ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მოთხრობები

მოთხრობები

                                   ლომა

 

   ლომა თოვლში დაიბადა, თოვლივით თეთრი, თეთრ კავკასიონზე, მამამ იმ დღეს პირი არაფერს დააკარა, ისე გაუხარდა პირველთოვლობას გაჩენილი ვაჟკაცის ხილვა. ფარასაც კი თავი გაანება, იდგა და მგელ - დათვების ჯინაზე მამა - პაპურად ბრდღვინავდა.

   ერთი თვის იყო ლომა და უკვე იცნობდა ხეობაში დაბადებულ მგლის ლეკვებს, ღამ-ღამობით მათი ყმუილი ესმოდა, თავადაც გაეხმიანებოდა ხოლმე გულუბრყვილოდ.

    სამი თვისას მამამ ასწავლა როგორ დაეცვა ფარა, როგორ ენადირა, როგორ დაეჭირა ჩანჩქერში თევზი, როგორ გასწორებოდა მტერს, როგორ დამეგობრებოდა ადამიანს.

   ლომას დედისგან გამოჰყვა კავკასიური დიდბუნებოვანება, კეთილი იყო, დინჯი, დაფიქრებული, მამისგან კი ქედზე კავკასიური სიდიადე დაჰყვა გულმაღლობა, ძალ-ღონე და ვაჟკაცობა.

   ექვსი თვის პირველად მოხვდა მგლებთან, ღირსეული მასპინძლობა გაუწიეს, ცოცხალი დატოვეს, მისი ნაცნობი მგლის ლეკვებიც წამოიზარდნენ, ესმოდა ლომას როგორ იპარებოდა მათ ხმაში გაჭირვება, შიმშილი, სიცივე, ბრაზი, დაუნდობლობა და წუხდა... კიდევ ძალიან უყვარდა პატარა ადამიანი-მწყემსის ბიჭი...

   ლომას როგორც ყველა მთიელს გულისწორიც ყავდა, ოღონდ ეს გულისწორმა არ იცოდა, ჩაუმღერებდა ხოლმე იალაღებიდან დაბლა მონატრებულს:

              - საცოცებელს და საცალოს

                ნუ წამაწყდები წაწალო...

      ერთ დღეს ლომა გადამთიელმა მწყემსებმა გაიტაცეს, ბარში ჩაიყვანეს და კარგ ფასში გაყიდეს. მაშინ მიხვდა ლომა, რომ კაცთა ხმაშიც შეპარულიყო მგლების ყმუილი. ახალი წელი ახლოვდებოდა, ლომამ ქალაქში დაიწყო ცხოვრება. ღამ-ღამობით მგელივით ყმუოდა და მეზობლებს არ აძინებდა. ერთ დილით ლომა მანქანით წაიყვანეს სადღაც, თბილისელმა კაცმა ცივ-გომბორის უღელტეხილთან ჩამოსვა თვალცრემლიანმა...

       თენდებოდა... აღმოსავლეთიდან იქ სადაც მძღოლებისთვის საშიში თავდაღმართი იწყება, შუა გზაზე ლომა დამჯდარიყო და გაკვირვებული უცქერდა გვერდით გაელვებულ სწრაფ არსებებს:

       ერთი, ორი, სამი...

      უცებ ვიღაცამ მკვეთრად დაამუხრუჭა მანქანა გზისპირზე. მანქანიდან ბიჭი გადმოხტა, სწრაფად მიიჭრა ლომასთან და საავტომობილო გზიდან გადაიყვანა.

       ლომამ ტყიან ფერდობზე, ქალაქგარეთ დაიწყო ცხოვრება, ის ბიჭი კი ჩემი ძმაკაცი აღმოჩნდა... აქედან დაიწყო ჩემი და ლომას მეგობრობაც.

  უყვარდა ხოლმე ლომას ადამიანებთან ლაპარაკი, ხვდებოდა მათ ფიქრებსა და ზრახვებს, მოსწონდა თბილი და ტკბილი ამბების მოსმენა და სიგიჟემდე ენატრებოდა დედ-მამა, ხეობა, შეყვარებული...   მიყვებოდა ჯიხვთა საკამარო უფსკრულებზე, კალმახთა წყალუხვებზე, ქორების თვალუწვდენელ სამკვიდროებზე, მგლების საფიხვნოებზე. ნაცნობი მგლის ლეკვების ამბებს მიყვებოდა.... როგორ წაეკიდნენ ერთხელ ერთმანეთს სასიკვდილოდ, მერე როგორ დააბიჯებდნენ ერთად უჩინარი აჩრდილებით სავსე ტყეში, როგორ ყმუოდნენ რათა ცას გაეგო მათი ღამისთევა... მეუბნებოდა როგოგორ ყმუოდნენ მგლები შემზარავად რათა ადამიანებს გადაყროდნენ, ამ დროს თვალები საშინლად აენთებოდათ ხოლმე, მეუბნებოდა როგორ უყვარდათ ღამით მთვარესთან ერთად სირბილი და მაღალ კორწოხებზე წინაპართა სულების სერობის ხილვა. მთვარეს შეჰყმუვლებდნენ ხოლმე და ასე დადიოდნენ დიდები, ამაყები, დაუნდობლები, უკაცურები...

  მიამბობდა როგორ ასწავლიდა ზამთრის გრძელ ღამეებში მამამისი რომ ბილიკი თავად იყო მიდიოდა და თან დაყვებოდა, შეჩერდებოდა და იქვე იყო, ცრუდ ივლიდა ცრუ, სიმართლით და მართალი, თუ გადაუხვევდა , არც იქ მიატოვებდა გზააცდენილს...

  ასე ბუხართან შემოვათენდებოდით ხოლმე ერთმანეთს მე, ლომა და ჩემი ძმაკაცი. ახალი, თეთრი, თოვლიანი წელი უკვე კარზე აკაკუნებდა, დიდი, თეთრი, დანისლული, პირსავსე და ზვიადი...

  დეკემბრის პირველ რიცხვებში ლომა უეცრად გაქრა. მაშინვე მოვიკითხეთ ახლობელ მონადირეებთან, ნაცნობსა და უცნობს დიდი, თეთრი ნაგაზის კვალი მოვკითხეთ.

  მალევე ცივის მთის მიდამოებიდან შემოგვითვალეს, თოვლივით თეთრი ძაღლი ლეკის მთებისკენ გარბოდაო... მაშინ მივხვდი რაც წვავდა ნოემბრის გრძელ ღამეებში ბუხართან ჩაფიქრებულ ლომას...

  წესით შობამდე ავიდოდა კავკასიონზე, პირქუში მეცხვარე მამა გაახსენდებოდა კლდეებზე მბორგავს, დედის გული და თბილი კერა გაახსენდებოდა.. გაახსენდებოდა უღრანში ძმადგაფიცული მგლების გალობა და ვიცი როგორ აუჩქარებდა ფეხს ციცაბო ღარტაფებზე მორბენალი...

   ალბათ ახალ წელთან ერთად მიატანდა უკვე დაქალებულ წაწალს და როგორც შემპირდა დაგვიანებულ სიყვარულს აუხსნიდა- უხმოდ, თვალებით , თავისებურად:

 - „არ შეკრთე ჩემო ძვირფასო ეს მე ვარ, თოვლის ჯიქებთან უფსკრულებში გავერთე ძლიერ, შეგამჩნიე და შენსკენ წამოვედი რომ მეხარებინა თოვლობის ახალი, საოცარი წინასწარმეტყველება...

  დავბრუნდი...

  მალე უძირო ხევებში შაბარდუხებთან იჭიდავებენ თოვლის ჯიქები და უჩემობით მოიწყენენ... რამდენი ვიარე ყინულებში, კლდეების ბასრ, გადმოკიდულ პირქანებზე თავბრუ მესხმოდა, დაბლა უკიდეგანო სიშორემდე ვხედავდი როგორ ცვიოდა ფეხქვეშგამოცლილი ზამთრის ლოდები, თვალებს ვხუჭავდი, ვქანაობდი და მესმოდა ქორთა ავი ყაშყაში.     

      დევისპირა შეღუნულ უღელტეხილებზე მოვდიოდი, ფრთხილად, ფეხაკრეფით, ერთისულით, უდაბურ და მიუვალ ნაპრალებში ვამჩნევდი გათოშილ თათებს რათა გვერდი ამევლო თეთრი წყვდიადის საშინელი წყევლისთვის... რა არ გადავიტანე მაგრამ მოვედი, თეთრი თათები, თეთრი და თბილი ხსოვნისთვის დაისაჯნენ...

  არ შეკრთე ჩემო კეთილო ეს მე ვარ, თოვლის ჯიქებთან უფსკრულებში გავერთე ძლიერ...“


                                      მოგზაური

  თვალს მიეფარა ხრიოკი, გადაწყვიტა შავი მთისკენ წასულიყო. გზა უღრან ტყეში იკარგებოდა. დიდხანს მიდიოდა გაუვალ ღარტაფებში. ფეხდაფეხ მიყვებოდნენ მხეცებიც. ერთგან მოზრდილ ღელეს წააწყდა, ნაპირზე ჩამოჯდა და რაღაც წასჩურჩულა წყალს.

- ვინ ხარ? - დაუყვირა პირველმა მხეცმა.

- მოხეტიალე გახლავარ, ფათერაკიანი გზების, ბეწვის ხიდებისა და ვიწრო ბილიკების შემგროვებელი. მიუვალ ნატერფალთა მოხარული, მამაც მეგზევეთა და ნამგზავრთა მახარებელი- ხალისიანად გასძახა მხეცს ისე რომ თავი არ აუწევია.

- რას დაწანწალებ? ... დაუღრინა მეორემ.

- სამყაროს უნდა ვუშველო. - კვლვ მშვიდად მიუგო მოგზაურმა.

- ჩუმად შენთვის რომ იხეტიალებ ეგ უშველის სამყაროს? - გაეცინა მესამეს.

- სიჩუმესა და სიმარტოვეში ყველაზე მეტს ფიქრობს ადამიანი. სამყაროს კი მხოლოდ ფიქრი გადაარჩენს უკეთეს სამყაროზე ფიქრი. სხვა საფიქრალი არც მე მაქვს.

- შორი გზიდან მოდიხარ? 

 - მე კი არ მოვდივარ, გზები მოდიან ჩემთან - უპასუხა მათ მოგზაურმა.

- რა გზები?

- ყოველი გზა უსასრულობიდან ეშვება და ისევ იქ იკარგება. გზის უთავბოლობის ფიქრზე მთავარი ადამიანის ნაბიჯებია. 

-რატომ?

- ნაფეხურების გამო... ადამიანები ერთხანს მიდი - მოდიან, ნაკვალევი კი დიდხანს რჩება, თითქმის მარადიულად. მართალია ცოტა ხნით მაგრამ რადგან გზა ჩვენამდე მოდის ე.ი ჩვენთვისაცაა და მასზე რაც შეიძლება სწორად უნდა ვიაროთ. ჩვენს შემდეგ მომავალნი ჩვენს ნაფეხურებს ნახავენ და სიარული გაუადვილდებათ.

 - შენნაირი მეზღაპრე ჯერ არ შეგვხვედრია... - უთხრეს მხეცებმა.

- წუთისოფლის ზღაპარში ყველა ადამიანი გმირია და თავისი ცხოვრების ზღაპარსაც თვითონ წერს, სხვები მხოლოდ ჰყვებიან... ნუ გგონიათ რომ ეგრე ადვილად აჯობებთ ადამიანს. კაცის სიმცირეს კი არ უნდა გაუტოლოთ თავი არამედ მის სიდიადეს.

- რახან წუთისოფლის ზღაპარი ახსენე იმ მეზღაპრის ასავალ - დასავალიც გეცოდინება ვინც ეს უგზო-უკვლო წუთისოფელი მოიფიქრა.

- ყველა თავისსავე მსგავსს წარმოშობს. როგორიცაა სამყარო ისეთივია მისი მეაზრეც. მაგრამ არა თუ თქვენ, ადამიანებსაც კი, კარგად არ ესმით დასაბამის ზღაპარი და არ იცნობენ დასასრულის იდუმალ ზღაპართმეუბნეს.

- ვერ გავიგეთ?! - დაიბნენ მხეცები.

- ადამიანებს დაავიწყდათ რა არის წმინდა წყლის სიმართლე! ბევრს აღარ შეუძლია სინათლეში ცხოვრება!

- რატომ?

- სიმართლეც და სინათლეც ჩაუქთა სულმოსათქმელი სადგომია და თავგანწირულთა მხიარული თავშესაფარი. ორივე ერთად სიბრძნის მარადიული საბრძანებელია, ადგილი, სადაც მუდამ სიკეთე და სიყვარული იმარჯვებს. მას სიმამაცის უმტკიცესი კარიბჭე იცავს და ჭკუის უხილავი კედელი ამაგრებს. მისი სახება არასდროს ტოვებს სამყაროს და განუწყვეტლივ თავისში ამყოფებს. ადამიანი კი ხშირად უდაბნოს სულდალეული მტაცებელივით იქცევა, მისი გამოჩენა გლოვაა და მისი სიმართლე სიყვარულისა და სიკეთის უფარველი, მას მხოლოდ თავისუფლება იცავს ხოლო, მისი სახება ყველას ტოვებს და არავისთან რჩება.

- მაშ არავის შეუსვამს სიმართლის წყაროდან?

- თითქმის არავის.

- თან თუ დაატარებენ საგზლად ადამიანები მცირედს მაინც იმ დიდი და მარადიული ნათელიდან?

- დაატარებენ... სიმართლის უხსოვარი მარცვალი უჩინრად აქვთ ადამიანებს გულის უღრმეს კუნჭულში დამარხული. როცა ყველაზე მეტად მოუჭერთ არსებობის მარწუხები უხილავად შედიან საკუთარი სინათლის მივიწყებულ აკლდამაში და სულს ითქვამენ.

- ან სიმართლე სად არის ან სინათლე, შეგიძლია ერთი პირნათელი ან თვალმართალი კაცი მაინც გვაჩვენო - აყმუვლდნენ მხეცები.

- სიკეთესა და ბოროტებას შორის მიჯნა დევს, არავის ეპატიება ადამიანობის ამ ურყევი სამანით კენჭაობა, მას, სამართლიანობა ჰქვია და ის არის საიდუმლოთა საიდუმლო ძელქვა... თუმცა ყველას თავისი მიაკითხავს, ნაკეთილარიც და ნაცოდვილარიც. ყველა მარტოდმარტო შეხვდება თავის მხეცს პირისპირ. -თვალი თვალში გაუყარა მოგზაურმა მხეცებს.

- არ არსებობს გაუცხადებელი რამ...

- არსებობს. სამართლიანად დაფარული არასოდეს გაცხადდება: ... ვინც შენ დაგივიწყა მიწამ შეუწვა სახე, თაკარა ჩაუდგა მუხლებში. ფსკერი ამოვტეხე ცისზევითში, თავაუწეველი ვიყავი და გულმოდგინე. რამდენი უშენობის ტყვეა, რამდენი შენი პირ უტყვი. საფლავთა საფლავი იქნება სამარხთა სამარხი, ფერფლი ფერფლისთვის, პასუხი არ იქნება. ისევ მინდა სულადქცევის, სულისშეგუბების ჩაუქი მითქმის მჯეროდეს: - „როგორ შეგუბდა შენს დურდოში ბუდეშურივით,როგორ შედედდა, შეიბუდა, შედგა, შედუმდა, დაგაწმინდავა, გიდარაჯა ბუდის ხუნდივით ბოლოს კამარას შეგაძერწა ბიჭო გუნდ-გუნდად. მაინც სხვის ბუდეს ეშურები მაინც ემდური შენი გუგული ჭკუა წახდა, წაღმა შებრუნდა. „ - შეალოცა სიტყვები ერთმანეთს მოგზაურმა.

 -ამ აბდაუბდისთვის გცალია? გაგვიმართა პოეზიის საღამო? - გაცოფდნენ მხეცები.

- ლექსი კეთილხმოვანების საიდუმლო შეთქმულებაა.

- სულ ეგ არი?

- და იქ საიდუმლოდ ჩათქმული კეთილხმოვანება.

- მაგრამ ვიღას ესმის ეგ შენი ძელქვიანი სიტყვის შუქ-ქარი... ისე რაღაც სხვანაირად ლაპარაკობ ამ დღეებში... კარგად გავიგონეთ წყალს რაც უთხარი,

- ჰო... თქვენც გეტყვით, საიქიო სული აქ გროვდება და კაცის სულის სიმაღლეც აქედანვე იზომება.

-მაშ ისევ გჯერა საიქიო ცხოვრების? -აენთნენ მხეცები.

- ჩვენ რომ მარადიულად ვრჩებოდეთ აქეთ ნაპირზე მეც მხოლოდ სამზეოს დავჯერდებოდი. მაგრამ რადგან ასე არ არის, მინდა თუ არა იქითა ნაპირისაც უნდა დავიჯერო - გაეღიმა მოგზაურს.

-იქნებ მარადიულობა ზღაპარია მხოლოდ...

-და განა ადამიანი ზღაპრიდან არაა, ზღაპარი არასდროს არ სრულდება. ის ყოველთვის გრძელდება ჩვენს არსებაში.

- რატომ?...

- ბედნიერი დასასრულის გამო. იქაურობა მოგონილიც რომ იყოს, გვაიძულებს აქ მაინც ვიცხოვროთ საიქიო კაცებად. ეს კი უკვდავებაზე მეტია. - თქვა მოგზაურმა და ტყეს მისცა თავი…


                                                     ჰარაკი ისაზე  

 

  ის იყო ღვინო და წყალი ერთმანეთს შეურია ისამ რომ ერთი ცბიერი სახის მოხუცი გამოეყო ხალხს და ამაყად მიმართა:

- მართალია არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში მაგრამ ძველი ღვინის ახალ ტიკებში შენახვა ხომ შეიძლება?

- მაგას ღვინის გადაღებას ეძახიან ჩემი წინაპრები. - მიუგო ისამ

- „მაშ როგორ უნდა მოიქცეს ძველი ღვინის მსმელი? თუ სიძველით მხოლოდ შემატებია ღვინოს და არაფერი დაკლებია?

- სჯობს ძველიც ახლიდან შეისვას.

- რატომ?

- გონიერი კაცი მუდმივად აახლებს თავის ღვინოს, ლექსა და ბრკეს აცლის და ისე მიირთმევს. გინდა უძველესი თქმულება მოგიყვე ღვინის შესახებ? -ჰკითხა ისამ მოხუცს.

-        გისმენ! -

-        გამოძერწა თიხისგან უფალმა კაცი. კაცმაც მიბაძა ღმერთს და გააკეთა თიხისგან ქვევრი. შთაბერა ღმერთმა კაცს სული. კაცმაც ჩაასხა ქვევრში ღვინო. ღვინო იქცა ქვევრის სულად, ქვევრი ღვინის სხეულად. მას შემდეგ განუყრელნი არიან სამყაროში ღვინო და კაცი.

-        გაგილოთებიათ კაცი და ეგ არი - დაასკვნა მოხუცმა.

-        ასე არ არის. ღვინოსთან კაცის ზიარი ის საიდუმლო ჟრუანტელია დასაბამიდან რომ ასდის წუთისოფელს. ღვინოში წარმოსახვა და ცხადი, გაღმადნი-გამოღმადნი ერთიანდებიან, თითქოს ერთ პატარა ღვინის ხელადაში ჩაუტევია განგებას სამყაროს მთელი აზრი, ძალა და ზმანება. მათი ერთობით ზეიმობს და სიხარულით ეზიარება ღვინისა და კაცის დიდებულ წვეულებას. - მიუგო ისამ და მესამედაც დაუსხა ფიალაში მოხუცს შემდეგ კი ლუკმის გასატეხად სხვებსაც დაუძახა ...

      საუბარში გართულებს უცებ შემოაღამდათ. ერთ ხანს კუპრივით შავი ღამე ჩამოწვა. ცოტახანში ხეების თავზე ფრინველების გუნდმა გადაიხუვლა ხმელი ტოტების მტვრევით და თითქოს თან გაიყოლა მოქუფრული ღრუბლების არვეც. ცა უცემ მოიწმინდა და მოიჭედა ვარსკვლავებით. ნელ-ნელა ჩაიღვარა ყორნის ნაშობი მთვარე უღრანში და მთელი ტყე ვერცხლისფერ აბლაბუდაში გააბა.

   ღამის გასათევად ხშირ კორომში შევიდნენ და კოცონი აანთეს.

-        ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს საკეთებელ-საფიქრალი კაცს. ვინც ქარისგან არის მუდამ ქარშია, ვინც წყლისგანაა წყლით უდგა სული, ცეცხლიდან მოსულს ცეცხლი წაიღებს და მიწიდან მოსულს მიწა. - უთხრა ხალხს ისამ და ცეცხლს მიუახლოვდა.

-        განა ადამიანი სულისგან არაა?

-        სწორედ სული იტოვებს ადამიანს.

-        ბოლოსდაბოლოს რა არის ეგ შენი სული.

-        სული აზრია ჩვენს შესახებ.

-        საკუთარი აზრი?

-        არა, საერთო აზრი, მათ შორის საკუთარიც. არავინ აკეთებს საცერს წყლის მოსატანად და არავინ ჰკიდებს ჰაერში ბადეს თევზების საჭერად? ადამიანმაც უნდა მოიცნოს თავი, ვინ არის, რისთვისაა ამ ქვეყნად და რისი შემძლეა. არავინ ანთებს ცეცხლს ქარიან ადგილას და არავინ ინახავს წყალს ქვიშაში, რადგან ქარი ხანძარს გააჩენს და წყალი ქვიშაში გაიპარება. ცეცხლისთვის მოფარებულ ადგილს არჩევენ, ხოლო წყლისთვის ჭას ჭრიან. – დაასრულა სიტყვა ღვთისავარმა.

    თენდებოდა, იდუმალმა ბახალამ ნელ-ნელა შეხსნა ვერცხლისფერი ბადე უღრანს და ცდომილ მნათობთა საჭერად ვარსკვლავეთში გაფერმკრთალდა...

 

-რატომ გვაშიმშილებ გამუდმებით, გინდა წმინდანებად გვაქციო? - ჰკითხეს მტრულად განწყობილებმა.

- პირიქით მინდა ერთმანეთის დაუძინებელ მტრებად და ცივსისხლიან მკვლელებად იქცეთ, - გაეღიმა მას.

-დაგვცინი? დაუღრიალა ხალხმა. 

- მე თქვენ ლუკმის გაყოფას გასწავლით რომელიც სიხარბის მტერია და სიძუნწის მკვლელი. ასე,  წინ აღუდგებით საკუთარ განცხრომას და ერთმანეთს შიმშილის გრძნობას გაუნელებთ. ის კი ვინც ლუკმის გატეხვას ისწავლის განა თავის დოვლათს უკეთ არ გასცემს? - უპასუხა ისამ ხალხს.

- ადამიანებს რაღად უშლი საკუთარი ბედნიერებით ტკბობას? - ჰკითხეს ნირწამხდრებმა.

 - ვაფრთხილებ რომ მორიდების ჩრდილში იცხოვრონ. არავინ იცის როდის წამოჰყობს თავს შურის ჭიამზე, სად იმალება მისი ჭუპრი და რას შეუჩნდება მისი მატლი.

- ჭია-ღუასთან მებრძოლო რაინდო, რატომ გგონია რო ყველაფერში მართალი ხარ? -ჰკითხა ერთერთმა.

- მიზანს მშვილდ-ისრის ოსტატი აყენებს და მსროლელის სასხლეტი აზუსტებს. მიზეზი თავდაბალი ბატონი უნდა იყოს ხოლო მიზანი მისი ერთგული მსახური რათა ჩანაფიქრს კეთილი ბოლო ჰქონდეს.

-რას გულისხმობ?

-სამიზნეს...  - უთხრა ისამ მას და ცეცხლს გაუჩხრიკა...

-        არ მოგწყინდა ამ უდაბურ ადგილებში ხეტიალი? რა დაგრჩენია ამ უკაცრიელ ველებში?

-        დავიწყება... ადამიანებს დაავიწყდათ საკუთარი თავი. არ იციან სად იწყებიან და სად მთავრდებიან, ხედავთ რამხელა სევდაა ამაში?

-        რას აპირებ?

-        მანძილის დაფარვას.

-        როგორ?

-        სინათლის სიჩქარით. - გაეღიმა ისას.

-        და რა არის სინათლის სიჩქარე?

-        ვინ უწყის... თქვა ისამ, მდინარეში შევიდა და იქიდან დაუძახა ხალხს:

      - რატომ მტრობთ საკუთარ თავს?

- ნანადირევი მონადირესთან რჩება. კარგი მსროლელი ხარ და ეგ არ იცი? - დაუძახა ვიღაცამ.

- ჩემი ნანადირევი ჩემი არ არის და არც ჩემთან რჩება. მისი ხორცი არ მეჭმება და მისი სისხლი არ მენახება.- თქვა ისამ.

- მოჩვენებებზე ნადირობ? - დამცინავად ჰკითხა ერთმა კაცმა პირველი რიგებიდან.

- მათზე ნადირობა გაცილებით სულისშემძვრელია ვინც არ ჩანს.

- უსახელო მონადირე ყოფილხარ რადგან ნანადირევი არ გეტყობა.

- სამაგიეროდ შენ ჩანხარ სახელოვანი მონადირე და ნანადირევით დატვირთული.

- დღეს გაიგე ადამიანზე რომ ვნადირობთ? ვინ გაუშვებს ბატკანს არწივთა ბუდეებთან ან ვინ ჩასვამს ორბის ლეკვს კურდღლის სოროში? კაცს რა უნდა ჩვენთან ან ჩვენ რა გვინდოდა მასთან? რატომ გადაიქცა ეს მშვენიერი მიწა კრავიჭამიათა სანადირო ველად? - გესლიანად შეუტია მეორე კაცმა მოწინავე რიგებიდან.

- დასაწყისიდან ვიცი უვარგისი მონადირეები რომ ხართ ზოგიერთნი და სხვის წალკოტში ნადირობთ. უწყინარ ნანადირევს ეტანებით, სულსწრაფნი ხართ და მტაცებელნი. სვავნი ხარ და ქორ-გავაზიანობთ. ორბის ნაშიერნი ხართ და ბატკანძერობთ ველის ნიბლიებში. ჩამოგიფრენთ სინათლისფერი ცისკრის შავარდენი, ცალი ფრთის წვერით გაგისხეპთ სანაქებო, სანადირო ადგილებს, აგიყირავებთ კაცის სულის ძვლით გამოტენილ ბუდე-სოროებს. მაშინ იყივლეთ და იფხორეთ, მაშინ გააწეთ თქვენს სამართალში ცხრავე ფრთა და შეებით სინათლისფერს, როგორც სწორი სწორს.

- ნუთუ ჩვენთან შერკინება გწადია?

- მე არა. ჩემს ფრთამორკინულ შავარდნებს შეებით თუ გული გერჩით და გაჩვენებენ როგორი კურდღლებიც არიან. გამოჩნდება რა კრავიჭამიებიც ხართ.

- შენ რატომ არა?

- თუ თქვენ არ გერგებათ ადვილი ნანადირევი არც მე შემერგება! თქვა ისამ და წყლიდან ამოვიდა.

- ყოველთვის რატომ უტეხავ გულს ადამიანებს და ამცირებ?

- ყველაფერში ცუდის მძებნელნო და კარგის უნახველნო, სად უფროა გულგატეხილობა სიმცირესა თუ სიდიადეში ყოვლის მპოვნელმა განსაჯოს!

- ადამიანები ვერასდროს შეეგუებიან ომების სისასტიკეს, სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს და ცარიელი მუცლის ხმაურს!

- არც უნდა შეეგუონ. კაცის ყველა ნაბიჯი მისივე სულის ბეჭდით იბეჭდება. ადამიანები განსაცდელით ცხოვრობენ სიმართლესა და უსამართლობას შორის. ტკივილი კი ყოველთვის ცუდი როდია. იგი კაცს წვრთნის, სულის საზრდელია და ხორცის სიმაგრე.

- ისევ ტკივილი, ისევ თმენა. რა გენაღვლება...

- სიმართლესა და უსამართლობას შორის სულმოსათქმელი ბეწვის ხიდებია. მათზე სიხარული შეიძლება.

- სად არიან ეგ ბეწვის ხიდები? - ჰკითხა ყველაზე ახლო მდგომმა კაცმა.

- იქ სადაც მუცლის ხმაური არ ისმის იმაგო. - უპასუხა ისამ იმ კაცს და ცოტახნით თვალს მიეფარა.

  ერთად ყოფნის მეექვსე დღეს, მთვარის წასვლამდე უკანასკნელად დააცხრა ხალხი ისასას თავზე:

- ბოლო- ბოლო გვითხარი, სად არიან ეგ შენი გაწვრთნილი შავარდნები?

- სანადიროდ.

- რაზე ნადირობენ?

- საკუთარ თავზე.

- რას ნიშნავს საკუთარ თავზე ნადირობა?

- მოკლა ყველაფერი ცუდი რაც შენშია.

- ვაა... - ამოხდა ხალხს.

- გინადირიათ  საკუთარ თავზე? - ჰკითხა მათ ისამ.

- არა... უპასუხეს ცივად.

- დიდებული ნადირობა იქნებოდა... გაბედავთ ოდესმე?

- არ ვიცით... - შეუღრინეს აქეთ-იქიდან.

- არც ისეთი გაუბედავნი ხართ. რაც მალე იზამთ მით უკეთესი.

- შენ თუ გინადირია საკუთარ თავზე? - მიელაქუცა ზოგიერთი.

- მე, ახლაც ვნადირობ როცა გელაპარაკებით.

- საკუთარ თავს ებრძვი ?

- თითქმის...

- ნუთუ შენც ადამიანებზე ნადირობ?

- შავარდნებზე... - ღიმილით მიუგო ისამ

- ჩვენ კი გვეგონა... და ჩვენ რას ვაკეთებთ?

- თქვენ სამყაროს საფრთხობელები ხართ და უფრო იდუმალს ხდით ჩემს ნადირობას. გაიქეცით, მოდიან საკუთარ თავზე მონადირენი. ცოტა ხნით მაინც დაემალეთ მათ რისხვას. საკუთარ ლანდებს შეებრძოლეთ, თქვენს სულთმობრძავ აჩრდილებს შეებით.

- და რა გამოდის შენი ნადირობიდან? - სიბრაზისგან აკანკალდა ხალხი.

- მე იმათ გულებს მოვიგებ ვისაც საკუთარ თავზე ნადირობას ვასწავლი, ჩემი ნანადირევიც ეგ იქნება. - მიუგო მშვიდად ისამ მათ და უფსკრულის ძირისკენ დაეშვა.