კიდევ საქმე არაფერი მქონდა და კი დავსდევდი ყველგან კუდივით, სადაც წავიდოდა !

– მე მამას დავყვები ! ნამდვილი ხმალია ეგა ?

– ნამდვილია, მაშ, – მახვილის გახეხილ ვადას მოუსვა ხელი გრიმმა, – ერქონელებს ამით ვეომე ! გაგონილი გექნება მაგათზე უეჭველი !

– ჩვენი სამეფოს დაპყრობა უნდათ ! რომ გავიზრდები განა მე არ მექნება ხმალი ?! ლორდის ციხესიმაგრეში ვიქნები ჯარისკაცად ! 

– ეჰ, გირჩევნია შენს სოფელში დარჩე, საქონელს მიხედო, თუმცა... რა ვიცი, ალბათ მაინც გაგრეკავენ რეკრუტად ! ძალით ! ჰაჰ, აი, ისე შენ და მამაშენი როგორც ერეკებით ხოლმე საქონელს, მაშ ! მე ეგრე წამიყვანეს !

– რეკრუტად ? ეგ რაღაა ? 

– გაიგებ რაცაა, როცა გაიზრდები !

გრიმი ფეხზე წამოიმართა. წელში გასწორდა და ატკიებული კისერი მოიზილა. ჯვალოს შარვალზე, რომელიც ბარძაყთან ჰქონდა გამორღვეული, ხორბლის მარცვლისოდენა კენჭები ჰქონდა მუხლებზე მიკრული. ერთი ჩამოისვა ხელი და ჩამოიფერთხა.

– ამ წყალს კი არა ვსვამთ ხოლმე, – დაიძახა ბიჭმა, – დალიე, არა ?

– არ სვამთ ? ვითომ, რატომ ? 

– ძროხები და ხარები სულ შიგნით ფსამენ ხოლმე ! – ბიჭმა, მარჯვნივ, ლელიანისკენ გაიშვირა თითი. გრიმმა იფიქრა, ალბათ, საძოვრებია იქითო.

– ჰაჰ, ეგ არაფერი ! ბავშვობიდან ქვასავით კუჭი მაქვს, მაშ ! ერთი მაგაში გაუმართლა შეშლილ გრიმს !

 ისევ გზისკენ წაბარბაცდა გრიმი. უცებ შედგა, თითქოს რაღაც დაავიწყდაო და ბიჭუნას მოუბრუნდა:

– ცხენებს უფრთხილდი, გეყურება ? ოღონდ, ლორდი თუ ზის ზედ, თორემ ისე რას ვერჩი, კარგი ცხოველები არიან, ვერაფერს იტყვი ! ყველა ლორდი გახრწნილია, დაიმახსოვრე !

– გახრწნილი რა, სუნი ასდით ?  

გრიმმა ხელი ჩაიქნია და წავიდა.

გზა უფრო ფართო მოეჩვენა, ვიდრე მანამდე. იფიქრა, ნეტავ უფრო მომეკიდა ღვინო თუ პირიქით, გადამიარა სიმთვრალემ და ახლა ყველაფერს ისე ვხედავ, როგორიც სინამდვილეშიაო. თუმცა არ ედარდებოდა ამაზე. სწორედ ეს მოსწონდა სასმელში, – როცა კარგად მოეკიდებოდა, რომც ენაღვლა რამეზე, თითქოს არ ნაღვლობდა სინამვდილეში... ან შეიძლება ნაღვლობდა, მაგრამ ფეხებზე ეკიდა.

ქოხი თავზე ჩამომენგრააა... ყველამ ზურგი შემაქციაა... – ბიძამისის საყვარელი ხალხური სიმღერის ღიღინი დაიწყო გრიმმა. თან, წინ მიიწევდა, – ცოლი ყასაბთან გამექცაა... ყასაბი მოვკაალ, შერიფი კი გამომიდგაა... გაავბრაგდიი, გავთაყვანდიი, არაფერიი არ მეშველაა... ქოხი თავზე ჩამომენგრაა... 

შებინდებას ცოტაღა ეკლდა, გზაჯვარედინამდე რომ მიაღწია. სიმთვრალე თითქმის ბოლომდე გამოწურულიყო ოფლთან ერთად მისი სხეულიდან. იქვე, წვეტიანი დაფები იყო გახეთქილ ბოძზე დარჭობილი. კითხვა არ იცოდა გრიმმა, მათზე წითელი საღებავით ნაწერი გაცრეცილი ასოები რომ ამოეკითხა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ის, რომელიც ჯაგნარსა და ტოტებდამსხვრეული გამხმარი ფიჭვების კორომებს შორის მოქცეული გზისკენ იყო მიშვერილი, ერგუნდიაზე მიუთითებდა.

რა თქმა უნდა მეორე გზას შეუდგა გრიმი.

„აბა, მოემზადეთ, მილორდ“, –  ჩაიცინა და ლოყა მოიფხანა.

ამ გზებზე მრავალჯერ გაევლო, როდესაც ჯარისკაცად მსახურობდა ლორდ ელდონთან და ზუსტად იცოდა, რომ ეს მეორე გზა ჯერ ალგორების ვასალი ლორდის, – ოლდრიჩის კუთვნილ სოფელ ბეროუსთან ჩაივლიდა, შემდეგ მდინარე ღორღიანზე გადებულ დედოფლის ხიდს შეუერთდებოდა და ნელ-ნელა, უშუალოდ ალგორების საადგილმამულო მიწებამდე მიიყვანდა.

„ნეტავ პირველი მდაბიო თუ ვიქნები ვინც დიდ ლორდს მოკლავს ?“ – ფიქრობდა გრიმი, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯში გაახსენდა, რომ ოლდენელი დიდი ლორდი, – კრონი, ერთ-ერთმა უბრალო მონადირემ მოკლა იმის გამო, რომ მის ცოლს ნამუსი ახადა.

„იმან მშვილდ-ისრით მოკლა, მე კიდევ ხმლის კაცი ვარ... ისე, განა მშვილდ-ისრით უფრო ადვილად არ მოვუღებდი ბოლოს ? შეიძლება ცოცხალიც კი გადავრჩენილიყავი, მაშ. მაგრამ რად გინდა ? ისრების აქეთ-იქით ქშუილი დიდად არასდროს მეხერხებოდა.“

როდესაც ერთ ფუღუროიან უზარმაზარ მუხას მიუახლოვდა, რომელსაც ფოთლებითა და რკოებით დახუნძლული ტოტები მომწვანო-მოყავისფრო სქელი ბრეზენტივით ჰქონდა გზის ზემოთ გადმოფენილი, ცხენშებმული ფორანი გამოჩნდა გზაზე. იმ მხრიდან მოჭრიალებდა, საითაც გრიმი მიიწევდა.

„უეჭველი სქელტრაკა ბელას და მისი უგვანი ქმრის ფუნდუკში მიდის, აი.“

მოახლოებისთანავე გაარჩია კოფოზე მჯდომი სქელღაბაბიანი კაცი. საზიდარი ხის კასრებითა და ტომრებით ჰქონდა დატვირთული. ქალიშვილიც იჯდა კასრებს შორის, – ჭორფლიანი და თმაგაქუცული.

– მეუფისეულო ძმაო ! – შესძახა გრიმმა და ორივე ხელი ასწია, – ცოტა ღვინო გამოიმეტე შეშლილი გრიმისთვის, რაღა ! სადაცაა დაღამდება და ტკბილად კი დამაძინებდა, მეუფის მადლმა !

სქელღაბაბიანმა კაცმა ზიზღიანად გამოხედა მას და მერე ისევ გზას მიაჩერდა.

– მაშ, არ მომცემ ხომ ღვინოს ? – გაგულისდა გრიმი, – ჰოდა, ჭირსაც წაუღიხარ ! ნეტამც ყაჩაღები შეგხვდებოდნენ სადმე და ერთიანად გაგიცლიდნენ მაგ ჯაბახანა ფორანს !

ძირს დაგდებულ ქვასაც დასწვდა და საზიდარს გაუქანა, მაგრამ ააცდინა.

– სადღაა სიყვარული ? – თავისთვის აბურტყუნდა გრიმი უფრო და უფრო შორს მიმავალი ფორნის შემხედვარე, – ეჰ, ჩემო ბრიგიტა, რა საწყინარია, რომ ვეღარასდროს გნახავ. კარგი კი იქნებოდა სიკვდილის წინ სულ ცოტა სითბო შეეგრძნო ჩემს დაღლილ ტყავს, აი.

სანამ ჯერ კიდევ წვეთავდა ციდან დღის სინათლე, ღამის გასათევი ადგილი შეარჩია: გზიდან ორმოცი ფუტის იქით, ეულად მდგომი უხვად დაფოთლილი რცხილას ძირში მოკალათდა, რომლის გზისკენა მიდამოც ჩირგვნარით იყო დაფარული. ღამით რომ გაწვიმდეს, ტოტები და ფოთლები დამიფარავსო, ზემოთ აიხედა მიწაზე ჩამომჯდარმა გრიმმა.

ცეცხლის დანთებას არ აპირებდა. ჯერ ერთი, ტალ-კვესი არ ჰქონდა, ხოლო გამხმარი ტოტებისა და ბალახის მოკრება და შემდეგ ამ რტოების წათლა და ერთმანეთზე ხახუნი ცოტა არ იყოს ეზარებოდა. მეორეც კიდევ, კოცონით ნებისმიერი გაიგებდა მის ადგილსამყოფელს და შარაგზის ყაჩაღების მოზიდვა ახლა ნამდვილად არ სჭირდებოდა. ჯობს ისევ სრულ სიბნელეში გავათიო ღამეო, გაიფიქრა. წინა დღეებშიც ასე მოიქცა და ჯერ-ჯერობით საღსალამათი მიიწევდა თავისი მიზნისკენ.

სანამ ბოლომდე დაბნელდებოდა, გზის გადაღმა, ძალიან შორს ამოწვერილ რუხ გორებს უყურა, რომლებიც სხვა ყველაფერთან ერთად იძირებოდნენ ღამის წყვდიადში თანდათან. გრიმმა კარგად იცოდა, რომ გორებს თუ გადაივლიდი და შემდეგ სამი-ოთხი დღე გაუჩერებლად ივლიდი, ზღვის სანაპიროზე აღმოჩნდებოდი. მაგრამ ახლა, რატომღაც წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ზღვა თუ იყო გორების მიღმა. ასე ეგონა, დასავლეთით რომ ევლო და ევლო ხმელეთზე ივლიდა დაუსრულებლად.

– დიადი ზღვა, – გამომშრალი ყელიდან ამოთქვა გრიმმა და მოაგონდა როგორ დაუხვდა თავის თანამებრძოლებთან ერთად მრავალი წლის წინ შორეული არგეადან უშველებელი საომარი ხომალდებით ჩამოსულ ერქონულ ლეგიონებს სანაპიროზევე.

რას იფიქრებდა იმ საზარელი, თუმცა სიამაყით აღსავსე დღეებიდან მრავალი წლის შემდეგ მთელს კემბრიაში მოხეტიალე „შეშლილ“ მაწანწალად თუ იქცეოდა.

მერე იმაზე ჩაფიქრდა, ნეტავ რა ჯანდაბად ჩამოვიდნენ ერქონელები ხელახლა ჩვენს დასაპყრობადო. განა ახალი იმრონის მეფედ მაშინაც და ახლაც იქაური დამპყრობლის შთამომავალი არ იჯდა ? იმხანად არც გახსენებია ეს, – ყოველგვარი შეკითხვებისა და პასუხების გარეშე დაიძრნენ ლორდი ელდონის ციხესიმაგრიდან და დანარჩენი კემბრიელი და ერგუნდიელი დიდებულების ჯარს შეუერთდნენ სანაპიროზე თავიანთი სამშობლოს დასაცავად.

„რას გაუგებ მეფეებს, ლორდებს, იმპერატორებს... ყველანი ერთნაირი მტაცებლები არ არიან ?... სვავები. ნამდვილი სვავები.“

გრიმმა ჩანთიდან თავისი ადგილ-ადგილ გარღვეული და გაცრეცილი შალის მოსასხამი ამოიღო, რომელიც თავის დროზე ცოლმა მოუქსოვა. შემდეგ ძირს გაწვა, ჩანთა თავქვეშ ამოიგო, ბალიშივით და მოსასხამი ზემოდან გადაიფარა. ლოყაზე ჩანთაში ჩაყრილი მონეტების სიმაგრე მიებჯინა და ოდნავ უკან ჩააჩოჩა თავი, მხოლოდ შიგნით ჩადებულ ტუნიკას რომ შეხებოდა.

კიდევ ერთი ჯვალოს ტუნიკა და ოცი ბროილი, – სულ ეს იყო მისი ავლა-დიდება, რაც ჩანთაში ჰქონდა. არადა, თავიდან „საქმეზე“ სამოცი ბროილით წამოვიდა, რომელიც არლინგტონში ჯერ კოულის ტრაქტირის ჩეჩმების წმენდით გააკეთა და შემდეგ ბედფორდელი ძმების საყასბოს ნარჩენების ნაგავსაყრელზე გადაყრით.

რამდენი რამ მოვითმინე, აქამდე რომ მოვსულიყავიო, დახუჭული თვალები ისევ გაახილა გრიმმა და საკუთარი თავი შეებრალა. ეუცნაურა ეს, რადგან საკუთარი თავი მაშინ არ შესცოდებია, როცა მიწას მიაბარა ცოლ-შვილი. ახლა კი თვალები აუწყლიანდა. მოაგონდა მარტო დარჩენის შემდეგ როგორ უმიზნოდ დაეხეტებოდა სოფლიდან-სოფელში, დაბიდან-დაბაში, ქალაქიდან-ქალაქში და შესაძლებლობისთანავე ლოთობდა, ქუჩებში არწყევდა და ღორებთან და სხვა მაწანწალებთან ერთად ეძინა ყველასგან აბუჩად აგდებულსა და მოძულებულს. და რომ არა არლინგტონის ერთ-ერთი საროსკიპოდან გამოსული ახარხარებული ლორდი ალგორის ხელახალი შემთხვევითი დანახვა, ალბათ ისევ ისე უმიზნოდ გალევდა დარჩენილ დღეებს.

ოო, რა მრისხანებამ შეიპყრო მაშინ, როცა გააცნობიერა, რომ სანამ მის კამელიასა და ბრიმს მიწაში ჭიები ხრავდნენ, ამ დროს მათი ოჯახის დამღუპველი ნეტარებასა და ფუფუნებაში ცხოვრობდა. კამელიასა და ბრიმის ძვლებს ხორცი ეცლებოდა, ალგორისას კი პირიქით, – ემატებოდა და ფუვდებოდა.

ამის მერე აენთო შურისძიების ცეცხლი დარდითა და ლოთობით დაღლილ გულში. სამუშაოს ძიებას მიჰყო ხელი და საგზლის საყიდელი ფულის შოვნაზე ზრუნვას, რათა როდესაც ცოლ-შვილის გამო შურისსაძიებლად წავიდოდა, შიმშილით არ მომკვდარიყო გზაში და ფუნდუკებსა და ტრაქტირებში თავის გამოკვება შესძლებოდა. არლინგტონსა და მიმდებარე სოფლებში მეტ-ნაკლებად იცნობდნენ შეშლილ გრიმს და მართალია ყვედრებით, მაგრამ დღეში ნახევარ პურს მაინც გადაუგდებდა ვინმე, მაგრამ გერჰარდტებისა და ალგორების მიწებზე არავინ იცნობდა მას და მიდვილელი მაწანწალის გამოკვებით ვინ შეიწუხებდა თავს ?

სმასაც უკლო, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ თქვა უარი დასალევზე, – ზედმეტად მტკივნეული იყო მისთვის ამ ცისქვეშეთის ფხიზელი თვალით ყურება. და როცა გასამრჯელოს იღებდა იქამდე სვამდა, რომ მთლად გონების დაკარგვამდე ან რწყევამდე არ მისულიყო. ესეც დიდი მიღწევა იყო მისთვის.

ახლა იწვა და ფიქრობდა, ეს რამდენიმე დღე მაინც უნდა დავრჩე მეტ-ნაკლებად ფხიზელი, რომ იმ გარეწრის მოკვლა მოვახერხოო.

„მთლად ურიგოც არაა, იმ მეფორნემ რომ არ მიწილადა ღვინო“, – ჩაეღიმა და ცოტა არ იყოს ინანა, რომ მიაწყევლა იგი და ქვა ესროლა.

„ეგ არაფერი, შეშლილი გრიმი არა ვარ, ბოლო-ბოლო ? მეპატიება.“

თვალები მილულა. ჭრიჭინების ღამისეულ გალობას მიუგდო ყური, მაგრამ ვერ იძინებდა. გადაჩვეული იყო ფხიზელ მდგომარეობაში ჩაძინებას. ამის მიუხედავად, დროდადრო მაინც იწყებდა ხოლმე სიზმრების სამყაროში მძიმე ღუზასავით ჩაშვებას, თუმცა მაშინვე აფხიზლებდა ცოლ-შვილის ხატება, მდელოზე მობერილი ნიავი ან ჩირგვების ფაჩუნი.

როდესაც ინათა, აიბარგა და გზა გააგრძელა. გულსა და კუჭში რაღაც ექაჩებოდა თითქოს. ასე ეგონა, პატარა, თუმცა საკმაოდ მძიმე რკინის ქანქარები ჩამოჰკიდეს შიგნით. ალბათ, უძილობის და უჭმელობის ბრალიაო, დაასკვნა.

ნელ-ნელა გზის მარჯვნივ ტყე გამოჩნდა. კიდესთან ამოსული ხეების საკმაოდ დიდი ნაწილი დამწვარი იყო და ხრჩოლავდა.

„ვითომ, შემთხვევით გააჩინა ვინმემ ხანძარი ?“ – ცოტა ხანს უმზირა მზის შუქზე მოცახცახე აღმოსავლეთისკენ მიმავალ ბაც რუხ კვამლს და მერე ისევ მის ფერხთით გაფენილ ოღროჩოღრო გზას მიაჩერდა.

გვიანი დილა იყო, როცა წისქვილს მიუახლოვდა. ფიცრის სახურავიანი მოზრდილი ნაგებობის გვერდით გამართულ ვერტიკალურ ხის ბორბალს ტყიდან გამომავალი წყლის ნაკადი ატრიალებდა. ბორბალს ბლომად ხავსი ჰქონდა მოდებული, თუმცა თავის საქმეს მაინც რიგიანად აკეთებდა.

რამდენიმე მამაკაცი ტრიალებდა წისქვილთან. ტომრები ჰქონდათ კედელზე მიყუდებული. ალბათ, დასაფქვავად ჰქონდათ მოტანილი ხორბალი, ჭვავი ან ქერი. ორი ბიჭუნაც თამაშობდა იქვე დაგდებულ უშველებელ ლოდთან: ხან ლოდის გარშემო დარბოდნენ ბავშვები, ხან მასზე აცოცებას ცდილობდნენ.

„ბეროუს მოსახლეები იქნებიან უეჭველი.“

შეშლილმა გრიმმა მოთქრიალე წყალთან ჩაიჩოქა და კარგად გაისველა ყელი და კუჭი. როცა ფეხზე წამოდგა, ბიჭუნებს ენა გამოუყო. მათაც იმავეთი უპასუხეს და გართობა ისე განაგრძეს, თითქოს ვერც კი ამჩნევდნენ ჩამოძონძილ უცნობს.

ცოტა ხნის სიარულის შემდეგ, გზის მარჯვნივ სოფელი გამოჩნდა.

„ესეც ბეროუ, – შედგა გრიმი და ჩალით გადახურულ სხვადასხვა ზომის სახლებსა და ნაგებობებს მოავლო თვალი, –  უფრო გაზრდილა სოფელი, აი. ის სახლები განა იყო აშენებული, ბოლოს როცა ვიყავი აქეთ ?“

გრიმი გზიდან გადავიდა და მინდორში გააბიჯა. სოფლისკენ დაიძრა, იქნებ, რამე საჭმლის ყიდვა შევძლოო. სოფლის შესასვლელთან ბლომად ჭინჭარი იყო ამოსული.

„ჰაჰ, კიდევ კარგი ეს შარვალი მაინც გაქვს, შეშლილო გრიმ, თორემ სულ დაისუსხებოდი ახლა, – გაიფიქრა თუ არა ეს, მაშინვე მიედო დაკბილული ფოთოლი იმ ადგილას, სადაც გამორღვეული ჰქონდა შარვალი და კანი დაეშუშხა, – მმ, ეს არაფერი. ხანდახან აუცილებელიცაა პატარა კბენა, მაშ.“

სოფელში უნდობლად შეხვდნენ გრიმს, თუმცა, არ სწყენია. მიჩვეული იყო ამგვარ დამოკიდებულებას. ერთ ტანად, ჭაღარა მამაკაცს ჰკითხა, სად შეიძლება თქვენთან მცირედი საკვების ყიდვაო და ყველა გაოცებული დარჩა.

– რა, რახან ძონძები მაცვია, უფულო კი არ ვარ ! – გაიკრიჭა გრიმი, – ჰაჰ, შეშლილი კი ვარ, მაგრამ მთლად უფულოც არა !

ბოლოს, ჯვალოს კაბაში გამოწყობილი ერთი მეჭეჭებიანი ქალისგან იყიდა რვა ბროილის ღირებულების აპოხტი და სანამ წამოვიდოდა ერთი ყანწი ღვინოც დაალევინა მსუქანთითებიანმა ზორბა ახალგაზრდამ, რომელზეც გრიმმა იფიქრა ალბათ მჭედელიაო.

– დალიე, მეუფისეულო ძმაო, ძალას მოგცემს, დალიე, – სიბრალული იგრძნო გრიმმა მის ხმაში და გაუკვირდა, ნუთუ სიყვარული და თანაგრძნობა ისევ ბრუნდება ხალხშიო.

ბეროუს მოსახლეებს, ვინც ყურადღება მიაპყრო, ყველას დაემშვიდობა შეშლილი გრიმი და თავის გზას გაუდგა აპოხტის ჭამით. ცარიელ კუჭზე დალეულმა ერთმა ყანწმა ღვინომ კარგად შეათრო და გახალისებული მიაბიჯებდა ჯერ ჭინჭრებში და შემდეგ მორუხო-მომწვანო ჩირგვებს შორის. კვლავ მთავარ გზაზე დაბრუნებულმა ნელ-ნელა უკან ჩამოიტოვა ბეროუ, მისი სახნავ-სათესი მიწები და მოკლე ხანში წაბლების, მუხებისა და ჭადრების კორომებით გაწყობილი მინდორ-ველების გასწვრივ დაიწყო სიარული.

გზის ზემოთ ბეღურები და ჭილყვავები ჩაიფრთხიალებდნენ ხოლმე. ერთხელ რამდენიმე ნამგალასაც მოჰკრა შეშლილმა გრიმმა სასმლისგან აჭრელებული თვალი და კინაღამ თავბრუ დაესხა ისეთი ელვისებური სისწრაფით ჩაიფრინეს ჩიტებმა.

„ეჰ, ნეტამც მეც შემეძლოს ფრენა. პირდაპირ ალგორების ციხესიმაგრის ეზოში ჩავხტებოდი... იქვე გამოვფატრავდი იმ უნამუსოს, მაშ“.

როდესაც მზე ზენიტში შევიდა, მარჯვნივ, საკმაოდ შორს, კლდოვან შემაღლებაზე აგებული რუხი ნაგებობა დაინახა.

– წმინდა ანდროსის მონასტერი ! – მაშინვე სამეუფეო წრე გამოისახა ორი თითით სახის გარშემო, – წმინდაო ანდროს, შეეწიე შეშლილ გრიმს, რაღა ? ევედრე სულთა მეუფეს და მის მოციქულებს, ხელი მომიმართონ მე უღირსს. რანაირად მოვკლავ იმ ბილწს, ზეცა თუ არ შემეწევა ? განა შემიძლია რამე მე ლოთსა და უღირსს თქვენი შეწევნის გარეშე ?

მონასტერი ციხესიმაგრეს ჰგავდა შორიდან და რომ არა მოვერცხლილი ხუთშვერილიანი რგოლი, რომელიც შუაში ამოწვერილი კრამიტიანი გუმბათის თავზე იყო დამაგრებული, ალბათ ნებისმიერი შეცდებოდა თუ არ ეცოდინებოდა, რომ აქ მონასტერი იყო აგებული.

გრიმმა გაიფიქრა დრო რომ მქონდეს დიდი სიამოვნებით შევივლიდი იქ და ბერი გოდარდის საფლავს მოვილოცავდიო. მთელი ცხოვრების მანძილზე რამდენჯერაც ამ გზაზე ჩაიარა, ვერასდროს ეახლა ბერის საფლავს, რომელზეც გაგონილი ჰქონდა, რომ სიცოცხლის ჟამს უამრავი სნეული და უძლური ჰყავდა განკურნებული, – მათ შორის ერთი ისტლენდელი მაგის მიერ უშვილობით დაწყევლილი მეფე ანოს მეორე.

მაგრად დასცხა შეშლილ გრიმს. თანდათან, სიარულისგან ფეხებიც ასტკივდა და დასვენება გადაწყვიტა. გზიდან სამოცი ფუტის იქით ამოსულ ერთ გამხმარ ბუჩქთან ახლოს, რომელზეც გულში გაივლო ნამდვილად შინდის იქნებოდაო, შუაზე გადამტვრეული მუხა დაინახა. მისკენ წავიდა და ბალახზე დავარდნილი ხის არც ისე წვრილ ღეროზე ჩამოჯდა. ჩრდილიც უდგებოდა იმ ადგილს.

„მეხი დაგეცა, შე საწყალო ?“ – ხელი მოუსვა ადგილ-ადგილ გახეთქილ ქერქს.

ისვენებდა შეშლილი გრიმი და თან იმაზე ფიქრობდა როგორ უნდა მოეკლა ლორდი ალგორი. ის კი იცოდა, რომ პირველ რიგში მის სამფლობელომდე უნდა მიეღწია, მაგრამ უშუალოდ როგორ უნდა მოეღო მისთვის ბოლო, სად უნდა გამოეჭირა იგი ან როგორ უნდა დაემარტოხელებინა, წარმოდგენა არ ჰქონდა. აქამდე როგორ არ ვიფიქრე ამაზეო, ჩაეღიმა თავის თავზე.

– ჰაჰ, მართლაც შეშლილი ვარ, ალბათ... და ბოთე... ბოთეც უნდა დაერქმიათ შენთვის, შეშლილო გრიმ.

„კარგი. კი მივალ მის ციხესიმაგრესთან ან იქვე ჩავუსაფრდები სადმე, მაგრამ სად ჭირში უნდა ვნახო ? განა გარეთ გამოვა და მეტყვის, მოდი, შეშლილო გრიმ და დამკარი ეგ შენი ჟანგიანი ხმალიო ?“

თან რაინდებიც ეყოლებოდა იმ უნამუსოს, ეგრე არაა ? საროსკიპოდან როცა გამოვიდა არლინგტონში ორი შეიარაღებული კაცი ელოდებოდა გარეთ და განა თავის ციხესიმაგრეში მეტი არ ეყოლებოდა ? ჯერ მარტო ლორდ ელდონს ჰყავდა ორი რაინდი თავის ციხესიმაგრეში და მითუმეტეს ეყოლებოდა ალგორს. მათი ოჯახი ხომ კემბრიაში ყველაზე გავლენიანი იყო სამეფო და გერჰარდტების ოჯახების შემდეგ.

„ვინ იცის, სამი რაინდიც კი ჰყავს იმ დამპალს და ოთხიც.“

რა ვქნა, როგორ მივწვდეო, გულში იძახდა შეშლილი გრიმი და თან ცაში იყურებოდა. თოვლივით თეთრი ღრუბლის ნაგლეჯები ისე ლივლივებდა ზეცაში, როგორც ქაფი საპნიან წყალში. ჩრდილოეთის მხარეს, ქორმა ჩაიფრინა.

„აჰა, ნადირობს, ეს გაუმაძღარი. უეჭველი ბარტყს მოსტაცებს რომელიმე საბრალო ჩიტს.“

და უეცრად თითქოს გონება გაუნათდა გრიმს.

ნადირობა. ლორდებს ნადირობა ძალიან უყვარდათ, ასე არაა ? აღარ იცოდნენ რით გაეხალისებინათ თავიანთი უსაქმური ცხოვრება. ტყეში ჩავჯდები იქვე და დაველოდები როდის გამობრძანდება სანადიროდო, აღტაცებისგან ფეხზე წამოვარდა გრიმი და მყისიერად ისევ დააბრუნა გამხდარი საჯდომი მუხის მოტეხილ ღეროზე.

„ნადირობისას დავეცემი... კი, ნადირობისას გამოგფატრავს შეშლილი გრიმი, შე უნამუსო, მაშ.“

მაგრამ მარტო რომ არ ყოფილიყო ალგორი ? და დიდი ალბათობით არც იქნებოდა. რომელი დიდებული წავიდოდა სანადიროდ სრულიად მარტო ? ალბათ მთელი ამალა ეყოლებოდა იქვე და ყოველ ნაბიჯში უკან გაჰყვებოდა, კუდივით. აბა, თავიანთ ძვირფას ბატონს მარტო ხომ არ დატოვებდნენ ? ვაითუ ცივ ნიავს მოებერა მისი ნაფოფინები გვერდებისთვის.

ვეღარ ხვდებოდა გრიმი, რა უნდა ექნა. ახლა რატომღაც წარმოუდგენლად ეჩვენებოდა დიდი ლორდის მოკვლა. მართლაც, რას უნდა გამხდარიყო მიდვილელი მაწანწალა გლეხი ასეთი გავლენიანი ოჯახის შვილთან ? გაურკვევლობისგან გული ყელში ებჯინებოდა შეშლილ გრიმს და ბოლოს თქვა, პირველ რიგში ალგორების ციხესიმაგრესთან მივალ და მერე იქნებ მომაფიქრდეს რამეო.

გზა განაგრძო. დანებებას არ აპირებდა. რაც შეეძლო ყველაფერს გააკეთებდა ცოლ-შვილის გამო შურის საძიებლად.

„მაგრამ თუ არაფერი გამომივიდა, ტყუილადაც რომ მოვკვდე, დაე მოვკვდე, – ცას ახედა და მერე ისევ ძირს დახარა თავი, ისე მოსჭრა თვალი კაშკაშა მზემ, – შენი კამელია და ბრიმი გელიან, შეშლილო გრიმ, მაშ... შენი კამელია და ბრიმი... სულთა მეუფის მიერ თქვენთვის გამზადებულ სავანეებში გელიან. ნეტავ რა გაქვს დასაკარგი ?“

 

 

 

 

თავი მეორე

 

 

 

ნაშუადღევს მიადგა მდინარე ღორღიანს და მასზე გადებულ დედოფლის ხიდს. ფართო და მძვინვარე მდინარის ნაპირები ქვების ნატეხებით იყო გადავსებული. დასავლეთის მხარეს პატარა ბორცვები წარმოქმნილიყო შლამიანი ქვებისგან. აღმოსავლეთისკენ კი, იქ, სადაც დაღვრემილი ტირიფები იდგა რიყეზე, ტოტებდამსხვრეული რამდენიმე წიფლის ღერო და ბლომად ნაფოტი გაერიყა ნაპირზე აქაფებულ წყალს. 

ნეტავ რატომ ჰქვია ამ მდინარეს მაინცდამაინც „ღორღიანიო“, გაიფიქრა გრიმმა. რამდენი მდინარეც ჰქონდა ცხოვრებაში ნანახი, უმეტესობის ნაპირები ქვებითა და ლოდებით იყო დაფარული, მაგრამ იმათ სულ სხვა სახელები ერქვათ.

წინ წავიდა გრიმი და თეთრი ქვით ნაგებ მოფილაქნებულ უშველებელ ხიდს შეუდგა. თაღოვანი და სქელი მოაჯირები სულ ჩუქურთმებით იყო გამშვენებული. ხიდის დასაწყისში, შუაში და ბოლოში, მოაჯირებზე, ორივე მხარეს, მანჟეტებიან და მაქმანებიან ლამაზ კაბებში გამოწყობილი ქალების ქანდაკებები იდგა, ოღონდ ყველა მათგანი სხვადასხვანაირად გამოიყურებოდა. ერთს საერთოდ ყბისა და მხრის ნაწილი ჰქონდა ჩამოფშვნილი.

მდინარეზე ვერაფერს იტყოდა, მაგრამ ამ ხიდზე კი ნამდვილად ჰქონდა გაგონილი რატომაც ერქვა „დედოფლის ხიდი“: რომელიღაც მეფემ, რომელიღაც დედოფლის პატივსაცემად ააგებინა თავის კალატოზებს ეს ხიდი. ერთი, ის არ იცოდა ზუსტად რომელ დედოფალზე და რომელ მეფეზე იყო საუბარი და კიდევ არც ის იცოდა, მოაჯირებზე მდგომი „ქალებიდან“ რომელი იყო დედოფალი.  

„იქნებ, არც ერთიც არაა“, – ჩაეღიმა და ახლაღა შეამჩნია, რომ შეზარხოშება უკვე შეუმჩნევლად გაპარულიყო მისი სხეულიდან.

როდესაც მდინარის მეორე ნაპირზე გადავიდა, გზაზე, ხიდისკენ მომავალი ოთხი ურემი გამოჩნდა. რასაც გრიმი ხედავდა ათი მხედარი მოჰყვებოდა მათ. ერთ-ერთ ურემში შებმულ ჯორს წკეპლას ურტყამდა ხუჭუჭთმიანი კაცი. ნეტავ ალგორების ხალხი ხომ არ არიანო, თეთრ-წითელ ტყავის ბრიგანდინებში გამოწყობილი შეიარაღებული მხედრების მოახლოებისას გაიფიქრა გრიმმა. ერთმა ჯარისკაცმა, რომელსაც ცხვირი აშკარად რამდენჯერმე ჰქონდა გატეხილი, დამცინავი ღიმილით გადმოხედა წაბლისფერი, მაღალფეხება ცხენის ზურგიდან შეშლილ გრიმს და მერე ისევ წინ გაიხედა.

„ვაი, თუ შენი ლორდია ალგორი, ერთი ვნახავ როგორ გაიკრიჭები, დაკლულს რომ იპოვნი“, – თვალი მიადევნა მას გრიმმა და მაშინვე გაახსენდა, რომ სინამდვილეში ჯარისკაცებს თუ არ სძულდათ უმეტესად სულ ცალ ფეხზე ეკიდათ თავიანთი ლორდები. განა თვითონ ასე არ იყო თავის დროზე ? სულ არ ენაღვლებოდა ცოცხალი იქნებოდა ლორდი ელდონი თუ მკვდარი.

ურმები ხის ყუთებით იყო დატვირთული და წარმოდგენა არ ჰქონდა გრიმს რა შეიძლებოდა ყოფილიყო შიგნით.

„უეჭველი ძვირფასი რამ მიაქვთ, რახან ამდენი ჯარისკაცი მიჰყვება დასაცავად.“

ხიდი გადაიარა ურმებისა და მხედრების კოლონამ და ნელ-ნელა თვალს მიეფარა, გრიმი კი უფრო და უფრო წინ მიიწევდა ჩრდილოეთისკენ. რამდენიმე ეული ქოხი შეხვდა გზის სხვადასხვა მხარეს. გაუგებარია ვინმე ცხოვრობდა რომელიმეში თუ მიტოვებული იყო. ერთი ფიცრისსახურავიანი ქოხი, რომელიც იფნებისა და რცხილების კორომებს შორის იდგა, დამწვარი იყო და კედლის ნაწილი ჩამონგრეული ჰქონდა.

„აქ კი ნამდვილად არავინ იცხოვრებს, აი“.

არც ისე მცირე ხნის სიარულის შემდეგ, მარცხნივ, ერთ-ერთ შორეულ გორაზე აღმართული მოყვითალო ქვით ნაგები ციხესიმაგრე დაინახა გრიმმა. როგორც მახსოვს ეს კოლვინების ციხესიმაგრეაო, გაიფიქრა მისი კუთხოვანი კოშკების ცქერისას. ალგორების ქვეშევრდომ ამ ოჯახზე ჭორი დადიოდა მთელს კემბრიაში, რომ მისი ერთ-ერთი ქალიშვილი ცივი იყო და ადამიანის სისხლის გადამეტებული სმის გამო იგი სახლიდან გააგდო მამამისმა. თუმცა, როგორც ამბობდნენ, ამგვარი გადაწყვეტილება თავიდანვე არ მიუღია ლორდ კოლვინს: ჯერ დიად მოციქულ ელეონის სახელობის მონასტერში მიუყვანია იგი, რომ იქნებ ბერებს განეკურნათ თავიანთი ლოცვით, მაგრამ ბერები არათუ ვერაფერს გახდნენ, არამედ ნახევარი საძმო გაუჟუჟავს ახალგაზრდა ლედი კოლვინს. „ერთ-ერთ ბერს თურმე თავი მოაგლიჯა და ბოლომდე გაცალა სისხლისგან. ამის მერე უკვე ადგა ლორდი კოლვინი და სახლიდან გაუძახა... ყვენალაირი იმედი დაუკარგავს. ახლა სადაა გოგო, არავინ იცის“, – ელდონების ოფიცრის, ედვინის ნაამბობს შეესწრო ერთხელ გრიმი, როდესაც ერქონელებთან ომში მიმავალნი წითელ ტბასთან დაბანაკდნენ. ხოლო, ომის დასრულების შემდეგ, როდესაც თავის სოფელს დაუბრუნდა და ყველის გასაყიდად არლინგტონში იყო ჩასული, ერთ-ერთ ტავერნაში მოისმინა ცალფეხა მჭედლისგან, რომ ლედი კოლვინი ერდალების ტყეში მცხოვრებმა ორასზე მეტი წლის ცივმა აქცია თავისნაირად. „თავისი სისხლი დაალევინა იმ ჰადინის ნაშიერმა, იმან, – ლუდის კათხის ქნევით იძახდა შეზარხოშებული მჭედელი, – ნამდვილი მზეთუნახავი იყო ლედი კოლვინი, იმ სულწაწყმედილს კიდევ ალბათ იმედი ჰქონდა, სამუდამოდ მასთან დარჩებოდა, საუკუნო სიცოცხლეს თუ უბოძებდა მას.“

შებინდების დაწყებას ცოტაღა ეკლდა, რომ კლდის ძირში გაშენებულ სოფელ გრძელ ჰალსტედს მიადგა შეშლილი გრიმი და გული გამალებით აუძგერდა. კარგად იცოდა, რომ გრძელი ჰალსტედი უკვე უშაულოდ ალგორების საადგილმამულოს ნაწილს წარმოადგენდა. ბეროუზე გაცილებით დიდ სოფელში სულთა მეუფის ხის ტაძარი იდგა, რომელსაც თიხატკეპნილი გუმბათი ჰქონდა. სოფლის აღმოსავლეთით, გალავანივით აწვერილი სამოცდაათ ფუტამდე კირქვის კლდე ნახეთქებით იყო გადავსებული. გაქუცულტოტებიანი ორი ცალი დაბალი ფიჭვი კლდის იასამნებივით ამოზრდილიყო მის ოღროჩოღრო ფერდობზე.

სოფელში არ შესულა გრიმი, გზა გააგრძელა. იქამდე არ სურდა შეჩერება, სანამ ალგორების ციხესიმაგრეს არ დაინახავდა. მგონი, კიდევ ორ სოფელს უნდა ჩავუარო და მერე გამოჩნდება იმ უნამუსოს სამყოფელიო, იძახდა თავისთვის, მაგრამ ისე დაუბნელდა, რომ შემდგომ სოფლამდე ძლივს მიაღწია.

რედვიკი. ეს კი რედვიკი იქნება, – ჩახურებულ ტერფებს ძლივსღა მიათრევდა, – ჰაჰ, უნდა დაისვენო, შეშლილო გრიმ, თორემ ფეხების გარეშე ლორდს კი არა, შენნაირ მაწანწალასაც ვერ მოკლავ.

სოფლის პირველივე ქუჩა, სადაც ფეხი დადგა, საქონლის შარდისა და განავლის სუნით იყო გაჯერებული. იქვე ახლოს, ჩაბნელებული სახლის კიბეზე ჩამომჯდარი გამხდარი კაცის სილუეტი დაინახა. მალე ერთი ყვითელთმიანი ქალიც გამოჩნდა, რომელსაც ხელში დაკავებული თიხის ჭრაქი უნათებდა ფერმიხდილ სახეს. ეტყობა, უმეტესობა უკვე სახლებში შეიყუჟაო, გაიფიქრა გრიმმა.

– წყალი დამალევინე, რაღა, მეუფისეულო დაო, – მიმართა ქალს.

– სადაური კაცი ხარ ? აქ რა დაგრჩენია ? – გამოსძახა სიბნელეში მჯდომმა კაცმა.

გრიმმა უთხრა მიდვილიდან ვარო და იქვე ჩამოჯდა, მთვარის შუქში გახვეული ნალიის ერთ-ერთ სვეტთან.

– წყალი დამალევინეთ ! მეტი არაფერი მინდა ! სოფლის გარეთ დავიძინებ მინდორში ! არავის შეგაწუხებთ, შეშლილი გრიმი, არავის !

ყვითელთმიანმა ქალმა ხის კოკა და გამოჩორკნილი ხისავე სასმისი გამოიტანა სახლიდან. გვერდით რუხი ტუნიკით შემოსილი პატარა გოგონა მოჰყვებოდა ჭრაქით ხელში და გზას უნათებდა. ერთი ამოსუნთქვით დალია ორი სასმისი წყალი გრიმმა. შემდეგ დიდი მადლობა გადაუხადა ქალს და ხვნეშით წამოდგა ფეხზე.  

– დაო, მითხარი ერთი, თქვენს ლორდს ბლომად მოსავალი მიაქვს თქვენგან ?

– ლორდ ალგორზე მეკითხები ? – ჭრაქით მკრთალად განათებულ სახეზე გაკვირვება შეეტყო ქალს, – ნახევარი... ყველაფრის ნახევარი მიაქვს რასაც მოვიწევთ.

– რას ამბობ, დედაკაცო, აბა ! მეტი არ მიაქვს განა ? – ბრაზი მოერია სიბნელეში მჯდომ კაცს, –   ხორბალი, ორი ტომარაღა დამიტოვა ! ძროხა კიდევ ოთხი სული მყავდა... ახლა ერთიღაა ბოსელში ! არჩის კიდევ, ლენორას ბიჭს, ყველა თხა წაართვეს, არ გახსოვს ?

– ჰოდა, მეუფეს შესთხოვეთ, უკეთესი ლორდი მოვიდეს ! მმ... ახლანდელი ლორდი დიდხანს აღარ იქნება აქაურობის ბატონ-პატრონი ! ამას შეშლილი გრიმი გეუბნებათ, მაშ !

– ჰა ?

გრიმმა არაფერი უპასუხა კაცს. სოფლიდან გასასვლელისკენ წაბარბაცდა.

დასავლეთიდან მობერილი ნიავისგან აბიბინებულ მინდორში ლოდის ნატეხი დაინახა მთვარის შუქზე და მასთან ახლოს წამოწვა.

„აჰა, მარტო აღარ ხარ, – ხელი მოუთათუნა კუთხოვან ზედაპირზე, – შეშლილი გრიმია შენთან.“

 

 

 

 

****

 

 

 

გამთენიისას მამლის ყივილმა გამოაღვიძა გრიმი. ჭიანჭველები დასეოდნენ თმასა და წვერზე და დამთხვეულივით ჩამოიფერთხა. ნუთუ უღვინოდ ჩამეძინაო, გაუკვირდა თავისი თავის.

„ერიჰა, ეტყობა ძალიან დავიღალე, აი.“

აბლაბუდისფერი ღრუბლები ჩამოწოლილიყო სოფლისა და საკმაოდ შორეული ყანების თავზე და კიდევ ლამის ყველგან საითაც გაიხედავდი.

„მეუფეო, არ გააწვიმო, გეხვეწები, – ძვლების ხრაშახრუშით წამოდგა ფეხზე გრიმი და პირველ რიგში ხმალი ჩაიტენა წელზე გაჭერილ ბაწარში, – წვიმაში უფრო გაურთულდება საქმე საბრალო შეშლილ გრიმს... ნამეტნავად გაურთულდება საქმე, მაშ.“

მაგრამ გზა განაგრძო თუ არა, იგრუხუნა და მალევე ატირდა ცა. მთელი არსებით მოუნდა დაეჩივლა და ეწუწუნა, თუმცა როგორღაც თავს აიძულა და პირიქით, – მადლობას სწირავდა მეუფეს. რისთვის, ვერ ხვდებოდა, მაგრამ მოციქულ კლიმოსის ერთ-ერთ ქადაგებაში მოისმინა ერთხელ, რომ თუ მუდამ მეუფის მადლიერნი ვიქნებით, იგი დიდ მოწყალებას მოიღებს ჩვენზეო.

– მადლობა, მეუფეო ! მადლობა ! – სახე შეუშვირა შხაპუნა წვიმის ნაკადს, – დიდად მადლობელი ვარ, რომ მასველებ ! შესარგი უნდა იყოს ეს ჩემთვის, თორემ ისე ხომ არ დამასველებდი, ჰა ?

მოციქული კლიმოსიც ზუსტად ამას არ იძახდა ხოლმე, რომ ყველაფერი რაც ჩვენს თავს ხდება სულთა მეუფის განგებულებით ხდება ჩვენს სასიკეთოდო ? ჰოდა არაფერი იყო სანერვიულო. მოწყალე და მოსიყვარულე მეუფე არ გაწირავდა და არ გაურთულებდა საქმეს საბრალო შეშლილ გრიმს, ასე არაა ?

თანდათან, გზის მარცხნივ ტყე გადაიშალა, სადაც უმეტესად ნაძვები და ფიჭვები ჭარბობდნენ. ბოლომდე დასველდა გრიმი, მაგრამ წინ და წინ მიიწევდა. თან მეუფეს ადიდებდა.

– დიდება შენდა, მეუფეო სულთაო ! – იძახდა და გუბეებს ფეხს არიდებდა, – შემეწიე მე ცოდვილსა და უღირსს, მეუფეო ჩემო და იმედო ჩემო ! ეჰა, მომეც მე ძალა ბოლო მოვუღო ჩემი ოჯახის დამაქცევარს !

გზის მარჯვენა მხარეს ქარის წისქვილი გამოჩნდა. ეულად იდგა მარტოხელა, დაღვრემილი ქვითკირის კოშკი და ზანტად ატრიალებდა ტილოთი დაფარულ ოთხ ცალ ფრთას. იქვე ახლოს მოზრდილი ფუნდუკი იყო. მის გვერდით სამი ცხენი იყო ხის ძელებზე დამაგრებულ ხარიხაზე მიბმული. გრიმმა იფიქრა, თავს შევაფარებ ფარდულის ქვეშ, სანამ წვიმა გადაიღებსო.

გზიდან გადავიდა აჭაობებულ ბალახზე და ფუნდუკის ფარდულის ქვეშ დადგა. შემდეგ, ჩანთიდან აპოხტი ამოიღო და ჭამას შეუდგა. შიგნიდან მამაკაცთა გადალაპარაკების ხმები გამოდიოდა. უეჭველად სტუმრები საუბრობდნენ ერთმანეთში. შიგნით შესვლა არ უნდოდა გრიმს. შიშობდა, დალევისგან ვერ შევიკავებ თავსო, სმა კი, ახლა, როდესაც სადაცაა მიადგებოდა ალგორების ციხესიმაგრეს, უკანასკნელი რამ უნდა ყოფილიყო მისთვის.

ცხენები წვიმაში იდგნენ და დალტობილ ბალახს ძიძგნიდნენ. წაბლა ფაშატი ძალიან მოეწონა გრიმს. მაღალი და ძლიერი ფეხები ჰქონდა, ხოლო კისერი, – დაკუნთული და მშვენიერი. ხელად მიმიყვანდა ციხესიმაგრესთანო, გაიფიქრა. რომ მოენდომებინა თავისუფლად მოიპარავდა: ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. მაგრამ არა. ქურდობა ხომ ცოდვაა ? ცოდვის ჩადენას ახლა ისევე უნდა მორიდებოდა, როგორც შხამის დალევას. ვაითუ მეუფე გასწყრომოდა და მერე რაღა უნდა ექნა მისი შეწევნის გარეშე ?

„არა. ხომ არ დაგავიწყდა შენი ერთადერთი ძალა და იმედი მეუფე რომაა, შეშლილო გრიმ ? არც იფიქრო ამაზე... არც იფიქრო.“

წვიმამ მალე გადაიღო და გრიმმა მადლობა შესწირა სულთა მეუფეს. ატალახებულ გზაზე დაბრუნდა და ჩრდილოეთისკენ განაგრძო სვლა. მარჯვენა ტერფით სისველეს გრძნობდა. ასე ეგონა წყლით სავსე გეჯაში ედგა ფეხი, მაგრამ არა უშავდა. განა ომის დროს უარესები არ ჰქონდა გამოვლილი ? წყლით კი არა სისხლით ჰქონდა მაშინ ჩექმები სავსე და ამგვარ მდგომარეობაში მყოფი მაინც აგრძელებდა ერქონელ ლეგიონერებთან ბრძოლას თავის თანამემამულეებთან ერთად.

ტყე არა და არ სრულდებოდა და როგორც ახსოვდა გრიმს, ალგორების ციხესიმაგრის იქითაც გრძელდებოდა ნახევარი დღის სავალზე. ამ ტყეს, რომელიღაც დიდებული ქალბატონის სახელი ჰქონდა, მაგრამ ვისი, – ვერაფრით იგონებდა გრიმი. 

„ლიდიას ტყე ? თუ ლინასი ? მგონი, ამ ორიდან ერთ-ერთის... თუ სულ სხვა კახპის იყო ? ჰაჰ, რას გაიგებ, აბა.“

 როდესაც გზისკენ გადმოხრილ ქერქდახეთქილ ბებერ ფიჭვთან ჩაიარა, შორეული ერთფეროვანი კაკუნის ხმა მოესმა. ეტყობა, მეტყევეები ჭრიან ხეებსო, დაასკვნა. ცოტა ხანში, გზის მარჯვნივ ამოსული ბუჩქებიდან ძაღლმა გამოჰყო თავი. აშკარად მაწანწალა იყო ისეთი გაქუცული ჰქონდა ლოყები და ყელი.

– რაო, გამოგაგდეს სახლიდან, შე საბრალო ? შენც შეშლილი გრიმივით მაწანწალა ხარ, არა ? –  სიტყვებით მიეფერა გრიმი და აპოხტის ნაჭერი ამოიღო ჩანთიდან, – აჰა, შეჭამე. ეს, შენ, შეშლილი გრიმისგან.

ძაღლი უმალ გამოვიდა ბუჩქებიდან. სიგამხდრისგან ნეკნები ეტყობოდა და ერთი უკანა ფეხი არ ჰქონდა ბარკლის ქვემოთ. ჩლახუნით მიუახლოვდა ტალახში ჩაგდებულ გამხმარი ხორცის ნაჭერს. უეჭველად ვიღაც ბოროტმა ადამიანმა დაასახიჩრაო, გაიფიქრა გრიმმა და ისე შეებრალა ცხოველი, კიდევ ერთი აპოხტის ნაჭერი გადაუგდო.

ხორცის თვალის დახამხამებაში გადასანსვლის შემდეგ მადლიერი ცხოველი კუდივით აედევნა უკან კაცს. თავს აღარ ანებებდა.

– არა. მეტს ვეღარ მოგცემ ! დანარჩენი მე მჭირდება, მეც შენსავით მაწანწალა ვარ, მაშ ! მეუფეო, შეეწიე ყველა არსებას, რაღა ! ესეც შენი შექმნილი არაა განა ? შეეწიე, გევედრები !

კარგა ხანს იარეს ასე ერთად. გრიმი არაფერს ეუბნებოდა იმის იმედად, რომ ყურადღებას თუ არ მიაქცევდა, თავს დაანებებდა ცხოველი. მართლაც, ბოლოს გუბესთან დადგა ძაღლი და ცოტა ხანს ასე უყურა ჩრდილოეთისკენ მიმავალ ადამიანს. დროდადრო, მარცხნივ გადაშლილ ტყესაც უცქერდა. შემდეგ, უკან გაბრუნდა კოჭლობით, თავისი ბუჩქებისკენ.

უფრო და უფრო წინ მიიწევდა გალუმპული და შემცივნებული გრიმი, მაგრამ არა და არ ჩანდა ციხესიმაგრე. ნეტავ არასწორი გზით ხომ არ მივდივარო, დაეჭვდა და მაშინვე მოაგონდა, რომ ადრე, როდესაც აქ ავლა-ჩავლა მოუწია, ცხენით მგზავრობდა და ალბათ სწორედ ამიტომ ეგონა გზა უფრო მოკლე.

„ადრე თუ გვიან შემომხვდება ციხესიმაგრე, მაშ სად წავა ? შეშლილ გრიმს ვერსად გაექცევით, მილორდ !“

მართლაც, როდესაც ოდნავ მოუხვია გზამ აღმოსავლეთისკენ და ჩამყაყებულ ჭაობში მდგომი გვერდმორღვეული კოშკის გასწვრივ ჩაიარა, მოშორებით ტბები გამოჩნდა, რომელთა უკანაც, ხეობის თავზე, უშველებელი და გოროზი მაღალგალავნიანი ციხესიმაგრე წამომართულიყო.

„ხომ გიპოვე ? ხომ მაინც გიპოვე ?“ – გული ყელში მოებჯინა გრიმს.

გზიდან გადავიდა და სამიზნის მიმართულებით გაემართა. ტყესა და ნაძვების კორომებს შორის გაშლილ სოფელს ერთი გახედა და მეტი აღარც მიუბრუნებია იქითკენ თავი. ტბებს ჩაუარა, ჩირგვებით გადავსებული ჭანჭრობი გადაიარა და ნელ-ნელა კლდის კიდეს მიუახლოვდა.

ქვემოთ, ასზე მეტი ფუტის სიღრმეზე, მდინარე მოთქრიალებდა ღრიალით. მარცხნივ, კლდეებს შორის გადებული უზარმაზარი ხიდი ციხესიმაგრის კარიბჭისკენ მიემართებოდა, ოღონდ მისგან ორმოცდაათამდე ფუტის დაშორებით მთავრდებოდა. მდინარის ნაპირებში ჩამჯდარ მის ერთ-ერთ უშველებელ სვეტთან შუაზე გადამსკდარი ნაძვი ეგდო ნაწამები პატარა კაცივით. ეტყობა ნიაღვარმა შეახეთქაო ზედ, დაასკვნა გრიმმა და ტანში გააჟრჟოლა, როცა გააცნობიერა თუ ვის მოკვლას აპირებდა.

მაწანწალა შეშლილ გრიმს იმ ოჯახის შვილი უნდა მოეკლა, რომელმაც თავის დროზე ასეთი დიადი ციხესიმაგრე ააგო და ასეთი დიდებული ხიდი გადო ორ არც ისე ახლოს მყოფ კლდეს შორის ? ეს ხომ სასაცილო იყო ?

არ უნდოდა ციხესიმაგრის დიდხანს ყურება, ბოლომდე რომ არ დათრგუნულიყო, მაგრამ თვალი მაინც საგულდაგულოდ გამოთლილი გრანიტის ლოდებით ნაგები მისი გამაოგნებლად ვრცელი კედლებისკენ გაურბოდა.

„არლინგტონისხელა იქნება, აი... მეუფეო დიდებულო, მართლაც ქალაქივითაა.“

ადრეც ჰქონდა ნანახი ეს ციხესიმაგრე, მაგრამ ასე ახლოდან არასდროს. მისი კოშკების სიმაღლე თითქოს თავში უკაკუნებდა გრიმს, მისი ბასტიონების სისქე ფეხებში ძალას აცლიდა, ხოლო მისი შავ-თეთრი რომბებით გაწყობილი ალმები, თვალებს უჭრელებდა.

„თვითონ ადამიანი არაა განა ? ქვისგან კი არაა ნათალი“, – ლორდი ალგორის ჩასუქებული სახე გაიხსენა გრიმმა და ნაძვების კორომებისკენ წავიდა. გადაწყვიტა ხეებს ამოჰფარებოდა და ისე მიახლოებოდა ხიდს, რადგან შიშობდა ვაითუ გუშაგებმა შემამჩნიონ, რომ მათ სამყოფელს ვზვერავ და ჩემს დასაჭერად ხალხი გამოგზავნონო.

– ჩემი კამელია და ბრიმი მაგ უნამუსოს გამო წვანან მიწაში, მაშ, – შეუძახა საკუთარ თავს, – ეს კედლები ვეღარ დაიცავენ, როცა გარეთ გამოეთრევა. გარეთ, გამწარებული და შეშლილი გრიმი დაგხვდებათ, მილორდ !

დამთრგუნველი შეგრძნებები, რაც ციხესიმაგრის ახლოდან ნახვამ აღუძრა, სადღაც გაიპარა და გული სასტიკი გაგულისებით წამოენთო. ეგ დამპალი საკუთარი ციხესიმაგრით ვერ შეაშინებდა. ერქონელებმა ვერ მოახერხეს ეს და გაზულუქებულ კემბრიელ ლორდს რა გამოუვიდოდა ?

„ჩემს ხმალს ვერსად დაემალები, შე დამპალო, – დაბურულ ნაძვს ამოეფარა გრიმი და ფრთხილად წავიდა შემდეგი ხისკენ, – იქამდე ვერ მოვისვენებ, სანამ სისხლისგან დაცლილს არ გნახავ, მაშ.“

პატარა დაღმართზე დაეშვა და შემდეგ ისევ ზემოთ აბობღდა. არცერთ ნაძვს არ ჰქონდა წიწვები გაცვენილი. ეს დიდად ეხმარებოდა. წესით გალავნიდან ვერავინ დაინახავდა, რომ ვიღაც გადაადგილდებოდა მათი ციხესიმაგრის წინ.

ნელ-ნელა მიუახლოვდა ხიდს. არც ისე დიდი მანძილი აშორებდა მისგან. ქერქაქერცლილ, ფისჩამოდენილ ჩასუქებულ ნაძვს ამოეფარა და მსხვერპლს ჩასაფრებული მხეცივით, ფრთხილად მოავლო თვალი არემარეს.

ხიდზე შესადგომთან ალგორების ალმები იყო ჭოკებზე დამაგრებული, მაგრამ გუშაგები არ იდგნენ იქ. არც იყო ამის საჭიროება, – ხიდის გამოყენებით რომც შეეტია ვინმეს ციხესიმაგრისთვის, ვერაფერს გახდებოდა თუ ფრენა არ იცოდა ან თუ რკინის კარიბჭიდან ვინმე არ გადმოუშვებდა ასაწევ ხიდს, რომ კარიბჭემდე მისულიყო.

„ყველაფერი კარგად გაქვთ გათვლილი თქვე გახრწნილებო, არა ? – შემთხვევით ფისში ჩაყო მარჯვენა ხელი გრიმმა და უსიამოვნოდ გაუწებოვნდა, – არ უნდათ ვაჟბატონებს ვინმემ დაურღვიოთ ბილწი მყუდროება“.

გალავანზე გუშაგები იდგნენ. შავ-თეთრი ლივრეები ეცვათ მათ.

„ის უეჭველი სხვა ლორდის ხალხი იყო“, – ურმებისა და მხედრების ის კოლონა გაახსენდა, დედოფლის ხიდის გადმოვლის შემდეგ რომ შემოხვდა.

რა უნდა ექნა ? უნდა დალოდებოდა სანამ ვინმე არ გამოვიდოდა ციხესიმაგრიდან. იქნებ გამიმართლოს და მალევე გამობრძანდეს ის დამპალიო, გაიფიქრა გრიმმა და ნაძვის ძირში ჩამოჯდა. ფისიანი ხელისგული ხის ქერქს გაუხახუნა რამდენჯერმე, თუმცა დიდად ვერაფერი უშველა, – ისევ გაწებილი დარჩა კანი. ტუნიკა და შარვალი კვლავ სველი ჰქონდა და ამცივნებდა.

– არა უჭირს. განა რამე გააჩერებს შეშლილ გრიმს ? ვფიცავ დამბადებელს, თავიდან ფეხებამდე მძღნერში ამოვლებულიც რომ ვიყო, მაინც სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ.

ქარი ამოვარდა და კიდევ უფრო შეამცივნა გრიმს. დროდადრო წიწვები ცვიოდა ზემოდან და თმაში ეყრებოდა. თავდაპირველად რამდენჯერმე ჩამოიფერთხა, მაგრამ მერე თავი ანება ამ საქმეს, – მაინც დაეყრებოდა ისევ და რა აზრი ჰქონდა წვალებას ?

დადგა შუადღე; ღრუბლებს მიღმა დამალული მზე დასავლეთისკენ გადაცურდა; შებინდდა; ჩამობნელდა; დაღამდა, მაგრამ ხიდზე არც არავინ გადმოსულა და არც არავინ გადასულა. იმედგაცრუებული იყო გრიმი, მაგრამ თან ერთგვარ შვებას გრძნობდა გულის სიღრმეში, რაშიც თავის თავს არ უტყდებოდა, – რომ გამოჩენილიყო ლორდი ალგორი, ვაითუ ვერაფერი გაეხერხებინა მის წინააღმდეგ და მერე რა თვალით უნდა შეეხედა ცოლ-შვილისთვის ? ხომ ეტყოდნენ, ვაი რა ტყუილად დაშვერი, შეშლილის გარდა სულელიც ხარო, რანაირად გეგონა, რომ დიდი ლორდის მოკვლას შენნაირი მაწანწალა მოახერხებდაო.

როდესაც შორეულმა ბუებმა ძახილი დაიწყეს, მაშინღა გაახსენდა, რომ ერთი წვეთი წყალი არ ჰქონდა. არადა საკმაოდ სწყუროდა. რა ვქნა, ქვემოთ ხომ არ ჩავბობღდე ხეობაში და იქ დავლიო მდინარის წყალიო, დაიწყო ფიქრი, მაგრამ შეეშინდა, ფეხი რომ დამიცდეს და ჩავვარდე პირდაპირ მდინარის ნაპირზე გავაფრთხობ სულსო.

„აი, მერე კი ბოთეც ვიქნები ნამდვილად, აქამდე მოსული ასე ყეყეჩურად თუ მოვიკლავ თავს“.

ან რომც მოეხერხებინა და ცოცხალს ჩაეღწია მდინარემდე, მერე ზემოთ აძრომა არ გინდოდა ? უვნებელიც რომ ამოსულიყო ზემოთ, ილაჯის ნატამალი აღარ ექნებოდა შერჩენილი, იმსიმაღლე იყო კლდე.

არა. სჯობდა, გათენებამდე მოეცადა და მერე ტყესთან გაშლილ სოფელში მისულიყო წყალზე. ერთი-ორ სასმისს დაალევინებდა რომელიმე ღვთისნიერი, აბა რას იზამდა ?

„დილამდე გაუძელი, შეშლილო გრიმ. სხვა რა გზა გაქვს ?“

იმავე ნაძვის ძირში გაწვა მიწაზე, სადაც ჩამომჯდარი იყო. ჩანთა თავქვეშ ამოიდო, მაგრამ სველი იყო და ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს მარცხენა ყური დალტობილ და გაციებულ ჭილოფზე ედო. რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო მეტი სიგრილე წვებოდა და ნესტიანი სამოსისა და ნამიანი მიწის გამო თანდათან მაგრად ააკანკალა გრიმს. ძილი ისევე შორს გაფრინდა მისგან, როგორ შორსაც მერცხლები, გარეული ბატები და კიდევ სხვა ჩიტები მიფრინავდნენ შემოდგომის მოახლოებისას ახალი იმრონიდან. მთელი ღამე დედის მუცელში გამომწყვდეული ბავშვივით მოკუნტულმა გაატარა. ამის მიუხედავად, დროდადრო, ძილის ბნელი ფარდა მაინც იწყებდა მის გონებაში ჩამოშვებას, მაგრამ თავდავიწყების უფსკრულის კიდესთან მიახლოებული სიცარიელეში ნაბიჯის გადადგმას ვერ ასწრებდა ისე აფხიზლებდა მობერილი გრილი ნიავი ან შფოთი.  

გამთენიისას, მთელი ღამის უძილობისგან მოთენთილს ქუთუთოები დაუმძიმდა, იფიქრა, იქნებ სულ ცოტა ხნით მაინც ჩავიძინოო, მაგრამ კოდალამ აუტეხა იქვე ახლოს ამოწვერილ ერთ-ერთ ნაძვს ნისკარტის კაკუნი და მაშინვე გამოაფხიზლა.

შეშლილი გრიმი წამოენთო, მოუნდა კოდალასთვის ეღრიალა და კარგა გემრიელად მიეწყევლა. ისეთმა განცდამ შეიპყრო თითქოს მთელი ცისქვეშეთი მის წინააღმდეგ იყო აღმდგარი, რომ რაც შეიძლება დასუსტებულიყო ალგორთან შეხვედრის წინ. მაგრამ მოციქული კლიმოსის ქადაგებისას წარმოთქმული სიტყვები ისევე ამოტივტივდნენ მის გონებაში, როგორც მკვდარი თევზები მდორე ტბაში.

„ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდება, სულთა მეუფის განგებულებით ხდება ჩემს სასიკეთოდ.“

– ჰე, მიდი, ურტყი ეგ ნისკარტი მაგ ნაძვს. ურტყი პატარავ, – თავისთვის თქვა გრიმმა და ახლომდებარე ტოტებს მოავლო თვალი, ოღონდ ვერ დაინახა სად იჯდა კოდალა, – შენც გშია განა... შენც ჭამა გინდა, საბრალოვ. არ მიაქციო ყურადღება შეშლილ გრიმს. ჭამე !

ხელახალი კაკუნი გაისმა რამდენჯერმე და ახლა უკვე შეამჩნია ჩიტი. მარჯვნივ, ქალწულივით თხელი ნაძვის ვარჯის დასაწყისთან ახლოს, გახეშეშებულ ტოტზე დასკუპებულიყო ადამიანის მუშტისხელა არსება და ადგილ-ადგილ თეთრად შეღებილი შავი ფრთები და ზურგი ისე მოუჩანდა, გეგონება შავ-თეთრი მოსასხამი აქვს მხრებზე მოგდებულიო.

– ჰაჰ, შენც ალგორების კაცი ხომ არ ხარ, მათ უგვან ფერებში რომ გამოწყობილხარ ? – ჩაეღიმა გრიმს, – თუ ქალი ხარ ? ეჰ, კარგი იქნებოდა, წარამარა კუჭის ამოვსება რომ არ გვჭირდებოდეს, არა ? უფრო ადვილი იქნებოდა ცხოვრება, მაშ. შენც დაისვენებდი ახლა და მეც დამაძინებდი. მაგრამ ასეთებად შეგვქმნა მოწყალე მეუფემ. ალბათ, ასე სჯობდა, თორემ ამას იზამდა განა ?

კოდალამ ერთი-ორჯერ კიდევ ჩასცა ტალახისფერი ნისკარტი ხის ქერქს და მერე სხვა ნაძვზე გადაფრინდა.

ტანისამოსი უკვე გამშრალი ჰქონდა შეშლილ გრიმს. ცოტა ხანს კიდევ აცადა, რომ კარგად გათენებულიყო და მერე წავიდა სოფლისკენ, ფრთხილად, ისე რომ წამდაუწუმ ხეებს ეფარებოდა თავის დაზღვევის მიზნით, შემთხვევით გალავანზე მდგომმა გუშაგებმა არ შემამჩნიონო.

ნაძვების კორომებიდან გამოსულს გახარებულს ჩაეცინა. გზის გადაღმა, ასიოდე ფუტში, ბინული მორაკრაკებდა. სოფლამდე მისვლა არც დასჭირდებოდა. გუშინ როგორ ვერ შევამჩნიეო, გაუკვირდა და თვალი მიადევნა წყლის ნაკადს, – დასავლეთით გადაშლილი ტყიდან გამოდიოდა და სოფლის წინ ამოსული ეკალბარდების გავლით ჩრდილოეთისკენ მიჩუხჩუხებდა.

„უეჭველი იმ მთებიდან მოედინება, – ტყის უკან, ძალიან შორს, უშველებელი მუშტებივით ამოზრდილ მოლურჯო მთებს მიაჩერდა გრიმი, – ჰაჰ, საერთოდ აღარ მახსოვდა წყალი თუ იყო აქ.“

ნელი ნაბიჯით გადაკვეთა გზა და მცირე დაღმართზე დაეშვა, ბინულისკენ, რომლის ნაპირებიც სამყურებით იყო გადავსებული. გამოფიტული კუჭის გრილი წყლით ამოვსების შემდეგ გაიფიქრა, კარგი იქნებოდა მათარა ან ტიკი რომ მქონოდა, წყალს ავავსებდი და აქეთ-იქით სიარული აღარ დამჭირდებოდაო. მაგრამ ალბათ არაფერი უჭირდა, როცა მოსწყურდებოდა ნაძვების კორომებიდან აქ თუ გამოვიდოდა ხოლმე. იქნებ პირიქით, კარგიც ყოფილიყო, ფეხებს თუ გაამოძრავებდა ხანდახან.

„ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდება სულთა მეუფის განგებულებით ხდება ჩემს სასიკეთოდ“.

ისევ იმ ნაძვთან დაბრუნდა გრიმი, რომლის ძირშიც ღამე გაათია. ყურადღებით მოავლო თვალი ხიდს, ციხესიმაგრის კარიბჭეს, გალავანს, მაგრამ იმის მცირე ნიშანსაც ვერ ხედავდა, რომ გარეთ გამოსვლას აპირებდა ვინმე.

კვლავ ხის ძირში ჩამოჯდა. იქნებ აქედან საერთოდ არ გამოდიოდა ხოლმე ალგორი სანადიროდ ? ვინ იცის, ციხესიმაგრის აღმოსავლეთითაც იყო ტყე და ძირითადად სულ იქ ნადირობდა ხოლმე.

„მეუფეო, რა ჯანდაბა ვქნა ?“ – აღელდა გრიმი და ჩანთიდან აპოხტის ნაჭერი ამოიღო. მის ჯიჯგნას შეუდგა კბილებით.

იმ კლდის მხარეს, რომელზეც ციხესიმაგრე იდგა, აქედან ვერ გადავიდოდა გრიმი. აბა რა უნდა ექნა ? ჩრდილოეთისკენ რომ წასულიყო ხეობის ბოლოს საძებნელად, ვინ იცის საერთოდ ერდალების ან გერჰარდტების მიწებამდე ჩასულიყო, სამხრეთით კი ვაითუ ელდონების მიწებამდე ყოფილიყო ხეობა გადაჭიმული და ამდენი სიარულის შემდეგ ისევ უკან ხომ არ დაბრუნდებოდა ?

„ამდენი ფაფხურის თავი აღარ მაქვს. ალბათ არც ღირს მეორე მხრიდან მოვუარო ამ წყეულ ციხესიმაგრეს“.

სჯობდა ისევ აქ დალოდებოდა და რაც იქნებოდა, იქნებოდა. ბოლო-ბოლო სოფელში ვიყიდი აპოხტს ან რამე სხვა საკვებს, როცა საკბილო გამითავდებაო, გაიფიქრა. მაგრამ კარგად ხვდებოდა, რომ მუდმივად ასე ჩასაფრებული ვერ იქნებოდა. ვაითუ თვეზე მეტი არ გამობრძანებულიყო დასავლეთის მხარეს ალგორი და რა უნდა ექნა ?

„ან იქნებ ერთი წელი არ გამოვიდეს. რა ჯანდაბა ვქნა მერე ? იმდენი ფული სად მაქვს, ერთი წელი რომ მეყოს ჭამაზე ? ან ნიადაგ ასე კრუხივით როგორ უნდა ვიჯდე ამდენი ხანი ?“

– ოო, მეუფეო დიდებულო, შემეწიე, გევედრები ! – წიწვების მიღმა გამოჩენილი ლილაქვისფერი ცის ნაგლეჯებს მიაჩერდა, – დროზე გამოიყვანე ის უნამუსო გარეთ, რაღა !... ოღონდ, აქეთ, მეუფეო ! ჰო, აქეთ ! გევედრება საბრალო შეშლილი გრიმი ! შემეწიე მე უღირსს, რაღა !

შებინდებამდე კიდევ დალია ბინულიდან ბლომად წყალი და მერე ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა ნაძვების კორომში.

ისე დაღამდა, რომ ჩამიჩუმი არ გაუგონია ხიდის მხრიდან. ერთი ის ახარებდა ოდნავ, რომ აღარ გაწვიმებულა და მშრალს, წესით, უნდა მოეხერხებინა ჩაძინება. ასეც მოხდა, – მოწყინებისგან და ლოდინისგან დაქანცულს მოწყვეტით ჩაეძინა, როგორც კი ჩანთა ამოიდო თავქვეშ.

ამჯერად მამლის ყივილმა გამოაფხიზლა დილით. მხნედ და დასვენებულად გრძნობდა თავს. ისევ წაიხემსა ცოტა და წყლისკენ გაეშურა.

სოფელში, სადაც ერთგვაროვანი, ჩალით გადახურული სახლები იდგა, მოსაწყენი სიწყნარე ჩამოწოლილიყო. შორს, ყანაში მომუშავე რამდენიმე ქალსა და მამაკაცს მოჰკრა თვალი გრიმმა. აშკარად ნამგლები ეკავათ ხელში და მკიდნენ. ჩრდილო-დასავლეთისკენ, ტყესთან ახლოს, ვრცელ საძოვარზე, საქონელი ბალახობდა, – ექვსი ხარ-ძროხა და ცამეტი თხა.

თავისი „ცალრქა“ და „შავა“ მოაგონდა გრიმს. გაახსენდა, როგორ გაეკიდებოდა ხოლმე პატარა ბრიმი მათ წკეპლით, როდესაც ტბის მიმდებარე საძოვრებზე უშვებდნენ მათი სოფლის მწყემსის, – რწყილიანი ბენის მეთვალყურეობის ქვეშ.

რას ვიფიქრებდი იმ მშვიდი დღეების შემდეგ ასეთ დღეში თუ ჩავვარდებოდიო, გაიფიქრა და ისევ ნაძვების კორომს დაუბრუნდა დაღვრემილი.

მომდევნო რამდენიმე დღე პაპანაქება დაიჭირა. ის მიწაც კი, სადაც ნაძვები ამოზრდილიყო, ისე გამაგრდა და გამოშრა, გრიმს ეგონა აგურებზე ვდგავარდ, ვზივარ და ვწევარო. ხორშაკისგან შეწუხებული დღეში ოთხჯერ მაინც მიდიოდა ბინულთან და ყოველ ჯერზე იმდენს წყალს სვამდა, რამდენიც კუჭში ჩასდიოდა.

ციხესიმაგრის დასავლეთის კარიბჭე არა და არ იხსნებოდა. არც არავინ შედიოდა შიგნით და არც არავინ გამოდიოდა გარეთ. გაკვირვებული იყო გრიმი, ნუთუ რომელიმე გლეხს მაინც არ მიაქვს რაიმე მოსავალი ან საქონელი თავისი ლორდისთვისო. გადაწყვიტა, სოფელში მივალ და მოსახლეებს შევეკითხები ხანდახან მაინც თუ გამოდის ალგორი ამ მხარესო, მაგრამ აღარ დასჭირდა, როდესაც წყლის დასალევად იყო გასული, სოფლისგან მოშორებით, მინდორში, ტყესთან ახლოს, კაცი დაინახა. გრძელ, სამუშაო სკამზე გადაფენილ ტყავს უხახუნებდა იგი ორტარიან დანას. ეტყობა, ადგილობრივი მთრიმლავიაო, დაასკვნა გრიმმა. მასთან მივიდა და ლორდი ალგორის შესახებ შეეკითხა. საძაგელი სუნი იდგა ირგვლივ.

– ღმერთმანი, წმინდა აპიოსის დღის მერე აღარ დამინახავს, – თქვა კაცმა. ოდნავ მორკალულ ხისტარებიან დანას დაუღალავად უხახუნებდა ტყავს, რომელსაც აქა-იქღა შერჩენოდა მოყავისფრო კანი, – ამ ტყეში ნადირობს ხოლმე.

– მაშ, წმინდა აპიოსის ? – სიმყრალის მიუხედავად გული სიხარულით აუძგერდა გრიმს, – ეგ როდის იყო, შემახსენე, მეუფისეულო ძმაო.

– ცხრა თუ ათი დღის წინ.

ესე იგი, ადრე თუ გვიან გამოვიდოდა უნამუსო ალგორი აქეთ, ასე არაა ?

„ნადირობის გარეშე დიდხანს ვერ ძლებენ უსაქმური ლორდები. ათ დღეზე მეტხანს მოითმენს ვითომ ეგ ? ვინ იცის, დღესვე გამოეთრეს გარეთ.“

წასვლა დააპირა გრიმმა, მაგრამ შეშინდა ვაითუ ჩემი შეკითხვის შემდეგ რამე იეჭვოს მთრიმლავმაო და ცოტა ხანს შეყოვნდა. იქნებ კარგად იყო ალგორისადმი იგი განწყობილი ? რომ გაქცეულიყო ციხესიმაგრეში და მისთის ეთქვა, ვიღაც უცნობი მაწანწალა კითხულობს როდის გამოხვალ გარეთო, ვაითუ მაშინვე თავისი ხალხი გამოეგზავნა ალგორს გრიმის შესაპყრობად.

– ცაცხვში ალბობ ხოლმე ტყავს, არა ?

– ჰუჰ, მარტო ცაცხვი რას უშველის, – გაჩერდა და წელში გაიმართა მთრიმლავი. გრიმის ასაკის იქნებოდა, ოღონდ მასზე უფრო მაღალი იყო. მარცხენა ყბა უცნაურად ჰქონდა გამობურცული, გეგონება, ძვლის ნაცვლად კუთხოვანი მოზრდილი ქვა უდევს კანქვეშო, – ქათმის ნაკელით ვრეცხავ ხოლმე მერე... ცაცხვის მერე. წყალში ვაზავებ ნაკელს და ისე... მაგის მერე უკვე ტანინში ვალბობ.

– ტანინს რითღა აყენებ ? 

– იჰ, ნაძვით... ნაძვის ქერქს ვიყენებ მე. მამაჩემიც ასე შვრებოდა თავის დროზე... ბაბუაჩემიც. ზოგი მუხის ქერქით აყენებს. აი, სუნი მერე უნდა ნახო.

ეტყობა, სახეზე ძალიან მემჩნევა ზიზღიო, დაასკვნა გრიმმა.  

– გამძლეობა მოგცეს მეუფემ. უჰ, ასეთ სუნში მუშაობა იოლი არაა.

– ბავშვობიდან ამ საქმეს ვაკეთებ, – ჩაეცინა მთრიმლავს, – კაი ხანია, ცხვირი შევაჩვიე ამ სუნს.

– მოსავალი კარგი უნდა გქონდეთ, ჰა ? – ყანისკენ გაიხედა გრიმმა, – თქვენც გეყოფათ და ლორდსაც, უეჭველი.

– იჰ, ჩვენზე რა გითხრა, მაგრამ ლორდს იცოცხლე ჰყოფნის, – მუშაობა გააგრძელა კაცმა.

– ბლომად მიაქვს ?... მოსავალი.  

მთრიმლავმა თავი დააქნია.

– მიაქვს, აბაა. ძროხა, ცხვარი, თხა, რასაც მოიგებს, მიჰყავს. ოღონდ, ცოტა რომ წამოიზრდებიან მერე, – ხელი ყანისკენ გაიშვირა, –  ახლა ხორბალს ნახევარზე მეტსაც წაიღებს. ვენახებიც გვაქვს იქით. ყურძენსაც ეგრე წაიღებს. ვინაა გამკითხავი ?

ეტყობა, დიდად არ მოსწონს თავისი ლორდიო, დაასკვნა გრიმმა. მაშ, სიმართლეც რომ ეთქვა თავისი აქ ჩამოსვლის მიზეზზე, წესით სახიფათო არაფერი იქნებოდა.

– ჰაჰ, ყველა ლორდი ეგრეა, – მოიფხანა თავი, – ჩვენთანაც ყველაფრის ნახევარი ციხესიმაგრეში მიდიოდა... ხანდახან კიდევ უფრო მეტიც. კი, დიდი ცოდვაა, მაგრამ ზოგიერთი ლოცულობდა მალე მომკვდარიყო ლორდი ელდონი, მაშ.

– იჰ, მასე ადვილი რომ იყოს ამათი მოკვლა, – ჩაიცინა მთრიმლავმა.

– ჰოდა, ილოცე ჩემთვის, ძმაო... ილოცე, ეს რომ გავახერხო.

– ჰა ?  

– თქვენი ლორდის მოკვლა, – გამომცდელად მიაჩერდა გრიმი, – ილოცე, რომ გავახერხო ეს.

მთრიმლავი გაჩერდა, სახეზე ღიმილი შეეყინა და მერე ანაზდად სიცილი აუტყდა.

– რა გქვია ? საიდან ჩამოხვედი ? 

სველი ბორცვის მიწებიდან. შეშლილ გრიმს მეძახიან. ჰოდა, იცოდე მერე მოციქულს შენ უნდა სთხოვო, მიცვალებულის მსახურება რომ ჩაატაროს ჩემს სახელზე.

– მიცვალებულის მსახურება ?

– ჰო, მაშ, – წელზე შებმული ბაწარი შეისწორა გრიმმა, – არამგონია ცოცხალი გადავრჩე. ვინ შემარჩენს ლორდზე თავდასხმას ?... მის მოკვლას მითუმეტეს. აქვე ახლოს არ გაქვთ სადმე ტაძარი ?

– ტაძარი ? იქითაა, – მთრიმლავმა დაბნეულმა გაიშვირა ხელი საძოვრებისკენ, – გორას გადაივლი, ღელეს გასცდები, თხილნარსაც და იქითაა, სოფელში... „გორის იქითას“ ვეძახით ჩვენ.

– „გორის იქითა“ ჰქვია სოფელს ? – ჩაეღიმა გრიმს.

– ჰუჰ, არაფერიც არ ჰქვია. ჩვენ ვეძახით ეგრე, ჩვენ. ჩემს დედაკაცს ვეუბნები ხოლმე, „გორის იქითასაც“ კი არ აქვს სახელი და ჩვენთვის სახელის დარქმევაზე ვინ შეიწუხებდა თავს-მეთქი... ღმერთმანი, ჩვენს სოფელზე ორჯერ დიდი მაინცაა „გორის იქითა“.

სამხრეთიდან მონაბერი ქარი გამორღვეულ შარვალში შეუძვრა გრიმს და სასიამოვნოდ გაუგრილა ჩახურებული უბე.

– აბა, შენი იმედი მაქვს, მეუფისეულო ძმაო...

– ბრენტი ! ბრენტი მქვია.

– შენი იმედი მაქვს, ბრენტ.

თავი დაუკრა გრიმმა და ბინულისკენ დაიძრა, მაგრამ მალევე შედგა და უკან დაბრუნდა. მთრიმლავი კვლავ მას მისჩერებოდა გაშტერებული. ჩანთიდან ოთხი ცალი თითბრის მონეტა ამოიღო შეშლილმა გრიმმა.

– ფულის მოცემა დამავიწყდა !

– ჰა ?  

– ხელი მომეცი !

და ხელისგულში მონეტები ჩაუწყო.

– უეჭველი ფულს მოგთხოვს მოციქული. ისე არ ჩაატარებს მსახურებას. ეჰ, ყველას ეს წყეული ფული სჭირდება ამ ცისქვეშეთში. იმედია იმყოფინებს ოთხ ბროილს.

მთრიმლავი კიდევ უფრო დაბნეული მიაჩერდა. ალბათ, ფიქრობდა ტყუილად არ ეძახიან, რასაც ეძახიანო.

– გრიმი მქვია, არ დაგავიწყდეს ! შეშლილი გრიმი ! იცოდე, ჩემი სახელი უთხარი მოციქულს, სანამ მსახურებას ჩაატარებს !

ნაძვების კორომში დაბრუნების შემდეგ მიწაზე ჩამოჯდა გრიმი. ხიდსა და კარიბჭესთან ისევ სიმშვიდე იყო, თუმცა ნაშუადღევს ხმამაღალი ჭრიალის ხმა გაისმა და მაშინვე ფეხზე წამოვარდა დაფეთებულივით.

– როგორც იქნა, – ჩუმად მიეკრო ნაძვს და ციხესიმაგრეს მიაჩერდა. ყურები გულთან ერთად უგუგუნებდა.

ხის ასაწევი ხიდი ნელ-ნელა ეშვებოდა ქვემოთ. კარიბჭე უკვე ღია იყო და მხედრების თავებს ხედავდა გრიმი. როდესაც ქვის მთავარ ხიდს დაუკავშირდა კარიბჭე, ჯერ ხეზე და შემდეგ ქვებზე აკაკუნდა ცხენების ფლოქვები. ექვსი მხედარი გამოვიდა გარეთ. გაფაციცებული აკვირდებოდა გრიმი ყოველ მათგანს, მაგრამ ზედმეტად კმაყოფილი, ლოყებდაბერილი, ღაჟღაჟა სახე არცერთს არ ჰქონია.

 „ჯარისკაცები იქნებიან. ეტყობა რამე საქმეზე მიდიან.“

მხედრებს შავ-თეთრი რომბებით გაწყობილი გარსაცმელები ემოსათ. ექვსივე ხმლით იყო შეიარაღებული. ჩორთით წაიყვანეს ცხენები გზისკენ და შემდეგ მარჯვნივ წავიდნენ, ჩრდილოეთისკენ.

მართალია, ალგორი არ გამოჩენილა, მაგრამ ერთგვარ კმაყოფილებას გრძნობდა გრიმი, რომ ბოლო-ბოლო ვიღაცები მაინც გამოვიდნენ ციხესიმაგრიდან.

„აბა, ახლა უკვე თქვენი ჯერია, მილორდ“, – ყურადღებით აკვირდებოდა როგორ იკეტებოდა კარიბჭე და ისევ ზემოთ ადიოდე ასაწევი ხიდი სქელი, ადგილ-ადგილ ჟანგმოდებული ჯაჭვების მეშვეობით.

ნაძვის ძირში ჩამოჯდა გრიმი. ხმალი მოსინჯა, ხომ ისევ ადვილად ამოდის ქარქაშიდანო: არ გასჭირვებია მისი გაშიშვლება.

„სწრაფად უნდა ვქნა ყველაფერი. უნდა მოვასწრო იმ უნამუსოსთვის მახვილის ჩაცემა და მერე თუნდაც მომკლან. მთავარია, საქმე გაკეთებული იქნება... მამა მალე მოვა, ბრიმ... ცოტაც მოიცადე. შენთან და დედასთან ვიქნები მალე, მაშ.“

კვლავ ქარქაშში ჩააგო ხმალი. ცრემლები მოადგა, ოღონდ მაშინვე ამოიმშრალა თვალები. ახლა არ იყო გულჩვილობის დრო. ახლა სიმხეცისა და სისასტიკის დრო იყო. მხოლოდ ამგვარად თუ შევძლებ შურისძიებასო, ფიქრობდა.

დაღამდა, თუმცა ვეღარ დაიძინა მღელვარებისგან. ათასგვარი ლანდი იხატებოდა მისი თვალების უკან, უთვალავი ფიქრი მიდი-მოდიოდა მის გონებაში საზიდრების დაუსრულებელი კოლონასავით და თითქმის ყველა მათგანი წარუმატებლად მთავრდებოდა მისთვის, – ლორდი ალგორი რჩებოდა გამარჯვებული და მომაკვდავ გრიმს სიცილს აყრიდა. თვითონ მხოლოდ ერთ-ორ ფიქრში მიაღწია წარმატებას: ერთში, – ალგორის მოკვლა მოახერხა, თუმცა შემდეგ, ცოტა ხანში, მტკივნეულად დაჩეხეს ხმლებით მისმა მხლებლებმა, მეორეში, – ყელი გამოსჭრა თუ არა ალგორს, მაშინვე წააცალა თავი მისმა ერთ-ერთმა კაცმა და გახარებაც კი ვერ მოასწრო, ბოლო-ბოლო შური რომ იძია ცოლ-შვილის გამო.

„ნეტარების სავანეებში გავიხარებ მერე, არა ? კი, უეჭველი ეგრე იქნება. მხოლოდ მეყსეულად დამებინდება გონება და მერე... ოო, თვალებს მეუფის საუფლოში ავახელ, მაშ. უეჭველი ასე ხდება ხოლმე, აბა, სხვა რანაირად ?“ – თავის დამშვიდებას ცდილობდა გრიმი, მაგრამ მონადირე კოულისთვის ბიძამისის მიერ ძალიან დიდი ხნის წინ სიკვდილის შესახებ ნათქვამი სიტყვები ახსენდებოდა და უმალ სული ეხუთებოდა ეჭვით: „ეჰ, არაფერი აღარ მემახსოვრება, ასე მგონია, ჩემო კოულ. აი, როგორც ღამით რომ დაიძინებ და ვერაფერს იგებ, ეგრე ვიქნები როცა მოვკვდები, ასე მგონია. ერიჰა, იმასაც ვერ მივხვდები, მკვდარი რომ ვიქნები, არა ?“

დილით, ისეთი დაღლილი წამოჯდა გრიმი, ასე ეგონა მთელი ღამე გაუჩერებლად ირბინა. ძვლები სტკიოდა, ყელი ეწვოდა, გულ-მუცელი მშვილდის ლარივით ჰქონდა დაჭიმული, თავის მარცხენა ნაწილი კი მტკივნეულად უფეთქავდა. იმედია, მაინცდამაინც დღეს არ გამობრძანდება ის უნამუსოო, გაიფიქრა შიშნეულად. ასეთი დაღლილ-დაქანცული რას უნდა გამხდარიყო დიდ ლორდთან და მის მხლებლებთან ? არადა, თან მოთმენა აღარ შეეძლო, ისე უნდოდა დროულად მოეშორებინა თავიდან მთელი ეს დავიდარაბა.

ციხესიმაგრიდან მთელი დღე არავინ გამოსულა, მაგრამ შებინდებისას ობობას ქსელისფერი ღრუბლები მორეკა ჩრდილოეთიდან მოვარდნილმა ქარმა და ღამით ისე მაგრად გაწვიმდა, რომ წიწვების საფარველის ქვეშ წოლის მიუხედავად, ნელ-ნელა მაინც მთლიანად გაილუმპა საბრალო შეშლილი გრიმი და ჩაძინება კვლავ ვერ მოახერხა. 

„ყველაფერი რაც ჩემს თავს ხდება, სულთა მეუფის განგებულებით ხდება ჩემს სასიკეთოდ“, – იმეორებდა და იმეორებდა ამ სიტყვებს დილით ბინულისკენ ბორძიკით მიმავალი და უკვე ორი ღამის უძილო, მაგრამ მის გაშეშებულ კისერს, გაბრუებულ თავს, დალტობილ ჩექმებში ჩაწყობილ ატკიებულ ფეხებს, დაღლილ გულს და ჟღვინტიან ცხვირს არ სჯეროდა მათი.

ცა ისევ ღრუბლებს ჰქონდა დაფარული. წყლის ნაკადთან მიახლოებისთანავე მუხლებზე დაეცა და ძალუმად მოიხოცა ცხვირი. შემდეგ ხელები ჩაყო შიგნით და ჩრდილოეთისკენ მიბუყბუყე წყალს გაატანა მათზე დაგროვებული ჭუჭყი. წყალი იმდენი სვა, სანამ კუჭი არ ასტკივდა.

როდესაც კარგად დარწყულდა, იმ ადგილისკენ გაიხედა ნესტიან ბალახზე დამჯდარმა, სადაც იმ დღეს მთრიმლავ ბრენტს ესაუბრებოდა: სულიერის ჭაჭანება არ იყო იქ. ეტყობა, მორჩა ტყავის გასუფთავებასო, გაიფიქრა გრიმმა და ისევ ნაძვების კორომისკენ წაბარბაცდა. ორი-სამი ნაბიჯი რომ აშორებდა იმ ნაძვისგან, რომელსაც აბლაბუდებით ჰქონდა არც ისე პატარა ნახეთქი ამოვსებული, ბაკუნის ხმა ჩაესმა მარცხნიდან.

„მხედრები ?“ – სასწრაფოდ ამოეფარა ხეს და შეფარულად გაიხედა ხმაურის მიმართულებით.

უმალ იცნო პირველი მხედარი.  

– ოჰ, რა თქმა უნდა. აბა, მაშინ ხომ არ გამობრძანდებოდა, როცა გამოძინებული ვიყავი ?

ლორდი ალგორი ღიპის თახთახით მობრძანდებოდა ლამაზ და საგულდაგულოდ დავარცხნილ თეთრ ულაყზე ამხედრებული. შავ-თეთრ ატლასის კამზოლში გამოწყობილს, აბრეშუმის თეთრი მოსასხამი მოეგდო მხრებზე და ამაყად მიუძღოდა თავის კაცებს. რვა მხედარი მიჰყვებოდა უკან და კიდევ ტყავის ყელსაბამიანი ათი ქოფაკი. ძაღლები, ქვეითად მყოფ ხუთ მამაკაცს მოჰყავდა თოკებით. ოთხი მათგანი იმხელა იყო და ისეთი ღონიერი, ძლივს აკავებდნენ მეძაღლეები. ჯვალოს ტუნიკები და უბრალო შარვლები ემოსათ მეძაღლეებს, ხელებზე ტყავის ხელთათმანები ეცვათ, ხოლო წელზე გაჭერილ ტყავის ქამრებზე ხანჯლები ჰქონდათ შებმული. ერთ-ერთი მეძაღლე, ნამდვილი ბუმბერაზი იყო. როდესაც ერთ ლამაზსახიან ახალგაზრდა მხედარს გაუსწორდა, ლამის მისი თავის გასწვრივ ჰქონდა თავისი მელოტი, ტყირპიანი თხემი.

როგორც ლორდს, ისე მის თანხმლებ მხედრებს, მშვილდები და ისრებით სავსე კაპარჭები თავ-თავიანთ უნაგირებზე ჰქონდათ ტყავის თასმებით დამაგრებული. ხმლები ყველას ჰქონდა. ლორდი ალგორის მოოქრულტარიანი მახვილი ვერცხლის მოსევადებულ ქარქაშში იყო ჩასვენებული. რამდენიმე მხედარს ჯორები და სასაპალნე ცხენებიც მოჰყავდა ბაწრებით.

ჩუმად ჩაეცინა გრიმს და თავი უკმაყოფილოდ გააქნია.

„რა ჯანდაბა ვქნა ახლა ? მეუფეო, შეეწიე ცოდვილ და უძლურ შეშლილ გრიმს, რაღა“.

ლორდის ამალის ვერცერთმა წევრმა ვერ შეამჩნია, ვინმე თუ უთვალთავლებდა მათ ნაძვების კორომიდან. არც ძაღლებს აუტეხავთ ყეფა. გარეულ ცხოველებზე იქნებიან დაგეშილები და თუ ამათ ავედევნები წესით არც ტყეში მომაქცევენ ყურადღებასო, გაიფიქრა გრიმმა. ნელი სვლით მიმავალი ლორდი ალგორი და მისი ამალა თანდათან გზას მიუახლოვდნენ.

აჰა, ესეც შენი შანსი. რა სჯობდა, მათ კვალდაკვალ წასულიყო გრიმი თუ ლორდის შემდგომ გამობრძანებას დალოდებოდა ? იქნებ უფრო ჯანზე ვიყო, შემდეგზე როცა გამოვაო, გაივლო გულში, მაგრამ რა გარანტია ჰქონდა, კვლავ ზუსტად წინა ღამეს რომ არ გაწვიმდებოდა და ისევ უძილო და დაქანცული არ იქნებოდა დილით ?

„ყველაფერი რაც შენს თავს ხდება სულთა მეუფის განგებულებით ხდება შენს სასიკეთოდ, შეშლილო გრიმ, – ხმლის ტარს მოუსვა ხელი გრიმმა, – მიდი, შეგიძლია ამის გაკეთება. ნუღარ გადადებ, იცოდე. ბოლოს და ბოლოს, ერქონელ ლეგიონერებს ებრძოდი თავის დროზე. მათთან შედარებით ღიპიანი ალგორი ვინ ჩემი ფეხებია ?.. ჰო და არც მაშინ გძინებია დიდად.“

გზა გადაიარეს მხედრებმა და ბინულისკენ გაემართნენ. ლორდ ალგორს ისეთი ღაჟღაჟა ლოყები და ხალისიანი სახე ჰქონდა, მისი შემხედვარე ნებისმიერი იფიქრებდა, ამ კაცში ჭარბად სიცოცხლეა დაგროვებულიო.

„სიცოცხლით ხარობ ხომ, შე უნამუსო ?.. სანამ ჩემი ამალია და ბრიმი მიწაში ლპებიან ? ჰა ?“

ბინულის გადავლის შემდეგ გრიმმა დააცადა, სანამ ტყეში შევიდოდნენ და მერე თვითონაც იმავე მიმართულებით გაემართა. რაც უფრო მეტ ნაბიჯს ადგამდა, თითქოს უფრო და უფრო ნაკლებ სტკიოდა სხეული და ძალაც თანდათან ემატებოდა.

– აბა, მოემზადეთ, მილორდ ! შეშლილი გრიმი მოდის ! თავისი ჟანგიანი ხმალი მოაქვს ! კარგა გემრიელად უნდა გამოგფატროთ ! – ძუნძულზე გადავიდა გრიმი და ბინულში გააჭყაპუნა ჩექმები.

შემდეგ გვირილებითა და სარეველებით გადავსებული მინდორი გადაირბინა, ნარშავებიან პატარა გორაკზე აიჭრა და ტყეში შეაბიჯა. უმალ გაინაბა მონადირესავით. ცოტა ხანს შეიცადა და მერე ზედმეტი სიფრთხილით დაიწყო ნაბიჯების გადადგმა. არ უნდოდა ძირს ჩამოვარდნილ ტოტზე შემთხვევით დაედგა ფეხი და მხედრების ყურადღება მიექცია. გამხმარი ფიჭვების მიღმა ცხენებს მოჰკრა თვალი და ისეთი მიმართულებით აიღო გეზი, მონადირეთა გასწვრივ რომ აღმოჩენილიყო თანდათან.

„მე შენ გაჩვენებ სეირს, შე უნამუსო“, – კატასავით ფრთხილად მიდიოდა ხეებს შორის.

მხედრებმა თანდათან მარცხნივ გაუხვიეს და გრიმმაც მაშინვე იცვალა მიმართულება, ისევ მათ გასწვრივ რომ ევლო. იმ მომენტის დაჭერა უნდოდა, როცა ალგორი შედარებით მოსცილდებოდა თავის ხალხს და მაშინ... ოო, მაშინ უმალ დაგეშილი მგელივით გაქანდებოდა მისი ჩასუქებული ღიპის გამოსაფატრად.

– შეშლილი გრიმი მშიერია, მილორდ. თქვენი თიმთიმა ხორცის ჭამა უნდა, მაშ, – ისეთი გაფაციცებული უმზერდა ალგორს, რომ თვალებთან მოფარფატე ქინქლებს არც კი იგერიებდა.

მონადირეებმა ცხენები ააჩქარეს და გრიმმაც ანაზდად უმატა ტემპს. ფლოქვების თქარათქურში ჩემი ნაბიჯების ხმას მაინც ვერ გაიგებენო, ფიქრობდა. ასკილის ბუჩქებს როცა მიუახლოვდნენ, ალგორი დაწინაურდა და მშვილდი მოჭიმა. ალბათ სამოცდაათზე მეტი ფუტი მაინც აშორებდა თავისი ხალხისგან. ძაღლები არ აუშვიათ მეძაღლეებს.

გრიმი შედგა და გულაფანცქალებული მიაჩერდა სამიზნეს. რა, უკვე უნდა გაქანებულიყო მისკენ ? მაგრამ არც ისე შორს იყვნენ ალგორის მხლებლები და ვითომ მოასწრებდა მის მოკვდინებას ?

„ჯერ მოვიცდი.“

ლორდმა ალგორმა ისარი სტყორცნა და მერე პირდაპირ თავის ხალხთან დაბრუნდა. ეტყობა ვერ მოარტყა სამიზნეს. გზა განაგრძეს და გრიმიც ლანდივით აედევნა უკან. მცირე დაღმართზე დაეშვნენ მხედრები და როდესაც გრიმიც მიუახლოვდა ფლატეს, აღმოაჩინა, რომ მოტიტვლებული კორდი იყო ქვემოთ. მალევე აყეფდნენ ძაღლები. ნელ-ნელა მათი ხმა დასავლეთისკენ შეიწოვა ტყემ.

უკვე ღრმად იქნებიან შესულებიო, გაიფიქრა გრიმმა და ასკილის ბუჩქებიან დაღმართზე დაეშვა. სასწრაფოდ გადაირბინა კორდი და ისევ ხეებს შეეზარდა. აქეთ უკვე წიწვოვანთან ერთად ფოთლოვანი ხეებიც იყო ამოწვერილი. ერთი დაკოჟრილი მუხისკენ წავიდა, რომელთანაც ბლომად კუროსთავი ამოსულიყო. შემდეგ ლამის ერთმანეთთან ჩახუტებულ ქერქდახეთქილ ფიჭვსა და მსუქან თელასთან გადაინაცვლა. ტყის ამ ნაწილში გამხმარი ფოთლებიც ეყარა ძირს, მაგრამ ცხენების ფლოქვების ხათქა-ხუთქში ალგორი და მისი ამალა წესით ვერ გაიგებდნენ გრიმის ფეხის ხმას, მაინცდამაინც მაშინ თუ არ ააშრიალებდა ეს უკანასკნელი ძირს დაყრილ ფოთლებს, როცა მონადირეები შეჩერდებოდნენ.

ძუნძულით მიიწევდა და მიიწევდა წინ გრიმი. ძაღლების ყეფას მიჰყვებოდა. მხედრებს ვეღარ ხედავდა, მაგრამ არ ღელავდა ამაზე. სადაც ძაღლები იქნებიან, ისინიც იქვე გამოჩნდებიან მალევეო, ფიქრობდა. არყების მონაკვეთი გაიარა, სადაც მათი ტალახისფერი, ადგილ-ადგილ განაცრისფერებული ფესვები ბორცვებად იყო ამოზრდილი მიწის ზემოთ, დაგრეხილ თელებს გასცდა, ტოტებგაფშეკილ ნაძვებსა და ფიჭვებს აუარა გვერდი, ჯაგებიანი მცირე აღმართი აირბინა და შავი ცხენის გავას მოჰკრა თვალი.

– გიპოვეთ. ხომ არ გეგონათ გამექცეოდით, მილორდ ? – კედრებს შორის ეულად მდგომ რძისფერ, ბებერ არყის ხეს ამოფარებულმა დაიწყო მისგან ას ორმოცდაათამდე ფუტის მანძილზე გაჩერებული მხედრების ჭვრეტა.

ლორდ ალგორს და კიდევ რამდენიმე კაცს ვერ ხედავდა, მაგრამ ვისაც ხედავდა ყველას მშვილდ-ისრები ჰქონდათ გამზადებულები. ქოფაკების ყეფა ახლოვდებოდა. ეტყობა ნადირს მოერეკებიან ძაღლებიო, დაასკვნა გრიმმა და მარცხნივ გადავიდა, კოშკივით მსხვილ ფიჭვთან. აქედან უკვე კარგად გაარჩია ლორდის თოვლისფერი ცხენი და მისი კამზოლში გამოტკვარცული ღიპი.

ტყეში დაგუბებული ჰაერი მამაკაცების შეყვირებებმა გასერა. გრიმმა ჩალისფერ გარეულ ღორს მოჰკრა თვალი, რომელსაც ნახშირივით შავი ყურები და ფეხები ჰქონდა. უკან პატარა გოჭები მოსდევდნენ ფართხა-ფურთხით. ქოფაკებისგან და მათი ყურისწამღები ყეფისგან შეშინებულები მიჰქროდნენ მაყვლოვანისკენ. ცოტაღა ეკლდათ ბუჩქებამდე, რომ ერთბაშად წამოეწიათ ისრები.

მხოლოდ ერთ გოჭს გაუმართლა, თუ ამას გამართლება ერქვა და ეკლიან ხვიარებში შეხტომა მოასწრო.

„დედის გარეშე რაღა უნდა ქნას ამ საბრალომ ამან ?“ – გამხმარ ფოთლებში თავისივე სამ ნაშიერთან ერთად, საკუთარ სისხლში მოფართხალე ნეზვს მიაჩერდა გრიმი. ერთ გოჭს პირდაპირ ხერხემალში ჰქონდა ისარი გარჭობილი და უმწეოდ აკანკალებდა ნამცეცა პირს. ცოტაც და ქოფაკები წამოადგნენ თავს და თავიანთი დორბლიანი კბილებით ჩააფრინდნენ მათ.

ხელახალი შეყვირებების ხმა გაისმა და მეძაღლეებმა მაშინვე მოაცილეს ქოფაკები ნანადირევს. ცოტა ხანში, მომკვდარი და დასახიჩრებული ნეზვისა და მისი შვილების საფორნე ცხენსა და ჯორზე გადაკიდებას შეუდგნენ: ტყირპიანი ბუმბერაზი მეძაღლე და მისი ორი ამხანაგი შეეჭიდნენ ამ საქმეს.

როდესაც ყველაფერი მოითავეს, სამხრეთ-დასავლეთისკენ წაუძღვა ლორდი ალგორი თავის ხალხს. გრიმი მის სახეს ვერ ხედავდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, კიდევ უფრო მეტი კმაყოფილება დასთამაშებდა აღაჟღაჟებულ ლოყებზე.

უკან აედევნა შეშლილი გრიმი მონადირეებს. როდესაც კუზიან მუხას მიუახლოვდა, ერთ-ერთმა მხედარმა მისი მიმართულებით გამოიხედა და გრიმი მაშინვე ხეს ამოეფარა. ცოტა ხანს შეიცადა გულაფანცქალებულმა, ხომ არ დამინახა ნეტავო, თუმცა მხედრებმა ისე განაგრძეს გზა, მისკენ არავინ წამოსულა.

კვალდაკვალ მისდევდა გრიმი ლორდ ალგორსა და მის ამალას. აღარც თავის გაბრუება ახსოვდა და აღარც ძვლების ტკივილი. ერთადერთი რაზეც ფიქრობდა ის იყო თუ როდის დაცემოდა თავს თავისი ოჯახის დამაქცევარს, მაგრამ ისეთ მომენტს ვერ იგდებდა ხელში, როცა მარტო იქნებოდა იგი. ყოველთვის უფრო ახლოს იყვნენ ლორდთან მისი მხლებლები, ვიდრე თვითონ იყო.

„ჯანდაბა, რა ვქნა ? მეუფეო, შემეწიე, გევედრები. შეეწიე, შეშლილ გრიმს, რაღა“, – ბებერ თუ ახალგაზრდა ხეებს შორის მიძუნძულებდა, დაღმართებზე ეშვებოდა და შემდეგ აღმართებზე არბოდა ან ბობღდებოდა, ასკილის თუ მაყვლის ბუჩქებს და ჯაგებს გვერდს უვლიდა, პატარა ჭაობებს ზემოდან ახტებოდა, თვალთახედვიდან არ უშვებდა მხედრებს.

გვიანი დილა იქნებოდა, როცა ისევ აყეფდნენ ქოფაკები ჩრდილო-დასავლეთის მხარეს. მხედრები შეჩერდნენ და გრიმმაც მათ მიბაძა. ცოტა ხანში, ყეფა მოახლოვდა და ახლა ირმები გამოჩნდნენ: თავქუდმოგლეჯილები მოშრიალებდნენ ბუჩქებში, სამხრეთისკენ. როგორც ღორების შემთხვევაში, ახლაც უშვეს თითები მშვილდის მოჭიმულ ლარებს მხედრებმა და ისრებმა შხუილით გააპო ჰაერი.

ერთი ფურირემი მოწყვეტით დაეცა მიწაზე. ხესავით დატოტვილრქებიან ხარირემს გავაში შეესო ისარი, ოღონდ ამან ვერ გააჩერა და თხელ ფიჭვებს შორის ჩაიკარგა მეორე დედალთან ერთად. ამჯერად ქოფაკები აღარ მიუშვეს ნანადირევამდე მეძაღლეებმა, – ყვირილით გააჩერეს და ისევ ბაწრები შეაბეს ტყავის ყელსაბამებზე.

ტყირპიანმა ბუმბერაზმა თავისი ალესილი სატევრით მოუღო ბოლო ფურირემს, რომელიც ექვსი ისრით მაინც იყო ფერდებსა და ზურგში დაკოდილი და შემდეგ მის შუაზე გაკვეთას შეუდგა. ეტყობა, ლეში უნდა გაანაწილოსო, დაასკვნა გრიმმა.

მალევე განაგრძეს გზა მხედრებმა. ირმის ლეშთან მიატოვეს ბუმბერაზი. ოღონდ, ორი სასაპალნე ცხენი დაუტოვეს და კიდევ ერთი ახალგაზრდა მეძაღლე – დამხმარედ. ქოფაკები თან გაიყოლეს დანარჩენ მეძაღლეებთან ერთად.

რა თქმა უნდა, მათ აედევნა გრიმი. წვრილ-წვრილ იფნებსა და ნეკერჩხლებს ჩაუარა, ჩამსხვილებული რცხილები ჩამოიტოვა უკან, ეკალბარდებით გადავსებულ გორაკზე ავიდა, შემდეგ თავქვე დაეშვა და ნელ-ნელა ჭალასთან შეჩერდა. ლორდი ალგორი და მისი ამალა აქ იყვნენ გაჩერებულები შორიახლოს. წყლის ნაკადი დაკლაკნილად მოედინებოდა, გველივით. არყის ხეს ამოფარებულმა გრიმმა გაიფიქრა, ნეტავ ეს ის ბინული ხომ არაა, ეს დღეები საიდანაც ვსვამდი წყალსო.

ალგორი ლოდზე იჯდა, მტირალა ტირიფების კორომთან და პირზე ტიკი ჰქონდა მოყუდებული. მისი თანმხლებები, ზოგი ცხენებს აბამდა ხეებზე, ზოგი ლორდთან ჩამომჯდარიყო. ძაღლები იქვე შედარებით წვრილ ხეებზე გამოებათ მეძაღლეებს და კოცონის გასაჩაღებლად საქმიანობდნენ. ერთი მათგანი, ძირს, ტომარასავით დაგდებულ ღორს ბეჭს აჭრიდა ხანჯლით.

ამ ყველაფრის შემხედვარე გრიმს წუხილითა და მღელვარებით აევსო შიგნეულობა. ეტყობა ქეიფს აპირებენო, გაივლო გულში.

„ოო, მეუფეო, მგონი მეტს აღარ ინადირებენ, აი. ჩასკდებიან ახლა და მერე ალბათ პირდაპირ ციხესიმაგრისკენ წავლენ... როდისღა მოვიხელთო, ეს უნამუსო ? გევედრები, მეუფეო, შემეწიე“.

აზრად მოუვიდა ახლავე ხომ არ გავუვარდე და რაც იქნება, იქნებაო, მაგრამ არყის ხეს ვერ სწყდებოდა. რა იყო ეს, – სიკვდილის შიში ? თუ უბრალოდ სურდა მაინცდამაინც იმგვარი მომენტი შეერჩია, რომ ალგორიც უეჭველად გაეყოლებინა თან ?

მაგრამ არა და არ დგებოდა ასეთი მომენტი.

მოცდა გადაწყვიტა. თუ ბედი გამიღიმებს, ვიმოქმედებ თუ არა და როცა წასვლას დაიწყებენ, მაშინ კი უეჭველად დავეცემიო, გაიფიქრა.

„აგრემც დამწყევლოს ჰადინმა თუ კიდევ გადავდო. უეჭველი დღესვე უნდა მოვრჩე ყველაფერს“.

– ბრიმ, დღესვე ჩაგიხუტებს მამა ! – ზეცას ახედა და მერე წყლის დასალევად დაიხარა მოფარებულში, – გპირდები, მაშ !.. გპირდები !

ნელ-ნელა კვამლის სუნი ეცა გრიმს. რუხი ბოლქვები საწვიმარი ღრუბლებივით დალივლივებდა ჭალის თავზე. კოცონი გაცხოველებული იკლაკნებოდა ჰაერში. ერთმა დიდცხვირა მეძაღლემ ტომსიკიდან ერთი მუჭა მარილი ამოიღო, ღორის ხორცს შეაზილა და ამხანაგებთან ერთად რკინის შამფურზე ააცვა. შემდეგ ცეცხლთან მოწყობილ რკინისავე სადგამებზე გადეს ხორცი და უმალ საამურ სუნში გაეხვია მთელი არემარე.

ქოფაკები ხმამაღლა აყეფდნენ. ეტყობა დამშეულები იყვნენ. რამდენიმე მეძაღლე მათ დაშოშმინებას შეუდგა.

„შამფური და სადგამები საიდანღა მოიტანეს, ჰა ? რომელიღაც ცხენს მოჰქონდა ვითომ ?“ – ნერწყვი მოადგა გრიმს. ჩანთიდან აპოხტი ამოიღო და კბილებით გაძიძგნა, მაგრამ ღორის მწვადთან რას მოვიდოდა ?

„ალგორი იცოცხლე მწვადით ჩაიტკბარუნებს პირს. ჩემი საბრალო პატარა ბრიმი კი მიწას ჭამს“, – სისხლადუღებულმა გაიჭვრიტა მონადირეებისკენ. ლორდი ალგორი კბილებგაკრეჭილი მისჩერებოდა როგორ ლოკავდა ცეცხლის ალები ხორცს.

– რა მომასვენებს იქამდე, სანამ შენც მიწაში არ ჩაგაწვენ, შე უნამუსო... შე წყეულო ღორო ?

ცოტა ხანში, ტყირპიანი ბუმბერაზიც გამოჩნდა თავის ამხანაგთან და სასაპალნე ცხენებთან ერთად. თავიდან გავის ბოლომდე გაჩეხილი ირმის ერთი სისხლიანი ნაწილი მუგუზალივით შავ იაბოს ჰქონდა ზურგზე გადაკიდებული და ბაწრით დამაგრებული, მეორე ნაწილი, – წაბლისფერ ფაშატს. იაბოს განსაკუთრებულად გაჟღენთოდა ბეწვი ირმის სისხლით. ძირს დაყრილ გამხმარ ფოთლებსა და ხავსმოდებულ ქვებზე წითლად აწვიმებდა მისი ფერდები.

სმა დაიწყეს მონადირეებმა. გრიმი ვერ არჩევდა სიტყვებს, მაგრამ ლორდი ალგორი ხშირ-ხშირად ეხუმრებოდა თავის ხალხს და შემდეგ პირდაბჩენილი მიაჩერდებოდა ხოლმე ხორცს, გეგონება ერთი სული ჰქონდა როდის შეიწვებოდა, რომ მაშინვე ხახაში გადაეშვა.

„დალიეთ ! გაილეშეთ, მიდით !“ – მათ მიერ ტიკების ყოველ მოყუდებაზე იმედი ისევე ეღვრებოდა გულში გრიმს, როგორც მონადირეებს ღვინო – კუჭში.

მაგრამ სამი კაცი საერთოდ არ ეკარებოდა ღვინოს.

„ეს დამპლები ალგორის პირადი მცველები ხომ არ არიან ნეტავ ?... რაინდები ?“

დიდად არაფრით განსხვავდებოდნენ დანარჩენებისგან ჩაცმულობით, თუმცა ერთგვარი მედიდური იერი დაჰკრავდათ სახეებზე და მათი მაცქერალი აუცილებლად დაეჭვდებოდა, შეიძლება მდაბიოები სულაც არ არიანო. ერთ-ერთს ისეთი ქერა თმა ჰქონდა, გეგონება, დამდნარი ოქრო გადაასხეს თავზეო.

როგორც იქნა შეიწვა ხორცი. დამშეული ქოფაკები ისევ აყეფდნენ. ორმა მეძაღლემ მოკლულ ირემს ხორცები ჩამოათალა და ძაღლებს დაუყარა. ალბათ ალგორმა უბრძანა ასე მოქცევაო, გაიფიქრა გრიმმა.

– ოჰ, ოჰ, როგორი სათნო ბრძანდებით, მილორდ.

სმასთან ერთად ჭამაც დაიწყეს ლორდმა და მისმა მხლებლებმა. ტყირპიანი ბუმბერაზი ისეთი გაცხარებული ილუკმებოდა, გეგონება, რამდენიმე დღეა საჭმლისთვის პირი არ დაუდიაო. ცოტა ხანში ალგორმა ერთ მელოტ კაცს გამოართვა ტიკი. ეტყობა თავისი ბოლომდე გამოცალა.

„მიდი, დალიე, კარგად გაძეხი, შე ღორო“, – ლორდის კმაყოფილი სახის დანახვაზე მრისხანების ცეცხლი ედებოდა გრიმს.

მალე ერთმა მეძაღლემ ბარბითი დააძრო და სიმღერას შეუდგა. წკრიალა ხმამ გრიმის ყურებამდეც მოაღწია. კემბრიაში ცნობილი ხალხური სიმღერა, – „ცივი ქალი და ლამაზი ბიჭი“ დაამღერა მეძაღლემ.

– ჰო, მიდი უმღერე, მაგ დამპალს. კარგად უნდა გაერთოს, აბა როგორ ? – ზიზღით მისჩერებოდა შეშლილი გრიმი ლორდ ალგორს, რომელიც ჩასუქებულ იდაყვებს მხიარულად აქნევდა და თან მადიანად ილუკმებოდა.

ისეთ ბრაზი ახრჩობდა, ფიქრობდა უკვე ხომ არ დავესხა თავს ამ უნამუსოსო, მაგრამ რაღაც ძალა აჩერებდა თითქოს და გულის კუნჭულში უჩურჩულებდა, დაელოდე შესაფერის მომენტს და მერე დააცხერი თავსო.

შუადღე დგებოდა, როცა წყლის წვეთები დაეწვეთა გამომშრალ ხელებზე გრიმს.

გაწვიმდა.

ცოტაც და ადგილიდან წამოშლა იწყეს მონადირეებმა. ისეთი ბაგაბუგი დაუწყო შეშლილ გრიმს გულმა, ასე ეგონა, სადაცაა მკერდს გამოუგლეჯდა. ისე აშკარად ჩაესმოდა საკუთარი გულის ფეთქვა, გეგონება ვიღაცამ გული გამოაცალა და პირდაპირ ყურთან მიუტანაო.

ეს იყო. ან ახლა უნდა ემოქმედა ან არასდროს. არყის ხეს მოსცილდა ერთი ნაბიჯით, მაგრამ ისევ უკან დააბრუნა ფეხებმა. რომ დაიძრებიან იქნებ ტყის რომელიმე მონაკვეთში ჩამორჩეს თავისი ხალხიო, თითქოს სრულიად უცხო ხმამ ჩასძახა გონებაში.

„არა. ისევ ისე ივლიან უეჭველი. ყოველთვის ჩემზე უფრო ახლოს იქნებიან მაგ ღორთან“, – ხმას ისე შეეკამათა გრიმი, გეგონება, მართლაც ვიღაც უცხო შემოპარულიყო მისი ფიქრების სამფლობელოში.

იქნებ ისევ ინადირონ და მერე რომელიმე ნადირს მარტო გამოედევნოსო, ისე ცხადად ჩაესმა გრიმს, ასე ეგონა ვიღაც უჩინარი კაცი ედგა გვერდით და პირდაპირ ყურში უჩურჩულებდა.

მონადირეებს გახედა.

ლორდი ალგორი ლოდზე იჯდა და თვალდახუჭული იფხანდა მუცელს. დანარჩენები ოდნავ მოშორებით იყვნენ: ცხენებსა და ქოფაკებს ხსნიდნენ ხეებიდან.

„ახლა შეიძლება, აი. იქნებ მოვასწრო მისი გასიებული ღიპის გამოფატვრა, ჰა ? როდისღა მოვიხელთებ ეგრე ?“

ისევ მოშორდა ხეს გრიმი. მაშინვე ჩასძახა შინაგანმა ხმამ, მოიცადეო, მაგრამ უკვე სულ ფეხებზე ეკიდა გრიმს ვინ რას ეტყოდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესრულებინა ეს ტანჯვა.

ლორდი ალგორი ფეხზე წამოდგა. გრიმი ისევ წინ მიიწევდა. ვერავინ ხედავდა მას. ნუთუ მოასწრებდა მის ჩაძაღლებას ? ძუნძულზე გადავიდა და...

სასწრაფოდ გაწვა გრილ და წვეტიან ქვებზე.

ლორდი ალგორი ტირიფებისკენ წაბარბაცდა. ნაჩქარევად გადაგორდა გვერდზე გრიმი და ხავსიან ლოდებს ამოეფარა მონადირეებსა და მეძაღლეებს რომ არ დაენახათ.

„სად მიეთრევა ? რა ჯანდაბას შვრება ?“

სასწრაფოდ ფეხზე წამოვარდა და ჩაკუზულმა, მეორე მხრიდან მოუარა ლოდს. ალგორი უკვე ტირიფებს გაცდენილიყო და მოშორებით, ფუღუროიან მუხებთან ამოსული მაყვლიანისკენ მიტორტმანებდა.

– მილორდ ! – გაისმა ბოხი ხმა, რაზეც ისე რომ თავისიანებისკენ არც მოუხედავს, ხელი ააქნია ლორდმა.

„უეჭველი ეფსია... ან...“

რა მნიშვნელობა ჰქონდა. შეშლილი გრიმის გული კიდევ უფრო მეტი გაგიჟებით მიაწყდა მის მკერდს. რა იყო ეს, – მღელვარება ? აღტაცება ? სიხარული ? იქნებ, ყველაფერი ერთად ?

არც ამას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. როგორც კი მაყვლიანს გასცდა ალგორი, მაშინვე მოკუნტული წაძუნძულდა გრიმი მის კვალდაკვალ. ხმალი იშიშვლა. მზად იყო. როგორც იქნა აღსრულდებოდა სამართალი. ოხ, როგორი გამხეცებით დაკლავდა ამ ღორს.

– დიდება შენდა, მეუფეო სულთაო ! დიდება შენდა ! დიდი მადლობა ყველაფრისათვის ! დიდება შენდა !

როგორც კი ბინულის პატარა შენაკადში ჩააჭყაპუნა ჩექმა, უკნიდან ძახილი მოესმა.

– ჰეი ! – იღრიალა წეღანდელმა ბოხმა ხმამ, – ვინ ჯანდაბა ხარ ?

ქოფაკებიც აყეფდნენ, მაგრამ საუკუნოდ წყეულიმც ყოფილიყო გრიმი თუ ვინმეს ან რამეს შეეჩერებინა ახლა იგი.

არც კი გაუხედავს უკან ისე გაქანდა მაყვლიანისკენ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. არც უძილობა ახსოვდა, არც ალგორის ამალა, არც ქოფაკები, კამელია და ბრიმიც სადღაც აორთქლებულიყვნენ თითქოს. მხოლოდ მისი ჟანგიანი ხმალი და დამპალი ალგორიღა არსებობდნენ ახლა.

შეშლილი კვნესით შეხტა მაყვლიანში გრიმი და დაინახა იგი.

აქ იყო, მის პირდაპირ, – იქვე ახლოს, თხელ ფიჭვთან მიმდგარიყო და მის ძირში ღვრიდა შარდს, თვალებმინაბული.

– მოკვდი, შე ღოროო ! – გაცოფებული მგელივით მიიჭრა შეშლილი გრიმი თავისი ოჯახის დამაქცევართან. ამ უკანასკნელმა გამოხედვა ვერ მოასწრო ისე დავარდა მისი სისხლმდინარე ასო კენჭებზე.

დაჭრილი ტახივით აკივლდა ლორდი ალგორი და მუხლებზე დაეცა აკანკალებული. უბიდან, როგორც შადრევანი, ისე ასხამდა ტალახისფერ სისხლს. აბრეშუმის ჭიასავით მოკაკვულ თავის ასოს მაიჩერდა და მერე უცნობ მაწანწალას მიანათა ნაკვერჩხლებივით აწითლებული, შეშინებული თვალები.

უკნიდან მონადირეთა ძახილი და ძაღლების ყეფა ახლოვდებოდა. მაშ, უნდა ეჩქარა გრიმს.

– ეს, ბრიმისთვიის ! – იღრიალა და ისეთი ძალითა და ბოღმით შესთხარა ქონიან ფერდში თავისი ჟანგიანი მახვილი ლორდს, რომ კინაღამ თითები შეატყდა ვადაზე.

ლორდმა ალგორმა ერთი დაიწკმუტუნა ნაცემი ლეკვივით, ხმამაღლა და როგორც კი ხმალი გამოაძრო გრიმმა, იმავ წამს ღვარცოფივით გადმოენთხა სისხლი ნამეტნავად ფართო ჭრილობიდან.

მაგრა, დაე ჰადინს დაელახვრა შეშლილი გრიმი თუ აქ გაჩერდებოდა იგი.

– ეს, კამელიასთვიიის ! – ატეხილი ბუღასავით დაიბღავლა და პირდაპირ ყელში ატაკა ხმლის წვერი. შემდეგ გამწარებული ღრიალით გაქაჩა გვერდზე ტარი და მთელი ხორხი გამოაგლიჯა.

აფართხალებული დავარდა ძირს ლორდი, მაგრამ გრიმი გაჩერებას არ აპირებდა. ხმლის წვერის შეშლილი რტყმა აუტეხა ღიპში, შემდეგ უკვე გაუფერულებულ, ერთ დროს ღაჟღაჟა ლოყებში და იქამდე არ გაჩერდა სანამ ძლიერი ჩხვლეტა არ იგრძნო თეძოში.

ჩალისფერი ქოფაკი ჩაჰფრენოდა კბილებით. გამხეცებულმა სთხლიშა მას ხმლის ტარი თავში და მაშინვე მოიცილა.

– მოკვდიი, შე ღოროო, მოკვდიი ! – დაიზმუვლა და კიდევ ერთხელ ჩაფლო უკვე უძრავად დაგდებული ალგორის მუცელში თავისი ჟანგიანი ხმალი.

ფეხის ხმა გაიგონა უკნიდან გრიმმა და როგორც კი მახვილი ხორციდან ამოაძრო, შემობრუნდა.

შვიდი კაცი მორბოდა მისკენ. შვიდივე თვალებად იყვნენ ქცეულები. რამდენიმე, თავიანთი დასახიჩრებულ-დაჩეხილი ლორდის გვამს მისჩერებოდა თან.

– აბა, მოდით, თქვე ნაბიჭვრებოო ! – ხმლის წვერი მიუშვირა გრიმმა კაცებს, – შეშლილი გრიმი თქვენი გაბერილი ლორდივით დაგკლავთ სულყველას !

ძაღლი იქვე იდგა კუდამოძუებული და შესაბრალისად იყეფებოდა. დანარჩენი ქოფაკები სად იყვნენ, სულ ფეხებზე ეკიდა გრიმს. რა დროს ძაღლები იყო ? სადაცაა ცოლ-შვილს შეხვდებოდა.

ოთხი ხმალი გამოქანდა მისკენ სხვადასხვა მხრიდან. ერთი მათგანი მოიგერია, სამი – ვერ. სხეულის იმ ადგილებში, სადაც ძლიერი ჩხვლეტა იგრძნო, ასე ეგონა გრძელი ყინულის ლოლოები შეუსრიალეს და გვარიანად გაუციეს მთელი შიგნეულობა. მთელმა სხეულმა ფეთქვა დაუწყო. მანაც ღვარცოფივით გადმოანთხია სისხლი, მაგრამ ალგორისგან განსხვავებით ერთგვარი კმაყოფილება იგრძნო.

მუხლებზე დავარდა. ხმალი კვლავ ხელში ეკავა. შევერცხლილთმიანი, ტყავის ბრიგანდინიანი კაცი წამოადგა თავზე, რომელიც მანამდე ერთ-ერთ რაინდად ჩათვალა. ისეთი შეშინებული სახე ჰქონდა მას, გეგონება დამფრთხალი ბალღია, რომელსაც სადაცაა დასჯიანო.

– საიდან გაჩნდი, შე ბინძურო ნაბიჭვარო ? – და ხმალი შემართა, ბოლო რომ მოეღო მისთვის.

შეშლილმა გრიმმა მაგრად ჩაბღუჯა თავისი მახვილი და პირდაპირ ფეხებს შორის ამოუსვა კაცს. ეს უკანასკნელი ღმულით ჩაიკეცა. სისხლმა შეუღება სელის შარვალი. სადაცაა, მუცელშიც უნდა ეტაკებინა გრიმს ხმალი, მაგრამ იმ კაცთაგან ერთ-ერთმა, რომელიც მოკლულ ლორდს ედგა თავზე, მისკენ ისკუპა და პირდაპირ კისერში ჩასცა თავისი მახვილი.

კიდევ ერთი ყინულის ლოლო. ეს თითქოს უფრო ცივი იყო, ვიდრე წეღანდელები.

– კამელია, ბრიმ... უკვე მოვდივარ, აი, – თავისთვის ამოიკრუსუნა გრიმმა და მუცელზე დავარდა.

ისევე გადღაბნილად ხედავდა იქვე დაყრილ კენჭებსა და მოშორებით ჩამომჯდარ ძაღლს, როგორც სიმთვრალის დროს. ყველგან სისველე იყო. ცივი სისველე. ცოტა ხანს კიდევ ესმოდა აურზაურის ხმა, მაგრამ უეცრად ისეთი ძილი მოერია, საერთოდ აღარ აინტერესებდა არაფერი. თვალები დახუჭა იმის იმედით, რომ სულ ცოტა ხანში სულთა მეუფის საუფლოში აახელდა მათ.

კიდევ უფრო აცივდა და ცისქვეშეთის ხმაურიც სადღაც გაიფანტა.

 

 

 

 

პატარა ონავარი

 

 

781 წელი პირველი გამოცხადებიდან

 

 

– ესე იგი, ბევრს გცემდა დედა ? – ჩათქვირებული და წვეტიანი მკერდის თახთახით იცინოდა ლედი გალარდი. თავის თვალებთან საოცრად შეხამებულ ფარჩის ზღვისფერ კაბაში გამოწყობილიყო იგი.

დარბაზის შუაგულში დადგმულ ხის სკამზე შემდგარმა „გრძელფეხამ“ თავისი ადგილ-ადგილ ჩამოფხვნილი კბილები გაკრიჭა და განზრახ ჩაიხრინწა ხმა:

– იჰ, მცემდა რომელია, ერთხელ თუჯის ქვაბი ჩამარტყა თავში ! იმის მერე აღარ გავზრდილვარ ! ოთხ ფუტს ვერ ავცდი ამხელა კაცი ! სადაც არ უნდა გავიხედო ყველგან სარცხვინელებს ვხედავ, მე უბედური !

ამაზე ერთხმად ახარხარდნენ გრძელ მაგიდებთან მსხდომი მექორწილეები და მათთან ახლოს, მუხის ტაბლასთან მოკალათებული ბარდები და მუსიკოსები. ფიცარნაგზე გაშლილი თოვლისფერი სუფრის დამამშვენებელი მეფე-დედოფალი და მათი ხელისმომკიდეებიც იცინოდნენ, თუმცა ოდნავ უფრო თავშეკავებულად, ვიდრე დანარჩენები. დიდი თუ მცირე ოლდენელი ლორდები, ქალბატონები, რაინდები, მოხეტიალე რაინდები, თითქმის ყველანი აქ იყვნენ. მართალია ყველა მათგანი ლამაზი არ იყო, მაგრამ „გრძელფეხაზე“ და მის თავმოტვლეპილ მეწყვილე „გიგანტზე“ გაცილებით ტანადები კი იყვნენ.

„გიგანტი“ ერთ ლამაზ, ოქროსფერთმიან ქალიშვილს ეჯდა კალთაში, რომელიც პატარა ბავშვივით აჭმევდა მას.

„მეც მაჭამე რა იქნება, შე ძროხა ? – გაიფიქრა „გრძელფეხამ“ და წამიერად მოავლო თვალი ლედი გალარდსა და მის გაფუებულ მკერდს, – იქნებ როგორმე დრო ვიხელთო და ერთიანად ჩაგიკბიჩო ეგ თაფლივით ტკბილი ძუძუები.“

– აბა, დავლიოთ და მერე გავაგრძელოთ ამ ონავრების მოსმენა ! – გამხიარულებული წამოდგა ფეხზე მოქლონებიან აბრეშუმის მდიდრულ კამზოლში გამოწყობილი ჭაღარაწვერიანი ლორდი ლამბერტი, რომელიც სუფრის თავი იყო და ვერცხლის თასი მოიმარჯვა ხელში, – ლედი ტროდელ, მოიცილეთ ეგ თავლაპლაპა, თორემ მამათქვენი სადაცაა სახრჩობელაზე ჩამოჰკიდებს !

ცხვრის მწვადს ქოფაკივით ჩაფრენილ ერთ ლოყებდაბერილ ლორდს ისეთი სიცილი აუტყდა, კინაღამ დაიხრჩო.

– თავლაპლაპა ? – დაიჭყივლა „გრძელფეხას“ მეწყვილემ, – მე „გიგანტი“ ვარ !.. გიგანტი !

იქვე ახლოს მსხდომებმა სიცილი დააყარეს მას.

– ჰო, ჰო, მე კიდევ მამაშენი ვარ ! - გაიცინა სუფრის თავმა და ფიალა ასწია, – აბა, ლორდი გეროლდ გრომერისა შევსვათ ! მოგეხსენებათ, მძიმე სნეულებამ შეაჭირვა იგი ! სულთა მეუფე შეეწიოს მას და დროულად გამოაჯანმრთელოს ! წარმომიდგენია, როგორ დარდობს ახლა თავისი საყვარელი შვილიშვილის ქორწილში რომ ვერ სვამს !

ფიცარნაგზე მჯდომმა თხუთმეტიოდე წლის პატარძალმა, რომელიც მაქმანებიან თეთრ საქორწილო კაბაში იყო გამოკვალთული, ჩუქურთმებიანი თასი ასწია მამაკაცივით და თავის ყვიციან ქმარსა და ხელისმომკიდეებს მიუჭახუნა.

– ბაბუა გეროლდს გაუმარჯოს ! – ისე რიხიანად დაიძახა, გეგონება ჯარს მიუძღოდა ბრძოლაში.

„მგონი ასული უფრო იმარჯვებს საწოლში, ვიდრე ეს ჭირიანი, – ცბიერად ჩაეღიმა „გრძელფეხას“ და ისევ სიძის დედას მიაჩერდა, – მაგრამ დედა კი ჰყავს ჯანმრთელი და ცურდაბერილი, იცოცხლე. ოხ, ამას ამოვხდიდი სულს ლოგინში. ერთაზე ხუთ პატარა „გრძელფეხას“ გავაჩენინებდი... შეიძლება, ექვსსაც.“

– გაუმარჯოს ! – ერთხმად დასჭექა დარბაზში მყოფმა სამასამდე მამაკაცმა. ფიალებიდან ნაკადულებად გადმოღვრილი ღვინო პირდაპირ მათ გაუმაძღარ ყანყრატოებში ჩაეშვა.

ერთი კულულებიანი კაცი წამოდგა ფეხზე და ნაირ-ნაირი ფარდაგით გამშვენებულ კედელთან დადგმულ მაგიდას მიაჩერდა ღრეჭით.

– ჰა, ბევრი არ დალიოთ, ლორდო ნორკ ! არ მინდა ხვალ ცილი დამწამონ ნაბახუსევზე მყოფი კაცი გადმოაგდო ცხენიდანო !

ორ ერთმანეთზე უფრო ჩაგოდრებულ ჭაბუკს შორის მჯდომმა დიდნიკაპიანმა მამაკაცმა თავდაჯერებული ღიმილით აუწია მას სასმისი, მაგრამ არაფერი უთქვამს.

– ტურნირზე ხვალ იფიქრე, ჯონ ! – დაიძახა ლორდმა ლამბერტმა და შემდეგ „გრძელფეხას“ მიუბრუნდა, – მიდი, განაგრძე, პატარა ონავარო, თორემ, ლორდი ტაუტონი ნამეტნავად მოგვეღუშა !

თავსაფრიანი მეჭეჭებიანი ქალბატონის გვერდით მჯდომმა ჟანგისფერწვერიანმა კაცმა ნაძალადევად გაიღრიჭა და ხახვში მოთუშული სოკოს ჭამა განაგრძო.

– მკითხეთ რაც გენებოთ და გიპასუხებთ ! – განზრახ დაიმორცხვა „გრძელფეხამ“, – როგორ გავბედავ, რამე დავუმალო თქვენისთანა დიდებულ ხალხს ?

– გვითხარი, ქალი თუ გყვარებია ? – სპილენძის ჩანგალი დაუქნია ცოლის გვერდით მჯდომმა გაღიპულმა ლორდმა გალარდმა, რომელსაც ოქრონემსული, ყარყუმის ბეწვით გაწყობილი, ჟოლოსფერი მანტია ჰქონდა წამოსხმული.

– მე რატომ არ მეკითხებით არაფერს ? – დაიღრინა „გიგანტმა“ და პატარა უკანალი შეათამაშა ახალგაზრდა ლედი ტროდელის თბილ კალთაში.

– იმიტომ, რომ მე უფრო ლამაზი ვარ, მაშ ! – თავის ჭრელაჭრულა კურტაკი შეისწორა „გრძელფეხამ“ და ენა გამოუყო ამხანაგს.

კვლავ ახარხარდნენ მექორწილეები. „გრძელფეხას“ იმედი მიეცა რახან ამდენს იცინიან, იქნებ ერთი ვერცხლი მაინც დაგვიმატონ ქორწილის მერეო.

„იცინეთ, მიდით, იცინეთ. თქვენი სიცილი ფულია ჩვენნაირებისთვის.“

– ესე იგი, სიყვარული ? – თავზე ჩამოფხატული ზანზალაკებიანი ქუდი განგებ მოიღრიცა „გრძელფეხამ“ და შემდეგ ისევ გაისწორა, – მყვარებია რომელია ! იფ, ერთი სოფლელი მზეთუნახავი მიყვარდა ! ჰაროუში ცხოვრობდა ! იმასაც ვუყვარდი, მაგრამ... მაგრამ მოხეტიალე რაინდს გაჰყვა ცოლად ! ასე მითხრა, შენ რომ გაკოცო ხოლმე მთელი ცხოვრება ჩაკუზული უნდა ვიყო და მუხლები ამტკივდებაო ! აბაა, ასე მითხრა, იმ უსირცხვილომ !

ლედი გალარდის ფუმფულა მკერდი დარბაზში მსხდომთა სიცილს აყოლილი ირხეოდა და „გრძელფეხამ“ იგი ქარზე აკანკალებული თითა ყურძნის დიდრონ მარცვლებს მიამგვანა. ასე ხშირად არ უნდა ვუყუროო, ფიქრობდა მონუსხული. ზედმეტი თუ მოუვიდოდა, ვაითუ მის ქმარს, ფულის მიცემის ნაცვლად, ამაღამვე ჩამოეხრჩო ან სულაც ბოლომდე გაეშიშვლებინა ამ სიცივეში და მათი ციხესიმაგრისკენ მომავალ გზაზე გალიაში გამომწყვდეული ჩაემოკიდებინა ხარიხაზე.

მაგრამ მკერდი მისი სისუსტე იყო. ბავშვობიდან მოყოლებული ასე იყო: როდესაც სოფელში რომელიმე ქალს მკერდს დაუნახავდა, თვალს ვეღარ სწყვეტდა და მარჯვენა ხელი უმალ შარვლისკენ გაურბოდა. ერთი-ორჯერ შარშიც კი გაეხვა ამის გამო, თუმცა ცამეტი წლის როცა იყო მჭედელი ტროის ცოლმა, რომელიც მეძუძური დედა იყო და ვინ იცის ლედი გალარდზე უფრო დიდი ძუძუებიც კი ეკიდა, თავის საბძელში შეიყვანა და იქამდე არ გამოუშვა გარეთ, სანამ ბოლომდე არ გამოწურა საბრალო ჭაბუკი.

„ოხ, რა პატარა ბიჭი ხარ და რამხელა კუტუ გქონია, ჰა !“ თივაში გორაობისას წარა-მარა ეუბნებოდა ძუძუებგადმოყრილი ქალი ვნებისგან გულაფანცქალებულ ყმაწვილ „გრძელფეხას.“

– მე კიდევ ვუთხარი, მაშინ სულ სკამზე შევდგები, ტუჩებამდე რომ მოგწვდე-მეთქი, – განაგრძო „გრძელფეხამ“, – მაგრამ მაინც იმ აყუდებულ რაინდს გაეკიდა ის უსირცხვილო ! მაშ, მაინც იმ უგვანს გაეკიდა !

ერთ განიერმხრებიან და შესახედავად ღონიერ ხელისმომკიდეს რომელიღაც კერძის ლუკმა გადასცდა და ხველა აუტყდა, ხოლო გაქუცულმა ლორდმა ტერბინმა, რომელსაც თახვივით კბილები ჰქონდა, პირიდან ღვინო ამოასხა სიცილისგან და მის პირდაპირ მჯდომ აბრეშუმის მოსირმულ ბრიგანდინში გამოწყობილ ბუღასავით ჩასხმულ ლორდ კრეინს მიასხურა მოყვითალოარშიებიან სახელოებზე.

ატყდა დავი-დარაბა. იქვე მჯდომმა ლორდებმა და რაინდებმა გაკავება დაუწყეს ერთმანეთთან დაპირისპირებულ ლორდებს. ამასობაში „გრძელფეხამ“ დრო იხელთა და ლედი გალარდის მკერდს დაუწყო ცქერა, თან იმას წარმოიდგენდა, რას როგორ უზამდა ქალს მასთან ერთად თუ აღმოჩნდებოდა ლოგინში.

„მიდით, დახოცეთ ერთმანეთი. მანამდე ამ ბადაგივით ტკბილი ძუძუების ცქერით დატკბება ლორდი „გრძელფეხა“, – ბოროტ კმაყოფილებას გრძნობდა იგი.

ერთმა უშნოდ აწოწილმა მამაკაცმა, ქათმის შებრაწული ბარკალი ესროლა ლორდ კრეინს, როგორ გაბედე ჩემი ძმისთვის ყეყეჩი ლოთი გეწოდებინაო, რაზეც ლორდი კრეინისგან ხუთი-ექვსი კაცის იქით მჯდომმა ოქროსფერთმიანმა ჭაბუკმა წიწაკის სოუსში ამოვლებული ცხვრის ხორცის ბურთულები დაუშინა მას.

– შენ როგორღა ბედავ, ჩემს ბატონს ასეთ რამეს რომ უბედავ, შე ბინძურო ვიგინდარა ? –  აყვირდა იგი. 

„გრძელფეხას“ ასე ეგონა, ცოტაც და ყველანი ვინც ამ მაგიდასთან სხედან ერთმანეთს დაერევიანო, მაგრამ ნელ-ნელა სუფრის თავმა და ლორდმა გალარდმა არათუ დააშოშმინეს მთელი სუფრა, არამედ შეარიგეს კიდეც ლამის უკვე ერთმანეთის მოსაკლავად დაგეშილი ლორდები.

ეტყობა მათი ვასალები არიან ესენიო, დაასკვნა ჯუჯამ და კურტაკი ხელახლა შეისწორა, ლაზღანდარობის გასაგრძელებლად რომ შემზადებულიყო.

– ჰაჰ, რა არის ჩვენებური ქორწილი ჩხუბის გარეშე ? – ხმამაღლა გაიცინა ლორდმა ლამბერტმა და მთელი დარბაზი უმალ თანხმობის ყიჟინამ გააყრუა.

– მიდი, პატარა ონავარო ! – დაიწკრიალა ლედი გალარდმა, როდესაც მეტ-ნაკლებად ჩაწყნარდა ყველა მაგიდა და მკერდმოღეღილ კაბაში ჩატენილი სპილოს ძვლისფერი ძუძუები კიდევ უფრო შეატყუპა ერთმანეთს, – კიდევ გვიამბე რამე !

– მამაშენიც ჯუჯა იყო ? – იკითხა ლორდი გალარდის მოპირდაპირე მხარეს მჯდომმა პატარძლის ჭროღათვალებიანმა მამამ, რომელსაც ისეთი მსუქანი თითები ჰქონდა, იფიქრებდი კუპატები ჰკიდია ხელისგულებზეო.

– იჰ, არა, თქვენზე მაღალი იქნებოდა, მილორდ ! – კბილები გაკრიჭა „გრძელფეხამ“.

– აბა, დედაშენი იყო ასეთი ?... ჯუჯა ? 

– იჰ, არც დედაჩემი ყოფილა მაინცდამაინც მიწას დაწებებული ქალი !

– აბა, საიდან გამოხვედი ასეთი ? – ყურზე გადაიწია ლამაზი გრძელი თმა სუფრის თავის გვერდით მჯდომმა გოგოსავით კოხტა ჭაბუკმა.

– რა ვიცი, აბა, – ხელახლა განგებ დაიმორცხვა „გრძელფეხამ“, – როგორც ჩვენს სოფელში ამბობდნენ, მამაჩემმა მაშინ გამაკეთა, როცა მაგრად იყო გამომტყვრალი !

ხარხარმა ზღვის ტალღებივით გადაუარა მთელს დარბაზს. ლამის ჭერში ჩამოკიდებული გალარდებისა და გრომერების დროშებიც კი შეარხია მექორწილეთა პირებიდან ამოსულმა მხიარულების ჰანგებმა.

მაგრამ უკვე კარგა ხანია აღარ კოდავდა ამგვარი დაცინვა „გრძელფეხას“ პატარა გულს. დიდი ხნის წინ მიხვდა, რომ მის მდგომარეობაზე ხალხის ხორხოცი პურის ფულის შოვნის ერთადერთი საშუალება იყო მისნაირებისთვის. მას შემდეგ, რაც ოცდახუთი წლის წინ ნორბურგში შეხვდა „გიგანტს“, ორი ჯუჯა დაძმობილდა და ერთად დადიოდა მთელს ახალ იმრონში ქორწილიდან ქორწილში, ნადიმიდან ნადიმზე, ტურნირიდან ტურნირზე ხალხის გასართობად, რაც როგორც წესი მათ დაცინვას გულისხმობდა და საკმაო ფულსაც შოულობდნენ, – იმდენს, რასაც ბევრი მოხეტიალე რაინდიც კი ვერ ინატრებდა. აბა, რა გამოლევდა ქორწილებს, ნადიმებსა და ტურნირებს ამხელა ახალ იმრონში ? შესაბამისად, არც მასხარა ჯუჯებზე იკლებდა მოთხოვნა. მართალია, მასხარა ჯუჯათა სხვა ჯგუფებიც იყო ახალ იმრონში, მაგრამ კონკურენციის მიუხედავად ერთ თვეზე მეტხანს მაინც არ დარჩენილან სამუშაოს გარეშე „გრძელფეხა“ და „გიგანტი“. 

– ეჰ, რას გაიგებ, ვის რა გზას განუჩინებს მეუფე ! – სიცილ-ხარხარის განელების შემდეგ გაისმა გალარდების საგვარეულო ციხესიმაგრის ლოყებღაჟღაჟა მოციქულის ხრინწიანი ხმა, რომელიც „გიგანტზე“ უფრო უშნო, თუმცა მეტად მხარბეჭიანი რაინდის გვერდით დაესვა მის ლორდს. ჯვალოს ყავისფერი თბილი კაბა ემოსა მას, ყელზე კი, რაღა თქმა უნდა, სამეუფეო წრე ეკიდა.

„გრძელფეხას“ მოუნდა ირონიულად წამოეძახა, ეჰ, ჭეშმარიტად სამართლიანია ეგ შენი სულთა მეუფე, დიდება მას მთელი ცხოვრება მარტო სარცხვინელების ყურება რომ მიწევსო, მაგრამ მაშინვე გაახსენდა მასხარა ჯუჯების ერთი ჯგუფი რომ დაწვა ინკვიზიციამ კოცონზე იმის გამო, რომ ერთი-ორჯერ მეუფესა და მის მოციქულებზე იხუმრეს ერგუნდიელი ლორდი ბოფორტის ვაჟის ქორწილში და ენას კბილი დააჭირა.

– კიდევ რას გვეტყვი, პატარა ონავარო ? – ტაში შემოჰკრა ლედი გალარდმა და ცხენივით კბილები გაკრიჭა. „გრძელფეხას“ ასე ეჩვენებოდა ყოველი გაცინების შემდეგ უფრო და უფრო უფუვდებოდა ქალს მკერდი, მაგრამ არა უშავდა, ისეთი მაგარი ტყავისგან შეკერილი შარვალი ეცვა უკუნისამდე არაფერი შეეტყობოდა მის უბეს.

რა იქნებოდა, ამ ქორწილსაც ისევე სარფიანად ჩაევლო მისთვის, როგორ სარფიანადაც ბელეგელი დონ როვერეს ქორწილი დამთავრდა ხუთიოდე წლის წინ ? მართალია მთლად პატარძალი ან დონ როვერეს ლამაზმანი და არა, მაგრამ სამაგიეროდ ერთი მცირე დონის, აზარიოს ცოლმა, კლაუდიამ ჩაიგორა თავის მხურვალე ლოგინში, სანამ მისი გალეშილი ქმარი მსახურ ქალთან ნებივრობდა თავლაში. ამ ყველაფრის შემდეგ კი, დილით, ორი ვერცხლიც ჩაუჩხრიალა როვერეების ციხესიმაგრის განმკარგულებელმა.

– ბრძოლაშიც ვარ ნამყოფი, მაშ ! – ხელები ისე გაუსვა ერთმანეთს „გრძელფეხამ“, გეგონება სადაცაა უგემრიელეს კერძს შეექცევაო და სკამიდან ჩამოხტა, – ხმალი მეკავა ხელში, ოღონდ ჩემი ზომა, რა თქმა უნდა ! – ორივე ხელი ისე დაიკავა, მისი მაცქერალი იფიქრებდა უხილავი მახვილი უკავიაო.

– ანუ დანა ? – ყვერულით გაგნესილი კბილები გამოამზეურა ლორდი გრომერის გვერდით მჯდომმა ლოყებდასერილმა კაცმა და მის შეკითხვაზე ხელახლა ახარხარდნენ ყველანი.

– იჰ, რა ვიცი, მე კი ხმალს ვეძახდი და ! – სანთლებით გაბრდღვიალებულ ერთ-ერთ მოვერცხლილ ჭაღს მიაჩერდა „გრძელფეხა“ და კვლავ სკამზე აბობღდა.

– ერთი ის მითხარი, იმის მერე აღარავინ გყვარებია ? – მზრუნველი დედასავით მიაჩერდა ლედი გალარდი, – ის სოფლელი გოგო რომ გაგექცა მოხეტიალე რაინდთან, მაგის მერე !

„კი, შენ მიყვარხარ“.

– იჰ, რა ვიცი, იმის მერე ქალებს აღარ ვეკარები ! – მხრები აიჩეჩა „გრძელფეხამ“, – ხომ იცით, პატარა გული ადვილად იკოდება !

ლედი გალარდი ძროხასავით აზმუვლდა და დანარჩენებიც აიყოლია მხიარულებაში.

– დიდი გაიძვერა ვინმე ხარ ! – დაიძახა ციხესიმაგრის ქალბატონმა და ოდნავ წინ გადმოიხარა. „გრძელფეხას“ მაშინვე გული აუჩქარდა, მგონი განზრახ იქცევა ასე, ძუძუები რომ მაჩვენოსო, გაიფიქრა, – დიდი გაიძვერა ვინმე ხარ, არა ?

„ნეტავ, რამე ხომ არ შემამჩნია შარვალზე ამ მელაძუამ ?“

ლორდი ლამბერტი ისევ ფეხზე წამოდგა და ახლა ოლდენის შერიფის, ვინმე ერიკ გერჰარდტის სადღეგრძელო შესვა. დანარჩენმა მამაკაცებმაც მას მიბაძეს და დარბაზის შუაში დადგმულ მაგიდასთან მოკალათებული ცხვირაწითლებული ქოსა კაცის მიმართულებით დაიწყეს ღვინით სავსე სასმისების ქნევა.

„ესაა შერიფი ? – სიცილს ძლივს იკავებდა „გრძელფეხა“, – სოფლის ლოთი მეგონა.“

მეფე-პატარძალთან, ფიცარნაგზე, ფარჩის კამზოლსა და ტილოს შარვალში გამოწყობილი ვიღაც წვეროსანი კაცი აბარბაცდა და აჭრელებული თვალებით დაუწყო მათ ხვევნა-კოცნა, თან წარამარა იძახდა სულ თქვენს გვერდში იგულეთ ძია ედმუნდიო.

„ეტყობა გალარდის უმცროსი ძმაა, – ცბიერად ჩაეღიმა „გრძელფეხას“, – ტრაკში უძვრება ძმისშვილს, რომ სახლიდან არ გააგდოს ან მონასტერში არ გაუშვას, როცა მისი ძმა ფეხებს გაფშეკს და ლორდობას ეს ჭირიანი გადაიბარებს.“

– მოდი, ჭამე, პატარა ონავარო ! მოგშივდებოდა ! – ბულბულის საამური ჟღურტულივით ჩაესმა ლედი გალარდის ხმა, – ლეა, მიდი, ერთი ტაბურეტი მოიტანე ! – უბრძანა იქვე მდგომ ჭორფლიან მოსამსახურე გოგონას, – ჰეი, უსაქმურო, – ახლა „გიგანტს“ მიმართა, რომელსაც უკვე ლამის ყველა კერძი შეემუსრა, რაც ლედი ტროდელის ახლომახლო იდო, – შეენაცვლე ამხანაგს ! ამის ხარჯზე გინდა გამოძღე ?

აი, ესეც შანსიო, გული სიხარულისგან აუცმუკდა „გრძელფეხას“. ნუთუ თავის გვერდით მოისვამდა ეს ტკბილი ქალბატონი ?

– ჰო, რაღაც ძაან გაგიტკბა ამ მშვენიერი ქალიშვილის კალთაში ჯდომა ! – „გიგანტი“ მის პირდაპირ მჯდომმა მწყაზარი პირისახის მქონე მამაკაცმაც დატუქსა, რომლისკენაც ხშირ-ხშირად აპარებდა ხოლმე თვალს ახლად აყვავებული ნუშივით ქორფა ლედი ტროდელი.

– ჰეი ! – „გრძელფეხამაც“ გასძახა ამხანაგს, – შემენაცვლე, მოდი ! მარტო მე ხომ არ უნდა დამცინონ ?

სიცილის თანხლებით მიბაჯბაჯდა ლედი გალარდის მაგიდასთან „გრძელფეხა“ და ასპარეზი „გიგანტს“ დაუთმო. ქუდი მოიხადა და კურტაკის ჯიბეში ჩაიდო. აბა, ქუდით ხომ არ ეახლებოდა ასეთ დიდებულ ქალბატონს ?

– მოდი, მე გაჭმევ, სანამ ის უქნარა ტაბურეტს მოგიტანს, – ალერსიანად შესციცინა ლედი გალარდა. ისეთი ლაჟვარდოვანი თვალები ჰქონდა, იფიქრებდი, ლურჯი ალები უგიზგიზებს ფოსოებშიო, – აჰა, გინდა შემწვარი ქათამი ?

„გრძელფეხამ“ ხელი გაიწვდინა.

– აჰ, აჰ, ჩემი ხელით უნდა გაჭამო !  

გულმა სიამოვნების ბაგაბუგი დაუწყო „გრძელფეხას“ და მისკენ გამოწვდილი საამურად დაბრაწულ-დამარილებული ქათმის ბარკალი მადიანად ჩაკბიჩა. მისი გამოცდილებით, როცა ქალი საჭმელს თავისი ხელით გაჭმევს, სხვა რაღაცასაც შეგაჭმევს ადრე თუ გვიან.

– ედგარ, ვიყოლიოთ რა, ერთი ასეთი, – ისე სთხოვა ქმარს ლედი გალარდმა, გეგონება, რომელიმე უცხო ცხოველის აყვანაზე მის დაყოლიებას ცდილობდა, – ნახე, რა კარგი ვინმეა ! ხომ კარგია ?

„უჰ, ვერც წარმოიდგენ როგორი კარგი. განსაკუთრებით ლოგინში“, – ახლა შემდეგი ლუკმა შემოაგლიჯა კბილებით ძვალს „გრძელფეხამ“, – კალთაში ჩამისვი, შე ძროხა. რატომ არ მისვამ ? იმ გოგომ იცოცხლე იკადრა და შენც რომ იკადრო, რა მოხდება ?“

და გეგონება მის ფიქრებს კითხულობსო, უცბად ხელში აიტატა ქალმა „გრძელფეხა“ და კალთაში ჩაისვა.

– ჩამოჯექი, მოდი, – მტრედივით დაიღუღუნა მან, – სანამ ის უქნარა ტაბურეტს მოგიტანს, მეორედ გავთხოვდები, მგონი.

ბეჭებსა და კისერზე ქალის ფუმფულა მკერდის მიწოლა იგრძნო „გრძელფეხამ“. ასე ეგონა, ორი თბილი ბალიში აწვებოდა უკნიდან, რომელიც ყოველ ჩაცინებაზე ტკბილად ელამუნებოდა კისერზე.

ქვემოთ ისეთი შესიება იგრძნო, იფიქრა სადაცაა შარვალს გამოვხევო, მაგრამ კარგად იცოდა სინამდვილეში ამგვარი რამ არაფრის დიდებით არ მოხდებოდა. თავისი თავის ამბავი რომ იცოდა, სწორედ ამიტომ შეაკერინა ასეთი მკვრივი შარვალი ჰარდინგში გათხოვილ თავის დეიდა ლანას, რომელიც დედის სიკვდილის შემდეგ ერთადერთ ქალად უჩნდა ამ ქვეყნად, ვისაც მართლაც უყვარდა იგი.  

„აჰა, ეს ტყავი მოგიტანე, დეიდაჩემო და დედაჩემის ხსოვნას გაფიცებ ისეთი ფშიკი შემიკერე, ჰადინმაც რომ ვერ შემატყოს ვერაფერი, თორემ საოხრეს ვინ ჩივის, თავსაც დავკარგავ“, - სიცილით ეუბნებოდა ჰარდინგში მცხოვრებ დეიდას სტუმრად ჩასული „გრძელფეხა“.

– ჰი-ჰი, ერთხელ ბიძაჩემმა ტყეში წამიყვანა სანადიროდ ! – ხმამაღლა წამოიწყო სკამზე აბობღებულმა „გიგანტმა“. სანთლების შუქზე ისე ულაპლაპებდა თავი გეგონება გამდნარი სარკე აქვს ზედ გადასხმულიო, – წყლის დასალევად წავედი წყაროზე, ჰოდა, უკან რომ დავბრუნდი, რა მოხდა, არ გაინტერესებთ ? ისარი გამომიქანა ! კურდღელი ვეგონე იმ ყეყეჩს ! ჰი-ჰი !

ხელახალ სიცილ-ხარხარში ჩაიძირა მთელი დარბაზი. „გრძელფეხას“ ახლა უკვე კეფაზეც ეხლებოდა ლედი გალარდის რბილი და მკვრივი მკერდი და ვნებააწეწილი ფქვავდა ყბებით ქალბატონის მიერ მიწოდებულ ნივრის სოუსში ამოვლებულ სისხლივით წითელ ორაგულს.

„წყეულიმც იყავ, „გიგანტო“, შენს გამო შეიძლება თავი ვეღარ შევიკავო და მგელივით ვეცე... შენი ხუმრობები გამაცოცხლებენ მერე ხარიხაზე თუ ჩამომკიდებენ ?“ – გაგულისებული უმზერდა სკამზე მოცანცარე ამხანაგს, – რატომ ვირევი ასე ამ ოხერ ძუძუებზე ? ბოლოს და ბოლოს ორი ცალი ხორცის ნაჭერია, სხვა რამ ხომ არა ?“

– შენ, ეი, ეგ ხუმრობა ლორდი კოკვუდის ქორწილშიც მოჰყევი ! – მხიარულად წამოიჭრა ფეხზე ქამხის კამზოლში გამოწყობილი, ვიღაც თმადაკეპნილი კაცი, – შენ ! ზუსტად შენ იყავი ! კარგად მახსოვს ! რამე ახალიც თქვით, სულ ერთსა და იმავეს რომ იმეორებთ ყველგან !

„ჯანდაბა.“

ამგვარი შემთხვევების დროს ისეთივე შეგრძნება ეუფლებოდა ხოლმე „გრძელფეხას“, როგორიც ბავშვობაში დაეუფლა, როდესაც ბოსელში ასოს წვალებისას გამოიჭირა დედამ მაშინ, როცა რეცხვის პროცესში მყოფ მეზობლად მცხოვრებ ბებია ტრინას უჭვრეტდა ბოსლის ერთ-ერთი ღრიჭოდან.

– აბა, საიდან მოვიგონო ახალი ? ჯუჯა ვარ, მილორდ, თქვენნაირი გიგანტი კი არა ? – თავის დაძვრენას შეუდგა „გიგანტი“,– ჰი-ჰი, კი დიდი თავები გვაქვს ჯუჯებს, მაგრამ შიგნით პატარა ტვინები გვიდევს !

„კარგია. ყოჩაღ“, – კმაყოფილი მიაჩერდა „გრძელფეხა“ თავისი ამხანაგის ენამახვილურ სიტყვებზე ახორხოცებულ ხალხს.

არასდროს თვლიდა თავიანთ ხუმრობებს განსაკუთრებულად სასაცილოდ, მაგრამ საბედნიეროდ ჯუჯას პირიდან ამოსული გინებაც კი საოხუნჯოდ ეჩვენებოდა ყველა ტანმაღალს.

– მაშ, გიგანტობას რას იჩემებ ? – სიცილით მიაჩერდა „გიგანტს“ ლორდი ლამბერტი.

– ჰი-ჰი, რა ვიცი... რა ვიცი... ცოტა არ იყოს კი მრცხვენია თქმა ! მაინც, ქალბატონები არიან აქ !

– თქვი ! თქვიი ! – განცხრომით დაიძახა ლედი გალარდმა და ისე მიაჭირა მკერდი თავზე „გრძელფეხას“ ამ უკანასკნელს იფიქრა, მგონი, სადაცაა თვალები გადმომიცვივდება ფოსოებიდანო, – თქვას ხომ ? თქვიი ! თქვიი ! ეს ხომ ქორწილია !

– თქვიი ! თქვიი ! – დანარჩენი მამაკაცები და ქალებიც აჰყვნენ ციხესიმაგრის ქალბატონს.

„გიგანტმა“ ჩუმად გამოხედა „გრძელფეხას“. ამ უკანასკნელმა თვალი ჩაუკრა და იმანაც უმალ დასჭექა:

– იმიტომ, რომ შარვალში მაქვს დიდიი !  

წამით, მთელი დარბაზი ისე ჩაჩუმდა, ბუზის გაფრენის ხმას გაიგებდი. მასხარა ჯუჯებმა ერთმანეთს ცოტა არ იყოს დამფრთხალებმა გადახედეს და სანამ ისევ ხალხს მიაჩერდებოდნენ, ერთხმად იხუვლა მთელმა დარბაზმა.

სუფრის თავი და მის გვერდით მჯდომი ლამაზი ჭაბუკი ერთმანეთს მიაწყდნენ ჩაბჟირებისგან; ლორდი გალარდის ძმამ პირი იმხელაზე დააბჩინა, ვეშაპს გადაყლაპავდა; ლორდმა ტერბინმა მხრები ისე ააცანცარა, სადაცაა მოსასხამის მოვერცხლილი, მუშტის ფორმის სამაგრები გასძვრებოდა; ლედი ტროდელის გვერდით მჯდომ ლორდ ტროდელსა და დანარჩენ დიდებულებს ზოგს ღვინო აუბუყბუყდა პირში, ზოგს გაუგონარი ხველა აუტყდა; ლორდმა გრომერმა ჭაჭვისგან კინაღამ ხავერდის ძვირფას კაბაში გამოწყობილი თავისი სათნო გარეგნობის ცოლი გადააგდო სკამიდან; ხოლო, ლედი გალარდმა ისე მიაბჯინა მკერდი კისერზე „გრძელფეხას“, რომ კინაღამ ტყემლით, წიწაკის სოუსითა და ქონით მოთხვრილ თეფშში ჩააყოფინა სახე.

– დიდი გაიძვერები ხართ, თქვენ ! – პირდაპირ ყურში ჩაჰყვირა ლხინისგან გაბრუებულმა ლედი გალარდმა „გრძელფეხას“, – დიდი გაიძვერები !

– მე ყველაზე გაიძვერა ვარ, მილედი ! – ძაღლივით დასწვდა მის ხელში შერჩენილ ქათმის ბარკალს „გრძელფეხა“ და ძალუმად დაუწყო მოკბეჩილ ხორცს ღეჭვა.

– ჰო ? ერთი ის მითხარი, შენც დიდი გაქვს შარვალში ? – ეს უკვე ჩუმად ჩასჩურჩულა ლედი გალარდმა.

რაო ? „გრძელფეხას“ ასე ეგონა, სადაცაა მკერდი გაეგლიჯებოდა სიხარულისგან. ნუთუ, მართლა ეუბნებოდა ამას ასეთი დიდებული და ტკბილი ქალბატონი ? ნუთუ... ნუთუ, ეს ქორწილი დონ როვერეს ქორწილზე უფრო სარფიანი გამოდგებოდა ?

„ტკბილი... თაფლივით ტკბილი.“

– მაქვს, მილედი ! ძალიან დიდი მაქვს ! – თავის მიბრუნება და მისი სახის შეხედვა მოინდომა, მაგრამ თავი შეიკავა. მართალია, ყველა სიცილ-ხარხარით იყო გართული, მაგრამ ვაითუ, მის ქმარს ან სხვა ვინმეს ეეჭვა რამე ?

ამასობაში, ტაბურეტი მოიტანა მოსამსახურე გოგონამ და კიდევ ჯვალოს ქსოვილში ჩასმული ბალიში. ამის გამო, გულში ერთი გემრიელად მიაწყევლა იგი „გრძელფეხამ“.

„ბალიში რაღა ჭირად გინდოდა, შე შეჩვენებულო ? ცოტა ხანს კიდევ ვიჯდებოდი ამ ძროხის კალთაში, სანამ ტრაკის ასამაღლებელს მომიტანდი.“

– აბა, გადაჯექი, პატარა ონავარო ! – ტაბურეტისკენ უბიძგა ლედი გალარდმა, – არც ისე მსუბუქი ყოფილხარ, ჰა ?

„გრძელფეხამ“ ცოტა არ იყოს დაბნეულმა აიჩეჩა მხრები. ჯერ კიდევ გაოგნებული იყო იმით, რაც წეღან ჩასჩურჩულა ქალბატონმა. რას ნიშნავდა ეს ? ვითომ, როდესაც პურობა დასრულდებოდა და ყველა მამაკაცი გაიბრუჟებოდა, ჩუმად სტაცებდა ხელს ლედი გალარდი და თავის ოთახში შეათრევდა მას ? ან იქნებ სამზარეულოში ან რომელიმე საკუჭნაოში დაიმარტოხელებდა ?

– ჭამე, მიდი ! – ისე აუჩეჩა მეჩხერი თმა ქალმა, გეგონება პატარა ბავშვი ყოფილიყოს.

როდესაც სიცილ-ხარხარი განელდა, „გიგანტმა“ ღლიცინი განაგრძო. ის ამბავი მოჰყვა თუ როგორ დასდევდა ხოლმე დედამისი საცემად ბავშვობაში, ხოლო თვითონ გაქცევისას ისე გარბოდ-გამორბოდა მაგიდის ქვეშ, რომ თავის დახრაც კი არ სჭირდებოდა. შემდეგ, ის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც თვალდაბნელებულმა ბებიამისმა კარადაში შესვა, რადგან ქოთანი ეგონა. ბოლოს კი, დარბაზში შეკრებილებს უამბო თუ როგორ იცხოვრა მთელ ერთი წელიწადი მცირე ბელეგელ დონთან რამდენადაც ამ უკანასკნელს საწყალი უპატრონო ბავშვი ეგონა იგი, რომელიც თავისი ჭკუით შეიფარა.

– ყველაფერი რომ გადავუჭამე მერეღა დაეჭვდა ის ბოთე დონი, ბავშვი რომ არ ვიყავი, –  მსმენელებთან ერთად ხვიხვინებდა თავისი თავით კმაყოფილი „გიგანტი“ და სკამზე აცანცარებდა პატარა ფეხებს.  

უმეტესობა ამბებისა, რასაც ჰყვებოდნენ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ხშირად, წინასწარ იგონებდნენ რა როგორ უნდა ეამბნათ ქორწილში ან სხვა ნადიმზე, ცდილობდნენ სულ ახალ-ახალი სასაცილო ისტორიები მოეგონებინათ და რეპეტიციას ძირითადად გზაში გადიოდნენ ხოლმე, სანამ ამა თუ იმ მომლხენ ციხესიმაგრემდე ან ქალაქამდე მიაღწევდნენ თავიანთი პატარა საზიდრითა და ჯორით, რომელიც ხუთიოდე წლის წინ როცა შეიძინეს ერთი ცალფეხა გლეხისგან, მაშინვე „ტაიჭი“ დაარქვეს.

ხუმრობებისა და სასაცილო ამბების მოფიქრებისას, „გრძელფეხას“ ხშირად ჩამოუშვია ცხვირი და მეგობრისთვის უთქვამს, ეჰ, ნეტავ, მართლაც ასეთი ხალისიანი ცხოვრება მქონოდაო, რაზეც „გიგანტი“ იმ წარმატებულ ქორწილებს, ნადიმებსა და ტურნირებს შეახსენებდა ხოლმე, როცა სრულიად უფასოდ ახერხებდნენ ქალებთან დაწოლას და „გრძელფეხასაც“ ანაზდად გულზე ვარდი გადაეფინებოდა ხოლმე.

ახლა კი იმედი ჰქონდა „გრძელფეხას“, რომ ეს ქორწილი ყველაზე სარფიანი აღმოჩნდებოდა ყველა იმ ქორწილსა თუ ნადიმს შორის, რომელშიც კი ოდესმე უმასხრია. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო დიდი ლორდის ცოლთან დაწოლა ? ამას, ხშირად, სახელგანთქმული რაინდებიც კი ვერ ახერხებდნენ და წარმოგიდგენია რა სასწაული იქნებოდა თუ მოხეტიალე მასხარა ჯუჯა შეძლებდა ასეთი დიდებული ქალბატონის ნიფხავში ჩაძრომას ?

„მიდი, შე ძროხა, მიჩურჩულე რამე მაგ შენი ტკბილი ტუჩებით“, – ჩუმ-ჩუმად აპარებდა ხოლმე თვალს უგემრიელეს ორაგულს შექცეული „გრძელფეხა“ ლედი გალარდისკენ, მაგრამ ეს უკანასკნელი უკვე აღარც კი უყურებდა მას.

– ჰა, შემეკითხეთ, თუ რამ გაინტერესებთ ! – დაიძახა „გიგანტმა“, როდესაც მეტ-ნაკლებად ჩაჩუმდა დარბაზი.

– გვეყო, მასხრობა ! – დაიძახა ლორდმა ლამბერტმა, – ახლა მუსიკამ გაგვიხალისოს გულები, რას იტყვით ?

მექორწილეებმა თანხმობის ყიჟინა დასცეს. „გრძელფეხას“ კი გული გადაუბრუნდა, ვაითუ ისე ძალიანაც არ მოეწონათ ჩვენი ხუმრობები და ხვალ დილით გასამრჯელო დაგვაკლოს გალარდების ციხესიმაგრის განმკარგულებელმაო. თვალი მოავლო იქაურობას, მაგრამ ვერსად დაინახა განმკარგულებელი. გაუკვირდა, ნუთუ პურობაზე არ მოიწვიესო. არადა, როგორც იცოდა, ლორდი გალარდის ბიძაშვილი თუ დეიდაშვილი იყო ციხესიმაგრის განმკარგულებელი.

ბარდებმა და მუსიკოსებმა ბარბითები და ვიოლინოები ააკვნესეს და მაშინვე მხიარულ ჰანგებში გახვიეს მთელი დარბაზი.

ჯერ ოლდენსა და ზემო ოლდენში გავრცელებული სიმღერა „ქეიფი დილამდე“ და „ელენა და მაწანწალა ჯონი“ დაამღერეს, რომელზეც ერთ ადგილას ხალისიანად აცმუკდნენ ქორფა ლედი ტროდელი და ლორდი კრეინისგან ხუთი კაცის იქით მჯდომი არც ისე ლამაზი ტყუპი ქალბატონები, ხოლო იმის შემდეგ, როცა სუფრის თავმა ახალდაბადებული პრინცი აროსის სადღეგრძელო შესვა, ლამის ზედიზედ დააგუგუნეს ჯერ ჩრდილოური სიმღერები „რინკე და მოხეტიალე რაინდი“ და „ღვინო და ელი“ და შემდეგ უკვე კემბრიაში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა „სერ უილიამ უქონელს ცოლი მოჰყავს“.

ბოლო სიმღერის დაწყებისთანავე ლედი გალარდი ფეხზე წამოვარდა და თავისი მძახალი, ლორდი ჰაროლდ გრომერი გაიცეკვა იქვე დაფენილ ერგუნდიულ ხალიჩაზე, „გრძელფეხა“ კი ნერწყვომდგარი მისჩერებოდა ქალის უკონტროლოდ ათახთახებულ მკერდს და დამშეული ქოფაკივით ღეჭავდა ღვინის სოუსში ამოვლებულ ბურვაკის მწვადს.

ნეტავ მარტო მე ვირევი ასე ამ ოხერ ძუძუებზე თუ სხვებიც ასე არიანო, გაიფიქრა და როგორც კი თვალი მოავლო დარბაზს, მაშინვე შვებით ამოისუნთქა, – მამაკაცების უმრავლესობა, ვინც ბოლომდე გალეშილი არ იყო, ლამის ენაგადმოგდებული მისჩერებოდა ციხესიმაგრის ქალბატონს, „გიგანტი“ კი, რომელიც ისევ ქორფა ლედი ტროდელის კალთაში ჩასკუპებულიყო, წარამარა სულ მოცეკვავეებისკენ აპარებდა თვალს.

არც ქალები აკლებდნენ. ფიცარნაგზე მჯდომი აბრეშუმის წითელ ოქრონემსულ კაბაში გამოწყობილი ერთ-ერთი ხელისმომკიდე ქალიშვილი ქვედა ტუჩის კვნეტით მისჩერებოდა ციხესიმაგრის ქალბატონს, ხოლო ლორდი ტროდელის გვერდით მჯდომი მეჭეჭებიანი ქალბატონი ისეთი პირგაღებული მისჩერებოდა მას, იფიქრებდი ბუზი რომ დაფრინავდეს ახლა აქ, უეჭველი პირში შეუფრინდებოდაო. ერთადერთი, პატარძლის დედა უყურებდა გაცივებული სახით ქმრისა და მძახლის ცეკვას და კოხტა მარჯვენა ყურზე მალ-მალე იწევდა ადგილ-ადგილ შევერცხლილ თმას.

„მმ, ალბათ ეშინია ქმარი არ აწაპნოს“, – პატარძლის დედის იერმა გაახალისა „გრძელფეხა“.

როდესაც კიდევ რამდენიმე სადღეგრძელო შესვა ლორდმა ლამბერტმა, ლედი გალარდმა ქორფა ლედი ტროდელი გადმოსვა თავისთან და „გრძელფეხა“ მაგიდის კუთხისკენ ჩააჩოჩა. მართალია, სანატრელი ქალბატონისგან ლედი ტროდელი აშორებდა და ცოტა არ იყოს იმედი გაუცრუვდა „გრძელფეხას“, მაგრამ სამაგიეროდ ზოგიერთი მექორწილის შესახებ საინტერესო ამბებს მოჰკრა ყური ლედი გალარდის ჭორიკნობის წყალობით.

ლედი ტროდელის პირდაპირ მჯდომი ლამაზი პირისახის მქონე მამაკაცი, სერ სედრიკ ტაუტონი აღმოჩნდა, რომელიც თურმე ქალებსაც ეტანებოდა და კაცებსაც და ლედი გალარდმა რჩევა მისცა ახალგაზრდა ლედის, რომ იგი ახლოსაც კი არ მიეშვა თავისთან.

„თორემ მოსასულიერებელი გახდები, ჩემო საყვარელო, რომელიმე მეჯინიბეს ან მსახურ ბიჭსა და გოგონას ერთად რომ აღმოაჩენ თქვენს საწოლში“, – თავზე მიეფერა გალარდების ციხესიმაგრის ქალბატონი ახალგაზრდა ლედის.

ლორდი კრეინის გვერდით მჯდომი სახეაჭარხლებული ლორდი გილროის მამაც გაჭორა ლედი გალარდმა. ასე იძახდა, სანამ ედგარზე გამომათხოვებდნენ ჩვენს ციხესიმაგრეში ხშირად მოდიოდა მამამისი და მამაჩემსა და დედაჩემს მკითხაობდა ხოლმეო.

„ბავშვობაში მაგიას ვსწავლობდიო ასე იძახდა, ჩემო საყვარელო... ჰო, არ გჯერა ? მართლა !“, - ახლა მარცხენა ყურის ბიბილოზე მოფერება დაუწყო ქალიშვილს.

ხოლო, იქვე ახლოს, ლორდი ლამბერტის გასწვრივ მჯდომ მხარბეჭიან და ახოვან ლორდ კალუმზე მასპინძელმა ქალბატონმა თქვა, რომ თავის დროზე თურმე მამამისსაც უნდოდა მისი ცოლად წაყვანა, მაგრამ საკუთარი მამისთვის ლორდი კრონისთვის უთქვამს, თავს მოვიკლავ ისეთ სუნიან ბებერს თუ გამაყოლებ, როგორიც ტრევორ კალუმიაო.

„ჰოდა ასე აღმოვჩნდი აქ, ჩემო მშვენიერო“, – ყელმოღერებული იძახდა ლედი გალარდი, – შენც თუ არ მოგეწონება საქმრო, შეგიძლია თავის მოკვლით დაემუქრო მამაშენს და ყველაფერი ისე მოეწყობა როგორც შენ გსურს... ქალებს დიდი ძალა გვაქვს, იცოდე. თუ მოინდომებ, თავისუფლად შეძლებ, სულ შენს ჭკუაზე ატრიალო კაცები.“

მისი სიტყვების მოსმენაზე „გრძელფეხა“ იფიქრა, ოხ, რა გაქექილი ვიღაც ყოფილაო.

„შეიძლება, სახიფათოც კი იყოს ასეთ ქალთან საქმის დაჭერა. რამე საძაგლობა არ მომწიოს თავისი ოინებით“, – ცდილობდა ხშირ-ხშირად აღარ გაეხედა მარცხნივ იმის იმედად, რომ იქნებ მისადმი აბრიალებული სურვილი როგორმე განელებოდა.

მაგრამ მეტისმეტად ტკბილი იყო ლედი გალარდი. როგორც კი, ლედი ტროდელი თავის ადგილს დაუბრუნდა, მაშინვე თავზე მოფერება დაუწყო ქალმა „გრძელფეხას“ და ეს უკანასკნელიც უმალ ენაგადმოგდებული ფინიასავით მიაჩერდა მას.

– ყვერული არ გინდა, პატარა ონავარო ? – ახალმოტანილი კერძი მიაწოდა და თან სახესთან ახლოს მიუტანა ჩათქვირებული მკერდი, – ჭამე, შე საწყალო, ჭამე ! დიდი ძალ-ღონე დაგჭირდება ამაღამ, ხომ იცი ?

და „გრძელფეხას“ უმალ ჟრუანტელმა დაუარა ქვედატანში. ნეტავ რას გულისხმობდა ქალი ?

„ნამდვილი მაცდური დემონი ხარ, შე წყეულო“, – გაიფიქრა და ამ დროს მის გულ-მუცელში თითქოს ვიღაცამ მთელი ხმით იღრიალა, არ მაინტერესებს, რომც მოვკვდე, თუ შანსი მომეცემა არაფრის დიდებით არ ავარიდებ თავს ამ ქალთან დაწოლასო.

– ერთი ის მითხარი, პატარა ონავარო, ბელეგაში რა ენაზე ოხუნჯობდით ხოლმე ? – ჰკითხა ლედი გალარდმა, – ერგუნდიაშიც ხომ არ ხართ ნამყოფები ?

– ბელეგაში ლერო... ლერონიულად, მილედი, ერგუნდიაში კიდევ, რა თქმა უნდა, ოსილონურად.

– ოჰ, ამდენი ენა იცი ? – თვალები ნამეტნავად გააფართოვა ქალმა და გაეცინა, – ახალი იმრონის ყველა ენა მეფემაც კი არ იცის.  

– ოცდახუთი წლის განმავლობაში მთელს ახალ იმრონში თუ იწოწიალებ ხალხის გასართობად, თანდათან ყველა ენას დაისწავლი, მილედი.

ლედი გალარდმა თავი შეათამაშა და ოინბაზურად გაუღიმა.

– აი, ტორტი მოდის, ტორტი ! – გაისმა ვიღაც კაცის წვრილი ხმა.

დარბაზში შემოსასვლელი რკინით შეჭედილი ბჭენი უკვე გახსნილიყო და ურიკაზე შემოდებულ თოვლიანი მთასავით მაღალ, რამდენიმესართულიან ტორტს ალვის ხესავით აწოწილი, ჩალისფერთმიანი ჭაბუკი მოაგორებდა.

– გაინძერით, გაინძერით, დაუკარით რამე ! – თვალებგაბრწყინებულმა გასძახა ლედი გალარდმა მუსიკოსებს.

„ანცები და ონავრები, – გაიფიქრა „გრძელფეხამ“, – აბა, ვნახოთ.“

მისი გამოცდილებით, ქორწილებში ტორტის გაჭრისას, ოლდენში, ზემო ოლდენსა და კემბრიაში ან „ანცებსა და ონავრებს“ უკრავდნენ ხოლმე, ან „სიყვარულის ბალადას“, ან „პრინცესას ქორწილს“ და ან „მარად მეყვარები“ - . ყოველ ჯერზე რატომღაც აზარტი იპყრობდა, რომ გამოეცნო რომელი სიმღერის მუსიკა გასერავდა ქეიფისგან ჩახურებულ ჰაერს, მაგრამ ერთი წლის წინ არლინგტონში გამართული ლორდი დანჰემის ქორწილის შემდეგ ერთხელაც არ დამთხვევია მისი ვარაუდი სხვადასხვა დარბაზებში გაჟღერებულ ჰანგებს.

– ჯანდაბა, – თავისთვის ჩაიბუტბუტა, როდესაც „პრინცესას ქორწილის“ ნაზმა, თუმცა მეტად მხიარულმა წკრიალმა მოიცვა იქაურობა.

ლედი გალარდმა თვალით ანიშნა შვილს, ჩამოდიო და ეს უკანასკნელიც ზანტად წამოიწია ფეხზე. ხელი ჩაჰკიდა ცოლს და ქვემოთ ჩამოიყვანა.

„არადა, კარგი ქალიშვილი ჩანს, – გაიფიქრა გრძელფეხამ, – რას ჩამოსტირის ცხვირ-პირი ამ ჭირიანს ? ასეთი ცოლი რომ მყოლოდა, რა დამაღონებდა ?“

– მიდი, მოიმარჯვე ეგ დანა, ედვინ და ისე ჩახვრიტე ეგ ტორტი, როგორც გალარდებს შეგვეფერება ! – მხიარულად უღრიალა ლორდმა გალარდმა ვაჟს.

– ჰო, ედ, ჩემო ბიჭო ! ჩახვრიტე, მიდი ! – აბღავლდა ციხესიმაგრის ქალბატონიც.

„ოხ, შენი თავი ჩამახვრეტინა“, – გულში ბობოქრობდა „გრძელფეხა“.

სიძე-პატარძალმა ერთად ჩაჰკიდა ხელი საკმაოდ მოზრდილ ვერცხლისტარიან დანას და მცირედი ბიძგის შემდეგ ძალუმად ჩააყვინთინა მას ტორტის სულ ქვედა სართულის ფაფუკ ფენაში.

იმგვარ ტაშის კვრას მოჰყვნენ მექორწილეები, გეგონება მთელი ახალი იმრონი სწორედ ამ მეფე-დედოფალმა გაათავისუფლა ერქონის იმპერიის მარწუხებისგან.

ისევ თავის ადგილებს დაუბრუნდნენ სიძე და პატარძალი. მსახურმა გოგოებმა ტორტის დაჭრა და ნაჭრების სტუმრებისთვის ჩამორიგება დაიწყეს.

– აბა, აბა, სუფრის თავს ყველაზე დიდი და კარგი ნაჭერი შეახვედრეთ, იცოდეთ ! – დაიძახა ლორდმა გალარდმა და თვალი ჩაუკრა ლორდ ლამბერტს.

ბარდებმა და მუსიკოსებმა კიდევ რამდენიმე სიმღერა დაამღერეს. განსაკუთრებული აღტაცება ოლდენურმა სიმღერებმა – „გათხოვილმა ქალებმა“, „ცელქმა ანნამ“ და „პრინცესა და მწყემსმა ბიჭმა“ გამოიწვია და მეფე-პატარძალიც კი ააცეკვა: ატლასის სახელოებიან ზღვასავით ლურჯ კამზოლში გამოწყობილი უფერული ვაჟი მოსირმული მოსასხამის ორნამენტებიანი კალთების ქნევით დაჰყვებოდა მეტად ცქვიტ გოგოს, რომელშიც აშკარად მოზღვავებულად სჩქეფდა სიცოცხლე.

უკვირდა კიდეც „გრძელფეხას“, აქამდე როგორ შეიკავა თავი პატარძალმა საცეკვაოდ რომ არ გადმოხტაო.

შვილისა და რძლის შემხედვარე ლედი გალარდი თავის ვაჟს გახარებული ეძახდა, მიდი, ედ, აჩვენე ყველას როგორია ნამდვილი ოლდენური ცეკვაო და ტაშის კვრის პარალელურად, მკერდს, რაც ძალი და ღონე ჰქონდა ცხვირწინ უთახთახებდა საბრალო „გრძელფეხას“, რომელსაც უკვე ღვინის წრუპვა დაეწყო, დაძაბულობა რომ განედევნა როგორმე თავისი ვნებისგან აკანკალებული სხეულიდან.

როდესაც მუსიკა და სიმღერა ყელში ამოუვიდათ მექორწილეებს, ისევ მასხარა ჯუჯებს უბრძანეს გართობის ასპარეზის გადაბარება და ეს უკანასკნელები მაშინვე გასცილდნენ მაგიდას ბოლო ლუკმების ღეჭვით.

ქორწილებისა და ნადიმების დასრულებისას, როდესაც წესით უკვე ყველა უკიდურესად ნაღვინევი უნდა ყოფილიყო, „გრძელფეხა“ და „გიგანტი“ პატარა წარმოდგენას დგამდნენ ხოლმე და ან „ნაბუშარი კარლის უკანასკნელი მეფური გაელვებით“ ან „ორი რაინდის ჯახით“ ართობდნენ მექორწილეებს. „ორი რაინდის ჯახი“, რომელიც ნამდვილ ისტორიულ მოვლენას არ ეფუძნებოდა, ყველაზე მეტად უყვარდათ მასხარა ჯუჯებს, რამდენადაც წინასწარი მომზადების გარეშე შეეძლოთ მისი თამაში.

„გიგანტი“ დარბაზის ბოლოსკენ გაქანდა და ერთ-ერთ ბუხართან მიყუდებული ორი ცალი რბილთავიანი მოგრძო ჯოხი მოარბენინა. წელზე შემოსაცმელი ხის პატარა სათამაშო ცხენებიც მოიყოლა თან.

– სერ კალის ! - დასჭექა მან და სათამაშო ცხენის სარჩულში გაუყარა ფეხები, – შეჯექით თქვენს ჯაგლაგზე და შემებრძოლეთ !

საჭმლით პირგამოვსებულმა ლორდმა ტერბინმა ისე გაიცინა, კინაღამ ხელახლა მოთხვარა ლორდი კრეინი.

– ოო, დიდი სიამოვნებით, სერ გაქუცულო ! – „გრძელფეხამაც“ ამოიცვა სათამაშო ცხენი.

მისი „ტაიჭი“ შავი იყო, „გიგანტის“, – თეთრი.

– ჰა-ჰა, გაქუცულოო ? – დაიძახა რომელიღაც მოქეიფემ.

დარბაზის სხვადასხვა ბოლოებში დადგნენ ჯუჯები და ერთმანეთისკენ გაექანენ თუ არა, მექორწილეთა ხარხარი ექოდ მოეფინა იქაურობას.

შეთანხმებულები იყვნენ, რომ ათჯერ უნდა გაქანებულიყვნენ ერთმანეთისკენ და რადგან სამი კვირის წინანდელ ნადიმზე, რომელიც ლამბერტონში გაიმართა, „გიგანტმა“ გაიმარჯვა, ამჯერად უკვე „გრძელფეხას“ გამარჯვების ჯერი იყო.

– ააჰ, დედაშენი ჯუჯა იყო ! – განზრახ დაიყივლა „გიგანტმა“ შეტაკების წინ.

– დედაშენი ხომ ცას ურტყამდა თავს, რას ამბობ ! – ძალით გაიცინა „გრძელფეხამ“ და მხარში ფრთხილად წაჰკრა ამხანაგს ჯოხი.

ასე ირბინეს წინ და უკან, ერთმანეთს ჯოხებს უღერებდნენ, მსმენელთათვის სასაცილო ფრაზებს ისროდნენ და ბოლოს „სასიკვდილო დარტყმა“ მიაყენა ამხანაგს „გრძელფეხამ. როგორც კი მიუახლოვდა, მკერდში აძგერა თავისი „შუბი“ და ცხენიანად დასცა ძირს.

– ყოჩაღ, პატარა ონავარო, ყოჩაღ ! – პირგაღებული უქნევდა ხელს ლედი გალარდი.

მის ქმარს უკვე თითქმის ბოლომდე ჰქონდა თვალები დახუჭული. ვეღარც სუფრის თავი იყო მთლად ყოჩაღად.

როდისღა უნდა გააცილონ მეფე-დედოფალიო, დაინტერესდა „გრძელფეხა“ და თავი დაუკრა მაყურებელს.

„ხომ არ დაავიწყდათ ნეტავ ?“

სამი თვის წინ გამართული კემბრიელი ლორდი კოლვინის ვაჟის ქორწილში პირველი ხუთი სადღეგრძელოს შემდეგ გააცილეს მეფე-დედოფალი და აქ უკვე მეთექვსმეტე სადღეგრძელო მაინც უწევდა და კვლავ ღრეობას მისჩერებოდა სიძე-პატარძალი.

და ამ დროს ლედი გალარდი წამოიჭრა ფეხზე.  

– მგონი, დროა ჩვენი გვრიტები დავაბინაოთ ! ჰა ? რას იტყვით ?

ლორდმა გალარდმა უმალ დააჭყიტა თვალები და ზლაზვნით ასწია თავისი ღიპი.

– დავაბინაოთ ! დავაბინაოთ ! – მოყოჩაღდა სუფრის თავიც.

– ნამდვილად დროა ! – დაიძახა ტორტის მსუყე ნაჭერს შექცეულმა პატარძლის მამამ და ცოლთან ერთად წამოდგა ფეხზე, – დავაბინაოთ !

– დავაბინაოთ ! – დასჭექეს დანარჩენმა მექორწილეებმა.

„კარგია. ესე იგი, უკვე დასასრულისკენ მიდის ქეიფი“, – ამოუხსნელმა აღტაცებამ მოიცვა „გრძელფეხა“.

ლედი გალარდმა მაგიდებს შორის მოტრიალე მოსამსახურე გოგონებს მეფე-დედოფლის საძინებელში დანთებული სანთლების შემოწმება დაავალა.  

– კარის თავზე ჩამოკიდებულ მოსართავებსაც დაუკვირდით ! მიღრეცილ-მოღრეცილი არ იყოს, იცოდეთ ! და შიგნითაც დაუკვირდით ხომ ყველაფერი წესრიგშია !

ქალიშვილები სასწრაფოდ გაცვივდნენ დარბაზიდან გასასვლელი გობელენიანი თაღისკენ.

„გრძელფეხა“ და „გიგანტი“ დაბნეულები მისჩერებოდნენ მექორწილეებს. ვეღარ ხვდებოდნენ, რა ექნათ, რადგან ხელახლა აღარავის მიუპატიჟებია სუფრასთან.

უცებ ლედი ტროდელმა მოუხმო თავისთან „გიგანტს“ და ეს უკანასკნელი მაშინვე მისკენ გაქანდა.

– მეც დავჯდები ჩემს „ტახტზე“, რა უჭირს ? – თავისთვის თქვა „გრძელფეხამ“ და მისთვის საგანგებოდ გამოყოფილი ბალიშიანი ტაბურეტისკენ წავიდა.

სიძე-პატარძლის მშობლები ერთმანეთში რაღაცას თათბირობდნენ. თათბირობდნენ რა, სინამდვილეში მხოლოდ ქალები, განსაკუთრებით კი ლედი გალარდი იყო ენად გაკრეფილი. ქმრები უბრალოდ გვერდით ედგნენ ქალებს და ნაღვინევ თვალებს არაქათგამოლეულები აფახურებდნენ.

ამასობაში, ლორდმა ლამბერტმა კიდევ ერთხელ შესვა მეფე-დედოფლის სადღეგრძელო, ტკბილი ცოლ-ქმრობა და შვილიერება უსურვა მათ და ერთაზე გამოცალა მთელი სასმისი. სხვა მამაკაცებმაც, რა თქმა უნდა, მას მიბაძეს.

– აბა, სერ დორინ, სერ ჰიუ, ლედი კროფტ, წამოიყვანეთ გვრიტები ! ლორდო ბრენტ, ლედი გრიმვალდ, რას უდგახართ ? – ცოტა ხანში მიმართა ლედი გალარდმა ფიცარნაგზე მყოფ ახალგაზრდებს, – თქვენ ხომ მათი ხელისმომკიდეები ხართ ! ლორდო ლამბერტ, თქვენი ვაჟიც თუ წამოგვყვება დიდად დაგვავალებს !

– მიდი, რობ, მიდი ! – ღიმილით უთხრა სუფრის თავმა თავის გვერდით მჯდომ გოგოსავით კოხტა ჭაბუკს და ეს უკანასკნელი მაშინვე თავისი აბრეშუმის ლალისფერი მოსასხამის ფრიალით მივიდა მეფე-დედოფლის გამცილებლებთან.

ლედი გალარდმა მუსიკის დაკვრა ბრძანა და როგორც კი „ანცებისა და ონავრების“ მეტად მხიარულ ჰანგებში ჩაიძირა დარბაზი, ფიცარნაგიდან ჩამოყვანილი სიძე-პატარძალი ხელისმომკიდეებმა მაშინვე გობელენებიანი თაღისკენ გარეკა. სანამ გაუჩინარდებოდა, ახალგაზრდა გალარდს მხოლოდ ერთხელ ჩაეღიმა, ისიც ძლივსშესამჩნევად.

„ეჰ, დიდი მკვდარი სული ვიღაცაა. მაგისგან კაცი არ გამოვა“, – ჩაეცინა „გრძელფეხას“ და ნაირ-ნაირ მწვანილში ჩაშუშული სოკო გადაიღო.

– იცოდეთ, ჯერ არ იცელქოთ ! – გახარებულმა მიაძახა ვაჟსა და რძალს ლედი გალარდმა და იქვე ახლოს, უშნო და მხარბეჭიან რაინდთან მჯდომი მოციქული, რომელიც უკვე კარგა გემრიელად გამომთვრალიყო და ლოყები კიდევ უფრო ცეცხლისფერი გახდომოდა, ფეხზე წამოაგდო სასწრაფოდ, – ჯერ სარეცელი უნდა დაგილოცოთ მოციქულმა რეიმონდმა !

შემდეგ რაღაც უთხრა ლედი გრომერს, მაგრამ „გრძელფეხამ“ ვეღარ გაიგონა მისი ხმა, ისე ხმამაღლა ააკვნესა ერთმა ნისკარტა მუსიკოსმა ბარბითი.

მოციქული, ლორდი გალარდი და ლორდი გრომერი კვალდაკვალ მიჰყვნენ ქალბატონებს ბარბაცით და მალე ისინიც გაუჩინარდნენ.

როდესაც „ანცები და ონავრების“ დაკვრას მორჩნენ, მუსიკოსებმა და ბარდებმა „გათხოვილი ქალები“ დაამღერეს ისევ. გრძელფეხა იცოხნებოდა და გულმოსული ფიქრობდა, ჩვენ რომ ერთი პატარა ხუმრობა გავიმეოროთ არავინ შეგვარჩენს და ამ აწოწილ ყვავებს პასუხს არავინ სთხოვსო.

მაგიდებთან მსხდომი მამაკაცების დიდი ნაწილი უკვე გვარიანად გალეშილიყო. უმეტესობას თავები ჩაეყო ნამუსრევში და ტკბილად ეძინა. ბუღასავით ჩასხმულმა ლორდმა კრეინმაც მათ მიბაძა და თავისი დიდრონი, აქა-იქ გაქუცული თავი პირდაპირ ღვინის მოჭიქული დოქის გვერდით დაასვენა.

სუფრის თავი იქვე მჯდომ ბაკენბარდებიან ლორდს ესაუბრებოდა. ერთ მომენტში „გრძელფეხას“ მოეჩვენა, რომ რწყილი დაუნახა მას თმაში.  

– თქვენს ძმისშვილზე... კი, ზუსტად მასზე ვდებ ხვალ ორმოც ბროილს, ლორდო ლესერ, – იძახდა ლორდი ლამბერტი და „გრძელფეხა“ გაოცებული მისჩერებოდა მას, რანაირად არ დაიძინა აქამდეო. არადა, რასაც აკვირდებოდა ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ სასმისს თითქმის ბოლომდე ცლიდა, – ტყუილად კი არაა ჩემი რაინდი ? აბაა, საუკეთესო რაინდია მთელს სამეფოში.

– მართლაც კარგ ფორმაშია გერალდი, მილორდ, – მიბნედილ თვალებს ზანტად ლულავდა ლორდი ლესერი და გამხდარი მარჯვენა ხელით ბოლოკის ნაჭრებს იტენიდა პირში, – ნამდვილად ეგრეა... კი, კარგ ფორმაშია. ისე გადმოაგდებს ცხენიდან გრიმვალდის ბიჭს, ასაწყობი გახდება ის... ის უბედური. აი, ნახავთ !

„ლესერი ?“ – გვარი ეცნო „გრძელფეხას“.

ნუთუ, ეს ის ლორდი ლესერი იყო, რომელზეც ხმები დადიოდა, რომ ბავშვობაში სამოციქულო ტყეში დაბუდებულმა ალქაჯმა გაიტაცა და ასო ტახის გაცხელებულ ქონში ამოვლებული დანით მოაჭრა ?

„შეიძლება მამამისი იყო... შარვალს თუ არ ჩაიხდის, რას გაიგებ ? ესენი ხომ ბუზებივით იხოცებიან... წარამარა ენაცვლებიან ერთმანეთს.“

მაგიდის მარცხენა ნაწილში ზოგიერთი ქალი გონების დაკარგვის პირას მყოფ თავის ქმარს, ძმას ან მამას ექაჩებოდა, რათა როგორმე სასმელს მოეწყვიტა იგი. სელის დაბებკილ ბრიგანდინში გამოწყობილი ერთი ცალხელა კაცი პირით ჩაჰფრენოდა მოვერცხლილი სასმისის პირს, ერთადერთ ხელზე კი ყორნისფერთმიანი კოჭდაბალი ქალი ისეთი გამხეცებით ეჯაჯგურებოდა, „გრძელფეხამ“ იფიქრა, სადაცაა მეორე ხელსაც მოაგლეჯსო.

მოპირდაპირე მაგიდასთან ერთიმეორეზე უფრო ჩასხმული ჭაბუკი და წვეროსანი მოხუცი შეიბნენ და სიცილ-სიცილით ებღლარძუნებოდნენ ერთმანეთს, ხოლო ფარდაგებით გამშვენებული კედლისკენა სუფრასთან მოკალათებულებს მკლავჭიდის შეჯიბრი გაემართათ.

„ერთ სადღეგრძელოსაც იტყვის და მერე უკვე ალბათ თვითონაც დასაძინებლად წავა, –  მიბნედილ თვალებზე მიაშტერდა სუფრის თავს „გრძელფეხა“, – მანამდე ის ძროხაც დაბრუნდეს იქნებ.“

ლედი ტროდელმა „გიგანტი“ კალთიდან გადმოსვა და ნაღვინევი მამის დარბაზიდან გაყვანას შეუდგა. მის პირდაპირ მჯდომმა სერ სედრიკ ტაუტონმა, რომელიც ლედი გალარდმა ქალების გარდა მამაკაცების მოყვარულადაც მონათლა, თვალი გააყოლა მას და თავისი ლამაზი სახე ნაღვლიანად ჩარგო ხელისგულებში.

– კეთილი ქალიშვილია. კარგად გამითბო ტრაკი, – ამხანაგთან მობაჯბაჯდა „გიგანტი“ და ლედი გალარდის სკამზე შემოჯდა.

– მოშორდი აქედან, – ჩუმად შეუღრინა „გრძელფეხამ“.

მართალია, მათთვის არავის სცხელოდა, მაგრამ სიფრთხილეს არასდროს სტკივა თავი, როცა საქმე ისეთ ხალხთან გაქვს, ვისაც ერთი უბრალო სიტყვით შეუძლია შენი სიცოცხლის ალი სანთელივით ადვილად ჩააქროს.

– დაიცა, შენ რა, გგონია, ლოგინში ჩაგიგორებს ის ? – უკვე გაციებულ ყვერულს სტაცა ხელი „გიგანტმა“ და ყბაში გადაუშვა. 

– მოკეტე ! თუ დაბრუნდება, იცოდე, მაშინვე ააძრობ მაგ პატარა ტრაკს სკამიდან !

ლორდი ლამბერტი ვაივაგლახით წამოდგა ფეხზე. ერთი დაახველა და მუსიკა უმალ გაყუჩდა.

– მილორდებო ! – დასჭექა მან, მაგრამ ვისთვის საკითხავია. მაგიდების ნახევარზე მეტი ან უკვე ცარიელი იყო ან მექორწილეებს ეძინათ ზედ, – სერ ალინ კლიფორდის სადღე... სადღეგრძელო მინდა შევსვათ ყვე... ყველამ !

„გრძელფეხამ“ გაიფიქრა, მგონი, ახლა ზეზეურად ჩამოეძინება ამასაცო.

– მისი მსგავსი რაინდები იშვიათად იბადებიან !... ჭეშმ... ჭეშმარიტი რაინდი იყო იგი ! – შემდეგ, თავისთვის აბურტყუნდა, – მენატრები, ჩემო მეგობარო. ოხ, როგორ მენატრები. დაე, უკუნისამდე დაუბნელდეთ მზე იმ წყეულ მეკობრეებს... წყეულ ჩრდილოელებს.

„ამისნაირი ყეყეჩი იქნებოდა ისიც“, – გაიფიქრა „გრძელფეხამ“ და ქათმის შებრაწულ ფრთას ჩაფრენილი ამხანაგი დატუქსა, რა უბედურებაა ამდენი ჭამა, მუცელი არ გაგისკდეს ამ შუაღამეზეო.

– გაუმარჯოს !  

– გაუ... გაუმარჯოს !

– გაუმარჯოოს !  

აქეთ-იქიდან გაისმა ჯერ კიდევ ფხიზლად მყოფი მამაკაცების ხმები. სუფრის თავთან მეტ-ნაკლებად ახლოს მჯდომ ლოყებდასერილ კაცს აღარაფრის თქმის უნარი აღარ შესწევდა, ტუჩების ცანცარით წამოსწია თავი, ლორდ ლამბერტს გახედა, მერე მარჯვნივ, მძინარე ლორდ კრეინს მიაპყრო თვალი და შემდეგ ისევ მაგიდაზე დასვენებულ მკლავებში ჩარგო დასახიჩრებული სახე.

„გაილექნენ. კარგია, – კმაყოფილმა მოყლუპა ღვინო „გრძელფეხამ“, – იმედია იმის გაღიპული ქმარიც ასეთ დღეშია.“

მაგრამ არა და არ გამოჩნდა ლედი გალარდი. ნეტავ დასაძინებლად ხომ არ დაწვა უკვეო, გული აუწრიალდა „გრძელფეხას“.

„აბა, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი ? უბრალოდ, მაგიჟებდა ? ჩემი გაგიჟება სიამოვნებს იმ უსინდისოს ?“

თუმცა ქალებისგან რა იყო გამორიცხული ? განა რვა თუ ცხრა წლის წინ, პრინცი ბანოსის ქორწილში მზარეულის გოგოსთან არ შეემთხვა მსგავსი რამ ? იმ უტიფარმა ქორწილის წინა დღეს ჩუმად აჩვენა თავისი ბანჯგვლიანი სარცხვინელი სამზარეულოში და მეორე დღეს, საქორწილო ნადიმზე, ზედაც აღარ შეუხედავს მისთვის, ხოლო როდესაც მას ლხინის დასრულების შემდეგ გამოელაპარაკა „გრძელფეხა“, გოგომ ასე მიუგო, ტყუილად ნუ დაიღლი თავს ჩემი მოთაფვლით, ცოდვას ვერ ჩავიდენ, მითუმეტეს ჯუჯასთანო.

„შეშლილები... ნამდვილი დამთხვეულები არიან. უბრალოდ, უნდა გაგიმართლოს, რომ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდე და თავიანთი დამთხვეულობის ან შურისმაძიებლობის გამო დაწვნენ შენთან... ან ნამუსი უნდა ახადო.“

– სად გაგვამწესა იმ ღიპიანმა ? – ლედი გალარდის სასმისიდან მოსვა ღვინო „გიგანტმა“.

– ვინ ? ბევრი ღიპიანია აქ.

– იმან... ცალთვალამ.  

– განმაკარგულებელმა ?

– ჰო.  

– კოშკში... მზარეულებთან და მეეზოვეებთან.

წავალ, დავწვებიო, თქვა „გიგანტმა“ და სკამიდან ჩამობობღდა.

– წამოხვალ ?

– არა, – მოუჭრა „გრძელფეხამ“.

– ჰი-ჰი, როგორც გინდა მეგობარო, როგორც გინდა.

„გიგანტმა“ აქეთ-იქით მობარბაცე მამაკაცებს შორის გაიკვლია გზა და დარბაზიდან გასასვლელი ბჭეებისკენ წავიდა.

ცოტა ხანში, როდესაც კიდევ უფრო შეცოტავდა ხალხი, მუსიკოსები და ბარდებიც დაიძრნენ გასასვლელისკენ. იმედია, ესენიც ჩვენთან არ დააბინავესო, გაიფიქრა „გრძელფეხამ“ ერთ-ერთი ბარბითიანი ვაჟის შემხედვარემ, რომელმაც ერთი მაგრად გააქარა, როდესაც მოჩუქურთმებულ ქვის სვეტს გაუსწორდა.

„დიდი მადლობა, მაგრამ ამის კუილების სუნვა საერთოდ არ მინდა... დამპალი ლორდები. თვითონ ჩაწვებიან თბილ-თბილ ლოგინებში, შენ კიდევ აყროლებულ ღორებთან დაწექი. რა ენაღვლებათ ?“

ლორდი ლამბერტის ვაჟი გამოჩნდა და „გრძელფეხამ“ თვალები დააჭყიტა, ნეტავ ლედი გალარდიც თუ მოვაო. ვაჟმა უკვე ჩაძინების პირას მყოფი მამამისი წამოაყენა ფეხზე.

– როგორ ჩაიარა დაბინავებამ, მილორდ ? – ჰკითხა „გრძელფეხამ“. თან თვალს გობელენებიანი თაღისკენ აპარებდა.

ბიჭმა არაფერი უპასუხა. ერთი შეხედა ცივად და მამამისთან ერთად წავიდა დარბაზიდან გასასვლელისკენ.

„რა გინდა, შე კუდაბზიკა ? რა გაწყენინე ?“

ორმოცამდე მამაკაციღა იყო მაგიდებთან. ხოლო ფანჯრების მხარეს, კედელში ამოშენებულ უშველებელ ბუხართან, ექვსი მექორწილე იდგა ფიალებით ხელში: გალაღებულები გნიასობდნენ თავისთვის. ჰაერში, ღვინისა და ცხიმის სუნი ტრიალებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბლომად ხალხმა დატოვა სუფრები, ოფლის მჟავე სუნი მაინც სცემდა „გრძელფეხას“. ნეტავ, ჩემი ხომ არააო, გაიფიქრა და იღლიაში ისუნა.

ვერაფერი იგრძნო.

– შენ, ეი ! – დაუძახა იმ აწოწილმა ბიჭმა, რომელმაც მანამდე ტორტი შემოაგორა დარბაზში. სამ მოსამსახურე გოგოსთან ერთად ალაგებდა გასვრილ თეფშებსა და სასმისებს ურიკაზე, – წადი, დაიძინე, უნდა ავალაგოთ მაგიდები !

„გრძელფეხა“ სკამიდან ჩამოხტა და დაღვრემილი გაემართა ღიად დატოვებული ბჭეებისკენ. არ გაუმართლა. ის ძროხაც ისეთივე გადარეული აღმოჩნდა, როგორიც ქალების უმეტესობაო, ფიქრობდა იმედგაცრუებული.

დარბაზიდან გამოსვლისთანავე, მარჯვნივ გაუხვია სანთლებით განათებულ დერეფანში, სადაც ქვის ჭერი და კედლების ნაწილი ნაირ-ნაირი ფრესკით იყო გამშვენებული. ერთ-ერთი სპილენძის სასანთლის თავზე ერთმანეთთან ჩახვეული მდიდრულად შემოსილი ქალ-ვაჟი იყო გამოსახული. ორივენი ისე მისჩერებოდნენ ერთმანეთს, გეგონება მეტჯერ ვეღარასდროს შეხვდებოდნენ.

„სიყვარული და სილამაზე მხოლოდ ამათია, – გულდაწყვეტილმა გაიფიქრა „გრძელფეხამ“, – ჩვენია ფუნა, სიმყრალე და ტკივილი... და კიდევ დაცინვაც მიუმატე მაგ ყველაფერს ჯუჯების შემთხვევაში.“

ფართო კიბეზე დაეშვა. სამი სხვა კაციც ჩადიოდა მასზე. ერთმანეთზე ჰქონდათ ხელები გადახვეული და ღიღინ-ღიღინითა და ტორტმანით ეშვებოდნენ ეზოში გასასვლელი ხის ჭიშკრისკენ.

როდესაც მათ გაუსწორდა „გრძელფეხა“ და გასცდა, სიცილი დააყარეს.

– ჩემი შვიდი წლის გოგო ამაზე მაღალია ! ჰა-ჰა ! ხომ გახსოვთ ჩემი რონა ? 

– შენი გოგოსი არ... არ ვიცი, მაგრამ ჩემს ცხენს რომ უფრო დიდი საოხრე აქვს კი ვიცი !

„შეგეცით !... იმედია, მალე დაიწყება ჟამიანობა და ძირში მოგახმებათ ეგ მყრალი საოხრეები“, – ფეხს აუჩქარა „გრძელფეხამ“ და უკან ჩამოიტოვა მთვრალი მამაკაცების ხარხარი.

გარეთ გასულს, სიცივე, დამშეული მგელივით დაეძგერა სახეში. პირქუში ქონგურებიდან მონაბერმა თოვლის ფანტელებმა თხელი თმა დაუზინზლა და მაშინვე თავისი ზანზალაკებიანი ქუდი ამოიღო კურტაკის ჯიბიდან. თავზე დაიფარა და სუსტი წკარაწკურით გასწია მზარეულთა კოშკისკენ.

ეზოში გაშლილ კარვებს შორის მიბაჯბაჯებდა კანკალით. ზოგიერთი მათგანიდან ვნებიანი ოხვრა-კვნესის ხმა გამოდიოდა და ისეთი შეგრძნება დაეუფლა „გრძელფეხას“ თითქოს უცნობთა ყოველი ამოხვნეშა ცივ ნემსებს ასობდა გულ-მუცელში.

„დამპლები... გახრწნილები. ჯოჯოხეთში დაიწვით ყველანი. შევეცი ამ ცხოვრების გამჩენს !“

აბა, რა მეგონა ამხელა წოდების ქალს რომ ვუმიზნებდიო, ფიქრობდა თავის თავზე გაბრაზებული. რა ძალა ედგა ? ეცადა, რომელიმე მსახური გოგოს მოჩანგვლა და ახლა უფრო მეტი შანსი ექნებოდა თვითონაც ისევე ტკბილად გაეტარებინა ღამე, როგორც ეს უწესოები ატარებდნენ.

ჩაბნელებულ ტაძართან ახლოს გაშლილ, ფარნით განათებულ ერთ-ერთ კარავში თბილ საბანში გახვეულ ბანჯგვლიან, ძირმაგარებიან ჩასუქებულ დუნდულებს მოჰკრა თვალი და საშინლად მოუნდა ნეტავ ერთი ურო მომცა, სულ მთლად დავუჭყლეტდი ამ გასიებულ ტრაკს ვინც არ უნდა იყოსო.

„ისინი ზემოთ ერთობიან, ესენი ქვემოთ, შენ კიდევ წადი ახლა და შეძვერი ხახვის და ნივრის სუნად აყროლებულ სოროში... და ყურებში თითების შეყოფა არ დაგავიწყდეს, გული რომ არ გაგისკდეს.“

როდესაც ვარდის ბუჩქებს ჩაუარა „გრძელფეხამ“ და იქიდანაც ავხორცული კვნესის ხმა ჩაესმა, ასე ეგონა მთელი ცისქვეშეთი ხარობს, სანამ მე ვიტანჯებიო. ყველაფერი უცებ შესძულდა მას: ადამიანები, ცხოველები, მცენარეები... შენობები და ქვებიც კი მტრად მოიკიდა, თითქოს.

ჩირაღდნებით განათებულ სამჭედლოსა და საჯინიბოს ჩაუარა და ანაზდად დათოვლილ ფილაქნებზე აუსრიალდა ფეხი. ძირს დავარდა და კუდუსუნი იტკინა. სასწრაფოდ ზეზე წამოვარდა გამწარებული და ჩექმა ჩასცხო ფილაქნებს.  

– დამპლები... არ ეკადრებათ ტალახში სიარული მაღლებსა და ლამაზებს !

ნელ-ნელა უახლოვდებოდა მისთვის და „გიგანტისთვის“ გამოყოფილ კრამიტისსახურავიან კოშკს, რომელიც მეტად კუშტი ეჩვენებოდა ჩრდილოეთის ქუფრი ღრუბლებიდან მოჭვრიტინე ცივი მთვარის შუქზე. ყველა სარკმელი ჩაბნელებული ჰქონდა კოშკს და „გრძელფეხამ“ იფიქრა, იმედია ახლა კისერსაც არ მოვიტეხ შიგნით, სანამ ჩემს ქვეშაგებს მივაგნებო.

გაქუცულ და ტოტებდათოვლილ ვაშლის, მსხლისა და ტყემლის ხეებს ჩაუარა, შემდეგ ღამის პაემანზე მყოფი ქალ-ვაჟივით გატრუნულ ორ ცალ გამხდარ სოჭს გასცდა და როდესაც ათი-თხუთმეტი ნაბიჯიღა აშორებდა კოშკში შესასვლელი ფიჭვის კარისგან, მარცხნიდან ვიღაცამ დაუძახა:

– ეი, შენ, – თავსაბურავის მიღმა აშკარად ის ქალიშვილი იყო, ტაბურეტი და ბალიში რომელმაც მოუტანა ნადიმზე. თბილი ჯვალოს ლაბადა ჰქონდა მოხვეული და ხელში ფარანი ეკავა, – „გრძელფეხა“ შენ ხარ, არა ?

– მე გახლავარ !  

– წამო ! შენი ნახვა უნდათ !

რაო ? ნეტავ ვისთან მიჰყავდა ამ ჭორფლიანს ? ნუთუ.... ნუთუ...

– ვის ?

– წამო-მეთქი !

გოგო მეორე ბილიკს გაუყვა, რომელიც ყვავილების ბაღში გადიოდა. „გრძელფეხა“ მაშინვე უკან მიჰყვა. ყვავილების ბუჩქების უმეტესობას შემოძარცვული ჰქონდა როგორც ყვავილები, ისე ფოთლები და უშნო ფიჩხებივით იყო გაფშეკილი. მხოლოდ მცოცავი ვარდები, მიმოზები და რენფორდული მაგნოლიები ხარობდნენ სიცოცხლით.

ცოტა ხანში, გოგო ქვის მოაჯირიან კიბეს შეუდგა, რომლის ბოლოშიც თაფლისფერი მცოცავი ვარდები თაღს ქმნიდა. მათ ქვეშ გავლისას, საამურმა სურნელმა გააბრუა „გრძელფეხა“ და უმალ აგზნებისგან აუგუგუნდა მკერდი: ბილიკი, პირდაპირ ლორდის საცხოვრებლისკენ მიდიოდა.

„ნუთუ ქალბატონთან მივყავარ ? ნუთუ, ეს მართლა მოხდება ?“

დროდადრო უკან იხედებოდა გოგო, მაგრამ თქმა არ დასჭირვებია ფეხს აუჩქარეო, – „გრძელფეხა“ ისედაც დაუზარლად მიცუხცუხებდა მის კვალდაკვალ და სიცივე საერთოდ აღარ ახსოვდა.

ცოტაც და ეზოს აღმოსავლეთ ნაწილში გაშლილ კარვებს მიუახლოვდნენ. „გრძელფეხამ“ იფიქრა ახლა ისევ სხვების ოხვრა-კვნესა დამიღრღნის გულსო, მაგრამ მშვიდი ფშვინვისა და მამაკაცთა მოგუდული საუბრის მერი არაფერი გაუგონია.

– წამო ! – კიდევ ერთხელ უთხრა გოგომ და ჩირაღდნებით აელვარებულ კედლებს შორის გამოჭრილ კარში შეიყვანა.

ქანდაკებებიან დერეფანში ყოველი ნაბიჯის გადადგმასთან ერთად გრძნობდა როგორ აწვებოდა უფრო და უფრო მეტი სისხლი ქვედა ნაწილში. ჯერ ერთ ცარიელ მოზრდილ დარბაზში შეიყვანა გოგომ, სადაც კედლებზე ნაირ-ნაირი აბჯარი და იარაღი ეკიდა, შემდეგ კიბეზე ჩაიყვანა ქვემოთ და მარცხნივ ატარა სანთლებით მკრთალად განათებულ არც ისე მოკლე დერეფანში, საიდანაც ერთ გაჭვარტლულ ოთახში შევიდნენ. ორი ქალიშვილი იწვა იქ საწოლებში. საბნებიდან წამოყვეს მათ თავები და შეშინებულები მიაჩერდნენ „გრძელფეხას“.

„უეჭველად იმასთან მივყავარ. აბა, ამ ლაბირინთებით რატომ მოვყავარ ?“

კიდევ ერთ დერეფანს გაუყვნენ. ნესტის სუნი ეცა „გრძელფეხას“. ერთ-ერთი სარკმლის პირდაპირ სხვა კიბე შეამჩნია, რომელიც უკუნეთ სიბნელეში ჩადიოდა. ადამიანის გმინვის ხმა მყრალ და ცივ ნიავთან ერთად ამოიჭრა ქვემოდან და დაასკვნა ეტყობა დილეგებია ქვემოთო.

„დატყვევებული ეყოლებათ ვინმე... იმ საძაგელ ნესტში ალპობენ საბრალოს.“

ცოტა ხანში კიდევ ერთ ოთახში შევიდნენ. შიგნით არავინ იყო. ერთი გახუნებული ხის მაგიდა იდგა იქ და ოთხი ცალი გაცვეთილი სკამი. მოჩუქურთმებულ ქვის ღუმელზე წყლით სავსე ლითონის ქვაბი შემოედგა ვიღაცას. აქედანაც გავიდნენ და კიდევ ერთ დერეფანში ამოჰყვეს თავი. რით ვეღარ მივედითო, ფიქრობდა „გრძელფეხა“. იმედია, ამდენს ტყუილად არ ატარებდა ეს ჭორფლიანი, თორემ სჯობდა ეს უკანასკნელი მზად ყოფილიყო, რომ აქვე მიახრჩობდა მასხარა ჯუჯა.

„გიჯობს, არ გამაბრაზო, შე საცოდავო.“

დერეფნის ბოლოში ვიღაც კაცის თავწატეხილი ქანდაკება იდგა. შემდეგ მარჯვნივ გაუხვიეს და მომდევნო დერეფნის შუი ნაწილიდან ამავალ არც ისე ვიწრო დახვეულ კიბეს აუყვნენ. ზემოდან მამაკაცების სიცილის ხმა გაისმა და გოგო მაშინვე შედგა. ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიიდო და ამგვარად მიაჩერდა „გრძელფეხას“.

მორჩა. უეჭველად მასთან მიჰყავდა. აბა, ასე საიდუმლოდ რატომ ატარებდა გალარდების ციხესიმაგრის ლაბირინთებში ?

„ნამდვილად პირველი ჯუჯა ვიქნები ვინც დიდ ქალბატონს ჩაუძვრება ნიფხავში. კი, ნამდვილად ეგრე იქნება“, – „გრძელფეხას“ სიხარულისგან შეყვირება მოუნდა, მაგრამ ათუხთუხებული ბგერები მუცელში ჩაიკლა.

როგორც კი ყველაფერი მიჩუმდა, კვლავ განაგრძო გზა გოგომ. კარგა ხანს იარეს კიბეზე, რამდენიმე სართული აიარეს და ბოლოს ფარნებით განათებულ დერეფანში შეუხვიეს. კედლებზე ტილოს დიდი ნახატები ეკიდა. ერთ-ერთზე გალარდების ოჯახი იყო გამოსახული: ლორდი და ლედი გალარდები და კიდევ სამი ბიჭი და ორი გოგო. მხოლოდ ის ბიჭი ეცნო „გრძელფეხას“, რომელმაც ეს-ესაა ცოლი მოიყვანა. დანარჩენი ბავშვები არსად დაუნახავს.

„ალბათ სძინავთ ? ერთი მაგათიც... მთავარია მადიანად დავეწაფები მაგათი დედის ძუძუებს.“

ტილოზე ყველანი უფრო ლამაზები ჩანდნენ, ვიდრე სინამდვილეში იყვნენ, განსაკუთრებით, ლორდი გალარდი, – ღიპი საერთოდ არ ეტყობოდა და გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. რაც შეეხება ლედი გალარდს, აქ იგი შველს უფრო მიამსგავსა „გრძელფეხამ“, ვიდრე ძროხას.

გოგო დერეფნის ბოლოში გამოჭრილ ერთ-ერთ მუხის სქელ, მოჩუქურთმებულ კართან გაჩერდა და ფრთხილად დააკაკუნა მასზე.

„ჰა, გააღე, ტკბილო“, – „გრძელფეხა“ თვალებდაჭყეტილი ამოუდგა გოგოს გვერდში.

კარმა დაიჭრიალა და იგი გამოჩნდა. ჯუჯას, უმალ მოსალოდნელი ნეტარების ტალღებმა დაუარა მთელს სხეულში. გრძნობდა, როგორ აუცახცახდა მუხლები.

– თავისუფალი ხარ, ლეა, – კმაყოფილი ღიმილით მიუგო ციხესიმაგრის ქალბატონმა მსახურ გოგოს.

ატლასის ხალათი ეცვა ლედი გალარდს. შიგნიდან აშკარად შიშველი იყო: ჟოლოებივით ძუძუსთავები ძალუმად მობჯენოდა სისხლისფერ ქსოვილს. ქამარზე ერთი გამოქაჩვაა საკმარისი და თვალის დახამხამებაში გავაშიშვლებ ბოლომდეო, გაიფიქრა „გრძელფეხამ“.

მასპინძელმა არაფერი უთხრა, მაგრამ „გრძელფეხა“ უსიტყვოდ შევიდა მოზრდილი ბუხრით გამთბარ ოთახში. კარი მაგრად ჩარაზა ქალმა და ცბიერმა ღიმილმა გაუპო აწითლებული ტუჩების კუთხეები. 

ოთახი არც კი მოუთვალიერებია „გრძელფეხას“. რა დროს ეს იყო ? ერთადერთი, ხავერდის სქელ ფარდებს მოჰკრა თვალი ქალის უკან.

– აბა, რა ჰქენი, კარგად ჭამე, პატარა ონავარო ?

– ვჭამე რომელია, მილედი ! ღორივით გავძეხი !

არც ისე ცუდია ცხოვრებაო, გაიფიქრა ჯუჯამ და ოინბაზურად ჩაიხვიხვინა მისკენ ნელი ნაბიჯით წამოსული ლედი გალარდის შემხედვარემ.

წმინდა ტერეზა

 

 

402 წელი პირველი გამოცხადებიდან

 

 

ახლაც, ისევე როგორც ყოველთვის, ეჭვი ეპარებოდა ტერეზას, რომ რამე გამოუვიდოდა. მისნაირ ცოდვილებს, როდის აქეთ შეეძლოთ იმგვარი სასწაულების მოხდენა, როგორებსაც ლამის უკვე თხუთმეტი წელია ახდენდა ?

„მე არაფერ შუაში ვარ, – ატირებული ბიჭუნას პატარა თავზე შეასწორა თავისი მარჯვენა, –  მხოლოდ მეუფე... მეუფის წყალობაა ეს და სხვა არაფერი. მე მხოლოდ მისი ერთი უღირსი ჭურჭელი ვარ.“

– მეუფეო სულთაო, შეეწიე ყრმასა ამას და განჰკურნე მოწყალებითა შენითა ! – რაც შეეძლო გრძნობით დაიძახა ტერეზამ, – განდევნე მისგან ტკივილი ყოველი და მიჰმადლე მას ჯანი მრთელი ! შეიწყალე იგი, მეუფეო დიადო ! დიდება შენდა !

და უცბად ტირილი შეწყვიტა ბიჭმა.

– ოო, მეუფეო, – მუხლებზე დავარდა ბავშვის დედა. ცრემლები ღვარღვარად ჩამოუვიდა გატანჯული თვალებიდან, – დიდება შენდა ! დიდი მადლობა, დაო ტერეზა.

ეზოში შეკრებილი დები სამეუფეო წრის გამოსახვას შეუდგნენ. ამის მიუხედავად, მათი უმეტესობის მზერაში ერთგვარი გაბრაზება და გაკიცხვა დაინახა ტერეზამ, მაგრამ არ გაჰკვირვებია ეს. მეტიც, თვლიდა, რომ იმსახურებდა ამას.

– საოცარ არიან საქმენი შენნი, მეუფეო სულთაო ! – ბავშვის დედასავით დაემხო ძირს და სესილია.

ტერეზას ბოძებშეყენებული აურელიას კოშკისკენ არ გაუხედავს, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მოხუცი წინამძღვარი ახლა თავისი კელიის წიფლისჩარჩოიანი ფანჯრიდან უცქერდა ამ ყველაფერს. 

ბიჭუნამ ტერეზას ისეთი შეშინებული თვალებით შეხედა თითქოს წუთი-წუთზე ელოდა როდის დაუვლიდა თავში ტკივილის მომდევნო ტალღა. მაგრამ ნელ-ნელა სიხარული მოეფინა მის პატარა, ჭუჭყიან სახეს.

– აღარ მტკივა, – თქვა მან, – დედილო, აღარ მტკივა.

– და ტერეზამ მოგარჩინა, შვილო, – ფეხზე წამოვარდა დედამისი და გულში ჩაიკონა ბავშვი. ორივეს დაკონკილი და ნამეტნავად გახუნებული ტუნიკები ეცვათ. მათი სამოსის ნაფლეთებში გვიანი გაზაფხულის მზის სხივები ძვრებოდა და მათ ჭუჭყიან კანზე მიკრულ მტვერს კვარცის ქვიშასავით აელვარებდა.

– მეუფემ განკურნა, – ხელები გაშალა ტერეზამ, – მხოლოდ და მხოლოდ მეუფემ. მე არაფერ შუაში ვარ. შეგიძლიათ, თქვენს გზაზე წახვიდეთ. სულთა მეუფე გფარავდეთ !

როგორც კი დედა-შვილი მონასტრის გარეთ გასასვლელი მუხის კარიბჭისკენ წავიდა, ტერეზა მაშინვე თავისი ჩალური ქოხისკენ მიმავალ უსწორმასწორო ამტვერებულ ბილიკს გაუყვა თავისი გახუნებული შავი კაბის ფრიალით.

– დაო ტერეზა, ყველაფერი ზუსტად ისე ვქენი, როგორც იმ დღეს მითხარით, – სასწრაფოდ უკან აედევნა ბორძიკით ახალმოსული და ალისია. შავი მანდილიდან გადმოყრილ მისი მუქი თაფლისფერი თმის რამდენიმე ღერს მოჰკრა თვალი ტერეზამ და თავისი ახალგაზრდობა გაახსენდა. მასაც ხომ ზუსტად ასეთი თმა ჰქონდა, სანამ ჭაღარა განდევნიდა მისი თავიდან ახალგაზრდულ ფერადოვნებას ? – წუხელის, ლოცვისას, შევეცადე ყოველგვარი ფიქრი განმეგდო გონებიდან, მაგრამ... მაგრამ ვერაფერი ვიგრძენი... ხომ არ...

– ეგრე განაგრძე, დაო. დიადი მოციქული მენონი მეუფის ყველა შვილს ლოცვისას ფიქრების განდევნისკენ მოუწოდებს. ნამდვილი ლოცვის სწავლას დრო სჭირდება.

– დიახ, მაგრამ...   

– სჯობს, წინამძღვარ ურსულას ელაპარაკო ხოლმე ლოცვის საკითხებზე, – ტერეზამ თავისი ქოხის ნამეტნავად ჭრიალა კარი გამოაღო და შიგნით შეიკეტა.

აჩქარებით მივიდა განჯინასთან, სადაც თაროზე იმ დღეს მონასტრის მარნიდან მოპარული ღვინით სავსე ორი მოზრდილი თიხის ტოლჩა ედო და კიდევ ერთი ხის ქოთანი, რომელშიც ღვინისმაგვარი აღარაფერი დარჩენილიყო.

„მეუფეო, შემიწყალე, – მუცელზე ბზარგაჩენილი ტოლჩა აიღო და ფეხებმორყეულ მაგიდაზე დადგმულ ხის ფიალაში ჩამოისხა ჩამავალი მზისფერი ღვინო, – ვერ გამიგია, მე რატომ ამირჩიე ? მე ხომ ქურდი ვარ... მემთვრალეც. ვის გაუგონია ჩემნაირი უღირსის მეშვეობით ახდენდე ასეთ სასწაულებს ? არც ბევრს ვლოცულობ, მარხვებსაც ხშირად ვარღვევ. აგერ და კლარა დღედაღამ ლოცულობს... ან თუნდაც და ესმა. მათნაირი მმარხველი და მლოცველი არავინაა მთელს მონასტერში. მგონი, მთელს ერგუნდიაშიც არაა მათნაირი გულმხურვალე მორწმუნე... ვინ იცის, მთელს ახალ იმრონშიც კი. რატომ, მე ? ვერ გამიგია.“

ერთბაშად ჩაუშვა ყელში ტერეზამ ღვინო. ამ დროს სულ თავისი ყოფილი ქმარი, ერლი ჰუბერტი ახსენდებოდა ხოლმე, რომელიც ყოველ პურობაზე ზუსტად ამგვარად სვამდა, – მოყუდებული არ ჰქონდა ღვინით სავსე სასმისი, რომ უკვე ცარიელს დგამდა მაგიდაზე. მაშინ განიკითხავდა ხოლმე ტერეზა მას ამგვარი უზომო სმის გამო, ლოთს ეძახდა, ახლა კი მასაც ზუსტად იმავე სისუსტის გამო განიკითხავდა მონასტრის დების უმეტესობა, რისთვისაც იგი, –  ყოფილ ქმარს.

– სხვების განმკითხველი განკითხულ იქნება, – ხელახლა აივსო ფიალა ტერეზამ და ხარბად შეისუნთქა ცხვირით ღვინის მათრობელა სურნელი, შემდეგ კედელზე ჩამოკიდებულ, ხის ჩარჩოში ჩასმულ დიად მოციქულ დემეტრას ხატს მიაჩერდა, – დიადო მოციქული დემეტრა, შენი წმინდა ბაგეებიდან გამოსული სიტყვები მგონი ჯერ არავის ასრულებია ისე, როგორც მე ამისრულდა... მათი გამეორების ცდუნებას ვერ ვუძლებ ღვინის ყოველი დალევისას. წარამარა ვიმეორებ.

მაგიდასთან ჩამოჯდა, ხიჭვებიან ტაბურეტზე. ორჯერ ზედიზედ მოყლუპა ღვინო და მაგიდის კოჟრებს შორის დადგა ფიალა. მოულოდნელად ზარის რეკვა ატყდა. ტერეზას გაუკვირდა, რადგან საღამოს მსახურების დაწყებამდე ჯერ ადრე იყო.

ფიალა მაგიდაზე დატოვა და გარეთ გავიდა. ეუფემიას კოშკისკენ გაიხედა. სამრეკლოში დაკიდებული უშველებელი მოვერცხლილი ზარი გაცხოველებული ირხეოდა აქეთ-იქით. ჩასუქებული და აგნესი ზარის თოკს შეშლილივით ექაჩებოდა და რაღაცას გაჰკიოდა, მაგრამ მისი ხმა ტერეზამდე ვერ აღწევდა. მონასტრის ეზოში წინ და უკან დაიწყეს მონაზვნებმა სირბილი.

– მეკობრეები ! – დაიკივლა ეუფემიას კოშკის მხრიდან გამოქცეულმა და სიბილამ, - მონასტრისკენ მოცურავენ ! ოთხი გემი !

– სასწრაფოდ ჩაკეტეთ კარიბჭე ! – დაიყვირა წინამძღვარმა ურსულამ მიწიდან ოცი ფუტის სიმაღლეზე განთავსებული თავისი კელიის ფანჯრიდან.

მაშინვე შეფუცხუნდნენ მონაზვნები. ყველანი კარიბჭისკენ გაცვივდნენ. ტერეზა დაბნეული მისჩერებოდა მათ. ადგილიდან ვერ იძვროდა.

– დაო ტერეზა, თუ არაფერს აკეთებ, ილოცე მაინც ! – ჩამოსძახა ზემოდან წინამძღვარმა, –  იქნებ კიდევ მოახდინო სასწაული და გადავრჩეთ ! – ახლა სამზარეულოდან გარეთ გამოვარდნილ მონაზონ სესილიას მიმართა, – დაო სესილია, ჰუბერტების ციხესიმაგრეში მტრედი აფრინე სასწრაფოდ ! შეატყობინე ყველაფერი და უთხარი ჯარისკაცები გამოგზავნონ ჩვენს დასაცავად !

ტერეზა მაშინვე თავის ქოხში შეიკეტა და მუხლებზე დავარდა დიადი მოციქული დემეტრას ხატთან. პირი გააღო, შეწევნა რომ ეთხოვა მისთვის, მაგრამ თვალი მაგიდაზე დადგმული სასმლისკენ გაექცა. ისევ ფეხზე წამოდგა და ფიალისკენ გაქანდა. გარედან აურზაურის ხმები ისე შემოდიოდა მის ქოხში, გეგონება შიგნით დარბოდნენ მონაზვნები და არა ეზოში. ბოლომდე გამოცალა ფიალა ტერეზამ და ხელახლა მიუახლოვდა დიადი მოციქულის ხატს.

– დიადო მოციქულო დემეტრა, – მუხლებზე დავარდა შემთვრალი ტერეზა, – გევედრები, შეგვეწიე ! გვიხსენი მეკობრეთაგან ! გვიხსენი მათი სიბილწისაგან ! ევედრე მეუფეს, რომ ყველანი დაგვიფაროს მათი ძალმომრეობისაგან !

იქამდე იმეორა ტერეზამ ეს სიტყვები, სანამ ალიაქოთი არ მიწყდა ეზოში. როგორც ჩანს, ყველანი თავ-თავიანთ კელიებში შეიკეტნენო, გაიფიქრა და ფეხზე წამოდგა. ისევ დაისხა ღვინო და ბოლომდე დალია.  

– შემიწყალე მეუფეო, მე მემთვრალე და უწმინდური ! ყველა ჩემს ლოცვაზე ამყარებს იმედს, მე კიდევ აქ ვზივარ და ვსვამ... ოღრაში კაცივით ვსვამ. შემიწყალე მე ცოვდვილი, გევედრები !

ცოტა ხანში, ისევ გარეთ გავიდა ტერეზა. აურელიას კოშკს ახედა. წინამძღვარი ურსულა ისევ ფანჯრიდან იყურებოდა. მის ღაბაბზე ამოსულ მეჭეჭებზე ჩამავალი მზის სხივები ცეკვავდა.

– რაო, უფროსო დაო, ცუდადაა ჩვენი საქმე ? – სიცილით ასძახა ტერეზამ.

– ისევ დალიე, არა ? – თვალები მოწკურა წინამძღვარმა და კვლავ ზღვის მიმართულებით გაიხედა, – გადმოსხდნენ უკვე. აქეთ მოდიან.

– რამდენი არიან ?

– სამოცი დავითვალე ჩემი ბებერი თვალებით... ჰო, მგონი, სამოცნი არიან.

– წასულია ჩვენი საქმე, – ხელები ოინბაზურად გაუსვა ერთმანეთს ტერეზამ.

– მორჩი ოხუნჯობას ! – მკაცრად მიაჩერდა წინამძღვარი, – მეუფე შეგვეწევა !

– ჰუბერტებს ახლა არ სცალიათ ჩვენს დასაცავად, დამიჯერეთ, უფროსო დაო. თუ გნებავთ, სამოციქულოს წაგიკითხავთ. სიკვდილის წინ უკეთესს რას მოვისმენთ ?

წინამძღვარმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი, მაგრამ ტერეზა მაინც დაიძრა მისი კოშკისკენ.

– მოვდივარ. ძალით უნდა წაგიკითხოთ თქვენმა სასწაულმოქმედმა დამ.

დახვეულ ქვის კიბეს შეუდგა ტერეზა. როცა ფხიზელი იყო მაშინ ძლივს ააღწევდა ხოლმე წინამძღვრის კელიამდე ისე, რომ ფეხი ერთხელ მაინც არ წამოეკრა რომელიმე საფეხურისთის და ახლა, როცა ნასვამი იყო, რას უნდა გამხდარიყო ? – ოთხჯერ თუ ხუთჯერ დავარდა ხელებით კიბეებზე.

– რაც მართალია, მართალია, ძალიან ბევრი კიბე გაქვთ, უფროსო დაო, – კელიაში შესულმა ტერეზამ გამტვერილი კაბა ჩამოიბერტყა.  

– აი, ხომ ხედავ, მეუფემ დაგსაჯა მემთვრალეობისთვის, – დაუცაცხანა სკამზე ჩამომჯდარმა წინამძღვარმა და თავისი ცალი ფეხი შეარხია სკამზე, – დაეცი, არა ?

– მოწყალე მეუფე არავის სჯის, უფროსო დაო, – ფანჯარას მიუახლოვდა ტერეზა, – ყველაფერს ჩვენს სასარგებლოდ იქმს, ასე არაა ?

გამხმარი სოჭების კორომებისა და ისლის ბუჩქების მიღმა ოთხი გემი ტივტივებდა ზღვის სანაპიროზე. ოთხივეს შავი აფრები ამშვენებდა, რომელზეც ნარინჯისფრად იყო რაღაც გადღაბნილი. შორიდან ისინი პატარა სათამაშო ხომალდებს მიამსგავსა ტერეზამ, – ისეთებს, მის მაზლიშვილ გალენს რომ ჰქონდა და ჰუბერტების ციხესიმაგრის ეზოში მოჩუხჩუხე რუზე ათამაშებდა ხშირ-ხშირად. ნეტავ ახლა ვინაა ჰუბერტების ციხესიმაგრის ერლიო, გაიფიქრა ტერეზამ, რადგან როგორც იმ დღეს, მასთან განსაკურნებლად მოსული ერთი დავრდომილი გლეხისგან გაიგო მისი ყოფილი ქმარი როჯერი თავისმა ძმამ, რეიმონდმა მოკლა, იგი კი – როჯერის უფროსმა ვაჟმა რეინალდმა, რომელიც მას ტერეზას მონასტერში გაშვების შემდეგ შეეძინა ახალ ცოლთან, ლედი სესილია მოლვინთან.

– თუ არ ვცდები სამოცდაათნი... სამოცდათორმეტნი არიან, უფროსო დაო, – ტერეზამ უცბად გადათვალა ლელიან ჭაობებთან მომავალი მამაკაცები, – კიბეებიც აქვთ. მოადგამენ ჩვენს კედლებს და ზემოთ ამოძვრებიან.

– ეჰ, სიბერეს რა ვუთხარი, დაო, – ყელზე ჩამოკიდებულ სამეუფეო წრეს მოუჭირა წინამძღვარმა ურსულამ ჩასუქებული თითები, – მემთვრალე რომ ჩემზე უკეთ დაითვლის, კარგად მქონია საქმე.

ტერეზას ჩაეცინა.

– ნუ დანაღვლიანდებით, უფროსო დაო. როცა ითვლიდით, ალბათ აი ის მუხები ეფარებოდა ზოგიერთ მათგანს.

– ილოცე ?

– ვილოცე.   

– კარგი. მიდი, წამიკითხე რამე.

– „სამოციქულო“ გნებავთ ? – ტერეზა წინამძღვრის მაგიდასთან მივიდა, სადაც ორი სქელყდიანი წიგნი და სამი გრაგნილი ეწყო. ერთ-ერთი გრაგნილი გაშლილი იყო. ერთი-ორი წინადადება ამოიკითხა ტერეზამ და მაშინვე იცნო წმინდა აპიოსის დარიგებები, – თუ ისევ წმინდა აპიოსის მოსმენას ინებებთ ?

– ოო, მეუფეო დიდებულო. ნახე, კიბე მოადგეს უკვე.

ტერეზა კვლავ ფანჯარასთან მივიდა. მანაც დაინახა კოშკიდან სამოცდაათი ფუტის მოშორებით აღმართული გალავნის ქონგურზე ამოყუდებული ხის კიბე, რომელიც ნაბიჯებისგან ირხეოდა.

– ეტყობა ზოგიერთი წინ მოდიოდა და ვერ დავინახეთ. გამოდის, სამოცდათორმეტზე მეტნი არიან.

– მოდი, ვილოცოთ, დაო, – თქვა წინამძღვარმა და სამეუფეო წრე გამოისახა სახეზე.

– და კითხვა ? – გაიკვირვა ტერეზამ.

– მორჩი ოხუნჯობას. დამაყენე მუხლებზე... მუხლზე, მიდი !

ტერეზამ იღლიებში ამოსდო მკლავები ცალფეხა წინამძღვარს და ფილაქნებზე დაჩოქებაში მიეხმარა. შემდეგ მანაც მის გვერდით მოიყარა მუხლი.

– მიდი, დაიწყე, – თავისი საწოლის კიდეზე მიყრდნობილმა უთხრა წინამძღვარმა.

– მე ? მოციქული ხომ თქვენ ხართ ? 

– ჰო, შენ. ვერ ხედავ, ჩვენს შორის მარტო შენ რომ გისმენს მეუფე ? ჩვენ ყველას სიამაყისგან გვაქვს გულები დაბნელებული. მგონი შენ ერთადერთი მდაბალი ხარ ამ მონასტერში.

– ამას ნუ მეუბნებით, უფროსო დაო, თორემ სიამაყისგან გავსკდები.

– დაიწყე !

ტერეზამ ამოიხვნეშა.

– მეუფეო სულთაო ! – წამოიწყო მან, – დაიცევ მონასტერი ჩვენი მომხდურთაგან ! დაიცევ დანი ჩვენნი ძალმომრეობისაგან მეკობრეთა ! შეგვიწყალე ჩვენ და დაგვამკვიდრე სავანეთა შენთა ნეტარებისათა !  

წინამძღვარი ჩურჩულით იმეორებდა მის სიტყვებს. გალავნის მხრიდან უკვე მამაკაცთა ხმები იჭრებოდა კელიის ფანჯარაში.

– მეუფე სულთაო, გვიხსენი და დაგვიცევ ყოვლისაგან განსაცდელისა. გვაკურთხე და შეგვეწიე, მეუფეო მოწყალეო... უფროსო დაო, მგონი, მეუფე მხოლოდ სნეულთა და დავრდომილთა კურნებისას მისმენს.

მამაკაცთა ხმები სულ უფრო და უფრო აშკარა ხდებოდა. უცნობ ენაზე საუბრობდნენ მომხდურები.

– განაგრძე, მიდი ! – ისე შეუძახა წინამძღვარმა ტერეზას, რომ თვალები არ გაუხელია.

– მეუფეო სულთაო, გვიხსენი და დაგვიფარე ! დიადნო მოციქულნო, ილოცეთ მეუფისადმი და იხსენით მონასტერი ჩვენი ! წმინდანნო შეგვეწიეთ, მოციქულებო შეგვეწიეთ, მეუფეო შეგვეწიე !

ქალის ხმაც ისმოდა. ესეც უცნობ ენაზე საუბრობდა აშკარად. ნუთუ ქალიც იყო მეკობრეთა შორის ?

– ოო, მეუფეო დიდებულო, წამომაყენე ! – დაიძახა წინამძღვარმა, – მგონი, უკვე ზემოთ ამოვიდნენ.

– აღარ ვილოცოთ ?

წინამძღვარმა ხელი ჩააქნია. ტერეზამ ისევ იღლიებში გაუყარა ხელები და სკამზე დასვა. ათამდე მეკობრე იდგა გალავანზე, – მათ შორის, ერთი წითური ქალი. ეზოში ჩამოსასვლელ კიბეზე იწყებდნენ დაშვებას. მათი ნაჯახები, შუბის ბუნიკები და ხმლები შესუსტებული ჩამავალი მზის სინათლეზე ბრწყინავდა. სამ-ოთხ მამაკაცს ჯაჭვის პერანგი ეცვა. დანარჩენები სხვადასხვანაირ ტუნიკებში იყვნენ გამოწყობილები. წითელთმიან ქალს მაქმანებიანი გრძელი უსახელოო ტყავის კურტაკი ჰქონდა შემოცმული.

– ჩრდილოელები იქნებიან, – თქვა მამაკაცთა დაწნული წვერების შემხედვარე ტერეზამ.

– მეუფის სახელით, გიბრძანებთ აქედან წახვიდეთ ! – დაიყვირა წინამძღვარმა, – ეს დიად მოციქულ დემეტრას სახელობის მონასტერია ! გაგვეცალეთ, თორემ დიადი მოციქული სასჯელს არ აგაცდენთ !

ერთმა ზორბა კაცმა ჩაშავებული კბილები გაკრიჭა და კელიის ფანჯრისკენ გამოიშვირა ნაჯახი, – დანარჩენებს ანიშნა საიდან მოდიოდა ძახილი.

– მგონი, საერთოდ არ ანაღვლებთ თქვენი მოწოდება, უფროსო დაო.

– მეუფეო სულთაო, შეგვეწიე ! – აღმოხდა წინამძღვარს, – დიადო მოციქულო დემეტრა, დაგვიფარე !

ცოტა ხანში, ეზოს მიწას უკვე მეკობრეთა უხეში ფეხები ტკეპნიდა. მომხდურთა ნაწილი სხვადასხვა შენობებისკენ, ტაძრისკენ და კოშკებისკენ გაიქცა. კელიების ფანჯრებიდან მაცქერალ მონაზვნებს უღრენდნენ და მათკენ მიიწევდნენ. წითელთმიანი ქალი და ერთი წვერდაწნული ახმახი კაცი, რომელსაც ძალზედ ლამაზი პირისახე ჰქონდა, აურელიას კოშკს მოუახლოვდნენ და წინამძღვრის კელიის ფანჯარას მიაჩერდნენ. შვიდნაწნავიანი წვერი გაცრეცილი მოყავისფრო ტყავის თასმებით დაემაგრებინა მამაკაცს. ქალს კი ცეცხლისფერი თმა უკან ჰქონდა შეკრული და მისი ბოლოები ლამის საჯდომამდე სცემდა. სახე ცოტა არ იყოს უხეში ჰქონდა, მამაკაცურიც კი, სამაგიეროდ ტანკენარი იყო ნამეტნავად.

– მეუფის სახელ...

– შენ ხარ ის ? – არ დააცადა წინამძღვარს ქალმა და ოინბაზური ღიმილით მიაჩერდა ტერეზას. საძაგელი აქცენტით საუბრობდა. იფიქრებდი, ვიღაც უხეშ ნაჯახს ურტყამს ლამაზ და ფაქიზ ოსილონურ ენასო, – მაგი მონაზონი... კი, შენ ხარ. გგრძნობ. ჩამოდი, მაჩვენე რა შეგიძლია.

მონაზონთა კივილის ხმამ მოაღწია აურელიას კოშკამდე. ეტყობა უკვე დაერივნენ საბრალო დებს ეს ურჯულოებიო, გაიფიქრა ტერეზამ. ქონგურებს უკვე სხვა კიბეებიც ედგმოდა. დანარჩენი მეკობრეები გალავანზე ამოძრომას იწყებდნენ ნელ-ნელა.

პასუხი რომ არ მიიღო ტერეზასგან, წითელთმიანმა ქალმა გვერდით მდგომ მამაკაცს რაღაც გადაულაპარაკა თავის ენაზე და ამ უკანასკნელმა უმალ კოშკში შემოაბოტა.

– ოო, მეუფეო, აქ მოდის ის უწმინდური, – ამოიკნავლა წინამძღვარმა, – ჩვენთან... ნამუსს აგვხდის. მომკალი დაო, მომკალი ! ჩემს ამდენი წლის ნაღვაწს ამ უწმინდურებს ვერ დავუთმობ... გთხოვ !

კიბეებზე გაჟღერებული მძიმე ნაბიჯების ხმა ახლოვდებოდა.

– აი, შემოვა, სადაცაა, – ჩაიხვიხვინა ტერეზამ.

– გაგიჟდი ? რა გაცინებს ? ვერ გაიგე, რა გითხარი ?

– დაწყნარდი, უფროსო დაო ! – ტერეზამ მკაცრად შეხედა წინამძღვარს, – ყველაფერი ჩვენი მოსიყვარულე მეუფის განგებულებით ხდება, დაგავიწყდა ? თავი ხელში აიყვანე ! სულთა მეუფის გარეშე სიო ვერ შეეხება კაცის ტყავსო, ამბობს დიადი მოციქული მენონი, ასე არაა ?

– მეუფეო დიდებულო, შეგვიწყალე და დაგვიფარე ! – წინამძღვარი სკამზე მოიკუნტა.

ეზოდან უკვე კივილის გარდა, მონაზონთა ტირილის ხმებიც შემოჰქონდა კელიის ფანჯარაში ნიავს.

– შენზე იცის იმ... იმ ალქაჯმა, როგორც ჩანს, – მოლოდინისგან გატანჯული კვნესოდა წინამძღვარი, – იმ გაყინულ ჩრდილოეთამდე მიაღწია შენმა... შენმა ამბავმა ? დაუჯერებელია, – შემდეგ, ლამის ჩურჩულით დაიძახა, – ის ქალი ამათი მეთაური ჩანს.

კელიაში შემოსასვლელი კარი მოწყვეტით გაიღო. წვერდაწნული მამაკაცი დამშეული დათვივით ზმუოდა. ხისტარიანი ხმალი ტყავის ქარქაშში ჩაიჩარა და მონაზვნებისკენ წამოვიდა.

– მეუფის სახელ... – ხმა ყელში ჩაუყინა წინამძღვარს ჩრდილოელის უხეშმა, კუპატივით მსხვილმა თითებმა.

ტერეზას ყელსაც ჩააფრინდა მეკობრის მეორე ხელი, მაგრამ ქალმა განზრახ გაიცინა, რათა ეჩვენებინა მომხდურისთვის, რომ მისი არ ეშინოდა.

რაღაც დაიდუდღუნა მამაკაცმა და წათრევა დაუწყო ქალებს. რამდენადაც წინამძღვარი ვერ დადიოდა, მას მთელად შერჩენილ ფეხში წაავლო ხელი ჩრდილოელმა და იატაკზე გაახოხიალა, ტერეზას კი კისერში წაუჭირა ხელი.

მოხუცი წინამძღვარი აკივლდა. ხოლო, როდესაც კიბეებზე ხათქახუთქი დააწყებინა მოძალადემ, გულის გამაწვრილებელი ტირილიც მორთო.

– ნუ დარდობ, უფროსო დაო, – კისრის ტკივილისგან დამანჭული ეძახდა ტერეზა, – მალე მორჩება ეს განსაცდელი. დაგვხოცავენ და ნეტარების სავანეებში ავახელთ თვალებს. მანამდე ხელები შეიფინე თავქვეშ, თორემ კვერცხივით აგეთქვიფება ეგ ტვინი კიბეებზე.

– შეშლილი ხარ, – გაჰკიოდა წინამძღვარი, – ოო, მეუფეო მოწყალეო, გვი... გვიშველე ! გვიხსენი ! განდევნე ეს უწმინ... უწმინდურები ჩვენი სავანიდან ! დიადო მოციქულო დემე... დემეტრა, შეგვეწიე !

როგორც იქნა ჩამოაღწიეს ეზომდე. ჩრდილოელმა მამაკაცმა გოგრასავით გააგორა მტვერში აღნავლებული წინამძღვარი, ხოლო ტერეზა წითელთმიან ქალს მიუგდო. 

– ჰუმბოლდტის ბინძურ წვერს ვფიცავ, უფრო ახალგაზრდა ჩანდი ქვემოდან, – სახე ისე ახლოს მიუტანა ქალმა ტერეზას, ამ უკანასკნელმა იფიქრა, ახლა სადაცაა ტუჩებში მაკოცებსო, მაგრამ ამის ნაცვლად, დასუნა. თვითონ, ოფლის მომჟავო სუნი ასდიოდა მეკობრეთა მეთაურს, –  მმ, ღვინო გყვარებია. საზიზღრობა ! თაფლუჭთან ახლოსაც ვერ მოვა ეგ თქვენი ამჟავებული ყურძნის წვენი. ყოველთვის მინდოდა თქვენი სულელური სარწმუნოების მაგს შევხვედროდი. თქვენი ყველა მაგი მკვდარია და როცა თეთრი ტბის ქალბატონმა მითხრა ერთი ჯერ არ მომკვდარა, კიდევ ცოცხალიაო, არც კი დავფიქრებულვარ ისე გამოვცურე აქეთ ჩემი ხალხით.

– ჩვენთან მაგებს არაფერი ესაქმებათ, – ამაყად მიუგო ტერეზამ.

– ოო, ესაქმებათ რომელია, – გაიცინა ქალმა, - მაგი... წმინდანი... ალქაჯი, ყველა ერთი ჭირი არაა ?

უკნიდან მონაზვნების წივილ-კივილისა და მამაკაცთა ბილწი სიცილის ხმები ჩაესმოდა ტერეზას, მაგრამ მეკობრე ქალს თვალს არ აცილებდა. უნდოდა თვალებით გაებურღა და მისთვის ეჩვენებინა, რომ სულთა მეუფის ჭეშმარიტ მორწმუნეებს არაფრის ეშინიათ, რომ მათი ფარი თავად მეუფეა, – ძლევამოსილი სულთა მეუფე.

„მაგრამ ვარ რომ ჭეშმარიტი მორწმუნე ? მეუფის გულისთვის ერთი ყლუპით ნაკლებიც კი არ დამილევია მთელი ეს წლები.“

– აბა, მაჩვენე რა შეგიძლია, – ცალი წარბი ცბიერად აზიდა ზემოთ ქალმა და მხრები კეკლუცად შეათამაშა, – ქვებს სწევ ჰაერში ? ოქროს ჯვამ ?

ტერეზა არაფერს იძახდა. რა აზრი ჰქონდა რაიმეს ლაპარაკს ასეთ ურწმუნოსთან ? ასეთებთან უბრალოდ თავი უნდა დახარო და იმედი იქონიო მეუფე შეასმენს რაიმეს.

„ეტყობა ჰალდუნის მთების იქიდან ჩამოეთრნენ, თორემ დიდ ჩრდილოეთში უკვე ყველგან გავრცელებულია სულთა მეუფის სარწმუნოება... ყოველ შემთხვევაში, როჯერმა ასე თქვა რამდენჯერმე, თუ სწორად მახსოვს.“

– ჰა, არაფერს იტყვი ? – უღიმოდა ქალი. თან, მოკლე ნაჯახის თამაში დაიწყო მარჯვენა ხელში, – არაფერს გააკეთებ ? ჰაკონ ! ოლუფ ! – დაუყვირა ვიღაცებს ტერეზას მხარს უკან და თავის ენაზე დაიწყო გაურკვეველი სიტყვების რახარუხი, შემდეგ ტერეზას შეხედა ისევ, – გინდა იცოდე, რა ვუთხარი ? ვუთხარი, რომ თქვენი მახინჯი ქათმების გაჟიმვაზე არ იჩხუბონ, ვუთხარი, საკმარისად არიან, რომ ყველამ მოახერხოთ თქვენი დაბერილი ყვერების ჩაცლა-მეთქი. იმ კაცს კიდევ, მზისფერი წვერი რომ აქვს, შენ და შენი ბებერი რომ ჩამოგათრიათ ქვემოთ, ვუთხარი ჩემივე ხელით დაგკოდავ, ჩემს გარდა სხვა ქალსაც თუ მიეკარები-მეთქი. ჩემი კაცია... ეინარი ჰქვია. კაცები, – ჩაიცინა ქალმა, – ძაღლებივით არიან, ვერ ენდობი. სულ სადღაც უნდათ შეყოფა. ამათი გადამკიდე, ლამისაა მეც თქვენსავით შევიკეტო რომელიმე უშნო კოშკში და საერთოდ აღარ გავეკარო ამ გველაძუებს.

სხვადასხვა კელიის, საბძლებისა და ბეღლების კარებები აჭრიალდა. მონაზვნების კივილი მათ მიღმა იკარგებოდა. უკან არ მიუხედავს ტერეზას, მაგრამ მიხვდა, რომ ნამუსის ასახდელად მიჰყავდათ მისი დები მეკობრეებს.

– თქვე გარეწრებო, – კიოდა წინამძღვარი და მიწაზე ურტყამდა ხელს, – მეუფე ყველა ბოროტებისთვის მოგიზღავთ ! არცერთს არ დაგტოვებთ დაუსჯელს... ალისია ! ეგ, ახლახანს მოვიდა ჩვენთან, თავი დაანებეთ მაგ უბედურს ! ერლის ქალიშვილია ეგ, მამამისი ცოცხლად გაგატყავებთ, თქვე გარეწრებო ! ყველას გაგატყავებთ ! მეუფეო დიდებულო, გვიშველე !

– ჰა, მიდი, მაჩვენე რა შეგიძლია ! – იღრიალა წითელთმიანმა ქალმა, – გაანძრიე ხელ-ფეხი... თუ როგორც შვრები იმას, რასაც შვრები !

ტერეზა მდუმარებაში ჩაძირული იდგა ერთ ადგილზე.

– თუ მაჩვენებ შენს ძალას, ახლავე ვეტყვი ჩემს ხალხს შენს დებს მოეშვან. ჰა ? მოსულა ?

– და ტერეზა სნეულებს ჰკურნავს, – გაისმა წინამძღვრის ხმა, – და დავრდომილებს... იმას აკეთებს, რაც შენნაირ უწმინდურებს არც კი დაესიზმრებათ !

– შენ კიდევ ისეთი მახინჯი ხარ, შენი გაჟიმვა ჩემს დამშეულ კაცებსაც კი არ უნდათ, – თვალები დაუბრიალა მეკობრეთა მეთაურმა, – ცალფეხა ბრიყვო !

ტერეზამ უკან მიიხედა და დაინახა როგორ ჩააზილა წიხლი მუცელში ძირს დაგდებულ მოხუც წინამძღვარს ერთმა შავწვერა ჩრდილოელმა. მაშინვე მის დასახმარებლად გაიწია, მაგრამ ისე ძლიერად მოხვდა რაღაც ყბაში, რომ მტვერში ჩავარდა დარეტიანებული. თავზე ის კაცი წამოადგა, ვინც წეღან კოშკიდან ქვემოთ ჩამოათრიათ. რაღაც გამოსცრა კბილებში, მაგრამ გაუგებარი იყო, – რა. იქვე სხვა რამდენიმე მონაზონიც ეგდო, – ზოგი მიწაზე, ზოგი ფარდულში. მათ შარვალჩახდილი მეკობრეები დამხობოდნენ ზედ. გაგიჟებულები აქნევდნენ თეძოებს ბინძური მამაკაცები.

– დრო იწურება, – გაიღიმა მეკობრეთა მეთაურმა, – ჰქენი რამე, თორემ სადაცაა პატარა ჩრდილოელებს ჩაუსახავენ მუცლებში ჩემი კაცები შენს დებს.

ტერეზა მიწას ჩააჩერდა. არაფერს იძახდა. ძირს დაყრილი ბინძური კენჭები და ქვები თითქოს წამებულ მონაზვნებთან ერთად კიოდნენ და შველას ეხვეწებოდნენ სულთა მეუფეს.

– მაშინ ჯერ მე გაჩვენებ, – ქალმა რაღაც დაიძახა თავის ენაზე და ანაზდად ერთ-ერთმა თავისუფალმა ჩრდილოელმა, რომელიც ტუჩების ლოკვით მისჩერებოდა მონაზვნებზე დამხობილ თავის ამხანაგებს, აურელიას კოშკის გვერდით აგებული ფარდულიდან ფარანი გამოიტანა და მისი შუშა ხმლის ტარით ჩაამსხვრია. წითელთმიანმა ქალმა ხელი გაიშვირა ფარანში ჩადგმული ქონის სანთლისკენ და ტერეზამ და წინამძღვარმა მყის დააღეს პირები გაოცებისგან.

ცეცხლის ალი დაგრძელდა და გველივით გამოსრიალდა ფარნის კარკასიდან.

– მიყურე ! – იღრიალა წითელთმიანმა ქალმა და თითები უცნაურად დაგრიხა. ჰაერში მოლივლივე ცეცხლი უცბად ისე გადიდდა, უშველებელ აბრიალებულ თივის ზვინს დაემსგავსა, – მე ასლოგ ცეცხლოვანს მეძახიან ! ეს ძალა ბაბუაჩემისგან, გუნარ ცეცხლისმჭამელისგან გადმომეცა ! მთელი თავისი ცხოვრება იგი ჩრდილოეთის დიად გველებს ეჭიდებოდა ჩრდილოეთის ოთხივე ზღვაში ! – მეკობრეთა მეთაურმა ხელი ცაში აიშვირა. ცეცხლი უშველებელი სვეტივით დამსხვილდა და დაგრძელდა. მისი შემხედვარე იფიქრებდი ზეციური ნათელი დაადგა თავზეო, – თავისი ცეცხლოვანი მუშტებით ხვრეტდა მათ ცივ და შავ კლდეზე უფრო მაგარ მუცლებს ! თავისი ცეცხლოვანი ხელებით ბნელი პირებიდან აგლეჯდა მათ ხაოიან და მყრალ ენებს ! ისევე როგორც ის, მეც ცეცხლის მბრძანებელი ვარ ! ასეთები იქნებიან ჩემი შვილებიც !  

და უცებ მუშტი შეკრა ქალმა. ცეცხლი მაშინვე უკვალოდ გაქრა. მხოლოდ მცირედი კვამლი დარჩა ჰაერში, რომელმაც მიწისა და აურელიას კოშკისკენ დაიწყო ჩამოწოლა.

– მეუფეო, გვიხსენი ჰადი... ჰადინის მსახურთაგან, – ამოიკნავლა ამოგანგლულმა წინამძღვარმა, – მეუფეო შეგვე... შეგვეწიე... ეს... ეს...

– ჰა, აბა რას იტყვი ? – მტვერში ამოგანგლულ ტერეზასთან ჩაიმუხლა ასლოგ ცეცხლოვანმა, –  შეგიძლია, რამე ისეთი მაჩვენო, რაც გამაკვირვებს ?

ტერეზა პირს ვერ მუწავდა. თვალებს არ უჯერებდა. ასეთი რამ არასდროს ენახა. ასე ეგონა სიმთვრალე თითქოს წიხლით გამოდევნა ვიღაცამ მისი შიგნეულობიდან. კი გაგონილი ჰქონდა მაგების შესახებ, მაგრამ თავისი თვალით და ასე ახლოდან, პირისპირ არასდროს ენახა მათი ძალმოსილება. ღვინო წყალივით და წყალზე უფრო მეტადაც სჭირდებოდა ახლა, მაგრამ აბა ვინ მიუშვებდა სასმელთან ?

– მეუ... მეუფე... მდაბალთა გულებში ივანებს მხოლოდ, – ამოთქვა მან, რომელიღაც დიადი მოციქულის სიტყვები, მაგრამ გაოგნებისგან აღარ ახსოვდა რომლის, – ფარულ არს ძალა მისი... და ყოველი საქმე მისი...

– ფაქიზი, ვითა... ვითარცა ყვავილი ველისა, – მიეშველა წინამძღვარი.

მეკობრე ქალი რიგ-რიგობით მიაჩერდა მონაზვნებს და უცბად სიცილი აუტყდა.

– ბრიყვების სოროა ეს და მეტი არაფერი, – დაიძახა მან და ისევ ფეხზე წამოიმართა. შემდეგ რაღაც დაუყვირა თავის ხალხს.

ცოტა ხანში ყველა მეკობრემ ციხესიმაგრის ეზოში მოიყარა თავი. ატირებული და შეურაცხყოფილი მონაზვნები მეთაურის წინაშე დაყარეს.

– ძალიან... ძალიან იმედგაცრუებული ვარ, დაო ტე... ტემ, - ასლოგ ცეცხლოვანმა თვალები დახუჭა, - რა გქვია ?

– ტერ... ტერეზა ჰქვია, – ტერეზას ნაცვლად უპასუხა წინამძღვარმა.

– ტერეზა... ტერეზა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. შენ გამო, ჯერ ცივების არხში გამოვცურე... შუა ზღვა გადმოვლახე... რომელიღაც ოლდენელი ლორდის ფლოტს დავუპირისპირდი... დიადი ჯვრის სრუტემდე მოვცურე და აი, რა მივიღე სანაცვლოდ... ერთი სულელი მონაზონი, რომელსაც ჩლუნგი ძროხასავით ცქერის მეტი არაფერი შეუძლია, – ასლოგმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი, – უნდა დამეჯერებინა ჩემი ძმისთვის. ალბათ, სჯობდა, სახლში დავრჩენილიყავი. მაგრამ რას ვიზამთ, თეთრი ტბის ქალბატონის ბრძანების შესრულება ჩემი ვალდებულებაა.

– დაგვხოცეთ და გაათავეთ ამით, – იღრიალა კაბაშემოხეულმა და ალისიამ. მოტიტვლებული მკერდი სულ მტვერში ჰქონდა ამოგანგლული, ხოლო მარჯვენა ძუძუდან სისხლი სდიოდა, – ეს რა მიქენით, თქვე ჰადინის ნაშიერებო ? მომკალით და გამიშვით მეუფესთან... ჩემს ტკბილ მეუფესთან... ოო, მეუფეო, შეგვიწყალე... 

– ხმა ჩაიგდე, ძუკნა ! – შეუბღვირა მას ასლოგ ცეცხლოვანმა, – დღეს არ მოკვდები შენ !

შემდეგ რაღაც დაიძახა თავის ენაზე და ორი ზორბა კაცი წამოვიდა ტერეზასკენ.

თეთრი ტბის ქალბატონმა რაღაც დამავალა, ტერეზა, – დაიძახა ქალმა და თავისი მეტად ლამაზი თმა შეისწორა. ჩრდილოელმა მამაკაცებმა თავიანთი დიდი და უხეში ხელები ჩაჰკიდეს ტერეზას და აურელიას კოშკის კედელთან დააყენეს, – იცოდე, მაქედან ფეხი არ მოიცვალო, თორემ ამათ ხომ ხედავ, როგორი დამშეულები არიან ? – რაღაც დაიძახა თავის ენაზე და რამდენიმე ათეულმა ტლანქმა მამაკაცმა კბილები ააღრჭიალა. ზოგიერთმა მგელივით დაიყმუვლა, – ყოველ მათგანს ვუბრძანებ სათითაოდ გაგჟიმონ... ჩემი კაცის გარდა, რა თქმა უნდა.

ძირს დაყრილ და აცრემლებულ მონაზვნებს შეძრწუნების ამოძახილები ამოუვიდათ გასვრილი პირებიდან.

– მეუფეო, შეეწიე და ტერეზას ! – დაიძახა წინამძღვარმა და ზეცად აღაპყრო ხელები, – მისთვის ვილოცოთ, დე... დებო.

– მე, მეუფის ერთი უღირსი და ცოდვილი შვილი ვარ, – ძალით გაიღიმა ტერეზამ. გრძნობდა, რომ მალე დასრულდებოდა მისი სიცოცხლე და ცრემლები მოადგა თვალებზე, – რაც გინდა, ის მიყავი. სიკვდილს ისე ვეგებებით ჩვენ, როგორც მარტო დარჩენილი ბავშვები დედას. სიკვდილი ჩვენი სახლში მიმყვანებელია.

– ჰო ? ვნახოთ, – ჩაიფხუკუნა ასლოგ ცეცხლოვანმა და მისკენ წამოვიდა.

ქალი წელში გასწორდა და ყურთან მიუტანა ტუჩები. ჩურჩული დაუწყო.

– უნდა დაგწვა, ტერეზა. თეთრი ტბის ქალბატონმა დამავალა ეს. თავისი მუსიკა მომასმენინა და იქ გავიგონე შენი კივილი. რაღა დაგიმალო და დიდად სასიამოვნო იქნება ეს ჩემთვის. ქალბატონს უნდა, რომ წმინდანი გახდე... მან მითხრა, რომ სიკვდილის შემდეგ წმინდანად შეგრაცხავენ შენი მოციქულები, პატრიარქები თუ ვინც არიან, მთლად კარგად ვერ ვერკვევი თქვენს სულელურ სარწმუნოებაში. მითხრა, რომ ეს ყველაფერი უკვე ნახა... თავისი თვალით ნახა.

თმები ყალყზე ედგა ტერეზას. „უნდა დაგწვა“ - ს შემდეგ თითქმის აღარაფერი გაუგონია, რაც მეკობრეთა მეთაურმა უთხრა. დანარჩენი ყველაფერი ხომ უბრალოდ ჰადინის მსახურის ბოდვა იყო და სხვა არაფერი ?

მაშ, ცეცხლი ? ალბათ აუტანლად მტკივნეული იქნებოდა ცეცხლით სიკვდილი. ვინ იცის, სინამდვილეში სწორედ რომ ტკივილის აუტანლობა კლავს ადამიანს და არა თვითონ ცეცხლი ან სხვა რამ ? მაგრამ რას იზამდა. ალბათ ასე სჯობდა. სულთა მეუფე ხომ ტკივილით განწმენდს კაცთა მოდგმის ცოდვებს ?

– ასეთია ქალბატონის გეგმა... მისი მუსიკა, – თქვა ასლოგ ცეცხლოვანმა და უკან დაიხია.

შემდეგ რაღაც დაუძახა თავის კაცებს. ერთ-ერთმა, რომელსაც ნამეტნავად მსხვილ მაჯებზე უროებივით მუშტები ეკიდა საბძლის კართან დაკიდებული ფარანი ჩამოხსნა და ნაჯახის ჟანგმოკიდებული ყუა ჩასცხო მის შუშას.

– ოო, მეუფეო, გვიხსენი ! გამაგრდი, დაო ტერ... ტერეზა ! – დაიძახა წინამძღვარმა, – სულთა მეუფე შეგეწევა... შენთვის ვილოცებთ თუ ცოცხლებს დაგვტოვებენ ეს უწმინდურები. დებო, ილოცეთ, ილო... ილოცეთ და ტერეზასთვის ! მეუფეო დიდებულო შეეწიე ჩვენს დას... გევედრები დაამკვიდრე სავანესა შენსა ნეტარებისასა !

ასლოგის ხელის გაწვდენა და ცეცხლის წეღანდელივით გარეთ გამოვარდნა ერთი იყო. უკვე ბინდი წვებოდა და ცეცხლი წეღანდელთან შედარებით გაცილებით კაშკაშებდა. ორივე ხელი დაატრიალა მეკობრეთა მეთაურმა და უშველებელ გავარვარებულ ბურთად აქცია ერთი ბეწო ალი.

– აბა, მზად ხარ, დაო ტერეზა ? – გაუღიმა ასლოგმა.

ტერეზას გააკანკალა შიშისგან. თითქოს აღარაფერი ახსოვდა, საკუთარი არსებობაც კი დავიწყნოდა. ახლა მხოლოდ ცეცხლის ბურთიღა არსებობდა და მეკობრეთა მეთაურის აბრიალებული კამკამა ლურჯი თვალები.

 მაგრამ ჩვევის თუ გაურკვეველი მიზეზის გამო, როგორღაც თითქოს თავისით ამოძრავდა მისი ბაგეები:

მეუფეო სულთაო, შემიწყალე !.. დაე, აღსრულდეს ნება შენი ჩემ ზედა !

ასლოგ ცეცხლოვანმა იღრიალა და ტერეზამ მყისიერად იგრძნო როგორც დაუწყო კანის ლოკვა ცეცხლმა თავისი მრავალი მხურვალე ენით.

 

 

 

****

 

 

ერგუნდიის პატრიარქმა, ვინსენტ პირველმა წერილის კითხვა დაასრულა და თავის სამუშაო მაგიდაზე დააგდო. მარცხენა ხელის თითებით ოსტატურად ატრიალებდა ვერცხლისტარიან, ზურმუხტის თვლებით გამშვენებულ მომცრო დანას. მის პირდაპირ მჯდომმა აბატმა პასკალმა თავისი ხშირწამწამებიანი თვალები გააფართოვა და მოუთმენლად მიაჩერდა მას.

– რაო ? ყველანი ცოცხლები დატოვეს, არა ? 

– მხოლოდ მონაზონი ტერეზა მოკლეს... დაწვეს. ვიღაც ალქაჯი იყო მეკობრეების მეთაურიო, ასე იწერება ის ქალი... მონასტრის წინამძღვარი.

– ტერეზა ?

– ჰო, ჩვენი ოჯახის ვასალის, ერლი ჰუბერტის ყოფილი ცოლი... როგორც ვიცი, თავის დროზე ბერწობის გამო გაუშვა მონასტერში ერლმა.

აბატმა მაშინვე სამეუფეო წრე გამოისახა სახეზე.

– არავინ მოუკლავთ, მაგრამ, – დასძინა პატრიარქმა, – ხუთ დას ჩამოუხრჩვია თავი. იმ ჩრდილოელ ველურებს ყველასთვის აუხდიათ ნამუსი ამ ქალის გარდა... წინამძღვრის გარდა.

– მეუფეო, შეგვიწყალე და გადმოგვხედე ! – ნაიარევ შუბლზე დაგროვებული ოფლი მოიწმინდა აბატმა და ხელახლა გამოისახა სამეუფეო წრე.

– სანაპიროებთან მობინადრე ყველა ერლსა და გრაფს მივწერ, ზღვა უფრო მეტად გააკონტროლონ, – დანა მაგიდაზე დადო და თითები ერთმანეთში გაუყარა პატრიარქმა, – ჩვენს მიწებზე მეკობრეთა ამგვარი თარეში ? ყოვლად დაუშვებელია... არქიმოციქული გვარიანად შეწუხდება, როცა ყველაფერს გაიგებს.

– მგონი... მგონი, უკვე იცის, – აღმოხდა აბატს.

პატრიარქი ჯიქურ მიაჩერდა მას.

– მერე აქამდე არ უნდა გეთქვა ? საიდან ? 

– არ ვიცი. მთავარინკვიზიტორმა ალბერმა თქვა იმ დღეს მისმა უწმინდესობა არქიმოციქულმა დავალება მოგვცა დიად მოციქულ დემეტრას მონასტრის ამბავი შეისწავლეთო... და... და იმ ალქაჯს მიაგენითო. შეიძლება, პირდაპირ არქიმოციქულსაც მისწერა წერილი მონასტრის წინამძღვარმა... არ ვიცი.

პატრიარქმა ამოიხვნეშა, ჩალისფერ ხუჭუჭა თმაზე გადაისვა ხელი და მოოქროვილყაითნიანი თეთრი კაბის საყელო შეისწორა. შემდეგ ქაღალდის ფურცლების დასტიდან ერთ-ერთი გამოასრიალა და საწერი ბუმბული მოიმარჯვა.

– აჰ, მელანი, – უკმაყოფილოდ გახედა შუშის სამელნეს ვიტრაჟებიანი ფანჯრიდან შემოსულ მზის შუქზე, – მიდი, გასტონს უთხარი მელანი შემომიტანოს... უკვე ამომშრალა ეს.

აბატი ფეხზე წამოდგა.

– უკან დაბრუნდი მერე. წერილის შედგენაში მომეშველე. არქიმოციქულს უნდა მივწერო, რომ წმინდანად შერაცხოს და... და ტერეზა. შენი საღვთისმეტყველო ცოდნა დიდად წამადგება ყველაფრის სათანადოდ დასაბუთებაში. ხომ იცი, დანებზე და ხმლებზე უფრო მეტი ვიცი, ვიდრე სარწმუნოების საკითხებზე... წმინდანი, ჰო. ის უნდა დავანახო არქიმოციქულს, რომ მზრუნველი მწყემსი ვარ და ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ ბერებსა და მონაზვნებზე მშობელი მამასავით ვზრუნავ... რომ მათი სათანადო დაფასებისთვის ვიღვწი და ასე შემდეგ. კარგი ახლა, რას მიყურებ ეგრე ? გეგონება, ჩემი ღვიძლი ძმა არ იყო და არ იცოდე, გულზე რომ არ ვეხატები იმ ბებერს. დაგავიწყდა რა გამაფრთხილა ჰუგომ ? ხომ არ გინდა ჩვენს უფროს ძმას იმედები გავუცრუო ?

– შენს გვერდში მიგულე ვინს... თქვენს გვერდში მიგულეთ, წმინდაო პატრიარქო.

– ოჰ, არ გინდა ეს ფორმალობები... კლარას უთხარი, მეორე კაბა მომიმზადოს... რუხი რომელიცაა. საღამოს იმ რეგვენი დე ლა კორდიეს შვილის ქორწინება უნდა ვაკურთხო.

როდესაც აბატი ოთახიდან გავიდა, პატრიარქი მოჩუქურთმებული სავარძლის საზურგეზე გადაწვა და მზისგან გაბრწყინებულ ფანჯარაში გაიხედა. ლა-ლორენის გარე გალავნები მომწვანო-მოიისფროდ მოჩანდა ვიტრაჟების მიღმა. შორეული კრამიტისსახურავიანი შენობების თავზე მოფარფატე ქორები მოყვითალო ჰაერს კვეთდნენ თითქოს. დიად მოციქულ ელეონის სახელობის უშველებელი ტაძრის მოოქროვილი გუმბათი მოწითალო სხივებს აფრქვევდა იქვე ახლოს ჩადგმულ გილდიების შენობებს.

– ესეც შენი მეექვსე წმინდანი, – ჩაეღიმა პატრიარქ ვინსენტს და ხელახლა დაიწყო მამის მიერ ნაჩუქარი დანის თითებს შორის ტრიალი, – თუ მეხუთეა ?