ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ფრთხილად! ცირკში მკვლელია!

ფრთხილად! ცირკში მკვლელია!

 

ფრთხილად!

ცირკში მკვლელია!

 

 

პარასკევი, 14 ოქტომბერი

 

* * *

-ბატონო თეიმურაზ, ახლა რა უნდა ვქნათ?

-უნდა მოვკვდეთ, სტაჟიორო! განა მეტი რა დაგვრჩენია?

-ხუმრობის დრო არ არის! თუ თხუთმეტ წუთში სასწაული არ მოხდება, წყალი წაგვლეკავს, ამას ხომ აცნობიერებთ?

-ხოდა დაველოდოთ სასწაულს!

 

 

რამდენიმე დღით ადრე . . .

 

 

კვირა, 9 ოქტომბერი

1

 

  ღამეა. სულ მალე თერთმეტი საათი შესრულდება. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სიჩუმე სუფევს. ყველა თავისი მოსაწყენი და დამღლელი საქმით არის გართული და ჟამთა დაუმონებელ სვლას ვერ ამჩნევს.

 თეიმურაზმა სამუშაო დროულად მოამთავრა და სახლში წასასვლელად მზადება დაიწყო. ისედაც ბევრი აღარაფერი შემორჩა საკეთებელი. ერთ კვირაში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას დატოვებს და ახალ პროფესიას დაეუფლება - ტყუპი შვილიშვილების გამრთობ-მომვლელი გახდება.

  28 წლის იყო, როდესაც პირველად შემოდგა ფეხი ამ კაბინეტში და მას შემდეგ თითქმის 42 წელია, რაც ეს დახვეწილი დიზაინის მქონე ერგონომიური სკამი ერთგულად უამებს წელის ოსტეოქონდროზს და ავიწყებს უკანასკნელი ცხრა წლის განუყრელ მეგობარ ოსტეოართრიტს.

 მოხუცმა იტალიური ტყავისგან დამზადებული ყავისფერი პორტფოლიო ხელში აიღო, ქუდი დაიხურა და სახელურის ჩამოწევა დააპირა თუ არა, გაშეშდა. უფროსის აჩქარებული ფეხის ხმა ესმის. „გავიწიო, თორემ ისევ საფეთქელში გამიშხუილებს კარს და მერე მისი ბოდიშები ჩემს ფეხებს მომირჩენს ატკივებულ თავს!“, ჩანაფიქრს რეალობაში ახორციელებს. უფროსი ისეთი სისწრაფით შემოიჭრა, რომ ხელოვნურად წარმოქმნილმა ჰაერის ნაკადმა მაგიდზე დაწყობილი ფურცლები იატაკზე უწესრიგოდ მიმოფანტა.

 აღელვება ეტყობა. როგორ ჩანს, მნიშვნელოვანი რამის სათქმელად გამოცხადდა, უფრო სწორად, შემოვარდა. ცუდი კაცი არაა, მაგრამ კარგიაო - ვერც ამას იტყვით. ცოტა სერიოზულობა აკლია, ცოტა დაკვირვებულობა და ცოტაც გამოცდილება. თეიმურაზს დიდად გულზე არ ეხატება მისი პირფერული საუბარი, არარიტმული სიარული, ასიმეტრიული სახე, უგემოვნო ჩაცმულობა და ზოგადად ყვეელაფერი, რაც მას ეხება, თუმცა ერთი კვირა კიდევ გაუძლებს როგორმე. სადაც შვიდი წელი, იქ შვიდი დღე არაფერია.

 დეტექტივი სკამზე მძიმედ ეშვება, უფროსს მოჭუტული თვალებით აშტერდება და მოჩვენებითად უღიმის. „ნეტა, რა ეშმაკმა მოათრია აქ ამ ღამე?“, ფიქრობს, თუმცა შესაფერის პასუხს ვერ პოულობს. „ისევ ის მყრალი სუნამო დაუსხამს!“.

-მოკლედ, თეიმურაზ, ბოდიში აურზაურისთვის და უფრო დიდი ბოდიში, რომ შინ წასვლას აპირებდი, მე კი შენი შეყოვნება მომიწევს.

-რას ბრძანებთ, ბატონო როსტომ, გისმენთ! რა საქმე გაქვთ? „ჩემს კალამს ნუ აწკაპუნებ, დააგდე!“

-შენთვის ორი ამბავი მაქვს. ერთი ცუდი, მეორე კი ძალიან ცუდი. რომლის გაგება გსურს პირველი?

-„არცერთის!“ ჯერ ცუდი ბრძანეთ, უფროსო!

-ცუდი ამბავი არის ის, რომ... - გაუაზრებლად აღებული კალამი დადო და მარცხენა ხელით მაგიდის კიდეს მძიმედ ჩამოეყრდნო. რაკი ასე პირდაპირ თქმა ვერ გაბედა, ჩვეული მომაბეზრებელი მიკიბულ-მოკიბული საუბარი დაიწყო, - კარგად მომეხსენება ის ამბავი, რომ  ერთ კვირაში აპირებ, თანამდებობა დატოვო, ამის გამო კი მთხოვე, ახალი საქმის გამოძიება არ დამევალებინა და მეც შეგპირდი... მაგრამ არ გამოვიდა. თეიმურაზ, ამას შენ გარდა ვერავის დავავალებ. მხოლოდ შენ შეძლებ მაქსიმალურად სწრაფად გამოამჟღავნო სიმართლე. მე მხოლოდ შენ და შენს პროფესიონალიზმს ვენდობი, - „იმდენი შენ რა გითხარი!“ - გთხოვ, უნდა გამიგო! ამ ერთხელაც აიღე საქმე!

 როსტომს აგრეთვე უნდოდა ეთქვა, ბოლო თვის ხელფასს გაგიორმაგებ, ოღონდ ეს გამოძიება შენ ჩაიბარეო, მაგრამ იცის, ვერანაირი ქრთამით ვერ შეძლებს მოისყიდოს ის, ვინც ახლა წინ უზის.

-მადლობა ნდობისთვის და ასეთი დაფასებისთვის, თუმცა...

-ო, რას ბრძანებ, ჩემო თეიმურაზ! სიტყვები არ მეყოფა შენი გამჭრიახობისა და პროფესიული ოსტატობის შესამკობად...

-თუმცა, - გააგრძელა მაინც ჯიუტად, - როგორც გითხარით, კარგი იქნებოდა, უკანასკნელ კვირას მშვიდობიანად ჩაევლო. გთხოვთ, პატივი ეცით ჩემს მოკრძალებულ სურვილს!

-თეიმურაზ!

 უფროსმა ისეთი ინტონაციითა და განცდით წარმოთქვა დეტექტივის სახელი, რომ დარწმუნებული იყო, გადაწყვეტილებას თუ სრულად ვერა, ნაწილობრივ მაინც შეაცვლევინებდა. რაღაც ამდაგვარი მართლა გამოუვიდა.

-კარგით, მაშინ მოდით ასე მოვიქცეთ! - მოხუცი ქვედა უჯრიდან სათვალეს იღებს, იკეთებს და სკამის რბილ საზურგეს ეყრდნობა, - თუ საქმე არ მომეწონება, - პაუზას აკეთებს და შემდგომ ნელა და გადაჭრით იძახის, - არ ავიღებ!

-მშვენიერია! შევთანხმდით!

-მაშინ, გთხოვთ, მომახსენეთ საქმის დეტალები! „მეტი არ მინდა, რამე იდიოტობის გამოძიება დამავალო!“

-ჯამბაზის მკვლელობა უნდა გამოიძიო! - წამით უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, - იგი მოგუდეს, - როსტომმა კვლავ გააგრძელა საუბარი და გაბატონებული სიწყნარე მალევე დაარღვია, - ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ მივიღე. ცხედარი ჯერ კიდევ თბილისის ცირკის არენის შუაგულში აგდია.

 კვლავ სიჩუმეა. ერთმანეთს გაუნძრევლად მიშტერებიან.

 „ჯამბაზიო?... დამშვიდდი! ნეიტრალური სახე მიიღე!“, მოხუცი დიდი ჭიდილის შემდეგ, როგორც იქნა შინაგან ხმას დამორჩილდა, შეჭმუხნული წარბები გახსნა, მრისხანება დამალა და საუბარი აუღელვებლად განაგრძო.

-ანუ ჯამბაზი!

-დიახ, სწორად გაიგე ყველაფერი!

 წამით კვლავ მდუმარებამ დაისადგურა კაბინეტში. თეიმურაზი აცნობიერებს, რომ ამდენწლიანი დეტექტივობის განმავლობაში არასდროს ჰქონია შეხება მსგავსი პროფესიის მქონე ადამიანის მკვლელობასთან. უცნაურად ეჩვენება ყოველივე და ამავე დროს ლოგიკურადაც.

-და ძალიან ცუდ ამბავში, რაც დასაწყისში ახსენეთ, ალბათ, მოწმეების არარსებობას გულისხმობთ ხომ, უფროსო?

-არა... - როსტომი ადგა და ფანჯარას მიუახლოვდა, - ისე კი უნდა ვაღიარო, მოწმეები მართლაც არ გვყავს. საქმე ისაა, რომ მკვლელობას ახალ სტაჟიორთან ერთად გამოიძიებ, - წამით დეტექტივისკენ მალულად გააპარა ოდნავ შეშინებული მზერა, რათა მისი რეაქცია შეემოწმებინა და რადგანაც მოხუცის გაქვავებულ სახეს, რომელიც თითქმის არასდროს გამოხატავს კმაყოფილებას, გაღიზიანებისა და განრისხების ვერანაირი ნატამალი ვერ შეამჩნია, სათქმელი მშვიდად განაგრძო, - ვიცი, არ გიყვარს წყვილში მუშაობა, თუმცა გუშინ ავიყვანეთ და ეს მისი პირველი გამოძიება იქნება. ძალიან კარგი ახალგაზრდაა, ჭკვიანი, სანდო, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, მიზანდასახული, თან ჩემი მოადგილის შვილია, - „შანსი არაა!“ - შენზე უკეთესს ვის შეიძლება მივაბარო? თავიდან სტაჟირებას შენთან გაივლის. დაგაკვირდება, ბევრ რამეს ისწავლის, გააუმჯობესებს თავის უნარებს. მჯერა, ყველაზე კარგად მომავალ პროფესიას შენ გვერდით დაეუფლება. მერე კი, როცა დაგვტოვებ, სხვასთან გადავიყვან და მიღწევების მიხედვით ან გახდება დეტექტივის თანაშემწე, ან არა.

 თეიმურაზმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ნაცვლად ამისა ხველა აუტყდა. როსტომმა მაშინვე წყლით სავსე ჭიქა გაუწოდა და ზურგზე რამდენჯერმე სუსტად დაარტყა. უფრო ძლიერად ვერ გაბედა.

-მადლობა, ბატონო როსტომ, რამდენი წვეთიც დავლიე, კიდევ იმდენი წელი გაცოცხლოთ ღმერთმა! - მხოლოდ ტუჩები დაისველა, ყელში არაფერი გადასვლია.

-გაიხარე, ჩემო თეიმურაზ! - ისევ დაჯდა და ორივე იდაყვით მაგიდას ჩამოეყრდნო იმის მოლოდინში, რომ სასურველ პასუხს მიიღებდა კითხვებზე, - აბა, რას იტყვი? შენზეა ეს საქმე?

  ხანგრძლივი ფიქრისა და განსხვავებულ სურვილთა წინააღმდეგობრივი ჭიდილის შემდგომ, მოხუცმა დეტექტივმა როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება. 

-ჩემზეა! - წარმოთქვა ამაყად, თუმცა საკუთარი ნათქვამის გაგონებით ოდნავ გაკვირვებულმაც კი, - მანქანა მზად არის?

 როსტომმა ეშმაკურად გაიღიმა.

-ვიცოდი, რომ მკვლელობის ადგილზე წასვლას ამ წუთასვე მოისურვებდი, ამიტომ გიზო უკვე მანქანაში გველოდება.

-მშვენიერია!

 თეიმურაზი დგება, იტალიური ტყავისგან დამზადებულ პორტფოლიოში აზერბაიჯანელი როსტომის იდაყვით დაჭმუჭნილ ქაღალდებს ფაქიზად აწყობს და ბოლოჯერ ამოწმებს მაგიდის ქვედა უჯრა, რომელშიც 13 განსხვავებული სათვალე უწყვია, საიმედოდ არის თუ არა ჩაკეტილი.

-წავედით? 

-დიახ, წავედით, უფროსო!

 როსტომმა კარი გააღო და აჩქარებული ნაბიჯებით გაიჭრა გარეთ. „აბა, იქნებ როგორმე მოიფიქრო და მოხუცი ადამიანი გამატარო წინ!“

 

 

 

2

 

 ტენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და დეტექტივ-გამომძიებელი შენობიდან გამოვიდნენ. ავტოსადგომისკენ მიემართებიან. ასფალტი ჯერ ისევ სველია. ხეებს ნამეტნავად უხეშად ჩამოებერტყათ გამხმარი ფოთლები. შემოდგომის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი მძიმეა. ერთ-ერთი ლამპიონი საცოდავად ბჟუტავს. მომაკვდავის სუნთქვას მოგაგონეთ, მრავალწლიანი სიცოცხლის დასრულება რომ ენანება და გულისცემის შენარჩუნებას უკანასკელ წამამდე ცდილობს.

 ასფალტზე მანქანის ფარების შუქი ზანტად გაწვა. სინათლემ ჩაბნელებულ ჰაერში მიმალული წვიმის წინწკლები ააბრჭყვიალა და ახლა მათი ჟღერადობა უფრო ხმამაღალი გახდა. თითქოს ამ გამოაშკარავებისთვის წყლის ნაზი მოლეკულები თეთრი ფერის Hummer EV-ის მფლობელს პატრონს აგინებდნენ და ამას ისე ოსტატურად აკეთებდნენ, რომ გეგონებოდათ სიმფონიას ქმნიდნენ.

 ადამიანი, რომელსაც ეს საოცარი მუსიკალური შედევრი მიეძღვნა, გიზოა. როგორც ყოველთვის, კეპიანი ბერეტი ახურავს, ცალმხარეს გაბზარული სათვალე უკეთია და ღია ლურჯი ფერის პერაგის გარედან ადიდასის შავი სპორტული შემოსაცმელი აცვია. ამ უკანასკნელს მხოლოდ ღამით მგზავრობისას იცვამს. რატომ? - გაურკვეველია. ჩვეულებრივ, სამუშაო საათებში კი გამოწყობილია ზედმეტად ვიწრო სილუეტის პიჯაკში, რომელშიც სუნთქვა ეკვრის და მანქანის სიმხურვალის შეგრძნება უორმაგდება. ჭაღარა კარგა ხნის წინ შეპარვია ნახევრად მელოტ თავზე. მარცხენა ხელზე ნეკა თითი სამჯერ დამოკლებია. ამის მიზეზი ასაფეთქებლების გადამეტებული სიყვარული და მოუხერხებლობაა.

-გიზო, ავარიაში მოყევი? რა დაემართა კაპოტს? - როსტომმა მანქანის ჩაჭეჭყილ ნაწილზე მიუთითა.

-ო, მაგი, უფროსო... ხეს კარგა მოზრდილა ტოტი მოტყდა და აგერ ქე ხედავთ რაც უქნა ჩემს ჰამერს. ერთი საათის წინ იმისთანა ქარიშხალი იყო ამოძირკვა გონია მთელი ვაკე-საბურთალო. უნივერსიტეტის მხარეს რო მოვდიოდი, ეეე... მანდ მემივიდა მარცხი! ჩვენკენ შედარებით წყნარად უბერავს. იქ მტრისას!

-ჰოო... მართლაც, რომ ვერ დაგმართნია კარგი ამბავი! – წარმოთქვა დეტექტივმა და კარის ცივ სახელურს შეეხო.

  გიზო მთელ დეპარტამენში ერთადერთი ადამიანია, ვისთანაც თეიმურაზს ნამდვილად მეგობრული ურთიერთობა აქვს და მხოლოდ კარგს ფიქრობს მასზე. ნუ, უმეტესად ასეა ხოლმე.

 „რას დაეთრევი ამ მთასავით მანქანით?! ამ ჩემს ძვლებს კიდევ ეგ უნდათ?“, დეტექტივს სახე ავადმყოფურად დაეღრიჯა, როცა ძლივს აბობღდა და ავტომობილის უკანა სავარძლის საზურგეზე მიყრდნობისას სხეულში ყრუ ტკაცანის ხმა გაიგო.

 ტყავის პორტფოლიო მარცხენა მხარეს, ჩვეულებისამებრ, დედოფალივით დაასვენა.

-აბა, საით, როსტომ ბატონო? - მუდამ უმიზეზოდ მომღიმარმა მძღოლმა მზერა უფროსს მიაპყრო.

-ცირკში! - წარმოთქვა მკვეთრად.

-სადა? - გიზომ ახლა მეგობარს გახედა გაკვირვებულმა, - მეიცა კაცო! ცირკში რა გვინდა ამ ღამე?

-ჯამბაზის მკვლელს სახე და საჯდომი უნდა გავუერთიანოთ! - მოკლედ მოუჭრა თეიმურაზმა.

-რაი შენე?... დასაკარგი დრო არ გვქონია, ესე იგი! - ღვედი გადაიკრა და საჭეს ორივე ხელით მოეჭიდა, - აბა, ჰე! წევეით!... გაგიჟებულა ეს ხალხი და ეგაა! მეტი ვერავინ ნახეს, ნეტაი, მოსაკლავი ამხელა თბილისში? - ბოლო სიტყვები ისე ჩუმად წარმოთქვა, რომ ელექტრო ძრავის ხმამაც კი შეძლო მათი გადაფარვა.

 ზუსტად ხუთ წამში თეთრი ჰამერის საბურავები სველ გზაზე აშხუილდა და მტკვრის სანაპიროს მიაშურა.

 

 

 

3

 

-გიზო, შენ არ წამოხვალ?

-უი, არა! არა! უფროსო! - გაასავსავა ხელები, - მაგ მოჯამბაზებული მიცვალებული რო დევინახო ცირკის არენაზე გაშხლართული, ხო გემეხსნა გულის სარქველები!

გამორიცხულია! მე აქანა დეგელოდებით, თქვენ წაით, შემოგევლოთ ჩემი თავი!

-როგორც გენებოს! - თეიმურაზმა ცალი ხელი მხარზე დაადო, მეორეთი კი ჯიბიდან სათვალე ამოიღო და გაუწოდა, - აწი ეს გაიკეთე! მიჩუქნია სამახსოვროდ!

-მეიცა! ესე იგი... მართალია მაგ ამბავი?... მიდიხარ?... - სათვალის გამორთმევას არ ჩქარობს.

 დეტექტივი იღიმის და ხვდება როგორ მოენატრება გიზო და მისი საუბრის რაღაცნაირი მანერა. ოცდაათწლიანმა ერთობლივმა თანამშრომლობამ ისე მოულბო გული, რომ სამუშაო მაგიდის ქვედა უჯრაში გამოკეტილი კოლექციიდან ყველაზე ძვირფასი სათვალე აჩუქა ერთგულ მძღოლს.

-მივდივარ, თუმცა იქამდე კიდევ ერთი ნაძირალა უნდა გამოვკეტო გალიაში.

 გიზომ თეიმურაზის გამოწვდილ აკანკალებულ ხელს დახედა და უეცარი სითბო იგრძნო. გაიღიმა და ამჯერად ეს გაღიმება უმიზეზო არ ყოფილა.

-კაი კაცი ხარ, თვალისჩინივით გოვუფრთხილდები შენს საჩუქარს, ჩემო თემოიე... კი არა და, თეიმურაზ! - მაშინვე გამოასწორა ნათქვამი, როგორც კი შეამჩნია დეტექტივის წარბები დაუნდობლად შეჭმუხვნას რომ იწყებდნენ.

-კარგით, წავედით ხომ, თეიმურაზ? - როსტომმა ყვითელ ლენტას გადააბიჯა და ბილეთების სალაროს გაუსწორდა.

-დიახ, უფროსო, მოვდივარ!

-გიზო, შორს არსად წახვიდე! მაქსიმუმ ერთ საათში დავრუნდებით!

 მძღოლმა, თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია.

 მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით ორი საათის წინ აქ მკვლელობა მოხდა, სიწყნარეა. ალაგ-ალაგ გაფანტული პოლიციელების საუბარს ვერ ძალუძს გაარღვიოს სიჩუმის ხმა. სალარო ხან ლურჯად ნათდება, ხან კი წითლად, მის წინ ტალახით მოსვრილი სამი ბროშურა აგდია. ხოლო ორად გაყოფილ კიბეზე ბატიბუტებია მიმოფანტული. ჰაერში ჯერ კიდევ იგრძნობა ბამბის ნაყინის სუნი.

 თეიმურაზს, როგორც კი ცენტრალურ კიბემდე მივიდა, ხველა აუტყდა. რამდენიმე წამით შეისვენა და მერე კვლავ გააგრძელა სვლა. როსტომს ცოტათი (ჩვიდმეტი საფეხურით) ჩამორჩა.

 კიბეზე სიარულს ვერ იტანს. დეპარტამენტში მისი კაბინეტი სპეციალურად პირველ სართულზეა მოწყობილი. შენობაში შესასვლელად გვერდებზე გაწოლილ პანდუსებს იყენებს. თუ უფროსთან ასვლაა საჭირო, ან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, მაშინ ლიფტით სარგებლობს.

 მოხუცი დინჯად მიიწევს მაღლა და მაღლა და ხვდება, რომ აქ, სულ ცოტა, სამჯერ მაინც მოუწევს მოსვლა. უკვე ჭირივით ეზიზღება აქაურობა.

 ნაძვებისგან ბუნებრივად შეკრული თაღი ნელ-ნელა იხსნება და თბილისის ცირკის განათებული შენობა ღამის ჰორიზონტზე ჩნდება. ქვევით მდგარი გიზოს სილუეტი უკვე აღარ ჩანს, წიწვებმა ჩამალეს. მრგვალი შენობის ირგვლივ წითელი და ლურჯი ფერები ერთმანეთში ნერვიულად იმღვრევა და დაძაბულობით ავსებს არემარეს.

 მოულოდნელად შენობის მთავარი შესასვლელის ერთ-ერთი კარიდან განრისხებული მამაკაცის ფიგურა გამოიჭრა და იქ მყოფ პოლიციელებს მიმართა.

-რა ჯანდაბა გითხარით მე თქვენ? ჩააქრეთ ეგ აჭრელებული ციმციმები! ახლავე უბრძანეთ, ქვევით მოხსნან ყვითელი ლენტები და პოლიციის მანქანებმა დატოვონ სალაროს მიმდებარე ტერიტორია! ზოგიერთები კი წადით სახლში! ამდენი რას მიკეთებთ აქ? არ მაგინებინოთ ახლა თქვენი დედები! - უტიფრად გაიძახოდა ყველას გასაგონად. გაავებულ სახეზე კი ანთებული თვალები უელავდა.

 „ნეტა რა აყვირებს ამ ტარზანა კაცს? ვინ ჩემი ფეხებია ამისთანა?“, ფიქრობს თეიმურაზი და უკვე დასანახად ეზარება ცირკიდან გამოვარდნილი ტყიური.

 პოლიციელები ყურადღებას არ აქცევდნენ. მათთვის მხოლოდ როსტომის სიტყვას ჰქონდა ფასი და, შესაბამისად, უფროსის ბრძანებას ელოდნენ შემდგომი რეაგირებისთვის.  

-მოგესალმებით! ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი როსტომ შარიფოვი! თქვენი სახელი, გეთაყვა? - მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით აზერბაიჯანელია, თბილისში 25-წლიანი ცხოვრების წყალობით, გამართული და დახვეწილი საუბრის მანერა მშვენივრად დაამუღამა.

-ვლადიმერი, - მშიერი ლომივით დაიღრინა.

-რა გვარის ბრძანდებით, ვლადიმერ?

-ცეცხლაძე, - ისე ომახიანად დასჭექა, რომ მისი ხმა ცაში აიჭრა.

 „პირველად ვხედავ ადამიანს საკუთარი გვარი ასე შესისხლხორცებული ჰქონდეს!“, თავისთვის ჩაილაპარაკა თეიმურაზმა და თან მის წინ მდგომი მეტად არასასიამოვნო პიროვნების დეტალურად დათვალიერება დაიწყო.

-და თქვენ ვინ ხართ? - ვლადიმერმა ქვევით ჩამოიხედა და გაავებული მზერა თეიმურაზს მიაგება.

  ვლადიმერი საკმაოდ მაღალი მამაკაცი აღმოჩნდა და მხრები შეძლებისდაგვარად დაკუნთვოდა. ოდნავ ფართო და კეხიანი ცხვირი სასიამოვნო ელფერს უკარგავდა სახეს. ბრენდულ სამოსში იყო გამოწყობილი, დაბანჯგვლულ მაჯას საათი უმძიმებდა, თითებზე რამდენიმე ვერცხლისფერი ბეჭედი აესხა. ყელზე არტერია გაშმაგებით უფეთქავდა და ნებისმიერ წამს მოსალოდნელი იყო, ვულკანივით ამოეხეთქა სიბრაზისგან.

-დეტექტივ-გამომძიებელი თეიმურაზ მაჩაბელი, - ძალიან გაწონასწორებულად და მეფური სიმშვიდით ახედა ისე, რომ თავი არც აუწევია. „მაგხელა რამ გაგზარდა, შე ცათამბჯენო კაცო?!“- რა თანამდებობა გიკავიათ, ბატონო ვლადიმერ? - შეეკითხა მოჩვენებითი თავაზიანობით.

-ცირკის დირექტორი გახლავართ, - „დასანანია, სამხეცეთის მეგონე!“ - და არ მომწონს, რაც აქ ხდება. ბრძანება გაეცით, ზედმეტმა ხალხმა აქაურობა დატოვოს! - „ოჰ, კაი ერთი! კიდე რა გინდა?“

-შეიძლება გავიგო, რატომ? - ჩაეძია როსტომი.

-ყურადღებას იქცევენ. ნებისმიერ წამს შეიძლება მედიის წარმომადგენლები გამოჩნდნენ და შემდეგ წასულია ჩვენი საქმე. სულაც არ მინდა იმ ერთუჯრედიანებმა ტელევიზორში გამომიჭიმონ ჩემი ცირკი. ხალხმა რომ გაიგოს, რაც დღეს მოხდა, აღარავინ მოვა აქ გასართობად. აბა, ერთი მითხარით, რომელი ჭკუათმყოფელი მშობელი მოიყვანს ბავშვს მკვლელობის ადგილას საღლიცინოდ და ბამბის ნაყინის საჭმელად? ცირკის ბიზნესი ჩამივარდება და ეგაა! ამ სისხლიან დაღს ვეღარასდროს მოვიშორებთ. დროზე ახსენით ლენტები სალაროსთან და ჩააქრეთ ეგ დედააფეთქებული შუქები! - ცოფებს ყრის.

-გთხოვთ, დამშვიდდით! გვესმის თქვენი.

-ჩემი ფეხები გესმით, ბატონო როსტომ! - უხეშად შეეპასუხა და შემდგომ პოლიციელებს მიუბრუნდა. თითქმის ღრიალით მიმართა მათ, - დროზე დაახვიეთ აქედან!

-თუ არ დამშვიდდებით, ჩემს ფეხებს გავცემ ბრძანებას! - განრისხებულმა უფროსმა  საპასუხოდ ხმამაღლა მიუგო. საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, რომ მშვიდსა და გაწონასწორებულ საუბარს აზრი არ ჰქონდა ამ ველურთან. საერთო ენის გამონახვა კი ერთადერთი რამ იყო, რაც დაასტაბილურებდა მდგომარეობას, ამიტომ, შეძლებისდაგვარად და ნორმის ფარგლებში, ტონს აუწია და მეტი სიმკაცრის გამოჩენა დაიწყო, - ძალიან გთხოვთ, ნერვები დაიწყნარეთ და პროფესიონალივით მოიქეცით! რას ღრიალებთ?! პატარა ბავშვები ხომ არ გგონივართ, თქვენი ყვირილის რომ წამში შეგვეშინდეს და გავიქცეთ?!

 „ღმერთო, აქ სად მომათრიე?!“, ერთადერთი რამ, რაც თეიმურაზს ახლა უნდოდა, ეს გიზოს მანქანაში ჯდომა იყო სახლისკენ მიმავალ გზაზე. ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ მისთვის უაღრესად არაკომფორტული ჰამერი ოდესმე მოენატრებოდა. 

 ვლადიმერი თვალებით ჭამდა როსტომს.

-მშვიდად ვარ! მიდით გაეცით ბრძანება! - თქვა ბოლოს ცირკის დირექტორმა.

-მეგობრებო! - დასჭექა უფროსმა, - გაათავისუფლეთ ქვედა მიდამო, ახსენით ლენტები და გაიყვანეთ მანქანები მოშორებით! პერიმეტრი შეუმჩნეველი ადგილებიდან აკონტროლეთ! ვინც აქ დგახართ, მხოლოდ ნახევარი დარჩით ადგილზე! მეორე ნახევარმა უკან, საპარკინგე ზონაზე, გადაინაცვლეთ!

-უკაცრავად?!... - კვლავ უკმაყოფილოდ წამოიძახა ბატონმა ცეცხლაძემ.

-ამჯერად რა არ მოგეწონათ? - როსტომის ხმაში შეფარული გაღიზიანება და ნერვების მოშლა იგრძნობოდა.

-საერთოდ მოშორდნენ აქაურობას!

-ბატონო ვლადიმერ, თავი ხელში აიყვანეთ და კორექტულად ისაუბრეთ! ჩემს პოლიციელებს ასეთი ტონით ნუ მიმართავთ! ტყულად ნუ წუხდებით, აზრი არ აქვს.

ისინი მხოლოდ ჩემს ბრძანებას ემორჩილებიან. არ არის გამორიცხული, მკვლელი ისევ აქ იმყოფებოდეს და თან შეიარაღებულიც იყოს. ახალი უსიამოვნება ნებისმიერ წამს შეიძლება წამოიჭრას. ამდენს ხომ ხვდებით არა? როცა საქმე უსაფრთხოებას ეხება, მანდ სულ ფეხებზე მკიდია ტელევიზია და მათი ეშმაკები! ხალხი მჭირდება ობიექტზე. გასაგებია?

 ვლადიმერს ხმა აღარ ამოუღია, მხოლოდ თავი გააქნია, რაც როსტომმა თანხმობის ნიშნად მიიღო. მას შემდეგ, რაც მხეცი მიაყუჩა, ისევ იქ მყოფ პოლიციელებს მიმართა, ახლა უკვე მშვიდად და აუღელვებლად:

-ჩააქრეთ ციმციმები, მეგობრებო! ისინი ჯერჯერობით აღარ გვჭირდება.

  ბრძანება წამში ასრულდა. მერე კი დეტექტივს მიუბრუნდა:

-შევიდეთ ხომ, თეიმურაზ? ვნახოთ რა ხდება!

-დიახ, შევიდეთ! „ნეტა, ასე რთულია ჯერ მოხუცი ადამიანი შემიშვა შიგნით?“

 

 

 

4

 

 წითელი ხავერდის მასიური ფარდა შუაზეა გაყოფილი. სკამების რიგები მოჩანს და არენაც, თუმცა ბევრი ადამიანი ირევა და ამის გამო, შეუძლებელია ასე შორიდან დაინახოთ ჯამბაზი. ყველა ინტერესით აკვირდება ცხედარს და შიშშეპარული ხმით გაურკვეველ თემებზე ჩურჩულებს.

-ბატონებო, გზა მოგვეცით! - მიმართავს თეიმურაზი იქ შეკრებილ საზოგადოებას და მხოლოდ ერთ წევრს აძლევს უფლებას ადგილზე დარჩეს და ეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტია, -აბა, ელენე, მომახსენე საქმის დეტალები!

 გოგონამ სურათების გადაღება შეწყვიტა და დეტექტივს მიუბრუნდა. ელენე, სულ რაღაც, ხუთი წელია რაც შემოუერთდა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გუნდს. თავდაპირველად ძალიან უჭირდა საერთო ენის გამონახვა თეიმურაზთან. მოხუცი საკმაოდ უხეშად ეპყრობოდა, განსაკუთრებით მუშაობის დაწყებიდან პირველ დღეებში, როცა ელენემ შემთხვევით ცხელი ყავა გადაასხა გამხმარ ხელზე და საყვარელი სათვალე მარტივ მამრავლებად დაუმსხვრია. ერთდრულად მომხდარი ამ ტრაგიკული მოვლენებიდან ორ წელიწადში ძლივს გამოიდარა და დეტექტივის სიუხეშეც გაქრა. ალბათ, იმიტომ, რომ როსტომის დაჟინებულ თხოვნას ასრულებს - „გემუდარები, ახლობლის შვილია და ცოტა ნაკლები უკმაყოფილება გამოხატე მის მიმართ. ძალიან აშკარადაც ნუ აგრძნობინებ ყველაფერს! არ მინდა, ასე მალე მიატოვოს სამსახური და აქედან გაიქცეს!“ - ან იმიტომ, რომ გოგონამ თეიმურაზს აფრიკული ტომის მიერ დამზადებული წელის ტკივილის საწინააღმდეგო საოცრად ეფექტური მალამო ჩამოუტანა და მას შემდეგ მოხუცი ასე ძალიან აღარ უჩივის ასაკს. დიახ, სავსებით ცხადია, რომ პირველი მიზეზი უფრო ლოგიკური და მისაღებია.

 ელენე სულ რაღაც 25 წლისაა. მოგზაურობა ძალიან უყვარს, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც დღისით სიცხისგან მოკვდები, ღამით კი სიცივისგან. ოქროსფერთმიანი მწვანეთვალება გოგონა მუდამ მომღიმარი სახით შედის დეპარტამენტში და გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, გაუწყლოებული ბედუინივით სულმიხდილი ტოვებს იქაურობას.

 თეიმურაზი გვამს უყურებს. მარცხენა თვალიდან ჩამომავალმა გაშავებულმა ცრემლმა, რომელმაც ლოყა გადაკვეთა და ყურისკენ ჩაიკარგა, გიშრისფერი ბილიკი დაამჩნია გათეთრებულ სახეს. ნიკაპზე საღებავი გამხმარა და დაბზარულა. პირის ირგვლივ წითელი ტუჩსაცხი გათხაპნოდა. საყელოსთან დამაგრებულ ვარდისფერ ბაფთას პირვანდელი ფორმა დაეკარგა. მრგვალი ფუმფულა ცხვირი კი უკანასკნელი გაბრძოლების დროს მომძვრალა და ფეხთან მიმალულა. ჯამბაზის ჩაცმულობას ათასი ფერი ამშვენებდა, თუმცა ნელ-ნელა სხეულის სიცივე ეპარებოდა მათაც და უკარგავდა სიკაშკაშის ელფერს.

 „რა საცოდაობაა მოკვდე როგორც ჯამბაზი!“ - თავისთვის ფიქრობს თეიმურაზი და გულდასმით უსმენს ელენეს სიტყვებს.

-მსხვერპლის სახელი და გვარია ჯამლეტ კერესელიძე, სასცენო სახელი კი ბაჟუ. ხუთი წელი რუსული საცირკო დასის წევრი იყო. გარდაცვალების მიზეზი მოგუდვაა. პირის ირგვლივ გათხაპნილი ტუჩსაცხი სავარაუდოდ დამნაშავის მიერ აფარებული ხელის გამოა. მარჯვენა, ნუ ჩვენი ხედვიდან კი მარხცენა თვალის ქვეშ მკვლელის ცერა თითის კვალია, რაც იმას მიანიშნებს, რომ მარჯვენა ხელით გაგუდეს. მეორე ლოყაზე დანარჩენი ოთხი თითიც ეტყობა. აშკარაა, რომ უკნიდან მიეპარა და ისე მოკლა. მკვლელობას მოწმე არ ჰყავს.

-კამ.. კამერების ჩანაწერები? - ახველებს.

-ბატონო თეიმურაზ, საქმე ისაა, რომ როგორც დირექტორმა მითხრა, ძლიერი ქარისგან მოტეხილმა ტოტმა სადენი დააზიანა და კამერები გაითიშა, ისევე როგორც განათება მთლიან შენობაში. ისინი საერთო დენის წყაროზე მუშაობენ, ამიტომ როდესაც ცირკს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, კამერებმაც შეწყვიტეს ჩაწერა.

 ამ დროს მოხუცს გიზოს მანქანა გაახსენდა.

-და კიდევ, აი, ეს ვიპოვე მის ჯიბეში, - გოგონამ გამჭვირვალე პაკეტში ჩადებული ქაღალდის დაჭმუჭნილი ნაგლეჯი გაუწოდა. ზედ მხოლოდ და მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა:

 

„როცა ერთი ვარსკვლავი ქრება, მაშინ მეორე იწყებს ნათებას!“

 

-რამეს გეუბნება ეს სიტყვები, ელენე?

-სიტყვებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ფურცელზე არავის ანაბეჭდი არ არის. იგი დაჭმუჭნილია, თუმცა ანაბეჭდი არ არის.

-აბა, მითხარი რას ფიქრობ!

-ჯამბაზს ამ უკანასკნელ პერიოდში ფურცელთან შეხება რომ ჰქონოდა, ანაბეჭდი აუცილებლად იარსებებდა. ბატონო თეიმურაზ, შეხედეთ! ხელთათმანები არ უკეთია და სხვებმაც მითხრეს, რომ იგი არ ხმარობდა ხოლმე მათ. ეს წერილი ჯიბეში თავად არ ჩაუდია, მეტიც შესაძლოა საერთოდ არც წაუკითხავს!

-ჩვენ დარწმუნებული ვერ ვიქნებით, რომ დამნაშავემ ჩაუდო, - თქვა და მძიმედ ამოისუნთქა დეტექტივმა, - ისეთი ასოებითაა ნაწერი, გეგონება ქვაზე კაწრავდა.

-იქნებ ასეთი კალიგრაფია განზრახ გამოიყენა? - ჩაეკითხა გოგონა.

-ან არა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დასში ყველა რუსია, ხომ შეიძლება რომელიმე მათგანის დაწერილი იყოს?

-ანუ ამბობთ, რომ ქართული ასოების ლამაზად დაწერა გაუჭირდებოდა სხვა ეროვნების ადამიანს, რომელსაც ამ ენასთან ახლო შეხება არ აქვს და ამიტომ გამოვიდა ასე უხეში,  კუთხოვანი ფორმები?

-სიმართლე გითხრა, ელენე, ამ ერთ წინადადებას დიდად არ ვენდობი. კალიგრაფიის შეცვლა ყველას შეუძლია... აქ მხოლოდ ერთი რამ არის საინტერესო! დაუტოვო წერილი მსხვერპლს, რომელიც მას ვეღარ წაიკითხავს, სამაგიეროდ წაიკითხავს ყველა სხვა, - წარმოთქვა საკუთარი სიტყვების გააზრებით ჩაფიქრებულმა თეიმურაზმა.

-თითქოს დამნაშავე საკუთარ თავზე მინიშნებას გვიტოვებს!

-ან, პირიქით, ხაფანგს გვიგებს და უნდა ეჭვი სხვაზე მიგვატანინოს. მასზე, ვისაც ამგვარი შინაარსის ფრაზა შეეძლო დაეწერა და სურვილიც ჰქონდა! - წამით ცარიელ სკამებს შეავლო თვალი და გონებაში ლოგიკურად წამოჭრილი კითხვა გააჟღერა, - სიკვდილი როგორ ვერავინ შეამჩნია?

-ეგ მეც მიკვირს, არადა, მკვლელობის დროს დასის წევრები შენობაში იმყოფებოდნენ. ჩანაწერს რომ გადაახვევთ, დაინახავთ რომ ყველა, ვინც არენაზე შედის, შემდგომ გარეთ, ეზოში აღმოჩნდება, ჯამბაზის გარდა. ჭრა 35 წუთის ხანგრძლივობისაა. მკვლელობა ამ დროის განმავლობაში მოხდა. ათს რომ ხუთი აკლდა, ამ დრომდე იგი ცოცხალი იყო, შემდგომ კამერები წყვეტს ჩაწერას და როდესაც კვლავ აგრძელებენ მუშაობას, თერთმეტის ნახევარზე უკვე გარდაცვლილია.

-იმ 35 წუთის განმავლობაში რაც მოხდა, აი ეს ჯერჯერობით მხოლოდ ეშმაკმა იცის.

-რამდენად რთულად არის საქმე, თეიმურაზ? - როსტომი, რომელიც აქამდე ჩუმად იდგა და ზედმიწევნით ისმენდა მათ საუბარს, ახლა ერთიანად გამოცოცხლდა და ალაპარაკდა.

 მოხუცმა სათვალე მოიხსნა. თვალების ფოსოები საჩვენებელი და ცერა თითებით მოისრისა და დაღონებით წარმოთქვა:

-კამერების ამბავი არ მომწონს, უფროსო, რაღაც რიგზე ვერ არის!

-აი, ხომ ხვდები არა რატომ დაგავალე შენ? გარდა ამისა, მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში გამოძიების მსვლელობა ნამდვილად პროდუქტიულად ჩაივლის სტაჟიორისთვის.

 „ჯანდაბა! ეგ პარაზიტი აღარც მახსოვდა!“, იხრება და გვამის ტანსაცმელს ჯერ მკლავის ადგილზე, შემდეგ კი საყელოზე ეხება.

-ბატონო თეიმურაზ, თქვენ რა სტაჟიორი მართლა აიყვანეთ? - მოულოდნელმა აღფრთოვანებამ მოიცვა ელენა.

 გაოცებული გოგონას წამოძახილზე მოხუცი სწრაფად გასწორდა წელში და კინაღამ სათვალე გაუვარდა ხელიდან.

 „არა, რა თქმა უნდა, ძალით შემომატენა!“, უნდოდა ეს ფრაზა ხმამაღლა ეთქვა, მაგრამ რადგანაც გონებაში საკმაოდ უხეშად და უტაქტოდ ჟღერდა, მხოლოდ კვერის დაკვრით შემოიფარგლა.

-ელენე, აუცილებლად გაგაცნობთ შენც, - კმაყოფილებით აღსავსე როსტომმა ჩაიღიმა და დეტექტივს დაადო მხარზე ხელი. „აბა, ახლა დროზე გაწიე შენი საცეცები!“ - ჩემო თეიმურაზ, ხვალიდან ცირკი შენს განკარგულებაშია. ბევრი წვალება რომ არ დაგჭირდეს, დაკითხვისთვის ჩემი ბიჭები დასის წევრებს თავად დაუკავშირდებიან და დაგეხმარებიან მათთან შეხვედრაში. ეგ ამბავი ჩვენზეა, ხომ იცი, ეგეთები არ გვეშლება! უკვე ხვალიდან კი ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება...

-შედეგები ორ დღეში მექნება მზად, უფროსო!

-ძალიან კარგი, ელენე! პოლიციელები ობიექტზე გამოძიების დასრულებამდე დარჩებიან. სათვალთავალო კამერების ჩანაწერებს ხვალვე მოგაწვდიან, - როსტომმა პიჯაკის ღილი შეიკრა, - ახლა კი შეგვიძლია დავტოვოთ აქაურობა, თუ, რა თქმა უნდა, თქვენ უკვე მორჩით! - მიმართა კოლეგებს.

-მე დავამთავრე ჩემი საქმე! - გოგონამ ფოტოაპარატი გამორთო.

 თეიმურაზი თავდახრილი დგას და უსულო ჯამბაზს დაჰყურებს. მისი სიკვდილის სუნი ჯერ კიდევ დაძრწის ცირკის არენაზე. „მე შენს მკვლელს აუცილებლად მივაგნებ! დაე, მარადიული სიმშვიდე მოიპოვოს შენმა სულმა, ჯამბაზო!“, წარმოთქვა გონებაში და წამიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილს.

-წავიდეთ! მეც აღარაფერი დამრჩენია ამ დაწყევლილ ადგილას, - ჩუმი ხმით თქვა ბოლოს და გასასვლელისკენ მძიმე ნაბიჯებით გაემართა.

 როგორც იქნა, ბაზალტის კიბის ბოლო საფეხურიც ჩაიარეს. გიზოს მანქანაში ჩასხდნენ და ცირკის ტერიტორიას გაშორდნენ.

  ასფალტი ჯერ კიდევ სველი იყო.

 თეიმურაზს სიკვდილის სუნი სახლამდე მიჰყვა.

 გათენება უსაშველოდ იგვიანებდა ჩაბნელებულ ჰორიზონტზე. ჯამბაზის მკვლელობის ღამე არა და არ იწურებოდა. თითქოს, თბილისის ცა, მწუხარების ნიშნად, მზის სხივების შეგებებას არ ჩქარობდა და განზრახ ახანგრძლივებდა წყვდიადს.

 გონებაში წამოჭრილმა უამრავმა პასუხგაუცემელმა კითხვამ და ბუნდოვანმა მოსაზრებამ დეტექტივს გამოძინების საშუალება არ მისცა. მართალია, გარეგნულად არაფერი ეტყობოდა, შინაგანად მღელვარებასა და გაურკვევლობას მოეცვა, რაც უაღრესად აღიზიანებდა.

 მთელი ღამე თვალი ვერ მოეხუჭა. ჩაფიქრებული მზერით ერთ წერტილში გაჰყურებდა ფანჯრის მიღმა არსებულ უკიდეგანო სივრცეს და მოთმონებით ელოდა 10 ოქტომბრის დილას.

 

 

 

ორშაბათი, 10 ოქტომბერი

5

 

 თეიმურაზი თავის კაბინეტშია. მისი ნაკვთები არანაირ ემოციას არ აძლევს საშუალებას სულიდან დაიძვრინოს თავი და სახეზე აღბეჭდოს გუშინდელი ღამის დაღლილობა და უძილობა. ჩვეული გაქვავებული იერი ინარჩუნებს ბატონობას.

 საათი თერთმეტის თერთმეტ წუთს უჩვენებს. ოთახში სიჩუმეა. მოხუცი დახურულ კარს მისჩერებია. უამრავი ადამიანის ფეხის ხმა და სუნთქვა ისმის მის მიღმა. ყველა მათგანი ნაცნობია.

 ქვედა უჯრა გამოაღო, სათვალე შეიცვალა, შემდეგ მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო, დაკვირვებული მზერა ქვევიდან ზევით ნელა აიტანა და სახელურზე შეაჩერა.

 იგრძნო, როგორ გადმოდგა ვიღაცამ ორი ნაბიჯი კარისკენ და გაჩერდა. მერე უკან მიბრუნდა, რასაც იატაკზე მძიმე საგნის დავარდნის ხმა მოჰყვა. უცნობი ისევ შემოტრიალდა და ახლა კვლავ კაბინეტისკენ გამოემართა. მისი გახშირებული სუნთქვა უფრო ხმამაღალი გახდა. სვლა შეწყვიტა. მსუბუქად დააკაკუნა და პარალელურად სახელური აამოძრავა. კარს გარეთა მიმართულებით ეჯაჯგურება, თუმცა ვერ აღებს. ჩაფიქრებული სიჩუმეა. ხუთ წამში იმავეს იმეორებს, ისევ კარს აწვალებს, ოღონდ ახლა უფრო ძლიერად. მაინც ვერ აღებს.

 „მაღალო და დალოცვილო ღმერთო, მააქვს ახლა მე ამის ნერვები?“

-შიგნით! „იდიოტო“, კარი შიგნით იღება! - ბოხი ხმით წამოიძახა დეტექტივმა და კარიც საჭირო მიმართულებით გაჭრიალდა.

-უკაცრავად! მეგონა, ესეც გარეთ იღებოდა, როგორც ყველა აქ... შეიძლება? - დიდი მოწიწებით იკითხა ზღურბლთან მდგარმა ახალგაზრდამ.

-მოდი! მოდი! არა უშავს! - სკამის საზურგეს მიეყრდნო და ახალმოსულის დეტალური დათვალიერება დაიწყო, თუმცა ამას თვალების ისეთი ნელი მოძრაობით აკეთებდა, გეგონებოდათ ზარმაცას ბაძავდა შენელებულ მოქმედებაში.

-ბატონო თეიმურაზ, ალბათ, უკვე გითხრეს, მაგრამ მაინც გაგეცნობით. სულ ახლახან სტაჟირებაზე ამიყვანეს და ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენთან მუშაობის შესაძლებლობა მექნება, უკვე დღეიდან. თქვენთან ერთად ამ საქმის გამოძიება ნამდვილად, რომ დიდად მნიშვნელოვანია ჩემი კარიერული დებიუტისთვის. დარწმუნებული ვარ, მომდევნო რამდენიმე დღე საინტერესოდ ჩაივლის. მე ამის მჯერა. გპირდეპით, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს გაჩვენებთ და გამოძიების მსვლელობას დაეხმარება ჩემი უნარებიც, - გაიღიმა და მარგალიტებივით ჩამწკრივებულმა კბილებმა მზის შუქზე თეთრად ბზინვა დაიწყო.

 გარეგნული მხრით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ სასიამოვნო პიროვნება ჩანს. ცხვირის ლამაზი და სწორი მოყვანილობა კიდევ უფრო ამშვენებს მის პროპორციულ სახეს. ცისფერი თვალები და ღია ყავისფერი თმები ერთმანეთს იდეალურად ერწყმის და მეტ მომხიბვლელობას მატებს ახალგაზრდას, რომელმაც სისუფთავისა და ოდეკოლონის სურნელი შეოიტანა ოთახში. ჯერჯერობით თეიმურაზს ყველაფერი მოსწონს, გარდა ერთისა, ბევრს ლაპარაკობს. ამაში მამამისს დამსგავსებია.

-ეგ კარგი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დაგავწყდა გეთქვა... რა გქვია და რა გვარის ხარ, სტაჟიორო?

-ა, დიახ, უკაცრავად!... ტატო ღვლიღვაშვილი.

-ტატო, ერთი ეს მითხარი ნამდვილი სახელი რა არის შენი? რაღაც არა მგონია, თავად მელიტონს, რომელსაც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძველი ქართული სახელები და უაღრესად გრძელი ისტორიულ-ლიტერატურული სადღეგრძელოები უყვარს, თავისი ვაჟისთვის ასეთი მოკლე სახელი დაერქმიოს.

 ბიჭს ტკივილნარევი ღიმილი გამოესახა სახეზე. ამ დრომდე არავინ არასდროს დაინტერესებულა მისი სახელის სრული ფორმის გაგებით. პირადობაში „ტატო“ ეწერა და ყველას ყოველთვის ასე ეცნობოდა, რაც არანაირ დამატებით კითხვას აღარ ბადებდა. ამჯერადაც უნდოდა, ეთქვა ეს ჩემი ნამდვილი სახელიაო, მაგრამ სიმართლის თქმა ამჯობინა:

-ჩემი დაბადების მოწმობით თუ ვიმსჯელებთ, ტარიელი მქვია, თუმცა ასე არავინ მომმართავს ბებიაჩემის გარდა და დიდად არც მომწონს.

-კარგი მაშინ, სტაჟიორო, ახლა ის მითხარი რამდენი წლის ხარ?

-თითქმის 24-ის.

-და როდის გახდები ბოლომდე 24-ის?

-ახლა, ოქტომბერში.

-უფრო კონკრეტულად?

-16-ში.

-მშვენიერია! დიდად სავარაუდოა, მაგ დროისთვის საქმის გამოძიება დასრულებულიც გვქონდეს და დეპარტამენტში აღარ მოგიწიოს დაბადების დღის აღნიშვნა, ან თუ მოგიწევს და ეგეც არა უშავს! ხომ ასეა? რადგანაც მომავალში დეტექტივობას აპირებ, უნდა იცოდე, რომ აწი ყოველი დღე სამუშაო! მკვლელებსა და კრიმინალებს შაბათ-კვირა და დღესასწაულები ფეხებზე ჰკიდიათ! - იღიმის, რადგანაც ტატოს სახეზე ოდნავი დაბნეულობისა და უხერხულობის შენიშვნა ახარებს, - კარგი, მოდი ახლა რომ დამიდექი პატარძალივით, დაჯექი!

 

 

 

6. სტაჟიორი

 

 დავჯექი.

 მართალია, მზის სხივები პირდაპირ თვალებში მხვდება, ადგილიდან არ ვიძვრი. აზრი არ აქვს. ფანჯრიდან შემოსული სინათლე მაინცდამაინც მაგიდის ჩემ მხარეს და თითქმის ნახევარი ოთახის იატაკს ეცემა. ამ არაკომფორტულობას არ ვიმჩნევ. არ მინდა, ცუდი შთაბეჭდილება დავუტოვო ჩემზე. ისედაც კინაღამ კარი ჩამოვუგდე, როცა შემოვდიოდი. რა სირცხვილია!

 ბატონმა როსტომმა გამაფრთხილა, რაც შეიძლება ნაკლები მემოძრავა ახალგამოღვიძებული აქლემივით (ხო, ასეთი უცნაური შედარებების მოყვანა უყვარს), თავი არისტოკრატივით დამეჭირა, ნელა და გარკვევით მესაუბრა და გაპარსულ-დავარცხნილი მოვსულიყავი პირველ დღეს. ეს უკანასკნელი პირნათლად შევასრულე. დანარჩენში კი ცოტა მოვიკოჭლე. სანამ დავაკაკუნებდი, იქამდე შემთხვევით ტელეფონი დამივარდა და ახლა მისი ეკრანი მუხის ხშირ ფესვებს დამსგავსებია.

 მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელმა ნაყიდმა ოდეკოლონმა ცხვირის ყველანაირი რეცეპტორი გამინადგურა, ცოტათი მაინც ვგრძნობ რძისა და ორცხობილის სურნელს. ალბათ, დილის საუზმიდან გამოჰყვა ბატონ თეიმურაზს. მე კიდე ვერაფრის ჭამა ვერ მოვასწარი. რაც ახალ ბინაში გადავედი, ყოველდღე პრობლემები მაქვს. ხან წყალი მიდის, ხან დენი, ხან ლიფტი არ მუშაობს და ფეხით ჩამოვდივარ ბოლო სართულიდან, ხან მეზობლის ბავშვებს ვიტოვებ. აი, დღეს კი, მაგალითად, საპარსი მანქანა შუა გზაში გამიფუჭდა, ამიტომ წინ და უკან სირბილი მომიწია ბინებში, რათა ვინმესთვის მეთხოვა. საქმეს ის მირთულებდა, რომ ახალაშენებულ, თითქმის ცარიელ კორპუსში გადმოვედი საცხოვრებლად. დროის მოსაგებად რამდენიმე კარზე ერთდროულად ვაკაკუნებდი და ველოდებოდი, რომელი გაჭრიალდებოდა. წარმოდგენა არ მქონდა, თუ ამდენი გაუთხოვარი ქალი მეზობელი მყავდა!

 ნახევარ-საათიანი ძიების შემდგომ ძლივს მივაგენი მეოთხე სართულზე მცხოვრებ ღიპიან თენგოს, რომელმაც უპრბლემოდ მათხოვა ანტიკვარული და დაჟანგული სამართებლიანი საპარსი. მახსოვს ასეთებს მამაჩემი ხმარობდა ხოლმე შორეულ ახალგაზრდობაში. საბოლოოდ სახეზე კი მოვიშორე დარჩენილი წვერი, მაგრამ ახლა ღიპიან თენგოს ვეღარ მოვიშრებ მანამ, სანამ ან მე არ გადავწყვეტ აქედან გადასვლას, ან ის. შორეულ პერსპექტივაში ასეთი რამ ნაკლებად სავარაუდოა, ამიტომაც დღეს საჩუქარი მაქვს საყიდელი, რადგანაც ხვალ თენგოს დაბადების დღეზე ვარ დაპატიჟებული. მშვენიერია! ერთით მეტი ნაკლებად სასურველი მეგობარი შევიძინე.

 დავუბრუნდეთ ჩემს ახალ ხელმძღვანელს, ბატონ თეიმურაზს. უნდა აღვნიშნო, რომ თითქმის 70 წლის ბებრუხანას შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს.

 მამაჩემმა მითხრა, სტაჟიორების აყვანა არასოდეს უყვარდა. თუ აიყვანდა, მთელ შავ სამუშაოს მათ გააკეთებინებდა. გარდა ამისა, თითქმის ვერასდროს ნახავდი გაღიმებულსა და კმაყოფილს. ქედმაღლური და დამამცირებელი საუბარი კი ჩვევად ააქვსო. მოკლედ, ამ შვიდი დღის განმავლობაში ბევრს ვიმხიარულებთ მე და თეიმურაზი. მერე ის წავა, მე კი დავრჩები.

 არადა, ერთი შეხედვით ძალიან თავაზიანი და გემოვნებიანი ბებერი ჩანს. ჭაღარა თმები ერთ მხარეს გადაევარცხნა, ცისფერი პერანგი ბოლომდე შეეკრა, ჰალსტუხისა და სათვალის ფერები კი ერთმანეთისთვის მშვენივრად შეეხამებინა. ჯერჯერობით ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, ვნახოთ სადამდე გააქარწყლებს მოვლენების განვითარება მასზე არსებულ ჭორებს, რომლებზე საუბრითაც როსტომმა და მამაჩემმა თავის ქალა ამხადეს გუშინ ღამით.

-ერთი ეს მითხარი, თითქმის 24 წლის სტაჟიორო, ამ დაწყევლილ ადგილას მუშაობის დაწყება რა ჯანდაბამ გადაგაწყვეტინა?

 ამ კითხვის ასეთ შავ-ბნელ ფორმულირებას არ ველოდი, თუმცა არ შევიმჩნიე და ვეცადე ხელოვნული თავდაჯერებულობის თანხლებით ეფექტური პასუხი გამეცა.

-გეთანხმებით, ადგილი შეიძლება დაწყევლილი იყოს, ბატონო თეიმურაზ, - მეტი დამაჯერებლობისთვის მარცხენა იდაყვით მის მაგიდას ჩამოვეყრდენი, - მაგრამ საქმე, რომლისთვის მსახურებასაც დარჩენილი სიცოცხლე ვაპირებ, სამართლიანობის აღსრულებას ემსახურება, მე კი ყველაზე მეტად მსურს ამის მონაწილე ვიყო. არცერთ ნაძირალას არ მივცემ უფლებას, თავისუფალი დაიარებოდეს მაშინ, როცა ციხეში უნდა ლპებოდეს. მინდა, რომ ნამდვილი, პროფესიონალი დეტექტივი გავხდე. შეუდარებელი გამომძიებელი, რომელსაც ყველა ენდობა და რომლის იმედიც ყველას აქვს.

-საკმაოდ დიდი ამბიციები და მიზნები გქონია, სტაჟიორო!

-დიახ. თუ მიზნებსა და ამბიციებზეა საუბარი, მაშინ რატომაც არა? იყოს ყველაზე დიადი და შთამბეჭდავი!

 დუმს. მოჭუტულთვალებიანი ბუსავით მომშტერებია.

-რამდენად კარგი მხედველობა, სმენა, ყნოსვა და აზროვნება გაქვს, სტაჟიორო?

-მოძრავი მანქანის ნომრის დანახვა საკმაოდ შორი მანძილიდან შემიძლია, ოდნავი გაფაჩუნებაც კი მესმის, ყნოსვა მეძებარ ძაღლზე უკეთესი მაქვს, - ნუ მქონდა, სანამ დღეს დილით ოდეკოლონს გადავისხამდი უნახავივით. როსტომმა შემაცდინა. ჭკვიანმა კაცმა მაგას არ უნდა დაუჯეროს, როცა საქმე სუნამოებს ეხება! - აზროვნება კი საქმეში გამოჩნდება, - ვამბობ ბოლო წინადადებასაც და ვჩუმდები.

 მიღიმის, თუმცა ეს ჩვეულებრივი მეგობრული ღიმილისგან ძალიან შორსაა, რადგანაც დამცინავი ელემენტები ზედმეტად აშკარად იკვეთება მის სახეზე. რა ჯანდაბა უნდა?! რა არ მოეწონა?

-კარგი. მოდი ასეთი რამ ვქნათ! პირველი დავალება ჩემგან... კარგად დამაკვირდი და მითხარი რამე, რაც ჩემზე გაიგე ახლა, ოთახში შემოსვლისას!

-ანუ? - ცოტა დავიბენი, ვერ გავიგე რას გულისხმობდა.

-ანუ ზუსტად ის, რაც გკითხე, სტაჟიორო! - მითხრა მოკლედ. თავი არ შეუწუებია ზედმეტი ახსნით.

 ისეთი სახე აქვს, თითქოს ელის, რაღაც სისულელეს ვეტყვი. მუხედავად იმისა, დარწმუნებული არ ვიყავი რას მეკითხებოდა, დაახლოებითი პასუხი მაინც გავეცი:

-დილით თბილი რძე და ორცხობილა მიირთვით. ასაკოვანი ბრძანდებით, ძვლების პრობლემა გაწუხებთ, რძე კი კალციუმს შეიცავს. თქვენ საუზმობა მოასწარით, თმების დავარცხნა და სუფთა, დაუთოებული პერანგის ჩაცმაც. რაც შემოვედი სამჯერ დაამთქნარეთ, ანუ საკმაოდ ადრე გაიღვიძეთ ყველაფერი რომ მოგესწროთ. ფაქტია, დეპარტამენტისგან შორს ცხოვრობთ და აქამდე მოსასვლელი გზის დროც მოაკელით თქვენს ძილს. პორტფოლიო სკამზე გიდევთ და არა ძირს, როგორც ყველას ამ შენობაში. ძვირფასი ადამიანის ნაჩუქარი უნდა იყოს. კარგად მოვლილია, სათუთად უფრთხლდებით. წიგნები ხელშეუხებელია, ან კითხვა არ გიყვართ, ან უკვე აღარ შეგიძლიათ. თქვენი ფეხსაცმელი საკმაოდ ძველი მოდელია. ასეთები კარგა ხანია აღარ გამოდის, არადა ახალივით გამოიყურება და გეგონებათ სულ ახლახან შეიძინეთ, თუმცა არა! ის არ გიყიდიათ, სასურველი ძველი სტილის მოდელი სპეციალური შეკვეთით დაამზადებინეთ. აბა, რამდენი გამოვიცანი? - წარმოვთქვი კმაყოფილებით აღსავსემ. კიდევ ბევრის თქმა მინდოდა, მაგრამ თავი შევიკავე, რადგანაც გამახსენდა როსტომის დარიგება, თეიმურაზთან მელაპარაკა ცოტა და ჭკვიანური.

-მხოლოდ ის, რომ ასაკოვანი ვარ და ძვლების პრობლემა მაწუხებს, ანუ ის, რისი გამოცნობაც ხუთი წლის ბავშვსაც შეეძლო.

 ეს ნამდვილად დამამცირებელი იყო.

-შენმა ყნოსვამ არ მოგატყუა. რძისა და ორცხობილის სუნი მართლაც ამდის, ოღონდ არც რძე დამილევია და არც ორცხობილა მიჭამია. დილით შვილიშვილები მესტუმრნენ და ჩემთან ისაუზმეს. მათი ფოტო უკან დევს, ჩარჩოში. ერთმა რძე გადამასხა, მეორემ ორცხობილით მოსვრილი პირი პერანგზე შემაწმინდა. დილით საერთოდ არ მისაუზმია. ადრე არ ავმდგარვარ, მეტიც არც წავსულვარ დასაძინებლად. ჩემი სახლიდან დეპარტამენტამდე ფეხით მოსასვლელად ოთხი წუთი და ოცდაათი წამი მჭირდება. პორტფოლიო არავის უჩუქნია. თავად ვიყიდე იტალიაში. საკუთარ ნაყიდს რომელი იდიოტი არ გაუფრთხილდება სათუთად? სკამზე იმიტომ ვდებ, რომ დახრა არ დამჭირდეს მის ასაღებად. შენ ხომ თქვი, ძვლების პრობლემა რომ მაქვს, ხოდა ავადმყოფ წელს ვუფრთხილდები და ბოლოს, რაც შეეხება წიგნებს, კითხვა მიყვარს და შემიძლია კიდევაც, ოღონდ ქართული და რუსული წიგნების. ჩემ უკან კი თაროების უმეტესობა გერმანული, ინგლისური და ესპანური წიგნებითაა სავსე. სწორედ ქვედა და ზედა თაროებზე ალაგია ისინი. მათ ვერ წავიკითხავ, ნახატები კი არ აქვთ რომ დავათვალიერო მაინც, ამიტომ ხელშეუხებელია. შუა ორ თაროზე კი აწყვია ისეთი წიგნები, რომელთაც ხშირად ვიყენებ და ადვილად ვიღებ, თუმცა შენ მხოლოდ მათი იდეალურად მოვლილი ყდები დაინახე, რადგან ზევიდან საქაღალდეები ისე ადევს, რომ მრავალგზის გადაშლილ ფურცლებს უმალავს. წიგნი კი მხოლოდ ყდით არ უნდა შეაფასო, თითქმის 24 წლის სტაჟიორი! ახლა კი მიდი დივანზე გადაჯექი, თორემ მზე დაგაბრუციანებს! ბრუციანი ჩემი თავიც მეყოფა! 

 ისევ გაურკვევლად იღიმის.

-და ფეხსაცმელები? - ვკითხე ამაყად, რადგანაც ჩავთვალე, რომ ეს მაინც სწორად გამოვიცანი, რაკი საუბრის დროს არ უხსენებია. გამორჩენით, დრაწმუნებული ვარ, არ გამორჩებოდა. ფეხსაცმლის საკითხს განზრახ გამოტოვებდა.

-კარგი, რადგანაც ასე ძალიან გსურს, ბოლომდე გაიგო თუ რამდენად გამოუსადეგარი დეტექტიური უნარები გაქვს, მაგაზეც მოგახსენებ! საკმაოდ ძველი მოდელი კი არა, უახლესია, რომელიც ჯერ მასობრივ წარმოებაში არ ჩაშვებულა, ამიტომ არ შეგხვედრი აქამდე მაღაზიებში და არც არავის ფეხზე. შესაბამისად, რატომღაც ჩათვალე, რომ ძველებური სტილის უნდა ყოფილიყო. არადა ერთ-ერთმა თანამედროვე დინაიზერმა, რომელსაც ოდესღაც კეთილი საქმე გავუკეთე, თავისივე სურვილით ყველაზე პირველს მე შემიკერა ეს ფეხსაცმელი და სამახსოვროდ მაჩუქა. შეიძლება ითქვას, თბილისში ჯერ მხოლოდ მე მაცვია არსებული მოდელი.

-კარგით, ბატონო თეიმურაზ, მაშინ... თქვენ მითხარით რამე, რაც ჩემზე გაიგეთ ახლა, ოთახში რომ შემოვედი! - ისე გამომივიდა, თითქოს დუელში გამოვიწვიე, თუმცა თუ ბებრუხანა კუნთების თამაში მოუნდა, დაე, ბოლომდე მანახოს რა შეუძლია.

-თუ ასე დაჟინებით მთხოვ, მაშინ რა გაეწყობა, - ბუნებრივი თავდაჯერებულობით სავსე კილოთი დაიწყო, - დილით არაფერი გიჭამია, როგორც ჩანს, ვერ მოასწარი. წვერი ორი განსხვავებული საპარსით გაქვს გაპარსული, ერთი ახალი იყო, მეორე კი საკმაოდ ძველი. ყბის ქვეშ სწორედ ამ უკანასაკნელის მირ დატოვებული ჟანგის კვალი გემჩნევა. სიჩქარეში მომზადება მოგიწია, კარგად არ დააკვირდი შენს სახეს გაპარსვის დროს, თორემ მარტივად შეამჩევდი. გარდა ამისა, მარტო ცხოვრობ. სტაჟირების პირველ დღეს სახლიდან ვინმე აუცილებლად გამოგაცილებდა, წარმატებას გისურვებდა და მაგ მომენტში გეტყოდა, აბაზანაში შესულიყავი და სახე კიდევ ერთხელ კარგად ჩამოგებანა, რათა მოგეშორებინა, მაგრამ მსგავსი რამ არავინ გითხრა. ესე იგი, მარტო ცხოვრობ. გარდა ამისა, ვვარაუდობ, დეპარტამენტი შემოსვლისასაც არავის გამოლაპარაკებიხარ, რომ აქ მაინც ვინმეს შეენიშნა ჟანგის კვალი შენს სახეზე... - მცირეხნიანი პაუზის შემდგომ კვლავ განაგრძო, - პერანგი ახალი ნაყიდია. დიდი ალბათობით, დღევანდელი დღისთვის საგანგებოდ შეარჩიე. ჯარში არ გიმსახურია. მხედველობამ არ შეგიწყო ხელი. ახლა ლინზები გიკეთია, თუმცა სათვალის ტარებას ამჯობინებ. გაკვირვებული ბატივით ნუ მიყურებ! ცხვირზე ნაჭდევები გეტყობა და მაქედან მივხვდი... გავაგრძელო?

 ჩემს პასუხს არც კი დალოდებია, ისე განაგრძო.

-მემარჯვენე ხარ. გიტარაზე უკრავ. თითებით თუ ვიმსჯელებთ, მედიატორის გარეშე. ფარიკაობაც გცოდნია...

-მაგას საიდანღა მიხვდით?

-მაჯაზე ტატუ გაქვს, ორი ცალი გადაჯვარედინებული რაპირა. პატარაა, ვერც შევამჩნევდი, ხელი ჩემს მაგიდაზე რომ არ ჩამოგედო. რა თქმა უნდა, მხოლოდ ტატუთი ვერ ვიმსჯელებდი, დგომა აშკარად მოფარიკავის გაქვს. შენი კბილები მომწონს. კარგია, რომ არ ეწევი... და ხო, შემიძლია ისიც გითხრა, რა გავიგე შენზე, სანამ საერთოდ კარის შემომტვრევას ეცდებოდი.

-გთხოვთ, ბრძანეთ!

-ზედმეტად მოუხერხებელი ხარ და ამის გამო ახალი ტელეფონი გაქვს საყიდელი.

 უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. თავაზიანი ბებერი არა ის!

 მაგრამ უნდა ვაღიარო, შეუდარებელი დეტექტივია! და მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ წარმოთქმული ყოველი მეორე წინადადება ჩემს ირიბ დამცირებას შეიცავდა, მაინც აღფრთოვანებული ვარ!

 ახლა ვხვდები, რატომ მისტირის მთელი დეპარტამენტი მის წასვლას. შვიდი დღე საშინლად ცოტაა, მინიმუმ შვიდი წელი მაინც დამჭირდება ადამიანების გარეგნულ მხარეში დამალული დეტალების გამოაშკარავება მისნაირად, ასე შეუცდომლად რომ შევძლო.

-აბა, რამდენი გამოვიცანი? - ნიშნისმოგებით მეკითხება ბოლოს, თუმცა დამარცხების აღიარების საშუალებას არ მაძლებს და ეგრევე აგრძელებს, -კარგი, სტაჟიორო, გვეყო ეს არასერიოზული საუბრები! დროა, სერიოზული საქმით დავკავდეთ! ადექი, ცირკში მივდივართ!

 

 

 

7

 

 თეიმურაზმა კაბინეტი გასაღებით ჩაკეტა და გასასვლელისკენ გაემართა. სტაჟიორი ფეხდაფეხ მიჰყვება.

 მზიანი დილაა, ოდნავ სუსხიანი. დეპარტამენტის შემოსასვლელ კარიბჭესთნ ჰამერი დგას. მისკენ მიემართებიან. მანქანაში არავინ ზის.

-სად ჯანდაბაში ხარ? - მოხუცი არემარეს ათვალიერებს.

-ბატონო თეიმურაზ, ვინმეს ველოდებით?

-მანქანის ტარება იცი?

-თეორიულად.

-ხოდა მძღოლს ველოდებით!

  ჩაფიქრებული დეტექტივი ჰამერის წინ დადგა და ხის ტოტისგან ჩაჭეჭყილ ნაწილს დააკვირდა.

 ტატოს არც თუ ისე ხშირად უნახავს ჰამერის ტიპის ავტომობილები თბილისში. ეს მოდელი კი საერთოდ პირველად ნახა. თეიმურაზმა, რომელიც დიდად არ გიჟდება ამ მანქანაზე, სტაჟიორის დაუფარავი ინტერესი და აღფრთოვანება შეამჩნია, ამიტომ საჭიროდ ჩათვალა, ცოტაოდენი ინფორმაციის მიწოდება.

-თუ ნებას მომცემ, გაგაცნობთ ერთმანეთს! შენ წინ ე.წ. ელექტრო გიგანტი და ჩემი სახსრების დაუძინებელი მტერი, Hummer EV, დგას, 1000 ცხენის ძალითა და სამი ძრავით. თეთრი ფერის მიუხედავად, შენ თვითონაც კარგად ხედავ, რომ საკმაოდ აგრესიული და ძლიერი შესახედაობა აქვს. მისი ვითომ ბრუტალური ექსტერიერი ქალაქში დიდ ყურადღებას იქცევს ხოლმე. იგი უახლესი ტექნოლოგიებით, კამერებითა და სრულიად გამოუყენებელი უამრავი იდიოტური ღილაკითაა აღჭურვილი. სულ რაღაც, სამი წამი და თითქმის 100 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებსო, ამბობენ, თუმცა რეალურად 3,8 წამი სჭირდება ამისთვის. ყველა ნორმალური მანქანის საბურავი, როგორც წესი, 5-6 ბოლტით არის დამაგრებული, ამისი კი რატომღაც რვით. იდეალურია უდაბნოში და კლდოვან ზედაპირზე სასიარულოდ და წარმოდგენა არ მაქვს რა ეშმაკზე ფიქრობდნენ, როცა ამ უზარმაზარ სამხედრო პიკაპს თბილისის ასფალტიანი გზებისთვის ყიდულობდნენ... ხო, ასევე ზედა პანელები ეხსნება და ღიასახურავიან ჯართად გადაქცევა შეუძლია... და ბოლოს, ერთი შეხედვით, ვითომ პრაქტიკული, თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, სრულიად უაზრო და მხოლოდ სამარიაჟო ფუნქცია Crab Walk აქვს, - აქ თეიმურაზი წყვეტს ავტომობილის ყველა ნაკლისა თუ უნიკალურობის წარმოჩენას, გაყიდვების აგენტის როლიდან გამოდის და უბრუნდება პირვანდელ ამპლუას, - დანარჩენს გიზო გეტყვის, თუ რაიმე კიდევ დაგაინტერესებს. ახლა კი კვლავ ჩვენს საქმეს რაც შეეხება, გვამის ფოტოები ნახე, სტაჟიორო?

-დიახ.

-კამერების შესახებ გაიგე?

-დიახ.

-რამე ეჭვი გაგიჩნდა?

-რასთან დაკავშირებით?

-ესე იგი, არა. ცუდია. ხეზე ცოცვა იცი?

-არა.

-ეს კიდევ უფრო ცუდია.

-რატომ?

-დღეს ისწავლი!

-რა თქვით?

-რაც გაიგე! აი, ისიც!

 გიზო ნელი და დინჯი ნაბიჯებით უახლოვდება მათ. ცალ ხელში შოკოლადის დონატებით სავსე ყუთი უჭირავს, მეორეში კი მუყაოს ლანგარში ჩადებული ყავით სავსე ორი პლასტმასის ჭიქა.

-იქნებ ცოტა აჩქარდე, გიზო!

-დეიცა, ჩემო თეიმურაზ, ნახე რა მშვენიერი დილაა! გუშინდელი შემზარავი ღამის შემდეგ ამნაირი ცხრათვალა მზის დანახვა თუ მეღირსებოდა კიდევ კაცს, რას წარმევიდგენდი, - გზის მეორე მხრიდან ბედნიერი იძახის, - პაწა ხანს მაცალე, მევისმინო ამ ჩიტების ჟღურტული! ნახე რავა ესიყვარულებიან ერთმანეთს!

 როგორც იქნა მოაღწია მანქანამდე.

-სალამი, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდავ! - ტატოს წინ შეჩერდა.  

-გამარჯობა! როგორც ვხვდები, ჩვენი მძღოლი ბრძანდებით, ასეა?

-სრულიად გეთანხმები და როგორც ვხვდები, არ გისაუზმია, ასეა?

-საიდან მიხვდით? - გაკვირვებით წარმოთქვა სტაჟიორმა.

-დილით შემთხვევით შემეჯახე და შენი კუჭი შემევედრა, რაღაც მიყიდე პირწამოსაკრავიო!

-ის კაცი თქვენ იყავით? ბოდიშით!

-არა უშავს! საბოდიშო არაფერია, - მოულოდნელად რაღაც გაახსენდა, - უი, და დღეს ისე სწაფად ჩამიქროლე, ვეღარც მოვასწარი მეთქვა, ყბის სიახლოვეს დარჩენილი ჟანგის კვალი მოგეშორებინა, მაგრამ მოგიშორებია უკვე ვხედავ. რახან ასეა, აი, გამომართვი! აგი შენთვისაა, - გიზომ დონატების ყუთი გაუწოდა, - გემრიელად მიირთვი! ყავაც აიღე მიდი! ორივე შენია.

-გმადლობთ, ბატონო გიზო!

  ამ ყველაფრის გამორთმევის დროს ტატოს პიჯაკი დაუვარდა და ასაღებად დაიხარა.

-გასაღებიც! - შეამჩნია მძღოლმა, - საბურავთან დავარდა! არ დაგეკარგოს!

 ძლივს მოახერხა ყველაფრის ორი ხელით დაჭერა.  

-კი, მაგრამ რატომ ამდენი ყავა?

-დამიჯერე, აწი ყოველ დღე ორი ჭიქა ყავა დალიე, სანამ დეპარტამენში მოხვალ და ამასთან ერთად მუშაობას შეუდები ხოლმე! ისე, რა მაგის პასუხია და მეგეწონა ჩემი ჰამერი? ჰა, რას იტყვი, აბა?

-საკმაოდ საინტერესოა.

-რაფერ კაცო, მხოლოდ საინტერესო? მეტი არაფერი? - რატომღაც გიზო ვერ დააკმაყოფილა ამ ზედმეტად მოკლე შეფასებამ.

-ელექტრო მანქანებს შორის ნამდვილად გამორჩეული მოდელია. საკმაოდ მძლავრი და მასიური ჩანს.

-დიახაც! ოთხი ტონაა და ქარივით დაქრის გზებზე. გარდა ამისა, ძალიან გამძლე კორპუსი აქვს.

-„ხო, იმდენად გამძლე, რომ მოტეხილი ტოტიც კი ვერაფერს აკლებს!“, კარგით, გვეყოფა ბაასი! გიზო წავედით! სტაჟიორო, მიდი ჩაჯექი მანქანაში! - დასჭექა დეტექტივმა და  მძღოლის გვერდითა სავარძელზე აბობღდა.

 დანარჩენებიც ჩასხდნენ.

-ჰე, დავიძრათ უკვე!... არა, მეიცათ! რავა დამავიწყდა ახლა მე მაგი? ჰა? - გიზო უკან მოტრიალდა, - თავიდანვე კი უნდა მეკითხა, მაგრამ არც ახლაა გვიანი. რა გქვია, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდავ?

-ტატო, - წარმოთქვა რატომღაც უჩვეულოდ მრავალწამიანი დაბნეული ფიქრის შემდგომ.

-სასიამოვნოა! მე კიდე გიზო მქვია და ამ უჟმური ბებერის პირადი მძღოლი ვარ.

 ბიჭმა გაღიმების პარალელურად ყავის მოსმა დააპირა თუ არა გადასცდა.

-ეგ არაფერი, ტატოიე, ორი წვეთი თუ დამიქციე ახლახან დარეცხილ, გაწკრიალებულ, დასუფთავებულ მანქანაში!... შენ კარად იყავი მთავარია! არ იდარდო მაგაზე! - თქვა და საქარე მინისკენ შემობრუნდა, - ისე, ტატოიე, დაგსვამ ხოლმე მანქანაზე, თუ მოგინდება. საჭის ტრიალი ხო იცი?

-თეორიულად, - უპასუხა სტაჟიორმა.

-ო, ესე იგი, არ გცოდნია! მარა არ იდარდო! ადვილად გამოსწორებადია მაგ ამბავი, - გაამხნევა ბიჭი და კომფორტულად მოკალათდა სავარძელზე, - კარგი გედევიკრა ახლა ღვედი და დროზე მოვძუძგოთ აქედან, თორემ ეს მოხუცი ტყვიას გამიშხუილებს საფეთქელში, - მარჯვნივ გამოიხედა და დეტექტივს ეშმაკურად ჩაუკრა თვალი, - იარაღი მართლა თან დააქვს! - წარმოთქვა ტატოს გასაგონად.

-დანაც!

-გასაგებია, ჩემო თეიმურაზ, უკვე ვძრავ მანქანას!

 

 

 

 

8

 

 ფოთლების ბუნებრივი თაღი გაიხსნა. ცირკი გამოჩნდა. დეტექტივმა ღრმად ჩაისუნთქა სიკვდილის სუნი, რომელიც ჯერ კიდევ დაძრწოდა ჰაერში. სიმშვიდეა. ფოთლები ნაზად ირხევა. ხუთი მთავარი შესასვლელიდან ერთ-ერთი იღება. იქიდან გამოსული საკმაოდ გამხდარი და ახოვანი მამაკაცი სვეტთან ჩერდება. ჯიბიდან სიგარას იღებს და უკიდებს. აღელვებულია, ცდილობს დამშვიდდეს.

-სტაჟიორო, აბა, მითხარი ვის ხედავ!

-გრძელულვაშებიან მამაკაცს, რომელიც ეწევა.

-მაგას მეც ვხედავ „იდიოტო“! შენ ის მითხარი მკვლელია თუ არა? კარგად დააკვირდი!

-დაიცადეთ!... ასე უცებ როგორ მივხვდე ამას?

-ძალიან მარტივად! მიდი, იფიქრე ხმამაღლა!

-კარგით! ვფიქრობ. ესე იგი, თუ მისი აღნაგობით ვიმსჯელებთ, საკმარისი ძალა არ ექნებოდა 146 კილოგრამიანი ადამიანის მოსაგუდად, ამისთვის ზედმეტად გამხდარია, თუმცა სიმაღლე უწყობს ხელს.

-კიდევ! ეგ არაფერს ამბობს.

-დიახ, ახლავე, - გონება დაძაბა, რაღაცას იხსენებს, - ფოტოზე, რომელზეც ჯამბაზის სახე არის გამოსახული, კარგად ჩანს ხელის კვალი. აშკარაა მკვლელი მემარჯვენე იყო.

-განაგრძე! ასე უკვე მომწონს!

-ეს კაცი კი... იგი მკვლელი ვერ იქნება.

-და რატომ?

-მემარცხენეა. სიგარა მარცხენა ხელით ამოიღო პიჯაკის შიდა მარჯვენა ჯიბიდან. მარჯვენა მხარეს განლაგებული შიდა ჯიბეები მეტად პრაქტიკულია ხოლმე მემარცხენეებისთვის მაშინ, როცა მემარჯვენეები მარცხენას ვხმარობთ.

-რა იცი, იქნებ ორივე ხელი მუშა აქვს?

-არა! მხოლოდ მარცხენა ხელს იყენებს. აი, ნახეთ რა გააკეთა ამ წამს! სიგარა თავდაპირველად მარცხენა ხელში ეჭირა. შემდეგ კი სპეციალურად მარჯვენა ხელში გადაიტანა, რათა შარვლის უკანა მარცხენა ჯიბიდან მობილური ამოეღო, წაეკითხა მოსული შეტყობინება და მერე პასუხიც მიეწერა.

-ყოჩაღ, სტაჟიორო, ყველაფერი მართალია! ხომ მარტივი ყოფილა?

-დიახ! და ისე ეს ადამიანი ვინ არის?

-ვიაჩესლავ ბადოევი, რუსული საცირკო დასის ხელმძღვანელი. ის მკვლელი არ არის და, მგონი, ცოტა უხერხულია, ორი ჭორიკანა ქალივით რომ მივშტერებივათ ახლა მას. ო, აი, თანაც უკვე შეგვამჩნია!... წამოდი მივესალმოთ!

 

 

 

 

9. სტაჟიორი

 

 უნდა ვაღიარო, ბატონ თეიმურაზთან მუშაობა საკმაოდ ამაღელვებელია, საინტერესო და ცოტაც დამამცირებელია, თუმცა ამ უკანასკნელს დღის ბოლომდე შევეჩვევი, იმედი მაქვს. ისედაც მხოლოდ ერთი კვირა მომიწევს მასთან ერთად საქმის გამოძიება, ამიტომ გავუძლებ როგორმე.

-მოგესალმებით, ბატონო ვიაჩესლავ! ვიზიარებ თქვენი დასის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალებას.

 როდესაც ადამიანს უსამძიმრებენ ცოტაოდენ სინანულს გამოხატავენ ხოლმე, მაგრამ ბატონი თეიმურაზის ყინულივით სახეს ამ ემოციის გამოხატვა არ შეუძლია, ალბათ.

 დასის ხელმძღვანელმა სიგარა ჩააქრო და ჩვენ მოგვიბრუნდა.

-გამარჯობა! თქვენ თეიმურაზ მაჩაბელი ბრძანდებით ხომ? დეტექტივ-გამომძიებელი! Я прав?[1]

-დიახ, ასეა. ეს კი ჩემი სტაჟიორი გახლავთ... ბატონო ვიაჩესლავ, პირველ რიგში გეტყვით, რომ მკვლელი არ ხართ, თუმცა არასწორი ინფორმაციის მოწოდებისთვის შეიძლება მკვლელთან ერთად აღმოჩნდეთ ციხეში! ვიმედოვნებ, ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ და ამით გამოძიების პროცესი დაჩქარდება.

-ცხოვრებაში პირველად მხედავთ და უკვე დაასკვენით, რომ მე არ მომიკლავს ჯამლეტი... Пожалуйста, объясните мне![2] ეს როგორ?... რამდენ ხანში მიხვდით?

-როგორ და მარტვად, როგორც კი შემოგხედეთ, - მოკლედ მოუჭრა, - სულ რამდენიმე წამიც სამკარისი იყო ყველაფრის დასადგენად.

 ვიაჩესლავმა სახის ზუსტად ისეთი გაოცებული და დაბნეული გამომეტყველება მიიღო, როგორიც მე დღეს დილით, როცა ეს ბებრუხანა დეტექტივი მხოლოდ ჩემი გაპარსული წვერითაც კი მიხვდა, რომ მარტო ვცხოვრობდი.

-ახლა კი, ბატონო ვიაჩესლავ, დროა შიგნით შევიდეთ და გუშინდელი ისტორიის თქვენეული ვერსია მომიყვეთ! ოღონდ გაფრთხილებთ, ზღაპრები არ მიყვარს! - გველივით წაისისინა თეიმურაზმა.

-კი ბატონო! ჯერ თქვენ! - გაიწია და მოხუცი პირველი შეატარა, მაგრამ შემდგომ დიდად თავი აღარ შეუწუხებია ზედმეტი თავაზიანობის გამოჩენით და ჩემზე წინ შეაჭრა კარში. რომ არ გავწეულიყავი, ალბათ, ზედ გადამივლიდა.

 

 

 

 

10

 

 თეიმურაზს ერთი უცნაური ჩვევა აქვს. ამის გამო გიჟიც კი ჰგონიათ, მაგრამ ფეხებზე ჰკიდია, უბრალო მოკვდავები რას იტყვიან მასზე. როდესაც საქმეს იძიებს და ეჭვმინატანილების ან მოწმეების დაკითხვას აწყობს - ამას ყოველთვის დანაშაულის ჩადენის ადგილას აკეთებს, ამიტომ როსტომმა წინასწარ იზრუნა და შესაბამისი აღჭურვილობა, მაგიდა და ორი სკამი, უკვე დაახვედრა ცირკის არენაზე. სად არ ჩაუტარებია დაკითხვები: მარანში, სახურავზე, კაზინოში, მეტროს ვაგონში, გოგირდის აბანოებში, საპირფარეშოში, საროსკიპოში და სხვა. ახლა ჩამონათვალს ცირკის არენაც მიემატა. მიზი აზრით, მკვლელობის ადგილზე ყოფნა დასაკითხ პირს განსაკუთრებულად ფხიზლად ამყოფებს და აიძულებს ყველა მივიწყებული დეტალი გაიხსენოს.

-ბატონო თეიმურაზ, ცარცით დახაზულ ფიგურასთან რატომ დგას სკამი და მაგიდა?

-შენი აზრით, სტაჟიორო? - ამოიხრა და თან ვიაჩესლავს ხელით ანიშნა სკამზე დამჯდარიყო, - ეს როგორ გამორჩა მელიტონს შენთვის რომ ეთქვა? ამიერიდან ცირკის არენა ჩვენი მეორე კაბინეტია და ახალ-ახალ ხალურ მონათხრობებს აქ მოვისმენთ ხოლმე. გასაგებია?

-გასაგებია! - თქვა, თუმცა არაფერი იყო მისთვის ცხადი. მკვლელობის ადგილას ყოფნა უხილავი დაძაბულობისა და მოუსვენრობის უსიამოვნო შეგრძნებას უორმაგებდა.

-თუ გასაგებია, მაშინ ადი უკანა სექციაში და მაყურებლის სკამზე დაჯექი!

-რატომ მაყურებლის სკამზე? მე რა მონაწილეობას არ მიმაღებინებთ დაკითხვაში?

-სულ ასეთი მომაბეზრებელია ხოლმე? - თითქმის ჩურჩულით უთხრა დასის ხელმძღვანელმა დეტექტივს და დამცინავმა იერმა სახე უფრო მეტად დაუმახინჯა.

-არ ვიცი, ჯერ მხოლოდ 1 საათი და 47 წუთია რაც მას ვიცნობ, თუმცა დიდი ალბათობით, დიახ, - მოხუცი ტატოს მიუახლოვდა, - სტაჟიორო, ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ მაყურებლის როლის შესრულებით შემოიფარგლები, შენთვის ჩუმად იჯდები და მიმდინარე პროცესს შორიდან დააკვირდები! გასაგებია?

-გასაგებია!

-კარგი, მაშინ მიდი და გააკეთე, რასაც გეუბნები!

 ტატო იძულებული გახდა დამორჩილებულიყო ხელმძღვანელის ნათქვამს, რომელსაც თითქმის ვერაფრით განასხვავებდით სამხედრო ხასიათის მკაცრი ბრძანებისგან.

-მაშ ასე, ბატონო ვიაჩესლავ, რადგანაც ნერვიულობის ფაქტორი უკვე მოგიხსენით, ველი, რომ უფრო მეტ ჭეშმარიტებას მოვისმენ, ვიდრე...

-ზღაპარს, - გაისმა მეოთხე სექციიდან.

-რა გითხარი მე შენ? - გასძახა სტაჟიორს და ისიც საბოლოოდ გაჩუმდა. შეეგუა იმას, რომ მხოლოდ მაყურებელი იყო და მეტი არაფერი.

-რისი გაგება გსურთ, დეტექტივო? - ზედმეტად არაბუნებრივი სიმშვიდე იგრძნობოდა მის ხმაში, რაც თეიმურაზს არ მოსწონდა.

-ყველაფრის!... დავიწყოთ იმით, თუ რა ხდებოდა იქამდე, სანამ ხის ტოტი დენის სადენს გაწყვეტდა! - წარმოთქვა ისე ნელა და გაწელილად, თითქოს ამ წინადადების ყველა სიტყვა გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებდა მისთვის.

-შეკრება გვქონდა. ყოველი წარმოდგენის შემდგომ ასე ვაკეთებთ. განვიხილავთ დაშვებულ შეცდომებს და გამოსწორების გზებზე ვსაუბრობთ. ვაფასებთ მთლიან შოუს და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ. რადგან იმ დღეს ჩვენი ტურის ბოლო წარმოდგენა იყო, შეკრება ცოტა გაგვეწელა.

-რამდენი ხანია რაც თბილისში ხართ?

-მე და ჩემი დასის წევრები აქ 26 სექტემბერს ჩამოვფრინდით. 2 ოქტომბრიდან კი დავიწყეთ წარმოდგენების გამართვა. სულ 6 შოუ დავდგით ამ დროის განმავლობაში. მაყურებლის სკამები მუდამ გავსებული იყო. ეს არც მიკვირს, ვინაიდან მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც მსგავსი ხდებოდა. ჩინეთი, გაერთიანებული სამეფო, ბრაზილია, კოლუმბია, მექსიკა, ვენესუელა... Аншлаг![3] ეს ჩვენი განუყოფელი ნაწილია. ხალხს ყოველთვის იმას ვაძლევთ, რაშიც იხდიან ფულს და ამისთვის ბევრს ვშრომობთ. წარმოდგენაც კი არ გაქვთ ზოგჯერ რამდენად ბევრს. მარტივი არ არის ყველას სახეზე კმაყოფილების ფასდაუდებელი ემოციის გამოსახვის მიზეზი გახდე, მაგრამ ეს ამად ღირს! ნამდვილად ღირს! ყველაფერი ხომ ...

-თბილისში პირველად ხართ, ბატონო ვიაჩესლავ? - ამ კითხვის დასმით მოხუცმა შუა გზაში გააწყვეტინა ლირიკური გადახვევის ამაღელვებელი ტექსტი და კვლავ მთავარ თემაზე სასაუბროდ შემოაბრუნა დასის ხელმძღვანელი.

-ჩემი საცირკო დასის წევრების უმეტესობა კი, თუმცა მე ხშირად ვსტუმრობ თბილისს. ბებიაჩემი წარმოშობით აქედან იყო, ასე რომ ჩემი მეორე სახლია ეს ქალაქი.

-ახლა უკვე გასაგებია, რატომაც ფლობთ ქართულს საშუალოზე მაღალ დონეზე.

-Да![4] ესაა მიზეზი ნამდვილად. 

-დასში კიდევ ვინმემ იცის ქართული?

-ვიტალიმ. ის ჩვენი ჯამბაზის, ანუ ჯამლეტის სასცენო ასისტენტი იყო. ორივე ერთად უძღვებოდა გასართობ წარმოდგენებს. მრავალწლიანი ერთობლივი თანამშრომლობის წყალობით ენა მასთან საუბარში ისწავლა. ხო, და კიდევ მაიმუნების დედოფალი ალინაც დაინტერესდა ბოლო პერიოდში ქართულით და რაღაც დონეზე ისიც ფლობს.

-და რამ გამოიწვია მასში ეს დაინტერესება?

-გასულ წელს, საგასტროლო პერიოდში ვიღაც ქართველი მამაკაცი გაიცნო. ენის შესწავლა მასთან ემოციური კავშირის გასამყარებლად და უფრო მეტი დაახლოებისთვის გადაწყვიტა. მგონი, სამომავლოდ სერიოზული გეგმები აქვთ ორივეს, რაც ქორწინებითაც შეიძლება დასრულდეს.

-რომელ სასტუმროში ხართ ამჟამად დაბინავებული დასის წევრები?

-და ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს გამოძიებისთვის?

-არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ თავაზიანობის გამო ვიკითხე, - უხეშად შეეპასუხა თეიმურაზი, - აქვს თუ არა, ეგ თქვენ არ გეხებათ. უბრალოდ პასუხი გამეცით მარტივ კითხვაზე, ბატონო ვიაჩესლავ!

-ბილტმორში. არ ვაჭარბებ, у них самый лучший сервис для гостей[5]. ცხადია, სხვა სასტუმროებს არ ვაკნინებ ამით, თუმცა ბილტმორი სამოთხეა. როგორი დიდებული საუზმე და ვახშამი, გემოვნებიანი ინტერიერი, მდიდრული ავეჯი, ჭაღები, потрясающий вид на такой красивый город. Это действительно выдающийся отель[6]. ო, ჩემი ნება რომ იყ...

-კარგით, - დეტექტივმა კვლავ არ დააცადა სათქმელის ბოლომდე დასრულება, - ვინ იმყოფებოდა არენაზე, სანამ მკვლელობა მოხდებოდა?

-მე, ჯამლეტი, ღმერთმა აცხონოს მისი სული, აგრეთვე მისი ასისტენტი ვიტალი, ლომების მომთვინიერებელი დიმიტრი, მაიმუნების დედოფალი ალინა და ჟონგლიორი ანტონი. სულ ექვსნი ვიყავით.

-დასში რამდენი წევრი გყავთ?

-თუ წამყვან წევრებს და მასოვკას,  ყველას ერთად ჩავთვლით ჩემიანად და ჯამლეტსაც თუ მივათვლით, მაშინ 66 გამოდის.

-66 ადამიანიდან მხოლოდ ექვსნი რატომ იყავით არენაზე?

-Я же сказал[7] შეცდომებს განვიხილავდით-მეთქი. თავიდან ყველა მთავარი წევრი მყავდა შეკრებილი, ბოლოს კი დავტოვე ის ხუთი, ვისთანაც შენიშვნები მქონდა. მათი წასვლიდან მალევე კი ეს უბედურება მოხდა.

-ოთხეულიდან ვინ გგონიათ მკვლელი?

  ვიაჩესლავმა ცარცით დახაზულ ფიგურას გახედა.

-არავინ... ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმეს მოეკლა, это невозможно![8]

-და რატომ?

-მათ ყველას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჯამლეტთან. დასში სრული იდილია მაქვს.

-ნუ, როგორც ჩანს, უკვე აღარ... წერილზე რას იტყვით?

-რომელ წერილზე?

  თეიმურაზმა პორტფოლიო გახსნა და იქიდან პაკეტში ჩადებული ქაღალდი ამოიღო.

-როცა ერთი ვარსკვლავი ქრება, მაშინ მეორე იწყებს ნათებას... რამეზე მიგანიშნებთ ეს სიტყვები, ბატონო ვიაჩესლავ?

-ცხოვრებაში პირველად მესმის, - უარის ნიშნად თავი გააქნია დასის ხელმძღვანელმა, - სად იპოვეთ ეს წერილი, დეტექტივო?

-ჯამბაზის ჯიბეში. თქვენი აზრით, შეიძლება რომ მკვლელს დაეწერა, როგორც სიკვდილის მიზეზის დაუფარავი გამჟღავნება?

-რა მიზეზზე საუბრობთ უკაცრავად? ცოტა ვერ გეწევით აზრობრივად.

-სხვისი ადგილის დაკავება. ნუთუ ეს აშკარა არაა?

-ღმერთო ჩემო, ვის შეიძლება უნდოდეს ჯამლეტის ადგილის დაკავება?

-რავი, იქნებ მასზე ერთი რანგით დაბალ წევრს?

-ვიტალიზე გაქვთ ეჭვი? ჯამბაზის ასისტენტზე?

-მე არავიზე მაქვს ეჭვი. თქვენი დასის არცერთ წევრს არ ვიცნობ. არ ვიცი მათი სურვილები და ზრახვები, თუმცა ახლა ვიტალის დავადგამ თვალს. თან თუ გავითვალისინებთ იმას, რომ ქართული იცის, თავისუფლად შეეძლო ეს ერთ-წინადადებიანი წერილი მას დაეწერა. ასე არაა?

-ჩემი არცერთი წევრი მკვლელი არ არის, მათ შორის არც ვიტალი! შენობაში მხოლოდ ჩვენ არ ვიყავით. ცირკის მომსახურე პერსონალი არ გამოგრჩეთ, ბატონო თეიმურაზ! Они тоже были здесь той ночью.[9]

-კარგით, ბატონო ვიაჩესლავ, კიდევ რამდენიმე კითხვა და ამით დავამთავროთ. ბოლო დღეებში ჯამბაზის ქცევებში რაიმე უცნაური ხომ არ შეგინიშნავთ? სტაჟიორო, ტელეფონს ხმა ჩააწყვეტინე!

-ბოდიშით, ბოდიშით! - ტატომ სწრაფად გათიშა ტელეფონი.

-ეს ხომ ცირკია! - განაგრძო ვიაჩესლავმა, - აქ ყველანი უცნაურები ვართ!

-ხო, ვატყობ!

-კარგით, ეს ხუმრობით, - იღიმის, -  არა, არ შემინიშნავს. წარმოდგენების პერიდოში ისეთი არეულობა და ქაოსია ცირკში, რომ წევრების უცნაური ქცევები კი არა, ზოგჯერ ჩემს...

-და სხვა წევრებში? - კვლავ შუა გზაში გააწყეტინა მთავრი სათქმელისგან არასაჭირო გადახვევა.

-არა, - უპასუხა უხალისოდ.

-როგორც მითხრეს, სულ ხუთი წელი იყო თქვენს დასში...

-დიახ, ასეა.

-კმაყოფილი ხართ მისი წარმოდგენებით?

-რა თქმა უნდა.

-მაშინ რატომ დატოვეთ შეკრებაზე და არ გაუშვით სახლში? რა შეცდომა დაუშვა იმ დღეს?

-8 და 9 ოქტომბრის წარმოდგენებში ცოტა დაბნეული იყო.

-და რაში გამოიხატა დაბნეულობა?

-ნომრის მიმდინარეობისას მოქმედებები აერია და მხოლოდ წინა სექტორზე მუშაოდა, უკანა მაყურებელს არც კი აქცევდა ყურადღებას. ნაკლებად იღიმოდა. მოღუშული სახით დადიოდა და როლს აფუჭებდა. მითხრა, რომ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამან მის განწყობაზე დიდად იმოქმედა.

-უფრო დეტალურად?

-სიტყვაძუნწი იყო. სენსიტიურ თემებს ნაკლებად განიხილავდა საჯაროდ.

-მის ოჯახს ან ახლობლებს იცნობდით?

-სიმართლე გითხრათ, არასდროს მქონია შანსი მათი გაცნობის. თან ჯამლეტს მათთან ახლო ურთიერთობა აღარც აკავშირებდა. Насколько я знаю[10], ძალიან დიდი ხანია, რაც საქართველოდან წამოვიდა და თითქმის ყველა ნათესავთან გაწყვეტილი ჰქონდა კავშირი. თქვენ წარმოიდგინეთ, არც არავინ ურეკავდა ხოლმე სამშობლოდან. ცოლ-შვილი არასდროს ჰყოლია, ეს დანამდვილებით ვიცი. აი, სამაგიეროდ ძმა კი ჰყავდა. პოლონეთში ცხოვრობდა. იქ საკონდიტრო საწარმოში მუშაობდა მრავალი წელი. საკმაოდ კარგი პოზიცია ეკავა და სოლიდური ხელფასიც ჰქონდა. Он тоже не был женат[11].

-წარსულ დროში საუბრობთ ჯამლეტის ძმაზე, - აღნიშნა და ლოგიკური კითხვაც თან მოაყოლა, - რამდენი წლის გარდაცვლილია?

-სამწუხაროდ, უკვე ექვსი წლის. ამაზე მეტი ნამდვილად არაფერი ვიცი მის ოჯახზე. რომც მაწამონ, ვერ მოვუგონებ ვერაფერს ახალს. სულ ეს არის.

-ახლა მის ადგილას ვის დანიშნავთ?

-დიდი ალბათობით, ვიტალის. ხუთი წელი სასცენო ასისტენტი იყო, გარდა ამისა ჯამლეტამდეც მყავდა მთავარი ჯამბაზი და მასთან ერთადაც მუშაობდა ორი წლის განმავლობაში. ჯერჯერობით ვიტალიზე უკეთესი კანდიდატი არ მყავს. ისე კი ჩვენი საცირკო დასი ყოველთვის იმით იყო ცნობილი, რომ ორი ჯამბაზი გვყავდა. ერთი ახალგაზრდა, მეორე ცოტა ასაკოვანი. თაობათა ამგვარი შერწყმა მეტ ეფექტს მატებდა მათ ნომრებს. მეტად სანახაობრივი და დაუვიწყარი იყო მათი გამოსვლა. პატარები მუდამ აღფრთოვანებული რჩებოდნენ. ეჰ, რას ვიზამთ, ახლა მხოლოდ ვიტალი დაგვრჩა. მას მოუწევს მთავარი ჯამბაზი გახდეს და მარტომ, სასცენო მეწყვილის გარეშე მიიღოს მონაწილეობა წარმოდგენებში.

-სად არის წინა მთავარი ჯამბაზი?

-საავტომობილო ავარიაში მოყვა.

-სამწუხაროა და ამასთანავე საინტერესოც, თქვენი ჯამბაზები მუდამ რატომ კვდებიან? - თეიმურაზმა ეს კითხვა გესლშერეული ტონით ჩამარცვლა, წამით დაფიქრების საშუალება მისცა დასის ხელმძღვანელს და მერე ისე განაგრძო, რომ პასუხის მოსმენას არც დალოდებია, - როცა ერთი ვარსკვლავი ქრება, მაშინ მეორე იწყებს ნათებას, ასე არ არის? ხომ არ გგონიათ, რომ მიზანი უკვე მიღწეულია მისთვის? ვიტალის ვგულისხმობ.

-ჩემი დასის არცერთი წევრი მკვლელი არ არის-მეთქი! - კვლავ იმავეს იმეორებს, - Вы играете с огнем, детектив![12] - წარმოთქვა მკაცრად და გადაჭრით, რადგანაც თეიმურაზის აგდებულმა საუბრის მანერამ მოთმინებიდან გამოიყვანა.

-სითბო მიყვარს. მემუქრებით?

-ასე ჩანს?

-ნახვამდის! - დეტექტივმა მისი ბოლო კითხვა არაფრად ჩააგდო და პირდაპირ გაისტუმრა, - შესაძლოა კიდევ მოგვიწიოს გასაუბრება, - მიაძახა არენიდან გასულ მოსაუბრეს.

-კეთილი!

 ვიაჩესლავმა ზურგი შეაქცია და წითელი ხავერდის ფარდის მიღმა გაუჩინარდა.

-ახლა შეგიძლია გადმოინაცვლო ჩემთან, სტაჟიორო!

 თეიმურაზი ადგა და ნელი სვლით წრეზე სიარული დაიწყო.

-ბატონო თეიმურაზ, ასე მალე რატომ გაუშვით? ჯერ კიდევ რამდენი კითხვის დასმა შეგეძლოთ.

-თამბაქოს სუნად ყარდა, ჩემმა ფილტვებმა მეტს ვერ გაუძლო.

-უკაცრავად, ამას სერიოზულად ამბობთ? - ამდენხნიანი დუმილის შედეგად მოზღვავებული ემოციების ვერშეკავების გამო, ოდნავ ხმამაღლა და მკაცრად თქმა გამოუვიდა ტატოს.

-დამშვიდდი, სტაჟიორო! შენ რა ახლა ჩემთან ხმას აუწიე?

-არა! ბოდიშით, არ მინდოდა, უბრალოდ...

-ეჰ... ის მატყუარაა. ტყუილად ვხარჯავთ დროს.

-და როგორ გაიგეთ, რომ მატყუარაა?            

-თბილისში 25 სექტემბერს ჩამოფრინდნენ და არა 26-ში. დასის შემადგენლობაში სულ 68 წევრია და არა 66. გაერთიანებულ სამეფოში კი საერთოდ არ გაუმართავთ წარმოდგენა. იგი ასეთ მარტივ რამეებში ცდება, რა გარანტია გვაქვს რომ არ მოიტყუა დანარჩენშიც?

-და ეს იყო ნამდვილი მიზეზი?

-არა, მართლა საშინლად ყარდა.

 

 

 

11

 

-ახლა ვის უნდა შევხვდეთ, ბატონო თეიმურაზ?

-ახლა ცოტა ხანს სუფთა ჰაერზე გავალთ!

-რატომ?

-ჰაერი უნდა განიავდეს აქ.

 გასასვლელისკენ გაემართნენ. გარეთ რამდენიმე პოლიციელი დგას. კვლავ ისეთივე სიმშვიდე სუფევს, როგორიც დატოვეს.

-ოჰ, გიზოც მოსულა! - დეტექტივი შეჩერდა და მარჯვენა ხელი, მისალმების ნიშნად, ჰაერში ასწია.

-აბა, მეგეწონათ ცირკი?

-გადასარევი იყო, - უპასუხა სტაჟიორმა, თუმცა ეტყობოდა, რომ მოჩვენებითი აღფრთოვანების ნიღბის ქვეშ უკმაყოფილებასა და საკუთარ ხელმძღვანელზე გაბრაზებას მალავდა.

-მანქანა შეაკეთე? - იკითხა თეიმურაზმა.

-კი, ბატონო! ისევე დეემსგავსა იმას, რავარიც აქამდე მყავდა. გონია გულში ჩევიჟმუჟნო, ისე გამიპწკიალეს!

-დეგრადირებული წინადადებებით ნუ მესაუბრები ძალიან გთხოვ! - მეგობრული სიუხეშით მიუგო ერთგულ მძღოლს.

-კაი, მეტჯერ აღარ ვთქვამ. გაარკვიეთ ვინ იყო მკვლელი?

-ჯერ არა, - უპასუხა თეიმურაზმა და გაემართა იმ ხისკენ, რომელსაც ტოტი მოტყდა. იგი ცირკის ცენტრალური შესასვლელისდან მარჯვნივ დგას, - ეი, თქვენ! დიხ, თქვენ... ხო, - ცირკის დირექტორს ეძახის, - ბატონო ცეცხლაძე, გთხოვთ ერთი წუთით მობრძანდეთ!

 ვლადიმერი გარეთ გამოსულიყო. მარჯვენა ყურზე ტელეფონი ჰქონდა მიდებული და  მგზნებარედ ესაუბრედობა ვიღაცას.

-შეგიძლიათ სახელით მომმართოთ! ვლადიმერი მქვია, თუ დაგვიწყდათ, - მიუახლოვდა და ქედმაღლურად დახედა.

-კარგით, ბატონო ცეცხლაძე, აქ რომ ტოტი ჩამოვარდა სად არის?

-უკვე დავწვით.

-რატომ?

-რა რატომ?... აბა, კედელზე უნდა დამეკიდა სამახსოვროდ? - შეეპასუხა და უკმეხი მზერა მიაგება.

-კარგით, შეგიძლიათ განაგრძოთ ტელეფონზე საუბარი! დროებით! - ყოველგვარი თავაზიანობის გარეშე გაისტუმრა.

 ვლადიმერმა თავი უკმაყოფილოდ გააქნია და გაშორდა, თუმცა მალევე მობრუნდა უკან, რადგანაც უკანასკნელ წამს წამოჭრილი კითხვის გაჟღერება დააპირა:

-და ტოტი რაში გჭირდებოდათ?    

-კედელზე უნდა დამეკიდა სამახსოვროდ! - დამცინავად შეეპასუხა თეიმურაზი და ზუსტად ისეთივე აგდებული კილოთი მიუგო.

 ცირკის დირექტორმა წარბები მრისხანედ შეკრა და უსიტყვოდ გაეცალა იქაურობას.

-ისე, ტოტისგან მართლა რა გინდოდათ? - შეეკითხა ბოლოს ტატო, როცა კვლავ მხოლოდ სამნი დარჩნენ.

-აქ რაღაც საეჭვოა, სტაჟიორო. უნდა გავარკვიოთ ტოტი მოჭრეს თუ მოტყდა.

-გგონიათ, დამნაშავემ მკვლელობა ამინდს დაამთხვია და ამით ისარგებლა? ანუ რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა შემთხვევითობის ეფექტი?

-ამინდის პროგნოზი ხშირ შემთხვევაში იცვლება ხოლმე. წინასწარ ვერ გათვლიდა. ერთი რამ კი ცხადია, ტოტი აუცილებლად უნდა მოტეხილიყო, რომ კამერებს ჩაწერა შეეწყვიტათ. რაღაც არ მგონია, მკვლელს ჯამბაზის მოკვლა იმ მომენტში სპონტანურად გადაეწყვიტოს, როცა შემთხვევით ჩამოვარდნილი ტოტისგან სადენი გაწყდა.

-ანუ გამოდის, რომ საქმეში, შესაძლოა, ერთზე მეტი დამნაშავე იყოს გარეული? მაგრამ იქნებ ჯერ ტოტი მოტეხა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიპარა შენობაში?

-რაღაც მეეჭვება, სიბნელეში მარტივად მიეგნო ჯამბაზისთვის და უჩუმრად მიეგუდა ამხელა კაცი. ეგ სანამ ხიდან ჩამოძვრებოდა, გამორიცხული არაა, ჯამლეტი უკვე გარეთაც გამოსულიყო. აუცილებლად მის სიახლოვეს უნდა ყოფილიყო, რომ სწაფად ემოქმედა. მე მაინც იმ მოსაზრებას ვემხრობი, რომ შესაფერის მომენტში ერთმა სადენი გაწყვიტა, მეორემ კი დრო იხელთა და ჯამლეტი მოკლა სწორედ მაშინ, როცა არენაზე ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, ვისზეც ეჭვს მივიტანდით. თუ ეს ტოტი ქარის მოტეხილი არ აღმოჩნდა, ჩემი მოსაზრების ჭეშმარიტებას წყალი არ გაუვა.

-ამას როგორ გავარკვევთ? - იკითხა ტატომ.

-უმარტივესად. შორიდან ვერ ვამჩნევ მოხერხილია თუ მოტეხილი. ხეზე ასვლა და სურათის გადაღებაა საჭირო... ერთ ადამიანს ვიცნობ, ვისაც ეს შეუძლია.

-ვის?

-შენ. რადგან შენი ტელეფონის ეკრანი ამ ცირკის მომავალივით გაბზარულია, ვერაფერს დავინახავ, ამიტომ გიზოს ტელეფონი აიღე და სურათი გადაუღე! მიდი!

 ტატო დაჟინებული მზერით მიშტერებია მოხუცს.

-ხომ გითხარით, ხეზე ცოცვა არ ვიცი-მეთქი?

-მერე მე ხომ გითხარი, არა უშავს დღეს ისწავლი-მეთქი?

-არა უშავს არ გიხსენებით.

-არა უშავს. მიდი ახლა! რას ელოდები? აძვერი!

-კარგით!

 სტაჟიორი საცოდავად მიიზლაზნება, თან ჩამოვარდნის ეშინია.

-ჩემო თეიმურაზ, - ჩურჩულით ეუბნება გიზო, - ტოტი რო მოტეხილია და არა მოხერხილი, მაგას მეც ქე მივხვდი, შე ეშმაკო, შენა! ერთი მითხარი, რისთვინ აწვალებ მაგ ბალღს?

-ხოდა შენ რომ ხვდები და ის ვერა, აი ზუსტად მაგაშია საქმე! - თქვა დეტექტივმა და მოტეხილ ტოტამდე თითქმის მიღწეულ ტატოს შესძახა, - სტაჟიორო, ხეზე რა ჯანდაბამ აგაძვრინა?

 ბიჭი წამით დააფიქრა ამ წინააღმდეგობრივმა კითხვამ. დეტექტივის ასაკიდან გამომდინარე, ისიც კი გაიფიქრა, მეხსიერების პრობლემები ხომ არ ააქვს და დაავიწყდა, რაც მითხრა ერთი წუთის წინო.

-თქვენ არ მითხარით?

-მერე არ უნდა გაიაზრო ჭკვიანურს გეუბნები რამეს თუ უაზროს? ხეზე მართლა როგორ აძვერი? დროზე ჩამოდი! - მბრძანებლური კილოთი მიმართა.

  სტაჟიორს მიწაზე უნდა დაედგა ფეხი, რომ გამხმარ ფოთლებში გაიშხლართა. ჩამოვარდნის დროს კი პერანგზე გულის მხარეს მიკერებული ჯიბე ტოტს გამოსდო და გამოეხა. როგორც კი წამოდგა, ფოთლები მოიშორა, ხელმძღვანელთან მივიდა და ნერვებმოშლილმა ჰკითხა:

-რას ემსახურებოდა ჩემი ასე გასულელება?

-იმას, რომ მომავალში კარგად დაუკვირდე გაგონილის შინაარს და ბრმად არ შეასრულო ყველაფერი, რასაც გეტყვიან!

 რადგანაც თეიმურაზს სტაჟიორებთან ერთად მუშაობა არასდროს უყვარდა და არც ახლა გიჟდებოდა დიდად, მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ბიჭს პირველივე დღესვე აგდებულად და უხეშად მოპყრობოდა, რათა თავისივე ნებით ეთქვა უარი და სხვა ხელმძღვანელის აყვანა მონდომებოდა. ამის შემდგომ კი დეტექტივი კვლავ თავისთვის, მარტო, მშვიდად გააგრძელებდა გამოძიებას და საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. ეს მეთოდი სულ მუშაობდა და წესით ახლაც უნდა გაემართლებინა.

-კარგი, ჩვენ მხოლოდ ის უნდა გავარკვიოთ, ტოტი მართლა ქარმა მოტეხა თუ ადამიანმა. მოხერხილი რომ არაა, მაგას აქედანაც მშვენივრადაც დაინახავდი, რომ არ დაბნეულიყავი და კარგად შეგეხედა... და ხო, იმის გამო, რომ ზედმეტად მოუხერხებელი ხარ, ახლა მხოლოდ ტელეფონი კი არა, ახალი პერანგიც გაქვს საყიდელი, - გამოხეულ ჯიბეზე მიუთითა.

 ტატომ ყურადღება არ მიაქცია მისი მისამართით გაჟღერებულ შეფარულ დაცინვას და კვლავ მნიშვნელოვან საკითხს დაუბრუნდა:

-კამერების ჩანაწერებს ვუყუროთ მაშინ და გავიგებთ რა ჯანდაბაც მოუვიდა მაგ ტოტს!

-ხო, აი, მანდ ერთი პრობლემაა, სტაჟიორო, - დეტექტივი ცირკის შემობისკენ შემოტრიალდა და ცენტრალური შესასვლელის ზედა ნაწილებში დამონტაჟებულ კამერებს ახედა, - არცერთი მათგანი ზევით არ იყურება, ამიტომ ეს ტოტი კამერებში არ გამოჩნდებოდა.

-ადამიანი ხომ გამოჩნდება, ვინც ხეს მიუახლოვდა და მასზე აძვრა?

-საკმაოდ უხარისხო და ძველი კამერებია, რომლებსაც ღამის გამოსახულების გარჩევადობა არ უვარგათ... თან ადამიანი, რომელმაც ტოტი მოტეხა, სპეციალურად შავ სამოსში იქნებოდა გამოწყობილი, რაც კიდევ უფრო რთულს გახდიდა მის შემჩნევას.

-მაშინ, რაფერ არი ჩვენი საქმე? - საუბარში გიზოც ჩაერთო.

-ქინგ დევიდში მივდივართ! ბიზნეს ცენტრის სამეთვალყურეო კამერები ცირკის მხარესაც იყურება. ეს ადგილი აუცილებლად მოხვდებოდა ყველაზე მაღალ წერტილში დამონტაჟებული კამერის ობიექტივში. თან ყველაფერი გარკვევით გამოჩნდებოდა, რადგანაც გარე მეთვალყურეობის ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა აქვთ... ბიზნეს ცენტრი არცისე შორსაა, ფეხით წავიდეთ! გიზო, წამოხვალ ჩვენთან ერთად?

-მაგას კითხვა უნდა, ძამია? ნეტაი, იცოდე რაფერ მიყვარს ხოლმე შენთან ერთად სიარული, ჩემო თეიმურაზ... ეჰ, და რავარი მემენტრება მერე მაგი თუ იცი?

-გთხოვ, უაზრო სენტიმენტებს მოეშვი და ფეხი გამოადგი!

 

 

 

 

12

 

-მოდი იცით რა, ჩემო თეიმურაზ და ტატოიე, თქვენ წაით! შემოგევლოთ ჩემი თავი! მე აქანა დეგელოდებით, - თქვა ბიზნეს ცენტრში შემოსულმა გიზომ, როცა მოსაცდელი ზონის უზარმაზარ შუშის მაგიდაზე ძვირადღირებული შვეიცარიული შოკოლადის ასორტს მოჰკრა თვალი და მისი სახე დაუფარავმა აღტაცებამ მოიცვა. როგორც კი მეგობრისგან თანხომა მიიღო, დივანზე ჰაეროვნად დაეშვა და ტკბილეულის დაგემოვნება დაიწყო.

-მოგესალმებით! - მოხუცი ადმინისტრატორის მაგიდას მიუახლოვდა.

-მოგესალმებით! ვინ ბრძანდებით, ბატონებო? რით შემიძლია დაგეხმაროთ? - თავაზიანად მიმართა ქინგ დევიდში მომუშავე გოგონამ ახალმოსულ სტუმრებს.

-თეიმურაზ მაჩაბელი და ტარიელ ღლიღ... ღილღვ... „რანაირი უჯიშო გვარი აქვს ამ უპატრონოს!“ და ჩემი სტაჟიორი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან გახლავართ. აქ ერთ საქმეზე ვართ მოსული. გთხოვთ, თქვენს უფროსს დაუძახეთ!

-დიახ, ახლავე, - ტელეფონი აიღო და აჩქარებით აკრიფა საჭირო ნომერი, - რამდენიმე წუთში ჩამოვა, - განაცხადა ბოლოს, როცა უფროსთან სატელეფონო საუბარი დაასრულა.

-კარგით.

 სულ მალე ქინგ დევიდის დირექტორიც გამოჩნდა.

-მოგესალმებით ბატონებო, რით შემიძლია დაგეხმაროთ?

-თქვენი სახელი? - თავაზიანად იკითხა მოხუცმა.

-ალექსანდრე.

-სასიამოვნოა! მე თეიმურაზი გახლავართ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი. ბატონო ალექსანდრე, დიდად დაგვეხმარებით თუ ნებას მოგვცემთ, კამერების ჩანაწერები ვნახოთ. საქმე ბიზნეს ცენტრს არ ეხება, უბრალოდ თქვენი სამეთვალყურეო სისტემის კამერები იმ შენობასაც უყურებს, რომელიც ჩვენი გამოძიების მთავარი სამიზნეა.

-რას იძიებთ თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ? - ჩაეკითხა ალექსანდრე.

-სამწუხაროდ, ეს გასაიდუმლოებული ინფორმაციაა. სანამ გამოძიება არ დასრულდება, არაფრის თქმის უფლება არ გვაქვს, თუმცა გეტყვით, რომ სისხლთან საქმე არ გვაქვს, საბედნიეროდ.

-კარგით, რა გაეწყობა. აქეთ მობრძანდით ლიფტისკენ, გთხოვთ! - თეიმურაზი და ტატო უკან გაჰყვნენ.

 ხუთ წუთში მონიტორებით გავსებულ ჩაბნელებულ ოთახში ამოჰყვეს თავი. ვიდეო-მონიტორინგის ოპერატორი ფეხზე წამოდგომით მიესალმა დეტექტივსა და ტატოს.

-ლაშა, ეს ბატონები კრიმინალური პოლიციიდან არიან. რასაც გეტყვიან, ყველაფერი შეასრულე! მე კი, თქვენი ნებართვით, დაგტოვებთ, რადგანაც შეხვედრა მაქვს ჩანიშნული რამდენიმე წუთში და არ მინდა, დაგვიანება არაპროფესიონალიზმში ჩამითვალონ. ვგონებ, ამ ეტაპზე იქ უფრო საჭირო ვარ, ვიდრე აქ, - მოწიწებით ითხოვა ნებართა იქ მყოფებისგან და კაბინეტი დატოვა.

-რა გნებავთ? - ვიდეო-მონიტორინგის ოპერატორმა კითხვით მიმართა თეიმურაზს.

-გუშინდელი ღამის ჩანაწერები, 9 საათიდან დაწყებული.

-კონკრეტულად რომელი ობიექტის?

-ცირკის მიმდებარე ტერიტორიის. თუ არ ვცდები, ყველაზე მაღალ წერტილში დამნტაჟებული კამერის ჩანაწერი გამოდგება.

-კარგით, ახლავე.

 რადენიმე წამში ყველაზე დიდ, ცენტრალურ მონიტორზე ცირკის შენობა გამოჩნდა. ვიდეოს იდეალურმა ხარისხმა და ღამის გამოსახულების გარჩევადობამ ტატოს გაოცება გამოიწვია.

-გთხოვთ აასწრაფეთ!... შეჩერდით! ახლა კი შეანელეთ, გეთაყვა! - მოხუცი ახლოს მივიდა ეკრანთან, - სტაჟიორო, მოდი ჩემთან!... შენც იმას ხედავ, რასაც მე?

-მართალი ყოფილხართ, ბატონო თეიმურაზ, - განაცხადა თანხმობის ნიშნად ბიჭმა.

 თვითკმაყოფილი დეტექტივი იღიმის, რადგანაც ჩანაწერში სწორედ ის დაინახა, რასაც მოელოდა: მთელს ეზოში მხოლოდ ერთი ხის, მხოლოდ ერთი ტოტი ქანაობდა გიჟივით. ახლა ყველაფერი ცხადია, ადამიანმა მოტეხა და არა ქარმა.

-თუ შეიძლება კიდევ ერთხელ ააჩქარეთ კადრი! - ვიდეოში ღამის თორმეტი საათის შემდგომი, უფრო გვიანი გამოსახულება გამოჩნდა, - და აი, მეც აქ ვარ. ღმერთო, რა დიდებული სიარულის მანერა მქონია! - წამოიძახა საკუთარი თავის ხილვით  აღფრთოვანებულმა დეტექტივმა, - კარგით, მადლობა, ბატონო ლაშა. მშვიდობით!

-მოიცადეთ ერთი წუთით! ამ ჩანაწერში რას აკვირდებოდით? პოლიციის მანქანები რატომ იყვნენ ცირკთან? იქ ვინმე მოკლეს?

-ცირკში მკვლელობა? - ხარხარებს, სტაჟიორიც აჰყვა ღლიცინში, - არა, რა თქმა უნდა, არავინ მომკვდარა. მანდ ადამიანის მოკვლა ვის გაუგია კაცო! უბრალოდ გუშინ ცირკის დირექტორს დაბადების დღე ჰქონდა. აი, ის კაცია უცაბედი სიხარულისგან ხელებს რომ აქნევს გაურკვეველი მიმართულებით! ჩემი უფროსი და ის ბავშვობის ძალიან ახლო, განუყრელი მეგობრები არიან. სიურპრიზი მოვუწყვეთ. ე.წ. ფლეშმობი. დაინახეთ როგორ ციმციმებნდნენ მანქანები? ეჰ, ცუდია, ხმები არ ისმის. არადა პოლიციელებმა საოცრად იმღერეს მრავალჟამიერი.

-აქ იმისთვის მოხვედით რომ ეს გენახათ? დამცინით, ბატონებო?

-არა, როგორ გეკადრებათ! უძვირფასესი მოგონებაა და კიდევ ერთხელ მომინდა ნახვა. გარდა ამისა, ქარის სიჩქარე და გარემოს ადეკვატური პასუხიც მაინტერესებდა ამ ბედნიერ საღამოს როგორი იყო. ხეებს ნამდვილად უხაროდათ, ქვებზე კი იმავეს ვერ ვიტყვი. აბა, ჰე, კარგად ბრძანდებოდეთ!

-არა, მოიცად... - სიტყვის დასრულებაც არ აცადეს ისე აორთქლდნენ ოთახიდან.

  ლიფტის კარი დაიხურა. კაბინამ ქვევით მოძრაობა დაიწყო.

-სტაჟიორო, სანამ ლიფტში ვართ, მოდი ტვინის მკვებავი უჯრედები გაავარჯიშე! მითხარი, რა გაიგე ბატონ ლაშაზე, როდესაც ოთახში ვიმყოფებოდით!

 ტატო წამით ადგილზე გაშეშდა. თვალები შესამჩნევად გაუფართოვდა. ამ კითხვას არ ელოდა.

-ბოდიშით, ბატონო თეიმურაზ, მაგრამ რამე უნდა გამეგო მასზე? - ხმაში დაბნეულობა ეტყობოდა.

-როცა შეხედე, რისი გაგება შეძელი? რა შეამჩნიე? რა ამოიკითხე?

-ყავის მანქანა უდგას კაბინეტში, ყავა უყვარს.

-ყავის მანქანა მეც მიდგას, მაგრამ ყავა რომ დავლიო, ჩემი გული გუდა-ნაბადს აიკრავს და დასასვენებლად წავა უჩემოდ.

-კარგით რა, ბატონო თეიმურაზ, მას საერთოდ არც ვაქცევდი ყურადღებას! მონიტორებს ვუყურებდი. ჩვენ ხომ ამისთვის ვიყავით მისულები?

-ოხ, სტაჟიორო, ოხ! თუ დეტექტივობა გინდა, ყველაფერს უნდა დააკვირდე, ყველა და ყველაფერი დეტალურად უნდა შეისწავლო.

-მაშინ თქვენ თქვით! მიდით! ამაში ხომ შეუდარებელი ხართ.

-ასე დაჟინებით რადგანაც მთხოვ, გეტყვი. ბატონ ლაშას 90-იანების იტალიური მუსიკა უყვარს, კედელზე გაკრული პლაკატით ამის გაგება შეგეძლო. ასევე ხატვა შეუძლია, როდესაც მის კაბინეტში შევედით ფურცელი, რომელზეც იაპონურ თევზებს ხატავდა, სწრაფად ჩამალა მაგიდის ქვედა უჯრაში, რათა დირექტორს არ დაენახა უსაქმურად რომ იჯდა. დაბალ ხელფასს უხდიან. ამას გაიგებდი იმით, რომ საშინელი სუნამო ესხა და შესამჩნევად გაცვეთილი ფეხსაცმელი ეცვა. გარდა ამისა, ცოლთან არასახარბიელო რომანტიული ურთიერთობა აქვს.

-რა? რანაირად გაიგეთ?

-თუ დააკვირდებოდი, აუცილებლად დაინახავდი, თითზე ჯვრისწერის ბეჭედის მხოლოდ კვალი ემჩნეოდა. რაკი კვალი ასე შესამჩნევი იყო, ნიშნავს, რომ დიდი ხანია დაქორწინებულია, მინიმუმ ათი წელი მაინც, თუმცა ოჯახური ურთიერთობა მხოლოდ მეგობრულ თანაცხოვრებად იქცა და პირვანდელი ხიბლი დაეკარგა მისთვის. ამის ფონზე საყვარელი რომ გაიჩინა, არც მიკვირს. დღეს სწორედ მას უნდა შეხვდეს. საათს ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ამოწმებდა, როგორც ჩანს, რაღაც მნიშვნელოვანს მოელის ამ შეხვედრისგან და, შესაბამისად, ნერვიულობს. მის საყვარელს გრძელი, ქერა თმები აქვს. მაგ ქალის თმის რამდენიმე ღერი საკიდზე ჩამოკიდებულ შავ ქურთუკზე უბზინავდა.

-იქნებ ცოლის იყო, ან რომელიმე მომუშავე ქალის, რომელსაც მისალმებისას ჩაეხუტა?

-ცოლი შავგვრემანი ჰყავს. მაგიდაზე ოჯახური ფოტო ხომ ედო? ხოდა იქ დაინახავდი. რაც შეეხება მომუშავე ქალებს, დრესკოტის გამო ქვევით შეკრული ე.წ. „კოსა“ უკეთიათ. აი, ისეთი, როგორიც სპეციალურ სამოსში გამოწყობილ ადმინისტრატორ გოგონას ჰქონდა. მინიმალურია იმის ალბათობა, რომ რომელიმე მათგანის თმის ღერი ყოფილიყო.

-იქნებ ფოტო ძველია და ცოლმა თმა შეიღება?

-მაშინ რატომ სწერდა ქერათმიანი ქალი მესენჯერში, შენს შავტუხა ცოლს როდის გაეყრები? ამდენხნიანი საიდუმლო ურთიერთობა უკვე ყელში მაქვს ამოსული. გელოდები! უნდა ვილაპარაკოთო?

-მის მიმოწერას აკვირდებოდით თუ კამერის ჩანაწერებს?

-ორი თვალი მაქვს, ანუ ორ განსხვავებულ რამეს შემიძლია ვუყურო. ახლა კი მიდი გაინძერი! გაიხსნა კარი. ნუ ხარ გაჩხერილი შუაში! გამატარე!

 უკვე იმ ადგილს უახლოვდებიან, საიდანაც შემოვიდნენ.

 მძღოლმა გასასვლელისკენ მომავალი მეგობრები შორიდანვე შეამჩნია. ძლივს მოსწყდა შოკოლადების მაგიდას და მათ ნელი სვლით მიუახლოვდა.

-აბა, რა გაარკვიეთ, ტატოიე?

-სწორედ ის, რაც გვჭირდებოდა, ბატონო გიზო. მკვლელობაში ერთზე მეტი დამნაშავეა გარეული.

 მოულოდნელად თეიმურაზს ჯიბეში ტელეფონი აუწკრიალდა. ამოიღო და როგორც კი უფროსის ნომერი იცნო, თვალები ნერვებმოშლილმა გადაატრიალა და  უხალისოდ ალაპარაკდა:

-გისმენთ, ბატონო როსტომ... არა, ჯერჯერობით დეტალებზე ვმუშაობთ, ექსპერტიზის გარეშე საბოლოო დასკვნის გამოტანას არ ვიჩქარებ... როგორც მოვილაპარაკეთ...დიახ... სატელეფონი ჩანაწერს უახლოეს დღეებში ველოდები... რა ვკითხო? - ტატოს გახედა და უფროსის კითხვა გაუჟღერა, - სტაჟიორო, ბატონ როსტომს აინტერესებს, თუ რამდენად მოგწონს გამოძიების მსვლელობაში მონაწილეობის მიღება.

-ძალიან, - მოკლედ მოუჭრა და გულის მხარეს გამოხეულ ჯიბეზე განზრახ, ყურადღების მისაქცევად მიიდო ხელი. უნდოდა სამკუთხედად გადმოკეცილი პატარა ქსოვილისთვის პირვანდელი მდგომარეობა დაებრუნებინა, მაგრამ ამაოდ.

-აღფრთოვანებულია, - ცოტა შელამაზებულად გადასცა ბიჭის პასუხი, - დიახ, ეჭვიც არ შეგეპაროთ ამაში. ბევრ რამეს ვასწავლი... კარგით, დროებით, უფროსო! - თქვა და საუბარი დაასრულა.

 ცენტრალური მინის კარი გაიარეს და კიბეზე დაეშვნენ. კვლავ ცირკში ბრუნდებოდნენ.

-ბატონო თეიმურაზ, ერთი წუთით! რაღაც მინდა გკითხოთ.

 მოხუცი ბოლო საფეხურის ჩავლის შემდგომ შეჩერდა, ტატოს მოუბრუნდა და პირდაპირ პასუხი გასცა არდასმულ კითხვაზე:

-არა, რა თქმა უნდა.

-ჯერ არაფერი მიკითხავს.

-სახეზე გაწერია, - ხმადაბლა თქვა, რომ არავის გაეგო, - არანაირი ბავშვობის განუყრელი მეგობრები არ არიან ეგ ორნი.

-რატომ არ თქვით სიმართლე?

-არ მინდა ამის აღიარება, მაგრამ ცირკის მხეცი დირექტორი მართალია, ხალხმა ცირკში მომხდარი ამბის შესახებ რომ გაიგოს, იქ საღლიცინოდ აღარავინ მივა. დაე, პატარებსა და მათ მშობლებს ჯერ კიდევ სჯეროდეთ, რომ ცირკის შენობა ისეთივე ვარდისფერია შიგნით, როგორიც გარედან. არაფერი დაშავდება იმით, თუ ჯამბაზის მკველობას საიდუმლოდ დავტოვებთ ქალაქის მოსახლეობისთვის.

-ხანდახან უკეთესია, რაც ნაკლები იცი, ტატოიე. უფრო მშვიდად ხარ კაცი, - დაამატა გიზომ.

 

 

 

13. სტაჟიორი

 

 ისევ ახალ კაბინეტში, ანუ ცირკის არენაზე დავბრუნდით. ბატონი თეიმურაზი მაგიდასთან ზის და გულდასმით ათვალიერებს საბუთებს, რომლებშიც დასის თითოეული წევრის ბიოგრაფიაა მოცემული. აუჩქარებლად კითხულობს თითოეულ დეტალს. მათი პირადი მონაცემებით სავსე უამრავი მოსაწყენი დოკუმენტი მეც წაკითხული მაქვს, თუმცა არც იმდენად მოსაწყენად მომჩვენებია, რომ დეტექტივისნაირი დაღონებული, უსიცოცხლო სახე მიმეღო კითხვის პროცესში.

 კარგა ხნის გასვლის შემდეგ ბატონმა თეიმურაზმა ყველა ფურცელი ერთ დიდ საქაღალდეში ჩააწყო, სკამიდან ნელა წამოდგა და ჩვეული, მბრძანებლური კილოთი მომმართა:

-მორიგი დავალება ჩემგან!

 ყველანაირი ტიპის დავალებას ველოდი მისგან, რთული იქნებოდა ეს თუ მარტივი, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რაც ამ ფრაზის შემდგომ მოულოდნელად განმიცხადა.

-ახლა მე და შენ ადგილებს გავცვლით, სტაჟიორო!

-ეგ როგორ?

-როგორ და სულ რამდენიმე წუთში ჯამბაზის სასცენო ასისტენტი, ბატონი ვიტალი, მოვა. ამჯერად მაყურებლის როლს მე შევასრულებ, შენ კი მოგიწევს, ეჭვმიტანილი მარტომ, ჩემი დახმარების გარეშე, დაკითხო. წარმოიდგინე, რომ უკვე შემდგარი, წარმატებული დეტექტივი ხარ! ისეთივე, როგორიც მე. თავდაჯერებულად და ბუნებრივად მოიქეცი! არ აგრძნობინო, რომ სტაჟირების პირველი დღე გაქვს! გასაგებია ყველაფერი?

 თავი დავუქნიე.

-კარგი! მაშინ წავალ და უკანა სექციაში გადავინაცვლებ მაყურებლის სკამზე. ვითომ აქ არც ვარ. აბა, შენ იცი! მასხარამ ჭკუით არ გაჯობოს იცოდე! - თქვა და თავისი ადგილის დასაკავებლად წავიდა.

-და მაინცდამაინც ვიტალი რატომ უნდა დავკითხო? - მივაძახე წითელი სკამისკენ მიმავალს.

-იმიტომ, რომ მასხარებთან საუბარი არ შემიძლია. გულს მიღონებენ, - სრული სერიოზულობით წარმოთქვა ისე, რომ არც მოუხედავს.

 ორი აზრი მაქვს ამ დავალებასთან დაკავშირებით, ან მეხმარება და მართლა უნდა დამოუკიდებლად დავკითხო ადამიანი, რათა პრაქტიკა გავიუმჯობესო, ან იმას მაკეთებინებს, რაც თავად ესიკვდილება. რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელისკენ ვიხრები, რეალობას მეტად შეესაბამება.

 ჩემი ადგილი დავიკავე. საკმაოდ დიდ მღელვარებას ვგრძნობ, თუმცა ეს გამოწვეულია არა იმით, რომ რამდენიმე წუთში ნამდვილი დაკითხვა უნდა მოვაწყო და ეჭვმიტანილს საჭირო ინფორმაცია გამოვტყუო, არამედ იმით, რომ მაგიდიდად სულ ორიოდე მეტრში ჯამბაზის ცხედრის ცარცით მოხაზული სილუეტი შინაგან სიმშვიდეს მირღვევს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჯამლეტის სული ამ არენაზე მოუსვენრად დაძრწის და ინტერესით მაკვირდება. ამას ემატება ისიც, რომ ზურგზე თეიმურაზის მოუშორებელ, გამომცდელ მზერას ვგრძნობ. ხუთი საათი და ოცდაცხრა წუთია რაც ვიცნობ და უკვე მშვენივრად ვხვდები, რატომაც გარბოდნენ ასე სწრაფად მისგან სტაჟიორები.

-Привет![13] გამარჯობა! - გაისმა ბოხი ხმა.

 ეჭვმიტანილმა არ დააყოვნა და დათქმულ დროს გამოცხადდა.

-მოგესალმებით! - წამოდგომის გარეშე მივესალმე, - გთხოვთ დაბრძანდით! - ჩემ წინ მდგარ სკამზე მივანიშნე.

-Спасибо![14] ბატონი თეიმურაზი თქვენ ბრძანდებით ხომ? - რეებს ბოდავს, ღმერთმა დამიფაროს, - არადა, ასაკოვანი ნამდვილად არ ჩანხართ.

-არა, მე ტატო ვარ, მისი სტაჟიორი.

-ა, უკაცრავად! მაშინ მეექვსე გრძნობა მკარნახობს, რომ თქვენ უკან მყოფი ადამიანი არის ის, ვისთანაც მოვედი.

-დიახ, თუმცა დღეს გასულია მომსახურეობის ზონიდან, ამიტომ ახლა თქვენ ჩემთან მოხვედით, ბატონო ვიტალი.

-კეთილი.

 არ ვიცი რა ჯანდაბა დამემართა, მაგრამ როგორც კი ბატონი თეიმურაზის სკამზე დავჯექი, მაშინვე მისმა შხამიანმა აურამ ჩემს სხეულში უჩუმრად შემოაღწია და მასავით ამალაპარაკა.

-ჯერჯერობით მკვლელის საუკეთესო კანდიდატად თქვენ განიხილებით.

-ესე იგი, ჩემზე გაქვთ ეჭვი? ასე ძალიან რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ჩემი სასცენო ხელმძღვანელი მოვკალი?

-მისი ადგილის დაკავება გინდოდათ. სანამ ცოცხალი იყო, ბატონი ჯამლეტის ჩანაცვლებას არავინ ფიქრობდა, ახლა მკვდარია და მხოლოდ თქვენ დარჩით. მთავარი ჯამბაზი გახდებით. მიზანი მიღწეულია, - დაჭმუჭნილი წერილი წინ დავუდე, - ეს მის ჯიბეში აღმოვაჩინეთ. გეცნობათ?

  წაიკითხა. ღრმად ამოისუნთქა. ცოტახანს დუმს და გამომცდელად მიყურებს.

-ანუ გგონიათ ის ჩაქრა, მე კი ავინთე?

-მე ბევრი რამ მგონია ამ წერილთან დაკავშირებით.

-ეს ჩემი ხელწერა არ არის.

-ხელწერის შეცვლა რთული არ არის, - შევეპასუხე ამაყად.

-კარგით! თუ ასე ძალიან მინდოდა მისი ჩანაცვლება, მაშინ პირდაპირ რატომ არ ვუთხარი? მოკვლა და ზედმეტი პრობლემების აკიდება რა საჭირო იყო?

-შესაძლოა უთხარით კიდევაც, მაგრამ უარი მიიღეთ და რაკი სიტყვებმა არ გაჭრა, სიკვდილის ჯერი დადგა.

-თუ ასეა, მაშინ რატომ არ გამოვასალმე სიცოცხლეს სადმე, მიყრუებულ ადგილას? ან გვამი მაინც რატომ არ მოვიშორე თავიდან? ნუთუ ასეთი წინდაუხედავი გგონივართ?

-ყველაზე მარტივია დაფარო მკვლელობა იქ, სადაც ბევრი ხალხი და სიბნელეა. ასეთ სიტუაციაში გვამის მოშორებაზე ფიქრი აღარ ხდება საჭირო, - რაღაც არ მომწონს, საუბრის მომენტში როგორც შეტრიალდა ჩვენი როლები, კითხვებს ის სვამს, მე კი მოპასუხე მხარედ მაქცია, ამიტომ ჩემს სათქმელს კითხვაც თან მოვაყოლე და წართმეული პოზიცია დავიბრუნე, - როგორი ურთიერთობა გქონდათ ბატონ ჯამლეტთან?

-ძალიან კარგი. მისი მშობლიური ენაც კი შემომესწავლა ამ ხუთ წელიწადში. ამით კი უფრო გამარტივდა მასთან ყოველდღიური საუბრები და სამსახურეობრივი ურთიერთობაც.

-გასული დღეების წარმოდგენებთან დაკავშირებით პატარა უთანხმოება გქონდათ, ასეა?

-ისეთი სერიოზული არაფერი მომხდარა, მკვლელობის მიზეზი რომ გამხდარიყო.

-და მაინც, დეტალების მოსმენის სურვილი მკლავს.

-დაბნეული იყო. გამოსვლის დროს მოქმედებების თანმიმდევრობა აერია, შესაბამისად, უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო. რამდენიმე სექტორის მაყურებელი საერთოდ დაივიწყა. მათკენ არც გაუხედავს. ბოლოს კი ყველაზე საშინელი რამ გააკეთა, ყველაზე დიდი იმედგაცრუება.

-ასეთი რა ქნა?

-არ გაიღიმა... უკაცრავად, მაგრამ თქვენი პერანგის ჯიბეს რა დაემართა? - დამცინავი მზერით მიყურებს.

 რა საჭირო იყო ამ უაზრო კითხვის დასმა? ახლა რანაირად ვუთხრა, რომ ამ შეშლილმა მოხუცმა დეტექტივმა ჩემი გულუბრყვილობით ძალიან მარტივად ისარგებლა, მოტყუებით ამაძვრინა ხეზე, მერე კი ამას ჩემი მოუხერხებლობაც დაემატა და ჩამოვარდნისას ერთ-ერთ ტოტს ჩამოვახიე-მეთქი? არადა, სულ ვახსენებდი საკუთარ თავს, ჯიბის დასაფარად პიჯაკის შემოცმა არ დამვიწყებოდა, სანამ ჯამბაზის ასისტენტი შემოვიდოდა.

 არც ტყუილის თქმა მინდოდა და არც სიმართლის, თუმცა პასუხგაუცემლობაც არ გამოვიდოდა, არაპროფესიონალად გამოვჩნდებოდი ამ მასხარასთან. რთული მდგომარეობა შემექმნა, ამიტომაც მესამე ვარიანტი ავირჩიე, ოდნავ შელამაზებულად გავეცი პასუხი მის უადგილო შეკითხვას:

-სამსახურეობრივი დავალების შესრულების დროს მოულოდნელად დამიზიანდა.

-ასეთი რა დავალება იყო?

-აქ ჩემს დასაკითხად არ შევკრებილვართ, ბატონო ვიტალი! - გადაჭრით და მკაცრად ვუთხარი, რადგანაც უკვე ნერვებს მიშლიდა მისი მომაბეზრებელი კითხვები და ჩვენი როლების გაცვლა, - გთხოვთ, მთავარი თემიდან ნუ გადავუხვევთ! სინათლე რომ ჩაქრა, რა გააკეთეთ?

-თქვენი აზრით?

-ის გააკეთეთ, რასაც ბოროტი ჯამბაზები აკეთებენ!

-ის გავაკეთე, რაც დასის ხემძღვანელმა გვითხრა, თავისუფლები ხართ, შეგიძლიათ ამ წყვდიადში გზა გაიკვლიოთ და გასახდელებში დაბრუნდეთო. სიბნელეში ძლივს მოვახერხე მოწესრიგება. მერე კი ცირკის ეზოში გამოვედი, სხვებიც იქ დამხვდნენ, ერთად ვაპირებდით წასვლას. ვიაჩესლავმა ცოტა ხნით კიდევ შეგვაყოვნა. მალე სადენიც შეაკეთეს და სინათლე კვლავ აინთო. როდესაც ლამპიონებით ეზო ისევ განათდა, გავაანალიზეთ, რომ ჯამლეტი ჩვენთან არ იყო. ვიფიქრეთ, უკვე წასული იქნებოდა, დალოდება არ უყვარდა. მაინც მოხუცი გახლდათ და ახალგაზრდებთან საერთო ენის გამონახვა დიდად არც ეხერხებოდა, თუმცა ყველასთან მეგობრობდა და კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

-თქვით, რომ სხვებიც იქ დაგხვდნენ, ანუ ყველაზე ბოლოს თქვენ დატოვეთ ცირკის შენობა?

-სხვების სახეებს მსუბუქი მაკიაჟი ამშვენებდა, არაფერი დაშავდებოდა სასტუმრომდე ასეთი ფორმით თუ წავიდოდნენ. მათგან განსხვავებით, მე გრიმი მესვა. ამის მოშორებამ სანთლის შუქზე დიდი დრო წაიღო.

-როცა სინათლე ჩაქრა, ყველამ ერთდროულად დატოვეთ არენა?

-ან კი, ან არა. სიბნელე იყო. აბა, მე რა ვიცი?

-ბატონი ჯამლეტი რატომ არ მოიკითხეთ სად იყო?

-იმ ღამით ბევრი შენიშვნა მივიღე მის გამო. მასთან საუბარი აღარ მინდოდა. თან პატარა ბავშვი არ იყო, სიბნელის რომ შეშინებოდა. სასტუმრომდეც მშვენივრად მივიდოდა მარტო.

-ეჭვი გაქვთ ვინმეზე?

-არავიზე. 

-იქნებ გაიხსენოთ რაიმე ტიპის უთანხმოება დასის წევრებს შორის, რომელიც ჯამლეტის მიერ იყო გამოწვეული, ან რომელშიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ისიც მონაწილეობდა!

-მსგავსი არაფერი მახსენდება. უკონფლიქტო პიროვნება იყო. არასდროს არავისთან ჰქონია დაძაბული ურთიერთობა. ჩვენს დასში არასდროს არსებობდა სერიოზული უთანხმოებები.

 რაც უფრო მეტ კითხვას ვუსხამდი, მით უფრო დავდაჯერებულად მპასუხობდა. ზედმეტად ბუნებრივად იქცეოდა. მღელვარება არც კი ეტყობოდა. დარწმუნებული იყო საკუთარ თავში. მე კი კითხვები ნელ-ნელა მეწურებოდა. ვხვდებოდი, რომ ასეთი ტემპით დიდად ვერაფერს მივაღწევდი.

-კიდევ გაქვთ კითხვები ჩემთან? - რადგანაც შესამჩნევად დიდი ხნით მომიწია გაჩუმება და მორიგ კითხვაზე დაფიქრება, ვიტალიმ თავად აიღო ინიციატივა და სიჩუმე დაარღვია.

-ბერვი რამ მიანიშნებს იმაზე, რომ მკვლელი თქვენ ხართ.

-ისევ თავიდან დაიწყეთ? ხომ გითხ...

-ამბიციური პიროვნება ჩანხართ. აშკარაა, სასცენო ასისტენტობაზე უფრო მეტი გსურთ. გინდათ, რომ დასის მთავარი სახე გახდეთ. მოგბეზრდათ მოხუც ჯამბაზებთან მუშაობა. თქვენი სურვილია ერთადერთი იყოთ. მაყურებელს მხოლოდ თქვენ უყვარდეთ, მხოლოდ თქვენ იწვევდეთ აღფრთოვანებას სცენაზე.

-საინტერესო მოსაზრებაა. ამბიციური ადამიანი მართლა ვარ.

-მაგრამ?

-არა იმდენად რომ კაცი მოვკლა.

-კეთილი. მგონი, აქ დავასრულეთ საუბარი, ბატონო ვიტალი. მადლობა მობრძანებისთვის. ნახვამდის!

-До свидания![15] - თქვა და წავიდა.

 მთელი ამ დროის განმავლობაში ბატონი თეიმურაზი ჩუმად იჯდა ხის წითელ სკამზე და კრინტიც არ დაუძრავს. მისი სუნთქვაც კი არ ისმოდა. ხოლო როგორც კი ჯამბაზის ასისტენტმა არენა დატოვა, ისევ ამოიდგა მწარე ენა.

-რატომ გააგდე ასე მალე?

-არ გამიგდია, უბრალოდ მეტი აღარაფერი ჰქონდა სათქმელი.

-აბა, მკვლელია თუ არა?

-მოიცადეთ! ამ ერთი დაკითხვით უკვე უნდა მივხვედრილიყავი მაგას?

-ოხ, სტაჟიორო! დეგრადირებული მეხსიერება შეარხიე ცოტათი! დღევანდელი დღე გაიხსენე, რითი დავიწყეთ, რითი გავაგრძელეთ და სად მოვედით! მერე კი ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირე და დასკვა გამოიტანე!

 დავიწყეთ იმით, რომ ტელეფონი გავტეხე, გავაგრძელეთ იმით, რომ ხიდან ჩამოსვლისას პერანგი ჯიბესთან გამომეხა და ბოლოს ისევ ჩემს დამცირებასთან მოვედით-მეთქი, დიდი სიამოვნებით მივახლიდი ამას, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნე.

-კარგით. ტოტი ძალით არის მოტეხილი, ანუ მკვლელობა წინასწარ დაგეგმეს და ერთზე მეტი პირია გარეული საქმეში. წევრების შეკრების დრო ცუდი ამინდის პერიოდს დაემთხვა, ტოტის შესახებ რომ არ გვცოდნოდა, მაშინ ამას შემთხვევითობას მივაწერდით, მაგრამ არა, ყველაფერი გათვლილია. მშვიდი, წყნარი ღამეც რომ ყოფილიყო, ტოტს აუციებლად მოტეხდნენ. დასის ხემძღვანელი მკვლელი არ არის. წერილი მიანიშნებს, რომ დამნაშავე ვიტალი უნდა იყოს, მაგრამ ზედმეტად ჭკვიანი ჩანს, ამ წერილს არ დატოვებდა.

-აიღე მისი ბიოგრაფია, - საქაღალდედან ვიტალის პირადი ინფორმაციით სავსე ფურცელს მაწვდის, - კარგად წაიკითხე ყველაფერი და მხოლოდ მაგის შემდეგ მიპასუხე კითხვაზე, რამ შეუშალა ხელი რომ მკვლელობა ჩაედინა?

-ანუ გინდათ თქვათ, რომ ამ ერთი გვერდითაც კი მარტივად შევძლებდი იმის გაგებას, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია? მთელი ეს დაკითხვა და ჩემი ნერვების დაწყვეტა ამაო იყო?

-ნაწილობრივ.

 ახლა გასაგებია რატომაც ჩამაბარა დაკითხვა მე. ისედაც მშვენივრად იცოდა მკვლელი იყო თუ არა.

 ფურცელი გამოვართვი და ყველაფერი დაწვრილებით გადავიკითხე. როცა მოვრჩი მისი ბიოგრაფიის ხელახლა გაცნობას, დეტექტივმა კიდევ ერთხელ გამიჟღერა კითხვა:

-აბა, რამ შეუშალა ხელი რომ მკვლელობა ჩაედინა?

-ოჯახმა.

-დიახ, სტაჟიორო! ვიტალის ცოლი და სამი პატარა ქალიშვილი ჰყავს. იმ მოხუცი ჯამბაზის გამო ციხეში არ წავიდოდა. ჯამბაზისა და ჯამბაზის ასისტენტის ხელფასებს შორის სხვაობა სულ რაღაც 300 დოლარია. ამ მცირე თანხის გამო არ გარისკავდა. მაყურებელს კი ორივე ერთნაირად უყვარდა და მეტი პოპულარობა აღარც სჭირდებოდა.

შესაძლოა ვიტალის უნდა იყოს მთავარი ჯამბაზი, მაგრამ არა ამ ფასად. დასის ხელმძღვანელმა ხომ თქვა, რომ ჩვენი საცირკო დასის იმიჯი იმით იყო ცნობილი, რომ ყოველთვის ორი ჯამბაზი გვყავდაო?! ერთი ახალგაზრდა, მეორე კი ცოტა ასაკოვანი. ძალიანაც რომ სდომოდა მთავარი ჯამბაზობა, ვიაჩესლავი ამის ნებას არ მისცემდა. ამ მარკეტინგულ გათვლას არ გააფუჭებინებდა. ის რომ ბოლო წარმოდგენები ჩაუვარდათ და ყველაფრის გამოსწორება ვიტალის მოუწია, ეს მაინც არ იყო საკმარისი საბაბი დანაშაულის ჩადენისთვის. იგი უბრალოდ გაბრაზებული იყო ჯამლეტზე, მაგრამ არა განრისხებული. აქ არ არის სხვისი ადგილის დაკავებისკენ სწრაფვის დაუმონებელი სურვილი.

-რაღაც დამაჯერებელ მიზეზად არ მეჩვენება ოჯახის თემა. ბევრ დამნაშავეს ვიცნობ, ვისაც ცოლ-შვილი ჰყავს, მაგრამ მაინც ჩაიდინა მკვლელობა თუ ძარცვა, - შევეპასუხე დაეჭვებული სახით.

-ყოჩაღ, სტაჟიორო! სწორი შენიშვნაა. მიხარია, რომ ბოლომდე არ ენდე ჩემს აზრს! ოჯახი ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია, თუმცა არა მთავარი.

-მაშინ მთავარი რომელია?

-მისი მარჯვენა ხელის მტევანი, რომელსაც არ დაუკვირდი. ზედმეტად პატარაა. გარდაცვლილის სახის ფოტოზე კარგად ჩანდა, რომ მკვლელს საკმაოდ გრძელი თითები და მოცულობითი ხელის გული ჰქონდა, ჯამლეტის ხელის მტევანი კი მაგ საქმეში არ გამოდგებოდა.  წერილი ვიღაცამ განზრახ დაწერა. უნდოდა, ეჭვი ვიტალიზე მიგვეტანა და...

-და ასე გამოძიებაც მალე დამთავრდებოდა. მას, ვინც ეს წერილი დაწერა, ეგონა, რომ ხელოვნურად შექმნიდა გამოძიების განვითარების შესაძლო სცენარს. ვიტალი იმ ღამით ჯამლეტზე გბრაზებული იყო, შეგვეძლო გვეთქვა, რომ შემთხვევით ისარგებლა და მოგუდა ადამიანი, როდესაც კამერები არ იწერდა, მაგრამ არა... და მაინც, ეს ცუდია! ძალიან ცუდია! ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ვინ არის მკვლელი, ბატონო თეიმურაზ.

-მერე რა? სამაგიეროდ ვიცით, ვინც არ არის... ისე კი ვიტალიში ერთი ისეთი დეტალი იკვეთება, რაც ეჭვს ბადებს და დაფიქრებად ღირს.

-რას გულისხმობთ?

-დააკვირდი რომ მხოლოდ გამარჯობა, მადლობა და ნახვამდის გითხრა რუსულად? დანარჩენში კი არაფერში დასჭირვებია მშობლიური ენა? მაშინ, როცა ვიაჩესლავს, რომელსაც ქართველი ბებია ჰყავს, სიტყვების ქართული მნიშვნელობა ავიწყდებოდა და ხშირად იყენებდა საუბარში რუსულს?

-და პრობლემას რაში ხედავთ, ბატონო თეიმურაზ?

-იმაში, რომ ვიტალის ზედმეტად კარგად შემოესწავლა ჩვენი ენა, თან საგრძნობლად მცირე დროში, - თქვა და მრავლისმეტყველი წერტილი დასვა.

 

 

 

 

14

 

 საღამო ახლოვდება. ცირკის შენობას ალაგ-ალაგ რამდენიმე პოლიციელი კვლავ ჩვეული პოზიციიდან აკონტროლებდა.

 დეტექტივმა გადაწყვიტა, რომ ჯამბაზის სასცენო ასისტენტის შემდგომ ჯერჯერობით აღარავის დაკითხვა აღარ ღირდა, რადგანაც ელენესგან ექსპერტიზის დასკვნების გადმოცემას ელოდა. დარწმუნებული იყო, გარდაცვლილის სხეულს მრავალი დაფარული დეტალის გამხელა შეეძლო.

-საღამო მშვიდობის, ბატონო ვალერიან, აბა, ვუყუროთ ფილმებს? - წარმოთქვა თეიმურაზმა და მონიტორებით განათებული ოთახის რკინის კარი ძლივს მიხურა.  

-მობრძანდით, ბატონებო, - ფეხზე წამოდგომით მიეგება ცირკის ერთ-ერთი თანამშრომელი სტუმრებს, - თუმცა დრო საკმაოდ გაგვეწელება.

-არა უშავს, გვიანობამდე არ ვიძინებთ.

 თეიმურაზი და ტატო ცირკის ადმინისტრაციულ ნაწილში იმყოფებიან. აქ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ინახება. მათ მთლიანი ღამის ჩანაწერებს გადაავლეს თვალი, ქინგ დევიდის კამერებით კი გამოტოვებული მონაცემების შევსება მოხერხდა. თითქმის ორ-საათიანი ყურების შემდგომ ჩანაწერების შესწავლა საბოლოოდ დაასრულეს. უკვე გაიგეს, რაც ხდებოდა გარეთ 35 წუთიანი ჭრის დროს. ახლა ზუსტად იციან ვისზე უნდა მიიტანონ ეჭვი. დასის ცოცხლად დარჩენილი 67 წევრიდან 62 დენის გათიშვის მომენტში უკვე დიდი ხნის წასული იყო. ცირკში მომუშავე წევრებიდან მხოლოდ კაპელდინერი და სამი დარაჯი იმყოფებოდა შენობაში.

-ეჰ, დასანანია, - დაღონებით ამოიოხრა მოხუცმა.

-რა, ბატონო თეიმურაზ?

-რა და ცირკის მხეცი დირექტორი იმ დღეს 9 საათზე გავიდა შენობიდან და მხოლოდ 11 საათისთვის დაბრუნდა. ის მკვლელი ვერ იქნება. არადა როგორ დაამშვნებდა ციხის გისოსებს!...

 დეტექტივი დგება და თავის პორტფოლიოს იღებს.

-კარგი, სტაჟიორო, დღეისთვის აქ შევჩერდეთ! დანარჩენი ხვალინდელი დღისთვის გავაგრძელოთ! სადაცაა ათი საათი შესრულდება. გიზო უკვე მოსული იქნება. არ ვალოდინოთ. წავედით!

 დამაკავშირებელი დერეფანი გაიარეს, არენის ცენტრალურ შესასვლელსაც გასცდნენ და გარეთ გავიდნენ. თეიმურაზმა სიკვდილის სუნით დამძიმებული ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა და ბაზალტის კიბეზე დაეშვა. ტატო ფეხდაფეხ მიჰყვება. სულ მალე გზის პირზე აღმოჩდნენ და მათ წინ თეთრი ჰამერის უზარმაზარი ოთხკუთხა სილუეტი აღიმართა.

 გიზო მძღოლის სავარძელზე იჯდა და მარცხენა ხელი ფანჯარაში გადმოეყო. როგორც კი მეგობრები დაინახა, მისალმების ნიშნად მოხრილი ხელი ჰაერში ასწია.

-კაი ხალხს საღამოს სალამი ჩემგან! - გაბადრული სახით იყურება, როგორც ყოველთვის.

-საღამო მშვიდობის, ბატონო გიზო! - ბიჭი მანქანას მიუახლოვდა.

-აბა ტატოიე, რავა მეგეწონა სტაჟირების პირველი დღე?

-საკმაოდ დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, - ხელოვნურმა ღიმილმა კბილების გამოჩენა ვერ შეძლო მის სახეზე.

-სადანა ცხოვრობ, ტატოიე? ჩამიჯექი, წაგიყვან! ჯერ ამ ბებერს დავაბინავებ, მერე კი შენც მიგაცილებ პირდაპირ სახლამდე.

-უღრმესი მადლობა. არცისე შორს ვცხოვრობ აქედან, თუმცა ჯერ სახლში ვერ დავბრუნდები. საჩუქარი მაქვს საყიდელი. ხვალ ჩემი მეზობლის დაბადების დღეა და მაღაზიაში უნდა გავიარო. არ მინდა თქვენი შეყოვნება. უჩემოდ წადით! ავტობუსს დაველოდები, პრობლემა არ მაქვს.

-კარგი! აბა, ხვალამდე, სტაჟიორო! - მოკლედ მოუჭრა ფეხზე დგომით დაღლილმა თეიმურაზმა და წინა მგზავრის კარს მიუახლოვდა. სახელური გამოსწია, თუმცა ამას კარის გაღება არ მოჰყოლია, რადგანაც დეტექტივის გულგრილობით გაბრაზებულმა გიზომ სპეციალურ ღილაკზე თითის სწრაფი დაჭერით ავტომობილის ყველა კარი დემონსტრაციულად ჩაკეტა შიგნიდან.

-გააღე! - კბილებში გასცრა თეიმურაზმა.

-დეიცა, კაცო! ამ ღამე აქ ხომ არ მივატოვებთ ჩაბარებულ ბოვშს? განა ასეთი რამ გვეკადრება? მოგვკლავს მამამისი. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შვილია ბოლოს და ბოლოს! - როცა დეტექტივის დატუქსვას მორჩა, ბიჭისკენ გაიხედა და მზრუნველობით აღსავსე კილოთი მიმართა, - შენ მაგას არ უსმინო, ტატოიე! ერთი ის მითხარი, ვისი დღეობაა? ქალისი თუ კაცისი? - ჩაეკითხა მძღოლი.

-კაცის.

-იცი რაც უნდა უყიდო?

-არჩევანი მაჯის საათზე შევაჩერე.

-მაშინ, წამო მიღაზიამდე მაინც მიგიყვან. ვიცი ერთი კაი ადგილი, სადაც მაგისთანა რამეები იყიდება. ბარემ გზად უნდა ჩავუაროთ და იქ ჩამოგსვამ პირდაპირ. მიდი ჩაჯექი!  

 თქვა და შიგნიდან ჩაკეტილ კარებებს ბლოკი ახსნა.

-კარგით, რა გაეწყობა! - ტატომ ავტომობილს შემოუარა და უკანა მგზავრის სავარძელზე მოკალათდა, - მადლობა, ბატონო გიზო!

 მძღოლმა ჰამერი გმირთა მოედანზე მოატრიალა და ვარაზის ხევისკენ გააქროლა.

 

 

 

 

15. სტაჟიორი

 

-აი, ჩვენც მოვედით!

-კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, ბატონო გიზო! - მანქანიდან გადმოვედი და დეტექტივის ფანჯარას მივუახლოვდი, - ბატონო თეიმურაზ, ხვალ სად მოვიდე? დეპარტამენტში თუ ცირკში?

-დეპარტამენტში.

-კარგით, ნახვამდის.

 ორივეს დავემშვიდობე და ლამპიონებით განათებულ რუსთაველის გამზირს ნელი სვლით გავუყევი. ქუჩაში უამრავი ხალხი ირეოდა. ყველას სადღაც მიეჩქარებოდა. სწრაფად მოძრავი მანქანების ძრავებისგან კი ყურთასმენა აღარ იყო. საშინელი ხმაურისგან უკვე თავი მტკიოდა. ძალიან მალე შესაფერისი მაღაზია შორიდან დავლანდე და მისკენ გავემართე.

 საჩუქრების ყიდვა არასდროს გამომდიოდა. ყოველთვის გამოუსადეგარ ნივთებს ვჩუქნიდი მეგობრებსა და ნათესავებს. არც ამჯერად ვამყარებდი დიდ იმედს. მთავარი იყო, ერთი დღის გაცნობილი მეზობლის დაბადების დღეზე ხელცარიელი არ მივსულიყავი.

 ოხ, თენგო, შე ღიპიანო! რაღა შენს კარზე დავაკაკუნე მაინცდამაინც?! საერთოდ არ გაგიცნობდი და აღარ მომიწევდა ზედმეტი ფიქრი შენს საჩუქარზე. ან რა ჯანდაბამ გააფუჭა ჩემი საპარსი? ხვალ საღამოს თენგოსთან ღლიცინსა და ქეიფს ისევ თეიმურაზთან ყოფნა თუ არ მერჩივნოს.

 მაღაზიის კარის სახელური უნდა ჩამომეწია თუ არა, წამით დავფიქრდი. გონებაში ჩემი ღიპიანი მეზობელი წარმოვიდგინე და ვეცადე რომელიმე ძვირადღირებული საათი შემეხამებინა მისი ჩაცმულობის სტილისთვის, თუმცა არაფერი მოუხდა მის გასქელებულ მაჯას. ნეტა, საათებს ხმარობს საერთოდ? არცკი დავკვირვებივარ აქამდე. ანდა რას დავაკვირდებოდი, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი, ისიც ყავისფერ ბამბის ხალათში გახვეული, ნახევრად შიშველი. ეტყობოდა, პირდაპირ ლოგინიდან წამომდგარიყო, რომ ჩემთვის კარი გაეღო. არც მიკვირს. დილის ცხრის ნახევარზე მივადექი და ჯერ კიდევ ეძინებოდა მისნაირ კაცს, აბა რა იქნებოდა.

 ისე რა საათი ამიტყდა მეც! საპარს ვუყიდი. ნამდვილად სჭირდება მას და მეც.

 თენგოზე ფიქრში გართულმა ქუჩა გადავკვეთე და მოპირდაპირე მაღაზიაში შევედი.

მეორე ფეხი ჯერ არც კი მქონდა შედგმული, რომ კონსულტანტი გოგონა მაშინვე ჩემ წინ არსაიდან გაჩნდა და ჩვეული კითხვით მომეგება:

-რით შემიძლია დაგეხმაროთ?

-საღამო მშვიდობის! წვერის ორი ელექტრო-საპარსი მინდა.

-თუ ორის შეძენას აპირებთ, აი იმ კონკრეტულ მოდელზე ფასდაკლება გვაქვს. გნებავთ განახოთ?

-ნახვა საჭირო არაა. ვისარგებლებ მაგ ფასდაკლებით. ყველაზე გაყიდვადი რომლებიც არის, ისინი მომეცით! ოღონდ ერთი სასაჩუქრე ყუთში ჩამიდეთ, თუ შეიძლება!

-კარგით.

 გოგონამ საპარსები შესაბამის შეფუთვაში მალევე გაახვია და თანხის გადასახდელად სალარო აპარატი გამომიწოდა.

-გთხოვთ, ბარათი დაადეთ!

 როცა აპარატიდან ჩეკი ამოსრიალდა, მაშინვე ვიგრძენი რამდენად დამჩატდა ჩემი საბანკო ბარათი. ერთიანად ამხელა თანხის ჩამოჭრამ წამით გული შემიღონა, მაგრამ რას ვიზამდი. 960 ლარად ტელეფონს იყიდდა კაცი. ვივლი ახლა გაპარსული წვერით და დალეწილი ტელეფონით. მეტი რა გზაა!

 საპასებს ხელი დავავლე და ქუჩაში გამოვედი.

 გაჩერებაზე დავდექი. იმას ველოდებოდი, რაც პირველი გამოივლიდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო დროზე მიმეღწია სახლამდე და დამესვენა. სტაჟრების პირველმა დღემ სასიცოცხლო ენერგია მთლიანად გამომაცალა.

 ექვს-წუთიანი ლოდინის შემდგომ ნახევრად ცარიელ №301 ავტობუსში ავედი. როგორც ყოველთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას არც ამჯერად ჩაუვლია მშვიდად და უკონფლიქტოდ. ჩემს გვერდით მჯდარმა მოუხერხებელმა ბავშვმა გაზიანი სასმელის ალუმინის ქილა ისეთნაირად გახსნა, რომ ნახევარი მე გადამასხა შარვალზე.

 ზუსტად 13 წუთში ჩემს გაჩერებაზე ჩამოვედი. ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი კრწანისის ტყუპებს. ჩავუარე თმის სალონს, ფრესკოს, ქუჩის აღრენილ ძაღლს, რომელიც ჩემს დანახვაზე ყეფას უმატებს ხოლმე, გავიარე კორპუსის შიდა ეზოც და როგორც იქნა სადარბაზოში შევედი. ლიფტის გამოსაძახებელ ლიღაკს საჩვენებელი თითი მივაჭირე. რამდენიმე წამში კაბინაც გაიღო და იქიდან ორი შუახნის ქალბატონი გამოვიდა. მათი სუნამოების მძაფრი სუნით გაჟღენთილი ჰაერი რომ ჩავისუნთქე, წამით გავიფიქრე კიბით ხომ არ ავსულიყავი-მეთქი, მაგრამ იმდენად დაღლილი ვიყავი, გადავწყვიტე რამდენიმე წამით უბრალოდ არ მესუნთქა.

 დიდი ხანი არ არის, რაც კრწანისის ტყუპებში გადმოვედი. მარტო ცხოვრება მხოლოდ იმიტომ არის ძნელი, რომ საჭმლის კეთება თავად გიწევს, თუმცა ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგეს, რადგანაც ჩემს კვებაზე ბებიაჩემი ზრუნას. კვირაში რამდენჯერმე მოდის და უგემრიელეს კერძებს მიტოვებს. ბინის სათადარიგო გასაღები მივეცი და ნებისმიერ დროს თავისუფლად შემოდის ხოლმე, რადგანაც მე სახლში თითქმის არასდროს ვარ, კარი რომ გავუღო.

 ძილის წინ ყოველთვის ვამოწმებ ელექტრონულ ფოსტას. ვიცი, იქ აუცილებლად დამხვდება ბებიაჩემის მიერ გამოგზავნილი დრამატული წერილი, რომელიც, მიუხედავად შინაარსისა, მუდამ კარგ განწყობაზე მაყენებს.

 ლეპტოპი ჩავრთე და ორი საათის წინ მოსული ბოლო შეტყობინება გავხსენი:

 

[ტარიელ,

  ჩემო საყვარელო, როგორ ჩაიარა სტაჟირების პირველმა დღემ? ვიცი, რომ ყველაფერი გამოგივა და უმაგრესი დეტექტივი დადგება შენგან, თუმცა მაინც კარგად დაფიქრდი, აბა! იქნებ მაგისტრატურა არქიტექტურის მიმართულებით გავიაროთ? თუ დამიჯერებ და ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიიღებ სწორ გადაწყვეტილებას, დიდებული არქიტექტორი გახდები. ხომ იცი, მე ყველაფერი კარგი მინდა შენთვის, ჩემო სიხარულო.

 დღეს შენთან ვიყავი მოსული და ჩემი საფირმო კერძი დაგიტოვე სამზარეულოს მაგიდაზე. მაცივარში ატმის წვენი და შოკოლადის პატარა ტორტიც დაგხვდება.

 საყვარელო, არანაირად არ მომწონს, მარტო რომ ცხოვრობ, მაგრამ შენს უაზრო ახირებას პატივს ვცემ და ყველანაირად ვცდილობ შიმშილისგან მაინც გიხსნა. კულინარიული უნარები რომ საგრძნობლად დაქვეითებული გაქვს, ეს შენი ბრალი არ არის, არ იდარდო! უბრალოდ გენებში გაქვს ასე გაწერილი. ბაბუაშენი შენზე მეტად უნიათო იყო.

 ჩემო ნიჭიერო, ვერ წარმოიდგენ როგორ მეამაყები. ძალიან, ძალიან კარგი ხარ და თუ თმას ოდნავ დაიმოკლებ, კიდევ უფრო კარგი გახდები. იფიქრე ამაზე!!!

 თავს გაუფრთხილდი!

 გიგზავნი უამრავ ელექტრონულ კოცნას.

 

სიყვარულით,

შენი უბერებელი ბებია]

  

   

 როცა ბებიაჩემის წერილის ბოლოში გავედი, საპასუხო მეილი მივწერე:

 

 [ქალბატონო მარიკა,

  სტაჟირების პირველმა დღემ კარგად ჩაიარა. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. ვიცი, რომ დაგაინტერესებს, ამიტომ აქვე გეტყვი: 9 ოქტომბრის ღამეს ცირკში მოკლული ჯამბაზის საქმეს ვიძიებთ... და არა, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დამშვიდდი! ტყუილად არ იღელვო ამაზე!

 ყველაფერი უგემრიელესი იყო. მადლობა ჩემთვის ამდენს რომ აკეთებ. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

 აღფრთოვანებული ვარ თქვენით, მშვენიერო ქალბატონო!

  თმის შეჭრაზე ვიფიქრებ! (მართლა)

 

სიყვარულით,

შენი შვილიშვილი, რომელსაც ტ-ა-ტ-ო ჰქვია]

 

 

 მინდოდა, ბატონი თეიმურაზის შესახებაც მიმეწერა და ორიოდე სიტყვით გამომელანძღა ეგ უჟმური ბებერი, თუმცა რატომღაც თავი შევიკავე.

 არ მეგონა, სტაჟირება ასეთი რთული თუ აღმოჩნდებოდა, მაგრამ, ალბათ, ეგ იმიტომ, რომ თეიმურაზისნაირი ხელმძღვანელი შემხვდა. ჩემი მოკრძალებული აზრით, უკეთესი იქნებოდა, მის მაგივრად ბატონი გიზო ყოფილიყო მთავარი დეტექტივ-გამომძიებელი. საოცარი ადამიანია, მეგობრული, ხალისიანი და მზრუნველი. ძალზე მახარებს ის ფაქტი, რომ უახლოეს მომავალში სამსახურის დატოვებას არ აპირებს და კიდევ გადაიკვეთება ჩვენი გზები დეპარტამენტში. თეიმურაზს კი ჯანდაბამდეც გზა ჰქონია! კიდევ ექვსი დღეც ავიტან როგორმე. მერე კი განცხადებას დავწერ და მოვითხოვ, ვინმე ნორმალურ ხელმძღვანელს მიმაბარონ.

 

 

 

სამშაბათი, 11 ოქტომბერი

 

16

 

 დეტექტივი დღეს საკმაოდ ადრე, ათის ათ წუთზე გამოცხადდა სამსახურში. აჩქარებით შევიდა შენობაში და მაშინვე ლიფტი გამოიძახა. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში მიემართება. პატარა საეჭვო დეტალი აქვს დასაზუსტებელი.

-მობრძანდით! - გაისმა კაბინეტიდან გამომავალი მოგუდული ხმა, რომელიც მოხუცის მსუბუქ კაკუნს მოჰყვა, - ბატონო თეიმურაზ, ნამდვილად არ გელოდით. გთხოვთ, დაბრძანდით! რამ შეგაწუხათ?

-ქალბატონო ანა, ბევრ დროს არ წაგართმევთ, - მოხუცი უფროსი სპეციალისტის სამუშაო მაგიდას მიუახლოვდა და სავარძელზე მსუბუქად დაეშვა, - თქვენთან ერთი პატარა თხოვნა მაქვს. ვიცი, უარს არ მეტყვით. მინდა, იმ სტაჟიორთა პროფესიული ტესტირების შედეგების სია მაჩვენოთ, რომელთაც განაცხადი ჰქონდათ შემოტანილი დეტექტივ-გამომძიებლის თანაშემწის პოზიციაზე.

-დიახ, ახლავე მოგიძებნით მაგ სიას, - ადგა და საქაღალდეებით გავსებულ თაროს მიუახლოვდა, - ეგ ტესტირება პირადად მე ჩავატარე. მახსოვს, ძალიან კარგი ახალგაზრდები იყვნენ მოსული, სულ 27 აპლიკანტი. სტაჟირებაზე კი ავიყვანეთ ის ერთი, რომელსაც უამღლესი ქულა ჰქონდა. უნდა ვაღიარო, რომ გასაუბრებაზე საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. ანდა, რატომ არ მოახდენდა ვითომ?! ისეთი მამის შვილია!... აი, ისიც! - წარმოთქვა ბოლოს, როცა საჭირო ფურცელი გამოაძვრინა უამრავი დოკუმენტიდან.

 დეტექტივმა მოუთმენლად გამოსტაცა სია და ყველაზე ზევით დაწერილ სახელსა და გვარს დახედა. რამდენჯერმე გადაიკითხა, რათა წაკითხულის სისწორეში საბოლოოდ  დარწმუნებულიყო. ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა იმას, რომ სწორედ ტატო იქნებოდა ის, ვინც რეიტინგში პირველ ადგილზე აღმოჩნდებოდა, თან მაქსიმალური ქულით. „ესე იგი, მხოლოდ როსტომისა და მამაშენის ჩაწყობით არ მოხვედრილხარ ჩემთან. თურმე მართლა დაგიმსახურებია. ყოჩაღ, სტაჟიორო!“, გონებაში აქებდა ბიჭს და გაურკვევლად იღიმოდა.

-მადლობა, ქალბატონო ანა! - ფურცელი დაუბრუნა და გასასვლელი კარისკენ გაემართა. სახელური ჩამოწია, თუმცა სანამ კარს გამოწევდა, იქამდე კიდევ ერთი თხოვნით მიმართა ქალბატონს, - კარგი იქნება, თუ ჩვენს დღევანდელ შეხვედრას საიდუმლოდ დავტოვებთ!

-ამასთან დაკავშირებით არ იდარდოთ.

 

 

 

 

  17. სტაჟიორი

 

 უჩვეულოდ მზიანი დილა გათენდა. ამჯერად ყველაფერი მოვასწარი: გემრიელად ვისაუზმე, საყვარელი წიგნის ერთი თავი წავიკითხე და შესაფერისი ტანსაცმელიც შევარჩიე. არანაირი პერანგი და კლასიკური ფეხსაცმელი! გული მიგრძნობდა, ბებრუხანა დეტექტივი ისევ რაიმე იდიოტური საქმის გაკეთებას დამავალებდა. ისეთი რამ უნდა ჩამეცვა, გასაფუჭებლად რომ არ დამენანებოდა, მაგრამ თან ბომჟის შთაბეჭდილება არ უნდა დამეტოვებინა. ოდეკოლონი უკვე სანაგვე ურნაში განისვენებდა, მაგის მეორედ დამსხმელი მე აღარ ვიყავი.

 სახლიდან იდეალურ დროს გამოვედი. სანამ ათი საათი შესრულდებოდა, იქამდე მთელი 10 წუთი იყო დარჩენილი. რადგანაც საკმოდ ახლოს ვცხოვრობ, ზუსტად სამი წუთი იყო საჭირო დეპარტამენტში ფეხით მისასვლელად, ამიტომაც დაგვიანების არ მეშინოდა. ყველაფერი კარგად მქონდა გათვლილი.

 ყურსასმენები გავიკეთე და მშვიდად, ნელი სვლით გავუყევი გზას. ტელეფონში შესაფერისი სიმღერის შერჩევა დავიწყე თუ არა, მოულოდნელად მეტად არასასურველი ხმა გაისმა:

-ტატო!

 უნდა ავჩქარდე. ხმაზე ვიცანი. არ მიმიხედავს. იმედია არ ეგონება, რომ გავურბივარ. თან ყურსასმენები მიკეთია და ვითომ არ მესმის მისი ღრიალი.

-ტატო!

 ღმერთო, ამ ერთხელ გადამარჩინე, გემუდარები! სტაჟირებაზე დამაგვიანებინეს.

-მეზობელო!

 მივდივარ, მომყვება.

-მეზობელო!

 მივრბივარ, მომდევს.

-მეზობელო!

 ჯანდაბა! ახლა ამენთო მაინცდამაინც წითელი.

-ტატო, ძმაო!

 როდის გავხდით ძმები ნეტა? ფრესკოში ხომ არ შევიდე? არა, აზრი არ აქვს, შემომყვება. მაღაზიის წინ, შუქნიშანთან დავდექი, მოსიარულე კაცუნას მწვანედ ანთებას და მას ერთდროულად ველოდები. სხვა რა გზა მაქვს!

-აჰა, დაგიჭირე მაინც! - მხარზე ისე ძლიერად დამარტყა ხელი, რომ მომენტალურად შემაქანა და ტელეფონი გამაგდებინა. ტელეფონმა კი ყურსასმენები ჩაიყოლა და ასფალტს დაანარცხა.

-დაბადების დღეს გილოცავ, თენგო! როგორ ხარ? გამახარა შენმა ნახვამ, - მსახიობურ ნიჭს მოვუხმე და ბედნიერი სახით მივეგებე.

-მადლობა, მადლობა! ამდენი ხანია გეძახდი.

-მეძახდი? ბოდიში, ყურსასმენების ბრალია. არაფერი მესმოდა.

-ეგ არაფერი. სად მიგიჩქარია?

-სტაჟირებაზე მივდივარ.

-ა, ხო, გამახსენდა. გუშინ მიყვებოდი მაგაზე... დღეს ჩემთან გელოდები, ტატო! ხომ გახსოვს? აუცილებლად უნდა მოხვიდე! მეზობლებს გეპატიჟებთ.

-აბა, რა!

-ცხრაზე ვქეიფობთ!

 ქეიფი და ჯანდაბა შენ! როგორც იქნა ამენთო მწვანე.

-რა თქმა უნდა, ცხრაზე შენთან ვარ, - ვუღიმი.

-ჰე, მიდი, მიდი გაიქეცი და გელოდები საღამოს! აბა, დროებით! - ძლივს დამემშვიდობა და წავიდა.

 მისი დარტყმისგან მარჯვენა მხარ-ბეჭში ყრუ ტკივილები დამდიოდა. ტელეფონზე გაჩენილმა ახალმა ბზარმა სიმღერის მოსმენის ყოველგვარი ხალისი დამიკარგა, ამიტომ ყურსასმენები ჯიბეში ჩავიდე და ისევ მოძრავი მანქანების საბურავებისა და ძრავების ხმაურს დავჯერდი.

 საათს დავხედე და ვხვდები, აჩქარებაა საჭირო. ჩემი გათვლებით, 3 წუთში უკვე დეპარტამენში ვიქნები, სამყაროს გათვლებით, კი შესაძლოა, სულ რაღაც, 2 წუთით დავაგვიანო.

 ვნახოთ რა მოხდება!

 

 

 

18. სტაჟიორი

 

-მთელი 32 წუთით როგორ შეძელი დაგვიანება, სტაჟიორო?

-გთხოვთ, მაპატიეთ, ბატონო თეიმურაზ! გზაში რაღაც შემემთხვა. მოყოლას აზრი აქვს? დაიჯერებთ?

-ავარიაში მოყევი?

-არა.

-მაშინ არ მოყვე! დაჯექი!

 ვასრულებ ბრძანებას, სავარძელში მოწყვეტით ვეშვები. კარგა ხანს მდუმარედ ვსხედვართ. ჩაფიქრებული ზის და ტელეფონის ჩამქრალ ეკრანს დასცქერის. ნეტა ვის ზარს ელოდება?

-ელენეს ზარს ველოდები, - წარმოთქვა ისე, თითქოს ჩემს გონებაში დასმული კითხვა გაიგონა.

-გასაგებია!

 ცოტა ხნით მზერა დეტექტივიდან მარჯვნივ გადავიტანე და ფანჯარაში გავიხედე. დეპარტამენტის ეზოს ვუყურებ და საპარკინგე ზოლში ჩამწკრივებულ მანქანებს ვათვალიერებ.

-ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებული მკვლელობები ოდესმე გამოგიძიებიათ, ბატონო თეიმურაზ? - ვეკითხები ბოლოს.

-რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე ეგეთი საქმე ჩემს მრავალწლიან წარმატებულ კარიერაში. აი, მაგალითად, გასულ წელს მანქანების კოლექციონერის სიცოცხლე საგზაო ავარიამ იმსხვერპლა. მისი სხეული ერთიანად ამოიწვა ავტომობილში. ერთი შეხედვით უბედური შემთხვევის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა მალევე გავარკვიე, რომ მისი ცოლი იყო გარეული ამ ყველაფერში. ერთიანად დამწვარ ცხედარზე საკმაოდ საინტერესო დეტალი შევნი...

 ამასობაში მისმა ტელეფონმაც დარეკა. აშკარა იყო, დიდი ხანი ელოდა ამ ზარს.

-გისმენ, ელენე!... ახლავე მოვალთ! - საუბარი დაასრულა და ანთებული მზერა შემომანათა, - კარგი, სტაჟიორო, გვეყო მკვდრებზე საუბარი! ადექი, გვამების დროებით დაყოვნების ოთახში მივდივართ!

 

 

 

19

 

 დეტექტივი თავის სტაჟიორთან ერთად დინჯი ნაბიჯებით მიიკვლევს გზას ელენეს კაბინეტისკენ. ზუსტად ორ წუთში დანიშნულების ადგილთან ჩნდებიან.

-მე გაგიღებთ კარს, ბატონო თეიმურაზ, თქვენ არ შეწუხდეთ! – ბიჭი მოხუცი ხელმძღვანელის მიმართ ბუნებრივ თავაზიანობას იჩენს და კარის გასაღებად სახელურს ეხება. შიგნით აწვება, არ იღება. ახლა საპირისპირო მიმართულებით იმეორებს იმავე მოქმედებას, თუმცა კვლავ წარუმეტებელია ცდა, - ჩაკეტილია! - ასკვნის ბოლოს.

 მოხუცმა ტატოს გამამხნევებლად დაადო მხარზე ხელი და იქედნური ღიმილის თანხლებით მიმართა:

-სტაჟიორო, ამ კარს გვერდზე გაღება-გაცურების მექანიზმი აქვს, - კარს ნელა აცურებს მარჯვნივ, - აი, ნახე! ჩაკეტილი არ არის. ღიაა, ოღონდ მხოლოდ იმათთვის, ვინც გაღება იცის.

-კარგით, გასაგებია! - კვლავ თავაზიანად მიუგო, თუმცა აშკარად ეტყობოდა, თეიმურაზის გესლიანი სიტყვებით გამოწვეულ გაბრაზებას მთელი ძალით მალავდა დიპლომატიური ღიმილის მიღმა.

-მობრძანდით, ბატონებო! - ელენემ სტუმრები გვამებით გავსებულ ცივ ოთახში ისე თბილად შეიპატიჟა, გეგონებოდათ ფინჯანი ყავის დასალევად და ნამცხვრის საჭმელად ეძახდა. ნაცვლად ამისა, ორივე ჯამბაზის ცხედართან შეაჩერა. ხელის ზედმეტად ფრთხილი მოძრაობით გვამის სახეს ზეწარი გადახადა და იმედგაცრუებით სავსე ხმით დაიწყო, - სამწუხაროდ, ბევრი ვერაფერი აღმოვაჩინე, თუმცა რაც ვიპოვე, ნამდვილად დაგაინტერესებთ, - დამაინტრიგებელი პაუზის შემდგომ აღტაცებით აცხადებს, - კბილებს შორის მაიმუნის ბეწვს მივაგენი.

-სხვას? - ჩაეკითხა დეტექტივი, რომელიც აშკარად უფრო მეტს მოელოდა ექსპერტიზისგან.

-სულ ეს არის. სხვას ვერაფერს მივაგენი ისეთს, რაზეც ყურადღების გამახვილება გახდებოდა საჭირო... არანაირი სილურჯე თუ შინაგანი სისხლჩაქცევა! არც რაიმე საეჭვო ნივთიერება სხეულზე! ბატონო თეიმურაზ, გვამი ყველანაირად სუფთაა. მხოლოდ ეს ბეწვი იყო.

-ესე იგი, ბეწვი, - მოხუცმა ჩაფიქრებულად გაისწორა სათვალე, ორიოდე ნაბიჯით გაიარ-გამოარა და მცირეხნიანი დუმილის შემდგომ საუბრის დაწყება დააპირა თუ არა... „ამას რა ჯანდაბა უნდა აქ? კიდე კაი ის მყრალი სუნამო აღარ დაუსხამს დღეს!“.

-სალამი, მეგობრებო! აბა, როგორ მიდის გამოძიების საქმე? - როსტომმა ამაყად შემოაბიჯა ოთახში და ჯამბაზის გვამს გაუსწორდა, - თეიმურაზ, როგორ შეეწყვეთ შენ და ტატო ერთმანეთს? ერთი ესეც მითხარი!

-გამოძიება კარგად მიდის, უფროსო, ხოლო ჩემი და სტაჟიორის შეწყობის საქმე კი უბრალოდ მიდის.

-მაგას რა ჯობია მერე?!... ელენე, რამე საინტერესოს ხომ არ მიაგენი?

-დიახ, ბატონო როსტომ! აი, ექსპერტიზის დასკვნებს გაეცანით! - ფურცლებს აწვდის.

 როსტომის უპროპორციო სახის ცქერით დაღლილმა მოხუცმა სკამი იპოვა და დაჯდა. სანამ უფროსი ხმამაღლა კითხულობდა, თეიმურაზი დეტალებს უკავშირდებდა ერთმანეთს და ერთიანი, ლოგიკური ჯაჭვის შექმნას ლამობდა, თუმცა მალევე როსტომის ტელეფონმა დარეკა და ამან დასკვნები მეხსიერების წყვდიადში გაუფანტა.

-ბოდიშით, უნდა დაგტოვოთ, ჩემი ქალიშვილი მირეკავს. თუ არ ვუპასუხე, მომკლავს. ხელს აღარ შეგიშლით, - ოთახიდან გავიდა.

 დეტექტივმა მზერით მიაცილა კარამდე, შემდეგ გვამს შეხედა, გონებაში საეჭვო აზრმა გაუელვა. საჭიროდ ჩათვალა დაემახსოვრებინა სპონტანურად წამოჭრილი ჰიპოთეზა. მერე კი მაჯის საათს დახედა და ხმამაღლა წამოიძახა:

-სტაჟიორო, ჩვენი წასვლის დროა! მაიმუნების დედოფალი უნდა მოვიდეს. არ დავაგვიანოთ!

 

 

 

20

 

-Здравствуйте, господа![16] მე მაიმუნების დედოფალი ალინა გახლავართ!

 ამაყად შემოაღო კაბინეტის კარი და ისე ენერგიულად წარმოთქვა მისალმების პირველი ფრაზა, რომ გეგონებოდათ ამ შემოსვლას თავის საცირკო ნომერსაც მოაყოლებდა.   

 გემოვნებიანად ეცვა. კლასიკური სამოსით იყო წარმოდგენილი. გრძელი ჟღალი თმა კულულულებად დაეხვია და მხრების უკან გადაეყარა. მწვანე პიჯაკის შიგნიდან თეთრი მაქმენებიანი პერანგი მოუჩანდა. წელზე მასიური ქამარი შემოერტყა. გულზე კი ზურმუხტის ქვის ჩანართებით დამშვენებული ოქროს ყელსაბამი ეკეთა.

-ვიცი, ვინც ხართ, ქალბატონო ალინა! - გველივით წაისისინა დეტექტივმა, - მოდით, დაბრძანდით და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ! დრო არ დავკარგოთ! საბედნიეროდ, თქვენი უაღრესად მოსაწყენი ბიოგრაფია უკვე წავიკითხე. ცირკში მუშაობის საკმაოდ დიდი სტაჟი გქონიათ, - წამით მზერა ქალბატონის მიერ შემოყვანილ მაიმუნს მიაპყრო. ეს დაუპატიჟებელი სტუმარი ისე მოუსვენრად დახტოდა კაბინეტში, რომ გამორიცხული არ იყო ნებისმიერ წამს რაიმე ნივთი შემთხვევით დაელეწა, - ეს რომელი მაიმუნია? პიკოლო, ფილომენა, ალენა თუ ლილიანა?

-Филомена, моя феноменальная девочка![17]

-ძალიან სასიამოვნოა! - მიმართა მოჩვენებითი თავაზიანობით, - ახლა კი გთხოვთ, ჩემს პორტფოლიოს მოაშოროთ! სტაჟიორს მიეცით! ერთმანეთს გაართობენ.

-Моя красавица, иди ко мне![18] - მაიმუნი ბრძანებას წამში დამორჩილდა, დეტექტივის პორტფოლიოს თავი დაანება და ალინას კალთაში ჩაუხტა. ქალბატონმა ფილომენა ხელში ნაზად აიყვანა და ტატოს მარჯვენა მხარზე დაუსვა, - Познакомься со своим новым другом, моя дорогая![19] - ალერსიანი ხმით მიმართა ცხოველს და სკამზე დაჯდა.

 როგორც კი ბიჭის მხარზე აღმოჩნდა, მაიმუნმა მალევე მოძებნა ახალი გასართობი, ამჯერად ტატოს თმებს დაუწო თამაში. მართალია, სტაჟიორს სახეზე დიდად არ ეტყობოდა, თუმცა გული არათანაბრად უძგერდა და შინაგან აფორიაქებას მოეცვა. ამ მოუსვენარ ცხოველთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. კისერში პატარა ბეწვიანი ხელების მეტად არასასიამოვნო შეხებას გრძნობდა, რაც ძალიან აღიზიანებდა და არ მოსწონდა. უნდოდა მხრიდან ჩამოესვა და ხელში დაეჭირა, თუმცა ფილომენა ისე ძლიერ ჩაფრენოდა თმებში, რომ მისი მოშორება შეუძლებელი იყო.

-ქალბატონო ალინა, ზედმეტი ბელეტრისტიკის გარეშე, გთხოვთ, მითხარით როგორი ურთიერთობა გქონდათ ჯამბაზთან! - მოხუცმა ჩვეული მკაცრი ტონით განაგრძო საუბარი.

-ჯამლეტს ხუთი წელი ვიცნობდი. Он был очень хорошим человеком. Мы никогда не ссорились.[20] ძალიან დამწყდა გული, რომ ჩვენ გვერდით აღარ არის.

-ეჭვი ხომ არ გაქვთ ვინმეზე თქვენი დასიდან?

-არავიზე.

-აბა, გგონიათ თავისი თავი თავად მოგუდა?

-ვაიმე, არა, რას ამბობთ!

-მაშინ?

-მისი სიკვდილი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. ჩვენი თითოეული წევრი უნიკალურია თავისი არსებით. მჯერა, დასის ვერცერთი წევრი მკვლელი ვერ იქნება. ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ!

-აბა, ცირკში მომუშავე პერსონალზე გაქვთ ეჭვი?

-Я не знаю, ничего не могу сказать о них.[21]

-წარსულში საკმაოდ მრავალი წელი ვრესლინგით იყავით დაკავებული. ბევრი ჯილდოც აგიღიათ. რატომ მიატოვეთ ეს საქმე?

-მივხვდი, რომ силовые виды спорта[22] ჩემი არ იყო. რაღაც ახალი უნდა მომეძებნა ცხოვრებაში. ისეთი რამ, რაც შორს იყო ძველი პროფესიისგან. Я начала работать в зоопарке.[23] მაიმუნებთან ურთიერთობა მანდ ვისწავლე. თავიდანვე ყველაფერი იდეალურად გამომდიოდა... и в один прекрасный день[24] ვიაჩესლავს შევხვდი, ჩემს ძველ მეგობარს. არ ვიცოდი თუ საცირკო დასი ჰყავდა. ჩვენი ბოლო შეხვედრიდან დიდი ხანი იყო გასული და თურმე მაგ პერიდოში საკმაოდ წარმატებული ადამიანი გამხდარა. შემომთავაზა, მის დასში დამეწყო მუშაობა. მითხრა, რომ ამას არასდროს ვინანებდი, დიდი შემოსავალი მექნებოდა, ცნობილი გავხდებოდი, ბევრსაც ვიმოგზაურებდი. მეც დავთანხმდი და ახლა თავადაც ხედავთ, მაიმუნების დედოფალი ვარ, - დიდი სიამაყით განაცხადა ბოლო ფრაზა.

-მიხარია თქვენი წარმატება, - თეიმურაზი მოჭუტული თვალებით მიშტერებია და ძალით იღიმის, - ჟონგლიორზე და ლომების მომთვინიერებელზე რას მეტყვით?

-ანტონი და დიმიტრიც ჩემი მეგობრები არიან. მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ჯამლეტთან. ანტონი ძალიან მეგობრული ადამიანია. საოცარი იუმორის გრძნობა აქვს. დიმიტრი კი ზედმეტად სერიოზული კაცია. რთულია მისი გამხიარულება. Он всегда с недовольным лицом ходит. [25] ეტყობა, რომ მართლა ლომების მომთვინიერებელია.

-ქართული საიდან იცით? რატომ დაგჭირდათ ამ ენის შესწავლა?

-დამჭირდა-მეთქი, ასე გადაჭრითაც ვერ ვიტყვი, უფრო სურვილი მქონდა მესწავლა. ეს იმ ქართველ მამაკაცს უკავშირდება, რომელიც გასულ წელს გავიცანი. Он был очень обаятельным мужчинам,[26] - თქვა და მისი ხმის ტემბრს წამსვე შეეპარა ქალური სინაზე და განსაკუთრებული ვნება. სახეზე ბედნიერების ღიმილი აუთამაშდა, - მას შემთხვევით შევხვდი ჩინეთში. ჩვენს ერთ-ერთ წარმოდგენას ესწრებოდა, ხოლო როცა გამოსვლა დავამთავრეთ და წასასვლელად ვემზადებოდით, გასასვლელთან ყვავილების თაიგულით ხელში დამხვდა. ვახშამზე დამპატიჟა. Он легко привлек мое внимание.[27] ჩვენი ურთიერთობა ძალიან მარტივად აეწყო. ქართული მისთვის ვისწავლე. მინდოდა მასზე უფრო მეტი შთაბეჭდილება მომეხდინა და შევძელი კიდევაც, - ხელს იწვდის და თითზე გაკეთებულ ბრილიანტის ბეჭედს უჩვენებს თეიმურაზს, - Он попросил моей руки.[28] მალე ქორწილიც გვექნება.

-გილოცავთ!

 ამასობაში მაიმუნმა ტატოს საფულე ამოაცალა ჯიბიდან და ჯერ საკრედიტო ბარათი გაუღუნა შუაზე, მერე კი კუპიურების დახევაც დაიწყო. როგორც კი სტაჟიორმა წართმეული საკუთრების დაბრუნება დააპირა, მაჯაზე ფილომენას კბილების ძლიერი შეხება იგრძნო, რამაც საკმაოდ ღრმა ნაკბენი გაუჩინა. ძალიან მალე მისი მაჯიდან წვრილი ნაკადის სახით სისხლმა დაიწყო დენა. ბიჭი ამ მოულოდნელი ტკივილისგან შეხტა და წიგნების კარადას მიეჯახა.

-მანდ რას აკეთებთ თქვენ ორნი? - ხმაურზე თეიმურაზმა უკან გაიხედა.

-არაფერს... უბრალოდ, ფილომენა ძალიან ცელქია და თან იკბინება. ქალბატონო ალინა, გთხოვთ უკან დაიბრუნეთ! - მაიმუნი პატრონს ჩააბარა. უკვე ატანა აღარ ჰქონდა ამ პატარა ბეწვიანი ცხოველის, რომელიც უხეში ქსოვილისგან დამზადებულ ვარდისფერ კოსტიუმში იყო გამოწყობილი და ვარდის სუნამოს მძაფრი სუნი ასდიოდა.

-კარგით, - განაგრძო მოხუცმა, - როცა დენი გაითიშა, რა გააკეთეთ?

-გასახდელისკენ წავედი. ჩემი ნივთები უნდა ამეღო და გარეთ გავსულიყავი.

-დანარჩენი წევრები?

-ისინიც.

-რაიმე ხმაური ხომ არ გაგიგიათ?

-ჰმ... არა, - წარმოთქვა დიდხნიანი ფიქრის შემდეგ.

-კარგით, აქ ჩვენი დრო ამოიწურა. შეგიძლიათ წახვიდეთ!

-ასე უცებ მიშვებთ?

-დიახ. რაიმე პრობლემა გაქვთ? - ჩაეკითხა მოხუცი.

-Нет![29] - ქალის ხმაში დაბნეულობა იგრძნობოდა, - Хорошо, тогда я пойду.[30]

-ნახვამდის!

 მაიმუნების დედოფალი ადგა და ფილომენასთან ერთად კაბინეტიდან გავიდა.

-ბატონო თეიმურაზ, ეს ქალი მაინც რატომ გაუშვით ასე მალე? თამბაქოს სუნად ხომ არ ყარდა?

-არა, ეს მჟავე კიტრის სუნად ყარდა, მეტი აღარ შემეძლო, - ფანჯარას მიუახლოვდა და გამოხსნა, - მასთან საუბარი დროის ტყუილი ხარჯვაა, თანაც მკვლელი არ არის, სტაჟიორო.

-და ჯამბაზის კბილებს შორის მაიმუნის ბეწვი რომ აღმოვაჩინეთ, ეს არაფერს ამბობს? ქალბატონი ალინა მაიმუნების დედოფალია, ხელზე ბეწვი ექნებოდა. ვრესლინგით იყო დაკავებული. ძლიერი ქალი ჩანს, ადამიანის მოგუდვა თავისუფლად შეეძლო. აი, მხოლოდ რა შეიძლება მოკვლის მიზეზი ყოფილიყო ცოტა ბუნდოვანია, რადგანაც ძალიან ადრე გაისტუმრეთ! - ტატოს ხმაში ერთიანად იფეთქა სიბრაზემ და გაურკვევლობამ.

-ბეწვი კიდევ ერთი ხაფანგია, როგორც წერილი. ნებისმიერ თანამშრომელს შეეძლო ჰქონოდა ბეწვი სხეულზე, შენ წარმოიდგინე და ახლა თავად ხარ მაიმუნის ბეწვებით სავსე.

-რატომ ხართ ასე ძალიან დარწმუნებული, რომ ალინა მკვლელი არ არის?

-იმიტომ, რომ იგი ორსულადაა...  - წარმოთქვა ნელი, დავდაჯერებული ტონით, საკუთარი ნათქვამის სისწორეში უაღრესად დარწმუნებულმა, - ჯამბაზის მოგუდვის დროს შეიძლება დაზიანება მიეღო. ბავშვის სიცოცხლეს არ გარისკავდა. საყვარელი მამაკაცის გამო ერთ-ერთი ურთულესი ენაც კი ისწავლა. წარმოოიდგინე რამდენად ძვირფასია მისთვის ეს ჯერ კიდევ დაუბადებელი არსება, რომელიც ამ კაცისგან ჰყავს. ახლა მის ცხოვრებაში მკვლელობის ადგილი ნამდვილად არ არის. ხომ ხედავ ნიშნობის ბეჭედიც გვანახა. ის ამ ბავშვს საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უფრთხილდება.

-ორსულად რომ არის, ეგ სად ჯანდაბიდან გაიგეთ? 

-საიდან გავიგე და... გუშინ, გვიან ღამით კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი კამერების ჩანაწერებს. ამჯერად მთლიანი ერთი კვირისას. ამ ქალს ორსულისთვის დამახასიათებელი კვება ჰქონდა. დაახლოებით ორი თვის ორსულია. გარდა ამისა, ეკრანზე ვერ ვარჩევდი, თუმცა ახლოდან აშკარად აკნე ეტყობოდა სახეზე. ესეც ერთ-ერთი ნიშანია ორსულობის. იგი მკვლელი არ არის. ორსულ ქალს თუ ადამიანის მოკვლა უნდა, ამას ისე გააკეთებს, რომ მსხვერპლთან ფიზიკურ კონტაქტს მოერიდება. არ შეეხება, უბრალოდ ესვრის. საკმაოდ უსაფრთხო პროცედურაა.

-ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ...

-ამ სამყაროში ყველაფერი უცნაურია, სტაჟიორო, მათ შორის ესეც.

-ჯერ რა იცით რაზე მპასუხობთ? ბოლომდე ხომ არ მიკითხ...

-არ მეჩვენება უცნაურად, რომ ჯერ ვხვდებით იმ ადამიანებს, რომლებიც მკვლელები არ არიან. აი, სრული პასუხი შენს კითხვაზე.

 ტატომ ცალყბად გაიღიმა და თვალები გადაატრიალა.

-რა იყო, სტაჟიორო? მოიხიბლე ჩემი ბებრუხანა გონების გამჭრიახობით?

-მოდით, ეს რიტორიკულ შეკითხვად დავტოვოთ!

-შენ დატოვე, მე კი შენს დუმილში პასუხი ვიპოვე... სანამ დანარჩენი წევრები მოვლენ, იქამდე ყავა ხომ არ დაგველია?

-დიახ, კარგი იქნებოდა!

-არასწორი პასუხია.

-ვერ მივხვდი.

-მე შენ რა გითხარი გუშინ?

-რა მითხარით?

-ოხ, რა უხარისხო სტაჟიორო ხარ!

-ა, უი, ხო! ყავა რომ დალიოთ, თქვენი გული გუდა-ნაბადს აიკრავს და დასასვენებლად წავა უთქვენოდ. ახლა გამახსენდა!

-ალბათ, ხვდები, რომ მეხსიერება არაფრად გივარგა, „ისევე როგორც სხვა დანარჩენი!“

 

 

 

 

 

21. სტაჟიორი

 

 ცოტა ხნით ბატონი თეიმურაზი მარტო დავტოვე თავის კაბინეტში და ჰოლში გამოვედი. იმ უჯიშო ცხოველის ნაკბენი მტკიოდა. ძალიან ღრმად ჩამარჭო თავისი ეშვები. საპირფარეშოში გავედი, რათა სისხლი ჩამომებანა.

 ვარდისფერ ძონძებში გახვეულმა ფილომენამ ჩემი საბანკო ბარათი და 125 ლარი შეიწირა. ამ ერთმა პატარა მაიმუნმა იმდენად მომიშალა ნერვები, რომ სულიერი სიმშვიდის დაბრუნებას ვეღარ ვახერხებდი. სარკეში ვიხედებოდი და აწეწილ თმებს ვისწორებდი. მთელს სხეულში არასასიამოვნო ტალღამ დამიარა, როცა აღმოვაჩინე, რომ თმაში ალაგ-ალაგ მისი ნერწყვი მქონდა შერჩენილი.

 კიდევ კარგი სტაჟირება ანაზღაურებადია, თორემ ასეთ პირობებში უფასოდ რა მამუშავებდა, ღმერთო!

 შესვენების 30 წუთი და 30 წამიც გავიდა, ზუსტად ამდენი დრო მომცა ჩემმა ხელმღვანელმა. კაბინეტში დაბნურებას ვაპირებდი, რომ გზად ბატონი როსტომი შემეჩეხა.

-ტატო, როგორ მოგწონს შენი ხელმძღვანელი?

 ჩვენი დიალოგი პირდაპირ იმ კითხვით დაიწყო, რომელზე პასუხის გაცემაც არ მინდოდა, რადგანაც დაუსრულებლად შემეძლო მესაუბრა ბატონი თეიმურაზის აუტანელ ხასიათზე, ამიტომ ყველაზე მოკლე და ამავე დროს მრავლისმეტყველი პასუხი შევარჩიე.

-აბა, რა გითხრათ?... არისტოკრატული სიუხეშისა და ცინიზმის განსახიერებაა.

-ანუ ძალიან მოგწონს, - იდიოტურად ხარხარებს.

-ნუ, მთლად ეგ არ არის ჩემი პასუხის დედააზრი, თუმცა კარგით, - ზედმეტად რომ არ გამემძაფრებინა, ხუმრობით შევეპასუხე. ისე კი საერთოდ არ მქონდა სახუმაროდ საქმე. მაიმუნის ნაკბენი მეწვოდა და თენგოს ძლიერი დარტყმისგან დატოვებული ყრუ ტკივილი მხარში ჯერ კიდევ მახსენებდა თავს.

-ჩემო ტატო, - დაიწყო დამრიგებლური კილოთი, - თუ გინდა, რომ შენზე წარმოდგენა შეაცვლევინო, საქმეში გარდამტეხი დეტალი უნდა იპოვო! ერთი შეხედვით, თეიმურაზი მართლაც ტოვებს გულცივი, უხეში, ცინიკური და უგრძნობი ადამიანი შთაბეჭდილებას, მაგრამ დამიჯერე, მას ბევრი კარგი თვისებაც აქვს.

-მაგალითად? - კვითხე და გამომცდელად შევხედე.

-მაგალითად... აი, თუნდაც ჯერ ვთქვათ ის, რომ... - რაღაც არადამაჯერებლად დაიწყო ენის ბორძიკი. აშკარა იყო, ქართულ ენაში არსებული პოზიტიური მნიშვნელობის ზედსართავი სახელებიდან არცერთი შეესაბამებდა თეიმურაზს, - შენც ხომ შეამჩნიე, რომ იგი ძალიან კარგად... - არ ნებდებოდა ბატონი როსტომი. მაქსიმალურად ცდილობდა ერთი კარგი თვისება მაინც გამოენახა. ბოლოს კი ვიღაცამ შორიდან დაუძახა და იხსნა არ დილემისგან, - ნუ, მოკლედ, ტატო, აბა, შენ იცი! მე წავედი. მეძახიან.

-დროებით!

 კაბინეტში შევედი. იქ ორი მამაკაცი დამხვდა. ერთ-ერთი მათგანი მაღალი, ახოვანი, მხრებგანიერი და კუნთების გროვა დიმიტრი კურბსკი იყო. ისეთი დიდი და ძლიერი აღნაგობის ტანი ჰქონდა, ეგრევე მიხვდებოდით ლომების მომთვინიერებელი რომ იყო და დროის უმეტეს ნაწილს მტაცებელ მცეხებთან ერთად რომ ატარებდა. მის გვერდით ჩვენი დეპარტამენტის თარჯიმანი, ბატონი ირაკლი იჯდა. რადგანაც დიმიტრიმ ქართული არ იცოდა, საჭირო გახდა მისთვის თარჯიმნის დაქირავება. თეიმურაზს კი მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ არავითარ შემთხვევაში არ ისაუბრებდა რუსულად იმ ეჭვმიტანილთან, რომელიც მკვლელის იდეალური კანდიდატი ჩანდა. აქედან გამომდინარე, დაკითხვის პროცესი საკმაოდ გაიწელა დროში, თუმცა მე მხოლოდ ბოლო ნაწილს შევესწარი, რადგანაც ჩემმა ხელმძღვანელმა დიდად თავი არ შეიწუხა, რომ მეც დამლოდებოდა და უჩემოდ დაიწყო ადამიანის დაკითხვა.

-ბატონო დიმიტრი, ხელთათმანებს ხშირად ხმარობთ ხოლმე?

 თარჯიმანმა დეტექტივის მიერ დასმული კითხვა სწრაფად უთარგმნა ლომების მომთვინიერებელს და შემდგომ მისი საპასუხო კითხვაც გააჟღერა:

-მე ლომების მომთვინიერებელი ვარ, ხომ არ გავიწყდებათო?

-მე კი დეტექტივ-გამომძიებელი ვარ, ხომ არ გავიწყდებათ?

-ვხმარობ, დიახ, ცირკშიც და მის გარეთაც. პროფესია პირად ცხოვრებაში გადმოვიდა. ახლა ხელთათმანები ჩემი იმიჯის განუყოფელი ნაწილი გახდაო, - დიმიტრის ეს გრძელი წინადადებაც მარტივად გადმოაქართულა ბატონმა ირაკლიმ.

 და შემდგომ გაჟღერდა ის მოსაწყენი კითხვები და პასუხები, რომლებიც ჯამბაზთან მის ურთიერთობას ეხებოდა და ასევე იმას, თუ რა გააკეთა მას შემდეგ, რაც სადენის გაწყვეტის გამო დენი გაითიშა მთელს შენობაში. ამ ნაწილში განსაკუთრებული ვერაფერი მიიღო თეიმურაზმა მისგან.

 ბოლოს დამშვიდობების დროც მოვიდა.

 კაბინეტიდან გასვლისას დიმიტრიმ მარჯვენა ხელი ინსტიქტურად გაიშვირა კედლისკენ და გვერდულად გადახრილი სურათის ჩარჩო გაასწორა. სწორედ მაგ მომენტში დეტექტივმა ერთი საინტერესო დეტალი შენიშნა.

-მარჯვენა მაჯაზე ნაკბენი გაქვთ?

 ამ კითხვამ დიმიტრი არ დააბნია და თავდაჯერებული პასუხი გასცა მოხუცს.

-მე ხომ ლომების მომთვინიერებელი ვარ, მსგავსი იარები მექნებაო! - თქვა თარჯიმანმა მის ნაცვლად.

-მე ხომ დეტექტივ-გამომძიებელი ვარ, მსგავსი კითხვები მექნება! - კვლავ რითმულად შეეპასუხა თეიმურაზი.

-Простая царапина от льва.[31] - დასჭექა ომახიანად ლომების მომთვინიერებელმა.

 შემდეგ კი კარი გააღო, თუმცა სანამ საბოლოოდ გადააბიჯებდა ზღურბლს, უკან მოტრიალდა, რომ უკანასკნელი ფრაზაც გაეჟღერებინა:

-Засунуть руку в горло зверя легко, но а вытащить оттуда немного сложно.[32]

-გეთანხმებით! მშვიდობით ბატონებო! - ფეხზე არც ამდგარა, ისე გაისტუმრა ორივე.

 კაბინეტში კვლავ მე და ბატონი თეიმურაზი დავრჩით.

 

 

 

 

22

 

-სტაჟიორო, ეგეთი თვალებით ნუ მიყურებ! ნაადრევი დასკვნების გამოტანა გამოძიებას ჩიხში შეიყვანს. ჯერ სრულად ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ლომების მომთვინიერებელია მკვლელი, მიუხედავად იმისა, რომ ძირითად კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

-ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მოგახსენებთ, ბატონო თეიმურაზ. მაჯაზე ნაკბენი აქვს, თქვენც ხომ შენიშნეთ? ეგ ლომის ეშვებისგან მიღებული ნაკაწრი ნამდვილად არ არის. მოიტყუა. აი, მეც ზუსტად ეგეთი მაქვს. მასაც მაიმუნმა უკბინა. ჭრილობას ეტყობოდა, რომ სულ რაღაც სამი დღის იყო. გონებაში მკვლელობის ღამესთან დაკავშირებით კონკრეტულმა შესაძლო სცენამ გამიელვა და თუ შეიძლება თქვენც გაგიზიარებთ. ვგონებ, საკმაოდ მაღალალბათურია.

-გისმენ!

-მოკლედ, 9 ოქტომბრის ქარიანი და წვიმიანი ღამეა. ლომების მომთვინიერებელმა იცის, რომ დასის ხელმძღვანელი შეკრებას დანიშნავს და დანაშაულის ჩადენის ადგილას თავიდანვე ბევრი ხალხი მოიყრის თავს. იგი ისარგებლებს ამ შემთხვევით. თანამზრახველს ტოტს ძალით მოატეხინებს, ტოტი სადენს დაეცემა და გაწყვეტს მას, ამის გამო კამერები შეწყვეტს ჩაწერას, მერე კი სიბნელეს იყენებს და ჯამლეტს გუდავს. სანამ ამას გააკეთებს კი იქამდე, მინიშნებებს გვიტოვებს კვალის არევის მიზნით. რამდენიმე სავარაუდო ვარიანტს გვაძლევს. თავდაპირველად წერილს ჯამბაზის ასისტენზე გავყავართ. იმ ფურცელზე დაწერილ ერთ წინადადებას ეტყობოდა, რომ ვიღაც ისეთმა დაწერა, ვინაც ქართული არ იცოდა და, შესაბამისად, ასოების მომრგვალებული ფორმები ზედმეტად კუთხოვანი გამოუვიდა. შემდეგ ჯამბაზის კბილებს შორის მაიმუნის ბეწვს აღმოვაჩენთ. ავტომატურად მაიმუნების დედოფალი იპყრობს ჩვენს ყურადღებას. დიმიტრიმ მაიმუნს ბეწვები ძალით მოაგლიჯა, თუმცა ცხოველის ინსტიქტი ვერ გათვალა და კბენაც დაიმსახურა. ხელთათმანით იმ ღამეს მიღებული იარის დამალვას ცდილობდა. ახლა კი მთვარი და გარდამტეხი რამ... - ტატო მიხვდა, რომ მოხუცი საერთოდ არ უსმენდა მას, ამიტომ საუბარი შეწყვიტა.

 დეტექტივმა ჩაფიქრებულად გაისწორა სათვალე. თითებით საფეთქლები მოისრისა და მაგიდას იდაყვებით ჩამოეყრდნო. მის შეუღწევად გონებაში დატრიალებული ეჭვების ქარიშხალი ერთიანი ლოგიკური ხაზის შექმნას აფერხებდა.

-ბატონო თეიმურაზ, გთხოვთ, ხმამაღლა გააჟღერეთ ის, რაზეც ფიქრობთ! პრობლემას რაში ხედავთ?

-იმაში, რომ ლომების მომთვინიერებელს ჯამბაზის მოკვლის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. ორივეს ბიოგრაფია შეისწავლე, მათი წარსული ერთმანეთთან არ იკვეთება. მხოლოდ ხუთი წელი იცნობდნენ ერთმანეთს. ამ ხუთი წლის განმავლობაში კი არანაირი უთანხმოება არ ჰქონიათ.

-იქნებ ადამიანის მოკვლა დაავალეს?

-მოდი მაგ მიმართულებით ჯერ ნუ წავალთ! რამდენიმე საეჭვო პირი ჯერ კიდევ რჩება დასაკითხი. სულ მალე გიზო დარეკავს, მნიშვნელოვანი საქმე დავავალე და მიღებულ შედეგებს გაგვიზიარებს. მოგვიწევს, მის ზარს დაველ... ო, აგე, უკვე რეკავს... გისმენ გიზო!

 

[-ჩემო თეიმურაზ და ტატოიე, ახლა მისმინეთ კაათ! დავკითხე სამივე დარაჯი, პატარა გოგია, მსუქანა გივია და ულვაშა ბესიკა. ვერავინ ვერაფერი გეიგონა და ვერავინ ვერაფერი დეინახა. იმ ღამით დარაჯები მაშინათვე გარეთ გავიდნენ კაბელის პრობლემა რო მეეგვარებიათ. მათი ნათქვამის სისწორე ვიდეო-კამერების ჩანაწერებითაც გადავამოწმე და მართლები აღმოჩნდნენ ეგ უპატრონოები. ისიც ვკითხე, ხმაური ხო არ გაგიგიათ-მეთქი და არაო, მომახსენეს. მოკლედ, ასეა საქმე, ჩემო ძამია! გამორიცხე ეს ელიტა! არცერთი მათგანი მკვლელი არ არის. ერთი კაპელდინერი არჩილიღა დამრჩა და მაგითი დავასრულებ ცირკში მომუშავე ხალხის დაკითხვას. ო, აგე, მევიდა უკვე მაგიც. აბა, წევედი და გადმოვრეკავ რო გევისტუმრებ!]

 

-დროებით!

 დეტექტივი ადგა, ფანჯარასთან მივიდა და შორეულ ჰორიზონტს მიაპყრო მრავლისმეტყველი მზერა.

-ბატონო თეიმ...

-ჩუმად, სტაჟიორო, ვუსმენ!

-რას?

-მოპირდაპირე ქუჩაზე გაჩერებულ მანქანაში ცოლ-ქმარი ერთმანეთს ეჩხუბება. კაცს ეტყობა, რომ სიმართლეს მალავს, ამას ძალიან არაბუნებრივად აკეთებს... ვეთანხმები ქალბატონს, ახლა ნამდვილად სახეში გარტყმის დრო იყო. მშვენიერია! ძლიერი და მოხერხებული დარტყმა გამოვიდა. ღირსია, გუშინ არ უნდა დამთვრალიყო და მთელი ფული კაზინოში არ უნდა გაეფლანგა... არ დაუჯეროთ ქალბატონო, გატყუებთ! სხვა ქალთან ერთად გაატარა ღამე. პერანგის დაჭმუჭნილ საყელოზე ღია წითელი ფერის ლაქა ეტყობა, ხოდა მაგაზეც ჰკითხეთ!... არა, რა სისულელეა?! ისევ გატყუებთ! ძმაკაცის სახლში არ დაუძინია, სასტუმროში იყო და სწორედ იქიდან წამოღებული სიგარა უდევს ახლა ტორპედოზე... არც ეგ დაიჯეროთ! ნათესავის დაბადების დღე რომ ყოფილიყო, ხომ თან წაგიყვანდათ? თქვენს ადგილას კიდევ ერთს მაგრად ვლეწავდი სახეში... სტაჟიორო, თუ იმ ქალს თავმოყვარეობა და ღირსება კიდევ შერჩენია, მაშინ რამდენიმე წამში მანქანიდან უნდა გადმოვიდეს და გაყრის საკითხი წამოჭრას. შვილები არ ჰყავთ, ამიტომაც  ყველაფერი ძალიან მარტივი გასაკეთებელი იქნება.

 ტატო მთელი ამ დროის განმავლობაში უაღრესად დაბნეული სახით უსმენდა დეტექტივის მონოლოგს. თავიდან წარმოუდგენლად მიაჩნდა ყოველივე და ეგონა, რომ მოხუცი უბრალოდ ატყუებდა, მაგრამ როგორც კი ფანჯარას მიუახლოვდა, მონაყოლის ფიზიკური ანალოგი იხილა. მისი გამოშტერების ბოლო სტადია კი დააგვირგვინა გაღიზიანებული ქალის მანქანიდან გადმოსვლამ და შორეულმა ფრაზამ - „დავიღალე შენი საყვარლებითა და კაზინოებით! ერთმანეთს ვეყრებით! მადლობა ღმერთს, შენნაირი კრეტინისგან შვილი არ მყავს!“

-ბატონო თეიმურაზ, ეს ყველაფერი როგორ გაი...

-მე ხომ დეტექტივ-გამომძიებელი ვარ. დაგავიწყდა?

 

 

 

 

 

23. სტაჟიორი

 

 ჯერ ბოლომდე ვერ გამირკვევია, ძალიან მაგარი მატყუარაა თუ ძალიან მაგარი დეტექტივი. უბრალოდ შეუძლებელია დეტალურად სცოდნოდა ყველაფერი იმ წყვილზე, რომელიც პირველად მხოლოდ დღეს ნახა, თან ასე შორიდან.

 ბატონი თეიმურაზი ფანჯარას მოშორდა და ისევ თავის რბილ სავარძელს დაუბრუნდა.

-მოვიდა! - წამოიძახა აღტაცებით, როცა ლეპტოპში მოსული შეტყობინების ხმამ სიჩუმე გაარღვია.

-რა მოვიდა?

-დასის ერთ-ერთი წევრის, ჟონგლიორი ანტონის სატელეფონო ჩანაწერი. თავად იგი მკვლელი არ არის. ალიბი აქვს. დენის გათიშვამდე 2 წუთით ადრე ვიღაცამ დაურეკა. აუდიო ჩანაწერის ხანგრძლივობა 21 წუთია. ელექტროენერგიის გათიშვისას საუბარი არ შეუწყვეტია და გარეთაც ტელეფონით ხელში გამოვიდა, ეს უკანასკნელი მომენტი ქინგ დევიდის კამერებმა დააფიქსირეს, გემახსოვრება. კარგი, სტაჟიორო, ახლა დრო მოვიდა, მოვუსმინოთ ჩანაწერს! გავიგოთ ვინ დაურეკა იმ ღამით ანტონს და რაზე ისაუბრეს.

-და ჩვენ ეს გავაინტერესებს?

-არა, რა თქმა უნდა, იმედია უკანა ფონზე სხვა ხმებს ან საუბრებს გავიგებთ. კარგი, დავიწყოთ!

 ჩანაწერი ჩართო:[33]

 

[-საღამო მშვიდობის, საყვარელო! ცუდ დროს ხომ არ გაწუხებ?

-არა, ელენა... როგორ ხართ, ძვირფასო? ჩემი პატარა გოგონები როგორ არიან?

-კარგად, უკვე სძინავთ. დღეს დატვირთული დღე გვქონდა: ჯერ ხატვა, მერე ჩოგბურთი, ცურვა და ბოლოს თეატრი.

-რა კარგია! ღმერთო, როგორ მენატრებიან! ბაბუას ხომ არ აბრაზებენ? მის სახელოსნოში ისევ დაძვრებიან?

-დიახ, თუმცა ამჯერად აღარაფერს ამტვრევენ...

 ...

-ჩვენთან, ნოვოსიბირსკში საშინელი ქარი იყო დღეს. ხვალ კი მთელი დღე წვიმებია მოსალოდნელი. მანდ როგორი ამინდებია, ანტონ? ხომ თბილად გაცვია?

-თბილისი შედარებით თბილი ქალაქი აღმოჩნდა.

-მალე ჩამოხვალ? ხომ გახსოვს, რასაც დამპირდი? იქ აუცილებლად ორივე ერთად უნდა მივიდეთ! მე ხალხს არ ვალაპარაკებ, ქმრის გარეშე მოვიდაო!

-მახსოვს, ელენა. არ იდარდო! დღეს ბოლო წარმოდგენა გვქონდა. თბილისიდან მალე გამოვფრინდებით.]

 

 ნუ მოკლედ, როგორც გაირკვა, ანტონს თავისმა ცოლმა ელენამ დაურეკა. პირველი ხუთი  წუთი დიდად გამოსადეგი არ აღმოჩნდა ჩვენთვის, ასე რომ გავაგრძელეთ მოსმენა:

 

[-დღეს მებაღე იყო მოსული და უკანა ეზოს გადაკეთების იდეა შემოგვთავაზა, თუმცა შენ გარეშე, რა თქმა უნდა, არაფერს გადავწყვეტ, ანტონ!

-აბა, მითხარი რა იდეაზეა საუბარი!

-ხელოვნური ყვავილების სრული ჩანაცვლება ბუნებრივი მცენარეებით და ამასთანავე დეკორატიული ქანდაკებების დადგმა.

-მშვენიერი აზრია!

-ხო, ჩვენს გოგონებსაც ძალიან მოეწონათ.]

 

 მოულოდნელად პარალელურ რეჟიმში შორეული ხმები გაისმა. თითქმის ყვირილით საუბრობდნენ ქართულად:

 

[-ჯამლეტ, კარგად დაფიქრდი! ცუდ თამაშს თამაშობ!

-დიდი ხანია, ამ აზრზე ვარ და ეს არ შეიცვლება!

-ინანებ იცოდე!

-ვერ შემაჩერებ, არჩილ!

-დროა გონს მოეგო, წარმოდგენა არ გაქვს რაზე მიდიხარ!

-არ ვაპირებ... ჩემი გადაწყვეტილება... ვერასოდეს... არ მეშინია...]

 

 როგორც ჩანს, ანტონი მოსაუბრეებს გაშორდა. მათი სიტყვები ახლა უკვე თითქმის აღარც კი ისმოდა.

 

[-კარგი, ჩემო საყვარელო, ახლა უნდა დაგემშვიდობო. ნოვოსიბირსკში მალე დავბრუნდები. სულ ცოტაც მოითმინე! 

-მშვიდობიან ღამეს გისურვებ, ძვირფასო! გკოცნი ბევრს! დროებით!]

 

 21-წუთიანი საუბრის ჩანაწერი დასრულდა თუ არა, დეტექტივმა მაშინვე ტელეფონი აიღო და ვიღაცას დაუკერა.

-გიზო, კაპელდინერი არსად გაუშვა! შეაჩერე! - ახლა მე მომიბრუნდა, - სტაჟიორო, ადექი! ცირკში მივდივართ!

 

 

 

 

24

 

  მაღალი, მხრებგანიერი, ტირანული აღნაგობის მამაკაცი ცირკის არენის შუაგულში იდგა და მშვიდად დაჰყურებდა ცარცით დახაზულ ფიგურას. გაქვავებულ სახეზე ქუთუთოები საოცრად დამძიმებოდა, ხოლო ჩაბნელებული თვალები უძირო უფსკრულს მიუგავდა.

 ცხვირზე ჩამოდებული სათვალე აჩქარებით შეისწორა და გამარჯობის ნიშნად თავი ოდნავ დახარა.

-მოგესალმებით, ბატონო არჩილ! - მედიდური სვლით მიუახლოვდა დეტექტივი კაპელდინერს და ხელი ჩამოართვა, - გთხოვთ დაბრძანდით!

 არჩილმა უსიტყვოდ დაიკავა თავისი ადგილი და ღონემიხდილი მზერა მიაპყრო გამომძიებელს.

 ამასობაში წითელი ფარდების მიღმა გიზო გამოჩნდა. ხელში ყავის ჭიქა უჭირავს და არხეინად მოაბიჯებს.

-ბატონო არჩილ, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ! - დაიწყო დეტექტივმა, - მინდა, ამ სატელეფონო ჩანაწერს მოვუსმინოთ და შემდეგ დეტალურად, ზედმეტი ზღაპრული გადახვევების გარეშე, მომიყვეთ 9 ოქტომბრის ღამეს რაზე ისაუბრეთ თქვენ და ჯამლეტმა! როგორც ჩანს, მას საკმაოდ ახლოს იცნობდით.

-აზრი არ აქვს, ჩემო თეიმურაზ! - გიზომ ყავა ხმაურიანად მოსვა და არჩილს მხარზე დაადო ხელი, - არაფრის მთქმელი მაგი არ არის. რაც მევიდა, ყბა არ გოუხსნია. ლაპარაკი დაავიწყდა გონია.

-ესე იგი, უარს აცხადებთ ითანამშრომლოთ გამოძიებასთან? - მოხუცმა იდაყვები მაგიდაზე შემოდო და კაპელდინერისკენ გადაიხარა, - ეს წამგებიანი სვლაა, მხოლოდ თქვენ შეიძლება დაზარალდეთ ბოლოს... ბატონო არჩილ, ჩანაწერში გარკვევით ისმის, როგორ ემუქრებით ჯამბაზს. „ცუდ თამაშს თამაშობ“, „ინაბებ!“ , „წარმოდგენა არ გაქვს რაზე მიდიხარ!“... გახსენდებათ ეს ფრაზები? თავის დაქნევაც საკმარისი იქნება თქვენი მხრიდან, თუკი საუბარი არ გსურთ.

 კაპელდინერი კვალავ ჩუმად და გაუნძრევლად ზის. მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, არაფერი თქვას.

-ბატონო არჩილ, - სტაჟიორი ეჭვმიტანილის წინ დადგა და ახლა ის ცდილობს მის ალაპარაკებას, - იმ ადამიანთა შორის, რომლებიც დავკითხეთ, მხოლოდ თქვენ არ გაქვთ ალიბი. ფიზიკური აღნაგობა, მემარჯვენეობა, მუქარისშემცველი ნაწყვეტი მკვლელობის ღამის დიალოგიდან, ეს ყველაფერი რაზეც მიანიშნებს ხომ ხვდებით, არა? ამას კი ემატება თქვენი გაურკვეველი დუმილი.

 უეცრად თეიმურაზმა უბის წიგნაკი გადაშალა და შიგ რაღაცის ჩაწერა დაიწყო. სწრაფად წერს, თითო წინადადება თითო გვერდზე.

 ამასაობაში გიზომ საკმაოდ მაცდური წინადადება წამოჭრა.

-ჩემო თეიმურაზ, ხომ არ ვაწამოთ? ალაპარაკდება ბოლოს, აბა რა სიკვდილს იზამს! სულ ასე ხომ არ იჯდება?  

-შავ-ბნელი ფანტაზიების ზონა დატოვე და ბატონს კალამი მიეცი! - ერთგული მძღოლი წამში ასრულებს ბრძანებას, - ძვირფასო არჩილ, რადგანაც არაფერს ამბობთ და არც სხეულის მოძრაობით მანიშნებთ, მუნჯური საუბრის გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ. იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ფურცელზე მაინც დამიწერთ რამეს. არადა, დასანანია, ჩვენი ეს საუბარი უფრო საინტერესოდ წარმომედგინა, მაგრამ რას ვიზამთ! ერთს კი გეტყვით, რომ ციხემდე ბევრი არაფერი გიკლიათ... ახლა კი შეგვიძლია დავემშიდობოთ ერთმანეთს, თუმცა წასვლის წინ აქ თქვენი სახელი და გვარი გარკვევით დაწერეთ თუ შეიძლება! დღევანდელი ფორმალური დაკითხვის ოფიციალურად ხელმოწერილი საბუთი რომ მქონდეს, - ფურცელს უწვდის და საჭირო ადგილზე თითით მიანიშნებს,

 კაპელდინერმა თავისი სახელი და გვარი - „არჩილ მეტრეველი“ - გარკვევით დაწერა და არენა დატოვა.

-ღმერთო ჩემო, ბატონო თეიმურაზ!... მისი ხელწერა!

-ხო, სტაჟიორო, ხელწერა ემთხვევა ... - უბის წიგნაკში ჩაწერას აგრძელებს, - ჯამბაზის ჯიბეში აღმოჩენილი წერილი არჩილის დაწერილია და ახლა უკვე დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ მკვლელი ლომების მომთვინიერებელი დიმიტრია... გამოშტერებული სახით ნუ მიყურებ! აგისხნი.

 წიგნაკში ბოლო წერტილი დასვა და დახურა.

-ბატონ არჩილს ღილის ფორმის მინი აუდიო-ვიდეო ჩამწერი აქვს დამაგრებული პიჯაკზე. დაუკვირვებელი თვალისთვის ძნელია ამის შემჩნევა... მას უსმენენ და გარდა ამისა, ჩვენც გვაკონტროლებენ. ეჭვგარეშეა, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა მოქცეული. დაკითხვაზე საუბარი აუკრძალეს. სამი შვილი ჰყავს, ხოდა შესაძლოა ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებიან. სატელეფონო ჩანაწერის ნაწყვეტი, რომელსაც ჩვენ მოვუსმინეთ, მუქარა აღარ მგონია, უფრო ადამიანის გაფრთხილება იყო, თუმცა რატომ და რის თაობაზე აფრთხილებდა ჯამბაზს, ეს გასარკვევი გვაქვს. თითქოს იცოდა, რომ იმ ღამით დიდი უბედურება დატრიალდებოდა ცირკში, ჯამლეტმა კი მას არ დაუჯერა და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მკვლელობა მართლა არჩილს რომ ჩაედინა, აუცილებლად ეცდებოდა დანაშაულის დაფარვას. სულ მინიმუმ, ხელწერას მაინც შეცვლიდა.

-და უბის წიგნაკში რას წერდით, ბატონო თეიმურაზ? - დააინტერესა ტატოს, რადგანაც ამ ხნის განმავლობაში არასდროს შეუნიშნავს, რომ დეტექტივს დაკითხვების მსვლელობის პარალელურად საკვანძო დეტალები თუ საეჭვო ნიშნები ჩაეწეროს. როგორც წესი, რასაც ეჭვმიტანილები ამბობდნენ, ყველაფერს იმახსოვრებდა ხოლმე.

-ო, აი, ახლა კი კარგად მომისმინე, სტაჟიორო! მორიგი დავალება ჩემგან!

 

 

 

 

25. სტაჟიორი

 

 ასეთ რამეს ცხოვრებაში პირველად გავაკეთებ. სრული სიგიჟეა! უაღრესად საპასუხისმგებლო შავი სამუშაო მაქვს ახლა შესასრულებელი. იმედია, ყველაფერი ისე გამომივა, როგორც საჭიროა, თორემ ერთი უმნიშვნელო შეცდომაც და ყველაფერი წყალში ჩაიყრება.

 დეტექტივს უბის წიგნაკი გამოვართვი და ცირკის შენობიდან აჩქარებით გამოვედი. უჩვეულო დავალების შესასრულებლად მივდივარ. იქნებ ამჯერად მაინც მოვაწონო თავი ამ მოხუცს და მოეშვას ჩემს ირიბ დამცირებებეს.

 ვიწყებ! დასაკარგი დრო არ მაქვს.

 გული არათანაბრად მიცემს. ბაზალტის კიბეზე სწრაფად ვეშვები. ნელ-ნელა ვგრძნობ როგორ იმატებს მღელვარება მთელს სხეულში. კაპელდინერს უკან მივყვები. საკმაოდ მოშორებით ვარ, დისტანციას ვიჭერ. მაქსიმალრად ვცდილობ, მის ტანსაცმელზე დამაგრებული კამერის ობიექტივში არ მოვხვდე.

 სალაროს მიმდებარე ტერიტორია ჩაიარა, მერე კი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩაძვრა და გზის მეორე მხარეს, ავტობუსების გაჩერებაზე ამოვიდა. გამიმართლა, არჩილის სიახლოვეს ბევრი ხალხი იყრის თავს. მაქსიმალურად შეუმჩნევლად ვუახლოვდები. ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა.

 სამი ავტობუსი გაუშვა. ხუთი წუთი კიდევ იცადა და შემდგომ ერთ-ერთში ავიდა. სხვა რა გზა მაქვს? მეც იმავეს ვიმეორებ. ახლა ორივე საკმაოდ ახლოს ვართ ერთმანეთთან, თუმცა ზურგით ვუდგავარ, თან შვიდი კაცის მოშორებით და, შესაბამისად, ვერ მამჩნევს. პირველად მიხაროდა ავტობუსში ასეთი ხალხმრავლობა რომ იყო, მაგრამ ამავე დროს ეს გარემოება სამიზნესთან მიახლოებაში მიშლიდა ხელს.

 სამი გაჩერების შემდეგ არჩილი ჯდება იმ სკამზე, რომელიც გვერდით უცარიელდება. რამდენიმე წუთში კი ვხედავ, როგორ დგება მის უკან მჯდარი მოხუცი კაცი და ავტობუსიდან ჩადის. ეს ხელიდან გასაშვები მომენტი არ იყო! სასწრაფოდ კაპელდინერის სიახლოვეს მივიჭერი, რომ იმ მოხუცის ადგილი ჩემი გამხდარიყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ისედაც არამარტივი საქმე შუა გზაში აუცილებლად კიდევ უფრო მეტად უნდა გართულებულიყო და მოსალოდნელმა წინაღობამაც არ დააყოვნა. რამდენიმეწამიანი გაბრძოლება დამჭირდა იმისათვის, რომ ვიღაც ასაკოვანი ქალბატონისთვის დამესწრო და არჩილის უკანა სკამი დამეკავებინა. მშვენიერია, იდეალური პოზიცია მაქვს! ახლა კი მოქმედების დროა!...

 წიგნაკს პირველ გვერდზე ვშლი, ყდით ჩემსკენ ვატრიალებ და ოდნავ მაღლა ვწევ, მარცხენა ხელით კაპელდინერს მარჯვენა მხარზე ვეხები უკნიდან, ის კი მყისვე რეაგირებს, თავს გვერდზე აბრუნებს და მზერას უსწორებს წარწერას, რომელიც ბატონმა თეიმურაზმა მისთვის წინასწარ დაწერა:

 [ვიცი, რომ აუდიო-ვიდეო ჩამწერი გაქვთ დამაგრებული პიჯაკზე. ვინმე გემუქრებათ? თუ ასეა, მაშინ თავი დამიქნიეთ! მივხვდები.]

 გაოცებული სახით მიშტერებია წიგნაკს. ოდნავ, თუმცა მაინც შესამჩნევად მიქნევს თავს თანხმობის ნიშნად. ღმერთო ჩემო, ბებრუხანა დეტექტივი მართალი ყოფილა! არადა ბოლო წამამდე მეპარებოდა ეჭვი მასში.

 მომდევნო ფრაზა - [რით ვერ გამიცანი, სტაჟიორო?!] - ჩემთვის იყო, ამიტომ საჭიროდ აღარ ჩავთვალე უბის წიგნაკის შეტრიალება.  

 დარწმუნებული ვიყავი, არჩილის თავის მოძრაობა კამერის ობიექტივში არ ჩანდა, ამიტომაც თამამად გადავშალე შემდეგ გვერდზე, რათა მისთვის მომდევნო შეკითხვა წამეკითხებინა.

 [ჯამლეტთან მრავალწლიანი მეგობრობა გაკავშირებდათ?]  - ამ კითხვაზე დადებითი პასუხი მივიღე.

 [მის მკვლელობაში მხოლოდ ლომების მომთვინიერებელია გარეული?] - თავის გაქნევით მანიშნებს, რომ არა. თეიმურაზმა ივარაუდა ასეთი პასუხი, ამიტომ იქვე მოაყოლა დამატებითი კითხვაც - [დასის ყველა წევრი?] – „დიახ“, უსიტყვოდ ამბობს კაპელდინერი.

 შემდეგ სამ კითხვაზეც მსგავსად, დადებითად მცემს პასუხს - [მათთან ცუდი ურთიერთობა გაქვთ თავად თქვენ?]; [დასის წევრები გემუქრებიან?]; [წერილი, რომელიც გვამის ჯიბეში იდო, ძალით დაგაწერინეს?].

 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ კი სწორედ ახლა უნდა წაიკითხოს: [იცით რატომ მოკლეს ჯამბაზი?] - და თავის დაქნევით ნათქვამი კიდევ ერთი „დიახ“ გულს მიჩქარებს.

 მიზანთან წარმოუდგენლად ახლოს ვართ. მღელვარების ტალღამ ერთიანად დამიარა სხეულში. ერთი გადაფურცვლა მაშორებს სიმართლის გაგებას. მხოლოდ ერთი! ვიცოდი, რომ გადამწყვეტი მომენტი დგებოდა. ცირკის საიდუმლოს საბოლოოდ აეხდებოდა ფარდა.

 არ დავაყოვნე. აჩქარებით გადავშალე მომდევნო გვერდზე, რომ შემდეგი კითხვა მენახებინა მისთვის. კითხვა, რომელიც, დარწმუნებული ვიყავი, მკვლელობის მიზეზის დაკონკრეტებას შეეხებოდა.

 [კარგით, სულ ეს მაინტერესებდა! ნახვამდის! მშვიდობიან საღამოს გისურვებთ!]

 არა, შეუძლებელია! ასე მალე ვერ დასრულება ეს დიალოგი! ნუთუ, ამისთვის ვიწვალე ამდენი? უაღრესად ავნერვიულდი. წიგნაკის მომდევნო ცარიელი გვერდების ფურცვლამ მინიატურული ინფარქტი მიმაღებინა. კიდევ რამდენი რამ მინდა ვკითხო, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. ხმას თუ ამოვიღებ, ყველაფერს გავაფუჭებ. კალამი კი არ მაქვს, რომ კითხვა ჩემით დავწერო წიგნაკში.

 აი, ახლა კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ერთი რამ: ბატონი თეიმურაზი არანორმალურად ავადმყოფი გიჟია! ასეთ გადამწყვეტ მომენტში როგორ შეიძლება დაემშვიდობო იმ ადამიანს, რომელმაც მკვლელობის მიზეზი იცის? 

 ნერვები მეშლება, რადგანაც კაპელდინერი გაჩერებაზე ჩამოდის, მე კი ადგილიდან არ ვიძვრი და ავტობუსს მივყვები გაურკვეველი მიმართულებით.

 არა, რა სახლიდან კალმის გარეშე არ უნდა გამოხვიდე დეტექტივი კაცი!

 ოთხი გაჩერების იქით მეც ჩამოვედი და ახლა მხოლოდ ერთი კითხვა მაწუხებდა - „სად ჯანდაბაში ვარ? შენობები არ მეცნობა!“

 ამ სადარდებელს მეორეც უმალვე დაემატა - კონტროლიორებმა დამაჯარიმეს. რა თქმა უნდა, ასეთ გაწამაწიაში ბილეთის აღება დამავიწყდებოდა, აბა რა იქნებოდა.

 სამ წუთში იმ ორს მესამე ჭირით დაერთო - ტელეფონს დავხედე, ბატონი მირეკავდა. ცოტა ვალოდინე. ღირსი იყო.

-დიახ, ბატონო თეიმურაზ! - ვპასუხობ ბოლოს.

-სტაჟიორო, მშვიდობა გაქვს? მითხარი რა გაიგე!

-დასის წევრები ემუქრებიან, წერილი ძალით დააწერინეს, მათთან ცუდი ურთიერთობა აქვს, ჯამბაზთან კი მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა, ამ საქმეში დასის ყველა წევრია გარეული და არჩილმა იცის მკვლელობის მიზეზი.

-მშვენიერია! ყველაფერი ხომ ისე გააკეთე, როგორც დაგავალე? ხომ შეუმჩნევლად მიყვებოდი უკან? ხმა ხომ არ ამოგიღია?

-სულ მის ზურგს უკან ვიყავი. არ ინერვიულოთ! ვერავინ დამინახავდა და ვერც ვერავინ გაიგებდა ჩემს ხმას.

-კარგია! მაშინ, წადი სახლში! დღეს უკვე თავისუფალი ხარ!

-მოიცადეთ! რაღაც მინდა, რომ გკი... - გამითიშა.

 დაღლილმა და გზააბნეულმა სახლამდე ძლივს მივაღწიე. უკვე რვა საათი შესრულებულიყო. დარჩენილი სამოცი წუთი სულიერ მომზადებას დავახარჯე. ლეპტოპი გავხსენი და ბებიაჩემისგან გამოგზავნილი მეილი წავიკითხე:

 

[ტარიელ,

 ჩემო ტკბილო ბიჭო, რაის ჯამბაზი?! არ გადამრიო ამხელა ქალი! ჯამბაზის მოკვლა ვის გაუგია? ხომ იცი, შენი ხიფათიანი თავის ამბავი, არა? გეხვეწები, შარი არ აიკიდო რამე! ძალიან ფრთხილად იყავი, ძვირფასო! (მაგას ისევ არქიტექტორობა თუ არ ჯობდეს!!!).

 დეტალურად მომწერე სტაჟირებაზე რას აკეთებ! გული ცუდს მიგრძნობს.

 

სიყვარულით,

შენი ამჟამინდელი პროფესიით გულწრფელად შეშფოთებული ბებია]

 

 საპასუხო წერილის მიწერას დარეკვა ვამჯობინე. ბებიას ხმაში აღელვება ეტყობოდა, ამიტომ მის დასამშვიდებლად სტაჟირების ამბები „ცოტა“ სხვანაირად მოვყევი. ვუთხარი, რომ საოცრად თბილი, ყურადღებიანი და მზრუნველი ხელძღვანელი მყავდა, ჩემი საქმე მხოლოდ და მხოლოდ დაკითხვებში მონაწილეობის მიღებით შემოიფარგლებოდა, დანაშაულის ჩადენის ადგილას კი ერთადერთხელ ვარ ნამყოფი-მეთქი. ხოლო ის ეპიზოდები, რომელთა მიხედვითაც, პირველივე დღეს ტელეფონის ეკრანს ვაფუჭებ,  ხიდან ვვარდები, უჯიშო მაიმუნი ბარათს მიღუნავს, 125 ლარს მიხევს, მაჯაზე ღრმა ნაკბენს მიტოვებს, კაპელდინერს შეშლილი ჯაშუშივით ვედევნები უკან, ასაკოვან ქალბატონს სკამზე დაჯდომას ვასწრებ და ბოლოს ბილეთის არქონის გამო ვჯარიმდები, გამოვტოვე.

 ამასობაში საათის პატარა ისარი ცხრასთან შეჩერდა. წასვლის დროა! საჩუქარი ავიღე და ღიპიანი მეზობლის ბინისკენ გავემართე.

 

 

 

 

ოთხშაბათი, 12 ოქტომბერი

 

26. სტაჟიორი

 

 თვალებს ძლივს ვახელ. თავი საშინლად მტკივა. უფრო სწორად რომ ვთქვა, გახეთქვაზე მაქვს. ამაზე უარეს დღეში არასდროს ვყოფილვარ. ვწევარ და ვერც კი ვინძრევი. ჩემი ფიზიკური განადგურება ერთადერთი რამის, ღიპიანი თენგოს ღვინის ბრალია.

 ცოტა ხნით კიდევ მინდა ძილი, მაგრამ დეპარტამენში ვარ წასასვლელი, თან არ უნდა დავაგვიანო, თორემ ის ფსიქოპატი მოხუცი კიდევ ერთ დაგვიანებას აღარ მაპატიებს და სტაჟრებიდან საბოლოოდ მომხსნის. გული მიგრძნობს, ამის დიდი სურვილი აქვს.

 ადამიანის ფორმა დავიბრუნე. სახლიდან გამოვედი. დღეს მზე განსაკუთრებულად ანათებდა.

-ტატო! - მოულოდნელად ნაზი და სიფრიფანა ხმა მომესმა. პატარა ოქროსფერთმიანი გოგონა სადარბაზოდან გამოიქცა და თხელი ხელები ჩემს ჩასახუტებლად შორიდანვე წინ გამოიშვირა.

 მას მარიეტა ჰქვია. ჩემი ქვედა მეზობელია. ხუთი წლის არის. იგი ერთადერთი ადამიანია, ვისაც საოცრად შევეწყვე ამ კორპუსში. სანამ სტაჟირების გადატვირთული გრაფიკი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს წამართმევდა, იქამდე მე და მარიეტა ხშირად ვატარებდით ხოლმე ერთად თავისუფალ საღამოებს. უამრავ საინტერესო რამეს ვაკეთებდით, ფილმებს ვუყურებდით, სამაგიდო თამაშებს ვთამაშობდით, ფაზლებს ვაწყობდით, გიტარაზე დაკვრას ვასწავლიდი, ფარიკაობასაც, ოღონდ გრძელი სახაზავების გამოყენებით. მოკლედ, კრწანისის ტყუპებში გადმოსვლა ამ პატარა უსაყვარლესი მარიეტას გამოც კი ღირდა. აი, მის თავხედ ძმაზე კი იმავეს ვერ ვიტყოდი.

-ტატო, ნახე ჩემი ბუშტი! ხომ ლამაზია? - პლასტმასის თეთრ ჯოხზე დამაგრებულ წითელ ბუშტს მიწვდის.

-გასაოცარია!

-ჯერ კიდევ გუშინ მინდოდა მენახებინა შენთვის, მაგრამ გარბოდი და რომ დაგიძახე, ვერ გაიგე, - წარმოთქვა ნაღვლიანი სახით, - მივხვდი, რომ ღიპიან თენგოს გაურბოდი, ამიტომ თავი დაგანებე.

-მაპატიე, არც კი ვიცოდი თუ მეძახდი. გუშინ მართლა ძალიან ცუდი დილა მქონდა. ბოდიში.

-არა უშავს. გინდა ცოტა ხნით დაგაჭერინო? უკვე მეოთხე დღეა მაქვს და ჯერ კიდევ არ გამსკდარა. აი, აიღე!

 მაქსიმალურად ფრთხილად გამოვართვი. ისეთი ბედი მაქვს, გამორიცხული არ იყო, ამდენი ხნის შემდეგ მაინცდამაინც ჩემს ხელში გამსკდარიყო მისი ბუშტი.

-საიდან გაქვს? - ჩავეკითხე, რადგანაც საკმაოდ კარგი ხარისხის მასალისგან იყო დამზადებული, რაც მართლა გასაკვირი იყო.

-მამიკომ მიყიდა ცირკში, - წარმოთქვა გახარებულმა.

 რაღაც მომენტში გავიფიქრე, ხომ არ მესარგებლა შემთხვევით და მარიეტასთვის მეკითხა, რამე უცნაური თუ შენიშნა ცირკის არენაზე ან თავად გამომსვლელთა ქცევაში, მაგრამ მერე მალევე გამახსენდა, რომ წინ, სულ რაღაც, ხუთი წლის პატარა გოგონა მედგა.

-მოგეწონა ცირკში? - ამ ნეიტრალურ კითხვაზე შევჯერდი ბოლოს.

-კი, კარგი იყო ძალიან. თან იქ პირველად ვიყავი. ბევრი დიდი ლომი ვნახე. მსუქანი ჟონგლიორიც იყო და კიდე იცი რა ვნახე? - სიხარულისგან აციმციმებული თვალები შემომანათა.

-რა?

-ცხენები! - დაიყვირა აღტაცებული ხმით, - მერე მაიმუნებსაც ჩავეხუტე. იქ ცირკში ერთმა ქალმა ხელში დამაჭერინა ოთხივე. ძალიან პატარები და საყვარლები იყვნენ სუ ყველა, მაგრამ მე ის ერთი მომეწონა განსაკუთრებით. ცოტა მოუსვენარი კი იყო ისე... დაიცა, გავიხსენო რა ერქვა, - გონება დაძაბა და ბოლოს იმ უჯიშო ცხოველის სახელის თავისებური ვერსია წამოიყვირა, - ფენომენა! ხო, ასე ეძახდა ის ქალი. ბამბის ნაყინივით ვარდისფერი კაბა ეცვა. აუ, და იცი როგორი ფუმფულა ბეწვი ჰქონდა?

-ოჰ, კი! ეჭვიც არ მეპარება, რომ უფუმფულესი ბეწვი ექნებოდა.

-ცუდია, რომ შენ არ იყავი ცირკში. ფენომენა შენც ძალიან მოგეწონებოდა.

 რა გინდა, მშვენიერი სახელი შეურჩია ფილომენას.

-ეჭვიც არ მეპარება, - მოჩვენებითად გავუღიმე, - კარგი, ჩემო ლამაზო მეზობელო, აი, გამომართვი შენი ბუშტი! სამწუხაროდ, უკვე ჩემი წასვლის დროა. არ მინდა სტაჟირებაზე დავაგვიანო.

-ტატო, საღამოს თუ გეცლება, გინდა ვიფარიკაოთ? ამჯერად კოვზებით! აბა, მოგწონს ჩემი შემოთავაზება?

-ნამდვილად მაცდური შემოთავაზებაა, პატარა ქალბატონო! თუმცა ეს დღეები გვიან მიწევს ხოლმე სახლში დაბრუნება. დიდი ალბათობით, დღესაც გვიან მოვალ, ამიტომ მოდი ასე მოვიქეთ! შაბათს ან კვირას სადმე გავისეირნოთ! რას იტყვი? საბაც თან წავიყვანოთ, - მარიეტას ძმა ვახსენე თუ არა, მაშინვე სადარბაზოდან გამოვარდა ეგ ტყიური ბავშვი.

-მარიეტა, მომეცი ახლა ბუშტი მეც! - ბოლო ხმაზე ღრიალებს, - სულ შენ გიჭირავს! რა წესია?

-წადი!... არაა!

-მომეციიი!

-არა!... აუ, საბა, გადი რაა! შენც ხო გქონდა?

-გასკდა მერე. მათხოვე ცოტა ხანს შენი! მე ხო გაძლევდი ჩემსას?

-საიდან გაჩნდი აქ? ხო გეძინა? რატო გაიღვიძე?

-დედამ ამაგდო! არ დამაცადა ძილი. ახლა კი მომეცი!

-არა...

 საჭიროდ ჩავთვალე, და-ძმის ორთაბრძოლაში მეც ჩავრეულიყავი, რადგანაც სიტყვიერმა შეხლა-შემოხლამ ახლა უკვე ფეხებისა და ხელების მკვეთრი მოძრაობების სახე მიიღო, რაც კარგად არ დამთავრდებოდა.

-კარგით, ბავშვებო, ნუ ჩხუბობთ!... – მშვიდად და წყნარად მივმართე ორივეს, თუმცა ამაოდ, ყურადღებასაც არ მაქცევდნენ. არ მეგონა, თუ ასეთი ძნელი იყო ბავშვების გაშველება. ძირითადად ბიჭის დაწყნარებას ვლამობდი, - საბა, გაუშვი მის თმებს ხელი! ეტკინება!... ეი!... ფეხებს ნუ იქნევ!... რას აკეთებ?! ასე ტანსაცმელი გაეხევა!... ჩემგან რაღა გინდა?... შენი კბილები მომაშორე! - თავისი პატარა და ბასრი კბილები პირდაპირ მაიმუნის ნაკბენში ჩამავლო. რაღა მაინცდამაინც მანდ მოუნდა კბენა. ტკივილმა სხეულში გაატანა. ძლივს მოვიშორე ეს ტყიური ბავშვი.

 ამ დიდ მღელვარებაში კი ბუშტმა მეტს ვეღარ გაუძლო და გასკდა. ემოციებს აყოლილმა საბამ გადაწყვიტა, რომ უკანასკნელი, ყველაზე ეფექტური სვლა განეხორციელებინა, ამიტომ პლასტმასის ჯოხი, რომელზეც ბუშტი იყო დამაგრებული, მუხლზე გადაიმტვრია და მასში ჩაყრილი თეთრი ფხვნილი ჰაერში გაიფანტა.

-დამპალო! - გოგონა ცრემლებად იღვრება, - ცარცი რატო ჩაყარე შიგნით?

-მე არაფერი ჩამიყრია! - გაკვირვებული ყვირის.

 და ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, დაგვადგა საშველი. აივნიდან დედამ გადმოსძახათ.

-მარიეტა! საბა! აბა, დროზე სახლში! ჯერ არ გათენებულა და უკვე რა დრეში ხართ? თქვენი ყვირილის ხმა ყრუ ბაბუათქვენმაც კი გაიგო. ამოდით დროზე! - დედის ბრძანებაზე ბავშვები მაშინვე შეცვივდნენ სადარბაზოში.

 საკმარისად ბევრი დრო დავხარჯე ამ უაზრო ჩხუბში. უნდა წავსულიყავი, თორემ ისევ დავაგვიანებდი სტაჟირებაზე. შიდა ეზოდან გასვლა დავაპირე თუ არა, მოულოდნელად ჩემში ნამდვილმა დეტექტივმა გამოიღვიძა და მაიძულა დავხრილიყავი, რათა ჯოხიდან გადმოყრილი თეთრი ფხვნილი ახლოდან დამენახა.

 მარჯვენა მუხლზე დაყრდნობილს წამით სხეული გამიშეშდა გაოცებისგან.

 ეს ცარცი კი არა,  კოკაინია!

 

 

 

 

27. სტაჟიორი

 

 ეზოდან გამოვედი და დეპარტამენტისკენ გავემართე. გონებაში დატრიალებულმა ფიქრებმა უკვე მოახერხეს და ნამდვილი მენტალური წარღვნა მომიწყვეს. გათიშული კამერები, წერილი ჯამბაზის ჯიბეში, მაიმუნის ბეწვი კბილებს შორის, დასის წევრები, კაპელდინერი, ნარკოტიკი ცირკში ნაყიდ ბუშტში - ეს და კიდევ მრავალი დეტალი ნელ-ნელა იწყებს ერთიანი სურათის შექმნას, თუმცა ნაადრევ დასკვნებს ჯერ არ გამოვიტან.

 შინაგანად აფორიაქებული ვარ. მინდა, რაც შეიძლება მალე მივიდე დეპარტამენტში და დღევანდელი პატარა ინციდენტის შესახებ დეტექტივს ვუამბო.

 ზუსტად ათი საათია. როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილს. არ დამიგვიანია. სწრაფად მივაჭერი ბატონი თეიმურაზის კაბინეტის კარს, რომელიც ღია დამხვდა. ოთახში შევიხედე და შიგნით არავინ იყო. ალბათ, სადმეა გასული და მოვა მალე. დივანზე დავჯექი. ველოდები.

 გავიდა 10 წუთი.

 ვითომ იგვიანებს?

 არა!

  თერთმეტის 20 წუთია.

 ჯერ ისევ არ ჩანს.

 უკვე 40 წუთია მარტო ვარ ამ ოთახში.

 სად ჯანდაბაში დაეთრევა ნეტა? ასეთი მნიშვნელოვანი რამ მინდა ვუთხრა და ეს კიდე მაინცდამაინც ახლა აორთქლდა. ღმერთო, ხომ არ მოკვდა? არა! მაგას რა მოკლავს! მერე რა რომ თითქმის 70 წლის არის.

 ერთსაათიანი ლოდინის შემდგომ, მივხვდი, რომ რაღაცაშია საქმე. კი არ იგვიანებს, მგონი, საერთოდ არ მოდის. ჰოლში გამოვედი. დეპარტამენტის წევრებს ვკითხე, არ იციან, სად არის. არ ვნებდები! კვლავ ვაგრძელებ მოხუცი დეტექტივის ძებნას! ამისთვის ბატონ როსტომთან ავედი.

-სალამი! რამ შეგაწუხა, ტატო?

-ბატონო როსტომ, ჩემი ხელმძღვანელი ხომ არ გინახავთ?

-ხო მშვიდობაა?

-არ ვიცი. ერთ საათზე მეტია ველოდები და ჯერ არ გამოჩენილა.

-რომ დაურეკო?

-ვცადე. არ პასუხობს.

-მაშინ მე ვერ დაგეხმარები. მიზეზი ექნება. ცოტა ხანს კიდევ დაელოდე, იქნებ მოვიდეს... ხო, ტატო, ბარემ გკითხავ, გამოძიების საქმე როგორ მიდის? მნიშვნელოვან რამეს ხომ არ მიაგენი?

-ჯერჯერობით მოვლენების ბუნებრივ განვითარებას მივყვებით. გული მიგრძნობს დასასრული ახლოს არის.

 საჭიროდ არ ჩავთვალე კოკაინი მეხსენებინა მასთან. ჯერ დაზუსტებით არ ვიცი, ეს ცირკს უკავშირდება თუ უბრალოდ მარიეტას ოჯახის რომელიმე წევრის ნარკომანობას.

 როსტომის კაბინეტი დავტოვე. ახლა ელენესთან ჩავედი. არც მან იცის სად ჯანდაბაშია. გარეთ გამოვედი. ავტოსადგომისკენ მივემართები. ბატონი გიზო უნდა ვნახო. ჩემი ბოლო იმედია.

-ბატონო გიზო, იქნებ თქვენ მაინც იცოდეთ ჩემი ხელმძღვანელი სად არის? ვურეკავ და არ მპასუხობს. შემთხვევით თქვენთვის ხომ არ უთქვამს დღეს სადმე თუ აპირებდა წასვლას?

-რა რიცხვია შემახსენე, ტატოიე!

-12 ოქტომბერი.

-ო, მაშინ არ ელოდო! მაგი დღეს აქ მომსვლელი არ არის.

-რატომ? დღეს რა ხდება? მისი დაბადების დღეა?

-არა. საქმე სხვა რამეს ეხება.

-რას?

-თუ ჯერ არ უთქვამს, ესე იგი, არ უნდა, რომ იცოდე. ბოდიში, ტატოიე! მე ვერ გეტყვი.

 ამასობაში თეთრ ჰამერს სამი კაცი მოუახლოვდა. აჩქარებით ჩასხდნენ მანქანაში. ბატონმა გიზომაც დაიკავა თავისი ადგილი მძღოლის სავარძელზე და ფანჯრიდან გადმომძახა:

-დღეს აღარ ელოდო, ტატოიე, მაგ უჟმურს მეტი! ხალხი მყავს წასაყვანი ობიექტზე ახლა მე და უნდა დაგტოვო. აბა, დროებით!

-დროებით!

 ჩვენი გამოძიება თითქმის გადამწყვეტ მომენტს უახლოვდება. ამას კი მაინცდამაინც ახლა მოუნდა სამსახურის გაცდენა გაურკვეველი მიზეზით. ეს ბებრუხანა დეტექტივი არაფრად მაგდებს. გასაგებია, რომ თანამდებობას ტოვებს რამდენიმე დღეში და მნიშვნელოვანი ნაწილი უწინდელი პასუხისმგებლობებისა უკვე მოესხნა, თუმცა, უბრალო პატივისცემის ფარგლებში, ჩემი გაფრთხილება ხომ შეეძლო არა?!

 

 

 

 

 

28. სტაჟიორი

 

 თეიმურაზის ერგონომიულ სავარძელზე ვზივარ. ნიკაპი ხელისგულზე მაქვს ჩამოდებული. აქაურობა რაღაცით წააგავს დეტექტივს, მაგრამ კონკრეტულად რითი ვერ გამიგია. მხარზე მჯდარი პატარა ეშმაკი ლეპტოპის ჩართვისკენ მიბიძგებს. საინტერესოა რა ინფორმაცია იმალება შიგნით... თუმცა არა! სხვის პირად ნივთებში ძრომიალი არ შეიძლება. თან იქნებ სათვალთვალო კამერები აქვს დამონტაჟებული?

 კამერის გაფიქრებაზე ინსტინქტურად კედლის კუთხეში ავიხედე და იქ მიმაგრებული ფურცლის ნაგლეჯი შევნიშნე. წიგნების კარადის წინ მდგარი ოთხ-საფეხურიანი კიბე კუთხის სიახლოვეს მივიტანე და ზედ ავედი. ახლა უკვე გარკვევით შემიძლია წავიკითხო რა წერია მასზე:

 [კამერები არ მაქვს.] - გული მიგრძნობს, ეს ფრაზა ჩემთვისაა.

 შანსი არაა! ექნება კამერები. მატყუებს.

 კვლავ რბილ სავარძელს ვუბრუნდები. ამჯერად მაგიდის ქვეშ ვიხედები, რათა შევამოწმო იქ მაინც თუ აქვს რამე მიმაგრებული. ისევ პატარა ზომის ფურცლის ნაგლეჯს ვაწყდები - [სიტყვაზე რატომ არ მენდობი, სტაჟიორო? არ მაქვს-მეთქი!] - ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემს გონებაში დაძვრება. ახლა ვხვდები რითი ჰგავს ეს კაბინეტი მას.

 ასეთი უაზრო მესიჯების დატოვებას ჯობდა ის დაეწერა, რატომ არ მოვიდა. მაგიდის მეორე უჯრას ვაღებ. ამ უჯრის გარდა, სხვა ყველა ჩაკეტილია. ვეცადე მათ გაღებას, მაგრამ წარუმატებლად დასრულდა. მეორე უჯრაში მორიგი ფურცელი მხვდება - [ჩემს უჯრებში უაზროდ ძრომიალს ჯობია სატელეფონო ჩანაწერს ხელახლა მოუსმინო! თუ კარგად დაუკვირდები, აღმოაჩენ იმ დეტალს, რომელიც სიჩქარეში გამოგვრჩა.]

 რა დეტალზე საუბრობს?

 ლეპტოპს ვხსნი და კიდევ ერთი ფურცლის ნაგლეჯს ვპოულობ შიგნით. ამ უკანასკნელზე დაწერილმა ორ-ხაზიანმა მესიჯმა მოლოდინს გადააჭარბა - [მორიგი დავალება ჩემგან, სტაჟიორო! დაამტკიცე, რომ სატელეფონო ჩანაწერი ყალბია!] 

 თეიმურაზი თავისი დავალებებით ყოველ ჯერზე წარმატებით ახერხებს ჩემს გაოცებას. კუთხეში დადებულ ლეპტოპს სწრაფად ვიღებ, რომ მაგიდის შუაში დავდო. ამასობაში კი ხელში აღებულ ლეპტოპს ქვევიდან მიკრული ფურცელი სძვრება და მაგიდაზე ვარდება.

 კიდევ? ნეტა ამჯერად რაღა დარჩა სათქმელი?! – [დღეს დეპარტამენში არ მოვალ. მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, შვილიშვილების ზეიმზე მივდივარ საბავშვო ბაღში! საღამოს შევხვდებით! (P.S. ეს ფურცელი ბოლოა)]

 უბრალო პატივისცემის ფარგლებისა რა მოგახსენოთ, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ თავისი ფსიქოპატობის ფარგლებში მაინც გამაფრთხილა, დღეს მოსვლას რომ არ აპირებდა, თან საპატიო მიზეზიც მოაყოლა. ჩემი სიტყვები, „ეს ბებრუხანა დეტექტივი არაფრად მაგდებს-მეთქი“ უკან მიმაქვს. ძალიან კარგადაც მაგდებს, ოღონდ საგონებელში. წარმოდგენა არ მაქვს ჩანაწერის სიყალბე როგორ დავამტკიცო. ეს ყველაზე რთული დავალებაა, რაც კი აქამდე მოუცია.

 ჟონგლიორის სატელეფონო ჩანაწერს ვახვევ იმ მომენტში, სადაც ჯამლეტისა და არჩილის ხმები ისმის. ერთი და იმავეს რამდენჯერმე ვუსმენ. ვერაფერს ვაგნებ. ბოლოს ვხვდები, რომ საქმე ჯამბაზსა და კაპელდინერს კი არ ეხებათ, არამედ ანტონსა და ელენას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, თავიდან ბოლომდე მომესმინა დიალოგისთვის. მაინც წარუმატებელია ცდა. საეჭვო არაფერი ჩანს. იდიოტივით ვზივარ და ცოლ-ქმრის პირად საუბარს ვუსმენ. რაკი სიყალბეზე მიდგა საქმე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ დიალოგში ისეთი შეუმჩნეველი დეტალი გაიპარა, რაც სიმართლე ვერ იქნება. არადა ერთი შეხედვით უბრალო ყოველდღიური მოკითვხის მსგავსი სატელეფონო ზარია.

 ანტონზე მეტი ინფორმაცია რომ გამეგო, მის ბიოგრაფიას გადავხედე. ნელა და ზედმიწევნით გადავიკითხე ყოველი გვერდი სამჯერ. ცოლიც მართლა ჰყავს და ორი ქალიშვილიც, 13 და 14 წლისები. ისინი ნამდვილად ნოვოსიბირსკში ცხოვრობენ. სიმართლეა ის ნაწილიც, რომელშიც ელენა ამბობს, რომ ნოვოსიბირსკში საშინელი ქარი იყო 9 ოქტომბერს. სპეციალურ ელექტრონულ საიტებზე ამაზე სტატიაც ვნახე. რუსული ახალი ამბები იუწყებოდა, რომ ძლიერი ქარიშხლის გამო ოთხ სახლს სახურავი აეხადა, ერთი ბავშვი კი მოტეხილმა ხემ იმსხვერპლა.

 ასე ვერაფერს გავხდები! ფაქტების გადამოწმება ახლა სასაათო სარტყლების მიხედვით ვცადე.

 ცირკის შენობის სათვალთვალო კამერები ზუსტად 21:55-ზე გაითიშა. ცოლის ზარი კი ანტონს კამერების გათიშვამდე 2 წუთით ადრე, ანუ თბილისის დროით 21:53-ზე შემოუვიდა, შემდეგ მოსაწყენი დიალოგი 21 წუთს გაგრძელდა და მხოლოდ 22:14-ისთვის დასრულდა. ელენამ მართლა ნოვოსიბირსკიდან დაურეკა. ნომერი საერთაშორისო კოდით იწყებოდა და ამას გარდა, ქვეყნის ეროვნული კოდიც თან ერთო. ამ მხრივ სიყალბეზე ვერაფერს ვიტყვი. შესაბამისად, დიალოგის დასაწყისი ნაწილი რეალობას შეესაბამება:

 

[-საღამო მშვიდობის, საყვარელო! ცუდ დროს ხომ არ გაწუხებ?

-არა, ელენა... როგორ ხართ, ძვირფასო? ჩემი პატარა გოგონები როგორ არიან?

-კარგად, უკვე სძინავთ. დღეს დატვირთული დღე გვქონდა: ჯერ ხატვა, მერე ჩოგბურთი, ცურვა და ბოლოს თეატრი.]

 

 ნოვოსიბირსკთან სამ-საათიანი სხვაობა გვაქვს. სატელეფონო ზარის მომენტში ელენა 00:53-დან 01:14-მდე დროის მონაკვეთში საუბრობდა. აქედან გამომდინარე, დედის ნათქვამი, ბავშვებს „უკვე სძინავთ“, სავსებით ჭეშმარიტი წინადადებაა.

 თეიმურაზის კაბინეტში დაკიდებული საათის ისრები შეუჩერებლად მოძრაობს. უკვე 6 საათი გახდა, მზე ჰორიზონტს მიეფარა, მე კი ჯერაც ვერაფერი მიპოვია საეჭვო. ნაცვლად ამისა, საუბრის ჭეშმარიტებას უფრო და უფრო მეტად ვამყარებ. სასაათო სარტყლებიც კი ჟონგლიორის სატელეფონო ჩანაწერის მხარესაა. არადა, რაზეც ანტონმა და მისმა მეუღლემ ისაუბრეს, იქიდან რაღაც უეჭველი ტყუილია. მაგრამ რა? განა ისეთს რა საეჭვო დეტალს მიაგნო ამ ბებერმა დეტექტივმა, რასაც მე ვერ ვპოულობ?

 გაურკვევლობა მაღიზიანებს და მოთმინების უნარს მაკარგვინებს. მთელი ამ დროის განმავლობაში შეუჩერებლად ვუსმენდი ჩანაწერს და უკვე სათვალავი ამერია მერამდენედ ჩავრთე თავიდან. ვხვდები, რომ ცოტა ხნით დასვენება მჭირდება, ამიტომ ლეპტოპს ვთიშავ და ცენტრალურ ჰოლში გამოვდივარ.

 ყავის აპატარს ვუახლოვდები და სასურველ სასმელს ვირჩევ. ამასობაში დეპარტამენტის დიდი მთავარი კარი იღება და ბატონი გიზო შემოდის. იგი შორიდანვე მამჩნევს და ღიმილიანი სახით მიახლოვდება.

-საღამოს სალამი, ტატოიე! - ჩემგან, სულ რაღაც, სამოც სანტიმეტრში ჩერდება და კეპიან ბერეტს იხდის, - შენ კიდე აქ ხარ კაცო? - მეკითხება გაკვირვებული.

-საღამო მშვიდობის, ბატონო გიზო! - ვესალმები და ყავას ვთავაზობ, თუმცა თავაზიანი უარით მისტუმრებს.

-აღარ მინდა, ჩემო კარგო, დღეს ბევრი მომივა. დილიდან მოყოლებული იმნაირ უხასიათო და უხალისო ხალხს დავათრევდი წინ და უკან, რომ მხოლოდ ყავის სმითა და დონატების ჭამით ვირთობდი გულს. მაგათ ისევ ჩემი თემოიე თუ არ მიჯობდეს! უი, ხო, გაარკვიე რატო არ მოვიდა დღეს?

-დიახ.

-კარგია, მაშინ სახლში რატო არ მიდიხარ, ტატოე?

-ბატონი თეიმურაზის დავალებას ვასრულებ, - ვპასუხობ უხალისოდ.

-დეიცა! თუ არ მევიდა და არც ტელეფონზე გპასუხობდა, დავალება რაფერ მოგცა?

-გრძელი ამბავია, არ ღირს ამაზე საუბარი.

-კაი ბატონო, როგორც გენებოს! ისე კი ვხედავ, არც ისე მარტივი დავალება მოუცია შენთვის მაგ ბებერ ძაღლს. დილის აქეთ დაკლებული და დასუსტებული მეჩვენები. ხო კაათ ხარ, ტატოიე?

-კი, კარგად ვარ. უბრალოდ ჟონგლიორის სატელეფონო ჩანაწერის სიყალბის დამტკიცებას ვცდილობ. დღეს დილიდან მოყოლებული მაგ იდიოტურ ჩანაწერს ვუსმენ. უკვე აღარ ვიცი მერამდენედ ჩავრთე თავიდან, თუმცა არაფერი გამომდის. საეჭვოს ვერაფერს ვაგნებ, - ყავის გაცარიელებულ ჭიქას მთელი ძალით ვკუჭავ და სანაგვე ურნაში ვისვრი გაბრაზებული, - ყველას ბიოგრაფია შევისწავლე, ვინც ამ ჩანაწერში საუბრობდა, არჩილის, ჯამბაზის, ანტონის, მისი ცოლის, ყველასი!

-იქნებ იმათი უნდა შეგესწავლა, ვინებიც მაგ ჩანაწერში საერთოდ არ საუბრობდნენ?

-ღმერთო ჩემო, აქამდე ეგ როგორ არ მომაფიქრდა?

 ბატონი გიზოს ამ ერთმა კითხვამ ჩემი მთავარი შეცდომა გამააზრებინა.

-რაი, ტატოიე?

-ბავშვები.

-ვისი?

-ბატონო გიზო, უღრმესი მადლობა!

-რისთვინ კაცო?

-ანტონის შვილებისთვის.

-რაი?

-მერე აგიხსნით. ახლა უნდა წავიდე. მეჩქარება.

 ყავის აპარატთან დავტოვე და თავქუდმოგლეჯილი შევარდი კაბინეტში. ლეპტოპი ჩავრთე და ჩანაწერის მოსმენა დავიწყე. ამჯერად უკვე ვიცი, რისი სისწორეც უნდა გადავამოწმო.

 ჟონგლიორს ორი ქალიშვილი ჰყავს. 13 წლის მარგარიტა და 14 წლის ნადია და რადგანაც სახელებისა და ასაკების გარდა, საგამოძიებო დოკუმენტებში ანტონის შვილებზე მეტი არაფერი წერია, საჭირო გახდა, თანამედროვე, საკმაოდ ნაცადი მეთოდით შემეგროვებინა ინფორმაცია, სოციალურ ქსელებში გოგონების დასტალკვა დავიწყე .

 ჯერ ელენას Facebook-ს მივაგენი. მისი პროფილის ფოტოს ქვეშ დატოვებული კომენტარები ჩავიკითხე, თუმცა არცერთი მათგანი არ იყო შვილების დაწერილი. გადავედი შემდეგ ფოტოზე, კვლავ იგივე სიტუაცია მხვდება. მესამე ფოტო - საერთოდ არანაირი კომენტარი. მეოთხე ფოტო - ყვავილების უზარმაზარი ბაღი. მეხუთე ფოტო - როგორც იქნა! ვიღაც მარგოს კომენტარს ვაწყდები - „Я люблю тебя, мама!“[34].

 „მარგო“ ანუ მარგარიტა, მარტივი მისახვედრია. ახლა 13 წლის მარგარიტას Facebook-ს ვათვალიერებ, პარალელურ რეჟიმში კი ჩანაწერს ვუსმენ. უკანასკნელი ფოტო დღეს, ორი საათის წინ დადო. თან თავისი დაც ჰყავს მონიშნული. ბავშვები სამხატვრო აკადემიაში იმყოფებიან, ანუ ხატვაზე მართლა დადიან. პანორამული ფანჯრებიდან ქალაქის ხედი იშლება. შენობებს შორის ობელისკი მოჩანს. ასეთი რამ ნოვოსიბირსკში ნამდვილად არ არის. ფოტო იქ არ გადაუღიათ. მაშინ სად? იქნებ სურათი ძველია და უბრალოდ დღეს გამოაქვენა? არ არის გამორიცხული. ამით შორს ვერ წავალ.

 ოდნავ ქვევით ჩამოვედი და ვხედავ, რომ 10 ოქტომბერს რაღაც პოსტი აქვს გაზიარებული არგენტინის ჩოგბურთის ფედერაციის გვერდიდან. პოსტზე კვლავ თავისი და მონიშნა და ამჯერად წარწერაც მოაყოლა - „Мы в финале“[35]. საჭიროდ ჩავთვალე, გავცნობოდი გაზიარებულ ინფორმაციას. როგორც მივხვდი, ჩოგბურთის ფედერაცია ჩემპიონატს ატარებს და ანტონის ქალიშვილები ათ ფინალისტს შორის მოხვდნენ.

 ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე გადავედი მეტი ინფორმაციის გასარკვევად. შესარჩევი ეტაპი 5 და 6 ოქტომბერს ჩატარდა, მეორე ეტაპი კი - 9 ოქტომბერს, ხოლო ფინალი 15 ოქტომბერს იყო ჩანიშნული. ლოგიკურია, სანამ ფინალამდე მიაღწევდნენ, იქამდე გოგონები შესარჩევ და მეორე ეტაპებსაც გაივლიდნენ, ანუ გამოდის რომ...

  ამასობაში ჩანაწერი ხელახლა იწყება და ჟღერდება ზუსტად ის მომენტი, რაც მთლიან ჩანაწერს აყალბებს:

 

[-საღამო მშვიდობის, საყვარელო! ცუდ დროს ხომ არ გაწუხებ?

-არა, ელენა... როგორ ხართ, ძვირფასო? ჩემი პატარა გოგონები როგორ არიან?

-კარგად, უკვე სძინავთ. დღეს დატვირთული დღე გვქონდა: ჯერ ხატვა, მერე ჩოგბურთი, ცურვა და ბოლოს თეატრი.]

 

 აი ეს დეტალიც!

 9 ოქტომბრის ღამეს ბავშვები ნოვოსიბირკსში დედასთან არ იმყოფებოდნენ, შესაბამისად, „უკვე სძინავთ“ - ეს ფრაზაა სწორედ ის არის, რაც გამოგვრჩა მაშინ და რაც ამდენი ხანი ყურადღების მიღმა მრჩებოდა.

 სატელეფონო საუბრის მომენტში ანტონი თბილისში იყო, ელენა ნოვოსიბირსკში, გოგონები კი ბუენოს-აირესში. სწორედ არგენტინის დედაქალაქში ტარდება ჩემპიონატი. ახლა ცხადია, მარგარიტას მიერ ორი საათის წინ დადებული ფოტო სადაცაა გადაღებული. სამხატვრო აკადემიის ფანჯრებიდან რომ ობელისკი მოჩანს ბუენოს-აირესში დგას. ბავშვები ჯერ კიდევ 5-6 ოქტომბრიდან მოყოლებული, ან შესაძლოა კიდევ უფრო ადრეც, არიან მაგ ქალაქში და სულ მინიმუმ 15 ოქტომბრამდე მაინც იქ დარჩებიან, რათა ფინალში მიიღონ მონაწილეობა.

  როცა ელენემ ნოვოსიბირსკიდან დარეკა 00:53 – 01:14 დროის შუალედში, ბუენოს-აირესის დროით 14:53 – 15:14 იქნებოდა. ამ პერიოდში კი, არა მგონია, 13 და 14 გოგონებს სძინებოდათ.

 ჩანაწერი მართლა ყალბია. რა თქმა უნდა, ამ სატელეფონო საუბარს უნდა ეარსება, რომ სადღაც, უკანა ფონზე არჩილისა და ჯამლეტის ვითომ ჩხუბის ხმა გაგვეგო.

 ცოლმა ქმარს დაურეკა გადატვირთული კვირა დღის შემდეგ. საუბრობდნენ ყველაფერზე, ბავშვებზე, სახლზე, ეზოზე, ამინდზე... თითქოს ჩვეულებრივი საუბარია, მაგრამ შეცდომა გაეპარათ. სოციალური ქსელები არ გააკონტროლეს. მარგარიტას ერთმა გაზიარებულმა პოსტმა ყველაფერი გააფუჭა.

 და ამასობაში დაღამდა.

 რაც გასარკვევი იყო, გავარკვიე. დღეისთვის აქ დავასრულებ. ბუშტის ამბავს კი იმ ბებრუხანასთან ერთად მივუბრუნდები. ლეპტოპი გავთიშე და დეპარტამენტიდან გამოვედი. მაჯის საათზე არც დამიხედავს. სადღაც რვა ან ცხრა უნდა ყოფილიყო. თენგოს დაბადების დღიდან გამოყოლილმა თავის ტკივილმა ჯერ კიდევ არ გამიარა, მშია, დაღლილობისგან სწრაფად სიარული მიჭირს და მაინც უბედნიერესი ვარ, რადგანაც მრავალსაათანი ტანჯვის შემდგომ, წარმატებით ვასრულებ თეიმურაზის დავალებას. 

 ჩანაწერის სიყალზე დამტკიცებულია!

 

 

 

 

29. სტაჟიორი

 

 სახლისაკენ მიმავალს მოულოდნელად ნაცნობი ხმა შემომესმა.

-სტაჟიორო! 

 უკან გახედვაც არ დამჭირვებია, მაშინვე მივხვდი, ვინ იყო.

-საღამო მშვიდობის, ბატონო თეიმურაზ!

-ასე გვიან დეპარტამენტიდან მოდიხარ? - მეკითხება.

-დიახ. თქვენი დავალების შესრულებამ ძალიან დიდი დრო წაიღო.

-არადა, სულ რაღაც, ერთი საათის საქმე იყო, - წარმოთქვა უდარდელად და ჩაიცინა, - ისე კი უნდა გამოგიტყდე, ბოლო მომენტამდე მჯეროდა, რომ მაგ დავალებას ვერ შეასრულებდი.

 ჩემი დამცირებით სავსე მისი მოკლე და ამომწურავი სიტყვით გამოსვლა არ შევიმჩნიე და გავაგრძელე.

-ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, დღეს რამე სხვა გამეკეთებინა და საქმე წინ წაგვეგდო. საკმაოდ დიდი დრო დავკარგე. უამრავჯერ მოვუსმინე ერთი და იმავე საუბარს. თუკი უკვე იცოდით ჩანაწერის სიყალბის შესახებ, ხომ შეგეძლოთ არა პირდაპირ გეთქვათ რა დეტალი იყო საეჭვო?

-ხომ არ გავიწყდება რომ სტაჟიორი ხარ? სულ ასე პირდაპირ რომ გითხრა ხოლმე საეჭვო რა არის და რა უნდა გამოიძიო, მაშინ შენ სულ ასე სტაჟიორად დარჩები. გასაგებია?

-გასაგებია.

 სტაჟირების პირველ დღეს ბატონმა თეიმურაზმა ახსენა, რომ დეპარტამენტში მოსასვლელად ოთხი წუთი და ოცდაათი წამი სჭირდება ფეხით, რაკი ასე ახლოს ცხოვრობს, გადავწყვიტე, სახლამდე მიმეცილებინა. დავაპირე თუ არა მისთვის მეკითხა კონკრეტულად სად ცხოვრობდა, მაშინვე თავის ტკივილმა შემახსენა თავი. მოხუცს ჩემი სახის ნაკვთების არასასიამოვნოდ შეჭმუხნა უყურადღებოდ არ დარჩენია და უმალვე მკითხა:

-თენგოს ღვინის ბრალია, ხო?

 ეს საიდან იცის? შეუძლებელია! მისთვის არ მითქვამს.

-ახლა გინდა მკითხო, თუ საიდან ვიცი ეს, ხო?... - ჩემს პასუხს არ დაელოდა, - კარგი, ასეთი გაოცებული სახით ნუ მიყურებ! შენვე მიმანიშნე, უფრო სწორად, იმ პატარა შეცდომამ, რომელიც დაუშვი. ეგ რომ არა, საერთოდ ვერც ვერასდროს მივხვდებოდი, რომ გუშინ თენგოს დაბადების დღეზე იყავი. მგონი, ცხრა საათი, არა? მე რომ შენს ადგილზე ვყოფილიყავი, წვერის საპარს ვაჩუქებდი და არა საათს. შენ თვითონაც ხომ იცოდი, რომ ანტიკვარულ საპარს ხმარობდა?!... პირველ დღეს, როცა სტაჟირებაზე მოხვედი, ხომ გითხარი, წვერი ორი განსხვავებული საპარსით გაქვს გაპარსული-მეთქი, ერთი ახალი იყო, მეორე კი საკმაოდ ძველი, რომელიც თენგოს გამოართვი. ისე, საჩუქარზე აზრი ხომ არ შეიცვალე?

-დიახ, გადავიფიქრე საათის ჩუქება. საპარსი ვუყიდე, - ვუპასუხე დაბნეული ხმით

-ო, მაშინ გეტყოდა, რომ ამიერიდან ნაჩუქარი ელექტრო საპარსების შეგროვებას დაიწყებდა, ორი ხომ უკვე შეუგროვდა.

 მართლა ესე მითხრა, ღმერთო! ეს გიჟი კამერას დამიმაგრებდა სადმე და უეჭველი ამიტომ იცის ამდენი დეტალი ჩემზე. მეტი ახსნა არ არსებობს!

-მოდით, აღიარეთ, რომ კამერა და მოსასმენი აპარატი დამიმაგრეთ!

-მოდი იმასაც გეტყვი, სტაჟიორო, თენგომ რა გაჩუქა, - წამით დადუმდა და შემდგომ პირველივე ჯერზე სწორი ვერსია გააჟღერა, - ვეფხისტყაოსანი.

-ასეთი რამეები არ უნდა იცოდეთ ჩემზე!

-კარგი, ახლა კი მოგახსენებ იმ შეცდომაზე, რომელიც დასაწყისში აღვნიშნე. პირველ დღეს გიზოს მანქანასთან გასაღები რომ დაგივარდა გახსოვს?

-მახსოვს.

-აი სწორედ მაგ პატარა უმნიშვნელო დეტალმა მითხრა ყველაფერი.

-რაღაცას მატყუებთ. 

-ეჰ, სტაჟიორო, - ჯიბიდან გასაღებს იღებს და მაჩვენებს. ზუსტად ჩემნაირია, - ხო, მეზობლები ვართ. მეც კრწანისის ტყუპებში ვცხოვრობ და მწვანე ფერის იდიოტურ გასაღებს დავათრევ. ღიპიანი თენგო ძალიან მეგობრული ადამიანია, ხოდა მოახერხა ჩემთან დაახლოებაც, არადა დიდად გულზე არ მეხატება. საქეიფოდ მეც დამპატიჟა, მაგრამ, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. მხოლოდ საჩუქრის ჩუქებით შემოვიფარგლე.

-ის მეორე ელექტორო საპარსი თქვენ აჩუქეთ?

-დიახ და სანაცვლოდ ვეფხისტყაოსანი მეც მივიღე. 

-გამოდის ორშაბათს მანქანასთან გასაღები რომ არ დამვარდნოდა შემთხვევით, ვერაფერსაც ვერ გაიგებდით.

-დიახ. ასეა.

-ანუ ამ ერთმა პატარა გასაღებმა დამღუპა?

-დიახ, - ამბობს და თავს მიქნევს, - იმედია მომავალში უფრო ფრთხილად იქნები! უმნიშვნელო დეტალებს ადამიანის განადგურება მართლა შეუძლია. ამაში ხომ შენ თვითონაც დარწმუნდი დღეს? ერთი უმნიშვნელო დეტალის უყურადღებოდ დატოვება და მთლიანი ჩანაწერი გაყალბდა.

 ამასობაში გონებაში წამოჭრილმა შემზარავმა ფიქრებმა იმდენად გამიტაცა, რომ თეიმურაზის საუბარს ყურს ვეღარ ვუგდებდი... ანუ რა გამოდის? რაკი სულ მალე თანამდებობას დატოვებს, დეპარტამენტში აღარასდროს შევხვდები, თუმცა მაინც ვერ მოვიშორებ თავიდან იმიტომ, რომ ჩემი მეზობელი აღმოჩნდა?! ახლა მართლა სერიოზულად დავფიქრდები ბებიაჩემის შემოთავაზებაზე, მასთან გადავიდე საცხოვრებლად.

-სტაჟიორო! ოე, სტაჟიორო! რას გაშტერებულხარ? შენ გელაპარაკები.

-გისმენთ!

-კი თუ არა?

-რა კი თუ არა?

-გშია?

-დიახ, - ვუპასუხე დაუფიქრებლად.

-მაშინ, ვახშამზე გეპატიჟები. შეუდარებელი დეტექტივი რომ ვარ, ამაში ხომ კარგად დარწმუნდი? - დაუფარავი სიამაყით მეკითხება და მეც თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად, - ხოდა ახლა კი დარწმუნდები იმაში, რომ ფასტასტიკური შეფ-მზარეულიც ვარ.

 რაღაც ეჭვი მეპარება მაგაში.